Monday, November 1, 2010

ნიკოლოზ დუბროვინი აფხაზების შესახებ – ნაწილი II

აფხაზები (აზეგა)
(აკადემიკოს ნ. დუბროვინის წიგნიდან «История войны и владычества русских на Кавказе», т. I _ «Очерк о Кавказе и живущих в нём народах», кн. 2 _ «Закавказье», Санкт-Петербург, 1871 г.)

(ნ ა წ ი ლ ი II)

შ ე ს ა ვ ა ლ ი
(დასასრული)

ჩვენ ხელთ გვაქვს ასევე აკადემიკოს ნიკო ბერძენიშვილის მცირე ნაშრომი, შესრულებული 1950 წლის ოქტომბერში სოხუმის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორის პ. რატიანის თხოვნით აფხზებისა და ქელაიშ ბეგ შერვაშიძის შესახებ. მასში ბ-ნი ნიკო წერს, რომ აფხაზეთის ისტორიული შესწავლა ჯერ კიდევ შვენში სათანადოდ არ მომხდრა და ეს უახლოესი მომავლის საქმეა. შემდეგ კი იგი აღნიშნავს:

„სამეცნიერო-საისტორიო მწერლობაში აწინდელ აფხაზთა წარმოშობის საკითხი შესწავლილი და საბოლოოდ გადაწყვეტილი არ არის (როგორც ვნახეთ, ივ. ჯავახიშვილიც უფრო მეტად ვარაუდებს გამოთქვამდა, რომლებიც შემდგომ კვლევებსა და დასაბუთებას საჭიროებდნენ _ ი. ხ.). ჩემთვის, როგორც ისტორიკოსისათვის, ენის მომენტი ასეთი საკითხის ერთადერთ განმსაზღვრელ მომენტად მისაღები არაა... მაგალითისთვის საკმაოა ჩვენი მეზობელი აზერბაიჯანი: დღეს აზერბაიჯანელები ენით თავანკარი თურქები არიან, მაგრამ ასეთივე თურქები არიან განა ისინი წარმოშობით? ვის შეუძლია უარყოს, რომ ისინი წარმოშობით სანახევროდ მაინც, თუ უფრო მეტად არა, კავკასიური მოდგმის „ალბანელები“ არიან? მაშასადამე, ისტორიკოსის წინაშე საკითხი დგას იმის შესახებ, თუ ვინ იყვნენ აწინდელი აფხაზეთის ტერიტორიაზე მოსახლე ის ტომები (ბერძნული წერილობითი წყაროების მოწმობით, და ამას მხარს უჭერს სხვა რიგი ფაქტებიც, მათი რიცხვი მრავალი იყო!), საქართველოს ისტორიის მშენებლობაში ორგანიულად რომ მონაწილეობდნენ ამ ისტორიის მთელ სიგრძეზე უძველესი დროიდანვე მოკიდებული...

მაინცდამინც მეცნიერებას არ მოეპოვება იმის საბუთი, რომ აფხაზეთში მობინადრე ეს ტომები უფრო შორს იდგნენ იბერ-ლაზებისაგან, ვიდრე, ვთქვათ, სავნები, მესხები, ჰერები. მარტო ის რადა ღირს, რომ ქართული გადმოცემით ქვეყანა ლიხის მთიდან ვიდრე ყუბანის მდინარემდე _ და მაშ შუა საუკუნეების „აფხაზთა საერისთავოც“ _ უძველეს დროიდანვე ეგროსის წილი იყო და რომ ქალაქი ბედია (აფშილეთში) დაარსებულია იმავე მეგრელთა ეპონიმის (მამამთავრის) ეგროსის მიერ.

XI საუკუნის ქართველ ავტორთან (ლეონტი მროველი) დაცული ეს გადმოცემა _ ყველა საბუთი გვაქვს ვამტკიცოთ _ შექმნილია VII-VIII საუკუნეზე უფრო ადრე. ეს ანგარიშგასაწევი მოწმობაა დასავლეთ საქართველოს ტომთა როგორც ეთნიკური მონათესაობისა, ისე მათი მრავალსაუკუნოვანი ისტორიულ-კულტურული თანამშრომლობისა (რაც აგრე ცხადად ჩანს ძველი ბერძნულ-ლათინური მწერლობისა და, განსაკუთრებით, არქეოლოგიის მონაცემთა სინათლეზე).

ხოლო რაც შეეხება ისტორიულ თანამშრომლობას, საშუალ-საუკუნეებში, კერძოდ, _ თანამშრომლობას საქართველოს სახელმწიფოს შექმნის საქმეში, აქ „აფხაზეთის“ და აფხაზების როლი სრულიად განსაკუთრებულია და მას არა თუ მთიელი ქართველი ტომების, არამედ ზოგი ბარის ქართველთა ტომის როლიც კი ვერ შეედრება. მარტო ისიც საკმაოა მოვიტანოთ, რომ „აფხაზეთის სამეფოს“ (ე. ი. დას. საქართველოს) ქართული ეკლესიის საკათალიკოზო ტახტი საკუთრივ აფხაზეთში იყო (ბიჭვინტაში), ხოლო პოლიტიკურად გაერთიანებული საქართველოს მეფე უპირატესად „აფხაზთა მეფედ“ იწოდებოდა, რაც, რა თქმა უნდა, მაჩვენებელია იმ როლის მნიშვნელობისა, აფხაზებმა რომ შეასრულეს ფეოდლური საქართველოს პოლიტიკურად გაერთიანების საქმეში.

საქართველოს კლასიკური ფეოდალური კულტურის შექმნაში აფხაზეთის ორგანიული მონაწილეობის გამორიცხვა ისევე შეუძლებელია, როგორც შეუძლებელია გამორიცხვა ამ კულტურის შექმნაში ქართლის, კახეთის, სამცხის თუ ტაო-კლარჯეთის მონაწილეობისა...

ისტორიკოსისათვის აწინდელი აფხაზეთის წარმოქმნის საკითხში ის კი არ არის გადამწყვეტი, თუ რომელი ტომი იყო პირდაპირი (უპირატესად) წინაპარი აწინდელი აფხაზებისა, არამედ ის, თუ რომელი ტომი და რა ტომებთან ურთიერთობაში, როგორი კულტურული და პოლიტიკური თანამშრომლობით, როგორი განვითარების გზით, მოვიდა იმ მდგომარეობმდე, როგორიც აწინდელი აფხაზეთია.

რა ენაა ის, რომელზედც დღეს აფხაზები საუბრობენ, _ ეს ენათმეცნიერის საპასუხოა. როგორია აწინდელი აფხაზების ყოფა, ეს მხარეთმცოდნისა და კიდევ ეთნოგრაფის მოსაკითხავია, მაგრამ ვინ არის აფხაზი კულტურულ-ისტორიულად, ე. ი. რ ო მ ე ლ ი ხ ა ლ ხ ი ს (და არა ტომის) წევრია ის, რომელ კ უ ლ ტ უ რ უ ლ - ი ს ტ ო რ ი უ ლ ე რ თ ე უ ლ ს ეკუთვნის ის, ამის პასუხი ი ს ტ ო რ ი კ ო ს ი ს ა მ ო ც ა ნ ა ა და ჩვენი პასუხი ამ კითხვაზე სხვა არ შეიძლება იყოს, თუ არ ის, რომ ა ფ ხ ა ზ ე თ ი კ უ ლ ტ უ რ უ ლ - ი ს ტ ო რ ი უ ლ ა დ ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო ს ო რ გ ა ნ ი უ ლ ი ნ ა წ ი ლ ი ა, რომ კულტურულ-ისტორიულად საქართველოში „აფხაზი“ იმდენადვე (და არა უფრო მეტად) არსებობდა, რამდენდაც ქართი, ჰერი, კახი, მესხი, ჯავახი, კლარჯი, შავში, ეგრი, სვანი, ზანი და სხვა. ან კიდევ „კახელი“, „ქართლელი“, „გურული“, „მეგრელი“, „იმერელი“, „აჭარელი“ და ა. შ., რომ ფ ე ო დ ა ლ უ რ ი ა ფ ხ ა ზ ე თ ი მ ხ ო ლ ო დ „ქ ა რ თ უ ლ ი“ შ ე ი ძ ლ ე ბ ო დ ა ყ ო ფ ი ლ ი ყ ო, რომ აფხაზი კ უ ლ ტ უ რ უ ლ - ი ს ტ ო რ ი უ ლ ა დ „ქ ა რ თ ვ ე ლ ი“ ი ყ ო.

ისტორიკოსისათვის, ამრიგად, თქვენ მიერ დასმულ საკითხებზე დღეის პირობებში მეცნიერული პასუხის გაცემა ასე ძნელი არაა, რამდენადაც ძნელია ამ პასუხით არასპეციალისტის დარწმუნება. საქმე ისაა, რომ ისტორიულ-კულტურული ერთობა „აფხაზეთთან“, ათეულ საუკუნეთა განმავლობაში აგრე ორგანიული და ინტენსიური, უკუღმართ ისტორიულ მოვლენათა მიზეზით გვიანფეოდალური საქართველოს ძნელბედობის ხანაში თანდათან შესუსტდა. მტაცებელმა ოსმალეთმა ამ მოვლენებს განსაკუთრებით შეუწყო ხელი. მთლიანი საქართველოს სიმტკიცის გასატეხად ოსმალეთმა ერთერთი დასაყრდენი სწორედ ჯიქეთ-აფხაზეთში დაიგულა. ასეთივე დასაყრდენები გაიჩინა მან სამცხე-საათაბაგოში, ქვემო გურიაში. ამიერიდან სოხუმში, ახალციხეში, ბათომში ეწყობოდა საქართველოს წახდენა-გადაშენების ოსმალური გეგმები. ახალციხისა და სოხუმის ფაშები თუ ბათომის მუტესარიფები იყვნენ ოსმალეთის აგრესიის მოწინვე დროშის მეთაურები. ქ ა რ თ უ ლ ი ქ რ ი ს ტ ი ა ნ ო ბ ი ს გ ა ქ რ ო ბ ა, ქ ა რ თ უ ლ ი წ ყ ო ბ ი ლ ე ბ ი ს მ ო შ ლ ა დ ა მ ი ს ნ ა ც ვ ლ ა დ მ ა ჰ მ ა დ ი ა ნ ო ბ ი ს ა დ ა თ უ რ ქ ო ბ ი ს დ ა ნ ე რ გ ვ ა, ქვეყნის დაცლა ყოველივე დოვლათისაგან და მისი გადაქცევა ტ ყ ვ ი ს მ ს ყ ი დ ვ ე ლ თ ა ვ ე ლ უ რ ბ უ ნ ა გ ა დ, _ ასეთი იყო ოსმალეთის „სახელმწიფოებრივი შემოქმედების“ მიზნები მის მიერ დაპყრობილ ამ ქართულ ქვეყნებში.

ქართველი ხალხის შემოქმედებითი ენერგია XVI-XVIII საუკუნეებში თითქმის მთლიანად ამ საფრთხისა და ამის მსგავს სხვა საფრთხეთა წინააღმდეგ სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლამ შეიწირა.

მაგრამ არც XIX საუკუნე იყო საქართველოსათვის ამ მხრივ ნიავკეთილი. ცარიზმის აგენტ-კოლონიზატორებისათვის არ იყო ხელსაყრელი და სასურველი ქ ა რ თ ვ ე ლ ი ე რ ი ს ჩ ა მ ო ყ ა ლ ი ბ ე ბ ა, საქართველოს ეროვნული გამთლიანება არ ეთანხმებოდა კოლონიზატორთა მიზნებს და ცარიზმიც ღონეს არ ზოგავდა აღდგომა-გაერთიანების გზაზე შემდგარი საქართველოს ძალების დაშლისათვის. ცარიზმის აგენტ-კოლონიზატორები არაქართველებად აცხდებდნენ აფხაზებს, ქვემო გურულებს (ქობულეთელებს), მესხებს, კლარჯებს, შავშებს, აჭარლებს, აღმოსავლეთ-კახელებს (ინგილოებს), მეგრელებს, სვანებს...

ამ მზაკვრული მიზნის სამსახურად იყო ამოძრავებული ძლიერი აპარატი _ ადმინისტრაციული თუ „კულტურულ-მეცნიერული“. ამ გზით უნდა შემზადებულიყო პირობები ქართველი ერის მოსაშლელად, მის გასაქრობად...

აი ამ უკუღმართობათა შედეგია, რომ ჩვენ დღეს მტკიცებაც კი გვჭირდება აფხაზების, მესხების (შავშ-კლარჯ-ტაოელთა), ლაზების, აჭარლების, ქობულეთელების და ინგილოების ქართველობისა“...

აკადემიკოს ნიკო ბერძენიშვილის ამ მეტად საინტერესო და საგულისხმო წერილის შესახებ შევიტყვეთ საქართველოს საპატრიარქოს ტელევიზიის „ივერიის“ ერთერთ გადაცემაში ქ-ნ მარიკა ლორთქიფანიძის საუბრიდან, რისთვისაც დიდ მადლობას მოვახსენებთ მათ. წერილიდან მოყვანილი ეს ვრცელი ამონარიდი ბევრ კიტხვაზე პასუხს გვაძლევს, მეტად საყურდღებო და სასარგებლოა, თუმცა კი ზოგიერი მისი შეფასება, ჩვენი აზრით, დაზუსტებას მოითხოვს, როგორც ოსმალეთთან დაკავშირებით, ისე მეფის რუსეთთანაც. თავიდან შევეხებით რამდენიმე მომენტს თურქ-ოსმალთა სახელმწიფოს ისტორიიდან, რისთვისაც გამოვიყენებთ ბროქჰაუზ-ეფრონის ენციკლოპედიურ ლექსიკონში გამოქვეყნებულ ვ. ვოდოვოზოვის წერილს თურქეთის ისტორიის შესახებ. მასში ავტორი ამბობს, რომ თურქული ტომებიდან, რომლებიც ალტაის მხარიდან (შუა აზიიდან) მოიწევდნენ სამხრეთისა და დასავლეთისკენ, და რამდენიმე საუკუნის განმავლობაში მთელი რიგი სახელმწიფოები დააარსეს ამ სივრცეზე, ყველაზე უფრო დასავლეთით გავრცელდა ოსმანის (1288-1326) ურდო (დაახლოებით 50 ათასი ადამიანის რიცხოვნებისა), რომელმაც თავისი დაპყრობები აზიიდან გადაიტანა ევროპაშიც. შემდეგ ავტორი მოგვითხრობს:

„დაპყრობილი ბერძნებისგან თურქებმა ისესხეს გარკვეული რამ ბერძნული კულტურიდან; ამ დროიდან მათთან წარმოიქმნება და სწრაფად იზრდება, ყოველ შემთხვევაში რაოდენობრივად, საკუთარი ლიტერატურა, თუმცა კი მეტად მცირედ დამოუკიდებელი. ისინი ზრუნავენ დაპყრობილ ოლქებში ვაჭრობის, მიწათმოქმედებისა და მრეწველობის შენარჩუნებაზე, პირადი უსაფრთხოების შესაძლო დაცვაზე. საერთოდ ვითარდება ძალმოსილი სახელმწიფო, სამხედრო, მაგრამ კულტურისადმი არა მტრული; თეორიაში იგი ითვლება აბსოლუტისტურად, მაგრამ მხედართმთავრები, რომლებსაც სულთანი აძლევდა სხვადასხვა ოლქებს მმართველობაში, ხშირად აღმოჩნდებოდნენ დამოუკიდებლები და უხალისოდ აღიარებდნენ სულთნის უმაღლეს ხელისუფლებას. არცთუ იშვიათად მცირე აზიის ბერძნული ქალაქები ნებაყოფლობით აძლევდნენ საკუთარ თავს ძალმოსილი ოსმანის მფარველობის ქვეშ“...

ოსმანის ვაჟიშვილმა, სულთანმა ურხანმა (1326-1359) „ახლად დაპყრობილ ქალაქ ბრუსაში თავისთვის ააგო მდიდრული სასახლე (1326), რომლის მაღალი კარიბჭის მიხედვითაც თურქულმა მთავრობამ მიიღო „მაღალი პორტას“ სახელწოდება, რომელიც არცთუ იშვიათად გადააქვთ ხოლმე თავად თურქეთის სახელმწიფოზეც. 1328 წ. უხრანმა თავის სამფლობელოებს მისცა ახალი, მნიშვნელოვან ხარისხად ცენტრალიზებული მმართველობა. ისინი გაყოფილ იქნა სამ პროვინციად (საფაშოდ, რუს. პაშალიკ), რომლებიც იყოფოდა ოლქებად, სანჯაყებად. სამოქალაქო მმართველობა შეერთებული იყო სამხედროსთან და მისდამი იყო დაქვემდებარებული. ურხანმა სათავე დაუდო იანიჩრების ჯარს, რომლებსაც ქირაობდნენ ქრისტიანი ბავშვებისგან (თავიდან 1000 ადამიანი; მოგვიანებით ეს რიცხვი მნიშვნელოვნად გაიზარდა). ქრისტიანებისადმი შემწყნარებლობის მნიშვნელოვანი წილის მიუხედავად, რომელთა რელიგიაც არ იდევნებოდა, ქრისტიანები მასობრივად გადადიოდნენ ისლამში, რადგანაც ეს უხსნიდათ ხელმისაწვდომობას პატივისა და ფულადი სარგებლებისადმი“...

თურქ-ოსმალთა დაპყრობები იმ ეტაპზე უფრო მეტ წილად მიმართული იყო ევროპაში ბალკანეთისკენ. 1389 წ. 15 ივნისს სულთან მურად I-ის 300-ათასიანმა არმიამ კოსოვოს ველზე დაამარცხა სერბების 80-ათასიანი მხედრობა. ბრძოლაში დაიღუპნენ მურადიცა და სერბთა მთავარი ლაზარეც, რის შემდეგაც სერბეთს დაეკისრა ოსმალეთისთვის ხარკის გადახდა და, მოთხოვნის შემთხვევაში, დამხმარე ჯარის გამოყვანა. „1393 წ. ბაიაზეთმა აიღო ტირნოვო (მან დააღრჩო ბულგარეთის მეფე შიშმანი, რომლის ვაჟმაც დაღუპვისგან თავი დაიხსნა ისლამის მიღებით), დაიპყრო მთელი ბულგარეთი, ვალახეთს ხარკი დაადო, დაიმორჩილა მაკედონია და თესალია და შეაღწია საბერძნეთში. მცირე აზიაში მისი სამფლობელოები გაფართოვდა შორს აღმოსავლეთით ყიზილ-ირმაკის (ჰალისი) იქით. 1396 წ. მან ნიკოპოლთან დაამარცხა ქრისტიანული ჯარი, რომელიც ჯვაროსნულ ლაშქრობაში შეკრიბა მეფემ სიგიზმუნდ უნგრელმა. თემურის შემოჭრამ, მონღოლური ორდოების სათავეში, ბაიაზეთის აზიურ სამფლობელოებში აიძულა იგი მოეხსნა კონსტანტინოპოლის ალყა და პირადად მნიშვნელოვნი ძალებით წასულიყო თემურის შესახვედრად. ბრძოლაში ანგორასთან 1402 წ. იგი სასტიკად იქნა დამარცხებული და ტყვედ ჩავარდა, სადაც ერთი წლის შემდეგ (1403) მოკვდა კიდეც. ამ ბრძოლაში დაიღუპა მნიშვნელოვანი სერბული დამხმარე რაზმიც (40000 ადამიანი)“. სწორედ ამიტომ თვლიდნენ ევროპელები თემურ-ლენგს (იგივე ტამერლანს) თურქთაგან ევროპის მხსნელად და ქრისტიანიც კი ეგონათ იგი.

„მუჰამედ II-მ (1451-1481) კონსტანტინოპოლის წინააღმდეგ გაგზავნა არმია 250000 ადამიანის შემადგენლობით და 420 მცირე იალქნიანი გემისგან შემდგარი ფლოტი, რომლებმაც მოახდინეს ოქროს რქაში შესასვლელის ბლოკირება. ბერძნების შეიარაღება და მათი სამხედრო ხელოვნება თურქულზე რამდენადმე უფრო მაღალი იყო, მაგრამ თურქებმაც მოასწრეს საკმარისად კარგად შეიარაღება. ჯერ კიდევ მურად II მოაწყო რამდნიმე ქარხანა ქვემეხების ჩამოსასხმელად და დენთის დასამზადებლად, რომლებსაც განაგებდნენ უნგრელი და სხვა ქრისტიანი ინჟენრები, რომლებმაც მიიღეს ისლამი რენეგატობის სარგებლიანობისთვის. თურქული ზარბაზნებიდან ბევრს დიდი ხმა ჰქონდა, მაგრამ ვერ აყენებდა ნამდვილ ზიანს მოწინააღმდეგეს; ზოგიერთი მათგანი გასკდა და ამოწყვიტა თურქი ჯარისკაცების მნიშვნელოვანი რაოდენობა. მუჰამედმა დაიწყო წინასწარი საალყო სამუშაოები 1452 წ. შემოდგომაზე, ხოლო 1453 წ. აპრილში შეუდგა სწორ ალყას. ბიზანტიის მთავრობა დახმარებისთვის მიმართავდა ქრისტიანულ დერჟავებს; რომის პაპმა იჩქარა ეპასუხა თურქების წინააღმდეგ ჯვაროსნული ლაშქრობის ქადაგების დაპირებით, თუკი მხოლოდ ბიზანტია დათანხმდებოდა ეკლესიების შეერთებაზე; ბიზანტიის მთავრობამ აღშფოთებითა და გაოცებით უარყო ეს წინადადება“. კათოლიკური სამყაროდან მხოლოდ გენუელთა 6000-იანი ჯარი მოვიდა კონსტანტინოპოლის დასახმარებლად ჯუსტინიანის მეთაურობით. გენუელების „ესკადრამ მამაცურად გაარღვია თურქული ბლოკადა და კონსტანტინოპოლის ნაპირზე გადასხა დესანტი, რომელმაც გააორმაგა ალყაშემორტყმულთა ძალები. ორი თვის განმავლობაში გრძელდებოდა ალყა... არმია, როგორც ბერძნული, ასევე გენუელთა, წინააღმდეგობას უწევდა განსაკუთრებით ვაჟკაცურად. მას სათავეში ედგა ბიზანტიის იმპერატორი კონსტანტინე პალეოლოგი, რომელიც შეუპოვარი ვაჟკაცობით იბრძოდა და შეტაკებაში დაიღუპა. 29 მაისს თურქები შეიჭრნენ ქალაქში, სადაც მოახდინეს საშინელი ხოცვა-ჟლეტა“.

„კონსტანტინოპოლის აღებამ თურქეთი გადააქცია ძლევამოსილ დერჟავად. ეს იყო უკვე არა ურდო, შემდგარი 50000 მამაკაცისა და ქალისგან; ეს იყო სახელმწიფო, რომელსაც შეეძლო ერთ პუნქტში 250000-იანი არმიის გამოყვანა იმავე დროს ვრცელი ტერიტორიის სხვადასხვა ადგილას ძლიერი გარნიზონების შენარჩუნებით. თურქების რიცხოვნების ასეთი ზრდა აიხსნება იმ სიმსუბუქით, რომლითაც ისინი ახდენდნენ სხვა ხალხების ასიმილირებას, ამასთან არა იმდენად მონღოლური ხალხებისა, არამედ არიულებისაც; უკანასკნელთა გარემოდან თურქებად იქცეოდნენ ყველა ისინი, ვინც თანხმდებოდა მსხვერპლად შეეწირა რელიგია პრივილეგირებული მდგომარეობის შეძენის გულისთვის _ ასეთები კი არც თუ ცოტანი იყვნენ. ბევრ ქრისტიან ბავშვს პირდაპირ ხელს სტაცებდნენ თურქები და ძალადობით გადაჰყავათ ისლამში. ქრისტიანი მშობლებისგან წარმოშობა არანაირად ხელს არ უშლიდა მათ კარიერას. ასე, მუჰამედ II-ის დროს დიდ ვეზირად იყო მაჰმუდ-ფაშა, მართლმადიდებელი სერბისა და ბერძენი ქალის ვაჟიშვილი. ამგვარად, კონსტანტინოპოლის დამპყრობლები ეთნოგრაფიული აზრით ძლივს-ძლივობითღა შეიძლება ჩაითვალონ მონღოლურ რასად, თუმცა კი მათი ენა იყო უეჭველად მონღოლური. რასის შეცვლა ჩქარდებოდა იმით, რომ თურქების ჰარამხანა უმეტეს წილად შედგებოდა ევროპული ან კავკასიური წარმოშობის ტყვე ქალებისგან. პოლიტიკური და კულტურული მიმართებით კონსტანტინოპოლის დამპყრობლები ასევე სულაც არ იყვნენ ოსმანის ურდო; ისინი წარმოადგენდნენ დიდ სახელმწიფოს, რთული ადმინისტრაციითა და ცხოვრების რთული ხასიათით. თავად თურქები შეადგენდნენ მასში პრივილეგირებულ, უპირატესად სამხედრო, ასევე მოხელეთა (ჩინოსანთა) წოდებას, მაგრამ სულაც არა ჩაკეტილ კასტას. მხოლოდ მათგან ნიშნავდნენ ადმინისტრატორებსა და მოსამართლეებს; ისინი ასევე შეადგენდნენ არმიასაც. სამხედრო ვალდებულება დამორჩლებული ქრისტიანი ხალხებისთვის თურქებს არასდროს არ შემოუღიათ, თუმცა კი ვასალური ხალხებისგან ზოგჯერ მოითხოვდნენ დამხმარე რაზმებს.

ბევრი თურქი ჯილდოების სახით ღებულობდა ან სხვა ხერხით იძენდა მიწის მნიშვნელოვან სამფლობელოებს (ჩიფლიკებს) და ისინი წარმოადგენდნენ მსხვილ მემემულეებს, რომლებიც ბატონობდნენ თავიანთ მამულებში მათი ძალაუფლების ქვეშ მყოფი ქრისტიანი მოსახლეობის ბატონყმური შრომის დახმარებით. მათ გვერდით ჩნდებოდნენ წვრილი მიწათმფლობელი გლეხებიც, ხშირად თურქები, მაგრამ უპირატესად ბერძნები, სერბები და ბულგარელები, რომლებმაც მიიღეს ისლამი და ამის წყალობით შეინარჩუნეს თავიანთი საკუთრება. თუმცა კი, დაპყრობილი ქრისტიანი ხალხების მდგომარეობაც თურქების ძალაუფლების ქვეშ (რა თქმა უნდა, მონების გარდა) განსაკუთრებით პირველ ხანებში, უეჭველად, არც თუ განსაკუთრებულად მძიმე იყო, რა თქმა უნდა რამდენადმე უფრო მძიმე, ვიდრე ხალხის დაბლი კლასების მდგომარეობა იმდროინდელ დასავლეთ ევროპაში. დამორჩილებული ხალხები ფასეულები იყვნენ თურქებისთვის როგორც ხარკის გადამხდელები; წაერმიათ მათთვის შესაძლებლობა ეშრომათ მეტ-ნაკლებად ნორმალურ პირობებში, არ შეადგენდა თურქების ინტერესს. პიროვნების უუფლებობა ძალზედ დიდი იყო. თურქს თითქმის ყოველთვის შეეძლო დაუსჯელად მოეკლა ან დაეღუპა ნებისმიერი ქრისტიანი, გაეუპატიურებინა ნებისმიერი ქალი; მართლმსაჯულების პოვნა შეუძლებელი იყო, მაგრამ არცთუ ბევრად უკეთესი იყო საქმეთა მდგომარეობა დასავლეთშიც. თურქები შეგნებულად ინარჩუნებდნენ მათი ძალაუფლების ქვეშ მყოფი „რაიეების“ ადგილობრივ თვითმმართველობას; რელიგიური დევნის შესახებ ისინი არც კი ფიქრობდნენ. კონსტანტინოპოლის აღების შემდეგ მაშინვე მუჰამედმა შესთავაზა ბერძნულ სასულიერო წოდებას აერჩიათ ახალი პატრიარქი (უწინდელი მოკლულ იქნა ალყის დროს) და დაუყოვნებლივ დაამტკიცა არჩეული. მისი პიროვნების დასაცავად გამოყოფილ იქნა იანიჩართა დაცვა, რამაც მაშინვე მისცა კონსტანტინოპოლის მართლმადიდებელ პატრიარქს თურქი ჩინოსნის ხასიათი. პატრიარქმა სინოდთან ერთად მიიღო ბერძნებზე უმაღლესი მმართველობისა და მათ შორის დავების სასამართლოს მნიშვნელობა. მათ შეეძლოთ დაენიშნათ ბერძნებისთვის სასჯელები სიკვდილით დასჯის ჩათვლით, და თურქულ ხელისუფლებას ჩვეულებრივ შეპასუხების გარეშე მოჰყავდა ისინი აღსრულებაში. ზუსტად ასევე იქცეოდნენ თურქები სხვა ხალხებთანაც. ამით ისინი ადვილად ახდენდნენ მათ შერიგებას პირველ ხანებში თავიანთ ხელისუფლებასთან, მაგრამ ეკლესია თანდათანობით იქცეოდა ძალად, რომელიც შემდგომში არცთუ მცირედ უწყობდა ხელს ამ ხალხების განთავისუფლებას.

პირველ ასწლეულებში თურქები ოსტატურად თესდნენ უთანხმოებასა და მტრობას ბერძნებსა და სერბებს, სერბებსა და ბულგარელებს შორის, ცალკეული პრივილეგიების მეშვეობით, ამა თუ იმ ხალხის სასარგებლოდ. ბატონყმური სამართლის გვერდით არსებობდა ნამდვილი მონობაც: მონებს იყენებდნენ უპირატესად როგორც სახლის მოსამსახურეებს, მხევლებს _ როგორც ხარჭებს ჰარამხანაში. ტყვეებით ვაჭრობა წარმოებდა საკმაოდ ფართო ზომებით კონსტანტინოპოლსა და სხვა ქალაქებში. სამოქალაქო მმართველობა იდგა ძალიან დაბალ საფეხურზე; მოხელეები და მოსამართლეები თავიანთ თანამდებობებს უყურებდნენ როგორც გამდიდრების ხერხს; ყვაოდა ყველაზე უფრო უხეში მექრთამეობა. სულთნები ცდილობდნენ ბრძოლას ამ ბოროტებასთან; ასე, ბაიაზეთ I-მა ერთ დღეს ჩამოაღრჩო 80 მოსამართლე, რომლებიც მხილებული იყვნენ მექრთამეობაში, მაგრამ მაგრამ სწორად ორგანიზებული კონტროლის არარასებობისას საზოგადოების ან თუნდაც მთავრობის მხრიდან, მოსახლეობის დათრგუნულობის გამო, რომელსაც არ ჰქონდა პროტესტის გამოცხადების შესაძლებლობა, მსგავს ზომებს არ მიჰყავდა საქმე სასურველ შედეგებამდე“... და ასე შემდეგ. რამდენადაც ვიცით, სწორედ კონსტანტინოპოლის დაპყრობის შემდეგ გამოჩნდნენ საქართველოში ოსმალები, თუმცა კი მანამდეც თურქული მოდგმის სხვა ურდოები არბევდნენ და აჩანგებდნენ ჩვენს ქვეყანას: შავბატკნიანები, თეთრბატკნიანები და ა. შ., ირანში გაბატონებული ყიზილბაშებიც ასევე თურქული მოდგმის ტომები გახლდნენ.

როგორც ზემოთ მოყვანილი მასალიდან ჩანს, ოსმალთა იმპერიის კანონებითა და პრაქტიკით, მაჰმადიანობაში გადასული ადამიანები ითვლებოდნენ თურქებად და სარგებლობდნენ მიწაზე საკუთრების უფლებითა და მთელი რიგი პრივილეგიებით. იგივე კანონები და პრაქტიკა ვრცელდებოდა მაჰმადიანობაში გადასულ ქართველებზეც. იგივე ინტერესები, აგრეთვე თურქთა ძალადობისგან თავის დაღწევის სურვილი ამოძრავებდა ამ უკანასკნელთ ასეთი ნაბიჯის გადასადგმელად. ამჯერად ამ საკითხს მეტად აღარ ჩავუღრმავდებით, ვიტყვით მხოლოდ იმას, რომ როდესაც ქართველი ისტორიკოსები საყვედურობენ რუსეთის მეფის მთავრობას წინა საუკუნეებში გამაჰმადიანებული ქართველების თურქებად შერაცხვაში, და ამას მხოლოდ რუსეთის ხელისუფლების მზაკვრობით ხსნიან, რატომ არ უფიქრდებიან იმას, ხომ არ იყო ეს რუსეთის მხრიდან იძულებითი ნაბიჯი, ან თუნდაც გამარჯვებული ომების შემდეგ თურქეთთან დადებული სამშვიდობო ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებები შემოერთებულ მიწებზე მოსახლე მაჰმადიანების არშევიწროვებისა და რწმენის აღმსარებლობის თავისუფლების შესახებ? ნუთუ ოსმალეთის მთავრობა არ ჩადებდა ასეთ პუნქტს რუსეთთან დადებულ ხელშეკრულებებში, ანდა პეტერბურგი გაილაშქრებდა ასეთი ვალდებულების წინააღმდეგ. მაშინ ხომ მთელი „ცივილიზებული ევროპა“ აღსდგებოდა რუსეთის იმპერიაში „რელგიურ უმცირესობათა უფლებებისა და ინტერესების დასაცავად“? განა შეძლებდა რუსეთი მთელი ევროპის წინააღმდეგ გალაშქრებას? მერედა ვინ უშლიდა ინდივიდუალურად ქართველ მაჰმადიანებს ქრისტიანობაში გადმოსვლას? კითხვები ბევრია, თუცა კი ეს არც იმას გამორიცხვს, რომ რუსეთის მთავრობა ასევე ხელოვნურადაც ახდენდა სხვადასხვა აღმსარებლობის ეთნიურ ქართველთა დაახლოებისთვის ხელის შეშლას. მაგრამ ჩვენში რატომღაც პირველ ფაქტორს სრულებით არ ითვალისწინებენ, და ეს სწორი არ უნდა იყოს.

თანამედროვე რუსი ისტორიკოსების ნაშრომებში წაგვიკითხვს, რომ საბჭოთა ისტორიოგრაფიაში მიღებულ კლიშეს წარმოადგენდა მეფის რუსეთის გამოცხადება „ხალხთა საპყრობილედ“, „მჩაგვრელ და უსამართლო იმპერიად“, მხოლოდ უნდა შემდეგ აღენიშნათ, რომ რუსეთში საბჭოთა ხელისუფლების დამყარებისა და საბჭოთა კავშირის ჩამოყალიბების შედეგად მდგომარეობა მკვეთრად გაუმჯობესდა, რადგან ახლა საბჭოთა სახელმწიფოს მართავს ხალხი, ხოლო ხალხებს კი ურთიერთ შორის სადაო არაფერი აქვთო. მაგრამ კი განა ასე იყო საქმე? XIX ასწლეულში რუსეთის იმპერიის ხელისუფლებამ სასიკეთოც ბევრი რამ გაუკეთა ქართველობას, და პრობლემებიც ბევრი იყო. კულტურულ-ნაციონალური ავტონომია არარუსი ხალხებისთვის, რომელიც ნებადართული იყო რუსეთში, მით უფრო მეტად განხორციელდებოდა, რაც უფრო მეტად მოინდომებდნენ ამ ხალხების გამოჩენილი შვილები არა სამხედრო ან სამოქალაქო სამსახურში პირადი კარიერის კეთებას, არამედ შეუდგებოდნენ გიმნაზიებსა და სხვა სასწავლებლებში მასწავლებლობას, ქართულ ენაზე სახელმძღვანელოების თარგმნასა და შედგენას, სალიტერატურო და საზოგდოებრივ-პოლიტიკური ჟურნალ-გაზეთების გამოცემას, ქართული თეატრების, ბიბლიოთეკებისა და სხვა კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებების დაარსებას, საქართველოს ისტორიის, ქართული საეკლესიო, სასულიერო, მხატვრული და სამეცნიერო ლიტერატურის შესწვლასა და კვლევას, ქართული ხალხური ზეპირსიტყვიერებისა და საქართველოში ისტორიულად ჩამოყლიბებული იურიდიული, სამემკვიდრეო-ქონებრივი და სხვა ურთიერთობების კვლევას და ა. შ.

ასეთი ინტერესები განათლებულ ქართულ საზოგადოებას XIX ს. პირველ ნახევარში ნაკლებად ჰქონდა, გენერლობისა და „ჩინ-მენდლების“ მიღება კი ძალზედ ბევრს ხიბლავდა, და ბევრსაც ღირსეულდ ჰქონდა დამსახურებული ხელმწიფის სამსახურში სამხედრო და სამოქალქო ჩინები და ჯილდოები, მაგრამ საზოგადოებრივი მოღვაწეობის ასპარეზზე აქა-იქ კანტი-კუნტად თუ ღვრიდნენ ოფლს გამოჩენილი ქართველები: ივანე კერესელიძე, გიორგი ერისთავი, სერგეი მესხი და სხვანი. ხოლო სახელმწიფო სამსახურში დაწინაურებული ალექსანდრე ჭავჭავაძე, გრიგოლ ორბელიანი, დიმიტრი ყიფიანი და სხვები მხოლოდ გარედან თუ ეხმარებოდნენ მათ, ვინაიდან საკუთარ თანამდებობეზეც საკეთებელი ბევრი ჰქონდათ. ამ მოღვაწეებს ასევე ხშირად ეხმარებოდნენ რუსი ჩინოსნებიც, თუმცა კი იყო პერიოდებიც, როდესაც პირიქით ხელს უშლიდნენ. ილია ჭავჭავაძემ (წმ. ილია მართალმა) სწორედ სახელმწიფო სამსახურში დაწინაურებაზე სთქვა უარი, როდესაც საზოგადოებრივ სფეროში მოღვაწეობით გადაწყვიტა 1870-იანი წლებიდან საკუთარი ხალხის სამსახური (მანამდე იგი მომრიგებელ მოსამართლედ მსახურობდა დუშეთის მაზრაში, და ჰქონდა სამოქალაქო სამსახურში 12-ე, ბოლოდან მეორე ხარისხის ჩინი _ კოლეგიის რეგისტრატორის თუ კოლეგიის ასესორისა, და ეს ჩინი გაჰყვა მას სიცოცხლის ბოლომდეც, რაც შეესაბამებოდა სამხედროში ალბათ პორუჩიკის /უფროსი ლეიტენანტის/ წოდებას), მაშინ როდესაც ქართველობაში ბევრი იყო ისეთი სამხედრო და სამოქალაქო გენერალი (ნამდვილი სახელმწიფო მრჩეველი, საიდუმლო სახელმწიფო მრჩეველი და სხვა), რომელთა სახელები აღარც კი იცის დღევანდელმა ქართულმა საზოგადოებამ.

იყო, რა თქმა უნდა, XIX საუკუნეში რუსეთის მთავრობის მხრიდან ქართულ სასწავლებლებში, აგრეთვე სასულიერო სემინარიაში ქართულ ენაზე სწავლების, ან ქართული ენისა და საქართველოს ისტორიის სწავლების წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯებიც, მაგრამ რამდენდაც ჩვენ ვიცით, ეს არ გახლდათ რუსეთის მთავრობის ზოგადი პრაქტიკა, არამედ გარკვეულ ისტორიულ პირობებში წარმოქმნილი რეაქცია გარკვეულ ქმედებებზე. სახელდობრ, საერო სასწვლებლებზე მზრუნველის იანოვსკის მიერ 1881 წელს ქართულ ენაზე სწავლებისთვის ხელის შეშლის მცდელობები, რის წინააღმდეგაც ხმა აღიმაღლა ილია ჭავჭავაძემ, და 1886-ში დიმიტრი ყიფიანის გადასახლება, მოხდა იმ პერიოდში, როდესაც 1881 წელს პეტერბურგში რევოლუციონერებმა მოკლეს იმპერატორი ალექსანდრე II (1856-1881), სწორედ ის მონარქი, რომელმაც ყველაზე უფრო მეტად ლიბერალური რეფორმები გაატარა რუსეთის იმპერიაში, და რომლის რეფორმებმაც ბევრი რამის გაკეთების შესაძლებლობა მისცა რუსეთის ხალხებს, მათ შორის ქართულ საზოგადოებრივ ძალებსაც. და ეს რეაქცია მოდიოდა არა უბრალოდ ახალი ხელისუფლისგან, არამედ ამავე დროს, მოკლული ხელმწიფის ღვიძლი შვილისგან, და ეს ხდებოდა ისეთ დროში, როდესაც წლების შემდეგ თავად ალექსანდრე III-ც მოკლულ იქნა რევოლუციონერ-ტერორისტების მიერ, ხოლო 1918-ში ალექსანდრეს ძის, წმ. მეფის ნიკოლოზ II-ის მთელი ოჯახი და მათი უერთგულესი მსახურები მთლიანად ამოწყვიტეს მარქსისტმა ბოლშევიკებმა დასავლეთის გარკვეული რევოლუციური წრეებიდან, იმდროინდელი გლობალისტებისგან მოსული ბრძანების საფუძველზე, ხოლო რუსეთში შემსრულებელთა ბანდისთვის (იუროვსკისა და მისი ჩეკისტებისთვის) ამ ბრძანების მიმცემი იაკობ სვერდლოვის სახელი მთელი საბჭოთა პერიოდის მანძილზე ეწოდებოდა სწორედ იმ ქალაქს _ ეკატერინბურგს, სადაც მეფის წმინდა ოჯახი იქნა ამოწყვეტილი.

რაც შეეხება რუსეთის იმპერიაში იმერლების, გურულების, მეგრელებისა და სხვა ხლხების ქართველებისგან ჩამოშორებისა და ცალცალკე გარუსების პოლიტიკას, ამის მცდელობები ალბათ ნამდვილად იყო, მაგრამ არა ისეთი უსაშველო, როგორც გვიხატავენ ხოლმე. მაგალითისთვის ისევ მოვიხმობთ თავად ვ. მასალსკის წერილებს ბროქჰუზ-ეფრონის ენციკლოპედიური ლექსიკონიდან. სახელდობრ წერილში „ტფილისის გუბერნია“ ავტორი წერს, რომ XIX საუკუნის მიწურულს გუბერნიის „მცხოვრებნი არიან 1040943 ადამიანი (570770 მამაკაცი და 570173 ქალი), მათ რიცხვში ქალაქების მოსახლეობაა 207294 ადამიანი. მოსახლეობის განაწილება (ზაქათალის ოკრუგის გარეშე) ხალხების (ეროვნებათა) მიხედვით დაახლოებით შემდეგია (პროცენტებში): რუსები _ 4,4%, გერმანელები _ 0,6, ბერძნები _ 2,7, ოსები _ 8,9, სომხები _ 23,9, ებრაელები _ 0,9, ქართველები _ 45,0, თუშები _ 0,7, ფშავლები _ 1,1, ხევსურები _ 0,8, იმერლები _ 1,1, ადერბაიჯანელი თათრები _ 8,5%; დანარჩენ ხალხებზე (პოლონელები, ქურთები, ბოშები, აისორები, ლეკები და სხვები) მოდის დახლოებით 1,4%. მთელი მოსახლეობის დაახლობით ნახევარი მიეკუთვება კავკასიელი ხალხების ქართველურ ჯგუფს (ქრთველები, იმერლები, თუშები, ფშავლები, ხევსურები)“.

ამრიგად, თუმცა კი ვ. მასალსკი ცალ-ცალკე მოიხსენიებს ქართველებს (იგივე ქართლ-კახელებს), იმერლებს, თუშებს, ფშავლებსა და ხევსურებს, მაგრამ იქვე ამბობს, რომ ისინი მიეკუთვნებიან „კავკასიელი ხალხების ქართველურ ჯგუფს“. შემდეგ წერია: „გუბერნიაში არის 64 საავადმყოფო, 35 აფთიაქი, 122 ექიმი, 40 ფელდშერი, 21 ბებიაქალი. ასევე არის 534 მართლმადიდებლური ეკლესია, 8 მამათა მონასტერი, 2 დედათა მონასტერი; 46 რომის კათოლიკური ეკლესია და საღვთისმსახურო შენობა, 1 ევანგელისტურ-ლუთერანული ეკლესია, 267 სომხურ-გრიგორიანული ეკლესია, 98 მეჩეთი, 37 სინაგოგა. 1898 წ. იყო სახალხო განათლების სამინისტროს 357 სასწავლო დაწესებულება 29000 მოსწავლით (19400 ვაჟი და 9600 გოგონა), მათ რიცხვში 3 ვაჟთა გიმნაზია, 1 რეალური სასწავლებელი, 6 ქალთა საშუალო სასწავლო დაწესებულება, სამასწავლებლო ინსტიტუტი, 3 სახელობო სასწავლებელი, 189 დაწყებითი სასწავლებელი, სხვა უწყებების 120 სასწავლო დაწესებულება. 1898 წ. გაწვევის ახალწვეულებიდან წერა-კითხვის მცოდნე და ნახევრად მცოდნე აღმოჩნდა 242. პერიოდული გამოცმებიდან 11 გამოდის რუსულ ენაზე, 5 _ ქართულ ენაზე და 4 _ სომხურ ენაზე, ყველა ტფილისში“.

წერილში „ტფილისი და ტფილისის მაზრა“ ვკითხულობთ: „ტფილისში სულ არის 55 მართლმადიდებლური ეკლესია. ქალაქის სხვა შენობებიდან და დაწესებულებებიდან აღსანიშნავია: 1) მთავარმართებლის სასახლე, რომელიც მოპირკეთებულია ნაწილობრივ ევროპული, ნაწილობრივ კი აზიური გემოვნებით; 2) კავკასიის ბუნებისა და ისტორიის მუზეუმი, რომელიც დაარსებულია 1867 წ. და ინახავს მდიდარ, მხატვრულად დაჯგუფებულ შენაკრებებს კავკასიამცოდნეობის სხვადასხვა დარგების მიხედვით, ფრესკებს, რომლებიც გამოხატავენ კავკასიის ძველ თქმულებებს და სხვა; მუზეუმთან არის ტფილისის საჯარო ბიბლიოთეკა (30000 ტომი); 3) სამხედრო-ისტორიული მუზეუმი, რომელიც ეძღვნება რუსული ჯარების გმირობებს კავკასიაში; აქამდე ჯერ კიდევ არ არის დასრულებული მისი მოწყობა. შენობის ფასადზე ლითონის დაფებზე აღნიშნულია კავკასიის ომის უმთავრესი მოვლენები; შიგნით არის _ ნადავლის კოლექციები, პორტრეტები, სურათები, კავკასიის მხარის რელიეფური რუკა და სხვა; 4) ახალი სახაზინო თეატრი, ნატიფ მავრიტანულ-აღმოსავლურ სტილში (არის კიდევ კერძო თეატრი); 5) მეაბრეშუმეობის სადგური და მუზეუმი (სამატლეთი, ლაბორატორიით, საფუტკრეთი და სხვა), რომელიც თავისი მოწყობითა და სივრცულობით ერთადერთია რუსეთში. სახაზინო და კერძო სასწავლო დაწესებულებები სულ 115: სამი ვაჟთა გიმნაზია, რეალური სასწავლებელი, სამასწავლებლო ინსტიტუტი, კადეტთა კორპუსი, იუნკერთა სასწავლებელი, სასულიერო სემინარია, სახელობო სასწავლებელი, მებაღეობის სკოლა, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტი, სამი ქალთა გიმნაზია, წმ. ნინოს დაწესებულება და სხვანი. ბოტანიკური ბაღი, ღია და საორანჟერეო მცენარეების მრავალრიცხოვანი კოლექციებით; ბაღში არის ბიბლიოთეკა და მუზეუმი; გამოიცემა „ტფილისის ბოტანიკური ბაღის შრომები“. ფიზიკური ობსერვატორია, კავკასიის არქეოლოგიური კომისია, სოფლის მეურნეობის საიმპერიო კავკასიური საზოგადოება, საიმპერიო რუსული გეოგრაფიული საზოგადოების კავკასიის განყოფილება, საიმპერიო რუსული ტექნიკური საზოგადოების კავკასიის განყოფილება, კავკასიის იურიდიული საზოგადოება, კავკასიაში მართლმადიდებელი ქრისტიანობის აღდგენის საზოგადოება, საიმპერიო სამედიცინო საზოგადოების კავკასიის განყოფილება, საიმპერიო რუსული სამუსიკო საზოგადოების ტფილისის განყოფილება, საიმპერიო რუსული სამებაღეო საზოგადოების კავკასიის განყოფილება, მეფრინველეობის რუსული საზოგადოების კავკასიის განყოფილება და სხვა. რამდენიმე საქველმოქმედო საზოგადოება. რუსულ, ქართულ და სომხურ ენებზე რამდენიმე ყოველკვირეული და ყოველთვიური გამოცემის გარდა, ტფილისში გამოიცემა რვა ყოველდღიური გაზეთი, რომელთაგან ოთხი არის რუსულ ენაზე, ორი ქართულ და ორიც სომხურ ენებზე. საკრედიტო დაწესებულებებია: სახელმწიფო ბანკის ტფილისის განყოფილება, სახელმწიფო სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკის ამიერკავკასიის განყოფილება, ტფილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკი, კომერციული ბანკი, ურთიერთ საკრედიტო საზოგადოება, ტფილისის საქალაქო საკრედიტო საზოგადოება, აზოვ-დონის კომერციული ბანკის განყოფილება, ურთიერთ სასოფლო-სამეურნეო კრედიტის ტფილისის საზოგადოება, ორი საბანკირო კანტორა, საქალაქო ლომბარდი, 20 ჰოსპიტალი, საავადმყოფო და სამკურნალო (რუს. ლეჩებნიცა), 12 აფთიაქი. ექვსი საკონსულო (ავსტრია-უნგრეთის, გერმანიის, სპარსეთის, თურქეთის, საფრანგეთისა და შვეიცარიის). ნაოსნობისა და ვაჭრობის რუსული საზოგადოების სააგენტო, სატრანსპორტო კანტორები, ოთხი კლუბი. ტფილისში არის 591 ფაბრიკა და ქარხანა 5273000 მან. პროდუქციის წარმოებით“.

წერილში „ქუთაისის გუბერნია“ ვკითხულობთ: „ქუთაისის გუბერნია იყოფა 7 მაზრად (ქუთაისის, ზუგდიდის, ლეჩხუმისა სვანეთის საპრისტავოთი, ოზურგეთისა და რაჭის) და 3 ოკრუგად (ბათუმის, არტაანისა და სოხუმის). ამ ოფიციალურ სახელწოდებებთან ერთ რიგში გამოიყენება უძველესი დროიდან არსებული ადგილობრივი სახელწოდებანიც: აფხაზეთი, აჭარა, გურია, იმერეთი, ლაზისტანი, სამეგრელო, სვანეთი, სამურზაყანო და წებელდა...

ქუთაისის გუბერნიის მოსახლეობას, მის მიერ დაკავებული ქვაბულის ჩაკეტილობის შედეგად, უძველესი დროიდან ჰქონდა თავისებური ფიზიონომია; მისი უმრავლესობა მიეკუთვნება კავკასიელი ხალხების ქართველურ ჯგუფს, მაგრამ, ამასთან, მისი წარმომადგენლები ტიპის, და ნაწილობრივ კი ენის მიხედვითაც, განსხვავდებიან თავიანთი ნათესავებისგან – ქართველებისგან, რომლებიც ცხოვრობენ, უმთავრესად სურამის ქედის იქითა მხარეს. ეთნოგრაფიული მიმართებით ქუთაისის გუბერნიის მოსახლეობა, რომელიც შეადგენს ორივე სქესის 1048940 სულს (1892) და ცხოვრობს 6 ქალაქში, 4 ადგილუფროსობასა და 1613 სოფელში (1886), %-ულად ნაწილდება შემდეგნაირად: რუსები 0,53; ბერძნები 0,72; სომხები 1,77; ებრაელები 0,76; ქართველები 1,48; იმერლები 44,83; გურულები 8,24; აჭარლები 6,43; მეგრელები და ლაზები 23,23; სვანები 1,52; აფხაზები 6,54; თურქები 3,0; დანარჩენები არიან _ პოლონელები, სპარსელები, ქურთები, ოსები. რუსები და სომხები ცხოვრობენ უპირატესად ქალაქებში. ქუთაისის გუბერნიის მოსახლეობის დაახლოებით 86,6% აღიარებს მართლმადიდებლობას, 10,5% _ მაჰმადიანობას, დარჩენილი 3% მოდის ებრაელებზე, კათოლიკებზე, სომეხ-გრიგორიანებზე, სომეხ-კათოლიკებზე და სხვა. სინამდვილეში მართლმადიდებლები ნაკლები არიან, რადგანაც მათდამი მიკუთვნებული აფხაზების რელიგია შედგება, არსებითად, მუსლიმანური, ქრისტიანული და წარმართული წეს-ჩვეულებების ნარევისგან.

ყველაზე უფრო დიდი მნიშვნელობა მხარისთვის აქვთ გერგილიან, გაბედულ და მოძრავ იმერლებს, რომლებიც, ქართველების საპირისპიროდ, გამოირჩევიან განსაკუთრებული ნიჭით ვაჭრობაში; ამიტომ სომხები ქუთაისის გუბერნიაში ვერ თამაშობენ ისეთ როლს, როგორსაც მაგალითად, ტფილისის გუბერნიაში, თუმცა კი მსხვილი საწარმოების უმეტესი ნაწილი გუბერნიაში ეკუთვნის სომხებს ან უცხოელებს. მოსახლეობის უპირატესი ტიპია _ მუქთმიანი, თმის ღია შეფერილობებით (რუს. оттеньки), თვალთა შერეული ფერითა და მოგრძო თავის ქალით; არის ცისფერთვალებიანთა მნიშვნელოვანი პროცენტი. მიწათმფლობელობა გუბერნიაში: როგორც აზნაურებისა, ისე გლეხებისაც მეტად წვრილია...

ქ. ქუთაისში არსებული საშუალო სასწავლო დაწესებულებების გარდა, გუბერნიაში კიდევ არის: სოხუმის მთიელთა სკოლა (193), ბათუმის სახელობო (44) და მარიინის (147) სასწავლებლები, ფოთის საზღვაოსნო კლასები, საქალაქო სასწავლებლები ქუთაისში, ბათუმში, ოზურგეთსა და ფოთში, 128 დაწყებითი სასწავლებელი (9362 მოსწავლე), სხვადასხვა აღმსარებლობის 500-მდე სამრევლო სასწავლებელი; მუსლიმანურ მედრესეებში სწავლობს 6 ათასზე მეტი მოსწვლე, სხვა აღმსარებლობათა სკოლებში კი ორივე სქესის 9 ათასზე მეტი მოსწავლე. გონებრივი ცხოვრება ქუთაისის გუბერნიაში განვითარებულია უკიდურესად სუსტად და თავმოყრილია ქუთაისში, სადაც გამოსცემენ „ქუთაისის საგუბერნიო უწყებებს“ (რუს. „კუტაისსკიე გუბერნსკიე ვედომოსტი“) (700 ეკზემპლარი), ორ სასულიერო ჟურნალს რუსულ და ქართულ ენებზე და არის სოფლის მეურნეობის საიმპერატორო კავკასიის საზოგადოების ქუთაისის განყოფილება. ბათუმში, სადაც თავმოყრილია გუბერნიის უპირატესად სავაჭრო ინტერესები, გამოსცემენ ყოველდღიურ გაზეთს რუსულ ენაზე („ჩერნომორსკიი ვესტნიკ“ _ „შავი ზღვის უწყებანი“). 1890 წ. გუბერნიაში იყო 8 ტიპოგრაფია, 8 წიგნის მაღაზია, ორი სამკითხველო ბიბლიოთეკა. 1891 წ. გუბერნიაში მოითვლებოდა 600 ქვისა და 477 ხის მართლმადიდებლური ეკლესია, 13 ქვისა და 2 ხის მონასტერი, 26 ქვისა და 7 ხის სამლოცველო (ეგვტერი); 9 სომხურ-გრეგორიანული, 2 სომხურ-კათოლიკური, ერთი რომის-კათოლიკური ეკლესია, 12 სინაგოგა, 5 მეჩეთი (ბათუმისა და ართვინის ოკრუგების გარეშე). მაზრებში მოქმედებს სამოქალაქო მმართველობა, ოკრუგებში _ სამხედრო-სახალხო მმართველობა“.

ასეთი გახლდათ ზოგიერთი მონაცემი საქართველოს ცხოვრებისა XIX საუკუნის მიწურულს. და როგორც ვხედავთ, რუსები ამ დროისთვის სულაც არ აუცხობდნენ ქართველთა ცალკეულ ტომებს ერთმანეთისგან ისე, როგორც ამას ჩვენ გვიხატავენ ხოლმე. თუმცა კი ისინი ქართველებს უწოდებდნენ მხოლოდ ქართლ-კახელებს, მაგრამ არ უარყოფდნენ იმას, რომ დანარჩენი ქართული ტომებიც ქართლ-კახელთა ნათესავები არაინ და „კავკასიელ ხალხთა ქართველურ ჯგუფში“ ერთიანდებიან. ერთი სიტყვით, იყო სერიოზული პრობლემები, მაგრამ არა ისეთი უსაშველო და საშინელი, როგორც ამას ხშირად წარმოგვიდგენენ ხოლმე.

რაც შეეხება საკუთრივ აფხაზეთის თემას უკვე XVIII-XIX სს., ამის შესახებ თავიდან მივმართოთ კვლავ ივ. ჯავახიშვილის მიერ 1919 წ. ტფილისში გამოცემულ ნაშრომს „საქართველოს საზღვრები _ ისტორიულად და თანამედროვე თვალსაზრისით განხილული“. მასში ვკითხულობთ: „ტომობრივ მოსახლეობის მხრივ XVIII ს. დასასრულს აფხაზეთი შემდეგ ნაწილებად იყოფებოდა: ერთი იყო ბზიფის ხეობა, რომელიც შეიცავდა მდ. ბზიფის ქვემო ნაწილსა და აღმოსავლეთ გუდაუთამდე, მეორე გუდაუთსა და მდ. კოდორს შუა საკუთრივ აფხაზთა სათემო იყო. მესამე აფშილეთი, მდ. კოდორსა და ღალიძგას შუა მდებარეობდა. მეოთხე სამურზაყანო, რომელშიაც მოსახლეობა მეგრელი იყო და ეხლაც არის, მხოლოდ აფხაზური ენა და ზნე-ჩვეულებებიც შეთვისებული აქვთ, მოთავსებული იყო ღალიძგასა და ენგურს შორის შავი ზრვის პირას და მეხუთეს, წიბელდას მდ. კოდორის ხეობის შუა ნაწილი ეკავა.

ცნობილია, რომ აღმ. საქართველოს 1783 წ. რუსეთთან დადებულმა ხელშეკრულებამ და შემდეგ 1801 წ. შეერთებამ მთელი საქართველოს ბედ-იღბალიც გადასწყვიტა და სრულიად საქართველოს რუსეთის მიერ შეერთება მხოლოდ-და-მხოლოდ ხელსაყრელ დროზე იყო დამოკიდებული. ვერც აფხაზეთი გადაურჩა ამ ბედს.

თუმცა 17 თებერ. 1810 წ. აფხაზეთის მთავარმა სეფერბეი შერვაშიძემაც რუსეთის მფარველობა მიიღო, მაგრამ კარგ ხანს XIX საუკუნის მეორე ნახევრის დამდეგამდე აფხაზეთში მაინც რუსებმა ფეხი მტკიცედ ვერ მოიკიდეს და მხოლოდ 1 მაისს 1864 წელს აფხაზეთი რუსეთთან საბოლოოდ შეერთებული იყო, თვით აფხაზეთის მთავარს კი მთელის შთამომვლობით მთავრის უფლება საბოლოოდ ჩამოერთვა.

აფხაზები უბრძოლველად არ შეჰრიგებიან დამოუკიდებლობის დაკარგვას და 1866 წელს აფხაზეთში აჯანყება დაიწყო, რომელიც რუსთა ძლიერი ჯარის მოსვლისთანავე ჩაქრა. მაგრამ 1877-78 წწ. ომის დროს აფხაზეთში კვლავ აჯანყება მოხდა.

ყველაზე ძლიერსა და მედგარს წინააღმდეგობას რუსეთის გაბატონებას აფხაზეთში წიბელდა უწევდა. XIX საუკუნის 30 წლებითგან მოყოლებული რუსეთის მთავრობა არა ერთხელ ამ კუთხეში დამსჯელ რაზმებს გზავნიდა ხოლმე და ბოლოს მკვიდრი მცხოვრებნი იქითგან აყრილ და განდევნილ იქმნენ (ვ. ტ. მაევსკი, ქუთაისის გუბერნია. სამხედრო-სტატისტიკური აღწერა. /რუს. ენაზე/ ტფილისი, 1896 წ. დამატ. #1, გვ. 54).

1840 წ. ატეხილ ამბოხების გამო ამ კუთხის მაღლობი ადგილებითგან, დალითგანაც, რუსებმა ყველა მეკომურნი აჰყარეს (იქვე 56). ხოლო 1867 წლის აფხაზეთის აჯანყების შემდგომ, წიბელდის მოსახლეობის უკანასკნელი ნაწილიც დიდით პატარამდე, დედაბუდიანად აყრილი და ოსმალეთში განდევნილი იყო (იქვე 57). ჯერ კიდევ 1850 წელს აქ 14000 სახლობა ითვლებოდა, 1867 წელს კი მთელს ამ კუთხეში რუსთა წყალობით 27 ოჯახის მეტი აღარავინ იყო (ივანენკო. სამოქალაქო მმართველობა /რუს. ენაზე/. 430). ამ დროითგან მოყოლებული კოდორის და მისი შემდინარეების ხეობანი სრულებით გაუკაცრიელდა. ამის შემდგომ რუსეთის მთავრობა მთელს თავის პოლიტიკას შავი ზღვის პირას ადგილობრივ მკვიდრთა, განსაკუთრებით კი ქართველთა საწინააღმდეგოდ აწარმოებდა: ქართველებს აქ დასახლება და უძრავ ქონების შეძენა აკრძალული ჰქონდათ, რუსებს კი, განსაკუთრებით მოხელეებსა და სამხედრო პირებს, ჩალის ფასად აძლევდნენ ამ სამოთხესავით მშვენიერსა და ბუნებით უხვად დაჯილდოებულ მხარეს. მხოლოდ რუსეთის პოლიტიკის წყალობით გაჩნდა ქართველების გვერდით სხვა ეროვნების ხალხიც.

რუსეთის მთავრობის ზემოაღწერილი პოლიტიკისა და საახალშენო მოღვაწეობის და მიუხედავდ, სამურზაყანო-აფხაზეთში და ჯიქეთის სამხრეთის მცირე ზოლში, ანუ სოხუმისა და სოჭის ოლქებში 1916 წლის აღწერისდა თანხმად 141000 მცხოვრებთა შორის 71000 ქართველი და 43000 აფხაზი იყო, 6000 სომეხი და 21 ათასი სულ სხვადასხვა ეროვნებისა“.

ივ. ჯავახიშვილის ნაშრომიდან ამ ამონარიდში, ბევრი საყურადღებო ცოდნის გვერდით, სამწუხაროდ, არის გარკვეული უზუსტობანიც, რომლებიც შესწორებას საჭიროებს. სახელდობრ, უნდა ითქვას, რომ ისტორიულ ჯიქეთსა და აფხაზეთში რუსეთის სახელმწიფო მოვიდა არა მხოლოდ დამპყრობლის სახით, რომელსაც იარაღის გამოყენება დასჭირდა აქ თავისი მფლობელობის დამკვიდრებისთვის, არა როგორც ადგილობრივი დამოუკიდებელი ხალხების დამპყრობი და დამმონებელი, არამედ ეს ხალხები უკვე დაპყრობილი იყვნენ ოსმალეთის მიერ, იმყოფებოდნენ ოტომანთა იმპერიის გავლენის ქვეშ, ხოლო რუსები აქ მოვიდნენ, უწინარეს ყოვლისა, თურქული უმაღლესი მმართველობის რუსული უმაღლესი მმართველობით ჩანაცვლების მიზნით. ხოლო ამ ახალი მმართველობის ფარგლებში როგორ მოეწყობოდა ადგილობრივი ხალხებისა და რუსეთის სახელმწიფოს ურთიერთობები, ეს უკვე შემდეგი ეტაპის საკითხი გახლდათ. ოსმალეთისთვის ჯიქეთი და აფხაზეთი უკიდურესი განაპირა მხარეები იყო, რომელსაც სულთანის მთავრობა მართავდა ყირიმის ხანების მეშვეობით, და ამიტომ აქ ხისტი თურქული მმართველობის დამყარებას არ ახდენდა, როგორც მაგალითად წინა აზიის (ანატოლიის) ცენტრალურ და დასავლეთ რაიონებში. ამიტომ ეს ქმნის აფხაზეთის გარკვეული დამოუკიდებლობის ილუზიას, რაც, ნ. ბერძენიშვილის მიხედვითაც, არ შეესაბამება სიმართლეს. აფხაზეთსა და ჯიქეთში თურქული გარნიზონებით დაკავებული სიმაგრეების მახლობლობაში წარმოებდა გაცხოველებული ვაჭრობა საქართველოდან და ჩრდილო-კავკასიიდან, აგრეთვე სამხრეთ რუსეთიდან მოტაცებული ან გაყიდული ადამიანებით. და რუსებმა ეს უმსგავსი ვაჭრობა აღკვეთეს. ნუთუ ივ. ჯავახიშვილისთვის მისაღები იყო ქართული სამეფო-სამთავროების ისეთი მდგომარეობა XVI-XVIII საუკუნეებში, როდესაც ყოველწლიურად ათასობით ქართველსა და სხვა კავკასიელებს ჰყიდდნენ ფოთის, ანაკლიის, სოხუმ-კალეს, გელენჯიკის, სუჯუკ-კალეს, ანაპის, ახალციხის, ტრაპიზონისა და სხვა ბაზრებში? და თუკი არ იყო, მაშინ რატომ არ აქცევდა ამას ქართველი ისტორიკოსი სათანადო ყურადღებას? აი ეს არის გულსატკენი და მიუღებელი ჩვენთვის. და არა მხოლოდ ეს. თუკი ადგილობრივი ხალხები და მათი მეთაურები ასეთ ყოფას აღიქვამდნენ დამოუკიდებლობად, და რუსულ ჯარებს შეაწყდნენ ოსმალეთზე დამოკიდებული თავიანთი „დამოუკიდებლობის“ დასაცავად, დღევანდელი ისტორიკოსი ხომ უნდა ხვდებოდეს მაინც, რომ ამ წინააღმდეგობაში სერიოზული ფაქტორი იქნებოდა უკვე არსებული მახინჯი ურთიერთობების შენარჩუნების სურვილი ოსმალეთთან, მათ შორის ადამიანებით ვაჭრობისგან მიღებული შემოსავლებით სარგებლობისა, და ასევე რელიგიური აღმსარებლობა, რომლებიც ჩერქეზებისა და აფხაზების ასეთ არჩევანზე მოქმედებდა?

ასევე მეტად საყურადღებო უნდა იყოს ისტორიული წებელდას, ანუ მდ. კოდორის ხეობის შუა და ზემო ნაწილების მხარის შესახებ ივ. ჯავახიშვილის მიერ მოთხრობილი ამბავი, რომ რუსებთან რამდენჯერმე დამარცხების შემდეგ მისი მოსახლეობა პრაქტიკულად მთლიანად გადასახლდა თურქეთში. იქ რომ იმ ხანად სვანებს ეცხოვრათ და ისინი დამარცხებულიყვნენ რუსულ ჯარებთან ბრძოლებში, თუკი იქ აღარ დაედგომებოდათ, მაინც რატომ გადაიხვეწებოდნენ ოსმალეთში, განა უფრო მეტად სავარაუდო არ უნდა იყოს, რომ ისინი სვანეთში ავიდოდნენ? რა უნდოდათ მართლმადიდებელ სვანებს ოსმალეთში? ეს კი იმაზე უნდა მეტყველებდეს, რომ წიბელდის (კოდორის ხეობის) მაშინდელი მოსახლეობა შედგებოდა არა ქრისტიანი სვანებისგან, არამედ მაჰმადიანი აფხაზებისგან. როგორც ივ. ჯავახიშვილი აღნიშნავს, 1919 წლისთვისაც კოდორის ხეობა გაუკაცრიელებული იყო, მოსახლეობა არ ჰყავდა. ანუ სვანები იქ ჩაესახლნენ ძირითადად საბჭოთა პერიოდში.

ვნახოთ რა სწერია ამის შესახებ თავად ვ. მასალსკის წერილში „სოხუმი და სოხუმის ოკრუგი“ ბროქჰაუზ-ეფრონის ენციკლოპედიურ ლექსიკონში. იქ რუსი ავტორი აღნიშნავს:

„კავკასიონის მთავარი ქედის განშტოებებს შორის სოხუმის ოკრუგში აღსანიშნავია: ბზიფისა და კოდორის ქედები, რომელთა შორის ერთის მხრივ და მთავარ ქედს შორის მეორეს მხრივ, განლაგებულია მდინარეების ბზიფისა და კოდორის ღრმა ხეობები, რომელთა ზედა ნაწილები მიემართება მთავარი ქედის თითქმის პარალელურად. ბზიფის ქედი კავკასიონის მთავარ ქედს გამოეყოფა კაპიშისტრის მწვერვალთან და გაჭიმულია აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ ბზიფის მარცხენა ნაპირის გაყოლებით, ებჯინება რა მდინარის კალაპოტს იქ, სადაც იგი გამოაღწევს ბრტყელ (დაბლობ) ადგილას. ეს ქედი კლდოვანი და ციცაბოა, დაფარულია უწყვეტი პირველყოფილი ტყეებით და აღწევს 9000 ფუტზე მეტ სიმაღლეს; მასა და მთავარ ქედს შორის მდებარეობს ძნელად მისადგომი ბზიფის ხეობა, რომლის ზედა ნაწილიც ქმნის ფსხუს ქვაბულს, რომელიც უწინ ეკავა ერთერთ ყველაზე უფრო ველურ აფხაზურ საზოგადოებას (თემს), რომელიც არ აღიარებდა არც ერთ ხელისუფლებას, ახლა კი სრულებით ცარიელია.

კოდორის ქედი, გამოეყოფა რა კავკასიონის მთავარ ქედს იალბუზის რამდენადმე დასავლეთით, მიემართება თავიდან სამხრეთ-დასავლეთის, შემდეგ კი დასავლეთისკენ, მდ. კოდორის მარცხენა ნაპირის გაყოლებით, და თავისსა და მთავარ ქედს შორის ქმნის კოდორის ტყიან ხეობას, რომლიც თავის შუა ნაწილში (დალის ხეობა) უფრო ფართოა და უწინ დასახლებული იყო თ ა ვ ი ს უ ფ ა ლ ი ა ფ ხ ა ზ უ რ ი ს ა ზ ო გ ა დ ო ე ბ ი თ ზ ა მ ბ ა ლ ი, ა ხ ლ ა კ ი ა ს ე ვ ე უ დ ა ბ უ რ ი ა (რუს. пустынное, ხაზი ჩვენია _ ი. ხ.). კოდორის ქედის აღმოსავლეთ ნაწილი ცნობილია ჯოდესვიკის ქედის სახელით. კავკასიონის ქედთან უახლოესი მწვერვალების გამოკლებით, კოდორის ქედის თხემი ვერ აღწევს თოვლის ხაზამდე. აღწერილი ქედები და მათი მრავალრიცხოვანი კონტრფორსები და განშტოებები ავსებენ სოხუმის ოკრუგის მთელ მთაგორიან ნაწილს“.

თავად სოხუმის ოკრუგის თაობაზე ვ. მასალსკი წერს:

„ქუთაისის გუბერნიის სოხუმის ოკრუგს უჭირავს პირველის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილი და ესაზღვრება ჩრდილოეთში ყუბანის ოლქს, ჩრდილო-დასავლეთში _ შავი ზღვის გუბერნიას, სამხრეთ-დასავლეთში _ შავ ზღვას; აქვს არასწორი, სიგანეში გაჭიმული ოთხკუთხედის შესახედაობა; უჭირავს 7575 კვ. ვერსი (8621 კვ. კმ) მოსახლეობით 100498 ადამიანი (1897). ებჯინება რა ერთის მხრივ კავკასიონის მთავარ ქედს, ხოლო მეორეს მხრივ კი ზღვას, და არის რა დასერილი მრავალრიცხოვანი ქედებითა და კონტრფორსებით, სოხუმის ოკრუგი წარმოადგენს უმეტეს წილად ტყიან მთაგორიან ქვეყანას, რომელიც დაბლა ეშვება ჩრდილოეთში კავკასიონის მთავარი ქედიდან სამხრეთ-დასავლეთით შავი ზღვისკენ...

სოხუმის ოკრუგი იყოფა 4 უბნად: გუმისთის (ცენტრი _ სოხუმი), გუდაუთის (გუდაუთა), კოდორისა (ოჩამჩირე) და სამურზაყანოსი (ოქუმი) და საკუთარ თავში შეიცავს სამ უწინდელ მხარეს (ოლქს, რუს. области): აფხაზეთს, სამურზაყანოსა და წებელდას. სამურზაყანოს სახელით ცნობილია ქვეყანა ენგურსა და ღალიძგას შორის; აფხაზეთი გაშლილია ღალიძგადან გაგრამდე და ზღვიდან კავკასიონის მთავარ ქედამდე; მდ. კოდორის ზემო და შუა დინების აუზს ეწოდება წებელდა...

ოკრუგის მოსახლეობა შედგება აფხაზებისა და სამურზაყანოელებისგან (86%), მეგრელებისგან (5,5%), ბერძნებისგან (3,5%), სომხებისგან (1,5%), რუსებისგან (დაახლოებით 2%), ქართველებისგან (დაახლოებით 1%), გერმანელებისგან და სხვა. უდიდესი უმრავლესობა (91%) _ მართლმადიდებლებია, მაგრამ აფხაზების მნიშვნელოვანი ნაწილი, თავისი სრწმუნოების მიხედვით, რომელიც წარმოადგენს მუსლიმანური და ქრისტიანული წესების ნარევს უხეში ცრურწმენებითა და ფეტიშიზმით, უფრო მეტად წარმართია, ვიდრე ქრისტიანი, ან თუნდაც მაჰმადიანი“.

მოყვანილი ამონარიდიდან შეგვიძლია გამოვიანგარიშოთ, რომ სოხუმის ოკრუგის 100498 მოსახლიდან (1897 წელს), ვ. მასალსკის მიხედვით, აფხაზი და სამურზაყანოელი ყოფილა 86428 ადამიანი, მეგრელი _ 5527, ბერძენი _ 3517, სომეხი _ 1507, რუსი _ 2010, ქართველი _ 1005, გერმანელი და სხვა ეროვნებისა _ 502 ადამიანი. მაგრამ სამურზაყანოელები ხომ ძირითადად მეგრულ მოსახლეობას წარმოადგენდნენ? რამდენი უნდა ყოფილიყო საკუთრივ აფხაზების რიცხვი სოხუმის ოკრუგის (აფხაზეთის) მცხოვრებთა შორის? ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად შეგვიძლია გავიხსენოთ, რომ ზემოთ მოყვანილ ქუთაისის გუბერნიის მოსახლეობის საერთო რიცხვში 1048940 ადამიანი იმავე ვ. მასალსკის აფხაზი ეწერა 6,54%, ანუ 68601 ადამიანი. მაშინ სამურზაყანოელთა რიცხვი გამოდის 86428 _ 68601 = 17827 ადამიანი. ხოლო საერთოდ იმათი რიცხვი, ვინც ავტორს მოხსენიებული ჰყავს სამურზაყანოლებად, მეგრელებად და ქართველებად, უტოლდება 24358 ადამიანს. ე. ი. ჩვენი თანამედროვე ქართული გაგებით (ტერმინოლოგიით), ბროქჰაუზ-ეფრონის ენციკლოპედიური ლექსიკონის მონაცემებით, გამოდის, რომ 1897 წელს აფხაზეთში ცხოვრობდა 68600-ზე მეტი აფხაზი, 24360-მდე ქართველი (ეგრი და ქართი), 3520-მდე ბერძენი, 2010 რუსი, 1510-მდე სომეხი, 500-ზე მეტი გერმანელი და სხვა ეროვნების ადამიანი. ანუ აფხაზები მაშინაც, 1878 წლის მუჰაჯირობის შემდეგაც, შეადგენდნენ აფხაზეთის (სოხუმის ოკრუგის) მოსახლეობის უმრავლესობას, სახელდობრ მის 68,3%-ზე მეტსაც (იმის გათვლისწინებით, რომ სამურზაყანოელთა შორის ალბათ გარკვეული მცირე ნაწილი აფხაზებიც იქნებოდნენ), ქართველები _ 24,2%-მდე, ბერძნები _ 3,5%, რუსები _ 2%, სომხები _ 1,5%, გერმანელები და სხვა ეროვნებები _ 0,5%-ს.

ეს წინააღმდეგობაში მოდის ივ. ჯავხიშვილის მიერ ზემოთ მოყვანილ მონაცემებთან, რომ 1916 წელს სოხუმისა და სოჭის ოლქებში 141000 მცხოვრებიდან 71000 იყო ქართველი, 43000 აფხაზი, 6000 სომეხი და 21 ათასი სხვა დანარჩენი ეროვნებისა. თუკი ჩავთვლით, რომ ქართველები ჩაესახლნენ სოხუმისა და სოჭის ოლქებში და ამიტომ გაიზარდა მათი რიცხვი, მაშინ აფხაზები რიცხობრივად რატომ შემცირდნენ, სად წავიდნენ, მუჰაჯირობა ხომ აღარ ყოფილა? ყოველივე ეს საჭიროებს უფრო გულდასმით და კეთილსინდისიერ კვლევა-ძიებას. საბჭოთა პერიოდში რომ ყოფილიყო ეს ქართველი მეცნიერების მიერ გაკეთებული, ისევე როგორც ბევრი სხვა რამეც, რაც სავსებით შესაძლებელი იყო, ამდენ უბედურებას, სისხლსა და ნგრევა-გაჩანაგებას ალბათ თავიდან ავიცილებდით. ახლა ლაპარაკია აფხაზებთან და რუსებთან, ასევე ოსებთანაც დიალოგისა და ურთიერთობების მოწესრიგების შესახებ, მაგრამ თუკი სიმართლეს არ ვილაპარაკებთ, მაშინ ჩვენი ნდობა არავის არ ექნება, არც ჩვენთან ლაპარაკის სურვილი. სიმართლის თქმას კი ჯერ სიმართლის გარკვევა სჭირდება.

ჩვენი აზრით, მეტად საჭირო ინფორმაციას გვაწვდის მდ. კოდორიდან ენგურამდე ბარის ზონის ტერიტორიის შესახებ საფრანგეთის სამეფოს კონსული რუსეთის იმპერიის ამიერკავკასიის პროვინციებში ჟაკ ფრანსუა გამბა, რომელსაც ჰქონდა ზღვაზე ბრიტანეთის ბატონობის პირობებში, ევროპიდან ინდოეთისკენ მშვიდობიანი სახმელეთო სავაჭრო გზის გაკვალვისა და ათვისების ინიციატივა და ამ მიზნით 1824 წელს იმოგზაურა საქართველოში, შემდეგ აქვე დასახლდა და მეტად საგულისხმო წიგნებიც გამოაქვეყნა თავისი მოგზაურობების შესახებ. სახელდობრ, ერთგან იგი წერს: „ს ა მ ე გ რ ე ლ ო დაყოფილია სამ პროვინციად. პირველია საკუთრივ სამეგრელო, რომელსაც აგრეთვე ოდიში (Odeschi) ეწოდება. დასავლეთით მას შავი ზღვა ესაზღვრება, სამხრეთით გურიის სამთავრო, აღმოსავლეთით _ იმერეთი, დაბოლოს ჩრდილოეთით _ ენგური. ერთმანეთისგან შორიშორს მდებარე რამდენიმე პლატოსა და ხობის მონასტერთან არცთუ ისე მაღალი ქედის გამოკლებით, მთელი ეს ქვეყანა ვაკეს წარმოადგენს, სადაც მცენარეთა ნარჩენებით განოყიერებული ნიადაგი ისეთი ნაყოფიერია, რომ ბევრი ქვეყანა ვერც კი შეედრება. სამეგრელოს ამ ნაწილში საკმაო რაოდენობითაა რუსების საგუშაგოები: ამასთანავე მეზობელი ხალხების თავდასხმებისაგან მას ღრმა მდინარეები იცავს. ასე რომ, აქაურ მოსახლეობას ამ მხრივ საფრთხე არ ემუქრება.

მეორე პროვინციაა ლეჩხუმი (Lesgune). იგი განლაგებულია ცხენისწყლის (Tskeniskal) მარცხენა მხარეს და იწყება ხონის (Khoni) ოდნავ ზემოთ, გადაჭიმულია კავკასიის მწვერვალამდე და იმ მთებამდე, სადაც სვანები ცხოვრობენ. აღმოსავლეთით მას ესაზღვრება იმერეთის ოთხი მაზრიდან ერთერთი, _ რაჭის (Radscha) ოლქი. ლეჩხუმის მხარე მთლიანად მთაგორიანია და მისი ჰავა მეტად ჯანსაღია.

სამეგრელოს მესამე პროვინცია გადაჭიმულია ჩრდილოეთით კოდორის კონცხამდე და საზღვრად უდევს ამავე სახელწოდების მდინარე, ძველი ავტორების კორაქსი, აღმოსავლეთით კი წიბელი (Tshibeli), საკმაოდ მაღალი მთები. ეს პროვინცია ატარებს აგრეთვე სამურზაყანოსა (Tmourakane) და აფხაზეთის (Abkazie) სახელს. იგი დადიანების სახელმწიფოს ნაწილს შეადგენს; მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ იგი არც ერთ ხელისუფლებას არ ემორჩილება. აქ იშვითად თუ ნახავთ დამუშავებულ მიწებს და სრულიად არ არის მოსახლეობა. ეს ადგილი ნამდვილი უდაბნოა, რომელიც თავდაცვის ადგილს წარმოადგენს და ბარიერად გამოიყენება აფხაზებსა და მეგრელებს შორის.

ასეთივე უზარმაზარი დაუმუშავებელი ტრამალი ძველად ჰყოფდა რუსეთსა და პოლონეთის საზღვრებს იმ ქვეყნებისაგან, რომლებიც თათრებს ეკავათ. დღესაც კი დაუსახლებელი, ვრცელი პროვინციები ძირითადად თავდაცვის ადგილად გამოიყენება ავსტრიასა და ოტომანთა სახელმწიფოს შორის. ერთი სიტყვით, ამიერკავკასიის რუსულ პროვინციებში თურქების, სპარსელების, ლეკებისა (Lesgins) და აფხაზების სახელმწიფოთა საზღვრებზე უდაბნოებია გადაჭიმული.

ამდენად, გასაკვირი არ არის, რომ ენგურსა და კოდორის კონცხს შორის მოქცეული ქვეყანა სრულიად დაუსახლებელია და ევროპისა თუ ტროპიკების ყოველგვარი მცენარეულობისათვის გამოსადეგი მისი მიწები გამოუყენებელია. სოხუმ-კალესა და თბილისში შევხვდი ერთ აფხაზ თავადს, რომელიც დღეს ანაკლიის კომენდანტია. ერთხელ ვკითხე, რა საფასურს მოითხოვდით-მეთქი მდინარის გასწვრივ ოთხ ვერსზე გადაჭიმული მიწის ნაკვეთისათვის. მან სიცილით მიპასუხა: თუ აქ დამკვიდრება გსურთ, თავად შეგიძლიათ მოისაზღვროთ მამული და ამისათვის არც მის ღირებულებას მოგთხოვთ, არც სხვა რამ საზღაურსო.

თუ სამურზაყანოს პროვინციების დაბლობი ადგილი დაუსახლებელია, სამაგიეროდ მთიან კანტონში მრავალრიცხოვანი მოსახლეობაა და როგორც ვარუდობენ, იგი დაახლოებით 800 ოჯახს შეადგენს.

მთიელები სიმამაცითა და შურის მაძიებლობით გამოირჩევიან, დაახლოებით ხუთი წლის წინათ, ერთერთი მთიელი თავადი თურქეთში წასულა სამოგზაუროდ. დაბრუნებისას გაუგია, რომ მისი დანიშნული თავადის ასული სხვას გაჰყოლია ცოლად. გამძვინვარებული ტავადი ჯერ ამ მოღალატე ქალის მამას მივარდნია და ხანჯლით განუგმირავს იგი. შემდეგ თვით ეს თავადის ასულიც დაუსახიჩრებია; ჯერ ცხვირი და ყურები დაუჭრია მისთვის, მაგრამ ამითაც არ დაკმაყოფილებულა და მოუკლავს მღვდელი, რომელმაც ჯვარი დასწერა ამ ქალს, მერე ჯვრისწერის დამსწრე ერთერთი მოწმეც მიუყოლებია. შემდეგ იგი მთებში გახიზნულა და უშფოთველად, ყოველგვარი სინდისის ქენჯნის გარეშე გაუგრძელებია ცხოვრება“.

ამ ამონარიდის გარდა ჟაკ ფრანსუა გამბას თავის წიგნში ბევრი რამ სხვა საინტერესო და სასარგებლო დაკვირვებებიც აქვს გაკეთებული და მისი გულდასმით წაკითხვა ბევრ სასიკეთო ცოდნას მისცემდა დაინტერესებულ მკითხველს. გარდა ამისა, ჩერქეზებისა და აფხაზების შესახებ მეტად საყურადღებო ცნობებს გვაწვდის ბრიტანელი მოგზაური ედმონდ სპენსერი, თუმცა კი იგი სამხდრო პირი და მზვერავი გახლდათ (ბრიტანეთის რეზიდენტი ჩერქეზეთში) და მისი ცნობები ტენდენციურადაა გადმოცემული. სახელდობრ იგი აფხაზებს პირდაპირ ჩერქეზებს უწოდებს და განსაკუთრებით ამ ხალხების საბრძოლო სულისკვეთებას, ბრძოლის ჟინსა და უნარიანობას აქცევს ყურადღებას, თანაც ისე განადიდებს მათ რუსების დამცირების მიზნით, რომ მისი ნაშრომის გამომცემელი გერმანელი ბოტანიკოსი და მოგზაური კარლ კოხი ზოგჯერ იძულებული ხდება თავისი კომენტარებიც დაურთოს ე. სპენსერის თხრობას (იხილეთ „ო. სპენსერისა და კ. კოხის ცნობები საქართველოს შესახებ“). ასევე საყურადღებო ინფორმციას გვაწვდის აფხაზების შესახებ XVII საუკუნეში 1633-1649 წლებში სამეგრელოში მოღვაწე კათოლიკი მისიონერი არქანჯელო ლამბერტი, რომლის ნაშრომიდან მცირე ამონარიდი უკვე გვქონდა ზემოთ მოყვნილი, რომელშიც აფხაზების ენის სხვებისაგან განსხვავებულობაზე იყო საუბარი.

მეტად საყურადღებო უნდა იყოს ასევე ქვემოთ მოყვანილი ამონარიდი ბროქჰაუზ-ეფრონის ენციკლოპედიურ ლექსიკონში გამოქვეყნებული წერილიდან „საქართველოს საეკზარქოსო“, რომელშიც ვკითხულობთ:

„დღესდღეობით (1885 წ.-დან) საეკზარქოსო შედგება 5 ეპარქიისგან: 1) საქართველოს ეპარქია, რომელიც თავის შემადგენლობაში შეიცავს ტფილისის, ბაქოს, ელიზავეტპოლისა და ერევნის გუბერნიების და ყარსის, დაღესტნისა და კასპიისმიღმა (რუს. Закаспийский) ოლქების 12 მონასტერსა და 485 სამრევლო ეკლესიას, იმართება საქართველოს ეკზარქოსის მიერ, რომლის ადგილსამყოფელიც არის ტფილისში; ეკზარქოსთან არიან ორი ვიკარიოსი, გორისა და ალავერდის ეპისკოპოსები. 2) ვლადიკავკაზის ეპარქია შექმნილია თერგის ოლქისა და ჩრდილო ოსეთის 2 მონასტრისა და 122 ეკლესიისგან. 3) იმერეთის ეპარქია მოიცავს იმერეთის, ე. ი. ქუთაისის გუბერნიის ქუთაისის, შორაპნისა და რაჭის მაზრების 8 მონასტერსა და 478 ეკლესიას; კათედრა არის ქუთაისში. 4) ახალსენაკის ანუ გურია-სამეგრელოს ეპარქია შეიმნა სამეგრელოსა და გურიის, ე. ი. ქუთაისის გუბერნიის ლეჩხუმის, სენაკის, ზუგდიდისა და ოზურგეთის მაზრების და ბათუმისა და ართვინის ოკრუგების 5 მონასტრისა და 407 ეკლესიისგან; კათედრა არის ახალსენაკში. 5) სოხუმის ეპარქია, კათედრით სოხუმში, შეიქმნა უწინდელი აფხაზეთის ეპარქიის ნაცვლად; მის შემადგენლობაში შედის სოხუმის ოკრუგის 1 მონასტერი და 46 ეკლესია და შავი ზღვის ოკრუგის ნაწილი (9 ეკლესია) ქალაქებით ნოვოროსიისკითა და ანაპით და სოფლებით ველიამინოვსკით, გელენჯინსკით, ჯუბსკით, ვულანსკითა და ადლერით, საგუშაგო დახოვსკითა (სოჭი) და სოფელ ვესიოლაიათი. საქართველოს საეკზარქოსოში არის 1 სემინარია და 6 სასულიერო სასწავლებელი. საქართველოს საეკზარქოსოს თეთრი სამღვდელოების პირადი შემადგენლობა 1884 წ. იყო: 28 დეკანოზი (რუს. протоиерей), 660 მღვდელმსახური, 144 დიაკონი და 735 მედავითნე; 160 კაცი მონოზონი, 109 მორჩილი, 29 ქალი მონოზონი, 135 ქალი მორჩილი“.

სახელდობრ, აქ ყურადღებას იქცევს რუსეთის ეკლესიის მესვეურთა მიერ იმერეთის ეპარქიის შექმნა, რომლის ეპისკოპოსსაც ებარა 8 მონასტერი და 478 ეკლესია, ასევე გურია-სამეგრელოს ერთიანი ეპარქიისა, 5 მონასტრითა და 407 ეკლესიით, ხოლო ასევე ცალკე იყო გამოყოფილი თავიდან აფხაზეთის, ხოლო 1885 წლიდან უკვე სოხუმის ეპარქია, რომლის შემადგენლობაშიც შედიოდა სულ 1 მონასტერი და 46 ეკლესია. ნუთუ გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსი ვერ მოუვლიდა აფხაზეთის ეკლესია-მონასტრებსაც მათი მცირე რიცხვის გამო? როდესაც XX საუკუნის 20-იანი წლებიდან საბჭოთა ხელისუფლების პირობებში ამოხოცეს, დათრგუნეს ან განდევნეს აფხაზეთის თავად-აზნაურთა _ შერვაშიძეების, ანჩაბაძეების, აფაქიძეების, ემხვარების, მარშანიებისა და სხვა საგვარეულოების შვილთა, აგრეთვე მათთან მამამძუძეობით დანათესავებული აფხაზური ოჯახების მნიშვნელოვანი ნაწილი, რომლებიც უსათუოდ იყვნენ აფხაზურ გარემოში ერთიანი ქართული კულტურის მატარებლები, ასევე სასულიერო წოდება, რომელიც მნიშვნელოვან ხარისხად შედგებოდა იმავე საგვარეულოთა წევრებისგან, გარდა ამისა გაატარეს აფხაზებისგან დანარჩენ ქართველთა გაუცხოების ღონისძიებები, რის შესახებაც უამრავი ცნობაა შემონახული იმდროინდელ პრესაში, მაშინ უკვე განვითარდებოდა ძალდატნებითი გაუცხოება აფხაზებსა და ქართველებს შორის, რაც 70 წლის შემდეგ რეალურ ომში გამოიხატა, რაშიც საკუთრივ ქართულმა საზოგადოებამაც სამწუხროდ დიდად შესცოდა. მაგრამ განა 1885 წელს კი იქნებოდა ასეთი გაუცხოება აფხაზეთის სულიერ-კულტურული ცხოვრების განმსაზღვრელი სამღვდელოებისა და ზემოთ მოყვანილ თავადაზნაურულ საგვარეულოების წევრებისა სამეგრელოს, გურიის, სვანეთის, რაჭა-ლეჩხუმის, იმერეთის, ქართლისა და კახეთის სამღვდელოებასა და კეთილშობილ წოდებასთან? განა ბაგრატიონები, დადიანები, გურიელები, დადეშქელიანები, გელოვანები, ლიპარტელიანები, თავდგირიძეები, ჩიქოვანები, ჭილაძეები, მიქელაძეები, წერეთლები, აბაშიძეები, აგიაშვილები, წულუკიძეები და სხვანი გაუცხოებული იყვნენ აფხაზების კეთილშობილ გვარებთან? განა ისინი ერთმანეთთან არ მოყვრდებოდნენ და ქორწინდებოდნენ, განა შვილებს ერთმანეთს არ ანათვლინებდნენ, განა სისხლს ერთად არ ღვრიდნენ თუნადაც რუსეთის იმპერიის სამსახურში გამოსული ქართული მილიციის რიგებში? განა ყოველივე ამაში ადამიანთა გულების ყველაზე უფრო ფაქიზი სიმებიც არ იყო გაბმული? თუკი კომუნისტებმა ყოველივე ამას „დიდი ოქტომბრის სოციალისტური რევოლუციის“ შემდეგ ხაზი გადაუსვეს და ფეხით გათელეს, განა კი 1885 წელს რუსეთის ეკლესიის უწმინდესი სინოდი ულიანოვ-ლენინისა და ტროცკის მითითებებით მოქმედებდა? რა თქმა უნდა არა, მაგრამ იქნება და სწორედ ასეთმა გამთიშველობის პოლიტიკამ წარმოშვა შემდგომში ბოლშევიზმის ზეობა რუსეთში? განა ეს თავად რუსეთსა და რუსებს არ დაატყდათ უწინარეს ყოვლისა თავზე? იქნება და ისინი ფიქრობენ და კიდევაც ნანობენ ამის გამო, ყველანი ალბათ არა, არამედ მათი ის წრეები, რომელთაც ამის დანახვა და შეგრძნება შეუძლიათ? მაგრამ განა ჩვენ კი ვცდილობთ მათთან საქმიანად დალაპარაკებას, თუ ახლა უფრო ფულიანი და გავლენიანი „პოლიტფრენდი“ (უხეშად რო ვთქვათ, „პოლიტკურო“) ვიშოვნეთ და მხოლოდ მისგან მოსალოდნელ სარგებელზე ვფიქრობთ? საკუთარი სამშობლოს ინტერესებით ვაჭრობისგან მიღებულ სარგებელზე? ამ კითხვებს პასუხი უნდა გაეცეს, არა მხოლოდ სიტყვით, არამედ უწინარეს ყოვლისა საქმით.

ასევე აღსანიშნავია, რომ ნ. დუბროვინი თავის გამოკვლევაში აფხაზეთის მთავრებისა და ერთერთ დიდგვაროვან საგვარეულოებს იხსენიებს სწორედ ისე, როგორც ჟღერს ისინი ქართულად, სახელდობრ „შერვაშიძე“ და „მარშანია“, და არა ისე, როგორც მათ ეძახდნენ აფხაზური საზოგადოების მდაბიო ფენებში: „ჩაჩბა“ (რაც აფხაზურად ნიშნავს „ბატონის შვილს“) და „ამარშან“, რასაც დღეს განსაკუთრებით ხაზს უსვამენ აფხაზი სეპარატისტები. მაშინ 1871 წელს რატომ არ იხსენიებდა მათ გვარებს დუბროვინი აფხაზურად? იმიტომ რომ ასეთი განწყობები და ასეთი ხაზგასმა სახელმწიფოებრივ, იდეოლოგიურ და სამეცნიერო დონეზე უფრო გვიანდელი „შემოქმედების“ ნაყოფია. თანაც 1885 წლიდან „სოხუმის“ და არა უკვე „აფხაზეთის“ ეპარქიას მიუმატეს „შავი ზღვის ოკრუგის ნაწილი (9 ეკლესია) ქალაქებით ნოვოროსიისკითა და ანაპით და სოფლებით ველიამინოვსკით, გელენჯინსკით, ჯუბსკით, ვულანსკითა და ადლერით, საგუშაგო დახოვსკითა (სოჭი) და სოფელ ვესიოლაიათი“, _ ანუ ისტორიული ჯიქეთი, იმდროინდელი „ნოვოროსია“, რამდენადაც ვიცით, უპირატესად არააფხაზური მოსახლეობით, რამდენადაც ამ მხარის ისტორიული მოსახლეობის დიდი ნაწილი სამწუხაროდ ან შეაწყდა რუსულ ჯარებს ჯერ კიდევ XVIII საუკუნეში, ანდა ემიგრაციაში წავიდა ოსმალეთში „მუჰაჯირობის“ დროს. რა იყო ასეთი შეერთების მიზეზი ჩვენთვის უცნობია, ხოლო ეს რომ გაუაზრებლად და გარკვეული მიზნების გარეშე არ იქნებოდა გაკეთებული, ალბათ ცხადი უნდა იყოს.

თავის მხრივ აფხაზები, ჯერ კიდევ 80-იანი წლების მიწურულშივე, დაბეჯითებით აცხადებდნენ, რომ აფხაზეთში ისტორიულად მოსახლეობის უმეტესობას შეადგენდნენ აფხაზები, რომ XX საუკუნის 30-40იან წლებში ლავრენტი ბერიას ინიციატივითა და ორგნიზებით მოხდა დიდი როდენობით დასავლელი ქართველების ჩასახლება მათ სამშობლოში, რამაც მკვეთრად შეცვალა იქ დემოგრაფიული მდგომარეობა ქართველების სასარგებლოდ. ჩვენში ამას საწინააღმდეგო არგუმენტს უხვედრებდნენ, რომ ისტორიული აფხაზები იყვნენ ქართველები (ეგრები, სვანები ან ქართები) და არა აფსუები, რომ ადიღეურ-ჩერქეზული მიდგმის აფსუა ტომების ჩამოსახლება აფხაზეთში დაიწყო XVII საუკუნიდან, როდესაც საქართველოს ერთიანი სახელმწიფოს ცალკეულ სამეფო-სამთავროებად დაქუცმაცებისა და ქართველ ფეოდალთა ურთიერთ შორის ბრძოლების შედეგად დასუსტებულმა შერვაშიძეებმა ვეღარ შეძლეს ჩრდილოეთიდან მოწოლილი მთიელი აფსუა ხალხის შეკავება და აფხაზეთის მოსახლეობაში თანდათანობით იმძლავრეს ადიღეურ-ჩერქეზულმა ტომებმა, და მოახდინეს ქართველების ასიმილაცია. ეს მეორე არგუმენტიც ლოგიკური და დასაბუთებული ჩანდა. ასეთ პირობებში ქართველების ხელახლა დაბრუნება თავიანთი თანამოდგმის ხალხის („ძველი აფხაზების“) ისტორიულ სამშობლოში გასაგები და მისაღები უნდა ყოფილიყო, მით უმეტეს, რომ აფსუათა დიდი ნაწილის გადასახლება ოსმალეთში („მუჰაჯირობა“) გამოწვეული იყო არა ქართველების, არამედ მეფის რუსეთის ჯარებისა და ადმინისტრაციის მოქმედებების შედეგად. აფხაზებისა და აფსუების ერთმანეთისგან განსხვავების არგუმენტაციის გამაგრება ხდებოდა თამარ მეფის ისტორიკოსის თხზულებაში მოყვანილი ფრაზით, რომ თამარის ძეს გიორგის მეორე სახელად დაარქვეს ლაშა, რომელიც ნიშნავს „ნათელს“ აფსართა ენითაო. ამბობდნენ, რომ „ალაშარა“ მართლაც ნიშნავს „ნათელს“ დღევანდელი აფხაზების ენაზე, ხოლო ამ ენას კი თამარ მეფის მემატიანე უწოდებს აფსართა ენას. ამიტომ ვასკვნიდით (მათ შორის პირადად ჩვენც, და ეს არგუმენტაცია მოსმენელი გვქონდა ბ-ნ აკაკი ბაქრაძის ერთერთ საჯარო ლექციაზე), რომ ძველი აფხაზები არ უნდა ყოფილიყვნენ აფსუა ხალხი, და რომ XVII-XVIII საუკუნეებში აფხაზეთში დემოგრაფიული სურათის ქართველების საზიანოდ შეცვლის პროცესი მართლაც განხორციელდა. ჩვენში უმრავლესობას დღესაც ალბათ ასე სჯერა. მაგრამ ივანე ჯავახიშვილს ხომ გარკვევით უწერია, რომ მის ხელთ არსებული ცოდნისა და ინფორმაციის საფუძველზე აფხაზებს მიიჩნევს იგივე აფსუებად, რომ მისი აზრით, ისინი მესხური (მოსოხთა) მოდგმის შთამომავლები არიან და ჯერ კიდევ 1200 წლით ადრე ქრისტეს შობამდე ცხოვრობდნენ მცირე აზიის აღმოსავლეთ ნაწილში ქართული (შესაძლოა სჯობდეს, წინაქართული ან ქართველური) ტომების განსახლების ყველაზე უფრო ჩრდილოეთ მხარეში. რომ გარკვეულ ისტორიულ ეპოქაში ქართულმა ტომებმა დაიწყეს ამოსვლა ამიერკავკასიაში, და აფხაზები (აფსუები) აღმოჩნდნენ მათ დღევანდელ სამშობლოში. ჩრდილოეთისკენ აფხაზების (აფსუების) მიგრაციის დადასტურებად ივ. ჯავახიშვილს მოჰყავს ისეთი ტოპონიმების არსებობა გურიასა და ჭანეთში, როგორებიცაა „დვაბზუ“ (იგივე „ტუაფსე“) და „აფსვირტოს“, რაც „აფსუების ადგილს“, „აფსუების სოფელს“ ნიშნავს. მეტად საოცარია, რომ ივ. ჯავახიშვილის ამ არგუმენტებს ჩვენში აჩუმათებენ სწორედ ის ადამიანები, რომლებსაც ცამდე აჰყავთ ხოლმე ივანე ჯავახიშვილი ზოგადად საუბრისას, ან კიდევ მაშინ, როდესაც მათთვის სასარგებლო რამეს იმოწმებენ ხოლმე მისი ნაწერებიდან. აფხაზებისა და აფსუების იგივეობის შესახებ კი „ვითომ არც არაფერი უთქვამს“.

თუკი ივ. ჯავახიშვილს შეეშალა და აფსუები მართლაც ჩრდილო-კავკასიელი ხალხია და მათი ჩამოსახლება აფხაზეთში დაიწყო XVII საუკუნიდან, მაშინ ვინ იყვნენ ის აფხაზები, რომლებიც მოხსენიებული ჰყავს სწორედ XVII საუკუნის 30-40-იან წლებში სამეგრელოში მოღვაწე კათოლიკ მისიონერს არქანჯელო ლამბერტის, რომლებიც მდ. კოდორის ჩრდილო-დასავლეთით ცხოვრობდნენ, და რომელთა ენაც განსხვავდებოდა მეგრელების, სვანებისა და იმერლების (იგივე ქართების) ენებისგან? გარდა ამის, თუკი აფსუებმა მართლაც მოახდინეს ძველი აფხაზების (ქართველური მოდგმის ხალხის) ასიმილაცია, თუკი მათ დაიპყრეს აფხაზეთის სამთავრო, თუკი უცხო ჩერქეზული მოდგმის ხალხი ძალადობით შემოვიდა და დასახლდა ისტორიული ქართული მიწის ფარგლებში მის დასამკვიდრებლად, მაშინ რატომ არ ეყოთ ქართული სოლიდარობის გრძნობა იმერეთის მეფეებს, ოდიშისა და გურიის მთავრებს და გაერთიანებული ძალებით, ასევე ქართლ-კახეთის ჯარების დახმარებით, რატომ არ მიეშველნენ თავიანთ თანამოძმეებს ასეთ საბედისწერო განსაცდელში? რატომ ვერ დაინახეს, რომ ეს განსაცდელი მომავალში მათაც შესაძლო იყო დასდგომოდათ? ხოლო თუკი ვერ დაინახეს, მომავლის პერსპექტივა ვერ განჭვრიტეს, თუკი დაეთანხმენ ადუღეურ-ჩერქეზული ტომების დამკვიდრებას ქართველთა ისტორიულ სამშობლოში, მაშინ ალბათ ეს უკვე ნიშნავდა ქართული სამყაროს მიერ მომხდარი მოვლენის ლეგიტიმაციას, და ასეთ შემთხვევაშიც ჩხუბის შემდეგ მუშტების ქნევა გამართლებული არ უნდა იყოს. არსებული მდგომარეობის რადიკალური შეცვლა შეუძლებელია სხვადასხვანაირი სავარაუდო თეორიებით, რომელთაც ყოველთვის დაუპირისპირებენ ასევე სავარაუდო კონტრთეორიებს, ამისთვის საჭიროა გამარჯვების მომტანი ომი ან ომები, რაც გასულ წლებში უკვე გავიარეთ, ხოლო სასურველ შედეგს კი ვერ მივაღწიეთ. გარდა ამისა ომი და სისხლისღვრა საეჭვო და ვერდადასტურებული თეორიების საფუძველზე, ჩვენი აზრით, უზნეობაა. ისტორიული სამართლიანობის აღდგენის სურვილი აქ ვერ იმუშავებდა, ვინაიდან სწორედ ისტორიულ ფაქტს წარმოადგენს დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს მეფეებისა და მთავრების მიერ სამტროდ მოსული ადიღეურ-ჩერქეზული ხალხების წინააღმდეგ ხელის არგამოღება, თუკი ასეთი მასშტაბური ჩამოსახლებანი მართლაც იქნა განხორციელებული.

ამავე დროს დღევნდელი აფხაზები გულისტკივილით ხაზს უსვამენ, რომ ბერიას ინიციატივით 30-40-იან წლებში აფხაზურ სკოლებში ახდენდნენ აფხაზური ენის შევიწროვებს ქართული ენის სასარგებლოდ. ესეც მიუღებელი უნდა იყოს. თუკი ხდებოდა აფხაზურ სკოლებში ზოგადსაგანმანათლებლო საგნების (მათემატიკა, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია დ ა. შ.) რუსულ ენაზე სწავლების ნაცვლად მათი ქართულ ენაზე სწავლებით ჩანაცვლება, მაშინ ეს გასაგები უნდა იყოს, მაგრამ თუკი სკოლებიდან იღებდნენ აფხაზური ენის სწავლებას, აფხაზური მითების, ლეგენდების, თქმულებების, ზღაპრების როგორც აფხაზური ლიტერატურის სწავლებას, ან რომელიმე საგნის აფხაზურ ენაზე სწავლებას, ეს კი დაუშვებელია, უწინარეს ყოვლისა სახარებისეული მცნების შესრულების აუცილებლობიდან გამომდინარე, რომ სხვას არ ვუსურვებდეთ ისეთ რამეს, რასაც საკუთარ თავს არ ვუსურვებდით, და სხვას არ ვუკეთებდეთ რაიმე ისეთს, რაც არ გვენდომებოდა, რომ ჩვენთვის გაეკეთებინათ, ვინაიდან ეს წარმოადგენს მოყვასისადმი სიყვარულის უშუალო გამოხატულებას. ამიტომ მეტად მნიშვნელოვნია ამაში კარგად გარკვევა და შემდეგ შესაბამისად მოქცევა. რაც დაშავებული გვაქვს, ის ჩვენი გამოსასწორებელია და ასეთი რამის გადადება არ შეიძლება. შეცდომა შეცდომას წარმოშობს, დანაშაული _ დანაშაულს, მათი შედეგები კი უკვე ბევრჯერ ვიწვნიეთ. რა თქმა უნდა, აფხაზებსაც და რუსებსაც მიუძღვით თავიანთი წილი ყველა იმ უბედურებაში, რაც თავს დაგვატყდა და არა მხოლოდ საბჭოთა კავშირის დაშლის წლებში, და ყველას გვაქვს ერთმანეთისთვის პატიებაც სათხოვნი და მომავლის პერსპექტივებიც მოსახაზი.

ირაკლი ხართიშვილი



თავი I.

ადგილი, რომელიც უჭირავთ აფხაზებს და მათი დაყოფა ცალკეულ თემებად (რუს. поколения). _ აფხაზური ტომის მიერ დაკავებული ადგილის ხასიათი. _ მოსახლეობის ეკონომიკური ყოფა. _ მთების მცხოვრებთა შორის არსებული სამონეტო სისტემა. _ ქვეყნის კლიმატური თავისებურებები.

უშუალოდ უბიხების შემდეგ, შავი ზღვის ნაპირის გაყოლებით სამხრეთ-აღმოსავლეთისკენ, მოგზაური გადადის სრულიად სხვა სამყაროში. კავკასიის მთების ქედი, თანდათან შორდება რა ზღვას, ადგილს უთმობს უმშვენიერეს, ნაყოფიერ დაბლობებს. შიშველი მთები და კლდოვანი ნაპირი, რომელიც დასერილია მრავალი ხეობით, უკვე აღარ აწვება (რუს. не давят) მგზავრს. პირიქით, იგი ხედავს თავის წინ მუდმივად დაუმჭკნარ სიმწვანეს, რომელიც არ აკლია თვით მთების ყველაზე უფრო მაღალ განშტოებებს, და ეს უკანასკნელნი ეშვებიან ზღვისკენ და დაფარული არიან ხშირი მცენარეულობით.

ეს მადლიანი ქვეყანა დასახლებულია აფხაზური ტომებით, ანუ აზეგას ტომით. აფხაზები, ჩერქეზების მსგავსად, იყოფიან მრავალ ტომად (თემად), რომელთაგან თითოეულს თავისი საკუთარი დასახელება გააჩნია.

ასე, ზღვის ნაპირის გაყოლებით, მდინარე ხამიშიდან გაგრის ვიწრობებამდე, ცხოვრობდნენ ჯიგეტები, რომლებიც თავიანთ თავს უწოდებენ საძენ-ს. ისინი იყოფოდნენ მრავალ თავისუფალ საზოგადოებად, და მათი რიცხვი არ აღემატებოდა 11.000 სულს. მათგან აღმოსავლეთით და უბიხებისგან სამხრეთით, მდინარეების მძიმთას, ბზიფის, ახჩიფსოუს, ფსხუს, აიბგას, ბაგაგასა და ცვიჯას მთის ხეობებში ცხოვრობდნენ მედოზჲუები, ანუ მედოვეელები, რომალთა რიცხვიც ადიოდა 10.000 სულამდე. ისინი იყოფოდნენ სამ მთავარ განშტოებად: ფსხუ, ახჩიფსოუ და აიბგა (აიბა).

დაწყებული გაგრიდან, ზღვის ნაპირის გაყოლებით, დასახლდნენ აფხაზეთის მაცხოვრებლები, რომლებიც თავიანთ თავს უწოდებენ აფსუას, ხოლო მათ მიერ დაკავებულ ქვეყანას, აფსნე-ს.

აფხაზეთი იყოფოდა სამ მთავარ ნაწილად: საკუთრივ აფხაზეთად, რომელიც მთლიანად უკანასკნელ დრომდე იმყოფებოდა თავად შერვაშიძეების საგვარეულოს მფლობელობაში, და განფენილი იყო ზღვის ნაპირის გაყოლებით გაგრის ვიწრობიდან და მდინარეებიდან გაგრიფშა და ფსხუ, მდინარე ღალიძგამდე; აფხაზეთის მცხოვრებთა რიცხვი არ აღემატებოდა 80.000 სულს; წებელდელებად ანუ ზამბალებად, რომლებიც ცხოვრობდნენ აფხაზებზე უფრო მაღლა მდინარე კოდორის მთის ხეობებსა და ზემოწელში და უპირატესად დალის ხეობაში. ჩერქეზები წებელდელებს უწოდებენ ხირპ-ქუაჯს. აფხაზური ტომის მესამე განაყოფი (რუს. отдел) იყვნენ სამურზაყანოელები, რომელთაც ეკავათ მიწა შავი ზღვის გაყოლებით მდინარეებს ღალიძგასა და ენგურს შორის (ქვემოთ შენიშვნაა: * ზოგიერთნი სამურზაყანოელებს მიაკუთვნებენ ქართულ ტომს. იხ. წერილი Главнейшие сведения о горских племёнах и другое, Кавказ 1868 г. № 40-48). სამურზაყანო დასახლებულია უპირატესად გადმოსახლებულებით, რომლებიც თანაბრად გადმოდიოდნენ აქ საცხოვრებლად აფხაზეთიდან, იმერეთიდან, გურიიდან და სამეგრელოდან. ამის გამო სამურზაყანოს დასავლეთ ნაწილში ჭარბობს აფხაზური ელემენტი, ხოლო აღმოსავლურში _ მეგრული; ზუსტად ასევე ენაც დასავლეთ სამურზაყანოში აფხაზურია, ხოლო აღმოსავლეთში ისმის მეგრული ენის განსაკუთრებული კილო. (ქვემოთ შენიშვნაა: * აფხაზეთის მთელი მოსახლეობა ოცდაათიან წლებში აღწევდა 90.000-მდე სულ მცხოვრებს ბზიფის, აბჟივის ოლქებსა და წებელდაში იყო ორივე სქესის 79.190 სული, Кавказ 1866 г. № 76).

აფხაზურ ტომს მიეკუთვნებიან ე. წ. აბაზელებიც (ანუ აბაზა).

შინაგანმა მტრობებმა, სისხლის აღების წესმა და მოსახერხებელი მიწების უკმარისობამ, განსაკუთრებით საძოვრებისა, აიძულა აფხაზების არცთუ დიდი ნაწილი გადასახლებულიყო თავიდან თავიანთი ქვეყნის მთების სიღრმეში კოდორის, ბზიფისა და მძიმთას სათავეებისკენ, ხოლო შემდეგ კი, რადგანაც ვერ ნახა აქაც საკმარისი სახსრები არსებობისთვის, ზოგიერთი ოჯახი ყაბარდოელების თანხმობით, გადავიდა კავკასიონის მთავარ ქედზე, მთების ჩრდილოეთ მხარეს და დასახლდა იქ ერთმანეთისგან არც თუ შორ მანძილებზე.

ყველაზე უფრო ჩრდილოეთით განლაგდა ტომი ბარაქაი (ანუ ბრაქიჲ), რომელიც ცხოვრობდა მთებში მდინარე გუფსის ზემოწელში და მდინარეებს ბელაიასა (სხაგუაშე) და ხაგურს (ხოძს) შორის, რომელიც მარცხენა მხრიდან ჩაედინება მდინარე ლაბაში. ეს ტომი არ იყო მრავალრიცხოვანი. მას შეადგენდა 1.250-ზე მეტი მცხოვრები ადამიანი, იგი გაყოფილი იყო ორ თავადაზნაურულ გვარს შორის. ბარაქაელების სამხრეთით, მდინარე ხაგურის (ხოძის) ზემოწელში, მთა აშიშბაგის ძირთან, ცხოვრობდა ბაგების ტომი, რომელიც დასახლებული იყო მხოლოდ ბაგის აულში 600 სული მოსახლეობით (ქვემოთ შენიშვნაა: * მთის სახელწოდება მიცემულია იმ აზნაურული გვარის მიხედვით, რომელიც ფლობდა ბაგის აულს). მის გვერდით, მდინარე მცირე ლაბას ზემოწელში, ცხოვრობდა ტომი შეგერაჲ, ხოლო უფრო აღმოსავლეთით მდინარის დიდი ლაბას ზემოწელში, ყოფილი ახმედის სიმაგრის უფრო ზევით ტამების ტომი.

პირველები შეადგენდნენ 600 სულ მოსახლეობას და იმყოფებოდნენ უზდენების შიოკუმების ძალაუფლების ქვეშ, ხოლო მეორეები, 550 სულის რიცხვით, ემორჩილებოდნენ უზდენებს ზაურუმ-იფას. ამ ორი ტომის სამხრეთით, მდინარეებს დიდ და მცირე ლაბას შორის ცხოვრობდა 500 სულამდე ყაზილბეგებისა (ანუ ყაზბეგ-კოაჯებისა), რომელთა შორისაც ბატონობდა მარშანიების საგვარეულო.

სამხრეთ-აღმოსავლეთით, მდინარეების ურუპისა და დიდი ზელენჩუკის ზემოწელებში, ცხოვრობდნენ ბაშილბაელები. ისინი იმყოფებოდნენ მარშანიების ძალაუფლების ქვეშ და მათი რიცხვი არ აღემატებოდა 1.800 სულს.

და ბოლოს, აბაზელებს მიეკუთვნებოდა ბასხოგების ტომი, რომელიც გაფანტულია ცალკეულ აულებად და თათრებთან ცნობილია სახელით ალთი-ქესექი (ექვსგვარეულები). ეს განშტოება (რუს. отрасл) ნამდვილად შედგება ექვსი ტომისგან (რუს. племена), რომლებიც ატარებენ თავიანთი მფლობელების სახელებს: ბიბერდი, ლოუ ანუ ლოვი, დუდარუკი, კიაში, ჯანტემირი და კლიში. ბიბერდების აული არსებობდა ურუპზე 1829 წლამდე, როდესაც იგი სრულიად დარბეულ იქნა რუსული ჯარების მიერ და მისი მცხოვრებნი გადმოსახლებულ იქნენ ჩვენს ფარგლებში. ლოოს აული განლაგებული იყო მდინარე ყუბანის მარჯვენა მხარეს, მდინარე კუმას ახლოს; დუდარუკისა _ მდინარე ყუბანის მარცხენა ნაპირზე ბატალიფაშის სტანიცის პირდაპირ; კლიში _ მდინარე მცირე ზელენჩუკზე, ჯანტემირის აულები და კიაში _ მდინარე კუმასა და პოდკუმოკზე, მცირე კარმიდამოებად, თვით კისლოვოდსკის ციხესიმაგრემდე.

ბაშილბაი, ტამი, ყაზილბეგი, შეგერაი, ბაგი, ბარაქაი და ბასხოგი, იმყოფებოდნენ სხვადასხვა ჩერქეზი თავადების დამოკიდებულებაში (ადიღეს ტომისა) და უხდიდნენ მათ ხარკს. გადააქციეს რა ისინი თავიანთ მოხარკეებად, ჩერექეზი თავადები არ აღიარებდნენ ამ ტომების მფლობელებს თავადებად და უარს ეუბნებოდნენ მათ ამ ტიტულზე.

ბასხოგების ტომი (რუს. поколение), ამ საუკუნის 30-იან წლებამდე, მიეკუთვნებოდა ჯერ კიდევ მომთაბარე ტომებს (племена). ზამთარს ისინი ატარებდნენ აულებში, ხოლო ზაფხულში მომთაბარეობდნენ ადგილიდან ადგილზე, გადაჰქონდათ რა თავიანთი ქონება ორ თვლიან ურემზე, თათრების მსგავსად. მათ მთავარ სიმდიდრეს შეადგენდა ცხვრების დიდი ფარები, რომელთა მატყლისგან ისინი ამზადებდნენ საკმაოდ უხეში ღირსების მაუდს.

სულ აფხაზურ ტომში (რუს. племя), 30-იანი წლების შუახანებში, კავკასიაში მოითვლებოდა დაახლოებით 128.800 სული (ქვემოთ შენიშვნაა: * Воспоминания кавказского офицера, Русский вестник 1864 г. № 10; С северо-восточного побережья Чёрного моря, Кавказ 1866 г. № 72 и 76; Новейшие сведения о Кавказе Броневского, ч. I; Краткое описание восточного берега Чёрного моря Карлхофом (рукрпись); Горцы Абазинского племени, иллюстрированная газета 1867 г. № 12; О политическом устройстве черкесских племён, Русский вестник 1860 г. № 16).

ბაშილბაელები, ყაზილბეგები და ბარაქაელები, რუსული ხელისუფლებისადმი მათ დამორჩილებამდე, თავიანთი მეზობლებისგან გამოირჩეოდნენ განსაკუთრებული სიღარიბითა და ზნე-ჩვეულებათა სიმკაცრით; მათ ერთნაირი ცხოვრების წესი და ადათები ჰქონდათ იმიერყუბანელ ჩერქეზებთან. იყვნენ რა შემწყვდეულნი გაუვალ და უნაყოფო ხეობებში, ისინი, აუცილებლობის გამო, გაველურდნენ და იძულებული იყვნენ, შიმშილისგან თავიანთ უზრუნველსაყოფად, მიემართათ ყაჩაღობისა და მტაცებლობისთვის. ბარბაროსობა, მზაკვრობა და ღალატი იქცა ასეთი ცხოვრების გარდაუვალ შედეგად.

კავკასიონის ქედის ორივე ფერდობზე განლაგებული აფხაზური ტომი ვერ სარგებლობდა ბუნების ერთნაირი ნობათით. მთებში და კავკასიონის ქედის ჩრდილოეთ ფერდობზე განსახლებული მოსახლეობა ვერ სარგებლობდა მცენარეულობის ისეთი სიმდიდრით, რომელიც ჰქონდათ შავი ზღვის სანაპიროს მაცხოვრებლებს. ამის გამო მთის სივრცის მცხოვრებნი, რომლებიც ეკუთვნოდნენ უპირატესად აბაზელთა ტომს (რუს. поколение), თავად ადგილის ხასიათის-და მიხედვით, გამოირჩეოდნენ ყველაზე უფრო მეტი სიმკაცრით, მაგრამ, ამასთან ერთად, ზნე-ჩვეულებათა სიწმინდითაც, ვიდრე დაბლობი ადგილების მცხოვრებნი, რომლებიც დასახლებული იყვნენ მთისწინებში და შავი ზღვის ნაპირას. კავკასიონის ქედის მთების სივრცისა და ჩრდილოეთ კალთების ადგილმდებარეობის მსგავსება იმასთან, სადაც სახლობდნენ ჩერქეზები, არის მიზეზი იმისა, რომ აბაზელები, თავიანთი ზნე-ჩვეულებებით, ადათებითა და ცხოვრების წესით, ბევრ რამეში ემსგავსებიან ჩერქეზებს, მაშინ როდესაც საკუთრივ აფხაზებს, ამ მიმართებით, გააჩნიათ თავიანთი განმასხვავებელი თავისებურება.

უკავია რა სივრცე 30 ვერსზე სიგანეში და დაახლოებით 120 ვერსზე სიგრძეში, აფხაზეთი შეადგენს ერთერთ უიშვიათეს და უმშვენიერეს კუთხეს ამიერკავკასიისა ბუნების სიმდიდრითა და მრავალფეროვნებით. აქ არის მთები მუდმივად თოვლით დაფარული მწვერვალებით, და მუდმივად მწვანე ველები, უღრმესი უფსკრულები ხმაურიანი ჩანჩქერებით, გაუვალი ხელუხლებელი ტყეები, მრავალი ნაკადულითა და მდინარით, და, ბოლოს, შავი ზღვა _ საკმაოდ მოხერხებული და ყოველთვის უსაფრთხო სოხუმ-კალეს ნავმისადგომით (რუს. бухта), სადაც ნაპირზე, ღია ცის ქვეშ, თქვენ ნახავთ აპრილში აყვავებულ ჩაის ბუჩქებსა და სხვა ტროპიკულ მცენარეებს. მთელი ქუჩა ვარდებისა ჯერ კიდევ არც თუ დიდი ხნის წინ ამშვენებდა ქალაქ სოხუმს, მაგრამ სრულიად იქნა განადგურებული უკანასკნელი ამბოხების დროს აფხაზეთში.

წყალგამყოფი ქედი, მიიწევს რა შავი ზღვის ნაპირის გასწვრივ ჩრდილო-დასავლეთისკენ, ეშვება ზღვისკენ პარალელური ქედების ციცაბო ტერასებით, რომლებიც ურთიერთ შორის, ზღვის მხრიდან ქმნიან მთისწინების ვიწრო დაბლობ სივრცეს. აფხაზეთის ეს დაბლობი სივრცე ჩრდილო-დასავლეთის მხრიდან დაცულია გაგრის ქედით, რომელიც ყველაზე უფრო მეტად მაღლდება ზღვის მთელ სანაპიროზე და ციცაბოდ ებჯინება ზღვას. ამ ქედის ნაწილს მდინარე ბზიფიდან გაგრამდე, აფხაზები უწოდებენ ახოხშერას, ანუ მტრედების მთას. გრძელდება რა მდინარე ბზიფიდან სოხუმამდე და შემდეგაც, ამ ქედს აქვს მეტად ცოტა მოხერხებული უღელტეხილი. ამ ქედსა და ზღვის ნაპირს შორის სივრცე წარმოადგენს დაბლობს, რომელიც ზოგიერთ ადგილას გადაღობილია მთების არც თუ დიდი განშტოებებით. მთის მდინარეები თავიანთ შესართავებში ქმნიან ნაყარ დაბლობებს, „რომლებიც ზღვაშია შესული კონცხების სახით“, ხოლო ნაკადულები და პატარა მდინარეები ხშირად იმალებიან ტყეების გაუვალ სიხშირეში. მიედინებიან რა დაბლობ ნაპირებზე და ხშირად გადადიან რა კალაპოტებიდან, ისინი ქმნიან ჭაობების თითქმის უწყვეტ სივრცეს, რომელიც დაფარულია ხშირი ტყის ქვეშ.

იმ მდინარეებიდან, რომლებიც თავიანთ წყლებს ურთავენ შავ ზღვას, ყურადღების ყველაზე უფრო მეტად ღირსია ბზიფი, მძიმთა და კოდორი. პირველი მათგანი გამოირჩევა დინების უჩვეულო სიჩქარითა და დონის ხშირი სწრაფი ცვლილებით. დინების სისწრაფემ და წყლის ვარდნის ძალამ საბაბი მისცა იქაურებს დაერქვათ მისთვის ცოფიანი მდინარე, რადგანაც მდინარეში მხოლოდ ფონით გასვლის არსებული ხერხის პირობებში, ბზიფში ყოველწლიურად იღუპება უამრავი ადამიანი. ადიდებისას ბზიფს უჩვეულო სიჩქარით შეაქვს ზღვაში უზარმაზარი ხეები, ზოგჯერ რომელთაც ორი კაციც კი ვერ შემოაჭდობს გაშლილ ხელებს, და ნაპირიდან რამდენიმე მილზე მოჩანს მდინარის მიერ ზღვაში შეტანილი ქვიშისა და შლამისგან ამღვრეული წყალი, ხოლო წყლის ზედაპირზე, შორს ზღვაში, ჩანს მცურავი უზარმაზარი ხის ნაჭრები (ნატეხები).

მდინარეებს მძიმთასა და კოდორს არ გააჩნიათ ასეთი სიჩქარე, და, მთებიდან გამოსვლის შემდეგ, პირველი მიედინება ჭაობიან ადგილას, რომელი მთავრდება კონცხით ადლერი, მეორე კი მიედინება დიდ დაბლობზე, რომელიც მთავრდება კოდორის კონცხით.

საერთოდ კი ფონით გასვლა იმ მდინარეებში, რომლებიც რწყავენ აფხაზეთს, თუმცა კი შესაძლებელია წლის უმეტეს დროს, მაინც შეუღლებულია დიდ სიძნელეებთან (ქვემოთ შენიშვნაა: * С северо-восточного побережья Чёрного моря Ив. Аверкьева, Кавказ 1866 г. № 76).

სითბოს თანაბარი განაწილება და ტენიანობის სიუხვე ნიადაგს ხდიან მეტად ნაყოფიერს, რომელიც გამოირჩევა მცენარეული საფარის მრავალფეროვნებითა და გრანდიოზულობით. ფიჭვის გვერდით აფხაზეთში იზრდება ზეთისხილი, აბრეშუმისა და ჩაის ხე.

მუხა, იფანი, ჭადარი, ატამი, გარგარი, თხმელა, ბროწეული, კაკალი (თხილი), კომში, წაბლი, ბალი, თუთის, ვაშლისა და მსხლის ხეები შეადგენს აფხაზეთის ტყეების კუთვნილებას და ხშირად, დაბლობ ადგილებში, ბოსტნეული და ძირნაყოფა მცენარეები, ნაყოფთა გემოს საზარალოდ, იზრდებიან უზარმაზარ ზომებამდეც.

ზოგიერთ ხეობაში და მთის ფერდობზე, განსაკუთრებით სოხუმის ახლოს, იზრდება ბზისა და დაფნის ხეები, რომლებიც მთელი წლის მანძილზე სიმწვანეს ინარჩუნებენ. სოხუმის სახაზინო ბაღში მიწაში იზრდებინ და ჰყვავიან კამელიები და მიტრები. გაგრის ახლოს ველურ მდგომარეობაში იზრდებიან ზეთისხილის ხეები. ადგილ-ადგილ ხეები იზრდება უზარმაზარ ზომებამდე; ხეები ძალზედ ახლო-ახლოსაა ერთმანეთთან და აფხაზური ტყეები, რომლებშიც გადახლართულია ველური ვაზები, ეკლიანი და სხვა გადაწვნადი მცენარეები, დადებითად გაუვალია. ვინც არ იცნობს მყარად ადგილსა და ტყეებში გამავალ ვიწრო ბილიკებს, იგი არ უნდა ცდილობდეს ტყის გავლას. ხეთა უზარმაზარი კუნძები და ფესვები ანაგვიანებენ ტყეებს და ყველა მხრიდნ ღობავენ გზას.

ტყის დანაგვიანება ხდება, უმთავრესად, იმის გამო, რომ აფხაზებს ჩვეულებად არა აქვთ ზამთრისთვის დიდი მარაგების კეთება საქონლის გამოსაკვებად. მათი მარაგები იფარგლება სიმინდის ფუჩეჩის არც თუ დიდი რაოდენობით, რომელიც მთლიანად მიდის მსხვილფეხა საქონლის გამოკვებაზე. წვრილფეხა საქონელს კი ზამთრისთვის ჩამორეკავენ დაბლობ ადგილებში, სადაც იკვებება ეკლის ახალგაზრდა ამონაყარით, ხოლო მისი არარსებობისას, მწყემსები, სჭრიან რა მსხვილ ხეებს, საქონელს აჭმევენ იფნის, რცხილის, მუხისა და სხვა ხეების ახალგაზრდა ტოტებსა და კვირტებს. მოჭრილ ხეებსა და ჩამოჭრილ დიდ ტოტებს ტოვებენ ადგილზე. ეკლიანი ბუჩქები და ერთმანეთში გადაწნული მცენარეების ათასობით ძაფი, მახვილი ეკლებითა და ფართო ფოთლებით, შეადგენენ შეუღწევად ბადეს, რომლის გავლაც შეიძლება მხოლოდ ცულის ან ხანჯლის გამოყენებით. აფხაზებს ამ მიზნისთვის აქვთ წალდები, პატარა ცულები; „ამის გამო ზოგჯერ ვხედავდით რა მოწინააღმდეგეს, შეუძლებელი ხდებოდა იქამდე მიღწევა და მისი დევნა. გაუთავებლად ვღებულობდით ცნობებს იმ ჯარისკაცებისა და კაზაკების შესახებ, რომლებიც არ ვიცოდით ვინ მოკლა ტყეში; არც თუ იშვიათად თავად აფხაზებსაც ეს ხვედრი ერგებოდათ, და მხოლოდ დიდი დროის შემდეგ ახერხებდნენ იმის გაგებას, თუ ვინ იყვნენ მკვლელები“ (ქვემოთ შენიშვნაა: * Воспоминания кавказского офицера, Русский вестник 1864 г. № 9).

ნიადაგის უნარი მცენარეული საფარის აღმოცენებასა და ზრდაში იმდენად დიდია, რომ აფხაზეთის დაბლობ ადგილებში არ არის საკუთრივ მდელოები, არამედ მთელი სივრცე, სადაც არ იზრდება ტყე, დაფარულია გვიმრნარით, გვირილათი და ეკლიანი ბუჩქებით. მთის კალთები დაბლა დაფარულია ხშირი ბუჩქნარითა და არც თუ დიდი ხეებით. მთის სიმაღლეზე ასვლასთან ერთად კი ხეები იზრდება სიმაღლესა და მოცულობაში, ასე რომ მთათა თხემები დაფარულია უკვე ხშირი ტყით, რომელიც შედგება მნიშვნელოვანი ზომების ხეებისგან.

ტენიანობის მაღალი რაოდენობა ნიადაგსა და ატმოსფეროში აკეთებს იმას, რომ, წვენების სიუხვის გამო ხე ძნელად შრება და არ გამოირჩევა თავისი სიმტკიცით. იგივე მიზეზი იძლევა საშუალებას ხეებში მცირე ჭიების წარმოშობისა და არსებობისთვის, რომლებიც ღრღნიან მერქანსა და ხის ტანს. ხშირად ტყეში ისმის ხმა, რომელიც ჰგავს ბურღვის ხმას: ეს მუშაობენ ჭიები ან პატარა მწერები, და ამ მუშაობის შედეგად წარმოიქმნება მეტად მცირე მერქნის ბურბუშელები. ზღვის ნაპირი უმეტესწილად ამაღლებული და მშრალია, მაგრამ აფხაზეთის მთელ სამხრეთ ნაწილში ვიწრო ზოლად გაჭიმულია მუდამ ტენიანი და ხშირი ტყით დაფარული ჭაობი. ეს ადგილები ჯანმრთელობისთვის მეტად მავნებელია და, რამოდენიმე პუნქტის გარდა, სადაც ცხოვრობენ ვაჭრობით დაკავებული ადამიანები, უმეტეს წილად სულაც არ არის დასახლებული. ბუნების მდიდარი მწარმოებლური ძალა ვაზს აძლევს ზრდის საშულებას დიდი სიუხვითა და თითქმის ყოველგვარი მოვლის გარეშე. აფხაზი თავის ვაზს უშვებს დიდ ხეებზე, და, ასეთი სახით იგი თავად აღწევს გიგანტურ ზომებს. მხოლოდ ამაში შედგება კიდეც აფხაზის მთელი შრომა ვაზის მოვლაში, რომელიც მაინც კარგი ხარისხისა გამოდის. ამ ვაზის ყურძნისგან ყველაზე უფრო პირველყოფილი ხერხით დამზადებული ღვინო, რომელიც ადრე განსაკუთრებით ცნობილი იყო ბომბორულის სახელწოდებით, ხოლო ახლა მზადდება სოფელ ლეხნაში (სოუკ-სუ), გააქვთ მნიშვნელოვანი რაოდენობით და კარგადაც ასაღებენ ყირიმში.

ღვინის მომზადება შეადგენს აფხაზეთის მაცხოვრებელთა ერთერთ მთავარ სიმდიდრეთაგანს. ამოთხრის რა ამისთვის მიწაში ორმოს, აფხაზი მას სქლად ამოლესავს თიხით და შემდეგ, დაანთებს რა მასში ცეცხლს, გამოწვავს რამდენადაც ეს შესაძლებელია, ჩაყრის გროვად ყურძენს, ჭყლეტს მას ფეხებით და ტოვებს წვენს ორმოში მანამდე, სანამ, იგი არ გადადუღდება. შემდეგ, დუღილის მერე, ღვინოს ამოხაპავენ, ასხამენ თიხის ჭურჭელში და მათ მარხავენ მიწაში.

ბუნების ასეთმა ფუფუნებამ აფხაზს მისცა შესაძლებლობა, შრომის გამოყენების გარეშე სარგებლობდეს მისი ნაყოფებით. რქოსანი საქონლის ჯოგები, ცხენების რემები და ცხვრების ფარები მთელი წლის მანძილზე იკვებებიან ბუნებრივი საკვებით, რისთვისაც ზოგჯერ ადიან მთათა კალთებზე, გაურბიან რა დაბლობების მზის მცხუნვარებას, ზოგჯერ კი ეშვებიან ხეობებსა და დაბლობებში მთებისა და ტყეების დაცვის ქვეშ ზამთრის სიცივისა და უამინდობისგან. აფხაზის მიუჩვევლობა და სიზარმაცე ზამთრისთვის მშრალი ფურაჟის დამზადებაში საქონელს ხდის პატარა ტანისას, ნაკლებფასეულს, რომელსაც არა აქვს საკმარისი გასავალი ბაზრებზე; რაც კარგი არის აფხაზეთში _ ეს კამეჩებია, რომლებიც საკმარისად კარგი ჯიშისაა და მაღალი ფასიც გააჩნიათ.

საქონლით აფხაზები უფრო ღარიბები არიან თავიანთ სხვა მეზობლებთან შედარებით. მათი ცხენები სიმაღლით დიდი არ არიან და არც ძალით გამოირჩევიან. იქაურები ამჯობინებენ ვირებს, რომლებსაც დიდად იყენებენ. მთებსა და ხშირ ტყეებში იმდენად ბევრი გარეული ფრინველი, ცხოველი და მხეცია, რომ მიწათმოქმედებმა არ იციან, თუ როგორ დაიცვან მათგან თავიანთი მინდვრები. ველური თხები, ქურციკები და ტახები საკმარისად საზარალოდ აჩანაგებენ დათესილ ველებს, რის გამოც აფხაზები ანადგურებენ მათ დაუნდობლად და მათ თავებსა და ბარკლებს ძალზედ იაფად _ ხშირად დენთის რამოდენიმე მუხტის სანაცვლოდ. ველური მხეცებიდნ ტყეებში არან დათვები, მგლები, ველური კატები, მელიები, კვერნები, ტურები მნიშვნელოვანი რაოდენობით, ხოლო ზოგჯერ გვხვდება ჯიქებიც ბიჭვინთისა დ გაგრის მიდამოებში.

იგივე სიზარმაცე უშლის ხელს აფხაზს იმაში, რომ მან როგორც საჭიროა, ისე მოჰკიდოს ხელი მიწათმოქმედებასაც. იგი არ ჩქარობს გაზაფხულის დადგომისთანავე მოკიდოს ხელი გუთანს ან კავს, რათა მოხნას თავისი მინდორი და დათესოს იგი; მას წარმოდგენაც კი არა აქვს იმაზე, თუ რა არის გუთანი. თავისი მიწის ნაკვეთის დამუშავებს იგი ახდენს ან უბრლოდ ბარით ან კავით ან კდევ საგნგებო ხის სახნისით, რომელიც განსაკუთრებულ გამოგონებას წარმოადგენს და მხოლოდ აფხაზეთში გვხვდება. გამოთლის რა ხეს მოღუნული ქერელით, აფხაზი წაამახვილებს ამ ქერელს სოლისებურად, „გრძელ ბოლოში თოკებისგან გააკეთებს მოწყობილობას გასაწევად, და ასეთი იარაღით, კამეჩების დახმარებით, კვლები გაჰყავს მიწაზე“.

„ბაგრიფშის მიჯნაზე, წერს ავერკიევი, და ნაწილობერივ სხვა ადგილებშიც მდინარე მეჩიშჩის მახლობლობაში, იყენებენ მიწის მოხვნის შემდეგ ხერხს. სახნავად იკავებენ მიწის სივრცეს, რომელიც დაფარულია გვიმრნარით, და გადაწვავენ ამ გვიმრნარს; მიწის საკმარისად თხელი ზედა ფენა, განაყოფიერებული გვიმრნარის ნაცრით, ხდება ძალზედ ფხვიერი; შემდეგ იღებენ ხის რამდენიმე როკს ტოტებით, ერთ დუიმამდე სისქისა, როკების მსხვილ ბოლოებს წაამახვილებენ და ერთ რიგად გადააბამენ ერთი მეორეზე; წამახვილებული ბოლოებით კვლები გაჰყავთ მიწაზე და თესავენ პურს, შემდეგ, გადმოაბრუნებენ რა როკებს ისე, რომ ისინი ტოტებით ეხებოდენ მიწას, ფარცხავენ (გადაბურავენ) მოხნული მიწის პატარა კვლებს“.

იქცევა რა ასეთნაირად, აფხაზს არ ეშინია მოუსავლიანობის. მან იცის, რომ მისი ცოლი, რომელსაც კისრად აწევს მთელი მძიმე სამუშაოები, ასეთნაირად, და როგორღაც, მისი სახლის ახლოს დაამუშავებს მიწის ნახევარ მეათედს (რუს. десятина), და ამ ნახევარ მეათედზე ღმერთი უბოძებს მას იმდენ სიმინდსა და ღომს (ფეტვის გვარეობა), რომ იგი საკმარისი იქნება მთელი მისი ოჯახის წლიური პორციისთვის. მართლაც, ნათესების მოსავალი არის ხოლმე უჩვეულოდ დიდი და აღწევს ღომისთვის 1.600, ხოლო სიმინდისთვის კი 1.200 მარცვლამდე, ზოგჯერ უფრო მეტსაც. პურის ყველა სახეობებიდან აფხაზი თესავს უპირატესად ღომსა და სიმინდს, იშვიათად ქერს, ხორბალსა და ლობიოს.

რუსებმა ასწავლეს იქაურებს კომბოსტოს, კარტოფილისა და სხვა ბოსტნეულის მოყვანა. ზოგიერთ ადგილებში მოჰყავთ თამბაქო მცირე პლანტაციებად და ბამბა ძალზედ მცირე რაოდენობით, უფრო მეტად იმისთვის, რომ ეშინია, რათა ხალხში არსებული რწმენის მიხედვით, ამ მცენარის გამრავლებას ქვეყანაში, არ მოჰყვეს მუდმივად გვალვა.

ზამთრისთვის მარაგებს აფხაზი არც თუ ბევრს ამზადებს და საერთოდ ცოტას ზრუნავს თავის მეურნეობაზე.

მებაღე არ აკეთებს ბაღის გარშემო ღობეებს, არ რგავს ხეებს, არ ფუთავს მათ საზამთროდ, ხოლო გაზაფხულზე კი, დანით ხელში, არ ასუფთავებს მათ გამხმარი ტოტებისგან. ამ ზრუნვის გარეშეც აფხაზეთის საუკუნოვან ტყეებში მწიფდება გემრიელი ვაშლები და მსხლები; ხშირი ვენახი, დამძიმებული მსხვილი მტევნებით, იხვეწება მოკრეფას; კაკალი, წაბლი, ღვინის კენკრა, ბროწეული და სხვა ნაყოფიერი ხეები, რომლებიც შეადგენენ რუსი მებაღეების სიმდიდრესა და საზრუნავს, ისეთი სიუხვითაა და ამის გამო ისეა უგულვებელყოფილი, რომ ერთ რიგში დგას ჩვენს შეშის მოსამარაგებელ ტყესთან. „და თქვენ ფიქრობთ, რომ აფხაზი პირს ვერაფრით ჩაიტკბარუნებს? მისთვის საკმარისია ავიდეს ფუღუროიან ხეზე და ამოიღოს იქიდან რამდენიც სჭირდება ფიჭის თაფლი, რომელიც მომზდებულია მისი ყოველგვარი მონაწილეობის, თუნდაც სურვილის გარეშე. ან კი თევზიანი საჭმელი განა იშვიათია მისთვის? ნებისმიერ ნაკადულში იგი ჩააგდებს ბადეს და ამოიყვანს ერთ ათეულ გემრიელ კალმახს“...

აფხაზეთის მდიდარი ბუნება თითქოს და უნდა ყოფილიყო სიმდიდრის, კმაყოფილებისა და ფუფუნების წყაროც კი მისი მაცხოვრებლებისთვის, მაგრამ, სინამდვილეში, იქაურთათვის იგი არის მხოლოდ უკიდურესი სიღარიბის მიზეზი. მის მწარმოებლურობაში დარწმუნებული აფხაზი მისცემია უკიდურეს სიზარმაცეს. იგი, ანუ უფრო სწორად, მისი ცოლი თესავს მინდორს ისე მწირი რაოდენობით, რომ, უზარმაზარი მოსავლის პირობებში, ძლივს ძლივობით თუ ახერხებს თავისი ოჯახის გამოკვებას პურის ახალ მოსავლამდე. აფხაზი წლის განმავლობაში მუშაობს ბევრი-ბევრი 20 ან 30 დღეს, ხოლო დანარჩენ დროს კი ატარებს უდარდელი მოხეტიალე ცხოვრებით. სანაპიროს მაცხოვრებლები დაკავებული არიან თევზის ჭერით, უპირატესად მთის მდინარეების შესართავებში, სადაც უხვად არის ორაგული, რომელსაც ჩვეულებრივ წვავენ შამფურზე და იგი შეადგენს მეტად გემრიელ საჭმელს. თევზებიდან აღსანიშნავია: ქაშაყი, კეფალი, კამბალა, კალმახი, კობრი და სხვები. ზაფხულში ზღვის ნაპირებთან ახლოს ჩნდება მრვალი დელფინი, რომლებიც კარგ ამინდში ჩერდებიან წყლის ზედაპირზე და თამაშობენ, ურმის თვლებივით ბრუნავენ. აფხაზეთის მცხოვრებნი სარგებლობენ ამ დროით, გადიან ზღვაში თავიანთი კაიუკებით, ხის ერთი მორისგან გამოთლილი ნავებით, საკმარისად დიდ სივრცეს მოიცავენ გრძელი ბადით, რომლის ზედა ნაწილში დამაგრებულია ტივტივები, ხოლო ქვედა ნაწილში სიმძიმეები, რაც აიძულებს მას ინარჩუნებდეს წყალში ვერტიკალურ მდგომარეობას. ბადით მოცული სივრცის შუაში შეცურდება ორი-სამი კაიუკი და მეთევზეები ბარჯებს სცემენ მასში მყოფ დელფინებს, რომელთა ქონსაც ჰყიდიან შემდეგ თურქებსა და ბერძნებზე. დელფინების „ჭერის ეს ხერხი უსაფრთხო არ არის, რადგანაც კაიუკები ზოგჯერ იძირება მოკლული თევზის სიმძიმით ან ამოყირავდება, როდესაც დელფინები ეჯახებიან მათ წყალში ტრიალისას; მაგრამ აფხაზებს ამის არ ეშინიათ, რადგანაც ცურვაში არ ჩამოუვარდებიან სამხრეთ ოკეანის კუნძულების ველურებს“.

დელფინებისგან მოპოვებული ქონი, თევზის, ღვინისა და ხე-ტყის გაყიდვა, შეადგენდა, შეიძლება ითქვას, მრეწველობისა და ვაჭრობის თითქმის ერთადერთ და მთავარ წყაროებს. ვაჭრობას აფხაზები არ მისდევენ, თვლიან რა ამას თავიანთთვის სამარცხვინო საქმედ. მთელი ვაჭრობა იმყოფება თურქებისა და მეგრელების ხელში და შედგება ნედლეული ნაწარმის გაცვლაში, უპირატესად მარილისა და ქაღალდის, საზღვარგარეთული წარმოების უხეშ ნაკეთობებზე. მიუხედავად იმისა, რომ საკუთრივ აფხაზეთში არ არის მნიშვნელოვანი წინააღმდეგობები თვლიანი ტრანსპორტის სამოძრაო გზის გასაყვანად, სიმძიმეების გადაზიდვას ურმებით აფხაზები არ იყენებდნენ; მთელ სიმძიმეებს, ხე-ტყის გამოკლებით, გადაზიდავენ საპალნით. ხე-ტყის გადაზიდვა ასეთი ხერხით მეტად ძნელია, და ამიტომ, ბუნებრივია, რომ მთავარ სატყეო მრეწველობას თავი უნდა მოეყარა მდინარეების დინებათა გასწვრივ, რომლებიც უფრო მეტად ან ნაკლებად მოსახერხებელია მორების დაცურებისთვის. ამის გამო ხეობებში, რომლებიც მიუყვება მდინარეთა კალაპოტებს, ტყე გაჩეხილია შორს მთებში ნაპირიდან დიდ მანძილზე. მის გაჩეხვას აწარმოებდნენ უპირატესად თურქი მრეწველები, ყველანაირი სამეურნეო მოსაზრებების გარეშე, და განსაკუთრებით ეს შესამჩნევი იყო ძვირფასი ბზის ხის განადგურებაზე. რადგანაც იგი იზრდება მეტად ნელა და დიამეტრში ფუტს აღწევს მხოლოდ ორას წელიწადში, ამიტომ მას ემუქრებოდა საბოლოოდ მოსპობა. ახლა მისი მოჭრა აკრძალულია.

წვრილი ვაჭრობა და მრეწველობა შედგება ყურძნის გაყიდვაში ბერძნებისა და მეგრელების ღვინის ქარხნებში, კიტრების გაყიდვაში, რომლებსაც მხოლოდ მაშინ კრეფენ, როდესაც სრულებით გაყვითლდებიან, ბაზარში ქათმების მოყვანაში, ახალი ხილის, მხეცთა ტყავების, თაფლისა და ცვილის მოტანაში უმნიშვნელო რაოდენობით. მეაბრეშუმეობით დაკავებული არიან მხოლოდ სოფელ ილორის მცხოვრებნი, და ისიც უმნიშვნელო ზომით. არასწორი ამოხვევისას აბრეშუმი გამოდის უხარისხო. იქაურები მისგან ქსოვენ საკმარისად კარგ ქსოვილს _ დარაიას, რომელსაც იყენებენ უპირატესად პერანგებისთვის.

უკანასკნელ დროს მიმართეს მეაბრეშუმეობის გავრცელების მცდელობებს აფხაზეთის სხვა ადგილებშიც. ასე, ბიჭვინთის სიმაგრეში ჩაიტანეს აბრეშუმის ჭიის კვერცხები ქუთაისიდან, ხოლო მათგან გამოსულმა ჭიებმა მისცეს დიდი პარკები, წვრილი და რბილი ძაფი.

მესაქონლეობით აფხაზი დაკავებულია მხოლოდ საკუთარი მოხმარებისთვის და ეჭვიც კი არა აქვს, რომ მისი გაყიდვით შესაძლოა მიიღოს თავისთვის სარგებელი, ან, რომ საქონელი მისთვის შესაძლოა გამოდგეს წინაპირობად სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის. მან ეს არ იცის იმიტომ, რომ მისი მიწა საერთოდ არ მოითხოვს სასუქს. საქონელი ისე ცოტაა, რომ ორ ან სამ კომლზე მოდის თითო ცხენი, და თითოეულ კომლზე თითო კამეჩი და ორი-სამი ძროხა. შინაური ფრინველებიდან აფხაზებს ადრე ჰყავდათ მხოლოდ ქათმები, მაგრამ ახლა, ცოტ-ცოტად ეკიდებიან ინდაურების, ბატებისა და იხვების მოშენებას.

მიუხედავად იმისა, რომ ფუტკრების ერთი სკიდან შესაძლოა წლის განმავლობაში ღებულობდნენ ხუთ სკას, რომ თითოეული სკა იძლევ ათ გირვანქამდე თაფლს და 30 გირვანქამდე ფიჭას, რომ მოთხოვნა თაფლზე მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით ჩვენს ლაზარეთებში, აფხაზები ნაკლებად ზრუნავენ ფუტკრების მოშენებაზე და მეფუტკრეობა მათთან განვითარებულია ყველაზე უფრო სუსტად ( * Воспоминания кавказского офицера, Русский вестник 1864 г. № 9; С северо-восточного побережья Чёрного моря Ив. Аверкьва, Кавказ 1866 г. № 74 и 76; Из записок кавказского туриста, Кавказ 1867 г. № 55; Абхазия и Цебельда ф. Завадского, Кавказ 1867 г. № 63; Абхазия и абхазцы С. Пушкарёва, Кавказ 1854 г. № 60).

მთიან აფხაზეთში ვაჭრობა და მრეწველობა იმყოფება უფრო უარეს მდგომარეობაში. მოტანის მთავარი საგანი იყო მარილი, რომელშიც იგრძნობოდა მნიშვნელოვანი ნაკლულობა, შემდეგ სხვადასხვა ფერის ტარსიკონი და იარაღი. გატანა შედგებოდა ცვილის, თაფლის, მხეცთა ტყავების, ნაბდების, ადგილობრივი მუშაობის სქელი მაუდის და ზოგჯერ კი ფეტვისა და ქერისგან.

მთიელებს არ ჰქონდათ თავიანთი მონეტა, მაგრამ ძალზედ სცემდნენ პატივს ყველანაირ უცხოურს. ყველაზე უფრო მეტად გვხვდებოდა ქართული და თურქული მონეტები; ისინი ბევრი არ იყო: ფარა (რუსულად წერია пари) _ დაახლოებით 1,5 კაპიკი ასიგნაციებით, ფული (რუს. пули ) _ ტოლია ძველებური რუსული დენეჟკისა, შაური (რუსულად წერია чаури) _ დაახლოებით ხუთი რუსული კაპიკის, უზალთუნი (რუს. узалтуни) _ დაახლოებით 10 კაპიკის, და აბაზი (რუს. абази) _ დაახლოებით 20 კაპიკის ( * ამ ფულების დაწვრილებითი აღწერა იხილეთ _ Достоверные рассказы об Абхазии, Панθеон 1850 г. № 11).

მხარის მინერალოგიური სიმდიდრეებიდან უნდა მოვიხსენიოთ ტყვიის მადნის შესახებ, რომელიც მდებარეობს სოფელ ანხვაში და ქვანახშირის შესახებაც, რომელიც არის სოფელ ააცის იქით, თხუთმეტი ვერსის დაშორებით ზღვის ნაპირიდან, მთის ძირას, რომელსაც ეწოდება საფარ-ბეის ქუდი.

რაც შეეხება კლიმატურ პირობებს, აფხაზური ტომი სარგებლობს მისი მნიშვნელოვანი მრავალფეროვნებით. კავკასიონის ქედის მთიანი ქვეყნებისა და ჩრდილოეთ კალთების მოსახლეობა განიცდის მთიანი ქვეყნების კლიმატის მრავალფეროვნებას, სადაც ხეობების განლაგება და მთის ქედების მიმართულება განაპირობებს კლიმატის თვისებებს. საკუთრივ აფხაზეთის მაცხოვრებლები კი იტანენ მეტად არაჯანსაღ კლიმატს. ხშირი ტყეები, რომლებიც თავიანთ ძირში მალავენ ჭაობებს, და გვიმრნარით დაფარული მინდვრები ხელს უწყობს სხვადასხვანაირი ავადმყოფობების განვითარებას, და განსაკუთრებით კი ციებ-ცხელებისა. გვიმრა წარმოადგენს მცენარეს გრძელი ღეროთი, რომლის წვერზეც არის დიდი და განიერი ფოთლები. იზრდებიან რა მეტად ხშირად და სწრაფად, გვიმრები ისე გადაეჭდობიან ერთმანეთს ფოთლებით, რომ ქმნიან უწყვეტ საფარს, რომელიც არ უშვებს მზის სხივებს.

„გასაგებია, ამბობს ტოროპოვი, რომ, მასთან ერთად, აორთქლება ნიადაგიდან, ამ საფარის ქვეშ ჩერდება, რის შედეგადაც უფრო მძიმდება ნიადაგის ტენიანობა, რომელიც აქამდე იყო შედარებით მშრალი მთების კალთებზეც და გორაკებზეც, ახლა თითქოსდა ნახევრად ჭაობია, რომელიც მზისგან დაცულია სქელი ლპობადი ქერქით გვიმრების ფოთლებისგან, რომელიც ეყრდნობა ამ მცენარეთა ღეროებს. ლპობის პერიოდი გრძელდება ზაფხულის ბოლოდან მთელ შემოდგომაზე, და ამ დროს ჰაერი, ასეთი ადგილების მახლობლობაში, ხდება უკიდურესობამდე აყროლებული, მძიმედ სასუნთქი, ხოლო ციებ-ცხელება მძვინვარებს ყველაზე უფრო სასტიკად“ ( * Опыт медицинской географии Кавказа Торопова, издание военно-медицинского департамента 1864 г. С.-Петербург).

მაცხოვრებლები მწარე გამოცდილებით დარწმუნდნენ გვიმრნარის მავნე გავლენაში, და ამიტომ არ სახლდებიან ამ მცენარის გავრცელების ადგილებში.

ცხოველებისა და ადამიანის ორგანიზმები, დასნებოვნებული ჰაერის გავლენით, სახეს იცვლიან რა ზომაში, ფერსა და თავის შემადგენლობაში, ბადებენ დაავადებებსა და სიკვდილიანობას. აფხაზეთში ვერც ადამიანები და ვერც ცხოველები ვერ სარგებლობენ დიდ ხანს სიცოცხლით (დღეგრძელობით).

ამ მოუხერხებლობისა და ციებათა მნიშვნელოვანი გავრცელების მოხსნა სავსებით შესაძლებელია. საკმარისია მხოლოდ სამ წელიწადს მიყოლებით თიბავდნენ გვიმრნარს გაზაფხულზე, სანამ მისი ღერო იმდენად ნაზია, რომ მას ერევა ცელი. პირველ ორ წელიწადს იგი კვლავ იზრდება, მაგრამ მესამე გაზაფხულის შემდეგ მისი ფესვი საბოლოოდ კვდება. გვიმრნარის მოსპობა ამშრალებს ადგილს, იძლევა შესანიშნავ სათიბებს და, ამასთან ერთად, აუმჯობესებს კლიმატურ პირობებს. უკანასკნელი იმდენად აშკარაა, რომ აფხაზის კლასიკური სიზარმაცეც კი ვერ დაუდგა წინ ხილულ სარგებელს. ადგილობრივ მაცხოვრებელთაგან ბევრნი ასუფთავებენ გვიმრნარისგან თავიანთ მინდვრებს და, მოკლე დროის განმავლობაში, რწმუნდებიან კლიმატის ნამდვილ და მნიშვნელოვან ცვლილებაში უკეთესობისა და უფრო მეტი სიჯანსაღისკენ.

მოამზადა ირაკლი ხართიშვილმა

No comments:

Post a Comment