Monday, November 1, 2010

ცალკეული მოვლენებისა და პიროვნებების შესახებ გერმანიის ისტორიაში – ნაწილი II

(ნაშრომი მომზადებულია ბროქჰაუზ-ეფრონის ენციკლოპედიური ლექსიკონის /ლაიფციგი _ სანკტ-პეტერბურგი/ მასალების მიხედვით; ცალკეულ წერილებში მოყვანილი მითითებანი გულისხმობს ამავე ლექსიკონის ტომებში გამოქვეყნებული კონკრეტული მასალების დამატებით გაცნობას)

_ ბაზელის საეკლესიო კრება _ ჰაბსბურგები _ საღვთო რომის იმპერია _ ვიურტემბერგი _ ინტერიმი _ 30-წლიანი ომი _ ვალენშტაინი _ რაინის კავშირი _ ვენის კონგრესი _ გერმანიის კავშირი _ ვართბურგის დღესასწაული _ ჰამბახის დღესასწაული _ გერმანიის საბაჟო კავშირი _ ჰეკერი _

20) ბაზელის საეკლესიო კრება

ბაზელის საეკლესიო კრება გახლდათ უკანასკნელი მსოფლიო საეკლესიო კრება XV ასწლეულში*, რომელიც მოითხოვდა ფართო საეკლესიო რეფორმებს; გრძელდებოდა 1431 წ. 27 აგვისტოდან 1449 წ. 7 მაისამდე. (მანამდე ჩატარებულმა) კონსტანცას საეკლესიო კრებამ აღადგინა ეკლესიის ძველი შეხედულება მსოფლიო საეკლესიო კრებების, როგორც საეკლესიო საქმეებში უმაღლესი სასამართლო და საკანონმდებლო ინსტანციის შესახებ, და საგანგებო დეკრეტით (Frequens) დაადგინა ასეთი სასულიერო პარლამენტების პერიოდულად მოწვევა. თუმცა კი მარტინ V უკმაყოფილო გახლდათ პაპის ხელისუფლების ასეთი შეზღუდვით, მაგრამ, პოლიტიკური სიძნელეებისა და ჰუსიტების ქედუდრეკელობის გამო იძულებულმა, მოიწვია ახალი მსოფლიო საეკლესიო კრება ბაზელში. მისმა მენაცვალემ, პაპმა ევგენი IV-მ, დაადასტურა საეკლესიო კრების მოწვევა და მისის ხელმძღვანელობა დაავალა კარდინალ-ლეგატს ჯულიანო ჩეზარინის. კარდინალ-ლეგატის რწმნებულის მიერ თათბირების გახსნიდან (1431 წ. 27 აგვისტოს) თავად კარდინალ-ლეგატის პირადად მისვლამდე (14 დეკებერს) დროის შუალედში ცოტ-ცოტად იკრიბებოდნენ ყველა პრელატი, მონასტერთა წინამძღვრები, ღვთისმეტყველების დოქტორები და ხელმწიფეთა ელჩები. საეკლესიო კრების რეფორმატორულმა მისწრაფებებმა, რომლებიც გამოვლინდა პირველივე სხდომებიდან, აიძულა პაპი უკვე უკვე 18 დეკემბერს გამოეცა ბულა Quoniam alto ბაზელის საეკლესიო კრების დათხოვნისა და ბოლონიაში სხვა კრების მოწვევის შესახებ, მაგრამ იმპერატორმა სიგიზნდმა და თავად კარდინალ-პრელატმაც გაუგზავნეს პაპს დაბეჯითებითი წარდგინებები ამ ბულის გაუქმების შესახებ, ხოლო თავად საეკლესიო კრებამ, 1432 წ. 15 თებერვალს, საკუთარი თავი გამოაცხადა კონსტანცას საეკლესიო კრების გაგრძელებად, რომელიც, მსოფლიო საეკლესიო კრების სახით, ძალაუფლებით სარგებლობდა ღმერთისგან და, აქედან გამომდინარე, იდგა პაპზე უფრო მაღლა. უკანასკნელი (რომის პაპი) რამდენჯერმე მიწვეულ იქნა, რათა პირადად წარმდგარიყო კრების წინაშე, ხოლო როდესაც იგი ამის შემდეგაც არ გამოცხადდა, მის წინააღმდეგ აღძრულ იქნა ბრალდება დაუმორჩილებლობაში და მას დაუწყეს მუქარა გადაყენებით.

არა იმდენად მუქარებმა, რამდენადაც პაპის სამფლობელოებში დაწყებულმა ხალხის აღშფოთებამ, რაც განპირობებული იყო, უმთავრესად, პაპის შერყეული ავტორიტეტით, საეკლესიო კრებასთან მისი კამათის გამო, აიძულეს ეგენი IV დაჰყოლოდა სიგიზმუნდის რჩევას და ეღიარებინა (1433 წ. 1 აგვისტოს) როგორც თავად კრება, ისე იმ დრომდე მასზე მიღებული ყველა გადაწყვეტილებაც. ამასობაში საეკლესიო კრებამ მოასწრო კიდევ უფრო მეტად აემაღლებინა თავისი მნიშვნელობა ჰუსიტური მწვალებლობის თაობაზე საკითხის გადაწყვეტით, თუმცა კი ნაწილობრივად. კრებაზე მიწვეულმა ჰუსიტებმა, ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ, რომლებიც ეხებოდა უმთავრესად ბაზელამდე თავისუფლად მგზავრობის საკითხებს, 1433 წ. 4 აგვისტოს, გაგზავნეს დიდი დეპუტაცია 300 ადამიანისგან, რომელსაც სათავეში ედგნენ პროკოპი და როკიჩანი. აქ მიმდინარე თათბირებმა მხარეები მიიყვანა ე. წ. „პრაღის კომპაქტების“ დადებამდე, რომლის მიხედვითაც ჰუსიტების უფრო ზომიერი პარტია შეურიგდა რომს, მიიღო რა ზოგიერთი დათმობა (სხვათა შორის, ზიარება ორივე წესით). საეკლესიო მოწყობის სხვა ძირეულ რეფორმებში კრებამ განსაკუთრებულად სასიკეთო შედეგებს ვერ მიაღწია, უმთავრსად იმიტომ, რომ თავის გადაწყვეტილებებში ზედმეტად ხელმძღვანელობდა მტრობით რომის კურიის მიმართ. 1435 წ. იანვრიდან კრებამ გამოსცა რიგი დადგენილებებისა, რომლებიც მიმართული იყო სასულიერო წოდების თავაშვებულებათა წინააღმდეგ. კრების შემდგომ დადგენილებებში მოსჩანდა ტენდენცია პაპის ძალაუფლების შეზღუდვისკენ, აფართოვებდა რა მის ხარჯზე სასულიერო არისტოკრატიის ძალაუფლებასა და უნივერსიტეტების პრივილეგიებს. 1436 წ. 25 მარტს დაადგინეს პაპის არჩევის ახალი წესი, და სრულებით გარდაქმნეს კარდინალთა კოლეგია; ამიერიდან პაპი მოვალე იყო ტახტზე ასვლისას დაედო ფიცი იმის თაობაზე, რომ იგი თავისი ავტორიტეტით ხელს შეუწყობს მსოფლიო საეკლესიო კრების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების განხორციელებას, და ყოველწლიურად მოიწვევს ასეთ კრებას; კარდინალთა კოლეგია შეზღუდულია 24 წევრით ყველა ერიდან და იმის დაცვით, რომ არც ერთ ერს არ მიეკუთვნებოდეს ამ რიცხვის ერთ-მესამედზე მეტი; კოლეგიის მიერ ხდება მუდმივი დაწესებულების მნიშვნელობის მითვისება, რომელიც აკონტროლებს პაპის განკარგულებებს და ამტკიცებს მის ბულებს, რისთვისაც იგი სარგებლობს პაპის ოლქის შემოსავლების ნახევრით. ამ დადგენილებებმა, რომლებსაც გმობდა თავად კრების ზომიერი უმცირესობა, გამოიწვია ახალი წინააღმდეგობები პაპთან, რომელიც გადავიდა ურთიერთობების სრულ გაწყვეტაზე სეკლესიო უნიის შესახებ ბერძნებთან მოლაპარაკებების გამო.

უკვე 1430 წ., როდესაც თურქები დაეუფლნენ თესალონიკს, იმპერატორმა იოანე პალეოლოგმა, რათა წაეხალისებინა დასავლეთ-ევროპული სახელმწიფოები დახმარებოდნენ ბერძნებს თურქების წინააღმდეგ, რომში პაპთან გაგზავნა ელჩობა, საეკლესიო უნიის შეთავაზებით. 1433 წ. 15 ოქტომბერს კონსტანტონოპოლის იმპერატორმა და პატრიარქმა ისე, რომ ერთი სიტყვითაც არ უხსენებიათ პაპსა და საეკლესიო კრებას შორის უთანხმოებების შესახებ, ერთსაც და მეორესაც მიმართეს გზავნილით, რომლებშიც სთხოვდნენ მოლაპარაკებების დაწყებას უნიის თაობაზე. გასაგებია, რომ პაპიცა და კრებაც ყველანაირი შესაძლო ხერხითა და ინტრიგით ცდილობდნენ ბერძნების მიმხრობას თავიანთ მხარეზე. 1437 წ. 7 მაისის ქარიშხლიან სხდომაზე, რომელშიც მხოლოდ ბაზელის შეიარაღებულ მოქალაქეთა ჩარევის წყალობით არ მივიდა სისხლისღვრამდე საქმე, მსჯელობდნენ იმ ადგილის შესახებ, სადაც უნდა ჩატარებულიყო კათოლიკურ და ბერძნულ უმაღლეს სასულიერო წოდებათა კრება უნიის დასადებად; უმრავლესობამ გამოთქვა წინადადება ბაზელის, ავინიონის, ან კიდევ სავოიის რომელიმე ქალაქის სასარგებლოდ, პაპის ერთგული უმცირესობა კი იდგა ამ მიზნით რომელიმე იტალიური ქალაქის არჩევის მხარეზე. ამ საკითხმა გამოიწვია ნამდვილი განხეთქილება კრებაზე, და პაპის მომხრეებმა ჩეზარინის მეთაურობით დატოვეს ბაზელი; მაგრამ კურიისადმი მტრულად განწყობილი უმრავლესობა დარჩა, რომელსაც ხელმძღვანელობდა ლუდოვიკო დ’ალემანი, კარდინალი და არლის მთავარეპისკოპოსი, ადამიანი რომელიც გამორჩეუული გახლდათ გონებითა და შეუბღალავი ცხოვრებით, და ეს უმრავლესობა კიდევ უფრო შორს წავიდა თავის ოპოზიციაში პაპის ტახტისადმი. 1437 წ. 31 ივლისს პაპი თავის კარდინალებთან ერთად მიწვეულ იქნა გამოცხადებულიყო 60 დღის განმავლობაში ბაზელში, რათა თავი გაემართლებინა საეკლესიო კრების წინაშე მისი დადგენილებებისადმი დაუმორჩილებლობის გამო. 1438 წ. 24 იანვარს პაპს დროებით ჩამოერთვა ძალაუფლება და როდესაც იგი ამის შემდეგაც არ გამოცხადდა, მაშინ კრებამ, ე. წ. რვა კათოლიკური წესის საფუძველზე, საზეიმოდ დაჰგმო პაპი, როგორც გამოუსწორებელი ერეტიკოსი (მწვალებელი) და იგი გამოაცხადა ხელისუფლებიდან საბოლოოდ გადაყენებულად (1439 წ. 25 ივნისს). პაპის ტახტზე ფელიქს V-ის სახელით აყვანილ იქნა (1439 წ. 5 ნოემბერს) ჰერცოგი ამადეუს სავოიელი, რომელმაც თავიდან მოიხსნა თავისი ქვეყნის მართველობა.

ამ დროს ბაზელში მძვინვარებდა შავი ჭირი, რომელიც გაუბედავებისა და ცრუმორწმუნეთათვის წარმოადგენდა სასურველ საბაბს საეკლესიო კრების დასატოვებლად, რომელიც ამის შედეგად მნიშვნელოვნად შემცირდა. ახალი პაპი აღიარებულ იქნა მხოლოდ თავისი ვაჟიშვილის, შვეიცარიელებისა და ბავარიის ჰერცოგის მიერ, მაშინ როდესაც ევგენიმ შეძლო კვლავ დამკვიდრებულიყო თავის სამფლობელოებში და უწინდელი პრესტიჟით სარგებლობდა იტალიაში, ხოლო მას შემდეგ, რაც 1439 წ. მან მოახერხა ფლორენციაში წარმატებით მიეყვანა ბოლომდე ბერძნულ-რომაული უნიის საქმე, ასევე დამკვიდრდა ევროპაშიც, სადაც მას ძველებურად უყურებდნენ როგორც კათოლიკური ეკლესიის კანონიერ მეთაურს. ასეთ გარემოებებში ფრანგებმა და გერმანელებმა იჩქარეს გადაერჩინათ, სულ მცირე, ის რეფორმები მაინც, რომლებიც ნაკურთხი იყო საეკლესიო კრების მიერ პაპთან განხეთქილებამდე გამოცემული დეკრეტებით. საფრანგეთის მეფემ კარლ VII-მ ამ დადგენილებებს თავის ქვეყანაში პრაგმატული სანქციით მისცა სახელმწიფო კანონების სახე (ბურჟეში), მაგრამ იგი განუდგა კრებას, როდესაც მასზე შეუდგნენ პაპის ევგენი IV-ის ხელისუფლებიდან ჩამოშორების საკითხზე მსჯელობას. გერმანელმა კურფიურსტებმა 1439 წ. 26 მაისის შეკრებაზე მაინცში ასევე მიიღეს ბაზელის საეკლესიო კრების დადგენილებები, მაგრამ პაპთან მის ბრძოლაში თავი გამოაცხადეს ნეიტრალურებად. იმპერატორმა ფრიდრიხ III-მ პირდაპირ მტრული დამოკიდებულება გამოავლინა კრებისადი. მისმა მდივანმა ენეუს სილვიუსმა, რომელიც უწინ კრებაზე მიეკუთვნებოდა ოპოზიციას, და მდივნადაც კი გახლდათ ახლად არჩეულ პაპთან ფელიქს V-თან, როდესაც ბედმა უმტყუნა კრებას, მაშინ იმპერატორის სახელით მოლაპარაკებები დაიწყო რომთან, რომლებიც რამდენიმე წელიწადს გრძელდებოდა. ამასობაში ტრირისა და კიოლნის მთავარეპისკოპოსებმა, რომლებიც თანამდებობიდან გადააყენა ევგენი IV-მ, ბაზელის კრებისადმი მომხრობის გამო, მოახერხეს დაერწმუნებიათ გერმანელი კურფიურსტები გაეგზავნათ პაპისთვის რაღაც ულტიმატუმის მსგავსი, რომელშიც წაყენებული იქნებოდა მოთხოვნები ბაზელის კრების მიერ მიღებული დადგენილებების ნამდვილებად აღიარებისა და ახალი საეკლესიო კრების მოწვევის შესახებ, ერთერთ გერმანულ ქალაქში, არაუგვიანეს 1447 წ. 1 მაისისა; ამ მოთხოვნების არშესრულების შემთხვევაში კი ულტიმატუმის ხელმომწერი კურფიურსტები იმუქრებოდნენ, რომ ფორმალურად დადგებოდნენ ბაზელის საეკლესიო კრებისა და ის მიერ არჩეული პაპის მხარეზე. მაგრამ ფრიდრიხ III-მ კურფიურსტების ამ საქციელში დაინახა მისი საიმპერატორო ხელისუფლების იგნორირება და ენეუს სილვიუსს დაავალა კურფიურსტების ზურგს უკან ეწარმოებინა მოლაპარაკებები პაპის ტახტთან. ნახევარ-დათმობების, ორაზროვანი მოლაპარაკებებისა და ტრირისა და კიოლნის მთავაეპისკოპოსების თანამდებობიდან გადაყენებაზე დეკრეტის გაუქმების ფასად _ ევგენი IV-მ, ბოლოს და ბოლოს, მიაღწია მის აღიარებას საიმპერიო ჩინოსნების უმრავლესობის მიერ; ფორმალური აქტი ამის თაობაზე მას მიუტანეს 1447 წ. 7 თებერვალს, მაგრამ ამ დროს იგი უკვე სასიკვდილო სარეცელზე იწვა.

ახალი პაპის ნიკოლოზ V-ის ეშმაკობა და ენეუს სილვიუსის ვერაგობა შეიქმნა იმის მიზეზი, რომ ევგენი IV-ის მიერ გაკეთებული ის მცირე დათმობებიც კი გერმანელებისადმი მალევე თითქმის სრულებით გაუქმებულ იქნა (1447 წ. 17 თებერვლის ვენის კონკორდატი). იმპერატორმა ფრიდრიხ III-მ პირველმა მისცა მაგალითი და საგანგებო ხელშეკრულება დადო პაპის კურიასთან; მას მიბაძეს საიმპერიო მთავრებმაც, რომელთაგან უფრო ძლიერები რომმა მიიზიდა ზოგიერთი საგანგებო დათმობით. საეკლესიო კრების ნარჩენები კი, რომელთაც უკვე აღარ ჰქონდათ ქალაქ ბაზელის მფარველობა, გადავიდნენ ლოზანაში (1448 წ. 25 ივნისს). მაგრამ როდესაც თავად კრების მიერ არჩეული პაპი ფელიქს V საპატიო პირობებზე დაექვემდებარა რომის პაპს ნიკოლოზ V-ს, მსოფლიო საეკლესიო კრებას უკვე აღარაფერი დარჩენოდა, გარდა იმისა, რომ შეეწყვიტა თავისი თამაში საეკლესიო პარლამენტობანაში. ლოზანას კრებამ ნიკოლოზ V აღიარა ძალაუფლებაზე უარის მთქმელი ფელიქს V-ის კანონიერ მენაცვალედ და 1449 წ. 7 მაისს დაადგინა საკუთარი დათხოვნა. ბაზელის საეკლესიო კრების დეკრეტები არ არის ჩართული რომის მიერ გამოცემული მსოფლიო საეკლესიო კრებების არც ერთ კრებულში და რომის კურიის მომხრეების მიერ გამოცხადებულია არანამდვილად. მიუხედავად ამისა ისინი იქცა წყაროებად კანონიკური სამართლისთვის საფრანგეთსა და გერმანიაში, რადგანაც კრების მიერ მიღებული ედიქტები შევიდა კარლ VII-ის მიერ ბურჟეში გამოქვეყნებულ პრაგმატულ სანქციაში და, ნაწილობრივ, მიღებულ იქნა კურფიურსტების მაინცის შეკრებაზე 1447 წ. 1 მაისს (რატომღაც დაბეჭდილია 1439 წ. 26 მარტი _ ი. ხ.). პარიზსა და ბაზელში შემორჩენილი საეკლესიო კრების ხელნაწერი აქტები გამოქვეყნებულია მანზისა (Manzi) და სხვათა კრებულში. შეადარეთ ასევე ვესენბერგის (Wessenberg) “Die allgemeinen Konzilien des 15 u. 16 Jahrhunderts” (ტ. 2, კონსტანცა, 1840), ბინტერიმის (Binterim) “Pragmatische Geschichte der deutschen National-Provinzial und vorzüglichsten Diözesan-Synoden” (3 ტ., 1835); ფოიხტის (Voigt) “Enea Silvio de Piccolomini, als Parts Pius II und sein Zeitalter” (ტ. 1, ბერლინი, 1856); ჰეფელესი (Hefele) “Konziliengeschichte” (ტ. 7, ფრაიბურგი, ბერლინი, 1874).

(ავტორი მითითებული არ იყო)

მთარგმნელის შენიშვნა: * ბროქჰაუზ-ეფრონის ენციკლოპედიურ-ლექსიკონში გამოქვეყნებული მასალების ავტორები ძირითადად იყვნენ რუსი მედასავლეთეები (რუს. западники), რომლებიც დიდ პატივს სცემდნენ დასავლეთ-ევროპის სახელწიფოთა ისტორიულ გამოცდილებას, წინ აყენებდნენ რომანულ-გერმაულ კათოლიკურ სამყაროს, ხოლო რუსულ სახელმწიფო გამოცდილებასა და მართლმადიდებლობას დიდად არ აფასებდნენ. ამიტომ აქ სტატიის ავტორი ბაზელის კრებას, რომელიც კათოლიკური სამყაროს წიაღში შედგა, კათოლიკების დარად უწოდებს მსოფლიო საეკლესიო კრებას, რაც ჩვენი, მართლმადიდებეი ქრისტიანების თვალსაზრისით, არ არის სწორი. ჩვენი შეხედულებით, ბაზელის საეკლესიო კრება წარმოადგენს კათოლიკური სამყაროს კონფესიურ ღონისძიებას და არა მსოფლიო საეკლესიო კრებას. წერილის კითხვისას უნდა გვახსოვდეს ეს გარემოება და ამ პოზიციიდან ვეცნობოდეთ იმ ხანად გერმანიის იმპერიასა და კათოლიკურ ეკლესიაში მიმდინარე ისტორიულ პროცესებს.

ავტორი თავის მედასავლეთურ შეხედულებებს მოცემულ წერილში ამჟღავნებს რამდენიმე ადგილას და ამას დაკვირვებული მკითხველი ალბათ ადვილად შეამჩნევდა.

21) ჰაბსბურგები

ჰაბსბურგები (Habsburg) _ გერმანულ-ავსტრიული დინასტია. თავისი სახელი მან მიიღო ციხესიმაგრისგან ჰაბსბურგი, რომელიც აგებულ იქნა 1027 წ. აარზე შვეიცარიაში. ჰაბსბურგებს თავდაპირველად ეკუთვნოდა ზემო ელზასის ლანდ-საგრაფო და ზოგიერთი მიწები ლუცერნაში. ფრიდრიხ I-მა გააფართოვა ეს სამფლობელოები, ხოლო მისი შვილიშვილის დროს ჰაბსბურგებმა შეიძინეს აარგაუს საგრაფოც. XIII ს. პირველ ნახევარში გრაფ რუდოლფის სამფლობელოები გაყოფილ იქნა მის ვაჟიშვილებს, ალბრეხტ ბრძენსა და რუდოლფს შორის. რუდოლფმა დააარსა ე. წ. ჰაბსბურგების სახლის ლაუფენბურგული ხაზი, რომელიც, თავის მხრივ, დაიყო ორ ხაზად, მაგრამ ამოწყდა XV ს. დასაწყისში (1415). ალბრეხტ ბრძენმა, დინასტიის მთავარი ხაზის ფუძემდებელმა, გააფართოვა თავისი სამფლობელოები ქორწინებით ჰელვიგა კიბურგელთან. მისი ვაჟიშვილი იყო სახელგანთქმული რუდოლფ I, ჰაბსბურგების გერმანული დინასტიის ფუძემდებელი. ოტოკარ ბოჰემიელთან ბრძოლაში მან გააფართოვა თავისი სამფლობელოები მათთვის კრაინის, კარინტიის, შტირიისა და სხვა მიწების შემოერთებით. მათ შეადგინეს ე. წ. ჰაბსბურგების საგვარეულო მამული _ Hausmacht. რუდოლფს ჰყავდა სამი ვაჟიშვილი, ალბრეხტი, ჰარტმანი და რუდოლფი; უკანასკნელის ვაჟიშვილი იოჰანი ცნობილია სახელით Parricida, როგორც თავისი ბიძის ალბრეხტის მკვლელი.

იმპერატორ ალბრეხტ I-ს ჰყავდა ხუთი ვაჟიშვილი, რომელთაგან მეორემ _ ფრიდრიხ III ლამაზმა (გარდ. 1330) მიიღო ავსტრია, ხოლო მესამემ _ ლეოპოლდმა (გარდ. 1326) _ მიწები ელზასში, ჰელვეციასა და შვაბიაში. ფრიდრიხ ლამაზის ვაჟიშვილები დაიხოცნენ მემკვიდრეების გარეშე; ალბრეხტ I-ის დანარჩენი ვაჟიშვილები, ალბრეხტ II და ოტონი (რუდოლფი გარდ. ჯერ კიდევ 1307 წ.) მართავდნენ ერთობლივად. ოტონის ვაჟიშვილები დაიხოცნენ უშვილოდ, ალბრეხტს კი ჰყავდა ვაჟიშვილები: რუდოლფ ტიროლელი (გარდ. 1365), ფრიდრიხ II (გარდ. 1362), ალბრეხტ III (გარდ. 1395) და ლეოპოლდ III (გარდ. 1386). მათგან უფროსმა მიიღო ერცჰერცოგის ტიტული და მართავდა მთელ მიწებს. მისი ხაზი (ალბერტისა) მეფობდა ავსტრიაში 1457 წ.-მდე. ალბრეხტ III-ს ჰყავდა ვაჟიშვილი ალბრეხტ IV (გარდ. 1404), რომელმაც დატოვა ვაჟიშვილი, ასევე ალბრეხტი, რომელიც 1438 წ. არჩეულ იქნა გერმანიის ტახტზე (გარდ. 1439). უკანასკნელს ჰყავდა ვაჟიშვილი ვლადისლავი (Posthumus), რომელიც მოკვდა უშვილოდ 1457 წ. (იხ. VI, 663). ლეოპოლდ III-ს ჰყავდა ოთხი ვაჟიშვილი, რომელთაგან ორი დიხოცა, ხოლო ორმა, ერნსტმა და ფრიდრიხმა, გაიყვეს ლეოპოლდისეული ხაზის მიწები. ფრიდრიხის ვაჟიშვილი სიგიზმუნდი მოკვდა 1496 წ., ხოლო ერნსტის ვაჟიშვილი ფრიდრიხი არჩეულ იქნა გერმანიის ტახტზე 1440 წ. და მოკვდა 1493 წ.

მისმა ვაჟიშვილმა მაქსიმილიანმა, იქორწინა რა მარია ბურგუნდიელზე, თავის სახლს შეუერთა მდიდარი ბურგუნდიული მემკვიდრეობის მნიშვნელოვანი ნაწილი. იგი მოკვდა 1519 წ. მისმა შვილიშვილმა კარლ V-მ, ფილიპ ლამაზისა და დონა ხუანა ესპანელის ვაჟიშვილმა, თავის ხელში შეაერთა გერმანიისა და ესპანეთის გვირგვინები. მისმა ძმამ ფერდინანდმა მიიღო ავსტრიულ-გერმანული სამფლობელოები, რომლებიც მან გააფართოვა უნგრეთისა და ბოჰემიის შემოერთებით. ჰაბსბურგების სახლის ესპანური ხაზი, რომლის დამფუძნებელიც იყო ფილიპ II, კარლ V-ის ვაჟიშვილი, ამოწყდა 1700 წ., გერმანული კი (მამაკაცური ხაზით, რუს. в мужском колене) 1740 წ.-ში. ფერდინანდ I-ს ჰყავდა ვაჟიშვილები _ მაქსიმილიან III და კარლი, ფერდინანდ II-ის მამა. მაქსიმილიანს (1564-1576) ჰყავდა ვაჟიშვილები: რუდოლფი (1576-1612), მატთეუსი (1612-1619), მაქსიმილიანი და ალბრეხტი. მატთეუსის შემდეგ გერმანიის ტახტზე ადის შტირიული ხაზი, რომელსაც ჰყავდა შემდეგი წარმომადგენლები: ფერდინანდ II (1619-1637), ფერდინანდ III (1637-1658), ლეოპოლდ I (1658-1705), იოზეფ I (1705-1711) და კარლ VI (1711-1740; უკანასკნელი ორი _ ლეოპოლდ I-ის ვაჟები). კარლ VI-მ ტახტი გადასცა თავის ქალიშვილს მარია ტერეზიას, პრაგმატრული სანქციის ძალით. იგი გათხოვილი იყო ფრანც-სტეფანზე, ლოტარინგიის ჰერცოგზე; ამ ქორწინებისგან გაჩნდნენ იოზეფ II (გარდ. 1790) და ლეოპოლდ II, ახლა ავსტრია-უნგრეთში გამეფებული საიმპერატორო სახლის ფუძემდებელი (იხ. ავსტრია).

გ. ფორსტენი

22) საღვთო რომის იმპერია

გერმანელი ერის საღვთო რომის იმპერია (Sacrum Imperium Romanum Nationis Teutonicae) – შესანიშნავი პოლიტიკური დაწესებულება, რომელმაც ათი საუკუნის განმავლობაში (800-1806) შეინარჩუნა ერთი და იგივე ფორმა, ერთი და იგივე პრეტენზიები. იმპერიის გარეგნული ისტორია წარმოადგენს, არსებითად, გერმანიის ისტორიას IX-დან XIX ს.-მდე და იტალიის ისტორიას შუა საუკუნეებში. თავისი წარმოშობის მიხედვით საღვთო რომის იმპერია იყო საეკლესიო და გერმანიის იმპერია; ფორმა მას მისცა მარადიული რომის მსოფლიო მფლობელობის უჭკნობმა ტრადიციამ; გერმანული და რომაული ელემენტები, ერწყმოდნენ რა ერთმანეთს, განაპირობებდნენ იმპერიის ყოვლისმომცველ და განყენებულ ხასიათს, როგორც დასავლური ქრისტიანული სამყაროს ცენტრის და მეთაურისა. საღვთო რომის იმპერიის დასაწყისი მიეკუთვნება 800 წ., როდესაც კარლოს დიდს თავზე დაადგეს რომის იმპერატორის გვირგვინი. ეს მოვლენა წინასწარ იყო მომზადებული, მაგრამ კარლოსი არ ფიქრობდა რომის კონსტანტინოპოლისგან გამოყოფის შესახებ: 800 წ.-მდე რომის იმპერიის კანონიერ მემკვიდრეს წარმოადგენდა ბიზანტია, კარლოსის მიერ აღდგენილი იმპერია იყო ძველი რომის იმპერიის გაგრძელება, და კარლოსი ითვლებოდა 68-ე იმპერატორად, აღმოსავლური ხაზის მენაცვალედ უშუალოდ 797 წ. დამხობილი კონსტანტინე VI-ის შემდეგ, და არა რომულუს ავგუსტულის მენაცვალედ. 800 წ. მოვლენა იყო რომის პაპს, საეკლესიო და საერო დიდგვაროვნებსა და მეფეს შორის შეთანხმების შედეგი. კარლოსი ფაქტიურად ფლობდა იმპერიას; იგი განკარგულებებს გასცემდა რომში – იმპერიის დეაქალაქში (matrona imperii), იყო ეკლესიის დამცველი. მაგრამ რომის იმპერია ითვლებოდა ერთიანად, განუყოფელად; კარლოსის დაგვირგვინება, არ აცხადებდა რა აღმოსავლეთისგან დასავლეთის გამოყოფას, აცხადებდა რომს როგორც პოლიტიკურ, ისე საეკლესიო დედაქალაქადაც.

კარლოსის ხელისუფლება ნაკურთხი იქნა დაგვირგვინებით, მაგრამ არ იქნა გაზრდილი. საიმპერატორო ტიტულმა შეცვალა კარლოსის მდგომარეობა, მას გარეშემორტყა განსაკუთრებული ბრწყინვალება; კარლოსის მთელი მოღვაწეობა მას შემდეგ ტრიალებდა თეოკრატიული იდეების წრეში. იმპერიის ხელმეორედ აღდგენა აღასრულა ოტონ დიდმა. მისი წინამორბედი არეულობების მიუხედავად, რომი წარმოუდგებოდათ „ოქროს ქალაქად“ (aurea Roma), მისი ბედი – მთელი მსოფლიოს ბედად. „სანამდე კოლიზეუმი მთელი იქნება, რომიც იცოცხლებს; როდესაც დაეცემა კოლიზეუმი – დაეცემა რომიც, ხოლო როდესაც დაეცემა რომი, დაეცემა მთელი მსოფლიოც“ – ასეთი იყო თანამედროვეთა წარმოდგენა ძველი იმპერიის სიდიადის შესახებ. 962 წ. 2 თებერვალს ოტონმა აღაგზნო საერთო ენთუზიაზმი თავისი დაგვირგვინებით „იმპერატორ-ავგუსტუსის“ წოდებით. შუა საუკუნეების ადამიანის გონებაში, რომელსაც ძველმა დროებამ უანდერძა სრულიად მსოფლიო მონარქიის იდეა, ჩამოყალიბდა ღრმა რწმენა რომის იმპერიისა და კათოლიკური ეკლესიის კავშირის აუცილებლობაში. იმპერატორის მდგომარეობა და მისი ფუნქციები განისაზღვრებოდა იმპერატორის ძალაუფლების პაპის ძალაუფლებასთან შედარებიდან. იგი არის – imperator terrenus, ე. ი. ღმერთის ნაცვალი დედამიწაზე საერო საქმეებში და „patronus“, ე. ი. ეკლესიის დამცველი; მისი ხელისუფლება ყველაფერში შეესაბამება პაპის ხელისუფლებას, ურთიერთობები მათ შორის ანალოგიურია ურთიერთობებისა სულსა და სხეულს შორის. „ისევე როგორც ზეცაში“, ამბობდა იმპერტორი ფრიდრიხ I, „მხოლოდ ერთი ღმერთია, ასევე დედამიწაზეც მხოლოდ ერთი პაპი და ერთი იმპერატორია“. იმპერატორის საკორონაციო ცრემონიალი და ოფიციალური ტიტულები მიუთითებს მისწრაფებაზე საიმპერატორო ხელისუფლებისთვის ღვთაებრივი ხასიათის მიცემისკენ. იმპერატორი ითვლებოდა ყველა ქრისტიანის წარმომადგენლად. იგი გახლდათ – „ქრისტიანული სამყაროს მეთაური“, „ერთგულთა (მართლმორწმუნეთა) საერო მეთაური“, „პალესტინისა და კათოლიკური სარწმუნოების მფარველი“, რომელიც ღირსებით აღემატებოდა ყველა მეფეს. რომში თავიანთ დაგვირგვინებამდე (კორონაციამდე) იმპერატორები XI-დან XVI სს.-ის ჩათვლით ატარებდნენ ტიტულს „Romanorum rex semper Augustus“, ხოლო დაგვირგვინების შემდეგ კი _ „Romanorum Imperator semper Augustus“. 962 წ.-დან სათავე დაედო ერთ პირში ორი ტიტულის – რომის იმპერატორისა და გერმანიის მეფის – შეერთებას. თავიდან ეს შეერთება ატარებდა წმინდად პირადულ ხასიათს, შემდეგ – ოფიციალურსა და რეალურს. მაგრამ, X ს. იმპერია არსებითად წარმოადგენდა ფოდალურ მონარქიას.

შეითვისეს რა თავიანთი ძალაუფლების იდეა ძველი რომისგან, იმპერატორები ფიქრობდნენ მის განხორციელებას ფეოდალური გზით; თანდათანობით მოხდა საიმპერატორო ხელისუფლების ფეოდალიზაცია. რომში ოტონი იყო მხოლოდ იმპერატორი, და არა მეფე; იგი განკარგავდა სამოციქულო კათედრას (იოანე XII-ის დამხობა), ხელმძღვანელობდა სინოდის კამათებს, პაპს უყურებდა როგორც თავის კრეატურას, მაგრამ არაფრით არ შეეძლო მტკიცედ დამკვიდრებულიყო დედქალაქში, ფაქტიურად არ ჰქონდა აქ ძალა, ისევე როგორც მის მენაცვალეებსაც. ბიზანტია არ აღიარებდა იმპერატორად უხეშ „ფრნაკს“. საფრანგეთში იმპერატორების პრეტენზიებს ასევე არ აღიარებდნენ. X-XI სს. იმპერიის შემადგენლობაში შედიოდნენ საკუთრივ გერმანია, იტალიის უმეტესი ნაწილი (2/3), ბურგუნდია, ბოჰემია, მორავია, პოლონეთი, დანია, ნაწილობრივ უნგრეთიც. ოტონ I-ის მენაცვალეები, მიჰყვებოდნენ რა ქიმერიულ მიზნებს, ყველაფერში წააწყდნენ წინააღმდეგობას პაპობის, ფეოდალიზმისა და ეროვნული განცლკევებულობის მხრიდან. ოტონ III (983-1002) მთლიანად ჩაიძირა (ჩაეფლო) რომის მსოფლიო იმპერიის იდეაში, ზურგი აქცია თანატომელებს, საკუთარ თავს რომაელად სთვლიდა, ოცნებობდა რომის დამკვიდრების შესახებ გერმანიის, ლომბარდიისა და საბერძნეთის სათავეში. მნიშვნელოვან ძალას მიაღწია იმპერიამ ჰაინრიხ III (1039-1056) ფრანკონელის დროს, რომელმაც ისარგებლა იმ მომენტით, როდესაც პაპის ხელისუფლებას ჯერ კიდევ ვერ მოესწრო გაძლიერება. იგი გახლდათ იტალიის სრული ბატონ-პატრონი, თავისუფლად განკარგავდა პაპის ტახტის ბედს, მაგრამ გამოიწვია საშინელი რეაქცია, რომელმაც დაღუპა მისი მენაცვალე. ჰაინრიხ IV-ისა და გრიგოლ VII-ის ბრძოლამ პირველი და ყველაზე უფრო მძიმე დარტყმა მიაყენა იმპერიას, მნიშვნელოვნად დააქვეითა მისი მომხიბვლელობა და ჩააგონა იტალიასა და გერმანელ მთავრებს ნდობა საკუარი ძალების მიმართ. 1122 წ. ვორმსის კონკორდატმა ბრძოლის ველი პაპს დუტოვა. ჰაინრიხ V-ის სიკვდილის შემდეგ (1124) გვირგვინის იურისდიქცია მნიშვნელოვნად ნაკლები გახდა: აღიარებულ იქნა მთავრებისა და ბარონების დამოუკიდებლობა. საიმპერატორო ხელისუფლების იდეის ბრწყინვალე წარმომადგენლები XII ს. მეორე ნახევარსა და XIII ს. პირველ ნახევარში იყვნენ ჰოჰენშტაუფენები. მათ შორის პირველი ადგილი ეკუთვნის ფრიდრიხ I-ს (1152-1189), რომლის სახითაც საიმპერატორო ხელისუფლება გამოვიდა პაპის წინააღმდეგ თეორიული მოსაზრებებით (საბუთებით).

ფრიდრიხი თავის ხელისუფლებას თვლიდა დამოკიდებულად უშუალოდ ღმერთზე და ისეთსავე წმინდას, როგორიც იყო პაპის ხელისუფლება. ბოლონიელი იურისტები ამტკიცებდნენ, რომ კანონების დადგენის უფლება ეკუთვნის იმპერატორს, რომლის ნებაც არის კანონი, ვინაიდან დაწერილია: „quod principi placuit legis habet vigorem, quum populus ei et in eum omne suum imperium et potestatem concesserit“. მაგრამ ჭეშმარიტ მბრძანებლდ ფრიდრიხ I იყო მხოლოდ გერმანიაში. იმპერიის შემადგენლობაში იმ ხანად შედიოდნენ იტალიის ჩრდილოეთ ნაწილი და ბურგუნდიის სამეფო, ე. ი. პროვანსი, დოფინე, ფრანშ-კონტე, დასავლეთ შვეიცარია, ლოტარინგია, ელზასი და ფლანდრიის ნაწილი. იმპერიაზე დამოკიდებული იყვნენ ბოჰემია და სლავური მიწები მეკლენბურგსა და პომერანიაში. ბიზანტია, უწინდებურად, განიცდიდა მტრობას იმპერატორებისადმი, თვლიდა რა მათ უზურპატორებდ და ბარბაროსებად, შეურაცხმყოფელად ამახინჯებდა იმპერატორთა ტიტულებს: ასე, ისააკ ანგელოსი ფრიდრიხ I-ს უწოდებდა „ალემანიის უფროს მთავარს“. იმპერატორები თავზე იდგამდნენ ოთხ გვირგვინს: გვირგვინი აახენში მონარქს გადააქცევდა „ფრნკთა მეფედ“, ხოლო ჰაინრიხ II-ის დროიდან – „რომაელთა მეფედ“, დაგვირგვინება მილანში _ იტალიის მეფედ, რომში იგი ღებულობდა ორმაგ გვირგვინს „urbis et orbis“, ხოლო ფრიდრიხ I-მა სიცოცხლის ბოლოს მიიღო მეოთხე გვირგვინიც – ბურგუნდიისა (regnum Burgundiae ანუ regnum Arelatesne). მილანსა და აახენში დაგვირგვინებისას იმპერატორები არ უწოდებდნენ საკუთარ თავს ლანგობარდებისა და ფრანკების მეფეებად, რადგანაც ეს ტიტულები იკარგებოდა იმპერატორის ტიტულთან შედარებით. იმპერატორის ტიტულს ღებულობდნენ მხოლოდ რომში დაგვირგვინების შემდეგ, ხოლო ეს კი ქმნიდა განსაკუთრებით მნიშვნელოვან საფუძველს პაპის პრეტენზიებისთვის, რომლის ხელიდანაც გადაეცემოდა იმპერატორს გვირგვინი. სახელწოდებას „რომის იმპერია“ ფრიდრიხ I-მა დაუმატა ეპითეტი „საღვთო“, რომელმაც ვერაფერი ახალი ვერ შემატა იმპერატორის ნამდვილ ძალაუფლებას, მაგრამ მიუთითა მის ღვთიურ წარმოშობაზე. ჰოჰენშტაუფენებთან ერთად საფლავში ჩავიდა საიმპერატორო ხელისუფლების იდეაც. გერმანიაში საიმპერატორო ხელისუფლება დაეცა მთავრების ტერიტორიული დამოუკიდებლობის დაფუძნების შედეგად (დიდი მეფობათშორისის ეპოქა).

საღვთო რომის იმპერიის ახალი პერიოდი იწყება რუდოლფ ჰაბსბურგელის დროიდან (1273). XIV ს.-თვის საღვთო იმპერია არსებითად გერმანული იმპერიაა. იმპერატორის ხელისუფლებას აღიარებდნენ მხოლოდ გერმანიაში, და იმასაც მხოლოდ თეორიულად, რადგანაც სინამდვილეში იგი გადავიდა ფეოდალების ხელში. XIV ს. იმპერატორები არაფერს არ ერიდებოდნენ თავიანთი დინასტიური ინტერესების მიყოლასა და თავიანთი საგვარეულო სამფლობელოების გაფართოებაში. საღვთო რომის იმპერიის მდიდრული (დიდებული) ტიტულიდან რჩებოდა მხოლოდ სახელწოდება: მთავრებმა დაიტაცეს მთელი მიწები და ურთიერთშორის გაინაწილეს საიმპერატორო ხელისუფლების მთელი ატრიბუტები, დაუტოვეს რა იმპერატორს საპატიო უფლებები და თვლიდნენ რა მას თავიანთ ლენურ ბატონად. ამ ეპოქის იმპერატორები აგირავებენ თავიანთ გვირგვინებს, ქალაქებს, ცხოვრობენ სხვათა ხარჯზე, ყველანაირ დამცირებას იტანენ პაპის წინაშე, მაგრამ აგრძელებენ საკუთარი თავის წოდებას კეისართა მემკვიდრეებად, ქრსტიანობის მეთაურებად და მსოფლიოს მბრძანებლებად, მსხვერპლად სწირავენ რა ყველაფერს ფორმისა და გარეგნულობისთვის. კარლ IV პირობას აძლევს პაპს არ დარჩეს რომში ერთ დღეზე მეტ ხანს და პაპისგან ღებულობს გვირგვინს როგორც საჩუქარს. სიგიზმუნდს (1410-1437) უყვარდა ცხოვრება საიმპერიო ქალაქების ხარჯზე და ხალისით მიდიოდა იქ, სადაც მას უმასპინძლდებოდნენ. გნსაკუთრებულ დამცირებს მიაღწია საიმპერატორო ხელისუფლებამ ფრიდრიხ III-ის დროს (1440-1493), რომელიც ამტკიცებდა A. E. J. O. U. (Austriae est imperre orbi universo) _ და საკვებს ღებულობდა მონასტრებსა და საიმპერიო ქალაქებში. მისი როლი პაპთან მიმართებით საცოდავად ხდიდა მას ყველას თვალში. ფრიდრიხ III-ის შემდეგ არც ერთი იმპერატორი უკვე აღარ დაგვირგვინებულა რომში. _ მეფობათშორის ხანაში იმპერიამ დაკარგა თავისი ტერიტორიის ნაწილი: პოლონეთმა გადაიგდო გერმანიის უღელი, უნგრელები სასტიკად აჩანაგებდნენ იმპერიის აღმოსავლეთ საზღვარს. ჰაინრიხ VII-ის შემდეგ (1308-1313) დასრულდა იმპერატორების ძალაუფლება იტალიაზე; 1350 და 1457 წწ. საფრანგეთში გადავიდა დოფინე, ხოლო 1486 წ. – პროვანსი. შვეიცარიამაც ასევე შეწყვიტა იმპერიისადმი დამოკიდებულებაში ყოფნა (1499 წ. ტრაქტატი). ამას დაემატა იმპერიის შინაგანი სისუსტეც, როგორც მუდმივად ერთმანეთთან მტრობაში მყოფი წვრილი სახელმწიფოების აგრეგატისა. ჰაბსბურგების დინასტია მიისწრაფვის იმპერიის ავსტრიულ მონარქიასთან შერწყმისკენ.

კარლ V-ის მეფობის დროს (1519-1555) საიმპერატორო ხელისუფლება მნიშვნელოვნად გაძლიერდა, მაგრამ მისთვის უწინდელი მნიშვნელობის დაბრუნების მცდელობა წააწყდა ოპოზიციას როგორც გერმანელი მთავრების მხრიდან, ისე სხვა სახლმწიფოთა მხრიდანც. რეფორმაციამ მოსპო თეორია, რომელსაც ეფუძნებოდა იმპერია. საღვთო იმპერიის არსებობის უკანასკნელი პერიოდი _ ყველაზე უფრო სამწუხაროა (1648-1806). ვესტფალის სამშვიდობო ხელშეკრულებამ წაართვა იმპერატორს ადმინისტრაციაში უშუალოდ ჩარევის ყოველგვარი შესაძლებლობა. საღვთო იმპერია გადაიქცევა მხოლოდ გერმანიის იმპერიად, არამტკიცე კონფედერაციად, რომლის არსებობაც თანდათანობით ჰკარგავს ყველანაირ აზრს. „საღვთო იმპერიის მემკვიდრეობითი მტერი“ იყო ლუდოვიკ XIV. XVIII ს.-ში იმპერიის არსებობა თითქმის დავიწყებულიც ჰქონდათ: რჩებოდა მხოლოდ ხმამაღალი ტიტულები. XVIII ს. მტელი სულისკვეთება ეწინააღმდეგებოდა საღვთო რომის იმპერიის იდეას. რევოლუციამ დაანგრია ფეოდალიზმი და საფუძვლამდე შეარყია ძველი შუასაუკუნეობრივი შენობა. რაშტატის კონგრესმა (1797-1798) სავსებით გამოავლინა საღვთო იმპერიის შინაგანი გახრწნა, რომელიც ყოველთვის სნეული იყო ეროვნული ერთიანობისა და პოლიტიკური თავისუფლების უკმარისობით. საღვთო იმპერიის უკანასკნელი იმპერატორი გახლდათ ფრანც II (1792-1806). ამ დროს ევროპის ბედს განაგებდა ნაპოლეონი, რომელიც საკუთარ თავს თვლიდა კარლოს დიდის ჭეშმარიტ მენაცვალედ და გატაცებული იყო „მსოფლიო მონარქიის“ იდეით; 1805 წ. მარტში მან მილანში თავზე დაიდგა რკინის გვირგვინი. პრესბურგის სამშვიდობო ხელშეკრულების (იხ.) შემდეგ ფრანც II-მ უარი თქვა იმპერატორის პატივზე: ჯერ კიდევ 1805 წ. მან საკუთარ თავს უწოდა „ავსტრიის მემკვიდრეობითი იმპერატორი“. ეს იყო საღვთო რომის იმპერიის დასასრული. საქსონელი და ფრანკონელი იმპერატორების დროს საიმპერატორო ტახტი იყო საარჩევნო. თითოეულ ქრისტიანს (ე. ი. კათოლიკს) შეეძლო გამხდარიყო იმპერატორი, თუმცა კი ჩვეულებრივ იმპერატორად ირჩევდნენ ერთერთი ძლიერი სამთავრო საგვარეულოს წევრს გერმანიაში. ასე მეფობდნენ, კონრად ფრანკონელის შემდეგ, საქსონელთა დინასტია (919-1024), ფრანკონელთა დინასტია (1024-1125), ლოტარ სუპლემბურგელის შემდეგ – ჰოჰენშტაუფენები (1138-1250), ჰაბსბურგები (1273-1291 და 1298-1308), ლუქსემბურგული სახლი (1308-1313 და 1346-1437), 1438 წ.-დან – ისევ ჰაბსბურგები. იმპერატორს ირჩევდნენ კურფიურსტები. მათი დამოუკიდებლობა დააკანონა ოქროს ბულამ (იხ.). ეს წესრიგი შენარჩუნებულ იქნა 30-წლიან ომამდე. საღვთო იმპერიის შინაგანი მოწყობის შესახებ იხ. საიმპერიო არმია, საიმპერიო დეპუტაცია, საიმპერიო კანონები, საიმპერიო ოლქები (ოკრუგები), საიმპერიო სასამართლოები, საიმპერიო სეიმი. შეადარეთ: რუს. ენაზე _ ბრაისი, „საღვთო რომის იმპერია“ (მოსკოვი, 1891); ვიზინსკი, „პაპობა და საღვთო რომის იმპერია XIV და XV ასწლეულებში“ (მოსკოვი, 1857).
(გარდა ამისა, მოყვანილია ლიტერატურის ჩამონათვალი უცხოურ ენებზე)

პ. კ-ი

23) ვიურტემბერგი
(ისტორია)

ვიურტემბერგი (Würtemberg, ოფიციალურად 1803 წ.-დან, მანამდე _ Wirtemberg) _ სამეფო გერმანიის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში; ჩრდილო-აღმოსავლეთ, აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ მხრიდან მას ესაზღვრება ბავარია, ჩრდილო-დასავლეთ, დასავლეთ და სამხრეთ-დასავლეთ მხრიდან _ ბადენი, სამხრეთში _ ნაწილობრივ ბადენი და ნაწილობრივ ჰოჰენცოლერნის სამთავროები და კონსტანცას ტბა, რომელიც ვიურტემბერგს გამოჰყოფს შვეიცარიისგან; უჭირავს 19.503 კვ. კმ სივრცე მოსახლეობით (1890 წ.) 2.035.443 ადამიანი. დასახლებული პუნქტები სულ 9.844-ია, მათ რიცხვში ქალაქები 136...

ახლანდელი ვიურტემბერგი, ისევე როგორც სხვა ზემორაინული ოლქები, I საუკუნეში ქრისტეს შობიდან დაკავებულ იქნა როაელების მიერ, რომლებმაც აქედან განდევნეს ქვეყნის ძირძველი მოსახლეობა _ სვევების ტომი. III ს. შუახანებში ალემანებმა განდევნეს რომაელები რაინს იქით და დაიკავეს ვიურტემბერგი. ხლოდვიგის მიერ ალემანების დამარცხების შემდეგ (496), მიწები, რომლებიც შეადგენდა ვიურტემბერგს, ნაწილობრივ გადავიდა ფრანკების ძალაუფლების ქვეშ, ნაწილობრივ კი შევიდა შვაბიის საჰერცოგოს შემადგენლობაში, რომელიც არსებობდა XIII ს. ბოლომდე. დაახლოებით ამ დროს წარმოიქმნა ვიურტემბერგის საგრაფოც. სარწმუნო ცნობები ვიურტემბერგის გრაფების საგვარეულოს შესახებ იწყება ულრიხისგან, რომელსაც 1241-1263 წწ. ეკუთვნოდა ვრცელი სამფლობელოები ნეკარის ხეობაში. მისი უახლოესი შთამომავლებიდან გრაფი ებერჰარდ I (1279-1325) უკვე იმდენად ძლიერი იყო, რომ ემტერებოდა იმპერატორებს (რუდოლფ I-ს, ალბრეხტ I-სა და ჰაინრიხ VII-ს). ჰაინრიხ VII-ის დროს იგი იძულებული შეიქმნა გაქცეულიყო და კინაღამ სულაც არ დაკარგა საგვარეულო სამფლობელოები, მაგრამ საბოლოოდ ისინი კიდევ უფრო მეტად გააფართოვა. მის დროს, 1321 წ. ქ. შტუტჰარტი იქცა ვიურტებერგის დედაქალაქად. მისი შვილიშვილი, ებერჰარდ II (1344-1392), გამოირჩეოდა კიდევ უფრო მოუსვენარი ზნე-ხასიათით, და მან ასევე გაფართოვა თავისი სამფლობელოები, უმთავრესად საიმპერიო ქალაქების ხარჯზე, რომლებზედაც, ფეოდალებსა და ქალაქებს შორის ომში, მიაღწია ბრწყინვალე გამარჯვებას (1388 წ. 25 აგვისტოს, დეფინგენის ახლოს). გრაფმა ებერჰარდ IV-მ (1417-1419) ცოლის მზითევში მიიღო მიუმპელგარდის საგრაფო. 1442 წ. გრაფებმა ლუდოვიკ I-მა და ულრიხ V-მ ვურტემბერგი გაიყვეს ურთიერთ შორის, მაგრამ უკვე 1482 წ., საერო ჩინების თანადგომით, დადებულ იქნა ხელშეკრულება (მიუნზინგენში), რომლის მიხედვითაც დაადგინეს ქვეყნის განუყოფელობა, რომელიც იმ დროს მოიცავდა 6.600 კვ. კმ-ს, და მისი გადასვლა მემკვიდრეობით საგვარეულოში უფროსზე. გრაფი ებერჰარდ V წვეროსანი იქცა, ასეთნაირად, ვიურტემბერგის ერთადერთ მფლობელად და 1495 წ. იმპერატორ მაქსიმილიან I-გან მიიღო ჰერცოგის წოდება.

მისი მენაცვალე იყო მისი ახალგაზრდა ნათესავი ულრიხი, საერო ჩინების მზრუნველობის ქვეშ. თავიდან ბედნიერმა ომმა პფალცთან (1504) მოუტანა ულრიხს დიდება და ვრცელი სამფლობელოები; მაგრამ მოგვიანებით მისმა ფუქსავატურმა ცხოვრებამ, მფლანგველობა და ამის შედეგად მოყოლილმა მოსახლეობის ცხოვრების დამძიმებამ გამოიწვიეს ძლიერი დუღილი (მღელვარება) ქვეყანაში და მის წინააღმდეგ აღიმართნენ არა მხოლოდ ხალხი, არამედ ცოლის (ბავარიის პრინცესის) გავლენიანი სანათესაოცა და იმპერატორიც, ხოლო საიმპერიო ქალაქის, რაითლინგენის დაკავებამ, რომელიც მიეკუთვნებოდა შვაბურ კავშირს, ჩაითრია იგი ომში ამ უკანასკნელთან. კავშირი დაეუფლა ვიურტემბერგის საჰერცოგოს და გადასცა იგი ავსტრიას (1520). კარლ V-მ ვიურტემბერგის საჰერცოგო ლენად მისცა ულრიხის ძმას ფერდინანდს, და ამის შედეგად ქვეყანა აღმოჩნდა ისეთი მკაცრი ჩაგვრის ქვეშ, რომ ულრიხის დროს, მისი ცუდი მმართველობის მიუხედავად, იხსენებდნენ სინანულით. ამასობაში განდევნილმა ჰერცოგმა, ძალაუფლების დასაბრუნებლად რამდენიმე ამაო მცდელობის შემდეგ კავშირი შეკრა ფილიპ ჰესენელთან და, დაამარცხა რა ავსტიელები ლაუფენთან ბრძოლაში (1534 წ. 13 მაისს), კაადენში 1534 წ. 29 ივნისს დადებული ხელშეკრულებით, უკანვე მიიღო თავისი სამფლობელოები, აღიარა რა მხოლოდ თავისი ლენური დამოკიდებულება ავსტრიაზე. ქვეყანაში მაშინვე სწრაფად გავრცელდა რეფორმაციის იდეები, რომლებსაც მანამდე ახშობდნენ. თავად ჰერცოგისთვის განსაცდელები ჯერ კიდევ არ დასრულებულა. შმალკალდენის ომის უბედურად დასრულების შემდეგ ულრიხმა ტახტზე დარჩენა შეძლო მხოლოდ დიდი მსხვერპლისა და განსაკუთრებული დამცირების ფასად. მალევე იგი მოკვდა (1550). მისი ვაჟიშვილი ქრისტოფორი (1550-1568) გამოირჩეოდა სიმტკიცითა და კეთილგონიერებით და წარმატებით იცავდა თავს ავსტრიის პრეტენზიების წინააღმდეგ. მან წესრიგი შეიტანა ქვეყნის მმართველობაში და ხელს უწყობდა მისი კეთილდღეობის განვითერებას. იგივე მშვიდობიანი განვითარება გრძელდებოდა მისი ვაჟიშვილისა და მენაცვალის ლუდოვიკის (ლუდვიგის) დროშიც (1568-1593).

უკანასკნელის ბიძაშვილმა, ფრიდრიხმა, ჩაიფიქრა აბსოლუტიზმის შემოღება, რაც მან მხოლოდ ნაწილობრივ მოახერხა. მისმა ვაჟიშვილა იოჰან-ფრიდრიხმა (1608-1668) აღადგინა მამის მიერ დარღვეული კონსტიტუცია. 30-წლიანი ომის უბედურებები სასტიკად აისახა ვიურტემბერგზეც. ებერჰარდ III (1628-1674) იძულებული შეიქმნა გაქცეულიყო; მისი ბევრი ოლქი მიეცა ბავარიისა და ავსტრიის დიდებულებს. ვესტფალიის სამშვიდობო ხელშეკრულებას შედეგად მოჰყვა ჩამოშორებული ოლქების დაბრუნებაც. 1688-1692 წწ. განმავლობაში ქვეყანამ ორჯერ განიცადა ფრანგების შემოსევა. ჰერცოგი ებერჰარდ-ლუდვიგი (1693-1733) ღებულობდა მონაწილეობას ომში ესპანეთის მემკვიდრეობისთვის და ქვეყნის მმართველობა ჩააბარა თავის ფავორიტ ქალს, გრაფინია გრევენიცას. კარლ-ალექსანდერი (1733-1737), რომელმაც ახალგაზრდობაში მიიღო კათოლიკობა ავსტრიის სახელმწიფო სამსახურში, ასევე აღმოჩნდა ნაკლებუნარიანი მმართველი. არანაკლებ მძიმე აღმოჩნდა ქვეყნისთვის ჰერცოგ კარლ-ევგენის 50-წლიანი მმართველობა (1744-1793), რომელიც უნარიანი ადამიანი გახლდათ, მაგრამ ამავე დროს ძალზედ მფლანგველი და გარყვნილი. მასთან საერო ჩინების 20-წლიანი ბრძოლის შემდეგ 1770 წ., იმპერატორის, პრუსიის, ინგლისისა და საფრანგეთის თანადგომით, მიღწეულ იქნა შეთანხმება, რომლის მიხედვითაც ქვეყანას მიეცა ცნობილი უფლებები, ხოლო ჰერცოგს კი _ მისთვის საჭირო თანხები. თავისი მმართველობის უკანასკნელი წლები, კარლ-ევგენიმ, რომელიც ასაკის მომატებასთან ერთად უფრო კეთილგონიერი გახდა, მოახმარა იმ ჭრილობების მორჩენას, რომლებიც მან ქვეყანას მიაყენა თავისი მეფობის პირველ ნახევარში. მან მფარველობის გაწევა დაუწყო მეცნიერებებს და დააფუძნა აკადემია, რომელიც აქამდე ატარებს მის სახელს (karlsakademie შტუტჰარტში). მისი უმცროსი ძმის ფრიდრიხ-ევგენის მართველობის დროს ქვეყანამ განიცადა ფრანგების შემოსევა, რომლის შედეგადაც იქცა შეთანხმება საფრანგეთთან და მისთვის მიუმპელგარდის საგრაფოს დათმობა. ფრანგების წასვლის შემდეგ ავსტრიელების მიერ ვიურტემბერგის დაკავება მოსახლეობაზე აისახა იმაზე არანაკლებად მძიმედ, ვიდრე სულ ახლახანს გადატანილი ომის უბედურებანი. ფრიდრიხ-ევგენის ვაჟიშვილი და მემკვიდრე, ფრიდრიხი (1797-1818), საერო ჩინების სურვილის საწინააღმდეგოდ, შევიდა მეორე კოალიციაში საფრანგეთის წინააღმდეგ და, დამარცხებულმა გენერალ მოროს მიერ 1802 წ. 20 მარტს დადო საგანგებო სამშვიდობო ხელშეკრულება საფრანგეთთან, რომლის მიხედვითაც მიუმპელგარდის სანაცვლოდ მიიღო სხვა მიწები (სულ 2.200 კვ. კმ, 124.688 მცხოვრებით) და კურფიურსტის ღირსება. 1805 წ. საფრანგეთ-პრუსიის ომში ფრიდრიხს უნდოდა ნეიტრალიტეტის შენარჩუნება, მაგრამ ლუდვიგსბურგში ნაპოლეონ I-ის მოულოდნელმა გამოჩენამ აიძულა იგი საფრანგეთთან კავშირის დადებაზე.

პრესბურგის 1805 წ. ზავის მიხედვით ფრიდრიხს ერგო მეფის ტიტული; ვიურტემბერგის ტერიტორია გაიზარდა ახალი შენაძენებით, რომლებიც შემდგომში მნიშვნელოვნად იქნა გაფართოებული ვენისა და კომპიენის ხელშეკრულებების თანახმად. სამაგიეროდ ვიურტებერგს უნდა გამოეყვანა ჯარების ცნობილი კონტინგენტი ნაპოლეონის არმიაში. რუსეთზე ლაშქრობისთვის სამეფომ გამოიყვანა 16.000-იანი ჯარი, რომელთაგან უკან ძლივს-ღა დაბრუნდა სულ რამდენიმე ასეული. მხოლოდ ლაიფციგთან ბრძოლის შემდეგ ჩამოშორდა ფრიდრიხი ნაპოლეონთან კავშირს და შეუერთდა ნაპოლეონის საწინააღმდეგო კოალიციას. შიშობდა რა თავისი უმაღლესი უფლებების შეზღუდვის გამო გერმანიის კავშირის წარმოქმნისას, ფრიდრიხმა, ვენის კონგრესის მსვლელობის დროს საკუთარი ინიციატივით უბოძა თავის ხალხს წოდებრივი წარმომადგენლობა (1815 წ. 15 იანვრის მანიფესტი). მაგრამ ვიურტებერგის ჩინები მოითხოვდნენ ფრიდრიხის მიერ, მისი მეფედ გამოცხადებისას, დარღვეული ძველი კონსტიტუციის აღდგენას და არ თანხმდებოდნენ მცირე დათმობებისადმი შერიგებაზე მისი მხრიდან. ამ მოლაპარაკებების დროს მეფე გარდაიცვალა (1816 წ. 30 ოქტომბერს). ფრიდრიხის ვაჟიშვილმა და მენაცვალემ, ვილჰელმ I-მა, მხოლოდ 1819 წ. მიაღწია შეთანხმებას საერო ჩინებთან და მათთან ერთობლივად გამოიმუშავა კონსტიტუცია, რომელიც დღემდე მოქმედებს უმნიშვნელო შესწორებებით. ქვეყნის საპარლამენტო ცხოვრება წარიმართა საკმარისად მდორედ 1848 წ.-მდე, როდესაც აქაც შესამჩნევი გახდა მოძრაობა სხვადასხვანაირი რეფორმების სასარგებლოდ. მთავრობა ცდილობდა მის დაწყნარებას ბეჭდური სიტყვის თავისუფლების მიცემითა და დაპირებებით, რომლებიც შემდგომში ნაწილობრივ შესრულებულ იქნა კიდეც.

გერმანიის იმპერიის წარმოქნას, პრუსიის მეთაურობით, ვილჰელმ I ეწინააღმდეგებოდა როგორც კი შეეძლო. მიუხედავად ამისა, საზოგადოებრივმა აზრმა აიძულა მეფე ეღიარებინა საიმპერიო კონსტიტუცია (1849 წ. 24 აპრილს). პრუსიის მეფის მიერ იმპერატორის გვირგვინზე უარის თქმამ ხელები გაუხსნა ვიურტემბერგის მეფეს. როდესაც გერმანიაში გავრცელდა რესპუბლიკური მღელვარება და გერმანული პარლამენტის ნარჩენმა დატოვა ფრანკფურტი და შეიკრიბა შტუტჰარტში, მეფემ ბრძანა გაეფანტათ იგი შეიარაღებული ძალის გამოყენებით (18 ივნისს). პრუსიის ხელმძღვანელობით უნიის (კავშირის) შესახებ აზრის წინააღმდეგ ვილჰელმი თავის სატახტო სიტყვაში 1850 წ. სეიმის გახსნის დროს გამოვიდა ისეთი მგზნებარებით, რომ პრუსიამ გაწყვიტა დიპლომატიური ურთიერთობები ვიურტემბერგთან. მაგრამ მეფის მოლაპარაკებებიც ბავარიასთან სამხრეთ-გერმანული ფედერაციის შექმნის საკითხში წააწყდა ქვეყანაში ხალხის წარმომადგენელთა მხრიდან წინააღმდეგობას. მათ მოითხოვეს საგარეო საქმეთა მინისტრის სასამართლოსთვის გადაცემა, რომელმაც ხელი მოაწერა ე. წ. ოთხი მეფის სამოკავშირეო ხელშეკრულებას. პალატა დათხოვნილ იქნა, მაგრამ მისმა ახალმა შემადგენლობამაც უარი თქვა კრედიტის ვოტირებაზე სამხედრო ხარჯებისთვის პრუსიასთან საომრად, რომელიც ჩაფიქრებული ჰქონდათ კავშირში ავსტრიასთან და ბავარიასთან ერთად. მიუხედავად ამისა, ვიურტემბერგის სამეფო არ ტოვებდა თავის ოპოზიციურ მდგომარეობას პრუსიასთან მიმართებით. შლეზვიგ-ჰოლშტინიის საკითხში იგი გამოვიდა ავგუსტენბურგის ჰერცოგის სამემკვიდრეო უფლებების დასაცავად.

ვილჰელმ I-ის ვაჟიშვილი კარლი (1864 წ.-დან) პირველ ხანებში აგრძელებდა პრუსიასთან მიმართებით მამის პოლიტიკას. 1866 წ. იფეთქა პრუსია-ავსტრიის ომმა და ვიურტებერგმაც მიიღო მასში მონაწილეობა ავსტრიასთან კავშირში. ვიურტემბერგის ჯარმა განიცადა დამარცხება ტაუბერბიშოპსჰაიმის ახლოს (1866 წ. 24 ივლისს) და სამეფოს ემუქრებოდა პრუსიული ოკუპაცია. ვიურტემბერგის მინისტრი ვარნბიულერი იძულებული შეიქმნა გამგზავრებულიყო პრუსიულ მთავარ შტაბში ზავის დასადებად. პრაღის სამშვიდობო ხელშეკრულების მიხედვით, ვიურტემბერგმა იკისრა პრუსიისთვის 8 მლნ. მარკის სამხედრო კონტრიბუციის გადახდა. გარდა ამისა, ვიურტემბერგსა და პრუსიას შორის დადებულ იქნა საიდუმლო თავდაცვითი და შეტევითი კავშირი, რომლის მიხედვითაც ვიურტებერგის არმია, ომის შემთხვევაში, შედიოდა პრუსიის მეფის უმაღლესი უფროსობის ქვეშ. ამ დროიდან ვიურტებერგის მთავრობამ, როგორც ჩანს, დაიწყო გადახრა პრუსიასთან მტკიცე კავშირის მხარეზე, მაგრამ მას უნდა ებრძოლა ქვეყანაში პრუსიის ჰეგემონიის მოწინააღმდეგეთა ჯერ კიდევ ძალზედ ძლიერი პარტიის შეუპოვარი წინააღმდეგობის დასაძლევად. როდესაც დაიწყო 1870 წ. ომი, პატრიოტული გრძნობის აფეთქებამ მთელ გერმანულ სახელმწიფოში აიყოლია ვიურტემბერგის მოსახლეობაც; პალატამ თითქმის ერთხმად მოახდინა აუცილებელი სამხედრო კრედიტების ვოტირება. ვიურტებერგული დივიზია შეუერთდა პრუსიის მემკვიდრე პრინცის მე-3 სამოკავშირეო არმიას და მონაწილეობდა ბრძოლებში ვერტთან და სედანთან, და პარიზის ალყაშიც. ომის დასრულების შემდეგ ვიურტემბერგსა და პრუსიას შორის დადებულ იქნა სახედრო კონვენცია, აგრეთვე ხელი მოეწერა ხელშეკრულებას, რომელიც განსაზღვრავდა ვიურტემბერგის მდგომარეობას, როგორც გაერთიანებული გერმანული იმპერიის ნაწილისა. დამარცხებული საფრანგეთის მიერ გადახდილი სამხედრო კონტრიბუციიდან ვიურტემბერგის წილად მოვიდა 85.176.303 მარკა.

საფრანგეთ-პრუსიის ომის შემდეგ სამეფოს საპარლამენტო ცხოვრება ისევ მშვიდად წარიმართა, სახელმწიფოს საშინაო განვითარებისთვის ზრუნვაში. 1877 წ. (9 აგვისტოს) საზეიმოდ აღინიშნა ტიუბინგენის უნივერსიტეტის 400 წლისთავი, ამასთან ზეიმში მონაწილეობა მიიღო სამეფო ოჯახმაც.

(დასასრულს მოყვანილია თემაზე იმ დროისთვის არსებული ლიტერატურის ჩამონათვალი)

(ავტორი მოხსენებული არ არის)

24) ინტერიმი

ასე ეწოდება წინასწარ დადგენილებებს, რომლებითაც რამდენჯერმე XVI ს. განმავლობაში, იმპერატორ კარლ V-ის თაოსნობით, მხედველობაში ჰქონდათ პროტესტანტების დაახლოება კათოლიკებთან დოგმატიკისა და საეკლესიო წეს-ჩვეულებების შესახებ სწავლების ნიადაგზე. პირველი ამგვარი პროექტი გამომუშავებულ იქნა გაგნაუსა და ვორმსში ჩატარებულ თათბირებზე 1540 წ. პროტესტანტი ღვთისმეტყველის ბუცერის მიერ ზომიერ კათოლიკ იოჰან გროპერთან და სხვებთან ერთობლივად; იგი შედგებოდა 23 მუხლისგან, რომლებიც დაწერილი იყო (ლათინურ ენაზე) ძალზედ ზომიერი სულისკვეთებით, ასე რომ მის მიღებას შესაძლოა თავიდან აეცილებინა ეკლესიების გახლეჩვა; ინტერიმის შემდგენლების სახელებს საიდუმლოდ ინახავდნენ. კარლ V-მ ეს დოკუმენტი გააცნო ბრანდენბურგის კურფიურსტს იოაჰიმ II-ს, ჰესენის ლანდგრაფს, საქსონიის კურფიურსტს იოჰან-ფრიდრიხს, აგრეთვე ლუთერსა და მელანხტონს. რეგენსბურგის სეიმზე, 1541 წ., ამ ინტერიმის განხილვა დაიწყო საგანგებო კომიტეტმა, რომელმაც მისი პირველი ხუთი მუხლი მიიღო, მაგრამ იერარქიისა და საიდუმლოებათა შესახებ საკითხებში ვერ შეძლო მისულიყო ვერანაირ დადებით დასკვნამდე. მიღებული მუხლები პროტესტანტების თანმხლებ გზავნილთან ერთად ჩააბარეს იმპერატორს, რომელმაც შერიგების მცდელობის თაობაზე აცნობა სეიმს; სეიმმა დაადგინა საქმე გადაეცა მომავალი მსოფლიო ან ადგილობრივი საეკლესიო კრებისთვის, ხოლო თუკი ასეთი ვერ შეიკრიბებოდა – შემდეგი სეიმისთვის. ამ ინტერიმმა, რომელსაც შემდგომში უწოდეს რეგენსბურგული ინტერიმის სახელი, თუკი გამოიწვია კიდეც ზოგიერთი პროტესტანტის უნდობლობა, სამაგიეროდ უფრო მეტად აღაგზნო უკმაყოფილება კათოლიკებს შორის; პაპი და ბევრი კათოლიკი მთავარი შეთანხმების წინააღმდეგი იყვნენ. 7 წლის შემდეგ, როდესაც იმპერატორმა სრული გამარჯვება მოიპოვა პროტესტანტებზე (იხ. გერმანია, VIII, 499), შეთანხმების მცდელობა განახლებულ იქნა. ახალი პროექტი (26 მუხლი) შედგენილ იქნა ერაზმის მიმდევრის იულიუს პფლუგის, კათოლიკ მიხაილ ჰელდინგისა და ბრანდებურგის სასახლის კარის დამყოლი ხასიათის მქონე მქადაგებლის იოჰან აგრიკოლას მიერ, სრულებით კათოლიკური სულსკვეთებით; პროტესტანტებისადმი დათმობას წარმოადგენდა სამი მუხლი, რომლებიც ფაქტიურად აღიარებდნენ სასულიერო სამფლობელოების სეკულარიზაციას (ზოგიერთი გამონაკლისის გარდა), სასულიერო პირებს აძლევდნენ ქორწინების უფლებას საეკლესიო კრების მიერ საკითხის გადაწყვტამდე და შესაძლებლად მიაჩნდათ ზიარება ორივე სახით, მაგრამ მხოლოდ იმ პირობით, რათა არ მომხდარიყო ერთი სახით ზიარების დაგმობა.

ინტერიმი სეიმს გამოუცხადეს აუგსბურგში 1548 წ. 15 მაისს, მანამდე სანამ პაპმა პავლე III მოახერხებდა მის შესახებ თავისი აზრის გამოხატვას. უკმაყოფილება ინტერიმის წინააღმდეგ იყო საყოველთაო, მაგრამ რადგანაც საიმპერიო მთავრებიდან ზოგიერთი დათანხმდა მის მიღებაზე (პფალცი, ვიურტემბერგი და სხვები), ამიტომ თანდათანობით დაიწყეს მისი შემოღება. რამდენიმე ასეულ სასულიერო პირს, რომლებიც მას უარყოფდნენ, ჩამოართვეს ადგილები, განდევნეს, ხოლო ზოგიერთი მოკლეს კიდეც; გამოქვეყნებულ იქნა ბრძანება, რათა ინტერიმის წინააღმდეგ არაფერი არ დაწერათ და არ გამოექვეყნებინათ. მიუხედავად ამისა, უკმაყოფილება ინტერიმის წინააღმდეგ გამოიხატა რიგ ქადაგებებში, პამფლეტებში, ბროშურებსა და კარიკატურებში. განსაკუთრებულ ე. წ. საინტერიმო ტალერებსაც კი ჭრიდნენ (Interimsthaler), რომლებზედაც გამოხატული იყო ინტერიმი სამთავიანი გველეშაპის სახით და წარწერით: Packe. di. Sathan. du. Interim („განვედი, შენ სატანა ინტერიმო“). ქ. მაგდებურგზე მსგავსი პასკვილების გავრცელებისთვის დადებულ იქნა საიმპერიო შერისხვა. კათოლიკების მხრიდან უწინარეს ყოვლისა ინტერიმის წინაარმდეგ იყო რომის პაპი; უკმაყოფილო იყო ზოგიერთი კათოლიკი მთავარიც. აუგსბურგის ინტერიმის არადამაკმაყოფილებლობის გამო, მორიც საქსონელმა მოიწვია ახალი ადგილობრივი კომისია, რათა სინდისის მოთხოვნები შეერიგებინა იმპერატორის მოთხოვნებთან; ამოსავალ წერტილად კომისიის წევრებმა აირჩიეს დათმობები ისეთ საგნებში, სადაც დიდი განსხვავებები არ იყო, რაც სულ ერთი იყო (adiaphora). ბრანდენბურგის კურფიურსტთან საქმეზე წინასწარ მსჯელობის შემდეგ, მორიცმა შეთანხმების ახალი პროექტი წარუდგინა 1548 წ. მიწურულს ლაიფციგში შეკრებილ საიმპერიო ჩინებს, რომელთაც მიიღეს კიდეც ეს მესამე, ე. წ. ლაიფციგის ინტერიმი, რომელმაც შემდეგში კიდვ ერთხელ განიცადა გადამუშავება და 1549 წ. მაისში მიღებულ იქნა მრავალი სასულიერო პირის მიერ გრიმში. ეს ინტრიმი, რომლის შედგენაში დიდ მონაწილეობას ღებულობდა მელანხტონი, განმსჭვალული იყო პროტესტანტული სულისკვეთებით. მან გამოიწვია დაახლოებით 30 წელიწადს გაგრძელებული კამათი ინტერიმის მომხრეებს, ადიაფორისტებს, და მის მოწინაარმდეგეებს შორის, რომელთა რიგებშიც მთავარი გახლდათ მათეუს ფლაციუსი.

(შემდეგ მოყვანილია იმ ხანად არსებული ლიტერატურის ჩამონათვალი ინტერიმის შესახებ)

ა. მ. ლ.

25) ოცდაათ წლიანი ომი

ოცდაათ წლიანი ომის (1618-1648 წწ.) გამომწვევი მიზეზები იყო რელიგიური და პოლიტიკური ხასიათისა. კათოლიკურმა რეაქციამ, რომელიც დამკვიდრდა ევროპაში XVI ს. მეორე ნახევრიდან, თავის ამოცანად დაისახა პროტესტანტიზმის ამოძირკვა, და მასთან ერთად მთელი უახლესი ინდივიდუალისტური კულტურისა და კათოლიციზმისა და რომანიზმის აღდგენა. იეზუიტთა ორდენი, ტრიდენტის საეკლესიო კრება და ინკვიზიცია იყო ის სამი ძალმოსილი იარაღი, რომელთა მეშვეობითაც რეაქცია დამკვიდრდა გერმანიაშიც. აუგსბურგის 1555 წ. რელიგიური სამშვიდობო ხელშეკრულება იყო მხოლოდ დაზავება და შეიცავდა რიგ დადგენილებებს, რომლებიც ავიწროვებდა პროტესტანტების ინდივიდუალურ თავისუფლებას. გაუგებრობები კათოლიკებსა და პროტესტანტებს შორის მალევე განახლდა, რომლებიც იწვევდა მსხვილ კონფლიქტებს რაიხსტაგებზე. რეაქცია გადადის შეტევაში. XVII ს. დასაწყისიდან ჰაბსბურგული უნივერსალიზმის იდეა უერთდება წმინდად ულტრამონტანურ ტენდენციას. რომი რჩება კათოლიკური პროპაგანდის საეკლესიო ცენტრად, მადრიდი და ვენა _ მის პოლიტიკურ ცენტრებად. კათოლიკურ ეკლესიას ბრძოლის წარმოება უხდება პროტესტანტიზმთან, გერმანიის იმპერატორებს – მთავრების ტერიტორიულ ავტონომიასთან. XVII ს. დასაწყისისთვის ურთიერთობები იქამდე გამწვავდა, რომ ჩამოყალიბებულ იქნა ორი კავშირი, კათოლიკური და პროტესტანტული. თითოეულ მათგანს ჰყავდა თავისი მომხრეები გერმანიის გარეთაც: პირველს მფარველობდნენ რომი და ესპანეთი, მეორეს – საფრანგეთი და ნაწილობრივ ნიდერლანდები და ინგლისი. პროტესტანტული კავშირი ანუ უნია შედგენილ იქნა 1608 წ. აჰაუზენში, კათოლიკური ლიგა 1609 წ. მიუნჰენში; პირველს სათავეში ჩაუდგა პფალცი, მეორეს – ბავარია. იმპერატორ რუდოლფ II-ის მთელმა მეფობამ ჩაიარა იმ არეულობებსა და მოძრაობებში, რომლებიც გამოწვეული იყო რელიგიური დევნებით. 1608 წ. იგი იძულებული შეიქმნა შემოფარგლულიყო მხოლოდ ბოჰემიით, დაუთმო რა თავის ძმას მათეუსს უნგრეთი, მორავია და ავსტრია. მოვლენებმა კლევეს, ბერგისა და ულიხის საჰერცოგოებში, აგრეთვე დონაუვერტში (იხ.), უკიდურეს ხარისხამდე გაამწვავეს ურთიერთობები პროტესტანტებსა და კათოლიკებს შორის. ჰაინრიხ IV-ის სიკვდილის შემდეგ (1610) პროტესტანტებს უკვე აღარავის იმედი არ უნდა ჰქონოდათ და უმცირესი ნაპერწკალიც კი საკმარისი იყო გააფთრებული ომის გამოსაწვევად. მან იფეთქა ბოჰემიაში.

1609 წ. ივლისში რუდოლფმა ევანგელისტურ ჩეხეთს უბოძა რელიგიური თავისუფლება და გარანტია მისცა პროტესტანტების უფლებების დაცვაზე (ე. წ. უდიდებულესობის სიგელი). იგი მოკვდა 1612 წ.; იმპერატორი გახდა მათეუსი. პროტსტანტები მასზე გარკვეულ იმედებს ამყარებდნენ, რადგანაც მან ერთხელ გამოთქვა ნიდერლანდებში ესპანეთის მოქმედებების ხასიათის წინააღმდეგ. 1613 წ. რეგენსბურგის საიმპერიო სეიმზე მოხდა ცხარე კამათები პროტესტანტებსა და კათოლიკებს შორის, ამასთან მათეუსმა არაფერი არ გააკეთა პროტესტანტებისთვის. საქმეთა მდგომარეობა გაუარესდა, როდესაც უშვილო მათეუსს ჩეხეთსა და უნგრეთში თავის მემკვიდრედ უნდა დაენიშნა თავისი ბიძაშვილი, ფანატიკოსი ფერდინანდ შტირიელი (იხ.). ემყარებოდნენ რა 1609 წ. სიგელს, პროტესტანტები 1618 წ. შეიკრიბნენ პრაღაში და გადაწყვიტეს ძალისთვის მიემართათ. 23 მაისს აღასრულეს სახელგანთქმული სლავატას, მარტინიტცისა და ფაბრიციუსის „დეფენესტრაცია“ (იმპერატორის ეს მრჩევლები პრაღის ციხე-სასახლის ფანჯრიდან გადაყარეს ციხესიმაგრის თხრილში). ბოჰემიისა და ჰაბსბურგების სახლის ურთიერთობები გაწყვეტილ იქნა; დაადგინეს დროებითი მთავრობა, რომელიც შედგებოდა 30 დირექტორისგან, ჩამოაყალიბეს არმია, რომლის უფროსებადაც დანიშნეს გრაფი ტურნი და გრაფი ერნსტ მანსფელდი, კათოლიკი, მაგრამ ჰაბსბურგების მოწინააღმდეგე. ჩეხებმა დაიწყეს ურთიერთობები ტრანსილვანიის მთავართან ბეტლენ გაბორთან. მათეუსი მოკვდა დირექტორებთან მოლაპარაკებების დროს, 1619 წ. მარტში. ტახტზე ავიდა ფერდინანდ II. ჩეხებმა უარი თქვეს მის აღიარებაზე და თავიანთ მეფედ აირჩიეს23 წლის პფალცის კურფიურსტი ფრიდრიხი. ჩეხეთის აჯანყება იქცა საბაბად 30-წლიანი ომისთვის, რომლის თეატრადაც იყო შუა გერმანია.

ომის პირველი პერიოდი – ჩეხურ-პფალცური – გრძელდებოდა 1618-დან 1623 წ. ჩათვლით. ჩეხეთიდან საომარი მოქმედებები გავრცელდა სილეზიასა და მორავიაში. ტურნის უფროსობით ჩეხური ჯარის ნაწილი დაიძრა ვენაზე. ფრიდრიხს ჰქონდა გერმანიაში თავისი ერთმორწმუნეებისა და თავისი სიმამრის იაკობ ინგლისელის დახმარების იმედი, მაგრამ ამაოდ: მას მარტოს მოუწია ბრძოლის წარმოება. თეთრ მთასთან, 1620 წ. 8 ნოემბერს ჩეხები სასტიკად იქნენ დამარცხებული; ფრიდრიხი გაიქცა. ანგარიშსწორება დამარცხებულებთან იყო სასტიკი: ჩეხებს წაართვეს რელიგიური თავისუფლება, პროტესტანტიზმი ამოძირკვეს, სამეფო მჭიდროდ დააკავშირეს ჰაბსბურგების სამემკვიდრეო მიწებთან. ახლა პროტესტანტულ ჯარებს სათავეში ჩაუდგნენ ერნსტ მანსფელდი, ჰერცოგი ქრისტიან ბრაუნშვაიგელი და მარკგრაფი გეორგ-ფრიდრიხ ბადენ-დურლახელი. ვისლოხთან მანსფელდმა ლიგისტებს მიაყენა მნიშვნელოვანი დამარცხება (1622 წ. 27 აპრილს), ორი სხვა მხედართმთავარი კი დამარცხებულ იქნა: გეორგ-ფრიდრიხი _ ვიმპფენთან, 6 მაისს, ქრისტიანი – გეჰსტთან, 20 ივნისს, შტადტლონთან (1623). ყველა ამ ბრძოლაში კათოლიკურ ჯარებს სარდლობდნენ ტილლი და კორდოვა. მაგრამ, მთელი პფალცის დამორჩილებამდე ჯერ კიდევ შორს იყო. მხოლოდ მოხერხებული მოტყუებით მიაღწია ფერდინანდ II-მ თავის მიზანს: მან დაარწმუნა ფრიდრიხი გაეშვა მანსფელდისა და ქრისტიანის ჯარები (ორივე წავიდა ნიდერლანდებში) და დაპირდა მოლაპარაკებების დაწყებას ომის შეწყვეტის შესახებ, საქმით კი უბრძანა ლიგისტებსა და ესპანელებს ყოველი მხრიდან შეჭრილიყვნენ ფრიდრიხის სამფლობელოებში; 1623 წ. მარტში დაეცა პფალცის უკანასკნელი ციხესიმაგრე – ფრანკენტალი. მთავრების შეკრებაზე რეგენსბურგში ფრიდრიხს ჩამოარვთეს კურფიურსტის ტიტული, რომელიც გადასცეს მაქსიმილიან ბავარიელს, რის შედეგადაც კურფიურსტების კოლეგიაში რიცხობრივი უპირატესობა მიიღეს კაღოლიკებმა. თუმცა კი ზემო პფალცი უკვე 1621 წ.-დან იძულებული გახდა ფიცი მიეცა მაქსიმილიანისთვის, მაგრამ ფორმალური შეერთება აღსრულდა მხოლოდ 1629 წ.

ომის მეორე პერიოდი – ქვემოსაქსონურ-დანიური – მიმდინარეობდა 1625-დან 1629 წ. ჩათვლით. ომის სულ დასაწყისიდანვე გაიბა გაცოხველებული დიპლომატიური ურთიერთობები ევროპის ყველა პროტესტანტ ხელმწიფეს შორის, ჰაბსბურგების აღმატებული ძალის წინააღმდეგ რაიმენაირი ზომების გამომუშავების მიზნით. იმპერატორისა და ლიგისტების მიერ შევიწროვებული გერმანელი პროტესტანტი მთავრები ადრე შევიდნენ ურთიერთობებში სკანდინაველ მეფეებთან. 1624 წ. დაიწყო მოლპარაკებები ევანგელისტური კავშირის შესახებ, რომელშიც გერმანელი პროტესტანტების გარდა, მონაწილეობა უნდა მიეღოთ შვედეთს, დანიას, ინგლისსა და ნიდერლანდებს. გუსტავ-ადოლფს, რომელიც ამ დროს დაკავებული იყო ბრძოლით პოლონეთთან, არ შეეძლო პროტესტანტებისთვის აუცილებელი დახმარების აღმოჩენა; მათთვის წაყენებული პირობები მათ მიიჩნიეს ზომაზე მეტად გადაჭარბებულად და ამიტომ მიმართეს ქრისტიან IV დანიელს. იმისთვის, რათა გავიგოთ ამ მეფის გადაწყვეტილება (მზადყოფნა, გაბედულება) ჩარეულიყო გერმანულ ომში, მხედველობაში უნდა ვიქონიოთ მისი პრეტენზიები ბალტიის ზღვაში ბატონობაზე და მისწრაფება სამხრეთში თავისი სამფლობელოების გაფართოებისკენ, თავისი დინასტიის ხელში ბრემენის, ვერდენის, ჰალბერშტადტისა და ოსნაბრიუკის საეპისკოპოსოების თავმოყრის ხარჯზე, ე. ი. მიწებისა ელბისა და ვეზერის გაყოლებით. ქრისტიან IV-ის ამ პოლიტიკურ მოტივებს დაემატა რელიგიურებიც: კათოლიკური რეაქციის გავცელება ემუქრებოდა შლეზვიგ-ჰოლშტინიასაც. ქრისტიან IV-ის მხარეზე იყვნენ ვოლფენბიუტელი, ვაიმარი, მეკლენბურგი და მაგდებურგი. ჯარების უფროსობა გაყოფილი იყო ქრისტიან IV-სა და მანსფელდს შორის. ლიგისტურ ჯარს (ტილლი) შეუერთდა საიმპერიოც, ვალენშტაინის უფროსობით (40000 ადამიანი). მანსფელდი დამაცხებულ იქნა 1626 წ. 25 აპრილს დესაუს ხიდთან და გაიქცა ბეტლენ გაბორთან, ხოლო შემდეგ კი ბოსნიაში, სადაც მოკვდა კიდეც; ქრისტიან IV-მ განიცადა დამარცხება ლუტერთან იმავე წლის 27 აგვისტოს; ტილლიმ აიძულა მეფე უკან დაეხია ელბის გადაღმა და ვალენშტაინთან ერთად დაიკავა მთელი იუტლანდია და მეკლენბურგი, რომლის ჰერცოგებმაც განიცადეს საიმპერიო შერისხვა და მათ ჩამოერთვათ თავიანთი სამფლობელოები.

1628 წ. თებერვალში მეკლენბურგის ჰერცოგის ტიტული უბოძეს ვალენშტაინს. რომელიც იმავე წლის აპრილში დანიშნულ იქნა ოკეანეთისა და ბალტიის ზღვების გენერლად. ფერდინანდ II-ს მხედვლობაში ჰქონდა დამკვიდრება ბალტიის ზღვის ნაპირებზე, ჰანზას თავისუფალი ქალაქების დამორჩილება და ასეთნაირად ზღვაში ბატონობის ხელში ჩაგდება (დაპყრობა), ნიდერლანდებისა და სკანდინავიის სამეფოების საზარალოდ. ბალტიის ზღვაში მის დმკვიდრებაზე იყო დამოკიდებული კათოლიკური პროპაგანდის წარმატებაც ევროპის ჩრდილოეთსა და აღმოსავლეთში. ჰანზას ქალაქების მშვიდობიანი გზით თავის მხარეზე დაყოლიების წარუმატებელი მცდელობების შემდეგ, ფერდინანდმა გადაწყვიტა ძალით მიეღწია თავისი მიზნისთვის და ვალენშტაინს დაავალა უმნიშვნელოვანესი ნავსადგურების დაკავება ბალტიის ზღვის სამხრეთ სანაპიროზე. ვალენშტაინმა დაიწყო სტრალზუნდის ალყით; იგი გაჭიანურდა იმ დახმარების გამო, რომელიც ქალაქს აღმოუჩინა გუსტავ-ადოლფმა, რომელსაც ეშინოდა ჰაბსბურგების დამკვიდრებისა ჩრდილოეთ გერმანიაში უმთავრესად პოლონეთისადმი თავისი ურთიერთობების (დამოკიდებულების) გამო. 1628 წ. 25 ივნისს დადებულ იქნა ხელშეკრულება გუსტავ-ადოლფსა და სტრალზუნდს შორის; მეფეს გადაეცა პროტექტორატი ქალაქზე. ფერდინანდმა იმისთვის, რათა კიდევ უფრო მეტად გადაეყვანა თავის მხარეზე გერმანიის კათოლიკი მთავრები, 1629 წ. მარტში გამოსცა სარესტიტუციო ედიქტი, რომლის ძალითაც კათოლიკებს უბრუნდებოდათ მთელი ის მიწები, რომლებიც მათ წართმეული ჰქონდათ 1552 წ.-დან. ედიქტის აღსრულება დაიწყო უწინარეს ყოვლისა საიმპერიო ქალაქებში – აუგსბურგში, ულმში, რეგენბურგსა და კაუფბაიერნში. 1629 წ. ქრისტიან IV-ს, ამოწურა რა მთელი თავისი რესურსები, სეპრატული ზავი უნდა დაედო იმპერატორთან ლიუბეკში. სამშვიდობო ხელშეკრულების დადებას ემხრობოდა ვალენშტაინიც, რომელიც არცთუ უსფუძვლოდ შიშობდა მალევე შვედეთის შესაძლო ჩარევის გამო. ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს 2 (12) მაისს. იმპერატორისა და ლიგისტების ჯარების მიერ დაკავებული მთელი მიწები დაბრუნებულ იქნა მეფისთვის. ომის დანიური პერიოდი დასრულდა; დაიწყო მესამე – შვედური პერიოდი, 1630-დნ 1635 წ. ჩათვლით. მიზეზები, რომლებმაც გამოიწვიეს შვედეთის მონაწილეობა 30-წლიან ომში, იყო უმთავრესად პოლიტიკური – მისწრაფება ბალტიის ზღვაზე ბატონობისკენ; უკანასკნელზე, მეფის აზრით, დამოკიდებული იყო შვედეთის ეკონომკური კეთილდღეობა. პროტესტანტები თავიდან შვედეთის მეფეში ხედავდნენ მხოლოდ რელიგიურ მებრძოლს; მოგვიანებით კი მათთვისაც ნათელი გახდა, რომ ბრძოლა წარმოებდა არა de religione, არამედ de regione.

გუსტავ-ადოლფი 1630 წ. ივნისში გადმოსხდა კუნძულ უზედომზე. ომის თეატრზე მის გამოჩენას ემთხვევა განხეთქილება კათოლიკურ ლიგაში. თავიანთი პრინციპისადმი ერთგული კათოლიკი მთავრები ხალისით უჭერდნენ მხარს იმპერატორს პროტესტანტების წინააღმდეგ; მაგრამ, როდესაც შეამჩნიეს იმპერატორის პოლიტიკაში მისწრაფება იმპერიაში აბსოლუტური ბატონობისკენ და ეშინოდათ რა თავიანთი ავტონომიის გამო, მათ იმპერატორისგან მოითხოვეს ვალენშტაინის გადაყენება. მთავართა ოპოზიციის სათავეში იდგა მაქსიმილიან ბავარიელი; მთავრების მოთხოვნებს მხარს უჭერდა უცხოური დიპლომატიაც, განსაკუთრებით რიშელიე. ფერდინანდს მოუხდა მათთვის დათმობა: 1630 წ. ვალენშტაინი გადაყენებულ იქნა. მთავრების საამებლად იმპერატორმა აღადგინა მეკლენბურგელი ჰერცოგები მათ მიწებზე; ამის სამადლობელად მთავრები რეგენსბურგის სეიზე დათანხმდნენ რომის მეფედ იმპერატორის ვაჟიშვილის, მომავალი ფერდინანდ III-ის არჩევაზე. ცენტრიდანული ძალები კვლავ ღებულობენ უპირატესობას იმპერიაში იმპერატორის მხედართმთავრის გადადგომასთან ერთად. ყოველივე ეს, რა თქმა უნდა, ხელს უწყობდა გუსტავ-ადოლფს. საქსონიისა და ბრანდენბურგის მიერ სურვილის არქონის გამო შეერთებოდნენ შვედეთს, მეფეს დიდი სიფრთხილით უნდა ევლო წინ გერმანიის სიღრმეში. თავიდან მან გაწმინდა ბალტიის ზღვის სანაპირო და პომერანია საიმპერატორო ჯარებისგან, შემდეგ აუყვა ოდერს, რათა ალყა შემოერტყა ფარნკფურტისთვის და ტილლის ყურადღება გადაეტანა პროტესტანტული მაგდებურგისგან. ფრანკფურტი თითქმის წინააღმდეგობის გარეშე დანებდა შვედებს. გუსტავს სურდა დაუყოვნებლივ წასულიყო მაგდებურგის დასახმარებლად, მაგრამ საქსონიისა და ბრანდენბურგის კურფიურსტები არ აძლევდნენ მას თავიანთ მიწებზე გავლის უფლებას. პირველმა დათმო გეორგ-ვილჰელმ ბრანდენბურგელმა; იოჰან-გეორგ საქსონელი კვლავ ჯიუტობდა. მოლაპარაკებები გაჭიანურდა; მაგდებურგი 1631 წ. მაისში დაეცა; ტილლიმ ცეცხლს მისცა და გაძარცვა იგი და დაიძრა შვედების წინააღმდეგ. 1631 წ. იანვარში გუსტავ-ადოლფმა ხელშეკრულება დადო საფრანგეთთან (ბერვალდში), რომელმაც იკისრა ფულით დახმარებოდა შვედეთს მის ბრძოლაში ჰაბსბურგებთან.

შეიტყო რა ტილლის მოძრაობის შესახებ, მეფემ თავი შეაფარა ვერბენში; ტილლის ყველა მცდელობა ამ სიმაგრის ასაღებად ამაო იყო. ბევრი ჯარისკაცის დაკარგვის შემდეგ იგი შეიჭრა საქსონიაში, რადგანაც ჰქონდა იოჰან-გეორგის დაყოლიების იმედი ლიგაში შესასვლელად. საქსონიის კურფიურსტმა დახმარებისთვის მიმართა გუსტავ-ადოლფს, რომელიც დაიძრა საქსონიაზე და სასტიკად დაამარცხა ტილლი ბრაიტენფელდთან, 1631 წ. 7 სექტემბერს. ლიგის არმია განადგურებულ იქნა; მეფე იქცა გერმანელი პროტესტანტების პროტექტორად. კურფიურსტის ჯარები შეუერთდნენ შვედურ ჯარებს, შეიჭრენ ბოჰემიაში და დაიკავეს პრაღა. გუსტავ-ადოლფი 1632 წ. გაზაფხულზე შევიდა ბავარიაში. ტილლი მეორედ იქნა დამარცხებული შვედების მიერ ლეხთან და მალევე მოკვდა. ბავარია მთლიანად იყო შვედების ხელში. ფერდინანდ II იძულებული შეიქმნა ხელმეორედ მიემართა დასახმარებლად ვალენშტაინისთვის; ამის თაობაზე შუამდგომლობდა თავად მაქსიმილიან ბავარიელი. ვალენშტაინს დაევალა დიდი არმიის ჩამოყალიბება; იმპერატორმა დანიშნა იგი მხედართმთავრად შეუზღუდავი ძალაუფლებით. ვალენშტაინის პირველი საქმე გახლდათ საქსონელების განდევნა ბოჰემიიდან; შემდეგ იგი დაიძრა ნიურნბერგზე. ამ ქალაქის დასახმარებლად იჩქარა გუსტავ-ადოლფმაც. ნიურნბერგთან ორივე ჯარი იდგა რამდენიმე კვირას. შვედების თავდასხმა ვალენშტაინის გამაგრებულ ბანაკზე მოგერიებულ იქნა. გუსტავ-ადოლფი, რათა ვალენშტაინის ყურადღება გადაეტანა ნიურნბერგისგან, დაბრუნდა ბავარიაში; ვალენშტაინი დაიძრა საქსონიაზე. მეფეს, კურფიურსტთან დადებული ხელშეკრულების ძალით, უნდა ეჩქარა მის დასახმარებლად. იგი დაეწია ვალენშტაინს ლიუცენთან, სადაც შეებრძოლა მას 1632 წ. ნოემბერში და დაეცა გმირული სიკვდილით; მისი ადგილი დაიკავეს ბერნჰარდ ვაიმარელმა და გუსტავ ჰორნმა. გაიმარჯვეს შვედებმა და ვალენშტაინმა უკან დაიხია.

მეფის სიკვდილის შემდეგ საქმეების ხელმძღვანელობა გადავიდა მის კანცლერთან, აქსელ ოქსენშერნასთან, „შვედეთისა და გერმანიის ლეგატთან“. ჰაილბრონის კონვენტზე (1633) ოქსენშერნამ მიაღწია პროტესტანტული ოლქების (ოკრუგების) _ ფრანკონულის, შვაბურისა და რაინულის – შეერთებას შვედეთთან. შედგენილ იქნა ევანგელისტური კავშირი; მის დირექტორად დაინიშნა ოქსენშერნა. ვალენშტაინმა ლიუცენის შემდეგ უკან დაიხია ბოჰემიაში; აქ მას მოუმწიფდა აზრი ჩამოშორებოდა იმპერატორს. შვედებმა დაიკავეს რეგენსბურგი და ზამთრის ბინები დაიდეს ზემო პფალცში. 1634 წ. ვალენშტაინი მოკლულ იქნა ეგერთან. საიმპერიო ჯარების მთავარსარდლობა გადავიდა ერცჰერცოგ ფერდინანდ გალასთან და პიკოლომინისთან. მათ უკან წაართვეს შვედებს რეგენსბურგი და გადამწყვეტი დამარცხება მიაყენეს ნორდლინგენთან (1634 წ. სექტემბერში). ჰორნი ტყვედ იქნა აყვანილი, ბერნჰარდმა მცირე რაზმით თავს უშველა ელზასში გაქცევით, სადაც აგრძელებდა ომს ფრანგული სუბსიდიების დახმარებით. ჰაილბრონის კავშირი დაიშალა. ლუდოვიკო XIII, ელზასის დათმობის სანაცვლოდ დაპირდა პროტესტანტებს 12000-იან ჯარს. საქსონიისა და ბრანდენბურგის კურფიურსტებმა ცალკეული სამშვიდობო ხელშეკრულება დადეს იმპერატორთან (1635 წ. პრაღის მშვიდობა). ორივე კურფიურსტის მაგალითს მალევე მიბაძა ზოგიერთმა ნაკლებად მნიშვნელოვანმა სამთავრომაც. იმისთვის, რათა ჰაბსბურგული პოლიტიკა არ მიუშვას სრულ ზეიმამდე, 1635 წ.-დან ომში აქტიურ მონაწილეობას ღებულობს საფრანგეთიც. იგი ომს აწარმოებდა ესპანეთშიც და იმპერატორთანაც.

ომის მეოთხე, ფრანგულ-შვედური პერიოდი გაიჭიმა 1635-დან 1648 წ. ჩათვლით. შვედურ ჯარებს უფროსობდა იოჰან ბანერი. იგი თავს დაესხა პროტესტანტების საქმის მოღალატე საქსონიის კურფიურსტს, დამარცხება მიაყენა მას ვიტშტოკთან (1636), დაიკავა ერფურტი და გააჩანაგა საქსონია. ბანერის წინააღმდეგ გამოვიდა გალასი; ბანერი ჩაიკეტა ტორჰაუში, 4 თვეს უძლებდა საიმპერატორო ჯარების თავდასხმებს (1637 წ. მარტიდან ივნისის ჩათვლით), მაგრამ იძულებული შეიქმნა უკან დაეხია პომერანიაში. 1637 წ. თებერვალში მოკვდა ფერდინანდ II; იმპერატორი გახდა მისი ვაჟიშვილი ფერდინანდ III (1637-1657). შვედეთში ღებულობდნენ ყველაზე უფრო ენერგიულ ზომებს ომის გასაგრძელებლად. 1637 და 1638 წწ. ყველაზე უფრო მძიმე წლები იყო შვედებისთვის. ბევრი განსაცდელი გადატანა მოუხდათ საიმპერატორო ჯარებსაც, გალასი იძულებული შეიქმნა უკან დაეხია ჩრდილოეთ გერმანიიდან. ბანერი სდევნიდა მას და ჰემნიცთან (1639) მიაყენა ძლიერი დამარცხება, რის შემდეგაც მიმართა გამაჩანაგებელ თარეშს ბოჰემიაში. ბერნჰარდ ვაიმარელი უფროსობდა დასავლეთის არმიას; მან რამდენჯერმე გადმოლახა რაინი და 1638 წ. დაამარცხა საიმპერატორო ჯარები რაინფელდენთან. ხანგრძლივი ალყის შემდეგ აღებულ იქნა ბრაიზახიც. ბერნჰარდის სიკვდილის შემდეგ 1639 წ. მისი არმია გადავიდა საფრანგეთის სამსახურში და შევიდა გებრიანის უფროსობის ქვეშ. მასთან ერთად ბანერს მხედველობაში ჰქონდა თავდასხმა რეგენსბურგზე, სადაც ამ დროს ფერდინანდ III-ს გახსნილი ჰქონდა რაიხსტაგი; მაგრამ დამდგარმა დათბობამ ხელი შეუშალა ამ გეგმის განხორციელებას. ბანერი ბოჰემიის გავლით დაიძრა საქსონიისკენ, სადაც მოკვდა 1641 წ. იგი შეცვალა ტორსტენსონმა, რომლიც შეიჭრა მორვიასა და სილეზიაში, ხოლო 1642 წ. საქსონიაში დაამარცხა პიკოლომინი ბრაიტენფელდთან ბრძოლაში, კვლავ შეიჭრა მორავიაში და იმუქრებოდა ვენაზე ლაშქრობით, მაგრამ 1643 წ. სექტემბერში გამოძახებულ იქნა ჩრდილოეთში, სადაც განახლდა შვედეთის ბრძოლა დანიასთან. ტორსტენსონს კვალდაკვალ მიჰყვბოდა გალასი. გაწმინდა რა იუტლანდია დანიური ჯარებისგან, ტორსტენსონი შემობრუნდა სამხრეთისკენ და 1644 წ. დაამარცხა გალასი იუტერბოკთან, რის შემდეგადაც მესამედ გამოჩნდა იმპერატორის სამემკვიდრეო მიწებში და დაამარცხა გეტცი და გატცფელდი იანკოვთან ბოჰემიაში (1645). იმედოვნებდა რა რაკოცისგან მხარდაჭერას, ტორსტენსონი ვარაუდობდა ლაშქრობას ვენაზე, მაგრამ რადგანაც მან დხმარება დათქმული ვადისთვის ვერ მიიღო, ამიტომ უკან დაიხია ჩრდილოეთისკენ. ავადმყოფობის გამო იგი იძულებული შეიქმნა უფროსობა გადაცა ვრანგელისთვის.

ამ დროის მანძილზე საფრანგეთმა მთელ თავის ყურადღებას თავი მოუყარა დასავლეთ გერმანიაზე. გებრიანმა დაამარცხა საიმპერატორო ჯარები კემპენთან (1642); კონდემ 1643 წ. დამარცხება მიაყენა ესპანელებს როკრუასთან. გებრიანის სიკვდილის შემდეგ ფრანგებმა განიცადეს დამარცხება ბავარიელი გენერლის მერსისა და ფონ-ვერტასგან, მაგრამ მთავარსარდლად ტიურენის დანიშვნის შემდეგ საქმეებმა კვლავ შეიძინეს საფრანგეთისთვის ხელსაყრელი მიმართულება. მთელი რაინის პფალცი იყო ფრანგების ძალაუფლების ქვეშ. მერგენტჰაიმთან (1645, ფრანგები დამარცხდნენ) და ალერჰაიმთან (იმპერიელები დამარცხდნენ) ბრძოლების შემდეგ ტიურენი შეუერთდა ვრანგელს და მათ ერთად გადაწყვიტეს შეჭრილიყვნენ სამხრეთ გერმანიაში. ბავარია იძულებული შეიმნა გაეწყვიტა თავისი კავშირი იმპერატორთან და ზავი დაედო ულმში (1647), მაგრამ მაქსიმილიანმა გატეხა თავისი სიტყვა და შეერთებულმა ფრანგულმა და შვედურმა ჯარებმა, რომლებმაც სულ იმ ხანებში ცუსმარსჰაუზენთან დაამარცხეს იმპერატორის მხედართმთავარი მელანდრი, გამაჩანაგებელი შეჭრა მოახდინეს ბავარიაში, აქედან კი ვიურტემბერგში. ამავდროულად სხვა შვედური არმია, კიონიგსმარკისა და ვიტენბერგის უფროსობით, წარმატებით ატარებდა ოპერაციებს ბოჰემიაში. სულ ცოტაც და პრაღა გადაიქცეოდა კიონიგსმარკის ნადავლად. 1648 წ. სექტემბრიდან ვრანგელის ადგილი დაიკავა რაინის პფალცგრაფმა, კარლ გუსტავმა. მის მიერ დაწყებული პრაღის ალყა მოხსნილ იქნა ვესტფალიის სამშვიდობო ხელშკრულების დადების შესახებ შეტყობინების მიღების შემდეგ. ომი დასრულდა იმ ქალაქის კედლებთან, რომელშიც იგი დაიწყო. სამშვიდობო მოლაპარაკებები მეომარ დერჟავებს შორის დაიწყო ჯერ კიდევ 1643 წ., მიუნსტერსა და ოსნაბრიუკში; პირველში მიდიოდა მოლაპარაკებები ფრანგ დიპლომატებთან, მორეში – შვედებთან. 1648 წ. 24 ოქტომბერს დადებულ იქნა სამშვიდობო ხელშეკრულება, რომელიც ცნობილია ვესტფალიის მშვიდობის სახელით (იხ.). გერმანიის ეკონომიკური მდგომარეობა ომის შემდეგ ყველაზე უფრო მძიმე იყო; მტრები დიდხნს რჩებოდნენ მასში 1643 წ. შემდეგაც და საგანთა ძველი წესრიგის აღდგენა ხდებოდა ძალზედ ნელა. გერმანიის მოსახლეობა მნიშვნელოვნად შემცირდა; ვიურტემბერგში, მაგალითად, მოსახლეობა 400000-დან ჩამოვიდა 48000-მდე; ბავარიაშიც იგი ასევე დაახლოებით 10-ჯერ იქნა შემცირებული. ლიტერატურა 30-წლიანი ომის შესახებ მეტად ვრცელია. მის თანამედროვეთაგან უნდა აღინიშნოს პუფენდორფი და ჰემნიტცი, უახლესი გამოკვლვებიდან _ Charveriat-ის (ფრანგ.), Gindely-ის (გერმ.), Gardiner-ი (ინგლ.), Cronholm-ის (შვედ.; არის გერმნანული თარგმანი) შრომები და ფორსტენის წიგნის „ბალტიის ზღვის საკითხი XVII ს.-ში“, II ტომი.

გ. ფორსტენი

26) ვალენშტაინი

ვალენშტაინი, უფრო სწორად ვალდშტაინი (ალბრხტ-ვენცესლავ-ევსევი Wallenstein), შემდეგში ფრიდლანდიისა და მეკლენბურგის ჰერცოგი, საიმპერიო მთავარსარდალი 30-წლიან ომში, დაიბადა გერმანიცაში, ბოჰემიაში, 1583 წ. 15 სექტემბრს. ვალენშტაინი მიეკუთვნებოდა ძველ აზნაურულ საგვარეულოს, რომელიც აღიარებდა პროტესტანტულ სარწმუნოებას; მაგრამ მამის სიკვდილის შემდეგ, თავისი ასაკის 16-ე წელში იგი მიაბარეს იეზუიტურ სასწავლებელში ოლმიუცში, და იქ გადავიდა კათოლიკობაში. აღასრულა რა შემდეგ მოგზაურობა იტალიაში, საფრანგეთში, ნიდერლანდებსა და გერმანიაში, იგი 1606 წ. დაბრუნდა სამშობლოში, შევიდა უნგრეთში მომქმედი საიმპერიო ჯარების რიგებში და გრანის ალყისას თავის გამოჩენისთვის მიიღო კაპიტნის წოდება. ზავის დადების შემდეგ ვალენშტაინი დაბრუნდა ბოჰემიაში და იქორწინა მდიდარ ხანში შესულ ქვრივზე, რომელიც 1614 წ. მოკვდა უშვილოდ და მთელი თავისი ქონება მას დაუტოვა. ამან და ასევე სხვა მემკვიდრეობამ, რომელიც მაშინვე ბიძისგან მიიღო, მისცა მას მნიშვნელოვანი როლის თამაშის შესაძლებლობა იმპერატორ მათეუსის კარზე. ვენეციასა და ჰერცოგ ფერდინანდ შტირიელს (მომავალ იმპერატორს) შორის 1617 წ. ხანმოკლე ომში ვალენშტაინმა თავისი ხარჯით ჩამოაყალიბა ცხენოსანი რაზმი (200 ადამიანისგან) და იგი ჰერცოგთან მიიყვანა, რის შედეგადაც მის დიდ მოწყალებაში შევიდა. გრადიშკის ალყისგან განთავისუფლებისას მან გამოიჩინა სამაგალითო სიმამაცე, ხოლო თავისი გულუხვობით, და ასევე ჯარებზე მზრუნველობითაც, იმდენად ცნობილი გახდა, რომ თითოეულს ღირსების საქმედ მიაჩნდა მის რაზმში სამსახური.

ლაშქრობის დასრულების შემდეგ იგი დანიშნულ იქნა მორავიაში ადგილობრივი მილიციის პოლკის მეთაურად; მალევე მეორედ იქორწინა გრაფ გარახის, იმპერატორის მრჩევლისა და საყვარელი ადამიანის (ფავორიტის, რუს. любимец) ქალიშვილზე, ამასთან მიიღო გრაფის ღირსება, კანცლერის წოდება და მორავიის მილიციაზე უფროსობა. როდესაც 1618 წ. იფეთქა აჯანყებამ მორავიასა და ბოჰემიაში, ვალენშტაინმა ოლმიუციდან იხსნა სახელმწიფო ხაზინა, მის მიერ ჩამოყალიბებული კირასირთა პოლკით მონაწილეობდა აჯანყების ჩახშობაში და მთელი ქვეყანა გაწმინდა პროტესტანტული ჯარებისგან, რისთვისაც აყვანილ-იქნა გენერალ-მიორის ხარისხში მორავიის გუბერნატორად დანიშვნით. ტრანსილვანიის მთავართან, ბეტლენ-გაბორთან ომში მას გადამწყვეტი დამარცხება მიაყენა შტანდმიუცთან, ხოლო მის მოკავშირეს, ბრანდენბურგ-ეგერნდორფის მარკგრაფს _ კრემზირთან (1621). შეისყიდა რა ბოჰემიაში ბევრი კონფისკებული მამული და მიიღო რა იმპერატორისგან ვრცელი ფრიდლანდიის სამფლობელო, ვლენშტაინი იქცა ერთერთ უმდიდრეს ადამიანად ავსტრიაში. 1623 წ. ბ. გაბორტან ომში დამსახურებებისთვის იგი აყვანილ იქნა საიმპერიო მთავრისა და ჰერცოგის წოდებაში. 1625 წ., როდესაც იმპერატორის სახსრები პროტესტანტებთან ბრძოლისთვის სრულებით ამოიწურა, ვალენშტაინმა, რომელიც ფლობდა 30-მილიონიან ქონებას, შესთავაზა 50-ათასიანი არმიის გამოყვანა საკუთარ ხარჯზე (სამაგიეროდ შემდგომში ანაზღაურებით), იმ პირობით, რომ ყოფილიყო მისი მთავარსარდალი და შეენახა იგი მოწინააღმდეგეთა მიწებიდან ამოღებული კონტრიბუციებით. იმპერატორი დეთანხმა ამაზე. ვალენშტაინის დიდებამ და გულუხვობამ სწრაფად მიიზიდა მისი დროშების ქვეშ უამრავი ხალხი. ამ ახლადშეკრებილი არმიით მან დაამარცხა მანსფელდი, დაარბია მეკლენბურგი, პომერანია, შლეზვიგი, ჰოლშტინია, და ტილლის დახმარებით გადამწყვეტი დარტყმა მიაყენა დანიელებს, რამაც აიძულა ქრისტიან IV სამშვიდობო ხელშეკრულება დაედო ლიუბეკში 1629 წ. მეკლენბურგული სამფლობელოები, რომლებიც ვალენშტაინმა დაიპყრო, მასვე გადასცა იმპერატორმა მეკლენბურგის ჰერცოგის ტიტულთან ერთად.

მაგრამ ვალენშტაინის წარმატებების კვალდაკვალ, მისი ქედმაღლობა და ზვიადობა განვითარდა მასში უკიდურეს ზღვრამდე და მას თავს დაატეხა საიმპერიო მთავრების სიძულვილი, რომლებიც, გარდა ამისა, აღშფოთებული იყვნენ მისი ჯარების მიერ ჩადენილი ძალადობებით. დაუთმო რა მათ თხოვნებს, რომლებიც გადმოცემული იყო რეგენსბურგის ყრილობაზე (1630), იმპერატორმა ჩამოართვა ვალენშტაინს უფროსობა კათოლიკურ მხედრობაზე. უკანასკნელმა ეს ცნობა მიიღო ამაყი გულგრილობით და, გააჩერა რა არმია, წავიდა პრაღაში, სადაც დაიწყო კერძო პირის ცხოვრება. მაგრამ, მისი უმოქმედობა დიდხანს არ გაგრძელებულა; შვედეთის მეფის გუსტავ-ადოლფის წარმატებებმა აიძულეს იმპერატორი კვლავ დახმარების თხოვნით მიემართა ვალენშტაინისთვის, მაგრამ იგი მხოლდ ხანგრძლივი თხოვნების შემდეგ დათანხმდა (1632) არმიაზე უფროსობის მიღებას. ამ დათანხმებას მან მოაყოლა ისეთი პირობები, რომლებიც აძლევდა მას შეუზღუდავ და უკონტროლო ძალაუფლებას არა მხოლოდ არმიაში, არამედ მის მიერ დაკავებულ მიწებშიც. შეკრიბა რა ახალი პოლკები, ვალენშტაინმა აიღო პრაღა, საქსონური ჯარებისგან გაწმინდა ბოჰემია; მაგრამ, როდესაც დაიძრა შემდეგ ბავარიაზე, იგი, ძალებში სამჯერადი უპირატესობის მიუხედავად, სამ თვეს იდგა გუსტავ-ადოლფის მიერ დაკავებულ ნიურნბერგთან, და ბრძოლას თავს არიდებდა. შემდეგ, განიცადა რა დამარცხება ლიუცენთან, ვალენშტაინმა უკან დაიხია ბოჰემიაში, და, რადგანაც დარწმუნდა გერმანიიდან შვედების განდევნის სიძნელეში, გადაწყვიტა ამის მიღწევა მათგან მოკავშირეების თანდათანობით ჩამოშორების მეშვეობით. ამისთვის მან დაიწყო მოლაპარაკებები საქსონიის კურფიურსტთან და, აგრძლებდა რა გაბედულ საომარ მოქმედებებს შვედებთან იქ, სადაც მას შეეძლო მათი ნაწილ-ნაწილ დამარცხება, ინდობდა მათ პროტესტანტ მოკავშირეებს გერმანიაში. ამან ჰერცოგის მტრებს მისცა საბაბი მისი დადანაშაულებისთვის ღალატში. კიდევ უფრო მეტ საბაბად ვალენშტაინის დადანაშაულებისთვის იქცა მის მიერ ტყვედ ჩაგდებული გრაფ ტურნის, ბოჰემიაში აჯანყების მეთაურის განთავისუფლება. განსაკუთრებით ღვარძლს ანთხევდნენ ვალენშტაინზე იეზუიტები. თუმცა კი ვალენშტაინი უგულვებელყოფდა ვენის სამეფო კარის უკმაყოფილებას, მაგრამ მაინც, მიიღო რა იმპერატორისგან ბრძანება წასულიყო ბავარიის კურფიურსტის დასახმარებლად, წლის გვიანი დროის მიუხედავად, დაიძრა ბავარიისკენ; მაგრამ გზაში შეიტყო პროტესტანტების მიერ რეგენსბურგის აღების შესახებ, რის გამოც დაბრუნდა უკან და განლაგდა ბოჰემიაში, ზამთრის ბინებზე.

ვალენშტაინის მტრები, სარგებლობდნენ რა ამით, ცდილობდნენ მის მხილებას ჯარებზე დაყრდნობით ჩეხეთის მეფედ გახდომის განზრახვაში, ხოლო უკიდურესად გაღიზიანებულმა იმპერატორმა კი მოსთხოვა მას ავსტრიის სამფლობელოების დაცლა. ვალენშტაინი არ ემორჩილებოდა ამ ბრძანებას, მიუთითებდა რა იმპერატორთან დადებულ ხელშეკრულებაზე ჯარებზე უფროსობის მიღების წინ. ხოლო როდესაც მტრული პარტიის სათავეში მდგარმა, ბავარიის კურფიურსტმა, მოითხოვა, რათა ვალენშტაინისთვის ჩამოერთვათ მთავარსარდლის წოდება, მაშინ უკანასკნელმა (რომელიც ამავე დროს ავად იყო ნიკრისის ქარებით) მოიწვია სამხედრო საბჭო და, გადასცა რა თავისი უთანხმოებანი იმპერატორთან, განუცხადა მზადყოფნის შესახებ ჩამოშორებოდა საქმეებს. მაგრამ უფროსი ოფიცრები, რომლებიც საკუთარ თავს თვლიდნენ უფრო მეტად ვალენშტაინის სამსახურში, ვიდრე იმპერატორისა, და იცოდნენ რა, რომ პირველის დაცემის შემდეგ მათ შეიძლება დაკარგონ უწინდელი სამსახურისთვის ჯერ კიდევ ვერმიღებული მნიშვნელოვანი ფულადი თანხები, პროტესტს აცხადებდნენ ვალენშტაინის განზრახვის წინააღმდეგ. 1634 წ. 12 იანვარს დადეს მასთან ხელშეკრულება (პილზენისა), რომლითაც ივალდებულებდნენ არ მიეტოვებინათ ერთმანეთი, მხოლოდ იმ პირობის დაცვით, რომ არაფერს იღონებდნენ იმპერატორისა და კათოლიკური ეკლესიის წინააღმდეგ. იმპერატორ ფერდინანდს ყოველივე ეს მიაწოდეს პოლიტიკური შეთქმულების სახით. მან გადააყენა ვალენშტაინი სარდლობიდან და გამოაცხადა იგი მეამბოხედ, ხოლო არმიის უფროსობა ჩააბარა გენერლებს პიკოლომინისა და გალასს, რომელთაც უბრძანა ჩამოეყვანათ მეამბოხედ გამოცხადებული ცოცხალი ან მკვდარი. იმავე დროს იმპერატორი არ ანებებდა თავს ვალენშტაინთან მეგობრული მიმოწერის წარმოებას. უკანასკნელმა, როდესაც შეიტყო მის თავს დამუქრებული საშიშროებისა და იმ მნიშვნელობის შესახებ, რომელიც მიეცა პილზენის შეკრებას, კვლავ შეკრიბა თავისი უფროსი ოფიცრები და გამოუცხადა, რომ ანთავისუფლებს მათ მიცემული ფიცისგან, თუკი ისინი ეჭვობენ მის ისეთ განზრახვებზე, რომლებიც იმპერატორის საწინააღმდეგოა; ამასთან ერთად მან ხელი მოაწერა რევერსს, რომ „არასდროს ფიქრადაც კი არ ჰქონია ეღონა რაიმე იმპერატორისა და რელიგიის წინააღმდეგ“. ეს რევერსი ვალენშტაინმა გაგზავნა ვენაში, განცხადებასთან ერთად თავისი მზადყოფნის შესახებ ჩაებარებინა უფროსობა არმიაზე, და სასამართლოში ასევე ჩაებარებინა ანგარიში ყველა თავისი საქციელის გამო. მაგრამ მისი ბედი უკვე გადაწყვეტილი იყო; მისი რევერსი იმპერატორისთვის არ წარუდგენიათ. ამის შემდეგ გამოცემული დეკრეტით ხდებოდა ჰერცოგის მამულების კონფისკაცია.

ვალენშტაინი, შეიტყო რა მის წინააღმდეგ პიკოლომინისა და გალასის ჯარების მოძრაობის თაობაზე, მისდამი ერთგულად დარჩენილი მცირე ძალებით გაიქცა ეგერის ციხესიმაგრეში. მდგომარეობის სიძნელემ აიძულა იგი დაეწყო მოლაპარაკებები პროტესტანტების წინამძღოლებთან, მაგრამ ჰერცოგმა ბერნჰარდ საქსენ-ვაიმარელმა და ოქსენშტირნამ, რომლებიც არ ენდობოდნენ ვალენშტაინს, უარყვეს მისი წინადადებები. ამასობაში პოლკოვნიკმა ბუტლერმა, ვალენშტაინის ბადრაგის უფროსმა, რომელიც მოსყიდული იყო გენერალ პიკოლომინისა და გალასის მიერ, 1634 წ. 25 თებერვალს, ორი ოფიცრის დახმარებით, მოღალატურად მოკლა ვალენშტაინთან დაახლოებული გენერლები, და იმავე დროს კაპიტანი დევერუ დრაგუნებით შეიჭრა ჰერცოგის საძინებელ ოთახში, რომელიც უკვე ლოგინში იწვა. დაინახა რა, თუ რაშია საქმე, ვალენშტაინი ადგა, მიეყრდნო კედელს და მშვიდად მიიღო ალებარდით სასიკვდილო დარტყმა მკერდში. მკვლელები გულუხვად იქნენ დასაჩუქრებული დაღუპული ჰერცოგის ქონების ხარჯზე. ვალენშტაინის მთელი მოქმედებების მთავარ ზამბარას წარმოადგენდა მისი უზომო პატივმოყვარეობა. როგორც სახელმწიფო მოღვაწემ, მან ვერ გამოავლინა განსაკუთრებული თვისებები; მისი სამხედრო ღონისძიებების წარმატება კი ეფუძნებოდა არა იმდენად ხელოვნებას, რამდენადაც მოწინააღმდეგეზე რიცხობრივ უპირატესობას. იგი მოქმედებდა ადამიანებზე ოქროთი და შიშით, მაგრამ არ გააჩნდა მათი გულების თავისკენ მიზიდვის უნარი. უსაზღვროდ გულუხვი ჯილდოებში, იგი, მეორეს მხრივ გამოირჩეოდა სასჯელების უკიდურესი სიმკაცრითა და სისასტიკითაც კი. დაუღალავ მოღვაწეობასა და გამორჩეულ სიმამაცესთან ერთად, იგი ყველაფერში იყო ზომიერი, იცავდა უბრალოებას ტანსაცმელსა და ზნე-ჩვეულებებში. საერთოდ ვალენშტაინს არ შეიძლება უარი ვუთხრათ გარკვეულ დიდებულებაში, რასაც შეესაბამებოდა მისი გარეგნული შესახედაობაც: დიდი სიმაღლე, მაგარი აგებულება; არცთუ დიდი შავი თვალები, რომელთანაც მზერის გასწორებას იშვიათად თუ ვინმე შეძლებდა; სახის გამომეტყველება ყოველთვის ჰქონდა ცივი და სერიოზული; ტანის დაჭერა დიდებული და ამაყი. ვალენშტაინი არასდროს არ იცინოდა; ლაპარაკობდა იშვიათად, წყვეტილად, და ურთიერთობაშიც (მოქცევაშიც) მკაცრი იყო.

(შემდეგ მოდის თემაში ლიტერატურის ჩამონათვალი)

(ავტორი არ წერია)

27) რაინის კავშირი

I. პირველი კავშირი, რომელიც ამ სახელს ატარებდა, დადებულ იქნა სამ სასულიერო კურფიურსტს შორის, მიუნჰენის ეპისკოპოსს, სვედეთის მეფესა (როგორც ბრემენის მთავარსა), პფალც-ნოიბურგის, ბრაუნშვაიგ-ლუნებურგისა და ჰესენ-კასელის, მაინის ფრანკფურტში 1658 წ. 14 აგვისტოს; ამ კავშირს 15 აგვისტოს შეუერთდა საფრანგეთიც. კავშირის მიზანი იყო ურთიერთდაცვა, აგრთვე გერმანიის სამფლობელოების დაცვა შვედეთში იმპერატორისა და ბრანდენბურგისგან. რაინის კავშირი დაიშალა მიუნსტერის ომის შემდეგ 1667 წ. შეადარეთ Joachim. „Die Entwickelung des Rheinbundes vom. J. 1658“ (ლაიფციგი, 1886).

II. მეორე რაინის კავშირი მიეკუთვნება XIX ს. დასაწყისს. დიდი ხანია უკვე საფრანგეთი ცდილობდა დასავლეთ გერმანიაზე ავსტრიისა და პრუსიის მხრიდან გავლენის მოსპობას. ამ მიზნისკენ მიისწრაფოდა ნაპოლეონ I-იც, როდესაც აარსებდა რაინის კავშირს. 1806 წ. 12 ივლისს პარიზში ხელმოწერილ იქნა ხელშეკრულება ნაპოლეონსა და გერმანელ ხელმწიფეებს შორის (ბავარია, ვიურტემბერგი, ბადენი, დარმშტადტი, კლევე-ბერგი, ნასაუ, ჰოჰენცოლერნი, ლიხტენშტაინი და სხვა). ამ აქტით ნაპოლეონი აღიარებულ იქნა პროტექტორად კოალიციისა, რომლიც ღებულობდა რაინის კავშირის სახელს. კავშირის ორგანიზაციას საფუძვლად ედო უპირობო მორჩილება საფრანგეთისადმი საგარეო პოლიტიკასა და სამხედრო საქმეებში და ხელმწიფეთა ძალაუფლების გაზრდა ქვეშევრდომებზე საშინაო მმართველობის საქმეებში. მთავრები გადაიქცნენ ნაპოლეონის ვასალებად, დაივალეს რა მისთვის მზადყოფნაში ჰყოლოდათ ჯარი 63000 ადამიანის შემადგენლობით და საფრანგეთთან ერთად მონაწილეობა მიეღოთ მის ყველა ომში. იმისთვის, რათა მოესპოთ მოგონებაც კი „საღვთო რომის იმპერიის“ შესახებ, ქალაქი რეგენსბურგი – საიმპერიო სეიმის შეკრების უწინდელი ადგილი – 1810 წ. შეერთებულ იქნა ბავარიის სამეფოსთან. რაინის კავშირში ირიცხებოდა 15-ჯერ ნაკლები სახელმწიფო, ვიდრე ისინი იყო იმპერიაში; მცხოვრებთა რიცხვი აღწევდა 8 მლნ. ადამიანს.

კავშირის წარმოქმნას დიდად შეუწყო ხელი მაინცის არქიეპისკოპოსმა, კარლ ფონ-დალბერგმა, რომელმაც მიიღო ქალაქი მაინის-ფრანკფურტი და მთავარ-პრიმასის წოდება. იგი დანიშნულ იქნა ნაპოლეონის მეფისნცვლად რაინის კავშირში. კავშირის არმიის ორგანიზაცია და საზღვრების გაძლიერება იყო ფრანგი ოფიცრებისა და ინჟენრების ხელში; ხელშეკრულებები კავშირის საქმეებზე იდებოდა პარიზში. საიმპერიო კანონები, სასამართლო და სეიმი გაუქმებულ იქნა, ისევე როგორც ძველი საკონსტიტუციო ფორმები, რომლებიც ავიწროვბდნენ აბსოლუტიზმს (მაგალითად, ვიურტემბერგის საერო ჩინები). ბევრ ქვეყანაში საერთო-სავალდებულოდ იქცა სამხედრო სამსახური. ადმინისტრაციასა და ხარკის აკრეფაში შემოღებულ იქნა მეტი წესრიგი, გააუქმეს მოძველებული სასამართლო პროცესები, შემოიღეს ნაპოლეონის კოდექსი (ბადენი, ვესტფალია). ახალი რეჟიმი, რომელიც დამყარებულ იქნა რაინის კავშირის ზოგიერთ სახელმწიფოში, ახლოს მოდიოდა განათლებულ აბსოლუტიზმთან: იგივე უნდობლობა საზოგადოებრივი ძალების მიმართ, ადმინისტრაციის იგივე სრულძალაუფლებიანობა. ნაპოლეონის კოდექსის გავრცელებას ჰქონდა უზარმაზარი მნიშვნელობა: აცხადებდა რა სამოქალაქო თანასწორობას, იგი იწვევდა გლეხის პიროვნების განთავისუფლების აუცილებლობას. ნაპოლეონის ზეწოლით რაინის კავშირის წევრებმა დაიწყეს ისეთი კანონების გამოცემა, რომლებიც აუქმედნენ გლეხების ყმურ დამოკიდებულებას. თავად ნაპოლეონმა 1807 წ. მოსპო ბატონყმური მდგომარეობა ვესტფალიაში, 1808 წ. – ბერგის საჰერცოგოში, ერფრუტში, ბაიროითში და სხვაგნ. რაინის კავშირის შემადგენლობაში შევიდნენ აგრეთვე მედიატიზირებული საიმპერიო ჩინები _ მრავალი წვრილი თავადი, რომლებმაც დაკარგეს თავიანთი ფეოდალური უფლებები და შთანთქმულ იქნენ მსხვილი მეზობლების მიერ.

პრუსიაზე გადამწყვეტი გამარჯვების შემდეგ (1807) ნაპოლეონმა რაინის კავშირის შემადგენლობაში ჩართო საქსონია, ვესტფალია, ვიურცბურგის საკურფიურსტო, მეკლენბურგისა და ოლდენბურგის საჰერცოგოები, შვარცბურგის, ანჰალტისა და ვალდეკის სამთავროები. რაინის კავშირის ცენტრში ნაპოლეონს ეკუთვნოდა ქალაქი ერფრუტი. ნაპოლეონის დამოკიდებულება რაინის კავშირის ქვეყნებისადმი იყო სავსებით დესპოტური; ყველანაირ ოპოზიციას დაუყოვნებლივ ახშობდნენ; წიგნების გამყიდველი პალმი, ნაპოლეონის ბრძანებით, დახვრიტეს იმისთვის, რომ მან არ დაასახელა ავტორი ბროშურისა: „გერმანია თავის უღრმეს დამცირებაში“. თუმცა კი კავშირის წევრებს ეშინოდათ, და არც სურდათ ურთიერთობების გაწყვეტა ნაპოლეონთან, მაგრამ მისმა დესპოტიზმმა გამოიწვია საყოველთაო ოპოზიცია. ეროვნული გრძნობის აფეთქება, რომელმაც მოიცვა პრუსია, აისახა სხვა გერმანულ მიწებშიც (1813). ლაიფციგის ბრძოლისა და დამარცხებული ფრანგული არმიის რაინს იქით უკანდახევის შემდეგ დაიწყო რაინის კავშირის სწრაფი დაშლა. 1813 წ. ნოემბერში ავსტრიამ ხელშეკრულებები დაუდო ვიურტემბერგს, ბადენს, ჰესენ-დარმშტადტს, ნასაუს, კობურგსა და სხვებს. ის მფლობელი მთავრები, რომლებსაც ნაპოლეონის დროს ჩამორთმეული ჰქონდათ ტახტი, დაბრუნდნენ თავიანთ სამფლობელოებში. რაინის კავშირის ყველა ყოფილ წევრს შეუნარჩუნეს მათი მთელი უმაღლესი უფლებები და შეძენილი ტერიტორიები. ვესტფალიის სამეფო დაეცა, ჰანოვერში აღდგენილ იქნა ინგლისის მეფის მფლობელობა. რესტავრირებული მთავრები დაუბრუნდნენ „ძველ კეთილ დროებას“, და გერმანიაში დაიწყო რეაქცია.

პ. კ-ი

28) ვენის კონგრესი

პარიზის პირველი სამშვიდობო ხელშეკრულების (1814) დასკვნითი მუხლი თავის თავში შეიცავდა დადგენილებას, რომ ნაპოლეონ I-თან ბრძოლაში მონაწილე ყველა დერჟავამ უნდა გააგზავნოს ვენაში სრულუფლებიანი წარმომადგენლები ევროპაში წესრიგის დამყარებისა და ხალხების დამშვიდების მიზნით. თავად გამარჯვებულები უფრო ადრე იყვნენ დაკავშირებული ერთმანეთთან ტრაქტატებით. შვედეთის მემკვიდრე პრინცს (კარლ XIV იოჰანს) დაჰპირდნენ ნორვეგიას ფინეთის დაკარგვის გამო ანაზღაურების სახით. კალიშსა და რაიხენბახში დადებული ტრაქტატებით განისაზღვრა პრუსიის აღდგენა იმ ფარგლებში, რომლებშიც იგი არსებობდა 1806 წ.-მდე. ტეპლიცის ტრაქტატით იგივე განისაზღვრა ავსტრიისთვისაც და ამასთან ერთად გადაწყდა რაინის კავშირის მოსპობა და ველფების აღდგენა ჰანოვერსა და ბრაუნშვაიგში. ავსტრიამ და ინგლისმა გარანტია მისცეს მეფეს იოაჰიმ მიურატს ნეაპოლის მფლობელობაზე. ანალოგიური ხელშეკრულებები იყო დადებული ესპანელ კორტესებთან და პორტუგალიასთან, ბავარიასთან, ვიურტემბერგთან და რაინის კავშირის სახელმწიფოთა უმეტესობასთან. ვენის კონგრესის გახსნა შედგა 1814 წ. 1 ოქტომბერს. რუსეთის, პრუსიისა და ავსტრიის მონარქების გარდა, ვენაში პირადად იმყოფებოდნენ დანიის, ბავარიის, ვიურტემბერგის მეფეები, ჰესენის კურფიურსტი, ბადენის დიდი ჰერცოგი და ბევრი სხვა გერმანელი ხელმწიფე. წარგზავნილთა რიცხვში იყვნენ: კარდინალი კონსალვი _ რომის პაპისგან; თავადი მეტერნიხი _ ავსტრიიდან; თავადი რაზუმოვსკი და გრაფები შტაკელბერგი და ნესელროდე _ რუსეთიდან; ლორდები კესტლრი და ველინგტონი _ ინგლისიდან; ჰარდენბერგი და ვილჰელმ ჰუმბოლტი _ პრუსიიდან; ტალეირანი _ საფრანგეთიდან. ესწრებოდა შტაინიც. მთელი დიპლომატებისა და მათი აგენტების რიცხვი აღწევდა 450-მდე.

კონგრესის გადაწყვეტილებას ექვემდებარებოდა ორი მთავარი ამოცანა: 1) სახელმწიფოთა ევროპული სისტემის შექმნა, პოლიტიკური წონასწორობის აღდგენით; 2) გერმანიაში შინაგანი ურთიერთობების გადაწყობა (გარდაქმნა). ოთხი მოკავშირე სახელმწიფოს, ავსტრიის, დიდი ბრიტნეთის, პრუსიისა და რუსეთის სრულუფლებიანმა წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ გადაწყვეტილებებს დაადგენენ მხოლოდ ეს დერჟავები, ხოლო დანარჩენებს შეუძლიათ მხოლოდ მიიღონ ან უარყონ შემდგარი გადაწყვეტილებები. მაგრამ ტალეირანმა, რომელსაც მხარს უჭერდა ლორდი კესტლრი, მოახერხა მიეღწია იმისთვის, რომ თათბირებში მონაწილეობა მიეღოთ აგრეთვე საფრანგეთს, ესპანეთს, პორტუგალიასა და შვედეთს. ამრიგად კონგრესი შედგა რვა დერჟავის 20 წარმომადგენლისგან. მცირე სახელმწიფოებმა, რომლებიც იმედოვნებდნენ რაღაც ევროპული პარლამენტის მსგავს შეკრებაზე, თავი მოტყუებულებად იგრძნეს და იმედები გაუცრუვდათ. ყველაზე უფრო მეტ სიძნელეს წარმოადგენდა საკითხი პოლონეთისა და საქსონიის ბედის შესახებ. კამათი ამის გამო გამწვავდა იმ დონემდე, რომ ერთ დროს ქმნიდა არა თუ კონგრესის დაშლის მუქარას, არამედ ცალკეულ სახელმწიფოებს შორის ურთიერთობების გადაჭრით გაწყვეტისაც.

იმპერატორმა ალექსანდრემ წამოაყენა მოთხოვნა ვარშავის დიდ საჰერცოგოზე, განზრახული ჰქონდა რა მისგან პოლონეთის სამეფოს წარმოქმნა რუსული პროტექტორატის ქვეშ. მას შეეძლო ჰქონოდა პრუსიის მხარდაჭერის იმედი, რომლის მთავარი პრეტენზიაც _ მთელი საქსონიის შემოერთება _ შესაძლოა განხორხიელებულიყო მხოლოდ რუსეთის თანადგომით. უკვე 2 ნოემბერს ტალეირანმა, მეტერნიხთან და კესტლრისთან შეთანხმებით, წარადგინა პროტესტის ნოტა პრუსიის განზრახვის წინააღმდეგ დაუფლებოდა საქსონიას. ამაზე საპასუხოდ 10 ნოემბერს მოხდა რეპნინის მიერ საქსონიის გადაცემა პრუსიელთა ხელში. ამან აღაგზნო სხვა დერჟავების უძლიერესი უკმაყოფილება. ტალეირანი, რომლის გავლენაც იზრდებოდა კონგრესზე უთანხმოებებთან ერთად, ცდილობდა აერიდებინა დარტყმა, რომელიც ემუქრებოდა საქსონიას, ამტკიცებდა რა, რომ იგი ეწინააღმდეგება კონგრესის მიერ გამოცხადებულ ლეგიტიმიზმის პრინციპს. კესტლრიმ, რომელიც თავდაპირველად უპირისპირდებოდა მხოლოდ რუსეთის დამპყრობლურ გეგმებს, ცოტ-ცოტად თავისი არაკეთილგანწყობა გადაიტანა პრუსიაზეც. ავსტრიამ, რომელიც საქსონიასთან დაკავშირებული იყო საგვარეულო კავშირებით და ეშინოდა რა პრუსიის დამრგვალებისა, და აგრეთვე მისი დამეზობლებისა ბოჰემიასთან, ასევე აგრძნობინა, რომ იგი დაეთანხმება მხოლოდ საქსონიის გაყოფას. ასეთივე პასუხი შეხვდა რუსეთის წინადადებებს პოლონეთთან მიმართებით. 1815 წ. 3 იანვარს ტალეირანმა, მეტერნიხმა და კესტლრიმ დადეს თავდაცვითი კავშირი რუსეთისა და პრუსიის წინააღმდეგ. თუმცა კი სერიოზულად არავინ არ ფიქრობდა ომის თაობაზე.

როდესაც ალექსანდრე I-მა გამოხატა თანხმობა პრუსიისთვის ტორნის დათმობაზე, რომლის თავისთან შენარჩუნება სურდა მანამდე, და ავსტრიისთვის აღმოსავლეთ გალიციის ნაწილის დაბრუნებაზეც, რომელიც რუსეთთან გადმოვიდა ვენის 1809 წ. სამშვიდობო ხელშეკრულების მიხედვით, მაშინ პრუსიასაც ზომიერებაში უნდა მოეყვანა თავისი მოთხოვნები და დათანხმებულიყო საქსონიის გაყოფაზე. მას მოუწია დაკმაყოფილებულიყო საქსონიის სივრცის ორი მესამედით, რომელიც შეუერთდა კიდეც მას საქსონიის საჰერცოგოს სახელით. 1815 წ. 8 მარტს კონგრესმა გადაწყვიტა გაეგზავნა ტალეირანი, კესტლრი და მეტერნიხი პრესბურგში, სადაც იმ ხანად ცხოვრობდა საქსონიის მეფე, რათა დაეყოლიებინათ იგი ამ გარიგების მიღებაზე; მაგრამ მეფემ გადაჭრით უარი თქვა, და 12 მარტს კონგრესმა გამოაცხადა, რომ, ყველა ევროპული დერჟავის თანხმობით, პრუსიას შეუძლია ძალით განახორციელოს მისთვის მიცემული უფლება. 8 აპრილს ავსტრიამ, პრუსიამ და რუსეთმა ურთიერთ შორის დადეს ხელშეკრულება, რომელმაც კრაკოვი გამოაცხადა ნეიტრალურ თავისუფალ სახელმწიფოდ, რომელიც იმყოფება სამივე დერჟავის მფარველობის ქვეშ, ხოლო 3 მაისს მოხდა ტრაქტატების ხელმოწერა იმავე დერჟავებს შორის, რომლებიც უფრო ზუსტად განსაზღვრავდა ვარშავის საჰერცოგოს გაყოფას, აგრეთვე კრაკოვის რესპუბლიკის საზღვრებსა და კონსტიტუციას.

ამრიგად რუსეთმა საბოლოოდ შეიძინა პოლონეთის უმეტესი ნაწილი. პრუსიამ, პოზნანისა და ტორნის, აგრეთვე საქსონიის ჩრდილოეთ ნაწილის (850000 მცხოვრები) გარდა, ელბის ციხესიმაგრეებით ტორგაუთი და ვიტენბერგით, შეიძინა კიდევ ახლანდელი რაინის პროვინცია, ვესტფალია და შვედური პომერანია, კუნძულით რიუგენომი, ხოლო სამაგიეროდ აღმოსავლეთ ფრისლანდია, ჰილდესჰაიმი და ა. შ. დაუთმო ჰანოვერს, ანსბახი და ბაიროითი _ ბავარიას, ხოლო ლაუენბურგი _ დანიას. ამის წყალობით მან კვლავ შეაბიჯა დიდი დერჟავების რიგში და, 1805 წ.-მდე მის მდგომარეობასთან შედარებით, დაკარგა 33 კვ. კმ, მაგრამ შეიძინა დაახლოებით 1/2 მლნ. მოსახლეობა. ყველაზე უფრო გულუხვი ანაზღაურება მოვიდა ავსტრიის წილად. ჯერ კიდევ 1814 წ. მაისში მან, მოკავშირეებთან შეთანხმებით, დაიკავა ლომბარდია და ვენეცია, რომლებიც ახლა გადაქცეული იყო ლომბარდია-ვენეციის სამეფოდ. ამის კვალდაკვალ მასთან შეერთებულ იქნა ილირიის პროვინციები ილირიის სამეფოს სახელწოდებით. ბავარიას უკან უნდა დაეთმო მისთვის ტიროლი ფორარლბერგითა და ზალცბურგით, რუსეთმა კი ავსტრიის სასარგებლოდ უარი თქვა აღმოსავლეთ გალიციის ოლქზე. მეორეხარისხოვანი გერმანული სახელმწიფოებიდან მსხვილი ცვლილებები განიცადეს ჰანოვერმა და ბავარიამ. უკანასკნელმა მის მიერ ავსტრიისთვის დათმობილი მიწების სანაცვლოდ მიიღო რაინის მარცხენა ნაპირის ნაწილი (ახლანდელი ბავარიის ანუ რაინის პფალცი), და ანსბახისა და ბაიროითის გარდა შეიძინა კიდევ ვიურცბურგი და აშაფენბურგი, რითაც წმინდად კათოლიკური სახელმწიფოდან გადაიქცა შერეულად. ჰანოვერმა მიიღო სამეფო ღირსება და საზღვრების გაფართოება ჰილდესჰაიმის, აღმოსავლეთ ფრისლანდიისა და ვესტფალიის რამდენიმე ოლქის შემოერთებით.

ნიდერლანდების სამეფოს შექმნა იყო ინგლისის საქმე, რომელმაც სამაგიეროდ მიითვისა ჰოლანდიის კოლონიების ნაწილი. ახალ სამეფოს, რომელიც შემდგარი იყო ბელგიის ბროვინციებისა და უწინდელი შეერთებული ნიდერლანდების რესპუბლიკისგან, ვილჰელმ ორანელის სკიპტრის ქვეშ, ერთგვარი შუაკედლის სამსახური უნდა გაეწია საფრანგეთსა და გერმანიას შორის. მის მიერ დათმობილი ნასაუს სამფლობელოების სანაცვლოდ ორანულმა დინასტიმ მიიღო ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგო, რომელიც შევიდა გერმანიის კავშირის შემადგენლობაში, ხოლო ქალაქი ლუქსემბურგი, საკავშირო ციხესიმაგრის სახით, დაკავებულ იქნა პრუსიული გარნიზონის მიერ. დანიამ ჯერ კიდევ 1813 წ. დაუთმო კულძული გელჰოლანდი ინგლისს და ნორვეგია _ შვედეთს, მისთვის გარანტირებული შვედური პომერანიის სანაცვლოდ. ახლა კი იგი იძულებული იყო შვედური პომერანია და კუნძული რიუგენი დაეთმო პრუსიისთვის, მიიღო რა სანაცვლოდ ლაუენბურგი და 2 მლნ. ტალერი. შვედეთმა ფინეთისა და შვედური პომერანიის დაკარგვის ასანაზღაურებლად მიიღო ნორვეგია. შვეიცარია აღდგენილ იქნა უმნიშვნელო ტერიტორიული ცვლილებებით. მისთვის აღიარებულ იქნა მუდმივი ნეიტრალიტეტი და უწინდელ 19 კანტონს მიემატა სამი ახალი: ჟენევა, ვალისი და ნევშატელი _ მაგრამ უკანასკნელი როგორც სამთავრო, რომელიც იმყოფება პრუსიის მეფის ძალაუფლების ქვეშ. ესპანეთიდან და პორტუგალიიდან დევნილთა თხოვნები მათი მთავრობების დევნისგან დაცვის შესახებ უარყოფილ იქნა, როგორც გონგრესის გამგებლობის ქვეშ არმყოფი. იტალია ვენის კონგრესმა საბოლოოდ მისცა ავსტრიის ძალუფლების ქვეშ. ტოსკანის დიდი საჰერცოგო კვლავ გადავიდა ერცჰერცოგ ფერდინანდ III-ის ხელში, რომელმაც ამის გარდა მიიღო პიომბინო და უწინდელი ნეაპოლიტანური სანაპიროები, უფრო მოგვიანებით კი კუნძული ელბაც. ერცჰერცოგმა ფრანც IV-მ, ფრანგების მიერ 1796 წ. განდევნილი ჰერცოგის ჰერკულეს რინალდო III დ’ესტეს შვილიშვილმა და მემკვიდრემ, მიიღო მოდენას საჰერცოგო. პარმა მიეცა ნაპოლეონის მეუღლეს, მარია ლუიზას, ვაჟიშვილისთვის მისი მემკვიდრეობით გადაცემის უფლებით. ამაოდ აცხადებდა პროტესტს ესპანეთის დესპანი ინფანტის კარლ II-ის უფლებების დარღვევის გამო ეტრურიის სამეფოზე და პარმის სამემკვიდრეო მფლობელობაზე. მან მხოლოდ იმას მიაღწია, რომ დიდმა დერჟავებმა ინფანტისთვის უზრუნველყვეს ლუკუს საჰერცოგო 500 ათასი ფრანკის ყოველწლიური რენტით.

სარდინიამ უკან მიიღო მთელი თავისი სამფლობელოები მყარ მიწაზე და, გარდა ამისა, მას შეუერთდა ყოფილი გენუის რესპუბლიკა. ტალეირანის მცდელობას განედევნა მიურატი ნეაპოლიდან და ბურბონებისთვს დაებრუნებინა ორივე სიცილიის სამეფო, შეხვდა წინააღმდეგობა ავსტრიისა და ინგლისის მხრიდან, რომლებმაც გარანტია მისცეს მიურატს ნეაპოლიტანიის გვირგვინზე. მაგრამ როდესაც უკანასკნელმა 1815 წ. იარაღს მოჰკიდა ხელი და, საფრანგეთის ტახტზე ნაპოლეონის დაბრუნების შემდეგ, თავად დაუწყო ავსტრიას დამუქრება ომით, იგი განდევნილ იქნა ავსტრიელების მიერ, რის შემდეგაც მეფე ფერდინანდ I აღადგინა კონგრესმა თავის უფლებებში. პაპის სამფლობელოები აღდგენილ იქნა თითქმის უწინდელი მოცულობით; მხოლოდ ავსტრიამ დაინარჩუნა თავისთვის ფერარას სალეგატოს ნაწილი მდ. პოს მარცხენა ნაპირის გაყოლებით და ლუდოვიკო XVIII-მ უარი უთხრა პაპს ავინიონის მიცემაში. ასევე მცირედ თუ მოახერხა პაპმა ყოველივე იმის დაბრუნებაში, რაც ეკლესიამ დაკარგა გერმანიაში 1803 წ.-მდე. ინგლისს დარჩა რევოლუციური და ნაპოლეონის ომების დროს მის მიერ დაპყრობილი კოლონიების უმეტესი ნაწილი; მან შეიძინა აგრეთვე გელჰოლანდი და მალტა და პროტექტორატი იონიის კუნძულებზე. მისი წინადადება მონებით ვაჭრობის გაუქმების თაობაზე კეთილგანწყობით იქნა მიღებული კონტინენტური დერჟავების მიერ, მაშინ როდესაც საფრანგეთი მას მიუდგა ორჭოფულად, ხოლო ესპანეთმა და პორტუგალიამ პირდაპირ განაცხადეს პროტესტი მათი კოლონიების კეთილდღეობაზე ასეთი ხელის აღმართვის წინააღმდეგ. კონგრესი შემოიფარგლა განცხადებით (1815 წ. 8 თებერვალს), რომ ზანგებით ვაჭრობის გაუქმება _ უმაღლეს ხარისხად სასურველი ზომაა, მაგრამ რომ მისი განხორციელების ვადა უნდა მიეცეს ცალკეულ სახელმწიფოებს მათი კეთილი ნების-და მიხედვით.

1814 წ. 11 აპრილის ხელშეკრულებით, ნაპოლეონს მფლობელობაში მიეცა კუნძული ელბა; მაგრამ იტალიელი მფლობელები, აგრეთვე ავსტრია, საფრანგეთი და ინგლისი კონგრესის სულ გახსნიდანვე ზრუნავდნენ და ცდილობდნენ იმისთვის, რათა იგი სადმე უფრო შორს გაესახლებინათ. 1815 წ. 5 მარტს გავრცელდა ხმა, რომ ნაპოლეონმა დასტოვა კ. ელბა, ხოლო 8-ში სარდინიელმა შიკრიკმა მოიტანა ცნობა პროვანსის ნაპირებზე მისი გადმოსხმის შესახებ. საყოველთაო დაბნეულობის მიუხედავად, გადაწყვეტილ იქნა თათბირების გაგრძელება, და ტალეირანმა ყველანაირი შესაძლო ძალისხმევა გამოიყენა, რათა წაეხალისებინა მოკავშირე დერჟავები ახალი ომისთვის ბურბონების ინტერესებში. მეტერნიხის წინადადებით, 13 მარტს ხელმოწერილ იქნა დეკლარაცია, მიმართული ნაპოლონის წინააღმდეგ (იხ. ვენის დეკლარაცია). ამაოდ აგზავნიდა ნაპოლეონი წერილებს ყველა მონარქთან, ცდილობდა რა შეესუსტებინა მისდამი წაყენებული ბრალდებები და აღიარებდა პარიზის სამშვიდობო ხელშეკრულებებს. იგი ასევე ამაოდ ცდილობდა დიდი დერჟავების კავშირის დარღვევას, რისთვისაც შეატყობინა იმპერატორ ალექსანდრეს 1815 წ. 3 იანვრის საიდუმლო ტრაქტატი. 25 მარტს ავსტრიამ, ინგლისმა, პრუსიამ და რუსეთმა შეკრეს ურთიერთ შორის ახალი თავდაცვითი და შეტევითი კავშირი, რომლითაც დადასტურებულ იქნა შომონის ხელშეკრულების ყველა მუხლი და რომელსაც შეუერთდნენ ასევე სხვა დერჟავებიცა და ბურბონებიც. მხოლოდ შვედეთი რჩებოდა განზე, ხოლო ესპანეთმა კი განაცხადა თავისი სურვილი თავისი შიშითა და რისკით ეწარმოებინა ომი ნაპოლეონთან, იმის გამო, რომ კონგრესმა არ აღიარა იგი დიდ დერჟავად. ნაპოლეონის მრისხანე სახელით ჩაგონებულმა შიშმა დაუდო დასასრული წვრილმან უთანხმოებებს და კონგრესი ენერგიულად შეუდგა ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი და გადაუდებელი საკითხების გადაწყვეტას.

სხვათა შორის, დაჩქარებულ იქნა გერმანიის საქმეების გადაწყვეტაც. აღადგინეს ჰესენ-ჰომბურგის ლანდ-საგრაფო; ქალაქებს: ფრანკფურტს, ლუბეკს, ბრემენსა და ჰამბურგს დაუბრუნეს მათი უწინდელი დამოუკიდებლობა (რუს. самостоятельность); ორივე მეკლენბურგი, საქსენ-ვაიმარი და ოლდენბურგი აიყვანეს დიდი საჰერცოგოების ხარისხში. დიდი დერჟავების რწმუნებულთაგან, საფრანგეთის გამოკლებით, მაინის ფრანკფურტში შეიქმნა განსაკუთრებული ტერიტორიული კომისია, რომელმაც თავისი 1819 წ. 20 ივლისის ოქმით (რეცესით) საბოლოოდ დაადგინა ცალკეული გერმანული სამფლობელოების საზღვრები. გერმანიის მოწყობაზე ჯერ კიდევ 1814 წ. ოქტომბრიდან მუშაობდა ე. წ. გერმანული კომიტეტი, რომელიც შედგებოდა ხუთი მსხვილი გერმანული დერჟავის წარმომადგენლებისგან. 16 ოქტომბერს ავსტრიამ, პრუსიამ და ჰანოვერმა შემოიტანეს საკავშირო კონსტიტუციის პროექტი, რომლის მიხედვითაც ვარაუდობდნენ გერმანიის დაყოფას ოლქებად, რომელთა სათავეშიც იქნებოდნენ მათ შემადგენლობაში შემავალი უფრო მსხვილი ხელმწიფეები. კავშირის იმ წევრებს, რომელთაც არ გააჩნდათ სამფლობელოები გერმანიის გარეთ, ერთმეოდათ უცხოურ სახელმწიფოებთან ომისა და კავშირის უფლება. მთელი დავები კავშირის წევრებს შორის გადასაწყვეტად ეძლეოდა უმაღლეს სასამართლოს. ყველა მოკავშირე სახელმწიფოში ნავარაუდები იყო წოდებრივი კონსტიტუციების დამყარება. ბავარიამ და ვიურტემბერგმა ძალზედ არაკეთილგანწყობით მიიღეს ეს წინადადებები და არ თანხმდებოდნენ თავიანთი უმაღლესი უფლებების არანაირ შეზღუდვაზე. წვრილი გერმანული დერჟავები დაჟინებით მოითხოვდნენ თათბირებში მონაწილეობის უფლებას და 1814 წ. 16 ნოემბერს გადასცეს ნოტა, რომელშიც მოითხოვდნენ გერმანიის იმპერიის საერთო მეთაურის დანიშვნას და გამოხატავდნენ მზადყოფნას დაეშვათ ამისთვის აუცილებელი უმაღლესი უფლებების შეზღუდვა. შტაინი გუმოდგინედ ზრუნავდა ამისთვისვე და შესძლო თავისი იდეის სასარგებლოდ დაეყოლიებინა იმპერატორი ალექსანდრე; მაგრამ ავსტრიისა და პრუსიის შეურიგებელი მეტოქეობის პირობებში, აგრეთვე საშუალო სახელმწიფოების მხრიდან წინააღმდეგობის გამო, გერმანიის იმპერიის აღდგენა შეუძლებელ საქმედ იყო ქცეული.

თათბირები განახლდა მხოლოდ 1815 წ. თებერვალში. პრუსიამ შემოიტანა ახალი პროექტი, რომელშიც შეთავაზებული იყო საკავშირო საკრებულო, შემდგარი ორი საბჭოსგან, საკავშირო სასამართლო, საოლქო მოწყობა, წოდებრივი სეიმები და ხალხის უფლებების უზრუნველყოფა; მაგრამ ამ პროექტმა ვერ ჰპოვა თანაგრძნობა. უფრო კეთილგანწყობით მიღებულ იქნა ავსტრიული კონტრ-პროექტი, რომლითაც შეთავაზებული იყო საკავშირო სეიმი იმ სახით, რომლითაც იგი შემდეგში მართლაც განხორციელდა, საკითხი საკავშირო სასამართლოს თაობაზე ღიად დატოვეს, ხოლო ხალხის უფლებები განსაზღვრეს უფრო ვიწრო აზრით. ამ საფუძველზე საქმემ სწრაფად წაიწია წინ გერმანულ სახელმწიფოთა საერთო კრებაზე, და 1815 წ. 8 ივნისს საკავშირო კონსტიტუცია გამოქვეყნებულ იქნა (იხ. გერმანიის კავშირი).

1815 წ. 9 ივნისს რვა დერჟავის კომისიამ ხელი მოაწერა ე. წ. დასკვნით ანუ გენერალურ აქტს, რომელიც აჯამებდა კონგრესის მიერ გაწეულ შრომას. დასკვნითი აქტის წინააღმდეგ პროტესტი განაცხადეს ესპანეთმა და რომის პაპმა. კონგრესის დახურვის შემდეგ დაუყოვნებლივ მოხდა მოკავშირეების გამარჯვება ვატერლოოსთან. პარიზის 1815 წ. 20 ნოემბრის სამშვიდობო ხელშეკრულება იქცა დასკვნითი აქტის პირველ დარღვევად იმ მიმართებით, რომ ევროპის სიმშვიდის ინტერესების გათვალისწინებით, საფრანგეთს ჩამოართვეს ზოგიერთი ოლქი: სავოია, ლანდაუ და საარის ოლქი. ვენის კონგრესის შედეგები აღიარებულ უნდა იქნას მნიშვნელოვან შედეგებად; მაგრამ მის ფარგლებში ჩატარებულ სამუშაოებს არ ჰყოფნიდა მყარი პრინციპი, და შესაბამისად _ სიმტკიცის საწინდარიც. უკვე იმ დროს საერთო შთაბეჭდილება ისეთი იყო, რომ კონგრესის მონაწილეები უფრო მეტად ზრუნავდნენ დინასტიების სარგებლის შესახებ, ვიდრე ხალხთა ბედისა. მთავარი ამოცანა, რომლისკენაც იყო მიმართული კონგრესის მთელი ძალისხმევა _ დერჟავებს შორის პოლიტიკური წონასწორობის დამყარება, ვერ იქნა მიღწეული და ვერც შეიძლებოდა რომ მიღწეულიყო. მთელ ანგარიშებს აწარმოებდნენ მხოლოდ კვადრატული მილებისა და ხალხმოსახლეობის სულადობრივი რიცხვის (ან, როგორც კონგრესის წევრები გამოთქვამდნენ, თავების რაოდენობის) მიხედვით, ეროვნებათა ისტორიულ ბედზე, მათ ტომობრივ ნათესაობაზე, ენისა და ყოფაცხოვრების თავისებურებებზე ყოველგვარი ყურადღების მიქცევის გარეშე. იტალია დაყოფილ იქნა მრავალ წვრილ სახელმწიფოდ, რომლებიც მსხვერპლად მიეცა უცხოელებს, გერმანელი ხალხისთვის კი, რომლის ძალისხმევითა და მსხვერპლით იქნენ გადარჩენილი მისი დინასტიები, სულაც არაფერი არ ყოფილა გაკეთებული. ისე რომ ვერავინ ვერ დააკმაყოფილეს, ვენის კონგრესის დადგენილებები თავის თავში შეიცავდნენ ახალი არეულობებისა და უწესრიგობების თესლებს, და თავად იმ დერჟავებსაც, რომლებმაც ამ აქტს ხელი მოაწერეს, არ რცხვენოდათ დაერღვიათ იგი ყოველთვის, როდესაც ამას მოითხოვდა მათი კერძო ინტერესები.

(შემდეგ მოდის ლიტერატური ჩამონათვალი აღნიშნულ თემატიკაში ევროპულ და რუსულ ენებზე)

(ავტორი არ არის მითითებული)

29) გერმანიის კავშირი

გერმანიის კავშირი (Deutscher Bund) წარმოიქმნა საკავშირო აქტის ძალით, რომელსაც ხელი მოაწერეს ვენაში 1815 წ. 10 ივნისს და შეავსეს 1820 წ. 15 მაისის ვენის დასკვნითი აქტის დადგენილებებით. იგი წარმოადგენდა გერმანული დამოუკიდებელი სახელმწიფოებისა და თავისუფალი ქალაქების საერთაშორისო შენაერთს (ein völkerrechtlichter Verein _ ასეთი სახელმწიფოები თავდაპირველად იყო 38, შემდგომში კი 35), კავშირის შემადგენლობაში შემავალი მათი სამფლობელოების დამოუკიდებლობისა და ხელშეუხებლობის დასაცავად და გერმანიის საგარეო და საშინაო უსაფრთხოების შესანარჩუნებლად. საგარეო ურთიერთობებში გერმანიის კავშირმა წარმოქმნა ერთი მთლიანობა (verbundene Gessamt-Macht); საშინაო საქმეებში ცალკეული სახელმწიფოები აღიარებული იყო სავსებით დამოუკიდებლად; თითოეულ მთავრობას ეძლეოდა უფლება მოეხდინა სახალხო წარმომადგენლობის ორგანიზება თავისი სურვილის-და მიხედვით, მაგრამ ერთი მეტად მნიშვნელოვანი შეზღუდვით: არ დახიათ უკან გერმანული სახელმწიფოების ძირითადი ტიპისგან, ე. ი. მონარქიული მოწყობისგან. დასკვნითი აქტი პირდაპირ მოითხოვდა, რათა სახელმწიფო ძალაუფლების მთელი ჯამი თავმოყრილი ყოფილიყო ხელმწიფის ხელში; საერო ჩინები შესაძლო იყო მოწვიათ მონაწილეობისთვის ხელისუფლების მხოლოდ ზოგიერთი ფუნქციის შესრულებისთვის. საკავშირო ხელისუფლების ორგანოს წარმოადგენდა გერმანიის სეიმი, რომელიც შემდგარი იყო ცალკეული სახელმწიფოების სრულუფლებიანი წარმომადგენლებისგან; ამ წარმომადგენლების საქმიანობა უნდა აღსრულებულიყო მათ მიერ მათი მთავრობებისგან მიღებული ინსტრუქციების ფარგლებში უფლებამოსილებების დარღვევისთვის პასუხისმგებლობის შიშის ქვეშ. საკავშირო ხელისუფლების სუბიექტებად, ამრიგად, რჩებოდნენ თავად მოკავშირე მთვრობები, ხოლო სეიმს კი ჰქონდა მხოლოდ მუდმივი საერთაშორისო კონგრესის ხასიათი. ცალკეულ სახელმწიფოთა მონაწილეობის ხარისხი სკავშირო მმართველობაში განისაზღვრებოდა მათი სიდიდითა და მნიშვნელობით. კავშირის წევრებად აღიარებული სახელმწიფოები იყოფოდენ ორ კატეგორიად: მათ შორის 11 უფრო მსხვილ სახელმწიფოს ჰქონდა დამოუკიდებელი ხმა სეიმზე (Virilstimme), ხოლო წვრილი სახელმწიფოები (ე. წ. Zwergstaaten) და თავისუფალი ქალაქები ხმის მისაღებად ერთიანდებოდნენ ჯგუფებად ანუ კურიებად; ასეთი კრებითი ხმა სეიმზე იყო 6.

ხმების ამ განაწილებას ადგილი ჰქონდა სეიმის ჩვულებრივ სხდომებზე, რომლსაც ასეთ შემთხვევაში ეწოდებოდა მჭიდრო საბჭო (engerer Rath); ხოლო განსკუთრებული მნიშვნელობის საქმეებში გადაწყვეტილებათა მისაღებად მჭიდრო საბჭო, კამათების დასრულების შემდეგ, გადაიქცეოდა სეიმის საერთო კრებად (Plenum), რომელშიც თითოეულ სახელმწიფოს ჰქონდა არანაკლებ ერთი დამოუკიდებელი ხმისა; მაგრამ უფრო მნიშვნელოვანი სახელმწიფოები აქ ღებულობდნენ თითოეული რამდენიმე ხმას (არაუმეტეს 4-სა). განსაკუთრებული მნიშვნელობის საქმეებს მიეკუთვნებოდა: 1) ძირითადი კანონების შეცვლა, ახალი დადგენილებების გამოცემა, კავშირში ახალი წევრების მიღება, კავშირის მიზნების განხორციელებისთვის ახალი მუდმივი დაწესებულებების შექმნა; 2) კავშირის სახელით ომის გამოცხადება, სამშვიდობო ხელშეკრულებების დადება. ამ საკითხების გადასაწყვეტად საჭირო იყო ხმების 2/3-ის უმრავლესობა. სახელმწიფოებს, რომელთაც გააჩნდათ საერთო კრებაში რამდენიმე ხმა, შეეძლოთ თავისგან გაეგზვნათ რამდენიმე წარმომადგენელიც, მაგრამ ამით არ იზრდებოდა მათთვის მიცემული ხმების რიცხვი. თავმჯდომარეობა სეიმზე ეკუთვნოდა ავსტრიის წარმომადგენელს, ხოლო მისი არყოფნისას _ პრუსიისა, უკანასკნელის არყოფნისას _ ბავარიისა და ა. შ. კავშირის წევრთა სიის მიხედვით. სეიმის სხდომების ყოველწლიური შესვენებების დროზე ვაკაციურ დროზე (4 თვე) დგებოდა ე. წ. ვაკაციური კომიტეტი (Ferien-Ausschuss), ორი რწმუნებულისა და თავმჯდომარისგან. სეიმის საქმიანობა არ იყო საჯარო; სხდომების შესახებ ანგარიშებიც კი არ იბეჭდებოდა. სეიმს ეკუთვნოდა საგარეო ურთიერთობების წარმოება საერთო გერმანული ინტერესების უზრუნველყოფის მიზნით. კავშირის ცალკეულ სახელმწიფოებს შორის პოლიტიკური შეჯახებებისას სეიმს უნდა ეცადა მხარეთა შერიგება, ხოლო ამ მცდელობების წარუმატებლობის შემთხვევაში _ გადაეცა სადაო საკითხი განსახილველად საგანგებო საარბიტრაჟო სასამართლოსთვის ანუ ე. წ. აუსტრეგალური ინსტანციისთვის, რომლის გადაწყვეტილებასაც ორივე მხარე დაუყოვნებლივ უნდა დამორჩილებოდა.

ასეთ საარბიტრაჟო სასამართლოს ჩვეულებრივ წარმოადგენდა სამი დაუინტერესებელი დერჟავიდან ერთერთის უმაღლესი სასამართლო, რომელთა შორის არჩევანიც დამოკიდებული იყო იმ სახელმწიფოზე, რომელმაც სეიმში შემოიტანა საჩივარი. ერთერთი მხარის სურვილის არქონის შემთხვევაში დამორჩილებოდა აუსტრეგალური სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, სეიმს შეეძლო მისი მოქმედებაში მოყვანა საკავშირო ეკზეკუციის გზით, რომელიც შედგებოდა იმაში, რომ მოკავშირე მთავრობებიდან ერთერთი იღებდა თავის თავზე სასამართლოს (ან, სხვა შემთხვევებში, სეიმის მიწერილობის) იძულებით აღსრულებას. თუმცა კი, დასკვნითი აქტის აზრის მიხედვით, თითოეულ ცალკეულ სახელმწიფოში შინაგანი სიმშვიდის შენარჩუნება ეძლეოდა ამ სახელმწიფოს მთავრობას, მაგრამ გამონაკლისების სახით დაიშვებოდა სეიმის ჩარევაც ცალკეული სახელმწიფოების საშინაო საქმეებში, და სახელდობრ: a) აჯანყების, ხლისუფლებისადმი წინააღმდეგობის ან სხვა უწესრიგობების ჩასახშობად, თუკი მათ მიიღეს ისეთი ზომები, რომლებიც ემუქრება მთელი კავშირის სიმშვიდეს; b) პალატებსა და მთავრობას შორის დავების გადასაწყვეტად კონსტიტუციის აზრსა და გამოყენებასთან მიმართებით, თუკი კონსტიტუცია გარანტირებული იყო კავშირის მიერ, ან საკითხი ნებაყოფლობით იქნებოდა გადაცემული სეიმის გადასაწყვეტად; c) დადგენილი საკავშირო კონსტიტუციის ზუსტი აზრის დასაცავად. დაბოლოს, სეიმს ეკისრებოდა მზრუნველობა გერმანიის შინაგანი კეთილდღების შესახებ და კერძო პირებისა და საზოგადოების უფლებების დაცვა. იგი ვალდბული იყო მიეღო საჩივრები უარზე ან დაყოვნებაზე მართლმსაჯულებაში და ხელი შეეწყო სასამართლო დაცვის მიცემისთვის იმ მოკავშირე მთავრობის მხრიდან, რომელმაც მისცა საბაბი საჩივრის შემოსატანად.

გერმანული კავშირის კონსტიტუცია უჭველად წარმოადგენდა მნიშვნელოვან ნაბიჯს წინ, მისი წინამორბედი რაინის კავშირის ორგანიზაციასთან შედარებით, უკვე იმიტომ, რომ იგი მოიცავდა ყველა გერმანულ სახელმწიფოს; მისი სხვა მეტად მნიშვნელოვანი უპირატესობა პირველის წინაშე მდგომარეობდა იმაში, რომ იგი ანთავისუფლებდა გერმანულ სახელმწიფოებს უცხოური მფარველობისა და ჩარევისგან. მაგრამ ამის შემდეგ გერმანული კავშირი, ისევე როგორც რაინისაც, უძლური იყო რაიმენაირი დადებითი მიზნების მისაღწევად; იყო რა „მთავრობა მთავრობებზე“, მას არ გააჩნდა არანაირი დამოუკიდებელი საშუალებები საკავშირო ხელისუფლების ავტორიტეტის უზრუნველსაყოფად და ამიტომ დამოკიდებული იყო კავშირის წევრების კეთილ ნებაზე, განსაკუთრებით ყველაზე უფრო ძლიერებისა მათ შორის. სხვა ძირეულ ნაკლს წარმოადგენდა მასში მონაწილეობისთვის არა-გერმანელი ხელმწიფეების მიწვევა _ ნიდერლანდების მეფისა, ლუქსემბურგის დიდი ჰერცოგის სახით, და დანიის მეფისა, ჰოლშტინისა და ლაუენბურგის ჰერცოგის სახით. სეიმის მოქმედებათა სახე ვერ არბილებდა ამ ნაკლოვანებებს, არამედ, პირიქით, კიდევ უფრო მეტად ასუსტებდა კავშირის მნიშვნელობას (იხ. გერმანია, ისტორია). 1848 წ. სეიმი სცენიდან ჩამოვიდა სრულებით შეუმჩნევლად, ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე, ხოლო მისმა აღდგენამ 1851 წ. სულ მცირედაც კი ვერ გაზარდა მისი ღირსება და ძალაუფლება. მის მთავარ წევრებს შორის პირველივე გადამწყვეტი შეჯახებისას, გერმანულ კავშირს უნდა შეეწყვიტა თავისი არსებობა, როგორც ეს მოხდა კიდეც 1866 წ.

ს. ლ.

30) ვარტბურგის დღესასწაული

ასე ეწოდება 1817 წ. 18 ოქტომბერს ვარტბურგში მიმდინარე ზეიმს, რომლის საბაბადაც იქცა იენელი სტუდენტბის მიმართვა ყველა გერმანული უნივერსიტეტის სტუდენტებისადმი რეფორმაციის მესამე ასწლეულის აღსანიშნავად მონაწილეობისთვის. 12 უნივერსიტეტის მრავალმა ასულმა სტუდენტმა ამ მოწოდებაზე უპასუხა 24 წევრისგან შემდგარი კომიტეტის არჩევით. ზეიმში მონაწილეობდნენ ასევე იენელი პროფესორები ფრისი, ოკენი და კიზერი, ხოლო საქსენ-ვაიმარის დიდმა ჰერცოგმა, კარლ-ავგუსტმა, ყველაფერი გააკეთა ზეიმის წარმატებისთვის ხელშესაწყობად. ამ დღესასწაულზე პირველად გამოჩნდა შემდგომში აკრძალული სტუდენტური ფერები, როგორც გერმანული ეროვნული ერთიანობის სიმბოლოები. შავ-წითელ-ოქროსფერი დროშა ჯერ კიდევ 1816 წ. გადასცეს სტუდენტებს ქალაქ იენის ქალებმა და ქალიშვილებმა. ვარტბურგის ახლოს მდებარე ვარტენბერგზე ანთებულ იქნა გამარჯვების ცეცხლები ლაიფციგის ბრძოლის მოსაგონებლად, და როდესაც ზეიმში მონაწილეთა უმრავლესობა უკვა წავიდ-წამოვიდა, აქ, ისე რომ კომიტეტისთვის არ უცნობებიათ, სიმბოლურად ცეცხლს მისცეს სხვადასხვა თხზულებები, რომლებიც იმყოფებოდა წინააღმდეგობაში საზოგადოებრივ აზრთან: წაკითხულ იქნა 28 თხზულების სახელწოდებანი, ხოლო მათ ნაცვლად ცეცხლში დაწვეს მაკულატურის ქაღალდები. ზეიმის ნამდვილ პრაქტიკულ აზრს, როგორც ეს გამოირკვა 19 ოქტომბერს მიმდინარე კრებაზე, წარმოადგენდა ყველა გერმანული უნივერიტეტის სტუდენტების კავშირის დაარსება, სხვადასხვა გერმანულ სახელმწიფოებში მცხოვრებ სტუდენტებს შორის უთანხმოებების მოცილება, და სტუდენტურ ცხოვრებაში უფრო მეტად ზნეობრივი საწყისების შემოღება. მაგრამ, რეაქციამ არ გაუშვა ხელიდან ვარტბურგში მიმდინარე მოვლენების თავისი მიზნებით გამოყენების შესაძლებლობა. ამის შემდეგ მალევე შედგა საკავშირო სეიმის გადაწყვეტილება, რომლითაც ყვლა გერმანული უნივერსიტეტი ჩაყენებულ იქნა პოლიციური ზედმხედვლობის ქვეშ და სტუდენტურ საზოგადოებებში (Burschenschaften) მონაწილეობა აკრძალული შეიქმნა სასჯელის შიშის ქვეშ. 1867 წ. 18 ოქტომბერს აიზენახში აღნიშნავდნენ ვარტბურგის დღესასწაულის 50 წლისთავს. ამ ზეიმზე 1817 წ. შეკრებილი 500 სტუდენტიდან მისი 50-წლიანი იუბილისთვის ცოცხლად დარჩენილი იყო მხოლოდ 15 ადამიანი. შეადარეთ კიზერის „Das Wartburgerfest am 18 Okt. 1817 in seiner Entstehung, Ausführung und Folgen“ (იენა, 1818); რობ. და რიჰ. კაილები „Die burschenschaft-1 chen W. von 1817 und 1867“ (იენა, 1868).

31) ჰამბახის დღესასწაული

დიდი დემოკრატიული დემონსტრაცია, რომელიც მოწყვეს 1832 წ. 27 მაისს, ბავარიის კონსტიტუციის წლისთავის დღეს რადიკალური პარტიის ბელადებმა ბავარიაში ზიბენპფაიფერმა და ვირტმა (გაზეთ „Deutsche Tribüne“-ის რედაქტორებმა) გერმანიის საკავშირო სეიმის რეპრესიული ზომების წინააღმდეგ პროტესტის სახით. ჰამბახის ციხე-სასახლესთან, ნოიშტადტის ახლოს ბავარიის პფალცში, შეიკრიბა 30000 ადამიანამდე გერმნიის ყველა კუთხიდან; იყვნენ აგრეთვე ფრანგები და პოლონელები. აღმართეს რა სამფეროვანი გერმანული დროშა წარწერით „გერმანიის აღორძინება“, ზიბენპფაიფერმა და ვირტმა გამოაცხადეს ხალხის უმაღლესობა სახელმწიფო წყობილების პრინციპად და მიუთითეს, როგორც თავიანთი მისწრაფებების უკანასკნელ მიზანზე, გერმანიის გაერთიანებაზე ფედერაციული რესპუბლიკის სახით და ევროპული რესპუბლიკების კონფედერაციაზე. მომდევნო დღეს ნოიშტადტში კვლავ შედგა ხალხის შეკრება, რომელზედაც დაადგინეს მიეღწიათ კანონიერი გზით ბეჭდური სიტყვის თავისუფლებისთვის. ამ მოძრაობას შედეგად მოჰყვა საკავშირო სეიმის ახალი რეაქციული დადგენილებები (1832 წ. 28 ივნისისა და 5 ივლისის); ზიბენპფაიფერისა და ვირტის წინააღმდეგ აღძრულ იქნა სასამართლო დევნა. მომდევნო წელს ამ დღის ხელმეორედ აღნიშვნის მცდელობა ჩახშობილ იქნა ბავარიული ჯარების მიერ, ხალხსა და ჯარისკაცებს შორის რამდენიმე სისხლისმღვრელი შეტაკების შემდეგ (იხ. ვირტი, VI, 524).

32) გერმანიის საბაჟო კავშირი

გერმანიის საბაჟო კავშირი (Deutscher Zollverein) _ ბევრი გერმანული სახელმწიფოს ყოფილი კავშირი, რომლებიც შეთანხმდნენ გაეუქმებინათ ყველა საბაჟო დაბრკოლება ურთიერთ შორის, ხოლო კავშირის საზღვრებზე ამოღებული საბაჟო გადასახადებისგან შეექმნათ საერთო სალარო, მისი შემოსავლების განაწილებით მონაწილეებს შორის, მცხოვრებთა რიცხვის შესაბამისად. პირველი ნაბიჯი მსგავსი კავშირის შექმნისკენ გადადა პრუსიამ, რომელმაც 1819-1830 წწ. პერიოდში დადო რიგი ხელშეკრულებებისა წვრილ გერმანულ სახელმწიფოებთან (შვარცბურგ-ზონდერსჰაუზენი და შვარცბურგ- რუდოლშტადტი, ვაიმარი, ლიპპე, ანჰალტი, მეკლენბურგ-შვერინი, კობურგ-გოთა), რომელთა ძალითაც შინაგანი სავაჭრო ურთიერთობები აღნიშნულ ქვეყნებსა და პრუსიას შორის განთავისუფლებულ იქნა ყველანაირი საბაჟო გადასახადებისგან, ხოლო ჰესენ-დარმშტადტთან დადებული ხელშეკრულების მიხედვით, ამაზე ზევით, უნდა მომხდარიყო სრული საბაჟო გაერთიანება. 1828 წ. 18 იანვარს ბავარიამ და ვიურთემბერგმა დადეს ხელშეკრულება, რომელმაც დაამყარა მათ შორის საბაჟო ერთიანობა სამხრეთ-გერმანიის საბაჟო კავშირის სახელწოდებით. მესამე კავშირი (საქსონიას, ჰანოვერს, ჰესენ-კასელს, ტიურინგენის საჰერცოგოების უმეტესობას, ბრაუნშვაიგს, ოლდნბურგსა და მაინის-ფრანკფურტს შორის) დაფუძნებულ იქნა 1828 წ. 24 სექტემბერს, შუა გერმანიის სავაჭრო კავშირის სახელწოდებით; თუმცა კი უკანასკნელი მალევე დაიშალა. ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ, 1833 წ. 24 მარტს შედგა ბავარია-ვიურთემბრგისა და პრუსია-ჰესენის კავშირების შეერთება; მალევე მათ შეუერთდნენ საქსონიაცა და ტიურინგენის რვა საჰერცოგოც, რომლებიც ადრე შედიოდნენ შუა გერმანიის სავაჭრო კავშირის შემადგენლობაში. ასეთნაირად, 1834 წ. 1 იანვარს, 8 წლის ვადით, დაფუძნებულ იქნა პრუსიულ-გერმანული საბაჟო კავშირი, რომელიც თავიდან მოიცავდა 18 სახელმწიფოს, 7719 კვ. კმ ტერიტორიითა და 23 მლნ. მოსახლეობით; შემდგომში მას შეუერთდა კიდევ ბევრი სხვა გერმანული სახელმწიფო.

გერმანელი ხალხის მისწრაფებამ ერთიანობისკენ ამ კავშირში ნახა, სულ მცირე, თუნდაც, მატერიალური ინტერესების ნიადაგზე, გარკვეული დაკმაყოფილება, რომელსაც ვერ აძლევდა მას პოლიტიკურ სამყაროში გერმანიის კავშირი. თუმცა კი ზოგიერთ საგანთან მიმართებით, როგორიცაა მაგალითად, მარილი, ძალაში იქნა შენარჩუნებული შემოტანის აკრძალვა, სხვებთან მიმართებით _ სატრანზიტო გადასახადები. ზომისა და წონის საერთო სისტემის დადგენა, აგრეთვე საერთო სამონეტო სისტემისა, შეადგენდა, სულ მცირე თეორიულად მაინც, კავშირის ერთერთ ამოცანას. კავშირის მთავარი ნაკლი მდგომარეობდა იმაში, რომ იგი წარმოადგენდა სუვერენული სახელმწიფოების შეერთებას საერთაშორისო სამართლის საწყისებზე, რის შედეგადაც, ჯერ ერთი, იგი არ შეიძლებოდა დადებული ყოფილიყო სამარადისოდ, არამედ ექვემდებარებოდა პერიოდულ განახლებას, რომელსაც თან ახლდა სხვადასხვანაირი კრიზისები; მეორეც, მას არ გააჩნდა საკუთარი ორგანო, არც საკანონმდებლო, არც ადმინისტრაციული. პერიოდულად შეკრებილ გენერალურ საბაჟო კონფერენციას (Generalzollconferenz) შეეძლო რეზოლუციების მიღება (დადგენა) მხოლოდ ერთხმად. უკვე პირველი სახელშეკრულებო პერიოდის დასრულების შემდეგ 1842 წ. კავშირის განახლება 12 წლით შესაძლებელი შეიქნა მხოლოდ ხანგრძლივი მოლაპარაკებებისა და მნიშვნელოვანი სიძნელეების გადალახვის შედეგად. მეორე სახელშეკრულებო პერიოდს ემთხვევა 1848 წ., მისი პოლიტიკური მღელვარებებითა და ბრძოლით გერმანიის ერთიანობისთვის. მისწრაფება მატერიალური ერთიანობის განმტკიცებისკენ, რომლის გამომხატველადაც აქამდე იყო საბაჟო კავშირი, აისახა გერმანიის საიმპერიო კონსტიტუციის 33-ე პარაგრაფში, რომელიც მიღებულ იქნა ფანკფურტის ეროვნული კრების მიერ: „გერმანიის იმპერია ქმნის ერთ საბაჟო და სავაჭრო ტერიტორიას, რომელიც გარსშემოვლებულია საერთო საბაჟო საზღვრით, მთელი შინაგანი საბაჟოების მოსპობით, ამასთან საიმპერიო ხელისუფლებას უფლება ეძლევა, განსაკუთრებული ხელშეკრულებების მეშვეობით, შემოუერთოს გერმანიის საბაჟო ტერიტორიას სხვა ქვეყნებიცა და მხარეებიც, რომლებიც არ მიეკუთვნებიან იმპერიას“.

თუმცა კი საიმპერიო კონსტიტუცია ვერ განხორციელდა, მაგრამ მის მოყვანილ პუნქტში გამოხატული აზრი აგრძელებდა გავლენის მოხდენას ადამიანთა გონებაზე, და თავისთვის ჰპოვა გამოხატულება ავსტრიის მისწრაფებაში შეერთებოდა გერმანიას საბაჟო ინტერესების ნიადაგზე. პრუსიის მხრიდან ხანგრძლივი წინააღმდეგობის შემდეგ, უკანასკნელსა და ავსტრიას შორის 1853 წ. 19 თებერვალს დადებულ იქნა სავაჭრო და საბაჟო ხელშეკრულება შემდეგ მთვარ საფუძვლებზე: გატანისა და შემოტანის მთელი აკრძალვები ურთიერთ სავაჭრო ურთიერთობებში იხსნება, თამბაქოთი, მარილითა და დენთით ვაჭრობის აკრძალვის გარდა; ორივე ქვეყნის ბუნებრივი ნაწარმები სრულებით თავისუფლდება საბაჟო გადასახადებისგან, საფაბრიკო ნაწარმები კი ექვემდებარება დაბეგვრას მნიშვნელოვნად შერბილებული ტარიფის მიხედვით; გასატანი საბაჟო გადასახადები ერთმანეთს შორის სავაჭრო ურთიერთობებში ვრცელდება მხოლოდ საქონლის მცირე რიცხვზე. ხელშეკრულება დადებულ იქნა 12 წლით, სახელდობრ 1865 წ. 31 დეკემბრამდე, თანაც მასთან შეერთების უფლება ეძლეოდათ როგორც იმ გერმანულ სახელმწიფოებს, რომლებიც პრუსიასთან ერთად შედიოდნენ გერმანიის საბაჟო კავშირში, ასევე მათაც, რომლებიც შედგებოდნენ საბაჟო კავშირში ავსტრიასთან. ამ საფუძველზე 1853 წ. 4 აპრილის ბერლინის კონფერენციაზე თითქმის ყველა გერმანული სახელმწიფოს სრულუფლებიანმა წარმომადგენლებმა დაადგინეს განეახლებინათ გერმანიის საბაჟო კავშირი კიდევ 12 წლით, შეეერთებინათ მისთვის მიწოდების კავშირი, რომელიც შედგებოდა რამდენიმე სახელმწიფოსგან (ჰანოვერი, ოლდენბურგი, ბრუნშვაიგი და სხვები) და მანამდე შეადგენდა ცალკე ორგანიზაციას, და დაედოთ სავაჭრო და საბაჟო ხელშეკრულება ავსტრიასთან.

ჯერ კიდევ საბაჟო კავშირის მესამე სახელშეკრულებო ვადის დასრულებამდე, ავსტრიასა და პრუსიას შორის წარმოიქმნა დავები, რომლებიც მუქარას უქმნიდა კავშირის მთლიანობას. ეს დავები წარმოიქმნა პრუსიის მიერ 1862 წ. სავაჭრო ხელშეკრულების დადების გამო საფრანგეთთან, რომელიც მას ავსტრიის საზიანოდ, აძლევდა მფარველობაში ყველაზე უფრო მეტად მყოფი დერჟავის უფლებებს. დავები დასრულდა საფრანგეთ-პრუსიის ხელშეკრულების ზოგიერთი პარაგრაფის შეცვლითა და მისი მსგავსი ხელშეკრულბების დადებით ავსტრიასთან, ინგლისთან და იტალიასთან. 1866 წ. ომმა დასასრული დაუდო გერმანიის საბაჟო კავშირს. კვლავ წარმოქმნილი ჩრდილო-გერმანიის კავშირის სახელმწიფოებს შორის საგანგებო საბაჟო ერთიანობა ზედმეტი იყო, იმ ზოგადი ერთიანობის ძალით, რომელიც დაამყარა საკავშირო კონსტიტუციამ. რაც შეეხება ოთხ სამხრეთ-გერმანულ სახელმწიფოს, მათსა და ჩრდილო-გერმანიის კავშირს შორის დადებულ იქნა ხელშეკრულებები, რომლებიც აგრძლებდნენ არსებულ საბაჟო ერთიანობას 1877 წ. ბოლომდე, ყოველ ჯერზე მისი გაგრძელების პირობით 12 წლით. მაგრამ, საბაჟო პარლამენტის (Zollparlament) დაარსებასთან ერთად, გერმანიის საბაჟო კავშირმა დაკარგა თავისი საერთაშორისო, ხოლო 1871 წ. გერმანიის იმპერიის დაარსებასთან ერთად კი სრულიად იქნა შთანთქმული მის მიერ.

(შემდეგ მოყვნილია მოცემულ თემაზე იმ ხანად არსებული ლიტერატურის ჩამონათვალი)

(ავტორი არ წერია)

33) ჰეკერი

ჰეკერი (ფრიდრიხ კარლ ფრანც Hecker) _ ბადენის რევოლუციის ხელმძღვანელი (1811-1881), იყო ადვოკატი მანჰაიმში. 1842 წ. ბადენის პალატაში არჩეული იგი შეუერთდა ოპოზიციას. ჰეკერის სახელი პირველად ცნობილი ხდება პრუსიული მთავრობის მიერ 1845 წ. ბერლინიდან მისი გასხლების შემდეგ, შლზვიგ-ჰოლშტინიის საკითხში მისი აგიტაციის გამო. 1846-1847 წწ. ჰეკერი, სტრუვესთან კავშირში, ღიად გამოდის უკიდურესი მიმართულების პარტიის ხელმძღვანელად. მის მიერ წამოყენებული წინადადება გადასახადების ამოღების შეჩერებაზე, სამთავრობო სისტემის შეცვლამდე, უარყოფილ იქნა პალატის მიერ, რის შედეგადაც 1847 წ. მან მოიხსნა სადეპუტატო უფლებამოსილებანი, მაგრამ მალევე ხელახლა იქნა არჩეული პალატაში. როდესაც დაიწყო 1848 წ. მოძრაობა, ჰეკერმა, ჰაიდელბერგში გამართულ შეკრებაზე (5 მარტს), ღიად გამოაცხადა საკუთარი თავი დემოკრატად და რესპუბლიკელად. როგორც „წინასწარი პარლამენტის“ (Vorparlament) წევრი, იგი ცდილობდა მიეღწია იმისთვის, რათა ეს კრება გამოცხადებული ყოფილიყო მუდმივ კრებად; ხოლო როდესაც ეს ვერ მოხერხდა, შეუდგა აჯანყების მომზადებას, რადგანაც ფიქრობდა რომ მოულოდნელობით დააბნევდა სამხრეთ-გერმანიის მთავრობებს. 12 აპრილს ჰეკრმა და სტრუვემ კონსტანციდან გამოაქვეყნეს მოწოდება აჯანყებისკენ. 20 აპრილს კანდერნთან შეტაკებისას ჰეკერმა განიცადა წარუმატებლობა და გაიქცა შვეიცარიაში. ბადენის საარჩევნო ოლქი ორჯერ ირჩევდა მას ეროვნულ საკრებულოში, მაგრამ ეს არჩევნები ცნობილ იქნა არანამდვილად. ჰეკერი გაემგზავრა ჩრდილოეთ ამერიკაში; 1849 წ. მაისის რევოლუციის აფეთქების შემდეგ იგი მოკლე დროით დაბრუნდა ევროპაში, დროებითი მთავრობის მოწვევიტ, მაგრამ რადგანაც აჯანყება უკვე ჩახშობილი იყო, ამიტომ კვლავ გაემგზავრა ამერიკაში, სადაც გახდა ფერმერი ილიონისის შტატში და 1856 წ.-დან გამოვიდა რესპუბლიკური პარტიის აგიტატორად. როდესაც 1861 წ. ჩრდილოეთ ამერიკაში იფეთქა ურთიერთშორის ომმა, ჰეკერი, მის მიერ შეგროვებული პოლკით შეუერთდა საკავშირო გენერალ ფრიმონტს, შემდეგ მეთაურობდა ბრიგადას გენერალ ჰოვარდის არმიაში, მაგრამ, მორიგი სამხედრო წოდების ვერმიღების გამო, 1864 წ. საკუთარი თავიდან მოიხსნა მეთაურობა. გერმანიის გაერთიანებას ძველი აგიტატორი შეხვდა დიდი აღტაცებით. 1873 წ. იგი მოხლე ხნით ჩამოვიდა გერმანიაში. დაბეჭდა „Reden und Vorlesungen“ („Neust. a. d. H.“ 1872) და „Betrachtungen über den Kirchenstreit in Deutschland und die Iifallibilität“ (იქვე, 1874). უკანასკნელ თხზულებაში იგი კატეგორიულად გამოდის პრუსიული საეკლესიო კანონების მომხრედ.

(გაგრძელება იხ. _ ნაწილი III)

მოამზადა ირაკლი ხართიშვილმა

No comments:

Post a Comment