Monday, November 1, 2010

ნიკოლოზ დუბროვინი აფხაზების შესახებ – ნაწილი III

აფხაზები (აზეგა)
(აკადემიკოს ნ. დუბროვინის წიგნიდან «История войны и владычества русских на Кавказе», т. I _ «Очерк о Кавказе и живущих в нём народах», кн. 2 _ «Закавказье», Санкт-Петербург, 1871 г.)

(ნ ა წ ი ლ ი III)

თავი II.


აფხაზების რელიგია და მათი ცრურწმენა. _ დღესასწაულები. _ ჯიგიტობა და ხალხური თამაშობები. _ აბაზელების ცეკვები. _ ხალხის ცრურწმენა და ლეგენდები. _ მკითხავები, შემლოცავები და ექიმბაში ქალები. _ ჯადოქრები, გრძნეულები და ალქაჯები.

აფხაზური ტომის მთელი ხალხმოსახლეობა, რელიგიური მიმართებით, იყოფა სამ ნაწილად: მართლმადიდებელ ქრისტიანებად, მაჰმადიანებად და წარმართებად, ანუ ადამიანებად, რომლებიც არ აღიარებენ არც ერთ რელიგიას, არამედ თაყვანს სცემენ თავად მათ მიერ შექმნილ ღვთაებებს. ჩერქეზების მეზობლად მცხოვრებმა აბაზელებმა მიიღეს მაჰმადიანური სარწმუნოება, აღავლენენ ხუთ ლოცვას, ჰყავთ მოლები, მაგრამ იმავე დროს შეინარჩუნეს ზოგიერთი წარმართული ადათიც. უკანასკნელებს მისდევდნენ განსაკუთრებით ბარაქაელები, რომლებმაც სხვებზე უფრო გვიან მიიღეს მაჰმადიანური რელიგია. ისინი ჭამდნენ ღორის ხორცს და არ ასრულებდნენ სიზუსტით მაჰმადიანურ ადათებს და არ ჰქონდათ საკუთარი რწმენის შესახებ ზუსტი წარმოდგენა. იშვიათად ისმოდა აბაზელებში მოლას ხმა, რომელიც მოუწოდებდა ლოცვისკენ, მედოვეაში კი იგი არავის არასოდეს არ გაუგია.

აბაზელი _ ქრისტიანია ხალხში შენარჩუნებული მრავალი ქრისტიანული დოგმატის მიხედვით; მაჰმადიანია გარეგნულად; წარმართია _ როგორც ცრუმორწმუნე და უმეცარი. იგი აღმერთებს (ეთაყვანება) ზოგიერთ ხეს, კლდეს, ჭალასა და ტყეს, უწოდებს რა მათ ანას-კარანიმს (ნაკრძალებს). მთიანი აფხაზეთის მცხოვრებნი მდიდარნი არიან ღმერთების სხვადასხვანაირი სახელებით, რომელთა შორისაც გაყვეს ცეცხლი, წყალი, საქონელი, იარაღი და სხვა. ისინი თაყვანს სცემენ და მსხვერპლი მიაქვთ სწორედ იმავე ღმერთებისთვის, რომლებთაც ეთაყვანებოდნენ ჩერქეზები, და მათ ჩერქეზული სახელებიც კი შეუნარჩუნეს.

საკუთრივ აფხაზეთის მაცხოვრებლებშიც, ზუსტად ასევე დარჩა იმ ყველა ხალხის რწმენის ნაკვალევი, რომლებიც ბატონობდნენ მათ ქვეყანაზე. სხვადასხვანირმა, და ხშირად საპირისპირო სწავლებებმა რწმენის შესახებ, დაბადა აფხაზის ცნობიერებაში უცნაური, შერეული, ბნელი წარმოდგენა მისი საწრმუნოების სიწმინდის შესახებ, და ამის გამო აფხაზებს შორის არ არის არც ერთი რელიგია, რომელიც შეინარჩუნებდა თავის სიწმინდეს. როგორც ქრისტიანი, ისევე მაჰმადიანიც, ერთნაირად ასრულებენ თავიანთი რელიგიების მხოლოდ გარეგნულ ადათებს, და იმათაც დამახინჯებული სახით; თავისი რელიგიის არსში ჩახედვას არაც ერთი აფხაზი არასდროს საჭიროდ არ თვლიდა.

აფხაზები შეადგენენ ერთერთ უძველეს კავკასიურ ტომთაგანს. დავემყარებით რა ყველაზე უფრო ძველი მწერლების მოწმობას, შესაძლოა დავასკვნათ, რომ ამ ტომს არასდროს არ დაუტოვებია თავისი სამშობლო, რომელიც ძევს შავი ზღვის აღმოსავლეთ ნაპირის გაყოლებით. ისევე როგოც ყველა ხალხი, თავიანთი არსებობის პირველ ხანაში ისინი იყვნენ წარმართები, თაყვანს სცემდნენ ხეებსა და ტყეებს, რომლებსაც ღებულობდნენ ღმერთებად: საერთოდ აღმერთებდნენ ბუნებას.

შემდგომში, ერთთა მოწმობით, წმ. მოციქულმა ანდრია პირველწოდებულმა, ხოლო მეორეთა, და უფრო ზუსტი ცნობებით, ბიზანტიის იმპერატორმა იუსტინიანემ, აფხაზეთში გაავრცელა ქრისტიანული მოძღვრება.

დაიმორჩილა რა აფხაზეთი, 550 წელს ქრისტეს შობიდან, იუსტინიანემ ააგო ბიჭვინთის ტაძარი, ღმრთისმშობლის სახელზე, და დააყენა (დააარსა, დააფუძნა, რუს. поставил) სასულიერო წოდება. ქრისტიანობის გავრცელება დაიწყო თანდათანობით აფხაზებს შორის და ეს წარმოადგენდა გახანგრძლივებული ომის მიზეზს ბიზანტიის იმპერატორსა და სასანიდებს შორის, რომელიც უკანასკნელთა დამარცხებით დასრულდა. VI ასწლეულის ბოლოში, აფხაზეთი. იმყოფებოდა რა ბერძენთა მფარველობის ქვეშ, სარგებლობდა გარკვეული დამოუკიდებლობით და იმართებოდა თავისი ადგილობრივი მმართველების მიერ, რომლებმაც, გახდნენ რა მემკვიდრეობითი მმართველები, მიითვისეს მეფის ტიტული. X საუკუნეში აფხაზეთი ექცევა საქართველოს ძალაუფლების ქვეშ, რომელსაც იმ დროიდან ეწოდებოდა ქართველთა და აფხაზთა სამეფო (რუს. карталино-абхазским царством), ხოლო კათოლიკოსს _ საქართველოს სასულიერო წოდების მეთაურს _ ეწოდებოდა აფხაზეთისა და სრულიად საქართველოს კათოლიკოსი. საქართველოს სამეფოს დაშლის შემდეგ, XIV ასწლეულში, აფხაზეთი გამოეყო საქართველოს; მის ეკლესიას მართავდა დამოუკიდებელი კათოლიკოსი, რომელიც იმყოფებოდა ბიჭვინთის მონასტერში.
დრანდაში არსებობდა საგანგებო საეპისკოპოსო, და მთელი აფხაზეთი მოფენილი იყო ეკლესიებით, რომელთა ნანგრევებიც გვხვდება ყველა ნაბიჯზე ( * ფ. ზავადსკი მოითვლის აფხაზეთში რვა დიდ ტაძარსა და 100-მდე მცირე სამლოცველოსა და ეკლესიას. იხილეთ Абхазия и Цебельда, Кавказ 1867 г. № 60).

შავი ზღვის აღმოსავლეთ ნაპირზე გენუისა და ბიზანტიის კოლონიების დაცემასთან ერთად აფხაზეთი მოექცა თურქების ძალაუფლების ქვეშ, რომლებმაც მასში მაჰმადიანური სწავლება გაავრცელეს.

მთელი ძალისხმევის მიუხედავად, თურქებმა ვერ შეძლეს სრულებით აღმოეფხვრათ ხალხის მეხსიერებიდან ქრისტიანობის მოგონება, მაგრამ მაგრამ მაჰმადიანურმა რელიგიამ ქვეყანაში, თუმცა კი მას არ ჰქონია მნიშვნელოვანი წარმატება, მაინც შეარყია ქრისტიანობა.

მართლმადიდებელ საწრმუნოებას ახლა აღიარებს მთავრის სახლის ყველა წევრი, ერთი ღარიბი და მცირე ოჯახის გამოკლებით, რომელიც ცხოვრობს ბიჭვინთის ოლქში და მისდევს ისლამს. აზნაურებს შორის მეშვიდედი ან მერვედი ნაწილი ქრისტიანებია, დანარჩენები კი მაჰმადიანები. გლეხებიდან მეხუთედი ნაწილი ქრისტიანებია, მეხუთედი მაჰმადიანები, სამი მეხუთედი კი წარმართები. აქედან ჩანს, რომ მაჰმადიანურმა სწავლებამ თავის მხრივ ვერ ჰპოვა ბევრი გულმოდგინე მიმდევარი და გაბატონებულ რელიგიად ქვეყანაში მაინც დარჩა წარმართობა, რომელსაც ახლაც მიეკუთვნება ხალხმოსახლეობის დიდი ნაწილი.

როგორც ქრისტიანული რელიგიის წესებს ასრულებენ ცუდად იქაური მაცხოვრებლები, ზუსტად ასევე ასრულებენ ისინი მუჰამედის ყურანსაც. იშვიათად დადის აფხაზი მართლმადიდებლურ ეკლესიაში, და კიდევ უფრო იშვიათად ჩნდება მეჩეთში. ქრისტიანი აფხაზი ცოდვად არ თვლის დაუყარაულდეს სადმე ფარულ ადგილას, და მოკლას ადამიანი სულ რაღაც უაზრო შურისძიების გამო, რამდენიმე წელიწადი ზედიზედ არ აბარებდეს აღსარებას და არ ღებულობდეს წმ. ზიარებას და ჭამდეს სამარხვოს მხოლოდ სახსნილოს უკმარისობისას. მეორეს მხრივ, მაჰმადიანი აფხაზი ძალიან მადიანად ჭამს ღორის ხორცს, სვამს ღვინოს, არ იცავს მარხვებს, არ იწყნარებს მრავალცოლიანობას, მაგრამ სამაგიეროდ თავს უფლებას აძლევს იცვლიდეს ცოლებს ყოველ მოსახერხებელ შემთხვევაში და, ბოლოს, ასრულებს ნამაზს მხოლოდ მაშინ, როდესაც მას მოეხალისება, ხოლო ყველაზე უფრო მეტად მაშინ, როდესაც იმყოფება მისთვის საპატიო თურქის საზოგადოებაში. ასეთ მაჰმადიანობაში ძნელი არ არის შევნიშნოთ ქრისტიანობის კვალი, წარმართობის ნაზავით. მუსლიმანი აფხაზები წინასწარმეტყველის ცუდი მიმდევრები არიან; მათ შორის არ არის არც ერთი, ვისაც ეცოდინებოდა, თუ რაში მდგომარეობს მუჰამედის სწავლება. უმრავლესობამ არ იცის, თუ ვინ იყო მუჰამედი _ და, ასრულებენ რა რელიგიის მხოლოდ გარეგნულ წესებს, მაჰმადიანები არსებითად იგივე წარმართები არიან.

მაჰმადიანი ყურანში ხედავს უფრო მეტად მისთვის მოპარული ცხენის მოძებნის საშუალებას, ვიდრე უზადო ცხოვრებისთვის დარიგებებსა და წესებს. მოლები არ ზრუნავდნენ თავიანთი მრევლის სულიერი განათლების შესახებ, არამედ დაკავებული იყვნენ მხოლოდ დავებისა და კამათების გარჩევით, მოხერხებილად და იღბლიანად სარგებლობენ რა მოდავეთა ცრუმორწმუნეობით. მათ შეძლეს დაერწმუნებინათ ხალხი იმაში, რომ მოლამ საკმარისია მხოლოდ ჩაიხედოს წინასწარმეტყველის უბრძნეს წიგნში, და იგი, მისი მიხედვით, ენის წაუბორძიკებლად მოგიყვებათ წარსულისა და მომავლის შესახებ. ხალხს უპირობოდ სწამდა თავისი სულიერი მწყემსების ასეთი ძალისა და ძლიერების.

ერთერთი თვალითმხილველი გვიყვება ასეთი ცრურწმენის შემთხვევას, რომელიც მოხდა მთიანი აბაზიის მცხოვრებთა შორის. ისარგებლა რა ბნელი და უამინდო ღამით, მთიელმა თავის მეზობელს მოჰპარა ცხენი. პატრონი, რომელიც ადგა დილით ადრე და ვერ ნახა თავლაში თავისი საუკეთესო ცხენი, წავიდა მოლასთან სავსებით დარწმუნებული, რომ უკანასკნელი, ჩახედავს რა წმინდა წიგნში, მიუთითებს ქურდზე, მით უმეტეს, რომ მსგავსი შემთხვევა აუცილებლად უნდა იყოს ჩაწერილი წიგნში, რადგანაც მისი ულაყი რაღაც ჯაგლაგი სულაც არ არის. მოლა დიდ ხანს უარობდა, მაგრამ მთიელის დაჟინებული თხოვნებისა და რამდენიმე ცხვრისგან შემდგარი საჩუქრის გამო იძულებული გახდა დაეთმო. შეკრიბა რა თავისთან აულის ყველა მცხოვრები, მოლამ გადაშალა ყურანი, მიყოლებით სწრაფად წაიკითხა იქიდან ორი ან სამი თავი, და მიმართა ხალხს:

_ მაინც რას ამბობს წინასწარმეტყველი, დაიწყო მან.... თუმცა არ მინდა ქურდის სახელის დასახელება, რათა არ გამოვიწვიო მტრობა და შურისძიება.... რჩევას მივცემდი მას ამაღამ ცხენი მიიყვანოს ადგილზე.... ანდა ხვალ ვიტყვი მის სახელს....

მოლას დაპირებამ მომდევნო დღეს განეცხადებინა ქურდის სახელი ძლიერად იმოქმედა უკანასკნელის ცრურწმენით წარმოდგენაზე (წარმოსახვაზე). შემდეგი დილის დადგომისას მოპარული ულაყი იდგა თავისი პატრონის სახლთან (რუს. у сакли).

გახარებულმა მთიელმა მადლობის გადასახდელად მიაშურა მოლას.

_ ტყუილად არ მიჩუქებია შენთვის შვიდი ცხვარი, თქვა პატრონმა: შენ მე ცხენი დამიბრუნე!

_ ოჰ, მართლა, თქვა მოლამ, მაგრამ შენი ცხვრები....

_ რა ჩემი ცხვრები?...

_ მე ისინი მომპარეს, და მათთან ერთად წყვილი ცხენებიც....

_ მოგპარეს?... აიღე წიგნი.... ვნახოთ, ვინ ქნა ეს....

_ წიგნიც მომპარეს! თქვა ამოოხვრით მოლამ.

მართლაც, ქურდმა, დაუბრუნა რა ცხენი პატრონს, გაქურდა მოლა, ხოლო რათა მას ვერ წაეკითხა ქურდის სახელი წინასწარმეტყველის ბრძნულ წიგნში, თან წაიღო ყურანიც, შემდეგ კი მას ქვა მოაბა და ღრმა წყალში გადააგდო.

აფხაზები იმდენად განურჩევლად და გულგრილად ეკიდებიან რელიგიას, რომ ეს უკანასკნელი ვერანაირი მიმართებით ვერ ამყარებს განსხვავებებს მაცხოვრებელთა შორის. ერთსა და იმავე ოჯახში ძალზედ ხშირად შეგიძლიათ შეხვდეთ ქრისტიანსც და მაჰმადიანსაც, რომლებიც ურთიერთ შორის ცხოვრობენ სრულ თანხმობაში. მუსლიმანი არ გაურბის ქორწინებას ქრისტიან ქალზე, და ამის შემდეგაც თითოეული ინარჩუნებს თავის რელიგიას. ბევრ ოჯახში ბავშვების ნაწილი მიჰყვება ქრისტიანულ მოძღვრებას, მეორე ნაწილი მაჰმადიანურს, ყოველგვარი ოჯახური უთანხმოებების გარეშე.

წინასწარმეტყველის სწავლებამ, მიიღო რა პოლიტიკური მიმართულება, მოახერხა მიეღწია იმისთვის, რომ მუსლიმანური რელიგიის აღმსარებლობა იქცა თითქოსდა ადამიანთა უმაღლესი კლასის განმასხვავებელ ნიშნად. ბევრი ყოველგვარი რწმენის გარეშე, არამედ მხოლოდ ერთადერთი სურვილით არ ჩამორჩეს წესიერ ადამიანებს, იღებდა მაჰმადიანურ სარწმუნოებას. თვით მფლობელი სახლის წევრებმც კი, რომლებიც აღიარებენ მართლმადიდებელ რელიგიას, ღიად დაიწყეს მაჰმადიანური სახელების დარქმევა. ქრისტიანული სახელები კი ხალხშიც ასევე მცირედ იყო ცნობილი. ორი საპირისპირო რელიგიის ასეთმა მჭიდრო დაახლოებამ, ცდუნებისა და სხვადასხვანაირი გაუგებრობების თავიდან ასაცილებლად, აიძულა ქრისტიანები და მაჰმადიანები ერთად ზეიმობდნენ ქრისტეს შობას, აღდგომას, სულის დღეს, ასრულებდნენ ბაირამს, მარხულობდნენ რამაზანსა და დიდ მარხვაში. რწმენის აღმსარებლობის განუსხვავებლად, ბიჭვინთის ოლქის ყველა მცხოვრებმა, გააჩნიათ რა განსაკუთრებული პატივისცემა იქაური ტაძრის მიმართ, რომელსაც უწოდებენ ლიძაა-ნიხს (ე. ი. წმინდა ლიძაას), თავიანთ შორის აირჩიეს ერთი ჭარმაგი ადამიანი ბიჭვინთის ტაძრის მეთვალყურისა და მზრუნველის თანამდებობაზე. მის მოვალეობებში შედიოდა ტაძრის გალავნის, ეზოსა და თავად ტაძრის სუფთად შენახვა, მასში არსებული ხატებისა და წიგნების დაცვა და, ამასთან ერთად, საჭიროების შემთხვევაში, მაცხოვრებელთა დაფიცების აღსრულებაც.

სამივე აღმსარებლობის აფხაზები აღიარებენ ყოვლად მაღალ ღმერთს, როგორც ღმერთების-ღმერთს, მაგრამ, გარდა ამიასა, თაყვანს სცემენ ყველა სტიქიის, ტყეებისა და მინდვრების ღვთაებებს. მათი გაგებით, ღვთაებები შექმნილია ყოვლად მაღალი ღმერთის მიერ, ადამიანების მფარველობისთვის მხოლოდ დედამიწაზე, და ამიტომ იქაურები ერთნაირი ხარისხით სცემენ პატივს წმინდა ტყეებს, არც თუ სახუმაროდ ეშინიათ მთათა და ტყეთა სულების, რომელთა კეთილგანწყობასაც, ძველი ჩვეულების მიხედვით, ეძიებენ მსხვერპლებით, რომლებსაც მალულად სწირავენ, რადგანაც ამას უკრძალავს მათ სასულიერო წოდება.

უბედურების შემთხვევაში იქაური მაცხოვრებელი თავის ლოცვებს მიმართავს ზოგიერთი კლდის, წმინდა ხეების მიმართ, ხოლო შაითანისადმი (ეშმაკისადმი) განიცდის განუსაზღვრელ ბავშვურ შიშს. ყოველივე ეს, რა თქმა უნდა, ხდება რელიგიის დოგმატების არცოდნის გამო, და უფრო მეტად განათლების უკმარისობის გამოც. ქრისტიანები და მაჰმადიანები, არც თუ ბევრი ადამიანის გამოკლებით, განმსჭვალული არიან წარმართული ცრურწმენით, მაგრამ ჯვარს თვლიან საუკეთესო წინასწარ დაცვის საშუალებად ყველანაირი განსაცდელებისგან და აქვთ ყველაზე უფრო მერყევი და დამახინჯებული გაგება ღმერთის შესახებ. ცნებებისა და გაგების ზუსტად ასეთივე არეულ-დარეულობა რელიგიის თაობაზე არსებობს წარმართებს შორისაც. ასე რომ, საერთოდ რომ ვთქვათ, მთელი აფხაზეთი თაყვანს სცემს ზოგიერთ ღვთაებას, ასრულებს წარმართულ წესებსა და მსხვერპლშეწირვებს ( * Воспоминания кавказского офицера, Русский вестник 1864 г. № 9; Главнейшие сведения о горских племенах и др., Кавказ 1868 г. № 48; Абхазия и Цебелда Ф. Завадского, Кавказ 1867 г. № 60; О положении Абхазии в религиозном отношении, Кавказ 1868 г. № 5; Несколько слов об Абхазии, И. П., Кавказ 1869 г. № 62; Ещё об Абхазии, Кавказ 1854 г. № 81; Новейшие исторические и геогорафические сведения о Кавказе Броневского, издание 1823 г. ч. I).

ამ ღვთაებებს, აფხაზების გაგებით, არ გააჩნიათ განსაზღვრული სახეები და ფორმები, მაგრამ მათ აუცილებლად უნდა სწირავდნენ მსხვერპლებს მფარველობის გამოსათხოვად. ისინი თაყვანს სცემენ გრდემლს, მსხვერპლად სწირავენ მას თხებს, ქათმებსა და ცვილის სანთლებს; ფიცი გრდელმზე ან გრდემლის დაფიცება ითვლება ყველაზე უფრო ძლიერად და დაურღვევლად. ხალხი ინარჩუნებს ცრურწმენით შიშს მჭედლების მიმართ და დარწმუნებულია, რომ მათ აქვთ ურთიერთობა ბოროტ სულთან. აფხაზებში არსებობს განსაკუთრებული ლოცვები, რომლებიც მიმართულია გრდემლისადმი.

ეკლესიების ნანგრევების მიმართ განიცდიან ღრმა პატივისცემას და, ყველა საჭიროებისას მიმართავენ მათ ლოცვებითა და მსხვერპლშეწირვებით.

ასე, სოხუმ-კალედან 22 ვერსზე და შავი ზღვის აღმოსავლეთ ნაპირიდან 7 ვერსზე სოფელ დრანდაში არის გენუელთა ძველი ტაძარი, რომელიც სარგებლობს ხალხის განსაკუთრებული პატივისცემით. მეორე ასეთივე ტაძარი იმყოფება სოფელ ილორში.

სოფელ დრანდის ახლომახლო მცხოვრებნი ხშირად მიდიან ტაძრის ნანგრევებთან. მათ მიაქვთ იქ ყველაფერი რასაც იპოვნიან: ნალი, ლურსმანი, ქამარი, ჩვარი და სხვა. ხშირად ტაძრის კარებთან მოჩანს ანთებული პატარა ცვილის სანთლები. გაუჩნდებათ თუ არა ცხვრებს რაიმე დაავადება _ აფხაზს ტაძართან მოჰყავს ბატკანი, დაკლავს მას კარიბჭესთან და ბრუნდება სახლში, სავსებით დარწმუნებული, რომ უკვე შეწყდება დაავადება, რომელიც მის ფარას ეწვია. დაკარგავს თუ არა მოულოდნელად რძეს ქალი, რომელიც მკერდით აჭმევს ჩვილს _ იგი მზის ჩასვლის წინ მიიჩქარის ტაძარში, ჯდება მის შუაში და მკერდზე ისხამს წყალს, თიხის პატარა დოქიდან, თანაც თავისთვის ამბობს რაღაც სიტყვებს.

აფხაზების რწმენით, იყო შემთხვევები, როდესაც რძე უბრუნდებოდა მთხოვნელს ( * Древний генуэзский храм в драндском укреплении С. Саблина, Кавказ 1864 г. № 8).

ამრიგად, რწმენის არარსებობის მიუხედავად, ქრისტიანი აფხაზი არ არის მოკლებული რელიგიურ ცრურწმენას.

სოფელ ილორში, რომელიც უწინ შეადგენდა მთელი ქრისტიანული მოსახლეობის ცენტრს აფხაზეთში, არსებობს ტაძარი, რომელიც გადმოცემის მიხედვით აგებულია ჯერ კიდევ IV საუკუნეში და მდიდარია ძველი ხატებით.

იქაურების მონათხრობების მიხედვით, ამ ტაძარში, დროდან დრომდე, აღესრულება წმინდა დიდმოწამის გიორგის სასწაული, ვისი ხატიც იმყოფება ეკლესიაში.

10 ნოემბრის დღეს, რომელიც ეძღვნება წმინდა მხედრის ხსენებას, და რომელსაც პატივს სცემს ყველა იქაური არაქრისტიანული აღმსარებლობისაც, საცისკრო მსახურების დაწყების წინ, უწინდელ დროში ეკლესიის გალავნის შიგნით ჩნდებოდა წმინდა ხარი, ოქროს რქებით.

ეკლესიის ჩაკეტილ ჭიშკარს იცავდა ყარაული, ხოლო თუ საიდან ჩნდებოდა ხარი _ ამის ახსნა აფხაზებს არ შეუძლიათ.

საეკლესიო მსახურების დასრულების შემდეგ, მღვდლის კურთხევით, ამ ხარს კლავდნენ და მისი ხორცის ნაჭრებს არტოსის მსგავსად ურიგებდნენ ღვთის მავედრებლებს, რომლებიც აქ იკრიბებოდნენ არა მხოლოდ აფხაზეთის ყველა ადგილიდან, არამედ სამეგრელოდან და იმერეთიდანაც. გვიყვებიან, რომ ეს ხორცი არასდროს არ ფუჭდებოდა და ყოველგვარი ავადმყოფობისგან იხსნიდა ადამიანებს. ხარის გამოჩენა წარმოადგენდა სიმშვიდის, კარგი მოსავლისა და საერთოდ ბედნიერების საწინდარს მომავალ წელიწადში, და ამიტომ ამ დღეს აღნიშნავდნენ ზეიმითა და პატივისცემით. მაგრამ თუკი ხარი არ გამოჩნდებოდა, მაშინ ხალხი იშლებოდა მოწყენილი, სამომავლოდ უბედურებების მოლოდინით, და 10 ნოემბრის დღე აფხაზისთვის ჩაივლიდა შეუმჩნევლად. უკანასკნელ დროში რაღაც არაფერი ისმის ხარის გამოჩენის თაობაზე.

უწინ იგი ჩნდებოდა ყოველ წელს, შემდეგ გამოჩენა დაიწყო უფრო იშვიათად, სამი წლის შემდეგ, და ბოლოს, ჩვენთან უახლეს დროში, გმოჩნდა 1851 წელს; იმ დროიდან აფხაზები ამაოდ მოელიან მის მოსვლას ( * Абхазия и абхазцы С. Пушкарёва, Кавказ 1854 г. № 60).

ცრურწმენა და წარმართული წესები ვლინდება ყველა დღესასწაულშიც, სადაც მსხვერპლშეწირვები, როგორც რელიგიის მთავარი დოგმატი, შეადგენს აუცილებელ კუთვნილებას.

ასე, ქრისტეს შობის წინ, სამურზაყანოსთან მომიჯნავე სოფლებში აბჟივის ოლქში, ასრულებდნენ წესს გოუთანუ (სიტყვა, აღებული მეგრული ენიდან, სადაც უწინ ასევე არსებობდა ეს წესი, და რომელიც ნიშნავს გაუთენებელს ანუ გათენებამდელს) ( * სამეგრელოში ეს წესი მოსპო ეპისკოპოსმა გიორგიმ, როგორც შეუთავსებელი ქრისტიანული რელიგიის წესებთან).

თითოეულ ოჯახში კლავენ ქათმებს, ორივე სქესის სულების რიცხვის მიხედვით, და აცხობენ ოთხ-ოთხ კვაკვარს _ ყველით ავსებულ არცთუ დიდ ფუნთუშებს, ოჯახის თითოეული ცალკეული წევრისთვის. მანამდე, სანამ იყივლებს პირველი მამალი ღამით, საჭმელი მზად უნდა იყოს: ფუნთუშები გამომცხვარი, ხოლო ქათმები შემწვარი. მამლის პირველ ყივილზე მთელი ოჯახი დგება: დიასახლისი მაგიდაზე დგამს ფინჯნებს (რუს. чаши) და თითოეულში დებს თითო მთლიან ქათამსა და ოთხ ფუნთუშას. ფინჯანზე ამაგრებენ ცვილის სანთელს, ხოლო მის წინ დგამენ განსაკუთრებულ ჭურჭელს გავარვარებული ნახშირით. ოჯახის ყველა წევრი დგება მაგიდის გარშემო მუხლებზე, თითოეული თავისი ფინჯნის წინ, ხოლო იქ მყოფთაგან უფროსი იხდის ქუდს, ხელისგულს დებს ნაკვერჩხლებზე და ითხოვს, რომ ყოვლად მაღალმა ღმერთმა მთელ მის ოჯახს თავიდან ააცილოს ფაღარათი, რომ კუჭები ყველას ჯანმრთელი ჰქონდეს. ლოცვის შემდეგ იქ მყოფნი ფეხზე დგებიან და, მარჯვენა მხრიდან ზურგისკენ მიბრუნელბულები თაყვანს სცემენ აღმოსავლეთისკენ, სხდებიან მაგიდასთან და იწყებენ ჭამას. წესი უნდა დასრულდეს აუცილებლად გათენებამდე; საკვების მთელ ნარჩენებს აუცილებლად წვავენ ( * აფხაზური მითოლოგია და რელიგიური რწმენა და წესები აფხაზეთის მცხოვრებლებს შორის, Кавказ 1855 г. № 82; а также Кавказ 1867 г. № 74).

საღამოთი ახალი წლის წინ ყველა მჭედელი და ზეინკალი მსხვერპლს სწირავს ღმერთს შასშუ-აბჟ-ნიხა-ს (შვიდი წმინდანი), რომელიც აფხაზს წარმოდგენილი ჰყავს შვიდი სახით და თვლის მჭედლებისა და ყველა ხელოვნების ღმერთად, სადაც არის ურო და გრდემლი ( * თავის პირველ წერილში (Кавказ 1855 г. № 81) ავტორი წერს ამ სახელწოდებას ასე: შასშუ-აბჟნიხა).

ამ საღმოს დადგომისას თითოეული მჭედელი კლავს რქოსან საქონელს, ხოლო მისი ცოლი თითო მამალს ოჯახის ყველა წევრისთვის და ამზადებს ცომს ხორბლის ფქვილით გამოსაცხობი ღვეზლისთვის ყველის შიგთავსით. ხორცს ხარშავენ, მამლებს წვავენ შამფურებზე, ღვეზელს კი აცხობენ. დაალაგებს რა მთელ თავის ინსტრუმენტებს სამჭედლოში გრდემლის ახლოს, და მიიტანს რა მომზადებულ საჭმელს, მჭედელი დაუძახებს მთელ თავის ოჯახს, რომლებიც დგებიან მუხლებზე, ხოლო მჭედელი მოიხდის ქუდს, ანთებს ცვილის სანთელს, ხელისგულს დებს ნაკვერჩხლებზე და სთხოვს თავის მფარველს უწყალობოს მას და მის ოჯახს ჯანმრთელობა და დღეგრძელობა. შემდეგ ნაწილებს ჩამოჭრის დაკლული საქონლის გულიდან და ღვიძლიდან, მამლებიდან და ღვეზლიდან, და ყველაფერ ამას წვავს ნაკვერჩხლებში; შემდეგ იმავე ნაწილებიდან აჭრის რამდენიმე ნაჭერს და თითო-თითოდ აწვდის ოჯახის თითოეულ წევრს, რომლებიც ჭამენ მათ და აყოლებენ სამ-სამ ყლუპ ღვინოს. დაამთავრებენ რა ამ ცერემონიას, საჭმელი გააქვთ სამჭედლოდან სახლში, მჭედელი პატიჟებს თავის მეზობლებს და იწყებენ ნადიმს შასშუ-ს სადიდებლად.

სამურზაყანოსთან მომიჯნავე სოფლებში, აბჟივის ოლქში, ამავე დროს ასრულებენ წესს კალანდა, რომელიც გოუთანუ-ს თითქმის იგივურია.

ვახშმის შემდეგ, ახალი წლის წინ, თითოეულ ოჯახში აცხობენ ყველით სავსე ოთხკუთხა ღვეზელს. მამლების პირველ ყივილთან ერთად ღვეზელს დებენ დიდ ფიცარზე, აკრავენ მას ანთებულ ცვილის სანთელს და დგამენ მაყალს ნაკვერჩხლებით. ოჯახის წევრები დგებიან მუხლებზე ღვეზელის გარშემო, და უფროსი ოჯახში, დაადებს რა ხელისგულს ნაკვერჩხლებზე, კალანდას სთხოვს ბედნიერებას და ყველანაირ სიკეთეს ოჯახისთვის. ღვეზელს ჭამენ, ხოლო მის ნარჩენს კი წვავენ, და განსაკუთრებით თვალყურს ადევნებენ იმას, რათა ეს წესი აუცილებლად დასრულებულ იქნას განთიადამდე.

თავად ახალი წლის დღეს მთელს აფხაზეთში ასრულებენ წესს გუნიხვა (გულითადი ლოცვა); თითოეულ ოჯახში, ოჯახის წევრთა რიცხვის მიხედვით, აცხობენ ფუნთუშებს, მათში ჩადებული მოხარშული და გაფცქვნილი კვერცხებით. უფროსს ოჯახში ასეთი ფუნთუშა მიაქვს ოჯახის თითოეული წევრის მკერდთან და სთხოვს ღმერთს გაანთავისუფლოს იგი გულის დაავადებებისგან. ამის შემდეგ თითოეული ჭამს თავის ფუნთუშას.

ამ დღეს უმცროსები ულოცავენ უფროსებს და ჩუქნიან მათ მოკლულ შაშვს, ცდილობენ რა ნადირობის დროს მას თავი წააწყვიტონ ტყვიით, რათა ამით უჩვენონ თავიანთი სიზუსტე სროლაში. მიმლოცველები უფროსებისგან ღებულობენ საჩუქარს ( * Абхазская миθология и религиозные верования и обряды, Соломона Званбая, Кавказ 1855 г. № 82, также Кавказ 1867 г. № 74-76).

საპატარძლო ქალიშვილები ჩვეულებრივ დიდმარხვის პირველ დღეს არ ჭამენ მთელი დღის განმავლობაში, და დიდად საიდუმლოდ ამზადებენ ღომისგან ან ფქვილისგან ცომს ოთხი კონუსისებური სამარხვო პურისთვის. მზის ჩასვლისას ისინი ხარშავენ ცომს, ხოლო როდესაც შებნელდება, მაშინ მომზადებულ პურს დებენ ფინჯანზე და მიდიან მეზობელ ქალთან, რომელიც ახლად არის გათხოვილი და წინასწარაა გაფრთხილებული ასეთი სტუმრობის შესახებ. მასპინძელი ქალი სტუმარ ქალიშვილებს ღებულობს განსაკუთრებულ ნაგებობაში, და როდესაც ყველანი შეიკრიბებიან, აყენებს მათ ნახევარწრედ მუხლებზე, ამასთან თითოეულს თავის წინ უჭირავს თავღია ფინჯანი პურით. მასპინძელი ქალი კი, დადგება რა მათ წინ, თხოულობს მათთვის კარგ საქმროებს: უმაღლესი წოდების ქალიშვილის ან აზნაურისშვილისთვის, ლამაზ, ჭკვიან, მამაც და სტუმართმოყვარე ადამიანს, ხოლო დაბალი წოდების ქალიშვილისთვის _ ახალგაზრდა, შესახედავ, კარგ მეურნე და სტუმართმოყვარე ადამიანს. მასპინძელი ქალი დააფიცებს, რათა თითოეული ეჩვენოს ქალიშვილებს სიზმარში, ტეხს თითო-თითო პურს და აძლევს შესაჭმელად. ქალიშვილები დგებიან და, მიდიან რა სახლებში, თან მიაქვთ დარჩენილი პურები, რომლებსაც დაძინებისას ბალიშის ქვეშ იდებენ. მათ უპირობოდ სწამთ, რომ როდესაც მეორე დღეს გაიღვიძებს და გატეხს საიდუმლოდ შენახულ პურებს, ქალიშვილი იპოვნის მათში ისეთი ფერის თმებს, როგორებიც ექნება მის საბედოს. რამდენად მართლდება მათი მოლოდინები და პოულობენ თუ არა ისინი პურებში თმებს _ ძნელი გადასაწყვეტია; მაგრამ თუკი თქვენ ამის შესახებ ჰკითხავთ გათხოვილ აფხაზ ქალს, იგი თქვენ დაგარწმუნებთ, რომ თავად გაუკეთებია ეს და გამოცდილებით დარწმუნდა ასეთი მკითხაობის შეუმცდარობაში.
გაზაფხულის დადგომასთან ერთად მთიანი აბაზიის მაცხოვრებლები ზეიმობდნენ მანიჩ-ჩეკანს, ანუ პირველი ყვავილის დღესასწაულს. ამ დღეს მთელი ხალხმოსახლეობა თავს იყრიდა უპირატესად სამ აულში: თამ-აგუში, აგდერასა და რიდცაში, რომლებსაც უპირატესობას აძლევდნენ ყველა სხვა აულთან შედარებით, რადგანაც ისინი გარშემორტყმული იყო საუკეთესო ნაკრძალი ჭალებით.

შუაღამისას, დღესასწაულის წინ, სიმღერებითა და სროლით, ქალიშვილები, დედაბრების წინამძღოლობით, მიდიოდნენ ხუთფურცელას საძებნელად, ხოლო ჭაბუკები კი იფანტებოდნენ გარემომცველ ბორცვებზე და ეძებდნენ განძეულებს. ხალხური წარმოდგენის მიხედვით, განძი შეადგენს ძვირფასეულობით ავსებულ პატარა თასს. მზის პირველ სხივებთან ერთად, მუსიკით, სიმღერითა და განსაკუთრებული ცერემონიით, ყველანი ბრუნდებოდნენ აულში, რომლის სახლებიც მორთული იყო ბალახებითა და ყვავილებით. ყველაზე წინ მოხუცი მხედარი (ჯიგიტი), შემკული მუხის ტოტების გვირგვინით, ირემზე ამხედრებული მოდიოდა, რომელიც განკუთვნილი იყო ტყეების ღმერთის _ მიზითხუსთვის მსხვერპლად შესაწირად. მას მოჰყვებოდა ხალხის ბრბო, და თითოეულ ქალიშვილს აულის მოედანზე თან უნდა მოეტანა ან ყვავილი, ან ტოტი და უნდა დაედო ის იმ ქვის ძირას, რომელზედაც მსხვერპლად შესწირავდნენ მიზითხუს. მიაღწევდნენ რა ქვასთან და დადებდნენ რა მის წინ თავიანთ ძღვენს, ქალიშვილები დგებოდნენ ქვის მარცხენა მხარეს, მამაკაცები მიდიოდნენ სახლებში, მოხუცი ჯიგიტი კი, ითხოვდა რა ნაყოფებისა და ტყის სიუხვეს, ხანჯლის მოხერხებული დარტყმით მსხვერპლის თავს აცილებდა ტანისგან. თუკი ოპერაცია იღბლიანი გამოდგებოდა, მაშინ იმავე წამს გაისმებოდა გასროლები და სიხარულის ყიჟინა, მაგრამ თუკი თავი ერთი დარტყმით ვერ მოშორდებოდა, მაშინ ხალხი თვლიდა, რომ ეს მსხვერპლი არ იყო სასურველი მიზითხუსთვის.

გასროლების კვალდაკვალ გამოჩნდებოდნენ ცხენოსანი მოჯირითეები და ჭოკები, რომლებზედაც წამოცმული იყო ფაფახები, და ამ ჭოკებს მიწაში ასობდნენ მოედნის სხვადასხვა ადგილას. ქურუმის გასროლა იყო სიგნალი თამაშების დაწყებისთვის. ჯირითობა და ჯოხების ტყორცნა შეადგენდა აბაზელების მთავარ გართობას. არც ერთი დღესასწაული, არც ერთი ზეიმი მთებში არ ტარდებოდა ამ გართობების გარეშე. ყოველი იღბლიანი გასროლა ან ნატყორცნი ჯოხის მოხვედრა უფლებას იძლეოდა ქვის ძირას დადებული ყვავილის მიღებასა და მეგობარი ქალიშვილის შეძენაზე, რომელიც მოვალე იყო წარჩინებულ მოჯირითესთან ეცეკვა მთელი საღამოს მანძილზე.

გამორჩეული და აბაზელ ქალებს შორის ყველაზე უფრო მეტად გამოყენებული ცეკვა იყო ალზანი _ ლეკურის გვარეობა, რომელსაც ისინი ასრულებდნენ გასაოცარი გრაციით, გატაცებითა და ნეტარებით. მამაკაცები თითქმის არასდროს არ მონაწილეობდნენ ამ ცეკვაში. ასეთ გმირობას ბედავდნენ ან ძალზედ მოქნილი ადამიანები, ან კიდევ შეყვარებულები, რათა ეცეკვათ თავიანთი ვნების საგანთან. სამაგიეროდ მამაკაცები ცეკვავდნენ ჯიგიტკას _ ცეკვას, რომელშიც ერთერთი მონაწილეთაგანი ან სიცოცხლეს ეთხოვებოდა, ან სერიოზულ ჭრილობას ღებულობდა. ამ ცეკვაში უმთავრეს როლს თამაშობდნენ ხანჯალი, შაშხანა და ხელები; ფეხები კი აქ მეორეხარისხოვანი საქმეა. მეგობრები ან ერთმანეთის მიმართ მტრულად არ განწყობილი ადამიანები არასდროს არ ცეკვავდნენ ჯიგიტკას, მაგრამ მასში ყოველთვის ღებულობდნენ მონაწილეობას ის პირები, რომელთაც სურდათ სამაგიერო გადაეხადათ ძველი წყენის გამო, ან თავი გამოეჩინათ თავიანთი სიმამაცითა და სიყოჩაღით. არ ყოფილა მთებში ისეთი სანახაობა, რომელიც შეძლებდა იმდენი ცნობიმოყვარის შეკრებას, რამდენსაც კრებდა არენაზე ცნობა ჯიგიტკის, ანუ უკეთესად რომ ვთქვათ, დევნის დაწყების შესახებ.

ორი მეტოქე ანუ მოცეკვავე, რომელთაც ხელები დაწყობილი ჰქონდათ ხანჯლებზე, ხოლო თავები დაფარული ჰქონდათ ყაბალახებით, გადაზომავდა ურთიერთშორის მანძილის 12 ნაბიჯს, მაყურებელთა გაჭიანურებული სიმღერის ტაქტის ქვეშ, მოცეკვავეები ფეხების დატყაპუნებითა და ჩაბუქვნებით, უახლოვდებოდნენ ერთმანეთს. როგორც კი მათ შორის ძლივსძლივობით რჩებოდა ერთი ნაბიჯი, მაყურებელთა სიმღერა ჩქარდებოდა, ხოლო მებრძოლები, ფეხის დარტყმითა და ყიჟინით აკეთებდნენ სამ მკვეთრ ბრუნვას, და ამასთანავე, სწრაფად იშიშვლებდნენ ხანჯლებს. აქ დარტყმა შესაძლებელია მიყენებული ყოფილიყო მხოლოდ კისერში ან ზურგში; ხოლო რადგანაც მოცეკვავეები ბრუნვებს აკეთებდნენ ერთსა და იმავე წამს, და ხშირად ერთნაირი ხელოვნებითაც ფლობდნენ იარაღს, ამიტომ ჯიგიტკის პირველი ნახევარი მთავრდებოდა ან არაფრით, ან კიდევ მსუბუქი გაკაწვრით. შემდეგ მაყურებლები ანთავისუფლებდნენ არენას, მიწაზე ხაზავდნენ დიდ წრეს, რომელშიც შეჰყავდათ უკვე თვალებახვეული და შაშხანებით შეიარაღებული მოცეკვავენი, თავად კი იმავე სიმღერის მშვიდობიანი მღერით წვებოდნენ ქვების უკან. ამ შემთხვევაში ზოგჯერ ხდებოდა განსაკუთრებით სახალისო სცენები. მოწინააღმდეგეები, რომლებიც მოვალენი იყვნენ ფეხები დაეცათ მიწაზე სიმღერის ტაქტში, მისდედვდნენ ერთმანეთს, თანაც ცდილობდნენ ფეხის დაყტაპუნებისა და შრიალის მიხედვით გამოეცნოთ ერთი-მეორის ადგილი. ზოგჯერ ისინი ეჯახებოდნენ ერთმანეთს და, მაყურებელთა ხმამაღალი სიცილის ქვეშ, ეცემოდნენ. მაშინ თითოეული მათგანი ჩქარობდა წამოდგომასა და გაცლას, რათა არ მოხვედრილიყო შაშხანის ლულის ქვეშ, და კვლავ ფეხებში ეხლართებოდა მოწინააღმდეგეს. „მაგრამ არის ისეთი შემთხვევებიც, როდესაც ორივე მოცეკვავისთვის მთავრდება სიკვდილის უკანასკნელი პირუეტით. იყო მაგალითები, რომ მცეკვავეები ერთსა და იმავე წამს მიადგებოდნენ ერთმანეთს, მიაბჯენდნენ შაშხანებს, და სიხლით შეღებილები ეცემოდნენ“.

ამ ცეკვაში გამოთქმულია აბაზელთა ტომის მთელი ველური სიმხნევე (სიმამაცე) _ და იშვიათად მთავრდება დღესასწაული ხოცვა-ჟლეტის გარეშე. სხვა გასართობებიდან და ხალხური თამაშობებიდან შეიძლება მოვიხსენიოთ ბანქოს თამაშის შესახებ, რომელიც ფართოდაა გავრცელებული აბაზელებს შორის, და კეფალ-კეშის შესახებაც _ თამაშისა თევზის თავებით. ორი მოთამაშე ჯდებოდა სახლის იატაკზე, ერთიმეორისგან ორ არშინში, და მორიგეობით მაღლა ისროდნენ პეშვით თევზის თავებს; ვის მხარეზეც აღმოჩნდებოდა მეტი თევზის თავი, რომლებიც ცხვირით მიმართული იყო მოთამაშისკენ, ის იმარჯვებდა კიდეც.

აბაზელებს არ ჰქონიათ თავინთი სიმღერა, მიუხედავად იმისა, რომ ბუნებით, მიეკუთვნებიან სიმღერის მგზნებარე მოყვარულებს; აბაზიაში მთელი სიმღერები ყაბარდოულია. საკუთრივ აფხაზეთის მაცხოვრებლებს არ გააჩნიათ არც დამახასიათებელი თამაშები, არც მრავალფეროვანი ცეკვა. მათი ცეკვა ერთფეროვანია, ველური და იწვევს მოწყენილობას; მასში არ არის არც სიმარჯვე, არც გრაცია: იხტუნავებს რა ცოტა ხანს, მოცეკვავე დგება ფეხის წვერებზე _ აი ეს არის კიდეც მოძრაობათა მთელი სახესხვაობები. ტაშის დაკვრა უცვლის იქაურს მუსიკას, და მას ზოგჯერ თან ახლავს სევდიანი და ველური ხმაშეწყობაც.

აფხაზების ხალხური სიმღერებიც ასევე არ არის მრავალფეროვანი, არამედ ამის საპირისპიროდ, ღარიბი და ერთფეროვანია. ისინი ჩვეულებრივ მდგომარეობს მათი წინაპრების სიმამაცის, თავდასხმებისა და საზღვაო ყაჩაღობის იმპროვიზებულ განდიდებაში, ცოცხალ თანამემამულეთაგან რომელიმეს მამაცობისა და ძლიერების ქებაში. ორატორის იმპროვიზაციის კვალდაკვალ, სხვები მისამღერს მღერიან ერთი ტონალობის ხმით: ორა ორა, ორარი, ორა! ეს სიტყვები, რომელთაც არაფერი მიმართება არ ჰქონდათ სიმღერასთან და თარგმანში ნიშნავენ: ტყე, ტყეები, სულ ტყე და ტყე, ახასიათებს აფხაზს როგორც ველურს, რომელიც გაიზარდა ტყეებს შორის და არასდროს მათ არ ივიწყებს. იმპროვიზატორები დიდ პატივში ჰყავდათ, განსაკუთრებით მთიანი აბაზიის მცხოვრებლებთან. იმპროვიზატორის სახელთან _ პოგლივანთან აბაზელებში შეერთებული იყო ფიგლიარის საპატიო წოდება, მოცეკვავის წოდება და ხშირად მოხერხებული ცბიერისაც. პოგლივანი _ ეს მოხეტიალე ბარდია, რომელიც მზად არის ფულის სანაცვლოდ სიმღერით ადიდებდეს თითოეულის ღირსებებს, ართობდეს ბრბოს ფოკუსით ან თავსამტვრევი ზღაპრით. არც ერთი ნადიმი მთებში არ რჩებოდა მოხეტიალე იმპროვიზატორების გარეშე, რომლებსაც სუფრასთან უთმობდნენ ყველაზე უფრო საპატიო ადგილს: იგი ეკუთვნის მათ სამართლიანად, რადგანაც ისინი, გონებრივი უნარიანობით (შესაძლებლობებით) განუზომლად უფრო მაღლა იდგნენ თავიანთ ველურ მოძმეებთან შედარებით.

იმ დროს, როდესაც ცეკვები იყო მთელი ძალით გახურებული, საკმარისი იყო იმპროვიზატორს ჩამოეკრა თავისი ინსტრუმენტის სიმებზე, რომ, მისი სიმის უკანასკნელ ბგერებთან ერთად, ჩერდებოდა სიცილი და ლაპარაკი, წყდებოდა ცეკვები და მყარდებოდა სიჩუმე. ტყორცნიდა რა საზეიმო მზერას იქ მყოფებს, იმპროვიზატორი იწყებდა თავის თხრობას მასპინძლის ერთერთი წინაპრის გმირული საქმეების შესახებ. თავისი მჭერმეტყველების დაუზოგავად, იგი არიგებდა ქებასა და განადიდებდა სიმღერის გმირის დიდებას.

„თუკი ვინმე მსმენელთაგან, ამბობს სავინოვი, მისი იმპროვიზაციის დროს ისვრის აბაზიანს ბარდის ქუდში _ ბარდი, ისე რომ არ შეცვლის თავისი თხრობის გეგმას, შეძლებს ჩააკეროს მასში გულუხვი აფხაზის ან მისი მამის ან წინაპრების გმირობები. ხდება ისეც, რომ თანამოსაუბრენი, სურთ რა თავიანთი თავმოყვარეობის სიამოვნება, ერთმანეთის მიყოლებით ჩქარობენ ფულების ჩუქებას იმპროვიზატორისთვის და მაშინ იმპროვიზაცია გადაიქცევა აბაზიის მთელ ისტორიად...“

იმპროვიზაციის გარდა, პოგლივანები ზოგჯერ მოგზაურობენ მთელი დასებით და ართობენ ხალხს კომედიებით, რომელთა შინაარსიც დაფუძნებულია რომელიმე ისტორიულ მოვლენაზე ( * გ. სავინოვს თავის მოგონებებში მოჰყავს ერთერთი ასეთი კომედია, რომელიც მან მოისმინა აულში დოზარში, იხ. Панθеон 1850 г. № 11).

მართლმადიდებელი ქრისტიანების მიერ წმ. აღდგომის დღესასწაულის ზეიმის დღეს, ყველა აფხაზს, აღმსარებლობისა და წოდების განსხვავების გარეშე, აქვს ერთი საერთო დღესასწაული _ ამშაფი, რაც ნიშნავს წინამორბედ დღეს.

ემზადებიან რა დღესასწაულისთვის, ღებავენ კვერცხებს, ხოლო თავად დღესასწაულის დღეს თითოეული სახლის პატრონი კლავს საქონელს და, მომზადებული საჭმლით, თითქოსდა იურწყებს.

მეორე დღეს იქაურები იხსენიებენ გარდაცვლილებს და, ამასთან ერთად, ულოცავენ ერთმანეთს, უსურვებენ დამდგარი დროის ბედნიერად გატარებას ( * О положении Абхазии в религиозном отношении, Кавказ 1868 г. № 5).

აბაზიის მცხოვრებლები წმ. აღდგომის დღეს თვლიდნენ დიდ დღესასწაულად და ცდილობდნენ გაეგოთ, თუ როდის დღესასწაულობდნენ მას მათი მტრები _ რუსები. ხოლო თუკი ამ ცნობების მოპოვება არსაიდან არ შეეძლოთ, მაშინ ზეიმს აღასრულებდნენ აპრილის დასაწყისში.

დღესასწაულის დადგომამდე 16 დღით ადრე, იქაურები დაიურწყებდნენ და მარხულობდნენ: არ ჭამდნენ ცხვრის ხორცს და არ სვამდნენ ღვინოს. ზნეობრივ სიწმინდეს მთელი ამ დროის მანძილზე ინახავდნენ სრული რელიგიური მნიშვნელობით.

დღესასწაულამდე სამი დღით ადრე ასრულებდნენ სინანულის წესს. მთელი აული, ფეხზე ადგებოდა რა ღამით, როგორიც არ უნდა ყოფილიყო იგი, თავისი თავკაცის მეთაურობით მიდიოდა ტყეში, წმინდა მუხასთან. მარიამის ძისადმი ლოცვის წაკითხვის შემდეგ, თავკაცი თავზე წამოიხურებდა ნაბადს, რათა არ დაენახა მასთან მისულები. თავიდან მიდიოდნენ ქალები და, ემთხვეოდნენ რა მამის, ქმრის ან ძმის ხანჯალს, თითოეული მიდიოდა და მას არჭობდა წმინდა მუხაში.

_ ილოცე, ამბობდა თავკაცი, სთხოვე მარიამის ძეს შენი ცოდვების მოტევება, და სწორად თქვი და არ იცრუო რაც ამძიმებს შენს სულს.

მონანული ილოცებდა, ემთხვეოდა მუხას და დადგებოდა პირით თავკაცისკენ.

_ დაე ხანჯალმა, რომელიც მე მოვიტანე, ამბობდა ის, ჰპოვოს ქარქაში ჩემს გულში, თუკი მე ვიცრუებ მარიამის ძის წინაშე.

შემდეგ იწყებოდა აღსარება, რომელშიც ქალიშვილები არ ღებულობდნენ მონაწილეობას, იმიტომ რომ მთიელები არ ვარაუდობენ ქალიშვილებში განსაკუთრებულ ცოდვებს. ქალების შემდეგ თავკაცთან მიდიოდნენ მამაკაცები, რიგრიგობით, უფროსები წინ.

აღსარების დასრულების შემდეგ მთელი სოფელი მიდიოდა თავკაცის სახლისკენ, სადაც თითოეული ღებულობდა წმინდა ცვილის ნაჭერს.

საღამოთი, დღესასწაულის წინ, აულის შორიახლოს გამდინარე მდინარის ან ნაკადულის გასწვრივ, ახალგაზრდები ანთებდნენ კოცონებს, მოხუცები წმენდნენ იარაღს და, დაჰკიდებდნენ რა მას ლურსმნებზე, თლიდნენ ჯოხებს, რომლებზედაც დღესასწაულის დღეს, ადათის მიხედვით, სახლის შესასვლელთან, ჩამოაცმევდნენ იმ წლის სააღდგომო გვირგვინს.

ამ დროს ქალიშვილები და ახალგაზრდა გათხოვილი ქალები ასრულებდნენ ძველი ცვილის მიცემის წესს.

შეგროვდებოდნენ რა წყვილებად, ქალიშვილები მიდიოდნენ მდინარესთან, თანაც მღეროდნენ ამ შემთხვევისთვის საგანგებო სიმღერას.

შავი მთების ფუტკრებო,
გმადლობთ თქვენ ცვილისთვის,
თაფლისთვის თქვენ ჩვენი თაყვანისცემა.
ძველო ცვილო გასცურე
მიჰყევი მდინარის დინებას;
მთელი უბედურება შენ წაიღე,
რაც მოგვიტანა ამ წელმა;
სიხარული ჩვენ დაგვიტოვე,
სიხარული თაფლზე უფრო ტკბილია!

პატარა და მსუბუქ ხმიადებად გაბრტყელებულ ცვილს ისროდნენ მდინარეში; თითოეული ქალიშვილი თვალს ადევნებდა თავის ცვილს და ვისიც უფრო დიდ ხანს გაჩერდებოდა წყალზე, მას ელოდებოდა დიდი კეთილდღეობა.

დღესასწაულის წინა ღამეს ეძინათ მხოლოდ მოხუცებს; ახალგაზრდები ღებავდნენ კვერცხებს, წმენდდნენ შაშხანებს, რეცხავდნენ ლულებსა და ჩადრებს და მოუთმენლად ელოდნენ სოფლის თავკაცის გასროლას _ დღესასწაულის დაწყებას.

და აი თავკაცის სახლის ზღურბლიდან გაისმა დიდი ხნის ნანატრი გასროლა, მას მოჰყვა მეორე, მესამე _ და აული აივსო გასროლის ხმებით, რომლებსაც ახდენდნენ თითოეულ სახლში. ხალხი გუნდებად მიიჩქაროდა მოედნისკენ არც თუ მაღალი ბოძისკენ, რომლის წვერზეც ჩარჭობილი იყო ნემსი. ჩადრით დაფარულმა ქალიშვილებმა სოფლის თავკაცის ნიშნის მიხედვით შეადგინეს რიგი ბოძის ერთ მხარეს, ახალგაზრდა მთიელებმა _ მეორე მხარეს. ერთმა დედაბერმა კალათით ჩამოუარა ქალიშვილებს და თითოეული მათგანი დებდა მასში კვერცხს თავის აღნიშვნით, რომლის მიხედვითაც შესაძლებელი იქნებოდა შემდეგ მისი მფლობელის გარკვევა. კალათს დებდნენ ბოძის ძირას; თავკაცი იღებდა ერთ კვერცხს და არჭობდა მას ნემსზე.

_ დარტყმა კოცნისთვის! ამბობდა ის და განზე გადიოდა.

კოცნის სიამოვნების განცდის მსურველი ასი ნაბიჯით შორდებოდა მიზანს და ახდენდა გასროლას; აცდენა ამ შემთხვევაში იწვევდა მსროლელზე საერთო დაცინვას. სიმღერები, ცეკვები, ჯირითობა მოჰყვებოდა სროლას და გრძელდებოდა სამ დღეს.

გარდა ამისა, აფხაზეთში თითქმის ყოველთვის აღდგომის პირველ დღეს, ქრისტიანებთან წირვის შემდეგ, ხოლო მაჰმადიანებთან და წარმართებთან დილით ადრე, ყოველ ოჯახში აღესრულება მსხვერპლშეწირვა წმ. გიორგის პატივსაცემად.

წმ. გიორგი სარგებლობს განსაკუთრებული თაყვანისცემით ყველა აფხაზს შორის, როგორი აღმსარებლობისაც არ უნდა იყვნენ ისინი. ყველა პატრონს ჰყავს ჯოგში საუკეთესო ძროხა, რომელსაც აჭრის ყურის წვერს და შენახული აქვს ცალკე ყველაზე უფრო დიდი დოქი, სავსე სუფთა წითელი ყურძნის წვენით. ეს ღვინო და ძროხის მიერ მოგებული ხბო დანიშნულია წმ. გიორგისთვის შესაწირად. თუკი მოგებული ხბო მამალი იქნება, მაშინ მას გაზრდიან შესაწირად, ხოლო თუკი დედალი, მაშინ მსხვერპლშეწირვისთვის გამოკვებავენ ცხვარს.

მსხვერპლშეწირვის დღეს მთელი ოჯახი გამოდის ზღურბლზე და დგება მუხლებზე, პირით აღმოსავლეთისკენ. მის წინ აყენებენ დასაკლავად განკუთვნილ ცხოველს. მამაკაცები იხდიან ქუდებს, და ყველა იქ მყოფი სასოებით დაიწყობს მკერდზე ხელებს. ოჯახის უფროსი წევრი მიდის მსხვერპლთან და ხელებს ჩასჭიდებს მას ყურებზე.

_ ილორის დიდო წმინდაო გიორგი! ამბობს იგი ამ დროს, მომაქვს შენთვის ჩემი წინაპრების მიერ განსაზღვრული მსხვერპლი; ნუ აგვაშორებ მე და ჩემს ოჯახს შენს მფარველობას, მოგვეცი ჯანმრთელობა და დღეგრძელობა, აგვაშორე ყველანაირი სატკივარი ამჟამად და მომავალ დროში, დაგვიფარე ბოროტი სულებისგან და ავი თვალისგან; არ მოაკლო შენი მფარველობა ასევე აქ არმყოფ ჩვენს ნათესავებსა და მეგობრებს და ყველა იმათ, ვინც ჩვენ გვიყვარს!

_ ამინ! პასუხობენ ოჯახის დანარჩენი წევრები, ფეხზე დგებიან და თაყვანს სცემენ აღმოსავლეთისკენ, არ იწერენ რა ამ დროს პირჯვარს, თუნდაც ისინი იყვნენ ქრისტიანები.

დაკლავენ რა ცხოველს, ხარშავენ ხორცს, ამზადებენ ცვილის სანთელსა და ხორბლის ფქვილისგან აცხობენ ყველით სავსე ღვეზელს. ლოცვის მთქმელი მიდის მარანში _ საკუჭნაოში, სადაც ინახება ღვინო _ და იქ ხსნის წმ. გიორგისთვის მიძღვნილ ღვინის ქვევრს.

იქვე მოაქვთ მოხარშული ხორცი და ღვეზელი, დებენ დოქის ახლოს, ანთებენ სანთელს, ზემოდან აკრავენ მას ქვევრის ყელზე და ფინჯანით მოაქვთ ცხელი ნაკვერჩხლები. მთელი ოჯახი დგება ისევ მუხლებზე, პირით აღმოსავლეთისკენ, ამასთან ისე, რომ ღვინიანი დოქი იყოს მათ წინ. უფროსი ოჯახში ხელს დებს ნაკვერჩხლებზე და ისევ კითხულობს იმავე ლოცვას, რომელზედაც ოჯახის წევრები ყოველთვის პასუხობენ სიტყვით ამინ.

წესის განმკარგავი ცხოველის გულსა და ღვიძლს, აგრეთვე ღვეზელს აჭრის პატარა ნაჭრებს, ასველებს მათ ღვინით და წვავს ნაკვერჩხლებზე. შემდეგ აჭრის იმავე ნაწილებიდან იმდენ ნაჭერს, რამდენიცაა იქ დამსწრე ოჯახის წევრი, აძლევს მათ თითოეულს, რათა შეჭამონ და დააყოლონ ღვინო ქვევრიდან. ამის შემდეგ ყველანი დგებიან, თაყვანს სცემენ აღმოსავლეთისკენ, ყველაფერი გამოაქვთ მარანიდან სახლში, სადაც ჯდებიან მაგიდასთან და ნადიმობენ, თანაც დღესასწაულზე სტუმრად იწვევენ თავიანთ მეზობლებს, თუკი მათ არ შეუსრულებიათ იმ დღეს მსხვერპლშეწირვა ( * Обряд жертвоприношения св. Георгию, С. Званбая, Кавказ 1853 г. № 90).

ვინც ვერ შეძლო ამ წესის შესრულება აღდგომის პირველ დღეს, იგი აღასრულებს მას ერთერთ კვირა დღეს, ზაფხულის განმავლობაში, მაგრამ არა მარხვაში.

აბაზელები წმ. გიორგის დღეს აერთიანებდნენ ილია წინასწარმეტყველის დღესთან ერთ დღესასწაულად ( * О народных праздниках и др., Кавказ 1855 г. № 9; Верования и обряды абхазских горцев, Ласточка 1859 г.).

უკანასკნელს მიაგებდნენ თითქმის ისეთსავე პატივს, როგორსაც ჭექაქუხილის ღმერთს _ შიბლეს, ხოლო წმ. გიორგის საპატივსაცემოდ მიუძღვნიდნენ თეთრ ცხენს, რომელსაც კოცონზე სწვავდნენ ახალგაზრდა მოჯირითეების თოფის გასროლებისა და სიმღერის თანხლებით. ამ დღეს ახალგაზრდა ცხენებს ამოუწვავენ დამღებს.

ყველა აღმსარებლობის აფხაზებს სწამთ ხალხში არსებული ცოდნა, რომ ის ვინც იცრუებს დიდმოწამე გიორგის ხატის წინაშე და ბიჭვინთისა და ილორის მონასტრების ხატების წინაშე, თავს ვერ დააღწევს სასჯელს, და, როგორც ქვემოთ ვნახავთ, ამაზეა დაფუძნებული ის ფიცი, რომელსაც სდებენ მნიშვნელოვან შემთხვევებში.

სამების დღე მთებში _ იყო ქალების დღესასწაული. იბანავებდნენ რა მდინარეში და განიბანებოდნენ, ქალები და ქალიშვილები, მოირთვებოდნენ ველური ვარდებისგან დაწნული გვირგვინებით, მოივლიდნენ სახლებს და მიიწვევდნენ მამაკაცებს დღესასწაულზე. თითოეულ მიწვეულს თან მიჰქონდა საჩუქარი: აბრეშუმის თასმა, ბაფთა, პოზუმენტი ან მძივები.

აბაზელები ზეიმობდნენ დღეს, რომელიც შეეფერება ჩვენს ივანეს დღეს. ამ დღეს ქალები სცილდებოდნენ მამაკაცებს და მკითხაობდნენ. მიდიოდა რა უახლოეს ტყეში, მზის ჩასვლამდე, ახალგაზრდა ქალი ხმამაღლა წარმოსთქვამდა იქ თავისი შეყვარებულის სახელს. თუკი ექო მოისმებოდა დაფანტულად, მაშინ იგი ვერ გახდებოდა თავისი შეყვარებულის ცოლი, ხოლო თუკი პასუხი იქნებოდა თანაბარი, მაშინ მისი სანუკვარი სურვილი აღსრულდებოდა.

დღესასწაულის მეორე დღეს წმინდანის მოსახსენებლად სრულდებოდა საერთო ლოცვა, და ყოველი პატრონი თავისი სახლის კარზე თიხისგან აკეთებდა ჯვარს, იოანეს სახელის სამჯერ წარმოთქმით, რომელსაც მთიელები თვლიან სახლის მფარველად და მასში ყველა მცხოვრებისთვის ჯანმრთელობის მიმცემად ( * Верования и обряды абхазских горцев, Ласточка 1859 г.).

ხალხში მკვიდრადაა გამჯდარი ცრურწმენების დაუთვალავი სიმრავლე, რომლებიც განუშორებელია უმეცარი, უხეში და ველური ადამიანების გაგებისგან

საზაფხულოდ ერეკება თუ არა მწყემსი თავის ფარას მთებში ან პირიქით, მთებიდან დაბლა ჩამოჰყავს შემოდგომაზე, ხალხური ადათის მიხედვით, მსხვერპლს სწირავს აფა-ს (ქუხილის, ელვისა და საერთოდ ყველა ატმოსფერული მოვლენის ღმერთი), კლავს ცხვარს და ევედრება ღმერთს დაიცვას მისი ფარა ჭექა-ქუხილით განადგურებისგან. მსხვერპლად შეწირული ცხოველის ხორცს საჭმელად იყენებს ის პირი, რომელმაც შესწირა მსხვერპლი. როდესაც აფხაზეთში დადგება გვალვა _ ხალხი მიმართავს თხოვნით ქალწულებს მოუპოვონ მათ წვიმა. ჩაიცმევენ რა თავიანთ საუკეთესო კაბებს და გაიყოფიან რა სამ ნაწილად, ქალწულები მიდიან მდინარისკენ, სადაც ერთი ნაწილი ტოტებისგან აკეთებს ტივს, მეორეს ტივთან მიაქვს მშრალი თივა, ხოლო მესამე დაკავებულია თოჯინის დამზადებით ქალის სახით. შემდეგ მოჰყავთ ვირი, გადააფარებენ მას თეთრ ზეწარს და დასვამენ მასზე თოჯინას. ერთი იქ მდგომთაგანი ხელში აიღებს ლაგამს, ორი დგება ვირის გვერდებზე აქეთ-იქიდან თოჯინის დასაჭერად, დანარჩენები იყოფიან რა ორ ნაწილად, დგებიან ვირის ორივე მხარეზე და ასეთი სახით მიჰყავთ იგი ტივისკენ.

_ წყალს მოგვცემ! წყალს მოგვცემ! მღერიან ისინი გუნდად, წვიმის წყალს, წითელ ზიზილოს, მთავრის შვილს სწყურია ცოტა წყალი, ცოტა წყალი. (ძივაუ ძივავა, ძირი ყვა ყვა, მიკრილდ აფშ ახ, ი ფა დიძიშვოით ძი-ჰუჩიკ, ძი-ჩუჩიკ).

ტივთან ვირიდან ჩამოჰყავთ თოჯინა, სვამენ მას ტივზე, ცეცხლს უკიდებენ ტივზე თივას, და ასეთი სახით ატანენ მას წყლის დინებას. შემდეგ აიძულებენ ვირს იბანაოს იმავე მდინარეში, და რადგანაც იგი ყოველთვის ეწინააღმდეგება ამას, ამიტომ ქალიშვილები მას ერეკებიან წკეპლებით, გადაცურავს რა მდინარეს და გადავა რა მეორე ნაპირზე, ვირი თითქმის ყოველთვის იწყებს ყროყინს, რასაც მიიჩნევენ კარგ ნიშნად, და ქალწულები არწმუნებენ საკუთარ თავს, რომ წვიმა აუცილებლად იქნება, და, სიხარულით ბრუნდებიან რა სახლში, მღერიან ხალხურ სიმღერებს.

გადის რამდენიმე დღე: ყველანი ელოდებიან წვიმას როგორც წყალობას, მაგრამ გვალვა დგას უწინდებურად და წვავს ყველაფერს გარშემო. მაშინ აფხაზს აღარაფერი რჩება იმაზე მეტი, რომ მიმართოს თხოვნით ღმერთ აფას ( * Абхазская миθология и религиозные верования и обряды, Соломона Званбая, Кавказ 1855 г. № 82).

გლეხები ჯგუფურად მიდიან მემამულესთან, სთხოვენ მას შესწიროს მსხვერპლი აფის და გამოითხოვოს მისგან წვიმა. მემამულე თავისი ჯოგიდან გამოიყვანს ორ ხარს, ნიშნავს მსხვერპლშეწირვის დღესა და ადგილს, ხოლო თითოეულ გლეხს მიაქვს იქ ღომი (ფეტვი), ახალი ყველი და ღვინის დოქი.

წესის შესასრულებლად დაიშვებიან მხოლოდ მამაკაცები და მსხვერპლშეწირვისთვის ცდილობენ უფრო თვალწარმტაცი ადგილის ნახვას, სადმე წყლის თავზე. მსხვერპლის რქებს მობამენ თოკს, რომლის ბოლოსაც ხელში იღებს ერთერთი მოხუცთაგანი და, მოიხდის რა ქუდს, წამოთქვამს ლოცვას.

_ ო მეხის, ელვისა და წვიმის მბრძანებელო! ამბობს ის. შეგვიცოდე ჩვენ უბედურნი: ჩვენი ნათესები გახმა, ბალახი გადაიწვა; საქონელი გვეხოცება საკვების გარეშე და თავად ჩვენს შიმშილით სიკვდილი გვემუქრება. უბრძანე შეგროვდნენ საწვიმო ღრუბლები; უბრძანე ჭექა-ქუხილს დაიქუხოს, ელვას გაიელვოს და გამოგვიგზავნე უხვი წვიმა დაღუპვის პირას მისული ხალხის გადასარჩენად.

სიტყვით ამინ! იქ მყოფნი ამთავრებენ ლოცვას. ცხოველს კლავენ და მის ხორცს ხარშავენ; ღომისა და ყველისგან ამზადებენ მშრალ ფაფას, რომელსაც აფხაზები იყენებენ პურის ნაცვლად. მოხარშულ ხორცს დებენ დაწნულ ლასტებზე, რომლებსაც მაგიდების ნაცვლად იყენებენ, ერთხელ კიდევ კითხულობენ იმავე ლოცვას და შემდეგ, განთავსდებიან რა ხეების ჩრდილქვეშ, ნადიმობენ, თანაც ამ დროს აფის საპატივსაცემოდ მღერიან სიმღერას, რომელიც ცნობილია სახელწოდებით ანჩვა-რიშვა (ღმერთქალის სიმღერა).

_ ყველაფერი რითაც ჩვენ ვტკბებით, ამბობს მონადიმე საზოგადოების ერთერთი მოხუცთაგანი, არის ღვთის წყალობა, და ჩვენ მადლობას უნდა ვწირავდეთ მას ამისთვის.

ეს სიტყვები წარმოადგენს სიგნალს სიმღერის დასაწყებად.

_ დიდო ღმერთო, მოწყალეო! (ანჩვა დაუყვა ზლიფხა ხხაურა), წარმოსთქვამს მაშინ სიმღერის წამომწყები.

ამ სიმღერის ყველა კუპლეტში წამომწყები თავის სახოტბო სიტყვებს მიმართავს ყოვლადმაღალი შემოქმედისადმი.

_ ო შენ, რომელიც ჭექა-ქუხილით ეშვები ზეციდან და ელვასთან ერთად ზეცად ადიხარ, რომელმაც იცი ქვიშის რიცხვი ზღვის ფსკერზე და ა. შ. და შემდეგ ამთავრებს თითოეულ კუპლეტს სიტყვით ახ_დაუ (მეუფეო, დიდო უფალო!).

ყველა იქ მყოფი იყოფა ორ გუნდად და იმეორებს მორიგეობით, და აუცილებლად სამ-სამჯერ, წამომწყების მიერ ნამღერი სიმღერის თითოეულ კუპლეტს.

რწმენამ აფას ძალმოსილებაში წარმოშვა აფხაზებს შორის განსაკუთრებული ადათები მეხის დაცემით მოკლული ადამიანის დაკრძალვისას. ამ შემთხვევაში ნათესავები არ უნდა ტიროდნენ, რათა არ განარისხონ აფა, ვინაიდან იგი მაშინ აუცილებლად მეხს დასცემს ერთბაშად ყველა იქ მყოფს. დაღუპულის ოჯახი, მაშინვე მომხდარი შემთხვევის შემდეგ, შეკრებს მთელ სოფელს სქესის განსხვავების გარეშე და ოთხ სვეტზე აკეთებს საკმარისად მაღალ კოშკს; შემდეგ მოკლულს აწვენენ კუბოში და ასწევენ მაღლა მოწყობილ ფიცარნაგზე, სადაც იგი წევს მანამდე, სანამ მისგან მხოლოდ ძვლები არ დარჩება. შემდეგ კუბოს ძვლებით მარხავენ მიწაში და მხოლოდ ამის მერე ასრულებენ მიცვალებულის მოხსენიებას. ეს ცრურწმენა ფესვგადგმულია ხალხში იმდენად, რომ ცეკვისა და სიმღერის გარეშე ვერავინ ვერ გაბედავს მეხით მოკლული ადამიანის გვამის აწევას.

თუკი მეხმა მოკლა რომელიმე შინაური ცხოველი, მაშინ მასზე ასრულებენ ასეთივე წესს, ამასთან კოშკს დგამენ იმდენად მაღალს, რომ მასზე შეხტომა ვერ შეძლონ ვერც ძაღლებმა და ვერც მტაცებელმა მხეცებმა. იქ მყოფნი იყოფიან ორ გუნდად და დაღუპული ცხოველის გარშემო ასრულებენ ფერხულს სიმღერით. ერთი გუნდი მღერის მხოლოდ სიტყვას ვო-ეტლა, მეორე კი ჩაუფარ-ოუ და მკვდარ ცხოველს სწევენ მაღლა კოშკზე და უთმობენ მას მტაცებელ ფრინველებს საჭმელად.

ცხოველის დაზიანება მეხით ითვლება კარგ ნიშნად, და ამიტომ პატრონი, სტუმრობისთვის ღმერთისადმი მადლობის ნიშნად, მას მსხვერპლად სწირავს სხვა ცხოველსაც, მაგრამ ამ დროს წაკითხულ ლოცვაში სთხოვს უფალს, რათა მომავალ დროში მან დაინდოს თავად ის და მისი ჯოგი მსგავსი დაზიანებებისგან.

მსხვერპლად შეწირული ცხოველის ხორცისგან ამზადებენ საჭმელს და მთელი დღის განმავლობაში მისით უმასპინძლდებიან ამ ცერემონიაზე შეკრებილ ხალხს.

აფხაზს სჯერა, რომ მეხი ეცემა უპირატესად მუხის ხეებს, და არასდროს არ ეცემა რცხილებს. ამიტომ იგი გულდასმით სპობს მუხას, ფესვებიანადაც კი ამოძირკვავს, მნიშვნელოვან მანძილზე თავისი საცხოვრებელისგან, ხოლო ყველა ნაგებობაში ცდილობს საქმეში გამოიყენოს თუნდაც სულ ცოტა რცხილის ხე, რომელსაც აშენებს კიდევაც თავისი საცხოვრებლის გარშემო ( * Очерк абхазской миθологии С. Званбая, Кавказ 1867 г. № 74-76; Из путешествия архиепископа имеретинского Гавриила, Кавказ 1869 №13).

მსხვერპლშეწირვა ჭექა-ქუხილის საპატივსაცემოდ არსებობდა აბაზიის მცხოვრებლებშიც.

ელია წინასწარმეტყველის დღესასწაულის დღესთან ერთდროულად, ივლისის თვის მეორე ნახევარში, აბაზელები ასრულებდნენ მსხვერპლშეწირვას შიბლესთვის _ ჭექა-ქუხილის ღმერთისთვის. შეინარჩუნეს რა ამ ღმერთის ისეთივე სახელწოდება, როგორიც არის ჩერქეზებში, აბაზელებმა შეცვალეს დღესასწაულობის ხასიათი და თავისებურებები.

მდინარე აგურის თითქმის სულ სათავესთან არის სახლი, რომელიც ცნობილია ხალხში ჭექაქუხილის-სახლის სახელით, სადაც არსებობს ელია წინასწარმეტყველის სახელობის მონასტრისა და ტაძრის ნანგრევები. შიბლე-ს დღესასწაულამდე რამდენიმე დღით ადრე იქ მიემართებოდა უამრავი ხალხი, ასე რომ მთელი ველი დაფარული იყო ჩასულთა ჯგუფებით. ყველგან მოჩანდა ურმები ზემოთ მიმართული ხელნებითა და მათზე გამობმული ხარებითა და ცხენებით. იქ ურმების ქვეშ ქალიშვილები იცვამდნენ თავიანთ სუკეთესო კაბებს; აქ ყირაზე გადადიოდნენ ბიჭუნები და ფეხებში ედებოდნენ დიდებს; მამაკცებისა და ქალების ჯგუფები ფარავდა მთელ ველს; ერთ ადგილას მოხუცი მოჯირითეები ჯგუფად შეკრებილიყვნენ და დაობდნენ თავიანთი ცხენების ღირსების თაობაზე; სხვაგან _ მართავდნენ იარაღს, ასუფთავებდნენ ცხენებს; დედა თმებს ქაჩავდა თავის ურჩ შვილებს, ხოლო მისი ქალიშვილი თვალს უკრავდა ახალგაზრდა მოჯირითეს; ხმაური და გუგუნი ექოდ ქუცმაცდებოდა მთებში. გაისმებოდა გასროლის ხმა _ და ირგვლივ ყველანი ჩუმდებოდნენ; პირველ გასროლას მოჰყვებოდა მეორე _ კვლავ ყველანი ფეხზე დგებოდნენ. სიმღერებით, მუსიკისა და დაირის ბგერების ქვეშ მდინარე აგურასკენ მიემართებოდნენ მთიელი ქალები დოქებით თავზე, ხოლო კაცებს თავიანთი ხბოები და ძროხები მიჰყავდათ ამაღლებული ადგილისკენ, სადაც ჭრელად ჩაცმული თავკაცი, რომელიც არჩეული იყო ქურუმად და გარშემორტყმული იყო დამხმარეებით, უნდა შესდგომოდა მსხვერპლების დაკვლას. ვისი მსხვერპლიც უკეთესი აღმოჩნდებოდა, იგი იძენდა ჭექა-ქუხილის გამომძახებლის წოდებას; მას პირველს ყველაზე უფრო ხშირად და ხმამაღლა უფლება ჰქონდა ეყვირა: „შიბლე! მოგვეცი წვიმა“. ასეთი პირი იქცეოდა დღესასწაულის ფადიშაჰად, სარგებლობდა უფლებით ეკოცნა ნებისმიერი ლამაზმანისთვის, ესვა საუკეთესო ღვინო, ეჭამა უგემრიელესი კერძი, განეკარგა თამაშები და დამჯდარიყო საუკეთესო ულაყზე, ვისიც არ უნდა ყოფილიყო იგი.

_ შიბლე! მოგვეცი წვიმა!... ყვირის ჭექა-ქუხილის გამომძახებელი.

_ შიბლე! მოგვეცი წვიმა! იმეორებს მის კვალდაკვალ მრავალრიცხოვანი ბრბო.

გასროლებისა და დაირების ხმების ქვეშ ყორღანზე დიოდა მსხვერპლად შეწირული ცხოველების სისხლი, მის ძირში ინთებოდა კოცონები, რომელთა თავზეც ეკიდა ქვაბები და იხარშებოდა საჭმელი. ჭექაქუხილის გამომძახებელი საჭმელსა და ღვინოს ანაწილებდა იქ მყოფთა შორის, და მაშინ იწყებოდა ნადიმი, რომელიც მთავრდებოდა სიღერებით, ცეკვებითა და ჯირითობით.

ჩერქეზების მსგავსად აბაზელებს ჰყავდათ ტლეპსი _ ცეცხლის ღმერთი.

დღესასწაულის მოახლოებასთან ერთად ყოველი სახლის პატრონს საკუთარი ხელით უნდა გაეთეთრებინა თავისი კერა და მოეტანა შეშა.

დღესასწაულის წინ მაცხოვრებლებს არ უნდა ჰქონოდათ არც ერთი ნაპერწკალი სახლში, კერიაზე ნაკვერჩხლებისთვისაც უნდა დაესხათ წყალი, დამბაჩებიდან და შაშხანებიდან მოეხსნათ კაჟები და თავიანთი ყალიონები დაეკიდათ ქამრებზე.

შუაღამისას სოფლის თავკაცის სახლის ახლოს გაისმებოდა გასროლის ხმა და მთელი აული გამოეფინებოდა ქუჩაში.

_ სად არის ტლეპსი? სად არის ჩირაღდანი? ეკითხებოდა ყველა ერთმანეთს.

თავიდან ფეხებამდე ჩადრით დაფარული, კლდიდან ეშვებოდა ქალიშვილი, ანთებული ჩირაღდნით. იგი არჩეული იყო ქურუმ ქალად და მისი ვინაობა შეადგენდა საიდუმლოს ყველასთვის აულის თავკაცისა და ნათესავების გარდა. ლოცვას აღუვლენდა რა ჭალაში ტლეპსს, მას აულში მოჰქონდა ცეცხლი მთელი წლისთვის. ამის სანაცვლოდ ქალიშვილი სარგებლობდა უფლებით აერჩია თავისთვის საქმრო, ვინც არ უნდა ყოფილიყო იგი. არჩეული ანთებდა თავის ჩირაღდანს, და ამ დროს გარემომცველი მთები ნათდებოდა ცეცხლებით. მაცხოვრებლები მიდიოდნენ თავიანთ სახლებში და ელოდებოდნენ ახალშეუღლებულებს, რომლებიც შედიოდნენ თითოეულ სახლში, ანთებდნენ მასში კერაზე დაწყობილ შეშას და ღებულობდნენ ყალიმს (საქორწინო საჩუქარს) თითოეული სახლის პატრონისგან. უკანასკნელი სახლიდან გამოსვლისას ქურუმი ქალი მაღლა სწევდა თავის ჩადრს და ამით ხსნიდა ამოცანას საკუთარი პიროვნების შესახებ.

ამის შემდეგ მთიელები ნადიმობდნენ მთელ ღამეს. Достоверные рассказы об Абазии В. Савинова, Панθеон 1850 г. № 8 и !!.

გაეშურება რა სანადიროდ, აფხაზი შეწევნას სთხოვს და მსხვერპლს სწირავს აჟვეფშაა-ანბა-ინჩვახს _ ტყეების, მხეცებისა და ნადირობის ღმერთს.

ერთი სოფლის მონადირეთა პარტია, ხოლო ზოგჯერ კი მთელი უბნისა, აკეთებს ფსონს, ყიდულობს ცხვარს ან თხას და ირჩევს ტყეში ადგილს მსხვერპლშეწირვისთვის. ცერემონია, რომლითაც სრულდება ეს მსხვერპლშეწირვა, იგივეა, რაც სრულდება მჭედელთა ღმერთისთვის, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ თითოეული მონადირე თავად დებს ხელისგულს ანთებულ ნაკვერჩხლებზე და სთხოვს ტყის ღმერთს, რათა მან გამოუგზავნოს მას იღბალი ნადირობაში და გამოუყოს თავისი ჯოგებიდან ის ცხოველი, რომლის მოკვლაც სურს მონადირეს.

ნადირობა არ გამოვიდა: მონადირე ძნელად იჯერებს იმას, რომ ღვთაებამ ვერ მოისმინა მისი თხოვნა, არამედ ცდილობს მოძებნოს წარუმატებლობის სხვა მიზეზი და იხსენებს, მაგალითად, იმას, რომ ნადირობაზე გასვლისას იგი შეხვდა ისეთ ადამიანს, რომლის ჯადოქრობასაც მიაწერს თავისი ნადირობის წარუმატებლობას. რათა მოსპოს ჯადოქრობის ძალა, რომელიც მას ამძიმებს, მონადირე ცდილობს შემხვედრის ტანსაცმლიდან ამოიღოს შალის ნაგლეჯი ან კიდევ თმის რამდენიმე ღერი, და, მოიპოვებს რა მათ, ტყეში ანთებს პატარა კოცონს, წვავს თმებს და შემდეგ, გადახტება რა ცეცხლზე, თვლის, რომ ჯადოქრობის მთელი ძალა გაქრა.

ერთხელ წელიწადში, ზაფხულში, ჩვეულებრივ ერთერთ შაბათს, საღამოს, მაგრამ მხოლოდ არა მარხვის დროს, მწყემსები რძის ფაფას მსხვერპლად სწირავენ აიტარს _ შინაური საქონლისა და ხუტორების მფარველ ღმერთს. ამ წესის ცერემონიალი რთული არ არის. ფაფით სავსე ქვაბის გარშემო დგებიან მთელი შეგროვებული მწყემსები; მათგან უფროსი სთხოვს მფარველს გაამრავლოს მათი ფარები და ჯოგები და დაიცვას ისინი მტაცებელი მხეცების თავდასხმებისგან და შემდეგ ფაფას სჭამენ.

ამ ღმერთს მწყემსები თვლიან ყველაზე უფრო ახლოს თავიანთთან და მისი განრისხებისა უფრო ეშინიათ, ვიდრე ხალხის მიერ გამოგონილი სხვა ღმერთებისა. ამიტომ, თუკი ვინმეს სურს, რომ მწყემსმა შეასრულოს მიცემული სიტყვა, იგი აიძულებს მას შეჰფიცოს ღმერთ აიტარს, და მაშინ შეუძლია დარწმუნებული იყოს სიტყვის დაურღვევლობაში.

ზოგჯერ ღმერთ აიტარს მსხვერპლად სწირავენ ცხოველებსაც. აირჩევენ რა ცხოველსა და თვალწარმტაც ადგილს მსხვერპლშეწირვისთვის, მწყემსები მიეშურებიან იქითკენ თავიანთი ჯოგებით (ფარებით), ანთებენ ცეცხლს და მოჰყავთ ამ მიზნისთვის საგანგებოდ გამოკვებილი ხბო. ასაკით უფროსი მწყემსი იბანს ხელებს და რეცხავს დანას, ხელს ჰკიდებს ხბოს, იხდის ქუდს და კითხულობს ლოცვას:

_ ხახტუ (ყოვლადმაღალო)! ამბობს ის. შემოგწირავ ამ მსხვერპლს, ჩემი წინაპრების დარად, და გთხოვ მოუვლინო ჯანმრთელობა და დღეგრძელობა ჩემს ოჯახს, ჩემს ახლო და შორეულ ნათესავებს, ჯანმრთელობა და დღეგრძელობა ჩვენს მთავარსა და მის ოჯახს, და ჩვენს მემამულეს, მის ოჯახთან ერთად.

ამ ლოცვის შემდეგ მსხვერპლს დაკლავენ და ხორცს დებენ ქვაბში, ხოლო ლოცვის მთქმელი მეორედ იბანს ხელებს.

როდესაც ხბოსგან მომზადებულია სხვადასხვანაირი საჭმელები, მაშინ მოაქვთ გავარვარებული ნაკვერჩხლები, ანთებენ ცვილის სანთელს, და უფროსი, მოიხდის რა ქუდს, კვლავ იმეორებს ლოცვას. მისი წაკითხვის შემდეგ მსხვერპლის ყოველი ნაწილისგან ჩამოჭრიან თითო ნაჭერს, ყველა მათ წვავენ ნაკვერჩხლებში, და იქ მყოფნი შეუდგებიან ტრაპეზს ( * Абхазская миθология Соломона Званбая, Кавказ 1855 г. № 81).

ყვავილის დაავადებამ, რომელიც მუსრს ავლებს აფხაზებს, დაბადა მათში რწმენა ზუს-ხანისადმი _ ალაჰის წინასწარმეტყველისა და ყვავილის დაავადების მფარველისადმი ( * Очамчир, Кавказ 1867 г. 33; см. также Кавказ 1867 г. № 27 и 28).

აქვთ რა ერთი ღმერთისა და მომავალი ცხოვრების რწმენა, აფხაზური ტომის ყველა თემი და საზოგადოება ემორჩილება დაუთვალავი სიმრავლის ცრურწმენებს.

მათ სჯერათ ზოგიერთი საგნის მაგიური მოქმედებისა და ზებუნებრივი ძალის. ასე, ვენახის პატრონი თავისი ვენახის გარშემო არ აკეთებს არანაირ ღობეს და იყენებს განსაკუთრებულ ხერხს უცხო ხელებისგან მის დასაცავად. საერთოდ, ქურდებისგან დასაცავად, ვაზს, საქონელს ან ნებისმიერ სხვა საგანს მიაბამენ რკინის წიდის (ხენჯის) ნაჭერს. არც თუ ყოველი აფხაზი, და შეიძლება ითქვას, იშვიათი უცხოელთაგანიც, გაბედავს ხელი ახლოს ამ თილისმის მფარველობის ქვეშ ჩაბარებულ ნივთს, რომელიც ხალხის ცრურწმენით, სხვათა ხელით ძალადობრივი სიკვდილით ემუქრება ყველას, ვინც თავს უფლებას მისცემს მიეკაროს მას ( * Воспоминания кавказского офицера, Русский вестник 1864 г. № 9).

აფხაზეთის მთის მაცხოვრებლები დიდ პატივისცემას განიცდიან ღვიას მიმართ, აგროვებენ მას და, ინახავენ რა ყოველ სახლში, სწამთ, რომ მას აქვს უწმინდური სულის გაგდების ძალა და შესაძლოა ყველაზე უფრო კარგ დაცვად გამოდგეს წახდენისა და ცილისწამებებისგან.

მოჯირითეების თავგანწირული მამაცობისა და ჩაუქობის მიუხედავად, იშვიათი აფხაზი გაბედავს, ცრუ ჩვენებისას, პირით შეეხოს დატენილი შაშხანის ლულის ტუჩს; მას მტკიცედ სწამს, რომ, ტყუილის თქმის შემთხვევაში ტყვია თავად შეფრინდება მის ყელში.

მთიელებს სჯერათ გაბრტყელებული ტყვიის მაგიური მოქმედებისა. ჩააკერებს რა მას ტყავის ან ჩვრის ნაჭერში და ჩამოიკიდებს რა კისერზე, აბაზელს სწამს, რომ იგი არის საუკეთესო დამცველი მტრის ხიშტისა და ტყვიისგან. გაბრტყელებულ ცვილის ბურთულას, რომელზედაც ამოტვიფრულია ჯვრები, და რომელიც ჩაკერილია ჩვრის ნაჭერში, გულსაკიდად ატარებს თითქმის ყველა ახალგაზრდა ქალიშვილი. ხალხის ცრურწმენით, მას აქვს ცუდი თვალისა და ახალგაზრდა ვაჟებისგან წამოსული ცდუნებების მოგერიების ძალა.

თავიანთი მეზობლების ჩერქეზების მსგავსად, აბაზელები აღიარებენ სხვადასხვანაირი სულების არსებობას და სწამთ მთების მფარველი სულის არსებობისა. ეს სული, ხალხური თქმულების მიხედვით, ცხოვრობს მთავარი ქედის ღრმულში, მდინარეების ბზიფისა, რომელიც ჩაედინება შავ ზღვაში და დიდი ენჯიკ-სუს სათავეებს შორის, რომელიც უერთდება მდ. ყუბანს და რომელსაც რუსებმა დაარქვეს სახელი მდ. ზელენჩუკი.

ქედიდან ერთერთი დასაშვების კიდეზე დგას თოვლით დაუფარავი გრანიტის კლდე, რომელიც შესახედავად ძალზედ ჰგავს მაღალ სამსხვერპლოს. მისი თხემისკენ, რომლის ფართობიც შეადგენს დაახლოებით სამ კვადრატულ საჟენს, მიდის გრანიტში გამოკვეთილი საფეხურები. ბაქნის შუაგულში მოჩანს ქვაბის შესახედაობის ჩაღრმავება. რაიმე შემთხვევის გამო ამ მთის შორი-ახლოს გავლისას თითოეული აფხაზი თავის მოვალეობად თვლის ავიდეს აღნიშნულ ბაქანზე და მის ამ ჩაღრმავებაში დატოვოს რაიმე საგანი: პატარა დანა, კვეს-აბედი ან ტყვია. ამ მსხვერპლს სწირავენ იმ მიზნით, რათა მოწყალე გახადონ თავიანთ მიმართ მთის სული _ სხვანაირად, ამბობენ აფხაზები, იგი თოვლის ქვეშ ჩამარხავს მგზავრს, როცა ის დაიწყებს დაბლა დაშვებას, ან არ მოუვლენს მას მოსანადირებელს, ან, ბოლოს, მტრის ხელში ჩააგდებს მას. თითოეული გამვლელი მკაცრად იცავს მთების სულისთვის მსხვერპლშეწირვის წესს. ბაქნის მთელი ჩაღრმავება სანახევროდ ავსებულია ძველი მონეტებით, ისრის ბუნიკებით, ჟანგით შეჭმული ხანჯლებით, დამბაჩების ლულებით, ტყვიებით, ქალის შესაკრავებითა და ბეჭდებით. ყველაფერი ეს დევს, ლპება და იჟანგება, მაგრამ ვერავის ხელი ვერ გაბედავს შეეხოს იმას, რაც ეკუთვნის მთების სულს.

აბაზელებს სწამთ დემონის არსებობისა და დარწმუნებული არიან, რომ მას შეუძლია ტკბებოდეს ოჯახური ცხოვრებით, წარმოშობდეს შთამომავლობას და სულაც არ გაურბის გემრიელ მწვადსა და კახურ ღვინოს. ცნებები დემონისა და მთების სულის შესახებ აბაზელებთან ერთმანეთშია არეული და თანაბარმნიშვნელოვანია. ხალხის წარმოდგენით, დემონი სიბარიტი და თავზეხელარებული მუსუსია, უზნეო ცხოვრებით განებივრებულია იმ დონემდე, რომ ერთიერთზე შერკინებაში ყველა მხედართან ვერ შეძლებს გამკლავებას, მაგრამ სამაგიეროდ გააჩნია იმათი დაძინების ძალა, ვინც მოისურვებს მის ხელით მიწვდომას. გასაოცარი, არამიწიერი მუსიკით გაოგნებული მასთან მიახლოებული ადამიანი გრძნობს მძლე ძალის რაღაცნაირ მომხიბლავ გავლენას და ძალაუნებურად ჩერდება. მას ესმის ხან სიმის ნაზი, ვნებიანი ტირილი, ხან ნაკადის წკრიალა ჟრურტული, ხან მშვენიერი ქალის მღერადი ხმა. მამაცი მხედარი ამაოდ ცდილობს მაშინ ძალით ამოძრავებას _ მას არ შეუძლია, იგი გრძნობს, თუ მთელი მისი არსება როგორ იქანცება რაღაც საოცნებო ნეტარებაში, როგორ ეფერება ვიღაცის ნაზი, რბილი ხელი მის ლოყებს და თავისი მსუბუქი მოღუტუნებით მას ჰგვრის ძილს.

ძნელია გაუძლო ასეთ ცდუნებას, მაგრამ სახელგანთხმულმა მოჯირითემ შარარმა, რომლის დიდებაც ქუხდა მთელს აბაზიაში, დაამარცხა მთის სული, და აი როგორი შემთხვევის გამო: მდ. კილასურის მრავალრიცხოვან ტოტთაგან ერთერთის ნაპირზე, მთებს შორის გადაშლილი აულის თავკაცს, გიხ-ურსანს, ახალგაზრდულ წლებში შეუყვარდა ლამაზი რიტი, რომელიც თანხმდებოდა გაჰყოლოდა მას ცოლად, როდესაც იგი, მომავალი თარეშის შემდეგ ცოცხლად დააბრუნებდა მის ძმას, ხოლო თუკი უკანასკნელი მოკლული იქნებოდა, მაშინ მშობლიურ აულში მოიტანდა თუნდაც მის თავს. ურსანმა შეჰფიცა და მეგობრებთან ერთად გაეშურა სათარეშოდ წებელდისკენ. მათთან პირველ ბრძოლაში, მხარში დაჭრილი ურსანი, გონდაკარგული დაეცა მეგობართა გვამებს შორის. გონზე მოსვლის შემდეგ მან გაიხსენა ის წამი, როდესც მისი ჭრილობისგან დასუსტებული და ამღვრეული მზერა შეჩერდა თავის მოკლულ ამხანაგზე, რიტის ძმაზე, რომელსაც მტერმა მოჰკვეთა თავი და ჩააგდო რა თავის ტომარაში, კლდეებს იქით სადღაც გაქრა. ფიცს მიეტანათ მოკლული ამხანაგის თუ არა გვამი, თავი მაინც, წმინდად იცავდნენ მთიელები. სირცხვილი და მუდმივი დაცინვა ელოდა იმას, ვინც ვერ შეასრულებდა ფიცს. ამიტომაც იყო, რომ მთიელები ხშირად იბრძოდნენ თავზეხელაღებულად და ასეულობით ეცემოდნენ ტყვიებისა და ხიშტებისგან, ოღონდ კი მხოლოდ წაეღოთ თან მოკლული ამხანაგების სხეულები. ვერ გამოიხსნიდა რა თავისი შეყვარებულის ძმის თავს, ურსანს ვერ შეეძლებოდა დაბრუნებულიყო მშობლიურ აულში და თავის მკერდზე მოჰფერებოდა თმახუჭუჭა რიტის. სასოწარკვეთილებისგან შეყვარებული მზად იყო თავი მოეკლა, და მისი ხელი უნებურად ფათურობდა ქამარზე, ხანჯლის მოსაძებნად.

_ შეჩერდი! ჩასჩურჩულა ვიღაცამ მას ყურში.

ურსანი შეკრთა, ასწია თავი _ მის წინ იდგა ახალგაზრდა წებელდელი, უცნაური, თითქმის არაადამიანური ღიმილით.

_ უგუნურო! უთხრა მას ახალგაზრდა ადამიანმა; თითქოს და ამ ქვეყნად აღარ დარჩა შენთვის არავისი ძალა, რომელიც შენ ბედნიერებას დაგიბრუნებდა.

_ არა ვისი! არა ვისი! პასუხობდა ურსანი სასოწარკვეთით.

_ როგორ? და მერე ჩვენი ხეობების მთის სული. _ რატომ არ მოიხმობ მას?

_ მთის სული! გაიმეორა ურსანმა და, გონდაკარგვის შემოტევისას დაიწყო მთის სულის მოწოდების სიმღერა...

გრძელი და საშინელი ხარხარი მოჰყვა პასუხად ამ მოწოდებას. უცნობმა უკან გადაიგდო ნაბდის კალთა _ და ურსანმა დაინახა რიტის ძმის მოჭრილი თავი.

_ აი ის! _ აიღე, უთხრა მთის სულმა და თავი მუხლებზე დაუგდო ურსანს.

_ აიღე ეს, აგრძელებდა იგი, მაგრამ იცოდე, რომ ამ წუთიდან შენ ჩემი მოვალე ხარ. ოცდაათი წლის შემდეგ, თავის მხრივ, მე შენ გამოგართმევ იმას, რაც შენი გულისთვის ძვირფასი იქნება.

„გავიდა ოცდაათი ბედნიერი წელიწადი, ჰყვებოდა გიხ-ურსანი, ბევრმა დრომ გაიფრინა, ბევრმა წყალმა ჩაიარა კილასურში _ და მე დამავიწყდა ჩემი ვალი მთის სულის წინაშე... და აი ორმა მთვარემ ჩაიარა იმ დროიდან, რაც ერთხერლ ღამით მე გამაღვიძა შაშხანის გასროლამ. წამოვხტი ნაბდის საწოლიდან, ვეცი სახლის კარებს და მის ზღურბლე კოცნით მხვდება ცოლი. იმ ღამეს რიტიმ შვა ვაჟიშვილი. ჩემი სიხარული ცხოვრების ყველა სიხარულზე უფრო მეტი იყო“.

გახარებულმა მშობლებმა თავიანთ ვაჟიშვილს აურჩიეს აღმზრდელი (ატალიკი) და დანიშნეს ახალშობილის ატალიკის ხელში გადაცემის დღე. ამ დღის გათენების ღამეს ვიღაცამ გააღვიძა ბედნიერი მამა, რომელმაც, გამოერკვა რა, თავის წინაშე დაინახა მთების სული._ ოცდაათი წელია გიხ-ურსანო! დროა... ხვალ მე წავიყვან ჩემს ვალს და შენს საგანძურს!...

სიზმარი ახდა. ძლივს-ძლივს მოასწრო აღმზრდელმა ბავშვის გამოყვანა სახლის წინ, რომ ღრუბლების ცისფერ სიმაღლეში გამოჩნდა უზარმაზარი შავი არწივი. იგი მოცურავდა ნელა, საშინელი სტვენით მოაპობდა ჰაერს თავისი გიგანტური ფრტებით. გაგრძელებული წივილით შემოწერა მან წრე, შემდეგ ეძგერა ატალიკს, ფრთის დარტყმით დასცა ძირს და, აიტაცა რა კლანჭებით ჩვილი, ქარზე და დენთის აფეთქებაზე უსწრაფესად აიჭრა ცაში.

ურსანმა სასოწარკვეთისგან დაადგო სახლი და გაიქცა მთებში, მდინარეთა სათავეებისკენ, თავისი ვაჟიშვილის საძებნელად, გარბოდა იქ, სადაც მხოლოდ ავბედითი შავი არწივები იკეთებდნენ თავიანთ ბუდეებს.

„მზის ამოსვლასთან ერთად, ვიხეტიალებდი რა მთელ ღამეს, ჰყვებოდა გიხ-ურსანი, და ვეძებდი რა შეხვედრას იმასთან, ვინც წაიღო ჩემი ბედნიერება, მე ვჯდებოდი მდინარის პირას და დიდხანს მდუმარედ ვუყურებდი მის სწრაფ რბოლას, თანაც მზად ვიყავი გადასახტომად ქვების თავზე მოტრიალე აქაფებულ ტალღებში. ამ წუთებში, სადღაც გვერდზე ხშირად მესმოდა ჩვილის ნაცნობი ტირილი და ვიღაცის ხარხარი... მაშინ მე სულგანაბული და სულიერი ტკივილისგან გულდალეული, ვიყურებოდი ირგვლივ; მაგრამ, ჩემი პირველივე მოძრაობისას, ყოველივე ჩუმდებოდა ჩემს გარშემო და კვლავ დგებოდა სამარისებური სიჩუმე, რომელსაც იშვიათად არღვევდა თოფის გასროლის ხმა მთებში, და არწივის ფრთების დაქნევა და ხმაური. ერთხელ ჩვილის ტირილი და გარდაუვალი ხარხარი გაისმა ისე ახლოს ჩემგან, რომ შევკრთი, და ცოტაც იყო, მდინარეში ჩავვარდი. მაღლა ვწევ თავს... და გული საშინლად და მტკივნეულად აკვნესდა ჩემში, როდესც ჩემი მზერა შეჩერდა ჩემს შვილზე. იგი ჯურღმულის პირას ყვავილებს ეთამაშებოდა, ხოლო მთის სული უმღეროდა მას რაღაცნაირ იავნანას. ქარი მაღლა ისროდა ვარდებსა და აიდებს _ და წეწდა შაითანის თმების შავ კულულებს, აშიშვლებდა რა მის საშინელ და ფერმკრთალ სახეს. ტკივილიანი კვნესა აღმომხდა მკერდიდან, მე გავიშვირე ხელები ჩვენებისკენ და ავცოცდი კლდის თხემისკენ, თანაც სახე და მკერდი მესერებოდა წამახულ ქვებზე. მაგრამ დემონის ავბედითი ხარხარი გაისმა ჩემს შესახვედრად... და მძიმე ძილმა შემიბოჭა თვალის ქუთუთოები“.

შვიდი დღე ტკბებოდა გიხ-ურსანი შორიდან თავისი შვილის მზერით, შვიდჯერ ეცადა იგი აცოცებულიყო კლდეზე მისკენ, მაგრამ ყოველთვის აძინებდა მას დემონი. არ ჰქონდა რა თავისი ძალის იმედი, დაკარგა რა იმედი მიეღწია მთების სულის სამყოფელამდე, გიხ-ურსანმა მიმართა სახელგანთქმულ მხედარს შირარს, და სთხოვა დაეხსნა მისი შვილი და ორთაბრძოლაში შებმოდა მთების სულს. შირარი დათანხმდა. უბედურმა მამამ მისცა მას ხმალი ჯვრისებური ტარით. ეს ხმალი, თუმცა კი გაკეთებული იყო გიაურის ხელით, საშიში იყო შაითანისთვის.

_ მე ტყვე გიაური მიყვებოდა _ ამბობდა ურსანი _ რომ ეს ალაჰმა ისე როგორღაც მოაწყო, რომ ეს ჯვარი შაითანს თითქოს ცეცხლით წვავს...

_ ჩუ... ჩაუჩურჩულა ამაზე მხედარმა, გესმის?...

მთაზე ისმოდა ჩვილის ტირილი და მთის სულის გაჭიანურებული იავნანა. ველური კატის მსგავსაც ხტებოდა შირარი კლდის ერთი ქიმიდან მეორეზე, ახტებოდა ფლატეებსა და უფსკრულებს, და მიისწრაფოდა კლდის თხემისკენ. მთის სული ცდილობდა ძილი მოეგვარა შირარისთვისაც, მაგრამ მხედარი, იცოდა რა, რომ ეს დემონის ჯადოსნობა, იხსენებდა ხმლის შესახებ და ძილქუში სცილდებოდა მას თვალებისგან. შეიხვია რა ყაბალახით თავი, რათა არ მოესმინა მომაჯადოებელი ბგერებისთვის, შირარი ადიოდა სულ მაღლა და მაღლა. მან გადადგა კიდევ რამდენიმე ნაბიჯი და გაოგნდა აღტაცებისა და ტკბობისგან... მის წინაშე იდგა აბაზინელი ქალწული, მთის ქურციკივით, ჰაერივით მსუბუქი, თანაც ისეთი ლამაზი, „როგორც პირველი ცოლი მაჰმადის სამოთხისა; იგი ჰგავდა მოქსოვილს ცისკრისა და ჰაერისგან. მისი ტანისამოსი ისეთი გამჭვირვალე იყო, რომ უბიწო შირარს შეეძლო დაეთვალა თითოეული ვარდისფერი ძარღვი მის ლამაზ მკერდზე“.

მამაცი მხედარი თვალს ვერ სწყვეტდა ლამაზი ქალის მშვენიერებებს; ენა დაება, იგი მზად იყო დაეთმო ცდუნებისთვის, მაგრამ გაფიქრებამ ხმლის შესახებ იხსნა იგი ამჯერადაც. შირარი წინ გაიჭრა, და ხუთი თავზეხელაღებული ნახტომით, სულ რამდენიმე ნაბიჯის დაშორებაზე წინ დაუდგა მთის სულს. უკანასკნელმა ხელი სტაცა ბავშვს, აღიმართა მთელი თავისი გიგანტური სიმაღლით და, ასწია რა ჩვილი უფსკრულის თავზე, უჩვენებდა თავის მზადყოფნას მასში მსხვერპლის ჩასაგდებად. შირარი გაჩერდა გაოგნებისგან; მთის სულმა უკან დაიხია უფსკრულიდან და ბავშვი კვლავ დასვა ყვავილების ხალიჩაზე. ამ დროს, შორს ქვევით, კლდის ქვეშ, გაისმა გიხ-ურსანის სასოწარკვეთილი ყვირილი, რომელმაც გაბედულება შემატა შირარს. ისარგებლა რა იმით, რომ მთის სულმა ხელი უშვა ბავშვს, მამაცი მხედარი ყიჟინითა და წყევლით მიეჭრა მტერს, უმალ მოსტეხა ტარი ხმალს და ესროლა იგი დემონს. კლდე შეირყა და საფუძველშივე შეზანზარდა...

მთის სული საშინელი კვნესითა და ღაღადებით დაენარცხა უფსკრულის ფსკერზე, რომელიც ხალხში ცნობილია ავდმყოფი დემონის უფსკრულის სახელით (შაითან-საი-ნაბრიკი), რომლიდანაც ახლაც ისმის მუდმივი კვნესა და ღაღადი...

იმ დროიდან აბაზელებს შორის არსებობს ცრურწმენა, რომ თუკი ახალშეუღლებულებს სურთ ჰყავდეთ პირმშოდ ვაჟიშვილი, მათ საკმარისია მხოლოდ სამი ღამე გაატარონ ამ უფსკრულის თავზე, და მათი სურვილი დაუყოვნებლივ განხორციელდება ( * Достоверные рассказы об Абазии В. Савинова, Панθеон 1850 г. № 5).

გარდა ამისა, აბაზიაში არის კიდევ მთა, რომლის შესახებაც ხალხში დადის ლეგენდა, რომელიც ერთნაირად მოგვაგონებს თქმულებას პრომეთეოსისა და ანტიქრისტეს შესახებ. ამ მთის სახელწოდებაა დიცი. იმყოფება რა აბაზელთა აულის ბაგის შორიახლოს, ეს მთა გარშემორტყმულია კლდეების სამი რიგით, აქვს განსაკუთრებულად მკაცრი და მოღუშული შესახედაობა. მთის გარემომცველ კლდეებში მოჩანს რამდენიმე ღრმა გამოქვაბული. მთის სულ წვერში არის შავი ხვრელი, რომელიც დიდ შიშს უნერგავს ყველა იქაურს.

_ ცუდი ადგილია იქ თითოეული ცოცხალი ადამიანისთვის, ამბობს აფხაზი, მიუთითებს რა იმ ხვრელზე.

ხალხის თქმულების მიხედვით, ეს ხვრელი შეადგენს ერთადერთ გამოსასვლელს უღრმესი გამოქვაბულიდან, რომელიც ჩადის მთის სულ ძირამდე. მის სიღრმეში წევს დაშკალი, რომელიც შვიდი ჯაჭვით არის მთაზე მიჯაჭვული. იგი ადამიანებს გამოეცხადება სამყაროს აღსასრულის წინ, რათა აამხედროს ძმა ძმის წინააღმდეგ, შვილი მამის წინააღმდეგ. დაშკალის ახლოს ძევს უზარმაზარი მახვილი, რომელსაც ცდილობს იგი მიწვდეს, მაგრამ არ შეუძლია, რადგანაც მისი მეფობის დრო ჯერ არ მოსულა. ჯავრისგან იგი ზოგჯერ არხევს თავის ჯაჭვებს, და მაშინ მთები ირხევა და დედამიწა ირყევა, ერთი ზღვიდან მეორემდე. როდესაც მოვა მისი დრო, მაშინ იგი მისწვდება მახვილს, გაკვეთავს მისით თავის შემბოჭავ ბორკილებს, და გამოეცხადება ქვეყანას ადამიანთა მოდგმის დასაღუპად.

_ მაინც ვინ ნახა დაშკალი? კითხულობდა გ. ტ., ერთერთი რუს მოგზაურთაგანი._ როგორ! წამოიძახებდნენ მისი გამცილებელი იქაურები, ამას ვერ გაბედავს ვერც ერთი ადამიანი! ალაჰმა დაგვიხსნას! ამბობენ, ერთი აბაზინელი მწყემსი, სიბრიყვის გამო, ჩავიდა გამოქვაბულში და, დაინახა რა დაშკალი, შიშისგან ჭკუაზე შეცდა.

იქაურებს მართლაც ეშინიათ მთა დიცისა და ცდილობენ, თუკი შესაძლებელია, გვერდი აუარონ მას.

ხალხის ცრურწმენამ უზრუნველყო მკითხავი და ექიმბაში ქალების არსებობა. ასეთი დედაბერი არის თითოეულ აულში: იგი არის მკურნალიც, მაჭანკალიც, ბებიაქალიცა და მკითხავიც. ისინი საუკეთესო შუამავლები არიან მთიელთა მთელ სასიყვარულო თავგდასავლებში. გადასცენ მთიელი ყმაწვილი ქალწულის საიდუმლო მისი ვნების საგანს _ ახალგაზრდა მხედარს; მოიძიონ ბალახები _ ძალის მიმცემი ან ნაყენის მოსამზადებლად, თვალთმაქცობის ბალახი, იმ შემთხვევისთვის, თუკი საჭირო გახდება ვისიმე გულის მონადირება, ეს მათი საქმეა. ამ დედაბრების მკითხაობა, „ძველებისა როგორც მხედრის პერანგი“, შედგება იმაში, რომ ისინი ძროხის კარაქს ასხამენ ცეცხლზე და, ალის ფერის მიხედვით, წინასწარმეტყველებენ მომავალს, ან იყურებიან სუფთა წყლიან ჭურჭელში; მდინარეში აგდებენ ბურბუშელას და უთვალთვალებენ, პირდაპირ გაცურავს ის თუ დატრიალდება; შლიან ძაფების გორგალს, ითვლიან მასზე უსწორმასწორობებს, და მათი რიცხვის მიხედვით, განსაზღვრავენ ცნობისმოყვარეთა დღეგრძელობას. მთავარ როლს კი მათ მკითხაობებში თამაშობს ბალახეულობა, ნაცარი და პატარა კვარები.

ანიჭებენ რა დიდ მნიშვნელობას მკითხაობას, აფხაზებს სწამთ ჯადოქრების, ალქაჯებისა და წყლის ჭინკების არსებობა. უკანასკნელნი ატარებენ სახელწოდებას ძიზლა, და ცხოვრობენ ჭაობებში, მდინარეებში და განსაკუთრებით წისქვილების ქვეშ.

წყლის ეშმაკები, და უპირატესად ქალ-ჭინკები, ხალხის წარმოდგენით მკვეთრად განსხვავდებიან სხვა ქვეყნების მსგავსი არსებებისგან. აფხაზურ ძიზლას აქვს არაჩვეულებრივად დიდი, ჩამოკიდებული ძუძუები, რომლებსაც იგი გადაიგდებს ხოლმე მხრებს უკან „მოხერხებულობისთვის, ან კიდევ შესაძლოა სილამაზისთვისაც“. არც ერთ მოკვდავს არ დაუკარგავს თავი აქამდე ჭინკის სილამაზისგან.

„ეს სულაც ის არ არის, როგორიცაა ლამაზი იმერული ტყისქალი (რუს. წერია трискали), ან სლავური მოხითხითე-ქალთევზები, რომლებიც, ასე ვთქვათ, ჭკუაზეც შეაცდენენ, მოუღიტინებენ კიდეც, მაგრამ სამაგიეროდ, თუნდაც დროებით მაინც, ბედნიერებას აძლევენ თავიანთ საყვარლებს, არამედ ბოროტი, ანჩხლი, ენამწარე დედაკაცები, რომლებიც მხოლოდ იმას ცდილობენ, რომ როგორმე დაიჭირონ უიარაღო კაცი და პირდაპირ დააღრჩონ“.

ხალხს წყლის ეს ბინადარი წამოდგენილი ჰყავს როგორც მძვინვარე, მაგრამ სულელი ქალი, რომელსაც აქვს რაღაც ადამიანური და ღამღამობით ზის ჭაობის თავზე და ტირის. ძიზლას ტირილი არ არის პოეტური, არამედ უბრალო გაბუტვაა და ასევე სურვილი, რომ მოატყუოს გულკეთილი მოკვდავი, ხოლო დაიჭერს რა მას, წყალში დააღრჩოს ( * Воспоминания кавказского офицера, Русский вестник 1864 г. № 10 и 11; Очамчир и Мокви, Кавказ 1867 г. № 45; Достоверные сведения об Абазии, Панθеон 1850 г. № 12 т. 6).

თავი III.(დასაწყისი)

აფხაზური სოფელი. _ სახლი. _ ტანსაცმელი. _ აფხაზი ქალი და მისი მდგომარეობა ოჯახში. _ საქორწინო ადათები. _ სტუმართმოყვარეობა და საკვები. _ საოჯახო ყოფა. _ ბავშვის დაბადება, აღზრდა და ატალიკობა. _ დასაფლავება.

სარსაპარელად გადაწნული (გადახლართული) იფანი, თხმელა და მუხა, უმეტეს წილად ორივე მხრიდან მიუყვებიან აფხაზეთის მთელ გზებს. იშვიათად აქა-იქ ჩნდება გვიმრნარით დაფარული ნესტიანი მდელოები; მთა-გორები იცვლება ველებით, ჭალებით, მდელოებითა და ბოლოს ჩნდება არცთუ მაღალი მთებით გარშემორტყმული ველი, რომელზედაც ხან ჯგუგებად, ხანაც ერთეულად მიმოფანტულია ვაზებშემოხვეული კაკლის ხეები, უზარმაზარი მუხები, ხოლო მათ შორის მოჩანს ღობეები, სახლების იშვიათი სახურავები და რუსული სამტრედის მსგავსდ აწოწილი ნალიები სიმინდისთვის. ასეთია ამ ქვეყნის საერთო ხედი.

სოფლები, ევროპული აზრით, არ გვხვდება აფხაზეთში. მოსახლეობა არ იყრის თავს მეგობრულ, შეჯგუფულად მდგარ საცხოვრებლებში, არამედ, პირიქით, თითოეული სახლი თავისი მარტივი დამხმარე ნაგებობებითა და მცირე ბოსტნებით, დგას სრულიად განცალკევებულად და არა აქვს კავშირი სხვებთან. სოფელი, მიუხედავად იმისა, რომ აფხაზები ცხოვრობენ მცირე ჯგუფებად, ხუთიდან ათ ოჯახამდე (რუს. семейства), მიმოფანტულია გორაკებსა და ფერდობებზე, მნიშვნელოვან მანძილზე, და ამის გამო ის ადგილი ღებულობს უზარმაზარი და შესანიშნავი პარკის სახეს, რომლის შუაგულშიც თითქოსდა „მოწყობილია ქოხმახები დარაჯებისთვის“. გზა იშვიათად თუ მიდის საცხოვრებლის სიახლოვეში, და ხდება ისეც, რომ მგზავრი, რომელიც იმყოფება სოფლის შუაგულში, ვერ ხედავს ვერც ერთ ნაგებობას ( * Возвращение, Кавказ 1852 г. № 74; Из записок кавказского туриста, Кавказ 1867 г. № 46 и 55).

დიდებული ბუნების გარდა, სიღარიბე და სიღატაკე აკრავს გარშემო, როგორც საკუთრივ აფხაზეთის მაცხოვრებლებს, ისე აბაზელთა ტომის მათ მონათესავე მთიელთა თემებს. უკანასკნელთა შესაბრალისი აულები გადაშლილი იყო შავი მთების დაბურულ ტყეებში, ნაკადულებისა და მცირე მდინარეების სათავეებთან. აბაზელის მთელი სიმდიდრე, მისი მთელი მეურნეობა მდგომარეობს ხორბლით დათესილ მიწის რამდენიმე საჟენში, სიმინდიან პატარა ბოსტანში, და გამომშრალ და დამწნილებულ ტყის ნაყოფებში. მისი სახლი ჩვეულებრივ დამალულია დაბურულ ტყეში, ან დაკიდებული უფსკრულის თავზე, და მიწას უკავშირდება ოდნავ შესამჩნევი ბილიკით, რომლზდაც გავლა შუძლია ერთ იქაურ მაცხოვრებელს, რომელიც მიჩვეულია მთებს და უყვარს, როგორც მხეცს, თავისი ბნელი ტყე.

იგივე განცალკევებულობა და ისეთივე სიღარიბე შეადგენს აფხაზების მახასიათებელსაც.

სახლები აფხაზეთში ჰგავს ცუდად მოწყობილ კალათას, რომელშიც ხეთა ტოტები იმდენად ცუდად არის გადაწნული ურთიერთ შორის, რომ ქმნიან მრავალ ხვრელს, რომლებშიც შესაძლებელია მუშტის შეყოფაც. დაიწნავს რა თავისთვის ფიჩხისგან კვადრატულ ან მრგვალ გალიას, გემოვნების და მიხედვით, და გადახურავს რა მას ლელით (ჩალით), სიმინდის ფოთლებით ან, ბოლოს, გვიმრებით, აფხაზი თვლის, რომ აიშენა თავისთვის სახლი, რომლის უკეთესსაც კაცი ვერ ისურვებს. კარის წინ იგი აკეთებს პატარა ფარდულს, შიგნით ერთერთ კედელთან _ კერას, ასეთივე დაწნული მილით _ და სახლიც მზად არის. მასში იგი ასე თუ ისე გაატანს ზამთარს, იწვება რა კერის სიახლოვეს ქეჩაში ან ნაბადში გახვეული, და უკეთესი სადგომი მას არც სურს და არც ეძიებს. ასეთი სახლის აშენება ჯდება ერთი ძროხა. დაბალი ტიხარი ყოფს სახლს ორ ნახევრად, რომლებიც, პატრონის ქონების-და მიხედვით, განკუთვნილია: ერთი კაცებისთვის, მეორე ქალებისთვის, ან დიდი ადამიანებისთვის, პატარა _ საქონლისთვის. ორ მხარეზე, სახლის კედლებთან, დგამენ გრძელ ხის სკამებს, რომელთაგან ერთზე დაფარებულია ბუმბულის ლეიბი ან ქეჩა _ ეს არის სახლის ავეჯი. შუაგულში მიწის იატაკზე, აჩაღებენ კოცონს, რომელიც გამოიყენება სახლეულის გასათბობად; კოცონის თავზე ჩამოკიდებულია რკინის ჯაჭვი კაუჭით, ქვაბის ჩამოსაკიდებლად. კოცონის ნათელი, გადის რა კედლებს, ღამით აირეკლება ხეებზე მოწითალო ფერით და, შეერევა რა მიწაზე მოციმციმე უთვალავ ციცილათელას, შორიდან წარმოადგენს საკმარისად ფანტასტიურ სურათს. კუთხეებში დგას სკივრები, უპირატესად წითელი ფერისა, რომლებიც მოჭედილია რკინით, და თავის შიგნით ინახავენ საგვარეულო ქონებას; მათ ახლოს დგას კასრი (გეჯა) მჟავე რძით, იქაურების საყვარელი სასმელით. ხვრელებიან კედლებზე, ნარების თავზე, ჰკიდია იარაღი: შალითაში ჩადებული თოფი, ხმალი და ხანჯალი; აქვე მიწებებულია რაიმენაირი უხეში საბაზრო ნახატი, „რომელიც გამოსახავს ეშმაკს ორი რქითა და სულელურად გაფარჩხული ხელებით“, ან რაიმე ამგვარს. თავების ზემოთ გაჭიმულია თოკი, რომელზედაც გაფენილია ტანსაცმელი ან სხვადასხვანაირი ჩვრები.

„საქონლის სადგომად განკუთვნილ ნახევარში ნაკლები რამაა მოწყობილი, ამბობს თვალით მხილველი, ავეჯიდან მასში მე შევნიშნე მხოლოდ ვარცლი“.

ასეთი სახლის შორიახლოს მოჩანს კიდევ ერთი გალია ან კალათი, რომელიც ერთი კუბური საჟენის სიდიდისაა _ ეს არის აფხაზის ნალია. იგი ასევე დაწნულია ხის ტოტებისგან და დადგმული ერთ საჟენამდე სიმაღლის ოთხ ბოძზე. უკანასკნელები აუცილებელია პურის არცთუ დიდი მარგების დასაცავად თაგვებისა და ვირთხების მიერ მათი განადგურებისგან.

თავადების, მდიდარი და ცნობილი აზნაურების სახლები, განსხვავდება რამდენადმე უფრო უკეთესი მოწყობილობით. ამგვარ საცხოვრებლებს შეადგენს ორი ნაგებობა: დიდი _ ასასაირა (სასტუმრო) და მცირე _ აშხორა. დიდი ნაგებობა ჩვეულებრივ არის ღია წინკარით, აქვს სამიდან ოთხ საჟენამდე სიგრძე და ორიდან სამ საჟენამდე სიგანე. ასეთ სახლში აკეთებენ ორ კარს: ერთს წინკარიდaნ და მას ეწოდება ზემო, მეორეს უკანა კედელში და მას ეწოდება ქვემო. თავად ნაგებობა ფიცრისაა, ან მოწნული, შელესილი თიხით და გადახურული ჩალით ან ძველმანებით. იშვიათად, მაგრამ მაინც გვხვდება ისეთი ნაგებობები, რომლებშიც კედლები მორებისგანაა, ჭერი კი ფიცრებისგან. ოთახის შიგნით, ერთერთ მხარეზე აკეთებენ ნარებს (საწოლს), მეორე მხარეს დგამენ გრძელ სკამს. ირგვლივ კედლებზე ადამიანის სიმაღლეზე დაჭედებულია ლურსმნები დანსაცმლის, იარაღის, ცხენის მოკაზმულობისა და სხვა რამეთა ჩამოსაკიდად. მიწის იატაკზე, ოთახის შუაში, ანთებენ კოცონს, რომლის თავზეც, სამი ან ოთხი არშინის სიმაღლეზე, ამაგრებენ ხის ფარს ანუ ჭერს, იმისთვის, რათა კოცონის ნაპერწკლებს არ შეეძლოთ სახურავისთვის ცეცხლის წაკიდება. ასეთია ასასაირას მოწყობილობა.

სწორედ დიდი ნაგებობის ქვემო კარის უკან, და მისგან რამდენიმე საჟენის დაშორებით, აწყობენ მეორე _ მცირე ნაგებობას. იგი ყოველთვის მოწნულია, თიხით შელესილი, მრგვალი, კონუსისებური სახურავით, ყალმუხური კიბიტკის მსგავსად, და უკავია სულ ოთხიდან ექვს საჟენამდე. შიგნით მას აქვს ზუსტად ასეთივე მოწყობილობა: ნარები ერთ კედელთან, გრძელი სკამი მეორესთან. ნარები დაფარულია ხალიჩით ან სხვა მატერიით, მასპინძლის შესაძლებლობის და მიხედვით, და მათზე ერთიმეორეზე დალაგებულია ლეიბები, საბნები და ბალიშები _ ასეთია აშხორას საერთო შესახედაობა.

თავადები, ჩერქეზების მსგავსად, აწყობენ საკუნახოს: ეს არის პატარა ოთახი, ზოგჯერ ხის იატაკით, ბუხრითა და კარადით. შესასვლელი ასეთ ოთახში არის ჩვეულებრივ ეზოდან; კარის პირდაპირ მიწა ცოტათი ჩაღრმავებულია, რომელშიც ანთებენ ცეცხლს.

ცეცხლმოკიდებული კუნძებიდან ამოსული კვამლი ამ შემთხვევაში ადის ტოტებით დაწნულ მილში, რომელიც შიგნიდან გალესილია ნეხვში შერეული თიხით. ხდება ხოლმე, რომ მსგავსი ოთახები არის საერთოდ ფანჯრების გარეშე, უმეტეს ნაწილად კი კარის საპირისპირო კედელში გაკეთებულია ერთი ფანჯარა, და ისიც კი მუდმივად დაკეტილია დარაბით, რომელსაც აღებენ დროდადრო, როდესაც საკუნახოდან უნდათ იმის დანახვა, თუ რა ხდება ეზოში; სინათლე ოთახში შედის გაღებული კარიდან. კედლებში ჩაჭედებულია ასევე ლურსმნები იარაღის ჩამოსაკიდად, მდიდარი მასპინძლები კი იატაკზე აფენენ ხალიჩებს; მაჰმადიანური რჯულით განსაბანად არის თასი და დოქი, ლოცვისთვის კი პატარა ხალიჩა. ოთახის კუთხე, შესასვლელიდან ალმაცერად, რომლის სიახლოვეშიც აკეთებენ ფანჯარას, ითვლება საპატიოდ და განკუთვნილია სტუმრისთვის ( * Возвращение, Кавказ 1852 г. № 74; Поцелуй за зановеской, С. Званбая, Кавказ 1853 г. № 55; Абхазия и абхазцы С. Пушкарёва, Кавказ 1854 г. № 61; С северо-восточного побережья Чёрного моря Аверкьева, Кавказ 1867 г. № 74-76).

საერთოდ აფხაზის საცხოვრებელი ღარიბია და არ არის სუფთა, თავად მცხოვრებნიც უკიდურესად უსუფთაონი არიან; ჭუჭყი და ძონძები შეადგენს ღარიბთა მონაპოვარს; თუმცა კი მდიდრებიც არცთუ ძალიან ზრუნავენ სისუფთავეზე თავიანთ ტანსაცმელსა და სახლებში.

„მთელი ჭურჭელი ღარიბთა ოჯახებში შედგება პატარა თუჯის ქვაბისა და ორი ან სამი პატარა ვედროსგან, რომლებშიც ინახავენ რძეს; თუკი ხის ჭურჭელს გასდის, მაშინ ნახვრეტებს ავსებენ თხის კურკლებთან შეზელილი თიხით“.

აფხაზი საერთოდ უხეში და უმეცარია; მასში არ არის ხასიათის სიმტკიცე და სიმყარე, იგი ცვალებადია, არ არის მამაცი და გაუბედავიც კია, ვერაგია, ფრთხილი და ყოველთვის მორჩილი უძლიერესის წინაშე.

ჭკუა აფხაზებს ბევრი არა აქვთ, და ამასთანავე ისინი ნაკლებად იჩენენ გონებრივი განვითარების უნარს; მათში ბევრია პრაქტიკული აზრი და ვიწრო წრე არცთუ დიდი ცნებებისა, რომელიც მათთვის არის ხელმისაწვდომი, შემუშავებულია მათ მიერ ჩინებულად.

მთელი მიზანი, მთელი ცხოვრება მათი მიმართულია, უმეტეს წილად, რაიმენაირი ნივთიერი სარგებლის შეძენაზე, თანაც შეძლებისდაგვარად უქმად. მათი განმასხვავებელი ნიშნებია: ქურდობა, ანგარებისმოყვარეობა, ყველაზე უფრო წვრილმანი ზომებით, და პატიოსანი შრომისა და ცოდნისმოყვარეობის არქონა. ქურდობა ითვლება სიჩაუქედ და ვაჟკაცობად. ყველაზე უფრო უკეთეს ადამიანად მხარეში ითვლებოდა ის, ვინც ჩაიდინა უფრო მეტი ყაჩაღობა და მკვლელობა. მთელი დიდება შედგებოდა იმაში, რომ ეხეტიალათ ერთი ადგილიდან მეორეში, ერთი ჩასაფრებიდან მეორეში, მოეპარათ გაუფრთხილებელ პირთა ქონება, მათი საქონელი, და თუ კი იღბალიც გაუღიმებდათ, თავად მოსახლენიც მონობაში გასაყიდად.

_ შენ ჯერ კიდევ, როგორც ჩანს, ვერც ერთი ცხენის მოპარვა ვერ შესძელი, ხშირად საყვედურით ეუბნება ქალიშვილი ჭაბუკს _ ვერც ერთი ტყვე ვერ გაჰყიდე.

_ ღმერთმა გიშველოს _ ეუბნება დედა, ლოცავს რა ვაჟიშვილს და გადასცემს რა პირველად მას ხმალს _ რომ ამ ხმლით შეიძინო ბევრი ნადავლი დღისითა და ღამით.

აფხაზის გაგება თითქმის ყველაფერში ევროპული გაგების საპირისპიროა. „მათი იდეალები _ მშიერი ველურისა და ყაჩაღის იდეალებია; მათი ხასიათი დემორალიზებულია. ყაჩაღი არის აფხაზური ზღაპრების ყველაზე უფრო თავშესაქცევი პირი; იგი უძველესი დროიდან სარგებლობდა პატივით, დიდებით, უსაფრთხოებითაც კი. უცხო ხალხების განუწყვეტელმა თავდასხმებმა, წვრილმა ტირანიამ, ადამიანთა გაყიდვამ, მაჰმადიანობის მავნე ზეგავლენამ, ყოველივე ამან ხალხი მიიყვანა საშინელ ზნეობრივ არარაობამდე, გახადა იგი ზარმაცი, უდარდელი და უპატიოსნო“. აფხაზის ხასიათი ღრმად გაფუჭებულია. ამ გაფუჭებულობის მიუხედავად, ხალხში არსებული ბევრი უზნეო ნიშნის (ხასიათის) მიუხედავად, მაინც არ შეიძლება უარვყოფდეთ მასში განსაზღვრულ წილს კეთილშობილებისა.

თავადები და აზნაურები, განსაკუთრების ისინი, რომლებმაც მიიღეს აღზრდა, ზრდილობიანი და პატიოსნები არიან.

საერთოდ აფხაზებს თავი უჭირავთ თავისუფლად, ყველასთან ლაპარაკობენ მორიდების გარეშე, დოინჯის შემოყრით ან თოფზე დაყრდნობით.

სიამაყე და საკუთარი ღირსების შეგნება დაიმზირება აბაზელთა ტომის ყველა მოძრაობაში, რომელიც გამოირჩევა დიდი პირქუშულობითა და მხედრულობით (მეომრულობით), რომელიც მხოლოდ ჩერქეზებს თუ უთმობს პირველობას. უკავიათ რა მეტად ტყიანი და მთიანი ადგილი, აბაზელები იბრძოდნენ ყოველთვის სიმამაცით, უპირატესად ქვეითად, და სარგებლობდნენ ჩინებული მსროლელების დიდებით.

აბაზელი პატიოსანი, პირდაპირი და გულღიაა. გამოცდილი განუწყვეტელ მტრობაში მეზობლებთან და რუსებთან, იგი ყოველთვის მამაცია და უყვარს საშიშროებანი, რომლებთან ერთად დაიბადა და კვდება კიდეც. შინაურ ცხოვრებაში, ტანსაცმელსა და შეიარაღებაში, აბაზელები არა თუ მხოლოდ მცირედ განსხვავდებიან ჩერქეზებისგან, არამედ სავსებით ემსგავსებიან მათ, და მხოლოდ ორი თავისებურება, რომლებიც მეტად შესამჩნევია მთების მცხოვრებთათვის, განასხვავებს ჩერქეზს აბაზელისგან: ხიფთანი და ყაბალახი. ხიფთანს, რომლის მკერდზეც დაკერებულია ვაზნები, აბაზელები ატარებენ ჩერქეზებზე გაცილებით უფრო მოკლეს და ყაბალახსაც ქუდის გარშემო შემოიხვევენ ჩალმის სახით, როდესაც მისი ბოლოები არ არის გაშლილი მხრებზე წვიმისგან დასაცავად. ჩერქეზები მსგავსი სახით ყაბალახს არასდროს არ ატარებენ.

ჩერქეზები ატარებენ ყოველთვის თეთრი ფერის ყაბალახს, აბაზინები და აფხაზები კი უპირატესობას ანიჭებენ მუქი ფერების ყაბალახებს; საკუთრივ აფხაზეთის მაცხოვრებლები ყაბალახს ატარებენ, ჩერქეზების მსგავსად, გაშლილი ბოლოებით. საერთოდ აფხაზის ტანსაცმელი მეტად ახლოს მოდის ჩერქეზულთან, მაგრამ აფხაზი სუფთად და მოხდენილად არასდროს არ იცვამს. მას თითქმის ყოველთვის აცვია დახეული, იღლიებში თითქმის ყოველთვის გამოცვეთილი ჩერქეზულა, რომელიც შეკერილია შინაური დამზადების უხეში მაუდისგან; ვიწრო, მოკლე ქვედა კაბა, სხვა ფერის პაიჭებით, წამახვილებული ქუდი, რომელიც ყოველთვის დაფარულია ყაბალახით, და ჟღალი ფერის ნაბადი _ აი მთელი მისი კოსტიუმი. სამეგრელოსთან ახლოს მდებარე სოფლების მცხოვრებნი ზოგჯერ ატარებენ მეგრულ ან იმერულ ქუდებს, მაგრამ უპირატესობას აძლევენ, მაინც, თავიანთ ეროვნულ კოსტიუმს. თუმცა კი ფეხებზე იქაურს ყოველთვის არ აცვია პასტოლები _ რაღაც შუალედურები რუსულ ლაპტებსა და თურქულ ბაშმაკს შორის. პასტოლებს ამზადებენ ნედლი ტყავისგან, ფეხზე იმაგრებენ თასმებით და უკეთებენ დეზებს. თავადები ატარებენ შავ ან წითელ ჩერქეზულ წუღებს.

აფხაზი შეიარაღებულია ხანჯლით, რომელსაც ატარებს ქამარზე, ხმალს _ თეძოსთან, თოფს _ მხრების უკან; ქამარზევე იგი წამოაცმევს სადენთესა (საწამლეს) და ლითონის კოლოფს, რომლშიც მას უდევს ქონი ტყვიების გასაპოხად.

მისი სახის ფერი შავგვრემანია, სიმაღლე საშუალო, თმები შავი და დაბურდული, მთელი მისი ფიგურა ძვლიანი და მშრალია; მამაკაცების უმეტესობა იპარსავს თავებს. სოხუმისა და მისი შემოგარენის მცხოვრებთ აქვთ ფერმკრთალ-მოყვითალო სახის ფერი ( * Новейшие географические известия о Кавказе Броневского, издание 1823 г. ч. I; Абхазия и абхазцы С. Пушкарёва, Кавказ 1854 г. № 61; Воспоминания кавказского офицера, Русский вестник 1864 г. №9; Из записок кавказского туриста, Кавказ 1867 г. № 46 и 55; Из путешествия архиепископа Гавриила, Кавказ 1869 г. № 14).

მამაკაცების სილამაზე აფხაზეთში აღემატება ქალთა სილამაზეს, მაშინ როდესაც აბაზელებთან ეს პირიქითაა. იქ ქალები და ქალიშვილები მშვენიერები არიან ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით; ისინი მაღლები და მომაჯადობლად ტანკენარები არიან. აქ ქალებს შორის გვხვდება შესანიშნავი სილამაზის მქონე მეტად ბევრი სახე. „მიეკუთვნებოდა რა იმ მთის მაცდუნებელ სილამაზეთა რიცხვს, ლაპარაკობს თვალითმხილველი, ერთერთ ქალიშვილთაგანზე, რომელთა შესახებაც თქმულებები დადის მთელს აღმოსავლეთში, და გულუბრყვილოდ კეკლუცი, მომხიბლავად გვიჩვენებდა ჩვენ თავის წვრილ წელსა და დიდებულ ტანს, რომელსაც შემოტმასვნოდა ლურჯი ბეშმეთი, პატარა ხელებისა და ფეხების სითეთრეს, რომლებიც მოჩანდა ოქრომკედით ამოქარგული წითელი აბრეშუმის საწმერთულიდან. გრძელი შავი თმები ხშირ ტალღებად ეფინებოდა მხრებზე; თვალები უნათებდა მკრთალი ცეცხლით თეთრი მარმაშის ჩალმის ქვეშ: იგი გვაოცებდა თავისი სილამაზით“.

არაჩვეულებრივი სითეთრისა და სხეულის ნაზი, ვარდისფერი გამჭვირვალობისას, ბუნებამ აბაზელ ქალებს უბოძა შავი კულულები და შავი თვალები, დაბლა დაშვებული გრძელი და რბილი წამწამებით. თურქები მთიელი ლამაზი ქალების ყიდვისას ყველა დანარჩენზე მეტად ამჯობინებდნენ აბაზელებსა და ჩერქეზებს.

მამაკაცების გარეგნობა, ისვე როგორც კავკასიის ყველა მთიელისა, სასიამოვნოა: ისინი შავგვრემანები არიან, გამხდრები და შავთმიანები; სახის გამომეტყველება ყოველთვის ჭკვიანურია, გაბედული და კეთილი. თვალები ცოცხალი და სწრაფია, რომლებიც მრისხანების დროს ღებულობენ როგორიღაც განსაკუთრებულ ბრწყინვალებას, რომელიც, სახის შავგვრემანი კანის ფერისას, რომელიც ხშირად მახინჯდება მრისხანების აფეთქებით, მათ შემოხედვას აძლევს განსაკუთრებულ ვნებიანობას.

ქალები აფხაზეთში, ისევე როგორც ყველგან, მამაკაცებთან შედარებით გაცილებით უფრო სუფთანი და გარეგნულად მოწესრიგებულნი არიან. ასრულებენ რა მთელ საველე და შავ სამუშაოებს და დაკავებული არიან რა მთელი საშინაო მეურნეობით, აფხაზ ქალებს აცვიათ ჩითის სუფთა კაბა, რომელიც თავისი შეკერილობით უახლოვდბა ევროპულ ტანსაცმელს, და თეთრი საფარველი (თავსაფარი).

აბაზელებს საერთოდ არ ჰქონიათ თავიანთი ქალების დამალვის ჩვეულება, მაგრამ აფხაზეთში მემამულეები და თავადები, მიჰყვებიან რა მაჰმადიანურ ადათს, მალავენ თავიანთ ცოლებს გარეშე თვალისგან და ექიმსაც კი თავისი ავადმყოფი ცოლის ხელს უჩვენებენ არა სხვანაირად, თუ არა შირმაში ამოჭრილ ნახვრეტში გამოყოფილს. მათგან განსხვავებით, უბრალო გლეხების ცოლები ჩნდებიან საკმარისად თავისუფლად, ახალგაზრდა ქალიშვილებს კი სრულიად არ მალავენ.

გლეხების გაუთხოვარი ქალები არ იფარავენ სახეებს და შავ მწველ თვალებს; ხოლო გათხოვილები, თუმცა კი მოვალენი არიან იფარავდნენ სახეს, მაგრამ მამაკაცთან შეხვედრისას, გამოხატავენ მხოლოდ სურვილს დაიფარონ თავი თავსაფრით ან ხელებით, საქმით კი არ ასრულებენ ამას. მთიელი ქალები თმებს იწნავენ და თავს იხვევენ თავსაფრით; ატარებენ შალებს ან ბერძნულ ქურთუკებს, და ფეხზე იცვამენ მათ მიერვე აკურატულად შეკერილ წუღებს. აფხაზი ქალი მოხერხებულად ჯდება ცხენზე მამაკაცის უნაგირზე, იმიტომ რომ ეკიპაჟების შესახებ, თავიანთი მოუხეშავი, ორთვლიანი ურმის გარდა, აფხაზს წარმოდგენაც კი არა აქვს.

ლამაზი ქალები აფხაზეთში ცოტაა, და ისინი საერთოდ მეტად მალე ბერდებიან. მათში არ არის გრაცია, დელიკატურობა, სინაზე და თავისუფლება. იმ მძიმე სამუშაოებისგან, რომლებსაც ასრულებს ქალი შინაურ ყოფაცხოვრებაში, იგი გაუხეშდა, ხოლო მის თავზე მუდმივად დაკიდებულმა ქმრის ძალაუფლებამ, რომელსაც უფლება აქვს ცოლის სიცოცხლესა და სივდილზე, ჩადო მის ყველა მოძრაობასა და ქცევაში რაღაც მოკრძალებული, გაუბედავი.

უწინდელ დროში თურქებს დიდი რიცხვით გაჰყავდათ აფხაზი ქალები, და გაიყვანეს საუკეთესო ტიპები. აფხაზის წილად დარჩა საშუალო ტიპი, რომელიც ძალზედ სწრაფად ბერდება. მოხუცი ქალები, თავიანთი გამჭოლი შავი თვალებით, ნაოჭებით, კეხიანი ცხვირითა და ჩამოკიდებული ძუძუებით, ჭინკებს ჰგვანან, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. ჩერქეზების მსგავსად აფხაზები განსაკუთრებული კორსეტით უკრავენ მკერდს ახალგაზრდა ქალიშვილებს, ამასთან ხის ორი პატარა ფიცარი, რომლებსაც არ იხსნიან არც დღისით და არც ღამით, აწვება სარძევე ჯირკვლებს და ეწინააღმდეგება მათ განვითარებას, აკეთებს იმას, რომ აფხაზ გაზრდილ ქალიშვილებს ბიჭივით ბრტყელი მკერდი აქვთ, ხოლო მისი გათხოვების შემდეგ მკერდი მეტად ულამაზოდ ჩამოეკიდება ხოლმე.

აბაზიაში ქალიშვილები არ ატარებდნენ ასეთ კორსეტს, და ამიტომ გამოირჩეოდნენ ტანის განსაკუთრებული კენარობით, მაგრამ აბაზიაშიც ქალის სილამაზე სწრაფად ჭკნებოდა. ცამეტი ან თოთხმეტი წელი იყო მათი გაფურჩქვნის სრული ხანა და ამ დროს ისინი თხოვდებოდნენ კიდეც. ოცი წლიდან ისინი უკვე ჭკნებოდნენ და ოცდახუთი წლისები მოხუცებად იქცეოდნენ.

ქალისთვის მიცემული გარკვეული გარეგნული თავისუფლების მიუხედავად, იგი, სრული აზრით, თავისი ქმრის მონაა და, გლეხურ ყოფაცხოვრებაში ასრულებს მთელ მძიმე სამუშაოებს. როგორც აბაზიაში, ისევე აფხაზეთშიც ერთნაირად უყურებენ ქალს, რომელიც, ქმრის თვალში, იმაზე მეტი არ არის, თუ არა სახლში უფროსი მუშა ცხოველი, რომელზედაც შეიძლება გაცილებით უფრო ნაკლებად იზრუნო, ვიდრე ცხენზე. ქალმა არ იცის არც ქმრის ალერსი და არც ვაჟიშვილების მოფერება, რომლებსაც, უმეტეს წილად, დაბადების დღიდანვე წყვეტენ დედის მკერდიდან და აღსაზრდელად აძლევენ უცხო ხელებში, უცხო სახლში და სულაც თავისი სამშობლოს გარეთ. ვაჟიშვილებრივი სიყვარულის გრძნობა ვერ შეიძლება განვითარდეს ასეთ ბავშვებში, და იგი უცნობია აფხაზებისთვის. ცოლს არ შეუძლია საუბარი დაუწყოს ქმარს, სანამ მას არ ჰკითხავენ; არა აქვს უფლება იჯდეს მისი თანდასწრებით, და იქვე გარეშე პირის ყოფნისას ქმრისგან უშუალო ბრძანებებსაც კი ვერ იღებს, არამედ ყოველთვის სხვა ვინმეს მეშვეობით. გაიგებს რა ქმრის ხმას შორიდან, იგი ვალდებულია გავიდეს მის შესახვედრად და ფეხზე მდგომარე ელოდებოდეს მას, დაიჭიროს მისი ცხენი, მოხსნას უნაგირი და სხვა მხრივაც მიხედოს. მამაკაცი, ყველა მოსახერხებელ შემთხვევაში, ცდილობს ქალის წინაშე გამოიჩინოს თავისი ქდმაღლობა და სიამაყე, მაგრამ შეგნებული აქვს მისი ფიზიკური სისუსტე და ცდილობს ასიამოვნოს მას. სამართლიანობა მოითხოვს ითქვას ამასთანავე, რომ ქალის ჩაგვრა იყო უფრო ზნეობრივი, ვიდრე ფიზიკური. იქაური მაცხოვრებლის შინაური ცხოვრება ჩუმია, და ქმრის მხრიდან, რომლსაც შეგნებული აქვს თავისი ძალა, იყო სრული შემწყნარებლობა; ქმარი არასდროს არ მიმართავდა ცოლის ცემას ან ლანძღვა-გინებას, და მსგავს უღირს სცენებს აფხაზის ოჯახური ცხოვრება არ იცნობდა. მიუხედავად იმისა, რომ ქალი მთელ თავის ცხოვრებას ატარებს ქმრისგან ჩაგვრის ქვეშ, ზნე-ჩვეულებათა გასაოცარი სისუფთავე წარმოადგენს აფხაზი ხალხის ყველა ტომის ქალთა კუთვნილებას. არც მონობას, არც მძიმე სამუშაოებს არ შეუძლიათ აიძულონ ქალი დაივიწყოს თავისი მოვალეობა და უღალატოს ქმარს. მსგავს ღალატს შედეგად მოჰყვება ან სიკვდილი ქმრის ხელიდან, ან კიდევ მონობაში გაყიდვა. თუკი სადმე გვხვდება კიდეც ღალატი, ეს ხდება ზღვისპირა ადგილებში, სადაც ყოველთვის მოიძებნებიან ისეთი პატივცემული ბებრუხანები, რომლებიც ეხმარებიან ახლობელ ქალებს ქმრების მოტყუებაში. აფხაზები, თუმცა კი სულად არ არიან გულგრილნი მსგავსი ინტრიგებისადმი, სხვათა დასანახად ან გარეგნულად ცივები თავისი ცოლის სიმშვენიერეებისადმი მანამდე, სანამ ის ქმრის ერთგულია, აფხაზი აენთება ხოლმე, როდესაც შეტყობს მისი ინტრიგების შესახებ, და სასტიკად შურს იძიებს შემაცდენელზე, ხოლო ცოლს კი სჯის კიდევ უფრო მკაცრად.

ზნეობრივი მიმართებით ქალი მაინც დგას მამაკაცზე განუზომლად უფრო მაღლა. უკანასკნელმა იცის ეს და, მიუხედავად იმისა, რომ ცოლის მიმართ ზიზღს ავლენს, იგი შინაგანად ამაყობს მისი ზნეობრივი სიწმინდით.

მემკვიდრეობის თაობაზე აფხაზეთში არსებული კანონების მიხედვით, ქალი არ მონაწილეობდა წილში მამულის გაყოფისას, რომელიც გადადიოდა ან ვაჟიშვილებზე, ან კიდევ, მათი არყოლის შემთხვევაში, მამრობითი სქესის ნათესავებზე. გარდაცვლილის ქალიშვილები გათხოვებამდე საკვებს ღებულობდნენ ძმებისგან ან გარდაცვლილის ნათესავებისგან, იმისდა მიხედვით, თუ ვისზე გადავიდა მემკვიდრეობა. უკანასკნელები, ამასთან ერთად, მოვალენი იყვნენ, ქალიშვილის გათხოვებისას მიეცათ მისთვის მზითევი ( * С северо-восточного побережья Чёрного моря Аверкьева, Кавказ 1866 г. № 74; Ещё об Абхазии, Кавказ 1854 г. № 81; Абхазия и абхазцы С. Пушкарёва, Кавказ 1854 г. № 61).

რელიგიის შესახებ არანაირი განსაკუთრებული გაგებით არ შეზღუდული აფხაზი ქორწინებაში ხედავს შრომისგან განთავისუფლებისა და ცოლისთვის მისი გადაბარების საშუალებას. უყურებენ რა მხოლოდ ამ უკანასკნელი თვალსაზრისით, აფხაზეთში არსებობს ჩვეულება (ადათი) არ ქორწინდებოდნენ ქალიშვილზე, არამედ ჰყავდეთ იგი, ამასთან ერთად, სახლში როგორც ცოლი. მამაკაცს, მშობლების ნებართვით, თავისთან მიჰყავს მათი ქალიშვილი, ცხოვრობს მასთან როგორც ცოლთან, მაგრამ ცოლად ირთავს მას მხოლოდ მაშინ, როდესაც იგი გამოავლენს თავის უნარს იყოს კარგი დიასახლისი. ასეთი გამოცდა შესაძლოა გრძელდებოდეს წელიწადს ან უფრო მეტ ხანს. თუმცა კი აფხაზების უმრავლესობა, მკაცრი აზრით, არ მიეკუთვნება ქრისტიანულ აღმსარებლობას, ისინი მაინც არ მისდევენ მრავალცოლიანობას, არამედ იფარგლებიან ერთი ცოლით. არსებობს ოჯახური ცხოვრების შემთხვევები ორ ცოლთან, მაგრამ მაშინ მეორე ცოლი სახლში შედის არა სხვანაირად, თუ არა პირველის თანხმობით, რომელიც რჩება კიდევაც დიასახლისად სახლში.

ადათი არ აძლევს უფლებას აფხაზს ეუბნებოდეს მშობლებს დაქორწინებაზე თავისი სურვილის შესახებ; მოკრძალება კი უკრძალავს მას ეძიებდეს თავისთვის საცოლეს ან უხსნიდეს მას სიყვარულს. ახალგაზრდა კაცი დაქორწინებაზე თავისი სურვილის საიდუმლოს გაანდობს ერთერთ თავის ნათესავთაგანს, ან კიდევ ახალგაზრდა კაცის მშობლები, ან ნათესავები გამოჰკითხავენ მას ამ საიდუმლოს.

_ არ არის დრო, რომ ამან და ამან ცოლი მოიყვანოს? ეკითხებიან ისინი თავიანთ ვაჟიშვილს ნათესავის მეშვეობით.

მიიღებენ რა თანხმობას, მშობლები ცდილობენ მოძებნონ საცოლე. თუკი იგი იმავე სოფელშია, მაშინ დაქორწინების მსურველი, იცნობს რა მას კარგად და ხვდება რა მას სეირნობებსა და სახალხო დღესასწაულებზე, უცხადებს მშობლებს, მოსწონს თუ არა მას იგი. თუკი საცოლე ცხოვრობს სხვა აულში, მაშინ ახალგაზრდა კაცი მიემგზავრება იქ მგზავრის სახით. იგი ცდილობს საცოლის მშობლების სახლში მივიდეს გვიან საღამოს, დაგვიანებული სტუმრის სახით, რომელსაც, სტუმართმოყვარეობის ჩამოყალიბებული ადათის მიხედვით, ღებულობენ მთელი გულითადობით, ისე რომ არ ეკითხებიან, თუ ვინ არის და საიდან მოდის.

სხვა მთიელი ტომების მსგავსად, აფხაზები მკაცრად იცავენ სტუმართმოყვარეობის წესჩვეულებას. თავისუფალი დროის სიჭარბემ მამრობით მოსახლეობაში განავითარა მიდრეკილება მოსეირნე, მოხეტიალე ცხოვრებისადმი. აფხაზი დიდხანს არ ჯდება სახლში, არამედ დაუღალავად გადადის ნათესავიდან ნაცნობთან და პირიქით. ამ მგზავრობებმა შეუწყო კიდეც ხელი სტუმართმოყვარეობის ადათის განვითარებას. სტუმრისთვის, თუნდაც ის ბოროტმოქმედი ყოფილიყო, არ შეიძლებოდა უარი ეთქვათ სტუმართმოყვარეობაზე და არ შეიძლებოდა მიეცათ იგი მდევრისთვის, ყველანაირი მოთხოვნების მიუხედავად. აფხაზი, იცავს რა ამ შემთხვევაში სტუმარს, უფრო ადრე თავად გახდება დამნაშავე, ვიდრე დაარღვევს ხალხურ ადათს. მთავარსაც კი არ ჰქონდა უფლება მოეთხოვა ამ ჩვეულების დარღვევა და დამნაშავის გაცემა. მას შეეძლო მხოლოდ ებრძანებინა განედევნათ იგი თავისი სამფლობელოებიდან, და ისიც იქ, სადაც დამნაშავე თავად მოისურვებდა.

სტუმარი აფხაზისთვის წმინდა პირად ითვლებოდა, იქნებოდა ის მეგობარი (დოსტი) ან სულაც მტერი _ იგი ერთნაირად პოულობდა დაცვასა და უსაფრთხოებას იმ მასპინძლის სახლის ჭერქვეშ, სადაც მოვიდა.

კუნაკი, ანუ რეკომენდირებული სტუმარი, შეიძლება დარწმუნებული იყოს, რომ აფხაზის სახლში იგი იქნება უსაფრთხოდ, გამოკვებილი და დამშვიდებული ისე, როგორც კი ამის საშუალებას იძლევა მასპინძლის სახსარი და შესაძლებლობა, რომელიც სირცხვილიგან დაიწვება, თუკი არ ექნება მოსულის გამასპინძლების უნარი. საპატიო სტუმრისთვის აფხაზი იმეტებდა უკანასკნელ საქონელს, მოჰქონდა ღომისა და სიმინდის უკანასკნელი მუჭა, ხოლო თუკი თავად მას არ ჰქონდა ეს, მაშინ ქურდობის გზით მოიპოვებდა მეზობლებისგან.

საერთო სახალხო ზიზღი დადაღავს თითოეულს, ვინც კი სტუმრის არმოყვარული აღმოჩნდება. იქაური მაცხოვრებელი მზად არის მისცეს სტუმარს თავისი ცხენი, და თუკი გაგზავნილი ჰყავს იგი რაიმესთვის სხვა აულში, ხოლო თავად დავა აქვს მეზობლებთან და არ შეუძლია სთხოვოს მათ ცხენი სტუმრისთვის, მაშინ იგი შემოირბენს მთელ მეზობელ აულებს, მთელი დღე-ღამე ირბენს, მაგრამ არ დაბრუნდება სახლში ვინმესგან ნათხოვარი ცხენის გარეშე.

მაგრამ, უნდა შევნიშნოთ, რომ აფხაზური ჩვეულებით დადგენილი სტუმართმოყვარეობის წესები მეტად გამაკოტრებელია ყველა მიმართებით. აფხაზეთის დიდი ნაწილი დაფარული იყო ტყით, საძოვარი ადგილები ცოტა იყო და, აქედან გამომდინარე, ხალხი არც თუ ისე მდიდარი იყო საქონლით.

ადათი კი, ამასობაში, მასპინძლისგან მოითხოვდა, საპატიო სტუმრისთვის დაეკლა თხა, ცხვარი ან კიდევ ხარიც და იგი ერთად მოეტანა სუფრაზე. ყველაფერი სუფრაზე მოტანილი, იმავე ჩვეულების მიხედვით, უნდა შეჭმულიყო თუ სტუმრების მიერ ვერა, მაშინ დაპატიჟებული ხალხის მიერ.

ამიტომ აფხაზი უკიდურესად უკმაყოფილოდ უყურებს მასთან მფლობელის სტუმრობას. მიეჩვია რა იჩენდეს პატივისცემას უფროსებისადმი, ეძიებდეს მათ ყურადღებასა და მფარველობას, აფხაზი არ ღალატობს საკუთარ თავს იმ შემთხვევაშიც, როდესაც მას ესტუმრება თავადი უზარმაზარი ამალით და დაიწყებს თავისი ყმა-გლეხის სურსათის მთელი წლის მარაგის განადგურებას. სთხოვს რა გულში ღმერთს, რათა მან რაც შეიძლება მალე წაიყვანოს მისი სახლიდან არასასურველი სტუმარი, გლეხი გარეგნულად მაინც ფეხქვეშ ეგება მას და ჰკოცნის მისი ცერქეზულის კალთას.

თუმცა კი აფხაზები სტუმართმოყვარეობას უყურებენ ჩერქეზებისგან რამდენადმე განსხვავებულად. აფხაზისთვის სტუმარი წმინდა პირად ითვლება მხოლოდ იმ დრომდე, სანამ იმყოფება მის სახლში. მაგრამ როგორც კი იგი დატოვებს მის სახლს, მაშინ იგივე მასპინძელი, წვრილმანი ანგარებისმოყვარულობის გამო, მზად არის სიცოცხლეც მოუსწრაფოს თავის ყოფილ სტუმარს. გამონაკლისს, ამ შემთხვევაში, აკეთებენ მაშინ, როდესაც მასპინძელი შესთავაზებს სტუმარს იყოს მისი გამცილებელი, და მაშინ, აიღებს რა საკუთარ თავზე პასუხისმგებლობას სტუმრის სიცოცხლის გამო, იქაური მაცხოვრებელი არაფრის გულისთვის ამ ქვეყანაზე არ დათანხმდება საკუთარი თავის შებღალვაზე ღალატით ან სტუმართმოყვარეობის ადათის დარღვევაზე.

არის კიდევ ორიგინალური ნიშანი აფხაზის ცხოვრებაში: არის რა სტუმართმოყვარე, აფხაზს არ უყვარს საღამოს მოხეტიალენი და სტუმრები. მიდით აფხაზის სახლთან საღამოს და ითხოვეთ თავშესაფარი _ მასპინძელი ნამდვილად მთელი საშუალებებით შეეცდება თავის დაძვრენას.

სტუმართმოყვარობას განსაკუთრებულად მკაცრად იცავდნენ მთავარი, თავადები და სახელოვანი აზნაურები. სტუმრის მოსვლასთან ერთად სახლში ანთებენ ცეცხლს, რომელიც ანათებს კიდეც ოთახს. სანთლებს არ იყენებენ აფხაზეთში და ისინი აქვთ ყველაზე უფრო ცნობილ ადამიანებს, და თანაც ცვილისა, უხეში და იქაური დამზადების, და მათ ანთებენ მხოლოდ განსაკუთრებით მნიშვნელოვან შემთხვევებში. უმეტესწილად გამასპინძლება და ვახშამი ხდება ბუხრის სინათლეზე. შინაურ ყოფაცხოვრებაში, სტუმრების არყოლისას, აფხაზი ცხოვრობს განსაკუთრებით მოკრძალებულად: ჭამს ერთხელ დღეღამეში და უპირატესად მზის ჩასვლის წინ. მისი საჭმელი შედგება მაშინ სიმინდისგან, რომელსაც იყენებენ პურის ნაცვლად, ფეტვის სქელი ფაფისგან, მოხარშული ხორცის, კვერცხებისა და რძისგან, რომლებსაც ამზადებენ სრულიად ჩვეულებრივი სახით; სტუმრისთვის კი იგი ცდილობს, შეძლებისდა გვარად, გაამრავალფეროვნოს საჭმელი ( * Абхазия и абхазцы С. Пушкарёва, Кавказ 1854 г. № 61. Ещё об Абхазии, Кавказ 1854 г. № 81; С северо-восточного побережья Чёрного моря Аверкьева, Кавказ 1866 г. № 74; Из записок кавказского туриста, Кавказ 1867 г. № 55 и 56; Абхазия и Цебелда Ф. Завадского, Кавказ 1867 г. № 63).

„მსახურებმა დახეულ ჩერქეზულებში, წერს მოგზაური, შემოიტანეს ორი მრგვალი პატარა მაგიდა, რომლებსაც დიამეტრიცა და სიმაღლეც თითო არშინისა ჰაქონდათ, და დადგეს ისინი ჩემი საწოლის ახლოს. ასეთივე სიმაღლის, მაგრამ ორი არშინის სიგრძის მაგიდა დადგეს კუთხეში, კარის მახლობლად“. მრგვალ მაგიდებს მიუსხდნენ სტუმარი და მასპინძელი, თავადი, გრძელ მაგიდას კი მისი ვაჟიშვილი და რამდენიმე ადამიანი თავადის ნათესავი და ვასალი.

საშუალო და ქვედა ფენებში მასპინძელი არ ჯდება სტუმრის თანდასწრებით, თვლის რა ამას უზრდელობად, არამედ ემსახურება მას ვახშმის მთელი დროის მანძილზე. საზეიმო სიჩუმეა გამეფებული იქ მყოფთა შორის. საკუნახოში, ამასობაში, ხის თეფშებით შემოაქვთ: ღომი, აფხი-ობისტა _ ფეტვის ფაფა, აჩა _ სიმინდის უმარილო პური, აფი _ მარილიანი ყველი, შაშლიკი _ შამფურზე შემწვარი ცხვრის ხორცი, აქიაფა _ დუმა, ასაცბალი _ მჟავე სოუსი ქათმის ხორცით და, დასასრულს, მჟავე რძე, საყვარელი სასმელი აფხაზისთვის. ვახშამი გრძელდება მდუმარედ, იმიტომ რომ ადამიანები ღირსებითა და ცოდნით ცოტას უნდა ლაპარაკობდნენ; მოლაყბე ადამიანები არ ითვლებიან ჭკვიანებად და მათ პატივს არ სცემენ. ვახშმის შემდეგ მოაქვთ წყალი ხელების დასაბანად.

სტუმართმოყვარეობის მაღალი განვითარების მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ შემთხვევა, რომელიც მოუვიდა თავად დიმიტრი შერვაშიძეს, მთავრის ახლო ნათესავს. თავადი დიმიტრი შეხვდა გზაზე მგზავრებს, რომლებსაც განუცხადა, რომ 300 აბრაგი ჩამოვიდა მთებიდან, მისი მამულის გაძარცვის მიზნით, რომ იგი მათ ეძებს და იჩქარის მილიციისკენ, რომელიც იმყოფება მისი უფროსობის ქვეშ და შეკრებილია მათი შეხვედრის ადგილიდან შორიახლოს. რადგანაც მგზავრები მცირედ იყვნენ შეიარაღებული, ან სულაც უიარაღონი, და რაც მთავარია, იმყოფებოდნენ თავად დიმიტრის მიწაზე, ამიტომ იგი არც დაფიქრებულა იმაზე, რომ დაეტოვებინა თავისი სახლი, რომელსაც ემუქრებოდა აშკარა საფრთხე, და გაეცილებინა თავისი მოულოდნელი და შემთხვევითი სტუმრები. მიაცილა რა თავისი სამფლობელოს საზღვრებამდე, ერთი აფხაზი აზნაურის პირველ აგარაკამდე, თავადი დაემშვიდობა თავის სტუმრებს და დაუტოვა მათ მეგზური, რომელიც მათ თან უნდა ხლებოდა ოჩამჩირემდე _ მთავრის ზამთრის საცხოვრისამდე.

აფხაზეთის ახალგაზრდა ქალიშვილები ოჯახში ჩვეულებრივ ცვლიან მოსამსახურეებს, და ამიტომ სტუმრის სახით სახლში მოსულ ახალგაზრდა ადამიანს, შეუძლია კარგად და ადვილად შეათვალიეროს მისი მშობლების მიერ არჩეული საცოლე და გამოთქვას მასზე თავისი აზრი.

მოწონების შემთხვევაში, საქმროსა და საცოლის მშობლებს შორის იხსნება მოლაპარაკებები და იდება პირობა ყალიმის შესახებ. ქალიშვილი არ ღებულობს ამ საქმეში არანაირ მონაწილეობას; მის თანხმობას არ კითხულობენ, ზუსტად ისევე როგორც იმასაც, მოსწონს თუ არა მას ახალგაზრდა ადამიანი, რომელიც მის ხელს ეძიებს. ხშირად საცოლის მშობლები საერთოდაც არ ლაპარაკობენ იმ ხვედრის თაობაზე, რომელიც ელოდება მათ ქალიშვილს სულ უკიდურეს დრომდე _ საცოლესთან საქმროს პირველ ოფიციალურ პაემნამდე.

თარგმნა ირაკლი ხართიშვილმა

No comments:

Post a Comment