Monday, May 22, 2017

Louis de Funes spricht Deutsch und dank Schatten als Adolf Hitler

სამხედრო-საზღვაო ძალები ნატო-ს გაერთიანებული (სამოკავშირეო) შეიარაღებული ძალების სწავლებაზე ატლანტიკაში 1980-იანი წლების დასაწყისში

(შემოთავაზებული მასალა წარმოადგენს ფაქტიურად საბჭოთა კავშირის თავდაცვის სამინისტროს ჟურნალ Зарубежное военное обозрение-ს 1982 წლის № 1-ში გამოქვეყნებული წერილის «ВМС на учениях ОВС НАТО на Атлантике» თარგმანს, რომელიც ჩვენს მიერ მკითხველისთვის წარსულ დროშია გადაყვანილი და შესაბამის ადგილებში გაკეთებულია ჩანართები და მინიშნებები: «საბჭოთა სამხედრო პერიოდიკის შეფასებით», «საბჭოთა ავტორების სიტყვით», «საბჭოთა სამხედრო სპეციალისტების შფასებით», რაც ნათელს ხდის გარკვეული საკითხებისა და ბრობლემების ბუნებას და, ამასთანავე, მიუთითებს მათი გადმოცემისა და განმარტების წყაროზეც, ამ განმარტებათა ხასიათზეც.

ჩვენში დღესდღეობით ჩრდილოატლანტიკური კავშირი /ნატო/ წარმოუდგენიათ დასავლეთის განვითარებულ სახელმწიფოთა ისეთ გაერთიანებად, რომელიც ქვეყნად სამართლიანობისა და კეთილდღეობის დამკვიდრებითაა დაკავებული, და მასში გაწევრიანება სანუკვარ ოცნებად, მტკივნეული პრობლემების მოგვარებისა და გადაწყვეტის საშუალებადაც მიაჩნიათ. სინამდვილეში კი საქმე ასე სულაც არ არის. ნატო უწინარეს ყოვლისა დასავლეთის წამყვან სახელმწიფოთა და მათი მოკავშირეების სამხედრო-პოლიტიკური ბლოკია, რომელიც მისი ხელმძღვანელობისთვის სასურველ პოლიტიკურ მიზნებს ისახავს და მათ განხორციელებას სამხედრო ძალის გამოყენებით ვარაუდობს. ამ ორგანიზაციაში მონაწილეობა მისი წევრებისგან შესაბამის საქმიანობასა და ქმედებებს მოითხოვს, რომლებზედაც მკითხველისთვის გარკვეული წარმოდგენის შესაქმნელად ქვემოთ მოყვანილი მასალა არის კიდეც აქ ატვირთული. ზემოხსენებულ სამხედრო ჟურნალში გამოქვეყნებული წერილის ავტორი გახლავთ მე-2 რანგის კაპიტანი ა. ორლოვი.)

საბჭოთა სამხედრო პერიოდიკის შეფასებით, საომარ მზადებებში, რომლებსაც 1980-იანი წლების დასაწყისში აშშ-ისა და ნატო-ში მისი პარტნიორი ქვეყნების მმართველი წრეები ფორსირებული ტემპებით ახორციელებდნენ, მანევრებსა და სწავლებებს თვალსაჩინო ადგილი ეკავა. მათ დედამიწის სხვადასხვა რაიონებში ატარებდნენ (ხშირად ძალის დემონსტრირების მიზნით). ამის მაგალითად საბჭოთა ავტორებს მოჰყავდათ ნატო-ს გაერთიანებული შეიარაღებული ძალების (გშძ) ურთიერთდაკავშირებული სწავლებები ატლანტიკაში პირობითი სახელწოდებებით «ოუშნ ვენჩერი», «მეჯიქ სვორდი» და «ოუშნ საფარი», რომლებიც 1981 წლის 1 აგვისტოდან 19 სექტემბრის ჩათვლით ტარდებოდა. 

მათი ჩატარების რაიონი მოიცავდა ცენტრალურ, დასავლეთ, აღმოსავლეთ და ჩრდილოეთ ატლანტიკას, კარიბის, ნორვეგიისა და ჩრდილოეთის ზღვებს, აგრეთვე ლამანშის სრუტისა და ბალტიის ზღვის სრუტეების ზონებს. მასში მონაწილეობდა აშშ-ის, კანადის, დიდი ბრიტანეთის, გფრ-ის, ნორვეგიის, დანიის, ნიდერლანდების, ბელგიისა და პორტუგალიის, აგრეთვე საფრანგეთისა და ესპანეთის სამხედრო-საზღვაო ძალების (სზძ) 250-ზე მეტი საბრძოლო ხომალდი და დამხმარე გემი, საავიამზიდო და საბაზო საპატრულო ავიაციის, აგრეთვე სამხედრო-საჰაერო ძალების (სჰძ) სტრატეგიული და ტაქტიკური ავიაციის 1000-მდე თვითმფრინავი. გარდა ამისა, სწავლებებში ჩართული იყვნენ აშშ-ისა და ნიდერლანდების სზძ-ის საზღვაო ქვეითი ჯარები, ნატო-ს ცალკეული ქვეყნების სახმელეთო ჯარების ნაწილები და ქვედანაყოფები. პირადი შემადგენლობის რიცხოვნებამ კი 120 ათას ადამიანს გადააჭარბა.

სწავლებების საერთო ხელმძღვანელობას ატლანტიკაში ნატო-ს გშძ-ის უმაღლესი მთავარსარდალი ამერიკელი ადმირალი ჰ. თრეინი ახორციელებდა, ხოლო ძალების მოქმედებებს კი ატლანტიკის რაიონებში ნატო-ს გშძ-ის სარდლები და ოპერატიული შენაერთების მეთაურები მართავდნენ.

საბჭოთა ავტორების სიტყვით, სწავლებათა ჩანაფიქრის საფუძველში, საზღვარგარეთული პრესის შეტყობინებების თანახმად, შეიარაღებული კონფლიქტების გაჩაღების პროვოკაციული ვარიანტები იყო ჩადებული თავდაპირველად კარიბის ზღვის აუზში, შემდეგ კი ჩრდილოეთ ატლანტიკაშიც, რაც ვითარების მკვეთრ გამწვავებასა და საბრძოლო მოქმედებების დაწყებას გამოიწვევდა საომარ მოქმედებათა საზღვაო და სახმელეთო თეატრებზე (საზღვაო და სახმელეთო ომთ-ებზე) «ლურჯებსა» (ნატო-ს გშძ) და «ნარინჯისფერებს» (მოწინააღმდეგე) შორის. აგრესორის როლი «ნარინჯისფერებს» ეთმობოდათ, რომლებიც ივნის-ივლისში სწავლებების სახით წყალქვეშა ნავების, წყალზედა ხომალდებისა და სზძ-ის ავიაციის გაშლას შეუდგნენ მუდმივი დისლოკაციის ბაზებიდან ყველაზე უფრო ინტენსიური ნაოსნობის რაიონებში სამხრეთ ატლანტიკასა და კარიბის ზღვაში დასავლეთის სახელმწიფოთა მიერ იმპორტირებადი ნედლეულის, პირველ რიგში კი ნავთობის საზღვაო გადაზიდვების დარღვევის, მათი ეკონომიკის დეზორგანიზაციისა და დათმობებზე წასვლისკენ იძულების მიზნით. «ნარინჯისფერთა» მასობრივი ინფორმაციის ორგანოების მიერ აქტიური პროპაგანდისტული კამპანია იქნა ორგანიზებული, რომელიც ბლოკის ერთიანობისთვის ძირის გამოთხრაზე, ესპანეთის ნატო-ში მიღების არდაშვებასა და კარიბის ზღვის აუზის ქვეყნებისთვის ყოველმხრივი მხარდაჭერის აღმოჩენაზე იყო მიმართული მათ ბრძოლაში პოლიტიკური და ეკონომიკური დამოუკიდებლობისთვის. «ლურჯთა» ქვეყნების საზღვაო პორტებში დაიწყო დივერსიული აქტები და ორგანიზებული საბოტაჟი. ცენტრალური ამერიკის ერთერთ სახელმწიფოში ამერიკის საელჩო იქნა ხელში ჩაგდებული (მიტაცებული).

ამ პირობებში «ლურჯების» სამხედრო-პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ, შეაფასა რა შექმნილი ვითარება როგორც მუქარის შემცველი, მიიღო გადაწყვეტილება ჩამოეყალიბებინა ნატო-ს გაერთიანებული (სამოკავშირეო) სზძ-ის დამრტყმელი საავიამზიდო და სხვა შენაერთები, გაეძლიერებინა მათით ბლოკის გშძ-ის დაჯგუფებები ყველაზე უფრო მნიშვნელოვან საოკეანო რაიონებში და მათზე თავისი კონტროლი დაემყარებინა.

«ნარინჯისფერებმა», რომლებიც «ლურჯებს» ძალების გაშლაში ასწრებდნენ, ატლანტიკაში საბრძოლო მოქმედებები დაიწყეს. ისინი იქითკენ ისწრაფოდნენ, რომ «ლურჯების» საზღვაო კომუნიკაციები დაერღვიათ, აშშ-დან ევროპაში ჯარების გადმოსროლები ჩაეშალათ, და ამავდროულად ევროპის სახმელეთო ომთ-ებზე შეტევითი მოქმედებებისთვის მზადებასაც ამთავრებდნენ.

საპასუხო ზომების სახით «ლურჯები» ატარებდნენ ღონისძიებებს შეიარაღებული ძალების მშვიდობიანი მდგომარეობიდან საომარ მდგომარეობაში გადასაყვანად, ისინი ერთიანი სარდლობის ქვეშ შეჰყავდათ, შლიდნენ საავიამზიდო დამრტყმელ და ნავსაწინააღმდეგო ძალებს ჩრდილო-აღმოსავლეთ ატლანტიკასა და ნორვეგიის ზღვაში, ბოჭავდნენ «ნარინჯისფერების» დაჯგუფებათა მოქმედებებს დასავლეთ ატლანტიკასა და კარიბის ზღვაში, ხოლო შემდგომში კი ახორციელებდნენ რიგ ოპერაციებს ბატონობის მოპოვებისთვის ჩრდილოეთ ატლანტიკასა და ნორვეგიის ზღვაში, უზრუნველყოფდნენ აშშ-დან ევროპაში გაძლიერების ძალებისა და ჯართა მომარაგების საგნების გადმოსროლას, აგრეთვე სახმელეთო ჯარების, სჰძ-ისა და სზძ-ის ერთობლივი მოქმედებებით აიძულებდნენ «მოწინააღმდეგეს» დასახულ გეგმებზე ეთქვა უარი. 

მოცემული სცენარის შესაბამისად იშლებოდა კიდეც მოვლენები სწავლებებში.

სწავლება «ოუშნ ვენჩერ-81» (Ocean Venture – «საოკეანო საქმიანობა») 1 აგვისტოდან 19 სექტემბრის ჩათვლით მიმდინარეობა და პირობითად კარიბის ზღვის, ჩრდილო-ატლანტიკურ და ცენტრალურ-ატლანტიკურ ფაზებად იყოფოდა (ძალების გაშლის მსვლელობა სქემაზეა მოყვანილი /ნახატი/).



ნახატი. ნატო-ს გაერთიანებული (სამოკავშირეო) სამხედრო-საზღვაო ძალების გაშლა ატლანტიკაში1981 წელს ჩატარებულ სწავლებაზე «ოუშნ ვენჩერ-81»: 1 – კანადის სზძ-ის სამხედრო ხომალდების რაზმი; 2 – საავიამზიდო დამრტყმელი შენაერთი ამერიკული ატომური ავიამზიდის «დუაით დ. ეიზენჰაუერის», ბრიტანული ნავსაწინააღმდეგო ავიამზიდის «ინვისიბლისა» და დაცვის ხომალდების შემადგენლობით; 3 – სადესანტო ხომალდების რაზმი (ამერიკული სადესანტო ვერტმფრენმზიდი «გუამი» და დაცვის ხომალდები); 4 – დიდი ბრიტანეთისა და ნიდერლანდების სზძ-ის საბრძოლო ხომალდების რაზმი; 5 – ამერიკული ავიამზიდი «ფორესტოლი»; 6 – საავიამზიდო მრავალმიზნობრივი ჯგუფი (ესპანური ავიამზიდი «დადალო» და დაცვის ხომალდები); 7 – სადესანტო ხომალდების რაზმი (ამერიკული უნივერსალური სადესანტო ხომალდი «საიპანი» და დაცვის ხომალდები).

კ ა რ ი ბ ი ს | ზ ღ ვ ი ს | ფ ა ზ ა (1-20 აგვისტო) მოიცავდა დასავლეთ ატლნტიკისა და კარიბის ზღვის აუზებს. მასში მონაწილეობდნენ: აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და ნიდერლანდების სზძ-ის 20-ზე მეტი საბრძოლო ხომალდი და დამხმარე გემი, ნატო-ს სზძ-ის მუდმივი შენაერთი ატლანტიკაში, საავიამზიდო, საბაზო საპატრულო და ტაქტიკური ავიაციის 100-ზე მეტი თვითმფრინავი, აშშ საზღვაო ქვეითი ჯარის (ზქჯ) 38-ე ბატალიონი (1100 ადამიანი), ნიდერლანდების ზქჯ-ის საბატალიონო ჯგუფი (400 ადამიანი კუნძულ კიურასაოდან), ქვედანაყოფები სპეციალური დანიშნულების ჯარების «რეინჯერებისა» და 101-ე საჰაერო-საიერიშო დივიზიის შემადგენლობიდან, სტრატეგიული ბომბდამშენები B-52 და სამხედრო-სატრანსპორტო ავიაციის თვითმფრინავები.

მთავარი ყურდღება ეთმობოდა აშშ-ის აღმოსავლეთ სანაპიროსთან და კარიბის ზღვაში ბატონობის მოპოვების, კომბინირებული სადესანტო ოპერაციის მომზადებისა და ჩატარების ამოცანების დამუშავებას.

სწავლების ჩანაფიქრის შესაბამისად 1 აგვისტოს «ნარინჯისფერთა» წყალქვეშა ნავებმა, რომლებიც ერთერთ ლათინოამერიკულ სახელმწიფოში განლაგებული ბაზირების პუნქტებიდან მოქმედებდნენ, სამხრეთ ატლანტიკაში დასავლეთის ქვეყნების რამდენიმე სავაჭრო გემი ჩაძირეს. ამის საპასუხოდ აშშ სზძ-ის სარდლობამ სამხედრო-საზღვაო ბაზებიდან ნორფოლკი, ჩარლსტონი და სხვები, გაშალა ნავსაწინააღმდეგო ძალები. ორი დღეღამის განმავლობაში (2-3 აგვისტო) წყლზედა ხომალდებმა საბაზო საპატრულო ავიაციის თვითმფრინავებთან და სახომალდო ვერტმფრენებთან ერთობლივად დაამყარეს კონტროლი აშშ აღმოსავლეთ სანაპიროს გასწვრივ ზონაზე ნორფოლკიდან (ვირჯინიის შტატი) ფლორიდის ნახევარკუნძულამდე და შექმნეს ხელსაყრელი პირობები სადესანტო რაზმის შესაქმნელად «მოწინააღმდეგის» წყალქვეშა ნავების ბაზირების პუნქტის დაპყრობის მიზნით. ამასთან უცხოურ პრესაში აღინიშნებოდა, რომ ერთერთ ყველაზე უფრო სავარაუდო სახელმწიფოს, რომელშიც რეალურად შეიძლებოდა შეჭრის ოპერაცია ჩაეტარებინათ, წარმოადგენდა კუბა. ამიტომ შემთხვევითი არ იყო, რომ სადესანტო ოპერაცია სწორედ ამ კუნძულის მახლობლობაში იქნა დაგეგმილი.

3 აგვისტოს ნორფოლკის რაიონში სადესანტო რაზმი იქნა შექმნილი სადესანტო ვერტმფრენმზიდ «გუამის», ორი ტანკსადესანტო ხომალდისა და ორი სადესანტო ხომალდ-დოკის შემადგენლობით. რაიონის დაფარვას უზრუნველყოფდნენ ატლანტიკაში ნატო-ს სზძ-ის მუდმივი შენაერთის ხომალდები. ჩამოყალიბების დასრულების შემდეგ რაზმი მორჰედ-სითიში (ჩრდ. კაროლინის შტატი) გადავიდა, სადაც სადესანტო ხომელდების ბორტზე 1,5 ათასი ადამიანის საერთო რიცხოვნების აშშ-ისა და ნიდერლანდების საზღვაო ფეხოსნები მიიღეს, აგრეთვე საბრძოლო ტექნიკაც იქნა ჩატვირთული. დაცვის ძალების შემადგენლობაში დამატებით შეიყვანეს მართვადი სარაკეტო იარაღით აღჭურვილი კრეისერი (მრი კრეისერი), საესკადრო ნაღმოსანი და ხუთი ფრეგატი.

ექვსი დღეღამის განმავლობაში ხომალდებმა შეასრულეს გადასვლა კუნძულ ვიეკესისკენ (კ. პუერტო-რიკოს მხლობლობაში), სადაც «ნარინჯისფერთა» კუნძულის დაპყრობის მიზნით საზღვაო დესანტის გადასხმა და საჰაერო დესანტის გადასროლა იყო გათვალისწინებული. გადასვლა «ნარინჯისფერების» წყალქვეშა ნავებისა და ავიაციის წინააღმდეგობის პირობებში ხორციელდებოდა, რომლებმაც მათ რამდენიმე სატორპედო და საბომბე-საიერიშო (бомбо-штурмовые) დარტყმა მიაყენეს.

9 აგვისტოს კ. ვიეკესის სიღრმეში «რეინჯერების» ქვედანაყოფის 325 მედესანტე გადაისროლეს, რომლებიც ავიაბაზა ნორთონიდან (ვირჯინიის შტატი) სამხედრო-სატრანსპორტო ავიაციის C-141 ტიპის 12 თვითმფრინავით მიიყვანეს. ამასთან ერთდროულად დაიწყო სანაპიროს უბნის მომზადება საზღვაო ქვეითი ჯარის გადასასხმელად. «ლურჯების» დესანტის ძალებისთვის მხარდაჭერის აღმოსაჩენად B-52 თვითმფრინავები გამოიყენებოდა, რომლებიც აშშ-ის ავიაბაზებიდან გადაფრენის შემდეგ 250 მ სიმაღლემდე ეშვებოდნენ და «ნარინჯისფერთა» დესანტსაწინააღმდეგო თავდაცვის ობიექტებს საბომბე-საიერიშო დარტყმებს აყენებდნენ. როგორც უცხოურ ბეჭდურ გამოცემებში აღინიშნებოდა, სტრატეგიული ბომბდამშენების გამოყენების ამ ვარიანტს (თუმცა კი უფრო მეტი სიმაღლეებიდან) მანამდე უკანასკნელად ვიეტნამში ომის პირობებში ამუშავებდნენ.

11 აგვისტოსთვის დაგეგმილი კ. ვიეკესზე საზღვაო დესანტის გადასხმა მოახლოებული ტროპიკული ქარიშხლის «დენისის» გამო გააუქმეს. სადესანტო ხომალდები ქარიშხლისგან დაფარულ სადგომებში წავიდნენ და ღუზაზე დადგნენ, ხოლო ქარიშხლის დამთავრების შემდეგ კი კ. კუბის სანაპიროსკენ გაემართნენ.

უცხო ტერიტორიაზე მნიშვნელოვანი ობიექტების დაპყრობის ამოცანების დამუშავებისთვის ამ კუნძულზე არსებული ამერიკული სამხედრო-საზღვაო ბაზა გუანტანამო იქნა არჩეული, სადაც 14 აგვისტოს საზღვაო დესანტი გადასხეს და რამდენიმე დღეღამის განმავლობაში «ნარინჯისფერთა» ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი სახელმწიფო დაწესებულებების, სამრეწველო და სამხედრო ობიექტების დაპყრობის ღონისძიებებს ამუშავებდნენ. ამასთან წარმოებდა აგრეთვე ვითომდა მანამდე ქვეყნის მოსახლეობის მიერ შეპყრობილი ბაზის მომსახურე პერსონალის ოჯახების «განთავისუფლებისა» და ევაკუაციის ამოცანების გადაწყვეტაც. საბჭოთა ავტორების შეფასებით, ეს მოქმედებები აშკარად პროვოკაციულ ხასიათს ატარებდა და მიზნად ცენტრალური ამერიკის ხალხების დაშინებას ისახავდა.

სწავლების კარიბული ფაზა მას შემდეგ იქნა დასრულებული, რაც სადესანტო ხომალდების რაზმი, შეასრულა რა პირობით კარიბის ზღვის რეგიონის ერთერთ ქვეყანაში შეჭრის ამოცანა, 20 აგვისტოს მორჰედ-სითიში დაბრუნდა.

«ოუშნ ვენჩერ-81» სწავლებასთან ერთდროულად სამხრეთ ატლანტიკასა და კარიბის ზღვაში დაიწყო აშშ-ისა და რიგი ლათინურ-ამერიკული ქვეყნების სზძ-ის სწავლება «უნიტას-22», რომლის მიზანიც გახლდათ – სზძ-ის გამოყენების გეგმების დამუშავება სამხრეთ ატლანტიკაში საზღვაო კომუნიკაციების დასაცავად. მასში ეტაპობრივად არგენტინის, ბრაზილიის, კოლუმბიის, ურუგვაისა და ვენესუელის სზძ-ის 30-ზე მეტი ხომალდი და დამხმარე გემი მონაწილეობდა.

ვინაიდან «ოუშნ ვენჩერ» სწავლების ჩანაფიქრით გაითვალისწინებოდა, რომ დასავლეთის ქვეყნებმა საერთაშორისო ვითარების გამწვავების პირობებში სამხრეთ ატლანტიკასა და კარიბის ზღვაში 1600-ზე მეტი სავაჭრო გემი გადაიყვანეს, ხოლო მათი თავდაცვა კი პირობით ლათინო-ამერიკულ სახელმწიფოთა ხომალდებსა და ავიაციას უნდა უზრუნველეყოთ, აშშ-მ ცალმხრივად მიიღო გადაწყვეტილება ეს საკითხებიც პრაქტიკულად გაეთამაშებინა, ანუ ისინი (ე. ი. ლათინურ-ამერიკული ხომალდები და გემები) სწავლება «ოუშნ ვენჩერში» მონაწილეობის მისაღებად ჩაერთო. საბჭოთა ავტორების შეფასებით, ასეთი ქმედებით პენტაგონში სხვა პროვოკაციულ მიზანსაც ისახავდნენ და სამხრეთ ატლანტიკაში სწავლებათა ჩატარების მეშვეობით ცდილობდნენ ნატო-ს «პასუხისმგებლობის» ზონა ამ რეგიონზეც გაეფართოვებინათ.

ამერიკული სარდლობის მსგავსმა მოქმედებებმა, საბჭოთა ავტორების სიტყვით, არა მარტო მსოფლიო საზოგადოებრიობა აღაშფოთა, არამედ ბლოკში ზოგიერთი პარტნიორი სახელმწიფოც. ასე, ნორვეგიის, ხოლო შემდეგ დანიის მთავრობები პროტესტით გამოვიდნენ და ისიც კი განაცხადეს, რომ სწავლებებში მონაწილეობაზე უარს იტყოდნენ. ამის შედეგდ აშშ იძულებული შეიქნა ოფიციალური განცხადებით გამოსულიყო და ეღიარებინა, რომ «უნიტას-22» ზოგადბლოკური სწავლება «ოუშნ ვენჩერის» ნაწილი არ იყო და ადრე მომზადებული ცალკე გეგმის მიხედვით ტარდებოდა. სინამდვილეში კი მისი ბევრი ელემენტი ატლანტიკაში ნატო-ს გაერთიანებული (სამოკავშირეო) შეიარაღებული ძალების სწავლებათა საერთო ოპერატიულ-სტრატეგიულ ფონზე მუშავდებოდა. სწავლება «უნიტას-22» სამხრეთ ატლანტიკაში სექტემბრის ბოლომდე გრძელდებოდა.

ჩ რ დ ი ლ ო ა ტ ლ ა ნ ტ ი კ უ რ ი | ფ ა ზ ა 19 აგვისტოდან 1 სექტემბრს ჩათვლით დასავლეთ, აღმოსავლეთ და ჩრდილოეთ ატლანტიკის რაიონებში მიმდინარეობდა. მასში აშშ-ის, კანადის, დიდი ბრიტანეთის, გფრ-ის, ნიდერლანდებისა და პორტუგალიის 60-ზე მეტი საბრძოლო ხომალდი იქნა ამოქმედებული, აგრეთვე 300-ზე მეტი თვითმფრინავიც საავიამზიდო, სზძ-ის საბაზო საპატრულო და სჰძ-ის ტაქტიკური ავიაციის შემადგენლობიდან.

განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭებოდა დამასრულებელი ღონისძიებების დამუშავებას სზძ-ის მშვიდობიანობის მდგომარეობიდან ომიანობის მდგომარეობაში გადასაყვანად, ნატო-ს სარდლობის ოპერატიულ დაქვემდებარებაში მის გადასაცემად და ომის საწყისი პერიოდის ოპერაციებში შემდგომი გამოყენებისთვის.

სწავლების ჩანაფიქრის შესაბამისად ივლის-აგვისტოში ვითარება მსოფლიოს მოცემულ რაიონში მკვეთრად იქნა გამწვავებული. აშშ სზძ-ის სარდლობამ რეზერვისტების მობილიზაცია გამოაცხადა და რეზერვის ხომალდებისა და თვითმფრინავების განკონსერვებასაც შეუდგა. 19 აგვისტოს ფლოტის ხომალდები მაღალ საბრძოლო მზადყოფნაში იქნენ მოყვანილი. ნავსაწინააღმდეგო ხომალდები საბაზო საპატრულო ავიაციის თვითმფრინავებთან და საგემბანო ვერტმფრენებთან ერთობლივად ვირჯინიის შტატის მახლობლად წყალქვეშა ნავების ძიებას შეუდგნენ. რამდენიმე დღეღამის შემდეგ სამხედრო-საზღვაო ბაზა ნორფოლკიდან ამერიკული ატომური ავიამზიდი «დუაით დ. ეიზენჰაუერი», ინგლისური ნავსაწინააღმდეგო ავიამზიდი «ინვისიბლი», დაცვის ხომალდები და ატლანტიკაში ნატო-ს სზძ-ის მუდმივი შენაერთის ხომალდები გამოვიდნენ. ბაზის მახლობლობაში ისინი სალაშქრო წყობით მოეწყვნენ და 22 აგვისტოს კურსი ევროპის ქვეყნებისაკენ აიღეს. შემდეგ მათ შეუერთდა კანადური ესკადრაც ხუთი საესკადრო ნაღმოსნისა და ფრეგატის შემადგენლობით.

ტრანსატლანტიკური გადმოსვლის პერიოდში აწარმოებდნენ საავიამზიდო შენაერთის ყველა სახეობის თავდაცვის დამუშავებას. ნავსაწინააღმდეგო თავდაცვის ამოცანების გადაწყვეტისას მნიშვნელოვანი ადგილი ავიამზიდ «ინვისიბლს» ეთმობოდა, რომელიც კურსზე წინ მიდიოდა და თავისი ჰიდროაკუსტიკური საშუალებებისა და ნავსაწინააღმდეგო ვერტმფრენების «სიი ქინგის» გამოყენებით წყალქვეშა ნავების ძიებას ახორციელებდა. წყალქვეშა ნავებთან ბრძოლისათვის იყენებდნენ აგრეთვე საბაზო საპატრულო თვითმფრინავებს P-3C «ორიონი» (აშშ) და «ავრორა» (კანადა), რომლებიც კონტინენტური ავიაბაზებიდან და კ. ისლანდიიდან მოქმედებდნენ.

23 აგვისტოს ხმელთაშუა ზღვიდან ატლანტიკაში მეორე ამერიკული ავიამზიდი «ფორესტოლი» გავიდა და ნორვეგიის ზღვისკენ გაემართა.

აგვისტოს ბოლოს კ. ისლანდიის სამხრეთით რაიონში მოხდა ავიამზიდების შეხვედრა. აქვე მოვიდა დიდი ბრიტანეთის, ნიდერლანდებისა და ნატო-ს სხვა ევროპული ქვეყნების სზძ-ის საბრძოლო ხომალდების რაზმიც. რამდენიმე დღეღამის განმავლობაში იქნა ჩამოყალიბებული ნატო-ს დამრტყმელი ფლოტი ატლანტიკაში. მის შემადგენლობაში 50-მდე საბრძოლო ხომალდი მოითვლებოდა, მათ შორის ორი მრავალმიზნობრივი და ერთი ნავსაწინააღმდეგო ავიამზიდი.

1 სექტემბერს ნატო-ს დამრტყმელი ფლოტის ხომალდებმა კ. ისლანდია – შეტლანდიის კ.-ები – ფარერის კ.-ები მიჯნა გადალახეს და პირობით ნორვეგიის ზღვაში ბატონობის მოპოვებასა და ბლოკის ჩრდილოეთ ფლანგზე მისი სახმელეთო ჯარებისთვის უშუალო საავიაციო მხარდაჭერის აღმოჩენას შეუდგნენ.

ამ ამოცანების გადასაწყვეტად პრაქტიკული მოქმედებები თამაშდებოდა ნატო-ს გაერთიანებული (სამოკავშირეო) სზძ-ის დამოუკიდებელ სწავლებაზე «მეჯიქ სვორდი». 

ც ე ნ ტ რ ა ლ უ რ ა ტ ლ ა ნ ტ ი კ უ რ ი | ფ ა ზ ა 1-19 სექტემბერს ტარდებოდა დასავლეთ ატლანტიკასა და იბერიის ატლანტიკაში.

მასში მონაწილეობდა აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, პორტუგალიის, აგრეთვე ესპანეთის სზძ-ის 30-ზე მეტი საბრძოლო ხომალდი და დამხმარე გემი, ასევე 100-მდე თვითმფრინავი და ვერტმფრენი.

მთავარი ყურადღება ეთმობოდა აშშ-ის აღმოსავლეთ სანაპიროსთან სადესანტო რაზმის ფორმირებას და «ნარინჯისფერთა» წყალზედა ხომალდების, წყალქვეშა ნავებისა და ავიაციის წინააღმდეგობის პირობებში ატლანტის ოკეანის გავლით მის გადმოყვანას. 

სწავლების ჩანაფიქრის მიხედვით, სადესანტო-ამფიბიური ძალების მომზადება და ფლანგებზე ნატო-ს გშძ-ის დაჯგუფების გაძლიერების მიზნით აშშ-დან ევროპაში მათი გადმოსროლა იმ პერიოდში ხორციელდებოდა, როცა ნატო-ს გაერთიანებული (სამოკავშირეო) სზძ-ის საავიამზიდო და ნავსაწინააღმდეგო ძალები საბრძოლო მოქმედებებს აწარმოებდნენ ნორვეგიის ზღვასა და ჩრდილოეთ ატლანტიკაში ბატონობის მოსაპოვებლად.

რამდენიმე დღეღამის განმავლობაში აშშ ტერიტორიაზე წარმოებდა მოსამზადებელი ღონისძიებები საზღვაო ქვეითი ჯარის ქვედანაყოფებისა და საბრძოლო ტექნიკის სადესანტო ხომალდებსა და ტრანსპორტებში ჩასატვირთად. 32-ე ბატალიონის ჩატვირთვა აშშ ზქჯ-ის მე-2 დივიზიის შემადგენლობიდან მორჰედ-სითიში 3-4 სექტემბერს იქნა ჩატარებული უნივერსალურ სადესანტო ხომალდ «საიპანში», სადესანტო ვერტმფრენმზიდ «გუამსა» და ორ სხვა სადესანტო ხომალდში. რამდენიმე საათის შემდეგ ისინი ზღვაში გავიდნენ და სალაშქრო წესით მოეწყვნენ. რაზმის დაცვის ძალები მოითვლიდა ხუთ ხომალდს, მათ შორის მრი კრეისერსაც. ათი დღეღამის განმავლობაში მათ შეასრულეს გადმოსვლა აშშ-ის სანაპიროდან კანარის კ.-ების რაიონში.

სწავლების გეგმის შესაბამისად სადესანტო რაზმის დასახვედრად ესპანეთის სზძ-ის საავიამზიდო მრავალმიზნობრივი ჯგუფი გავიდა ავიამზიდ «დედალოსა» და დაცვის ხუთი ხომალდის შემადგენლობით. კანარის კ-ების სამხრეთით შემხვედრი ბრძოლა იქნა გათამაშებული სადესანტო შენაერთის დაცვის ხომალდებსა და ესპანურ ხომალებს შორის, რომლებიც «ნარინჯისფერთა» მხარეს გამოდიოდნენ და დესანტსაწინააღმდეგო თავდაცვის ძალებს აღნიშნავდნენ. ჯგუფის მოქმედებებს კანარის კ-ების მხრიდან ესპანეთის სჰძ-ისა და სზძ-ის ავიაცია უჭერდა მხარს. როგორც უცხოურ ბეჭდურ გამოცემებში აღინიშნებოდა, ორდღიანი ბრძოლების შედეგად დესანტსაწინააღმდეგო ძალებმა შეძლეს რამდენიმე სადესანტო ხომალდის განადგურება და კანარის კ-ებზე «ლურჯების» დესანტის გადასხმის ჩაშლა.

18-19 სექტემბრის განმავლობაში ამერიკული და ესპანური ხომალდები ამუშავებდნენ ერთობლივი ცურვის, «მოწინააღმდეგის» წყალქვეშა ნავებთან და ავიაციასთან ბრძოლის ამოცანებს, აგრეთვე ახორციელებდნენ საოკეანო ბადრაგის გატარებას, რომელიც ამფიბიურ-სადესანტო შენაერთს აღნიშნავდა.

ბადრაგის ესპანურ სამხედრო-საზღვაო ბაზა როტაში მოსვლით სწავლების ცენტრალურ-ატლანტიკური ფაზა დასრულებულ იქნა.

უცხოელი სამხედრო სპეციალისტების აზრით, ესპანეთის სზძ-ის ხომალდებმა, რომელიც 1981 წლის დეკემბერში ჩდილოატლანტიკურ ბლოკში იქნა მიღებული, საბრძოლო მომზადების შედარებით მაღალი დონე უჩვენეს და ისინი ამ ქვეყნის შეიარაღებული ძალების ყველაზე უფრო მომზადებული ნაწილი (სახეობა) გახლდნენ. 

სწავლება «მეჯიქ სვორდი» (Magic Sword – «მაგიური მახვილი») იქცა სწავლების «ოუშნ ვენჩერ-81» ჩრდილოატლანტიკური ფაზის ლოგიკურ გაგრძელებად. ის ორ ეტაპად მიმდინარეობდა, რომელთაგან თითოეულს თავისი განსაკუთრებულობანი (თავისებურებანი) გააჩნდა.

პ ი რ ვ ე ლ ი | ე ტ ა პ ი 2-4 სექტემბერს პირობითი სახელწოდებით «მეჯიქ სვორდ ნორთი» ნორვეგიის ზღვაში ტარდებოდა. მასში მონაწილეობდნენ სწავლება «ოუშნ ვენჩერის» ჩრდილოატლანტიკური ფაზის დროს შექმნილი ნატო-ს დამრტყმელი ფლოტი ატლანტიკაში, აგრეთვე ნორვეგიის, გფრ-ისა და დანიის ხომალდები, დამხმარე გემები, საბაზო საპატრულო და ტაქტიკური ავიაციის თვითმფრინავები. სულ მონაწილეთა შემადგენლობაში მოითვლებოდა 60-ზე მეტი საბრძოლო ხომალდი და 200-მდე თვითმფრინავი.

მთავარი ყურადღება ეთმობოდა ნორვეგიის ზღვის ცენტრალურ ნაწილში «ნარინჯისფერთა» ხომალდების დაჯგუფებასთან ბრძოლას და ჩრდილოეთ ნორვეგიაში ნატო-ს სახმელეთო ჯარებისთვის უშუალო საავიაციო მხარდაჭერის აღმოჩენას. ამასთან «მოწინააღმდეგის» ხომალდებს დარტყმებს ძირითადად აყენებდნენ საგემბანო მოიერიშეები «ინთრუდერი» და «კორსარი» ამერიკული ავიამზიდებიდან «დუაით დ. ეიზენჰაუერი» და «ფორესტოლი». ამ ამოცანის შესრულებისთვის ყოველდღეღამურად სრულდებოდა 100-ზე მეტი თვითმფრინავ-გაფრენა.

«ლურჯების» სახმელეთო ჯარებისთვის ზღვისპირა მიმართულებაზე საავიაციო მხარდაჭერის აღმოჩენის ინტერესებში ამ ავიამზიდებიდან, რომლებიც სანაპიროდან 400-500 კმ-ში მანევრირებდნენ, არანაკლებ 200 თვითმფრინავ-გაფრენისა იქნა შესრულებული. თვითმფრინავები პირობით საბომბე-საიერიშო დარტყმებს აყენებდნენ «ნარინჯისფერთა» ცოცხალი ძალისა და ტექნიკის შეჯგუფებებს, აგრეთვე მათ ზურგის რაიონებს ავიამზიდებიდან 800 კმ-ზე მეტ დაშორებაზე.

ამ ამოცანების დამუშავების შემდეგ ხომალდების მნიშვნელოვანი ნაწილი, მათ რიცხვში ავიამზიდი «ფორესტოლიც», სწავლების მონაწილეთა შემადგენლობიდან გამოვიდა. დანარჩენი ხომალდები კი ჩრდილოეთის ზღვაში გადავიდნენ, სადაც მეორე ეტაპში მიიღეს მონაწილეობა.

მ ე ო რ ე | ე ტ ა პ ი 7-8 სექტემბერს ჩრდილოეთის ზღვაში მიმდინარეობდა პირობითი სახელწოდებით «მეჯიქ სვორდ საუთი». მასში 30-მდე საბრძოლო ხომალდი და დამხმარე გემი იქნა ამოქმედებული, მათ შორის ატომური ავიამზიდი «დუაით დ. ეიზენჰაუერი» და ნატო-ს სზძ-ის მუდმივი შენაერთი ატლანტიკაში, აგრეთვე აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, კანადის, ნორვეგიის, გფრ-ის, დანიისა და ნიდერლანდების სზძ-ისა და სჰძ-ის ავიაციის 100-ზე მეტი თვითმფრინავი.

მისი მსვლელობისას ამოწმებდნენ ამერიკული ავიამზიდის შესაძლებლობებს ჩრდილოეთის ზღვაში ბატონობის მოპოვებასა და ცენტრალურ ევროპაში ნატო-ს სახმელეთო ჯარებისთვის უშუალო საავიაციო მხარდაჭერის აღმოჩენაში. ავიამზიდის მანევრირების რაიონის ჰაერიდან დაფარვას უზრუნველყოფდნენ ევროპაში ნატო-ს საჰაერო თავდაცვის (ჰთ) გაერთიანებული (სამოკავშირეო) სისტემის ატლანტიკური ძალები და საშუალებები (უმთავრესად დიდი ბრიტანეთის სჰძ-ის გამანადგურებლები). სანაპირო ობიექტებს დარტყმებს საგემბანო მოიერიშეები აყენებდნენ. მიზნისკენ ფრენისას ჰაერში მათ საწვავით გაწყობას ახდენდნენ ინგლისური ავიაბაზებიდან – მინდელჰოლი და ფაირფორდი – მოქმედი თვითმფრინავ-გამწყობები KC-135. საგემბანო ავიაციას წინააღმდეგობას უწევდნენ დანიის, გფრ-ისა და სხვა ქვეყნების სჰძ-ის ტაქტიკური ავიაციის თვითმფრინავები.

დასავლელი სამხედრო მიმომხილველების შეფასებით, სწავლების ძირითადი მიზნები მიღწეულ იქნა.

სწავლება «ოუშნ საფარი-81» (Ocean Safari – «საოკეანო დიდი ნადირობა») შედგა 8-19 სექტემბერს (სწავლება «ოუშნ ვენჩერის» ცენტრალურ-ატლანტიკურ ფაზასთან ერთდროულად) აღმოსავლეთ ატლანტიკის ცენტრალურ რაიონში, ლა-მანშის სრუტის ზონასა და იბერიის ატლანტიკაში.

მასში მონაწილეობდნენ ნატო-ს ეროვნული და გაერთიანებული (სამოკავშირეო) შეიარაღებული ძალების სარდლობები და შტაბები ატლანტიკაში, ლა-მანშის სრუტის ზონასა და ევროპაში, 83 საბრძოლო ხომალდი, აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, კანადის, გფრ-ის, ნორვეგიის, ბელგიის, ნიდერლანდების, პორტუგალიის, აგრეთვე საფრანგეთის სზძ-ისა და სჰძ-ის ავიაციის 280-ზე მეტი თვითმფრინავი (სულ პირადი შემადგენლობის დაახლოებით 19000 ადამიანი).

მთავარი ყურადღება ეთმობოდა ატლანტიკაში ნატო-ს დამრტყმელი ფლოტის ხელმეორედ ფორმირებას («ოუშნ ვენჩერ» სწავლების ჩრდილოატლანტიკური ფაზის დროს მისი შექმნის შემდეგ), შენაერთებისა და მიზნობრივი დანიშნულების ჯგუფების ჩამოყალიბებასა და მათ გამოყენებას, აგრეთვე ბისკაის ყურეში და ლა-მანშის სრუტესთან დასავლეთ მისადგომებზე ბატონობის მოპოვების, ცენტრალურ-ევროპულ ომთ-ზე ნატო-ს გშძ-ის დაჯგუფებისთვის საავიაციო მხარდაჭერის აღმოჩენისა და დასავლეთ ევროპის სანაპიროსთან საზღვაო კომუნიკაციების დაცვის ამოცანების გადაწყვეტას. დამრტყმელი ფლოტი იქმნებოდა ბრისტოლის ყურეში დიდი ბრიტანეთის სჰძ-ის გამანადგურებელი ავიაციის საფარქვეშ. მის შემადგენლობაში 20-ზე მეტი ხომალდი იქნა ჩართული, მათ რიცხვში სამი ავიამზიდი: ამერიკული «დუაით დ. ეიზენჰაუერი» და ფრანგული «კლემანსო», რომელიც სწავლების პერიოდში ხმელთაშუა ზღვიდან მოვიდა (ორივე მრავალმიზნობრივი), და ინგლისური «ინვისიბლი» (ნავსაწინააღმდეგო). ნატო-ს დამრტყმელი ფლოტის ჩამოყალიბების დასრულების შემდეგ, რაც დღეღამეზე მეტ ხანს გრძელდებოდა, «ლურჯები» (ნატო-ს გშძ) შეუდგნენ ზღვაში ბატონობის მოპოვების ამოცანების გადაწყვეტას. ამასთან ცენტრალური ადგილი საავიამზიდო ავიაციას ეთმობოდა, რომელიც იბერიის ატლანტიკასა და ბისკაის ყურეში «ნარინჯისფერთა» წყალზედა ხომალდების დაჯგუფებებს მასირებულ საბომბე-საიერიშო და სარაკეტო დარტყმებს აყენებდა.

სწავლების დაწყებისთანავე ლა-მანშის სრუტის დასავლეთ მისადგომებზე და ბისკაის ყურეში რამდენიმე სახომალდო დამრტყმელი და ნავსაწინააღმდეგო ჯგუფი იქნა გაშლილი, რომლებიც საბაზო საპატრულო ავიაციის თვითმფრინავებთან ერთობლივად ეწეოდნენ «მოწინააღმდეგის» წყალქვეშა ნავების ძიებას. ატლანტიკაში ნატო-ს სზძ-ის მუდმივი შენაერთის ხომალდები უპირატესად დამრტყმელი ფლოტის ფორმირების რაიონის «ნარინჯისფერთა» წყალქვეშა ნავების დარტყმებისგან დასაფარავად გამოიყენებოდა, შემდგომში კი ისინი ლა-მანშის სრუტის დასავლეთ მისადგომებზე მოქმედებდნენ.

ორი-სამი დღეღამის განმავლობაში ავიამზიდმა და ნავსაწინააღმდეგო ძალებმა შეძლეს «ნარინჯისფერთა» სახომალდო დამრტყმელი დაჯგუფებისა და წყალქვეშა ნავების სანაპირო რაიონიდან განდევნა და დასავლეთ ევროპის სანაპიროს გაყოლებით პორტ ფალმუტიდან (დიდი ბრიტანეთი) პორტ ლისაბონამდე (პორტუგალია) საზღვაო კომუნიკაციების უსაფრთხო ზონის შექმნა.

საზღვაო კომუნიკაციების დაცვის ამოცანების დამუშავების ინტერესებში პორტ ფალმუტიდან ლისაბონში და უკან რამდენიმე ბადრაგის გატარება იქნა განხორციელებული, რომლებიც ბლოკის მონაწილე ქვეყნების მშრალი ტვირთების გადამტანი გემებისა და ტანკერებისგან იყო შექმნილი. ბადრაგის მოძრაობის მარშრუტს დასავლეთის მხრიდან (ატლანტიკიდან) საავიამზიდო მრავალმიზნობრივი ჯგუფები იფარავდნენ, ხოლო მათ ნავსაწინააღმდეგო თავდაცვას კი ნავსაწინააღმდეგო ხომალდები და თვითმფრინავები უზრუნველყოფდნენ. ბადრაგების საჰაერო თავდაცვას დიდი ბრიტანეთის, პორტუგალიისა და საფრანგეთის ტაქტიკური ავიაციის გამანადგურებლები, აგრეთვე ავიამზიდების საგემბანო გამანადგურებლები ახორციელებდნენ.

დიდი ყურადღება ეთმობოდა ბადრაგის გემების ნაღმსაწინააღმდეგო დაცვას, განსაკუთრებით ლა-მანშის სრუტის ზონაში მოძრაობისას. ამ ამოცანის გადაწყვეტაში 20-ზე მეტი ტრალერი იქნა ჩართული, მათ შორის ნატო-ს ნაღმ-სატრალო ძალების მუდმივი შენაერთი ლა-მანშის სრუტის ზონაში, რომელიც რვა ხომალდამდე გააძლიერეს. გემების გატარება პორტ ფალმუტში და იქიდან გამოსვლა ტრალერების კვალში მიყოლით წარმოებდა.

სწავლების დასკვნით ეტაპზე საგემბანო მოიერიშე ავიაციის ნაწილი პირობითი «მოწინააღმდეგის» სანაპირო ობიექტებზე დარტყმების მისაყენებლად იქნა გამოყოფილი, რომლებიც საფრანგეთის ტერიტორიაზე გახლდათ განლაგებული.

ისევე როგორც წინა წლების სწავლებებშიც, ატლანტიკის რაიონებსა და ბისკაის ყურეში ნაღმების დაყენების ჩასატარებლად აშშ სჰძ-ის სტრატეგიული ბომბდამშენები B-52 გამოიყენებოდა, რომლებიც «ნარინჯისფერთა» მხარეზე მოქმედებდნენ.

სწავლების გარჩევა შედგა პორტუგალიის მთავარ სამხედრო-საზღვაო ბაზა ლისაბონში. უცხოელი სამხედრო სპეციალისტების შეფასებით, ძირითადი მიზნები მიღწეულ იქნა, თუმცა კი ავარიული შემთხვევების მაგალითებიც აღინიშნებოდა (რომლებმაც პირადი შემადგენლობის დაღუპვა გამოიწვია), აგრეთვე საბრძოლო ტექნიკისა და შეიარაღების სისტემების უარის მაგალითები, ცალკეული ხომალდებისა და თვითმფრინავების ეკიპაჟთა, ასევე კავშირგაბმულობის სპეციალისტების არასაკმარისი განსწავლულობის შემთხვევებიც.

საბჭოთა სამხედრო სპეციალისტების შეფასებით, იმხანად არსებული საერთაშორისო დაძაბულობის პირობებში ნატო-ს გაერთიანებული (სამოკავშირეო) შეიარაღებული ძალების სწავლებები, რომლებიც 1981 წლის ზაფხულის ბოლოსა და შემოდგომის დასაწყისში იქნა ჩატარებული, აშკარად გამოხატულ პროვოკაციულ ხასიათს ატარებდა და ანტისაბჭოთა მიმართულება გააჩნდა. ისინი გათვლილი იყო ევროპაში, ცენტრალურ ამერიკასა და მთელ მსოფლიოში ვითარების შემდგომ გამწვავებაზე, მილიტარისტული მზადებების გაფართოებასა და ფორსირებაზე. ამ სწავლებებმა კიდევ ერთხელ თვალსაჩინო დემონსტრირება მოახდინა სერთაშორისო იმპერიალიზმის, და უწინარეს ყოვლისა ამერიკულის, მისწრაფებისა ჩაეთრიათ ახალი სახელმწიფოები ნატო-ს შემადგენლობაში, აგრეთვე განზრახვისა, რომ ბლოკის ზონა სამხრეთ ატლანტიკის რაიონებზეც გაევრცელებიათ. მასში აქტიური მონაწილეობა მიიღო საფრანგეთის სზძ-მ, თუმცა კი საფრანგეთი, როგორც ცნობილია, 1966 წლის გაზაფხულიდან გასული გახლდათ ნატო-ს სამხედრო ორგანიზაციიდან.

გამოყენებული ლიტერატურა 

Капитан 2 ранга А. Орлов, «ВМС на учениях ОВС НАТО на Атлантике», Зарубежное Военное Обозрение, 1982 г. № 1.

მთარგმნელის მცირე კომენტარი: 

ზემოთ წერილში გადმოცემული იყო ნატო-ს ბლოკის გაერთიანებული (სამოკავშირეო) სამხედრო-საზღვაო ძალების ფართომასშტაბურ სწავლებათა მიმდინარეობა 1980-იანი წლების დასაწყისში, როცა არსებობდა საბჭოთა კავშირი, ვარშავის ხელშეკრულების ორგანიზაცია და იყო მეტად მნიშვნელოვანი დაპირისპირება ამ ორ სამხედრო-პოლიტიკურ ბლოკს შორის. ასეთი მასშტაბური სწავლებები ტარდებოდა ნატო-ს გაერთიანებულ სახმელეთო ჯარებსა და სამხედრო-საჰაერო ძალებშიც. თავისთავად ცხადია, რომ მსგავსი სწავლებები ჰქონდათ ვარშავის პაქტის გაერთიანებულ შეიარაღებულ ძალებსაც, და ორივე მხარე სხვადასხვა მასშტაბის ომების წარმოებისთვის ემზადებოდა, საყოველთაო სარაკეტო-ბირთვული ომის ჩათვლით.

დღესდღეობით თავად ევროპის კონტინენტზე ეს დაპირისპირება მკვეთრადაა შემცირებული, მაგრამ მისი სერიოზული ნიშნები გამოიხატა 1990-იანი წლებიდან უკვე კავკასია – ცენტრალური აზიის მიმართულებით, რომლის სათავეშიც სწორედ აშშ-ისა და ნატო-ს მმართველი წრეები იდგნენ. ამას ადასტურებს ის გარემოება, რომ სწორედ «ცივი ომის» დასრულების შემდეგ, 1990-იანი წლებიდანვე, როცა ვარშავის ბლოკი და საბჭოთა კავშირი უკვე აღარ არსებობდნენ და ევროატლანტიკურ სივრცეშიც სამხედრო ხარჯების, ძირითად შეიარაღებათა და შეიარაღებული ძალების სერიოზული შემცირებების პროცესი იყო დაწყებული, ჩვენი მეზობელი თურქეთის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობა უწინდებურად აგრძელებდა თავისი სამხედრო ხარჯების ზრდას, ხოლო აშშ და გერმანია აწვდიდნენ მას უფრო თანამედროვე და უკეთესი მახასიათებლების მქონე საბრძოლო ტექნიკასა და შეიარაღებას, აგრეთვე აძლევდნენ ლიცენზიებს მათი წარმოებისთვისაც. ამ ღონისძიებების შედაგად თურქეთის სამხედრო მანქანა მნიშვნელოვნად იქნა გაძლიერებული, რის შესახებაც ამ ბლოგში არაერთი წერილია გამოქვეყნებული.

თურქეთის მმართველი წრეები არ მალავდნენ, რომ მათ განსაკუთრებული ინტერესები გააჩნიათ მნიშვნელოვან ტერიტორიებზე «ადრიატიკიდან ჩინეთის დიდ კედლამდე», სხვებს რომ თავი დავანებოთ, ეს სერიოზულ შეშფოთებას გამოიწვევდა ისეთ სახელმწიფოებში, როგორებიც არიან რუსეთის ფედერაცია, ირანი და ჩინეთი. 90-იან წლებშივე განვითარდა ამ უკანასკნელთა სამხედრო-პოლიტიკური და ეკონომიკური დაახლოებაცა და მათ შორის კავშირების ჩამოყალიბებაც. ანუ, განვითარდა დაპისრიპირების ახალი ხაზი მსოფლიოს სწორედ იმ რაიონში, რომლის პირაპირზეც (შეხების საზღვარზე) იმყოფება ამიერკავკასია და, მასთან ერთად, საქართველოც. რას გვიქადის მომავალი, ან დაიწყება თუ არა რეალური საბრძოლო მოქმედებები ჩვენს მიწა-წყალზე, მე არ ვიცი, თუმცა კი მოვლენების ასეთი განვითარება რომ სასიკეთოს არაფერს გვიქადის, ალბათ ცხადი უნდა იყოს.

Sunday, May 21, 2017

მეფე არჩილ II თამარ მეფის დროს საქართველოს მიერ წარმოებული და გადატანილი ომების შესახებ

(შემოთავაზებული მასალა წარმოადგენს ვრცელ ამონარიდს არჩილ მეფის პოემიდან «გაბაასება თეიმურაზისა და რუსთველისა»)



აქა კვალადცა პასუხი რუსთველისა. რომელი მოახსენა მეფეს. თამარ დედოფლისა და მეფედაც წოდებულის, მის ჟამის ნაქმარნი ომნი და მის დროთ საქართველოს დიდებულთ ნაქმარნი სრულნი, რომელნი სწერია ცხოვრებასა შინა საქართველოსასა ვრცელად, აწ მე შემოკლებით ვთქვა ლექსად პასუხი ივ [16] 

782
ხელმწიფევ, თქვენი ამბავი ვისმინე, რაც გამიხსენე,
მეც რას დროსა ვარ შემსწრობი, მიყურე, თქვენც მამიხსენე,
შეჭირვებისა საკრველი ინებე, აწ მომიხსენე,
თუ ტყუილი რამ გიამბო, მაგინე, ავად მიხსენე.

783
მეფეო, გვიკვირს, ეგზომი თავს ღვაწლი აწამენითა,
არ თუ გვენახოს, ძველადცა ამბად ვართ ძლივ მოსმენითა,
მაგრამ მელექსეთ ჯობნება არა ვთქვა აწ ამ ენითა,
თვით მამკლა, ამიონარო სახლ-მარან აწა მენითა.

784
არც მეფედ შეგედარები და არცა ომ-სახელითა,
არც ძალად, გულად, სიფიცხით, რომე გკრა ხელსა ხელითა;
თუ მელექსედა მედრები, ჩვენა ვართ არ ერთ ხელითა;
მე რიტორი ვარ, მიჯნურნი შევამკევ ხელი ხელითა.

785
ომნი ძლიერნი ნაქმარნი მიბრძანე სახელოვანი,
ჭირნი, სასჯელთა მოთმენა, მართ მსგავსი იობიანი,
ხან დამდაბლება ბედისა, ხან ამაღლება სვიანი,
მეც რამ მოგართვა პასუხი, მისმინე ვთქვა რამ ჭკვიანი.

786
როს თამარ, დიდი ხელმწიფე, სრულ ხმელთა პირსა ნათობდა,
სხვათა მნათობთა უმჯობე, მზესა მით ეკამათოდა,
ბროლ-მინა ერთად შეთხზნილი, გარშემ გიშერი სათოდა,
მძლეველი მძლავრთა მეფეთა, დამამხობელი მათო და.

787
ამხედრდა ჰუნეს მეფეთას, აღვირი იპყრა ძლიერად,
მან ტახტი ხელმწიფობისა შეამკო, კმა მის მიერად;
განბრწყინვებული განშვენდა სფერო, უღრუბლო აერად,
დაიპყრა შვიდივ სამეფო ლიხთ ამიერთგან იმერად.

788
თორმეტს წელიწადს სიბრძნითა სამეფოს გაარიგებდა,
ურჩს შეიპყრობდა, ერთგულთა სვე-ბედით აამაღლებდა,
ლაშქართა სარდლებს უჩენდა, ერთს ამირ-სპასალარებდა,
მშვიდი მშვიდთ პატივს უპყრობდა, ამაყთა მოამდაბლებდა.

789
მოესთლო შვება, სამოთხის სურნელთა სახეობანი,
მას მოეფუტკრა ვარდისა დაცვარულ-მობუტკობანი,
მცენარეობა ყვავილთა ასფადელ-ნარგისობანი,
ივლიოს ველის შვენება, სიტურფე ნამორვებანი.

790
აჩინა ყოვლი მოხელე, მის მის პატივსა უპყრობდა,
წინ-მდგომობისა პატივი ვის ჰქონდა, ვინ წაუსწრობდა;
ამპარტავანთა ღრუბელი განქარდა, ვეღარ ავდრობდა.
ახლა ისმინე, საზღვარი საით სადამდის იპყრობდა.

791
პონტოს ზღვით გურგანის ზღვამდის, სპერიდამ დარუბანდამდის,
ყოვლნი კავკასნი, იმერნი, ამერნი, ხაზარეთამდის,
მთით გელაქუნით, ჩრდილოთ-კერძ მპყრობელი სრულ ყივჩაყამდის.
ვაი, ვაება მამირთე, უმისოდ სული ამამდის...


აქა პირველი ლაშქრობა მეფის თამარისა ქვეყანასა კარისასა 

792
პირველ ილაშქრა ქვეყანას კარის და კარნიფორისა,
სრულ მოარბია ერთპირად სამზღვრამდის ბასიანისა;
გამარჯვებულნი, ნაშოვნი მოვიდენ წინაშე მისა,
მაღალის, გულით მდაბალის, მეფის ღვთივ განბრძნობილისა.


აქა ომი კახას-ძის გამრეკელისა და გამარჯვება 

793
ამის პირველად მოვიდენ ლაშქარნი თურქთა ქვეყნისა,
მუნ ბევრეულნი თათარნი გელაქუნელთა არნისა,
ქვეყანას პალაკაციოს, ძაღლის-ხევ წოდებულისა.
ზედან მიუხდა კახას-ძე სვითა მით ძალ-ძლიერითა.

794
იქ გაემარჯვა გამრეკელს, მცირეთგან დიდნი იმძლივნეს,
იოტეს ბანაკი მათი, მომცროთგნ ბევრნი იძლივნეს,
მათ არმაღანი მოიღეს, მეფეს წინ გამოაჩინეს,
კვლა სატურფალი ტურფასა თვით ნებით შემოაძლივნეს.


აქა თურქნი მიუხდეს შავშეთს და გუზან აბულის-ძემან შეიყარა ტბელნი, კლარჯელნი. აქათ შეებნეს მესხნი და გაემარჯვათ იმავ ჟამ 

795 თურქნი მოვიდეს ამ ჟამად შავშეთს, გამრისნი, შამელნი,
კარელნიც თან მოიტანეს, მოარბიეს სრულ კლარჯელნი.
აქათ გუზან აბულის ძემ შეიყარნა ტაოელნი,
კვლა ბოცო და სხვანი მესხნი ზედ მიესწრნენ ომ-შემძლენი.

796
თურქთ მარბიელ გაშვებულთა შეებნენ და გაემარჯვა,
წარიქციეს წინ მეოტნი, რაღაც უნდა მოემარჯვა,
დაავიწყეს მათ იმათი მოისური, გზის დათარჯვა.
მოულოცა თამარ მეფეს, გუზან შავში მოეკლარჯვა.

797
მოიღეს კაცი მრავალი ცხენითურთ მეფის წინაშე,
მხარ-დაკრულებთა წარმართთა უნახავ მათი თამაშე.
ხმლით, ისრით, შუბით ვიბრძოდით, არა ვთქვით «თოფი დამაშე»,
ჩვენ ხარაჯაცა მოგვციან, თქვენ მტერიც ვერ დაამაშე.


აქა საღირ მხარგრძელის შვილთაგან, ზაქარია და ივანესაგან, დვინის ქვეყანას მიხდომა და გამარჯვება 

798
ამის შემდგომად მხარგრძელნი, ძენი საღირ და ვარამის,
ზაქარია და ივანე და სარგის მნახი ვარამის,
ილაშქრეს დვინის ქვეყანას, ქალნი იშოვნეს არამის.
ჯერ ეს მითქვამს და სხვაცა ვთქვა, თქვენ გამხელა სთქვით ბარ ამის.

799
ალაფ-აღებულთ ეწივნეს უკან ლაშქარი მწვე ძნელი,
კმა იყო ვეფხის სიფიცხედ, რაც მათ ორთ ძმათ ქნეს საქნელი:
სძლიეს მხარგრძელთა მომწევთა, მათ ხორცთა ექნეს ამქნელი
გამარჯვებული მოვიდეს, აქ თამარ დახვდა ნათელი.


აქა ზემო საქართველო ზემოთ, შუანი შუათ ქვემონი ქვემოთ იბრძოდეს და ყოველგან ამათ გაემარჯვებოდათ სვითა თამარისათა 

800
გამოსვლის ხანსა რამესა ლაშქრობდეს ქვემო-ზემონი,
შუანიც ბევრჯელ იბრძოდეს, არ შეყრის ცუდა მომგონი.
სხვასაც ბევრს ვიტყვი ომებსა, თუცა ვიპოვე გამგონი.
მაშინ თუ ბრძანებულიყავ, ვეჭვ, რომე თქუენც დაემონი.


აქა რუსთა მეფისა ძე, რომელი იყო პირველი ქმარი თამარისი, ილაშქრა პართის ქვეყანასა და მოარბია და ციხე აიღო 

801
კვალად მეფემან რუსის ძემ, სპათა ჯარისა შემყრელმან,
ბრძანებით თამარისითა ქვეყნისა მაოხრებელმან,
მიმართა პართთა ქვეყანას, უყურე ამის მსმენელმან!
მან ამღებელმა ქალაქის, ვერ უდგნა სიმაგრემ ძნელმან.

802
მუნ შიგან მყოფთა საუნჯეთ და ტყვეთა მოგვრის თამარსა,
სულსა ნათელსა, ბრწყინვალეს, წინაშე მას მის ამარსა;
მას თაყვანისცეს, ვინ იპყრობს ყველასა მისსა დამარსა,
ესრეთ სვე-ბედთა უკლები თქვიან თუ «საიდამ არსა?»

803
ხანდახან მოისვენებდეს ლაშქრობისაგან საშვებად,
გარდავიდიან იმერეთს გულთა ნაღვლისა საშვებად;
აღჯდის ტახტზედა შუქითა მზე ლომს მაისში აშვებად,
მოვლის ქვეყანა აფხაზთა, სიმაღლით დაბლა დაშვებად.


აქა გელაქუნის მოოხრება თამარის ლაშქრთაგან, მათგან უკან მოწევა და ამათგან გამარჯვება 

804
აწ შეიყარა დიდ-ძალი სიმრავლე სპათ-მეომართა,
გელაქუნისა ქვეყანათ, მაგართა, ძნელ საომართა,
თურქმანთა, მაჰმადიანთა, შიათა, გინა ომართა.
მოსწყვიტეს, მოიალაფეს, მან ასრე საქმე მომართა.

805
ნატყვენავ წამოღებულთა გვეწივნეს თურქმანობანი.
გელაქუნთ წინაძღომითა შეჰყარეს სრულადობანი,
შამელთ დიდებულთ როსტოვ და იალღაზ სულტანობანი.
უჯობდათ არ მოგვწეოდენ, დაეთმოთ სულადობანი.

806
თამარის სპათა ლომგულთა აღიმსთვეს იმათებურეს,
ზედან მოუხდეს კისკასად, ჩაფხუტი იმათ ებურეს;
უსწრობდა ბერი ყრმასა და ყრმა ბერსა, ვერ ქნა საბურ ეს
პატრონი ყმასა, ყმა პატრონს, უფროსი მოსამსახურეს.

807
ამოსწყვიტეს და გაფანტეს მხნეთა, ძლიერთა, ლომებთა,
ცხენთა სიფიცხე წაუხდათ თურქმანთა მუხლად მალებთა,
სხვა უმრავლესნი შეიპყრეს ზურგით-კერძ ლახტით მალებთა,
მოვედით მეფეს წინაშე, მოყმეთ გვიქებდეს ძალებთა.


აქა გრიგოლის ძე ასათ წავიდა ლაშქრითა განძას, მთასა მასისისასა, და დიდნი ომნი გარდაიხადნეს და გაიმარჯვეს ჭვრეტითა თამარისათა 

808 კიდევ წავედით წვევითა ასათ გრიგოლის ძისათა
განძას ზემო-კერძ, რახსისა პირსა, მთა მასისისათა;
მუნცა გარდაგვხდა ჩვენ ომი ძლიერი მათ ლაშქრისათა,
იქ ისახელეს ბუნ-ბერაზთ ჭვრეტითა თამარისათა.

809
ვარდან და ნამან ორთავე მათ უხუცესთა მსახურთა,
ორთავ მხარგრძელთა, ძლიერთა, მეფეთა მათ ნამსახურთა,
სხვათ დიდებულთ და აზნაურთ, მოყმეთ კარგ, არ უსახურთა.
გავაქციეთ და მივჰყევით სახლ-საჯინიბო-ახურთა.


აქა რუსთა მეფისაძე ექსორია ყვეს და სტამბოლს გაგზავნეს 

810
მიჰბაძა რუსმან ევასა, განვარდა სამოთხისაგან,
შესცოდა მზესა მზეთასა სიტყვითა სამ-ოთხისაგან.
ეს სიტყვითა სცდა უცდომსა, ევა ნაყოფით ხისაგან,
ჭკუით-მყოფელსა, არ-თქმულსა ნათქვამსა ჭკვა-მოთხისაგან.

811
ექსორია ყვეს პატრიაქთ, ქვეყნის ერთ, სულა ქართველთა.
სიტკბო განმწარდა სოფლისა, ლხინთა ზედაზედ წამრთველთა,
რაღა გვმართებდა მის მეტი შვებაზედ ჭირთა დამრთველთა?
განაძეს რუსი სტამბოლსა შემოდგომისა თვე სთველთა.


აქა ოდეს რუსი განაძეს, თამარს შერთეს ოსთა მეფის ძე, თვით კაცი სრული სიკეთითა. ამისად შემდგომად იზრახეს გუზან, პატრონმან შავშეთისამან, სამცხის სპასალარმან ბოცო მისით მოკიდულით მესხთ, ყვარყვარემ ციხისჯვარელმა და მოიყოლეს იმერნი. დადიან-გურიელი, აფხაზი და სვანი. და მოიყვანეს რუსი და შემოებნეს დავითს და ამიერთა 

812
აწ იქმნა საქმე ბოროტი, უშვერი, მოუწონარი,
არ ღვთის-მოყვარეთ საქნელი, მძიმეა, მოუწონარი,
ამის მოქმედსა ეკალი თვალსა ჰკარ, მოუწო ნარი.
აწცა თამარის ერთგულთა შეუმკო, ამოუწონ არი.

813
გუზან განუდგა, პატრონი შავშეთის, სულა კლარჯისა,
კვლავ სპასალარი სამცხისა ბოცო, არ გიკვირს, რა რჯისა?
სხვა მათი მოკიდულობა ყვარყვარე ციხისჯვარისა.
მათ უაუგოთ, ორგულთა, ჯვარი ცხოველი გარჯისა.

814
წავიდეს გეგუთს, შეკრიბეს ლიხთ იქით, ვინ არს მყოფარი,
აფხაზნი, სვანნი, მრაჭველნი, სხვათ მთის კაცთ არ გამყოფარი,
აფიცეს რუსის სამეფოთ, რა ამის განაყოფარი.
გაგზავნეს, რუსი მოიხმეს, დააგდეს არ სამყოფარი.

815
მოვიდა რუსი, გარდვიდეს, გეგუთს შეჰყარეს ლაშქარი,
შემოიყარეს ყოველნი, დადიანიცა, შაქარი,
იგინი იქით წამოდგეს, თამარ ნათელი აქ არი.
მალ წაუხდებათ რჩევისა მინაქარ-მათ-მონაქარი.

816
მათ გარდმოვლეს მთა ლიხისა, ქართლი მოწვეს, მოარბიეს,
არვინ დახვდა მეომარი, ყოვლგან ცხენი მოარბიეს,
გარდიარეს რკინისჯვარი დასადგურდეს ციხისჯვარეს,
დაწვეს ქალაქი ოზურხე, ურჩისა თქვეს: «დააბი ეს».

817 დაასკვნეს პირველ აღება ჯავახეთისა თმოგვისა,
თრიალეთს, ახალქალაქის, სომხითის მიწას მოგვისა.
ავად მოუვათ ბოლო-ჟამს წვა, ოხრობისა, დაგვისა.
მათ არ მართებდათ ღვთის მცნობთა, ეს საქნელია მოგვისა.

818
მეფეა მშვიდი სიბრძნითა, ძნელის საქმისა შემმართი,
ორგულთა რისხვით მპყრობელი და დრკუთა წამ-ერთ დამმართი.
უბრძანა ერთგულთ ამერთა: «მალ წარვლეთ აღმართ-დაღმართი,
იქივ ჯავახეთს შეებით, ბედი აქვთ მათ უკუღმართი».

819
კვლავ უბრძანა გამრეკელსა, მაშინ ამირ-სპასალარსა,
მისთ ერთგულსა ოთხთავ მხარგრძელთ, საჭურჭლეთა მათა-ლარსა:
«მამაცობა პატრონთანა იცით, კაი მასალ არსა,
პატრონისა ერთგულობა ყმისთვის დიდი წამალ არსა».

820
დადვეს თავი პატრონისთვის თამამად და უშიშარად,
კარგსა კაცსა ერთგულობა წინა უძეს უშიშ შარად,
მეცა მათი თანმხლებელი ვერ ამიგდო უშიშ არად.
ადრე დავსთმე თავი ჩემი პატრონისთვის მოსახმარად.

821
აიღეს დროშა სვიანი, მაღალი, გორგასლიანი,
ის სპათა ღმერთსა ვედრებდა თამარ ნათელი მზიანი:
«უფალმან ჩემმან მიჩვენოს, ყმანო, ნუ თქვენი ზიანი».
გავლეთ, მივედით ჯავახეთს, თამარ თბილისს დგა სვიანი.

822
ჩვენ იმედი გვქვს სიმხნითა, მერმე თამარის სვისაგან.
შეიქნა ომი ფიცხელი იმერთა ამერისაგან,
იყო სროლა და ყივილი აფხაზთა, მეგრელისაგან.
იმ დღეს სიღამემ გაგვყარნა, ევნეს მათ ჩვენგანისაგან.

823
ნახეს სიქველე ჩვენ-კერძი, შეკრბეს იმ ღამეს, არჩიეს,
მუნ ომი ვეღარ გაბედეს, მთას ასვლა გამოარჩიეს;
ტორნაძად სახელდებულსა მიმართეს, ჯარი არიეს.
ძლევის მომჭირნეთ თამარის მონათა ხელი დარიეს.

824
გავედით ხიდსა მტკვრისასა, მივჰყევით, დევნა უყავით,
ლიანის ველსა ვეწიეთ, მათ ხორცთა შუბნი უყავით;
სინგარის წყალზედ მივედით, ჩვენ ჯარი არ გაუყავით.
ერუშეთსა და თმოგვს შუა ყრიალი იყო მუყა ვით.

825
შეიქნა ომი კისკასი, ვით მართებს იმერ-ამერთას,
ქვეითნიც მწოვედ იბრძოდეს, სამების მიმნდო ამ ერთას,
მეხეთქეობდა ჰოროლი, ხრმალი ხორცს სჭრიდა ამ ერთას.
ძველთ გოლიათთგანც კმაროდა, რაც ომი იქნა წამ-ერთას.

826
ომთა სიგრძესა მიეცა ძლევა ჩვენს ბუმბერაზებსა,
დახოცეს, დაიონრესცა, ტყვე ჰყოფდეს გულით ბრაზებსა,
ჩვენს არვის ევნო მის მეტსა, ივანე ცოტად ივნებსა.
მოვედით გამარჯვებულნი წინაშე, ვის მზე იმზევსა.


აქა ამბავი გუზან-კარელნი შეიაყარა თორმეტი დროსა კაცი და მოვიდა კოლას და დახვდა ფანასკერტელი ზაქარია და გაემარჯვა 

827
გუზან წარმწყმედმა თავისა ავს ავი მოუმატოსა,
აწ ამტანელმან კარისამ ვაშლოვნის სახლის ტაოსა,
ქვეყანა შარემანისა დაწვა, სიბრიყვე აოსა.
რეგვენის კაცის წესია საქმე ბოლომდის აოსა.

828
შეჰყარა დროშა თორმეტი, მოვიდა მთასა კოლისას,
მუნ დახვდა ფანასკერტელი, სცნობ ზაქარიას ომისას;
ამან სძლო ცოტას ლაშქრითა მის ლაშქარს ჭკუა-მოკლისას,
ზოგი ხელთ დარჩათ, იტყოდეს: «უფროსი ერთსა მოკლის ასს».

829
გამარჯვებაში ლაშქრისა ჰსუფევდა თამარ ნათელი,
უმაღლეს ყოვლთა მეფეთა, არვისგან არ განათელი,
არვის უნახავს დავსილი მისის დროშისა სანთელი,
სვიანი, გამდიდრებული, უტკივრად მყოფი, კვლავ მთელი.


აქა თამარს ძე მისცა ღმერთმან და მამის სახელი დასდვა გიორგი და ლაშა დაურთო ზედა, რომელი გამოითარგმანების ქვეყნის განმანათლებლად 

830
მრეკელთ გამღებმა კარისამ, მიმცემმა სათხოვარისა,
მომფენმა წყალობისამან თამარ პირ-ბაკმულ-მთვარისა,
ძე მისცა დავითიანი, მსგავსი მისისა გვარისა;
ცა ნათობდა და ქვეყანა, იხარებს მოსაგვარისა.

831
სიმრავლე ქველის საქმეთა არ ითქმის ასე ადვილად,
გლახაკთ სიმდიდრე მიეცა, აეშვნეს ვინ «ჰყვა პყრობილად,
ქვრივთ შეშრათ ცრემლთა ნაკადი, ობოლნი იქმნეს დაზრდილად.
ყრმაწული სახელ გიორგი, ალვისა ნორჩი ჯერ ჩვილად.

832
ლაშა დაერთო გიორგის, სახელის მოსამატებლად.
გამოითარგმნა სხვას ენით ქვეყნისა განმანათლებლად.
საქართველო სად კმარიყო უფრორე ასამაღლებლად?
სიმტკიცედ გამამარჯვებლად, სხვათა საზღვართა წამღებლად.

833
მოვიდა მოსალოცავი სულტანთა, ათაბაგთაგან.
დიდთა ბერძენთა მეფეთა და სპარსთა ამირათაგან,
კმა-სამყოფელი ნიჭი და ტურფანი ძველთა განძთაგან,
ოქრო, მური და გუნდრუკი, ვითა ასმოდათ მოგვთაგან.


აქა ლაშას ბედზედ გალაშქრება და გამარჯვება 

834
ლაშას ბედზედან ვილაშქრეთ და მოვარბიეთ ბარდავი,
ციხე-ქალაქი ავიღეთ, გამოგვითხოვეს არ დავი.
ამდენს ლაშქრობას დაუხვდი, მოყმე გგონივარ რად ავი?
გიორგის თავს შემოავლეს ბევრი ტყვე ჯავრის მდარდავი.


აქა კარსა და არზრუმელზედ გალაშქრება და ანადოლის მიშველება და ომი 

835
ამას შუა არც თვე ერთი გამოსულა, ეს ვილაშქრეთ.
მსწრაფლ წავედით არზრუმზედა, კარისაკენ თავნი ვარეთ,
მოქალაქეთ ციხის მცველთა ყოფა დიაღ გაუმწარეთ,
მას შიგნითი ანადოლი ჩვენად სამტროდ შემოვჰყარეთ.

836
პირველ დღის ცისკრისა ომსა ულხინა ჟამ მწუხარისა,
დილას მოვიდა ლაშქარი, ვნახეთ გარდმდგომი კარისა.
ცხენ, ქვეითისა რაზმი ჩნდა, აბჯარი საომარისა.
დაჰკრეს ბუკსა და დუმბულსა, ხმა არს სახდელი ზარისა.

837
რა ნახა დავით მეფემან, ლაშქართა სპათა მისთამან
დასტეხა მსგავსად მეხისა, დაზვლოს მაღნარი ვით მთამან.
რაც მორჩა, ციხეს შეგავსწრეს, იკივლეს ცოლთა მათთამან.
აავსო გზა და სახლები ნაგლეჯმა მათთა თმათამან.

838
ვეღარც ციხემან დაგვიდგა, ავიღეთ, ავიალაფეთ,
ხმალ-შემოკრულნი იზახდეს: «ნუ მამკლავ, ხორცსა ნუ აფეთ!»
შერცხვენილნი და კდემულნი მათ ცოლთან გავათავლაფეთ.
გამარჯვებულნი მოვბრუნდით თამარის კვლავ სიიეფეთ.


აქა გელაქუნად განვიდეს, ჩაიარეს ხაჩიანი, ჩავიდეს ვიდრე ქვეყნად ყვარყვარისათა, ბალაყუნი მოარბიეს, ამოვლეს განძის კარი და დიდი ომი იხადეს და გაიმარჯვეს 

839
ოდეს ჟამსა ერთსა შინა შეიყარნეს და განვიდეს
გელაქუნად, ჩაიარეს ხაჩიანი და ჩავიდეს
ქვეყანას ყვარყვარისასა, ბალიყუნამდის წავიდეს.
მომრბევი, მოთარეშენი გამარჯვებულნი მოვიდეს.

840
ამოვლეს კარნი განძისა, შეიქნა ომი ძლიერი;
განაღამც გავაქციენით ჩვენ ღვთითა იმათი ერი,
საშოვრითა და ომითა არავინ დარჩა მშიერი.
მოვედით მზესა მეფესთან, ვის ჰქვიან სხვა შარიერი.


აქა მხარგრძელნი ივანე და ზაქარია, ძენი სარგის მხარგრძელისანი, წარვიდეს რახსის პირი მოარბიეს, და დვანელნი ამბედარელნი სამეკობრედ წამოსულნი დახვდენ, და გაიმარჯვეს 

841
კვალად ლორიდამ წავიდეს ძენი ორნივე სარგისა,
ზაქარია და ივანე, არ მქონე მძიმის ბარგისა,
მათ ჰქონდათ ყოვლი სიკეთის სისავსე ბევრის დარგისა.
ღვთის წყალობა გაქვს, ომის დღეს რამდენჯერ მათ ევარგისა.

842
რახსის პირი მოარბიეს, წამოსულნი იყვნეს შინა;
სამეკობროდ წამოსულთა ქარავნისად დაეშინა,
დვინელნი და ბაჯანელნი, ამბერდელნი მუნ მაშინა.
რა ესენი შემოჰყროდეს, ამათ ნახვას შეეშინა.

843
უგრძნობელად შემოჰყროდეს მუნ იგინი ურთიერთსა.
ვის მოწყალე ძალს უბოძებს, მალე მორევს ათსა ერთსა,
დიდს საქმესა ადვილად ჰყოფს და ხანგრძელსა წამსა ერთსა.
ომი დიდი გარდაჰხდოდათ, გაემარჯვა მათთვის ღმერთსა.


აქა ივანემ მსახურთუხუცესმა დავით მეფე აწვია გელაქუნს, სპარსიაზ ბოზორის გორალ ქვეყანასა; და მოარბიეს, აიღეს სიმრავლე ტყვისა და პირუტყვისა შემსგავსებული ქვიშისა 

844
ივანე მსახურთხუცესმან დავით სალაშქროდ აწვია,
გელაქუნს, სპარსის ბოზორის გორლა ქვეყანას აწვია
მორბევად, წარსატყვენელად, უთხრა: «თუ გინდა, დაწვია».
წავიდა. სრულყო ნათქვამი მუნ, ჩემმან სულმან, რა მწვია!

845
აიღეს ტყვე, ცხენ, აქლემი, ძროხა, სიმრავლე ცხვარისა,
სიმრავლით შემსგავსებული მდელოთაებრი ქვიშისა,
მათ დედაწულთა ვერ მშველნი, მოსაგებ იყვნეს იმისა,
ქვეყანას ზარი დასტეხეს მეხებრ მათისა შიშისა.

846
მივიდნენ სპარსის ბოზორის მოედანს შიგან სულტანის,
ხელი ჰყვეს ასპარეზობას თავით თავამდის გატანის;
ესე არვისგან ქმნილიყო ცოცხალთა, არც კვდართ ჩატანის.
ეს ასრე ქნეს და სხვა საქმე მას უკან მოამატანის.


აქა იგი ბედკრული რუსი მაშინ, ოდეს ლტოლვილი ხელთა იგდო და არა ავნო და განუტევა, მივიდა ერანს ათაბაგთან და მან მისცა ქვეყანა არანისა; შეიყარა ლაშქარი და მოვიდა ქისიყს; კამბეჩოვანს შიგნით მინდორი მოარბია, წაეწია გახატელის ძე ხორნაბუჯელი და გაემარჯვა 

847
რუსი მაშინ გაქცეული ხელთ იგდო და არა ავნო.
სადღა მოვა კვლა საბრძოლად ან თქვენ მოსდევთ ავ სად ავნო?
უღურსიძო ბედო მისო, სვე-დოვლათო ერთად ავნო.
არა ხამს, რომ გაგემარჯვოს, ავის საქმის შენ მოდავნო.

848
მივიდა ერანს მყოფელთან, ათაბაგ წოდებულისა;
უბოძა არნის ქვეყანა, ხელმწიფეთ შემსგავსულისა.
მუნით შემყრელი ლაშქრისა, განძელთა თვით გრძნეულისა,
მოვიდა კამბეჩოანსა შემარცხვენელი სულისა.

849
მის გარეშემო ალაგი მოარბია და აიღო,
სიმრავლე ნაშოვარისა მუნით დიდძალი წაიღო,
ვეღარ წაბძანდა მშვიდობით, ვერც შინ ნაშოვნი მიიღო.
თუ ასრე გაემარჯოდა, ავად ქნა, ქრთამი გაიღო.

850
წაეწია მახატლის-ძე, ხორნაბუჯის მჭერი საღირ,
მცირეს ლაშქრით შეუზახა: «შენ ამ საქმეს როგორა ღირ?
ჩემის მეფის მაღლის სვისგან ხმალსა ცუდად არ დაგაღირ!»
რას ვაგრძელებ, სასახელოდ გაემარჯვა, დასო დაღირ.

851
სანატრელია თამარის მუდამ გამარჯვებულობა,
უსინჯო მისი სიტურფე, შვენება, კვლავ უსულობა.
მინახავს მისთა მჭვრეტელთა შორს ბნედა, შორს უსულობა,
მხეცთაგანც თავის დადება, ვით მონა გაერთგულობა.


აქა შარვანშასაგან ლომის ბოკვერის მორთმევა თამარ მეფისა 

852
შარვანშას ოდეს ბოკვერი გამოეგზავნა ლომისა,
დიდი შეიქნა ხარება არმაღნად მოსანდომისა.
ივლისის თვესა მოართვეს ლომი მზეს სამისო მისა.
ესრეთ დამონდა, ვით ვამბობ, არ ბრდღვინვით მნდომი ომისა.

853
მოაყვანინის დარბაზსა საქმისა მოცალებამან,
ჩაუდვის თავი უბესა, არ ბრჭყალით დასალებამან.
ჩვენ გაგვაკვირვა ესეთმან ლომისა მოდედლებამან.
რა გამოჰყრიდეს, ატირის გაყრისა იძულებამან.

854
ძლივ იპყრობდეს ძალის საქმით იქით-აქათ, ვის ეჭირა.
მყის მოვიდეს მოშიშარად ლოშნად მისდა, ვთქვა მეტი რა?
რა მოშორდის, ცრემლთა სჩქეფდის, უნდოდა, რომ ჩვენც გვეტირა.
ლომიც ასრე დაემონა, ჩავაგდო ქალაქპეტი რა!

855
ძველად სასწაულთმოქმედთა ექნათ, იმათგანც კმარიყო.
არ მისწვდა მისი სახელი, ხმელზედ ქვეყანა სად იყო.
ლაშქრის სიმრავლე, სიდიდე, კმარა თუ ზღვასა არ იყო.
ოთხთა კიდეთა იპყრობდა, თუ ადრე არ მამკვდარიყო.


აქა ერანის მპყრობელი ბობოქარ მოვიდა შირვანს, შირვანშა აღსართან გამოაგდო, და თამარ მეფეს შემოეხვეწა. ამით ილაშქრა და გაიმარჯვა 

856
სრულად ერანის მპყრობელად ჯდა ამირ-ბუბაქარია,
აღსართან შარვაშიანსა უთვალა მან მუქარია.
მოვიდა შირვანს, წაეღო, თან ახლდა სრულ ლაშქარია.
ვერას ავნებდა შარვანშა ლტოლვილი აწ აქ არია.

857
მოვიდა ხვეწნად თამართან სახლს მეფის დავითისასა.
მათ შეიწყალეს, უპყრობენ წყალობას პატივისასა,
მისცეს ბორჯალი ლაშქრისა, იმედს იდებდეს ღვთისასა.
ილაშრეს. არვინ დაეძებს კითხვას მოსაათისასა.

858
სრულ საქართველო აწვიეს, შიკრიკი გაუფრინესა,
ლაშქარი იხმეს ყოველგნით, სასწრაფოდ მოაწივნესა.
რა ხელი ჰქონდა მაცდურსა ბობქარს, ვინ ის და ვინ ესა?
ვირე შემოკრბა ლაშქარი, არც ერთს დღეს მოაწყინესა.

859
აცნობეს ბობქარს ნახჭევნელთ, მანც მოაწვია სპარსეთი,
ბაღდადელისა ხალიფას ლაშქარნი დას-და დასეთი.
წავა დავით და ქართველნი, ვით ისრაელნი მოსეთი.
ჯაბანს კაცს შიში გახეთქდა, ომი მუნ ვნახეთ ასეთი.

860
შეკრბეს წინაშე თამარის ყოველნი მისნი ვაზირნი,
სარდალნი, ერისთავები, სპანი ლომ-გულნი და გმირნი,
ამირ-სპასალრის უწინ თქმის ზაქარიასა შემზირნი.
არჩიეს წასვლა; მიმართეს, სხვის არას არ დანაპირნი.

861
ითხოვეს სიტყვა, დალოცვა გამარჯვებისა, ძლევისა
პირისა მისგან ბრძენისა ტომ დავითისა ლევისა,
წარმძღვანებელი ჯვარისა, ცხოველსმყოფელის ძელისა,
კვლავ დროშა გორგასლიანი, ბაგრატოანთა ძველისა.

862
წარსრულთა დაიბანაკეს წყალზედა ელეკეცისას.
მუნით ვიარეთ, მივედით სიახლედ სახლ შანქორისას.
თვესა ივლისსა, ხუთშაბათს, თენებას პარასკევისას.
რომელსა შინა ქრისტე ჰყოფს ძლევას ორთავის გველისას.

863
რა ცნა მეფემ და მისთა სპათ მოსვლა ბობქარის ახლოსა,
გაჰკვირდნენ წინ მოგებებას, სირეგვნეს მის საახლოსა,
გამხიარულდენ მტერისას მალ პოვნას არმის სახლოსა.
სიმრავლემ, ლაშქრის სიდიდემ მტერი მტერს არ ამზახლოსა.

864
ერთად თურ ექნა აქ მოსვლა ლაშქრისა სიმრავლისაგან.
მეორედ ხევის შეზღუდვით ძალისა სიმაგრისაგან.
რა დაემართის, ისმინე, რეგვენსა აქ მოსვლისაგან,
მეფის დავითის სიმხნით და სპათა მისთ ლომ-გულისაგან!

865
მაშინ აღჭურნა მეფემან, შეჯდა ზერდაგსა განთქმულსა,
ომი იხადა ძლიერი, მით ბობქარს შეიქს დანთქმულსა,
გმირთაგან სა[ა]მიანთა, ძველთაგან ამბადა თქმულსა,
ჩვენ განვაახლებთ, ვიშოებთ საჯილდოოსა მამულსა.

866
შეჰკადრებდენ ურთიერთსა სიმხნეს, გამარჯვებულობას,
ძველთა მამათ და პაპათას მეფეთა მათ ერთგულობას,
მოწამეთ ღვაწლის თავსდებას, ტანჯვასა, დადაგულობას.
ქრისტესთვის გვიჯობს სიკვდილი ამაოს აქ სულდგმულობას.

867
სპასპეტნი სპათა ეტყოდეს, თავ-თავის თავის დამდებნი:
«ამხედრდით ბრძოლის ეტლზედან, მათზედა ცეცხლებრ მამდებნი,
ისტროს ქებისა შემსხმელთა წარვმატოთ ჩვენი საქებნი,
ხელი ხმალს მივსცეთ, სულნი ღმერთს, ვართ სხვის ნუღარას მომდებნი».

868
მაშინღა დაჰკრეს სპერი-ჭურს, შეიქმნა რაზმთ წყობილობა,
წინ მბრძოლთა ერთმანერთისა შეტევა, მუნ სირბილობა,
ომი სასტიკი, ფიცხელი, მოყვსობა არ ძმობილობა,
თავს ლაფი უნდა დაისხას, იმ დღეს ვის ჰქონდეს რბილობა.

869
გაგრძელდა ომი, მუნ ცხენი ბევრს კარგს მეომარს მოუკლეს,
მაგრა იბრძოდეს თამამად, ქვეითობითა არ უკლეს.
ზაქარიამ და ივანემ მხარგრძელთა გზა შეიმოკლეს,
მიმართეს ფრთოსანს ვეფხთაებრ, ნავარდი არ შემოუვლეს.

870
ცოტაღა აკლდა ჩვენს რაზმსა დიდის გაჭირვებისაგან
გამობრუნვება, სირცხვილსა აგართ ერთ სიბევრისაგან.
ვნახეთ იგინი მოსულნი, იმ ხან დავდეგით ღვთისაგან.
ომი იხადეს ძლიერი, ხმა იყო ლომთ ლომისაგან.

871
მეფეც მოვიდა რაზმითა და დროშა გორგასალისა,
სინდეთს ნაშოვნი ვახტანგის, შემკული ძვირ მასალისა.
იყივლა ხმითა მაღლითა, ვით გული ჰქონდა სალისა.
გაიქცეს მაჰმადიანი, რა სიცხე მიხვდა ალისა.

872
ისარი სმიდა სისხლსა და ხრმალი შესჭამდა მათს ხორცსა,
მისდევდეს ალაღებულნი, ქართველნი თათრებსა ჰხოცსა,
ერთი იპყრობდა ათსა და ორი ცხრამეტსა ან ოცსა.
მისებრი გამარჯვებასა სიზმრადცა ვერვინ იოცსა.

873
მისწვდა ერთის მხრის მდევარი კერძო განძისა შუამდი,
მეორეს რაზმის წინანი მთა-მაღალ გელაქუნამდი.
ჰხოცდეს, იპყრობდეს, მცემელნი ტანს მათსა სისხლთა ბანამდი.
ამაღლდა მეფის სახელი ამ ომით სვე სვიანამდი.

874
დროშა იშოვნეს ხალიფას ღაზოდრე გამოგზავნილი.
სამი ქალაქი ავიღეთ, სამივ დაგვხვდა კარ-გახსნილი.
ლარ სალარონი, საჭურჭლე ვნახეთ ნაბეჭდი, არ ხსნილი.
ეტლი თამარის ბედისა სიკეთეზე არს ახსნილი.

875
დაიბანაკეს იმ ღამეს, სად ბობქარ ლაშქრით მდგარიყო.
იდგა სიბევრე ჭურჭელთა, თუ ვსთქვა სიმრავლით არ იყო.
ჩვენი მებრძოლი ჩვენზედა თამამად არსად არ იყო.
ისრემც კარგად ხარ, ის ომი ერთ გამარჯვებად კმარიყო.

876
განძას მოვიდა, ქალაქის მუნ მყოფნი მომგებელობდეს,
დიდებულნი და ვაჭარნი ფეშქაშსა მომღებელობდეს,
თაყვანი-სცეს და დალოცეს, თავს ოქროს გარდამყრელობდეს:
«ღმერთმან განაგენ მეფობა თქვენი, მრავალწელ გრძელობდეს».

877
ცრემლით მოქენეთ შევედრნეს თავი და მათიანობა,
უფინეს სტავრა ფერხთ ქვეშე, სურნელნი ვარდიანობა.
შევიდა ლაღი ქალაქად, შვენოდა პირ-მზიანობა.
ბრძანა: «არ წახდეს ქალაქი, ამათი თემიანობა».

878
ავიდა, დაჯდა ტახტზედა, თავს თვალთა გარდაასხმიდეს,
ამირ-მირანს და შარვანშას მის-მის ალაგსა დასხმიდეს.
აწ დარბაზობა შეიქნა, ლხინი, და ღვინოსა სმიდეს.
მეფობისა და სულტნობის მუნ ერთად მქონი დაზმიდეს.

879
შარვანშას ყმათა ყოვლისა და ძისა ათაბაგისა
შესატყვი ჟამთა ლხინია, შვენის ღიმილი ბაგისა.
მახარობელი გაგზავნა თამარს წინ, მის დამდაგისა,
მანდატურთხუცის ჭიაბრის მის წინ წარგზავნად გამგისა.

880
საქმე გააგო აქეთი, მიმართა ეტლმან მის მზესა,
მეფედ ხმობილსა დედოფალს, მას ხელმწიფესა ზესთ-ზესა.
შეიყარნეს და ბაგენი ერთმანეთს გაუმაზესა.
იმათი მსგავსი ქალ-ყმანი არ მახსოვს, ვფიცავ მათ მზესა.

881
მოჰყვა საჭურჭლე ურიცხვი, მრავალი და ბევრჯელ ასი,
დროშა თხუთმეტი ათასი და ერთი თვით ხალიფასი,
იყო უებრო ნაქმარი, არ ითქმის იმისი ფასი,
მურასა გულქანდელთაგან ფრანგთა ნაქნარი მინასი.

882
ათი ათასი ავაზა, ორმოცი ცხენი ქებული,
არაბთა ჯადბაჯადობით ჩამოსვლით მუხლ ფიცხებული,
შვიდი ათასი ყათარი აქლემი ლარ-კიდებული –
მოართვა თამარს, ვინ არის დავითიანი ცხებული.

883
დროშა წარგზავნა ხახულის ღვთის-მშობლის სასოებისა:
«ოდეს დორბეზეს ყაისის მანიაკ ყელ-მოდებისა
ამძრცველი მამა ჩემი გძღნობს ცოდვათა დასავსებისა,
მეც ხალიფასა დროშასა შეგწირავ კართაგებისა».


აქა მხარგრძელი ივანე მსახურთ ხუცესი გელაქუნელთ მიუხდა, განძელი ლაშქარი დახვდა ვანს მიმავალი და გაემარჯვა 

884
აწღა ივანე მხარგრძელი წავიდა ლაშქრით მცირითა,
მბრძოლი ფიცხელი შუბითა და მერმე ისარ-ხშირითა;
განვიდა გელაქუნელად გულითა მტერთა მზირითა,
ნახა ლაშქარი განძელი ვანს წასვლად განაპირითა.

885
ლაშქარი დახვდა უფროსი, უმცროსმან აღარ დახედნა,
ამად რომ, იყო გულ-მხეცი, უმრავლეს მისდა შებედნა,
გააქცია და ასწყვიტა, სადგომნი გაუმაედნა,
სილაღე მათი წაუღო, მოამშვიდნა და დახედნა.


აქა ნუქრადინ საბერძნეთისა და პალესტინისა სულტანმან ოთხასი ათასი კაცი შეიყარა და ლაშქრად გამოგზავნა; წინ ელჩი გამოუგზავნა თამარ დედოფალს და ეს შემოუთვალა 

886
იჯდა სულტანი ნუქრადინ საბერძნეთს, პალესტინესა,
უმაღლეს ყოვლთა, ვით მაშინ მონებდენ კონსტანტინესა.
მიესმა საქმე თამარის, თქვა: «ვინ ქალი და ვინ ესა?»
ოთხ ასჯერ-ასსა-ათასსა სპათ შეჰყრის მოსაყივნესა.

887
წიგნი მოსწერა, ეს იყო შიგან წერილი უშვერი:
«მე ვარ მპყრობელი ქვეყნისა, მაჰმადის თითის მიმშვერი;
დიაცთ სირეგვნე მოგიდგამთ, შენ მორჩე მარტო მაშ ვერი;
რად გითქვამს საქართველოსად, გაწყვიტონ მუსურმანთ ერი?

888
აწ ვბრძანე ლაშქრის წამოსვლა შენზე და შენს ქვეყანასა,
ვინც მოხვალთ ჩემსა რჯულზედა და მაჰმადს სცემთ თაყვანასა,
ოდენ ის დარჩეს ცოცხალი, სხვანი შეიქმენ ნანასა.
სულ მოსვრა მიბრძანებია, მომკიან ვითა ყანასა».

889
მოვიდა ელჩი, გვიამბობს ავს ამბავს საკადრებელთა,
უყურე, სიტყვას რას იტყვის ჩვენ ჯავრით ასანთებელთა,
რაზომ უქნელთა საქმეთა, რა ცუდთა მოსადებელთა!
თქვა: «რჯულს დააგდებ, შეგირთავს, თვარ, უნდა ახლდე მხლებელთა». 

890
ამირ-სპასალარს რა ესმა, ზაქარიას სიტყვა ესე,
წარმოდგა და პირსა ხელით მწვე უხეთქა დასაკვნესე,
ვითა მკვდარი ქვე დააგდო ავის მთქმელი, ავის მთესე.
რა მობრუნდა მოციქული, სიტყვა უთხრა უკეთესე:

891
«თუ არ იყო მოციქული, გიხმსო ენა ამოგართო,
მერმე თავიც გაგაშორო, შენ სულტანთან ვეღარ წართო;
ხორცი შენი დასაწველად ნავთ-მოდებულს ცეცხლსა დავრთო;
ვით იკადრეთ უკადრისი, ძაღლებო და თქვენა ვირთო».

892
მერმე შემოსეს ელჩი და გაგზავნეს სიტყვა მწვავითა,
იხმეს ლაშქარი ყოველგნით: დარუბანდ-ანაკოფითა.
შუა-მყოფნი და იმერნი, ამერთ არ განაყოფითა.
ღმერთმან მტერს მისცეს, ნუქრადინს, შევიქთ რასაცა ყოფითა.

893
შემოკრბა ჯარი ჯავახეთს, ვარძიას მივლენ მეფენიც,
თვით დავით სოსლან ძლიერი, თამარ ბრწყინვალე, შუქ-მფენიც;
ღვთისმშობელს ლაშქარს ვედრებდა, იქმნა მოწყალე, მომსმენიც:
«ღვთისა დედაო, დამიცევ მე თამარი და ესენიც».

894
გაისტუმრა ლაშქარი და ესენია მეწინავეთ,
ზაქარია სპასალარი და თორელნი არ სიავეთ,
ივანე და შალვა, ძმანი ახალციხით; მესხთ უთავეთ
ომზედ დიდსა გასაჭირსა, მოსვენებად არ, საავეთ.

895
იგინი იდგეს ბასიანს, ბოლოკე წოდებულისა.
ძლივღა იტევდა მინდვრები სიგრძე-გან გაკიდულისა.
დააწყვეს რაზმი ჩვენგანთა, მივლენ დამდებნი სულისა.
ვიხადეთ ომი ძლიერი ძველთაგან დადებულისა.

896
წინ მბრძოლად იყვნეს იგინი, პირველ ვთქვი მათ სახელები
იმიერნი და აფხაზნი, მარჯვენი, ცხენ-ფიცხელები,
ამერნი დარუბანდამდინ, მარცხნივ-კერძ თვით კახელები,
შუა დავით დგა ლომგული, მებრძოლი ლომ-თათ-ხელები.

897
აწ იგინიცა წამოდგეს, ბარგ-კარვები დაუტევეს,
მოეგებნეს და საომრად ერთმანეთსა შეუტევეს.
ომი იყო პირველჟმური, გმირული და მართ უდევეს.
გამოუკლეს ჩვენებურთა ქვეშ ცხენები კარგ სადევეს.

898
მოუკლეს ცხენი ივანეს, მსახურთხუცესა მხარგრძელსა,
ახალციხელსა ივანეს, შალვას და ბევრსა თორელსა,
დაუდინს თორგველს მხნეს კაცსა, სხვათ თავადთ მუნ იმერელსა.
ქვეითად დარჩნენ რაზმთ შუა, უყურე მათს სიქველესა!

899
რა ნახეს ყმათა პატრონნი ცხენ-მკვდარ, ქვეითნი მობრძოლნი
გარდახდენ ყმანიც პატრონთან, ზოგთ ხელთ აქვს კიდევ ოროლნი;
გაწირეს თავი საკვდავად, არ ახსოვს ცოლ-შვილ, საყოლნი,
მოუდგენ მათთა უფალთა, იბრძოდეს ისართა მსროლნი.

900
დავით იხილა მეფემან მხნენი ქვეითად მსროლელი.
მორიდა კერძო მარცხნითა ქვეითთა გარ-შემოვლელი.
მუნც ზაქარია მხარგრძელი მარჯვენით იქმნა მომსვლელი.
ქვეითი არ დაეთრგუნათ, ვერ ჰყოფდა კაცი სულელი.

901
მოუხდენ რაზმთა თათართას, სიმრავლეს მათსა შუასა;
იფიცხე მათი ამსგავსეს, რა ბარი სცემდეს ბუასა.
ერთი ვით ლომი დავით არს, თათართ აძახებს «უასა».
იქითკენ ზაქარიამაც მან თავი ერთსა უასა.

902
ვითა მგელნი ცხვართა ჯოგსა, მსწრაფლ მიუხდეს მათ,
თამამად რაზმს აპობდეს სულტანისას, ძლევას ჰყოფდეს ღვთითა ამად,
ამათ ჯვარი სცავს ცხოველი, შერცხვენილი იმათ მაჰმად.
ძალსა მალ გაექცევიან, თათართა სჭირს გვარ-მოდგამად.

903
განხეთქეს რაზმი, იძლივნეს, სიმრავლით ჰგავდეს მაღნართა,
მუნ ხმა ისმოდა დავითის ვით ლომთა, არ თუ ნარნართა.
შავი ტყე მოსქდა მაღალს მთას, წარიქცევს შამბთა და ნართა.
ჰხოცეს უწყალოდ, უშრომლად უსჯულოთ, ვით სოინართა.

904
რომელნი იყვნეს ქვეითნი, აწ ცხენს ასხდეს, დევნა უყვეს;
ღამემდისინ სდევდენ, ჰხოცდენ, ჯარი სულტნისა გააწყვეს;
მობრუნდენ გამარჯვებულნი, მათ სადგომს ხანი რამ დაყვეს.
კარავსა, სალაფარდებსა შოობდენ, წილით არ გაყვეს.

905
თუცა არის საქართველო ღვთისმშობლისა წილხდომილი,
აქ გასინჯე საფარველი მარიამის მისი ტკბილი!
ვარძიიდამ წამოვიდენ, საომარად აქათ ვლილი.
არ მომკვდარა ამ ომზედა კაცი მეფეთ შესწავლილი.

906
აივსო სრულად ლაშქარი, რომელ დაჰყარეს კარავთა,
საჭურჭლე პატიოსანთა, სამოსელთ სარა-სარავთა,
ცხენის ჯოგთა და აქლემის შოვნისას ვინა სწერავთა?
განმდიდრებულნი მედიდართა მოვლენ, ლხინთ ნახვენ არ ავთა.

907
ამახარობლეს თამარსა ნათელსა მას, უბინდოსა.
ვით სძლიოს მტერმან ბოროტმან წმინდის ღვთისმშობლის მიმნდოსა?
სხვა არვინ დარჩა უძლევი, მიჰმართოს აწღა ინდოსა.
მინახავს ძენი მეფეთა, მის სურვილს დაებინდოსა.

908
გარდვიდენ ლიხსა, სუფევდენ, ნადირობდენ და ბურთობდენ;
ამაღლებულნი ღვთისაგან კიდით-კიდემდინ ნათობდენ;
ქვრივთა, ობოლთა სწყალობდენ, მებრძოლთა მალ დაამხობდენ;
მონასტრებს აღაშენებდენ, ხატთა და ჯვართა ამკობდენ.

909
მიიცვალა სოსლან დავით მეფე, ქმარი თამარისი,
ცრემლი თვალთა დამიბნელებს, ადგილი ვთქვა სამარისი;
გლოვამ მოცო საქართველო, მწუხარებად მგონ კმარ ისი.
ძაძამ შიგნით მოიქცია ტანი ბროლი, მარმარისი.

910
ვაჟი დარჩა, ლაშა ჰქვიან, და მისვე შვილს-ქალს რუსუდან,
ჩვენ ვიქმენით ყელ-დაჭრილნი უხმლოდა და მერმე უდან;
სანადირო ოხერ-იქმნა, უბურთალო მუნ მეიდან;
განიკიცხნეს დიდებულნი, ერისთავი რაჭის ბედან.

911
ამ დღეს ვინ დააკლდებოდა დიდთაგან მცირის მონამდი?
მეფევ, შენც გული იტკივნე, სულთქმიდი, ცრემლსა მონამდი,
მოსთქვამდი სიტყვა-მჭევრულად, თამარის მოსაწონამდი.
ზარი, ყვირილი ისმოდა გეგუთით მგონი ონამდი.


აქა თამარ დედოფალი გეგუთს იდგა და მხარგრძელნიცა მუნ ახლდეს. მიუხდა არდაველის სულტანი ანისს, რომელი გათენდებოდა აღვსებად, და მოაოხრა, და მოსრა და წარვიდა 

912
დგა თამარ მეფე გეგუთსა, მხარგრძელნიც მასთან ხლებოდენ,
სცნა არდავლისა სულტანმა, პაემანსა სცა ეგოდენ;
მხარგრძელთა ანისს არყოფნა მისთ სპათ ეიმედებოდენ,
ანისს მიუხდა დიდ-შაბათს, არ ითქმის, რაც მას ვნებოდენ.

913
აღდგომა გათენდებოდა ქრისტეს მეუფის მხსნელისა,
მოადგა ციხის გალავანს, კარის გაღებას ელისა;
დარეკეს ცისკრის ზარებსა შესაკრებელად ერისა,
გაახვნეს ყოვლგნით გალავნის, ვა ჯავრი კართ გამხმელისა!

914
შეკრბა ერი ეკლესიად, ვით წესია ქრისტიანეთ,
ლაშქარიცა თანვე შეჰყვა, იზახოდეს: «მიატანეთ,
რჯულ-მყრალებო, ამოგვწყვიტეთ, ზოგი ცხენქვეშ დაგვატანეთ,
გაგემარჯვათ ვით გინდოდათ, ჩვენი სისხლი გაიტანეთ».

915
ერთ-ბევრი და ორ-ათასი კაცი ეკლესიას დაკლეს,
ქალაქსა და ფოლორცს შიგან, ანუ გარეთ ვინცა მოკლეს,
ჰეროდემ რომ ჩჩვილნი მოსრნა, უფროსი ქმნეს, არ მოაკლეს.
მაგრამ ლომი ზაქარია პასუხს უზამს ჭკუა-მოკლეს.

916
ახალ-კვირასა აცნობეს მეფეს და მხარგრძელთ დასტურად,
დაჭმუნდა მეფეც, ყველანი, მაგრა იგინი მეტურად;
ამზადდენ მათზედ სალაშქროდ არ ცუდ-სომხურად, ტურტურად,
ზაქარიამ თქვა: «სულტანო ვერ გნახო, შემქენ ცოლ-ტურად».

917
მხარგრძელთა ჰკადრეს მეფესა: «გვეწივნეს საქმე ბოროტნი,
ჩვენის ცოდვის წილ მოისრნეს მუნ მყოფნი, ვერსად მეოტნი».
თამამად გამოარჩივეს, არ სიტყვა მიროტ-მოროტნი:
«აწ სად წაგვივლენ არდავლით სულტანნი ხრდალნი და ბოტნი.

918
ვესავთ წყალობას ღვთისასა და მერმე ცხოველსა ჯვარსა;
აწ შენ, მეფეო, უბრძანე მზადება შენსა სულ ჯარსა,
მზას იყოს ყოვლი ლაშქარი, ჩვენი სააჯო ეს არსა;
რაჟამს გაცნობოთ, გვიბოძეთ, როს დაგირეკოთ ჩვენ კარსა.

919
ნაცვალი ვაგოთ, სიცრუვე მათი მათზედა მიიქცეს;
თუ ბევრნი წავალთ, გვიგრძნობენ, ვაი თუ სხვაგნით გაიქცეს;
როს რამაზანი დაუდგეს, მთვარე სიახლედ მოიქცეს,
მაშინ გვიბოძეთ ლაშქარი, მეჩიტში სისხლი მოიქცეს».

920
ისინი ანისს წავიდენ, აქ ლაშქართ იწყეს მზადება,
ასრე მზას დადგენ ყოველნი, უნდა თუ ლაგმის ადება;
წასვლა გვიხარის, არ გვინდა სირცხვილის თავსა დადება
დაუდგათ რამაზანი და ჩვენგან ცეცხლისა მოდება.

921
წარმოავლინეს მეფეს წინ კაცი ლაშქრისა მთხოველი
სომხითარნი და სრულ მესხნი, კახნი, არ დიდო ფრთხოველი;
ქართველნი არ გაატანეს, იგრძნობსო, ამას მოველი.
რაც მათ ეთხოვნა, გაგვგზავნეს ჩვენ ჯარი იქით ყოველი.

922
მივედით ანისს, იგინიც დაგვიხვდენ მზას, და ვიარეთ.
ისწრაფდეს ადრე მისვლასა და ჩვენცა არ ვიუარეთ,
გარდავვლეთ გელაქუნის მთა ჩვენის სამზღვრითა მათ არეთ,
განვედით ხაფურის ხიდსა, არ გარე შემოუარეთ.

923
რამაზნის მარხვა გავიდა, გათენდა მათი აიდი.
არეზს აქათს რომ არბევდი, გაბრძანდი, აბა, იქ მიდი!
ასრე მოვსწყვიტნე თათრები, ხანსაც იმდენსა დაზმიდი!
თუ ეს ჰქნა, ნაძლევი მოგცე, რასაც გინდოდეს, მიზმიდი.

924
ხმა ყო ქადაგმან ბილწისამ ქადაგებისამ მათისამ,
გახშირდა მუყრთა ყივილი, ბილწებო, ღმერთს რად არ ისამ?..
მუნ ვესტუმრენით ასეთს დროს, ვეღარ გააძღოს არისამ.
სისხლი ადინოს ღვარული, პასუხმან მათ საკმარისამ

925
შემოუტიეს მხარგრძელთა და სრულ ერთპირად ლაშქართა,
ეცნეს ანაზდად ქალაქსა, სიფიცხე გვქონდა ვით ქართა.
როს გაუსწორდათ დღე-ღამე, ამტვრევდენ, სჭამდენ შაქართა,
აუკრეს ხელი მონათა ლანგრებს, სინ – მათ – მინაქართა.

926
იგდეს ქალაქი ხელთა და თვითან სულტანი ცოლშვილით;
აივსნეს საშოვარითა და ოქროს სრული საჭურჭლით;
აფთხოფდა ზარი ჩვენისა მაღლისა ხმისა ყივილით,
ზოგს ცრემლიც ჩამოსცვიოდა მათის მოთქმისა ჩივილით. 

927
სულტანი მოკლეს, ცოლ-შვილი ტყვე-ყვეს და წამოასხესცა;
მუნ ამოსწყვიტეს სიმრავლე, სისხლი მიზგითას დასცხესცა.
მათი საჭურჭლე, ცოლ-შვილი მათსავ ცხენებზედ ასცხესცა.
იქ საშოვრისა სრულად თქმა არ ძალუც ჩემს უხუცესცა.

928
აღივსო ჩვენის ქვეყნისა მცირეცა მონა ვერცხლითა,
შესამოსლითა ძვირითა, სტავრა, სარასალ, ნახლითა,
თვალითა, მარგალიტითა, ოქროს ხალასის ცეცხლითა.
მეფეს მოართმენ სამისოს, მადლს ბრძანებს ენა-მერცხლითა.

929
ციხე-ქალაქი მათ ბევრი უბოძა, მეფე უხვია,
ზაქარიას და ივანეს ხელთ მისცა, არ წაუხმია,
მხიარულითა პირითა, არ არის გულით წუხია.
სომხები თუ გამოექცეს, რას გიკვირს, თხისგან-უთხია.


აქა ზაქარია ამირსპასალარმა და მისმან ძმა ივანემ მსახურთუხუცესმან და გაგელმან მეფეს თამარს ხორასანზედ ლაშქრობა გამოურჩივეს და მეფემაც ალაშქრა ყოველნი, და ერანი დაარბიეს 

930
მოვიდნენ სამნივ მეფეს წინ, მათ მოახსენეს: «ძლიერო,
ხელმწიფევ მზის შარავანდო, უმჯობევ, უნათლიერო,
უფროსო ხმელთა მპყრობელთა, ღვთისაგან თქვენ მადლიერო,
გიხილავს თქვენ სპათ სიკეთე, მძლეველო შენ მათ მიერო.

931
იპოებიან შენს ჯართა არსად არ წინააღმდგომი,
ბრძანე ხორასანს ლაშქრობა, უნახოთ მათი სადგომი,
სახელი შენი განვფინოთ, არ ვიყვნეთ ცუდად დამდგომი;
ვინ დაგემონოს, ვიყურნეთ და დაგიმონოთ გამდგომი».

932
დაემორჩილა მეფეცა რჩევასა მათსა მონათა,
განათლდა პირი მთვარისა, სულ არე-მარე მონათა,
სიტყვა აღმოთქვა სიბრძნისა, ყოვლთათვის გასაგონათა,
არ საწუნარი ბრძანება, ყოველთა მოსაწონათა.

933
მოუწოდა წარჩინებულთ და ყოველთა დიდებულთა.
ჰკითხა რჩევა მხარგრძელთაგან მათ მამაცად დადებულთა.
სთნდა ყოველთა მათი საქმე თავბოლომდის კიდებულთა.
დაასკვნეს წასვლა ყოველთა ჯერ ნუზლ არ აკიდებულთა.

934
შემოიყარა მეფემა თბილისს, არ საქულბაქეთა,
ანაკოფიას მოღმართი და დარუბანდთა აქეთა,
ხორასანსა და ერანზედ სარბევლად მუნ სალაშქრეთა.
თუ საქნელად კი კმა-იყო, თქვენც ჩემებრ კარგა აქეთა.

935
ზორასანს მეფემ ალაშქრა ზაქარია და ივანე,
მეც მათ თან ვახლდი, ვიშოვნე მრავალი, აწ გაგიმჟღავნე,
ტყუილი მეთქვას, დამარქვი თვენ დათო, თქვენი მდივანე!
თუ სახლხს ეძებ და წაბრძანდი, იქ მიდი, იქ დაივანე.

936
შემოკრბენ არეს სთვლისასა ყოველნი აბჯარ-კეთილად.
ნახა მეფემან, ეკეთა, ჰქონდა მას მისად წადილად.
უქო მის ყმათა სიმხნისა ვით ხმალი ებათ კეთილად.
უბრძანა: «წადით ხორასანს, დღეს აემზადეთ სადილად».

937
პირ-ბედნიერმან დალოცა დროშა, ლაშქარი ყოველი:
«შენ გაუმარჯვე ჩემს ჯარსა, მე ამ წყალობას მოველი,
დამიმხევ მტერი ხილული, უჩინო კვლავ სამოველი,
მე, ქვე მეთრევი, გონების თვალით წინ შენსა მოველი».

938
შევედრა მასვე ვარძიას ღვთისმშობელს დროშა, დალოცა:
«შენ, სულგრძელისა მშობელო და მოწყალისა მალოცა,
შენ თუ მამხედო წყალობით, მტერი მყის დამიბოლოცა,
რა გინდ ძნელს საქმეს შევმართო, უცოდნი გამიკვალოცა».

939
წავედით ნახჩუანის გზას, გავლეთ, მივედით ჯუღასა.
სხვაჯერ არვის არ აწყინეს, აზავრებს ჰხოცდეს ბუღასა.
ხან საქვეითო გზა მოგვხვდის, ფეხთა ვიცმევდით წუღასა.
სადაც მივიდით, იტყოდეს სიტყვას ცრემლთ ასადუღასა.

940
ხუთას რჩეულსა გვიჩინეს მთავრად თმოგველი თაყადინ:
«წინდაწინ ამბის შეტყობად ვირემ ჩვენ ვსცნობდეთ მანამდინ,
თუ ვინმე დაგხვდეს, რას ჰქვიან, შეებათ მოსვლათ ჩვენამდინ?»
თქვა ზაქარიამ: «უჩემოდ ცხვირთა სისხლთაცა ნუ ადინ».

941
მარანდის მთაზედ ავედით, მარანდელთ გვითვალწუნესა.
ხუთასი კაცი ვიყავით, გვიმცრეს, მით გვიძაბუნესა;
შემოგვიტიეს სასტიკად, მათს მუსაფს ჩაუსუნესა.
ხუთასთავ შუბი დავასვით კაცთა და ზოგთა ჰუნესა.

942
ვის შუბი ესვა, დავსტევეთ, სხვათ უკან ვსდიეთ ხოცადო,
ამოსულიყვნეს ჩვენნიცა ლაშქარნი იქ არ მოცადო;
ენახათ მკვდარი, ზედ მოდათ შუბი ოცდახუთ-ოცადო;
ჩვენ მკვდარი, ვერცა ცოცხალი ვერ გვპოეს, უჩნთ საოცადო.

943
გაჰკვირვებოდა ლაშქარსა, ჩვენი ვერ პოვნა ვერც ერთის,
მუნ ზაქარია მხარგრძელი მწუხარებასა შეერთის.
რა ჩვენ მივედით ნადევნი, ჭირს სიხარული დაერთის,
ჯერ გვიწყინა და მერმე თქვა: «წყალობა არის ესე ღვთის».

944
მუნით წავედით: მივედით ქალაქსა თავრეზის კარსა.
განჰკრთეს და ზარმან აიღო, თრთოდეს, იტყოდეს: «ვინ არსა?»
დიდებულნი და ხოჯანი გვძღნობდეს ძღვენს დასამშვიდარსა,
ოქროს და ვერცხლსა გვიყრიდეს მათის სისხლისა მსყიდარსა.

945
ძვირფასი თვალი მოჰქონდათ და მარგალიტი მრავალი,
ცხენები ჯოგი-და-ჯოგი, შორის გზისათვის სავალი,
სხვა ფარჩა, შესამოსელნი მათი და სხვათა ნავალი,
საზრდელი კმა-საყოფელი, პირუტყვი ჩვენკენ ნავალი.

946
სხვა არა ავნეს, წავიდნენ, მცველნი დაუგდეს ქალაქსა,
მცველთა უბრძანეს: «ნუ უჭერთ სამართალთანა კვლა ბაქსა,
ანგარიშს გამოართმიდეთ ზარბაბებსა და საბაქსა,
ჩვენ წავალთ ხორასანზედა, მათ ჩვენი ხმალი მალ აქსა».

947
წავედით და გავიარეთ ადარბეგი, მივალთ მანსა.
ცნა მელიქმა მანისამა, ვერ დავყოფო მეო ხანსა;
თავრეზელებრ მანც მშვიდობა მოითხოვა, ჰყოფს ხვეწნასა,
ოქრო-ვერცხლი, ქვანი ძვირნი მოუმატა მან წინასა.

948
მანიც დააგდეს მშვიდობით, მივედით ქალაქს ზანგანსა,
ალიზის ზღუდე მაღალი გარევლო არ ერთსა განსა.
გაგვიმაგრდენ და გვესროდეს ისარსა, ვითა საგანსა.
რაც რომ შეეძლოთ, ეცადნენ, თავს გარდმოგვკრევდენ არგანსა.

949
განყვეს თემ-თემად ქალაქი ზღუდე გარემო სათხარად.
კვლავ ზაქარია გაჯავრდა: «მე გამიმაგრდა ეს თხა რად».
სამ კერძო იმერ-ამერნი და მესხნი იყვნეს სამხარად.
უწინ მესხთ ზღუდე შევჰხვრიტეთ ნაშენი ხორად და ხორად.

950
ვიწყეთ ხოცა მოქალაქეთ, საშოვრითა დავიტვირთეთ.
კვლა სხვათაცა გადმოსტეხეს, ხოცა ხოცას ზედ დაურთეთ;
დავაქციეთ სრულ ქალაქი, ხორცი მათი უხვად ვფითეთ;
სხვაგან თუ სამ გაგვაჯავრეს, მათი საქმე დაუთითეთ.

951
აქათ ვიარეთ, წარსრულთა ყაზმინს მივედით დღე შვიდსა,
ვერ წინაღვიდგეს, ივლტოდეს, არც ჩვენ ვყოფთ მათ დასამშვიდსა.
ქარიზი ძაღლით აევსოთ, არ წყალსა ვსვემდით სახიდსა.
თვალ-მარგალიტსა შოებდენ მრავალსა, არვინა ჰყიდსა.

952
კაცს არ ავნეს, სრულა ტყვე ჰყვეს, აწ ხორასანს წარემართნეს.
გურგენისა ქალაქამდის, შენს მტერს მისცეს, რაც დამართეს;
მოაოხრეს, ამოსწყვიტეს, ასე საქმე მოუმართეს.
ქართველთაგან ძნელი არის ხონთქრისაგანც კმარა მართ ეს.

953
ასრე ვიარეთ, ეს გზობა ვერავინ წინა აღგვიდგა,
ვერ ხორასნისა სულტანი, ვერ ერაყისა მოგვიდგა;
ქალაქთა გამაგრებულთა და ვერცა ციხემ დაგვიდგა.
რა წამოვედით, უკანა მდევარი ვერ წამოგვიდგა.

954
იქითგამო წამოვედით ღვთითა ესრეთ გამარჯვებით,
საშოვრითა ურიცხვითა, სიხარულით, ლხინით, შვებით.
კაცი ვინმე მოსულიყო მანს მელიქთან ხელ-ჩაშვებით:
«ამოსწყვიტეს ქართველნიო, აწ შეიქენ ცეცხლთა ვსებით.

955
მოვიდა დიდი სულტანი გილანით, წინ გარდაუდგა,
სულ ასრე მოსრნა ქართველნი, აღარც ერთს სული არ უდგა».
რა მართალს ამბავს დასჯერდა, ორნივე თვალნი დაუდგა,
მან შეიჯერა მელიქი, წინარ და წინარ წაუდგა.

956
მელიქმა მცველნი დახოცნა, რომელნი ჩვენ დაუდგინეთ,
ერთი მათგანი გადურჩა დამალვით, აწ მას უსმინეთ.
აწ ჩვენ მივედით, მელიქი წინაშე წარმოვიდგინეთ,
თუ შევაჩნიოთ ტყუილი, სულ ყველამ მას შეაგინეთ.

957
ზაქარიამ მოიკითხა: «მცველნი თქვენნი სად არიან?»
თქვეს, თუ: «თავრეზს წავიდენო, ამად აქ აღარ არიან».
მან მოართვა შუა-ზამთარ ყვავილები, ია, რიან:
«ამად ვჰპოვე ამ დროს ესე, დარი იყო აქათ მზიან».

958
რომელი დამალულიყო, მოვიდა კაცი ჩვენთანა,
ამხილა მელიქს ნაქმარი, ვით დავითს მაშინ ნათანა:
«მცველნი დახოცნა ყოველნი, მე მოვრჩი ერთი მათთანა,
რად ამოგვწყვიტე, თათარო, რა იყავ შენ მაგისთანა?»

959
რა ისმინა ზაქარიამ, საზარელად შემოჰყვირა,
შეუზახა: «შენ ძაღლ-რჯულო, ესე ასე შენა ჰყვი, რა?» –
გაგულისდა ასრე გვარად, ყოვლი კაცი გააკვირა:
«აწვე მოგსრა სახლეულით, არ გადროო ერთი კვირა».

960
ვეღარა თქვა რა შემცოდემ მელიქმა, ცრუმა, მანისა.
დაჰკიდეს ძელზედ დაარჩვეს, მას უყვეს შესაგვანისა.
სრულ მოაოხრეს ქალაქი, უფრორე, რაც ვთქვით ანისა.
ყოვლს დამნაშავეს მეფეთას მაღალმან შეანანისა.

961
მუნით ლარ-წამონაღებთა არ იყო რიცხვთა შეგება.
ჩვენ სპარსნი ვერ შემოგვებნენ, თქვენ ლეკიც ბევრჯელ შეგება.
თავს მაშინ უფრო იქებდი, თუ ასე ხმალი შეგება.
მაშინდელს საქმეს ვერ სწორავ, ახლა კარგი ხარ ეგება.

962
მასვე გზასა წამოვედით, კვლავ გვძღნობდიან უურიცხვეს,
ძლივ მოჰქონდა სრულ ლაშქართა, გამორთმევა არ დაირცხვეს;
მასპინძლობის სიხარულით პური უწინ გამოიცხვეს!
ზოგთ მშვიდობა დაუტოვეს, უფროსთ სისხლი ხმალთ მოიცხეს.

963
რა მოვედით თბილისს-ქალაქს, მეფე დაგვხვდა მხიარული,
დაგვიმადლა გამარჯვება, ეგზომ გრძელი სიარული;
ბუკ-დუმბულთა ზარისაგან აღარ იყო თვალთა რული.
დაჯდა ტახტსა, მიულოცეთ ხმა-ნარნარი, კარგ-უსული.

964
მოვიდენ ყოვლნი თავადნი, დასხდეს მის წესით სელებსა.
მუნ არმაღანთა სიმრავლეს ვინ იტყვის მაშინდელებსა?
მიიღებდიან წინაშე უცხოსა თვალ-ნათელებსა
შუქნი ჰკრთებოდეს, ვით მზესა, მას პირსა არ ნაბნელებსა.

965
ღმერთსა ჰმადლობდეს გლახაკნი, ყოველი მუნ პოვნიერი,
ლაშქარი გამდიდრებული, აავსო მხნენი ძლიერი;
უბოძა მის-მის საფერი, საქმე ქნა მან მის-მიერი.
შვება სამუდმო შეიქნა, მეფე ზის პირ-მშვენიერი.


აქა ზაქარია ამირსპასალარი, ძე სარგის მხარგრძელისა, მიიცვალა და მის ძმას, ივანეს მსახურთუხუცესსა, უბოძა ამირსპასალარობა 

966
ძე სარგის ამირსპასალრის, თვით ამირსპასალარია,
იგ ზაქარია მხნე კაცი მართალი, ვითა ლარია,
ზნესრული, საღვთოდ-საკაცოდ ყოვლითურთ უკლებარია,
გარდაიცვალა, კვლავ მეფემ ლაშქარი არა არია.

967
გაღანამც მეფეს ეწყინა, სრულ საქართველო იგლოვდა,
მისსავ ძმას მისცა სარდლობა, ვინ მტერთა მისებრ სისხლს სწოვდა;
მან იუარა: «არ ღირსვარ, მე მის სახელსა ნუ მძღნოვ და.
ვინ მის სახელსა მიზახდეს, მე უნდა მისგან მრცხვენოდა.

968
მე მის სახელსა არ ვღირსვარ, პატივ მეც ათაბაგობით,
აქ არ ყოფილა, მაგრამე სულთანთ ჰყავს გამზრდელ-მამობით;
ამით განდიდე წყალობა შენ ჩემზედ, ბრძანე არ გმობით,
შენით სვე-ბედით ადრე ვყო მე შენი მტერი ხმალ-სობით».


აქა დიდონი გაუდგეს თამარ მეფესა, ივანე ათაბაგი გაუსივა, ხადის მთაზედ ავიდა; ისე მთა-მთა ჩაიარა, მიუხდა, და გატეხეს, დაამძევლა და გამარჯვებული მოვიდა 

969
დიდონი არის მოსავი ეშმაკისა და ძაღლისა.
დაუწყეს რბევა ფხოველთა, უფროსთათ მქნელთა ძალისა.
განუდგეს მეფეს სიბრიყვით, აღარ მომცემნი მალისა.
იქ გაუსივეს ივანე, მათ დაიმონეს მალ ისა.

970
ათაბაგს ლაშქრად აახლო სახლი ყოველთა მთიულთა,
დვალნი, ცხრაზმელნი, მოხევე, ხადელნი, ცხავატიულთა,
ერწო-თიანელთ ყოველთა, არ ჩაუგდიათ იულთა.
აღვიდეს მთას ხადისასა მუნითგან იქით წასულთა.

971
წავლეს მაღლის მთის თავები აღმოსავლეთათ სიგრძეზე,
მარცხნივ დაურჩათ ძურძუკი, თუშეთი კვლავ მარჯვენაზე.
მოვიდა მეფე ძურძუკთა შემოსამატად ლაშქარზე;
დიდოთ მიუხდენ, მაღლიდამ თავსა წაადგა ესე ზე.

972
დაწვეს, ავად მოარბივეს, შიგ დაუყვეს მათ სამი თვე,
ივნის-ივლისი ორივე, მესამე აგვისტოსითვე;
მძევლები მოსცეს, ბეგარა პირველისავე წესითვე.
მოვიდნენ გამარჯვებულნი, აბა თქვენც ისე აღიმსთვე.

973
სხვას მორჭმა-დიდებულობას ქართველთ ცხოვრება მოგვითხრობს,
მისის ჟამისა შენობას და იმას აქათ ვით ოხრობს,
მუნ სიხარულსა მის დროსა, შემდგომად ვით გლოვს,
ვით ოხრობს. სასუფევლისა შოვნასა ქრისტეს წინ მას ვინ წაუსწრობს?

974
მას ვით მონდა საქართველო, ეგრე თავი ვინ გიხარა?
შიშიც ჰქონდათ, წყალობითაც ყოვლმან სულმან გაიხარა;
მის ჩამოის მის გვარშია უმჯობესი შენვე ხარა,
აქანამდის ჩემი სიტყვა ხამი იყო, აწ იხარა.

975
მზე უღრუბლო დაგვიბნელა მოწმენდილი, აწ ბინდ არი,
სვე-სვიანი გარდიცვალა, მწუხარება ჩვენზედ არი;
მაშინ მყოფთა ყოვლთ პატრონთა უმჯობესი, არვის მდარი,
აღარ დაჯდეს მის ტახტზედა იმისთანა, იმის დარი.

976
ვირემ ის მყვანდა ცოცხალი, მანამდის ვერ მითხარ ესა,
მუნ მყოფთა მასთან რად მეცა სამარე არ მითხრესა?
გული დაუბამს ურვასა, ნაღვლის სმას უმწუხარესა,
მხედავ ოხერსა, მით მიზამ საქმესა გასამწარესა.

977
გმართებს ჩემი სიბრალული იმისივე ამარისა,
მერმე ბინდად გარდაქცევა სხივ-შვენება სამ-არისა!
რა საჩინო დაგვიფარა, ვაი ჯავრი სამარისა!
ბრალი იყო წასახდენად პირი მნათი თამარისა!


მოამზადა ირაკლი ხართიშვილმა

Tuesday, May 9, 2017

მეფე არჩილ II თეიმურაზ I-ისა და მაშინდელი საქართველოს ცხოვრების შესახებ

(შემოთავაზებული მასალა წარმოადგენს ვრცელ ამონარიდს არჩილ მეფის პოემიდან «გაბაასება თეიმურაზისა და რუსთველისა»)

(ნაწილი II) 


აქა გურიიდამ საათაბაგოს მისვლა და იქიდამ ხვანთქართან წასვლა, ოლთის ამირგუნახანისაგან დედოფლის თავს დასხმა და ჯორჯაძის, დედოფლის სახლთუხუცესისაგან, გამარჯვება მათზედა. უყურეთ განგებასა მოსამართლისას თუ რას მცირედის კაცით გაიმარჯვა 



570
მივედით ოლთისს, დავჰყარეთ მუნ დედოფალი ქალებით,
დიდროვანთ კაცთა ჯალაბნი დედამთილ-პატარძალებით,
წყნარნი, მშვიდნი და ტურფანი, საქციელ-განაკრძალებით.
ნოდარ დავაგდეთ სახლისა გამგებლად, გულით სალებით.

571
დედოფალი ოლთისს იდგა და ვინც ახლდეს ბანოვანნი,
თუმც ღარიბად ვის ვეგონეთ, მაგრამ არ გვყვეს უმცნობანნი,
ტურფანი და დარჩეულნი, ლამაზნი და არ სადავნნი,
მლოცავნი და ღვთის მოშიშნი, ცუდის საქმით არსად ავნნი.

572
ესე ყველაი შააბაზს მიესმა მართ დასტურობით,
ერევანს ამირგუნახანს მოსწერა მანაშურობით:
«იქ თეიმურაზ არ არის, მიუსწარ მტრად, არ სტუმრობით,
ქალები ვერ შეგებმიან, ვერც დაგხვდენ კაის პურობით».

573
ესე ჟამი ზამთრის იყო, ჩვენ იმედი თოვლის გვქონდა,
ერევანს და ოლთისს შუა მთებს შეჰკრავსო, ვთქვით ოღონ და.
ჩვენ ამისსა მოიმედეს არც სრულ გული შეგვიღონდა,
მაგრამ თოვლის გასათხარათ ნიჩაბი თურ თან მოჰქონდა.

574
გარდმოთხარა, სადაც დახვდა თოვლი ცხენთა დასაყენად,
მაგრამ ღმერთი მათვე შეიქს მხიარულთა მოსაწყენად.
უყურეთ თუ, ვითარ ხვდება მათ ჩემი ყმა სისხლთა მდენად,
მოგახსენებ ამ ამბავთა, ყური უგდე შენ მოსმენად.

575
დედოფალს სიზმარ ჩვენებით ენახა რაც იქნებოდა,
დაბლა ქალაქით ციხეში მას ასვლა მონებებოდა,
ვინც ახლდა, თან აეტანა, არვისთვის დაენებოდა,
ვაი, რომ იქ არ ვიყვენით, სცნობდით თუ რა ევნებოდა.

576
ნოდარ იყო სახლთუხუცეს დედოფლისა, განა ჩემი,
მისანდო და გულითადი, არ თუ ცუდი განაჩემი.
მართალია ეს ამბავი, ნუ გგონია განაჩემი,
იმასა მწვეთ გაემარჯვა, იგინი ქმნა განაჩემი.

577
გამარჯვებოდა მას ასრე, მათ მიჰყოლოდა კარამდი,
ურიათ ჯარიც შველობდეს იგ რაბანანი კარამდი;
კვლა ზოგნი წინ გარდაუდგეს, გზა უკვე განაკარამდი,
შუბი ვინ ნახის, გარდვარდის მისვლამდის, მინაკარამდი.

578
შვიდასი მოყმე ჯიღითა და მარქაფებით თან ჩამყვა.
რა მიველ, იბრაიმ სულთან ყიზილბაშთ ბრძოლად არ ამყვა,
სხვის ქვეყნისაკე ლაშქრობდა, მაღალი დაბლა არ დამყვა.
გამოვბრუნდი და წამოველ, რაც ჩამყვა, თანავ გამამაყვა.

579
მიბოძა, საათაბაგოს რაც მაშინ მისთვის ხასობდა:
გონია, ყარაისარი, სხვა სანჯახები ასობდა;
სხვა საბოძვარი ხალათი, თქვეს თუ, ძლივ დაიფასობდა.
მაგრამ კახთ კახეთის გაყრა გულსა ლახვარსა ასობდა.

580
წამოველ, გზაზედ ჯალალი შვიდჯერ შემებნეს ერთს დღესა,
შვიდჯერვე მე გამემარჯვა, ვამგზავსე ცუდს მებეგრესა,
ვერც ყმა დამაკლეს და ოდენ ვერცავინ დამიკოდესა,
თუცა მოეგდოთ კარები, იმათვე მალ გააღესა.

581
მივედით ოლთისს, დაგვიხვდენ უჭირვლად ყოვლი საყოლი,
იქიც უნებლივ მოვიდეს სულ ჯარი ჩემი თანმყოლი,
გახარებულნი მადლობდეს, თქვეს: «მოგვყვა აქათ წამყოლი».
ადიდეს ქრისტე მოქენეთ, მსმენელთა მალ ჩამამყოლი.

582
რა მოვედით, კახთა გული არ დასჯერდა სანჯახებსა,
ემდუროდეს ამ სოფელსა: «აქა-იქი გვაჯახებსა,
ჩვენ კახეთს ვართ ლხინ-ნაჩვევნი, რას ხელსა ვჰყრით ჯავახებსა?»
გულდიდობა ძირად მოუთქს, ეს ასრე სჭირს ჩემს კახებსა.

583
წამოვედით, ოლთისიდამ, ჩამოვედით გონიასა,
კიდევ ბევრი ყმა მიახლა, ნუ ეჭვ ოთხმოცს, გონ იასა,
რუსეთისკენ გავემზადე, ეს რა მოსაგონია, სა?
შავს ზღვაშიგან ნავში ჯდომა დიდად დასაღონიასა.

584
ამ ხანშიგან ბაგრატ მეფე სომხითს მოკვდა, გარდიცვალა,
ვით თავს ვინმე შემომავლო, ასრე ვითა მენაცვალა,
მოურავმან ქართველთ კითხვით ჩემი ჯობნა მან გაცვალა,
მემსახურა უსაზომოდ, ვა სოფელმან არ გვაცალა.


აქა ყაენმა მოურავს და ზურაბ ერისთავს ბაგრატის შვილი სვიმონ და ყარჩიხან და უსუფხან გამოატანა: კახთ ყათლავი უყაო და ქართველნი აჰყარე და აქ ჩამამისხიო. და განგებამა და უსამრთლოდ ქვეყნის ამოწყვეტის მდომებამ რა მოახდინა ისიც ისმინეთ, და ყური მიუპყართ, სიტყვის მსმენელნო 

585
ყაენმა სთქვა მოურავსა: «გული მართლა მე დამყარე,
წადი, კახნი ამოსწყვიტე და ქართველნი ამიყარე;
კახთა ცოცხალს ნუ დაარჩენ და ქართველნი აქ მოყარე,
მე ამისი აღვირი მიც, შენ გენუკავ ეს წამყარე.

586
პატარას სვიმონს გაგატან, ვითამ ქართლსა დაიპყრობდეს
ჩემს შვილის-შვილს ყორჩიბაშის ქალს მივსცემ და მე მოყრობდეს;
ყარჩიხან და უსუფხანცა თან გაახლო, ვინ აზრობდეს,
ამ მიზეზით ვერას მიხვდენ, თქვან: «ესენი მათ მაყრობდეს».

587
დაასკვნეს და გამოგზავნეს ამ მიზეზით სულ ესენი.
აწ უყურეთ მოურავსა, ვით შეჰყაროს მძიმე სენი!
ზურაბს თურმე იქივ უთხრა: «ვერ სჭვრეტ არის რის მთესენი?
მე სხვა რამე გამიგია, ხმალი აქავ მოლესენი».

588
რა მოვიდნენ ამ ჯარითა, თქვეს თუ: «ბევრი მაყარია».
მაგრამ სიტყვით დაამაშეს, ეს საწყენი არ არია.
კახნი მუხრანს შეიყარნეს, ქართველებში არ არია.
უღალატეს, ამოსწყვიტეს, არ უთხარეს სამარია.

589
უთხრა თურმე მოურვმა: «ზურაბ, კარგად ყური მიგდე,
მტერობა და ამოწყვეტა მე ბოლომდის ვით დავიგდე?
– კახთა უყავ ყათლავიო, ქართველთზედა ცხენი იგდე –
რა ესენიც იქ ჩავგვარო, მაშინ ვისღა შეურიგდე?»

590
ზურაბს ეთქვა: «რას აპირებ, მითხარ, ბრძანე, გაამხილე,
საქნელია, თუ არა ვჰქნა, ჩემი საქმე მუნ იხილე,
მაშინ ჩემი სისხლი შესვი, ხორცი ზედან გაიხილე,
ხმალი ჩემი ბასრი არის, გაატყვიე, გამირბილე.

591
რასაც ვაპირებთ, ეს საქმე არ არის ჩვენგან საქნელი,
ამ სოფელს შემარცხვენელი და საუკუნოს დამნთქმელი,
მან დაგვატყუა, რად შეგვქნა, ჩვენ ჩვენის ხორცის ამქნელი,
დამამხობელი ქვეყნისა, ჩვენის ბოლოსა დამქნელი?»

592
«კახეთი ხომ ამოვსწყვიტეთ, კვლა ქართველნიც იქ ჩაგვაროთ,
მონასტერნი ავაოხრნეთ, შერცხვენილთა ვგვარის-ვგვაროთ,
მაგას ნუ ვიქთ ნურას საქმით, სხვაფერ რამე მოვაგვაროთ!
ჯერ ამ ლაშქარს უღალატოთ, მერმე მეფე აქ მოვგვაროთ».

593
ზურაბ უთხრა: «მართალია, მაგრამ რისთვის იქ არ მითხარ,
ცოლიც თანა მამეყვანა, ავმრჩეველი შენ ამით ხარ!
აწ რაღა ვჰქნა, ცოლის სირცხვილს თავს მადებ და სამარს მითხარ,
თვარემ ქართველთ სისხლს დავიდებ, არ ვიქნები გასაკითხარ!»

594
«მუნ ამისთვის არ გაცნობე, ცოლს თან არ გამოგატანდენ,
ვთქვი: თუ უთხრა და არა ქნას, ბოლოს რასთვის დავინანდენ?
იქ მივიყვან, საქართველოს წახდენაზედ ცრემლს დავადენ.
მე შვილს დავსთმობ ქვეყნისათვის, ამან ეს ყოს, იყოს აზდენ».

595
ტკბილის სიტყვითა ეხვეწა, თავს მას ადებდა ყველასა:
«საქართველოსთვის დაცასთმე, დამხსენ ღამესა ბნელასა!
ცოლს უკეთესსა გიშოვნი, ბატონისშვილსა ლელასა,
აქ მოვჰკლავ ხარჩიხახანსა, კახეთს ფეიქარ მელასა».

596
ზურაბ უთხრა: «შენ შვილს დასთმობ, მეც მოვითმენ ქართლისათვინ,
მაგრამ როგორ გაარიგებ, თქვი მართალი შენ ღვთისათვინ!»
უთხრა: «ზურაბ, შენგან მიკვირს, ეგ მიბრძანე მე რისათვინ?
გამიგონე, ყური მიგდე, ტკბილი გითხრა მწარისათვინ».


აქა მოურავისა და ზურაბისაგან ყარჩიხანისა და უსუფხანის ღალატის გამორჩევა. ქართველთ განდობა, ანდუყაფარ ამილახორის დაჭერა. ნახეთ, თუ როგორი გამარჯვება მოჰხდების და რას ძნელს განსაცდელს მორჩებიან კახნი და ქართველნი მოწყალის ძალითა და შეწევნითა 

597
«ასრე ვჰქნათ, უთხრათ ქართველთა, რაცა ჩვენ დაგვბარებია,
ვაფიცოთ ღვთით, რომ არა ქნან საქმენი საზარებია;
ანდუყფარ კი შევიპყრათ, უთხრათ: შენ არშას ებია!
ქართველთ რისხვისა ღრუბელი შეუქნათ ღვთით დარებია.

598
მე ლაშქარშიგან ვიქნები მარტო ოთხისა მოყმითა,
ვერას იაზრებს საქმესა, რა სუბათ მნახავს ამითა.
როს პაემანი დაგიდვა, თქვენ მოდით შუაღამითა,
ღმერთმან მას მისცეს, მოხვიდეთ, გავჰხადო რას სიამითა».

599
სულ ქართველნი შეიფიცეს, რა ეს საქმე დააპირეს,
ანდუყაფარ არაგვზედა შეიყვანეს, დაიჭირეს.
მოურავი ლაშქარშიგან იყო, მათცა მუნით ირეს.
აწ უყურე მას ლომგულსა და ოთხთ მოყმეთ ვით იგმირეს!

600
პაატა ხერხეულიძე, ავთანდილ ძითა თვისითა,
ელია დიასამიძე, პაპუნა ვაშაყისითა, –
ოთხის კაცითა ესე ქნა, რას ეჭვ იქმოდა ასითა!
ამის მქნელს კაცსა სხვა ვინმე ვით შეუდარი ფასითა?!

601
მოურავი მასთან დადგა, ზურაბ ქართველთ წინ წაუძღვა,
მიახლოვდეს ლაშქარს, შავად იდგეს, ჰკვირდათ: ვით არს უ ზღვა?
ღვთით გვგონია მცირეთა ვსძლოთ, დრო მოვიდა კახთ სისხლთ მოზღვა.
რა ამათი ხმა შეიგნა, ყარჩიხახანს უწყო დაღვა.

602
გაიგონეს ყიზილბაშთა მათ კიჟინა ქართველების,
უთხრა: «ჰკადრეთ მოურავსა, ეს ხმა მასცა ეყურების?
თეიმურაზს გონიიდამ ასრე მალ ვით მოესვლების?»
მიუბრუნა მოციქული: «უთხარ, ასერ გიახლების».

603
მოურავი შეკაზმული მივა ოთხის ცხენოსნითა,
რა მოვიდა სარდალთანა, შემოსძახა მან კვნესითა,
უთხრა: «მითხარ რა ხმა არის, ან ამ საქმეს ვით დამხსნითა?»
ჰკადრა: «არის თეიმურაზ, არ გვეხსნების არას ხსნითა».

604
შეერია რა ლაშქარი, მან შესძახა ყარჩიხანსა,
შუბი ჰკრა და მუნვე მოკლა, ჯარს ასმენდა მუნ ჩახანსა;
გულს დაასო სამესისხლოდ, არ თუ ცოტად ხორცსა ფხანსა,
გააქცივნა მან ლაშქარნი, არ აყოვნებს მუნვე ხანსა.

605
იმის შვილსა მოურავის შვილმა უყო საქმე ესევ:
«მამაჩემმა მამაშენი მოკლა, მე შენ სხვას არ გისევ,
საქართველოს ამოწყვეტის მდომნო, ბევრის ავის მთესევ!»
მანცა შუბი ძალიანი ჰკრა, შესძახა: «მაგრა ესევ».

606
ხმალს ქვეშ დაავლეს, ლაშქარნი აივსნეს საშოვარითა,
უკან მისძახდეს მეოტთა: «თუ აქეთ გაიარითა,
კიდევ უარეს დაგმართებთ სიცოცხლე გასამწარითა,
მიდით, შააბაზს შესჩივლეთ, მალ ყაზმინს ჩაუსწარითა».


აქა ეს ომი რომ გარდასწყვიტეს, ფეიქარხანზედ წავიდნენ; ბატონისშვილი ლელა უნდოდათ ეშოვნათ, მეფის ლუარსაბის და, ზურაბისათვის შეერთოთ. ვეღარ მიუსწრეს და ბარდამდინ სდივეს, და მრავალი ქვეყანა მოარბიეს, და დიდად გამარჯვებულნი და ნაშოვარით სავსენი შემოიქცეს ქართლად 

607
რა ეს ომი გაათავეს, გამობრუნდეს ლომნი მხნედა,
ფეიქარხანს, კახეთს მდგომსა, მსწრაფლ მიუხდეს იმას ზედა;
ადრე ეგრძნათ, გასწრობოდეს, ვერ მიუსწრეს, დარჩეს ქვედა,
ზურაბს იგი ვერ უშოვნეს, ფეიქარხანს ვინ ჰყვა მზედა.

608
ვერ მიუსწრეს ფეიქარხანს, უკან სდივეს ბარდამდისა,
მოარბივეს არაზს აქათ, მოსრეს, თქვიან: «სისხლი გვდისა».
მათ მტერობა ყაენისა თავს დაიდვეს მარადისა,
თავი კარგად მოიხმარეს, ვერ სცოცხლებდენ აქამდისა.

609
ესე საქმე მოურავმა უცხო ქნა დ ა საკვირვალი,
ვით შემართა ამ საქმესა, არის თუცა გულად რვალი!
ეს ყველასგან უძნელეა, სხვა სახელიც ქნა მრავალი,
უსაცილოდ მართალია, არ ტყუილი, არ საკრძალი!

610
სახელისთვის მათ ცოლ-შვილი ორთავ დასთმეს, ეს იცოდეთ!
ვინ არ მიჰყვეთ მათ საქმესა, არ იცით რომ დიდად სცოდეთ?
რჯულისა და ქვეყნისათვის რა იქნების, რასაც ჰყოფდეთ?
აწც ეს ქენით, ქართველებო, ანდერძსავით შვილს ეტყოდეთ.


აქა მოურავმა და ზურაბ ქართველთ მეფე თეიმურაზ ჩამოიყვანეს გონიიდამე და ქართლი და კახეთი ორივ დააჭერინეს, გააბატონეს და დაემორჩილნეს, და მოურავმა მრავალი სახელმწიფო იარაღი ოქროსა და ვერცხლისა და კარავ-ორხოვანი და ბედაურნი ცხენი უძღვნა 

611
გარდაწყვიტეს რა ეს საქმე, გამოგზავნეს ჩემთან კაცი,
მობძანდიო, გვიპატრონე ჩვენ ლომებსა, არ ვართ ვაცი;
ჩვენ მოგართვათ სალარო და საჭურჭლენი, თქვენ კი გასცი.
მოგვივიდა ღვთის წყალობა გახარება ხელ-სატკაცი.

612
წამოვედით მხიარულნი, რუსეთს წასვლა მოიშალა,
დედოფლიან ქალებითა თმა გიშერი ჩაიშალა,
დაკაზმულნი განჩვენებით ტანსაცმელი არ იშალა,
ჩვენ ვიმღერდით ბულბულთაებრ, მაისს ვარდი გაეშალა.

613
მიველ მცხეთას, მამილოცეს, ღმერთს ვმადლობდი, მან მაღირსა.
მათ მომართვეს ბევრი რამე, თქვიან: «ქართლად ესეც ღირსა».
მერმე მითხრეს: «მიგვისივე, ვინ სამტეროდ ხმალს გაღირსა».
არ იქადდენ ცუდკაცურად, ათავებენ დანაპირსა.

614
შემომფიცეს დიდებულთა, თავადთა და გინდ მომცროთა:
«შენის მეტი, ხელმწიფეო, არ გვინდოდეს ჩვენ შენს დროთა,
ვირე გჭვრეტდეთ შენ ცოცხალსა პირად მზესა, ტანად ზროთა,
ჩვენი თავი მტერთა ზედა ვამსახუროთ დასაზროთა».

615
დავიჭირე ორივ ტახტი სამეფო და ქვეყნის გარე,
უთხარ სოფელს: მუხანათო, გამითავე, მოდი ბარე!
ხან სიმაღლე, ხან სიდაბლე, ეს ზნედა გჭირს მოსაგვარე,
ახლა ყველა დამავიწყე, რაც წამართვი, რაც წამგვარე!

616
გამოვიდა ხანი რამე სიმდიდრეს და სიხარულში,
ლხინს, ნადიმს და გახარებას, მოსვენებას, ძილს რამ რულში,
ბურთობას და ნადირობას, აქა-იქი სიარულში.
ჩვენ კაცისა შეპოება რასა ჰქვიან გვქონდა გულში?


აქა შააბაზ ყაენისაგან ისახან ყორჩიბაშის გამოგზავნა სულ ყიზილბაშის ლაშქრითა და ბევრის ხანებით. ალგეთზედ მარაბდის თავს შეებნეს ქართველნი თვესა ივნისსა, და ორგნითვე მრავალი ჯარი დაიხოცა და ამოსწყდა, და ბოლოს ყიზილბათშ გაემარჯვა 

617
მაგრამ კიდევ ჩვენ შააბაზ არ დაგვიშვრა მტერობითა,
ამ ყოფაზედ ყორჩიბაში ჩვენ მოგვიხდა მოსწრობითა,
სრულ ერანი შეეყარა სოფლებიან მას ობითა,
გაუჩნდების აწ შუბებსა, თუ არ გატყდეს დასობითა.

618
ის მოვიდა ალგეთზედა, ჩვენ ავედით ტაბახმელას,
მე გიამბობ, თუ მომისმენ, ომის საქმეს საქებელას;
მოდი, დაჯექ, გაიგონე, ახლო გიდგამ მაღალ სელას,
რაც არჩივა ათაბაგმა, ქართველთ და კახთ გეტყვი ყველას.


აქა დავით ასლანისშვილისა და აღათანგის ხერხეულიძის ყარაულად დაყენება, რომელნი იყვნენ კაცნი მეომარნი, ორთავ თვითო თვალი აკლდა, მაგრამ გულსრულად და მხნე-კაცად იბრძოდეს, და ორნივე ამ ომში დაიხოცნენ მეწინაეში მისვლითა 

619
დავითსა და აღათანგის ორთავ აკლდა თვითო თვალი,
ყარაულად იგინი გვყვეს, რა ჭკვა იყო, თქვი მართალი?
შემოსთვალეს: «თუ არ მოხვალთ, ჩვენ შევებმით, არ ვართ მთვრალი».
არ გიკვირსთ, რომ დავიჯერეთ ნახევარზედ დანათვალი?

620
აღათანგის ყორნელთა და დავითს ეთქვა გლდანელებით,
«შევებნეთო, რა გგონიათ, სიმრავლე აქვთ აქლემებით!»
დაეხოცათ მათ თათრები, გამოგზავნეს მკვდარ დილებით,
წამოდითო თქვენ ამათგან დაკოდილთა სადილებით.

621
შეიქნა რჩევა ომისა, იქ შებმისა და მოცდისა,
კაცსა მხნესა და ჯაბანსა დღე ამისთანა დასცდისა.
ზოგთა უცდურად არჩიეს და ზოგისა კი დასცდისა,
ზენა არს გამმარჯვებელი, თვარემ კაცთ რჩევა მოსცდისა.


რჩევა მოურავის გიორგისა სააკაძე შიოშის-შვილისა 

622
მოურავმა თქვა: «დრო არის მართლის თქმა ხანდახანისა,
გეტყვი, კახნო და ქართველნო, ხან ესე ვსთქვათ და ხან ისა,
მაგრამ იცით ხომ, ყაენთან ვარ დამყოფელი ხანისა,
სრულ ერანს გამოგზავნიდა, იქ არ დამჭერი ხანისა.

623
ქვეითობა იქ არ ვარგა სიცხეა და მისჭირდება,
ღმერთმან ნუ ქნას, დაგვიმარცხდეს, სრულ ერთპირად ამოსწყდება.
მართლის თქმა სჯობს ტყუილისას, ცუდი არის მიდ-მოდება,
ეს არ სჯობდეს, დაისწავლეთ, რჩევა ნურვის დაგვიწყდება.

624
მე ამას ვარჩევ, მინდორად ნუ ჩავალთ, ნუ შევებმითა,
ჩვენს აქ დგომასა ვერ სცნობენ, თუ აწვე არ წავებმითა;
ქალაქს შემოვლენ თავწვრილად, აქ დაგხვდეთ, შევიქთ ვნებითა,
მე ეს მითქვამს და აწ თქვენ თქვით, თუ იქ ომს არ ეშვებითა».


რჩევა ზურაბ არაგვის-ერისთავისა, ნუგზარის შვილისა 

625
ზურაბ უთხრა: «კარგად ბძანე, თუ იქ ხანი არ დაჰყოვნოს,
მაგრამ იცით მათი საქმე, ხანგრძლივ დგომამ ვერ აღონოს,
არ მოვიდენ სიმაგრეთა, ჭკუა მათი მოგვეწონოს,
ეგ არ მინდა, თუღუნითა მინდვრად უკან არ მედევნოს».


რჩევა ბარათასი ბარათაშვილისა, რომელი იყო ბარათიანთ სარდალი 

626
ბარათა ბარათაშვილი მეწინავეთა სარდალი,
კარგ სარდლად იმას აქებდეს, მტერს მალ შეაქმნის ბანდალი:
«შეყრილის საქართველოსა ყოვნა არს არ სამართალი,
აქა-იქ დაგვეფანტვიან». უქეს: «ამან თქვა მართალი».


რჩევა მუხრანის ბატონის თეიმურაზისა და მისის ძმის ქაიხოსროსი და იესე ქსნის-ერისთავისა 

627
თეიმურაზ, ქაიხოსრომ, ორთავ ძმებმა მუხრანს მჯდომთა,
კვლა იესე ერისთავმან, სხვათ ქართველთა ომის მდომთა:
«თუ შეგვაბამთ, შეგვაბითო, რას ხელსა გვხდით აქა მდგომთა?
დროა დასდგეთ ერთს რჩევაზედ, თვარემ წავალთ ჩვენ სადგომთა!»


რჩევა ბაადურ ციცისშვილისა, და იქ გულოვნად შეიბა და მათვე შეაკვდა 

628
ბაადურ თქვა ციცისშვილმან, ამ რჩევაზედ არ დაჭმუნდა:
«ჟამი არის მუნ სიცხისა, მზემ ჰაერი დააბუნდა,
დაგვიმარცხდეს ქვეითობა, სადღა მორჩეს, თქმა არ უნდა,
თუ ამოსწყდეს გლეხიკაცი, საქართველო დაძაბუნდა».


რჩევა კახთ საბატიოს კაცთა და დარბაისელთა 

629
კახნი მუნ ომსა ისწრაფდეს, უფროსი ჯავრიც ახსონდა,
თქვეს: «მათ იქიდამ რა დასძრავს, ვნახეთ ზახირი მოჰქონდა;
ორჯელ გალახულს თათრებსა საომრად ვინ შეუღონდა?
დილას შევებნეთ სიგრილით, ამას სხვა რჩევა არ უნდა».

630
კახთა არჩივეს ერთპირად, შებმა და მათი ომია,
თქვეს: «არსად წავლენ მუნითგან, ეს ადვილ მისახდომია;
ორჯელ გალახულთ შევებნეთ, ვინცა ხართ ომის მნდომია,
ზოგთა გვწადს ომი ახალი, ზოგს ბევრი გარდაგვხდომია».


რჩევა მანუჩარ ათაბაგისა და მესხთ დარბაისელთა 

631
თვით ათაბაგი მანუჩარ, ურუმთა გამოძებული,
ჩემთან მობრძანდა იმ ხანად ომ-ნახულ, სახელდებული,
ამ დღეებზედა ნაქები, მრავალჯერ გამარჯვებული,
სამასის მოყმით, არ ბევრით, რაც ახლდა მისებრ ქებული.

632
მოახსენეს ათაბაგსა: «რად არ ბრძანებ უმჯობესსა?
თქვენგან უფრო ნაომარი არვინ არის ჩვენში დღესა!»
მან უბძანა: «კარგად არჩევთ, მე რას ვიტყვი უკეთესა,
მაგრამ ძველად ნათქვამია, ომი სამზღვარს მესამზღვრესა.

633
მერმე არის ორი რაზმი, დაახლოვდეს ერთმანერთზედ,
ვინც მოუხდეს მეორესა არ ყოვნებით იმავ დღეზედ,
მისი ჯარი გათამამდეს, მდგომთა დადგეს ძლივღა ფეხზედ.
ხანგრძლივ რჩევა ცუდი არის, გამარჯვება არის ღმერთზედ».


რჩევა კახთა და ქართველთა ვაჟკაცებისა და ომისა წადილი 

634
ვაჟკაცები ისწრაფოდეს, თითქმის კბილთა იმსხვრევდიან:
«ჰე, რად ჰყოვნით მათზედ მისვლას, ისინი აქ არ მოდიან;
მეფის მზემა, უსაცილოდ ჩვენგან იმათ სისხლნი სდიან,
მინდვრადა სჯობს ომი ცხენზედ, სიმაგრეში რასა ჰქვიან?»

635
ამ რჩევაზედ ბარათიანთ წასვლის ეჭვი შეგვივიდა,
არ ჭორად თქვეს ეს ამბავი, მედასტურე მოგვივიდა.
თქვეს თუ: «ღვთის მადლს ამ ჯარშიგა არამც ეს ხმა გაგვივიდა,
ამად გვიჯობს ადრე შებმა, თუ ესენი წაგვივიდა».

636
დავასკვნეთ ომი ალგეთზედ, მივმართეთ გულით მაგართა,
კაცთა სამების უცნობთა, მაჰმადიანთა, აგართა;
ჩვენ ვეზიარნეთ ქრისტესა ხორც-სისხლსა, მისთა ამართა,
რისხვით მოგვხედნა მოწყალემ, იგ დაცემულნი აღმართა.

637
ავიყარენით, რა მზემა მწუხრად ქმნა დანასულობა,
დავდევით ქრისტეს რჯულზედა ჩვენი ხორცი და სულობა
მხიარულად და თამამად, რას ჰქვიან დანასულობა?!
აწ გამოჩნდების მოყმეთა სიმხნისა მათ ლომ-გულობა.

638
დღისით ჩავლევით ავი გზა, ღამე ჩავედით ვაკესა,
ცოტას ხანს შემოვიცადეთ, არ თუ ყანები დამკესა,
კახნი ამბობდეს: «ვიაროთ, მოუხდეთ ფურებს მაკესა!»
რაზმი დავაწყვეთ, ვიარეთ, მეთოფემ ტალი დაკვესა.

639
რა ღამეს ბნელსა ნათელმან მომართა, ამან დარიდა,
მზე რა უღრუბლოდ აღმოჰხდა, ქვეყნად მოჰფინა დარი და,
ამ დღეს მოყმესა, მამაცსა სხვას ზნით ვინ შევადარი და?
არ სხვას ზნეობის დრო არის, ჟამი არს საომარი და!

640
გათენდა და დავინახეთ ერთმანერთი მუნ შორიდამ,
დავაწყევით ორთავ რაზმი, ჩვენ აქათ და მათ იქიდამ.
მათი იდგა თვალუწდომი, სიმრავლე სჭირს მათ გვარიდამ,
მაგრამ ვერც სულ დაგვაღონა სიბევრისა ჩვენ არიდამ.

641
მან თურე ასრე გააწყო მეთოფე თოხანიანად,
ჯერ ზარბაზნები გარშემო მიმართა არაბიანად,
მას ქვეშ მუხლ-მჯდომი მეთოფე, მეორე ზედე დგიანად,
მესამე ცხენოსანია, მეოთხე აქლემიანად.

642
მივახლოვდით, კომლისაგან მზე დაბნელდა, ჰაერიცა,
ჰგვანდა, თუცა ჩამოვარდა ცა ქვეყანად, ან დაიქცა;
მოწმენდილი მზისა შუქი ჩვენს წინ ღამედ გარდაიქცა,
ვირემ კვამლი არ განქარდა, მათკე ვერვინ ვერ გაიქცა.

643
რა განქარდა თოფის კვამლი, შეუტიეთ ერთპირობით,
გულსრულად და ჯავრიანად, ვინ ვის წინა წაუსწრობდით,
ვჰხოცდით, ვლეწდით, ჩამოვჰყრიდით, არ ცოცხალთა შევიპყრობდით,
არ მოსწრობდა შაბანდახან, სულ გაწყვეტას უპირობდით.

644
გავაქცივეთ დიდი რაზმი, ის მოგვიხდა აწ მოგანეთ,
მათს ურდოსა გავაცილვეთ, მოსვლა ერთხან შევანანეთ;
უკან ჩვენს რაზმს თავრიზელთა უწყეს ცემა, დიდად მავნეთ,
გაგვიქციეს უკან ჯარი, დაიზახნეს «გაათავნეთ».

645
ამასზედა «თეიმურაზ, – ვინ მუხრანსა ბატონობდა –,
მოკლეს» თურე დაიზახეს. ზოგი კაცი ჩემსა სცნობდა,
გამობრუნდეს, უფრო ამით გულსა სალსა დამიდნობდა,
გამარჯვების სიხარული აღარ ჩვენთვის დაბდაბ-ნობდა.

646
ორისავე პაატასი თქვეს, თუ მოვა მოციქულად,
ასრე ჯარსა წინ მოგვიძღვნენ, დაიჯერე უსაცილად.
გაათავეს თვისი თქმული, სადგომსვე თქვეს დაქადილად,
ორნივ თოფით ჩამოყარეს, სიცოცხლე აქვს არ სიკვდილად.

647
ქვეითობა ურდოშიგა ალაფობდეს, იტვირთოდეს,
მათ, გლახ, თურე ის ეგონათ, მარტყოფს შოეს ლარნი ოდეს.
დაგვიმარცხდა, გამარჯვებულთ მართ სრულ ვითმე მოისროდეს,
სიცხისაგან ძალწართმულნი, ისარს ვეღარ მოისროდეს.

648
კვლავ მოისრნეს დიდებულნი ქართველნი და კახნი ბევრი,
აღათანგის სახლის კაცი შვიდი მოკვდა, კარგი ევრი,
სხვა ბაადურ ციცისშვილი, კახი დავით, გულად სვერი,
კიდევ ბევრი კარგი მოყმე დამიკაფნეს, ვითა ტევრი.

649
ჩოლაყაშვილი შვიდი და ცხრა კარგი მაჩაბელია,
სულ ვინ სთვლის აზნაურშვილთა, რაც მოკლეს, საქებელია;
სხვა ბევრი იპყრეს ცოცხალი, მოაბეს ყელს საბელია,
ძლივ მორჩა ალავერდელი, გარდაგდეს ხარჭაშნელია.

650
ათაბაგი ამირგუნხანს იმ დღეს შეხვდა ერევნისას,
შუბი პირველ გასტეხოდა, მინდობოდა ქნევას ხლმისას,
სამი, თურე, ზედისზედა შემოჰკრის და შესძახისას:
«ვარ მანუჩარ ათაბაგი, თავს არ ვფიცავ ყაენისას!»

651
მოურავმა იმ ომზედა მუზარადი არ დაიდგა,
თქვა: «რა მიცნას ყიზილბაშმა, ბრძოლად ახლოს ვინ მამიდგა?
თუ დავირქვა ანჩხაბერი, ვეღარ მიცნან, ვინც წინ მიდგა,
არ დამიშვრეს ხელი ცუდად, სანამ პირში სული მიდგა».

652
ზურაბ ადრე დაგვიკოდეს, თურე სისხლმან შეაწუხეს,
იმისმა ძმამ დათუნამა და ავთანდილ დაიქუხეს.
რაზმი განვლეს, უკან სდივეს მუნამდისი, სად დგა მუხეს,
ფრეწდეს მათსა საჭურველსა, ყოფილიყვნეს ვითამ უხეს.

653
თუ ჩემიც რამ მოგახსენო, მგონ არ ვიყავ უსუარი,
საკვეხურად ნუ ჩამიგდოთ, ამად თქმისა მაქვს უარი,
არა ვთქვა და, ისრე დარჩეს, აღარ იყოს მახსუარი, –
«რა უქნია თეიმურაზს» თქვან, რად არ თქვა ვით სა ვარი?

654
ამის მეტსა ვერას გეტყვი, რაცა მქონდა საომარი,
თუ ყველა არ დამემტვრიოს, ვიქნებიმცა მე ომარი,
შუბი, ხმალი, ლახტი გატყდა, მოვიხმარე კვლა ხანჯარი.
სომეხადმცა ჩაგიგდივარ, მათებრ ვიყო მეომარი.

655
მას დღეს მოკვდა ყიზილბაში ათოთხმეტი ათასიო,
ცხრა ათასი საქართველოს, ზურაბის ყმა ცხრაასიო;
მაშინდელთა დახოცილთა კაცთ ვითა ვთქვა საფასიო?
ამოგვწყვიტეს, მაგრამ კიდევ მინდა ვინმე მიუსიო.

656
რას ვაგრძელებ, დაგვიმარცხდა, და ღვთის რისხვა მოგვევლინა.
არ დაბრუნდეს ღვთის ბრძანება, ერთხელ თუ გამოევლინა.
მადლი მასვე, ადრე ხანად კიდევ მათზედ გაგვევლინა.
აწ უყურე ქსანზედ მოსულთ, თუცა რაზომ გარდავლინა!


აქა მოურავი გაბრუნდა მესამეს დღეს ნოსტიდამე. ლისს ქალაქისა და ციხის თათრები გამოვიდეს. ლისი რომ დაარბიეს, მოუხდა და მოურავს გაემარჯვა 

657
მოურავს ეთქვა: «ციხისა თათრები ლისს დამირბევენ,
ტყვეს წაასხამენ და სახლებსა ზოგს დასწვენ, ზოგს დააქცევენ;
არ უშველი, საბოლოოს თავს და შვილსა დამიწყევენ.
მივალ, ვნახავ მინბაშები მეთოფეებს რად მისევენ».

658
მესამეს დღეს ნოსტედამე ლისს გაბრუნდა, მიაშურა.
არ გიკვირს, რომ ამ დიდს ომსა ბრძოლისაგან არ დაუშვრა?
გარდახედა, ლისს არბევენ, ჯავრისაგან სისხლი უშრა.
რა გიჭირდეს, სიფიცხე სჯობს სიზანტესა, აჰა, მაშ რა?

659
დახოცა და გააქცივნა, კვლა მისდია ვერემდისა:
«რაც გიქნიათ, ის გეყოფისთ, მოვიდოდი ვირემდისა.
ასრე თქვენ ვით მიძაბუნეთ, კიდევ სული ამომდისა!
ყორჩიბაშმა გამაქცია, ციხის კაცნო, თქვენ რა გრჯისა?!»


აქა ყორჩიბაშმა ანდუყაფარ ამილახორის ცოლის გამოსაყვანად არშიდამ ზურაბს საფიცარი სთხოვა და მისცა საფიცარი: ქალი მოგცე და არცა რა ჩემს მამულში ლაშქარს დაუმარცხდესო და მოის ჩემს მამულზედ ნუ წამოვა ლაშქარი, ქსანზედ ჩამოიარონო. დასჯერდა ყორჩიბაში და გაგზავნა თორმეტიათასი კაცი. და როსტომ რომ ქართლს გაბატონდა, დაუთ, სვიმონ მეფის ძმისწული, მაშინ ხოსრო-მირზა ერქვა და ის უთავა. და აწ უყურეთ თუ რას ყოფით ჩამოივლიან 

660 როს შეიპყრეს ანდუყაფარ, ცოლიც არშას დაუტყოეს,
ყაენისგან მოცემული იყო, ამით შეიტყოეს;
ეს ლაშქარი ამით უფრო გამოგზავნა, ის იპოეს.
აწ დაუწყეს ლაპარაკი ზურაბის ძმებს, დაუყოეს.

661
შეუთვალა ყორჩიბაშმა ზურაბსა და მისსა ძმებსა:
«რად არ იცით შეპყრობილსა ხანუმს ყაენი ეძებსა?
თვით შვილისა-შვილი არის, ურჩევნია თავის ძებსა,
ეგ მომეცით, გავბრუნდები, თორემ ვერვინ გამაძებსა.

662
ფიცსა მოგცემ, შენს მამულსა მე ვაწყინო არა რამე,
თქვენც აგრევე შემომფიცეთ, საფიცარი მოგცე რა მე,
ჩემს ლაშქარსა თქვენს მამულში არა ევნოს თქვენიდამე,
მერმე დიდს ჯარს გამოვგზავნი, გამოვიყვან ციხიდამე».

663
რა მოსლოდათ ეს ამბავი, ეთქვათ: «კაი რჩევა არის».
მისცეს ამათ საფიცარი. თქვეს თუ: «ფიცად მგონივ კმარის,
ჩვენს მამულში არა ევნოს, მაგრა მოის გზა არ არის,
მოის ქსანზედ წამოვიდენ, შიში ნუ აქვთ ავის დარის».

664
გამოგზავნილთა არაგვი შევლეს, მივიდენ არშასა,
გიორგი არჩევს სხვას თათბირს და ერიდება არ შასა,
ისარს დაუწყებს სროლასა, თოფსა დაუძრავს მაშასა,
ხანებს დაუხოცს ყაენსა, ხონთქარს არც ერთსა ფაშასა.

665
მივიდა არშას ლაშქარი, გამოიყვანეს ხანუმი,
საგძალი არ შეიტანეს, ხან მწვარი ჭამეს, ხან უმი.
ავს დღეს შეასწრო გიორგიმ ქალი გამდელი, ხადუმი.
რა გამოსცილდეს ლომისას, ხმა არის მო დასადუმი.

666
გამოსცილდეს ლომისასა, უკან მოჰყვა მათ გიორგი.
გამოიქცნენ, არ უყურეს, რაც მოსდევდა უკან ბარგი;
მოჰხოცდეს და მოსძახოდეს: «წინ დამხდომნო, აწ ივარგი!
ეს სახელი მე მიქნია, ნუგზარის შვილს, ჩემთვის დარგი».

667
ეს ამად ქნეს, თუმცა ფიცი გასტეხოდათ ამათ არა,
მოსწეოდეს სხვის მამულში, დაეზახა იმათ არა.
ყიზილბაშთ ჭკვა დაეცდინათ, არ ხლებოდათ ი მათარა,
კარგად სჯობდა გაესინჯა, მოეხაზა, მოეთარა.

668
წინ დაუხვდა მოურვი და იასე, ქსნის მპყრობელი,
ქაიხოსრო, მუხრანისა ბატონია, ხლმის მსობელი,
ზურაბ, ქველი მეომარი და დათუნა საქებელი, –
წინ დაუხვდენ გამოქცეულთ, აწყევლინეს მათ მშობელი.

669
ჩაიყარეს ორთავ შუა უკან მამყოლთ, წინ დამხდომთა.
ყორჩიბაშსა ამ რჩევისთვის აგინებდეს ვერ მიმხდომთა:
«ცოცხალს რაღა მოგვარჩენდა, არშას ციხის ჩვენ მიმხდომთა?»
უფროს ჰხოცდეს მახვილითა, სხვათ აქა-იქ კლდეზედ მხლტომთა.

670
წასვლის ღონე აღარ ჰქონდათ, მათ მოეღოთ სულ ხელ-ფეხი,
გაურისხდათ შემოქმედი, მოევლინათ ზეცით მეხი,
ვეღარც ხმასა იღებდიან, არ ისმოდა მათგან ჭეხი,
ქარქაშიდამ მათს ისრებსა ართმევდიან, ჰქონდისთ ჩეხი.

671
წინ შეუკრეს ასრე გზები, არსით კარი გაეღება,
იგინი დგეს უჩუმარად, ამათ ხმა არ შეეღება;
სისხლთა მათთა მინადენთა სამ დღეს ქსანი შეეღება,
ცხენი, მათი საჭურველი ამათს სახლში შეიღება.


აქა ყორჩიბაში წავიდა და ბაგრატ მეფის, როსტომ მეფის ძმისწული, პატარა სვიმონ ქალაქს ციხეში დასვა საბატონოდ 

672
ამ საქმეებით გაბრუნდა, სვიმონ-ხან ქალაქს დააგდო,
სხვა ვერა გაარიგა რა, ვერცა ვინ სხვაგან გააგდო,
ქართველთ და კახთა დაჭერა მართ ისრევ ჩემზედ მააგდო,
ისევ დავიპყარ ორივე, სვიმონ ქვა ვეღარ ჩააგდო.


აქა შააბაზ ყაენის სიკვდილი და შასეფის ტახზედ დაჯდომა 

673
აწ გარდიცვალა შააბაზ, ჯოჯოხეთს დაიმკვიდრებსა,
მის მტერობისა ბორიოს სიკვდილი მომიმყუდრებსა,
მის შვილის-შვილსა შაჰ-სეფის იმის წილ ამიყუდებსა,
პირველ წყალობით მომხედა, ბოლოს კი გამიცუდებსა.


აქა მოურავისა და ზურაბის დაქიშპება და მოურავის უკუდგომა 

674
ასრე სჭირს საქართველოსას დიდებულთ, გინა მცირეთა,
აზვავდებიან, იტყვიან: «უჩემოთ ვინ იმღერეთა?»
დაბალს კაცს არ ახსენებენ, იტყვიან «დამიჭირეთა».
კაცი სჯობს საქმე კეთილი ანგაარ, მოგულძვირეთა.

675
ზურაბ და შიოშის-შვილი იყვნეს სიძე-ცოლის ძმანი,
გაეზარდა მოურავსა, ყოფილიყვნეს ვით მამანი.
აწ დაქიშპდეს უსაზომოდ, შუა დასდვეს მათ სამანი,
დაემტერნეს ერთმანერთსა, აღარ მისცეს წამსა მანი.

676
მოურავი უფროსობდა მასზედა და ქართვლთაზე,
თუ ეტყოდა, დასხდებოდენ, თვარ იდგნიან სულ ყველა ზე.
ქეშიკშიგაც უწვებოდეს თავითაც და სხვა შუაზე,
ვინც შესცოდის, ყველამ უთხრის: დაჰკარგეო, გალალა ზე.

677
მე ზურაბსა მოურავმა დამამოყვრა, გამიერთა,
თქვა: «უბოძეთ ზურაბს ქალი, გაიგონეთ სრულ ამერთა».
მოიყვანა, მუხლს მაკოცა და გამყარა იმიერთა.
მაშინდელთა იმათს საქმეს სულ ვერ დავსწერთ, ცუდათ ვსწერთა.

678
რას უშველა, გარდიკიდნენ, მე ზურაბსა მიმიყენა,
სულ ქართველნი შემომძარცვა, ერთიც აღარ მომიყენა;
ზურაბს უთხრა: «შინ წაბძანდი, ამ სიტყვასა ნუ მიწყენა».
პირველ იგი გაისტუმრა და მეც უკან წამიყენა.

679
მე ეს მითხრა: «ღმერთმან იცის, ქართლი მოგეც, ჩემი თავიც,
მაგრა რა ვჰქნა, არ განდომეს ჩემი თავი, მით ვარ ავიც;
მაგით თავსა ვერ მოვიკლავ, ან გულს დანა როგორ დავიც?
თქვენც წაბძანდი ზურაბთანა, იქიც მოვალ მითქვამს დავიც».

680
აღარ იყო გაცლის მეტი ღონე, სხვა რა მომეღონა?
გავეცალე ჯავრით სავსე, მისმა საქმემ დამაღონა.
მიველ დუშეთს ზურაბისას, იმანც თავი მომაწონა,
მითხრა: «ნახავ, ხელმწიფეო, მათ ყველაზე არ მოწონა?»


აქა მოურავმა იმერელთ მეფეს გიორგის შვილი სთხოვა ქართლს საბატონოდ. და მეფემ მამუკა ბოქაულთუხუცესი, ამილღაბარა აბაშიძე და ზემომხრის ლაშქარი მოსცა, და ათაბაგმა საფარფაშამაც ლაშქარი აშველა; და ქართველნიც მას ახლდენ, ზურაბ ერისთვისა და იოთამ ამილახორის მეტი. მოუხდა მოურავი და რაზმით შეიბნეს ბაზალეთს 

681
აწ დაუწყო მეფეს თხოვნა შვილს ქართლისა საბატონოდ,
აჰყვა მეფეც, დაიყოლა, ბრძანა, არ აქვს დასაღონოდ.
ათაბაგსაც ჯარი სთხოვა ქრთამით რასმე მოსაწონოდ,
ორთავ მოსცეს მას ლაშქარი ჩემად სამტროდ არ საყოვნოდ.

682
მოვიდა, დუშეთს მოგვიხდა, ქართველთ და სხვას ამ ჯარითა,
საკვდავად გამოგვიმეტა გულითა საომარითა.
უთხარ ზურაბს და ჩემს კახთა: «ერთს ომად თქვენცა ჰკმარითა,
მე ჩემი ქრისტე შემწედ მყავს, არ ვიბრძვი მე ომარითა».

683
ზურაბ თქვა და ერთპირ კახთა: «ვიცით, ღმერთი გვყავს მფარველად,
ყმას პატრონზედ გაემარჯოს, არ გვასმია ესე ძველად!
თქვენს წინ თავი სასიკვდილოდ დაგვიც, იდვას მძორი ველად,
ღმერთმან ქნას და სამართალმა, გაგემარჯოს ძოღანდელად».

684
ედიშამ თქვა: «ღვთის მადლს, კახნო, ეცადენით, მას ვინ მოხვდეთ,
საქართველოს ის როგორ რევს, სხვანი ეგრე როგორ წავხდეთ?!
თუ ვინ მოხვდეთ მამაცურად, კარგად გმართებს, რომ მას დახვდეთ,
თუ ცოცხალი გარდგვირჩება, კიდევ გაგვრჯის, უნდა ვახდეთ.

685
თუმც არიან უმრავლესნი, ეგრე დგიან ვითა ტევრი,
ღვთის წინაშე სწორი არის შავი ზღვა და ისერ ძევრი;
ბევრს ხუვილსა მოერევის, ჟამერთ გალეწს ერთი კევრი,
ერთმან სძლიოს ასეულსა, ორმან მოსრას ბევრის-ბევრი».

686
რა მოვიდენ, ბაზალეთსა დაუკიდეს მათ ცეცხლები,
ავი დარი დასცემოდა, დახუთოდათ მათ ხელები.
დავინახეთ, მსწრაფლ მივმართეთ ჩვენ სახლებსა ნათბილები,
შეჭურვილთა მეომართა ცხენი გვყვანდა ფიცხელები.

687
მე მახლდენ ქართლით ესენი: ზურაბ და ამილახორი,
ხან წამივიდის იოთამ, ხან დამრჩის მწვე ნამსახური,
ზნე-კეთილი და საჭვრეტლად სრულ კარგი, არ უსახური,
ხან ჯარით მახლდის, ხან ასრე, თუ შერჩის ორი მსახური.

688
მივედით, ორგნით შეიქნა შეტევა, შემოტივილი,
ხმის ბაიბური არ იყო, ზახილი, არცა კივილი.
დაუკოდველი ვერ მოვრჩით, იმ წამს არ იყო ტკივილი,
თუმც მაშინ ვერ შევიგნევით, მერმე შეგვექნა ჩივილი.

689
მოურავს რა დავენახე, შეჰბრალოდა ჩემი კახნი:
«ჩემი – ეთქვა – უღირსი ძმა, ამოსწყვიტნა მწიფით მკვახნი».
ღვთით ამათვე მუზარადნი დაუმსხვრიეს, ვითა კვახნი.
დახოცნეს და ხელთ დაიპყრეს, ის წავიდა ცუდ-მომკვახნი.

690
გოგორისშვილს დაუთბეგსა მისი კურტაკი ჩააცო,
თვისსავ ლურჯსა ცხენსა შესვა, უთხრა: «აბა, კაი კაცო,
ზოგი შუბით ჩამოაგდე, ზოგს ზუჩზედა ლახტი სტკაცო.
ვინ მოგიხდეს, კარგად დახვდი, ვითა გმართებს შენ მამაცო».

691
პირველზედვე შემეყარა ეს დაუთბეგ, შუბ ხელთ-მქონსა,
შუბი ვჰკარით ერთმანერთსა, მაგრამ ვერც ერთს დაგვიმონსა,
მერმე საამ კობიას ძე მოგანებით შუბს მოსწონსა,
მოვიდა და გვერდს შემოსცა მას, მორევის ჩემსა მგონსა.

692
ვეღარც იმან ჩამოაგდო და ცოტადრე გარდახარა,
მას კვლა ზურაბ შეუზახა: «მოურაო, თქვი თუ ხარა?»
– შიშველს ბარკალს ხმალი დაჰკრა – «ეგრე მაგრად რად სდგახარა?»
სრულ მოჰკვეთა, გარდააგდო, იცოცხლაღა მან, გლახ, არა.

693
მერმე შემხვდა აბაშიძე, იგ ღონენა ქვიშხეთელი,
თავი ფარში ჩამოეყო, მოეხარა ვითა თელი,
ფარის კუბოს შუბი მიკრა, მაგრა ვერ მყო მიწის მთელი,
სამკლავეცა გამიტეხა და დამკოდა მე ნათელი.

694
ედიშას თქმული გათავდა, ეპოვნა მოურავია,
გულსრულად თურმე მოვიდა, მან აღასრულა დავია,
უმუზარადოთ ომს შესვლა კარგთა კაცთაგან ავია, –
ამანც შუბი ჰკრა, მაგრამე მან კი გაუპო თავია.

695
რა ედიშა ჩამოაგდო, ადგა, უნდა მოეწვა და,
მან დაასწრო, თავსა დაჰკრა, ხმალი ძლივღა მოეწვადა,
შუა პირი მოეხვედრა, არ თუ მჯიღი მოეწვადა;
ეს მოკლა და გარდიხვეწა, გლახ, გრძლად წყლული არ ეწვა და.

696
ერთს ომს უფრო გასაჭირსა მართ აღარსად დავხდომივარ,
ჩემს ჯარშიგა დაუკოდი ძვირად მორჩა, და არც მე ვარ.
გამემარჯვა ღვთის ძალითა, არ მოვჰკვეხდი, სულ ომში ვარ,
ყმანი მყვანდეს ნაომარნი, ვით ამირანს მისი სავარ.

697
მამილოცეს იმერელნი, ქართველები, მერმე მესხით,
შეუზახე: «დიდებულნო, რას საქმეზედ თავს დამესხით?
თქვენგან იყო რა საქნელი, ჩემზედ იმას თქვენ მოესხით?»
ვბრძანე: «მანდა ნუღარ გიდგან, ასრე აქეთ წამოასხით!»

698
ხოსუა მაჭავარიანს, მიყურე, რა მოვაწიო,
ყურებს დავსჭრი შიგ ძირშიგან, ნუ ეჭვ ახლოს დავიწვიო,
შემეხვეწა: «სულ ნუ დამჭრი, ცოტა იქით მიიწიო»,
როდეს დასჭრეს, შემომზახა: «არ მეგონე გულპილწიო».

699
მოურავი ვეღარ დადგა, ახლა ხონთქარს მიაშურა,
ვერ კარგად ქნა ორგულობა, ვერ ომი და ვერა შურა;
ხვანთქარმან სცა მწვედ პატივი და წყალობა არ უშურა,
ერთს თავს-ვეზირს გარდაისად მას წინ დგომით სხვად უშურა.

700
ქაიხოსრო და იესე, კვლა სხვა ბევრი ქართველები
თან გარდაჰყვნენ სააკაძეს, თავადები ძირძველები;
იქაც ბევრი სახელი ქნა, მაგრამ თავს გარდავევლები,
იქ დახოცეს ქიშპობითა, ვეზირმა ქნა ეს ნავნები.


აქა ზურაბ ბატონს წაუვიდა და სვიმონს მოუვიდა. ქართლი დააჭერინა, მერმე მოკლა და თავი კახეთს ბატონს გაუგზავნა, და ისევ მეფეს თეიმურაზს დააჭერინა ქართლი სრულიად 

701
რა წავლეთ ხანი, ზურაბთან დამიწყეს ჩხუბს ჩამოგდება,
რად ვერ მოუხვდა, ეს მიკვირს, ცრუს კაცს თავისა აგდება?
სიძე იყო და შვილად მჩნდა, მახსოვს ვალისა დადება,
ადრე ამყოლის სიტყვისა მე აღარ მეიმედება. 

702
გავეცალე, კახეთს ჩაველ, ის სვიმონ-ხანს მიუვიდა,
ფიცითა და თავდებითა ქალაქს ციხით გამოვიდა,
წამოუძღვა ზემო-ქართლზე, თან მოჰყვა და წამოვიდა.
თუ მე ზურაბ მიორგულა, რად ვერა სცნა თავს მოსჭრიდა?

703
ცოტას ხანს სვიმონ ქართლითა ზურაბს ხელთ ჰქონდა ამარად,
ესეც მოსწყინდა, ასრე თქვა: «აწ ეს მაქვს მე საომარად».
მამას უხმობდა სვიმონ-ხან და ფიცი არ იწამა რად?
მოკლა მან ჩემად უგრძნობლად, მიწა ძლივ მისცა სამარად.

704
თავი უფადარს მამწივა ყაენთან წასვლის მნდომელსა:
«ვით გაგიშვებდი ხელითა, ვირ გხედავ სულთა-მდგომელსა,
ყაენთან წასვლას ესე სჯობს, ქართლითგან შემომწყრომელსა,
ბოლო არ გაუთავდების ბატონის სისხლში მჯდომელსა!»

705
აღარ წაველ ყაენთანა, ისრევ ქართლსავ მოუბრუნდი,
აწ სრულ ერთპირ დავიჭირე სომხითიან, არ დავჭმუნდი;
ხან სიმაღლეს, ხან სიმდაბლეს მიმცა ვინ მე, ასრე უნდი,
ორსავ კარგად ვიტვირთევდი, არცერთ არას შეუღონდი. 

706
ამ დროს ვთქვი «ლეილ-მეჯნუნი», «ზილიხან-იოსებისა»,
ქება, შვენება, სიტურფე, მიჯნურთა ცეცხლებრ დებისა,
გაჭრა მინდორად, ხელობა, გულთა ლახვრულად სობისა.
ტკბილად რომ აღმოვმეტყველე ლექსები სხივ-შუქებისა.

707
გამოვარჩინე ნათქვამი მე ჩემის მუსიკობისა,
არ დაშვრა ენამეტყველი ტკბილად მაზედა მკობისა,
განმარტვითა ვთქვი ქართულად, თქმული სპარსთ არაკობისა,
არ დამორჩილდა მეძავსა იოსებ იაკობისა.

708
აღარა მყვა მტერი მოღმა, მეომარი შემომბმოდა,
დამმორჩილდა ყოვლი ურჩი, ყელსაბელი ვითა ბმოდა.
ყოვლგან ისმა ეს ამბავი და შეიქმნა საამბოდა,
შვება იყო სამუდამო, ლხინ-სობათი შეიმკოდა.


აქა ბატონმა თეიმურაზ ლეკის-წახეთის მიხდომა მოინდომა სარუბაშს, და ცხენი წაექცა, თვითან ვეღარ წავიდა და ზურაბ უთავა ქართველთა და კახთა, და მიუხდენ 

709
გამიწყრა ოდეს ყაენი, მას მოჰყვა წახეთს ვინ ზისა,
ალიბეგ სახელდებული, პატრონი სარუბაშისა;
მისი მომინდა პასუხი, ჩვენება ჩემის რაზმისა,
მალ შევანანე სიკვდილით მოყოლა შააბაზისა.

710
ალონში ცხენი წამექცა, თავს მტვერი გარდავიყარე,
ძალიან დამცა მიწასა, მაჯები ამოვიყარე;
ვეღარ შევიძლე ლაშქრობა, ვერ წაველ, ვერ ავიყარე,
ზურაბ, კახნი და ქართველნი მათად სამტეროდ წავყარე.

711
ევლოთ, მისლოდეს სარუბაშს, მას შეუტყობრად მყოფარსა,
ასრე შეპარვით მიუვლენ ძაღლებსა მათსა მყეფარსა.
ვეღარ გაუსწრეს, წახეთსა გარ ჯებირს შემოიფარსა,
ქვეითად შეუხდებიან, აგლეჯენ ხმალსა და ფარსა.

712
ზურაბ ცხენით გარდაუხდა, შეუზახა სრულ ლაშქართა:
«გარდმოხედით ყველა ცხენით, ვით ბრძანებით აქა ხართა!
ვითღა მიხვალთ მეფესთანა, თავს ვერ ნახავთ განახართა?
ვსძლევთ ომითა, ვერ დაგვიდგმენ ხმალ-მოწვდილთა, დანა ფართა».

713
ამ სარდლობით მალ აეღოთ ჯებირი და სხვა სიმაგრე,
თავი მოსჭრეს ალიბეგსა, შეუზახეს: «იდევ აგრე,
ვით გმართებდა შექნილიყავ შააბაზის შენ მოსაგრე?
სარუბაშმა ვერ დაგვიდგა, წა, წახური გაამაგრე!»

714
მოვიდეს, თავი მომართვეს და საშოვრის ფანჯიაკი,
ექმნათ ბევრი საშოვარი, დაეცალათ ცხავრთა ბაკი,
მომილოცეს, მოულოცე, თქვეს: «გათავდა თქმული აკი».
აწ შეიქნა ნადიმობა, არ თუ ცუდი რამ ტაკ-ტაკი.


აქა ზურაბ ერისთვის სიკვდილი 

715
ენის ძალი შენ გითქვამს და ცოტა მეც რამ მოგახსენო,
ტკბილი ასპიტს მოამდოვრებს, მწარე ძირში გარდახსენო.
თუ კარგგვარად გაგასინჯო, მგონივ ავად არ მახსენო,
ავმა ენამ საქმე მიყო, ავი, ღვთის მადლს, ჩამომხსენო!

716
ენას აქვს გესლი ბოროტი უმწარე ასპიტისაგან,
თვით დამიცდია აგრევე, ვითა მასმია სხვისაგან.
წინასწარმეტყველთ ასე თქვეს და მტკიცედ თვის და თვისაგან.
მათი მესმინა, მიჯობდა, ეწვართა ავს ავისაგან.

717
ენა მლიქვნელი გონებას მყუდროსა, მშვიდად დებულსა,
გულსა განმსჭვალავს და ღვიძლსა გააპობს, სიბრძნით ქებულსა,
ანაზდად აღსძრავს რისხვასა, შეიქს ცეცხლ-მოკიდებულსა,
ადუღებს ნაღველს ცეცხლთაებრ, ცნობაზედ ზედ მიწებულსა.

718
ყურსა ლახვრულად ეცემა, უმაგრეს გრდემლ ნაკრავისა,
თვალსა აამღვრევს წმინდასა, ხედვიდეს ავს არ ავისა,
თმათ აშლის, ხელ-ფეხთ ფრჩხილებსა გასწვავს ცეცხლ-განაკრავისა,
შფოთს ააყოლებს ვინც ისმენს, უმშვიდეს იყოს კრავისა.

719
თუ ვინ ჩავარდეს წყალსა და აღმოხდეს დაუსველებლად?
წიაღში მკვრელი ცეცხლისა ვით დარჩეს დაუმწველებლად?
ან ბადეს ვინღა განერეს, აცლიდეს გამოსადებლად?
ვინ ისმენს მლიქვნელს ენასა, არ უნდა ცუდად სადებლად.

720
ვისცა არ უნდა აყოლა სიტყვა ავისა, ცუდისა,
ვით ნაკვერჩხალი კალთასა დაგეცეს, შეშა უდისა,
ანაზდად თუ არ გარდაგდებ, ნატისუს ალი უდისა.
აგრევე ენას თუ უსმენ, დაგრჩება, დაიბუდისა.

721
რადგან ეს ვიცი, რად ავყვე ენას ავისა მბობელსა,
ლბილისა გამსალებელსა, ფოლადის დამადნობელსა,
უცებთა შეუტყობარსა, ბრძენთაცა ძლივ საცნობელსა,
ყელშიგან წამჭირებელსა, საბელსა დამარჩობელსა?

722
რას მიშველა, ვინანი და ღმერთს ვიაჯი მოტევებას,
მაგრამ ძნელად გაეძლების ყმის პატრონზედ აზვავებას.
ორივ ერთად შემეყარა, ამად ვერ ვიქ ჯავრთა ვსებას.
ავი ენა, იგ ამაყი, ასრე შემიქს მე დავსებას.

723
სჯობდა, თუ ორივ დამეთმო ღვთის წინ და ამ სოფლისადა,
ვირე ცოცხალ ვარ, ვინანი, სამუდმოდ ცრემლი მდისა და...
რად მოვჰკალ, ვით შემოვიკალ, შვილის უმჯობე, ძმისა და,
ნამსახური და კვლავ სიძე, სიკეთე აქვს მოდგმისადა?!

724
ღვთისა მეშინის, კაცთაგან მრცხვენის ამისსა მყოფელსა!
გული გაშმაგდეს და ხელნი შემხმეს მის ლახვრის მყოფელსა!
სახელმწიფონი ოხრად მიჩნს, რას ვაქნევ მე საყოფელსა?
იმ სოფელს ნუმც მეკითხება, გარდამხდეს ამავ სოფელსა!

725
ამისგან უგრძედ ამის თქმა ავია, ამად გაუშო.
გვერდს მიჯდა, ვბრძანე სიკვდილი, სისხლი მან ჩემს წინ გაუშო,
დედამ მისთანა თავადსა შვილი ვეღარ ვისღა უშო.
რადგან ის მოვჰკალ, ამაყი არ მმართებს სხვაღა აუშო.


ამას ზეით ლექსები სამისა ერთგვარი იამბიკოთ რომ თავბოლო ლექსად აქვს, ერთს კიდევ სხვის იამბიკოთ ზეითი-ქვეითი სტრიქონი და თავბოლო ლექსი აქვს; ცხრა ლექსი ანბანთ ქებისა ოსეთს არის ნათქვამი, ქრონიკონის ლექსით ორმოცს დღეს 

726
ამას ზეით ოსეთს მითქვამს, ამას ქვეით ვიტყვი რუსეთს,
სოფლისაგან არას მიკვირს, მობალხენიც მივლენ მისრეთს.
კარგად მიყო, არ ვემდურვი, ასრე უნდა საქმეს ისრეთს.
კიდევ ღმერთი კარგად შესცვლის, მოწყალებით ისრევ იღმერთს.

727
ნაღვლის რასმე საქარვებლად მე ეს საქმე ვიმეგობრე,
ქვეყანაა მჭიდრო რამე სამესისხლო, სამეკობრე.
ზოგთ ვაქებ და ზოგთ ვაძაგებ, ავის საქმის მე დამგმობრე.
ასე ამან შემიქცია, აღარა რამ ვისალმობრე.


აქა მეფის თეიმურაზისაგან ულუკუსორის მიხდომა 

728
ამას უკან გავილაშქრე და მიუხე ულუკოსორს,
თუ ამირან გაბედავდა, არ უქნია ეს არ ნოსორს.
სამ-დღე შევლე დაღისტანი, ოთხისაგან უფრო მოშორს.
რას ეჭვ ამის შემმართველი, შევებმოდი დვალს ან ოს ორს?

729
დავსწვი, დავსტეხე კოსორი, უწინ არვისგან ქნილიყო,
თუ არ ისევე ჩემგანვე, უთუოდ სხვისგან ძნელ იყო.
ნატყვენავი და ალაფი მოის მუხრანსა განიყო.
ვეღარ მემტერნეს მას აქეთ, მერმე მშვიდობა დამიწყო.


აქა არეზს აქათის მორბევა მეფის თეიმურაზისაგან 

730
აწყა ჩაველ, არეზს აქათ მოვაოხრე, მოვარბივე,
ორგული და ურჩი ჩემი ვინც გამოჩნდა, დავაბივე.
ამ ორისავ ტახტის მჭერმა მეფეც მოყვრად მოვიბივე,
ურჩსა მივე არაფერი, ერთგულებსა ბევრი მივე.

731
დაუთხან იჯდა განჯასა, უნდილაძე ბეგლარბეგად.
წამოვიდა, მამივიდა, თვით ჩემთანვე იყო მდეგად;
სრულ ყაჯარი თან იახლა, იორზედა დადგეს ბეგად,
მერმე კახნი თავს დაასხა მოსასრველად, გარდაგებად.

732
ყაენმა მთხოვა ბევრითა წყალობა უსაზომითა:
«დასწყნარდი, მამეც დაუთხან, გაძეღ ჩემითა ომითა,
წყლობა გიყო მრავალი არ ხერხად შემამდგომითა».
ამად ვერა ვქენ, ვერ მივეც, რომ ხმალზედ მამენდო მითა.


აქა სააკაძე როსტომხან სპასალარი გამოგზავნა შასეფიმ ყაენმა და როსტომ, ბატონის სვიმონის ძმის დავითის შვილი, გამოატანა ქართლს გასაბატონებლად და კახეთს სელიმხან 

733
აქ სააკაძე როსტომხან ერანზე ასპასალარა,
კვლა დაუთხანის შვილს მისცა, მას როსტომ ერქვა სალარა,
ქართლი მისცა და სხვაც ბევრი საჭურჭლე მათ ასალარა.
მოვიდეს, თუმცა გამაგდეს, მოისვენებდა მალ არა.

734
რა მოვიდენ, ბარათიანთ ფიცი სტეხეს, მიუვიდენ,
რა დათუნა ერისთავი მისის ძმებით შეთაბუნდენ,
ხმალი ვეღარ გაუმართე, ყმათ რა მიყვეს საქმე ესდენ!
მეც წაველ და ჩემნი ყმანი იმერეთსვე გარდმოვიდენ.

735
ქართლი როსტომ დაიჭირა და კახეთსა დასვეს სალიმ,
ჩემი ქრისტე ადრე მამრევს, გამიმაგროს ის ვერ ალიმ.
რა მიუხე, მოარჩინა ცხენმა მისმა მუხლად მალიმ.
ისრევ ფეხზედ დამაყენის გაბედვამ და ჩემა ძალიმ.


აქა როსტომ მეფისაგან დათუნა ერისთვის სიკვდილი. და საერისთოს შეხდომა და დამარცხება. და ზაალ ერისთვისაგან მეფის თეიმურაზის ანანურს დვალეთზე მოყვანა 

736
როსტომ მოკლა დათუნა და თავი ყაენს გაუგზავნა,
რა შეუხდა საერისთოს, სხვათ ძმათ აღარ დაეზავნა.
ზაალ, მისმა უმცროსმა ძმამ, გამოქცევით გამოგზავნა,
რომელიც რამ თან რამ ახლდა, ისიც დარჩა, დიდად ავნა.

737
გამოგზავნა ჩვენთან კაცი ფიცითა და თავდებითა:
«ვირ ვცოცხალვართ, მუნამდისი ჩვენ ამ პირზე დავდგებითა,
არ გიტყუოთ არას საქმით, არას მიზეზ დადებითა,
არ სიტყვით და არა ტრელით, არ იქი-აქ მოდებითა».

738
შემიჯერეს ფიცითა და, წაველ მთისკენ ანანურსა,
დვალეთზე გარდავიარე, რა გზა მექნა სადაურსა.
მამეგებნეს მხიარულად, ვეღარ გვანდეს დანამდურსა,
მერმე წვრილად მიამბობდეს მუნ ამბავსა იქაურსა.

739
სალიმისა თქვეს მოსაბრუნს დგომა, სახლისა აგება,
კვლავე როსტომის ტფილისსა სამუდმოდ სუფრის დაგება:
«გვმართებს როსტომის მტერობა, სალიმის მალ გარდაგება».
«მაგრა სალიმის გაგდება» – ზოგთა თქვეს – «სჯობდეს ეგება».

740
თქვეს, თუ «როსტომ ციხესა ზის, სალიმ არის კახეთშია».
ესე მესმა გაჯავრებულს, ლომს ნადირზე მომეშია.
გარდუხე და გავისტუმრე ფეხშიშველა, უმაშია,
ჩემთა ყმათა წინ მიმასწრეს, პაღური ჰკრეს დუმაშია.

741
კახეთი იყო უკაცო კვერნაქიანად გაღმართი.
ასე მოგვეპყრნენ თათრები, ვით ისრაელთა წარმართი.
ანანურს ვიდეგ სამს წელსა, ვიარე აღმართ-დაღმართი,
მრავალი მტერი ამიტყდა, მართალი, არ უკუღმართი.


აქა ოხიაყორჩის დავით ასლანისშვილისა და გარსევან ჭავჭავაძის, გულბათის შვილის, ანანურით სათოფეთ წასვლა და ლეკების დახდომა 

742
ანანურიდამ წავიდენ გარსევან და მამუკაი,
თუმც მამუკა უმჯობეა, მაგრამ არის ისიც კაი,
თვითანც კარგნი მეთოფენი და იმათი სააკაი,
აქათ მივლენ თვით ესენი, მთიულს დახვდა ბაკაკაი.

743
რა მოვიდენ სანადიროს, ორნივ წავლენ ერთას მხარეს,
ლეკნი თურე მზირად უსხდეს, ორმოცია არემარეს;
ბუსუნი ქნეს, ჩაცაუსხდენ, არ თუ შორით მოუარეს,
მათ ერთი ლეკი ხეზედ ჰყავს, ახლოაო, არ თუ შორეს.

744
ლეკი ნახეს ხეზედ მყოფი, მისმა ნახვამ გააცინა,
ერთმანერთსა დაპატიჟეს სროლა მისი, სისხლთა მდინა.
ჰგავს გარსევანს უსროლია, მგონი, კიდეც დაეცდინა:
რად ვერ მიხვდნენ სხვათაც ყოფნას, კარგნი კაცნი რამ აცდინა?

745
რა თოფის ხმა გაიგონეს, მზირთ ფარული გააცხადეს,
ორნი დარჩეს მოდაბლებით, ლეკნი ზეით წარმოადგეს;
გამორიდეს, უკან მიჰყვნეს, ვინც დაეცა ვეღარ ადგეს.
აწ უყურეთ მამუკასა, ჭკუა როგორ გამოადგეს!

746
გარსევანს თოფსა დაცლილსა ფეხი წაუბრკმა, დაეცა,
ერთი უძახის მეორეს: «კა მაგას, დანა დაეცა».
მამუკა თოფსა აიღებს, არ ესვრის, ჭკუა მოეცა.
გიუნა ნატრობს: «მამუკას ვხლებოდი ნეტაი მეცა!»

747
მამუკასაც თუ ესროლა, მოეკლამცა მას ერთიცა,
მასც მოჰკლავდენ უსაცილოდ, ჩაივლიდა იმათიცა,
კაცმან უნდა იმ დღეს ჭკუა მოიხმაროს და ღმერთიცა.
მოსულიყო სადგომს, ეთქვა დიდი რამე მას ფიციცა.

748
მამუკა ერთათ სიფიცხით და მერმე ჭკვითაც მოურჩა,
ესე სასირცხოდ დაიდვა, რისთვის გარსევან დაურჩა.
თქვა: «მივსდევ დაღისტანამდი, იმას ვეღარვინ დაურჩა,
სად მიიყვანენ, მივჰყვები, მე თეიმურაზ დამირჩა».

749
გავიდა გაღმა სოფლებში, დავლო ფშაველი ართანა.
ვინც პოვა, არვინ დააგდო, მან არ იახლა ართანა,
უკან გაუდგა გარსევანს, ამხანაგს ნაომართანა.
იმ ტოლი კაცი იმ დროსა მე აღარ მყვანდა მისთანა.

750
ლაგოდეხად წაეწივნენ, გარსევან ჰყვათ ხელშეკრული,
ნახა წინამ ამხანაგმა, აუფეთქდა მწოვედ გული.
მამუკამ თქვა: «არ შესძახოთ, დაიღევით ასე სული,
თორემ იმას იქავ მოჰკლვენ, მეც დავრჩები დაკარგული».

751
შეეპარნენ ტყის ბედითა, რა მოვიდენ, შეუზახა.
თვითან მივა ყველას წინა, სხვა არავინ წაუძახა.
ხლმით დახოცა მან ლეკები, აღარც სულთქვნა, აღარც ახა.
გარსევანც ლეკი შეიპყრა, რა ესენი დაინახა.

752
ზოგთა თქვეს, თუ: ესე საქმე მამუკამა ვერ ქნა კარგა,
განა თუ არ მოსწეოდა, მას უკან რადღა ევარგა.
შენ რას იტყვი, მე კი მომწონს, ჩემწინ იმან კარგა დარგა.
კაი საქმე წახდებოდა, თუ ლეკთ აქ არ დაებარგა.


აქა მეფის თეიმურაზისაგან კახეთში ჩასვლა და შენობის დაგდება 

753
რამდენჯერ ლეკთა შევები, არ მახსოვს მე სათვალავი,
ან აზმით, ან წინ დახდომით, ან მდევრად დასაღალავი;
ვერ წაგვივიდის ჯარი და, ვერცა იქი-აქ მალავი.
უფროსი ერთხან უჩემოდ ყმანი მყვეს მათი მძალავი.

754
ხისიყის ნაცვალს ჯიმშიტას, ხისიყელთ არ მოურავსა,
ორჯელ ლეკთ რაზმის ომზედა უყურე სისხლში მცურავსა!
დიაღ სარდლობდა ჯიმშიტა, ომის ოფლს მოიწურავსა,
ორჯელვე გამარჯვებოდა მას სიხრდლის არ მიმწურავსა.

755
კახეთს ჩავედით ბატონყმით მემკვიდრე, არ თუ ახლები.
რასაც ვით გავწვდით, დავსახლდით, დავიდგით ყოვლგან სახლები.
არაგვისა და ქსანისა ერისთვებთანა ნახლები
იყვნეს კახნი და, ისინი ერთმანეთს მოყვარ-მძახლები.

756
ერთგნით ყაენის ლაშქარი მებრძოდა არ ხანდახანდა,
დაუმადლებდა ჩემს წყენას, ასე სულთნები დახანდა,
მეორედ როსტომ, ქართველი, ვინ კარგი, ან ვინ და ხანდა,
მესამედ ლეკი მტერობდა, სამუდმოდ ვინც გაშამხანდა.

757
მაგრამ ვერათ შემაწუხეს, ჩემგან იმათ ეშინოდეს,
ვლაშქრობდი და ვნადირობდი, ლხინს ვნახავდი მე შინ ოდეს.
«მოვიდაო თეიმურაზ» – როსტომს კაცი მიურბოდეს,
ხან გორს იჯდის, ხან ქალაქსა, ციხეებში მწვე ლხინობდეს.

758
ქართველთა ჩემი ერჩია, მაგრა ყაენი მას ება,
არეზს აქეთი ლაშქარი ხან ნაცვლით ექეშიკება,
ციხეში იჯდა, ფრთხილობდა, გაძნელდა მისი გაძება.
რა საქმე დაგვიანდება, სხვაც რამე დაეწმასნება.

759
ხანდახან დავზავდებიდი, ყაენს შევსძღვნიდი ფეშქაშსა,
გამოგზავნიდა ხალათსა, მის შესაფერსა ზარქაშსა.
კვლავ რუსეთიდამც მოვიდის, ფლურით ავსებენ ბარქაშსა.
როსტომ მეფესაც გავრიგდი, უხარის ჩემსა დამაშსა.


აქა დიდოეთის მოსაქცევლად წასვლა მეფის თეიმურაზისაგან 

760
დიდოთ ვსჭვრეტდი ყოვლთ წარმართზედ უღვთოთა, უუსჯულესსა,
ღვთისგან შორს და მის უცნობლად კვლავ ეშმაკთა მემსხვერპლესა;
არ უსმენდენ ებისკოპოზთ, რაც რომ მათთვის დააწესა.
თქვი, აწ წავალ, ძალს უჩვენებ სულელთა და ჭკვამოკლესა.

761
ამად წაველ მათ წარმართზედ, მინდოდა რომ მამექცია,
მერმე, თუ არ დაეჯერათ, ციხეები მამექცია,
ვამე, მათგან კარგთა ყმათა სისხლი კლდეთა მამექცია
მათ ასეთი საქმე მიყვეს, დასარჩომლად მამე ქცია.

762
მიველ, ჩაუდეგ, ავიღეთ ზოგზოგის კოშკებიანად,
უთხარ: «არ მოხვალ რჯულზედან, ყათლანს არ გიზამ გვიანად».
მათ დაბალი თქვეს ერთხანად, ვთქვი აწ არიან ჭკვიანად.
მერე მომიკლეს მამუკა, სარგებელი ვქენ ზიანად.

763
მამუკა მოკლეს თოფითა, ისროდეს შხამიანებსა
ისარსა მათებრ უკუღმა, უცდურად დასანანებსა.
რუსთველი მირჩევს წამოსვლას, მე ვეტყვი მას უარებსა,
მან მითხრა: «მეფევ, ესე სჯობს ამისგან უუარებსა».

764
არ დაუჯერე, ავად ვქენ, მიჯობდა გაბრუნებანი.
მათ იხმეს ლეკი საშველად, მალ მოვლენ, ექნათ რებანი?
შეიქნა ომი სასტიკი. კარგთა ვინ შესძლოს ქებანი?
საგორვით გამოგვაქცივნეს, ხრდალს დაუკარგეს ცნებანი.

765
ალავერდელი, რუსთველი, მოკლეს ჩემ წინა და ახლო,
პაპუა აშრაპიშვილი, კაი ყმა, მუდამ საახლო,
სულხან ბაზიერთ-ხუცესი, ჟამ წარვლილ ვინღა აახლო?
მასთან ნათანელ მდივანი, მისთვის ვინ შეგკრას ნაახლო.

766
რევაზ დაჭრეს სახლთხუცესი, მე ცხენი ქვეშ გამომიკლეს,
კვლავ თამაზი, ჯაზდანისძე, მათ იმატეს, ჩვენთა იკლეს,
მე ცხენს შემსვა გიორგიმა უკეთესსა, არ მუხლ-მოკლეს.
რადგან ბევრი მტერი მყვანდა, რას ვებრძოდი ჭკუათ მოკლეს?

767
ებისკოპოზთ, დარბაზის ერთ ამოწყვეტილი შინ მიველ.
ისინი ღმერთსა ვერ სცნობენ, ვით გაუმარჯვა სამოველ?
დიაღ დავსუსტდი მას აქეთ, ცოცხლი რადღა წამოველ?
სხვაც ბევრი მოჰკლეს მსახური, მგონივ ერთს ერქვა იოველ.

768
მამუკა ბოქაულთხუცეს, ლაღობით ეთქვა «იშიო»,
იმ ძაღლთა ვით შეურჩიეს, ღაწვს მცირეს, კანჭსა წვრილშიო.
რევაზს ლოყას ჰკრეს ისარი და თამაზასა წვივშიო.
აგრე ისპანი ყოფილან, რად არა ჰქონდათ შიშიო?


აქა ამილახორი და ზაალ არაგვის ერისთავი მეფეს თეიმურაზს ახლდენ და კათალიკოზი დიასამიძე ევდემოზ. გოჩაშვილი გიორგი და ნოდრ ციცისშვილი შიგნით გაუორგულდენ როსტომ მეფესა და, სანამდის ბატონი თეიმურზ მოასწრობდა, ნოდარ უკუუდგა როსტომ მეფესა, მიასწრო ნოდარზედ როსტომ მეფემა და გაემარჯვა 

769
ამილახორი იოთამ და ზაალ მაშინც მე მახლდენ,
კათალიკოზი ევდემოზ და გოჩაშვილი გაახლდენ,
კვლავ ციცისშვილი ნოდარ და სხვა ქართველები ვთქვა რამდენ? –
მიმიხმეს, ლაშქრით რა წაველ, ჩემად მისვლამდის გაცუდდენ.

770
ნოდარ ფიცეთს შეიყარა, ჩხეიძენიც მასთან იყვნენ,
როსტომს უთხრეს: «ესე ასრე ნოდარზედ მალ წაიყვანენ,
ნუ შევჰყრითო, მივაშუროთ, თორემ ბოლოს შეინანენ,
ვინ მუხრანსა ჰპატრონობდი, ცუდ-მადები მოიხმარნენ».

771
მივიდენ ფიცეთს ნოდარზედ, უვიცად, შეუტყობარად,
მას ყარაული არ ჰყვანდა, ნეტაა ზვართა საბარად?
ჩხეიძეებმა რა ნახეს ესენი მართ საშუბარად,
მოვიდენ, მოიქნივესცა, ზოგთა ჰკრეს მწვე გასამწარად.

772
მეც მუხრანს მიველ, მიმასწრო და გაემარჯვა ნოდარზედ,
ბეჟია დარჩა იორამს, მოურავის-შვილს, იმ ომზედ;
ოტია თვითან ოტიას რატიშვილს უჯდა გავაზედ;
საციციანო კაცები ცხენს სხედან მათს კვიციანზედ.


აქა მაღაროს მისვლა როსტომ მეფისაგან დიდის ლაშქრითა 

773
ამ საქმემ გამითამამა როსტომ, წამოდგა საომრად
ქართველთა მეფე ქართველით, ჰყვანდა ხანებიც თან ლაშქრად.
მე ბაზარს ვიყავ გაზაფხულ სანადიროსა, მათ შორად.
მითხრეს: «მოვაო ლაშქარი», არ დავიჯერე ნაჭორად.

774
ქალაქიდამ გამოვიდა, მოვიდაო მედასტურე.
მალ დავაგდე სანადირო კარგები და სხვა ასტურე,
შვილი ზეით გამოვგზავნე, მუზარადი არ დავხურე,
ლაშქრისათვის შესაყრელად ვერ მამასწრეს მათ, უყურე!

775
მამაშურეს მათ ხისიყსა, ეგონათ თუ მამისწრებდენ,
მაგრამ კიდევ მე მიუსწარ ცოტას კაცით, ასიოდენ.
რა მე მიველ, იგინიცა კელმეშურში რაზმს აწყობდენ.
სულ ხისიყელთ ვერ მამისწრეს, რაზომ კაცი კაცზედ რბოდენ. 

776
მოვიდენ რაზმ-დაწყობილნი ჭოტორის გზითა მაღაროს,
სრულ ერთს გზაზედა მოაწყვეს, ჯარი სხვა გზაზედ არ აროს
სცემდეს ქოსსა და ზურნასა, ჰგონებდეს მათ სანაღაროს,
გაბრუნდებიან იმგვარად, ამ გზაზედ მოვლენ აღაროს.

777
შეიქნა სროლა ორგნითვე უმცროთგან უფრო ფიცხადე,
მოკლეს და დაჭრეს ჩვენგანთა, სისხლი შენ გარდაიხადე;
ყაფლანს ჰკრეს ზუჩის საცხვირეს, ხმა გამოვიდა ჯახადე,
ჯაჭვმა დაუდგა სადგომსა, მიჰყავს და მალე აჰხადე.

778
ბოვნელსა ეფისკოპოზსა ჰკითხე, რად მოჰყვა ჩემზედა?
მე ქრისტიანე მეფე ვარ, იგ არის თათრის რჯულზედა.
თუ უსამართლო ბერია, ღმერთი გამივლენს მას ზედა,
თოფი ჰკრეს, ორივ თვალები წააყრევინეს ქვაზედა.

779
ორი ქისიყელი კაცი, მსახურები რომ იქ იყვნეს,
გონასა მანგოსაშვილი, ერთად მსროლნი არ გაიყვნეს,
გლეხნი იყვნეს, მაგრამ იმ დღეს დარბაისლადაც კმარ იყვნეს,
იმ დღეს იმდენს მეომართა პირი მართ იმ ორთ დაუყვნეს.

780
გაბრუნდნენ, ავად გაყარეს ბარგი და მაფრაშებია,
იმდენთ ლაშქართა ცოტათი ღვთითა მე მალ შევებია;
ქართველნი ახლდენ, სხვა ხანიც, აკლია თუ ფაშებია.
ნეტამც გეჭვრიტა, ვინ მახლდეს, შენ ვისმე იქ დაებია!

781
ვეღარც ლაშქარმა მამისწრა და ვეღარც შვილმა, თორემე
თუ მათ მოესწრო, ან აქა შემყროდა გლეხი მერე მე,
მათ ქალაქამდი მივსდევდი, მაგრა რა მექნა მორემე?
აქადამ გავაქციე და ვეღარ მივსდიე შორე მე.


(ამის შემდეგ უკვე რუსთაველი უყვება მეფე თეიმურაზს თამარ მეფის დროინდელკ ქართველთა ლშქრობებზე, რომელსავ აქ გამოვტოვებთ)


 პასუხი მეფისა მეთვრამეტე 

< . . . . . . . . . . . . . . . . >

986
ჩემნი ნაქნარნი წინანი გითხარ სარჯელი ამადა,
გარჯა, ჯავრი და ნაღველი ცნობას წაუხვამს ავადა,
გულს ჯანგად ასრე მოეკვრის, ვით ოქროს შავი სავადა.
ბოლოსიც გითხრა ყოველი, საქმე ვინ გამითავა და.

987
მტერი რას უზამს იმდენსა, რომ ყმა პატრონზე მიიღებს?!
მძლავრისა მტრისაც კიდევე ერთს რასმე გზასა გაიღებს.
თუ კაცი შიგნით საქმესა აიშლის, იმას მიიღებს,
ვინ გარდაჰკიდებს ამათა, ჩემთ სისხლით ხელსა შეიღებს.

988
სახლთხუცესი და სუფრაჯი, განაყოფი სახლეული,
კარგნი კაცნი, კარგნი ყმანი, ნამსახური და ერთგული,
ვინ იმათში ჩხუბს დასთესავს, წაუწყმდება იმას სული,
ამით წავხდი, ღმერთს გარდაის დავრჩი ასრე სახლ ეული.

989
სახლთხუცესი რევაზ იყო, კაცი სრული ყოვლის ზნითა,
სამღვთოთა და საკაცობოთ, მერმე ჭკვითა მწვე დამზნითა,
ბიძინაცა კარგი კაცი, გულმართალი, ტოლივ ხნითა,
მათ ოთხ-ოთხი შვილი ჰყვანდათ, ერთი დაკალ, მო დანითა!

990
ცუდი რამე სიტყვა ითქვა, ამად ჰკადრეს უკადრისი,
რევაზისგნით არა თქმული, სუფრაჯის შვილს მანდა რისი;
დილას ცხენით კარს მიუხდა, ავ საქმედ ა საკმარისი,
რევაზ გავა ახალუხით, უმჯობესი სავარისი.

991
უბრალომ კაცმან რა იცის, თუ ავს ვინ რასმე უზმიდეს?
ცხენი ჰკრა რევაზს ფარემუზ, სხვას ვერას ვერ მოურთვიდეს.
შეიგნეს ჯართა, საშველად ყველა იქ შეკრბა, მივიდეს.
აღარ მიუშვეს, გაჰყარეს, მოსული ისევ წავიდეს.

992
გავაბრჭევ, დავსხი სრულ კახნი, არ მარტო ეს პაატიო,
სუფრაჯს დაედვა სახლთხუცის არ სისხლი საუპატიო;
უთხრეს ეს: «მოგცეს მამული, და ზოგი ჩვენ გვაპატიო,
ჩვენ სულს ქვეშ ამას მიმხვდარვართ, აწ გინდა დასვი რატიო».

993
აღარ იქნა გაშველება, უფრო ჩხუბი გაძლიერდა,
კახნიც შუა გაიყარნენ, დიდნი, მცირენი, სულ ერ და,
ზოგის მისკენ, სხვა ამისკენ, ვაჟკაცები, ან ვინ ბერდა,
რევაზ წუხდა მის საქმესა, მხიარული არვის მზერდა.

994
იოთამ და ზაალ ორნივ ხან აქ იყვნენ და ხან იქა,
მოვიდიან, წავიდიან, დაგმობდიან, ავად იქა,
გულმართალი კაცი ყველა უზრახევდა, უფრო მიქა.
ამ ჩხუბმა და მათმა წასვლამ საქმე ასრე გააქიქა.

995
როსტომ მეფე შეიყარა, საომარად მოვა უღლის,
ეს გზა იმან რა იცოდა, ან გაწევა ჩემის უღლის?
ვიცოდი, რომ არ შეეძლო მას შემართვა ისრე შუღლის,
ბოლოც ამან გამითავა, გაწყვეტა ხამს აწ საუღლის.

996
თიანეთს ვიდექ შეყრილი, რაღაც რამ ყმა დამრჩომოდა,
ბიძინამა თქვა: «ერწოზედ მოვლენ, აქ ვიყო მეო და,
მე ნახევარი ლაშქარი მიბოძე, მივეშველო და».
ამბობს რევაზის ქიშპობით, მტერობა დაეჩემოდა.

997
უთხრეს ბიძინას: «რას ამბობ, რას ჭკუით მოგიყვანია,
ახლა ლაშქრისა გაყოფა რას ჭკუის შესაგვანია?
შენ ჭკვათამყოფი რად ამბობ მაგ სიტყვას, ვითა სვანია?
აქ კარზედა გვითქს ლაშქარი, ვერა ვართ ათისთავნია».

998
მან თქვა: «აქ მოვჰკვდე რევაზთან, იქ წახდეს ჩემი სახელო,
რასთვის ვიქ მაგას, რა არის, დამრჩება არ სასახელო!
ეგ თავისას კი ინახავს, მე ჩემი რად გავათხელო?
ეგ თუ თიანეთს მოუარს, მე ერწოს წავალ მით ხელო».

999
რაღას მიშველის, კარს მტერი მომადგა ჩემს უმძლავრესი?
წამართვა შვილი, ლაშქარი, საქმე ქნა ავს უარესი;
დავრჩით თუ კაცი ათასი, არა ვართ მტერთ საკმარესი.
რა კაი ვალი დამადვა, გაუწყრა საბა ლავრესი.

1000
ესენი ერწოს წავიდეს, ისინი უღლის მოადგეს.
მოვიდა კაცი: «მოვიდნენ, თუ ბატონი ზის, მო ადგეს!»
შევსხედით, რანიც ვიყავით, მეთოფეები წინ წადგეს.
მუნ რევაზ არის სარდალი, თავს მუზარადი დაადგეს.

1001
ყარაულმან თქვა: «ვიაროთ, თვარ მოვლენ უღლისს უწინა,
თუ მოგვისწრობენ, არ ვარგა», – ეს სახლთხუცესმა უწყინა,
ეს ავადა ქნა, ჯებირზედ მეთოფე არ დაუდგინა.
წავედით, იმათ მოგვასწრეს, რევაზ რა ნახა, აგინა.

1002
წადგა რევაზ მეთოფებთან, ასროლინებს, არიგებდა,
ბრუნავს ჯარშიგ ხმალმოწვდილი, ქარქაშიგან არ იგებდა,
ერთხან ჯარი უკუფანტეს, ჩვენი შუბსა მათ აგებდა,
გათამამდეს და ისროდეს, ვირე ამას შეიგებდა.

1003
გაგრძელდა ომი, რევაზს ჰკრეს ორი ფინდიხი ტყუბადა,
შვილებს უთხრა თუ: «მაცალეთ, მე ბატონს ვნახავ სუბადა,
მივალ, წინ წამოვაყენებ, სისხლი ვადინოთ გუბადა,
ღვთით გამარჯვება ჩვენია, წინ წავიქციოთ ჯგუფადა».

1004
მოვიდა რევაზ თამამად, მითხრა: «ძლევა შენიაო,
მაგას ჯარს ნუ დაახედვებ, უჩემობით შენიაო,
წინ დაუდეგ, ვარდი მათი მოუყინე, შენ იაო,
შენმც კახეთს ნუ მოეშლები, ოხერი თუ შენიაო».

1005
მოვიდა, ხელზედ მაკოცა, ვიდრეღა იყო სულდგმულად,
მითხრა: «მინახავ პირ-ნათლად, როს ქრისტე დაჯდეს მსაჯულად,
შენ ღმერთმან დიდხანს გაცოცხლოს გამარჯვებული კარგრჯულად»,
გაბრუნდა, საცა თოფი ჰკრეს, მუნვე გარდახდა სიკვდილად.

1006
რა ლაშქარმან დაინახა, რევაზ ცხენით გარდავარდა,
ვინცა ნახა, ერთმაერთსა უთხრეს, ყოვლგან ხმა დავარდა,
დაგვიმარცხდა, გამოიქცნენ, ერთი თოფიც არ გავარდა.
რა ზურგები დაგვინახეს, მათი ჯარი ზედ მოგვარდა.

1007
ვეღარ დაუდეგ თიანეთს და ჩაველ შიგნით კახეთსვე,
მომყვეს უკანა ესენიც, მაშინ წამიხდა სრულა სვე.
ხისიყსაც ხმა დაგვივარდა, ამბობდეს ლაშქრის მოსვლასვე,
დათუნა იქით გავგზავნე, მტერს ხმალი ვეღარ დავასვე.

1008
აქათ ესენი მოვიდენ, ხისიყს მოუხდეს ყაზახნი,
ამას ვინ ახლდენ მაგდენი სხვა, არ თუ ისევ კახნი?
მაგრამ რაც ახლდენ, ყველანი მამაცნი, გულითა მკვახნი,
სრულ ვაჟკაცები დაგროვდენ, არ იყვნენ ბევრ ომ-ნანახნი.

1009
შეუტივეს იმავ წამსა, ქვეითობას არ აცალეს,
ვინ ვის წინა გაასწრობდა, ან ცხენს ვინ ჯდა უმუხლმალეს,
ხევი დახვდათ შუაზედა, მათ თოფები ზედ დასცალეს,
ცოტა ვინმე გაუვიდა, სხვანი ცხენით გარდასცალეს.

1010
ჩემი შვილი ხევს ასლოდა, სხვას მეთოფეს შემოჰყროდა,
შუბი ეკრა ამას მისთვის, იმას თოფი დაესწრო და,
ეკრა გულსა, ჩამოეგდო, ვაი, რას დროს შევესწრო და!
თვით მოკლეს და ყმანი კარგნი იმ დღეს მასთან მოესროდა.

1011
ბიძინა დიასამიძე მიუძღვა მეწინავესა,
უცხოფრად თურმე შეიბა, ელიას გულად გავ ესა.
ერთი შვილი მყავს, რად ვჰხირი, უყურე ჩემს სიავესა?
რას სამზღვარზედან მამიკვლენ, სამართლით ვისა დავესა?

1012
ქაიხოსრომ მაყაშვილმან, მან სუფრაჯმა დედუფლისამ.
წამოსულმა სხვასა ჰკითხა, მოიხოცა მან ოფლი სამ:
«ბატონისშვილი მორჩა, თუ მოკლა საქმემ ამ სოფლისამ?»
უთხრეს: «მოკლეს, ეს მოიღო უსაზომომ რისხვამ ღვთისამ».

1013
თქვა: «მოკლეს დავით თათართა, დედოფალს ვით გაუცხადო?
ამას იქით მე სიცოცხლე ჩემი ღმერთსა აღარ ვხადო;
მივბრუნდები, შევაკვდები, მგონ, სირცხვილი მოვიხადო».
მიბრუნდა და შეცააკვდა, სასახელოდ თავი დადო.

1014
იესეცა სახლთხუცესი ამასვე იქს მორჩენილი,
ვირემ იარაღთ დაუდგნეს, სცემენ არვის დარჩენილი.
ბევრი მოკლეს, სხვა დააგდეს, მათგან ლახვარ-დაჩენილი,
მერმე თვითანც ზედ შეაკვდენ, რაზომ იყვნენ თავჩენილი.

1015
როსტომ მეფეა ძე მხევლის და არა აზნაურისა,
სვიმონ მეფის ძმის, დავითის, შვილი, გვარ ჩვენებურისა,
მას დედოფალი დათ ხვდება, სვიმონით მამეურისა,
მხევლის ნაშობმან მეფემან საქმე ქმნა ბედაურისა.

1016
აღარ იყო სხვათა ღონე, დედოფალი ნახავს ძმასა,
მოვიდა და შეეხვეწა, შეიხვეწებს ძმა მის დასა,
იმერეთის გზის მოცემას ემუდარა, არა სხვასა.
საქმე მან ქნა მოსაწონი, უქებდიან ყველა მასა.

1017
უთხრა თურმე დედოფალსა: «ღმერთმან იცის, არ მინდოდა,
თუმც არ ვღირსვარ, მაგრამ თვით ვარ მე ძმა თქვენი და შენო და,
ჩვენსა შუა ჩხუბის მნდომთა თქვენგან უნდა, რომ შენოდა,
ამათთანას ღვთის მგმობართა ჭკუისმყოფი ვით ენდო და?

1018
არა ქნეს იმ ღვთის მგმობართა, ურცხვინოთ ფიცის მტეხართა,
თქვენ აგიყოლეს ჩემზედა სამტეროდ, მათ განახართა,
აწ ზურგი შემოგაქციეს, გრქვიან: «აქ ნუღარ ხართა»,
ესენი მხიარულობენ, ჩვენ გვხედვენ ორთავ მწუხართა.

1019
ახლა რა გიყო მის მეტი, გზას მთხოვ და მომირთმევია,
ვინ გარდმოგყვების თქვენი ყმა, არავინ წამირთმევია,
არც შვილის-შვილებს გიხსენებ, არა ვარ ავ სადევია,
ქართველთა შემოგაფიცებ, სახერხო არ ურევია».

1020
ქართველნი წამოაყენა და შეაფიცა მტკიცეთა:
«ჩემგან აღარა ევნოს რა» თქვენ ასრე დაუფიცეთა.
კათალიკოზი აახლა: წინ მძღოლად გზები მისცეთა.
ამ ყოფით წავალთ იმერეთს, იქ უნდა თავსა ვიცეთა.

1021
როსტომ ამტკიცებს შენს სიტყვას, მტრის მორეულის ყოვნებას,
არ სიკვდილს მორეულისას, სადაღაც უნდა გაშვებას;
საბოლოოდაც იხედავს, ვერ ხედავს კარგად ჩვენს ვნებას,
თუ ჩემთვის ბოლო მოეღო, ჰპოებდა ვერ მოსვენებას.

1022
თუ დავესრულე სრულობით, ასრე ჩნდა საქმე ბოლოსი,
მასაც ხელს ჰყოფდა ყაენი, მოეხმაროდა არ ოსი;
ის ჩემდენს ვერ გაუძლებდა, ვით მოთხე ტანისამოსი.
ასრეა, მე დამიჯერე, მიხვდების კაცი სალოსი.

1023
რა მივედით იმერეთსა, ჩვენი საქმე მათცა ნახეს,
მოვიდეს და მოგვიტირნეს, მათცა სულთქვნეს ჩვენთან, ახეს;
ცოცხალთ საზღო, მკვდართ სამარხი ყოვლიფერი მოგვინახეს,
დაგვიტირეს გულმწუხარედ, სასიცოცხლო შეგვინახეს.

1024
დამრჩა ოთხი შვილისშვილი: სამი ვაჟი, ერთი ქალიც,
სულ უფროსი ხუთის წლისა, ცქვიტნი, კარგნი, მუხლად მალიც,
ყმაწვილურად თამაშობდეს, ხან საქციელ განაკრძალიც.
სულ უმცროსსა მეფემ შვილად ზრდა დაუწყო, არს ობოლიც.

1025
ვიყავ გლოვაში წლამდისი, გათავდა წელიწადია,
დადიანს დაეპატიჟა, მეფემაც ბრძანა: «წადია».
წაველ უფრორე ამისთვის, სხვა საქმეც რამე მწადია,
ბატონისშვილი მამუკა ხელთა ჰყავს, ვინ არს დადია.

1026
ოდეს ლევან დადიანი აქ ლაშქრითა მოსულიყო,
თვით გიორგი მეფე ხელთა დაერჩინა, მგონ კმარიყო,
მას თავი დაახსნევინა, მობძანდა და მომკვდარიყო,
აწ მეფისა ალექსანდრეს საქმე მისგან წამხდარიყო.

1027
იყო ამათში მტერობა, ყოვლთ მტერთა უბოროტესი,
მიხდომ-მოხდომა, ხმლისა კვრა პირისა, არა კოტესი.
აწ აქვს დადიანს მეფეზედ ძალი მწვე უუმეტესი,
დადიანსა აქვს ნარჩევი პაატა, წუწკი კუტესი.

1028
აწყა კიდევ მოსულიყო და მამუკა დაერჩინა,
დაეშინა შუბი, მაგრამ სალამაზოს მოერჩინა,
არ მოეკლა, წაეყვანათ, ოდიშს კარგად დაერჩინა,
ჩემს მოსვლაზედ დაეტყვევა, ეს წუწკ კუტანს გაეჩინა.

1029
წაველ, მინდოდა მამუკას შუამავლობა, აშვება,
ამათი გარიგება და იქ ნადირობა, აქ შვება.
დადიანს ჩამოვიყოლებ, სულძაღლი არ მოეშვება,
წუწკი არ მისცემს თავს ხელთა: «რას ჰქვიან, არ გაიშვება!»

1030
მიველ, ვნახე დადიანი, უტირე და მომიტირა,
მას ცოლ-მკვდარსა, მე შვილ-მკვდარმა, მიუმჩნივეთ მწარედ ვირა,
ჩვენმა შეყრამ, მოთქმის ხმამან მუნა მყოფნი გააკვირა,
სიტყვა ისმა იქით-აქათ, თქვეს: «რუსთველი გაავირა».

1031
რა გარდავსწყვიტეთ ტირილი, კვლა იმანც მოიფოჟოლა,
წავედით სანადიროდა, ტყეები ვრეკეთ მუნ ჟოლა,
შემოღობილთა დადგომა, გრძლად ტყეთა ჯილგის მიყოლა.
ჩვენ და-ძმათ შვილთა გვიხარის ერთმანეთისა თან-ყოლა.

1032
პაპა-ჩემსა ალექსანდრეს დავამსგავსე მშვილდოსანად,
მშვილდისა და ისრის სიგრძე სისხო ჰონდა ვითა მანად;
სამამაცო ყოვლი საქმე ბევრი სჭირდა კიდეგანად,
მაგრა ვერცხლის-მოყვარება გულსა ესვა, ვითა დანად.

1033
ლხინი მაჩვენა კარგები, სალაროს კარი გამიღო,
ვნახეთ ტურფანი ეგზომნი, მე ანგარიში წამიღო:
მურასა იარაღები უანგარიშო, საჯიღო.
გამოველ, ჯაზაირი და ერთი სამოგვე მამიღო.

1034
ვეცადე მათს გარიგებას, გამეწყობოდა რითაცა,
ხვეწნით და შემუდარებით, კვლა ფიცით მისით რითა ცა.
ასეთი სიბრძნე უამბე, მოამშვიდებდა გმირთაცა,
წუწკი ეტყოდა პაატა: «ამდენი სიტყვა ვით აცა?»

1035
მან მიზეზი უარისა მითხრა ცუდი ბევრი რამა,
რას უჯერა ერთს კუტს კაცსა, ან შეიპყრა ისე რამა?
რა შესცოდა მაგისთანა, შვილს მოუკლავს მამიდამა?
საქართველოს დაასუსტებს, ასე უღვთო საიდამა?

1036
თუ ისინი შემერიგა, რაც მინდოდა მას ვიქმოდი:
ორთავ ბევრი ლაშქარი ჰყავს, გამიგონე, ახლოს მოდი,
ვალაშქრებდი ჩემს მტერზედა და ბოლოსაც დავაქმოდი,
არ იქნა და მეც დავეხსენ, ვერ ავიღე ჩემი მოდი.

1037
ამად მინდა მათი შეყრა, ის ძმა იყო და იგ სიძე,
ეს არ იცი, ვით ძმა არის დადიანი, ან ვისი ძე?
მე ძმის-შვილი ვარ, ის დისა, შუაზედ ღობე ისი ძე.
დარეჯან მამიდაჩემი და დავით მას გაუბიძე.

1038
არ გაერთდენ არას საქმით, ორთავ ბევრჯელ შევეხვეწე,
მათი საქმე დაკორდვილი რაზომ წმიდად ჩამოვხვეწე,
გარდავსწყვიტე მათით ღონე, ახლა სხვაგნით გარდვიხვეწე.
ვაიმე თუ ვერც რამ იქ ვქნა და ცუდადრე წავეწეწე!

1039
თუ ყმა ბატონს მოერევა, აჯას აღარ გამოართომს,
ბევრია რომ ღმერთსაცა ჰგმობს, პირში სულსაც ამოართომს;
მამუკასა თვალებს დასწვავს, კარგს ვაჟკაცსა, არ თვალ-სადგომს.
მერმე მოჰკლავს დიდის სარჯლით ციხესა და ერთს ავს სადგომს.

1040
არ მომიკვდა მე გიორგი, მეფე ზრდიდა რომელს შვილად!
ჯერ ყმაწვილი ხუთის წლისა, უსუარი, ისრევ ჩვილად.
კრულმცა არის ჩემი ეტლი, არ მამესწრო პაპას ზრდილად!
ჭირი ჭირზედ დამეტმასნა, თავს გარდავსდებ სასიკვდილად.

1041
ვთქვი, თუ: ეტლი უკუღმართი ჩემი ბრუნავს მუდამ ასე,
არ მაჯერებს იმდონს ავსა, რომელ ათსა უფრო ასე.
რაღაც დარჩა სასიკვდინე, შენ ლახვარი მე დამასე,
რად არ მამკლავ, რად გინდივარ, დამაბერე, დამანასე!

1042
ძნელი არის გამოშვება, რა შეიპყრობს კაცსა ჭირი,
უკუღმართის ჩარხის ბრუნვა მაგრა ექმნას მონაჭირი,
ლხინი, შვება, სიხარული მისთვის იქმნას გასაჭირი.
ასე ძნელად მოურჩება, გალამაზდეს ვით დუხჭირი.

1043
თუ მოსავალი არ მოვა, კალო რით გაილეწება?
უბრალოდ ვინმე შემოკრავს ლოყას, გამიხდეს ლეწება,
მარჯვენეც უნდა მიუპყრა, საქმე ვქნა შესახვეწება,
როდეს ის ბადე შეიპყრობს, მას ვერვინ გარდეხვეწება.

1044
რასაც ვამბობ, კარგად სინჯავ და გაარჩევ, ვიცი, კარგ-ავს,
ეტლმან მიპყრა კირჩხიბისამ, ჩემთვის კარგი არასა გავს.
მას მოისთვლებს მემუშაკე, ძირად რასაც ნერგსა დარგავს.
თუ ვერ ვირგებ ამ სოფელსა, ღმერთი მუნ არ დამიკარგავს.

1045
სვე და ბედი გარდმეხვეწა, ვხედავ სხვაგან განაქცევსა,
სახელმწიფო დამეკარგა, ვსჭვრეტ ოხერსა, მონაქცევსა;
თვალთა ჩემთა ცრემლთა ხშირად შიგან ვცურავ მონაქცევსა,
ჩემთ საყოლთა სიკვდილისგან არ მოველი მონაქცევსა.

1046
ორნიღა დამრჩენ ძმისწულნი, რამე ვქმნა, ამას ვგონობდი,
ვთქვი: ერთს რუსთ მეფეს მივართმევ, წინაშე მიუძღონობდი,
ეგება კარგად მომიხდეს, თათართ წილ იმას ვმონობდი;
თუ ორნივ ჩემთან ვამყოფო, ავად მომიხდეს, ვღონობდი.

1047
რაც მყვანდა, ყველა თათართა წამართვეს, მივეც თუ ნებით,
იგ მეტად ავად მამიხდა, ჭკუითა ვქმენ თუ ცთუნებით.
ურჯულოთ წილად მორწმუნეს აწ ამას დავემონებით.
ერეკლე რუსეთს გავგზავნოთ, ხელმწიფეთ მოსაწონებით.

1048
შვიდს წელიწადს მოვიცადე, კიდევ რასმე შევეცადე,
მაგრამ ბედსა უკუღმართსა ასე რიგად დავებადე:
ვერა ვირგე მე მათითა, ღმერთს ამ სვეზედ დავებადე.
აწყა რუსეთს გავემზადე, იქით წასვლა დავიქადე.

1049
ახლა ვსთქვი შვიდის კრებისა, მამათა წმინდათ დასება,
სჯულის სიმტკიცე ნათლისა, მით მიერ შეიმოსება,
სარწმუნოება მართალი მუნითგან დაეთესება,
ჯერკვალთა, დრკუთა, მწვალებელთ ოდითგან ეყო დავსება.

1050
ვარდს ბულბული გავაუბნე, შემოდგომა გაზაფხულსა,
კვლავ სანთელსა პეპელაი, მისგან დამწვარ, დადაგულსა.
ამ დროს ლექსი ვით გავაწყევ, ძლივღა მხედავ მე სულდგმულსა?!
მუნ «მაჯამას» შეყრილს ხედავ, არ იქი-აქ დაკარგულსა.

1051
ეს ვეჭობ შენცა იცოდე, კაცს რას დროს სიბრძნე უწესებს!
ოცდათს წელიწადს იმატებს ძალ-ჭკუას, ცოდნას დას-დასებს;
ორმოცამდისი დადგება, არ იკლებს, ამად ითავსებს,
მერმეღა წავა კლებაზე, ოდითგან ვეღარ ისავსებს.

1052
დასტურ თქმულა, სიკვდილამდის კაცი ცოდნას ხამს იწვრთიდეს,
მაგრამ მოუძლურებული ჭაბუკისდენს ვით შესმიდეს?
თუ უცოდნი დაიწვართოს, ზოგი წვრთნილი დაავიწყდეს.
მე ეს დრო და მწუხარება შემომესწრო, ცრემლი მდინდეს.

1053
გითხარ სალექსე დროები აროდეს არ შემომესწრო,
ან მოსვენება მენახა, ან ჯავრისათვის დამესწრო,
მაშინ მნახევდი თამამად, თუ შენთვის მე არ წამესწრო!
ხელმწიფეს ვნახავ, თანხლება ვის გვართებს, შეგრცხვეს, არ მესწრო.


< . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . >


პასუხი კვალადცა მეფისა 

1056
ხანგრძლად სხვათა კართა ყოფა კაცსა ცეცხლად მოედება,
მუდამ მოყვრის პურის ჭამა საყვედურად დაედება;
რა გინდ რომე არა აკლდეს, მაშინც გაუგემურდება,
ვეღარ გასძლებს შემოცდასა, ამად სხვაგან გარდეგება.

1057
მამეწყინა ამდენს ხანსა მე მოყვრისას პურის ჭამა,
აწ მივმართე რუსთ ხელმწიფეს, ვინ მწერს «ხარო ჩემთვის მამა».
განვლე ზღვა და ხმელეთიცა, მამაწყინა ხანთა ზმამა.
მისი სიტკბო, თავმდაბლობა კაცს ვერ უყოს ვერა ძმამა.

1058
მიველ, დამიხვდა ხელმწიფე დიდისა მოწყალებითა,
სამართლიანი, რჯულ-მტკიცე, სხვათ მეფეთ უმაღლებითა;
დიდად პატივმცა, შემიტკბო გულითა მუნ მდაბლებითა,
ვითა მართებდა მამასა, შვილურად ალერსებითა.

1059
პირველს ნახვაზედ არ ადგა, ხელს ვჰკოცე, თავსა მაკოცა,
დამსვა მის ახლოს, ალერსით სიტყვები კარგად ამკოცა;
მამიკითხა და სიტყვითა თვალთ ცრემლი ტკბილად მამხოცა
თუ ღმერთს სწადს შენი სასჯელი, არ წახდეს, არ დაგამხოცა.

1060
მეორეზედ კვლა მიმიხმო, მიველ, იჯდა თავის წინა,
ადგა ტახტით, მამეგება მე ხელმწიფე კარგა წინა,
ხელი მიპყრა, მერმე ბრძანა: «ეს მმართებდა მე უწინა,
ამად ვერ ვჰქენს მაშინ, რომე დიდრონს რუსეთს არ ეწყინა».

1061
ამიყვანა თავის ტახტზედ, დამსვა, შუღლი არ შეგვექნა,
დავითისა ნათესავსა ვიცი ბოლო არ დაექნა;
არ ვღირსვიყავ, გული ჩემი შემიწუხდა, ვითა მექნა?
რადგან ისრე მოინდომა, ან მე რაღა ძალი მექნა?

1062
მოაღებინა ვახშამი და შეჰყვა წვრილადა სმასა,
უცხოდ თავმდაბლად მამეპყრა, ვით ჰფერობს ტახტზედ დასმასა.
მუხლ-და-მუხლ უჯე, თუ ვღირსვარ პირსა მის ფეხთ-მტვერთა სმასა.
რაც გარდამხდოდა, მკითხევდა, მე მოვახსენებ აწ მასა.

1063
მიბრძანა: «იმედი გქონდეს, ილოცე, ღმერთს ეხვეწეო».
მე ლაშქრის მოცემა მინდა, მით მისკე გარდვიხვეწეო,
არც დრო მაქვს საქმის მოცდისა, სიბერით დავიხვეწეო,
ვერ მოვიცადე, წამოველ, ვეღარ ვიშოვნე შემწეო.

1064
ვნახე სიდიდე უფროსი, სხვა რაც ხელმწიფე მენახა.
მიბოძა ბევრი სალარო, რა უყო რად შემენახა?
შენად სასმენლად გიამბე, რასთვის არ ისმენ შენ ახ ა?
აშთარხანს მოველ, მომირთე, სოფელო ვაი შენ ახა.

1065
სამოცდათის წლისა ვიყავ, როს რუსეთსა გავემართე,
წაველ შორეს ქვეყანასა, ზღვა-ხმელეთსა დავემართე;
რაცა მწადდა ღონისძება, იგ ვერცერთი ვერ მოვმართე,
ცუდ-მაშვრალმა, დაღალულმა, ისრევ იმერეთს მოვმართე.

1066
აშთარხანს მოველ, საზარო ამბავი მაშინ მომესმა,
აწ ნუღარც შენ შემიბრალებ, გულსა ლახვრისა მომე სმა,
მწუხარებისა საწდევსა სამსალით მმართებს მომე სმა!
ყოვლი იმედი გარდმიწყდა, რად, ღმერთო, ძისა მომე სმა?

1067
მიამბეს, თუცა ძნელია აწ ჩემგან კიდე სათქმელად,
მაშინ მივჰქონდი ღელვასა უფსკრულთა მე დასანთქმელად;
ნათელი თვალთა დამიშრტა და გარდამექცა ცა ბნელად,
აწ ამას იქით მეშველმან მიშველოს მედა მწვე ძნელად.

1068
პირველ ჩემს ყმათ გაეგონათ, დასტეხოდათ მწარე ზარი,
მოევაჭრათ ღვთის რისხვის დღე, გაეშალათ მათ ბაზარი,
ყოფა ექნათ საკვირველი, გაეკვირნეს მით ხაზარი.
რა ეს მითხრეს, დასამხობი ამოუშვეს მაღლა ზარი.

1069
მოცვიოდიან საზარლად, მაგრამ დავაზრდი ვერასა,
თავსცემით პირსისხლიანნი იგლეჯდეს თმათ და წვერასა:
«ვაი დაგვსია ნათელი, მზე არ ჩანს დანაწვერასა,
გული დარია ლახვარმა, არა გვჩხვლეტს დანა წვერასა».

1070
დამიჩოქეს, შემომზახეს მაღლის ხმით და ცრემლთ დათხევით:
«ჰე, მეფეო, მოგკდომია, ვის უჭვრეტდი სამოთხე ვით,
პაპას ბიჭი ახალ ნორჩი, ჯერ არ სრული მაღალს ხე ვით,
ზღვას დაუნთქმან პატრონ-ყმიან, არ დამრჩვალან მცირეს ხევით».

1071 გარდავიქეც მასვე წამსა, ამის სმენა ვით გამეძლო?
გულიც მქონდეს მაღნიტისი, მის ჩამოღმა ან გამეძლო?
მასვე წამსა მობრუნება ჩემი არვის არ შეეძლო.
გამოვემხვე ყოვლს კეთილსა და დამეხშა ვითა სასძლო.

1072
ცოტად რითმე მომაბრუნეს თვალ-ფახული, გულ-დნობილი,
ვთქვი: «რა რისხვა მამევლინა, ესდენ ვიქმენ მე ცნობილი?»
კვლავცა მითხრეს საზარელი სიტყვა ერთად შეწყობილი.
ავიოხრე, მადლი ვჰკადრე, ვინ ქალწულის არს შობილი.

1073
ვჰკადრე: «ღმერთო, კურთხეულ არს გაგებული შენი ნება,
მაგრა მამხვდა სიბერის დროს უხოიშნო დიდი ვნება;
მით მეწია რისხვა შენი, ვერ ვათავე შენი მცნება.
სულს ნუ წარსწყმედ, ხორცს გაჰყარე, სხვაღა ღონე არ ექნება».

1074
ეგზომ ცეცხლში გამომდნარსა, სთქვა თუ, რაღა დაეწოდა?
არ თუ ჩემი ყოფილიყო, სხვის ვისგანმე მომეწოდა,
შვილისშვილად არ მყოლოდა, შვილობილი დამეწოდა,
მაშინც ხამდა სიკვდილზედა ზე სიცოცხლე დამეწო და.

1075
არ მინახავს მე მისთანა არც ჩემი და არცა სხვისა,
თვით მნახავი ბევრის კარგის ვარ, როგორცა დღის ავისა,
არსად მახსოვს იმისთანა მენახის და ვჰკითხო ვისა?
თუ ეს ვისსა შესწრებოდა, შეჰნერწყვიდა მის რამინსა.

1076
მისნი მნახნი მას იტყოდეს, ნაშობია მო ეს რისა?
ხედავ, ჰკრთება სხივი მზისა, ვით ისარსა მოისრისა,
გულიც გვქონდეს ალმასისა, დაჭრა მისგან მოისრისა.
ვარდი ვარდსა დაუჩაგრავს, ვითა ხელით მოისრისა.

1077
სხვა მისებრი ცხენოსანი, ვის უნახავს მოისარე?
ვით წავიდის მხიარული, მჭვრეტელთ გულს ჰკრის მო ისარე,
ჯერ უწვერულს პირსა მზესა წარბ-წამწამი მოისარე,
ყოვლთ სულდგმულთა სატრფიალო, მსწრაფლ გული რად მოისარე?

1078
ხორცი უმანკო დაიცევ, სული მით გაგწრფელებია,
მკლავს ძალი ამჟამ ურკენი გულ-მაგრობ, გაგსალებია,
ფიცხელნი ფერხნი, კისკასნი, სიკეთე არსად გკლებია,
სხვა ამის მეტი რადა ჰყავ ოხერი პაპა-ბებია?

1079
თუ პატიჟი სიკვდილს აწვევს, მაშ სად არის, რად არ მოვა?
რაც მყვა, ყველა დამიხოცა, მე, გლახ, მარტო მისთვის მპოვა;
ყმანი ჩემნი დიდებულნი შემომძარცვა, შემომძოვა,
მწიხნა ფიცხლად საწერტლითა, გაუძღომლად სისხლი მწოვა.

1080
მეფეს ექნა საკვირველი გლოვა დიდი მეტის-მეტით,
გამცხადებელნი მოვიდენ, სულ იმედ-არ-გარდაწყვეტით.
ვიცი ჩემთვის ურგებია, მამიშინე თავსა კეტით,
აწ ერეკლე წამომგვარე, სულ არა ხარ ამოწყვეტით.

1081
მეფის ელჩებიც გავგზავნე და ჩემიც თან გავატანე,
ხელმწიფეს ვსთხოვე ერეკლე, სათუო არ დავატანე.
მწუხარებისა კანკალი ჩემს გულსა ხორცსა ვატანე,
რაღაც წამომყვა რუსეთით სალარო, თან მოვიტანე.

1082
მოველ იმერეთს, დამიხვდა კვლავ მკვდარი დედოფალია,
თუ გზას ვჰკითხევდი კამათელს, სულ მამდის ავი ფალია;
მართ დაჰკდომოდა ლუარსაბს, მიწათა დანაფალია,
დამტირებელთა ვიტირებ, ჭირისა მე უფალია.

1083
აღარ ვიტყვი მაშინდელსა, ეგებ გული არ გეტკივნოს,
ვით გაუძლო ამ საქმესა, მიწაც ვინმე გამარკინოს?
წყეულმც არის ეს სოფელი, თუ კიდევე არ მერკინოს,
ნაძლევი ვარ, ამის უფრო თუღა ვინმე დამაკნინოს!


აქა ლევან დადიანის სიკვდილი და მეფის ალექსანდრესგან ოდიშისა და გურიის და აფხაზეთის დაჭერა 

1084
დადიანი მოკვდარიყო, მეფეს ეპყრა ლიხს იქითი,
სულ აეღოთ ციხეები რუხ-ნაქალაქევ-ჭაქვითი,
სალარო თან წამოეღო ცუდ-მუდებსა მას იქითი.
აფხაზეთიც დაეჭირა, სრულ სვანეთი საქვეითი.

1085
ვამიყ იყო დადიანის ბიძაშვილი, არ მის გვანი,
ის დაესვათ დადიანად, ვინ არს ლიპარიტიანი,
ბატონობის შეუფერი, ვითა დვალი, ანუ სვანი.
ვერ მოევლო ოდიშისთვინ, გლახას მართებს რცხვენოვანი.

1086
კვლა დადიანსა ძმისწულნი ჰყვანდა მამუკა, ლიპარი,
წასრულიყვნეს როსტომ-ხანთან, მოეხმარა მას ლაშქარი,
როსტომ-ფაშას, ათაბაგსა, კვლა იმასაც მისი ჯარი,
ქაიხოსრო გურიელი და ერთპირად ოდიშარი.

1087
შეყრილიყვნენ მეფეს ზედა, ამათ ექნათ ერთპირობა,
მოსულიყვნენ ბანძას, მაგრამ მეფე წყალს კი გაესწრობა.
მეფე მარტო იმერელთად ხლმითა ავად მიეპყრობა.
გამარჯოდა სასახელოდ, საქართველო მით ეპყრობა.

1088
უწინც ჰქონდა, ამ ომს უკან დაეჭირა უფრო მაგრა,
დაეხოცა ორგულები და ზოგი კი დაეჩაგრა;
სამღრთო საქმეც ახლა ეწყო, სინანული მოესაგრა,
აწ მარგებდა უსაცილოდ, არ დასცალდა ხანი მაგრა.

1089
როსტომ მეფეც მომკვდარიყო, ვახტანგს ეწყო ქართლის პყრობა,
ყაენმა სიყვარულითა უწოდა შანავაზობა,
კაცი მხნე, ზნეობიანი, სიფიცხით ვით ავაზობა,
მამაცი, კარგი სარდალი, კარგად იცოდა რაზმთ წყობა.

1090
ამ ხანად მეფეც მამიკვდა, ვეღარ გასძლო წელიწადი,
ჭკუათმყოფი დიდად ტირან, ეძახოდეს, თუ: «სა წადი?
საქართველო დაემხობა, მტერთ მიხვდება სულ საწადი,
ჩვენ წახდენად ქვე დაგვყარენ, შენ სუფევის ტახტსა ადი».

1091
მეფე მოკვდა ლიხს იქითსა, საქართველოს თან ჩაიტანს,
ალაღდებიან თავადნი, ერთი-მეორეს აიტანს,
ერთი-მეორის სიკვდილად მოვა, ამხანაგს მოიტანს.
ერთმანერთს ხოცა დაუწყეს, თავს აშორვებენ მო ი ტანს.

1092
წამოდგა მეფე ქართლისა და ვამიყ დადიანიცა,
იმერეთზედა ილაშქრეს, მთიდამ ალაღდა სვანიცა;
დამოყვრდენ, შუა გაიყვეს მთა-ბარი, შუაგანიცა,
მო, ისიც გითხრა, ვამიყის საქმენი შეუგვანიცა.

1093
მე დავრჩი ყოვლგნით ოხერი არგვეთს, ციხესა სკანდისას,
ვამიყთან როგორ მივიდე, პურს ვსჭამდე უხლმოს კაცისას?
ქართველს ბატონსვე მივენდევ, მისივ ვარჩიე იმისას,
გზას ვსთხოვდი საფიცარითა ყაენის კარზედ წასვლისას.

1094
მომცა მეფემ საფიცარი: «არ დაგიშლი მე მაგასა».
ამად ვჰქენ, რომ ყაენი არ უმადლოდეს ამას სხვასა,
ჩემის ნებით მივენდობი, ვნახო, რას იქს მუქაფასა.
მაგრამ არას დამიმადლებს და დაარქვამს გაგზავნასა.

1095
მიველ ვახტანგთან, ვით მართებს, დამხვდება ეგრე თავმდაბლად,
ხელი შემიწყო, კვლავ იყო ყოფაქცევითა საკრძალად;
ხმალი, ძალგული, ნამუსი მას ჰქონდა მისად მასალად.
ნებით გამგზავნა ყაენთან, მე მინდა, განა მან ძალად?

1096
რაზომ გამსაჯა სოფელმან, ცდა არ დავაკელ სიკვდიმდი,
არ გავსტყდი, არც შეუზარდი, ვირე არ მოვჰკვდი, მანამდი;
მოსკოვს, სტამბოლს და ისპაანს, მას შიგნით მთა და ბარამდი,
ჩემის სახელის ძეგლები ყოვლგან დავასევ მანამდი.

1097
რაც ვამიყ ქნა, ვის უქნია, სხვას კაცს ასე საქმე ცუდი?
აეშალა ამ კარგს კაცსა ეშმაკის გულს დანაბუდი,
მოყრობიდამ გაეყარა ცუდი, ავად დანაყუდი.
ამ ხლმიანსა ხელმწიფესა სამამაცო ბურავს ქუდი.

1098
ასრე უნდა, მტერმა მტერის თუ სირცხვილი გარდიხადოს,
ჯერ ეს ჭკუა მოიგონოს, მისად შემწედ ღმერთსა ხადოს,
კვლა მიუხდეს ზედა მტერსა, ყოფა ავად გაუხადოს,
მტერი მისი შეარცხვინოს, სასახელოდ მისთვის დადოს.

1099
მიუხდა, ყველა წაართვა სამეფო, სადადიანო,
გურია, აფხაზეთიცა, ჰე, კაცო, ხლმიან-სვიანო!
შვილი მან მეფედ აკურთხა, მოყმე, ჯერ ახალიანო,
ვამიყ და მისნი მიმდგომნი, უყურე, სად დადიანო?

1100
ოდიშს ჩავიდა, იქ დასვა იესეს შვილი ზუგდიდსა.
მოყვარე იყო ამისი, მეცხედრე ე მამიდისა;
მუნ ინადირა ტყეები გარშემო დინაბოდისა.
აფხაზიც შემოიყარა, შიშით ამასთან მოდისა.


აქა ბატონი თეიმურაზ მეორე შააბაზ ყაენთან წაბრძანდა ქალაქით, სიბერით მოუძლურებული 

1101
გამისტუმრა ყაენთანა, მიველ, დამხვდა დიაღ კარგა.
რას დღეს მიველ, მასვე ღამეს, ჯერ მართლაც არ დამებარგა,
მოვიდა და მიდარბაზა, ეს რისთვისღა დამიკარგა?
ძველის მტრისა სიკეთემა ბოლომდისი არ ივარგა.

1102
ის ღამე და მეორე დღე ჩემს სადგომს სვა მხიარულად,
დაღალულსა, შორიელსა არ მაცალა ძილად, რულად;
მიალერსა მამასავით თავმდაბლად და ტკბილად სრულად,
კვლავ მიბოძა უსაზომო, მას არ ექნა დაკარგულად.

1103
რას ვაქნევ გრძლად მის ამბავსა, მარხვაა, განა აღება?
მოცემას ანუ პატივსა ძნელია ხელით აღება.
რას ხელს ვჰყრი ასეთს საქმესა, თუ ბოლო მალ მოღება?
კლდოვან ღირღატთა ადგილთა ვის შეუძლია ბაღება?

1104
დღე ერთ იყო ორშაბათი, როს ჯვარსმცმელთა ექნათ რჩევა,
ამ დღეს ერთი დიდებული ყაენს თურმე ენაძლევა:
«მას თუ ხორცი შენ აჭამო, ჩამოგართვას შენა ძლევა,
ნაძლევი ვარ, რაც მიბძანო, ჩემგან წამერთ მოგერთმევა».

1105
მიველ, ხორცი მომიტანეს, მითხრა: «ხანო, ესე ჭამე».
მოვახსენე: «მარხვა არის, სად ეგ სიტყვა სადიდამე?»
მიბრძანა თუ: «რა იქნება, დამიჯერე, მე მაამე».
კვლავ ხმა-მაღლა უარი ვსთქვი, ვჭამო, ღმერთი არ ვისამე.

1106
გაგულისდა, თასი სავსე ღვინო პირსა შემაქცია,
მეც მაღალი სიტყვა უთხარ: ვინც გნაძლეობს, თვალთმაქცია,
მე როგორ და მარხვის ჭამა, სხვას რჯულზე ვინ მიმაქცია?
მერმე მოტკბა, მიალერსა, კიდე რითმე შემაქცია.

1107
აწ უყურე ხელმწიფობას, გაათავებს ლხინს რა, სობათს,
თვითან წავა აშრაფსა და მე გამგზავნის ასტარაბათს;
დამაშხამებს მის სიტკბოსა, შარბათის სმას, მერმე ნაბათს.
ამავ ზამთარ მივიცვლები, წელსა დავჰყოფ ვეღარ აბ ათს.

1108
გულსა სწადდა, თუცა კიდევ ვაჟკაცობა მომეახლა,
ხანთ გამოსვლით დაცავბერდი, უძლურს ვითღა მომეახლა?
ჟამი ჩემი დაილია, სიკვდილის დღე მომეხლა.
ძოღან რომე ნაძლევი ვთქვი, დრო მოვიდა, მომეახლა.

1109
სოფელი ჩემის ცემითა არ დაშვრა, რაზომ დამჯიღა,
ვეღარ გაგიძლებ სიცოცხლეს, რა მოვკვდე, იქაც დამრჯი-ღა,
ყოვლის ლახვრითა დამკოდე, ერთი გაკლია ბარჯი-ღა,
ჩოხა ჩამიცვამს, მივცვლილვარ, აღარ დამასვა თავს ჯიღა.

* * *

1110
ამავ წელს მომცა კახეთი ყაენმა მე, ამის მთქმელსა,
წაველ გზაზედ, თქვეს სიკვდილი, ვინ ეახლების ნათელსა.
თათრებსაც ბევრსა ერწმუნა, მივლენ, უნთებენ სანთელსა,
თავპირს იცხებენ მიწასა მის ნალახ, მის დანათელსა.

1111
დადუმდა ენა რიტორი, ორღანო მზახი, წინწილი,
აქ გამოგზავნა ყაენმა იგ წმიდათ მსგავსი ნაწილი.
სამება მან აღიარა, იგ ერთღვთაება სამწილი.
მას კარ-განხმულნი დაუხვდა, სასძლო მზა მუნ საქორწილი.

1112
ალავერდსა მოასვენეს, შეკრბეს სრულად მღვდელთ-მოძღვარნი,
კათალიკოზი დომენტი, მათ განახვნეს საყდრის კარნი.
მიასვენეს, მუნ დაკრძალეს მოწამეთა თანაკმარნი.
მოწამეთა აღიარეს, აღუვლნა ცისა კამარნი.

1113
თავად ბატონი მეც ვნახე სიბერით მჯდომი კუბოსა,
ვეღარ ცხენს ჯდომის შემძლები, მტერზედა ვა უშუბოსა!
მისებრი სახელოვანი დედამ სხვა ვერვინ შობოსა.
კაცი რას გაიგონებდა მისის სიტყვისა უტკბოსა?

1114
მეფეთ ამბავი მეფემა შევჰკრიბე საქართველოთა,
ვეჭობ გაამოს სასმენელთ, ვით კარგა მოისთველოთა;
ხან გაიხაროთ ლხინზედა, ხან თვალიც დაისველოთა.
გვედრივარ, სული საკოდი თქვენ ლოცვით გამიმთელოთა!

1115
დიდება ყოვლი სოფლისა განქარდეს, ვითარცა ავლი.
თუ სოფლის საქმეს ავჰყვები, სასუფეველში ვერ ავლი,
ვითარ მოვსულვარ შიშველი, აგრევე აქადამ გავლი.
მიჯობს წამალი სულისა, საძებრად მისდა სამ დავლი.

1116
არა განმართლდეს ყოველი ცხოველი წინაშე შენსა,
დღე ერთ იყოს თუ ცხორება, ნუ ხანგრძლად ვინმე მოშენსა,
აურაცხელი წყალობა გაქვს, ზოგჯერ რისხვაც მოშენსა,
რაღა ვთქვა, ტვირთი ცოდვისა მამძიმებს, ერთობ მაქშენსა.

1117
უქმი სიტყვისა ჩემისა, ვამე, თუ პასუხი მთხოვო!
ვიცი, ნაცვალსა არ მაგებ, ბოდიში თუ მოვითხოვო.
მე ნუ განმანქრევ დაწვადა, შენ, პურო, ცხოვრების ხოვო,
რა მაქვს პასუხი მოგიგო, თანანადებნი მკითხოვო.

1118
ცუდად ყოფნით ამის მეტი სხვა ვერარა ვიმუშაკე,
ორსა წელსა მთა ვიარე, ვერსად ვნახე ერთობ ვაკე.
ყველა ვინმე კარგად დამხვდა, ვის ბერწი ჰყვა, ან ვის მაკე.
მომიძიე შეცთომილი, ქრისტე, შენვე მომიბაკე.

1119
ნათქვამია ესე ასრე, კაცს რომ მარტოობა ექნას,
წინ დაედვას ქუდი მისი, გაბრჭობოდეს, ასრე ექნას.
ერთი ცუდი რამ მიზეზი სუბაობას შემოექნას.
იმას ესევ ვამჯობინე, ბოლოც ადრე არ დაექნას.

1120
უნაყოფო არ დავაგდო მე სოფელი, თუმც ვინ მაქოს,
უგბილთაგან მოწონებას, ეს დია სჯობს, ბრძენმან მაქოს;
ჩემს თქმულზედან ყიბარჩობდენ, გაიგდებენ ვითა მაქოს,
იშვებდენ და იხარებდენ, ჰკრებდენ დაბდაბს ზედა მაქოს.

1121
იცით, საუნჯეს უხმარსა სჯობს გაცემული ყოველი,
ვით ცის გამხმარსა ჰაერსა ზომირ წვიმით სოველი.
მართ უტყვი ბრძენიც ცუდია, თქვენც დაგმოთ, ამას მოველი.
ვითა მცონარსა მოღვაწე, სჯობს უტყვსა გამომეტყველი.

1122
ქვეყანა არის ნაყოფთა მომცემი, გამომღებელი,
ზოგი ერთს ბევრად მომცემი და ზოგი გამბიცებელი.
ეგრეთვე კაცი იქმნების მართ კარგის შეუძლებელი,
სხვა ბრძენი, ტკბილად მეტყველი, წვრთნილობის მაუწყებელი.

1123
მართებს ბრძენსა გონიერსა, რაც იცოდეს, არ მალევდეს,
ესრეთ ბრძანებს სახარება, აღორძინდეს, არ გალევდეს;
დაცადევით ტალანტიო, სავაჭროსა მოიძლევდეს,
სახიერი შესძინებდეს და მედგარი დამალევდეს.

1124
ეთქვა: გამართე ლექსები, მომწყინდა სიტყვის ძებანი.
მას ეთქვა ტკბილად გაწყობით, ვის აქვს მეფისა ძებანი.
მწერალსა ვეღარ ევარგა დაღრმობილთ გამოძებანი.
სახლსა ვერ ამკობს სართული, სწორებით თუ არ ძებანი.

1125
თქვა ესე ვინმე უგბილმან: «რაღაცა მინდეს სხვისაო?
წვეთი მე სვისა არ მნებავს, ღრმა ჭური მებრ სიბრძნისაო».
სხვამ გონიერმან მიუგო: «არა ვარ მე მაგ ჭკვისაო,
ცვხარი სიბრძნისა ჩემდა და, თუ გინდა, შენ ზღვა სვისაო».

1126
მწვირეშიგ მჯდომმან აყვედრა, ვიც ცვარი აჯდა ზედაო,
შესძახა: «დასველებულხარ, მე გხედავ ავ-სახედაო»
კვლავ თვალში ბეწვი უპოვნა, ვის თვითან ჰქონდა ხედაო,
მიუგეს: «შენსა ვერ ჰხედავ, საწყალო, ცრუ-სახედაო».

1127
ბევრი საქმე უნდა სცადო, თუ გინდა გამოიცადო:
ბევრი უნდა მოითმინო, ავი კარგად მოიცადო,
ავი საქმე, ავი სიტყვა გულით აღარ გაიცადო.
რა ესე ჰქნა, დახალასდე, ნაწველმან გამოიცა დო.

1128
ეგ ნუ გგონიათ, სხვა ენა მეც არ ვიცოდი სხვასავით,
მაგრამ ცუდია გარევა ქართულს ენაში სხვას ავით!
იესო ქრისტე ვის არ გრწამს, მიკვირს, სხვას ღმერთსა ესავით.
თუ იგ არ შეგწევს, ცუდია, მარტო ვერას ვიქთ ესავით.

1129
ორს მელექსეს ჩამოისად სხვა მელექსე მე ამებით,
არა მძულხართ, ყველა გაქე, თქვენის თქმულით მეამებით.
რაც თქვენ დაგრჩა, მე ავჰკრიბე, ამას ნურვინ მედავებით.
სტუმარს დავხვდე ნახორხალით, თქვენით უკეთ მე ამებით.

1130
რაც მასმოდა, ან მენახა, ამბავი ვთქვი მე მართლები,
ანუ ლხინი, ანუ ჭირი ერთმანერთზედ დანათვლები,
სიმართლე და კვლავ სიმრუდე, ვინ ბნელი ქმნა, ან ნათლები.
თუ შენდობას არ მიბრძანებ, წყევლას არვინ მემართლები.

1131
ცხრა თვეს ყველა გავათავე, სულ ამაზედ არ მოცლილმა.
ოსეთს ვიყავ ფაიქომში, საქართველოს გამოცლილმა.
რად ამაზედ მამაცალა სოფლის ბრუნვამ, ვითა ჩრდილმა?
აქ აშთარხანს გავათავე არჩილ მეფემ ასრე ზრდილმა.

1132
მიხმს ესე ჩემი ნათქვამი ვთქვა ყოვლთა მოსაწონარად,
ფასად მომცემდენ ქებასა, სიბრძნესა მოსაწონარად;
დავაგდო ჩემად სახსოვრად, შენდობის მოსაგონარად,
თუ არვინ მითხრას შენდობა, ვერა მთქვან ცუდად მცონარად.


მოამზადა ირაკლი ხართიშვილმა