Thursday, May 18, 2023

ისევ დამატებით წერილზე – „ვერშემდგარი შესაძლებლობების ქვეყანა“

მკითხველმა იცის, რომ 2020 წლის 29 ნოემბერს (29.11.20) ბლოგზე გამოვაქვეყნე წერილი სათაურით „ვერშემდგარი შესაძლებლობების ქვეყანა“, სადაც ვწერდი, რომ საზღვარგარეთის სახელმწიფოთა შეიარაღებული ძალების შესახებ ბლოგზე ატვირთული მაქვს 15 წიგნი, და მომყავდა როგორც მათი ჩამონათვალი, ისე 2020 წლის 30 იანვრის მდგომარეობით მათში მკითხველთა შემოსვლების რაოდენობაც, რომელიც შეადგენდა 11 441 (ამ წლის დასაწყისში, 12 იანვარს, ეს მაჩვენებელი იყო უკვე 14 140). იქვე ჩამოთვლილი მაქვს 600-ზე მეტი წერილი, თარგმნილი ჟურნალ Зарубежное Военное Обозрение-ში 1974 წლიდან გამოქვეყნებული წერილებიდან, და რომლებშიც საზღვარგარეთის ქვეყნების შეიარაღებული ძალების მშენებლობისა და საბრძოლო გამოყენების შესახებ უზარმაზარი საჭირო და სასარგებლო ცოდნაა გადმოცემული. მაგრამ, სამწუხაროდ, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო წლების მანძილზე არ იჩენს დაინტერესებას ჩემი ასეთი მუშაობის დაფინანსებაში, გაწეული შრომის ანაზღაურებაში და, შესაბამისად, ზემოაღნიშნული ცოდნისა და გამოცდილების ქართულ ენაზე გადმოტანასა და ქართველი დაინტერესებული მკითხველისთვის მის მიწოდებაში. 

ამ ბოლო ხანებში ნელ-ნელა დავიწყე კომპიუტერში შეყვანა იმ წერილებისა, რომლებიც ჯერ კიდევ 1991 წლიდან დაწყებული მაქვს თარგმნილი, ანუ დაახლოებით 30 წლის წინ, და ეს წერილები შემდეგია (ფრჩხილებში მოცემულია თითოეული ამ წერილის მოცულობა). 

1970-იანი წლებიდან 

1) აშშ მექანიზებული დივიზიის მარში და შემხვედრი ბრძოლა (11 კომპ. გვ.); 
2) უცხოური არმიების მექანიზებული და მოტოქვეითი ბრიგადები (8); 
3) ამერიკული არმიის ქვეითი და მოტოქვეითი ბატალიონები (10); 
4) აშშ საარმიო კორპუსი შეტევაში (8); 
5) აშშ საარმიო კორპუსის თავდაცვა (8,5); 
6) აშშ საარმიო კორპუსი შეტევაში (8). 

1980-იანი წლებიდან 

1) ჩინეთის ქვეითი დივიზია შეტევაში (5,5 კომპ. გვ.); 
2) საბრძოლო მოქმედებები უზრუნველყოფის ზოლში (6,5); 
3) აშშ ჯავშანსატანკო დივიზია თავდაცვაში (9); 
4) მართვადი რაკეტების „პერშინგი“ 56-ე ბრიგადა (1,5); 
5) აშშ ჯავშანსატანკო დივიზიის მარში და შემხვედრი ბრძოლა (10); 
6) აშშ „მძიმე“ დივიზიების საზენიტო დივიზიონი (10); 
7) აშშ არმიის საველე ლულიანი არტილერიის ბატარეები (5); 
8) აშშ მსუბუქი ქვეითი დივიზიები (8); 
9) აშშ მექანიზებული (ჯავშანსატანკო) დივიზიის საზენიტო დივიზიონის ბატარეები (5,5); 
10) აშშ მექანიზებული (ჯავშანსატანკო) დივიზიის სატანკო და მოტოქვეითი ასეულები (5); 
11) აშშ „მძიმე“ ფორმირებების მოტოქვეითი ბატალიონი (2,5); 
12) აშშ სახმელეთო ჯარების ცალკეული ჯავშანსაკავალერიო პოლკი (8,5); 
13) აშშ „მძიმე“ დივიზიების საველე არტილერია (8); 
14) აშშ მექანიზებული დივიზია ბრძოლის ძირითად სახეობებში (9); 
15) აშშ სატანკო ბატალიონი (2). 

2012 წლის ბოლოდან პერიოდულად მივმართავდი თავდაცვის სამინისტროს წინადადებით, რომ შეექმნა ჩემთვის პირობები ასეთი მუშაობისათვის, მაგრამ ამაოდ. მაგალითად, 2019 წლის 1 ოქტომბერს სამინისტროსგან მივიღე ასეთი წერილი: 

„ბატონო ირაკლი, 

თქვენს მიერ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში წარდგენილი # 39 456 განცხადების პასუხად გაცნობებთ, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო მიესალმება ნებისმიერ ინიციატივას, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს სამხედრო ისტორიის ინტერნეტ სივრცეში პოპულარიზაციას. ამასთანავე გაცნობებთ, რომ მსგავსი ხასიათის ინიციატივების დაფინანსება ან მასზე მომუშავე პირების დასაქმება თავდაცვის სამინისტროში, ამჟამად, არ ხორციელდება. 

რაც შეეხება თავდაცვის სამინისტროში დასაქმებას, აღნიშნული პროცესი, სხვადასხვა ვაკანტურ თანამდებობებზე ღია და გამჭვირვალე კონკურსის წესით ხორციელდება, რომელშიც შესაბამისი მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში, მონაწილეობის მიღება საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ“. 

კი მაგრამ, ზემოთ მოყვანილ 20-ზე მეტ წერილიში სად არის ლაპარაკი „საქართველოს სამხედრო ისტორიაზე“? იქ გადმოცემულია ძირითადად აშშ სახმელეთო ჯარების მშენებლობისა და საბრძოლო გამოყენების თანამედროვე ცოდნა და გამოცდილება, რომელიც სისხლ-ხორცეულად უნდა აინტერესებდეს ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს, თუ ის მართლა ზრუნავს ქვეყნის თავდაცვისათვის, ანუ ასეთი თავდაცვის უნარის მქონე შეიარაღებული ძალების მშენებლობისათვის. სამწუხარო ფაქტია, რომ ასეთი ცოდნა და გამოცდილება ჩვენი ქვეყნის თავდაცვის უწყებას არ აინტერესებს. 

რაც შეეხება თავდაცვის სამინისტროში დასაქმებას, იქ რაიმე თანამდებობაზე გამოცხადებულ კონკურსში მართლაც რომ მიმეთო მონაწილეობა და გამემარჯვა, მაშინ მე ხომ ის საქმე უნდა მეკეთებინა, რასაც ის ვაკანსია ითვალისწინებს და მოითხოვს, და ზემოხსენებული საქმე კი განზე გამეწია, ანუ საზღვარგარეთის სახელმწიფოთა თანამედროვე სამხედრო მშენებლობის შესწავლა ჩვენში ამ ეტაპზე  დ ა ს ა მ ა რ ე ბ უ ლ ი ყ ო.  და რატომ? რას წარმოადგენს ასეთი თავდაცვის სამინისტრო, რომელიც ამ ცოდნასა და გამოცდილებას ასამარებს? და რას იმსახურებს ასეთი თავდაცვის სამინისტრო, თუ არა იმას, რომ თავის თავზე დაიტეხოს ის, რასაც ქვეყანას უკეთებს? 

ქვემოთ მოვიყვან ამონარიდებს წერილიდან „აშშ მექანიზებული დივიზია ბრძოლის ძირითად სახეობებში“, რათა მკითხველმა უფრო მკაფიოდ და ხელშესახებად ის ცოდნა და გამოცდილება, რასაც ჩვენი ქვეყნის თავდაცვის უწყება ასე ჯიუტად უარყოფს. 

„აშშ სახმელეთო ჯარების მშენებლობის პროგრამის „არმია–90“ (1981–1990) ფარგლებში ხორციელდება ინტენსიური კვლევები და პრაქტიკული ღონისძიებანი იარაღისა და საბრძოლო ტექნიკის ახალი და მოდერნიზებული სისტემების შემუშავებისა და შეიარაღებაში მიღებისთვის, სახმელეთო ჯარების ფორმირებათა საორგანიზაციო-საშტატო სტრუქტურის სრულყოფისა და მათი საბრძოლო გამოყენების ოპტიმალური ხერხების ძიებისთვის. 

საორგანიზაციო-საშტატო სტრუქტურის სრულყოფის საფუძვლად დადებულია ამერიკელი სამხედრო სპეციალისტების თეორიული შეხედულებანი მომავალი ომების სავარაუდო ხასიათზე და ამასთან დაკავშირებით აუცილებლობაზე იყოლიონ სახმელეთო ჯარებში „მძიმე“ და „მსუბუქი“ შენაერთები. უცხოურ სამხედრო ბეჭდურ გამოცემებში აღინიშნება, რომ „მძიმე“ დივიზიები (მექანიზებული და ჯავშანსატანკო) განკუთვნილია ძირითადად საარმიო კორპუსის შემადგენლობაში მოქმედებებისთვის ევროპულ ომის თეატრზე, სადაც არსებობს განვითარებული ინფრასტრუქტურა, ხოლო ადგილმდებარეობის პირობები კი იძლევა ღრმად ეშელონირებული მექანიზებული (ჯავშანსატანკო) დაჯგუფებების შექმნის შესაძლებლობას. 

ამერიკული სარდლობის შეხედულებები ზოგადსაჯარისო ოპერაციათა წარმოების ფორმებისა და ხერხების შესახებ ემყარება საველე წესდების FM-105-5 „საბრძოლო მოქმედებათა წარმოება“ და კონცეფციის „საჰაერო-მიწისზედა ოპერაცია (ბრძოლა)“ მოთხოვნებზე. 

თანამედროვე ზოგადსაჯარისო ოპერაცია ითვალისწინებს მოწინააღმდეგის ერთდროულ დაზიანებას მისი ჯარების ოპერატიული მოწყობის მთელ სიღრმეში. ამ მინით პირველ რიგში ამოქმედდება დაზვერვისა და მიზანჩვენების მაღალეფექტური საშუალებები, სროლის დიდი სიშორისა და მაღალი სიზუსტის მქონე მძლავრი საცეცხლე საშუალებები, მართვისა და კავშირგაბმულობის ავტომატიზებული სისტემები, რომლებიც უზრუნველყოფენ საიმედო და მდგრად მართვას, აგრეთვე დროის რეალურ მასშტაბებში მონაცემების გადაცემას. ასეთ პირობებში უდიდეს მნიშვნელობას იძენს ინიციატივა, მოქმედებების სისწრაფე და შეთანხმებულობა. 

საომარ მოქმედებათა თეატრზე (ომთ) ოპერაციების საფუძველია – შეტევითი და თავდაცვითი მოქმედებები. შეტევა, როგორც წესდებებში აღინიშნება, წარმოადგენს ჯარების მოქმედებათა გადამწყვეტ სახეობას, ერთადერთ საშუალებას, რომელიც იძლევა მოწინააღმდეგისათვის თავიანთი ნების თავზე მოხვევის შესაძლებლობას. სტრატეგიული, ოპერატიული და ტაქტიკური ხასიათის მოსაზრებებმა შეიძლება მოითხოვონ თავდაცვითი მოქმედებების წარმოებაც, თუმცა კი მოწინააღმდეგის განადგურება ნებისმიერ დონეზე შეიძლება მიღწეულ იქნას მხოლოდ შეტევაზე გადასვლით. თავდაცვაში კი მოწინააღმდეგისათვის ინიციატივის წართმევა და შენარჩუნება გამოიწვევს შეტევითი მოქმედებების წარმოების აუცილებლობას. თავდაცვა ითვლება მოქმედებათა იძულებით სახეობად. ის გამოიყენება მოწინააღმდეგის ჭარბი ძალების შემოტევის ჩაშლის ან შეჩერებისათვის, დროის მოგების, ადგილმდებარეობის ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი უბნების შენარჩუნების, ძალებისა და საშუალებათა ეკონომიის, მთავარ მიმართულბაზე მოწინააღმდეგეზე უპირატესობის (აღმატების) მიღწევისათვის. 

თანამედროვე ომში საომარ მოქმედებათა განმსაზღვრელ ფორმად ითვლება სტრატეგიული ოპერაცია, რომელიც ითვალისწინებს არმიების ჯგუფებისა და საარმიო კორპუსების ძალებით კერძო ურთიერთდაკავშირებული ოპერაციების, დარტყმებისა და ბრძოლების წარმოებას, ტაქტიკური ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის მოქმედებებს, ზღვისპირა მიმართულებებზე კი სამხედრო-საზღვაო ძალებისაც, რომლებიც (ეს მოქმედებები) ერთიანი ჩანაფიქრით იქნება გაერთიანებული. 

მექანიზებული (ჯავშანსატანკო) დივიზია წარმოადგენს აშშ სახმელეთო ჯარების ძირითად ზოგადსაჯარისო ტაქტიკურ შენაერთს და შედის, როგორც წესი, საარმიო კორპუსის შემადგენლობაში. იგი მოიცავს შტაბსა და საშტაბო ასეულს, ბრიგადების სამ შტაბს, ხუთ მოტოქვეით და ხუთ სატანკო ბატალიონს (ჯავშანსატანკო დივიზიაში შესაბამისად ოთხი და ექვსი), არტილერიას, საარმიო ავიაციის ბრიგადას, საზენიტო დივიზიონს, სამ ბატალიონს (დაზვერვისა და რადიოელექტრონული ბრძოლის /რებ/, კავშირგაბმულობის, საინჟინროს), ზურგის სარდლობას, აგრეთვე ორ ცალკეულ ასეულს (მასობრივი დაზიანების იარაღისგან /მდი/ დაცვისა და სამხედრო პოლიციის). მექანიზებულ (ჯავშანსატანკო) დივიზიაში მოითვლება პირადი შემადგენლობის დაახლოებით 17 000 ადამიანი, 290 (348) ტანკი M1 „აბრამსი“, 270 (216) ქვეითთა საბრძოლო მანქანა (ქსმ) M2 „ბრედლი“, 118 საბრძოლო-სადაზვერო მანქანა M3, /// ჯავშანტრანსპორტერი (ჯტრ) M113A1, 72 155-მმ თვითმავალი ჰაუბიცა M109A2, ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემის (ზცრს) MLRS ცხრა თვითმავალი გასაშვები დანადგარი, 60 (48) ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლქესი (ტსრკ) „თოუ“ M901, ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტების „დრაკონი“ 276 (240) გასაშვები დანადგარი (ტსმრ გდ), 66 106,7-მმ თვითმავალი ნაღმსატყორცნი, 18 საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი (ზრკ) „გაუმჯობესებული ჩაპარელი“, 36 თვითმავალი საზენიტო დანადგარი (თზდ) „ვულკანი“, გადასატანი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის „სტინგერი“ 36 საცეცხლე გათვლა, 127 ვერტმფრენი, მათ შორის 44 საცეცხლე მხარდაჭერისა, სხვადასხვა ტიპის 4000-ზე მეტი ავტომობილი, 5000-ზე მეტი რადიოსადგური“. 

< . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . > 

„დივიზიის  შ ე ტ ე ვ ი ს  წარმოება გაითვალისწინება გადამწყვეტი მიზნებით და მოწინააღმდეგის სრულ განადგურებაზე. შეტევითი მოქმედებების არსს ამერიკელი სამხედრო სპეციალისტები გამოხატავენ შემდეგნაირად: მიყენებულ იქნას მოწინააღმდეგეზე დარტყმა მისთვის მოულოდნელ მიმართულებაზე, დაირღვეს ძალთა ბალანსი, არ მიეცეს მას საშუალება (წარმატების სწრაფად განვითარების ხარჯზე) თავისი ბრძოლისუნარიანობისა და თავდაცვის მთლიანობის აღსადგენად. „საჰაერო-მიწისზედა ოპერაცია (ბრძოლა)“ კონცეფციის შესაბამისად შეტევითი მოქმედებების დროს პირველი რიგის ამოცანას წარმოადგენს მოწინააღმდეგის ღრმა დაზიანება. ის, ტაქტიკური ავიაციისა და საველე არტილერიის ძალებით განხორციელებულ ღრმა საცეცხლე დაზიანებასთან ერთად, მოიცავს საარმიო ავიაციის, საჰაერო-სადესანტო, საჰაერო-საიერიშო და აერომობილურ ფორმირებათა ნაწილებისა და ქვედანაყოფების მოქმედებებს. ძალებსა და საშუალებებს შორის ურთიერთმოქმედება მიმართულია მოწინააღმდეგის საკვანძო ობიექტების ერთდროული დაზიანების მიღწევაზე მისი ჯარების ოპერატიული მოწყობის მთელ სიღრმეში, რაც უზრუნველყოფს მოულოდნელობას, მთავარ მიმართულებაზე ძალებისა და საშუალებების თავმოყრას, მოქმედებათა სისწრაფეს, გადამჭრელობასა და მოქნილობას. 

შეტევაში დივიზიის როლი განისაზღვრება მის წინაშე დასმული ამოცანითა და კორპუსის ოპერატიულ მოწყობაში მისი ადგილით. გაძლიერების ძალებისა და საშუალებათა სახით მან შეიძლება მიიღოს 50-მდე ბირთული საბრძოლო მასალა, ერთი-ორი სადაზვერვო ბატალიონი ცალკული ჯავშანსაკავალერიო პოლკის (ცჯკპ) შემადგენლობიდან, საველე არტილერიის ბრიგადა (155- და 203,2-მმ თვითმავალი ჰაუბიცების ოთხ დივიზიონამდე), სატრანსპორტო-სადესანტო ვერტმფრენების ასეული, ერთი-ორი საინჟინრო ბატალიონი. მოწინააღმდეგის საჰერო დარტყმებისაგან დივიზიის ნაწილებისა და ქვედანაყოფების დასაფარავად მას შეიძლება მიეცეს „გაუმჯობესებული ჰოქების“ საზენიტო დივიზიონი. გარდა ამისა, როგორც ამერიკულ სამხედრო ბეჭდურ გამოცემებში იტყობინებიან, დივიზიის უშუალო საავიაციო მხარდაჭერისათვის ბრძოლის ერთ დღე-ღამეში მას გამოეყოფა ტაქტიკური ავიაციის დახლოებით 100 თვითმფრინავ-გაფრენა, მათ შორის 10–20 დაზვერვის საწარმოებლად. 

მექანიზებული (ჯავშანსატანკო) დივიზია შეტევით მოქმედებებს აწარმოებს საარმიო კორპუსის შემადგენლობაში, იმყოფება რა მის პირველ ან მეორე ეშელონში. ღრმა ეშელონირების შემთხვევაში იგი შეიძლება შედიოდეს ზოგადსაჯარისო რეზერვშიც. უახლოესი ამოცანის შინაარსია – მოწინააღმდეგის თავდაცვის გარღვევა, მისი პირველი ეშელონისა და უახლოესი რეზერვის დამარცხება, 15–20 კმ სიღრმეში მიჯნის (ობიექტის) დაუფლება. საბოლოო ამოცანის მიზანია – პირველი ეშელონის განადგურება, მისი უახლოესი ოპერატიული რეზერვების დამარცხება, 40–70 კმ სიღრმეში მიჯნის (ობიექტის) დაუფლება, ბრძოლაში მეორე ეშელონის (კორპუსის რეზერვების) შემოყვანისათვის პირობების შექმნა. 

ამერიკულ საველე წესდებებში აღინიშნება, რომ დივიზია შეიძლება გადადიოდეს შეტევაზე სვლიდან ან მოწინააღმდეგესთან უშუალო შეხების მდგომარეობიდან. პირველი ხერხის გამოყენება გაითვალისწინება იმ მოწინააღმდეგეზე შეტევისას, რომელიც დაჩქარებით გადავიდა თავდაცვაში. მეორე – შეტევაზე გადასვლისას ძლიერად გამაგრებული თავდაცვის წინააღმდეგ. მექანიზებული (ჯავშანსატანკო) დივიზიის შეტევის ზოლის სიგანე კორპუსის მთავარი დარტყმის მიმართულებაზე შეიძლება შეადგენდეს 20–30 კმ, მეორეხარისხოვანი დარტყმის მიმართულებაზე კი – 40 კმ-მდე. 

როგორც წესი, დივიზია შეიძლება საწყის მიჯნაზე წინ გამოდიოდეს (მისი გაშლა უზრუნველიყოფა ცეცხლით 40–50 წთ-ის განმავლობაში) და ბრძოლაში ებმებოდეს მარშიდან ან გარკვეული მცირე დროით წინასწარ დაკავებული თავმოყრის რაიონიდან, რომელიც მდებარეობს მხარეთა ურთიერთშეხების ხაზიდან 30–80 კმ დაშორებაზე. 

შეტევაში მანევრის ძირითადი ფორმებია – შემოვლა, გარღვევა და ფრონტალური შეტევა. შემოვლა მდგომარეობს ერთდროულად დარტყმის მიყენებაში უკანდახევის აღმკვეთი მიჯნის (ობიექტის) დაუფლების მინით და ფრონტიდან დამხმარე დარტყმისა, დაკავებულ მიჯნებზე მოწინააღმდეგის შებოჭვის მიზნით. ის შეიძლება იყოს ორმაგი, როცა ხდება ორივე ფლანგის შემოვლა ვიწრო ფრონტზე. შემოვლის ნაირსახეობას წარმოადგენს ღრმა შემოვლა (მანევრი უფრო მეტ სიღრმეში და დამხმარე დარტყმის მიმართულებაზე მოქმედ ძალებსა და საშუალებებთან საცეცხლე ურთიერთმოქმედების გარეშე), განხორციელებული მოწინააღმდეგის შებოჭვისა და ალყაში მოქცევის მიზნით. გარღვევა მდგომარეობს მოწინააღმდეგის თავდაცვის შეტეხვაში არტილერიის ცეცხლით, ტაქტიკური და საარმიო ავიაციის დარტყმებით, ბირთვული და ქიმიური იარაღით (მათი გამოყენების შემთხვევაში) ერთდროულად მოტოქვეითი (სატანკო) ნაწილებისა და ქვედანაყოფების შეტევით სიღრმეში და ფლანგების მიმართულებაზე. დივიზიას შეიძლება ენიშნებოდეს გარღვევის უბანი სიგანით 4–6 კმ (საინჟინრო მიმართებით მომზადებული თავდაცვის წინააღმდეგ) ან 10 კმ-მდე სიგანით (დაჩქარებით თავდაცვაში გადასული მოწინააღმდეგის თავდაცვის გასარღვევად). ფრონტალური შეტევა ტარდება მოქმედების ზოლში სუსტი მოწინააღმდეგის წინააღმდეგ, და შეიძლება გამოყენებულ იქნას წარმატების განვითარების, დევნისა და შემოვლის დროს“. 

< . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . > 

„კონკრეტულად შექმნილი ვითარების და მიხედვით დივიზია შეიძლება აწარმოებდეს ორი სახეობის თ ა ვ დ ა ც ვ ა ს – მობილურსა და რაიონის (პოზიციურ) თავდაცვას, რომლებიც ერთმანეთისაგან განსხვავდება მათი წარმოების ხერხებით, ჯარების საბრძოლო რიგების მოწყობით, ადგილმდებარეობის საინჟინრო აღჭურვით და ა. შ. ამა თუ იმ სახეობის არჩევა განისაზღვრება უწინარეს ყოვლისა მიღებული ამოცანით, ძალებისა და საშუალებათა არსებობით, თავდაცვაში გადასვლის პირობებითა და ადგილმდებარეობის ხასიათით. 

ამერიკულ საველე წესდებებში აღინიშნება, რომ მობილური თავდაცვა ითვალისწინებს დივიზიის ძირითადი ძალების უმეტესი ნაწილის გამოყენებას მეორე ეშელონში (რეზერვში). ამასთან ისმება ამოცანა კონტრშეტევაზე გადასვლისა ყველაზე უფრო ხელსაყრელ მომენტში, ყველაზე უფრო მოსახერხებელ და წინასწარ მომზადებულ ადგილას და თავდაცვაში სოლისებურად შემოჭრილი მოწინააღმდეგის განადგურებისა, შექმნიან რა ხელსაყრელ პირობებს შეტევაზე გადასასვლელად. მოცემული სახეობის თავდაცვის ორგანიზებისას ამერიკელი სამხედრო სპეციალისტები რეკომენდაციას იძლევიან იყოლიონ პირველ ეშელონში ძალებისა და საშუალებათა მინიმალური რაოდენობა, რომელთა ძირითადი მიზანია – დროულად გააფთხილონ (შეატყობინონ) შემოტევის შესახებ, აიძულონ მოწინააღმდეგე დროზე ადრე გაიშალოს საბრძოლო რიგებში, შეაჩერონ შემოტევა და მოახდინონ წინასწარ მომზადებულ რაიონში მისი ბლოკირება შენაერთის ძირითადი ძალებით მისი შემდგომი განადგურებისთვის. 

რაიონის (პოზიციური) თავდაცვის მიზანი ტაქტიკური თვალსაზრისით არის მნიშვნელოვანი ობიექტების შენარჩუნება, მოწინააღმდეგისათვის მეწინავე მიჯნებზე მნიშვნელოვანი დაზიანების მიყენება და თავდაცვაში მისი სოლისებურად შემოჭრის არდაშვება. ამ შემთხვევაში პირველ ეშელონში გამოიყოფა ძალებისა და საშუალებათა უმეტესი ნაწილი. თავდაცვის ძირითად რაიონი გულდასმით აღიჭურვება საინჟინრო მიმართებით. მეორე ეშელონი (რეზერვი) ზრდის რა თავდაცვის სიღრმეს, ახდენს შემოჭრილი მოწინააღმდეგის ბლოკირებას და ანადგურებს მას. დივიზიის თავდაცვის ორივე სახეობაში, როგორც წესი, დაინიშნება ზოლი სიგანით 30–60 კმ ფრონტში და 50 კმ და მეტი სიღრმეში. 

თავდაცვის ორგანიზებისათვის იქმნება უზრუნველყოფის ზოლი, თავდაცვის ძირითადი და ზურგის რაიონები. უზრუნველყოფის ზოლი აღიჭურვება (მოეწყობა) კორპუსის ძალებით მოწინააღმდეგესთან უშუალო შეხების არარსებობისას. იგი იწყება თავდაცვის ძირითადი რაიონის წინა ხაზიდან, განფენილია 15–70 კმ სიღრმეში მოწინააღმდეგის მხარეს და მოიცავს დაფარვის ჯარების, საერთო დაცვისა და საბრძოლო დაცვის პოზიციებს. 

დაფარვის ჯარების შემადგენლობაში გამოიყოფა სადაზვერვო ბატალიონები, რომლებსაც ეკისრებათ შემდეგი ამოცანები: მოწინააღმდეგის შეცდომაში შეყვანა თავიანთი ჯარების წინა ხაზის ნამდვილ განლაგებასთან მიმართებაში, მოწინააღმდეგის დაჯგუფებისა და მთავარი დარტყმის მიმართულების გამოვლენა, მისი წინსვლის შეჩერება და დეზორგანიზაცია, დანაკარგების მიყენება და ა. შ. 

საერთო დაცვა წინ იგზავნება დივიზიის მეთაურის განკარგულებით წინა ხაზიდან 8–16 კმ სიშორეზე. ჩვეულებრივ ესაა საბატალიონო ტაქტიკური ჯგუფი. საბრძოლო დაცვა ასევე წინ იგზავნება პირველი ეშელონის ბრიგადებისგან წინა ხაზიდან 1–3 კმ დაშორებაზე, ჩვეულებრივ, თითო ასეულის შემადგენლობით. 

20–30 კმ სიღრმის თავდაცვის ძირითადი რაიონი ეწყობა (აღიჭურვება) თავდაცვის წინა ხაზიდან მის სიღრმეში პირველი ეშელონის ბრიგადების ზურგის საზღვრამდე. მის ფარგლებში, როგორც წესი, იშლება დივიზიის მთავარი ძალები. 

ზურგის რაიონი განლაგდება ძირითადი რაიონის უკან (საერთო სიღრმით 10–15 კმ და მეტი). მასში განთავსდება მეორე ეშელონები, რეზერვები, ზურგის ორგანოები და ადმინისტრაციული სამსახურები. 

ამერიკული სარდლობის შეხედულებების შესაბამისად თავდაცვითი მოქმედებების წარმოება ვარაუდობს მოწინააღმდეგისათვის დაზიანების მიყენებას თავდაცვასთან შორეულ მოსადგომებზე (ღრმა დაზიანება); დაფარვის ჯარების საბრძოლო მოქმედებებს, აგრეთვე საბრძოლო მოქმედებებს თავდაცვის ძირითად რაიონსა და ზურგის რაიონში. 

მექანიზებული (ჯავშანსატანკო) დივიზია აწარმოებს თავდაცვას პირველ ეშელონში (ძირითადი ძალისხმევის თავმოყრის ან სხვა მიმართულებაზე), მოქმედებს მეორე ეშელონში ან ზოგადსაჯარისო რეზერვში. ზოგჯერ საგანგებო პირობებში დივიზია შეიძლება მოქმედებდეს დამოუკიდებელ მიმართულებაზეც. ამის-და მიხედვით საბრძოლო რიგები შეიძლება ეწყობოდეს ერთ ან ორ ეშელონად. ასე, მობილურ თავდაცვაში პირველი ეშელონის ბრიგადებში გამოიყოფა ძალებისა და საშუალებათა უფრო მცირე ნაწილი, უმთავრესად მოტოქვეითი ბატალიონები (საბატალიონო ტაქტიკური ჯგუფების საფუძველი), გაძლიერებულნი მესანგრეთა და სხვა ქვედანაყოფებით, ხოლო მეორე ეშელონის ბრიგადებში – სატანკო. რაიონის თავდაცვის დროს დამახასიათებელია ერთეშელონიანი მოწყობა რეზერვის გამოყოფით, ამასთან სატანკო ბატალიონები შეიძლება ნაწილდებოდეს თითქმის თანაბრად“... 

და ასე შემდეგ. 

აი რისთვის არის საჭირო და რისი მაქნისია ქვეყნის სახმელეთო ჯარები და მთლიანად შეიარაღებული ძალები; და ამ ცოდნისა და გამოცდილების უგულვებელყოფა ხდება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ, შესაბამისად, ჩვენი ქვეყნის თავდაცვის საქმე არის სწორედ იქ, სადაც „სულაც არ არის სასიამოვნო“ და რაც ადვილი მისახვედრია. 

ამის მაჩვენებელი არის კიდევ ის, რომ სტრატეგიული კვლევების ლონდონის საერთაშორისო ინსტიტუტის მონაცემებით, 2000 წელს ფინეთის სახმელეთო ჯარებში ნაჩვენები იყო 26 საბრძოლო ბრიგადა (ორი ჯავშანსატანკო, ათი მექანიზებული ქვეითი და 14 ქვეითი), შვეიცარიის სახელეთო ჯარებში კი – ცხრა საბრძოლო დივიზია (ექვსი მექანიზებული ქვეითი და სამიც სამთოქვეითი /თითოეულ დივიზიაში სამი საბრძოლო ბრიგადა/), პლიუს ხუთი ცალკეული ჯავშანსატანკო ბრიგადა (მთლიანობაში სხვადასხვა ტიპის 32 საბრძოლო ბრიგადა). გარდა ამისა, მათ ჰყავდა მნიშვნელოვანი რიცხოვნებისა და საბრძოლო შემადგენლობის ტერიტორიული თავდაცვის ჯარებიც (შვეიცარიაში, მაგალითად, ოთხი ასეთი დივიზია). და მთელი ეს ძალები და საშუალებანი მათ სჭირდებოდათ საკუთარი თავდაცვისათვის. 

საქართველოში კი ჯერ კიდევ 1990-იანი წლების ბოლოდან ამერიკელი და სხვა ნატო-ელი მრჩევლების მითითებითა და კონტროლით ხდებოდა „მცირერიცხოვანი პროფესიული შეიარაღებული ძალების“ მშენებლობა, რომელსაც, ვითომდაც, ქვეყნის თავდაცვა შეეძლებოდა. და დღესდღეობითაც საქართველოს სახმელეთო ჯარებში მოითვლება სულ ოთხი საბრძოლო ბრიგადა, რომლებსაც არანაირად არ შეუძლიათ ქვეყნის თავდაცვა და მხოლოდ ჩვენს ქვეყანაზე დადებული „ამერიკული თათი“ არ უშვებს სხვა სავარაუდო დამპყრობლებს ჩვენზე სანავარდოდ. „დას ისთ შვაინიშე სიტუაციონ“, მაგრამ რა ვქნათ – რაც არის, ეგ არის. 

ირაკლი ხართიშვილი