(ეს წერილი არ იქნა გამოქვეყნებული გაზეთში "ახალი 7 დღე")
მართლმადიდებელი ერისთვის მეტად მნიშვნელოვანი უნდა იყოს იმის განსაზღვრა, თუ რა კავშირშია ჩვენი ქრისტიანული აღმსარებლობა პოლიტიკასთან. რამდენადაც საქართველოს ხელისუფლებასთან დაახლოებულ ზოგიერთ სახელმწიფო მოხელესთან ამ საკითხზე საუბარი გვქონია, მათგან მოგვისმენია, რომ ქრისტიანობა კარგია ეკლესიაში, მაგრამ მის გარეთ ცხოვრებაში სხვა კანონები მოქმედებსო. სამწუხაროდ ჩვენი ცხოვრების მახინჯ პრაქტიკაში ხშირად ვაწყდებით არაქრისტიანულ დამოკიდებულებას, მაგრამ ეს არა მართლმადიდებლობის, არამედ სწორედ მავანთაგან წარმოებული მახინჯი ცხოვრებისეული პრაქტიკის შედეგია.
საქმე იმაშია, რომ პოლიტიკა _ ანუ პოლისის (ძველ ბერძნულად ქალაქ-სახელმწიფოს, ზოგადად კი სახელმწიფოს) საშინაო ცხოვრებისა და საგარეო ურთიერთობების მოწყობა თავისთავად გულისხმობს ამ სახელმწიფოს მაცხოვრბელთა, მისი შემქმნელი ძირითადი ერის რელიგიური აღმსარებლობის ჩადებას საზოგადოების ზნეობისა და მორალის საფუძვლად, კანონმდებლობის საფუძვლად, როდესაც რელიგიის მიერ ცოდვად მიჩნეული სიტყვები და ქმედებები შერაცხულია საზოგადოებისთვის საშიშ დანაშაულად, რომელიც ისჯება იურიდიული კანონებისა და სახელმწიფო აპარატის მეშვეობით. ამის გამოხატულებაა ე. წ. ბუნებითი ანუ ბუნებრივი სამართალი (რუს. естественное право), რომლის მიხედვით ცოდვა გაიგივებულია დანაშაულთან, და რელიგიურად ცოდვად შერაცხული ქმედებები და მოწოდებები კვალიფიცირდება სხვადასხვა სიმძიმის დანაშაულების სახით.
სახელმწიფო და მისი ჩამომყალიბებელი ძირითადი ერი შედგებიან ადამიანთა ტომების, გვარების, ოჯახებისა და ცალკეული პირებისგან. თითოეული ადამიანი ჯერ კიდევ ადრეული ბავშვობის ასაკიდან ეზიარება თავისი ერის (ხალხის) ისტორიული წარსულის ცალკეულ ეპიზოდებს, რომლებიც შემდგომში მეტ-ნაკლებად შეკრულ და შენივთებულ ისტორიულ-ზნეობრივ და რელიგიურ-ფსიქოლოგიურ სურათში გადადის. ეცნობა თავისი რჯულის აღმსარებლობის საფუძვლებს, ძირითად ზნეობრივ და მორალურ მოთხოვნებს, აკრძალვებსა (ტაბუებსა) და მათ განმაპირობებელ ახსნა-დასაბუთებას. ქრისტიანობა პირდაპირ გვასწავლის შევიმეცნოთ ჭეშმარიტება და ჭეშმარიტება განგვათავისუფლებს ჩვენ. ასაკისა და გამოცდილების მატებასთან ერთად თითოეული ადამიანი უფრო აქტიურად მონაწილეობს ოჯახის, საგვარეულოს, სანათესაოს, საძმო-სამეგობროსა და ზოგადად ქვეყნის ყოველდღიურ ცხოვრებაში, მის ჭირსა და ლხინში, სიხარულისა და მწუხარების გაზიარებაში, გაჭირვების გადატანასა და პრობლემების მოგვარებაში.
პირადი, ოჯახური, საგვარულო, სანათესაო და საძმო-სამეგობრო საკითხების გადაწყვეტისას უპირატესად ვხელმძღვანელობთ ჩვენს საზოგადოებაში, ჩვენს ერში ისტორიულად ჩამოყალიბებული და ჩვენი რელიგიური აღმსარებლობის საფუძველზე განვითარებული, ზნეობრივად და კანონიერად მიჩნეული შეხედულებებითა და პრაქტიკით. მაშინ განა სახელმწიფო ცხოვრების მოწყობისა და საგარეო ურთიერთობების სფეროებში კი უნდა იკარგებოდეს ჩვენი მართლმადიდებლური, ჭეშმარიტი ქრისტიანობიდან ამომავალი ზნეობის, მორალისა და რჯულ-ადათის საფუძველზე ურთიერთობების აგების აუცილებლობა? მაშინ რის საფუძველზე უნდა ვაკეთებდეთ ამას? იმის, რაც უცხოეთისა და უცხოელთა შესახებ აქა-იქ ამოგვიკითხავს, გვინახავს, გაგვიგონია? განა ისე კარგად ვიცით მათი ისტორიული წარსული, რელიგიის ფუძემდებლური პრინციპები და დოგმები, ან საერთოდ ამ ქვეყნად ადამიანის ცხოვრების დანიშნულება, რომ უარვყოთ ჩვენი საკუთარი და უცხოურ ხილს გამოვეკიდოთ?
შესაძლოა გვითხრან, რომ თანამედროვე ეპოქაში დასავლეთის წამყვანმა სახელმწიფოებმა შორს გაუსწრეს დანარჩენ კაცობრიობას მატერიალური ცხოვრების მოწყობაში, მეცნიერების დარგების, ტექნიკისა და ტექნოლოგიების განვითარებაში. დიახ, ეს მართლაც ასეა, მაგრამ განა ადამიანის ამქვეყნიური ცხოვრების დანიშნულება სიმდიდრის მოხვეჭაშია, ან კიდევ თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებაში, შრომისა და ომის წარმოების თანამედროვე საშუალებების გამოგონება-შექმნაში? თუ სულის ცხონებისთვის მოღვაწეობაშია მისი ამ ქვეყნად ცხოვრების დანიშნულება და მიზანი? საკუთარი ცხოვრების გზის ისე გავლაში, რომ გარდაცვალების შემდეგ მისი სული უფლის ანგლოზებმა ცათა სასუფეველში აიყვანონ, სადაც მარადიულ ნეტარებაში მყოფი გააგრძელებს შემდგომ სრულყოფასა და უფლის დიდებას?
ვისაც ასეთი გზით სიარული აურჩევია და სურს მისი გავლა, მათთვის განკაცდა მაცხოვარი და თავისი ამქვეყნიური ცხოვრებით გვიჩვენა, თუ როგორ უნდა ვიდოდეთ ღვთის სამეფოსაკენ მიმავალ გზაზე. მაცხოვარს არც წარმატებული ბიზნესი დაუტრიალებია იუდეაში, არც ცნობილი მხედართმთავარი ყოფილა და შეიარაღებული ძალით არ დაუპყრია სხვა სახელმწიფოები და ხალხები, არც სახელმწიფო მოღვაწე ყოფილა _ დემოკრატიული პარლამენტის ორატორი ან სენატორი, პრეზიდენტი ან პრემიერ-მინისტრი, არც ფილოსოფოსი, გამომგონებელი, ისტორიკოსი ან დრამატურგი. იგი უბრალო ხუროს ოჯახში მოევლინა ამ ქვეყანას, ბავშვობიდანვე მართალი იოსების ხელობას _ ხუროობას სწავლობდა, ხოლო მის მსმენელ იუდეველებს ასწავლიდა _ „მომბაძეთ და ჩემგან ისწავლეთ, რამეთუ მშვიდ ვარ და მდაბალ გულითა“-ო. განა კი ეს თვისებები ახასიათებთ დასავლეთის იმ წამყვან სახელმწიფოებსა და ერებს, რომელთა მიბაძვასაც ასე ესწრაფვის ბევრი საქართველოში?
ან კიდევ გავიხსენოთ უფლის ბრძანებით ებრაელთა გამოსვლა ეგვიპტიდან. მათ უკან დაედევნა ფარაონი თავისი ჯარითა და საომარი ეტლებით. მაშინ უფლის ანგელოზმა მეწამული ზღვის წყალი ორად გააპო, აქეთ-იქიდან მაღალ კედლებად აღმართა, მათ შორის მშრალი გზა მისცა ებრაელთა მოდგმას, რათა მშვიდობით გასულიყო მეორე ნაპირზე და თავი დაეღწია გაავებული ფარაონის სიკვდილის მთესველი ჯარისგან. ხოლო როდესაც ფარაონის საბრძოლო ეტლებიც შევიდნენ მეწამულ ზღვაში, მაშინ კი უფლის ბრძანებით წყალმა ისევ პირი შეკრა და ეგვიპტელები შიგ დააღრჩო.
განა უფალი რომ ასე აფასებდეს ადამიანის გონებით შექმნილ ტექნიკასა და ტექნოლოგიებს, მას არ შეეძლებოდა, რომ ებრაელთა დასაცავად ეგვიპტელთა ჯარებისთვის წინ დაეხვედრებინა, ვთქვათ, ერთი თანამედროვე ამერიკული ცალკეული მექანიზებული ქვეითი ბრიგადა, 6 ათასამდე პირადი შემადგენლობით, 60-მდე საბრძოლო ტანკით, 200-ზე მეტი მოჯავშნული საბრძოლო მანქანით, 50-მდე საველე არტილერიის ქვემეხითა და ნაღმსატყორცნით, ყუმბარსატყორცნებით, ტყვიამფრქვევებითა და საიერიშო შაშხანებით; კიდევ უფრო მეტი ეფექტურობისთვის ეგვიპტური ჯარები ჰაერიდანაც დაებომბა საცეცხლე მხარდაჭერის ვერტმფრენებითა და მოიერიშე თვითმფრინავებით, ხოლო მათთვის უკანდასახევი გზების მოსაჭრელად აერომობილური დესანტებიც გადაესხა ეგვიპტელთა ზურგში, რომლებიც შეიარაღებული იქნებოდნენ პირადი და ჯგუფური ავტომატური იარაღით, ყუმბარსატყორცნებით, ნაღმსატყორცნებითა და 20-მმ შეწყვილებული საზენიტო ავტომატური ქვემეხებით. განა მაშინ კი ვერ დაინახავდნენ ებრაელებიცა და მათ კვალდაკვალ დადევნებული ეგვიპტელებიც უფლის ძალას? რა თქმა უნდა, დაინახავდნენ. განა კი არ ირწმუნებდნენ მის ყოვლისშემძლეობას? ირწმუნებდნენ, თუკი გულები არ ექნებოდათ გაქვავებული და გასასტიკებული.
მაგრამ უფალს არ დასჭირვებია ადამიანის გონებით შექმნილი საშუალებების გამოყენება. მან მის მიერვე შექმნილი სტიქიით _ წყლით დააღრჩო ფარაონის მთელი ლაშქარი. ასევე საყურადღებოა ერთი მომენტი. ადამიანი ცდილობს შეისწავლოს ღმერთის მიერ შექმნილი ბუნების კანონები და მათზე დაყრდნობით, მათი გამოყენებით შექმნას შრომისა და ომის იარაღები. ღმერთს კი შეუძლია შეცვალოს ან შეაჩეროს ბუნების კანონებისა და ძალების მოქმედება (წყლის მასის ორად გაპობა და მათგან მყარი კედლების აღმართვა) და სრულებით უმოქმედო და გამოუსადეგარი გახადოს ადამიანის მიერ შექმნილი ყველაზე უფრო მრისხანე, მზაკვრული და დამანგრეველი იარაღი, როდესაც ამას საჭიროდ დაინახავს. ერთი რამ კი ცხადია, რომ მატერიალური კეთილდღეობისა და მაღალი ტექნოლოგიების განვითარება სრულებით არ ნიშნავს სულის ცხონების გზაზე სიარულს, მით უმეტეს, როდესაც ყოველივე ამას იყენებ სხვების უსამართლოდ დამორჩილების, მათზე გაბატონებისა და მათი ტერიტორიის, რესურსებისა და სხვა სიმდიდრეთა მითვისების მიზნით. ამის ნათელ დადასტურებას წარმოადგენენ ძველი ებრაელები, რომლებიც სხვა ხალხებზე გაცილებით უფრო ახლოს იყვნენ უფალთან, მაგრამ მათ არ შეუქმნიათ ისეთი მდიდარი და იმდენად სისტემატიზებული კულტურა, მეცნიერება და ხელოვნება, ისეთი ძლიერი სახელმწიფო მანქანა, როგორებიც შექმნეს ძველმა ბერძნებმა და რომაელებმა. მაგრამ, ამვე დროს, აბრაამის წიაღი და, შემდგომში, საუკუნო სასუფეველი სწორედ ძველი აღთქმის ებრაული საზოგადოების მართალ ადამიანთა სულებისთვის იყო კარგახსნილი და არა ბერძენი სტრატეგოსების, ფილოსოფოსების, რომაელი პოეტების, კონსულების ან მხედართმთავრებისა.
ახლა ისევ საქართველოსა და ქართველობას დავუბრუნდეთ. ხშირად გავიგონებთ, რომ საქართველო პატარა და ღარიბი ქვეყანაა, რომ მას ძლიერი მფარველი სჭირდება მეგობარი სახელმწიფოს ან სახელმწიფოთა ალიანსის (კავშირის) სახით და ა. შ. მატერიალურზე ორიენტირებული შეხედულებითა და შეგნებით ეს მართლაც ასეა. მაგრამ თუკი ამოვალთ მართლმადიდებლური ქრიატიანული მოძღვრების იმ დებულებიდან, რომ სწორედ მართლმადიდებლობა წარმოადგენს ჭეშმარიტ ქრისტიანობას, სულის მაცხოვნებელ რელიგიას, რომელსაც ადამიანი მიჰყავს ღვთის სასუფევლამდე, ხოლო სხვა ქრისტიანული აღმსარებლობები მართლმადიდებლობისგან (ერთი წმიდა კათოლიკე /საყოველთაო/ და სამოციქულო ეკლესიისგან) განდგომისა და თავიანთი გზებით სიარულის შედეგად, მოსწყდნენ უფლისმიერ მაცხოვნებელ მადლს და მხოლოდ მსოფლმხედველობრივად მიეკუთვნებიან ქრისტიანობას, ანუ წარმოადგენენ ქრისტიანული რელიგიის წიაღში ჩამოყალიბებულ მსოფლმხედველობრივ სწავლებებს, მაშინ ვნახავთ, რომ უფლის წინაშე ჩვენი ძალა გაცილებით უფრო მეტია, სხვა ხალხებისა და ერების ძალებთან შედარებით.
მართლაც, მონიფიზიტობა მართლმადიდებლობას ჩამოსცილდა VI საუკუნეში, კათოლიკობა _ XI-ში. შემდეგ ანგლიკანური, ლუთერანული და კალვინისტური პროტესტანტიზმი განვითარდა კათოლიციზმის წიაღიდან და მის საწინააღმდეგოდ. ეს კი მართლმადიდებლური, ანუ ქრისტეს მოციქულების მიერ ნაქადაგები სწავლების მიხედვით იმას ნიშნავს, რომ XI საუკუნის შემდეგ თუნდაც სამშობლოსთვის თავდადებული, თუნდაც მათი გაგებით ქრისტიანობისთვის სისხლდანთხეული დასავლეთევროპელი ადამიანების _ გერმანელების, ფრანგების, ინგლისელების, იტალიელების, ესპანელების, ნორმანული მოდგმის ხალხების, ირლანდიელების, შოტლანდიელების, ჰოლანდიელების, უნგრელების, პოლონელების, ჩეხო-სლოვაკების, ხორვატების, სლოვენებისა და სხვათა სულები უკვე ვეღარ ავიდოდნენ ზეცაში უფალთან და ვეღარ იქნებიან ღმერთთან ერთობაში.
მით უმეტეს, რომ მათ კისერზეა ჯვაროსნული ლაშქრობების მსვლელობისას ბიზანტიის მართლმადიდებელი მოსახლეობის არაერთხელ დაწიოკება და დარბევა, არა მხოლოდ ძარცვა-გლეჯვის, არამედ მართლმადიდებლური სიწმინდეების (ლათინელთათვის საძულველის) შეურაცხყოფის მიზნითაც, ათონის წმინდა მთის, ყოლვლადწმიდა ღვთისმშობლის წილხვედრის, სასტიკი დარბევები და შეურაცხყოფანი, ბერ-მონაზონთა წამებანი კათოლიკობაში მათ მოსქცევად, იერუსალიმის მართლმადიდებლური კერებისა და სიწმინდეების რბევა და შეურაცხყოფა, კონსტანტინოპოლის დაპყრობა, ხოლო შემდეგ კი თურქ-ოსმალთათვის მის დაპყრობაში ხელის შეწყობა, მართლმადიდებელი სერბების და დასავლეთ რუსების ძალადობით, წამებით, ხოცვა-ჟლეტით, აგრეთვე ცდუნებებით გაკათოლიკება (ხორვატები, სლოვნები, გალიციელი რუსინები, დასავლეთ მალოროსიელებისა /უკრაინელებისა/ და ბელოროსილების ნაწილი).
კათოლიკი ხორვატების ზიზღი და სისასტიკე მართლმადიდებელი თანამონათესავე და ბუნებით (ეთნიკურად) თანამოძმე სერბების მიმართ არაერთხელ გამოვლენილა თუნდაც I და II მსოფლიო ომების წლებში ან კიდევ 1990-იანი წლების დასაწყისში, რაზედაც ნაწილობრივ მოგვითხრობს, სახელდობრ, მეუფე სერაფიმეს (ჯოჯუა) ლოცვა-კურთხევით 2004 წელს თბილისში გამოცემული წიგნი „დიდება და ტკივილი სერბეთისა“. გარდა ამისა, როგორც წერს თანამედროვე რუსი მკვლევარი ნატალია ნაროჩნიცკაია, პირველი მსოფლიო ომის წლებში ავსტრია-უნგრეთის ერთერთ საკონცენტრაციო ბანაკში ტალერჰოფში გაანადგურეს 60 ათასზე მეტი მართლმადიდებელი ან მართლმადიდებლობისადმი კეთილად (სიმპატიით) განწყობილი გალიციელი რუსინი, 100 ათასზე მეტი კი მშობლიური ადგილებიდან აიყარა და რუსეთში გაიქცა. კიდევ დაახლოებით 80 ათასი ადამიანი ავსტრიელებმა დახოცეს რუსული არმიის პირველი უკანდახევის შემდეგ, მათ შორის დაახლოებით 300 უნიატი (ბერძენ-კათოლიკი) მღვდელმსახური, რომლებზედაც ეჭვი აიღეს მართლმადიდებლობისა და რუსეთისადმი სიმპატიებში. და ეს ხდებოდა „ცივილიზებულ“ დასავლეთ ევროპაში, რომელიც ასე სამაგალითოდ გაუხდიათ ქართველ ლიბერალ-მედასავლეთეებს.
მეტად სამწუხაროა, რომ დღევანდელი საქართველოს ხელისუფლება და საზოგადოების ერთი ნაწილიც თანაგრძნობითა და თანადგომით არის განწყობილი დღვანდელი უკრაინული საზოგადოების სწორედ ამ უნიატურ-კათოლიკური ნაწილისადმი და აქტიურ დახმარებას უწევს მათ მათივე თანამონათესავე და თანამოძმე მართლმადიდებელი უკრაინელი (მალოროსიელი) ადამიანების ნების დათრგუნვისა და ველიკოროსიისგან (რუსეთისგან) გამოცალკევება-გამოთიშვის საქმეში, ისევ და ისევ დასავლეთის, უწინარეს ყოვლისა აშშ-ის საამებლად.
არა სიტყვით, არამედ საქმით ღვთისგან განდგომილი ამ სახელმწიფოების, ერების, ხალხებისგან განსხვავებით, თუნდაც სამეფო-სამთავროებად დაყოფილი საქართველოს შვილების, ჩვენი წინაპრების სულები კი, ვინც სიმართლით ემსახურებოდა უფალს, თავს დებდა სამშობლოსა და ქრისტიანობის დასაცავად, ან თუნდაც ვისაც ღვთისა და სამშობლოს საწინააღმდეგო საქმეები ჩაუდენია, მაგრამ შემდეგ კი სათანადო სინანული გასჩენია და სინანულის საქმეებით გამოუსყიდავს საკუთარი უწინდელი შეცდომა თუ დანაშაული, უფლის ანგელოზებს აჰყავდათ ცათა სასუფეველში და ეს უწყვეტი პროცესი, მეტ-ნაკლები ცვალებადობით (ინტენსივობით), დღემდეა შენარჩუნებული.
და თუკი ამ კუთხით შევხედავთ ჩვენს ქვეყანასა და საზოგადოებას, ანუ იმას, თუ საქართველოდან ზეცად აყვანილი რამდენი ადამიანის სული დგას უფლის წინაშე და ლოცვით ევედრება მაცხოვარს საქართველოსა და ქართველობის გადარჩენას, მაშინ აღმოჩნდება, რომ არც თუ ისე ცოტანი და სუსტები ვყოფილვართ. ხოლო საკუთრივ რომანულ-გერმანული დასავლეთ ევროპის ხალხებისა და ერების შვილები კი, სამწუხაროდ, მათივე მცდარი არჩევანის გამო, XI საუკუნიდან მოწყვეტილი არიან გარდაცვალების შემდეგ სულიერად ზეცად ასვლის, უფლის წინაშე მის ნეტარებაში ყოფნისა და უფლისადმი აღვლენილი ლოცვა-ვედრებით საკუთარი მშობელი ერებისა და ხალხებისთვის შეწევნის შესაძლებლობას. მაგრამ ჩვენი ამ ძლიერების დასანახად და შესაგრძნობად ჯერ თავად ჩვენ უნდა მივიდეთ უფლის წიაღში, ღვთის ტაძარში, ქრისტიანულ საკრებულოში _ ეკლესიაში, უფლისადმი ლოცვით გავითბოთ გულები, მოვარბილოთ საკუთარი გაუხესებული ზნე-ხასიათი, უკუვაგდოთ ანგარება, სიცბიერე და მზაკვრობა, გავიძლიეროთ გულისხმისყოფა და ვეცადოთ ვიქცეოდეთ ისე, როგორც ამას გვასწავლის მაცხოვარი თავის სახარებაში _ არ ვუთხრიდეთ ძირს ერთმანეთს, არ ვტაცებდეთ, არ ვპარავდეთ, არ ვვერაგობდეთ, ერთმანეთის სამსახურს ვეშურებოდეთ და არა სხვების ჩვენდამი მომსახურებას, და სხვა.
ძველ სპარტაში (ლაკედემონში) ქვეყნის სამსახური პირად ინტერესებზე უფრო მაღლა ჰქონდათ დაყენებული და ამისთვის სპარტელ გმირებს მათზე შეთხზული სიმღერებით ამკობდნენ და ადიდებდნენ. ქრისტიანობაში კი უფლისა და ქვეყნის სიმართლით, უანგაროდ და თავგანწირულად სამსახურისთვის ჯილდო არა ადამიანების მიერ განდიდება, არამედ უფლის მიერ განდიდება და ცათა სასუფეველში მარადიული ნეტარებაა. და თუკი სპარტელები სიხარულით სწირავდნენ თავს საკუთარი სამშობლოს სახელისა და დიდებისთვის, მით უმეტეს ქართველებს გვმართებს ღვთისა და ერის ერთგული სამსახური, რათა ამ ქვეყნადვე შევიგრძნოთ ღმერთთან ყოფნის ძალა და მადლი, ჩვენი სახელოვანი და უსახელოდ აღსრულებული, ღვთის წინაშე წმინდა და გამართლებული წინაპრების ლოცვის ძალა და მადლი, ხოლო ამქვეყნიური სიცოცხლის დასრულების შემდეგ ჩვენც ვიმედოვნებდეთ, რომ უფალი მოწყალებას მოიღებს და ჩვენს ცოდვილ სულებსაც მარადისობაში, ანუ უკუნითი უკუნისამდე დაამკვიდრებს იქ „სადაცა მართალნი განისვენებენ“. „ეძიებდეთ ცათა სასუფეველს და ესე ყოველი შეგეძინოთ თქვენ“ _ გვასწავლის წმინდა წერილი და გვეუბნება, რომ მართლმადიდებელი ქვეყნის იდეა არ წარმოადგენს ძლიერი ეკონომიკის, რკინისებურად გაწვრთნილი ჯარის ან სხვა ქვეყნებზე გაბატონების იდეას. მართლმადიდებელი ქვეყნისა და ხალხის იდეა მდგომარეობს ცათა სასუფევლის ძიებაში, ღვთის სამეფოს ძიებაში, გვასწავლის არა ბუნების ძარცვასა და გაჩანაგებას უფრო მეტი სიმდიდრის შეძენის მიზნით, არამედ მის მოფრთხილებასა და მისი სიკეთეების გონივრულად გამოყენებას, გვასწავლის ერთი-მეორის მოფრთხილებას, პატივისცემასა და სიყვარულს, და არა ერთმანეთის დამონებასა და ჩაგვრას.
ქრისტიანობისა და პოლიტიკის ურთიერთმიმართების ერთერთ მნიშვნელოვან საკითხთაგანს თანამედროვე საზოგადოებაში წარმოადგენს ადამიანის უფლებების დაცვის საკითხიც. ეს, ერთი შეხედვით, მეტად მნიშვნელოვანი უნდა იყოს, მით უმეტეს ჩვენი ლიბერალ-მედასავლეთეებისთვის, ვინაიდან ბევრი დასავლური ორგანიზაცია სწორედ ამ მიმართულებით საქმიანობს და ქართველ ლიბერალებსაც, შესაბამისად, მისდამი განსაკუთრებული ინტერესი გააჩნიათ. მაგრამ ჯერ კიდევ ძველი ებრაელებისთვის ღმერთის მიერ მოსე წინასწრმეტყველის მეშვეობით გამოცხადებული ათივე უმთავრესი მცნება, უწინარეს ყოვლისა, მოვალეობებს შეიცავს: „მე ვარ უფალი ღმერთი შენი, და არა იყვნენ შენდა ღმერთნი უცხონი ჩემსა გრეშე“; „არა ჰქმნე თავისა შენისა კერპი, არცა ყოვლადვე მსგავსი... არა თაყვანისცე მათ, არცა მსახურებდე მათ“; „არა მოიღო სახელი უფლისა ღმრთისა შენისა ამაოსა ზედა“; „მოიხსენე დღე იგი შაბათი და წმიდაჰყავ იგი...“; „პატივი ეც მამასა შენსა და დედასა შენსა...“; „არა კაც ჰკლა“; „არა იმრუშო“; „არა იპარო“; „არა ცილი-სწამო მოყვასსა შენსა წამებითა ცრუითა“; „არა გული გითქმიდეს ცოლისათვის მოყვასისა შენისა,... არცა ყოვლისა მისთვის, რაიცა იყოს მოყვასისა შენისა“ (წიგნი გამოსვლათა, 20. 2-17). ყველა ეს მცნება და აგრეთვე ძველი და ახალი აღთქმის წიგნებში გადმოცემული უფლის სხვა მცნებები და შეგონებანი ბევრწილად შეიცავს სწორედ ადამიანის მოვალეობებს ღვთისა და სხვა ადამიანების, საზოგადოების, წინაშე. მაშინ რატომ ავიწყდებათ დასავლეთში და ქართველ მედასავლეთეებსაც ადამიანის მოვალეობები უფლის, ქვეყნის, სამშობლოს, საზოგადოების, ოჯახის, მოყვასისა და პირადი მტრების წინაშე? რატომ არ თვლიან აქტუალურად ზრუნვას იმისთვის, რათა თითოეულ ადამიანს მუდმივად ახსოვდეს საკუთარი მოვალეობები? საქართველოს საპატრიარქოს რადიოთი გამოსვლისას ჯვართამაღლების ტაძრის წინამძღვარი მამა თეოდორე (გიგნაძე) ამბობდა, რომ ადამიანს უწინარეს ყოვლისა ღვთისგან დაკისრებული აქვს მოვალეობები და მხოლოდ ამის შემდეგ ეძლევა გარკვეული უფლებები მათ აღსასრულებლად. იგი იქვე განმარტავდა, რომ თუკი, ვთქვათ, ოჯახში მამა დაიწყებს ლაპარაკს მხოლოდ მამის უფლებებზე, დედა _ დედის უფლებებზე, შვილები _ შვილთა უფლებებზე, ხოლო მოვალეობები კი დაავიწყდებათ, მაშინ ეს ოჯახი აუცილებლად დაინგრევაო. და განა იგივე არ მოუვა ქართულ საზოგადოებასა და სახელმწიფოს, აქ რომ ყველამ თავიანთი უფლებები წამოსწიოს წინ და მოვალეობები კი დაივიწყოს?
რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, დასავლური ლიბერალური საზოგადოების მიერ აღიარებულ ადამიანის უფლებებში შედის ჰომოსექსუალისტების უფლებაც ეწეოდნენ თავიანთ მახინჯ ურთიერთობებს და საზოგადოების ვალდებულება მოთმინებითა და გაგებით ეკიდებოდეს ამას. მაგრამ ჯერ კიდევ ძველი აღთქმის ებრაელებს, ლევიანთა წიგნის 20-ე თავში, უფალი ამის გამო მკაცრად აფრთხილებს: „წმიდა ჰყავთ თქვენი თავი და წმიდები იყავით, რადგან მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი. დაიცავით ჩემი წესები და შეასრულეთ ისინი. მე ვარ უფალი, თქვენი გამწმედელი... ვინც მამაკაცთან დაწვება ისე, როგორც ქალთან წვებიან, სიბილწეს ჩაიდენენ ორივენი. უნდა მოკვდნენ. მათზეა მათი სისხლი... ვინც საქონელთან დაიჭერს კავშირს, უნდა მოკვდეს და საქონელიც უნდა მოკლათ. თუ ქალი საქონელთან სამაკინტლოდ მივა, მოკალი ქალიც და საქონელიც. უნდა დაიხოცონ. მათზეა მათი სისხლი“ (წიგნი ლევიანთა, 20. 7-16).
ასეთია ღვთის მცნებები, რომლებსაც, როგორც ჩანს, სამწუხაროდ, უკვე ნაკლებ ანგარიშს უწევენ თანამედროვე ლიბერალურ დასავლეთში. ამის მკაფიო დადასტურებას წარმოადგენს თუნდაც 2005 წლის მეორე ნახევარში ევროპულ კავშირში დატრიალებული მოვლენები. საქმე იმაშია, რომ როდესაც ამ რეგიონული გაერთიანების უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს _ ევროპარლამენტს წარედგინა მისი აღმასრულებელი ორგანოს _ ევროკომისიის (იგივე ევროპის მინისტრთა კაბინეტის) მორიგი შემადგენლობა დასამტკიცებლად ერთი წლის ვადით, მაშინ ევროპარლამენტის დეპუტატების უმრავლესობამ კატეგორიულად დაიწუნა იუსტიციის საკიხებში ევროკომისრის თანამდებობაზე იტალიის წარმომადგენლის როკო ბუტილიონეს კანდიდატურა, ვინაიდან იგი აცხადებდა, რომ ჰომოსექსუალიზმი მიაჩნია ცოდვად. დასამტკიცებელი ევროკომისიის თავმჯდომარის ბაროზოს მრავალმხრივი და დაჟინებული მცდელობების მიუხედავად ევროპარლამენტი ასევ დაჟინებითა და გადაჭრით უარყოფდა ბუტილიონეს კანდიდატურას. ამ უკანასკნლმა კი განაცხადა, რომ არის კათოლიკი და თავისი რელიგიური პრინციპების დათმობას ურჩევნია თანამდებობის დათმობა და თავად მოხსნა საკუთარი კანდიდატურა ევროკომისიის შემადგენლობიდან. ამის შემდეგ იტალიის მთავრობამ ევროკომისიაში წარადგინა სხვა იურისტი, რომელიც ალბათ ასე გულმოდგინედ არ იცავდა კათოლიკური აღმსარებლობის სწავლებას და იგი მისაღები აღმოჩნდა ევროპარლამენტის დეპუტატთა უმრავლესობისთვის. და განა ეს არ არის ანტიქრისტიანობის ზეიმი ევროპული კავშირის უმაღლეს სახელისუფლებო ორგანოებში, როდესაც ჯერ კიდევ ძველი ებრაელებისთვის ღმერთის მიერ სიკვდილის სასჯელის ქვეშ აკრძალული ჰომოსექსუალიზმი თანამედროვე ევროპელ ლიბერალებს აღარ მიაჩნიათ თვით ცოდვადაც კი?
გარდა ამისა, ამ რამდენიმე ხნის წინათ, იმავე ევროპარლამენტმა მიიღო დადგენილება იმის შესახებ, რომ საბერძნეთის ხელისუფლება არღვევს ადამიანის უფლებებს, ვინაიდან იგი ტურისტებს არ უშვებს ათონის მთაზეო. ინტერნეტის მასალებიდან ამოვიკითხეთ, რომ ამ დადგენილების წინააღმდეგ ხმა მისცა მხოლოდ საბერძნეთის დეპუტაციამ. საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებდა, რომ ევროპულ კავშირში მისი ქვეყანა შევიდა იმ პირობით, რომ ათონის წმინდა მთის ავტონომის საკითხს კავშირის ხელმძღვანელობა არასდროს არ შეეხებოდა, მაშინ ამაზე პირობა მოგვცეს, ახლა კი რატომ არღვევენ სკუთარ სიტყვასო? იქვე იყო ათონის მთის მამების კოლექტიური საპროტესტო განცხადება, ასევე მთის მმართველი ორგანოს _ კინოტის განცხადებაც.
საქმე იმაშია, რომ ქრისტიანულ სამყაროში საყოველთაოდ ცნობილი საეკლესიო გარდამოცემის მიხედვით, ათონის წმინდა მთაზე ქალების შესვლის აკრძალვა მოდის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლისგან და მას დღემდე მკაცრად იცავენ ათონზე მოსაგრე ბერ-მონოზვნებიცა და საბერძნეთის ხელისუფლებაც. ასევე ცნობილია, რომ როდესაც წმინდა მთაზე ქალების შესვლის რეალური საშიშროება შეიქმნება, მაშინ ივერიელთა მონასტრისა და ათონის მთის მცველი ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ივერიის ხატი პორტაიტისა (მეკარე, კარის მცველი) დატოვებს წმინდა მთას და გაუჩინარდება. ხოლო ამას შედეგად მოჰყვება ათონის მთის ჩაძირვა ზღვაში და სასტიკი, სისხლისმღვრელი ომებისა და არეულობების დაწყება მთელს დედამიწაზე _ უკანასკნელი ჟამის დადგომის მომასწავებელი.
და აი, ევროპარლამენტის დეპუტატების უმრავლესობას ან არ სჯერა ამ გარდამოცემის, ან კიდევ რატომღაც ძალიან ეჩქარება იმ საშინელი დროის დადგომა და კაცობრიობის აღსასრულის მოახლოება. ამ ორი მაგალითის მოყვანა საკმარისი უნდა იყოს იმაზე დასაფიქრებლად, რომ ღირს კი ევროკავშირში გაწევრიანებისთვის ზრუნვა და ამ ანტიქრისტიანულ ფერხულში ჩაბმა? მაცხოვარი ხომ გვაფრთხილებს, რომ ღვთის მიერ შთაბერილი უკვდავი სული ყველაზე უფრო ძვირფასია ადამიანისთვის და მთელი დედამიწის ქონებაც კი არ ღირს შესაძენად, თუკი ადამიანს მის სანაცვლოდ საკუთარი სულით მოუწევს ზღვევაო.
ამ საკითხს უკავშირდება ისიც, რომ XIX საუკუნეში დასავლეთ ევროპიდან წამოსული რევოლუციური აპოსტასიური და სულაც ანტიქრისტიანული იდეების, მათ შორის მარქსისტული ღმერთმებრძოლური მოძრაობის ფართოდ გაშლისა და XX ასწლეულის 20-იანი წლებიდან ათეისტური სახელმწიფოს მარწუხებში გამოვლის შედეგად დღევანდელი ქართული საზოგადოების პოლიტიკურად აქტიური ნაწილის ხელმძღვანელობა, რომლის აქტიურობასაც განაპირობებს დასავლეთიდან ამათუიმ ფორმით გარკვეული დაფინანსების მიღება, რბილად რომ ვთქვათ, მოიკოჭლებს ქრისტიანობისა და სულიერების სფეროში. ხშირად ეს ადამიანები ფიქრობენ ქვეყნის სატკივარზე, მის აყვავებასა და აღორძინებაზე, მაგრამ ნაკლებად ადარდებთ საკუთარი სულის ცხონების საკითხი _ არ ესწრებიან მართლმადიდებლურ წირვა-ლოცვას სავალდებულო დღეებში (შაბათ-კვირას და დიდ დღესასწაულებზე), ან თუ ხანდახან ესწრებიან, არ გულმოდგინეობენ ეკლესიისა და წმინდა მამათა სწავლებებში ჩასაღრმავებლად, გაუწითლებლად ცრუობენ, ცილს სწამებენ, ძალადობენ, კლავენ კიდეც ადამიანებს. ხელისუფალნი თავად ქონებას იხვეჭენ და ის კი ავიწყდებათ, რომ თითოეული ადამიანი ღვთის საყვარელი შვილია და თითოეულს უფლის მიერ ნაბოძები აქვს უკვდავი სული, რომ მათი სიცოცხლის ხელყოფა სხვა ადამიანების მიერ, განსაკუთრებული პირობებისა და გარემოებების გარდა, დაუშვებელია. რომ ასევე დაუშვებელია ადამიანისთვის შთაბერილი ღვთაებრივი სულის ჭურჭლის _ მისი სხეულის დაზიანება და დაავადება როგორც ამ ადამიანის მიერ (სიძვა-მრუშობა, ნაყროვანება მემთვრალეობა, ნარკომანია), ისე ხელისუფლების მიერაც (მოსახლეობის ყოფნა შიმშილის, სიცივის, მავნე გამონაბოლქვების, დაბინძურებული გარემოს და სხვა მსგავს პირობებში), და ყოველივე ეს თითოეულ ჩვენგანს მოეკითხება უფლისგან, მოეკითხებათ ხელისუფალთაც იმ სამსჯავროზე, საიდანაც ისინი თავის დაღწევას ვერ შეძლებენ.
ქრისტიანული სწავლებით, თუკი ვინმეს აწუხებს ქვეყნის მდგომარეობა, იგი უწინარეს ყოვლისა საკუთარი სულის მდგომარებასა და მის ცხონებაზე უნდა ზრუნავდეს. თუკი იგი ამაში გულგრილობას იჩენს, მაშინ არასრულყოფილი, არასრულფასოვანი და ნაკლული იქნება მისი მოღვაწეობაცა და ამ მოღვაწეობის ნაყოფიც. ასეთი ადამიანი უკეთეს შემთხვევაში აღზრდილია ჩვენი დიდი მოღვაწეების, განსაკუთრებით წმინდა ილია მართლისა (ილია ჭავჭავაძის) და მის მიდევართა მემკვიდრეობაზე და ეროვნულ-სულიერი მუხტიც მათგან შეუძენია. მაგრამ ამ მუხტს ხომ ხომ შემდგომი განვითარება და გაძლიერება სჭირდება, მას ხომ მუდმივი კვება და მოვლა-პატრონობა უნდა? ამაზე კი არ უნდა დაფიქრება.
ასეთი ადამიანები ეცნობიან კათოლიკურ, ანგლიკანურ, ლუთერანულ და კალვინისტურ ან სულაც ათეისტურ დასავლეთში აღზრდილი ავტორების მსოფლმხედველობასა და საქმიანობას ეკონომიკის, პოლიტიკისა და სხვა სფეროებში, საკუთარი მართლმდიდებლური სულით აღზრდილი ბერძენი, რუსი, სერბი, ბულგარელი, რუმინელი, თუნდაც იგივე ამერიკელი (მღვდელმონოზონი სერაფიმე როუზი) წმინდა მამების და დედების, გამორჩეული საეკლესიო მოღვაწეების, ასევე ეკონომიკის, პოლიტიკის, ფსიქოლოგიისა და სხვა დარგების მკვლევარი სპეციალისტებისა და ავტორების ნაწერებს კი თავს არიდებენ. და სწორედ ეს განაპირობებს მათი სულიერი წვდომის ზედაპირულობასა და ზერელობას, მათი მოღვაწეობის არასრულფასოვნებას, მათ მუდმივ შინაგან კონფლიქტებსა და იმედგაცრუებას. უფალი ხომ არ დაუშვებს იმას, რომ საზოგადოების მნიშვნელოვანმა ნაწილმა დაუჯეროს ისეთ ადამიანებს, რომელნიც გულგრილი არიან საკუთარი სულის ცხონებისადმი, და მათ გაჰყვეს უკან დაღუპვისა და სულის წარწყმედის გზაზე. ვინაიდან ცათა სასუფევლის დამკვიდრებისკენ მიმავალი გზა ია-ვარდით მოფენილი არ არის, იგი ვიწრო და ეკლიანია, არ არავინ მიაცილებს ამ გზაზე მავალთ „დოლ-გარმონითა და ელექტრო-გიტარებით“. მაცხოვარი გვასწავლის, რომ „ცათა სასუფეველი იიძულების, და ვინც საკუთარ თავს აიძულებს ქრისტიანული ცხოვრებით იცხოვროს, იგი მიიტაცებს მას“. ხელში კი სულის ცხონება თავისთავად არავის ჩაუვარდება. ხოლო თუ მარადისობაში ჯოჯოხეთში აღმოჩნდება მავანისა და მავანის სული, განა კი რა ფასი ექნება მის ამქვეყნიურ დროებით ცხოვრებას, აქაურ „წუთისოფელს“ მარადისობის თვლსაზრისით, „მდგმურობს ამ ქვეყნად“, როგორც ჩვენი ბიბლიური სულიერი მამამთავარი აბრაამი ამბობდა? ალბათ მხოლოდ მაგალითისა, რომ სხვებმა ასე არ უნდა იცხოვრონ, რათა არ აღმოჩნდნენ უკუნითი უკუნისამდე იქ, „მატლი მისი არ კვდება, და ცეცხლი მისი არ ნელდება“.
ჩვენი ნათქვამის საილუსტრაციოდ დასასრულს ვიტყვით, რომ ამ ორი-სამი თვის წინ გაზეთ „ახალ 7 დღეში“ გამოვაქვეყნეთ ჩვენს მიერ თარგმნილი თანამედროვე რუსი პოლიტიკოსისა და მეცნიერის ნატალია ნაროჩნიცკაიას წერილი „კულტურის რელიგიურ-ფილოსოფიური საფუძვლები“, რომელსაც ქვესათაურად ჰქონდა _ „ლათინური დასავლეთი და მართლმდიდებლური აღმოსავლეთი, აპოსტასიის (ღმერთისგან დაშორების) ორი გზა, ერთი დრამატული შედეგი მესამე ათასწლეულის ზღურბლზე“, რომელშიც ავტორი ლაპარაკობს ღმერთისგან ადამიანთა განდგომის მიზეზებზე არა მხოლოდ დასავლეთში, არამედ მის მშობლიურ რუსეთშიც, და ეს ორივე დიდად სტკივა მას. ასევე სულ ახლახანს გმოვაქვეყნეთ ათენისა და სრულიად ელადის მთავარეპისკოპოსის ქრისტოდულოსის მიერ არეოპგში წაკითხული მოხსენება „მართლმადიდებლობის როლი და ამოცანები გაერთიანებულ ევროპაში“ და იქვე ელადის ეკლესიის უწმინდესი სინოდის განჩინება „ევროპული კავშირის ქრისტიანული საფუძვლების შესახებ“ (2000 წლის ივნისი).
ამ წერილებში დაინტერესებული მკითხველი ბევრ საგულისხმოსა და სასარგებლოს აღმოაჩენს ქრისტიანული თვალსაზრისით თანამედროვე პოლიტიკის საკითხებში გარკვევის მხრივ. ქვემოთ ამავე მიზნით გვინდა მოვიყვანოთ მცირე ამონარიდის თარგმანი რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სანკ–ტპეტერბურგისა და ლადოგის მიტროპოლიტის იოანეს (სნიჩევი) წიგნიდან «Последняя битва» („უკანასკნელი ბრძოლა“): „რუსეთის ისტორია გვასწავლის, რომ საზოგადოება, რომელსაც სურს სახელმწიფოებრივი (დერჟავული) ნიშნების შენარჩუნება, უნდა აღიარებდეს, რომ უმაღლესი ხელისუფლება ქვეყნაში ეკუთვნის არა რომელიმე პარტიას, არა ორგანიზაციას ან საზოგადოებრივ ფენას და არც თვით ხალხს მთლიანობაში, არამედ იგი ეკუთვნის ზნეობრიობის ფუძემდებლურ პრინციპებს: „არა იცრუო!“, „არა იპარო!“, „არა იმრუშო!“, „არა იძუნწო!“, „არა გშურდეს!“, „არა იბოროტო!“, „არა იამაყო!“ _ აი რა უნდა განსაზღვრავდეს ჩვენს ცხოვრებას...
მართლმდიდებელი რუსეთის კონსტიტუცია ყოველთვის იყო ღვთის მცნებები. სახარებისეულ მცნებებში თავად უფალმა ღმერთმა განუცხადა ადამიანებს თავისი წმინდა ნება, და ამიტომ ხელისუფლების სხვა წყაროს მას შემდეგ ქრისტიანობა არ აღიარებს. სახელდობრ ამ ხელისუფლებას ასხამდა ხორცს თავისი სახით ღვთივ ცხებული _ რუსი მეფე. აი რატომ მიილტვოდა რუსული სახელმწიფოებრიობა მოწყობის თვითმპყრობელური ფორმისაკენ. რუსული თვითმპყრობელობა არის არა იმდენად პოლიტიკური სისტემა, რამდენადაც რელიგიური, რომელიც მოწმობს ხელისუფლების ბუნებასა და მიზნებზე ხალხის ზნეობრივი შეხედულებების სიმაღლის შესახებ.
ასეთი შეხედულებებისას თავად ხალხის ადგილი რუსული დერჟავის სახელმწიფოებრივ და საზოგადოებრივ ორგანიზმში ყოველთვის გაცილებით უფრო საპასუხისმგებლო და საპატიო იყო, ვიდრე ის, რომელსაც სთავაზობენ მას ახლა „ხალხის ხელისუფლების“ (დემოკრატიის _ ი. ხ.) მლიქვნელი მომხრეები. თავის კრებსით სისრულეში (სისავსეში, რუს. соборная полнота) იგი წარმოადგენდა რელიგიური ზნეობრიობის სიწმინდეთა ცოცხალ შემნახველს მათ ცხოვრებისეულ-პრაქტიკულ, ყოფიერებით, ყოველდღიურ განსაზღვრულობაში. და ასეთ მსახურებას ხალხი არასდროს არ წყვეტდა. ამიტომ დღესაც, რუსეთის განსახრწნელად ეშმაკეული ძალისხმევის მიუხედავად, ცოცხალია კიდევ რუსული სული და არის მტკიცე საფუძველი ქვეყნის აღორძინებისთვის.
ამ გზაზე დაბრკოლებას (როგორ უცნურადაც არ უნდა ეჩვენებოდეს ეს ახლანდელ საზოგადოებრივ აზრს) წარმოადგენს უწინარეს ყოვლისა მითი „ხალხის ხელისუფლების“ შესახებ. ეს პრინციპი საქმით განუხორციელებელია. მიპასუხეთ რუსო ადამიანებო (შეგვიძლია ვთქვათ _ ქართველებოც _ ი. ხ.), გულზე ხელის დადებით: რომელი თქვენგანი გრძნობს დღეს საკუთარ თავს „ხელისუფლების მქონედ“? ხალხის ხელისუფლების ლოზუნგი _ მხოლოდ მზაკვრული სატყუარაა მიმნდობი ადამიანებისთვის, შირმაა, რომლის უკანაც თავიანთ ბნელ საქმეებს აგვარებენ პოლიტიკანები, რომლებიც ღირსებისა და სინდისის გარეშე ძარცვავენ ხალხს „ხალხისავე სახელით“. ასე რომ მოდით ვთქვათ პატიოსნად _ არავისთვის თავისი ძალაუფლება ხალხს არ გადაუცია იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ეს ძალაუფლება მას არასდროს არც ჰქონია“.
რუსი მიტროპოლიტის ამ სიტყვებშიც ბევრი რამ არის ჩვენთვის, ქართული სახელმწიფოს მშენებლობისთვის, საგულისხმო და საყურდღებო. ღმერთმა შეგვაძლებინოს ღვთის სამეფოს (ცათა სასუფევლის) ძიების გზაზე სიარული და ჩვენი საზოგადოებრივი და პოლიტიკური საქმიანობით ღვთისა და ერის სამსახურში ყოფნა.
ირაკლი ხართიშვილი
2006 წლის ივლისი
გვიანდელი შენიშვნა: ეს წერილი გაზეთ „ახალი 7 დღის“ რედაქციამ არ გამოაქვეყნა, თუმცა კი მანამდე მასთან წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში სისტემატიურად ვთანამშრომლობდი. წერილის გამოუქვეყნებლობის მიზეზი ჩემთვის არ აუხსნიათ. მალევე იყო ინციდენტი რუსი სამხედრო მზვერავების დაკავებასთან დაკავშირებით, რაზედაც ასევე წერილი გავამზადე ამ გაზეთისთვის. მისი შინაარსი მოკლედ გავაცანი ერთერთ თანარედაქტორს, მითხრეს ჩვენ თვითონ დაგირეკავთო და... აღარ დამირეკეს. შემდეგ კი _ „დასრულდა მათი ამბავი, ვითა სიზმარი ღამისა...“
No comments:
Post a Comment