Thursday, January 4, 2024

1978 წლის 14 აპრილის გამოსვლასთან დაკავშირებული ლექსებიდან

მცირე წინასიტყვაობაში ვიტყვი, რომ 1977 წელს, როცა მე მე-10 კლასში ვსწავლობდი, სკოლაში ჩვენთან მოვიდა ინფორმაცია, რომ მოსკოვიდან ყოფილა ჩამოსული კომისია, რომელსაც ჩამოუტანია წინადადება იმის თაობაზე, რომ ზოგადსაგანმანათლებლო საგნების (მათემატიკა, ფიზიკა, ქიმია, გეოგრაფია, ბიოლოგია და სხვა) სწავლება ქართულ სკოლებში დაეწყოთ რუსულ ენაზე, და ამას ჩვენში შეხვდა დიდი წინააღმდეგობა, განსაკუთრებით მწერალთა კავშირის მხრიდან. 

იმ ხანებში მიიღეს საბჭოთა კავშირის ახალი კონსტიტუცია, და მის კვალდაკვალ უნდა მიეღოთ მისი შესაბამისი კონსტიტუციები მოკავშირე რესპუბლიკებშიც, მათ შორის საქართველოს სსრ-ში. და ქართულ ენაზე შემოტევაც ამ პროცესის ფარგლებში მიმდინარეობდა. 1978 წლის 14 აპრილის წინა დღეებში ჩვენში ცნობილი გახდა, რომ საქართველოს მწერალთა კავშირში ქართული ენის სამართლიანი უფლებების დასაცავად აქტიურად გამოვიდა მწერალი ნოდარ წულეისკირი, როდესაც სხვებმა, გაჩუმება ამჯობინეს. ნოდარ წულეისკირის მიერ წარმოთქმული სიტყვა საბეჭდ მანქანაზე დაბეჭდილი სახით ვრცელდებოდა ქართულ საზოგადოებაში, და ის მეც მამიდაჩემმა წამაკითხა. 

მე მაშინ სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენტი გახლდით. იმ დღეს, 14 აპრილს, როგორც მახსოვს, პარასკევი დღე იყო, პირველ ლექციას მათემატიკურ ანალიზში (გვიკითხავდა პროფ. ელიზბარ წითლანაძე) დავესწარით. ის 10 სთ-ის შესრულების მალევე გამოვიდა, მომდევნო ლექციაზე კი (ანალიზური გეომეტრია და უმაღლესი ალგებრა – პროფ. გიული კახნიაშვილი, აღარ შევსულვართ). უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან, მიწისქვეშა გადასასვლელთან, დაგვხვდა ქართული ინტელიგენციის ჯგუფი. ისინი გვეუბნებოდნენ, რომ, რაც გვინდა უკვე ყველაფერი ისე გადაწყვეტილი და გაკეთებულია, რომ ჩვენი გასვლა მთავრობის სასახლესთან საჭირო არ არის. ჩვენ მათ ვუთხარით, რომ აქციაზე უკვე გასულები არიან, და თუ საჭირო აღარ არის ის გამოსვლა, მაშინ ეგ იმათთვის ეთქვათ და უკან დაებრუნებინათ, თუ არა და ჩვენ მათ ისე მარტოდ ვერ დავტოვებდით. 

ჩვენც წავედით აქციაზე უკვე გასულთა მხარდასაჭერად. სადღაც, გამომცემლობა „სამშობლოსთან“ მილიციის თუ შინაგანი ჯარის კორდონი იდგა, რათა არ გავეშვით, იქვე ისმოდა ახალგაზრდა ქალის ხმა მეგაფონიდან, რომელიც ირაკლი აბაშიძის ლექსს „ხმა კატამონთან“ კითხულობდა. ბოლოს, წინა რიგებმა გაარღვიეს ის კორდონი და გავედით. როცა მთავრობის სასახლისკენ მივდიოდით, ხალხში ხმა დაირხა, რომ უკვე ჩვენს სასიკეთოდ გადაწყდა საქმეო, და ამ დროსვე ჩაირთო რუსთაველის გამზირზე ხმამაღლა მოლაპარაკეები, და ხდებოდა მთავრობის სასახლიდან ედუარდ შევარდნაძის მოხსენების გადმოცემა, რაც იმის მაუწყებელი იყო, რომ საქმე მართლაც სასიკეთოდაა გადაწყვეტილი, და ასე წავიდა კიდეც შემდგომი მოვლენები. როდესაც უკვე მთავრობის სასახლის წინ ვიდექი, იქვე მახლობლად გამოჩნდა პლაკატი წარწერით „თავისუფლება ზვიად გამსახურდიას“, რაც ჩვენ არ მოგვეწონა, ვინაიდან მაგისთვის არ ვიყავით გამოსულები, და ამას შეიძლებოდა მდგომარეობა კიდევ უფრო გაერთულებინა. მაგრამ, საბედნიეროდ, ის ლოზუნგი მალევე გააქრეს და მიმდინარე აქციაც თავის ძირითად მიზანში დარჩა. დანარჩენი ვითარება ცნობილია. 

იმ დღეებში გამოჩნდა ლექსები. ერთი ვრცელი ლექსი იყო, რომლის დასაწყისი უფრო მახსოვს და ქვემოთ მოვიყვან. 

სისხლით მორწყულ ქართულ მიწას 
ისევ სისხლის წვიმა ელის, 
მტერმა ბევრჯერ დაამიწა, 
ბევრჯერ აღსდგა რისხვა მტერის. 
ამ უბადლო მდინარეებს, ამ უსაზღვრო ზღვას, 
ცისფერი არ ღირსებია, მუდამ სისხლი სვა, 
ვაი, ჩემო საქართველოვ, შენ არ გევხარ სხვას, 
რა პატარა, რის პატარა, ვინ გიბედავს თქმას... 

და ასე შემდეგ... 

მაშინვე გამოჩნდა ლექსები-გამოცანები ცნობილ ქართველ მწერლებზე, რომლებმაც მწერალთა კავშირში იმ სხდომაზე გაჩუმება ამჯობინეს, და აგრეთვე ნოდარ წულეისკირზე, რომელიც იქ მგზნებარე სიტყვით გამოვიდა. აი ეს ლექსებიც (რაც მახსოვს): 

მიწაზე ვეღარ ეტევი, ჰუმანოიდებს შეები, 
გაწუხებს საკაცობრიო აზრები და იდეები, 
ცასა და მიწას ედები, თავი მწერალი გგონია,
ჩვენი ჭირი და ვარამი ვითომ არც გაგიგონია; 
ორი თვალი გაქვს შე კაცო, ან ცა იწამე, ან ღმერთი, 
ორი თვალი გაქვს, ვაი რომ, პატიოსანი არც ერთი. 
                                                              (გურამ ფანჯიკიძეზე) 

ულვაშ სრული, ტანმაღალი, სუფრის ხშირი ტოლუმბაში, 
სიტყვით დიდი ქართველი და საქმეშიც მოსდის შაში; 
ქვეყნის კედელს ჩამატანეთ, გაიძახის ცოლის სახლში, 
ზურაბობით ეკვეხება პატრიოტთა სათვალავში. 
ცოცხალ გმირებს შურით უმზერს, 
გარდაცვლილებს ტაშის კვრითა, 
ბეწვის ხიდზე ეს ქვეყანა ფეხის გულზე დაიკიდა. 
                                                              (ჯანსუღ ჩარკვიანზე) 

ტანდაბალი, პირმსუქანი, მოღუღუნე, მოალერსე, 
ახლა როცა გულის ჯიბეც „ბებიებმა“ ამოუვსეს, 
მზესაც ხედავს, დღესაც ხედავს, ჩვენს ჭირსა და ვარამსაცა, 
მაინც ფეხზე დაგვიკიდა ამ გამძღარმა არამზადამ 
                                                                (ნოდარ დუმბაძეზე) 

არც მაღალი, არც ლამაზი, 
მაგრამ დიდი, რადგან ფლიდი, 
მდივნობისკენ გზა სავალი შეუმოკლა ირაკლიდიმ, 
ერგო ცოლი და ერი ფეხზე დასაკიდი. 
                                                               (გრიგოლ აბაშიძეზე) 

ერთხელ ცვარ-ნამის მოფრქვევით ვერ გაიხარა ყანამან, 
რა ნაადრევად მოაშთო ტკბილ-ქართველობა ანამან, 
ალბათ სიტყვებიც არ ეყო ვარამის გამოთქმისადა, 
რომ ნათელ-მირონს გადაცდა და გამოჩინდა მტრისადა. 
                                                                 (ანა კალანდაძეზე) 

არგვეთელო ელავს ხმალი 
შენს მოქნეულ სტრიქონშია, 
არ დაჟანგდეს, წილი უდევს 
ქვეყნის ნათელ-მირონშია. 
                                       (მუხრან მაჭავარიანზე) 

ღმერთიც ისეთსა აქებსა, 
სინდისს რომ დაეწინდების, 
შენ შხამს რად უშვერ ბაგესა, 
მამულს ცოცხლადა სჭირდები. 
                                         (ნოდარ წულეისკირზე) 

აი ეს ლექსები, რაც იმ დროიდან მახსოვს, ზოგიც დამავიწყდა. იყო ლექსი მურმან ლებანიძეზე, რომლის დასაწყისი აღარ მახსოვს, დასასრული კი ასეთი გახლდათ: 

... შენს ლექსში მხოლოდ სამშობლო, 
სხვა არა გავიგონია, 
პატრიოტობა რაჭაში 
სახლის შენება გგონია? 

უფრო მოგვიანებით მურმან ლებანიძეზე გამოჩნდა შემდეგი ლექსიც: 

მურმან ლებანიძეს ქვამარილი გამოლევია, 
ბევრ კარგში თითო-ოროლა ცუდიც გამორევია; 
გარდასული სიყვარულის გამო ელიან, 
ვაჟკაცურ სიტყვას მისგან აღარ ელიან. 
ნუთუ მთელია ლებანიძე, მაინც მთელია, 
საქართველოში ნუთუ ისევ მასპინძელია? 
მურმან ლებანიძეს ქვამარილი გამოლევია. 

უფრო მოგვიანებით შოთა ნინიანიძემ გამოაქვეყნა ლექსი, სადაც ამბობდა, რომ ალესილი მახვილი არის დადებული ჩვენს წინააღმდეგ და ახალგაზრდებს მოგვიწოდებდა სიფრთხილისა და თავშეკავებისაკენ. იმ ლექსში იყო სიტყვები: „არა შვილებო, არა ძირებო, მაგ მახვილისთვის არ მემეტებით“. 

ამაზე საპასუხოდ გამოჩნდა ლექსი: 

დაჭრილი დედა-სამშობლო სტირის, 
დასჭირდებიან მამულს ლეკვები; 
ნიშნიანიძე ბუჩქიდან ყვირის: 
– „არ მეტებით, არ მემეტებით“. 

იმავე ხანებში გამოვეყნდა მორის ფოცხიშვილის ლექსიც, სადაც ნათქვამი იყო, რომ „საქართველომ კუჭატნელთა აღზევებაც იცის, მაგრამ მარაბდელთა ამხედრებაც იცის“-ო. ამაზე საპასუხოდ გამონდა ლექსი, რომელიც ისე კარგად აღარ მახსოვს, მაგრამ ბოლოში ნათქვამი იყო: 

... არ ეგების ორი უფლის ყოლა, 
ან სამშობლო იწამეთ და 
ან სამშობლოს გამყიდველი მოლა. 
ან კაცურად აღიმაღლეთ ხმა კაცური 
და ატარეთ ერისკაცის ქუდი, 
ან მოეშვით მკერდზე ურცხვად მუშტის ბრახუნს 
და მტარვალებს უქიცინეთ კუდი. 
თორემ როცა განკითხვის დღეს დაგიდგებათ, 
არ გიშველით . . . . . . და ფიცი, 
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . 
რადგან ხალხმა ყველაფერი იცის. 

და ეს ლექსი მთავრდებოდა სიტყვებით: 

შენს პოეზიას სუნი უდის დამპალი მძორის, 
მე მენდე მორის, მე მენდე მორის. 

მომდევნო ათწლეულების მოვლენებმა აჩვენა, რომ როგორც ჩვენ, მაშინდელ ახალგაზრდობას გვქონდა წარმოდგენილი და გვეგონა, ისე კარგად და ქვეყნის სასიკეთოდ ვერ განვითარდა მოვლენები, და იმ დამოკიდებულებებშიც, რაც ზემოთ მოვიყვანე, ბევრი რამ იყო მცდარი და შორს ვერ განჭვრეტილი. ახლა ამ მასალის გამოქვეყნება იმისთვის გადავწყვიტე, რომ შემდგომი ნაბიჯების შესაფასებლად შეიძლება გამოადგეს დღევანდელ ახალგაზრდობას, რომელმაც ბევრი რამე მაშინდელ განვლილ გზაზე არასწორად და შელამაზებულად იცის. გარდა ამისა, მეც უკვე მავიწყდება რაღაც-რაღაცეები, და სანამ სულ დაკარგულა, სჯობს რაც მახსოვს? თუნდაც ასეთი სახით მივაწოდო მკითხველს – ზოგს გავახსენო წარსულ დღეთა ამბები, სხვებს კი სიახლედ ვუთხრა, ვინც მათ შესახებ არასწორად იცის, განსაკუთრებით ახალგაზრდობას. 

ირაკლი ხართიშვილი