(წერილი ვერ იქნა გამოქვეყნებული ჟურნალ "ქვაკუთხედში")
რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები დღესდღეობით სერიოზულად არის გამწვავებული, იმდენად რომ საქართველოს ხელისუფლება გადაჭრით უარყოფს ატლანტიკური დასავლეთისა და რუსეთის სულ უფრო მზარდ დაპირისპირებაში რუსეთის მიერ შემოთავაზებული ნეიტრალიტეტისა და დასავლურ სახედრო-პოლიტიკურ სტრუქტურებში არშესვლის, ამერიკული, თურქული და სხვა დასავლური შეიარაღებული ძალებისთვის საკუთარი ტერიტორიის არდათმობის წინადადებას და ამის საპირისპიროდ აქტიურ ქმედებებს მიმართავს არა მხოლოდ საკუთარ ტერიტორიაზე მათთვის სამხედრო ბაზებისა და ობიექტების გამოსაყენებლად მიცემის, არამედ რუსეთის დასავლეთ და სამხრეთ საზღვრების გაყოლებით მდებარე პოსტსაბჭოთა სახელმწიფოებში პროამერიკული რეჟიმების დამკვიდრებისა და იქაც ამერიკული სამხედრო ყოფნის უზრუნველსაყოფად პირობების მომზადების მიმართულებით. ეს ძალზედ საშიში და სახიფათო ქმედებებია, სხვას რომ ამჯერად თავი დავანებოთ, საქართველოს ხელისუფლების მხრიდან, და ყოველივე ამის უკან ატლანტიკური დოლარების კვალი აშკარად მოჩანს, ისევე, როგორც ამ კურსის მხარდამჭერი ე.წ. პოლიტიკური პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებების საქმიანობის უკანაც. და ხშირად ეს ადამიანები თავიანთი პოზიციის გასამართლებლად და დასასაბუთებლად იშველიებენ თავად რუსეთის ნაბიჯებსა და მათ არაკეთილმოსურნეობას საქართველოს მიმართ.
მაგრამ როდესაც ორ ქვეყანას შორის კრიზისული ან ომის სიტუაცია ყალიბდება, იქ კეთილმოსურნეობას სულ უფრო ნაკლებად უნდა ველოდეთ. ამიტომ მეტად მნიშველოვანია მივიდეთ ამ კონფლიქტური სიტუაციების ან საერთოდ ამ ურთიერთობების სათავეებთან და იქიდან შევუდგეთ იმის გარკვევას, თუ სად, როდის და ვისი მიზეზით დაიწყო წყლის ამღვრევა და სად არის შესაძლებელი საქმის გამოსწორება. რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში ერთერთ ასეთ სათავეს წარმოადგენს 1783 წლის 24 ივლისს (ძველი სტილით) რუსეთის იმპერიის ჯარების კავკასიის ხაზზე წმ. გიორგის სახელობის სიმაგრეში რუსეთსა და საქართველოს (ქართლ-კახეთის სამეფოს) შორის დადებული ხელშეკრულება მფარველობასა და მოკავშირეობაზე, რომელიც ისტორიულად ცნობილია გეორგიევსკის ტრაქტატის სახელწოდებით. ამ დოკუმენტის ტექსტი გამოცემული იყო საბჭოთა საქართველოშიც _ ქართული და რუსული ტექსტები _ და ჩვენ ამჯერად ვიხელმძღვანელებთ გიორგი პაიჭაძის მიერ 1983 წელს თბილისში გამოცემული წიგნით “გეორგიევსკის ტრაქტატი”.
გეორგიევსკის ტრაქტატის ქართული დედანი დაწერილია თანამედროვე ქართველი მკითხველისთვის ძალზედ მძიმედ გასაგები ენითა და ტერმინოლოგიით, რის დასადასტურებლადაც მოვიყვანთ ტრაქტატის პირველ არტიკულს (მუხლს): “უგანათლებულესობა მისი მეფე ქართლისა და კახეთისა სახელითა თვისითა, მემკვიდრეთა და მენაცვალეთა თვისთა, დღესასწაულობით უკუნსთქუამს ყოველსა ვალობასა, ანუ ვითარსამე ტიტლოსა, ყოვლისაგან მოკიდულებისა სპარსთასა ანუ სხუათა მფლობელთასა. და ამით ცხად ჰყოფს წინაშე პირსა ყოვლისა სოფლისასა, ვითარმედ არა შერაცხს იგი თავის ზედა და მენაცვალეთა თვისთა ზედა სხვასა თვითმპყრობელსა, თვინიერ უზენაესისა ხელმწიფებისა და მფარველობისა მისისა იმპერატორების დიდებულებისა, და მაღალთა მისთა მემკვიდრეთა და მენაცვალეთა საიმპერატოროისა ტახტისა ყოვლისა რუსეთისათა, აღმთქმელი ტახტისა მის ერთგულებისა და მზა ყოფისა შეწევნისათვის სარგებლისა სახელმწიფოისა, ყოველსა შინა შემთხუევასა და დროსა, სადაცა ეს ითხოების მისდამი”.
ქართული ტექსტის გაგების სირთულის გამო გვინდა ჩვენს მკითხველს მივაწოდოთ რუსული პირის თარგმანი თანამედროვე ქართულ ენაზე, თუმცა კი ზოგიერთი ტერმინისა და გამონათქვამის გადმოტანას შევეცდებით 1783 წლის დოკუმენტის ქართული დედნიდან. გეორგიევსკის ტრაქტატს გააჩნია შესავალი, რომელშიც ვკითხულობთ:
“სახელითა ღმრთისა ყოვლისა შემძლებელისა ერთისა სამწმინდაობასა შინა დიდებულისათა:
უძველესი დროიდან სრულიად რუსეთის იმპერია ქართველ ხალხთან ერთმორწმუნეობით წარმოადგენდა დაცვას, დახმარებასა და თავშესაფარს ამ ხალხისა და მისი უგანათლებულესი მფლობელებისთვის იმ ტანჯვათაგან, რომლებსაც ისინი განიცდიდნენ თავიანთი მეზობლებისგან. სრულიად რუსეთის თვითმპყრობელების მიერ, ქართველი მეფეებისთვის, მათი საგვარეულოსა და ქვეშევრდომებისთვის ბოძებულმა მფარველობამ წარმოქმნა უკანასკნელთა ის დამოკიდებულება პირველებზე, რომელიც ყველაზე უფრო სრულად ჩანს თავად რუსეთის საიმპერატორო ტიტულიდან . მისმა იმპერატორობითმა უდიდებულესობამ, აწ ბედნიერად მმეფობმა, საკმარისი სახითა და ნათლად გამოაცხადა ამ ხალხისადი თავისი მონარქიული კეთილგანწყობა და მისი სიკეთისათვის თავისი დიდსულოვანი განგებულების შესახებ თავისი ძლიერი მცდელობებით, რომლებიც გამოყენებულ იქნა ამ ხალხის გამოხსნისთვის მონობის უღლისგან და ჭაბუკებითა და ქალწულებით გადასახდელი საყვედრებელი ხარკისგან, რომლებსაც ერთი ნაწილი ქართველებისა სავალდებულოდ იხდიდა, და ასევე განაცხადა თავისი მონარქიული მზრუნველობის შესახებ მათი მფლობელების მიმართ. ამ განწყობილებით ყურად იღო რა სიმდაბლით მისი ტახტისადმი წარდგენლი თხოვნა ქართლისა და კახეთის უგანათლებულესი მეფის ერეკლე თეიმურაზის ძისა, მთელი მისი მემკვიდრეებითა და მენაცვალეებით , მთელი მისი სამეფოებითა და მხარეებით მისი უდიდებულესობისა და მის მაღალ მემკვიდრეთა და მენაცვალეთა მონარქიული მფარველობის ქვეშ მიღების შესახებ, სრულიად რუსეთის იმპერატორების ქართლისა და კახეთის მეფეებზე უმაღლესი ხელისუფლების აღიარებით, ყოვლად მოწყალედ ისურვა დაადგინოს და დადოს მოხსენიებულ უგანათლებულეს მეფესთან სამეგობრო ხელშეკრულება, რომლის მეშვეობითაც, ერთის მხრივ, მისი უგანათლებულესობა თავისი სახელითა და თავის მენაცვალეთა სახელით აღიარებდა რა მისი იმპერატორობითი უდიდებულესობისა და მის მაღალ მენაცვალეთა უმაღლეს ხელისუფლებასა და მფარველობას ქართლისა და კახეთის სამეფოების მფლობელებსა და ხალხებზე, აგრეთვე მათ მფლობელობაში მყოფ სხვა ხალხებზეც, აღნიშნავდა საზეიმოდ და ზუსტად თავის ვალდებულებებს სრულიად რუსეთის იმპერიისადმი; ხოლო მეორეს მხრივ _ მის იმპერატორობით უდიდებულესობას ასევე შეეძლებოდა საზეიმოდ აღნიშვნა იმისა, თუ რა უპირატესობებსა და სარგებელს უბოძებდა იგი თავისი გულუხვი და ძლიერი ხელით მოხსენიებულ ხალხებსა და მათ უგანათლებულეს მფლობელებს”.
შემდეგ შესავალში ნათქვამია, რომ ტრაქტატზე ხელმოსაწერად რუსეთის მხრიდან დადგენილ იქნა რომის იმპერიის უგანათლებულესი მთავარი, მისი იმპერატორობითი უდიდებულესობის ჯარების გენერალ-ანშეფი, რეგულარული და არარეგულარული მსუბუქი ცხენოსანი ჯარებისა და სხვა ბევრი სამხედრო ძალის მბრძანებელი, სენატორი, სახელმწიფო სამხედრო კოლეგიის ვიცე-პრეზიდენტი, ხელმწიფის მენაცვალე ასტრახანის, სარატოვის, აზოვისა და ნოვოროსიისკის მხარეებში, მისი უდიდებულესობის გენერალ-ადიუტანტი და ნამდვილი კამერჰერი... გრიგოლ ალექსანდრეს ძე პოტიომკინი, რომელმაც, თავის მხრივ, ამ უფლებებით აღჭურვა მისი იმპერატორობითი უდიდებულესობის…არმიის გენერალ-პორუტჩიკი, ასტრახანის გუბერნიის ჯარების სარდალი, მისი უდიდებულესობის ნამდვილი კამერჰერი... პავლე პოტიომკინი; საქართველოს მხრიდან ტრაქტატზე ხელმოსაწერად არჩეულ იქნენ მათი ბრწყინვალებანი მარცხენა ხელის ჯარების სარდალი (ქართული ტერმინოლოგიით _ მემარცხენე სპსპეტი) თავადი იოანე კონსტანტინეს ძე ბაგრატიონი (მუხრანბატონი) და ერეკლე მეფის მანდატურთუხუცესი (რუსული ტერმინოლოგიით _ გენერალ-ადიუტანტი) და ყაზახის სამთავროს ზედამხედველითავადი გარსევან რევაზის ძე ჭავჭავაძე.
“ხსენებულმა სრულუფლებიანმა წარმომადგენლებმა, შეუდგნენ რა ღუთის შეწევნით საქმეს და გაცვალეს რა ურთიერთშორის თავიანთი უფლებამოსილებანი, მათი ძალით დაადგინეს, დაასკვნეს და ხელი მოაწერეს შემდეგ არტიკულებს.
ა რ ტ ი კ უ ლ ი პ ი რ ვ ე ლ ი
მისი უგანათლებულესობა მეფე ქართლისა და კახეთისა თავისი სახელით, თავისი მემკვიდრეებისა და მენაცვალეთა სახელით საზეიმოდ სამარადისოდ უარს ამბობს ყოველგვარ ვასალობაზე, ან სხვა რაიმე წოდებით ყველანაირ დამოკიდებულებაზე სპარსეთის ან რომელიმე სხვა სახელმწიფოსგან; და ამით აცხადებს მთელი მსოფლიოს წინაშე, რომ იგი არ აღიარებს თავის თავზე ან თავის მენაცვალეთა თავზე სხვა თვითმპყრობელობას თვინიერ სრულიად რუსეთის საიმპერატორო ტახტის და მისი იმპერატორობითი უდიდებულესობისა და მისი მაღალი მემკვიდრეებისა და მენაცვალეთა უმაღლესი ხელისუფლების და მფარველობისა, ჰპირდება რა ამ ტახტს ერთგულებასა და მზადყოფნას შეეწეოდეს სახელმწიფოს სარგებელს ყველა შემთხვევაში, სადაც კი ამას მისგან მოითხოვენ.
ა რ ტ ი კ უ ლ ი მ ე ო რ ე
მისი იმპერატორობითი უდიდებულესობა, ღებულობს რა მისი უგანათლებულესობის მხრიდან ასეთ გულწრფელ დაპირებას, მის თანაბრად ჰპირდება და თავისი იმპერატორობითი სიტყვით აიმედებს თავისგან და თავის მენაცვალეთაგან, რომ მათი წყალობა და მფარველობა ქართლისა და კახეთის უგანათლებულეს მეფეებს არასოდეს წაერთმევათ. რის დასამტკიცებლადაც მისი უდიდებულესობა აძლევს თავის იმპერატორობით თავდებობას მისი უგანათლებულესობის მეფე ერეკლე თეიმურაზის ძის ახლანდელი სამფლობელოიების მთლიანობის შენარჩუნებაზე, ვარაუდობს რა ასეთი თავდებობის გავრცელებას იმ სამფლობელოებზეც, რომლებიც დროთა განმავლობაში გარემოებების გამო შეძენილი და მტკიცედ მისდამი დაქვემდებარებული იქნება.
ა რ ტ ი კ უ ლ ი მ ე ს ა მ ე
იმ გულწრფელობის გამოსახატავად, რომლითაც მისი უგანათლებულესობა ქართლისა და კახეთის მეფე აღიარებს სრულიად რუსეთის იმპერატორთა უმაღლეს ხელისუფლებასა და მფარველობას, დადგენილია, ხსენებული მეფეები მეფობაზე მემკვიდრეობით შედგომისას მაშინვე უნდა ატყობინებდნენ ამის შესახებ რუსეთის საიმპერატორო კარს, მოითხოვენ რა თავისი წარგზავნილების მეშვეობით იმპერატორის მიერ მეფობაზე დამტკიცებას ინვესტიტურით, რომელშიც იქნება სიგელი, დროშა სრულიად რუსეთის იმპერიის ღერბით, რომელსაც შიგნით ექნება მოხსენიებული სამეფოს ღერბი, ხმალი, მბრძანებლობის კვერთხი და მანტია, ანუ ყარყუმის მოსასხამი. ამ ნიშნებს ან მეფის მიერ წარგზავნილებს ჩააბარებენ, ან კიდევ სასაზღვრო უფროსობის მეშვეობით ჩაუტანენ მეფეს, რომელმაც მათი მიღებისას რუსეთის მინისტრის თანდასწრებით საზეიმოდ უნდა დადოს ფიცი რუსეთის იმპერიის ერთგულებასა და მისდამი გულმოდგინებაზე და მფარველობის აღიარებაზე იმ ფორმით, რომელიც თან ერთვის ამ ტრაქტატს.
ა რ ტ ი კ უ ლ ი მ ე ო თ ხ ე
იმის დასამტკიცებლად, რომ მისი უგანათლებულესობის განზრახვა სრულიად რუსეთის იმპერიასთან მის ასე მჭიდროდ შეერთებასა და ამ იმპერიის ყოვლადუგანათლებულესი მფლობელების უმაღლესი ხელისუფლებისა და მფარველობის აღიარებაში ყოვლად უზაკველია, მისი უგანათლებულესობა პირობას დებს, რომ მისი იმპერატორობითი უდიდებულესობის მთავარ მოსაზღვრე უფროსთან და თავის კარზე აკრედიტებულ მინისტრთან წინასწარი შეთანხმების გარეშე არ ექნება ურთიერთობები მის გარემომცველ მეზობლებთან. ხოლო როდესაც მათგან მოვლენ წარმოგზავნილები ან ჩამოტანილ იქნება წერილები, მათი მიღებისას რჩევები იქონიოს მთავარ მოსაზღვრე უფროსთან და მისი იმპერატორობითი უდიდებულესობის მინისტრთან ასეთი წარმოგზანილების უკან გასტუმრებისა და მათი მფლობელებისთვის შესაფერისი სტყვის მიგების საკითხებში.
ა რ ტ ი კ უ ლ ი მ ე ხ უ თ ე
რათა უფრო მოხერხებულად ჰქონდეს საჭირო ურთიერთობა და თანხმობა რუსეთის საიმპერატორო კართან,, მის უგანათლებულესობა მეფეს სურს იყოლიოს მის კარზე თავისი მინისტრი ან რეზიდენტი, ხოლო მისი იმპერატორობითი უდიდებულესობა,. მოწყალედ ღებულობს რა ამას, ჰპირდება, რომ ამ პირს მის კარზე მიიღებენ მისი თანასწორი მდგომარეობის მქონე სხვა მფლობელი მთავრების მინისტრების თანაბრად, და მასთან ერთად სურვილს გამოთქვამს თავის მხრივ შეინახოს მისი უგანათლებულესობის კარზე რუსეთის მინისტრი ან რეზიდენტი.
ა რ ტ ი კ უ ლ ი მ ე ე ქ ვ ს ე
მისი იმპერატორობითი უდიდებლესობა, ღებულობს რა წყალობით ქართლისა და საქართველოს სამეფოებზე მისი უმაღლესი ხელისუფლებისა და მფარველობის აღიარებას, თავისი სახელითა და თავის მენაცვალეთა სახელით ჰპირდება: 1. იმ სამეფოთა ხალხები მიაჩნდეს მჭიდრო კავშირსა და სრულ თანხმობაში მყოფად მის იმპერიასთან და, აქედან გამომდინარე, მათ მტრებს შერაცხდეს საკუთარ მტრებად; რისთვისაც ოტომანის პორტასთან, ან სპარსეთთან, ან სხვა სახელმწიფოსა და სამფლობელოსთან დადებული სამშვიდობო ხელშეკრულება უნდა ვრცელდებოდეს მისი უდიდებულესობის მფარველობაში მყოფ ამ ხალხებზეც. 2. უგანათლებულეს მეფეს ერეკლე თეიმურაზის ძეს და მისი სახლის მემკვიდრეებსა და შთამომავლებს უეჭველად ინარჩუნებდეს ქართლისა და კახეთის სამეფო ტახტზე. 3. შინაგან მმართველობასთან შეუღლებულ ხელისუფლებას, მსჯავრსა და სამართალს და გადასახადების აკრეფას მისცემს მის უგანათლებულესობას მეფეს “სრულსა შინა ნებასა და სარგებლობასა მისსა”, აუკრძალავს რა თავის სამხედრო და სამოქალაქო უფროსებს ამ მხრივ რაიმე განკარგულებების გაცემას.
ა რ ტ ი კ უ ლ ი მ ე შ ვ ი დ ე
მისი უგანათლებულესობა მეფე, ღებულობს რა სათანადო კრძალულებით მისი იმპერატორობითი უდიდებულესობის მხრიდან ასეთ მოწყალე დაიმედებას, თავისი და თავისი შთამომავლების სახელით ჰპირდება: 1. ყოველთვის მზად იყოს თავისი ჯარებით მისი უდიდებულესობის სამსახურისთვის. 2. რუსეთის უფროს მოხელეებს მიმართავდეს ყოველთვის ყველა საქმეში, რომლებიც შეეხება მისი იმპერატორობითი უდიდებულესობის სამსახურს, აკმაყოფილებდეს მათ მოთხოვნებს და მისი უდიდებულესობის ქვეშევრდომებს იცავდეს ყველანაირი წყენისა და შევიწროვებისგან. 3. თანამდებობეზე პირების დანიშვნისა და მათი დაწინაურებისას საგანგებო პატივს მიაგებდეს სრულიად რუსეთის იმპერიის წინაშე მათ დამსახურებას, რომლის მფარველობაზეც არის დამოკიდებული ქართლისა და კახეთის სამეფოების სიმშვიდე და კეთილდღეობა.
ა რ ტ ი კ უ ლ ი მ ე რ ვ ე
მისი უგანათლებულესობის მეფისა და მისი ხალხებისადმი მონარქის განსაკუთრებული მოწყალების დასამტკიცებლად და ამ ერთმორწმუნე ხალხების რუსეთთან უმეტესად შეერთებისთვის მისი იმპერატორობითი უდიდებლესობა ინებებს, რომ მათი კათოლიკოსი ანუ უფროსი მთავარეპისკოპოსი რუსეთის იერარქების რიცხვში შედიოდეს მერვე ხარისხში, სახელდობრ ტობოლსკელის შემდეგ, და ყოვლადმოწყალედ უბოძებს მას სამარადისოდ უწმინდესი სინოდის წევრის წოდებას; ხოლო საქართველოს ეკლესიის მმართველობისა და იმ ურთიერთობის შესახებ, რომელშიც უნდა იყოს იგი რუსეთის სინოდთან, შედგენილ იქნება განსაკუთრებული არტიკული.
ა რ ტ ი კ უ ლ ი მ ე ც ხ რ ე
განფენს რა თავის წყალობას მისი უგანათლებულესობის მეფის ქვეშევრდომ თავადებსა და აზნაურებზე, მისი იმპერატორობითი უდიდებულესობა ადგენს, რომ ისინი სრულიად რუსეთის იმპერიაში ისარგებლებენ ყველა იმ უპირატესობითა და სარგებლით, რომლებიც მინიჭებული აქვთ რუსეთის კეთილშობილებს; ხოლო მისი უგანათლებულესობა, ღებულობს რა მადლიერებით მისი ქვეშევრდომებისადმი ასეთ მოწყალე დამოკიდებულებას, ვალდებულებას იღებს გაგზავნოს მისი უდიდებულესობის კარზე ყველა კეთლშობილი გვარების სიები, რათა მათი მიხედვით შესაძლებელი იქნას იმის ზუსტად ცოდნა, თუ ვის ეკუთვნის ასეთი განსხვავებული უფლება.
ა რ ტ ი კ უ ლ ი მ ე ა თ ე
ვადგენთ, რომ ქართლისა და კახეთის ყველა მოსახლეს შეუძლია სახლდებოდეს რუსეთში, ჩადიოდეს იქ და მერე უკან ბრუნდებოდეს დაუბრკოლებლად; ტყვეებს კი, თუკი მათ იარაღით ან მოლაპარაკებებით თურქებისგან ან სპარსელებისგან გაანთავისუფლებენ, გაუშვებენ თავიანთ სახლებში სურვილისამებრ, მხოლოდ ეს უკანასკნელნი დააბრუნებენ მათი გამოსყიდვისა და გამოყვანის ხარჯებს; მისი უგანათლებულესობა მეფეც ამის წმინდად შესრულებას ჰპირდება რუსეთის ქვეშევრდომების მიმართ, რომლებიც მეზობლებთან ტყვეობაში ჩავარდებიან.
ა რ ტ ი კ უ ლ ი მ ე თ ე რ თ მ ე ტ ე
ქართლისა და კახეთის ვაჭართა წოდებას შეუძლია თავისუფლად ეწეოდეს ვაჭრობას რუსეთში, ისარგებლებს რა იმავე უფლებებითა და უპირატესობებით, რომლებითაც რუსეთის ბუნებრივი ქვეშევრდომები სარგებლობენ; ასევე მეფე ჰპირდება მთავარ მოსაზღვრე უფროსთან ან მისი უდიდებულესობის მინისტრთან ერთად დაადგნოს რუსეთის ვაჭართა წოდებისთვის ვაჭრობაში ყოველმხრივი ხელის შეწყობა მის მხარეებში ან კიდევ სავაჭროდ მგზავრობისას სხვა ქვეყნებისკენ, ვინაიდან ასეთი ზუსტი დადგენილების გარეშე რუსეთის ვაჭრობის სარგებლიანობას ადგილი ვერ ექნება.
ა რ ტ ი კ უ ლ ი მ ე თ ო რ მ ე ტ ე
ეს ხელშეკრულება იდება სამარადისოდ; მაგრამ თუკი რაიმეს შეცვლას ან მიმატებას ჩათვლიან საჭიროდ ურთიერთ სარგებლიანობისთვის, ასეთ რამეს ადგილი ექნება ორმხრივი შეთანხმებით.
ა რ ტ ი კ უ ლ ი მ ე ც ა მ ე ტ ე
რატიფიკაციები მოცემულ ტრაქტატზე გაცვლილი უნდა იქნას ექვს თვეში მისი ხელმოწერიდან ან უფრო ადრეც, თუკი ეს შესაძლებელი იქნება
რის დასადასტურებლადაც ქვემორე ხელისმომწერმა სრულუფლებიანმა წარმომადგენლებმა, მათი სრული უფლებების ძალით, ხელი მოაწერეს ამ არტიკულებს და დაუსვეს მათ თავიანთი ბეჭდები წმ. გიორგის ციხესიმაგრეში 1783 წლის 24 ივლისს.
დედანზე ხელი მოაწერეს:
პ ა ვ ლ ე პ ო ტ ი ო მ კ ი ნ ი
თავადი ი ო ა ნ ე ბ ა გ რ ა ტ ი ო ნ ი
თავადი გ ა რ ს ე ვ ა ნ ჭ ა ვ ჭ ა ვ ა ძ ე
ს ე პ ა რ ა ტ უ ლ ი ა რ ტ ი კ უ ლ ე ბ ი
ა რ ტ ი კ უ ლ ი ს ე პ ა რ ა ტ უ ლ ი პ ი რ ვ ე ლ ი
მისი იმპერატორობითი უდიდებულესობის მტკიცე განზრახვაა, რომ მისი ერთმორწმუნე ხალხები, მის იმპერიასთან ასე მჭიდრო კავშირებით შეერთებულნი, იმყოფებოდნენ ურთიერთშორის მეგობრობასა და სრულ თანხმობაში, მათი მოშურნე მეზობლებისთვის შიშის მომგვრელად და შეერთებული ძალებით მათ თავისუფლებაზე, სიმშვიდესა და კეთილდღეობაზე ამხედრებული მტრების მოგერიებისთვის მზადმყოფად, ახალისებს და უბიძგებს მის უდიდებულესობას მისცეს მის უგანათლებულესობას ქართლისა და კახეთის მეფეს ერეკლე თეიმურაზის ძეს მეგობრული რჩევები და დარიგებები მეგობრობისა და კეთილი თანხმობის შენარჩუნებაზე იმერეთის უგანათლებულეს მეფესთან სოლომონთან და ყოველივე იმის დადგენის შესახებ, რაც შესაძლებელია მხოლოდ უწყობდეს ხელს სხვადასხვანაირი უთანხმოებების აღკვეთასა და ყველანაირი გაუგებრობების თავიდან აცილებას, ჰპირდება რა თავისი საიმპერატორო სიტყვით არა მხოლოდ ხელს უწყობდეს თავისი მონდომებითა და მცდელობებით ამ მეტად სასარგებლო საქმის აღსრულებას, არამედ ასეთ თანხმობასა და მშვიდობაზე თავისი თავდებობის მიცემასაც.
მისი უგანათლებულესობა მეფე ერეკლე, ღებულობს რა სათანადო მადლიერებით მისი უდიდებულესობის დიდსულოვან მზრუნველობას ერთიანი წარმოშობისა და კანონის მქონე ხალხებს შორის მეგობრობის დასაცავად და მის უმაღლეს თავდებობას, ამით აღიარებს, რომ უგანათლებულეს მეფე სოლომონთან მათ ურთიერთ საქმეებში აწ და მომავალშიც აღიარებს მის იმპერატორობით უდიდებულესობას სრულ არბიტრად, დაუქვემდებარებს რა ამ ორ მფლობელს შორის სრულიად მოულოდნელად წარმოქმნილ უთანხმოებებსა და გაუგებრობებს მის უმაღლეს გადაწყვეტას.
ა რ ტ ი კ უ ლ ი ს ე პ ა რ ა ტ უ ლ ი მ ე ო რ ე
ქართლისა და კახეთის სამფლობელოების მეზობელთა მხრიდან ყოველგვარი შემოჭრისგან დასაცავად და მისი უგანათლებულესობის მეფის ჯარების თავდაცვის გასაძლიერებლად მისი იმპერატორობითი უდიდებულესობა ჰპირდება მის (მისი უგანათლებულესობის მეფის _ ი.ხ.) მხარეებში ინახავდეს ქვეითი ჯარის ორ სრულ ბატალიონს ოთხი ზარბაზნით, რომლებსაც შტატებით დადგენილ პროვიანტსა და ფურაჟს მიაწვდიან ნატურით იმ მხარეებიდან მისი უგანათლებულესობის შეთანხმების მიხედვით მთავარ მოსაზღვრე უფროსთან შტატებით დადგენილი ფასის შესაბამისად.
ა რ ტ ი კ უ ლ ი ს ე პ ა რ ა ტ უ ლ ი მ ე ს ა მ ე
ომის შემთხვევისთვის მთავარი მოსაზღვრე უფროსი მისი იმპერატორობითი უდიდებულესობის მხრიდან უფლებამოსილი უნდა იყოს მის უგანათლებულესობასთან ქართლისა და კახეთის მეფესთან შეთანხმებასა და ზომების მიღებაზე აღნიშნული მიწების დაცვისა და მოწინააღმდეგის წინააღმდეგ მოქმედებების თაობაზე, რომელიც სხვანაირად არ შეიძლება იქნას მიჩნეული, თუ არა საერთო მტრად. ამასთან მხარეები ადგენენ, რომ თუ კი ქართლისა და კახეთის ჯარების ნაწილი გამოყენებული იქნება მისი იმპერატორობითი უდიდებულესობის სამსახურში მათი ქვეყნის ფარგლებს გარეთ, მაშინ მათ უნდა მიეცეთ სრული ანაზღაურება მისი უდიდებულესობის სხვა ჯარების თანაბრად.
ა რ ტ ი კ უ ლ ი ს ე პ ა რ ა ტ უ ლ ი მ ე ო თ ხ ე
მისი იმპერატორობითი უდიდებულესობა ჰპირდება ომის შემხთვევაში მიმართოს ყველანაირ მცდელობას იარაღით დახმარებისთვის, ხოლო მშვიდობიანობის დროს აყენებდეს მოთხოვნებს იმ მიწებისა და ადგილების დასაბრუნებლად, რომლებიც უძველესი დროიდან ქართლისა და კახეთის სამეფოს ეკუთვნოდა, რომლებიც დარჩება კიდეც იქაური მეფეების მფლობელობაში სრულიად რუსეთის იმპერატორების მათზე მფარველობისა და უმაღლესი ხელისუფლების შესახებ დადებული ტრაქტატის საფუძველზე.
ამ სეპარატულ არტიკულებს ექნებათ ისეთივე ძალა, როგორც რომ ისინი სიტყვა-სიტყვით თავად ტექსტში ყოფილიყო შეტანილი; რის გამოც რატიფიცირებაც მათზე იმავე ვადაში უნდა იქნას გაცვლილი.
რის დასადასტურებლადაც ქვემორე ხელის მომწერმა სრულუფლებიანმა წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს ამ არტიკულებს და დაუსვეს მათ თავიანთი ბეჭდები წმ. გიორგის სახელობის ციხესიმაგრეში 1783 წლის 24 ივლისს.
დედანზე ხელმოწერილია:
პ ა ვ ლ ე პ ო ტ ი ო მ კ ი ნ ი
თავადი ი ო ა ნ ე ბ ა გ რ ა ტ ი ო ნ ი
თავადი გ ა რ ს ე ვ ა ნ ჭ ა ვ ჭ ა ვ ა ძ ე
დ ა მ ა ტ ე ბ ი თ ი ა რ ტ ი კ უ ლ ი
[ქ ა რ თ ლ ი ს ა დ ა კ ა ხ ე თ ი ს მ ე ფ ე ე ბ ი ს თ ა ვ ზ ე გ ვ ი რ გ ვ ი ნ ი ს დ ა დ გ მ ი ს ა დ ა წ მ ი ნ დ ა მ ი რ ო ნ ი ს ც ხ ე ბ ი თ მ ე ფ ე დ კ უ რ თ ხ ე ვ ი ს შ ე ს ა ხ ე ბ]
როგორც ქართლისა და კახეთის მეფეებს უძველესი დროიდან თავზე ადგამენ სამეფო გვირგვინს და სცხებენ წმინდა მირონს მეფედ კურთხევისას, ამიტომ მისი იმპერატორობითი უდიდებულესობა თავისი და თავის მენაცვალეთა სახელით არა მხოლოდ ყოვლად მოწყალედ რთავს ნებავს ხსენებულ მეფეებს იყენებდნენ ამ წმინდა წესს, არამედ თავისი კეთილი ნების უფრო მეტად დადასტურებისთვის მეფობაზე საიმპერატორო ინვესტიტურის ხელშეკრულებაში ჩადებულ სხვა ნიშნებზე დამატებით უწყალობებს მათ ჩვეულებრივ სამეფო გვირგვინს, რომელსაც როგორც ამჟამად მისი უმაღლესობა მფლობელი მეფე ერეკლე მეორე გამოიყენებს, ისე მისმა უგანათლებულესმა მენაცვალეებმაც მომავალში ეს გვირგვინი უნდა დაიდგან თავზე მეფედ კურთხევისას.
მისი უმაღლესობა მეფე ერეკლე ღებულობს რა მისი იმპერატორობითი უდიდებულესობის უმაღლეს წყალობას სათანადო კეთილკრძალულებითა და მადლიერებით, თავისი და თავის მენაცვალეთა სახელით პირობას დებს, რომ მისი მენაცვალენი სამეფო გვირგვინის დადგმისა და მირონცხების წმინდა წესს არ აღასრულებენ მანამდე, სანამ ტრაქტატით დადგენილ ფიცს არ დადებენ სრულიად რუსეთის საიმპერატორო ტახტის ერთგულებაზე და არ მიიღებენ მეფობაზე დამტკიცების საიმპერატორო სიგელს ინვესტიტურით.
ეს არტიკული მიჩნეულ უნდა იქნას ტრაქტატის შემადგენელი სხვა არტიკულების რიცხვში, რის დასადასტურებლადაც ტრაქტატზე ხელმოსაწერად უფლებამოსილმა წარმომადგენლებმა მათთვის მინიჭებული რწმუნების ძალით ხელი მოაწერეს და ბეჭედი დაუსვეს 178... წლის “ “ თვეს.
პ ა ვ ლ ე პ ო ტ ი ო მ კ ი ნ ი
თავადი ი ო ა ნ ე ბ ა გ რ ა ტ ი ო ნ ი
თავადი გ ა რ ს ე ვ ა ნ ჭ ა ვ ჭ ა ვ ა ძ ე
[ფ ი ც ი ს ნ ი მ უ შ ი]
ნიმუში, რომლის მიხედვითაც მისი უგანათლებულესობა მეფე ქართლისა და კახეთისა ერეკლე თეიმურაზის ძე ფიცით პირობას დადებს მისი იმპერატორობითი უდიდებულესობის, სრულიად რუსეთის თვითმპყრობელის ერთგულებაზე და ქართლისა და კახეთის მეფეებზე სრულიად რუსეთის იმპერატორების მფარველობისა და უმაღლესი ხელისუფლების აღიარებაზე.
მე, ქვემოთ დასახელებული, პირობას ვდებ და ყოვლისშემძლე ღმერთს ვფიცავ მისი წმიდა სახარების წინაშე იმაზე, რომ მსურს და ვალდებული ვარ ვიყო მისი იმპერატორობითი უდიდებულესობის, სრულიად რუსეთის ყოვლად უგანათლებულესი და უმპყრობელესი დიდი ხელმწიფის იმპერატრიცისა და თვითმპყრობელის ეკატერინე ალექსის ასულისა და მისი ყოვლად უსაყვარლესი ძის ყოვლად უგანათლებულესი ხელმწიფის მეფისწულისა და დიდი მთავრის პავლე პეტრეს ძის, სრულიად რუსეთის საიმპერატორო ტახტის კანონიერი მემკვიდრისა და იმ ტახტის ყველა მაღალი მენაცვალის ერთგული, გულმოდგინე და კეთილმოსურნე, და ვაღიარებ ჩემი სახელით, ჩემი და მთელი ჩემი სამეფოებისა და მხარეების მემკვიდრეებისა და მენაცვალეთა სახელით მისი იმპერატორობითი უდიდებულესობისა და მისი მაღალი მემკვიდრეების სამარადისოდ უმაღლეს მფარველობასა და უმაღლეს ხელმწიფებას ჩემზე და ჩემს მენაცვალე ქართლისა და კახეთის მეფეებზე, და, ამის შედეგად, უარვყოფ რა ჩემზე და ჩემს სამფლობელოებზე, რანაირი სახელწოდებით ან საბაბითაც არ უნდა იყოს, სხვა ხელმწიფეებისა და სახელმწიფოების ბატონობას ან ხელისუფლებას, და უარს ვამბობ რა მათ მფარველობაზე, ვალდებულებას ვიღებ ჩემი სუფთა ქრისტიანული სინდისით რუსეთის სახელმწიფოს მოწინააღმდეგეები მიმაჩნდეს ჩემს საკუთარ მოწინააღმდეგეებად, ვიყო დამჯერი და მზად მყოფი ყველა შემთხვევაში, სადაც მისი იმპერატორობითი უდიდებულესობისა და სრულიად რუსეთის სახელმწიფოს სამსახურში საჭირო ვიქნები; და ამ სამსახურში არ ვზოგავდე ჩემს სიცოცხლეს სისხლის უკანასკნელ წვეთამდე; მისი უდიდებულესობის სამხედრო და სამოქალაქო უფროსებთან და სამსახურში მყოფებთან ვიყო გულწრფელი თანხმობით; და თუ კი მისი უდიდებულესობისა და მისი იმპერიისთვის რაიმე საზიანო ან უკადრისი საქმე ან განზრახვა შევიტყო, მაშინვე ვაუწყო ამის შესახებ; ერთი სიტყვით, ვიქცეოდე ისე, როგორც რუსეთის ხალხებთან ჩემი ერთმორწმუნეობისა და მისი იმპერატორობითი უდიდებულესობის მფარველობისა და უმაღლესი ხელისუფლების შესაბამისად ჩემი მოვალეობისთვის შესაფერი და საჭირო იქნება. ამ ჩემი ფიცის დასასრულს ვემთხვევი სიტყვასა და ჯვარს მაცხოვრისა ჩემისა. ამინ.
ეს ნიმუში მომავალშიც უნდა ემსახურებოდეს ქართლისა და კახეთის მეფეებს ფიცის პირობის დადებისას მათი მეფობაზე შედგომისა და რუსეთის საიმპერატორო კარისგან ნაწყალობევი დამამტკიცებელი სიგელის მიღებისას ინვესტიტურის ნიშნებით.
ამის დასადასტურებლად ქვემორე ხელისმომწერმა უფლებამოსილმა პირებმა მათი სრული უფლებამოსილების ძალით ამ ნიმუშს ხელი მოაწერეს და დაუსვეს თავიანთი ბეჭდები წმ. გიორგის ციხესიმარეში 1783 წლის 24 ივლისს.
დედანს ხელი მოაწერეს:
პ ა ვ ლ ე პ ო ტ ი ო მ კ ი ნ ი
თავადი ი ო ა ნ ე ბ ა გ რ ა ტ ი ო ნ ი
თავადი გ ა რ ს ე ვ ა ნ ჭ ა ვ ჭ ა ვ ა ძ ე
ასეთია გეორგიევსკის ტრაქტატისა და მისი თანმხლები დოკუმენტების ტექსტი, რომელიც თუმცა კი არ წარმოადგენს მის იურიდიულად გამართულ თარგმანს, მაგრამ, ჩვენი აზრით, დაწვრილებით წარმოდგენას მისცემს ჩვენს მკითხველს ამ ხელშეკრულების შესახებ. ჩვენს საზოგადოებაში სამწუხაროდ დამკვიდრებულია ის შეხედულება, რომ გეორგიევსკის ტრაქტატი არის თანასწორუფლებიანი შეთანხმება ორ სახელმწიფოს შორის მოკავშირეობაზე, და რომ რუსეთი სისტემატიურად არღვევდა ამ შეთანხმების პირობებს, რათა საქართველო სულ უფრო მეტად გაჭირვებულ მდგომარეობაში ჩაეყენებია, ხოლო შემდეგ კი დაეპყრო და გადაეყლაპა, რაც განახორციელა კიდეც 1800-იანი წლების დასაწყისში.
მაგრამ ტრაქტატის ტექსტიდან ნათლად ჩანს, რომ ეს არ ყოფილა თანასწორუფლებიანი შეთანხმება ორ სახელმწიფოს შორის, და რომ ერეკლე მეორე გარკვეულ ვასალურ დამოკიდებულებაში შევიდა რუსეთის იმპერიასთან, თუმცა კი არა ქვეშევრდომის, არამედ მოკავშირის სახით. დოკუმენტში ქართლ-კახეთის მეფე მოხსენიებულია ტიტულით “მისი უგანათლებულესობა”, რაც შეესაბამება მფლობელი მთავრის პატივს, რუსეთის იმპერატრიცა კი _ ტიტულით “მისი უდიდებულესობა”, რაც ევროპელი მონარქების წოდებაა, და ასევე უწოდებდნენ ისინი ირანის შაჰებსა და ოსმალეთის სულთნებს. ერეკლე მეფე ვალდებულებას იღებს მეზობელ მფლობელებთან ურთიერთობებში კონსულტაციები იქონიოს და სერიოზულ ანგარიშს უწევდეს ჩრდილო-კავკასიაში დადგენილ რუს სამხედრო უფროსებთან ან საიმპერატორო კართან. რუსეთის იმპერატრიცა კი არ არის ვალდებული პრუსიასთან, ავსტრიასთან, შვედეთთან ან ინგლის-საფრანგეთთან ურთიერთობებში კონსულტაციები იქონიოს ქართლ-კახეთის მეფესთან და ა.შ.
რუსეთის მართლმადიდებლური იმპერიის, გნებავთ მეფის რუსეთის არსებობის დროს გეორგიევსკის ტრაქტატის შესახებ როგორც რუსულ, ისე ქართულ საზოგადოებაშიც სწორი წარმოდგენა არსებობდა. მაგრამ დასავლეთ ევროპასა და შეერთებულ შტატებში არსებული მსოფლიო რევოლუციური ცენტრებისა და საიდუმლო საზოგადოებების ძალისხმევით ინსპირირებული და ორგანიზებული რუსული რევოლუციური მოძრაობის, რუსეთის 1905 და 1917 წლების რევოლუციების შედეგად რუსეთის იმპერიის (გნებავთ რუსეთის ისტორიული სახელმწიფოს) დანგრევის კვალდაკვალ საქართველოში გაჩნდა ყალბი და შეგნებულად დამახინჯებული წარმოდგენა გეორგიევსკის ტრაქტატისა და საერთოდ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების შესახებ, ხოლო ამ გაყალბების ერთერთი ავტორთაგანი, სამწუხაროდ, გახლდათ საქართველოში პატივცემული და დაფასებული ისტორიკოსი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უმთავრესი დამაარსებელი აკადემიკოსი ივანე ჯავახიშვილი, რასაც შემდგომში ვაჩვენებთ ჩვენს მკითხველს. ბ-ნ ივანეს აღიარებული ავტორიტეტი წარმოადგენდა მისი შეხედულებისადმი ქართული საზოგადოების ნდობის საწინდარს, თუმცა კი ქართველ ისტორიკოსებს მეტი მოეთხოვებოდათ საბჭოთა პერიოდის ბოლო ათწლეულების ქართული საზოგადოებრიობის სწორი ისტორიული ორიენტაციისთვის, და ასევე მოეთხოვებათ დღესაც.
ხოლო ასეთი გაყალბებული ისტორიული გზით მიმავალ ქართველობას რომ გზაში უამრავი გაჭირვება, სისხლიანი განსადცელები და უბედურებანი ხვდება, ეს უკვე გასაკვირი არ უნდა იყოს.
ირაკლი ხართიშვილი
2007 წლის ზფხული
No comments:
Post a Comment