(წერილი მომზადებულია ბროქჰაუზ-ეფრონის ენციკლოპედიური ლექსიკონის /ლაიფციგი _ სანკტ-პეტერბურგი/ მასალებიდან; კონკრეტული საკითხების გამო ტექსტში აღნიშნული მითითებანი გულისხობს ამავე ენციკლოპედიური ლექსიკონის ტომებში გამოქვეყნებული შესაბამისი წერილიების დამატებით გაცნობას; ამავე დროს, წერილზე მუშაობისას ქართველ მკითხველს გვინდა ვურჩიოთ გაითვალისწინოს, რომ მისი რუსი ავტორი გახლავთ, თუმცა კი განათლებული და კომპეტენტური სპეციალისტი, მაგრამ მაინც რუსული „მედასავლეთეობის“ /западничество-ს/ წარომადგენელი, რომლისთვისაც უფრო ახლობელია ისტორიული და კულტურული პროცესების არა მართლმადიდებლურ-ქრისტიანული ხედვა, არამედ ლიბერალურ-ჰუმანისტური, რომელიც იმ ხანად ფესვგადგმული გახლდათ კათოლიკურ-პროტესტანტულ დასავლეთ-ევროპულ საზოგადოებაში)
IV. რევოლუციის უშუალო გავლენა საფრანგეთისა და სხვა ქვეყნების შიდა ისტორიაზე
V. საფრანგეთის რევოლუციის ისტორიოგრაფია და ნარკვევი მასზე მთავარი მსჯელობების შესახებ
I. საფრანგეთის რევოლუციის ადგილი ევროპის ისტორიაში
ორი დიდი პერიოდის ცენტრალურ მოვლენებს, რომლებადაც შეგვიძლია დავყოთ დასავლეთ ევროპის ისტორია ახალ დროში, წარმოადგენს რეფორმაცია XVI ს.-ში და რევოლუცია XVIII ს. ბოლოს. როგორც რეფორმაცია, რომლის მომზადებაც დაიწყო ჯერ კიდევ XIV და XV საუკუნეებში, გვიხსნის XVI და XVII სს. ისტორიას, რომლებიც შეადგენენ განსაკუთრებულ პერიოდს დასავლეთ ევროპის კულტურულ და პოლიტიკურ ცხოვრებაში, ისე რევოლუციასაც, რომელიც უმჭიდროესად იყო მომზადებული XVIII ს. კულტურული მოძრაობითა და სოციალური ცვლილებებით, გააჩნია უახლესი ისტორიის ამოსავალი პუნქტის მნიშვნელობა, მთელი იმ პოლიტიკური, სოციალური და ეროვნული მოძრაობებით, რომლებითაც ასე მდიდარი იყო XIX ს. რეფორმაციის მსგავსად, რომელიც დაიწყო გერმანიაში და იქიდან გავრცელდა მთელ დასავლეთ ევროპაში, 1789 წ. საფრანგეთის რევოლუციამაც ძალზედ მალე შეიძინა უნივერსალური მნიშვნელობა დანარჩენ ევროპაზე თავისი გავლენის მიხედვით, მით უმეტეს, რომ რევოლუცია იყო მხოლოდ იმ მნიშვნელოვანი ისტორიული პროცესის ერთერთი გამოვლენა, რომელიც მიმდინარეობდა ევროპელი ხალხების კულტურულ და სოციალურ ცხოვრებაში. როგორც XVI ს. დასაწყისის გერმანიაში, ისე XVIII ს. მიწურულის საფრანგეთშიც, მხოლოდ სხვა ქვეყნებთან შედარებით უფრო ადრე გამოვლინდა იმ კულტურული და სოციალური ურთიერთობების შედეგები, რომლებიც მეტად თუ ნაკლებად საერთო იყო ყველა იმ ქვეყნისთვის, სადაც არსებობდა ე. წ. „ძველი წესრიგი“ (XXXI, 464).
საფრანგეთის რევოლუციის გავლენა, მეზობელ ქვეყნებზე განპირობებული იყო იმით, რომ ის სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი წყობილებები, რომელთა წინააღმდეგაც იგი იყო მიმართული, საერთო იყო თითქმის მთელი დასავლეთ ევროპისთვის, რომ არაფერი ვთქვათ XVIII ს. ფრანგული „განმანათლებლობის“ კოსმოპოლიტურ მნიშვნელობაზე (XXV, 469). აი რატომ არის, რომ საფრანგეთის რევოლუციის ისტორიასაც შეგვიძლია განვიხილავდეთ ორი თვალსაზრისით, დავინახავთ რა მასში ან წმინდად შიდა ფრანგულ გადატრიალებას, ან კიდევ მოვლენას, რომლის მნიშვნელობაც სცდება საფრანგეთის ისტორიის ფარგლებს.
XVIII ს. ევროპული ისტორია ხასიათდება ორი მთავარი მოვლენით: პოლიტიკურ და სოციალურ სფეროში _ სამეფო აბსოლუტიზმისა და არისტოკრატიული პრივილეგიების ბატონობით, რომელთა შეერთებაც შეადგენს კიდეც თავად არსს „ძველი წესრიგისა“; ხოლო კულტურულ სფეროში _ რაციონალისტური ფილოსოფიისა და „ბუნებრივი სამართლის“ ბატონობით, რომელიც მტრულად იყო განწყობილი მთელი იმ სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი ურთიერთობებისადმი, რომელთაგანაც შედგებოდა კიდეც სწორედ ეს „ძველი წესრიგი“. თუმცა კი, რევოლუციამდე ჯერ კიდევ ნახევარი სუკუნით ადრე პოლიტიკური აბსოლუტიზმი ბრძოლაში შევიდა სოციალურ პრივილეგიებთან, რამაც, თავის მხრივ, სახელმწიფო ხელისუფლების წინააღმდეგ გამოიწვია წოდებრივი პრივილეგიების წარმომადგენელთა კონსერვატიული ოპოზიცია. საფრანგეთში რევოლუციის თავად დასაწყისი აიხსნება ორი ოპოზიციის ერთობლივად ურთიერთსაწინააღმდეგოდ მოქმედებით _ კონსერვატიულისა, რომელიც იცავდა უწინდელ სოციალურ წყობილებას, და პროგრესულისა, რომელიც ისწრაფვოდა საზოგადოებრივი გარდაქმნისკენ.
რევოლუციის გამარჯვება „ძველ წესრიგზე“ საფრანგეთში მოწმობს არა მხოლოდ იმ ძალის შესახებ, რომელიც მიიღო ახალმა იდეებმა საზოგადოებაში, არამედ იმ მოშლილობისა და არეულ-დარეულობის შესახებაც, რომელშიც იმყოფებოდა პოლიტიკური და სოციალური ურთიერთობების მთელი ისტორიულად ჩამოყალიბებული სისტემა. ამის თანაბრად რევოლუციური საფრანგეთის გამარჯვებაც ევროპაზე, რომელიც ამხედრდა თავისი ძველი სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი წყობილების დასაცავად, მოწმობს ამ წყობილების შინაგან გახრწნას საფრანგეთის გარეთაც. რევოლუციამ საფრანგეთში და მის მიერ გამოწვეულმა საერთაშორისო ბრძოლამ დააჩქარეს ან მოამზადეს „ძველი წესრიგის“ დაცემა სხვა სახელმწიფოებშიც, აღმოუჩინეს რა ამავე დროს დახმარება (თანადგომა) ახალი საზოგადოებრივი ძალების გამოღვიძებას, რომელთა მისწრაფებებმაც ფორმულირება მიიღო „1789 წლის პრინციპების“ გავლენით. უკანასკნელები შეიქნა, ასე ვთქვათ, XIX ს. მთელი პოლიტიკური მოძრაობების ძირითად პროგრამად, რამდენადაც ეს უკანასკნელები მიმართული იყო „ძველი წესრიგის“ წინააღმდეგ, სწორედ პოლიტიკური აბსოლუტიზმის სოციალურ პრივილეგიებთა შეერთების აზრით (იხ. მასალები 1830 და 1848 წწ. რევოლუციების შესახებ).
XIX ს. დასაწყისში ნაპოლეონის იმპერია ევროპისთვის წარმოადგენდა, განსაზღვრული ხარისხით, რევოლუციის გაგრძელებას, განათლებული აბსოლუტიზმის ზოგიერთი ნიშნით (იხ. XX, 545). როდესაც იმპერატორის საფრანგეთმა მარცხი განიცადა შეერთებულ ევროპასთან ბრძოლაში, ის საზოგადოებრივი ელემენტები, რომლებიც ღია მტრობაში იმყოფებოდნენ ცხოვრების ახალ საწყისებთან, დაუყოვნებლივ გადავიდნენ შეტევაში და მიმართეს ახალ ისტორიაში ერთერთ ყველაზე უფრო სასტიკ რეაქციას. ეს იყო თითქოსდა XVI ს. ისტორიის გაგრძელება, როდესაც რეფორმაციული მოძრაობის წარმოქმნას გარკვეული დროის შემდეგ მოჰყვა კათოლიკური რეაქცია. საქმე იმაშია, რომ საფრანგეთის რევოლუციამ მოახდინა მეტად არსებითი ცვლილება სახელმწიფო ხელისუფლებასა და პრივილეგირებულ წოდებებს შორის არსებულ მეტად დაძაბულ ურთიერთობებში: გადატრიალებამ, რომელიც ერთნაირად იყო მიმართული როგორც აბსოლუტიზმის, ისე პრივილეგიების წინააღმდეგაც, „ძველი წესრიგის“ დაცვის ინტერესებში ერთმანეთთან დააახლოვა მისი როგორც პოლიტიკური, ისე სოციალური წარმომადგენლებიც.
საზოგადოების პრივილეგირებული კლასების კონსერვატიული ოპოზიცია, რომელსაც XVIII ს.-ში თავის წინააღმდეგ ჰყავდა განათლებული აბსოლუტიზმი, XIX ს. დასაწყისში გადაიქცა რეაქციად, რომელიც ერთ საქმეს აკეთებდა აბსოლუტიზმთან ერთად. XIX საუკუნეში ამ რეაქციასთან ბრძოლას აწარმოებდნენ პოლიტიკური პარტიები, რომლებიც ცნობილი არიან ლიბერალებისა (XVII, 632) და რადიკალების (XXVI, 73) სახელწოდებით, და რომლებიც, არსებითად, იყვნენ საფრანგეთის რევოლუციის ამა თუ იმ ტრადიციების გამგრძელებლები. ამრიგად, უკანასკნელი წარმოადგენს მთელი უახლესი პოლიტიკური მოძრაობის ამოსავალ პუნქტს, რომელიც მიმართულია წარმომადგენლობითი დაწესებულებების შემოღებაზე. ამასთან ერთად საფრანგეთის რევოლუცია, შეანჯღრია რა ხალხთა მასები, იქცა მთელი უახლესი სოციალური მოძრაობის ამოსავალ პუნქტადაც. წოდებრიობის მოსპობამა და სახელმწიფოს ყველა მოქალაქის იურიდიულმა მართვამ მხოლოდ გააშიშვლა, ასე ვთქვათ, საზოგადოებრივი კლასების ეკონომიკური საფუძველი, და წოდებების გარეშე მოქალაქეობაში დაიწყო _ რა თქმა უნდა, და თავად სამეურნეო ყოფა-ცხოვრებაში მომხდარი ცვლილებების გავლენითაც (იხ. ეკონომიკური რევოლუცია) _ საზოგადოების მშრომელი კლასების ერთობლიობის აზრით მისი სოციალური საპირისპიროს, ბურჟუაზიისა და ხალხის სწრაფი განვითარება (იხ. სოციალური საკითხი და სოციალიზმი).
XIX ს. ეროვნულ მოძრაობებს თავიანთ ამოსავალ პუნქტად ასევე გააჩნიათ საფრანგეთის რევოლუცია. „1789 წლის პრინციპებმა“ მოახდინა არა მხოლოდ ინდივიდუალური და საზოგადოებრივი თვითგამორკვევის სანქციონირება, არამედ ეროვნული თვითგამორკვევისაც; ხალხის ძალაუფლების დემოკრატიული იდეა ერისგან ქმნიდა კოლექტიურ ინდივიდუალობას, რომელსაც ჰქონდა უფლება თავისუფლებასა და დამოუკიდებლობაზე; ახალი საზოგადოებრივი წესები ახალისებდა ხალხთა მასების თვითშეგნებას. დაბოლოს, თავად საფრანგეთის რევოლუციისგან წარმოქმნილი მოვლენებიც ხელს უწყობდა ამა თუ იმ მოვლენის განვითარებას. საფრანგეთის გამარჯვებებს რევოლუციის ეპოქაში და ნაპოლეონის დროს თან ახლდა 1789 წ. რევოლუციის ბევრი საწყისის გავრცელება სხვა ხალხებშიც, რაც ხელს უწყობდა მათში ეროვნული თვითშეგნების განვითარებას; მეორეს მხრივ, ეხებოდა რა ეროვნული დამოუკიდებლობის გრძნობას, ფრანგული ბატონობა მეზობელ ქვეყნებში იწვევდა მათ მოსახლეობაში მისწრაფებას გაერთიანებისა და თავისუფლებისკენ (გერმანია და იტალია).
II. საფრანგეთის რევოლუციის ძირითადი მიზეზები
საფრანგეთის რევოლუცია იყო ზედმეტად საყოველთაო და რთული მოვლენა იმისთვის, რათა ისტორიკოსებს შეეძლოთ მაშინვე გარკვევა მის მიზეზებში. საერთო შეგნებაში დიდხანს ბატონობდა შეხედულება, რომლის მიხედვითაც 1789 წ. გადატრიალება, მთელი მისი შედეგებით, შობილი იყო ადამიანთა გონების ხელოვნური აგზნებით, ახალი პოლიტიკური და სოციალური სწავლებების პროპაგანდის გავლენით. რევოლუციის როგორც მოწინააღმდეგეებს, ისე დამცველებსაც, დაჰყავდათ მისი წარმოშობა XVIII ს. განმანათლებლურ ფილოსოფიაზე. მაგრამ ამის გვერდით ვითარდებოდა შეგნება იმისა, რომ რევოლუციის ფესვები იდო არა მხოლოდ საზოგადოებრივ განწყობილებაში, არამედ საზოგადოებისა და სახელმწიფოს თავად წყობილებაშიც.
რადგანაც გერნერალური შტატების მოწვევის საბაბს შეადგენდა მთავრობის ფინანსური სიძნელეები, ამიტომ მათში დიდ ხანს მზად იყვნენ დაენახათ თითქმის გადამწყვეტი მომენტი რევოლუციის ისტორიაში. უფრო მეტად მეცნიერულმა ანალიზმმა გვიჩვენა, რომ ფინანსური სიძნელეები იყო საქმეების საერთო მოშლილობის მხოლოდ სიმპტომი, რომელიც გამოიხატა მოსახლეობის ეკონომიკურ გაღარიმემაში, და რომ კატასტროფა გამოწვეული იყო არა მხოლოდ თავისუფლებისა და თანასწორობის ახალი იდეების დაპირისპირებით აბსოლუტური მონარქიისა და წოდებრივი წყობილების წესრიგთან, არამედ ამ წესრიგის ხრწნითაც, რომელიც აძნელებდა ცხოვრების ნორმალურ მსვლელობას.
XVIII ს. მიწურულის საფრანგეთი საჭიროებდა ძირეულ რეფორმებს, მაგრამ მთავრობა ვერ იდგა თავისი ამოცანის სიმაღლეზე, და როდესაც გარემოებები კიდევ უფრო გართულდა, მოხდა ძალადობრივი გადატრიალება, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს მთელმა საზოგადოებრივმა კლასებმა და ჯგუფებმა, რომლებიც უკმაყოფილონი იყვნენ თავიანთი მდგომარეობით: გლეხებმა და ხელოსან-მუშებმა, ფაბრიკანტებმა და მოვაჭრეებმა, დაბალმა სასულიერო წოდებამ და ლიბერალური პროფესიების წარმომადგენლებმა, ე. ი. ერთნაირად ხალხმაც და ბურჟუაზიამაც, მოსახლეობის მასამაც და ინტელიგენტურმა უმცირესობამაც. როგორც არ შორდებოდა ზოგჯერ ერთმანეთს სხვადასხვანაირი მიმართებით ამ კლასებისა და ჯგუფების ინტერესები, მათ აახლოებდა უკმაყოფილება არსებული საზოგადოებრივ-პოლიტიკური წყობილებით, რომელიც მოგებას აძლევდა „პრივილეგირებულთა“ მხოლოდ უმნიშვნელო რიცხვს. მაგრამ უკანასკნელნიც ყველაფრით არ იყვნენ კმაყოფილი მათ გარემომცველ საზოგადოებრივ ცხოვრებაში, და თავადც თავიანთი ოპოზიციით მთავრობის მიმართ, როდესაც იგი ეხებოდა მათ ინტერესებს, ძირს უთხრიდნენ საგანთა არსებულ წესრიგს.
საუკეთესო პასუხად კითხვაზე საფრანგეთის რევოლუციის მიზეზების შესახებ შესაძლოა გამოდგეს საფრანგეთის მდგომარეობის გამოხატვა 1789 წ. წინა პერიოდში. თავისი სახელმწიფოებრივი მოწყობის მიხედვით XVIII ს.-ში საფრანგეთი იყო აბსოლუტური მონარქია, რომელიც ემყარებოდა ბიუროკრატიულ ცენტრალიზაციასა და მუდმივ ჯარს; მიუხედავად ამისა სამეფო ხელისუფლებასა, რომელიც სრულიად დამოუკიდებელი იყო გაბატონებული კლასებისგან, და პრივილეგირებულ წოდებებს შორის არსებობდა თავისებური კავშირი. სასულიერო წოდებისა და თავადაზნაურობის მიერ პოლიტიკურ უფლებებზე უარის თქმის სანაცვლოდ სახელმწიფო ხელისუფლება მთელი თავისი ძალითა და მის განკარგულებაში არსებული მთელი საშუალებებით იცავდა ამ ორი წოდების სოციალურ პრივილეგიებს. საფრანგეთის მეფეების ხელისუფლებას XVIII ს.-ში ჰქონდა ორგვარი ხასიათი: ერთის მხრივ მეფე იყო სახელმწიფოს ცოცხალი ხორცშესხმა, ქვეყნისა და მასში მყოფი ყოველივეს შეუზღუდავი მბრძანებელი, და ამიტომ იდგა ყველა კლასზე და წოდებაზე უფრო მაღლა, თითქოსდა ემსახურებოდა მხოლოდ სახელმწიფოს საერთო ინტერესებს (თუმცა კი, ძალზედ ხშირად, ეს ინტერესები შერეული ხდებოდა დინასტიის ან ხაზინის ინტერესებთან); მეორეს მხრივ, იგი იყო „სამეფოს პირველი თავადაზნაური“, როგორც საფრანგეთის ფეოდალური სიუზერენების შთამომავალი, რომლებიც იყვნენ მხოლოდ „პირველები თანასწორებს შორის“ _ რის შედეგადაც პრივილეგირებული წოდებების ინტერესები, რომლებიც თავის საწყისს ღებულობდა ფეოდალური რეჟიმისგან, არა მხოლოდ უფრო ახლობელი იყო მეფეებიისთვის, არამედ მათ თვალში დაცული იყო კიდეც იმავე ისტორიული უფლებით, რომელზედაც ეფუძნებოდა თავად დინასტიის ძალაუფლება.
სამეფო ხელისუფლების ასეთი ორგვარობა არ შეესაბამებოდა სახელმწიფოებრივი საწყისის გამარჯვებას ფეოდალურზე ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში; ადრე თუ გვიან ფეოდალურ ტრადიციას ადგილი უნდა დაეთმო ახალი სოციალური ურთიერთობებიდან გამომდინარე შეხედულებისთვის. მაგრამ XVIII ს. მეფეები მუდმივად გარშემორტყმულნი იყვნენ სამეფო კარით და არ იცოდნენ სხვა საზოგადოება კარისკაცების გარდა, და ამის გამო ისინი თავადაც თითქოს და გადაქცეულნი იყვნენ „პირველ კარისკაცებად“. ამიტომ ისინი ჯიუტად იცავდნენ მუდამ ძველ წესრიგს, რაც ამზადებდა გარდაუვალ კონფლიქტს მათსა და ახალ სოციალურ კლასებს შორის, რომელთაც სურდათ სახელმწიფოსგან მათ მიმართ სხვანაირი ურთიერთობების დამყარება და განვითარება.
მართალია, გარკვეულ დრომდე სამეფო აბსოლუტიზმს ეგუებოდა სამრეწველო ბურჟუაზიაც, რომლის ინტერესებშიც მთავრობა არც თუ მცირე რამეს აკეთებდა, გაძლიერებულად ზრუნავდა რა „ეროვნული სიმდიდრის“ შესახებ, ე. ი. დამამუშავებელი მრეწველობისა და ვაჭრობის განვითარების თაობაზე (იხ. მერკანტელიზმი, XVIII, 126). სწორედ ის წონასწორობა, რომელიც გარკვეული ხარისხით დამყარდა ფეოდალური თავადაზნაურობისა და კაპიტალისტური ბურჟუაზიის ურთიერთ საპირისპირო ინტერესებს შორის, აძლევდა მეფეებს მდგომარეობის ბატონ-პატრონებად დარჩენის საშუალებას. მაგრამ, იმავე დროს, სულ უფრო და უფრო ძნელი ხდებოდა ორივე კლასის სურვილებისა და მოთხოვნების დაკმაყოფილება, რომლებიც თავიანთ ურთიერთ ბრძოლაში ეძიებდნენ მხარდაჭერას სამეფო ხელისუფლებისგან.
მეორეს მხრივ, ფეოდალურიცა და კაპიტალისტური ექსპლუატაციაც სულ უფრო და უფრო მეტად აიარაღებდა თავიანთ წინააღმდეგ ხალხის მასას, რომლის კანონიერი ინტერესებიც სრულიად უგულვებელყოფილი იყო სახელმწიფოს მიერ. ბოლოს და ბოლოს სამეფო ხელისუფლების მდგომარეობა საფრანგეთში უკიდურესად გაძნელებული ხდებოდა: ყოველთვის, როდესაც იგი იცავდა ძველ პრივილეგიებს, იგი ხვდებოდა ლიბერალური ოპოზიციის წინააღმდეგობას, რომელიც სულ უფრო და უფრო ძლიერდებოდა _ და ყოველთვის, როდესაც დაკმაყოფილებას ღებულობდა ახალი ინტერესები, ფეხზე დგებოდა კონსერვატიული ოპოზიცია, რომელიც სულ უფრო და უფრო მკვეთრი ხდებოდა. ლიბერალური ოპოზიციის ორგანოს წარმოადგენდა ლიტერატურა, კონსერვატიულისა _ პარლამენტები, რომლებიც ყველანაირად ხელს უშლიდნენ დროის სულისკვეთების შესაბამის რეფორმებს.
ასეთ გარემოებებში მმართველობის სათავეში უნდა ყოფილიყვნენ ისეთი ადამიანები, რომლებსაც განსაკუთრებულად ნათლად ექნებოდათ გაგებული თავიანთი ამოცანები და ასევე ექნებოდათ საკმარისად მტკიცე ნებისყოფა სწორად აღიარებული გადაწყვეტილებების ცხოვრებაში გასატარებლად; მაგრამ სწორედ ამ დროს საფრანგეთში მეფობდნენ ცინიკურად უდარდელი ლუდოვიკო XV და უნებისყოფო ლუდოვიკო XVI, რომელიც მუდმივად იმყოფებოდა სასახლის კარის გარემოს გავლენის ქვეშ. ლუდოვიკო XVI-ის მეფობის დასაწყისში სახელმწიფოებრივი გარდაქმნის საქმეს ხელი მოჰკიდა ტიურგომ, რომელიც ფიქრობდა, რომ თუ კი მას მისცემდნენ „დესპოტიზმის ხუთ წელიწადს“, მაშინ იგი „ბედნიერს გახდიდა საფრანგეთს“; მაგრამ იგი ძალზედ სწრაფად ჩამოაგდო პარლამენტებისა და სამეფო კარის, სასულიერო წოდებისა და თავადაზნაურობის, ფინანსისტებისა და პურის გადამყიდველების კონსერვატიულმა ოპოზიციამ, ისევე როგორც ასეთმავე ოპოზიციამ ჩამოაგდო მეორე მინისტრიც, ნეკერიც, რომელიც მთლად სრულად ვერ შეესაბამებოდა საზოგადოების კონსერვატიული ელემენტების სურვილებსა და მისწრაფებებს. საინტერესოა, რომ XVIII ს. 70-იან და 80-იან წწ. პარლამენტები, რომლებიც ქმნიდნენ მთავრობის ოპოზიციას კონსერვატიული ელემენტების სახელით, თანაგრძნობას პოულობდნენ საზოგადოების პროგრესულ ფენებშიც, რომლებიც ესალმებოდნენ ამ ოპოზიციას როგორც პროტესტს მთავრობის დესპოტიზმის წინააღმდეგ.
სამეფო აბსოლუტიზმი სულ უფრო და უფრო მეტად კარგავდა კრედიტს სასულიერო წოდების, თავადაზნაურობისა და ბურჟუაზიის თვალში, რომელთა შორისაც მტკიცდებოდა აზრი, რომ აბსოლუტური სამეფო ხელისუფლება წარმოადგენს უზურპაციას წოდებებისა და კორპორაციების უფლებებთან მიმართებით (მონტესკიეს თვალსაზრისი) ან ხალხის უფლებებთან მიმართებით (რუსოს თვალსაზრისი; საფრანგეთის რევოლუციაზე რუსოს გავლენის შესახებ იხ. XXVII, 358). ერთი სიტყვით, საფრანგეთის ძველმა სამეფო ხელისუფლებამ თავისი თავი უჩვენა ახალ გზაზე ქვეყნის გაყვანის უნარის არმქონედ, და საზოგადოებაში პოპულარული შეიქნა მოსაზრება იმის თაობაზე, რომ საერთოდ სამეფო ხელისუფლება უნდა ყოფილიყო მხოლოდ აღმასრულებელი ორგანო. მთელი კითხვა მხოლოდ იმაში იყო, თუ ვისი ნება უნდა შეესრულებია მას: პრივილეგირებულები ოცნებობდნენ წოდებრივი მონარქიის დროში დაბრუნებაზე (XXX, 913), ბურჟუაზია _ სახალხო მონარქიის დაფუძნებაზე. სამეფო ხელისუფლების მიერ სახელმწიფოს საერთო რეფორმის ამოცანის წინაშე თავისი უძლურების აღიარება გამოიხატა წოდებრივი წარმომადგენლობის მოწვევაში, რომელიც არ შეკრებილა მანამდე 175 წლის მანძილზე (1614-1789) და რომლის წინაშეც მთავრობა წარსდგა რაიმენაირი პროგრამის გარეშე. როდესაც აღმოჩნდა, რომ საკრებულოში გამარჯვება მოიპოვეს ახალმა მისწრაფებებმა, სამეფო ხელისუფლება მკვეთრად დადგა კონსერვატიული ელემენტების მხარეზე, რითაც შეუძლებელი გახადა კიდეც კონსტიტუციური მონარქიის დაფუძნება.
1789 წ. რევოლუცია იყო არა მხოლოდ „ერის“ გამარჯვება მეფის აბსოლუტიზმზე, არამედ ბრძოლაც ცალკეულ საზოგადოებრივ კლასებს შორის, რომელთაგან იყო კიდეც შემდგარი ერიც. 1789 წ. საფრანგეთის მოსახლეობა ოფიციალურად იყოფოდა სამ წოდებად (orders): სასულიერო წოდებად, თავადაზნაურობადა და მესამე წოდებად (tiers etat). არსებითად ეს დაყოფა სავსებით არ ემთხვეოდა ფაქტიურ ურთიერთობებს. პირველ წოდებაში უმაღლეს და უმდაბლეს კლირებს შორის იყო უზარმაზარი განსხვავება; უმაღლესი სასულიერო წოდება, რომლის წევრებიც იყვნენ, ამსთან ერთად, უმეტესწილად დიდგვაროვანთაგან, და დიდგვაროვნებიც ერთმანეთს ერწყმოდნენ პრივილეგირებულთა ერთ არისტოკრატიულ კლასად (privilegies), მაშინ როდესაც უმდაბლესი სასულიერო წოდება უფრო მიდრეკილი იყო, პირიქით, მესამე წოდებისკენ.
პრივილეგირებულთა ამ კლასსა და მოსახლეობის დანარჩენ მასას შორის არსებობდა ღრმა უფსკრული: „კეთილშობილთათვის“ (nobles) მესამე წოდების პირები იყვნენ როტიურიერები (roturiers = „მხვნელ-მთესველს“); ეს იყო ხარკის გადამხდელი კლასი (taillables), და მასში იყო არც თუ ცოტა ადამიანი, რომლებიც იმყოფებოდნენ სასულიერო წოდებისა და თავადაზნაურობის ძალაუფლების ქვეშ (justiciables _ ასეთები იყვნენ გლეხები, რომლებიც ექვემდებარებოდნენ სენიორიალურ სასამართლოს), ასევე მათი „ვასალები“ და „ქვეშევრდომებიც“ კი (sujets, როგორც აღნიშნავდნენ ყმებს). მეორეს მხრივ, მესამე წოდება იყოფოდა ბურჟუაზიად და ხალხად, ამასთან ბურჟუაზიის შემადგენლობაში (ქალაქისა და სოფლისა) შედიოდნენ არა მხოლოდ მრეწველობის, ვაჭრობისა და ფულადი კაპიტალის წარმომადგენლები ან მიწათმფლობელები და სოფლის მეურნეები (არენდატორები, მოიჯარადრეები), არამედ ლიბერალური პროფესიების ადამიანებიც, რომლებიც შეადგენდნენ ქვეყნის არაპრივილეგირებულ ინტელიგენციას _ მეცნიერები, მწერლები, ადვოკატები, ექიმები, მოსამართლეები, მოხელეები და ა. შ. ყოველგვარი ფეოდალური ძალაუფლებისგან თავისუფალ ქალაქის მოსახლეობასა და სოფლის ხალხს შორის, რომელიც ემორჩილებოდა ჯერ კიდევ ფეოდალიზმის ბევრ ნარჩენს, ასევე არსებობდა საზოგადოებრივ მდგომარეობათა განსხვავება. _
განსაკუთრებული პრივილეგიებით სარგებლობდა სასულიერო წოდება. მხოლოდ მან შეინარჩუნა პოლიტიკური შეკრებების უფლება, რომლებზედაც ახდენდა თავისი „ნებაყოფლობითი ძღვენის“ (don gratuit) ვოტირებას, რომელიც მისთვის ცვლიდა ყველა გადასახადს, და ადგენდა მეფისთვის წარსადგენ საჩივრებს (doleances). იგი ითვლებოდა სახელმწიფოს პირველ წოდებად და, შეადგენდა რა თითქოსდა ერთიან კორპორაციას (corps), ფლობდა დიდ მამულებს და ღებულობდა სენიორალურ ღალას, ისევე როგორც თავადაზნაურობაც: მისი მიწები შეადგენდა მიწის მთელი საკუთრების თითქმის მეოთხედს და მოჰქონდა დაახლოებით 125 მლნ. ლივრის შემოსავალი წელიწადში, ასევე ცოტათი ნაკლებს (100 მლნ.) იძლეოდა ფეოდალური უფლებები. გარდა ამისა, სასულიერო წოდება მთელი მიწებიდან მეათედის სახით (dime) იღებდა 125 მლნ.-ს. მას ჰქონდა ასევე თავისი განსაკუთრებული ხაზინა (caisse du clerge), რომელიც მდიდრდებოდა სხვადასხვანაირი ოპერაციებითა და სესხს აძლევდა თავად მეფეს.
ეს უზარმაზარი შემოსავლები ერგებოდათ უმთავრესად უაღლეს კლირსა და მონასტრებს, რომელთაგან ბევრი გადაიქცა თავისებურ თავადაზნაურთა (ქალთა) საერთო საცხოვრებლებად ან უბრალოდ შემოსავლიან მუხლებად თავადაზნაურთა წრიდან გამოსული საერო აბატებისთვის. თავად საეპისკოპოსოებს რევოლუციის წინ ურიგებდნენ უპირატესად სასახლის კარის დიდგვაროვნებს, რომელიმე სამი-ოთხი „სალაქიო ეპარქიის“ გამოკლებით (eveches de laquais) მცირე შემოსავლებით, რომლებსაც როტიურიერებს უთმობდნენ. სამრევლო, განსაკუთრებით სოფლის, სასულიერო წოდება იმყოფებოდა, პირიქით, სამწუხარო ეკონომიკურ მდგომარეობაში. თავადაზნაურობაშიც ასევე არსებობდა ორი კლასი: უმაღლესი კარისკაცებისა და მომსახურე (noblesse de robe) თავადაზნაურობა მეტად მდიდარი იყო, ამასთან სამეფო კარის თავადაზნაურობა მდიდრდებოდა უშუალოდ მეფის წყალობებით, ღებულობდა რა სხვადასხვანაირ ფულად საჩუქრებს, პენსიებს, სუბსიდიებს და ა. შ., რომლებიც (სასახლის კარის ფუფუნებასთან ერთად) ნთქავდა ფულის უზარმაზარ თანხებს (რაც თუმცა არ უშლიდა ხელს თავადაზნაურობას დამატებით კიდევ სესხების აღებაში). პირიქით, უმდაბლესი სოფლის თავადაზნაურობა უმეტესწილად გაკოტრებული იყო.
პოლიტიკურ როლს XVIII ს.-ში თავადაზნაურობა ვერ თამაშობდა, ასევე მისი ადგილობრივი გავლენაც უმნიშვნელო იყო. მსხვილი მიწათმფლობელები არ ცხოვრობდნენ თავიანთ მამულებში; ისინი საგვარეულო ციხესიმაგრეებში (ციხედარბაზებში) ჩადიოდნენ უფრო მოაგარაკეების სახით. ამ „აბსენტიზმის“ გარდა, თავადაზნაურთა ადგილობრივი მნიშვნელობის დასუსტების მიზეზი იყო ადგილობრივი თვითმმართველობის საერთო დაცემაც, რომლის ხარჯზეც განვითარდა ადმინისტრაციული მზრუნველობა. ინტენდანტი რომელიმე სოფლის სენიორს ჩვეულებრივ უყურებდა მხოლოდ როგორც მის პირველ მაცხოვრებელს (premier habitant). სამაგიეროდ დიდი იყო თავადაზნაურობის პრივილეგიები. ისევე როგორც სასულიერო წოდებაც, იგი განთავისუფლებული იყო გადასახადების უმეტესი ნაწილისგან და ინარჩუნებდა ფეოდალურ უფლებებს, რომელთაგან ბევრი ძალზედ მომგებიანი იყო. თავადისა და აზნაურისთვის უნივერსიტეტში სწავლის ვადასაც კი ამცირებდნენ. მხოლოდ თავადაზნაურებს შეეძლოთ ბევრი თანამდებობის დაკავება ეკლესიაში, არმიასა და ადმინისტრაციაში. საფრანგეთის მოსახლეობის საერთო მასაში, რომელიც 25 მლნ. ადამიანამდე ადიოდა, პრივილეგირებულები იყვნენ დაახლოებით 270 ათასი (130 ათასი სასულიერო პირი და 140 ათასი თავადაზნაური).
პრივილეგირებულებსა და ხალხს შორის, ამ სიტყვის უფრო ვიწრო აზრით, იდგა ბურჟუაზია, რომელიც შედგებოდა სხვადასხვა პროფესიების ადამიანებისგან და თავადაც სარგებლობდა ზოგიერთი პრივილეგიით. უკმაყოფილო თავისი მდგომარეობით, იგი ცდილობდა საზოგადოებრივ კიბეზე უფრო მაღლა ასვლას _ უმოყვრდებოდა თავადაზნაურებს ქორწინებების მეშვეობით (რაც თავადაზნაურთათვის მეზალიანსები იყო, მაგრამ ძალზედ მომგებიანი), იძენდა თანამდებობებს, რომლებიც მათ აძლევდა თავდის ან აზნაურის ხარისხს, ყიდულობდა გაკოტრებულ კეთილშობილთა მიწებს, იჯარით იღებდა ფეოდალურ უფლებებს და ა. შ. თუმცა კი ბურჟუაზია ჩნდებოდა ამ ეპოქაში სოფლის ყოფაცხოვრებაშიც, მიუხედავად ამისა, მისი საქმიანობის ნამდვილ ადგილს წარმოადგენდა ქალაქი.
ლუდოვიკო XIV-ის დროიდან ქალაქებმა საფრანგეთში დაკარგეს თვითმართველობა, მაგრამ მათ მაინც დარჩათ ბევრი პრივილეგია. იმ დაგილებში, სადაც შენარჩუნებულ იქნა პროვინციული შტატები, ე. ი. ეგრეთ წოდებულ pays d’etat-ებში, მხოლოდ ქალაქები აგრძელებდნენ მესამე წოდებად ყოფნას (მაშინ როდესაც გენერალურ შტატებში XV საუკუნის ბოლოდან წარმოდგენილი იყო სოფლებიც), და სარგებლობდნენ თავიანთი წარმომადგენლობით იმისთვის, რათა შეემსუბუქებინათ თავიანთთვის ხარკის სიმძიმეები, გადაულოცავდნენ რა მათ სოფლებს. ასეთნაირად ქალაქელებისა და სოფლის მოსახლეობის ინტერესები მკვეთრად შორდებოდა ერთმანეთს; თავად რევოლუციის წინ, როდესაც უკვე გადაწყვეტილი იყო გენერალური შტატების შეკრება, წარმოიშვა აზრი მასზე წარმოდგენილი სამი წოდების გვერდით „გლეხთა წოდების“ დაწესების აუცილებლობის შესახებაც. ამ დროს უკვე იქმნებოდა ის წარმოდგენა ბურჟუაზიასა და ხალხს შორის დაპირისპირების თაობაზე, რომელმაც დაიწყო ყველა სხვა სოციალური განსხვავების განდევნა-შევიწროვება XIX ს.-ში.
სრულებით არ არის სწორი ზოგიერთი უწინდელი ისტორიკოსის (განსაკუთრებით მიშლეს) მტკიცება იმის შესახებ, რომ თითქოს რევოლუციის დროს არ ყოფილა უმცირესი განსხვავებაც კი ბურჟუაზიასა და ხალხს შორის: ბევრ რამეში მათი ინტერესები ემთხვეოდა, მაგრამ ბევრშიც ერთმანეთს სცილდებოდა. მსხვილ ბურჟუაზიას შეუერთდა წვრილი, რომელიც სოფლებში წარმოდგენილი იყო გლეხობის წიაღიდან გამოსული მესაკუთრეებითა და ფერმერებით, ქალაქებში _ წვრილი მოვაჭრეებითა და საამქროთა ოსტატებით.
საკუთრივ რომ ვთქვათ, მესამე წოდებას გააჩნდა მეტად ჭრელი კლასობრივი შემადგენლობა. აქ იყვნენ, ჯერ ერთი, მსხვილი ფინანსისტები, სახელმწიფოს კრედიტორები, რომლებიც განსაკუთრებით შეშფოთებული იყვნენ ხაზინის მდგომარეობით, რომელსაც ემუქრებოდა გაკოტრება, და გაკოტრებული თავადაზნაურების კრედიტორები, რომლებსაც არც თუ ძალიან სურდათ რომ უკანასკნელთ დაეკარგათ თავიანთი ფეოდალური შემოსავლები. იგივე მსხვილი ფინანსისტები ევლინებოდნენ სახელმწიფო გადასახადების (მარილის, ღვინის, თამბაქოსი და ა. შ.) გამომსყიდველების როლშიც, და ამიტომ არც თუ განსაკუთრებულად იყვნენ განწყობილნი ძირეული ფინანსური რეფორმებისადმი. იყვნენ რა შუამავლები სახელმწიფო ხაზინასა და იმ პუბლიკას შორის, რომელიც თავის დანაზოგებს გადააქცევდა სახაზინო პროცენტიან ქაღალდებად, ან კიდევ იმავე ხაზინასა და მის სასარგებლოდ დაბეგრილი პროდუქტების მყიდველებს შორის, ისინი ძალზედ მდიდრდებოდნენ, მაგრამ სამაგიეროდ პუბლიკაშიც იწყებდნენ სულ უფრო და უფრო მეტად დაინტერესებას საკითხით სახელმწიფო ბანკროტობის შესაძლებლობის შესახებ, და ამასთან ერთად იმის გაგებასაც, თუ ხალხის მიერ გადახდილი ფულებიდან რა მცირე ნაწილი ხმარდება ნამდვილ სახელმწიფოებრივ საჭიროებებს. მესამე წოდების მეორე მნიშვნელოვან კლასს შეადგენდნენ კომერსანტები, რომელთა ინტერესებიც ზარალდებოდა არსებული შიდა საბაჟოებისა და სხვადასხვა საგზაო, სახიდო და ა. შ. ბაჟებისგან.
ამ კლასს შორის იყვნენ სხვადასხვანაირი მონოპოლისტები, რომლებიც წარმოადგენდნენ ძველი წესრიგის მგზნებარე დამცველებს, რამდენადაც იგი იცავდა მათ პრივილეგიებს; ასეთები იყვნენ განსაკუთრებით სხვადასხვანაირი პურის გადამყიდველები. შემდეგ კატეგორიას ქმნიდნენ ფაბრიკანტები, რომელთაც მთავრობა ყველანაირად მფარველობდა „ეროვნული სიმდიდრის“ ინტერესებში, მაგრამ ამასთანავე ახდენდა წარმოების ყველა წვრილმანის რეგლამენტირებას, რისგანაც ყოვნდებოდა ტექნიკური პროგრესი. მფარველობის სისტემის ქვეშ გაძლიერებული ფაბრიკანტებისთვის უკვე მძიმე შეიქმნა მთავრობის მეურვეობა და მათ უძლიერდებოდათ მისწრაფება ინდუსტრიული თავისუფლებისკენ.
განსაკუთრებულ კატეგორიას წარმოადგენდნენ სხვადასხვა ხელობის მქონე ოსტატები (maitres) და შეგირდები, რომლებიც ორგანიზებული იყვნენ საამქროებად (იხ.); ეს უკანასკნელნი იმ დროში უკვე დაშლილი იყო და ოსტატების მიერ შეგირდების ექსპლუატაციის იარაღად იყო ქცეული. პირველები იცავდნენ საამქროების შენარჩუნების თვალსაზრისს; მეორენი თავიანთ სოლიდარობას გრძნობდნენ საამქროების გარეთ მყოფ ოსტატებთან, რომლებიც ცხოვრობდნენ არა მხოლოდ სოფლებში, არამედ ქალაქის გარეთ დასახლებებში („გარეუბნებში“): ესენი იყვნენ საამქროებად ორგანიზების პრინციპული მოწინააღმდეგენი. სწორედ გარეუბნებში, სადაც არ ვრცელდებოდა საამქრთა წესდებების მოქმედება, აწყობდნენ დიდ მანუფაქტურებს, რომლებიც ჯამაგირს აძლევდნენ უკვე მრავალრიცხივან მუშებს წვრილი ოსტატების, შეგირდებისა და ქალაქში გადასახლებული გლეხების გარემოდან.
ღარიბი ადამიანების უმეტესობა ქალაქებში ცხოვრობდა ნახევრადმშიერ მდგომარეობაში, რომლებიც ქმნიდნენ მათხოვრების, მაწანწალებისა და ამის მსგავსი (საზოგადოების საშიში ელემენტების“ უზარმაზარ არმიას. მხოლოდ პარიზში 720 ათას მოსახლეზე ამგვარი ადამიანების რიცხვი იყო დაახლოებით 120 ათასი, ე. ი. მთელი მოსახლეობის დაახლოებით 1/6 (მომავალი სანკიულოტები).
უკანასკნელ კატეგორიას მესამე წოდების შემადგენლობაში წარმოადგენდნენ გლეხები, რომლებიც, სოფლებში მყოფი მესამე წოდების სხვა ელემენტებთან ერთად, შეადგენდნენ ქვეყნის მოსახლეობის დაახლოებით 75%-ს. XVIII ს.-ში პროვინციული კუტიუმების უმეტესი ნაწილი (იხ. საფრანგეთის ჩვეულებრივი სამართალი, XXIV, 912) არ აღიარებდა გლეხების ბატონყმურ მდგომარეობას (coutumes franches), და მხოლოდ ცოტანი (c. serves ან mainmortables) უშვებდნენ მას. ყველაზე უფრო შეუპოვრად ინარჩუნებდნენ თავიანთ პოზიციებს სერვაჟის ნარჩენები სასულიერო წოდების მამულებში. ვარაუდობენ, რომ საფრანგეთის სოფლის მოსახლეობისგან, რომელიც 18 მლნ. ადამიანამდე ადიოდა, სერვაჟის მდგომარეობაში იყო დაახლოებით მილიონნახევარი ადამიანი, ე. ი. 8%-ზე ცოტა მეტი. სერვების მდგომარეობა ერთნაირი არ იყო: ერთნი იმყოფებოდნენ servitude personnele-ში, ე. ი. დამაგრებულნი იყვნენ მიწაზე და შედგებოდნან პირად დამოკიდებულებაში თავიანთ ბატონებთან, სხვები კი იმყოფებოდნენ servitude reelle-ში, ე. ი. ექვემდებარებოდნენ ვერთავისუფლების ყველა პირობას სანამ აგრძელებდნენ მიწის მემკვიდრეობით უბნებზე ცხოვრებას, მაგრამ, ტოვებდნენ რა თავიანთ მიწებს, ხდებოდნენ პირადად თავისუფალნი.
ორივე კატეგორიის სერვებზე სენიორები აგრძელებდნენ იმავე უფლებებით სარგებლობას, რომლებითაც მათი წინაპრები სარგებლობდნენ შუა საუკუნეებში (იხ. ფეოდალიზმი). კუტიუმები, რომლებიც განსაზღვრავდა სოფლის მოსახლეობის პირად და ქონებრივ უფლებებს, და რომლებიც მეტად განსხვავებული იყო სხვადასხვა პროვინციებში, საერთოდ მისდევდა ფეოდალიზმის ძველ იურიდიულ ნორმებს. ასე რომ საფრანგეთის სამოქალაქო სამართალი XVIII ს.-ში იყო იგივე, რაც შუა საუკუნეების მიწურულს. მიწები იყოფოდა კეთილშობილთა მიწებად (nobles), ხელიდან ჩამორთმეულ (XXXII, 536), და მდაბიოთა (roturieres), რომლებიც ემორჩილებოდა მათ, ვის ხელშიც იყვნენ გადაცემული.
კეთილშობილ საკუთრებას უპირატესად წარმოადგენდა ფეოდები (fiefs), რომლებიც საფრანგეთში მოითვლებოდა 70 ათასამდე; მათგან სამი ათასი იყო ტიტულირებული და ამის ძალით ფლობდა მაღალ და საშუალო იუსტიციას, რომლებიც, მართალია, შეზღუდული იყო სამეფო სასამართლოებით; უბრალო ფეოდების მფლობელებს ჰქონდათ მხოლოდ დაბალი იუსტიციის უფლება (იხ.). მთელი როტიურული მიწები დამოკიდებული იყო ამა თუ იმ ფეოდზე, შემდეგი წესის ძალით: „nulle terre sans seigneur“. ეს წესი არსებობდა კუტიუმების უმეტეს ნაწილში, და მხოლოდ მათი მცირე ნაწილი აღიარებდა საწინააღმდეგო წესს: „nul seigneur sans titre“.
მთელი მიწები საფრანგეთში აზნაურებისა და გლეხების იშვიათი ალოდების გარდა წარმოადგენდა არა ფეოდებს, არამედ ცენზივებს (censives), როგორც უწოდებდნენ როტიურულ ნაკვეთებს. ცენზივის მემკვიდრეობით მესაკუთრეს (ცენზიტატორს, ჩინშევიკს) შეეძლო მისი დაგირავება, გაყიდვა, ჩუქება და ა. შ., მაგრამ მასზე ყოველთვის რჩებოდა სენიორის ცნობილი უფლებები, რომლებიც არავითარ შემთხვევაში არ ექვემდებარებოდა გამოსყიდვას. თვით თავისი სახელწოდება ცენზივამ მიიღო ცენზიდან ანუ ჩინშიდან (cens), ე. ი. ღალიდან, რომელსაც უხდიდნენ სენიორს. უკანასკნელს ჰქონდა უფლება ცენზივა თავისთვის დაებრუნებინა, თუკი ცენზივატორი უარს ამბობდა მის მფლობელობაზე; როდესაც ცენზივა იცვლიდა მფლობელს მემკვიდრეობის უფლებით, ახალი მფლობელი ფორმალური აქტით აღიარებდა თავის ცენზუალურ დამოკიდებულებას; ცენზივის მყიდველს უნდა მიეცა სენიორისთვის ნასყიდობის საბუთი (პირობა) და გადეხადა მისთვის განსაკუთრებული ბაჟი და ა. შ. ფულადი ცენზი ჩვეულებრივ დიდი არ იყო, მაგრამ ძალზედ მძიმე იყო მასთან შეერთებადი შამპარი (champart), რომელიც შეადგენდა მოსავლის ცნობილ წილს (დაახლოებით მეოთხედს).
ნადირობის განსაკუთრებული უფლების ძალით, რომელიც ეკუთვნოდა თავადაზნაურობას, ცენზივის მესაკუთრეს არ შეეძლო გარეული ფრინველის დახოცვა, რომელიც აფუჭებდა მის ნათესებს; არ შეეძლო ბალახის მოთიბვა ან პურის მომკა, სანამ კაკაბი არ დაზრდიდა თავის ბარტყებს, არ შეეძლო არც მტრედების დახოცვა, რომლებიც ასეულობით ჰყავდათ თავიანთ ციხესიმაგრეებში droit de colombier-ის ძალით, არც ბოცვრების დახოცვა, რომლებიც ცხოვრობდნენ ტყის ნაკრძალ უბნებში (გარენებში), თუმცა კი მტრედები და ბოცვრები დიდ ზარალს აყენებდნენ სოფლის მეურნეობას. წესის „nulle terre sans signeur“ ძალით ფეოდების მფლობელები ართმევდნენ მიწებს, რომლებიც იმყოფებოდა მთლიანი სოფლების სათემო სარგებლობაში _ უშენ ადგილებს, საძოვრებს, ტყეებს და ა. შ. დაბოლოს, ცენზუალური და სათემო ურთიერთობები XVIII ს.-ში წარმოადგენდა გამაკოტრებელი პროცესების საგანს სენიორების უსამართლო პრეტენზიების, ფეოდალური სამართლის გაურკვევლობების, სენიორალური სასამართლოების გაყიდულობისა და დამოკიდებულების შედეგად და ა. შ. სენიორებს ეკუთვნოდათ მხოლოდ მოსამართლეებისა და სასამართლო ბოქაულების დანიშვნის უფლება, მაგრამ ისინი ამ უფლებით სარგებლობდნენ მხოლოდ თავიანთი საკუთარი სარგებლის ინტერესებიდან გამომდინარე, ანუ ამ თანამდებობებზე ნიშნავდნენ მათ ერთგულ ან მათზე დამოკიდებულ ადამიანებს, ზოგჯერ თავიანთსავე მმართველებს ან ფეოდალური უფლებების გამომსყიდველებს. შემდეგ, სენიორებს, მათ სამფოლელოებში, ეკუთვნოდა პოლიცია, ასევე განკარგულებების გაცემის უფლება პურის, ვაზის და სხვა მოსავლის აღების დროსთან დაკავშირებით.
განსაკუთრებულ კატეგორიას შეადგენდნენ სენიორალური მონოპოლიები, რომლებიც ცნობილი იყვნენ ბანალიტეტების სახელწოდებით (banalites): იყო ბანალური წისქვილები, ღუმელები, სალესები, რომლებშიც გლეხები ვალდებული იყვნენ დაეფქვათ თავიანთი ხორბალი, გამოეცხოთ პური, დაეწურათ ყურძენი. სენიორების სასარგებლოდ მიდიოდა აგრეთვე სხვადასხვანაირი საგზაო, სახიდო, საბაზრო ბაჟები ანუ საგამომსყიდვლო ფულები, რომლებიც ცვლიდა ნატურალურ ვალდებულებებს (ვთქვათ, ციხე-სასახლის შეკეთებისა) ან რომლებსაც იხდიდნენ ბანალიტეტის გაუქმებისთვის.
ახალ სენიორალურ უფლებებს ამყარებდნენ ასევე XVIII ს.-შიც, რასაც შედეგად მოსდევდა გლეხებისთვის გამაკოტრებელი პროცესები. ასეთი იყო გლეხების იურიდიული მდგომარეობა. ბატონყმობის მდგომარეობიდან განთავისუფლებას, რომელიც საფრანგეთში დაიწყო ჯერ კიდევ შუა საუკუნეების მიწურულს, ეკონომიკურად თან ახლდა განთავისუფლებული სერვების მიწის გარეშე დარჩენა; მაგრამ თუ კი გლეხების რაღაც მცირე ნაწილი ფლობდა წვრილ საკუთრებას, გლეხობის უმრავლესობა მაინც შედგებოდა წვრილი მეურნეებისგან, რომლებიც იჯარით იღებდნენ მიწას მსხვილი და საშუალო მიწათმფლობელებისგან. XVIII ს.-ში სოფლის მოსახლეობის მასა საფრანგეთში გაყოფილი იყო დამოუკიდებელ მეურნეებად (laboureus) და მოჯამაგირეებად (manoeuvres, manovriers), ე. ი. დაქირავებულ სოფლის მუშებად. მაგრამ, წვრილი ფერმერობა იშვიათად თუ წარმოადგენდა ფულად იჯარას: შემთხვევების უზარმაზარ უმრავლესობაში ეს იყო მონახევრეობა (metayage), რომლის დროსაც მონახევრე (metayer), ღებულობდა რა ფერმას (metairie), ვალდებულებას იღებდა სისტემატიურად გადაეხადა მისი მფლობელისთვის პროდუქტის ნახევარი. შეიძლება ითქვას, რომ ეს იყო ფრანგი გლეხის ყველაზე უფრო ტიპიური დამოკიდებულება მიწასთან XVIII ს.-ში. მაგრამ, უკვე მაშინ მიმდინარეობდა წვრილი ფერმების შეცვლა მსხვილებით და ნატურალური რენტისა _ ფულადით, რაც იწვევს გლეხთა საჩივრებს.
ზოგადად, ეს ნიშნავს, რომ სოფლის მოსახლეობის მასაც საფრანგეთში სულაც არ იყო ერთგვაროვანი. ერთი მიმართებით ერთმანეთს სცილდებოდა დამოუკიდებელი მეურნეებისა (მეპატრონეებისა) და მიწის დამამუშავებელი დაქირავებული მუშების ინტერესები, სხვა მიმართებით ერთმანეთს უახლოვდებოდა წვრილი მესაკუთრეებისა და ფერმერების ინტერესები, ასევე მონახევრეთა და მოჯამაგირეთა ინტერესები. გლეხი სახელმწიფოს უხდიდა გადასახადებს, რომლებისგანაც განთავისუფლებულნი იყვნენ პრივილეგირებულები; სასულიერო წოდებას _ მეათედს; მიწათმდფლობელ არისტოკრატიას _ ფეოდალურ ღალას, ბეგარებს, ბაჟებს; მიწის მესაკუთრეებს, როგორი წოდებისაც არ უნდა ყოფილიყვნენ ისინი _ რენტას. ძალზედ წვრილი მეურნეობებიდან თითქმის მთელი სუფთა შემოსავალი მიდიოდა გადასახადების, ფეოდალური ბეგარებისა და მეათედის გადახდაზე, ხოლო დიდი მეურნეობებიდან _ ნახევარი. ბევრი წვრილი მესაკუთრე პირდაპირ ახდენდა თავისი მიწის „დეგერპირებას“, ე. ი. უბრუნებდა სენიორებს ან აძლევდა ხარკის ამკრეფთ.
ასეთი წესების პირობებში სოფლის მეურნეობას აყვავება არ შეეძლო: მიწები ცუდად მუშავდებოდა ან საერთოდ უქმად იყო; შიმშილობის წლები მეორდებოდა ძალზედ ხშირად, პური ან არ იყო საკმარისი, ან კიდევ ძალზედ ძვირი ღირდა; მიწათმოქმედებას მოწყვეტილი გლეხები იმ შეუძლებელი პირობების შედეგად, რომლებშიც ისინი იყვნენ ჩაყენებულნი, სამუშაოებზე გაეშურნენ ქალაქებში, სადაც ხშირად ვერ პოულობდნენ ვერანაირ სამუშაოს, მათხოვრობდნენ, მაწანწალობდნენ, არც თუ იშვიათად ყაჩაღობდნენ ან უწესრიგობებს ახდენდნენ, რომელთა საბაბსაც წარმოადგენდა ჩვეულებრივ პურის უკმარისობა: ძარცვავდნენ საფუნთუშეებს, პურის ბეღლებს, ფქვილის ტრანსპორტებს. იყო როგორიღაც საშინელი შეუსაბამობა საფრანგეთის მთელ სასოფლო-სამეურნეო ყოფა-ცხოვრებაში: მუდმივად ჩიოდნენ პურის უკმარისობაზე, და ამავე დროს მრავალი მიწის ნაკვეთი უქმად ცდებოდა, რომლებსაც ადრე სახნავ-სათესად ამუშავებდნენ; ჩიოდნენ სამუშაო ძალის უკმარისობაზე, და ამავე დროს არ იცოდნენ როგორ მოეშორებიონათ თავიდან სხვადასხვანაირი მაწანწალები და მათხოვრები; ჩიოდნენ სიღატაკეზე (მათხოვრობაზე) და ამავე დროს იმათი მდგომარეობა, რომლებიც მიწას ამუშავებდნენ, არაფრით არ იყო უკეთესი: ძალზედ ხშირად მონახევრეები ჭამდნენ პურს და თესავდნენ ხორბალს, რომელიც სესხად ჰქონდათ აღებული მიწათმფლობელისგან; არც თუ იშვიათად საერთოდ ყველანაირ მიწათმოქმედს პური უნდა ეყიდა ბაზარზე გადამყიდველისგან (accapareur) ან რომელიმე პურით მოვაჭრე ფირმის აგენტისგან, ოღონდ თუ კი ჰქონდა პურის საყიდელი ფული და თუ კი ჯერ კიდევ იყო გასაყიდი პური. საფრანგეთის სოფლის მოსახლეობის საშინელი სიღატაკის შესახებ XVIII ს.-ში მოწმობს ოფიციალური მონაცემებიცა და ლიტერატურული ნაწარმოებებიც, მოწმობენ თავიანთი და უცხო ავტორებიც (უკანასკნელთა შორის არიან _ ფონვიზინი, რომელიც საფრანგეთს ესტუმრა 70-იან წლებში, განსაკუთრებით კი ინგლისელი აგრონომი არტურ იუნგი, რომელმაც დაგვიტოვა საფრანგეთში თავისი მოგზაურობის მეტად ფასეული აღწერა).
ქვეყნის მოსახლეობის უზარმაზარი უმრავლესობის სიღარიბე, სოფლის მეურნეობის ცუდი მდგომარეობა, გაჩერებულობა მრეწველობასა და ვაჭრობაში, გადასახადების სიმძიმე, სასახლის კარის უგუნური ხარჯები (ფლანგვა) ფუფუნებაზე, გართობებზე, კახპების საჩუქრებზე, მუდმივი დეფიციტები, რომელთა მოხსნაც ხდებოდა არახელსაყრელი სესხებით, მთავრობისა და პრივილეგირებულების გაჯიუტებული კონსერვატიზმი, ადმინისტრაციული ხელისუფლების თვითნებობა _ ყოველივე ეს ბადებდა უკმაყოფილებას საზოგადოების სხვადასხვა ფენაში და აგროვებდა საწვავ მასალას, რომელიც ყოველთვის მზად იყო ასაალებლად. მშიერი ხალხი ამბოხებებს აწყობდა რევოლუციის აფეთქებამდე გაცილებით უფრო ადრეც. თავად პრივილეგირებულებიც, როგორც კი ოდნავ შეეხო მათ რეფორმა, დადგნენ რევოლუციის ნიადაგზე და მოითხოვეს გენერალური შტატების მოწვევა, ბეცად ვარაუდობდნენ რა, რომ საზოგადოებრივ ძალთა ურთიერთმიმართება 1789 წ., ისეთივე იყო როგორიც 1614 წ.-ში. ამასობაში ვოლტერის, მონტესკიეს, რუსოსა და სხვა მწერლების საქმიანობის წყალობით, რომელთაგან განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ფიზიოკრატებისა და ენციკლოპედისტების ჯგუფები, ფრანგული საზოგადოების განათლებული ნაწილის გონებაშიც კი მოხდა გადატრიალება.
XVIII ს. ფრანგულმა ლიტერატურამ მიიღო მკვეთრად ოპოზიციური ხასიათი. ყველაზე უფრო ადრე ეს იგრძნო კათოლიციზმმა, რომლის წინააღმდეგაც უმთავრესად მიმართული იყო დეისტებისა და ენციკლოპედისტების პოლემიკა. შემდეგ გამოვიდა მთელი რიგი პოლიტიკური მწერლებისა, რომლებიც თავს დაესხნენ ძველ პოლიტიკურ და სოციალურ წესებს თავისუფლებისა და თანასწორობის სახელით, „ბუნებრივი სამართლის“ სახელითა (უმთავრესად რუსო) და „ბუნებრივი წესრიგის“ სახელით (ფიზიოკრატები), რომლებსაც უპირისპირებდნენ მონარქიის, ეკლესიისა და არისტოკრატიის ისტორიულ უფლებებსა და „გოთიკური ბარბაროსობის“ დროს დამყარებულ წესრიგს. მართალია, XVIII ს. მწერლებთან ლოგიკური წინაპირობებიდან გაკეთებული გაბედული დასკვნები არცთუ იშვიათად წარმოადგენდა „განათლებულ თამაშს გონებისა“, ცხოვრებაში განხორციელებაზე ყოველგვარი იმედის გარეშე; მაგრამ საზოგადოების ტრადიციულ მსოფლჭვრეტას ძირი გამოეთხარა და მისი ცალკეული წევრების შეგნებაში შევიდა მასა ახალი იდეებისა, რომლებიც თავიანთი არსით აბსოლუტიზმისა და ფეოდალიზმის მიმართ მტრულად იყო განწყობილი.
ძველი წესრიგის მავნებლობასა და ახალი იდეების პრაქტიკულ მნიშვნელობას ყველაზე უფრო ნათლად იაზრებდა ბურჟუაზია. თავიდან იგი იმედოვნებდა მწყალობელ ხელისუფლებაზე, როგორც იმ ძალაზე, რომელიც დაანგრევს ძველ შენობას და ააგებს ახალს (განათლებული აბსოლუტიზმის იდეა ვოლტერთან და ფიზიოკრატებთან); მაგრამ შემდეგ ბურჟუაზიამ სულ უფრო და უფრო ნათლად დაიწყო იმის გაგება, რომ მას ბევრი საერთო ინტერესები აქვს ხალხის მასასთან და რომ უმთავრესად გლეხობასა და ქალაქის მდაბიო ხალხს (le menu peuple) შეეძლებათ სამეფო კარისა და პრივილეგირებულთა ბატონობისთვის დასასრულის დადება. ამიტომ დროთა განმავლობაში ბურჟუაზიამ სულ უფრო და უფრო მეტად დიწყო რუსოს, დიდროს, მაბლისა და სხვათა დემოკრატიული ფილოსოფიით გატაცება. ამავე ქადაგებას, გარდა ამისა, ყურის გდება დაუწყეს ლიბერალური პროფესიების ადამიანებმაც, თავადაზნაურთა და სამრევლო სასულიერო წოდების ნაწილმაც, და მეფის არმიის უნტერ-ოფიცერთა ნაწილმაც კი. ჩრდილოამერიკული ომი დამოუკიდებლობისთვის, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ფრანგმა მოხალისეებმაც, და თავად მთავრობაც, თითქოს და კარნახობდა საზოგადოებას, რომ საფრანგეთშიც შესაძლებელია ახალი იდეების განხორციელება.
III. მოვლენების საერთო მსვლელობა 1789-დან 1799 წლის ჩათვლით
გაძნელებული ფინანსური მდგომარეობიდან გამოსასვლელად მთელი რიგი წარუმატებელი მცდელობების შემდეგ ლუდოვიკო XVI-მ 1787 წ. დეკემბერში გამოაცხადა, რომ ხუთი წლის შემდეგ მოიწვევდა საფრანგეთის სახელმწიფო ჩინოსნებს (გენერალურ შტატებს). როდესაც ნეკერი მეორედ გახდა მინისტრი, მან დაჟინებით მოითხოვა, რომ გენერალური შტატები მოეწვიათ 1789 წ. ცნობა ამ ზომაზე მეფის საბოლოო თანხმობის შესახებ მიღებულ იქნა დიდი სიხარულით და ნეკერი იქცა ერთერთ ყველაზე უფრო პოპულარულ ადამიანად საფრანგეთში. მხოლოდ მირაბო უკვე მაშინ უყურებდა მას სხვა თვალით; მავილიონისადმი გაგზავნილ წერილში იგი ლაპარაკობდა ამ მინისტრზე, როგორ ადამიანზე, რომელსაც არ გააჩნია „არც ისეთი ნიჭი, როგორიც საჭირო იყო მოცემულ გარემოებებში, არც სამოქალაქო ვაჟკაცობა, არც ჭეშმარიტად ლიბერალური პრინციპები“. დაახლოებით იმავე დროს მალუე ეუბნებოდა თავად ნეკერს: „არ არის საჭირო იმის ლოდინი, რომ გენერალურმა შტატებმა დაგიწყოთ რაიმეს მოთხოვნა ან თქვენთვის ბრძანებების მოცემა; უნდა იჩქაროთ შესთავაზოთ მას ყოველივე, რაც კი შესაძლებელია იყოს კეთილგონიერი ადამიანების სურვილების საგანი, როგორც ხელისუფლების, ისე ეროვნული უფლებების გონივრულ საზღვრებშიც“. მაგრამ მთავრობას არ გააჩნდა არანაირი გარკვეული პროგრამა.
მირაბო აპროექტებდა სამეფო ხელისუფლების კავშირს ხალხთან პრივილეგირებულების წინააღმდეგ; მაგრამ სასახლის კარზე ყველაზე უფრო ნაკლებად ფიქრობდნენ ამის შესახებ, თუმცა კი იმავე დროს საჭიროდ თვლდნენ საზოგადოებრივი აზრისთვის დათმობასაც. ბევრი რამ იყო დამოკიდებული გენერალური შტატების შემადგენლობასა და ხმის მიცემის ხერხზე, მაგრამ ამ მნიშვნელოვან საკითხშიც მთავრობა აღმოჩნდა არათანამიმდევრული და გაუბედავი. ნეკერმა მიაღწია იმას, რომ მომავალ შტატებში მესამე წოდებას ჰყოლოდა იმდენივე წარმომადგენელი, რამდენიც პრივილეგირებულებს ერთად აღებულთ. ამ ზომას შესაძლო იყო აზრი ჰქონოდა ხმების თანასწორად მიცემის პირობებში, რადგანაც წოდებრივი კენჭისყრის შემთხვევაში პრივილეგირებულებს მაინც ექნებოდათ ორი ხმა ერთის წინააღმდეგ; მაგრამ ნეკერმა ვერ გააკეთა ლოგიკური დასკვნა თავისი პრინციპიდან. ხმების თანასწორად მიცემის სასარგებლოდ მეტყველებდა ყოველივე, რასაც კი სურდა საფრანგეთის ნამდვილი განახლება, წოდებრივი კენჭისყრის სასარგებლოდ _ პრივილეგირებულები და პარლამენტები. მთავრობა მერყეობდა მაშინაც კი, როდესაც გენერალური შტატები უკვე შეკრებილი იყო _ და საკითხი გადაწყვეტილ იქნა მისი ნების მიუხედავად.
1789 წ. 24 იანვრის სამეფო რეგლამენტი, რომელიც 27 აპრილისთვის იწვევდა გენერალურ შტატებს, მომავალი შეკრების მიზნად მიუთითებდა „მუდმივი და უცვლელი წესრიგის დამყარებას მმართველობის ყველა ნაწილში, რომლებიც ეხება ქვეშევრდომთა ბედნიერებასა და სამეფოს კეთილდღეობას, სამეფოს სნეულებათა შეძლებისდა გვარად უსწრაფეს მკურნალობასა და ყველანაირ ბოროტად გამოყენებათა მოსპობას; ამასთან მეფე გამოხატავდა სურვილს, რომ „მისი სამეფოს უკიდურეს ადგილებშიც, ყველაზე უფრო ნაკლებად ცნობილ სოფლებშიც, ყველასთვის უზრუნველყოფილიყო შესაძლებლობა, რომ მეფის ყურამდე მიეტანათ თავისი სურვილები და საჩივრები“. საარჩევნო უფლება მისცეს ყველა ფრანგს, ვინც მიაღწია 25 წლის ასაკს, ჰქონდა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი და შეყვანილი იყო გადასახადების სიებში (უკანასკნელი შეზღუდვა საარჩევნო უფლებისგან გამორიცხავდა ღარიბი მოქალაქეების მნიშვნელოვან რიცხვს). არჩევნები იყო ორსაფეხურიანი (ხოლო ზოგჯერ კი სამსაფეხურიანიც), ე. ი. დეპუტატებს ირჩევდა არა თავად მოსახლეობა, არამედ მის მიერ არჩეული რწმუნებულები. ფრანგი ერის განწყობილების შესახებ ამ დროს ყველაზე უფრო კარგ წარმოდგენას გვაძლევს ბროშურული პრესა და ე. წ. დარიგებები (დავალებები, რუს. наставления).
1789 წ. ბროშურები იყო მეტად განსხვავებული მიმართულებებისა, მაგრამ კონსერვატიულები განუზომლად უფრო ნაკლები იყო ლიბერალურებთან შედარებით, რომლებიც დაწერილი იყო XVIII ს. იდეების სულისკვეთებით. ამ გამოცემების წყალობით პოლიტიური მწერლების იდეების პროპაგანდირება და პოპულარიზება ხდებოდა საზოგადოების ისეთ ფენებშიც, სადაც ისინი ადრე ვერ აღწევდა, აგრეთვე თავისებური გაგებით აღიქმებოდა ხალხის მასის მიერ. ზოგიერთი ბროშურა სპეციალურად იყო მიძღვნილი უბრალო ხალხის ინტერესებისადმი, რომელსაც ზოგიერთ მათგანში არქმევდნენ „მეოთხე წოდების“ სახელს; მაგრამ უმთავრესად ისინი გამოხატავდა საზოგადოების საშუალო კლასების, ე. ი. ლიბერალური პროფესიების ადამიანებისა და ბურჟუაზიის შეხედულებებსა და მისწრაფებებს, რომლებიც იცავდნენ ინდივიდუალური და პოლიტიკური თავისუფლების, სამოქალაქო თანასწორობის, ხალხის ხელისუფლების პრინციპებს, სპობდნენ დესპოტიზმს, პრივილეგიებს, ფეოდალურ უფლებებს, ბატონყმობასა და ა. შ. ლიბერალური ხასიათის ბროშურებიდან ყველაზე უფრო პოპულარული შეიქმნა აბატ სიიესის ბროშურა: „რა არის მესამე წოდება?“, რომელიც თავის თავში შეიცავდა სამ კითხვასა და სამ პასუხს: „რა არის მესამე წოდება? _ ყველაფერი. _ რა იყო იგი ამ დრომდე? _ არაფერი. _ რად სურს მას რომ იყოს? _ რაიმედ“.
არჩევნებმა გენერალურ შტატებში ჩაიარა მთლიანობაში საკმაოდ მშვიდად და ერი მას მოეკიდა მეტად სერიოზულად. არჩევნებს მიმართულებას აძლევდნენ ის ადამიანები, რომელთაც სურდათ რეფორმები და გენერალური შტატებისგან მოელოდნენ საფრანგეთის საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცხოვრების მთლიან გარდაქმნას. განათლებული და ლიბერალური უმცირესობა სათავეში ჩაუდგა ამ მოძრაობას და დავალებებში (დარიგებებში) _ რომლებშიც მოსახლეობა გამოხატავდა თავის საჭიროებებს, თავის საჩივრებს, თავის სურვილებს, _ შეიტანა პოლიტიკური პრესიდან ნასესხები ახალი იდეების მასა; ზოგჯერ რომელიმე მიყრუებული პატარა სოფლიდან ჩვენ გვხვდება მითითებები ძალაუფლების განაწილებაზე ან მინისტრების პასუხისმგებლობაზე.
უნდა აერჩიათ 1200 დეპუტატი (300 სასულიერო წოდებისგან, 300 თავადაზნაურობისგან და 600 არაპრივილეგირებული მოსახლეობისგან), მაგრამ აირჩიეს რამდენადმე ნაკლები. სასულიერო წოდების დეპუტატებს შორის სჭარბობდნენ შედარებით დაბალი ხარისხის პირები (სამრევლო მღდელმსახურები, 200-ზე მეტი), ხოლო მესამე წოდების დეპუტატებში მნიშვნელოვან ჯგუფს შეადგენდნენ ადვოკატები (ასევე 200-ზე მეტი). მესამე წოდებამ აირჩია ასევე რამდენიმე (ერთნახევარი ათეული) სასულიერო პირი და დიდგვაროვანი.
1789 წლის დავალებები (დარიგებები), წარმოადგენს რა მნიშვნელოვან ისტორიულ დოკუმენტს, თავის თავში შეიცავდა მთელ პოლიტიკურ პროგრამას (XX, 484). მირაბოს აზრით, მეფის მიერ რეფომების საზეიმო დაპირება დაუყოვნებლივ დაამშვიდებდა ხალხს; მაგრამ მას ეშინოდა, რომ მთავრობა „დღეს არ მისცემს ნებაყოფლობით იმას, რასაც ხვალ მას ძალით წაართმევენ“. მირაბო ფიქრობდა, რომ რეფორმები უნდა იყოს ფართო და რადიკალური; ძალადობრივ რევოლუციას შეუძლია საზოგადოების უკან წაყვანაც. მთავარ დაბრკოლებას რეფორმებისკენ მირაბო ხედავდა იმაში, რასაც იგი უწოდებდა „ძველი ხელისუფლების საშინელ დაავადებას _ არასდროს არ მოახდინოს არანაირი დათმობები, თითქოს და იმის მოლოდინში, რომ მას ძალით წაართმევენ იმას, რაც მას უნდა ისედაც მიეცა“; სხვა დაბრკოლებას იგი ხედავდა პრივილეგირებულთა ოპოზიციაში.
გენერალური შტატები ვერსალში გაიხსნა 1789 წ. 5 მაისს, მაგრამ პირველმა კვირეებმა ჩაიარა განუწყვეტლივ დავებში პრივილეგირებულებსა და მესამე წოდებას შორის თათბირების წესის შესახებ: პირველ ორ შტატს არ სურდა დამორჩილებოდა მესამე წოდებას, რომელიც მოითხოვდა ერთობლივ სხდომებს. ბოლოს, 17 ივნისს მესამე წოდებამ მიიღო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, გამოაცხადა რა საკუთარი თავი ეროვნულ კრებად, ერის 96%-ის წარმომადგენლების სახით (იხ. ეროვნული კრება, XX, 712-718, სადაც უფრო დაწვრილებითაა გადმოცემული რევოლუციის პირველი ორი წლის მოვლენები). ეს დადგენილება შუასაუკუნოებრივ წოდებრივ გენერალურ შტატებს გადააქცევდა წოდებების გარეშე ეროვნულ კრებად. აღნიშნულ გადაწყვეტილებას მალე შეუერთდნენ სამრევლო მღვდელმსახურები და ზოგიერთი თავადაზნაურიც; მაგრამ სასახლის კარი ამით მეტად უკმაყოფილო იყო და ბრძანა ეროვნული კრების სხდომების დარბაზის დაკეტვა. მაშინ დეპუტატები შეიკრიბნენ ბურთის სათამაშო მანეჟში (Jeu de paume) და შეჰფიცეს ერთმანეთს, რომ არ დაიშლებოდნენ და შეიკრიბებოდნენ ყველგან, სადაც კი შესაძლებელი იქნებოდა, სანამ საფრანგეთი არ მიიღებდა მყარ სახელმწიფოებრივ მოწყობას (20 ივნისს). მათი შემდგომი კრება მიმდინარეობდა ეკლესიაში, რადგანაც მანეჟი ჩაკეტილი იყო.
23 ივნისს სასახლის კარმა მოაწყო სამეფო სხდომა, რომელზეც ლუდოვიკო XVI-მ წარმოთქვა სიტყვა და უბრძანა შტატებს ამიერიდან შეკრებილიყვნენ ცალცალკე. როდესაც მეფემ დატოვა სხდომათა დარბაზი, მას კვალდაკვალ მიჰყვნენ უმაღლესი წოდებების დეპუტატებიც, მაგრამ მესამე წოდება აგრძელებდა სხდომას. ერთერთი კარისკაცის მოთხოვნაზე დაშლილიყვნენ, მირაბომ უპასუხა ცნობილი სიტყვებით, რომ დეპუტატები შეიკრიბნენ ერის ნებით და მათი გაყრა შესაძლებელია მხოლოდ ხიშტების ძალით. რამდენიმე დღის შემდეგ მეფემ დაუთმო, და პირველი ორი შტატის თითქმის ყველა დეპუტატი შევიდა ეროვნული კრების შემადგენლობაში. მაგრამ, არსებითად, სასახლის კარი დათმობას არ აპირებდა; პარიზისა და ვერსალის გარშემო დაიწყეს სამხედრო ძალის შეგროვება, რაც მეტად აშფოთებდა ეროვნულ კრებასაც და ხალხსაც. ამას დაემატა ქალაქში მოსული ცნობაც იმის შესახებ, რომ ნეკერი, რომელიც იმ ხანად სარგებლობდა დიდი პოპულარობით, გადადგა მინისტრობიდან და მას უბრძანეს საფრანგეთის დატოვება. პარიზში მოხდა აჯანყება, რომელშიც მთავარ როლს თამაშობდნენ უმუშევრობისა და პურის სიძვირის გამო დამშეული მუშები.
14 ივლისს ხალხის მასებმა გაძარცვეს არსენალი და იარაღის მაღაზიები, თავს დაესხნენ სახელმწიფო ციხეს ბასტილიას (III, 162) და დაეუფლნენ მას. დაწყებული ძარცვის შეწყვეტისა და სამეფო ჯარების მოგერიებისთვის პარიზის ბურჟუაზიაც ასევე შეიარაღდა და შექმნა ეროვნული გვარდია (VIII, 197), აირჩია რა თავის მთავარ უფროსად თავადაზნაურობის ერთერთი დეპუტატი ლაფაიეტი. ეროვნული კრება გადარჩენილ იქნა და ლუდოვიკო XVI-მ კვლავ დაუთმო: იგი პარიზშიც კი გაემგზავრა, რათა ხალხს დანახვებოდა, ხოლო ქუდზე დამაგრებული ჰქონდა სამფერიანი კოკარდა (წითელი და ლურჯი _ პარიზის ღერბის ფერები, ხოლო თეთრი _ სამეფო დროშის ფერი). ბასტილიის აღებამ (რომელიც დაუყოვნებლივ დაანგრიეს კიდეც) ძლიერი შთაბეჭდილება მოახდინა არა მხოლოდ მთელ საფრანგეთში, არამედ მის საზღვრებს გარეთაც, სხვათა შორის რუსეთშიც, როგორ ამის შესახებ იტყობინებოდა საფრანგეთის დესპანი ეკატერინე II-ის კარზე.
ინგლისში აწყობდნენ საზოგადოებრივ ზეიმებს ამ მოვლენის გამო; კემბრიჯის უნივერსიტეტმა ბასტილიის დაცემა გამოაცხადა საკონკურსო თემად სტუდენტებისთვის. იტალიაში ალფიერი და გერმანიაში ებელინგი ოდებს წერდნენ ფრანგი გმირების საპატივსაცემოდ. იმ პირებს შორის, რომლებიც მიესალმენ ახალ საფრანგეთს (და თავადაც კი საგანგებოდ ჩადიოდნენ იქ რათა „ესუნთქათ თავისუფლების ჰაერით“) იყო ბევრი ცნობილი ადამიანი: კანტი, ვილჰელმ ფონ ჰუმბოლტი, კლოპშტოკი, ჰერდერი, ვორდსვორთი სხვანი). მხოლოდ რევოლუციის უფრო გვიანდელი უკიდურესობები იწვევდა მის მიმართ სხვანაირ დამოკიდებულებას, მაგრამ იმავე დროს ადამიანებმა, რომლებმაც თავიდან, გოეთეს მსგავსად, არ მიანიჭეს ფრანგულ მოვლენებს სერიოზული მნიშვნელობა, შემდეგ გაიგეს მთელი მათი მნიშვნელოვნება არა მხოლოდ საფრანგეთისთვის. რაც შეეხება ევროპულ მთავრობებს, მათ მაშინვე ვერ გაიცნობიერეს საფრანგეთში დაწყებული მოვლენების ხასიათი და თავდაპირველად უყურებდნენ მათ არა პრინციპული, არამედ უტილიტარური თვალსაზრისით: თითოეულ ცალკეულ მთავრობას მხედველობაში ჰქონდა მხოლოდ საკუთარი პოლიტიკური ინტერესები, რომელთა თვალსაზრისითაც საფრანგეთში მიმდინარე შიდა არეულობები და ამის გამო მისი დასუსტება შესაძლოა მომგებიანადაც კი მოჩვენებოდათ.
თავად საფრანგეთში ბასტილიის აღება იქცა სიგნალად პროვინციებში მთელი რიგი აჯანყებებისთვის. განსაკუთრებით ძლიერად ღელავდნენ გლეხები, რომლებიც უარს ამბობდნენ ფეოდალური ბეგარის შესრულებაზე, საეკლესიო მეათედისა და სახელმწიფო გადასახადების გადახდაზე. ისინი თავს ესხმოდნენ თავადაზნაურთა სასახლეებს, ანგრევდნენ და წვავდნენ მათ, ამასთან მოკლულ იქნა რამდენიმე დიდებული ან მათი მმართველები. როდესაც ვერსალში ჩავიდა საგანგაშო ცნობები იმის შესახებ, თუ რა ხდებოდა პროვინციებში, ორმა ლიბერალურმა აზნაურმა საკრებულოში შეიტანა წინადადება გაეუქმებინათ ფეოდალური უფლებები, ზოგიერთი _ აუნაზღაურებლად, სხვები კი _ გამოსყიდვის გზით. მაშინ მოეწყო 4 აგვისტოს ცნობილი ღამის სხდომა (XXI, 402), რომელზედაც უმაღლესი წოდებების დეპუტატები გადაჭრით უარს ამბობდნენ თავიანთ პრივილეგიებზე, და საკრებულომ მიიღო დეკრეტები, რომლებიც აუქმებდა წოდებრივ უპირატესობებს, ფეოდალურ უფლებებს, ბატონყმობის უფლებას, საეკლესიო მეათედს, ცალკეული პროვინციების, ქალაქებისა და კორპორაციების პრივილეგიებს და აცხადებდა ყველას თანასწორობას კანონის წინაშე, სახელმწიფო გადასახადების გადახდაში და სახელმწიფო, სამხედრო და საეკლესიო თანამდებობების დაკავებაში.
მეორეს მხრივ, სახალხო მღელვარებები იწვევდა სიძველის დამცველთა ემიგრაციას (იხ.) საფრანგეთიდან. მაგალითი მისცეს გრაფმა დ’არტუამ (მეფის ძმამ), პრინცებმა კონდემ, კონტიმ და პოლინიაკმა, კალონმა და სხვებმა, რომლებიც ურჩევდნენ კონტრრევოლუციის მოხდენას. იყო თუ არა ამ ემიგრაციის მიზეზი შიში ან სიძულვილი ახალი წესებისადმი, ყოველ შემთხვევაში ემიგრანტებმა სამშობლო დატოვეს უკმაყოფილო პოლიტიკური პარტიის სახით, რომელმაც მაშინვე დაიწყო მცირე გერმანული სახელმწიფოების სასახლეთა კარზე მოკავშირეების ძიება სამშობლოში ძველი წესრიგის აღსადგენად. ემიგრანტების გამომწვევი ტონი, მათი მუქარები „ამბოხებულთა“ მიმართ, მათი კავშირები უცხოელებთან ბადებდა და აძლიერებდა განგაშს ხალხში; დაიწყეს ემიგრანტების თანამოაზრეობაში სამეფო სასახლის კარისა და საფრანგეთში დარჩენილი ყველა თავადაზნაურის მიმართ ეჭვიანობა. ამიტომ პასუხისმგებლობა ბევრ რამეზე იქიდან, რაც შემდეგ ხდებოდა საფრანგეთში, ეკისრება ემიგრანტებს.
ამავე დროს ეროვნულმა კრებამ დაიწყო საფრანგეთის ახალი მოწყობა. ჯერ კიდევ ბასტილიის დანგრევამდე რამდენიმე დღით ადრე მან მიიღო დამფუძნებელი კრების სახელეოდება (Assemblee nationale constituante) და ოფიციალურად მხოლოდ თავისი თავი აღიარა უფლების მქონედ მიეცა სახელმწიფოსთვის ახალი დაწესებულებები. კრების პირველი საქმე იყო ადამიანისა და მოქალაქის უფლებების დეკლარაციის შედგენა (X, 315), რომელსაც მოითხოვდა მრავალი დარიგება და ბროშურა. სასახლის კარზე უწინდებურად არ აპირებდნენ დათმობებზე წასვლას და არ კარგავდნენ სამხედრო გადატრიალების იმედს. თუმცა კი ლუდოვიკო XVI 14 ივლისის შემდეგ დაპირდა არ მოეზიდა ჯარები პარიზთან, მაინც ვერსალში დაიწყო ახალი პოლკების ჩამოსვლა. ოფიცრების ერთერთ ბანკეტზე, მეფისა და მისი ოჯახის თანდასწრებით, სამხედროები იგლეჯდნენ სამფეროვან კოკარდებს და ფეხებით თელავდნენ მათ, ხოლო სეფექალები ურიგებდნენ მათ თეთრი ბაფთების კოკარდებს. ამან გამოიწვია მეორე აჯანყება პარიზში და ასიათასიანი ბრბოს ლაშქრობა ვერსალზე, რომელშიც განსაკუთრებით ბევრი ქალი იყო: იგი შეიჭრა სასახლეში და მოითხოვდა მეფის გადასახლებას პარიზში (5-6 ოქტომბერს). ლუდოვიკო XVI იძულებული შეიქნა შეესრულებია ეს მოთხოვნა, ხოლო პარიზში მეფის გადასახლების კვალდაკვალ ეროვნულმა კრებამაც თავისი სხდომები იქვე გადაიტანა, რამაც, როგორც შემდეგ გაირკვა, შეზღუდა მისი თავისუფლება: უკიდურესად აღგზნებული მოსახლეობა არაერთხელ კარნახობდა თავის ნებას მთელი ერის წარმომადგენლებს.
ეროვნული კრების გვერდით წარმოიქმნა სხვა ძალა. დედაქალაქში, რომელიც ისეთ ცენტრალიზებულ ქვეყანაში, როგორიც იყო საფრანგეთი, სარგებლობდა თითქმის უსაზღვრო გავლენით პროვინციებზე, წარმოიქმნა პოლიტიკური კლუბები (XV,428), რომლებიც ასევე დაკავებული იყვნენ საფრანგეთის მომავალი მოწყობის შესახებ საკითხზე მსჯელობით. ერთერთმა ასეთმა კლუბმა, რომელმაც მიიღო იაკობინელთა კლუბის სახელწოდება (იხ. იაკობინელები), დაიწყო განსაკუთრებით გავლენიანი როლის თამაში, რადგანაც მასში იყო არც თუ ცოტა ძალზედ პოპულარული დეპუტატი და ბევრი მისი წევრი სარგებლობდა ავტორიტეტით პარიზის მოსახლეობას შორის. შემდგომში მან დაიწყო თავისი განყოფილებების გახსნა საფრანგეთის ყველა მთავარ ქალაქში. კლუბებში დაიწყეს უკიდურესი აზრების განსაკუთრებული დაჟინებით ქადაგება, რომლებიც ასევე დაეუფლა პოლიტიკურ ბეჭდურ სიტყვასაც. ბროშურა, როგორც პოლიტიკური პროპაგანდის ორგანო ახლა შეცვალა პერიოდულმა პრესამ.
1789 წ. საფრანგეთში გაჩნდა მასა გაზეთებისა; ზოგიერთ მათგანს ჰქონდა კოლოსალური წარმატება, მაგალითად ლუსტალოს „Les Revolutions de Paris“-ს (200 ათასი ეკზემპლარი), ფრერონის „L’Orateur du peuple“-ს, კამილ დემულენის „Les Revolutions de France et de Brabant“-ს, ბარერის „Point du jour“-ს, მარატის „Ami du peuple“-ს, გებერის „Pere Duchene“-სა და სხვებს. სამეფო კარს ასევე ჰქონდა თავისი ორგანოები, რომლებიც თავს ესხმოდნენ რევოლუციის მოღვაწეებს („Journal de la Cour et de la Ville“, „Journal des Halles“, „Ami du roi“, „Actes des apotres“). ძველი რეჟიმის სიმკაცრეების პირობებში აღზრდილ საზოგადოებაში არ იყო არც თავისუფლებით სარგებლობის ცოდნა და უნარი, არც სხვისი აზრის თავისუფლებისადმი პატივისცემა; ამიტომ რევოლუციური პრესა ბევრად უწყობდა ხელს საერთო იმ ანარქიის გაგრძელებას, რომელიც გამოწვეული იყო ძველი წესრიგის მოშლით, ხალხის უბედურებებით, საგანგაშო ჭორებით, კონტრ-რევოლუციის მცდელობებით.
ყველაზე უფრო მგზნებარე ფურცლები ზეთს ასხამდნენ ცეცხლზე, ასახავდნენ რა საერთო მღელვარებას, იჭერდნენ რა საზოგადოებაში მოარულ ჭორებს, არაკეთილსაიმედობაში იჭვის ჩრდილს აყენებდნენ რა თავიანთ პოლიტიკურ მოწინააღმდეგეებს, გამოდიოდნენ რა პირდაპირი ბრალდებებით ცალკეული პირებისა და მოქალაქეთა მთელი კატეგორიების წინააღმდეგ, და ყველაზე უფრო უხეში და თავხედური გამოთქმებით ქადაგებდნენ რა ძალადობას. სავსებით ასევე იქცეოდნენ ზოგჯერ ის გაზეთებიც, რომლებიც სუბსიდიას ღებულობდნენ სამეფო კარისგან. არცთუ იშვიათად მიმართავდნენ მოწინააღმდეგის გასაჩუმებლად იძულების მცდელობებს, თუნდაც ძალადობის გზით; გამომცემლებსა და რედაქტორებს შეურაცხყოფდნენ, მათ გაზეთებს გადასცემდნენ საზეიმო auto-da-fe-ზე რომელიმე კაფის კარების წინ, რომელშიც იკრიბებოდნენ მათი პოლიტიკური მოწინააღმდეგეები.
თავად ეროვნულ საკრებულოში არა მხოლოდ არ ყოფილა რამდენადმე მაინც ორგანიზებული პარტიები, არამედ სათაკილოდაც კი ეჩვენებოდათ რომელიმე „ფაქციისადმი“ (იხ.) კუთვნილება. მიუხედავად ამისა, საკრებულოში გამოიხატა რამდენიმე სხვადასხვა პოლიტიკური მიმართულება: ერთნი (უმაღლესი სასულიერო წოდება და თავადაზნაურობა) ჯერ კიდევ ოცნებობდნენ ძველი წესრიგის შენარჩუნებაზე; მეორენი (მუნიე, ლალი-ტოლენდალი, კლერმონ-ტონერი) აუცილებლად თვლიდნენ მეფისთვის მხოლოდ და მხოლოდ აღმასრულებელი ხელისუფლების მიცემას და, სასულიერო წოდებისა და თავადაზნაურობისთვის პირველობის მდგომარეობის შენარჩუნებას, ეროვნული კრების ქვედა და ზედა პალატებად დაყოფას; მესამეთ მომავალი კონსტიტუცია წარმოდგენილი ჰქონდათ არა თუ სხვანაირად, არამედ მხოლოდ ერთპალატიანად (მირაბო, სიიესი, ბალი, ლაფაიეტი); შემდეგ იყვნენ ის მოღვაწეები, რომლებსაც სურდათ უფრო მეტი გავლენის მიცემა პარიზის მოსახლეობისა და კლუბებისთვის (დიუპორი, ბარნავი, ძმები ლამეტები), და უკვე ისახებოდნენ რესპუბლიკის მომავალი მოღვაწეებიც (რობესპიერი, გრეგუარი, პეტიონი, ბიუზო), რომლებიც, თუმცა კი, ამ დროს ჯერ კიდევ მონარქისტებად რჩებოდნენ.
საქმეთა საერთო მდგომარეობა ყველაზე უფრო ნათლად ესმოდა უწინდებურად მირაბოს. პირველი ორატორი ეროვნულ კრებაში, იგი დროის შესაბამისად სარგებლობდა მასზე უზარმაზარი გავლენით, მაგრამ მისი იდეა პოლიტიკური თავისუფლებისა და მტკიცე სამთავრობო ხელისუფლების შეხამების აუცილებლობის შესახებ დაიმსხვრა იმ უნდობლობაზე, რომელიც შეხვდა მის გეგმებს ეროვნულ კრებაშიც და სასახლის კარზეც. საერთო აგზნება, რომელიც გაბატონებული იყო დედაქალაქსა და ქვეყანაში 1789 წ. და მომდევნო წელსაც, არ კარგავდა თავის მხნე, სასიხარულო განწყობას. ჯერ კიდევ 1789 წ. შემოდგომაზე ქვეყნის სხვადასხვა ადგილებში დაიწყეს თავისუფლების აღსანიშნავად ზეიმების მოწყობა, მაგრამ განსაკუთრებით გრანდიოზულ სანახაობას წარმოადგენდა ფედერაციის დღესასწაული მარსის მინდორზე პარიზში, ბასტილიის აღების პირველ წლისთავზე (1790 წ. 14 ივლისს). ზეიმში მონაწილეობდნენ მეფე, ეროვნული კრება, ეროვნული გვარდიელები მთელი საფრანგეთიდან და ასეულობით ათასი ხალხი. ამ გნწყობილების შეცვლა დაიწყო 1791 წ.-თვის, როდესაც ერში წარმოიშვა შიში მის ცხოვრებაში მომხდარი ცვლილებების ბედის გამო.
ყველაზე უფრო მეტად ეშინოდათ ემიგრანტების ხრიკებისა უცხო სახელმწიფოების სასახლეთა კარზე, მით უმეტეს, რომ ახალი წესრიგის მტრებმა ჯარის ორგანიზებაც კი დაიწყეს გერმანიის მოსაზღვრე რაიონებში. წარმოიქმნა ასევე გაუგებრობები და შეჯახებები უცხოურ სახელმწიფოებთან. ფეოდალური უფლებების განადგურებისგან დაზარალდა ზოგიერთი გერმანელი მთავარიც, რომლებიც ფლობდნენ მიწებს ელზასში, ლოტარინგიასა და ფრანშ-კონტეში, და ამან გამოიწვია უკმაყოფილება იმპერიის მხრიდან. ავინიონში, რომელიც რომის პაპს ეკუთვნოდა, პაპის მოხელეები გაყარეს და ქალაქი შევიდა საფრანგეთის შემადგენლობაში, რაც პაპს უკიდურესად აღიზიანებდა. ავსტრია უკმაყოფილო იყო იმით, რომ ფრანგები მხარს უჭერდნენ ბელგიის აჯანყებას, რომელიც თავისი ზომებით გამოიწვია იოზეფ II-მ.
ფრანგებს შორის სულ უფრო და უფრო მეტად მტკიცდებოდა ის აზრი, რომ რევოლუცია არ უნდა შემოიფარგლებოდეს მხოლოდ მათი სამშობლოთი, არამედ უნდა გავრცელდეს ადამიანთა მთელ მოდგმაზეც. თუმცა 1791 წ. საფრანგეთში მეზობელ ქვეყნებზე თავდასხმის შესახებ სერიოზულად ჯერ კიდევ არ ფიქრობდნენ, არამედ უფრო ეშინოდათ უცხოური შემოსევისა. მაგრამ რევოლუციის პირველ წლებში ავსტრია, პრუსია და რუსეთი დაკავებული იყვნენ პოლონეთის საქმეებით; გარდა ამისა ავსტრია და რუსეთი ეომებოდნენ თურქეთს, რუსეთი აწარმოებდა ომს შვედეთთან, ავსტრიას უხდებოდა ბელგიისა და უნგრეთის დაწყნარება. სანამ მირაბო ცოცხალი იყო, ყველანაირად ურჩევდა ლუდოვიკო XVI-ს არ დაეჭირა ემიგრანტების მხარე და არ მოეწოდებია დასახმარებლად უცხოური დერჟავების სამხედრო ძალებისთვის. მისი სიკვდილის შემდეგ (1791 წ. 2 აპრილს) ლუდოვიკო XVI-მ და მისმა ოჯახმა 1791 წ. ივნისში საიდუმლოდ დატოვეს პარიზი და გაემგზავრნენ სამეფოს აღმოსავლეთ საზღვრისკენ, სადაც იდგა დიდი არმია და საიდანაც, იმპერატორ ლეოპოლდ II-ის, დედოფალ მარია-ანტუანეტას ძმის დახმარებით, ვარაუდობდნენ ძველი წესრიგის აღდგენის დაწყებას.
გაქცევის ეს მცდელობა დასრულდა წარუმატებლად; მეფე დააკავეს გზაზე (ვარენში) და დაუყოვნებლივ დააბრუნეს პარიზში. ეროვნულმა კრებამ მას დარაჯები დაუყენა და ჩამოაშორა ხელისუფლებას მის მიერ ახალი კონსტიტუციის მიღებამდე. კონსტიტუციაზე მუშაობა ამ დროს დასასრულს უახლოვდებოდა. ლუდოვიკო XVI-ის გაქცევა იარაღად იქცა იმ პარტიის ხელში, რომელიც მოითხოვდა მეფის უფლებების რაც შესაძლოა უფრო მეტად შეკვეცას. პარიზში აგიტაციაც კი დაიწყეს, რომელიც მოითხოვდა ლუდოვიკო XVI-ის ტახტიდან ჩამოგდებას; ამ აზრით პეტიციაც კი შეადგინეს ეროვნულ კრებაში წარსადგენად და ხალხის მიერ ხელმოსაწერად გამოიტანეს მარსის მინდორზე „სამშობლოს საკურთხეველზე“ რომელიც დარჩა ფედერაციის მეორე დღესასწაულის შემდეგ (1791 წ. 14 ივლისს). პარიზის მერი (ბალი) და ლაფაიეტი ეროვნული გვარდიით მივიდნენ ადგილზე, რათა ხელი შეეშალათ ამ ღონისძიებისთვის. შეკრებილი ხალხის ბრბოდან მათ დაუშინეს ქვები; ეროვნულმა გვარდიამ მათ უპასუხა თოფების სროლით და „სამშობლოს საკურთხევლის“ საფეხურები მოირწყა მოკლულთა და დაჭრილთა სისხლით (17 ივლისს). დაახლოებით იმავე დროს იაკობინელთა კლუბში დაიწყეს რესპუბლიკური აზრების გამოთქმა და მას გამოეყო ფელიანების კონსტიტუციურ-მონარქისტული კლუბი (იხ.).
ლუდოვიკო XVI-ის გაქცევამ და დატყვევებამ ლეოპოლდ II-ის მხრიდან გამოიწვია წინადადების მიცემა სხვა ხელმწიფეებისთვის შეთანხმებულიყვნენ ურთიერთ შორის საერთო მოქმედებების თაობაზე საფრანგეთის მეფის სასარგებლოდ; ამ აზრით შედგენილ იქნა მანიფესტი, რომელსაც ხელი მოაწერეს ლეოპოლდ II-მა და პრუსიის მეფემ ფრიდრიხ-ვილჰელმ II-მ (ეს ხელმწიფენი ერთად შეიყარნენ პილნიცაში, სადაც მათთან შესახვედრად მივიდნენ საფრანგეთის პრინცებიც). ამან მხოლოდ უფრო გააუარესა ლუდოვიკო XVI-ის მდგომარეობა, რომელსაც ახლა პირდაპირ დაუწყეს დადანაშაულება უცხოელებთან შეთქმულებაში სამშობლოს წინააღმდეგ. ასეთ გარემოებებში დამფუძნებელმა კრებამ შეწყვიტა თავისი მუშაობა.
ახალი კონსტიტუცია წარუდგინეს ლუდოვიკო XVI-ს, რომელსაც რჩებოდა ან მიეღო იგი, ან კიდევ გვირგვინს დამშვიდობებოდა. მან ამჯობინა პირველის გაკეთება და შეჰფიცა კონსტიტუციას (1791 წ. 14 სექტემბერს); მაშინ იგი გაანთავისუფლეს ტყვეობიდან. მაგრამ ლუდოვიკო XVI-მ შეატყობინა საზღვარგარეთ, რომ მისი თანხმობა იძულებითი იყო. ვერ პირდებოდა კონსტიტუციას დღეგრძელობას ასევე დამფუძნებელი კრების წევრების გადაწყვეტილებაც უარი ეთქვათ თავიანთ უფლებაზე არჩეული ყოფილიყვნენ საკანონმდებლო საკრებულოში, რომელსაც თავისი საქმიანობა უნდა დაეწყო 1791 წ. კონსტიტუციის საფუძველზე. დამფუძნებელი კრების წევრები შეცდომით ფიქრობდნენ, რომ წარმომადგენლობითი ორგანოს შემადგენლობაში ხანგრძლივად ყოფნა ეწინააღმდეგება მოქალაქეთა თანასწორობას; მათ ვერ გაითვალისწინეს ის, რომ ახალ ადამიანებს ახალ საკრებულოში ვერ ექნებოდათ საკმარისი გამოცდილება და მათთვის არ იქნებოდა ისე ძვირფასი არა მათ მიერ შექმნილი საქმე. ორ წელიწადზე ცოტა მეტი დროის მანძილზე დამფუძნებელმა კრებამ შეასრულა საფრანგეთის მთელი სახელმწიფო და საზოგადოებრივი ყოფის გარდაქმნისა და გადაწყობის უზარმაზარი სამუშაო. უწინდელი წესებისადმი თავისი არაკეთილგანწყობილებით იგი ცდილობდა ძველი დროების მთელი ნარჩენების მოსპობას, ისე, რომ არ იწუხებდა თავს იმის გარჩევისგან, თუ რა იყო ნამდვილად ცუდი და რისი გაუმჯობესება შეიძლებოდა. შეცდომის შესაძლებლობა ამ რთულ საქმეში იზრდებოდა იმისგანაც, რომ ის მოღვაწეები, რომლებმაც თავიანთ თავზე აიღეს საფრანგეთის გარდაქმნის ამოცანა, საზოგადოების საერთოდ მთელი უწინდელი მდგომარეობით მცირედ თუ იყვნენ მომზადებული პრაქტიკული საქმიანობისთვის და ძალზედ ექვემდებარებოდნენ აბსტრაქტული თეორიების გავლენას, ვერ ართმევდნენ რა თავს სინამდვილის არსებულ პირობებს.
ზოგადად, დამფუძნებელი კრების მუშაობა წარმოადგენს სახელმწიფოსა და საზოგადოების გარდაქმნის მცდელობას ბუნებრივი სამართლის ფილოსოფიის პრინციპების საფუძველზე, თავისუფლებისა და თანასწორობის საწყისების მიხედვით. სახელდობრ ამაში მდგომარეობს კიდეც დამფუძნებელი კრების საქმიანობის უზარმაზარი მნიშვნელობა და არა მხოლოდ საფრანგეთის ისტორიაში, რადგანაც „1789 წლის პრინციპებმა“ გავრცელება ჰპოვა ამ ქვეყნის ფარგლებს გარეთაც. კრების მიერ გამომუშავებული 1791 წ. კონსტიტუცია (XVI, 83) ეფუძნებოდა ხალხის ხელისუფლების იდეებზე, მაგრამ წარმომადგენლობითზე და ძალაუფლების დანაწილებით.
განიხილავდა რა მეფეს როგორც ერის წარმომადგენელს, იგი ყველა დანარჩენ ხელისუფლებას აფუძნებდა ხალხის მიერ არჩევითობაზე. თუმცა პოლიტიკური უფლებებით სარგებლობდნენ მხოლოდ „აქტიური მოქალაქეები“, რომლებიც იხდიდნენ პირდაპირ გადასახადს სამდღიანი სამუშაო ანაზღაურების ზომით, რითაც კონსტიტუციაში შემოდიოდა უთანასწორობა, რომელიც ეწინააღმდეგებოდა უფლებათა დეკლარაციას. აღმასრულებელი ხელისუფლებით აღჭურვილ მეფეს მოქმედება შეეძლო მხოლოდ დამფუძნებელი კრების წინაშე პასუხისმგებელი მინისტრების მეშვეობით, რომლებიც არ შეიძლებოდა ყოფილიყვნენ არჩეულნი დამფუძნებელი კრების წევრთაგან. არსებითად მეფესაც და მის მიერ დანიშნულ მინისტრებსაც არ გააჩნდათ ქვეყნის მმართველობის შესაძლებლობა, რადგანაც მათ არ ჰყავდათ მხოლოდ მათზე დამოკიდებული მოხელეები. დამფუძნებელმა კრებამ ქვეყანა დაყო 83 დეპარტამენტად (ხოლო დეპარტამენტები _ ოლქებად); მთელი ადმინისტრაცია, როგორც მუნიციპალიტეტების, ისე ოლქებისა და დეპარტამენტების, ხალხის უმაღლესობის იდეის ძალით, უნდა ყოფილიყო მთლიანად არჩევითი, რაც მას დამოუკიდებელს ხდიდა ცენტრალური მთავრობისგან. ძველი წესრიგის დროს საფრანგეთი არ იყო განსწავლული და მიჩვეული თვითმმართველობაში თვით ადგილობრივი ხასიათის საქმეებშიც კი, ახლა კი სახელმწიფო საქმეებსაც გადასაწყვეტად აძლევდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევითი ორგანოების ხელში. სადეპარტამენტო ტრიბუნალების წევრებიცა და მომრიგებელი მოსამართლეებიც არჩეულნი უნდა ყოფილიყვნენ.
ხალხის ხელისუფლების იგივე პრინციპი ედო საფუძვლად ე.წ. სასულიერო წოდების სამოქალაქო მოწყობასაც (IX, 523). ამ კანონის გამოცემას წინ უსწრებდა ცვლილებები სასულიერო წოდების საერთო მდგომარეობაში. მისი წოდებრივი პრივილეგიები გუქმებულ იქნა, ისევე როგორც მეათედიც. ეკლესიას ჩამოერთვა მიწები და გადაეცა სახაზინოდ, ისევე როგორც სამეფო დომენები, და ისინი შეადგენდნენ ეროვნულ ქონებას (XX, 724), რომლებითაც უზრუნველყოფილი იყო სახელმწიფო ვალი. გადაწყვიტეს სასულიერო პირთა უზრუნველყოფა მოეხდინათ ხელფასით, ისევე, როგორც მოხელეებისა. მღვდელმსახურები უნდა აერჩიათ აქტიურ მოქალაქეებს, ეპისკოპოსები _ იმავე ამომრჩევლებს, რომლებიც ირჩევდნენ საკანონმდებლო საკრებულოს დეპუტატებს, სადეპარტამენტო ადმინისტრაციასა და ტრიბუნალის მოსამართლეებს.
სასულიერო წოდების სამოქალაქო მოწყობა წარმოადგენდა დამფუძნებელი კრების დიდ შეცდომას. თითქმის მთელი სამრევლო სასულიერო წოდება თავიდან იყო საკრებულოს მხარეზე და არ ჩიოდა საეკლესიო საკუთრების ჩამორთმევისა და მეათედის გაუქმების გამო, რადგანაც ამით სარგებლობდნენ უპირატესად მხოლოდ უმაღლესი სასულიერო პირები. ეკლესიის ახალი მოწყობა ეხებოდა უკვე სასულიერო წოდების რელიგიურ რწმენას; უმრავლესობამ (ორმა მესამედმა) უარი თქვა მის აღიარებაზე, ხოლო მწყემსთა მაგალითს ბევრ შემთხვევაში მიჰყვებოდა სამწყსოც. ამან გამოიწვია რელიგიური განხეთქილება, ხოლო ხელისუფლების წარმომადგენლები მიმართა იმ ადამიანთა წინააღმდეგ დევნის გზაზე, რომელთაც არ სურდათ დამორჩილებოდნენ რელიგიურ სიახლეებს.
დამფუძნებელი კრების კანონმდებლობაში განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა ჰქონდა იმ გარდაქმნებს, რომლებიც გამომდინარეობდა 4 აგვისტოს დეკრეტებისგან, ე.ი. წოდებრივი და პროვინციული პრივილეგიების, ფეოდალური უფლებებისა და ბატონყმობის გაუქმებისგან. დამფუძნებელმა კრებამ საზოგადოების უწინდელი წოდებრივი წყობილება შეცვალა სამოქალქო თანასწორობით და გააუქმა მიწაზე გლეხების საკუთრების ართავისუფლება, გაათავისუფლა რა გლეხთა მიწები ფეოდალური ბეგარებისგან. ყველას ერთნაირად უნდა რქმეოდა მოქალაქეები, თავადაზნაურთა წოდება მთელი არისტოკრატული ტიტულებითა და ღერბებით, მოსპობილ იქნა. 1790 წ. კანონები ფეოდალური უფლებების გამოსყიდვის შესახებ შედგენილი იყო ძალზედ წარუმატებლად (მოუხერხებლად) და გამოიწვია ახალი გაღიზიანება სოფლებში. სამი წლის შემდეგ ეს უფლებები მოსპობილ იქნა აუნაზღაურებლად ემიგრაციისთვის თავადაზნაურთა დასჯის სახით. წოდებრივი პრივილეგიებისა და ფეოდალური უფლებების დაცემა შეადგენდა ღრმა და მტკიცე ცვლილებას, რომელიც საფრანგეთში მოახდინა რევოლუციამ. გათანაბრებულ იქნა უფლებებში ყველა აღმსარებლობაც. საამქროებიც გაუქმებულ იქნა; გამოაცხადეს მრეწველობისა და შრომის თავისუფლება რაიმენაირი ახალი კორპორაციების მოწყობის აკრძალვით. საერთოდ დამფუძნებელი კრების სოციალურ კანონმდებლობაზე ძლიერად აისახა ფიზიოკრატების სწავლება.
ზოგადად 1789 წ. რევოლუციას ჰქონდა დემოკრატიული ხასიათი, მაგრამ მთავარ როლს მასში თამაშობდა და მისგან მთავარი მოგებები მიიღო ბურჟუაზიამ. მოქალაქეების დაყოფამ აქტიურებად და პასიურებად პოლიტიკური უფლებებით სარგებლობაში მონაწილეობას ჩამოაშორა ზრდასრული ფრანგების დაახლოებით ერთი მესამედი, რითაც მოსახლეობის უღარიბესი ნაწილი არ შეიძლებოდა კმაყოფილი ყოფილიყო. დეპარტამენტების საკრებულოებში მონაწილეობისთვის, ცენზის პირობების გამო, ძალზედ შეძლებული ადამიანი უნდა ყოფილიყავი. მოიგო ბურჟუაზიამ იმითაც, რომ ახლა იგი იქცა პირველ ადგილზე მყოფ საზოგადოებრივ კლასად და გამდიდრდა საეკლესიო მამულების შეძენის გზით, რომელთა გაყიდვაც გადაწყვიტა დამფუძნებელმა კრებამ სახელმწიფო ვალის დასაფარავად.
რევოლუცია არ დასრულებულა 1791 წ. კონსტიტუციის ამოქმედებით. მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობის არადამაკმაყოფილებლობა, რომელიც წარმოადგენდა უწინდელი წყობილების მემკვიდრეობას, უწინდებურად რჩებოდა უწესრიგობების წყაროდ; მაგრამ შემდგომი მღელვარებების ძირითადი მიზეზები მდგომარეობდა მოარულ საგანგაშო ხმებში სასახლის კარის ჩანაფიქრების, ემიგრანტთა ხრიკებისა და უცხოური დერჟავების გეგმების შესახებ, აგრეთვე ერის ნაწილის უკმაყოფილებაში როგორც პოლიტიკური უფლებებით სარგებლობისგან უღარიბესი მოქალაქეების ჩამოშორებით, ისე ფეოდალური უფლებების გამოსყიდვის მძიმე პირობებითა და რელიგიურ ცხოვრებაში ხელისუფლების ჩარევითაც. საგანგაშო განწყობა და ხალხის გაღიზიანება უზრუნველყოფდა იაკობინელთა წარმატებას, რომელთაც ჰქონდათ მტკიცე ორგანიზაცია მთელს ქვეყანაში და გამოირჩეოდნენ დიდი პარტიული დისციპლინით. ისინი ხედავდნენ, რომ რევოლუცია ჯერ არ არის დასრულებული, და ისწრაფვოდნენ რუსოს პოლიტიკური თეორიის სრულად განხორციელებისკენ.
დაუყოვნებლივ მას შემდეგ, რაც დამფუძნებელმა კრებამ შეწყვიტა თავისი საქმიანობა, მისი ადგილი დაიკავა საკანონმდებლო კრებამ (XII, 174), რომელშიც არჩეული იყვნენ ახალი და ნაკლებად გამოცდილი ადამიანები. მარჯვენა მხარე სხდომათა დარბაზში დაიკავეს კონსტიტუციურმა მონარქისტებმა (ფელიანებმა), ადამიანები მკვეთრად განსაზღვრული შეხედულებების გარეშე დასხდნენ ცენტრში, ხოლო მარცხენა მხარეს შეადგენდა ორი პარტია _ ჟირონდისტებისა (XII, 14) და მონტანიარების (XIX, 796). ამ ორი პარტიიდან პირველი შედგებოდა მეტად უნარიანი ადამიანებისგან და მოითვლიდა რამდენიმე ბრწყინვალე ორატორს; მისი ყველაზე უფრო თვალსაჩინო წარმომადგენლები იყვნენ ვერნიო, ბრისო და კონდორსე. ჟირონდისტებს ხალხზე და კრებაზე გავლენაში ეცილებოდნენ მონტანიარები, რომელთა მთავარი ძალაც იყო იაკობინელთა და სხვა კლუბებში. ამ პარტიის ყველაზე უფრო გავლენიანი წევრები იყვნენ ის ადამიანები, რომლებიც არ შედიოდნენ საკრებულოს შემადგენლობაში: ძალაუფლების მოყვარული და უკიდურესად ცალმხრივი რობესპიერი, შესანიშნავად ნიჭიერი, მაგრამ ამასთან ერთად უზნეო დანტონი, მძვინვარე მარატი, რომელმაც მიიღო „ხალხის მეგობრის“ სახელწოდება (იგი გამოსცემდა ამ დასახელების გაზეთს). მეტოქეობა ჟირონდისტებსა და იაკობინელებს შორის დაიწყო საკანონმდებლო კრების მუშაობის პირველსავე თვეებში და იქცა საფრანგეთის რევოლუციის ისტორიის ერთერთ მთავარ ფაქტორად.
დამფუძნებელმა კრებამ საკანონმდებლოს მემკვიდრეობით დაუტოვა ბრძოლა რევოლუციის ყველაზე უფრო შეუპოვარ მტრებთან _ ემიგრანტებტან, რომლებიც საზღვარგარეთ საქმიანობდნენ საფრანგეთის რევოლუციის წინააღმდეგ, და იმ სასულიერო პირებთანაც, რომლებსაც არ სურდათ დამფუძნებელი კრების საეკლესიო რეფორმის აღიარება (ფიცზე უარის მთქმელი მღვდელმსახურები). საკანონმდებლო კრებამ დაადგინა მოეხდინათ ემიგრანტების ქონების კონფისკაცია, ხოლო დაუმორჩილებელი მღვდელმსახურები დაესაჯათ სამოქალაქო უფლებების ჩამორთმევით, ქვეყნიდან გასახლებითა და ციხითაც კი. ლუდოვიკო XVI-ს არ სურდა კრების დეკრეტების დამტკიცება ემიგრანტებისა და ფიცის არდამდები სასულიერო პირების შესახებ, მაგრამ ამით მხოლოდ აღაგზნო თავის მიმართ უკიდურესი უკმაყოფილება ხალხში. მეფეზე სულ უფრო და უფრო მეტად ეჭვიანობდნენ უცხო სასახლეთა კარებთან საიდუმლო ურთიერთობებში. ჟირონდისტები საკანონმდებლო კრებაზეც, კლუბებშიცა და ბეჭდურ გამოცემებშიც ამტკიცებდნენ აუცილებლობის შესახებ საზღვარგარეთული მთავრობების გამომწვევ ქცევაზე ეპასუხათ „ხალხების ომით მეფეების წინააღმდეგ“ და ბრალს სდებდნენ მინისტრებს ღალატში. ლუდოვიკო XVI-მ გადააყენა მინისტრები და დანიშნა ახლები „ჟირონდას“ თანამოაზრეებისგან.
1992 წ. გაზაფხულზე ახალმა სამინისტრომ მოითხოვა ომის გამოცხადება ავსტრიისთვის, სადაც ამ დროს მეფობდა უკვე ფრანც II (1792-1835); ავსტრიასთან კავშირში შევიდა პრუსიაც; ეს იყო რევოლუციური ომების (XXVI. 432) დასაწყისი, რომლებმაც დიდი ზეგავლენა იქონიეს მთელი ევროპის ისტორაზე. მაგრამ მალევე ლუდოვიკო XVI-მ გადააყენა ეს სამინისტროც, რამაც პარიზში გამოიწვია სახალხო აჯანყება (20 ივნისს): ინსურგენტების ბრბოები დაეუფლნენ მეფის სასახლეს, და გარს შემოერტყნენ რა ლუდოვიკო XVI-ს, მისგან მოითხოვდნენ დეკრეტების დამტკიცებას ემიგრანტებისა და მღვდელმსახურების შესახებ, ასევე ჟირონდისტი მინისტრების დაბრუნებას. როდესაც ავსტრიულ-პრუსიული სამოკავშირეო ჯარების მთავარსარდალმა ბრაუნშვაიგის ჰერცოგმა გამოსცა მანიფესტი, რომელშიც ფრანგებს ემუქრებოდა სიკვდილით დასჯებით, სახლების გადაწვითა და პარიზის დანგრევით, დედაქალაქში 10 აგვისტოს იფეთქა ახალმა აჯანყებამ, რომელსაც თან ახლდა მეფის სასახლის მცველი ყარაულის დარბევა-დახოცვა. ლუდოვიკო XVI-მ თავისი ოჯახით უსაფრთხო თავშესაფარი ჰპოვა საკანონმდებლო კრებაში, მაგრამ უკანასკნელმა მისივე თანდასწრებით დაადგინა მეფის ხელისუფლებისგან ჩამოშორება და დატუსაღება, ხოლო საფრანგეთის მომავალი მოწყობის შესახებ საკითხის გადასაწყვეტად საგანგებო კრების მოწვევა ეროვნული კონვენტის სახელწოდებით. აღმასრულებელი ხელისუფლება საკანონმდებლო კრებამ ჩააბარა ახალ სამინისტროს, რომელშიც იუსტიციის მინისტრის პოსტი ერგო 10 აგვისტოს აჯანყების ერთერთ ორგანოზატორს, დანტონს.
საფრანგეთს დაუდგა მეტად საგანგაშო დრო. დაიწყო უცხოური შემოსევა, ხოლო ამავე დროს ფრანგული ჯარი აღმოჩნდა ყოვლად უვარგისი, მისი უფროსები _ არასაიმედონი. 10 აგვისტოს შემდეგ ლაფაიეტს, რომელიც სარდლობდა ერთერთ არმიას, სურდა პარიზზე დაძრულიყო ამბოხების ჩასახშობად, მაგრამ ჯარისკაცებმა მას არ დაუჯერეს, და იგი გაიქცა გერმანიაში. პარიზში მხოლოდ შეთქმულებებისა და გამცემლობის შესახებ თუ ლაპარაკობდნენ; ხალხის გაღიზიანება გასცდა ყველანაირ საზღვრებს. ქალაქი იყო კომუნის (XV, 874) _ ახალი თემობრივი საბჭოს ძალაუფლების ქვეშ, რომელმაც რატუშა დაიპყრო 10 აგვისტოს გათენების ღამეს. დანტონმა საკანონმდებლო კრებას მიაცემინა ნებართვა გაეჩხრიკათ ემიგრანტების, ფიცის არმიმცემი მღვდელმსახურებისა და სხვა „საეჭვო ადამიანების“ (suspects) ნათესავები. ახალი ხელისუფლების აგენტებმა და მათმა ყველაზე უფრო აქტიურმა მომხრეებმა დაიწყეს ყველას დაჭერა, ვინც კი საეჭვოდ ეჩვენებოდათ, ხოლო როდესაც ციხეებში ტევა აღარ იყო, დაიწყეს დაჭერილი ადამიანების _ კაცების, ქალების, მოხუცებისა და ბავშვებისაც კი უბრალოდ რბევა და ხოცვა-ჟლეტა: პატიმრობის ადგილებში იჭრებოდნენ მკვლელების მთვრალი ხროვები, რომლებიც ყალიბდებოდა საზოგადოების ე.წ. ნაძირალებისგან, და ახდენდნენ აქ თავიანთ ველურ ანგარიშსწორებას სამი დღის განმავლობაში, სექტემბრის პირველ რიცხვებში (სექტემბრის მკვლელობები).
კონვენტში არჩევნები მოხდა ამ საშინელებებისა და აღმოსავლეთ საზღვრიდან არასასურველი ცნობების შთაბეჭდილებით, რომლის გავლითაც საფრანგეთში შევიდა ავსტრო-პრუსიული არმია. უცხოურმა შემოსევამ ფრანგ ერში გამოიწვია პატრიოტიზმის მგზნებარე აფეთქება. არმიის შესავსებად ცხადდებოდა მოხალისეთა ნაკადები. სწორედ იმ დროს, როდესაც 1792 წ. 21 სექტემბერს, თავის სხდომებს ხსნიდა ეროვნული კონვენტი, დიუმურიემ ვალმისთან მოიგერია პრუსიელების შემოტევა (20 სექტემბერს). ფრანგები შეტევაში გადავიდნენ და დაპყრობებიც კი დაიწყეს (ბელგია, რაინის მარცხენა ნაპირი და სავოია ნიცასთან ერთად 1792 წ. ბოლოს). ეროვნულ კონვენტში (XX, 722) ჟირონდისტებს ეკავათ უკვე მარჯვენა მხარე; მარცხენა მთლიანად შედგებოდა იაკობინელ-მონტანიარებისგან, ხოლო ცენტრი („დაბლობი“) _ გაუბედავი ადამიანებისგან, რომლებიც მერყეობდნენ ორ უკიდურეს პარტიას შორის. ჟირონდისტებიცა და იაკობინელებიც იყვნენ დემოკრატები და რესპუბლიკელები, რუსოსა და კლასიკური (ანტიკური) წარსულის იდეალიზებული რესპუბლიკების თაყვანისმცემლები, მგრამ ამავე დროს შორდებოდნენ ერთმანეთს მეტად მნიშვნელოვან პუნქტებში.
ჟირონდისტები იყვნენ პიროვნების თავისუფლების მხურვალე დამცველები და ეშინოდათ სახელმწიფოს ყოვლისშემძლეობისა, თუნდაც რესპუბლიკის ფორმითაც; ამასთან ერთად ისინი საერთოდ არ თანაუგრძნობდნენ ხალხის მასების ძალადობებს. ამიტომ ისინი ბრძოლაში ჩაებნენ ქალაქის ახალ საბჭოსა და დანტონთან, რომელთაც ბრალს სდებდნენ სექტემბრის ხოცვა-ჟლეტვაში. პირიქით, მონტანიარები მხარს უჭერდნენ დაშინების („ტერორის“) პოლიტიკას, ხალხის მასების უშუალო მოქმედებას ყველა სხვაგვარად მოაზროვნის წინააღმდეგ, სახელმწიფო ხელისუფლების ყველაზე უფრო შეუზღუდავი უფლებამოსილებებით აღჭურვასა და პირადი თავისუფლებისკენ მისწრაფების ჩახშობას. არსებითად იაკობინელებმა რესპუბლიკური დიქტატურის ფორმით განაახლეს ძველი მონარქიის მთელი სამთავრობო პრაქტიკა, და თანაც უფრო მეტი გადამჭრელობითა და სიმკვეთრით. მათი პარტია ჩინებულად იყო ორგანიზებული და დისციპლინირებული, მაშინ როდესაც ჟირონდისტები ხშირად მოქმედებდნენ არეულ-დარეულად. ამასთან თავად ფრანგი ერიც მთელი თავისი წარსულით უფრო მეტად იყო მომზადებული ძალისადმი დასამორჩილებლად, ვიდრე თავისუფლების გამოსაყენებლად.
კონვენტის პირველი საქმე იყო საფრანგეთის გამოცხადება რესპუბლიკად. ამის კვალდაკვალ ჟირონდისტებმა წამოაყენეს საკითხი მეფეზე სასამართლოს გამართვის შესახებ. იაკობინელები მტკიცედ ჩაეჭიდნენ ამ აზრს; რობესპიერმა პირდაპირ განაცხადა, რომ აქ საქმე სასამართლოში კი არ არის, არამედ პოლიტიკურ ზომაში, და რომ „ლუდოვიკო უნდა მოკვდეს, რათა იცოცხლოს რესპუბლიკამ“. ამ გულახდილმა განცხადებამ შეაშინა ჟირონდისტები. მათ მოიფიქრეს მეფის გადარჩენის საშუალება და შესთავაზეს კონვენტის განაჩენი გადაეცათ ხალხისთვის დასამტკიცებლად; მაგრამ იაკობინელებს სწორედ ამისი ეშინოდათ კიდეც. დაიწყო პროცესი, რომლის დროსაც ლუდოვიკო XVI-ს თავი დიდი ღირსებით ეჭირა. ჟირონდისტებს არ გააჩნდათ საკმარისი სამოქალაქო ვაჟკაცობა, რათა ეხსნათ იგი სიკვდილით დასჯისგან. ხმების უზარმაზარი უმეტესობით „ლუდოვიკო კაპეტი“ მიჩნეულ იქნა დამნაშავედ შეთქმულებაში ერის თავისუფლების წინააღმდეგ და სახელმწიფოს საერთო უსაფრთხოების წინააღმდეგაც; აპელაცია ხალხისადმი უარყოფილ იქნა ასევე ხმების მნიშვნელოვანი უმეტესობით (სხვათა შორის _ ბევრი ჟირონდისტის ხმებითაც), მაგრამ მხოლოდ უმნიშვნელო უმრავლესობამ მისცა ხმა ლუდოვიკო XVI-ის სიკვდილით დასჯის სასარგებლოდ. განაჩენი სისრულეში მოიყვანეს 1793 წ. 21 იანვარს.
ამ მოვლენამ საშინელი შთაბეჭდილება მოახდინა მთელს ევროპაში. რევოლუციის წინააღმდეგ შეიქმნა უზარმაზარი კოალიცია, რომელმაც მიზნად დაისახა საფრანგეთში მონარქიისა და უწინდელი წესების აღდგენა. სწორედ იმ დროს, როდესაც საფრანგეთს ემუქრებოდა უცხოელთა ახალი შემოსევა, და ერი მზად იყო აღმართულიყო როგორც ერთი ადამიანი, გარეშე მტრების წინააღმდეგ, ქვეყნის შიგნით მიდიოდა ბრძოლა ჟირონდისტებსა და მონტანიარებს შორის. დაშინების ანუ ტერორის სისტემამ (XXXIII, 69) მიიღო სულ უფრო და უფრო მეტი განვითარება; ჟირონდისტებს სურდათ მისთვის დასასრულის დადება, მაგრამ მონტანიარები ისწრაფვოდნენ მისი გაძლიერებისკენ, ემყარებოდნენ რა იაკობინელთა კლუბსა და პარიზის მოსახლეობის დაბალ ფენებს (ე. წ. სანკლიუტებს). მონტანიარები ეძიებდნენ მხოლოდ საბაბს ჟირონდისტებზე ანგარიშსწორებისთვის. 1793 წ. გაზაფხულზე დიუმურიე გაიქცა საზღავრგარეთ ორლეანის ჰერცოგის („ფილიპ ეგალიტეს“) ვაჟთან ერთად, რომლის საფრანგეთის ტახტზე დასმაც უნდოდა ჯარის დახმარებით. ეს ბრალად ჩაუთვალეს ჯირონდისტებს, რადგანაც დიუმურიე ითვლებოდა მათ გენერლად. საგარეო საფრთხეს ართულებდა საშინაო ურთიერთბრძოლაც: იმავე გაზაფხულზე ვანდეასა და ბრეტანში (საფრანგეთის ჩრდილო-დასავლეთი კუთხე) კონვენტის წინააღმდეგ იფეთქა დიდმა სახალხო აჯანყებამ სასულიერო პირთა და თავადაზნაურების წინამძღოლობით. სამშობლოს გადასარჩენად კონვენტმა ბრძანა მოეკრიბათ 300 ათასი ადამიანი და ტერორის სისტემას მისცა მთლიანი ორგანიზაცია. აღმასრულებელი ხელისუფლება, ყველაზე უფრო შეუზღუდავი უფლებამოსილებებით, ჩააბარეს საზოგადოებრივი ხსნის კომიტეტს, რომელმაც პროვინციებში დააგზავნა თავისი კომისრები კონვენტის წევრთა რიცხვიდან (იხ. ტერორი, XXX, 73).
ტერორის მთავარ იარაღად იქცა რევოლუციური სასამართლო, რომელიც წყვეტდა საქმეებს სწრაფად და ფორმალობების გარეშე და გილიოტინაზე სიკვდილით დასჯას უსჯიდა ხშირად მხოლოდ და მხოლოდ ეჭვების საფუძველზე. მონტანიარების პარტიის წაქეზებებით მაისის ბოლოსა და ივნისის დასაწყისში ხალხის ბრბოები ორჯერ შეიჭრნენ კონვენტში და მოითხოვდნენ ჟირონდისტების გარიცხვას, როგორც გამყიდველებისა, და რევოლუციური სასამართლოსთვის მათ გადაცემას. კონვენტმა დაუთმო ამ მოთხოვნას და გარიცხა ყველაზე უფრო თვალსაჩინო ჟირონდისტები. მათი ერთი ნაწილი გაიქცა პარიზიდან, სხვები კი დაიჭირეს და რევოლუციურ სასამართლოს გადასცეს. კიდევ უფრო გაძლიერდა ტერორი მას შემდეგ, რაც ჟირონდისტების თაყვანისმცემელმა ახალგაზრდა ქალიშვილმა შარლოტა კორდემ ხანჯლით მოჰკლა მარატი, რომელიც გამოირჩეოდა ყველაზე უფრო მეტი სისხლისმსმელობით, ხოლო ნორმანდიასა და ზოგიერთ სხვა მსხვილ ქალაქში (ბორდოში, ლიონში, მარსელში, ტულონში) იფეთქა აჯანყებებმა, რომლებშიც მონაწილეობა მიიღეს გაქცეულმა ჟირონდისტებმაც. ამან საბაბი მისცათ ჟირონდისტებისთვის ბრალი დაედოთ ფედერალიზმში (იხ.), ე. ი. მისწრაფებაში საფრანგეთის რამდენიმე მოკავშირე რესპუბლიკად დანაწევრებისკენ, რაც გნსაკუთრებით საშიში იქნებოდა უცხოური შემოსევის გათვალისწინებით. ამიტომ იაკობინელები ენერგიულად იდგნენ მტკიცედ ცენტრალიზებული „ერთიანი და განუყოფელი რესპუბლიკის“ მხარეზე.
ჟირონდისტების დაცემის შემდეგ, რომელთაგან ბევრი სიკვდილით იქნა დასჯილი, ხოლო ზოგიერთმა თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე, მდგომარეობის ბატონ-პატრონებად იქცნენ იაკობინელი ტერორისტები რობესპიერის მეთაურობით. საფრანგეთს მართავდა საზოგადოებრივი ხსნის კომიტეტი, რომლის განკარგულებაშიც იყვნენ სახელმწიფო პოლიცია (საზოგადოებრივი უსაფრთხოების კომიტეტი), და კონვენტის კომისრები პროვინციებში, რომლებიც ყველგან იაკობინელთაგან ორგანიზებას უკეთებდნენ რევოლუციურ კომიტეტებს. თავიანთ დაცემამდე ცოტა ხნით ადრე ჟირონდისტებმა გამოიმუშავეს ახალი კონსტიტუციის პროექტი (XII, 14); იაკობინელებმა ის გადააკეთეს 1793 წ. კონსტიტუციად (XVI, 34), რომელიც მიღებულ იქნა საერთო-სახალხო კენჭისყრაზე 1801918 ხმით 11610-ის წინააღმდეგ. მაგრამ, გაბატონებულმა პარტიამ გადაწყვიტა ჯერ არ აემოქმედებინა იგი, სანამდე თავიდან არ იქნებოდნენ მოცილებული რესპუბლიკის ყველა მტრები. 1793 წ. 10 დეკემბრის დეკრეტით საფრანგეთის დროებითი მთავრობა გამოცხადებულ იქნა „რევოლუციურ მთავრობად ზავის დადებამდე“.
იაკობინელები ემყარებოდნენ უმთავრესად წვრილ ხელოსნებსა და დედაქალაქის მუშებს, რომელთა სასარგებლოდაც კონვენტმა გამოსცა კანონი პროდუქტებზე ფასების მაქსიმუმის შესახებ, ემუქრებოდა რა სახელმწიფო დანაშაულში ბრალის დადებით ყველას, ვინც კი გაყიდდა პროდუქტებს უფრო ძვირად, ანდა საერთოდ არ გაიტანდა მათ ბაზარზე. კონვენტმა საშინელი ენერგიითა და სისწრაფით ჩაახშო აჯანყებები პროვინციებში. ტულონის ალყისას, რომელიც ინგლისელებისკენ გადავიდა, განსაკუთრებით თავი გამოიჩინა არტილერიის ახალგაზრდა ლეიტენანტმა ნაპოლეონ ბონაპარტემ. აჯანყებებისა და შეთქმულებების, ხშირად მოჩვენებითების, ჩახშობისას ჩადენილ იქნა საშინელი სისასტიკეები (იხ. ტერორი). რევოლუციური სასამართლო მოქმედებდა გაუჩერებლად, ყოველთვიურად სასიკვდილო განაჩენებს უსჯიდა რა ასეულობით „საეჭვო“ ან კონვენტისადმი წინააღმდეგობაში მხილებულ ადამიანს. ბევრი ჟირონდისტის გარდა გილიოტინის ნაჯახისგან დაიღუპნენ მარია-ანტუანეტა, „მოქალაქე ეგალიტე“, მალზერბი, ოდესღაც მინისტრი, შემდეგში ლუდოვიკო XVI-ის დამცველი კონვენტის წინაშე, ქიმიკოსი ლავუაზიე, პოეტი ანდრე შენიე და ბევრი სხვა ცნობილი და გამოჩენილი ადამიანი. ტერორის ეპოქაში გაბატონებულ პარტიაში გამოიყო ქრისტიანობისადმი მტრული ჯგუფი. მან შეძლო 1793 წ. კონვენტში გაეტანა ქრისტიანული კალენდრის შეცვლა რესპუბლიკურით (XIV, 18), რომელშიც წელთაღრიცხვა წარმოებდა რესპუბლიკის გამოცხადებიდან; თვეების აღსანიშნავად მოიგონეს ახალი სახელწოდებები. ამას შეუერთდა მისწრაფება შემოეღოთ მთელს საფრანგეთში კათოლიციზმის ნაცვლად გონების კულტი, რომლის მხარეზეც დადგა პარიზის სათემო საბჭო და რომელსაც პროვინციებში ავრცელებდნენ კონვენტის კომისრები.
დაიწყეს კათოლიკური ეკლესიების დაკეტვა; პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში გონების საპატივსაცემოდ მოწყობილ იქნა დღესასწაული, რომლის შემდეგაც სხვა ადგილებშიც ასევე დაიწყეს მსგავსი სანახაობების მოწყობა. რობესპიერი, რომელიც იზიარებდა რუსოს დეისტურ შეხედულებებს, ამის წინააღმდეგი იყო და კონვენტსა და იაკობინელთა კლუბში გამოდიოდა სიტყვებით ათეისტების წინააღმდეგ, დანტონიც ასევე ჯანყდებოდა „რელიგიური მასკარადების“ წინააღმდეგ, როგორც იგი უწოდებდა ზეიმებს გონების საპატივსაცემოდ. რობესპიერმა მიიღო ზომები იმისთვის, რათა კათოლიკური ღვთისმსახურება მაინც აღსრულებულიყო, მაგრამ იგი გონების კულტის მიმდევრებთან ერთად, რომელთა სათავეშიც იდგა გებერი, სავსებით იზიარებდა რწმენას ტერორის აუცილებლობაში. პირიქით, დანტონი გამოდიოდა ტერორის შეწყვეტის მომხრედ, ხედავდა რა, რომ მის გარეშეც საფრანგეთს შეუძლია დაიცვას თავისი ტერიტორია გარეშე მტრებისგან და რესპუბლიკა მისი შიდა მოწინააღმდეგეებისგან. რობესპიერისთვის გებერისტები იყვნენ ზედმეტად უკიდურესები, დანტონისტები, პირიქით, ძალზედ ზომიერები. ორივეს წინააღმდეგ მან წაიყვანა კამპანია კონვენტში. 1794 წ. გაზაფხულზე თავიდან გებერი და მისი მიმდევრები, ხოლო შემდეგ დანტონი თავისი მომხრეებითაც, დაიჭირეს, გადასცეს რევოლუციურ სასამართლოს და სიკვდილით დასაჯეს.
ამ სიკვდილით დასჯების შემდეგ რობესპიერს უკვე აღარ ჰყავდა მისი ერთხელისუფლებიანობისთვის სახიფათო მეტოქეები. მისი ერთერთი პირველ ზომათაგანი იყო საფრანგეთში კონვენტის დეკრეტით უმაღლესი არსების თაყვანისცემის დამყარება რუსოს „სამოქალაქო რელიგიის“ თვალსაზრისით. ახალი კულტი საზეიმოდ გამოაცხადეს რობესპიერის მიერ მოწყობილი ცერემონიის დროს, რომელმაც ამავე დროს გაითამაშა „სამოქალაქო რელიგიის“ პირველმღვდელმსახურის როლი. ამის გვერდით მიმდინარეობდა ტერორის გაძლიერება: რევოლუციურმა სასამართლომ მიიღო თავად კონვენტის წევრების გასამართლების უფლება კონვენტის ნებართვის გარეშეც. მაგრამ, როდესაც რობესპიერმა მოითხოვა ახალი სიკვდილით დასჯები ისე, რომ არ დაუსახელებია იმათი სახელები, ვის წინააღმდეგაც ემზადებოდა ბრალდებით გამოსასვლელად, ამით შეშინებულმა თავად ტერორისტების უმრავლესობამ დაამხო რობესპიერი და მისი უახლოესი თანაშემწეები. ეს მოვლენა ცნობილია 9 ტერმიდორის სახელწოდებით (1794 წ. 27 ივლისს). მეორე დღესვე რობესპიერი სიკვდილით დასაჯეს, და მასთან ერთად მისი მთავარი მომხრეებიც (სენ-ჟიუსტი, კუტონი და სხვები).
9 ტერმიდორის შემდეგ რევოლუციამ კლება დაიწყო. რობესპიერის დაცემისთანავე ყოველივემ, რაც ჩახშობილი იყო ტერორის ეპოქაში, თავი წამოსწია და მხარდაჭერის აღმოჩენა დაუწყო „ტერმიდორიანელებს“. საქმე მივიდა იაკობინელთა კლუბის დახურვასა (1794 წ. ბოლოს) და გადარჩენილი ჟირონდისტების კონვენტში დაბრუნებამდე (1795 წ. დასაწყისში). ტერორის ცოცხლად დარჩენილმა მომხრეებმა 1795 წ. ორჯერ აამხედრეს კონვენტზე პარიზის მოსახლეობა (12 ჟერმინალსა და 1 პრერიალს) „პურისა და 1793 წ. კონსტიტუციის“ მოთხოვნით, მაგრამ კონვენტმა დააწყნარა ორივე ამბოხება სამხედრო ძალის მეშვეობით და უბრძანა რამდენიმე ყოფილი ტერორისტის („უკანასკნელი მონტანიარების“) სიკვდილით დასჯა. იმავე წლის ზაფხულში კონვენტმა შეადგინა ახალი კონსტიტუცია, რომელიც ცნობილია III წლის კონსტიტუციის სახელწოდებით (XVI, 84). საკანონმდებლო ხელისუფლება ევალებოდა ახლა არა ერთ, არამედ ორ პალატას _ ხუთასთა საბჭოსა და უხუცესთა საბჭოს (XXX, 688 და 689), ამასთან შემოტანილ იქნა მნიშვნელოვანი საარჩევნო ცენზი. აღმასრულებელი ხელისუფლება მიეცა დირექტორიას (X, 654) _ ხუთ დირექტორს, რომლებიც ნიშნავდნენ მინისტრებსა და პროვინციებში მთავრობის აგენტებს. ეშინოდა რა იმისა, რომ ახალ საკანონმდებლო საბჭოებში არჩევნების შედეგად უმრავლესობას მიიღებდნენ რესპუბლიკის მოწინააღმდეგეები, კონვენტმა გადაწყვიტა, რომ „ხუთასთა“ და „უხუცესთა“ ორი მესამედი პირველ ჯერზე აუცილებლად წაყვანილი იქნებოდა კონვენტის წევრებისგან.
ქვეყანაში ამ დროს ნამდვილად ხდებოდა რეაქცია რესპუბლიკის წინააღმდეგ, რამაც გაამხნევა როიალისტები. როდესაც გამოცხადებულ იქნა აღნიშნული ზომა, მათ თავად პარიზში მოახდინეს აჯანყების ორგანიზება, რომელშიც მთავარი მონაწილეობა ეკუთვნოდა ბურჟუაზიას, რადგანაც მას ეშინოდა იაკობინელთა მმართველობის დაბრუნებისა. მოხდა 13 ვანდემიერის ამბოხება (1795 წ. 5 ოქტომბერს); კონვენტი გადარჩენილ იქნა ბონაპარტეს თადარიგიანობის წყალობით, რომელიც ინსურგენტებს კარტეჩით (ფინდიხით) შეხვდა. 1795 წ. ბოლოს კონვენტმა ადგილი დაუთმო ხუთასთა და უხუცესთა საბჭოებსა და დირექტორიას. ორივე საბჭოში წევრების ორი მესამედი აყვანილ იქნა ყოფილი ჟირონდისტებისა და უფრო ზომიერი მონტანიარებისგან, რომელთაც არ უნდოდათ არც მონარქიის რესტავრაცია და არც ტერორის დაბრუნება, რომელთაც უმეტეს წილად ხმა მისცეს ლუდოვიკო XVI-ის სიკვდილით დასჯასა და შენაძენებიც გააკეთეს ეროვნული ქონების გაყიდვისას. დარჩენილ მესამედში იყვნენ გარკვეული რაოდენობით როიალისტებიცა და კონსტიტუციური მონარქისტებიც.
დაიწყო პოლიტიკური ვნებათაღელვისა და რელიგიური მტრობის საყოველთაო დამშვიდება, გამოცხადებული კულტების თავისუფლების წყალობით, აგრეთვე სოფლის მეურნეობის, მრეწველობისა და ვაჭრობის გამოცოცხლება. ამასთან ერთად ქვეყანაში დაბრუნება დაიწყეს ემიგრანტებმა და ფიცის არმიმცემმა მღვდელმსახურებმა, რომლებიც ადგილობრივ როიალისტებთან ერთად ახდენდნენ კანონიერი მონარქიის აღდგენის აუცილებლობის პროპაგანდირებას და აგიტაციას ეწეოდნენ არჩევნებზე. 1797 წ. არჩევნებზე გავიდა ძალზედ ბევრი როიალისტი, რომლებმაც მაშინვე გახსნეს თავიანთი კლუბი (Clichy) და მიიღეს გარკვეული წონა საბჭოებში; ერთერთმა მათგანმა (ბარტელემიმ) დაიკავა დირექტორიიდან წილისყრით გასული ლეტურნერის ადგილი. შეშფოთებული კონსტიტუციური მონარქისტები დაუახლოვდნენ რესპუბლიკელებს და დააარსეს საერთო კლუბი. საბჭოებში იყო უკვე პირდაპირ მონარქისტული უმრავლესობა, რომელიც აშკარად ამზადებდა რესტავრაციას.
დირექტორმა ბარასმა მდგომარეობის სახიფათოობის შესახებ აცნობა გენერლებს გოშსა (დასავლეთის არმიაში) და ბონაპარტეს, რომელიც მაშინ იტალიაში იმყოფებოდა. უკანასკნელის მიერ გამოგზვნილმა გენერალმა ოჟერომ დააპატიმრა მთავარი როიალისტი დეპუტატები; დირექტორიის უმრავლესობამ მოიწვია ორივე საბჭოს რესპუბლიკური უმცირესობა, რომელმაც, მთავრობის წინადადებით, სანქცია მისცა არჩევნების გაუქმებაზე 53 დეპარტამენტში, საგანგებო სასამართლოების შემოღებაზე, ხუთასთა საბჭოს 42 წევრისა და უხუცესთა საბჭოს 12 წევრის, ორი დირექტორისა (კარნოსა და ბარტელემის) და მონარქისტული გაზეთების რედაქტორების ქვეყნიდან გასახლებაზე; ამასთან ერთად ერთი წლით აუქმებდნენ პეჭდური სიტყვის თავისუფლებას, ანახლებდნენ უწინდელ მკაცრ კანონებს ემიგრანტებისა და ფიცის არმიმცემი მღვდელმსახურების წინააღმდეგ და ა. შ. ამ გადატრიალებამ, რომელიც ცნობილია 18 ფრიუქტიდორის სახელწოდებით, დარტყმა მიაყენა როიალიზმის აღორძინებას, რომელიც ურთიერთობებში იმყოფებოდა ემიგრანტებთან და ევროპულ კოალიციასთან, მაგრამ ამასთან ერთად გააძლიერა უკიდურესი „პატრიოტების“ საწინააღმდეგო პარტიაც.
უკანასკნელმა გარემოებამ დირექტორიის მხრიდან გამოიწვია წინადადების მიცემა საბჭოებისთვის მოეხდინათ 1798 წ. არჩევნების კასირება და შეეცვალათ იგი ახლით; მოხდა ახალი გადატრიალება, 22 ფლორეალისა (11 მაისის). ზომიერმა რესპუბლიკელებმა კვლავ მიიღეს უპირატესობა. მაგრამ ორივე საბჭო უკმაყოფილო იყო დირექტორიით და დაეხმარა ორ დირექტორს (ბარასსა და სიიესს) თავიდან მოეცილებინა სხვა სამი, შეცვალეს რა ისინი ახლებით (როჟე-დიუკოთი, გოიეთი და მულენომით). ეს გადატრიალება ცნობილია 30 პრერიალის სახელწოდებით (1799 წ. 18 ივლისის). დირექტორიის ეპოქაში კიდევ ერთხელ მიმართეს სამოქალაქო რელიგიის დამყარების მცდელობას რუსოს დეიზმის სულისკვეთებით: 1796 წ. წარმოიქმნა „თეოფილანთროპების“ (ანუ თეოანდროფილების) სექტა, რომელსაც კეთილმოსურნედ უყურებდა ერთერთი დირექტორი (ლარეველიერ-ლეპო), და მან სექტანტებს საშუალება მისცა შეესრულებინათ უმაღლესი არსების კულტის მსახურება პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში. 18 ფრიუქტიდორის შემდეგ სასულიერო პირთა დევნა გაძლიერდა; თითოეული მღვდელმსახური მთავრობის შეხედულებისამებრ შესაძლებელი იყო ქვეყნიდან გაესახლებინათ. მაგრამ მოსახლეობა სულ უფრო და უფრო მეტად ტოვებდა ფიცისმიმცემ მღვდელმსახურებს და უწინდელ კულტს (კათოლიციზმს _ ი. ხ.) უბრუნდებოდა. დირექტორიის დროებას ეკუთვნის აგრეთვე ბაბეფის (იხ.) კომუნისტური შეთქმულებაც.
საერთოდ დირექტორიის ეპოქა ხასიათდება პოლიტიკური მდგომარეობის არამყარობითა და საზოგადოებრივი მოქანცულობით. არავის არ სჯეროდა იმ მდგომარეობის სიმყარისა, რომელიც შექმნა III წლის კონსტიტუციამ; ქვეყნის მმართველობა უდიდეს წილად იყო მოშლილი. ¬_ ფრანგი ერისა და საფრანგეთის შინაგანი მდგომარეობისგან განსხვავებულ სანახაობას წარმოადგენს ამ დროს ფრანგული არმია და რესპუბლიკური მთავრობის საგარეო პოლიტიკა. კონვენტმა გამოავლინა უჩვეულო ენერგია ქვეყნის დაცვის საქმეში. მოკლე დროში კარნომ მოახდინა რამდენიმე არმიის ორგანიზება, რომლებშიც შევიდნენ საზოგადოების ყველა კლასის ყველაზე უფრო ქმედითი, ყველაზე უფრო ენერგიული ადამიანები. არმიაში მიდიოდნენ ისინიც, ვისაც სურდა სამშობლოს დაცვა, და ისინიც, ვინც ოცნებობდნენ რესპუბლიკური დაწესებულებებისა და დემოკრატიული წესების მთელს ევროპაში გავრცელებაზე, ის ადამიანებიც, რომლებსაც სურდათ საფრანგეთისთვის სამხედრო დიდების მოხვეჭა და დაპყრობები, და ისინიც, რომლებიც სამხედრო სამსახურში ხედავდნენ თავის გამოჩენისა და განდიდების საუკეთესო საშუალებას. უმაღლეს თანამდებობებზე ხელმისაწვდომობა ახალ დემოკრატიულ არმიაში ღია იყო ყველა უნარიანი ადამიანისთვის; არც თუ ცოტა სახელგანთქმული მხედართმთავარი გამოვიდა იმ დროს უბრალო ჯარისკაცების რიგებიდან.
მაგრამ ცოტ-ცოტად რესპუბლიკური არმიების რევოლუციურმა გზნებამ ადგილის დათმობა დაუწყო წმინდა სამხედრო პატრიოტიზმს, და საფრანგეთის დიდება მათთვის გახდა მის თავისუფლებაზე უფრო ძვირფასი. ამიტომ კონვენტიცა და დირექტორიაც არცთუ იშვიათად იმრჯვებდნენ თავიანთ მტრებზე მხოლოდ სამხედრო ძალაზე დაყრდნობით: იმ გამარჯვებებით, რომლებიც რესპუბლიკელებმა მოიპოვეს 13 ვანდემიერსა და 18 ფრიუქტიდორს, ისინი დავალებული იყვნენ ხიშტებისა და ზარბაზნებისგან. დირექტორიას გააჩნდა განსაკუთრებული მოტივები მეომრული ინსტინქტების განვითარების წახალისებისთვის ერში. რესპუბლიკის მთავრობა ომში ხედავდა შინაგანი მოუწყობლობისგან საზოგადოების ყურადღების გადატანის საშუალებასა და ფულების შოვნის ხერხს. რევოლუციამ ვერ გამოასწორა ფინანსების სამწუხარო მდგომარეობა; ამას ხელს უშლიდა მუდმივი არეულობები, რომლებსაც თან ახლდა მრეწველობის გაჩერება და ვაჭრობის დაცემა. ჯერ კიდევ დამფუძნებელმა კრებამ გამოუშვა ასიგნაციები (II, 314), რომლებიც უზრუნველყოფილი იყო საეკლესიო ქონებით, მაგრამ ეს ფულები ძალზედ გაუფასურდა. დირექტორიამ ფინანსური მდგომარეობის გამოსწორებისთვის მოიგონა დიდი ფულადი კონტრიბუციების დაკისრება დაპყრობილი ქვეყნების მოსახლეობაზე: საფრანგეთისკენ მოედინებოდა ფულები ჰოლანდიიდნ, გერმანიიდან და იტალიიდან, ისეთი რაოდენობით, რომ მათზე შესაძლებელი იყო თავად ომის გაგრძელებაც (იხ, რევოლუციური ომები, XXVI, 432).
ფრანგების გამარჯვებებს დიდად უწყობდა ხელს ის გარემოება, რომ მეზობელ ოლქებში მათ ხვდებოდნენ როგორც აბსოლუტიზმისა და ფეოდალიზმისგან განმათავისუფლებლებს. ლუდოვიკო XVI-ის სიკვდილით დასჯის შემდეგ, ავსტრიისა და პრუსიის გარდა საფრანგეთის წინააღმდეგ ამხედრდნენ კიდევ ინგლისი, ჰოლანდია, ესპანეთი, სარდინია, იტალიელი მფლობელები და მეორეხარისხოვანი გერმანელი ხელმწიფეები, ე. ი. მთელი საღვთო რომის იმპერია. საფრანგეთს ისევ ემუქრებოდა უცხოური ჯარების შემოსევა, მაგრამ რამდენიმე წარუმატებლობის შემდეგ რესპუბლიკურმა არმიებმა მოიგერიეს მოკავშირეები, წინ წამოსწიეს რა რამდენიმე შესანიშნავი მხედართმთავარი. ერთერთმა მათგანმა (პიშეგრიუმ) დაიპყრო ჰოლანდია, რომელიც ფედერაციული და არისტოკრატიული რესპუბლიკიდან გადაქცეულ იქნა „ერთიან და განუყოფელ“ დემოკრატიულ ბატავიის რესპუბლიკად, რომელიც საფრანგეთთან შევიდა მჭიდრო კავშირში. ამ ახალ წარმატებას იმავე 1795 წ. თან ახლდა დიპლომატიური გამარჯვებაც: პრუსია გავიდა კოალიციიდან და საფრანგეთთან დადო ზავი (ბაზელის ზავი). პრუსიის კვალდაკვალ კოალიციას ჩამოშორდა ბევრი სხვა მოკავშირეც. მომდევნო ორ წელიწადში ფრანგებმა მოიპოვეს რიგი ბრწყინვალე გამარჯვებებისა ავსტრიაზე და მისდამი ჯერ კიდევ ერთგულად დარჩენილ მოკავშირეებზე. იტალიურ არმიას დირექტორიამ სათავეში ჩაუყენა ახალგაზრდა გენერალი ბონაპარტე, რომელმაც 1796-1797 წწ. აიძულა სარდინია უარი ეთქვა სავოიაზე, დაიკავა ლომბარდია, პარმის, მოდენას, პაპის ოლქის, ვენეციისა და გენუისგან აიღო კონტრიბუციები და პაპის სამფლობელოების ნაწილი მიუერთა ლომბარდიას, რომელიც გადააქცია ციზალპინურ რესპუბლიკად (იხ.).
ავსტრიამ ითხოვა მშვიდობა. დაახლოებით ამ დროს არისტოკრატიულ გენუაში მოხდა დემოკრატიული რევოლუცია, რომელმაც იგი გადააქცია ლიგურიის რესპუბლიკად (XVII, 661). დაასრულა რა საქმე ავსტრიასთან, ბონაპარტემ დირექტორიას მისცა რჩევა დარტყმა მიეყენებიათ ინგლისისთვის ეგვიპტეში, სადაც მისი უფროსობით გაგზავნილ იქნა კიდეც სამხედრო ექსპედიცია (XI, 538). სანამდე ეს გეგმა მოჰყავდათ სისრულეში, საფრანგეთმა პაპის ოლქი, შვეიცარია და ნეაპოლის სამეფო გადააქცია რომის (XXVI, 750), გელვეტურ და პარტენოპეის (XXII, 885) რესპუბლიკებად, ხოლო პიემონტი და ტოსკანა დაიპყრეს ფრანგებმა; სარდინიის მეფემ ფორმალურად უარი თქვა პიემონტზე საფრანგეთის სასარგებლოდ. ასეთნაირად, რევოლუციური ომების დასასრულისთვის საფრანგეთი ფლობდა ბელგიას, რაინის მარცხენა ნაპირს, სავოიასა და იტალიის გარკვეულ ნაწილს, და გარშემორტყმული იყო მთელი რიგი „შვილ-რესპუბლიკებით“.
მაგრამ მაშინვე მის წინააღდეგ დგებოდა ახალი კოალიცია ავსტრიის, რუსეთის, სარდინიისა და თურქეთისგან. იმპერატორმა პავლე I-მა იტალიაში გაგზავნა სუვოროვი, რომელმაც რიგი გამარჯვებებისა მოიპოვა ფრანგებზე და 1799 წ. შემოდგომისთვის გაწმინდა მათგან მთელი იტალია. როდესაც შინაგან მოუწესრიგებლობებს დაემატა 1799 წ. საგარეო წარუმატებლობანიც, დაიწყეს დირექტორიის დადანაშაულება იმაში, რომ მან ეგვიპტეში გაუშვა რესპუბლიკის ყველაზე უფრო დახელოვნებული მხედართმთავარი. გაიგო რა იმის შესახებ, თუ რა ხდებოდა ევროპაში, ბონაპარტე საჩქაროდ დაბრუნდა საფრანგეთში. მის მოულოდნელ დაბრუნებას ერი შეხვდა აღტაცებით: მასში ხედავდნენ საფრანგეთის მომავალ მხსნელს, მხსნელს არა მხოლოდ გარეშე მტრისგან, არამედ იმ მრისხანე შემობრუნებისგან, რასაც ემსგავსებოდა საფრანგეთის საშინაო საქმეები: ერს, როგორც ჩანს, მოუწევდა არჩევანის გაკეთება ბურბონების დაბრუნებასა, რასაც თან მოჰყვებოდა ძველი წესების დაბრუნებაც, და ანარქიის განახლებას შორის. ბურჟუაზია, რომელსაც ეშინოდა იაკობიანიზმის აღორძინებისა, ყველაზე უფრო რეაქციულად იყო განწყობილი. ზომიერად რესპუბლიკური პარტიის ყველაზე უფრო გავლენიანი მოღვაწე, დირექორი სიიესი, დიდი ხანია უკვე ფიქრობდა III წლის კონსტიტუციის უვარგისობის თაობაზე და გამოიმუშავებდა სახელმწიფოებრივი მოწყობის თავის საკუთარ პროექტს, რომელსაც, მისი აზრით, სიმყარე უნდა მიეცა შინაგანი წესრიგისთვის. ამ მიზნით მან დაიწყო ყველა ანტი-დემოკრატიული ელემენტის გაერთიანება მაშინდელ პოლიტიკურ მოღვაწეებს შორის, რომელთაც არც ბურბონების დაბრუნება სურდათ. მან მოახერხა თავისი გეგმისადმი კეთილად განეწყო ორივე საბჭოს ბევრი წევრი, რომლებმაც თავიანთ თავს შეარქვეს რეფორმისტები.
შეიტყო რა სიიესის გეგმის შესახებ, ბონაპარტე შევიდა მასთან თანხმობაში, და ორივემ ძალზედ სწრაფად მოამზადა სახელმწიფო გადატრიალება ახალი კონსტიტუციის შემოღების მიზნით. ჯარისკაცები აღმერთებდნენ ნაპოლეონს, რომელსაც უწოდებდნენ „პატარა კაპრალს“; გენერლებს სხვადასხვა მოსაზრებებით არ სურდათ ამ ღონისძიებისთვის ხელის შეშლა. სიიესმა დაყარა ხმები იმის შესახებ, რომ მზადდებოდა იაკობინელთა სახიფათო შეთქმულება და მოაწყო ისე, რომ უხუცესთა საბჭოს ის დეპუტატები, რომელთა იმედიც მას არ ჰქონდა, ან რომლებისაც ეშინოდა, ვერ მოხვდნენ სხდომაზე, რომელზედაც ვარაუდობდნენ შეთქმულების მიერ ჩაფიქრებული გადაწყვეტილებების მიღებას. 18 ბრიუმერს (9 ნოემბერს) უხუცესები მოიწვიეს დილის 7 საათზე. შეკრებილმა დეპუტატებმა ერთხმად დაადგინეს საკანონმდებლო კორპუსის გადატანა სენ-კლუში, სადაც ოროვე საბჭო უნდა შეკრებილიყო მეორე დღეს არაუადრეს შუადღისა. ამ დეკრეტის შესრულება დაეკისრა გენერალ ბონაპარტეს: მას აძლევდნენ უფლებას მიეღო ყველა ზომა, რომლებიც აუცილებელი იქნებოდა რესპუბლიკის უსაფრთხოებისთვის, და უქვემდებარებდნენ მთელ ადგილობრივ შეიარაღებულ ძალებს; ამასთან ერთად ყველა მოქალაქეს ევალებოდა მისთვის დახმარების აღმოჩენა მისი მხრიდან პირველივე მოთხოვნისას.
უხუცესთა საბჭომ ერს მიმართა საგანგებო მანიფესტით, რომელშიც დეკრეტირებულ ზომებს ამართლებდა იმ ადამიანების დაწყნარების აუცილებლობით, რომლებიც ისწრაფვოდნენ ეროვნულ წარმომადგენლობითობაზე ტირანული ბატონობის დამყარებისკენ, და ამით იმედოვნებდა შინაგანი მშვიდობის დამყარებას. გენერლებითა და ოფიცრებით გარშემორტყმული ბონაპარტე დაუყოვნებლივ გაეშურა საბჭოს სხდომათა დარბაზისკენ, სადაც წარმოთქვა მოკლე სიტყვა, მიმართვით მხარი დაუჭირონ „რესპუბლიკას, დაფუძნებულს ჭეშმარიტ სამოქალაქო თავისუფლებასა და ეროვნულ წარმომადგენლობითობაზე“. საქმე უკვე გაკეთებული იყო იმ დროისთვის, როცა უნდა დაწყებულიყო ხუთასთა საბჭოს სხდომა: უკანასკნელს მხოლოდ შეატყობინეს უხუცესთა დეკრეტი, და ლუციან ბონაპარტემ, რომელიც იყო ხუთასთა საბჭოს თავმჯდომარე, სხდომა გამოაცხადა გადავადებულად მეორე დღემდე. ამავე დროს, წინასწარი მოლაპარაკების მიხედვით, ორმა დირექტორმა, სიიესმა და როჟე-დიუკომ, ითხოვა გადადგომა, ხოლო მესამე (ბარასი) აიძულეს გადამდგარიყო: საჭირო იყო მოესპოთ იმ დროს არსებული აღმასრულებელი ხელისუფლება _ ხოლო დირექტორიის სამი წევრის გადადგომის შემდეგ დირექტორიას უკვე მოქმედება აღარ შეეძლო. დანარჩენი ორი დირექტორი (გოიე და მულენი) დაატყვევეს.
მეორე დღეს დღის 12 საათზე ორივე საბჭო შეიკრიბა სენ-კლუში, უხუცესთა საბჭო _ სასახლის ერთერთ დარბაზში, ხუთასთა საბჭო _ ორანჟერეაში, და ორივე დიდად შეშფოთებული იყო. უხუცესთა დაბნეულობა კიდევ უფრო გაიზარდა, როდესაც მათ შეატყობინეს სამი დირექტორის გადადგომის შესახებ. ხუთასთა საბჭოში მიიღეს გადაწყვეტილება III წლის კონსტიტუციისადმი ერთგულებაზე საყოველთაო დაფიცების განახლების თაობაზე. შეიტყო რა ამის შესახებ, ბონაპარტემ, რომელიც სასახლის ერთერთ ოთახში იმყოფებოდა, გადაწყვიტა ემოქმედა. სრულიად მოულოდნელად გამოცხადდა იგი უხუცესთა საბჭოს დარბაზში და დაიწყო ლაპარაკი რაღაც საშიშროებებზე, რომლებიც რესპუბლიკას ემუქრებოდა, ასევე თავისუფლებისა და თანასწორობის დაცვის აუცილებლობაზეც. „და მერე კონსტიტუცია?“ შეაწყვეტინა მას საბჭოს ერთერთმა წევრმა. „კონსტიტუცია! _ წამოიძახა გენერალმა, _ მაგრამ თქვენ ის დაარღვიეთ 18 ფრიუქტიდორს, თქვენ ის დაარღვიეთ 22 ფლორეალს, თქვენ ის დაარღვიეთ 30 პრერიალს! კონსტიტუცია! მასზე მიუთითებს ყველა პარტია, და ყველა პარტიის მიერ იგი დარღვეულ იქნა; მას მეტად აღარ შეუძლია ჩვენი გადარჩენა, რადგანაც მას უკვე აღარავინ სცემს პატივს“. უხუცესთა საბჭოს სხდომის დარბაზიდან გენერალი გაეშურა ორანჟერეისკენ, ოთხი გრენადერის თანხლებით. ხალხის წარმომადგენელთა საკრებულოში შეიარაღებული ადამიანების დანახვამ ზოგიერთ დეპუტატში გამოიწვია საშინელი აღშფოთება: ისინი მისცვივდნენ გენერალს და ხელის კვრა დაუწყეს მას გასასვლელისკენ. სრულიად დაბნეული ბონაპარტე დახეული სამოსით თითქმის ხელში აყვანილი გამოიყვანეს გრენადერებმა, ხოლო ორანჟერეაში ისმოდა ხმამაღალი ძახილი „კანონ გარეშე“. მცირე დროის შემდეგ ბატალიონის ნაწილი მიურატის მეთაურობით შევიდა ორანჟერერაში და გაწმინდა იგი დეპუტატებისგან, რომლებიც ფანჯრებიდან ხტებოდნენ, რათა თავი დაეღწიათ ძალადობისგან.
სახელმწიფო გადატრიალება მოხდენილ იქნა; დარჩენილი იყო მხოლოდ მისი გაფორმება. უხუცესებმა იჩქარეს ორივე საბჭოს სხდომის გადავადება, დროებითი მთავრობის დანიშვნა სამი კონსულის _ ბონაპარტეს, როჟე-დიუკოსა და სიიესის შემადგენლობით, და ახალი კონსტიტუციის გამომუშავებისთვის კომისიის არჩევა; იგივე გადაწყვეტილებები დაუყოვნებლივ მიიღო ხუთასთა საბჭოს რამდენიმე ათეულმა წევრმა, რომლებიც შეკრიბა ლუციან ბონაპარტემ 19-დან 20 ბრიუმერის ღამეს. ეს სახელმწიფო გადატრიალება ცნობილია „18 ბრიუმერის“ სახელწოდებით და იგი ჩვეულებრივ ითვლება საფრანგეთის რევოლუციის დასასრულად.
(დასასრული იხ. _ ნაწილი II)
ნ. კარეევი
I. საფრანგეთის რევოლუციის ადგილი ევროპულ ისტორიაში
II. საფრანგეთის რევოლუციის ძირითადი მიზეზები
III. მოვლენების საერთო მსვლელობა 1789-დან 1799 წლის ჩათვლითIV. რევოლუციის უშუალო გავლენა საფრანგეთისა და სხვა ქვეყნების შიდა ისტორიაზე

No comments:
Post a Comment