Sunday, May 31, 2020

ამონარიდი ფრიდრიჰ ჰოლდერლინის თხზულებიდან „ემპედოკლე“

(გამოჩენილი გერმანელი პოეტის ფრიდრიჰ ჰოლდერლინის ცნობილი დრამატული ნაწარმოების „ემპედოკლეს“ თარგმანი, შესრულებული მარიამ ქსოვრელი-ხართიშვილის მიერ, 2017 წლის ზაფხულში გამოაქვეყნა გამომცემლობა Carpe diem-მა. ქვემოთ გთავაზობთ დასაწყის ვრცელ ამონარიდს ამ თარგმანიდან. ყდის დიზაინი და მხატვრობა ეკუთვნის მირიან ყენიას. დასასრულს ვიტყვით, რომ 2017 წლის დეკემბერს მოეწყო მარიამ ქსოვრელი-ხართიშვილის სამი ახალი წიგნის პრეზენტაცია, მათ შორის აღნიშნული თარგმანისა, და ქვემოთ მოვათავსებთ სურათებს ამ ღონისძიებიდან)



ემპედოკლე 


მოქმედი პირნი

ემპედოკლე
პაუზანიასი, მისი მოწაფე
ჰერმოკრატე, აგრიგენტის მთავარი ქურუმი
კრიტიასი, აგრიგენტის არქონტი
პანთეა, მისი ქალიშვილი
დელია, პანთეას მეგობარი
აგრიგენტელები,
ემპედოკლეს სამი მონა,
ერთი გლეხი


ადგილი: I მოქმედება – აგრიგენტი; II მოქმედება – ეტნა.




I მოქმედება 


1.

პანთეა, დელია.

პანთეა

ეს მისი ბაღია! იმ საიდუმლოდ დაბურულში, წყარო რომ მოსჩქეფს, იქ იდგა იგი ამ ცოტა ხნის წინ, მე როცა ჩავიარე – შენ ის არასდროს გინახავს?

დელია

ო, პანთეა! მე ხომ მამასთან ერთად გუშინღა ჩამოვედი სიცილიაში. მაგრამ ერთხელ, ჩემს ბავშვობაში, ოლიმპიური თამაშებისას ეტლში დავინახე. მაშინ მასზე ბევრს ლაპარაკობდნენ და მისი სახელი სამუდამოდ დამამახსოვრდა.

პანთეა

შენ იგი ახლა უნდა ნახო, ახლა! ამბობენ, რომ მცენარენი მისკენ გადაიხრებიან, სადაც გაივლის, წყლები ამოსკდებიან მიწიდან, რომელ ადგილსაც ჯოხით შეეხება, და როცა ავდარში ცისკენ აღაპყრობს მზერას, ღრუბლები გაიფანტებიან და მშვენიერი დღე გამოვაო. ეს ყველაფერი მართალი უნდა იყოს! შენ რას იტყვი, ჰა, შენ იგი თვითონ უნდა ნახო! ერთი წუთით! და მერე ისევ გზა განაგრძო! მე თვითონ ვერიდები მას, საშიში, ყოველივეს გარდამქმნელი არსებაა იგი.

დელია

ნეტავ სხვებთან ერთად როგორ ცხოვრობს? ვერაფერს ვიგებ ამ კაცისას. ამბობენ, ჩვენსავით მასაც აქვს უნაყოფო დღეები, როცა გვგონია, რომ ერთფეროვნად და უქმად გაგვყავს დრო! იქნებ ადამიანური ტკივილიც უცხოა მისთვის?

პანთეა

აჰ, მაშინ იქ, იმ ხეთა ჩრდილში, უკანასკნელად
როცა ვნახე ის ღვთაებრივი, ვგონებ, რომ თითქოს
მას საკუთარი ღრმა ტკივილი დაუფლებოდა,
და საოცარი მონატრებით წუხდა, უკვირდა,
თუ რაოდენი რამ დაკარგა, ხან დასცქეროდა
დაბლა მიწას და დროდადრო კი ბინდს ტყისა პირზე
 მისჩერებოდა – ხან ცისკენ, ზევით იხედებოდა,
თითქოს შორეულ იმ ლაჟვარდში გაფრენილიყო
მისი სიცოცხლე; მორჩილებამ, მეფურმა სახის,
შემიძრა გული ღრმა ფიქრებით: – ვარსკვლავო, ნახე,
შენც მალე უნდა ჩაესვენო – დიდხანს არ გასტანს
ეს ყოველივე! ვგრძნობდი წინასწარ.

დელია

პანთეა, იმას უკვე ელაპარაკე კიდეც?

პანთეა

ოჰ, ეს შენ გამახსენე, დიდი ხანი არ არის, რაც სასიკვდილო სარეცელზე ვიყავი მიჯაჭვული. დღე უკვე მიბნელდებოდა და უსულო ჩრდილთა სურათივით, სამყარო მზის ირგვლივ ირწეოდა. მაშინ, იმ უიმედო დღეებში, მამაჩემმა ბუნების მესაიდუმლე იხმო, თუმცა ამ დიდ კაცს შეურიგებლად გადამტერებოდა და როცა დიდებულმა ადამიანმა წამალი დამალევინა, ყველა ტკივილი სასწაულებრივად დამიამდა, მთელ ჩემს სიცოცხლეს საფრთხეს რომ უქადდა და ნეტარ, უდარდელ ბავშვობაში დამაბრუნა, მრავალი დღის განმავლობაში ფხიზლად მეძინა და სული ძლივს მოვითქვი. როგორც კი სუფთა ჰაერზე დიდი ხნის დაკარგულ სამყაროს კვლავ შევეგებე, და დღეს დიდი ცნობისწადილით მივაშტერე თვალი, მაშინ იქ იდგა ემპედოკლე! ო, როგორი ღვთაებრივი და ახლობელი ჩემთვის! მისმა ალერსიანმა მზერამ კვლავ სიცოცხლე ამიყვავილა! აჰ, ვით განთიადზე ღრუბლის ფთილა, ისე შეცურდა ჩემი გული მაღლით, ტკბილ სინათლეში და მე მისი ნაზი ანარეკლი შევიქენი.

დელია

ო, პანთეა! პანთეა!

პანთეა

ო, რა ხმა ამოდიოდა მისი მკერდიდან! ყოველი ბგერა ხავერდოვნად ჟღერდა! და მის სიტყვაში სული იყო დაფარული! – მის ფეხებთან მინდა საათობით ვიჯდე, როგორც მისი მოწაფე, შვილი, მინდა მის ეთერში ვიყურო და მასთან ერთად ვიზეიმო, ვიდრე მისეულ ციურ სიმაღლეებში გონებას არ დავკარგავ.

დელია

ის რას გეტყოდა, საყვარელო, ეს რომ სცოდნოდა?

პანთეა

მან ეს არ იცის, ნებიერი თვის სამყაროში
დაიარება იდუმალად, ღვთიურ სიჩუმით
ნაზ ყვავილნარში დააბიჯებს, ჰაერთნაკადებს
ბედნიერისთვის ხელის შეშლა რომ ერცხვინებათ:
მისთვის სამყარო მდუმარია, თავისდათავად,
თანდათანობით ის ზესწრაფვით აღფრთოვანდება,
ვიდრე ღამით არ გამოკრთება ნაპერწკალივით
ფიქრი და აზრი – აღმაფრენა შემოქმედების –
 და ციურძალნი მხიარულად მის ნეტარ სულში
 მომავალ საქმეთ არ აღძრავენ, და ეს სამყარო,
კაცთა ცხოვრება მღელვარებით, ბუნება წყნარი,
მოჩანს მის ირგვლივ – აქ ის თავსა გრძნობს თვით ღმერთივით
თავის მშობლიურ სტიქიებში. და ეს ხალისი
ჰგავს ციდან მოსულ მელოდიას. აი, გამოდის
ის დღისით ხალხში, მღელვარენი უძლიერეს კაცს
ელოდებიან მოუთმენლად, გზა რომ უჩვენოს;
იგი თავს ართმევს, ვით მესაჭე წარჩინებულად
მიზანს მიაღწევს. და ისინი როს მიხვდებიან,
სურთ, გამუდმებით საუცხოო კაცს შეეჩვიონ,
მზადაც არიან: მაგრამ იგი წასულა უკვე,
ჩრდილი იზიდავს მცენარეთა წყნარ სამყაროსი,
თავს გრძნობს ნეტარად, იდუმალი ცხოვრება მისთვის
ამოხსნილია, ძალისხმევით ეზიარება
იგი ყველაფერს.


დელია

ო, მჭევრმეტყველო, ყველაფერი როგორ გცოდნია!

პანთეა

მასზე ბევრს ვფიქრობ – რაოდენსაც ძალმიძს რომ ჩავწვდე
და ვხვდები განა? აჰ, რას ნიშნავს, თვითონ ის თავად
ცხოვრება არის, სხვები მისი ზმანებანი ვართ.
პაუზანიასი მიყვება ხოლმე უცნაურს
ბევრს მეგობარზე – რადგან ხედავს ყოველ ცისმარე,
და ასე ვგონებ, რომ არწივზე იუპიტერის
ეს ყმაწვილია ლაღი მეტადრე!

დელია

ამ სიტყვებისთვის, საყვარელო, მე ვერ დაგძრახავ,
და მაინც ნაღვლობს საუცხოოდ ეს ჩემი სული,
სწორედ ამიტომ შემოგნატრი, შენსავით ვიყო,
რადგან აღარ მსურს ძველებურად. ასე ხართ ყველა,
თქვენ ამ კუნძულზე? დიდკაცები გვახალისებენ;
ათენელ ქალთა ახლა ერთი მზე გვყავს, სოფოკლე!
ვის მოკვდავთ შორის სულ პირველად გამოეცხადა
დიად-ბუნება ქალწულისა, და რამაც აღძრა
 მის სამყაროში მოგონება დიდი სიწმინდით.
ახლა ყოველს სურს, იყოს აზრი იმ დიდებულის,
სურს უმეტესად, მუდამმშვენი ახალგაზრდობა
ვიდრე დამჭკნარა, გადავიდეს პოეტის სულში
და იქ გადარჩეს; კითხულობენ, და ფიქრდებიან:
ვინ, ამ ქალაქის ქალწულთაგან, იქნება გმირი
უსათნოესი, ჰეროდეა, ვინც სულს შეუძრავს,
რომელსაც იმან ანტიგონე უკვე უწოდა.
ის დროც მოაწევს, დაადგება ჩვენს შუბლს ნათელი,
ღმერთთმეგობარი დღესასწაულზე თეატრში მივა,
უეჭველია, შეხვდებიან აღფრთოვანებით.
იმგვარად არ წუხს არასოდეს ეს თბილი გული,
ვით ტკივილიან, წარმტაც დროში თაყვანცემისას. –
შენ ეწირები, ასე ვფიქრობ, ის დიადია,
მშვიდად იყავი! შენ ხომ გიყვარს მოუსაზღვრელი
მოუსაზღვრელად, რას უშველი, შენ თვითონ იმას?
მისი დაღუპვა შენ უნდა ზღო, კეთილო ბავშვო,
მასთან ერთად შენც იღუპები?!

პანთეა

ნუ მაამაყებ, ნურცა ძრწიხარ ორივეს გამო.
მე ხომ ის არ ვარ, როცა წავა, მისი დაღუპვა
 სულისშემძვრელი არ იქნება ჩემთვის, მგონია,
რადგან სიკვდილიც დიადია კაცთა დიადთა.
იარაღასხმულს სურს, რომ გმირთან ერთად შევიდეს
საბედისწერო ცეცხლის ალში, გამოიცადოს,
მაშინ ის ერთი, ვით მეორე, მოწოდებული,
მომზადებული უნდა იყოს საიმისოდაც,
რაც კი ამ კაცს თავს გადახდება, მერწმუნე, დაო,
დაემართება ეს ამბავი მარტოდენ იმ ერთს;
ყველა ღვთაების წინაშე ხომ ვინც ცოდვას ჩადის,
 თავზე დაიტეხს ის საშინელ რისხვას ღმერთების.
მეც ვისურვებდი შეცოდებას მისდაგვარადვე,
რომ ბედისწერა მასთან ერთად გავიზიარო.
ასე იქნება, ჩემი აზრით, შეყვარებულთა
კამათში უცხო როცა შევა და ჩაერევა:
– შენ რაღა გინდა? – ღვთაებანი მეტყვიან ასე,
– შენ ხომ მასავით დამცირება ჩვენი არ ძალგიძს,
გადარეულო?! –

დელია

იქნებ მისთვის ხარ უმნიშვნელო, ვიდრე გგონია,
მაშინ მითხარი, რა გიზიდავს, რამ გაგიტაცა?

პანთეა

ჩემო ერთგულო, რად ვეკუთვნი? თვითონ არ ვიცი,
ნეტავ გენახა! – მე მეგონა – გამოვიდოდა
იგი გარეთ, ამ საათისთვის მარადჭაბუკი
სიამოვნებით დადის ბაღში, და თითქოს ერთ წამს
მშვენიერი დღეც მას ედრება. იქნებ წასვლისას
მაინც დალანდო. კაცმა რომ თქვას, ეს სურვილია,
სურვილებს უნდა, როგორც შევძლებ, გადავეჩვიო,
რადგანაც ჩანს, რომ ჩემი ლოცვა, მოუთმენელი,
არ უყვართ ღმერთებს, ცხადია, და მართალიც არის;
აღარც ვისურვებ, – მაგრამ უნდა იმედი მქონდეს,
ო, თქვენ, ღმერთებო, ჰო, კეთილნო, სხვა არაფერი
ვიცი მეტი მე იმის გარდა – სიამოვნებით
კვლავაც ვითხოვდი სხვათა მსგავსად, თქვენგან გვებოძოს
მზის შუქი, წვიმა, შევძლებ ნეტავ! ეჰ, საიდუმლოვ
მარადიულო! რანიც ჩვენ ვართ და რასაც ვეძებთ,
მისი მიგნება ხომ არ ძალგვიძს. რასაც ვიპოვით,
მერე ვიგებთ, რომ ის არა ვართ – და რამდენს იტევს
ოჰ, ეს საათი?!


დელია

მამაშენი ჩანს, ჩვენკენ მოდის, რა ვქნათ, არ ვიცი,
დავრჩეთ თუ არა?

პანთეა

შენ, რაო, რა თქვი? მამაჩემი? მოდი, გავიქცეთ!


2.

აგრიგენტელთა გუნდი შორეთში.
კრიტიასი, ჰერმოკრატე.

კრიტიასი

თითქოს მთვრალია ეს ჩვენი ხალხი.

ჰერმოკრატე

მას დაეძებენ.

კრიტიასი

როგორ ძლიერად გამჯდარია ამ კაცის სული
ყოველ მათგანში.

ჰერმოკრატე

მე ვიცი, როგორც ხმელი ბალახი,
აენთებიან ხოლმე კაცები.

კრიტიასი

ასე მგონია, ამოძრავებს ამ ჯგუფს ის ერთი
ისე, ვით გაჰკვეთს ელვას ტყეში შემაძრწუნებლად
იუპიტერი.

ჰერმოკრატე

ამიტომ ვუხვევთ ხოლმე თვალებს ადამიანებს,
არ გაძლიერდნენ დღის სინათლით განუწყვეტელად,
რომ ღვთაებრივი მათ წინაშე ცხადი არ გახდეს,
მათმა გულებმა ცხოველ ძალას რომ ვერ მიაგნონ.
არ სცნობ მოხუცებს, ღვთისა ნეტართ რომ ეძახიან?
ისინი ძალებს ამ სამყაროს მკერდიდან სწოვდნენ.
ნათელმხედველნი ახლოს იყვნენ უკვდავებასთან,
ამად არ ხრიდნენ ამაყნი თავს ასე იოლად,
ძლიერთ წინაშე ვერაფერი ძლებს და იცვლება
შემდგომ ამისა.

კრიტიასი

და იგი?

ჰერმოკრატე

ამ ვითარებამ გამოაწრთო, გააძლიერა,
რადგან ღმერთებთან განდობილი არის დიდი ხნის.
ხალხში ისე ჟღერს მისი სიტყვა, ვით ოლიმპოდან;
არიან მისი მადლიერნი, რადგანაც ციდან
გამოიტაცებს ცეცხლის ალებს სიცოცხლისათვის
და მოკვდავ კაცთა ასხვაფერებს.


                      მირიან ყენია მამასთან ერთად თარგმანის პრეზენტაციაზე

კრიტიასი

აღარაფერი არ იციან, მხოლოდ ის ახსოვთ,
იმათი ღმერთი უნდა იყოს,
უნდა გახდეს იმათი მეფე.
ამბობენ, ასე აუშენა ხომ აპოლონმა
ქალაქი ტროელთ!
ამჯობინებენ, ცხოვრებაში მათ დაეხმაროს
გამორჩეული, დიადი ვინმე.
კიდევ მოისმენ ხალხისაგან მიეთმოეთებს,
 რომლებიც ურჩად არც კანონებს, არც გაჭირვებას,
არც ადათ-წესებს ყურს არ ათხოვენ.
ცდომილ ვარსკვლავს ჰგავს ჩვენი ხალხი და მეშინია,
რომ ეს ნიშანი მიუთითებს მომავალს კვლავაც,
რომ მათ გრძნობებში ჩაკირულა ჯერაც ეს კაცი.

ჰერმოკრატე

წყნარად იყავი, შენ კრიტიას!
ის ვერაფერსაც ვერ გახდება.

კრიტიასი

იქნებ შენ უფრო ძლიერი ხარ?

ჰერმოკრატე

ვინც მათ გაუგებს, ის ძლიერზე უფრო მძლე არის,
შეცნობილია იგი ჩემთვის, ეს იშვიათი
ადამიანი, ბედნიერად ვინც გაიზარდა,
ვინც თავიდანვე თვითნებობას იჩენდა მუდამ,
ცოტაც ჭკუიდან გადარევდა, მოინანიებს,
რამეთუ უყვარს მას ძალიან მოკვდავი ხალხი.

კრიტიასი

შურისძიება მომიზღავს თვითონ,
კმარა ყოველი, დიდხანს ეს არ უნდა გაგრძელდეს,
ის დაეცემა, თუკი ხალხის ნდობა დაკარგა.

ჰერმოკრატე

უკვე დაეცა.

კრიტიასი

როგორ, რას ამბობ?

ჰერმოკრატე

ნუთუ ვერ ხედავ? ამ მაღალ სულს სულით ღარიბთა
გზა აურიეს, მაცდუნებელს – დაბრმავებულთა.
გრძნობას არ ავლენს იმათ მიმართ, იგი გაცივდა,
ჩვეულებრივი ხალხისადმი მთლად შეიცვალა
და მოწყალებას ღმერთებისგან არ გამოითხოვს,
შურისძიებით ბაძავს იგი შლეგიანებს, თუმც
გულმკვდარი მაინც არ მიმართავს იმათ სიტყვებით.
კარგა ხანს თმენით გაწვალება გადაიტანა
და არ უწყოდა არაფერი, სად გაუმტყუნდა;
ამასობაში თრობამაც რომ იმძლავრა ხალხში,
მაშინ ისინი მოსმენისას ძრწოლამ მოიცვა,
მჭევრმეტყველს როცა ყოველ სიტყვაზე უთრთოდა გული,
შემდეგ აღმოთქვეს: ხმა არ გვწვდება, ღმერთების უკვე
ჩვენ აღარ გვესმის! და სახელი, მე არ გავამხელ
ამჟამად შენთან, ამ ამაყსა და მწუხარე კაცს
გამოუძებნეს; შხამს მიიღებს ბოლოს მწყურვალი
ადამიანი. ყარიბია, ვინც, თავად მარტო,
ვერ წყვეტს, თუ რა ქნას. დარჩეს მათთან? – თუ ვეღარ ჰპოვებს
სიახლოვეს და დაბრმავებით, თაყვანისცემით
თავს ინუგეშებს, ემსგავსება ცრუმორწმუნეებს,
ისე იქცევა. ძალა უკვე გამოცლილი აქვს,
წყვდიადში მიდის. და არ უწყის, თავს ვით უშველოს,
და გაერიდოს, იმას უნდა ჩვენ მივეხმაროთ.

კრიტიასი

შენ ცხადად ხედავ?

ჰერმოკრატე

მე იმას ვიცნობ.

კრიტიასი

მისი აზრები მოვისმინე, აგორას იყო,
უკანასკნელად როცა ვნახე და მე არ ვიცი,
რა უთხრა ხალხმა უფრო ადრე, ის იყო მიველ
და შორს დავდექი, პასუხობდა, “თქვენ მე პატივს მცემთ,
მართლაც, ასეა;
მთელი ბუნება მდუმარებით გარემოცულა,
მზე, დედამიწა და ჰაერი თანაარსობენ,
მაგრამ შვილები უცხოდ ქმნილან ერთმანეთისთვის,
მარტოსულები თითქოს ერთურთს სულაც არ სცნობენ.
თუმცა ძლიერი გატაცებით სცვლიან მუდამ
ღვთაებათ სულში ამ სამყაროს თავისუფალი,
უკვდავი სულნი წარმავლობას ხომ ცხოვრებისას
და ერთმანეთის მიყოლებით მოგზაურობენ.
მცენარეები, ველურები, უნებურადვე
ღმერთების წიაღ ჩათესილან, – ყველა მოკვდავი,
ნასაზრდოები საცოდავად. მკვდარია მათთვის
ეს დედამიწა. მაგრამ, როცა არავინ ელის –
სიცოცხლე მაშინ გაიღვიძებს, – ჩემია ველი, –
მე ასე ვიტყვი, სულს მიცვლიან ღმერთნი, მოკვდავნი,
თბილად ერტყმიან ირგვლივ ძალნი მარადიულნი
ჩემს გულს, წინმსწრაფველს. უფრო ძლიერ აყვავდებიან
თავისუფლების სულის მიერ კაცნი გრძნობებით.
სიფხიზლეა და მღვიძარება! მაგრამ ვერთვები
სიუცხოვეს და უცნობლობას ვარქმევ სახელებს,
ცოცხალ არსებათ დიდ სიყვარულს ან ავამაღლებ,
ან პირიქით; რაც ერთს აკლია, მეორით ვავსებ
და ვაკავშირებ აღტაცებით და ვმოგზაურობ
მერყევი სული ჭაბუკურად – ჩემი სამყარო
ჰგავს არავის და ემსგავსის ყველას,” –
ასე ჰყვებოდა თავის თავში დაჯერებული.

ჰერმოკრატე

ეს ჯერ ცოტაა, როგორცა ჩანს, მასში სიბრძნე სთვლემს.
მე ვიცნობ მაგას, და იმათაც ნეტარ-ბედნიერთ,
ნებიერ ძეთა ცისიერის, სხვაგვარად იმათ
არ შეუძლიათ, იგრძნონ რამე თვის სულის გარდა,
და ამიტომაც, თუ წამიერ ხელი ეშლებათ –
ისინი მალე იმსხვრევიან – ფაქიზი სულნი –
ვეღარაფერი ჩააწყნარებს იმათ მარტივად.
მწველი ჭრილობა მიაქანებს განუკურნებლად,
ძგერს მათი გული, მისიც, ასე წყნარი რომ მოჩანს,
რაც ხალხი წახდა, აღარ მოსწონს, მის მკერდში ღვივის
დიდი გრძნობები, ტირანიამ შეიპყრო ახლა.
უბედურება არ იქნება, მსხვერპლად გავიღოთ,
გავწიროთ იგი! ან ჩვენ, ან იგი!

კრიტიასი

თავი ანებე, სჯობს, დაიხშოს თავისი თავი
კვამლითვე ალმა, შენ ნუ მისცემ საბაბს, გაუშვი,
ქედუდრეკელი არ ჩაიდენს უხეშ ქმედებას,
მას შეუძლია, მხოლოდ სიტყვით, ფიქრით შესცოდოს,
ვით შლეგიანი ისე მოკვდეს, უსიამოვნოს
აგვარიდებს ჩვენ, შეძრწუნდება, წინააღმდგომი
როცა ძლიერობს, დამიჯერე, მხოლოდ მერეღა
შეიგრძნობს ძალას.

ჰერმოკრატე

შენ მას აშინებ, და ყველასაც, შე საცოდავო!

კრიტიასი

სინანულს ჩემთვის დავიტოვებ სიამოვნებით,
მაგრამ მსურს დაცვა-გაფრთხილება დასაცავისა.
პატივისცემას ნემესისის ხომ მასწავლიდა
ჩემი ცხოვრება თავის აზრით. ღმერთების ქურუმს
ეს არ სჭირდება, რადგან უწყის იმან ყოველი,
ის არის წმინდა და ყველაფერს იქმს თვითონ წმინდად.


                            პრეზენტაციაზე შეკრებილი საზოგადოება

ჰერმოკრატე

გაიგე ახლა, რად მაწვალებ, მიუხვედრელო?!
ეს კაცი უნდა, ასე გეტყვი, ჩვენ დავამარცხოთ
და დამერწმუნე, დასაცავი რომ იყოს იგი,
შევეცდებოდი გაფრთხილებას შენსავით ალბათ,
რამეთუ მასთან ახლოს მეც ვარ, არა მარტო შენ;
დაიმახსოვრე: რადგან ცეცხლი და მახვილია
სული კაცთა და ღმერთთა მსგავსთა, რადგან არ ძალუძთ
მათ დუმილი და საიდუმლოს შენახვა-დაცვა
გაუმჟღავნებლად, გამრყვნელია ეს მოქმედება;
საკუთარ თავში ჩაძირული, ჩაღრმავებული,
წყნარად, სიჩუმით იმას ამბობს, რაც საჭიროა,
ქველისმქმნელია, და ინთება ცეცხლი მგზნებარე,
როცა ბორკილებს დაეხსნება. წავიდეს ერთი,
ვისთვისაც მხოლოდ არსებობენ ღმერთები და
თავისი სული! მას სურს გამოთქმა გაბედულებით
გამოუთქმელის; საფრთხეშია სიკეთე მისი.
წყალია თითქოს და იღვრება, გადმოიქცევა.
საშინელია მისი მოკვლა, მაგრამ შენ იცავ
და თანაც ისე, თითქოს იყოს ეს სასასარგებლო.
ასეთი არის მისი ბედი, რაც თვითონ შექმნა.
უნდა იცოცხლოს ასე კაცმა? და ისე განვლოს
 ცხოვრების ხანი, როგორც შლეგმა მწუხარებაში?
თითოეულმა, როგორც მაგან, გასცეს, გამოთქვას
ღვთაებრივი და ყველგან მსუფევ, დასადგურებულ
იდუმალებას მოხსნას პირი, და ხალხს ხელთ უგდოს?

კრიტიასი

ასე ძვირად უნდა ზღვიოს მან ყველაფერი,
ვინც მოკვდავთ ანდობს მთელი სულით საუკეთესოს?

ჰერმოკრატე

მას ასე მოსწონს, ნემესისი მხედველობიდან
თუმცა არ რჩება. ძალუძს სიტყვა წარმოთქვას გრძელი,
და დაამციროს მან ცხოვრება ბრძნული, მდუმარი,
ძალუძს სიღრმით დღის შუქზე ოქრო ამოიტანოს,
გამოიყენოს ძალუძს მაგას ის, რაც არ არის
მოკვდავებისთვის მოცემული ადათის სახით,
და რაც უქადის, უპირველეს, იმას დაღუპვას.
და ამ ამბავმა იმას აზრი არ აურია?
არ გაველურდა ხალხში უკვე ფაქიზი სული?
 მაინც როგორი გახდა იგი, პატივმოყვარე,
მაუწყებელი, მცოდნე ყოვლის, კეთილი კაცი
გაუხეშდა, ვინც თავის ხელში იმორჩილებდა
ადამიანებს, ღმერთებსაც კი!

კრიტიასი

საშინლად მსჯელობ, ღმერთთმსახურო, ბნელი სიტყვები
მე ჭეშმარიტად მეჩვენება, დაე, იყოს ეს.
შენს იარაღად მე მაქციე, მაგრამ არ ვიცი,
რა ვიმოქმედო? დიდი კაცი იყოს ის, თუნდაც,
ძნელი არ არის, ალბათ, მისი გასამართლება.
უძლიერესის ძალა არის, რომ მართოს ხალხი
ვით ჯადოქარმა. მე სხვაგვარად წარმომიდგება
ეს, ჰერმოკრატე.

ჰერმოკრატე

მისი ხიბლი ხომ წაშლილია, ჰა, შვილო ჩემო,
აჯობებს უფრო, მსუბუქ მიდგომით ის მოვიპოვოთ.
მან მოგვამზადა, შეიცვალა ამ დროისათვის
მისი ხალისი; მოწოლილი წყნარი გრძნობები
რომ ემჩნეოდა, იმას ახლა მტრად გადაექცა.
ძალაც რომ ჰქონდეს მორევისა, აღარად უღირს,
ნაღვლობს, თვით განჭვრეტს ამ შემთხვევას და ის ეძიებს
დაკარგულ წარსულს ცხოვრებისას და ღმერთსაც ეძებს,
თავის თავიდან მან რომელიც სიტყვით განდევნა.
ხალხი შეკრიბე შენ ჩემ ირგვლივ, მე მათ შევჩივლებ.
წყევლა მიაგე, ეშინოდეთ კერპის წინაშე,
საჭირო არის, რომ მათ იგი ტყეში განდევნონ,
რომ აღარასდროს გამობრუნდეს ჩვენკენ იქიდან.
პასუხი აგოს, რადგან მოკვდავთ მეტად განსწავლის,
ცოდნას გადასცემს, ვიდრე ეგების.

კრიტიასი

დანაშაული მისი რა არის?

ჰერმოკრატე

ის სიტყვები, რაც მითხარი, საკმარისია.

კრიტიასი

როგორ? მხოლოდ ამ ბრალდებით გსურს, რომ იმას ხალხი
ჩამოაშორო?

ჰერმოკრატე

ზუსტ დროისთვის აქვს ყოველ ჩივილს თავისი ძალა,
ვგონებ, ეს ცოტა არ უნდა იყოს.

კრიტიასი

თუ მათ წინაშე მის მოკვლაზე ილაპარაკებ,
შენ ვერ შეასმენ მათ ვერაფერს, ცრუმორწმუნეებს.

ჰერმოკრატე

სწორედ ეს არის, აშკარა საქმით გაიცემიან
ცრუმორწმუნენი! უნდა მოხდეს ეს უხილავად,
პირდაპირ თვალში უნდა ეცეთ. და ეს სულელებს
აამოძრავებს.

კრიტიასი

ხალხს ხომ გულით აქვს მასთან კავშირი,
გადმობირებას როგორ შეძლებ? ასე იოლად
მათ როგორ მართავ? მათ იგი უყვართ.

ჰერმოკრატე

რაო, უყვართო? დიახ, ვიდრე ის ჰყვავის, ბრწყინავს,
. . . . . . . . . . . . . . . ამიტომ ხიბლავთ.
რაღად სჭირდებათ, როცა იგი უკაცრიელად
განმარტოვდება. არ დარჩებათ მოსაწონი რამ,
სარგებელს რამეს მისგან უკვე ვეღარ ნახავენ,
და დიადი დრო შემოკლდება,
მომკილი არის უკვე ყანა, მიტოვებული.
ამოვარდება ქარიშხალი დაცემის შემდეგ,
და ჩვენი გზები გაღმა გაგვიყვანს!

კრიტიასი

მაშ, აღაშფოთე ხალხი, არიე, მიხედე საქმეს!

ჰერმოკრატე

მე ვიმედოვნებ, რომ მომთმენია.

კრიტიასი

მომთმენი კაცი მოიპოვებს ხალხის გულს ასე.

ჰერმოკრატე

არც კი იფიქრო!

კრიტიასი

შენ ყურადღებას აღარაფერს აქცევ, საერთოდ,
შენს თავს, ჩემს თავს, მას, და ყველაფერს ისევ ბიწს აცხებ.

ჰერმოკრატე

მოკვდავთ ოცნებას ჭეშმარიტად წყლის აქაფებას
მივამსგავსებდი! არც ვაფასებ. მათ სურთ ღმერთებად
გადაიქცნენ და საკუთარ თავს თვით სცემენ თაყვანს
ვითა ღმერთები, ეს კი ერთხანს გაგრძელდება და
როგორ გგონია, მოიპოვებს მათ მგრძნობიარე,
მომთმენი კაცი? აღშფოთდება ის იმათ გამო,
შლეგიანები მის ტკივილში მეტად დიდ ტყუილს
ამოიცნობენ, უმოწყალოდ გადაუხდიან
იმას მადლობას, შეყვარებულს სისუსტეც აქვს,
დაემართება მას მართალიც: გაწვალდება ის
ნამდვილად მათთან.

კრიტიასი

მე კი მინდოდა, ამ საქმიდან გავსულიყავი,
ჩემო ქურუმო!

ჰერმოკრატე

რაც საჭიროა, მენდე, იმისი ნუ გეშინია.

კრიტიასი

მგონი ის მოდის, გაჩერდი ახლა, გადაირიე?!
ამასობაში დაჰკარგავ ყოველს.

ჰერმოკრატე

კარგი, წავიდეს თავის გზაზე!


                         ემპედოკლეს ქვემოთ მოყვანილ ვრცელ მონოლოგს
                             გერმანულად კითხულობს მანონი გაბისკირია

3.

ემპედოკლე

ჩემს სიჩუმეში შენ ნელი სვლით შემოდიოდი,
წყვდიადის შიგნით, დიდ სივრცეში მე შენ მოგაგენ,
შენ, მეგობრულო, არ მოსულხარ აქ უიმედოდ,
შორით შევიცან უკვე გზნებით დედამიწაზე
კვლავ დაბრუნება შენი, დღეო, მშვენიერო დღევ!
თქვენ განდობილნო, ძალნო ჩემნო სიმაღლისანო,
თქვენ მსწრაფლშემწენო! თქვენც ახლოს ხართ,
ჩემთან ჩვეულად, ბედნიერნო, თქვენ, ხენო ჩემნო,
აუმღვრეველნო ჩემი ჭალისა!
და თქვენ ისვენებთ და იზრდებით, დღითიდღე თქვენ სვამთ
წყაროს ციურსა, წყაროს თვალსა, შუქით კრძალულებს,
და შენს ნაპერწკალს სიცოცხლისას ნაყოფიერად
ხომ დასთეს, ეთერ, მოყვავილე ხეთა რტოებზე!
ჰოი, ბუნებავ, შინაგანო! ჩემს თვალთა წინ ხარ,
შენ კიდევ იცნობ შენს მეგობარს, ზეაღტაცებით
ზეშეყვარებულს, ვეღარ მიცნობ ვეღარასოდეს?
ქურუმს, რომელმაც მოგიტანა ტკბილი გალობა
ვით მსხვერპლის სისხლი, მჩქეფი ნეტარად.

წმინდა ხეების ძირს წყარონი, მიწის ძარღვიდან
რომ ამოსჩქეფენ, აგრილებენ ხვატში მწყურვალთა,
ჩემთანაც ასე, თავწყარონო სიცოცხლისანო,
ამოდიოდით სამყაროის ღრმა წიაღიდან
ერთადშეკრებილ, მწყურვალენი ერთ დროს ჩემკენაც
მოიჩქაროდნენ; – როგორია ნაოცნებარი?
სულ მარტოდა ვარ? ღამე ჩამოწვა, – გარეთ დღე არის?
ამაღლებული ახლა ხედავს მოკვდავის თვალით,
დაბრმავებული ირგვლივ დადის ხელის ცეცებით, –
ჩემო ღმერთებო, სად ხართ ახლა?
ვაგლახ, რომ მტოვებთ ვით მათხოვარს!
ამ მკერდს, რომელიც სიყვარულით სამაგიეროს
ისევ მოგიზღავთ, აღარ უსმენთ? და ვიწრო სალტეს
ო, სამარცხვინოდ შემოარტყამთ გულს, თავისუფლად
დაბადებულს და მან სიცოცხლე უნდა განაგრძოს
ხომ იმ წუთშივე ნებიერად და ნეტარებით,
ვინაც ხანგრძლივად თვის ცხოვრებას ყველა ცოცხალთან
აკავშირებდა, – აჰ, წმინდა დროს, იმ მშვენიერ დროს,
გული აღსავსე ვითარ იყო იმ სამყაროით,
ღვთაებრივ ძალნით, – სულით თვისით უნდა იაროს
აწ დაწყევლილმა, უმეგობროდ – გამოდევნილმა.
ღმერთთმეგობარი, უწინდელი, აწ თავის ღამით,
არარაობით ისაზრდოებს და მოუთმენელს
მოთმენით დაძლევს სუსტთა დარად, კუთვნილ მიწაზე
მიჭედილ იქნენ რომლებიც საშიშ ტარტაროსში?
რა, ჩამოვეშვი უკვე დაბლა? არაფრის გამო?
ჰა, ერთსა მტოვებთ, ასე მარტო უნდა დამაგდოთ?
შლეგიანო, ხომ იგივე ხარ, ოცნებობ, თითქოს
შენ სუსტი იყო. კიდევ ერთხელ! ჰა, ისევ ერთხელ
უნდა გაცოცხლდეს ყველაფერი და ჩემი გახდეს!
წყევლით ან ლოცვით! მოიხიბლე მხოლოდ იმ ძალით,
აღარასოდეს, აწ მორჩილო, არ ამოიგდო
იგი გულიდან! ახლა წავალ, მივხედავ ჩემს თავს,
გამოვიდღევებ, გავშუქდები საკუთარ არსით.
შენ კმაყოფილი უნდა იყო, სულო გლახაკო,
დატყვევებულო, თავისუფლად, დიად მდიდრულად
იგრძენი თავი შენს სამყაროში, შენს საკუთარში –
ვაგლახ! სულ მარტო, მარტოდ მარტო, ასე ეულად!
ვეღარასოდეს ვერ გიპოვით, ჩემო ღმერთებო,
აღარასოდეს დავბრუნდები შენს სიცოცხლესთან,
ჰოი, ბუნებავ!
შენი მსმენელი ვიყავ, მაგრამ, ვაი, რომ ვეღარ
მოგაგებ პატივს. ამაღლებით შენ ამამაღლე.
თბილი ფრთებით არ შემომევლე, ფაქიზო, ნაზო,
და ძილისაგან შენ არ მიხსენი?
უგნურს იზიდავ პირფერობით შენი ნექტრისკენ,
რომ ამოწოვოს, გაიზარდოს და აყვავილდეს,
გაძლიერდეს და მთვარეულმა დასჯის გარეშე
ამაყ იქედნოს! ჰოი, სულო, სულო, დიადად
შენ მე მაქციე, გამოზარდე, ძველო სატურნო,
შენ შენთვის გმირი და ახალი იუპიტერი,
 მაგრამ ის უფრო სუსტია და უფრო უხეში,
რამეთუ ლანძღვა შენი ძალუძს მხოლოდ ავ ენას.
ეს გავლილია, ნუ დამალავ, ეს ხომ შენ თავად
ჩათვალე ბრალად, შენ, ტანტალოს, საბრალო ღმერთო?
სიწმინდე შენი ხომ შეარცხვინე ავყიაობით
და ეს კავშირი, მშვენიერი, შუა გააპე,
გაჭირვებულო! როს მსოფლიო გენიოსები,
დიდ სიყვარულით აღსავსენი შენში საკუთარ
 თავს ივიწყებდნენ; ფიქრდებოდი, მიაგენ შლეგო,
ჰო, საბრალოვ, რომ მოგესყიდა სიკეთის მქმნელნი,
რომ შენ ისინი, ზეციურნი, ვითარც სულელი
მსახურები, მუდამ გყოლოდა.
მაძიებელი შურის არ ჩანს, მე მარტომ უნდა
ვთქვა, გამოვხატო ჩემსა სულში: წყევლა, დაცინვა.
მარტო მე უნდა ვიყო ასე? დელფოსის გვირგვინს
თავიდან არვინ არ ამაცლის, ჩემ გარდა, არვინ?
თმის კულულებს ვინღა შემაჭრის, დამტოვებს უთმოდ,
ვითარცა მხედველს, გლახაკ მჭვრეტელს შეეფერება,
ჰოი, ღმერთებო!

Thursday, May 28, 2020

ამონარიდები ჰერმან ჰესეს რომანიდან “რიოში მარგალიტებით თამაში”

(გამოჩენილი გერმანელი მწერლის ჰერმან ჰესეს რომანის “რიოში მარგალიტებით თამაში” ქართული თარგმანი, შესრულებული მარიამ ქსოვრელი-ხართიშვილის მიერ, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ გამოაქვეყნა 2017 წლის ზაფხულში მცირე ტირაჟით /200 ეგზემპლარი/, რომელიც მალევე გაიყიდა. ქართულ და ქართულენოვან მკითხველ საზოგადოებაში ამ თარგმანზე არსებული სერიოზული მოთხოვნილების მიუხედავად, აღნიშნულ გამომცემლობას მისი ბეჭდვა აღარ გაუგრძელებია, რითაც, სხვა რომ არაფერი ვთქვათ, თავის პირდაპირ კომერციულ შემოსავალზეც ხელი აიღო. ეს, ჩვენი აზრით, ამ სფეროში დღევანდელ ქართულ რეალობაში არსებული და აქტიურად მოქმედი მაფიოზური ჯგუფების დანაშაულებრივი საქმიანობის შედეგი გახლავთ, და მასზე ამ ბლოგში რამდენიმე სერიოზული წერილიც გამოვაქვეყნეთ. მაგრამ ამჯერად გვინდა მკითხველს გავაცნოთ მცირე ნაწილი ამ რომანიდან. სახელდობრ მისი ერთი თავი “მისია”, სამი ლექსი: “ბახის ერთი ტოკატისათვის”, “საფეხურები” და “რიოში მარგალიტებით თამაში”, აგრეთვე რომანის დამასრულებელი მოთხრობა “ინდური ცხოვრების აღწერა”. ვფიქრობთ მკითხველი სიამოვნებით, ინტერესითა და მადლიერებით მიიღებს თუნდაც ასე მცირე ნაწილს ამ თხზულებიდან. აქვე დავძენთ, რომ 2017 წლის დეკემბერში საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში მოეწყო მარიამ ქსოვრელი-ხართიშვილის ორი თარგმანის: ჰ. ჰესეს "რიოში მარგალიტებით თამაშის" და ფრიდრიჰ ჰოლდერლინის "ემპედოკლეს", აგრეთვე მისივე საკუთარი ლექსების კრებულის "ისევ შენამდე" პრეზენტაცია, და ქვემოთ მოვათავსებთ სურათებს ამ საღამოდან)




მისია 

მონასტერში კნეხტის პირველად ყოფნა ორ წელიწადს გაგრძელდა; იმ დროისათვის, რომელზედაც აქ არის ლაპარაკი, იგი ოცდაჩვიდმეტი წლის გახლდათ. მარიაფელსის დაწესებულებაში სტუმრად ყოფნის ბოლო დროს უფროს დიუბუასადმი ვრცელი წერილის მიწერიდან დაახლოებით ორი თვის შემდეგ, ერთ დილით აბატთან მისაღებ ოთახში დაუძახეს. ეგონა, ხალხის მოყვარულ ბატონს ცოტა ხნით ჩინურის შესახებ საუბრის წადილი გაუჩნდაო, და მასთან შეხვედრას მიესწრაფვოდა. გერვასიუსი წერილით ხელში შეხვდა. “მაქვს პატივი დავალება გადმოგცეთ, დიდად პატივცემულო”, – წამოიძახა მან თავისი ჩვეული მფარველობითი უდარდელობით და მაშინვე ირონიულად, გაბრაზების ტონზე გადავიდა, მან ეს მიიჩნია სასულიერო და კასტალიურ ორდენთა შორის ჯერ არცთუ მთლად გახსნილი მეგობრული ურთიერთობის გამოხატულებად, რომელიც მაინც პატერ იაკობუსის შემოქმედება იყო. “სხვათა შორის, ჯეროვანი ყურადღება უნდა მიექცეს თქვენს Magister Ludi*-ს! (*რიოში მარგალიტებით თამაშის ხელმძღვანელი) მას წერილების წერა შეუძლია! მეც ლათინურად მომწერა. უფალმა ღმერთმა თუ უწყის, თქვენ, კასტალიელები სად, რას და რისთვის აკეთებთ, სხვა ვერავინ ვერასოდეს გაიგებს; ამას ზრდილობითა თუ დაცინვით, პატივისცემითა თუ დამოძღვრით განიზრახავთ, ვინ მიხვდება. მაშასადამე, ამ პატივცემულმა დომინუსმა ლათინურად მომწერა, და ლათინური კი, ამჯერად მთელ ჩვენს ორდენში არავინ ისე უმაღლესად არ იცის პატერ იაკობუსის გარდა. ეს ლათინური არის უშუალოდ ციცერონის სკოლისეული და მაინც კარგად მოფიქრებული, ცოტაოდენ საეკლესიო ლათინურის ელფერით გასურნელოვანებული, რის თაობაზეც, ცხადია, ისევე არავის არა აქვს წარმოდგენა. ეს ნაივური, თითქოს მამების მისატყუებელი თუ ირონიული ჩანაფიქრია, თუ უბრალოდ, მხოლოდ თამაშის, სტილიზებისა და დეკორაციებით შემკობისაკენ ჩაუწყნარებელი ლტოლვაა და ამგვარად არის წარმოშობილი. ესე იგი, პატივისცემის ღირსი მწერს: იქითა მხარეს სასურველად თვლიან, რომ თქვენ კიდევ ერთხელ გნახონ და გულში ჩაგიკრან, ასევე დაადგინონ, თუ როგორ ძლიერად იმოქმედა თქვენს ზნეობასა და თქვენს სტილზე ჩვენს, კორუმპირებულებსა და ნახევრად ბარბაროსებს შორის თქვენმა ხანგრძლივად ყოფნამ. მოკლედ, რამდენადაც მრავლისმომცველია ეს ლიტერატურული ხელოვნების ნაწარმოები, თუ სწორად გავიგე და მივხვდი, თქვენ შვებულებაზე დაგთანხმდნენ, და მე ვითხოვ ჩემი სტუმრისათვის შეუზღუდავი დროით ვალდცელში შინ გაშვებას, მაგრამ არა მუდმივად, და მისი მალე მობრუნება ექნება ამას საფუძვლად, რამდენადაც ეს ჩვენთვის სასიამოვნოა, და რაც მთლიანობაში იქაური უწყების განზრახვაც არის. აი, ჩვენ ბოდიშს მოვიხდით; მე დიდხანს ვერ შევძელი, რომ სათანადოდ განმემარტა ნაწერის ყველა ნიუანსი, მაგისტრი თომასიც სრულებით არ მოელოდა ამას ჩემგან. აი, პატარა წერილი უნდა თქვენ გადმოგცეთ, წაბრძანდით, და დაფიქრდით, გამგზავრება თუ გნებავთ და როდის, თქვენ ჩვენ მოგვაკლდებით, ჩემო საყვარელო, და ვერ ვაიძულებთ თქვენს უწყებას, რომ იქიდან კვლავ გამოგითხოვოთ, თუ თქვენ ძალიან დიდხანს არ გამოჩნდებით?

კნეხტისთვის გადაცემულ წერილში უწყება მას მოკლედ ატყობინებდა, რომ დასვენებისა და ასევე უფროსებთან საუბრისათვის შვებულების ნებას რთავდნენ და შემდგომში უკვე ვალდცელში მოელოდნენ. დამწყებთათვის მიმდინარე თამაშის კურსის დასრულებას ის ნუღარ გაითვალისწინებდა, თუკი ამას აბატი არ მოისურვებდა: მოხუცი მუსიკის მაგისტრი მას მოკითხვას უთვლიდა. ამ პწკარების კითხვისას იოზეფი შეცბა და ჩაფიქრდა: წერილის ავტორი, მაგისტრი ლუდი როგორ მივიდა იქამდე, რომ ამ მოკითხვით მას რაღაც დაავალოს, რაც უსაფუძვლოდ ოფიციალურ წერილებში მაინცდამაინც არ იჩენს ხოლმე თავს? ერთიან უწყებათა კონფერენცია უნდა ჩატარდეს, რომელსაც მოხუცი მაგისტრიც დაესწრება. მას ხომ აღზრდის უწყების სხდომები და გადაწყვეტილებები არ შეხებია; მაგრამ საოცრად განაცვიფრა ამ მოკითხვამ, შესამჩნევად კოლეგიალურად ჟღერდა მისთვის. სულ ერთი იყო, რომელი საკითხი იქნება განხილული ამ კონფერენციაზე; მოკითხვამ დაამტკიცა, რომ უფროსობა ამ საბაბით იოზეფ კნეხტზე ილაპარაკებს. რა ელოდა ახლა? იქნებ უნდა გაანთავისუფლონ? და ეს სამსახურში დაწინაურება იქნება, თუ ჩამოქვეითება? მაგრამ წერილი მხოლოდ შვებულებაზე აუწყებდა. და ამ შვებულებით, მართლაც, ხარობდა, ხვალვე უკვე დიდი სიამოვნებით გაემგზავრებოდა. მაგრამ მაინც ხომ უნდა გამომშვიდობებოდა თავის მოწაფეებს და მათთვის მითითებები დაეტოვებინა. ანტონი ძალიან გულდაწყვეტილი დარჩება მისი გამგზავრებით. და რამდენიმე პატერთანაც ევალება პირადად გამოსამშვიდობებლად მისვლა. აი, იაკობუსზე ფიქრობდა, თითქოს, მისდა გასაოცრად, შინაგანად ნაზი ტკივილი იგრძნო. აღძრულმა მღელვარებამ მიახვედრა, რომ იგი გულით უფრო მეტად ყოფილა ამ მარიაფელსთან დაკავშირებული, ვიდრე ეს ეგონა. აქ მას ბევრი რამ აკლდა, რასაც ის შესჩვეოდა და რაც მისთვის ძვირფასი იყო, და ორი წლის მანძილზე კასტალია მის წარმოდგენაში შორს მოჩანდა და კვლავ მუდამ უფრო ლამაზდებოდა. ამ წუთში კი მან მკაფიოდ შეიცნო: რა საერთოც მას პატერ იაკობუსთან ჰქონდა და რაც შეუცვლელი იყო და კასტალიაში კი ეს მოაკლდებოდა. ამიტომ მისთვის უფრო ნათელი გახდა: რა იცოდა აქამდე, და რა განიცადა და რა ისწავლა აქ, და იგი სიხარულმა მოიცვა და ფიქრს მიეცა, ვალდცელისაკენ გამგზავრებაში რომ დარწმუნდა. კვლავ შეხვედრა, რიოში მარგალიტებით თამაში, არდადეგები და სიხარული უფრო მცირე იქნებოდა, რომ არ სცოდნოდა კვლავ აქეთკენ დაბრუნდებოდა.

უცაბედი გადაწყვეყილების შემდეგ მან პატერი მონახა, მოუყვა შვებულებაში გაშვებისა და ამით თავისი გაოცების ამბავი, შინ მიბრუნებისა და მათი ნახვის სიხარულს თან როგორ ერთვოდა აქეთ კვლავ ჩამოსვლის სიხარულიც და რადგანაც ეს სასიამოვნო გრძნობა, უპირველეს ყოვლისა, პატივცემულ პატერს ეკუთვნოდა, კნეხტს გული მიეცა და გაუბედა, დიდი თხოვნა გამოეხატა მისდამი, კერძოდ, სურდა უკან დაბრუნების შემდეგ პატერს ცოტა ხანს მისთვის მასწავლებლობა გაეწია თუნდაც ერთი ან ორი საათით კვირაში. იაკობუსმა თავის არიდებით გაიცინა და ჩამოაყალიბა კვლავ ისევ უმშვენიერესი ირონიული კომპლიმენტები უბადლო, მრავალმხრივ კასტალიურ განათლებაზე, რომლის წინაშეც უბრალო მონასტრის ძმა, როგორც ის არის, გაოცებისაგან მდუმარედ უნდა გაჩერებულიყო და გაკვირვებისაგან თავი ექნია მხოლოდ, მაგრამ იოზეფმა უკვე შენიშნა, რომ უარის თქმა სერიოზულად არ იყო ჩაფიქრებული, და როცა გამოსამშვიდობებლად ხელი გაუწოდა, პატერმა მეგობრულად უთხრა, ამ თხოვნის გამო არ იდარდოს, იგი სიამოვნებით რაღაც ამდაგვარს მოუხერხებს და გულითადად დაემშვიდობა მას.

სიხარულით გასწია არდადეგებზე შინისაკენ, გულში იმისი ცოდნით, რომ მონასტერში გატარებული დრო უსარგებლო არ ყოფილა. გამგზავრებისას საკუთარი თავი თითქოს ისევ ყმაწვილად იგრძნო, მაგრამ მალევე მიხვდა, რომ ყმაწვილობა კი არა, სიჭაბუკეც გასულიყო; ამას დარცხვენისა და შინაგანი წინააღმდეგობის გრძნობით მიხვდა, რაც მასში ადრეც ხდებოდა ხოლმე; – როცა კი სურდა პასუხი მიეგო რაღაც მიმიკით, გამოძახილით, პატარა ბავშვურობით იმ განწყობისათვის, რაც გამოწვეული იყო სკოლის ბიჭების ბედნიერებით, სასკოლო არდადეგებზე ამ მიჯაჭვულობისაგან რომ თავისუფლდებიან. არა, რაც ადრე, თავისთავად ცხადია, გამოხსნა იყო, სიხარულის შეძახილები ხეზე ჩამომსხდარ ჩიტებთან რომ ადიოდა, შემართებული ხმამაღალი მარში, რწევა-რწევით, რიტმული ცეკვით სვლა – ეს აღარ არსებობდა, ეს იყო შთაგონება და თამაშით მთავრდებოდა, ეს ახლა ნაძალადევი, სულელური და ბავშვური იქნებოდა. გრძნობდა, რომ ახალგაზრდა კაცი იყო, გრძნობითა და ძალ-ღონით სავსე, მაგრამ ამ წუთსა და ამ განწყობას მთელი არსებით არ მისცემოდა, იგი არ არის თავისუფალი, იგი მღვიძარია, დაკავშირებულია და დავალებული – მაგრამ რით? სამსახურით? იმ დავალებით, მონასტრის ძმებში თავის ქვეყანასა და თავის ორდენს რომ წარმოადგენს? არა, ეს თავად არის ორდენი, ეს არის იერარქია, სადაც მან ამ უცაბედი თვითდამკვდირებისას მიუხვედრელად შიგ ჩაზრდილი და ჩაშენებული ნახა საკუთარი თავი, ეს იყო პასუხისმგებლობა, ზოგადისა და უმაღლესის მომცველობა, რაც ზოგ ყმაწვილს მოხუცივით და ზოგ მოხუცს ყმაწვილივით გამოაჩენს, ეს ერთს ჩაიჭერს, ერთს დაეყრდნობა და იმავე დროს თავისუფლებას წაართმევს, როგორც ჭიგო, რაზედაც ნერგია მიმაგრებული; რაც ერთისაგან უბიწოებას წაიღებს, თუმცა ხომ იმ დროს მისგან სწორედ მუდამ სიწმინდეს მოითხოვს.


მონტეპორტში მოხუცი მუსიკის მაგისტრი მოიკითხა, ვინც თავად ადრე ახალგაზრდობის წლებში, მარიაფელსში სტუმრად ყოფილა და იქ ბენედიქტინელთა მუსიკა უსწავლია და ვინც მას მრავალი რამის შესახებ ეკითხებოდა. მან მოხუცი ბატონი იხილა, შესამჩნევად წყნარი და მინდობილი, მაგრამ გარეგნული შესახედაობით უფრო ძლიერი და მხიარული, ბოლო დროსთან შედარებით; მისი სახიდან დაღლილობა გამქრალიყო, ის არ გახლდათ ახალგაზრდა, მაგრამ მოხდენილი და სათნო გამხდარიყო, რაც მან სამსახური დატოვა. ეს კნეხტს თვალში ეცა, რომ იგი მარიაფელსში ორღანის, ნოტების კარადებისა და საგუნდო სიმღერების შესახებ ეკითხებოდა, უნდოდა სცოდნოდა, ჯვრის ბაღში ხე ისევ იდგა თუ არა, მის იქაურ საქმიანობაზე, რიოში მარგალიტებით თამაშის კურსზე, შვებულების მიზნის თაობაზე კი არანაირ ცნობისმოყვარეობას არ ამჟღავნებდა. მუდამ არიგებდა ხოლმე მოხუცი გამგზავრების წინ, რაც მისთვის ძვირფასი იყო. “მე შენ გისმენდი – უთხრა რაღაც სახუმარო ტონში, – რაღაც დიპლომატივით გამხდარხარ. კაცმა რომ თქვას, ეს ლამაზი პროფესია არ არის, მაგრამ როგორც ჩანს, შენით კმაყოფილნი არიან. ამაზე იფიქრე, შენ როგორც გინდა! ეს შენს პატივმოყვარეობად არ უნდა იქცეს, რომ ამ პროფესიაში სულ მუდამ დარჩე. წინ გაიხედე, იოზეფ; მგონია, შენი ჩაჭერა უნდათ. გაფრთხილდი, შენ ამის უფლება გაქვს. – არა, მეკითხები, მე არც ერთ სიტყვას აღარ გეტყვი, ამას შენ ნახავ”.

მიუხედავად ამ გაფრთხილებისა, ხიჭვივით რომ ჰქონდა შერჭობილი, ვალდცელში ჩასვლისას მან იგრძნო სამშობლოსა და მასთან შეხვედრის ისეთი სიხარული, როგორიც მანამდე არასოდეს უგრძნია; სურდა, ჰგონებოდა, რომ ეს ვალდცელი მისი სამშობლო და მსოფლიოს ულამაზესი ადგილი კი არ იყო მხოლოდ, არამედ ამასობაში უფრო მშვენიერი და საინტერესოც გამხდარიყო, ან ახალი თვალით შეეხედა მისთვის და ამაღლებული ხედვის შესაძლებლობა მოჰყოლოდა თან. და ეს მარტო კარიბჭეებად, კოშკებად, ხეებად და მდინარედ, ეზოებად და სვეტებად, ფიგურებად და კარგად ნაცნობ სახეებად კი არ ფასობდა მხოლოდ, არამედ შვებულების მანძილზე ვალდცელის სულისადმი, ორდენისა და რიოში მარგალიტებით თამაშისადმი ამ მაღალ ამთვისებლობასაც გრძნობდა, ამ გაზრდილ მადლიერ გულისხმიერებას სახლში დაბრუნებული კაცისას, რომელმაც ბევრი იმოგზაურა ქვეყანაზე, მომწიფდა და დაჭკვიანდა. “ისეთი განცდა მაქვს – შემართებით ეუბნებოდა თავის მეგობარ ტეგულარიუსს ვალდცელისა და კასტალიის ქებათშესხმის დასასრულს, – თითქოს ყოველი წელი ძილში გავატარე აქ, თუმცა ბედნიერად, მაგრამ გაუცნობიერებლად, და ახლა თითქოს გაღვიძებული ვიყო, და ყველაფერს მკაფიოდ და ნათლად ვხედავდე, სინამდვილეც ამოწმებს, რომ ორი წლის უცხოობას თვალის ასე ფხიზლად ახელა ძალუძს!” ის შვებულებით ისე დატკბა, როგორც ზეიმით, კერძოდ, თამაშებითა და დისკუსიებით ამხანაგებთან ერთად, Vicus Lusorum*-ის (*რიოში მარგალიტებით მოთამაშეთა პატარა, განსაკუთრებული ქალაქი) ელიტის წრეში მეგობრების ნახვით, ვალდცელის Genius Loci* -ით (*ადგილის სული), მაგრამ, მართლაც, ეს მაღალი განწყობა მოვიდა ბედნიერებისა და სიხარულის აყვავებამდე, მისი პირველი მიღების შემდეგვე რიოში მარგალიტებით თამაშის მაგისტრთან, მანამდე კი მისი სიხარული ჯერ შიშნარევი იყო.

Magister Ludi ნაკლებ კითხვებს სვამდა, ვიდრე ამას კნეხტი მოელოდა, დამწყებთათვის თამაშის კურსი და მუსიკის არქივში იოზეფის მეცადინეობები რომ ახსენა, მოსმენა მხოლოდ პატერ იაკობუსზე არ მოსწყენია. ისე მოხდა, სულ მასზე ალაპარაკებდა, არაფერი ეჩვენებოდა საკმარისი, რასაც იოზეფი ამ კაცზე უყვებოდა. რომ მისით და თავისი მისიით ბენედიქტინელები კმაყოფილნი არიან, მეტად კმაყოფილნიც, მას შეეძლო ეს დასკვნა გამოეტანა არა მხოლოდ მაგისტრის დიდი მეგობრობიდან გამომდინარე, არამედ უფრო მეტად ბატონ დიუბუას საქციელიდან, ვისთანაც მაგისტრმა ახლაც გააგზავნა. “შენ შენი საქმე შესანიშნავად შეგისრულებია – უთხრა და წყნარად, სიცილით დაუმატა – მე მაშინ, მართლაც, სულ არ მქონია კარგი ალღო, როცა შენს მონასტერში გაგზავნაზე უარს ვამბობდი. შენ ხომ აბატის გარდა კიდევ დიდი პატრი იაკობუსი შენს მხარეზე გადმოიყვანე და კასტალიისადმი კარგად განაწყვე, ეს უკვე ბევრია, და იმაზე მეტია, რაზედაც ოდესმე ვინმე დაიმედდებოდა”. ორი დღის შემდეგ იგი რიოში მარგალიტებით თამაშის მაგისტრმა დიუბუასთან და ვალდცელის ელიტის სკოლის იმდროინდელ ხელმძღვანელთან, ცბინდენის მენაცვალესთან ერთად სადილზე მიიწვია, და სადილის შემდეგ, საუბრის დროს, მოულოდნელად ახალი მუსიკის მაგისტრიც, ორდენის არქივარიუსი და უმაღლესი უწყების ორი ახალი წევრიც ნახა, და ერთმა მათგანმა იგი თავისთან ერთად სასტუმრო სახლში ხანგრძლივ სასაუბროდ წაიყვანა. ამ მიპატიჟებამ კნეხტი პირველად ყველასათვის ხილულად მაღალ თანამდებობებზე კანდიდატთა ვიწრო წრეში წინ წასწია და აღმართა მასა და მოთამაშეთა ელიტის შუაფენას შორის მაშინვე საგრძნობი ბარიერი, რასაც გამოღვიძებული მწვავედ გრძნობდა. მას, სხვათა შორის, ჯერჯერობით ოთხკვირიანი შვებულება მისცეს და სამსახურებრივი საბუთი პროვინციის სასტუმროებისთვის. თუმცა კი მისთვის არანაირი მოვალეობა არ დაუკისრებიათ, ადგილსამყოფელის აღნიშვნის აუცილებლობაც კი არ ევალებოდა; მაგრამ მას მაინც უნდა შეემჩნია, რომ ზემოდან ამოწმებდა, რადგანაც, როცა ნამდვილად რამდენიმეჯერ სტუმრად წავიდოდა თუ ექსკურსიას მოაწყობდა, მაგალითად, კოიპერჰაიმში, ჰირსლანდსა და აღმოსავლეთ აზიის სტუდენტურ სახლში, იქაური მაღალი სამსახურებრივი ადგილებიდან მყისვე მოწვევებს მიიღებდა; ამ რამდენიმე კვირაში იგი ფაქტიურად გაეცნო ორდენის მთელ მმართველობასა და მაგისტრთა და სასწავლო დაწესებულებების ხელმძღვანელთა უმრავლესობას; ეს მეტად ოფიციალური მიწვევები და გაცნობები რომ არ ყოფილიყო, მაშინ ექსკურსიები კნეხტს სტუდენტობის წლების სამყაროსა და თავისუფლებაში დაბრუნებას გაახსენებდა. იგი ზღუდავდა ამ მგზავრობებს, უპირველეს ყოვლისა, ტეგულარიუსის გამოისობით, ვინც მათი შეხვედრების ყოველ შეწყვეტას მძიმედ განიცდიდა, მაგრამ ასევე რიოში მარგალიტებით თამაშის გამოც, რამეთუ მისთვის საჭირო იყო, რათა აქ კვლავ უახლეს სავარჯიშოებსა და პრობლემების წამოჭრაში მონაწილეობა მიეღო და საკუთარი თავიც გამოეცადა, და აქ უწევდა ტეგულარიუსი მას შეუცვლელ სამსახურს. მისი მეორე ახლო მეგობარი, ფერომონტე, მიეკუთვნებოდა ახალი მუსიკის მაგისტრის შტაბს და ამ დროში კნეხტმა მხოლოდ ორჯერ შეძლო მისი ნახვა; ერთხელ ნახა იგი მუშაობის დროს მუშაობით ბედნიერი, რომელსაც ერთი საკითხის გადაწყვეტა ჰქონდა დაწყებული მუსიკის დიდ ისტორიაში, ბერძნული მუსიკა და მისი შემდგომი არსებობა ბალკანეთის ქვეყნების ცეკვასა და სიმღერაში. ამ დავალების გაცნობის წადილზე – თავის უახლეს სამუშაოებსა და წიგნებზე მან მეგობარს უამბო; ეს მეთვრამეტე საუკუნის ბოლოს ბაროკოს მუსიკის თანდათანობით დაცემის ეპოქას მიეკუთვნებოდა და ახალი მუსიკალური მასალის შემოღწევას სლავური ხალხური მუსიკის მხრიდან.

ამ საზეიმო არდადეგების დროის დიდი ნაწილი კნეხტმა ვალდცელში გაატარა და რიოში მარგალიტებით თამაშს მიუძღვნა, ფრიც ტეგულარიუსთან ერთად სპეციალური კურსიდან ჩანიშვნებს იმეორებდა, რაც მაგისტრმა ორ უკანასკნელ სემესტრში მოწინავე სტუდენტებისათვის წაიკითხა; და ორწლიანი აკრძალვის შემდეგ კვლავ მთელი ძალისხმევით ჩაერთო კეთილშობილი თამაშის სამყაროში, რომლის ხიბლიც თავის ცხოვრებაში მუსიკასავით განუშორებლად და მოუცილებლად ეჩვენებოდა. შვებულების ბოლო დღეებშიღა მოვიდა magister Ludi იოზეფის მარიაფელსში კვლავ გაგზავნისა და მის შემდგომ მომავალსა და ამოცანაზე სალაპარაკოდ. ჯერ უბრალო ლაპარაკის ტონით, შემდეგ კი სერიოზულად და დაბეჯითებით მოუყვა მას უწყების გეგმის თაობაზე, რასაც მაგისტრთა უმეტესობა, ისევე როგორც ბატონი დიუბუა, დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ, გეგმას, კერძოდ, იმაზე, რომ მომავლისათვის კასტალიის მუდმივი წარმომადგენლობა რომში, წმინდა ადგილზე დაარსებულიყო. ასეთი აზრი გამოხატა მაგისტრმა თომასმა თავის მომგებიან და ჩამოყალიბებულ დასკვნაში; ისტორიულმა დრომ მოაწია, ანდა სულაც ახლოს არის – რომი და ორდენი ხიდს გადებენ იმ ძველ უფსკრულზე, რაც მათ შორის არსებობს; მომავალში საშიშროება შეიქნება, უეჭველია, რამეთუ მათ საერთო მტრები ჰყავთ; ისინი ბედით ამხანაგები და ბუნებრივი მოკავშირეები არიან, და მათი ხანგრძლივი კავშირი აქამდე უწინდელივით ვერ შენარჩუნდა და, მართლაც, ღირსეულად ვერ წარიმართა; რომ ორივე ძალა მსოფლიოში, რომელთა ისტორიული დავალებაა სულის შენარჩუნება და მასზე ზრუნვა და მშვიდობა, ერთმანეთის გვერდით მაგრამ თითქმის ერთმანეთთან უცხოდ აგრძელებენ ცხოვრებას. რომის ეკლესიამ რყევები და კრიზისები განიცადა უკანასკნელი დიდი ომის ეპოქაში, მიუხედავად მძიმე დანაკარგებისა, ამის საშუალებით ის განახლებული და განწმენდილი გამოვიდა, იმ ხნის განმავლობაში კი მაშინდელი საერო, სამეცნიერო და განათლების ინსტანციები კულტურის ჩასვენებასთან ერთად დაიღუპნენ. აი, მაშინღა წარმოიშვა მათ ნანგრევებზე ორდენი და კასტალიური აზრი, ამიტომ მისი ასეთი პატივსაცემი ასაკის გამო ეკლესიას პირველობა ენიჭება. ის ყველაზე უფროსია, უპირატესი, მეტ და უფრო დიდ შეტევებში განმტკიცებული ძალა გახლავთ. პირველ რიგში, საქმე ეხება ორი ძალის ნათესაობის აღიარებას, და მათი ერთმანეთისათვის მხარდაჭერის საჭიროებას თითქმის ყველა შემხვედრ კრიზისში, რომაულთანაც და ამგვარად ამ ცნობიერების გამოღვიძება და დაცვა ეგების:

(აქ ფიქრობდა კნეხტი: “ოჰ, ესე იგი, რომში სურთ ჩემი გაგზავნა, შესაძლებელია სამუდამოდაც!” და დაჯდა, მოხუცი მუსიკის მაგისტრის გაფრთხილება გაახსენდა, შინაგანად მსწრაფლ განემზადა უარისთვის).

მაგისტრმა თომასმა გააგრძელა: მნიშვნელოვანი ნაბიჯი ამ პროცესში, რომლისკენაც უკვე დიდი ხანია მიისწრაფვის კასტალიური მხარე, გადადგმულ იქნა კნეხტის მისიით მარიაფელსში. ეს მისია, საერთოდ, მხოლოდ ერთგვარი მცდელობა, ერთგვარი ზრდილობის ჟესტია, რომელიც არაფერს არ გვავალდებულებს, ყოველგვარი ქვენა აზრების გარეშე იქნა მოწყობილი იქიდან მოწვევის წყალობით, სხვანაირად ამისთვის ავირჩევდით, რა თქმა უნდა, არა ვინმე პოლიტიკურად გაუთვითცნობიერებელ რიოში მარგალიტებით მოთამაშეს, არამედ ერთ რომელიმე უმცროს მოხელეს ბატონ დიუბუას ხელქვეითებიდან. მაგრამ აი ამ მცდელობამ, ამ პატარა უბოროტო მისიამ მოულოდნელად კარგი შედეგი გამოიღო, მისი საშუალებით დღევანდელი კათოლიციზმის წამყვანი სული, პატერი იაკობუსი კასტალიის სულს უფრო ახლოს გაეცნო და ამ სულიერების შესახებ, რასაც იგი აქამდე მთლიანად უარყოფდა, უფრო სასურველი წარმოდგენა მიიღო. იოზეფ კნეხტს მადლობას უხდიან იმ როლისათვის, რაც ამაში შეასრულა. აქ არის, კერძოდ, მისი მისიის აზრი და წარმატება, და ამის საფუძველზე უნდა იქნას განხილული და გაგრძელებული არა მხოლოდ ყველანაირი მცდელობა დაახლოებისათვის, არამედ განსაკუთრებით კნეხტის ისევ უკან გაგზავნა და იქ მისი საქმიანობა. მას შვებულება მისცეს, რაც შეიძლება კიდევ გაეგრძელებინათ, თუკი ის ამას მოისურვებდა, მას ესაუბრნენ და გააცნეს უმაღლესი უწყების ხელმძღვანელ პირთა უმრავლესობას, უფროსებმა თავიანთი ნდობა გამოხატეს კნეხტის მიმართ და რიოში მარგალიტებით თამაშის მაგისტრს დაევალა, რომ კნეხტი განსაკუთრებული საქმითა და ფართო კომპეტენციით მარიაფელსში უკან დააბრუნოს, სადაც მას, საბედნიეროდ, მეგობრული მიღება მოელოდება.

მან ცოტა შეისვენა, თავისი მსმენელისათვის შესაკითხად დრო რომ დაეტოვებინა, მაგრამ უკანასკნელმა მხოლოდ ზრდილობიანად, მიმიკის საშუალებით გამოხატა მოკრძალება, რომ იგი უსმენდა და მისი დავალების მოლოდინში იყო.


                               ცნობილი ქართველი მსახიობი მანანა სურმავა
                                    კითხულობს ნაწყვეტს თარგმანიდან

“დავალება, რომელიც შენთვის გადმოსაცემი მაქვს – უთხრა მაგისტრმა – მაშასადამე, ასეთია: ჩვენ ვგეგმავთ, ადრე თუ გვიან, ვატიკანში ჩვენი ორდენის მუდმივი წარმომადგენლობის დაარსებას, როგორადაც ეს ორმხრივად შესაძლებელი იქნება. ჩვენ მზად ვართ, როგორც უმცროსებმა, თავი დავიჭიროთ რომთან მიმართებაში, კერძოდ, არა მონური დამოკიდებულებით, არამედ პატივისცემით, ჩვენ გვსურს სიამოვნებით მეორე რანგის დაკავება და მისთვის პირველის დატოვება. შესაძლოა – ამის შესახებ არც მე და არც ბატონმა დიუბუამ არაფერი ვიცით – პაპმა ჩვენი შეთავაზება დღესვე მიიღოს, მაგრამ რაც აუცილებლად უნდა თავიდან ავიცილთ, როგორც არ უნდა დაგვიჯდეს, და ეს არის იქიდან უარყოფითი პასუხი. ახლა ჩვენ გვყავს ნაცნობი კაცი, ვისთანაც შეგვიძლია მისვლა, და ვის ხმასაც რომში უდიდესი წონა გააჩნია, პატერი იაკობუსი. და შენი დავალებაა, ბენედიქტინელთა დაწესებულებაში უკან დაბრუნდე, იქ უნდა იცხოვრო, როგორც აქამდე, ჩაატარო მეცადინეობები, უბრალოდ, რიოში მარგალიტებით თამაშის კურსი გაიარო, პატერი იაკობუსი ნელა ჩვენს მხარეზე, ჩვენს სასარგებლოდ გადმოიყვანო და რომ შეგპირდეს – თავისი შუამავლობით ჩვენი განზრახვა რომში ვათქმევინოთ. ამჯერად შენი გაგზავნის საბოლოო მიზანი, ესე იგი, ზუსტად შემოფარგლულია. შენ რა დრო დაგჭირდება ამის მისაღწევად, ეს უკვე მეორეხარისხოვანია; ჩვენ ვფიქრობთ, არანაკლებ კიდევ ერთ წელს გასტანს ეს, მაგრამ შეიძლება ორი და რამდენიმე წელიც დასჭირდეს ამას. შენ იცი ბენედიქტინელთა ტემპი და ისწავლე მასზე მორგება. ჩვენ არ გვაქვს ნება, არავითარ შემთხვევაში, მოუთმენლობითა და ცნობისწადილით მოვახდინოთ შთაბეჭდილება, საქმე უნდა თავისით მომწიფდეს, არ არის მართალი? მე ვიმედოვნებ, დავალებას დაეთანხმები და გთხოვ, ღიად გამოთქვა ყოველი საწინააღმდეგო მოსაზრება, რაც კი გაგიჩნდება. თუ გსურს რამდენიმე დღე მოსაფიქრებლად, ეს შენს ხელშია”. კნეხტმა, ვისთვისაც ეს დავალება რამდენიმე წინასწარი საუბრის შემდეგ დიდად მოულოდნელი არ ყოფილა, განაცხადა, მოსაფიქრებელი დრო ზედმეტიაო, დავალება მორჩილად მიიღო, მაგრამ დაამატა: “თქვენ იცით, რომ ამ სახის მისიები საუკეთესოდ მაშინ გამოდის, როცა მივლინებულს ამაში არა აქვს დასაძლევი საკუთარი შინაგანი ბრძოლები და დაბრკოლებები. მე თავად დავალების მიმართ არა მაქვს დაპირისპირებები, ვხვდები მის მნიშვნელობას და ვიმედოვნებ, მართლაც, შევძლებ ამას. გარკვეულ შიშსა და დათრგუნულობას კი ვგრძნობ ჩემი მომავლის გამო; გამოიჩინეთ კეთილშობილება, მაგისტრო, და მოისმინეთ ჩემი მხოლოდ პიროვნული, ეგოისტური მიზეზი და გულახდილი ნათქვამი. მე ვარ რიოში მარგალიტებით თამაშის მოთამაშე, როგორც იცით, პატერთან ჩემი გაგზავნის გამო ორი სრული წელი სწავლას მოვაკლდი, ამაში არაფერი შემიძენია, ჩემი ხელოვნება მივატოვე, და თითქმის მომავალი წელი კიდევ მიდის, შეიძლება მეტიც. ამ დროში წასვლა აღარ მინდოდა. ამიტომ გთხოვთ, ნება დამრთოთ ხშირ მოკლე შვებულებებზე ვალდცელში და მუდმივ ცოცხალ კავშირზე თქვენი სემინარის მოხსენებებსა და სპეციალურ სავარჯიშოებში მონაწილეობის მისაღებად. ეს ჩემთვის წინსვლა იქნება”.

“სიამოვნებით დაგთანხმდებით, – წამოიძახა მაგისტრმა და გამომშვიდობებისას ხმაში ეტყობოდა, კიდევ რაღაცის თქმას აპირებდა, აქ კნეხტმა ხმას აუწია და ისიც უთხრა, რომ შიშობს, თუ მარიაფელსში კარგად მოუხერხდება ამ განზრახვის შესრულება, მაშინ ამას მოჰყვება, მაგალითად, მისი რომში გაგზავნა და ამდაგვარად დიპლომატიურ სამსახურში ჩაყენება. “ეს მოსაზრება – დაამთავრა მან –ჩემთვის და ჩემი მცდელობებისთვის ჩამორჩენა და ხელის შეშლა იქნება, რამეთუ დიპლომატიური სამსახურის დროის ხანგრძლივობა ნამეტანი არასასურველია”.

მაგისტრმა წარბები შეიჭმუხნა და გასაკიცხად თითი ასწია. “შენ ლაპარაკობ დროის წართმევაზე. სიტყვა, მართლაც, ცუდად მოძებნე, არავის უფიქრია აქ დროის დაკარგვაზე, ეს უფრო შენი გამორჩევა და დაწინაურებაა. მე არ ვარ უფლებამოსილი, ამის თაობაზე რაიმე გაცნობო, ანდა დაპირებები მოგცე, თუ მათ მოგვიანებით როგორი სახით დასჭირდები. მაგრამ შენი შეწუხება მესმის და, სავარაუდოდ, შემიძლია დაგეხმარო კიდეც, თუ ნამდვილად შიში გაქვს ამისი. მაშინ მომისმინე: შენ დაჯილდოებული ხარ გარკვეული ნიჭით, მოეწონო და სიყვარული გამოიწვიო სხვა ადამიანში, ბოროტისმზრახველს შეუძლია თქვას კიდეც, სხვას ხიბლავსო; სავარაუდოა, რომ უწყებას ამ ნიჭმა საბაბი მისცა შენი მონასტერში მეორედ გაშვებისა. მაგრამ ამ ნიჭს მეტისმეტად ნუ გამოავლენ, იოზეფ, და წარმატებას ზედმეტადაც ნუ აჩვენებ; თუ პატერ იაკობუსთან გაგიმართლდა, მაშინ ეს შენთვის ნამდვილად ის დრო იქნება, პირადი თხოვნით მიმართო უწყებას. დღეს ეს ადრე მეჩვენება, სჯობს, ვიცოდე, გამგზავრებას როცა დააპირებ”.

დუმილით შეხვდა იოზეფი სიტყვას, მის მიღმა უფრო მეტად კეთილგანწყობა იმალებოდა, ვიდრე გაჯავრება, და მალევე უკან მიაშურა მარიაფელსს.

იქ მან იგრძნო ის მეტად კეთილსასურველი, დამაიმედებელი დამოკიდებულება, რასაც ზუსტად შემოსაზღვრული დავალება იძლევა, ამის გარდა ეს დავალება იყო მნიშვნელოვანი და საპატიო, და ერთი თვალსაზრისით, თანხვდებოდა მივლინებულის საკუთარ სურვილსაც: რამდენადაც კი შესაძლებელი იყო, პატერ იაკობუსს დაკავშირებოდა და მასთან სრული მეგობრობა შემდგარიყო. ეს ახალი მისია აქ დაწესებულებაში სერიოზულად რომ იქნა მიღებული და იგი თავად რანგში რომ ამაღლდა, დაარწმუნა იგი მონასტრის მაღალი თანამდებობის პირთა, განსაკუთრებით კი აბატის რამდენადმე შეცვლილმა თავდაჭერამ; იგი არანაკლებ მეგობრული იყო, მაგრამ საგრძნობლად უფრო მოწიწებული, ვიდრე წინა პეროიდში. იოზეფი ახლა აღარ იყო ახალგაზრდა სტუმარი რანგის გარეშე, ვისაც მისი წარმოშობის გამო და მისი პიროვნების შესაბამისად ექცეოდნენ, კეთილგანწყობიდან გამომდინარე, იგი ახლა უფრო მეტი პატივისცემით, როგორც კასტალიის მაღალი მოხელე ისე მიიღეს და ისე ეპყრობოდნენ, როგორც თითქოს სრულუფლებიან ელჩს. იგი ამ საქმეებში აღარ იყო ბრმად ჩართული, არამედ აქედან დასკვნები გამოჰქონდა.

სხვათა შორის, მას არ შეეძლო რამე ცვლილება აღმოეჩინა პატერ იაკობუსის საქციელში: მეგობრობითა და სიხარულით მიესალმა პატერი და ისე, რომ კნეხტის მინიშნებას ან თხოვნას არ დალოდებია, შეახსენა შეთანხმებული საერთო სამუშაო, რამაც კნეხტი ღრმად შეძრა. მისმა სამუშაო გეგმამ და დღის წესრიგმა, უკვე არსებითად სხვა სახე მიიღო, ვიდრე შვებულების წინ. სამუშაო გეგმასა და ვალდებულებათა სიაში ამჯერად რიოში მარგალიტებით თამაშის კურსს დიდი ხანია უკვე პირველი ადგილი აღარ ეჭირა, და მისი მუსიკის არქივში მეცადინეობებსა და აგრეთვე კოლეგიალურ თანამშრომლობაზე ორღანისტთან ხომ, საერთოდ, ლაპარაკიც ზედმეტი იყო. პირველ ადგილზე იდგა ახლა პატერ იაკობუსთან მეცადინეობა, იმავდროულად მეცადინეობა რიოში მარგალიტებით თამაშის მეცნიერების რამდენიმე საგანშიც, რადგან პატერს მიჰყავდა ლექციების შესავალი თავისი პრივილეგირებული მოწაფისათვის არა მარტო ბენედიქტინელთა ორდენის წინა და ადრეულ ისტორიაში, არამედ ადრეული შუასაუკუნეების ისტორიის წყაროთმცოდნეობაშიც, და კითხულობდა გარდა ამისა განსაკუთრებულ გაკვეთილზე მასთან ერთად უძველესი ტექსტიდან ერთ-ერთ უძველეს ჟამთააღმწერელს დედანში. პატერს მოსწონდა, კნეხტმა ბევრჯერ რომ სთხოვა, ახალგაზრდა ანტონიც დაეშვა მონაწილეობის მისაღებად, და მას არ უძნელდებოდა, იოზეფი იმაში დაერწმუნებინა, რომ კარგად განწყობილი მესამე პირი ამგვარ კერძო მეცადინეობას ამაღლებულადაც მოისმენდა, და ასე გახდა ანტონი მატიანის კითხვისას მიწვეული მონაწილე და ამით იგი მეტად ბედნიერად გრძნობდა თავს, ვინც არაფერს ფიქრობდა წინასწარ კნეხტის შუამავლობაზე. ეჭვგარეშეა, ეს საათები ახალგაზრდა ძმისათვის, ვისი ცხოვრების შესახებ შემდგომისათვის ჩვენ აღარაფერი მოგვიპოვებია, გამორჩეული რამ იყო, უმაღლესი სახის ტკბობა და გამოღვიძება; არსებობდა ორი სპეტაკი სული და მისი დროის ყველაზე ორიგინალური მოაზროვნე ადამიანი, რომელთა მუშაობასა და ცოდნის გაცვლაში მას ნება ჰქონდა, მონაწილეობაც მიეღო, როგორც მსმენელსა და ახალგაზრდა მიწვეულს. კნეხტის მიერ პატერისათვის სამაგიერო სამსახურის გაწევა გამოიხატებოდა ეპიგრაფიკასა და წყაროთმცოდნეობაში სისტემატიურად ჩატარებული ლექციების შემდეგ მისთვის კასტალიის ისტორიისა და სტრუქტურის, აგრეთვე რიოში მარგალიტებით თამაშის წამყვანი იდეების გაცნობაში, სადაც მოსწავლე მასწავლებლად გადაიქცეოდა, პატივცემული მასწავლებელი კი ყურადღებიან მსმენელად და ხშირად, მართლაც, ძნელად დასაკმაყოფილებელი კითხვების დამსმელად და კრიტიკოსადაც. მისი უნდობლობა ერთიანი კასტალიური მენტალიტეტისადმი მუდამ მღვიძარედ რჩებოდა; რადგანაც იგი, მართლაც, რელიგიური მდგომარეობის კუთხით უყურებდა მას, ეჭვობდა მის უნარსა და ღირსებაში, რომ შეეძლებოდა ნამდვილად სერიოზულად მისაღები ადამიანის ტიპის აღზრდა, თუმცა კი მის თვალწინ კნეხტის პიროვნებაში სახეზე გახლდათ ამ აღზრდის კეთილშობილური შედეგი. თვით მაშინაც კი, როცა კნეხტის მეცადინეობათა და მაგალითის წყალობით უკვე მოხდა – რამდენადაც ეს, საერთოდ, შესაძლებელი იყო – პატერ იაკობუსის ერთგვარი შემობრუნება და მან უკვე დიდი ხანია გადაწყვიტა კიდეც, რომ კასტალიის დაახლოებაზე რომთან ეშუამდგომლა, ამ უნდობლობას ბოლომდე მაინც არ ჩაუძინია. კნეხტის ჩანაწერები სავსეა სახასიათო, მდგომარეობის შესაბამისად, იმ წუთში ჩანიშნული მაგალითებით, რომელთაგანაც ერთს მოვიყვანთ.

პატერი: “თქვენ დიდი სწავლულები და ესთეტიკოსები ხართ, კასტალიელები, თქვენ ერთ რომელიმე ძველ ლექსში ხმოვნებს ზომავთ და მის ფორმულას რომელიმე პლანეტის ორბიტას შეუსაბამებთ. ეს აღმაფრთოვანებელია, მაგრამ ეს თამაშია. თამაში ხომ თქვენი უმაღლესი საიდუმლოება და სიმბოლოა, რიოში მარგალიტებით თამაში მეც მინდა ვცნო, რამეთუ თქვენ მცდელობას არ იშურებთ, რათა ეს მშვენიერი თამაში, როგორღაც საიდუმლოებამდე აამაღლოთ, ანდა ყველაზე უფრო ნაკლებ სულის აღშენების საშუალებად აქციოთ. მაგრამ საიდუმლოებანი ასეთ გარჯა-წვალებათაგან არ იშვის, თამაში თამაშად რჩება”.

იოზეფ: “თქვენ ფიქრობთ, პატერ, ჩვენ თეოლოგიის საფუძველი გვაკლია?”

პატერი: “აჰ, თეოლოგიაზე ჩვენ სულაც არ გვსურს ლაპარაკი, ამისაგან თქვენ ჯერ ძალიან შორს ხართ. თქვენ რამდენადმე უკვე, უფრო უბრალო საფუძვლით ისარგებლებდით, მაგალითად, ანთროპოლოგიით, ადამიანის შესახებ ნამდვილი სწავლებითა და ნამდვილი ცოდნით. თქვენ მას არ იცნობთ, ადამიანს, არც მის ცხოველურობას და არც მის ღვთისხატობას. თქვენ მხოლოდ კასტალიელს იცნობთ, რაღაც სპეციალობას, რაღაც კასტას, რაღაც განცალკევებული აღზრდის მცდელობას”.

კნეხტისათვის ხომ არაჩვეულებრივი იყო ეს ბედნიერი შემთხვევა, იგი პატერს თავისი დავალებისთვის კასტალიის მხარეს გადმოიბირებდა და ორთა კავშირის, მათი დაამხანაგების საჭიროებაში დაარწმუნებდა, რისთვისაც ამ საათებში მის წინაშე დამაფიქრებლად ყველაზე უფრო ხელსაყრელი და ფართო ჰორიზონტი გამოჩნდა. ამით მას მიეცა შესაძლებლობა, რაც მაინც სასურველსა და მოფიქრებულს ჰგავდა, რომ უკვე მალევე ეგრძნო სინდისის ქენჯნა, რამეთუ ეს ყველაფერი სამარცხვინოდ და უღირსად ჩანდა, თუ როგორ იჯდა მის პირისპირ ნდობით აღსავსე და თავისი საქმით გატაცებული პატივცემული კაცი,, ანდა მასთან ერთად დახურულ გალერეაში ზევით-ქვევით რომ დასეირნობდა, და იმ დროს კი იგი საიდუმლო პოლიტიკური განზრახვებისა და საქმეების ობიექტსა და მიზანს წარმოადგენდა. კნეხტს ეს მდგომარეობა დიდხანს მდუმარედ აღარ შეეძლო აეტანა და მოიფიქრა, მხოლოდ ფორმა მიეცა თავისი ნიღბის ჩამოსახსნელად, როცა მოხუცმა, მისდა მოულოდნელად, მას თავად დაასწრო: 

“საყვარელო მეგობარო, – მიმართა ერთ დღეს შემთხვევით, – ჩვენ აქ მართლაც, ფრიად სასიამოვნოსა და, ვიმედოვნებ, ნაყოფიერ სახეს მივაგენით აზრთა გაცვლა-გამოცვლაში. ორივე სახის ღვაწლი, რაც მთელი ჩემი ცხოვრების მანძილზე უსაყვარლესი იყო, – სწავლა და სწავლება, ჩვენს ერთიან სამუშაო საათებში ახლა მშვენივრად შეერთდა, და ეს ჩემთვის ნამდვილად დროულია, რადგან მოხუცებულობაში შევდივარ და სრულებით არ მსურდა მომეფიქრებინა იმაზე უმჯობესი რამ განკურნებისა და გაახალგაზრდავებისათვის, რაც ჩვენმა საუბრებმა მოიტანა. ანუ, რაც მე შემეხება, მე ჩვენს შეხვედრებში მომგებიან მდგომარეობაში ვიმყოფები, ყოველ შემთხვევაში. მაგრამ პირიქით, მე არა ვარ დარწმუნებული იმაში, რომ თქვენც, მეგობარო, და კერძოდ კი, რომ იმ ხალხმა, რომელთა წარმოგზავნილიც თქვენ ხართ და რომელთა სამსახურშიც თქვენ იმყოფებით, ამ საქმეში ასე ბევრი რამ მოიპოვა, როგორც ისინი იმედოვნებენ. მე მინდა, რომ არ იყოს მოგვიანებით იმედგაცრუებები და გარდა ამისა, ჩვენ ორს შორის გაურკვეველი ურთიერთობა თავიდან ავიცილო, ამიტომაც დიდი გამოცდილების მქონე ადამიანს ნება მიბოძეთ, რომ ერთი შეკითხვა დაგისვათ: თქვენი ჩვენს მონასტერში გაჩერების თაობაზე, რაც ჩემთვის სასიამოვნოა, ცხადია, და რაზედაც ხშირად გამჩენია აზრები. ამ ცოტა ხნის წინათ, თქვენ ხელახალ გამოჩენამდე კი ვფიქრობდი, დამედგინა, რომ აზრი და მიზანი თქვენი აქ ყოფნისა ჩვენთან თქვენთვის თავადაც არავითარ შემთხვევაში ბოლომდე გარკვეული არ არის. სწორედ მივხვდი?”

და როცა კნეხტმა დაუდასტურა, გააგრძელა: “კარგი, იმ შვებულებიდან თქვენი დაბრუნების შემდეგ ეს შეიცვალა. თქვენ აღარ ფიქრობთ და აღარ ზრუნავთ თქვენი აქ ყოფნის მიზანზე, თქვენ ამის შესახებ უკვე იცით რაღაც. მართალია? – კარგი. ესე იგი, მე არ შემშლია. სავარაუდოდ, არც მცდარად გამომიცვნია ეს წარმოდგენა, რაც თქვენი აქ ყოფნის მიზანს შეადგენს. თქვენ დიპლომატიური დავალება გაქვთ, და ეს არც ჩვენს მონასტერს შეეხება, არც ჩვენს აბატს, ეს მე მეხება. – თქვენ ხედავთ, თქვენი საიდუმლოებიდან სრულებით აღარაფერი არ რჩება მდგომარეობის ბოლომდე გასარკვევად, მე ბოლო ნაბიჯს გადავდგამ და გირჩევთ, დარჩენილი რაც არის, ბოლომდე გამიმხილოთ. ანუ, რას გვაუწყებს თქვენი დავალება?”

კნეხტი წამოხტა და გაოცებული დადგა მის წინაშე; დარცხვენილმა თითქმის მიახალა სათქმელი: “თქვენ მართალი ხართ, – წამოიძახა, – ვიდრე თქვენ ამას შემიმსუბუქებთ, მრცხვენია კიდეც, რომ თქვენ დამასწარით. ცოტა ხანია, რაც მეც გადავწყვიტე, თუ როგორ მიმეცა ჩვენი ურთიერთობისთვის გარკვეულობა, რაც თქვენ ასე სწრაფად ჩამოაყალიბეთ. ბედნიერება მხოლოდ ის არის, რომ ჩემი თხოვნა თქვენგან სწავლებასა და ჩვენს შეთანხმებაზე შესავალი კურსის გამო თქვენს მეცნიერებაში ჩემი შვებულების წინა დროს ემთხვევა, თორემ, ცხადია, ისეთი შეხედულება იქმნება, თითქოს ეს ყველაფერი ჩემი დიპლომატია იყოს და ჩვენი მეცადინეობები მხოლოდ საბაბი!”


                  მარიამ ჭეშმარიტაშვილი კითხულობს ნაწყვეტს თარგმანიდან

მეგობრულად დააწყნარა იგი მოხუცმა: “მე არაფერი მსურდა გარდა იმისა, რაც ორივესათვის ურთიერთდახმარების საქმეში წინგადადგმული ნაბიჯი არ იქნებოდა. თქვენი განზრხვების სისუფთავეში დარწმუნება საჭირო არ არის. როცა თქვენზე წინ წავედი და არაფერი სხვა არ მითქვამს გარდა იმისა, რაც თქვენც გსურდათ, მაშინ ყველაფერი რიგზეა”. კნეხტის დავალების შინაარსი, რაც პატერმა ამცნო, ამგვარი იყო. იგი ფიქრობდა: “თქვენი ბატონები კასტალიაში, სწორედ რომ, გენიალურები არიან, მაგრამ მაინც მეტად სასიამოვნო დიპლომატები, და მათ ბედიც სწყალობთ. თქვენს დავალებას მთელი სიდინჯით გადავხედავ და ჩემი გადაწყვეტილება ნაწილობრივ იმაზე იქნება დამოკიდებული, რამდენად მოგიხერხდებათ, რომ მე თქვენს კასტალიურ გარემოცვასა და იდეურ სამყაროში შემიყვანოთ და მონაწილეობაც, შესაბამისად, მიმაღებინოთ. დავიტოვოთ დრო ამისათვის”. და როცა მან კნეხტი ისევ დარცხვენილი დაინახა, მაგრად გაეცინა და თავისი აზრი კიდევ გამოთქვა: “თუ თქვენ გსურთ, შეგიძლიათ ჩემი მოქმედება ერთგვარ ლექციასავით აღიქვათ. ჩვენ ვართ ორი დიპლომატი, რომელთა ერთად ყოფნა მუდმივი ბრძოლაა, მაშინაც კი, როცა მას მეგობრული ფორმები გააჩნია. ჩვენს ბრძოლაში აი, ამჯერად მე ვარ წაგებული, მოქმედების კანონი მე დამისხლტა, თქვენ მეტი იცოდით ჩემზე. ახლა ეს, ესე იგი, გათანაბრდა. მეფის სვლას დაფაზე ბედი ეწია, ანუ, სწორი აღმოჩნდა”.

როცა კნეხტს მომგებიანად და მნიშვნელოვნად მიაჩნდა, რომ პატერი კასტალიური უწყების შეხედულებების სასარგებლოდ მოვიპოვეო, ასევე კიდევ უფრო მნიშვნელოვნად წარმოედგინა და უფრო მეტადაც ის, რომ შესაძლებელი იყო მასთან სწავლა და თავის მხრივაც, სწავლული და ძლიერი კაცისათვის იგი საიმედო წინამძღოლობას გასწევდა კასტალიურ სამყაროში. მრავალი რამის გამო მოხდა, რომ კნეხტისადმი ზოგიერთ თავის მეგობარსა და მოწაფეში შური აღიძრა; როგორც, სწორედ რომ, ასეა ხოლმე, გამორჩეული ადამიანები არა მარტო თავიანთი შინაგანი სიდიდისა და ენერგიის გამო, მათი მოჩვენებითი ბედნიერების გამო, მათი ვითომდა უპირატესობის გამოც, თავიანთი ბედით იწვევენ ხოლმე შურს სხვა ადამიანებში; უფრო პატარა დიდში ხედავს იმას, რისი დანახვაც ზუსტად შეუძლია, და იოზეფ კნეხტის ცხოვრების გზა და აღმასვლა, მართლაც, ყოველი დამკვირვებლისათვის, რაღაც უჩვეულოდ ბრწყინვალე, სწრაფი, მოჩვენებითად უჭირველი ჩანს; მისი ცხოვრების იმ დროიდან შესაძლოა ამისი თქმა: მას ბედი სწყალობდა. “ჩვენ არ გვსურს ექსპერიმენტი ჩავატაროთ, და ავხსნათ, ეს “ბედნიერება” რაციონალურია თუ მორალური, იყოს თუნდაც, როგორც გარეგნულ გარემოებათა მიზეზობრივი შედეგი, იყოს თუნდაც მისი განსაკუთრებული სათნოების ერთგვარი ჯილდო. ბედნიერებას საქმე არც გონებასთან და არც მორალთან არ აქვს, ის რაღაც თავისი არსით მაგიურის, ადრეული ახალგაზრდული კაცობრიობის საფეხურის კუთვნილებაა. ნაივური ბედნიერი, ვინც ფერიების მიერაა დაჯილდოებული, ღმერთების მიერაა განებივრებული, არ არის რაციონალური დაკვირვების საგანი და ამით არც ბიოგრაფიიდან გამომდინარე არის სიმბოლო და პიროვნულისა და ისტორიულის მიღმა დგას. მაინც არიან გამორჩეული ადამიანები, რომელთა ცხოვრებიდანაც “ბედნიერებას” ვერ ამოვაგდებთ, მაგრამ ეს მხოლოდ იმაში მდგომარეობს, რომ ისინი და მათი შესაბამისი დავალება ფაქტიურად ისტორიულად და ბიოგრაფიულად ერთმანეთს პოვებენ, ერთმანეთს თანხვდებიან, რომ ისინი არც ადრე და არც გვიან არ დაბადებულან; და ჩანს, რომ კნეხტი მათ მიეკუთვნება. მისი ცხოვრება ისეთ შთაბეჭდილებას ქმნის, არც მეტი, არც ნაკლები, თითქოსდა მას ყველა სასურველი რამ თავისთავად კალთით დაებერტყა. ჩვენ არ გვინდა ამ ასპექტის უარყოფა და დავიწყება, ჩვენ შეგვეძლო, გონების შესაბამისად, მხოლოდ ბიოგრაფიული მეთოდის საშუალებით განგვეხილა, რაც ჩვენეული არ არის და სასურველი და ნებადართული არც კასტალიაშია, ასე ვთქვათ, უსაზღვრო დაკვირვებით, კერძოდ იმაზე, რაც ყველაზე მეტად პიროვნულია, და ეხება ნიშანდობლივ ჯანმრთელობასა და ავადმყოფობას, ცხოვრების შეგრძნების რყევებსა და შემობრუნებებს. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ მისი ბიოგრაფიის ჩვენს მიერ თავიდანვე უარყოფილი სახეობა მის ,,ბედნიერებასა” და ტანჯვას შორის სრულ წონასწორობას გამოავლენდა და მაინც მოგვცემდა მისი პიროვნებისა და ცხოვრების დამახინჯებულ სურათს.

საკმარისია გადახვევა. ჩვენ ვლაპარაკობდით იმის თაობაზე, რომ კნეხტი მრავალთაგან, ვინც მას იცნობდა თუ მასზე მხოლოდ სმენოდა, შესაშური შეიქნა. მაგრამ მის ცხოვრებაში ამ პატარა ადამიანებისათვის არაფერი არის ისე შესაშური, როგორც მისი კავშირი ბენედიქტინელთა მოხუც პატერთან, რაც ერთდროულად მოწაფეობა და მასწავლებლობა გახლდათ, როცა იგი იღებდა და გასცემდა, მისგან დაპყრობილი იყო და მასვე იპყრობდა, მასთან მეგობრობდა და იმავდროს შინაგანი სამუშაო ერთიანობაც ჰქონდა. თავად კნეხტზე ზემოქმედებათაგან არც ერთი გრძნობა არ ყოფილა მისთვის ასეთი ბედნიერების მომტანი, ბამბუკის ტყის უფროსი ძმის შემდეგ, ერთდროულად არც ერთს არ გამოურჩევია იგი და არ შეურცხვენია, არ დაუჯილდოვებია და არ დაუთრგუნია ისე, როგორც ამას. მისი გვიანდელი წარმატებული მოწაფეებიდან ერთიც არ იქნებოდა ისეთი, ვინც არ დაამოწმებდა, თუ იგი რა ხშირად, სასიამოვნოდ და სიხარულით აღსავსე ლაპარაკობდა ხოლმე პატერ იაკობუსზე. მისგან კნეხტმა ისწავლა რაღაც, რასაც ის მაშინდელ კასტალიაში ძლივს თუ შესძლებდა, ჩასწვდომოდა; მან არა მხოლოდ სამეცნიერო-ისტორიული კვლევის მეთოდებისა და საშუალებათა ზოგადი სურათი და მათი გამოყენების პირველი გამოცდილება მიიღო, არამედ უფრო შორს წავიდა და განიცადა ისტორია არა როგორც ცოდნის სფერო, არამედ როგორც სინამდვილე, როგორც ცხოვრება, და და ეს ნიშნავს, შესაბამისად, საკუთარი პიროვნული ცხოვრების შეცვლასა და აღმასვლას და ისტორიად გადაქცევას. ის ამას მარტო სწავლულისაგან ვერ ისწავლიდა. იაკობუსი, ყოველგვარი სწავლულობის გარდა იყო არა მარტო მჭვრეტელი და ბრძენი, არამედ ამ ყველაფრის მეტად განმცდელი და თანამქმნელი იყო, მას ჰქონდა ადგილი, სადაც იგი ბედმა დააყენა, და ეს იქნა არა იმისათვის გამოყენებული, რათა ყოფიერების დაკვირვების სიმყუდროვეში გამთბარიყო, არამედ თავის ოთახს მსოფლიოს ქარებს უღებდა და თავისი ეპოქის მრავალ ჭირსა და წინასწარგრძნობას საკუთარ გულში უშვებდა, იგი თავისი დროის მოვლენებთან თანამონაწილე, თანაბრალეული და თანაპასუხისმგებელი შეიქნა და ეს არა მხოლოდ დიდი ხნის წინ მომხდარი მოვლენების მიმოხილვით, მოწესრიგებითა და განმარტებებით ხდებოდა, და ამას არა მარტო იდეებთან ჰქონდა საქმე, არამედ არანაკლებ მატერიისა და ადამიანთა ჯიუტობასთანაც. იგი, თავის თანამშრომელ და მოწინააღმდეგესთან, დიდი ხნის წინ უკვე გარდაცვლილ ერთ იეზუიტთან ერთად დიპლომატიური და მორალური ძალმოსილების ნამდვილ დამაარსებლად და მაღალი პოლიტიკური შეხედულების დამამკვიდრებლად იქცა, რაც რომის ეკლესიამ იმედის გაცრუებისა და დიდი შეჭირვების პერიოდის შემდეგ კვლავ მოიპოვა.

თუმცა კი მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის საუბრებში თანამედროვე პოლიტიკას თითქმის არ ეხებოდნენ – არა მხოლოდ პატერის უნარის გამო რომ გაჩუმებულიყო და თავი შეეკავებინა, არამედ არანაკლებად უმცროსის შიშითაც რომ ჩათრეული არ ყოფილიყო დიპლომატიურ და პოლიტიკურ საქმეებში – ბენედიქტინელის პოლიტიკური პოზიცია და საქმიანობა იმდენად განმსჭვალავდა მსოფლიო ისტორიის მისეულ გადმოცემას, რომ მის თითოეულ აზრში, მსოფლიო დავიდარაბათა უთავბოლობასთან თითოეულ მის შეხებაში მოჩანდა პრაქტიკული პოლიტიკოსიც, არა პატივმოყვარე, არა, მართლაცდა, ინტრიგანი პოლიტიკოსი, არა რეგენტი და ბელადი, არც კარიერისტი, არამედ მრჩეველი და შუამავალი, კაცი, რომლის აქტიურობაც შერბილებული იყო სიბრძნით, ხოლო მიზანსწრაფულობა კი – ადამიანური ბუნების არასრულყოფილებისა და სიმძიმის ღრმა გაგებით; კაცი, რომელსაც მისმა დიდებამ, მისმა გამოცდილებამ, ადამიანთა და გარემოებათა მისეულმა ცოდნამ და არცთუ უკანასკნელ ადგილზე მისმა თავგანწირულობამ და პირადმა უმწიკვლოებამ არცთუ მცირე ძალაუფლება მისცა. ყოველივე ამის შესახებ კნეხტმა, როცა პირველად მოვიდა მარიაფელსში, არაფერი იცოდა, მისთვის პატერის სახელიც კი მაშინ სრულიად უცნობი იყო. კასტალიის მცხოვრებთა უმეტესობა ცხოვრობდა პოლიტიკურ უბიწოებასა და უცოდინრობაში, რაც სწავლულთა ფენისთვის ადრეულ ეპოქებშიც იშვიათი არ ყოფილა; აქტიური პოლიტიკური უფლება-მოვალეობანი მათ არ გააჩნდათ, გაზეთებს იშვიათად თუ ნახულობდნენ; და თუ ეს საშუალო კასტალიელის მდგომარეობას და ჩვეულებას წარმოადგენდა, მაშინ თანამედროვეობის, პოლიტიკის, გაზეთის შიში უფრო დიდი იქნებოდა რიოში მარგალიტებით მოთამაშეებში, რომლებიც საკუთარ თავს ნამდვილ ელიტად და პროვინციის ნაღებად სიამოვნებით მიიჩნევდნენ, და ძალზედ ზრუნავდნენ იმისთვის, რათა თავიანთი სწავლულ-არტისტული ყოფის ნაზი და ამაღლებული ატმოსფერო არ დაემძიმებინათ. მონასტერში თავისი პირველი გამოჩენისას კნეხტი დიპლომატიური დავალების მატარებელი კი არ იყო, არამედ მხოლოდ რიოში მარგალიტებით თამაშის მასწავლებელად ჩამოვიდა და მას პოლიტიკური სახის სხვა ცოდნა არ გააჩნდა გარდა იმისა, რაც მონსიეურ დიუბუამ რამდენიმე კვირაში შესძინა. დღეს კი, მაშინდელთან შედარებით იგი მეტად ბევრის მცოდნე გახლდათ, მაგრამ ვალდცელელის თანამედროვე პოლიტიკით დასაქმების საწინააღმდეგო სურვილისაგან თავი ვერ დაეხსნა. თუ მან პოლიტიკური თვალსაზრისით პატერ იაკობუსთან ურთიერთობაში მრავალგზის გამოიღვიძა და აღზრდაც მიიღო, ეს ასე მოხდა არა იმიტომ, რომ კნეხტმა ამის საჭიროება იგრძნო და ისტორიის დიდი წყურვილი კლავდა, არამედ ეს მოხდა იმიტომ, რომ ამას თავს ვერ აარიდებდა და ეს მისთვის მოულოდნელიც იყო. 

თავისი არსენალის შესავსებად და საპატიო დავალების შესასრულებლად, რომელიც მდგომარეობდა მოწაფე პატერისათვის de rebus castaliensibus* (*კასტალიურ საქმეთა შესახებ) თემაზე ლექციების წაკითხვაში, კნეხტმა ვალდცელიდან ჩამოიტანა ლიტერატურა პროვინციის წყობილებისა და ისტორიის შესახებ, ელიტური სკოლების სისტემისა და რიოში მარგალიტებით თამაშის ჩამოყალიბების შესახებ. ამ წიგნებიდან რამდენიმე თვალით აღარც კი უნახავს, მას შემდეგ, რაც ოცი წლის წინ პლინიო დეზინიორისთან ბრძოლის დროს უწევდა სამსახურს. სხვა წიგნები კი, რომლებიც მაშინ ჯერ კიდევ უნდა დაემალათ მისთვის, რადგან ისინი სპეციალურად იყო შექმნილი კასტალიის მოხელეთათვის, პირველად ახლაღა წაიკითხა. აი რატომ გამოვიდა კიდეც სწორედ იმ დროს, როცა მისი მეცადინეობების სფეროები ასე გაფართოვდა, რომ იგი იძულებული შეიქნა, გადაეხედა საკუთარი სულიერი და ისტორიული ბაზისთვის, გაეაზრებინა და განემტკიცებინა. მისი მცდელობის დროს, – პატერისათვის ორდენისა და კასტალიური სისტემის არსი, შეძლებისდაგვარად, უბრალოდ და გასაგებად დაეხატა, – იგი მაშინვე წააწყდა, სხვაგვარად არც შეიძლებოდა, განათლების მხრივ უსუსტეს ადგილს, როგორც თავის საკუთარს, ასევე მთელი კასტალიისას; აღმოჩნდა, რომ ის მსოფლიო-ისტორიული გარემოებანი, რომლებმაც ოდესღაც შესაძლებელი გახადა და გამოიწვია ორდენის წარმოშობა და ყოველივე აქედან გამომდინარე, მას შეუძლია წარმოიდგინოს მხოლოდ სქემატური და მკრთალი სურათის სახით, რომელსაც რაიმენაირი თვალსაჩინოება და ჩამოყალიბება აკლია. საქმე ისე წარიმართა, რადგან პატერი არანაირად პასიური მოწაფე არ ყოფილა, რომ მაღალი დონის თანამშრომლობა შედგა ძალზე ცოცხალი აზრთა გაცვლა-გამოცვლით: იმ დროს, როცა იგი თავისი კასტალიური ორდენის ისტორიის გადმოცემას ცდილობდა, იაკობუსი ეხმარებოდა ამ ისტორიის ზოგიერთი თვალსაზრისის სწორად დანახვასა და განცდაში და მისი ფესვების ზოგად მსოფლიო და სახელმწიფოთა ისტორიის წიაღ დაძებნაში. ჩვენ დავინახავთ, თუ ამ ინტენსიურ საუბრებს, რომლებიც პატერის ტემპერამენტის გამო არც თუ იშვიათად მძაფრ დისკუსიამდეც მიდიოდა, მათში გამოთქმულ ზეაწეულ სხვადასხვა შეხედულებებს წლების შემდეგაც კვლავ როგორ გამოაქვთ ნაყოფი და კნეხტის ცხოვრებაში ბოლომდე როგორ მოქმედებენ თუ როგორი ყურადღებით მიჰყვებოდა სხვამხრივ პატერი კნეხტის გადმოცემებს და რამდენად ეცნობოდა და აღიარებდა ამით კასტალიას, მისმა მთელმა მოგვიანებითმა საქციელმა გვიჩვენა; დღევანდლამდე არსებული, კეთილსასურველი ნეიტრალიტეტითა და სწავლათა შესაძლებელი გაცვლა-გამოცვლით დაწყებული და დროდადრო ნამდვილ თანამშრომლობამდე და თანამოკავშირეობამდე მიყვანილი ურთიერთთანხმობა რომსა და კასტალიას შორის ამ ორ კაცს უნდა უმადლოდეს, ის კი არადა, რიოში მარგალიტებით თამაშის თეორიას რომ გასცნობოდა, – რაც მან თავიდან ღიმილით აღნიშნა, – ბოლოს პატერს წადილი გაუჩნდა, რამეთუ იგი კარგად გრძნობდა, რომ იქ ორდენის საიდუმლოება და გარკვეულწილ, მისი რწმენა თუ რელიგიაც მოიძებნებოდა, და რამეთუ მას ერთხელაც სურვილი აღეძრა, ამ მისთვის აქამდე მხოლოდ მოსმენილ, ნათქვამით ნაცნობ და ნაკლებ სიმპათიურ სამყაროში შეჭრილიყო; იგი, როგორც თავისი სიძლიერით, ასევე მოხერხებულობით, თამაშის ძირის-ძირობამდე მივიდა, და თუმცა კი რიოში მარგალიტებით მოთამაშე არ გამხდარა – საამისოდ კი ყველანაირად უწყობდა ხელს ასაკი, მაგრამ იგი მაინც მოიპოვეს თამაშისა და ორდენის სულიერმა ადამიანებმა კასტალიის გარეთ, როგორც ერთი სერიოზული და ძვირფასი მეგობარი უფრო, ვიდრე დიდი ბენედიქტინელი.

ხანდახან დღისით პატერი მას ატყობინებდა, როცა კნეხტი სამუშაო დროის შემდეგ დაემშვიდობებოდა ხოლმე, რომ საღამოს სახლში დაელოდებოდა; ლექციებს გადაღლა და დისკუსიებს დაძაბულობა მოჰყვებოდა, მაგრამ დგებოდა მშვიდი საათებიც, როცა იოზეფი ხშირად თავის კლავიკორდსა თუ ვიოლინოსაც მოიტანდა ხოლმე, მერე დაჯდებოდა მოხუცი პიანინოსთან სანთლის ფერმკრთალ შუქზე, რომლის ტკბილი ცვილის სურნელი პატარა ოთახს ავსებდა, და ქორელის, სკარლატის, ტელემანისა თუ ბახის მუსიკას ხან მონაცვლეობით, ხანაც ერთად დაუკრავდნენ. მოხუცი ადრე მიდიოდა ხოლმე დასაძინებლად, როცა კნეხტი, მცირე მუსიკალური საღამოს შთაბეჭდილებით გამხნევებული, თავის სამუშაო დროს, რეჟიმით ნებადართულ საზღვრებში, ღამემდე აგრძელებდა.

თავისი სწავლისა და პატერის სწავლების, მონასტერში როგორღაც გაგრძელებული თამაშის კურსისა და ხანდახან აბატ გერვასიუსთან ჩატარებული ჩინური კოლოქვიუმის გარდა იმ დროისათვის კნეხტი კიდევ ერთი, მართლაც, მრავლისმომცველი სამუშაოთი იყო დაკავებული; ის მონაწილეობას ღებულობდა ვალდცელის ელიტის ყოველწლიურ შეჯიბრში, რაც უკანასკნელ ხანებში ორჯერ ჰქონდა გამოტოვებული, ამ კონკურსისათვის სამი-ოთხი წინასწარ დაწერილი მთავარი თემის საფუძველზე რიოში მარგალიტებით თამაშის ესკიზები უნდა შემუშავებულიყო, ღირებულად თვლიდნენ და წარადგენდნენ თემათა ახალ, გაბედულ, და ორიგინალურ შეხამებებს, შესრულებულს უმაღლესი ფორმალური სისუფთავითა და კალიგრაფიულობით, ამ ერთადერთი საბაბით დაშვებული იყო კონკურენტების მიერ კანონისთვის გვერდის ავლა, ეს იმას ნიშნავს, რომ უფლება ჰქონდათ, ახალი, ოფიციალურ კოდექსსა და იეროგლიფთა საგანძურში ჯერ კიდევ მიუღებელი შიფრებით ესარგებლათ. ამით ეს შეჯიბრი, დიდი საჯარო გამორჩეული თამაშის გვერდით, მოთამაშეთა სოფელში ამაღელვებელ მოვლენას წარმოადგენდა; პერსპექტივებით მდიდარ კანდიდატთა კონკურენცია თამაშის ახალი ნიშნებისთვის იმართებოდა, და ამ შეჯიბრში გამარჯვებულის უმაღლესი, იშვიათად მიღებული გამორჩეულობა არა მარტო იმაში მდგომარეობდა, რომ მისი თამაში, როგორც წლის საუკეთესო საკანდიდატო თამაში, საზეიმო წარმოდგენამდე მიაღწევდა, არამედ იმაშიც, რომ მის მიერ შემოთავაზებულ სიახლეს თამაშის გრამატიკული ენის საგანძურში აღიარებდნენ და თამაშის არქივსა და თამაშის ენაშიც მიიღებნენ. ერთხელ იყო, დაახლოებით ოცდაექვსი წლის წინ, დიდი თომას ფონ დერ ტრავე, ახლანდელი მაგისტრი ლუდი, ვინც ეს იშვიათი პატივი დაიმსახურა თავისი ახალი შემოკლებებით, ცხოველთა წლიური ნიშნების – ზოდიაქოების ალქიმიური მნიშვნელობისათვის; ასევე მაგისტრმა თომასმა მოგვიანებით ხელი შეუწყო ალქიმიის უფრო მეტად შეცნობასა და თამაშში საინტერესო საიდუმლო ენის სახით მის ჩართვას. კნეხტმა ამჯერად უარი თქვა თამაშის ახალ მნიშვნელობათა გამოყენებაზე, რომლებსაც ის, ისევე როგორც თითქმის ყოველი კანდიდატი, უკვე მოამზადებდა; მან არც იმ შესაძლებლობით ისარგებლა, ეჩვენებინა თავისი მომხრეობა თამაშის ფსიქოლოგიური მეთოდისადმი, რაც მისთვის ბუნებრივი იქნებოდა. მან ააგო თამაში, მართალია, სტრუქტურისა და თემატიკის მიხედვით თანამედროვე და საკუთარი, მაგრამ, უპირველეს ყოვლისა, გამჭვირვალე და ნათელი, კლასიკური კომპოზიციით მკაცრად სიმეტრიული, მხოლოდ ზომიერად ორნამენტირებული, ძველოსტატურად მოკრძალებულ ყაიდაზე. იქნებ ეს იყო ვალდცელისა და თამაშის არქივისაგან დაშორება, რაც მას ამისთვის აიძულებდა; იქნებ ეს იყო ძალზე ბევრი ძალისა და დროის დათმობა ისტორიაში მეცადინეობებისადმი, იქნებ და იგი მეტ-ნაკლებად ცნობიერად მიჰყვებოდა სურვილს, რომ ისე მოეხდინა თავისი თამაშის სტილიზაცია, როგორც ეს მისი მასწავლებლისა და მეგობრის, პატერ იაკობუსის გემოვნებას უმეტესად შეესაბამებოდა; ჩვენ ეს არ ვიცით.


                  ემზარ გოგუაძე ლაპარაკობს ჰერმან ჰესეს შემოქმედებასა და
          მის ქართულ თარგმანებზე, "რიოში მარგალიტებით თამაშის" თარგმანზე

ჩვენ გამოვიყენეთ გამოთქმა “თამაშის ფსიქოლოგიური მეთოდი”, რაც ალბათ ყოველი ჩვენი მკითხველისათვის ნათლად გასაგები არ იქნება; კნეხტის დროს კი ხშირად ისმენდნენ ამ სხარტ გამოთქმას. ყველა დროში, ალბათ, რიოში მარგალიტებით თამაშის განდობილთა შორისაც არსებობდა მიმდინარეობები, მოდები, მიდიოდა ბრძოლები, იცვლებოდა შეხედულებები და განმარტებები, ხოლო იმ დროისათვის კი, უპირველეს ყოვლისა, თამაშის შესახებ გამოირჩეოდა შეხედულება, რაზედაც კამათი და დისკუსია მიდიოდა. განასხვავებდნენ თამაშის ორ ტიპს, ფორმალურსა და ფსიქოლოგიურს, და ჩვენ ვიცით, რომ კნეხტი, ისევე როგორც ტეგულარიუსი, თუმცა იგი სიტყვიერი კამათისაგან შორს იჭერდა თავს, უკანასკნელის მხარდამჭერებსა და მფარველებს მიეკუთვნებოდა, მხოლოდ კნეხტი ჩვეულებრივ ამჯობინებდა ელაპარაკა არა “თამაშის ფსიქოლოგიური ხერხზე”, არამედ “პედაგოგიურზე”. ფორმალური თამაში მიისწრაფვოდა იქითკენ, რათა ყოველი თამაშის არსებითი, ესე იგი, მათემატიკური, ენობრივი, მუსიკალური და ასე შემდეგ შინაარსებისგან, შეძლებისდაგვარად, მჭიდრო, მთლიანი, ფორმალურად სრულყოფილი ერთიანობა და ჰარმონია შეექმნა. ფსიქოლოგიური თამაში, პირიქით, ეძებდა ერთიანობასა და ჰარმონიას, კოსმოსურ სიმწყობრესა და სრულქმნილებას არა ისე ძალიან შინაარსთა არჩევაში, განთავსებაში, შეჯვარებაში, შეერთებასა და დაპირისპირებაში, არამედ უფრო მეტად თამაშის ყოველი ეტაპის შემდეგ მომყოლ მედიტაციაში, რასაც ძირითადად ეყრდნობოდნენ. ასეთი ფსიქოლოგიური თუ, როგორც კნეხტი უფრო სიამოვნებით ამბობდა, პედაგოგიური თამაში არა გარედან მიმართულ შეხედულებას სთავაზობდა სრულქმნილებაზე, არამედ ხელმძღვანელობდა მოთამაშეს შედეგის საშუალებით, – თავისი ზუსტად წინდაწინ დაწერილი მედიტაციებით, სრულქმნილისა და ღვთაებრივის განსაცდელად. “თამაში, როგორც მე ვფიქრობ – წერდა კნეხტი ერთხელ მოხუც მუსიკის მაგისტრს – მედიტაციათა დამთავრების შემდეგ მოთამაშეს თავის თავში ისე ჩაკეტავს, როგორც ბურთულის ზედაპირი შემოსაზღვრავს მის შუა წერტილს, და მას იმ გრძნობით ტოვებს, რომ მან შეთხვევითი და ქაოტური სამყაროდან რაღაც მთლიანად სიმეტრიული და ჰარმონიული სამყარო გამოჰყო და საკუთარ თავში მოიქცია”.

ის თამაში, რომელიც კნეხტმა დიდ კონკურსში წარადგინა, აგებული იყო ფორმალურად, და არა ფსიქოლოგიურად. შესაძლებელია, ამით მას სურდა უფროსობისა და საკუთარი თავისთვისაც დაემტკიცებინა, რომ მას მარიაფელსში სტუმრობის მანძილზე, თავისი დიპლომატიური მისიის დროს, რიოში მარგალიტებით მოთამაშეში ოსტატობის, ელასტიურობის, ელეგანტურობისა და ვირტუოზულობის მხრივ არაფერი დაუკარგავს, და ეს მას მოუხერხდა კიდეც. თამაშის ესკიზის საბოლოო გაფორმება და სუფთად გადაწერა, რადგანაც ამ საქმის მიხედვა მხოლოდ ვალდცელში, თამაშის არქივში იყო შესაძლებელი, თავის მეგობარ ტეგულარიუსს მიანდო, ვინც, სხვათაშორის, თვითონაც შეჯიბრის მონაწილეებს მიეკუთვნებოდა. მას შეეძლო თავისი ფურცლები მეგობრისათვის თვითონ გადაეცა და რაიმე კიდეც ეთქვა, რადგან იგი მის ესკიზსაც გადახედავდა, მაგრამ მას მიეცა საშუალება, რომ ფრიცი სამი დღით თავისთან მონასტერში მიეპატიჟებინა; მაგისტრმა თომასმა ეს უკვე ორჯერ მისდამი გაგზავნილი თხოვნა პირველად შეუსრულა. ტეგულარიუსი, ასე ძალიან რომ უხაროდა სტუმრობა და როგორც კასტალიის კუნძულზე მცხოვრებს, ასე დიდი ცნობისმოყვარეობაც რომ გააჩნდა, მონასტერში მაინც თავს უკიდურესად უსიამოვნოდ გრძნობდა, და ეს მგრძნობიარე კაცი ყველანაირი უჩვეულო შთაბეჭდილებებისგან თითქმის დაავადმყოფდა და ამ მეგობრულ, მაგრამ უბრალო, ჯანმრთელ, ცოტა არ იყოს უხეშ, ადამიანთა შორის, რომელთაგან არცერთს მისი აზრები, საზრუნავი და პრობლემები არ ადარდებდა. “შენ აქ ისე ცხოვრობ, როგორც უცხო თანავარსკვლავედზე – უთხრა ერთხელ თავის მეგობარს – და ვერ ვხვდები და ის მაოცებს, რომ ეს უკვე სამი წელი გაგრძელდა. შენი პატერები მეტად ზრდილნი არიან ჩემს მიმართ, მაგრამ მე აქ თავს ვგრძნობ, ზედმეტად, გარიყულად და ყველაფერზე უკან ვიხევ, აქ არაფერია ისეთი, მე რომ შემეხოს, ვერაფერს ვერ იგებ თვითონ ადამიანი, ვერაფერს გაითავისებ წინააღმდეგობათა და ტკივილების გარეშე; ორი კვირა აქ ცხოვრება, ჩემთვის ჯოჯოხეთი იქნება”. კნეხტი ძალის მოკრებით უსმენდა, პირველად უსიამოვნოდ შეხედა ამ უცხოობას ორ ორდენსა და ორ სამყაროს შორის, როგორც მაყურებელმა მასთან ერთად და იგრძნო, რომ მისი მეტად მგრძნობიარე მეგობარი თავისი შიშნარევი უმწეობით აქ კარგ შთაბეჭდილებას ვერ იღებდა. მაგრამ ამავე დროს ისინი კონკურსზე წარსადგენად ორივეს თამაშის გეგმებს ერთად საფუძვლიანად და კრიტიკულად არჩევდნენ, და როცა კნეხტი ასეთი ერთი საათის შემდეგ პატერ იაკობუსს სხვა ფლიგელში ანდა ჭამის დროს ხვდებოდა, მას ისეთი გრძნობაც ეუფლებოდა, რომ მშობლიური ქვეყნიდან უნებურად სულ სხვა, სხვა მიწაზე და ჰაერში, სხვა კლიმატში და სხვა ვარსკვლავებთან გადასვესო. როცა ფრიცი ისევ წავიდა, მან პატერს მისი შთაბეჭდილება და თავისი შეხედულება გაუზიარა. “მე იმედი მაქვს, – თქვა იაკობუსმა, – რომ კასტალიელთა უმეტესობა თქვენ უფრო გგავთ, ვიდრე თქვენს მეგობარს. ეს არის უნდო, გააზიზებული, ავადმყოფური და თანაც ვშიშობ, რაღაც თავმაღალი ადამიანიც, რაც თქვენ მისი სახით დაგვანახეთ. მე მაინც თქვენზე მინდა შევჩერდე შემდგომ, თორემ თქვენნაირთა მიმართ უსამართლო გამოვალ. რადგანაც ამ საწყალმა, მგრძნობიარე, ზედმეტად ჭკვიანმა, მთრთოლვარე სულის ადამიანმა შესაძლოა მთელი თქვენი პროვინციისადმი ისევ ზიზღი ჩაგვინერგოს”.

“აი – წარმოთქვა კნეხტმა – ბენედიქტინელ ბატონებშიც იქნებოდა საუკუნეთა მანძილზე ერთხელ მაინც ავადმყოფი, ფიზიკურად სუსტი, მაგრამ სულიერად რამდენადმე მაინც სრულფასოვანი კაცი, ჩემი მეგობარივით. სავარაუდოდ, მისი აქეთკენ მოპატიჟება არ იყო გონივრული, სადაც, ალბათ, მძაფრი მზერა შეხვდებოდა მის სისუსტეს, მაგრამ მისი დიდი უპირატესობის შესამჩნევად სხვა რამ არის საჭირო. თავისი მოსვლით მან დიდი მეგობრული სამსახური გამიწია”. და მოუთხრო პატერს შეჯიბრში თავის მონაწილეობაზე. მან ამ ფაქტს სიამოვნებით შეხედა, რომ კნეხტი თავის მეგობარს იცავდა. “კარგია! – გაეცინა მეგობრულად – მაგრამ თქვენ ნამდვილად გეყოლებათ მხოლოდ ისეთი მეგობრები, რომლებთანაც რაღაც სიძნელეს აწყდებით, როგორც ეტყობა”. იგი სიამოვნებით უყურებდა კნეხტის შეცბუნებას და მის გაოცებულ სახეს და შემდეგ კი მსუბუქად უთხრა: “ამჯერად სხვა ვინმეს ვგულისხმობ. იცით რაიმე ახალი თქვენი მეგობრის პლინიო დეზინიორის შესახებ?” იოზეფის გაოცება, რამდენადაც ეს შეიძლებოდა, კიდევ უფრო გაიზარდა; მეტად მორიდებით სთხოვა განმარტება. ეს ამბავი დაკავშირებული იყო შემდეგთან: დეზინიორიმ ერთ-ერთ პოლიტიკურ, საკამათო წერილში მტკიცედ აღიარა ანტიკლერიკალური შეხედულებანი და ამის გამო პატერ იაკობუსსაც, მართლაც, ენერგიულად დაესხა თავს. მან თავისი მეგობრების საშუალებით კათოლიკური პრესიდან ინფორმაციები მიიღო დეზინიორიზე, სადაც მისი კასტალიური სკოლის პერიოდი და კნეხტთან მისი ცნობილი დამოკიდებულება მოხსენიებული იყო. იოზეფმა პლინიოს სტატია წასაკითხად სთხოვა. პირველი საუბარი ამის თაობაზე, რაც მას პატერთან ჰქონდა, აქტუალურ პოლიტიკურ შინაარსს ატარებდა, რასაც მხოლოდ რამდენიმე მოჰყვა. “საოცარია და თითქმის შემაშინებელი – წერს იგი ფერომონტეს – ეს რა იყო ჩემთვის, ჩვენი პლინიოს ფიგურა, როგორც ჩემი საკუთარი დანამატი, უეცრად მსოფლიო პოლიტიკის თეატრში მდგომი ვიხილე. ეს ის ასპექტია, რომლის შესაძლებლობას მე აქამდე ვერც კი წარმოვიდგენდი”. სხვათა შორის, პატერმა პლინიოს იმ საკამათო ნაწერზე უფრო აღიარებულად ილაპარაკა, ყოველ შემთხვევაში, იმ დამოკიდებულების გარეშე ის აქებდა დეზინიორის წერის სტილს და აღნიშნა, ელიტის სკოლა კარგად აქვს გავლილიო, მაგრამ მიმდინარე პოლიტიკაში ნაკლებად კმაყოფილნი არიან მისი სულიერების დონით.

თავის მეგობარ ფერომონტესგან კნეხტმა ამ პერიოდისათვის მიიღო მოგვიანებით სახელგანთქმული მისი ნაშრომის პირველი ნაწილის გამოგზავნილი ასლი სათაურით “სლავური ხალხური მუსიკის ათვისება და გადამუშავება გერმანელ მუსიკოსთა შემოქმედებაში იოზეფ ჰაიდნიდან მოყოლებული”. ამ გზავნილზე კნეხტის საპასუხო წერილში, სხვათა შორის, ვკითხულობთ: “შენ, შენი მეცადინეობებით, რაშიც მე მაშინ ცოტა ხნით მონაწილეობა შემეძლო, დამაჯერებელ შედეგამდე მიხვედი: ორივე თავი შუბერტზეა, მეტადრე პირველი ნაწილი, რომელიც კვარტეტებს ეხება, მუსიკის ისტორიაში უკეთილშობილეს მუსიკას რომ წარმოადგენს, რასაც ამ ახალ დროში ვიცნობ. მეც გამიხსენე ხანდახან, მე შორს ვარ ასეთი ნაყოფიერებისგან, რაც შენ ბედნიერებით მიიღე. მეტად კმაყოფილი შემიძლია ვიყო ჩემი აქაური ცხოვრებით – რამეთუ მარიაფელსში ჩემი მისია წარუმატებელი არ ჩანს – მაგრამ მაინც ხანდახან განვიცდი ჩემს ხანგრძლივ დაშორებას პროვინციისგან და ვალდცელის წრისგან, რომელსაც მიკედლებული ვარ. მე აქ ბევრს ვსწავლობ, უსასრულოდ ბევრს, მაგრამ ეს არ ზრდის არც ჩემს საკუთარ თავში დარწმუნებულობასა და არც პროფესიულ გამოცდილებას, არამედ რასაც აქ ვიგებ, უფრო პრობლემატიკას მიფართოებს, მართალია, და ასევე, ჰორიზონტსაც. დაურწმუნებლობა, უცხოობა, სიმხნევის, მხიარულებისა და საკუთარი თავისადმი ნდობის ნაკლებობა და სხვა დანარჩენი, რასაც, სახელდობრ, ჩემი მონასტერში ყოფნის პირველი ორი წლის მანძილზე ხშირად განვიცდიდი, ახლა უკვე ისე აღარ მაწუხებს და დავწყნარდი: ახლახანს ტეგულარიუსი მხოლოდ სამი დღით იყო აქ ჩამოსული, მაგრამ როგორ ძალიანაც არ უნდა გახარებოდა მას ჩემი ნახვა, და როგორი სიახლეც არ უნდა ყოფილიყო მარიაფელსი მისთვის, იგი უკვე მეორე დღიდან განიცდიდა დათრგუნულობას და საკუთარ თავსაც აქ უცხოდ გრძნობდა. და რადგანაც მონასტერი, საბოლოოდ, ასევე ხომ რაღაც დაცული, მშვიდობიანი და სულიერებისადმი მეგობრული სამყაროა, და არა გამოსასწორებელი სახლი, არც ყაზარმა და არც ფაბრიკა, ამიტომ ჩემი გამოცდილებიდან დასკვნა გამომაქვს, რომ ჩვენი ხალხი ჩვენი საყვარელი პროვინციიდან მეტად განებივრებულნი და მგრძნობიარენი ვართ, ვიდრე ეს ჩვენ ვიცით”.

სწორედ იმ დროს, როცა კარლოსადმი წერილი თარიღდება, კნეხტმა პატერ იაკობუსი იქამდე მიიყვანა, რომ მან მოკლე წერილში კასტალიური ორდენის ხელმძვანელობას ცნობილ დიპლომატიურ საკითხზე თავისი თანხმობა განუცხადა, და თანაც თხოვნა დაამატა, რომ თუ შესაძლებელია, “აქ ყველასთვის საყვარელი რიოში მარგალიტებით მოთამაშე იოზეფ კნეხტი”, რომელმაც ღირსჰყო პატერი, რომ მისთვის Privatissimum de rebus castaliensibus-ის კურსი გაეცნო, კიდევ ერთ ხანს მონასტერში დაეტოვებინათ. თავისთავად ცხადია, რომ მეორე მხარემ პატივი დასდო ამას და მისი სურვილი აღასრულა. კნეხტმა კი, ვისაც, სწორედ რომ, “მოსავლის აღებიდან” ჯერ კიდევ შორს ეგონა თავი, ორდენის ხელმძღვანელობისა და ბატონ დიუბუას მიერ დავალების შესრულების თაობაზე დამოწმებული აღიარების ქაღალდი მიიღო. კასტალიის მაღალი თანამდებობის პირთაგან გამოგზავნილ ამ მოკლე წერილში მან იმ წუთში უმნიშვნელოვანესად მიიჩნია და უმეტესი სიხარულიც განიცადა (რაც თითქმის სიხარულის ზენიტში მყოფმა პატარა ბარათით შეატყობინა ფრიცს) ერთი მოკლე წინადადებით იმის თაობაზე, რომ რიოში მარგალიტებით თამაშის მაგისტრის მეშვეობით ორდენი საქმეში ჩახედულია და მას მთლიანად ეთანხმება, რათა მისი სურვილი დაკმაყოფილებულ იქნას, – უკან დაბრუნდეს Vicus Lusorum-ში მისი ახლანდელი დავალების დასრულების შემდეგ. მან ეს ადგილი პატერ იაკობუსსაც წაუკითხა და აცნობა, თუ რა ძალიან უხაროდა, ახლა ისიც აღიარა, დიდი ძრწოლა მიპყრობს, იქნებ ხანგრძლივად კასტალიიდან შორს დამტოვონ და რომში გამაგზავნონო. პატერმა სიცილით მიუგო: “დიახ, ორდენებს სჩვევიათ, მეგობარო, მათთვის უმჯობესია, მათ სიახლოვეში იცხოვროთ, ვიდრე პერიფერიაში ანდა სულაც გადასახლებაში. სჯობს მშვიდად დაივიწყოთ ის ცოტაოდენი პოლიტიკა, რომლის არცთუ პატიოსან სიახლოვეში თქვენ აქ მოხვედით, რამეთუ პოლიტიკოსი თქვენ არა ხართ. მაგრამ ისტორიისადმი უნდობლობა კი თქვენ არ უნდა გამოიჩინოთ, თუნდაც ის მუდამ არაძირითად და სამოყვარულო საგნად რჩებოდეს, რადგანაც თქვენგან შეიძლებოდა ისტორიკოსი გამოსულიყო. და ახლა კი ჩვენ ორივე კიდევ შევეწიოთ ერთმანეთს, რამდენ ხანსაც ჩემთან იქნებით”.

ვალდცელში ხშირი სტუმრობის ნებართვა, როგორც ჩანს, იოზეფ კნეხტმა ნაკლებად გამოიყენა; იგი მაინც იჯდა რადიოსთან და სავარჯიშო სემინარს, ზოგიერთ მოხსენებასა და თამაშებს უსმენდა და შორიდანაც ასე იღებდა მონაწილეობას მონასტრის კარგად მოწყობილ თავის სასტუმრო ოთახში მჯდომარე იმ “ზეიმში”, რომელზედაც Vicus Lusorum-ის სადღესასწაულო დარბაზში შეფასების ამონაწერთა შედეგებს ყველას აცნობდნენ. მას არც ძალზე ინდივიდუალური და სრულებით არც რევოლუციური, მაგრამ მაღალხარისხიანი და მეტად ელეგანტური ნაშრომი ჰქონდა წარდგენილი, რომლის ფასიც თვითონაც იცოდა, და ეს ალბათ შექებით იქნებოდა მოხსენებული, ანდა მესამე თუ მეორე ადგილით დაჯილდოვებული, მაგრამ, მისდა განსაცვიფრებლად, მოისმინა, რომ პირველი პრიზი გამოუცხადეს, და ვიდრე მოულოდნელი სიხარული, მართლაცდა, შეიპყრობდა, თამაშის მაგისტრის სამსახურის დირექტორი თავისი მშვენიერი და დახვეწილი ხმით კვლავ გამოცხადებას განაგრძობდა და მეორე პრიზის მფლობელად ტეგულარიუსი დაასახელა. ეს იყო, მართლაც, ამაღელვებელი და შემაკრთობელი განცდა, რომ ისინი ორივე, ხელიხელჩაკიდებულნი, როგორც დაგვირგვინებული გამარჯვებულნი ამ შეჯიბრიდან ისე გამოვიდნენ და იგი წამოხტა, მოსმენა აღარც გაუგრძელებია, და კიბე ჩაირბინა და ხმაურიანი დასასვენებელი პალატების გავლით ჰაერზე გავიდა. მოხუცი მუსიკის მაგისტრისადმი იმ დღეებშივე მიწერილ წერილში ვკითხულობთ: “მე ძალიან ბედნიერი ვარ, პატივცემულო, რისი წარმოდგენაც კი შენ შეგიძლია. ჩემი მისიის შესრულებისა და ორდენის ხელმძღვანელობის მიერ მის საპატიო აღიარებასთან ერთად მნიშვნელოვანი იმედი გამიჩნდა – სამშობლოში მალე დაბრუნებისა, მეგობრებთან და რიოში მარგალიტებით თამაშთან შეხვედრისა, შემდგომ დიპლომატიურ სამსახურში ჩემი გამოყენების ნაცვლად; და აი, ეს პირველი პრიზი თამაშისათვის, რომელიც, კერძოდ, ფორმალური კუთხით ავაგე და ისე შევქმენი, მაგრამ რასაც კარგი საფუძვლიანი ცოდნიდან ყველაფერი ჯერ არ ამოუწურავს, და რაც კვლავაც შემიძლია შევძინო მას, და ამ ყველაფერს კიდევ ის სიხარულიც დაემატა, რომ ეს წარმატება ჩემს მეგობართან ერთად გავინაწილო – ეს, მართლაც, ბევრია ერთბაშად. ბედნიერი კი ვარ, მაგრამ ვერ ვიტყვი, გახარებული. ამ მოკლე დროში, ანდა მომეჩვენა ასე, სურვილთა აღსრულებები რაღაც ანაზდეულად და დიდებულად მოვიდა ჩემს შინაგან გრძნობებში. ჩემს მადლიერებაში გარკვეული შიშიცაა გარეული; ისეა, თითქოს პირთამდე სავსე ჭურჭელს კიდევ ერთი წვეთი დაემატება და ყველაფერი კვლავ საეჭვოდ შეიქნება. მაგრამ დაუკვირდი ამას, გეთაყვა, თითქოს არც მითქვამს, აქ ყოველი სიტყვა უკვე ზედმეტია”.


                           პრეზენტაციის შემდეგ მადლიერი მკითხველები

ჩვენ დავინახავთ, რომ პირთამდე სავსე ჭურჭელი მალე თურმე უფრო მეტისთვისაც ყოფილა განსაზღვრული, ვიდრე მხოლოდ ერთი წვეთის დამატებისთვის. აქამდე მოკლე ხანში იოზეფ კნეხტი ბედნიერად ცხოვრობდა და ამასთანავე შიშნარევადაც. მის სწრაფვასა და ინტენსიურობასთან ერთად თითქოსდა მოახლოებულ ცვლილებას წინასწარ გრძნობდა. პატერ იაკობუსისთვისაც ეს რამდენიმე თვე ბედნიერ და აღმაფრთოვანებელ დროს წარმოადგენდა. სწყინდა, რომ მოწაფე და კოლეგა მალე უნდა დაეკარგა, და მას თვითონ გამოუძებნიდა ხოლმე სამუშაო საათებში დროს და უფრო მეტად კი თავისუფალი საუბრებისთვის, რათა მთელი ცოდნა, შეძლებისდაგვარად, მისთვის გადაეცა და სამემკვიდრეოდ დაეტოვებინა, რასაც შრომითა და აზრებით დატვირთულ ცხოვრებაში ადამიანთა და ხალხთა ისტორიაში ჩასწვდომია და ჩაღრმავებია. კნეხტის მისიის აზრსა და შედეგზე ხანდახან საუბრობდა იგი მასთან ერთად, ლაპარაკობდა რომსა და კასტალიას შორის მეგობრობისა და პოლიტიკური ერთიანობის შესაძლებლობისა და ღირებულების შესახებ, და მას იმ ეპოქის შესწავლა ურჩია, რომლის ნაყოფსაც მიეკუთვნებოდა კასტალიური ორდენის დაფუძნება, ისევე როგორც განსაცდელების მორჩილებით გადატანის დროის შემდეგ რომის თანდათანობითი ამაღლება. მას ორი ნაწარმოებიც ურჩია რეფორმაციასა და ეკლესიის გახლეჩაზე მეთექვსმეტე საუკუნეში, – გულთან ახლოს მიეტანა და უმთავრესი ადგილიც მიეჩინა; საფუძვლიანად მიენიჭებინა უპირატესობა უშუალოდ წყაროების შესწავლისთვის და, შესაბამისად, მსოფლიო ისტორიის სქელტანიანი წიგნების კითხვისას მიმოხილვითი ნაწილებით საკუთარი თავი შეეზღუდა და თავისი დიდი უნდობლობა ისტორიის ყველა ფილოსოფიის მიმართ არ დაემალა.



იოზეფ კნეხტის დანატოვარი ნაწერები 


მოწაფეობისა და სტუდენტობის ლექსები 
             (გთავაზობთ მცირე ნაწილს ამ ლექსებისა)


ბახის ერთი ტოკატისათვის 

მეფობს წყვდიადი, დიდი სიჩუმე ჩამოწოლილა...
სხივი გარდმოტყდა და ჰა, ღრუბელთა ნაფლეთებიდან

აღმართავს სივრცეთ, გაჰკვეთს, გადუვლის ღამეს სინათლე,
სწვდება სამყაროს სიღრმეებს, – იმ ბრმა არარაობას, –
ის განიზრახავს: ქედებს, მწვერვალებს, და კლდის ქვაბულებს,
ჰაერთა ფენებს მტრედისფერს მისცემს, მიწას სიხმელეს.

ქმნადობის ნებით ეს განიპობა საქმედ და ომად,
და ჩანასახის დამტევს, მის მქონეს სხივი ჰყოფს ორად:
და ბრწყინვალებით ანთებს სამყაროს და შეძრწუნებით
ის მოგზაურობს იქითკენ, საით ეცემა შუქი,
შედის წესრიგი, ხმები იღვრება დიდებულები,
ქება სიცოცხლეს, მრავალჟამიერ მას, ნათელს უფლის.

შემდგომ ირწევა, უკან ბრუნდება ღვთისკენ პირქცევით,
ყველა ქმნილების მოძრაობა ხომ მისკენ მიილტვის –
მამის სულისკენ მიემართება სწრაფვად ქცეული,
ჭირად და ლხინად, ენად, სურათად და მელოდიად.
სამყაროები თაღოვან ტაძრით დაგვირგვინდება:
აქ სული, ლხენა, ლტოლვა, ბრძოლა, და სიყვარულია.



საფეხურები 

როგორც ყველა ყვავილი, ჭკნება ახალგაზრდობაც,
ხანში შედის, ყვავდება გარკვეული დროება,
ჰყვავის ყოველი სიბრძნე, ცოდნა, სათნოებანი,
თავის შესაფერ დროში, მაგრამ არა მუდმივად.
დროის ყველა საფეხურს ყოველის ცხოვრებაში
მართებს ერთობ მზაობა დამშვიდობებისათვის,
მტკიცედ უნდა დაუხვდეს და არა მწუხარებით.
რადგან ახალ კავშირში ახლით ფესვებს გაიდგამს,
სადაც ყველგან საოცრად იდუმალი მეფობს და
რაც ჩვენ გვიცავს, გვეწევა, სიცოცხლე რომ განვაგრძოთ.

ერთი სივრცე მეორით ლხენით უნდა დავტოვოთ.
არსად უნდა გავჩერდეთ, როგორც ჩვენი სამშობლო.
სამყარო ჩვენ არ გვბოჭავს, მუდმივად არ ჩაგვიჭერს.
ჩვენი ზეაღწევა სურს წინსვლით, საფეხურებრივ,
მშობლიურად ვეჩვევით როს ცხოვრების მონაკვეთს,
იმას სანდოდ ვიგულებთ, და თვლემა გვემუქრება,
ზოგი, ვინაც მზად არის, გზა ახლებურ განაგრძოს,
მინებებით ბოლომდე ძალუძს არ შეეთვისოს,

თუნდაც იყოს ეს მაშინ, სულის გაყრის ბოლო დროს,
ახალ სივრცეს ნაბოძებს, ჯანსაღად შევეყაროთ,
ცხოვრების ხმა ჩვენამდე აროდეს დასრულდება...
გულო დაემშვიდობე, გზა სიმრთელით განაგრძო!


რიოში მარგალიტებით თამაში 

მთელ კოსმოსის მუსიკას და მაგისტრთა მუსიკას,
მზად ვართ, რომ მოვუსმინოთ უღრმესი მოწიწებით,
უბრწყინვალეს ზეიმზე ღირსეულ პიროვნებებს,
ღვთივბოძებულ დროების, შევხვდეთ დიდი შექებით.

მაგიური ნაწერის იდუმალით ვმაღლდებით
და მის საოცარ ხიბლში, უნაპირო, შემტევი,
ეს ცხოვრება იღვრება და ქმნის ნათელ და სუფთა
სიმბოლოთა რიგებს და ვარსკვლავთა სურათები

ვით კრისტალი ჟღერდება; სამსახურის გაწევა,
თამაშისთვის ხომ იყო ჩვენი ცხოვრების აზრი;
არც ერთს არ შეუძლია ამოვარდნა თვის წრიდან,
მხოლოდ წმინდა შუაგულს ეშურება თავიდან.


სამი ცხოვრების ამბავი 
              (გთავაზობთ ბოლო, მესამე ამბავს)


ინდური ცხოვრების აღწერა 

დემონების მთავარი, ვიშნუს მიერ მათთან წარმოებულ ერთ-ერთ გაშმაგებულ ბრძოლაში მისივე ნამგალა მთვარისმაგვარი შუბით განგმირული, ანუ, უფრო სწორად, ვიშნუს ნაწილისაგან ადამიანად ქცეული რამა, – კვლავ გარდასახვათა წრებრუნვაში შევიდა, და სახელად რავანა დაერქვა, რომელიც დიდ განგზე ცხოვრობდა, მხედართმთავარი იყო და იგივე დაზას მამა გახლდათ. დაზას დედა ადრე გარდაიცვალა; და მისმა შემცვლელმა მშვენიერმა და პატივმოყვარე ქალმა, თავადს სწორედ ვაჟი გაუჩინა, და ასე გადაეღობა პატარა დაზა მას გზაში; ახალშობილის ნაცვლად იგი თავის საკუთარ ვაჟზე, ნალაზე ფიქრობდა, და მის მბრძანებლად კურთხევას განიზრახავდა; ცდილობდა დაზა მამისგან გაეუცხოვებინა და სულ იმის ფიქრში იყო, პირველივე შემხვედრ ხელსაყრელ გარემოებაში გზიდან ჩამოეცილებინა. მაგრამ რავანას კარის ბრაჰმანებიდან ერთ-ერთს – ვაზუდევას – მსხვერპლთშეწირვის მცოდნეს, მისი გულისთქმა არ დარჩენია დაფარული, და ჭკვიანი ადამიანი მიუხვდა მის ამპარტავნულ ქმედებას. მას ვაჟი შეეცოდა, თანაც ჩანდა, რომ პატარა პრინცს დედამისისგან ღვთის სიყვარულის ნიჭი და სამართლიანობის გრძნობა მემკვიდრულად გამოჰყოლოდა. მას ერთი თვალი დაზასკენ ეჭირა, რომ ბიჭს არაფერი შემთხვეოდა და ელოდა მხოლოდ იმ ვითარებას, რომ იგი დედინაცვლისგან მოეშორებინა.

რაია რავანას ბრაჰმას ნაკურთხი ძროხების ნახირი ჰყავდა მფლობელობაში, რასაც წმინდად იცავდნენ და ხშირად რძესა და კარაქს ღმერთს შესაწირად მიართმევდნენ. ამისთვის ქვეყანაში საუკეთესო საძოვრები იყო დატოვებული. ერთ დღესაც ბრაჰმას ნაკურთხი ძროხების ერთი მწყემსი მოვიდა, რათა კარაქის რაღაც რაოდენობა წაეღო და მათ აუწყა, რომ ამ მხარეში, სადაც აქამდე ნახირი ძოვდა გვალვაა მოსალოდნელიო, ისე რომ, მწყემსები ერთად შეიკრან, აქედან საქონელი მთებში გაირეკონ, სადაც დიდ პაპანაქებაში წყაროებისა და ნორჩი ბალახის ნაკლებობა არ იქნებაო. ამ მწყემსებიდან, ვისაც იგი დიდი ხანია იცნობდა, ბრაჰმანეს ენდობოდა, იგი მეგობრული და ერთგული ადამიანი ჩანდა, და როცა მეორე დღეს რავანას ვაჟი, პატარა დაზა გაქრა და მისი პოვნა ვეღარ შეძლეს, ავაზუდევა და ის მწყემსი ერთადერთნი იყვნენ, ვინც მისი გაქრობის საიდუმლოება იცოდნენ. პატარა დაზა კი მწყემსებმა მთაში გაიყოლიეს, ისინი იქ ზოზინად მიმავალ ნახირს დაეწივნენ და დაზა აქ მწყემსებს სიამოვნებითა და სიყვარულით შეუერთდა, და მწყემსი ბიჭიც იქ გამოიზარდა. მათ ცხვრების მოვლასა და გარეკვაში ეხმარებოდა, მოწველას სწავლობდა, ბოჩოლებთან თამაშობდა და ხის ქვეშ იწვა ხოლმე, ტკბილ რძეს სვამდა და შიშველ ფეხებში ძროხის ფუნაც შეხვდებოდა ხოლმე. მას ეს ყოფა ძალიან მოსწონდა. ეცნობოდა მწყემსებს და მათ ცხოვრებას და აკვირდებოდა ძროხებს, სწავლობდა ტყეს და ხეებს, ნაყოფებს, უყვარდა მანგო, ტყის ლეღვი და ვარინგას ხე, მწვანე ტყის გუბურებში ლოტოსის ტკბილ ფესვებს იჭერდა ხოლმე, საზეიმო დღეებში ტყის გვირილის წითელ ყვავილებიან გვირგვინს იდგამდა თავზე, იწრთობოდა, როგორ დაეცვა თავი ველური ცხოველებისაგან, პირველ რიგში, ვეფხვს როგორ არიდებოდა, იმასაც სწავლობდა ჭკვიან მუნგოსთან და მხიარულ ზღარბთან როგორ ემეგობრა, წვიმის დროს ჩაბნელებულ თავშესაფარში, ქოხში როგორ გაეძლო; იქ ბავშვები საბავშვო თამაშებს თამაშობდნენ, ლექსებს მღეროდნენ, ანდა კალათებს და ლელის ფარდაგებს წნავდნენ. დაზას თავისი წინანდელი სამშობლო და მაშინდელი ცხოვრება მთლად არ დაჰვიწყებოდა, მაგრამ ეს მისთვის მაინც ოცნებად გადაქცეულიყო.

და ერთ დღესაც, ნახირმა სხვა მხარეს გასწია, დაზა ტყეში მიდიოდა, მერე უნებურად თაფლის ძებნაშიც გაერთო, ტყე საოცრად უყვარდა, რაც იქ შეისწავლა და ამჟამად ამ ადგილზე ხეები ფოთლებითა და ტოტებით განსაკუთრებით ულამაზესი ჩანდა, ოქროს გველებივით იხვეოდა დღის შუქი, და ხმები – ჩიტების სტვენა-გალობა, კენწეროთა შრიალი, მაიმუნთა გადაძახილი – ლამაზი, ნაზი ბრწყინვით, ერთმანეთის მიყოლებით, წნულივით გადაივლიდა, გადაჯვარედინდებოდა ხეთა შორის სინათლის მსგავსად; და ასე მიდიოდნენ, უკავშირდებოდნენ და ერთმანეთს შორდებოდნენ ყვავილთა სურნელება, ხეების, ფოთლების, წყლების, ხავსების, ცხოველების, ნაყოფების, მიწისა და ლპობის სუნები: მწარე და ტკბილი, ველური და ახლობელი, აღმგზნები და ძილის მომგვრელი, გამამხნევებელი და დამაღონებელი. დროდადრო უხილავ ტყის ხევში წყლის ჩხრიალი მოისმოდა, ხანდახან სტაფილოს ქოლგებზე შავ-ყვითელ ლაქებიანი, მწვანე ხავერდოვანი პეპელა დაცეკვავდა, შიგადაშიგ ცისფერ ჩრდილოვან ტყეში ტოტის ჩამოტეხის ხმა გაისმოდა, და ფოთლები ფოთლებს მძიმედ ეყრებოდა, ანდა წყვდიადში ველური ცხოველი დაიღრიალებდა, ანდა თავის ნაშიერთან მაჩხუბარა მაიმუნის ხმა გაჰკვეთდა, დაზას დაავიწყდა თაფლის ძებნა, და ამასობაში რამდენიმე ჭრელ, მბრწყინავ, პაწია ჩიტებს ყური დაუგდო. დიდ ტყეში, მაღალ გვიმრიანში, ხშირ, პატარა ტყესავით რომ აყრილიყო, კვალს კარგავდა, რაღაც გზა ჩანდა, ვიწრო, საცალფეხო გასასვლელი და იმასობაში, როცა უხმოდ და ფრთხილად წინ მიიწევდა და ბილიკს მიჰყვებოდა, ერთ მრავალტანიან ხის ქვეშ პატარა ქოხი აღმოაჩინა, წვეტიანი კარვის მაგვარი, გვიმრისგან აგებული და დაწნული, და ქოხის გვერდით, მიწაზე გამართულად, უძრავად მჯდომარე კაცი, ვისაც ხელები გადაჯვარედინებულ ფეხებს შორის მშვიდად დაეწყო, და თეთრი თმებისა და ფართო შუბლის ქვეშიდან წყნარი, გაშტერებული თვალები მოუჩანდა, ღია თვალები მიწისკენ რომ დაეხარა, მაგრამ შიგნითკენ მიმართული მზერით. დაზა მიხვდა, რომ წმინდა კაცი იოგა იყო, ეს პირველი არ ყოფილა, ვინც მას უნახავს. ისინი პატივცემული და ღმერთებისგან გამორჩეული კაცები იყვნენ, კეთილ საქმეს ნიშნავდა, მათთვის ძღვენი მიერთმიათ და მოწიწება გამოეხატათ. მაგრამ ეს აქ, ვინც თავის ასე ლამაზ და კარგად დამალული გვიმრის ქოხის წინ გამართულ პოზაში იჯდა წყნარად დაშვებული მხრებითა და თავის თავში ჩაღრმავებულიყო, ბიჭს ძალიან მოეწონა და უფრო უცნაურად მოეჩვენა და უფრო პატივსაცემად, ვიდრე ისინი, რომლებიც სხვა დროს ჰყავდა ნანახი. ის თითქოს ირწეოდა, ისე იჯდა, და თუმცა თვალთა ხედვა არაფრისთვის მიეპყრო, მაინც ყველაფერს ხედავდა და ყველაფერი იცოდა, ისე ეტყობოდა, ამ კაცს გარს ერტყა სიწმინდის ველი, ღირსების ხიბლის წრე, ერთ ადგილზე თავმოყრილი სიცხოვლის ტალღა და ცეცხლი და იოგას ძალა, რომელსაც ბიჭი ვერ გადააბიჯებდა, ვერც სალმითა და დაძახებით გაბედავდა მისი მყუდროების დარღვევას. მისი ფიგურის ღირსება და სიდიდე, შინაგანად ამოსული შუქი, რაშიც მისი სახე გასხივოსნებულიყო, შეკრებილობა და მტკიცე დაურღვევლობა მისი სახის ნაკვთებიდან ტალღებსა და სხივებს აგზავნიდა, რის შუაგულშიც იგი მთვარესავით დაბრძანებულიყო, და ირგვლივ თავმოყრილი სულის ძალა, ვინც წყნარად მოპოვებულ ნებას თავის გამოვლინებაში ქსოვდა, ასეთ სასწაულ წრეს ჰქმნიდა თავის თავში გარშემო, რაც კარგად იგრძნობოდა: ამ კაცს შეეძლო მხოლოდ სურვილითა და აზრებით, ისე რომ მზერაც არ აღეპყრო, ვინმეს მოკვლაც და ცხოვრებაში მისი ისევ კვლავმოხმობაც.

ხესავით უმოძრაოდ, რაც მაინც ფოთლებითა და ტოტებით, – ზრდით მოძრაობს, შეურხევლად, ქვაში ვამოკვეთილ ღვთაებათა ქანდაკივით, იჯდა იოგა თავის ადგილზე, და ასევე გაუნძრევლად იმ წუთშიც გაშეშებულიყო, როცა მან ბიჭი აღიქვა, – მიწაზე მიჯაჭვული, ბორკილებდადებული და ამ სურათით სასწაულად მონუსხული. ის იდგა და იოგას მიშტერებოდა. მზის შუქის ლაქა მას მხრებზე დაჰფენოდა, მზის შუქის ერთი ლაქა მის დაწყობილ მოშვებულ ხელებს დასცემოდა, ხედავდა – მზის შუქები ამ ფიგურაზე ნელა მოგზაურობდნენ, ისევ და ისევ ახალი წარმოიშვებოდა და ამ დგომისა და გაოცებისას მიხვდა, რომ მზის შუქებს ამ კაცთან საქმე არ ჰქონდათ, ირგვლივ ტყიდან არც ჩიტების გალობასა და მაიმუნთა ხმებს, არც ტყის ყავისფერ ფუტკრებს, რაც ფიქრში ჩაძირულს სახეზე ასხდებოდნენ, მის კანს რომ ყნოსავდნენ, კარგა ხანს ლოყაზე დაცოცავდნენ, და მერე ისევ ასწევდნენ ფრთებს და აქედან გაფრინდებოდნენ, და ტყის მთელი მრავალფეროვანი ცხოვრებაც არაფრად უღირდა. ეს ყველაფერი, გრძნობდა დაზა, რასაც თვალი ხედავდა, ყური ისმენდა, რაც ლამაზი თუ საშინელი, რაც საყვარელი თუ შიშის აღმძვრელია, ეს ყველაფერი არანაირ კავშირში არ იყო ამ წმინდა კაცთან, წვიმა მას არ გააციებდა, არც მოაწყენდა, არც ცეცხლს შეეძლო მისი დაწვა, მთელი სამყარო მის ირგვლივ ზედაპირულად და უმნიშვნელოდ გადაქცეულიყო. აქედან წარმოდგენა გაჩნდებოდა, რომ სინამდვილეში იქნებ და მთელი სამყარო მხოლოდ თამაშია და საერთოდ, ზედაპირული, იქნებ მხოლოდ ქარის სუნთქვა და ტალღათა ჩახვევაა უცნობ სიღრმეებში, არა როგორც აზრი, არამედ როგორც სხეულის ცახცახი და მსუბუქი თავბრუსხვევა მწყემსი ბიჭის ცქერაზე, როგორც შეგრძნება საშინელებისა და საფრთხის წინაშე და იმავდროს მონატრებული წყურვილით მისი მიზიდვა. რამეთუ, ასე გრძნობდა იგი, იოგა სამყაროს ზედაპირულობით, გარეგნული სამყაროს საშუალებით იძირება მყოფადის მიზეზში, ყველა საგანთა საიდუმლოებაში; მას გაეღწია აზრთა სასწაული ქსელი, თამაშები შუქისა, შრიალთა, ფერთა, შეგრძნებათა, და იქიდან გამოსულიყო და მყარი ფესვებით გაჩერებულიყო არსებითსა და გადაუქცეველში. ბიჭი, თუმცა ადრე ბრაჰმანებისგან აღზრდილი და სულიერი ნათლის ზოგიერთი სხივით დაჯილდოვებულიყო, ამას ვერ იგებდა შეგნებით და სიტყვებით, ამის თაობაზე ვერ შეძლებდა თქმას, მაგრამ იგი აღიქვამდა ამას, თუ როგორ გრძნობდნენ კურთხეულ საათს ღვთაებრივის სიახლოვეს, მან ეს შეიგრძნო, როგორც მოკრძალებისა და გაოცების შიში ამ კაცის წინაშე, გრძნობდა ამას, როგორც მისადმი სიყვარულს და იმ ცხოვრებისაკენ მისწრაფებას, როგორც ეს მჯდომარე ცხოვრობდა თავის ჩაღრმავებულობაში; და ასე იდგა დაზა, საოცარ მდგომარეობაში მყოფი. მოხუცის მეშვეობით თავისი წარმოშობა გაახსენდა, როგორც მთავარსა და მეფეზე და ველურ გვიმრიანის ნაპირას ჩიტების ფრენას და ხეების ნაზად მოშრიალე საუბრებს მინებდა. ტყე ტყედ რჩებოდა და შორეული ნახირი ნახირად, ამ სასწაულს მიეცა და ჭვრეტაში წასულ განდეგილს უმზერდა, ვინც თავისი სახის მიუხვედრელი სიწყნარითა და შეუხებლობით გარემოცულიყო. იგი თავისი გამომეტყველებით, უბრალო სიმშვიდით პოზის ძალითა და შეკრებილობით სრულყოფილად მისცემოდა თავის მსახურებას.

ამის შემდეგ აღარაფრის თქმა არ შეეძლო, – ეს ორი-სამი საათი კი არა იქნებ დღეებიც კი იყო გასული, რაც მან იმ ქოხის წინ გაატარა. როცა რაღაც სასწაულის ძალით ის ისევ წავიდა, როცა მან ბილიკი უხმოდ, გვიმრებს შორის, უკან წვალებით მოიტოვა, ტყიდან გასასვლელ გზას ეძებდა და ბოლოს ისევ გაშლილი, მთავარი საძოვრების ნახირს მიადგა, ისე იქცეოდა, არ იცოდა, რა გაეკეთებინა. მისი სული კვლავ მოჯადოებული იყო და მაშინღა გამოერკვა, როცა ერთმა მწყემსმა დაუძახა. ხმამაღლა სალანძღავი სიტყვებით მიმართა, ამდენ ხანს შორს რა გინდოდაო, მაგრამ როცა დაზამ დიდი და გაოცებული კაცივით შეხედა, თითქოს ეს სიტყვები მას არ მოუსმენიაო, მწყემსი მაშინვე დადუმდა, ბიჭის ამ უჩვეულო, უცხო მზერამ და მისმა საზეიმო თავდაჭერამ გააოცა. ცოტა ხნის შემდეგ კი ჰკითხა: “სად იყავი აბა წასული, საყვარელო? ღმერთი ნახე თუ დემონს გადაეყარე?” “ტყეში ვიყავი თაფლის საძებნელად, – მიუგო დაზამ, – გული იქითკენ მეწეოდა, მაგრამ ეს მერე სულაც გადამავიწყდა, რადგან იქ კაცი დავინახე, განდეგილი, იქ რომ იდგა, და ფიქრში თუ ლოცვაში ჩაძირულიყო, და როცა მას შევხედე და დავინახე, თუ როგორ უნათებდა სახე, რაღა უნდა მექნა, დავდექი და მას დავუწყე ყურება დიდხანს. საღამოს კი უნდა წამოვსულიყავი და მისთვის ძღვენი მიმერთმია, რადგან ის წმინდა კაცია”.

“მერე ასეც ქენი, – უთხრა მწყემსმა, – წაუღე რძე და ახალი კარაქი, მას პატივი უნდა მიაგონ, ძღვენი უნდა მიართვან წმინდანებს”.

“და როგორ უნდა მივმართო?”

“სულ არ გჭირდება მიმართვა, დაზა, მხოლოდ მის წინ დაიხარე და მირთმეული წინ დაულაგე, მეტი აღარაფერი”.

ის ასეც მოიქცა. ცოტა ხანი დასჭირდა ამ კაცის სამყოფელის ხელახალი მიგნებისათვის. ქოხის წინ ადგილი ცარიელი დაუხვდა, და შიგნით შესვლასაც ვერ ბედავდა, შემდეგ მან ძღვენი ქოხის წინ, შესასვლელში მიწაზე დააწყო და იქაურობას გაშორდა.

როცა კი მწყემსები ძროხებს ამ ადგილის ახლოს მირეკდნენ ხოლმე, ის შესაწირს ყოველ საღამოს იქითკენ მიარბენინებდა, ხანდახან დღისითაც მიდიოდა, ნახულობდა პატივცემულს, ჭვრეტაში წასულს და ისიც ამჯერადაც მის თავისკენ მიზიდვას არ უარობდა, რომ ბიჭს წმინდანისაგან ძალისა და ნეტარების სხივი მიეღო, როგორც გახარებულ მაცქერალს. და მას შემდეგაც, როცა მათ მიდამო დატოვეს და დაზა მწყემსებს ნახირის ახალ საძოვრებზე გადარეკვაში ეხმარებოდა, ამ განცდის დავიწყება მას ტყეში კიდევ დიდხანს არ შეეძლო; და როგორც ეს ბიჭებს სჩვევიათ, – ხანდახან ოცნებაში წავიდოდა ხოლმე, როცა ცალკე რჩებოდა, რომ თავისი თავი მარტოსულად და იოგას მცოდნედ წარმოედგინა. ამასობაში, დროსთან ერთად, გახსენებამ და საოცნებო სურათმა გაფერმკრთალება მით უფრო დაიწყო, რაც უფრო დაზა ძლიერ ყმაწვილად სწრაფად იზრდებოდა და თავის ტოლებთან ერთად თამაშობებსა და ბრძოლებს სიხარულითა და სიბეჯითით აჰყვა. მაინც ციმციმებდა მოგონება და ჩუმი წარმოდგენა მის სულში, თითქოს მას შეეძლო პრინცობა და მთავრადაც ყოფნა, რაც მან დაკარგა, და რაც მას ერთხელაც შემდეგში იქნებ შეეცვალა იოგობის ღირსებითა და ძალით.

ერთ დღეს, რადგანაც ისინი ქალაქის ახლოს იმყოფებოდნენ, ერთმა მწყემსმა იქიდან ამბავი მოიტანა, რომ ქალაქში უდიდესი ზეიმი უნდა გამართულიყო. ძველმა მთავარმა რამანამ, ვისაც ადრინდელი ძალა გამოეცალა და დასუსტდა, ერთი დღე დანიშნა, რათა თავისი ვაჟისთვის – ნალასთვის – მემკვიდრეობა გადაეცა და მთავრად დაენიშნა. ამ ზეიმზე დაზას დასწრება სურდა, რათა ქალაქი კვლავ ენახა, რაზედაც ბავშვობიდან მის სულში მოგონების ჩუმი კვალი დარჩენილიყო და ისღა ცოცხლობდა მასში, რომ მუსიკა მოესმინა, საზეიმო მსვლელობა და წარჩინებულთა შეჯიბრები ენახა და ერთხელაც ქალაქელი ხალხისა და მთავრების ის უცნობი სამყარო თვალით ეხილა, რასაც საგებში და ზღაპრებში ასე ხშირად აღწერდნენ და რის შესახებაც მან ნაკლები იცოდა, ეს საგა იყო თუ ზღაპარი, თუ ხალხში მოარული ამბავი, რომ ეს ყველაფერი ადრე, ადრეულ პერიოდში, მის საკუთარ სამყაროს წარმოადგენდა. მწყემსებს ბრძანება მისცეს, საზეიმო დღისათვის კარზე შესაწირად კარაქის რაღაც რაოდენობა გაეგზავნათ, და დაზა ეკუთვნოდა, მისდა გასახარად, იმ სამეულს, რომლებიც მწყემსმთავარმა ამ დავალებისთვის განაწესა. შესაწირი ერბო-კარაქის გადასატანად ისინი ერთმანეთს საღამოს პირზე კარიბჭესთან შეხვდნენ, და ბრაჰმანმა ვაზუდევამ მათ მისართმევი ჩამოართვა, რამეთუ ის ის კაცი გახლდათ, ვინც სამსხვერპლო საქმეს განაგებდა, მაგრამ ყმაწვილი ვერ შეიცნო. სამმა მწყემსმა ზეიმში მონაწილეობა მაშინვე დიდი წადილით მიიღო. ნახეს, უკვე სისხამ დილით ბრაჰმანს მსხვერპლშეწირვის რიტუალი დაეწყო და ცეცხლის ალები ოქროსფრად მბრწყინავ დაგუნდავებულ კარაქის მასებს მოედო, ცამდე აწვდენილ მოვარვარე ალებად რომ გადაიქცეოდა, და ცეცხლი ზემოთ უსასრულობაში ციმციმებდა და ცხიმით გაჟღენთილი კვამლი, სამგზის აბოლების შემდეგ ათ ღვთაებას უნდა უკვე მიეღო. ისინი ხედავდნენ სპილოების საზეიმო მსვლელობას, მოოქროვილი ჩარდახების ქვეშ ზედ მხედრები რომ ისხდნენ. გამოჩნდა ყვავილებით შემკული მეფის ეტლი და ახალგაზრდა რაია ნალა და ესმოდათ დაფდაფების ძლიერად მჟღერი მუსიკა. ეს ყველაფერი იყო ძალზედ დიდებული და შელამაზებული და ცოტათი სასაცილოც, მაინც ასე ეჩვენებოდა ახალგაზრდა დაზას; იგი შემკრთალი, ხმაურისგან გაოგნებული და დაყრუებული იყო. განცვიფრდა ეტლითა და მორთულ-მოკაზმული ცხენებით, მთელი სიმდიდრითა და ზიზილ-პიპილოებით, რაშიც ამდენი ფული იყო გაფლანგული, მეტად გაოცდა მოცეკვავეებით, მთავრის ეტლის წინ რომ როკავდნენ, კენარი ტანითა და ლოტოსის ღეროს სიმტკიცით, გაკვირვებული იყო ქალაქის სიდიდითა და სილამაზით და მიუხედავად ყველაფრისა, ამ სანახაობას მაინც მოხიბლულობითა და სიხარულით, მწყემსის ჯანსაღი გრძნობით აკვირდებოდა, რასაც ქალაქელები, ძირითადად, ვერ ჰგუობენ. იმაზე არ ფიქრობდა, რომ იგი, მართლაცდა, თავად ნამდვილი მემკვიდრე იყო, რომ აქ მის თვალწინ მისი ნახევარი ძმა ნალა, ვინც აღარც კი ახსოვდა, ახლა ზეთცხებული და ნაკურთხი გახლდათ და ზეიმობდა, რომ მას თვითონ თავად, დაზას, მის ადგილზე ყვავილებით მორთული ეტლით უნდა გაევლო; სამაგიეროდ კი, ეს ახალგაზრდა ნალა, მართლაც, სრულებით შესძულდა, სულელად, ბოროტად მოეჩვენა თავისი განებივრებულობით, აუტანელი ამპარტავნებითა და თავისი გაზვიადებული კულტით. ამ მთავრად მოთამაშე ყმაწვილს სიამოვნებით ერთ ოინსაც უზამდა და ჭკუასაც ასწავლიდა, მაგრამ ამისათვის არ იყო არანაირი გარემოება, და მალევე დაავიწყდა ეს ყველაფერი იმ მრავალთა გამო, რასაც ის აქ ხედავდა, რაც ესმოდა, რაზეც იცინოდა და რითიც ტკბებოდა. ქალაქელი ქალები მშვენივრები იყვნენ და ცივი, ამაღელვებელი მზერა ჰქონდათ, მოძრაობებითა და მეტყველების თავისებურებით გამოირჩეოდნენ. სამმა მწყემსმა რამდენიმე სიტყვა მოისმინა მათგან, რაც მათ დიდხანს ისევ ყურში ჩარჩათ. დამცინავი სიტყვებით წამოიძახეს მათზე, რადგან ქალაქელი მწყემსთან იგივე დამოკიდებულებაშია, როგორც მწყემსი ქალაქელთან; ერთს მეორე სძულს; თუმცა ლამაზი, და ძლიერი, რძითა და ყველით კარგად ნაკვები, მთელი წლის მანძილზე თითქმის მუდამ ღია ცის ქვეშ მცხოვრები ყმაწვილები, მწყემსი ბიჭები, ქალაქელ ქალებს ფრიად მოსწონთ.

ამ ზეიმიდან უკან დაბრუნებულმა დაზამ უკვე გოგონებზე გადაიტანა ყურადღება, მათ დაჰყვებოდა და სხვა ყმაწვილებთან ერთად მძიმე მუშტი-კრივშიც მოუწია ჩართვამ. და ერთხელაც ისინი კვლავ სხვა მხარეში გადავიდნენ, ამ მხარეში ვაკე საძოვრები და ადგილ-ადგილ დამდგარი წყლები ჩანდა, როგორც ლერწმიანსა და ბამბუკიანში ხვდებოდათ. ერთი გოგონა ნახა, სახელად პრავატი, და იგი ამ მშვენიერი გოგონასადმი თავბრუდამხვევმა სიყვარულმა შეიპყრო. გოგონა მოიჯარის ქალიშვილი გახლდათ და დაზას სიყვარული იმდენად დიდი აღმოჩნდა, რომ მას სხვა ყველაფერი დაავიწყდა და თავიც მიანება, რათა იგი მოეპოვებინა. რამდენიმე ხნის შემდეგ მწყემსებმა ეს მხარე კვლავ რომ დატოვეს, მათი გაფრთხილებები და რჩევები კი არ შეისმინა, და მათ, და საერთოდაც, მწყემსის ცხოვრებას გამოემშვიდობა; იგი ამ ძლიერი სიყვარულის გამო აქაური მკვიდრი გახდა და საქმე იქამდე მივიდა, რომ პრავატი ცოლად შეირთო. სიმამრისაგან ფეტვისა და ბრინჯის ყანები დაიქირავა, და მას წისქვილის სამუშაოებსა და შეშის მოგროვებაშიც ეხმარებოდა, თავის ცოლს ბამბუკის ქოხი აუშენა თიხით შეზელილი კედლებით და იქ ჩაკეტა. რაღაც სხვა დიდი ძალა უნდა არსებულიყო, რომ ყმაწვილი კაცი იქითკენ წასულიყო, რომ თავისი აქამომდელი სიხარულები, ამხანაგები და ჩვეულებანი მთლიანად უარეყო, თავისი ცხოვრება შეეცვალა და მთლად უცხო ხალხში ახალი სიძის არასახარბიელო როლი შეესრულებინა. ისეთი დიდი იყო პრავატის მშვენიერება, ისე დიდი და მიმზიდველი იყო შინაგანი სიყვარულის წადილის აღთქმა, რაც მისი სახიდან და აღნაგობიდან ასხივებდა, რომ დაზა ყველაფერ დანარჩენზე დაბრმავდა და ამ ქალით ბოლომდე დატყვევდა, და მართლაც, მის მკლავებში დიდ ბედნიერებას შეიგრძნობდა. ზოგ ღვთაებასა და წმინდა კაცზე ყვებიან ისეთ ამბებს, რომ მათ ერთი მომხიბლავი ქალი თავისი გრძნეულებით მოაჯადოებდა, თავს შეაყვარებდა და მთელი დღეების, რამდენიმეგზის მთვარის გამოცვლის და ზოგჯერ წლების განმავლობაშიც კი მათ ეხვეოდა და ისინიც შეერთვოდნენ, წადილში ჩაიძირებოდნენ ისე, რომ სხვა დანარჩენი საქმეები მიავიწყდებოდათ, დაზაც ასეთ ბედსა და სიყვარულს ეწია. ამასობაში მას ბედმა უმტყუნა, მისმა ბედნიერებამ დიდხანს არ გასტანა. ასე გაგრძელდა ერთ წელს, და ეს დროც მარტო ბედნიერებით არ ყოფილა სავსე, კიდევ იჩინა თავი რაღაც ზოგ-ზოგმა რამემ, სიმამრის მკაცრმა მოთხოვნებმა, მოყვრების დაცინვამ, ყმაწვილი ქალის ახირებებმა. მაგრამ რამდენჯერაც კი მის საწოლს მიუახლოვდებოდა, ყველაფერი ავიწყდებოდა და არაფრად აგდებდა ამ ყველაფერს, ისე სასწაულად იზიდავდა მისი ღიმილი, ისე ტკბილი იყო ქალის ცხელ ნაკვთებთან შეხება, ასე ჰყვაოდა ვნების ბაღი მის ნორჩ სხეულზე ათასობით ყვავილის სურნელის ფრქვევითა და გამაგრილებელი ჩრდილებით.

ბედნიერება ჯერ სრული ერთი წლისაც არ გამხდარიყო, რომ ერთ დღესაც შფოთმა და ხმაურმა მოაღწია ამ მხარეში. ამხედრებული მაცნეები გამოჩნდნენ და ახალგაზრდა რაიას ეძებდნენ, თვით ახალგაზრდა რაია, ნალა, გამოჩნდა თავისი კაცებით, ცხენებით და აღალით ამ მხარეში სანადიროდ, იქით-აქეთ კარვები დასცეს, ცხენთა ჭიხვინი და საყვირთა ხმები ისმოდა. დაზა ამაზე არ შეწუხებულა, ისევ მინდორში მუშაობდა, წისქვილზე ზრუნავდა და მონადირეებს და კარის ამალას თავს არიდებდა. მაგრამ როცა იგი ამ დღეებში ერთხელაც თავის ქოხში ბრუნდებოდა, და თავისი ცოლი იქ აღარ დაუხვდა, ვისაც, საერთოდ, ყველანაირი გარეთ გამოსვლა ამ პერიოდში უმკაცრესად ეკრძალებოდა, გულში ჩხვლეტა იგრძნო და გუმანით მიხვდა, მის თავზე უბედურება დატრიალდებოდა. სიმამრისკენ გაექანა, არც იქ იყო პრავატი, და არავის დაუნახავს იგი. შიშმა გული შეუკუმშა, მაგრამ მაინც ერეოდა ამას. ძებნიდა კომბოსტოს ბოსტანში, ყანებში. ის ერთი და მეორე დღეც თავისსა და სიმამრის ქოხს შუა გზაში გაატარა. ყანას უთვალთვალებდა, ჭაშიც ჩავიდა, ლოცულობდა, მის სახელს გაჰყვიროდა, მოუხმობდა, ილანძღებოდა, ფეხის ნაკვალევს ეძებდა. მისმა უმცროსმა მოყვარემ, ჯერ კიდევ ბიჭმა, ბოლოს გასცა, პრავატი რაიასთან არის, მის კარავში ცხოვრობს, მის ცხენზე დაინახესო. დაზა ნალას კარვის ბანაკს ჩაუსაფრდა უხილავად, თან შურდული ჰქონდა, ადრე მწყემსობაში რომ გამოიყენა. როგორც კი მთავრის კარავი, დღისით თუ ღამით, ერთი წუთითაც კი დაუცველად დარჩებოდა, მიიპარებოდა წინ, მაგრამ ყოველთვის მაშინვე ყარაული გამოჩნდებოდა, და უნდა უკან გაქცეულიყო. ერთი ხიდან, რომლის ტოტებში დამალული ბანაკს დაჰყურებდა, რაია დაინახა, ვისი სახეც მისთვის ქალაქში იმ ზეიმიდან უკვე ნაცნობი და აუტანელი იყო, ხედავდა, ცხენზე როგორ შეჯდა და გააჭენა, და როცა რამდენიმე საათში მობრუნდა, ცხენიდან გადმოვიდა და კარვის კალთას უკან სწევდა, დაზამ შენიშნა, კარვის ჩრდილში მოძრავი ყმაწვილი ქალი, ვინც უკან დაბრუნებულს ესალმებოდა, და ცოტაღა გასწყდა, რომ ლამის ხიდან არ ჩამოვარდა, როცა ამ ახალგაზრდა ქალში თავისი ცოლი პრავატი შეიცნო. ახლა კი ცხადი იყო ყველაფერი და გულს კიდევ უფრო ძლიერ დააწვა სიმძიმე. პრავატისაგან სიყვარულით მონიჭებული ბედნიერება დიდი იყო, მაგრამ არა ნაკლებ დიდი, და უფრო დიდი ტკივილი იყო სიბრაზე, დანაკარგის გრძნობა და შეურაცხჰყოფა. ეს იმას ჰგავს, როცა ადამიანი თავის სიყვარულის ნიჭს ერთადერთ საგანზე გადაიტანს, რომლის დანაკარგით ყველაფერი ჩამოექცევა, და ყარიბივით დგას ნანგრევებში. ერთი დღე და ღამე დაძრწოდა დაზა იქაურ ტყეებში, ცოტა ხნით სულის მოთქმის შემდეგ გადაღლილს გულის ხვაშიადი ისევ და ისევ მოსვენებას უკარგავდა, უნდა ერბინა და ემოძრავა და ისე ეგონა, თითქოს სულ უნდა ექროლა, და ემოგზაურა ქვეყნის ბოლომდე, თავისი ცხოვრების ბოლომდე, ვინც თავისი მნიშვნელობა და ბრწყინვალება დაკარგა. მაინც არ გაიქცა შორეულსა და უცნობ მხარეში, მუდამ ისევ თავისი უბედურების ადგილის ახლოს ტრიალებდა, გარს უვლიდა თავის ქოხს, წისქვილს, ყანებს, მთავრის მონადირეების კარავს. ბოლოს ისევ კარვის ზემოთ ხეებში დაიმალა, ჩაცუცქდებოდა ხოლმე და სიმწრითა და ბოღმით მშიერი მტაცებელი ცხოველივით ფოთლოვან სამალავში ჩაუსაფრდებოდა, ვიდრე ის წუთი არ მოვიდოდა, რისთვისაც თავის უკანასკნელ ძალებს იკრებდა, ვიდრე რაია კარვის წინ არ დადგებოდა. და აი, ტოტიდან წყნარად გამოსრიალდა, შურდული მოიმარჯვა, გააქანა და კაჟი ქვა საძულველ ადამიანს შიგ შუბლში ისე სტყორცნა, რომ იგი უეცრად მოწყდა და მიწაზე გულ-აღმა გაშეშებული დავარდა. არავინ ჩანდა იქვე; ვნებისა და დაზას გრძნობაში შურისძიების ტკბობის ქარიშხალი ამოვარდა. ერთ წამს შემაშინებლად საოცარმა ღრმა სიჩუმემ შეაღწია მის სულში, და ვიდრე დაცემულის ირგვლივ ხმაური ატყდებოდა და მსახურთა ალიაქოთი შეიქნებოდა, ის იქ, უკვე ტყეში, ხეობასთან მიბმულ ბამბუკიანში გაუჩინარდა.

იმ დროს, როცა ხიდან ჩამოხტა, იმ დროს, როცა ამ საქმით გაბრუებული იყო, ისე ეგონა, ვინც თავისი შურდულის მოქნევით მტერს სიკვდილი აგემა, თითქოს ამით თავისი საკუთარი ცხოვრებაც ჩაქრა, თითქოს უკანასკნელი ძალა მოიკრიბა და დაეცაო. იმ მომაკვდინებელ ქვას ფრენით მიყვებოდა თავადაც განადგურების უფსკრულში, თანახმა იყო, რომ თვითონაც მზე ჩასვენებოდა, როცა საძულველი მტერი იმ წუთს მის წინ დაეცა. მაგრამ, რადგანაც სიჩუმის იმ მოულოდნელ წუთს იმოქმედა, სიცოცხლის წადილმა, სწორედ არაფერი იცოდა მაშინ ამის შესახებ, პირღია უფსკრულიდან უკან მოაბრუნა, და მისმა გრძნობებმა და სხეულის ნაწილებმა აღიდგინა წინარე ლტოლვა, მოაძებნინა ტყე და ხშირი ბამბუკიანი, და გაჰყვა გაქცევისა და უჩინრად გადაქცევის ბრძანებას. როცა თავშესაფარს მიაღწია და პირველ საფრთხეს დაუძვრა, და იმის ცნობაზე მოვიდა, რაც დაემართა, იმასობაში, როცა ბოლომდე ქანცგაწყვეტილი დაბლა ჩაიკეცა და სუნთქვას ლამობდა, და იმ დროს, როცა ძალაგამოლეულმა, ამ მოქმედებით გაოგნებულმა, თავი დაკარგა და შემდეგ კი სიფხიზლემ კვლავ ძლივს გამოარკვია, იმედგაცრუებულმა პირველად მაშინღა იგრძნო წინააღმდეგობა იმისა, რომ ცოცხალია და გამოხსნილი. მაგრამ ძლივს დაიწყნარა სუნთქვა და გადაღლილობის თავბრუსხვევამ გადაუარა, სიჯიუტისა და სიცოცხლის ნდობის ამ სუსტმა და წინააღმდეგობრივმა გრძნობამ ისევ თავი იჩინა და გულში ამ ჩადენილი მოქმედების ველური სიხარული კვლავ დაუბრუნდა.

მალევე, ცოცხლად მის სიახლოვეს მკვლელზე ძებნა და ნადირობა დაიწყო. ეს მთელ დღეს გრძელდებოდა, და მან მხოლოდ იმიტომ დააღწია თავი იმათ, რადგან უხმოდ ისეთ სამალავში გაჩერდა, რომ ვეფხვების შიშით იქ ვერავინ შებედავდა შესვლას. ცოტა ჩაიძინა, ისევ ჩასაფრებული იწვა, გახოხდა წინ, ახლიდან შეისვენა, მესამე დღეს, ჩადენილი დანაშაულის შემდეგ, უკვე ქედების გადაღმა იყო და შეუსვენებლად გააგრძელა მოგზაურობა მაღალ მთებისკენ.

უსამშობლო ცხოვრებამ იქით-აქეთ ატარა, უფრო გამაგრდა და გულგრილი გახდა, უფრო ჭკვიანი და იმედგაცრუებული, ღამით კი მუდამ კვლავ პრავატი ესიზმრებოდა და მაშინდელი ბედნიერება, ანდა რასაც ასე უწოდებდა, ბევრჯერ დასიზმრებია დევნასა და გაქცევასთან ერთად. საშინელი და გულის შემძვრელი სიზმრები ჰქონდა, ასეთები, მაგალითად: რომ ტყეებში გარბის, მდევრები დაფითა და საყვირით უკან მოჰყვებიან, რომ ტყის ჭაობის, ძეძვნარის გადაჭრით და ჩასატეხ, დამპალ ხიდებზე გავლით რაღაც მიაქვს, ტვირთი, გამოკრული ფუთა, უცხო რაღაც დამალული, რის შესახებაც მხოლოდ ის იცოდა, რომ ეს ძვირფასია და არავითარ შემთხვევაში ხელიდან არ უნდა გასხლტომოდა, რაღაც ღირებული და საფრთხის მომტანი, განძი, რაღაც მოპარული იქნებ, ნაჭერში გამოკრული, მოყავისფრო-მოწითალო, ცისფერ სახიან, ფერად ქსოვილში, როგორი საზეიმო კაბაც პრავატის ჰქონდა, რომ, ესე იგი, ამ ფუთით, ნაპარავითა თუ განძით დატვირთული, საფრთხესა და ტანჯვა-წვალებაში მირბის და მიიპარება, მოხრილი, ღრმად ჩამოშვებულ ტოტებსა და გადმოკიდებულ კლდეებქვეშ, ჩაუვლის გველებსა და სავსე ნიანგებიან მდინარეებს და ბეწვის ხიდზე გადის, და ბოლოს ის ისე მიიჩქარის, რომ ქანცგაწყვეტილი ჩერდება, ერთმანეთის მიყოლებით კვანძებს გამოხსნის, რითაც ფუთა იყო შეკრული და ნაჭერს გაშლის და განძი, რაც ამოიღო და ცახცახით ხელში უჭირავს, მისი საკუთარი თავი აღმოჩნდება.

ის დამალული ცხოვრობდა მოგზაურობაში, ადამიანებს, მართალია, აღარ გაურბოდა, მაგრამ მაინც ერიდებოდა. და ერთ დღესაც გზაში ყოფნამ ბალახით მდიდარ მთიან მხარეში მიიყვანა, ლამაზი და მხიარული რომ მოეჩვენა, და ისე შეეგება ეს ყველაფერი, რომ თითქოს უნდა სცნობოდა: ხან მდელოები შეხვდებოდა ნელსურნელოვანი მინდვრის ყვავილებით, ხან წნორიანი ადგილები, რასაც ცნობდა, და რაც მხიარულ და უცოდველ დროზე მიანიშნებდა, როცა მაშინ სიყვარულსა და ეჭვზე, სიძულვილსა და შურისგებაზე ჯერ კიდევ არაფერი უწყოდა. ეს იმ საძოვრების მხარე იყო, სადაც ადრე თავის ამხანაგებთან ერთად ნახირს მირეკავდა, ეს უმხიარულესი დრო იყო მის ყმაწვილკაცობაში, შორეული სიღრმიდან, დაუბრუნებელიდან რომ უმზერდა. მის გულში დავანებულმა ტკბილმა სევდამ იმ ხმებს გასცა პასუხი, მას რომ მიესალმნენ აქ, ვერცხლისფერი ტირიფების ხეებში მქროლავ ქარს, პატარა ნაკადულთა მხიარულ, სწრაფ მარშისებრ სიმღერას, ფრინველთა სტვენასა და კრაზანათა დაგუდულ, ოქროსფერ ზუზუნს. როგორც თავშესაფარი და სამშობლო ისე ჟღერდა ეს ყველაფერი და ისეთი სურნელი ტრიალებდა აქ, რომ არასოდეს არ შეეგრძნო მოხეტიალე მწყემსის ცხოვრებით ნაცხოვრებს ასეთი სხვა მეორე მხარე ასე თავისად და მშობლიურად.

ეს მის სულში შემოსული ხმები მიაცილებდა და მიუძღვოდა მას; თითქოს სამშობლოში დაბრუნებულის გრძნობებით გარემოცული მოგზაურობდა მეგობრულ ქვეყანაში იმ საშინელი თვეების შემდეგ, პირველად არა უცხოსავით, არა დევნილივითა და ლტოლვილივით, და სასიკვდილოდ განწირულივით, არამედ მხნე გულით, არაფერზე დარდით, არაფერზე ოცნებით, მთლად მინებებული წყნარ, სიხარულით სავსე ახლანდელობასა და ახლობლობას; ჩანდა, იგი ამ ყოველივეს მადლობით იღებდა, ოდნავ თავისი თავითა და ამ ახალი უჩვეულო, პირველად კრთომით განცდილი სულიერი მდგომარეობით გაოცდებოდა, ამ უსურველი გულღიაობით, ამ დაუძაბველი სიმხიარულით, დამკვირვებლის ტკბობის ამ ყურადრებიანი და მადლიერი სახით მან მწვანე საძოვრების გადავლით ტყისკენ გასწია, ხეთა ქვეშ მზის პატარა ლაქები რომ მოჩანდა, ბინდბუნდი დავანებულიყო, დაბრუნებისა და სამშობლოს ის გრძნობა გაუძლიერდა, რამაც წაიყვანა იმ გზებზე, რომელთა მიგნების ძალა მის ფეხებს თავისთავად შესწევდა, ვიდრე გვიმრიანის გავლით, დიდი ტყის შუაგულში, ხშირ პატარა ტყეს არ მიაღწია, ერთ ბეწო ქოხს არ მიადგა, სადაც პატარა ქოხის წინ მიწაზე უძრავად იოგი იჯდა, ვისაც მაშინ მიეყურადა და რძე მიუტანა. გამოღვიძებულივით შეჩერდა დაზა. აქ ყველაფერი ისე იყო, როგორც უწინ, აქ დრო არ გასულიყო, არც მოუკლავთ არავინ და არც გატანჯულან; აქ დროება ისე ჩანდა, რომ ცხოვრება კრისტალივით მყარად ჩაწყნარებულიყო და გამარადისებულიყო. მან დაკვირვებით შეხედა მოხუცს, და მის გულს კვლავ ის გაოცება, სიყვარული და მონატრება უკანვე დაუბრუნდა, რაც მან, მისმა პირველმა შემხედვარემ, განიცადა. ის ათვალიერებდა ქოხს და თავისთვის გაიფიქრა, რომ საჭირო იყო ცოტათი მაინც მისი გამაგრება, რათა შემდეგში წვიმების დროს არ ჩამოქცეულიყო. რამდენიმე ფრთხილი ნაბიჯი გადადგა, შევიდა ქოხის შიგნით და დაინახა, თუ რა ხდებოდა. აქ ბევრი არაფერი ჩანდა, თითქმის არაფერი მოიპოვებოდა. ფოთლებით მოწყობილი დასაწოლი, გოგრის თასი შიგნით ცოტა წყლითა და ცარიელი ლაფნის პარკი – სულ ეს იყო. მან პარკი აიღო და თან წაიყოლა ტყეში საჭმლის მოსაძებნად, მოიტანა რაღაც ნაყოფი და ხის ტკბილი გული, შემდეგ თასით წავიდა ახალი წყლის ასავსებად. და ყველაფერი მოაწყო, რაც აქ შეიძლება გაკეთებულიყო. ასე ცოტა რამ სჭირდებოდა ერთს სიცოცხლისათვის. დაზა მიწაზე ჩაცუცქდა და ოცნებებში ჩაიძირა. ის კმაყოფილი იყო ამ მდუმარე სიჩუმით, სიწყნარით და ტყეში ოცნებებით, ის კმაყოფილი იყო თავისი შინაგანი ხმით, რამაც აქეთკენ წამოიყვანა, რასაც მაშინ უკვე ყმაწვილობაშივე, როგორც სიმშვიდეს, ბედნიერებას და სამშობლოს ისე აღიქვამდა.

ასე დარჩა იგი მდუმარესთან. მისი ფოთლებით მოწყობილი დასაწოლი ადგილი განაახლა, საკვებს ორივესათვის ძებნიდა, შეაკეთა ძველი ქოხი და დაიწყო მეორის აშენება, რაც ცოტა მოშორებით თავისთვის წამოჭიმა. მოხუცი უთმენდა, როგორც ჩანდა, მაინც ვერ გაიგებდა კაცი, საერთოდ, იგი აღიქვა თუ არა. როცა თავისი ჩაღრმავებიდან გამოერკვა, წამოდგა, ესეც მხოლოდ მაშინ, ქოხში დასაძინებლად რომ შესულიყო და ერთი ლუკმა შეეჭამა, ანდა ცოტა ხნით ტყეში გაევლო. დაზა პატივცემულის გვერდში ცხოვრობდა მსახურივით, დიდი კაცის სიახლოვეში, ანდა ისე, პატარა შინაური ცხოველივით, თვინიერი ჩიტისა თუ მუნგოსავით, ადამიანებთან ერთად რომ ცხოვრობს მის სამსახურში და თითქმის შეუმჩნევლად. რადგან იგი დიდი ხანი ლტოლვილად და მალულად ცხოვრობდა, უჩინრად, დანაშაულის განცდით მუდამ დევნაზე ფიქრობდა, ახლა მშვიდ ცხოვრებას მოეკიდა. უწვალებელი შრომა და იმ ადამიანის მეზობლობა, ვინც მას ყურადღებას, როგორც ეტყობოდა, არ აქცევდა, ცოტა ხანს ძალიან კარგი იყო, მას ეძინა კოშმარების გარეშე და ავიწყდებოდა ხან ნახევარი და ხან მთელი დღეც ის, რაც მოხდა. მომავალზე არ ფიქრობდა, და თუ მონატრება ანდა სურვილი შეიპყრობდა, ეს ის იყო, რომ აქ დარჩენილიყო და იოგასგან მარტოსულის ცხოვრების საიდუმლოება მიეღო და დალოცვით თვით იოგა და იოგობა გაეზიარებინა თავისი ამაყი უზრუნველობით. მან დაიწყო, პატივცემულის მდგომარეობისათვის ხშირად მიებაძა, მის მსგავსად გადაჯვარედინებული ფეხებით უმოძრაოდ დამჯდარიყო, მის დარად უცნობი და ზერეალური სამყარო ეჭვრიტა და ის, რაც მის გარშემო სუფევდა, უგრძნობი გამხდარიყო. ამაში ის მალე იღლებოდა, მართლაცდა, უმეტესად, კიდურები ეჭიმებოდა და ზურგის არეში ტკივილები ეწყებოდა, კოღოები ესეოდა, ანდა კანზე საოცარი შეგრძნებები გაუჩნდებოდა, ქავილისა და გაღიზიანებისაგან რომ აწუხებდა და რაც აიძულებდა, კვლავ განძრეულიყო, მოეფხანა და ბოლოს ისევ წამომდგარიყო. რამდენჯერმე კი სხვაგვარადაც შეიგრძნო, კერძოდ კი, თითქოს დაცარიელდა, დამსუბუქდა და ლივლივებდა ისე, როგორც ვინმეს ზოგჯერ სიზმარში მოსდის, როცა მიწას მხოლოდ ხანდახან, სულ ოდნავ შეეხება და შემდეგ ჰაეროვნადვე მოსწყდება, ისევ შალის ბუსუსივით რომ იფარფატოს; ამ წუთში ის წარმოიდგენდა, როგორი იქნებოდა ეს ყველაფერი, თუ ასე ლივლივს გააგრძელებდა, როგორც აქ საკუთარი სხეული და საკუთარი სული თავის სიმძიმეს რომ იხსნიდა და უფრო დიდი, წმინდა მზიანი ცხოვრების სუნთქვას შეუერთდებოდა, ზეაიწეოდა და საიდუმლოს შეისრუტავდა იმ მიღმიერიდან, უდროობიდან და უცვალებლობიდან. მაინც იყო მასში ის ძველი წუთები და წარმოდგენები დარჩენილი. როცა ასეთი წუთების დროს იმედი უცრუვდებოდა და ძველებურ ცხოვრებაში უკან გადადიოდა, ფიქრობდა და იმას ხვდებოდა, რომ ეს იოგა მისი მასწავლებელი სურდა გამხდარიყო; თავისი სავარჯიშოებით იგი საიდუმლო ხელოვნებაში შეეყვანა და მისგან იოგაც დამდგარიყო. მაგრამ, როგორ უნდა მომხდარიყო ეს? რაღაც ისე არ ჩანდა, რომ მოხუცს იგი როდესმე თავისი თვალებით აღექვა, და როდისმე მათ შორის სიტყვები წარმოთქმულიყო. როგორც იკვეთებოდა, მოხუცი იმ სამყაროში დროისა და საათის, ტყისა და ქოხის მიღმა იმყოფებოდა, აგრეთვე სიტყვათა მიღმაც.

და ერთ დღესაც მან ერთი სიტყვა თქვა. ახლა დრო მოვიდა, როცა დაზას ღამ-ღამობით ისევ ესიზმრებოდა, სულის ამწეწად ხშირად ტკბილად და სულის ამწეწად ხშირად საშინლად, ან თავისი ცოლი პრავატი, ან ლტოლვილის ცხოვრების შემზარაობა. და დღისით წინ ნაბიჯსაც რომ ვერ დგამდა, ვერ ეგუებოდა ჯდომასა და თავის თავზე ვარჯიშს დიდხანს, ისევ უნდა ქალებზე და სიყვარულზე ეფიქრა და ბევრს ხეტიალობდა ტყეში აქეთ-იქით. ამინდის ბრალი უნდა ყოფილიყო, სულის შემხუთველი დღეები იდგა, ცხელი ქარები ძლიერად ქროდნენ. ერთხელ ისეთი ცუდი დღე იყო, კოღოებიც ირეოდნენ და დაზამ ღამით ისევ მძიმე, შიშისა და ტანჯვის განმცდელი სიზმარი ნახა, რომლის შინაარსი აღარც კი ახსოვდა, რაც მის ღვიძილში საცოდავ და, მართლაც, ნებადაურთველ და ღრმად შემარცხვენელ დაცემაზე მეტყველებდა, ცხოვრების იმ საფეხურზე წინათ შექმნილი მდგომარეობის გამო. მთელი დღე ასე მიიპარებოდა, დამძიმებული ჩაიცუცქებოდა და მოუსვენარი ქოხთან ერთობოდა ამა თუ იმ სამუშაოთი, დაეშვებვოდა ხოლმე დაბლა, ისევ ჩაღრმავდებოდა სავარჯიშოდ, და ყოველთვის სიცხე მაშინვე შფოთში ჩააგდებდა, სხეული უკრთოდა, თითქოს ფეხებში ჭიანჭველები დასდიანო, კეფაში სწვავდა, რამდენიმე წუთს თუ სძლებდა და დაძაბუნებული და დარცხვენილი გადახედავდა მოხუცს, ვინც სრულყოფილ პოზაში ჩამჯდარიყო. და ვისი სახეც შიგნით მიმართული თვალებით შეუხებელ, წყნარ სიხარულში ლივლივებდა ყვავილის გვირგვინივით. და აი, როცა ამ დღეს იოგა წამოიმართა და თავის ქოხისკენ იბრუნა პირი, გზაში დაზა დახვდა, ვინც დიდხანს ყოველ წუთს ჩასაფრებოდა, და შეშინებულმა მხნედ ჰკითხა: “პატივცემულო, – უთხრა, – მაპატიე, რომ შენ სიმშვიდეში შემივიჭერი. მე მშვიდობას ვეძებ, სიმშვიდეს ვეძებ, შენსავით მინდა ვიცხოვრო და ისეთი გავხდე, როგორც შენ. შეხედე, მე ჯერ ახალგაზრდა ვარ, მაგრამ უკვე ბევრი ტკივილის გადატანა მომიხდა, ბედი საშინლად მომექცა. მთავრად დავიბადე და მწყემსად გადამაგდეს, მწყემსი გავხდი, გავიზარდე, მხიარული და ძლიერი ხბოსავით უცოდველი გულით. მერე თვალი ქალებისკენ გამექცა, სახით უმშვენიერესი დავიკავშირე, და ჩემი სიყვარული მის სამსახურში ჩავაყენე, მოვკვდებოდი, ის რომ არ შემერთო. მე ჩემი ახლობლები, მწყემსები მივატოვე, პრავატის მოპოვება მსურდა, დავუკავშირდი მას, სიძე გავხდი და ვიმსახურე, მაგრამ უნდა მემუშავა, პრავატი ჩემი იყო და მეც ვუყვარდი, თუ მე მეგონა, მას ვუყვარდი, ყოველ საღამოს მის მკლავებს ვუბრუნდებოდი, მის გულზე ვიწექი. შეხედე, მერე მივიდა რაია ამ მხარეში, იგივე, ვისი გულისათვისაც მე მაშინ ბავშვობაში გამაგდეს, მოვიდა და პრავატი მომტაცა, მას მის მკლავებში ვხედავდი. ეს უდიდესი ტკივილი იყო, რაც განვიცადე, რამაც მე და ჩემი ცხოვრება მთლად შეცვალა. მე რაიას ვესროლე, მოვკალი და დამნაშავისა და დევნილის ცხოვრებამ მიწია, ყველაფერი უკან დამრჩა, ერთი საათიც არ ვყოფილვარ უსაფრთხოდ ჩემს ცხოვრებაში, სანამ აქ არ მოვხვდი. მე გაგიჟებული ადამიანი ვარ, პატივცემულო, მე მკვლელი ვარ, შეიძლება ისევ დამიჭირონ და ოთხად გამხლიჩონ, ამ საშინელი ცხოვრების ატანა აღარ მინდა, მისგან გათავისუფლება მსურს”. 

იოგამ მშვიდად, დაბლა დახრილი თვალებით მოუსმინა მის გულის ტკივილს. ახლა თვალები ასწია და თავისი მზერა დაზას სახისკენ მიმართა; ნათელი, გამკვეთი, თითქმის აუტანლად ძლიერი, შეკრებილი და ნათელი მზერა და იმ მხნის განმავლობაში, როცა იგი დაზას სახეს აკვირდებოდა, და მის სწრაფ მონათხრობზე ფიქრობდა, პირზე ოდნავ ღიმილი გაუჩნდა სიცილით, უხმო სიცილით თავს აქნევდა და თქვა სიცილითვე:

“მაია! მაია!”

მთლად არეული და დარცხვენილი გაჩერდა დაზა მეორე ლუკმის მიღების წინ. ვიწრო ბილიკით ცოტა ხანს წავიდა გვიმრიანში, ზომიერად და ტაქტის შესაბამისად მიმოდიოდა იქით-აქეთ, კიდევ რამდენიმე ასი ნაბიჯის შემდედ უკან მობრუნდა და თავის ქოხში შევიდა, და მისი სახე იყო კვლავ ისეთი, როგორც მუდამ, სხვაგან წასული, მოვლენათა სამყაროსკენ. რა იყო აქ მაინც სასაცილო, ვინც საწყალ დაზას ამ ყოველი დროიდან მსგავსი უმოძრაო სახით უპასუხა! დიდხანს ფიქრობდა ამაზე. რა იყო ეს კეთილი თუ ქედმაღლური, რა იყო ეს საშინელი სიცილი ამ წუთში დაზას სასოწარკვეთილ აღსარებასა და გაქცევაზე, ნუგეშით თუ განსჯით, ღვთაებრივით თუ დემონურით განმსჭვალული? ეს იქნებ მხოლოდ ცინიკურ ხითხითს ჰგავდა მოხუცის ასაკის შესაბამისად, რომ მას აღარ შეეძლო სერიოზულად აღექვა ანდა ბრძენის გამხიარულებას უდრიდა უცხო ადამიანის სიგიჟეზე? ეს უარყოფა, გამომშვიდობება, შორს გაგზავნა იყო? თუ რჩევა მოჰყვებოდა, მოთხოვნა დაზას მიმართ, ეს მასაც ასე გაეკეთებინა, თვითონაც გაეცინა? მას ამისი გამოცნობა არ შეეძლო, გვიან ღამითღა მიუხვდა ამ სიცილს, თუ რას ნიშნავდა მისი ცხოვრება მისი ბედნიერება და გაჭირვება ამ მოხუცისათვის. ამ სიცილს უტრიალებდა მისი ფიქრები, როგორც მაგარი ფესვის ღეჭვა, რაც სადღაც მაინც გემოს გამოსცემს და სურნელიც აქვს. ასევე ღეჭავდა ამ სიტყვას და ფიქრობდა და აწვალებდა, რაც მოხუცმა ასე ნათლად წამოიძახა, და თანაც ასე მხიარულად და მიუხვედრელად ნასიამოვნებმა რომ გაიცინა: “მაია, მაია?” დაახლოებით რას ნიშნავდა ეს სიტყვა ნახევრად იცოდა, ნახევრად გრძნობდა, და ის გარემოებაც, თუ როგორ წამოიძახა გაცინებულმა, მისთვის ეს აზრიც გამოსაცნობი ჩანდა. მაია იყო დაზას ცხოვრება, დაზას ახალგაზრდობა, დაზას ტკბილი ბედნიერება და მწარე ტანჯვა, მაია იყო ლამაზი პრავატი, მაია იყო სიყვარული და მისი ხალისი, მაია მთელი ცხოვრება, დაზას ცხოვრება და ყველა ადამიანის ცხოვრება იყო, ყველაფერი ამ მოხუცს იოგას თვალთა ხედვით მაია იყო, ეს ბავშობასავით იყო, პიესასავით, თეატრივით, განათლებასავით, არაფერივით ჭრელ კანში, სატანის ბუშტივით იყო რაღაც, რაზედაც გარკვეული კრთობით იცინიან და რაც იმავდროს სძულთ, არავითარ შემთხვევაში კი, სერიოზულად არ შეუძლიათ მისი მიღება.

მოხუცმა იოგამ დაზას ცხოვრება სიცილითა და სიტყვით – მაია შეაფასა და დაამთავრა, დაზასთვის კი თავად ეს ასე არ ყოფილა, და როგორც ძალიანაც არ უნდა ნდომებოდა, თვითონ გაცინებული იოგი ყოფილიყო და მის საკუთარ ცხოვრებაში არაფერი შეეცნო გარდა მაიასავით, ის ასე ვერ იქნებოდა; ეს იყო მხოლოდ იმ მოუსვენარი დღეებიდან და ღამეებიდან, ყველაფერმა მასში ისევ გაიღვიძა და ყველაფერი გაცოცხლდა, რაც მას ლტოლვილობის დროის, გადაღლის შემდეგ, ერთი ხანი აქ, თავის თავშესაფარში, თითქმის მივიწყებული ეგონა. უკიდურესად მცირე აღმოჩნდა მისი იმედი, რომ იოგას ხელოვნებას, მართლაც, შეისწავლიდა ანდა მოხუცის დარად შესძლებდა ცხოვრებას. მაგრამ მაშინ რა აზრი აქვს ამ ტყეში მაინც მის დაყოვნებას? ეს იყო თავშესაფარი, მან აქ ცოტათი ამოისუნთქა და ძალები მოიკრიბა, ცოტათი გონს მოეგო, და ესეც ფასეული იყო მისთვის, ეს უკვე ბევრს ნიშნავდა. და იქნებ ამასობაში გარეთ ქვეყანაში მთავრის მკვლელის დევნა შეჩერდა და დიდი საშიშროების გარეშეც შეეძლო გზა უკვე განეგრძო. ამის გაკეთება გადაწყვიტა, მეორე დღესვე სურდა ეს წამოეწყო, ქვეყანა დიდი იყო, მას არ შეეძლო მუდამ აქ, თავშესაფარში დარჩენა. გადაწყვეტილებამ გარკვეული სიმშვიდე მოუტანა.

სისხამ დილითვე უკვე აქედან აყრა უნდოდა, მაგრამ როცა დიდი ხნის ძილისგან გამოფხიზლდა, მზე უკვე ცაზე კარგად ამოწვერილიყო და იოგას უკვე ჩაღრმავებაც დაეწყო, მას კი გამომშვიდობების გარეშე არ უნდოდა აქედან წასვლა და თანაც კიდევ ერთი თხოვნა ჰქონდა მისადმი. ასე უცდიდა საათობით, ვიდრე კაცი არ წამოიმართა; მან კიდურები გაჭიმა და იქით-აქეთ დაიწყო სიარული. დაზა გზაში დაუდგა, იხრებოდა მის წინ და არ გაუშვა, ვიდრე იოგას ხელოვანმა თავისი მზერა შეკითხვით არ გადაიტანა მასზე: “ოსტატო, – უთხრა მორჩილებით, – მე ჩემ გზას გავყვები, შენს სიმშვიდეს აღარ შევეხები. მაგრამ კიდევ ამჯერადაც ნება მომეცი, დიდად პატივცემულო, ერთი თხოვნისა, როცა ჩემი ცხოვრება მოგიყევი, გაიცინე და “მაია” ახსენე, გევედრები, მაიაზე ცოტა მეტი ცოდნა მომეცი”.

იოგა ქოხისკენ მიბრუნდა, მისმა მზერამ დაზას უბრძანა, გამომყევიო. მოხუცმა ხელი წყლის თასს ჩაავლო, დაზას მიაწოდა და უთხრა, ხელები დაიბანეო. მორჩილად შეასრულა ეს დაზამ. შემდეგ ოსტატმა წყლის ნარჩენი გოგრის თასიდან გვიმრას დაუსხა, ბიჭს ცარიელი თასი გადასცა და უბრძანა, ახალი წყალი მოეტანა. დაზამ დაუჯერა და გაიქცა, გამომშვიდობების გრძნობებით აღელვებულიყო, რადგან ბოლოს მიდიოდა ამ პატარა საცალფეხო ბილიკით წყაროზე, უკანასკნელად მიჰქონდა მსუბუქი თასი სწორი, გადაფხეკილი პირით პატარა წყლის სარკესთან, სადაც ირემთა ენები, ხის გვირგვინის თაღები და ტკბილი ცის სილურჯე მხტუნავ ნათელ წერტილებად ასახულიყო, ვინც იქითკენ გადახრისას ბოლოს საკუთარ სახესაც მოყავისფრო ბინდში არეკლილს იხილავდა. მან თასი წყალში ჩაყო დაფიქრებითა და ნელი მოძრაობით, ის დარწმუნებული არ იყო და ნათლად ვერ წარმოედგინა, რატომ შეიგრძნობდა ასე საოცარ რამეს, რატომ წუხდა, რადგანაც მაინც წასვლა უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა, რომ მოხუცმა იგი არ მიიწვია, კიდევ დარჩიო, იქნებ სამუდამოდაც დარჩენილიყო.

ის წყაროს პირზე ჩაცუცქდა, ერთი ყლუპი წყალი მოსვა, ფრთხილად წამოდგა თასით ხელში, რომ არ დაღვრილიყო, და სურდა მოკლე გზას შედგომოდა, რომ მის ყურამდე რაღაც ხმამ მოაღწია, რამაც შეაკრთო და შეზარა, ხმამ, რაც მას ზოგჯერ თავის სიზმრებში ჩაესმოდა ხოლმე და რაზედაც გამოღვიძებულს უმწარესი მონატრებით უფიქრია. ტკბილად ჟღერდა ის ტკბილად, ბავშვურად და სიყვარულით იზიდავდა მას ტყის ბინდით, რომ შიშისა და ხალისისაგან გული აუცახცახდა. ეს იყო პრავატის, თავისი ცოლის ხმა. “დაზა” – უძახდა იგი. დაუჯერებლად მიმოიხედა, წყლის თასი ისევ ხელში ეჭირა, და ნახე, ხეებიდან გამოვიდა ის. ტანწერწეტა და მოქნილი, პრავატი, საყვარელი, დაუვიწყარი, დაუნდობელი. თასი დაუვარდა და მის შესახვედრად გაიქცა. ღიმილითა და ცოტა დარცხვენით იდგა მის წინ, დიდი შვლის თვალებით იყურებოდა და სიახლოვეში დაინახა, რომ წითელი ტყავის სანდლებში იყო და მეტად ლამაზად და მდიდრულად ემოსა ტანზე, ოქროს სამაჯური ხელზე, ბრწყინვალე, ფერადი ძვირფასი ქვები შავ თმაში. უკან დაიხია. ის მთავრის ცოლი იყო? ვერ მოკლა ეს ნალა? ისევ მისი საჩუქრებით დარბის? როგორ შეეძლო ამ საკინძეებითა და სამკაულებით მორთვა, მის წინ დადგომა და მისი სახელის დაძახება?

ის კი უფრო ლამაზი იყო, ვიდრე მაშინ, და ვიდრე მის ლაპარაკს მოისმენდა, უნდოდა მაინც მკლავები შემოეხვია, შუბლი მის თმებზე დაედო, მისი სახე წინ მიეტანა, და პირ-ბაგეზე ეკოცნა, და როცა იგი ამას ასრულებდა, გრძნობდა, რომ მასთან ყველაფერი დაბრუნდა, კვლავაც მისი იყო, რასაც კი ადრე ფლობდა, ბედნიერებას, სიყვარულს, ვნებას, სიცოცხლის ხალისს, განცდებს. უკვე შორს იყო ამ ყველა თავისი ფიქრისგან – ტყისა და მოხუცი მარტოსულის გარემოსაგან, _ უკვე არაფრად იქცა და დავიწყებულ იქნა ტყეში მარტო ცხოვრება, ჭვრეტა და იოგა; მოხუცის თასზეც, რომლითაც მისთვის წყალი უნდა წაეღო, აღარ ფიქრობდა, ის წყაროსთან დარჩა დადებული, როცა დაზა პრავატისთან ერთად ტყის პირისკენ მიისწრაფვოდა. საოცარი სიჩქარით დაუწყო მას მოყოლა, თუ როგორ მოვიდა აქამდე, და ეს ყველაფერი როგორ მოხდა.

იგი გაოცებული იყო მონათხრობით, გაოცებული, აღელვებული და დაუჯერებელი, როგორც ზღაპარში ისე გადაეშვა დაზა თავის ახალ ცხოვრებაში. მარტო პრავატი კი არ იყო ისევ მისი, არა მარტო ის საძულველი ნალა იყო მკვდარი და მკვლელზე დევნა დიდი ხანია შეწყვეტილიყო, ამას გარდა მწყემსად გამხდარი დაზა, ერთადერთი მთავრის ვაჟი, ქალაქში სამართლიან მემკვიდრედ და მთავრად გამოეცხადებინათ, მოხუცმა მწყემსმა და მოხუცმა ბრაჰმანმა თითქმის უკვე გონებიდან ამოვარდნილი ამბავი, მივიწყებიდან კვლავ ამოატივტივეს, და ყველას გააგებინეს, და იგივე კაცი, ვისაც ერთხანს ყველგან ეძებდნენ, როგორც ნალას მკვლელს, რათა მისთვის სამაგიერო ტანჯვა მიეზღოთ და მოეკლათ, ახლა მთელ ქვეყანაში უფრო ბეჯითად იძებნებოდა, რათა რაჯად დაესვათ და საზეიმოდ ქალაქში და მამამისის სასახლეში შეეყვანათ. ეს იყო სიზმარივით, და რაც მისთვის ყველაზე საუკეთესო და მოულოდნელი სიხარული აღმოჩნდა, ეს ის მშვენიერი, ბედნიერი შემთხვევა იყო, რომ იქით-აქეთ გაგზავნილ შიკრიკებიდან სწორედ პრავატი გახლდათ ის, ვინც იგი იპოვნა და პირველი შეეგება. ტყის პირას კარვები ნახა გაშლილი, კვამლისა და შემწვარი ხორცის სუნი ტრიალებდა. პრავატის მისი ამალა ხმამაღლა მიესალმა, და დიდ ზეიმში მაშინვე ჩაერთვნენ, როცა მან დაზა თავის საქმროდ გააცნო. ერთი კაცი იმყოფებოდა იქ, ვინც დაზას ამხანაგი იყო მწყემსებიდან, და ეს ის იყო, ვინც პრავატის და ამალას აქეთკენ წამოუძღვა, მისი ადრინდელი ცხოვრების ერთ-ერთ ადგილისაკენ. ამ კაცმა სიამოვნებით გაიცინა, როცა დაზა შეიცნო, მისკენ გაექანა და უნდოდა მხარზე მეგობრულად ხელი დაერტყა და მოხვეოდა, მაგრამ ახლა მისი მეგობარი ხომ რაჯა გახდა, შუა სირბილში შეჩერდა, სვლა შეასუსტა, შემდეგ ნელა გადადგა ნაბიჯები და მოწიწებით გააგრძელა სიარული და ღრმად თავის დახრით მიესალმა. დაზამ იგი წამოსწია, ჩაეხუტა, მისი სახელი თბილად წარმოთქვა და ჰკითხა, როგორ დაესაჩუქრებინა. მწყემსმა ერთი ხბო ისურვა, და შემდეგ რაჯას საუკეთესო ნაშენიდან. სამი გაუგზავნეს და ახალ მთავართან მუდამ ახალი ხალხი წარდგებოდა, მრჩევლები, მონადირეთუხუცესები, კარის ბრაჰმანები, ის მათ მისალმებებს იღებდა; ერთხელ დავალება გაიცა დაფდაფები, ბარბითები, ფლეიტები აჟღერებულიყო, და მთელი ეს ზეიმურობა და დიდებულება დაზას სიზმარი ეგონა; მართლაც, ვერც კი დაეჯერებინა ეს ყველაფერი ცხადში; მისთვის ჯერ მხოლოდ პრავატი იყო, მისი ახალგაზრდა ცოლი მას თავის მკლავებში ჰყავდა მოქცეული.

დღისით მსვლელობას სულ რამდენიმე ხანი სჭირდებოდა, ქალაქს რომ მიახლოვებოდნენ. მახარობლები წინ გაუშვეს და სამხიარულო ამბავი ამცნეს, ახალგაზრდა რაჯა იპოვნეს და უკვე ქალაქს მოადგებაო, და როცა ადგილი გამოჩნდა, უკვე ჟღერდა გონგებისა და დაფდაფების ხმა და მის შესახვედრად ბრაჰმანების საზეიმო რიგი გაემართა, თეთრებში გამოწყობილნი, მათ თავში იმ ვაზუდევას მიმდევარი იდგა, ვინც ადრე, ალბათ ოცი წლის წინ, დაზა მწყემსებთან გაუშვა და ახლახანს გარდაიცვალა. ისინი მას მიესალმნენ, შეასრულეს ჰიმნები და სასახლის წინ, საითკენაც მას მიუძღვებოდნენ, რამდენიმე დიდი სამსხვერპლო ცეცხლი აგიზგიზებულიყო. დაზა თავის სახლში შეიყვანეს, ახალ-ახალნი ესალმებოდნენ და პატივს მიაგებდნენ, ლოცავდნენ და აქ კეთილ მობრძანებას უსურვებდნენ. გარეთ ქალაქი ღამემდე დიდი სიხარულით ზეიმობდა.

ორი ბრაჰმანი ყოველ დღე ამეცადინებდა, მოკლე დროში ასწავლეს, რისი ცოდნაც ესაჭიროებოდა, თავად ასწრებდნენ მსხვერპლშეწირვას, სამართალს აუფლებდნენ და სარაინდო და საომარ ხელოვნებას აჩვევდნენ. ბრაჰმანმა გოპალამ პოლიტიკაში შეიყვანა. მოუყვა, რა ევალებოდა მის სახლს და თუ რა იყო სამართალი, მის მომავალ ვაჟებს რა მოეთხოვებოდათ. ვინ ჰყავდა მტერი, უპირველესად, აქ ნალას დედა იყო დასახელებული, ვინც ერთხელ პრინც დაზას თავისი უფლებები წაართვა და მის მოკვლას შეეცდებოდა და ვისაც ახლა დაზაში სწორედ თავისი ვაჟის მკვლელი სძულდა. ის მეზობლად გაიქცა, თავად გოვინდას მფარველობაში გადავიდა და მათ სასახლეში ცხოვრობს, და ეს გოვინდა და მისი სახლი თავიდანვე მტრები და საშიშები არიან. დაზას ახლო წინაპრებთან ომი ჰქონდათ და მოითხოვეს მათი მიწის გარკვეული ნაწილის მათთვის გადაცემა. ამის წინააღმდეგი იყო სამხრეთელი მეზობელი, თავადი გაიპალიდან, დაზას მამის მეგობარი, და ვისაც მოკლული ნალა არ შესცოდებია; მისი მოპატიჟება, მისი დასაჩუქრება და შემდგომ ნადირობაზე მოწვევა მისთვის მნიშვნელოვან მოვალეობას წარმოადგენდა.

ქალბატონი პრავატი თავის არისტოკრატიულ მდგომარეობას უკვე სრულად შეზრდილიყო, მას ესმოდა, მთავრის მეუღლე როდის უნდა გამოსულიყო, და თავის მშვენიერ სამოსსა და მოსართავში მთლად საუცხოოდ გამოიყურებოდა. თითქოს ისიც არანაკლებ მაღალი წარმოშობის ყოფილიყო თავის ბატონთან და მეუღლესთან შედარებით. ბედნიერ სიყვარულში ცხოვრობდნენ წლითი წლობით, და ბედნიერებამ მათ გარკვეული ბრწყინვალება და ბზინვა მისცა, როგორც ასეთი, რაც ღვთაებათაგან უპირატესი იყო, რომ ხალხს მათთვის პატივი ეცათ და ყვარებოდათ. და როცა მას შემდეგ, რაც იგი ამ ამბავს მეტად დიდხანს ამაოდ ელოდა, პრავატიმ მშვენიერი ვაჟი გაუჩინა, რომელსაც მან საკუთარი მამის სახელი რავანა უწოდა, მისი ბედნიერება სრულიქმნა, და რასაც ის ფლობდა ქვეყანასა და ძალაუფლებას, სახლებსა და საქონლის სადგომებს, რძის ნაწარმის საწყობებს, რქოსან საქონელსა და ცხენებს, მისთვის ამ ყველაფერს თავის თვალში ახლა მნიშვნელობა და საჭიროება გაუორმაგდა, მფლობელი იყო ამაღლებული ბრწყინვალებისა და ფასეულობისა. მთელი ეს ავლა-დიდება მშვენიერი და გასახარელი იყო, რათა პრავატის თავს შემოვლებოდა, იგი შემოსილიყო, მორთულიყო და განდიდებულიყო, და ახლა კიდევ უფრო მშვენიერი, გასახარელი და მნიშვნელოვანი მისი მემკვიდრე იყო, მისი ვაჟი – რავანა და მისი მომავალი ბედნიერება.

თუ პრავატის ძირითად სიამოვნებას ზეიმები ჰგვრიდა, გამოსვლები, სიმდიდრე და ზედმეტი ტანსაცმელი, მოსართავი და მრავალი მსახური, მაშინ დაზას, უპირატესად, სიხარულს თავისი ბაღი ანიჭებდა, სადაც იშვიათი და ძვირფასი ხეები და ყვავილები დაარგვევინა, თუთიყუშები და სხვა ჭრელ-ჭრელი ფრინველი მოაშენებინა. მათი კვება და მათთან საუბარი მის ყოველდღიურ ჩვეულებას მიეკუთვნებოდა. ამის გვერდით განსწავლულობა იზიდავდა, როგორც ბრაჰმანთა მადლიერი მოწაფე, მრავალ ლექსსა და გამოთქმას, კითხვისა და წერის ხელოვნებას სწავლობდა და ერთი საკუთარი მწერალი ჰყავდა, ვინც პალმის ფოთლისგან მომზადებულ ქაღალდზე წერდა, და მისი ლამაზი ხელწერის წყალობით პატარა ბიბლიოთეკაც შეიქმნა. აქ, წიგნებთან, პატარა, ძვირფას ოთახში, კეთილშობილი ხის კედლებით, მთლიანად ფიგურებით რომ გაემდიდრებინათ და სადაც ნაწილობრივ ღვთაებათა ცხოვრების ამსახველი მოოქროვილი ფერწერული ნაწარმოებები ამოეკვეთათ, ხანდახან ბრაჰმანებს მოიწვევდა, ღვთის მსახურთა შორის გამორჩეულ სწავლულებსა და მოაზროვნეებს და ერთმანეთს სიწმინდის საკითხებზე ეკამათებოდნენ, სამყაროს შექმნასა და დიდი ვიშნუს მაიაზე, წმინდა ვედებზე, მსხვერპლშეწირვის ძალაზე და სინანულის კიდევ უფრო დიდ ძალაზე, რითაც მოკვდავი ადამიანი იქამდე მივიდოდა, რომ ძრწოლა დაეწყო ღვთაებების წინაშე. ყოველი ბრაჰმანი, ვინც საუკეთესოდ ილაპარაკებდა, იკამათებდა და არგუმენტაციას მოიხმობდა, სახელმწიფოსგან საჩუქრებს იღებდა, ზოგს დისპუტში ჯილდოდ გამარჯვების ნიშნად მშვენიერი ძროხა მიჰყავდა თან, ხანდახან კი, იმავე დროს სასაცილო და გულსატკენი ამბავიც ხდებოდა, როცა დიდი სწავლულები, ვინც ეს ესაა ვედები წარმოთქვეს და განმარტეს, და მთელ ცასა და სამყაროს ზღვებს აცნობდნენ, ამაყად და თავგამოდებით მიდიოდნენ დამსახურებული ძღვენით, ანდა ამის გამო გაურკვეველ ჩხუბშიც გაეხვეოდნენ.

საერთოდ, მთავარ დაზას სურდა, საოცრად და საეჭვოდ მოსჩვენებოდა, რაც თავის სიმდიდრეში, ბედნიერებაში, ბაღსა და სხვადასხვა დროის წიგნებშია, ის ყველაფერი და ყოველივე, რაც სიცოცხლესა და ადამიანებს ეხებათ, ერთდროულად მგრძნობიარედ და სასაცილოდაც აღექვა, როგორც ამას ქედმაღალი ბრაჰმანები იქმოდნენ, ნათელნი და იმავდროს წყვდიადით მოცულნი, ნატვრით სავსენი და თან მოძულენი. თავის ბაღში გუბურებზე ლოტოსის ყვავილს თვალს მიმოავლებდა, აკვირდებოდა, მზერას შეაჩერებდა თავის ფარშევანგებსა, ხოხბებსა და მარტორქა-ჩიტების ბუმბულის საფარის ბრწყინვალე ფერთა თამაშზე, სასახლეში გამოკვეთილ ოქროსფერ გამოსახულებებზე და ასე ხედავდა ამ საგნებს ხან ღვთაებრივად, თუ როგორ ანთია მარადიული ცხოვრება, და ხან სხვა დროს და თან ერთდროულად ის მათში აღიქვამდა რაღაც არა ნამდვილს, არა საიმედოს, საეჭვოს, წარმავლობისა და გამოხსნისაკენ მიდრეკილს, მზად ყოფნას უსახურში, ქაოსში დანთქმისაკენ ისე, როგორც ის თვითვონ, თავადი დაზა, პრინცი რომ იყო ერთ დროს, და შემდგლმ და შემდგომ მწყემსი, მკვლელი და ჩიტივით თავისუფალი რომ გახდა, როგორ დაეშვა დაბლა და ბოლოს ისევ მთავრად რომ ამოყვინთა თავისთავად, მიუხვედრელად, რა ძალებით იყო წარმართული, და რა მიზეზით ხდებოდა ეს, და რას მოუტანდა ხვალინდელი თუ ზეგინდელი დღე; ასე მოიცავს ცხოვრების მაია ყველგან თამაშს, ერთდროულად ამაღლებულობასა და უბრალოებას, მარადიულობასა და სიკვდილს, სიდიადესა და სასაცილოს. ის კი არადა, შეყვარებული ქალი მშვენიერი პრავატი რამდენჯერმე წუთიერად ხიბლდაკარგული და სასაცილო ეჩვენებოდა, ძალზედ ბევრი რგოლი რომ ჰქონდა მაჯებზე ასხმული, ნამეტანი სიამაყე და ზეიმურობა რომ ჩამდგარიყო მის თვალებში, ნამეტანი რომ ცდილობდა სიარულის დროს ღირსება შეენარჩუნებინა.

თავის ბაღსა და წიგნებზე უფრო მეტად რავანა უყვარდა, თავისი ვაჟიშვილი, მისი სიყვარულისა და მისი სიცოცხლის განსახიერება, მისი სითბოსა და ზრუნვის მიზანი, სათუთი, ლამაზი შვილი, ნამდვილი პრინცი, დედასავით შვლისთვალება და ფიქრისა და ოცნებისაკენ მამასავით მიდრეკილი. ხანდახან, როცა ამ პატარას ხედავდა ბაღში, დიდხანს ერთერთ საოცარ ხესთან მდგარს, ანდა ხალიჩაზე ჩაცუცქებულს, ქვას, ამოკვეთილ სათამაშოს, ანდა ჩიტის ბუმბულს დაკვირვებით რომ ათვალიერებდა, თავისი წინწამოწეული წარბებითა და წყნარი, ცოტა დაბნეული თვალებით, მაშინ მას ეჩვენებოდა, რომ ეს ვაჟი მას ძალიან ჰგავდა, თუ როგორ უყვარდა დაზამ ერთხელ მაშინ შეიცნო, როცა იგი პირველად გაურკვეველი დროით უნდა დაეტოვებინა.

ეს იყო ერთ დღეს, კერძოდ, მაშინ, როცა იმ მხარეებიდან მალემსრბოლი გამოჩნდა, სადაც მისი ქვეყანა მეზობელ გოვინდას ქვეყანას ესაზღვრებოდა, და განაცხადა, რომ იქ გოვინდას ხალხი შეიჭრა, საქონელი მოიტაცა, რამდენიმე ადამიანი შეიპყრო და თან წაიყვანაო. დაუყოვნებლივ მოემზადა დაზა, მისი პირადი დაცვის უფროსი, რამდენიმე ათეული ცხენი და ხალხი თან გაიყოლა და ყაჩაღების დასადევნებლად გზას დაადგა. და მაშინ, იქიდან გამგზავრების წინ, როცა იმ წამს,, თავისი ვაჟი ხელში აიყვანა და აკოცა, გულში მისმა სიყვარულმა ცეცხლოვანი ტკივილი ააგიზგიზა. და ამ ცეცხლოვანი ტკივილით, რომლის ძალამაც იგი მოულოდნელად განამტკიცა და გაფრთხილებასავით რაღაც შეუცნობიდან აღიქვა, რაღაცას მიხვდა და გაიგო გრძელი გზის გავლისას. ცხენზე მჯდომი კი იმაზე ფიქრობდა, თუ რა მიზეზით იჯდა ცხენზე და რა მკაცრად და სწრაფად მიჰქროდა იმ მხარისაკენ. რა ძალა იყო, მართლაც, ისეთი, რაც ასეთი საქმისა და თავდადებისთვის აიძულებდა. ჩაფიქრდა და მიხვდა, რომ გულის სიღრმეში ეს მისთვის ისე მნიშვნელოვანი და სადარდებელი არ არის, რომ სადღაც საზღვარზე საქონელი და ხალხი მოსტაცეს, რომ ეს ქურდობა და მთავრის უფლებების შეურაცხყოფა საიმისოდ არ ღირდა, რომ რისხვას შეეპყრო და ქმედებისთვის აღენთო. მისთვის ზომიერი იქნებოდა საქონლის გატაცების ამბავი და ამას თანაგრძნობითა და ღიმილით მიიღებდა. იცოდა, რომ შიკრიკისთვის, ვინც ამის გასაგებინებლად ქანცგაწყვეტილი მოვარდა, ეს მწარე უსამართლობა იქნებოდა, და არანაკლებ იმ ადამიანებისთვისაც, ვინც გაძარცვეს და იმისთვისაც, ვინც დაიჭირეს და სამშობლოდან წაიყვანეს და მშვიდობიან ცხოვრებას მოწყვიტეს და უცხოობასა და მონობაში გადახვეწეს. და ყველა მისი ქვეშევრდომისათვის უსამართლობა იქნებოდა, ვისაც თმის ღერიც არ ჩამოვარდნია, მის საომარ შურისძიებაზე უარის თქმა, ისინი ამას ძნელად გადაიტანდნენ და ვერ მიხვდებოდნენ, რომ მათი თავადი ქვეყანას საუკეთესოდ თუ არ დაიცავს ისე, რომ ერთხელაც კი რომელიმე მათგანი თუ ძალისმიერი მოქმედების მსხვერპლი აღმოჩნდება, მაშინ შურისგებითა და დახმარებით უნდა იყოს ეს გამოსყიდული. მან დაინახა თავისი მოვალეობა, რომ შურისსაძიებელი გზა გაევლო. მაგრამ რა არის მოვალეობა? რამდენი მოვალეობა არსებობს, რასაც ჩვენ ყოველს ხშირად გულითადი განცდის გარეშე ხელიდან ვუშვებთ! რაზეა ეს დამოკიდებული, რომ შერიგების მოვალეობა იმ გულგრილობას არ ჰგავდა, რომელსაც ვერ აუვლიდა გვერდს და ეს არა მარტო უპატივცემულოდ და ზერელედ უნდა შესრულდეს, არამედ გულმოდგინებითა და განცდებით? სადაცაა მასში პასუხი დაიბადებოდა, რომ გულმა უკვე პასუხი გასცა, როცა კიდევ ერთხელ შეიძრა იმ ტკივილით, როგორც რავანასთან, პრინცთან გამომშვიდობებისას. ეგონა, მთავარი ის იყო, რომ ახლა იგი საქონელსა და ხალხს მოატაცებინებდა წინააღმდეგობის გარეშე, მაშინ ყაჩაღობა და ძალისმიერი მოქმებდება თავისი ქვეყნის საზღვრებიდან მუდამ მიუახლობდებოდა, და ბოლოს მტერი მასთან ისე ახლოს დადგებოდა და მას იქ შეხვდებოდა, სადაც უდიდეს და უმწარეს ტკივილს განიცდიდა. ეს იყო მისი შვილი! შვილს მოპარავდნენ, მემკიდრეს მოიტაცებდნენ და მოკლავდნენ, იქნებ ტანჯვით, და ეს უკიდურესი ტკივილი იქნებოდა, რასაც კი ყურით მოისმენდა, სასტიკი და კიდევ უფრო საშინელი, ვიდრე პრავატის სიკვდილი. ამიტომ მიიჩქაროდა იქითკენ ასე მარდად, და მოვალეობისადმი ერთგული მთავარი გახლდათ. მას მარტო საქონლისა და ქვეყნის დანაკარგი კი არ ადარდებდა, მარტო სიკეთით კი არ იყო თავის ქვეშევრდომებთან დაკაცშირებული, მარტო პატივმოყვარეობა კი არ ჰქონდა მამამისის მთავრის სახელთან, არამედ მტკიცედ იცავდა და ზრუნავდა ბავშვისათვის რომელიც უსაზღვროდ უყვარდა და ამ ძლიერ, საშინელ ძრწოლას აეტანა სიმწრის წინაშე, ამ ბავშვის დაკარგვა რომ უქადდა.

ცხენზე მჯდომი შორს მაშინ წავიდა თავისი აზრებით. სხვათაშორის, ვერ მოუხერხდა, გოვინდას ხალხს დასწეოდა და დაესაჯა, ისინი თავიანთ ნაყაჩაღართან ერთად გაქცეულიყვნენ და მისი მტკიცე ნების საჩვენებლად და მხნეობის დასამტკიცებლად, თავად უნდა დაერღვია საზღვარი და მეზობლისთვის სოფელი აეწიოკებინა, ცოტა ნახირი და რამდენიმე მონა გამოეყოლებინა კიდეც; რამდენიმე დღე მან გამოტოვა. გამარჯვებულმა შინისკენ მიმავალ გზაზე კი კვლავ ღრმა ფიქრებს მისცა თავი და სახლში მდუმარებით მოცული და დაღონებული ბრუნდებოდა, რადგანაც გაარკვია, როგორ გამჯდარიყო მასში სრული უიმედობა, რომ ამ ვერაგულ ქსელს ვერ გამოეხსნება, რაშიც ჩაჭერილია და ჩახლართული, რასთანაც მთელი თავისი არსებითა და საქმიანობით არის დაკავშირებული იმ დროს, როცა სინამდვილეში ფიქრისთვის იყო განწყობილი, წყნარი დაკვირვებისა და უმოქმედო, უცოდველი ცხოვრების მუდმივი მოთხოვნილება ღრმავდებოდა და ღრმავდებოდა მასში; მეორე მხრივ, კი იზრდებოდა რავანას მიმართ სიყვარული, მისდამი შიში, მის ცხოვრებასა და მომავალზე ზრუნვა, ასევე მეტად იზრდებოდა იძულება ქმედებისა და ცუდ საქმეში ჩათრევისაკენ, სათნოებიდან ამოიზრდებოდა კამათი, სიყვარულიდან – ომი; თუნდაც მხოლოდ სამართლიანად და მტრის დასასჯელად მოიტაცა ნახირი, სოფელი შიშისაგან სიკვდილის პირამდე მიიყვანა და საწყალი, უცოდველი ადამიანები ძალით წინ გაირეკა, აქედან, ცხადია, ისევ ახალი შურისძიება და ძალადობრივი ქმედება წარმოიშვებოდა, და მუდამ ასე, და შემდეგ ასე გრძელდებოდა, ვიდრე მთელ თავის ცხოვრებას და მთელ ქვეყანას მხოლოდ ომი, ძალადობრივი ქმედება და იარაღის ჟღარუნი არ გადაუვლიდა. ალბათ ეს ის ფიქრები და ხილვა იყო, რის გამოც შინ დაბრუნებისას ასეთ სიწყნარესა და მწუხარებას მოეცვა.

და მართლაც, მტრულად განწყობილმა მეზობელმა მოსვენება დაუკარგა. ის იმეორებდა თავდასხმებსა და მძარცველურ ლაშქრობებს. დაზას უნდა დაესაჯა და თავი დაეცვა მათგან და უნდა მოეთმინა, როცა მტერი დაუსხლტებოდა, თორემ მისი ჯარისკაცები და მონადირეები მეზობელს ახალ ზარალს მიაყენებდნენ. დედაქალაქში ხედავდნენ მეტ და მეტ მხედრებსა და შეიარაღებულებს, ზოგიერთ სასაზღვრო სოფლებში ჯარისკაცები სადარაჯოზე მუდმივად იდგნენ, საომარი რჩევები და მზადებები მთელი დღეების განმავლობაში გამალებით მიმდინარეობდა. დაზას არ შეეძლო დაენახა, რა აზრი და სარგებელი მოჰქონდა მუდმივ მცირე ომს, ებრალებოდა დაზარალებულები, განიცდიდა მათ, ეცოდებოდა მოკლულები, სიბრალულს იწვევდა თავისი ბაღი და თავისი წიგნები, რომლებსაც თანდათან ვეღარ უბრუნდებოდა, აგრეთვე თავისი დღეები და გულს დავანებული მშვიდობა. ის გოპალას, ბრაჰმანს, ხშირად ელაპარაკებოდა ამის თაობაზე და რამდენჯერმე თავის ცოლსაც პრავატის. ის ამბობდა, იქითკენ უნდა მიისწრაფვოდნენ, რომ ერთ-ერთი წარმოსადეგი მეზობელი მთავარი სამედიატორო მსაჯულად დაინიშნოს მშვიდობის დასამყარებლად, რასაც იგი, თავის მხრივ, დათანხმდებოდა და უკან დაიხევდა და რამდენიმე საძოვარსა და სოფელს მშვიდობის დაცვის მიზნით ჩამოიცილებდა. ის იმედგაცრუებული იყო და გაღიზიანებულიც, როცა დაინახა, რომ არც ბრაჰმანს და არც პრავატის ამის თაობაზე არაფრის გაგება არ სურდათ.

პრავატისთან ამის თაობაზე სხვადასხვა შეხედულებების გამო ძალზე ძლიერი წინააღმდეგობა წარმოიშვა, მათი აზრები გაიყო. დაჟინებითა და დაფიცებით უხსნიდა იგი თავის მიზეზებსა და აზრებს, ის კი თითოეულ სიტყვას იგებდა, არა როგორც ომისა და უსარგებლო მკვლელობის საწინააღმდეგოდ, არამედ მხოლოდ მისი პიროვნებისადმი მიმართულს. ეს იმას ნიშნავს, ისე განსაჯა მან, ცეცხლმოდებულმა და ენაგაკრეფილმა, თავისი ლაპარაკით, რომ ეს სწორედ მტრის მოსაზრებაა, დაზას მხრიდან კეთილგანწყობასა და მშვიდობისმოსურნეობას (რომ აღარაფერი ვთქვათ, დაზას შიშზე ომის წინაშე), მტერი თავის სასარგებლოდ გამოიყენებს, იგი მას იქამდე მიიყვანს, დაზა მშვიდობას მშვიდობაზე დაამყარებს და პატარ-პატარა დათმობებით მიწას და ხალხს მტერს გადასცემს, და ბოლოს მტერი, არავითარ შემთხვევაში, რომ აღარ დაკმაყოფილდება და დაზა საკმაოდ დასუსტდება, მტერი უკვე ღია ომზე გადავა, და მას უკანასკნელსაც წაართმევს. აქ საქმე ეხება არა მარტო საქონელს და სოფლებს, ან წარმატებასა და დანაკარგს, არამედ მთლიან მარცხს; საქმე ეხებოდა არსებობას ან განადგურებას. და დაზას რომ არ სცოდნოდა, რა იყო მისი ღირსება, თავისი ვაჟიშვილისა და თავისი მეუღლის წინაშე რა ვალდებულება ჰქონდა დაკისრებული სწორედ მაშინ უნდა დაემოძღვრა ქალს. მისი თვალები ელვარებდნენ, ხმა ირხეოდა, მას დიდი ხანია აღარ უნახავს ასე მშვენიერი და განცდებით სავსე, მაგრამ იგი მხოლოდ მწუხარებას განიცდიდა.

ამასობაში საზღვარზე თავდასხმები მოეწყო და მშვიდობიანობის დარღვევა გრძელდებოდა, მაგრამ დიდმა წვიმიანმა ამინდებმა იმჯერად ამას ბოლო მოუღო. დაზას კარზე კი ახლა ორი პარტია შეიქმნა. ერთი მშვიდობის პარტია იყო, მთლად პატარა, თვით დაზას გარდა მას მიეკუთვნებოდნენ ძალზე ცოტანი – მოხუცი ბრაჰმანებიდან, ნასწავლი და თავის მედიტაციაში ჩაძირული კაცები. ომის პარტია კი, პრავატისა და გოპალას პარტიას ჰყავდა ღვთის მსახურთა უმრავლესობა და თავის მხარეზე გადასული ყველა ოფიცერი. გულმოდგინედ იარაღდებოდნენ და იცოდნენ, რომ გაღმა მტრული მეზობელი იგივეს აკეთებდა. ყმაწვილ რავანას მონადირეთუფროსი მშვილდისრის ხმარებაში ამეცადინებდა, და დედამისს ყოველ ნაბიჯზე სამხედრო მეთვალყურეობის ქვეშ ჰყავდა.

ხანდახან დაზა იმ დროსა და ტყეს იხსენებდა, სადაც მაშინ საწყალი ლტოლვილივით ერთ ხანს დაჰყო, და იმ თეთრთმიან მოხუცსაც, ვინც იქ თავის ჩაღრმავებულობაში მარტოსულად ცხოვრობდა, ხანდახან აგონდებოდა იგი და მისი მოძებნის სურვილი ჰქონდა, მისი კვლავ ნახვისა და მისი რჩევის მოსმენის. მაინც არ იცოდა, მოხუცი ცოცხალი იყო თუ არა, მოუსმენდა თუ არა კიდევ, და თუ აჩვენებდა რამე გამოსავალს, და თუ იგი, მართლაც, ისევ იქ იმყოფებოდა და გზას დაანახვებდა, მაშინ ყველაფერი კარგად წავიდოდა, არაფერი შეიცვლებოდა ნათქვამის მიხედვით. ჩაღრმავება და სიბრძნე კარგი იყო, ეს კეთილშობილი საქმეებია, მაგრამ ჩანდა, რომ ისინი ცხოვრების ნაპირზე მხოლოდ ცალ მხარეს ყვაოდა, და ვინც ცხოვრების დინებას ცურვით მიჰყვებოდა, და მის ტალღებს ებრძოდა, მის მოქმედებებსა და ტკივილებს სიბრძნესთან არაფერი ესაქმებოდა. ესენი მაშინ იშვებოდნენ, თუ ამბავი საბედისწერო იყო, რაც უნდა მომხდარიყო და განცდილიყო. არც ღმერთები ცხოვრობდნენ მარადიულ სიმშვიდესა და მარადიულ სიბრძნეში, მათაც იცოდნენ საფრთხე და ძრწოლა, ომი და ბრძოლა. მან ეს მრავალი მონათხრობებიდან იცოდა. ისე მოხდა დაზასთან, რომ პრავატის აღარ ეკამათებოდა, ცხენით მივიდოდა ხოლმე სადაზერვო ჯგუფებთან, ხედავდა ომის მოახლოებას, შეიგრძნობდა მას ღამისეულ კოშმარულ სიზმრებში, და როცა იგი უფრო გახდა და სახე მოეღუშა, ხედავდა რომ ბედნიერება და ცხოვრების წადილი ჭკნებოდა, ფერმკრთალდებოდა. მხოლოდ თავის ვაჟისადმი სიყვარულიღა დარჩა. სიყვარული ზრუნვაში გადაიზარდა, გადაიზარდა მის საომარ აღჭურვაში და ჯგუფურ წრთვნებში, იგი ანთებულ წითელ ყვავილს დაემსგავსა, ვინც ჰყვაოდა მის გაუდაბურებულ ბაღში! გაოცებული იყო იმით, რამდენ სიცარიელესა და უსიხარულობას იტანენ ადამიანები, როგორ მიეჩვივნენ დარდსა და უხალისობას; და ისიც უკვირდა, როგორ ენთო და როგორ ფლობდა ხილულად, უგრძნობელად გადაქცეული გული ასეთ შიშითა და დარდით სავსე სიყვარულს და როგორ შეეძლო მას ყვავილობა. მისი ცხოვრება იქნებ უაზროც ჩანდა, მაგრამ ეს არ იყო მაინც უჩანასახო და უგულო, ის ვაჟიშვილის სიყვარულს უტრიალებდა. მისი გულისთვის იღვიძებდა, დილით საწოლიდან თავს სწევდა და მთელ დღეს საქმიანობებსა და წვალებებში ატარებდა, მის მოწინაარმდეგეთა მიზანს ომი შეადგენდა. მისი გულისთვის ხელმძღვანელობდა მეთაურთა თათბირებს თმენით, და ისე საგრძნობლად უძალიანდებოდა უმრავლესობათა გადაწყვეტილებებს, რომ მათ ცოტაღა აკლდათ, და მეტად უსიამოვნო თავგადასავალში გაეხვეოდნენ.

როგორც ცხოვრებისაგან მონიჭებული სიხარული, მისი ბაღი და წიგნები თანდათან უცხო და უნდო გახდნენ მისთვის, შეიძლება თავადაც გაუცხოვდა მათთვის, მისთვისაც უცხო და მოღალატე შეიქნენ ისინი, რომლებიც დიდი ხნის მანძილზე აბედნიერებდნენ და ახალისებდნენ მის ცხოვრებას. პოლიტიკით დაიწყო, და მაშინ, როცა ქალი გრძნობით სავსე სიტყვებს ეუბნებოდა, რომ ქმარს შიში აქვს ცოდვის ჩადენის წინაშე და მას მშვიდობისადმი სიყვარული თითქმის აშკარად ლაჩრობად და თავის გაფრთხილებად შეუფასა და ლოყებ-აწითლებული და ანთებული, მომავალში მთავრის პატივსაცემ გმირობასა და წინააღმდეგ შემთხვევაში სირცხვილის ჭამაზე მსჯელობდა, მაშინ განიგმირა მისი გული და უეცარმა თავბრუსხვევის გრძნობამ მიახვედრა და დაანახვა, რა შორს წასულა თავისი ცოლი მისგან, და თვითონაც – მისგან. და რამდენ ხანსაც მათ შორის უფსკრული დიდდებოდა, იზრდებოდა და კიდევ ის, რომ არც ერთი მათგანი არაფერს აკეთებდა მის შესამცირებლად, უფრო მეტიც: ეს იყო დაზა, ვისაც ეს უნდა მოეგვარებინა, რაღაც იმისთანა ემოქმედა, რადგანაც უფსკრული, მართლაც, მისთვის იყო ხილული მხოლოდ და მის წარმოდგენაში ამ ქვეყნად ყველა უფსკრულთა შორის მუდამ უფრო დიდ უფსკრულად იქცეოდა. უფსკრული ქალსა და კაცს შორის, ჰოსა და არას შორის, სულსა და სხეულს შორის. როცა იგი ფიქრებიდან გამოერკვა, ეგონა ყველაფერი მთლიანად ცხადად დაინახა: როგორც პრავატიმ იგი ერთხელ, საუცხოოდ ლამაზმა, თავი რომ შეაყვარა და იქამდე ეთამაშა, ვიდრე თავის ამხანაგებსა და მეგობრებს, მწყემსებს და მის აქამდელ, მწყემსების ლაღ ცხოვრებას არ მოაშორა და ამის გამო უცხოობასა და მსახურებაში არ აცხოვრა – იგი სიძე გახდა არა კეთილგანწყობის ხალხის სახლში, რომლებიც მისი შეყვარებულობით სარგებლობდნენ და თავისთვის ამუშავებდნენ. შემდეგ ნალა გამოჩნდა, და მისი უბედურებაც მაშინ დაიწყო. ნალამ მისი მეუღლე დაიმორჩილა, მდიდარმა, ლამაზმა რაჯამ თავისი მშვენიერი სამოსლითა და კარვებით, ცხენებითა და მსახურებით, საწყალი, ფუფუნებას მიუჩვეველი ქალი შეაცდინა, ეს მისთვის არანაირი საწვალებელი არ იქნებოდა. მაგრამ, მართლაც, ასე მოკლე ხანში და მსუბუქად შეძლებდა კაცი მის გადაბირებას, თუ იგი შინაგანად ერთგული და მორიდებული იქნებოდა? და ესე იგი, რაჯამ იგი აცდუნა, თუ ისე წაიყვანა, და დაზას შემზარავი ტკივილი მიაყენა, რასაც დღემდე განიცდის. დაზამ კი შური იძია, მისი ბედნიერების მპარავი განგმირა, ეს წუთი მაღალი ტრიუმფი იყო. და როგორც კი ეს მოქმედება ჩაიდინა, გაქცევით უნდა ეშველა თავისი თავისთვის; დღეები, კვირები და თვეები ბუჩქსა და ლერწმიანში ჩიტივით თავისუფალმა იცხოვრა, ადამიანს ვეღარ ენდობოდა. და რა გააკეთა პრავატიმ იმ დროს? მათ შორის ამაზე არასოდეს ბევრი საუბარი არ ყოფილა. ყოველ შემთხვევაში: მას არ დასდევნებია, მაშინღა მოძებნა და იპოვნა, როცა მისი მთავრად დაბადება და მისი მთავრად დანიშვნა გამოცხადდა, მას იგი სჭირდებოდა, ტახტზე რომ ასულიყო და სასახლეში ეცხოვრა. მაშინ გამოჩნდა ტყიდან და პატივცემული მარტოსულის მეზობლობიდან წაიყვანა, იგი მშვენიერი სამოსლით მორთეს, რაჯად დასვეს, და ეს ყველაფერი ცარიელი ბრწყინვალება და ბედნიერება იყო. მაგრამ სინამდვილეში: რა მიატოვა მაშინ და რისთვის გაცვალა ეს ყველაფერი? მთავრის ბრწყინვალება და მოვალეობები მიიღო, მოვალეობები, რაც დასაწყისში მსუბუქი იყო და შემდეგ, მუდამ მძიმდებოდა და მძიმდებოდა, მან კვლავ მოიპოვა ლამაზი მეუღლე, ტკბილი სიყვარულის საათები მასთან ერთად, და შემდეგ ვაჟი, სიყვარული მისადმი და გულდამძიმებული დარდი მის საფრთხედამუქრებულ ცხოვრებასა და ბედნიერებაზე ისე, რომ ახლა ომი კარს მოსდგომოდა. ეს ასე იყო, რა მოუტანა პრავატიმ მას, როცა მაშინ ტყეში წყაროსთან მიაგნო. და რა დაუტოვა ქალმა საამისოდ და რა შესძინა! მან კი ტყის სიმშვიდე მიატოვა, ნეტარი სიმარტოვე; დასთმო მეზობლობა და წმინდა იოგას მაგალითი, დაკარგა იმედი მის მოწაფეობასა და მიმდევრობაზე, ბრძენის ღრმა სხივმფინარე, შეურყეველ სულიერ სიმშვიდეზე, ბრძოლებიდან განთავისუფლებასა და ცხოვრების ტკივილებზე. პრავატის მშვენიერებით შემცდარმა, ქალისაგან დატყვევებულმა და მის პატივმოყვარეობას აყოლილმა, გზა დასთმო, სადაც მარტო თავისუფლება და მშვიდობა მოიპოვებოდა. ასე ეჩვენებოდა დღეს მას თავისი ცხოვრების ისტორია, სინამდვილეში ეს ძალზე იოლად აიხსნებოდა, რომ ამგვარად დაენახა, საჭირო იყო ცოტაოდენ რაღაცისათვის ყურის წაყრუება და მიტოვება. სხვათაშორის, მან მიატოვა ის გარემოება, რომ ჯერ იმ მარტოსულის მოწაფე არ ყოფილა, არავითარ შემთხვევაში, ცნებაში კი უკვე იყო, და უნებურად კვლავ დასთმო, ასე ადვილად შეიძლება საკითხების გადაწევა, თუ კი წარსულს გადავხედავთ.

სულ სხვანაირად უყურებდა პრავატი ამ ამბებს, თუმცა ნაკლებად შორს მიდიოდა, ვიდრე ამაზე ფიქრში მისი მეუღლე. იმ ნალაზე სულ არ ფიქრობდა. პირიქით იყო, თუ მას მეხსიერება არ ღალატობდა, ის ერთადერთი იყო, ვინც დაზას ბედნიერებას საფუძველი ჩაუყარა და აქეთკენ მოიყვანა, ისევ რაჯად აქცია, ვაჟით დაასაჩუქრა, სიყვარული და ბედნიერება უხვად უბოძა, ის კი ბოლოს მის დიდებას არ შეზრდია და მის საამაყო გეგმებს უღირსად მიიჩნევდა, რადგანაც ნათელი იყო, რომ მომავალი ომი სხვა არაფრამდე მიდიოდა, თუ არა იქამდე, რომ გოვინდა გაენადგურებინათ და მისი ძალაუფლება და მფლობელობა გაორმაგებულიყო. ამაზე სიხარულისა და მასთან ერთად გულმოდგინე მოქმედების ნაცვლად, მთავრისთვის შეუფერებლად, როგორც მას ეჩვენებოდა, დაზა ომისა და დაპყრობის წინააღმდეგ გამოდიოდა და მას ერჩივნა, უმოქმედოდ დაბერებულიყო კიდეც თავის ყვავილებსა, ხეებსა, თუთიყუშებსა და წიგნებში. აქ მის გვერდში თავად მგზნებარე პარტიის წევრი ვიშვა მიტრა იდგა, სხვა კაცი, მხედრობის უფროსი მბრძანებელი და სწრაფი ომისა და გამარჯვებისათვის მებრძოლი. ყოველი შედარება ამ ორთა შორის მის სასიკეთოდ წყდებოდა.

დაზამ ეს კარგად დაინახა, როგორ ძალიან დამეგობრებულიყო მისი ცოლი ამ ვიშვა მიტრასთან, როგორ აოცებდა ქალი ამ კაცს, და თვითონაც როგორ აღფრთოვანებულიყო მისით, ამ მხიარული და მამაცი, მაგრამ ზედაპირული, იქნებ არც მეტად ნიჭიერი ოფიცრით, ხმამაღლა რომ ხარხარებდა და ჩამწკრივებულ, მაგარ კბილებს აჩენდა და მოვლილი წვერითაც ყურადღებას იქცევდა. მან ეს დაინახა სიმწრითა და ამავდროს სიძულვილით, ირონიული გულგრილობით, რითაც თვითონ ტყუვდებოდა. ის არ აბეზღებდა და არ მიისწრაფვოდა იქითკენ, რომ ცოდნოდა, თუ ამ ორთა შორის მეგობრობის ზღვარი ნებადართული და მიღებული იყო თუ არა. ხედავდა: პრავატის როგორ შეყვარებოდა ეს მშვენიერი მხედარი, რაც მის გამომეტყველებაში ჩანდა, რომ იგი ნაკლებად გმირულ მეუღლესთან შედარებით, უპირატესობას მას ანიჭებდა, იგივე გარეგნული გულგრილობით, შინაგანად კი მწარე მინებებით, როგორც იგი ჩვეული იყო, რომ ყველა მომხდარი ამბებისათვის შეეხედა. თუ ეს ერთგულება აღარ არსებობდა და ღალატობდა, რაც მეუღლეს უკვე გაერკვია, როგორც ჩანდა, დაზას შეხედულებებსაც ნაკლებად აფასებდა, ეს სულერთი იყო, ფაქტი სახეზე ჩანდა, ვითარდებოდა და იზრდებოდა; და მის წინააღმდეგ რაღაც ომივით გაჩაღებულიყო საბედისწეროდ, რის წინააღმდეგაც სხვა საშუალება და სხვა საქციელი ყველაფრის უკანწაღებისა და მშვიდად გადატანის გარდა აღარ არსებობდა; ეს ასეც მოხდებოდა თავდასხმისა და დაპყრობის ნაცვლად, დაზას ვაჟკაცობასა და გმირობაზე თავისებური შეხედულება ჰქონდა. პრავატის მოხიბლვა მხედართმთავრით თუ, პირიქით, მისი ქალით, საერთო წესს არ ემორჩილებოდა და ნებადართული არ იყო, შინაგანად იცავდნენ თუ არა ისინი ამას, ყოველ შემთხვევაში, მას ასე ესმოდა, პრავატი იყო ამაში ნაკლებ დამნაშავე, ვიდრე თვითონ. მოაზროვნე და დაეჭვებული დაზა კი, მეტად იხრებოდა იქითკენ, თავისი ბედნიერების გაქრობის დანაშაული თავისთავში მოეძებნა, ანდა თავისი თავი გაეხადა პასუხისმგებელი ამ ყველაფერზე, რაშიც იგი აღმოჩნდა და ჩათრეულ იქნა; სიყვარულში, პატივმოყვარეობაში, შურისძიებაში და ყაჩაღობაში. დიახ, ის ქალს მიაწერდა თავის აზრებში ყველაფერს დედამიწაზე: სიყვარულსა და ვნებას, მთელ ცეკვას, ტკივილთა და მისწრაფებათა მთელ მონადირებას, ოჯახის დაშლას, სიკვდილს, მკვლელობას, ომს, მაგრამ ამასთანავე, მან კარგად იცოდა, რომ პრავატი არ იყო ბრალეული და მიზეზი ამ ყოველივესი, არამედ მსხვერპლი, რომ ქალის არც სილამაზე და არც მისი სიყვარული ქალისადმი მის საქმეს არ შეადგენდა და პასუხისმგებლობას არ აკისრებდა, რომ ქალი მხოლოდ მტვრის ნაწილაკია მზის სხივში, ერთი ტალღაა ნაკადში, და რომ ეს მხოლოდ დაზას საქმე იყო, ქალს და სიყვარულს, ბედნიერების შიმშილსა და პატივმოყვარეობას გარიდებოდა და იქნებ კმაყოფილი დარჩენილიყო მწყემსად მწყემსებს შორის, ანდა სულაც იოგას საიდუმლო გზაზე საამისო უკმარისობა თავის თავში დაეძლია. მან ეს გამოტოვა, უარი თქვა ამაზე, დიდი საქმისთვის არ იყო მოწოდებული, ანდა თავისი მოწოდება ერთგულებით არ დაიცვა, და მისი ცოლი ბოლოს მართალი აღმოჩნდა, როცა სიმხდალე დაინახა მასში, სამაგიეროდ, ვაჟიშვილი შესძინა, ლამაზი, სათუთი ბიჭი, ვის გამოც მას შიში იპყრობდა და ვისი ამქვეყნად ყოფნა მის სიცოცხლეს მუდამ აზრსა და შინაარსს სძენდა, და ეს დიდ ბედნიერებას წარმოადგენდა, მაგრამ – ტკივილიან და შიშის მომგვრელ ბედნიერებას, მაგრამ მაინც ბედნიერებას, მის ბედნიერებას. ამას იგი ზღავდა დარდითა და კაეშნით თავის გულში, ომისა და სიკვდილისათვის მზადყოფნით, იმ ცნობიერებით, ბედს რომ პირისპირ შეყროდა. გაღმა, თავის ქვეყანაში იჯდა რაჯა გოვინდა. იმ საშინელი გასახსენებლის, იმ მაცდუნებლის, იმ მოკლული ნალას დედისაგან დარიგებული და ანთებული, ვინც უფრო უხშირებდა და უხეშად ესხმოდა თავს ქვეყანას და ომისკენ მოუწოდებდა; გაიპალის ძლიერ რაჯასთან ერთადერთ კავშირს შეეძლო დაზა საკმაოდ გაემაგრებინა, და მშვიდობისა და მეზობლური ხელშეკრულებების დასადებად იგი ორივეს აეძულებინათ. მაგრამ ეს რაჯა, თუმცა დაზა კეთილგანწყობილი იყო, ვისაც გოვინდასთან ნათესაობა ჰქონდა, ყოველ მცდელობას უდიდესი ზრდილობით უსხლტებოდა, რომ ასეთ კავშირში არ გამოეყენებინათ. უკან დახევა აღარ გამოდიოდა, აღარ არსებობდა იმედი გონებასა და ადამიანობაზე, მოსახდენი ახლოვდებოდა და განსაცდელის ჟამიც უნდა დამდგარიყო. თვით დაზასაც კი ენატრებოდა ომი, ერთბაშად მეხთა-ტეხით მოვლენათა დაჩქარება, რასაც მეტს უკვე ვეღარ დაუხრიდა თავს. კიდევ ერთხელ მოძებნა მთავარი გაიპალიდან, ამაოდ გაცვალა რიგიანი აზრები მასთან, ურჩევდა დაჟინებით ზომიერებასა და მოთმინებას, მაგრამ უიმედოდ იქმოდა ამას; სხვა დანარჩენ შემთხვევაში იგი აღიჭურვებოდა. ბჭობისას აზრთა ბრძოლა ახლა ერთად-ერთზეღა მიდიოდა, მტრის შემდგომ შემოჭრისას, მტრის ქვეყანაში მარშით შესვლით თუ ომით ეპასუხათ, ანდა თუ მტრულ, მთავარ თავდასხმას დალოდებოდნენ, რითაც მუდამ იგი ხალხისა და მთელი მსოფლიოს წინაშე დამნაშავედ და მშვიდობის დამარღვეველად დარჩებოდა.

მტერმა, ასეთი კითხვებით თავშეუწუხებელმა, მოფიქრებას, რჩევას და ყოყმანს ბოლო მოუღო და ერთ დღესაც დასცხო. მან მოახდინა აშკარად დიდი ყაჩაღური თავდასხმა, და რაც დაზას თავის მხედართმთავართან და საუკეთესო ხალხთან ერთად უსწრაფესად საზღვრისკენ მიაქანებდა, და როცა ისინი გზაში იყვნენ, მტერი თავისი მთავარი ძალით ქვეყანას და უშუალოდ დაზას ქალაქს თავს დაესხა, კარიბჭე აიღო და სასახლე დაიკავა. როგორც კი ეს დაზამ შეიტყო, წამსვე მობრუნდა, იცოდა, მისი მეუღლე და ვაჟიშვილი საფრთხეში მყოფ სასახლეში იყვნენ ჩაკეტილნი, შესახვევებში მისადგომთან სისხლიანი ბრძოლები გაჩაღებულიყო, დამტანჯველი ტკივილით ეკუმშებოდა გული, როცა თავისიანებზე ფიქრობდა და იმ საშინელებებზე, რაც შეიძლება მათ თავს დასტეხოდათ. და იგი აღარ იყო წინააღმდეგობრივი და ფრთხილი სარდალი, აღენთო ტკივილითა და სიმწრით თავის ხალხთან ერთად და ველური სისწრაფით შინისაკენ მიჰქროდა. ყველა ქუჩაში სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა მიდიოდა, სასახლემდე მტერი ჩეხა, შეაჩერა და გაშმაგებით ეკვეთა, ვიდრე იმ სისხლიან დღეს ბინდმა არ უწია, ღონემიხდილი, რამდენიმეგან დაჭრილი, განადგურებული დაბლა დაეშვა.

როცა ცნობაზე მოსულმა ისევ გამოიღვიძა, ნახა, დაეტყვევებინათ, ბრძოლა დაკარგულიყო, ქალაქი და სასახლე მტრის ხელში გადასულიყო. შეკრული გოვინდას მიჰგვარეს, იგი ქილიკურად მიესალმა და ოთახისკენ წაუძღვა. ეს ის ოთახი იყო, ამოკვეთილი და მოოქროვილი კედლებითა და დაგორგალებული ნაწერებით. აქ ერთ-ერთ ხალიჩაზე გამართულად და გაქვავებული სახით მისი ცოლი პრავატი იჯდა, მის უკან შეიარაღებული დაცვით და კალთაში მას ყმაწვილი ეწვინა; მოწყვეტილი ყვავილივით იდო ნაზი სხეული, მკვდარი, სახე ნაცრისფერი, სამოსელზე სისხლი ეღვრებოდა. ქალი არ მობრუნებულა, როცა მისი მეუღლე შემოიყვანეს, არ შეხედა, გამომეტყველების გარეშე პატარა მიცვალებულს დაშტერებოდა; საოცრად შეცვლილი მოეჩვენა დაზას. ცოტა ხნის შემდეგღა შენიშნა, რომ მისი თმა, რამდენიმე დღის წინ მუქი შავი რომ იყო, მთლიანად ნაცრისფრად ციმციმებდა. ისევ დიდხანს უნდოდა მას ასე ჯდომა, ბიჭით კალთაში, გაშტერებული, სახე ნიღაბივით რომ ჰქონდა.

“რავანა! – დაიძახა დაზამ, – რავანა, ჩემი შვილი, ჩემი ყვავილი!” ჩაიმუხლა, სახე მკვდრის თავზე დაუშვა; მლოცველივით დაიჩოქა მდუმარე ცოლისა და შვილის წინაშე, ორივეს მოსთქვამდა, ორივეს თაყვანს სცემდა. იყნოსა სისხლისა და სიკვდილის სუნი, ყვავილის ზეთის სურნელს ნარევი, რაც ბავშვს თმაზე ჰქონდა ნაცხები. გაყინული მზერით დაშტერებოდა პრავატი ორივეს.

ვიღაც შეეხო მას მხარზე. ეს ერთ-ერთი გოვინდას მთავარი კაცი იყო, ვინც უთხრა, ადექიო და გაიყვანა. მას პრავატისთვის არც ერთი სიტყვა არ მიუმართავს. მასაც – არც ერთი.

შეკრული, ურიკით გოვინდას ქალაქის საპყრობილეში წაიყვანეს. ბორკილები ნაწილობრივ გახსნილი ჰქონდა, ერთმა ჯარისკაცმა წყლის დოქი მოუტანა და ქვის იატაკზე დაუდო, მარტო დატოვეს, ჩაკეტეს და ჩარაზეს კარი. მხარზე ერთი ჭრილობა ცეცხლივით სწვავდა. წყლის დოქს მისწვდა ხელით, და ხელები და სახე გაიგრილა. დალევაც სურდა, მაგრამ თავი დაანება. მაშინ ასე ფიქრობდა, მალე მოვკვდებიო. რამდენ ხანს გაგრძელდება კიდევ ეს, რამდენ ხანს! ენატრებოდა სიკვდილი, როგორც მის დამშრალ ყელს – წყალი. სიკვდილს თუ შეეძლო მის გულში ტანჯვისთვის ბოლო მოეღო, მაშინღა ჩაქრებოდა მკვდარი ვაჟით დედის სურათი. მაგრამ ყველა წამების შიგნით გულს ულბობდა დაღლილობა და სისუსტე, ის დაეშვა და ჩასთვლიმა.

ამასობაში, როცა ამ პატარა წათვლემის შემდეგ ისევ ბინდშივე გამოერკვა, გამაყუჩებლად თვალების მოფშვნეტა სურდა, მაგრამ არ შეეძლო, ორივე ხელი დაკავებული ჰქონდა, და თან რაღაც მაგრად იყო, და როცა მოძალიანდა და თვალები გაახილა, საპყრობილის კედლები კი აღარ იყო მის ირგვლივ, არამედ მწვანე შუქი ნათლად და ძლიერად ფოთლებსა და ხავსზე მოედინებოდა, ის დიდხანს ახამხამებდა თვალებს. შუქი უხმო, მაგრამ მაგარ დარტყმასავით მოხვდა მას, საშინელმა და შემაკრთობელმა შიშმა დაუარა კეფასა და ზურგში, რამდენჯერმე კიდევ დაახამხამა თვალები, სახე ბუზღუნით შეიჭმუხნა და თვალები ფართოდ გაახილა. ის ტყეში იდგა, და ორივე ხელით წყლით სავსე თასი ეჭირა, მის ფეხებთან წყაროს აუზი აირეკლავდა ყავისფრად და მწვანედ, გაღმა, ხშირი გვიმრიანის უკან, იცოდა ქოხი იდგა, და იოგა ელოდებოდა, ვინც იგი წყალზე გააგზავნა. ხედავდა მას, ვინც საოცრად გაიცინა, და ვისაც სთხოვა, მაიას შესახებ რაღაც ცოდნა მომეციო. ის არც ბრძოლას წააგებდა და არც ვაჟს დაკარგავდა, არც მთავარი და არც მამა იქნებოდა; კარგი იყო იოგას მისთვის სურვილი შეესრულებინა, და მაიას შესახებ დაემოძღვრა: სასახლე და ბაღები, წიგნები და ფრინველთა მოშენება, მთავრის საზრუნავი და მამის სიყვარული, ომი და ეჭვი, პრავატისადმი სიყვარული და ძლიერი უნდობლობა მის მიმართ, ის ყველაფერი არაფერი იყო, – არა, არაფერი კი არა, ეს იყო მაია! დაზა შერყეული იდგა, ლოყებზე ცრემლები სდიოდა, მის ხელებში თასი კანკალებდა და ქანაობდა, რაც ეს ესაა მარტო სულისთვის ჰქონდა ავსებული, წყალი იღვრებოდა თასის პირიდან და ფეხებზე ჩამოსდიოდა. ისე იყო, თითქოს სხეულის ერთი ნაწილი მოკვეთესო, რაღაც თავისით თავიდან მოაშორესო, მასში სიცარიელე იყო, მყის წაართვეს ისევ ნაცხოვრები დიდი ხნის წლები. დაცული განძები, ტკბილ ნაგემი სიხარულები, განცდილი ტკივილები, მოთმენილი შიში, სიკვდილს მიახლოვებულად ღირებული სასოწარკვეთა, ჩაქრა და არაფრად იქცა ეს ყოველივე – მაგრამ მაინც არა არაფრად! რამეთუ გახსენება თან სდევდა მას, სურათები დარჩა მასში, ისევ ხედავდა მჯდომარე პრავატის, დიდს და გაშტერებულს, უეცრად გაჭაღარავებული თმით, კალთაში ვაჟი ეწვინა, თითქოს მან თვითონ მოახრჩოო, ნამდვილივით იდო იგი, დამჭკნარი კიდურები მუხლებზე ეყარა. ო, რა სწრაფად, რა სწრაფად და შემაძრწუნებლად, რა შემზარავად, რა საფუძვლიანად დაიმოძღვრა მაიას ცოდნით! მისთვის ყველაფერმა გადაიწია, განცდებით სავსე მრავალი წელი წამებაში შეიკვეცა, ყველაფერი სიზმარს ჰგავდა, რაც ეს ესაა დაჟინებულ სინამდვილედ ჩანდა, სიზმარს ჰგავდა ალბათ ყველაფერი ის სხვა, რაც ადრე მოხდა, ამბები მთავრის ვაჟ დაზაზე, მის მწყემსურ ცხოვრებაზე, მის დაქორწინებაზე, ნალას შურისძიებაზე და მარტოსულთან თავშესაფარზე; სურათები იყო ეს, რასაც შეეძლო ადამიანი სასახლის ამოკვეთილ კედელზე გაეოცებინა, ფოთლოვან ტყეში, სადაც ყვავილები, ვარსკვლავები, ჩიტები, მაიმუნები და ღმერთები ჩანან, და ეს იყო, რაც მან ახლა განიცადა და რაც თვალწინ ჰქონდა, ეს გაღვიძება მთავარობიდან, ომობიდან და პყრობილობიდან, ეს დგომა წყაროსთან, და ეს წყლის თასი, საიდანაც ოდნავ დაეღვარა წყალი აზრებთან ერთად, რასაც აქ ფიქრობდა – ეს ყველაფერი მაინც ბოლოს ამ მასალიდან არ იყო, არ იყო ის სიზმარი, მირაჟი მაია? და რასაც ის კიდევ მომავალში განიცდის და თვალით ნახავს და ხელით შეეხება, ვიდრე ერთადერთამდე, მის სიკვდილამდე – ეს სხვა მასალისგან იყო, სხვა სახის იყო? თამაში და მოჩვენებითობა იყო ეს, ქაფი და სიზმარი, მაია იყო ეს, მთელი, ლამაზი და შემზარავი, შემაკრთობელი და სასოწარმკვეთი სურათთა თამაში, ცხოვრებისეული მხურვალე სიამენით, მწველი სალმობანით.

დაზა იდგა ისევ კვლავ გაოგნებული და დაუძლურებული. კვლავ ირყეოდა მის ხელებში თასი, წყალი იღვრებოდა დაბლა, ცივად ესხმოდა ფეხის თითებზე და იღვრებოდა. რა უნდა ექნა? თასი ისევ აევსო, იოგასთვის უკან მიეტანა, იგი ყოველივე ამაზე გაეცინებინა, რაც მან სიზმარში განიცადა? ეს აღარ იყო მომხიბლავი. მან თასი დაუშვა, გადმოაქცია და ხავსში ისროლა. მწვანეზე დაჯდა და სერიოზულად ჩაფიქრება დაიწყო. საკმაოდ და საკმაოზე მეტადაც იგემა ეს ზმანება, განცდათა, სიხარულთა და ტკივილთა დემონური წნული, რაც ადამიანს გულს მოუკლავს და სისხლს გაუჩერებს და ეს ყველაფერი უცებ მაიად იქცევა და ადამიანს გიჟივით უკან ჩამოიტოვებს, საკმაოდ მიიღო ყველასგან ყველაფერი, აღარ მიისწრაფვოდა ქალისა და შვილსაკენ, ტახტისა და გამარჯვებისაკენ, არ ეშურებოდა შურისგებას, არც ბედნიერებასა და არც სიჭკვიანეს, არც ძალაუფლებასა და არც სათნოებას. არაფერს მიელტვოდა სიმშვიდის გარდა, დასასრულის გარდა, სხვა არაფერი სურდა გარდა ამ მარად მბრუნავი ბორბლისა, ამ უსასრულო სურათების ნახვის შეჩერებისა და ჩაცხრობისა ისე, როგორც მაშინ სურდა, როცა იმ ბოლო ბრძოლაში მტერს შეასკდა, რათა მოესრა და თვითვონაც დარტყმებს იღებდა, ჭრილობებს მიაყენებდა და თვითონაც იჭრებოდა, ვიდრე არ დაეცა. მაგრამ რა? შემდეგ დრო დადგა გულის წასვლისა თუ თვლემისა, თუ სიკვდილისა, და ამავდროს მაინც იყო ისევ მღვიძარე, ცხოვრების ნაკადები მის გულში უნდა შესულიყო და საშიში, ლამაზი, შემაძრწუნებელი სურათთა ნაკადი, მის თვალებს ახლიდან რომ აწყდებოდა უსასრულოდ, ღვარად, შემდეგ გულისწასვლამდე, შემდგომ სიკვდილამდე. ეს იყო, ალბათ, შესვენება, მოკლე, პატარა შესვენება, ერთი ამოსუნთქვა, მაგრამ შემდეგ ისევ წავიდოდა ყველაფერი, და იქნებოდა ათასობით ფიგურიდან ისევ ერთი ცხოვრების ველურ, დამათრობელ სასოწარკვეთილ ცეკვაში. აჰ, არ იქნება ჩაქრობა, არ იქნება დასასრული.

მოუსვენრობამ კვლავ ფეხზე ატრიალა. როცა ამ დაწყევლილ წრიულ ცეკვაში სიმშვიდე არ არსებობდა, რომ თავისი ერთადერთი მონატრებული სურვილი შესრულებულიყო, და ასევე მშვენიერად შეეძლო თავისი წყლის ჭურჭლის ავსება და მოხუც კაცთან მიტანა, რაც მან უბრძანა, თუმცა მისთვის, მართლაც, არაფერი ჰქონდა საბრძანებელი. ეს იყო მსახურება, რასაც მისგან მოითხოვდნენ, ეს იყო დავალება, მისთვის უნდა დაეჯერებინა და შეესრულებინა, ეს უკეთესი იყო, ვიდრე ჯდომა და თვითმკვლელობის მეთოდების მოფიქრება, საერთოდ, ეს იყო დამორჩილება და მსახურება უფრო ადვილი და უკეთესი, უფრო მეტად უცოდველი და სასარგებლო, ვიდრე ბატონობა და პასუხისმგებლობა, რამდენადაც მან იცოდა. კარგი, დაზა, მაშინ აიღე თასი, მკვირცხლად აავსე წყლით და შენ ბატონს მიუტანე.

როცა ქოხთან მივიდა, ოსტატმა განსაკუთრებული მზერით მიიღო, მსუბუქი შეკითხვის ინტერესით, ნახევრად თანაგრძნობით, ნახევრად გაგების მხიარული მზერით, იმ მზერით, როგორც უფროსი ბიჭი უმცროსს შეხედავს ხოლმე, როცა ერთ დამძაბველ და რაღაც დასარცხვენ თავგადასავლიდან მოსულს ხედავს, როცა მას ვინმე ვაჟკაცობაში გამოსცდის და დასჯის, ეს მწყემსი პრინცი, ეს მისგან გაქცეული საბრალო ბიჭი, წყაროდან ხომ მარტო მოვიდა, წყალი მოიტანა და თხუთმეტი წუთიც კი არ გასულა ჯერ, მაგრამ ის საპყრობილედან მოვიდა, ჰყავდა ცოლი, ვაჟი და მთავრობა და დაეკარგა, ადამიანის ცხოვრება დაამთავრა და მზერა მბრუნავ ბორბალზე გადაიტანა. სავარაუდოდ, ეს ყმაწვილი კაცი ადრე უკვე ერთხელ ანდა რამოდენიმეჯერ გამოღვიძებული იყო და სინამდვილე სავსედ შეისუნთქა, თორემ აქ არ მოვიდოდა და დიდხანს არ დარჩებოდა. ახლა კი ჩანს, სწორად გამოღვიძებული და მომწიფებულია გრძელ გზაზე დასადგომად. რამდენიმე წელი იქნება საჭირო, ამ ახალგაზრდა ადამიანს თავდაჭერა და სუნთქვა სწორად რომ წარუმართონ.

მხოლოდ ამ მზერით, რასაც კეთილმოსურნეობის განცდისა და მინიშნების კვალი ატყვია და მათ შორის შემდგარ დამოკიდებულებას მოიცავს, დამოკიდებულებას მაისტერსა და მოწაფეს შორის – მხოლოდ ამ მზერით შეასრულა იოგამ მოწაფის მიღება. ამ მზერამ განდევნა უსარგებლო ფიქრები მოწაფის თავიდან და მიიღო აღზრდასა და მსახურებაში. მეტი აღარაფერია დაზას ცხოვრებიდან მოსაყოლი, დანარჩენი შესრულდა სურათთა და აზრთა მიღმა. მას ტყე მეტად აღარ მიუტოვებია.