Friday, November 26, 2010

საქართველოს დღევანდელი სატკივარის ერთი მხარე რუსლან მიქაბერიძის შემოქმედებაში

ბ-ნ რუსლან მიქაბერიძეს ჩვენი საზოგადოებისთვის წარდგენა არ სჭირდება. ბევრს გვინახავს, გვახსოვს და გვიყვარს მის მიერ შესრულებული როლები კინოსა და თეატრში, ბევრს გვახსოვს იგი 80-იანი წლების მეორე ნახევარში მიმდინარე მიტინგებიდან, გვახსოვს ის სიხარული, რაც მისი ლექსების მოსმენის დროს განგვიცდია, თუმცა კი ზოგჯერ მეტად მძიმე და დაძაბულ ვითარებაში. 90-იანი წლების განმავლობაში გამოვიდა ბ-ნ რუსლანის ლექესების ხუთი კრებული: „ლქსები, ეპიგრამები, პაროდიები“, „ამირანის მითი“, „სულიკო“, „სადღეგრძელო“, „ლალე“ (უკანასკნელი 2000 წელს), რომლებშიც მთავარი ადგილი უჭირავს პოლიტიკურ სატირას.

ჩვენი წერილის მიზანი არ არის ბ-ნ რუსლანის შემოქმედების განხილვა, ვინაიდან ეს მოითხოვდა ამ შემოქმედების საფუძვლიან შესწავლას, ნაწარმოებების თემების მიხედვით კლასიფიკაციას, შესაბამის ლიტერატურულ ცოდნასა და ლიტერატურული კრიტიკის გამოცდილებას, რაც ჩვენ, ჩვენი პროფესიული საქმიანობისა და ინტერესების (შეიარაღებული ძალებისა და ქვეყნის სამხედრო მშენებლობა, ისტორია) გამო არ გაგვაჩნია. გვინდა შევეხოთ მხოლოდ ერთ, ჩვენი აზრით, მეტად საჭირბოროტო საკითხს.

ჯერ თავიდან აღვნიშნავთ, რომ ბ-ნ რუსლანის ლექსებში ხშირად გვხვდება ისეთი სიტყვები და გამოთქმები, ან გადაკვრით მინიშნებანი, რომლებიც ჩვეულებრივ საუბარში უხერხულობას ქმნიან და საერთოდ მიღებული არ არის. მაგრამ ამას ბუნებრივია განაპირობებს თავად მისი შემოქმედების ხასიათი, ანუ პოლიტიკური სატირის თემატიკა, ვინაიდან როდესაც მკითხველს აკადემიურად ნათქვამი არ ესმის, ან კიდევ ესმის და მაინც თავის ცუდ საქციელზე ხელის აღებას არ აპირებს, ვინაიდან აქედან პირადად თავისთვის მოგებას მოელის, სხვა დანარჩენი კი „იქ ჰკიდია“ სადაც ავტორი მიგვანიშნებს, იგი იძულებული ხდება პირდაპირ უთხრას სათქმელი ასეთ, ასე ვთქვათ, ადამიანს.

გაცილებით უფრო ადრე, როდესაც, „მოსკოვის შიშით“, ანუ ყოფილ საბჭოთა კავშირში არსებული სახელმწიფოებრივი მშენებლობის სტანდარტების მოქმედების ძალით, ქართველი (სამწუხაროდ) პოლიტ- და სხვა საქმოსნები ვერ ბედავდნენ ამდენ თვითნებობასა და ყველაფრის სათავისოდ დაჩემებას, მაშინ არც ამდენი წინააღმდეგობანი იყო თავად ქართული საზოგადოების შიგნით, ჩვენს მთავარ შემაწუხებლად მიგვაჩნდა მოსკოვი და რუსეთის სახელმწიფო (სსრკ-ის სახით), და რუსლან მიქაბერიძის შემოქმედებაშიც უმეტესად ჟღერდა ტრადიციული ქართული პოეზიის მოტივები, თუმცა კი მკაფიო პოლიტიკური მიმართულებისა. საკმარისია გავიხსენოთ 1978 წლის 14 აპრილისადმი მიძღვნილი მისი ლექსი „მაინც მოვიდნენ ბიჭები“.

გაცოცხლდა მიწა ქართული
თქვენგან ფეხდანაბიჯები,
სიკვდილს შეპირდნენ და მაინც,
მაინც მოვიდნენ ბიჭები.

აპრილის დილას მოჰქონდა
სუნთქვა ამაყი მთებისა,
ავი შრიალი მოისმა
მოზარე დედის თმებისა.

თურმე ფუჭი არ ყოფილა
დიდგორში ჩაყრა ძვლებისა,
სისხლი დიმიტრის, თევდორეს,
ახალციხელი ძმებისა...

გადაგვარჩინა ღმერთმა და
თავის გაწირვამ ათასთა,
ყოველი წუთი იქ დგომის
ძვირად, რა ძვირად დაფასდა.

კურთხეულ იყოს შვილებო,
წინაპრის კვალზე დადგომა,
„იქნებ ეღირსოს ლუხუმსა,
ლაშარის გორზე შადგომა“...

ან კიდევ როგორ შორს არის პოლიტიკური სატირისგან ბ-ნ რუსლანის ლექსი „საბავშვო ბაღის აღმზრდელებს“.

მე აქ რომ არ ჩამოვთვალო
მოვალეობა სხვა რთული,
ქართული სულის შენების
თქვენ ხართ პირველი სართული...

აქ უნდა ეწერებოდეს
გულზე სიკეთის ანბანი,
თქვას მრავალხმიან ტირილში
პირველ-მეორე, ან ბანი...

სულ თქვენს ნერვებზე გადადის
ამათი ჩაცმა-გადაცმა,
გაწყრომა, დატატანება,
ალერსით ხელის გადასმა,
რთული კითხვებით თავდასხმა,
ჭამად დასმა და „გადასმა“...

უარეთ ერის სიცოცხლეს,
როგორც მორწმუნემ სახატეს,
რომ ბავშვი უცხო დეიდას
დედის ტოლ ქალად სახავდეს.

შეიგნოს ვისაც ეხება,
დიდი რამ რომ ავალია,
რომ ეს პატარა ჩაფსმული
სამშობლოს მომავალია.

მაგრამ უკანასკნელ ათწლეულებში, და უფრო ადრეც, ბევრი რამ დაგროვდა ქართულ საზოგადოებაში ისეთი, რაც განკურნებისთვის პაროდიასა და სატირას საჭიროებს. ამ წერილში გვინდა შევეხოთ ძირითადად ერთ საკითხს, რომელიც დაკავშირებულია ქართულ სამეცნიერო-კულტურულ და ინტელექტუალურ ასე ვთქვათ ელიტაში არსებულ მანკიერებებთან. სახელდობრ 1997 წ. გამოქვეყნებულ კრებულში „სულიკო“ პოეტს შეტანილი აქვს ლექსი სათაურით „ხელოვნებაში მოწყობის პრინციპი“:

ამაზე „იმან“ დარეკა
ეს კიდევ „იმის“ ის არი
ეს იმ მთავრობის, ეს ამის,
ეს ყველა მთავრობის არი.
ეს ძველი ბიჭის პროტეჟე,
ეს ჩვენი სპონსორის არი
ეს ხან რქებს ხმარობს, ხან გავას
კახპურ-თავხედურ ზნის არი;
ამ პოპულარულ სკლეროტიკს
ვერ დავძრავთ, დიდი ხნის არი;
ეს ინტრიგანი გვიჩივლებს
მკადრები ყველაფრის არი;
ეს ერთადერთი იმედი
„ცნობილი ოჯახის“ არი
(სხვაგან ვერსად ვერ მოაწყვეს
აშკარად მსგავსი ხის არი).
ამ ქალს არც ძუძუ, არც თეძო
ეშხი და თვალთა ისარი,
ის რაც ძალიან საჭირო
მისთვის და სცენისთვის არი,
არცერთი არ გააჩნია
არც მქონებელი ხმის არი
და ვერ გაიგებ რისთვის ყავთ
მთამაშებელი რის არი;
ეს შტატი „იმან“ დაუშვა
ესეც „იმის“ ძმის რძლის არი;
ეს როლი ვინც ეს დაწერა
იმისი დისშვილის არი,
ეს რეჟისორის ცოლს უნდა,
ეს მისი საყვარლის არი;
ამ როლზე შვილი გიჟდება,
ეს მისი ლაქიის არი;
ეს ამ დეფექტურს ეკუთვნის
(მემკვიდრე ძმაკაცის არი),
ეს „დიდი კაცის“ ბოზის და
ეს კიდევ ნაბოზრის არი...

ამ ლექსის განმარტებად სათაურის ქვეშ ავტორს დაბეჭდილი აქვს შემდეგი სიტყვები: „ნეტავი ამ ლექსში აღწერილი სურათი მარტო მე მეჩვენებოდეს და მარტო ჩვენ დარგში ხდებოდეს“. მაგრამ ალბათ მთელი ქართული საზოგადოება დაგვემოწმება, რომ ზემოთ მოყვანილი პრინციპებით კადრების შერჩევა და განაწილება მხოლოდ თეატრში არ ხდება და სხვა დარგებშიც, მეტ-ნაკლები ინტენსივობითა და აგრესიულობით მოქმედებს. მას, რა თქმა უნდა, ამოქმედებენ ის ადამიანები, რომლებიც ამისგან ხელს ითბობენ.

მაგრამ ხომ არიან როგორც თეატრში, ასევე სხვა სფეროებშიც ის სპეციალისტები, ვინც კარგად იცან თავიანთი საქმე, და ხელის შეწყობა რომ ჰქოდეთ, უდიდეს სარგებელს მოუტანდნენ საკუთარ ხალხსა და ქვეყანას. რეალურად კი რა რჩებათ მათ. ისევ ბ-ნ რუსლანს მოვუსმინოთ:

ხოლო ხელობა ვინც იცის
და მქონე უნარის არი
მისცემ აკეთებს, არ მისცემ,
არმკადრებელი თქმის არი.
ზიზღით შეჰყურებს ამ ბაზარს,
სხვა წესის სხვა წყობის არი,
და რაც ამ ხროვას მორჩება,
იმისი ხვედრი ის არი.

არადა ქართულ ენაში სიტყვა „თანანადები“ ნიშნავს „ვალს“, „თანამდები“ _ „მოვალეს“, „თანამდებობა“ კი _ „მოვალეობას“. და როგორ შეასრულებს მაგალითად ასეთი ექიმი, მასწავლებელი ან რომელიმე სხვა ადამიანი თავის პროფესიულ მოვალეობას, თუკი იგი თანამდებობაზე ზის მხოლოდ იმ „სტანდარტებისადმი შესაბამისობიდან“ გამომდინარე, რომელთა შესახებაც ბ-ნ რუსლანის ლექსის პირველ ნაწილში იყო ლაპარაკი?

აღნიშნულ მანკიერებას ერთის მხრივ მოსდევს, ხოლო მეორეს მხრივ კი ხელს უწყობს სხვაც, რომელზედაც ასევე დიდი გულისტკივილით საუბრობს რუსლან მიქაბერიძე თავის ლექსში „იუბილე ქართულად“:

ჯერ ენებს გადმოიგდებენ,
ქებით ყბებს ამოიგდებენ,
დარგში რაც რამე გაკეთდა,
სულ მისკენ მიათითებენ.
რას აღარ „დააბრალებენ“ _
გაასივ-გაადიდებენ,
უსმენ და ფიქრობ, აქებენ,
თუ ამ კაცს მასხრად იგდებენ?!
გმირობისა და ღირსების
ორდენებს ჩამოკიდებენ,
მერე ბანკეტზე ხოტბის დროს
გიგანტებს დააჭიდებენ,
„სამშობლოს სინდის-ნამუსად“
დაამტკიც-დაამკვიდრებენ,
თან შიგადაშიგ ჩუმჩუმად
იქილიკ-იხითხითებენ:
რაც აქეს, ათი იმდენად
გათხრიან, გააქიქებენ,
ხორაგს შეხრავენ „ეროვნულ“
სქელ ფაშვებს გაიდიდებენ,
ღვინით თვალს გაიჭიქებენ,
გონებას დაიბინდებენ,
ავარდნილ წნევებს, დროებით
აბებით ჩაიმშვიდებენ,
აიშლებ-აიყრებიან,
სხეულებს აიკიდებენ,
წასვლის წინ „იუბილართან“
ერთხელაც წაიფლიდებენ,
წავლენ და სადაც ეკიდათ,
ისევ იქ დაიკიდებენ.

აი ასეთია სავალალო სურათი იმ ჩვენი საზოგადოების ზნეობისა, რომელიც გულს უკლავს ქართველ პოეტს. ეს ხომ ბ-ნ რუსლანს რომელიმე შეუმჩნეველი ადამიანის იუბილე არა აქვს აღწერილი, რომელიც თავისთვის წყნარად შრომობს და იღწვის? აქ ხომ იმ ადამიანთა ნამდვილ სახეს გვიჩვენებს პოეტი, რომელთაც ერის მამებად მოაქვთ თავი, რომელნიც საქართველოს სამეცნირო, კულტურული, შემოქმედებითი და სხვა სფეროების სათავეში წამოსკუპებულან და დიდ პტივისცემასაც მოითხოვენ საზოგადოებისგან. და მერე განა კი არიან ამ პატივისცემის ღირსნი. დავუკვირდეთ, თუ როგორ შემზარავად ჟღერს ლექსის დასასრული: „წასვლის წინ „იუბილართან“ ერთხელაც წაიფლიდებენ, წავლენ და სადაც ეკიდათ, ისევ იქ დაიკიდებენ“.

აი, ასეთი პატრონების ხელში გვიწევს ცხოვრება, და ღმერთს მადლობას უნდა ვწირავდეთ, იმისთვის რომ კიდევ სული გვიდგას პირში. ჩვენ ახლა გვინდა აფხაზებისა და ოსების საქართველოს სახელმწიფოებრივ არეალში დაბრუნება, მაგრამ იმათ კი ენდომებათ ასეთ სიბინძურეში შემოსვლა. ბევრს ლაპარაკობენ ეკონომიკური ცხოვრების გაჯანსაღებაზე, მათ შორის აფხაზებისა და ოსების მოზიდვის მინითაც, და მხოლოდ დღევანდელი ხელისუფლებისკენ იშვერენ საყვედურით ხელს, უფრო მეტწილად ისინი, ვინც ამ ექვსი-შვიდი წლის წინ წინა ხელისუფლებას ავსებდა ზუსტად ასეთივე საყვედურებით, და რა გამოვიდა ამის შემდეგ? ბევრს კიდევ მარქსისტულ-ლენინური დიალექტიკური (თუ ისტორიული) მატერიალიზმიდან მოსდევს თეზისი, რომ „ყოფიერება განსაზღვრავს ცნობიერებას“ (ამასვე ადასტურებს ლიბერლური შეგნებაც თავისი ლოზუნგით: უბი ბენე იბი პატრია _ სადაც კარგად ვარ იქ არის სამშობლოც). ამის წინააღმდეგ მრავალი ნაშრომი აქვთ გამოქვეყნებული რუს მართლმადიდებელ ავტორებს, რომლებშიც ისინი უხვად და დამაჯერებლად იყენებენ ისტორიულ, ფილოსოფიურ, იურიდიულ და საზოგდოებრივ-პოლიტიკურ ცოდნასა და არგუმენტაციას. მაგრამ საქართველოს მცხოვრებთ ხომ მუდამ ჩასჩიჩინებენ დღევანდელი პოლიტსაქმოსნები, რომ რუსებისგან და რუსეთისგან მხოლოდ ცუდი და ჩვენთვის მავნე რამ მოდისო? ის პოლიტსაქმოსნები, რომლებიც ზემოთ აღნიშნული გარემოსა და მისი შემქმნელების ხელშეწყობით იქნენ აღზევებულნი თავიანთ სკამებზე. ახლა კი ამ სკამებს სხვები ეპოტინებიან, და გამართული აქვთ ერთი უშველებელი „სკამჭიდი“.

ბ-ნ რუსლან მიქბერიძეს კი უკვე კარგა ხანია გამოქვეყნებული აქვს ასეთი „სკამჭიდების“ მსვლელობისა და შედეგების სტანდარტული სურათი თავის ლექსში „მარადიული შეფარდება“:

„უმრავლესობა“ იმისთვის „იღწვის“
ვინმეს ართმევდეს, ვინმეს პარავდეს,
„პატრიოტული“ ყაყან-ლაყაფით
თავის უწმინდურ ზრახვებს ფარავდეს
და ყოველგვარი ომის ბალანსში
ეს შეფარდება არის მარადი:
კაცები ბრძოლას ეწირებიან
და მერე ბოზებს მიყავთ პარადი.

აი ასეთია სავალალო სურათი ჩვენი დღევანდელი საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცნობიერების და ყოფიერებისა. ქრისტიანობა, იმავე რუსი ავტორების სიტყვით, გვასწავლის, რომ ყოფიერება კი არ განსაზღვრავს ცნობიერებას, არამედ პირიქით, რა ცნობიერებაც გვაქვს, რა ზნეობაც გაგვაჩნია ისეთსავე ყოფიერებას ვაწყობთ და ვაშენებთ პირადად ჩვენთვის და ჩვენს გარშემო. რომ არ უნდა ვკადრულობდეთ ჩვენს საქმიანობაში ისეთ რაიმეს, რასაც ჩვენი სარწმუნოება _ მართლმადიდებელი ქრისტიანობა გვიკრძალავს, ან არ გვიწონებს. და მაშინ ვიქნებით კარგად, მაშინ ვიქნებით დაცულნი უფლისა და მისი ანგელოზების მიერ. სხვა შემთხვევაში კი გვექნება მუდმივი მოუწესრიგებლობა, შფოთიანობა, სიდუხჭირე, გაუთავებელი „სკამჭიდი“ და კიდევ _ პოლიტიკური სატირა.

ირაკლი ხართიშვილი
2009 წლის მაისი

No comments:

Post a Comment