Monday, February 20, 2023

დამატებით წერილზე – „უსიამოვნო ამბების შესახებ“

ამ ცოტა ხნის წინ ბლოგზე გამოვაქვეყნე წერილი „უსიამოვნო ამბების შესახებ“, სადაც სხვათა შორის ვამბობდი, რომ 2020 წლის აპრილიდან – ნოემბრის ჩათვლით ბლოგზე მქონდა გამოქვეყნებული ვალიკო ჯუღელის წიგნის „მძიმე ჯვარის“ თარგმანი ქართულ ენაზე (წიგნი 1920 წელს გამოიცა ტფილისში რუსულ ენაზე), და ის ყველასათვის ხელმისაწვდომი იყო იმ დროიდანვე „გუგლის“ სივრცეში. მაგრამ გასული 2022 წლის მაისსა თუ ივნისში „საქართველოს რადიომ’ გვამცნო, რომ თურმე წელს პირველად უთარგმნია ვინმე ნინო შარვაშიძეს ვალიკო ჯუღელის აღნიშნული წიგნი და ასევე ვინმე ორი ხვადაგიანის რედაქტორობით კიდეც გამოუციათ და წარმატებით იყიდებაო. შემდეგ უკვე ინტერნეტში ვნახე, რომ ლიტერატურის ინსტიტუტში ჩაუტარებიათ ამ წიგნის პრეზენტაცია, და ისიც წარმატებით. ჩემს წერილში უფრო დეტალურად ვეხებოდი იმას, თუ რა უსინდისობაც დატრიალდა რადიოსთან დაკავშირებით ამის მერე, რაც იმის საფუძველს იძლეოდა, რომ ეს უსინდისობა თავიდანვე – ამ წიგნის მომზადებისა და გამოცემიდენვე იყო ჩაფიქრებული და აღსრულებული. 

ზუსტად იმის წინა ხანებში მე ვმუშაობდი არქივის მასალებში ერთ დოკუმენტზე, რომელიც სვანეთთან და სვანებთანაა დაკავშირებული და იქ 1922 წელს მომხდარ შეიარაღებულ გამოსვლებს, ხელისუფლების მიერ ამის გამოძიებას შეეხება. უნდა ითქვას, რომ ამ ტექსტებზე მე მთელი სულითა და გულით ვმუშაობდი, მიდოდა ისინი ბლოგზე გამომექვეყნებინა, თითქმის ბოლომდეც მქონდა მიყვანილი საქმე, მაგრამ შემდეგ მათზე მუშაობა გავაჩერე. არ ღირს თავის შეწუხება იმათთვის, ვინც მერე ასე ღორულად გექცევიან. ქვემოთ მოვიყვან ერთ ტექსტს იმ დოკუმენტებიდან იმის საჩვენებლად, თუ რა კეთდებოდა და ვეღარ გაკეთდა შარვაშიძე-ხვადაგიანების სამეულის „სასახელო“ საქმის გამოისობით. აი ეს საარქივო ტექსტიც: 


საქ. სოც. საბჭ. რესპუბლიკის მთავრობის კომისიის წევრებს 
              ამხანაგებს 
                         ლადო დუმბაძეს 
                                            და პეტრე აღნიაშვილს 

საქ. სოც. საბჭ. რესპუბ. მთავრ. კომისიას სვანეთის საქმეებზე 

                                                                       სვანეთის მოქ. 
                                                                                 ბიძინა პირველისაგან 


                                მ  ო  ხ  ს  ე  ნ  ე  ბ  ა 

დიდი სიტყვის პაჟი და არგონავტი უნდა იყოს ადამიანი, რომ შესძლოს მთლიანად ერთის მხრივ სვანეთის ღარიბი ცხოვრების აღწერა და მეორეს მხრივ მთავრობისაგან დიდი ნდობით უნდა იყოს აღჭურვილი რომ მთავრობა დაარწმუნოს სვანეთის ამ გამოსვლებით სრულიად უდანაშაულობაში. საუბედუროდ მე ორივე მხარეს მოკლებული ვარ, მაგრამ მაინც შევეცდები მოკლედ ორივე მხარე შეძლების და გვარად გავაშუქო. თუ კი ამ ჩემ მოკლე სიტყვას მთავრობა დღეს უნდობლად შეხედავს – იმედს ის მაძლევს, რომ მოვა დრო და საქმის გამორკვევის შემდეგ მთავრობა დარწმუნდება ჩემი მოხსენების სრულ სიმართლეში. 

ვინ უნდა იცოდეს იმ კუთხის სახელი, ვის უნდა აინტერესებდეს იმ კუთხის ვაი, თუ კარქი, რომელიც ცხოვრების ისტორიულ საშინელ ძალმომრეობას გაქცევია და სადღაც ორ ხევ შუა კავკასიონის გამოქვაბულ კლდეებში ჩაკედლებულა; ვინ უნდა გამოელოდეს რაიმე დახმარებას ამ ხალხიდან, რომელსაც პაუპერიზმის, საერთო სიღარიბის პატეა, ტანჯვა ასამარებს, ანადგურებს და ყოველივე ამას კი პირველყოფილი შეგნება ხალხისა შავ მანტიად ჰმოსავს. ძნელი ასატანია დანახვა სვანეთის დევ-შავ კლდეებისა, რომელიც მარტოა დამტირებელი სვანეთის ბედისა; აუწერელი, აღმაშფოთებელი არის აგონია სასიკვდილო ზარის, ცხოვრების უკუღმართობით დატანჯულ სვანისა, რომელსაც სურს მისი ყრუ ღაღადი, ტანჯვითი ამოკვნესა მთელ მსოფლიოს მოსდვას, მაგრამ შეუბრალებელია თეთრი ღრუბლების ის თეთრი მანანა, რომელიც ერთის მხრივ სასიკვდილო ერთფეროვნებას აძლევს სვანეთს და მეორეს მხრივ დაუშრეტელად სვამს, როგორც სვავი სვანეთის უკუღმართ ბედის აგონიას და არ აძლევს ნებას, რომ ეს მის ფარგლებს გასცილდეს. და ეს ყოველივე არის მიზეზი იმისა, რომ სვანეთი ყოველთვის დაცინვით იხსენიება და მისი სიტყვა, თუ თხოვნა უპასუხოდ რჩება; ეს არის მიზეზი, რომ სვანებს ყველა ეჭვებით შეგვცქერის და ადამიანებად არავინ გვთვლის, თითქოს ჩვენ ისეთივე აზრებით, ცხოვრებით, შეგნებით არ ვიკვებებოდეთ, როგორც სხვა ხალხი, თითქოს ჩვენი გული სხვანაირად ჰფეთქავდეს და ჩვენი გრძნობა არ მუშაობდეს და ეს საერთო ჩვენდამი აპატია, ანტი ადამიანური შეხედულება, თვითონ ჩვენშივე აღძრავდა ეჭვებს ჩვენი უადამიანობისა, რომ ისტორია არ გვანუგეშემდეს: ჩვენი ისტორიით, ჩვენ არასდროს ჩამოჩენილვართ ქართველ ხალხს თავისუფლებისათვის ბრძოლაში, რასაც მოწმობს ის, რომ ჩვენ, სახელდობრ თავისუფალ სვანებმა ადრევე მოვსპეთ ჩვენში წოდებრივი უთანასწორობა და ისტორიულად ჩვენ კიდო უფრო მემარცხენე აზრებით, პაფოსით, შეგნებით ვიკვებებოდით, როგორც სხვა ძმები საქართველოისა, და აგრეთვე მიზეზად იმისა, რომ ჩვენ ამ შავ.კლდეებს მოვაშურეთ იყო არა სილაჩრე, არამედ ჩვენ არ შეგვეძლო ატანა კაცობრიობის პირველყოფილ საშინელ მონობისა. გამძღარ, ქვედაბუნ ამოსუნთქვას, კუჭურ დაკმაყოფილებას ჩვენ ვარჩიეთ შიმშილით, სიღარიბით ცხოვრება, მხოლოდ თავისუფალ ჰაერით, თავისუფალ ცხოვრებით ამოსუნთქვა. 

ეს მოკლე ისტორიული საგანი სვანეთის ცხოვრებისა და ჩამორჩენილობა უბედობისა. ახლა გადავიდეთ, თვით იმ საგანზე, რომელმაც მე იძულებულ მყო მთავრობაში ეს მოხსენება გამეკეთა: 

სვანეთის დღევანდელმა გამოსვლამ თავ-დაცვითმა, ჩვენ წარმოდგენილი გვაქვს, ბევრი სხვა და სხვა აზრი წარმოშვა, როგორც მთავრობის, ისე სხვა და სხვა საზოგადო წრეებში. ჩვენ გვჯერა, რომ რამოდენიმე ნაწილი ამას პოლიტიკურ აჯანყებად მიიღებდა და რამოდენიმე კი ყაჩაღურ გამოსვლას დაუძახებდა, და ორივე კი ეს შემცდარი აზრია. გამოსვლის მიზეზი სულ სხვა იყო და მიზანი სულ სხვა. 

უმთავრესი მიზეზი ამ გამოსვლებისა იყო ადგილობრივ მაზრევკომის მესვეურთა და მოსამსახურეთა ბოროტ-მოქმედება და მათი ბავშვური პოლიტიკა. ეს ბოროტ-მოქმედება მაზრევკომის მესვეურებმა დაიწყეს სახელმწიფო ქონების მითვისებით და ქურდობით, კერძო ინტერესით ხალხის ხარებით დაშტრაფვით, მხოლოდ ერთი ან ორი თემის ბატონობით რევკომში ქალიან-ბოშიანად (როდესაც ხალხს ვერ გაეგო ეს მაზრევკომი სვანეთის იყო, თუ ნავერიან-გუჯეჯიანების) და სხვა უსაზღვრო ექსპლოატაციით, რომლითაც ადგილობრივი მაზრევკომი უმასპინძლდებოდა ხალხს. დასამტკიცებლად მოვიყვანთ რამოდენიმე ფაქტს რომელიც იქმნება დამახასიათებელი ამ პიროვნებებისა: გიორგი ნავერიანმა ჩამონართმევი რევოლვერი გაყიდა ჯვარისწერის დროს ოქროს ბეჭედში, რომელიც მიყიდა არტემ პირველს; გრიგოლ გუჯეჯიანმა სამ-კომს პეტროვს მოჰპარა თოფი რევკომში და მიყიდა ალექსანდრე შერვაშიძეს; სერგო ვარნაზოვმა ჩამონართმევი რევოლვერი გაყიდა ძროხაში, ყველა ეგენი იცის უკანასკნელი გამოძიებით თვით პარტკომის პასუხის-მგებელ მდივანმა ს. გულბანმა. ს. ნავერიანმა მიიღო მოტანილი საქონლიდან, ნახევარი მაინც ოსეთში ნაქურდალ ცხენებში და საქონელში გაყიდა, რომელიც მთავრობას გადმოუგზავნა და ნახევარი მოგებისა თვით მან დაიტოვა და მისმა სიმამრმა. ყოველივე ამას დაურთეთ მაზრევკომის მესვეურთა მიმართ ხალხის უნდობლობა, რომელიც გამოწვეული იყო მათი წარსული ბნელი ისტორიით: ხალხი უნდობლად უყურებდა იმ პიროვნებებს სახელდობრ ს. ნავერიანს, დ. დადუანს, რომელთაც გააღვივეს და გააღვიძეს სვანეთში შურისძიება, შემოიღეს ძალმომრეობა და ხელი შეუწყვეს, რომ მთელი მასსა კიდო უფრო გაემსჭვალათ ცრუ-მორწმუნეობით: მაგალითად, როდესაც სილვესტრ ნავერიანი და დ. დადუანი ს. ლატალში იყვნენ მასწავლებლებად, რომ ხალხი შეეშინებიათ, თვითონ „წახალისებულიყვნენ“ და ბნელ მასსას მათთვის ხაჭაპურებით მსხვერპლი შეეწირა – სოფელში და ეკლესიებში ცოცხებით დადიოდენ და ხალხს აშინებდენ საშინელი ყვირილით და პროვოკაციით, რომ ამ სოფელში დევები დადიანო. უკანასკნელად დ. დადუანის სისაძაგლე იმ ზომამდე მივიდა, რომ ტყუილა უბრალოდ მოჰკლა თავისი ძმა. ამას კიდო აღვივებდა ის ფაქტი, რომ მთელი რევკომის მილიციონერები ძველი ქურდები და ყაჩაღები იყვნენ, რომელნიც თავითვე არღვევდენ წესრიგს. მაგალითად: ესტატე შარვაშიძემ და მისმა ძმამ რევკომის ფანჯრები ტყვიით ჩაამტვრიეს, ერთი დღე მთელი მოსამსახურენი ჩამწყვდეული ჰყავდათ და ბოლოს, როდესაც ხალხი მათ დაჭერას მოელოდა, რევკომი ხარით, და ჯიხვის ხორცით შეურიგდა ამ მართლაც ყაჩაღებს. ყოველივე აქიდან მთელი შემადგენლობა რევკომის მესვეურ-მოსამსახურეთა ყაჩაღები იყვნენ – ხალხის ლოღიკური დასკვნა ეგეთი იყო: საბჭოთა მთავრობა ყაჩაღური მთავრობა ყოფილაო. ამნაირად საბჭოთა მთავრობის პრესტიჟი სვანეთში, ადგილობრივ ადმინისტრაციის მოსამსახურეთა შემადგენლობამ დასცა. 

და წარმოიდგინეთ თქვენ ის მდგომარეობა, როდესაც სვანეთში გავარდა ხმა ს. ნავერიანს ჯარი მოჰყავსო. შეგნებულ ხალხს გაუკვირდა და ვერ მოეძებნა მიზეზი და ისეთი დანაშაულობა, რომ ღირსი ყოფილიყოს მის მიზეზით მთავრობაც შეწუხებულიყო და ხალხიც, ამასთანავე ხალხში საშინელ თავ-დაცვით პანიკას ქმნიდა ის ფაქტი, რომ ამ ჯარს მოუძღვებოდა შენიშნული პირი ხალხის თვალში ს. ნავერიანი. მართალი არის ს. ნავერიანი მთავრობას ეგრე დაუმტკიცებდა ს(ოფელი). ფარი არ იყრის იარაღსო, მაგრამ ეს მტკნარი სიცრუე იყო. საქმე შემდეგში მდგომარეობდა: როდესაც ს. ნავერიანი მივიდა ს. ფარში, დილას კრებაზე რამოდენიმე ახალგაზდამ იარაღის აყრის უარი განაცხადა არა სხვა მიზეზით, ან მიზნით, არამედ მხოლოდ იმ მიზეზით, რომ სვანები იარაღის მოყვარული ხალხი ვართ და აგრეთვე მიზეზად მათ ის ჰქონდათ, რომ ს. ნავერიანი ამ მათ ნავახში, ნაყიდ იარაღს, რავარც აიტანს მულახში თავის ნათესავებს ჩამოჰკიდებსო. მართალია დილას კრებაზე მათ უარი განაცხადეს, მაგრამ შემდეგ ს. ნავერიანს კაცი უკან მიაწიეს, თვით ადგილობრივ რევკომის თავმჯდომარე, იარაღი აკრიფეს და სთხოვდენ ს. ნავერიანს ეს მობოჭილი იარაღი ჩაებარა. ს. ნავერიანმა ეს უარყო, უკან არ დაბრუნდა, შეურაცხ-ყოფად მიიღო, არ ჩაიბარა და ფარს დაპირდა: მოკლე ხანში რუსის ჯარს მოვიყვან და ფარის ნამოსახლარზე წითელი ქვის მეტს არრას დავტოვებო. და მართლაც, რამოდენიმე ხნის შემდეგ სვანეთს მოადგა ჯარი და თქვენ თვითონ განსაჯეთ რა უნდა ეფიქრა იმ ხალხს, რომელსაც განადგურებას დაპირდა რამოდენიმე დღის წინედ ს. ნავერიანი – თუ არა თავის დაცვა და შურის-ძიება. და მართლაც ამ ჯარს წინ დახვდა ეს სოფელი, რომელმაც უზრუნვებულ ყო მთელი სვანეთი საერთო ფიცის ძალით ისიც ჩარეულიყო და დახმარებოდა თავის ძმებს. ამნაირად მაშინ, როდესაც საქმის მშვიდობიანად მოგვარება შესაძლებელი იყო ხალხში აგიტაციით, ხალხის ფსიხოლოგიასთან შეთვისებული პოლიტიკით, მაზრევკომის თავმჯდომარემ ეს არ მოინდომა და მიზეზად ამ გამოსვლების შედეგისა ეს პირი უნდა ჩაითვალოს. მთელი სვანეთის ამ საქმეში ჩარევას ხელი შეუწყო აგრეთვე იმ დაშინებამ და პროვოკაციამ, რომელსაც ავრცელებდენ ადგილობრივი „თავმოყვარე“ რევკომის პასუხის-მგებელი მოსამსახურენი, რომ დღეს კი დაგვიდგა დრო ყველა ჩვენ კერძო-მოინტერესეებზე ჯავრი ვიყაროთო. ამით, ვინაიდან მთელი შემადგენლობა ამ რევკომისა მულახელების და ნავერიან-გუჯეჯიანების – ხალხს შეეშინდა და თავის სიცოცხლის და თავმოყვარეობის დაცვას შეუდგა. ყოველივე ამას დაურთეთ სვანეთის სიღარიბე და ის ზამთრის პირი, რომელიც ჯარს იძულებულს ჰყოფდა საზამთროდ აქ დარჩენილიყო და რომლის რჩენა არც ყიდვით და არც სხვა საშუალებით სვანეთს არ შეეძლო. 

თვით თქვენც კარგად იცით, რომ საწყალი სვანი, დადგება თუ არა შემოდგომა მიდის საქართველოს სხვა და სხვა კუთხეებში ტალახის საჩიჩქნად, რომ ლუკმა პური იშოვოს და ოჯახი შიმშილით არ ამოუწყდეს. სვანეთში, ათასში ერთს თუ ნახავთ, რომ მოსავალი სარჩო მთელ წელიწადს ჰყოფნიდეს. ვის არ უანახავს საწყალი სვანი, რომელიც საქართველოს სხვა და სხვა კუთხეებში დაძრწის ძონძებში გამოხვეული მშიერ-მწყურვალი, ტალახში ამოსვრილი, რომელსაც გარშემო მხოლოდ დაცინვა ესმის, დაცინვა საშინელი ეკლიანი, სარკაზმული თავმოყვარე სვანისათვის. დიახ, ჩვენ თამამად შეგვიძლია ვსთქვათ, რომ სვანეთის გარე, სვანის თავისუფლების, ინტერესების დამცველი არის მხოლოდ დაჟანგული ხანჯალი, რომელსაც ის მუდმივად ატარებს და რომლის იმედი მარტო აქვს მას. ეგრე იყო ძველად დაჟანგული სვანის ხანჯალსავით, შავი, ძველი მთავრობის დროს, უარესი კახბა მენშევიკების დროს და ეს მეორდება დღეს თქვენ დროსაც, რომელნიც თქვენ მიზანს მხნედ, უტყუილებოდ დადგომიხართ და მენშევიკების „მეძავობას“ გასცილებიხართ. საშინელი არის ის დიდი ბოღმა, რომელიც მოსწოლია სვანეთის ხალხს გულზე და დიდი საშიშია, რომ ეს არ გადმოინთხეს და ამდენად დაგუბებულმა ტანჯვამ და მთიული თავმოყვარეობის შელახვამ სვანეთის ხალხისა ვიწრო ნაციონალური შურის-ძიების ხასიათი არ მიიღოს. ჩვენ, ვინც მათში ვმუშაობდით, ამას ვერიდებოდით. ეს საერთოდ მიზეზი ამ გამოსვლების თქვენისავე გადმოცემით, როგორც გავიგეთ თქვენ დარწმუნებული ყოფილხართ, რომ ეს გამოსვლა სვანეთის წინ-და-წინ გაზომილი იყო და ამ საქმეს თითქოს ჩვენ ვმეთაურობდეთ თავიდანვე. ჩვენ არ გვაინტერესებს ჩვენი რამოდენიმე პიროვნების ყოფნა, თუ არ ყოფნა, თუ ეს მთავრობას სვანეთში ზიანს არ მოუტანს, არც ლაშქრობას ვიკადრებთ, რომ თავი მოვიკატუნოთ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ჩვენგნივ ყველაფერს სიმართლეს ვაღვიარებთ, რომელსაც ვერვინ ვერსად ვერ გაექცევა. არ ვიცი, რომ ზნეობით მაინც ისე დაცემულიყვნენ მაზრევკომის ყოფილი მოსამსახურენი, რომ სთქვან: ამ საქმის დამწყები ესა და ეს პირები იყვნენო. ეს სიცრუეა და სიცრუედაც წავა. თვით მაშინ მე პირადად სახ. გან. განყ. კოლეგიაში ვმსახურობდი, როდესაც გავიგეთ, რომ სვანები ჯარს დახვდენ და კომანდირი მოკლესო. ჩვენ, როგორც თვითუულმა სვანმა ავიღეთ იარაღი ხელში, ვინაიდან ერთის მხრივ გვეშინოდა, რომ ჯარი შემოჭრილიყო სვანეთში შურს-იძიებდა და მეორეს მხრივ გვეშინოდა ამ გამოსვლას ანარქიული ხასიათი არ მისცემოდა, ყაჩაღური სახე არ მისცემოდა და შემდგომში ანარქია ჟლეტისა შიგნით არ დატრიალებულიყო – რევკომს დავეცით, წავართვით 7–8 თოფი, – ქონებას სრულიად არ შევხებივართ, რასაც დაამოწმებს ივანე გუჯეჯიანი, რომელიც ამის მოწმედ დავისწარით – და გავეშურეთ ქვეით და ჯარს რუსის დაბრუნებულს მიუსწარით. ამის შემდეგ ხელი მივყავით ხალხის მოწესრიგებას და დღემდე ამ საქმეში შეძლების და გვარად ვმუშაობთ. ამის შემდეგ ჩვენ ვგებულობთ, თუ როგორ გლახად იქცეოდენ ქვემო-სვანეთში ადგილობრივი მოსამსახურენი და როგორ ტყუილა უბალოდ დაჰკლეს საძაგლად ორი ლაშხელი გზაზე და ამის ძალით და აგრეთვე იმ მიზნით, რომ გაზაფხულზე ქვემო-სვანეთს და ზ. სვანეთს შუა დაწყებულიყო შურის-ძიება, ტაციობა და ძარცვა გლეჯვა – და აგრეთვე თანახმად 1918 წ. ფიცისა – საბჭოს გამოაქვს დადგენილება ქვემო-სვანეთის შემოფიცვისა, რომლის შესრულებაც დაგვავალა ჩვენ შესასრულებლად. ამის ძალით ჩვენ ვიკავებთ ქვემო-სვანეთს და იქ მყოფ ჯარის ნაწილებს ვანიარაღებთ. დაბრუნებისას მართალია რამოდენიმე ბნელი პირები დაბრუნებულან, ტყვეები გაუცარცვავთ. მთავრობა იმაში უნდა დაგვერწმუნოს, რომ ეს ჩვენ თვით არა მთავრობაზე ნაკლებად გვეწყინა, მაგრამ წარსულს ვერ დავაბრუნებდით და ტყუილი შეწუხება შეგვრჩა. ამნაირად ჩვენ თმამად შეგვიძლია ვსთქვათ, რომ საქმეში ჩვენ დანაშაულობა და მონაწილეობა მიგვიძღვის ისე, როგორც მიუძღვის თვითეულ სვან მოლაშქრეს. – წინააღმდეგ ჩვენ ხალხმა იარაღად მოგვიხმარა და ხალხის სურვილით და ნებით ვსულდგმულობდით. ამასთანავე დარწმუნებით ვამბობთ, რომ ჩვენ არავითარ პარტიასთან კავშირი არა გვქონია, რომ ამისათვის პოლიტიკური სახე მიგვეცა და ამ საქმეში ჩარევა უცაბედი იყო, რომელიც არ იყო თვით ჩვენსავე მიერ მოფიქრებული ან წინ-და-წინ გაზომილი 

აშკარად ვაღიარებთ, რომ ჩვენი მიზანი იყო მხოლოდ სვანეთის უფლებებისათვის ბრძოლა, ჩვენ გადაჭრით ვამბობდით, რომ ამ გამოსვლაში ჩვენი ჩარევა იყო იმ მიზნით, რომ ერთის მხრივ თავი გაგვენთავისუფლებია ადგილობრივ მაზრევკომის ექსპლოატაციიდან ხალხი და მეორეს მხრივ დაგვენახვებია მთელი ხალხისათვის და აგრეთვე მთავრობისათვის, რომ ჩვენც ხალხი ვართ, ძალას წარმოვადგენთ – და თუკი ამ ძალას მთავრობა ყურადღებას მიაქცევს, არ წააგებს. ჩვენ მხოლოდ ეს გვაინტერესებს, რომ მთავრობამ და ხალხმა სთქვას: იქ, სადღაც კავკასიონის კლდეებზე მოსახლე ხალხი სვანები ყოფილა, რომ ქართველმა ხალხმა აღიაროს თავისი შეცდომა და მომავალში ეგრე ეჭვებით არ გვიყურებდეს. რომ ქართველმა ხალხმა და მთავრობამ შეიგნოს, რომ სვანებიც ადამიანები ვართ, არავისზე ნაკლები თუკი ვინმემ მოგვიხმარა. ამისათვის ნუ იქმნება მომავალში სვანების დაცინვა, მიგვიღეთ ჩვენც თანასწორ უფლებიან ძმებად, რომ „სვანო მაზიგი გეტაკა“-ს მაგიერ გამარჯობა ამხანაგო ჩვენოვო გვესმოდეს და მაშინ ჩვენ დაგიმტკიცებთ, რომ შეგვიძლია გაწევა, როგორც მტრობის ისე ძმობის. ეს იყო და არის დღესაც ჩვენი უმთავრესი მიზანი, რომლისთვის ყოველთვის მზადა ვართ ვიბრძოლოთ, თუმც ვიცით, რომ ეს ვიწრო ნაციონალური აზრია. 

ჩვენ უკანასკნელად გიცხადებთ, რომ ვინაიდან ჩვენ ამ მიზანს ცოტათი მაინც მივაღწიეთ – დღეს თანახმა ვართ მორიგებაზე და ხელს ვაწერთ მთავრობის კომისიის და სვანეთის დელეგატებს შორის დადებულ პირობაზე ს. სასაშში. 

მთავრობის წინაშე პირობას ვდებთ, რომ თუ კი ის დადებული პირობა შესრულებული იქმნება – ჩვენ არავითარი მთავრობის საწინააღმდეგოდ არ ვაწარმოოთ არა ლეგალური მუშაობა და ჩვენის მხრივაც მთხოვნელნი ვართ, თუ კი მაინც და მაინც სვანეთში ჩვენ ყოფნას საფრთხედ უყურებთ და შეუძლებლად სცნობთ – ნება მოგვეცეს საქართველოს სხვა ქალაქებში ცხოვრებისა მაინც, ჩვენი სიცოცხლე უზრუნველ-ყოფილ იყოს და ეს მანამ, სანამ ჩვენის მოქმედებით დარწმუნდეთ, რომ ჩვენ მომავალში მთავრობის ხელშემშლე პირები და მავნე პირები არ ვიქნებით. 

განმეორებით ვამბობთ, რომ თუკი სვანეთს მომავალში მთავრობა მეტ ყრადღებას მიაქცევს და – ჩვენ მზადა ვართ მთავრობასთან ხელ-გადაკიდებული ვიმუშავოთ მთავრობის და ხალხის სასარგებლოდ. 

სვანეთის მოქალაქე: ბიძინა პირველი 

                                              17/IV 


გარდა ამისა ვამბობდი, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების მშენებლობის საქმის მრუდედ წაყვანის გამო, ჯერ კიდევ 1990/2000 წლების მიჯნიდან, როცა ამ ძალების უმაღლესი მთავარსარდალი იყო ედუარდ შევარდნაძე, ხოლო თავდაცვის მინისტრი კი დავით თევზაძე, დღესდღეობით საქართველო სომხეთზე სუსტიცაა სამხედრო თვალსაზრისით ამიერკავკასიაში და აზერბაიჯანზეც, უფრო დიდ სახელმწიფოებზე რომ არაფერი ვთქვათ. რომ იმავე ფინეთს 2000 წელს თავის სახნელეთო ჯარებში 26 საბრძოლო ბრიგადა ჰყავდა, შვეიცარიას კი – 32. პლიუს ამათ ტერიტორიული თავდაცვის ჯარები, სამხედრო-საჰაერო და სამხედრო-საზღვაო ძალები. და მთელი ეს ძალები და საშუალებანი ამ ქვეყნებს საკუთარი თავდაცვისთვის სჭირდებოდათ. საქართველოს კი, იმ დროიდან მოყოლებული მრუდე საქმეების გამო, დღესდღეობით ჰყავს სულ სამი თუ ოთხი საბრძოლო ბრიგადა, რაც უბადრუკად უმნიშვნელოა ფინეთისა და შვეიცარიის საქმეებთან და ნიმუშებთან, მათ ცოდნასა და გამოცდილებასთან შედარებით. ანუ ვითომ დამოუკიდებლობის მოპოვების 30 წლის თავზე ჩვენი ქვეყანა არის გარეშე აგრესიისაგან დაუცველი სახელმწიფო, აქედან მომდინარე ყველა შედეგით. ხოლო თუ როგორი შეიძლება იყოს ეს შედეგები, ამის თაობაზე შეგვიძლია წავიკითხოთ ქვემოთ მოყვანილ მასალაში, რომელიც მე ჯერ კიდევ 2016 წელს ვნახე ინტერნეტის რუსულენოვან მასალებში, მაშინვე ვთარგმნე და ბლოგზეც გამოვაქვეყნე (09.02.2016). 


გერმანელი პროფესორის მირიამ გებჰარდტის წიგნმა «როცა მოვიდნენ ჯარისკაცები» შოკი გამოიწვია ევროპაში 

«ნაცისტურ გერმანიაზე გამარჯვების გაკვეთილები» – ასე ეწოდებოდა კონფერენციას, რომელიც ლონდონში ძალზე დროულად – გამარჯვების 70-ე წლისთავის წინ იქნა ჩატარებული. მაგრამ მაინც რამდენი ძველაღთქმისეული კლიშე მოგვცეს ბრიტანელმა ექსპერტებმა ობიექტური ანალიზის ნაცვლად! ისევ და ისევ ამტკიცებდნენ «გამარჯვებაში ანგლო-ამერიკელ მოკავშირეთა გადამწყვეტი წილის» შესახებ. და ხშირად იხსენებდნენ «გაუპატიურებულ გერმანიას» – ბუნებრივია, წითელი არმიის ჯარისკაცების მიერ. მოჰყავდათ შემზარავი ციფრი – 2 მილიონი მსხვერპლი, – თუმცა კი ომის წლების განსაიდუმლოებული დოკუმენტებით ეს უკვე დიდი ხანია უარყოფილია. 

ასეთი ბრალდებების საპირწონედ ამ სტრიქონების ავტორმა, რომელიც კონფერენციაში მონაწილეობდა, წაიკითხა ნაწყვეტები წიგნიდან «როცა მოვიდნენ ჯარისკაცები», რომელიც იმ ხანებში გერმანიაში გამოვიდა. მასში ისტორიის გერმანელმა პროფესორმა მირიამ გებჰარდტმა ისეთი ფაქტები და ციფრები მოიყვანა, რომლებზედაც თვალს ვერ დახუჭავ. 

რიგითი მარიანოს «გმირობანი» 

ამერიკული სატანკო ბატალიონის რიგითი ბლეიქ მარიანო, უეჭველად, ყოჩაღი ჯარისკაცი იყო. ის ებრძოდა გერმანელებს აფრიკაში, იტალიაში და საფრანგეთის სამხრეთში. 1945 წლის მარტში მისმა ტანკმა რაინი გადალახა და გერმანიაში შევიდა. 

ამ დროისთვის 29 წლის ბლეიქი უკვე სამი წელია არ ყოფილა სახლში ნიუ-მექსიკოს შტატში. ბრიტანეთის კუნძულებზე მას მეგობარი ქალი ელოდებოდა. თუმცა კი, იმ საღამოს ამერიკელს ის სულაც არ ახსოვდა. მან გადაწყვიტა პატარა სოფლის ლაუფის აღება ეზეიმა და კიდევ ერთ ამერიკელ ჯარისკაცთან ერთად რომელიღაც სარდაფში კარგ კონიაკს მიაგნო. როცა საფუძვლიანად გაილეშა, მოისურვა «მხიარულება გაეგრძელებინა». 

იქაურ ეკლესიაში სოფლის ჩვიდმეტი მცხოვრები იმალებოდა – ქალები და ბავშვები. ბლეიქმა ავტომატით 20 წლის ელფრიდაზე მიანიშნა, გამოიყვანა ის ეზოში და გააუპატიურა. დაბრუნდა რა ეკლესიაში, შემდეგი გერმანელი ქალი აირჩია. როცა აღმოჩნდა, რომ 40 წლის მარტას თვიური ჰქონდა, მას ტყვია ესროლა. ქალი ერთი დღე-ღამის შემდეგ ტანჯვით გარდაიცვალა. ხოლო ყოჩაღი მეომარი კი ამასობაში 54 წლის ბაბეტათი გახლდათ დაკავებული. 

ჰყვება რა ამ ეპიზოდის შესახებ, მირიამ გებჰარდტი ახდენს კონსტატირებას: 

ერთ-ერთი ყველაზე უფრო მდგრადი და ამოჩემებული სურათი, რომელიც მეორე მსოფლიო ომს ასახავს, შემდეგში მდგომარეობს: ათავისუფლებდნენ რა გერმანიას ნაცისტებისგან, ბრიტანული და ამერიკული ჯარები სავსებით ღირსეულად იქცეოდნენ, ხოლო წითელი არმიის ჯარისკაცებმა კი რვიდან ოთხმოც წლამდე ასაკის ასეულობით ათასი გერმანელი გოგონა და ქალი გააუპატიურეს. სინამდვილეში კი საქმე სულ სხვანაირადაა. 

ავტორს მოჰყავს ასეთი მონაცემები: 

ამერიკელებმა სექსუალური ძალადობა გერმანიაში მცხოვრებ 190 ათას გოგონასა და ქალზე იხმარეს, ბრიტანელებმა – 45 ათასზე, ფრანგებმაც დაახლოებით ამდენივეზე. წითელი არმიის შესახებ გებჰარდტი პრაქტიკულად არ წერს, მაგრამ 2 მილიონი ციფრი «მრავალჯერადად გაზვიადებული» მიაჩნია. 

«შენ ჩემთან დაწვები!» 

წიგნმა «როცა მოვიდნენ ჯარისჯაცები» გაერთიანებული სამეფოს მცხოვრებთა დაბნეულობა (смятение) გამოიწვია. 

– თუ ეს ცნობები სწორია, – მოღუშულად ახდენენ კონსტატირებას ლონდონური «დეილი მეილის» ჟურნალისტები, – მაშინ ჩვენ მოკავშირეთა ჯარების მიერ გერმანიის განთავისუფლების ჩვენეულ შეფასებას ყველაზე უფრო სერიოზულად უნდა გადავხედოთ. გარდა ამისა, საჭიროა რადიკალურად შევცვალოთ დამოკიდებულება მათ მიმართ, ვისაც «ჩვენს დიად თაობად» მივიჩნევთ. 

საერთო ჯამში 152 ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე იქნა გასამართლებული გაუპატიურებისთვის მეორე მსოფლიო ომის წლებში. მაგრამ ეს სია, რა თქმა უნდა, სრული არ არის, ამგვარი დანაშაულებების შესახებ ხომ არცთუ ხშირად ხდებოდა ცნობილი. ბრიტანელი მეცნიერის ლეონ რაძინოვიჩის დაანგარიშებებით, ქალებზე ძალადობის შესახებ მათი მხოლოდ ხუთი პროცენტი იტყობინება. რცხვენიათ და ჩუმად არიან. 

ომის დროს ეს ციფრი კიდევ უფრო დაბალი იყო. «როცა ამერიკელი ჯარისკაცები მესამე რაიხის ქალაქებსა და სოფლებში შედიოდნენ, ისინი შეშინებულ გოგონებსა და ქალებს უყვიროდნენ: «შენ ჩემთან დაწვები!», – ნათქვამია წიგნში. – ბევრი გერმანელი ქალი მიდიოდა ამაზე. რომელიმე იმისთვის, რათა საკუთარი თავი და თავისი ახლობლები გადაერჩინა, რომელიმე – უბრალო საჩუქრებისთვის, ხოლო სხვა კი თავისი სურვილითაც». 

ომის შემდეგ ზოგიერთი «გმირი», როცა ამერიკულ ციხეებში აღმოჩნდა, აღიარებდა, რომ გაუპატიურების აუცილებლობა არც იყო, რამდენადაც ფროილაინები ზოგჯერ ნეილონის წინდების ან სიგარეტის კოლოფის საზღაურად ყველაფერზე თანხმდებოდნენ. 

ბევრი შემთხვევა იმდენად აღმაშფოთებელია, რომ გებჰარდტმა, თავად მისი აღიარებით, ვერ გაბედა მათ შესახებ დაეწერა. განსაკუთრებით ბავშვების შეგინების შესახებ. მაგალითად, ერთ-ერთი მსხვერპლი სულ სამი წლისა იყო. 

ბოროტმოქმედებებს არცთუ იშვიათად გამხეცებული მძარცველებისა და მაროდიორების ჯგუფები სჩადიოდნენ. 1945 წლის მარტის ღამეს ფრანკფურტის ახლოს სახლში ექვსი სრულიად მთვრალი ამერიკელი შეიჭრა. რამდენიმე საათს ისინი დიასახლისსაც და მის 18 წლის ქალიშვილსაც ერთსა და იმავე ოთახში აუპატიურებდნენ. გოგონა მთელი ქუჩის გასაგონად კიოდა «დედა!» მაგრამ დასახმარებლად არავინ მივიდა. ჯარისკაცებმა ყველა ფასეული ნივთიც წაიღეს. 

ყველაზე უფრო ხშირად გერმანელი ქალები და გოგონები მომხდარის შესახებ ადგილობრივ მღდლებს უყვებოდნენ. მირიამ გებჰარდტს მოჰყავს ჩანაწერი ბერჰტესტჰადენელი პასტორის მიხაელ მერკსმიულერის ჟურნალიდან: 

«რვა გოგონაა გაუპატიურებული, ზოგიერთები მათივე მშობლების თვალწინ». 

წიგნის ავტორი უმატებს, რომ ბრიტანელები და ფრანგები «ცდილობდნენ არ ჩამორჩენოდნენ» ამერიკელებს. 1945 წლის 16 აპრილს ალბიონელი მეომრები პატარა ქალაქ ნოიშტადტის სამ მაცხოვრებელ ქალზე რამდენიმე საათს ძალადობდნენ. ხოლო სოფელ ოილეში კი ჯარისკაცებმა პატარა გოგონა ტყეში შეათრიეს და, როცა მან კივილი დაიწყო, ჩაცხრილეს. 

უფროსობა ზერელედ უყურებდა (თვალს არიდებდა) 

მოკავშირეთა არმიებში სექსუალური დანაშაულისთვის სასჯელი თეორიულად მკაცრი იყო. ზოგჯერ – სამუდამო პატიმრობა, ხოლო ზოგიერთ შემთხვევებში კი სიკვდილით დასჯაც. მაგრამ უმაღლესი ჩინები, როგორც წესი, ცდილობდნენ ნაგავი ქოხიდან არ გამოეტანათ. თავი რატომ შეერცხვინათ? 

სამხედრო სასამართლოებიც მსგავსი «დამრღვევებისადმი» გულმოწყალენი იყვნენ. და რა ვთქვათ სასამართლოებზე, თავად ბრიტანეთის მეფესაც კი თავისი ქვეშევრდომები ზოგჯერ საკუთარი დაცვის ქვეშ აჰყავდა. ერთ-ერთ ინგლისელ ჯარისკაცს ზვინად დაგროვებული უტყუარი სამხილებით ციხეში გრძელვადიანი პატიმრობა მიესაჯა. მაგრამ ორი წელიც კი არ იყო გასული, როცა მონარქის ბრძანებით ის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან მთლიანად გაათავისუფლეს. 

მიუხედავად ამისა, ლონდონური პრესა ახლა კრიტიკით ესხმის თავს მირიამ გებჰარდტს. რომ, მოკავშირეები, რა თქმა უნდა, სჩადიოდნენ დანაშაულებს, მაგრამ მაინც არა ისეთ მასშტაბში, როგორც ის მოგვითხრობსო. და ბავშვებიც, რომლებიც გაუპატიურებულმა გერმანელმა ქალებმა შობეს, ნამდვილად არ არის ორი ათასი, როგორც ისტორიკოსმა დათვალა, არამედ გაცილებით უფრო ნაკლებია. წიგნის ავტორს ანტიამერიკანიზმშიც კი ადანაშაულებენ. 

მაგრამ იგივე «დეილი მეილი» აღიარებს, რომ «ომის ბოლოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საშინელი ამბები ხდებოდა», და გადმობეჭდავს ნაწყვეტებს რიგით ბლეიქ მარიანოს შესახებ. 

სიტყვამ მოიტანა და, მის შემთხვევაში მართლმსაჯულება აღსრულებულ იქნა. ტრიბუნალის გადაწყვეტილებით მარიანო მკვლელობისა და გაუპატიურებებისთვის ჩამოახრჩვეს. 

«მაგრამ მაინც მისი აღსასრული უფრო მსუბუქი იყო, ვიდრე იმ მრავალი ადამიანის ბედი, რომლებიც მან და მისმა მსგავსებმა გაანადგურეს», – ნათქვამია წიგნში. 

მოკავშირეების მასობრივი ძალადობა საფრანგეთსა და იტალიაში 

შეგახსებთ, რომ 2013 წელს გამოვიდა ვისკონსინის უნივერსიტეტის პროფესორის მერი რობერტსის სენსაციური წიგნი «რას აკეთებენ ჯარისკაცები: სექსი და ამერიკელი სამხედროები საფრანგეთში მეორე მსოფლიო ომის წლებში», სადაც ავტორმა წინასიტყვაობაში აღნიშნა: 

«ჩემი წიგნი არღვევს ძველ მითს ამერიკელი ჯარისკაცების შესახებ, რომლებიც, საყოველთაო აზრის მიხედვით, ყოველთვის კარგად იქცეოდნენ. ამერიკელები სექსით იყვნენ დაკავებულნი ყველგან და ყველასთან, ვისაც კი ქვედა ბოლო ეცვა». 

სხვა კონტინენტზე გაგზავნილ ჯარისკაცებს «ეროტიკულ თავგადასავალს» დაპირდნენ, და სწორედ ამ «მისიას» ისინი დიდი გულმოდგინებით ასრულებდნენ. სხვა ყველაფერთან ერთად, აშშ-ში დისკრიმინირებული ზანგებისა და აფრიკული ტომებისთვის, ევროპული «თვგადასავალი» იქცა საშუალებად «თეთრკანიანებზე შურის საძიებლად». 

«1944 წლის მაისში, მოკავშირეებმა – «დემოკრატიისა და თანასწორობის» ძალებმა – ბოლოს და ბოლოს მოახერხეს ცენტრალურ იტალიაში ხელში ჩაეგდოთ მონტე კასინო (Monte Cassino). მოკავშირეთა შემადგენლობაში მაროკოს ჯარებიც იმყოფებოდნენ. ისინი საშუალო ჯარისკაცები გახლდნენ, სამაგიეოდ ტყვეების მკვლელობებში და სამოქალაქო მოსახლეობის გაუპატიურების ნაწილში მათ ბადალი არ ჰყავდათ. მონტე კასინოსთვის ბრძოლის დასრულების შემდგომ ღამეს მაროკოელი ჯარისკაცების დივიზია – 12 000 მაროკოელი – თავისი ბანაკიდან მოიხსნა და მონტე კასინოს მახლობლობაში მთის სოფლების ჯგუფს კალიასავით მოედო. მათ ამ სოფლებში ყველა ქალი და გოგონა გააუპატიურეს, რომელთა პოვნაც კი მოახერხეს, – მათი რიცხვი 3000 ქალით ფასდება 11-დან 86 წლამდე ასაკისა. მათ 800 სოფლელი მამაკაცი მოკლეს, რომლებიც თავიანთი ქალების დაცვას ცდილობდნენ. ზოგიერთ ქალს ისინი იმ დონემდე აუპატიურებდნენ, რომ 100-ზე მეტი მათგანი ამისგან დაიღუპა». 

...მაროკოელი ჯარისკაცები ყველაზე უფრო ლამაზ ქალიშვილებს ჯგუფური გაუპატიურებისთვის გამოარჩევდნენ და თითოეული მათგანის წინ, თავისი რიგის მოლოდინში, მუქკანიანების გრძელი რიგები ეწყობოდა, იმ დროს როცა სხვა მაროკოელებს მსხვერპლები გაკავებული ჰყავდათ. ორ დას, 15 და 18 წლისას, თითოეულს 200-ზე მეტი მაროკოელი აუპატიურებდა. მათგან ერთი გარდაიცვალა, ხოლო მეორემ კი უკანასკნელი 53 წელიწადი ფსიქიატრიულ კლინიკაში გაატარა. მაროკოელები სოფლებში პატარა ბიჭებსაც აუპატიურებდნენ» (უილიამ უოლტერ პირსი, «მონტე კასინოს ქალები»)

გამოკვლევა, რომელიც სამხედრო არქივების შესწავლაზეა დამყარებული არა მხოლოდ საფრანგეთში, აშშ-შიც, დაეხმარა გამოევლინათ ის ფაქტი, რომ ძალადობა და ფიზიოლოგიურ მოთხოვნილებათა დაკმაყოფილება იყო ამერიკელ სამხედროთა ძირითადი მეთოდები «ფრანგებზე მათი ძალაუფლების დამყარებაში». 

ხოლო მას შემდეგ, როცა «განმათავისუფლებელთაგან მოხიბლულობამ» საბოლოოდ გაიარა, 1951 წელს აშშ ცენტრალურმა სადაზვერვო სამმართველომ ჩაატარა ექსპერიმენტი პატარა ფრანგული ქალაქის პოინტ-სენტ-ესპრის მცხოვრებლებზე ЛСД-ის მასობრივი გამოყენებით, რომლის შედეგადაც 5 ადამიანი დაიღუპა, დანარჩენი 500 მცხოვრები კი მასობრივი შეშლილობის აფეთქებამ მოიცვა. 


ასეთივე განსაცდელები და უბედურებები აქვს აღწერილი ალბერტო მორავიას თავის რომანში „ჩოჩარა“, რომელიც დიდი ხანია ცნობილია ქართული საზოგადოებისათვის. დღეს კი ამ საზოგადოებას მსგავსი პერსპექტივები, ასეთი „მოღვაწეებისა“ და ასეთი ღორული ურთიერთობების ძალუმად გაპარპაშების გამო, რეალურ საფრთხედ წამოემართა. ისევ რუსლან მიქაბერიძის ერთი პატარა ლექსით დავამთავრებ ამ წერილს: 

არაკაცების რაოდენობა 
პარტიებში და მმართველობაში, 
გადაგვარება-გაქრობის საფრთხე 
შიშს რომ არ ბადებს ქართველობაში; 
თუ შემეშალა, მაშინ ბოდიში – 
მშვიდობაში და ჯანმრთელობაში. 

                          (კრებულიდან: რუსლან მიქაბერიძე, „ლალე“, 2000 წ.) 


ირაკლი ხართიშვილი

 

Monday, February 13, 2023

დები ნაყეურები ფშაური კაფია.

უსიამოვნო ამბების შესახებ

ამ რამდენიმე წლის წინ გამოიცა ქართულ ენაზე წიგნი პოლკოვნიკ ბურნაშოვის ვრცელი წერილების თარგმანებით საქართველოს, ადერბაიჯანის სახანოებისა და ჩრდილო კავკასიის ხალხების შესახებ. და რატომ დავიწყე უსიამოვნო ამბების გადმოცემა ამ წიგნით? ცხადია, მისი გამოცემის წინააღმდეგი მე არ ვარ და არც ვიქნებოდი, მაგრამ საქმე იმაშია, რომ ამ წიგნიდან უმთავრესი წერილი „საქართველოს სურათი ანუ ქართლისა და კახეთის სამეფოთა პოლიტიკური მდგომარეობის აღწერა“ მე თვითონ ვთარგმნე და ჩემს ბლოგზე გამოვაქვეყნე გაცილებით უფრო ადრე, 2010 წლის 1 ნოემბერს, და იმის შემდეგ სხვადასხვა დროს რამდენჯერმე ველაპარაკე კონკრეტულად ამ თარგმანის შესახებაც გამომცემლობების „ინტელექტისა“ და „არტანუჯის“ მფლობელს, ბ-ნ კახმეგ კუდავას, რომლის უკანასკნელი გამომცემლობაც („არტანუჯი“) სწორედ ისტორიული წიგნების გამოცემითაა ძირითადად დაკავებული. ეს ჩვენი შეხვედრები ხდებოდა „ინტელექტის“ მიერ გამოქვეყნებული ცალკეული წიგნების პრეზენტაციის დროს, მაშინ ბ-ნი კახმეგი ჩვეულებრივ ღიმილით ხვდებოდა ჩემს ნათქვამს ისტორიული წყაროების თარგმანთა (პოლკოვნიკი ბურნაშოვი, აკადემიკოსი დუბროვინი, ვრცელი წერილები ბროქჰაუზ-ეფრონის ენციკლოპედიური ლექსიკონიდან და სხვა) ბლოგზე უკვე გამოქვეყნებისა და წიგნად მათი გამოცემის სურვილის შესახებ, და ამბობდა, რომი ისინი ნობელის პრემიის ლაურეატთა წიგნების თარგმანებს გამოსცემენ და მთელი ძალები ამაზე აქვთ გადატანილი. თუმცა კი ამას ხელი არ შეუშლია მისთვის, რომ ბლოგზე საქართველოს შესახებ ვრცელი წერილის ჩემეული თარგმანის გამოქვეყნებიდან დაახლოებით ათი წლის შემდეგ გამოეცა აღნიშნული წიგნიც, თუმცა კი პოლკოვნიკი ბურნაშოვი ნობელის პრემიის ლაურეატი სულაც არ ყოფილა. 

ანუ ხდება ჩვენში რაღაც წაყრუება „არათავიანთი“ ხალხის მიერ შექმნილი ნაშრომების მიმართ, და უწინარეს ყოვლისა თავად ამ „არათავიანთი“ ადამიანების მიმართაც, თავიანთი ხალხის ხელოვნურად „გაქაჩვა“ და ქვეყნის მოამაგეებად მათი გამოცხადება, საკუთარ თავთან ერთად, რა თქმა უნდა. დაალოებით ერთი წლის წინ სხვა მსგავს სიტუაციასაც წავაწყდი. ავტობუსში მგზავრობისას შემხვდა ჩემი ყოფილი ლექტორი, ილია ლომიძე, რომელიც უნივერსიტეტში ფიზიკის ფაკულტეტზე ვექტორული და ტენზორული აღრიცხვის საგანს მასწავლიდა. მას საუბარში ვუთხარი, რომ მაქვს ბლოგი, რომლის ძირითადი თემატიკაა „სამხედრო საქმე და ისტორია“ (უფრო მეტად რუსეთ-საქართველოს ურთიერთობათა ისტორია), რომ მას საგანმანათლებლო დანიშნულებაც გააჩნია და მასში კითხველთა და ვიდეომასალების მომხმარებელთა დიდი რაოდენობით შემოსვლაა, ანუ მაღალი დაინტერესება (დღესდღეობით ეს შემოსვლები 322 ათასს აღემატება), შემოდიან სამხედრო მოსამსახურეები და სამხედრო საქმით დაინტერესებული სხვა მკითხველები, უმაღლეს სასწავლებელთა სტუდენტები (განსაკუთრებით ბროქჰაუზ-ეფრონის ენციკლოპედიური ლექსიკონიდან თარგმნილ ვრცელ წერილებში ევროპული ქვეყნების ისტორიის, რელიგიურ მიმდინარეობათა ისტორიის, რომანტიზმისა და გერმანელ რომანტიკოსთა შესახებ), ასევე პროფესორ-მასწავლებლებიცა და სხვა დაინტერესებული მკითხველებიც. 

ამა წლის 27 იანვარს მე უკვე ავტვირთე ბლოგში წერილი მასში გამოქვეყნებული წერილობითი მასალების, მათი თემატიკისა და წლის დასაწყისში (12 იანვრის მდგომარეობით) მათში მკითხველთა შემოსვლების შესახებ, სადაც ნათქვამია, რომ იმ დროისათვის ბლოგის წერილობით და ვიდეომასალებში მთლიანად იყო მომხმარებელთა 320 835 შემოსვლა, და მათგან წერილობით მასალებში – 225 959. 

ბ-ნმა ილია ლომიძემ მითხრა, რომ ნახავდა „ინტერნეტში“ ჩემს ბლოგს, რომ ჩვენში ახლა წარმოებს მუშაობა ახალი ქართული ენციკლოპედიის შესაქმნელად, რომ საქართველოს შესახებ მასალის მომზადება მას აქვს ჩაბარებული, და იგი აცილებლად ნახავს ჩემი ბლოგის მასალებსაც. ბ-ნი ილია სავსებით გულწრფელი იყო, როცა ამას მეუბნებოდა, და არც ჩემთან დაკავშირება იქნებოდა მისთვის შეუძლებელი, ვინაიდან ბლოგის დასაწყისშივე მითითებულია ჩემი ელექტრონული ფოსტის მისამართი, ან შეიძლებოდა რომელიმე წერილზე კომენტარის გაკეთება მასთან დაკავშირების სურვილითა და გზის ჩვენებით, მაგრამ ასეთი რამ არ მომხდარა. როგორც ჩანს, ვიღაც-ვიღაცეებმა „ზევით“ გააჩერეს, რადგანაც ამ ენციკლოპედიაში ჩემი სახელისა და ნაშრომების გამოჩენა არ აწყობთ. და რა ვუსურვო მათ, იმ „ზევითებს“ და სხვათაც? ჩ ა ძ ა ღ ლ ე ბ უ ლ ა ნ, გზაც იქითა ჰქონიათ. რაღა ჩვენ უნდა გვაყენებდნენ ტკივილსა და გვიშხამავდნენ ცხოვრებას? თვითონ მათ მიადგეთ ის ტკივილები და თვითონ მათვე მოეშხამოთ მათი ცხოვრება. იქნებ მიხვდნენ მაშინ, თუ როგორ უნდა ექცეოდნენ ადამიანებს. აი, ახლა დიდი ომიც გვიახლოვდება, რომლის შესახებ მე ლაპარაკი და პრესაში წერა ჯერ კიდევ 24 წლის წინ დავიწყე, 1999 წლის მარტის თვიდან, რეალურ ღია სამხედრო ინფორმაციაზე დაყრდნობით, როცა ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის ერთ-ერთ საჯარო სხდომაზე განვაცხადე, სტრატეგიული კვლევების ლონდონის საერთაშორისო ინსტიტუტის მონაცემებისა და ეუთო-ს ოფიციალური დოკუმენტების გადმოცემის, აგრეთვე მათი ანალიზის საფუძველზე. თუ ამ ომმა უწია ჩვენს ქვეყანასაც, მაშინ ჩვენში ბოროტის მქმნელი ადამიანები ამ მხრივაც მიიღებენ თავიანთ საზღაურს – როგორც სხვას ექცევიან ახლა, მათაც მათი სამაგიერო მიეზღვებათ. თუმცა კი, უფლის მიერ დადენილი ეს სწავლება ადამიანებს შორის ურთიერთობაში ომის გარეშეც მოქმედებს, ცხადია, მაგრამ ომსა და უბედურებასაც თავისი წესი და რიგი შემოაქვს ჩვენს ცხოვრებაში, ამიტომ შეიძლება ის განსაცდელები და უბედურებანი გაცილებით უფრო მძიმეც იყოს. რა ვუყოთ, გზაც იქითა ჰქონიათ, თუ უკეთესობისკენ, ქრისტიანობისკენ მობრუნება არ უნდათ; არჩევანი მათია და პასუხსაც თვითონ აგებენ. 

ამ რამდენიმე თვის წინ გავიგე კიდევ ერთი ახალი ამბავი, რომ ვინმე ნინო შარვაშიძეს უთარგმნია ვალიკო ჯუღელის წიგნი „მძიმე ჯვარი“ ქართულად (დედანი რუსულ ენაზე გამოიცა ტფილისში 1920 წელს), რომ ეს თარგმანი გამოუციათ წიგნად, რომ ის გაყიდვაშია და მოწონებითაც სარგებლობს (რედაქტორები – ვინმე ორი პირი, გვარად ხვადაგიანები). და რატომ არის ეს ამბავი უსიამოვნო? საქმე იმაშია, რომ ეს წიგნი მე მანამდე ორი წლით ადრე ვთარგმნე ქართულად და ჩემს ბლოგზეც გამოვაქვეყნე. რომ ჩემი ეს თარგმანი ხელმისაწვდომია მკითხველისთვის, ის ღიად დევს „გულის“ სივრცეში და ჯერ კიდევ ორი წლის წინ შეეძლოთ ამ თემით დაინტერესებულ პირებს ენახათ ეს თარგმანი და წაეკითხათ იგი. მე სწორედ ამიტომ ვთარგმნე და გამოვაქვეყნე ის ჩემს ბლოგზე, მაგრამ არა იმისთვის, რომ ვიღაც ხელმრუდე და სინდისთან მწყრალად მყოფ ადამიანებს ჩემი თარგმანი „გადაემღერებინათ“ და მერე თავისად გაესაღებინათ. 

რადიოში ასეთი ინფორმაციის გაჟღერების შემდეგ, რაც ჩემმა ახლობლებმა მითხრეს, რომ ამ წიგნის გამოცემაზე ინფორაცია ითქვა „საქართველოს რადიოში“, ვინმე ილია თავბერიძის გადაცემაში, მალევე მე მივედი ამ რადიოში, მაღლა არ ამიშვეს, ხოლო ტელეფონით კი დამაკავშირეს ამ რადიოარხის დირექტორის მოადგილესთან. იმ ქალბატონს მე ავუხსენი სიტუაცია, რომ ტყუილი ინფორმაცია გადაიცა მათი არხით, რომ ვალიკო ჯუღელის „მძიმე ჯვარის“ ჩემეული თარგმანი უკვე ორი წელია, რაც ბლოგზე მაქვს გამოქვეყნებული (2020 წლის აპრილის თვიდან და მის შემდეგ ახლო ხანებში), რომ არ ვიცი, ახლა ეს წიგნად გამოსული ტექსტი ჩემი თარგმანის გადამღერებაა თუ მართლა ახალი ნაშრომია, ამის გარკვევას სასამართლო დავა და ექსპერტიზის ჩატარება სჭირდება, რისი ფულადი შესაძლებლობებიც მე უბრალოდ არ გამაჩნია, მაგრამ ერთი რამ კი ნათელია, რომ ეს წიგნი ახლა პირველად არ უთარგმნიათ, რომ მისი ჩემეული თარგმანი უკვე ორი წელია ინტერნეტში დევს და ხელმისაწვდომია ყველასათვის, ვინც მისით დაინტერესდება. ვუთხარი ამ ქალბატონს ჩემი ბლოგის მისამართიცა და აღნიშნული თარგმანის ბლოგზე მოძებნის თარიღებიც – 2020 წლის აპრილი და მისი მახლობელი თვეები (ეს თარგმანი ხუთ ნაწილად მაქვს ბლოგზე ატვირთული, მისი შედარებით დიდი მოცულობის გამო). მან მითხრა, რომ გადასცემდა ილია თავბერიძეს ჩემს ნათქვამს, დატოვებულ მონაცემებს, და მეც რაღაც იმის იმედი მქონდა, რომ რადიოსადგური თავის შეცდომას, ეთერში გაჟღერებულ მცდარ ინფორმაციას, მსმენელთა შეცდომაში შეყვანას გამოასწორებდა. მაგრამ წესიერ და პატიოსან მკითხველს ისე არ ასტკივდეს არაფერი, რაც ამ რადიო არხს და მის წამყვანს არაფერი გამოუსწორებიათ. აგონ პასუხი მათაც და სხვა ხელმრუდე ადამიანებმაც მათი ასეთი საქმეებისათვის, გზაც იქითა ჰქონიათ. უფალი გვასწავლის სახარებაში: სხვას არაფერი უსურვოთ და არ გაუკეთოთ ისეთი, რასაც საკუთარ თავს არ უსურვებდით და არ გენდომებოდათ, რომ თქვენთვის გაეკეთებინათო. და უფრო მეტიც, უფალი იქვე ამბობს და გვასწავლის: სხვებს ისე მოექეცით, როგორც გსურთ რომ სხვები თქვენ გექცეოდნენო. და ეს ხელმრუდე და სინდისთან მწყრალად მყოფი ადამიანები თავიანთი საქციელით უფალს ეუბნებიან – ჩვენც ასე გვინდა რომ სხვები მოგვექცნენო. რა ვუსურვოთ მათ? როგორც რუსლან მიქაბერიძეს აქვს ერთ ლექსში – „მშვიდობაში და ჯანმრთელობაში“, სულიერ და ფიზიკურ გაჯანსაღებაში. 

დაახლოებით თვე-თვენახევრის შემდეგ რადიოში იმ მასალის გაშვებიდან, სადღაც ივლისის ბოლოსკენ, სოფელში ყოფნისას მოვისმინეთ იმავე რადიოარხის ისეთივე გადაცემა ერთ-ერთი იმ ხვადაგიანის მონაწილეობით. ახლა უკვე აღარ უთქვამთ, რომ ეს წიგნი ქართულ ენაზე პირველად ითარგმნაო, და არც ამ „მთარგმნელის“ სახელი და გვარი აღუნიშნავთ, მაგრამ თქვეს, რომ ეს თარგმანი პირველად გამოიცა წიგნის სახითო (ჰქონდათ, ან საიდანღაც იშოვნეს ფულები და წიგნად გამოსცეს), მაგრამ ის კი „არ გახსენებიათ“, რომ ამ წიგნის თარგმანი უკვე ორი წლის წინაა გამოქვენებული და ინტერნეტში ყველასათის ხელმისაწვდომიც (ამ წლის დასაწყსში ჩემეულ თარგმანში ნაჩვენები იყო მკითხველთა 545 შემოსვლა საერთო ჯამში). იმ გადაცემაში ხსენებულმა ხვადაგიანმა კმაყოფილებოთ განაცხადა, რომ მას უყვარს ვალიკო ჯუღელის პიროვნება, პატივს სცემს მას და ინტერესდება მასალებით მის შესახებ, და ამ სიტყვებით მან იქვე აჩვენა თავისი სისულელე და ჭკუამოკლეობა: თუ მას აინტერესებს ცოდნა და ინფორმაცია ვალიკო ჯუღელის შესახებ, მაშინ ის არაერთხელ შევიდოდა „გუგლში“ სათანადო მასალების მოსაძიებლად და გასაცნობად, და „გუგლიც“ ჯერ კიდევ 2020 წლის აპრილიდან არა მარტო აცნობებდა, რომ ვინმე ირაკლი ხართიშვილმა დაიწყო ინტერნეტ-სივრცეში ამ თარგმანის ნაწილ-ნაწილ გამოქვეყნება, არამედ მისცემდა კიდეც ამ თარგმანების წაკითხვის საშუალებას. აქედან ჩანს, რომ ეს ხვადაგიანიცა და მთელი ის კომპანიაც უბრალოდ მატყუარები, ბაცაცები და თაღლითები უნდა იყვნენ. ასე ხდება, როცა ადამიანი ცრუობს, ის ბევრ სისულელეს ლაპარაკობს ხოლმე, რაც იმ სიცრუიდან მომდინარეობს. 

ზემოთ მე ვახსენე იმ სავარაუდო განსაცდელებისა და უბედურებათა შესახებ, რომლებიც ჩვენს ქვეყანას შეიძლება დაატყდეს ახალი დიდი ომის მოახლოების პირობებში. თვითონ ამ ომის თაობაზე შემდეგში სხვა დროს მოვყვები, აქ კი მინდა ვთქვა, რომ სტრატეგიული კვლევების ლონდონის საერთაშორისო ინსტიტუტის მონაცმებით, 2000 წელს ფინეთს თავისი სახმელეთო ჯარების საბრძოლო ანუ საველე ჯარების შემადგენლობაში ჰყავდა 26 საბრძოლო ბრიგადა (ორი ჯავშანსატანკო, ათი მექანიზებული ქვეითი და 14 ქვეითი), აგრეთვე ტერიტორიული თავდაცვის ჯარების დაახლოებით 150 ცალკეული ნაწილი და ქვედანაყოფი (ბატალიონი, ასეული, ოცეული). მეორე მცირე ნეიტრალურ ევროპულ სახელმწიფოს, შვეიცარიას, სახმელეთო ჯარებში ჰყავდა საველე ჯარების ცხრა დივიზია (ექვსი მექანიზებული ქვეითი და სამიც სამთოქვეითი; თითოეულ დივიზიაში სამ-სამი საბრძოლო ბრიგადით) და ხუთი ცალკეული ჯავშანსატანკო ბრიგადა (მთლიანობაში 32 საბრძოლო ბრიგადა – მექანიზებული ქვეითი, სამთო-ქვეითი და ჯავშანსატანკო), პლიუს ტერიტორიული თავდაცვის ჯარების ოთხი დივიზია. ამათ ემატებოდა ფინეთისა და შვეიცარიის სამხედრო-საჰაერო ძალებისა ფინეთის სამხედრო-საზღვაო ძალების შენაერთები, ნაწილები და ქვედანაყოფები. და მთელი ეს ძალები ამ სახელმწიფოებს სჭირდებოდათ და სჭირდებათ საკუთარი თავდაცვისათვის. 

საქართველოს სახმელეთო ჯარებს დღესდღეობით ჰყავს სამი თუ ოთხი საბრძოლო ბრიგადა, რაც, იმავე ფინეთისა და შვეიცარიის მაგალითის საფუძველზე, ვერანაირად ვერ შეძლებს უზრუნველყოს ჩვენი ქვეყნის თავდაცვა. ეს კი ნიშნავს ომის შემთხვევაში ამ ჯარების სწრაფ დამარცხებას, გამარჯვებული მოწინააღმდეგის ჯარისკაცებისა და ოფიცრების ავტომატებით ხელში ჩვენი მოსახლეობის სახლებსა და ბინებში შემოსვლას, როცა ჩათვლიან, რომ რაც მოეწონებათ და ვინც მოეწონებათ მათია, და როგორც უნდათ ისე მოიხმარენ. ამის წინააღმდეგ და ხელისუფლებისათვის ამის შეხსენებით მე უკვე 24 წელია რაც გამოვდივარ, მაგრამ ხელისუფლებასაც და საზოგადოების პოლიტიკურად აქტიურ ნაწილსაც (პოლიტ. პარტიები, მასობრივი ინფორმაციის საშუალებანი, არასამთავრობო ორგანიზაციები, საზოგადოების სხვადასხვა სახის ელიტები) ეს დიდად არ ადარდებთ – დღევანდელი ასაღები ფულები და საშოვნელი სავარძლები უჩრდილავთ მათ ასეთი მძიმე და საუბედურო პერსპექტივების კონტურებს. აქაც იგივე გვეთქმის: „მშვიდობაში და ჯანმრთელობაში“, ეს განსაცდელები და უბედურებები მათ სულიერ და ფიზიკურ გაჯანსაღებაში, ქრისტიანულად მოქცევაში, საქმით გაქრისტიანებასა და ქვეყანას და საკუთარ ხალხზე, საკუთარ თანამემამულეებზე ზრუნვაში. 

ირაკლი ხართიშვილი