Thursday, September 22, 2016

აკადემიკოსი დუბროვინი საქართველოში არსებული მღელვარებებისა და მათში სამეფო სახლის წევრთა მონაწილეობის შესახებ

(შემოთავაზებული მასალა წარმოადგენს ნიკოლოზ დუბროვინის წიგნის «Исторiя войны и владычества русскихъ на Кавказе» /томъ III, Санктпетербургъ, 1886/ შესაბამისი თავის თარგმანს)

თავი XXIV 

(მღელვარებანი საქართველოში და მათში სამეფო სახლის წევრთა მონაწილეობა)

განა შეიძლება ბრალს ვდებდეთ ქართველებს, რომლებსაც, როგორც ჩვენ ვნახეთ, მეტად თავისებური ზნე-ჩვეულებები და წესრიგი ჰქონდათ, ბრალს ვდებდეთ იმაში, რომ ისინი მიეჩვივნენ უყურებდნენ, მაგალითად, თავიანთ მეფეს თავიანთი განსაკუთრებული, მხოლოდ მათთვის დამახასიათებელი თვალით, რომ მათ არ ესმოდათ ჩვენი მმართველობისა, ჩვენი სამართალწარმოების წესრიგისა? ხალხისთვის უცხო იყო ის ადმინისტრაციული ზომები, რომლებიც კარგი იყო ველიკორუსული გუბერნიებისთვის. ეჭვი არ არის იმაში, რომ საქართველოს თვითმმართველობაში არანაკლები ბოროტადგამოყენებანი არსებობდა, ვიდრე ისინი უმაღლესმა მთავრობამ (რუსულმა – ი. ხ.) დაუშვა; რომ მეფეთა და თავადების თვითნებობა ხალხს მძიმე ჩაგვრად აწვებოდა; მაგრამ ეს თვითნებობა ხალხის ხასიათიდან ამოვიდა, წეს-ჩვეულებებითა (ადათებით) და საუკუნოვანი სიძველით იყო ნაკურთხი, რომელმაც ის საქართველოს პოლიტიკურ სხეულთან შეაუღლა (შეზარდა). უმაღლესმა მთავრობამ კი, თავისი მმართველობის პირველი დღეებიდანვე, ხალხური წეს-ჩვეულებანი დაარღვია და ამით მრავალი უკმაყოფილო და განაწყენებული (დაჩაგრული) წარმოშვა. ქართველები ძველ წესრიგს იცავდნენ, ჩვენი მთავრობა კი ახლისადმი დამორჩილებას მოითხოვდა. ამის გამო, სულ დასაწყისიდანვე, თითქმის მანიფესტის გამოცხადების დღიდან, გაუგებრობანი და ხალხის მიერ უკმაყოფილების გამოთქმა დაიწყო. ბოროტად გამოყენებანი კი, რომლებიც მხარის ადმინისტრაციაში შეიპარა, უწესრიგობებისა და ადამიანთა გონების დუღილისათვის ახალ საბაბს იძლეოდა.

კახეთის მცხოვრებნი სასამართლოებს არ ემორჩილებოდნენ, სურდათ რუსული მმართველობა ჩამოეცილებინათ და შეთანხმდნენ საკუთარი თავი თვითონ ემართათ. ბევრი თავადი ერევანშიც კი წავიდა, იქ მყოფ ალექსანდრე ბატონიშვილთან. ქართლში «საქმეები ასეთივე ფეხზეა», მოახსენებდა ლაზარევი. თათრები, რომლებისთვისაც მათთან სამხედროების დგომა უჩვეულო იყო, უკმაყოფილონი იყვნენ იმით, რომ მათთან ჯარებია განლაგებული, აპირებდნენ გაქცეულიყვნენ და საქართველოს საზღვრებს გასცლოდნენ. მომთაბარე ხალხი ყაზახები, მაჰმადიანური რჯულისა, მათთვის მოურავის შეცვლის სურვილის გამო ჩვენი მთავრობის უკმაყოფილონი იყვნენ.

საკუთარ თავზე საქართველოს მეფის ძალაუფლების ცნობის დროიდან, ყაზახები ყოველთვის თავად ჭავჭავაძეთა საგვარეულოდან დანიშნული მოურავების მიერ იმართებოდნენ (*). შეიტყვეს რა ჯერ კიდევ გიორგი XII-ის სიცოცხლეში, რომ მათი მართვა სხვა პირს უნდათ ჩააბარონ, მათ მაშინვე გამოაცხადეს, რომ არ დარჩებიან საქართველოს ველებზე და მომთაბარეობისათვის საზღვარგარეთ წავლენ.

(*ყაზახები საქართველოში ყველაზე უფრო ძველი დროიდან მომთაბარეობდნენ, ჯერ კიდევ შაჰ-აბას დიდამდეც. ამ ხალხის საქართველოში დასახლების დროის განსაზღვრა ძნელია. ისინი საქართველოს მეფეებს უხდიდნენ ხარკს და მათ სამართავად, მათ საკუთარ თავკაცებზე ზევით, ქართველი თავადები ინიშნებოდნენ. ნადირ-შაჰმა ყაზახები ერეკლე II-ს მუდმივ მფლობელობაში მისცა, ხოლო მან კი მათი მართვა თავად ჭავჭავაძეთა საგვარეულოს ჩააბარა. 

იმყოფებოდა რა გასული ასწლეულის ბოლოს პეტერბურგში, თავადმა ჭავჭავაძემ მიიღო ცნობები, რომ ყაზახები მომთაბარეობისთვის სპარსეთში წავიდნენ, და ამის კვალდაკვალ შემდეგ წერილიც ერეკლესგან, რომელიც მოითხოვდა, რომ იგი ტფილისში ჩამოსულიყო. ჩვენი მთავრობის ნებართვით, თავადი ჭავჭავაძე ჯერ საქართველოში გაემგზავრა, ხოლო შემდეგ კი სპარსეთშიც, დაიყოლია ყაზახები დაბრუნებულიყვნენ და უწინდელ ადგილებზეც ისინი თავად მოიყვანა. მისცა რა /მათი/ მმართველობა თავის ძეს, იგი ისევ პეტერბურგში დაბრუნდა. იხ. Арх. Мин. Внутр. Делъ, дела Грузiи, ч. II, 199.) 

სწორედ იგივე იყო ახლაც. საქართველოს მმართველმა, რომელსაც სურდა პირადი ურთიერთობების გამო თავადი ჭავჭავაძე ყაზახების მართვისგან ჩამოეცილებინა, ხალხის თავკაცებს თავისთან მოწოდა და აიძულებდა მათ, რომ თავიანთ მოურავზე უკმაყოფილება გამოეთქვათ. ყაზახებმა ასეთი მოთხოვნის შესრულებაზე უარი განაცხადეს და თავად ჭავჭავაძის მმართველობის ქვეშ მათი დატოვების შესახებ თხოვნაც წარადგინეს, ჰპირდებოდნენ რა, წინააღმდეგ შემთხვევაში, საქართველოდან წასულიყვნენ (Докладная записка Лошкарева вице-канцлеру, 9-го iюля 1802 г. – Прошенiе кн. Чавчавадзе Государю Императору, въ iюле 1802 г. Арх. Мин. Внутр. Делъ, дела Грузiи, ч. II, 199 и 200).

მმართველის (კოვალენსკის – ი. ხ.) თვითნებური, არაფრით არ დასაბუთებული მოქმედებები უკმაყოფილოთა რიცხვს ზრდიდა. ტფილისელმა ვაჭრებმა უარი თქვეს ხარკის (გადასახადების) გადახდაზე და, კნორინგის გეორგიევსკში გამომგზავრების დღეს, ყველა სავაჭრო დაკეტეს. გრაფი მუსინ-პუშკინი სწერდა ლაზარევს, სთხოვდა რა მას წესრიგის აღსადგენად ბანაკიდან ტფილისში დაბრუნება ეჩქარა. გრაფი უმატებდა, რომ ამის შესახებ სთხოვს მას ბევრი პირი უპირველესი თავადური გვარებიდან. მოვიდა რა საქართველოს დედაქალაქში, ლაზარევმა დაინახა, რომ სამეფო საგვარეულო «არის პირველი ზამბარა მთელი მღელვარებებისა».

რუსეთისადმი ერთგულ პირებს ავიწროვებდნენ; ქალაქში ხალხი ღელავდა. დარეჯან დედოფალმა კაცი გაგზავნა ერევანში თავის ძესთან ალექსანდრესთან ახალი კაბითა და 1.000 მანეთი ფულით. ვახტანგ ბატონიშვილმა, რომელიც დუშეთში იმყოფებოდა, თავისი ძალაუფლების ქვეშ მყოფთ აუკრძალა დუშეთის ისპრავნიკს დამორჩილებოდნენ. ფარნაოზი იმერეთიდან იწერებოდა, რომ ლეკების, იმერლებისა და თურქების მნიშვნელოვანი ჯარებით მალე საქართველოში ჩამოვა. იგი ხალხს იწვევდა მას შეერთებოდნენ. დავით ბატონიშვილს, სპილენძის ქარხნის მოწყობის საბაბით, განზრახული ჰქონდა თავისი მომხრეები მუშების მოკრძალებული სახელის ქვეშ შეეკრიბა. თავის განზრახვათა უფრო მოხერხებულად აღსრულებისთვის, იგი აპირებდა ტფილისი დაეტოვებინა და ბორჩალოში გამგზავრებულიყო, სადაც ვითომდა უკვე სპილენძის მადნის საბადოები მოიძია. ყოველგვარი ეჭვის თავიდან აცილებისთვის, იგი გრაფ მუსინ-პუშკინს სწერდა, მას აზრსა და რჩევებს ეკითხებოდა, მაგრამ უკანასკნელი თავიდან პასუხს აყოვნებდა, ხოლო შემდეგ კი ურჩევდა ეს ძიებანი მიეტოვებინა. მაშინ დავითი მთებზე გადავლით ბორჩალოს თათრებთან გაეშურა, იქ უკეთესი ჰაერისა და თავისი შერყეული ჯანმრთელობის მომჯობინების საბაბით, არსებითად კი თავისი ბიძებისა და ძმების დასახმარებლად, რომლებსაც კიდეც შეუერთდა.

კათოლიკოსი ბატონიშვილი ანტონი, თუმცა კი იყო «უჩვეულოდ მძიმე აგებულების (წყობის, сложенiе) ადამიანი, მაგრამ ამასთან ერთად არცთუ უკანასკნელი მოქმედი პირი დარეჯან დედოფალთან ერთად» (Рапортъ Соколова кн. Куракину отъ 20-го сентября 1802 г. Арх. Мин. Иностр. Делъ).

იყო რა ყველა ჩანაფიქრის მოთავე, დარეჯან დედოფალი თავი მომხრეებს ამხნევებდა, და პირიქით ყოველგვარი ხმებითა და მუქარებით იმ პირებს აშინებდა, რომლებიც რუსეთისადმი იყვნენ ერთგულნი. ენერგიული და ინტრიგებში დახელოვნებული ქალი თავისი მიზნების მიღწევისთვის საშუალებების არჩევაში არ მორცხვობდა.

დარეჯანმა რამდენჯერმე მიაგზავნა თავისი მომხრეები სარდალ თავად ორბელიანთან, თავის მხარეზე მისი გადაყვანის მიზნით. იგი ცდილობდა მისთვის დაემტკიცებინა, რომ რუსებმა იგი (თავადი ორბელიანი) სრულიად გაძარცვეს, სარდლისა და სახლთუხუცესის წოდება ჩამოართვეს. დედოფალი კითხულობდა: სად არის მისი სოფლები? სიმდიდრე? – და, მიუთითებდა რა იმაზე, რომ ისინი ვითომდა რუსების მიერაა ჩამორთმეული, ჰპირდებოდა მისთვის ყველაფერი დაებრუნებია, თუ ეს უკანასკნელი მისი პარტიის მომხრე გახდებოდა. ორბელიანი წერილობით დაპირებას მოითხოვდა. დარეჯანი ამის აღსრულებას მხოლოდ მაშინ თანხმდებოდა, როცა ორბელიანი მას ერთგულებას შეჰფიცებდა. ყოფილმა სარდალმა უარი თქვა ასეთი სურვილი აღესრულებია, და დედოფალმაც უარით უპასუხა თავისი დაპირებანი ქაღალდზე გადმოეცა.

მარიამ დედოფალი, რომელიც ამ დრომდე დავით ბატონიშვილთან, თავის გერთან, ნაჩხუბრი გახლდათ, ახლა შეურიგდა და მასთან ხშირი სტუმრობა დაიწყო.

ყაზახელმა აღალარებმა ალექსანდრეს წერილი მიიღეს. ლაპარაკობდა რა საქართველოში ჯარებით თავისი მალე შემოსვლის შესახებ, ბატონიშვილი სთხოვდა მათ ამისა არ შეშინებოდათ. ალექსანდრე არწმუნებდა, რომ მოდის სულაც არა იმიტომ, რომ ქვეყანა ააოხროს, არამედ ერთადერთი მიზნით, რომ რუსები საქართველოდან განდევნოს. ზოგიერთი აღალარი ბატონიშვილთან საჩუქრებითა და თავიანთი ერთგულების გამოხატვით გაემგზავრა. ბორჩალოს თათრები ყაზახელებს უყურებდნენ და ფიქრობდნენ მათი მაგალითისთვის მიებაძათ.

თეიმურაზი, რომელიც ამ დროს სურამში თავის სამფლობელოებში იმყოფებოდა, ხალხსა და თავადებს აღელვებდა (Рапортъ капитана Бартенева 29-го iюня 1802 г.). ბატონიშვილისადმი ერთგულმა თავადმა აბაშიძეებმა მიმოწერა დაიწყეს იმერლებთან და დახმარებას სთხოვდნენ.

– შენ ჩემთან სახლში რატომ არ შემოდიხარ, – ეკითხებოდა თეიმურაზი ხადირბეგიშვილს, – ჩანს რუსების ერთგული ხარ.

– ერთგული ვარ, – პასუხობდა ხადირბეგიშვილი, – იმიტომ რომ ფიცი მივიღე.

– ნუ, მე შემიძლია შენ კიდევ გირტყა, – შენიშნა თეიმურაზმა, – დავით ბატონიშვილს მოვახსენებ, და შენ დაგატყვევებენ. ნურც კაპიტნის (ე. ი. ბარტენევის) იმედი გექნება და ნურც რუსებისა; ოცი დღის შემდეგ რუსები აქ სულაც აღრ იქნებიან.

– სადაც რუსები იქნებიან, მეც იქ ვიქნები.

– მამაჩემმა სამეფო რუსებს მისცა, – ეუბნებოდა სამი დღის შემდეგ თეიმურაზი იმავე ხადირბეგიშვილს, – იმიტომ რომ სულელი იყო, მე კი მასზე ჭკვიანი ვარ და ყველა ციხესიმაგრეს დავეუფლები.

ეკლესიებში, იმავე ბატონიშვილის ბრძანებით, მსახურების დროს მას და მის ძმას დავითს მოიხსენიებდნენ. თავადი აბაშიძეები ახალციხის ფაშასთან და იმერლებთან მიმოწერას აგრძელებდნენ. 5 ივლისს, სურამის მცხოვრებმა ნიკოლოზ ჭუბაძემ დაასმინა, რომ თეიმურაზ ბატონიშვილმა მიიღო წერილები ტფილისიდან და იმერეთიდან. წაიკითხა რა წერილები, მან ისინი ლოგინის ქვეშ შეინახა და აბაშიძეს უთხრა, რომ ბამბაკში განლაგებული რუსების რაზმი სპარსელთა თავდსახმისგან იწვნევს, და თავისი უმნიშვნელობის გამო, რა თქმა უნდა, განადგურებულ იქნება.

თავადი აბაშიძე თავის მომხრეებთან ერთად ხმებს ავრცელებდა, რომ კნორინგი, ბრუნდებოდა რა გეორგიევსკში, მთიელების მიერ იქნა მოკლული და მასთან მყოფი კაზაკებიც ასევე დახოცილები არიან (Рапорты кап. Бартенева Симоновичу 29-го iюня и 2-го iюля. – Письмо ему же 5-го iюля. – Рапортъ Лазарева кн. Цицiанову 18-го февраля 1803 г. Акты Кавк. Археогр. Комм., т. I).

ეს ხმები მით უფრო სარწმუნო ჩანდა, რომ დუშეთში მცხოვრები ვახტანგ ბატონიშვილიც მათ ასევე ადასტურებდა. ამბობდნენ, რომ იგი გახლდათ იმ მოჩვენებითი უბედურების მიზეზი, რომელიც კნორინგს შეემთხვა.

– სამართლიანია თუ არა ეს ხმები? ეკითხებოდნენ ვახტანგს დუშეთის მოსამართლე და მაზრის ისპრავნიკი.

– მე ვვარაუდობ, რომ მე ერთს მაქვს ამის შესახებ ცნობა, – პასუხობდა ორაზროვნად ბატონიშვილი.

იცოდნენ რა თაგაურელთა ვერაგობა და ზნე-ჩვეულებანი, ქართველებს კნორინგს შემთხვეული უბედურების შესაძლებლობისა სჯეროდათ. მალევე ლაზარევმა შეიტყო წყარო, რომლისგანაც ასეთი ცნობები ამოდიოდა, და თავად საბაბიც მათი გახმაურებისთვის.

ძარცვებმა თაგაურის ხეობაში, ყაჩაღობამ და გამვლელებზე თავდასხმებმა აიძულეს კნორინგი, რათა თაგაურის ხალხის ერთერთი მთავარი თავკაცის, აჰმედ დუდარუკოს დასასჯელად ზომები მიეღო. მთავარსარდალმა უბრძანა კავკასიის გრენადერთა პოლკის ერთ ასეულს, ვლადიკავკაზის ციხესიმაგრეში განლაგებული ორი ასეულიდან ერთერთს, კავკასიონის მთების დეფილეს (ვიწრობის) შიგნით 25 ვერსით წინ გამოსულიყო, ისეთი ანგარიშით, რომ ასეულს შეძლებოდა მისთვის დანიშნულ ადგილზე 20 ივნისისათვის მოსულიყო, ე. ი. იმ დროისათვის, როცა თავად კნორინგი, საქართველოდან თავისი დაბრუნების დროს, იქვე კაზაკთა ბადრაგით მივიდოდა.

20 ივნისს რაზმები შეერთდნენ, და კნორინგი მაღალ მთაზე გაჩერდა. რაზმის საპირისპიროდ, ასევე ამაღლებულ ადგილას, დუდარუკო ახმეტოვის სოფელი იყო გაშლილი. მთავარსარდალმა დუდარუკო თავისთან ახსნა-განმარტებისთვის მოითხოვა. ახმეტოვმა ამაზე საპასუხოდ ქვის სამი სახლი თავდაცვისთის მოამზადა, რომლებშიც თავის თანამზრახველებთან ერთად ჩაჯდა. ასეული და 200 კაზაკი სოფელზე შეტევისთვის იქნენ გაგზავნილნი. თაგაურელები შემომტევებს თოფის ძლიერი ცეცხლით დახვდნენ. სოფელი დაიწვა, ბევრი სახლი დაინგრა და თავდაცვაში მყოფებსაც საფრთხე ემუქრებოდათ. დუდარუკომ ითხოვა შეტევა გაეჩერებინათ და ჰპირდებოდა ყველა მოთხოვნა შეესრულებინა. ოსების ექვსი თავკაცი თავდებად გამოვიდა და საკუთარ თავზე აიღო პასუხისმგებლობა იმაში, რომ დუდარუკო ძარცვას შეწყვეტდა და ყველაფერ მიტაცებულს დააბრუნებდა. თავის მხრივ დუდარუკომაც ამანათები მისცა.

კავკასიის ხაზის საქართველოსთან შეტყობინების უზრუნველყოფა ისეთი მნიშვნელოვანი იყო, რომ კნორინგმა, ამ წარმატების მიუხედავად, აგვისტოში თაგარეულებეთან წერილობითი პირობა დადო, რომლის მიხედვითაც მისცა მათ უფლება: 1) თაგაურის ათი საგვარეულოს წარმომადგენლებს, რომლებიც ბალთიდან დარიალამდე გასასვლელს ფლობდნენ, აეღოთ ბაჟი გზად მიმავალი ვაჭრებისგან, ქართველებისა და სომხებისგან; 2) თაგაურელთა სამფლობელოებში ჩვენს მიერ აგებული თითოეულის ხიდისთვის ვალდებულება იკისრა წელიწადში 10 მანეთი გადაეხადა; 3) დაპირდა მათ ყაბარდოელთაგან შევიწროვებისა და მათი თავდასხმებისგან უზრუნველყოფას; 4) თავისუფალი მგზავრობის ნება მიეცა თაგაურებისთვის მოზდოკსა და ტფილისში, სადაც დაპირდა მფარველობასა და უზრუნველყოფას შევიწროვებათაგან ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან (Условiе, подписанное Кноррингомъ 30-го августа 1802 г.).

ერთგულებისა და დადებული პირობების შენარჩუნების საწინდრად, მან აიყვანა ამანათი, რომლისთვისაც დაპირდა წელიწადში 120 მანეთი ჯამაგირი ეძლია.

ასეთი იყო სინამდვილეში კნორინგთან დაკავშირებული შემთხვევები, რომლებსაც საქართველოში თავიანთი არსით გადაასხვაფერებდნენ და შეცვლილი, ცრუ სახით ავრცელებდნენ.

ლაზარევი, ატყობინებდა რა კოვალენსკის ყველა მოარული ხმის შესახებ, სთხოვდა ბატონიშვილები მათი მამულებიდან ტფილისში გამოეძახა, და განსაკუთრებით კი თეიმურაზ ბატონიშვილი.

ვერ მიიღო რა თუმცა კი პასუხი, ლაზარევი თავად გაემგზავრა სურამში, რათა თავიდან ხმების სამართლიანობაში დარწმუნებულიყო, ხოლო შემდეგ კი, თუ ისინი ნამდვილად არსებობდა, მაშინ თავადი აბაშიძეები, როგორც ბატონიშვილის მთავარი თანამზრახველები, დაეპატიმრებინა.

13 ივლისს, სურამამდე არმისული, იგი თეიმურაზს შეხვდა, რომელიც გორში ბრუნდებოდა. ლაზარევი და ბატონიშვილი ცდილობდნენ ერთი-მეორისთვის დაესწროთ. თეიმურაზმა წინა დღეს მიიღო ცნობა ლაზარევის სურამში მალე ჩამოსვლის შესახებ, იმავე დღეს აპირებდა გორში გამომგზავრებულიყო, და ამით პაემანი თავიდან აეცილებინა. ლეკების საფრთხემ აიძულა იგი მეორე დილას გამომგზავრებულიყო, რაც მათი შეხვედრის მიზეზი შეიქნა. არ აუხსნეს რა ერთმანეთს თავიანთი მგზავრობის ნამდვილი მიზანი, თითოეული თავისი გზით გაემართა, თეიმურაზი ქ. გორში გამოემგზავრა, ლაზარევი კი – სურამში. აქ ლაზარევმა თავად აბაშიძეთაგან ერთერთს თავისთან მოუწოდა.

– რომელი მიზეზი, – ეკითხებოდა იგი თავადს, – გაიძულებთ თქვენ სჩადიოდეთ ისეთ საქციელს, რომელიც ხელმწიფე იმპერატორისადმი მიცემული ფიცის საწინააღმდეგოა? 

აბაშიძე პასუხობდა, რომ არანაირი დანაშაული თავის მიერ ჩადენილი მან არ იცის, და ყველაფერს უარობდა.

– და რატომ არ ემორჩილებით თქვენ სასამართლოს? ჰკითხა მას ლაზარევმა.

– იმიტომ რომ ჩვენ გლეხებთან ვართ გათანაბრებული, – პასუხობდა აბაშიძე.

ლაზარევმა ბრძანა თავადი აბაშიძე და ყველა მისი მომხრე დაეპატიმრებინათ. თეიმურაზ ბატონიშვილი კი დრომდე გორში დატოვებულ იქნა (Рапортъ Лазарева Кноррингу 18-го iюля 1802 г., № 355).

ასეთ უწესრიგობებს შორის, საქართველოს მდგომარეობა ლეკების გამაჩანაგებელი თავდასხმებისგან დღითი-დღე სულ უფრო გაძნელებული ხდებოდა. ამ შემთხვევაში არ შეიძლება არ დავეთანხმოთ ლაზარევს, რომელიც ვარაუდობდა, რომ ლეკების მხრიდან განსაკუთრებით ხშირი ძარცვები და შემოჭრანი სამეფო საგვარეულოს ხრიკებით ხდებოდა. ბატონიშვილებსა და დედოფლებს უნდოდათ ხალხისთვის ეჩვენებიათ, რომ, მთელი სიფხიზლისა და მის სიმშვიდეზე ზრუნვის მიუხედავად, რუსული მთავრობა ამაში მცირე რამეს თუ ახერხებს. ცდილობდნენ ხალხში უნდობლობა აღეგზნოთ და ეჩვენებიათ, რომ, შევიდა რა რუსეთის ქვეშევრდომობაში და ვერ შეიძინა რა სიმშვიდე, მან ბევრი რამ დაკარგა.

«...რათა უფრო სწრაფად, – წერდა ლაზარევი (Рапортъ Лазарева Кноррингу 20-го iюля 1802 г.), – და გაცილებით უფრო საგრძნობლად ხედავდნენ თავიანთ ღონისძიებაში წარმატებებს, ისინი ყველანაირად ცდილობენ სხვადასხვა ხმები გაავრცელონ, აქაური ქვეყნების მცხოვრებლებში ჩვენს წინააღმდეგ დრტვინვა გაამრავლონ, ცდილობენ რა ასევე ჩაუნერგონ მათ აზრი, თუ რამდენად არახელსაყრელია მათთვის ახლა დამყარებული რუსული მმართველობა».

იმერეთში გაქცეული ბატონიშვილები ძალზედ საჭიროებდნენ ვახტანგის თანადგომას (დახმარებას), რომელიც, იმყოფებოდა რა მთების მცხოვრებთა მეზობლობაში, მათ მთიელი ტომების ამბოხებითა და კავკასიის ხაზთან შეტყობინების შეწყვეტით უნდა დახმარებოდა.

დაიწყეს რა ურთიერთობა და მიმოწერა, მათ დაარწმუნეს ბატონიშვილი, რომ ლეკებისგან თავის დაცვის გარეგნული შესახედაობით, რომლებიც, თუმცა კი, მის სამფლობელოზე თავდასხმებს არასოდეს ახდენდნენ, შეიარაღებულთა ბრბო შეეკრიბა, თითქოსდა მათი მოგერიებისთვის ემზადებოდა. ვახტანგი თაგაურელებთან და ოსებთან მოლაპარაკებებს აწარმოებდა, რომლებიც იმ მთების ხეობებში ცხოვრობდნენ, რომლებზედაც რუსეთიდან საქართველოში მიმავალი გზა გადიოდა. იგი მათ ამბოხებისთვის იყოლიებდა (ითანხმებდა).

ქმედითმა მიმოწერამ სამეფო სახლის წევრებს შორის, რომლებიც საქართველოს სხვადასხვა პუნქტში და მის გარეთ დაესახლნენ, მთელი ქვეყანა ქსელივით მოიცვა და ერთი მიზანი – მხარეში რუსული მფლობელობის მოსპობა ჰქონდა. პირველ ხანებში მისი წარმატებები დამაკმაყოფილებელი იყო. ტფილისი, როგორც ინტრიგების ცენტრი, ღელავდა. ადვილად მორწმუნე ხალხმა ქალაქზე სწრაფი და ძლირი თავდასხმის შესახებ დაიჯერა. ამბობდნენ, რომ რუსები, შეიტყვეს რა მოწინააღმდეგის მნიშვნელოვანი ძალების შესახებ და არ შეუძლიათ რა მათთან ბრძოლა, უკანდახევას ფიქრობენ. ეს უკანდახევა, არაკეთილმოსურნეთა სიტყვებით, სწრაფი და დაჩქარებული უნდა იყოს, რადგანაც, მათი სიტყვებით, კავკასიის ხაზიდან დახმარების იმედი არ უნდა ჰქონოდათ, იმიტომ რომ მთებში მცხოვრები ხალხები, ვახტანგ ბატონიშვილის რჩევით, ყველანი აჯანყდნენ და, დაიკავეს რა გზები, გადაჭრეს გზა, რომლითაც რუსულ ჯარებს საქართველოში შემოსვლა შეეძლებოდათ. ხალხი დრტვინავდა, მხნეობას კარგავდა და ლეკების შემოჭრისგან მომავალ უბედურებებს გაზვიადებული სახით წარმოიდგენდა. დარეჯან დედოფლის ბრძანებით, ავლაბრის ხიდი იქნა დამწვარი და ტფილისის შემოგარენში რამდენიმე გასროლაც მოახდინეს. მათ თავიანთი მოქმედება იქონიეს და ხალხის შიში გაზარდეს, რომელმაც მოისმინა დილით, რომ თითქოს ეს ლეკების პარტია გახლდათ, რომელიც ქალაქში დაუსჯელად შემოდიოდა.

«აქაური თავადებიდან და აზნაურებიდან, – მოახსენებდა ლაზარევი (Рапортъ Лазарева Кноррингу 20-го iюля 1802 г.), – რომლებსაც ყველას მათდამი ერთგული თავიანთი რამდენიმე ქვეშევრდომი ჰყავთ, ჩვენდამი გულმოდგინე ყველაზე უფრო მცირე ნაწილი დარჩა; და მათგანაც ვინც ჩვენდამი ერთგული გვეჩვენება, უეჭველია, ისეთებიც მოიძებნებიან, რომლებიც ჩვენცა და მოწინააღმდეგე მხარესაც თანაბრად ერთგულობენ, და შემთხვევისდა მიხედვით იმ მხარეს მიუდგებიან, საითკენაც მათი შეხედულებით ყველაზე უფრო მომგებიანი იქნება. ყაზახები, ბორჩალოელები და საერთოდ თათრები ჩვენდამი მეტად არაერთგულნი არიან, და მათთვის სასურველი ცვლილებისას ხელიდან არ გაუშვებენ შემთხვევას ჩვენს წინააღმდეგ აშკარად გამოვიდნენ, რომლებსაც ასევე განჯის ხანიც შეუერთდება, რომელმაც თავისი არაკეთილმოსურნეობა აქამდეც გვიჩვენა. მე ვვარაუდობ, რომ ერევნის ხანიც უკეთესად მიიჩნევს მათ პარტიას მიუდგეს, თუმცა კი ახლა ჩანს, რომ მათთან არ თანამონაწილეობს...»

ასეთ მდგომარეობაში არ შეიძლებოდა ხალხი მხოლოდ სიტყვებით დაემშვიდებინათ, აუცილებელი იყო მისთვის ნამდვილი, ფაქტიური დაცვა ეჩვენებინათ და უწინარეს ყოვლისა კი ყოველგვარი შემოჭრების, მტაცებლობისა და ძარცვა-რბევისგენ დაეცვათ. საქართველოს საზღვრების დაცვა პირველი და ყველაზე უფრო არსებითი აუცილებლობა გახლდათ.

თუ საქართველოს საზღვარს მოივლიდით, ბამბაკის პროვინციის სოფლებში იქნებოდით, თათარ ხალხებს: ყაზახებსა და ბორჩალოელებს, შამშადილისა და შულავერის სოფლებს ესტუმრებოდით, რომლებიც განჯის ხანის სამფლობელოებს ემეზობლებოდნენ, არ შეიძლებოდა მცხოვრებთა საუბედურო მდგომარეობაში არ დარწმუნებულიყავით. ყველგან ნაყოფიერი მიწა გვხვდებოდა, მაგრამ სოფლები კი, მტაცებელთა გარედან შემოჭრებისა და შინაური კრამოლებისგან, უკიდურესად გაჩანაგებული იყო. იმ ნაწილმა, რომელიც განჯისა და ერევნის სახანოებს ესაზღვრებოდა, ყველაზე უფრო მეტი უბედურებები გადაიტანა. ბამბაკი და შამშადილი ჯარებით ყველაზე უფრო მეტ უზრუნველყოფას მოითხოვდნენ, როგორც თავისი მდებარეობის მნიშვნელოვნების გამო, ისე ყველაზე უფრო მეტად დარბეულ მცხოვრებთა დაცვისთვისაც.

პირველ პუნქტში მუშკეტერთა მხოლოდ ორი ასეული, ეგერთა ასეული და ერთი ქვემეხი იყო განლაგებული, შამშადილში კი ჯარები სრულებით არ ყოფილა. კნორინგმა, საქართველოში თავისი ყოფნის დროს, ბამბაკში პოსტი ეგერთა კიდევ ერთი ასეულითა და 80 კაზაკით გააძლიერა, და მთელი რაზმის მეთაურად ეგერთა 17-ე პოლკის პოლკოვნიკი კარიაგინი დანიშნა. შამშადილში მუშკეტერთა ერთი ასეული, ეგერთა რვა ასეული (რომლებიც ახალი შტატებით ერთი ბატალიონიდან იყვნენ ჩამოყალიბებულნი და დაკომპლექტებას მოელოდნენ), 70 კაზაკი და სამი ქვემეხი გაგზავნა, ეგერთა 17-ე პოლკის შეფის გენერალ-მაიორ ლაზარევის უფროსობით.

უზრუნველყო რა ასეთნაირად საქართველოს საზღვარი სპარსეთის მხრიდან, მისი დანარჩენი მხარეების დაცვა, აუცილებლობის და მიხედვით, კნორინგს უფრო მეტად ხელსაყრელ დრომდე უნდა გადაედო, ესე იგი, ჯარების გაზრდამდე, მათ დაკომპლექტებასა და პოლკების სამბატალიონიან შემადგენლობაში მოყვანამდე, უწინდელი ორბატალიონიანი შემადგენლობის ნაცვლად. კნორინგი საქართველოდან გაემგზავრა. ლაზარევი გარემოებებმა ტფილისში გამოიძახეს. მღელვარებანი მხარეში ჯარების ყოფნას სხვადასხვა პუნქტში მოითხოვდა, მათი ზემოთ მოყვანილი განლაგება კი მოუხერხებელი და მიზნისადმი შეუსაბამო აღმოჩნდა. ახლა საჭირო იყო ისინი ისე განელაგებიათ, რომ შესაძლებელი ყოფილიყო შინაურ მღელვარებათა მოსპობა, ლეკების შემოჭრისგან უზრუნველყოფა და სპარსეთის საზღვარზეც დაეყენებიათ, დაანახვებდნენ რა შაჰს, რომ მისი თავდასხმები საქართველოს წინააღმდეგ დაუსჯელი არ დარჩება, რომ რუსული ჯარები ყოველთვის მზად არიან მის დასახვედრად.

ბაბა-ხანის თავდასხმების შემთხვევაში, ლაზარევს მოვალეობად დაეკისრა მაშინვე შეეკრიბა რაზმი და ერევნის საზღვრისკენ დაძრულიყო, საქართველოს მმართველისგან კი მოეთხოვა, რათა მთელი მეომარი ხალხები, როგორებიც იყვნენ ქიზიყის (სიღნაღის), ყაზახისა და ბამბაკის მცხოვრებნი, ყველაზე უფრო მეტი რიცხვით ყოფილიყვნენ რაზმში გამოგზავნილნი.

საომარი მოქმედებები, ხალხის ახალ აოხრებათა თავიდან ასაცილებლად, ნაბრძანებ იქნა საქართველოს საზღვრებს გარეთ გადაეტანათ, და სპარსულ ჯარებს ერევნის ხანის სამფლობელოებში დახვედროდნენ. ეს უკანასკნელი ბრძანება უკიდურესად შივიწროვებულ მდგომარეობაში აყენებდა ლაზარევს, იმ მეტად უმნიშვნელო საბრძოლო ძალის დროს, რომელიც მის განკარგულებაში იმყოფებოდა.

საქართველოში იყვნენ პოლკები: კავკასიის გრენადერთა, ტფილისისა და ყაბარდოს მუშკეტერთა და ეგერთა 17-ე პოლკი. კავალერია დონის კაზაკთა ორი პოლკისგან შედგებოდა: ტარასოვ 2-ისა და შჩედროვ 2-ის პოლკებისგან. ქვეითი ჯარის მთელი რიცხვი 7.000 ადამიანამდე ადიოდა (თუმცა კი პოლკების არსებული შტატების მიხედვით, ქვეითი ჯარის რიცხოვნება 8.064 ადამიანემდე უნდა ასულიყო /გრენადერთა და მუშკეტერთა თითოეულ პოლკში შტატით 2.160 ადამიანი უნდა ყოფილიყო, ეგერთა პოლკში კი 1.584 ადამიანი/; მაგრამ პოლკები სრულად არ იყო დაკომპლექტებული. 1802 წ. 26 მარტს კნორინგი იმპერატორ ალექსანდრე I-ს მოახსენებდა, რომ საქართველოში განლაგებულ ჯარებს, «ძნელ ფრიალო კლდეებზე, ჩქერებსა და ტყეებში» მტაცებელთა მეტად ხშირი ძიებითა და დევნით, ფეხსაცმელი ვადაზე ადრე უცვდებათ, და ამიტომ სთხოვდა კიდეც, «უბრძანეთ კომისარიატს თუნდაც საქართველოში მყოფი ნახევარი რიცხვის ჯარებისთვის, ესე იგი, 3.500 ადამიანზე ყოველწლიურად ჩემს განკარგულებაში ნატურით თითო წყვილი ჩექმები გამოგზავნოს», სხვა ჯარებისთვის დაგზავნილზე ზევით /См. Арх. Мин. Внут. Делъ, дела Грузiи, ч. II, 34/. კნორინგის შუამდგომლობა დამტკიცებულ იქნა /см. П. С. З./, და კავკასიის ჯარები ამ უპირატესობით მეტად დიდხანს სარგებლობდნენ. ამრიგად, კნორინგმა თავად განსაზღვრა ქვეითი ჯარის რიცხვი 7.000 ადამიანით. ეჭვი არ არის, რომ ეს განსაზღვრა სწორია. ის პირები, რომლებიც კავკასიაში დიდხანს მსახურობდნენ და თავიანთი გამოცდილებით ცნობილნი არიან, ამბობდნენ, რომ ჩექმების მიხედვით ყველაზე უფრო ზუსტად შეიძლება განისაზღვროს ყველა დროში კავკასიის კორპუსის ჯარების რიცხოვნება)

შფოთიანობამ და მღელვარებებმა სამეფოს შიგნით, საფრთხემ, რომელიც მას გარედან თავდასხმებით ემუქრებოდა, აიძულეს ლაზარევი, აუცილებლობის და მიხედვით, ჯარები მთელ სივრცეზე უმნიშვნელო რაზმებად გაეფანტა.

დავხედავთ რა საქართველოს რუკასა და ჯარების განლაგებას, ადვილად დავინახავთ, რომ ასეთი ერთი მუჭა ჯარებითა და მათი დიდი გაფანტულობით, ძნელი იყო საზღვრებზე ძარცვა და ლეკების მტაცებლობა აღეკვეთათ, რომლებიც უმნიშვნელო პარტიებად იპარებოდნენ და არცთუ იშვიათად რამდენიმე პუნქტში ერთდროულად. 

ასეთ ძარცვა-რბევასა და ყოველგვარ შფოთიანობას შორის ხალხში გულგატეხილობა, ხოლო ზოგჯერ კი სასოწარკვეთილებაც ვრცელდებოდა. მოსახლენი ხედავდნენ რა ყოველი მხრიდან, ხოლო ზოგჯერ კი თავად ტფილისთანაც, დარბეულ სუფლებს, ვერ ბედავდნენ სასოფლო-სამეურნეო საქმეებს შესდგომოდნენ. მოგზაურები თავიანთ გზას შიშით და ერთგვარად მალულად ადგებოდნენ, ერთი სოფლიდან მეორეში ღამ-ღამობით მიიპარებოდნენ. რუსი მოხელეები და თანამდებობის პირნი სხვანაირად არ მგზავრობდნენ, თუ არა ძლიერი ბადრაგის თანხლებით.

«ასეთი უკმაყოფილებანი, – მოახსენებდა გრაფი მუსინ-პუშკინი (Письмо графа Мусина-Пушкина Трощинскому 20-го августа № 61. Акты Кавк. Археогр. Комм., т. I, №№ 502, 395), – სულ მცირედითაც კი არ შეიძლება მიეწეროს სიფხიზლის რაიმე უკმარისობას სამხედრო უფროსობის მხრიდან. ამის საპირისპიროდ, აქაური ჯარები განუწყვეტელ მოძრაობაში არიან, და ჭეშმარიტად შეიძლება ითქვას, რომ კავკასიის გრენადერთა პოლკში, რომელიც ტფილისის მახლობლდ დგას, და გენერალ-მაიორ ლაზარევის ეგერთა პლკში, ძნელად თუ გაივლის არა მარტო კვირა, არამედ ერთი დღეც, რომ სხვადასხვა რაზმებით ასეთ მტაცებლებს არ დასდევდნენ, – თუმცა კი, იშვიათად წარმატებით, ვინაიდან განა შეუძლია ქვეით ჯარს ცხენოსნებს დაეწიოს, რომლებიც სპარსულ ცხენებზე ამხედრებულნი ომობენ?»

ზოგიერთი ლეკური საზოგადოების (თემის) თხოვნა, რომლებიც საქართველოს აღმოსავლეთ საზღვარზე ცხოვრობდნენ, ნებართვის მიცემის შესახებ მათთვის, რომ საქართველოსთან ვაჭრობა ეწარმოებიათ, მიღებულ იქნა როგორც იმედი ლეკებთან მშვიდობიანი ურთიერთობების შესაძლებლობაზე და როგორც საშუალება ძარცვა-რბევათა შესაწყვეტად. ქართული სავაჭრო წოდება მათთან ლეკური ქარავნების შემოშვების შესახებ თავად ითხოვდა. კნორინგმა არ ორმხრივ თხოვნაზე იმ პირობით მისცა ნებართვა, რომ ლეკები შეწყვეტენ თარეშებს, საწინდრად მისცემენ ამანათებს, და ისინი, რომლებიც ვაჭრობისათვის საქართველოში ჩამოვლენ ხოლმე, მტაცებლებს მეგზურის სამსახურს არ გაუწევენ (Письмо Кнорринга лезгинскимъ обществам 15-го мая. – Рапортъ Коваленскаго Кноррингу 13-го iюля, № 701).

ლეკებმა პირობას ხელი მოაწერეს, თუმცა კი დაპირებული ამანათები არ გამოუგზავნიათ. ივლისში, ლეკების ქარავანი სამეფოს საზღვრებთან მოვიდა და ქვეყნის შიგნით იქნა შემოშვებული.

ზოგიერთი საზოგადოების (თემის) სურვილი საქართველოსთან მშვიდობიან და სავაჭრო ურთიერთობებზე სხვა ლეკური საზოგადოებებისთვის სავალდებულო არ გახლდათ, და ამიტომ რაზმის გაძლიერება მაინც აუცილებლად მიიჩნეოდა, მით უმეტეს, რომ სპარსეთის მბრძანებელიც საქართველოზე თავის პრეტენზიებს აცხადებდა.

სპარსული ჯარები ოსიანის მიჯნასთან განლაგდნენ, 60 ვერსზე ნახჭევნიდან. იულონ და ფარნაოზ ბატონიშვილები უწინდებურად იმერეთში იმყოფებოდნენ. დაღესტნიდან ბელაქანში ლეკები იკრიბებოდნენ (Рапортъ Лазарева ему же, 12-го августа, № 409. Акты Кавк. Археогр. Комм., т. I, 380). განჯის ხანი რუსეთისადმი მტრულ მხარეს შეუერთდა. ერევნის ხანი ღრმა მდუმარებას ინარჩუნებდა. გეგონებოდათ, საქართველოს ცაზე ღრუბლები იყრიდნენ თავს, და საწყალ ქვეყანას, მთელი მისი შედეგებით, ახალი ძლიერი ჭექა-ქუხილი უნდა დასტყდომოდა...

თარგმნა ირაკლი ხართიშვილმა

ნიკოლოზ დუბროვინი დასავლეთ საქართველოში ოჯახური ურთიერთობების, მმართველობის, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცხოვრებისა და წოდებათა შესახებ

(შემოთავაზებული მასალა წარმოადგენს აკადემიკოს დუბროვინის წიგნიდან «Исторiя войны и владычества русскихъ на Кавказе», томъ I, Очеркъ Кавказа и народовъ его населяющихъ, книга II. Закавказье. Санктпетербургъ, 1871, ვრცელი წერილის «ქართველური ტომი» /«Картвельское племя»/ მეორე განყოფილების «იმერლები, მეგრელები და გურულები» /«Имеретины, мингельцы и гурiйцы»/ შესაბამისი თავის თრგმანს) 

თავი IV 

(ოჯახის წევრთა ურთიერთობები: უფროსებისადმი პატივისცემა. – აქაური თავაზიანობა. – იმერეთში, სამეგრელოსა და გურიაში არსებული მმართველობა. – მთავართა ცხოვრების წესი. – ადმინისტრაციული დაწესებულებანი იმერეთში. – სამხედრო მოწყობა /წყობილება/. – იმერეთში, სამეგრელოსა და გურიაში არსებული წოდებები. – სასულიერო წოდება და მისი მდგომარეობა. – წოდებათა უფლებები და მოვალეობანი.) 

უფროსებისადმი პატივისცემა იმერეთში, სამეგრელოსა და გურიაში მთელი პირველყოფილი ძალითაა შენარჩუნებული. გაზრდილი ვაჟიშვილი საგანგებო ნებართვის გარეშე ვერ დაჯდება მამის თანდასწრებით; ზუსტად ასევე ახალგაზრდა კაცი, როცა ხანდაზმული მოხუცის საზოგადოებაში იმყოფება, ვერ დაჯდება სანამ მოპატიჟებას არ მიიღებს. შვილები თუმცა კი სადილობენ თავიანთ მშობლებთან ერთად, მაგრამ თითქოს სტუმრები არიანო, რომლებიც ტრაპეზზე საგანგებო მოპატიჟებით მონაწილეობენ; «არც ერთი ხმამაღალი ან არცთუ მოკრძალებული სიტყვა არ შეიძლება იქნას წარმოთქმული შვილების მიერ მამის ან უფროსების თანდასწრებით».

უფროსი ძმა, განსაკუთრებით თუ ის მამის სიკვდილის შემდეგ ოჯახის მეთაურის ადგილზე დადგება, არა მხოლოდ ძმებისა და დების პატივისცემით სარგებლობს, არამედ დედისაც, რომელიც ემორჩილება რა მის ნებასა და განკარგულებებს, ინარჩუნებს მხოლოდ უფლებას თავისი უფროსი ვაჟიშვილის მხრიდან სამსახურსა და პატივისცემაზე (მოწიწებაზე). გურიაში ეს თავისებურება ისეთ სიფაქიზემდეა აყვანილი, რომ ოჯახის უმცროსი წევრები «თავიანთ მოვალეობად თვლიან არა მხოლოდ ემორჩილებოდნენ მამას ან ძმას, არამედ მათ მსახურების თანაბრადაც კი ემსახურებოდნენ».

ოჯახური საწყისი, რომელიც უფროსების პატივისცემაზეა დაფუძნებული, საზოგადოებაშიც გადავიდა, რომელიც აისახა მთავრის დამოკიდებულებაში მის ქვეშევრდომებთან და გლეხებისა მათ მფლობელებთან.

მთავრის ოთახებში შესვლას მისი მიპატიჟების გარეშე ვერავინ გაბედავდა, მაგრამ როცა მეფე ან დადიანი ზოგიერთ თავადსა და აზნაურს თავისთან მოუხმობდა, მაშინ შევიდოდნენ რა მისაღებ ოთახში, სრული შეიარაღებით, ისინი გაჭიმულები იდგნენ იმ დრომდე, სანამ მათთან გამოსული მთავარი თავის მსუბუქი დაკვრით მათ არ მიესალმებოდა. მაშინ მისაღებში მყოფნი ყველანი დაეყრდნობოდნენ რა ერთი ხელით თოფს, მუხლს მოიდრეკდნენ და მთავარს თავისუფალი ხელის მკერდზე მიდებით მიესალმებოდნენ. თუ ამ დროს მთავარი რომელიმეს თავისთან მოიხმობდა, ეს უკანასკნელი დაიხრებოდა რათა მის კაბის კალთას ან მუხლს მთხვეოდა. 

იგივე წეს-ჩვეულება სამეფო დარბაზებიდან საზოგადოების დაბალ ფენებშიც გადავიდა. განიცდის რა უდიდეს მორჩილებას თავისი ბატონისადმი, გურული გლეხი მას მიწამდე უხრის თავს და აზიური წეს-ჩვეულებით ტანსაცმლის კალთაზე ემთხვევა. თუ ამ დროს გლეხს ხელში ნაყოფები, თევზი ან ნანადირევი უჭირავს, მაშინ საუკეთესო ნაწილს თავის ბატონს საჩუქრად მიართმევს და ამით უჩვენებს, რომ მთელი მისი საკუთრება მფლობელს ეკუთვნის. ამ შემთხვევაში უარის თქმა ნიშნავს, რომ თუნდაც გარეგნულად, მაგრამ მაინც გლეხს შეურაცხყოფა მიაყენოს.

სამეგრელოში მისალმების მიმართებაში სრულიად საწინააღმდეგო წეს-ჩვეულება არსებობს. იქ თავადის ან აზნაურის გლეხთან შეხვედრისას, უკანასკნელი იმ დრომდე არ მოუდრეკს თავს, სანამ თავადი ან აზნაური არ ეტყვის მას გამარჯობა!

ორი თანასწორი პირის შეხვედრისას კი, ან უკიდურეს შემთხვევაში ისეთებისა, რომლებსაც უნდათ ერთმანეთს ურთიერთ ზრდილობა და თავაზიანობა მიაგონ, ისევ ახალი ეთიკეტი არსებობს: თითოეული ცდილობს პირველი მისალმების პატივი მეორეს დაუთმოს. შემხვედრები სთხოვენ ერთიმეორეს, დაჟინებით სთხოვენ, ევედრებიან, რომ თავი პირველმა მან მოუდრიკოს, მაგრამ თავაზიანობა და წესიერება მოითხოვს, რომ თითოეულმა ასეთ პატივზე არანაკლებ შეუპოვრად უარი თქვას.

– ღვთის გულისათვის, თქვენ დაიწყეთ, ამბობს ერთი.

– არასოდეს! პასუხობს მეორე – მე არ მინდა უზრდელი ვიყო.

– თუ გიყვარვართ... 

– არ შემიძლია არაფრის გულისთვის თქვენ დაგამციროთ.

მხურვალე კამათის შემდეგ, რომელიც ჩვეულებრივ რამდენიმე წუთს გრძელდება, მოკამათენი ერთდროულად უხრიან თავს ერთმანეთს და შემდეგ მშვიდად შორდებიან. 

ხშირად ხდება, რომ შემხვედრნი იკამათებენ-იკამათებენ ურთიერთ შორის, და ასე მიუსალმებლად წავლენ თავიანთ გზაზე, ამით უჩვენებენ რა იმას, რომ უმაღლეს ხარისხად ზრდილობიანები არიან და ამის თანაბარი თავაზიანობაც გააჩნიათ.

როცა მფლობელი თავისი გლეხების კარ-მიდამოთა სანახავად მოგზაურობს, მას გლეხები ყოველთვის აჩერებენ. თითოეული სახლიდან გამოდიოდნენ ოჯახის მამები და მცირე ხონჩით გამოჰქონდათ ყველაფერი, რაც სახლში საუკეთესო ჰქონდათ. რათა მასპინძლებისთვის წყენა არ მიეყენებია, მფლობელს უხდებოდა ტკბილი ყურძნის შემდეგ მარილიანი ხაჭო გაესინჯა; ლეღვის შემდეგ კი ხმელი თევზი ან ცომში შემწვარი კალმახი ეგემა.

ზუსტად ასეთსავე მდგომარეობაში იყვნენ იმერეთის მეფე და სამეგრელოსა და გურიის მთავრებიც. უწინდელ დროში მმართველები დროის დიდ ნაწილს თავიანთ სამფლობელოებში მოგზაურობასა და მათ მოხილვაში ატარებდნენ. ისინი ყოველთვის მნიშვნელოვანი რიცხვის ამალის თანხლებით მოგზაურობდნენ, რომელიც თავადებისა და აზნაურებისგან შედგებოდა.

უნდა სწვეოდა რა თავის ვასალებს, იმერეთის მეფე მათ ყოველთვის თავისი ჩამოსვლის დღეს უნიშნავდა და ამ ცნობით მალემსრბოლებს უგზავნიდა.

– სახელოვანი და სიხარულით სავსე იყავი, ეუბნებოდა ჩვეულებრივ მეფის მალემსრბოლი მასპინძელს, მეფე, მეფის ძე შენი სტუმარი იქნება.

ასეთი ცნობით გაბედნიერებული და გახარებული მფლობელი სადღესასწაულო ზეიმს აწყობდა, რათა სახელგანთქმული სტუმარი ღირსეულად მიეღო. თუმცა კი შინაგანად მასპინძელს მსგავსი სტუმრობა არ ახარებდა, მაგრამ წეს-ჩვეულება გარეგნულად მთელი სიმკაცრით სრულდებოდა. იწვევდნენ ახლომახლო მცხოვრებ აზნაურებს, პოეტებს, მომღერლებს, მუსიკოსებსა და საჭმელი საჭმელზე მოდიოდა, ღვინო მდინარესავით იღვრებოდა... ხის მწვანე ტოტებისგან გრძელ ბალაგანებს აგებდნენ. მათ შუაში ყველაზე უფრო მაღლა მოჩანდა დიდი კარავი, რომელიც ცისფერი ან წითელი აბრეშუმის ქსოვილით იყო გადაფარული, ხოლო კარვის თავზე კი სამეფო დროშა ფრიალებდა. ორი ხე, რომელთა ტოტებიც დაფნის გვირგვინებითა და ყვავილებით ირთვებოდა, ზოგჯერ ტრიუმფალურ თაღს წარმოადგენდა, რომელიც სამეფო კარვის გარეთა შესასვლელს ალამაზებდა.

ეწეოდნენ რა მომთაბარე ცხოვრებას, მთავრები უფრო უარეს სადგომსაც არ თაკილობდნენ. პირველივე სახლი, კარავი ან ხშირად შეფოთლილი ხეც სასახლის სამსახურს უწევდათ: მოხარშული ან შემწვარი ხორცი, ხოლო მარხვაში კი, ბურღულის ფაფა, ცერცვი და მწვანილი – მათ სადილს შეადგენდა. სუფრის სინატიფე მორთმეული კერძებისა და საჭმელების არა ხარისხით, არამედ რაოდენობით განისაზღვრებოდა. 

აზნაურის, თავადისა და თვითონ მთავრის სუფრა არაფრით არ განსხვავდებოდა. მფლობელი თავის სუფრასთან არცთუ იშვიათად ხედავდა მათხოვარს, ხეიბარს, რომელიც დასახიჩრებული იყო და ხშირად საძაგელი ძონძები ემოსა. ცხოვრებაში უბრალოება იქამდე იყო მიყვანილი, რომ მთავარი, როცა თავისი სამფლობელოების ისეთ ადგილებში მომთაბარეობდა, სადაც წესიერი სახლიც კი არ იყო, არ თაკილობდა დედოფალთან ერთად იატაკისა და ჭერის არმქონე ქოხში ეცხოვრა, ქოხის შუაგულში ანთებულ ცეცხლთან გამთბარიყო, მისი კვამლით თვალები დაეწვა და «ძალზედ ბედნიერად უნდა მიეჩნია თავი, რომ თუნდაც თავისი სასახლის დარბაზებში, მუხლებამდე ტალახში არ ეფლობა».

დიდებული ჰაერი და წყალი და ბუნების მიერ ნაბოძების სიუხვე, ასეთი მომთაბარე ცხოვრების მიყოლის ნებას იძლეოდა და მას საკმაოდ ასატანს ხდიდა. აქაურები ბუნების ადგილობრივი ნაწარმით სარგებლობდნენ. მოშორებული მხარეებიდან მათ მოტანაზე არ ზრუნავდნენ, იმით კმაყოფილდებოდნენ, რაც ხელთან ახლოს ჰქონდათ და ზუსტად მიჰყვებოდნენ რუსულ ანდაზას: პური მუცელს უკან არ დაჰყვება (хлебъ за брюхомъ не ходитъ). სამეგრელოს დადიანი, თევზის ჭერის დროს, ჩვეულებრივ მდინარე რიონთან ცხოვრობდა; ხოხბებზე, ირმებზე, გარეულ თხებსა და ტახებზე ნადირობის დროს – ოდიშში, სადაც გარეული ფრინველი და ნადირი ზამთარში თავს იყრიდა; სიცხეების დროს – ლეჩხუმში, სადაც წელიწადში რამდენჯერმე თავის ადგილსამყოფელს იცვლიდა. ხორბლის პურს ის ლეჩხუმში სჭამდა, პურის ნაცვლად ბურღულის ფაფას ანუ ღომს კი – ოდიშში, სადაც ხორბალს ვერ თესავდნენ და სადაც ჩამოტანილი ხორბალიც ყოველთვის არ ჰქონდათ.

მფლობელთა შემოსავლები საერთოდ უმნიშვნელო იყო და ისინი შეიძლება დავყოთ პირდაპირ, ირიბ ანუ უფრო სწორად ფარულ (негласные), სამთავრობო და პირად შემოსავლებად.

პირველის ქვეშ უნდა ვიგულისხმოთ შემოსავლები უძრავი მამულებიდან, რომლებიც საკუთრივ მფლობელს ეკუთვნოდა; მეორის ქვეშ შემოსავლები ჯარიმებიდან ჩხუბის, ქურდობის გამო, ასევე საბაჟოებიდან და სხვა. მესამე სახეობის შემოსავლებს ღებულობდნენ ქალაქებიდან და პატარა ადგილებიდან ვაჭრობის უფლებისთვის, საქონლისა და ადგილობრივი ნაწარმის შემოტანისა და გატანისთვის. და ბოლოს, უკანასკნელი ანუ პირადი შემოსავლების ქვეშ უნდა ვიგულისხმოთ საჩუქრების მაცხოვრებელთაგან, როცა მფლობელი რომელიმეს თავისი სტუმრობის ღირსს გახდიდა, რასაც უძველესი დროიდან საუკუნეთა მიერ ნაკურთხი წეს-ჩვეულების ხასიათი ჰქონდა.

აქედან ჩანს, რომ შემოსავლები იმ გლეხთა რაოდენობის თანაზომადი იყო, რომლებიც დასახლებულ მამულებში იმყოფებოდნენ. ისინი მდგომარეობდა უპირატესად მიწის ნედლ ნაწარმში, საქონელში, სხვადასხვანაირ შინაურ ფრინველში, რომელთა რაოდენობისა და ხარისხის განსაზღვრა მიახლოებითაც კი ძნელია.

მათი უმთავრსი შემოსავალი კი იმაში მდგომარეობდა, რომ მფლობელები, ეწოდნენ რა მუდმივად მომთაბარე ცხოვრებას, იმ სოფლების ხარჯზე ცხოვრობდნენ, რომლებსაც ესტუმრებოდნენ. «სანამ მეფე და მისი გარემოცვა პოულობენ საჭმელს, რომელსაც მცხოვრებნი დიდი მონდომებით მალავენ, იმ დრომდე იგი იმ ადგილიდან არ მიემგზავრება. შიმშილი, აგრეთვე ძალადობასა და ძარცვაში ხალხის საჩივრები, მეფეს გამგზავრების აუცილებლობის შესახებ აუწყებენ; ამ ცხოვრების სიმარტივე ახდენს თვითმპყრობელობის შერწყმას მონობასთან. მეფე, პიროვნებისდა მიუხედავად, რომელიც სასამართლოს გარეშე ართმევს თავის ქვეშევრდომებს სიცოცხლეს, ამ ლაშქრობებში მცირე რამით თუ განსხვავდება: საერთო სუფრა და საერთო ლოგინი ყველასთან; განსხვავება მხოლოდ იმაში მდგომარეობს, რომ გლეხი ემსახურება აზნაურს, აზნაური – თავადს, თავადი კი – მეფეს».

საქართველოს სამეფოს დაშლამდე, იმერეთი, სამეგრელო და გურია ერთი და იმავე დებულებებითა და იმავე ადგილობრივი წეს-ჩვეულებების საფუძველზე იმართებოდა, რომლებიც სამეფოს ყველა დანარჩენ პროვინციებშიც არსებობდა. საქართველოს ცალკეულ ნაწილებად დაშლის შემდეგ კი, ძალაუფლებამ იმერეთში თავი მეფის პიროვნებაში (въ лице Царя) მოიყარა, სამეგრელოში – დადიანის პიროვნებაში (въ лице Дадiана), გურიაში კი – ხელმწიფის, ბატონის ანუ გურიელის პიროვნებაში (въ лице Хесмиципе, Батони или Гурiеля).

გურიას მართავდა მამულის მემკვიდრეობითი მთავარი, რომელიც ზოგჯერ სიგელებში და მისგანვე ამომავალ აქტებში საკუთარ თავს უწოდებდა ხელმწიფეს ანუ ბატონს (хесмиципе или батони), რაც თარგმანში ნიშნავს: господинъ, властитель, государь. შემდგომში, როცა გურია პორტას ძალაუფლების ქვეშ ჩავარდა, მისი მთავრები ზოგჯერ ხანის წოდებას (званiе хана) ღებულობდნენ, და ქვეყანას სულთნის მიერ დამტკიცების შემდეგ მართავდნენ. ამ დროში გურიის მთავართა უფრო მეტად პოპულარული სახელწოდება გახლდათ, გურიელის სახელი (названiе Гурiель), რომლითაც იცნობდნენ მას მისი ქვეშევრდომები, მეზობლები, გარეშე მთავრები, ვიცნობდით ჩვენ რუსები, და თავად მთავარიც კი საკუთარ თავს უმეტეს წილად გურიელს უწოდებდა.

გურიელს ჰქონდა ზუსტად ისეთივე მნიშვნელობა, როგორიც დადიანსა და შამხალს – სამეგრელოსა და ტარკის მთავართა განსაკუთრებული ღირსებებია. «სიგელებში, დასაწყისში, სადაც მთავრის სახელი მოიხსენიებოდა, გამოუტოვებლად იყო მასთან გურიელის ღირსება, ხოლო ხელმწიფე, ბატონი და ხანი კი, ერთგვარად ზედსართავი ტიტულები იყო, და ამ უკანასკნელებს ხშირად გამოტოვებდნენ კიდეც. გურიის რუსეთის ქვეშევრდომობაში შემოსვლის შემდეგ, მთავრობამ აღიარა მათთვის ტიტული მთავარი (мтавари), ე. ი. უპირველესი თავადი, prince, fürst, რუსულად კი ეს ტიტული გადათარგმნილია სიტყვით владетель ან владетельный князь».

გურიის მთავართა ცოლებს ეწოდებოდათ დედოფალი (дедопали), რაც ნიშნავს царица-ს ან государыня-ს (ხელმწიფას). ამავე სახელით იწოდებოდნენ საქართველოსა და იმერეთის მეფეთა და სამეგრელოს დადიანების ცოლებიც. სიტყვა დედოფალი ქართულია და დამახინჯებული ფორმაა სიტყვისა დედაუფალი (дедаупали); უკანასკნელი წარმოსდგება სიტყვებიდან დედა (деда) – мать, жннщина და უფალი (упали) – господинъ ან госпожа.

როგორც მეფეთა, ისე მთავრების შვილებსა და ნათესავებს კი ეწოდებოდათ ბატონიშვილები (батоношвили), ე. ი. ხელმწიფის შვილები, ხოლო მათ მამულებს ანდა მათ კუთვნილ სამემკვიდრეო სამფლობელოებს კი ეწოდებოდათ საბატონიშვილოები (сабатоношвило). ეს სისხლით უფლისწულები (принцы крови) უწინ ქართველი ხალხის ოთხივე განშტოებაში განსაკუთრებულო წოდებას შეადგენდნენ, რომელიც არცთუ იშვიათად საკმარისად მრავალრიცხოვანი გახლდათ და ხალხში დიდი მნიშვნელობითა და გავლენით სარგებლობდა. ამ სამფლობელოების რუსეთის ქვეშევრდომობაში შემოსვლის შემდეგ, ეს წოდება, როგორც ვნახავთ, მთავარი წყარო იყო, საიდანაც ყველა წაქეზება, მღელვარება, შეთქმულება და რუსეთის ხელისუფლებისადმი წინააღმდეგობა ამოდიოდა.

იმერეთის მეფე, სამეგრელოს დადიანი და გურიელი თავიანთ ქვეშევრდომებზე დესპოტები იყვნენ. მხოლოდ ერთი ახირების გამო ისინი სჭრიდნენ ცხვირებს, ყურებს, თხრიდნენ თვალებს და მხეცურად ექცეოდნენ იმ თავადებს, რომლებიც სუსტები იყვნენ და არ შეეძლოთ მათთვის წინააღმდეგობა გაეწიათ, ხოლო თავად კი იმათი ეშინოდათ, რომლებიც ჩაიკეტებოდნენ რა თავიანთ ციხე-სასახლეებში და უგულვებელყოფდნენ რა მთავრის ძალაუფლებას, მისი თავდასხმებისგან საკუთარ თავს იცავდნენ. მხოლოდ კაპრიზის მიხედვით, სასამართლოსა და აღსრულების გარეშე, სტანჯავდნენ (აწამებდნენ) ქვეშევრდომებს, ზუსტად ისევე, როგორც თვალით სახილველ დამსახურებათა გარეშე აჯილდოვებდნენ კიდეც. ასე ერთხელ სოლომონ II-მ, იმერეთის უკანასკნელმა მეფემ, ტკბებოდა რა ჯირითობის ყურებით, რომელიც მის თვალწინ მიმდინარეობდა, ბრბოში მისთვის უცნობი ადამიანი შენიშნა, რომელსაც ბევრი იარაღი აესხა.

– შენ ვინ ხარ? ჰკითხა მას მეფემ.

– ახალციხელი მოვაჭრე, ხელმწიფეო, პასუხობდა ის მუხლმოდრეკით.

– და რად გინდა შენ ასე ბევრი იარაღი და ასეთი ჩინებული შაშხანა?

– ეს საქონელი ჩემთვის ყველანაირ სხვაზე უფრო ძვირფასია, პასუხობდა მოვაჭრე. მე იმდენად არ შემიძლია არშინის ფლობა, რამდენადაც შაშხანისა.

– და კარგად ისვრი?

– მიზანს იშვიათად ვაცდენ.

– აი, შენ მიზანი. თუ მოარტყამ – დაგაჯილდოვებ, ხოლო თუ ააცდენ, მაშინ მკვეხარა იქნები და თვალით აღარ დამენახო.

ვაჭარმა ისროლა და მიზანში მოარტყა.

– ყოჩაღ, ყოჩაღ, უთხრა მეფემ – მე შენ ამისთვის აზნაურობას გიწყალობებ.

ეს იყო მამაჯან ტინტიკოვი, უკანასკნელი პირი, რომელსაც მეფემ აზნაურის ღირსება უწყალობა.

ტკბებოდა რა თამაშობებთ, მეფე სწრაფად გადადიოდა აზნაურობის წყალობიდან საჩივრების განხილვაზე, გადაწყვეტილებათა მიღებაზე, რომლებიც არანაირი წერილობითი დადგენილებებით არ იყო განპირობებული. სასამართლო და აღსრულება პატრიარქალურობამდე მოკლე და მარტივი გახლდათ. სამეგრელოსა და გურიაში რუსეთის ქვეშევრდომობაში მათ შემოსვლამდე, არანაირი ადმინისტრაციული დაწესებულებები არ ყოფილა, და აქედან ამომდინარე, საქმეების გადაწყვეტისას წერილობითი წარმოების შესახებ, არც მთავარსა, და არც ხალხს, წარმოდგენაც კი არ გააჩნდათ. მოდავეები და დაჩაგრულები პირდაპირ თავად მთავართან მიდიოდნენ და გადაწყვეტილებას მისგანვე ღებულობდნენ. თუ მთხოვნელები თავიანთ მთავარს მგზავრობის დროს, ან ნადირობისას, სტუმრად ყოფნის დროს ან სახლში შეხვდებოდნენ, ისინი მას თავიანთ თხოვნას გადასცემდნენ. იგი მათ ყველგან ღებულობდა, განიხილავდა, სასამართლოსა და აღსრულებას ატარებდა, თავისი შეხედულებით, და რა თქმა უნდა, მოცემულ წუთში სულიერი განწყობის შესაბამისად, გადაწყვეტილებებს ადგენდა. უპირატესად კი მსგავსი გარჩევა ღია ცის ქვეშ, რომელიმე ტოტებგაშლილი ხის ჩრდილში, მთავრის რეზიდენციის მახლობლად ხდებოდა. ჩვეულებრივ მომჩივანი, დადგებოდა რა მუხლებზე მოშორებით, მთელი შესაძლო წვრილმანი ამბებით, და ზოგჯერ კი ისტორიული თანამიმდევრობითაც, ჰყვებოდა თავისი საქმის არსს, იწყებდა რა მას ადამიდან, რთავდა (ამკობდა) სხვადასხვანაირი მოსწრებული სიტყვებით, ხოლო შემდეგ კი ფეხზე დგებოდა და გადაწყვეტილებას ელოდებოდა. თუ მოპასუხე ამ დროს არ იყო, მას დაუყოვნებლივ გამოიძახებდნენ, იგი ასევე მუხლებზე დგებოდა და მის მიმართ წამოყენებულ ბრალდებებს უარყოფდა. შემდეგ, მომჩივანის ან მოპასუხის მითითებით, გამოიძახებდნენ მოწმეებს, რომლებსაც ზუსტად ასევე ჩამოართმევდნენ ჩვენებებს. ყველა ისინი თხრობას შორიდან იწყებდნენ, დიდხანს ლაპარაკობდნენ და ისეთი დაწვრილებითი ამბები მოჰყავდათ, რომლებიც, არ ეხებოდა რა საქმეს, მხოლოდ ჭეშმარიტებას ურევდა (ხლართავდა). გამოთქვამდნენ რა ყველაფერს, რაც კი შესაძლებელი იყო, მოდავენი განზე გადგებოდნენ, ხოლო საპატიო პირები კი, რომლებიც გარს ერტყნენ მთავარს, თათბირის შემდეგ, განაჩენს წარმოთქვამდნენ, ზოგჯერ მას მხოლოდ მთავარი წარმოთქვამდა. ეს გადაწყვეტილება იქვე მოიყვანებოდა აღსრულებაში და მასზე აპელაცია არ ხდებოდა.

ასეთ მდგომარეობაში იყო იურიდიული ყოფიერება სამეგრელოსა და გურიაში, როცა ისინი რუსეთის ქვეშევრდომობაში შემოვიდნენ. რაც შეეხება იმერეთს, მასში როგორც ადმინისტრაციული თანამდებობები, ისე ადმინისტრაციული დაწესებულებებიც არსებობდა, რომელთაგან ყველაზე უფრო ვრცელი სამეფო კარის ნაწილი გახლდათ, რომლის სათავეშიც სახლთუხუცესი (салтъ-ухуцесъ) ანუ ჰოფმარშალი (гофъ-маршалъ) იდგა. ამ წოდებას ზოგჯერ რაღაც სახელმწიფო მინისტრის მსგავსი თანამდებობაც უერთდებოდა, ე. ი. სახლთუხუცესი იმერეთის მთელ საქმეებს განაგებდა. სახლთუხუცესის მთავარი მოვალეობა ხარკის (გადასახადებისა, подати) და შესაკრებლების განაწილებასა, და საბაჟო მუხლებისა და შემოსავლების განკარგვაში მდგომარეობდა.

სახლთუხუცესის წოდება პირებს მეფის არჩევანის მიხედვით ეძლეოდათ, მაგრამ ისიც ხდებოდა, რომ ის ერთსა და იმავე გვარში მემკვიდრეობითი იყო, თუმცა კი შეიძლებოდა მამისგან შვილზე არ გადასულიყო. ამ თანამდებობას არანაირი განსაზღვრული ანაზღაურება არ ჰქონდა მინიჭებული, მაგრამ სახლთუხუცესის სასარგებლოდ შემოდიოდა: გადასახადებისა და შესაკრებლების შემოსავლებიდან მეათედი ნაწილი, შემსყიდველთა მიერ გაკეთებული საჩუქრები, რომლებიც ორიდან სამ ქისამდე ადიოდა, და მისი წოდების შესაფერისი ერთი წყვილი სამოსელი; მეფის მიერ რომელიმე თავისი ქვეშევრდომისთვის გლეხების წყალობისას, სახლთუხუცესის სასარგებლოდ თითოეული ნაჩუქარი კომლიდან თითო ხარი შედიოდა.

სამეფო შემოსავლების მართვისათვის, სახლთუხუცესს რამდენიმე თანაშემწე ჰყავდა, რომელთაგან თითოეული სხვადასხვაგვარ სპეციალურ თანამდებობას ასრულებდა. ასე ხაბაზთუხუცესი (хабасъ-ухуцесъ) ანუ მცხობელთა უფროსი, ვალდებული იყო ღომი და ხორბალი მოეგროვებინა და შეენახა, რისთვისაც მთელი შენაკრებიდან მეათედ ნაწილს ღებულობდა; მეღვინეთუხუცესი (мингвинетъ-ухуцесъ) – ღვინის ამომღები ანუ ობერშენკი (оберъ-шенкъ), აგროვებდა და ინახავდა ღვინოს, რომლის მეათედი ნაწილიც მის სასაგებლოდ შედიოდა, და ბოლოს, მესტუმრეთუხუცესი (местумретъ-ухуцесъ) – მეფის მსახურთუფროსი (царскiй дворецкiй), რომელიც ყოველთვის მეფის სუფრას ემსახურებოდა, ხარკად (საგადასახადოდ) მორთმეულ საქონელს აგროვებდა, რისთვისაც მთელ ტყავებსა და თითოეული ცალი საქონლიდან თითო ბათმან ხორცს ღებულობდა. 

მეფესთან შედგებოდნენ: მორდალი – ბეჭდის მცველი (შემნახავი), რომლის დარტყმისას იგი მეფის მიერ ნაწყალობევ გლეხთა თითოეული კომლიდან ხუთ მარჩილს და საბაჟო შემოსავლების ყოველი მანეთიდან თითო კაპიკს ღებულობდა. მოლართუხუცესი (молфетъ-ухуцесъ) – ხაზინადარი, მეფის მთელი ფულებისა და ქონების მცველი (შემნახავი), რომელიც იმ ნივთების ფასეულობის მეათედი ნაწილით სარგებლობდა, რომლებსაც მეფე ვინმეს საჩუქრად აძლევდა.

ფარეშთუხუცესი (парештъ-ухуцесъ) – მეფის მსახურთა უფროსი, რომელიც სამეფო სახლის მთელ მარაგებს განაგებდა. მის ანაზღაურებას შეადგენდა: იმ სამოსელის ფასეულობის მეათედი ნაწილი, რომელსაც მეფე სხვადასხვა პირებს უწყალობებდა, და ძველი, გამოყენებისთვის უკვე ვეღარ გამოსადეგი მეფის ღამის პერანგები, ლოგინები, ხალიჩები, ქეჩები, ხელსაბანები და ტაშტები. მეჯინიბეთუხუცესი (меджинибетъ-ухуцесъ) – საჯინიბოს ოფროსი, რომელიც მეფის ცხენების რემებს განაგებდა, და ღებულობდა: მეათედ ნაწილს მეფის მიერ ნაჩუქარი ცხენებიდან, წელიწადში თითო კვიცს მეფის რემიდან, ცუდი თვალების მქონე ყველა ცხენს, მეფის სამოსელს, რომელსაც იგი ნადირობის ან ომის დროს იცვლიდა, ძველ უნაგირებს.

დაბოლოს ბაზიერთუხუცესი (базiертъ-ухуцесъ) – შევარდნების მიმხდავი და მეძაღლეთუხუცესი (медзаглетъ-ухуцесъ) – მეფის ძაღლების განმგე. ისინი ორივენი იმ ფრინვლებისა და საქონლის მეათედი ნაწილით კმაყოფილდებოდნენ, რომლებიც საკუთრივ ქორებისა და ძაღლების გამოკვებისთვის იკრიბებოდა.

შენახვის (ანაზღაურების) ასეთი სახსრები, რა თქმა უნდა, მეტად არასაკმარისი იქნებოდა, თითოეულ თანამდებობის პირს თავისი თანამდებობიდან გვერდითი შემოსავლებიც რომ არ ჰქონოდა და თავის სასარგებლოდ ბევრი რამ ზედმეტიც არ შეეკრიბა.

«ის მოხელეები კი, ამბობს მეფე სოლომონ II-ის შესახებ წერილის ავტორი (Кавказскiй Календарь на 1859 год), რომლებიც (თავიანთი თანამდებობების მიხედვით) არაფერს არ კრებდნენ, არამედ, ამის საპირისპიროდ, მეფის საჩუქრებს სხვებს გადასცემდნენ, თავიანთი სარგებლისთვის მათ ფასეულობას ზრდიდნენ. მაგალითად, მეფე თოფს, ცხენს ან სხვა ნივთს ჩუქნიდა. ის 50 მანეთი ღირდა, მას კი 200 მანეთად აფასებდნენ. და ვინ დაიწყებდა კამათს ასეთი შეფასების წინააღმდეგ? ჯერ ერთი, ვერ გაბედავდა მეფის საჩუქრის მნიშვნელობის შემცირებას, და მეორეც, თითოეულის პატივმოყვარეობა მოითხოვდა, რომ საჩუქარი სხვებისთვის იმაზე უფრო მნიშვნელოვნად გამოჩენილიყო, ვიდრე სინამდვილეში გახლდათ. მეჯინიბეთუხუცესს ახშირად აღმოუჩნდებოდა ცუდი თვალების მქონე ცხენები; ლოგინის მცველს სხვებზე უფრო ხშირად უფუჭდებოდა ხალიჩები და უხუნდებოდა ქეჩები – და ასე შემდეგ, რაც არა მხოლოდ იმერეთში ხდება. თვით სოფლების წყალობაზე სამეფო სიგელების შემდგენლებიც კი პოულობდნენ საგანგებო ანაზღაურების მიღების შესაძლებლობას. მეფის მიერ დანიშნულის შეცვლას ან გადავადებას ისინი ვერ გაბედავდნენ, მაგრამ იმისთვის, ვინც ანაზღაურების მიცემაზე ძუნწი გახლდათ, სიგელები უბრალო ენით იწერებოდა და მათ ბოლოში ჩვეულებრივ ემატებოდა ფრაზები: ხოლო ვინც ამ წყალობის სიგელს დაარღვევს, ის დაწყევლილ იქნას. იმისთვის კი ვისგანაც კარგ საჩუქარს მოელოდნენ, ყველა შესაძლო მჭერმეტყველება იფრქვეოდა და დასკვნა ამის მსგავსი ფრაზებისგან შედგებოდა: დაე ამ სიგელის დამრღვევს უეცრად ეწიოს ღვთის რისხვა, და დაე მისი სახლი დაიქცეს, როგორც ძმის მკვლელი კაენისა, და დაე განუხსნელად შეკრას იგი ღვთისმშობელმა და თორმეტმა უმაღლესმა მოციქულმა, და დაე ის შემდეგ გეენის უფსკრულში და ეშმაკის მარადიულ ცეცხლში იქნას შთაგდებული. ხოლო ამ უცვლელი სიგელის დამამტკიცებლები კი კურთხეულ იყვნენ დედამიწაზეც და ზეცაშიც. მსგავსი ფრაზები უბრალო კოპწიაობა არ გახლდათ: ისინი მეფის ყურადღების ხარისხს უჩვენებდნენ და სიგელს უფრო მეტ მნიშვნელობას ანიჭებდნენ».

ანაზღაურების სწორედ ასეთივე გაურკვევლობა და მისი სიმწირე იმ პირებთან მიმართებაშიც ვლინდებოდა, რომლებიც სამოქალაქო მმართველობის სხვადასხვა ნაწილებს განაგებდნენ.

ადმინისტრაციული მიმართებით იმერეთი ექვს ოლქად (ოკრუგად) იყოფოდა, რომელთაც, თუმცა კი, არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდათ, ხოლო ქვეყნის მთელი მმართველობა ოცდაექვს სამოურავოში (моуравства) იყო თავმოყრილი, რომელთაც სათავეში მმართველები – მოურავები (моуравы) ედგნენ, რომლებიც განაგებდნენ და ან ციხესიმაგრეებში ცხოვრობდნენ, ან კიდევ მათ მმართველობაში მყოფ სამეფო გლეხებს შორის.

მოურავები იმ დავებსა და საჩივრებს არჩევდნენ, რომლებიც მათი უბნების მაცხოვრებლებს შორის წარმოიქმნებოდა, მეფის ბრძანებულებანი და ბრძანებები (указы и приказанiя) მოჰყავდათ აღსრულებაში, სიწყნარესა და სიმშვიდეს ადევნებდნენ თვალყურს და, ბოლოს, უკიდურეს შემთხვევებში, თავიანთი სამოურავოების მცხოვრებლებთან ერთად სალაშქროდ გამოდიოდნენ.

იმ მამულებში კი, რომლებიც ეკლესიებსა და მონასტრებს ეკუთვნოდა, მოურავები სასულიერო უწყების მიერ ინიშნებოდნენ, ხოლო მემამულეთა სოფლებში მოურავების თანამდებობას თავად მემამულეები ასრულებდნენ. სადაო საქმეებზე თავიანთ გადაწყვეტილებებში, როგორც მემამულეები, ისე მოურავებიც, მდივანბეგებს ექვემდებარებოდნენ (были подчинены мдиванъ-бегамъ).

გარკვეულ უბანზე მოურავის თანამდებობა უმეტეს წილად ერთი და იმავე გვარის პირებზე გადადიოდა, რომელშიც ის შეიძლება მემკვიდრეობითად ჩავთვალოთ და ზოგჯერ ხდებოდა, რომ რომ უბნის საქმეებს ერთი პირი განაგებდა, ხოლო შემოსავლები კი სამოურავოდან მხოლოდ მას არ ეკუთვნოდა, არამედ მისი საგვარეულოს რამდენიმე პირს შორის იყოფოდა. მოურავს შემოსავლების ზოგიერთი წყარო ჰქონდა მინიჭებული. მორავის მოგზაურობის დროს, იგი მცხოვრებთა ხარჯზე იკვებებოდა, რომლებსაც, გარდა ამისა, მასთან სახლში ძღვენიც (дзгвени) მოჰქონდათ – გარკვეული რაოდენობით საკვები მარაგები. ერთერთ კომლს მოურავის არჩევით, მისთვის მთელი ის ხარკი (გადასახადები, подати) მიჰქონდა, რომელიც ხაზინაში უნდა გადაეხადა. მოურავი საგანგებო ბაჟს ღებულობდა ქვრივებისგან, რომლებიც ხელმეორედ თხოვდებოდნენ; უფლება ჰქონდა თავისი უბნის მცხოვრებნი საველე სამუშაოებზე განემწესებინა და თავის მომსახურებაში აეყვანა. გლეხები ვალდებული იყვნენ ომის დროს თავიანთი მოურავისთვის სურსათი მოეტანათ და მიტაცებული ნადავლიდანაც გარკვეული ნაწილი გამოეყოთ. პირებს, რომლებსაც მეფე გლეხებს ან მიწას უწყალობებდა, მოურავთან სამოურავო (самоураво) – საგანგებო და განსაზღვრული ბაჟი შეჰქონდათ. 

მთელი მოურავებიდან ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი ქუთაისის მოურავი გახლდათ, რომლის დაქვემდებარებაშიც იმყოფებოდნენ: მამასახლისი (мамасахлиси) – ქალაქის უფროსი და მსუდისკარი (мсудискари) – საბაჟო კომისარი.

ქუთაისის მოურავი, რომელიც სხვა მოურავებთან შედარებით, მნიშვნელოვნად უფრო მეტი შემოსავლებით სარგებლობდა საბაჟოდან, მარილიდან, თევზიდან, გასაყიდად მოყვანილი საქონლიდან, ხიდებზე გავლილი საპალნეებიდან და სხვა, გარდა ამისა, საკუთარ თავში სარდლის (сардаръ) წოდებას აერთიანებდა და საქმეების გადაწყვეტაში მდივანბეგებს არ ექვემდებარებოდა, რომლებიც, როგორც სისხლის სამართლის, ისე სამოქალაქო საქმეებშიც უმაღლეს სასამართლოს – დივანს (диванъ) შეადგენდნენ.

დივანი ორი მდივანბეგისგან შედგებოდა, რომლებიც ხშირად გაუნათლებლები იყვნენ და თანაშემწეებად თავისთან მდივნები ჰყავდათ. შეადგენდნენ რა დივანს, მდივანბეგები, საქმებს საერთო თათბირით კი არ წყვეტდნენ, არამედ თითოეული ცალცალკე, სხდომების გარკვეული ადგილისა და დროის გარეშე, არამედ როდესაც და სადაც მოუხდებოდათ ან უფრო სწორად, სადაც მათ მოდავენი დაიჭერდნენ. ისინი ხან სოფელში ცხოვრობდნენ, ხანაც ქალაქში, მათი სურვილისდა მიხედვით, და ისიც ხდებოდა, რომ მთხოვნელები მათ რამდენიმე დღეს ელოდებოდნენ ან დაეძებდნენ. 

საქმეების თავად განხილვა ან მდივანბეგების სახლში წარმოებდა, ან კიდევ სუფთა ჰაერზე, რომელიმე ხის ჩრდილქვეშ, დღისა და ღამის ნებისმიერ დროს. მიიღებდნენ რა თხოვნას ან საჩივარს, მოსამართლენი იმით იწყებდნენ, რომ უწინარეს ყოვლისა ართმევდნენ საბჭოს (сабчо) – გადასახადს საქმის გადაწყვეტისთვის სასამართლოს სასარგებლოდ, რომლის სიდიდეც საქმის შესაბამისი გახლდათ. «მთელი სამოქალაქო საქმეები ფიცით წყდებოდა, რომელსაც მოპასუხე გარკვეული რიცხვის თანადამფიცებლებთან ერთად დებდა, რომლებიც თავიანთი წოდებით მომჩივანის თანატოლი იყვნენ. ჩვეულებრივ კი სადავო საქმის ყოველ ათ მარჩილზე ერთი თანადამფიცებელი მოითხოვებოდა, ოც მარჩილზე ორი და ა. შ. ფიცისთვის ფული უნდა გადაეხადათ. ვისაც იმის შესაძლებლობა არ ჰქონდა, რომ საჭირო რიცხვის თანადამფიცებლები დაეყოლიებინა ან დაექირავებინა, დავის უფლებას ჰკარგავდა; ვინც მათ დაკანონებულ რიცხვს წარმოადგენდა და მათთან ერთად ფიცს დადებდა, საქმეს იგებდა. და იქვე, ქაღალდის პატარა ნაგლეჯზე, სასამართლოს განსაზღვრება დგებოდა და მართალ მხარეს ხელზე ეძლეოდა. სისხლის სამართლის ნაწილში თანადამფიცებლები მხოლოდ ნაკლებმნიშვნელოვან შემთხვევებში დაიშვებოდნენ, ხოლო ქურდობის, ძარცვის, ტყვეთა გაყიდვისა და მკვლელობის საქმეებში კი მდივანბეგები მომჩივანებს მოუსმენდნენ და შემდეგ, საქმის გარემოებებისდა მიხედვით, მოწმეებს ეკითხებოდნენ: ცნობილ და საპატიო პირებს ჩვეულებრივ ფიცის გარეშე, ხოლო უბრალო ადამიანებს კი ფიცის ქვეშ».

საქმის ჩახლართულობის შემთხვევაში, ბრალდებულის გამართლება იგივე საშუალებებით დაიშვებოდა, რომლებიც საქართველოში არსებობდა.

საფუძვლად გადასახდელის (ჯარიმის, взысканiе) ან სასჯელის ზომის განსაზღვრისას, როგორც იმერეთში, ისე სამეგრელოშიც, ვახტანგ მეფის კანონები გამოიყენებოდა, თუმცა კი გარკვეული ცვლილებებითა და დამკვიდრებული წეს-ჩვეულებებით (ადათებით). 

მკვლელობაში მსჯავრდებულს კოცონზე წვავდნენ, მიწაში მარხავდნენ ან კირიან ქვაბში აგდებდნენ, ხოლო მისი მამულიდან კი მოკლულის ოჯახის სასარგებლოდ ჯარიმის გადახდას აკისრებდნენ. ტყვეთა გაყიდვისთვის ხელებს და ფეხებს ჰკვეთდნენ, ხოლო ზოგჯერ კი კოცონზეც წვავდნენ. ქურდობისთვის მოპარულზე ხუთჯერ მეტის გადახდას აკისრებდნენ, ხოლო რამდენჯერმე განმეორებული ქურდობა კი კიდურების მოკვეთით ისჯებოდა. სხვისი მიწის ან ტყის მითვისებისა და მისი გაკაფვისთვის დაჩაგრულის სასარგებლოდ ფასზე ორჯერ მეტის გადახდას აკისრებდნენ და ა. შ.

საქმეების გარჩევები ყოველთვის ღია კარებში წარმოებდა, და ყველას შეეძლო მათთვის მოესმინა, ხოლო ზოგიერთებს კი გარჩევაში მონაწილეობისთვისაც იწვევდნენ. განაჩენები იმერეთში ყოველთვის წერილობითი იყო და მათ მდივნები ადგენდნენ, რომლებიც ამისთვის საგანგებო საზღაურს იღებდნენ, რაც სამდივნოს (самдивно) სახელით იყო ცნობილი. იმ შემთხვევებში, როდესაც დამნაშავე სიკვილით სასჯელს ექვემდებარებოდა, მაშინ დივანის სხდომაზე სასულიერო და ყველაზე უფრო საპატიო სამოქალაქო პირებს იწვევდნენ, რომლებიც განაჩენს ერთობლივად კიდეც ადგენდნენ. 

ყოველგვარ ბოროტმოქმედთა დევნისთვის იმერეთში იყო ორი ხევის-თავი (хевисъ-тава) ანუ სამძებრო პოლიციის უფროსი, რომლებიც თავიანთ სასარგებლოდ ჯარიმის მეხუთედ ნაწილს ღებულობდნენ. სასამართლოს ყველა გადაწყვეტილების აღსრულება, რომლებშიც დამნაშავეს ჯარიმა უნდა გადაეხადა, მოვალეობად ეკისრებოდათ ბოქაულებს (бокаулы), რომლებიც ექვემდებარებოდნენ ბოქაულთუხუცესს (бокаултъ-ухуцесъ) – რაღაც ობერ-პოლიცმაისტერის მაგვარს. უკანასკნელის განმგებლობაში იმყოფებოდა მეფის ცხენოსანი გვარდიის ასი ადამიანი, რომელიც თავადებისა და აზნაურებისგან შედგებოდა და ყველა მის ლაშქრობასა და მგზავრობაში მეფეს თან ახლდა. ბოქაულთუხუცესის თანამდებობას მინიჭებული ჰქონდა შემდეგი შემოსავლები: საჩივრის ფასეულობის ან დამნაშავისგან ჯარიმის, აგრეთვე დამფიცებელთაგან მიღებული ფულის მეათედი ნაწილი; თითო-თითო აბაზი (20-20 კაპიკი) ყოველი მოწმისგან და გადასახად საურავის (саури) გარკვეული ნაწილი, რომლის ერთი ნაწილიც ბოქაულთუხუცესთან შედიოდა, მეორე კი ბოქაულებს შორის იყოფოდა. უკანასკნელები, ამაზე ზევით, მცხოვრებთაგან ანაზღაურების (содержанiе) მიღებითა და სამხედრო ნადავლის ნაწილით სარგებლობდნენ.

ბოქაულთუხუცესის, ბოქაულებისა და მდივანბეგების წოდებები უკანასკნალ ხანებში სამეგრელოშიც იქნა დაარსებული, მაგრამ მათი ორგანიზაცია და მოვალეობები კიდევ უფრო უარეს მდგომარეობაში იყო ვიდრე იმერეთში. თავად სამეგრელოს მთავრები არ ადევნებდნენ თვალყურს მათ მოქმედებებს და საქმეთა წერილობითი წარმოებისადმი ზიზღიც ჰქონდათ. მდივანბეგებს სრული თვითნებობის უფლება ჰქონდათ მინიჭებული, რომლითაც სარგებლობით ისინი საქმეებს ხან ასე წყვეტდნენ, ხან კი ისე, როგორც თავიანთთვის უფრო მეტად მომგებიანად მიაჩნდათ. ჩვენთან ყველაზე უფრო უახლოეს დროში, როცა მფლობელობა თავად დავითის ხელში გადავიდა, ადმინისტრაციამ უკეთესი მიმართულება მიიღო.

დანიშნულ იქნენ ახალი მდივანბეგები და მათთან თანაშემწეებიც აუცილებელი რიცხვის ბოქაულებით. ეს პირები სასამართლოს უმდაბლეს ინსტანციას შეადგენდნენ, ხოლო უმაღლეს ინსტანციად კი სამეგრელოს უმაღლესი მმართველობა ითვლებოდა, რომელიც პირველი კლასის მდივანბეგებისა და თავადაზნაურობის საპატიო წევრებისგან შედგებოდა. სისხლის სამართლის დანაშაულებანი ქუთაისის საოლქო სასამართლოში განისჯებოდა, რომელიც რუსეთის (რუსული) მთავრობის მიერ იყო დაარსებული. 

დივანის გადაწყვეტილებით უკმაყოფილოებს შეეძლოთ მეფესთან ან დადიანთან ეჩივლათ, რომელიც განიხილავდა რა საქმეს, ან დახევდა მდივანბეგების დადგენილებას, თუ მათი გადაწყვეტილების თანახმა არ იყო, და ბრძანებდა ახალი შეედგინათ, ან, წინააღმდეგ შემთხვევაში, თავის ბეჭედს ადებდა და მაშინ დივანის დადგენილება მეფის სიგელის ან ბრძანების სახეს ღებულობდა.

ყველა შემთხვევაში საქმეების გადაწყვეტისას უსრულესი თვითნებობა არსებობდა, მეტად დიდ როლს მოსამართლეთა იმწუთიერი განწყობა თამაშობდა, ხოლო ზოგჯერ კი მათ მიერ ჭეშმარიტების წინასწარგანზრახული დამახინჯებაც. ყველა გადაწყვეტილებისთვის საფუძველს ან თავად მოპასუხის, ან კიდევ მოწმეების ფიცი წარმოადგენდა. მოპასუხე შეიძლებოდა სრულებით მართალიც ყოფილიყო, მაგრამ თუ გავარვარებული რკინა მის ხელზე კვალს დატოვებდა, იგი დამნაშავედ იქნებოდა მიჩნეული და არანაირი განცხადებანი მისი მხრიდან არ შეიძლებოდა მის გამართლებად გამომდგარიყო. მეორეს მხრივ მოწმეების მიერ გამართლება ან ბრალდება ხშირად მეტად უსამართლო იყო. მოწმეებს, არ ჰქონდათ რა საჩივრის სისწორის ან არასწორობის შესახებ არანაირი წარმოდგენა, სიტყვაზე სჯეროდათ მისი, ვის მომხრედაც იფიცებდნენ და ვისგანაც თავიანთ სასარგებლოდ გასამრჯელოს ღებულობდნენ.

«ამრიგად, მმართველთა ენერგიული მოქმედებების, მოურავებისა და მდივანბეგების მიერ საქმეთა წარმოების სისწრაფის მოუხედავად, მაშინდელი დროის იმერეთი, როგორც ყველა დარჩენილი ფაქტიდან ჩანს, ყველაზე უფრო საწყალობელ, მოშლილ და დაჩაგრულ მდგომარეობაში იმყოფებოდა, რომლის გაგრძელებაც მხოლოდ იმას სურდა, ვინც მისით თავისი კერძო, ანგარებიანი მიზნებისთვის სარგებლობდა და ვისაც მღვრიე წყალი უყვარდა, იმისთვის, რათა მასში სათავისოდ თევზი დაეჭირა».

იმერეთში რეგულარული და მუდმივი ჯარი არ ყოფილა; მას ცვლიდნენ აზნაურები და გლეხების საგანგებო წოდება მსახურები (мсахури), რომელიც (რუსულ) თარგმანში ნიშნავს служивые-ს. ისინი ვალდებულნი იყვნენ ომისთვის ყოველთვის მზად ყოფილიყვნენ და პირველი ბრძანებისთანავე სამშობლოს დასაცავად გამოსულიყვნენ. 

მსახურები ციხესიმაგრეებში მუდმივ გარნიზონს შეადგენდნენ, რომელიც მეციხოვნეთა (мецихевале) სახელით იყო ცნობილი და საგანგებო მოურავების ან სამხედრო უფროსების მიერ იმართებოდა. უკანასკნელები ყველა ზომას ღებულობდნენ ციხესიმაგრის დასაცავად, განკარგავდნენ იქ მდგომ გარნიზონს და, ღებულობდნენ რა ანაზღაურებას გარეშემო მცხოვრებთაგან, კიდევ საგანგებო გადასახადითაც სარგებლობდნენ, რომელიც საციხოს (сацихо) სახელით იყო ცნობილი და გარნიზონისთვის აუცილებელი სხვადასხვა მარაგებისგან შედგებოდა.

ციხესიმაგრეთა მთელ უფროსებზე ზევით დაყენებულ იქნა თავიდან ციხისთავი (цихисъ-тави) – ყველა მოურვის უფროსი, ხოლო შემდეგ კი ამ წოდების მოსპობასთან ერთად სარდალი (сардарь) ანუ ყველა ლაშქრის უფროსი (начальникъ надъ всеми ополченiями). უკანასკნელი მეფის სოლომონ II-ის დროს სამი სარდალი იყო, რომელთაგან თითოეულს თავისი განსაკუთრებული დროშა ჰქონდა, რომლის აღმართვაც ციხესიმაგრეებში საყოველთაო განგაშს ნიშნავდა. მაშინ იმერეთის მთელი მცხოვრებნი, რომლებსაც სამხედრო ვალდებულება ეკისრებოდათ და სპილენძის დიდი საყვირებით (ბუკებით) იქნებოდნენ მოწოდებულნი, რომლებიც ეკლესიებში ან მონასტრებში ინახებოდა, თავიანთი სარდლების დროშების ქვეშ მიიჩქაროდნენ. შეიკრიბებოდნენ რა ტაძრის გარშემო, მეომრები ეკლესიის მწყემსებისგან კურთხევას ღებულობდნენ და არცთუ იშვიათად თავიანთ ოჯახებს მონასტრების კედლებში ტოვებდნენ, რომლებიც, აგებული იყო რა მაღალ კლდეებზე, ძლირ და ხშირად მოწინააღმდეგისთვის მიუვალ სიმაგრეს წარმოადგენდა. თავადები, აზნაურები და მსახურები სალაშქროდ მიდიოდნენ, დანარჩენი ხალხმოსახლეობა კი სიმაგრეებს, მთებს, ხეობებს იკავებდა და რეზერვს შეადგენდა, რომელიც, საჭიროების შემთხვევაში, თავიანთი მოურავების უფროსობით ასევე ბრძოლის ველზე გადიოდა.

თითოეულ ომში წასულს თავის სურსათზე თვითონ უნდა ეზრუნა და ის რამდენიმე დღეზე წამოეღო; ერთი ადგილიდან მეორზე პროვიანტის გადატანისთვის კი რაზმებში საპალნე ცხენები არსებობდნენ. ხანგრძლივი დგომის დროს და სურსათის ამოწურვისას ლაშქარი თავის თანამემამულეებში რეკვიზიციითა და მაროდიორობით ყველაზე უფრო ფართო ზომებში იყო დაკავებული. «პროვიანტს უახლოეს სოფლებში ართმევდნენ ვინც არ უნდა ყოფილიყო, ყოველგვარი გარჩევისა და გათანაბრების გარეშე. დისციპლინა და დაქვემდებარებულობა მაშინდელ ლაშქარში ბევრი არ ყოფილა. არანაირი კერძო უფროსები არ ინიშნებოდნენ მოურავების გამოკლებით, რომლებიც თავიანთი ოლქის გლეხებს მეთაურობდნენ, და სარდლებისა, რომლებიც მთელ ლაშქარს სარდლობდნენ. და ამიტომ არცთუ იშვიათად ლაშქრებში უწესრიგობანი და თვითნებობა წარმოიქმნებოდა. ვინც სამსახურს თავს აარიდებდა, მას შესარცხვენად თავზე, ყაბალახის ნაცვლად, ქალის თავსაფარს აფარებდნენ, ხოლო ვინც ომში წასვლაზე ჯიუტად უარს ამბობდა, მას მეფე გლეხებს ართმევდა, რადგანაც უკანასკნელნი აზნაურს სწორედ იმისთვის ეწყალობებოდა, რათა მას სამხედრო სამსახურის გაწევისა და მისდამი ჩაბარებულ მეომრებთან ან მსახურებთან ერთად ლაშქრობაში გამოსვლის შესაძლებლობა ჰქონოდა. იმერეთში არანაირი განსხვავების ნიშნები და დადგენილი ჯილდოები არ არსებობდა, მაგრამ ვინც განსაკუთრებულ სამსახურს გასწევდა ან გმირობას გამოიჩენდა, მას მეფე, თავისი შეხედულებისდა მიხედვით, თოფს, ხმალს, კაბას, ცხენს ან სოფლებს უწყალობებდა ან კიდევ თავისთან დაიახლოვებდა და შემდეგ შემოსავლიან თანამდებობებს აძლევდა. მაგრამ ლაშქრობაში წასავლელად ყველაზე უფრო დიდი სატყუარა ნადავლის შოვნის იმედი გახლდათ, და ასეთნაირად, სამეგრელოს, გურიისა და იმერეთის საზღვრებზე მცხოვრებნი უცხო და საკუთარი მეომრების მუდმივი მსხვერპლები იყვნენ, რომლებიც მათ ართმევდნენ ყველაფერს, რისი წართმევაც კი შეძლებოდა».

საომარ მოქმედებათა დასრულების შემდეგ, მთელ ლაშქარს სახლებში უშვებდნენ ციხესიმაგრეთა გარნიზონებისა და ქეშიკების (кишики), ანუ მეფის დაცვის გამოკლებით. შედგებოდა რა ქეშიკთუხუცესის (кишиктъ-ухуцесъ) უფროსობის ქვეშ, ეს დაცვა სამეფო კარს იცავდა, ხოლო სამი ადამიანი კი დატენილი თოფებით მუდმივად მეფესთან იმყოფებოდა. ქეშიკები ყველგან მეფეს დაჰყვებოდნენ, თვით დედოფლის მოსასვენებლის კარებამდეც კი, ხოლო ღამღამობით მეფის საძილე ოთახში დარაჯად იდგნენ (О царе Соломоне II и бывшем при нём управленiи, П-ръ Гн-въ. Кавказскiй Календарь на 1859 годъ. Поездка на родину, г. Кикодзе. Кавказъ 1853 г. № 68. Изъ записокъ о Гурiи, Н. Дункель Веллинга. Кавказъ 1854 г. № 10. Свэти Имеретинское преданiе Н. Соколовскiй Кавказъ 1853 г. № 51). ქეშიკებად უმთავრესად სოფელ ბანოჯის მცხოვრებნი აჰყავდათ, რომლებსაც განსაკუთრებით ეს სამსახური ეკისრებოდათ. მეფესთან სამსახური, როგორც თავადებისა და აზნაურებისთვის, ისე ყველა წოდებისთვისაც, ერთნაირად საპატიო საქმედ ითვლებოდა; ხოლო ამ სამსახურის სახეობანი კი იმერეთში, სამეგრელოსა და გურიაში მეტად სხვადასხვანაირი იყო.

უშუალოდ მთავრებს (владетели) მოჰყვებოდა თავადების (товади) წოდება – მთავრების (главные), უმთავრესებისა (главнейшiе), სიტყვიდან თავი (тави) – голова. ამ წოდებას ჩვენმა მთავრობამ князь-ები უწოდა. საქართველოში თავადების წოდება სამ ხარისხად იყოფოდა, მაგრამ გურიაში ეს არ ყოფილა, თუმცა კი ზოგიერთი თავადური საგვარეულო ხალხში დიდი პატივისცემით ან მნიშვნელობით, და თვით დიდი სამოქალაქო უფლებებითაც კი სარგებლობდა. ზუსტად ასევე იყო ეს იმერეთშიც. სამეგრელოში კი თავადები ორ თანრიგად იყოფოდნენ: თავადებად, რომლებიც სისხლით უფლისწულების (პრინცების) ძალაუფლების ქვეშ შედგებოდნენ, ე. ი. ყოფილი მთავრების შთამომავლებისა, რომლებსაც ისინი მემკვიდრეობით ერგნენ. ამ თანრიგის თავადები პირადი სამსახურით თავისი სისხლით უფლისწულისადმი იყვნენ დავალებულნი, და, გარდა ამისა, ასეთი თავადების გლეხებსაც, იმავე სისხლით პრინცებისათვის ზოგიერთი ხარკის (გადასახადის) მიცემა და სხვა ვალდებულებები ეკისრებოდათ. უმაღლესი წოდების მეორე სახეობა გახლდნენ თავადები, რომლებიც თვითონ მთავრის პიროვნების ძალაუფლების ქვეშ იმყოფებოდნენ. საკუთრივ სწორედ ისინი შეადგენდნენ კიდეც სამეგრელოში უმაღლეს წოდებას, ასე ვთქვათ, პირველხარისხოვან აზნაურებს, რომლებიც მხოლოდ მმართველს ექვემდებარებოდნენ და იგივე ვალდებულებანი ეკისრებოდათ, რომლებიც თითოეულ რუს თავადაზნაურს თავისი სახელმწიფოსა და მთავრობის წინაშე აკისრია.

უშუალოდ თავადებს მოჰყვებოდა საპატიო კაცების წოდება (сословiе сапатиокаци) – პატივცემულთა (почётные), სიტყვიდან პატივი (пативи) – честь, почесть. ეს წოდება საშუალო გახლდათ თავადებსა და აზნაურებს შორის, და უფრო გვიანდელ ხანაში თავადების წოდებას შეუერთდა. აზნაურები (азнауры) – თავისუფალი ადამიანები (люди свободные, вольные), რომლებიც აზნაურთა წოდების (дворянское сословiе) მთელი უფლებებით სარგებლობდნენ. სამეგრელოში ეს წოდება ნახევრდ თავისუფალი იყო და ეკლესიის, მთავრის ან თავადების ძალაუფლების ქვეშ შედიოდა. აზნაურები თავიანთ მფლობელებს პირადად ემსახურებოდნენ, მათი გლეხები კი თავიანთ მხრივ მთავარი მემამულეების წინაშე ზოგიერთი განსაზღვრული ხარკითა (გადასახადით) და ვალდებულებით იყვნენ დავალებულნი, რომლებიც საუდიეროს (саудiеро) სახელით იყო ცნობილი.

იმერეთის, სამეგრელოსა და გურიის განსაკუთრებულ წოდებათა რიცხვში იყო სასულიერო წოდება, რომლის შემადგენლობაშიც მეტად ხშირად დამოკიდებულ წოდებათა პირები შედიოდნენ. თუმცა კი გურიაში სასულიერო წოდებას, განსაკუთრებით კი უმაღლესს, სასულიერო უფლებების გარდა, მეტად მნიშვნელოვანი სამოქალაქო მნიშვნელობაც ჰქონდა, მაგრამ თუ სასულიერო პირი გლეხთა წოდებიდან წარმოდგებოდა, მაშინ რა მაღალ ღირსებაშიც არ უნდა ყოფილიყო იგი აღყვანილი, არც თავად მღვდელმსახური, არც მისი შვილები, ყმა-გლეხობის მდგომარეობიდან არ თავისუფლდებოდნენ.

სამეგრელოში კი მთელი სასულიერო წოდება უპირატესად გლეხთა წოდებიდან წარმოიქმნებოდა. აქ მღვდელმსახური არა იმდენად სულიერი მწყემსი იყო, რომელსაც თვალი თავისი მრევლის ზნეობაზე ეჭირა, რამდენადაც შავი მუშა, რომელიც არა მარტო თავის მიწებს ამუშავებდა, არამედ თავისი ბატონების მიწებსაც. ასევე ისეც ხდებოდა, რომ მფლობელთა მგზავრობის დროს, მღვდელმსახურები და ეკლესიის მწყემსები თავიანთ მფლობელებს თან მისდევდნენ და მათი სხვადასხვა ტვირთი გადაჰქონდათ. ერთი სიტყვით, სასულიერო წოდების უმრავლესობა სამეგრელოში მონები იყვნენ მათი ყველა ვალდებულებითა და მძიმე, უსიხარულო საზოგადოებრივი მდგომარეობით. არ გააჩნდა რა გამოკვების არანაირი საშუალებები, სასულიერო წოდება უმეცრებაში ჩაეფლო და თავისი უზნეობით – ღორმუცელობითა და არაფხიზელი ცხოვრებით გამოირჩეოდა. ასეთ პირობებში, მას არ შეეძლო ხალხისათვის თავის მიმართ პატივისცემა ჩაეგონებინა, როგორც არადამოუკიდებელ და იმ თვისებებისგან გაუცხოებულ წოდებას, რომლებიც ეკლესიის მსახურებს ეკისრებათ. ყოველივე ეს შეგნებული ჰქონდა სამეგრელოს უკანასკნელ მთავარს თავად დავითს, რომელმაც 1846 წელს სასულიერო წოდება პირადი დამოკიდებულებისგან გაათავისუფლა, მღვდელმსახურთა იმ შვილების გამოკლებით, რომლებიც ბრძანების გამოცემამდე იყვნენ დაბადებულნი, მაგრამ, თუმცა კი, რომლებმაც იმავე ბრძანების ძალით, თავისუფლებაში გამოსყიდვის უფლება მიიღეს სულზე ოცდახუთი მანეთის გადახდით.

თუ ამ სასულიერო წოდებას საკუთრივ ქართულთან შევადარებთ, მაშინ მათ შორის მნიშვნელოვან განსხვავებას აღმოვაჩენთ. საქართველოში სასულიერო წოდება დიდი პატივითა და გავლენით სარგებლობდა, არა მარტო სარწმუნოების საქმეებში, არამედ პოლიტიკური და სამოქალაქო მიმართებითაც, რაც ვახუშტი ბატონიშვილის მინიშნებით მტკიცდება. უკანასკნელი ამბობს, რომ ქრისტიანობის გავრცელების სულ დასაწყისიდანვე, საქართველოს მეფეები ცდილობდნენ ეკლესიის ჭეშმარიტი მწყემსები შეექმნათ, რომლებიც პატივისცემით სარგებლობდნენ: ეპისკოპოსები მეფის თანაბრად, ხოლო მღვდლები კი – თავადების თანაბრად. იმავე მწერლის მოწმობით, საქართველოს მეფემ ვახტანგ გორგასალმა კათოლიკოსის (католикосъ) წოდება დააწესა, და დაყენა რა ეპისკოპოსები მთელს საქართველოში, ბრძანა კათოლიკოსისთვის მეფის თანაბარი პატივი მიეგოთ, ეპისკოპოსებისთვის – ერისთავების თანაბარი პატივი, და მღვდელმსახურებისთვის კი – აზნაურთა თანაბარი. ამრიგად ჩანს, რომ საქართველოში სასულიერო წოდება მეტად მნიშვნელოვან როლს თამაშობდა, და თვით აზნაურობასაც კი აღემატებოდა, იმიტომ რომ მღვდელმთავრების განკარგულებაში შედგებოდნენ აზნაურები, რომლებიც ვალდებულნი იყვნენ მათ მიერ გამოძახებითა და მათი წინამძღოლობით ომში წასულიყვნენ. ყოველივე ამას ისიც უნდა დავუმატთ, რომ სასულიერო წოდება მაშინდელი განათლებისა და წიგნიერების წარმომადგენელი გახლდათ, და მეცნიერი (სწავლული) ადამიანები უპირატესად სასულიერო წოდების პირთაგან იყვნენ. სამეგრელოსა და გურიაში კი, სასულიერო წოდება განვითარების დაბალ ხარისხში იდგა, რისი მიზეზიც, რა თქმა უნდა, მისი ყმა-გლეხური მდგომარეობა და სხვადასხვაგვარ მფარველებზე დამოკიდებულება გახლდათ. რამდენადმე უფრო მაღლა და ქართულთან უფრო ახლოს იდგა იმერეთის სასულიერო წოდება, მაგრამ აქაც გვხვდებოდა მღვდელმსახურები დამოკიდებული წოდებებიდან.

საიდან და როგორი სახით წარმოიქმნა უძველეს დროში დამოკიდებული წოდება – მეტად ძნელი განსასაზღვრია, რაიმენაირი წერილობითი აქტების არარსებობის გამო, რომლებიდანაც შეიძლებოდა ადამიანის ადამიანზე დამოკიდებულებისთვის თვალი მიგვედევნებია. «ის შეიძლებოდა წარმოქმნილიყო აქ, ამბობს ად. პეტ. ბერჟე (Изъ путешествiя по Мингрелiи въ 1862 г. /рукоп./ მე რამდენჯერმე მქონდა შემთხვევა განმეცხადებია იმ დახმარების შესახებ, რომელიც მე ა. პ. ბერჟემ სხვადასხვა მასალების მოწოდებით აღმომიჩინა. ამჯერად აუცილებლად მივიჩნევ კვლავ გამოვუხატო მას ჩემი უღრმესი მადლიერება მეცნიერებისადმი თანამგრძნობი ყველა პირის სახელით), ისევე როგორც ყველგან ძლიერის მიერ სუსტის დამონების, ტყვეების მონებად გადაქცევისა და ძლიერის მიერ სუსტის დაცვის საწყისებზე, რომლის მფარველობისთვისაც ამ უკანასკნელს ადრე თუ გვიან უნდა მიემართა. დროთა განმავლობაში ეს უფლება წყალობის სიგელებით განმტკიცდებოდა (укреплялось жалованными грамотами) ამ თუ იმ მფლობელისთვის დამსახურებისამებრ მისაგებად. მსგავსი სიგელები, როგორც ფაქტები, XVI ასწლეულზე უფრო ადრე არ მოგვეპოვება».

ყოველ შემთხვევაში, ბატონყმური სამართალი აქ ყველაზე უფრო მრავალფეროვანი ფორმებითაა წარმოდგენილი. მაგრამ როგორი სახით და რით გამოიხატებოდა ეს სამართალი უძველეს დროში, სახელდობრ რითი იყო განპირობებული გლეხის მემამულეზე დამოკიდებულება – ამაზე დადებითი პასუხის გაცემა ჯერჯერობით შეუძლებელია. უფრო გვიანდელ დროში კი, და სახელდობრ ჯერ კიდევ გასულ ასწლეულში, ბატონს მისი ძალაუფლების ქვეშ მყოფი გლეხის სიცოცხლესა და სიკვდილზე უპირობო უფლება ჰქონდა: იგი მას მთელი ოჯახითა და ცალ-ცალკეც ჰყიდდა, როცა და სადაც ამას მოისურვებდა.

მიუხედავად იმისა, რომ მეგრელებს წერილობითი საბუთები არ გააჩნიათ, მთელი ეს ფაქტები ხალხის მეხსიერებაში ღრმად ჩაიჭედა და ამ დრომდე, როგორც მწუხარე (მოღუშული) სურათი მათ წარსულ უბედურებათა შესახებ, მამიდან ვაჟიშვილს გადაეცემა. გლეხებს არ შეუძლიათ არ ახსოვდეთ, რომ მემამულე ყოველთვის და ყველა დროში, მათთვის ყველაზე უფრო მძიმე ტვირთს შეადგენდა, რომ იგი ყოველთვის მათ ხარჯზე ცხოვრობდა, და თითქმის მხოლოდ იმ პროდუქტებით იკვებებოდა, რომლებიც ბუნებამ და შრომამ გლეხს მიუბოძეს; უკანასკნელის მიერ დიდი ხნის განმავლობაში გაწეული ძალისხმევა და მიღებული ნაყოფები, ბატონის მიერ ხშირად ერთ დღეში ნარჩენის გარეშე ნადგურდებოდა, ასე რომ გლეხს ხშირად, მემამულის გამასპინძლების შემდეგ, არსობის პურის ნაჭერიც კი აღარ რჩებოდა.

ხალხური წეს-ჩვეულებისა და გულითადი სტუმართმოყვარეობის ძალით, გლეხი ვერ ბედავდა თავისი ბატონის წინააღმდეგ აჯანყებულიყო, რომელიც მის შრომასა და საცხოვრებელ მარაგებს ანადგურებდა, მაგრამ სამაგიეროდ ხარკსა (გადასახადებსა) და ვალდებულებებში (въ податяхъ и повинностяхъ), გლეხები შეძლებისდაგვარად თავიანთ უფლებებს იცავდნენ, და ამ შემთხვევაში, მათი ურთიერთობა მფლობელებთან უფრო მეტად ზუსტი და უფრო განსაზღვრული იყო. მემამულეთა ზედმეტი მოთხოვნების აღსრულებისგან გლეხების მიერ თავის არიდება, პირველებს აიძულებდა თავიანთი პრეტენზიების სისწორე ეგრეთ წოდებული ანდერძის ქაღალდებით (отписные бумаги) დაემტკიცებიათ, და ამ შემთხვევაში, მემამულის არამდგრადობისას, გლეხი თავისი პატრონის არასწორი და მუდმივად მზარდი მოთხოვნების მიმართ ნაკლებ დამთმობი შეიქნა. აქედან წარმოიშვა და განისაზღვრა წოდებრივი უფლებები და თავად წოდებანიც მათი დამოკიდებულების ხარისხის მიხედვით რამდენიმე ხარისხად იყოფოდა, რომლებიც, თუმცა კი, ერთი საერთო სახელით გლეხ-კაცით (глехи-каци), ე. ი. გლეხით (крестьянинъ) არის ცნობილი.

დამოკიდებულ წოდებათა ყველაზე უფრო დაბალი განაყოფი (ფენა, разделъ) იყვნენ მოჯალაბეები (моджалабе), რომლებიც წარმოდგებოდნენ სიტყვიდან ჯალაბი (джалаби) – ოჯახი (семейство), ე. ი., რომ ისინი მთელი ოჯახით იყვნენ მემამულისადმი ვალდებულნი, და მისი ძალაუფლების ქვეშ იმდენად იმყოფებოდნენ, რომ მას შეეძლო მათ ყველანაირად მოქცეოდა, რასაც კი მოისურვებდა. გურიაში მათ ზოგჯერ უწოდებდნენ გლეხებს (иногда называли глехами), რაც ნიშნავს крестьянинъ-ს, ხოლო სამეგრელოში კი, პირიქით, ყველა გლეხს (всехъ крестьянъ) საერთოდ ზოგჯერ უწოდებდნენ მოჯალაბეს.

მოჯალაბე იყო მონა ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, რომელსაც ყველაზე უფრო უხეში სამუშაოები ევალებოდა, რომელთა შესრულებაც მემამულეს უფლება არ ჰქონდა თავისი სხვა გლეხებისთვის დაეკისრებინა. ეს წოდება შეადგენდა შინა მოსამსახურეებს, რომელიც არაფრით არ იყო უზრუნველყოფილი და ხშირად ყველაზე უფრო უკიდურეს სიღარიბესა და სიღატაკეში კვდებოდა. სამეგრელოში, მაგალითად, ყველას და თითოეულის გაგებით, ყველაზე უფრო უხეშ სამუშაოდ ღომის ჩენჩოსგან გასუფთავება ითვლებოდა, და ეს სამუშაო მოჯალაბეებს მოვლეობად ეკისრებოდათ, თუმცა კი ეს მოვალეობა სინამდვილეში ისეთი ძნელი არ ყოფილა, როგორც სხვები. სხვა წოდებათათვის გაცილებით უფრო ძნელი იყო თავიანთი ზურგით შეშა ეზიდათ, ან მემამულის ერთი ადგილიდან მეორეზე მგზავრობისას მისი სხვადასხვა ტვირთი ეტარებინათ. უკანასკნელ მოვალეობას ტვირთობა (твиртоба) ეწოდებოდა, რაც ზედმიწევნით ნიშნავს სიმძიმეს (тягость) – სიტყვას, რომელიც თავად ვალდებულებას ახასიათებს. მაგრამ ღომის გასუფთავება ხალხში დაბალ საქმიანობად ითვლებოდა და ეს სრულებით საკმარისი იყო საიმისოდ, რომ ამ სამუშაოსთვის მოჯალაბის გარდა ხელი არავის მოეკიდა.

მოჯალაბე მთელი თავისი ოჯახით, უმეტეს წილად, მემამულის კარზე ან მისი სახლის მახლობლად ცხოვრობდა. თავად ის და მისი ოჯახი ბატონის სუფრის ნარჩენებით იკვებებოდნენ, და ღომის მხოლოდ იმ მარცვლებით სარგებლობდნენ, რომლებიც ძნის გასუფთავებისას ჩენჩოში დარჩებოდა. მათ, უმნიშვნელო ბოსტნების გამოკლებით, საკუთარი მინდვრები და ნათესები არ ჰქონდათ და მხოლოდ ყველაზე უფრო იშვიათ შემთხვევებში, სიმინდის დასათესად მიწის მცირე ნაგლეჯი ან ნაკვეთი ეძლეოდათ. მოჯალაბეები იმ სამოსელს იცვამდნენ, რომელსაც მათ ბატონი ან მისი ოჯახის წევრები თავიანთი ტანიდან უწყალობებდნენ, და არა იმაზე ადრე, სანამ ის უკვე საკმაოდ დაძველდებოდა და მალე ძომძებადაც გადაიქცეოდა. მფლობელი მეტად ხშირად მოსამსახურეს სახელით არ მიმართავდა, არამედ მას რომელიმე არაქრისტიანულ და გამოგონილ ზედმეტსახელს არქმევდა.

ამ წოდების ქალის მდგომარეობა კიდევ უფრო სამძიმო იყო, ვიდრე კაცისა. უკანასკნელს შეეძლო ცოლი შეერთო და ოჯახი ჰქონოდა იმიტომ, რომ ეს მემამულისთვის იყო მომგებიანი, როგორც მოჯალაბის შვილების სახით სამეურნეო ძალის გაზრდა, მაგრამ ქალი კი მხოლოდ მაშინ შეიძლებიდა გათხოვილიყო, როდესაც თავის ქმარს მოჯალაბის წოდებიდან მოიძიებდა, და თანაც რომელიც აუცილებლად მისი ბატონის მოსამსახურეთაგან უნდა ყოფილიყო. თუ მოჯალაბეს რამდენიმე ქალიშვილი ჰყავდა, მაშინ იგი ვალდებული იყო თავისი ბატონისათვის მათგან უფროსი მოსამსახურედ მიეცა (давать... для женской прислуги), იმის გათვალისწინებით, რომ თუ ეს ქალიშვილი საქმროს ნახავდა და გათხოვდებოდა, მის ნაცვლად ბატონის სამსახურში მეორე ქალიშვილი მივიდოდა, მის შემდეგ მესამე და ა. შ. ამასთან აუცილებელია შევნიშნოთ, რომ მოჯალაბეთა გარდა, როგორც ვნახავთ, იყო სხვა წოდებებიც, რომლებიც ვალდებულნი იყვნენ თავიანთი ბატონისათვის მოსამსახურე ქალები მიეცათ. იყო შემთხვევები, როცა მოჯალაბე თავისი ბატონისგან თავს გამოისყიდდა, თუმცა კი სრულ თავისუფლებას ვერასოდეს ღებულობდა, არამედ მხოლოდ შეზღუდულს, და მებეგრის (мебегре) წოდებაში გადადიოდა, ამ წოდების ყველა ვალდებულების შესრულებით, რომელთა შესახებაც ქვემოთ იქნება ნათქვამი.

დაახლოებული კარის მსახური გოგონა (приближённая дворовая девка), რომელიც მფლობელის თითოეული ქალიშვილის მზითვის აუცილებელ კუთვნილებას შეადგენდა, მოახლის (моахле) სახელწოდებას ატარებდა, რაც ქართულიდან თარგმანში служанка-ს ნიშნავს. იგი ასრულებდა ყველა მოვალეობას, რომლებიც საერთოდ ამ სახელწოდებისთვისაა დამახასიათებელი. ბატონს შეეძლო ის გაეყიდა, გაეჩუქებინა, მზითევში გაეტანებინა, და საერთოდ სხვადასხვა აქტებით, გარიგებებითა და პირობებით გაესხვისებინა. იშვიათი იყო, როცა ასეთ ქალიშვილს ათხოვებდნენ, არამედ ყველაზე უფრო ხშირად იგი სამუდამო, თუმცა კი მოჩვენებითი ქალწულობისთვის იყო განწირული, რომლის შედეგიც თუმცა კი უკანონოდ შობილი ბავშვების მნიშვნელოვანი რაოდენობა გახლდათ. უკანასკნელნი უწინდელ დროში საეკლესიო გლეხებს შორის შედიოდნენ, მაგრამ შესაძლო იყო ისინი მემამულეს ყველაზე უფრო უმნიშვნელო ფასად გამოესყიდა, და თავის შინამოსამსახურეებად ექცია. ზოგჯერ თავად მემამულეები ღირს ჰყოფდნენ (делали честь) მოახლეს და ცხოვრობდნენ მასთან იმ დრომდე, სანამ ის ახალგაზრდა და ლამაზი იყო; ხოლო შემდეგ კი, უარყოფდნენ რა მას, მოხუცებულობაში საქონლის სადგომში და უკიდურეს სიღატაკეში აცხოვრებდნენ. ისიც ხდებოდა, რომ მემამულე, გააჩენდა რა მოახლესთან რამდენიმე შვილს, თავის ხარჭას სხვა მემამულეს მიჰყიდდა, ხოლო ბავშვებს კი თავისთან იტოვებდა ან კიდევ დედასა და შვილებს თავის სხვადასხვა მეზობლებს მიჰყიდდა. მოჯალაბისა და მოახლის მიმართებაში მემამულეს მხოლოდ ერთი ვალდებულება ჰქონდა – მათთვის ეჭმია და ტანზე ჩაეცვა, მაგრამ ყველაფერ ამას ყველაზე უფრო მწირი ზომით იძლეოდა. იყო, თუმცა კი შემთხევევები, როცა მოახლე ოჯახში პატივისცემით სარგებლობდა – ეს მაშინ ხდებოდა, როცა იგი თავისი ბატონის შვილებს ძიძობას უწევდა. მიიღებდა რა გამდელის (гамдели, ძიძის /няня/) წოდებას, იგი, აღზრდის დასრულების შემდეგ, თავისუფლებას ღებულობდა. 

მოსამსახურე, რომელიც მემამულის სახლში გლეხის ოჯახიდან იყო აყვანილი, ფარეშის (пареши) სახელს ატარებდა. ამავე წოდებაში შედიოდნენ ის პირებიც, რომლებიც მემამულის სახლში დაიბადნენ და არ ჰქონდათ, როგორც იტყვიან, არც გვარი და არც ტომი, არ ჰქონდათ ოჯახი და ჭერი, ბატონის ჭერის გარდა. გლეხთა შვილები, რომლებიც მფლობელის კარზე მოდიოდნენ, აჰყავდათ არაუადრეს 12 წლის ასაკისა რათა ცნობილი სამუშაოების შესრულება შეძლებოდათ. «ამ სამუშაოებში არის თავისი მემკვიდრეობითი სპეციალობა, რომელსც ისინი მკაცრად იცავენ». ასე, იყვნენ ფარეშები, რომლებიც მხოლოდ დასაბან საშუალებებს ან ტანსაცმელს მიართმევდნენ, სხვებს მხოლოდ შეშა მოჰქონდათ და ჩეხავდნენ, მესამენი ბუხარში ცეცხლს ანთებდნენ ან იატაკს ჰგვიდნენ და სხვა. პირები, რომლებიც ამ მოვალეობებს ასრულებდნენ, ატარებდნენ ზოგად სახელწოდებას პირის-ფარეში (пирисъ-пареши), ე. ი. პირადი მსახური. შემდეგ მოჰყვებოდნენ სხვა სახეობათა ფარეშები: ისინი, რომლებიც ვალდებულნი იყვნენ მოემზადებინათ საჭმელი, იწოდებოდნენ მზარეულებად (мзареули), რომლებიც ვალდებულნი იყვნენ გამოეცხოთ პური – ხაბაზებად (хабази), რომლებიც მოვალენი იყვნენ წისქვილისთვის მიეხედათ – მეწისქვილეებად (медцисквиле), რომლებიც მოვალენი იყვნენ ცხენებისთვის მოევლოთ – მეჯინიბეებად (меджинибе), რომლებიც მოვალენი იყვნენ შინაური ქონება შეენახათ – მოლარეებად (моларе), რომლებიც მოვალენი იყვნენ ხარკი (გადასახადები) აეკრიფათ – ხელოსნებად (хелосани).

აგზავნიდა რა ფარეშს ბატონის სახლში, მისი ოჯახი ვალდებული იყო გაგზავნილისთვის ჩაეცვა და იგი ყოველივე აუცილებლით მოემარაგებინა, საკვების გარდა, რომელიც მას მემამულისგან მიეცემოდა. იმსახურებდა რა ცნობილი გარკვეული დროით, ფარეში ოჯახში ბრუნდებოდა, ხოლო მის ნაცვლად მემამულის კარზე იმავე ოჯახიდან მისი ძმა ან და მიდიოდა.

მოსამახურეთა მესამე სახეობა შინაყმის (шинакма) სახელს ატარებდა და იმ გლეხებიდან და იმ აზნაურებიდან კომპლექტდებოდა, რომლებიც თავადების, საეკლესიო უწყების ან თავად მთავრის მიმართ სამიწე დამოკიდებულებაში იმყოფებოდნენ (находились въ поземельной зависимости). სიტყვა შინაყმა შედგენილია და წარმოდგება სიტყვებიდან შინ (шинъ) – სახლი, კარი და ყმა (кма) – გლეხი, ე. ი. კარის ადამიანი (дворовый человекъ). ამ პირების თავად წარმოშობიდანაც ჩანს, რომ ისინი მფლობელის კარზე უფრო საპატიო სამსახურის გაწევისთვის იყვნენ განკუთვნილნი. შინაყმები ვალდებულნი იყვნენ თავიანთ თავადს ან მის ოჯახს მგზავრობებში თან ხლებოდნენ, უზანგი დაეჭირათ, სუფრაზე მომსახურებოდნენ და თავიანთი პატრონი საუბრით გაერთოთ. მათ მფლობელები სხვადასხვა პირებთან აგზავნიდნენ და ისეთი დავალებებით, რომლებშიც დიპლომატიური სიფაქიზე მოითხოვებოდა, და ამასთან ერთად მემამულის კარზე შემდეგ თანამდებობებს ასრულებდნენ: სახლთუხუცესისა (салтхуцеса) – მმართველისა, მოურავისა (моурава) – прикащика, გამგებლისა (гамгебели) – распорядителя და სხვა.

ასეთი მრავალნირი ხასიათის თანამდებობებისა და პირთაგან მემამულის მთელი შინაური ყოფა იგებოდა (ეწყობოდა). «აქ არის, ამბობს კ. ბოროზდინი, საზოგადოების რამდენიმე განსხვავებული ფენა, რომლებიც ერთი-მეორეს არ ემსგავსებიან და ერთად მხოლოდ ბატონზე დამოკიდებულებით არიან შეკრებილნი. ბატონი და მისი ოჯახი ამ შინაურებს (домочадцы) უყურებენ, როგორც თავიანთ ნივთობრივ კუთვნილებას, რომელიც მათი კეთილდღეობისთვისაა შექმნილი; მაგრამ ამასთან ერთად არასოდეს გამოდიან ურთიერთობათა იმ ფარგლებიდან, რომელიც ჩვეულებრივი სამართლითაა დამყარებული: ფარეში არ შეიძლება არანაირი ძალებით აიძულო მოჯალაბის სამუშაო შეასრულოს, შინაყმა – ფარეშის საქმები. სახლში და კარეზე მშვიდობა მხოლოდ თითოეულის მიერ თავისი სპეციალობის აღსრულების პირობებში ნარჩუნდება». 

დამოკიდებულ წოდებათა ყველა დანარჩენი სახეობა ატარებდა საერთო სახელწოდებას მებეგრე (мебегре), ხოლო გურიაში კი ყმა (кма) ან გლეხი-კაცი (глехи-каци), ე. ი. გლეხები (крестьяне). სახელწოდება მებეგრე წარმოდგება სიტყვიდან ბეგარა (бегара) – ცნობილი ნატურალური ვალდებულება, რომელიც ღორის, ქათმის, ღომისა და ღვინისგან შედგებოდა. მებეგრე, ქართულიდან თარგმანში, ნიშნავს, ცნობილი, განსაზღვრული ხარკის (გადასახადების) გადამხდელს. წოდების ეს სახეობა მემამულის ან მთავრის წინაშე მხოლოდ რაიმე სამუშაოს აღსრულებით იყო ვალდებული, მაგალითად: მიწის გათოხვნით (თოხი, სამიწათმოქმედო იარაღია, რომლითაც პურის ფესვებს ასუფთავებენ; აქედან წარმოდგება სიტყვა გათოხვნა /тохать/, რომელიც საერთო გამოყენებაშია ქართულ პროვინციებში და ნიშნავს თოხით პურის ფესვების გაწმენდას ან მიწისა პურის დასათესად), მოხვნით, სხვადასხვა ხარკის (გადასახადების) გადახდით, ნატურით ან ფულით, მემამულის მინდორსა და ყანაში მუშაობითა და ბატონის კარზე მსახურების მიცემით. მებეგრის ვალდებულებები განსაკუთრებით მრავალფეროვანი იყო და ამასთან ერთად იმაზე იყო დამოკიდებული, განთავისუფლებული იყო თუ არა მებეგრე მემამულის მიერ, ცნობილი ერთდროული საზღაურის ფასად, ზოგიერთი შესაბამისი ხარკისგან. არსებითად თავის ბატონზე მისი დამოკიდებულების მთავარი თავისებურება გახლდათ ბატონისთვის ყოველწლიურად ღორის მირთმევა, და თუ მებეგრე მოახერხებდა ამ ორიგინალური მისართმევისგან თავი გამოესყიდა, მაშინ იგი აზატების წოდებაში გადადიოდა (переходилъ въ сословiе азатовъ).

მებეგრეები სამეგრელოში ორ თანრიგად იყოფოდნენ: გლეხებისა და მსახურების (глеховъ и мсахуровъ). პირველები, რომლებსაც სხვანაირად ყაზახებს ან მარგალებს უწოდებდნენ, ვალდებულნი იყვნენ ოჯახიდან თითო ფარეში მიეცათ და ამისგან მხოლოდ მაშინ თავისუფლდებოდნენ, როცა კომლში ერთ მუშაკზე მეტი აღარ იყო; ზოგჯერ კი ისინი ქალ მოსამსახურეებს (женская прислуга) აწვდიდნენ, რომლებიც მოჯალაბის მოვალეობებს ასრულებდნენ. ჩვეულებრივ მემამულე, ამოირჩევდა რა თავისთვის გოგონას გლეხის ოჯახიდან, მას კისერზე აბრეშუმის წითელ ზონარს ჰკიდებდა და ამ დროიდან ის ბატონის კარზე აყვანილად ითვლებოდა. ბატონის მოთხოვნით, თითოეულ კომლს, კვირაში სამუშაო დღეების რიცხვის განსაზღვრის გარეშე, საბეგრო სამუშოებზე თითო მუშაკი გამოჰყავდა; მიჰქონა ხარკი (გადასახადი, подати) ბეგარა და, გარდა ამისა, სხვა პროდუქტები, რომლებიც ყოველ სოფელში მეტად მრავალფეროვანი და განსხვავებული იყო, მაგრამ უპირატესად პურის, ყველის, ცხვრების, თიკნებისა და სხვა ასეთებისგან შედგებოდა. უკანასკნელი მისართმევები იმ ძღვენისგან (дзгвени, или гостинцевъ) წარმოდგებოდა, რომელიც გლეხებს თავიანთი ბატონებისთვის მიჰქონდათ. ეს მისართმევები, რომლებიც ორ წელიწადს ზედიზედ განმეორდებოდა, დამყარებული ადათის (წეს-ჩვეულების) მიხედვით, დებულებად (дебулоба) – ვალდებულებად (обязанность или повинность) გადაიქცეოდა. ამის გამო მემამულეები სხვადასხვანაირი ალერსითა და ხერხებით ცდილობდნენ თავიანთი გლეხები რომელიმე გაწეული სამსახური განმეორებაზე აეძულებინათ, გლეხები კი, ამის საპირისპიროდ, მთელი ზომებით მაგრდებოდნენ (упирались), რათა იმ ვალდებულებებისა და მისართმევებისგან, რომლებსაც მათი მამა-პაპანი ასრულებდნენ, ერთი ნაბიჯითაც არ გადაეხვიათ. 

მემამულეებისადმი გლეხთა ვალდებულებები ან წერილობით გარიგებებზე იყო დაფუძნებული, ან კიდევ გადმოცემებზე, რომლებიც თაობიდან თაობაში გულდასმით გადაეცემოდა. გლეხები ისე ძლიერად იდგნენ თავიანთი განსაკუთრებული ვალდებულებების დასაცავად, რომ არანაირ ძალას, თვით მემამულეთა ყველა შესაძლო თვითნებობის დროსაც კი, არ შეეძლო ისინი თუნდაც უმცირეს გადახვევაზე დათანხმებისთვის აეძულებინა. ვინც ვალდებული იყო გარკვეულ (ცნობილ) დროში მიწა მოეთოხნა, იგი არ თანხმდებოდა ეს სხვა დროს გაეკეთებინა, და მით უმეტეს მიწა მოეხნა, პური მოემკა ან გაეთიბა: ამისთვის, ამბობდნენ ისინი, არიან სხვა ადამიანები, რომლებსაც ეს მოვალეობები აკისრიათ.

თუმცა კი ამ წინააღმდეგობის მიუხედავად, სიღარიბე და ძლიერისგან დაცვის მიღების აუცილებლობა იყო იმის მიზეზი, რომ საუკუნეების განმავლობაში გლეხებმა საკუთარ თავზე ამდენად მრავალფეროვანი ვალდებულებები აიღეს, რომელთა ჩამოთვლაც კი შეუძლებელია. ასე, ისინი წელიწადში სამჯერ ასუფთავებდნენ ბატონის ნათესებს, საკუთარ ზურგზე გადაჰქონდათ მემამულის ნივთები, მისი მგზავრობისას ერთი სოფლიდან მეორეში; წელიწადში რამდენიმე დღეს აჭმევდნენ მემამულის ცხენებს, მეჯინიბესთან ერთად, ან ამის სანაცვლოდ 100-დან 200 კონამდე თივას აძლევდნენ; მიჰქონდათ საჩუქრები სადღესასწაულო შემთხვევებში: ქორწილებში, ნათლობებში, დაკრძალვისას და ქელეხებზე. ზოგჯერ უბედური შემთხვევების დროს გლეხები თავიანთ მემამულეს ეხმარებოდნენ, მის ვალებს გამოისყიდდნენ და ყველაზე უფრო მძიმე ვალდებულებას ასრულებდნენ – თავიანთი მფლობელის კვებისა, რაც ჩვეულებრივ თითოეულის წილად წელიწადში რამდენჯერმე მოდიოდა. მსგავსი სტუმრობა (наездъ), მთელი ოჯახითა და მოსამსახურეებით, გლეხისთვის კალიის შემოსევაზე გაცილებით უფრო უარესი იყო, იმიტომ რომ, სასიცოცხლო მარაგების ბოლომდე განადგურების გარდა, გლეხს ყველაზე უფრო უკეთესი და ფასეული ნივთებიც უქრებოდა.

ამაზე ზევით, ასე ვთქვათ, უმთავრესი მოვალეობები იყო მრავალი წვრილმანი, უცნაური და ისეთი რამ, რაც სასაცილომდეც კი მიდიოდა. ასე, მაგალითად, თუ მემამულესთან სტუმარი მოვიდოდა, მაშინ გარკვეული გლეხის ოჯახი ვალდებული იყო მისი გამასპინძლებისთვის კალმახი დაეჭირა. სოფელ ხონში იყო ერთი გლეხური სახლი, რომელიც ვალდებული გახლდათ წმ. აღდგომის დღესასწაულისთვის ის ბურთი დაემზადებინა, რომელიც ამ დღეს ხალხის გართობის საგანს შეადგენდა. იმერეთში იყო ერთი სოფელი, ოცდასამი კომლისგან შემდგარი, რომელიც წელიწადში ერთხელ მემამულეს ნახევარ-ნახევარ მოხარშულ კვერცხს აძლევდა და ა. შ.

გლეხთაგან ისინი, რომლებიც მემამულეს სამუშაოებისთვის მუშაკს და ქალ მოსამსახურეებს არ აძლევდნენ, მსახურის (мсахури) სახელწოდებას ატარებდნენ. გურიაში ეს წოდება გლეხებს ან მოჯალაბეებს საგანგებო საბუთებით ეძლეოდათ, სიგელის მაგვარით, და ამასთან დამსახურებისათვის ისეთ პირებს, რომლებიც სიმარჯვით ან რაიმე პირადი ღირსებებით გამოირჩეოდნენ, ანდა, ბოლოს, «მფლობელთან მომსახურე პირების შუამდგმლობით, და ხშირად საჩუქრების სანაცვლოდ, რომლებიც გამოსასყიდის სახით მიიღებოდა». მსახურები ზოგიერთი გადასახადისგან (ნატურითა და ფულით), მფლობელის სასარგებლოდ ხვნა-თესვისა და საერთოდ ძნელი სამუშაოებისგან იყვნენ განთავისუფლებულნი. მათი უმთავრესი მოვალეობა წელიწადში ან ორ წელიწადში ერთხელ თავიანთი მფლობელის გამასპინძლებაში მდგომარეობდა. მსახურის წოდება გურიაში გლეხებს შორის ყველაზე უფრო საპატიო იყო.

სამეგრელოში გლეხების მეორე სახეობა, რომლებიც მემამულეთა მიწებზე იყვნენ დასახლებულნი, გახლდნენ აზატები – სახელწოდება, რომელიც შეიძლება თარგმნილ იქნას სიტყვით განთავისუფლებული, მაგრამ არა სავსებით თავისუფალი ადამიანი, არამედ უფრო მეტად გლეხი, განთავისუფლებული ზოგიერთი გადასახადისა და ვალდებულებისგან. აზატები მოვალენი იყვნენ თავიანთ ბატონს მისი მგზავრობისას თან ხლებოდნენ, ორ წელიწადში ერთხელ თითო ძროხა მიეცათ, ან დაკლავდნენ რა მას, თავიანთ მფლობელს ჰომერული სადილით გამასპინძლებოდნენ.

მებეგრის წოდებიდან აზატების წოდებაში გადასვლა მეტად მნიშვნელოვნად ითვლებოდა, იმ მიმართებით, რომ უკანასკნელები მემამულისთვის ღორის მირთმევისგან თავისუფლდებოდნენ, რაც სამარცხვინოდ ითვლებოდა, თუმცა კი აზატების ვალდებულებანი და შენატანები უმეტეს წილად მებეგრის შენატანებზე უფრო ძვირი ჯდებოდა.

მებეგრის წოდებიდან აზატებში გადასვლა ზუსტად ისეთივე სახით წარმოებდა, როგორც გურიაში მსახურის წოდებაში, ე. ი. დამსახურებათათვის და წერილობითი აქტების ან სიგელების მიხედვით.

გლეხთა ჩამოთვლილი წოდებების გარდა იყვნენ კიდევ მონებიც, რომლებიც გლეხების დამოკიდებულებაში იმყოფებოდნენ, ანუ მათი გლეხები, რომლებსაც იმისთვის იძენდნენ, რათა თავიანთ ნაცვლად საბატონო სამუშაოებზე ან სამსახურში გაეგზავნათ. იყო შემთხვევები, თუმცა კი ძალზედ იშვიათად, რომ მოჯალაბე გლეხებს, თავიანთ მხრივ, ზუსტად ასეთივე მოჯალაბეები ჰყავდათ და ა. შ. ასეთ პირთა ხვედრი კიდევ უფრო მეტად უსიხარულო იყო, ვიდრე ყველა დანარჩენი დამოკიდებული წოდებისა. 

გამონაკლისის სახით აუცილებელია ითქვას, რომ სამეგრელოში, ამ სახეობათა გლეხების გარდა, იყვნენ კიდევ თავისუფალი მოსახლენიც (свободные поселяне), რომლებიც 1860 წლიდან წარმოიქმნენ, ჩვენი მთავრობის განკარგულებით, იმ მიზნით, რომ მემამულეთა დამოკიდებულებისგან განთავისუფლებული გლეხები, მთავრის საკუთარი გლეხების თანრიგში მათი ჩარიცხვით, ისევ ყმა-გლეხების მდგომარეობაში არ დაბრუნებულიყვნენ. აუცილებელია ისიც ითქვას, რომ იმერეთის, სამეგრელოსა და გურიის დამოკიდებულ წოდებებს შორის ყოველთვის იყო მისწრაფება, რომ ხალხში საზოგადოებრივი მდგომარეობის მიხედვით შედარებით უფრო წესიერ წოდებაში გადასულიყვნენ, ხოლო შემდეგ კი იმ მძიმე ხარკისა (გადასახადებისა) და ვალდებულებათაგან სრულიადაც განთავისუფლებულიყვნენ, რომლებიც ტვირთად აწვა გლეხს და მას შავ სხეულში ამყოფებდა (и держали его въ чёрномъ теле). ასეთნაირად, მოჯალაბის სანუკვარი ოცნება იმაში მდგომარეობდა, რომ მებეგრე გამხდარიყო, მებეგრესი – აზატი და ა. შ.

ორმხრივი ურთიერთობები, რომლებიც დამოკიდებულ წოდებებსა და მათ მფლობელებს შორის არსებობდა, ოჯახური საწყისის უფროსობრივ ბატონობასთან ნარევს წარმოადგენდა.

თუ ამ ურთიერთობებში უფრო ყურადღებით ჩავიხედავთ, ჩვენ დავინახავდით, რომ გლეხები ხშირად თავიანთ ბატონებთან ერთ სუფრას უსხდნენ, რომ ისინი მათთან ერთად ჭამდნენ და სვამდნენ, სიხარულსა და სიმწარეს ინაწილებდნენ, და არც თუ იშვიათად, ადამიანი რომელ წოდებასაც არ უნდა კუთვნებოდა, თუნდ მოჯალაბეც კი ყოფილიყო, ის ადგილობრივი აქაური ცეკვის ფერხულში თავადის ასულთან ხელიხელ-ჩაკიდებული ცეკვავდა. გლეხი თავისი ბატონის ოჯახის გარდაცვლილ წევრებს იგლოვდა, ზუსტად ასევე უკანასკნელიც მას ამ ქრისტიანულ ვალს უხდიდა და ხალხურ ადათს (წეს-ჩვეულებას) უზადოდ და თანაგრძნობით აღასრულებდა.

უმაღლეს წოდებებს შორის იგივე ურთიერთობები არსებობდა, როგორც უმდაბლეს წოდებებს შორის, მაგრამ, ამასთან ერთად, ამ ურთიერთობას, თავადაზნაურულ წოდებრივ წრეში, საკუთარ თავში წმინდა ფეოდალური დაღიც (ანაბეჭდი) გააჩნდა. ასე, მაგალითად, აზნაურს, ჩვენი გაგებით ზუსტად ისეთივე дворянинъ-ს, როგორიც თავადია, ხელით ეკავა უზანგი, როცა უკანასკნელი ცხენზე ჯდებოდა, ან მიართმევდა მას ჩიბუხს, ფეხებიდან ხდიდა ჩექმებს, თავადის ქორს, ცხენს ან მონადირე ძაღლებს უვლიდა, და მსგავსი სამსახურის გაწევას თავისთვის სამარცხვინოდ სულაც არ მიიჩნევდა. ამავდროულად სწორედ ის აზნაური ან თავადი მთავართან ერთ სუფრას უსხდნენ, საუბრობდნენ, ხუმრობდნენ, ზოგჯერ საკუთარ თავს სხვადასხვანაირ უსაქციელობათა (выходки) ნებასაც აძლევდნენ, რომლებიც თავმოყვარეობას არ შეურაცხყოფდნენ იმ შემთხვევაშიც კი, როცა პირი, რომლისკენაც იყო მიმართული ეს უსაქციელობანი, ყველაზე უფრო მაღალ წოდებას მიეკუთვნებოდა. ამასობაში უფროსს უფლება ჰქონდა ხორცის ნაჭერი ან უბრალოდ ძვალი თავისი ძალაუფლების ქვეშ მყოფისთვის გაეგზავნა და ის მას, როგორც ყურადღების ნიშანს, მადლიერებით ღებულობდა, და, თავის მხრივ, გამოხრულ ნარჩენებს თავისზე უფრო დაბალი ხარისხის პირს (ხელქვეითს) გადასცემდა. სხვების ნარჩენებზე უარის თქმა უწესო საქმედ ითვლებოდა და ხელქვეითი აუცილებლად თვლიდა მიღებული გამოხრული ძვალი თვითონაც განსაკუთრებული მონდომებით გამოეხრა.

ქვეყანაში, სადაც ერთის მხრივ ფეოდალიზმი და მეორეს მხრივ მონობა მუდმივ ურთიერთ მტრობაში იმყოფებოდა, სადაც ფეოდალების პიროვნებებმა ბევრი რამ არსებითი დაკარგეს, სადაც მათი მატერიალური ძალები წვრილმანებად დაქუცმაცდა, ამავე დროს როგორც ამ ფეოდალთა შთამომავლებს, არ სურდათ რა თავიანთ ქედმაღლურ ჩვევებსა და გამოხტომებზე უარი ეთქვათ, და მათი ძალაუფლების ქვეშ მყოფთაგან უკანასკნელ წვენებს ჰქაჩავდნენ (სწოვდნენ), იქ შეუძლებელი იყო ცრემლების, კვნესა-ვაებისა და წყევლა-კრულვის გარეშე ეცხოვრათ...

«საცოდავია გლეხი, წერს ად. პ. ბერჟე, იმ ბატონის ზედამხედველობის ქვეშ, რომლის წინაპრებიც თავისთან ასეულობით მონას მოითვლიდნენ და რომელსაც მემკვიდრეობით, შესაძლოა, არაუმეტეს ათეული კომლისაღა დარჩა. საცოდავია ნამცეცა ფეოდალი ამ რიცხვის გლეხების დროს, როცა იგი, ოდნავადაც რომ არ შეუმცირებია თავისი ჟინი და ხარჯები, მთელი ძალებით ცდილობს, რომ ამ მიმართებით თავის წინაპარს არ ჩამორჩეს, რომელსაც შეუდარებლად უფრო მეტი სახსრები გააჩნდა. უანასკნელს თავისთან დიდი რაოდენობით ჰყავდა მეჯინიბენი, მზარეულები, ბაზიერები, მეწაღეები, მკერავები და ყველანაირი მსგავსი ადამიანები; მის შთამომავალს კი თავი ასეთივე ფეოდალად მოაქვს და უნდა იგივე ვითარება ჰქონდეს, სულ მცირე, მინიატურაში მაინც, და მის ხელთ დარჩენილი რამდენიმე კომლი გლეხებისგან ყველა მსგავს სამსახურს მოითხოვს. ესენი, თავიანთ მხრივ, ხელებითა და ფეხებით მაგრად ებჯინებიან (упираются), არაფრის გულისთვის არ უნდათ იმ თვითნებური მოთხოვნების შესრულება, რომლებიც მათთვის დამამძიმებელი, ან სულაც შეუფერებელია, პასუხობენ რა, რომ ესა და ეს მოვალეა აცხობდეს პურს, და არა ხარშავდეს საჭმელს, უვლიდეს ცხენს, და არა შევარდენს, რომ ამისა და ამის წინაპარი თუმცა კი უკერავდა თავის ბატონს ჩექმებს, მაგრამ რადგანაც მისი პირდაპირი შთამომავლობა ამოწყდა, ამიტომ მეორეს არ უწევს აღნიშნული ვალდებულების მთლიანობაში შესრულება, და მზად არის მხოლოდ ერთი ჩექმა შეკეროს».

ერთის მხრიდან პრეტენზიებისა და მეორის მხრიდან კი შეუპოვრობის ან წინააღმდეგობის პირდაპირი შედეგი იყო ის, რომ მფლობელები ზოგჯერ ძალადობას მიმართავდნენ, რომლის შედეგიც გახლდათ ან გლეხის გაქცევა, თუ იგი ამას მოახერხებდა, ან საბოლოოდ გაღატაკება (разоренiе). გლეხებს არ შეეძლოთ და არ შეუძლიათ იმის დავიწყება, რომ მათი ოჯახის წევრებს ბატონები ტყვედ ჰყიდდნენ, არ შეუძლიათ დაივიწყონ, რომ მათ ოჯახებს შეუბრალებლად აცალცალკევებდნენ, რომ მათ უცხო და თავიანთი მემამულეები ძარცვავდნენ, რომ გლეხი არ იყო დარწმუნებული თავის საკუთრებაში, რომ სასამართლოსა და აღსრულებას ისინი ძვირად ყიდულობდნენ, და მაინც მართლმსაჯულებაზე იმედის გარეშე, და ბოლოს, რომ მათ ბოლომდე ხრავდნენ ძლიერები, ბოლომდე ხრავდნენ უფროსები და მათ მიერ დაგზავნილი ურიცხვი მოხელეები. გლეხმა არ იცოდა, თუ მას, მის საქონელსა და ქონებას ხვალ რა მოუვიდოდა. ამიტომ ის საფუძვლიანად არასოდეს აშენებდა, არამედ თითქოს ყოველთვის სხვაგან გადასახლებისთვის ემზადებოდა (всегда готовился къ перекочовке).

თავადები, საპატიო კაცები და აზნაურები მიწის საკუთრებისა და მასზე დასახლებული გლეხების მფლობელები იყვნენ. პირველი ორი წოდება მხოლოდ მთავრებზე იყო დამოკიდებული, როგორც ვასალები, რომელთაც ევალებოდათ სამსახური ჯარში, სამოქალაქო მმართველობაში, მთავრის კარზე ან მის პიროვნებასთან, ხოლო ზოგჯერ კი მიწის გამო ვალდებულებით (а иногда повинностью отъ земли) და, ხშირად, შემოსავლებისა სხვა წყაროებიდან, როგორც, მაგალითად, საბაჟოებიდან და სხვა. – თუმცა კი აზნაურების უმეტეს ნაწილს თავადების თანაბარი უფლებები ჰქონდა და მხოლოდ მთავარს ექვემდებარებოდა, მაგრამ, როგორც ჩვენ ვნახეთ, ისეთი აზნაურებიც იყვნენ, რომლებიც თავადების, ეკლესიისა და აზნაურთა ასეთივე წოდებიდან გამოსულ მემამულეთა დამოკიდებულებაში იმყოფებოდნენ. დამოკიდებულ და დამოუკიდებელ აზნაურებს შორის ხალხის შეხედულებით, არანაირი განსხვავება არ ყოფილა. მხოლოდ სიძველე და წარმოშობის დიდებულება (знатность происхожденiя) აძლევდა პირველობას აზნაურთა საგვარეულოებს, არ აქცევდა რა ყურადღებას იმას, ისინი თავისუფლები იყვნენ თუ დამოკიდებულნი.

მფლობელს უფლება ჰქონდა მასზე დამოკიდებული აზნაურის მამულზე ძალაუფლება სხვისთვის გადაეცა, მაგრამ უკანასკნელის მიერ შეძენილ მამულზე კი არანაირი გავლენა არ გააჩნდა. თუ დამოკიდებული აზნაურის სახლი ამოწყდებოდა, მაშინ მისი მამული მემამულის საკუთრებაში შედიოდა. «მეორეს მხრივ, მემამულეთა აზნაურებს არ შეეძლოთ, თავიანთი მფლობელების ან ეკლესიის თანხმობის გარეშე, თავიანთი გლეხები სხვისთვის დაეთმოთ ან გაეთავისუფლებიათ, ვინაიდან ესენი მათ მფლობელებზე იყვნენ დამოკიდებულნი».

ვახტანგ მეფის კანონმდებლობის მიხედვით, რომელიც ქართული ტომით დასახლებულ ყველა პროვინციაში გამოიყენებოდა, მემამულეს, ვინც არ უნდა ყოფილიყო იგი, თავის გლეხზე სრული ძალაუფლება გააჩნდა, სიცოცხლის მოსპობის გამოკლებით. ბატონს უფლება არ ჰქონდა თავისი გლეხი დაესახიჩრებინა; მაგრამ იმავე კანონების ერთ ადგილას ნათქვამია, რომ თუ ბატონი თავს დაესხმება თავის მსახურს, მაშინ უკანასკნელი მთელი ზომებით თავს უნდა არიდებდეს იმას, რომ თავი დაიცვას. მემამულეს უფლება ჰქონდა თავისი გლეხები გაეყიდა, სანაცვლოდ მიეცა, დაეგირავებინა, ეჩუქებინა და გაეთავისუფლებინა; შეეძლო დანაშაულისთვის დაესაჯა, მაგრამ ისე, რომ სხეულის დაზიანება არ მიეყენებია. მფლობელი არ აღიარებდა ვალდებულებას შიმშილის ან სხვა საზოგადოებრივი უბედურების შემთხვევაში თავისი გლეხები შეენახა, ზუსტად ასევე იგი უარს აცხადებდა თავისი ძალაუფლების ქვეშ მყოფთა ზნეობაზე თვალი სჭეროდა. მემამულეებს სრული უფლება ჰქონდათ გლეხის უძრავი მამული განეკარგათ, მაგრამ მის მიერ შეძენილ მამულზე კი უფლება არ გააჩნდათ. გლეხის სიკვდილის შემთხვევაში, რომელიც მამრობითი სქესის პირდაპირ მემკვიდრეებს ვერ დატოვებდა, მისი მამული მემამულის სასარგებლოდ შედიოდა, ქალიშვილებისა და მდედრობითი სქესის მემკვიდრეების გარდა, რომელთაც არ შეეძლოთ მამის მამულზე მემკვიდეობა ჰქონოდათ, მაგრამ თავიანთი მშობლების სიცოცხლეში გათხოვებისას, შეეძლოთ მამულის ნაწილი მზითვად მიეღოთ.

გლეხებს არ შეეძლოთ უძრავი მამული მემამულის თანხმობის გარეშე გაეყიდათ, არ შეეძლოთ ერთი სოფლიდან მეორეში გადასახლებულიყვნენ, თუმცა კი ასასობა (ассаство, მფლობელისგან გაქცევა ან მისი ნების გარეშე გადასახლება) აქაც ზუსტად ისეთივე ზომებში არსებობდა, როგორც აფხაზეთშიც.

გლეხს უფლება ჰქონდა თავის სახელზე მიწა შეეძინა და მას საკუთრებაზე სრული უფლებებით დაუფლებოდა. «მემამულეს შეუძლია გადაჰყავდეს თავისი მოსახლენი ერთი მიწებიდან მეორეზე მხოლოდ მათთან ორმხრივი შეთანხმებით, ამასთან მათ ეძლევათ სრული შეღავათი ორი წლის განმავლობაში, ხოლო შემდეგ კი ხარკი (გადასახადები) და ვალდებულებანი იგივე დგინდება, რაც უწინდელ მიწებზე ჰქონდათ».

გლეხებს შეეძლოთ, მემამულის ნებართვით, ვაჭრობით, ხელობებითა და მრეწველობით ყოფილიყვნენ დაკავებულნი, და ამის მეშვეობით შეძენილი როგორც მოძრავი, ისე უძრავი საკუთრება თავისი ნებით განეკარგათ, მემამულის მონაწილეობის გარეშე, მაგრამ ნებართვის მიღებისას მოლაპარაკებული ანაზღაურების უკანასკნელისთვის გადახდით (Изъ путешествiя по Мингрелiи въ 1862 г. Ад. П. Берже, рукопись, обязательно сообщённая мне авторомъ. Крепостное состоянiе въ Мингрелiи, К. Бороздина. Записки Кавк. отд. Имп. Р. Геогр. Общ. кн. VII изд. 1866 г. О сословiяхъ въ Гурiи, изъ записокъ капитана Тржасковскаго. Кавказъ 1847 г. № 40).

თარგმნა ირაკლი ხართიშვილმა