(წერილი გარკვეული შემცირებებით გამოქვეყნდა ჟურნალ “ქვაკუთხედის” 2009 წლის თებერვალ-მარტის ნომრებში)
ავტორისა და მთარგმნელის შესახებ
არქანჯელო ლამბერტი იყო კათოლიკი მისიონერი, რომლიც 1631 წელს ჩამოვიდა საქართველოში და 18 წელიწადი აქ გაატარა, ძირითადად სამეგრელოში (1633-1649 წწ.), ოდიშის მთავრის ლევან II დადიანის დროს. იტალიაში დაბრუნებულმა 1654 წელს ნეაპოლში გამოსცა თავისი წიგნი „სამეგრელოს აღწერა“, რომელიც მისი 16-წლიანი დაკვირვების შედეგს წარმოადგენს. წიგნი შედგება 36 თავისგან, რომლებშიც განხილულია იმდროინდელი სამეგრელოსა და დასავლეთ საქრთველოს სხვა კუთხეების, განსკუთრებით იმერეთის სამეფოსა და აფხაზეთის სამთავროს ცხოვრების ცალკეული საკითხები, მოსახლობა, ბუნების აღწერილობა და სხვა. ამ წერილში ჩვენ ამოვიღეთ პრაქტიკულად ყველაფერი, რაც შეეხებოდა ავტორის ცნობებს აფხაზეთისა და აფხაზების შესახებ. ეს პერიოდი განსაკუთრებით საყურადღებოა ჩვენთვის იმიტომაც, რომ 70-80იანი წლების ქართულ საზოგადოებაში მიჩნეული გვქონდა, და ბევრწილად დღესაც ასეა, რომ ძირძველი აფხაზები იყვნენ ქართული მოდგმისა, ქართულ ენაზე მოლაპარაკენი, რომ XVII საუკუნიდან ცალკეულ სამეფო-სამთავროებად დაქუცმაცებულ და დასუსტებულ ქართულ სახელმწიფოში ჩრდილო-კავკასიიდან იწყება არაქართული ელემენტების _ ჩეჩნების (ქისტების), ლეკების, ოსებისა და ჩერქეზული ტომების ჩამოსახლება, რის გამოც აფხაზეთში მოხდა ძირძველი მოსახლეობის ასიმილაცია და იქ ადიღეურ-ჩერქეზული ენის გაბატონება. სწორედ ასეთ იდეოლოგიაზე დაყრდნობით ვუჭერდით პირადად მე მხარს იმ ლოზუნგებს, რომლებსაც აყენებდა 80-იანი წლების ეროვნული მოძრაობა, და, სამწუხაროდ, თანაგრძნობითა და მხარდაჭერით შევხვდი იმ ომსაც, რომელიც დაიწყო 1992 წლის ზაფხულში.
ჩვენ ვიცით, რომ ღმერთი მოწყალეა, რომ ჩვენ მისთვის ყველანი საყვარელი შვილები ვართ, რომ როგორც მამას, არ სურს თავისი შილების ტანჯვა და უბედურებანი, მაგრამ მეორეს მხრივ, ჩვენს განსცდელებს აგერ უკვე თითქმის ორი ათეული წლის მანძილზე არ უჩანს დასასრული. სწორედ ამიტომ მე, არაისტორიკოსს მომიხდა საქრთველოს ისტორიის ცალკეული წყაროების გაცნობა და შესწავლა, რათა უფრო კარგად გავცნობოდი თუნდაც ჩვენი თნამედროვე სატკივარის ისტორიულ ფესვებს. არქანჯელო ლამბერტის წიგნი შეეხება დასავლეთ საქართვლოს ცხოვრების აღწერას სწორედ XVII საუკუნის პირველ ნახევარში, როდესაც ჩვენში არსებული შეხედულებით, უნდა დაწყებულიყო ჩრდილო-კავკასიური ტომების თანდათანობით ჩამოსახლება აფხაზეთში, და იქ მყოფი ძირძველი ქართული მოსახლეობის ადიღეურ-ჩერქეზულად ასიმილაცია. მაგრამ ლამბერტი ამბობს, რომ იმ ხანად აფხაზები იყვნენ ქრისტიანები და მათ ჰქონდათ საკუთარი ენა, რომელიც განსხვავდებოდა მეგრელების, სვანების, ჩერქეზებისა და სხვა მეზობელი ხალხების ენებისგან ისე, რომ მათ ერთმანეთის ენა არ ესმოდათ, თუკი სპეციალურად არ შეისწავლიდნენ. ასევე ამბობს, რომ იმ ხანად სამეგრელოშიც კი მოსახლეობის უმეტსობამ აღარ იცოდა ქართული ენა, და მხოლოდ ქალები ინახავდნენ ქართული დამწერლობის ცოდნას თავიანთ გარემოში, რადგანაც მთლიანად და განსაკუთრებით სამეგრელოს მოსახლეობის მდაბიო ფენებს ქართულის ცოდნა პრაქტიკულად არ სჭირდებოდათ. ესეც ჩვენი საერთო ისტორიის ერთერთი ფურცელია, და იგი ჩვენ უნდა ვიცოდეთ, თუკი ცხოვრების გზაზე სწორად გვინდა სიარული, და არა რაღაც ლამაზ-ლამაზ ხიბლებს გამოკიდება. ამიტომ, პირადად მინდა ამ წერილში მე პატიება ვთხოვო აფხაზებს იმ ჩემი მცდარი შეხედულებისთვის, რომელიც შეეხება თანამედროვე აფხაზური მოსახლეობის არაძირძველობას აფხაზეთის ტრიტორიაზე, თუნდაც მდ. კოდორის ჩრდილო-დასავლეთ მხარეში, ასევე ჩემი მხარდაჭერისთვის სადაო საკითხის იარაღის ძალით გადაწყვეტის მიდგომისადმი, რაც ამდენი სისხლის, მსხვერპლის, სირცხვილისა და უბედურების ფასად დაუჯდათ როგროც აფხაზებს, ასევე ქართველებსაც. თუმცა კი ჩვენს შორის ბევრი სადაო საკითხია შესასწავლი და გასარკვევი, მგრამ ეს უნდა მომხდარიყო არა ომის, არამედ სწავლის, ცოდნისა და ზნეობით სიარულის გზით. ამ ნაშრომის გარდა თარგმნილი მაქვს XIX საუკუნის რუსი ისტორიკოსის, აკადემიკოს ნიკოლოზ დუბროვინის წერილი „აფხაზები (აზეგა)“ მისი მრავალტომიანი ნაშრომიდან „ომისა და კავკასიაში რუსების მფლობლობის ისტორია“ (ტ. 1 წიგ. 2), რომლის შედარებით დიდი მოცულობის გამო (80 კომპიუტერულ გვერდამდე) ჩვენს ჟურნალში მისი გამოქვეყნება გაჭირდება.
ასევე ვიტყვით, რომ არქანჯელო ლამბრეტის წიგნი შეეხება ოდიშის, ასევე ნაწილობრივ, აფხაზეთის ისტორიული ცხოვრების მხოლოდ ერთ მონაკვეთს, არსებობს მრავალი სხვა წყარო და გამოკვლევა, რომლებიც დაინტერესებულ მკვლევარებს მისცემენ სრული სურათის აღდგენის კარგ საშუალებას. ასე, რომ სამკალი ფრიად არს, და მუშაკნიც საჭირონი არიან ქვეყნისა და ერის საკეთილდღეო შრომისა და მოღვაწეობისთვის. ერთ ერთი ასეთ მუშაკთაგანი XIX-XX საუკუნეებში გახლდათ ალექსანდრე ჭყონიაც, (1855-1907), რომელმაც მიიღო იურიდული განათლება, იცოდა ევროპული ენები და ჯეროვნად ჰქონდა შესწავლილი ლიტერატურა და ისტორია, სქართველოს შესახებ ევროპელი ავტორების ცნობებს თარგმნიდა და ქართულ პრესაში აქვეყნებდა იტალიური და ფრანგული წყაროებიდან. ქართველ მკითხველს მან გააცნო არქანჯელო ლამბერტის, პიეტრო დელა ვალეს, იოსაფა ბარბარასა და ამბროზიო კონტარინის, ტავერნიესა და სხვათა ნაშრომები და ცნობები საქართველოს შესახებ. ალ. ჭყონია გახლდათ ყველა ქართული კულტურული ორგანიზაციის _ წერა-კითხვის საზოგადოების, ბანკის, დრამატული საზოგადოების, სტუდენტთა დამხმარე საზოგადოებისა და მრავალი სხვა დაწესებულების მონაწილე და ხელმძღვანელ მუშაკთაგანი; რედაქტორობდა ყოველთვიურ ჟურნალს „მოამბე“ (1894-1905 წწ.) და გაზეთს „სახალხო ფურცელი“ (1903 წლამდე). განუწყვეტელი შრომით ადრე დასნეულებული იგი გარდაიცვალა 1907 წ. ოქტომბერში.
და ასეთი მოღვაწეები უსახსრობისა და მძიმე შრომისგან ქანცგაწყვეტილები მიდიოდნენ ამ ქვეყნიდან, როდესაც ქართული საზოგადოების ერთი ნაწილი ქეიფებსა და გართობებში კლავდა დროს, ხოლო მეორე კი ანტიქრისტიანულ მარქსისტულ მოძრაობაში იყო ჩართული სოციალური სამართლიანობის მისაღწევად და უღმერთო საზოგადოების ასაშენებლად. რაღაც მსგავსი ხდება ჩვენს დღევანდელობაშიც, ხოლო ისტორიის გაკვეთილები ბევრს ვერაფერს ასწავლის თუნდაც მის იმ ნაწილს, რომელსაც საკუთარი თავი ერის განათლებულ, კულტურულ და მოაზროვნე ავანგარდად მიაჩნია, რაც მეტად სამწუხაროა, ვინაიდან მათი ასეთი გულცივობა მოსალოდნელი დიდი განსაცდელებისა და უბედურებების მომასწავებელი და საწინდარია _ თუკი მშვიდობიანი ცხოვრება ვერ ასწავლის ადამიანებს გულისხმიერებას, მაშინ უკვე ღვთის განგებით, შესაძლოა, დაგვიდგეს ომისა და სხვა უბედურებების ხანა, რათა განსაცდელებმა და გაჭირვებამ მაინც ასწავლოს მათ ყველაზე უფრო ადამიანური და ღვთივსათნო გრძნობა _ გულისხმიერება და მოყვასის, საზოგადოების ბედნიერებისთვის მოღვაწეობა.
თავი 1. კოლხიდის მდებარეობა და საზღვრები
ძველი პოეტებისგან ფრიად სახელგნთქმული კოლხიდა არის აზიის ის ნაწილი, რომელიც მდებარეობს შავი ზღვის უკიდურეს ნაპირზე და რომელსაც მკვიდრნი უწოდებენ ოდიშს და სხვები კი სამეგრელოს (Mengrelia).
კოლხიდა მდებარეობს იმერეთსა (აგრეთვე ბაში-აჩუქად წოდებულსა) და აფხაზეთს შუა. იმერეთი აღმოსავლეთით აქვს და აფხაზეთი _ ჩრდილოეთით. იმერეთისგან მას ჰყოფს სახელგანთქმული მდ. ფაზისი, რომელიც მკვიდრთაგან იწოდება რიონად. ეს მდინარე გამოდის კავკასიის მთებიდან. მას შეერთვის მეორე მდინარე, სახელად ცხენის-წყალი, რომელსაც ძველი ბერძნები ჰიპოსად (ცხენი) უწოდებდნენ (1).
.................
რიონი ჰყოფს აგრეთვე სამეგრელოსა და გურიას და ბოლოს წყნარად შეერთვის ზღვას სებასტოპოლის მახლობლად, რომელიც ძველად წარჩინებულ ქალაქს წარმოადგენდა და დღეს კი წყალში ჩანთქმულია. კოლხიდის საზღვარია აფხაზების ანუ აბაშების მხრით მდინარე, რომელიც მკვიდრთაგან იწოდება კოდორად და ჩემის აზრით ის ძველთა კორაქსია. დასავლეთის მხრით კოლხიდის საზღვარია შავი ზღვა ანუ პონტუს ევქსინუსი, რომლის უკიდურესი ნაპირი, სტრაბონის სიტყვით, სწორედ აქ არის. ჩრდილო-დასავლეთით იწყება კავკასიის მთების ზურგი.
ამ მთების ზურგზე სახლობენ ველური და ბარბაროსი ხალხები, რომელთა აღწერა და ჩვეულებათა ჩამოთვლა მოითხოვდა ძლიერ გრძელ მოთხრობას და მთელი წიგნების დაწერას, უმახლობელესნი არიან აფხაზები, ალანები, სვანები, ყარაჩაელები (caraccioli), ჯიქები და ჩერქეზები. ესენი ყველანი ქრისტიანებად იწოდებიან, მაგრამ კანონები კი არა აქვთ, ეტანებიან ნადირობას და მტაცებლობას. მათის ენებისა და კილო-კავების სხვადასხვაობა გასაკვირველია. თვითოეული ამ ხალხთაგანი ხმარობს საკუთარ ენას, რომელიც განირჩევა მეორე ხალხის ენისგან იმდენად, რომ არავითარი მსგავსება ბგერისა მათ შორის არ არის.
...................
თავი 3. კოლხიდის აწინდელი მთავრების ჩამომავლობა
ყველაზე უფროსია მთავარი, რომელსაც ჰქვიან დადიანი. ასე უწოდებენ მის გვარს და არა ღირსებას (2). მეგრული სიტყვა „ხელმწიფე“ ნიშნავს იმას, რასაც იტალიური „il Re“. ეს წოდება კიდეც შეეფერება დადიანის ღირსებას. ამიტომაც როცა უნდათ მოიხსენიონ მისი ღირსება, ამბობენ: „დადიანი ხელმწიფე“. ხოლო მისი ჩამომავლობა მომდინარეობს არა საქართველოს მეფეებისგან, არამედ მათი თანაშემწეებისგან (ministri).
საქართველოს მეფეები წინათ ფრიად ძლიერი იყვნენ და მათი უფლება დიდზე იყო გავრცელებული...
იმ დროს საქართველოს სამეფო (l’imperio Giorgiano) გავრცელებული იყო ირანის მხრით თავრიზამდი და თურქეთის, ანუ უკეთ ვთქვათ, სამცხის მხრით _ არზრუმამდი. კოლხიდისაკენ კი საქართველოს სამეფო მიდიოდა კაფამდი, რომელიც ხერსონესშია (3).
ამ მხრით საქართველო შეიცავდა თავის სამფლობელოში აფხაზებს, ანუ აბასქებს, ჩერქეზებს და ჯიქებს, ანუ ძიქებს. საქართველოს სამეფოს რომ ასეთი სივრცე ეჭირა, ამის ცხადი კვალი დღესაც იპოვება იქ. არზრუმის ქალაქის მახლობლად ახლაც მოიპოვება ქართული სოფლები. უწინდელ დროში თვით ამ ქალაქში იჯდა ქართველი ეპისკოპოსი, არზრუმელად წოდებული. კოლხიდის გარედ, აფხაზების და ჯიქების ქვეყანაში, მშვენირი ტაძრები დგანან ქართულად აშენებულები და ქართულის ზედწარწერებით; მაგალითად ანაკოფიაში და ბიჭვინთაში არის კოლხიდის, გურიის და იმერეთის პატრიარქის საჯდომი. ირანის მხრითაც, თვით თავრიზამდი, როგორც ქართული ეკლესიების, ისე ქართული სოფლების ცხადი კვალი დღესაც ჩანს.
....................
თავი 4. აწინდელი მთავარი კოლხიდისა
კოლხიდის აწინდელ მთავარს ჰქვიან ლევან. იგი არის შემდეგ აჯანყებისა მეხუთე დამოუკიდებელი მთავარი, შვილი მანუჩარისა (4). მამა მისი მანუჩარ ერთ დღეს სანადიროდ გამოვიდა და, როცა ცხენით გამოუდგა ირემს, დაეტაკა მეორე ცხენოსანს, რომელიც მისდევდა თურმე იმავე ირემს. უბედური მანუჩარ ისე ძლიერ დაეტაკა, რომ სულ დაიმსხვრა, და იქავე სული განუტევა. ამ მანუჩარს მემკვიდრედ დარჩა მცირეწლოვანი ლევან, რომელიც სრული 14 წლისაც არ ყოფილა. ამის გამო ხალხის ჩვულებისამერ, მას ამოურჩიეს ხელმძღვანელი ანუ მზრუნველი, რომელსაც მასთან ერთად უნდა განეგო მთავრობა და კეთილად წაეყვანა სახელმწიფოს საქმეები. ასეთ მზრუნველად დაუნიშნეს მას მისი ბიძა გიორგი ლიპარტიანი, კაცი ფრიად სამართლიანი და სახელმწიფო საქმეებში კარგად გამოცდილი. ეს გიორგი განაგებდა ყველაფერს ფრიად ერთგულად და ისე მიჰყავდა საქმეები, რომ მისი გამგეობის დროს კოლხიდაში არავითარი არეულობა და აჯანყება არ მომხდარა. ყმაწვილი ლევან განავითარა ყველა იმ ვარჯიშობაში, რომელიც შეეფერებოდა მთავარს.
როცა დრომ მოაწია, ლევანმა თვითონ დაიწყო სამთავროს გამგეობა და ცოლად შეირთო აფხაზების მთავრის შარაშიას (Sciarapscia) ქალი (5). ეს ქალი იყო ბუნებით ლამაზი და სავსე ყველა სათნოებითა, რომელიც შეეფერებოდა მისი გვარის ქალს: ქარგვაში, წერა-კითხვაში, გულუხვობაში და ზრდილობაში მას ტოლი არ ჰყავდა. თავის სანოებით მან მიიზიდა ყველა თავის ქვეშევრდომის გული. მალე ამ ქალისაგან ეყოლა მთავარს ორი ვაჟი, რომელთაც სიყრმიდანვე ეტყობოდათ რომ იქმნებოდნენ ნამდვილი მემკვიდრე დედის სათნოებისა და მამის ახოვნებისა. ამიტომაც მოხარული იყვნენ ქვეშევრდომნი და ფიქრობდნენ, რომ ამათი ჩინებული მთავრობა დაამყარებსო მშვიდობას და მყუდროებას.
ხოლო ეშმაკმა, რომელიც არის მთესველი ამბოხებისა და მტერი ყოველი მშვიდობისა, ჩქარა ჩამოაგდო მთელ კოლხიდაში საშინელი შფოთი. ამ შფოთმა ნელ-ნელა იზარდა და ბოლოს ისე გადიდდა, რომ არია მთელი ქვეყანა და მოსპო ყოველივე მშვიდობიანობა. მთავრის ბიძას ლიპარტიანს ჰყავდა ცოლად ყმაწვილი ქალი, თუმცა თვითონ მოხუცებული იყო. ეს ქალი, სახელად დარეჯანი, იყო ჭილაძის (Cilazze) გვარისა. ჭილაძეები იყვნენ პირველი თავადები ოდიშისა. ქალი ძრიელ ლამაზი იყო და ხნით უფრო შეეფერებოდა ყმაწვილს მთავარს, ვიდრე მოხუცებულს ლიპარტიანს. მართლაც, იგი უფრო თამამად იყო დადიანთან და საიდუმლოებასაც იმას უფრო უზიარებდა, ვიდრე თავის ქმარს. ხშირად ერთად იყვნენ და ესიყვარულებოდნენ ერთმანეთს. ბოლოს ცხადად გამოჩნდა, რომ მოკლე ხანსაც არ შეეძლოთ გაძლება უერთმანეთოდ. მოხცებულს ბიძას არავითარი ეჭვი არ ჰქონდა, რადგან ერთის მხრით, მთავარი ცოლიანი იყო და, მეორე მხრით, მათ შორის ახლობელი ნათესაობა იყო. მხოლოდ საიდუმლო ალი სულ უფრო და უფრო ძლიერდებოდა და ბოლოს იმისთანა ცეცხლად გარდაიქცა, რომ მთელმა კოლხიდამ შეამჩნია.
ამ დროს მტერი კაცთა ნათესაობისა უქმად არ იყო და ცდილობდა შფოთი გაეძლიერებინა. მაშინ, როდესაც მთავარი, გატაცებული ლიპარტიანის ცოლის სიყვარულითა, ცდილობდა თავის სურვილის დაკმაყოფილებას, სხვა მის ცოლს, დედოფალს, ეტრფიალებოდა და უსირცხვილოდ დაუახლოვდა. ეს იყო მისი ვეზირი სახელად პაპუნა (Paponia), _ იგი, ვითარცა მეორე პირი მეფის შემდეგ, ყოველივეს განაგებდა სახელმწიფოში. ასეთი საქმე ხომ დიდ ხანს არ დაიმალება და, მართლაც, მალე გამოაშკარავდა მთელ კოლხიდაში და ბოლოს მთავრის ყურამდისაც მიაღწია. მთავარი საშინლად გაბრაზდა. მაშინვე გააგდო ცოლი და ბერძნების სჯულისამებრ, შესარცხვენად ცხვირი მოსჭრა; მერე შეკრიბა ჯარი და ქალი წაიყვანა მის მამასთან. მამამისს შეეშინდა ამ უეცარი თავდასხმისა და მთელი თავისი ერით მთებში გაიქცა. დადიანმა მოარბია ქვეყანა, ცეცხლითა და მახვილით გაანადგურა ყოვლივე, და უკან დაბრუნდა თავის სამთავროში; ცოლი კი იქ დასტოვა მარტოკა.
რაც შეეხება მის ვეზირს, რადგან იგი ძლიერ პატივცემული იყო მთელს ოდიშში და ქვეშევრდომებს დიდად უყვარდათ, ამისთვის, შინაური ომი რომ არ გამოეწვია, მთავარი უფრო გულდამჯდარად მოიქცა მის შესახებ და დაკმაყოფილდა მით, რომ დაატუსაღა და გადასცა გურიის მთავარს, თავის ბიძაშვილს, რათა შეენახა იმ დრომდი, ვიდრე მისი საქმე არ გათავდებოდა.
დადიანი, რომ უცოლოდ დარჩა, ბიცოლასადმი სიყვარული უფრო გაუძლიერდა და ცეცხლმა ერთბაშად იფეთქა: მთავარმა დაარღვია ყოველივე კანონი, როგორც ბუნებისა, ისე ღვთისა, და გარდასწყვიტა ძალით შეერთო ცოლად თავისი ბიცოლა. როცა მისი მოხუცებული ბიძა სრულიად დამშვიდებული იყო და არ მოელოდა ასეთს ამბავს, მთავარი მრავალის თავადებით და დიდებულებით მივიდა მის სახლში და წამოიყვანა იქიდან დარეჯან ყველა მისი ქალებით და მოიყვანა სასახლეში, სადაც დიდის ამბით დაიწერა ჯვარი და გახადა იგი დედოფლად. ლიპარტიანმა რომ ნახა, ძმისწულმა ასე შეურაცხმყოო, ტირილის გადახდას შეუდგა იმ დროს, როცა სასახლეში დიდის ამბით სისხლის-შემრევ მეუღლეთა ქორწილს იხდიდნენ.... მთელი ქვეყანა დასებად დაიყო: უფრო მჩატენი თანაუგრძნობდნენ მთავრის აღვირახსნილობას და მიემხრნენ მას. უფრო გონიერნი და ხნიერნი კი თანაუგრძნობდნენ მოხუცებულს და იმისკენ იყვნენ.
როგორც ერთის მხრით, ისე მეორეს მხრით ამზადებდნენ იარაღს, რათა ამით დაებოლოვებინათ ეს სამწუხარო დავა. მაგრამ მოხუცის უეცარმა სიკვდილმა, რომლის მიზეზი არ ვიცი, მწუხარება იყო, თუ სხვისი იდუმალი ხელი, დააცხრო ეს არეულობა და დარეჯან დარჩა მთავრის ცოლად და დედოფლად.
ამ დროს ვეზირმა, რომლიც გურიელს ჰყავდა დამწყვდეული, იფიქრა, რომ როგორც კი კოლხიდაში სიმშვიდე ჩამოვარდება, მაშინვე დადიანი ჩემზე ჯავრის ამოყრას მოინდომებსო იმ დიდი დანაშაულისათვის, რომელიც მე ბრალად დამედოო, და ამიტომ აირჩია თავის სარგებლობისთვის ახალი არეულობა გამოეწვია და დადიანის წინააღმდეგ ღალატი გამოეწყო. ვეზირმა იცოდა, რომ ოდიშში დადიანმა სისხლის-შემრევი ქორწინებით და თავისი კეთილ-მყოფელი ბიძის შეურაცხყოფით ბევრი უგონიერესი კაცი მოიმდურა; რომ, სხვათა შორის, მის სიძეს, გურიელსაც გული აუვარდა დადიანზე, როგორც თვითონ გურიელისგან გაეგონა კერძო ლაპარაკის დროს. თავის მჭერმეტყველებით ვეზირმა გურიელი დააჯერა, რომ დადიანი ისე თავდაუჭერელი შეიქმნა, რომ, ვიდრე ის მთავრად დარჩება, მის სამთავროში მშვიდობა არ ჩამოვარდება. პირიქით, მისი დაუცხრომელი ხასიათის მიზეზით, მომიჯნავე მთავრებს ხშირად დაეცემა და დააზიანებსო. ამიტომაც უკეთესი იქნებაო, რომ კოლხიდის მთავრად გავხადოთ მისი ძმა იოსებიო, კაცი ბევრად უფრო სასიამოვნო, კაცთმოყვარე, ზრდილობიანი, დამჯდარის ხასიათისა და ამას გარდა ხალხისაგან მეტად პატივცემული და თაყვანსაცემიო.
ვეზირმა საქმე ისე წაიყვანა, რომ მარტო გურიელი კი არა, იმერეთისა და აფხაზეთის მთავრებიც მოიმხრო და მათ შორის დააარსა საიდუმლო კავშირი, რომელსაც საგნად ჰქონდა დადიანის მოკვლა და მის მაგიერ მისი ძმის იოსების გამთავრება. ყოველივე მოისაზრეს, იშოვეს ერთი აფხაზი, რომელიც დახელოვნებული იყო ასეთს საქმეებში და მიანდეს დადიანის მოკვლა. აფხაზი თვალს ადევნებდა მთავარს და ყოველგან დასდევდა მას, სადაც კი წავიდოდა იგი თავის კარის კაცებით. აფხაზი ცდილობდა ამოერჩია მარჯვე დრო, რომ სისრულეში მოეყვანა თავისი ბოროტი განზრახვა. კიდეც იპოვა ასეთი დრო მაშინ, როცა დადიანს არავითარი ეჭვი არ ჰქონდა, რომ მის წინააღმდეგ ასეთი ბოროტ-განზრახულობა არსებობდა.
აფხაზმა გაიგო დადიანის ჩვეულება, რომ ყოველ საღამოს ვახშამს ერთსა და იმავე ადგილას მიირთმევსო; იმ ადგილას ხის ტიხარი არისო, რომელსაც დადიანი ზურგით მიაწვება ხოლმეო. გაენდო მერიქიფეს, რომელიც დიდი ერთგული იყო იოსების და სთხოვა მაცნობეო, როცა დადიანი ვახშმის დროს ჩვეულებრივზე უფრო გონება გაფანტული იქნესო, მერიქიფემ შეპირებისამებრ ანიშნა. აფხაზი ზურგში მიეპარა დადიანს და ტიხარიდან მახვილი ისე ჩასცა, რომ მის წვერს პირდაპირ გულში გაევლო. მაგრამ დადიანი, როგორც კი იმან იგრძნო მახვილის წვერი, პირქვე დაემხო სუფრაზე. ამგვარად გადარჩა სიკვდილს და მხოლოდ სუბუქი ჭრილობა მიიღო. აფხაზმა მაშინვე თავს უშველა, მარდად შეახტა ცხენს და ბნელის ღამის წყალობით ისე გაიპარა, რომ შემდეგ მისი სახსენებელიც ვერავინ ვერ გაიგო.
...........................
კოლხიდაში ხმა გავრცელდა, რომ ამდენის მკვლელობის შემდეგ დადიანის გული იმდენად გაბოროტდა, რომ თავისი შვილები, რომელნიც პირველის ცოლისაგან ჰყავდა, მოწამლაო. ჰფიქრობდნენ, რომ დადიანმა ასეთი სისასტიკე ახალის ცოლის ჩაგონებით ჩაიდინაო. ამ ქალს, რასაკვირველია, უნდოდა, რომ დადიანის მემკვიდრეობა მიეღოთ მის საკუთარს შვილებს და არა აფხაზის ქალისას. ამბობენ, მეორე ცოლი თურმე დადიანს ხშირად მოაგონებდა, დარწმუნებული არ უნდა იყო იმაში, რომ პირველი ორგული ცოლის ნაშობი ვაჟები შენი კანონიერი შვილები არიანო, ერთის თვის განმავლობაში პირველი ცოლისგან შეძენილი ორივე შვილი მოკვდა. თუმცა მათ საფლავზე ბევრი ცრემლი დაიღვარა, მაგრამ იქ მამის ცრემლი არ დაღვრილა; მათ არც თავის წინაპრებთან ერთად სამეფო აკლდამაში დაკრძალვა ღირსებიათ.
დადიანმა რომ ამგვარად თავისი საქმე შეასრულა და სამთავროს საქმეები მოარიგა, მაშინ განიზრახა აფხაზების დამორჩილება. აფხაზები ბუნებითაც მოუსვენარნი არიან და, ამას გარდა, დადიანისგან თავს შეურაცხყოფილად სთვლიდნენ, რადგან ამან გააგდო ცოლი, მათის მთავრის ქალი. ამის გამო აფხაზები ისე ბრაზ-მორეულნი იყვნენ დადიანზე, რომ იმ დროს, როცა დადიანი გართული იყო თავის ძმისაგან დაწყებული ამბოხების დაცხრომის საქმეში, სულ თავს ესხმოდნენ სამეგრელო საზღვრებს, რომელიც თითქმის სრულიად გააოხრეს, მცხოვრებლები დაატყვევეს და აფხაზეთში გადაასახლეს. დადიანმა, როგორც კი შინაური საქმეებისაგან მოიცალა, საჩქაროდ გაილაშქრა აფხაზების წინააღმდეგ და მალეც დაამარცხა იგინი. აფხაზებმა მორჩილება განუცხადეს, ხარკი იტვირთეს, მაგრამ, რადგან ეს ხალხი მოქალაქობას და ვაჭრობას მოკლებულია, და არც ფული გააჩნია, არც საქონელი ხარკის გადასახდელად, _ დადიანმა მათ ხარკად დაადვა რამდენიმე მწევარ-მეძებარი და მიმინო, რომლებითაც აფხაზები ნაქებია.
.........................
თავი 13. დამნაშავეთა დასჯა
ეხლანდელს მეტად გულკეთილ მთავარს ჩვეულებად არა აქვს სიკვდილით დასჯა არც ერთი დანაშაულობისათვის, რაც უნდა მძიმე იყოს იგი. თუ სათვალავში არ ჩავაგდებთ მის ვეზირის საქმეს, მხოლოდ ერთ შემთხვევისათვის მას აქვს დაწესებული სიკვდილით დასჯა, სახელდობრ ეკლესიის მკრეხელობისათვის, როცა ნივთებს მოიპარავენ, ან ეკლესიას გადაწვავენ... სხვა ქვეყნებზე უფრო აქ ჯერ კიდევ ისეთი პატივისცემა დარჩენიათ ეკლესიის მიმართ, რომ თვით სარწმუნოებას უფრო უღალატებენ, ვიდრე ასეთს დანაშაულს დასტოვებენ დაუსჯელად. მაგალითად, როცა დადიანს და მის მეზობელს აფხაზეთის მთავარს შუა უკმაყოფილება ჩამოვარდა, და ეს უკანასკნელი სამაგიეროს გადასახდელად მის საზღვარზე ჯარით მოვიდა და ჩვეულებისამებრ რამდენიმე სოფელს ცეცხლი წაუკიდა, ცეცხლი შემთხვევით ერთს უმთავრეს ეკლესიასაც მოედვა და გვარიანად დააზარალა. წინდახედული დადიანი ისე მოიქცა მაშინ, თითქოს არც შეეტყოს ეს ამბავი, თუმცა მეტად გაბრაზებული იყო და მტკიცედ გადაწყვეტილი ჰქონდა, რომ თავის დროზე სამაგიეროს გადავახდევინებ და ასეთის დანაშაულობისათვის უსათუოდ ღირსეულ სასჯელს მივუზღავო. ამ განზრახვით, როცა მათ შორის ზავი ჩამოვარდა, დადიანმა თავი ისე დაიჭირა, თითქოს არავითარი უკმაყოფილება არა მაქვს აფხაზეთის მთავრის მიმართ და სრულიად შევურიგდიო; მაგრამ აფხაზთა მთავარი არასგზით არ დასთანხმდა დადიანის სამთავროში შესულიყო მოსალაპარაკებლად: ჩემს თავს ვერ ჩავუგდებ ხელში იმ მთავარსაო, რომელმაც მრავალჯერ საზღვრები გამიოხრა თავისი ჯარითაო. თავის-თავის უზრუნველყოფისათვის აფხაზთა მთავარმა მოითხოვა ამანათები. დადიანმა მაშინვე გაუგზავნა ამანათებად ოდიშის დიდებულთა სამი ახალგაზრდა ვაჟი. ამ საშუალებით აფხაზთა მთავარს ეგონა თავის თავი უზრუნველყოფილი და დიდის ამალით შევიდა ოდიშში დადიანთან მოსალაპარაკებლად. ხოლო როგორც კი შედგა ფეხი სამეგრელოში, მაშინვე იგი თავის ამალით დაატუსაღეს, და საქმე რომ გაარჩიეს, გადასწყვიტეს, რომ მის ამალას თავისუფლება უნდა მიეცეს და თვით მთავარს თავი უნდა მოეჭრას მხოლოდ იმისთვის, რომ მისი ჯარის გამოლაშქრების დროს უცაბედად ეკლესია დაიწვაო. დადიანმა გამოსცა მანიფესტი, რომელშიაც გამოაცხადა, რომ შეუძლებელია პირობა შეუსრულოს კაცმა ისეთ ადამიანებს, რომელთაც შეურაცხჰყვეს ღმერთი თავის სახლშიო. აფხაზთა მთავარს მართლაც თავი მოაჭრეს. სამაგიეროდ მის სამთავროში მისმა ცოლმა ამანათები შეუბრალებლად ჩამოაღრჩობინა.
............................
თავი 22. სამღვდელოება
საქართველოს და სამეგრელოს ერნი მისდევენ ბერძენთა შეცდომილებას და წვალებლობას და ემორჩილებიან ბერძნის მსოფლიო პატრიარქს, რომელიც კონსტანტინეპოლში არის, თუმცა წინად ანტიოქიის პატრიარქს ემორჩილებოდნენ... (6) გარნა ქართველებს და მეგრელებს ჰყავთ ორი თავისი პატრიარქი, რომელნიც განაგებენ მთელ სამღვდელოებას, როგორც საქართველოში, ისე კოლხიდაში. ამათ ხალხი უწოდებს ქათალიკოსებს. საქართველოს ქათალიკოსს ექვემდებარებიან: ქართლი (Gartuli o Cardueli), კახეთი (Gaghetti), საბარათიანო (Barattalu) და სამცხე. მეორეს ექვემდებარებიან: ოდიში, იმერეთი, გურია, აფხაზეთი და სვანეთი. ძველად ორსავე კათალიკოსს ირჩევდა საქართველოს მეფე. მაგრამ როცა დადიანმა დამოუკიდებლობა მოიპოვა, ოდიშის პატრიარქის არჩევის უფლებაც მიითვისა, ისე რომ საქართველოს მეფეს მხოლოდ მეორე კათალიკოსის ამორჩევის უფლება შერჩა.
..............................
ქათალიკოსს ექვემდბარებიან ეპისკოპოსები. ამ ჟამად ოდიშში ექვსი ეპისკოპოსია, რადგან დანარჩენი ექვსი კათედრა გადაკეთებულია მონასტრად. დარჩენილია შემდეგი საეპისკოპოსო ეკლესიები: პირველია დრანდის (Dandra), რომელიც მდებარეობს მდ. კოდორზე (Corace), აფხაზეთის საზღვარზე და აშენებულია ღვთის-მშობლის სახელზე და მის ეპისკოპოსს ჰქვია დრანდელი. მეორეა მოქვის, რომელიც მდებარეობს ფართო ვაკეზე ორ მდინარეს შუა; ეს ორი მდინარე მერე ერთად შეიყრებიან და მათ შორის მდებარე ადგილი წარმოადგენს ნახევარ კუნძულს. ეს ეკლესია აშენებულია აგრეთვე ღვთის-მშობლის სახელობაზე და ეპისკოპოსს ჰქვია მოქველი. მესამე არის ბედიას, რომელიც აშენებულია გორაკზე, აგრეთვე ღვთის-მშობლის სახელობაზე; მისი ეპისკოპოსი იწოდება ბედიელად. მეოთხე არის ცაიშის; აგრე იწოდება იმ მთის გამო, რომელზედაც იგი მდებარეობს და რომლის კალთებზე მდინარე ჩამოურბის. ეს ეკლესიაც ღვთის-მშობლის სახელობაზეა აშენებული. მისი ეპისკოპოსი იწოდება ცაიშელად. მეხუთეა წალენჯიხის, აგრეთვე გორაკზე მდებარე, მისი ეკლესია ფერისცვალების სახელობაზეა აშენებული. აქ ჰმარხავენ მთავრებს. მის ეპისკოპოსს ჰქვია წალენჯიხელი. მეექვსეა მარტვილის (Scondidi), მაღლობზე მდებარე და აშენებულია წმინდა მოწამეთა (a Santi Martiri) სახელობაზე. მისი ეპისკოპოსი იწოდება ჭყონდიდელად. დანარჩენი საეპისკოპოსო ეკლესიები, რომელთაც წინად ჰყვანდა თავისი ეპისკოპოსები, ეხლა გადაკეთებულნი არიან მონასტრებად: პირველია ქიაჩის (Chiaggi) მონასტერი, მთაზე აშენებული, წმ. მიქაელის სახელობაზე. მეორეა წიფურიას (Cippurias) მონასტერი, რომელიც აშენებულია ვაკეზე, ენგურის ნაპირად..... აქ არის ორი ეკლესია ერთად შეერთებული, რომელთაგან ერთი ღვთის მშობლის სახელობაზეა, ხოლო მეორე _ წმ. გიორგისაზე. მესამეა ხოფის (Copis) მონასტერი, მარიამ ღვთის მშობლის სახელობაზე. აქ აჩვენებენ ღვთისმშობლის პერანგს, რომელსაც იქაურები დიდ პატივსა სცემენ. მეოთხეა ობუჯის (Obbugi) მონასტერი, რომლის ეკლესია წმ. გიორგის სახელობაზეა აშენებული. აქ ძველად მთავრების სამარხი იყო, რომელიც ეხლა წალენჯიხაშია. მეხუთეა სებასტოპოლის მონასტერი, რომელიც ეხლა წყალშია ჩანთქმული. მეექვსეა ანაკრიას (d’Anarghia) მონასტერი, რომელსაც ძველად ერქვა ჰერაკლეა (Heraclea).
თავი 26 კოლხიდის ბუნების სიმდიდრე და უწინარესად მისი ხალხი
ციცერონს უკვე გამოუთქვამს ის აზრი, რომ ქვეყნიერობის ხალხთა და ერთა ჩვეულებანი წარმოსდგება იმ ადგილის ბუნებისაგან, სადაც იგინი ცხოვრობენო: ადამიანთა ჩვეულება დამოკიდებულია არა ჩამომავლობისა და ტომისაგან, არამედ ადგილისა და ცხოვრების პირობებისაგანო... მაგრამ რადგნ კოლხიდაში მეტად მკაცრი კავკასიის მთებიც არის და მშვენიერი გორაკებიც, დიდი და შეუპოვარი მდინარეებიც და კეკლუცი და პატარა ნაკადულებიც, უტეხი ტევრებიცა და კარგად დამუშავებული ყანებიც, წმინდა ჰაერიც მთებზე და დახუთულიც ვაკეზე, ამიტომაც სხვადასხვა კოლხიდელების ზნე-ჩვეულებაც, როგორც ზემოდაც გვქონდა საუბარი, იგი კეთილიც არის და სასტიკიც ერთად. ხოლო მათ ყოველიფერს უფუჭებს ზღვა, საიდანაც მრავალი ნაირ-ნაირი ხალხი ადვილად მოდის და ამ ხალხთაგან ითვისებენ მეგრელები ყოვლსავე ბიწიერებას. თუ იგივე ციცერონი ამბობს კართაგენელებზე, რომ კართაგენელები იყვნენ ცბიერნი და მატყუარნი არა მოდგმით, არამედ იმიტომ, რომ ცხოვრობდნენ ზღვისპირ ქალაქებში და ვაჭრობისა გამო შეეჩვიენ მატყუარობასაო, ჩვენ ბევრად უფრო საფუძვლიანად შეგვიძლია ვთქვათ კოლხიდელებზე, რომ სხვადასხვა ხალხი, რომელიც მოდის მათ ქვეყანაში, ასწავლის მას მხოლოდ ბიწიერებას და ვერაგობას. მართლაც ბერძნებს, სომხებს, თურქებს, რუსებს (Rossi) და აფხაზებს შემოაქვთ აქ უფრო ბევრი ბიწიერება, ვიდრე სავაჭრო საქონელი და მათ იმდენად მოშხამეს ეს ქვეყანა, რომ აქაური ხალხი ადამიანებს როდი ჰგავს, არამედ, ჩვენის აზრით, ბიწიერების ბოროტ ნაშიერს. მეგრელებმა შეითვისეს ბერძნებისაგან ვერაგობა, სომხებისაგან _ სიცრუე, რუსებისაგან _ თავ-დაუჭერელობა და ლოთობა, აფხაზებისაგან _ სისასტიკე და ქურდობა და თვით თურქებისაგან _ ღალატობა, ისე რომ ამ სხვადასხვა ბიწიერებამ სულ გააქრო მეგრელების სათნოება......
მართლაც, მეგრელები იმდენად უმეცარნი არიან, რომ მათ შორის თითქმის არავის არ ესმის ის ქართული წიგნები, რომელიც დაწერილია მათის ნამდვილის ძველებურის და წმინდა ენით. ამ ენისაგან მათი მდაბიური ენა ისე განირჩევა, როგორც ჩვენი მდაბიური ლათინურიდან განირჩევა. აქ არ თავდება მათი უმეცრება: ქართული წერა-კითხვა სულ მოსპობილი იქნებოდა აქ, რომ ქალებს არ შეენახათ იგი. ისე რომ თუ ვისმე უნდა კითხვა შეისწავლოს, უნდა რომელსამე ქალს მიებაროს სასწავლებლად... (7)
თავი 28. მთები
ბუნებას ისე მშვენიერად მოუწყვია კოლხიდა, მთებიც და ვაკეც ისეა აქ შეზავებული, რომ ნაირ-ნაირი მდებარეობით იგი შესანიშნავია. წინ, ზღვის პირად, სულ ვაკეა. ამ ვაკეზე მრავალი ტყე და ჭაობია, რომელიც ბუნებას თითქოს განგებ გუჩენიაო, რათა მტერი არ შემოუშვას ზღვითო. უკან კი არტყია უმაღლესი კავკასიის მთები, რომლებიც მაგარ კედლად უდგას და იცავს კოლხიდას იმ ბარბაროსებისაგან, რომლებიც მთების იქით ცხოვრობენ. ამ რიგად კოლხიდა ბუნებით დაცულია მტრებისაგან, როგორც ზღვით, ისე მთებით.
ამ მაღალ მთებში ცხოვრობენ სხვადასხვა ველური ხალხები, რომელთაც ერთი მეორისაგან ისეთი განსხვავებული ენა აქვთ, რომ ერთმანეთისა არა ესმით რა. სტრაბონი და სხვა მწერლები მრავალს სხვადასხვა ხალხს ასახელებენ აქ. ხოლო კოლხიდელებთან უფრო ახლო ცხოვრობენ: სვანები, აფხაზები, ალანები, ჩერქეზები, ჯიქები, ყარაჩაელები (Caraccioli).
ყველანი ესენი მხოლოდ სახელით არიან ქრისტიანები, თორემ არც სარწმუნოებით და არც მოქმედებით ქრისტიანობა მათ სრულებით არ ეტყობოდათ. მათ შორის ყველაზე უფრო მშვიდობიანი არიან სვანები... (ისინი) ცხოვრობენ იმ მთებზე, რომელიც არის ოდიშის პირდაპირ, და აგრეთვე იმ მთებზე, რომელნიც იმერეთს დაჰყურებენ.
.........................
...სამეგრელოს ჩრდილოეთით ცხოვრობენ აფხაზები ანუ აბაშები, რომელთაც თურქები უწოდებენ აბასად (Abbassa). ამათი მშვენიერი და საუცხოო ქვეყანა სულ დაყოფილია ნოყიერი გორაკებით. რადგან ჰაერი მრთელი და მშრალია, ხალხიც არის მშვენიერი სისხლისა, ლამაზი სახისა და თეთრი ხორცისა, კარგად მოყვანილი, ღონიერი, მკვირცხლი და მარდი, ჯაფის ამტანი და მოხერხებული. ახალგაზრდობა არასოდეს უსაქმოდ არა ზის, არამედ ვარჯიშობაში ატარებს დროს: ხან შუბის ხმარებაში ვარჯიშობს, ხან მძიმე რამეებს ჰაერში ისვრის და ხან თხრილებზე ხტება, რათა შეიძინოს ძალა და გაიწვრთნას სიმარდეში. აფხაზებს ბევრი ჯოგი ჰყავთ. მათი ყოველდღიური საჭმელია: ყველი, რძე და გარეული ნადირი. თევზს არა სჭამენ, თუმცა შეეძლოთ ბევრი დაეჭირათ მდინარეებშიც და ზღვაშიც. კიბო საშინლად ეზიზღებათ, როგორც გველი, და დასცინიან მეგრელებს, რომელთაც ძალიან უყვართ კიბო.
აფხაზები ქალაქებში და ციხეებში როდი ცხოვრობენ, არამედ შეიყრება ერთი გვარის ათი თუ ოცი ოჯახი, ამოირჩევენ რომელსამე მაღლობ ადგილს, გააშენებენ იქ კარგ ისლით დახურულ ფაცხებს, შემოავლებენ ამორჩეულ ადგილს მაგარ ღობეს და ღრმა თხრილს. ღობეს და თხრილს იმიტომ აკეთებენ, რომ ეშინიათ თავდასხმისა, გარეშე ხალხის კი არა, თვით აფხაზები თავს ესხმიან და სძარცვავენ ერთმანეთს, ხოლო ართმევენ ერთმანეთს, სახლის ავეჯს კი არა, რადგან აფხაზს ასეთი ავეჯი არც კი გააჩნია, არამედ კაცებს, ქალებს და ბიჭებს. ამისათვის ჩვეულებრივ ღამე დაეცემიან ერთმანეთს და ვისაც მოახელთებენ, დაიჭერენ და წაიყვანენ. გაუფრთხილებლობით რომ ეს არ დაემართოთ, აფხაზები საშიშ დროს ჯავშანს ჩაიცვამენ, ხელში შუბს დაიჭერენ, ფარს სასთუმალს ქვეშ დაიდებენ, შეკაზმულ ცხენს ლოგინთან დააბამენ და ისე დაიძინებენ. აფხაზის ტყვეს მეტად აფასებენ თურქები: ქალებს სიმშვენიერისათვის და ბიჭებს იმიტომ, რომ რაკი თავის რჯულზე მოაქცევენ და სამხედრო ხელოვნებაში გაავარჯიშებენ, უფრო ხშირად ისეთი კაცები დგებიან, რომ სახელმწიფო საქმეებსაც და სამხედრო თანამდებობასაც მეტად კარგად ასრულებენ.
აფხაზებს აქვთ ერთი შესანიშნავი ჩვეულება, რომელიც სხვაგან არ მოიპოვება; სახელდობრ ის, რომ მიცვალებულებს როდი მარხავენ, არამედ ჰკიდებენ ხოლმე ხეზე შემდეგის წესით. გამოღადრავენ ხის ღერს კუბოს მსგავსად, შიგ ჩასდებენ მიცვალებულს და ვაზის მაგარ ლერწებით ჩამოჰკიდებენ ხის წვერზე. ამავე ხეზე ჩამოჰკიდებენ ყველა იარაღს, რომელსაც მიცვალებული სიცოცხლეში საომრად ხმარობდა. მისი საჯდომი ცხენიც უნდა გავუგზავნოთო, ამბობენ ჭირისუფლები, რადგან საიქიოსაც ისე დასჭირდება, როგორც აქ სჭირდებოდაო. ამისთვის ცხენს გადააფარებენ აბრეშუმის ქსოვილს და იმ მინდორზე, სადაც მიცვალებულია ჩამოკიდებული, აჭენებენ იმ დრომდი, სანამ დაღლილობისგან არ მოკვდება. თუ ცხენი ჩქარა მოკვდა, ამბობენ, რომ პატრონს ძლიერ ყვარებიაო და მალე წაიყვანაო, და თუ დიდ ხანს არ მოკვდა, ეს იმის ნიშანიაო, რომ პატრონს არ ყვარებია და დაიგვიანა მისი წაყვანაო.
............................
თავი 29. მდინარეები
აზიის ყველა მდინარეებს სათავე აქვთ კავკასიის და ტავრის მთებში, როგორც ერთხმად სწერენ ქვინტო კურციუსი და არრიანე. მათგან ზოგი შეერთვის კასპიის ზღვას, ზოგი _ შავ ზღვას და ზოგიც _ აზოვის ზღვას (Meotide Palude). ჩვენის საგნის მიხედვით, ჩვენ ჩამოვთვლით აქ მხოლოდ იმ მდინარეებს, რომლებიც გამოდიან კავკასიის მთებიდან, გაივლიან კოლხიდას და შეერთვიან შავ ზღვას. უმთავრესი და უფრო ცნობილი არიან: ფაზისი, ცხენის-წყალი (Hippo), აბაშა, ტეხური, ხოფი, ჭანის-წყალი (Ciani), ენგური, ხეთი (Heti), ოქუმი, ეგრისი (Echaris), მოქვი და კოდორი. სწორედ ამ რიგზედ არიან დაწყობილი დღეს კოლხიდის მდინარეები, როგორც დავასახელეთ.
.........................
ყველაზე უკანასკნელი მდინარე არის კოდორი, რომელიც უნდა იყოს (ძველთა) კორაქსი, რადგან კოლხიდის საზღვრებია (ძველთა სიტყვით) ერთის მხრით ფაზისი და მეორეს მხრით _ კორაქსი; როგორც ფაზისი ჰყოფს სამეგრელოს გურიისაგან, ისე კორაქსი ჰყოფს მას აფხაზეთისაგან, და როგორც ფაზისის გაღმა მეგრული იცვლება ქართულად, ისე კორაქსის გაღმა _ იცვლება აფხაზურად. აქედან ცხადია, რომ მეგრელების კოდორი ძველებური კორაქსია, რადგან კოდორს გადაღმავე ცხოვრობენ აფხაზები თავისის განსაკუთრებულის ენით.
მოამზადა ირაკლი ხართიშვილმა
შ ე ნ ი შ ვ ნ ე ბ ი:
(1) სამეგრელოს იმერეთისგან რიონი კი არა, ცხენის-წყალი ჰყოფს. რიონი ჰყოფს სამეგრელოს გურიისაგან, როგორც ქვემოთ ამბობს ავტორი (ალ. ჭყონიას შენიშვნა). ცხენისწყალი მართალია ამჟამად სამეგრელოს ჰყოფს იმერეთისაგან, მაგრამ ა. ლამბერტის დროს (1633 წ.), შესაძლებელია, მათ შორის საზღვარს წარმოადგენდა მდ. რიონი, შემდეგში კი ისტორიული ვითარების გამო, ცხენიწყლის მიდამოები იმერეთის ფარგლებში შევიდა. ზოგიერთი მეგრული გადმოცემის მიხედვით, ეს მიდამოები სამეგრელოს ტერიტორიის ნაწილად სჩანს. ამ გარემოებას ადასტურებს აგრეთვე მეგრული გეოგრაფიული სახელწოდებები: ჯიხაიში (ქართ.: ციხისი), წყალტუბო და სხვა (ი. ქობალია). უკანასკნელი შენიშვნა არ უნდა იყოს სწორი, ვინაიდან თუკი არქ. ლამბერტის დროს მდ. რიონი იქნებოდა საზღვრად ოდიშსა და იმერეთის სამეფოს შორის, მაშინ ქუთაისი იქნებოდა სასაზღვრო ქალაქი. ტექსტიდან კი ჩანს, რომ იმერეთის სატახტო ქალაქი ქუთაისი სამეგრელოს საზღვრიდან დაშორებულია, ანუ საზღვარი მაშინაც ალბათ ცხენის-წყალზე გადიოდა (ი. ხ.).
(2) ვახუშტი ბატონიშვილი, პირიქით, სწერს: „დადიანობა არა არს გვარი, გარნა წესი ხელობისა. არა იყო ესე ოდიშს, არამედ კარის (ყარსის _ რედ.) მხარესა ზედა დადიანობდა, ხოლო შემდგომად მეფის თამარისა იქმნა ოდიშს დადიანად და იყვნენ ერისთავად“... (ვახუშტი „საქართველოს გეოგრაფია“, ტფილისი, 1904 წ., გვ. 18).
(3) კაფფა _ დღევანდელი ფეოდოსია; ხერსონესი _ ყირიმი. (ალ. ჭყონიას შენიშვნა).
(4) იგულისხმება აჯანყება იმერეთის მეფის წინააღმდეგ და ოდიშის სამთავროს გამოყოფა. მანუჩარ დადიანი გარდაიცვალა 1611 წ.; ლევან დადიანი _ 1657 წ. (ალ. ჭყონია).
(5) მეგრულად შარაშია _ შარვაშიძე (ალ. ჭყონია).
(6) კათოლიკებს მართლმადიდებლობა შეცდომილებად და მწვალებლობად მიაჩნიათ, და ამიტომ არქანჯელო ლამბერტის ასეთი შეფასება გასაგებია, თუმცა მცდარია (ი. ხ.).
(7) ეს ფრაგმენტი აქ იმიტომ მოვიყვანეთ, რომ გაგვექარწყლებინა დღევანდელ ქართულ საზოგადოებაში დამკვიდრებული აზრი იმის შესახებ, რომ ძველმა აფხაზებმა თითქოს უკლებლივ იცოდნენ ქართული ენა. რა თქმა უნდა, ქართული ენა ეცოდინებოდათ აფხაზეთის დიდგვაროვნებს, სამღვდელოებას; მდაბიო ხალხს კი უფრო მასობრივად ეცოდინებოდა ერთიანი საქართველოს სამეფოს ძლიერების ხანაში, ხოლო XVII საუკუნის 30-50იან წლებში, არათუ აფხაზებმა, არამედ მგრელებმაც კი უმეტესად არ იცოდნენ ქართული ენა, რაზეც გარკვევით ლაპარაკობს არქანჯელო ლამბერტი (ი. ხ.).
No comments:
Post a Comment