Friday, November 26, 2010

საქართველოსა და რუსეთის ისტორიული ურთიერთობების შესახებ

(წერილი ვერ იქნა გამოქვეყნებული ჟურნალ "ქვაკუთხედში")

როდესაც დღევანდელი ქართველების ერთ ნაწილს ელაპარაკები საქართველოს საგარეოპოლიტიკური ორიენტაციის შესახებ და ეუბნები დასავლეთის სახელმწიფოთა მოსახლეობის კათოლიკურ-ლუთერანულ-ანგლიკანურ-კალვინისტური ან სულაც ათეისტური მსოფლმხედველობის ჭეშმარიტი ქრისტიანობისგან დაშორება-განდგომის, ხოლო მათი მმართველი წრეების მასონურ-ილუმინატურად ანტიქრისტიანული ბუნების შესახებ, ასევე როდესაც ესაუბრები, რომ დღევანდელ მსოფლიო საზოგადოებრიობაში ჩვენთან სულიერად, რელიგიურად, კულტურულად და ზნეობრივად ყველაზე უფრო ახლოს დგანან მართლმადიდებლური აღმსარებლობის მატარებელი ხალხები და მათი სახელმწიფოები, ხოლო მათ შორის ყველაზე უფრო დიდი ძალა და შესაძლებლობები გააჩნია რუსეთს, და რომ ჩვენ, თუ გვინდა უფალთან სიახლოვე, ღვთის სასუფევლის ძიების გზით სიარული, ისევ ჩვენს მოძმე და სულიერად, ქრისტიანულ-მართლმადიდებლურად მონათესავე სამყაროსთან უნდა გვქონდეს უფრო მჭიდრო ურთიერთობა და კავშირები, მაშინ, ბევრ რამეში დათანხმების შემდეგ ისმის შეკითხვა: და განა კი რუსები საქმით არიან მართლმადიდებლები? განა მათ ისტორიულად სწორედ მართლმადიდებლობის დაცვის ლოზუნგით ბევრჯერ არ მოგვატყუეს და საბოლოოდ არ გადაყლაპეს საქართველოს სამეფო-სამთავროებიß განა თანამედროვე რუსეთის მმართველი წრეებიც იმავე მასონურ-ილუმინატურ ლოჟებში არ შედიან და იმავე ცენტრებიდნ არ იმართებიან ან კონტროლდებიან? და ამ შეფასებებშიც ბევრი რამ სწორი და ანგარიშგასაწევია.

მაგრამ, მეორეს მხრივ, ჩვენი ეკლესია გვასწავლის, რომ უფლისთვის ჩვენ ყველანი საყვარელი შვილები ვართ, მათ შორის ქართველებიც; რომ მამას არ სურს, რათა მისი შვილები ტანჯვითა და განსაცდელებით აღსავსე გზებით დადიოდნენ ამქვეყნიური ცხოვრების სარბიელზე, არამედ ამ განსაცდელებს ჩვენ თავად ვიტეხავთ საკუთარ თავზე ჩვენი მცდარი სურვილებით, ფიქრებითა და მოქმედებებით. მაგალითად, რადგან უფალი მოსიყვარულე მამაა, განა მას არ სურს ჩვენ, ადამიანებს, უფროსებისა და უმცროსების მიმართ ისეთივე მოსიყვარულე მამა-შვილური ურთიერთობები გვქონდეს, ხოლო თანატოლთა მიმართ კი _ და-ძმური სიახლოვე და სიყვარული? უფალი ხომ ამას გვასწავლის _ ღვთის სიყვარულს, მოყვასის სიყვარულს, სიმდაბლესა და სიმშვიდეს, გულწრფელობასა და ურთიერთ თანადგომას; და ჩვენ კი ვიქცევით ასე, თუ უფრო მეტად საკუთარი თანამოძმის ჩაწიხვლით, სიცრუით, ცილისწამებით ვისწრაფით საკუთარი კეთილდღეობის მოწყობისკენ? ჩვენს რეალობაში, სამწუხაროდ, ეს მეორე ფაქტორი უხვად მოგვეძევება. და ეს ერთი საზოგადოების, ერთი სახელმწიფოს შიგნით. სახელმწიფოებს შორის ურთიერთობებში, მათ მიერ განვლილ ისტორიულ გზაზე კი წარმოიქმნება მრავალნაირი რელიგიური, ტერიტორიული, იდეოლოგიური, კულტურული და ისტორიული ხასიათის მოსაზრებები და კონტრმოსაზრებები, რომლებშიც სწორად გარკვევა რთული ხდება, თუმცა კი მეტად საჭირო და აუცილებელია.

მაგალითად, ჩვენ ძალზედ გვეამაყება დავითისა და თამარის საქართველოს გახსენება და ხშირად იმ მდგომარეობის დაბრუნებასაც ვნატრობთ, ამაზე ვწერთ, ვმღერივართ, ვლაპარაკობთ. მაგრამ იმ ხანად ჩვენი მეზობლი სომხეთი ცალკეულ ტერიტორიულ ერთეულებად იყო დაქუცმაცებული, მუსლიმანური მმართველობის ქვეშ მოქცეული, და სწორედ ამის გამოც გახდა შესაძლებელი საქრთველოს სახელმწიფოს მიერ სომხური ისტორიული გარემოს ნაწილ-ნაწილ საკუთარ შემადგენლობაში მოქცევა. და განა ასეთი რამის ხელმეორედ გადატანა უნდათ კი სომხებს, განა ასეთმა დაქუცმაცებულობამ ხელი შეუწყო მათი ზნეობის აღმავლობას, მათ დაახლოებას უფალთან, ჭეშმარიტ სარწმუნოებაში დაბრუნებას? ისტორიულად ვხედავთ, რომ არა. მაშინ რატომ ისურვებს უფალი ხელმეორედ იგივეს განმეორებას? ან რატომ მოინდომებს უფალი კვლავ დაკნინებას სომხობისა მხოლოდ იმიტომ, რომ მავანი და მავანი ქართველის პატივმოყვარეობა დაკმაყოფილდეს და ახალი მასალა მიეცეს მორიგი სადღეგრძლოებისთვის? თუკი რუსების ისტორიული მიზნები და მისწრაფებები არ მოგვწონს, განა კი ჩვენი ასეთივე მისწრაფებები მოსაწონია სხვებისთვის, მოსაწონია ღმერთისთვის?

აღნიშნულ საკითხებში ჩვენი საზოგადოების გარკვევა ჩვენი ისტორიკოსების საქმეა და სერიოზულ კვლევებთან, ფიქრსა და ღვაწლთან არის დაკავშირებული. და ვინაიდან ჩვენ, არაისტორიკოსმა ვცადეთ გარკვეულწილად ასეთი საკითხისთვის მოგვეკიდა ხელი, ეს იმაზე მიგვანიშნებს, რომ ჩვენი ისტორიკოსების საქმიანობაში ამ მხრივ ბევრი რამ წესრიგში არ უნდა იყოს. სწორედ ამ უწესრიგობების გამოა ისიც, რომ ერთიანი, სწორი და მეტ-ნაკლებად სრული სურათი საქართველოსა და რუსეთის ისტორიული ურთიერთობების განვითარების შესახებ ჩვენს ხალხს არ გააჩნია; არის რაღაც ცალკეული ნაგლეჯები, მეტად შეზუდული ცოდნა და ხშირად ტენდენციური, ფალსიფიცირებული. ამით იმის თქმა კი არ გვინდა, რომ ყველაფერში ქართველები ვტყუივართ ან ყველაფერში დამნაშავენი თავად ჩვენ ვართ, არამედ იმისა, რომ ბევრი რამ ამ ურთიერთობებში, სადაც თავი მართალი გვგონია, ისე არ არის, როგორც ეს ჩვენი ისტორიკოსებისგან ვიცით, მათ ნაწერებში წაგვიკითხავს ან კიდევ რადიოთი და ტელევიზიით მოგვისმენია.

ზემოთ ნათქვამის დასადასტურებლად საკმარისია გავიხსენოთ თუნდაც ჩვენი ჟურნალის („ქვაკუთხედი“) ა. წ. 1-ლ ნომერში გამოქვეყნებული წმ. ილია მართლის (ილია ჭავჭავაძის) წერილი „ასის წლის წინათ“, რომელიც ილიამ გამოაქვეყნა გაზეთ „ივერიაში“ 1899 წლის ნოემბრის ბოლოს, ხოლო ჩვენ კი იგი მხოლოდ შემოკლებით გავაცანით ჩვენს მკითხველს თავად წერილის დიდი მოცულობის გამო. წმ. ილია მართალმა აღნიშნული წერილი გამოაქვეყნა 1799 წლის 26 ნოემბერს, მანამდე ზუსტად ასი წლის წინ, საქართველოს (ქართლ-კახეთის) სამეფოსა და რუსეთის იმპერიას შორის დადებული ხელშეკრულების (1799 წლის 23 ნოემბერს ხელმოწერილი პეტერბურგის ტრაქტატის) საფუძველზე რუსული არმიის ეგერთა პოლკის თბილისში შემოსვლის თარიღის აღსანიშნავად, რომლის შემდეგაც რუსები უკვე საბოლოოდ დამკვიდრდნენ იმდროინდელ საქართველოში. იგი მთლიანად რუსეთის მიმართ ლოიალურობით არის განმსჭვალული, თუმცა კი ილიასაც შეეძლო ჩამოეთვალა მრავალი ის საყვედური, რომლებსაც ჩვენ ჩამოვთვლით ხოლმე რუსეთის მიმართ. და რატომ არ გააკეთა ეს? ნუთუ ილია კომპრომისზე წავიდა ამ წერილში თავის სინდისთან? კი მაგრამ რატომ წავიდოდა, ან რის სანაცვლოდ, ან რა მიიღო მისგან? არაფერი არ ადასტურებს ილიას ანგარებიან სურვილებს და ამის სანაცვლოდ მის მიერ „ჩინ-მენდლების“ მიღებას. არის მხოლოდ ერთი გარემოება, ილიას მიერ რუსეთის უმაღლესი ხელისუფლებისთვის საქართველოს ავტონომიური მოწყობის შეთავაზება ირიბი ფორმით, ისტორიული სარჩულის მოშველიებით, როდესაც იგი წერს, რომ გიორგი მეფემ შესთავაზა რუსეთს სამხედრო-პოლიტიკური კავშირი საქართველოს საშინაო საქმეებში ჩაურევლობის პირობითო, თუმცა კი სინამდვილეში 1799 წლის 23 ნოემბრის ტრაქტატით სულ სხვა ურთიერთობები იქნა დამყარებული, რომლებიც თავის წიგნში „ცხოვრება გიორგი XIII-სა“ კარგად აქვს აღწერილი პლატონ იოსელიანს.

სახელდობრ, პლატონ იოსელიანი წერს, რომ „ძმათაგან და გარეშე მტერთაგან შეწუხებული მეფე არღა ჰხედავდა ქვეყანასა მტკიცედ დაბინავებულად. ამისთვის მოინდომა და თუმცა დიდის ღელვითა, გარნა გაბედა და მისწერა დესპანთა თვისთა, რუსეთისაგან განმზადებულთა შემდგომი წერილითი დარიგება და ჰაზრი თვისი უკანასკნელი და გარდაწყვეტილებითი:

„... უმსხვერპლეთ ყოველი სამეფო და სამფლობელოი ჩემი უზაკველითა და ქრისტიანებრითა ჭეშმარიტებითა მსხვერპლებითა და დაუდევით არა თუ მფარველობასა ქვეშე უდიდებულესსა დიდსა რუსეთისა საიმპერატოროსა ტახტსა, არამედ დაანებეთ სრულსა ნებასა და მზრუნველობასა მათსა, რათა ამიერითგან დაიდვას სამეფო ქართლოსიანთა საიმპერიოდ რუსეთისად წესითა მით, ვითარცა სხვანი იგი რუსეთსა შინა პყრობილნი პროვინციანი სარგებლონენ...“.

დესპანთა ამათ მეცადინებითა შესდგა და დამტკიცდა ტრაქტატი, მიღებული იმპერატორისა პავლესაგან.

აჰა თვით ჰაზრნი და მუხლნი ტრაქტატისა ამის, რომელიცა იპოება დაბეჭდილსა ფრანციზულად წიგნსა შინა როტიესსა (Inteneraire de Tiflis a Constantinopole /Bruxelles, 1829/ pag. 68):

„1799 წელსა, 23 ნოემბერსა, შედგა ახალი ტრაქტატი შორის პავლე იმპერატორისა და გიორგი მეფისა შემდეგი:

1.

მისი დიდებულება იმპერატორი ყოვლისა რუსეთისა მიიღებს ტიტულსა „მეფე საქართველოისა და შემდეგნი მისნი მემკვიდრენი“.

2.

ძე მეფისა გიორგისა დავით ტიტულსა „განმგე საქართველოისა“ და გარდავალს ესე შთამომავლობითა პირმშოდამ პირმშომდის.

3.

საქართველოისა ერი და მუნ მსახლობელნი 12 წლისა განგრძობასა, არ გაიღებენ არასა ხარჯსა, რათა დაეწყვნენ თვისსა მდგომარეობასა შემდეგ ესოდენთა ბრძოლათა. განმგე საქართველოისა მიიღებს რუსეთიდამ 12 წელსა მისთვის და სამეფოსა სახლისა წევრთათვის 20.000 თუმანს (200.000).

4.

მადანი ოქროისა და ვერცხლისა ახტალას და მისხანასა (მიშხანასა), შევა რუსთა განმგებაში და იმითი აივსება ზემო თქმული ჯამი ფულისა.

5.

6.000 რუსისა ჯარი სრულისა კომპლექტითა იდგება საქართველოში. ქართველნი გამოვლენ ცხენოსნად ამა ქვეითისა ჯარისათვის.

6.

ქართველნივე მოაგროვებენ ჯარსა ესოდენსა, რაოდენიცა საჭირო იქმნების დასაცველად სამზღვრებისა.

7.

რუსნი წარმოგზავნიან ინჟენერთა თვისთა აღსაშენებელად და განსაახლებელად ციხეთა მათ ადგილთა ზედა, სადაცა დაინახება საჭიროდ.

8.

ფულსა, მოჭრილსა თფილისში, ექმნება ერთსა მხარეს ღერბი რუსეთისა და მეორეს საქართველოისა.

9.

საზრდო რუსეთისა ჯარისათვის მოიყიდება იმავე ფასითა, რომელიცა იქმნება დანიშნული ადგილობრივთა მცხოვრებთათვის.

10.

როდესაც მოხდება აღწერა ხალხისა, უნდა იქმნას კომლეურად და არა თვითო სულად (ქვემოთ არის შენიშვნა: წიგნი დაბადებისა, პირველი ნეშტთა თავი 21. მეორე მეფეთა თავი 24. ქართველთა მეფენი, მოშიშნი ღვთისა ბრძანებისა, ერიდებოდნენ ს უ ლ ო ბ ი თ მცხოვრებთა აღწერასა).

(ხელმოწერილია):

რუსეთისა მხრით
რ ო ს ტ ო პ ჩ ი ნ ი ღ რ ა ფ ი.
საქართველოისა მხრით
ა ვ ა ლ ო ვ ი.
ფ ა ლ ა ვ ა ნ დ ო ვ ი.“

როგორც ვხედავთ, აღნიშნული ტრაქტატის მიხედვით, საქართველო (ქართლ-კახეთის სამეფო) რუსეთის მფარველობის ქვეშ მყოფი სახელმწიფოს სტატუსიდან გადავიდა რუსეთის იმპერიის ქვეშევრდომის სტატუსში, საქრთველოს მეფის წოდება მიიღეს რუსეთის იმპერატორებმა, ხოლო გიორგი XIII-ის შთამომავლები იქცნენ საქრთველოს განმგებლებად, ანუ მეფის ნაცვლებად. წმ. ილია მართალი ამის შესახებ სწერს: „სხვა გზა არ იყო, მეფე გიორგის ან ოსმალეთთან უნდა დაეჭირა საქმე, ან სპარსეთთან და ან რუსეთთან, რომ როგორმე გადაერჩინა საქართველო ამოდენ ერთად ზედმოსეულ უბედურებისაგან. ამ საქმეს აჩქარება უნდოდა. ღვთის-მოსავმა და ღვთის-მოყვარე მეფე გიორგიმ, რა თქმა უნდა, ერთმორწმუნე რუსეთი არჩია. ამას ეუბნებოდა წინაპართა ანდერძიცა, რადგანაც მისდა მეფობის წინათაც, ჯერ კიდევ 1576 წლითგან, საქართველოს მეფენი ბევრჯერ გამოჰლაპარაკებიან რუსეთს და მისგან ხელშეწყობასა და ხელის გამართვას მოჰლოდებიან. ქრისტეს ჯვარისათვის ჯვარცმულ ერის მეფემ ქრისტეს ჯვარისვე მოსავი ერი მოიწვია საშველად და მფარველად“.

იქნებ ჩვენ დღეს სწორედ ის ღვთისმოსაობა და ღვთის სიყვარული გვაკლია, როდესაც ასე განქიქებით ვეკიდებით რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებს და ყველა ჩვენს უბედურებას რუსებს მივაწერთ, საკუთარი უკუღმართობანი კი გვავიწყდება? მაგალითისთვის თუნდაც გავიხსენოთ ფრანგი ოფიცრის შარლ დე გრაი დე ფუას მოგონებანი საქართველოს შესახებ, რომელიც იყო გენერალ ტოტლებენის ადიუტანტი და 1769 წლის შემოდგომაზე მის რაზმთან ერთად ჩამოვიდა საქართველოში ოსმალეთის წინააღმდეგ მოქმედებებისთვის. რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების ამ ეპიზოდის შესახებ სხვა დროს უფრო დეტალურად გვექნება საუბარი, ახლა კი გვინდა მოვიყვანოთ მცირე ამონარიდი დე გრაი დე ფუას ნაშრომიდან, რომელიც ნათლად გვიჩვენებს საქართველოს მოსახლეობის იმდროინდელ მძიმე მდგომარეობას. სახელდობრ, დე გრაი წერს:

„ბოლოს ანანურს მივაღწიეთ. ეს პირველი ქალაქია საქართველოში, რომელიც მდებარეობს კავკასიონის გადაღმა (დე გრაი არ გულისხმობს ხევს, ახლანდელ ყაზბეგის რაიონს, ვინაიდან იგი კავკასიონის მთავარი ქედის ჩრდილო კალთებზეა გაშლილი _ ი. ხ.). ზარბაზნები კვლავ ლაფეტებზე დავაყენეთ და გავემართეთ მეორე ქალაქ დუშეთისაკენ, რომელიც მხოლოდ 50 ვერსითაა დაშორებული ანანურიდან. ეს ორი ქალაქი მეტად პატარაა. მათი შემოგარენი ნანგრევებს წარმოადგენს. თათარი ლეკები ხშირად გამოდიან თავისი მთებიდან, ატყვევებენ მცხოვრებლებს, რომლებიც ოდნავ დაშორდებიან თავის ქალაქს, და თურქებზე ჰყიდიან მათ.

დუშეთიდან მუხრანამდე დაახლოებით 80 ვერსია. მიუხედავად იმისა, რომ თათრები ხშირად დათარეშობენ ქალაქის გარშემო, ქალაქის შემოგარენი მაინც უკეთაა დამუშავებული, ვინაიდან აქ უფრო მეტი მცხოვრებია, რომელთაც თათართა თავდასხმის შემატყობინებელი განგაშის პირველსავე ხმაზე შეუძლიათ ამხედრდნენ ცხენებზე და დაედევნონ მათ.

მუხრანიდან ლამისყანამდე 120 ვერსია. ეს პატარა ქალაქი მთის ძირში მდებარეობს და ისევე გაძარცულ-გაუკაცრიელებულია, როგორც დუშეთი. აქედან მივედით მეჯვრისხევს, რომელიც ლამისყანიდან 30 ვერსითაა დაშორებული და სადაც ასევე ცუდი მდგომარეობაა. ბოლოს აქედან 40 ვერსის მანძილზე ვიხილეთ ქალაქი ცხინვალი, ყველაზე დიდი ქალაქი, რომელიც ჩვენ შემოგვხვდა. ამჯერად ჩვენ იქ სრულებით არ შევჩერებულვართ და განვაგრძეთ გზა აბისისაკენ, რომელიც აქედან 30 ვერსითაა დაშორებული და უკანასკნელი ქალაქია, რომელიც ეკუთვნის ერეკლეს.

ბოლოს ჩვენ დავტოვეთ ქართლი და შევედით იმერეთში. 60 ვერსი განვვლეთ ისე, რომ კაცი არ შეგვხვედრია. რამდენიმე ნასოფლარი ადასტურებდა მხოლოდ, რომ ეს ქვეყანა დასახლებული ყოფილა.

თავადი მოურავოვი წინ მიგვიძღვოდა. ისე გადავიარეთ ტყით შემოსილი მთები, რომ არც ერთი ვაკე ადგილი არ გვინახავს. ბოლოს, მას შემდეგ, რაც მეტად ვიწრო გზებით გავიარეთ 200 ვერსამდე, სადაც ჩვენი არტილერია, მიუხედავად მისი სიმცირისა, გაჭირვებით გადიოდა, შემოგვხვდა მეფე სოლომონი, რომელიც ჩვენს შემოსაგებებლად მოდიოდა. ამ მეფის ღატაკურმა იერმა, მისმა სამოსმა, თანმხლებმა ამალამ მის შესახებ შეგვიქმნა იმის შესაბამისი შეხედულება, რაც ერეკლემ უკვე წარმოგვისახა.

სოლომონს არც ერთი ქალაქი არ გააჩნდა. დაახლოებით 1500 კაცით ტყეში ლტოლვილი იგი 15 დღეზე ხანგრძლივად ერთი და იგივე ადგილას არ ბანაკდება იმის შიშით, რომ თურქებმა არ მოახელონ. თვით თავის ქვეშევრდომებში დაეჭვებული, იგი ყაჩაღების წინამძღოლს უფრო ჰგავდა, ვიდრე ხელმწიფეს. დაახლოებით 40 წლისა იყო. მისი ხასიათი საკმაოდ ემსგავსებოდა გრაფ ტოტლებენისას. თავდაპირველად ყოველნაირად დაუწყეს ერთმანეთს მეგობრობის დამტკიცება და ამავე დროს ერთმანეთს არ ენდობოდნენ...

ამასთანავე პური შემოგვაკლდა, სოლომონს არ ძალუძდა გამოეკვება 500 კაცი (ასეთი იყო ტოტლებენის რაზმის რიცხოვნება იმ ხანად _ ი. ხ.). იმერლები მხოლოდ წაბლითა და გოგრით იკვებებიან, იშვიათია, როდესაც ისინი პურს ჭამენ. მათ მიერ მოყვანილ ქერს იყენებენ ცხენების საკვებად. მალე ჩვენ მთელი სურსათ-სანოვაგე გავაჩანაგეთ. სოლომონმა ყველგან დაგზავნა ხალხი. იგი თვითონ წავიდა იმ სურვილით, რომ დაერბია ერთი პატარა მხარე, რომელიც დადიანს ეკუთვნოდა. იმედოვნებდა, რომ იქ იშოვნიდა ქერს და ერთხანს გამოგვკვებავდა“.

აი ასეთი მძიმე მდგომარეობა იყო საქართველოში რუსეთის იმპერიის მფარველობაში შესვლამდე 10-15 წლის წინ. ქვეყნის გამაჩანაგებელი ლეკთა თარეშის აღსაკვეთად ერეკლემ მორიგე ჯარის ჩამოყალიბებას მიმართა, რომელსიც სამხედრო სამსახურისთვის ვარგისი ყველა ქართველი, თუშ-ფშავ-ხევსურებისა გარდა, რომლებიც ისედაც მუდმივად სამხედრო სამსახურში იმყოფებოდნენ, წელიწადის განმავლობასი ერთი თვით უნდა გამოსულიყო მეფის ლაშქარში საკუთარი ხარჯით, რისთვისაც ერეკლე გლეხებს ანთავისუფლებდა გარკვეული გადასახადებისგან. მორიგე ჯარს სათავეში ედგა ლეონ ბატონიშვილი, ხოლო თავად მეფე ერეკლე წელიწადში ერთი თვის მანძილზე იხდიდა მასში სამსახურის მოვალეობას. და სამეფომ იმ ხანად მართლაც ამოისუნთქა ამდენი გასაჭირისგან. მაგრამ ლეონ ბატონიშვილის მოულოდნელი დაღუპვის შემდეგ მორიგე ჯარიც დაიშალა?! რატომ არ აღმოჩნდა ქვეყანაში ისეთი ადამიანი, რომელიც ჩაუდგებოდა სათავეში ამ მეტად საშურ საქმეს? ხომ ყველამ დაინახა მისგან გამოსული დამშვიდება და მოშენება ქვეყნისა? რატომ არიდებდა თავს ჩვენი თავადაზნაურობა მის პირდაპირ მოვალეობას _ მეფისა და ქვეყნის სამსახურს? გლეხობა ხომ სწორედ იმისთვის აძლევდა სარჩოს თავადაზნაურობას, რათა ამ უკანასკნელს იარაღით ხელში დაეცვა სამეფო და მისი მოსახლეობა? სწორედ ასეთ მდგომარეობას მოჰყვა შედეგად 1783 წლის ივლისში გეორგივსკის ტრაქტატის დადება და ქართლ-კახეთის სამეფოს რუსეთის იმპერიის მფარველობაში შესვლა, რომლითაც საქართველოს მეფე რუსეთზე დამოკიდებული ხდებოდა საგარეო პოლიტიკის წარმოებაში, საშინაო საკითხების განკარგვაში კი სრულიად დამოუკიდებელი იყო. გარდა ამისა, იგი მოთხოვნის შემთხვევაში თავისი ჯარით უნდა გამოსულიყო რუსეთის იმპერიის სამსახურში, თავის ტერიტორიაზე მფარველობა უნდა გაეწია რუსეთის ქვეშევრდომებისთვის, ხოლო თანამდებობებზე მოხელეთა დანიშვნისას უნდა გაეთვალისწინებინა მათი დამსახურება რუსეთის სამეფო ტახტის წინაშე, როგორც საქართველოს მფარველისა.

როგორც ზემოთ ვნახეთ, გეორგისკის ტრაქტატის მოქმედება დიდ ხანს არ გაგრძელებულა, საქართველოს სამეფოს მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა რუსეთის მფარველობაში შესვლით. ამის გამო ჩვენი ისტორიკოსების უმეტესობა რუსეთის ვერაგულ პოლიტიკას აკისრებს პასუხისმგებლობას, მაგრამ განა ტოტლებენის მეთაურობით რუსული ჯარის შემოსვლამდე არ იყო ის მძიმე მდგომარეობა ქართლსა და იმერეთში, რაც დე გრაის აქვს აღწერილი თავის ნაშრომში? განა ანანურში, დუშეთში, მუხრანში, ლამისყანაში, მეჯვრისხევში და ბევრ სხვა სოფელში მოსახლეობის მდგომარეობა მაგალითად, ამ მოვლენებიდან ასი წლის შემდეგ, 1870-იან წლებში ისეთივე მძიმე იყო, როგორიც მანამდე ასი წლის წინათ? განა დღეს ასე გაქილიკებულ საბჭოთა პერიოდში ამ სოფლების მოსახლეობა ისე ცუდად ცხოვრობდა, ვიდრე ჩვენს ქვეყანაში რუსული ჯარების გამოჩენამდე, ან თუნდაც დღეს? როდესაც ქვეყნის, ასე ვთქვათ, ხელისუფალნი, ყიზილბაში მმართველებივით ექცევიან საკუთარ მოსახლეობას და მსოფლიო ბანკის, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და სხვა უჯიშო გადამთიელების კარნახით საქართველოს ბაზარს ავსებენ უცხოური ხილით, ბოსტნეულით, მათგან დამზადებული კონსერვებით და ა. შ., ქართველ გლეხკაცს, მუშასა და ინტელიგენტს კი სულს უხუთავენ? დღეს რომ გაიძახიან, სახელმწიფო ბიუჯეტიდან მარტო სახელმწიფო მოხელეთა აპარატი, ჯარი და პოლიცია უნდა ფინანსდებოდესო, სხვებმა კი თავად უნდა გამონახონ კერძო სპონსორებიო, რადგან ასე არის ახლა დასავლეთშიო, აბა ვკითხოთ მათ, როდესაც 1800-იანი წლების დასაწყისში ნაპოლეონის მიერ შევიწროვებული ან სულაც დაპყრობილი ავსტრიის, პრუსიისა და სხვა გერმანული სამეფო-სამთავროების მამულიშვილები სიტყვითა და კალმით იბრძოდნენ საკუთარი ქვეყნის აღორძინებისა და განთავისუფლებისთვის, ისინიც ასევე უსულგულოდ ეკიდებოდნენ ეროვნულ მეურნეობას, განათლებას, მეცნიერებასა და კულტურას; განა იოჰან გოტლიბ ფიხტე არ წერდა მგზნებარე მიმართვებს გერმანელი ერისადმი, განა იგი არ აყენებდა ეროვნული განათლების გაძლიერებისა და სრულყოფის საკითხებს, განა ჯანსაღი დასავლური გამოცდილების მიყოლა არ იქნებოდა ისიც, რომ როდესაც მოსახლეობის უდიდესი ნაწილი სერიოზულ ხელმოკლეობას განიცდის, მაშინ ხელისუფლება პირველი უნდა აძლევდეს მაგალითს თავისი მომჭირნეობითა და მცირე ხარჯებით, და ჩვენთან კი ხდება ასე? იქნებ თავად ჩვენი საზოგადოების შიგნით გვეძებნა ჩვენი უბდურებების მიზეზი და არა მხოლოდ სხვათა ვერაგობაში, გინდაც დასავლეთის და გინდაც რუსეთისა? თუნდაც დღევანდელ დღეს განა რას დაგვაკლებდნენ უცხოური ძალები მთელი თავიანთი მონდომების მიუხედავად, თავად ცალკეული ქართველები რომ არ მიეყიდებოდნენ მათ და არ ქმნიდნენ იმ უცხო მტრული ძალების ჩვენდამი მეგობრულობის ილუზიას და ამით არ აბნევდნენ ქართულ საზოგადოებას? რუსებსაც ჰქონდათ ისეთი დრო, ბორის გოდუნოვის სიკვდილის შემდეგ, როდესაც რუსეთის ტახტზე გამოჩნდნენ ცრუ პრტენდენტები, სამი ცრუ დიმიტრი, ერთმანეთის მიყოლებით, რომლებიც მეფისწულებად ასაღებდნენ თავს. და რადგანაც დიდებულთა გარკვეულ წრეებს თავიანთი მიზნების განხორციელებისთვის აწყობდათ ისინი, ამიტომ მხარს უჭერდნენ მათ, ხალხსაც აბნევდნენ და უცხო ძალებსაც (პოლონელებს) აპარპაშებდნენ თავიანთ სატახტო ქალაქში, სანამ ჯანსაღმა რუსულმა ძალებმა მინინისა და პოჟარსკის თაოსნობით არ გახვეტეს მოსკოვიდან და საერთოდ რუსეთიდან მთელი ეს ნაგავი მათ მხარდამჭერ პოლონურ შლიახტასთან ერთად. ახლა კი იმ შლიახტიჩების ჩამომავალნი, ამერიკისგან წაქეზებულები, იმედოვნებენ რუსეთისგან ადრე წართმეული ტერიტორიების ისევ საკუთარ ხელში ჩაგდებას და აგულიანებენ დასავლეთ ევროპის წამყვან სახელმწიფოებს რუსეთის წინააღმდეგ ამერიკული ხისტი პოლიტიკისთვის მხარდასაჭერად. და სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფალნიც ამ ძალების აქტიური მხარდამჭერები არიან, მაგრამ გერმანიამ და საფრანგეთმა კარგად იციან რუსებისა და რუსული სახელმწიფოს ავ-კარგიანობა, მისი ისტორიული გზა და მისი დღევანდელი ძალაც. ისინი ხან რუსეთის წინააღმდეგ და ხანაც მასთან კავშირში ომებს აწარმოებდნენ მაშინ, როდესაც ჩეხეთი და უნგრეთი გერმანიის იმპერიაში შედიოდნენ, პოლონეთი კი 1773 წლიდან პრუსიის მეფის ფრიდრიხ დიდის ინიციატივით სამად იყო გაყოფილი პრუსიას, ავსტრო-უნგრეთსა და რუსეთს შორის, თანაც იმ პირველი გაყოფისას რუსეთს ერგო თავისივე ძველი სამფლობელო ბელორუსია, ავსტრია-უნგრეთს ასევე ძველი რუსული გალიცია, პრუსიას კი პომერანია და დიდი პოლონეთის ნაწილი. ამას შემდეგ მოჰყვა პოლონეთის მეორე და მესამე გაყოფებიც, რომელიც ცალკე სალაპარაკო თემაა და დღევანდელ ჩვენს საკითხს არ შეეხება.

სულ ახლახანს ინტერნეტში გავეცანით ერთ მასლას, რომლშიც ნათქვამი იყო, რომ კარლა დელ-პონტემ, რომელიც ამ რამდენიმე ხნის წინ ჰააგის სასამართლოში იუგოსლავიის ყოფილი პრეზიდენტის სლობოდან მილოშევიჩის ბრალმდებელი იყო, ამჟამად კი არგენტინაში იმყოფება შვეიცარიის ელჩად, გამოსცა წიგნი, რომელშიც წერს, რომ ჰააგის სასამართლოში მუშაობისას მასთან შედიოდა მასალები კოსოვარი ალბანელების მიერ სერბების დახოცვისა და მათი შინაგანი ორგანოებით ვაჭრობის შესახებ. იგი ასევე ამბობს, რომ მას უნდოდა ამ ინფორმაციის გახმაურება, მაგრამ ამას ხელს უშლიდა კოსოვოში გაეროს წარმომადგენლობა და მისი ხელმძღვანელი, ამჟამად საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, კუშნერი. სერბეთის სასამართლო ორგანოებმა ამ წიგნის გამოქვყნების შემდეგ აღძრეს სისხლის სამართლის საქმე. ცნობილია ისიც, რომ ახალგაზრდა სერბების დახოცვასა და მათი ორგანოებით ვაჭრობაში განსაკუთრებით გამოიჩინა თავი კოსოვოს ახლანდელმა პრემიერ მინისტრმა, რომელიც ადრე საველე მეთაური იყო. კარლა დელ პონტე წერს, რომ მასთან მიდიოდნენ სერბები და სთავაზობდნენ კოსოვარების მიერ მასობრივად დახოცილი ადამიანების სამარხების ჩვნებას, მაგრამ „ცივილიზებულ“ დასავლეთს არ უნდოდა ამ ინფორმაციის გახმაურება, სანამ არ გაფორმდებოდა კოსოვოს პროვინციის სერბეთისგან გამოყოფა და „ცივილიზებული“ სამყაროს მიერ მისი აღიარება. იმ მასალაში ნახსენები იყო 300 უკვალოდ დაკარგული ახალგაზრდა სერბის შესახებ, რომლებზედაც ეჭვობდნენ, რომ ისინი ასეთნაირად იქნენ დახოცილები და გამოშიგნულები ალბანელთა მიერ. ჩვენი ხელისუფლება, ადამიანის უფლებების დასაცავად ასე თავგადამკვდარი არასამთავრობოები, სამართლიანობისა და დემოკრატიის (ხალხის მმართველობის) დამკვიდრებისთვის ძილგამკრთალი ოპოზიციური პარტიები კი ამ საკითხზე ჩუმად არიან და ისევ „ამერიკა, ამერიკის“ ძახილით აპირებენ ხელისუფლებასთან სკამებისთვის საბრძოლველად ახალ რაუნდებში ჩაბმას.

ახლახანს ჩვენს რედაქციას უსაყვედურეს, რომ თქვენს ჟურნალში მხოლოდ რუსული, სერბული და ბერძნული ენიდან თარგმნილ მასალებს აქვეყნებთო, დასავლეთმა რაღა დაგიშავათო. ამიტომ ჩვენი წერილის დასასრურლს გვინდა ჩვენს მკითხველს შევთავაზოთ ამონარიდი ისევ ფრანგი ავტორის, ჯაკ ფრანსუა გამბას წიგნიდან მოგზაურობა ამიერკავკასიაში. მან საქართველოში იმოგზურა 1819-1824 წლებში, შემდეგ კი იყო საფრანგეთის კონსული თბილისში, უნდოდა აქ ევროპული მეურნეობის მოწყობა, მაგრამ 1833 წელს გარდაიცვლა. თავისი წიგნის I ტომის დასასრულს იგი მიმოიხილავს დასავლეთ საქართველოს ისტორიულ წარსულს და სხვათა შორის, სხვა ევროპულ და აღმოსავლურ მასალებზე დაყრდნობით, წერს:

„მოგზაურმა შარდენმა დეტალურად აღწერა შინაური ომები, რომლებიც მრავალი წლის განმავლობაში აჩანაგებდა ამ ბედკრულ ქვეყანას. იმხანად გამარჯვებულნი და დამარცხებულნი ისეთი სისასტიკით უსწორდებოდნენ ერთმანეთს, რომ მსგავს მაგალითებს მხოლოდ სპარსეთის ისტორიაში თუ შევხვდებით. მათი სისასტიკე არ ზოგავდა არც ბავშვებს, არც მოხუცებს, არც სქესსა და არც სილამაზეს.

სამეგრელოს ერთერთ ყველაზე დიდ ხელისუფალთაგან ლევან დადიანი მოიხსენიება, რომელიც 1650-იან წლებში მეფობდა. იგი გაეყარა აფხაზთა მთავრის ახალგაზრდა, ტურფა და ჭკვიან ასულს და ვიდრე მამამისს უკან მიჰგვრიდა, დადიანმა ქალს ცხვირი, ყურები და ხელები დააჭრა. შემდეგ მან ცოლი წაართვა საკუთარ ბიძას, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში მისი მეურვე იყო და ვისი წყალობითაც საკუთარი გვირგვინი ჰქონდა შენარჩუნებული.

რაც შეეხება იმერეთს, სულ მცირე დროის განმავლობაში აქ ერთმანეთის მონაცვლეობით მეფობდნენ ბაგრატი, ვახტანგი, ვამეყი და არჩილი, რომელთაც რიგრიგობით დასთხარეს თვალები ან მოკლეს. ერთ-ერთმა მათგანმა. კერძოდ, ბაგრატმა, კვლავ დაიბრუნა ტახტი, საკუთარი ხელით განგმირა ტახტიდან გადაყენებული წინამორბედი, ამოჰკვეთა მას გული, ხელებით დასრისა და გაუგონარი სიფიცხით შეპყრობილმა იგი ნაკუწ-ნაკუწ დაგლიჯა. ასეთ საშინელებებს რომ გაიგებ, ადამიანს სურვილი გებადება ეს უზურპატორები არა მეფეთა, არამედ დიდ ბოროტმოქმედთა შორის მოიხსენიო.

ამ დროიდან მოყოლებული, ვიდრე ამ ქვეყანას რუსები დაეპატრონებოდნენ, არც კია დიდად დასანანი, რომ ისტორიამ არ შემოგვინახა ამ ბედკრული ქვეყნის არც ავკაცთა სახელები და არც ის საშინელი ამბები, რასაც აქ უნდა ჰქონოდა ადგილი.

რაკი მეფეები თავს ასეთი ბარბაროსობის ნებას აძლევდნენ, სავსებით ცხადია, რომ ისინი ქვეშევრდომებს ისე ექცეოდნენ, როგორც საძაგელ ნახირს. აქ ხშირი ყოფილა სხეულის დასახიჩრების შემთხვევები. ზოგჯერ ამ ზომას იმიტომ მიმართავდნენ, რათა ყმების გაქცევები აღეკვეთათ, მაგრამ ზოგჯერ ასევე სჯიდნენ სულ უმნიშვნელო დანაშაულისთვისაც...

იმერეთის უკანასკნელ მეფეს სოლომონი ერქვა. რუსებმა მასზე ეჭვი მიიტანეს და მეფე თბილისში ჩაიყვანეს. აქ იგი სატუსაღოში ჩაამწყვდიეს, მაგრამ ერთგული კაცის თავდადების წყალობით მას გაქცევის სასუალება მიეცა. სოლომონ მეფე ტრაპიზონში გარდაიცვალა, სადაც მას თურქეთის ფაშამ თავშესაფარი მისცა.

როდესაც იმპერატორმა ალექსანდრემ, როგორც მონარქმა იმერეთი დაიკავა, ხოლო სამეგრელოსა და გურიაზე სიუზერენის უფლება განახორციელა, მისი ხელისუფლების პირველი ქმედება იმაში გამოიხატა, რომ მან აკრძალა თურქებისათვის ტყვეთა მიყიდვა, ლაგამი ამოსდო მთავრებისა და ბატონების სისასტიკეს და აუკრძალა მათ სხეულის დამახინჯებისა და სიკვდილით დასჯის კანონის გამოყენება. ამგვარად, ამ მხარისათვის ისეთი სიმშვიდისა და შვების აისი ამობრწყინდა, როგორსაც იგი არასდროს არ ყოფილა ჩვეული.

სწორი წარმოდგენა რომ ვიქონიოთ აზიაში რუსეთისა და ინგლისის მფლობელობის შეფარდებითს სიმტკიცეზე, საკმარისია შედარებულ იქნას ამ ორი სახელმწიფოს მმართველობის სისტემა მათ მიერ დაპყრობილ ქვეყნებში.

რუსები ძირითადად ძალაში ტოვებენ იმპერიასთან შემოერთებული ხალხების კანონებსა და ჩვეულებებს, მაგრამ საკუთარ სიძლიერეში დარწმუნებულნი უყოყმანოდ აუქმებენ ბარბაროსობის ყოველ ნიშან-წესს.

რაც შეეხება ინგლისელებს, ინდოეთში, მაგალითად, ისინი არ კრძალავენ იქაური ხალხების კანონებსა და ჩვეულებებს. განათლებული ერის წარმომადგენლები, ერისა, რომელსაც თავი მოაქვს ამდენი ქველმოქმედებით, იძულებულნი არიან ყოველ წელს მოითმინონ რელიგიური ფანატიზმის საფუძველზე სიკვდილმისჯილი უამრავი ქვრივი ქალის კოცონზე დაწვის საშინელი სპექტაკლები. თუნდაც ეს ფაქტი ნამდვილად ადასტურებს, რომ ინგლისის ხელისუფლება ინდოეთში არამყარია, ადასტურებს ალბათ იმასაც, თუ რაოდენ ადვილია ქვეყნის დაპყრობა.

აქ წყდება იმ მოვლენათა თხრობა, რომელთა ასპარეზიც კოლხეთი იყო. ამიერიდან რუსეთის უზარმაზარი იმპერიის შემადგენლობაში შესული ეს ქვეყანა, ამჟამად მისი ერთერთი პროვინციათაგანი, ისტორიის კუთვნილებას აღარ წარმოადგენს“.

ასეთია XIX საუკუნის ფრანგი დიპლომატისა და კომერსანტის შეხედულება საქართველოს ისტორიაზე, იმდროინდელ მდგომარეობასა და საქართველოში რუსეთის მფლობელობაზე. ბევრი რამე ამ მოსაზრებაში შესაძლოა სხვანაირად იქნას ჩამოყალიბებული, ბევრიც მისაღებია, ბევრიც სადაო, მაგრამ ყოველივე ამას, ისევე როგორც წმ. ილია მართლის, პლატონ იოსელიანისა და შარლ დე გრაი დე ფუას ნაწერებს სჭირდება სათანადო შესწავლა, გააზრება და გაანალიზება დღევანდელობისთვის სასარგებლო დასკვნების გასაკეთებლად. ხოლო „ამერიკა, ამერიკასა“ და „ნატო, ნატოს“ ძახილით რუსეთისკენ ფურთხება საკუთარი ისტორიისა და საკუთარი სინდისის, საკუთარი სულისკენ ფურთხებასაც ნიშნავს. ღმერთმა სწორ გზაზე მოიყვანოს და ატაროს ქართველი ხალხი, გვესწავლოს ჩვენი ისტორია, კარგად გაგვეგოს საიდან მოვდივართ, დღეს სად ვართ და საით უნდა წავიდეთ; და როგორც წმინდა ილია მართალი გვასწავლის, თავი დაგვეღწიოს იმ გადაგვარებისა და გათახსირებისათვის, რომელიც ყველა ერს ემართება, როცა ის საკუთარ წარსულს ივიწყებს.

ირაკლი ხართიშვილი
2009 წლის მარტი

1 comment:

  1. ზემოთქმულზე დამატებით მინდა დავწერო, რომ ქართველთა გარკვეული ნაწილის მხრიდან რუსეთ-საქართველოს ისტორიული ურთიერთობების დამახინჯება, რამაც პირადად ჩემზე და ბევრს სხვა ქართველზეც, დიდი გავლენა იქონია 1970-80-იან წლებში, და ეს დღესაც გრძელდება, შეეხება 18-ე საუკუნის ურთიერთობებს. 19-ე და 20-ე საუკუნეებში რუსეთის ხელისუფლებამ თვითონ აიღო კურსი საქართველოში დამპყრობლური პოლიტიკის გატარებაზე, უწინდელი მფარველობითი პოლიტიკის ნაცვლად. დღევანდელ რუსულ საზოგადოებაშიც არ იჩენენ ჩვენს მიმართ ქრისტიანული დამოკიდებულების განვითარების სურვილს, როცა ორივე მხარის სამართლიანი ეროვნული და სახელმწიფოებრივი ინტერესები იქნება გათვალისწინებული და დაცული. ზემოთ მოყვანილი წერილი დაიწერა სწორედ ქრისტიანული სწავლების ფარგლებში რუსეთთან ჩვენი დამოკიდებულების მიყოლასა და განვითარებაზე. მაგრამ თვითონ რუსეთის ხელისუფალთა მხრიდან ასეთი სურვილის არარსებობის გამო, მეც უფრო უკან ვდგები ჩემი სურვილებითა და საზოგადოებისათვის მათი შემოთავაზებით - როცა საპასუხო დამოკიდებულება არ ჩანს რუსებისაგან, მე ვამჯობინე ამ მხრივ აღარ ვიაქტიურო და დაველოდო იმ დროს, როცა თავად ცხოვრება, ანუ უფალი, აიძულებს რუსეთის ხელმძღვანელობას და მთლიანად საზოგადოებას ქრისტიანულად მოქცევასა და შესაბამისი პოლიტიკის გატარებას.

    ReplyDelete