Thursday, September 28, 2017

ქართლის მეფის ვახტანგ მეექვსის პოეზიიდან


შეგონება 

კაცმან უნდა თავის საქმე ყველა ღვთითა მოივარგოს,
ამ სოფელსა ხელი ჰყაროს, იქაც ბარგი დაიბარგოს,
მოყვარეთ და ამხანაგთა თავის რიგით რამე არგოს,
სახელის ხე საჩრდილებლად წყლისა პირსა სამე დარგოს.

* * * * * *
 რანი და, მოვაკანი და, სახლი და, კარი, ბანი, და,
გათავდა ყოვლი წერილი, ანი, ბანი და, განი, და...
ვიარე ყოვლი ქვეყანა, სიგძე და სივრცე, განი, და,
ვერა ვპოვე რა მის მეტი, დავყარე ძმა და დანი, და...
ხორცსა მრავალი დავაკლე, სულს მივეც იგი რჯანი, და,
ვაი-ვაჲ, მსაჯეს უბრალოდ, არ მომცეს მე აჯანი, და!


ვაი, სიკვდილო 

რა დავიბადე, სოფლით ვიბადე, ვაი, სიკვდილო, მწარე სიკვდილო!
მეგონა რამე, სოფლისა რა მე, ვაი...
მივჰყევ სოფელსა, ავის მყოფელსა, ვაი...
განვცხერ, ვიშვებდი, ვერ გავიშვებდი, ვაი...
მატკბო, მაგემა, არად სარგემა, ვაი...
შენ ვერ გიცნობდი, თუცა მიხმობდი, ვაი...
მოხველ ანასდად, მტრად, და არ ჩემ დად, ვაი...
მომკვეთე მსწრაფლად, მიწას მეც ღაფლად, ვაი...
მოვშორდი ცოლსა, შვილს, თანამყოლსა, ვაი...
მოვშორდი ძმასა, გამყარე დასა, ვაი...
მეგობარს, სულთა, საყვარელთ ტკბილთა, ვაი...
მომკალ, მომკვეთე სოფლის მოკეთე, ვაი...
სხვაგან გამგზავნე, დამხვდენ მე მავნე, ვაი...
მუნ განმიკითხეს, დამცეს, დამწიხნეს, ვაი...
რად ენდევ სოფელს, ანასდის მყოფელს? ვაი...
თუ იქ იხარე, აქ კი იხარე, ვაი...
დამხვდნენ მტარვალნი, მწარედ მტანჯველნი, ვაი...
ულხენი მიმყვა, მითხრეს ეს სიტყვა, ვაი...


ვაი, რა მწარედ იწოდა ნაწლევნი მარიამისა 

1
შურით აღივსნენ უგბილნი, წესი ქმნეს მათის მამისა,
სიკვდილს ზრახვიდენ უწესოდ, თუ დრო დაიცენ ჟამისა,
უსჯულო მისი მოწაფე მიცემას ჰპირავს ამისა,
ვაი, რა მწარედ იწოდა ნაწლევნი მარიამისა!

2
მტილში მიუძღვა კრებულთა საწუხი ყოვლის გვამისა,
მღვდელთ-მოძღვრის პალატს მივიდენ გასატანჯველად, ვა, მისა,
ბრალი ვერ პოვეს მის ზედა, კვლავ სცემდენ წამდაწამისა,
ვაი, რა მწარედ იწოდა ნაწლევნი მარიამისა!


ნაცვლად ჩემთა სიკეთეთა 

1
მე შევამკე ცა, ქვეყანა, ზღვა, მთა, ველი, ნაყოფთ გვარი,
აბრამს უხმე საყვარელად, ძედ აღგითქვი თემთა მზღვარი,
განვამდიდრე, განვამრავლე, ზეცით მოვეც ნაყოფთ ცვარი,
ნაცვლად ჩემთა სიკეთეთა აღმიმართეს საკვდად ჯვარი.

2
შევაძრწუნე მეგვიპტენი, რისხვით მივეც დანამწვარი,
აღვაშფოთე სასწაულით, მოუვლინე მკალი, მყვარი,
განვიყვანე ხელთა მათგან უჭირველად დანაგვარი,
ნაცვლად ჩემთა სიკეთეთა აღმიმართეს საკვდად ჯვარი.

3
ღამე უძღვი ნათლის სვეტით, დღე ღრუბლით ვჰყავ იგ მოარი,
ზღვა განუპე, განვიყვანე, მწყურვალთ მივეც კლდისგან ღვარი,
არ განუცვდათ სამოსელი, მანანით ვქმენ გამაძღარი,
ნაცვლად...

4
შევიყვანე აღთქმის თემსა, დაუმკვიდრე მთა და ბარი,
სულ აღვხოცე მტერნი მათნი და დავადევ მათი ზარი,
მეფენი და წინამთქმელნი მივეც მათი გამაზარი,
ნაცვლად...

5
ხორცი ვისხენ ქალწულთაგან, ვიქმენ მათი შენამყვარი,
ბრმათა თვალი აღუხილე, მკელობელი მათი ვარი,
სნეულთ მივეც განკურნება, აღვადგინე მათი მკვდარი,
ნაცვლად...


ლექს-ამბავი 

საწუთროს ბაღი რა ჰქონდა, სცან, ალექსანდრეს, მეფეო,
იდგა ყვავილი მრავალი, სახელის სუნი, მეფეო,
მის ფშვას აღევსო ქვეყანა სხვადასხვა რიგთა, მეფეო,
შვება ვარდისა მრავალფრად გაშლილი შიგან, მეფეო,
სხვანი ლხინისა შროშანნი ჰგიან ფერადნი, მეფეო,
ზამბახის მსგავსად განეღო სიუხვის პირი, მეფეო,
სიმდიდრის იასამანსა სუნით აღევსო, მეფეო,
ჯარ-მრავლობისა ყაყაჩო, ლალა, ხაშხაში, მეფეო,
მიხაკის სუნის ფერისებრ შინაყმა ბევრი, მეფეო,
მღვიძრობის თვალის ნარგიზის სიხშირე იყო, მეფეო,
სიფერადენი ზარდახშნის ინის ყვავილებრ, მეფეო,
სვე-სვიანობის სასახლე შიგ იდგა ცამდის, მეფეო,
დოვლათის შადრევანები მაღლა ისროდნენ, მეფეო,
თავმაღლობისა ალვანი ღრუბლადმდე იდგნენ, მეფეო,
სიხარულისა არღავანს მრავლად ჰპოვნებდი, მეფეო,
მტერთ გულის ფერსა სუმბულსა სიმრავლე ჰქონდა, მეფეო,
კარგთ გულ ფერისა შაბუნი იდგა მრავალი, მეფეო,
გოვარის თასთა ამბარ-ბუ შიგ გაშლილიყო, მეფეო,
ეს ასე შეჰქმნა სოფელმან, ახლა რომ ვიტყვი, მეფეო,
ანასდად ცამან მოჰღრუბლა, ნეფხვრა, გამოსჩნდა, მეფეო,
დააზრო, ზოგი გაახმო, დასცვივდა სრულად, მეფეო,
სახლთ წვიმა-სეტყვით მიეცა ნოტიო დიდი, მეფეო,
გრიგალმან ქარმან იქროლა, შეჰმუსრა სრულად, მეფეო,
შადრევანები ნამსხვრევით აღივსო, დასქდა, მეფეო,
ალვა ძირითურთ აღმოჰფხვრა ქარის სიმძაფრემ, მეფეო,
სჩანს უნაყოფოს მინდორად აწ ახლა იგი, მეფეო,
სოფლის სიმუხთლე ასეა, რად ვინ სდევს, მიკვირს, მეფეო!
აწ შენ ამისთვის რად სწუხარ, უცხოდ მჩანს, ვახტანგ მეფეო!


კაეშანი 

1
დავემონე კაეშანსა, სევდა მომხვდა მისთვის წამლად,
მელნად ნაღველს მოვიხმარებ, აღმოვაწებ გულსა კალმად;
ლხინის ბაღის მოსარწყავად ცრემლი მიმდის გასალამად,
ველი, სადმე გამომიჩნდეს გამომყვანი დასამალმად.

2
სწავლა გავს წყალსა წმიდასა რუულად მომდინარესა.
რა მიხვდეს კარგსა სათესსა დროსა, ჟამსა და არესა,
აღმოაცენებს ნაყოფსა ასწილად შესაწყნარესა.
მორწყული ქვიშა ანასდად გაიდენს, გაიტარესა.

3
მიაგავს ჩვენი სიცოცხლე რუსთა წალკოტის წესებსა,
რა გამოჩნდება ნაყოფი, ჭია სჭამს ბევრ ათასებსა,
სისრულეშია სიცივე დაჟრის და დააკვნესებსა,
დანამწიფარსა ყინული ფოლადებრ დააკვესებსა.

4
მიხედე, ჟამმა რა მიყო ცრუმა და ანასდეულმა,
დასწყნარდი, ბოლო მოუღე სიჩქარით ანასდეულმა,
სიგლისპისაგან სიმკვახე ამწიფე ანასდეულმა,
აწ სვიანობა მოიღე, სიავის ა ნას დეულმა.

5
რადგან სჩქარობ, დავსწყნარდები, მოგითმენ და მოგიჭირვებ,
რაცა, მოგყავს მოსავალი, არა რადმე გავიკვირვებ,
დამადლებით დაგიმადლებ, რასაც რასმე მომიძვირებ,
სხვა ადგილი მოსახმარი მიმაჩნია, მივაშურებ.

6
ყრმათა ატყუებ უგბილთა, ვაჟთა სილაღით დარევ და,
შუაკაცს გამოუცდელსა ხელსა სიჯაბნით დარევ და,
მიკვირს, ბერ-კაცსა რაღა სწადს, ისიც იმათვე დარევდა!
ქვე დავრჩებით და გაცვდები, თუ იქღა ჩვენთვის დარევდა.

7
ცუდ უბადობით ვაშრომებ დღესა, დროსა და ჟამებსა,
რუსთა ზაფხულებრ გაივლით მოსოფლიოსა წამებსა,
რა გამყვეს, ანუ რა დამრჩეს, ვით რამე დამიამებსა?
უნაყოფოსა ვემსგავსე ხისა რისამე გვამებსა.

8
რა არის ზრუნვა კაცისა, დროთასა ვხედავ ქცევასა,
მიწყივ ბორბლისა ბრუნვასა, სხვადასხვარიგა ზევასა,
ეგებ მობრუნდეს შენთვის ცა, მორჩე ჟამისა რევასა,
მზეს შეხვდეს დია ხუთკუთხად, მოგცემსა მტერზედ ძლევასა.

9
წყალმან არა ქნას სისველე, რითღა ეწოდოს წყალია?
ცეცხლმან არ დასწვას ნივთები, სად გამოჩნდება ალია?
აგრევ სოფელმან ცქაფობა, მითხარ, რა მოსაკრძალია?
ბუნების საქმეს იქმონენ უცვლელად, დაუმალია.

10
სიბრძნით აღაგო ყოველი, საქმით ა განასრულითა,
წესიერებით შეამკო, საზომი განა სრულითა,
არვინ დააგდო წყალობის კარითა განასრულითა,
უსხეულონი მსახურად ზოგნი ყო, განა სრულითა!



სალბუნად გულისა 

1
მრწამს, მისის სარჯლით აშკმული ჯოჯოხეთს პირი იცოდა,
მას ვევედრები, რომელმან არარა ცოდვა იცოდა;
მას შემწედ ვხადი, მის წინა ვინ სულის წმინდით იცოდა,
შემინდოს ყოვლი რეგვნობით, რაც ჩემგან რამე იცოდა.

2
გამსაჯა მიწყივ სოფელმან, უფრო ყველასგან აჯამა,
არ შემიწყალა არათი, არ გამომართვა აჯა-მა,
ამავსებინა ცრემლითა კალთა, ფიალა, ა ჯამა,
მწვე მომაწყინა სოფლისა ასე უბრალოდ გარჯამა.

3
დაუტევე სახლ-სამყოფი, თვისნი ტომნი, მონაძები,
დავკარგულვარ უცხოს თემსა, ვარ არვისგან მონაძები.
ვინ დამბადე, შემიწყალე ყველასაგან მონაძები!
შემომძარცვე, რაც მაცვია, ჭირი, ჭმუნვა, საძაძები.

4
დამეკლიტა ლხინთა ბანი, მორჩომილა განა კარი,
ცხრა მწვერვალი სახმილისა გულშიგან მაქვს განაყარი;
დამილტვია უბე, კალთა, წინც ბევრი მაქვს განაყარი.
რა ბრალია, შენი მჭვრეტი ექმნას სულსა განაყარი.

5
ჩემთა ნათქვამთა მოწმობა კვლავ ლექსმა მიყოს „მაჯამა“,
ცრემლთა ნაკადმან აავსო, ნახეთ გაცნობის მაჯამა,
დამწვა სოფლისა საცთურმა, ვეღარა სცემოს მაჯამა.
უკეთ არ მწამდე ამისგან, მკითხოს მეტიჩმა, მაჯამა.

6
მომინდა საწყალთ ტრფიალთა ცეცხლი მოუდვა, ალები,
ვადინო დაუწყვეტელად თვალთა ცრემლისა წყალები,
საყვარელისა შორ ყოფნით გავხადო შესაწყალები;
სოფლის მიმყოლთა ყოველთა სცნან, როგორა სჭირს ძალები.

< . . . . . . . . . . . . . . . . >

30
ცაცხვი დგას ტურფად ნაზარდი, შტომსხვილი, შუა ვაკესა,
ყვავილი ფერად-ფერადი გარ უდგას მისა ბაკესა,
მუნ ფარაღათად მსხდომელთა ლხინი რათ გაინაკესა?
სმენ უცხოფერსა ღვინოსა, კულები არაკრაკესა.

31
გაზაფხულზე დიდგორს ჩირთი არა ჰქონდეს განაშალი,
მუნ მივიდენ სანადიროდ, ვაჟკაცთ იწყონ: „კარ, გაშალი“.
ჯერგა მაღლა მოიძახდეს, ნადირთ მისცენ რბენას ძალი,
აქ დასცენ და იქ ისროდენ, გააწითლონ სისხლით წყალი.

32
ლილოს ტბაზე წეროობას, ნეტარ, რამცა შეედარა!
შავარდნისა ნადირობით ვისმცა თავი შეეზარა!
ჩირგვის მწყერს და ღალღას ხოცდენ, სეფქით გორად დაეყარა,
მუნ მწვანეზედ კარვად დასხდენ, ლხინსა ხელი წაეყარა.

33

ზარს ჩასაგდებსა ქორებსა აშურებდიან სატევად,
მოვიდენ, შექნან ნადიმი, სახლსა ზარობდენ სატევად,
რა ბრალი არის, ეს ჟამი კაცსა შეჰქონდეს სატევად!
სისხლისა ცრემლსა გაეწნას, გუგა საბრალოდ სატევად!

34
რა ივნისში წყლებმა შტონი გაამრავლოს გარდადენით,
მის წყვეტისა შექცევისთვის მოარობდენ გარდადენით;
ბელტსა ჰყრიდენ, იძახოდენ: „ძელი ძელსა გარდადენით!“
თევზსა ჰყრიდენ ნაპირზედა, არ ეტევის გარდადენით.

35
კოჟორიც ითქმის ერთ რათმე, თუ ჰავამ არ იაოსა,
ყვითლად ყვაოდეს ბაია, ნარგიზი ვერ ედაოსა;
მუნ ბულბულისა ზახილმა კაცს სევდა მოაქაროსა,
ხოხბის და კაკბის ლაპობით, ვეჭვ, თავი შეგაზაროსა.

36
შუას ივლისში თრიალეთს სხვა თემი რამც ედარაო,
ჯერ მწყერაობით შექცევა, თუ ცამცა მოიდარაო,
მერმე ქციისა დასაგვლა, ორაგულს ჰყრიდენ გარაო,
ჯერით, ზიდვით და აკიდვით ყოვლთ თავი შეაზარაო.

37

წყალსა ნაწყვეტსა მწვანეზედ მჭვრეტელნი მზერდენ ას ერით,
იჭერდენ მაშიგ კალმახსა: „დაჭერ“ – იძახდენ – „ასერით!“
კვლავ მოდიოდეს მინდორად არჩვი, ირემი ა სერით.
მისმან მნახავმან ეს მითხრას, ეს ისე ვაქო ასე რით?

38
მაშინ შამბიანს მთა-ვაკე მრავალფრად აყვავდებოდეს,
ბროლისა მსგავსნი წყარონი ციმციმით მოსდინდებოდეს,
სამოთხის მსგავსის ჰაერით გულს ჭირი მოლხინდებოდეს,
ცუდი ცდა არის, გაყრილსა სხვით გული დაედებოდეს.

39
რა მიმართონ მისა მზღვარსა, მხიარულთა დაიბარგონ,
მას ღამესა რაც მართებდესთ, იარაღი მოივარგონ,
დილას ჯელგა შემოხვიონ, თავის მკვრელსა კარგად არგონ.
სწყვეტდენ, ჰხოცდენ, სისხლის მათით სევდა სულა დაიკარგონ.

40
ჯერგის მფთხალსა მონარბოლსა ხარსა შამბი ედებოდეს;
დამაშვრალსა წყაროთათვის გულსა ცეცხლი ედებოდეს,
ჩამოვიდენ, კარვად დასხდენ, წინა რქანი ედებოდეს,
უგზავნიდენ დანიშნულთა თვისსა, გინდა ედებოდეს.

41
როჭოს ლაპი მომავალთა შექნან ბევრი საგალია,
გნოლი წითლის დევნებითა ქვე მიწაზე საგალია,
კალმახისა გასაწყვეტლად დაუნაყონ საგალია,
ვაჲ, სოფელმან დღენი ჩემნი აწე ცუდათ სა გალია!

42
ამას უკან მხიარულნი გაემართნენ შავნაბადით,
ფარავანზე შექცეულნი თევზსა სწვევდენ მუნა ბადით,
არჩვსა ხოცდენ, სხვას ნადირსა, თუ რამ ჰქონდეს მთას ნაბადით.
მნახთ არ აქონ, ვით იქნების, თუ ქვეყნად არს იგ ნაბადით. 

43
ნუ გიკვირს, რომ ტბის-ყურისა ქება ვერ ვთქვათ ახლა სრული,
გაიხსნების უცხოთ რათმე მუნ შეკრული მწარედ გული;
ხენი ზრდილინი ტურფად რათმე ნაპირს უგავს შემორგული,
სხვა კალმახი მის კალმახთან დიაღ არი დაკარგული.

44
ხევ-ღრმა რისათვის დავაგდოთ, ან ფილტვიანის არები,
მინდვრად მოსული მანძილო რქამაღლად ზრდილი ხარები,
კვლავ ნიამორი უცხონი, დომბისა შესადარები.
გაამოს ერჯევანმაცა, თუ დაგხვდეს კაი დარები.

45
რა გათავდეს ეს შექცევა, კვლავ მოვიდენ ისევ ტფილისს,
აბანოსა განისვენონ, ქებაც ითქმის მცირე ძილის;
სანუკარი მრავალფერი სიმრავლეა უცხო ხილის,
იშვებდენ და იხარებდენ, ვის რა ჰქონდეს, თავის წილის.

46
თუ გაკითხვა სოფელს ჰქონდეს, კაცი ძაძოს იქ რათ წეროს,
მუნებური შექცევანი ვინ აღრაცხოს, ან ვინ წეროს?
აიყვანონ გავაზები, მხარ-ბარკალსა სწყვეტდენ წეროს,
შავარდნითა შექცევასა, ვაჲ, სოფელო, მიმაწევ როს?

47
შემოდგომაზე სომხითმა, ვეჭვ, თავი მოგაწონოსა,
ახალს გამოსულს ქორებსა ფრთა კარგად დაესწოროსა,
ხოხობი მაღლა ფრინევდეს, კაკაბი დაეღონოსა,
ტაბლით ნამაღლი იხვები კამარით ქვეშ ეგოროსა.

48
ძოვნია არის საქები, ვაჟკაცთა გამჭიმავია,
ფიცხლად დახტოდეს ყურდგელი, სროლაზე ჰქონდეს დავია,
იქცევდენ ბევრგან მწევარნი, ზოგისა დამჭირავია;
ბევრიც ამგზავსოს ყმაწვილსა, ეს, მითხარ, როგორ ავია!

49
ხუნანამდი დღივ და დღივე მიწყივ ჰქონდეს ესე ყოფა,
დებედას და ქციაზედა გულს არ უყონ ლახვარს ყოფა,
ოყარს გავაზს ადევნებდენ, ისა ჰყვაო კარგა ყოფა,
აწ ტფილისივ მოიგონონ, კვლავ არ უყონ იმას ყოფა.

50
ცოტას ხანსა მოისვენონ ყარაისთვის განახელთა,
დროთ მისწერონ ყოვლთა წიგნი ამ საქმეზედ მათ მხმობელთა,
მოკრფეს ჯარი სატურფალი, „ვახი“ ჰქონდეს მუნ მჭვრეტელთა.
გაემართნენ მხიარულნი, მიგრაგნიდენ მთა და ველთა.

51
ლოჭინს შეექცენ კაკაბსა, სად ჩადის მცირე წყალია,
საჯოგის ჭალას მივიდნენ, ცეცხლს ჰქონდეს მაღლად ალია,
მეორეს დღესა ხოხობსა დამართონ დიდი ძალია,
ტყე მოირეკონ, ნადირთა გაავლონ ერთპირ ხალია.

52
ნაგებით დაგვხვდეს ყორული, ტახი ლომებრივ მბრძოლია,
ირემი, შველი სახუნდარს ფირცხლად რამ შემომსვლელია;
მაშინ ხამს თვალის სიმარჯვე, ხელი ფიცხობის მქნელია,
მიართვან მეფეს მოკლულნი, კვლავ მიჰყონ ლხინსა ხელია.

53
ჯელგა ნახონ, გარდასთვალონ, სულ მოსულა, ანუ არა,
გარდამკვრელი გააჩინონ, გააყენონ მათგან გარა,
მათ ასწერონ, ვითა ხამდეს, ვინ ვისთანა დაეკარა.
შუაღამეს გაემართნენ, რად ვისმემცა დაეზარა.

54
შემოარტყან მინდორს ჯელგა ცხენფიცხელი, მუხლად მალი,
დაეკარნენ, ნელა მიჰყვნენ, მათგან იყვნენ დაუმალი;
მუნ ქურციკი შიშისაგან შექმნილიყოს მწვე საწყალი,
ლიკლიკისა მონაბერსა ზოგმან მოჰკრას ვერცა თვალი.

55
რა გითხრა მაშინ მუნ მყოფთა კეკლუცად მოვანებანი,
ბედაურთ ცხენთა სიმსუქნე, ან უცხო რიგით მკობანი,
იარაღთ ტურფად გაწყობა, არათუ ცუდად დებანი,
მტერთა საჭიროდ სანახნი მოყვასთა იმედებანი.

56
ცხენი ჰყვანან ბედაურნი, კაცი ლომთა შესადარი,
მათ ქარქაშნი გაუწყვია მტერთა მათთა შესაზარი;
მწვე ხმარობენ სადავესა, არც მკლავი აქვსთ მოუხმარი,
თრთოლა მოსდის მოსვლისათვის, დგას ჯერნისა ბევრგან ჯარი.

57
რა მოსვლა შექნას ნადირმა, გაუხდეს მათის თავითა,
მათრახი მის დროს იხმაროს, მშვილდსა დაზიდონ დავითა,
წინ გარდამხტალს და მართალს მხარს გაეწყვნენ კარგ-სა დავითა,
ზოგი იქ დასცენ, ზოგს დაჭრილს მისდევდენ მისად ავითა.

58
მათთა ცხენთა სირბილითა მიწა თრთოდეს, ვითა წყალი,
ცას ღრუბელად მტვერი ჰქონდეს, სისხლი ველზე განაშალი,
ზედ ეყაროს მუნ მოკლული მათგან სულა შეუწყალი.
სხვა მისებრივ ნუ გენახოს, მე გამკიცხე, ან მომკალი.

59
რა აშალეს, კარი მოდის დაფანტული, დანაწყვეტი,
მხცოვანი და ბერიკაცი მუნ შექმნილა განარეტი,
ერთმანერთსა ვინც წაუსწრებს, რბევა არი მეტის-მეტი,
ჩოხოსანთაც აუღია მათად სამტროდ ხელთა კეტი.

60
რა გაათაონ, ზოგს ჰქონდეს მოწყენა მიუთხრობელი,
თავსა მართლობდენ მიზეზით, გამოჩნდეს მათიც მთხრობელი,
ზოგი თქართქარით იხარებს მათი გულისა მდებელი,
ზოგნი ცილობენ: „მე მოვკალ, შენ ძალისა ხარ მქებელი“.

61
მოდიოდეს აწ მოკლული, ბატონს წინა იდგეს ხორა,
ზოგს უბოძოს, შინ გაგზავნოს, სხვა რა იყოს მისი სწორა?
მოკვლისათვის ცილებაა, ვინ კარგათ ჰკრა, ან ვინ შორა.
ამ ლაღობით ლხინად სხედან, ამის უკეთ იამო რა?

62
არ გაძღენ სისხლთა მათთაგან, არ შეიცოდეს მკვდარია,
მაღლიანს ჯელგა მოასხეს, შექნეს ზეიმი, ზარია;
ფრანგთ ომს ამსგავსეს, რაც მათგან მუნ თოფი განაყარია.
ჰყრია მოკლული მრავალი კაცთაგან მოუხმარია.

63
მათ მიმართეს აღრინტალსა, კიდევ ჰყარეს მასცა ხელი,
ქორს და ძაღლსა ადევნებდენ, ხერხსა ცდილობს მისებრ მგელი;
იქაც შეხვდენ ნაფრთხალს ჯერანს, რა გაფანჩვით იყვნენ მსვლელი,
ცარიელად გამოსულთა დევნა უყვეს დიაღ ძნელი.

64
ამას უკან სულისათვის უდაბნონი მოილოცე,
წმინდას დავითს თაყვანი-ეც, ერთი მადლი გაიოცე,
ბერთუბანო, ჩიჩხიტურით, ცოდვა ჩემი ამიხოცე!
ნათლისმცემლით წამებულო, დოდოვ, მტერი დამიხოცე!

65
მიუნდობო საწუთროო, მოყვსისთვისც ხარ მიწყივ კრული,
ჩალხისებრივ ბოლოს თავსა, თავს ბოლოს ჰყო მოარული;
თვით ეს ყოფა კაცსა ჰქონდეს და შეჰქონდეს დაკარგული,
როგორ გასძლოს მან სიცოცხლე, თუ არ ჰქონდეს სალებრ გული?!

66
პირველ მალხინა სოფელმა შანბიანთ არე-მარებსა,
ყარაიას და სომხითში, დიდგორის გასახარებსა,
სხვას რას შექცევას, რას შვებას, არ კაცთა დასაზარებსა,
აწ დამსვა მარტო, გასჭვრიტეთ, ქუჩუქას სახლსა, სარებსა!

67
რას ვარგა კარგი საჭმელი მარილზე მოუწონია?
ვისამცა მძივი ალმასად ყირათით მოუწონია?
აწ ვხედავ კარგსა ნასეტყვად, ავია, მოუწონია,
შალგსაც ყვავილი დარქვეს, მას თავი მოუწონია.

68
აწ გავათავე ლხინი და ვთქვა ჭირი, შეუწონარი,
სიყრმითგან ჩემი მწირობა კაცთაგან მოუგონარი,
რა სიგლახაკე, შიმშილი, სიშიშვლე დასაღონარი,
მამაძებნინეს წერაქვი, აწ გამიჩნდების ონარი.

69
მზეს ღრუბელი მოეფაროს, დააბინდებს, დაცაჰფარავს,
ვარდი მზის შუქს რა ვერ ნახავს, ფერს წაართმევს, დაცაჰქარავს,
აწ მეც შევხვდი ამგვარ დღესა, შესაწუხარს, შესაზარავს,
ვერ ვეწიო საწადელსა, ვაჲ, სოფელი დღესა მპარავს.

70
ვიყავ მოყვსისა სიმაღლე, მტერთა დამცემი, მხარავი,
ყმათ პატივისა მდებელი, მიმცემი, მიწყივ მხარავი,
სამღთოც ვიცოდი, საეროც, მექმენ აწ ზურგი მხარ-ავი,
დაუნაშავლად შემექნენ უწყალოდ ძვლისა მხარავი.

71
შეკრბენ ჩემზედა თვისტომნი, საყოლთაც მომიძულესა,
ვინც მხევალთაგან შიშობდენ, მანც ჩემზე კბილი ილესა;
გამომიმეტეს საკვდავად, რაც მქონდა, განიწილესა.
ვის ვიმედობდი, მათ უფრო გამკიცხეს, გაცამკილესა.

72
ორბს ვინმე სტყორცა ისარი, ეცა, ქვე იქნა მდებარე,
განკვირდა: „ჰაერთ სიმაღლე რა მომწვდა გულსა მგებარე?“
გასინჯა, იცნა მისივ ფრთა ისარსა ზედა მწებარე,
თქვა: „ჩემთგანავე მომედვა ცეცხლი უშრეტი, მგზებარე“.

73
მათ უგბილთ და უმეცართა რათ მომიდვეს ცეცხლის ალი,
რა ვაწყინე ასე ძნელი, რა მიადგათ ვისგან ძალი?
ყველა ფიცით მპირდებოდენ, არვინ მყვანდა შემომწყრალი,
ეს არ ვიცი, რა შევცოდე, შემქნეს ასე შეუწყალი!

74
თავი დავაბი ჭირსა და ვზივარ უხსნელსა კარებსა,
წამდაწამ ვისმენ ამბავს სამსალის უფრო მწარებსა;
ავს მექადიან სიკვდილსა, მტერთაცა შესაზარებსა.
მაინც მოველი ღვთისაგან დროს რასმე გასახარებსა.

75
არ ისმინეს მოციქულთა, თორმეტი ხმობს, გინა ათი,
ვისცა ძმა სძულს, სიყვარული ღვთისა მწამდეს მათგან რათი?
მოყვარე ვართ, რჯულით ძმანი, ერთხელ ვიყავ მეფეც მათი,
არცა ერთსა არ მიხედეს, გამიკეთეს უცხო ხლათი.

76
არ ვიშიშვი, რადგან რომე თაყვანსა ვსცემ ღვთისა კრავსა,
უსამართლოდ მტერთა ჩემთა საკვრელითა ისი კრავსა;
კიდევ ეტყვის წმიდას მერკვირს, ივლიანებრ მასცა კრავსა,
აყარყუმებს ტყავსა ჩემსა, აწ ბოხოხსა რომე კრავსა.

77
ყმაზე წამიხდა წყალობა, ცუდ რაცა სამსახურები,
ამხანაგთზედა სიკეთე, სხვათაგან შესაშურები,
ძმათა და თვისთა მოყვრობა, რა ჩემგან მოსასურები.
განმაძეს ასე უბრალოდ თვალთ ცრემლთა მომაწურები.

78
მტილი ყვავილით აღვსილი მე ნებით ჩემით ვინარე,
ჭირნი ეგზომნი ურიცხვი ჩემკენ, არ ვიცი, ვინ არე,
სულ გამიმტერდენ მოყვასნი, აწ, მითხართ, კარგი ვინ არ ე?
ძნელსა დავები, თუ შენვე არ მიხსნი, შექენ ვინ არე.

79
ცრუმან სოფელმან სიმუხთლით, მწვე მიკვირს, ჩემთვის აგო რა!
მან კაეშანი უხსნელი შეყრით შეჰყარა, აგორა.
ვერ მომიძვრია, არ ვიცი, გულსა ასეთი აგო რა.
დღე ჩემი წინათ წარსრული ყრმათ ჩიკორისებრ აგორა.

80
რას ვაბრალებ საწუთოსა, ვამბობ, მიგო ამან ესო,
რაც მე შევსვი შესასმელი, ესე ხელსა ვისცა ესო?
ვარდი მედგა ბაღსა ჩემსა, ართუ სამე ნარი ესო,
მე აღმოვფხვარ, სხვას ვის ეძლო მისთვის რამე ძირსა ესო?

81
საწუთროსა ცხენსა ვიჯექ, ლურსმანი ვქენ მონაწევი,
მრავლად იდგა ბაღსა ჩემსა ხილი მწიფე, მონაწევი,
რაცა მწადდა, მას ვიხმევდი ხელით მქონდა მონაწევი,
ახლა ვქნილვარ მტერთ სახრალად იქით-აქათ მონაწევი.

82
აღმემართა კაეშანი, ეს არ ვიცი, როს იხაროს,
ვინც ა ღვთისა მიუნდობლად, რამც იკეთოს, რამც იხაროს?
ესეგვარმან თავი თვისი იპირუტყოს, ხამს იხაროს.
კაცი ცრუ და უგუნური მომერიდე, ნუ ი ხარ ოს!

83
განმიფრინდა სვისა ქორი, ართუ არი განახადად,
ბედი, სვე და სპა და ჯარი ყველა მექმნა განახადად;
ცრემლი მიმდის უფრო მისგან, რა სელი ქნან განახადად,
მწვე მიჯობდა სხვაგან მევლო, განა დვალად განა ხადად!

84
ჰე, თაო, პირველ შვებულო, აწ უცხო ჭირსა ვარდია,
საკვრელსა ძნელად სახსნელსა, მთხრებლსა მოღრმოსა ვარდია;
მკვიდრი უმკვიდროდ შევიქენ, სამყოფთგან გარე ვარდია;
ღაწვი შემქნია ზაფრანად, ვის ვერა მდრიდა ვარდია.

85
ვერ მივეც, რაცა მემართა, ხარკი სოფლისა მე ცადა,
მოვიდა ქარი ხორშაკი, ანაზდად სამე მეცა-და,
ვერ მოვიფარე საფარი, დამწვა სხვებთანა მეცა და,
რა მწვე მიჯობდა სიბრძნითა თავი სხვარიგად მეცადა!

86
ის მოსავალი პირველი დასეტყვა, ასე მეხა რა,
ზეაღმართული სვე-ბედი ანაზდად ვნახე მეხარა,
სამსალის უფრო გამწარდა, რაც ამას წინათ მეხარა,
არ გიკვირსთ, სოფლის სიმუხთლე, დემად შემქნია მე ხარა?

87
მაღლად მყოფო, სოფლისაგან ბოლოდ მიწად დაწყვეტილო,
სოფლის ნასთა მსხვილად სთულთა უცხოდ რათმე დაწყვეტილო,
რუო, ხარბად მომდინარო, მლაშისამებრ დაწყვეტილო,
სახელოვან ბიძა-ძმათა, მამით უწყლად დაწყვეტილო!

88
მეფეს არჩილსა სძრახევდენ, სხვას თემს რომ იყო მვლელია,
იგ ანთებულსა სახლ-კარსა შეექნა დამანელია;
მეც მასვე მძრახვენ, აქ მოველ, მაშ, რა ვქნათ, რა საქნელია?
მას ლომსა, ვეფხებრ კისკასსა, ჭკუა ჰქონია მთელია.

89
იადონისა მოწყენა ხმას ვარდსაც დაეზაროსა,
დაჭკნეს სამოთხის ყვავილნი, რაღათი გაეხაროსა?
მათთვის ყაყაჩო-ზამბახმან ქვე თავი დაიხაროსა,
ნარგიზმან, ია-სუმბულმან სატირლად მათკენ აროსა.

90
თუცა უთქვამთ, დარამ არი ეტლნი, სვენი და ბედია,
მაგრამ ამათი მიყოლა ბრძენთაგან გაუბედია;
იგია ყოვლის მპყრობელი, ყოველთა ზედა მხედია,
სოფელი – ჩვენი მესისხლე – ზღაპარი არის, ყბედია.

91
სოფლის ხლათის დაფაცვრითა ჭირს დავები გაუგებსა,
უცხო რამ სჭირს, ზოგს ლხინს მისცემს, ზოგს ლახვარსა გაუგებსა;
ზოგს აგორებს ეკალზედა, ზოგსა ვარდსა გაუგებსა,
ზოგს ძირამდის სახლს დაუქცევს, ზოგს ქორედად გაუგებსა.

92
მე სანთელი მრავლად მნთები მეყსა შინა მექრალება,
არ დავარდი, მეცა მომხვდა სხვის დამწვრისამებრ ალება.
ვჩივი, თუცა არვინ მისმენს, რა ვქნა, თავი მებრალება.
ვერრა ვირგე, მომეწყინა ესოდენი მე ბრალება.

93
ერთა ღმერთი არ იწამეს, ბევრთა რჯული შეურაცხყვეს,
არას კერპსა არ უქნია, ჩემ საქმეზე იმათ რაც ყვეს.
მოლა ღმერთსა მახვეწებდა, ჩემთა მკვლელთა ბერნი დაყვეს,
ჩემს ცოლ-შვილთა ტყვედ ეძებდენ, საქონელი იავარყვეს.

94
თუცა ვიყავ ამათს რჯულზე, მაშ, ესენი რას მტერობდენ?
თუ ქრისტესთვის თავი დავსდევ, მაშ, ისინი რათ მაქრობდენ?
უცხო არის ჩემი საქმე, საარაკო, თუ ფიქრობდენ.
მილთონთა ვსჩან მეფედ მათად, თვის ტომსა სწადს, რომ მაქრობდენ.

95
მაწვიეს თანამხლებელთა: „საქმის არა ხარ მქონელი,
ლექსი თქვი, ნუთუ ჯავრისა არ იყო განამყოლელი“.
მეც დაუჯერე, თქვენც ნახავთ, რისაც საქმის ვარ მდომელი.
ამითი გავლე ცოტას ხანს სოფელი დაუდგრომელი.

96
კაცს ვისმე სახლი-სამყოფი, ზღუდე უყვარდეს ამბარით,
იგ ტყვიას როდის იქონებს, ამას უსუნებ ამბარით.
ვზარდო ფერადი ყვავილნი, მოვიღო მთით და ამ ბარით,
მას ვინ გაუშვებს, გამკილვენ: „ამან მისთანა ამბა რით“.

97
მაგრამ ვნახე, რომ ურევდენ ყვავილებში ამ რეანსა,
ბევრი ვინმე მას უბნობდა: ყველაზედა ამრეანსა.
მისა მსგავსად ეგებ ვინმე იკითხევდეს ამრე ან სა,
არ სურნელით სულ უკლებსა, მცირედ რამე ამბრეანსა.

98
ლექსები რამ ვთქვი საბრალო მტერთაცა შესაწყალია,
ვინც წაიკითხავთ, ამაზე ცრემლით აგევსოს თვალია,
ხარბად ადინეთ, სოფლისგან არის რამ დასავალია.
ნუ მიენდობით უნდოსა, ბოლოს არ გიყოსთ ძალია!

99
კაცს შევხვდი ბრძენსა, ეს წიგნი მაზადაც უგემებია.
ვარქვი: ამ ზღვაში ჩავარდნილს რა ხილი უგემებია?
„რადგან გწადს სიტყბო – მან მითხრა – ჯერ ნახე უგემებია,
ქვენარის თაფლი უეკლოდ არავის უეგმებია“.

100
რა ვქნა, რასათვის გავეწყევ კაცსა უზრდელსა, ვირასა?
ვინც გაიგონებს, მევე მგმობს: „ემოყვსა კაცსა ვი რასა“.
გავრიდო აწვე, ის მიჯობს, გამიხდებოდეს ვირ ასა,
ვგმობ საწუთროსა მუხთალსა, უცხოსა, გასაკვირასა.

101
კაცს სოფლის ზრუნვა ესე სჭირს, აროდეს გაახარებსა,
თავმომწონს სულსა გვამშია დასდრეკს და გაახარებსა,
გონია სიბრძნე ისწავლოს და უფრო გაახარებსა,
განგებით ნაცვეთს კაბებსა ამით ვერ გაახარებსა.

102
მწვე სჯობს უენო ენიანს ამ საქმის მიწყივ მქონესა,
უკაცურს სახლსა მჯდომელსა, ვერა-რის ვერ გამგონესა,
რა მართებს, საქმის შემძლებსა, ჭკუაზე თავმომწონესა,
ჭაში მჯდომელსა ხელ-შეკვრით მტერთ ასე დამამონესა.

103
მაინცა ვწერ, თუცა სევდით ვარცა მწარედ შეგვარლული,
ხან მოვილხენ სოფლისაგან, ხან ჯავრით მაქვს თვალთა ლული.
ეს მიკვირს, თუ როგორა სძლებს, არ ეყრების გვამსა სული?
მადლი მასვე, ვინცა მომცა ასე შემძლე ჭირთა გული!

104
უცხო რამ სჭირს ცრუ სოფელსა, ვისაც სვენი მიადგების,
ანწლით მისის წალკოტისა რა მიწათა დაეგების,
ყოვლს ყვავილთა უკეთა სჩანთ, მას აქებდენ, არ ეგების.
რა გაბრუნდა, ვარდი მისცე, მოყვასთ ლახვრად დაეგების.

105
ვინც მთხრებლსა სთხრის, ამას ცდილობს, თვით იქნების ჩავარდნილი,
ვით მორჩება გაუსვრელად, ვინც აკეთოს მიწყივ მილი?
არ დახუჭო, ეს იცოდე, არ მოგივა თვალთა ძილი.
რაც ვინმე ქნას, მისა მსგავსად გაიტანოს მისი წილი.



სატრფიალონი 

< . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . >

ა თ ი | მ ც ნ ე ბ ა

45
ცხოველი რასაც მოქმედობს, მოელის მოსავარგოსა,
მოქმედს ჩვენ გამო რა ერგოს, ქმნულისგან დაენერგოსა;
გიყვარდეს, მისა სახელზე უქმად ნუ შესძრავ ბაგოსა,
არ გეჯობინოს პირუტყვი საქმესა დასადაგოსა.

46
მიწაც იხარებს უსულო, რა დღე მოუვა ზმნისანი,
მფშოვნობით ყვავის, მწვანობით, რა სითბო ნახოს მზისანი;
შენცა იხარე მეტყველმა დღესასწაული ღვთისანი,
ყვავილის მსგავსად აჩვენე ღვაწობა კეთილისანი.

47
ჭია რა ბოჟსა შემზადებს, მოიცავს მისა გვარებსა,
ქარი არ ეცეს საწყენი, არ მიხვდეს გასამწარებსა,
თუ ის მოქმედზე ამას იქმს, რა ვხედავთ შეუგვარებსა,
მისთა მშობელთა პატივის-ცემას რად დაიზარებსა?

48
ბრძენი მხეცისებრ რადა ხარ მესისხლე, კაცის მკვლელია,
მამულად მრუში მუდამად, სხვისა სხვაზედა მვლელია,
თაგვებრ მპარაობ, დასძვრები სადა გზა გაუვლელია?
ცილსა ნურავის დასწამებ, კაცობაშია ძნელია.

49
გული ნუ გითქვამს ირმულად საამოდ ცოლსა სხვისასა,
ნუ მონაგებსა ჯიხვისებრ მოყვასთა სანახვისასა;
სხვასაცა გამცნებ ახალსა თავისა შენახვისასა,
სასძლოს ტრფიალი არ დასცდე გზასა მას დანახვისასა.

შ ვ ი დ ი | ს ა ი დ უ მ ლ ო

50
რაცა იშვების შობილი, მშობელსა შეემსგავსებით,
უმართებს, იშვნენ სულისგან, სულითა მოისავსებით,
დაიბეჭდენით ბეჭდითა, გიცნან ვისი ხარ დასებით,
ვეღარ გიპოოს მპარავმან მოცული ზეშთა ზესებით.

51
ვინ ზიარდების ზიარსა, საქმეა განა ერთია!
ზიარებისა მიღებით კაცი შეიქენ ღმერთია,
მღვდელს აღუარე ნაქნარი, სწავლანი შეიერთია,
მორჩილებითა მოარე, ნაბურდით გამოერთია.

52
წყლისგან მიეცეს ფერები, ნაყოფნი იქნას მთელია,
ზეთის კურთხევა აგრევე ავისა დამანელია;
წერომაც იცის წინმძღოლი, როს უსხენ გზანი გრძელია,
მღვდლის კურთხევისა პატივმან გაგიადვილოს ძნელია.

53
ყოვლმან იცის მისი ჯუფთი, რომ მოშენდეს გვარისგვარად,
ჩვენცა გვმართებს ვიყოლებდეთ, სოფელს ვიყოთ მრავალ ჯარად,
არ პირუტყვებრ უქორწინო კაცთა წესთა დასაზარად,
მღვდლის კურთხევის შენდობითა შევიერთნეთ გასახარად.

ს ა ს ი კ ვ დ ი ნ ე ნ ი

54
შვიდნი მოგითხარ სჯულისგან საიდუმლოსა რიგები,
მან მოგცეს გზანი კეთილნი, ვის სიბრძნის სახლად იგები,
აწ შვიდთა გეტყვი ცოდვათა, სწავლა სწავლასა მიგები,
საზარო მომაკვდინენი, მის გამო ლახვარ იგები.

55
ფარშამანგი ბოლოს გაშლის, გაიფურჩქვნის გადიდდების,
ეგონების, ჩემგან კიდე ქვეყნად ვინღა იდიდების!
კატას თვალსა გარდაავლებს, მოდრკების და შეშინდების.
ამპარტავნად ნასაქმარი ამის მსგავსად არ იქების.

56
ციცინათელა მაღლოინ უნდო შუქისა კრთომითა,
არვის იდარებს მის ტოლად, მის გულში მისაზომითა;
ფრინველნი დახვდენ საწყალსა, ვერ გაესწოროს ომითა.
აგრევ მოგვივა ჩვენ, კაცთა, ამპარტავნება ნდომითა.

57
არაწმიდება ძაღლსა გავს, ნაყროვანება ღორისა,
გასინჯე მათი საქმენი, ვინმე რად მოიხმარისა?
შენ მცონარება მატლთაებრ ცოტას მწვირესა არისა,
უჟამოდ მრისხანებანი ყაპუზინათ ა გვარისა. 

58
მეშურნე ბუზსა მიაგავს ყინვისგან ღონე-კლებითა,
ანუ შიმშილით მომყმარსა, მივარდნით, მირულებითა,
სახლსა გაუთბობ, შაქარსა რას უზამ მიახლებითა,
მაშინ დაგასხამს ისარსა სამწაროდ დაწყლულებითა.

59
ანთრისთვის კაკალს გახვრეტენ, ხელ-შეჰყოფს ნახა ზე სადა,
არ დასჯერდება ცოტასა, მჯიღვსა აღივსებს ძესადა;
ვეღარ დააძრობს, ამრიგად მტრისაგან გახდეს კვნესადა,
ანგარსა ბევრჯელ მოუვა ეს საქმე ამა წესადა.

ნ ე ტ ა რ ე ბ ა

60
ცხრას ნეტარებას მოვიღებ, მაღლის საქმესა დიდებით,
სასძლოს ხილვისა ტრფიალმან ქმნას ესე მონაზიდებით,
მისნი მოქმედნი ამაღლდენ სოფლისგან განაკიდებით,
გაცუდდეს ეშმა მოყვსითა ანგელოზთ მონაზიდებით.

61
ვნატრი გლახაკთა სულითა მე, მგლოვარესა გულითა,
მშვიდსა, მშიერსა, მწყურვალსა სიმართლის განაგულითა,
მოწყალეს, წმიდას გულითა, მშვიდობის მყოფთა სულითა,
დევნულსა სიმართლისათვის, ყვედრებით გულსა წყლულითა.

62
მიკვირს, სოფელს რასთვის დავშვერ, რომ ვიცოდი მისი ზნენი?
ვაგემოვნე გული ჩემი, სულს არ ახლდა კეთილთ მნენი,
ხორცი მწადდა უკვდავ მყოფად, ზრქელად უჩნდა მოსასმენი,
ახლა დარჩა საკიცხელად, სულისათვის გაუმხნენი.

63
სულს ეტყვის ხორცი: „ვერ ვნახე ფრინველნი განაჯარები,
ანუ პირუტყვთა სიმრავლე, ხეთა, მდელოთა არები,
ქვედამძრომელთა მიწათა სულ წარმავალი ნარები,
რად მიმე ჭირსა უხსნელსა ბოლომდი გაუხარელი?

64
მწადს ხანი დავყო მოკვდავმან, ვარ ამის მონამჭირნენი,
ვიხარებ რასმე წამსვლელი ნივთისა შენამზირენი.
ბრძენო, უკვდავად შექნილო, მეფე ხარ ჩემზე ვინენი,
რასთვის მიმიშვი საწადსა, შემექენ მოსაწყინენი!“

65
უთხრა სულმან: „რადგანა ვარ პატრონი და შენი მეფე,
ჩემი ხარო ჭური რამე, სამყოფელი, გასასეფე,
მოვდევ შენსა სანდომელსა, რაცა გწადდეს, გიიეფე,
ნივთთა შენთა შეეერთვი, მე გავხდები მტერთ საყეფე“.

66
ძაღლსა ძვალთა მოხვრისაგან კბილსა სისხლი ედინება,
ემლაშება, მეჭველეობს, გაუსრულდა მისი ნება;
ძვალი დარჩა უვნებელი, გაუმრვლდა კბილთა ვნება,
სოფლისაგან შემსჭვლულთა ასე მიხვდა შენანება.

67
რა მოუტევ ავაზასა, ვერ შეიპყრობს, ითაკილებს,
მოამშვიდებს მეპატრონე, იგ დაიგდებს მისა კილებს;
ავად რამე მოგიტივე, შენ გწამობენ ცუდსა ცილებს,
ჰგავს ქებისა მოყვარულნი თავისთავის გამაწბილებს.

68
ბღუნძველა ყაჯსა აკეთებს, ვერა-რად მოიხმარებსა,
ცუდად ყოფნისა სანაცვლოდ დასაქსელავად არებსა.
დავრჩი მისებრივ უსაქმო, მოვშორდი სპათა ჯარებსა,
ხან იმასა ვიქ, ხან იმას, ვატარებ სოფლის არებსა.

69
სჭირს სოფელსა, რა კარგს მოგცემს, ჭირიც თანვე მოაბეროს,
ავსა კარგსა მოადევნებს, თუ გასინჯავ, დაგაჯეროს,
შემოველი ავზე კარგსა, ღმერთმან ეგებ ამამღეროს,
ვა, თუ წუთმან საწუთომან დღენაკლული მოაბეროს!

70
წყალი შეღმართსა ადგილსა რა შეხვდეს, დაწყნარდებისა,
ნელ-ნელა მოსდევს უკმორე, შედგომით გადიდდებისა,
შეიკრებს ძალსა, ან გახეთქს, ან თავსა გარდვარდებისა,
ასე ხამს, კაცმა სიწყნარით საქმე ქნას გულსადებისა.

ტ ა ე პ ი

71 თუ შემოუცდი ისრიმსა სიტკბოსა მომცემელია.

ლ ე ქ ს ი

72 რადგანა ხარ ორი სოფლის საშოვარად მონამჭირი,
ვით იქნება ორი ნესვი ერთის ხელით დანამჭირი?!

73
სვავი ძვალსა გამოიზომს, ჩაინთქმების, ანუ არა,
რა გასინჯა, შეუძლია, აღარარად დაეზარა,
გაისინჯე შენი საქმე, სამეტოა ან საკმარა,
შესაძლისსა აღმოსწიე, ნუ ეძიებ გარის-გარა.

74
ნახე ფუტკარი ზამთრისთვის რამთონს შრომასა ნახავსა!
სადა აქვს მისი სამყოფი, მრავალსა შეინახავსა;
ვინ ამ სოფელსა დაშვრების, ზაფხულად გამოსახავსა,
შეიკრებს უტკივრებასა, მუნ სხვასა რაღად ჩმახავსა?

75
ზამთარი ამად უქია, მიწას მიეცეს წყალია,
ზაფხულის სიცხე დაადგეს, ამწვანდეს შესაწყალია,
მლაშეს ქვიშასა არა აქვს სანაყოფონი ძალია,
მას მიებაძე, არ იქნა ის უნაყოფო მშრალია.

76
მიწისგან გამომავალი მიწადვე მიმქცეველია,
ვერას ვერ იტყვის უარსა, სატკბოა დასაწველია,
რაცა ვისგანვე გამოვა, მისდავე შემთხვეველია.
ნუვის აბრალებ, შენვე ხარ თავისა გამრეველია.

77
მოწყალება კალატოზს გავს, თავის საქმეს მუშაობდეს,
აგურს დასდებს ხელისაგან, სხვისაგანვე ევსებოდეს,
რაც დახარჯო სიუხვითა, კვლავ უფროსი მოგხვდებოდეს.
რადღა ზოგავ სხვისა შენთვის, ცეცხლი აღარ გეგზებოდეს.

78
ძაფსა სჭირს, რაშიც დააგდებ, მის ფერს დაიჭერს ახავი,
ილეკრო მისთვის მათა სჯობს, არის ამისი მსახავი;
ფერისგან ფერი იცვალოს, არავინ არის მნახავი,
სასიკეთონი სისრულე პირია მართლის მზრახავი.

79
ნახე, ნარინჯის ფოთოლი თუ ფერით როგორ მწვანობსა!
სიცხეში მიგავს, სიცივე სუნ-ფერსა გაუვანობსა;
აგრევ ყრმა გამოუცდელი სოფლად ამასვე ჰგვანობსა,
რა დაიცდება, ფერად და სურნელად შესაგვანობსა.

80
რაცა ვინ ქნა ამ სოფელსა, მასვე მიხვდა მისი წილი.
ამაზე ბრუნავს მბრუნავი, სხვა რა აქვს რამცა გებული,
შექმნასცა ორი მოყვასი გაყრილი განთვისებული.

81
რაცა რამე ცარიელი ადვილია ასაღებლად,
მძიმე რამე გაჭირდება აწევითა გასაღებლად,
დაიმძიმე თავი შენი სიბრძნის ფერის გასაღებლად,
საალქატო გაგიხადოს მტრობის კლიტემ გასაღებლად.

82
მერცხალი სჯობს იადონსა, ის უფროა ნაქებარი.
შინ გვიზის და დაგვჭიკჭიკობს იგ ძვირად რამ სახლებარი,
ხმოვანების უსულოთა ვინ თქვა რითმე ნაკლებ არი?
უსმენი და ბევრის მთქმელი შედარებით დამლებ არი.

83
მოინდომო, ოქრო იყო ურიოშო, ფეროვანი,
გამრავლებით გარდაადნევ, წიდა ნახო დანაწვანი;
მას კაცი სჯობს რამდენ რიგად, რამთონი აქვს შესაგვანი,
არ გადადნეს მრავალრიგად, არ იქნება კაცთა მგვანი.

84
ვაშლსა ხედავ, უნდო ხილსა, რა გვარი აქვს შვენებანი!
თვალს ალხინებს, საყნოსელსა, პირის არის ა ნებანი.
თვითონ კაცსა გონიერსა გჭირდეს რითმე ნაკლებანი,
ავი არის გასაგონად სამწუხარო, სავსებანი.

85
მიეგვანენით ეკალსა ყრმა ახალ-ნორჩნი რგულებსა,
ბერი – ბანბასა გაჰქონდეს, გამოითბობდნენ გულებსა,
ნუ სატაცურსა გველსა გავს, იჩემებს მის უსულებსა,
ვერც ხუთოს მოგცემს, ვერც შხამსა, სარგოსა დასაწყლულებსა.

86
ნუ ჰბაძავ კაცსა უმღთოსა, განადიდარსა მთა ვითა,
უმეცრებისა სისრულეს გონებს ყოვლისა დავითა,
მიუშვებს ღმერთი, გასინჯოს სიკეთით, განათ ავითა,
გაუცუდდების ბოლოჟამ ნაქნარი დასანთქმავითა.

87
დასჯერდი, რაცა მოგეცეს ღვთისაგან მონანიჭარსა,
მოთმინებითა დაუთმე მაღალსა გასაბიჭარსა,
რა დაანახვებ უფალსა თვალითა დაუხუჭარსა,
დაგაგვირგვინებს საამოდ, შეგმოსავს გამოუჭარსა.

88
რა არის, თაგვებრ მსუნაგობ, დასძვრები კარის კარადო?
ამას თაყვანსცემ და იმას შესტირი სულთქმით, მწარადო.
ძაღლებრ ლაქუცობ, მელისებრ ატყუებ შეუგვარადო,
მომცემი სხვა გყავს, ცუდია, დარჩები გარის-გარადო.

89
დამაკვირებს, სოფლისათვის კაცი ასე რად იჭირვის?
ანუ ვინცა მოსახმარად, გამაფიქრებს, ვით იჭირვის!
უხამსთ მისცემს სიმდიდრესა, ზოგნი ხამსნი მწვე იჭირვის,
საუკუნოდ შეიგვარლის დახვანჯული, დაიჭირვის.

90
რადგან კაცია მოკვდავი, უნდა დაურჩეს რამე-და,
სახელისაგან უმჯობე რამცა ჰქენ, რამც იამე-და?
მოგიგონებენ ყოველნი ამითი ჟამით-ჟამედა,
მოლექსობაცა ინება ამის რამ შესაწამედა.

91
ტოლსა შინა გამოჩენით არა სადა დამედარა,
მტერთა ზედა რას მარგებდა, თუცა სადმე დამედარა!
თუ დამაკლეს, რა დამაკლეს, საქმეშია დამედა რა?
მაგრამ ბოლოს ყველა ვინმე, რა გავსინჯე, დამედ არა.

92
ზღვაში ვნახე ღელვის მთები მომავალი თავს დაცემად,
ერთსა წამსა ხუთჯერ უფრო სულს ველოდი გასაცემად,
იგ ანაზდად გარდაჰქარდა, ლხინს მივეცით ბუკსა ცემად,
რაღას ვსწუხვარ ჭირთა ჩემთა, სოფელია ასე მცემად!

93
ჩემებრ ცოდვილთა საქმენი პეპელიკისსა მიჰგავსა,
რა გაანათებს სანთელი, ის მწუხარებას იგავსა,
იშვებს, იხარებს, განსცხრების, ვერ ხედავს მისსა იგავსა,
ბოლოდ დაიწვის ამისგან და ჩავარდების იგ ავსა.

94
თუ თივა ცეცხლით გაზარდო, ცხვარს მისცე საჭმლად მგელია,
დათვი მაედანს აბურთო, ვირი ქნა კაი მზმელია,
ტვირთი პეპელას აჰკიდო, ჭრელი ფრთით გამფრენელია,
აღგისრულდების მაშინღა, რაცა გაქვს საწადელია.

95
აბრამ შვილს კლავს, იეფთაცა მას უქეს და მას უგინეს,
უადგილოდ კარგიც რამე არად ვარგა, გიძეს წინ ეს.
არ იცი, თაფლი არა ღირს ფუტკრის კბენად და წყინებად! 

< . . . . . . . . . . . . . . . . . . . >

100
ვაჲ, სიყრმისა ყვავილი რა ტურფა მოსახმარია,
თვალი ბრწყინვალედ მხედველი, ყური სმინებად მხარია,
სხვადასხვა-რიგი ვარჯიში, რა შვება, გასახარია,
არც მკვდარი, არცა ცოცხლი, ვაი სიბერე მწარია!

101
წადილი და ძალი, სიბრძნე მჭედლობად გაქვს შესადარი,
მზე ალმასად, მთვარე ლალად, იაგუნდად ვარსკვლავთ ჯარი,
ცა ოქროდ და მინანქარად ქვეყანაა მრავალგვარი,
ამით გიცნობთ, ამით გაქებთ, მექმენ სულის გამახარი.

102
ქალწულებისა ვარდი ხარ, სიწმინდის ბაღსა რგულია,
ფერად გაქვს უმანკოება, უბიწოება სულ ია,
რტოდ გამოიღე მოკვდავთა იგ უკვდავება სრულია,
ფოთლად გასხია წყალობა, განჰკურნე ჩემი წყლულია!

103
ხეო უფოთლოვ, მოისხი შენ ფოთლად ქრისტეს წამება,
მათ ცოდვის სიცხით მაშვრალთა იმ ჩრდილით მიეც ამება,
მკურნალად ხილად სამსჭვალი, მიხარის, მტერი დამება,
პირველისებრივ დასთრგუნე, რომე მწამს წმიდა სამება.

104
სახლად გქონდა უდაბნო და სანოაგედ მკალი, თაფლი,
ჩვილ-სამოსლად ტყავი მძაფრი, სარტყლად გერტყა არა მსწრაფლი.
შესაქცევად ქადაგება, ვინც გისმენდა, წყალში დაფლი,
სულსა ჩემსა შეეწიე, გაუხადე მტერი ღაფლი!

105
ბადედ სცვალე ენა შენი, კლდეზედ დადეგ ფეხუძრავად,
ზღვას ესროდი მღელვარესა, თევზთ იპყრობდი არა ავად,
იმაზედა აღეშენა ეკლესია მტერთ სადავად.
მწყემსო, მიხსენ, პირმეტყველთა არ შევიქნა დასაწვავად!

106
მის ნათლისა დანახვითა გული მისი გაუხურდა,
სამხრეთისა ბეებნისგან მას იმისთვის უფრო სწყურდა,
ტრფიალების შავარდენმა გული უპყრა, მას მოსურდა,
შევიდა და ნათელს იღო, ანანიას მიაშურდა.

107
იგ გვრიტი ქალწულებისა ეცა შენს გულის ბადესა,
სიწმიდის ტრედნი შენს გარე მახეს ხვდენ, არ იცადესა,
სიკეთის ორბმა სრულ მოვლო ქვეყანა. ცად იცადესა.
პავლე ჭირთ მთმენო, სისხლმდენო, მტერთ ბრძოლით არ მაცადესა.

108
მამწყლეს საკვდავად, მცირე მიდგს სული საწყალად მდებარსა,
წყლულის შემხვევი არვინ მყავს, არც სალბუნთ მდები მნებარსა,
უფრო სწადს, რომე მამსგავსონ უმწარე ლახვრის მგებარსა.
მიშველე, სრულად არ მამკლან შენის ქრისტესა მგებარსა.

109
თევზთ ნადირობით მიგზიდა უდაბნოს გვრიტმა მხლებელად,
შეუდეგ კრავსა, გასწავა, იზრდების, მე ვარ მკლებელად,
ზაფხულის მზეებრ აღმოჰხდი, ჩრდილოს მთბობ მანათებელად.
მეწიე მეცა, ანდრია, არ ვიქნა საბნელებელად!

110
რა გიწოდა, დაუტევე ნავსა შინა ბადის მსმელი,
მამისა წილ მამა პოვე სულისა და ხორცის მზდელი,
მისთვის იყავ დღედაღამე სისხლ-დაქცევის მიწყივ მცდელი.
მიოხე რა, მიძაბუნა მტერმა, რომ ვარ დაუცდელი.

111
ქორწინება დაუტევე, მკერდს მიეყრდენ, საყვარელო,
უნაყოფოვ, ხეო ტკბილო, ნაყოფისა მრავალ-მქნელო,
ყვავილად გაქვს სახარება, კაცთა სულის დატკბობელო.
მიშველე რა, იოანე საყვარელო, სამბობელო!

112
მამის კითხვით გამოისხი შენ ყვავილი სუნთა მყნოსი,
მის სუნისგან შენ შეექმენ მხეცებრ გულთა ყრმათ უმხნოსი,
პირმეტყველად გარდამცვლელი უსწავლის და მიუმგნოსი.
ჩემს სულს მიეც ჰე, ფილიპე, სმენა ტკბილთა სასმინოსი!

113
გული გექნა ანდამატის უმაგრე და გასადარი,
უკვდავ ძალმა შენ შეგმოსა იგი სიმხნე შეუდარი,
ბნელის ნისლით დაფარულთა გაუნათლე, მოუდარი.
შენ, ბართლომე, მიშველე რა, ვარ ამისი მემუდარი!

114
ურწმუნოებით განჰფინე სარწმუნოება სრულია,
ინდოთა სიცხით დამწვართა შენ მოუგრილე გულია.
უკვდავის სახლის შეიქენ ხურობის განმაგულია.
გვედრივარ, თომა, მიშველე, რომ არ წამიწყდეს სულია!

115
უცხო რამ ზვერი აღიღე, აროდეს შემწიკვლდებისა,
იგი ნათელი უსაზღვრო რაღათღა მოგაკლდებისა?
განუყავ სულსა მრავალსა, მსმენელი განახლდებისა.
მათევ, მეც წილი დამიდევ, რომ სული მინათლდებისა!

116
წმიდავ იაკობ, ალფესი, შენ ჰპოე გულის ნებანი,
ვისთვის გსუროდა სიკვდილი, ჭირი, ტანჯვა და ვნებანი,
თავს იდევ, აწ გაქვს მათებრივ პატივის დაუკლებანი,
მსწრაფლად მოიღებ, რასაც სთხოვ, მეც მომეც ცეცხლის ვსებანი!

117
ლებეოზ, მერმე გეწოდა თადეოზ მოციქულია,
გახრწნადსა პირი აქციე, უხრწნელსა მიეც გულია,
ისარი გესო ასეთი, ვერა სცან ისრის წლულია,
აღმოფხვარ ჩემში, რაც იყოს ცოდვანი დანერგულია.

118
ორის ხითა ზეცად აღხედ, წმიდავ სვიმონ კანანელო,
ჯვარმა გიხსნა, ჯვარმა მოგწყლა, შენ ნათელო დაუნელო,
გაანათლე ბევრი თემი, მათთვის იქმენ გამომხსნელო,
მამარჩინე, არა ვნახო სატანჯველი იქ საბნელო.

119
სიმყრალისთვის მოკვეთილზე შენ აღმოხველ გია სხმული,
მის გიისა სურნელებით გაუმთელე კაცთა წყლული,
ქრისტეს იქმენ მეტრაპეზე, აღასრულე მისი თქმული.
მიშველე რა, არ შევიქნა მტერის მახით მე დანთქმული!

120
გემოვანთა სასმელთა წინ ცრემლის იყავ გამომხდელი,
მარხვა უფრო გემოდ გიჩნდა, არა შჭამე ცხოვლად მზდელი,
სამურკვნელო გზად შეგექმნა, რისაც იყავ მიწყივ მცდელი.
ძმას უფლისას გევედრები, ცოდვათ ჩემთა მექმნა მხდელი!

121
მას მიჯნურად რად ჩააგდებ, ვის არ ჰქონდეს ესე გულად:
მოყვსისათვის თავი თვისი არ დაედვას მონაკლულად,
არ დაეთმოს სოფლის შვება და დიდება მისი სრულად,
ვისცა რასმე ეკრძალოდეს და არ ექნას მონაძულად? 

< . . . . . . . . . . . . . . . . . . . . >

129
უგუნურსა სჭირს ფიქრითა სვე-სვიანობა, დიდება,
მრავლის თემისა დაპყრობა და საუნჯისა მიდება,
ჩაიტკბოს გულსა, ახარებს, არ აქვს ხელისა კიდება,
განიფრთხობს ხახა მწყურვალი, მუცელი გაუცივდება.

130
კარგს მოლაშქრეს მონაზონზე ნუ ჰგონია თავი მცირად,
თუ ის სჯულსა აღასრულებს, შენ სჯულსა სცავ მონამჭირად;
ცეცხლს თუ შეშა თან არ ახლავს, დაშრტების და იქმნას მწირად,
თუ ერთმანერთს არ უმწობენ, ორნივ იქმნას კარგზე ძვირად.

131
ოქრო მიწაა მანამდინ, სანამ ცეცხლს არა ნახავსა,
პატივს, შუქს, ფერსა მიიღებს, ვეღარა ჰპოებ ნახავსა;
აგრევ სიკვდილი კაცთთვის წყალობით ამას სახავსა,
უგუნურნი და უსწავლნი ამაზე ავსა ზრახავსა.

132
ნურც იმძიმებ, ნურც იხარებ, ან იშოო, ან დაჰკარგო,
რაცა მოვა მოსავალი, სასიავო თუ საკარგო,
ბევრის ცდით და მოჭირვებით, დაიჯერე, ვერა არგო.
ჩემი ყველა გააცუდა, ბარგი იყო რაც საბარგო.

133
რა მოვა საქმე საზეო, ნახეთ, მის გამო ელისა,
ბევრსა ეცადა, იჭირვა, ვის ქართლში გამოელისა;
რაღა ვიუბნა სოფლისა, ქალაქით გამო ელი სა?
თუ კარგი თვითან არ არის, სხვისგან რას გამოელისა?

< . . . . . . . . . . . . . . . . . . . . >

135
დამრგველმა მისმა მოიმკოს დარგულთა მისთა ნაყოფი,
არცა წაუხდეს იმისგან, არც ექნას მისგან ნაყოფი,
კარგი ზეცამდე ამაღლდეს, ავმა სახლში ქნას ნაყოფი,
რაც რბილად ჰგონოს, უმაგრდეს, ვით ბასრი წყალსა ნაყოფი.

136
იოსებისთვის განეგო ეგვიპტეს განმთავრებანი,
ძმათ სასიკვდილოთ იწადეს, მას დასცდეს ეს განგებანი,
მას მიხვდა ამით ის საქმე, ართუ მიეცა ვნებანი,
რად ვწუხვართ, რადგან არ არის განგების მოცაკლებანი.

137
ნუ გიკვირს მკვდართა აღდგომა, მკურნალნიც იქმან სახესა,
ცეცხლსა-წყალ-მიწა-ჰაერსა განყოფს ბალახსა და ხესა,
მღვრივით აწ წმინდას შერევენ, კვლავ ჰყოფენ მასვე სახესა.
ღმერთიც ასე იქმს, რას სცთებით, რად ებმით უხსნელს მახესა?

138
ეს სოფელი ჰგავს ყვავილსა ტურფა კეკლუცად ქმნულებსა,
სიცხე წვით, ყინვა დაზრობით, სცემს მზე-ღრუბელი წყლულებსა,
წყალი წაახდენს და გვალვა მოუშლის მას უსულებსა,
მოთმენის მეტი წამალი რა ვპოოთ ამ საკრულებსა?

139
ყვავილთა ტურფა ბიბინი, სანდომი არემარენი,
მწადს გაზაფხული, ტოლთ უთხრა: აღვიძრნეთ არე მარენი.
ვინც გაიკმარებს, რა არი, ვეჭვ იყოს ა რემა რენი,
ჩემი ნახული თუ ნახო, გაკვირვოს არემარ ენი.

140
ვნახე ბერი ყრმათა უყრმე და ყმაწვილი ბერთ უბერე,
ბერი ცუდათ მწვე აჩქარდა, ყრმა დაწყნარდა, რაც უბერე,
უხუცესი არას ნაღლობს, უმცირე სწუხს: ვარ უბერე.
ის უფროსი იბერება, ეს უმცროსი არს უბერე.

141
თუ შენს ტვირთს შენ კი არა ზევ, ნუ ჰკიდებ სხვას, ვერ აზევსა.

142
თუ სიტყვას კარგა არ კრძალავ, მზირნი სხედს, მოიტაცებენ.

143
ისარსა გავს, პირით სიტყვა რა გასტყორცო, არ მობრუნდეს.

144
ბუზს მწვე მიჰგავს, ამპარტავნად, ურიდობით მოარული,
არ იციან ფთა თხელი აქვს, ვერას უზამს საქმე მტრული.

145
კაცს გულს აურევს, თვარა და ბუზი არ არის ფინთია.
თუცა შენ ავი არა ხარ, არც კარგი გამოგინთია.

146
ცუდად ვიყავ სოფლისაგან, ესე რამე გავაუბნენ,
ვერა ვირგე ნაღველთაგან, სევდა უფრო გავაუბნენ,
დამცა ცოდვამ საკურველად, როს ხელთ ვიგდე, გავაუბნენ,
ბრძენთა თქმულსა არ მივხედე, ზურგი მივეც, გავა უბნენ.


კვლავ მიხმეს ისევ ისპაანს 

1
კვლავ მიხმეს ისევ ისპაანს, დამრჩა ეს შეუსრულები.
მამცეს პატივი მრავალი, ვა, თუ დავაბი სულები!
მან თავის ტოლად მადიდა, რა შემქნა უფლისწულები,
წარმავალია ყველაი, ჟამი მიც გარდასულები.

2
არ დამცალდა სხვას ლექსთა თქმა, მიხმეს ისევ კიდევ კარად,
ხორცისათვის საპატიოდ, სხვას ბევრრიგად დასაზარად.
რა ვქნა, არვინ არ გამოჩნდა არასფერში მოსახმარად?
მოუძლურდა ხორცი სუსტი, რაღა მეთქვა მსმენთვის მწარად?

3
არ იცოდით, არ გმართებდათ ჩემი ასე გარდაგდება?
სამთავსა და კვერსა შუა ჭიქა როგორ გამაგრდება?
ტალსა კვესსა რა ჩამოჰკრავ, აბედს ცეცხლი მოედება,
ცეცხლსა მძაფრსა ნავთს დაასხამ, მითხარ, როგორ დანელდება?

4
თვითვე ნანობენ უგბილნი, თუცა ბევრს ჭირსა მახესა,
ლომი დაბმული აეხსნას, ვაცსა გააბამს მახესა;
რაღასღა ვეძებ სახვეწრად კლდესა, ტყესა და მა ხესა,
რაც ერგოთ ჩემის ამ საქმით, აწა თვითანცა ნახესა.

5
ჩემნო გულის სატკივარნო, იწუხეთ და ჩემთვის ახეთ,
ჭირნი ჩემნი სხვათა ჭირთა მიამსგავსეთ, მიასახეთ;
სოფლის საქმეს ყური უგდეთ, ან იტირეთ, ნუ ვახეთ.
აბედინას-შვილის ამარ დავრჩომილვარ, აწ ეს ნახეთ!


* * * * * *

ჯუფთ არს არა ვის, ეთქვა არავის, თუ ვინ აწ ბრძანებს, ვეჭვ, არს შემდგომი.
ვმონე ქრისტესა, მას ჩემსა მწესა, უნდო, არ კეთილ ფრიად შემდგომი.
ამის ლექსვაში ვიყავ მწვე ვაში, ნუ ეჭვთ მყოლოდეს შემწე, შემდგომი,
ბრძენთ დავაბრალო, უცებთ ვერ მრავლო, ხომ ხარ რიტორთა გზაზე შემდგომი. 


სულხან-საბა ორბელიანზედ 

1 რადგან დაშვრა ასე საბა, ქება მმართებს აწყა მეცა,
შეუყრია მრავლად სიტყვა, რა ვიხილე, სიბრძნე მეცა;
სად ვნახევდი ასრე კრებით, ქვეყნად მევლო, გინდა მე ცა,
საქმით სცანით, თუ ვისწავლი, ვით ვინაღვლი, კიდეც მეცა.

2
სიყრმითგან იყო მუდამად სიბრძნის სწავლისა მსახველი,
სამოცდაექვს წელს იკითხა, სთქვა: ვერასი ვარ მმარხველი.
იარა ბევრი ქვეყანა, ბევრისაც იყო მნახველი,
ორბელიანმა საბამან სახელითა ქნა სახელი.



მოამზადა ირაკლი ხართიშვილმა

Sunday, September 24, 2017

ისევ სასამართლო პროცესის გამო ჰერმან ჰესეს „რიოში მარგალიტებით თამაშის“ თარგმანთან დაკავშირებით

(გაგრძელება) 

გამომცემლობა „სიესტასთან“ დავის პროცესში, ბუნებრივია, გაგვიჩნდა აზრი, რომ სხვა გამომცემლობასთანაც გვესინჯა მისვლა, რომელიც ასევე აიღებდა უფლებას ჰერმან ჰესეს მემკვიდრისგან „რიოში მარგალიტებით თამაშის“ ქართული თარგმანის გამოცემაზე და მაშინ ჩვენ მასთან მივიდოდით, ხოლო თუ ქეთი კიღურაძეს უნდოდა, მას შეეძლო მთლიანად ნანა გოგოლაშვილთან დაეჭირა საქმე და თარგმანი მისთვის შეეკვეთა. ჩვენ იმედი გვქონდა, რომ მარიამის თარგმანის გამოცემა ხელოვნურად ხელშეშლის გარეშე უფრო ადრე მოხდებოდა და მას ქართველი მკითხველი გაეცნობოდა, მის ავსა და კარგს შეაფასებდა. შემდგომში ნანა გოგოლაშვილის თარგმანიც თუ გამოვიდოდა, ჩვენ ამის წინააღმდეგ არაფერი გვქონდა.

ასეთ პირობებში ერთმა ახლობელმა ადამიანმა „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობას“ დაგვაკავშირა, სადაც თარგმანის დასაწყისი ნაწილი გავაცანით. ტექსტი მოიწონეს, თუმცა კი მის გამოცემაზე მაშინ არ ფიქრობდნენ. როცა ასეთი მოწონების შესახებ მორიგ სასამართლო პროცესზე განვაცხადეთ, მალევე ქ. კიღურაძემ თქვა, რომ დათმობდა ამ თარგმანის გამოცემის უფლებას „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის“ სასარგებლოდ, თუ ჩვენ სასამათლოდან სარჩელს გავიტანდით. მაშინ ჩვენმა ადვოკატებმა დაიწყეს შესაბამის შეთანხმებაზე მუშაობა, სამივე მხარის მონაწილეობით, და ეს პროცესიც თავისი რიგით წავიდა. „სიესტას“ მხარეს უნდოდა შეთანხმება რაც შეიძლებოდა სწრაფად დადებულიყო, ჩვენც არ ვიყავით წინააღმდეგი, თუმცა კი ეს პროცესი გარკვეულწილად გაგრძელდა. ჩვენ ასეთ მდგომარეობას მიჩვეული ვიყავით თავად „სიესტასთან“ ურთიერთობაში და, ვინაიდან საქმე მაინც წინ მიდიოდა, ამიტომ შეყოვნების გამო დიდად არ ვდარდობდით, უფრო მეტად კი ის გვაწუხებდა, რომ ჩვენი სამართლიანი ინტერესები არ შელახულიყო. „სიესტას“ ადვოკატი კი ამ გაჭიანურების გამო ძალიან ღელავდა და ღიზიანდებოდა, თითქოს მანამდე თვითონ არ აჭიანურებდნენ ყველაფერს.

ასეთ პროცესებში ქეთი კიღურაძეს ამერიკაში მოუხდა სასწავლებლად წასვლა და ვითარებას იქიდან აკონტროლებდა და ხელმძღვანელობდა. სწორედ ასეთ მდგომარეობაში, როცა მას რაღაც ძალიან არ მოეწონა, შეთანხმებაზე ხელმოწერის პროცესის დაჩქარება ისეთი ფორმით მოითხოვა, რაზედაც „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის“ ხელმძღვანელმა ქ-ნმა თინა მამულაშვილმა საპასუხო გაღიზიანებით მიუგო. მან ჩვენ დაგვიძახა თავისთან ოფისში და გვითხრა: კიღურაძეს ისე უჭირავს თავი, თითქოს ის ხარისხიან პროდუქციას უშვებს, და მე კი უხარისხოსო; ამას არ ვაპატიებ და მე თვითონ შევეცდები გერმანულ გამომცემლობა „ზურკამპზე“ უშუალოდ გავიდე, რომელთანაც პრაქტიკულად ყოველდღიური საქმიანი კონტაქტები მაქვს, ჰესეს მემკვიდრეს უშუალოდ ავუხსნა კიღურაძის საქციელი, ჩემი დამოკიდებულებაც ამის მიმართ და ვთხოვო ჩამოართვას მის გამომცემლობას ამ თარგმანის გამოცემის უფლება, ვინაიდან მან ყველანაირი ვადები და ჯანსაღი საქმიანი ურთიერთობების წესები დაარღვია, და ჩვენ გადმოგვცესო.

ჩვენთვის საქმის ასე შემობრუნება მოულოდნელი იყო, თანაც დავის გაგრძელების გამო საკმაოდ დაღლილებიც გახლდით, თანაც ფინანსურადაც არ ვიყავით დალხენილები, მაგრამ ქ-ნმა თინამ მკაფიოდ განგვიცხადა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში ის ჩვენთან ურთიერთობას აღარ გააგრძელებდა. ასეთ პირობებში ჩვენ ან „სიესტას“ ინტერესების დასაცავად უნდა გამოგვედო თავი, რისთვისაც მისგან არანაირი საფუძვლები არ გაგვაჩნდა, ან კიდევ ქ-ნ თინას წინადადებას მივყოლოდით. ჰერმან ჰესეს მემკვიდრე ბ-ნი კრისტოფ ჰასენცალიც დაეთანხმა „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის“ წინადადებას, შეწყვიტა „სიესტასთან“ კონტრაქტი (რაზედაც მასაც, როგორც ჩანს, საკმაო საფუძვლები ჰქონდა) და ამ თარგმანის გამოცემის უფლება „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობას“ გადასცა.

ეს გამომცემლობა „სიესტასთვის“, რა თქმა უნდა, სერიოზული და მტკივნეული დარტყმა იყო, რაშიც ჩვენ რაიმე განმსაზღვრელი როლი ვერ გვექნებოდა, ვინაიდან უცხოური მხარე საქმეს იჭერს უშუალოდ აქაურ გამომცემლობებთან და არა მთარგმნელებთან, და ჩვენ ვერანაირად ვერ წავაქეზებდით ან, მით უმეტეს, ვაიძულებდით ბ-ნ ჰასენცალს ქ. კიღურაძისთვის ამ თარგმანის გამოცემის უფლება ჩამოერთვა. მიუხედავად ამისა, როცა კიღურაძე ამერიკიდან ჩამოვიდა და სასამართლო პროცესები განახლდა, მისი ადვოკატი დაჟინებით სწორედ ჩვენსკენ იშვერდა ხელს და წერდა, რომ „სიესტას“ ეს კონტრაქტი ჩვენ ჩამოვართვით თუ დავაკარგვინეთ, ხოლო თავიანთ უტაქტო თუ მოუთმენელ მოთხოვნებზე, რამაც ქ-ნ თინა მამულაშვილს ეს ნაბიჯი გადააგმევინა, ხმასაც არ იღებდა. სწორედ ეს მოვლენები უძღოდა წინ სასამართლო პროცესის განახლებას და ყოველივე იმას, რაც ქვემოთ მოყვანილი ჩვენი წერილობითი მასალების წარდგენას უძღოდა წინ. ახლა კი ამ მასალებსაც გავეცნოთ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს
სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლეს
ბატონ თამაზ ურთმელიძეს

მოსარჩელე მარიამ ქსოვრელი-ხართიშვილის
 (პ/ნ 01017026869) პასუხი
მოპასუხე: შპს „სიესტას“ ადვოკატის 
არჩილ თაბაგარის განცხადებაზე (30.09. 2015 წ.)

ბატონო მოსამართლევ, მოგახსენებთ, რომ ბ-ნ თაბაგარის განცხადება თქვენს სახელზე შეიცავს ბევრ უზუსტობასა და სიცრუეს, რაც საქმის ვითარების ნამდვილ სურათს ამახინჯებს. სახელდობრ, პირადად მე ვერ დავაკარგვინებდი გამომცემლობა „სიესტას“ ჰერმან ჰესეს რომანის „რიოში მარგალიტებით თამაშის“ თარგმანის გამოცემის უფლებას, რადგანაც ასეთი უფლების გაცემა ან ჩამორთმევა შეუძლია მხოლოდ ჰესეს მემკვიდრეს, მის შვილიშვილს, ბ-ნ კრიოსტოფ ჰასენცალს (გამომცემლობა „ზურკამპი“ /ბერლინი/), რომელიც მთარგმნელებთან კი არ ამყარებს უშალო ურთიერთობებს, არამედ შესაბამისი ქვეყნების გამომცემლობებთან.

მე სასამართლოში სარჩელის შემოტანის პარალელურად, იმავე ხანებში, ჩემი ადვოკატის რჩევით, ვრცელი წერილით მივმართე ზურკამპის გამომცემლობასაც, რომელშიც ვუხსნიდი მათ საქმის ვითარებას და თავიდან ვიხსნიდი პასუხისმგებლობას პროექტის მოსალოდნელი ჩავარდნის გამო. ამაზე მეტის გაკეთება მე, როგორც მთარგმნელს, არ შემეძლო. ამის დადასტურებისთვის დანართის სახით წარმოვადგენ იმ პასუხსა და მის ქართულ თარგმანს, რომელიც მე მაშინ გერმანიიდან მივიღე, და სადაც მეუბნებიან, რომ ძალიან აფასებენ ჩემთან თანამშრომლობას, რომ წიგნის გამოცემაში მოწადინებული არიან, რომ წიგნის გამოცემის უფლება აქვს გამომცემლობა „სიესტას“ და ის უნდა გამოვიდეს, რომ ასეთი უთანხმოებები გამომცემელსა და მთარგმნელს შორის, სამწუხაროდ, ხდება, რომ ჩემთან დაკავშირებით სწუხან, მაგრამ მეტის გაკეთება არ შეუძლიათ (იხ. დანართი).

სრულიად სხვა ვითარება შეიქმნა მაშინ, როდესაც გამომცემლობა „სიესტას“, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობასა და ჩემს შორის სამმხრივი შეთანხმების დადებაზე მოლაპარაკებების მსვლელობისას, როცა საბოლოო ტექსტის უკვე შეთანხმებული იყო, საჭირო იყო მხოლოდ იმ დღეს შეხვედრაზე შეთანხმებული პუნქტების ტექსტში შეტანა და მასზე ხელმოწერა, ბ-ნმა თაბაგარმა ჩემს ადვოკატს შეატყობინა ქეთი კიღურაძის მიერ გამოგზავნილი წერილი ულტიმატუმით, რომ თუ ხელმოწერა საჩქაროდ არ მოხდებოდა, მაშინ ის სხვა მთარგმნელს აიყვანდა (ალბათ ეს იყო სწორეც ის წერილი ქ. კიღურაძის მხრიდან, ამა წლის 22 ივნისს გამოგზავნილი, რომელიც ბ-ნ თაბაგარს თავის განცხადებაზე დანართის 18-ე გვერდზე მოყავს). და ეს მოთხოვნა, ჩემგან სრულიად დამოუკიდებლად, ჩემმა ადვოკატმა ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის პროექტების მენეჯერსაც შეატყობინა, რათა მას ამ გამომცემლობის ხელმძღვანელისთვის მოეხსენებინა.

ამის შემდეგ მოხდა სწორედ ის, რომ ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის ხელმძღვანელმა, ქ-ნმა თინა მამულაშვილმა მე და ჩემი მეუღლე თავისთან დაგვიბარა და გვითხრა, რომ ამ შეთანხმებაზე ის ხელს ვერ მოაწერდა, რადგანაც ქ. კიღურაძეს ისე უჭირავს თავი, თითქოს ის კარგ ლიტერატურას გამოსცემს, ხოლო მე კი მდარეს, მე ამას ვერ მოვითმენ, თავად დავუკავშირდები ზურკამპის გამომცემლობას, რომელთანაც თითქმის ყოველდღიური სამუშაო ურთიერთობები მაქვს, ავუხსნი საქმის ვითარებას და შევეცდები ამ თარგმანის გამოცემის უფლება თავად ბ-ნ ჰასენცალისგან მოვიპოვოო. და აშემდეგ ეს ასე მოხდა კიდეც.

ისიც ცხადია, ზურკამპის გამომცემლობა ქ. კიღურაძესთან წინა წლების თანამშრომლობით რომ კმაყოფილი ყოფილიყო, ის ამ ნაბიჯს არ გადადგამდა და ამ უფლებას ისევ გამომცემლობა „სიესტას“ დაუტოვებდა. ხოლო თუ რითი შეიძლებოდა გერმანული მხარე ქ. კიღურაძესთან თანამშრომლობით კმაყოფილი არ ყოფილიყო, ესეც ძნელი მისახვედრი არ არის: მან ხომ რამდენჯერმე დაარღვია „რიოში მარგალიტებით თამაშის“ თარგმანის გამოცემის ვადები მუდმივად მათი გაგრძელება უხდებოდა, მაშინ, როდესაც ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ მოიწონა ჩემი თარგმანი და მის გამოცემაზე მზადყოფნაც გამოთქვა. ამ გამომცემლობის პროექტების მენეჯერმა, როცა მე ამ ერთი თვის წინ მათთან ხელშეკრულებაზე ხელს ვაწერდი, მითხრა: „გმადლობთ, ქ-ნო მარიამ, ასეთი კარგი და შეკრული თარგმანი რომ მოგვაწოდეთ; მასზე ბევრი სამუშაო უკვე საჭირო აღარც იქნებაო“.

განა ქ. კიღურაძემ და მისმა ადვოკატმა კი არ იცოდნენ, რომ პირადად მე მათ ამ თარგმანის გამოცემის უფლებას ვერანაირად ვერ დავაკარგვინებდი? რა თქმა უნდა, იცოდნენ. მაშინ რატომ შეჰყავთ სასამართლო შეცდომაში? რატომ ცრუობენ სასამართლო დარბაზში? თანაც ასე აქტიური და აგრესიული ტონით? რატომ ფიქრობენ და იმედოვნებენ, რომ მათ ასეთი რამ გაუვათ?

ჩემმა მეუღლემ უკანასკნელ სასამართლო პროცესზე დაიწყო იმ მოვლენათა მიმდინარეობის მოკლედ გადმოცემა, რომლებიც ზემოხსენებულ შეთანხმებასთან იყო დაკავშირებული. მას არ უნდოდა, რომ წინა პლანზე ქ-ნ თინა მამულაშვილის ის გადაწყვეტილება წამოეწია, რაზეც ზემოთ ვილაპარაკე, რათა ამ ორ გამომცემლობას შორის ახალი დაპირისპირების საბაბი არ მიგვეცა, არამედ მსჯელობა ლოგიკურად უნდოდა წაეყვანა იმის დასანახად, თუ რა მოხდა სინამდვილეში და რატომ მოხდა, მაგრამ მას ამის საშუალება, სამწუხაროდ, ბლომდე არ მიეცა. შესაძლებელია, ჩვენ დავაშავეთ, ბატონო მოსამართლევ, რომ ჩვენი სათქმელი ჯერ კიდევ პროცესამდე წერილობით არ შეგატყობინეთ, მაგრამ იმედი გვქონდა, რომ ყველაფერ ამას თავად სასამართლოს სხდომაზე ვიტყოდით და ამით ჩვენს სიმართლეს წარმოვაჩენდით, და ეტყობა სწორად ვერ ვივარაუდეთ, რაზედაც ბოდიშს გიხდით.

იმ უკანასკნელი გადაწყვეტილების მიღებამდე მე და ჩემი მეუღლე ორჯერ შევხვდით ქ-ნ თინას თავის ოფისში, პირველად, როცა მისი გამომცემლობის პროექტების მენეჯერს, რომელიც განათლებით იურისტია, ქ. კიღურაძისა და ჩემი ადვოკატების მიერ შემუშავებული სამმხრივი შეთანხმების თავდაპირველი ტექსტი გავაცანით და მეორედ, უკვე ჩემი ადვოკატის დასწრებით, როცა ტექსტის საბოლოო ვარიანტის შეჯერებაზე იყო მსჯელობა, და არც ერთხელ ქალბატონ თინა მამულაშვილს არ გამოუთქვამს სურვილი, რომ ამ თარგმანის გამოცემის უფლება უშუალოდ მოეპოვებინა. არამედ ამისკენ მას სწორედ ქ. კიღურაძის უტაქტო (რბილად რომ ვთქვათ) საქციელმა უბიძგა.

ბატონო მოსამართლევ. ქეთი კიღურაძე სასამართლოს ბოლო სხდომაზეც იმეორებდა, თუ თინა მამულაშვილს უნდა მდარე ლიტერატურის გამოცემა, მისი ნებაა, მე კი მხოლოდ მაღალმხატვრულ თარგმანებს გამოვცემო. ასევე, მისი ადვოკატი ამტკიცებდა, ქ-ნ მარიამის თარგმანი მხოლოდ სამოყვარულო თარგმანია და „სიესტა“ მას ვერ გამოსცემსო. და თავიანთი ასეთი გამოხტომებით ისინი სულაც არ ფიქრობენ იმაზე, რომ მათზე უფრო ძლიერ და რესპექტაბელურ გამომცემლობასთან ახალ დაპირისპირებაში ერთვებიან. არც იმას უფიქრდებიან, რომ გერმანულმა გამომცემლობა „ზურკამპმა“ სულაც არ ჩათვალა ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა მდარე ლიტერატურის გამომცემლად, არამედ მიიჩნია, რომ ის შეძლებს ხარისხიანი თარგმანის გამოცემას და თავისი ნდობაც სწორედ მას გამოუხატა.

ეს არის და ეს...

* * * * *

რაც შეეხება ჩემ მიერ 2012 წლის ზაფხულში გამომცემლობაში სარედაქციოდ ჩაბარებული ტექსტის ხარვეზიანობას, მე ამას არ უარვყოფ, მაგრამ იმ ხანად ეს რაიმე განსაკუთრებულ ნაკლად არ მიმაჩნდა. საქმე იმაშია, რომ როდესაც 1990-იანი წლების დასაწყისში ჰერმან ჰესეს „ნარცისი და გოლდმუნდი“ ვთარგმნე, კარგად მახსოვს, რომ მაშინ რედაქტორები (ქ-ნები ელზა ახვლედიანი და რუსუდან ქებულაძე) გულდასმით მიუყვებოდნენ ტექსტს, წერილობით აკეთებდნენ მასში შენიშვნებს და ამა თუ იმ წინადადების ან ფრაზის ქართულ ენაზე უკეთ ჩამოყალიბების მათეულ ვარიანტებსაც მთავაზობდნენ. შემდგომ წლებში ჩემს ორ დას შვილები შეეძინა და ამ ხუთი ბავშვის აღზრდაში მეც აქტიურად ვმონაწილეობდი, განსაკუთრებით კი იმ წლებში მოთხოვნადი გერმანული ენის კერძო გაკვეთილების ჩატარებით, საიდანაც ჩვილი და შემდეგ ყმაწვილი ბავშვებისთვის სათანადო პირობების შესაქმნელად გარკვედული სახსრები შემომდიოდა. ამის გამო ასეთი დიდი მოცულობის თხზულებების თარგმნის საქმეს დროებით ჩამოვშორდი, თუმცა კი გერმანულ ლექსებს ვთარგმნიდი ქართულად და შემდეგ ისინი ჩემს კრებულშიც გამოვაქვეყნე, სახელწოდებით „გერმანული პოეზიის მცირე ანთოლოგია“, რომელიც „სიესტამ“ 2008 წელს გამოსცა და ეს ჩვენი თანამშრომლობის კარგი მაგალითი გახლავთ – წიგნი შესანიშნავი და მართლაც გემოვნებით გაფორმებული გამოვიდა, თუმცა კი მე მასში არაფერი ამიღია, ვინაიდან, ხელშეკრულებით, ის „ნარცისი და გოლდმუნდის“ ხელმეორედ გამოცემის ანგარიშში უნდა გამოეცათ. ასევე ჩემ მიერ იმავე 90-იანი წლების დასაწყისში ჟურნალ „საუნჯეში“ გამოქვეყნებული ანგელუს სილეზიელის „ქერუბიმული მოგზაური“, რომელიც „სიესტამ“ იმავე პირობით 2013 წელს ცალკე წიგნად გამოაქვეყნა.

მე ახლაც გამომცემლობა „სიესტასგან“ რედაქტორთან ასეთი თანამშრომლობის უზრუნველყოფას მოველოდი, რაც თარგმანში არსებულ შესაძლო ხარვეზებს გამოასწორებდა და კარგი წიგნის გამოქვეყნების შესაძლებლობას ჯერ კიდევ 2013-2014 წლების მიჯნაზე მოგვცემდა. ქეთი კიღურაძე კი ისე იქცევა, თითქოს მისი გამომცემლობა მხოლოდ სტამბა იყოს, სადაც დასაბეჭდად ყოველმხივ მომზადებული ტექსტი უნდა მიიტანო და მან მხოლოდ მისი ტირაჟირება უნდა უზრუნველყოს. თუ მას ისეთი ლიტერატურის თარგმანის რედაქტირებისთვის, როგორიც ჰესეს „რიოში მარგალიტებით თამაშია“, შესაბამისი სახსრები არ გააჩნია, მაშინ ამაზე ხელი უნდა აიღოს, და ასეთი სერიოზული თხზულებების გამოცემა უფრო სერიოზულ და ძლიერ გამომცემლობებს დაუთმოს. რაც შეეხება თავად ჩემი თავდაპირველი თარგმანის ვარგისიანობას, რედაქტორის, მანანა პაიჭაძის მიერ მისი კატეგორიულად დაწუნების მიუხედავად, მე ჩემი მეუღლის დახმარებით, რომელიც არც გერმანისტია და არც ლიტერატორი, იმ ხარვეზების გამოსწორება ძირითადად რამდენიმე თვის განმავლობაში შევძელი, ხოლო შემდეგ კი ბ-ნ ალ. კარტოზიას კოლეგიალური და საქმიანი რჩევის თანამხმად, ჩემს თარგმანს ისევ ხელახლა „დავუარე“ და ისეთ მდგომარეობამდე მივიყვანე, რომ ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ ის შემდგომი რედაქტირებისა და გამოცემისთვის მიიღო და დაახლოებით ამ ერთი თვის წინ შესაბამისი ხელშეკრულებაც გამიფორმა.

აქვე ვიტყოდი უკვე სასამართლო განხილვების პერიოდში, ბატონო მოსამართლევ, თქვენ მიერ შემოთავაზებული მორიგების თაობაზე. ვინაიდან მაშინვე საქმეში არსებულ ანა კორძაია-სამადაშვილისა და ალესანდრე კარტოზიას ჩვენი აზრით დადებით და შემდგომი მუშაობისთვის წამახალისებელ რეცენზიებს მოპასუხე მხარე (მისი შეხედულებით) უარყოფითად მიიჩნევდა და დღესაც ასე განაგრძობს, ამიტომ თქვენ ჯერ კიდევ 2014 წლის ზაფხულში ორივეს შემოგვთავაზეთ ახალი რეცენზიები მოგვეძია, და ქ. კიღურაძეც ამაზე თითქოს მზადყოფნას გამოთქვამდა. მაშინ, ისევ ჩემი ახლობელი ადამიანის მეცადინეობით, ბ-ნმა ლევან ბრეგაძემ (კრიტიკოსმა და გერმანული ენის კარგად მცოდნემ), გამოთქვა მზადყოფნა, თუ ორივე მხარე თანახმა იქნებოდა, ჩემი უკვე გასწორებული თარგმანის გარკვეული ნაწილი დედანთან შეედარებინა და შესაბამისი დასკვნაც დაეწერა. იმ ზაფხულს, როცა მე სოფელში ვიყავი დასასვენებლად წასული, სადაც ასევე ჩემს თარმანზე მუშაობასაც განვაგრძობდი, ჩემს მეუღლეს ქ. კიღურაძემ დაურეკა და ლ. ბრეგაძის ტელეფონი გამოართვა. არ ვიცი, რაზე ელაპარაკა ბ-ნ ლევანს გამომცემელი, მაგრამ ამის შემდეგ ის ტექსტის შედარებაზე უკვე გადაჭრით უარს ამბობდა.

ანუ ეს თქვენი თხოვნა, ბ-ნო მოსამართლევ, მაშინ ქ. კიღურაძემ ჩაშალა. ბ-ნმა ლევანმა მაშინ მე ტელეფონით საუბრისას მითხრა, რომ იგი თანახმა იყო მხოლოდ ჩემი თარგმანის გარკვეული მცირე ნაწილი დედანთან შეედარებინა, და არანაირი თანამთარგმნელობა მას არ უნდოდა. და განა არ შეეძლო ქ. კიღურაძეს ბ-ნ ლევანის ის სამსახური მიეღო, რისი გაკეთებაც მას შეეძლო და სურდა? ამაზე დათანხმებულიყო, რაც თქვენი თხოვნის შინაარსიც გახლდათ? რაღატომ დაუწყო მას თანამთარგმნელობის დაძალება? ჩემი თარგმანი ხომ უკვე თავად მე მქონდა გადამუშავებული და ის თანამთარგმნელს არანაირად არ საჭიროებდა? ბ-ნ ლევანს შეეძლო შემდგომში ამ წიგნის რედაქტორობა გაეწია, თუ ის თავად მოისურვებდა; მით უმეტეს, რომ მე, როგორც მთარგმნელი, მანანა პაიჭაძეს რედაქტორად უკვე ვეღარ ვენდობოდი.

გარდა ამისა, ისევ თქვენი თხოვნის საფუძველზე, ჩემი მეუღლე ანა კორძაია-სამადაშვილსაც დაუკავშირდა ტელეფონით, რათა, მას ასევე ტექსტის გარკვეული მცირე ნაწილი დედანთან შეედარებინა. ქ-ნმა ანამ ჩვენდამი კეთილი სურვილების გამოხატვით, ასეთ შედარებაზე უარი გვითხრა. მან ეს იმით ახსნა, რომ მისი რეცენზიის დაწერის შემდეგ მას დაუკავშირდა კიღურაძე და სთხოვა (თუ მოთხოვა) უფრო მკაფიო უარყოფითი შეფასება დაეწერა. მე მას ვუთხარიო, გვითხრა ქ-ნმა ანამ, მე გუშინდელი ბავშვი არა ვარ და რაც დავწერე გააზრებით და ცოდნით დავწერე, ამიტომ მის უარყოფასა და გადაკეთებას არ ვაპირებო. ჩვენ კი გვითხრა, რომ ახლა კიდევ აქტიურობა რომ გამოვიჩინო, ისეთ ლაპარაკს დაიწყებენ, რეზო ყარალაშვილის მოწაფეები ერთმანეთში შეიკრნენ და სხვებს ჩაგრავენო. ამიტომ მაპატიეთ, და თქვენს თხოვნას უკვე ვეღარ შევასრულებო. ანუ ქ-ნი ანა გერმანისტებს შორის დაპირისპირებას მოერიდა, რასაც მეც ვერიდები, მაგრამ ქ. კიღურაძე კი, სამწუხაროდ, ასე არ იქცევა.

ასეთი წინააღმდეგობების მიუხედავად, შემდგომში შევძელი ასევე დადებითი რეცენზიები მომეპოვებინა ქ-ნ ეთერ ქავთარაძისგან, ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორისგან, რომელიც ხელნაწერთა ინსტიტუტში მთავარი სპეციალისტი გახლავთ და გამომცემლობა „ინტელექტში“ გრიგოლ რობაქიძის შემოქმედებასა და მიმოწერას გამოსცემს, რასაც მანამდე ხელნაწერთა ინსტიტუტის არქივებში და სხვა წყაროებიდან მოიძიებს. ასევე ჩემი თარგმანის პირველი ორი თავის წაკითხვის შემდეგ დადებითი რეცენზია დამიწერა გერმანისტმა და მთარგმნელმა მაია ბადრიძემ, რომელსაც თავად ურთულესი წიგნები აქვს თარგმნილი და გამოცემული. ამ უკანასკნელი რეცენზიის სასამართლოში წარმოდგენისას ქ. კიღურაძემ მითხრა „რას ძალაობო“, ანუ საკუთარი სიმართლის დასაცავად რატომ შრომობ და იბრძვიო. და ეს მან სასამართლო დარბაზში მითხრა, როცა მ. ბადრიძის რეცენზიის ტექსტი მას გადავეცი. თან ისიც რამდენჯერმე ყველას გასაგონად „გაოცებით“ დაუმატა, მაია ბადრიძე ვინ არისო. იმავე საღამოს ქ-ნმა მაიამ ტელეფონში მითხრა, ძალიან კარგად მიცნობს ქეთი კიღურაძე ვინც ვარ და ბევრ ღონისძიებაზე ერთადაც ვყოფილვართო.

აი ასე „გულმოდგინეობდა“ ქ. კიღურაძე მთელი ამ დროის მანძილზე მოლაპარაკებათა პროცესის წარმართვისთვის და ასე „ასრულებდა“ ის თქვენს თხოვნასა და წინადადებას, ბატონო მოსამართლევ, ახალი შეფასებების მოძიების თაობაზე. და ასეთი შეფასებები ხომ, თქვენი ინიციატივით, ურთიერთ შორის პატიოსანი შეთანხმების მიღწევაში უნდა დაგვხმარებოდა? რატომ აფერხებდა და ეწინააღმდეგებოდა მათ კიღურაძე? 

* * * * *

გამომცემლობა „სიესტას“ მიერ მოწმედ მოყვანილმა გერმანისტმა მანანა პაიჭაძემ, რომელიც ამ გამომცემლობაში ჩემი თარგმანის რედაქტორიც გახლდათ, იმის გარდა, რომ აღნიშნა მარიამ ქსოვრელის თარგმანის როგორც თავდაპირველი, ისე გადამუშავებული ტექსტიც შემდგომი რედაქტირებისთვის გამოუსადეგარი და, ამდენად, გამომცემლობისთვის მიუღებელი იყოო, დანარჩენი ყველაფერი იმის საწინააღმდეგოდ ილაპარაკა, რასაც მანამდე ბ-ნი ა. თაბაგარი ამბობდა. სახელდობრ, ეს უკანასკნელი აცხადებდა, რომ გამომცემლობის მხრიდან ჩემ მიმართ კანონის ყველა მოთხოვნა იქნა გათვალისწინებული, რომ ქ-ნმა პაიჭაძემ ჩემი თარგმანი შემდგომი რედაქტირებისთვის დროულად და ჩემი თანდასწრებით ჩაიბარა, რომ მან და გამომცემელმა, ჩემი ნამუშევრის უხარისხობის გარკვევის შემდეგ, არაეთხელ ისაუბრეს ჩემთან „სიესტას“ ოფისში, რათა ამაში დავერწმუნებინეთ. მ. პაიჭაძემ კი თქვა, რომ ჩემი თარგმანი რედაქტირებისთვის, სხვა თარგმანთან ერთად (ჰერტა მიულერის წიგნისა) 2013 წლის 27 აგვისტოს წაიღო, ხოლო მე კი ამ საკითხზე „სიესტას“ ოფისში მხოლოდ ერთხელ, 2014 წლის აპრილის დასაწყისში მელაპარაკა (მან გაიხსენა მარტის თვე, მაგრამ როდესაც ჩვენ აპრილი დავუზუსტეთ, ამაზე წინააღმდეგობა არ ჰქონია). მე კი გამომცემლობას ჩემი თარგმანი სარედაქციოდ 2013 წლის ივნისში მივეცი. ანუ გამომცემლობაში ჩაბარებიდან მხოლოდ დაახლოებით ცხრანახევარი თვის შემდეგ მივიღე პირველი ოფიციალური და უარყოფითი პასუხი. მან ასევე გულწრფელად აღიარა, რომ ჩემთან ერთად ამ ტექსტზე არ უმუშავია. ეს იმით ახსნა, რომ ასეთი მუშაობის საშუალებას თავად ტექსტის უხარისხობა არ იძლეოდაო. კი მაგრამ, თუ ჩემს მეუღლეს მისცა ამ ტექსტმა მასზე ჩემთან ერთად მუშაობის საშუალება, თან ისე, რომ შემდეგ პარალელურად თავისი საქმეებისთვისაც მიეხედა, მ. პაიჭაძეს რაღა მოუვიდა?

ჩემი ადვოკატის, ქ-ნ ინგა ჩალათაშვილის წიგნში „ტიპიური ხელშეკრულებების კრებული“ (თბილისი, 2011), ნაწილში „საგამომცემლო ხელშეკრულება“, პარაგრაფში „მხარეთა უფლებები და ვალდებულებები“ კანონის მოთხოვნათა საფუძველზე აღნიშნულია, რომ ავტორის მიერ ჩაბარებული „ნაწარმოები მიიჩნევა სათანადო სახით ჩაბარებულად, თუ გამომცემლობამ მისი მიღებიდან _____ დღის განმავლობაში არ წარუდგინა ავტორს მოთხოვნა ნაწარმოების სრულად დაკომპლექტების და გაფორმების შესახებ“. შემდეგ ნათქვამია, რომ „გამომცემლობა ვალდებულია განიხილოს სათანადო სახით წარმოდგენილი ნაწარმოები _________ დღის ვადაში და წერილობით შეატყობინოს ავტორს ნაწარმოების მიღების ან მისი უარყოფის შესახებ (ხაზი აქ და ქვემოთაც ჩემია - მ. ქ.) ხელშეკრულებით გათვალისწინებულ საფუძვლებით, ან ნაწარმოებში შესწორებების შეტანის აუცილებლობაზე მოთხოვნილ შესწორებათა არსის ზუსტი მითითებით ხელშეკრულების პირობების ფარგლებში“. და ჩემ მიმართ სწორედ კანონის ეს მოთხოვნა იქნა ორჯერ დარღვეული. ჯერ ერთი, ვადა, რომელიც გამომცემელსა და მის რედაქტორს ჩემთვის პასუხის გაცემაზე დასჭირდათ, იყო ცხრა თვეზე მეტი, ანუ დახლოებით 280 დღე, და განა ასეთი ვადა ნორმალური და მისაღები უნდა იყოს ცივილიზებულ საზოგადოებაში ჯანსაღი საქმიანი ურთიერთობებისთვის? მეორეც, კანონი გარკვევით ლაპარაკობს გამომცემელსა და ავტორს შორის ასეთ საკითხში წერილობით ურთიერთობათა აუცილებლობაზე, რაც ასევე არ დაიცვა გამომცემელმა. 

გამომცემელსა და რედაქტორს ჩემთვის არ უჩვენებიათ ტექსტში გაკეთებული შესწორებები, რათა მე ისინი შემეფასებინა და ჩემი შემდგომი მუშაობა მათი გათვალისწინებით წარმემართა, დავთანხმებოდი თანამთარგმნელის შემოყვანაზე ან შეცდომების გასწორება თავადვე მეცადა. ამას მოითხოვს კანონი, რაც ზემოხსენებულ წიგნში ასეა ჩამოყალიბებული: „ავტორი ვალდებულია საბოლოოდ დაამუშაოს ნაწარმოები _________დღის განმავლობაში თუ გამომცემლობამ წარადგინა შენიშვნები ნაწარმოების დამუშავების შესახებ“. შემდეგ „ავტორის მიერ გასწორებული ნაწარმოები გამომცემლობამ უნდა განიხილოს ___________დღის ვადაში. თუ წერილობითი შეტყობინება ავტორს არ გადაეგზავნა, დადგენილ ვადაში, ნაწარმოები მიიჩნევა მოწონებულად“. და არც ასეთი შეტყობინება არ მიმიღია. ის უბრალოდ არ არსებობს, მიუხედავად იმისა, რომ მე თვითონ, ჩემი ადვოკატის რჩევით, ოფიციალურად მივმართე მას წერილით, რომ ჩემი თარგმანის გასწორებული ტექსტისთვის ყურადღება მიექცია და მასზე ნამდვილი სარედაქციო მუშაობა დაეწყო. მაგრამ კიღურაძემ ამას სრული იგნორირებით უპასუხა, და მე ეს ჩემს სარჩელშიც მაქვს აღნიშნული. და ასეთი დამოკიდებულება იქცა კიდეც სასამართლოში ჩემი ჩივილის მიზეზად.

ახლა ისევ წინა პერიოდის ამბებს შევეხები, როცა გამომცემლისა და მისი რედაქტორის მხრიდან იგნორირებისა და უარყოფის პირობებში თავად დავიწყე ჩემი თარგმანის გასწორება, ჩემი მეუღლის დახმარებით, რისთვისაც ამ რომანის რუსული თარგმანის გამოყენება დამჭირდა იმის გამო, რომ გერმანისტმა მანანა პაიჭაძემ ასეთ კოლეგიალურ თანამშრომლობაზე, რასაც მას რედაქტორის თანამდებობაც ავალებდა, გადაჭრით უარი მითხრა, ხოლო ჩემი მეუღლე კი 1990 წლიდან სისტემატიურად რუსულიდან თარგმნის სამხედრო, პოლიტიკური და ისტორიული თემატიკის ლიტერატურას, და ამიტომ მას მხოლოდ ამ სახით შეეძლო ჩემთვის დახმარება აღმოეჩინა. ახლა გამომცემელი რუსული თარგმანის გამოყენებას მსაყვედურობდა, და დღესაც ამას განაგრძობს, თუმცა კი მე ამ რომანის რუსული თარგმანი მხოლოდ შინაარსობრივი საკითხების დაზუსტებისთვის გამოვიყენე, და თანაც ქ. კიღურაძის შესაგებელზე ჩემს პასუხში თარგმანის გადამუშავებული ტექსტის პირველი 11 აბზაცის დასაწყისი წინადადებებიც მოვიყვანე, სადაც აშკარად ჩანს, რომ ლექსიკური გამოხატვით ეს წინადადებები განსხვავდება რუსული თარგმანისგან და გერმანულ დედანს მიუყვება.

კანონის ყველა მოთხოვნა, რომლებიც მე ზემოთ გამოვყავი დაარღვია ჩემთან, როგორც მთარგმნელთან ურთიერთობაში გამომცემელმა, ხოლო სასამართლოს უკანასკნელ სხდომაზე კი, როცა ჩემმა ადვოკატმა ეს მოთხოვნები კიდევ ერთხელ შეახსენა მოპასუხე მხარეს, მისი ადვოკატი ამაზე ქირქილებდა და წერილობითი ურთიერთობების მოთხოვნას აბუჩად იგდებდა. ანუ მოპასუხის ადვოკატი, ბ-ნი თაბაგარი კანონის დებულებებს დასცინოდა. და ეს ყველაფერი სასამართლო სხდომაზე, მოსამართლის თანდასწრებით ხდებოდა. ნუთუ ადვოკატი სასამართლო სხდომაზე კანონის მოთხოვნებს აბუჩად უნდა იგდებდეს და მან ამისთვის პასუხი არ უნდა აგოს? ეს პირადად ჩემთვის და ჩემი მეუღლისთვის სრულიად გაუგონარი და მიუღებელი რამ გახლავთ.

* * * * *

რაც შეეხება ჰონორართან დაკავშირებულ საკითხებს, თუ რატომ მოვითხოვ ხელშეკრულებით დადგენილი თანხის სრულად გადახდას, აქ არც ჯიბრია ჩემი მხრიდან ქ. კიღურაძის მიმართ და არც სიხარბე. ჯერ ერთი, თუ კიღურაძეს ჩემზე უფრო ასაკიანი და უფრო მეტად ცნობილი მთარგმნელის, ნანა გოგოლაშვილის მომადლიერება და ამ თარგმანის მის ხელში ჩაგდება უნდოდა, რაც ყველა ვარიანტში ჩემს, ბოდიშს მოვითხოვ, „გადაგდებას“ ნიშნავდა, თუ მას ამაში მანანა პაიჭაძე უბამდა მხარს და ეს ვერ გამოუვიდათ (მე ამას ღვთის წყალობად და ღვთის შეწევნად მივიჩნევ), თუ ჰერმან ჰესეს მემკვიდრემ ბ-ნმა კრისტოფ ჰასენცალმა ჩაშალა მათი გეგმები, მე ხომ ჩემი სამუშაო, ამდენი წინააღმდეგობის, ვერაგობისა და აბუჩად აგდების მიუხედავად, ბოლომდე შევასრულე? თუ ქ. კიღურაძეს მხოლოდ კომერციული, ანუ კარგი წიგნის გამოცემის ინტერესი ამოძრავებდა, როცა ჯერ კიდევ ზურაბ აბაშიძის (ზეპირი), ანა კორძაია-სამადაშვილის, ალექსანდრე კარტოზიასა და მაია ბადრიძის დადებითი რეცენზიები ჰქონდა ხელთ, განა არ შეეძლო ჩემს თარგმანზე მუშაობა გაეგრძელებინა? ან როცა ეს თარგმანი ბაკურ სულაკაურის გამომცემლობაში მოიწონეს, მაშინ კი არ შეეძლო ჩემი ნამუშევრის ხარისხიანობა დაეჯერებინა და ჩემსკენ შემობრუნებულიყო, მოეხდინა თარგმანის რედაქტირება, რაშიც ფინანსურად ნაწილობრივ მეც მზად ვიყავი შევწეოდი, კარგი წიგნი გამოეცა და მისი გაყიდვით შემოსავალი მიეღო? შეეძლო, მაგრამ არ გააკეთა. და თუ ამ ელემენტარულ კომერციულ სარგებელს თავად ჰკრა ხელი, ეს რა ჩემი გადასახდელია?

ბატონო მოსამართლევ, თქვენთვის ცნობილია სულაკაურის გამომცემლობასთან დადებული ჩემი ხეკშეკრულება, სადაც ჰონორარის სახით მე უნდა მივიღო მხოლოდ ის თანხა, რომელსაც გერმანული მხარე (გოეთეს ინსტიტუტის სათავო ოფისი) ამისთვის გამოყოფს, და ეს მოხდება მხოლოდ წიგნის გამოცემის შემდეგ. მაგრამ ეს პროცესი შეიძლება 1-1,5 წელიწადსაც გაგრძელდეს. ასევე, შეიძლება გოეთეს ინსტიტუტის სათავო ოფისში ეჭვიც შეიტანონ ამ თანადაფინანსების გამოყოფაზე, ქ. კიღურაძესთან ჩემი თანამშრომლობის უარყოფითი გამოცდილების გათვალისწინებით, რაც ჩემი მიზეზის გამო სულაც არ განვითარებულა, და ამ გამოცემის უზრუნველყოფა მთლიანად ქართულ მხარეს მოანდონ. მაშინ ხომ ქ-ნი თინა მამულაშვილი იძულებული შეიქნება თავისი გამომცემლობის სახსრებიდან გადამიხადოს იმ ზომის ჰონორარი, რასაც გაწვდება, და ეს ალბათ იმაზე მნიშვნელოვნად ნაკლები იქნება, ვიდრე გერმანული მხარე ჩვეულებრივ ამ მიზნით გამოყოფს.

ანუ ქ. კიღურაძის „ნამოღვაწევის“ შედეგად მე ჩემს შრომაში ახლა უკვე დანამდვილებით ვერ ავიღებ იმ სტანდატრულ გასამრჯელოს (თარგმნილი წიგნის გვერდში 10 ამერიკული დოლარი), ვინაიდან, როგორც სულაკაურის გამომცემლობაში გასულ ზაფხულს გვითხრეს, გერმანული მხარე ასეთ პროექტებზე 3000 ევროზე მეტს არ გამოყოფსო, რაც 6100 აშშ დოლარზე გაცილებით უფრო ნაკლებია, ხოლო თუ ეს თანხა, რაც მცირე ვარიანტია, მაგრამ მაინც შესაძლებელია, გოეთეს ინსტიტუტმა სრულებით არ გამოყო, ჩემი ჰონორარი 600-გვერდიანი წიგნის თარმანში იმ 3000 ევროზე კიდევ უფრო ნაკლებიც იქნება.

ბ-ნმა თაბაგარმა ისიც იცრუა, რომ ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის ამ საქმეში ჩართვის ინიციირება მე მოვახდინე. მე მართლაც ჩემმა ახლობელმა დამაკავშირა ამ გამომცემლობასთან და თარგმანის დასაწყისი ნაწილი (დაახლოებით 25 კომპიუტერული გვერდი) გავუგზავნე კიდეც, მაგრამ იქ თავიდანვე მითხრეს, რომ მათ თარგმანი მოსწონთ, მაგრამ მისი გამოცემის უფლება არ გააჩნიათ, თან ამ იურიდიული პრობლემების გარდა, ფინანსური სიძნელეებიც აქვთ, რასაც კიდევ ლარის კურსის ვარდნაც ემატებოდა. და ამის გამო მის გამოცემაზე არ ფიქრობდნენ და ამას ვერ დამპირდებოდნენ. სწორედ ქ. კიღურაძემ მოახდინა ამ თარგმანის გამოცემაში ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის ჩართვის ინიციირება, როცა ა. წ. თებერვლის თვეში სასამართლო სხდომაზე თავად განაცხადა, რომ იგი ამ თარგმანის გამოცემის უფლებას სულაკაურის გამომცემლობის სასარგებლოდ დათმობდა, თუ მე ამის შემდეგ ჩემს სარჩელს სასამართლოდან გავიტანდი.

ჩემმა მეუღლემ მაშინვე უპასუხა, რომ აქ მხოლოდ ამ უფლებაში არ იყო საქმე. რომ სანამ გერმანიიდან თანხა ჩამოვიდოდა, შეიძლებოდა დიდი დრო გასულიყო. მაშინ ქ. კიღურაძემ იქვე დაუმატა, რომ ის დათმობდა იმ 8000 ევროსაც, რომელიც გოეთეს ინსტიტუტს ამ წიგნის გამოცემაზე ჰქონდა გათვალისწინებული. ასეთ პირობებში, თუ ეს თანხა ავტომატურად ბაკურ სულაკაურის გამომცემლობისთვის შეიქნებოდა გამიზნული (წიგნის გამოცემის შემდეგ), მაშინ ქ-ნ თინასაც შეეძლებოდა ჩემთვის გარკვეული ავანსის მოცემა, მაგრამ ასე ავტომატურად ეს პროცესები ვერ წავიდა და ამ გამომცემლობის მიერ თანადაფინანსების მოპოვება გოეთეს ინსტიტუტში შესაბამისი თხოვნის წარდგენის საფუძველზე უნდა მოხდეს, იქ უნდა განიხილონ და დადებითი ან უარყოფითი პასუხი გასცენ, რაც თვეების გავლას გულისხმობს (თავად კიღურაძემ ახსენა, ნახევარი წელი სჭირდებაო). როცა ეს ამბავი შევიტყვეთ, მაშინ ორივე ადვოკატს ვუთხარით, რომ გამოცემაზე უფლების დათმობასთან ერთად „სიესტას“ ჩემთვის გარკვეული თანხაც გადაეხადა, მაგრამ ეს მათ შორს დაიჭირეს, მაშინ შეთანხმება ჩაიშლებაო. ამიტომ, როდესაც ასეთ სამმხრივ შეთანხმებაზე მივდიოდი, ამის გათვალისწინებით, ეს ჩემთვის უკვე ფინანსურად კაბალური პირობა გახლდათ, მაგრამ თავს ზევით ძალა არ მქონდა და იძულებული ვიყავი ასეთ მდგომარეობას მივყოლოდი. ერთი ნუგეში ის იყო, რომ წიგნის გამოცემის საკითხი დადებითად წყდებოდა. ხოლო როდესაც ზემოთ აღწერილი მოვლენების გამო გამომცემლობა „სიესტას“ ამ თარგმანის გამოცემის უფლება ჩამოერთვა და ის სულაკაურის გამომცემლობასთან გადავიდა, ხოლო ამ გამომცემლობაში კი ჩემი თარგმანი მოსწონთ, ამიტომ მე შესაძლებლობა მომეცა უკვე „სიესტასთან“ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ თანხაზე სასამართლოში დავა გამეგრძელებინა, რასაც ვაკეთებ კიდეც.

როგორც ზემოთ აღვნიშნე, ეს არც სიხარბითაა გამოწვეული და არც შურისძიების წყურვილით, არამედ მწვავე ფინანსური აუცილებლობით. ჯერ ერთი, ხელშეკრულებით გათვალისწინებული 900 დოლარზე მეტი თანხა რომ 2011 წლის მარტშივე მიმეღო, ხოლო 2012 წლის ზაფხულში, გერმანიიდან თანადაფინანსებაზე თანხმობის მიღების შემდეგ, ჩემი ავანსი (ასევე ხელშეკრულების თანახმად) ქ. კიღურაძეს უკვე 3050 დოლარამდე რომ შეევსო, მაშინ მე შემეძლებოდა მიმეხედა როგორც ჩემი ჯანმრთელობისთვის, ისე, თუნდაც ჩემს საცხოვრებელ ბინაში არსებულ დაზიანებათა გამოსწორებისთვისაც, რასაც ადამიანის მიერ თავის შრომაში მიღებული გასამრჯელო ჩვეულებრივ ხმარდება კიდეც. მაგრამ ვინაიდან გამომცემლის მხრიდან ამ პირობების ვერ ან არშესრულებით, რასაც მე თავის დროზე გაგებით ვეკიდებოდი (რომ მას საამისოდ სახსრები არ გააჩნდა), და არ ვედავებოდი, მთელი ეს პრობლემები (ჩემი ჯანმრთელობის მიხედვისა და სხვა) კიდევ უფრო დამძიმდა, რაც მათი გამოსწორებისთის კიდევ უფრო მეტ ხარჯებს მოითხოვს. 

გარდა ამისა, სასამართლოში სარჩელის შემოტანისას როგორც ბაჟის, ისე ადვოკატის ჰონორარის გადახდისთვის ჩემმა დამ ჩემს დასახმარებლად თავისი ძვირფასი ნივთები ლომბარდში დააგირავა (მაშინდელი დაახლოებით 1000 ლარის ოდენობით) და ამის პროცენტს მე დღემდე ვიხდი; ამას კიდევ თუ ქ. კიღურაძის ანგარიშებზე ყადაღის დადებისთვის გადახდილ თანხასაც დავუმატებთ, მლიანობაში ჩემ მიერ ამაზე აქამდე გაწეულმა ხარჯებმა უკვე 2000 ლარსაც გადააჭარბა. გარდა ამისა, მე მაქვს გამოსაცემი ჩემი ლექსების კრებული, რომელიც კომპიუტერში უკვე დიდი ხანია აკრეფილია და მხოლოდ შესაბამის სახსარს ველოდები მისი გამოქვეყნებისთვის. ამ ლექსების ერთი მცირე ნაწილი მე გამოვაქვეყნე ათი ავტორის კოლექტიურ კრებულში „პოეტური სიტყვის რთველი“ (2010 წ.), და ჩვენი საზოგადოების მორწმუნე, ეკლესიური და მართლმადიდებლურად მოაზროვნე ნაწილისგან, ტრადიციულ ქრისტიანულ ფასეულობათა დამფასებელი ნაწილისგან მოწონებისა და გამხნევების არაერთი გამოხმაურებაც მივიღე. გარდა ამისა, როგორც უკანასკნელ სასამართლო სხდომაზე განვაცხადე, „რიოში მარგალიტებით თამაშის“ ტექსტის გასწორების დასრულების შემდეგ მე კიდევ ერთი თხზულება ვთარგმნე, რომელიც თავისი მოცულობით რომანის ტოლი არ არის, არამედ დრამატული ნაწარმოებია, მაგრამ თავისი მნიშვნელობით, ისევე როგორც მისი გერმანელი ავტორის მნიშვნელობითაც, მეტად გამორჩეულია. ახლა ეს თარგმანი რედაქტირებას გადის და, იმედია, ქართველი მკითხველი მალე მასაც იხილავს.

ჩემი თარგმანი რომ მართლაც უხარისხო ყოფილიყო, მაშინ ამ დავას არც დავიწყებდი, მაგრამ როცა ბაკურ სლაკაურის გამომცემლობის მიერ გადადგმულმა ნაბიჯებმა ამ თარგმანის ხარისხიანობა უკვე დაადასტურა, სავსებით აშკარა ხდება, რომ ქ. კიღურაძესა და მ. პაიჭაძეს ჩემი „ჩაგდება“ უნდოდათ, როგორც მე ვიცი, ნანა გოგოლაშვილის სასარგებლოდ, უნდოდათ ჩემში შემოქმედებითი მუშაობის სურვილი და ხალისი ჩაეკლათ და ამით ერთი „არაცნობადი მეტიჩარა“ საზოგადოებრივი და კულტურული ცხოვრების ასპარეზიდან ჩამოეშორებინათ. ჩემი აზრით, სწორედ ეს გახლავთ ქართველი ხალხისა და საქართველოს მტრობა, თუნდაც არა შეგნებული და ამ მხრივ გამიზნულად წარმოებული, მაგრამ მაინც მტრობა, როცა ქართული საზოგადოების შიგნით არსებულ ჯანსაღ ძალებს, ამავე საზოგადოების ანგარი და ხარბი წევრები, განვითარებისა ფრთების გაშლის საშუალებას არ აძლევენ, არამედ თავიანთი მოკრძალებული შესაძლებლობებით ზღუდავენ ამ პროცესს (რათა მხოლოდ თვითონ ჩანდნენ, თვითონ ღებულობდნენ სარგებელს, „სახელსა და სახრავს“ – როგორც ილია იტყოდა), და ამის შედეგად ქვეყანაც იძულებული ხდება მუდმივად სამათხოვროდ ჰქონდეს გაშვერილი ხელი, მუდმივად სხვისი გულმოწყალების შემყურე იყოს. მადლობა ღმერთს, რომ გოგოლაშვილი-პაიჭაძე-კიღურაძის „ტროიკას“ (გნებავთ ტრიუმვირატს) ეს არ გამოუვიდა.

ყოველივე ამის საფუძველზე ვითხოვ კიდეც „სიესტათან“ დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული 6100 დოლარის მიღებას. ხოლო თუ თავად კიღურაძეს წიგნის გამოცემის შემდეგ ჩემთვის გადასახდელად გამოყოფილი ის 3000 ევრო გერმანიიდან არ მიუღია, რაზეც თავისი გამომცემლობის სახსრებიდანაც უნდა დაემატებინა და ჩემი ჰონორარი 6100 დოლარამდე შეევსო, ეს უკვე პირადად მისი ბრალია, მ. პაიჭაძესთან და ნ. გოგოლაშვილთან მისი დანაშაულებრივი გარიგებისა და ჩემ მიმართ მისი კანონსაწინააღმდეგო ქმედებების ბრალია. ასე რომ ყველაფერი მან ისევ საკუთარ თავს მოჰკითხოს. ხოლო თუ პაიჭაძემ და გოგოლაშვილმა, როგორც გერმანისტებმა ის შეცდომაში შეიყვანეს და მის კომერციას ზარალი მიაყენეს, მაშინ მათ სასამართლოში უჩივლოს და დანაკარგის ანაზღაურებას კანონის ძალით ეცადოს.

კიდევ ერთი, ბატონო მოსამართლევ. ქ. კიღურაძე და მისი ადვოკატი დაჟინებით იმეორებენ, რომ ანა კორძაია-სამადაშვილისა და მაია ბადრიძის შეფასებები ჩვენთვის მიუღებელია, რადგან მათ თარგმანი დედანთან არ შეუდარებიათო. ამა წლის აგვისტოს ბოლოს მე და ჩემმა მეუღლემ ერთერთი ქართველი გამომცემლისგან, რომელიც ფილოსოფიურ ლიტერატურას გამოსცემს, მივიღეთ შეკვეთა ჰეგელის „გონის ფენომენოლოგიის“ დედანთან შედარებაზე, რაშიც მან 1000 ლარი გადაგვიხადა (ეს ასეთი სამუშაოსთვის მცირე თანხაა, მაგრამ მას მეტის გადახდა არ შეეძლო; თან იქაც ჩვენი საქმის მსგავსი მდგომარეობა გახლდათ: იქაც გერმანისტების გარკვეული აქტიური ჯგუფი, ჩაიგდეს რა სპეციალისტის მზა თარგმანი ხელში /რომელსაც იგი 19 წლის განმავლობაში თარგმნიდა და 1985 წელს დაასრულა/, მისი რედაქტირების ნაცვლად – ამას ჩვენც ვთარგმნითო, ამბობდა. თუ თარგმნა უნდათ, ჰეგელის სხვა არანაკლებ მნიშვნელოვანი წიგნებიცაა სათარგმნი, მოკიდონ იმათ ხელი. არა, მათ მზა თარგმანზე სარედაქციო სამუშაოები ვითომ მათ მიერ თარგმნის საქმედ უნდოდათ გაესაღებინათ. ზემოხსენებული თანხის გადახდა არც ჩვენი დამკვეთისთვის იყო ადვილი საქმე, მაგრამ მასაც თავისი პროფესიის ღირსება და თავისი კაცური სინდისი ახალისებდა ეს ნაბიჯი გადაედგა. ამრიგად, ორგანიზებული დანაშაულის, ანუ მაფიის ასეთი ჯგუფები მოქმედებენ, სამწუხაროდ, დღევანდელი საქართველოს ლიტერატურულ ცხოვრებაში, და ასევე სხვა სფეროებშიც). ჩემი მეუღლე ქართულ თარგმანს კითხულობდა, ხოლო მე კი გერმანულ, ტექსტს მივყვებოდი. და დაახლოებით 550 გვერდიან ამ წიგნზე მუშაობისას თვენახევრის განმავლობაში თავი არ აგვიწევია, რამაც ძალიან დაგვქანცა კიდეც. ასეთივე მუშაობა სჭირდება ჰერმან ჰესეს „რიოში მარგალიტებით თამაშის“ (600-გვერდიანი წიგნის) თარგმანის დედანთან შედარებას. და ვინ შეასრულებს მთელ ამ სამუშაოს, თუ მან შესაბამისი გასამრჯელო არ მიიღო, და თუ მას შესაბამისი თხოვნით ოფიციალურად არ მიმართეს? ასე რომ, ქ. კიღურაძეს ისეთი რამ მოყავს მიზეზად და საკუთარი თავის გასამართლებლად, რომლის შესრულებაც ჩვენს პირობებში პრაქტიკულად შეუძლებელია. ეს ხომ თავად, ამ დავის გარეშეც, წიგნის რედაქტორს, მ. პაიჭაძეს უნდა გაეკეთებინა, ხოლო გამომცემელს კი მისთვის სათანადო ანაზღაურება გადაეხადა. ქ. კიღურაძემ, როგორც ვთქვი, თებერვალში გამართულ სასამართლო პროცესზე განაცხადა: მე იმ 8000 ევროსაც დავთმობ, რომელიც ამ წიგნის გამოცემისთვის გერმანიიდან არის გამიზნულიო. მაგრამ ჩემი ჰონორარისთვის გერმანული მხარის მიერ გამიზნული თანხა მხოლოდ 3000 ევრო გახლდათ; ანუ 5000 ევრო თავად კიღურაძისთვის იყო დახმარების სახით გათვალისწინებული, რათა მას წიგნის რედაქტირება და დაბეჭდვა უზრუნველეყო. და ეს იქნებოდა კიდეც მის მიერ პატიოსანი ბიზნესის წარმოება, მაგრამ მან, სამწუხაროდ, სრულიად სხვა გზა აირჩია. და ამის შედეგი სწორედ ეს სასამართლო დავაც გახლავთ. 

ბოლოს, შეჯამების სახით, მინდა კიდევ ერთხელ მოკლედ განვაცხადო:

1) გამომცემლობა „სიესტასთვის“ ჰ. ჰესეს „რიოში მარგალიტებით თამაშის“ თარგმანის გამოცემის უფლება მე არ დამიკარგვინებია და ვერც დავაკარგვინებდი; ეს ზემოაღნიშნულ ორ ქართულ გამომცემლობასა და გერმანულ მხარეს შორის ურთიერთობათა საგანია და მე იქ ხელი უბრალოდ არ მიმიწვდება.

2) ჯერ კიდევ თებერვლის თვეში გამართულ სასამართლო სხდომაზე, როცა ქ. კიღურაძემ განაცხადა, რომ ის, ჩვენი დავის შეწყვეტის სანაცვლოდ, ამ თარგმანის გამოცემის უფლებას ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის სასარგებლოდ დათმობდა, ჩემმა მეუღლემ იქვე განმარტა, რომ აქ მხოლოდ უფლებასთან არ გვქონდა საქმე, რომ წლების მანძილზე მე ჩემი კუთვნილი გასამრჯელო არ ამიღია, რის გამოც მუდმივად დამატებითი შემოსავლის წყაროს ძიება მიხდება და მუდმივად მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობას განვიცდი. ამაზე ქ. კიღურაძემ იქვე განაცხადა, რომ ის იმ 8000 ევროსაც დათმობდა, რაც ამ წიგნის გამოცემისთვის გერმანულ მხარეს გამომცემლობის მხარდასაჭერად ჰქონდა გათვალისწინებული. ანუ ფინანსური საკითხი აქ თავიდანვე წამოიჭრა და მოპასუხეც მის ლოგიკურობას მაშინვე დაეთანხმა. მაგრამ ეს პროცედურები, როგორც გაირკვა, ასე ავტომატურად არ ხდება, რომ ამისთვის კიდევ თვეებია საჭირო, რაც მაიძულებს ჩემი ჰონორარის გამო „სიესტასთან“ დავა ისევ გავაგრძელო.

3) ვინაიდან გოეთეს ინსტიტუტის სათავო ოფისმა ჯერ კიდევ 2012 წლის ზაფხულში განაცხადა თანხმობა ამ თარგმანის თანადაფინანსებაზე და გამოყოფისთვის გაითვალისწინა თანხა, ორი წლის ვადით, სადაც ჩემი ჰონორარის სახით მისგან 3000 ევრო იგულისხმებოდა, ამიტომ ჩემსა და „სიესტას“ შორის უკვე იმ დროიდან ამოქმედდა 2011 წლის მარტში დადებული ხელშეკრულების ის ვარიანტი, რომლის მიხედვითაც მას ჩემთვის მთლიანობაში 6100 დოლარი უნდა გადაეხადა; თანაც 3050 დოლარი დაუყოვნებლივ, ხოლო დანარჩენი 3050 კი წიგნის გამოცემის შემდეგ. და ამ თანხიდან მე ერთი თეთრიც არ ამიღია. გარდა ამისა, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის მიერ ჩემი თარგმანის მოწონებამ და გამოცემისთვის მიღებამ სრულად გააქარწყლა ქ. კიღურაძის მტკიცება იმის თაობაზე, რომ ჩემი თარგმანი უხარისხოა. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო: გოეთეს ინსტიტუტის სათავო ოფისის მიერ დადგენილ ვადებში (ანუ 2015 წლის შუა ზაფხულამდე) მე ჩემი თარგმანი სათანადოდ გადავამუშავე და საბოლოო რედაქტირებისთვის კარგ ხარისხში მოვიყვანე.

ხოლო თუ ქ. კიღურაძემ, სხვა ანგარებიანი ინტერესების გამო, არად ჩააგდო არც ჩემთან დადებული ხელშეკრულება, არც გერმანული მხარის წინაშე ნაკისრი ვალდებულებანი, არც წიგნის ბიზნესის ელემენტარული კომერციული კანონები, რაც გამომცემლისა და ავტორის პატიოსან, კვალიფიციურ და ურთიერთპატივისცემით თანასაქმიანობას გულისხმობს, ამის გამო მე რატომ უნდა ვყოფილიყავი მუდმივად მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში ჯერ კიდევ 2011 წლის მარტიდან (როცა მას გერმანიიდან თანადაფინანსებაზე იმხანად თანხმობის არქონის გამო ჩემთვის ავანსის სახით 900 დოლარი მაინც უნდა გადაეხადა), და რატომ უნდა გრძელდებოდეს ეს მდგომარეობა კიდევ, შესაძლოა, 1-1,5 წელიწადს, სანამ სულაკაურის გამომცემლობა წიგნს გამოსცემს და თანადაფინანსების თანხასაც მიიღებს, თუ, რა თქმა უნდა, გოეთეს ინსტიტუტი ამ პროექტზე დადებით გადაწყვეტილებას გამოიტანს, რასაც ხელი ისევ მხოლოდ გამომცემლობა „სიესტასთან“ ჩემი თანამშრომლობის უარყოფითმა შედეგმა შეიძლება შეუშალოს. ამრიგად, 6100 დოლარის პირველი ნახევრის მიღებას ვითხოვ ხელშეკრულების საფუძველზე, ხოლო მეორე ნახევრისაც უკვე ჩემი თარგმანის ვარგისიანობის დადასტურების საფუძველზე. გასათვალისწინებელია აგრეთვე ის ფაქტიც, რომ ჰერმან ჰესეს მემკვიდრემ გამომცემლობა „სიესტასთან“ თანამშრომლობა ამ საკითხში სწორედ ამ უკანასკნელის საქმისადმი არაკეთილსინდისიერი დამოკიდებულების გამო შეწყვიტა. სხვანაირად ის ამას არ გააკეთებდა.

4) არის კიდევ ერთი საშიშროება, რომ ჩემი თუნდაც ის ხარვეზებიანი თარგმანი, რომელიც „სიესტას“ ჯერ კიდევ 2012 წლის ზაფხულში სრულად ჩავაბარე, და რომელშიც ცხადია ბევრი კარგი და ხარისხიანი ნაწილი იყო, მათთვის სასურველი რომელიმე სხვა გერმანისტისთვის არ ჩაეგდოთ ხელში, რათა მას ეს ხარვეზები შედარებით ადვილად გამოესწორებინა, ხარისხიანი ნაწილი კი შეენარჩუნებინა და მთელი თარგმანი მიეთვისებინა. ეს შესაძლებლობა ჯერ კიდევ 2013 წლის დასაწყისში აღნიშნა გოეთეს ინსტიტუტის ქართული ოფისის ერთერთმა ხელმძღვანელმა, ასევე ლიტერატორმა და მთარგმნელმა, ქ-ნმა ნათია მიქელაძე-ბახსოლიანმა, რომელმაც ჩემი სატკივარი მაშინვე გულთან მიიტანა, ხოლო ამ ინსტიტუტის გერმანელმა ხელმძღვანელმა კი, რომელიც მაშინ ოთახში შემოვიდა, როცა საქმის ვითარება აუხსნეს, იქვე განაცხადა: რაკი ხელშეკრულება არსებობს, თუნდაც გამომცემელს თარგმანი არ მოსწონდეს, მან ანაზღაურება მთარგმნელს აუცილებლად უნდა გადაუხადოსო. მოვლენების შემდგომმა განვითარებამ ჩემი ნამუშევრის ხარისხიანობაც დაადასტურა. ისევე, როგორც, გამომცემლის მხრიდან სხვა მთარგმნელის სასარგებლოდ ჩემი წინასწარგანზრახულად „ჩაგდების“ დაჟინებული სურვილიც. მე არ ვიცი, დღევანდელი ჩვენი საზოგადოების პირობებში, სხვა გემანისტის მიერ „თარგმნილი“ ეს შესაძლო ტექსტი როდის და რა ვითარებაში წინ შეიძლება დაბრკოლებად დამიხვდეს, რაშიც სწორედ ქ. კიღურაძის ანგარებიანი მისწრაფებები იქნება დამნაშავე: მაშ რატომ მათარგმნინა სრულად რომანის 600 გვერდი, თუ შემდეგ ჩემს „გადაგდებას“ ფიქრობდა? ალბათ ვინმე სხვისთვის მისი ხელში ჩაგდება ექნებოდა განზრახული. ყოველ შემთხვევაში ასეთი ეჭვის სერიოზული საფუძველი არსებობს იმის გამო, რომ მან ჯერ მთლიანად მათარგმნინა წიგნი, ხოლო შემდეგ კი ის გადაჭრით დაიწუნა, თან ჩემთან თანამშრომლობის, იგნორირებითა და საყვედურებით (თუნდაც ამ სასამართლო დარბაზში ნათქვამით: „რას ძალაობო“), მუდმივად ცდილობდა ჩემი უფლებებისთვის ბრძოლაზე ხელი ამეღო. ამიტომ მოვითხოვ მასთან დადებული ხელშეკრულებით განსაზღვრული თანხის (6100 დოლარი) სრულად გადახდას.

პატივისცემით, 

მოსარეჩელე მარიამ ქსოვრელი-ხართიშვილი 
08.11.2015 წ.

დანართი 1 

პატივცემულო ქალბატონო ქსოვრელო,

ბატონმა ჰასენცალმა და მე დაწვრილებით ვილაპარაკეთ თქვენს საქმეზე.

ჩვენ ვწუხვართ ამ ამბებზე უფრო მეტად, რადგანაც სამართლებრივად არ შეგვიძლია, რომ დაგეხმაროთ.

1. გამომცემლობა „სუესტას“ ზურკამპის გამომცემლობასთან სამართლებრივი ხელშეკრულება აქვს დადებული ლიცენზიის შესახებ.

„რიოში მარგალიტებით თამაში“ ქართულ ენაზე გამოიცემა.

2. ჩვენ არ შეგვიძლია თქვენსა და გამომცემლობა „სიესტას“ შორის ამ დავაში ჩავერიოთ და ვერც დაგიცავთ.

3. ჩვენთვის ეს ძალიან საწყენია, მით უფრო, რომ თქვენს შრომასა და თქვენს მოწვევას სამსახურისთის ძალზედ ვაფასებთ.

4. ასეთი უთანხმოებები და გაუგებრობანი ხომ მაინც ყოველ დღე ხდება და ჩვენს ავტორებთანაც, ვინაიდან, თარგმანი მაღალმხატვრული ლიტერატურა და მეცნიერებაა. მძიმე საქმიანობაა და, სამწუხაროდ, მთარგმნელსა და გამომცემლობას შორის შეფასებათა განსხვავებული კრიტერიუმები არსებობს, რაც მუდამ თანხმობით არ მთავრდება.

5. ამიტომ ზურკამპის გამომცემლობას არ შეუძლია სხვაგვარად მოიქცეს, თუ არა ამ საქმეში განზე დაიჭიროს თავი, მით უმეტეს, თუ საზღვარგარეთულმა გამომცემლობამ – როგორიც ამ შემთხვევაში „სიესტაა“– ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა არ გადაგიხადათ.

6. ჩვენ გვესმის თქვენი იმედის გაცრუება.

7. შეგვიძლია მოგანიჭოთ სიხარული ჰესეს მთლიანი ტომეულებით. ან რომელიმე გერმანელი კლასიკოსის გამოცემით.

საუკეთესო სურვილებით

პეტრა ჰარდტი
 უფლებები და რეცენზიები
 ზურკამპი ბერლინი

Verehrte Frau Ksowreli,

Herr Hassenzahl und ich haben ausführlich über Ihre Angelegenheit gesprochen.

Wir bedauern die Vorkommnisse umso mehr, da wir Ihnen aufgrund der Rechtslage nicht zu Seite stehen können.

1. Der Verlag Siesta hat mit dem Suhrkamp Verlag einen rechtsgültigen Lizenzvertrag abgeschlossen. Das Glasperlenspiel wird auf Georgisch erscheinen.

2. Wir können uns nicht in das Zerwürfnis zwischen Ihnen und der Verlegerin von Siesta einmischen und auch keine Stellungnahme abgeben.

3. Dies tut uns sehr leid , zumal wir Ihre Arbeit und Ihr Engagement sehr schätzen.

4. Es gibt dergleichen Zerwürfnisse und Missverständnisse jeden Tag in aller Welt und zu unseren Autoren, denn das Übersetzen hochkarätiger Literatur und Wissenschaft ist ein schwieriges Geschäft und es gibt leider unterschiedliche Bewertungskriterien zwischen Übersetzer und Verlag, die nicht immer einvernehmlich gelöst werden können.

5. Der Suhrkamp Verlag kann daher gar nicht anders als sich aus allen diesen Angelegenheiten heraus halten, zumal wenn der ausländische Verlag- wie in diesem Fall Siesta- sich vertragsrechtlich nicht zu Schulden hat kommen lassen.

6. Wir verstehen Ihre Enttäuschung.

7. Können wir Ihnen mit der Hesse Gesamtausgabe eine Freude machen ? Oder einer Edition aus dem deutschen Klassikerverlag ?

Mit besten Grüßen

Dr. Petra Hardt
Rights Director
Leitung Rechte & Lizenzen
Tel.: +49-30-740744-230
E-Mail: hardt@suhrkamp.de

www.suhrkamp.de/foreignrights

Suhrkamp Verlag GmbH & Co. KG
Pappelallee 78-79
10437 Berlin

Zentrale Rufnummer: +49 30 740744-0 – Zentrales Fax: +49 30 740744-199
Suhrkamp Verlag GmbH & Co. KG, Berlin Handelsregister Berlin
Charlottenburg, HRA 44216 B

Persönlich haftender Gesellschafter:
Suhrkamp Verlagsleitungs-GmbH
Geschäftsführer: Ulla Unseld-Berkéwicz (Vorsitzende), Dr. Jonathan Landgrebe, Dr. Thomas Sparr
Handelsregister Berlin Charlottenburg, HRB 126556 B
USt-ID-Nummer: DE114110089

დანართი 2 

(აქ განმეორებით ვათავსებ ქ. კიღურაძის შესაგებელზე ჩემი პასუხიდან, რომელიც ჯერ კიდევ 2014 წლის დასაწყისში გადავეცი ჩემს ადვოკატს სასამართლოში წარმოდგენისა და მოპასუხე მხარის მიერ გაცნობისთვის, ქ-ნ ანა კორძაია-სამადაშვილისა და ბ-ნ ალექსანდრე კარტოზიას მიერ გამოთქმულ შეფასებებს, აგრეთვე ამის თაობაზე ჩემს არგუმენტირებულ მოსაზრებებსაც, რათა ჩემი გადამუშავებული თარგმანისადმი მათ დადებით დამოკიდებულებაში კიდევ ერთხელ დავრწმუნდეთ)

რაც შეეხება მე-7 ფაქტობრივ გარემოებას, სადაც მოპასუხე არ ეთანხმება “მოსარჩელის განაცხადს, რომ სხვა ქართველმა გერმანისტებმა დადებითი შეფასება მისცეს თარგმანს”, და ამბობს, რომ “სარჩელზე თანდართული წერილები მოწმობს, რომ წერილის ავტორები გამოთქვავენ (აქაც ლიტერატურული ქართულის დამახინჯებასთან გვაქვს საქმე, უნდა ეწეროს – გამოთქვამენ; გარდა ამისა, ფრაზის გამართულობისთვის ჯობდა დაეწერა არა “წერილის ავტორები გამოთქვამენ”, არამედ “მათი ავტორები გამოთქვამენ”, ვინაიდან მანამდე მრავლობით რიცხვში ლაპარაკობდა “სარჩელზე თანდართული წერილების” თაობაზე) სერიოზულ შენიშვნებს თარგმანის მიმართ და მიუთითებენ კიდეც კონკრეტულად ამის შესახებ”. კი მაგრამ, განა არ შეიძლება, თან ნამუშევარს დადებითი შეფასება მისცე, და თანაც მისი ნაკლოვანებების შესახებაც საქმიანად აღნიშნო? რა თქმა უნდა, შეიძლება, მაგრამ ასეთ შემთხვევაში იგულისხმება, რომ ნაკლოვანებები გამოსწორებადია და მთლიანად ნაშრომი კი მისაღები შემდგომი უფრო უკეთ დამუშავების მიზნით. და რა უწერიათ ამ ქართველ გერმანისტებს? ქ-ნი ანა კორძაია-სამადაშვილი წერს:

“ვფიქრობ, ვისაც კი “Glasperlenspiel” წაუკითხავს, ყველა დამეთანხმება: უაღრესად რთული ტექსტია, ძალიან დიდი, ძალიან მრავალფეროვანი, მოკლედ, მთარგმნელისთვის ძალიან რთული. ვფიქრობ, ქალბარონმა მარიამმა ამ უზარმაზარ ამოცანას თავი წარმატებით გაართვა.

ტექსტის რიტმი ჩინებულადაა “ჩავლებული” – ვფიქრობ, ეს ყველაზე მნიშვნელოვანია. ტექსტის დედანთან შედარება არ მიკადრებია – ქალბატონი მარიამი ამ საკითხს განსაკუთრებული პასუხისმგებლობით ეკიდება”.

მოპასუხე სწორედ იმ ნათქვამს აქცევს განსაკუთრებულ ყურადღებას, რომ ანა კორძაია-სამადაშვილს თარგმანის ტექსტი ორიგინალთან არ შეუდარებიაო, და არა მთლიანად მის განწყობასა და თავისი პასუხისმგებლობის გათვალისწინებით გაკეთებულ ამ უდაოდ საყურადღებო შეფასებას. “ტექსტის დედანთან შედარება არ მიკადრებია”-ო – წერს ქალბატონი ანა. და ეს მან დაზარების გამო არ გააკეთა, თუ სხვა რამ მიზეზით? ამას ქ-ნი ანა თავისი შეფასების დასაწყისშივე აღნიშნავს:

“დავიწყებ იმით, – წერს იგი, – რომ მარიამ ქსოვრელის მიერ თარგმნილი “ნარცისი და გოლდმუნდი” შესანიშნავი წიგნია. მე ის დიდი ხნის წინათ, ოთარ ყარალაშვილის მიერ გამოცემული მქონდა წაკითხული. მეორედ რომანი გამომცემლობა “სიესტას” დაუსტამბავს – სავსებით გასაგები მიზეზის გამო: ჩინებულია, და მოთხოვნაც, ალბათ, დიდი იყო.

მაშინ მალხაზ ხარბედიამ დაწერა:

“ამჯერად მარიამ ქსოვრელი მუშაობს ჰესეს უმთავრეს წიგნზე, “თამაში რიოში მარგალიტებით”, რომელიც კარგი რედაქტორებისა და, რაც მთავარია, კარგი წამკითხველების წყალობით, მოვლენად შეიძლება იქცეს თანამედროვე ქართულ ლიტერატურაში”.

აი, სწორედ “ნარცისი და გოლდმუნდის” მთარგმნელისადმი თავისი დიდი პატივისცემის, დიდი მადლიერებისა და სითბოსი, დიდი ადამიანური და კოლეგიალური სიყვარულის წყალობით, ისე რომ მანამდე ერთმანეთს პირადად არ ვიცნობდით, და ზოგადად ადამიანებთან პიროვნულ დამოკიდებულებაში თავისი გულწრფელი, თბილი და კეთილმოსურნე ბუნების წყალობით, და, რა თქმა უნდა, თავისი, როგორც რეცენზენტის პასუხისმგებლობის სრული შეგნებით დაწერა ანა კორძაია-სამადაშვილმა, რომ თარგმანის დედანთან შედარება მთარგმნელისთვის არ მიკადრებიაო. და ეს ძნელი გასაგები არ უნდა იყოს, მაგრამ, როგორც ჩანს, ასეთი ზნეობრივად ამაღლებული და თბილი ადამიანური გრძნობები ქ-ნ კიღურაძისთვის სულ უცხო თუ არა, ძნელად გასაგები მაინც უნდა იყოს, ან ანგარების გამო საგანგებოდ ჩაწიხლული და ჩახშული მის მიერ საკუთარ ბუნებაშივე. სამწუხაროა, მაგრამ სინამდვილე ასეთია. ხოლო ამ ჯანსაღი და მაცხოვნებელი თესლის გაღვივება და აყვავება მის სულში კი ისევ მისსავე ხელშია; სხვა მის ნაცვლად ამას ვერ გააკეთებს. 

გარდა ამისა, ქალბატონ ანა კორძაია-სამადაშვილს პირად საუბარში მანამდე მე ვუთხარი, რომ შექმნილი ვითარების გამო ჩემ მიერ შესრულებული თარგმანის განსაკუთრებით დასაწყისი ნაწილი (პირველი ორი თავი) ძალზედ დეტალურად შევუდარე სოლომონ აპტის მიერ რუსულ ენაზე გამოქვეყნებულ თარგმანს, და ალბათ ესეც თავის როლს ითამაშებდა, ვინაიდან, როგორც ზემოთ აღვნიშნე, აპტის ცოდნა და მაღალი კვალიფიკაცია მთელ მსოფლიოში გერმანისტულ და ლიტერატურულ წრეებში საყოველთაოდ აღიარებულია. ამასთანავე, სანამ 2013 წლის ოქტომბრის თვეში ქ-ნ ანა კორძაია-სამადაშვილს შევეხმიანებოდი, ერთი თვით ადრე, სექტემბრის თვეში ჩემი გადამუშავებული თარგმანის პირველი 12 კომპიუტერული გვერდი მე გავაცნი უნივერსიტეტში ჩემს მასწავლებელსა და უფროს კოლეგას, ასევე ქართულ გერმანისტულ წრებში პატივცემულ და აღიარებულ ადამიანს, მთარგმნელს, პროფესორს, ბ-ნ ზურაბ აბაშიძეს და ზეპირი შეფასებით მან ასევე დამიდასტურა, რომ მის მიერ წაკითხული თარგმანის ტექსტი ზედმიწევნით მიჰყვებოდა გერმანულ დედანს. თუმცა კი მან შემომთავაზა, რომ, ვინაიდან ქართული ენისთვის გერმანული რთული ქვეწყობილი წინადადებების სიუხვე მეტად მძიმე მისაღებია, ამიტომ შეეცადე ეს წინადადებები დაშალო და მკითხველს აღსაქმელად გაუადვილოო. ვინაიდან მე ჩემი სამუშაო მქონდა ტექსტზე, ამიტომ ბ-ნ ზურაბის ამ რჩევის მოსინჯვა ჩემმა მეუღლემ სცადა, და ეს ძნელიც არ ყოფილა, ვინაიდან თავად რომანში, და მის თარგმანშიც, თხრობა ისე მიდის, რომ აზრი მთავრდება და შეგიძლია იქ წერტილი დასვა, მაგრამ დასმულია მძიმე და ფორმალურად წინადადება გრძელდება. და ფაქტიურად ისე გამოდის, რომ ჰესეს თითოეული წინადადება ორი, სამი ან მეტი დასრულებული წინადადებისგან შედგება, და ეს თხრობას, ჩემი აზრით, რაღაც საფუძვლიანობას, სიდარბაისლესა და სიდინჯეს, განსჯასა და ფიქრებში ჩაღრმავებულობას მატებს. ასეთია სწორედ ჰერმან ჰესეს მწერლური სტილი. ჩემმა მეუღლემ მართლაც დაიწყო ასეთი “მრავალსართულიანი” წინადადებების ცალკეულ მარტივ წინადადებებად დაშლა, და თუმცა კი, როგორც ბ-ნი ალიკო ბრძანებს, აზრი ამით არ იცვლებოდა, მაგრამ აშკარად ვხედავდით, რომ ამით ნაწარმოები მართლაც რაღაცას კარგავდა, რაც ზემოთ მოყვანილ ალ. კარტოზიას შეფასებაში არის კომპეტენტურად და საქმი ცოდნით გადმოცემული. ბატონი ზურაბის მოსაზრების თაობაზეც ვუთხარით საუბარში ქ-ნ ანა კორძაია-სამადაშვილს, და ყოველივე ამან მთლიანობაში ალბათ განაპირობა მისი დამოკიდებულებაც.

რაც შეეხება ბ-ნ ალექსანდრე კარტოზიას მიერ თავის რეცენზიაში გამოთქმულ შენიშვნას. იგი წერს:

“ძალიან მივესალმები იმას, რომ რომანის სტილის შენარჩუნება გაქვთ დასახული მიზნად. ამას იმიტომ ვამბობ, რომ არცთუ იშვიათად მთარგმნელები საქმეს იიოლებენ და იმის მომიზეზებით, თითქოს ქართული ენა ვერ იტანდეს ქვეწყობილი წინადადებების სიუხვეს, გერმანული ორიგინალის ყოველ “მრავალსართულიან” წინადადებას თარგნისას მრავალრიცხოვან მარტივ წინადადებებად “ანაწევრებენ”. ასეთ დროს ორიგინალის ამა თუ იმ წინადადების აზრის (შინაარსის) მეტ-ნაკლებად ადექვატურად გადმოცემა თარგმანში თითქოს მართლაც ხერხდება, სამაგიეროდ ის, რაც სრულიად უგულვებელყოფილი რჩება, არის ფორმა ანუ სტილი. მწერალი კი პირველ რიგში სწორედ სტილია. ამგვარად, ძალიან კარგია, რომ ორიგინალის რეპროდუქციაა თქვენი მთარგმნელობითი მუშაობის პრინციპი”. (ეს აბზაცი ბ-ნი ალიკოს შეფასებიდან ქ. კიღურაძის შესაგებელზე ჩემს პასუხში ცოტა ზევით, მე-4 ფაქტობრივ გარემოებაზე მსჯელობისას მქონდა მოყვანილი; შემდეგ კი ბ-ნი ალიკო განაგრძობს:)

“სამწუხარო იქნება, თუკი სტილის შენარჩუნების ამოცანას თუნდაც მცირე ზომით მაინც შეეწირება აზრის გამოხატვის სიცხადე. ასე თუ მოხდა, მეორე უკიდურესობას მივიღებთ (“ოღონდ კი სტილი შევინარჩუნო – ოღონდ კი ორიგინალისეული გრძელი წინადადებები შუაში არ გავწყვიტო – და აზრი ბუნდოვანიც რომ იყოს, ამას აღარ დავეძებ!”). თქვენს თარგმანში სწორედ ამ ტიპის ნაკლის არსებობის საშიშროებას ვხედავ.

საერთოდ, ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ეს თარგმანი, ასე ვთქვათ, ნედლი მასალაა და არა საბოლოო პროდუქტი. დარწმუნებული ვარ, ამაში თქვენც დამეთანხმებით და ჩემზე უკეთ და სწრაფად თქვენ თვითონ დაძებნით თქვენს თარგმანში ძალიან ბევრ ისეთ წინადადებას, რომელიც გელოდებათ, რათა კვლავ მიუბრუნდეთ და ქართული ენის ნორმების მიხედვით გრამატიკულად სწორად გამართოთ. მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება სამუშაოში კარგი მოქართულე რედაქტორი ჩაერთოს.

როგორც კი ამ საქმეს შეუდგებით (ანუ მეორედ დაუვლით თარგმანს), მაშინვე აღმოაჩენთ, რომ თარგმნილი ტექსტის ბუნდოვანება (გრამატიკულ-სემანტიკური გაუმართაობა) იმის ბრალია, რომ ზოგიერთ გერმანულ სიტყვას, თქვენ რომ დიდი ხნის კარგი ნაცნობი გეგონათ, თურმე სხვა მნიშვნელობა ჰქონია. არ დაივიწყოთ, რომ ნამდვილი მთარგმნელი ის არის, ვინც იმ სიტყვასაც კი ამოწმებს ლექსიკონში, რომელიც ასჯერ გაუგონია და გაუგია.

მხოლოდ ერთი მაგალითით შემოვიფარგლები:

ორიგინალში ვკითხულობთ:

Es ist ja allerdings das, was wir heute unter Persönlichkeit verstehen, nun etwas erheblich anderes, als was die Biographen und Historiker früherer Zeiten damit gemeint haben.

თქვენ ეს ადგილი ასე გაქვთ თარგმნილი (გვ. 5):

"ეს არის მართლაც ის, რასაც ჩვენ დღეს პიროვნებაში მოვიაზრებთ, მხოლოდ რაღაც ამაღლებულად სხვა რამ, ვიდრე ადრეული ხანის ბიოგრაფები და მეისტორიენი ამაში გულისხმობდნენ."

უნდა იყოს კი ასე (ან ამდაგვარად):

“თუმცა პიროვნების დღევანდელი გაგება ხომ მნიშვნელოვნად განსხვავდება იმისაგან, რასაც ამ ცნებაში წარსული დროის ბიოგრაფები და ისტორიკოსები გულისხმობდნენ”. 

იმის გამო, რომ სიტყვა erheblich ლექსიკონში არ დაძებნეთ (რადგან ჩათვალეთ, რომ კარგად იცნობდით მას როგორც sich erheben-ის “ნათესავს”), სულ სხვა მიმართულებით წახვედით და წინადადებაც საკმაოდ დაულაგებელი გამოვიდა.

ასეთი მაგალითების რაოდენობა თარგმანში საკმაოდ დიდია. ამიტომ ვფიქრობ, რომ ერთხელ კიდევ უნდა ჩაუჯდეთ ტექსტს და საფუძვლიანად “გაწმინდოთ” იგი”.

კეთილი და პატიოსანი. ბ-ნ ალექსანდრეს შენიშვნა და რჩევა მეტად საყურადღებოა, მაგრამ აქ მაინც არ წერია ის, როგორადაც უნდათ საქმის წარმოდგენა კიღურაძესა და პაიჭაძეს. მართლაც ჩემი შეცდომაა ის, რომ erheblich-ის მნიშვნელობა, რომელიც ქართულად “მნიშვნელოვანს” ნიშნავს დავაკავშირე ზმნასთან sich erheben, რაც ქართულად “ამაღლებაა”, და ვთარგმნე როგორც “ამაღლებული”. და შესაბამისად წინადადებაც ასეთი გამოვიდა:

“ეს არის მართლაც ის, რასაც ჩვენ დღეს პიროვნებაში მოვიაზრებთ, მხოლოდ რაღაც ამაღლებულად სხვა რამ, ვიდრე ადრეული ხანის ბიოგრაფები და მეისტორიენი ამაში გულისხმობენ”.

აქ აშკარად ჩანს, რომ სიტყვა “ამაღლებულად” მართლაც არ შეესაბამება წინადადების ძირითად შინაარსს და მას უფრო მიესადაგება სიტყვა “მნიშვნელოვნად”. მაგრამ განა ამ სიტყვის შეცდომით გამოყენების გამო მთელი წინადადება სხვა მიმართულებით წავიდა? არა, უბრალოდ სწორი სიტყვის ჩასმით მთელი წინადადება უფრო გამართული გახდა. და განა ამას ქართულენოვანი რედაქტორი კი ვერ შენიშნავდა ტექსტზე მუშაობისას და მე სიტყვა “ამაღლებულის” უადგილობაზე ვერ მიმითითებდა? განა ეს და ამის მსგავსი უზუსტობანი კი იძლევიან იმის საფუძველს, რომ კიღურაძე და პაიჭაძე გაიძახოდნენ – ალ. კარტოზიას შეფასება უარყოფითია და მარიამ ქსოვრელი-ხართიშვილის თარგმანი კი შემდგომი რედაქტირებისთვის უვარგისიო? მე გასული თვეების განმავლობაში მართლაც ვიხელმძღვანელე ბ-ნ ალ. კარტოზიას რჩევით და ხელახლა დავუარე ჩემს თარგმანს, მაგრამ კიღურაძე დაბეჯითებით ამბობდა, მე უკვე სხვა მთარგმნელი ავიყვანეო, და ამიტომ მასთან საქმიანი ურთიერთობები შეუძლებელი გახლდათ, ამიტომ ჩემი უფლებების, ჩემი სამართლიანი ინტერესების დაცვა სასამართლოს გზით ვამჯობინე და არა ისევ ერთი-ერთზე კიღურაძე-პაიჭაძის ტანდემთან მისვლითა და ისევ სიცრუით სავსე “მათ მინდორზე” თამაშით.

გარდა ამისა, მაგრამ ბ-ნ ალექსანდრეს თავისი ვარიანტი ამ წინადადებისა ჩამოყალიბებული აქვს შემდეგნაირად:

“თუმცა პიროვნების დღევანდელი გაგება ხომ მნიშვნელოვნად განსხვავდება იმისაგან, რასაც ამ ცნებაში წარსული დროის ბიოგრაფები და ისტორიკოსები გულისხმობდნენ”. 

გერმანულ დედანში სიტყვა “თუმცა” სრულებით არ არის გამოყენებული. არამედ allerdings ლექსიკონში თარგმნილია როგორც “რა თქმა უნდა”, “რასაკვირველია”, “ცხადია”, “იგულისხმება”, “სიმართლე”, “მართლა” (конечно, разумеется, правда). ამიტომ მეც Es ist ja allerdings das… ვთარგმნე როგორც “ეს არის მართლაც ის...”, და ასე დავიწყე წინადადება. როგორც ჩემმა მეუღლემ განმიმარტა, ქართულ სიტყვას “თუმცა” რუსულში სხვადასხვა შემთხვევაში შეიძლება შეესაბამებოდეს სიტყვები: впрочем – хотя – однако, რომელთაც გერმანულში შეესაბამება: übrigens, im übrigen – obwohl, obgleich, obschon, ob auch – aber, doch, allein, jedoch, indessen, მაგრამ არა allerdings, რაც ჰესეს აქვს თავის ტექსტში გამოყენებული. 

სოლომონ აპტს ეს წინადადება თავის თარგმანში ასე უწერია:

Впрочем, наше сегодняшнее понимание личности весьма отлично от того, что подразумевали под этим биографы и историки прежних времен.

მას გამოყენებული აქვს სიტყვა впрочем, რაც ქართულად ნიშნავს “თუმცა”, “თუმცაღა”, “მაგრამ”. აქედან ნათლად ჩანს, რომ ამ წინადადების ქართულ ენაზე უფრო გარკვეულად და სხარტად გადმოცემისთვის ბ-ნმა ალექსანდრემ გამოიყენა რუსულ ენაზე თარგმანის დასაწყისი და მთელი წინადადებაც პრაქტიკულად თითქმის ისევე გადმოსცა, როგორც ეს რუსულ თარგმანშია, ერთი განსხვავებით, რომ ჩაურთო სიტყვა “ხომ”, რაც რუსულ თარგმანში არ არის, მაგრამ ესეც ამ რუსული წინადადების სტრუქტურაზე დიდად არ მოქმედებს. ამით იმის თქმა მინდოდა, რომ თუ გერმანულიდან ქართულად თარგმანში აზრის უფრო ზუსტად და სხარტად ჩამოყალიბებისთვის ისევ რუსული თარგმანების გამოყენებას უნდა მივმართოთ, და Es ist ja allerdings das… ქართულად უნდა გადმოვცეთ არა როგორც “ეს არის მართლაც ის...”, არამედ ისე, როგორც რუსულ თარგმანში სწერია Впрочем-ის შესაბამისი სიტყვით “თუმცა”, მაშინ რაღატომ იხვევს ხელზე კიღურაძე იმას, რომ მე მხოლოდ ორიგინალიდან თარგმნილ ტექსტებს გამოვცემო, თუკი ამ “ორიგინალიდან თარგმნისას” ჩუმ-ჩუმად და შიდა სამზარეულოს ფარგლებში ასე მნიშვნელოვნად ხდება რუსული თარგმანებისა და რუსული მთარგმნელობითი გამოცდილების გამოყენება? განა ეს არ აძლევს ხელს აქ, საქართველოში, არაკეთილსინდისიერად მოსაქმე ხელმრუდე ადამიანებს ხან ასე ატრიალონ ჩარხი და ხანაც ისე, როგორც მათთვის სარფიანი იქნება, და არა საქმის, ქვეყნისა და საზოგადოებისთვის სასარგებლო? მოუნდებათ ვინმე მათთვის არასასურველი მთარგმნელის “ჩაწიხვლა” და იტყვიან – შენ რუსული თარგმანი გამოიყენე და ეს არ გვაწყობსო, ხოლო მოუნდებათ “თავისიანისთვის” ხელშეწყობა და სულ არ გაახსენდებათ ის, მუშაობის პროცესში ისიც ჩვეულებრივად რუსულ თარგმანებსაც იყენებს და თავის ტექსტს ისე ამზადებს. თუ ჩვენ მთარგმნელებს გერმანული Es ist ja allerdings das… უნდა ესმოდეთ როგორც რუსული Впрочем და თუ რუსულ მთარგმნელობით გამოცდილებასა და პრაქტიკას ასეთი დიდი ან მნიშვნელოვანი გავლენა უნდა ჰქონდეს ქართულ ენაზე თარგმანების შესრულებისას, მაშინ ბარემ პატიოსნად ვთქვათ ეს, რათა ამდენ არაკეთილსინდისიერ მედროვესა და ანგარ ადამიანს საქართველოში, მღვრიე წყალში თევზების ჭერისთვის ასეთი ხელსაყრელი ნიადაგი და გარემო არ ჰქონდეს.

გარდა ამისა, როგორც ზემოთ აღვნიშნე, გასული თვეების განმავლობაში მე მივყევი ბ-ნ ალექსანდრეს რჩევას და, მისდამი მადლიერების გრძნობით, ხელახლა ვიმუშავე ჩემს თარგმანზე. თუმცა კი გამომცემლობას, სასამართლოში ჩემ მიერ სარჩელის შეტანის შემდეგაც, არ გასჩენია სურვილი, რომ უფრო კარგად ჩაეხედა საქმეში და ვიდრე საბოლოო განაჩენი დადგებოდეს, იქნებ თავად ესინჯა მთარგმნელთან ურთიერთმისაღებ გადაწყვეტილებამდე მისვლა.

დამატებით კიდევ უნდა აღვნიშნო ისიც, რომ ამ კონკრეტულ წინადადებაში ჩემ მიერ დაშვებული იმ შეცდომის გამოსწორების შემდეგ, ანუ სიტყვა “ამაღლებულის” სიტყვით “მნიშვნელოვანი” შეცვლის შემდეგ ჩემ მიერ აგებული წინადადება, “ეს არის მართლაც ის, რასაც ჩვენ დღეს პიროვნებაში მოვიაზრებთ, მხოლოდ რაღაც მნიშვნელოვნად სხვა რამ, ვიდრე ადრეული ხანის ბიოგრაფები და მეისტორიენი ამაში გულისხმობენ”, მართალია კი ვერ იქნება ისეთი სხარტი, როგორც ამას მთავაზობს ბ-ნი ალიკო, და როგორც ეს ჩამოყალიბებული აქვს სოლომონ აპტს, მაგრამ განა “ნარცისისა და გოლდმუნდის” თარგმანში, რომელმაც მკითხველის მოწონება დაიმსახურა, რასაც თავად ქ. კიღურაძეც აღნიშნავს, როცა ამ წიგნს, მარკესის “მარტოობის ასი წელიწადის” შემდეგ მის მიერ გამოცემულ ყველაზე უფრო გაყიდვად წიგნად ასახელებს, გერმანული ტექსტის თარგმანი ხომ ჩემთვის ჩვეული მანერით არის ჩამოყალიბებული, შეიძლება ისე სხარტად ვერა, მაგრამ იმ თვისებებით, რასაც ქ-ნი ანა კორძაია-სამადაშვილი თავის რეცენზიაში აღნიშნავდა. და რომ “ზნაჩიტ ტაკ...” და “იმენნა შენ არ უნდა თარგმნოო...” – მანანა პაიჭაძისგან და “ნუ მომაბეზრე თავი...” და “დროს ნუ მაკარგვინებო...” – ქეთი კიღურაძისგან, ასეთ დამოკიდებულებას ნამდვილად არ ვიმსახურებ და ასეთი ადამიანების უსამართლო ძალმომრეობისგან მეცა და შემოქმედებას შეჭიდული სხვა ადამიანებიც ნამდვილად კანონის მიერ დაცვის ღირსნი ვართ და მას ვსაჭიროებთ. 

მარიამ ქსოვრელი-ხართიშვილის შენიშვნები და მოსაზრებანი დავის საგანზე 

ბატონო მოსამართლევ!

ჩვენ გავხდით იმის მოწმენი, რომ გამომცემლობა „სიესტამ“ ხელშეკრულება აღნიშნულ წიგნთან დაკავშირებით არა მარტო ჩემთან დაარღვია, არამედ გერმანულ მხარესთანაც. 

ჩემთან ამის ნიშნებს დავასახელებ.

1. ამ წიგნზე მუშაობის პროცესში კიღურაძეს არ აუღია თავის თავზე პასუხისმგებლობა (არაკვალიფიცირებულ რედაქტორს /თუ: რედაქტორობის საქმეში, მისივე სიტყვით, გამოცდილების არმქონე მანანა პაიჭაძეს/ ორი წიგნი ერთად გაატანა და წიგნის უარყოფით შეფასებას მხოლოდ 9 თვის შემდეგ ვიგებ).

2. ბოლომდე შესრულებული ნაშრომი ყველაზე ცუდ შემთხვევაში თანამთარგმნელთან ერთად გამოდგებოდა, რომელიც არ იქნა აყვანილი.

3. გასწორებული ტექსტი თავისი დადებითი შეფასებებითა და იმ მოთხოვნით, რომ მას რედაქცია სჭირდებოდა, მან არ მიიღო. არ ამიყვანა რედაქტორი, რომელთანაც მე შემეძლო მუშაობა; უფრო მეტიც, შეგნებულად აღარ მამუშავეს, მაგრამ „გეგმა ჩაეშალათ“, რადგან მე თავად ვხვეწდი თარგმანს. რადგან გუშინდელი მთარგმნელი არ გახლავართ. 

ეს „შეთქმულება“, როგორც თვით გერმანისტებმა დაარქვეს, გოგოლაშვილ-პაიჭაძე-კიღურაძის მიერ მომზადდა.

მათ არა მხოლოდ ადამიანური და კოლეგიალური თვალსაზრისით ევალებოდათ მოეცათ შენიშვნები, არამედ ამას მათ კანონიც ავალებდა. ჯერ კიდევ სასამართლოში სარჩელის შემოტანამდე, ჩემს წერილობით მიმართვა-თხოვნაზე, აეყვანათ რედაქტორი, პასუხის მოცემის ღირსადაც არ მცნეს.

4. ტექსტზე დღემდე მარტოს მომიწია მუშაობამ, აბსოლუტური სულიერი დათრგუნვისა და უსახსრობის პირობებში (მათგან მისაღები 3050 დოლარი ჯერ კიდევ 2012 წლის ზაფხულში უნდა მიმეღო).

5. კიღურაძეს არა მხოლოდ მე ვთხოვდი ადრევე წიგნის თანამიმდევრულ გასწორებას, არამედ თქვენც მიმართეთ მას, მოგვმართეთ ორივეს, ბ-ნო მოსამართლევ, წიგნის საბოლოო შეფასება მოგვეპოვებინა. და ამ დროს ჩემთან ყველა მოსარიგებელ სიტყვას იგი ბანზე აგდებდა.

ბოლოს მაია ბადრიძის შეფასება რომ ვაჩვენე, მითხრა, რას ძალაობო. ანუ: მისი სურვილები და „კაპრიზები“ უნდა იქნას გათვალისწინებული და სერიოზული წიგნის თარგმანი და მისი შეფასება კი არა.

ჩვენი თხოვნა და ხვეწნა, მოსამართლის თხოვნა და რჩევა, მოგვეპოვებინა შეფასება ამ წიგნის თაობაზე, მისი მხრიდან არ მოხერხდა, ხოლო მის ახლანდელ ბოლო მიმოწერაში კი ვკითხულობთ:

„ადვოკატებო, არჩილ, ინგა“, სასწრაფოდ მომიძიეთ მარიამის თარგმანის ბოლო ვარიანტი, რათა რამდენიმე კაცს დავაწერინო წიგნის უხარისხობაზეო; იგი თვითონ თავისი არსით ლაპარაკობს წიგნის ჩაგდების თაობაზე. მართალია, მას არ უნდოდა და არ მოსწონს ეს ნამუშევარი, მაგრამ მე ხელშეკრულების ვადაში ზუსტად და ბოლომდე შვასრულე იგი. ამიტომ კეთილი ინებოს და მთლიანად ამინაზღაუროს გაწეული შრომის საზღაური.

ისმის კითხვა: მაშ ბოლომდე რატომ შემასრულებინა საქმე დადებული ხელშეკრულების გათვალისწინებით?

დასასრულს:

6. თუ რედაქციაც არ შეეძლო, გამოდის, რომ მისი შპს სტამბაა. წიგნის საკმაო სირთულის გამო მან თავი ვერ გაართვა ჩემთან დაწყებულ მუშაობას.

ხელშეკრულება დაარღვია: 

1) მისი დადებისთანავე ანაზღაურება არ ამიღია.

2) თარგმანის ვარგისიანობაზე პასუხი 9 თვის შემდეგ მესმის.

3) რედაქტორი არ დაჯდა სამუშაოდ. კიბოთი დაავადებულ ქ-ნ ნატა ჯანელიძეს, რომელიც შემდეგ მალევე გარდაიცვალა, ვითომდა წიგნი სარედაქციოდ ჩააბარა, თან კიდევ სხვა სამუშაოც მისცა -- დროის გაჭიანურების მიზნით.

4) გასწორებული ტექსტი ასევე დაიწუნა მასზე ყოველგვარი წერილობითი შენიშვნების გარეშე.

5) გოეთეს ინსტიტუტის შუამდგომლობა, ჩემთან მუშაობა გაეგრძელებინა, უარყო. ოთარ ყარალაშვილის შუამდგომლობით ანა კორძაია-სამადაშვილისგან და ალექსანდრე კარტოზიასგან მოძიებული რეცენზიები კი სრულიად უარყო.

6) მანამდე პროფესორ ზურაბ აბაშიძის მიერ მოძიებული რედაქტორი პროფესორი ნატო თხილავა (რედაქტირებას მისი ქალიშვილი გასწევდა და მას თავად ქ-ნი ნატოც მიეხმარებოდა) -- არ მიიღო.

7) წერილობით მიმართვისას სრული უგულვებელყოფა.

8) ხელშეკრულების გაუქმების ფურცელიც ხელში არ მიჭირავს.

პატივისცემით,
მარიამ ქსოვრელი-ხართიშვილი 
24.11.2015

თბილისის საქალაქო სასამართლოს
სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლეს
ბატონ თამაზ ურთმელიძეს

მოსარჩელე მარიამ ქსოვრელი-ხართიშვილის რწმუნებით
აღჭურვილი პირის ირაკლი ხართიშვილის (პ/ნ 010073787)
 განმარტებები ბოლო სასამართლო სხდომაზე
დასმულ საკითხებთან დაკავშირებით

1) პასუხისმგებლობის საკითხი, რომელიც უკანასკნელ სხდომაზე კიდევ ერთხელ დასვა მოპასუხე მხარის ადვოკატმა. ჩემი მხრივ შემიძლია განვმარტო: ჩვენ ჯერ კიდევ ჩვენს პასუხებში ჯერ ქეთი კიღურაძის შესაგებელზე, ხოლო შემდეგ კი მისი ადვოკატის ა. თაბაგარის განცხადებაზეც, მოვიყვანეთ ამონარიდები ჩვენი ადვოკატის, ქ-ნ ინგა ჩალათაშვილის წიგნიდან „ტიპიური ხელშეკრულებების კრებული“, სადაც ქართული კანონმდებლობის მოთხოვნებია გადმოცემული იმის თაობაზე, რომ ავტორის მიერ გამომცემლობაში ჩაბარებულ ტექსტზე გამომცემელმა თავისი შეხედულებები ავტორს გარკვეულ დადგენილ ვადებში წერილობით უნდა აცნობოს; თუ შენიშვნები აქვს, წერილობით უნდა ჩამოუყალიბოს და მისცეს ვადები მათი გამოსწორებისთვის. და ეს ყველაფერი ქ-ნ კიღურაძეს მარიამთან ურთიერთობაში პირწმინდად დარღვეული აქვს. ამ ბოლო ხანებში უფრო დაწვრილებით გავეცანით „საქართველოს კანონს საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“, სადაც 43-ე მუხლის „ნაწარმოების შექმნის ხელშეკრულება“ მე-3 და -4 პუნქტებში წერია:

3. შემკვეთი ვალდებულია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის დადგომისთანავე დაათვალიეროს ნაწარმოები და წერილობით შეატყობინოს ავტორს ნაწარმოების მოწონების ანდა ხელშეკრულების პირობების საფუძველზე მისი დაწუნების ან მასში შესწორებათა შეტანის აუცილებლობის შესახებ.

4. თუ ავტორს ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში არ გაეგზავნა წერილობითი შეტყობინება, ნაწარმოები შემკვეთის მიერ მოწონებულად ითვლება.

ეს მუხლები თავიდანვე დარღვეული აქვს მარიამ ქსოვრელთან ურთიერთობებში ქ. კიღურაძეს. გარდა ამისა, მას შემდეგ, რაც ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ მარიამის თარგმანი შემდგომი რედაქტირებისა და გამოცემისთვის მიიღო, და ამაზე მასთან ხელშეკრულებაც გააფორმა, უკვე აშკარა შეიქნა, რომ თარგმანი ხარისხიანია და სწორედ მოპასუხე ქ. კიღურაძე გახლავთ ის მხარე, რომელმაც 2011 წელს მოსარჩელესთან, მ. ქსოვრელი-ხართიშვილთან დადებული ხელშეკრულება დაარღვია. ამის თაობაზე კი ამავე კანონის 44-ე მუხლი ამბობს:

მუხლი 44. ზიანის ანაზღაურების ვალდებულება 

მხარემ, რომელმაც არ შეასრულა ან არაჯეროვნად შეასრულა საავტორო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, მეორე მხარეს უნდა აუნაზღაუროს მიყენებული ზიანი, მიუღებელი შემოსავლის ჩათვლით.

აქედან კი მკაფიოდ იკვეთება, რომ ვინაიდან საავტორო ხელშეკრულების დამრღვევი სწორედ შპს „სიესტა“ გახლავთ, ამიტომ მან მოსარჩელეს, ანუ მარიამ ქსოვრელი-ხართიშვილს, ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა 6100 დოლარი მთლიანად უნდა გადაუხადოს.

გამომცემლობა „სიესტასგან“ ჩვენც სწორედ ამას მოვითხოვთ.

2) რაც შეეხება იმ სამმხრივი მოლაპარაკებების პროცესს, მინდა დამატებით განვმარტო, რომ იმ თავდაპირველი ორმხრივი შეთანხმების მთავარი ნაკლი, ჩვენი თვალსაზრისით, იმაში მდგომარეობდა, რომ ბაკურ სულაკურის გამომცემლობასთან მარიამ ქსოვრელის ხელშეკრულების არსებობა გათვალისწინებული არ იყო. ჩვენ გერმანისტებისგან ვიცოდით, რომ ნანა გოგოლაშვილს აქვს თავისი მიზნისკენ დაჟინებით მისწრაფებისა და სხვების მოურიდებლად შეწუხების თვისება. გარდა ამისა, ის ცნობილი მთარგმნელია, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობასთანაც თანამშრომლობს და იყო იმის თუნდაც თეორიული, მაგრამ მაინც საფრთხე, რომ ამ გამომცემლობის მიერ თარგმანის გამოცემაზე უფლების მიღების შემდეგ, ამ თარგმანის მომზადებაზე ხელშეკრულების დადებისთვის, რაღაცა მანქანებით, ნანა გოგოლაშვილს მიეღწია, ხოლო მარიამი კი განზე დარჩენილიყო. და ვინაიდან ნ. გოგოლაშვილის გააქტიურება ამ საქმეში სულ თავიდანვე ქ. კიღურაძის კანონსაწინააღმდეგო ქმედებების შედეგად მოხდა და ამით შეეწყო ხელი, ამიტომ ჩვენ, ასე „ჰაერში დარჩენილებს“, მოპასუხესთან სასამართლო დავის შეწყვეტა ვეღარ შეგვეძლებოდა. ჩვენი ადვოკატიც სულ თავიდანვე იმ მოსაზრებას ემხრობოდა, რომ ჩვენ ახალ გამომცემლობასთან ხელშეკრულება უნდა გვქონოდა ხელზე, რათა შემდეგ ჩვენი სარჩელიც გამოგვეტანა.

ამ პირობაზე შპს „სიესტაც“ წამოვიდა და ა. თაბაგრისა და ი. ჩალათაშვილის მეცადინეობით სამმხრივი შეთნხმების პროექტიც მომზდდა. ჩვენ ამ საქმიანობაში ყოველგვარი მზაკვრობის გარეშე ჩავებით და ეს ამობეჭდილი პროექტი ბაკურ სულაკაურის გამომცემლობაში დროულად მივიტანეთ. იქ მისი გაცნობის შემდეგ ამ გამომცემლობის ხელმძღვანელი ქ-ნი თინა მამულაშვილი პირველად შეგვხვდა და ეს პროექტი მთლიანობაში მიიღო, მაგრამ მასში შესწორების შეტანის სურვილიც გამოთქვა იმ აზრით, რომ შპს „სიესტას“ შემდგომში ამ თარგმანის რაიმე ნაწილი ან მთლიანი ტექსტი არანაირი სახით არ უნდა გამოეცა. ბ-ნი თაბაგარი ამაზე უპრობლემოდ დაგვეთანხმა და სულაკაურის გამომცემლობის მიერ შესაბამისი ჩანაწერიც იქნა შეთანხმების პროექტში შეტანილი. მაგრამ იყო სხვა საკითხი – ვადები. თაბაგარ-ჩალათაშვილის პროექტში სამ-სამი დღის ვადა იყო გათვალისწინებული თითოეული მხარისთვის იმ ქმედებების განხორცილებაზე, რაც მათგან მოითხოვებოდა. მაგრამ სულაკაურის გამომცემლობაში ეს ვადა 10 დღით შეცვალეს, რაც ქ. კიღურაძისთვის გადაჭრით მიუღებელი შეიქნა (ამას ის თავის მიმოწერაშიც ა. თაბაგარისგან კატეგორიულად მოითხოვს). თანაც ის ამ 10 დღის თუნდაც 7 ან 5 დღემდე შემცირებას კი არ მოითხოვს, რაც ამ ორ გამომცემლობას შორის აღნიშნულ საკითხში წინააღმდეგობას რამდენადმე შეარბილებდა, არამედ უკვე სულაკაურის გამომცემლობას უპირისპირდება და უწინდელი 3 დღის ნაცვლად წერს პირობას „დაუყოვნებლივ“. ეს უკვე ქ-ნ თინასთვის იყო მიუღებელი და მან თავის გამომცემლობასთან დაკავშირებით 10 დღის ვადა უცვლელად დატოვა, ჩვენ კი, ჩვენი ადვოკატის რჩევით ქ. კიღურაძის მოთხოვნას დავყევით.

გარდა ამისა, ამ ეტაპზე უკვე ა. თაბაგარი მოითხოვდა, რომ ჩვენ ხელშეკრულება სულაკაურის გამომცემლობასთან წინასწარ დაგვედო, რათა შემდგომში ამ მხრივაც რაიმე გაუგებრობანი გამოერიცხათ (შეიძლება გოგოლაშვილის ფაქტორისა ახლა თავად მათაც შეეშინდათ). და სანამ ჩვენი ადვოკატი ამის შესახებ რამეს გვირჩევდა, თვითონ მე მოვნახე მარიამთან საუბარში ისეთი გზა, რომ შეგვეთავაზებინა ქ-ნ თინასთვის წინასწარ ხელშეკრულების დადება იმ პირობით, რომ ის ძალაში ამ გამომცემლობის მიერ გერმანიიდან უფლების მიღების შემდეგ შევიდოდა, და ტელეფონით ჩვენს ადვოკატსაც ვუთხარი. ეს მან მოიწონა და ამ პირობებით ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის ოფისშიც ერთად მივედით. ისინი ამაზე დაგვეთანხმენ და სამმხრივი შეთანხმები პროექტში მხოლოდ ამ ახალი შეთნხმებული პუნქტების შეტანაღა იყო დარჩენილი, ასევე სულაკაური გამომცემლობის მიერ მარიამთან წინასწარ შეთანხმების დადება, რომ მოხდა ის, რაზეც მარიამმა თავის პასუხში უკვე ილაპარაკა. ანუ კიღურაძის კიდევ ერთი დაჟინებული და უტაქტო „გამოხტომა“, კატეგორიული ტონი ისევ სულაკაური გამომცემლობის მიმართაც და იმის საფუძველი შეიქნა ქ-ნ თინა მამულაშვილისთვის, რომ მას აღნიშნულ შეთანხმებაზე უარი ეთქვა, თავად მიემართა ბ-ნ კრისტოფ ჰასენცალისთვის და ამ თარგმანის გამოცემის უფლება კიღურაძისგან დამოუკიდებლად მიეღო. ასე რომ, არანაირი მზაკვრობა და ვერაგობა ჩემი და მარიამის ქმედებებში არ ყოფილა. სანამ გაურკვეველი სიტუაცია იყო, მისცემდა თუ არა ბ-ნი ჰასენცალი ბაკურ სულაკაურის გამომცემლობას ასეთ უფლებას, ჩვენც მოთმინებით ველოდით, ხოლო როცა ეს უფლება ჩამოვიდა, მაშინ უკვე ამ გამომცემლობამ მარიამს შესაბამისი ხელშეკრულებაც გაუფორმა.

მოპასუხე მხარემ შეიძლება ის გვისაყვედუროს, თუ რატომ „მკერდით არ გადავეფარეთ“ მის ინტერესებს და ასეთ პირობაზე ქ-ნ თინას უარი რატომ არ ვითხარით, მაგრამ განა კი „სიესტასთან“ ჩვენი უკანასკნელი წლების ურთიერთობა იძლეოდა იმის საფუძველს, რომ მისი ინტერესებისთვის კიდევ თავი გამოგვედო? გარდა ამისა, აქ გაწეული შრომის ანაზღაურების საკითხიც იდგა. ქ-ნმა თინამ თავიდანვე გვითხრა, რომ მას მარიამისთვის ჰონორარის სახით იმ თანხის გადახდა შეეძლო, რომელიც სავარაუდოდ გერმანიიდან ჩამოვიდოდა. ასევე გვითხრეს, რომ გერმანული მხარე ასეთ პროექტებზე 3000 ევროზე მეტს არ გამოყოფსო. ანუ, ასეთ შემთხვევაში, ამ თანხას მარიამი მხოლოდ წიგნის გამოცემის შემდეგ მიიღებდა, და თანაც იმაზე თითქმის ორჯერ ნაკლებს, რაც „სიესტასთან“ დადებული ხელშეკრულებითაა გათვალისწინებული (6100 აშშ დოლარი), და რაც წიგნის ერთი გვერდის თარგმნაზე არსებული სტანდარტული ფასიდან (გვერდში 10 დოლარი) მომდინარეობს. ეს საკმაოდ მძიმე პირობა გახლავთ, მაგრამ, შექმნილი ვითარებიდან ამომდინარე, სამწუხაროდ, დიდი არჩევანიც არ გვქონდა.

ასეთ პირობებში ჩვენ ჩვენს ადვოკატსაც და ბ-ნ თაბაგარსაც სატელეფონო საუბრებში მაშინვე ვთხოვდით, რომ თარგმანის გამოცემაზე უფლების დათმობასთან ერთად ქ. კიღურაძეს მარიამისთვის გარკვეული თანხაც გადაეხადა, რაზედაც კატეგორიული უარი მივიღეთ. ქ-ნ თინა მამულაშვილის წინადადება კი, თუ მისი ვარაუდი გამართლდებოდა და ის ამ თარგმანის გამოცემაზე გერმანიიდან უფლებას კიღურაძისგან დამოუკიდებლად მიიღებდა, ჩვენ უკვე იმის შესაძლებლობაც გვაძლევდა, რომ „სიესტასთან“ გაწეული შრომის ანაზღაურებაზე დავა გაგვეგრძელებინა. და ეს ჩვენი სიხარბით კი არ მოგვსვლია, არამედ იმ სასიცოცხლო აუცილებლობით, რაზეც მარიამმა ბ-ნ თაბაგარის განცხადებაზე თავის პასუხში უფრო ვრცლად ილაპარაკა.

ბატონო მოსამართლევ, გეხსომებათ, რომ ფულადი ანაზღაურების საკითხი მე იმ სასამართლო სხდომაზევე დავსვი (ა. წ. თებერვალში), როცა ქ. კიღურაძემ თარგმანის გამოცემაზე უფლების დათმობის შესახებ განაცხადა. ჩემი რეპლიკის საპასუხოდ მანვე დაუმატა, რომ იმ 8000 ევროსაც დათმობდა, რომელიც გოეთეს ინსტიტუტს ამ პროექტზე ჰქონდა გათვალისწინებული. ანუ ამით ის ჩვენს სატკივარს დაეთანხმა, რომ ამდენი ხნის მანძილზე გაწეულ შრომაში ანაზღაურების მოთხოვნა გონივრული და სამართლიანი გახლდათ. ახლაც იგივე პრობლემა დგას ჩვენს წინაშე, და უფრო მეტადაც – მთელი ამ წლების მანძილზე უსახსრობის გამო როგორც ჩვენი ჯანმრთელობის, ისე სხვა პრობლემების დამძიმების შედეგად, მათი გამოსწორებისა და მოგვარებისთვის ზრუნვა კიდევ უფრო მეტ სახსრებს მოითხოვს: არა ბიზნეს-ინტრსესების, არამედ სასიცოცხლო ინტერესებისა.

3) ქეთი კიღურაძემ ბოლო სასამართლო სხდომაზე თქვა, რომ მე მას ვუთხარი, რომ „ვარ ომის სპეციალისტი“, და რომ თუ ის ამ წიგნს არ გამოსცემს, მაშინ ომი იქნება და მას უცხო ჯარისკაცები ქუჩაში გააუპატიურებენ. მის ამ სიტყვებში არის რაღაც სიმართლეც და არის დიდი ტყუილიც. მე ჩემს მეგობრებთან ერთად 1990 წელს დავაარსე სამხედრო-ისტორიული ჟურნალი „მხედარი“, რომელიც 1994 წლის ჩათვლით ეროვნული გვარდიის ეგიდით გამოდიოდა (სულ მგონი 7 ნომერი გამოვიდა). ეს დაახლოებით 100-გვერდიანი ჟურნალი გახლდათ და მასში სერიოზული მასალები იბეჭდებოდა. თავიდან ამ ჟურნალის ინტერესებისთვის დავიწყე აშშ შეიარაღებული ძალების მშენებლობის შესწავლა (ჟურნალ Зарубежное военное обозрение-ს მასალების მიხედვით, რომლის ნომრებიც ჩვენს ცენტრალურ ბიბლიოთეკებში 1974 წლიდან ინახება), ხოლო შემდეგ კი დავრწმუნდი, რომ დასამუშავებელი მასალების მოცულობა და ხასიათი მხოლოდ ჟურნალის ფარგლებს სცილდება და საჭირო იყო საქართველოს სამხედრო მშენებლობის სფეროში საინფორმაციო უზრუნველყოფის, ანუ დასავლეთის სახელმწიფოთა გამოცდილების შესწავლა და გამოყენება, რასაც მთელ შემდგომ წლებში ვაკეთებდი და ვაკეთებ კიდეც. თავიდან ეროვნული გვარდიის მთავარ სამმართველოში (აღმზრდელობით განყოფილებაში) ვმსახურობდი, ხოლო 1993 წლის დეკემბრიდან 2007 წლის მარტამდე კი საქართველოს პარლამენტის კვლევით დეპარტამენტში, სადაც სამხედრო თემატიკაზე ბევრი კვლევითი ნაშრომი მაქვს მომზადებული, რომლებსაც ქვემოთ მოკლედ ჩამოვთვლი.

დამუშავებული მასალების საფუძველზე, 1999 წლის გაზაფხულზე უკვე ვიცოდი, რომ 1990-იან წლებში ნატო-ს ბლოკის უმეტეს სახელმწიფოთა მხრიდან თავიანთი სამხედრო ხარჯების შემცირების ფონზე, თურქეთის ხელმძღვანელობა თავის სამხედრო ხარჯებს ძველებურად ზრდიდა (1990 წლის 5 მლრდ. ამერიკული დოლარიდან 2000 წლის 10,8 მლრდ.-მდე), ხოლო აშშ და გერმანია კი მას უფრო თანამედროვე შეიარაღებასა და საბრძოლო ტექნიკას აწვდიდნენ. ვიცოდი აგრეთვე 80-იანი წლების შუახანებში თურქეთის მაშინდელი პრემიერ-მინისტრის, შემდგომში პრეზიდნტის, თურგუთ ოზალის ნათქვამიც იმის თაობაზე, რომ თურქეთს დიდი პრეტენზიები არ გააჩნია, ვინაიდან ის მხოლოდ რეგიონული სახელმწიფოა „ადრიატიკიდან ჩინეთის დიდ კედლამდეო“. და ასეთი პრეტენზიების ქვეყანა მილიარდებს ხარჯავდა სამხედრო მიზნებით, ხოლო აშშ და გერმანია კი მას კიდევ უფრო მეტად აიარაღებდნენ.

გარდა ამისა, ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის თათბირის (ამჟამად ორგანიზაციის – ეუთო) ეგიდით 1990 და 1992 წელს პარიზსა და ტაშკენტში დადებული ხელშეკრულებების საფუძველზე საქართველოსთვის დადგენილი ჯავშანსატანკო ტექნიკის კვოტები ძალზედ ცოტაა, მნიშვნელოვნად ჩამოუვარდებოდა ევროპის მცირე ნეიტრალურ სახელმწიფოთა (ფინეთის, შვედეთის, შვეიცარიის) რეალურ შეიარაღებას და ვერანაირად ვერ იქნებოდა საკმარისი ჩვენი ქვეყნის თავდაცვისთვის. საჭირო იყო მათი გაზრდისთვის ზრუნვა, რაც ჩვენს ხელისუფლებას იმ დროიდან (1999 წლიდან) დღემდე არ უნდა, ვინაიდან ეს არ უნდა აშშ-ს. სახელდობრ, 2000 წელს დაახლოებით 7,5-მილიონიანი შვეიცარიის სახმელეთო ჯარების შეიარაღებაში შედგებოდა 556 საბრძოლო ტანკი (მათ შორის 370 თანამედროვე გერმანული „ლეოპარდ-2“), დაახლოებით 1000 მოჯავშნული საბრძოლო მანქანა და 1100 ერთეულამდე საველე არტილერიის ქვემეხი და ნაღმსატყორცნი. საქართველოს კი უფლება აქვს მშვიდობიანობის დროს თავის ტერიტორიაზე მუდმივად განლაგებული ჰყავდეს არაუმეტეს 220 საბრძოლო ტანკის, 220 მოჯავშნული საბრძოლო მანქანის და 285 საველე საარტილერიო სისტემისა, რაც ჩვენი ქვეყნის თავდაცვის მოთხოვნილებებს მიზერულადაც კი ვერ აკმაყოფილებს. ფინეთს იმავე წელს შეიარაღებაში 230 საბრძოლო ტანკი ჰყავდა, რაც საქართველოს კვოტას უახლოვდება, მაგრამ მისი მოჯავშნული საბრძოლო მანქანების რაოდენობა 800 ერთეულს, ხოლო საველე არტილერიისა კი 1900 ერთეულს აღემატებოდა (რაც ჩვენი ქვეყნის კვოტებს, შესაბამისად, 3,64-ჯერ და 6,67-ჯერ აღერმატება).

იმავე დასავლური გამოცდილებით, 4-5 მილიონიან სახელმწიფოს ომის დროს საკუთარი თავდაცვისთვის 450-550 ათასიანი შეიარაღებული ძალების გამოყვანა უნდა შეეძლოს (ანუ თავისი მოსახლეობის რიცხოვნების დაახლოებით 10 %-ისა) და ამდენი შეიარაღებაც ფინეთსა და შვეიცარიას ასეთი რიცხოვნების შეიარაღებული ძალებისთვის ჰქონდათ განკუთვნილი. თავად აშშ-ის სამხედრო-პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ 1990-91 წლებში ერაყთან კონფლიქტის დროს მის მეზობელ რაიონებში თავიდან სწორედ 400-ათასიან ჯარებსა და ძალებს მოუყარა თავი, რომელთაც შეიარაღებაში 2500 საბრძოლო ტანკი, 1500-ზე მეტი საბრძოლო თვითმფრინავი, დაახლოებით 100 მსხვილი საბრძოლო ხომალდი (ავიამზიდები, სახაზო ხომალდები, კრეისერები და სხვა) ჰყავდათ. თუ ამერიკელებს 400 ათას პირად შემადგენლობაზე ამდენი საბრძოლო ტექნიკა სჭირდებოდათ, მაშინ ქართველებმა რაღა დავაშავეთ? განა ჩვენ რა ისეთი სასწაულები უნდა მოვახდინოთ, რომ საკუთარი ქვეყანა სათანადო რაოდენობისა და ხარისხის საბრძოლო ტექნიკისა და შეიარაღების გარეშე დავიცვათ? ცხადია, რომ ქვეყნის თავდაცვის უნარი საქართველოს შეიარაღებულ ძალებს არ გააჩნია, და ვერც ექნება, სანამ ეს კვოტები მოქმედებს და სანამ ქვეყნის ხელმძღვანელობას ასეთი მდგომარეობა აწყობს და აკმაყოფილებს.

სწორედ ამის ნიადაგზე წარმოიშვა და განვითარდა ჩემი კონფლიქტური ურთიერთობები საქართველოს ხელისუფლების წრეებთან, ჯერ კიდევ 1999 წლის დასაწყისიდან, რაც 2007 წლის დასაწყისში სამსახურიდან ჩემი შემცირების საფუძველზე განთავისუფლებით დასრულდა. 2010 წლის ოქტომბრის თვიდან მაქვს ბლოგი ინტერნეტში მისამართზე www.defencegeorgia.blogspot.com, საგანმანათლებლო ხასიათისა, რომლის ძირითადი თემაცაა „თავდაცვა და ისტორია“. დღეისთვის მასზე 580-მდე წერილობითი და ვიდეო მასალა მაქვს განთავსებული, ბლოგზე შემოსვლების რიცხვი კი 102 000-ს აღემატება. თუმცა კი, ახალი ხელისუფლების პირობებში ამ მხრივ ჩემგან გარკვეული მცდელობების მიუხედავად, არანაირი შემოსავალი აქედან არ გამაჩნია. და ამით არის კიდეც განპირობებული ის მატერიალური ხელმოკლეობა, რის შესახებაც ჩვენს სარჩელსა თუ პასუხებში ვწერდით.

2007 წლის დასაწყისში სამსახურიდან ჩემი განთავისუფლების წინ მოვამზადე ნაშრომი „ნატო და დასავლეთევროპული კავშირი 1970-იან წლებსა და 80-იანების დასაწყისში“, სადაც მაშინ აგრესიული ანტირუსული კამპანიის ფონზე და მის საწინააღმდეგოდ, დასკვნით ნაწილში ამასაც ვწერდი:

„გასული წლის ზაფხულის ბოლოს, თუ არ ვცდებით, საქართველოს ტელევიზიის ტელეკომპანია “თბილისის” არხზე, რომელიც რუსეთის ერთერთ არხს გვიჩვენებს, გაუშვეს ინგლისურენოვანი დოკუმენტური ფილმი მეორე მსოფლიო ომის დასასრულის პერიოდზე. დიქტორი ამბობდა, რომ ომის ბოლო წელს აღმოსავლეთ გერმანიაში შესული საბჭოთა ჯარები ისევე იქცეონენ, როგორც თავის დროზე ნაცისტები იქცეოდნან მათ სამშობლოშიო. ხშირი იყო გერმანელი გოგონებისა და ქალების გაუპატიურებებიც. ამის გამო ერთერთი ქალაქის მაცხოვრებელი გერმანელი ქალები, სადაც ეს ფილმი იყო გადაღებული, მასობრივად იღრჩობდნენ თავს იქვე ჩამომავალ მდინარეში. შემდეგ ალაპარაკეს უკვე ხანშიშესული გერმანელი ქალი, რომლის დედამაც 1945 წელს თავი დაიღრჩო, ხოლო თავად იგი ბებიამ და პაპამ გადაარჩინეს და გაზარდეს. და ამ ქალმა განაცხადა: ბუნებრივია თავს დაიღრჩობდი, როდესაც დღეში ოცჯერ გაუპატიურებენო. 

ასეთი იყო გერმანელი ერისთვის საზღაური ჩადენილი დანაშაულებების გამო, და ასეთი იყო იმ გერმანელი ქალების საზღაური, რომლებიც თავიანთ ქმრებსა და შვილებს აღმოსავლეთის, დასავლეთისა და აფრიკის ფრონტებზე დიდი შემართებით აცილებდნენ, ხოლო გერმანიაში დიდი ტაციობა ჰქონდათ ატეხილი აღმოსავლეთიდან და დასავლეიდან ჩატანილი ნაძარცვი კაბების, ხელჩანთების, ფეხსაცმლისა და ქურქების გამო, აგრეთვე ადამიანის ქონისგან დამზადებული პარფიუმერიის, საკონცენტრაციო ბანაკების ტყვეთა ოქროს კბილებისგან დამზადებული სამკაულების და სხვათა გამოც. 

შესაძლოა გავიხსენოთ სხვა ეპიზოდიც. 1812 წელს მოსკოვში შემოსულ ნაპოლეონის ჯარებს რუსეთის მეორე სატახტო ქალაქის ფრანგული მოსახლეობის დიდი ნაწილი აღტაცებით შეხვდა და, შესაბამისად, როდესაც ზამთარში ნაპოლეონის ჯარებმა მოსკოვი დატოვეს, ეს ადამიანებიც მათ გაჰყვნენ უკან. მათი დიდი ნაწილი გზაში გაიყინა, ბევრი გაიძარცვა ან ისევ რუსებს ჩაუვარდა ხელში, ამჟამად უკვე ნადავლის სახით, ბევრიც მდინარე ბერეზინას გადალახვის დროს ჩატეხილი ყინულებისა და ზურგში მიწოლილი რუსული ჯარების გამო ან მდინარეში ჩაიღრჩო ან კიდევ რუსული კარტეჩის, ტყვიის, შუბისა და ხმლის მსხვერპლი გახდა“. (ეს ნაშრომი 2011 წელს ბლოგზეც გამოვაქვეყნე)

მე კიღურაძეს ის ვუთხარი, რომ ასეთი დიდი განსაცდელებია მოსალოდნელი, რისი ერთი ნაწილიც ჩვენ 2008 წლის აგვისტოში უკვე გადავიტანეთ, და უფრო ადრეც – აფხაზეთსა და იმავე შიდა ქართლში. ქვეყნის თავდაცვის უნარიანი ჯარები არა გვყავს და გაჭირვების დროს მხოლოდ ღმერთი თუ გვიშველის მეთქი. ხოლო თუ ღმერთისგან შველა გვინდა, მაშინ ჩვენც მის მცნებებს უნდა ვიცავდეთ და სხვა ადამიანებს ცუდს არ ვუკეთებდეთ. თუ არა და, მოგვიწევს იმის გადატანა, რაც ომებს მუდამ თან ახლავს. და მოვიყვანე სწორედ ის მაგალითი 1945 წლის გერმანის რეალობიდან, რაც ზემოთაა ნათქვამი. თუმცა კი გაუპატიურებათა საფრთხე რომ დაგემუქროს, მანამ, სულ მცირე, ცოცხალი და მეტ-ნაკლებად საღ-სალამათი მაინც უნდა იყო, რაც დღევანდელი ომის პირობებში ადვილი სულაც არ არის. მე ქ. კიღურაძეს ვეუბნებოდი არა საკუთრივ წიგნის დაბეჭდვაზე, არამედ მარიამთან, როგორც მთარგმნელთან იმ სამართლიანი სამუშაო ურთიერთობების დამყარებაზე, რაც როგორც დღეს უკვე ვიცი, კანონმდებლობის მიერ ყოფილა ასევე მოთხოვნილი. კიღურაძესთან ოფისში მე ბოლოს 2013 წლის ნოემბრის დასაწყისში ვიყავი, როცა ბ-ნ ალ. კარტოზიას პასუხი მივუტანე. მარიამი მაშინ ჯერ კიდევ წიგნის მხოლოდ პირველი ტომის ბოლო ნაწილის გასწორებაზე მუშაობდა, მთელ მეორე ტომზე სამუშაოები ჯერ კიდევ წინ ჰქონდა, და განა ასეთ პირობებში წიგნის აუცილებლად დაბეჭდვაზე გვექნებოდა ლაპარაკი? რაზედაც იმ ხანებში მასთან მქონდა დავა და საუბრები, ამის შესახებ ჩვენს სარჩელში, პასუხებსა თუ განმარტებებში, აგრეთვე ბლოგზე ჩვენს მიერ გამოქვეყნებულ ვრცელ წერილშიც არაერთხელ განგვიცხადებია – ლაპარაკი იყო მხოლოდ გასწორებული ტექსტის სარედაქციოდ მიღებასა და მასზე შემდგომ მუშაობაზე, რათა, რასაც ქ-ნი ანა კორძაია-სამადაშვილიც მაშინვე აღნიშნავდა თავის რეცენზიაში, საბოლოო ჯამში ქართველ მკითხველს კიდევ ერთი კარგი წიგნი მიეღო. კიღურაძე კი ამ შემთხვევაში კვლავ ცრუობს: ცბიერად, თავხედურად და უტიფრად, რაც, განსაკუთრებით, ქალისგან ძალიან სამწუხაროა, მაგრამ რეალობაა.

ქვემოთ, რაკი სიტყვამ მოიტანა, იმ მასალების ჩამონათვალს, გამოქვეყნების თარიღსა და მათ ტექსტობრივ მოცულობას მოვიყვან, რომლებიც ბლოგზე მხოლოდ სამხედრო თემატიკაში წიგნების სახით მაქვს გამოქვეყნებული.

1) ცალკეული თავები წიგნისა „აშშ სახმელეთო ჯარები 1980-იან წლებში“ (1992-96 წწ., 170 კომპიუტერული გვერდი)

2) „აშშ შეიარაღებული ძალები და საქართველო“ (2003 წ., 80 გვ.)

3) „ნატო და დასავლეთევროპული კავშირი 1970-იან წლებსა და 80-იანების დასაწყისში“ (2007 წ., 110 გვ.)

4) „აშშ სამხედრო სტრატეგიისა და ნატო-ს კოალიციური სტრატეგიის განვითარება 1970-იან წლებსა და 80-იანების დასაწყისში“ (2011 წ., 206 გვ.)

5) „აშშ შეიარაღებული ძალები 1970-იან წლებსა და 80-იანების დასაწყისში“ (2011 წ., 180 გვ.)

6) „ნატო-ს ბლოკის ევროპული ქვეყნების სამხედრო მშენებლობის ძირითადი საკითხები 1970-იან წლებსა და 80-იანების დასაწყისში“ (2011 წ., 178 გვ.)

7) „ნატო-ს ბლოკის გარეთ მყოფი ზოგიერთი ევროპული და აზიური სახელმწიფოს შეიარაღებული ძალები 1970-იან წლებსა და 80-იანების დასაწყისში“ (2013 წ, 100 გვ.)

8) „საბრძოლო მოქმედებები განსაკუთრებულ პირობებში“ (2014 წ., 170 გვ.)

9) „1990-91 წლებში სპარსეთის ყურის ზონაში მიმდინარე შეიარაღებული კონფლიქტის შესახებ“ (2014 წ., 91 გვ.)

10) „შეიარაღებული ძალების სახეობათა და სპეციალური დანიშნულების ძალების მოქმედებები კონფლიქტში სპარსეთის ყურის ზონაში 1990-91 წლებში“ (2014 წ., 107 გვ.) 

11) „დამატებითი მასალები ნატო-ს ბლოკის შესახებ 1970-იან წლებში“ (2015 წ., 200 გვ.) 

ამრიგად, ამდენი გაკეთებული რეალური საქმის მიუხედავად, ვიღაც-ვიღაცეები ამჯობინებენ, რომ მე და ჩემნაირებს არათუ ჩრდილში გვამყოფებდნენ, არამედ ცხოვრებისა და მუშაობის სახსარსაც არ გვაძლევდნენ, ხოლო ნამდვილი განსაცდელის წარმოქმნის პირობებში შეიძლება ის ცოდნა და გამოცდილება, რაც მართლა საჭიროა და რისი მიღების შესაძლებლობაც არის, ქვეყანაში არ აღმოჩნდეს, რადგანაც ამ შესაძლებლობის ხორცშესხმაზე „ზევით“ არ იზრუნეს. ანუ, თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობის დამოკიდებულების შესახებ შეიძლება ვთქვათ: რაც ამერიკელებს უნდათ, რომ ქართველებმა სამხედრო საქმეში იცოდნენ, ისინი მათ ამას ისედაც ასწავლიან, თან ჩემზე უკეთესად; ხოლო რაც ამერიკელებს არ უნდათ, რომ სამხედრო სფეროში ქართველებმა იცოდნენ, ის არც ამ ქართველების უფროსობას უნდა – „ზედმეტი“ ცოდნა ხომ „ზედმეტ“ კითხვებსაც წარმოშობს, ხოლო ასეთი კითხვებით თავისა და სინდისის შეწუხება, სამწუხაროდ, ამათ არ უნდათ. ბუნებრივია, რომ ასეთ შემთხვევაში მართლაც შეიძლება წარმოიქმნას იმის საშიშროება, რაც არაერთხელ მითქვამს და დამიწერია, და რაც იმ სხდომაზე ქ. კიღურაძემ სიცრუით და დამახინჯებულად გააჟღერა. მაგრამ ამით ასეთი მძიმე პერსპექტივის საფრთხე არ იხსნება, თუ გასულ ზაფხულს ვერის წყლის ღვარცოფად მოვარდნის მსგავსად, ჩვენივე უგუნურებითა და მანკიერებით, ახლა დიდი ომის ღვარცოფიც დაგვატყდება თავზე. ღმერთმა დაგვიფაროსო, ვიტყვით, მაგრამ ჩვენ თუ სათანადოდ არ მოვიქცევით, ანუ სხვას ისე არ მოვექცევით, როგორც თავად საკუთრი თავისთვის ვისურვებდით, თუ ქვეყანას არ მოვექცევით ისე, როგორც ამას მისი ინტერესები მოითხოვს, მაშინ უფლის მიერ გამოწვდილი ხელი შეიძლება ვერც შევამჩნიოთ, რადგან სხვა რამე გვენდომება, და ვერც გადავრჩებით. გავისხენოთ თუნდაც ის, რომ ძველმა ებრაელებმა უფლის მიერ მათი ხსნისთვის გამოწვდილი ხელი ვერ დაინახეს, რადგან სხვა მხარეს იყურებოდნენ და სხვა რამ უნდოდათ, მაცხოვარი ჯვარს აცვეს; ხოლო ამ დროიდან თითქმის 40 წლის შემდეგ კი რომაელებმა იერუსალიმი სასტიკი ბრძოლით აიღეს და მიწასთან გაასწორეს, ქალაქის გარშემო სამ რიგად ხის ჯვრები აღმართეს, რომლებზედაც მათ წინააღმდეგ მებრძოლი იუდეველი მამაკაცები და ჭაბუკები მასობრივად სასიკვდილოდ გააკრეს. თანაც რომაელ სარდალს უთქვამს: ნეტა იუდეველებმა მათი ღმერთი რითი განარისხეს, ის რომ არ დამხმარებოდა ბრძოლაში, მე ამ ქალაქს ვერ ავიღებდიო. სამწუხაროდ, ქეთი კიღურაძეს ამაზე დაფიქრება და ამის დანახვა არ უნდა. ნება მისია, მაგრამ ღვთის წინაშე პასუხსაც ის აგებს. ხოლო როცა მე სხვას ამას ვეუბნები, ჯერ საკუთარ თავს უნდა მოვთხოვო ასეთი გზით სიარული. ამ საქმეში მე და მარიამი, ვფიქრობთ, სწორად ვიქცევით – არ ვუკეთებთ ქ. კიღურაძეს ისეთ რამეს, რომ უფლის სწავლებას ვარღვევდეთ და ქვეყნის კანონმდებლობის წინააღმდეგ მივდიოდეთ.

პატივისცემით,

ირაკლი ხართიშვილი 
22. 11. 2015

(დასასრული იქნება)