Monday, August 12, 2013

აკადემიკოსი დუბროვინი 1787 წელს თურქეთთან ომის დაწყებისა და ჩრდილოკავკასიაში მიმდინარე პროცესების შესახებ

(შემოთავაზებული მასალა წარმოადგენს ნიკოლოზ დუბროვინის წიგნის «Исторiя войны и владычества русскихъ на Кавказе». /томъ II. С-Петербургъ, 1886/ შესაბამისი თავის თარგმანს)

თავი XIII

პორტას ინტრიგები. – მის მიერ სამშვიდობო ტრაქტატის პირობების დარღვევა. – ურთიერთობების გაწყვეტა თურქეთთან და ომის გამოცხადება. – გენერალ პოტიომკინის ექსპედიცია ყუბანის იქით. – შეიხ-მანსურის ურდოების დამარცხება. – გენერალ-ანშეფის ტეკელის დანიშვნა ჯარების სარდლად. – საბრძოლო და სასურსათო საშუალებანი. – მხარის მდგომარეობა. – მოწინააღმდეგის შესახებ ცნობების სიმწირე. – ექსპედიცია ყუბანს იქით. – მთიელთა დამარცხება მდინარე ურუპზე. – წარუმატებელი ლაშქრობა ანაპისკენ. – ბრძოლა მდინარე უბინზე. – გრაფ სალტიკოვის დანიშვნა კავკასიისა და ყუბანის კორპუსების სარდლად. 

იძულებულ ქმნილი გარემებათა ძალით, რომ აღსრულებულ ფაქტად ეღიარებინა ყირიმისა და ყუბანის შემოერთება რუსეთთან, პორტა დროის მიმდინარეობასთან ერთად სულ უფრო და უფრო მეტად შეიგნებდა დანაკარგის მნიშვნელოვნებას. ასეთ შემოერთებასთან ერთად შავი ზღვის მთელი ჩრდილოეთ ნაპირი გადმოვიდა რუსეთის ძალაუფლების ქვეშ, და მის ხომალდებს პირველივე მოსახერხებელ შემთხვევაში შეეძლოთ გამოჩენილიყვნენ კონსტანტინოპოლის კედლებთან. არ ჰქონდა რა შესაძლებლობა, რომ ძალით აღდგომოდა წინ რუსეთის გაძლიერებას, თურქეთის მთავრობამ მიმართა თავიდან თავის ჩვეულებრივ საშუალებას – ინტრიგას.

ჯერ კიდევ 1787 წლის დასაწყისში პორტამ გამოგზავნა ყაფუჯი-ბაში ბაიაზეთის, ნახჭევნისა და შუშის გამოვლით დაღესტანში იქაური მოსახლეობის რუსეთის წინააღმდეგ ამხედრებისთვის. ყაფუჯი-ბაშისთან ერთად გამოგზავნილ იქნა 80.000 თუმანი და 30 ხალათი, საჩუქრად სხვადასხვა მფლობელისა და გავლენიანი ადამიანისთვის. იმავე დროს, მიიღო რა ცნობა ცრუწინასწარმეტყველის იმიერყუბანელებთან გაქცევის შესახებ და იცოდა რა, რომ იგი სარგებლობს იქ ბევრის ნდობით, თურქეთის მთავრობა ცდილობა შესულიყო მასთან ურთიერთობებში და გამოეყენებინა იგი იარაღად თავისი გეგმების აღსრულებისთვის. პორტასთვის, რა თქმა უნდა, ყველაზე უფრო მომგებიანი იყო ჰყოლოდა იმიერყუბანელნი იმ შეცდომასა და გაურკვევლობაში, რომ მანსური ჭეშმარიტი იმამია, და სულთანმა აბდულ-ჰამიდმა, მუფტისთვის მიცემულ კითხვაზე, უშვებს თუ არა ყურანი ახალი იმამის გამოჩენას, მიიღო რა უარყოფითი პასუხი, მაინც გადაწყვიტა არ შეწინააღმდეგებოდა მანსურს იმამად დასახელებაში. სულთანმა ნება მისცა მას შეენარჩუნებინა ეს ტიტული მუსლიმანების უფრო მოხერხებულად აღშფოთებისთვის და საჩუქრად გამოუგზავნა მას საათი და ჭოგრიტი.

იმედოვნებდა რა, რომ მუსლიმანური მოსახლეობის აჯანყება მნიშვნელოვნად გააძნელებს რუსული ჯარების მდგომარეობას საქართველოში და ძალების მნიშვნელოვანი ნაწილის ყურადღებას გადაიტანს მოქმედებათა ევროპული თეატრიდან, პორტამ გადაწყვიტა პრინციპში გამოეცხადებინა ომი რუსეთისთვის და დაიწყო დადებული ტრაქტატების დარღვევა. უწინარეს ყოვლისა დარღვეულ იქნა დადგენილება მოლდავეთისა და ვალახეთის შესახებ, რომელიც იმაში მდგომარეობდა, რათა არ აეღოთ სამთავროს მცხოვრებთაგან ხარკი ორი წლის მანძილზე და არ შეეცვალათ გოსპოდარები. შემდეგ ხელშეკრულება ზაპოროჟიელთა დუნაის იქით წაყვანის შესახებ არა თუ არ ყოფილა შესრულებული, არამედ ამის საპირისპიროდ ისინი დასახლებულ იქნენ რუსეთის საზღვრების მახლობლობაში და მათი შევსება ხდებოდა გაქცეული რუსებით. ამ საბაბით წარმოქმნილი დიპლომატიური მოლაპარაკებები დასრულდა იმით, რომ 1787 წლის ზაფხულში (15 ივლისს) პორტამ მიიწვია ჩვენი წარგზავნილი ბულგაკოვი კონფერენციაზე რეის-ეფენდისთან. უკანასკნელმა გადასცა ჩვენს ელჩს ულტიმატუმი, რომელშიც მოითხოვდა: 1) მოლდაველი გოსპოდარის მავროკორდატოს გაცემას, რომელიც რუსეთში იყო გამოქცეული; 2) რუსი კონსულების იასიდან, ბუქარესტიდან და ალექსანდრიიდან გაწვევას; 3) თურქი კონსულების დაშვებას ყველა რუსულ ნავსადგურსა და სავაჭრო ქალაქში; 4) საქართველოს მეფის ერეკლე II-ის თურქეთის ქვეშევრდომად აღიარებას; 5) შავი ზღვიდან გამომავალი ყველა რუსული ხომალდის დათვალიერებას, და 6) დადგენილებას, რათა თურქი ვაჭრები იხდიდნენ საბაჟო გადასახადს არაუმეტეს 3 %-ისა.

ბულგაკოვს, რა თქმა უნდა, არ შეეძლო დათანხმებოდა ამგვარ მოთხოვნებს და, რამდენიმე დღის შემდეგ, ხელახლა იქნა მიწვეული რეის-ეფენდისთან. ამჯერად თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აღარ თვლიდა საჭიროდ თავისი მთავრობის ჭეშმარიტი სურვილის დაფარვას და მოითხოვდა, რათა რუსეთს დაებრუნებინა თურქეთისთვის ყირიმი და მოესპო ხელშეკრულება სამარადისო მშვიდობის შესახებ. ასეთი მოთხოვნის დაკმაყოფილება ბულგაკოვს არ ძალუძდა (былъ не въ силахъ), და მაშინ პორტამ, 1787 წ. 5 აგვისტოს, პატიმარ ჰყო იგი და დაამწყვდია შვიდკოშკიან ციხე-სასახლეში.

1787 წლის 9 სექტემბერს იმპერატრიცა ეკატერინე II-მ მანიფესტით გამოაცხადა თურქეთთან ურთიერთობების გაწყვეტისა და საომარ მოქმედებათა დაწყების შესახებ. თურქები 21 აგვისტოს თავს დაესხნენ ოჩაკოვის ლიმანში მყოფ ორ ჩვენს ბოტს და გამოგზავნეს რაზმი სუჯუკიდან იმიერყუბანელებთან, მათთვის მხარდაჭერის აღმოსაჩენად რუსეთის ფარგლებში შემოჭრისას. მიიღო რა ცნობა ამის შესახებ, გენერალ-პორუჩიკმა პოტიომკინმა გადაწყვიტა დაესწრო იმიერყუბანელთათვის და 20 სექტებერს, 7.988 ადამიანისგან შემდგარი რაზმითა და 35 ქვემეხით, გადალახა მდინარე ყუბანი პროჩნი-ოკოპთან. მან გაჰყო თავის ძალები სამ რაზმად, ხოლო მეოთხეს კი, გენერალ-მაიორ ელაგინის უფროსობით, უბრძანა გადაელახა მდინარე ყუბანი ოვეჩი-ბროდის ქვემოთ, და დაეფარა მისი შეტევა. მოქმედებათა უმთავრესი მიზანი გახლდათ იმამ მანსურის ხროვის (сборище) განადგურება, რომელიც 8.000 ადამიანამდე რიცხვით იყო შეკრებილი მდინარეებს ურუპსა და ლაბას შორის. მის წინააღმდეგ გაგზავნილი პოლკოვნიკ რებინდერის რაზმი იმავე დღეს, 20 სექტემბერს, შეხვდა ცრუწინასწარმეტყველის მეწინავე რაზმს, რომელიც შედგებოდა ვაგენბურგის სახით განლაგებული 600 ურმისგან. შენიშნეს რა რუსების მოახლოება, მთიელებმა მგრგვინავი ხმით წარმოთქვეს ლოცვა, შედგენილი მანსურის მიერ, და გადაწყვიტეს უკანასკნელ შესაძლებლობამდე გაეწიათ წინააღმდეგობა. მაგრამ ვაგენბურგი აღებულ იქნა, და მისმა დამცველებმა კი დაკარგეს 400 ადამიანი მოკლულებით.

მეორე დღეს, 21 რიცხვში, მანსურმა თავისი ბრბოთი (толпа) შემოუტია პოლკოვნიკ რებინდერის რაზმს, მაგრამ მოგერიებულ იქნა მეტად შეუპოვარი ბრძოლის შემდეგ. მთიელთა ყველაზე უფრო მეტად ცხარე ბრძოლა იყო როსტოვის კარაბინერთა პოლკთან. მოწინააღმდეგეზე შეტევისას პოლკი წააწყდა ჩასაფრებას და, ამაზე ზევით, თავად განიცადა ფლანგზე შემოტევა. როსტოველთა ორი ესკადრონი და კაზაკების ნაწილი დაიბნენ და რიგები არივ-დარიეს (пришли въ замешательство), მაგრამ ასტრახანის პოლკის დროზე მოსულმა დრაგუნებმა, გრენადერთა ბატალიონთან ერთად, უკუაქციეს მოწინააღმდეგე. მთიელებმა სრულ გაქცევას მიმართეს.

პირველივე გასროლებისას გენერალ-პორუჩიკმა პოტიომკინმა რებინდერის მხარდასაჭერად გაგზავნა თავად რატიევის რაზმი, რომელმაც უკვე ვერ მოასწრო ბრძოლის ველზე მისვლა. უკან დაიხია რა ათ ვერსზე, მანსური გაჩერდა; მასთან დასახმარებლად მოვიდნენ თემირგოელები, ბესლენელები და აბაზელები, და 22 რიცხვში იგი ისევ გამოჩნდა ჩვენი რაზმის თვალსაწიერში. გენერალ-მაიორმა თავადმა რატიევმა შეუტია მთიელებს, და ისინი, არ შეეძლოთ რა სასტიკი ცეცხლის გაძლება, “დაიყვნენ ერებად და, საფრდებოდნენ რა ღარტაფებსა და ტყეებში” ცდილობდნენ შემტევთა მისწრაფების შეკავებას, მაგრამ ყველგან განდევნილნი იქნენ. ბრძოლის ადგილთან უახლოესი აული და სახლი, რომელშიც დასახლებული იყო მანსური, გადამწვარ იქნა. იმამის სახლთან ნაპოვნი იქნა ორი საკუჭნაო, რომელშიც ინახებოდა 10.000 ფუთამდე კარაქი და ბევრი ქერი; კარაქი დაწვეს, ქერი კი ჯარებს დაურიგეს. “იმიერყუბანელთაგან უკვე ვეღარავინ ბედავდა აქ გამოჩენას, არამედ მხოლოდ ამ სირცხვილს (позорище) უყურებდნენ თოვლიანი მწვერვალების ახლოს მდებარე მთების თხემებიდან” (Всеподд. донесенiе князя Потёмкина 23-го октября 1787 г., № 46. Журналъ князя Потёмкина. Московск. Арх. Глав. Штаба).

25 სექტემბერს გენერალ-პორუჩიკმა პოტიომკინმა უბრძანა ყველა რაზმს დაბრუნებულიყვნენ ყუბანის ნაპირებთან. მთიელები დაედევნენ, მაგრამ დუნედ, მათ მიერ უკანასკნელ დღეებში განცდილი დიდი დანაკარგების გამო. იმიერყუბანელთაგან ბევრს არ ჰქონდა თოფი, არამედ შეიარაღებულნი იყვნენ მშვილდებით, ისრებით, და თუმცა კი გრძნობდნენ უთანასწორობას ბრძოლაში, მაინც აგრძელებდნენ ბრბოებად შეკრებას და ჯგუფდებოდნენ მანსურის სიახლოვეში.

ასეთ მდგომარეობაში იყო საქმეები, როდესაც გენერალ-პორუჩიკი პ. ს. პოტიომკინი გაწვეულ იქნა და მის ადგილზე დაინიშნა გენერალ-ანშეფი ტეკელი (Текелли).

1787 წლის 4 აპრილს ტეკელი შეუდგა მთელი რაზმების სარდლობას, რომლებიც განლაგებული იყვნენ სივრცეზე აზოვისა და კასპიის ზღვებს შორის; მისსავე გამგებლობაში შევიდა კასპიის ზღვაზე მყოფი რუსული გემების ესკადრაც.

“თქვენი სიფხიზლე და მზრუნველობა, წერდა ტეკელის თავადი პოტიომკინ-ტავრიდელი (Въ ордере отъ 26-го августа 1787 г., за № 2.207. Арх. Главн. Штаба. Исходящ. журналъ князя Потёмкина), უნდა მოიცავდნენ მთელს ამ სივრცეს, მაგრამ ყველა ამასთან ერთად ინებეთ, რომ მიჰყვებოდეთ გენერალურ წესს, რათა არ აქუცმაცებდეთ თქვენს ძალებს, არ გქონდეთ ბევრი (ზედმეტი) საგუშაგო, საჭიროების გარდა, და აყენებდეთ საკუთარ თავს მოწინააღმდეგის ძლიერი დამარცხების მდგომარეობაში, თუკი იგი გაბედავდა ჩვენს საზღვრებზე თავდასხმის მოხდენას”.

ამრიგად გენერალ-ანშეფ ტეკელის განკარგულებაში შევიდნენ ყუბანისა და კავკასიის კორპუსები. პირველი, გენერალ-მაიორ ბარონ როზენის მეთაურობით, განლაგებული იყო ყუბანში, ებჯინებოდა რა მარჯვენა ფლანგით აზოვის ზღვას, და შედგებოდა ქვეითი ჯარის ორი პოლკისა და ეგერთა კორპუსისგან* (*ნიზოვისა და აზოვის ქვეითი პოლკები, ყუბანის ეგერთა კორპუსი), დრაგუნთა ორი პოლკისა** (**ნიჟეგოროდისა და ვლადიმირის დრაგუნთა პოლკები) და საველე არტილერიის 16 ქვემეხისგან. კავკასიის კორპუსი შედგებოდა ქვეითი ჯარის 9 პოლკისა და ეგერთა კორპუსისგან*** (***ქვეითი პოლკები: კავკასიის, ლადოგის, ყაბარდოსი, ტფილისის, ვლადიმირის, ყაზანის, მოსკოვის, ვორონეჟის, ნიჟეგოროდისა და კავკასიის ეგერთა კორპუსი /См. Московск. Арх. Глав. Штаба. Исходящიй журналъ князя Потёмкина/), კარაბინერთა სამი**** (****როსტოვის, ნარვისა და კარგოპოლის) და დრაგუნთა ორი***** (*****ასტრახანისა და ტაგანროგის) პოლკისგან, დონელ კაზაკთა ოთხი პოლკისგან, ურალის კაზაკთა პოლკისგან, ასტრახანისა და კავკასიის დასახლებულ კაზაკთა პოლკებისგან და საველე არტილერიის 32 ქვემეხისგან****** (******ამაზე ზევით, თითოეულ ქვეით და დრაგუნთა პოლკში იყო ოთხ-ოთხი საპოლკო ქვემეხი, ხოლო ეგერთა თითოეულ ბატალიონში კი ორ-ორი 3-გირვანქიანი ზარბაზანი).

ჩვენი ფლოტილია კასპიის ზღვაში შედგებოდა სამი ფრეგატის, ერთი საბომბარდირო ხომალდის, სამი საგემბანო ბოტისა და ორი სატრანსპორტო გემისგან, 45 ქვემეხით* (*20 3-გირვანქიანი ზარბაზანი, 24 ექვს-გირვანქიანი ზარბაზანი და ერთიც ერთფუთიანი ჰაუბიცა).

ქვეითი პოლკები სრულად ვერ იყო დაკომპლექტებული და შედგებოდა ორ-ორი ბატალიონისგან; კარაბინერთა პოლკებში იყო ექვს-ექვსი ესკადრონი, მაგრამ მათ ბევრი ცხენი აკლდათ, ზუსტად ისევე, როგორც არტილერიაშიც. ექიმებში დიდი უკმარისობა იყო, ჰოსპიტლები კი სრულებით არ ყოფილა მოწყობილი.

ყუბანის კორპუსის ჯარები განთავსებულნი იყვნენ ზამთრის ბინებზე: ეისკის სიმაგრეში, აზოვში, ტაგანროგისა და ბაჰმუთის ოკრუგებში და ჩერკასკის ახლოს, დონის სტანიცებში. კავკასიის კორპუსი განლაგებული იყო: სტავროპოლში, პროჩნი-ოკოპში, გრიგორიოპოლში, სენგილეევსკში და ჩერკასკის გზის გაყოლებაზე (Ведомость, представленная князю Потёмкину-Таврическому, при рапорте Текелли 17-го декабря 1787 г., Георгiев. Воен. Архивъ).

ყუბანის კორპუსის საკვებით უზრუნველყოფისთვის დაარსებულ იქნა საპროვიანტო კომისია როსტოვში, ხოლო კავკასიის კორპუსისთვის კი ასტრახანში. კომისიების ჯარებისგან დაშორებული განლაგება იყო იმის მიზეზი, რომ ზოგიერთ პუნქტში ჯარებს პურიც კი ვერ ჰქონდათ საკმარისი რაოდენობით და ღებულობდნენ მწირ კმაყოფას ადგილობრივ მცხოვრებთაგან.

აბარებდა რა კორპუსს ტეკელის, გენერალ-პორუჩიკმა პ. ს. პოტიომკინმა არ დაუტოვა თავის მენაცვალეს არანაირი თანხები* (*პ. პოტიომკინმა განაცხადა, რომ თუმცა კი აქვს მას 50.000 თუმანი, მაგრამ ეს ფული მან უნდა მიუტანოს თავად ტავრიდელს), არ გადასცა მას არანაირი საქმეები, არ დაუტოვა თარჯიმანი და არ შეატყობინა არანაირი ცნობები მხარისა და იქ მოსახლე ხალხების შესახებ (Донесенiе Текелли князю Потёмкину-Таврическому отъ 8-го октября. Георгiев. Воен. Архивъ).

იმ დროს რუსული დასახლებანი ყუბანზე საერთოდ არ ყოფილა და ცნობების მიღება მოწინააღმდეგის შესახებ უკიდურესად იყო გაძნელებული. ყაბარდოელები ახდენდნენ მეტად ხშირ თავდასხმებს, გადმოლახავდნენ რა მდინარეს ყველაზე უფრო ხშირად ბაბუკის ფონთან. ყუბანს იქით მცხოვრები ტომები, გახლდნენ რა პორტას ქვეშევრდომნი, ჩვენდამი აშკარად მტრულად იყვნენ განწყობილნი, განსაკუთრებით იმ დროიდან, როცა თურქეთის მთავრობამ, ემზადებოდა რა რუსეთთან ომისთვის, გააძლიერა თავისი გარნიზონები სუჯუკსა და ანაპაში და დააყენა იქ საგანგებო ფაშები ჯარების სარდლობისა და მხარის მმართველობისთვის. ჩეჩნეთიდან გაქცეული იმამი მანსური აღაგზნებდა მაჰმადიანებს, მოუწოდება რა მათ საბრძოლველად ქრისტიანების წინააღმდეგ. ყაბარდოელები ღელავდნენ და მზად იყვნენ ყველანი აჯანყებისთვის (и готовы были возстать поголовно). რუსეთის მაშინდელი პოლიტიკური მდგომარეობისას თურქეთთან მიმართებაში, ყუბანის კორპუსის ჯარები ძალზედ არასაკმარისი იყო, რათა ძალით აეძულებინა მთიელები დაჯერებისა და მორჩილებისკენ. თავადმა პოტიომკინმა თუმცა კი უბრძანა ჯარის ატამანს ილოვაისკის მუდმივად მზად ყოფილიყო დასაძვრელად ყუბანის კორპუსის გაძლიერებისთვის, მაგრამ ურჩევდა ტეკელის რომ გავლენა მოეხდინა მთიელებზე, და განსაკუთრებით კი ყაბარდოელებზე, არა იმდენად იარაღის შიშით, რამდენადაც ალერსითა და რბილი მოქცევით.

“მე იმედი მაქვს, წერდა უგანათლებულესი (Генералу Текелли въ ордере отъ 26-го августа 1787 г., № 2.207. Москов. Арх. Глав. Штаба. Исходящiй журн. Потёмкина), რომ თქვენი მათ მიმართ კეთილმოსურნე ურთიერთობა უფრო მეტად გამოიწვევს მათში რუსეთის იმპერიისადმი კეთილგანწყობასა და გულმოდგინებას, ვიდრე სასჯელის შიში. მაჰმადიანთა რჯულის მიხედვით ისინი ატარებენ ქუდებს, რომელთა მოხდასაც მათ უბრძანებდნენ და ეს მათ გულს წყვეტდა. თქვენო აღმატებულებავ, დატოვეთ ისინი ქუდებში, ისევე როგორც ყველა მაჰმადიანი, და მათ უფრო მეტად მოიზიდავთ თქვენსკენ.

ყველა დანარჩენი მთიელი ხალხებიდან რუსეთისადმი კეთილმოსურნეობას უფრო მეტად იჩენენ, და თვით ქრისტიანული რჯულისადმიც კი, ოსები და ინგუშები. საჭიროა ცდილობდეთ მათში ამ გულმოდგინებისა და ერთგულების გამრავლებას, მოუწყობთ რა მათ ალერსიან მიღებებს, გამოარჩევთ რა სხვების წინაშე”.

ჩვენს საზღვრებთან ყველაზე უფრო ახლოს მყოფი სპარსელი ხანები და მფლობელები ნაწილობრივ ეძიებდნენ რუსეთის მფარველობას, ნაწილობრივ კი დამოუკიდებელნი იყვნენ. ტარკის შამხალი შემოვიდა რუსეთის ქვეშევრდომობაში და მას ეწყალობა საიდუმლო მრჩევლის ჩინი. ფათჰ-ალი-ხან დარუბანდელი ეძიებდა რუსეთის კეთილგანწყობას, და თუმცა კი არ ყოფილა გულწრფელად ერთგული ჩვენი მთავრობისადმი, მაგრამ ერთერთმა არცთუ ბევრთაგან არ მიიღო პორტას საჩუქრები და ვეზირის მისდამი წერილი გამოუგზავნა თავად პოტიომკინს. ფათჰ-ალი-ხანის შეურიგებელი მტერი, ავარელი ომარ-ხანი ორპირობდა და, ირწმუნებოდა რა, რომ რუსეთისადმი ერთგულია, იმავე დროს იჭრებოდა საქართველოში და ძარცვავდა მის მცხოვრებთ. ამ ქვეყნის დასაცავად და საერთოდ ჩვენი მიზნების ხელშეწყობისთვის, თავადი პოტიომკინი სთხოვდა ტეკელის ეცადა რომ კავშირით შეეერთებინა საქართველოსა და იმერეთის მეფეები. “ფათჰ-ალი-ხანის შემოერთებით, ამბობდა იგი, მათ შეეძლებათ უპირატესობის მიღწევა ჩვენს მტრებზე”. ამ უკანასკნელი მიზნით თავადმა პოტიომკინ-ტავრიდელმა გამოგზავნა კავკასიაში ორი ძმა გორიჩები, სიტყვიერი მოლაპარაკებებისა და ჩვენი ძალაუფლების ქვეშ მყოფი მთიელი ხალხებისთვის მათი პირდაპირი სარგებლის ჩასაგონებლად რუსეთისადმი ჭეშმარიტ ერთგულებასა და სიწყნარისა და სიმშვიდის შენარჩუნებაში (Открытые ордера Горичамъ 22-го августа 1787 года, №№ 2.156 и 2.157). იცოდა რა გამოცდილებით, რომ აზიელები უხალისოდ ანდობენ ქაღალდს თავიანთ სანუკვარ საიდუმლოებებს და ყოველთვის ამჯობინებენ სიტყვიერ ახსნა-განმარტებას, უგანათლებულესმა დაავალა გენერალ-მაიორ უმცროს გორიჩს გამგზავრებულიყო “ხალხებთან, რომლებიც იმყოფებიან მოზდოკსა და კასპიის ზღვას შორის”, ხოლო ბრიგადირ დიდ გორიჩს კი – ყაბარდოელებთან, ოსებთან, ბესლენეელებთან, აბაზელებთან და სხვა იმიერყუბანელებთან. მასვე ებრძანა რომს სწვეოდა ავარიისა და დარუბანდის ხანებს და დაეიმედებინა ისინი იმ კეთილდღეობით, რომელიც ელოდება მათ რუსეთის ქვეშევრდომობაში შემოსვლის შემდეგ.

“ორი ძმა, ბრიგადირი და პოლონეთის სამსახურში ნამყოფი გენერალ-მაიორი გორიჩები, წერდა თავადი ტავრიდელი გენერალ პოტიომკინს (Въ ордере отъ 22-го августа года, № 2.159), გამოგზავნილია ჩემგან კავკასიის მხარეში, რათა თანამემამულეობისა და პატივისცემის გამო (по единоземству и уваженiю), რომელიც იქ მათ მიმართ გააჩნიათ, ხელი შევუწყო იმ ხალხების მოყვანას ჩვენს მიმართ სასარგებლო განწყობაში”.

დიდი გორიჩი ითხოვდა რომ დაექვემდებარებინათ მისთვის გრებენისა და თერგის ჯარები, მაგრამ იმ დროს მთავარსადლად მყოფ გენერალ ტეკელის არ შეეძლო ამ მოთხოვნაზე დათანხმება, მით უმეტეს, მიიღო თავად ტავრიდელის ბრძანება, რათა მოეწყო ძლიერი ექსპედიცია ყუბანს იქით. ტეკელიმ ჩამოაყალიბა ორი რაზმი: ერთი თავისი უფროსობით, ხოლო მეორე კი ატამან ილოვაისკისა* (*ამ რაზმის შემადგენლობაში შევიდა დონის მხედრობა, ქვეითი ჯარისა და დრაგუნთა ორ-ორი პოლკი და ეგერთა სამი ბატალიონი).

დაავალა რა ილოვაისკის, 13 ოქტომბერს გადაელახა ყუბანი ტემიშბერგთან, თავად ტეკელიც, თავი მოუყარა რა 12.750 კაცისგან შემდგარ რაზმს და გაჰყო რა იგი სამ კოლონად, ასევე 14 ოქტომბერს გადავიდა ყუბანზე ჰაჯი-კალესთან, მტაცებელთა განადგურებით ყუბანის მარცხენა ნაპირის გაწმენდის მიზნით, დაწყებული მდინარე ლაბას მასთან შეერთებიდან თოვლიანი მთების სულ მწვერვალებამდე. თავად პოტიომკინის ვარაუდით ეს ჯარები უნდა დარჩენილიყვნენ ყუბანს იქით იმ დრომდე, სანამ “საჭიროება მოითხოვს, ამოჟლეტენ რა ცეცხლითა და მახვილით მოწინააღმდეგესა და მის სოფლებს და მოიყვანენ რა ისეთ მდგომარეობაში, რომ აღარ შეეძლოთ ოდესმე ხელის აღმართვა /რუსეთის/ საზღვრებზე” (пока «надобность будетъ требовать, истребляя огнёмъ и мечомъ непрiятеля и его селенiя и приводя въ несостоянiе покуситься когда либо на границы» Россiи.) (Всеподд. донесенiе князя Потёмкина 23-го октября 1787 г., № 47. Московск. Арх. Главнаго Штаба).

მოიმარაგა რა ერთი თვის მშრალი სურსათი, გენერალი ტეკელი დაიძრა ზემოთკენ მდინარეების დიდი და პატარა ზელენჩუკის გაყოლებაზე და სამი დღის განმავლობაში არ შეხვედრია მოწინააღმდეგეს. დატოვეს რა თავიანთი სოფლები, იმიერყუბანელები ვერ ბედავდნენ ბრძოლაში ჩაბმას (вступать въ дело) ჩვენს ჯარებთან, და მხოლოდ რაზმის შავ მთებთან მიახლოებისას, მოწინააღმდეგის ბრბოები გამოჩნდნენ მათ თხემებზე. აბაზელებმა დაიკავეს ყველაზე უფრო მიუვალი ხეობები (суровыя ущелья) ყუბანსა და დიდ ზელენჩუკს შორის და საკუთარ თავს თვლიდნენ სრულიად უსფრთხოდ. ტეკელიმ გაგზავნა ორი რაზმი: პოლკოვნიკ რებინდერისა მდინარეების პატარა ზელენჩუკისა და მარუხის სათავეებისკენ და გენერალ-მაიორ თავად რატიევისა მდინარე აქსაუტზე. აქ შეგროვილი მთიელები დამარცხებულ და გაფანტულ იქნენ და იძლებული იყვნენ თოვლიან მთებში გაქცეულიყვნენ. ხედავდნენ რა თავიანთ სოფლებს დარბეულს, ცოლებსა და შვილებს გამარჯვებულთა ხელში, ხოლო საკუთარ თავს კი დაკარგულის დაბრუნებაზე ყოველგვარი იმედის გარეშე, აბაზელებმა ტეკელისთან გამოგზავნეს დეპუტატები თხოვნით შეწყალებისა და რუსეთის ქვეშევრდომობაში მათი მიღების შესახებ.

დაეთანხმა რა დამორჩილებულთა თხოვნებს, გენერალმა ტეკელიმ იმავე დროს შეიტყო, რომ მანსური აგროვებს მნიშვნელოვან ბრბოებს მდინარეების დიდი ზელენჩუკისა და კეფნრის სათავეებთან. იგი მაშინვე დაიძრა მანსურის წინააღმდეგ, გაგზავნა რა ავანგარდში პოლკოვნიკ რებინდერის რაზმი. მოწნააღმდეგემ ვერ გაუძლო პირველ თავდასხმებს და უკან დაიხია მდინარე ურუპთან. რუსული ჯარები კვალში მიჰყვნენ უკანდახეულთ და, დაეწიენ რა მოწინააღმდეგეს მდინარე ურუპზე, საბოლოო დამარცხება მიაყენეს მას. ბრბოს დიდი ნაწილი იძულებული იყო დამორჩილებოდა, ხოლო იმამ მანსურმა კი თავისი ახლო გარემოცვის მცირე რიცხვთან ერთად, ძლივსღა შეძლო გადარჩენა, მიდიოდა რა თოვლიანი მთების გავლით და გზაში ტოვებდა მოხუცებსა და მცირეწლოვანთ, რომლებსაც მასთან ერთად სირბილის ძალა არ შესწევდათ. შემდგომში მანსურის გაქცევის გზაზე ნაპოვნ იქნა მრავალი მკვდარი სხეული, უპირატესად მცირეწლოვანი ბავშვებისა (Всепод. донесенiе кн. Потёмкина 1-го декабря 1787 г., № 59, Московск. Арх. Главнаго Штаба).

ტყვეთა ჩვენებით, მანსური გაიქცა სუჯუკ-კალეში. რჩებოდა რა რამდენიმე დღეს ყუბანს იქით, ტეკელი ანადგურებდა ბესლენელებისა და თემირგოელების სამოსახლოთა ნარჩენებს და დაკავებული იყო დამორჩილებული ნოღაელი თათრების კავკასიის ხაზზე გამოყვანით. ყველა ისინი, ათას კომლზე უფრო მეტი რიცხვით, დასახლებულ იქნენ მდინარე კუმის მარცხენა მხარეზე, კუმის შტერნშანცსა და სოფელ ალექსანდრიას შორის. 

2 ნოემბერს ტეკელი დაბრუნდა ექსპედიციიდან და თავისი ჯარები განათავსა ზამთრის ბინებში, ხოლო 5 ნოემბერს კი ამ მდინარის მარჯვენა ნაპირზე დაბრუნდა ილოვაისკის რაზმიც.

გაიარა რა მდინარე ლაბას ორივე ნაპირი, გაფანტა ყველგან მოწინააღმდეგე და გაანადგურა დასახლებანი, ილოვაისკიმ კავკასიის ხაზზე მოიყვანა ბევრი საქონელი, ხელში ჩაიგდო ტყვეები და ქონება (Всеподд. рапорты кн. Потёмкина 1-го и 26-го декабря 1787 г., №№ 59 и 62. Письмо его же къ графу Румянцову 7-го декабря, № 3.251).

ამრიგად, იმიერყუბანელნი საფუძვლიანად იქნენ დარბეულნი, მით უმეტეს, რომ ტეკელის ექსპედიციასთან ერთდროულად, ბრიგადირმა დიდმა გორიჩმა გამოითხოვა ნებართვა ყაბარდოელებისთვის, რომ მოეწყოთ თარეში ყუბანს იქით. რუსეთისთვის სამსახურის გაწევის სახით, ყაბარდოელებს არსებითად სურდათ თავიანთი ძალაუფლების ქვეშ მყოფთა უკან დაბრუნება, რომლებიც გაქცეულნი იყვნენ მფლობელთაგან შევიწროვებების გამო. შეიკრიბნენ რა 5 ათასი ადამიანის რიცხვით, 36 მფლობელის უფროსობითა და გორიჩის წინამძღოლობით, ყაბარდოელები თავს დაესხნენ აბაზელებს, ბაშილბაებსა და თემირგოელებს. მათ გამოიყვანეს ბევრი ტყვე და დაასახლეს ისინი ყაბარდოს მახლობლად მდინარე კუმის სათავეებს შორის. ამაზე ზევით, ყაბარდოელებმა წერილობითი ხელშეკრულებით დაავალდებულეს ბესლენეელები, რომ ყოფილიყვნენ რუსეთისადმი ერთგულნი და გამოართვეს მათ ამანათები. ამ ვალდებულებებსა და ამანათებს ცოტა სარგებელი თუ მოჰქონდათ: მთიელები აგრძელებდნენ ჩვენს ფარგლებში შემოჭრას, და თავად ყაბარდოელებიც უერთდებოდნენ მტაცებელთა ბრბოებს და მათი საუკეთესო მეგზურებიც გახლდნენ. კავკასიის ხაზზე შემოჭრები და მტაცებლობანი იმიერყუბანელთა, ყაბარდოელთა და ჩეჩენთა მხრიდან ხდებოდა ძალზედ ხშირად. მძარცველობაში დაჭერილებს გაატარებდნენ ჯარისკაცთა მწყობრს შორის და ნაწილს უშვებდნენ სახლში, სხვებს კი გადასახლებაში აგზავნიდნენ. იმიერყუბანელები ჩვენს მიმართ უფრო მეტად მტრულ დამოკიდებულებაში იყვნენ, ვიდრე ყაბარდოელები. უკანასკნელნი ითვლებოდნენ ჩვენს ქვეშევრდომებად, და ბევრს ყაბარდოელთაგან ჰქონდა რუსული ჩინები. თუმცა კი ეს არ უშლიდათ ხელს არც წვრილმან მტაცებლობაში, და არც ორაზროვან მოქცევაში: ეკატერინოგრადისკენ მიმავალი გზები არ იყო უსაფრთხო, და გაგზავნილ სახაზინო ტრანსპორტებს ბადრაგების გაყოლება სჭირდებოდა.

საქართველოდან ჩვენი ბატალიონების გამოყვანის შემდეგ ჩვენი შეტყობინება ამიერკავკასიასთან თითქმის შეწყდა, იმიტომ რომ ვლადიკავკაზი და სხვა გამაგრებული პუნქტები ამ გზის გაყოლებაზე 1788 წელს ჩვენს მიერ იქნა დატოვებული, და მათი გარნიზონები კი მოქმედ ჯარებთან შეერთებული.

ასეთ მდგომარეობაში იყო საქმეები, როდესაც 1788 წლის 22 აპრილს თავადმა პოტიომკინმა უბრძანა გენერალ ტეკელის, რომ რაც შეიძლებოდა სწრაფად გამოსულიყო და დაეწყო საომარი მოქმედებები სუჯუკ-კალეს ან ანაპის წინააღმდეგ. “ეს ღონისძიება მით უფრო არის საჭირო, წერდა უგანათლებულესი (Секретн. журналъ кн. Потёмкина. Москов. Арх. Глав. Штаба), რომ გაგვიწევს ტავრიდისგან მოწინააღმდეგის ყურადღების გადატანის სამსახურს, საითკენაც, ყველა ცნობის მიხედვით, მომართავს იგი თავის მთავარ ძალებს. რაც უფრო მეტი ჯარების შეკრება შეგიძლიათ თქვენ, მით უფრო სასარგებლო შედეგები შესაძლოა იყოს მოსალოდნელი. თუკი ყუბანის ნაპირებიდან გადმოსვლა ხელს შეუშლის ნავარაუდევი მოქმედებებისთვის ჯარების იქითა ნაპირზე გადასვლას, ასეთ შემთხვევაში თქვენი მოძრაობა მიმართეთ ტამანისკენ”.

მაგრამ ამ ექსპედიციის მოწყობა შესაძლებელი იყო არაუადრეს სექტემბრის თვისა. დაავალა რა ყუბანის კორპუსის* (*იმ დროს ყუბანის რაზმის შემადგენლობაში შედიოდნენ: აზოვისა და ნიზოვის ქვეითი პოლკები, ყუბანის ეგერთა კორპუსი, ნიჟეგოროდისა და ვლადიმირის დრაგუნთა პოლკები, დონის ორი პოლკი და საველე არტილერიის 16 ქვემეხი) ახლადდანიშნულ მეთაურს გენერალ-პორუჩიკ ტალიზინს დაეკავებინა ბანაკი ზანას სანახებიდან 17 ვერსზე უფრო ზევით, გენერალმა ტეკელიმ, 19 სექტემბერს, გადალახა ყუბანი უსტ-ლაბინსკის ციხესიმაგრის ქვემოთ და დაიძრა სუჯუკისკენ. წააწყდა რა მოწინააღმდეგის წინააღმდეგობას ყუბანის მარცხენა ნაპირზე პირველი მოძრაობისას, ტეკელი, განუწყვეტელი შეტაკებებით, მოვიდა 25 რიცხვში მდინარე უბინზე, და მომდევნო დღეს გაგზავნა იქიდან ორი რაზმი სუჯუკზე, გენერალ-მაიორ თავად რატიევისა და პოლკოვნის გერმანის მეთაურობით, ხოლო მესამე კი, პოდპოლკოვნიკ მანსუროვისა, უბინის სათავისკენ, მოწინააღმდეგის აღმოსაჩენად. მანსუროვს სხვებზე უფრო ადრე შემოუტიეს, ამასთან, თურქული ჯარებითა და არტილერიით გაძლიერებული მთიელები გააფთრებით იბრძოდნენ. მოაწყო რა თავისი რაზმი კარედ, მანსუროვი იგერიებდა შემოტევებს დილის 4-დან 9 საათამდე. მის გასაძლიერებლად გაგზავნილ იქნენ: პოლკოვნიკი გროტენჰელმი ყაზანის ქვეითი პოლკით და ბრიგადირი საველიევი გრენადერთა ბატალიონითა და კაზაკთა პოლკებით. მათმა მოსვლამ ბრძოლის ველზე და გენერალ-მაიორ თავად რატიევის დაბრუნებული რაზმის მოწინააღმდეგის ფლანგში მოძრაობამ აიძულეს მთიელები, რომ მეტად მნიშვნელოვანი დანაკარგებით უკან დაეხიათ. ტყვეთა ჩვენებით, ამ ბრძოლაში მონაწილეობდა 2.500 თურქი და 8 ათასი იმიერყუბანელი სხვადასხვა ტომებიდან. მათი წინამძღოლი გახლდათ მუსტაფა-ფაშა, რომელიც გამოგზავნილი იყო იმ მხრის დასაცავად. მოწინააღმდეგემ მოკლულებითა და დაჭრილებით დაკარგა 1.500 ადამიანზე მეტი. ჩვენი დანაკარგი შედგებოდა 28 მოკლულისა და 226 დაჭრილისგან.

ამ ბრძოლის შემდეგ ტეკელის უკვე აღარ შეხვედრია წინააღმდეგობა და, გაირა რა ზანის სანახების გავლით, იქ შეუერთდა გენერალ ტალიზინის რაზმს. 13 ოქტომბერს იგი მიადგა ანაპას, სადაც იმყოფებოდნენ მნიშვნელოვანი გარნიზონი და ცრუწინასწარმეტყველი მანსური, რომლებიც ქალაქს თავდაცვისთვის ამზადებდნენ. 

მომდევნო დღეს პოლკოვნიკმა გერმანმა მოახდინა ციხესიმაგრის გაძლიერებული რეკოგნოსცირება, დრაგუნთა ერთი ბრიგადითა და ვოლგის კაზაკთა პოლკით. მიუშვეს რა რეკოგნოსცირების ჩატარებლები ციხესმაგრესთან მეტად ახლო მანძილზე, თურქებმა გაუხსნეს მათ ძალზედ ცოცხალი ცეცხლი (турки открыли по нимъ весьма живой огонь). ამის კვალდაკვალ მოწყობილ იქნა გამოხდომა ქალაქიდან, ერთდროულად მთიელებთან, რომლებიც პირობით ნიშნამდე იმალებოდნენ ტყიან ხეობებში. ჩვენი კავალერია ჩაყენებულ იქნა უკიდურესად გაძნელებულ მდგომარეობაში, და იგი გამოისხნეს მხოლოდ დროზე მოსულმა თავიდან ქვეითი ჯარის ორმა ბატალიონმა, ხოლო შემდეგ კი გენერალ-მაიორ თავად რატიევის რაზმმაც. ჩამოწოლილმა ღამემ შეწყვიტა ბრძოლა, რომელმაც დაარწმუნა ტეკელი მოწინააღმდეგის ძალების მნიშვნელოვნებაში.

ვერ ბედავდა რა ანაპაზე იერიშს და არ გააჩნდა რა არანაირი საშუალებანი სწორი ალყის წარმოებისთვის, ტეკელი მოწინააღმდეგესთან რამდენიმე შეტაკების შემდეგ უკანვე წამოვიდა და, დაბრუნდა რა კავკასიის ხაზზე, განლაგდა ზამთრის ბინებზე (Исходящiй журн. кн. Потёмкина. Московск. Арх. Глав. Штаба).

ასე დასრულდა 1788 წლის კამპანია აზიურ თურქეთში. არც თავადი პოტიომკინი, არც იმპერატრიცა ეკატერინე II არ იყნენ კმაყოფილნი გენერალ-ანშეფ ტეკელის მოქმედებებით და, მიაწერდნენ რა ამდენად მცირე წარმატებას მთავარსარდლის ენერგიის ნაკლებობას, გადაწყვიტეს მისი სხვა პირით შეცვლა.

“ყუბანისა და კავკასიის კორპუსების დაშორების გამო, – წერდა იმპერატრიცა თავად პოტიომკინს, (Въ рескрипте отъ 8-го марта 1789 г. Арх. Кабин. св. 443) – იმ ადგილებიდან, რომლებზედაც თქვენდამი რწმუნებული არმის მოქმედებები მიმდინარეობს (იგულისხმება ბალკანეთის მიმართულება – ი. ხ.), სურვილი გვაქვს, რათა მათგან შედგენილ იქნას საგანგებო არმია, აქვე დართული განრიგის მიხედვით* (*განრიგის მიხედვით, ამ კავკასიის არმიას შეადგენდნენ შემდეგი ჯარები: კავკასიის ქვეითი პოლკი ოთხი ბატალიონით; ორბატალიონიანი პოლკები: ყაზანის, ვლადიმირის, მოსკოვის, ყაბარდოსი, ლადოგის, ტფილისის, ნიჟეგოროდის, ვორონეჟის, აზოვისა და ნიზოვის; ეგერთა კორპუსები: კავკასიისა და ყუბანის; ცხენოსანი კარაბინერთა: როსტოვის, კარგოპოლისა და ნარვის; დრაგუნთა: ასტრახანის, ტაგანროგის, ნიჟეგოროდისა და ვლადიმირის; დონელთა ექვსი პოლკი, ურალის პოლკი, კავკასიისა და ასტრახანის გუბერნიების კაზაკთა ჯარები და ყალმუხთა ჯარი). ამ არმიის წინამძღოლად ვნიშნავთ ჩვენს გენერალს გრაფ სალტიკოვს იმით, რათა იგი მისი მომარაგებისა და კვების საქმეებში, აგრეთვე იმ დაწვრილებით საქმეებშიც, რომლებიც სამსახურს შეეხება, განკარგავდეს და მოგვმართავდეს ჩვენ და ჩვენს სამხედრო კოლეგიას შუამავლების გარეშე; საომარ მოქმედებებში კი, როგორც კავშირის მქონე თქვენს მოქმედებებთან, ანგარიშს უწევდეს თქვენს ვარაუდებს (соображался предположенiямъ вашимъ), მოგვახსენებს რა თუმცა კი ჩვენც ყველაფერ მომხდარზე იმ მხარეში. რაც შეეხება იქაურ მეზობელ ხალხებს, რადგანაც თქვენ უკვე რწმუნებული ხართ ჩვენგან ჩვენი საზღვრების უზრუნველყოფისა და ჩვენი ინტერესებისთვის მათთან ყველანაირ ხელსაყრელ მოლაპარაკებებსა და დადგენილებებზე – მოხსენიებული გენერლის მხრიდან მათთან ურთიერთობები სხვანაირად არ უნდა ხდებოდეს, თუ არა თქვენი ზუსტი ხელმძღვანელობის მიხედვით”.

ამრიგად, თუმცა კი კავკასიაში ახლა შეიქმნა კიდეც საგანგებო არმია, მაგრამ მისი სარდალი შეკრული იყო თავის მოქმედებებში და არ გააჩნდა სათანადო დამოუკიდებლობა. გრაფი სალტიკოვი, ესმოდა რა ეს, არ ჩქარობდა გამგზავრებას, და იმპერატრიცა იძულებული იყო რამდენჯერმე შეეხსენებინა მისთვის, რომ სამსახურის სარგებელი მოითხოვს მის უსწრაფეს მისვლას დანიშნულების ადგილზე (Рескрипты императрицы графу Салтыкову отъ 5-го и 18-го iюня 1789 г.).

1789 წლის მაისის ბოლოს მიღებულ იქნა ცნობები, რომ თურქებმა მოახდინეს გადმოსხმა შავი ზღვის აღმოსავლეთ ნაპირზე და ხუთათასიანი რაზმებით დაიკავეს ციხესიმაგრეები ანაპა და სუჯუკ-კალე. ეშინოდა რა იმისა, რომ მათ არ დაეკავებინათ ტამანი და იქიდან არ შესულიყვნენ ურთიერთობებსა და კავშირში ყირიმელ თათრებთან, თავადმა პოტიომკინ ტავრიდელმა უბრძანა ყუბანის კორპუსს დაეკავებინა ტამანი, ხოლო კავკასიის კორპუსის ნაწილებს კი – ახლოს დამდგარიყვნენ ყუბანთან და უზრუნველეყოთ საზღვარი იმიერყუბანელთა შემოჭრისგან. ამ უკანასკნელი მიზნით ჩამოყალიბებულ იქნა რამდენიმე რაზმი: ლაბას შესართავთან იდგა გენერალ-მაიორ ბულგაკოვის რაზმი (4 ბატალიონი, 8 ესკადრონი, 300 კაზაკი და 2 ქვემეხი); ტემიშბეგთან – ბრიგადირ დეპრერადოვიჩის რაზმი (1,5 ბატალიონი, 6 ესკადრონი, 200 კაზაკი, 2 ქვემეხი). ორივე რაზმი იფარავდა ჩერქეზეთის მთავარ გზას და პირველი ამასთანავე ინარჩუნებდა კავშირს ყუბანის კორპუსთან. კავკასიის ხაზისა და სოფლების იმიერყუბანელ მტაცებელთა შემოჭრებისგან დასაფარავად განლაგებულ იქნა: ნედრემანნი პოსტთან გენერალ-მაიორ ელაგინის რაზმი (4,5 ბატალიონი, 8 ესკადრონი, 300 კაზაკი და ექვსი ქვემეხი) და ნევინნი კონცხთან ბრიგადირ გერმანისა (2,5 ბატალიონი, დონელ კაზაკთა პოლკის 10 ესკადრონი და 5 ქვემეხი). თავად მთავარსარდალი გენერალი ტეკელი განლაგდა პესჩანნი ბროდთან და თავის განკარგულებაში გააჩნდა ქვეითი ჯარის 4 ბატალიონი, კავალერიის 3 ესკადრონი, 350 კაზაკი და 4 ქვემეხი (Георгiевскiй Военный Архивъ).

 თარგმნა ირაკლი ხართიშვილმა

თანამედროვე სახმელეთო ჯარები

(წერილი გამოქვეყნდა გაზეთ “ახალი 7 დღის” 2005 წლის 23-29 სექტემბრის ნომერში; ამჯერად მას გთავაზობთ მცირე სარედაქციო დამატებებითა და დაზუსტებებით) 

სახმელეთო ჯარები ტრადიციულად წარმოადგენს სახელმწიფოთა შეიარაღებული ძალების ყველაზე უფრო მრავალრიცხოვან სახეობას. ინგლისურენოვან ქვეყნებში სახმელეთო ჯარებს უწოდებენ აგრეთვე არმიასაც და ამ შემთხვევაში, საველე არმიისგან განსხვავებით, მას წერენ დიდი ასოთი Army. სახმელეთო ჯარების ფორმირებებს მცირიდან დიდისკენ მიეკუთვნება სექციები, ათეულები, ოცეულები, ასეულები, ბატალიონები, პოლკები (ბრიგადები), დივიზიები, საარმიო კორპუსები, საველე არმიები, არმიების ჯგუფები (ფრონტები). საჯარისო დანაყოფებს სექციიდან ბრიგადის ჩათვლით ბრიტანულ და ამერიკულ ჯარებში უწოდებენ ერთეულებს (unit), ხოლო ბრიგადების ზევით კი – დიდ ერთეულებს (large unit). რუსული (ყოფილი საბჭოთა) სამხედრო ტერმინოლოგია კი უფრო დაყოფილი და დახვეწილია. აქ საჯარისო ერთეულებს ბატალიონის ჩათვლით უწოდებენ ქვედანაყოფებს, პოლკი და ბრიგადა საჯარისო ნაწილებია, დივიზია ტაქტიკური შენაერთი, საარმიო კორპუსი – ოპერატიულ-ტაქტიკური შენაერთი, საველე არმია – ოპერატიული გაერთიანება, ფრონტი კი სტრატეგიული დონის გაერთიანებაა. ჩვენშიც დამკვიდრებულია ტერმინები ქვედანაყოფი, ნაწილი, შენაერთი, მაგრამ, სამწუხაროდ, მათ ხშირად მეტად შეუსაბამოდ იყენებენ. განსაკუთრებით ტერმინ “შენაერთს” ხშირად ხმარობენ ოცეულის ან ასეულის რგოლის ქვედანაყოფებზე საუბრის დროსაც კი.

გარდა ამისა, დიდი ტერიტორიისა და მრავალრიცხოვანი მოსახლეობის მქონე სახელმწიფოთა სახმელეთო ჯარებში იყენებენ ტაქტიკური, ოპერატიული და სტრატეგიული დონის ქვედანაყოფების, ნაწილების, შენაერთებისა და გაერთიანებების აღნიშვნასაც. სახელდობრ, აშშ არმიაში ძირითადი ტაქტიკური ქვედანაყოფია ბატალიონი, რომელიც შედგება ასევე ტაქტიკური რგოლის უფრო მცირე ქვედანაყოფებისგან: ასეულების, ოცეულების, ათეულებისა და სექციებისგან. ბრიგადაც ასევე ტაქტიკური დონის ერთეულია, რომელიც ჩვეულებრივ შედგება სამი-ოთხი საბრძოლო ბატალიონის, ერთი-ორი საარტილერიო დივიზიონისა და საბრძოლო და ზურგის უზრუნველყოფის (ტანკსაწინააღმდეგო, სადაზვერვო, კავშიგაბმულობის, საინჟინრო-მესანგრეთა, საზენიტო, სარემონტო, მომარაგების, მედიკურ-სანიტარული და სხვა) ასეულებისა და ოცეულებისგან. აშშ სახმელეთო ჯარებში სამი ბრიგადისგან შედგება დივიზია, რომელშიც ბრიგადების გარდა არის უშუალოდ დივიზიის მეთაურობისადმი დაქვემდებარებული და დივიზიის საერთო ინტერესებში მოქმედი საბრძოლო, საბრძოლო უზრუნველყოფისა და ზურგის უზრუნველყოფის ნაწილები და ქვედანაყოფები (მაგალითად, ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების MLRS, საარმიო ავიაციის, დაზვერვისა და რადიოელექტრონული ბრძოლის /რებ/ და სხვა). დივიზია, როგორც ვთქვით, წარმოადგენს უმაღლეს ტაქტიკურ შენაერთს. დივიზიის ზევით იწყება უკვე ოპერატული დონე და ტაქტიკაც გადადის ოპერატიულ ხელოვნებაში.

საარმიო კორპუსი, ოპერატიულ-ტაქტიკური შენაერთი, შეიძლება შედგებოდეს სამი-ექვსი საბრძოლო დივიზიისა და უშუალოდ კორპუსის მეთაურისადმი დაქვემდებარებული საბრძოლო, საბრძოლო უზრუნველყოფისა და ზურგის უზრუნველყოფის ნაწილებისგან. დივიზიას მეთაურობს გენერალ-მაიორი, საარმიო კორპუსს კი გენერალ-ლეიტენანტი. საველე არმიები მშვიდობიანობის დროს აშშ-ში არ იქმნება, ხოლო მათი შტაბები კი მოქმედებენ შემცირებული შტატით. ისე კი, ომიანობის დროს, აშშ საველე არმიაში შეიძლება შედიოდეს სამიდან ექვს საარმიო კორპუსამდე, აგრეთვე უშუალოდ არმიის სარდლობისადმი დაქვემდებარებული შენაერთები და ნაწილები. მაგრამ, როგორც ვთქვით, დღესდღეობით აშშ ტერიტორიაზე საარმიო კორპუსები უფრო მსხვილ ერთეულებად არ არის გაერთიანებული. დასავლეთ გერმანიის ტერიტორიაზე კი V და VII ამერკული საარმიო კორპუსები ორ დასავლეთგერმანულ კორპუსთან და კანადურ ჯავშანსატანკო ბრიგადასთან ერთად, შეყვანილი იყვნენ ცენტრალურ-ევროპული საომარ მოქმედებათა თეატრის (ომთ) არმიების ცენტრალური ჯგუფის შემადგენლობაში. მის ჩრდილოეთით კი იმავე ომთ-ზე განლაგებული იყვნენ არმიების ჩრდილოეთის ჯგუფის ჯარები, რომლებშიც შედიოდნენ: ბრიტანული რაინის არმია, თითო-თითო დასავლეთგერმანული, ჰოლანდიური და ბელგიური საარმიო კორპუსები. არმიების ჯგუფები, და მით უმეტეს, საომარ მოქმედებათა თეატრი და მის ზევით – ევროპული ომის თეატრი, რომელიც, ცენტრალურ-ევროპული ომთ-ის გარდა მოიცავს ჩრდილო-ევროპულ და სამხრეთ-ევროპულ ომთ-ებსაც, უკვე სტრატეგიული დონის სამხედრო ორგანიზაციებია.

მცირე სახელმწიფოებში ჩვეულებრივ გამორიცხულია ოპერატიული დონის შენაერთები და, შესაბამისად, ოპერატიული ხელოვნებაც. აქ ლაპარაკია უპირატესად ჯარების მოქმედებათა ტაქტიკასა და ქვეყნის თავდაცვის სტრატეგიაზე.

როგორც უკვე ითქვა, თანამედროვე სახმელეთო ჯარებში საბრძოლო ბატალიონი წარმოადგენს ძირითად ტაქტიკურ ქვედანაყოფს. ცნობილია სატანკო, მოტოქვეითი (მოტომსროლელი), ქვეითი ბატალიონები. თანაც ქვეითი ბატალიონები შედიან როგორც ქვეით ბრიგადებსა და დივიზიებში, ასევე სამთოქვეით (მეუბუქ ქვეით), საჰაერო-სადესანტო და საჰაერო-საიერიშო (აერომობილურ) ნაწილებსა და შენაერთებშიც. მხოლოდ თითოეულ მათგანში გააჩნიათ თავიანთი სპეციფიური ამოცანები, შეიარაღება, ეკიპირება და საბრძოლო მომზადება. სახელდობრ, ქვეითი ბრიგადებისა და დივიზიების ქვეით ბატალიონებში შედის უფრო მეტი მძიმე შეიარაღება: 106,7- და (ან) 120-მმ ნაღმსატყორცნები, მსხვილყალიბიანი ტყვიამფრქვევები, მძიმე ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსები (ტსრკ) და ტანკსაწინააღმდეგო უუკუცემო ქვემეხები; სამთოქვეითი (ალპიური, მსუბუქი ქვეითი) ბრიგადებისა და დივიზიების ქვეით ბატალიონებში კი უფრო მეტად სჭარბობს მსუბუქი შეიარაღება, მათ შორის 60-მმ ნაღმსატყორცნები, მსუბუქი ტსრკ-ები, ხელის ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარსატყორცნები, თანაც გასათვალისწინებელია, რომ მთებში და ძლიერად დასერილ ადგილას, ან კიდევ მსხვილ დასახლებულ პუნქტებში, სადაც ასეთი შენაერთებისა და ნაწილების გამოყენებაა ნავარაუდევი, ტანკებისა და მოჯავშნული საბრძოლო მანქანების გამოყენება ნაკლებად შესაძლებელია და ნაკლებად ეფექტურიც. რაც შეეხება საჰაერო-სადესანტო და აერომობილურ შენაერთებსა და ნაწილებს, იქ აუცილებელი ხდება საპარაშუტო მომზადებაც, ხოლო აღჭურვილობაში კი შემოდის პარაშუტები, თანაც ტაქტიკური სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავებითა და ვერტმფრენებით მოჯავშნული საბრძოლო მანქანებისა და თვითმავალი საარტილერიო დანადგარების დესანტირება ძალზედ გაძნელებულია, რის გამოც ასეთ ჯარებსაც უფრო მეტ წილად შედარებით მსუბუქი შეიარაღება და სპეციფიური საბრძოლო მომზადება გააჩნიათ.

სხვადასხვა ტიპის ბატალიონები შედგება საბრძოლო, საბრძოლო უზრუნველყოფისა და ზურგის უზრუნველყოფის ასეულების, ოცეულების, ათეულებისა და სექციებისგან. საბრძოლო ქვედანაყოფებს წარმოადგენენ სატანკო, მოტოქვეითი (მოტომსროლელი), ქვეითი, ტანკსაწინააღმდეგო, ნაღმსატყორცნების, საზენიტო ასეულები, ოცეულები, ათეულები და სექციები; საბრძოლო უზრუნველყოფისა – სადაზვერვო, საინჟინრო-მესანგრეთა, კავშირგაბმულობის, მასობრივი დაზიანების იარაღისგან დაცვის; ზურგის უზრუნველყოფისა კი – მომარაგების, მომსახურების, სარემონტო, სამედიცინო (მედიკურ-სანიტარული) ქვედანაყოფები.

სატანკო ბატალიონში შეიძლება იყოს სამი-ოთხი სატანკო ასეული (81-მმ თვითმავალი ნაღმსატყორცნების სექციით ან მის გარეშე), სადაზვერვო, კავშირგაბმულობის, საინჟინრო-მესანგრეთა, 120-მმ თვითმავალი ნაღმსატყოცნების ოცეულები, გადასატანი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსების (გზრკ) სექცია და ზურგის უზრუნველყოფის ქვედანაყოფები. მოტოქვეით (მოტომსროლელ) ბატალიონში (საბჭოთა არმიაში ქვეით ჯარებს ერქვა მსროლელი ჯარები – стрелковые войска, და, შესაბამისად, შემდგომში, სატანკო ქვედანაყოფებთან უფრო მჭიდრო ურთიერთმოქმედების უზრუნველყოფის მიზნით, ამ ჯარების ნაწილის ჯავშანტრანსპორტერებზე გადაყვანის შემდეგ, მათ ეწოდათ უკვე მოტომსროლელი ჯარები) შესაძლოა შედიოდეს მოტოქვეითი (მოტომსროლელი) ასეული (81-მმ ნაღმსატყორცნების სექციით ან მათ გარეშე), ტანკსაწინააღმდეგო ასეული ან ოცეული, სადაზვერვო, კავშირგაბმულობის, საინჟინრო-მესანგრეთა, 120-მმ ნაღმსატყორცნების ოცეულები, გზრკ-ების სექცია, აგრეთვე ზურგის უზრუნველყოფის ქვედანაყოფები (როგორც ვხედავთ, სატანკო ბატალიონში არ არის სპეციალური ტანკსაწინააღმდეგო ქვედანაყოფი, ვინაიდან თავად საბრძოლო ტანკები ამავე დროს წარმოადგენენ ეფექტურ ტანკსაწინააღმდეგო საშუალებასაც).

ქვეითი დივიზიის ქვეითი ბატალიონის საბრძოლო შემადგენლობა მოტოქვეითი ბატალიონის საბრძოლო შემადგენლობის მსგავსია, მხოლოდ აქ ქვეით ქვედანაყოფებში ძირითად სატრანსპორტო საშუალებას წარმოადგენს არა ქვეითთა საბრძოლო მანქანა (ქსმ) ან ჯავშანტრანსპორტერი (ჯტრ), არამედ მაღალი გამავლობის სატვირთო ავტომობილი, და, გარდა ამისა, 81- და 120-მმ ნაღმსატყორცნებიც უკვე აღარ არის მუხლუხიან შასიზე, არამედ ხელით გადასატანია ან საარმიო ავტომობილებით ბუქსირებადი. სამთოქვეითი (მსუბუქი ქვეითი, ალპიური), საჰაერო-სადესანტო და საჰაერო-საიერიშო (აერომობილური) დივიზიებისა და ბრიგადების ქვეითი ბატალიონების საორგანიზაციო-საშტატო სტრუქტურა უფრო მარტივია, ქვეითი ასეულების შეიარაღებაში კი 81-მმ ნაღმსატყორცნების ნაცვლად შემოდის 60-მმ ნაღმსატყორცნები, 7,62- და 12,6-მმ ტყვიამფრქვევების ნაცვლად – 5,56-მმ ტყვიამფრქვევები, ხელის ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარსატყორცნების ნაცვლად – 40-მმ ლულისქვეშა ყუმბარსატყორცნები და სხვა.

1970-იან წლებში ამერიკულ და დასავლეგერმანულ სატანკო ბატალიონებს თითქმის ერთნაირი საოგანიზაციო-საშტატო სტრუქტურა და ძირითადი შეიარაღება გააჩნდათ, რომელთაგან თითოეული შედგებოდა სამი სატანკო ასეულის, აგრეთვე საბრძოლო და ზურგის უზრუნველყოფის ქვედანაყოფებისგან. თითოეული სატანკო ასეული შედგებოდა სამი სატანკო ოცეულისგან, რომელთაგან თითოეულში იყო ხუთი სატანკო ეკპაჟი (საბრძოლო ტანკი), ოცეულის მეთაურის ეკიპაჟის ჩათვლით. შესაბამისად, სატანკო ასეულში მოითვლებოდა სამი სატანკო ოცეულის 15 და ასეულის მართვის ორი საბრძოლო (საშუალო) ტანკი – სულ 17 საბრძოლო ტანკი; სატანკო ბატალიონში კი: სამი სატანკო ასეულის 51 და ბატალიონის მართვის სამი საბრძოლო ტანი – სულ 54 საშუალო (საბრძოლო) ტანკი (M-60A1/A3 ამერიკულში და “ლეოპარდ-1A1/A3” დასავლეთგერმანულში). გარდა ამისა, ამერიკულ სატანკო ბატალიონში, დასავლეთგერმანულისგან განსხვავებით, შედიოდა სადაზვერვო ოცეული M-113 ჯტრ-ის ბაზაზე შექმნილი საბრძოლო-სადაზვერვო მანქანებით, ოთხი თვითმავალი 106,7-მმ ნაღმსატყორცნი M-106A1/A2, ხუთი გზრკ “რედ აი” (თანამედროვე “სტინგერების” წინამორბედი) და ორი სატანკო ხიდგამყვანი – M-48 ან M-60 საბრძოლო ტანკის სავალ ნაწილზე კოშკის ნაცლვად დამონტაჟებული გასაშლელი ხიდით ბატალიონის მიერ წყლის დაბრკოლების ან განიერი და ღრმა თხრილების სწრაფად გადალახვისთვის.

1980-იან წლებში გატარებული რეორგანიზაციის შედეგად, სატანკო ოცეულში საბრძოლო ტანკების რაოდენობა შემცირებულ იქნა ხუთიდან ოთხამდე, სატანკო ასეულში კი, შესაბამისად – 17-დან 14-მდე. სამაგიეროდ, ბატალიონში სატანკო ასეულების რაოდენობა გაზარდეს ოთხამდე, რათა ბატალიონს შესაძლებლობა ჰქონოდა, რომ ბრძოლის ველზე ერთდროულად ორი ობიექტისთვის შეეტია. შესაბამისად, სატანკო ბატალიონში უკვე შედიოდა სატანკო ასეულების 56 და ბატალიონის მართვის ორი საბრძოლო ტანკი – სულ 58 საბრძოლო ტანკი. სატანკო ბატალიონიდან გამოყვანილ იქნა გზრკ-ებისა და სატანკო ხიდგამყვანების სექციები, რომლებიც გადაეცა ზემდგომი საჯარისო ინსტანციის, ბრიგადის შემადგენლობაში, საიდანაც ბატალიონები თავიანთთვის განკუთვნილ ამ საშუალებებს ღებულობდნენ საჯარისო სწავლებების პერიოდში გაძლიერების საშუალებათა სახით.

აშშ მოტოქვეითი ბატალიონის საბრძოლო შემადგენლობაში 1970-იან წლებში შედიოდა ბატალიონის მეთაურობა და შტაბი, საშტაბო ასეული, სამი მოტოქვეითი ასეული და საცეცხლე მხარდაჭერის ასეული. საშტაბო ასეულში შედიოდა ბატალიონის მართვის სექცია, კავშირგაბმულობის, სარემონტო, სამედიცინო და უზრუნველყოფის ოცეულები. თითოეულ მოტოქვეით ასეულში – ასეულის მართვის სექცია და ოთხი ოცეული: სამი მოტოქვეითი და ერთიც ნაღმსატყორცნების (სამი 81-მ თვითმავალი ნაღმსატყორცნი, M-113 ჯტრ-ის კორპუსში დამონტაჟებული); თითოეულ მოტოქვეით ოცეულში შედიოდა ოთხი ათეული: სამი მოტოქვეითი და ერთიც იარაღისა. მოტოქვეითი ათეულის ძირითად სატრანსპორტო საშუალებას წარმოადგენდა M-113A1/A2 ტიპის მუხლუხიანი მცურავი ჯავშანტრანსპორტერი. საცეცხლე მხარდაჭერის ასეულში შედიოდა ასეულის მართვის სექცია, სადაზვერვო, საინჟინრო-მესანგრეთა, ნაღმსატყორცნებისა და ტანკსაწინააღმდეგო ოცეულები, აგრეთვე რადიოსალოკაციო და გადასატანი საზენიტო სარაკეტო კომპლექსების “რედ აის” სექცია. სულ 1970-იანი წლების აშშ მოტოქვეითი ბატალიონის პირადი შემადგენლობა მოითვლიდა 880-მდე ადამიანს, ხოლო მის შეიარაღებაში კი შედიოდა 13 თვითმავალი ნაღმსატყორცნი (ცხრა 81-მმ და ოთხიც 106,7-მმ), ექვსი თვითმავალი ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსი “თოუ” M-901A1, ხუთი გზრკ “რედ აი”, 50-მდე ჯტრ M-113A1/A2, 20-მდე სამეთაურო-საშტაბო მანქანა და სადაზვერვო მოჯავშნული მანქანა. მაშინ ამერიკული არმიის შეიარაღებაში ქვეითთა საბრძოლო მანქანები არ ჰყავდათ, მაგრამ 80-იან წლებში გამოჩნდა M-2 “ბრედლის” ტიპის ქსმ-ები და მათ ბაზაზე შექმნილი M-3 “ბრედლის” ტიპის საბრძოლო-სადაზვერვო მანქანები (ბდმ), რომელთა სადესანტო განყოფილებაშიც ქვეითი ათეულის ნაცვლად განთავსებულია სპეციალური სადაზვერვო აღჭურვილობა, რომელსაც ემსახურება სათანადოდ მომზადებული ორი-სამი ჯარისკაცი. M-2 “ბრედლის” ტიპის ქვეითთა საბრძოლო მანქანები თავიანთი საბრძოლო შესაძლებლობებით აღემატებიან M-113 სერიის ჯავშანტრანსპორტერებს, ამიტომ 1980-იანი წლების მეორე ნახევრიდან მათ მყარად დაიმკვიდრეს ადგილი აშშ არმიის მოტოქვეით ქვედანაყოფებში, ხოლო M-3 “ბრედლის” ტიპის საბრძოლო-სადაზვერვო მანქანებმა კი – სადაზვერვო ქვედანაყოფებში.

1980-იან წლებში ამერიკული სახმელეთო ჯარების სარდლობამ მოტოქვეით ბატალიონში გააუქმა საცეცხლე მხარდაჭერის ასეული და მისი სადაზვერვო და ნაღმსატყორცნების ოცეულები გადაიტანა საშტაბო ასეულში, ხოლო ტანკსაწინააღმდეგო ოცეულის ბაზაზე კი ჩამოაყალიბა ტანკსაწინააღმდეგიო ასეული, ანუ აამაღლა ბატალიონის ტანკსაწინააღმდეგო შესაძლებლობები. გარდა ამისა, სამი მოტოქვეითი ასეულის ნაცვლად ბატალიონში ჩამოაყალიბა მეოთხე ასეულიც, ისევ ბრძოლის ველზე ერთდროულად ორი ობიექტისთვის შეტევის უზრუნველსაყოფად.

სულ 1980-იანი წლების აშშ მოტოქვეით ბატალიონში მოითვლებოდა პირადი შემადგენლობის დაახლოებით 870 ადამიანი, 56 ქსმ M-2 “ბრედლი”, ექვსი ბდმ M-3 “ბრედლი”, 23 ჯტრ M-113A1/A2 (ანუ სულ 85 მოჯავშნული საბრძოლო მანქანა /მბმ/), ექვსი 106,7-მმ თვითმავალი ნაღმსატყორცნი M-106A1/A2 (რომლებიც შემდეგ შეცვალეს ისრაული წარმოების 120-მმ თვითმავალი ნაღმსატყორცნებით), 12-18 თვითმავალი ტსრკ “თოუ” M-901, 36 მსუბუქი ტსრკ “დრაკონი”, 142 ტყვიამფრქვევი (5,56 მმ და 7,62 მმ ყალიბისა), 5,56-მმ საიერიშო შაშხანები M-16A2 და სხვა შეიარაღება.

ქვეითი ბატალიონი იმეორებს მოტოქვეითი ბატალიონის ორგანიზაციას, მაგრამ შეიარაღებაში მას არ გააჩნია M-2 და M-3 “ბრედლის” ტიპის მოჯავშნული საბრძოლო მანქანები, ხოლო M-113 ჯტრ-ები კი მნიშვნელოვნად უფრო ცოტაა; 120-მმ ნაღმსატყორცნები არა თვითმავალია – M-113 ჯტრ-ის სავალ ნაწილზე დამონტაჟებული, არამედ მაღალი გამავლობის ავტომობილებით ბუქსირებადი, ასევე ბუქსირებადია მძიმე ტსრკ-ები “თოუ”. როგორც ვთქვით, და ასევე ვხედავთ კიდეც, თავისი მძიმე შეიარაღებით, ქვეითი ბატალიონი აღემატება მქუბუქ ქვეით, საპარაშუტო-სადესანტო და საჰაერო-საიერიშო ბატალიონებს. ამავე დროს იგი ჩამოუვარდება მოტოქვეით ბატალიონს ცეცხლის ძალით, ჯავშანდაცულობითა და ბრძოლის ველზე მობილურობით, რასაც უზრუნველყოფენ მოჯავშნული საბრძოლო მანქანები (მბმ) თავიანთი კორპუსის ჯავშნით, ქვემეხებით, მსხვილყალიბიანი ტყვიამფრქვევებითა და მუხლუხიანი სავალი ნაწილით.

სატანკო, მოტოქვეითი და ქვეითი ბატალიონები ჩვეულებრივ იბრძვიან საბრძოლო ბრიგადების შემადგენლობაში, ხოლო ბრიგადები კი შეიძლება შედიოდნენ საბრძოლო დივიზიების შემადგენლობაში, ან იყვნენ ცალკეული (ამერიკული ტერმინოლოგიით, დამოუკიდებელი) საჯარისო ნაწილების სახით. ცალკეული ბრიგადის შემადგენლობაში ჩვეულებრივ მოითვლება სამი-ოთხი საბრძოლო ბატალიონი, ერთი-ორი საარტილერიო დივიზიონი (შესაძლოა ერთი დივიზიონი იყოს 105- ან 155-მმ ჰაუბიცებისა /18-24 ქვემეხი/, ხოლო მეორე კი 106,7- ან 120-მმ ნაღმსატყორცნების), სადაზვერვო, კავშირგაბმულობის, საინჟინრო-მესანგრეთა და ტანკსაწინააღმდეგო ასეულები, ზურგის უზრუნველყოფის ბატალიონი (სარემონტო, სამედიცინო, მომარაგების, მომსახურებისა და სატრანსპორტო ქვედანაყოფებით). საბრძოლო ბატალიონებიდან მინიმალური შემადგენლობის ჯავშანსატანკო (სატანკო) ბრიგადაში შედიან ორი სატანკო და ერთი მოტოქვეითი ბატალიონები, ხოლო მექანიზებულ ქვეით (მოტოქვეით) ბრიგადაში კი ორი მოტოქვეითი და ერთი სატანკო ბატალიონები, თუმცა კი შესაძლებელია ასეთი ტიპის ბრიგადებში ორ-ორი სატანკო და მოტოქვეითი ბატალიონების შეყვანაც. ცალკეული ქვეითი ბრიგადა ჩვეულებრივ შედგება ოთხი ქვეითი ბატალიონის ან ერთი სატანკო და სამი ქვეითი ბატალიონებისგან, მხოლოდ აქ საარტილერიო დივიზიონებში შედიან უკვე არა 155-მმ, არამედ 105-მმ ბუქსირებადი ჰაუბუცები, და ასევე 106,7- ან (და) 120-მმ ასევე ბუქსირებადი ნაღმსატყორცნები.

სატანკო ბრიგადაში შესაძლოა შედიოდეს პირადი შემადგენლობის 4-4,5 ათასი ადამიანი, 110 საბრძოლო ტანკი, 70-მდე მოჯავშნული საბრძოლო მანქანა, 18-24 155-მმ ჰაუბიცა, 12-მდე 203,2-მმ ჰაუბიცა ან 120-მმ ნაღმსატყორცნები, აგრეთვე სხვა შეიარაღება. მექანიზებულ ქვეით (მოტოქვეით) ბრიგადაში – პირადი შემადგენლობის 5-6 ათასი ადამიანი, 50-60 საბრძოლო ტანკი, 130-140 მბმ, დანარჩენი ჯავშანსატანკო ბრიგადის ანალოგიურად. ცალკეულ ბრიგადაში ორი საარტილერიო დივიზიონის არსებობა გამოწვეულია იმით, რომ ერთი დივიზიონის საცეცხლე ბატარეები (6-8 ქვემეხი) უშუალო საარტილერიო მხარდაჭერას აღმოუჩენენ მოქმედ საბრძოლო ბატალიონებს, ხოლო მეორე დივიზიონი კი საერთო საარტილერიო მხარდაჭერას აღმოუჩენს მათ მთლიანად ბრიგადის ინტერესებში. ქვეითი ბრიგადის არტილერიაში, როგორც ვთქვით, სჭარბობს 105-მმ ბუქსირებადი ჰაუბიცები (18 ქვემეხი დივიზიონში), თუმცა კი შესაძლებელია 155- და 203,2-მმ ჰაუბიცების ორი-სამი საცეცხლე ბატერეის ყოლაც საერთო საარტილერიო მხარდაჭერის აღმოჩენისთვის, აგრეთვე 106,7- და 120-მმ ნაღმსატყორცნებისა.

როცა საბრძოლო ბრიგადები შედიან დივიზიის შემადგენლობაში, მაშინ თითოეულ ბრიგადას ჩვეულებრივ ჰყავს ან დივიზიის შემადგენლობიდან თითო საარტილერიო დივიზიონი (ჯავშანსატანკო და მექანიზებულ ქვეით დივიზიაში 155-მმ თვითმავალი ჰაუბუცების დივიზიონი /18 ან 24 ქვემეხი/, ქვეით დივიზიაში კი 105-მმ ბუქსირებადი ჰაუბუიცებისა /18 ქვემეხი/) და, ამავე დროს, დივიზიის მეთაურის უშულო დაქვემდებარების ქვეშ კიდევ რჩება 105-, 155- ან 203,2-მმ ჰაუბიცების დივიზიონი ან ბატარეები, და ასევე მრავალლულიანი ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების (ზცრს) ქვედანაყოფი დივიზიის ინტერესებში საერთო საარტილერიო მხარდაჭერის აღმოჩენისთვის. შესაძლოა კონკრეტული საბრძოლო ამოცანის გადაწყვეტისას დივიზიის საშტატო არტილერია საკმარისი არ იყოს მასზე დაკისრებული საცეცხლე ამოცანების გადაწყვეტისთვის და მაშინ მას საარმიო კორპუსის შემადგენლობიდან გაძლიერებისთვის ეძლევა დამატებით საარტილერიო ქვედანაყოფები.

1970-იან წლებსა და 80-იანების დასაწყისში აშშ არმიის მექანიზებულ ქვეით (ჯავშანსატანკო) დივიზიაში მოითვლებოდა პირადი შემადგენლობის 18 ათასზე მეტი ადამიანი, 252 (360) საბრძოლო ტანკი M-60A1/A3, 702 (678) ჯტრ M-113A1/A2, 122 (128 ?) საველე არტილერიის ქვემეხი და ნაღმსატყორცნი (ძირითადად 155-მმ M-109A2/A4 და 203,2-მმ M-110A2 თვითმავალი ჰაუბიცები), აგრეთვე 106,7-მმ თვითმავალი ნაღმსატყორცნები M-106A1/A2 და მრავალლულიანი ზცრს-ები MLRS და მისი წინამორბედი), 270 (225) ტსრკ “თოუ” და “დრაკონი”, 115 (120) საზენიტო საშუალება, 146 ვერტმფრენი (მათგან 45-მდე დამრტყმელი AH-1S “კობრა თოუ”) და სხვა შეიარაღება. დასავლეთგერმანულ მოტოქვეით (სატანკო) დივიზიაში შედიოდა პირადი შემადგენლობის 21 ათასზე მეტი ადამიანი (ამერიკული დივიზიებისგან განსხვავებით პირადი შემადგენლობის ასეთი დიდი რიცხვი განპირობებული იყო დასავლეთგერმანულ დივიზიაში რამდენიმე სათადარიგო ბატალიონის არსებობით, რომელთაც ევალებოდათ ბრძოლებში დივიზიის მიერ განცდილი დანაკარგების დაუყოვნებლივ შევსება), 252 (308) საბრძოლო ტანკი “ლეოპარდ-1A1/A3”, 433 (382) მოჯავშნული საბრძოლო მანქანა (ძირითადად ქსმ-ები “მარდერი” და ჯტრ-ები M-113A1/A2), 130 (130) საველე საარტილერიო სისტემა (ძირითადად 155-მმ თვითმავალი ჰაუბიცები M-109G უშუალო საარტილერიო მხარდაჭერისთვის და 155-მმ ბუქსირებადი ჰაუბიცები FH-70 საერთო საარტილერიო მხარდაჭერისთვის), 160-მდე ტსრკ (“მილანი”, “დრაკონი”), 120-ზე მეტი საზენიტო საშუალება, ათი მსუბუქი ვერტმფრენი და სხვა შეიარაღება.

ასეთ პირობებში ევროპულ ომის თეატრზე ბრძოლის ველზე მოტოქვეითი (სატანკო) ბატალიონი განლაგდებოდა ჩვეულებრივ ორ ეშელონად (ორი ასეული პირველ ეშელონში და ერთიც მეორეში), რისთვისაც იგი იკავებდა სივრცეს 3-5 კმ ფრონტსა და 5 კმ-მდე სიღრმეში. შეტევაში მას ამოცანებს უსვამდნენ 5 კმ-მდე მოწინააღმდეგის განლაგების სიღრმეში, ვინაიდან მის შეიარაღებაში არსებული საბრძოლო ტანკები, მოჯავშნული საბრძოლო მანქანები, 81-მმ და 106,7-მმ (ან 120-მმ) ნაღმსატყორცნები იძლეოდა ამ სიღრმეზე მოწინააღმდეგის ეფექტურად დაზიანების შესაძლებლობას. ამავე დროს, როგორც ითქვა, მას უშუალო საარტილერიო მხარდაჭერას აღმოუჩენდა 155-მ თვითმავალი ჰაუბიცების ერთი ან ორი ბატარეა 6-12 ქვემეხი და, შექმნილი ვითარებისდა მიხედვით, 155- და 203,2-მმ ჰაუბიცების საცეცხლე ბატარეებიც, საერთო საარტილერიო მხარაჭერის აღმოსაჩენად.

მექანიზებული ქვეითი (ჯავშანსატანკო) ბრიგადაც თავის საბრძოლო ბატალიონებს განალაგებდა ორ ეშელონად: პოზიციური თავდაცვის ორგანიზებისას, ორი ბატალიონი პირველ ეშელონში და ერთიც მეორეში, თანაც მოტოქვეითი ბატალიონების განლაგება რეკომენდირებული იყო პირველ ეშელონში, ხოლო სატანკოსი კი – მეორეში, თავდაცვაში შემოჭრილ მოწინააღმდეგეზე საბრძოლო ტანკებით კონტრდარტყმის მიყენებისა და თავდაპირველი პოზიციის აღდგენისთვის. მობილურ (მოძრავ) თავდაცვაში კი იქმნებოდა ზურგში ძლიერი რეზერვი მოწინააღმდეგის წინასწარ მომზადებულ რაიონში შეტყუებისა და იქ ძლიერი საარტილერიო ცეცხლითა და სატანკო ქვედანაყოფების დარტყმებით მისი განადგურებისთვის. შეტევაში კი პირველ ეშელონში მოქმედი მოტოქვეითი ქვედანაყოფების მოქმედებებისა და მხარდამჭერი არტილერიის ცეცხლის შედეგად მოწინააღმდეგის თავდაცვითი პოზიციების გარღვევის შემდეგ იქ გარღვევის უბანზე შედიოდნენ სატანკო ბატალიონის ძალები წარმატების განვითარებისა და უკანდახეული მოწინააღმდეგის დევნის ამოცანების გადაწყვეტისთვის.

ასეთ პირობებში ბრიგადის მეთაური თავის ჯარებს განალაგებდა 10-15 კმ ფრონტსა და 15 კმ-მდე სიღრმეში; საველე არტილერიის პოზიციები თავდაცვის წინა ხაზიდან განლაგებული უნდა ყოფილიყო 4-6 კმ სიღრმეში. შეტევაში კი მექანიზებულ ქვეით (ჯავშანსატანკო) ბრიგადას საბრძოლო ამოცანა დაესმებოდა 15 კმ-მდე მოწინააღმდეგის ჯარების განლაგების სიღრმეში, სადაც ბრიგადის შემადგენლობაში არსებული ლულიანი არტილერია იძლეოდა მოწინააღმდეგის ეფექტურად დაზიანების შესაძლებლობას.

სამი ბრიგადისგან შემდგარი დივიზია შესაძლებელია განლაგებული ყოფილიყო ორ ეშელონად (ორი ბრიგადა პირველ ეშელონში და ერთიც მეორეში), ან კიდევ ერთ ეშელონად, აუცილებელი რეზერვის გამოყოფით. ერთ ეშელონად განლაგება რეკომენდირებული იყო მეორეხარისხოვან მიმართულებებზე ან სუსტი მოწინააღმდეგის წინააღმდეგ, უფრო მეტი სიგანის ფრონტის დაკავების მიზნით. ორეშელონიანი მოწყობის შემთხვევაში დივიზია იკავებდა 20-25 კმ ფრონტში და 70 კმ-მდე სიღრმეში. მისი პირველი ეშელონის ბრიგადებს შეტევაში უახლოეს ამოცანას უსვამდნენ 4-6 კმ-ზე მოწინააღდეგის ჯარების განლაგების სიღრმეში, შემდგომ ამოცანას კი – 15 კმ-მდე სიღრმეშიც, ხოლო მთლიანად დივიზიას უახლოეს ამოცანას უსვამდნენ 15 კმ-მდე მოწინააღმდეგის განლაგების სიღრმეში, ხოლო შემდგომ ამოცანას კი – 60-70 კმ-მდე.

ასეთია ცივი ომის პერიოდის ყველაზე უფრო დაძაბულ 1970-80-იან წლებში ევროპულ ომის თეატრზე სახმელეთი ჯარების ქვედანაყოფების, ნაწილებისა და ტაქტიკური შენაერთების ტიპიური საშტატო ორგანიზაცია, პირადი შემადგენლობის რიცხოვნება, ძირითადი შეიარაღება და საბრძოლო მოქმედებათა ტაქტიკური ნორმატივები, საიდანაც ბევრი რამ შეიძლება ისწავლოს სამხედრო საქმით დაინტერესებულმა ადამიანმა და ბევრი სასარგებლო დასკვნაც გააკეთოს.

ჯერ ერთი, 1990 და 1992 წლებში მაშინდელი ევროთათბირის (ამჟამად ეუთო-ს) ეგიდით დადებული საერთაშორისო ხელშეკრულებების თანახმად, საქართველოსთვის დადგენილი ჯავშანსატანკო ტექნიკისა და საველე არტილერიის კვოტები (220 საბრძოლო ტანკი, 220 მოჯავშნული საბრძოლო მანქანა და 285 საველე საარტილერიო სისტემა), თუნდაც მათი სრულად ათვისების შემთხვევაშიც კი, საკმარისია მხოლოდ ორი ჯავშანსატანკო და ორი ქვეითი ბრიგადის ჩამოსაყალიბებლად, რაც 5-მილიონიანი ქვეყნისთვის ძალზედ ცოტაა და ვერანაირად ვერ უზრუნველყოფს მის თავდაცვას. სტრატეგიული კვლევების ლონდონის საერთაშორისო ინსტიტუტის მონაცემებით, 2002 წელს ფინეთის რეგულარულ სახმელეთო ჯარებში ნაჩვენები იყო პირადი შემადგენლობის 24550 ადამიანი, რომლებიც ომანობის დროს მობილიზაციის შედეგად უნდა შევსებულიყო 315 ათასამდე. საბრძოლო შემადგენლობაში მოითვლებიდა 22 საბრძოლო ბრიგადა (ორი ჯავშანსატანკო, ცხრა “ეგერთა” ქვეითი /მსუბუქი მექანიზებული, სატანკო ქვედანაყოფების გარეშე/ და 11 ქვეითი), სამი საზენიტო საარტილერიო პოლკი და 16 ცალკეული საინჟინრო ბატალიონი, აგრეთვე ტერიტორიული თავდაცვის ჯარების 230 ცალკეული ბატალიონი და ასეული. მათ შეიარაღებაში შედიოდა 270-მდე საბრძოლო ტანკი, 1375 მოჯავშნული მანქანა (საბრძოლო და უზრუნველყოფისა), საველე და სანაპირო არტილერიის 2085 ქვემეხი, ზცრს და ნაღმსატყორცნი, დიდი რაოდენობით ტანკსაწინააღმდეგო და საზენიტო საშუალებები.

შვეიცარიის სარდლობა იმავე 2002 წელს მობილიზაციის შემდეგ გეგმავდა სახმელეთო ჯარებში 324 ათასი ადამიანის მობილიზაციას; მის საბრძოლო შემადგენლობაში ნაჩვენები იყო საველე და ტერიტორიული თავდაცვის ჯარების 13 დივიზია (40-მდე ბრიგადა/პოლკი): ექვსი საველე (მექანიზებული ქვეითი, საბრძოლო ტანკების გარეშე), სამი სამთოქვეითი და ოთხიც ტერიტორიული თავდაცვისა, ხუთი ცალკეული ჯავშანსატანკო ბრიგადა და სხვა ჯარები. მათ შეიარაღებაში შედიოდა 556 საბრძოლო ტანკი (მათ შორის 370 თანამედროვე გერმანული “ლეოპარდ-2”), 1690-ზე მეტი მოჯავშნული მანქანა (საბრძოლო და უზრუნველყოფისა), 1225-მდე საველე საარტილერიო სისტემა (100 მმ და მეტი ყალიბისა; პლიუს ასევე 1225-მდე 81-მმ საასეულო ნაღმსატყორცნი), 3060-ზე მეტი ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსი, დიდი რაოდენობით საზენიტო საშუალებები და სხვა შეიარაღება. თანაც ორივე ამ ნეიტრალურ სახელმწიფოს გააჩნია მკაფიოდა გამოხატული თავდაცვითი სამხედრო დოქტრინა და მთელი ეს ძალები და საშუალებები სჭირდება მხოლოდ საკუთარი ტერიტორიული მთლიანობისა და სახელმწფო სუვერენიტეტის დასაცავად. მათგან განსხვავებით, ისრაელის სახელმწიფო თავის შეიარაღებულ ძალებს აშენებს და ანვითარებს ქვეყანაში ოფიციალურად მიღებული შეტევითი სამხედრო დოქტრინის საფუძველზე და საყოველთაო მობილიზაციის შემდეგ გეგმავს 520-ათასიანი სახმელეთო ჯარების გამოყვანას. ამ ჯარების საბრძოლო შემადგენლობაში იმავე 2002 წელს ნაჩვენები იყო რვა ჯავშანსატანკო დივიზია 25 ჯავშანსატანკო და ოთხი ქვეითი ბრიგადითა და შვიდი საარტილერიო პოლკით, ხოლო შეიარაღებაში კი ნაჩვენები იყო 3750 საბრძოლო ტანკი, 10 ათასი ჯავშანტრანსპორტერი (მათგან 6100 M-113A1/A2), 2425-მდე საველე საარტილერიო სისტემა (პლიუს 5700 მცირე ყალიბის ნაღმსატყორცნი /60- და 81-მმ/), ოპერატიულ ტაქტიკური რაკეტების 20-ზე მეტი გასაშვები დანადგარი, დიდი რაოდენობით ტანკსაწინააღმდეგო საშუალებები, 1300-მდე საზენიტო სარაკეტო კომპლექსი, 135 შეიარაღებული ვერტმფრენი (მათ შორის 100-მდე დამრტყმელი AH-1 “კობრა” და AH-64 “აპაჩი”).

საქართველოში, ამის საპირისპიროდ, ლაპარაკია მცირერიცხოვანი პროფესიული ნატო-ს სტანდარტებით გაწვრთნილი, ძირითადად მსუბუქი ქვეითი ქვედანაყოფებით დაკომპლექტებული სამი თუ ოთხი საბრძოლო ბრიგადის ჩამოყალიბებაზე, რომელთაც თურმე ქვეყნის თავდაცვის ამოცანების შესრულება შეეძლებათ. ამის საწინააღმდეგოდ აქამდეც ბევრი დაგვიწერია და გვითქვამს, რომ სათანადო რიცხოვნების გარეშე, რასაც აუცილებლად თან უნდა ახლდეს საჭირო რაოდენობისა და ხარისხის ჯავშანსატანკო ტექნიკითა და საველე არტილერით, საარმიო ავიაცით, ტანკსაწინააღმდეგო და საზენიტო საშუალებებით, დაზვერვის, კავშირგაბმულობის, საინჟინრო-მესანგრეთა, მასობრვი იარაღისგან დაცვის, იარაღისა და ტექნკის სარემონტო-აღსადგენი, სატრანსპორტო, სამედიცინო და სხვა საშუალებებით თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად დაბალანსებული ქვედანაყოფების, ნაწილებისა და შენაერთების მოქმედებები, ჩვენი ქვეყანა თავდაცვისუნარიანი ვერ იქნება. ამის მკაფიო მაგალითია თუნდაც ისრაელი, სადაც უკვე მშვიდობიანობის დროს რეგულარულ შეიარაღებულ ძალებში გაწვეულთა სავალდებულო სახედრო სამსახურის ვადა სამი წელია და პირადი შემადგენლობა ამ დროში კარგ პროფესიონალებად ყალიბდება, მაგრამ ამასთანავე, იმავე 2002 წელს, როგორც ზემოთ ნაწილობრივ უკვე ითქვა, 6,4-მილიონიანი ისრაელის რეგულარული სახმელეთო ჯარების რიცხოვნება შეადგენდა 120 ათას ადამიანს, არმიის რეზერვისა კი – 400 ათასს (სულ ომიანობის დროის სახმელეთო ჯარების რიცხოვნება ისრაელში უნდა შეადგენდეს 520 ათას ადამიანს, და არა “ნატო-ს სტანდარტების მცირერიცხოვან...” და ასე შემდეგ).

მეორე მაგალითი შეგვიძლია მოვიყვანოთ 1974 წლის ზაფხულში კუნძულ კვიპროსის გამო საბერძნეთსა და თურქეთს შორის მომხდარი კონფლიქტიდან. ამ დროისთვის კუნძულის შეიარაღებულ ძალებს წარმოადგენდა 11-ათასიანი ეროვნული გვარდია, რომელშიც მსახურობდნენ ძირითადად კვიპროსელი ბერძნები, ხოლო მათ კი წვრთნიდნენ და ხელმძღვანელობდნენ საკუთრივ ბერძენი ოფიცრები (650 ოფიცერი, რა თქმა უნდა ამას ისინი აკეთებდნენ “ნატო-ს სტანდარტებით”). გარდა ამისა, კუნძულზე დისლოცირებული იყო ბერძნული არმიის ქვეითი პოლკიც 950 ჯარისკაცისა და ოფიცრის შემადგენლობით. მათ მოინდომეს ქვეყანაში საპრეზიდენტო ხელისუფლების იარაღის ძალით დამხობა, ძალაუფლების ხელში აღება და კვიპროსის პირდაპირ საბერძნეთთან შეერთება. ამის საპირისპიროდ თურქებმა 20 ივლისს დაახლოებით 30 სადესანტო გემითა და კატარღით გადასხეს 6-ათასიანი პირველი ტალღა დესანტისა, და თანაც უფრო მრავალრიცხოვანი ბერძნების შიშის გამო მათი სადესანტო საშუალებები მთელ დღეს ნაპირის სიახლოვეს იყვნენ ზღვაში გაჩერებულნი, რათა ბერძნების შემოტევისა და დესანტის ზღვაში ჩაყრის შემთხვევაში იგი ისევ ბორტზე მიეღოთ.

მაგრამ, თავის მხრივ, ვერც კვიპროსის ეროვნულმა გვარდიამ და ბერძნულმა პოლკმა გაბედეს მხოლოდ საკუთარი ძალებით თურქებზე შეტევა და ისინიც საბერძნეთიდან დახმარების ჩამოსვლას დაელოდნენ. და ეს მათი მძიმე შეცდომა გახლდათ, ვინაიდან შემდეგ დღეებში თურქებმა თავიათი ჯარების რიცხოვნება კუნძულზე 40 ათას ადამიანამდე აიყვანეს, ხოლო საბერძნეთიდან მომავალი დამხმარე ძალების სადესანტო გემებსა მათ ბადრაგს თურქული საბრძოლო ხომალდები და გამანადგურებელი თვითმფრინავები კუნძულის სამხრეთ პორტების ლიმასოლისა და პითოსის რაიონში დახვდნენ, დაამარცხეს და მძიმე დანაკარგებით უკანვე გააბრუნეს.

ამავე დროს, თავიანთი სახმელეთო კონტნგენტის რიცხობრივ და შეიარაღებაში უპირატესობაზე (ჯავშანსატანკო და მექანიზებული ქვეითი ნაწილებისა და ქვედანაყოფების გამოყენება), აგრეთვე საბრძოლო ავიაციის აქტიურ მხარდაჭერაზე დაყრდნობით, თურქებმა დაიწყეს ენერგიული საბერძოლო მოქმედებები კუნძულის ჩრდილოეთ ნაწილის ხელში ჩასაგდებად. ბერძნებიც დიდი ვაჟკაცობითა და თავდადებით იბრძოდნენ. აი, რას ვკითხულობთ ამის თაობაზე ჟურნალ Зарубежное Военное Обозрение-ს 1974 წლის დეკემბრის ნომერში (# 12): “როგორც უცხოური სააგენტოები იტყობინებოდნენ, კირინეის რაიონში და კირინეა-ნიქოზიის გზაზე ორ დღეღამეზე მეტ ხანს ხდებოდა სისხლისმღრელი ბრძოლები, რომელთა დროსაც თურქული ჯარების შემოტევებს ენაცვლებოდა ეროვნული გვარდიის კონტრშეტევები. ბრძოლებში მონაწილეობდნენ სატანკო, საარტილერიო და საავიაციო (მათ შორის სავერტმფრენო) ქვედანაყოფები და ნაწილები. თურქული ავიაცია, მოქმედებდა რა ადანას, ინჯირლიყისა და ანტალიის აეროდრომებიდან, 2-4 თვითმფრინავისგან შემდგარი ჯგუფებით, დარტყმებს აყენებდა მოწინააღმდეგის ჯარებსა და ობიექტებს ნიქოზიაში, კირინეასა და ფამაგუსტაში, რისთვისაც ფართოდ იყენებდა საავიაციო ბომბებსა (მათ შორის ნაპალმით აღკაზმულებს) და უმართავ რაკეტებს.

კვიპროსის ჩრდილოეთ ნაწილში აქტიური ბრძოლების მსვლელობისას თურქულმა ჯარებმა დაიპყრეს კირინეა, კონტროლი დააწესეს კირინეა-ნიქოზიის გზაზე, ხოლო შემდეგ კი დაიპყრეს ნიქოზის აეროპორტი და დაიწყეს საბრძოლო მოქმედებები კვიპროსის დედაქალაქის ჩრდილოეთ გარეუბნებში”.

ამის შემდეგ კონფლიქტში ჩაერივნენ აშშ და დიდი ბრიტანეთი, შემდეგ კი, დიპლომატიური გზებით – საბჭოთა კავშირი და სხვა სახელმწიფოებიც; მაგრამ აი უკვე 31 წლის შემდეგაც კონფლიქტი თავად ნატო-ს ბლოკის წევრ ორ სახელმწიფოს – საბერძნეთსა და თურქეთს – შორის მოგვარებული არ არის. თურქებმა იმავე წლის 14 აგვისტოს კვლავ განაახლეს საბრძოლო მოქმედებები. კუნძულის ჩრდილოეთ ნაწილში ჟლიტეს, ძარცვეს და აუპატიურეს ბერძენი მოსახლეობა, რის შედეგადაც 200 ათასი კვიპროსელი ბერძენი საკუთარ სამშობლოში დევნილად იქცა და კუნძულის სამხრეთ რაიონებს მიაშურა (აფხაზეთის ქართველი მოსახლეობის მსგავსად). თურქულმა ჯარებმა მთლიანად დაიკავეს კუნძულის ტერიტორიის 40 % და იქ დღემდე დაჟინებით მოითხოვენ თურქული ფედერაციული სუბიექტის აღიარებასა და ქვეყნის ფედერალიზაციას (როგორ გაჭრილი ვაშლივით ჰგავს ერთმანეთს დღევანდელი საქართველოსა და კვიპროსის მდგომარეობა?). აშშ-ისა და ნატო-ს ხელმძღვანელი წრეებით უკმაყოფილო საბერძნეთმა 1974 წლის ბოლოსკენ განაცხადა ნატო-ს სამხედრო ორგანიზაციიდან გასვლის შესახებ, მაგრამ შემდეგ ნახევარზომებით შემოიფარგლა და საქმე ბოლომდე ვეღარ მიიყვანა. 2002 წლის მონაცემებით, კვიპროსის ჩრდილოეთ ნაწილში დგას 36-ათასიანი თურქული კორპუსი, რომლის შემადგენლობაშიც ნაჩვენებია ორი ქვეითი დივიზია და სხვა ჯარები, შეიარაღებაში კი 441 საბრძოლო ტანკი M-48A5, 587 ჯავშანტრანსპოტერი (M-113 და YPR-765), საველე არტილერიის 192 ქვემეხი, ექვსი 122-მმ მრავალლულიანი ზალპური ცეცხლის რეაქტიული დანადგარი, 470 ერთეული სხვადასხვა ყალიბის ნაღმსატყორცნი, 70-ზე მეტი საზენიტო ავტომატური ზარბაზანი და სხვა შეიარაღება. როგორც ვხედავთ, კვიპროსის ჩრდილოეთ ნაწილში განლაგებული თურქული დივიზიების შეიარაღება გაცილებით აღემატება საქართველოსთვის (ასევე სომხეთისა და აზერბაიჯანისთვის) დადგენილ კვოტებს, მაგრამ თურქული სარდლობა თვლის, რომ ასეთი რიცხოვნებისა და შეიარაღების მქონე შენაერთები მას სჭირდება 286-ათასიანი (?) მოსახლეობის მყოლ კვიპროსში 215 ათასი კვიპროსელი თურქის ინტერსების დასაცავად. აღსანიშნავია ერთი საგულისხმო დეტალიც – კვიპროსელი თურქები რიცხობრივად შეადგენენ კუნძულის მოსახლეობის 23 %-ს, ხოლო თურქულ ჯარებს კი ძალადობით დაკავებული აქვთ მისი ტერიტორიის 40 % და ეს ამბავი უკვე 30 წელიწადზე მეტია რაც გრძელდება, ნატო-ს ბლოკის მონაწილე ორ მეზობელ სახელმწიფოს შორის. ეს მაგალითი წარმოშობს ბუნებრივ კითხვას: რისი იმედი უნდა ჰქონდეს საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების შემდეგ? სულ სხვა საქმეა, თუ რისი იმედი აქვთ ახლანდელ ქართველ ლიბერალ-მედასავლეთე-კოსმოპოლიტ სერგო ორჯონიკიძეებსა და აბელ ენუქიძეებს, მაგრამ ქართველმა ერმა, ჩვენი აზრით, უნდა გააცნობიეროს, რომ მათი მიზნები და ინტერესები არ ეთანხმება ჩვენი ერის მიზნებსა და ინტერესებს.

ირაკლი ხართიშვილი 

სახელმწიფო უსაფრთხოების ფორმულა: მინუს რუსეთის სამხედრო ძალა

(წერილი გამოქვეყნდა გაზეთ “ახალი 7 დღის” 2004 წლის 15-21 ოქტომბრის ნომერში) 

სახელმწიფოს უსაფრთხოება – ჯერჯერობით ტერმინის სტატუსითაც არ დამკვიდრებულა ქართულ პოლიტიკაში. იმედია, ჩვენი ხელისუფლების შესაბამის სამსახურებს კარგად ესმით, რომ ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის გარეშე საქართველოს ძალიან გაუჭირდება არათუ სწორი მოქმედება რთულ გეოპოლიტიკურ გარემოში, არამედ, საერთოდ, ორიენტირება მასში. რომელი კომპონენტების ერთობლიობა ქმნის უსაფრთხოების სისტემას და რა დამოკიდებულება უნდა ჰქონდეთ ამ კომპონენტებს ერთმანეთთან, რათა ოპტიმალური შედეგი მივიღოთ? ანუ როგორ გამოიყურება უსაფრთხოების ფორმულა? ჩვენი დღევანდელი ანკეტა ქვეყნის უსაფრთხოების კონცეფციაზე მსჯელობას სამხედრო ფაქტორით იწყებს: რუსი სამხედროების საქართველოში ყოფნის ფაქტორის მნიშვნელობით ქვეყნის უსაფრთხოებისთვის. რა ნაბიჯები უნდა გადადგას ხელისუფლებამ ამ საფრთხის ნეიტრალიზაციისათვის? ანუ არსებობს ამოცანა, რომელსაც გარკვეული მოცემულობა აქვს, როგორ უნდა ამოიხსნას იგი?

დღეს “ახალი 7 დღის” სტუმრები არიან: ბატონი კახა კაციტაძე – ფილოსოფიის ისტორიკოსი; ბატონი იოსებ ბარნაბიშვილი – სამხედრო ექსპერტი, თადარიგის პოლკოვნიკი; ბატონი ნოდარ ნათაძე – “სახალხო ფრონტის” ლიდერი და ბატონი ირაკლი ხართიშვილი – საზღვარგარეთის სამხედრო მშენებლობის გამოცდილების მკვლევარ-ექსპერტი.

– თქვენი აზრით, რას ნიშნავს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის რუსული სამშვიდობო ჯარის საქართველოში ყოფნა, გამომდინარე იქიდან, რომ რუსეთი ყოველთვის იყო საქართველოსთვის აგრესიული პარტნიორი (პოლიტიკურადაც და ეკონომიკურადაც)? 

– როდესაც ჩვენს მიმართ რუსეთის იმპერიულ ზრახვებზე ვსაუბრობთ, უპრიანია გავიხსენოთ, რომ ასეთ ზრახვებს სხვა ქვეყნების მხრიდან ადგილი ჰქონდა თავად რუსეთის მიმართაც. ისტორიულად დადასტურებულია (ამას ადასტურებენ თავად რუსი მკვლევარებიც, მაგალითად ნატალია ნაროჩნიცკაია), რომ XII საუკუნიდან რომანულ-გერმანული ევროპა გაკათოლიკებული უნგრელებისა და პოლონელების წინამბრძოლობით, მუდმივად უტევდა მართლმადიდებელ სლავებს, რის შედეგადაც, XIII საუკუნიდან დაწყებული და თვით XVII საუკუნის პირველი ნახევრის ჩათვლით, რუსეთის ევროპული ტერიტორიის დიდი ნაწილი (ქალაქები მინსკი, კიევი და სმოლენსკი) შედიოდა თავიდან ლიტვის დიდი სამთავროს, ხოლო შემდეგ კი პოლონეთის სამეფოს შემადგენლობაში. აგრეთვე ბალკანეთში უნგრელების მიერ დაპყრობილი მართლმადიდებელი სერბების ერთი ნაწილის ძალადობრივი გაკათოლიკებით ჩამოყალიბებულ იქნენ ხორვატები, რომლებიც თუნდაც მეორე მსოფლიო ომების მსვლელობისას, გერმანელთა სამსახურში ჩამდგარნი (ხორვატი “უსტაშები”) საშინალი სისასტიკით ექცეოდნენ თავიანთ სერბ თანამოძმეებს, და ამ უკანასკნელთაგანაც იმავეს ღებულობდნენ სანაცვლოდ, თუმცა კი “დიდი გერმანიის” ძალა სწორედ კათოლიკი ხორვატების ინტერესებს მფარველობდა და იცავდა. და ეს დამოკიდებულება ძალუმად გამოვლინდა 1990-იან წლებშიც.

თანამედროვე ბრიტანელი ისტორიკოსი არნოლდ ტოინბი აღნიშნავს, რომ II მსოფლიო ომის შემდეგ 50 წლის მანძილზე ევროპამ პირველად განიცადა რუსეთისგან ის ზეწოლა, რომელსაც თავად ევროპა ახორციელებდა რუსეთის მიმართ მანამდე მთელი ათი საუკუნის განმავლობაში. მსოფლიო აღმოსავლური საკითხი თანამედროვე ეტაპზე განსახილველია სწორედ რომანულ-გერმანული ევროპისა და ევროატლანტიკური სივრცის დაპირისპირების ფონზე მისთვის უცხო მართლმადიდებელ სლავობასთან, ძირითადად რუსეთთან. რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებსაც თუკი ამ ჭრილში განვიხილავთ, მაშინ დღევანდელი გადასახედიდან ბევრი რამ სხვანაირად წარმოგვიდგება. აქ თვალსაჩინო ხდება თავად რუსეთის ისტორიულად მცდარი და მტრობაში გადასული დამოკიდებულებაც ერთმორწმნე საქართველოს მიმართ და ამის საპასუხოდ ხშირად საქართველოს მიერ მოკავშირეთა ძებნა რუსეთის წინააღმდეგ დასავლურ ქვეყნებს შორის, რომლებიც ჩვენდამი ისეთივე მტრული მიზნებით მოქმედებენ, როგორც რუსეთის მიმართ.

რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების ჯანსაღ ნიადაგზე გადასაყვანად აუცილებელია, ჩვენი მხრიდან, დავინახოთ ის შეცდომები, რომლებიც რუსეთთან ურთიერთობისას დაგვიშვია და კვლავაც ვუშვებთ. ამის სანაცვლოდ კი მოვთხოვოთ რუსეთს საპასუხო ნაბიჯების გადმოდგმაც ჩვენსკენ. ამის გაკეთება რუსეთს სწორედ ისტორიულმა გამოცდილებამ უნდა გაუადვილოს. ასეთ შემთხვევაში, ჩვენი აზრით, ყველაფერი თავის ადგილზე დადგება და ჩვენს ურთიერთობაში მტრობა და შეცდომები მინიმუმამდე იქნება დაყვანილი. სახელდობრ, დღეს რუსული სამხედრო ბაზები დგას არა საქართველოს შიდა რაიონებში, არამედ საზღვრისპირა პუნქტებში – ბათუმსა და ახალქალაქში, ტრაპიზონიდან და არტაან-სარიყამიშიდან თურქული ჯარების შემოსვლის გზაზე. ამ ბაზების დანიშნულებაა რუსების მხრიდან არსებული სტატუქს-ქვოს შენარჩუნება. საქართველოს მიზანი კი უნდა იყოს ამ სტატუს-ქვოს გამოყენება საკუთარი შეიარაღებული ძალების მშენებლობის მშვიდობიან და სტაბილურ ვითარებაში წარსამართავად. ევროპის მცირე სახელმწიფოების (ფინეთის, შვეიცარიის, შვედეთის, ნორვეგიის, ასევე ისრაელის) პრაქტიკული გამოცდილებით, მცირე ქვეყანა ისე უნდა წარმართავდეს თავის სამხედრო მშენებლობას, რომ ომიანობის დროს ან მუქარის პერიოდში ერთი კვირის განმავლობაში შეეძლოს საკუთარი მოსახლეობის 10-12 %-ის გამოყვანა შეიარაღებულ ძალებში. თუ საქართველო მოახერხებს არსებული სტატუს-ქვოს გამოყენებით ამის გაკეთებას, მაშინ რუსული სამხედრო ბაზების (ან ნებისმიერი უცხო ქვეყნის სამხედრო ბაზების) და სამშვიდობო ძალების საკითხიც უკვე აქტუალური აღარ იქნება.

– რუსეთის სამხედრო ძალამ, საქართველოში მშვიდობისმყოფელის მისიით შემოსვლიდან დღემდე რა გააკეთა მშვიდობის დაცვის მიზნით? 

– რუსეთის სამშვიდობო ძალები ჩვენს ქვეყანაში საქართველოს რუსეთის გეოპოლიტიკურ ორბიტაში დატოვების მიზნით შემოვიდნენ. ჩემი აზრით, საქართველოს აქვს მნიშვნელოვანი საფუძვლები რუსეთთან სტრატეგიული პარტნიორობის, კოორდინირებული საგარეო და სამხედრო პოლიტიკის წარმოებისთვის, რა თქმა უნდა, თავის საშინაო საქმეებში ჩაურევლობის პრინციპის დაცვით. თავად რუსეთისგან ასეთი პარტნიორობა მოითხოვს, რომ დაკმაყოფილდეს ჩვენთან ურთიერთობის სწორედ ასეთი ფორმატით. ამ მოსაზრებას კიდევ უფრო განამტკიცებს ის გარემოება, რომ 1990-იანი წლების დასაწყისში ვარშავის ხელშეკრულების ორგანიზაციისა და საბჭოთა კავშირის დაშლის პროცესის პარალელურად, ნატო-ს ბლოკში დაწყებული სამხედრო ხარჯებისა და შეიარაღების შემცირების ფონზე, თურქეთმა თავისი სამხედრო ხარჯები 5-დან 10,8 მლრდ. დოლარამდე გაზარდა და, შესაბამისად, ამერიკამ და გერმანიამ მიაწოდეს მას შედარებით თანამედროვე იარაღი და ტექნოლოგიებიც ამ იარაღის შესაქმნელად. ანუ აშშ-ის მმართველი წრეები დადგნენ კავკასია – ცენტრალური აზიის მიმართულებით რუსეთის, ირანის და, სავარაუდოდ, ჩინეთის წინააღმდეგ სამხედრო დაპირისპირების ესკალაციის სათავეებთან. ამის საპასუხოდ რუსეთის მოთხოვნით, 1996 წლის მაისში ეუთო-ში ვენაში ჩატარებულ კონფერენციაზე, ამერიკული დელეგაციის აქტიური მხარდაჭერით, მიღწეულ იქნა რუსების მიერ ჩრდილო-ავკასიის სამხედრო ოლქში ჯავშანსატანკო ტექნიკისა და საველე არტილერიის კვოტების გაზრდის უფლება. ამიერკავკასია, კერძოდ კი საქართველო კი, აღმოჩნდა ამერიკელების მიერ გაძლიერებული თურქებისა და მათივე მხარდაჭერით გაზრდილი რუსული შეიარაღების სავარაუდო შეჯახების ზონაში.

ჩვენ რუსეთსა და ევროატლანტიკურ დასავლეთს შორის სტრატეგიული დაპირისპირების ზონაში ვიმყოფებით და ორივე მხარე – ამერიკაც და რუსეთიც – ცდილობს თავ-თავის ორბიტაზე საქართველოს გადაქაჩვას და ორივე მხარე იყენებს იმ საშუალებებს, რომლებიც ხელმისაწვდომია მათთვის.

– მიგაჩნიათ თუ არა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უნდა მოითხოვოს რუსი მშვიდობისმყოფელების გაყვანა და მათი ჩანაცვლება ინტერნაციონალური კონტინგენტით? ამ მხრივ დღეს ერთსულოვანია თუ არა ჩვენი ხელისუფლება, ამოძრავებს თუ არა ვინმეს ქართულ პოლიტიკაში თავისი კერძო ინტერესები რუსების სასარგებლოდ? 

– ბრიტანელი პოლიტიკური გეოგრაფი ჰ. მაკკინდერი ჯერ კიდევ XX საუკუნის დასაწყისში წერდა, რომ თუკი ატლანტიკური დასავლეთი (ანგლოსაქსები) დაეუფლებოდა აღმოსავლეთ ევროპის ტერიტორიას ბალტიკიდან ხმელთაშუა ზღვამდე, ამით არც გერმანიას და არც რუსეთს არ მისცემდა აღმოსავლეთ ევროპის ხარჯზე გაძლიერების, ევროპულ კონტინენტზე ძლიერი სახმელეთო სისტემის ჩამოყალიბების, ანგლოსაქსებისთვის მსოფლიო პროცსების მართვაში სერიოზული წინააღმდეგობის გაწევის შესაძლებლობას. მაკკინდერისეული გეოპოლიტიკური სქემის მიხედვით, ვინც ფლობს აღმოსავლეთ ევროპას – მართავს ევროპის კონტინენტს, ვინც ფლობს ევროპის კონტინენტს – მართავს ევრაზიას, ვინც ფლობს ევრაზიას – მართავს მსოფლიოს. პიველი მსოფლიო ომის მიწურულს, ვერსალის ხელშეკრულების მომზადებისას, აშშ-ის პრეზიდენტმა ვუდრო ვილსონმა საერთაშორისოპ ურთიერთობებში შემოიტანა დემოკრატიისა და ერთა თვითგამორკვევის უნივერსალური პრინციპები. შემდგომში ერთა ლიგამ გამოაცხადა, რომ ერთა თვითგამორკვევა ეწინააღმდეგება თავად სახელმწიფოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და ამიტომ მას უნდა იყენებდნენ მხოლოდ იმ ქვეყნების მიმართ, სადაც არის ომები და რევოლუციები. ანუ მაკკინდერის სქემის განხორციელების ფარგლებში აღმოსავლეთ ევროპაში უკვე შეიქმნა ფორმალურად დამოუკიდებელი, მაგრამ სუსტი და, შესაბამისად, ძლიერი პატრონის ძიებისკენ მიდრეკილი სახელმწიფოების ზონა (იარუსი) – ავსტრია-უნგრეთის, ოსმალეთისა და რუსეთის იმპერიების ტერიტორიათა დე-ფაქტო დაშლის ხარჯზე და ევროატლანტიკური დასავლეთის გეგმა უკვე მაშინ ითვალისწინებდა აქ მიმდინარე შეიარაღებული კონფლიქტების დარეგულირების ინტერნაციონალიზაციას სუსტი სახელმწიფოების თავიანთ ორბიტაზე გადაყვანის მიზნით. ეს პროცესი მაშინ ბოლომდე ვერ განხორციელდა ანგლოსაქსებსა და გერმანელებს შორის არსებული დიდი წინააღმდეგობების გამო, მაგრამ დღესდღეობით კი მიმდინარეობს მაკკინდერისეული სქემის განხორციელება უკვე ძირითადად აშშ-ის მიერ. რუსეთი ძლიერად ეწინააღმდეგება ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე მიმდინარე შეიარაღებული კონფლიქტების დარეგულირების პროცესების ინტერნაციონალიზაციას. რუსი დიპლომატებიც სწორედ ამ ინტერნაციონალიზაციის სურვილის გამო გვსაყვედურობენ. შესაბამისად ვღებულობთ რუსეთის მხრიდან საპასუხო რეაქციასაც. ჩვენდა სასაყვედუროდ შეგვიძლია ვთქვათ, რომ რუსეთთან დამოკიდებულებაში საქართველო გამოდის რეალურად არა პატარა ქვეყნის პოზიციიდან, ევროატლანტიკური ძლიერი სახელმწიფოების ზურგს უკან ამოფარებული და მათთვის რუსეთის წინააღმდეგ მოქმედებებში ხელშემწყობი პატარა ჯაშუშის პოზიციიდან.

ჩემი აზრით, რუსეთთან ჩვენი ურთიერთობების დარეგულირება უნდა ემყარებოდეს თავად რუსი ექსპერტების მიერ გამოთქმულ დებულებას, რომ რუსეთს საქართველოსთან მოწესრიგებული ურთიერთობების ქონა უფრო აძლევს ხელს, ვიდრე სეპარატისტულ აფხაზეთთან, სეპარატისტულ ოსეთთან, მაგრამ საქართველომ უნდა გააცნობიეროს, რომ რუსეთს სჭირდება შავ ზღვაზე სამხედრო-სტრატეგიული ყოფნა, თუნდაც იმავე მართლმადიდებელი სერბებისთვის უფრო ქმედითი დახმარების აღმოჩენის ინტერესებში. ჩემი აზრით, ასეთი მოთხოვნა ჯდება რუსეთთან სტრატეგიული პარტნიორობის, სამხედრო და საგარეო პოლიტიკის კოორდინაციის ფარგლებში და პარტნიორობის ფორმა ჩვენს შორის შემდეგი მოლაპარაკებების საკითხი უნდა იყოს; სამაგიეროდ, ჩვენ მოვითხოვთ რუსეთისგან საქართველოს საშინაო საქმეებში ჩაურევლობას, საერთაშორისო სამართლის ნორმების დაცვას, წესიერი პარტნიორული ურთიერთობების გატარებას.

ჩემი ღრმა რწმენით, კონფლიქტის ინტერნაციონალიზაცია არ უნდა მოხდეს, რადგან მდგომარეობა ამას არ საჭიროებს. სასურველი იქნებოდა გასულიყვნენ რუსი სამშვიდობოები, ჩანაცვლება კი არ არის საჭირო, მაგრამ უდავოდ საჭიროა რუსეთთან დიპლომატიური მუშაობა.

– თქვენი აზრით, როგორი უნდა იყოს ქვეყნის უშიშროების კონცეფცია და მისი ძირითადი ფოსტულატები? 

– ამ კონცეფციის ძირითადი მიმართულება უნდა იყოს სამხედრო უსაფრთხოება. ასეთ შემთხვევაში ჩვენ ნაკლებად ვიქნებით დამოკიდებული სხვების კეთილგანწყობაზე და უკეთ ვუპატრონებთ საკუთარ თავს. სამხედრო უსაფრთხოების უზრუნველყოფას სჭირდება შესაბამისი შეიარაღებული ძალები და შეიარაღება. სამწუხაროა, მაგრამ ჩვენს ქვეყანას ეუთო-ს ეგიდით დადებული საერთაშორისო ხელშეკრულებებით, იურიდიული უფლება არა აქვს, რომ ჰქონდეს ძლიერი შეიარაღება; სახელდობრ, 1990 წლის ნოემბერში პარიზში მიღებული ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების შესახებ ხელშეკრულებისა და 1992 წლის მაისში ტაშკენტში დადებული შეთანხმების თანახმად, საქართველოს უფლება აქვს მშვიდობიანობის დროს თავის ტერიტორიაზე რეგულარულ საჯარისო ნაწილებში მიდმივად განლაგებული ჰყავდეს არაუმეტეს 220 საბრძოლო ტანკის, 220 მოჯავშნული საბრძოლო მანქანის და 285 საველე საარტილერიო სისტემისა (100 მმ და მეტი ყალიბის). ყველაფერი ეს საკმარისია თანამედროვე ნიმუშის ორი ჯავშანსატანკო და ორი ქვეითი ბრიგადის ჩამოყალიბებისთვის. ეს კი, დამეთანხმებით, ძალზედ ცოტაა. შედარებისთვის, მაგალითად, ფინეთს თავის სახმელეთო ჯარებში ჰყავს 26 საბრძოლო ბრიგადა (ორი ჯავშანსატანკო, ათი მექანიზებული ქვეითი /ეგერთა ქვეითი/ და 14 ქვეითი), პლიუს სხვა ჯარები; შვეიცარიას კი 13 დივიზია (ექვსი საველე /მექანიზებული ქვეითი/, სამი სამთოქვეითი და ოთხიც ტერიტორიული თავდაცვისა), რომლებშიც მოითვლება 40-მდე ბრიგადა/პოლკი, პლიუს ხუთი ჯავშანსატანკო ბრიგადა და სხვა ჯარები. ცხადია, რომ მათ შესაბამისი რაოდენობისა და ხარისხის ჯავშანსატანკო ტექნიკაცა და საველე არტილერიაც გააჩნიათ, რაც რამდენჯერმე აღემატება საქართველოსთვის დადგენილ კვოტებს. სანამ საქართველოს შეიარაღებული ძალები მსგავს პარამეტრებს არ მიუახლოვდება, საუბარი ჩვენი ქვეყნის სამხედრო უსაფრთხოების შესახებ არარეალურია.

[ამ ინტერვიუს დასასრული, ოღონდ უკვე სხვა სათაურით – “ნეიტრალიტეტი – მავნე უტოპია?” დაიბეჭდა გაზეთ “ახალი 7 დღის” 2004 წლის 22-28 ოქტომბრის ნომერში. ქვემოთ იქიდანაც მოვიყვანთ რედაქციის მიერ გაკეთებულ შესავალსა და ჩვენს პასუხსაც აღნიშნულ საკითხზე]

თანამედროვე გეოპოლიტიკური სურათი და ტენდენციები ადასტურებს, რომ ნეიტრალიტეტი ნელ-ნელა დრომოჭმულ პოლიტიკურ კატეგორიათა სიაში ეწერება. ნეიტრალური ქვეყნები, რასაკვირველია, თავიანთ ნეიტრალიტეტს შეინარჩუნებენ, მაგრამ დღევანდელ მსოფლიოში თითქმის აღარ არსებობს ის ობიექტური თუ სუბიექტური საფუძვლები, რომლებიც ახალ ნეიტრალურ ქვეყანას წარმოშობს. ნეიტრალიტეტი უძვირესი ფუფუნებაა.

ნეიტრალიტეტის იდეას საქართველოშიც ჰყავს მომხრეები: უტოპისტები, რომლებიც ყველანაირი აგრესიისგან დაცვას თვითგამოცხადებულ ნეიტრალიტეტში ხედავენ. რას ნიშნავს ნეიტრალიტეტი საქართველოში, იმ გეოპოლიტიკურ სინამდვილეში, რომელშიც ქვეყანა იმყოფება, – მისი ყველა პოლიტიკური, სამხედრო, ეკონომიკური რესურსის გათვალისწინებით?

“ახალი 7 დღის” სტუმრები არიან: ნოდარ ნათაძე – პოლიტიკოსი, “სახალხო ფრონტის” თავმჯდომარე; კახა კაციტაძე – ფილოსოფოსი; იოსებ ბარნაბიშვილი – გადამდგარი პოლკოვნიკი; ირაკლი ხართიშვილი – ექსპერტი.

ირაკლი ხართიშვილი: ფინეთი, შვედეთი, შვეიცარია – ნეიტრალური სახელმწიფოებია და მათ ძლიერი შეიარაღებული ძალები სჭირდებათ სწორედ თავიანთი ნეიტრალიტეტის დასაცავად. ერთის მხრივ, მათი მეზობელი სახელმწიფოები გარანტირებულნი არიან ნეიტრალური სახელმწიფოების მხრიდან მოულოდნელი მუქარისგან. მაგალითად, გერმანია დარწმუნებულის, რომ საფრანგეთი შვეიცარიის ტერიტორიას ვერ გამოიყენებს გერმანიაში შესაჭრელად, და – პირიქით.

საქართველოს ნეიტრალიტეტი მოითხოვს მის ეკონომიკურ და სამხედრო ძლიერებას. ამასთანავე მოითხოვს საერთაშორისო გარანტიებსაც. ჩვენი ტელევიზიით ახლახანს გაიჟღერა ინფორმაციამ იმის შესახებ, რომ რუსები თანახმანი არიან საქართველოდან სამხედრო ბაზების გაყვანაზე, მაგრამ მოითხოვენ იმის გარანტიებს, რომ აქ არ შემოვა რომელიმე სხვა ქვეყნის ბაზები. მდგომარეობა ქართულ სინამდვილეში ასეთია: თუკი საქართველო მტკიცედ დაადგება ქვეყანაში უცხო სამხედრო ძალის არარსებობის კურსს და აქედან გასულ რუსულ სამხედრო ბაზებს არ ჩაანაცვლებს ამერიკული ან თუნდაც თურქული ბაზებით, მაშინ, როგორც ჩანს, რუსეთი თანახმა იქნება ჩვენი ქვეყნიდან საბოლოოდ გაიყვანოს თავისი ბაზები. ამ ინფორმაციას ჩვენი საზოგადოება სამწუხაროდ იგებს ტელევიზიით და არა სახელმწიფოს მიერ წარმოებული სწორი საინფორმაციო პოლიტიკის მეშვეობით. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს საქართველოს ხელისუფლებასა და ქართულ საზოგადოებას შორის არასწორი, არაჯანსაღი საინფორმაციო ურთიერთობების არსებობაზე.

ესაუბრა მარინე ჭინჭარაული

Friday, August 2, 2013

აკადემიკოსი დუბროვინი 1786-87 წლებში ჩრდილოკავკასიაში მიმდინარე მოვლენების შესახებ

(მასალა წარმოადგენს ნიკოლოზ დუბროვინის წიგნის «Исторiя войны и владычества русскихъ на Кавказе». томъ II. С-Петербургъ, 1886, შესაბამისი თავის თარგმანს) 


თავი XII 

კავკასიის სამეფისნაცვლოს გახსნა. – შეიხ-მანსურის საქმიანობა. – პ. ს. პოტიომკინის პროკლამაცია აკსაელებისა და ენდერის მცხოვრებთათვის. – შეიხ-მანსურის თურქეთში გაქცევა. – მისი პროკლამაციები. – მღელვარება იმიერყუბანელთა შორის. – მათი შემოჭრა ჩვენს ფარგლებში. – სიმაგრეების აშენება კავკასიის ხაზზე. – ჯარების განლაგება. – დასახლებული ჯარის შექმნა. – ტარკის შამხალის შემოსვლა რუსეთის ქვეშევრდომობაში.

მღელვარებამ, რომელიც მოახდინა კავკასიის ხაზზე შეიხ-მანსურმა 1785 წელს, არ მისცა გენერალ პოტიომკინს შესაძლებლობა, რომ იმპერატრიცის ნების თანახმად, შესდგომოდა კავკასიის სამეფისნაცვლოს (Кавказское Наместничество) გახსნას (დაარსებას). საგანგიოებისა (დაწესებულებებისა, присутственные места) და გენერალ-გუბერნატორის სახლის აშენებისთვის დამზადებული ხე-ტყე ან დაიწვა, ან კიდევ დატაცებულ იქნა მტაცებელთა მიერ, და თუმა კი მის ნაცვლად მოჰქონდათ ახალი ასტრახანიდან, მაგრამ 20 ნოემბრიდან დაწყებული მშენებლობა, მთელი ძალისხმევის მიუხეავად, შესაძლოა რომ დასრულებული ყოფილიყო არაუადრეს 1786 წლის იანვრისა (Всеподдан. донесенiе Потёмкина отъ 26-го ноября 1785 года. Государственный Архивъ, XVI, № 919).

იმპერატრიცა ეკატერინე II-ის ბრძანებით, კავკასიის სამეფისნაცვლო შემდგარი უნდა ყოფილიყო ორი ოლქისგან: კავკასიისა და ასტრახანის ოლქებისგან. პირველში უნდა შესულიყო ეკატერინოგრადის, ყიზლარის, მოზდოკის, გეორგიევსკის, ალექსანდროვსკისა და სტავროპოლის მაზრები, მეორეში ასტრახანის, კრასნოიარსკის, ენოტაევსკისა და ჩერნოიარსკის მაზრები, თანაც ეს უკანასკნელი გადმოდიოდა სარატოვის სამეფისნაცვლოდან. “ქალაქი ეკატერინოგრადი, ნათქვამი იყო ბრძანებაში (Архивъ Мин. Иностр. делъ, II – 19, № 1), იყოს საგუბერნიო; ასტრახანი კი, ჩვენს მომავალ ნებართვამდე, უნდა რჩებოდეს საოლქო ქალაქად. ხოლო დანარჩენში, დადგენილებას კავკასიის სამეფისნაცვლოს საზღვრების შესახებ, და მასთან შეხებაში მყოფ საკითხებს, ვაკისრებთ ჩვენი გენერალ-გუბერნატორებისა და იმ თანამდებობათა შემსრულებლების შეთანხმებას”.

აღიარებდა რა მთიელთა მოსათოკად სასარგებლო და ერთადერთ საშუალებად მოსახლეობას შორის ცივილიზაციისა და სამოქალაქო ცხოვრების შესახებ სწორი წარმოდგენების შეტანას, ეკატერინე II ავალებდა გენერალ პ. ს. პოტიომკინს თანდათანობით ქალაქების აშენებას მთისძირებში მცხოვრები რუსეთის ქვეშევრდომი ხალხების მახლობლობაში. “ჩვენ დარწმუნებული ვართ, წერდა იმპერატრიცა (Въ рескрипте П. С. Потёмкину отъ 19-го мая 1785 года, Арх. Мин. Иностр делъ, II – 19, № 1, дело 1805 г.), რომ მოკლე ხანში თავად ისინიც შეიგრძნობენ სარგებელს ამ მოწყობისგან და ჰპოვებენ თავიანთ საკუთარ მოგებას ჩვენს მიერ დაწესებული მმართველობის ქვეშ მათ ჩარიცხვაში, მონაწილეობას მიიღებენ რა მასში მოსამართლეთა არჩევით მათი წოდებისა და შეძლების (ქონების) მიხედვით. მაგრამ ამისთვის საჭიროა, რათა მათ ვაჭრობაში, სარეწებსა და სხვა ნებადართულ დაწესებულებებში ჰქონდეთ სრული თავისუფლება, და რათა სამხედრო და სამოქალაქო უფროსები არ ავიწროვებდნენ მათ ამაში არანაირი სახით, არამედ უფრო მეტად ყოველგვარი მოწყალებითა და დახმარებით მათ ამაგრებდნენ”.

კავკასიის სამეფისნაცვლოს ქალაქების უმეტეს ნაწილში არსებობდა მხოლოდ და განსაკუთრებით სამხედრო მმართველობა. მაგრამ ახლა უფრო მოხერხებულად იქნა აღიარებული ამ ქალაქების მიმართ 1785 წლის აპრილში გამოცემული “საქალაქო დებულების” გამოყენება. გენერალ-პორუჩიკ პოტიომკინს დაევალა გამოეცხადებინა მთებიდან ყველა გადმოსულისთვის ნების მიცემის შესახებ, რათა გამოცხადებულიყო კავკასიის გუბერნიაში, და თუკი გადმოსულ სომეხთა რიცხვი საკმარისად მნიშვნელოვანი იქნებოდა, მაშინ მათთვის უნდა დაეარსებინათ საგანგებო ქალაქი. კავკასიის ხაზის საქართველოსთან კავშირისთვის ჯერ კიდევ 1784 წელს აგებულ იქნა ციხესიმაგრე ვლადიკავკაზი, მდინარე თერგზე, კავკასიონის მთების ხეობაში შესასვლელთან და შემდეგ კი მოზდოკამდე მიმავალ გზაზე აგებულ იქნა რედუტები: პოტიომკინისა მდინარე თერგზე, ტატარტუპის მახლობლად, კომბელეისკისა მდინარე კომბელეეზე და გრიგორიოპოლსკისა მცირე ყაბარდოსთან. – შემდეგ, მდინარე ყუბანის მარჯვენა ნაპირზე აგებულ იქნა სიმაგრე “პრეგრადნი-სტანი” (ქართულად ნიშნავს გადამღობ ბანაკს – ი. ხ.) და მდინარე ურუპის შესართავთან კი – სიმაგრე “პროჩნი ოკოპი” (მტკიცე სანგარი – ი. ხ.). კავკასიის ხაზზე არსებული დასახლებების გაძლიერებისთვის იმპერატრიცამ ბრძანა დაესახლებინათ იქ გადამდგარი ჯარისკაცები, მისცემდნენ რა მათ დახმარებას ხაზინიდან 20 მანეთს თითოეულ კომლზე. 1785 წლის 14 ივლისს გამოქვეყნებულ იქნა მანიფესტი, რომლის მიხედვითაც კავკასიის ოლქში დასახლების ნება დაერთო ყველა მსურველსა და უცხოელს. უკანასკნელთ დაჰპირდნენ რწმენის თავისუფლად აღმსარებლობას, მისცეს უპირატესობანი რუსეთის ქვეშევრდომთა თანაბრად, 6 წლით განთავისუფლებით სახელმწიფო ხარკისგან. თუ კი, შეღავათიანი წლების გავლის შემდეგ, მოსახლენი მოისურვებდნენ სამშობლოში დაბრუნებას, ამის გაკეთება დაუბრკოლებლად შეეძლებოდათ, გადაიხდიდნენ რა მხოლოდ სამი წლის ხარკს. ამასთან ერთდროულად შეუდგნენ თავისუფალი მიწების კერძო პირთათვის დარიგებას, და 1784 წლიდან კავკასიის ხაზზე გამოჩნდა თავად ა. ა. ვიაზემსკის, გრაფ (შემდგომში თავად) ა. ა. ბეზბოროდკოს, გრაფ ა. რ. ვორონცოვის, გრაფ ი. გ. ჩერნიშოვისა და სხვათა მამულები.

1785 წლის დეკემბრის ბოლოს, ყველა ყუბანელ მურზას, ყაბარდოელ და ყუმიხ მფლობელს, როგორც რუსეთის ქვეშევრდომებს, დაეგზავნათ მოსაწვევები, რათა გამოცხადებულიყვნენ ეკატერინოგრადში, კავკასიის სამეფისნაცვლოს გახსნის ზეიმზე (Письмо Потёмкина Арслан-Гирей-султану и листъ кабардинцамъ отъ 17-го декабря. Государствен. Архивъ, XXIII, № 13, папка 50). 15 იანვრისთვის ჩამოვიდა მმართველობის შემადგენლობაში დანიშნულ მოხელეთა უმეტესი ნაწილი, შეიკრიბა ასამდე თავად-აზნაური და 40-ზე მეტი მთიელი თავადი და მფლობელი.

17 იანვრის დილას ყველა ეს პირი და ოფიცრები შეიკრიბნენ მმართველის სახლში, და იმ დროს, როცა პ. ს. პოტიომკინი, ესალმებოდა რა შეკრებილებს, უცხადებდა მათ მეორე დღეს დანიშნული სამეფისნაცვლოს გახსნის შესახებ, ქალაქის ქუჩებში ცხენზე ამხედრებული დადიოდა ქალაქის უფროსი (გოროდნიჩი) და ზუსტად იმავეს აუწყებდა ხალხს. მას თან ახლდა ბადრაგი ერთი უნტერ-ოფიცრისა და 12 რიგითისგან და საყვირებისა და ლიტავრების ჰანგების ქვეშ იგი უცხადება მცხოვრებთ მომავალი დღესასწაულის შესახებ, “განუწყვეტელი შეძახილებით: ვივატ ეკატერინა!

18 იანვარს, კვირას, დილის ექვს საათზე ასერთმა გასროლამ აუწყა მცხოვრებთ ზეიმის დაწყების შესახებ. იმ დროს ჯერ კიდევ არცთუ მრავალრიცხოვანი თავად-აზნაურობა და ყველა მოსამსახურე (მოხელე) შეიკრიბნენ სამეფისნაცვლოს მმართველთან, საიდანაც მთიელ თავადთა თანხლებით გაემართნენ საგანგიოს დარბაზისკენ, რომლის სიღრმეშიც მოჩანდა ამაღლებულ ადგილას დადგმული იმპერატრიცის პორტრეტი. აქ ელოდებოდნენ ისინი გენერალ პოტიომკინის მოსვლას, რომელიც მხარის წარმომადგენლებს მიესალმა საგანგებო სიტყვით (Госуд. Архивъ, XVI, №№ 199 и 919).

– საყვირების ხმამ, თქვა მან, – და ზარბაზნების ქუხილმა ამცნეს ქვეყანას ეს დღესასწაული. შესანიშნავი სამზადისი, რასაც აქ ვხედავთ, აღნიშნავს, რომ ეს დღე მიძღვნილია საქმეებით უკვდავი დიდი ეკატერინეს, ჩვენი საუკეთესო თვითმპყრობელის სიტყვით განდიდებისთვის. ახალდადუმებულია იარაღის ქუხილი, რომელიც აზანზარებდა კავკასიონის მთებს, ახალჩაგებულია მახვილი, რომელიც სჯიდა მტრებს, და სიმშვიდის (სიჩუმის) აღდგენასთან ერთად თვალწინ გვეხსნება ახალი სანახაობა, რომელიც ხალხს ჰპირდება კეთილდღეობას. სხვადასხვა ერთა მრავალრიცხოვანი კრებული, რომელიც დგას დიდებით, გამარჯვებებითა და გულუხვობით გაბრწყინებული ეკატერინეს ტახტის წინაშე, ემზადება მისი მადლიანი დაწესებულების მისაღებად. რუსეთის ვრცელი იმპერიის ყველა მხარე უკვე იგემებს მისი სახალხო-დედობრივი კანონების ნაყოფებს. თქვენ ახლა სხვების თანაბრად იგემებთ ნეტარებას; თქვენ დაინახავთ, რომ მისი სიყვარული ქვეშევრდომებისადმი არის პირველი საფუძველი, ხოლო ხალხის კეთილდღეობა კი – მისი მთავარი საგანი. უზენაესმა მეფეთა მეფემ, აკურთხევდა რა მისგან შეყვარებული კაცობრიობის მწყალობელის განზრახვებს, წარმატებებით დააგვირგვინა მის (ეკატერინეს) მიერ დაარსებული კეთილმოწყობა. ჩვენ, ყურს ვუგდებთ რა იმპერატრიცის კეთილ ნებას, და ვიცით რა მისი გულუხვი ხელით დარიგებული ჭეშმარიტი სიკეთის ფასი, ვალად გვაძევს დავიწყოთ ეს ზეიმი ყოვლისმპყრობელი ღმერთისთვის გულითადი ლოცვების აღვლენით, რათა ყოვლისშემძლე უფალი, რუსეთის მწყალობელი, მოგვივლენდეს ყველა ზეციურ სიკეთეს და უზენაეს განზრახვებს სულ უფრო და უფრო მეტი წარმატებებით აგვირგვინებდეს.

შეკრებილები ეკლესიაში გაემართნენ, სადაც მოისმინეს ყოვლადუწმინდესი ანტონის ქადაგება და თანამდებობის პირებმა კი ფიცი მიიღეს. ამ ცერემონიამ მეტად ძლიერი შთაბეჭდილება მოახდინა მთიელ თავადებზე, რომლებიც გაოცებით უყურებდნენ ყოველივეს რაც ხდებოდა.

არ ესმოდა რა რუსული ენა და უცხო გახლდათ რა ევროპული ცნებებისადმი, ადგილობრივ მოსახლეობას არ შეეძლო რომ უშუალო მონაწილეობა მიეღო მმართველობაში და, სხვა გუბერნიების მსგავსად, არჩევითი თანამდებობის პირები ჰყოლოდა; მაგრამ რათა დაეახლოვებინათ იგი და გაეცნოთ ადმინისტრაციის წესრიგთან, ქვემო-მიწების სასამართლოთა წევრებად არჩეულნი იყვნენ ორ-ორი იქაური ადამიანი ყიზლარისა და სტავროპოლის მაზრებში და ერთიც მოზდოკისა (Всепод. донесенiе Потёмкина 28-го января 1786 г.). გენერალი პოტიომკინი სთხოვდა ა. ა. ბეზბოროდკოს, რომ ებრძანებინა გუბერნიათა შესახებ დაწესებულების გადათარგმნა სომხურ, თათრულ და ქართულ ენებზე და თარგმანების მისთვის მოწოდება (Письмо П. С. Потёмкина Безбородко отъ 28-го января 1786 г.).

ამრიგად, 1786 წლის 18 იანვარს გახსნილ (დაარსებულ) იქნა კავკასიის სამეფისნაცვლო, რომელიც შედგებოდა ექვსი მაზრისგან: ყიზლარის, მოზდოკის, გეორგიევსკის, ალექსანდრესი, სტავროპოლისა და ეკატერინოგრადისა.

20 იანვარს, სამშაბათს, მოახდინეს თავადაზნაურობის სამაზრო წინამძღოლთა არჩევნები, ამასთან გეორგიევსკის მაზრის წინამძღოლად არჩეულ იქნა თავადი პოტიომკინ-ტავრიდელი, ხოლო ალექსანდროვსკისა – იმპერატრიცის სტატს-მდივანი ი. პ. ელაგინი. შემდეგ, როცა წინამძღოლთა გარემოდან მოხდა საგუბერნიო წინამძღოლის არჩევა, მაშინ ყველამ, რა თქმა უნდა, ერთხმად აირჩია თავადი პოტიომკინი, ხოლო მის ადგილზე კი გეორგიევსკის სამაზრო წინამძღოლად – გრაფი ი. გ. ჩერნიშოვი.

არჩევნების დასრულების, საგანგიოების გახსნისა და იმპერატრიცისთვის მადლობის გამოსათქმელად დეპუტატების არჩევის შემდეგ, წოდებათა წარმომადგენლები გაემგზავრნენ თავიანთ სახლებში. გენერალ-პორუჩიკმა პოტიომკინმა გზა დაულოცა მათ სიტყვით, რომელიც დღესაც არ არის ინტერესს მოკლებული.

“საზეიმო შემთხვევის ყველა დღეებში, თქვა მან, რომელზედაც თქვენ ხართ მოწვეულნი, ხედავდით თქვენ თქვენზე გადმოღვრილ სიკეთეს, უსმენდით თავიდან კურთხეული დაწესებულების შინაარსს (გუბერნიების შესახებ), მოისმინეთ გუშინ ყოვლადმოწყალე სიგელი თავადაზნაურობის უფლებებისა და უპირატესობათა შესახებ. ვის შეეძლო თქვენგან ამის მოსმენა უგულწრფელესი მადლიერების აღტაცების გარეშე, შეიტყვეთ რა პირველის მეშვეობით, თუ ჩვენი თვითმპყრობელის რამდენად უკიდურეს ნიშნამდე დედობრივი გული ისწრაფვოდა ხალხის ცხოვრების მოწყობისკენ და იხილეთ უკანასკნელიდან (სიგელიდან), თუ როგორი უპირატესობანი უბოძა მან რუსეთის თავადაზნაურობას.

უძველეს დროში, როდესაც კაცობრიობა კვნესოდა ძლიერთა უღლის ქვეშ, როდესაც ხალხი დათრგუნული იყო ხელისუფალთაგან, როდესაც ხელისუფალნი თვლიდნენ წესადაც და თავიანთთვის ხელსაყრელადაც თავიანთი ძალაუფლების ქვეშ მყოფთა შევიწროვებას – გმირები, რომლებიც, მიჰყვებოდნენ რა კაცთმოყვარების განწყობას, გამოირჩეოდნენ სიკეთით, ხალხთა მიერ აღიარებულნი იყვნენ ადამიანებზე უფრო მაღლა; მათ უშენებდნენ ტაძრებს, მათ აღმერთებდნენ.

რომის აყვავებულ დღებში გმირებს, მათ მიერ აღსრულებულ საქმეთა აღსანიშნავად, უგებდნენ მონუმენტებს; ჩვენს განათლებულ დღეებში ჩვენ ვნახეთ, რომ დიდმპყრობელის დიდმა სულმა უარი თქვა მადლიერი ხალხის მიერ მრავალჯერ შეთავაზებულ მონუმენტენზე. მაგრამ თუკი აზრობრივად გავივლით უძველესი, საშუალო და უკანასკნელი დროების ისტორიას, მაშინ ვპოვებთ, რომ ამ პერიოდთაგან არც ერთის ხალხებს არ ჰქონიათ უფრო მეტი მიზეზი, რათა სიტყვიერად განედიდებიათ თავიანთი ხელმწიფენი, ვიდრე ახლა რუსეთს.

ჩვენ ჩვენი თვითმპყრობელი იმპერატრიცის სახით აღტაცებით ვხედავთ გამარჯვებულს, ჩვენ სასიხარულო აღფრთოვანებით ვხედავთ თავისი ხალხის ნაზ დედას. მის გამარჯვებათა დაფნის გვირგვინები არა ჰგავს იმ დამპყრობელთა დაფნის გვირგვინებს, რომლებიც მხოლოდ ხმაურისა და ბრწყინვალებისთვის ისწრაფვოდნენ უცხოთა საზღვრების მიტაცებისკენ; ისინი აჩანაგებდნენ მიწას, იგი კი მოსახლეობას ამკვიდრებს ვრცელ ოლქებში; ისინი, ცეცხლს უკიდებდნენ რა ქალაქებს, თავიანთ ძალაუფლებას აღნიშნავდნენ ნანგრევებით, – იგი ქალაქებს აღაშენებს და მისი ძალაუფლება აღნიშნულია კაცთმოყვარებით; მათი ნაკვალევი მორწყულია სისხლით, – მისი გზა ყველგან მოფენილია ქველმოქედებით და მის კანონებში მოჩანს ხალხისადმი სიყვარულით ანთებული მგზნებარე სულის ხატება.

მთელი ევროპა, და სამყაროს ყველაზე უფრო შორეული საზღვრებიც კი გაკვირვებით უმზერენ აყვავებული რუსეთის დიდებას. უყურეთ ჩვენი სამშობლოს ნერგს (ან ზრდას, растенiе) ჩვეს ბედნიერ დღებში.

ჩვენი თვითმპყრობელის ძალმოსილი სიბრძნე ზეიმობდა ბევრი სუპოსტატის (მოწინააღმდეგის) ძალებზე, მან მოაწყო ჩვენი საშინაო კეთილდღეობა, განადიდა ჩვენი დიდება, დაამკვიდრა კერძო ადამიანთა პირადი უსაფრთხოება, საიმედოდ აქცია თითოეულის მონაპოვარი, კარი გაუღო მეცნიერებებს, უპირატესობანი უბოძა კეთილშობილთ, აღმოაჩინა საშუალო გვარი შეძლების დაფუძნების ხერხები, რომლის უკმარისობასაც გვსაყვედურობდა ჩვენ ზოგიერთი დერჟავა, მოგვცა სახსრები და საშუალებანი ხელოსნობის მოსაწყობად, და არ არის ისეთი წოდება ჩვენს სამშობლოში, რომლის შესახებაც მისი შორსმჭვრეტელი სული არ ფიქრობდეს და საკუთარ მზრუნველობას არ გამოავლენდეს.

ჩამოთვალეთ მისი მზრუნველობანი რუსეთის დიდებასა და სიდიადეზე! მან შეიძინა თეთრი რუსეთი, იმპერიას შემოუერთა ყირიმი, რომლის მხოლოდ სახელიც კი როსებისათვის საფრთხობელას წარმოადგენდა; ყირიმი, საიდანაც ჩვენსკენ მოედინებოდა უბედურებანი, ახლა სრულიად რუსეთის იმპერიისადმი საუკუნოდ არის დაქვემდებარებული (поверженъ... навеки), და ამ შენაძენს მისი დაფნის გვირგვინი არ მოურწყავს არც ერთი წვეთი სისხლით!

შეხედეთ, ბოლოს, ამ ქვეყანას, სადაც მისი ბრძნული დაწესებულების ნიმუშით საზეიმოდაა გახსნილი სამეფისნაცვლო. ეს ქვეყანა, სადაც უწინ იყო ძველი სკვითების სამოსახლო, მითვისებულია რუსეთისადმი (присвоена къ Россiи); სამარადისო ყინულით დაფარული და ღრუბლებზე უფრო მაღლა ასული კავკასიონის მთები ქედს იხრიან მისი დერჟავის წინაშე; მძვინვარე ზნის ხალხები, თვინიერდებიან რა, უსმენენ სიბრძნის ხელით მოხაზულ კანონებსა და დაწესებულებებს. და იქ, სადაც სტეპების სივრცე საშინელებას ჰგვრიდა წარმოსახვას, ახლა ყველგან ვხდავთ სოფლებსა და ადამიანის საცხოვრისს (сёла и обитанiе); იქ, სადაც მოხეტიალე ხალხები ვერ ხედავდნენ ვერაფერს ნარ-ეკლის გარდა, ახლა ვხედავთ აღმართულ ქალაქებს.

აქ გვევალება ჩვენ მსახურება, რომელიც მოითხოვს უფრო მეტ გულმოდგინებასა და მორჩილებას. თქვენ, მოსამართლედ დაყენებულებმა, ზრუნვით, მიუკერძოებლობითა და სიფხიზლით უნდა მოიზიდოთ ველურ ხალხთა გულები, ასწავლოთ მათ რომ უყვარდეთ კეთილმოწყობა, შეიმეცნონ კანონთა სარგებლობა, მათი მფარველობის ფასი და თითოეულის სარგებელი კანონებისადმი მორჩილებისგან, რათა მრავალი სხვადასხვა ხალხი, რომლებიც შეადგენენ ამ გუბერნიას, და მისი მოსაზღვრე განსხვავებული ერები, თავად იცილებდნენ თავიანთ უწინდელ სიბრმავეს, აიძულებდნენ თავიანთ ბოროტულ ზნეს და რათა მათმა საზოგადოებამ მიიღოს იმ არსების ის სხეულიცა და ის სახეც, როგორადაც მის ყოფნას ვარაუდობენ (...дабы многоразличные народы, составляющiе сiю губернiю и ей сопредельныя разныя нацiи, сами отметали прежнее ослепленiе свое, возгнушались злонравiемъ своимъ и что бы общество ихъ получило и то тело и тотъ образъ существа, каковымъ ему быть предполагаютъ).

თქვენ კი, თქვა პ. ს. პოტიომკინმა, მიმართავდა რა მთიელ თავადთა დეპუტატებს, – თქვენ, მოწოდებულნო დიდი ეკატერინეს პირისა და ტახტის წინაშე, დატკბით თქვენთვის ბოძებული ხვედრით, ისწავლეთ შეცნობა იმ მდგომარეობისა, რომელიც ადამიანის ბუნებისთვისაა დამახასიათებელი (...любуйтесь участью вамъ дарованною, прiучайтесь познавать состоянiе, природе человеческой свойственное). აღტაცებით განადიდეთ დიდი ეკატერინეს სახელი, ხმამაღლა გამოაცხადეთ მისი მეფობა, დაემორჩილებით რა მის წმინდა კანონებს. თქვენგან არაფერს არ მოითხოვენ საიმპერატორო ტახტისადმი ერთგულების, მშვიდად ყოფნისა და ურთიერთ შორის უსაფრთხოების გარდა”.

სიმშვიდე და უსაფრთხოება კავკასიის ხაზზე შეადგენდა იმ მხარის ყველაზე უფრო არსებით მოთხოვნილებას. ძარცვა და მტაცებლობა მძიმედ აისახებოდა სოფლის მოსახლეობაზე, განსაკუთრებით იმ დროიდან, რაც შეიხ-მანსურმა რუსებთან ომს წმინდა ომი უწოდა და მარადიულ ნეტარებას ჰპირდებოდა ყოველ მუსლიმანს, რომელიც დაეცემოდა ბრძოლის ველზე ან გიაურს მოკლავდა. 1785 წლის ბოლოს, დაღესტანში, ჩეჩნეთსა და ყუმიხებს შორის გამოჩნდნენ წარმოგზავნილები იმ დროს კონსტანტინოპოლში მყოფი ჯანგუთაელი ახმედ-ხანისგან, რომელიც ატყობინებდა მთიელებს, რომ პორტა მისცემს მათ ფულებსა და ჯარს, თუკი ისინი მიჰყვებიან წინასწარმეტყველის რჩევებს და აჯანყდებიან რუსეთის წინააღმდეგ (Рапортъ Потёмкина князю Таврическому 4-го января 1786 года, № 1-й. Государств. Архивъ, XXIII, № 13, папка 57)

ყველას მიერ მიტოვებული შეიხ-მანსური კვლავ გამოვიდა სცენაზე და მისი მომხრეების რიცხვი სწრაფად იზრდებოდა. მისი მიმტოვებელი ჩაპალოვი კვლავ მოგვევლინა იმამის ყველაზე უფრო გულმხურვალე მომხრეთა რიცხვში. მანსურმა ყველგან დააგზავნა პროკლამაციები, რომლებშიც წყევლიდა ყველას, ვინც უსმენს რუსებს და ემორჩილება მათ. მან მოამზადა დიდი დროშა გრძელი ვერცხლის შუბით, დაამზადა ტომრები პროვიანტისთვის, რომელიც მოჰქონდათ მცხოვრებლებს, და უზარმაზარი ქვაბები ჯარებისა და თავის მიმდევართა კმაყოფისთვის. წინასწარმეტყველის სახლის ირგვლივ დაყენებულ იქნა ყარაული ადგილობრივ მცხოვრებთაგან (Рапортъ полковника Лунина генералу Потёмкину 8-го января 1786 года). ჩვენს ხელში მისი ჩაგდების არანაირი შესაძლებლობა არ იყო, ვინაიდან იქაურები არა მხოლოდ არ თანხმდებოდნენ მის გაცემაზე, არამედ გულდასმითაც მალავდნენ, მათი სიტყვებით, წმინდა ადამიანის ადგილსამყოფელს. იოლი საშოვრის მოხალისენი გამოცხადდებოდნენ კავკასიის ხაზზე უფროსობასთან, და სთავაზობდნენ ფულის სანაცვლოდ მანსურის თავის მოტანას, მაგრამ, რა თქმა უნდა, არ ასრულებდნენ მიცემულ დაპირებებს; ზოგიერთმა მოახერხა ესარგებლა რუსული უფროსობის ნდობით და, მიიღებდა რა წინასწარ ფულის ნაწილს, იმალებოდა და უკვალოდ იკარგებოდა.

მანსური, ამასობაში, აგრძელებდა მომხრეთა დაქირავებას და მოითხოვდა, რათა თითოეული მეჩეთიდან სამ-სამი ადამიანი მოსულიყო მასთან (Рапортъ Потёмкина князю Таврическому отъ 28-го мая 1786 года). აკსაელები და სოფელ ენდერის მცხოვრებნი გამოირჩეოდნენ წინასწარმეტყველისადმი თავიანთი თანაგრძნობით და სხვებზე უფრო მეტი ხალისით მიჰყვებოდნენ მის სწავლებას. გენერალ-პორუჩიკი პოტიომკინი მოითხოვდა, რათა მფლობელებს აეკრძალათ თავიანთი ძალაუფლების ქვეშ მყოფთათვის მანსურის მოთხოვნათა შესრულება და მისი დროშების ქვეშ დადგომა, მაგრამ მფლობელნი პასუხობდნენ, რომ მათ არ შეუძლიათ წინ აღუდგნენ ასეთ მოძრაობას.

“ვწუხვარ, პასუხობდა პოტიომკინი (Въ прокламацiи отъ 12-го iюля Андреевскимъ и Аксаевскимъ владельцамъ), რომ თქვენს სუსტ მმართველობას (чиноначалiе) არ შეუძლია თქვენი ძალაუფლების ქვეშ მყოფთა შეკავება, რომლებიც ეწებებიან არა იმამს, როგორც თქვენ თქვენს წერილში წერთ, არამედ მეამბოხე და ყაჩაღ უშურმას, რომელიც, სიცრუით უწოდა რა საკუთარ თავს იმამი, ღვთის რისხვის ღირსი შეიქნა, რომელიც, დაარღვია რა სიმშვიდე, მეამბოხედ იქცა და სიკვდილით სასჯელის ღირსია.

ყოვლისშემძლე ღმერთი, ხედავს რა საძაგელ საქმეებს, არ დაუშვებს ამას დამარცხების გარეშე და მისგან დაღვრილი სისხლის გამო მას გადასცემს სიკვდილით სასჯელს ამქვეყნად და მარადიულ სატანჯველს სიკვდილის შემდეგ.

თქვნ ითხოვთ ჩემს ბრძანებას – მე გაძლევთ თქვენ მას მოკლედ და ნათლად: შეაკავეთ თქვენი ძალაუფლების ქვეშ მყოფნი ახალი ბოროტებისგან, ჩააგონეთ მათ, რომ როდესაც გასულ ზაფხულს, დარმავებული ხალხი, სჯეროდა რა უშურმას ტყუილებისა, უნამუსო მწყემსისა, მიეწება მას, განა კი ბევრი მიიღო მისი მეშვეობით, განა კი ბევრი სარგებელი შეიძინა?

ეს მატყუარა უშურმა ადამიანთა სისხლის ფასად, – რომელსაც დაბრმავებული გულუბრყვილონი მისთვის ღვრიან, – თავად ძარცვავდა და მდიდრდებოდა, და გამომჟღავნდა მისი ტყუილი და ბოროტმოქმედება”.

გენერალი პოტიომკინი წერდა მთიელებს, რომ, დაამარცხა რა გასულ შემოდგომაზე მანსურის ბრბო, მან გააჩერა საომარი მოქმედებები მხოლოდ იმ დარწმუნებით, რომ ისინი გაიგებენ რუსი იმპერატრიცის გულმოწყალებას, მაგრამ თუკი მთიელი ხალხები კვლავ მიჰყვებიან ცრუწინასწარმეტყველის რჩევებს, მაშინ სასტიკად იქნებიან დასჯილნი და მათი სინანული გვიანღა იქნება.

ამ მოწოდებამ ვერ მოახდინა თავისი მოქმედება; ხალხი მიედინებოდა მანსურისკენ და საყოველთაო დუღილი იმდენად ძლიერი იყო, რომ პ. ს. პოტიომკინი ვერ ხედავდა კავკასიის ხაზზე სიმშვიდის აღდგენის შესაძლებლობას იმ დრომდე, სანამ იარსებებდა მანსური (Рапортъ Потёмкина князю Таврическому 14-го iюля 1786 г., № 365). მისი ჩაგონებით, ყაბარდოელები ინარჩუნებდნენ მუდმივ ურთიერთობებს იმიერყუბანელ ხალხებთან და მათთან ერთად იჭრებოდნენ კავკასიის ხაზზე, ან კიდევ სწევდნენ მეგზურობას. ერთერთი ასეთი თავდასხმის დროს, ყაბარდოელი მფლობელი დოლი, მანსურის ერთერთი ყველაზე უფრო ქმედითი დამხმარე, ალყაშემორტყმულ იქნა ჩვენი ჯარების მიერ. ვერ ხედავდა რა დევნისგან თავის დაღწევის შესაძლებლობას, დოლმა თავისი უზდენი გამოუგზავნა რაზმის მეთაურ პოლკოვნიკ ნაგელს, პატიების თხოვნითა და დამორჩილების დაპირებით. ნაგელი მას შეწყალებას დაპირდა; დოლი გამოცხადდა ჩვენს ბანაკში და გასტუმრებულ იქნა თავის საცხოვრებელ ადგილას, მცირე ყაბარდოში. აშკარა ბოროტმოქმედისადმი გულმოწყალების მაგალითმა იმოქმედა ზოგიერთ ტომზე, და აკსაელებმა, ენდერის მცხოვრებლებთან ერთად, გადაწყვიტეს ასევე ეთხოვათ პატიება დაპირებით, რომ მომავალში არ შეუერთდებოდნენ მანსურს (Рапортъ полковника Нагеля Потёмкину 8-го августа). პოტიომკინი მათგან მოითხოვდა ფიცსა და ამანათების გაცემას, რაზედაც ისინი დაეთანხმენ კიდეც (Листы Андреевскимъ владельцамъ отъ 4-го и 9-го августа 1786 года). ამის კვალდაკვალ სექტემბერში ყაბარდოელებმაც მისცეს ხელწერილი, რომ თუკი მანსური გამოცხადდება მათ სოფლებში, მაშინ ვალდებული იქნებიან დააკაონ იგი და უფროსობას წარუდგინონ (Подписка кабардинцевъ отъ 28-го сентября 1786 года). ამ გარემოებებმა, რომლებიც ცნობილი გახდა მანსურისთვის, აიძულეს იგი, რომ ეზრუნა საკუთარი უსაფრთხოების შესახებ. მან თავი მოაჩვენა სინანულში მოსულად და ოქტომბრის ბოლოს, მისი ნათესავი, ეტა, გამოცხადდა პ. ს. პოტიომკინთან დარწმუნებით, რომ მანსურს სურს არა მხოლოდ დამორჩილდეს, თუკი მას დაპირდებიან სრულ პატიებას, არამედ საკუთარ თავზე ღებულობს მთიელი ხალხების დამშვიდების ვალდებულებასაც. გენერალ-პორუჩიკი პოტიომკინი მოითხოვდა, რათა მანსური თავად გამოცხადებულიყო მასთან, მაგრამ იგი უარით პასუხობდა. ამის შემდეგ მალევე გამომჟღავნდა, რომ მანსური თავის ნათესავს გზავნიდა მხოლოდ იმისთვის, რათა გაეხმაურებინა, რომ რუსეთის მთავრობა ეძიებს მასთან შერიგებას. “მაგრამ რადგანაც ასეთი გახმაურებისთვის, წერდა თავადი ტავრიდელი (Во всеподданн. донесенiи отъ 30-го января 1787 года, № 5), არის პირდაპირი მიზეზი, რომ გადაირჩინოს საკუთარი თავი და არ გამოჩნდეს რუსეთის მიერ დევნილად, ამიტომ ვუბრძანე მე გენერალ-პორუჩიკ პოტიომკინს, რათა აღნიშნული ნათესავი ჩემთან წარმოადგინოს, ხოლო უშურმას (მანსურს) კი შეატყობინოს, რომ თქვენი იმპერატორობითი უდიდებულესობის ტახტისადმი დანაშაულის აღიარებით შევრდომლნი უარს არ მიიღებენ მონარქის მოწყალებაზე, თუკი მხოლოდ მათი სინანული და გამოსწორება იქნება ჭეშმარიტი და გულწრფელი”.

ეს უკანასკნელი კი არ ჰქონდა სწორედ მანსურს. მას სულაც არ სურდა დამორჩილება, ეძიებდა თავისი პარტიის გაძლიერების საშუალებებს და დაპირდა თავის მომხრეებს, რომ ერთერთ პარასკევს დაიძვრებოდა ვლადიკავკაზზე და დაეუფლებოდა მას.

ყურანში დაწერილია, ამბობდა ცრუწინასწარმეტყველი, რომ თუკი მუსლიმანები ურჯულოებთან ბრძოლას პარასკევს დაიწყებენ, მაშინ აუცილებლად დაამარცხებენ მათ. თუკი მუსლიმანი მოკლავს თუნდაც ერთ ურჯულოს პარასკევს, მაშინ ეს იგივეა, რომ მას დაერბიოს ურჯულოთა 7.000 ეკლესია დანარჩენ დღეებში; ხოლო თუკი მუსლიმანი ამ დღეს მოკლულ იქნება ურჯულოთა ხელიდან, იგი აუცილებლად სამოთხეში იქნება. 

მანსური დაპირდა თავის თანამემამულეებს თურქების, ავარიის ხანისა და ყარაყაითაღის უცმის დახმარებას.

– თურქული ჯარებისთვის აქ შემოსვლა შორი და მეტად გაძნელებულია, ამბობდნენ ადამიანები, რომლებსაც არ სჯეროდათ იმამის დაპირებებისა, – და ეს არასოდეს არ ყოფილა. გაცილებით უფრო ადვილი იქნებოდა მათთვის წართმეული ყირიმის დაბრუნება ან ყუბანზე მოსვლა, მაგრამ იქაც ისინი არ მიდიან. როგორ აღვუდგეთ ჩვენ წინ რუსებს? ადრე თუ გვიან, ისინი ჩვენ მთებში შეგვრეკენ, სადაც შიმშილით დავიხოცებით; სჯობს დავმშვიდდეთ და პატიება ვითხოვოთ.

– ამაოდ გვქონდა ჩვენ მისი იმედი, ამბობდნენ ჩეჩნები, – და რუსების მტრები შევიქენით.

მოსახლეობის უმეტესი ნაწილის მისდამი არაკეთილგანწყობის მიუხედავად, მანსურმა მოახერხა თავის გარშემო ბრბოს შემოკრება ათასი ადამიანისგან. აქ იყვნენ ჩეჩნები, თავლინელები, ანდერელები, აკსაელები და უპირატესად კი კაჩკალიკები – ყველანი უსახლკარო ადამანები, ანუ აბრაგები (Рапортъ маiора Елагина 30-го мая 1787 года. Государств. Арх., XXIII, № 13, пап. 60). ეშინოდა რა უსაქმოდ მათი დატოვების და ამის გამო თავისი სოფლების მოსალოდნელი გაძარცვისა, მანსური დაიძრა ყარაბულახების წინააღმდეგ. მომხდარ შეტაკებაში იმამმა თავი გამოიჩინა როგორც მშიშარამ და ჩეჩნები იცინოდნენ მასზე, ამბობდნენ რა, რომ იგი “კრთებოდა ბრძოლაში ყოფნისგან და ყოველთვის მოშორებით იდგა” (Рапортъ бригадира Нагеля 1-го iюня 1787 года. Госуд. Арх., XXIII, № 13. пап. 60). ლაჩრობა მთიელებში ყოველთვის ითვლებოდა ყველაზე უფრო უდიდეს მანკიერებად, და ამიტომ ბუნებრივია, რომ მანსურმა განიცადა საშინელი დაცინვები და ყოველგვარი ნდობაც დაკარგა. ხედავდა რა თავისი მოქმედებების წარუმატებლობას ჩეჩნეთში და იცოდა რა თურქეთის რუსეთთან ომისთვის მზადებათა შესახებ, ცრუწინასწარმეტყველმა გადაწყვიტა გამგზავრებულიყო ერთერთ თურქულ ბანაკში და იქ შეეთავაზებინა თავისი სამსახური. 1787 წლის ივლისის დასაწყისში, იმიერყუბანელი მფლობელის ყაზი-გირეის დახმარებით, მანსურმა დატოვა ჩეჩნეთი და წავიდა ყუბანს იქით. პორტა გახარებული იყო თავის მხარეზე მისი გადმობირებით, როგორც პოლიტიკური მოღვაწისა. ყუბანს იქით მანსურის წასვლამდე უფრო ადრე, ერთერთი ყუმიხელი მცხოვრები, რომელმაც იმოგზაურა მექაში და კონსტანტინოპოლის გავლით უკანვე ბრუნდებოდა, მოწოდებულ იქნა ვეზირთან.

– როგორი იმამი გამოცხადდა იქ თქვენთან, ეკითხებოდა ვეზირი, – და როგორ სასწაულებს ახდენს იგი?

– არანაირს, პასუხობდა წინასწარმეტყველ მუჰამედის ჭეშმარიტი მიმდევარი, – იგი მხოლოდ რყვნის ხალხს და ახდენს არეულობას.

– სჯერათ თუ არა მისი ადამიანებს?

– მიამიტებს სჯერათ, ჭკვიანები კი მატყუარას უწოდებენ.

– ნუთუ თქვენში არ არის წიგნები?

– არის.

– და როგორღა შეგიძლიათ გწამდეთ წინასწარმეტყველის გამოჩენისა, რომელიც თქვენი რჯულის მიხედვით, მუჰამედის გარდა, არ შეიძლება რომ იყოს?

ჰაჯი ხსნიდა ამას ხალხის განუვითარებლობით, მაგრამ ამასთან ერთად არწმუნებდა ვეზირს, რომ მანსურს ბევრი მომხრე ჰყავს. ეს უკანასკნელი განცხადება იყო იმის მიზეზი, რომ როცა მანსური გამოჩნდა ყუბანს იქით, პორტამ გადაწყვიტა ექცია იგი თავისი გეგმებისა და შეხედულებების იარაღად და, ცრუწინასწარმეტყველის დახმარებით, აღემართა მუსლიმანები რუსეთის წინააღმდეგ. თუ რა გზით მიეღწია ამისთვის – თურქული მთავრობა დროს მიანდობდა, ახლა კი მთელ ძალისხმევას იყენებდა, რათა მანსური თავის მომხრედ გაეხადა. სუჯუკის ფაშის მიერ გამოგზავნილმა ეფენდიმ მიართვა ექს-იმამს ფული, საჩუქრები და ფიციც ჩამოართვა მას, რომ არ იღონებდა არაფერს სხვანაირად, თუ არა პორტას ბრძანებით (Рапортъ генерала Потёмкина князю Таврическому 21-го августа 1787 года. Госуд. Арх., XXIII, № 13. пап. 62). შემდეგ ამის კვალდაკვალ გამოცხადდა წარმოგზავნილი ანაპის ფაშისგან და მიიპატიჟა მანსური ანაპაში, სადაც შეკრებილ იქნა 10.000-მდე თურქული ჯარები. ანაპის ფაშა ეკითხებოდა მანსურს მის ქადაგებთა ხასიათის შესახებ, აქებდა მას იმის გამო, რომ რომ იგი ავრცელებს რელიგიის წესებს ისეთ ველურ ადგილებში, როგორიც დაღესტანია, და დაინტერესდა, ხომ არ ავიწროვებენ რუსები იქაურ მაცხოვრებლებს.

– რუსების მიერ შევიწროვებათა შესახებ მე არაფერი მსმენია, პასუხობდა მანსური, – ჩეჩნები აძლევენ თავიანთ ამანათებს იმ პირობით, რომ ერთი წლის გასვლის შემდეგ ისინი იცვლებოდნენ სხვებით, მაგრამ გარკვეული დროიდან რუსები, მიიღებენ რა ჩეჩნებისგან ახალ ამანათებს, იტოვებენ ძველებსაც და ჩეჩნები ამის გამო დრტვინავენ.

– რუსების მიერ თქვენი ამანათების თავისთან დაკავება, შენიშნა ფაშამ, – არის მათ მიერ ვალდებულებათა დარღვევის აშკარა ნიშანი. მათ უკვე დაარღვიეს მშვიდობა ჰალიფასთან (სულთანთან) და ჩაფიქრებული აქვთ მართლმორწმუნეთა ამოწყვეტა. მალე აღეგზნება ომი და თითოეული ჭეშმარიტი მუსლიმანი ვალდებულია შეიარაღდეს და უკანასკნელ ამოსუნთქვამდე იცავდეს მართალ სარწმუნოებას. ხოლო როგორც ცნობილია, რომ სარწმუნოებისადმი შენი მოშურნეობის გამო შენ გიჯერებენ არა მხოლოდ მთელი ჩეჩნები, არამედ ბევრი სხვა დაღესტნელი ხალხებიც, ამიტომ ეს შემთხვევა მოგცემს შენ საუკეთესო საშუალებას ღვთაებრივი მოწყალებისა და სულთნის გულუხვობის შესაძენად ნეტარებისთვის ამ და მომავალ ცხოვრებაში. ეცადე წაახალისო და ჩააგონო, რათა ყველა მაჰმადიანი, შეიარაღდება რა, ამხედრდეს რუსების წინააღმდეგ და ზარალი მიაყენოს მუსლიმანური სარწმუნოების მოწინააღმდეგეს. დარწმუნებული იყავი, რომ რომ ღმერთისა და ჰალიფასადმი შენი მსახურება დაჯილდოებულ იქნება ისეთი საზღაურით, რომლის მხოლოდ წარმოდგენა თუა შესაძლებელი.

– რა თქმა უნდა, პასუხობდა მანსური, – მე, როგორც მაჰმადიანი, ვალდებული ვარ ვმოქმედებდე რელიგიის კანონების მიხედვით, მაგრამ ჩეჩნებისა და დაღესტნელთა შესახებ დაბეჯითებით არაფრის თქმა არ შემიძლია, რადგანაც ამ ხალხებს ჰყავთ თავიანთი უფროსები და გააჩნიათ თავიანთი ვალდებულებანი, რომელთა შესაბამისადაც განკარგავენ თავიანთ საქმეებს.

მანსურის ორჭოფული პასუხის მიუხედავად, ფაშა ეალერსებოდა მას და კარგად ინახავდა (Показанiе Мансура Шешковскому. Госуд. Арх., VII, № 2777). ასეთი მიღებით გამხნევებულმა და თურქების მხრიდან მხარდაჭერაზე დაიმედებულმა ცრუწინასწარმეტყველმა თავის თანასოფლელთ გამოუგზავნა წერული, რომელშიც წერდა, რომ მალე დაბრუნდება ჩეჩნეთში სახელგანთქმულ ადამიანად (Рапортъ бригадира Нагеля отъ 7-го iюля. Госуд. Арх., XXIII, № 13. пап. 61). იგი ურჩევდა მართლმორწმუნეებს, რომ ყოფილიყვნენ ერთსულოვანნი, მიჰყოლოდნენ მის მიერ მიცემულ დარიგებებს და მაშინ ჰპიდებოდა დაეხსნა ისინი რუსების მიერ შევიწროვებათაგან. “მთელი ყუბანისმიღმელი ხალხები, წერდა მანსური, – მე პატივს მცემენ და შემომიერთდნენ”. იგი ჰპირდებოდა რომ მათთან ერთად მოვიდოდა ჩეჩნეთში როგორც კი მიიღებდა თურქულ ჯარებს, ზარბაზნებსა და ჭურვებს.

ფაშის მფარველობამ და თურქების ჩაგონებებმა დიდი სახელი მოუტანეს მანსურს მთელს ყუბანისმიღმეთში. ჩეჩნეთში მისგან სასწაულებს მოითხოვდნენ, აქ კი კმაყოფილდებოდნენ მხოლოდ მისი ქადაგებით.

– ისე უნდა იყოს, რომ უფალმა გამოუგზავნა მას თავისი გამოცხადება, ამბობდნენ იმიერყუბანელები, – თუკი მან, ლაპარაკობს რა მხოლოდ ჩეჩნურ ენაზე, ასე მყარად იცის ყურანი.

ხალხი მასთან ყოველი მხრიდან მოედინებოდა: ჯანმრთელები მოდიოდნენ თავიანთი პატივისცემისა და თანაგრძნობის გამოსახატავად, ავადმყოფები კი – განსაკურნებლად. მანსური აღაგზნებდა მათ რუსეთის წინააღმდეგ და ახალისებდა ჩვენს ფარგლებში მტაცებლობისთვის. იმიერყუბანელები გადმოლახავდნენ მდინარეს და გადმოდიოდნენ ჩვენს ნაპირზე, და თუმცა კი ჩვენს ჯარებთან შეხვედრისას ყოველთვის განიცდიდნენ დამარცხებას, მაგრამ მათი ცალკეული პარტიები მცხოვრებლებს აყენებდნენ დიდ გაჩანაგებას. “კავკასიის გუბერნიაში დასახლებულთა მუდმივად იმიერყუბანელთა თავდასხმებისა და თარეშების ქვეშ ყოფნა საკმარისად გვიჩვენებს, წერდა თავადი ტავრიდელი (Въ письме П. С. Потёмкину отъ 19-го августа, № 2.104), განსაკუთრებით კი ახლანდელ გარემოებებში, რომ ადრე არიან იქ ჩასახლებულნი. მგონია, რომ საჭირო იქნება საზღვრებთან ახლოს მოსახლენი უკან გადმოვიყვანოთ, რათა ისინი უსაფრთხოდ ვჰყოთ და იმიერყუბანელთ კი მოვუსპოთ ანგარება, რომლებსაც ჩვენი დასახლებანი იზიდავენ (იტყუებენ)”.

“ცარეგრადიდან (კონსტანტინოპოლი – ი. ხ.) მოსული ცნობებით, წერდა უგანათლებულესი იმავე რიცხვში გაგზავნილ სხვა წერილში (Отъ 19-го августа, № 2.093), თურქეთის მთავრობა, სულთანის მშვიდობისმოყვარული განზრახვების საწინააღმდეგოდ, ეძიებს მშვიდობის გაწყვეტას: ჩერქეზები აპირებენ ყუბანის აქეთ თავიანთი თარეშების დაწყებას. თქვენი აღმატებულება მოგვახსენებს იქ იმამ მანსურის გაძლიერების შესახებ. ყოველივე ეს მოითხოვს ძლიერი ზომების მიღებას. მე გავალებთ თქვენ, ჯერ ერთი, შეაგროვოთ დაცალკევებული ნაწილები და მოიყვანოთ საკუთარი თავი სათანადო მდგომარეობაში. უკეთესია მსხვერპლად შესწიროთ არასაჭირო, ვიდრე დაისუსტოთ საკუთარი თავი საყოველთაო დაქუცმაცებულობით: ყიზლარის მხარე უზრუნველყავით საკმარისი რაზმით; მთავარი ყურადღება კი მიაპყარით მარჯვენა ფლანგს. გენერალ-პორუჩიკ ილოვაისკის ვუბრძანე შეკრიბოს დონის მხედრობა, გენერალ-მაიორ ბარონ როზენს განლაგდეს მდინარე ეაზე, და ორივენი სრულ მზადყოფნაში იდგნენ ღონისძიებებისთვის, რომლებსაც გარემოებები მოითხოვენ”. 

დაათვალიერა რა მდინარე ყუბანის ნაპირები, გენერალ-პორუჩიკმა პოტიომკინმა აუცილებლად მიიჩნია დაუყოვნებლივ შედგომოდა რიგი სიმაგრეების მოწყობას, რომელთაც შეეძლებოდათ თუნდაც ნაწილობრივ უზრუნველეყოთ მცხოვრებნი მტაცებელთა შემოჭრებისგან. ასე, მდინარე ტერნოვკას შესართავთან საძირკველი ჩაეყარა ტერნოვსკის რედუტს, ერთი ქვემეხითა და ასეულის გარნიზონით; მდინარე კამიშევატაიას შესართავთან, მარცხენა ნაპირზე – მსტისლავსკის რედუტს ოთხი ქვემეხითა და ორი პოლკის გარნიზონით; ყალმუხთა ფონთან (при Калмыцкомъ броде) – ნადზორნი (სამეთვალყურეო – ი. ხ.) რედუტს, მცირე რაზმისთვის; ყოფილი ცარიცინის ციხესმაგრის მახლობლად – ცარიცინის რედუტს, ერთი ქვემეხისა და არცთუ დიდი რაზმისთვის. შემდეგ მოჰყვებოდა: პროჩნი ოკოპი (მტკიცე სანგარი – ი. ხ.); მდინარე ყუბანის მუხლზე – დერჟავნი რედუტი, ერთი ქვემეხისა და მცირე რაზმისთვის; უწინდელი სენგილეევსკის რედუტის ადგილზე გრიგორიოპოლისის რეტრანშემენტი, ოთხ ქვემეხზე; მდინარე გორსკაიას მარჯვენა მხარეს არსებულ სიმაღლეზე – უბეჟნი რედუტი, ორი ქვემეხით; ოვეჩი ბროდთან – ნედრემანნი რედუტი, ორ ქვემეხზე და, ბოლოს, პრეგრადნი სტანი (გადამღობი ბანაკი – ი. ხ.), ათ ქვემეხზე; რედუტი ბესლენეის გზასთან (при Бесленейской дороге), ორ ქვემეხზე, რედუტი ნევინნი კონცხთან, ორ ქვემეხზე, უსტ-ნევინნი რედუტი ყუბანზე, ორ ქვემეხზე და რეტრანშემენტი ვოროვსკოი ლესთან, ოთხ ქვემეხზე.

“თქვენმა უგანათლებულესობამ იცის, მოახსენებდა გენერალი პოტიომკინი (Въ рапорте князю Таврическому отъ 16-го iюля, № 1.135), რომ ჩემდამი ჩაბარებული დისტანცია გადაშლილია რვაას ვერსზე და თვალმოუხუჭავი სიფხიზლე უნდა მქონდეს, რათა არსად არ ჰქონდეთ თათრებს (იმიერყუბანელებს) უმცირესი წარმატებაც კი, ვინადან იგი იქცევა ახალ სიგნალად ხალხთა საერთო ამბოხებისთვის, რომლის თავიდან ასაცილებლადაც მე გამოვიყენებ ყველა შესაძლო მონდომებას”.

ამ მიზნით, კავკასიის ხაზის უკეთ დასაცავად მთელი ჯარები გაყოფილ იქნა ორ კორპუსად: ყუბანის ეგერთა, რომელიც შევიდა გენერალ-ანშეფის პ. ა. ტეკელის უფროსობის ქვეშ, და კავკასიისა, რომელიც დარჩა გენერალ-პორუჩიკ პოტიომკინის გამგებლობაში. უკანასკნელის ჯარები განლაგებული იყო: მთავარი კორპუსი* (*კავკასიის მუშკეტერთა პოლკი, კავკასიის ეგერთა კორპუსის მე-3 ბატალიონი, ასტრახანის დრაგუნთა პოლკის ხუთი ესკადრონი, სალეგიონო ესკადრონები, ურალის კაზაკთა პოლკი და ექვსი ქვემეხი), პოტიომკინის პირადი უფროსობით, იმყოფებოდა ბეშტოის მთებსა და კუმ-მთას შორის, “რათა მოსახერხებელი ყოფილიყო, დაიფარავდა რა კავკასიის ხაზს ყუბანის თავად სათავეებიდან, ან გაეძლიერებინა მარჯვენა ფრთის რაზმები, ან მიბრუნებულიყო ყაბარდისკენ, თუკი იქაურები მერყეობას დაიწყებდნენ”. 

მთავარ რაზმს მოჰყვებოდა გენერალ-მაიორ ელაგინის რაზმი* (*ნარვის კარაბინერთა პოლკი, ნიჟეგოროდის ქვეითი პოლკი, ყუბანის ეგერთა კორპუსის მე-3 ბატალიონი, ლადოგის ქვეითი პოლკის ბატალიონი, გრენადერთა ბატალიონი ნიჟეგოროდისა და ლადოგის პოლკების ასეულებისგან, კაზაკთა პოლკები: გრეკოვისა, კარშინისა, ხოპერის კაზაკები და სამი ქვემეხი), განლაგებული კუმ-მთასთან დისტანციის დასაცავად გადამღობი ბანაკიდან კამიშევატაიასა და სტავროპოლის ოკრუგამდე; პოლკოვნიკ გერმანის რაზმი** (**კარგოპოლის კარაბინერთა პოლკი, ვლადიმირის ქვეითი პოლკი მისი გრენადერთა ასეულებით, ლადოგის პოლკის ბატალიონი და კავკასიის პოლკის ასოცი გრენადერი, ასტრახანელი დრაგუნების ოთხი ესკადრონი, კუტეინიკოვის კაზაკთა პოლკი და სამი ქვემეხი) კავკასიის ხაზთან საკომუნიკაციო პოსტების შენახვისთვის და აგრეთვე დისტანციის დასაცავად გადამღობი ბანაკიდან პოლკოვნიკ რებინდერის რაზმამდე*** (***როსტოვის კარაბინერთა პოლკი, ტფილისის ქვეითი პოლკი, კავკასიის ეგერთა კორპუსის ბატალიონი, ბატალიონი ტფილისისა და ყაზანის პოლკების გრენადერთა ასეულებისგან, იანოვის კაზაკთა პოლკი და ოთხი ქვემეხი), რომელიც განლაგებული გახლდათ ისლამ-მუსინის აულებთან. უკანასკნელ რაზმს უნდა დაეცვა სივრცე პეშჩანნი ბროდამდე. ქაჩალ მთასთან იდგა პოლკოვნიკ გროტენჰელმის რაზმი**** (****კაზაკთა პოლკი, ვოლგის კაზაკები და ორი ქვემეხი), დანიშნული დისტანციის დასაცადად პეშჩანნი ბროდიდან პავლოვსკაიამდე და, ბოლოს, ბრიგადირ ნაგელის მოძრავი რაზმი***** (*****ყაბარდოსა და მოსკოვის ქვეითი პოლკები, ბატალიონი მოსკოვისა და ყაბარდოს პოლკების გრენადერთა ასეულებისგან, მოზდოკის კაზაკთა პოლკი, თერგის სემეინოე მხედრობა, გრებენის მხედრობა და ექვსი ქვემეხი) ყიზლარიდან მოზდოკამდე სივრცის დასაცავად, ხოლო მოზდოკიდან პავლოვსკაიამდე დისტანციის დარაჯობა და დაცვა კი დავალებული ჰქონდა ეკატერინოგრადის კომენდანტს. ჩერკასკთან უკეთესი და უსაფრთხო შეტყობინებისთვის ნაბრძანებ იქნა სოფელ პესჩანნისთან აეგოთ რედუტი ოცდაათ ადამიანსა და ერთ ქვემეხზე, ზემო ეგორლიკთან – ასევე რედუტი ორმოც ადამიანსა და ერთ ქვემეხზე, სოფელ ვესტოსლავში – რედუტი ოცდაათ ადამიანსა და ორ ქვემეხზე, და მედვეჟი კურგანთან – რედუტი ოც ადამიანზე. ამაზე ზევით, სოფლებში პრეგრადნისა და ბეზოპასნიში გააძლიერეს გარნიზონები, ხოლო მთელი ხაზის გაყოლებაზე სიმაღლეებზე, სადაც უნდა ყოფილიყო სადარაჯო პოსტები, ნაბრძანებ იქნა აეგოთ კოშკები სათოფურებით და თითოეულ მათგანზე ჰქონოდათ სამი შუქურა. ას კაცზე ნაკლები შემადგენლობის მოწინააღმდეგე პარტიის მოახლოებისას ნაბრძანები იყო აენთოთ პატარა შუქურები, ასზე მეტი და სამას ადამიანამდე – საშულო და, ბოლოს, ათას ადამიანამდე რიცხოვნების პარტიის გამოჩენისას – დიდი შუქურები (Предписанiе генерала Потёмкина генералу Солеману отъ 14-го мая 1787 года).

მთელი ეს ზომები მხოლოდ გარკვეულ ხარისხამდე უზრუნველყოფდა მაცხოვრებლებს მთიელთა მტაცებლობისგან. ჯარების მცირერიცხოვნებისას შეუძლებელი იყო სადარაჯო პოსტების ქონა ერთი-მეორისგან ახლო მანძილებზე და მტაცებლებს ყოველთვის შეეძლოთ აერჩიათ მიმართულება თავიანთი სწრაფი თავდასხმებისთვის. სოფლების უსაფრთხოება განპირობებული იყო თავად მცხოვრებთა დაცვით, ასე რომ ვთქვათ, ადგილობრივი ანუ საერო (земская) ძალით. მაგრამ რუსული სოფლები იმ დროს კავკასიაში ცოტა იყო და თავადმა პოტიომკინ-ტავრიდელმა გადაწყვიტა მიეცა ისინი რუსეთის ძალაუფლების ქვეშ მეტ-ნაკლებად მყოფი იქაური მოსახლეობის დაცვის ქვეშ. მან გამოითხოვა უზენაესი ბრძანება მოსახლეობის ანუ საერო მხედრობის შედგენაზე ოსების, ინგუშებისა და ყაბარდოელებისგან. ორივე ყაბარდო (დიდი და მცირე) გამოცხადებულ იქნა მოსახლე მხედრობად (объявлены поселённым войскомъ), რომლისგანაც ნამდვილ სამსახურში უნდა ყოფილიყო ცხრა ასეული: ექვსი ასეული დიდი ყაბარდოდან და სამიც მცირედან. თითოეულ ასეულში უნდა ყოფილყო ორი თავადი და ოთხი უზდენი. “ამ ჯარების მოვალეობა, წერდა იმპერატრიცა თავად ტავრიდელს (Отъ 26-го августа 1786 года, № 706. Архивъ Кабинета, св. 442), იქნება მათთვის განსაზღვრული სივრცის დაცვა ქურდებისგან, რათა გზას ინახავდნენ უსაფრთხოდ და ამასთან ცდილობდნენ იმიერყუბანელთა არდაშვებას ჩვენს საზღვრებში თარეშობისთვის”. დიდი ყაბარდოს ჯარებს უნდა დაეცვათ სივრცე მდინარე ეას სათავეებიდან ნევინნი კონცხამდე ან პრეგრადნი სტანამდე, მცირე ყაბარდოს ჯარებს კი – კომბულეიდან მდინარე თერგამდე ან კოლინოვაია სტანიცადან ეკატერინოგრადამდე.

უგზავნიდა რა ყაბარდოელებს უგანათლებულესის სიგელს, გენერალ-პორუჩიკი პოტიომკინი სთხოვდა მათ პრისტავს ჩაეგონებინა ხალხისთვის, რომ “ყველანაირი მთავრობა, ვისი ძალაუფლების ქვეშაც არ უნდა ყოფილიყვნენ ისინი, არ დატოვებდა ხალხს ხარკის აკრეფის გარეშე”. რუსეთის იმპერატრიცა კი არა მხოლოდ არ მოითხოვს მათგან ხარკს, არამედ, პირიქით, გადმოღვრის მათზე თავის გულუხვობებს, “რომლებიც მოვალენი არიან ისინი, მიიღებენ რა მადლიერებით, თავიანთი ერთგულებით კიდეც დაიმსახურონ” (Предписанiе полковнику Савельеву 16-го апреля 1787 года, № 514. Госуд. Арх., XXIII, пап. 62).

1787 წლის მაისში, საგანგებოდ მოხმობილ ყაბარდოელთა შეკრებაში, წაკითხულ იქნა უგანათლებულესის სიგელი. “მისი იმპერატორობითი უდიდებულესობის უზენაესი დედობრივი ზრუნვა თქვენზე, წერდა ყაბარდოელებს თავადი ტავრიდელი (Отъ 24-го Отъ 24-го декабря 1786 года), ყოველთვის იმაში მდგომარეობდა, რათა ჩაეყენებინეთ თქვენ ყველაზე უფრო კეთილდღეობით მდგომარეობაში, მოეტანა თქვენთვის ყველანაირი სარგებელი, როგორც თავისი ერთგული ქვეშევრდომებისთვის. თქვენს დეპუტატებს, თავიანთი აქ ყოფნის დროს, საკმარისად შეეძლოთ ენახათ, თუ რამდენი სიკეთის მოლოდონი შეიძლება მისი მარჯვენიდან. თუმცა კი უბედური შემთხვევები, და შესაძლოა დამღუპველი რჩევებიც, გითრევდნენ თქვენ არაერთხელ ქვეშევრდომებრივი ერთგულების დარღვევაში, მაგრამ მიიტანეთ რა გულწრფელი სინანული მისი იმპერატორობითი უდიდებულესობის წინაშე, ყოვლადუმოწყალესად გეპატიათ ყველაფერი. ახლა დადგა დრო რომ დაამტკიცოთ თქვენი ერთგულება თქვენს შესახებ უზენაესი განკარგულების ზუსტი შესრულებით, რაც თქვენივე სასიკეთოდაა განზრახული”.

შემდეგ, იმავე სიგელიდან ყაბარდოელებმა შეიტყვეს, როგორც მათგან მოთხოვნილი ჯარის რიცხვის შესახებ, ისე იმის თაობაზეც, რომ ყველანი, ვინც კი იქნებიან ნამდვილ სამსახურში, მიიღებენ ჯამაგირსა და ჩინებს. “თავადებსა და უზდენებს, წერდა თავადი ტავრიდელი, ეხსნებათ გზა ხარისხებისკენ მათ სამსახურში. მათი ქვეშევრდომები, მათგან გაქცეულნი, უბრუნდებიან თავიანთ მემამულეებს, კარგად შენახვის ვალდებულებით; და თუკი ორივე ყაბარდოს ამჟამინდელი ადგილსამყოფელი მათთვის ვიწრო და არახელსაყრელია, მაშინ მათ შეუძლიათ მოითხოვდნენ უკეთეს ვრცელ და თავისუფალ ადგილებს, როგორებიც კი არის უქმად რუსეთის იმპერიაში”.

არა მიწების უკმარისობა, არამედ ფულები განსაკუთრებით ხიბლავდა ყაბარდოელებს. იოლ საშოვარს დახარბებულებმა, მათ განსაკუთრებული კმაყოფილებით შეიტყვეს, რომ სამსახურში მყოფი თავადები მიიღებენ ჯამაგირს თითოეული 120 მანეთს წელიწადში, უზდენები 50-50 მანეთს, რიგითები კი 12-12 მანეთს, და ტილოს ორ-ორი პერანგისთვის. მათ ხალისით შეჰფიცეს და მაშინვე აირჩიეს დეპუტატები თავად ტავრიდელთან გასაგზავნად. უკანასკნელმა ისინი ალერსიანად მიიღო, უმცირეს წვრილმანებამდეც კი იწყნარებდა მათ წეს-ჩვეულებებს და ცდილობდა არ დაერღვია მათი ჩვევები, რათა არ მიეცა საბაბი დაეჭვებისთვის, რომ რუსთის მთავრობას განზრახული აქვს შეცვალოს მათი ყოფითი და საზოგადოებრივი წყობილება.

“მისმა იმპერატორობითმა უდიდებულესობამ, წერდა იგი გენერალ-პორუჩიკ პოტიომკინს (Въ ордере отъ 17-го iюня 1787 года № 1.309), ყოვლადმოწყალედ რთავს რა სარწმუნოების თავისუფლად აღიარების ნებას მისი ვრცელი იმპერიის ფარგლებში მცხოვრებ ხალხებს, მათთვისვე ინება მათი წეს-ჩვეულებებისა და ადათების დაცვაზე მეთვალყურეობის გადაცემა. ასეთნაირად, ყველა მაჰმადიანნი, რომლებიც უზენაესი ტახტის წინაშე წარსდგებიან, არ იხდიან ქუდებს, არამედ თავზე ახურავთ ისინი თვით მის უდიდებულესობის იქ ყოფნის დროსაც კი. არ ერთმევათ ეს უფლება ყაბარდოელებსაც; მათ მიერ გამოგზავნილი დეპუტატები სარგებლობდნენ ამით ჩემთან მათი ყოფნის მთელ დროში და სამუდამოდ ეს არის მათთვის ნებადართული, რის შესახებაც მე თქვენს აღმატებულებას ამის მეშვეობით გაცნობებთ, გავალებთ, რომ არც ყაბარდოელ ხალხს, არც სხვა მაჰმადიანებს ამიერიდან ქუდის მოხდას აღარ აიძულებდეთ”* (*ამაზე უფრო ადრე, თითქმის ერთი წლის წინ, თავადი პოტიომკინი სთხოვდა თავის ბიძაშვილს /троюроднрго брата/ თავის მეზობელ ხალხებს მოჰქცეოდა უფრო უბრალოდ /მარტივად/ და ყოველგვარი თავის გამოდების გარეშე. “წავიკითხე რა თქვენი აღმატებულების ამა თვის /აპრილის/ 6 რიცხვის მოხსენებები, წერდა უგანათლებულესი, სხვადასხვა კავკასიელ მფლობელებთან თქვენი მიმოწერის ასლებით, საჭიროდ მივიჩნევ მოგცეთ რეკომენდაცია მათდამი თქვენს წერილებში მაღალფარდოვნების შემცირების შესახებ. მთარგმნელი, ვერ გაიგებს რა მათ, ისეთ კვანძებს ჩასვამს, რომ საქმის კვალიც კი იქ აღარ დარჩება. ჩემს შესახებ მოხსენიებისას მე არ მინდა, რომ აღმწერდეთ როგორც უახლოეს მინისტრს, არამედ მიწოდებდეთ იმას, რაც ვარ, სახელდობრ კი: всехъ полуденныхъ границъ მთავარსარდალს, ფელდმარშალს და თქვენს მხარეში უზენაესად რწმუნებულს” /Предписанiе П. С. Потёмкину отъ 27-го апреля 1786 г., № 72/).

გამოხატა რა ყველაფერში განსაკუთრებული თავაზიანობა დეპუტატებისადმი და უბოძა რა მათ საჩუქრები, თავადმა პოტიომკინ-ტავრიდელმა შემდეგ უკანვე გამოგზავნა ისინი წინადადებით, რომ ჩაეგონებიათ ყაბარდოელი ხალხისთვის, რათა მას ეცხოვრა მშვიდობასა და სიწყნარეში.

– თქვენი ჩემთან ყოფნის დროს, ამბობდა უგანათლებულესი, – საკმარისად შეგეძლოთ გაგეგოთ ყოვლადუმოწყალესი მონარქის მზრუნველობა მის ქვეშევრდომთა სიკეთეზე. მივყვებოდი რა ამას, მე ყოველმხრივ ვცდილობდი შესაძლებელი სარგებლის მოტანას ჩემზე დამოკიდებული ხალხებისთვის. ორივე ყაბარდომ ეს თავისი გამოცდილებით იცის. არ მივხედე რა ფიცის გატეხვას, არ ავყევი რა მათ მიერ ჩვენს სოფლებზე მოწყობილ თარეშებს და დავიწყებას მივეცი რა მათი აშკარა ამბოხებანი, ვარიდებდი მათგან სასჯელს მაშინ, როდესაც სხვა ხსნა აღარ დარჩენოდათ მათ, დანდობის გარდა. მათი ბოროტმოქმედებანი პატიებულ იქნა და, მთელ სიკეთეთა დასრულებისთვის, უბრუნდებიან მათგან გამოქცეული ქვეშევრდომები, განესაზღვრებათ ჯამაგირი სამსახურისთვის და მომსახურენი კი ჯილდოვდებიან ჩინებით. ასეთი კეთილმოქმედებანი ავალდებულებს ყაბარდოელ ხალხს, რომ სამუდამოდ აღკვეთოს შფოთიანობა და ამბოხებანი და იცხოვროს მშვიდობოთ, სიწყნარითა და ურღვევი ერთგულებით. ამას მე მოველი თქვენი მეცადინეობისგან და ამას საკუთრივ მოითხოვს მთელი ხალხის სარგებელი, ვინაიდან თუ კიდევ დაიწყება ყაბარდოში რაიმენაირი არეულობანი, მაშინ თავს დაიტეხენ გარდაუვალ უბედურებებს და მაშინ ვეღარაფერი აარიდებს მათ დამსახურებულ სასჯელს, ამაში გარწმუნებთ მე თქვენ ჩემი სიტყვით. 

დეპუტატები თავს დებდნენ ყაბარდოელი ხალხის ერთგულებაზე, მაგრამ თავადი ტავრიდელი, რომელიც არცთუ განსაკუთრებით ენდობოდა მათ დაპირებებს, მათ მიერვე ხშირად დარღვეულს, ღებულობდა ზომებს იმისთვის, რათა მოეხდინა ყაბარდოელთა იზოლირება მათ მეზობელ ჩვენდამი მტრულ ტომებთან ურთიერთობებისგან. ამის გამო იგი ხალისით დაეთანხმა დიგორიელი ოსების თხოვნას რუსეთის ქვეშევრდომობაში მათ მიღებასა და ტატარტუპთან ციხესიმაგრის აგებაზე. ციხსმაგრის აღმართვა ამ პუნქტში ყაბარდოს ჰყოფდა ჩეჩნებისგან და იძლეოდა მათ შორის შეტყობინებათა შეწყვეტის შესაძლებლობას, ლაგამს სდებდა მცირე ყაბარდოს და შეეძლო ოსებისთვის გაეწია არა მხოლოდ შევიწროვებათაგან დაცვის (მოზღუდვის) სამსახური, არამედ მთებიდან ზეგანზე ჩამოსახლების საბაბისაც. “ხოლო ოსი ხალხის სიმრავლის გამო, მოახსენებდა გენერალ-პორუჩიკი პოტიომკინი (Князю Таврическому, отъ 9-го апреля, № 452. Госуд. Арх., XXIII, № 13, п. 62), იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ დროთა განმავლობაში მათი დიდი რიცხვი გადმოსახლდება კავკასიის ხაზზე, და ეს გადმოსახლება მით უფრო სასარგებლო იქნება, რომ ყველა მათ სურთ იყვნენ ქრისტიანები და მეტად ერთგულებიც იქნებიან”. ოსების კვალდაკვალ, ენდერისა და აკსაის მცხოვრებლებმაც მიმართეს თხოვნით, რომ შემოეღოთ საერო მხედრობა (земское войско), ყაბარდოელთა მაგალითის მიხედვით. ისინი წახალისებულნი იყვნენ ამისთვის ტარკის შამხალის ჩაგონებითა და მაგალითით, რომელიც უკვე დიდი ხანის შემოსული იყო რუსეთის ქვეშევრომობაში.

შამხალ მურთაზა-ალის სიკვდილის შემდეგ მისი მემკვიდრე შეიქნა მისი ძმა ბამათი, რომელმაც ჯერ კიდევ 1784 წელს გამოუგზავნა თავად პოტიომკინს თხოვნა უზენაეს სახელზე. აძლევდა რა საუთარ თავს რუსეთის მფარველობის ქვეშ, შამხალი ბამათი ითხოვდა მხოლოდ, რათა არ ყოფილიყო იგი დამცირებული სხვა მფლობელთა წინაშე და განსაკუთრებით კი საქართველოს მეფის წინაშე, “ვინაიდან ამის მეშვეობით, ამბობდა იგი, მე შეიძლება შერცხვენილ ვიქნე აქაურ ხალხში. ერეკლე მეფეს არასოდეს არ შეეძლო ჩაეთვალა საკუთარი თავი ჩემზე უფრო მაღალ ხარისხში, სანამდე არ შემოვიდა სრულიად რუსეთის მფარველობის ქვეშ, და მეც არასოდეს არ შემიძლია ვამჯობინო იგი საკუთარ თავს, ვიმყოფები რა მის თანაბარ ღირსებაში”.

მოლაპარაკებები შამხალის ქვეშევრდომობის თაობაზე ძალიან დიდხანს გაიწელა და სახელდობრ 1786 წლამდე. დაყოვნება პირობებზე ხელის მოწერასა და ფიცის დადებაში მოხდა იმის გამო, რომ შამხალს სხვადასხვა მიზეზების გამო დიდხას არ შეეძლო თავის მრჩეველთა შეკრება, მათთვის რუსეთის ქვეშევრდომობაში შემოსვლაზე თავისი გადაწყვეტილების გამოსაცხადებლად. დაბოლოს, 1786 წლის 19 მაისს, ეკატერინოგრადში მოვიდნენ შამხალის რწმუნებულები და ექვსი დღის შემდეგ შეუდგნენ საზეიმოდ ფიცის დადებას.

25 მაისს, დილის ათ საათზე, რწმუნებულთა მოსაყვანად გაგზავნილ იქნა საგანგებო ეკიპაჟები, რომლებშიც ისინი მოვიდნენ მეფისნაცვლის სახლში. ჩვეულებრივი ცერემონიისა და გამასპინძლების შემდეგ, ელჩები შეყვანილ იქნენ აუდიენც-დარბაზში და დაყენებულ ტახტის წინაშე, რომლის ფერხთითაც იჯდა გენერალ-პორუჩიკი პოტიომკინი. რწმუნებულთაგან უფროსმა რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენელს მიმართა საგანგებო სიტყვით.

– ყოვლადუზენაესის განგება, თქვა მან, – რომელმაც მოაწყო მზე, მთვარე და ქვეყანა, წინასწარ განსაზღვრავს მიწიერ სამეფოთა ხვედრს. მან აღამაღლა სრულიად რუსეთის იმპერიის დიდება ქვეყნად ყოვლადბრძენი, ძლევამოსილი და საოცარი იმპერატრიცის ეკატერინე ალექსის ასულის დერჟავის ქვეშ. მისი დიდებისა და უდიდებულესობის ბრწყინვალე სხივები ანათებს სამყაროს ყველა კიდეს. განათებულ იქნა რა მისი უდიდებულესობის საქმეთა სიდიადითა და გულმოწყალებით, ჩვენმა მფლობელმა, დაღესტნის შამხალმა, მოისურვა იყოს დაქვემდებარებული სრულიად რუსეთის საიმპერატორო ტახტისადმი და გამოგვგზავნა ჩვენ სრული უფლებამოსილებით, რომ მისცეს საკუთარი თავი ქვეშევრდომობაში და აღასრულოს ფიცი მისი უდიდებულესობისა და მის მაღალ მენაცვალეთა ერთგულებაზე.

პ. ს. პოტიომკინის პასუხის შემდეგ წაკითხულ იქნა ელჩობისადმი შამხალის მიერ მინიჭებული უფლებები და შემდეგ შეუდგნენ ფიცის მიღებას ზარბაზანთა გასროლების ქუხილის თანხლებით (Поденная записка. Государственный Архивъ, XXIII, № 13, пап. 51). ისადილეს რა მთავარსარდალთან და გაატარეს რამდენიმე დღე ეკატერინოგრადში, რწმუნებულები საჩუქრებით უკანვე გაემართნენ* (*შამხალს იმპერატრიცის სახელით საჩუქრად გაეგზავნა: მდიდრულად შემკული ხმალი, “მფლობელის შესაფერისი” ქურქი, ძვირფასი თვლებით შემკული ხანჯალი, სიასამურის ბეწვეული და ფარჩა ბეწვეულისთვის. თავად პოტიომკინისგან ბეჭედი, ხოლო პ. ს. პოტიომკინისგან კი ყარყუმის ბეწვის ქურქი, დაფარული ჟოლოსფერი ხავერდით და ძვირფასი ფარჩის კაბა. შამხალის დედას გაეგზავნა ფარჩის ნაჭერი და სხვადასხვანაირი ატლასის ხუთი ნაჭერი; ორ ვაჟს თითო-თითო სათუთუნე; ოთხ ქალიშვილს თითო-თითო ატლასი კაბებისთვის; ელჩებს: უფროსს ბეჭედი და ხუთასი თუმანი, უმცროსს კი – ბეჭედი და ოთხასი თუმანი /Рапортъ П. С. Потёмкина князю Таврическому 28-го мая 1786 года, № 285/). გენერალ-პორუჩიკი პოტიომკინი ურჩევდა ბამათს, რომ გაეგზავნა ს.-პეტერბურგში თავისი ვაჟიშვილი იმპერატრიცასთვის მადლობის გადასახდელად. შამხალი ხალისით დაეთანხმა, მაგრამ არეულობანი დაღესტანში იყო ელჩობის გამოგზავნაში დაყოვნების მიზეზი. ამავე არეულობებმა წაახალისეს ბამათი იმისთვის, რომ ვაჟიშვილი თავისთან დაეტოვებინა, ხოლო პეტერბურგში კი დაახლოებულ პირთაგან შემდგარი დეპუტაცია გამოეგზავნა.

“მოგეცით რა საკუთარი თავი, წერდა ამასთან შამხალი იმპერატრიცას, ჩემი სახლი და ჩემი ძალაუფლების ქვეშ მყოფი მთელი საზღვრები და ხალხი სრულიად რუსეთის იმპერიის სახელგანთქმული ტახტის დამოკიდებულებაში, ღირს შევიქენ თქვენი იმპერატორობითი უდიდებულესობის წყალობით, თანამონაწილე ვიყო იმ ბედნიერი ხალხებისა, რომლებიც ტკბებიან დიდებითა და კეთილდღეობით თქვენი უდიდებულესობის ყოვლად ბრძნული მმართველობის ქვეშ.

შამხალის ღირსებაში ჩემი აღსვლის დღიდანვე ვმოშურნეობდი მე ამ ბედნიერებისთვის. ღვთის განგებამ კეთილ ინება, რომ ჩემი სურვილი და მისწრაფება წარმატებით დაეგვირგვინებინა. ჩემი მდაბალი თხოვნა შესმენილია და ფიცი ქვეშევრდომობაზე ჩემი სახელითა და ჩემი ძალაუფლების ქვეშ მყოფი მთელი ხალხის სახელით აღსრულებული. მე ჩემთვის წმინდა მოვალეობად მივიჩნევ, რომ ჩემი ელჩობის გამოგზავნით დავადასტურო ჩემს მიერ მოცემული ერთგულების ფიცი თავად თქვენი უდიდებულესობის ტახტის წინაშე.

ვიძლევი რა საკუთარ თავსა და ჩემი ძალაუფლების ქვეშ მყოფ მთელ ხალხს უზენაესი მოწყალების ქვეშ, პირობას ვდებ ახალი ფიცით ჩემი და ჩემთა მენაცვალეთა სახელით, წმინდად და სამუდამოდ ვინარჩუნებდე ერთგულებას თქვენი უდიდებულესობისა და სრულიად რუსეთის ტახტისადმი და შევიქნე ღირსი მძლავრი საფარველისა და გულმოწყალე კეთილგანწყობისა.

ეს გრძნობა, რომელიც აღბეჭდილია ჩემს სულში, შევეცდები მე, რომ აღვბეჭდო ჩემი ყველა ხალხის გულებში, რომლებიც ღირსჰყავით გეღიარებინათ თქვენს ქვეშევრდომებად და ერთხმად ვევედროთ ყოვლად უზენაესს, დაე გაახანგრძლივოს მან თქვენი ძვირფასი ხანა და ჩაგვაგონოს, რომ მთელი შესაძლო გულმოდგინებით ვემსახურებოდეთ ყოვლად ბრძენ და დიად ეკატერინეს”.

აღყვანილი საიდუმლო მრჩევლად და დაჯილდოებული ბრილიანტის კალმით, ბამათი დამტკიცებულ იქნა შამხლის ღირსებაში იმპერატრიცის საგანგებო სიგელით. მას ეწყალობა ექვსი ათასი მანეთი წელიწადში ჯარების შესანახად და განსაკუთრებული პატივის სახით დანიშნულ იქნა საგანგებო ბადრაგი რუსული ჯარებისგან შამხალთან მუდმივად ყოფნისთვის.

შამხალის მაგალითს მოჰყვა ბევრი მთიელი მფლობელი, რომლებიც იძიებდნენ რუსეთის მფარველობას. ყაზიყუმუხის, ავარიისა და დარუბანდის ხანებმა ასევე გამოგზავნეს თავიანთი წარმოგზავნილნი თხოვნით რომ მიეღოთ რუსეთის მფარველობის ქვეშ. თავადმა ტავრიდელმა წარუდგინა მათი თხოვნები იმპერატრიცას, რაზედაც მიიღო კიდეც ნებართვა, რომ მოქცეულიყო საკუთარი შეხედულების-და მიხედვით. “ჩვენი სახელმწიფო საგებლისთვის საჭირო საქმედ მივიჩნევთ, წერდა იმპერატრიცა თავად პოტიომკინს (Въ именномъ указе отъ 26-го августа 1786 года, № 706. Архивъ Кабинета, св. 442), მოგცეთ თქვენ საერთო სრული უფლება ჩვენი დერჟავისა და მფარველობის ქვეშ იქაური ხალხების მიღებაზე, მათთან დადგენილებების დადებაზე, თავად უშუალოდ ან თქვენი უფროსობის ქვეშ მყოფისთვის დავალებით, დარწმუნებული ვართ რა, რომ თქვენ აქ ყოველივეს იმპერიის სიკეთისა და ჩვენი დიდებისთვის დაადგენთ და დააწესებთ, შეგვატყობინებთ რა ჩვენ დაწვრილებით, ჩვენი გადამწყვეტი ნების მისაღებად”.

მიიღო რა ასეთი უფლებამოსლება, უგანათლებულესმა დააიმედა წარმოგზავნილნი იმპერატრიცის წყალობაში მათი მფლობელებისადმი, დაასაჩუქრა, და რათა შეეკავებინა ავარელი ომარ-ხანი განუწყვეტელი შემოჭრებისგან საქართველოში, დაუნიშა მას ექვსი ათასი მანეთი წელიწადში იმ საბაბით, რომ ხანი, საერო ჯარის მოწყობისას, იძულებული შეიქნება, რომ ზედმეტი ხარჯები გასწიოს. ამასთან ერთად, ომარ-ხანისადმი წერილში უგანათლებულესი გამოთქვამდა დარწმუნებას, “რომ საქმეთა ახლანდელ მდგომარეობაში, როდესაც რუსეთმა, აგზნებულმა ოტომანის პორტას მხრიდან მომხდარი მშვიდობის დარღვევით, აღმართა მართალი იარაღი”, ამიტომ ხანი რუსეთის მტრებს ჩათვლის თავის მტრებად (Письмо князя Потёмкина хану Аварскому 25-го августа 1787 года, № 2.200). დარუბანდელ ფათჰ-ალი-ხანს თავადი პოტიომკინი სწერდა, რომ განსაკუთრებული კმაყოფილებით შეასრულებს მის სურვილს და წინასწარ არწმუნებს მას იმპერატრიცის მოწყალებაში. “სხვამხრივ კი, რადგანაც ახლა, უმატებდა თავადი ტავრიდელი (Письмо Фетъ-Али-хану Дербендскому 25-го августа 1787 года, № 2.201), ოტომანის პორტა თავხედურად შეუდგა სრულიად რუსეთის იმპერიასთან ურთიერთობების გაწყვეტას, მე ვიმედოვნებ, რომ საქართველოსთან და რუსეთის ძალაუფლების ქვეშ მყოფ სხვა ხალხებთან მიმართებაში თქვენ მოიქცევით ისე, როგორც ჭეშმარიტ კეთილმოსურნეს შეეფერება”.

თარგმნა ირაკლი ხართიშვილმა