Monday, May 19, 2014

ჟაკ ფრანსუა გამბა ტრადიციული ევროპული დამპყრობლობის, მისი გამომწვევი მიზეზებისა და 1820-იანი წლებისთვის არსებული მდგომარეობის შესახებ

(ამონარიდი ამოღებულია წიგნიდან: ჟაკ ფრანსუა გამბა – „მოგზაურობა ამიერკავკასიაში“, თბილისი, 1987 წ.; იქვე უფრო დაზუსტებულია მისი თავდაპირველი სათაურიც: „მოგზაურობა სამხრეთ რუსეთში, კერძოდ, ამიერკავკასიაში, რომელიც განახორციელა 1820-1824 წლებში შევალიე გამბამ, მეფის კონსულმა თბილისში“; ტომი პირველი; ფრანგულიდან თარგმნა და კომენტარები დაურთო მზია მგალობლიშვილმა. ასევე ბოლოში მოყვანილია მთარგმნელის მიერ ამ კონკრეტული ამონარიდისთვის დართული კომენტარების მნიშვნელოვანი ნაწილი)

შესავალი 

დასავლეთ ევროპა კოლონიების დიდ საჭიროებას განიცდის; ამას განაპირობებს აქაური საზოგადოებროვი წყობილება.

ერთ დროს ხმელთაშუა ზღვისა და შავი ზღვის ნაპირები მოფენილი იყო ეგვიპტელთა, ბერძენთა, ტირენიელთა და კართაგენელთა კოლონიებით. კიმბრებმა, ჰუნებმა, ვანდალებმა და გუთებმა, რომლებიც ერთმანეთს ექიშპებოდნენ, დაიპყრეს გერმანია, გალია, იტალია და ესპანეთი, უპირველესად იმის გამო, რომ ეს ადგილები მათ ახალშენებად სჭირდებოდათ, ხოლო ამ მხარეთა მშვენიერი ჰავით და სოფლის მეურნეობის უცხო, მრავალფეროვანი პროდუქციით ისინი მხოლოდ შემდეგ დაინტერესდნენ. გალები, ევროპაში ყველაზე უფრო მებრძოლი ხალხი, შორს წავიდნენ ტერიტორიების დასაპყრობად, როცა ჭარბი მოსახლეობისათვის საკუთარი მიწა აღარ ეყოთ. ისინი ფლობდნენ იტალიას და კოლონიები მცირე აზიაშიც კი ჰქონდათ.

მოგვიანებით ჯვაროსნულმა ომებმა შთანთქა ჭარბი მოსახლეობა, რომლის სიმძიმეც ტვირთად აწვა დასავლეთს. ამის გამო ევროპაში სიმშვიდემ დაისადგურა, რითაც მას საშუალება მიეცა პალესტინაში პირველი მიგრაციისა; ამიტომაც იყო, რომ ამ ხანას „უფლისმიერი მშვიდობის“ ხანა ეწოდა.

როდესაც ეს რელიგიური და ამასთანავე დაპყრობითი ომები შეწყდა, კეთილი იმედის კონცხის შემოვლით ამერკისა და ინდოეთის აღმოჩენამ ზღვაოსან ხალხებს გასაღების უზარმაზარი ბაზრები შესძინა; მათ გამოყენებას შეეცადნენ ისინი, ვისაც საკუთარ სამშობლოში არაფერი ებადა და ვისაც მსგავსი შორეული ფათერაკების საძიებლად გაბედულება არ აკლდა. სწორედ ამ პერიოდიდან მოკიდებული, ვესტფალიის ხელშეკრულებამდე, ორ საუკუნეზე მეტი ხნის მანძილზე ლუი XIV-ის დროინდელმა და აგრეთვე რელიგიურმა ომებმა ყველა სახელმწიფოს საკმარისი ბაზარი მოუპოვეს.

ამას მოჰყვა ხანგრძლივი და სისხლისმღვრელი რევოლუციური გამოსვლები და შეტაკებები, რამაც დიდად შეამცირა მთელი ევროპის, განსაკუთრებით კი, საფრანგეთის მოსახლეობა; მოპოვებული გამარჯვებების გამო ეს ნაკლებად საგრძნობი იყო, მაგრამ საკმარისი აღმოჩნდა საიმისოდ, რომ კოლონიების საჭიროების აუცილებლობა გამქრალიყო.

თორმეტი წლის მანძილზე საფრანგეთსა და დასავლეთ ევროპაში ყველაფერი შეიცვალა: სხვადასხვა მიზეზებმა მოსახლეობის სწრაფი ზრდა გამოიწვია, რომლის სიჭარბემაც მოითხოვა დაუყოვნებლივ გამოეძებნათ გზები ახალი საზრდოს მოსაპოვებლად.

ახლადაღმოჩენილი აცრების გამო ევროპაში მნიშვნელოვნად იკლო ყვავილით გამოწვეულმა სიკვდილიანობამ, რომლის მეათედი ამ ეპიდემიის მძვინვარების შედეგი იყო. საფრანგეთში სიკვდილიანობა საგრძნობლად შეამცირა აგრეთვე ნავიგაციის კლებამ, ღარიბთა კლასის მდგომარეობის გაუმჯობესებამ, უკეთესმა კვების რეჟიმმა და მკურნალობის სრულყოფამ; მაგრამ ამასთანავე, მოსახლეობის უმეტესი ნაწილისათვის არსებობისათვის ზრუნვის სიძნელეები მაინც არ მოისპო, რის გამოც მნიშვნელოვნად იკლო ქორწინებისა და კანონიერ ბავშვთა შობადობის რიცხვმა; ეს გარემოება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ემიგრაციის საჭიროებამ საფრანგეთში უფრო ფართო და გარდაუვალი ხასიათი მიიღო ამ დროს, ვიდრე მონარქიის არსებობის რომელიმე ეპოქაში; ემიგრაციას ხელი შეუწყო აგრეთვე ამ სახელმწიფოში არსებულმა პოლიტიკურმა მიზეზებმა და სხვა განსაკუთრებულმა მოსაზრებებმა.

„იგი აუცილებელია იმათთვის, ვისაც გაუჩნდა სხვა ცის ქვეშ ყოფნის მოთხოვნილება და იმათთვისაც, ვისაც სამშობლომ ვერაფერი მისცა, იმედის გაცრუებისა და სიდუხჭირის გარდა; ვინაც გონებით ვერ გადაწყვიტა ურიცხვი პოლიტიკური პრობლემები, ვერ გადალახა დაბრკოლებები და მაინც გული არ გაიტეხა; მათთვის, ვინც მუდამ შევიწროვებულია საკუთარ სამშობლოში; ხარბი სპეკულიანტებისათვისაც და ავანტიურისტებისათვისაც; იმ ადამიანებისათვის, რომლებსაც დაუოკებლად იზიდავთ საკუთარი სახელის დაკავშირება აღმოჩენებთან, ქალაქების დაარსებასთან, უცხო ცივილიზაციებთან; აუცილებელია იმათთვის, ვისაც მოწესრიგებული საფრანგეთი მაინც არეულად ეჩვენება; ვისთვისაც აქ მეტისმეტი სიმშვიდე სუფევს; ვინც ვერ ეგუება თანასწორობას და ვინც დამოუკიდებლობას ესწრაფვის“ [ბ-ნ თავად ტალეირანის მოხსენება ინსტიტუტში].

მას შემდეგ, რაც ეს ცნობილი სახელმწიფო მოღვაწე ასე მტკიცედ და დაბეჯითბით იცავდა კოლონიების საჭიროებას, მის მიერ აღნიშნული მორალური და პოლიტიკური მიზეზების უდიდესი ნაწილი მოისპო; მშვიდობიანმა 12-მა წელიწადმა საგრძნობლად გაზარდა საფრანგეთის მოსახლეობა, რაც არანაკლებ საგრძნობია სხვა ქვეყნებშიც.

შექმნილი მდგომარეობის გამო მთავრობის საქმიანობა საერთოდ გაძნელდა, მართვა ქვეყნისა გართულდა; საზრუნავი გახდა სახელმწიფოს შინაგანი სიმშვიდის შენარჩუნება, ვინაიდან ყოველგვარი ომი იწვევს მრეწველობისა და ვაჭრობის შეზღუდვასა და შეფერხებას, მათზე კი დამოკიდებულია მოსახლეობის უდიდესი ნაწილის არსებობა. უდავოდ, ამით არის განპირობებული უძლიერეს იმპერიათა მიერ საკუთარი ძალების შემჭიდროების საჭიროება, მე ვიტყოდი, მსხვერპლის გაღებაც კი იმისათვის, რათა შეინარჩუნონ მსოფლიო მშვიდობა. ომის საშიშროებამ სულ უფრო და უფრო საგრძნობი გახადა ქვეყნების სტაბილურობის გარდაუვალობა, რაც ევროპის მიზნებს შეესატყვისება.

საფრანგეთი, რომელიც ძველ საზღვრებშია ჩაკეტილი, მაგრამ ახსოვს თავისი ძლიერების ხანა, ათი წლის მანძილზე ომისაგან იკავებს თავს. ავსტრიის ბრძნული მმართველობა სულ იმის ცდაშია, რომ სიმშვიდე შეუნარჩუნოს იმპერიის ქვეშევრდომ ხალხებს. რუსეთის ძლიერება მთლიანად აზიის და აგრთვე თურქეთის ევროპულ ნაწილს ემყარება; იგი ვერ შეავიწროვებს გერმანიას, მით უფრო საფრანგეთს, როგორიც არ უნდა იყოს ამის შესახებ ოკეანის გაღმიდან გავრცელებული საწინააღმდეგო თვალსაზრისი. ამ სამი დიდი იმპერიიდან არც ერთი არ ბატონობს ევროპაზე; ყოველ შემთხვევაში არც ერთს არ ეყოფა ძალა მარტოდმარტომ წინააღმდეგობა გაუწიოს კოალიციას, რომელიც მხოლოდ ერთი მიზნით – თავდაცვისათვის შეიქმნება. ევროპაში წონასწორობა იმიტომ დაირღვა, რომ ინგლისმა ხელთ იგდო ზღვებზე ბატონობა, განიმტკიცა თავისი მდგომარეობა, დაისაკუთრა ვაჭრობის მონოპოლია და საკუთარ კუნძულზე დააგროვა მსოფლიოს სიმდიდრის უდიდესი ნაწილი.

დღეისათვის ეს უზარმაზარი სახელმწიფო ამ მიზნით იძულებულია გადასინჯოს თავისი პოლიტიკური და ადმინისტრაციული საქმიანობა და წარმართოს ისევე, როგორც იგი ანგარიშობს საკუთარ ფინანსებს – თავისი მდგომარეობებისა და ინტერესების შესაბამისად, ე. ი. ჩემი აზრით, საკუთარი უვნებელობის უზრუნველყოფის შესაბამისად. იგი ვაჭრობდა მონებით, როცა ამას მისთვის სარგებლობა მოჰქონდა; მხოლოდ მას შემდეგ, რაც ინდოეთში კოლონიური საქონლით ვაჭრობა გაფართოვდა, ე. ი. მაშინ, როცა ზანგებით ვაჭრობა მისთვის საჭირო აღარ იყო, მონათვაჭრობა აიკრძალა. იგი შეუწყნარებელი იყო უცხოეთის ნაოსნობისა და ვაჭრობის მიმართ, როცა მისი საზღვაო ფლოტი და მანფაქტურული ინდუსტრია ყალიბდებოდა; დღეს მას შეუძლია ყურადღება აღარ მიაქციოს ნავიგაციის მდგომარეობას, რადგან იგი ზღვებზე ბატონობს და არავითარი საშიშროება არ ელის რომელიმე სახელმწიფოსაგან; დაბოლოს, იგი მზადაა კარი გაუხსნას სხვა ქვეყნების მანუფაქტურულ საქონელს, რადგანაც ინგლისის ფაბრიკებს არ ეშინიათ არავითარი კონკურენციისა და ამასთანავე, საზოგადოებრივი აზრიც უარყოფს ყოველივე უცხოურს [პერთა პალატის ა. წ. 13 მაისის სხდომაზე საბაჟო კანონის თაობაზე დისკუსიის მსვლელობისას ბ-ნ გრაფ დე სენ-კრიკმა (Saint-Cricq) მისთვის დამახასიათებელი გონიერებითა და გამჭრიახობით განმარტა, თუ როგორ აწარმოებს თავის საბაჟო სისტემაში ლიბერალური ინგლისის მთავრობა გადასახადების გაანგარიშებას ისე, რომ ხელი არ შეუშალოს მანუფაქტურული ინდუსტრიის არც ერთ დარგს].

ეს სახელმწიფო, რომელიც ზოგჯერ საფრანგეთს დამპყრობელ ქვეყნად აცხადებდა ევროპაში, ზოგჯერ კი რუსეთით აშინებდა, ისე სწრაფად და შეუმჩნევლად აღზევდა, რომ ვფიქრობ უსარგებლო არ იქნება ამის შესახებ ზოგიერთი შენიშვნის გამოთქმა და ამასთანავე აღნიშვნა იმისა, რომ ეს უზარმაზარი იმპერია ჯერ კიდევ 1763 წელს თავისი ტერიტორიით ევროპის სხვა სახელმწიფოებს არ აღემატებოდა.

ამ პერიოდში, როდესაც ინგლისი დიდებით იყო მოსილი, ხოლო საფრანგეთი სავალალო მდგომარეობაში იმყოფებოდა, რადგან მან დაკარგა ლუიზიანა, იძულებით დათმო კანადა და აკადია, ინგლისის წლიური გადასახადები, ჩვეულებრივი თუ გაუთვალისწინებელი ხარჯები არ აღემატებოდა 14.901.315 გირვანქა სტერლინგს, რაც შეადგენდა 339.937.711 გირვანქა ტურილს. 

მაგრამ ამავე დროს ამ ქვეყნის მთავრობა ისეთ სიძნელეებს აწყდებოდა, რომ იქ ოთხი წლის განმავლობაში (1763 წლიდან 1767 წლამდე) მინისტრთა კაბინეტი ხუთჯერ შეიცვალა.

როკინგემის, ლორდ ნორთისა და გრენვილის მერყევ და უშფოთველ მთავრობას, როცა ინგლისის პასივი 340 მლნ.-ს არ აღემატებოდა, მხოლოდ 30 წელი აშორებს სახელოვანი პიტის მტკიცე მმართველობისაგან, როცა ამ სახელმწიფოს ხარჯებმა 2 მლრდ.-ს გადააჭარბა, როგორც ჩანს, ადამიანებს ყოველთვის არ ხელეწიფებათ საკუთრი შესაძლებლობის განსაზღვრა; მისი შეცნობისათვის მიწიერთ განგებამ უნდა მიამადლოს ზეგარდამო ნიჭი, რათა მათი თვალსაწიერი გასწვდეს საზოგადოების ინტერესებს.

რევოლუციის დროს ინგლისი უნდა შებრძოლებოდა საფრანგეთს, უმდიდრეს სახელმწიფოს, რომლის ენერგიით აღსავსე მოსახლეობა კარგად იყო შეიარაღებული. ასეთ გარდაუვალ საშიშროებაშიც კი პიტი მხოლოდ და მხოლოდ სამშობლოს უკეთეს მომავალს ჭვრეტდა; ამ დროიდან მოყოლებული მისი მმართველობის ხანაში გადასახადები და სესხები დამხმარე საშუალებას წარმოადგენდა. იგი იძულებული იყო გაეზარდა გადასახადები და გაეცა ისეთი დიდი სესხები, რომ ეს გარემოება შემაშფოთებელი გახდა ყველასათვის, მხოლოდ არა მისთვის; თავისი უდიდესი შორსმჭვრეტელობითა და გონიერებით პიტი ამ შემთხვევაშიც დიდი წარმატების შესაძლებლობას ხედავდა. იგი ითხოვდა ხალხისაგან გაუგონარ გადასახადებს, მაგრამ ამასთანავე, ყოველგვარ საშუალებებს მიმართავდა მათი გამდიდრებისათვის. ასე რომ, არსებული საზოგადოებრივი გადასახადები და სესხები ყოველწლიურად იზრდებოდა ახალი გადასახადებითა და სესხებით.

უწინ ინგლისის ვაჭრობა შეზღუდული იყო; ამჟამად იგი მთელს მსოფლიოს მოიცავს. მისი მრეწველობის პროდუქციის გასაღების ბაზრებს ავიწროვებდა უცხოური კონკურენცია. დღეს ზღვები მხოლოდ ინგლისის გემებითაა მოფენილი.

დიდი მოვლენებით აღსავსე ამ ჭიდილში პიტის გენია ხან მხოლოდ საკუთარი ძალით იბრძოდა მთელი ევროპის წინააღმდეგ, ხანაც ევროპაში ქირაობდა ჯარებს სახელმწიფო სახსრებით; თუ რაიმე მოულოდნელი ვითარება ან გაუთვალისწინებელი გარემოება მანუფაქტურის მუშაობას შეაფერხებდა და მათი პროდუქციის გასაღებას დააბრკოლებდა, პიტი მწარმოებელს აძლევდა ჯილდოებს, ავანსებსა და სხვა სახის დახმარებებს, რომელთა წყალობითაც ისინი სულს ითქვამდნენ მანამდე, ვიდრე ფართო მასშტაბის ოპერაციები მათ ახალი გასაღების ბაზრებს გაუხსნიდა. გარეგნულად თავდაჭერილი, გმირული სულისკვეთებით დაჯილდოებული პიტისათვის საშიშროება, როგორც ასეთი, მხოლოდ იმისათვის არსებობდა, რომ იგი უგულვებელეყო ან თავიდან აეცილებინა; ხოლო წინააღმდეგობანი ის ზღუდე იყო, რომელიც აუცილებლად უნდა გადაელახა; განსაცდელში ჩავარდნილს ბრძოლისათვის ერთადერთი საშუალებაც რომ ჰქონოდა, იგი მას ჩაეჭიდებოდა ისეთი ენერგიითა და ძალით და ისე მოხერხებულად გამოიყენებდა, რომ მსგავს მაგალითს ვერც ერთი ქვეყნის ისტორიაში ვერ იპოვით.

ამდენად, თუ ახლა თვალს გადავავლებთ როგორ გაზარდა ინგლისმა სესხი და დაიგროვა სიმდიდრე 25-წლიანი ომის განმავლობაში, თუ გავითვალისწინებთ იმ მიზეზებს, რომლებმაც განსაზღვრა სხვა სახელმწიფოებთან შედარებით მისი გაძლიერება და აღმავლობა, შეუძლებელია ვერ შევამჩნიოთ, რომ ეს იყო პიტის გონივრული პოლიტიკის შედეგი; იგი გამუდმებით ამახვილებდა ევროპის ქვეყნების ყურადღებას საფრანგეთის აგრესიულ მისწრაფებებზე, ამავე დროს კი გეგმაზომიერად და უხმაუროდ შეუერთა თავის იმპერიას მთელი ანტილია, აზიის უმდიდრესი ნაწილი, ხმელთაშუა ზღვისა და ოკეანის საუცხოო ადგილები, ვაჭრობისა და კოლონიების დასაარსებლად ყველაზე ხელსაყრელი აფრიკის ქვეყნები. პიტის სიკვდილის შემდეგ მის გეგმებსა და დოქტრინას ზუსტად იცავდნენ და გულმოდგინედ ასრულებდნენ მისი მოწაფეები – ადინგტონები, კანინგები, კასტლერიგები. ამრიგად, საფრანგეთის ძლიერება ბოლოს და ბოლოს დაეცა, იგი კვლავ თავის საზღვრებს დაუბრუნდა, ხოლო ინგლისმა დაპყრობილი ვრცელი ქვეყნები შეინარჩუნა და გაზარდა კიდეც კოლონიები თავისი მუდმივი მეტოქის ხარჯზე [ჩემი აზრით, პიტს მძიმე პერიოდში მოუხდა სახელმწიფოს მართვა. მას უნდოდა ინგლისისათვის აეცილებინა ის უღელი, რომელიც კონტინენტს დააწვა და მიზნად ისახავდა მის დამორჩილებას; უპირატესად ეს მძიმე მდგომარეობა იყო განმსაზღვრელი იმ ღონისძიებებისა, რომელთა გამოც პიტს კიცხავდნენ ისინი, ვინც მთავრობისაგან შორს იდგა, ვისაც ჰქონდა საკუთარი პრინციპები და გაბედულად იცავდა მათ. 

პიტის ხანგრძლივი მმართველობის შესახებ ზოგჯერ შეიძლება თავისუფლად ვიფიქროთ, რომ „მონარქის ღირსება და პატიოსნება განსხვავდება კერძო პირის ღირსებისა და პატიოსნებისაგან; რომ მან უნდა იმოქმედოს უფრო თავისუფლად და უფრო მასშტაბურად, რამეთუ ეკისრება მძიმე ტვირთის ზიდვა“. იგი ხშირად იმსახურებდა საყვედურს იმის გამო, რომ ყოველნაირად ცდილობდა ხმებით ყოფილიყო უზრუნველყოფილი პარლამენტში; მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა, იგი ბოლომდე უანგარო დარჩა და თავისი დაკრძალვის ხარჯების დაფარვა სამშობლოს დაუტოვა საზრუნავად; ამდენად სრული სიმართლეა, რომ უანგარობა ჭეშმარიტად ამაღლებული სულის თვისებაა].

მაშასადამე, ამ მოკლე მიმოხილვაში კარგად ჩანს, თუ როგორ მოახერხა ინგლისმა ფინანსური და ტერიტორიული ძლიერების ასეთ სიმაღლეზე სწრაფად ასვლა; ამასთანავე ჩანს ისიც, რომ მშვიდობიანობის პერიოდშიც მას არ შეიძლებოდა არ შეენარუნებინა დიდი უპირატესობა კონტინენტის სხვა ხალხებზე და არ დაეჯაბნა ისინი ვაჭრობაში, მრეწველობასა და ნაოსნობაში. 

მართლაც, ათი წლის განმავლობაში ინგლისი თავის ვრცელ გეგმებს ისეთი სიმტკიცითა და წარმატებით ახორციელებდა, რომ მათი საშუალებით განსაკუთრებული მდგომარეობა დაიმკვიდრა, რითაც დაარღვია ევროპის ქვეყნებს შორის არსებული თანაფარდობა.

ინგლისი არ კმაყოფილდება მისდამი დაქვემდებარებული ინდოეთის ვრცელი ტერიტორიებით; იგი ბატონობს ნეპალზე, ემუქრება ტიბეტს და ცდილობს დაეპატრონოს ბირმის სახელმწიფოს; ავას სახელმწიფოს დაპატრონებით კი იგი უახლოვდება ჩინეთის ტერიტორიას [არ შეიძლება იმის დავიწყება, რომ 1758 წელს ლორდმა კლაივმა იმდროინდელმა ინდოეთის მთავარმმართებელმა, ჩინეთის დაპყრობის წინადადება წამოაყენა, რის განსახორციელებლადაც იგი მოითხოვდა მხოლოდ თხუთმეტიათასკაციან ჯარს. ეს წინადადება მაშინ წარდგენილ იქნა ინგლისის პარლამეტში]. ამავე დროს, სამი წელია, რაც სპარსეთის ყურეში ყეშმის (Kismich) კუნძული უპყრია და ამით თითქოს წინასწარ უნდა გვამცნოს, რომ მას სულაც არ სურს დაუტოვოს რუსეთს განსაკუთრებული უფლება იმისა, რომ იგი ოდესმე სპარსეთს თავისი გავლენის ქვეშ მოაქცევს. 

არანაკლებ ფართო გეგმები აქვს ინგლისს აფრიკაშიც; ამერიკაში კი, იმისათვის რომ არ დათმოს ახალი შტატები, რომლებიც იქ ყალიბდება და რომელთა დამოუკიდებლობაც მან პირველმა აღიარა, თუ იგი დამპყრობლად არ გვევლინება, ყოველ შემთხვევაში, ის მაინც კარგად იცის, როგორ მოიპოვოს იმ მხარეში ერთპიროვნული მორალური ბატონობა, ფერმერებისა და მმართველებისათვის ავანსების გაცემის გზით [ინგლისის ვაჭრობის რამდენიმე მარცხი, თუ არ ჩავთვლით მექსიკის მაღაროების ექსპლოატაციასთან დაკავშირებულ სიძნელეებს და სამხრეთ ამერიკისათვის გაღებული ხარჯების გაზრდას, მხოლოდ და მხოლოდ ხანმოკლე უსიამოვნებებია, რომლებიც სრულებითაც არ აბათილებენ ჩემს ვარაუდებს].

აქ უადგილო არ იქნებოდა ახალი სამყაროს მდგომარეობასთან დაკავშირებით ზოგიერთი ცნობის მოტანა.

სამი საუკუნის მანძილზე ევროპის გავლენის ქვეშ მოქცეული ახალი სამყარო დღეს თითქმის მთლიანად განთავისუფლებულია. ამ ვრცელი კონტინენტის სხვადასხვა ნაწილები, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში იძულებულნი იყვნენ დაეცვათ თავს მოხვეული კანონები და თვითმმართველობაში თავიანთი მეტროპოლიების პრინციპებითა და სურვილებით ეხელმძღვანელათ, მათგან მიეღოთ არსებობისათვის აუცილებელი საქონელი და მთელი თავიანთი პროდუქცია უკლებლივ მათთის მიეყიდათ, გათავისუფლდნენ ძველ სუვერენთა ბატონობისაგან და დღეს დამოუკიდებელი საქმეების, ურთიერთობების, ვაჭრობისა და საგადასახადო კანონების დაწესების სრული შესაძლებლობა აქვთ.

რევოლუცია, რომლის პირველი მაგალითი შეერთებულმა შტატებმა მოგვცა, მოხდა სან-დომინგოშიც და ამ ბოლო დროს თითქმის მთელ ამერიკას მოედო; იგი ევროპისათვის რაიმე ზიანის მიყენების ნაცვლად, ვეებერთელა სარგებლობის წყარო იქნებოდა, რომ ერთადერთ სახელმწიფოს, თავისი აურაცხელი სიმდიდრისა და საზღვაო ფლოტის სიძლიერის წყალობით, როგორც ზემოთ აღვნიშნე, ახლად განთავისუფლებულ ახალ სამყაროში ასეთი გავლენისა და უპირატესობისათვის არ მიეღწია. ეს უპირატესობა ეკვივალენტურია ძალმომრეობისა, რასაც ესპანეთი და პორტუგალია ახორციელებდნენ ამ ვრცელ ტერიტორიაზე.

ჩრდილო ამერიკამ 40 წლის განმავლობაში მოსახლეობის მნიშვნელოვან ზრდას მიაღწია; იგი გამდიდრდა, გაძლიერდა, რითაც საბოლოოდ განიმტკიცა დამოუკიდებლობა და თუკი იგი არ შეიძლება წარმოვიდგინოთ ინგლისისადმი დამორჩილებულ ქვეყნად, ეს იმას როდი ნიშნავს, რომ მისი აღმავალი სიძლიერე ნაკლებ საშიშია ევროპისათვის, მით უფრო, რომ დიდ ბრიტანეთსა და მის ძველ კოლონიებს შორის არსებული მტრობა შეიძლება ერთ დღეს შესუსტდეს და კიდევაც გაქრეს. უკვე ახლაც, თანამედროვე ეპოქაში ნაკლებად იგრძნობა ქიშპობა მათ შორის; ამჟამად შესაძლებელია ყველა მოსალოდნელ მოვლენათა გათვალისწინება, მხედველობაში მაქვს არა მარტო ამ ორი ქვეყნის ერთმანეთთან დაახლოება, არამედ მათ შორის მჭიდრო ურთიერთობა, მტკიცე კავშირი, რომლის საფუძველზეც ინგლისი მოინდომებს სამხრეთ ამერიკისა და, უდავოდ, წყნარი და ინდოეთის ოკეანეების ნაპირებზე მდებარე ტერიტორიებზე გაბატონებას. წარმოშობა, ენა, ზნე-ჩვეულებანი, რელიგია, ხსოვნა წარსული დიდებისა და საერთო ინტერესები აწმყოში, ყველაფერი ეს ხელს შეუწყობს ამ ორ ქვეყანას შორის ასეთი კავშირის დმყარებას და ეს მათი მჭიდრო ურთიერთობა შეიძლება საფუძველი გახდეს კონტინენტთან დასაპირისპირებლად.

მართლაც, შეერთებულ შტატებს სამხრეთ ამერიკა დიდი ხანია უზრუნველყოფს გასაღების უზარმაზარი ბაზრებით სოფლის მეურნეობის პროდუქციისათვის და ამასთანავე, გასაღების ფართო შესაძლებლობებს მისცემს ინგლისის მანუფაქტურულ მრეწველობას.

ინგლისის მთავრობას კეთილშობილური ზრახვანი ამოძრავებდა, როცა ლა პლატას რესპუბლიკასთან დადებული პირველი ხელშეკრულებით მას ზანგებით ვაჭრობა აუკრძალა, მაგრამ ხომ არ შეიძლება ეს აქტი მივიჩნიოთ იმის საბუთადაც, რომ ინგლისს სურს სამხრეთ ამერიკაში მორჩილებაში იყოლიოს მომხმარებელი და არა მწარმოებელი, რომელთა შორის შუღლი საშიში იქნებოდა კოლონიურ სასურსათო საქონელზე მონოპოლიის მოპოვებისათვის.

როგორიც არ უნდა იყოს საბოლოო სტატუსი ახალი შტატებისა, რომლებიც ამერიკაში ყალიბდება, დროთა განმავლობაში შესაძლოა ისინი ორთავე სახელმწიფოს – ინგლისსა და შეერთებულ შტატებს დაექვემდებაროს და მაშინ აქ მომხდარ რევოლუციებს ფაქტიურად არავითარი მნიშვნელობა არ ექნება ევროპის კონტინენტისათვის.

აქ ერთი კითხვა იბადება: აქვს თუ არა ევროპას იმის საშუალება, რომ თავიდან აიცილოს ეს მდგომარეობა, აღადგინოს ქვეყნებს შორის დარღვეული თანაფარდობა, აიძულოს ინგლისი, ბოროტად არ გამოიყენოს თავისი საზღვაო ფლოტის სიძლიერე და ბოლო მოუღოს მის განუწყვეტელ დაპყრობით ომებს? ეს ომები ხომ იმით დამთავრდება, რომ კონტინენტის სხვა დიდ სახელმწიფოთა საგარეო ვაჭრობა ინგლისის მთავრობის ნება-სურვილის შემყურე დარჩება. 

გარწმუნებთ, საკითხი იმდენად ახალი და მნიშვნელოვანია, რომ უკიდურესი სიფრთხილითა და წინდახედულებით ვბედავ მასზე ჩემი აზრის გამოთქმას.

ევროპის ქვეყნები რომ გაუთანაბრდნენ ინგლისის ძლიერებას, ამისათვის ორი საშუალება არსებობს*; სიტყვა „ძლიერება“ ფართო მნიშვნელობით უნდა გავიგოთ. იგი გულისხმობს ფულს, კრედიტს, ვაჭრობას, ნაოსნობას, მოსახლეობას, კოლონიებს, სახმელეთო და საზღვაო ძალებს. (*ჩემს მიერ დასახელებულ იმ საშუალებათა შორის, რომლებითაც ევროპის კომერციას შეუძლია თავი დაიხსნას ინგლისის ბატონობისაგან, არ ვიხსენიებ დიდი საზღვაო ფლოტის აღდგენას ესპანეთში, ბელგიაში, დანიაში, შვეციაში, ფინეთის ყურეში, შავ ზღვაზე, და განსაკუთრებით, ჩვენს ნავსადგურებში, ეს ცხადია, როდი ნიშნავს იმას, თითქოს ვიზიარებდე იმ მრავალრიცხოვან ავტორთა მოსაზრებას, რომლებიც აღნიშნულ საკითხზე მსჯელობისას მხოლოდ იმას ხედავენ, თუ როგორ დგას ეს საკითხი ამჟამად, მაგრამ არ ითვალისწინებენ, რანაირად იდგა იგი წარსულში და როგორ შეიძლება დადგეს მომავალში; ამიტომ ხშირად ამბობენ საჯაროდ: საფრანგეთს ერთი საუკუნე დასჭირდება, რომ ინგლისის ფლოტს შეებრძოლოსო. 

ცხადია, საფრანგეთი მართლაც ვერასოდეს შესძლებს ამას, თუ ჩვენ ჭარბ ზარალს მოვერიდებით და არ მოვძებნით მასთან შებრძოლების რეალურ საშუალებას. როდესაც ლუი XIV-ს სურდა რამდენიმე წლის განმავლობაში შეექმნა საზღვაო ფლოტი, რომელმაც ტურვილებისა და დიუკენების დროს გაიმარჯვა ინგლისისა და ჰოლანდიის შეერთებულ ფლოტზე, ამ მონარქმა მიზნის სიდიადეს შეუფარდა მისი განხორციელების ხერხები. მტკიცე სურვილისა და საკუთარი ხალხის წყალობით მისთვის შეუძლებელი არაფერი იყო. 

ერთი საუკუნის შემდეგ, ლუი XVI-მ, სათნომ მოყვასთა მიმართ და საფრანგეთის დიდების ტრფიალმა, არ გაიზიარა საზღვაო ფლოტის მინისტრის ბერიეს /Berrier/ სასოწარკვეთა 1763 წლის ზავის შემდეგ; შუა სხდომაზე ბერიეს მოურიდებლად წამოუყენებია წინადადება საჯაროდ გაეყიდათ ჩვენს ნავსადგურებში არსებული საზღვაო საბრძოლო მარაგი, რადგან, ჩვენი საზღვაო ძალების აღდგენა შეუძლებელიაო. ლუი XVI არ შეუშინდა დაბრკოლებებს; მას დიდი სურვილი ჰქონდა აღედგინა ჩვენი საზღვაო ფლოტი; ამის შედეგად ამერიკის მიერ დაწყებულ ომში ჩვენმა სამხედრო ფლოტმა ყველგან უპირატესობა გამოავლინა და აჯობა ინგლისის ფლოტს. 

ის, რაც ორჯერ მოხდა, შეიძლება კვლავაც განმეორდეს, მაგრამ ამას ვერ მივაღწევთ, სანამ ჩვენი საგარეო ვაჭრობის მდგომარეობისა და პირობების გამო კვლავ გრძელდება საზღვაო ფლოტის პერსონალის კატასტროფული კლება. ხომალდები ზღვაში ვერ გავლენ, თუ მათი ეკიპაჟებისათვის არ გვეყოლება გამოცდილი ოფიცრები და მეზღვაურები).

პირველი საშუალება ითვალისწინებს არა შეიარაღებულ, არამედ მშვიდობიან ნეიტრალიტეტს, რომელიც ევროპის დიდ სახელმწიფოებს გააერთიანებდა ფართო სავაჭრო ინტერესებით.

მეორე გულისხმობს ევროპის კომერციული ინტერესების ძირითადად აზიაში გადატანას შავი ზღვით; ასეთ პირობებში ინგლისმა ევროპასთან საზღვაო ომი რომ დაიწყოს, მსოფლიოს ამ ორ უძველეს ნაწილს შორის შეიძლება აღდგეს ის სავაჭრო ურთიერთობა, რაც ამერიკისა და კეთილი იმედის კონცხის აღმოჩენამდე არსებობდა.

მკითხველი მომიტევებს, მაგრამ იძულებული ვარ ამ დიდმნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით აქ განმარტებები მოვიყვანო.

ევროპა უნდა უმადლოდეს კონტონენტის სახელმწიფოებს შორის შეთანხმების საფუძველზე დამკვიდრებულ მშვიდობას, რითაც იგი ათი წლის განმავლობაში სარგებლობს; მაგრამ ეს შეთანხმება, რომელიც ორ მიზანს – მეფეთა მდგომარეობის სიმტკიცესა და სახელმწიფოთა სიმშვიდეს ისახავს, ეჭვგარეშეა, ყოველთვის მტკიცე როდი იქნება; ერთმანეთთან შეთანხმებული მონარქები ყურად იღებენ ვაჭრობის გადაუდებელ ინტერესებს და სათანადო ღონისძიებებს განახორციელებენ, რათა თავიანთ ქვეშევრდომთა შორის მრავალფეროვანი სავაჭრო ურთიერთობა დამყარდეს, რაც ერთმანეთის ერთგულებისა და საერთო ინტერესების საფუძველს წარმოადგენს.

ამ მიზნის მისაღწევად საჭირო იქნება ევროპის ხალხებისათვის გონიერებისა და ფართო ინტერესების საფუძველზე მხოლოდ და მხოლოდ ზოგადი ტარიფის დაარსება, რომელიც, ბუნებრივია, გაითვალისწინებს სახელმწიფოთა გეოგრაფიულ მდებარეობასა და მათ მდგომარეობას. ასეთი ტარიფი გამორიცხავს ყოველგვარ ტაბუს და შეინარჩუნებს მხოლოდ აუცილებელ გადასახადებს, რათა თითოეული ქვეყნისათვის დამახასიათებელი მანუფაქტურული მრეწველობა არ განადგურდეს. ევროპის ხალხთა შორის აღებ-მიცემობის გაზრდა, მათი მოთხოვნილებების გადიდება, საარსებო საშუალებებით მათი უზრუნველყოფა, ცხადია, არ ნიშნავს მათი კეთილდღეობისათვის ზიანის მიყენებას და კიდევ უფრო ნაკლებად ნიშნავს მათი არსებობის საფრთხეში ჩაგდებას.

ასეთმა ღონისძიებამ რომ სათანადო შედეგი გამოიღოს, ყველა ქვეყანაში, მათ შორის საფრანგეთსა და ავსტრიაში, სატრანზიტო საქონელი გადასახადებისაგან უნდა განთავისუფლდეს და მას განსაკუთრებული მფარველობა გაეწიოს. ამგვარი ღოინისძიების სარგებლიანობაში ეჭვის შეტანა ან ამის გამო შიში საწინდარი იქნება იმისა, რომ საფრანგეთი, რაც არ უნდა მაღალი სახელმწიფოებრივი ინტერტესები ამოძრავებდეს, ვერასოდეს შეძლებს ისე გააფართოოს თავისი საზღვრები და გაამრავლოს საბაჟოები, მისი ვაჭრობა და მრეწველობა დაქვეითების საფრთხის წინაშე რომ არ აღმოჩნდეს.

თანამედროვე ეპოქაში ჩვენ მოწმენი გავხდით იმისა, თუ როგორ განავრცო ბონაპარტმა საფრანგეთის ფარგლები, თანდათანობით როგორ შემოიერთა ბელგია, რაინის მარცხენა ნაპირი, პიემონტი და უზარმაზარი ტერიტორიების დაპყრობით ქვეყნის საზღვრები ელბამდე გადაიტანა. ყოველივე ეს ისე მოხდა, რომ ჩვენს მანუფაქტურებს არ განუცდიათ შემოერთებულ ხალხთა მოქმედი მრეწველობის კონკურენცია; არ შეიძლება იმის უარყოფა, რომ თუ არა ის დიდი შეცდომები, რაც თან სდევდა პატივმოყვარე დამპყრობლის უკანასკნელ ნაბიჯებს, შესაძლოა ევროპის კონტინენტი, მცირე ხნით მაინც, ერთი სახელმწიფოს გავლენის ქვეშ მოქცეულიყო, დამორჩილებოდა მის სისტემას და ფართოდ გაეშალა კომერცია, მაშინ საბაჟოები მხოლოდ და მხოლოდ ინგლისს გაუწევდნენ ზედამხედველობას; ამით გაგრძელდებოდა ღონისძიება, რომელმაც განხორციელება ბერლინისა და მილანის დეკრეტებით დაიწყო.

განა არ შეიძლება ის, რაც ერთხელ ჩვენი ბრძოლების შედეგად მოპოვებულ გამარჯვებებს მოჰყვა კონტინენტის ვაჭრობისა და მრეწველობის სასარგებლოდ, კაცობრიობის სურვილების შესაბამისად მონარქთა ნებაყოფლობითი შეთანხმებით დამყარდეს ისე, რომ ამით არც ერთი ხალხის ინტერესები არ შეიბღალოს? ბოლოს და ბოლოს, განხორციელდება დიადი იდეა თავისუფალი ვაჭრობისა, რომელიც ასერიგად ეთანხმება ეპოქის მოთხოვნილებებს.

იმ დროს, როცა ეს საკითხი ტიურგომ (Turgot) და ეკონომისტებმა წამოჭრეს, ამ იდეას შეეძლო უდიდესი საფრთხის შექმნა, რადგანაც მაშინ ჩვენი მანუფაქტურული მრეწველობა ჯერ კიდევ ახალფეხადგმული იყო. დღეს მისი მრავალრიცხოვანი პროდუქცია აღარ არის უშუალოდ დამოკიდებული მომხმარებელსა თუ ექსპორტის შეზღუდვაზე და თავისუფალი ვაჭრობა ევროპისათვის საჭირო კი არა, მე ვიტყოდი, აუცილებელ საქმედ იქცა. სხვანაირად რომ ყოფილიყო, ამას ვერ შემოგვთავაზებდა ბატონი ჰატჩინსონი, ეს საკითხი ყურადღებიდან არ გამორჩებოდა ამ დიდ სახელმწიფო მოღვაწეს, რომელიც არ სჯერდებოდა იმას, რომ საქმე მხოლოდ სასიკეთო და მნიშვნელოვანი ყოფილიყო, იგი ამ საქმის დროულად და რიგიანად შესრულებასაც მოითხოვდა.

ამასთანავე, თავისუფალი კონკურენციიდან მე არ გამოვრიცხავდი ინგლისსაც; შორსა ვარ მეტოქეობისა და ყოველგვარი შეუწყნარებლობისაგან იმ ერისადმი, რომლისგანაც ეგზომ დავალებულია მეცნიერება და მრეწველობა. მაგრამ თუ მივიღებდით ვაჭრობის საყოველთაო თავისუფლების სისტემას, საჭირო გახდებოდა კარგად აგვეწონ-დაგვეწონა ყველა შესაძლებლობა, კონტინენტის სახელმწიფოებს რომ დიდი ზარალის გაუღებლად აამხედრებდა იმ ქვეყნის წინააღმდეგ, რომელიც კოლონიური საქონლის მონოპოლიას ფლობს, მსოფლიოს ყველა კუთხეში ვრცელი ტერიტორიები უპყრია. ამასთანავე აქვს უდიდესი გავლენა ევროპის ყველა მთავრობაზე, რამეთუ მათ სესხით ამარაგებს; აამხედრებდა იმ ქვეყნის წინააღმდეგ, რომლის კაპიტალით მდიდარ ფაბრიკებს შეუფერხებლად შეუძლიათ საქონლის გრძელვადიანი კრედიტით გაყიდვა, სადაც ვაჭრობა მთავრობის მუდმივი მზრუნველობის საგანია, და ბოლოს, იმ ქვეყნის წინააღმდეგ, რომელიც ზღვებზე ბატონობს.

თუ ევროპის ქვეყნები შეკავშირდებიან, თუ ვაჭრობისადმი დიდი ინტერესი მათ შორის მეტ ნდობასა და მჭიდრო ურთიერთობას დაამყარებს, თუ მანუფაქტურული მრეწველობის პროგრესთან შეთანხმებული საბაჟოების ახალი სისტემა გაზრდის ურთიერთ-მოთხოვნილებებს, და ბოლოს, თუ ინგლისი ამ ასოციაციაში დაიშვება და იპოვის გასაღების ისეთ ვრცელ ბაზრებს, მის ფაბრიკებსა და ნაოსნობას რომ შეეფერება, ვფიქრობთ, ასეთი ავტორიტეტული მთავრობა ყველაფერში მოწინავე ქვეყნისა, რაც მაღალი ცივილიზაციისთვისაა დამახასიათებელი, საზღვაო ძალებს ბოროტად აღარ გამოიყენებს და მსოფლიო ვაჭრობას გაათავისუფლებს კაბალისაგან. მაშინ, ეჭვგარეშეა, საფრანგეთის ჯარის ესპანეთში შესვლის დროს ინგლისი გაიზიარებს დოფინის კეთილშობილურ იდეას და დათანხმდება ხელშეკრულებით აღიაროს ზღვების თავისუფლება. იგი სცნობს ქრისტიანი, ცივილიზებული ქვეყნების მოქალაქეთა უფლებას თავგანწირულად დაიცვან მოძალადეთაგან კერძო საკუთრება. ამგვარად ინგლისის უზარმაზარი ფლოტი, ნაცვლად იმისა, რომ ევროპის ჩაგვრის საშუალებას წარმოადგენდეს, იქნება მხოლოდ და მხოლოდ თავდაცვის კანონიერი თავდები და მეკობრეებისაგან ნამდვილი დამცველი.

ასეთი ხელშეკრულებითა და გარანტიით აღჭურვილი ჩვენი ექსპედიციები დღეს საყოველთაო ყურადღების ცენტრში მყოფ სამხრეთ ამერიკაში, ისე წარიმართება, რომ მათი შეწყვეტის საშიშროება აღარ დადგება. მაშინაც კი, როცა ამ ექსპედიციების გაფართოება დიდ ბრიტანეთში მოუსვენრობისა და შურის გრძნობას აღძრავს. მაშინ აღარც იმის საშიშროება იქნება, რომ მსგავსად 1744, 1756, 1793 და 1803 წლებისა, ჩვენს ხომალდებს ომის გამოუცხადებლად უეცრად არ გაიტაცებენ და რომ ჩვენი კომერცია და ფაბრიკები უეცრად არ განადგურდება უმოქმედობისაგან; ასეთი რამ ხომ დიდად შეარყევს ხალხების კეთილდღეობასა და სახელმწიფოთა სიმშვიდეს.

ამგვარი გარანტიის გარეშე ჩემს მიერ აღნიშნული საშიშროება საფრანგეთისათვის განსაკუთრებით დიდი იქნება, რადგანაც ომის დაწყების შემთხვევაში მას აღარც კაპიტალი შერჩება და არც კრედიტი, რაც თანამედროე სახელმწიფოთა ძალის ძირითად საფუძველს წარმოადგენს. 

ინგლისი ყოველთვის კარგად აფასებდა ვაჭრობის შედეგად მოგებული ფულის მნიშვნელობას, ჩვენ კი ვაჭრობას ამდენი ხნის მანძილზე არავითარ ყურადღებას არ ვაქცევდით.

უწინ, როცა საფრანგეთში სხვა ქვეყნების სტატისტიკურ მონაცემებს ადგენდნენ და მათი ძლიერების წყაროებს ერთმანეთს ადარებდნენ, ითვალისწინებდნენ მხოლოდ მოსახლეობის, ჯარებისა და ხომალდების რაოდენობას; მსჯელობდნენ მიწების ნაყოფიერებაზე, ხოლო ფულითა და კრედიტით დაგროვილ სიმდიდრეს არად აგდებდნენ. სიამოვნებით აღნიშნავდნენ, რომ ყველა სახელმწიფო, სადაც ვაჭრობა იყო განვითარებული, დაეცაო; ფინიკიელებმა, ფოკეელებმა თავიანთი ეფემერული სიდიადის არავითარი კვალი არ დატოვესო; ტირის სიმდიდრემ ვერ შეძლო ეს ქალაქი ალექსანდრეს ჯარისაგან დაეცვაო; ღარიბი რომის გამარჯვებებს უპირისპირებდნენ სავაჭრო ქალაქ კართაგენის განადგურებას; იგონებდნენ, რა უძლურ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ ვენეციისა და გენუის რესპუბლიკები, თითქოს მათი სიმდიდრე ყოფილიყო მიზეზი მათი დაცემისა. დაბოლოს, ფიქრობდნენ რომ ინგლისს იმით დაჯაბნიდნენ, თუ ამ ძლიერ ქვეყანას ვაჭრებისა და მედუქნეების სახელმწიფოდ მოიხსენიებდნენ.

მაგრამ იმავე ცხრილში რომ აღენიშნათ ის უამრავი ისტორიული ფაქტი, რომელიც ადასტურებს ფულის ნაკლებობით გამოწვეულ, მარცხსა თუ სიდუხჭირეს და ოქროს ძალაზე დამყარებულ წარმატებებს, ამ არგუმენტების საწინააღმდეგოდ ვერაფერს იტყოდნენ ისინიც კი, ვინც დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებდა მრეწველობასა და ნავიგაციას.

მაგალითისათვის გავიხსენოთ ვაჭრობით განთქმული კართაგენი, რომელმაც ერთ დროს მცირე ხნით დაუგვიანა ხელფასი დაქირავებულ ჯარისკაცებს, რის გამოც აქ შინა ომი გაჩაღდა და კართაგენის დაცემის ძირითად მიზეზადაც იქცა. იგივე ითქმის ინდოეთის მთავრობაზეც, რომელმაც მხოლოდ სამი თვის განმავლობაში რომ არ გადაუხადოს ინგლისის დაქირავებულ ჯარებს – სიფაჰიებს კუთვნილი ჯამაგირი, ალბათ დაიღუპება.

უახლოესი დროის ფაქტებს აღვნიშნავ: მარცხი, რომელმაც განსაზღვრა 1763 წლის საზავო ხელშეკრულება, ჩვენი ფინანსების ნაკლებობამ განაპირობა. ბოლო პერიოდში კრედიტორთა შორის ავტორიტეტის დაკარგვის გამო, საფრანგეთის მთავრობამ 1760 წლიდან 1763 წლამდე შეძლო სესხად ეშოვნა მხოლოდ 150 მლნ., მაშინ როდესაც ინგლისმა 600 მლნ.-ზე მეტი შეაგროვა; თანაფარდობა, როგორც სტიუარტი შენიშნავს თავის „პოლიტიკური ეკონომიის ტრაქტატში“, მაშინ შეადგენდა 1-ს 4-თან; ამის გამო იყო, რომ საფრანგეთის მიერ ბრწყინვალედ დაწყებული ომი მისი სრული მარცხით დამთავრდა.

თუ უსახსრობით გამოწვეული მარცხის ამსახველი მაგალითების გვერდით მოვიყვანთ ფაქტებს, რომლებიც მდიდარ ხელმწიფეთა კეთილდღეობასა და ძლიერებას ადასტურებენ, ასეთ მაგალითს მეცამეტე საუკუნის ვენეციაში ვიპოვით. როდესაც ფრანგი ჯვაროსნები იძულებული გახდნენ ვენეციელებისაგან ეთხოვათ ხომალდები კონსტანტინოპოლში ჩასასვლელად და მათ ვერ შეძლეს შეპირებული ფასის მთლიანად გადახდა, შეთანხმდნენ, რომ დარჩენილი ოცდათოთხმეტი ათასი მარკის გარდა რესპუბლიკას, მისი უფრო მეტად დაინტერესების მიზნით, მიეცემოდა დაპყრობილი ქვეყნების ნახევარი. ეს შეთანხმება ზუსტად იქნა შესრულებული ფრანგების მიერ კონსტანტინოპოლის აღების შემდეგ, თუმცა ბრძოლაში მხოლოდ რამდენიმე ვენეციელმა ჯარისკაცმა მიიღო მონაწილეობა თავიანთი დოჟის – მოხუცი და მამაცი დანდოლოს ხელმძღვანელობით, რომლის არც დაკნინება მსურს და არც განდიდება.

მეთხუთმეტე საუკუნეში ბურგუნდიის ჰერცოგთა სიძლიერე დამოკიდებული იყო უმთავრესად ნიდერლანდების კომერციასა და სიმდიდრეზე, რობერტსონის ცნობით, სწორედ ამ ეპოქაში საფრანგეთის დედოფალი ჟანა (Jeanne de France) ბრიუგეში ერთ ტურნირს დასწრებია და როცა დაუნახავს ოქროთი და ვერცხლნაქარგი ფარჩებით შემოსილი, უამრავი მარგალიტითა და ბრილიანტით შემკული ვაჭრების ცოლები, ჯავრით წამოუძახია: „მე ჩემს თავს ერთადერთ დედოფლად ვთვლიდი, აქ კი ასზე მეტი დედოფალიაო“.

სხვა ფაქტებს აღარ მოვიყვან; მოვიგონებ მხოლოდ ერთ მაგალითს ინგლისის ისტორიიდან: რევოლუციური ბრძოლების პერიოდში ინგლისმა დახმარება აღმოუჩინა საფრანგეთის წინააღმდეგ გაერთიანებული ევროპის დაქირავებულ ჯარებს; ტორეს ვედრასის საზღვარზე თავი მოუყარა პორტუგალიის მთელ მოსახლეობას და იქ თავისუფლად ცხოვრების პირობები შეუქმნა; ლონდონიდან ლისაბონამდე ხომალდებით გადაიტანა არა მარტო იქაური მოსახლეობისა და ჯარისათვის აუცილებელი სურსათი, არამედ ცხენებისა და პირუტყვებისათვის საჭირო საკვებიც. მასენას ჯარი პორტუგალიაში მალე დაიმშა, რადგან ყველაფერი განადგურებული იყო და დიდი სიმამაცით მოპოვებული ეს გამარჯვება ხელიდან გამოგვეცალა მხოლოდ და მხოლოდ ინგლისის დაუშრეტელი სიმდიდრის გამო.

ვფიქრობ, ამ ფაქტებით დავამტკიცე, რომ სახელმწიფოთა თანაფარდობა და დაპირისპირება არა მხოლოდ ხმელეთსა და ზღვაზე მათი ძალების თანაფარდობაზეა დამოკიდებული, არამედ მეტ-ნაკლებად იგი ფულსა და კრედიტსაც ეფუძნება. სასურველია, რომ საფრანგეთის მეფის მთავრობამ განსაკუთრებული მფარველობა გაუწიოს მანუფაქტურულ ინდუსტრიას, რომლის პროდუქციაც დღეს სახელმწიფოთა ძირითად სიდიდრეს წარმოადგენს და ასევე განსაკუთრებული გულისყურით მოეკიდოს ვაჭრობას, რომელიც ერთადერთი საშუალებაა პროდუქციის გასაღების უზრუნველსაყოფად.

ეჭვგარეშეა, რომ საშინაო მოხმარება საფრანგეთში უფრო მეტად ვიდრე სხვაგან, წარმოადგენს პირველ და ყველაზე მნიშვნელოვან სტიმულს მანუფაქტურული ინდუსტრიის ზრდისათვის, რადგანაც საყოველთაო სიუხვის მოთხოვნილება მომხმარებელთა რაოდენობას იმდენად ზრდის, რომ ამ მხრივ მას ვერც ერთი ქვეყანა ვერ შეედრება; მაგრამ საქონლის მოხმარება, შრომის პროდუქციის გამოყენება შეიძლება ათასგვარი გარემოებით შეიზღუდოს ან ერთ წერტილზე გაიყინოს; მას ზღუდავს საგარეო ომები; მასზე დიდ გავლენას ახდენს საშინაო შფოთი და არეულობა, ჩვენ დავრწმუნდით, რომ რევოლუციის მძიმე პერიოდში პროდუქციის მოხმარება იმდენად შემცირდა, რომ სახელმწიფო ხაზინა იძულებული შეიქნა ერჩინა აუარება გაჭირვებული ხალხი, რომელთაც გარდა საკუთარი მარჯვენისა საარსებოდ სხვა საშუალება არ გააჩნდათ. ამასთანავე, თუ ეს საშინაო მოხმარება ზრდის ვაჭრობის მასშტაბებსა და იწვევს დიდ საქონელბრუნვას, იგი არ ზრდის ოქროსა და ვერცხლის მარაგს: ის მხოლოდ საგარეო ვაჭრობის შედეგად იზრდება და, მასასადამე, საგარეო ვაჭროა უნდა წარმოადგენდეს მთავრობის გამუდმებული ზრუნვის საგანს.

ოცდაათი წლის განმავლობაში ინგლისის სამინისტროები საგარეო ვაჭრობას მთელ თავის ყურადღებას უთმობდნენ, უფრო მეტიც, შეიძლება ითქვას, – ინგლისის მიერ წარმოებულ ომებსა და მოლაპარაკებებს მხოლოდ ერთი მიზანი ჰქონდა – ასეთი ვაჭრობის წარმატებით დაგვირგვინება. ამას შედეგად მოჰყვა სიმდიდრის დაგროვება, რომლის წყალობითაც განვითარდა სოფლის მეურნეობა, აიგო ფაბრიკები, არხები, გაფართოვდა სხვა სახის მშენებლობა, ე. ი. ყველაფერი, რასაც სახელმწიფო დაწესებულებები და კერძო პირები განაგებდნენ, ისეთ დონემდე ამაღლდა, რომ დღესაც გაკვირვებას იწვევს.

ინგლისი დარწმუნებულია, რომ მსოფლიოს ოთხსავე ნაწილში მისგან დამორჩილებულ მრავალრიცხოვან ქვეშევრდომთა მიერ საქონლის მოხმარება და ამასთანავე ევროპის ქვეყნებში შეზღუდული საქონელი, სრულიადაც არ შეესატყვისება მისი მანუფაქტურული ინდუსტრიის აღმავლობის ტემპებს და ამიტომ მუდამ იმის ცდაშია, რომ იპოვოს დედამიწის რაღაც ახალი ნაწილი, სადაც უზრუნველყოფს პროდუქციის გასაღებას. რამეთუ კარგად უწყის, რომ ეს ზრდის სახელმწიფოს სიმდიდრესა და აქტიურობის შენარჩუნების შესაძლებლობას ქვეყნის ფაბრიკებში.

1785 წელს ფორსტერმა (Forster) გადალახა აზია ბენარესიდან ასტრაბადამდე (Asterabad) და თავის ქვეყანაში ჩამოიტანა პირველი ცნობები ქაშმირის კომერციისა და ფაბრიკების შესახებ. რამდენიმე წლის შემდეგ ჩინეთში გაიგზავნა ჯერ ლორდი მაკარტნი, შემდეგ კი ლორდი ამჰერსტი (Amherts) და ყველაფერი გაკეთდა იმისათვის, რომ ელჩობა სათანადო ბრწყინვალებით ჩატარებულიყო; მის ერთადერთ მიზანს ინგლისის ვაჭრობის გაფართოება წარმოადგენდა. პოლკოვნიკებმა მორიერმა (Morier) და მალკოლმმა (Malcolm) სპარსეთი მოიარეს და იქ ცხოვრობდნენ როგორც ინგლისის წარმომადგენლები; ბატონი გორ აუზლი (Gore Ouseley) იქ ელჩად იქნა წარგზავნილი. ინგლისს ახლაც კი თავისი საქმეთა რწმუნებული ჰყავს სპარსეთში [დაახლოებით ერთი წელია, რაც სპარსეთში ინგლისის წარმომადგენლად იმყოფება ლორდი კინერი (Kinner) და საქმეთა რწმუნებულის როლს ასრულებს]. დაახლოებით ამ ოცდაათი წლის მანძილზე ტიბეტის შიდა რაიონებს იკვლევდნენ ჯორჯ ბოგლი (George Bogle) და სემუელ თარნერი (Samuel Turner); ყანდაჰარში ელჩად გაიგზავნა ბატონი მაუნთ სტუარტ ელფინსთონი (Mount Stuart Elphinston). დაბოლოს, აზიისა და აფრიკის ყველა ნაწილი და მთელი ახალი სამყარო მოფენილია ინგლისის მიერ წარგზავნილი მოგზაურებითა და აღმოჩენათა ხელშემწყობი საზოგადოებებით, რომელთა მისიის ძირითად მიზანს ამ ქვეყნების დაზვერვა და მათთან სავაჭრო ურთიერთობების დამყარება წარმოადგენს; რაც შეეხება სამეცნიერო კვლევა-ძიებას, იგი მათთვის მხოლოდ და მხოლოდ მეორეხარისხოვანი მნიშვნელობისაა.

ინგლისისაგან განსხვავებით საფრანგეთი თავის მოგზაურებს თითქმის ყოველთვის მხოლოდ ასტრონომთა, გეოლოგთა, ბოტანიკოსთა თუ ანტიკვართაგან შეარჩევდა; სწორედ ამიტომაა, რომ მას მსოფლიოს მეცნიერები ასე ემადლიერებიან; საფრანგეთი ხომ მხოლოდ დიდების მოსაპოვებლად იღწვოდა; ჩვენი წარმოებისა და ვაჭრობის ინტერესები კი არავის ახსოვდა; ვაჭრებს წარმოდგენაც კი არ ჰქონდათ, თუ რანაირი ურთიერთობა შეეძლოთ დაემყარებინათ იმ ქვეყნებთან, რომელთაც ინგლისი გულდასმით ზვერავდა, რაღა თქმა უნდა, ნაკლებად ამაღლებული, მაგრამ გაცილებით ანგარებიანი მიზნით.

ლონდონის მთავრობის ინტერესები ამით არ შემოფარგლულა: ინგლისელ მოგზაურებს შეეძლოთ მიეწოდებინათ ზოგადი ცნობები, მიეთითებინათ ქვეყანაში არსებულ რესურსებზე, მაგრამ ეს სულაც არ იქნებოდა საკმარისი ვაჭრებისათვის: ხსენებულ ვაჭრებს ყველგან ნდობით აღჭურვილი მეგზურები და დამკვალიანებლები სჭირდებოდათ.

ამ ორმაგი მიზნის მისაღწევად ინგლისის მთავრობა არა მარტო ცდილობს დააარსოს დიპლომატიური მისიები და საკონსულოები ყველა იმ ქვეყანაში, რომელთა მხარდაჭერა, გავლენა თუ შუამავლობა სასარგებლო და აუცილებელი იქნება მათთვის, არამედ იგი ხელს უწყობს და მფარველობას უწევს ვაჭრობის განვითარებას იქ, სადაც კი, მისი ვარაუდით, ინგლისელი კომერსანტები ხელსაყრელი ურთიერთობების დამყარებას შეძლებენ.

1550 წლიდან არხანგელსკში (Arkhangel) მოქმედებს ინგლისის მიერ დაარსებული სავაჭრო კანტორები, რომელთა წარმატების უზრუნველსაყოფად ამ ქვეყნის მთავრობას არაფერი დაუკლია. იგი ამ კანტორებს ისე მფარველობდა, რომ დღიდან დაარსებისა მათ იქ არავითარი კონკურენცია არ განუცდიათ. დაარსდა თუ არა პეტერბურგი, აქაც ინგლისელმა ვაჭრებმა თავიანთი ფაქტორია შექმნეს, რომლის მიღწევებიც დღესაც თვალსაჩინოა. ასეთივე ფაქტორიები დაარსებულია რიგაში, სტოკჰოლმში, როტერდამში. 1737 წლიდან 1745 წლამდე ამგვარი ფაქტორიები ინგლისს კასპიის ზღვის მთავარ ნავსადგურებშიც ჰქონდა.

საფრანგეთი ინგლისთან მნიშვნელოვან ვაჭრობას აწარმოებდა ბორდოს ღვინით; ამ მიზნით ბორდოში შეიქმნა ინგლისური სავაჭრო სახლები, რომლებმაც სულ მალე ნდობა და პატივისცემა დაიმსახურეს. ხოლო როცა ინგლისის ფაბრიკებს ესპანეთის მშვენიერი მატყლი დასჭირდათ, ინგლისელი ვაჭრები ბილბაოშიც გაჩნდნენ და თავიანთი ქვეყნის ფაბრიკები უზრუნველყვეს საუცხოო ხარისხის მატყლით. პორტოში, ლისაბონში, კადისში, მადეირას კუნძულებზე, მალაგაში, კარტახენაში, ალიკანტეში, ბენიკარლოში, ბარსელონაში ინგლისის სავაჭრო კანტორები იძენდნენ და ინგლისში აგზავნიდნენ ამ მხარის ღვინოს. მდიდარ ინგლისურ სავაჭრო სახლებს ვხედავთ გენუაში, ლივორნოსა და ნეაპოლში. ისიც უნდა ითქვას, რომ აფრიკის სანაპიროზე, ალეპოში თუ სმირნაში, კონსტანტინოპოლში, ოდესაში თუ ტაგანროგში ინგლისის ვაჭრობას მდიდარი და სანდო შუამავლები ჰყავს.

ოცდაათი წლის განმავლობაში ინგლისის მთავრობის ხარჯზე განხორციელებული მრავალრიცხოვანი მოგზაურობანი, ის შეუნელებელი ყურადღება, რომლითაც დედამიწის ყველა სავაჭრო ნავსადგურში ამ ქვეყნის დამკვალიანებლები სარგებლობდნენ, მისი მეცადინეობა უცხო ქვეყნებთან ურთიერთობების გაფართოებისათვის, ცხადად მეტყველებს იმაზე, რომ ვიდრე ინგლისი თავის ფაბრიკებში ტექნიკისა და მეცნიერების მიღწევების დანერგვაზე გადავიდოდა, და ხელით მუშაობის უწინდელ დროსთან შედარებით ბევრად გაზრდიდა პროდუქციას, მან იმთავითვე დაიჭირა თადარიგი, რათა ჭარბი პროდუქცია უზრუნველეყო გასაღების ბაზრებით.

ამგვარად ინგლისმა თავიდან აიცილა მანქანების შემოღებასთან დაკავშირებული საშიშროება, ხოლო საფრანგეთს კატასტროფა ელის, თუ ბოლოს და ბოლოს დაუყოვნებლივ არ იზრუნებს და საგარეო ვაჭრობის საშუალებით არ უზრუნველყოფს მანუფაქტურულ პროდუქციას მნიშვნელოვანი გასაღების ბაზრებით.

საფრანგეთის მეფის მთავრობამ ყურადღება უნდა მიაპყროს არა მხოლოდ მთელ ამერიკას, არამედ აფრიკასაც, განსაკუთრებით კი მსოფლოს უძველეს ნაწილს – აზიას, სადაც უდიდესი მოთხოვნილებაა ჩვეულებრივი მოხმარებისა და ფუფუნების იშვიათ საგნებზე.

ხოლო ეს ყურადღება შედეგი უნდა იყოს ღრმა რწმენისა, იგი უნდა მომდინარეობდეს თვით მეფისა და საზოგადოების წარჩინებული ფენების მხრიდან.

ინგლისის მაღალი საზოგადოება პატივისცემით ეპყრობა ვაჭრობას. ცნობილ სავაჭრო ფირმებს აქ მანუფაქტურები აქვთ; პერებს შორის კი რომლებიც პარლამენტში სხედან, არიან ისეთებიც, რომელთა ძმებიც ქალაქ ლონდონის ვაჭრებად ითვლებიან.

ვენეციაში, რომელზედაც მე უკვე მქონდა საუბარი, უძველესი საგვარეულოს წარმომადგენლები, რომლებიც დოჟებს უწევდნენ დახმარებას, ვაჭრობით გამდიდრდნენ.

სიმდიდრის ძირითად წყაროს ფლორენციელი მედიჩებისა, რომლებმაც ორი დედოფალი აღუზარდეს საფრანგეთს, აბრეშუმის ფაბრიკები და მათ მიერ ხმელთაშუა და შავი ზღვის საშუალებით აზიასთან დამყარებული სავაჭრო ურთიერთობანი წარმოადგენდა.

თუ ამ ქვეყნების მაგალითისამებრ საფრანგეთის თავადაზნაურობაც დაინტერესდება დიდი მანუფაქტურებით, დიდი ასოციაციებით, შორეული ექსპედიციებით, რომლებიც სარგებლობას მოუტანს საშინაო წარმოებას, უნდა ვივარაუდოთ, რომ ეს სიახლე კეთილ გავლენას იქონიებს ჩვენი ვაჭრობის წარმატებაზე და შესაძლოა, საზოგადოებრივ აზრზეც.

მაშინ მთავრობა განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს ვაჭრობისა და ინდუსტრიის განვითარების საქმეს, რადგან იგი ყველა კლასის ცხოველ ინტერესს გამოხატავს. სასწრაფოდ დაგზავნის სათანადოდ გაწაფულ ადამიანებს შორეულ ექსპედიციებში, რათა მათ წარმოდგენა შეიქმნან სხვადასხვა ქვეყნის მიერ წარმოებულ პროდუქციაზე, შეისწავლონ, თუ რა გზით შეიძლება ამ პროდუქციის შეძენა პირველი ხელიდან, გაიგონ, რა ითვლება იქ ყოველდღიური მოხმარების საქონლად და რა – ფუფუნების საგნად, რითაც ჩვენი ინდუსტრია მოამარაგებდა მათ. სასარგებლო გამოგონების უპირატესობით გამხნევებული საფრანგეთი აღარ აღმოჩნდება საფრთხის წინაშე, გამომგონებლები, რომლებმაც დააარსეს ქაღალდის წარმოება, განათებისათვის გაზი გამოიყენეს და სხვა მრავალი სიახლე შემოიღეს, იძულებულნი აღარ იქნებიან დატოვონ სამშობლო და გაამდიდრონ ინგლისი, რომელიც ჩვენზე მეტი მონდომებით ეკიდება და ხელს უწყობს ყოველივე იმას, რასაც მისი ფაბრიკების მდგომარეობის გაუმჯობესება შეუძლია; დაბოლოს, საფრანგეთმა განსაკუთრებით უნდა იზრუნოს ყველა უცხოურ მთავრობასთან კეთილსაიმედო ურთიერთობების დასამყარებლად და ამ გზით მიაღწიოს იმ შეღავათებს, რითაც მისი მეტოქე ქვეყნები სარგებლობენ. ახლახან დაარსებული მანუფაქტურებისა და ვაჭრობის უმაღლესი საბჭო დასტურია იმისა, რომ მეფის მთავრობამ უკვე მიაპყრო ყურადღება თანამედროვე ერების სიმდიდრისა და ძლიერების ამ ძირითად ფაქტორს.

როდესაც ჩამოვთვალე ის მიზეზები, რომლებმაც განსაზღვრეს ინგლისის კომერციის თვალსაჩინო უპირატესობა ჩვენს კომერციასთან შედარებით, მე მივუთითე, რომ კონტინენტის ყველა სახელმწიფოთა შორის საბაჟოების ახალი სისტემა უაღრესად მნიშვნელოვანი ღონისძიებაა და მისი შემოღება ნაკარნახევია იმ მდგომარეობით, რომელშიც ინგლისის ზემოხსენებულმა უპირატესობამ ჩააყენა ეს სახელმწიფოები.

მეორე ღონისძიება, რომლის გატარებაც აუცილებელი იქნებოდა, ინგლისის მონოპოლისა და მისი მოჭარბებული სიძლიერისათვის ზღვარის დასადებად და ევროპის გასათავისუფლებლად მისი გავლენისაგან, როგორც უკვე აღვნიშნე, გახლავთ ევროპისა და აზიის გაერთიანება, მათი ურთიერთდაკავშირება შავი ზღვით, ე. ი. ჩაკეტილი ზღვით.

მაშინ საზღვაო ომის შემთხვევაში, აზიასა და ევროპას შორის სატრანსპორტო ოპერაციები თითქმის მთლანად იწარმოებს სახმელეთო ან სამდინარო გზით. საქონელი აღარ გადაიზდება დარდანელის სრუტით და ამდენად თავიდან იქნება აცილებული ხარჯები და კარანტინთან დაკავშირებული უხერხულობანი; დაიზოგება ამგვარი საჭიროებისათვის აუცილებელი თანხები; საქონელი ადგილზე მიაღწევს დანიშნულ დროს; ჭკვიანურად მოფიქრებული შეთანხმების საფუძველზე დადგინდება ევროპული კურსით ტვირთის გადასაზიდი ზომიერი ფასი. ეს ფასი აზიაში დიდი არ არის, რადგანაც აქ, ჩვეულებრივ, ბინაში ფულს არ იხდიან და სასაპალნე ცხოველებიც საძოვარზე იკვებებიან; ხოლო რადგან თითქმის ყველა სახის საქონელი, რომელიც აზიელებსა და ევროპელებს შორის გაცვლის საგანს წარმოადგენს, მათ წონასა და მოცულობასთან შედარებით დიდი ღირებულებისაა, ამიტომ ეჭვი არ არის, რომ ომიანობის დროს ვაჭრობა, ამ ახალი გზის წყალობით, გაუძლებს ხმელთაშუა ზღვით მოწოდებული საქონლის კონკურენციას, მაშასადამე კეთილი იმედის კონცხის გზით შემოსული საქონლის ორმაგ კონკურენციასაც.

ამ ახალი გზებით მიმოსვლის უფრო გაადვილება შეიძლება დუნაის საშუალებით და საფრანგეთსა და გერმანიაში შიდა არხების გაყვანის არსებული პროექტების განხორციელებით. თუ ეს მოხდება, გილანის ხამი აბრეშუმი და სომხეთის ბამბა დუნაის შესართავშივე დაიტვირთება გემებზე და რაინზე გავლით იმავე გემებით ჯერ სტრასბურგამდე მივა, რომელიც უზარმაზარ საერთო საწყობად გადაიქცევა; შემდეგ ამ ქალაქიდან რაინის დაყოლებით საქონელს ჰოლანდიაში ჩაზიდავენ; ჩაიტანენ ხმელთაშუა ზღვამდე არხით, რომელიც დუნაის, სონასა და რონას ერთმანეთთან დააკავშირებს; სენდიზიედან წამოღებულ საქონელს კი ოკეანემდე მიიტანენ მარნასა და რაინს შორის გაყვანილი არხით, რომლის პროექტიც უკვე არსებობს. ამგვარად, სრული მასშტაბით განხორციელებული ლუი XIV-ის ეს გრანდიოზული ჩანაფიქრი, ოკეანეს რომ ხმელთაშუა ზვასთან შეაერთებს, სამდინარო გზებით ერთმანეთთან დააკავშირებს შავ ზღვას, ხმელთაშუა ზღვასა და ოკეანეს. მაშინ ევროპისა და აზიის ეს კავშირი დაუპირისპირდება კოლოსალურ ასოციაციას, რომელიც მოიცავს მთელ ახალ მსოფლიოს, ინგლისსა და შეერთებულ შტატებს; პირველთა სამდინარო ნაოსნობა და ქვეყნის შიდა ტვირთზიდვა დაუპირისპირდება მეორეთა საზღვაო ბატონობას; კონტინენტის ხალხთა თავისუფალი ურთიერთობანი – ინგლისის მონოპოლიას; მცირე აზიის, სომხეთისა და შავი ზღვის აუზის კოლონიური საქონლის მეურნეობა – ამერიკისა და ინდოეთის მეურნეობას; დაბოლოს, აზიის ცივილიზაცია დაუპირისპირდება ამერიკის ემანსიპაციას.

ასეთი დიდი და ფართო ღონისიებები სავსებით შეესატყვისება ოტომანთა იმპერიაში არსებულ ვითარებას. მართლაც, თუ ეს სახელმწიფო კვლავაც იარსებებს, შეიძლება იმედი ვიქონიოთ, რომ შინაური შფოთისა და საგარეო ომების თავიდან ასაცილებლად დივანი მოერიდება ხოლმე რატიფიცირებული ხელშეკრულებების უთავბოლო დარღვევას და განსაკუთრებულ მფარველობას გაუწევს სხვადასხვა წესის მიმდევარ მრავალრიცხოვან ქრისტიანებს, რომლებიც გაბნეულნი არიან მის ევროპულ სახელმწიფოებში და აზიურ სამფლობელოებში; იგი დაიცავს მათ შეურაცხყოფისაგან, ხოცვა-ჟლეტისაგან, ყოველგვარი სახის ჩაგვრისაგან, რაც მათ მიმართ აღმაშფოთებელი განუკითხაობის შედეგია. ამავე დროს დუნაიზე თავისუფალი ნაოსნობა ხანგრძლივი მშვიდობისა და კონტინენტის სახელმწიფოებთან მისი გულწრფელი დაახლოების საწინდარი გახდება.

მაგრამ თუ უშედეგოდ ჩაივლის ადამიანთა კეთილგონივრული ზრუნვა და მცდელობა მიმართული იმ გამანადგურებელი მიზეზების წინააღმდეგ რაც აჩქარებს თურქეთის იმპერიის დაცემას ევროპაში და მის შემობრუნებას აზიისაკენ, მაშინ, როგორც კაცობრიობის კეთილდღეობისათვის, ასევე მისი პოლიტიკური ინტერესებისათვის, სასურველი იქნება ხელოვნურად შეჩერდეს იმპერიის დაცემის პროცესი და ვნებათა დასაოკებლად გათვალისწინებულ იქნას საჭირო ზომები, რათა ქრისტიანი და წინასწარ ბედს შეგუებული მაჰმადიანი ხალხებიც კი იმპერიის ნგრევისას ქვათაგან არ მოისრან. მაშინ ჩვენი დროის ეს ყველაზე საჭირბოროტო მოვლენა, რომელსაც შესაძლოა უდიდესი შედეგები მოჰყვეს, იმის მაგივრად, რომ ომის მიზეზად იქცეს, დიდი ხნით უზრუნველყოფს მსოფლიო მშვიდობას, რადგანაც იგი ფართო ვაჭრობით იქნება განპირობებული.

ევროპული თურქეთი ერთადერთი ქვეყანა როდია, რომელიც საჭიროებს ბოლო მოეღოს მასში დამკვიდრებულ ბარბაროსობას; ინდიდან მოყოლებული ვიდრე ხმელთაშუა ზღვამდე, მთელ დასავლეთ აზიას ევროპისაკენ აქვს გამოწვდილი მავედრებელი ხელი და შესთხოვს მას მშვიდობას და ცივილიზაციის ნაპერწკალს. მე ამას იმათი სახელით ვლაპარაკობ, ვისაც მოვლილი აქვს ეს უძველესი მხარე, ვლაპარაკობ მოგზაურთა ერთსულოვანი მოწმობის საფუძველზე [იხილეთ პოლკოვნიკ მორიერის, ლორდ კინკირის, მაიორ ჯონსონისა და ბატონების ამადე ჯობერტის (Amedee Jaubert), დიუპრეს (Dupre), ფრეიზერისა (Fraser) და სხვათა მოგზაურობანი]. საქართველოში ჩემი ყოფნის დროს შესაძლებლობა მქონდა დავრწმუნებულიყავი, როგორ ტოვებენ ქრისტიანები და თვით მაჰმადიანები ამ გაჩანაგებულ მიწებს რომლის საზღვრებსაც აქ თქვენის ნებართვით მოვხაზავ.

უჩვეულო სანახაობას წარმოადგენს მსოფლიოს ეს უძველესი ნაწილი, ადამიანთა მოდგმის აკვანი, პირველ ცნობილ იმპერიათა სამყოფელი, დედამიწის ეს ვრცელი მონაკვეთი, რომელსაც საზღვრებად უდევს ხმელთაშუა ზღვა, შავი ზღვის სამხრეთი და აღმოსავლეთი ნაპირი ყუბანის შესართავამდე, კავკასია, კასპიის ზღვა, ბუხარას ჩრდილოეთით უდაბნო ინდის ანუ სინდის სათავეებამდე, ინდოეთის ოკეანე, მისი ნაპირები და სპარსეთის ყურე ევფრატის შესართავამდე, უდაბნოს გზა, რომელიც მიემართება სუეცის ყელამდე, და ბოლოს, ამ ადგილიდან ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთი ნაპირი დარდანელამდე.

აქ ასირიის იმპერიის, იუდეველთა, სირიის, ბითვინიის, პონტოსა და სომხეთის სამეფოს ნანგრევებზე ხანგრძლივი დროის მანძილზე დამკვიდრებული თურქეთი, რომელმაც ფეხქვეშ გათელა სემირამიდას, სელევკიდების, მითრიდატესა და სხვა მრავალ დიდთა მეფეთა მიერ სახელგანთქმული ეს მიწაწყალი, ახლა თვითონვე ირღვევა დამოუკიდებელი ფაშების შინაური ომების, ფინანსური არეულობისა და ფანატიკური უმეცრების გამო.

აქვეა სპარსეთის ძველი სამეფო, რომელიც მოწმე იყო თუ როგორ გაქრა მიდიელთა და პართიელთა იმპერია და მრავალი ცნობილი დინასტია, ახლა კი მისი ძლიერება თანდათანობით შეასუსტა მომთაბარე ურდოების ზრდამ და იმ მართვა-გამგებლობის შედეგებმა, რომლის პრინციპები და წესები მიუღებელია როგორც სუვერენისათვის, ასევე ხალხისათვის. სპარსეთს ზღუდავს აგრეთვე ის ურთიერთობა, რომელიც დამყარებული აქვს აზიისათვის ორ მრისხანე სახელმწიფოსთან – ინგლისთან და რუსეთთან, დღეს კი, სპარსეთის აღმოსავლეთით ქაბულის სამეფოს დაქუცმაცების შემდეგ, მას ინდის მხარეს რაჯა-სინგის (Radgy-Sing) ქვეშევრდომმა შეიხებმა (Seiks), ხოლო ინდოეთის ოკეანის მხარეს ამბოხებულმა ბელუჯებმა (Beloutchis) უმდიდრესი პროვინციები წაართვეს.

დაბოლოს, მთელი ცენტრალური აზია, სადაც მდებარეობს ბაქტრია და თემურ-ლენგის უზარმაზარი სახელმწიფოს დედაქალაქი, რომელმაც წარმოშვა ინდოეთის თითქმის ყველა დამპყრობელი, დანაწილებულია სახელდახელოდ შექმნილ მცირე სახანოებად. მათ ზომიერებითა და სულგრძელობით მფარველობს რუსეთის იმპერატორი, რომელიც უკვე ფლობს კოლხეთს, საქართველოსა და სპარსთის ძველ პროვინციებს არაქსის მარცხენა ნაპირზე.

ნუთუ ევროპა მუდამ გულგრილი დარჩება აზიის ამ მშვენიერი ნაწილის აწმყოსა და მომავლის მიმართ? ნუთუ ეს სახელოვანი მიწა-წყალი სამუდამოდ განწირულია დარჩეს ნაოხრალად და ყოველგვარი ბოროტმოქმედების სისხლიან ასპარეზად?

იმ დროს, როცა ევროპის მთელ კონტინენტზე იგრძნობა კოლონიების საჭიროება, ახალი მიწების შემოერთების საჭიროება, ყველა ქვეყნის კოლონისტებისათვის განა უფრო უპრიანი არ იქნება, რომ კოლონიები აზიაში ეძიონ და არა აფრიკაში, რომლის ცხელი ჰავა მეტად მავნეა ევროპელთათვის, ან კიდევ ამერიკაში, ფუჭი ილუზიების ქვეყანაში, სადაც მიწების ასათვისებლად მთელი ტომის გასახლება იქნება საჭირო, ხოლო საზღვაო ომის დროს გაწყდება ყოველგვარი კომუნიკაცია ევროპასთან.

ამრიგად, ევროპის კონტინენტზე შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, ვაჭრობის, შეთანხმებებისა და ხელშეკრულებების შედეგად, აზიაში დაარსდება კოლონიები, რაც ცრემლის ფასად აღარ დაუჯდება კაცობრიობას და ამავე დროს აზიის ხალხთა და თვით მონარქთა ინტერესებსაც შეუხამდება [ტახტის მემკვიდრის, უფლისწულ აბას-მირზას ერთერთ მინისტრსა და მეგობარს მირზა მასუდს წერილი გავუგზავნე, რომელშიაც რეკომენდაცია გავუწიე ახალგაზრდა ფრანგს, ბ-ნ მოგინს (Maugin), კონსტანტინოპოლის ექიმის ვაჟიშვილს. პასუხი, რომელიც სიტყვა-სიტყვით მომყავს, ადასტურებს, რომ მისი მთავრობა სიამოვნებით შეხვდება სპარსეთში ევროპელთა კოლონიების დაარსებას. 

„თავრიზი, 4 შაბანი, 1238. 

მისი უდიდებულესობის საფრანგეთის მეფის კეთილშობილ კონსულს თბილისში. 

დიდად კეთილშობილო მეგობარო, 

ბ-ნ ჰანიბალ მოგინმა გადმომცა 20 თებერვლით დათარიღებული თქვენი წერილი. მესმის, ისევე როგორც თქვენ, ბატონო, რაოდენ სარგებლობას მოიტანს აქტიური ვაჭრობა ჩვენს დიდ ერებს შორის. ჩემი ცნობილი მეუფის, ტახტის მემკვიდრის კეთილმყოფელი სული ხელს უწყობს ხალხის კეთილდღეობას, იგი სიამოვნებით შესცქერის, როცა მის ირგვლივ სიხარული და წარმატება სუფევს. სპარსეთი ძლიერი და შურის აღმძვრელი სახელმწიფო იყო. იგი ბევრს რასმე მიაღწევს ისეთი უფლისწულის დახმარებით, როგორიც ჩვენა გვყავს; იგი ყველაფერს ესწრაფვის, რაც მისი ღირსების შესაფერისია; ხოლო მისი ღირსების შესაფერისი კი ის არის, რაც ჩვენი ხალხის ნეტარებას უზრუნველყოფს. მე, ბატონო, მის აზრებს გამოვთქვამ. დაე, ბედმა და კეთილმა იღბალმა ხელი მოუმართოს მეგობართა სურვლებს!... 

დიდად კმაყოფილი დავრჩი თქვენგან რეკომენდირებული პირით; იგი პატივსაცემი ახალგაზრდაა და ჩვენ მოწადინებული ვართ, რომ იგი ჩვენთან დამკვიდრდეს. მე მუდამ სიამოვნებით გავუწევ სამსახურს ბ-ნ ჰანიბალ მოგინს, მით უმეტეს, რომ მას პატივი აქვს იყოს თქვენს მიერ რეკომენდირებული. 

ერწმუნეთ, კეთილშობილო მეგობარო, განსაკუთრებულ გრძნობებს, რითაც პატივი მაქვს თქვენდამი დავშთე. 

თქვენი დიდი მორჩილი და დიდად გამგონე-მსახური, 

(ხელმოწერილია) მასუდი“].

ამ კოლონიების არსებობა ხელს შეუწყობს მოუსავლიანი უდაბნოების მდიდარ მოსავლიან მინდვრებად გადაქცევას, აზიის ხალხებში ახალ მოთხოვნილებათა გაღვივებას, ევროპული ინდუსტრიისათვის თითქმის უსაზღვრო გასაღების ბაზრების გახსნასა და ევროპისა და აზიის ხალხთა სამუდამოდ გაერთიანებას მეგობრობის, საერთო ინტერესებისა და მტკიცე კავშირების საფუძველზე.

ასეთი შედეგები მოჰყვება აქ კოლონიების დაარსებას; ამ შედეგებმა უნდა მიიქციონ ევროპის სუვერენთა ყურადღება, უნდა გამოიწვიონ მათი გააქტიურება, რამეთუ ამ ვრცელ ტერიტორიაზე შეიძლება ყოველგვარი იდეის დანერგვა, ყოველგვარი ზარალის ანაზღაურება, მძიმე მოგონებების გაქარვება და სიძულვილით აღსავსე ვნებების ჩაცხრობა.

ამით იფარგლება ჩემი დაკვირვებანი დასავლეთ აზიაზე. დრო ჯერ კიდევ შეუვალი საფარველით ფარავს ბედ-იღბალს იმ ქვეყნებისა, რომელთა მიმართაც შევეცადე საჯაროდ გამემახვილებინა ყურადღება. როგორიც არ უნდა იყოს მათდამი განგების განაჩენი, ჩემს მიმართ ისინი ალბათ მადლიერნი დარჩებიან, რადგანაც შევძელი ზოგიერთი ზუსტი ცნობის მიწოდება აზიის ამ ნაწილზე, სადაც ვაჭრობა და კოლონისტები მოიხმო 1821 წლის 8 (20) ოქტომბრის უკაზმა (ukase) და სადაც ძველ დროსა და შუა საუკუნეებში ევროპული საქონელი აზიურზე იცვლებოდა.


მთარგმნელის (ქ-ნ მზია მგალობლიშვილის) მიერ გაკეთებული კომენტარების ერთი ნაწილი

1. კიმბრები – გერმანული მოდგმის ტომი; 113 წ. (ძვ. წ.) ისინი ტევტონებთან ერთად შეიჭრნენ რომის რესპუბლიკის ტერიტორიაზე, შემდეგ დაიპყრეს ესპანეთი, გალია; 101 წ, გაიუს მარიუსმა დაამარცხა ისინი ვერცელესთან (ჩრდილოეთ იტალია), როცა ისინი იტალიაში აპირებდნენ შეჭრას.

2. ჰუნები – თურქული მოდგმის მომთაბარე ტომი; თავდაპირველად მოსახლეობდნენ ჩრდილოეთ ჩინეთში, შემდეგ გადმოინაცვლეს კასპიის ზღვის სანაპიროებზე. V ს. შეიჭრნენ ევროპაში. მათი მხედართმთავრის ატილას მეთაურობით შექმნეს ძლიერი სახელმწიფო; მისი სიკვდილის შემდეგ (453 წ.) გაიფანტნენ ევროპისა და აზიის სხვადასხვა ადგილებში.

3. ვანდალები – გერმანული ჯგუფის ხალხები; თავდაპირველად ცხოვრობდნენ ვისტულასა და ოდერს შორის (III ს.); შემდეგ გადაინაცვლეს სამხრეთ-აღმოსავლეთ და დასავლეთ მხარეს (დუნაი, მაინი); 406 წ. დაარბიეს გალია; 409-411 წწ. დაიპყრეს ესპანეთი; 439 წ. – ჩრდილო-აფრიკა და შექმნეს ვანდალთა სახელმწიფო, რომელსაც დიდხანს არ უარსებია; 534 წლისათვის ვალდალების სახელმწიფო დაიპყრო ბიზანტიამ და ვანდალები ისე განადგურდნენ, რომ მათგან არავითარი კვალი აღარ დარჩა.

4. გუთები – აღმოსავლეთ გერმანული ტომი, წარმოშობით სკანდინავიიდან; ახ. წ. დასაწყისში გადმოსახლდნენ ბალტიის ზღვის სამხრეთ სანაპიროზე; 150-200 წლისათვის მოვიდნენ შავი ზღვის სანაპიროზე; 230 წ. დაარბიეს მცირე აზია და ბალკანეთი; ბარბაროსებს შორის გუთებმა პირველებმა მიიღეს ქრისტიანობა; IV ს. მეორე ნახევარში გაიყვნენ ვესტგუთებად და ოსტგუთებად, ანუ დასავლეთ და აღმოსავლეთ გუთებად. შავი ზღვის სანაპიროზე ყირიმში გუთები XV ს. მეორე ნახევრამდე იყვნენ, ვიდრე ისინი გენუელებთან ერთად არ განდევნეს თურქებმა და ყირიმის თათრებმა. დარჩენილი გუთები შეერივნენ ბერძნებსა და თათრებს.

5. ჯვაროსნული ომები – დასავლეთ ევროპის სახელმწიფოთა მიერ „წმინდა ადგილების“ განთავისუფლების მიზნით აღმოსავლეთის ქვეყნებში მოწყობილი ლაშქრობები 1096-1270 წლებში. ამ ლაშქრობებს მძარცველური ხასიათი ჰქონდა.

6. ვესტფალიის ხელშეკრულება დაიდო 1648 წ. 24 ოქტომბერს მიუნსტერში, 30-წლიანი ომის შემდეგ (1618-1648 წწ.).

7. ლუი XIV (1638-1715) – საფრანგეთის მეფე 1643-1715 წწ., ლუი XIII-ისა და ანა ავსტრიელის ვაჟიშვილი; მისი მეფობის დროს საფრანგეთის აბსოლუტიზმმა უმაღლეს წერტილს მიაღწია (მას ეკუთვნის გამოთქმა: „სახელმწიფო – ეს მე ვარ“), ხოლო მის მიერ წარმოებულმა ომებმა (ჰოლანდიის წინააღმდეგ – 1672-1678 წწ., ესპანეთის მემკვიდრეობისათვის – 1701-1713 წწ. და სხვა) ლუი XIV-ს „დიდის“ სახელი მოუხვეჭა.

8. ტალეირანი შარლ მორის პერიგორი (1754-1838) – ცნობილი ფრანგი დიპლომატი და სახელმწიფო მოღვაწე.

9. კანადის სრული კოლონიზაცია ფრანგების მიერ მოხდა 1618 წ., ხოლო 1763 წ. მას ინგლისელები დაეპატრონენ.

10. აკადია – თანამედროვე ახალი შოტლანდია, საფრანგეთის აღმოსავლეთ კანადის ძველი რაიონი; 1604 წ. აქ ფრანგება საფუძველი ჩაუყარეს პორ-რუაილს – ევროპელთა პირველ მუდმივ დასახლებას ჩრდილოეთ ამერიკაში. იგი წარმოადგენდა მუდმივი დავის საგანს ინგლისსა და საფრანგეთს შორის; 1713 წ. უტრეხტის ზავის თანახმად ინგლისელებს გადაეცა ახალი შოტლანდია. მაგრამ ინგლისელების მიერ აკადიის სრული კოლონიზაცია და ამ მხარიდან ფრანგული მოსახლეობის განდევნა მოხდა მხოლოდ XVIII ს. მეორე ნახევარში (1755 წ.); 1763 წ. პარიზის ხელშეკრულებით აკადია საბოლოოდ გადაიქცა ინგლისის კოლონიად.

11. პიტი უილიამ უმცროსი (1759-1806) – ინგლისელი სახელმწიფო მოღვაწე, შვილი პიტი უილიამ უფროსისა; 1781-1801 წწ. და 1804-1806 წწ. პრემიერ-მინისტრი; გაატარა მთელი რიგი რეფორმები, მათ შორის ინდოეთის მმართველობის რეფორმა (1784 წ.); 1786 წ. საფრანგეთთან დაიდო სავაჭრო ხელშეკრულება; იგი იყო ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორი კოალიციისა, რომელიც მიმართული იყო საფრანგეთის ბურჟუაზიული რესპუბლიკისა და იმპერიის წინააღმდეგ. მისი მოღვაწეობის ძირითადი ხაზი იყო ბრძოლა საფრანგეთის რევოლუციასთან და ნაპოლეონის წინააღმდეგ, რადგან საფრანგეთი ინგლისისათვის ძირითად მოქიშპე ქვეყანას წარმოადგენდა.

12. ანტილია – ანტილიის კუნძულები, არქიპელაგი, რომელიც ატლანტის ოკეანეს გამოყოფს ანტილიის ზღვისაგან. შედგება დიდი ანტილიის კუნძულებისა (კუბა, ჰაიტი, იამაიკა, პუერტო-რიკო) და მცირე ანტილიის კუნძულებისაგან. თავდაპირველად იყო ესპანეთის კოლონია, ხოლო XVI საუკუნიდან საფრანგეთი, ინგლისი და ჰოლანდია მუდმივად იბრძოდნენ ერთმანეთს შორის ანტილიის ხელში ჩასაგდებად.

13. კასტლერიგი ჰენრი რობერტ (1769-1822) – ინგლისელი სახელმწიფო მოღვაწე; ირლანდიის პირველი მდივანი 1798-1801 წწ.; პიტთან ერთად იგი საფრანგეთის რევოლუციიის მოწინააღმდეგე იყო; ებრძოდა ნაპოლეონს; მონაწილეობა მიიღო და დიდი როლი ითამაშა 1814 და 1815 წწ. პარიზის ხელშეკრულებების გაფორმებაში; შემდეგში იგი განუდგა საღვთო კავშირის რეაქციულ პოლიტიკას.

14. ნეპალი – სამხრეთ აფრიკის სახელმწიფო. ინგლისელები ნეპალს 1814 წ. დაეპატრონენ.

15. კლაივი რობერტ (1726-1774) – ინგლისელი გენერალი, სახელმწიფო მოღვაწე; 1743 წლიდან ინგლისელი კოლონიზატორი ინდოეთში. 1755 წ. მას შემდეგ რაც კალკუტა იგდო ხელთ, მან ფრანგები განგის ნავსადგურიდან განდევნა; 1764 წ. დაინიშნა ბენგალიის გუბერნატორად. კლაივმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ფრანგი კოლონიზატორების გავლენის შეზღუდვისათვის ინდოეთში; ინგლისში დაბრუნებულს მას ბრალი დასდეს მექრთამეობაში, რადგან ინდოეთში დიდი სიმდიდრე დააგროვა.

16. ყეშმის კუნძული ჰორმუზის სრუტეში მდებარეობს.

17. ტურვილი ან ილარიონ (1642-1701) – ფრანგი ადმირალი, ესკადრის მეთაური; 1693 წლიდან საფრანგეთის მარშალი; 1690 წ. გამარჯვება მოიპოვა ინგლისისა და ჰოლანდიის ფლოტზე (1672-1677 წწ.; 1688-1697 წწ); 1660-1666 წწ. აწარმოებდა ბრძოლას მეკობრეების წინააღმდეგ ხმელთაშუა ზღვაში.

18. დიუკენი აბრაჰამ (1610-1688) – მარკიზი, ფრანგი ზღვაოსანი; 30-წლიან ომში, მოყოლებული 1627 წლიდან, მონაწილეობას იღებდა საფრანგეთის მიერ ჩატარებულ დიდ საზღვაო ბრძოლებში ჰოლანდიის, ალჟირისა და სხვა ქვეყნების წინააღმდეგ, სადაც ბრწყინვალე გამარჯვებები მოიპოვა.

19. ლუი XVI (1754-1793) – საფრანგეთის მეფე 1774-1792 წწ.

20. 1763 წლის ზავი დაიდო პარიზში და საფრანგეთმა, რომელმაც მარცხი განიცადა ინგლისთან, მთლიანად დაკარგა თავისი ფლოტი და იძულებული გახდა ინგლისისათვის დაეთმო კოლონიები ამერიკაში, ინდოეთსა და აფრიკის ქვეყნებში.

21. პიემონტი – ჩრდილო იტალიის ოლქი, დედაქალაქი ტურინი; ფრანგები მას დაეპატრონენ 1796 წელს და ფლობდნენ 1814 წლამდე.

22. იგულისხმება შვიდწლიანი ომის (1756-1763) შედეგად პარიზში დადებული ხელშეკრულება (იხ. კომენტარი 20).

23. დოჟი (ლათ. Dux, ducis – ბელადი) – ვენეციისა და გენუის რესპუბლიკების მეთაურების ტიტული.

24. დონდოლო ენრიკო (დაახლ. 1108-1205) – ვენეციის დოჟი 1192 წლიდან; მეოთხე ჯვაროსნული ლაშქრობის ერთ-ერთი ბელადი. იგი შეუთანხმდა ჯვაროსანთა მესვეურებს, რომ ჯვაროსნებს ზღვაზე გადაიყვანდა, სამაგიეროდ მოითხოვა ზარუს დაპყრობა; მართლაც, მან პირადად მიიღო მონაწილეობა მაჰმადიანთა წინააღმდეგ ლაშქრობაში თავისი ჯარითა და პლოტით – 50 ხომალდით, გამოიყენა ჯვაროსანთა გამოუვალი მდგომარეობა, დაიპყრო ზარუ და დალმაცია 1202 წ. დონდიოლამ მოგვიანებითაც გამოიყენა ჯვაროსნები თავის სასარგებლოდ და მათთან ერთად დალაშქრა არა ეგვიპტე და სირია, არამედ ბიზანტია; 1204 წ. მათ აიღეს კონსტანტინოპოლი, რის შედეგადაც საფუძველი ჩაეყარა ლათინური იმპერიის დაარსებას.

25. ბრიუგე – ქალაქი ნიდერლანდებში, ფლანდრიის მთავარი ქალაქი; თავიდანვე სახელგანთქმული იყო ვაჭრობით და საერთაშორისო ვაჭრობის მსხვილ ცენტრად ითვლებოდა, რასაც ხელს უწყობდა მისი გეოგრაფიული მდებარეობა.

26. ტორეს ვედრასი – ქალაქი პორტუგალიაში; ველინგტონის მიერ გამაგრებულმა ქალაქმა შეაჩერა მასენა 1810 წლის ოქტომბრიდან 1811 წლის მარტამდე და იგი იძულებული იყო ესპანეთში გადასულიყო.

27. მასენა ანდრე (1756-1817) – საფრანგეთის მარშალი. ჯარში სამსახური დაიწყო 1775 წელს; თავი ისახელა იტალიაში ლაშქრობის დროს 1797 წ., რის გამოც ნაპოლეონმა მას „L’enfant chéri de la Victoire“ უწოდა. 1799 წ. მისმა ბრწყინვალე გამარჯვებამ ციურიხში საფრანგეთი დაღუპვისაგან იხსნა; 1804 წლიდან იგი საფრანგეთის მარშალია; 1808 წ. მასენა რივოლიის ჰერცოგი გახდა; 1810 წ. – ერლანგის თავადი; 1810 წ. ნაპოლეონმა იგი პორტუგალიის წინააღმდეგ საბრძოლველად გაგზავნა. მაგრამ ტორეს ვედრასთან მან ინგლისელებისაგან დამარცხება იგემა. ამგვარად, მასენა საფრანგეთის ბურჟუაზიული რესპუბლიკისა და იმპერიის ბრძოლების მონაწილე იყო; ბურბონების დაბრუნების შემდეგ იგი მათ მხარეზე გადავიდა და 1815 წლამდე საფრანგეთის პერი იყო.

28. ასტრაბადი – ჩრდ. ირანის ოლქი, თანამედროვე გორგანი.

29. ქაშმირი – ინდოეთის ძველი სამეფო, ძველთაგანვე ცნობილი იყო შალის მსუბუქი ქსოვილის წარმოებით, რომელსაც „ქაშმირი“ ეწოდება.

30. მორიერი ჯეიმს იუსტინიან (დაახლ. 1780-1848) – ინგლისელი დიპლომატი, მწერალი, მოგზაური; კონსტანტინოპოლის აღმოსავლური კომპანიის გენერალური კონსულის ვაჟი; 1807 წ. იყო სერ ჰარფორდ ჯონსის საელჩოს მდივანი ირანში; მონაწილეობდა ინგლის-ირანის 1814 წ. საზავო ხელშეკრულების დადებაში. ამავე წლიდან 1815 წლამდე ასრულებდა ინგლისის ელჩის მოვალეობას თეირანში. 1815 წლის ბოლოს კონსტანტინოპოლში გაემგზავრა. 1817 წლიდან გადადგა დიპლომატიური სარბიელიდან და ხელი მიჰყო ლიტერატურულ მოღვაწეობას.

31. ჯონ მალკოლმი (1769-1833) – ინგლისელი დიპლომატი, ავტორი ისტორიული თხზულებებისა ინდოეთისა და ირანის შესახებ. 1800-1801, 1809 და 1833 წლებში, გაიგზავნა ირანში დიპლომატიური მისიით. 1801 წელს ხელი მოაწერა ირანთან დიპლომატიურ და სავაჭრო ხელშეკრულებებს. მისი დიპლომატიური მისიის ძირითადი მიზანი იყო ირანის დამორჩილება და ამ ქვეყანაში ინგლისური საქონლის თავისუფალი შეზიდვის უზრუნველყოფა; ამ დროს იგი ყოველნაირად ხელს უშლიდა საფრანგეთის მთავრობას, რომელსაც ირანზე გავლით სურდა ინდოეთს დასხმოდა თავს.

32. სერ გორ აუზლი – ინგლისელი დიპლომატი, რომელიც ირანში 1811 წელს ჩავიდა და შაჰს დიდძალი საომარი იარაღითა და ფულით დაეხმარა რუსეთის წინააღმდეგ წარმოებულ ომში (დაწვრილებით მორიერის, მალკოლმის, აუზლის საქმიანობის შესახებ ირანში იხ. გ. შარაშენიძე, ირანის შიდაპოლიტიკური ვითარება და საგარეო ურთიერთობანი XIX ს. დასაწყისში, თბ. 1984). 

33. ინგლისური „მოსკოვის კომპანია“ დაარსდა 1555 წ. ლონდონში; მისი მიზანი იყო რუსეთზე ტრანზიტით და ვოლგა-ასტრახანის გზით აღმოსავლეთთან სავაჭრო ურთიერთობების დამყარება, რამდენადაც მსოფლიო ვაჭრობის დიდ სარბიელზე გამოსული ინგლისისათვის ამ პერიოდში ეს იყო ერთადერთი სავაჭრო მაგისტრალი აღმოსავლეთთან სავაჭრო კონტაქტის დასამყარებლად (იხ. ვ. გაბაშვილი, ფეოდალური საქართველოს ქალაქების ურთიერთობანი მახლობელი აღმოსავლეთის ქალაქებთან, „ნარკვევები მახლობელი აღმოსავლეთის ისტორიიდან“, თბ. 1966, გვ. 179; კ. კუცია, სეფიანთა ირანის ქალაქები და სამოქალაქო ცხოვრება, თბ. 1966, გვ. 43).

34. ალეპო – ქალაქი სირიის ჩრდილოეთში, მდინარე ნახრ-კუვეიკზე.

35. სმირნა – ქალაქი თანამედროვე თურქეთის სამხრეთ-დასავლეთ მხარეს, ეგეოსის ზღვის ნაპირზე; თანამედროვე იზმირი.

36. მედიჩები – ფლორენციის ცნობილი საგვარეულოა; თავიანთი სავაჭრო და სამრეწველო ოპერაციებით დიდი სიმდიდრე დააგროვეს და ფლორენციის მმართველობის სათავეში მოექცნენ; ფლორენციას მართავდნენ 1434-1737 წწ. მედიჩების საგვარეულოდან მომდინარეობენ საფრანგეთის დედოფლები: ეკატერინე მედიჩი (1519-1589) და მარია მედიჩი (1573-1642).

37. რაინი – მდინარე დასავლეთ ევროპაში. სათავეს იღებს შვეიცარიის ალპებში. ჩადის ჩრდილოეთის ზღვაში. თავდაპირველად სანაოსნოდ გამოსადეგი იყო დინების მხოლოდ ქვედა წელზე, ხოლო XIX საუკუნეში არხების ინტენსიური გაყვანის შემდეგ იქცა ერთერთ მნიშვნელოვან სატრანსპორტო მდინარედ.

38. სტრასბურგი – პორტი მდინარე ილზე, რაინთან ახლოს; აქ ერთდება მარნა-რაინისა და რონა-რაინის არხები.

39. სონა – მდინარე საფრანგეთის აღმოსავლეთ ნაწილში, რონას ყველაზე დიდი შენაკადი. სონა შეერთებულია არხებით რაინთან (თავისი შენაკადის დუს საშუალებით), მარნასთან და სენასთან (ბურგუნდიის არხით, რომლის მშენებლობაც დაიწყო 1775 წ. და დასრულდა 1834 წ.) და ლუარასთან (ცენტრალური არხით, რომელიც გაყვანილ იქნა 1794 წელს).

40. რონა – საფრანგეთისა და შვეიცარიის მდინარე, ჩადის ლიონის ყურეში; რონას სხვა მდინარეებთან უამრავი არხი აკავშირებს.

41. დივანი – დიდი საბჭო და დარბაზი, სადაც წყდებოდა სხვადასხვა საკითხები, მათ შორის დოპლომატიური მოლაპარაკებები.

42. დიუპრე ადრიან – ფრანგი მოგზაური. ახალგაზრდობიდანვე დიპლომატიური პოსტები ეკავა აღმოსავლეთის ქვეყნებში. 1799-1822 წწ. იყო საფრანგეთის კონსული ტრაპიზონში, სადაც ერთ პერიოდში ასრულებდა რუსეთის ვიცე-კონსულის მოვალეობას. მის ერთერთ თხზულებაში „მოგზაურობა სპარსეთში“ არის საინტერესო ცნობები კავკასიის შესახებ (იხ. ......, Полиевктов, М. А., Европейские путешественники по Кавказу 1800-1830 гг., Тб. 1946, გვ. 79-80). დიუპრეს გამოქვეყნებული ნაშრომი „Description de quelques villes et porst de la mer Noire“, გამბამ დაურთო თავისი თხზულების I ტომს.

43. ასირია – ძველი იმპერია დასავლეთ აზიაში, ჩრდილოეთ შუამდინარეთში (თანამედროვე ერაყის ტერიტორიაზე); ძვ. წ. IX-VII სს. ბატონობდა მთელს ძველ აღმოსავლეთზე. ძვ. წ. 605 წ. განადგურებულ იქნა მიდიისა და ბაბილონის მიერ.

44. იუდეველთა სამეფო – სამხრეთ პალესტინაში მდებარე ძველი სახელმწიფო, წარმოიშვა ისრაელ-იუდეველთა სამეფოს დაშლის შემდეგ; დაპყრობილ იქნა ბაბილონის მეფის ნაბუქუდონოსორ II-ის მიერ.

45. სირია – დასავლეთ აზიის სახელმწიფო; XVI საუკუნიდან შედიოდა ოსმალეთის იმპერიის შემადგენლობაში.

46. ბითვინია – ისტორიული ტერიტორია მირე აზიის ჩრდილო-დასავლეთ მხარეს (თანამედროვე თურქეთის ტერიტორია); XIV საუკუნიდან დაიპყრო თურქეთმა.

47. სემირამიდა – ასირიისა და ბაბილონის ლეგენდარული დედოფალი (ძვ. წ. IX ს.), რომლის სახელთანაც დაკავშირებულია დიდი დაპყრობითი ომები და ცნობილი სემირამიდას ბაღის მშენებლობა.

48. სელევკიდები – ელინისტი მმართველები, რომლებიც მეფობდნენ ძვ. წ. 312-64 წწ. ალექსანდრე დიდის იმპერიის აზიურ ნაწილში. დინასტიის დამაარსებელია ალექსანდრე მაკედონელის სარდალი სელევკოს I (ძვ. წ. 335-280 წწ.), რომელიც მეფობდა ძვ. წ. 312-280 წწ. სელევკიდების სახელმწიფომ დიდ წარმატებას მიაღწია III საუკუნეში. მისი ცენტრი იყო ჯერ ბაბილონი, შემდეგ სელევკია და ანტიოქია.

49. მიდია – ისტორიული ოლქი ირანის ჩრდილო-დასავლეთ მხარეს, კასპიის ზღვის სამხრეთით. ძვ. წ. VII-VI სს. წარმოადგენდა ძლიერ სამეფოს, რომლის დედაქალაქი იყო ექბატანი (თანამედროვე ჰამადანი). ძვ. წ. 550-549 წწ. მიდია დაიპყრო სპარსეთმა. ძვ. წ. IV საუკუნის ბოლოს მიდიის სამეფოს ეკავა სამხრეთ აზერბაიჯანის ტერიტორია.

50. პართია – სახელმწიფო კასპიის ზღვის აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში (ძვ. წ. 247 წ. - ჩვ. წ. 224 წ.); მისი დამაარსებელია არშაკ დიდი (ძვ. წ. 247-212 წწ.), საიდანაც დინასტიამ მიიღო სახელწოდება არშაკიდები. ამ სახელმწიფოს დედაქალაქი იყო ნისა (თანამედროვე აშხაბადთან ახლოს). ძვ. წ. I საუკუნეში პართიის სამეფოს ტერიტორია საგრძნობლად გაიზარდა, ხოლო 224 წლიდან იგი შედიოდა სასანიდების სახელმწიფოში.

51. ბაქტრია – შუა აზიის ისტორიული ოლქი (თანამედროვე ავღანეთის ჩრდილო ნაწილი, ნაწილობრივ უზბეკეთის სსრ და თურქმენეთის სსრ ტერიტორიები); მისი ცენტრი იყო ბაქტრია; ძვ. წ. VI-IV სს. შედიოდა აქემენიდების სახელმწიფოში; შემდეგ იგი ალექსანდრე მაკედონელმა დაიპყრო. ძვ. წ. III ს. შუახანებში ბაქტრია დაიყო ბერძნულ – ბაქტრიულ სამეფოდ. ბაქტრია ზოროასტრიზმის პირველი კერა და დასავლეთიდან ჩინეთისაკენ მიმავალი მნიშვნელოვანი სავაჭრო გზა იყო.

52. თემურ-ლენგი (1336-1405) – აღმოსავლელი დამპყრობი, შექმნა უძლიერესი სახელმწიფო შუა აზიაში, რომლის დედაქალაქიც იყო სამარყანდი.

53. აბას-მირზა (1798-1833) – ირანის სახელმწიფო მოღვაწე, შაჰის მმართველი აზერბაიჯანში, ფათ-ალი-ხან ყაჯარის უფროსი ვაჟი და მემკვიდრე.

აფხაზეთთან და აფხაზებთან დაკავშირებული კიდევ ერთი ქართული სიყალბის გამო

( ანუ – პავლე ინგოროყვას ცნობილ წიგნში გადმოცემული ისტორიული აფხაზეთის მოსახლეობის ეთნიკური შემადგენლობის შესახებ)

ამ რამდენიმე თვის წინ ერთმა ჩემმა ფეისბუქელმა მეგობარმა სოციალურ ქსელში გააზიარა ვრცელი ნაწილი პავლე ინგოროყვას წიგნიდან, სადაც იგი აფხაზეთის საკითხებს ეხება. ქვემოით მოყვანილი წერილიც ამ ამბის გამოძახილია.

პავლე ინგოროყვა თავისი წიგნის 129-ე გვერდზე იწყებს მსჯელობას ისტორიული აფხაზეთის მოსახლეობის ეთნიკური შემადგენლობის შესახებ. 132-ე გვერდის ბოლოში, სახელდობრ, იგი წერს:

„ქართველი ისტორიკოსისა და გეოგრაფოსის ვახუშტი ბატონიშვილის ცნობებიდან ირკვევა, რომ მე-17 საუკუნის პირველ ნახევარში ქართული მოსახლეობა იყო არა მხოლოდ „შუა სოფლის“ მხარეში (ე. ი. მოქვისა და დრანდის თემებში), არამედ ქართველებით დასახლებული იყო ასევე ცხუმის (სოხუმის) რაიონი, რომელიც ამ ხანაში ოდიშთან არის დაკავშირებული. ოდიშის ფარგლებში შემავალი ქართული პროვინციის ცხუმის (სუხუმის) რაიონის საზღვარი ამ დროს აღწევდა ვიდრე ანაკოფიის ზონამდე (თანამედროვე ახალი ათონი) (იხ. ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, 1941 წ., გვ. 169).

უაღრესად საყურადღებოა აგრეთვე ცნობები, რომლებიც დაცულია უცხოურ წყაროებში ამ მხარის მოსახლეობის შესახებ მე-15 – 17 საუკუნეებში.

იტალიურ რუკებზე მე-15 საუკუნისა (რუკა ბენინკაზისა – 1480 წლისა და კ. ფერდუჩისა – 1497 წლისა) ნავთსადგური მდინარე კელასურის შესართავთან მოიხსენება სახელწოდებით Porto Mengrelo (იხ. ფ. ბრუნი, Восточный берег Чёрного моря по древним периплам и компасовым картам /Черноморье, II, 1880 წ./, გვ. 247 და ტოპოგრაფიული ტაბულა). მე-15 საუკუნისათვის (ისევე როგორც ამის წინა პერიოდებში საშუალო საუკუნეთა მანძილზე) ეს მხარე „შუა სოფელი“ ეგრისის ნაწილს წარმოადგენდა და დასახლებული იყო მეგრელებით, რის გამო კელასურის ნავთსადგურსაც ეგრისის ანუ მეგრელთ ნავთსადგური ეწოდებოდა.

მე-17 საუკუნის უცხოელი ავტორებიდან ცნობები „შუა სოფლის“ მხარის მოსახლეობის შესახებ დაცული აქვთ თურქ მოგზაურს ევლია ჩელების, ევროპელ ავტორებს ლუი გრანჟიეს, პატრ იოანეს, არქანჯელო ლამბერტის, დოსითეოს პატრიარქს, შარდენს, რუს ელჩებს ფედოტ ელჩინსა და პავლე ზახარიევს.

უაღრესად საყურადღებოა ცნობები თურქი მოგზაურის ევლია ჩელებისა, რომელმაც 1641 წელს მოვლო შავი ზღვის სანაპირო. ევლია ჩელების ცნობებიდან ირკვევა, რომ ქართული ენა (მისი მეგრული დიალექტი) მოსახლეობის დედა-ენას შეადგენდა არა მხოლოდ „შუა სოფლის“ მხარეში (მოქვისა და დრანდის რაიონებში) და ცხუმის (სუხუმის) რაიონში, არამედ ქართული იყო მოსახლეობის დედა-ენა აფხაზეთის სამთავროს ძირითად ნაწილში, ჩაჩის (საშერვაშიძეოს) რაიონში. ევლია ჩელები წერს: „მთავარი ტომი აფხაზეთში არის ჩ ა ჩ, რომელიც ლაპარაკობს იმავე მეგრულით, რომელიც ხმარებაშია ფაშის იმიერ მხარეს“ (იხ. ევლია ჩელების ტექსტი, ინგლისური თარგმანი ჰამერისა Narrative of travels in Europe, Asia and Afrika … by Ewliya Efendi, ლონდონი, 1850, II, გვ. 53; რუსული თარგმანი ფ. ბრუნისა, Записки Одесского общества Истории и Древностей IX, 1875 წ., გვ. 173). ეს ძირითადი მხარე აფხაზეთის სამთავროსი – ჩ ა ჩ ი ს თემი – არის ს ა შ ე რ ვ ა შ ი ძ ე ო, სახელდობრ მხარე, რომლის ცენტრი იყო დაბა ლიხნი, და რომელიც მოიცავდა თანამედროვე გუდაუთის რაიონის ტერიტორიას, ანაკოფიის (ახალი ათონის) სექტორიდან მოკიდებული ვიდრე ბზის ნავთსადგურამდე (მდინარე მიჭიშის ხეობამდე)“.

კეთილი და პატიოსანი. მაგრამ პავლე ინგოროყვას მიერ ქართველი მკითხველისთვის მიწოდებული ევლია ჩელების ეს ნათქვამი სერიოზულ წინააღმდეგობაში მოდის კათოლიკი მისიონერის არქანჯელო ლამბერტის ცნობასთან აფხაზების სამეტყველო ენის შესახებ. ჩვენ 2010 წლის ნოემბრის თვეში ბლოგზე გამოვაქვეყნეთ წერილი „არქანჯელო ლამბერტი აფხაზების შესახებ“ (მანამდე ეს ჟურნალ „ქვაკუთხედში“ გვქონდა გამოქვეყნებული), სადაც შევეცადეთ იტალიელი მისიონერის წიგნიდან ამოგვეღო და მკითხველისთვის მიგვეწოდებინა ყველა ცნობა და ინფორმაცია, რაც იქ XVII საუკუნის პირველი ნახევრის აფხაზეთისა და აფხაზების შესახებ მოიპოვებოდა. არქანჯელო ლამბერტი, როგორც ცნობილია, 1631 წელს ჩამოვიდა საქართველოში, ხოლო 1633-1649 წლებში კი იგი სამეგრელოში ცხოვრობდა და საქმიანობდა; 1654 წელს მან ნეაპოლში გამოსცა თავისი წიგნი „სამეგრელოს აღწერა“, საიდანაც ქვემოთ მოვიტანთ შესაბამის ამონარიდებს: წიგნის 1-ლ თავში „კოლხიდის მდებარეობა და საზღვრები“ ლამბერტი წერს:

„ძველი პოეტებისგან ფრიად სახელგნთქმული კოლხიდა არის აზიის ის ნაწილი, რომელიც მდებარეობს შავი ზღვის უკიდურეს ნაპირზე და რომელსაც მკვიდრნი უწოდებენ ოდიშს და სხვები კი სამეგრელოს (Mengrelia).

კოლხიდა მდებარეობს იმერეთსა (აგრეთვე ბაში-აჩუქად წოდებულსა) და აფხაზეთს შუა. იმერეთი აღმოსავლეთით აქვს და აფხაზეთი – ჩრდილოეთით. იმერეთისგან მას ჰყოფს სახელგანთქმული მდ. ფაზისი, რომელიც მკვიდრთაგან იწოდება რიონად. ეს მდინარე გამოდის კავკასიის მთებიდან. მას შეერთვის მეორე მდინარე, სახელად ცხენის-წყალი, რომელსაც ძველი ბერძნები ჰიპოსად (ცხენი) უწოდებდნენ....

რიონი ჰყოფს აგრეთვე სამეგრელოსა და გურიას და ბოლოს წყნარად შეერთვის ზღვას სებასტოპოლის მახლობლად, რომელიც ძველად წარჩინებულ ქალაქს წარმოადგენდა და დღეს კი წყალში ჩანთქმულია. კოლხიდის საზღვარია აფხაზების ანუ აბაშების მხრით მდინარე, რომელიც მკვიდრთაგან იწოდება კოდორად და ჩემის აზრით ის ძველთა კორაქსია (ხაზგასმა აქ და ქვემოთაც ჩვენია – ი. ხ.). დასავლეთის მხრით კოლხიდის საზღვარია შავი ზღვა ანუ პონტუს ევქსინუსი, რომლის უკიდურესი ნაპირი, სტრაბონის სიტყვით, სწორედ აქ არის. ჩრდილო-დასავლეთით იწყება კავკასიის მთების ზურგი.

ამ მთების ზურგზე სახლობენ ველური და ბარბაროსი ხალხები, რომელთა აღწერა და ჩვეულებათა ჩამოთვლა მოითხოვდა ძლიერ გრძელ მოთხრობას და მთელი წიგნების დაწერას, უმახლობელესნი არიან აფხაზები, ალანები, სვანები, ყარაჩაელები (caraccioli), ჯიქები და ჩერქეზები. ესენი ყველანი ქრისტიანებად იწოდებიან, მაგრამ კანონები კი არა აქვთ, ეტანებიან ნადირობას და მტაცებლობას. მათის ენებისა და კილო-კავების სხვადასხვაობა გასაკვირველია. თვითოეული ამ ხალხთაგანი ხმარობს საკუთარ ენას, რომელიც განირჩევა მეორე ხალხის ენისგან იმდენად, რომ არავითარი მსგავსება ბგერისა მათ შორის არ არის“.

28-ე თავში, რომელსაც ეწოდება „მთები“ იტალიელი მისიონერი წერს: „ბუნებას ისე მშვენიერად მოუწყვია კოლხიდა, მთებიც და ვაკეც ისეა აქ შეზავებული, რომ ნაირ-ნაირი მდებარეობით იგი შესანიშნავია. წინ, ზღვის პირად, სულ ვაკეა. ამ ვაკეზე მრავალი ტყე და ჭაობია, რომელიც ბუნებას თითქოს განგებ გუჩენიაო, რათა მტერი არ შემოუშვას ზღვითო. უკან კი არტყია უმაღლესი კავკასიის მთები, რომლებიც მაგარ კედლად უდგას და იცავს კოლხიდას იმ ბარბაროსებისაგან, რომლებიც მთების იქით ცხოვრობენ. ამ რიგად კოლხიდა ბუნებით დაცულია მტრებისაგან, როგორც ზღვით, ისე მთებით.

ამ მაღალ მთებში ცხოვრობენ სხვადასხვა ველური ხალხები, რომელთაც ერთი მეორისაგან ისეთი განსხვავებული ენა აქვთ, რომ ერთმანეთისა არა ესმით რა. სტრაბონი და სხვა მწერლები მრავალს სხვადასხვა ხალხს ასახელებენ აქ. ხოლო კოლხიდელებთან უფრო ახლო ცხოვრობენ: სვანები, აფხაზები, ალანები, ჩერქეზები, ჯიქები, ყარაჩაელები (Caraccioli). 

ყველანი ესენი მხოლოდ სახელით არიან ქრისტიანები, თორემ არც სარწმუნოებით და არც მოქმედებით ქრისტიანობა მათ სრულებით არ ეტყობოდათ. მათ შორის ყველაზე უფრო მშვიდობიანი არიან სვანები... (ისინი) ცხოვრობენ იმ მთებზე, რომელიც არის ოდიშის პირდაპირ, და აგრეთვე იმ მთებზე, რომელნიც იმერეთს დაჰყურებენ........

სამეგრელოს ჩრდილოეთით ცხოვრობენ აფხაზები ანუ აბაშები, რომელთაც თურქები უწოდებენ აბასად (Abbassa). ამათი მშვენიერი და საუცხოო ქვეყანა სულ დაყოფილია ნოყიერი გორაკებით. რადგან ჰაერი მრთელი და მშრალია, ხალხიც არის მშვენიერი სისხლისა, ლამაზი სახისა და თეთრი ხორცისა, კარგად მოყვანილი, ღონიერი, მკვირცხლი და მარდი, ჯაფის ამტანი და მოხერხებული. ახალგაზრდობა არასოდეს უსაქმოდ არა ზის, არამედ ვარჯიშობაში ატარებს დროს: ხან შუბის ხმარებაში ვარჯიშობს, ხან მძიმე რამეებს ჰაერში ისვრის და ხან თხრილებზე ხტება, რათა შეიძინოს ძალა და გაიწვრთნას სიმარდეში. აფხაზებს ბევრი ჯოგი ჰყავთ. მათი ყოველდღიური საჭმელია: ყველი, რძე და გარეული ნადირი. თევზს არა სჭამენ, თუმცა შეეძლოთ ბევრი დაეჭირათ მდინარეებშიც და ზღვაშიც. კიბო საშინლად ეზიზღებათ, როგორც გველი, და დასცინიან მეგრელებს, რომელთაც ძალიან უყვართ კიბო.

აფხაზები ქალაქებში და ციხეებში როდი ცხოვრობენ, არამედ შეიყრება ერთი გვარის ათი თუ ოცი ოჯახი, ამოირჩევენ რომელსამე მაღლობ ადგილს, გააშენებენ იქ კარგ ისლით დახურულ ფაცხებს, შემოავლებენ ამორჩეულ ადგილს მაგარ ღობეს და ღრმა თხრილს. ღობეს და თხრილს იმიტომ აკეთებენ, რომ ეშინიათ თავდასხმისა, გარეშე ხალხის კი არა, თვით აფხაზები თავს ესხმიან და სძარცვავენ ერთმანეთს, ხოლო ართმევენ ერთმანეთს, სახლის ავეჯს კი არა, რადგან აფხაზს ასეთი ავეჯი არც კი გააჩნია, არამედ კაცებს, ქალებს და ბიჭებს. ამისათვის ჩვეულებრივ ღამე დაეცემიან ერთმანეთს და ვისაც მოახელთებენ, დაიჭერენ და წაიყვანენ. გაუფრთხილებლობით რომ ეს არ დაემართოთ, აფხაზები საშიშ დროს ჯავშანს ჩაიცვამენ, ხელში შუბს დაიჭერენ, ფარს სასთუმალს ქვეშ დაიდებენ, შეკაზმულ ცხენს ლოგინთან დააბამენ და ისე დაიძინებენ. აფხაზის ტყვეს მეტად აფასებენ თურქები: ქალებს სიმშვენიერისათვის და ბიჭებს იმიტომ, რომ რაკი თავის რჯულზე მოაქცევენ და სამხედრო ხელოვნებაში გაავარჯიშებენ, უფრო ხშირად ისეთი კაცები დგებიან, რომ სახელმწიფო საქმეებსაც და სამხედრო თანამდებობასაც მეტად კარგად ასრულებენ“.......

თავისი წიგნის 29-ე თავში „მდინარეები“ არქანჯელო ლამბერტი ამბობს:

„აზიის ყველა მდინარეებს სათავე აქვთ კავკასიის და ტავრის მთებში, როგორც ერთხმად სწერენ ქვინტო კურციუსი და არრიანე. მათგან ზოგი შეერთვის კასპიის ზღვას, ზოგი – შავ ზღვას და ზოგიც – აზოვის ზღვას (Meotide Palude). ჩვენის საგნის მიხედვით, ჩვენ ჩამოვთვლით აქ მხოლოდ იმ მდინარეებს, რომლებიც გამოდიან კავკასიის მთებიდან, გაივლიან კოლხიდას და შეერთვიან შავ ზღვას. უმთავრესი და უფრო ცნობილი არიან: ფაზისი, ცხენის-წყალი (Hippo), აბაშა, ტეხური, ხოფი, ჭანის-წყალი (Ciani), ენგური, ხეთი (Heti), ოქუმი, ეგრისი (Echaris), მოქვი და კოდორი. სწორედ ამ რიგზედ არიან დაწყობილი დღეს კოლხიდის მდინარეები, როგორც დავასახელეთ.........

ყველაზე უკანასკნელი მდინარე (მაშინდელ ოდიშის სამთავროში – ი. ხ.) არის კოდორი, რომელიც უნდა იყოს (ძველთა) კორაქსი, რადგან კოლხიდის საზღვრებია (ძველთა სიტყვით) ერთის მხრით ფაზისი და მეორეს მხრით – კორაქსი; როგორც ფაზისი ჰყოფს სამეგრელოს გურიისაგან, ისე კორაქსი ჰყოფს მას აფხაზეთისაგან, და როგორც ფაზისის გაღმა მეგრული იცვლება ქართულად, ისე კორაქსის გაღმა – იცვლება აფხაზურად. აქედან ცხადია, რომ მეგრელების კოდორი ძველებური კორაქსია, რადგან კოდორს გადაღმავე ცხოვრობენ აფხაზები თავისის განსაკუთრებულის ენით“. 

მკითხველი დაგვეთანხმება, რომ აქ მკაფიოდ არის ნათქვამი 1630-40-იან წლებში აფხაზური ენის მეგრულისგან სერიოზული განსხვავების შესახებ. თან პავლე ინგოროყვა სხვა შემთხვევაში არქანჯელო ლამბერტის გამონათქვამებსაც იმოწმებს, ანუ კარგად იცნობს მის წიგნს, თუმცა კი აფხაზების სამეტყველო ენის საკითხში აშკარად მისი მსჯელობის მიჩუმათებას ახდენს. ამიტომ სავსებით ბუნებრივი იყო, რომ დავინტერესდით ევლია ჩელების ნაშრომით, მით უმეტეს, რომ საქართველოს შესახებ მისი მონათხრობის თარგმანი, სათანადო გამოკვლევითა და კომენტარებით, 1971 და 1973 წლებში ორ ტომად გამოაქვეყნა პროფესორმა გიორგი ფუთურიძემ და გვქონდა შესაძლებლობა მას უფრო ახლოს გავცნობოდით.

ევლია ჩელების „მოგზაურობის წიგნის“ ქართული თარგმანის 1-ლ ტომში (ნაკვეთურში) XXXII თავს ეწოდება „თვალწარმტაცი ქვეყნის, ე. ი. აბაზას ქვეყნის აღწერა“, რომლის დასაწყისშიც ვკითხულობთ: „მთლიანად შავი ზღვის ჩრდილო სანაპიროზე მდებარე აბაზას ქვეყნის დასაწყისია მდინარე ფაშა და საზღვრის დასასრულია დასავლეთით ორმოცდაორი დღის სავალზე კაფას ვილაიეთის მფლობელობაში მყოფი ტამანის ნახევარკუნძულის ახლოს მდებარე ანაპის ციხის ნავსადგური“.

უნდა ითქვას, რომ „აბაზას ქვეყნის“ ანუ აფხაზეთის აღმოსავლეთ საზღვრის მითითებაში ევლია ჩელები სერიოზულ შეცდომას უშვებს, ვინაიდან ასეთად ასახელებს მდინარე ფაშას ანუ, გ, ფუთურუძის კომენტარის მიხედვით, ფაზისს – რიონს, რაც სინამდვილეს არ შეესაბამება. არქანჯელო ლამბერტის მიხედვით, მაშინ საზღვარი ოდიშისა და აფხაზეთის სამთავროებს შორის გაცილებით უფრო ჩრდილოეთით, მდინარე კოდორზე გადიოდა.

ცოტათი უფრო ადრე მდინარე „ფაშაზე“ ევლია ჩელები წერდა: „მდინარე ფაშა: დუნაისავით ფართე მდინარეა. ზოგ ადგილას ერთი მილის სიფართეა. ყველაზე უფრო ვიწრო ადგილი ნახევარი მილია. სიღრმე რვა-ათი კულაჯი აქვს. შიგ სამეგრელოსა და აბაზას ქვეყანაში მიმავალი ხომალდები შედიან. ასი მილის მანძილზე ადიან აღმა. შავი ზღვის ჩრდილო ქარის (sic) დასასრულს, ერთი უბის კუთხეში მდებარეობს. სტამბოლიდან აქამდე ათას სამასი მილია (1 მილი დაახლოებით 750 მ – გ. ფ.). შავი ზღვის ერთ-ერთ სანაპიროს ეს მდინარე ერთვის. იგი იკრიბება სამეგრელოს, გურჯისტანის, დაღისტნის ყაბარდოს, ჩერქეზეთის შორის მდებარე იალბუზის მთის, ობურის მთის, სოჭას მთების ხევის წყლებისაგან. შემდეგ პირდაპირ სამხრეთისაკენ მიედინება და სამეგრელოსა და აბაზას ქვეყნის შუა ზღვას ერთვის. აღმოსავლეთ ნაპირზე მთლიანად ურჩი სამეგრელოს სოფლებია. დასავლეთ ნაპირი აბაზას ჩაჩების ტომის ქვეყანაა. რადგანაც [მდინარის] ორივე მხარე ბუჩქნარიანი და ტყიანია, აბაზები მეგრელებს იტაცებენ, მეგრელები – აბაზებს და ვაჭრებს მიჰყიდიან ხოლმე“....

ამრიგად, ამ მსჯელობის მიხედვით, ავტორი უნდა ლაპარაკობდეს მდინარე კოდორზე, თუმცა კი ასახელებს მდინარე ფაშას, რომელიც ჟღერადობით უფრო უახლოვდება ფაზისს ანუ რიონს, თანაც მისი შედარება მდ. დუნაისთან და 1 მილამდე მისი სიგანისა და 100 მილამდე სანაოსნო სიგრძის დასახელება ალბათ სულაც ვერ გვაფიქრებინებს მდინარე კოდორზე, არამედ უფრო ფაზისზე – რიონზე. მაგრამ ეს უკანასკნელი ზღვაში შესართავიდან ჩრდილოეთისკენ სულაც არ მიედინება, არამედ აღმოსავლეთით, და მხოლოდ ქუთაისთან უხვევს თანდათანობით ჩრდილოეთისკენ. მიუხედავად იმისა, რომ ევლია ჩელებიმ შავი ზღვის გაყოლებაზე ტრაპიზონიდან აზოვის ზღვისკენ იმოგზაურა და თავად გაიარა ეს ადგილები, მის თხრობაში მაინც გვხვდება ასეთი შეცდომები და უზუსტობანი, რაც ნაკლებადაა არქანჯელო ლამბერტისთან, რომელიც სამეგრელოში 16 წელიწადს ცხოვრობდა და საქმიანობდა.

ახლა ისევ XVII საუკუნის 30-40-იან წლებში აფხაზების სამეტყველო ენის საკითხს დავუბრუნდეთ. ევლია ჩელების „მოგზაურობის წიგნის“ ქართული თარგმანის პირველი ტომის XXXIII თავში (გვ. 100-106) ვკითხულობთ:

ჩაჩების ტომი (გ. ფუთურიძის კომენტარი: ჩაჩების ტომი – უნდა ვიგულისხმოთ, რომ ტომობრივი ერთეული კი არ არის, არამედ მოსახლეობის ის ნაწილი, რომელსაც ჩაჩბა /თავადი შერვაშიძე/ ედგა სათავეში. ზუსტად ასევე იყო მანამდე ლაზებთან მიმართებაშიც: იქ ჩღეთა ლაზებად ევლია ჩელების მოხსენიებული უნდა ჰყოლოდა ან ჩხეტიას საგვარეულოს ლაზი მოსახლეობა, ან კიდევ იმ ფეოდალის გვარის მიხედვით, ვის ქვეშევრდომებზედაც იყო საუბარი; ასევე ჩიჩუა ლაზების შემთხვევაშიც): ერთმანეთში მეგრულადაც ლაპარაკობენ, რადგანაც მდინარე ფაშას გაღმა მხარე მთლიანად სამეგრელოა (პავლე ინგოროყვას კი უწერია: „მთავარი ტომი აფხაზეთში არის ჩ ა ჩ, რომელიც ლაპარაკობს იმავე მეგრულით, რომელიც ხმარებაშია ფაშის იმიერ მხარეს“ – ი. ხ.). ბეგთა შვილები ჰყავთ. ათიათასამდე ძლიერი ჯარი ჰყავთ. ყველა ერთი სარწმუნოებისა არ არის. მძარცველი და მამაცი ტომია. კაკალი, თხილი და გარგარი ბევრი აქვთ. მათი იარაღი, არაბთა მსგავსად, მშვილდ-ისარი და შუბია. თუმცა ცხენოსანი ცოტაა, ქვეითნი მშვენიერი ჭაბუკები არიან. მათი ნავსადგური დასავლეთით ორი კონაკის (ორი დღის სავალის – გ. ფ.) მანძილზეა, რომელსაც ლაკბას უწოდებენ (შეიძლება გვარი „ლაკობა“ იყოს – გ. ფ.). ტრაპიზონიდან სამასი მილით დაშორებული დიდი ნავსადგურია. გემებს ზამთრობით არ შეუძლიათ აქ გაჩერება, რადგანაც სამხრეთისა და აღმოსავლეთის ქარები სასტიკად ქრიან. აქედან დასავლეთისაკენ ზღვის ნაპირის გაყოლებით რომ წავიდეს კაცი, არლანთა ტომის მიწაზე სოფელ ხაფადში მოხვდება.

არლანის ტომი: ათი ათასამდე ვაჟკაცი ჰყავთ. ნაყოფიერი და მოსავლიანი მიწები აქვთ და სამართლიანი ბეგები ჰყავთ. მათ ნავსადგურს ეწოდება ლაჩიღა (ლიძაა /?/ – გ. ფ.), რომელიც მთავარი ნავსადგურია. აქაც ერთი ღამე გავათიეთ სტუმრად. მშვენიერი ნავსადგურია. ზამთარ-ზაფხულ გემები მიდი-მოდის. აქედან კვლავ დასავლეთისაკენ ორი კონაკი გავიარეთ და ჩანდების ტომს მივაღწიეთ.

ჩანდების ტომი (ჩანდები – ცანბა. საინტერესოა ევლია ჩელების აზრი, რომ ნამდვილი აფხაზები ესენი არიან – გ. ფ.): მამაცი ტომია, თხუთმეტიათასამდე კაცი. წმინდა აბაზები ესენი არიან. ბეგები ჰყავთ. ამათ უწოდებენ მთის ჩანდებს. მათ ნავსადგურს ეწოდება კაკრ (გაგრა – გ. ფ.). მთაზე ზღვისაკენ მიქცეულ მხარეს ბაღ-ვენახიანი სოფელია, სახელად ხოფა. აქედანაც დასავლეთისაკენ ზღის პირზე სამი სადგური გავიარეთ და დიდ ჩანდათა ტომის საზღვრებში მივედით.

დიდი ჩანდების ტომი: ოცდახუთამდე სოფელია. თხუთმეტათასიანი ჯარი და გარდა ამისა ბეგები ჰყავთ. მათ ნავსადგურს ჩანდა ეწოდება. გემები ვერ გაიზამთრებენ. ამ ტომის მთების იქითა მხარე მამშუხ ჩერქეზთა ქვეყანაა. ამ ჩანდების მხარედან ისევ დასავლეთისაკენ ზღვის პირას გავიარეთ ერთი სადგური და გეჩიების ტომს მივაღწიეთ.

გეჩიების ტომი: სამოთხის ბაღის მსგავსი უხვმოსავლიანი ქვეყანაა, რომელიც სამოცდაათი სოფლისაგან შედგება. ორი ათასი მეთოფე და ერთიც ბეგი ჰყავთ. აქაური წყლები უკვდავების წყალივით საამო და გემრიელია. ლიფოდ (ბზიფი /?/ – გ. ფ.) წოდებული ერთი დიდი მდინარეა, რომელშიც ხომალდები შედიან. ეს მდინარე იალბუზის მთიდან მოდის და ამ ადგილას შავ ზღვას ერთვის. ისეთი მდინარეა, რომ ივლისშიც არ შეიძლება გადასვლა. ზამთრის დღეებში გემები ჩერდებიან; მყუდრო და საიმედო ადგილია. გეჩიების ტომიდან ამ ადგილამდე, ზემოხსენებული მდინარის ორივე ნაპირი ნაირ-ნაირ გარეულ ხილს იძლევა; მშვენიერი ხეებით არის შემკული. გეჩიების ტომის ორათასიანი ჯარიდან უმრავლესობა ცხენოსანია. დიდი ტომია. ძალზე შეძლებული ქურდები არიან. ამ ტომის სოფელ ჰავკაში ერთი ზფრჰად წოდებული აბაზას სახლში მივედით სტუმრად. მე და ჩემ თანამგზავრებს ათი ცხვარი დაგვიკლა და წვეულება გაგვიმართა. ჩვენ აქ გეახელით სიზბაქი, ხორცის შეჭამანდი და ღომი. აქედან დასავლეთისაკენ განვაგრძეთ გზა ორი კონაკი გავიარეთ და ართის ტომთან მივედით.

ართის ტომი: გეჩიების ტომზე მეტია, მაგრამ მათსავით მამაცი და გაბედულები არ არიან – უმეტესობა ვაჭრებია. კვერნაზე ნადირობენ. ძალზე ბევრი ღორი ჰყავთ. [ისლამის] სარწმუნოება რა არის, ყურანი რა არის, არ იციან; ადამიანს ერიდებიან და არ ეკარებიან (სიტყვა „ადამიანში“ მუსლიმს გულისხმობს – გ. ფ.). სიმართლის მთქმელი ხალხია. ოცდაათათასამდე ადამიანია. ამათაც ერთი ბეგი ჰყავდათ, რომელიც ორმოც-ორმოცდაათ თავით ფეხებამდე შეიარაღებულ აბაზა აზნაურთან* ერთად მოვიდა. ოცი ცხვარი და სამი ირემი მოიტანა, „კეთილი იყოს თქვენი მობრძანებაო“, გვითხრა და მოწიწებით მოგვეპყრო. მათი ბეგი გრელთმიანი იყო. მხრებზე ნაბადი ესხა. ხელში მშვილდ-ისარი ეპყრა და წელზე ხმალი ერტყა. კარგი ვაჟკაცი იყო. მხლებლები ყველა კულულებიანი, მზის სადარი ლამაზი ყმაწვილები იყვნენ. მათ ნავსადგურს არაკლარს უწოდებენ. იქაც ერთი ღამე გავათიეთ. ხომალდები ზამთარში ვერ ჩერდებიან, რადგანაც ღია ნავსადგურია. ერთ ნავსადგურსაც ლივში ეწოდება. ხომალდები აქაც ვერ ჩერდებიან ზამთარში. მხოლოდ ზაფხულში შეიძლება ექვსი თვის განმავლობაში დადგომა. მაგრამ სავაჭრო ნავსადგურია. მის ჩრდილოეთით დიდ მთებში საძის ქვეყანაა. (*აქ გ. ფუთურიძეს გაკეთებული აქვს კომენტარი: აბაზა აზნაური – მთელი თხზულების მანძილზე ტერმინი აზნაური სამჯერ აქვს ნახმარი – აქ, LXXX თავში, რომელსაც ეწოდება – „ერევნიდან კვლავ არზრუმში გამგზავრება“. /ყარსის მიწაზე მდებარე სოფელ ბეგუმის შესახებ საუბრისას ამბობს: „სამასკომლიანი სოფელია. მისი მცხოვრებლები არიან სომხები და ქართველი აზნაურები“, იხ. „მოგზაურობის წიგნი“, ნაკვ. I, თარგმანი, გვ. 314/ და LXXXI თავში /„სამეგრელოსა და გურჯისტანის აზნაურები იმ ნათელ დღეს სანგრებში შევიდნენ“, გვ. 324/. ყველგან ქართული ფეოდალური სინამდვილე ჩანს.)

საძის ქვეყანა: სეიდი აჰმედ-ფაშას ქვეყანაა („სეიდი აჰმედ-ფაშას ქვეყანაა“ ე. ი. ამ ქვეყანაშია დაბადებული ფაშა. სეიდი აჰმედ-ფაშა იყო თორთუმის სანჯაყის ბეგი და ევლია ჩელების კარგი ნაცნობი. ევლიას ნაამბობი აქვს სეიდის თავგადასავალი. იგი საძი აბაზას ტომიდან მოუტაცნიათ და შავი ზღვის ერთ ნავსადგურში ვაჭრისათვის მიუყიდიათ. ვაჭარმა ეგვიპტეში წაიყვანა და ა. შ. /„მოგზაურობის წიგნი“, ნაკვ. I, გვ. 337-341/). რადგანაც ესენი ჩრდილოეთით მეზობელ ჩერქეზეთის ხალხთან აღებ-მიცემობას ეწევიან, ჩერქეზულად და აბაზურად თავისუფლად შეუძლიათ ლაპარაკი. შვიდი ათასი მამაცი, მაგარი ვაჟკაცია. დავისა და განხეთქილების გამო ჩერქეზები და აბაზები მუდამ ფხიზლად არიან. რადგანაც მათ ართების ტომთან მშვიდობიანი ურთიერთობა აქვთ, ართების ნავსადგურში ტყვეები მოყავთ, მოაქვთ თაფლის სანთელი და ვაჭრობენ. თაკაკუ ჩერქეზებიც მშვიდობით მოდიან და გემებზე ვაჭრობენ. აქედან ისევ დასავლეთისაკენ გავცურეთ, დავათვალიერეთ ხეივნები, ტყეები, ბუჩქნარი და მაღალი მთები, ვნახეთ მრავალი დასახლებული სოფელი და სამი დღის სავალზე კამშის ტომს მივაღწიეთ.

კამშ ტომი (ტამიში /?/ –  გ. ფ.): ათი ათასამდე მამაცი და ვაჟკაცი ხალხია, რომელსაც თავისი ბეგი ჰყავს. მელექ აჰმედ-ფაშას [ამალის წევრი] კამიშ მეჰმედ-აღა ამ ტომისაა. ამათ ართის ტომი რამდენჯერმე დაუმარცხებიათ და მათი ბეგი ტყვედ ჩაუგდიათ. ეს იმიტომ, რომ აბაზები ერთმანეთს ებრძვიან, ბავშვებსა და ქალებს ტაცებენ, ტყვეებს ჰყიდიან და ამით ცხოვრობენ. კაცი, რომელიც ქურდი არ არის, ამ ხალხის თვალში ბედშავი და საწყალია. ამიტომაც ასეთებს არც მეჯლისებში დაუშვებენ და არც ქალიშვილს მისცემენ [ცოლად]. ამ ტომის მთებში ისეთი დიდრონი ტახები იცის, რომ ყოველი მათგანი ვირის ოდენაა. თუმცა ნავსადგური აქვთ, მაინცადამაინც გაცხოველებული საქმიანობა არ არის, რადგანაც მისი მოსახლეობა ძალზე მეამბოხე და ურჩია. ამ ტომის ხალხში სტამბოლიდან და ეგვიპტიდან ჩამოსული თოფხანეს [ხელოსანი] აბაზები არიან. მეჩეთები, ცოლ-შვილისა და სამსახურის პატრონი მუსლმი ბევრია. ჰავა ძალიან კარგია. სოფლებს სამხრეთისაკენ, ე. ი. ზღვისაკენ აქვთ პირი. თუმცა დუქნები და ბაზარი ამათაც არ აქვთ, სავსადგურთან საბაზრო ადგილებია. აქდან ზღვის პირას პირდაპირ დასავლეთისაკენ სამი კონაკი გავიარეთ და სოჩას ტომს მივაღწიეთ.

სოჩას ტომი (სოჭა /?/ – გ. ფ.): ამათაც ერთი ბეგი და ათი ათასამდე სახელოვანი ქვეითი მეომარი ჰყავთ. რადგანაც კლდოვანი და ქვიანი ადგილებია, ცხენოსნები ცოტანი არიან. თუმცა ნავსადგური კი აქვთ, მაგრამ სახელწოდება ჩემთვის უცნობია. აქ ერთი ღამე სოფელ ჰავდაკაში სტუმრად დავრჩით. თურმე იმ ღამეს ქორწილი ჰქონდათ. მოგვიტანეს ასი ხონჩა ცხვრის ხაშლამა, წვნიანი, თაფლის წყალი, ბოზა, ღომი, ხორცის შეჭამანდი და საწებელი. ასობით ყმაწვილი გვემსახურებოდა. დილაადრიან ჩვენმა თანამგზავრმა გონიოს აღამ სახლის უფროსს დოლბანდი რომ აჩუქა, სიხარულით ცას ეწია, რადგანაც ამ მხარეს დახურული ბაზრის, ბაზრის, ფუნდუკის, აბანოს და დუქნის მსგავსი რამ სრულებით არ არის. თითქმის მთის წვერზე გაშენებული ორმოცი-ორმოცდაათკომლიანი სოფლებია. მათ ნავსადგურში წელიწადში ერთხელ ყველა ქვეყნის გემებს მოაქვთ დენთი, ტყვია, თოფი, მშვილდისარი, მასრა, ხმალი, ფარი, შუბი და სხვა საომარი იარაღი, ძველი ფეხსაცმელი, მაუდის პირები, საპერანგე და სასარჩულე ქსოვილი, კერის რკინეულობა, დიდი ქვაბები, ცეცხლზე ქვაბის ჩამოსაკიდი რკინის ჯაჭვები, მარილი, საპონი და სხვა ასეთი საგნები. ამ მეხომალდეებს ნაზ ბიჭებს, ცხიმეულს, თაფლის სანთელს, მუშამბას, კვერნას, თაფლს აძლევენ და სამაგიეროდ ზემოჩამოთვლილ საგნებიდან რაც სჭირდებათ, იღებენ. ამ ქვეყანაში სრულებით არ არის ოქროსა და ვერცხლის ფული. ყიდვა-გაყიდვა გაცვლა-გამოცვლის წესით წარმოებს. ამ სოჭის ტომიდან დასავლეთისაკენ ზღვის პირით ორი კონაკი გავიარეთ და ჯმბას ტომს მივაღწიეთ.

ჯმბას ტომის აღწერა: ერთი ბეგი და ორი ათასი მეომარი ჰყავთ. ამათ ნავსადგურში სამი დღე დავყავით და ყველასთან კარგი ურთიერთობა გვქონდა. მთელი ჩვენი ტანისამოსი, ფარდაგები, ნაბდები და ქეჩები მივეცით და ქალიშვილები და ბიჭები გამოვართვით.

მე მწირმაც ერთი აბაზა ბიჭი ვიყიდე. მეოთხე დღეს ისევ დასავლეთისაკენ გავემართეთ, ორი დღე ვიარეთ და ბუზუდუკის ტომს მივაღწიეთ.

ბუზუდუკის ტომის აღწერა: ამათაც ბეგი და ათი ათასი კაცი ჰყავთ. მათ ნავსადგურში სტამბოლის ათი ხომალდი დაგვხვდა. მრავალ მეგობარს შევხვდით. უსაზღვროდ გავიხარეთ და ვისიამოვნეთ. ჩვენი ბარგიდან ზოგი მძიმე ნივთი მათ ჩავაბარეთ შესანახად; ჩვენა და ჩვენ მსახურ ბიჭებს ტვირთი შეგვიმსუბუქდა. მენგლი გირეჲ-ხანმა (ყირიმის თათართა ხანი /პირველად 1469-1474; მეორედ 1478-1515/ – გ. ფ.) ამ ბუზუდუკის ტომიდან სამი ათასი მეომარი ასტრახანის ლაშქრობაში წაიყვანა და როდესაც ასტრახანი დაიპყრეს, ბუზუდუკის ტომი ჩერქეზთა ქვეყანაში უბურის მთის ძირას დაასახლა. ჩერქეზეთში ახლაც ბუზუდუკის ტომს უწოდებენ. აბაზას ბუზუდუკებსა და ჩერქეზეთის ბუზუდუკებს შუა უბურად წოდებული მაღალი მთა მდებარეობს. სამი კონაკია. ერთმანეთს თავს ესხმიან და ბავშვებს სტაცებენ. აბაზას ბუზუდუკებსაგან ისევ დასავლეთისაკენ ვიარეთ ზღვის პირას, ორი კონაკი გავიარეთ და უსუვიშის ტომს მივაღწიეთ.

უსუვიშის ტომის აღწერა: ზღვის პირას, ციცაბო კლდეზე ერთი ძველი დანგრეული ციხეა. რადგანაც არახელსაყრელი ამინდი იყო, ჩვენ მეთოფე თანამგზავრებთან ერთად ფხიზლად ვიყავით და ერთი ღამე იქ გავატარეთ. მათი ბეგი ჩვენთან მოვიდა. ხუთი ცხვარი მოიყვანა და გაგვიმასპინძლდა.

ეს ტომი ხის მშვილდებს აკეთებს და გუნდის ხისაგან – ისრებს. თოფს ყველა ხმარობს. სამი ათასი კაცია. მათი ნავსადგური სიმაგრე უსუვიშია. დიდი მთები აქვთ, რომლებშიცაა დათვი, ტახი, მელა, ტურა, სიასამურის მსგავსი კლდის კვერნა, კვერნა, აფთარი, ირემი, გარეული ქათამი.

უცნაური ის არის, რომ ეს აბაზას ტომი ხშირად თავიანთი ბეგის გვამს ზანდუკის მსგავსად [გაკეთებულ] ხეში დებს. ამას დიდი ხის წვერზე ორკაპა ტოტზე მიაჭედებენ, თავთან ნახვრეტს უკეთებენ და ისე ტოვებენ. მათი ცრუ რწმენით, იმ ხვრელიდან სამოთხეს უცქერის თურმე [მიცვალებული]. შემდეგ იმ ნახვრეტში მრავალი ასი ათასი ფუტკარი შედის, აბაზას გვამის იღლიებსა და ლაჯებში თაფლს აკეთებს. [თაფლის ამოღების] დროს ამ ყუთს სახურავს ახდიან, ბეწვიან თაფლს ტიკებში ასხამენ და ჰყიდიან. ხალხი ამბობს – აბაზური თაფლიაო, დაესევიან და იტაცებენ. მისი სისაძაგლე კი არ იციან. აბაზურ თაფლს ძალიან უნდა უფრთხილდეს კაცი. ამ აბაზას ქვეყანაში მრავალი რამ საოცარი და სასწაულებრივია, მაგრამ მათი აღწერა შეუძლებელია. აქაც ბევრი აბაზა ჭაბუკი ვიყიდეთ და დასავლეთისაკენ ორი დღე ვიარეთ. აშღილის ტომს მივაღწიეთ. 

აშღილის ტომის აღწერა: ამათაც ერთი ბეგი და ორი ათასი კაცი ჰყავთ. მაგრამ ქურდი და ღატაკი ტომია. ყველა აბაზას მათი გადაკიდებისა ეშინია, რადგანაც ძალზე მამაცი და გულადი ხალხია. აქაც ერთი გავერანებული ციხეა. ამათ ნავსადგურს აშღა ეწოდება. კაფას, ქერჩისა და ტამანის მრავალი გემი მოდის აქ. ზამთრობით ვერ დგებიან, რადგანაც ღია ადგილია. მთები კი ნაყოფიერია. აქედან ისევ დასავლეთისაკენ ერთი კონაკი გავიარეთ და სოფელ ათმას მივაღწიეთ. 

სოფელ ათმას აღწერა: ეს სოფელი აშღილის [ტომს] ეკუთვნის. მთებში გაშენებული, აყვავებული სოფელია. მათ შორის თოფხანეს აბაზა მუსლმები არიან. აქ ერთი მეჩეთიც ვნახეთ. ჩერქეზთა ქვეყნამდე ერთი კონაკია. ჩერქეზებთან გამუდმებით იბრძვიან. აქედან ორ დღეში სოუკ სუს ტომს მივაღწიეთ.

სოუკ სუს ტომის აღწერა (სოუკსუ – „ცივი წყალი“ – გ. ფ.): ერთი ბეგი და სამი ათასი ვაჟკაცია. ქეჰეილანის ცხენები ჰყავთ (არაბული ცხენის რამდენიმე ჯიში იყო ცნობილი. მათ შორის საუკეთესოდ ითვლებოდა ქეჰეილანის ჯიში. გამოირჩეოდნენ მაღალი ტანითა და მუქი ფერით – გ. ფ.). მათი ნავსადგური ჰარუნაა. საუცხოო ყურეა გემების გასაჩერებლად. სოუკ სუდ წოდებული დიდი მდინარე აქვთ, რომელზეც გადასვლა შეუძლებელია. მდინარე ჩერქეზეთის მთებში იღებს სათავეს და ამ ადგილას შავ ზღვას ერთვის. უკვდავების წყაროს მსგავსი წყალია. სწორედ ამიტომ დაურქმევიათ ამ ტომისათვის სახელი სოუკი, ამ მდინარის ნაპირას რომ სახლობს. მდიდარი და გულუხვი ადამიანები ჰყავთ. აქედან დასავლეთისაკენ ორი კონაკი გავიარეთ და კუთასის ტომს მივაღწიეთ.

კუთასის ტომის აღწერა: ერთი ბეგი ჰყავთ. სულ შვიდი ათასი მეომარია. მათ ნავსადგურს კუთასი ეწოდება. ფიცრით ნაგები, ჭილით დახურული საწყობები აქვს. სოფლები მთებში მდებარეობენ და ნავსადგურს გადმოყურებენ. მათ ნავსადგურში ბევრია კაფას და ტამანის ხომალდები. ამ ტომთან ყირიმის მხრიდან ყოველთვის მოდიან ცხენოსნები და ვაჭრობენ. მშვიდი და მორჩილი ხალხია, რადგანაც მათი ადგილები ძნელად მისასვლელი არ არის. ხორბალიც მოჰყავთ. ამას გარდა, აღწერილ აბაზას ქვეყანაში ღომს თესენ. ერთი ქილა ასი ქილა ღომის მოსავალს იძლევა. ამ ტომს მოწნული, ყავრით დახურული სახლები აქვს. შუაცეცხლი უნთიათ. ათ კომლს ერთ კაბაკს ეტყვიან და მას ოთხ მხარეს ციხის მსგავსად აქვს შემოვლებული ღობე. საქონელი ყველას ჰავს და მათ დღედაღამ ლომივით ძაღლებით ყარაულობენ. ასეთივე მდგომარეობაა აბაზას ყველა ტომისათვის, რადგანაც ყველა სახლი ტყეშია აშენებული. ერთმანეთის ეშინიათ. ამ ტომსა და ჟანას ჩერქეზებს შორის ერთი კონაკია. ამათ ჩერქეზული ენაც იციან. ერთმანეთთან შეთანხმებით ჩერქეზეთში მიაქვთ საქონელი და ჩერქეზებსაც ამათ ნავსადგურში მოაქვთ. 

ამ ადგილას დამთავრდა აბაზას ქვეყანა. ამ ადგილიდან მოყოლებული მდინარე ფაშამდე ყველა ტომი, ვისთანაც ჩვენ მივედით და დავათვალიერეთ, ზღვის პირას სახლობს. ყველა სოფლის სახლს სამხრეთით, შავი ზღვისაკენ აქვს პირი მიქცეული. მდინარე ფაშადან, აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ, ამ კუთასის ტომამდე აბაზთა ქვეყნის სიგრძე სრული ორმოცი კონაკია, სიგანე – ხუთი კონაკი.

ამ ქვეყნის ორმოცი კონაკის მანძილზე ორმოცი დიდი მდინარე ჩამოდის. ყველა მდინარე ჩერქეზეთსა და აბაზას შორის მდებარე მთებიდან მოედინება და შავ ზღვას ერთვის. ეს არის ერთმანეთზე მიბჯენილი სამოცდაათი მაღალი მთა. ამბობენ, რომ ოთხი ათასი სოფელია, მაგრამ მე ეს არ ვიცი. მათი მთები არ მომივლია. ხარაჯას და სხვა ბაღ-ვენახის მოსავალს, ან აშარის მსგავსს არაფერს იძლევიან. მრავალი ასი ათასი ურჩი და მეამბოხე ხალხია. მათ რომ ქაფირი (ქაფირი – გიაური, ურჯულო, ურწმუნო, სხვა სარწმუნოებისა /მათ შორის ქრისტიანიც/ – გ. ფ.) უწოდონ, კაცს მოკლავენ, მუსლიმი რომ უწოდონ – გაეხარდებათ. ესენი ყურანს არ იცნობენ და არც რაიმე სარწმუნოება აქვთ. ამასთანავე, ქაფირი არ უყვართ და მუსლიმს სულს მისცემენ. ისლამი რომ მიიღონ, ძალზე მორწმუნე და ერთი ღმერთის მიდევარნი იქნებიან. მათი წინაპრები ყურეიშთა აბაზის ტომიდან არიან. ესენი ზღვის სანაპიროზე ნავსადგურების მფლობელი აბაზები არიან“. 

შემდეგ XXXIV თავში (გვ. 106) ევლია ჩელები ლაპარაკობს „მთებში მოსახლე აბაზას ტომებზე“, სადაც ამბობს:

ფუშრხი – მეგრელებთან ახლოა. ბეგი და შვიდი ათასი ურჩი ხალხია.

ახჩფსი – ამათაც ბეგი ჰყავთ. ათიათასიანი ტომია.

ბსლბ – ბეგი ჰყავთ. შვიდი ათას ხუთასი მამაცი მცხოვრებია.

მქლიე – სამი ათასი მამაცი მცხოვრებია და ერთიც ბეგი ჰყავთ.

ვაი ფიღა – ბეგი ჰყავთ, ათასი კაცია. ბაღრს – ბეგი ჰყავთ, სულ რვაასი წევრისაგან შემდგარი სუსტი ტომია. ქურდები არ არიან.

ალაკარიშ – ხუთასი კაცია და ერთი ბეგი ჰყავთ.

ჩმაკურს – ბეგი ჰყავთ, სულ სამი ათასი კაცია.

მაჯარ – ბეგი ჰყავთ. სულ ორი ათასი კაცია, მაგრამ მამაცი ვაჟკაცები არიან.

ჲაიხარშ – ბეგი ჰყავთ. სულ ოთხი ათასი კაცია.

ზემოთ აღწერილ მთაში მოსახლე ათ ურჩ ტომთაგან ვერც ერთი ვერ მოდის აშღილიში მდებარე ნავსადგურის [მფლობელ] აბაზებთან.

მთაში და ზღვისპირზე მცხოვრები აბაზების ოცდახუთი ტომის [აღწერა] აქ დამთავრდა“.

შემდეგ XXXV თავში, რომელსაც ეწოდება „არაჩვეულებრივი და გასაოცარი აბაზას ენა“ (გვ. 106) ევლია ჩელების მოჰყავს აფხაზთა ენის კონკრეტული სიტყვები და მათ თარგმანები. ქვემოთ სქოლიოში კი გიორგი ფუთურიძეს აქვს გაკეთებული შემდეგი განმარტება: „არაბული დამწერლობის თავისებურებათა გამო ევლია ჩელების არ შეეძლო სრულად და ზუსტად გადმოეცა უცხო ენების ბგერები. ზოგ შემთხვევაში იგი სწორად ვერ აღიქვამდა „უცნაურ“ ბგერებს, ზოგიც კორექტურული შეცდომა უნდა იყოს.

აქაც და შემდეგშიც უფრჩხილებოდ მოცემული სიტყვები და მათი გამოთქმები ევლია ჩელებისეულ ჩანაწერსა და მათი თურქული მნიშვნელობის ქართულ თარგმანს შეიცავს, ფრჩხილებში კი მოთავსებულია ჩვენს მიერ კორექტურულ შეცდომად ნავარაუდებელი წინა ასოს გასწორება“. 

შემდეგ მოდის თავად ევლია ჩელების ტექსტი, სადაც მისი თანამედროვე აბაზების (აფხაზური) სიტყვები და გამოთქმებია გადმოცემული: „აკ – 1; ვბა – 2; იხფა – 3; ბშნ/ბ/ა – 4; ხუბა – 5; კ/ф/ბა – 6; ბზ/ჟ/ბა – 7; ‘აბა – 8; ჟბა – 9; ზ/ჟ/უბა – 10; აკ ზ/ჟ/უბა – 11; ვბა ზ/ჟ/უბა – 12;

ვაჲ – „ჲ“-სკენ გადახრით – მოდი; უჩი – წადი; უთუჲ – ესეც „ჲ“-სკენ გადახრით – დაჯექ; უკულ – ადექ; უმჩინ – არ წახვიდე; ად/რ/ფშ – ბიჭი; სჩაბ – წავალ; აბ/ფ/ჯ[ჰ]რ[უ]შ – ქალი; სქჩამ – არ წავალ; უზუმჩოზუი არფშ – რატომ არ მიდიხარ, ბიჭო; სირა იზდრვეჲ – მე ვიცი; ურა ჲუდდ/რ/ვა – შენ რა იცი; უნაჯ კსი – ჩემო სულო და თვალო; სირა იზდრვაჰ – რაც მე ვიცი; სირა სზკთ – მე მყოფნის; არს იზუჰვაზუჲ – ასე რატომ ლაპარაკობ; ვა უბუზუა – ბოდავ; ისჰვაზუჲ – რას ვლაპარაკობ; სირა იშ[ს]რ[ზ]რმ – მე არ ვიცი; ურა ჲუხრ/ვ/უა – შენი ნათქვამი; ურა ჲურ/დ/რუა – შენ იცი; აკა ურა უკაგუბ – მაგრამ შენ გიჟი ხარ; ანჩგი ავ’გი ადლშ – ჩვენი ღვთისა და მის ქმნილებათათვის; აკი სჟ დრმ ანჩრთ/ნ/შ – ღმერთმანი არაფერი ვიცი; უს კვჰ სრსჰბ – ცოდო ვარ, ნუ მაწვალებ; სირა აკრ უსთჰვან – უცნაურ რამეს ვლაარაკობ; ანჩრ/უ/ნშაი/ფ/შ ამლა აფშრაჲ – ღმერთმანი, აბაზავ, მშია; სჩაბ ფსთა ჲუკ/ф/რმ – წავალ, ღომს ვჭამ“.

შემდეგ, XXXVI თავის დასაწყისში ევლია ჩელების მოჰყავს „საძი აბაზას ენის“ ნიმუშები: ვ/ზ/ა – 1; თოკა – 2; შქე – 3; ფლი – 4; აშუ – 5; კ/ф/უნ – 6; იფლი – 7; უღა – 8; იფღი – 9; ზ/ჟ/უ – 10; ვ/ზ/ა ზ/ჟ/უ – 11; თოკა ზ/ჟ/უ – 12; სხა – პური; ღა – ხორცი; ბზი – წყალი; фა – ყველი; ჩევაჰ – მაწონი; ხა – მსხალი; მსუდ – ყურძენი; ლხმკ – ლეღვი; ეს ხუ – წაბლი; ლკა – [ქვა]მარილი; ვიქა – მოდი; უთს – დაჯექ; უდეთო – ადექ; უმქა – არ წახვიდე; სუქოჰ – მივდივარ; სბრიქნ – საით მიდიხარ; სვუშკღსლუჰ – საქმე მაქვს, მივდივარ; სфაღა სქჩო ვიქა – მოდი, სახლში წავიდეთ; სქენო ‘სვქა – სახლში მივდივართ; სრხოდ – რა მოგივიდათ; ხოჟ ღოდ აშღდ – ერთი ღორი ვჭამეთ; არკამდე ჟენუ – ჩვენი ღორი ხომ არ შეუჭამიათ; უჩელა შქნოღ – საქურდლად მივდივართ; ნალა შქაღა – საით წახვედით“.

შემდეგი აბზაცით ევლია ჩელები ასრულებს აფხაზეთში თავისი მოგზაურობის ამბების მოყოლას. იგი ასკვნის: „ამ ენებს გარდა კიდევ მრავალი ენაა, მაგრამ ერთმანეთში ამერია და ესღაა, რაც მეხსიერებაში დამრჩა. ამასთანავე ეს ენები მხოლოდ ამგვარად დაიწერება. იმიტომ, რომ ისეთი მეტისმეტად ძნელი ენებია, თითქოს ფრინველთა, კაჭკაჭის ენააო. ძალზე ნიჭიერი გონების, კეთილშობილი, ნამდვილი და მიბაძვისუნარიანი მსახიობი უნდა იყო, რომ აბაზა ხალხთან საუბარი შეძლო. მაგრამ მსოფლიო მოგზაურს სჭირდება ყოველი ენის თითო წვეთის ცოდნა იმდენად, რომ მისთვის მოსალოდნელი სარგებლობა ან ზარალი გაიგოს და მოგზაურობაში მოსვენებული იყოს; იმიტომ, რომ ნათქვამია: „ყველა ხალხის ენა მისი შესაფერისია“. ამ ქვეყნად ზოგი ენის შესწავლა გონივრული და სავალდებულოა. უცხო ქვეყანაში კაცი ხსნასა და წრმატებას ჰპოვებს და სამშვიდობოს გავა. ზემოაღნიშნული კუთასის ნავსადგურიდან ავიყარენით, ზღვაზე ორი დღე დასავლეთისაკენ ვიარეთ და ანაპის სადგურში მოვედით“.

ნუთუ ყოველივე ამის წაკითხვის შემდეგ ისტორიული სინამდვილის პატიოსნად და კვალიფიციურად შესწავლისა და მკითხველისადმი მიწოდების სურვლით წახალისებულ მეცნიერს ან მკვლევარს ისეთი დასკვნა უნდა გამოეტანა, რაც პავლე ინგოროყვას უწერია თავის ზემოხსენებულ წიგნში განსახილველი ქვეთავის დასასრულს (გვ. 145): „ჩვენ ამით დავამთავრებთ განხილვას საკითხისას, თუ როგორი იყო ეთნიკური შემადგენლობა აფხაზეთის მხარეთა მოსახლეობისა ანტიკურ ხანაში და საშუალო საუკუნეებში. როგორც გამოირკვა, აფხაზეთის მხარეები დასახლებული ყოფილა ქართველი ტომებით, სახელდობრ, აქ მოსახლეობდა ქართველ ტომთა სამი შტო: მესხები, კოლხები (მეგრელ-ლაზები) და სვანები“. ასეთი დასკვნა შორსაა როგორც პატიოსნების, ისე მეცნიერულობისგანაც, რამაც სავსებით კანონზომიერად და სამართლიანად გამოიწვია სერიოზული გულისწყრომა და აღშფოთება აფხაზურ საზოგადოებაში. რაც შეეხება ვახუშტი ბატონიშვილის მიერ მოყვანილ ცნობას, რომ XVII საუკუნის დასაწყისში სოხუმისა და ლიხნის მხარეებშიც, ანუ მდინარე კოდორის ჩრდილოეთით, უპირატესად მეგრული მოსახლეობა იყო, ეს ძირეულად ეწინააღმდეგება ორივე იმდროინდელი მოგზაურისა და თვალითმხილველის, არქანჯელო ლამბერტისა და ევლია ჩელების მონათხრობს. თავად ვახუშტი თავის თხზულებას ამ დროიდან ერთი საუკუნის შემდეგ წერდა, XVIII ასწლეულის პირველ ნახევარში, ბევრწილად სხვადასხვა პირთა მიერ საქართველოს შესახებ მონათხრობი ან პეტერბურგში ჩატანილო ამბებით, და ამიტომ არ არის გამორიცხული, რომ მასში ასეთი სახის შეცდომები ყოფილიყო. ასევე, რაც შეეხება 1480-90-იან წლებში კელასურის სანახების სამეგრელოდ მოხსენიებას, გასათვალისწინებელია ისიც, რომ იმ ხანებში ალბათ აფხაზეთის სამთავრო ჯერ კიდევ უფრო ძლიერად იქნებოდა დაკავშირებული ოდიშის სამთავროსთან, თავად აფხაზეთის მთავარი კი უფრო მეტად იქნებოდა დაქვემდებარებული ოდიშის მთავრისადმი და მასზე დამოკიდებული, რაც შემდეგ 1600-იან და 1700-იან წლებში მნიშვნელოვნად შეიცვალა და აფხაზეთის მთავრებმა უფრო მეტად დამოუკიდებელი როლის თამაშიც დაიწყეს, ხოლო ქართული სახელმწიფოებრიობის რეალობა კი ისეთი შეიქნა, რომ ოდიშის მთავართა ძალაუფლება მდინარე კოდორის ჩრდილოეთით მნიშვნელოვნად დასუსტდა, ისევე როგორც ქუთაისის ძალაუფლება ოდიშის, გურიისა და აფხაზეთის სამთავროებზე, ან კიდევ თბილისის ხელისუფალთა ძალაუფლება დასავლეთ საქართველოზეც, კახეთზეცა და სამცხე-საათაბაგოზეც. ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით, 1400-იანი წლების მიწურულს მდინარე კელასურის ნაპირზე არსებული ნავსადგურის იტალიურ რუკებზე Porto Mengrelo-დ მოხსენიება სულაც არ გულისხმობს იმას, რომ იქ მეგრული მოსახლეობა იყო და არა აფხაზური. ზუსტად ასევე, როგორც კარგად უნდა გვახსოვდეს, ხშირად ევროპულ და ამერიკულ ჟურნალ-გაზეთებში 1970-80-იან წლებში, საქართველოს ხალხური ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის წევრებს რუს მოცეკვავეებს უწოდებდნენ, თბილისის „დინამოს“ ფეხბურთელებს – რუს სპორცმენებს, ედინბურგში გასტროლებზე ჩასულ რუსთაველის თეატრის მსახიობებს კი – რუს მსახიობებს. და ეს სულაც არ ნიშნავდა იმას, რომ მაშინ ქართველები არა ვყოფილვართ.

მაგრამ ისტორიაში ტყუილების წერითა და ნამდვილი ისტორიის გაყალბებით რაიმე სასიკეთო მიზნის მიღწევისთვის ზრუნვა, ცხოვრება გვიჩვენებს, რომ მცდარი და მავნებელია. ჯერ ერთი, როცა რაიმეს ვითომდა ჩვენს სასიკეთოდ ვაყალბებთ, იქ უკვე ტყუილს ვლაპარაკობთ ამავე საქმეში ჩართულ სხვა მხარეზე, ანუ ცილს ვწამებთ მას და ვაზიანებთ მასთან ერთად და, უწინარეს ყოვლისა, საკუთარ თავსაც, ვინაიდან ვარღვევთ ღვთის მცნებას: „არა ცილი სწამო მოყვასსა შენსა წამებითა ცრუითა“; უფლის მცნებების უგულვებელყოფით კი შეიძლება მტრად გადავიკიდოთ სწორედ ის მოყვასნი, რომლებიც სხვა შემთხვევაში ჩვენი დიდი გულშემატკივრები და მეგობრები შესაძლოა ყოფილიყვნენ. და ასე ხდება კიდეც.

ირაკლი ხართიშვილი