Friday, October 21, 2022

მოგონებები უნივერსიტეტის წლებზე

ავტორის შესახებ 

ასე ვიტყოდი, თავისუფალ შემოქმედთა ჯგუფს ვეკუთვნი, რომლებიც მაინც არსებობენ საქართველოში; თუმცა სადღაც რაღაც შეხება გვქონდა „აღიარებულ წრეებთან“, მაგრამ მათთან ურთიერთობა არ შედგა, არც ჩვენი და არც მათი სურვილით. 

დღესდღეობით ვეკუთვნი საქართველოს მწერალთა ეროვნულ აკადემიას, რომლის პრეზიდენტიც გახლავთ ბ-ნი კობა არაბული და რომელშიც გაერთიანებული არიან საინტერესო შემოქმედებითი ცხოვრების ხელოვანი ადამიანები. იგი ემსახურება ქართული კულტურისა და ცნობიერების დაცვას.

მინდა გაგიზიაროთ ჩემი დამოკიდებულება უნივერსიტეტის წლებთან და ჩემს მასწავლებლებთან, რომელთა პატივისცემა და მათი ცოდნისადმი მოკრძალება დღემდე გამაჩნია. მასწავლებლისა და მოწაფის თემა ძველთაგანვე ცნობილი და მიღებულია: ისინი ცოდნის კვალზე გაყენებენ, რომელსაც უნდა მისდიო. 

მოგონებანი (ფრაგმენტულად) 

მოკლედ რომ გიამბოთ მაშინდელი (60 – 70-იანი წლების) სწავლა-განათლების შესახებ, იმას ვიტყოდი, რომ ნამდვილი და ღირსეული მასწავლებელი სანთლით საძებარი იყო, რადგან სწორედ ის იდეოლოგია გახლდათ ქვეყანაში გამეფებული, როცა უფლისადმი სანთლის ანთება არ იყო მიღებული. მაგრამ სანთელი ზოგიერთს ღვთისადმი გულში ენთო და დიდ სულიერ ცოდნას გადმოგვცემდა, რომლებიც აშკარად მატარებელნი იყვნენ დიდი კულტურისა, მაგრამ თავშეკავებით იქცეოდნენ მაშინდელი იდეოლოგიის მიმართ, რამეთუ სრულიად შესაძლებელი იყო მათი დათხოვნა სამსახურებიდან და იმ სტუდენტებში, ვისშიც იგივე ცეცხლი ღვიოდა, სრულიად განელებულიყო ანდა სულაც მიმქრალიყო...  

სკოლა ამ მხრივ არ ნათობდა. ერთი-ორი თუ გაკრთებოდა, იმასაც აღმოჩენა უნდოდა, რადგან მსგავსი მსგავსს მიელტვის. თუმცა უმეტესს კარგი განათლება ჰქონდა. 

უნივერსიტეტში დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურათა ფაკულტეტზე პირველ კურსებზე თითქმის წამყვან საგნებს წარმოადგენდა: სკკპ ისტორია, დიალექტიკური და ისტორიული მატერიალიზმი და ფიზკულტურა-სპორტი. ველოდი, ველოდი, როდის დაიწყებოდა საინტერესო ცხოვრება ლიტერატურული... 

პირველი მერცხალი ჩვენთვის, ყველასთვის პირველივე კურსიდან, მთლად განწირულებიც არ გეგონოთ, გახლდათ მიხეილ კვესელავა, რომელიც ლიტერაურის შესავლის კურსს, მართლაცდა, ჭეშმარიტად კითხულობდა. 

ზოგადად ევროპული ლიტერატურის ისტორია რომ დავიწყეთ შემდეგ, აქაც რაღას ვჩივი, ოთარ ჯინორია გვიკითხავდა, საოცარი ერუდიციისა და სითამამის კაცი. როცა ევროპული ქვეყნების ლიტერატურას გადავხედე, ვიფიქრე, როგორ მოვასწრებთ ამის გაცნობას მეთქი. პასუხი იქვე მოგვიგო გულთამხილაობით, თქვენ რამდენიმე დიდი, ცნობილი წიგნი დაამუშავეთ და ეს უკვე ნიშნავს, შეძლოთ შემდეგი თემატიკის გარკვევაო. როცა ფრანგულ ლიტერატურას გვიკითხავდა და რეალიზმს შეეხო, მახსოვს ხაზგასმით აღნიშნავდა: ფულია მათთვის, ამ დროის საზოგადოების წევრებისთვის ყველაფრის განმსაზღვრელი და არა სულიო. ლიტერატურა ემსახურება სულიერი სიმაღლეების ჩვენებასო. 

როცა უკვე, ასე ვთქვათ, გონზე მოვეგეთ, შევუდექით უშუალოდ არჩეული ქვეყნების ლიტერატურათა შესწავლას, ვერც ერთი ფაკულტეტი ჩვენთან ვერ იტყოდა, არ გვყავს ლიტერატურის კარგი სპეციალისტიო. მაგრამ მაინც ყველაზე ეს არ ვრცელდება. ჩვენ ეს ყველა არ გვაინტერესებს, კეთილის მქმნელია მხოლოდ საჩინო. 

...რა ბედნიერები ვიქნებოდით, კაცი ნიჭითა და პატიოსნებით რომ ფასდებოდეს. „მიეცი ნიჭსა გზა ფართო, თაყვანისცემა ღირსებას“ – ჯერ კიდევ როდის ქადაგებდა გრ. ორბელიანი – „ნიჭს აძლევს ზენა მხოლოდ კაცს და არა გვარიშვილობა“. კი ბატონო, გვარიშვილობითაც მივაგოთ პატივისცემა, თანამდებობის პირთა შვილებსაც, მაგრამ ნიჭიერმა და კეთილშობილმა ადამიანმა რა დააშავა, თუ არა ის, რომ ასეთ ადამიანთა კრებითობა ერთობ წინ წასწევდა ჩვენს კულტურასა და ყოფა-ცხოვრებას. 

ჩემს სტუდენტობაში ერთი ყოფილი თანამდებობის პირი (უწინ კომპარტიის ერთ-ერთი რაიკომის მდივანი), ჩვენს მეზობლად მცხოვრები, თავისი კეთილი თვისებების გამო ჩვენს ოჯახს დაუმეგობრდა და როცა ახლოს გამიცნო, სულ თავზე იდებდა ხელებს და ასე ამბობდა, „ვაიმე, შვილო, როგორ მეცოდები, შენ არ გაგახარებენო, მე ხომ მაგათ ვიცნობო“; ეს სიტყვები საკმაოდ ხშირად მახსენდება, მაშინ, უბრალოდ, მეცინებოდა, მის მსახიობობის ელემენტს თუ მივაწერდი. 

ჩემი უნივერსიტეტის რამდენიმე ლექტორი სწორედ ამ კატეგორიას მიეკუთვნებოდა, რომელთაც არანაირი თანამდებობა და ქრთამი არ მოხიბლავდა და გარეგნული სიკეთეები ვერ გადაწონიდა იმ ღირსებას, რაც ადამიანს თავისდათავად უბოძა ღმერთმა – ნიჭი და სიკეთე. 

რეზო ყარალაშვილი უგამორჩეულესი ლექტორი გახლდათ უნივერსიტეტში. ჩემდა საბედნიეროდ, მან გამომცადა ნელი ამაშუკელთან ერთად მისაღებ გამოცდებზე და რაც მთავარია, ჩვენზე უდიდესი შთაბეჭდილება არა მარტო მოახდინა, არამედ გარკვეულად მის მოწაფეთა სკოლაც შეიქმნა, ისე რომ, სამწუხაროდ, აღარ დასცალდა ჩვენი ხელმძღვანელობა. 

ყველა გერმანისტი ხვდება, ვისაც ლიტერატურასთან აქვს საქმე, ის რომ კიდევ ამ ქვეყნად ყოფილიყო, გერმანისტიკა არ დაიბნეოდა. ვერ ვიტყვით მოკვდა და ჩაკვდა, რაც ბევრს ჰგონია ამ საქმის დღევანდელ ჰეგემონებს; იგი, მართლაც, განბნეულია და შეერთება სჭირდება, თავმოყრა, კოორდინაცია, კონცენტრაცია. 

ამბობენ და მეც ვამჩნევ, ყველა დარგში ასეა. ღმერთმა ქნას, თანდათან ყველა დარგს გამოუჩნდეს თავისი შემკრები და უკვე გაკეთებული საქმე თავისი პროგრესული მიღწევებით განახლდეს და მან წინ წასწიოს. 

მე ვფიქრობ, ჩვენი კულტურა თავისთავად ვითარდება ძველი ფესვებიდან, რომელსაც სხვადასხვა დარგები კარგა ხანია აგნებენ და ცდილობენ ან აღორძინებას, ან ახლებურად თქმას, შეძლებისდაგვარად. 

ჩვენი კულტურა ზემსწრაფია, რადგან ფესვები მყარად აქვს გადგმული. ამიტომ რა წინააღმდეგობაც არ უნდა შეხვდეს მას, იგი არ იკარებს, თავისდა თავად წინ მიიწევს. მას სხვაგვარად არ შეუძლია. რაც უფრო მეტად ედება გარედან ალები, მით უფრო შიგნით იძირება და შიგან საზრდოობს ნაკურთხი მიწითა და მაღალი ღმერთით. 

* * * 

ამხელა შესავლის დაწერა იმიტომ დამჭირდა, რომ დიდი დრო გვაშორებს ჩემს უნივერსიტეტის წლებთან, და როგორც ვაკვირდები, ისეთი დიდი პროფესიონალები, როგორებიც მაშინ გვყავდნენ, აღარ არიან. ამ აშლილობის პერიოდში ისინი უფრო ნათლად ჩნდებიან, გვიახლოვდებიან, როგორც მაგალითი ჭეშმარიტი მეცნიერებისა და ნამდვილი შემოქმედებითი ძიებისა. 

რეზო ყარალაშვილი და ნოდარ კაკაბაძე, მართალია, განსხვავებულ თაობებს ეკუთვნოდენ, მაგრამ ისინი საქმით ერთნი იყვნენ, ქუჩაში ერთად მხვდებოდნენ; მაშინ ძალიან მიხაროდა მათი ნახვა, ახლა ვხვდები რატომ, ორივე ადამიანი დიდ ცოდნას ფლობდა და სტუდენტებთან მეგობრობის სურვილს ამჟღავნებდა. ისინი ჩემი ახლობლები იყვნენ და დღემდე არიან; მე ვფიქრობ, ალბათ მეც რაღაცას ვნიშნავდი მათთვის. 

მახსოვს, ერთხელ ჩაფიქრებული ვიჯექი უნივერსიტეტის მიწისქვეშა გადასასვლელთან; ბუბა ყარალაშვილის დაკვირვებულ თვალს ეს არ გამოჰპარვია. მაშინ ახალი წაკითხული მქონდა გერმანულ ენაზე თომას მანის „დოქტორი ფაუსტუსი“. მართალი გითხრათ, ჩემს ცნობიერებაში მისი შეფასება მინდოდა და ალბათ სწორედ ამ პროცესში ვიყავი. 

ბატონმა ბუბამ მითხრა, დასავლეთის XX საუკუნის ლიტერატურა მძიმე მასალაა და ჩვენს რეალობას არ უნდა მოვწყდეთო. თავისი ვაჟიშვილის ამბავიც მომითხრო, ერთი პოეტის ლექსებს ვუკითხავდი და წიგნი ტახტზე მომისროლა, ეს რა რთული ლექსებიაო. 

მასთან ბოლო შეხვედრაზე ჩვენ გადავწყვიტეთ მისი დაბეჯითებული რჩევით, რომ სადისერტაციო თემაზე მემუშავა, მაგრამ მის გარდაცვალებას, 9 აპრილიც მოჰყვა, ვტიროდი, როგორც პატარა ბავშვი, რომელმაც დაკარგა საიმედო მოამაგე და ეს არა მარტო ჩემთვის იყო ასეთი. 

იგი ძალიან უბრალო და ჩვეულებრივი იყო, ბუნებრივს ვგულისხმობ, სწორედ ამიტომ გამოირჩეოდა. ნიჭი და შრომისმოყვარეობა, ჩვენი დაფასება და სტუდენტებთან უშუალო კონტქტი, მათთან სიახლოვე და ის დისტანცია, რაც განათლებულ ადამიანს სჩვევია თავისთავად. სწორედ ეს დისტანცია იწვევდა ჩემში დიდ პატივისცემას. 

ერთხელ ათონელის ქუჩაზე, სადაც ტარდებოდა ხოლმე გოეთეს ლიტერატურული საზოგადოების სხდომები, ჰერმან ჰესესადმი მიძღვნილი შეკრება იყო, მის დაბადების დღესთან დაკავშირებით. კეთილმოწყობილი სავსე დარბაზი სხდომას არ იწყებდა. დაბალ, გრძელ მაგიდასთან ბატონ ბუბას ელოდნენ. საკმაოდ იგვიანებდა. აქა-იქ ხმა ისმოდა, ყვავილები უნდა მოიტანოს, წასულიაო. მახსოვს წყნარი, განათებული და დამშვიდებული ადამიანები. მე სტუდენტი ვიყავი და ვმონაწილეობდი ამ „სპექტაკლში“, რომელიც ძალიან მომწონდა. მარტო და უჩუმრად, ყველასა და ყველაფრის დაკვირვებით ვთამაშობდი ამ როლს. 

უცებ ბ-ნი ბუბა გამოჩნდა და ზამბახები მოიტანა. ქალები აქა-იქ ჩურჩულებდნენ, რაღა დროს ზამბახებია, ეტყობა სასაფლაოზე სადღაც ვინმეს მოაძებნინაო. 

ჰესეს საყვარელი ყვავილები ზამბახები ყოფილა. 

დაბალ, გრძელ მაგიდაზე ყვავილებმა მოისვენეს და ნაზი სურნელი აფრქვიეს (სხვათა შორის მეც არა ნაკლებ მიყვარს ზამბახები, რადგან ბავშვობაში იმ ბაღში გავიზარდე, სადაც მუდამ სხვა ყვავილნართა შორის, ზამბახები მრავლად ჰყვაოდა და მე დღემდე საოცნებოდ მიყვარს მისი ხავერდოვნება, სიფრიფანობა, სიმყიფე, დევისპირასთან ერთად, რომელსაც გაცილებით უფრო თბილი და ტკბილი სურნელი აქვს, მიხაკისას რომ წააგავს, ზამბახი უფრო არა ამქვეყნიურია). 

ლიტერატურული სხდომები ერთ-ერთი სერიოზული და საქმიანი თავყრილობები იყო არა მარტო საზღვარგარეთის ლიტერატურის მცოდნეთათვის, ფილოლოგებისთვისაც, და, საერთოდ, ხელოვნების მოღვაწეებისთვისაც. ეს ვითომ არაფერი, მაგრამ დღევანდელ დღეს მეტად საყურადღებოა, როცა ბუნებრივი ინტერესი აღარსად ჩანს. ხელოვნურობა კი მალე ხუნდება, ფერი ეცვლება და გადასაგდები ხდება. 

როგორც ნამდვილ ლიტერატურას არ გაუვა ყავლი, ისე მის კარგ მცოდნეთა და მოწყურებულ მკითხველთ. 

ერთ-ერთ სხდომაზე ბ-ნმა ბუბამ ამ საზოგადოებისათვის გერმანიიდან ჩამოიტანა ემბლემები „არწივის“ გამოსახულებით. მან ამ ამბით გახსნა სხდომა და დასძინა პირველ სამკერდე ნიშანს ჩვენს ახალგაზრდა გერმანისტ სტუდენტს გადავცემო და მე, რომელიც მუდამ ბოლოში ვჯდებოდი, ჩუმად ვიპარებოდი, მეგონა, არავინ მხედავდა, მე აღმოვჩნდი ამ ემბლემის პირველი მიმღები. საოცარია, მთელი ცხოვრება ისევე ჩუმად, ჩემთვის გავატარე გერმანული ლიტერატურის სიყვარულში; არ იყო იგი წინასწარმგრძნობი?! 

„სულიერი ნათესაობანი“ უცხო არაა ადამიანთა ცხოვრებაში, პირიქით; ამის აღწერა შეუძლია მწერალს და პოეტს. 

კიდევ გავიხსენებ: ჩემი დიპლომის დაცვაზე მე ვთქვი კითხვაზე პასუხად: მწამს თუ არა ღმერთი, – ღმერთმა შექმნა სამყარო, მას და სამყაროში ადამიანთა ცხოვრებას ასახავენ მწერლები და პოეტები. და ზოგიერთები იმდენად ახლოს არიან სამყაროს შემქმნელ ძალასთან, რომ წინასწარ ხვდებიან საკუთარი აღსასრულის დღესაც კი. და მაგალითად მოვიყვანე გეორგ ჰაიმის ჩანაწერი სიზმარი, რომელიც ზუსტად ასე აუხდა სრულიად ახალგაზრდას,რომელიც გაყინულ ტბაში დაიხრჩო. გეორგ ჰაიმის ლირიკა ჩემი დიპლომის თემა გახლდათ, ნაირა გელაშვილის ხელმძღვანელობით. 

მაშინდელი კომისიის მაკონტროლებელმა ძალებმა დიპლომის ჩაგდება მოინდომეს, მაგრამ კათედრაზე მყოფს ორი მხრიდან ჩემი დამცველები, ჩემი პედაგოგები დამიდგნენ, ბ-ნი რეზო და ბ-ნი ნოდარი, და დიპლომი არ ჩააგდებინეს მათ. 

ეზოში მარტო გამოვედი. შესვენება იყო. ჩემი მეგობრებიდან ჩემ გვერდში არავიან აღმოჩნდა (ალბათ არ ესმოდათ, რა ხდებოდა). კორპუსის შესასვლელეში კიბესთან ვიდექი, მართალი გითხრათ, არ ვიყავი დაბნეული, არც ძალიან გაოცებული, მე ჩემს ნათქვამთან ვიყავი ფიქრებით. 

გამოჩნდა ბ-ნი რეზო. თავზე მაკოცა. მოგვიახლოვდა ბ-ნი ნოდარი, არ შეშინდე, შენ ჩვენი ნერგი ხარო, კარგია, რომ არ მოეწონათ, ეს იმას ნიშნავს, რომ შენ ნამდვილი დამოკიდებულება გაქვს შენს საგანთანო. აი, გასამდა ჩემი მხარდამჭერნი: ბ-ნი გასტონ ბუაჩიძე – შენ მუდამ ჩემი მეგობარი იქნებიო. 

დიახ, ეს ითქვა და მარტოს მომიწია ჩემს პროფესიასთან დარჩენა. 

ეს თაობა ერთად ყოფნით იმ ადრე თუ გვიან მოსაშორებელ იდეოლოგიას იტანდა და კულტურას სტოვებდა, იკვლევდნენ, ერთმანეთს ასე თუ ისე მხარში ედგნენ. 

ჩვენს თაობაზე ითქვა, ნანგრევებში მოყოლილი, დაკარგული თაობააო. 

მე კი ვიტყოდი, აი, თუნდაც ჩემს მაგალითზე: იქაც ხომ გადარჩება ხოლმე ხე, მცენარე, ძვირფასი ნივთი... ჩვენც ასე ვართ აქა-იქ, ვისაც ნამდვილი, შეურყვნელი ლიტერატურა გვიყვარს, კი არ გვიყვარს, უფრო სწორად, ჩვენს ცხოვრებას, სულიერ სამყაროს წარმოადგენს. 

* * * 

როცა ყველაზე ახლობელი ადამიანი (მშობელი) ამ ქვეყანას შორდება, სულიერად იგი უფრო გვიკავშირდება, იგი შენია, შენ მისგან იზრდები და ძალა გეძლევა, გააგრძელო საქმიანობა. ეს უხილავად გრძნობადი სამყაროა, რაც გვანიჭებს ძალას აზრიანი ცხოვრებისათვის. 

* * * 

სტუდენტობაში ვაკვირდებოდი რა პედაგოგებს, იმის გარდა, რომ ვისმენდი საინტერესო ლექციებს, განსაკუთრებით ლიტერატურაში, მათ მთლიანობაში ისე აღვიქვამდი, რომ მათი იმიტირების სურვილი მიჩნდებოდა, მეტადრე, სახასიათო, ჩვეულ სასაცილო ელემენტებზე. ერთ ჯგუფში ბ. ბუბამ ჩემი ამხანაგები, თანაკურსელები გააფრთხილა, მწერლის თვალი აქვს და ერიდეთ მას, რომ რაიმე ნიშანდობლივი არ შეგამჩნიოთო. 

ერთ დღესაც ერთ ჩემს მეგობარს ვთხოვე წიგნი გაეცვალა ჩემთვის, რომელსაც არც თუ ისე აინტერესებდა ალ. დობლინის „ბერლინის მოედანი“. ამხანაგს ბ. ბუბასთვის უთქვამს, რა ვქნა, გავუცვალო თუ არაო. შენთვის შეინახე, მე საჩუქრად წამოვუღებ, რაკი ასე დაჟინებით გთხოვდაო. მართლაც, შემდეგ ლექციაზე გადმომცა წიგნი და მითხრა, წარწერას გავაკეთებ, ოღონდ დაიცადე, უნდა მოვიფიქროო. 




ჩვენი კორპუსის ერთ-ერთ პატარა აუდიტორიაში ფანჯარასთან ვიჯექი ხოლმე და ბ. ბუბას ლექციებს ვისმენდი. იგი კითხულობდა: მთხრობელსა და თხრობაზე, ნაწარმოების ჩარჩოზე (ბახტინის მიხედვით), ჰესეზე გატაცებით და დაწვრილებით გვიყვებოდა, ნაწარმოებებს იხილავდა, გვიხსნიდა მთავარ თემებს, აკავშირებდა მსოფლიო ლიტერატურასთან, როგორც თავად ჰესეს სჩვევია. ამ დროს მათხოვა და წავიკითხე „ნარცისი და გოლდმუნდი“, თქვენი წიგნი, ეს თქვენი საყვარელი წიგნი ასე დაიბადა. წავიკითხე „ზიდჰარტაც“, „ტრამალის მგელიც“, ყველაზე მეტად „ნარცისი და გოლდმუნდი“ იყო ჩემთან ახლოს. უფრო რომანტიკული, უფრო ხელოვანისეული, სულიერი. თარგმნის სურვილი მერე გაჩნდა, თუმცა დავწერე თემა სტუდენტური კონფერენციისათვის: „სონატის“ ფორმა აღნიშნულ ნაწარმოებში, რაც გამარჯვებულ ნაშრომებში აღმოჩნდა, ცხადია, ბ. ბუბას ხელმძღვანელობით. 

ერთი-ორი მისი მონაყოლი მოთხრობასავით, პატარა ნახატივით მახსოვს. 

– ბებიაჩემი ამ ქვეყნიდან რომ მიდიოდა, ისეთი გახარებული და მშვიდი სახე ჰქონდა, დღესაც გაოცებული ვარო, უხაროდა, თქვენ ნუ წუხართ, უფალს უნდა შევხვდეო (მაშინ არც ვიცოდი, რომ იგი უმაღლესი სასულიერო იერარქიული ოჯახიდან ბრძანდებოდა. კალისტრატე ცინცაძის შვილიშვილი გახლდათ). 

– ორი ხანშიშესული მარტოხელა და ერთად ცხოვრობდა ერთ იტალიურ ეზოში მეორე სართულზე კუთხის ბინაში. მათ აივანთან აკაციის ხე იდგა, ფართოდ გაშლილი. ერთხელ უთხრეს, ხის მოჭრა უნდათ, მეზობელს ადგილი სჭირდებაო. ჩვენი ახლობლები არიან, გვირეკავენ, რა ვქნათ, როგორ შევუნარჩუნოთ ხეს სიცოცხლეო. უმაგისოდ ვეღარც ჩვენ გავძლებთო. წარმოიდგინეთ სხვაგან სადმე რომ გადაეყვანათ საცხოვრებლად, ამ ამბავს ესენი როგორ გადაიტანენო, – მოგვმართა ჩვენ. იმის შემდეგ ის ორი და მეორე სართულზე, აივანი, აკაციის ხე, როგორ კარგად მახსოვს. თბილი, მყუდრო, უბერებელი ნახატია... 

* * * 

ერთხელ ბ-ნი ნოდარი სემინარზე იყო ჩვენს ჯგუფში. ლიტერატურის ისტორიაში ზღვა მასალაა და სემინარზე რამდენიმე ირჩევა საფუძვლიანად, რათა შეგვეძლოს შეფასება და განხილვა ნებისმიერი სხვა ლიტერატურული ნაწარმოებისა. 

ბ-ნ ნოდარს უყვარდა გულმოდგინედ ჩაწიკწიკებული, სხვადასხვა ფერებით აღნიშნული ფურცლებიდან ჩვენთვის აკადემიური ლექციის გადმოცემა. მაგიდაზე დასდებდა, სათვალეს გაიკეთებდა, ორივე ხელს ფურცლებს ჩაჭიდებდა და საოცარი, გამჭრიახი, გამჭვირვალე მღერადი ხმით ნელი ტემპით გვიყვებოდა, ისე რომ ჩვენ უნდა მოგვესწრო ჩაწერა, რაკიღა არანაირი წიგნი ქართულად არ არსებობდა. მას კი აკადემიურად ზედმიწევნით ჰქონდა დამუშავებული ლექციების კურსი გერმანული ლიტერატურის ისტორიისა გერმანელი ავტორებისაგან. ერთ-ერთი დიდი წიგნის თხოვების ღირსიც გამხადა, როცა გეორგ ჰაიმის შემოქმედებაზე ვმუშაობდი. სახლამდე მომატანინა, არავინ წაგართვასო. 

იმას ვყვებოდი, ერთ-ერთ ასეთ ლექციაზე ზევით აიხედა, თაბახის ფურცლებზე დიდხანს ყურების შემდეგ, ლექციაზე პატარა შესვენების დროს, მთვარისა (ასე მეძახდნენ მაშინ, თუმცა მარიამად ვიყავი გატარებული) შენ თხის რძით გაიზარდეო, – მკითხა, იქვე დასძინა, მე თხის რძით გავიზარდე და ამბობენ, ყველაზე საუკეთესოა ბავშვისათვის, ნიჭზე აისახებაო. მე უცებ, მართლაც, გამახსენდა ჩემი მშობლების ხშირად ნათქვამი, შენ რომ მოგიყვანეთ კავთისხევში, ბებიდამ ქვემო ხანდაკიდან (ლაშქარაშვილზე იყო მითხოვილი) თხა მოგვიყვანა და დაგვიბა ეზოში, ბავშვს რძე აჭამეთო). 

* * * 

ერთხელ მითხრა, ამდენი წლებია ლექციებს ვკითხულობთ, ვკითხულობთ, ენა ყველას აინტერესებს და ლიტერატურა თითქმის არავისო. 

გასტონ ბუაჩიძემ ჩემი დიპლომის შეფასებაზე თქვა, 40 წელი ასეთი დიპლომი არ დაწერილა. და რა არის აქ საყურადღებო – მან თავისი დამოკიდებულება და შეხედულებები გადმოსცა უბრალოდ, არ საიდან არ გადაიწერაო. იგი ჭეშმარიტი დიპლომიაო. მახსოვს მიხეილ კვესელავა მუდამ გვეხვეწებოდა, თქვენი საკუთარი აზრი და დამოკიდებულება გამოხატეთო. 

* * * 

პატარა აუდიტორიაში ფანჯარასთან რომ ვიჯექი ხოლმე მუდამ, ერთხელ ადგილი შევიცვალე, ბ. ბუბა სულ მე მიყვებოდა ლექციას, ვიფიქრე, იქნებ წინ რომ ვზივარ, მაგის ბრალია-მეთქი, რომ დაიწყო კითხვა, ჩერდებოდა, მე ვხვდებოდი, მაგრამ „გამოცდა“ მოვუწყე, აბა, როგორ წაიკითხავს მეთქი. რამდენჯერმე მომხედა აქეთკენ, მაგრამ მაინც რომ არაფერი გამოუვიდა, მითხრა, ახლა მოდი შენი ადგილი დაიკავე, თორემ ჩავიჭერიო. 

ზოგიერთი თანაკურსელი ჩემზე გაღიზიანებული იყო. რა ვქნა, მათაც ესმინათ, ის ხომ ყველასთვის კითხულობდა. უფროსები ხვდებოდნენ ჩემი ინტერესის სფეროს, რაც დრომაც აჩვენა, ისინი არ შემცდარან. მათი ცოდნა და გამოცდილება აძლევდათ იმის საშუალებას, გამოეცნოთ მსმენელი. 

ერთხელ ლექცია გავაცდინე სერიოზული მიზეზით. ბ-ნი ნოდარი სასტუმრო „საქართველოსთან“ შემხვდა, რატომ არ იყავი ლექციაზე, მე არ ჩავატარე, შევიხედე, და შენ რომ არ იყავი, ბავშვები (სტუდენტები) გავუშვიო. 

ლიტერატურისადმი ჩემმა სიყვარულმა, მართლაც, სერიოზული სახე მიიღო, ტყუილად არ მიხსენებია ჩემი საუკეთესო აკადემიური პროფესიონალი ლექტორები. ცხოვრებასთან უშუალოდ ბევრი ადამიანია შებმული, ბევრმა პროფესია დაივიწყა; ჩემს მაგალითზე ეს არ მოხდა, გამუდმებული შრომის შემდეგ მუსიკასავით მოდის სათქმელი, რომელიც უნდა შეასრულო, ნაგრძნობი უნდა გადმოღვარო, აავსო სიცარიელე, ის სიცარიელე სხვას რომ არარაობა ჰგონია და შენ ამაოებას სძლიე სძლით ზენაარსით, აზრით, რაც მოაქვს მხოლოდ სიყვარულს. 

* * * 

სხვათაშორის, მსმენელზე გამახსენდა, და ჩემი მეგობარი და მე ერთხანს დროის დიდი მანძილზე კონსერვატორიის კონცერტებს ვესწრებოდით და თითქმის არ ვტოვებდით. ორკესტრისათვის მუდმივ ჩატარებულ კონცერტებს ცოტა მსმენელი ჰყავდა, თვით კონსერვატორიიდან, თუ დიდ კონცერტებს არ ჩავთვლით. ჩვენ ალბათ, რაკიღა „იქაურები“ არ ვიყავით, დამახსოვრებულები ვყავდით ორკესტრანტებს. ერთ გაზაფხულზე ზღვაზე გასეირნების შემდეგ პირდაპირ მოგვიწია კონცერტზე მისვლამ, დავიგვიანეთ, მაგრამ ვიფიქრეთ, მეორე მოქმედებაზე მივალთო. ავედით მეორე სართულზე. აქა-იქ ისმის ჩელო-ვიოლინოს ხმა, კონტროლიორებად მაშინ რუსი ქალები იყვნენ, რომლებსაც ძალიან ვუყვარდით და ჩვენდამი ყურადღებით გამოირჩეოდნენ, ორივეს ერთ ბილეთს გვთხოვდნენ შესასვლელად, გვითხრეს, ნუ ჩქარობთ, კონცერტი ჯერ არ დაწყბულაო, და როცა კარი შევაღეთ, სცენის გვერდითა მხრიდან მოგვესმა: начинаем, наконец-то пришли. არც ყურებს ვუჯრებდით და არც თვალებს, ჩუმად, ჩუმად დავსხედით ადგილებზე სადღაც შუაში, გასუსულები... 

როგორც შემდეგ ერთ-ერთი ორკესტრანტისაგან შევიტყვეთ, ერთ-ერთი მუსიკოსი ჩვენ ორივეს საკუთარი ქალიშვილებივით გვიყურებდა, რამეთუ მას ავიაკატასტროფაში დაჰღუპვია ქალიშვილები. 

* * * 

ლექტორები ჩვენი სწავლის დროს გვარებით მოგვმართავდნენ ოფიციალურად, მაგრამ ისინი, ვინც ჩვენს ნიჭსა და შესაძლებლობას ხედავდნენ, – სახელებით, რაც უფრო მეტ სიახლოვეს იწვევდა თუნდაც მეცნიერებისადმი. არ ვიცი, ვთქვა თუ არა, მაგრამ მაინც გავიხსენებ (მხოლოდ იმიტომ, რომ ნიჭი დაფასდეს), რომ თანაკურსელები გერმანულ ენაში მიუხედავად არცთუ დიდი ჯგუფისა, ისეთი სუსტები იყვნენ, გაოცებას ვიყავი. ორი-სამი წლის მანძილზე რომ გერმანულ ენას გვასწავლიდნენ, ის ლექტორები მათ ხანდახან სახელებით მიმართავდნენ, მე კი მუდამ ქსოვრელი ვიყავი. გაირკვევა ეს საიდუმლოება, გამჟღავნდა, ეს სუსტი აბიტურიენტები აღნიშნული ლექტორების კერძო მოწაფეები ყოფილან, რომლებიც მათ დაეხმარნენ. 

მართლა ღვაწლმოსილი და უნიჭიერესი ჩვენი მეცნიერები, სტუდენტებთან დამოკიდებულებაში მუდამ პატიოსნებით იყვნენ განმსჭვალულნი. ისინი ბუნებრივად განათლებულნი იყვნენ და არ იშურებდნენ ენერგიას ჩვენთვის, თუკი დაინახავდნენ მცდელობას მეცნიერებისადმი. მასხოვს ბ. ბუბამ როგორ შეურაცხყოფად მიიღო ერთ-ერთი სტუდენტისაგან მისართმევი საჩუქარი, სწორედ დიპლომის დაწერისას. დიპლომის ხელმძღვანელი სრულიად უანგაროდ ამუშავებდა მას თემაზე. 

ალბათ, გარკვეულწილ, აისახა 80-იან წლებამდე უნივერსიტეტის სწავლების პატარა სფერო, მონაკვეთი, ერთი ადამიანის თვალთახედვით. 

* * * 

ნოდარ კაკაბაძე, რეზო ყარალაშვილი და აი, ნაირა გელაშვილი. მე მათზე უკვე გიამბეთ. ახლა მინდა ქალბატონ ნაირაზე მოგითხროთ. 

მან უშუალოდ ჩაგვახედა ორიგინალურ ნაწარმოებებში, უპირველესად პოეზიაში: ერთხელ დაფაზე დაწერა რილკეს ლექსი: 

“Der Tod ist groß… 

მივხვდი ლიტერატურა რომ უპასუხებდა იმ შეკითხვებს, რაც ადამიანისთვის შინაგანი საიდუმლოებაა და მისთვის აუცილებელია სიმშვიდის მოპოვება ცოდნის საშუალებით. აქ მხედველობაში მისაღებია მაძიებელი ადამიანი, შემოქმედი, მკითხველი. 

ორიგინალში გვაცნობდა ნოვალისს, ჰოლდერლინს, კლაისტს, თანამედროვე, XX საუკუნის გერმანული ლიტერატურის პოეტებსა და მათ პოეტურ შემოქმედებას: გეორგ თრაკლს, ელზე ლასკერ-შულერს... მეგობრობა გაღრმავდა. მის სახლში რამდენიმე ლიტერატურით დაინტერსებული სტუდენტი ვიკრიბებოდით, სადაც ბატონ გივი მარგველაშვილის საოცარი რუდუნებითი შრომის მოწმენი ვიყავით, თავის კედლებწიგნებიან ოთახში წიგნებში თავჩარგული, თუ გამოვიდოდა ჩვენთან, გაგვიცინებდა, დიდი სიხარულით შემოგვეგებებოდა და აუცილებლად გაგვიმასპინძლდებოდა; ჩაი და ყავა აუცილებელი ატრიბუტი გახლდათ ამ ოჯახური, ასე ვიტყოდი, სალონისათვის. მისგან ვიგებდით, ერთი-ორი სიტყვით თუ გვეტყოდა, რა მცდარი იყო გაბატონებული იდეოლოგია. აქვე ვხვდებოდით ხანდახან რეზო ყარალაშვილს. 


მარცხნიდან მარჯვნივ სხედან: რეზო ყარალაშვილი, მისი ვაჟი ოთარ ყარალაშვილი, მარიამ ქსოვრელი, ასმათ ფიცხელაური, ნოდარ კაკაბაძე და სხვები; დგანან: მარჯვნიდან მეორე ნანა სულიაშვილი, მის გვერდით ნაირა გელაშვილი თავის იმდროინდელ სტუდენტ გერმანისტთა ჯგუფთან ერთად 

აქ გავეცანი ბატონ ბეჟან აბაშიძეს, რომელიც რეპრესირებული ოჯახიდან გახლდათ და საოცარ მითოლოგიურ ცოდნას ფლობდა, რომელიც ძალზედ დაგვიახლოვდა ისევ ნაირა გელაშვილის წყალობით, რომელიც თაოსანი იყო ჩვენი ახლომდებარე ეკლესია-მონასტრების ნახვისა და შემოვლისა. ბატონი ბეჟანი აქ ამჟღავნებდა დიდ ქრისტიანულ ცოდნას, რომელიც მინიშნებით, მაგრამ მნიშვნელოვნად გვიყვებოდა საქართველოს ისტორიის ამბებსა და ქრისტიანულ მოღვაწეებზე, მე იგი მესაუბრებოდა არა მარტო აღნიშნულ თემებზე, არამედ ლიტერატურაზეც, აკრძალულზე, მაგალითად, შოთა ჩანტლაძის სახელი მისგან გავიგე, რომელიც მასთან მეგობრობის შესახებ მიყვებოდა. ერთხელ მითხრა, შენ ისე გელაპარაკები ყოველთვის, შენთან ასაკს ვერ ვგრძნობო, ასევე ვიყავი შოთა ჩანტლაძესთანაცო. იგი ფრთხილი, ჩუმი და შთამბეჭდავად მიმზიდველი, თბილი, ქართული სახის კაცი გახლდათ. ერთხელ აღნიშნა, მოვა დრო და მიხვდები, ბიბლიის გარდა სხვა წიგნები აღარ დაგაინტერესებსო. აქ დიდი სიბრძნეა კაცობრიობისო. 


დგანან მარცხნივ: ნანა სულიაშვილი, მარჯვნივ: ბეჟან აბაშიძე და ნოდარ კაკაბაძე; სხედან: მარცხნივ მარიამ ქსოვრელი, ცენტრში: ნაირა გელაშვილი და ასმათ ფიცხელაური 

ამ ოჯახთან ბევრი საინტერესო ადამიანი მეგობრობდა, როგორც აღვნიშნე. აქ გავეცანით ვიტალი დარსანიას, რომელსაც დიდი ინტერესი ჰქონდა ლიტერატურისა და საზოგადოებრივი ცხოვრებისა. მე იშვიათად მინახავს ისეთი სიკეთით სავსე ადამიანი, როგორიც იგი გახლდათ. სიკეთე მას ნასწავლი არ ჰქონდა, არც ესაა ცუდი, მაგრამ იგი თვითნაბადი კეთილშობილი ადამიანი იყო. გაჭირვებულებს აკითხავდა, უნუგეშოდ მყოფებს ნუგეშს აძლევდა, უსიტყვოდ ესარჩლებოდა მართლებს. ხანდახან სხვისი ცხოვრებით ისე დაიტვირთებოდა, რომ საკუთარი ავიწყდებოდა ხოლმე. უნივერსიტეტის დამთავრებისთანავე მასთან ერთად ვიმუშავე ლაო-ძის დაო-დეძინის პწკარედულ თარგმანზე. იგი იმხანად მთარგმნელობით კოლეგიაში მუშაობდა. მე გერმანული ტექსტი მეჭირა, თვითონ ქართულად მართავდა. ლაო-ძის ორი გერმანული თარგმანი გვქონდა ხელთ და ორივე ასე გავაკეთეთ. 

ამ ოჯახშივე გავიცანი ნანა სულიაშვილი, გივი მარგველაშვილის კოლეგა და მეგობარი, ფილოსოფიის ინსტიტუტიდან, ღვთისმეტყველი და ხელოვნებათმცოდნე. იმ დროს ღვთისმეტყველებაში მცირედნი ერკვეოდნენ და არც იყვნენ საჯაროდ გამოჩენილნი, ქართულ ქრისტიანულ ხელოვნებაზეც იგივეს თქმა შეიძლება, მხოლოდ ვიწრო სპეციალურ ფაკულტეტზე თუ შეგეძლოთ რამის გაგება, ჩვენამდე ეს ცოდნა არ მოჰქონდათ. მახსოვს შემდეგ, მოგვიანებით, უნივერსიტეტში დიმიტრი თუმანიშვილმა წაგვიკითხა საჯარო ლექციები ამ თემატიკიდან და აღარ ვიცოდი, რანაირად შემენახა ეს ცოდნა და ინფორმაცია, დიდი დაძაბულობითა და ინტერესით რომ ვისმენდი. 

ერთი სიტყვით, კარგად უნდა გევლო, რომ ცოდნა შეგეძინა, მაგრამ მაინც ვახერხებდი: ხელოვნების მეორადი ფაკულტეტი, გამოფენა-კონცერტები, ოპერა, თეატრი, იმ დროისათვის 70 – 80-იან წლებში თითქმის „აღებული“ მქონდა. 

და მიკვირდა, არავინ აქედან არ მხვდებოდა ტაძარში, სადაც მე საბოლოოდ თავშესაფარს ვეძებდი და ვპოულობდი კიდეც, და ჩემი მიგნება, მადლობა ღმერთს, სწორი და ერთად-ერთი აღმოჩნდა. 

ამ ოჯახის მეგობრები სტუდენტებიდან დავრჩით ასმათ ფიცხელაური და მე, რომლებმაც გავაგრძელეთ ასე თუ ისე ლიტერატურული საქმიანობა, ვინც მე მახსოვს. 

უნივერსიტეტის ლექტორებიდან ცოდნის დიდი სიღრმით, უშუალობითა და ბუნებრიობით, მაგრამ დიდებულებით გამოირჩეოდა ქალბატონი ნათელა ხუციშვილი. იგი სხვებმაც აღნიშნეს, პროფესორის ხარისხში არ იყო, მაგრამ ნამდვილი პროფესორი გახლდათ. გერმანულ ენაში ტექსტებზე გულდასმით გვამუშავებდა, კულტურულ საკითხებზეც გველაპარაკებოდა. მას კონსერვატორიის კონცერტებზეც ვხვდებოდი. მოწიწებით ვიყავი მისდამი, მაგრამ როცა თარგმანები წაიკითხა გერმანული პოეზიიდან, კიდევ უფრო შემიყვარდა და მიმიზიდა. სხვათაშორის, თარგმანის სტილში მასთან მსგავსებასაც ვნახულობ. პირადად მე. ერთად-ერთი გახლდათ, ვინც მუდამ მირეკავდა და მაგებინებდა გოეთეს ლიტერატურული საზოგადოების სხდომების შესახებ. მე კარგა ხანი არ ვესწრებოდი, ასე ვთქვათ, მოწყვეტილი ვიყავი კოლეგიალურ საზოგადოებრივ ცხოვრებას. როცა ჰერმან ჰესეს „ნარცისი და გოლდმუნდის“ თარგმანის პრეზენტაცია მოეწყო გოეთეს ინსტიტუტში, საოცარი დაფასებით (ჰესეს დღეებში იყო ჩართული) მან გულში ჩამიკრა და მხურვალედ მომილოცა. 

P. S. სხვათა შორის, ამ თემებზე საუბარი არც ახლაა უპრობლემო. მიმდინარეობს მისი კრიტიკა და თანაც ცალმხრივი, რადიკალური. ბევრნი ლაპარაკობენ, რომ აკადემიური შეფასებაა ყველაფრისა საჭირო, მაგრამ ეს ცენტრი – აკადემიურად შემფასებელი, უნდა ამოქმედდეს სერიოზულად, რომელიც, ცხადია, თავისუფალ აზრს არ გამორიცხავს, მაგრამ აკადემიური ცვოდნა მარად აკადემიურად რჩება, როგორც დაბადება და გარდაცვალება, რომელსაც მოფრთხილება და პატივისცემა ეგების, რაც კულტურულ ადამიანს, კულტურულ ერს ძალუძს ღვთის განგებით. 

მარიამ ქსოვრელი-ხართიშვილი

 

Saturday, October 1, 2022

ტარიელ ბიბილურის პოეტური კრებულის გამო

დაბადებასა და გარდაცვალებას შორის დროის მონაკვეთს სიცოცხლე ჰქვია, ხოლო გარდაცვალებიდან – მარადიული ცხოვრება. ყველა ადამიანი მეტ-ნაკლებად ხვდება ამ საიდუმლოებას და შესაბამისადაც ცხოვრობს, მაგრამ პოეტი გამორჩეულად აღიქვამს ადამიანის არსებობას და მის დანიშნულებას და სხვისთვისაც საცნაურს ხდის მშვენიერებას: „უფალი სუფევს, შუენიერებაი შეიმოსა, შეიმოსა უფალმან ძალი და გარეშეირტყა; და რამეთუ დაამყარა სოფელი, რაითა არა შეიძრას“ (ფს. 92.1). კულტურათა არსებობის გარეშე ადამიანის ცხოვრება წარმოუდგენელია. 

„არყოფნის შიში 
ვარსკვლავთა შორის 
მოთმინებით მასწავლის ყოფნას“. 

„ვივსები სივრცით 
იდუმალი აუმღვრევლობით; 
ვგრძნობ ყვავილებზე 
დალექილ ცარგვალს“. 

დიახ, ნიჭიერ პოეტს ძალა შესწევს, ჩაწვდეს მარადისობას და მყისიერად შეგრძნებული გადმოსცეს ლექსის ფორმით, რომელსაც ჰაიკუ ჰქვია და აღმოსავლურ ლიტერატურაში დამკვიდრებული ფორმაა. 


ტარიელ ბიბილურის ლექსთა კრებული „მარადისობის წვეთი“ განაპირობებს ზემორე თქმულს. სიფაქიზე, სინატიფე, ლაკონურობა ახასიათებს მის მცირე ზომის ლექსებს, რაც მხოლოდ გრძნობასა და გონებას სულიერი თვალსაწიერით ძალუძს. 

გამოჩენილი გერმანელი ქართველოლოგი ჰაინც ფენრიხი თავის წერილში „ქართული ლიტერატურის ადგილი მსოფლიო ლიტერატურათა შორის“ ერთგან აღნიშნავს, ქართულ ლიტერატურას განუცდია უცხოურ ლიტერატურათა, კერძოდ, აღმოსავლურის გავლენა, მაგრამ იგი თავის წიაღს, თავის ლიტერატურულ ტრადიციას არ ღალატობს, შემოსულ მიმართულებას გადაამუშავებს და ჰქმნის ორიგინალს. 

სწორედ რომ ამ მოვლენასთან გვაქვს საქმე ტარიელ ბიბილურის შემოქმედებაში. აღმოსავლური ფილოსოფიური სიბრძნე მან ქრისტიანული მსოფლმხედველობით განჭვრიტა თავის პაწია, ვიტყოდი, ფრინველებივით, ლექსებში, რომელიც ვარდსურნელოვნებით შემოიჭრება მკითხველის სამყაროში და ჩაგძირავს მდუმარებასა და სილამაზეში, რათა იგრძნო, რომ შენც მარადისობის ნაწილი ხარ და არა ვიღაც დაბნეული მგზავრი სადღაც, ოდესღაც მოარული მავანი. 

წვდება რა მარადიულ ღირებულებებს სერიოზული დამოკიდებულებით, იგი მეტყველებს თითქოსდა პირველქმნილი ზენაარ ქართულით („დაუსრულებელი მისტერია“). იგი ჰბადებს თავად სიტყვებს, რამეთუ ზიარია მარადიულ ფასეულობათა საგანძურისა. ასეთი ამაღლებული განცდით მიწევს გადმოცემა მისი შემოქმედების შესახებ, რადგან დღეს ძნელად შეხვდები პოეტს, ამ სიტყვის ნამდვილი მნიშვნელობით, მაგრამ მადლობა უფალს, რომ იგი არსებობს და კვლავაც შეანჯღრევს მკითხველს, მიაყურადონ გონების თვალი ცხროვრების საზრიანობას და არა რაღაც მიეთ-მოეთებს. 


გადაუჭარბებლად, ჩვენ ვკითხულობთ პოეტის შემოქმედებას. არ ვიტყვი დიდი პოეტია ან ნამდვილი პოეტი, რამეთუ სიტყვაშივე – პოეტი – დევს ეს ორივე ნიშან-თვისება; რაგინდ მატერიალური გახდეს სამყარო, პოეტი მაინც იბადება, რადგან: 

„ჭაობი აძლევს 
სიცოცხლეს ლერწამს, 
რომელსაც ძალუძს 
უნატიფეს ფლეიტად იქცეს“. 

„ვცხოვრობ სიტყვაში 
ისე, როგორც 
დუმლის სახლში“. 

ამბობს იგი, და მახსენდება დიდი გერმანელი პოეტი რაინერ მარია რილკე, რომლისთვისაც საბოლოო თავშესაფარი სიტყვაა. 

პოეტს შეუძლია შინაგანი სუფთა ცხოვრებით გაუძლოს მტანჯველ უღირსობას: 

„შემომაბრუნეს უღირს ქალაქში 
და ტანჯვისა და ურვის სანაცვლოდ, 
ვსწავლობ სინათლის ნამდვილ შეგრძნებას“. 

პოეტს თავისი დანიშნულება გააჩნია. მისი მოქნეული ფრთა აფხიზლებს მკითხველს: 

„თავგანწირულ დელფინთა მსგავსად, 
გამოვირიყე ხრიოკ ნაპირზე, 
რომ შეგახსენოთ არსებობა ზღვისა და სიღრმის“. 

როცა კრებულის შესავალს წაიკითხავ, სარჩევს გადახედავ, შეამჩნევ, რომ პოეტი აღმოსავლური კულტურის მცოდნე და განმცდელია, მაგრამ იგი საკუთარ სათქმელს გეუბნება. სათქმელი ბევრია, მრავალნაირი. 

ის გაჭირვების წლები, რომლებიც ამ ცოტა ხნის წინ ყველამ ერთად გამოვიარეთ, ასეთ სიტყვებში გამოხატა ავტორმა დიდი სიბრალულით: 

„თუ პურს ვიყიდი, 
დღეს მოხუც დედას 
ექიმთან უკვე ვეღარ წავიყვან“. 

მშობლის სიყვარული და იმედი თან ახლავს ჰაიკუს. 

შენს დამჭკნარ ხელებს, 
დედავ, ნუგეშის 
ძალა მაინც აქვთ“. 

აქ მახსენდება რემბრანტის „განათებული“ მოხუცები, რომლებმაც შინაგანად იცხოვრეს და წარმაველს, ჭკნობადს სულიერებით მოერივნენ. აქ თანაც იგი – მოხუცი – დედაა; დედა და და ერთგულება და თავგანწირული მზრუნველობა იმდენად შთამბეჭდავია, რომ მათი სიყვარული მშობლიური ადგილების გარდა, ბუნების წიაღი სხვა ადგილებზეც ვრცელდება. 

მისი ჰაიკუ არის მყისიერი ჭვრეტა, სურათ-ხატის გაჩერება და აზრსავსე. ბავშვებისთვის წარმოსახვითი ცხოვრება ახლოა, რადგან იგინი ახლოს არიან ჭეშმარიტებასთან, უფრო სწორად, ნაწილნი არიან სინამდვილისა: 

„მხოლოდ ბავშვი თუ ეწვევა სტუმრად 
კედელზე ცარცით 
დახატულ ქალაქს“. 

ამ ჰაიკუს წაკითხვის შემდეგ ნიკო სამადაშვილი გამახსენდა საერთოდ. ჩვენი ქართველი ტრადიციული ქრისტიანული პოეტი: 

„ჩიტი ჟღურტულებს 
და უფლის სიტყვას 
პურივით მიყოფს“. 

მისი ჰაიკუები ფიქრს აღგიძრავს, მკითხველს წაგიყვანს სიღრმეში, სადაც არ დაინთქმები, შენც შეეხები მარადიულ სინათლეს და გამოხვალ, შენს თავს წარუდგები, რაც პოეტის, საერთოდ, შემოქმედის დანიშნულებას წარმოადგენს – ჩაგახედოს სარკეში და საკუთარი თავი დაგანახოს, რამეთუ ყოველს საკუთარი გზა აქვს გასავლელი, რაც ამაოებასთან ბრძოლით მოიპოვება. 

„ალბათ არასდროს აღარ ინათლებს, 
თუ არ დავთრგუნავ 
აღმავალ ბნელეთს“. 

აი, იმ თემატიკის მცირე ჩამონათვალი, რაზეც მე შევაჩერე ყურადღება: ნათლის შეცნობა („მიმძიმს ნათელი“), მიწის – ჯვარცმის გავლა, სინანული, სიკვდილის გადალახვა („ცა არის ჩემი“), სიმშვიდის მოპოვება („ხმელი ტოტივით“), სიხარულის გაზიარება, სიცოცხლის სიხარული („პირქუშ ლოდებთან“, „ბეღურასავით“, „გზააბნეული ბავშვის მიერ“), მდუმარების შეგრძნება, სიცოცხლე („ნიადაგ ისე“), სურათები, მოულოდნელობანი („შენ ალბათ“, „ცისმარზე ერთად“). სხვისთვის შეუმჩნეველის აღქმა პოეტის მიერ („ჩემს გულს აფარებს“), მარადიულის ძიება უკვდავ ადამიანში („დღესაც ვერ თმობენ“), წარუშლელი ბავშვობა („თოვლი ვერ ღებავს“), ბუნებასთან მეგობრობა, თანაზიარობა („ქარს მოვუყვები“), ცისა და მიწის ჰარმონიის გრძნობა („მეწამულ ვარდის“), სილამაზის აღქმასთან ერთად წამიერი გადასახლება-სტუმრობა მკითხველისა („ვერავის ვუმხელ“)... 

ჩამონათვალი თქვენც შეგიძლიათ გააგრძელოთ. ეს პაწია წიგნი ალმასებრ ბრწყინავს და იკავებს ქართულ ლიტერატურაში თავის ადგილს, რომელსაც ისევ ჰაინც ფენრიხის სიტყვებით დავასრულებ –ეგების თარგმანები სხვადასხვა ენებზე, რამეთუ მისი კითხვისას მსოფლიოს დიდ ხელოვანთა გახსენებები აღიძვრის... 

წარმატებები ტარიელს მრავალჟამიერ! 

P. S. მისი სახელი ჩვენი სათაყვანებელი პოემის მთავარი გმირისაა, ხოლო მისი გვარი სამეფო კარის მოწინავე რიგებში იდგა. 

მარიამ ქსოვრელი-ხართიშვილი