(ნაშრომი მომზადებულია ბროქჰაუზ-ეფრონის ენციკლოპედიური ლექსიკონის /ლაიფციგი _ სანკტ-პეტერბურგი/ მასალების მიხედვით; ცალკეულ წერილებში მოყვანილი მითითებანი გულისხმობს ამავე ლექსიკონის ტომებში გამოქვეყნებული კონკრეტული მასალების დამატებით გაცნობას)
_ გერმანელები _ ხალხთა დიდი გადასახლება _ ფრანკთა სახელმწიფო _ არნულფი _ ხაინრიხ I _ ჰაინრიხ II წმინდა _ ჰაინრიხ III _ ჰაინრიხ IV _ ჰაინრიხ V _ ჰაინრიხ IX ამაყი _ ჰაინრიხ ლომი _ ჰაინრიხ VI _ ჰაინრიხ VII გერმანიის მეფე _ შტედინგები _ ჰაინრიხ ტიურინგენელი _ ჰანზა _ ჰაინრიხ VII ლუქსემბურგელი _ ოქროს ბულა _ ვენცესლავი _
1) გერმანელები
გერმანელები _ ტომი, რომელიც შედის ინდოევროპული ოჯახის შემადგენლობაში. გერმანული ტომის მეცნიერულად დადგენილი უძველესი სამშობლო მოიცავდა მდინარეების ელბასა და ოდერის სისტემებს, ე. ი. ახლანდელი გერმანიის ჩრდილოეთ დაბლობი ზოლის უმეტეს ნაწილს, გერმანიისა და ბალტიის ზღვებს შორის ჩრდილოეთში, ტიურინგენვალდსა და ბოჰემიის შემომსაზღვრელ მთაგრეხილებს შორის სამხრეთში. დასავლეთში საზღვარი გადიოდა, სავარაუდოდ, ელბასა და ვეზერს შორის, რადგანაც უკანასკნელი მდინარის ბევრი აღმოსავლური შენაკადი ატარებს აშკარად კელტურ სახელწოდებებს. აღმოსავლეთში იგი აღწევდა ვისლამდე: უკანასკნელი სახელი სავარაუდოდ სლავურ-ლიტვური წარმოშობისაა. გერმანელების უახლოესი მეზობლები დასავლეთსა და სამხრეთში იყვნენ კელტები, აღმოსავლეთში _ სლავიანობალტიელები, რომლებსაც შემდგომში _ მაგრამ ჯერ კიდევ ისტორიულამდელ დროში _ შეუერთდნენ ფინელები ბალტიისპირეთის მხარესა და სამხრეთ სკანდინავიაში. გერმანული ტომის ამ ცენტრალური მდებარეობით აიხსნება გერმანელების ენისა და უძველესი კულტურის ბევრი ფაქტი. ბევრი რამა აქვთ ნასესხები თავიანთ ლექსიკაში სლავებსა და ფინელებს გერმანელებისგან, და პირიქით, თუმცა კი არა ასეთი ძლიერი ზომით, გერმანელებსაც აქვთ ნასესხები ფინელებისგან და სლავებისგან. კელტური სიტყვების სიმრავლე, რომლებიც შედიან გერმანული ლექსიკონის შემადგენლობაში, ამტკიცებს ასევე კელტების ძლიერ კულტურულ გავლენას გერმანელებზე.
სახელდობრ როდის გამოეყვნენ საერთო ინდოევროპულ ოჯახს გერმანელები და როდის დაიკავეს ეს ოლქები, ასევე როგორი იყო ამისთვის მათი წამახალისებელი მიზეზები _ ჩვენ არ ვიცით. პირდაპირი ცნობები გერმანელების შესახებ იწყება მხოლოდ IV საუკუნიდან ქრისტეს შობამდე. ამ დროისთვის გერმანელებმა უკვე მოასწრეს თავიანთი ოლქის საზღვრების გაფართოება დასავლეთში ახლნდელ ჩრდილოეთ ჰოლანდიამდე, სამხრეთსა და სამხრეთ-დასავლეთში _ მაინსა და რაინის შუაწელამდე. IV საუკუნეში კელტ-ვოლკები (volcae), რომლებსაც ეკავათ შუა გერმანიის მაღლობები და მაინის ოლქი, დაიძრნენ სამხრეთისკენ და მათი სამფლობელოები დაიკავეს გერმანელებმა (გათებმა და მარკომანებმა). მოგონება ამ ისტორიამდელი მეზობლების, ვოლკების, შესახებ შენარჩუნებული აქვს ყველა გერმანულ ხალხს სახელწოდებებში, რომლებითაც ისინი აღნიშნავენ ან კელტებს (შეადარეთ ინგლისური Wales, Cornwales), ან რომანელებს, რომლებიც გამოჩნდნენ კელტების მემკვიდრე-მენაცვალეებად (გერმანული welsch = რომანულს, Welschland = იტალიას); იგივე სიტყვა გადმოვიდა გერმანელებისგან სლავებში: ვლახ, ვოლოხ. _ სახელდობრ როდის გადავიდნენ გერმანელები დანიის კუნძულებზე და სკანდინავიაში _ უცნობია.
პირველი ცნობა გერმანელების შესახებ ანტიკურ სამყაროს მოუტანა პითეოსმა, მასილიელმა ბერძენმა დაახლოებით 330 წელს ქრისტეს შობამდე: ახლანდელი გელჰოლანდიური სრუტის ნაპირებზე იგი გაეცნო ტევტონების ხალხს, რომლებიც ორი საუკუნის შემდეგ დაიძრნენ სამხრეთისკენ, კიმბრებთან ერთად. მაგრამ გერმანელების რომთან ჯერ კიდევ ამ პირველ სერიოზულ შეჯახებამდე, ბერძნებმა მოასწრეს გაცნობოდნენ გერმანული ტომის წარმომადგენლებს მოშორებულ აღმოსავლეთში, სახელდობრ ბასტარნებს (იხ. III, 161), რომლებიც 182 წლამდე ცოტა ხნით ადრე დაიძრნენ _ სავარაუდოდ ვისლის შუა- ან ზემოწელიდან სამხრეთისკენ, მაგრამ მალევე შეერწყნენ სარმატებსა და სლავებს, ახლანდელ სამხრეთ რუსეთში. კიმბრებისა და ტევტონების იტალიაზე შემოსევიდან (113-101 წლები ქრისტეს შობამდე) უკვე თითქმის არ წყდება რომაელი და ბერძენი ისტორიკოსების ცნობები გერმანელების შესახებ. იულიუს კეისარმა, როდესაც იპყრობდა გალიას, კარგად გაიცნო გერმანელები, რომლებმაც ამ დროისთვის მოაწრეს გასულიყვნენ რაინის დასავლეთ ნაპირზე. ახალ რომაულ სამფლობელოებზე გალიაში გერმანელების შემოსევის თავიდან ასაცილებლად მან მიმართა რიგ შეტევით ლაშქრობებს რაინის გადაღმა, თანაც ისეთი წარმატებით, რომ შესაძლოა დაბადებულიყო აზრი, რათა დაეპყროთ და რომის ბატონობისთვის დაემორჩილებინათ მთელი „Germania magna“, დიდი გერმანია (როგორც უწოდებდნენ რომაელები ახლანდელ გერმანიას რაინსა და ელბას შორის).
დრუზუსმა, ოქტავიანეს შვილობილმა, გამარჯვებებით მიაღწია ელბამდე. გაჰყავდა რა ყველგან გზები და აგებდა რა სიმაგრეებს. დრუზუსის უღირსი მენაცვალეების (მის შემდეგ მოსული მმართველების; დრუზუსი აღესრულა 9 წელში ქრისტეს შობამდე) მოქმედებების უტაქტო ხასიათმა გერმანელების მხრიდან გამოიწვია აღშფოთება და ამბოხება, რომელსაც სათავეში ედგა ჰერუსის მთავარი არმინიუსი ანუ ჰერმანი, და ამ უკანასკნელმა დაამარცხა (9 წელში ქრსისტეს შობიდან) რომაელი სარდალი ვარუსი (იხ, V,569). არმინიუსის გამარჯვებას აქვს უზარმაზარი მნიშვნელობა გერმანული სამყაროს ისტორიაში: მან იხსნა დასავლეთ გერმანია რომანიზაციისგან, რომელიც უკვე დაწყებული იყო ძალზედ წარმატებით, და სამუდამოდ მოუსპო რომაელებს იმედი ამ ოლქის დაპყრობაზე. გერმანიკუსმა (VIII, 478) მოახერხა რომაული იარაღის ღირსების აღდგენა და შური იძია ჰერუსკებზე (16 წელს); მაგრამ უკვე ტიბერიუსმა სამუდამოდ დაანება თავი გერმანიის დაპყრობის გეგმას. თუ რომაელები შედიან ხოლმე ზოგჯერ გერმანიის მხარეში, ეს ხდება მხოლოდ საკუთარი მიწების დაცვის მიზნით, რომლებიც აღწევდა რაინამდე და დუნაიმდე.
უზარმაზარი სასაზღვრო ხაზის შემცირებისა და გამაგრებისთვის, ტიბერიუსსა და ადრიანეს შორის დროის პერიოდში, შექმნილ იქნა ხელოვნური საზღვარი მიწაყრილისა და სიმაგრეების სახით _ ე. წ. ლიმეს. მისი ორი მთავარი ნაწილი _ დუნაისმიღმა (limes transdanubianus) და რაინსმიღმა (transrhenanus) _ მიემართებოდა არა ორივე მდინარის პარალელურად, არამედ სამხრეთ გერმანიას კვეთდა თითქმის დიაგონალურად სამხრეთ-აღმოსავლეთიდან ჩრდილო-დასავლეთისკენ, ასე რომ ახლანდელი ბავარიის, ვიურთემბერგისა და ბადენის მნიშვნელოვანი ნაწილი აღმოჩნდა მიწაყრილის ამ მხარეს რომაელთა ძალაუფლების ქვეშ. ეს არის ე. წ. agri decumates, რომლებმაც განიცადეს ძლიერი რომაული გავლენა, რადგანაც რომის ძალაუფლების ქვეშ რჩებოდნენ IV საუკუნის დასაწყისამდე. მრავალრიცხოვანი ნანგრევები, ზედაწერილები და არქეოლოგიური აღმოჩენები ახლაც კი მოწმობს რომაელების უწინდელი ბატონობის თაობაზე ამ მხარეებში.
რომაელების გადასვლამ შეტევითი პოლიტიკიდან თავდაცვითზე და ამით გამოწვეულმა მიწაყრილის აგებამ დიდი ხნით შეაჩერა გერმანელების მოძრაობა სამხრეთისა და დასავლეთისკენ. იძულებული შეიქნენ რა დარჩენილიყვნენ თავიანთ უწინდელ საზღვრებში, რომლებიც უკვე დიდი ხანია ვიწრო შეიქმნა მრავალრიცხოვანი მოსახლეობისთვის, ისინი აუცილებლობის-და მიხედვით უნდა გადასულიყვნენ ნიადაგის უფრო ინტენსიურ დამუშავებაზე, ცხოვრების უფრო დამჯდარ წესზე. იულიუს კეისარი იცნობს მათ ჯერ კიდევ ნახევრად მონადირეებსა და ნახევრად მიწათმოქმედებს, რომლებიც ადვილად მომთაბარეობდნენ ერთი ადგილიდან მეორეზე. ტაციტუსის დროის გერმანელები უკვე სავსებით მიწათმოქმედი და ერთ ადგილას დამჯდარი ხალხია. ამის შედეგად განვითარდა და განმტკიცდა ასევე სახელმწიფოებრივი ცხოვრება. წარმოიქმნა ახალი ტომობრივი ჯგუფები ახალი სახელწოდებებით. პლინიუსი და ტაციტუსი გვაძლევენ გერმანული ხალხების განაწილების საკმარისად ნათელ სურათს, თუმცა კი წვრილმანებში ისინი ძალზედ შორდებიან ერთმანეთს. შევადარებთ რა მათ ცნობებს და გავითვალისწინებთ რა უძველესი გერმანული კილოკავების კვლევებით მიღებულ შედეგებს (იხ. ქვემოთ), ჩვენ მივიღებთ, როგორც ყველაზე უფრო სავარაუდოს, გერმანული ხალხებისა და მათი გეოგრაფიული განსახლების შემდეგ სურათს I საუკუნის მიწურულში ქრისტეს შობიდან.
მთელი გერმანელი ხალხები იყოფა სამ დიდ ჯგუფად: დასავლურ, აღმოსავლურ და ჩრდილო ჯგუფებად. დასავლეთგერმანულ ჯგუფს უჭირავს თითქმის მთელი ახლანდელი გერმანია, ჰოლანდია და იუტლანდიის ნახევარკუნძულის ნაწილი. მის შემადგენლობაში შემავალი ხალხები დაკავშიებული არიან საერთო ეთნოგენეტიკური გადმოცემით: ისინი თავიანთ დასაბამს იღებენ ღმერთისგან Tuisco (Tuisto?), რომელსაც ჰყავდა ვაჟიშვილი Mannus (პირველი ადამიანი), რომელსაც, თავის მხრივ, ჰყავდა სამი ვაჟიშვილი, დასავლეთგერმანული ჯგუფის სამი შტოს ფუძემდებლები: ინგევონების, გერმინონებისა და ისტევონების (მათი ეპონიმების სახელები, რომლებსაც აღადგენენ სხვადასხვანაირად, წარმოადგენს, როგორც ჩანს, ღმერთების სახელებს Fro, Zio და Woutan). ინგევონები ცხოვრობენ ოკეანის (ე. ი. გერმანული ზღვის) ნაპირზე; ისინი წარმოადგენენ გვიანდელი „ქვემო-გერმანული“ ტოტის მარცვალს, და მათ შემადგენლობაში შედიან, სხვათა შორის, ფრიზები (ახლანდელ ჩრდილოეთ და შუა ჰოლანდიაში, და აღმოსავლეთში ემსის იქით), ჰაუკები (ასევე გერმანული ზღვის ნაპირზე, ემსსა და ქვემო ელბას შორის), საქსები (ქვემო ელბის მარჯვენა ნაპირზე), ანგლები (საქსებისგან ჩრდილოეთით?).
გერმინონები იკავებენ შუა გერმანულ ზოლს (შემდგომში შუა და ზემო-გერმანელი ხალხები?). მათ შემადგენლობაში შედის სვევების ძლიერი და მძლე ტომი (რომელთა სახელიც შენარჩუნდა შვაბიაში), რომელიც იყოფა ბევრ წვრილ ხალხად, ხოლო ეს უკანასკნელნი ერთმანეთთან დაკავშირებული არიან საერთო რელიგიური კულტით; ამ კულტის ცენტრი იმყოფება ახლანდელ ბრანდენბურგში, სადაც ცხოვრობდნენ სვევები-სემნონები. სვევებს მიეკუთვნებოდნენ, სხვათა შორის, მარკომანები (ბოჰემიაში, რომელიც მათ დაიკავეს I საუკუნის დასაწყისში ქრისტეს შობიდან) და კვადები (ახლანდელ მორავიასა და ჩრდილო-დასავლეთ უნგრეთში), გერმინონების ჯგუფის შემადგენლობაში შედიან კიდევ გერმუნდურები, რომელსაც უკავიათ ვრცელი ოლქი შუა და ზემო მაინსა და შუა ელბას შორის (მათგან შემდეგში გამოვიდნენ ტიურინგები). დაბოლოს, გერმინონულ ხალხებსვე უნდა მოვაკუთვნოთ, ალბათ, ლონგობარდებიც, შუა ელბის მარცხენა ნაპირზე, და ჰერუსკები, ტევტობურგის ტყიდან ჰარცამდე.
ისტევონების სახელწოდება მოიცავდა, სავარაუდოდ, რაინისპირა გერმანელებს, რომელთა შორისაც, როგორც ყველაზე უფრო ძლიერი ხალხი, უნდა აღვნიშნოთ გათები (რაინის მარჯვენა ნაპირზე; გვიანდელი ჰესენელების წინაპრები), უბიები (მთავარი ქალაქი _ ახლანდელი კიოლნი, ძველი Ubiorum civitas, 50 წლიდან ქრისტეს შობის შემდეგ Colonia Agrippnensis) და ბატავები (ქვემო რაინის მიერ წარმოქმნილ კუნძულებზე); აქვე მიეკუთვნება მრავალი წვრილი ხალხი _ ჰამავები, ტუბანტები, ტენკტერები, სიგამბრები, ბრუკტერები, ანგრივარიები და ა. შ. ისინი ყველანი ჩნდებიან ქვემო რაინის მხარეში და შემდგომში შევიდნენ სალიელი და რიპუარელი ფრანკების შემადგენლობაში.
აღმოსავლეთ-გერმანულ ჯგუფს უჭირავს ოლქები ოდერსა და ვისლას შორის, რამდენადმე გადადიან რა პირველი მდინარის დასავლეთ ნაპირზე სამხრეთში და მეორის აღმოსავლეთ ნაპირზე ჩრდილოეთში. მისი უმნიშვნელოვანესი წარმომადგენლებია გოთები (ქვემო ვისლის აღმოსავლეთით დაახლოებით ნემანამდე; ისინი ჯერ კიდევ არ დაშლილან ოსტ- და ვესტგოთებად) და მათი უახლოესი ნათესავები _ გეპიდები (ვისლის შესართავის ახლოს); უკანასკნელთაგან დასავლეთით _ რუგიები (ახლანდელ ზემო პომერანიაში), უფრო სამხრეთით _ ბურგუნდები (შუა ვისლასა და ოდერს შორის, ახლანდელ პოზნანში); კიდევ უფრო სამხრეთით _ ლუგიელი ხალხები, რომლებსაც მიეკუთვნებიან ვანდალები (ახლანდელ სილეზიაში). ამავე აღმოსავლურ ჯგუფს მიეკუთვნებიან, როგორც ჩანს, ბასტარნები (იხ. ზემოთ) და სკირები.
ჩრდილო-გერმანულ ანუ სკანდინავურ ჯგუფს (პლინიუსთან _ Hilleviones) უკავია სკანდინავიის ნახევარკუნძულის სამხრეთ ოლქები (შუა და ჩრდილო ოლქები კიდევ დაკავებული აქვთ ფინელებს), დანიის კუნძულები და ჩრდილოეთ იუტლანდია. მის შემადგენლობაში შედიან გაუტები (სამხრეთ შვედეთში, ამჟამად Götarike; მათ არაფერი საერთო მატერიკის გოთებთან არ გააჩნიათ), სვეები (გაუტების ჩრდილოეთით), დანები (დანიის კუნძულებზე), გერულები (შემდგომში გადასახლებულნი მატერიკზე) და იუტები (?). ამ განლაგებას გერმანელი ხალხები ინარჩუნებენ II საუკუნის მეორე ნახევრამდე, თუ კი არ ჩავთვლით უმნიშვნელო გადაადგილებებს დასავლეთში. სიმაგრეთა ჯაჭვი რაინისპირა და დუნაისპირა ხაზებზე აკავებდა გერმანელ ხალხებს უწინდელ საზღვრებში. მაგრამ მოსახლეობის სწრაფმა ზრდამ, ბოლოს და ბოლოს, აიძულა გერმანელები გაერღვიათ ეს ჯაჭვი. შეტევითი მოძრაობა, რომელიც გრძელდება VI საუკუნის ჩათვლით, ატარებს ხალხთა დიდი გადასახლების სახელწოდებას (იხ. V, 826). მოძრაობის წარმატება უზრუნველყოფილი იყო იმ ცვლილებებით, რომლებიც მოხდა გერმანიის სახელმწიფოებრივ ცხოვრებაში: I საუკუნის წვრილ ხალხთა სიმრავლის ნაცვლად, III საუკუნის დასაწყისისთვის, დასავლეთგერმანულ ჯგუფში ჩვენ ვხვდებით მხოლოდ რამოდენიმე ტომობრივ სახელწოდებას: ალემანებს _ მაინსა და რაინის შუაწელზე (213 წ.-დან), ფრანკებს _ ქვემო რაინზე (დაახლ. 242 წ.), საქსებს, უფრო ფართო მნიშვნელობით (III საუკუნის ბოლოს), ტიურინგებს _ ძველი გერმუნდურების ადგილზე (V საუკუნის დასაწყისში); დაბოლოს, უკანასკნელები გამოდიან ბაიუვარები (ბავარიელები) დუნაის შუაწელზე VI საუკუნის ბოლოს.
დაცალცალკევებისა და დაუსრულებელი დიფერენციაციის პროცესი, რომელიც აუცილებლადაა დაკავშირებული მომთაბარე ცხოვრებასთან გარეთა საზღვრების გაფართოების შესაძლებლობების არსებობისას, შეიცვალა შეერთების, შემჭიდროვების პროცესით. შეერთება (გაერთიანება) _ ეს არ არის შემთხვევითი და ნებისმიერი: გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა უახლოეს მეზობლობასა და ნათესაობას ენისა და რელიგიური კულტის მიხედვით. ძველი ხალხები არ დაღუპულან და არც ახლებისთვის დაუთმიათ ადგილი: ისინი შევიდნენ ახალი ტომობრივი კავშირების შემადგენლობაში, რომლებიც, თუმცა კი, არ წარმოადგენენ ჯერ კიდევ მყარ პოლიტიკურ ერთიანობას, არამედ იმართებიან რიგი დამოუკიდებელი მთავრების მიერ, რომლებიც მხოლოდ ომის დროისთვის ირჩევენ საერთო წინამძღოლს (herizogo = Herzog). რომაელები ხშირად ახერხებენ მტრების კავშირის დარღვევას, დებენ რა მშვიდობას ერთერთ მთავართან და აგრძელებენ ბრძოლას მეორის წინააღმდეგ. ხალხთა დიდი გადასახლება დასრულდა გერმანელების მიერ მთელი დასავლეთ რომაული ოლქების დაკავებით. გერმანული სამყაროს შემდგომი ბედი ეკუთვნის უკვე ცალკეული განკერძოებული ხალხების ისტორიას.
ყველაზე უფრო ფართო გავრცელება გერმანულმა ტომმა მიიღო VI საუკუნის დასაწყისში, როდესაც მის ხელთ აღმოჩნდა მთელი დასავლეთ რომის იმპერია, მისი აფრიკული პროვინციების ჩათვლით. შემდგომში მისი საზღვრები ისევ შევიწროვდა. დღესდღეობით მას მიეკუთვნება ზღვიდან ალპებამდე ცენტრალური ევროპის გარდა, ასევე ჰოლანდია, ინგლისი (უელსის, ირლანდიისა და შოტლანდიის გამოკლებით), დანია და შვედეთი ნორვეგიითურთ. დროის შუალედში ხალხთა დიდი გადასახლებიდან ჩვენს დრომდე ბევრი გერმანული ხალხი უკვალოდ გაქრა ანტიკურ სამყაროსთან ბრძოლაში (მაგალითად, მთელი აღმოსავლეთ გერმანელები), სხვები შეერწყნენ ადგილობრივ უცხო მოსახლეობას (ფრანკები, ახლანდელ საფრანგეთში), მესამენი, ბოლოს კი, ახალ ელემენტებთან შერევით, გარდაიქმნენ ხალხთა ახალ ტიპებად (ინგლისელები).
ზუსტი ცნობები ძველი გერმანელების შინაგანი ყოფის შესახებ იწყება კეისრის დროიდან. უმაღლესი საკანონმდებლო და პოლიტიკური ხელისუფლების მატარებელს ყველგან წარმოადგენს ვეჩე (VII, 697). მის მიერ არჩეული აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები ზოგიერთ (აღმოსავლეთ-გერმანულ) ხალხში უკვე უძველესი დროიდან აღჭურვილი არიან სამეფო ღირსებით. ისინი პასუხს აგებენ ხალხის წინაშე და მათი ძალაუფლება de jure მემკვიდრეობითი არ არის, თუმცა კი იგი რჩებოდა ცნობილ საგვარეულოში, ზოგჯერ კი გადადიოდა მამიდან ვაჟიშვილზეც. ტახტის სწორი მემკვიდრეობის კანონის შექმნის მცდელობა გვხვდება მხოლოდ V საუკუნეში ვანდალებთან. საგვარეულო საწყისი, რომელიც საფუძვლად ედო ძველგერმანულ საზოგადოებრივ და სამხედრო ყოფას, აისახება ხალხის წევრებს შორის მიწის გაყოფის ხერხში (იხ. ზემოთ, გერმანული სამართალი).
გერმანელთა რელიგიური ცხოვრება ეფუძნება იმ საწყისებს, რომლებიც გამომუშავებულ იქნა ჯერ კიდევ ინდოევროპული პრახალხის ნიადაგზე. ამის შედეგად გერმანული მითოლოგიური სისტემის ძირითადი ნიშნები საერთოა ყველა გერმანული ხალხისთვის, რაც აისახება მთავარი ღვთაებების საერთო სახელწოდებებში (დასავლეთ-გერმანული Wodan, Woutan = სკანდინავურ Odinn-ს, დასავლეთგერმანული Zio = სკანდინავურ Tur-ს, დასავლეთგერმანული Fro = სკანდინავურ Freyr-ს და ა. შ.). მაგრამ უკვე უძველეს, ისტორიულამდელ ეპოქაში რელიგიური ცხოვრება ღებულობს დამოუკიდებელ განვითარებას ცალკეულ ხალხებსა და ხალხთა ჯგუფებს შორის (დასავლელი გერმანელების ეთნოგონიკური მითი, ზოგად-სვევური რელიგიური კულტი). ამ განვითარების დაწვრილებითი სურათი ვერ შემოგვინახა ჩვენ ტრადიციამ, სულ მცირე მატერიკის გერმანელებისთვის, რომელთა შორისაც ქრისტიანობა გავრცელდა შედარებით ადრე (III საუკუნიდან), მაშინ როდესაც სკანდინავური ჩრდილოეთის რელიგია, სადაც ქრისტიანობა აღწევს მხოლოდ VIII-IX საუკუნიდან, ჩვენთვის უფრო უკეთესადაა ცნობილი. ძველ-გერმანულ რელიგიურ სარწმუნოებათა შედარებითი შესწავლა ვერ გვაძლევს (ვერ აღწევს) ჯერ ზუსტ შედეგებს.
გერმანელების სახელი უეჭველად კელტური წარმოშობისაა და ნიშნავს „ახლოს მცხოვრებ მეზობლებს“ (გალურ-კიმბრული ger _ მეზობელი); მას კელტები იყენებდნენ თავდაპირველად (ჯერ კიდევ კეისრის ეპოქაში) ზოგიერთი თანამოძმე კელტური ხალხის აღსანიშნავად ქვემო რაინის მარცხენა ნაპირზე. მაგრამ უკვე I საუკუნიდან ქრისტეს შობამდე იგი გადაიტანეს გერმანელებზე ისევე როგორც ჩვენ ეს გვესმის, რის შემდეგაც სიტყვის თავდაპირველი მნიშვნელობა მალევე ქრება. ტაციტუსის ეპოქაში გერმანელების ცნება, ხოლო მასთან ერთად ამ სიტყვის ახალი მნიშვნელობაც, სავსებით უკვე დამკვიდრდა რომაულ ისტორიოგრაფიასა და გეოგრაფიაში. ამ დროიდან გერმანელები უკვე აღარასოდეს არ შეერევიან კელტებს, როგორც ეს ხდებოდა ჯერ კიდევ კიმბრულ-ტევტონური შემოსევის დროს.
თ. ბრაუნი
გერმანელების ზნე-ჩვეულებანი და ადათები
გერმანელების ტანსაცმელი შედგებოდა შალის, ტილოსა და მხეცების ტყავებისგან; მამაკაცები ატარებდნენ მჭიდროდ მომჯდარ ხიფთანს, რომლის ზემოთაც მოისხამდნენ შალის უხეში მატერიის ნაჭერს ან ტყავს. ქალების ტანსაცმელი შედგებოდა უსახელო პერანგისა და ტილოს ლაბადისგან შესაკრავითა და ქამრით. ფეხსაცმელს ხმარობდნენ მხოლოდ მდიდრები. აშენებდნენ ხის სახლებს ჩალის, ლერწმის ან ფიცრის სახურავებით; ისინი განლაგდებოდნენ ჩვეულებრივ სოფლებად; თითოეულ სახლს გარშემო ჰქონდა ეზო ან ბაღი. გვიანდელი ქალაქები წარმოიქმნა ნაწილობრივ რომაული დასახლებებისგან, ნაწილობრივ მცირე ციხესიმაგრეებისგან, რომელთა გარშემოც დროთა განმავლობაში ჩნდებოდა სახლები. გერმანელის ცხოვრება გადიოდა ნადირობასა და ომში; სახლისა და სოფლის სამუშაოები შედიოდა ქალების, მონების, მოხუცების მოვალეობებში, ერთი სიტყვით _ ყველა იმათი, ვისაც არ შეეძლო იარაღის ტარება. გერმანელის ოჯახი მთლიანად დამყარებული იყო ოჯახის მამის, ან უახლოესი სისხლით მონათესავის ძალაუფლებაზე. ბავშვობიდან გერმანელები სხეულს აჩვევდნენ შრომასა და სიძნელეებს (გაჭირვებას). ჭაბუკი სახალხო კრებაზე მამისგან ან ცნობილი ადამიანისგან ღებულობდა თავის პირველ იარაღს, რომელსაც უკვე აღარასოდეს არ შორდებოდა; მაგრამ სრულ მოქალაქეობას იძლეოდა მხოლოდ საკუთრება. ქალი არასდროს არ გამოდიოდა მეურვეობიდან: თავიდან იგი მთლიანად ემორჩილებოდა ოჯახის მეთაურს, ხოლო გათხოვების შემდეგ შედიოდა მეუღლის სრულ განკარგულებაში, რომელიც მისი ნათესავებისგან საქორწინო ძღვენით ყიდულობდა მასზე მეურვეობას.
მაგრამ ქალის მდგომარეობა გერმანელებში იყო საპატიო: ქორწინებას პტივს სცემდნენ როგორც წმინდას, მრავალცოლიანობას ადგილი არ ჰქონია, სიძვა-მრუშობა მკაცრად ისჯებოდა. სახლში სრული დიასახლისი იყო ცოლი, და ქმარი ისმენდა მის რჩევებს. ცოლები ასევე თან ახლდნენ გერმანელებს ომში და არც თუ იშვიათად თავიანთი ყიჟინითა და შეძახილებით აჩერებდნენ გაქცეულებს. „წინსწარმეტყველი“ ქალები უცხადებდნენ ღმერთების ნებას, და გავლენას ახდენდნენ მთელი ხალხის ბედზე. თუმცა ტაციტუსი მიდრეკილია საერთოდ გერმანელების ხასიათის იდეალიზებისკენ, როგორც მაშინდელი რომაელების ზნე-ჩვეულებათა საპირისპიროსი; იგი ადიდებს მათ სტუმართმოყვარეობასა და პატიოსნებას, გულწრფელობას, უბიწოებას, ალალმართლობასა და თავისუფლებისადმი სიყვარულს. ერთი საგვარეულოს წევრები ურთიერთშორის შეადგენდნენ უმჭიდროეს კავშირს: ისინი დაკავშირებული იყვნენ წრიული თავდებობით (ურთიერთ თავდებობით) სასამართლოს წინაშე, სისხლის აღების ადათით ერთმანეთის გულისთვის. სასამართლო მნიშვნელობა ჰქონდა უპირატესად ოლქების კრებებს. სამართალს აწარმოებდნენ ე. წ. სკაბინები, რომლებსაც იქვე ირჩევდა ხალხი თავისი გარემოდან. თავისუფალი გერმანელები არ შეიძლებოდა დასჯილი ყოფილიყვნენ სხეულზე მიყენებადი სასჯელით (გაროზგვა, ასოთა დაკლება). ერთადერთ სასჯელს წარმოადგენდა ფულადი ჯარიმა, რომელთან მიმართებითაც ყველა ნათესავი დაკავშირებული იყო ურთიერთშორის წრიული თავდებობით (იხ. ვერგელდი, VI, 15).
ხალხის დაყოფას მშვიდობიანობის დროს შეესაბამებოდა დაყოფა ომში: აქაც ასევე გერმანელები იბრძოდნენ საგვარეულოების მიხედვით დაყოფილნი. გერმანელების მიწოლა (შეტევა) გამოირჩეოდა სისწრაფით, მაგრამ სუსტ მხარედ მას ახასიათებდა სიმედგრის ნაკლებობა (უკმარისობა). თავდასხმა იწყებოდა ველური საბრძოლო ყიჟინით (barditus), რომელიც თავზარს სცემდა რომაელებს. ბრძოლის ველიდან გაქცევა მოუცილებელ ჩირქს სცხებდა გერმანელს; ამის გამო დამარცხებას ყოველთვის თან ახლდა უზარმაზარი დანაკარგები. მთავარი იარაღი იყო შუბი და მოკლე მახვილი, ზოჯერ მშვილდი და ისრები. ბეგთარი და ჩაფხუტები (მუზარდები) იშვიათობას წარმოადგენდა. მთავარ ძალას წარმოადგენდა ქვეითი ჯარი. მხოლოდ ზოგიერთ ტომში _ ტანკტერებსა და ჰაუქებში _ არსებობდა ცხენოსანი ჯარი. საგანგებო სამხედრო ინსტიტუტს შეადგენდა დრუჟინა (იხ.). ყველა გერმანელი ითვლებოდა თანასწორად ურთიერთ შორის, მაგრამ ეს არ გამორიცხავდა გერმანელებში არცთუ მრავალრიცხოვანი დიდგვაროვნების („Adalinge“ ან „Ethelinge“) არსებობას, რომლებიც თავიანთ გვარს იწყებდნენ მითოლოგიური გმირებისგან და სარგებლობდნენ პატივისცემითა და გავლენით; პოლიტიკური უპირატესობანი მას არ ჰქონია, მაგრამ მეფეები _ სადაც კი ისინი იყვნენ _ ყოველთვის მიეკუთვნებოდნენ ასეთ ცნობილ საგვარეულოს.
გარდა ამისა, გერმანელებს ჰყავდათ ნახევრად თავისუფლების ანუ ლიტების კლასი; ესენი იყვნენ სავარაუდოდ _ დამორჩილებულ უცხოელთა შთამომავლები, რომელთაც არ ჰქონდათ პოლიტიკური უფლებები და არ ფლობდნენ მიწის საკუთრებას, მაგრამ ცნობილი ღალის გადახდის საფასურად სარგებლობდნენ მიწით. იყო ასევე მონების მრავალრიცხოვანი კლასი, შემდგარი სამხედრო ტყვეთაგან; მათ განიხილვდნენ როგორც საგნებს, მაგრამ მათდამი დამოკიდებულება არ იყო მკაცრი; ისინი ჩვეულებრივ ისხდნენ თავიანთი ბატონის მიწაზე, ან შეადგენდნენ მისი სახლის მოსამსახურეებს. ქურუმების განსაკუთრებულ წოდებას, დრუიდების მსგავსად, გერმანელებთან ვერ ვხვდებით. მაგრამ ქურუმები, რომელთა განკარგულებაშიც იყო სამწერლო საქმე (რუნიკული, იხ. რუნები), სარგებლობდნენ დიდი პატივისცემით და გააჩნდათ ფართო სადამსჯელო ძალაუფლება მშვიდობის დამრღვევთა მიმართ, როდესაც მოსალოდნელი იყო სახალხო კრება ან ომი გარეშე მტერთან. გერმანელებში არსებობდა მკითხაობა მსხვერპლად შეწირული ცხოველების შიგნეულობაზე, ფრინველების ფრენაზე, წმინდა ცხენების ჭიხვინზე. ტაძრები და ღმერთების გამოსახულებანი არ ჰქონიათ; წმინდა ჭალებში აღმართავდნენ საკურთხევლებს, რომლებზედაც მიჰქონდათ შესაწირი მსხვერპლი. ხელოვნებანი გერმანელებში იყო ჯერ კიდევ ჩანასახოვან მდგომარეობაში, თუმცა კი პოეზია, მუსიკა და ნაწილობრივ მედიცინაც მათთვის უცხო არ ყოფილა. მათ შორის გავრცელებული ხელობები არ იყო რთული, რადგანაც არც მოთხოვნილებანი და არც ვაჭრობა განვითარებული არ ყოფილა. საიარაღო საქმე და სამჭედლო ხელობა განსაკუთრებით კეთილშობილურად ითვლებოდა. რკინისა და სპილენძის დამუშავების ხელოვნება კარგად იყო ცნობილი. იარაღს არც თუ იშვიათად ფარავდნენ ვერცხლითა და ოქროთი და და რთავდნენ ნაჭდევებითა და ჩუქურთმებით. დანარჩენი ხელობები იყო მონების ხელში. ზოგიერთი ტომისთვის ნაცნობი იყო ზღვაოსნობა. ფულების გამოყენება ცნობილი იყო მხოლოდ რომაელების მეზობელი ხალხებისთვის. რომაელებს, პლინიუსის მოწმობით, გერმანიიდან გაჰქონდათ ტყავები, სპილენძი, ქარვა, ფრთები, ბუმბულები, გაჰყავდათ საქონელი, მონები; შემოჰქონდათ ღვინო, რომლის კეთებაც რაინზე დაიწყეს მხოლოდ იმპერატორ პრობიუსის დროიდან, ტანსაცმელი და ფუფუნების ზოგიერთი საგნები.
ვ. კ.
გერმანელების ენა
ძველი გერმანელების ენის დროის მიხედვით პირველ ნიმუშებს გვაძლევენ ბერძენი და რომაელი მწერლები გერმანელი მთავრებისა და მხედართმთავრების საკუთარი პირადი სახელებით; უძველესები მათგან მიეკუთვნება II საუკუნეს ქრისტეს შობამდე. არც თუ მდიდარ, მაგრამ განსაკუთრებულად ფასეულ მასალას გერმანული ენების უძველესი ისტორიისთვის გვაძლევს რუნული ზედაწერილები (წარწერები; III ან IV საუკუნეებიდან); ესენივე გვაძლევენ სკანდინავური კილო-კავების უძველეს ნიმუშებსაც (V საუკუნიდან). ეპოქას, რომელიც წინ უსწრებდა ჰუნების შემოსევას, მიეკუთვნება დაკავშირებული გერმანული მეტყველების პირველი ძეგლი: წმიდა წერილის თარგმანი გოთურ ენაზე (იხ. ვულფილა, VII, 453). მხოლოდ VII-VIII საუკუნეებიდან იწყება დაკავშირებული ლიტერატურული ტრადიცია მატერიკზე და ანგლოსაქსებს შორის ბრიტანეთში, უფრო მოგვიანებით კი, თუკი არ ჩავთვლით რუნულ ზედაწერილებს, სკანდინაველებს შორისაც. ძველგერმანული კილოკავების შედარებითი შესწავლა შესაძლებლობას გვაძლევს აღვადგინოთ საერთო ნიშნებით პრაგერმანული ენა, ე. ი. ის ენა, რომელზედაც ლაპარაკობდნენ გვიანდელი გერმანული ხალხების წინაპრები იმ ეპოქაში, რომელიც წინ უძღოდა მათ დაყოფას ჯგუფებად და ხალხებად.
უძველესი რუნული ზედაწერილები ხშირად იძლევა ისეთ ფორმებს, რომლებიც ემთხვევა იმათ, რომლებსაც მეცნიერება ვარაუდობს როგორც პრაგერმანულებს. საინტერესოა ამ მიმართებით ასევე სიტყვებიც, რომლებიც უძველეს დროში ისესხეს გერმანელებისგან ფინელებმა. პრაგერმანული ენის როგორც ფონეტიკა, ისე მორფოლოგიაცა და ლექსიკონიც ამტკიცებს უკანასკნელის კუთვნილებას ინდოევროპული ოჯახისადმი. ამ ოჯახის სხვა განშტოებებიდან გერმანულთან ყველაზე უფრო ახლოსაა სლავურ-ლიტვური შტო. თანხვდენები აქ იმდენად მნიშვნელოვანია, რომ მიგვიყვანეს ჰიპოთეზასთან ერთიანი სლავურ-გერმანული პრახალხისა და პრაენის შესახებ (იგი პირველად გამოთქვა Zeuss-მა, მის კვალდაკვალ კი იაკობ გრიმმა, შლაიხერმა და სხვებმა). მაგრამ ეს ჰიპოთეზა კრიტიკას ვერ უძლებს; როგორც ჩანს, თვით ყველაზე უფრო წონადი მისი საფუძვლებიც კი ადვილად აიხსნება მრავალსაუკუნოვანი გეოგრაფიული მეზობლობით და მიგვითითებს მხოლოდ ცოცხალ ურთიერთობაზე გერმანელებისა სლავებთან, უფრო ცოცხალზე, ვიდრე ფინელებთან, კელტებთან და ანტიკურ (რომაულ) სამყაროსთან, კერ კიდევ ისტორიულამდელ დროში.
ბერძნული სიტყვები პრაგერმანულ ენაში ძალზედ ცოტაა, და მათაც შეეძლოთ შეეღწიათ გერმანულ ენაში შედარებით გვიან, გოთების მეშვეობით; ყველა ისინი მიეკუთვნება საეკლესიო სფეროს. გერმანული კილო-კავების ერთობლიობა გამოიყოფა ზოგად-ინდოევროპული ოჯახისგან რიგი ფონეტიკური და მორფოლოგიური სიახლეებით. აქ, სხვათა შორის, კონსონანტიზმის სფეროში მიეკუთვნება ე. წ. პირველი ანუ ზოგადგერმანული თანხმოვნების წყვეტა (შეფერხება) (Lautverschiebung) და პრაინდოევროპული მწყობრი (ნარნარი, წყნრი) და ცხვირისმიერი სონანტების თავისებური ასახვა; მნიშვნელოვან ბგერით ცვლილებებს კვალდაკვალ მოჰყვა აქცენტის გადატანა ყველა სიტყვაში ფუძის მარცვალზე. მორფოლოგიის სფეროში პრაგერმანული ენისთვის დამახასიათებელია ზედსართავი სახელების ე. წ. ძლიერი ბრუნვის განვითარება, ე. წ. ზმნის სუსტი ტიპის წარმოქმნა და სხვა.
ამ ნიშნების გვერდით, რომლებიც საერთოა ყველა გერმანული კილოკავისთვის, უკვე ძალზედ ადრე იბადება უკანასკნელებს შორის ადგილობრივი თავისებურებები, რომლებიც შემდგომში იწვევს პრაგერმანული ენის დაყოფას რიგ დამოუკიდებელ განშტოებებად. ეს დიფერენციაცია მკვეთრ ფორმას ღებულობს დიდი გადასახლების ეპოქაში, როდესაც დასავლეთში წარმოიქმნა ალემანებისა და სხვების ახალი კავშირები. ამ დროის მახლობლობაში გერმანული კილოკავები უკვე დაიყო სამ ნათლად გამოხატულ ჯგუფად: 1) აღმოსავლურად _ გოთების, გეპიდების, ვანდალების, რუგიებისა და სხვა წვრილი ტომების ენები; აქვე მიეკუთვნება ძველი ბურგუნდების ენაც, რომელიც, ამასთანავე, უკვე შეადგენს გადასვლას დასავლეთის ჯგუფისკენ. აღმოსავლურ ჯგუფს ხშირად უწოდებენ ასევე გოთურს ან ვანდალურს; 2) ჩრდილოური ანუ სკანდინავური, რომელიც იყოფა დანიურ, შვედურ და ნორვეგიულ შტოებად (უკანასკნელი ისლანდიურთან ერთად), და 3) დასავლურად, რომელიც, თავის მხრივ, იყოფა ძველზემოგერმნულად (ალემანური, ფრანკული და ა. შ. კილოკავებით), ძველსაქსონურად (რომლისგანაც წარმოიქმნა ახლანდელი ქვემოგერმანული კილოკავები, ე. წ. plattdeutsch), ძველქვემოფრანკულად (რომელიც ნაწილობრივ შევიდა ახლანდელი ჰოლანდიური ენის შემადგენლობაში), ძველფრიზულად (რომელიც ახლა კვდება) და ანგლოსაქსონურად (რომელიც საფუძვლად უდევს ახლანდელ ინგლისურ ენას). ზოგადად ეს დაჯგუფება რჩება ცვლილების გარეშე ახლანდელ დრომდე. ლიტერატურული ენები გერმანულმა სამყარომ გამოიმუშავა შვიდი: გოთური, დანიური, შვედური, ისლანდიური, ზემოგერმანული, ჰოლანდიური და ინგლისური.
(შემდეგ მოყვანილია თემაზე იმ ხანად არსებული ლიტერატურის ჩამონათვალი)
თ. ბრაუნი
2) ხალხთა დიდი გადასახლება
მის დასაწყისს ჩვეულებრივ მიაკუთვნებენ ევროპაში ჰუნების შემოჭრის დროს (დაახლოებით 372 წელს). მაგრამ გერმანული ტომების გადანაცვლებები და ზოგიერთი მათგანის მცდელობები შეეძინათ თავიანთთვის მიწები რომის პროვინციებში დასასახლებლად, დაიწყო გაცილებით უფრო ადრე (კელტების მოძრაობა იტალიისკენ IV საუკუნეში ქრისტეს შობამდე, საბერძნეთისკენ და შემდეგაც, მცირე აზიის ჩათვლით _ III საუკუნეში; კიმბრებისა და ტევტონების შეჭრა იტალიაში II საუკუნეში ქრისტეს შობამდე). მარკომანების ომის დროიდან კი (165-180 წწ. ქრისტეს შობიდან) გერმანელების მიწოლა რომის საზღვრებზე გრძელდებოდა უკვე უწყვეტად მთელი III და IV საუკუნეების განმავლობაში, სანამდე V საუკუნეში მათ არ შეაღწიეს ყველაზე უფრო მოშორებულ პროვინციებში (ესპანეთში და აფრიკაშიც კი), და არ შექმნეს ახალი სახელმწიფოები. მთლიანი ტომების გადაადგილების გამომწვევი მიზეზები მდგომარეობდა სხვა ხალხების მოწოლასა და მიწების უკმარისობაში, მუდმივად მზარდი მოსახლეობისას.
სხვებზე უფრო ადრე გაარღვიეს აღმოსავლეთ რომის საზღვარი და რომის ტერიტორიის ნაწილს დაეუფლნენ ალემანები. ალემანები (ტაციტუსის სემნონები) ადრე ცხოვრობდნენ ბრანდენბურგის მარკაში, შემდეგ გადასახლდნენ სამხრეთ-დასავლეთისკენ, იმპერატორ ავრელიანუსის სიკვდილის შემდეგ (გარდ. 275 წ.) აავსეს რომის Agri decumates (ბადენი და ვიურტემბერგი), მაგრამ იქიდან გამოდევნილ იქნენ პრობიუსის მიერ, რომლის სიკვდილის შემდეგაც ისინი კვლავ, და უკვე საბოლოოდ, დაეუფლნენ ამ ოლქს. V საუკუნეში ალემანელებმა რაინის მარცხენა ნაპირზე დაიპყრეს ელზასი და ჩრდილოეთ შვეიცარია, ხოლო აღმოსავლეთში გავრცელდნენ მდ. ლეხამდე. 496 წელს ისინი დაიმორჩილეს ფრანკებმა.
ჯერ კიდევ ალემანების თავდაპირველ სამშობლოში მათი უახლოესი აღმოსავლელი მეზობლები იყვნენ ბურგუნდები, რომელთაც მაშინ ეკავათ პოზნანი. ალემანების მიერ სამხრეთ-დასავლეთით გადასახლების შემდეგ ბურგუნდები დაიძრნენ იმავე მიმართულებით და დასახლდნენ ზემო მაინსა და პეგნიცში. 413 წელს რომაელებმა დაუთმეს მათ რაინის მარცხენა ნაპირის ნაწილი, ხოლო 443 წელში _ სავოია, საიდანაც ბურგუნდები განსახლდნენ უფრო შორს სამხრეთისა და დასავლეთისკენ, და მდინარეების რონასა და სონას დინებების გაყოლებაზე შექმნეს სამეფო, რომელიც არსებობდა 534 წლამდე, როდესაც მათ დაეუფლნენ ფრანკები (იხ. ეს სიტყვა).
გერმანული ტომების აღმოსავლეთ ჯგუფს მიეკუთვნებოდნენ გოთები, რომლებიც თავდაპირველად ცხოვრობდნენ ვისლას ქვემო წელში, ბალტიის ზღვის ახლოს. მეორე საუკუნის მეორე ნახევარში ისინი თანდათანობით განსახლდნენ სამხრეთ-აღმოსავლეთისკენ შავ ზღვამდე. გოთების ტომი იყოფოდა ორ ნაწილად: ვესტგოთები ცხოვრობდნენ მდინარეების პრუტის, ბუგისა და დნესტრის გაყოლებით, ოსტგოთები _ პირველთაგან უფრო აღმოსავლეთისკენ. დაახლოებით 372 წელს ჰუნების მომთაბარე ველურმა ტომმა დაიმორჩილა ალანები, რომლებიც ცხოვრობდნენ ევროპის უკიდურესი სამხრეთ-აღმოსავლეთის სტეპებში, და უკანასკნელებთან ერთად დაიძრა ოსტგოთების წინააღმდეგ.
ოსტგოთების მეფე გერმანრიხი რომელმაც მანამდე ევროპის აღმოსავლეთში შექმნა ვრცელი სახელმწიფო ზოგიერთი სლავური და ფინური ტომის დამორჩილებით, მოკვდა ჰუნებთან ბრძოლის დროს (373 წ.), და მაშინ ოსტგოთების ნაწილი დაემორჩილა ჰუნებს, ნაწლმა კი დატოვა სამშობლო. ამასობაში ვესტგოთები, რომლებსაც ასევე ემუქრებოდნენ ჰუნები, იმპერატორ ვალენტინუსთან ხელშეკრულებით (იხ. ტ. V, გვ. 409), 376 წელს გადავიდნენ დუნაის გაღმა რომის ნიადაგზე, იმპერიის მოკავშირეების სახით. 401 წელს ალარიხი, რომელიც ამბოხებულმა ვესტგოთებმა გამოაცხადეს მეფედ, ილირიიდნ დაიძრა იტალიაზე და ძლიერად გააჩანაგა იგი. 408 წელს იგი ასევე ჩავიდა იტალიაში, გააჩანაგა იგი, აიღო და დაარბია თავად რომი (410 წ.). მისი სიკვდილის შემდეგ ატაულფმა წაიყვანა ვესტგოთები გალიაში, რომლის ნაწილიც, სახელდობრ აკვიტანია, მათ მიიღეს მფლობელობაში იმპერატორ ჰონორიუსთან ფორმალური ფორმალური ხელშეკრულებით (419 წ.). მოკავშირე ვესტგოთების სახელმწიფოსგან მალევე წარმოიქმნა პირველი დამოუკიდებელი გერმანული სამეფო რომაულ ნიადაგზე. შემდგომში ვესტგოთები დაეუფლნენ მთელ ესპანეთს.
გოთების მეორე შტო, ოსტგოთები, გერულებთან, რუგებთან და გეპიდამებთან ერთად, იმყოფებოდა ჰუნების ძალაუფლების ქვეშ ატილას სიკვდილამდე. 488 წელს ოსტგოთები (რუგებთან ერთად), მეფე თეოდორიხის წინამძღოლობით, დაიძრნენ იტალიისკენ, სადაც გერმანული დაქირავებული ჯარების წინამძღოლმა, ტომით გერულმა ოდოაკრმა 476 წელს შეწყვიტა დასავლეთ რომის იმპერიის არსებობა და შექმნა პირველი ბარბაროსული სამეფო იტალიის ნიადაგზე. 493 წელს ოდოაკრი იძულებული შეიქმნა დანებებოდა ოსტგოთების მეფეს. ნახევარი საუკუნის შემდეგ ოსტგოთების სამეფო დაპყრობილ იქნა იუსტინიანეს სარდლების მიერ.
გოთებთან ერთად ერთ ტომობრივ ჯგუფს მიეკუთვნებოდნენ ვანდალები (იხ. ეს სიტყვა, ტ. V, გვ. 484), რომლებმაც ალანებთან და სვებებთან ერთად დაიკავეს ესპანეთი. ესპანეთიდან ვანდალები 429 წელს გადავიდნენ აფრიკაში, სადაც დააარსეს სამეფო. ამასობაში იტალიაში ბიზანტიელთა მფლობელობა დიდ ხანს არ გაგრძელებულა. 568 წელს ჩავიდნენ იქ ლონგობარდები და თანდათანობით დაიპყრეს ნახევრკუნძულის უმეტესი ნაწილი. ლონგობარდები თავდაპირველად ცხოვრობდნენ გერმანიის ჩრდილოეთში, ვეზერსა და ელბას შორის, შემდეგ გადავიდნენ დუნაის შუაწელზე, სადაც ისინი მონაწილეობდნენ მარკომანულ ომში. მგრამ ოსტგოთების იტალიიდან წასვლის შემდეგ ლონგობარდები ჩავიდნენ პანონიაში, შემდეგ შეუერთდნენ ავარებს, დაამარცხეს გერულები, გაანადგურეს გეპიდების სამეფო და ბოლოს იტალიაში დააარსეს სახელმწიფო, რომელიც არსებობდა კარლოს დიდის მიერ მის დაპყრობამდე. VI საუკუნის დასაწყისში ბ ა ვ ა რ ე ბ ი ს ტომი, რომელიც წრმოსდგებოდა მარკომანებისგან, კვადებისგან და ნორისკებისგან (სავარაუდოდ, აღმოსავლურ გერმანული ტომების ნარევით), ცხოვრობდა ბოჰემიაში და მიეკუთვნებოდა, როგორც ჩანს, ერთ დროს გერულების სამეფოს, გადასახლდა სამხრეთ-დასავლეთით დუნაისპირა ოლქში, რომელიც ახლა მის სახელს ატარებს.
ამასობაში გერმანიის აღმოსავლეთ ნახევარი (ელბამდე), რომელიც მნიშვნელოვნად დაცარიელდა იქ მცხოვრები გერმანული ტომების უმეტესი ნაწილის წასვლასთან ერთად, თანდათანობით დაიკავეს სლავებმა. ჰუნების წასვლის შემდეგ სლავები თანდათანობით გავრცელდნენ მთელ სივრცეზე ოლტადან დონამდე, უფრო იქით ბოჰემიაში, კროაციაში, ბოსნიაში, სერბეთსა და ბალკანეთის ნახევარკუნძულის სხვა ნაწილებში. VII საუკუნეში დუნაის ქვემოწელზე ბულგარელების, ხოლო IX საუკუნეში დუნაის შუაწელის მხარეში უნგრელების გამოჩენით დასრულდა ტომების ასე დიდ ხანს გაგრძელებული გადაადგილება და ევროპამ ეთნოგრაფიულად, მთავარი ნიშნებით, მიიღო ის სახე, რომელსაც იგი წარმოადგენს ამჟამად. უნდა მოვიხსენიოთ კიდევ ნორმანებიც, რომლებიც IX საუკუნიდან ძლიერად აწუხებდნენ დასავლეთ ევროპის ბევრ ნაწილს; მათი თარეშები შეადგენს თითქოს და დიდი გადასახლების უკანასკნელ გამოძახილებს. აღწერილი მოვლენების შედეგად იქცა სხვადასხვანირი ელემენტების (უმთავრესად რომაულისა და გერმანულის) შერევის მეშვეობით, ახალი ხალხების (ფრანგების, იტალიელების, ესპანელებისა და სხვათა), ახალი ენებისა და მანამდე უცნობი პოლიტიკური, საზოგადოებრივი, სამართლებრივი ფორმების წარმოქმნა, რომლებმაც განსაზღვრეს შუა საუკუნეების ევროპის განვითარება.
(შემდეგ ჩამოთვლილია ამ თემაზე არსებული უცხოური და რუსული ლიტერატურა, კერძოდ, რუსულად _ „ხალხების გადასახლების ეპოქა და კაროლინგები“, ს. ე. ეშევსკის თხზულებების მე-2 ნაწილში, მოსკოვი, 1870 წ.)
დიმიტრი კარინსკი
3) ფრანკთა (ფრანკული) სახელმწიფო
ფრანკთა სახელმწიფო წარმოადგენდა ყველაზე უფრო მნიშვნელოვან სახელმწიფოს იმათგან, რომლებიც გერმანელებმა დააარსეს შუა საუკუნეების დასაწყისში. მის ისტორიაში 843 წ.-მდე შეგვიძლია ვანსხვავებდეთ ოთხ პერიოდს: 1) VI ს. ბოლომდე _ მეროვინგების ეპოქის პირველი ნახევარი; 2) VI ს. ბოლოდან კაროლინგების მიერ ძალაუფლების ხელში ჩაგდებამდე _ არისტოკრატიის ზრდის, მაიორდომების გაძლიერებისა და მეროვინგების ხელისუფლების დაქვეითების ეპოქა; 3) კაროლინგური აღორძინება (კარლოს დიდის სიკვდილამდე) და 4) ფრაკნული სახელმწიფოს საბოლოოდ დაშლა.
ფრანკული სახელმწიფო გაიზარდა სალიური ფრანკების პატარა სამეფოდან, რომელშიც მმართველობდა მეროვინგების დინასტია. V ს. პირველ ნახევარში, მეფე ხლოდიოს (იხ.) დროს სალიურმა ფრანკებმა დაიპყრეს რომაული მიწები მდ. სომამდე. ხლოდიოს სიკვდილის შემდეგ მათ შორის დაიწყო დავები. ერთ დროს მეფედ იყო, როგორც ჩანს, მეროვიგი, შემდეგ ჰილდერიხ I. ჰილდერიხის ვაჟიშვილი იყო სახელგანთქმული ხლოდვიგ I, რომლის დროსაც აღსრულდა მთელი ფრანკების პოლიტიკური გაერთიანება, ფრანკული სახელმწიფო ძალზედ გაფართოვდა და შეიძინა მსოფლიო-ისტორიული მნიშვნელობა. ხლოდვიგის გამარჯვებებმა სიაგრიუსზე (იხ.), ალემანებზე, ვესტგოთებზე, მის მიერ სხვა მეფეების ამოწყვეტამ, რომლებიც მართავდნენ სალიური და რიპუარული ფრანკების ცალკეულ ჯგუფებს, გადააქციეს იგი ვრცელი ტერიტორიის ხელმწიფედ. ასე იქნა დადებული მყარი საფუძველი ფრანკული სახელმწიფოსთვის. პირდაპირი მოწმობების სიმწირე არასაკმარისად აშუქებს რამდენიმე ძალზედ მნიშვნელოვან საკითხს, რომლებიც დაკავშირებულია გალიაში ფრანკების დამკვიდრებასთან. პირველი მათგანი მდგომარეობს იმაში, თან ახლდა თუ არა ფრანკების დაპყრობებს გალიაში იქაური მოსახლეობისთვის მიწების ჩამორთმევა და დამპყრობლებისთვის მათი დარიგება, და შემდეგ, მიწათმფლობელობის როგორი ფორმები დამკვიდრდა ფანკებში მათ მიერ რომაული მიწების დაკავების მერე. ამ საკითხის სწორად გადაწყვეტისთვის გვიხდება ვანსხვავებდეთ ფრანკული დაპყრობებისა და გალიის ტერიტორიაზე განსახლების ორ ეპოქას.
პირველი მოიცავს დროს III ს.-დან ხლოდვიგის დაპყრობებამდე; ეს არის ფრანკების (სალიურისა და რიპუარულის) ნელი, მაგრამ მყარი, მტკიცე დამკვიდრების დრო რაინის მიმდებარე რომაულ ოლქებში. რბევა-გაჩანაგებებს, რომლებიც გამოწვეული იყო ფრანკების განუწყვეტელი შემოჭრებით, დაწყებული III ს. მეორე ნახევრიდან, შედეგად უნდა მოჰყოლოდა სასაზღვრო ოლქების გაუკაცურება; გაჩნდა ბევრი ცარიელი მიწა, რომლებზედაც უკვე რომის იმპერატორებმა, დაწყებული პრობიუსიდან (იხ. ფრანკები), დაიწყეს ფრანკების დასახლება ლეტებისა (იხ.) და ფედერატების სახით. როდესაც ეს ოლქები დაპყრობილ იქნა ფრანკების მიერ, მათ მიიღეს შესაძლებლობა დასახლებულიყვნენ აქ დიდი მასებით, რის შედეგადაც ამ მიწებმა ჩვენს დრომდე შეინარჩუნეს გერმანული მოსახლეობა. აქ ფრანკებს შორის შედარებით დიდხანს შეიძლებოდა შენარჩუნებულიყო გერმანული აგრარული წესებიც. ფრანკები აქ სახლდებოდნენ უმეტეს ნაწილად სოფლებად; მათ შორის გაბატონებული იყო უმეტეს ნაწილად სათემო მიწათმფლობელობა (არსებობდა „მარკები“); „მეზობლები“ (ე. ი. იმავე თემის წევრები) მემკვიდრეობით ღებულობდნენ იმ თავიანთი თანაწევრების მიწებს, რომლებიც ისე კვდებოდნენ, რომ ვერ ტოვებდნენ მამაკაცური ხაზის უახლოეს ნათესავებს. თუმცა კი ამ წესებმა მალე დაიწყო გახრწნა და უკვე ჰილპერიხ I-ის ედიქტი ძალზედ ზღუდავს თემის მემკვიდრეობით უფლებებს, უშვებს რა მიწის მემკვიდრეობით გადასვლას ნათესავებზეც ქალური ხაზით.
ამრიგად, ფრანკების დაპყრობებს რაინის უახლოესი ოლქებისა თან ახლდა მიწების ხელში ჩაგდება ფრანკი ხალხის მხრიდან და მიწასთან დაკავშირებული წესების მნიშვნელოვანი შეცვლაც; მაგრამ ეს მიწების ხელში ჩაგდება ძნელად თუ იქნებოდა მეტად საგრძნობი ამ ოლქების ადგილობრივი მოსახლეობისთვის, მათი წინასწარ დაცარიელების გამო. როგორც ჩანს, სრულიად სხვა ხასიათი ჰქონდა უფრო გვიანდელ დაპყრობებს, რომლებმაც რამდენიმე წელიწადში ფართოდ გადასწიეს ფრანკთა სამეფოს საზღვრები. ესენი წარმოადგენდა არა ფრანკთა ტომის საქმეს, არამედ ხლოდვიგისა, რომელმაც აღასრულა ისინი არა ფრანკი ხალხის ინტერესების წარმომადგენლის სახით, არამედ პირადად თავისთვის. ამ გვიანდელ დაპყრობებს თან ახლდა მთავრობის შეცვლა, ხლოდვიგის ხელში აგდებდა უწინდელ სახელმწიფო მიწებსა და მიტოვებულ, უპატრონო მიწებს, მაგრამ მათ თან არ ახლდა, როგორც ჩანს, მოსახლეობის ექსპროპრიაცია (მიტაცებათა ცალკეული შემთხვევები, რა თქმა უნდა, ამით არ გამოირიცხება). სიაგრიუსზე გამარჯვების შემდეგ დაპყრობილ ოლქებში ხლოდვიგმა მიიღო მხოლოდ ის ხელისუფლება, რომლითაც მანამდე სარგებლობდა სიაგრიუსი, ხოლო როდესაც იმპერატორმა გამოუგზავნა მას დიპლომი კონსულობაზე, ხლოდვიგს შეეძლო რომაული მოსახლეობის თვალში გამხდარიყო იმპერატორის ხელისუფლების ერთგვარად კანონიერი წარმომადგენელი, მისი რწმუნებული. ის რომ ადგილობრივ მოსახლეობაში არსებობს ასეთი შეხედულება ფრანკთა მეფეების ხელისუფლებაზე და რომ თავად ფრანკთა პირველი მეფეებიც გალიაზე თავიანთ ძალაუფლებაში ხედავდნენ თითქოსდა საიმპერატორო ხელისუფლების დელეგირებას _ ეს მტკიცდება მონეტებით, რომლებსაც დიდ ხანს ჭრიდნენ ფრანკი მეფეები იმპერატორების გამოსახულებით (ანასტასიდან ჰერაკლემდე), თუმცა კი უკვე VI ს. ნახევრიდან იმპერატორის გამოსახულება ხშირად იცვლება ფრანკთა მეფის გამოსახულებითა და მისი სახელით. იმპერატორების გამოსახულება საბოლოოდ ქრება ფრანკული მონეტებიდან 613 წ.
ასეთი ზედაპირული დაპყრობა თავდაპირველად ძალზედ ცოტად ცვლიდა მანამდე არსებულ მდგომარეობას. ხლოდვიგის დროს დაპყრობილ უწინდელ რომაულ პროვინციებში, შენარჩუნებულ იქნა რომაული მოსახლეობა, რომლის მდიდარმა წარმომადგენლებმაც (სენატორთა საგვარეულოებმა) შეინარჩუნეს თავიანთი მიწები და გავლენიანი მდგომარეობა საზოგადოებაში. და დაპყრობის შემდეგაც მათ უჭირავთ ძალზედ შემოსავლიანი მიწების უმეტესი ნაწილი, რომლებიც აძლევდა საეპისკოპოსო კათედრების ვრცელ ძალაუფლებას, ღებულობენ სასახლის კარის, სამხედრო და ადმინისტრაციულ თანამდებობებს. ასე, მეფეების ზიგბერტ I-ისა და გონტრანის საუკეთესო მხედართმთავარი იყო რომაელი, პატრიციუსი მუმონი, და ასეთი მაგალითების მოყვანა ძალიან ბევრისა შეიძლება. რომაულ სოციალურ წყობილებასთან ერთად დაპყრობის შემდეგ შენარჩუნებულ იქნა რომაული ფინანსური სისტემა, რომაული სამართალი (რომაელების მიმართ გამოსაყენებლად) და რომაული ადმინისტრაციული წყობილება, ზოგიერთი ცვლილებით: ადმინისტრაციაში მთავარი როლი უკვე ეკუთვნოდათ გრაფებს, რომლებიც მართავდნენ საგრაფოებს _ ოლქებს, რომლებიც უმეტეს წილად ემთხვეოდა რომაულ civitat-ებს (საქალაქო ოლქებს). გრაფებზე უფრო მაღლა იდგნენ ჰერცოგები, მაგრამ საჰერცოგო ხლისუფლება არ ყოფილა სწორად, მუდმივად მოქმედი ინსტიტუტი: მას ჰქონდა უწინარეს ყოვლისა საგანგებო სამხედრო უფლებამოსილების ხასიათი. საჰერცოგობის საზღვრები ხშირად იცვლებოდა; ზოგიერთ ადგილებში ჰერცოგების ძალაუფლება ხან ჩნდებოდა და ხანაც ისევ ქრებოდა. განსაკუთრებული მნიშვნელობა მიიღეს ტიურინგიის, ალემანიის, ბავარიისა და აკვიტანიის ჰერცოგებმა (იხ. ქვემოთ). ეკლესიამ შეინარჩუნა სავსებით უწინდელი წყობილება და თავის წიაღში მიიღო ფრანკებიც, მას შემდეგ რაც ხლოდვიგი თავადაც მოინათლა და თავისი ხალხიც მოანათვლინა. ფრანკებსა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის არ ყოფილა ის რელიგიური მტრობა, რომელიც ასუსტებდა არიანელი გერმანელების მიერ დაარსებულ სხვა სამეფოებს (ბურგუნდიისას, ვესტგოთურისას და სხვა).
ფრანკების ცხოვრების შეყვანა რომაულ ფორმებში შეუძლებელი იყო; მათთან მიმართებით მოქმედებდა მათი უწინდელი ფრანკული სამართალი, რომელიც ჩაწერილ იქნა და განიცადა გადამუშავებაც (იხ. სალიური სიმართლე და რიპუარული სიმართლე). ფრანკების მიერ დაპყრობილი სხვა გერმანული ტომებიც (ალემანები, ფრიზები, ბავარები) ასევე ინარჩუნებდნენ თავიანთ სამართალს, და გარკვეული გაერთიანება სამართლის სფეროში მიღწეულ იქნა მხოლოდ VII-VIII სს. განმავლობაში. ხლოდვიგის დაპყრობები ხელს უწყობდა ფრანკებს შორის უძველესი გერმანული წესების გახრწნას; მათ დაუმორჩილეს ფრანკთა მეფეს მასა რომაული მოსახლეობისა, მას განკარგულებაში მისცეს უზარმაზარი მიწის ფონდი, მნიშვნელოვანი ფულადი და სამხედრო ძალები (რომაელებს ფრანკებთან ერთად ევალებოდათ სამხედრო სამსახური). აქედან იყო სამეფო ხელისუფლების სრულიად განსხვავებული მითითება (მდგომარეობა) რომელიც გაძლიერდა და სრულიად დამოუკიდებელი გახდა ფრანკი ხალხისგან. VI ს.-ში მეროვინგები გამოდიან აბსოლუტურ ხელმწიფეებად, რომლებიც მართავენ სახელმწიფოს თავიანთ ინტერესებში და თავიანთი რისკითა და შიშით. ისინი უყურებენ თავიანთ ხელისუფლებას, როგორც პირად და საგვარეულო მონაპოვარს, და ამ შეხედულებას სახელმწიფო მიჰყავს დანაწილებამდე ხელმწიფეთა ვაჟიშვილებს შორის. მეფის ხელისუფლების უწინდელი გერმანული შეზღუდვები _ არჩევითა და ვეჩეს (სახალხო კრების) ჩარევით უმნიშვნელოვანეს საქმეებში _ კარგავენ ძალას. ვეჩეს არ შეეძლო მოქმედება ახალ პირობებში: უკვე სახელმწიფოს ტერიტორიის თავად უზარმაზარობა წარმოადგენდა ძლიერ დაბრკოლებას ვეჩეს ფუნქციონირებისთვის. მისი როლი გახდა იმდენად უმნიშვნელო, რომ მეცნიერებს შორის კამათიც კი მიდის იმის შესახებ, არსებობდა თუ არა იგი VI ს.-ში (ფიუსტელ-დე-კულანჟი პირდაპირ უარყოფს ამას). მაგრამ, საერთო სახალხო კრებების გაქრობით არ გამოირიცხებოდა ხალხის ყველანაირი მონაწილეობა საზოგადოებრივ საქმეებში; წვრილ ადმინისტრაციულ დანაყოფებში _ ასეულებში, რომლებადაც იყოფოდა საგრაფოები, ხალხის მონაწილეობა სასამართლო შეკრებებში გრძელდება კაროლინგების ეპოქამდე, როდესაც მიმართეს საერთო კრებების აღორძინების მცდელობასაც. ასეთ პირობებში მოუხდათ მოქმედება პირველ მეროვინგებს.
როდესაც გარდაიცვალა ხლოდვიგი (511), სახელმწიფო ურთიერთ შორის გაიყო მისმა ოთხმა ვაჟიშვილმა: თეოდორიხმა მიიღო ავსტრაზია და მიწის ნაჭერი სამხრეთში, ხლოდომერმა _ ქვეყანა ლუარის სამხრეთით (აკვიტანია, ტური და პუატიე, დედაქალაქით ორლეანში), ჰილდებერტმა _ მიწები სენას, ლუარასა და ზღვას შორის, დედაქალაქით პარიზში, ხლოტარ I-მა (ხლოტახარმა) _ ქვეყანა სომას, მაასსა და ზღვას შორის (დედაქალაქი სუასონში). ამ განაწილებისას, აშკარაა, რომ მოქმედებდა კერძო-სამართლებრივი თვალსაზრისი, რომლით ხელმძღვანელობისას მეფე ცდილობდა ყველა შვილისთვის მიეცა შეძლებისდაგვარად ერთნაირი წილი. გაყოფებმა და მათით განპირობებულმა თითოეული მეფის მისწრაფებამ გაეფართოვებინა თავისი წილი სხვების ხარჯზე, მეფე-ბარბაროსების ზნეობის დაბალ დონესთან ერთად, მიიყვანეს საქმე განუწყვეტელ ურთიერთ ომებამდე, რომლებსაც ზოგჯერ თან ახლდა მხეცური დანაშაულებანი. თუმცა კი გარეშე მტრების წინააღმდეგ თანამემკვიდრენი ხშირად მოქმედებდნენ ერთად, და ამან, მეზობლების სისუსტესთან ერთად, ხლოდვიგის უახლოეს მენაცვალეებს საშუალება მისცა კიდევ უფრო გაეფართოვებინათ ფრანკთა სახელმწიფო. ასე, თეოდორიხმა შეიძინა სამხრეთ-დასავლეთ ტიურინგია; ხლოტარმა და ჰილდებერტ I-მა დაიპყრეს ბურგუდია და გაინაწილეს ურთიერთშორის. ხლოდომერი ამ დროს უკვე ცოცხალი აღარ იყო; მისი ვაჟიშვილებიდან ორი მოკლული ჰყავდა ხლოტარს, მესამემ მიიღო სასულიერო წოდება, ხლოდომერის მიწები კი ურთიერთშორის გაიყვეს ხლოტარმა და ჰილდებერტმა.
თეოდორიხის სიკვდილის შემდეგ (533) ავსტრაზია მიიღო მისმა ვაჟიშვილმა თეოდებერტმა. ამ დროს იტალიაში მიმდინარე ბრძოლამ ოსტგოთებსა და იმპერიას შორის ფრანკებს მისცა ოსტგოთების კუთვნილი პროვანსის დაპყრობის საშუალება, რომელიც ასევე გაყოფილ იქნა ხლოტარსა და ჰილდებერტს შორის. თეოდებერტს ოსტგოთებმა დაუთმეს ალემანები, რომლებიც ცხოვრობდნენ რეტიაში, რის შემდეგაც მთელი ეს ტომი შედიოდა ფრანკთა სახელმწიფოს შემადგენლობაში. თეოდებერტი იტალიურ საქმეებშიც კი ჩაერია და თავისი რაზმები შეიყვანა ჩრდილოეთ იტალიაში, მაგრამ მისი სიკვდილის შემდეგ, მისი ვაჟიშვილის თეოდებალდის დროს (548-555), ფრანკებს მოუხდათ იტალიის დაცლა. თეოდებალდისა და ჰილდებერტის სიკვდილის შემდეგ მათი სამფლობელოები გადავიდა ხლოტარ I-თან, რომელმაც ასეთნაირად აღადგინა ერთხელისუფლებიანობა. მაგრამ ერთხელისუფლებიანობა მაშინდელ ფრანკულ სახელმწიფოში იყო არა სისტემა, არამედ შემთხვევითი ფაქტი; ხლოტარის სიკვდილის შემდეგ (561) კვლავ მოხდა დაქუცმაცება. მისმა ოთხივე ვაჟიშვილმა მიიღო თავისი წილი: ჰარიბერტ I-მა (561-567) _ აკვიტანია და ქვეყანა ლუარის ჩრდილოეთით სენის გადაღმა (დედაქალაქი პარიზი), გონტრანმა (გარდ. 593) _ ბურგუნდია, დედაქალაქით ორლეანში (იხ. IX, 192), ჰილპერიკ I-მა (გარდ. 548) _ არემორიკა და ნეისტრიის ნაწილი (დედაქალაქი _ სუასონი, შემდეგში ტურნე), ზიგბერტ I-მა (გარდ. 575) _ ავსტრაზია და რიპუარია (დედაქალაქი _ რეიმსი, შემდეგში მეცი). ამ წილებიდან ორი, ბურგუნდია და ავსტრაზია, აღმოჩნდა განსაკუთრებით მდგრადი, რომლებიც თითქმის მუდმივად ინარჩუნებდნენ იმავე საზღვრებს და უფრთხილდებოდნენ თავიანთ განკერძოებულობას (განცალკევებულობას); ეს აიხსნება იმით, რომ ბურგუნდია თითქმის ინარჩუნებდა ბურგუნდიის უწინდელი სამეფოს საზღვრებს, ავსტრაზიაში კი სჭარბობდა გერმანული ხასიათი, რომელიც მას ხდიდა განსხვავებულს ბურგუნდიისა და ნეისტრიისგან, რომლებიც უფრო მეტად იყვნენ გაჟღენთილი რომაული ელემენტით.
თითქმის მაშინვე ხლოდვიგის შვილიშვილებს შორის მიწების გაყოფის შემდეგ დაიწყო ურთიერთშორისი ომები. ეს არეული ეპოქა მშვენივრად აქვს აღწერილი მის თანამედროვეს, ტურის ეპისკოპოსს გრიგოლს, რომლის თხზულებამაც ოგიუსტენ ტიერის მისცა მასალა მისი ბრწყინვალე „მეროვინგების დროის მოთხრობები“-თვის. ამ დროს მიეკუთვნება გალესვინტას, ბრუნეჰილდასა და ფრედეგონდას ტრაგიზმით აღსავსე ისტორია. ურთიერთშორის ომებს თან ახლდა ქვეყნის ძლიერი გაჩანაგებანი; სამხედრო რაზმები ძარცვავდნენ არა მხოლოდ მტრულ ოლქებს, არამედ თავიანთი ხელმწიფის სამფლობელოებსაც, რადგანაც სალაშქროდ წასულები მოვალენი იყვნენ შეიარაღება და გამოკვება ყოვლთვის საკუთარ ხარჯზე ჰქონოდათ. მოსახლეობისთვის ეს წვრილი ომები ხშირად უფრო მძიმე იყო მსხვილ საგარეო ომებთან შედარებით. მუდმივი არეულობების გამო საზოგადოებაში გავრცელდა გაველურება. როდესაც მოკვდა ჰარიბერტი, მისი სამფლობელოები გაიყვეს დარჩენილმა ძმებმა, ხოლო ზიგბერტის მოკვლის შემდეგ ავსტრაზია დარჩა მის ვაჟიშვილს ჰილდებერტ II-ს, რომელიც მაშინ ბავშვი იყო და მისი სახელით სამეფოს მართვადნენ ავსტრაზიის დიდგვაროვნები. ასევე ბავშვს (ოთხი თვის ხლოტარ II-ს) დარჩა მემკვიდრეობით ჰილპერიკის სამეფო, რომელიც ასევე ძალადობრივი სიკვდილით აღესრულა. ხლოტარ I-ის ვაჟიშვილებიდან დარჩა მხოლოდ გონტრანი. ურთიერთომები მასა და მის ძმიშვილებს შორის დასრულდა ანდელოს ხელშეკრულებით (587), რომელიც დაიდო გონტრანს, ჰილდებერტ II-სა და ბრუნეჰილდას შორის: ორი მეფიდან იმას, რომელიც იცოცხლებდა უფრო მეტ ხანს, უნდა მიეღო მეორის სამეფო, თუკი უკანასკნელი არ დატოვებდა ვაჟიშვილს. ამის საფუძველზე გონტრანის სიკვდილის შემდეგ (593) მთელი მისი მიწები მიიღო ჰელდებერტ II-მ, მაგრამ ისიც მალევე მოკვდა (596) და მისი მიწები გაიყო მის ორ ვაჟიშვილს შორის: თეოდებერტ II-სა (596-612), რომელმაც მიიღო ავსტრაზია, და თეოდორიხ II-ს, რომელსაც ერგო ბურგუნდია. მცირეწლოვანთა მეურვედ იყო ბრუნეჰილდა. მალევე მასა და ავსტრაზიის დიდგვაროვნებს შორის დაიწყო უთანხმოებანი.
კვლავ გაჩაღდა ხანგრძლივი ურთიერთშორისი ომები, რომელთა დროსაც თეოდებერტი მოკლულ იქნა ბრუნეჰილდას ბრძანებით. მალევე მოკვდა თეოდორიხიც და ბრუნეჰილდამ მისი 11 წლის უფროსი ვაჟიშვილი ზიგბერტ II, გამოაცხადა ავსტრაზიისა და ნეისტრიის მეფედ, და უარი თქვა სახელმწიფოს დაყოფაზე ნაწილებად, თუმცა კი თეოდორიხს დარჩა ოთხი ვაჟიშვილი. ამის დაშვება არ სურდათ ავსტრაზიის დიდგვაროვნებს. მათმა ბელადებმა არნულფმა და პიპინუს ლანდენელმა (იხ. XXIII, 630) მოიწვიეს ხლოტარ II, რომელმაც მოკლა ბრუნეჰილდა და თეოდორიხის ორი ვაჟიშვილი, (მესამე უკვალოდ დაიკარგა, მეოთხე ცოცხალი დარჩა) და თავის ხელში გააერთიანა მთელი ფრანკული სახელმწიფო. მის ამ წარმატებებში დიდი წვლილი შეიტანეს დიდგვაროვნებმა, და ამის სანაცვლოდ მათ მიაღწიეს მეფისგან მნიშვნელოვანი დადგენილებების მიღებას თავიანთ სასარგებლოდ. ეს დადგენილებები გადმოცემულია ხლოტარ II-ის ედიქტში, რომელიც გამოქვეყნებულ იქნა სასულიერო და საერო მაგნატების ყრილობაზე პარიზში. აქ შევიდა, ზოგიერთი ცვლილებით, 614 წ. პარიზის საეკლესიო კრების დადგენილებები, რომლებიც ადასტურებდა ეკლესიის პრვილეგიებს და განსაკუთრებით ეპისკოპოსების უფლებებს; შემდეგ მოდის რიგი მუხლებისა, რომლებშიც მეფე ჰპირდება მოსპოს ფისკალური ბოროტად გამოყენებანი, სიკვდილით სჯიდეს მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით, თანამდებობის პირებს (გრაფებს) ნიშნავდეს მხოლოდ იმ ადგილის მკვიდრთაგან, რომელშიც ისინი ინიშნებიან, და ა. შ. ამ დადგენილებებში უკვე აისახება სასულიერო და საერო არისტოკრატიის ძალა, რომელმაც VII ს. შეიძინა ხელმძღვანელი როლი ფრანკთა სახელმწიფოში და, გადააქცია რა მაიორდომის თანამდებობა (XVIII, 387) თავის იარაღად, ნულამდე დაიყვანა მეროვინგი მეფეების ძალაუფლება. ამ არისტოკრატიის შემადგენლობაში შევიდნენ, ჯერ ერთი, მდიდარი და გავლენიანი რომაული სენატორთა საგვარეულოების შთამომავლები, შემდეგ მეფეთა სიახლოვეს წარმოიქმნა ახალი მომსახურე მაღალი წოდება, იმ პირებისგან, რომელთაც ეკავათ სხვადასხვანაირი სასახლისა და უმაღლესი ადმინისტრაციული თანამდებობები. მან თავის ხელში მოაგროვა მსხვილი უძრავი ქონება, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილიც მის წარმომადგენლებს მიღებული ჰქონდათ მეფეებისგან საჩუქრებისა და სამსახურისთვის ანაზღაურების სახით (მეროვინგული ეპოქის პირველ ნახევარში მეფეები მიწებს აძლევდნენ სრულ საკუთრებაში). უზარმაზარი ტერიტორიები ეკუთვნოდა ეკლესიას და იმყოფებოდა ეპისკოპოსების ხელში, რომლებიც შეადგენდნენ საეკლესიო არისტოკრატიას.
VII საუკუნე წარმოადგენდა ეპოქას, როდესაც (განსაკუთრებით მის მეორე ნახევარში) ფრანკთა სახელმწიფოში საბოლოოდ იზეიმა ნატურალურმა მეურნეობამ. მიწის მსხვილმა საკუთრებამ ახლა მისი მფლობელებისთვის დაიწყო პოლიტიკური მნიშვნელობის მიცემაც. იკრიბებოდა რა მეფის გარშემო „ხალხის საერთო კრებაზე“ (conventus generalis populi), დიდგვაროვანთა წოდება წარმოადგენდა მფეთა მრჩეველს და თავზე ახვევდა მათ თავის სურვილებს. თუმცა კი ამ კრებებს ეწოდებოდა ხალხის საერთო კრებები, მაგრამ სინამდვილეში VII ს. სინამდვილეში მათზე იკრიბებოდნენ მხოლოდ „optimates“ და „proceres“, ე. ი. სასულიერო და საერო არისტოკრატია. კომენდაციისა და ვასალიტეტის განვითარება (იხ. ფეოდალიზმი) თავისუფალ ადამიანთა სიმრავლეს უმორჩილებდა მსხვილ მიწათმფლობელებს. უკანასკნელნი, აჯგუფებდნენ რა თავიანთ გარშემო მრავალრიცხოვან დამოკიდებულ ადამიანებს და ფლობდნენ რა ნახევრად თავისუფალი ადამიანების, კოლონებისა და მონების მასებს, იმუნიტეტისა და პატრონატის მეშვეობით იძენდნენ სახელმწიფო ხელისუფლების უფლებებს თავიანთი მამულების მოსახლეობაზე. ჰყავდათ რა გარდა ამისა თავიანთ ხელში შეიარაღებული ძალა, მსხვილი მიწათმფლობელები ფრანკთა სახელმწიფოში იქცნენ სამეფო ხელისუფლების საშიშ მოწინააღმდეგეებად; მას არ შეეძლო მოენახა საკმარისი საპირწონე დიდგვაროვანთა მზარდი ძალისა, რადგანაც უბრალო თავისუფალ ადამიანთა კლასი დნებოდა _ მსხვილი მიწათმფლობელობის ზრდის პროცესთან დაკავშირებით _ არა მხოლოდ გალიაში, სადაც მსხვილი უძრავი საკუთრება სჭარბობდა ჯერ კიდევ რომაულ ეპოქაში, არამედ, ნაკლები ძალით, გერმანულ ავსტრაზიაშიც. უზარმაზარი უძრავი საკუთრების ფლობაზე ემყარებოდა არნულფის სახლის ძალაც. ავსტრაზიის მისწრაფება პოლიტიკური განკერძოებისკენ აისახა კიდევ ერთხელ იმაში, რომ ავსტრაზიის დიდგვაროვნებმა აიძულეს ხლოტარ II (622) მიეცა მათთვის საგანგებო მეფე მცირეწლოვანი დაგობერტ I-ის სახით, რომლის აღმზრდელად და ავსტრაზიის მაიორდომად დანიშნულ იქნა უკვე დასახელებული პიპინუს ლანდენელი.
ხლოტარ II-ის სიკვდილის შემდეგ (628) დაგობერტმა თავის ძმას ჰარიბერტს გამოუყო აკვიტანია, მაგრამ ჰარიბერტი და მისი ვაჟიშვილი (ბავშვი) ჰილპერიხი მალევე გარდაიცვალნენ, და დაგობერტმა კიდევ ერთხელ გააერთიანა ფრანკთა მთელი სახელმწიფო თავის ხელში. ვენდების თავდასხმებმა ავსტრაზიის საზღვრებზე აფიქრებინა მას მიეცა ავსტრაზიისთვის საგანგებო მეფე, მისი ვაჟიშვილის ზიგბერტ III-ის სახით. როგორც ჩანს, ამჯერადაც ეს იყო ავსტრაზიის დიდგვაროვანთა ნახელავი, რომლის სათავეშიც იდგნენ არნულფინგები. ამ საგვარეულოს წარმომადგენლებს პიპინუსის, ხოლო შემდეგ გრიმოალდის (იხ. IX, 735) სახით ეკავათ ავსტრაზიაში მაიორდომობა დაგობერტ I-ის სიკვდილამდე (638). დაგობერტის შემდეგ ნეისტრიასა და ბურგუნდიაში მეფედ დაჯდა მისი მეორე ვაჟიშვილი, ხლოდვიგ II. აქაც დიდგვაროვანთა საგვარეულოებს შორის მიდიოდა ბრძოლა ძალაუფლებისთვის, რომელიც ხშირად ღებულობდა ნამდვილი კერძო ომების ხასიათს. თუ რა გაბედულებამდე მიდიოდნენ ახლა მაიორდომები _ გვიჩვენებს გრიმოალდის მცდელობა, ზიგბერტ III-ის სიკვდილის შემდეგ (656), ტახტზე აეყვანა თავისი ვაჟიშვილი. იგი ნაადრევი აღმოჩნდა და გრიმოალდის დაღუპვით დასრულდა. გარკვეული დროით ფრანკთა მთელი სახელმწიფო იყო ერთ ხელში _ ხლოდვიგ II-ის, ხოლო შემდეგ ხლოტარ III-ის მეფობისას (656-670), რომლის დროსაც მაიორდომად გახლდათ სახელგანთქმული ებროინი (იხ.). მაგრამ უკვე ხლოტარის მმართველობის პირველ წლებში ავსტრაზია კვლავ გამოეყო: მასში მეფე გახდა ხლოტარის ძმა, ჰილდერიხ II, ხოლო პალატის მერად მასთან იყო ვულფოალდი. ეს გაყოფა შენარჩუნებულ იქნა ხლოტარის სიკვდილის შემდეგაც; ბურგუნდია და ნეისტრია ერგო მესამე ძმას, თეოდორიხ III-ს. ჰილდერიხ II-ის მოკვლის შემდეგ (იგი მოკლულ იქნა შეთქმულების მიერ) გაჩაღდა ავსტრაზიის ომი ნეისტრიასა და ბურგუნდიასთან. ვულფოალდმა ავსტრაზიის მეფედ გამოაცხადა დაგობერტ II (ზიგბერტ III-ის ვაჟიშვილი), მაშინ როდესაც დასავლელი მაიორდომი ებროინი მხარს უჭერდა თეოდორიხ III-ის პრეტენზიებს ავსტრაზიაზე. ეს ბრძოლა დასრულდა ავსტრაზიის გამარჯვებით, პიპინუს ჰერისტალელის სახით (იხ.), რომელიც ემყარებოდა მრავალრიცხოვან ავსტრაზიელებს, რომლებიც იმყოფებოდნენ ვალასურ დამოკიდებულებაში არნულფინგების სახლთან.
687 წ.-დან პიპინუსი მარტო მართავდა მთელ გაერთიანებულ ფრანკთა სამეფოს (დაგობერტ II დაიღუპა ბრძოლის დროს). იგი მართავდა მეფეების თეოდორიხ III-ის (გარდ. 691), ხლოდვიგ III-ის (691-695), ჰილდებერტ III-ის (695-711) და დაგობერტ III-ის (711-715) დროს. ყველა ამ მეფეს არჰქონია არანაირი მნიშვნელობა; პიპინუსი უკვე იმდენად იყო სრული ძალაუფლების მქონე, რომ თავისი ვაჟიშვილი გრიმოალდი დანიშნა მაიორდომად ნეისტრიაში, ხოლო მისი სიკვდილის შემდეგ მაიორდომობა გადასცა მცირეწლოვან თეუდოალდს, გარდაცვლილის ვაჟიშვილს, მისი დედის მეურვეობით. ამრიგად კაროლინგებიც ითვისებენ სახელმწიფოს დაყოფებს, რომლებიც გამართლებას პოულობენ სახელმწიფო ხელისუფლებისადმი არა მხოლოდ კერძო-სამართლებრივი თვალსაზრისის გამოყენებაში, არამედ სახელმწიფო ინტერესებშიც: დაყოფების წყალობით, უმაღლესი ხელისუფლება უფრო ახლოს დგებოდა მოსახლეობასთან და მუქარის ქვეშ მყოფ საზღვრებთან. პიპინუსის სიკვდილის შემდეგ დაიწყო ბრძოლა ავსტრაზიასა და ნეისტრიას შორის; მისგან გამარჯვებული გამოვიდა პიპინუსის სხვა ვაჟიშვილი, კარლ მარტელუსი, რომლისგანაც იწყება ფრანკთა სახელმწიფოს დროებით აღორძინება. VII ს. განმავლობაში, შინაგანი მოუწყობლობების დროს, ფრანკებზე დამოკიდებულმა ტიურინგების, ალემანებისა და ბავარების ტომებმა, ჰერცოგების მმართველობის ქვეშ მიაღწიეს თითქმის სრულ სახელმწიფოებრივ განცალკევებულობას; მათი დამოკიდებულება ფრანკთა მეფეებზე თითქმის ნომინალური გახდა. ასეთსავე მდგომარეობაში იმყოფებოდნენ ბრეტანი და აკვიტანიის საჰერცოგო. ახლა საჭირო იყო კვლავ მოეყვანათ ეს ოლქები ნამდვილ დაქვემდებარებაში და დაემორჩილებინათ ფრიზებისა და საქსების წარმართი გერმანული ტომები, რომლებიც აწუხებდნენ ფრანკთა სახელმწიფოს საზღვრებს.
მეორეს მხრივ, აუცილებელი იყო სახელმწიფოს უზრუნველყოფა არაბებისგან, რომლებიც, ამ დროს, ცდილობდნენ რა თავიანთი დაპყრობების გაფართოებას პირენეიდან ჩრდილოეთით, აღწევდნენ ლუარამდე, აჩანაგებდნენ ბურგუნდიასა და პროვანსს. ამ ძნელი ამოცანების შესრულება მოითხოვდა მნიშვნელოვანი სამხედრო ძალების ორგანიზებას. სამხედრო სამსახურით დავალებული ადამიანების უზრუნველსაყოფად, და თავის მხარეზე დიდგვაროვნების მისაზიდად, კარლ მარტელუსმა მიმართა ეკლესიის უზარმაზარი მიწის ფონდების გამოყენებას. მან საეკლესიო მიწების დარიგება დაიწყო პირობით მფლობელობაში, სამხედრო სამსახურის ვალდებულებით. ეს იყო ფრანკული მთავრობის მიერ მიწების მასობრივად დარიგების მაგალითი ბენეფიციების ფორმით. იმავე სისტემას მიჰყვებოდა შემდგომში პიპინუს მოკლეც, რომელმაც დაადასტურა ეკლესიის უმაღლესი უფლებები ამ მიწებზე და დაავალა მათ მიმღებებს გადაეხადათ ეკლესიისთვის მცირე ანაზღაურება. კარლ მარტელუსის ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი წარმატებები იყო მისი გამარჯვება არაბებზე და ფრიზების სრული დმორჩილება. კარლი მართავდა მეფეების ხლოტარ IV-ის, ჰილპერიხ II-ისა (ჰილდერიხ II-ის ვაჟიშვილის) და თეოდორიხ IV-ის დროს (720-737). თეოდორიხის სიკვდილის შემდეგ კარლმა საჭიროდ აღარ ჩათვალა გარდაცვლილის მენაცვალის ტახტზე აყვანა და სიკვდილამდე თავად მართავდა სახელმწიფოს მეფის გარეშე. სიკვდილის წინ მან, „ოპტიმატების თანხმობით“, დაჰყო სახელმწიფო და დაუნიშნა თავის უფროს ვაჟიშვილს, კარლომანს, ავსტრაზია, შვაბიითა და ტიურინგიით, ხოლო პიპინუსს _ ნეისტრია, ბურგუნდია და პროვანსი. კარლომანი და პიპინუს მოკლე თავიდან მართავდნენ, მამის მსგავსად, მეფის გარეშე, მაგრამ 743 წ. მათ მნიშვნელოვნად ჩათვალეს მეფის ყოლა და სამეფო ტახტზე აიყვანეს ჰილდერიხ III, მეროვინგთა დინასტიის უკანასკნელი წარმომადგენელი. იმ დროს მემატიანეები უკვე იმდენად ნაკლებად ინტერესდებოდნენ ამ „სახაზო მეფეების“ პიროვნებებით, რომ ზუსტად არც კია ცნობილი ჰილდერიხ III-ის ნათესაობა წინამორბედ მეფეებთან. ცხრა წლის შემდეგ პიპინუს მოკლემ ბოლო მოუღო მეროვინგთა მონარქიის ფიქციას: რომის პაპისა და ფრანკთა თანხმობით მან მიიღო მეფის ტიტული.
პიპინუსი აგრძელებდა კარლ მარტელუსის საქმეს. მის დროს წაართვეს არაბებს სეპტიმანია, ნარბონთან ერთად; აკვიტანიის ჰერცოგი ვაიფარი დამარცხებულ იქნა და აკვიტანია კვლავ მთლიანად დაემორჩილა ფრანკებს. ალემანიაში ჰერცოგის ღირსება სრულიად გაუქმებულ იქნა და იგი დაიყო საგრაფოებად. სიკვდილის წინ პიპინუსმა სამეფო გაუყო კარლომანსა და კარლოსს, მაგრამ კარლომანი მალევე მონასტერში წავიდა, და კარლოს დიდმა მარტომ დაიწყო ფრანკთა მთელი სახელმწიფოს მართვა. კარლოს დიდის (XIV, 523-525) ხანგრძლივ მმართველობას აქვს უზარმაზარი მნიშვნელობა ფრანკთა სახელმწიფოს ისტორიაში. სახელმწიფოს საზღვრები მნიშვნელოვნად გაფართოვდა; საქსები, ბოლოს და ბოლოს, დამორჩილებულ იქნენ და მათ შორის ძალადობრივად, მკაცრი ზომების გამოყენებით, დამკვიდრებულ იქნა ქრისტიანობა. ბავარიამაც ასევე დაკარგა დამოუკიდებლობა, რომლითაც იგი ადრე სარგებლობდა, და მხოლოდ ნომინალურად ითვლებოდა ფრანკთა სახელმწიფოს შემადგენლობაში. მასში შევიდნენ მთელი გერმანული ტომები, რომლებიც ცხოვრობდნენ რაინსა და ელბას შორის, ხოლო ელბას აღმოსვლეთით მაშინ სახლობდნენ სლავები. საქსონიის უზრუნველსაყოფად კარლოსი მიმართავდა ლაშქრობებს ელბას იქით სლავების წინააღმდეგ. არაბებზე და ავარებზე გამარჯვებებით მან უზრუნველყო ფრანკთა სახელმწიფო მუსლიმანთა მხრიდან. დაბოლოს, იტალიის (ლანგობარდული სამეფოს) შეძენას შედეგად მოჰყვა კარლოსის მიერ იმპერატორის ტიტულის მიღებაც. საგარეო წარმატებების პარალელურად მიმდინარეობდა საშინაო საორგანიზაციო მუშაობა.
კარლოს დიდის დროისთვის ფეოდალური ურთიერთობების განვითარებას (იხ. ფეოდალიზმი) ფრანკთა სახელმწიფოში ჰქონდა უკვე დიდი წარმატებები. აძლევდა რა ამ ურთიერთობებს ოფიციალურ აღიარებას, კარლოსი იმავე დროს ისწრაფვოდა სახელმწიფოებრივი საწყისის გატარებისა და გაძლიერებისკენ, უბრალო თავისუფალი ადამიანების ცენტრალურ ხელისუფლებასთან კავშირის განმტკიცებისკენ და მოსახლეობაში სახელმწიფოს ცხოვრებისადმი ინტერესის გამოღვიძებისკენ. ღებულობდა რა ზომებს სამხედრო ძალების გასაზრდელად, კარლოსმა განაახლა უბრალო თავისუფალი ადამიანების ლაშქარი, რომელიც VII ს.-დან თანდათანობით ქრებოდა. მსხვილი მიწათმფლობელებისა და ბენეფიციალებისგან სამსახური მოითხოვებოდა სულადობრივად (ყველასგან); უფრო ღარიბებს კი სამსახური ისე უნდა მოეხადათ, რომ ერთი წასულიყო ლაშქრობაში, სხვებს კი შეეიარაღებინათ იგი და მოემარაგებინათ ყოველივე აუცილებლით. მაგრამ, ამ ზომას არ ჰქონია ის შედეგები, რომელთა იმედიც ჰქონდ კარლოსს: უბრალო თავისუფალი ადამიანების რიცხვი სულ უფრო და უფრო მცირდებოდა, ისინი თანდათანობით ღარიბდებოდნენ და გადაეჩვეოდნენ პოლიტიკური უფლებებით სარგებლობისგან, იყვნენ რა გზადახშულნი ნაწილობრივ დიდგვაროვნების მიერ, და თავისუფალი მოქალაქის წოდებასთან შეუღლებული მოვალეობების აღსრულებითაც. სამეფო წარგზავნილების (missi dominici) დაარსებას ასევე უნდა გაეძლიერებინა ცენტრალური მთავრობის გავლენა და მთლიანად დაემორჩილებინა მისთვის თანამდებობის პირები, რომლებიც წინამორბედ ეპოქაში მიეჩვივნენ თავიანთ თანამდებობებზე (საგრაფო და სხვები) ეყურებინათ როგორც თავიანთ მონაპოვარზე, თითქმის მემკვიდრეობით მიღებულზე (და გადასაცემზე). სახელმწიფოებრივი და ფეოდალური საწყისების ამ ბრძოლიდან, კარლოს დიდის სიკვდილის შემდეგ, გამარჯვებული გამოვიდა უკანასკნელი, როგორც გამომდინარე მაშინდელი ეკონომიკური და სოციალური ურთიერთობების მთელი წყობილებიდან (მოწყობიდან). უფრო ნაყოფიერი აღმოჩნდა ის ძალისხმევა, რომელსაც კარლოსი მიმართავდა განათლების დონის ასამაღლებლად, რადგანაც ეს ცნობილ გამოძახილს პოულობდა საზოგადოებაშიც.
თავისი წინამორბედების მსგავსად, კარლოსმა ჯერ კიდევ სიცოცხლეში გაყო თავისი სახელმწიფო სამ ნაწილად, მაგრამ მისი ვაჟიშვილებიდან მხოლოდ ერთმა ლუდოვიკ ღვთისმოსავმა (XVIII, 222) იცოცხლა მისი სიკვდილის შემდეგაც. ლუდოვიკის მთელი მეფობა აღსავსე იყო არეულობებით. ახდენდა რა გაყოფას, კარლოსს სურდა, რომ იმპერია დარჩენილიყო მაინც ერთ მთლიანად; ამის მიღწევას იგი ისწრაფვოდა ერთერთი ხელმწიფის ხელში იმპერეტორის ტიტულის შენარჩუნებით და მისდამი დანარჩენების გარკვეული დაქვემდებარებით. უკვე მის დროს იწყება ფრანკული სახელმწიფოს გახრწნა. ძალთა დროებით გაერთიანების პერიოდმა, რომელიც გამოწვეული იყო გარედან მომდინარე სფრთხეებით, გაიარა, და მალევე ფრანკთა სახელმწიფომ, როგორც ერთიანმა მთლიანობამ, დაასრულა თავისი არსებობა: ვერდენის ხელშეკრულებამ (VI, 16) დაჰყო იგი სამ ნაწილად, ხოლო მალევე ნაწილების რიცხვი კიდევ უფრო მეტად გაიზარდა ლოტარის (იხ.) წილის დაშლის შედეგად. შემდგომი ბედის შესახებ _ იხ. კაროლინგები, საფრანგეთი, გერმანია, იტალია. ფრნკთა სახელმწიფო დაიშალა არა კარლოს დიდის მენაცვალეთა სისუსტის შედეგად, არამედ მთელი რიგი მიზეზებიდან გამომდინარე, რომლებიც მოქმედებდნენ სტიქიური ძალით. მისი სხვადასხვა ნაწილების მოსახლობას ძალზედ ცოტა ჰქონდათ საერთო. ფრანკები, ფრიზები, საქსები, ტიურინგები, შვაბები, ბავარები პირველად ფრანკთა მეფეების ძალაუფლების ქვეშ შეერთდნენ ერთ მთლიანობაში რომანიზებული გალიისა და იტალიის კულტურულ მოსახლეობასთან (თუმცა კი იტალია არცთუ დიდხანს იყო ფრანკთა სახელმწიფოს შემადგენლობაში). ისინი არ გრძნობდნენ მოთხოვნილებას სერთო პოლიტიკურ ცხოვრებაში. მხოლოდ ქრისტიანობა, თანაც რომელიც ზოგიერთი ამ ხალხის მიერ მიღებული იყო გვიან და თავიდან წმინდად გარეგნული სახით, ცოტა იყო, რათა შეექმნა მტკიცე მთლიანობა.
გალიაში ნახევრად ველური გერმანელების მოდინებამ შედეგად მოიტანა კულტურისა და ზნეობრიობის დონის მნიშვნელოვანი დაქვეითება უწინდელ რომაულ პროვინციებშიც: რომაელები ველურდებოდნენ გერმანელებთან შეხებაში მოსვლით, ხოლო გერმანელები კი თავიდან უმაღლესი ცივილიზაციისგან ღებულობდნენ მის მხოლოდ გარეგნულ და სულაც არა საუკეთესო მხარეებს, კარგავდნენ პირველყოფილ უბრალოებასა (სიმარტივესა) და ველურობას, ისე რომ, არა თუ არ მაღლდებოდნენ ზნეობრივი მიმართებით, არამედ ეცემოდნენ კიდეც: საკმარისია თუნდაც გავიხსენოთ ყველა დანაშაულებანი, რომლებიც ჩადენილ იქნა მეროვინგების საგვარეულოში, და ის სულმდბალი წახალისებანი, რომლებიც იწვევდა ამ დანაშაულებებს, და ის ინდიფერენტიზმი, რომლითაც თვით საუკეთესო ადამიანებიც კი (გრიგოლ ტიურინგელის მსგავსნი) ჰყვებიან მთელი ამ საშინელებების შესახებ. რომაული პოლიტიკური და ადმინისტრაციული მექანიზმი ფრანკთა მეფეებისთვის ძალზედ რთული და სამძიმო აღმოჩნდა; მათ არ შეეძლოთ გამკლავებოდნენ მათთვის ახალი საზოგადოების მმართველობის ძნელ ამოცანას ასეთ გარდამავალ ეპოქაში და იმის უნარიც კი არ აღმოაჩნდათ, რომ უბრალოდ შეენარჩუნებინათ ის, რაც მათ ჰპოვეს გალიაში. ეკონომიკური ცვლილებები, ნატურლური მეურნეობის ზეიმი, რომელიც minimum-მდე ამცირებდა სახელმწიფოს სხვადასხვა ნაწილების ეკონომიკურ ურთიერთობებს, მხარს უჭერდა მათ მისწრაფებას პოლიტიკური დამოუკიდებლობისკენ. ნატურალური მეურნეობა ქმნიდა პატარა თვითკმარ სამყაროებს, რომლებიც ისწრაფვოდნენ ქცეულიყვნენ სახელმწიფოებად სახელმწიფოში, რისი აღსრულებაც ხდებოდა კიდეც ფეოდალიზმის სრული ზეიმის ეპოქაში. ეკლესიასაც, რომელიც ასევე ჩათრეული იყო ახალ ურთიერთობებში, თავისი ცენტრალისტური, გამაერთიანებელი ტენდენციების მიუხედავად, არ შეეძლო გამხდარიყო სახელმწიფო ხელისუფლების საკმარისი საყრდენი მის მისწრაფებაში ფრანკთა სახელმწიფოს პოლიტიკური ერთიანობის შენარჩუნებისკენ.
ფრანკთა სახელმწიფომ ითამაშა უზარმაზარი როლი ევროპის ისტორიაში: შეჰყავდა რა თავის შემადგენლობაში გერმანიის წარმართი და უკულტურო ტომები, იგი უხსნიდა მათკენ გზას ქრისტიანულ მისიონერებს (წმ. კოლუმბანი, წმ. გალი, წმ. ვილიბროდი, წმ. ბონიფაციუსი და სხვები), აზიარებდა მათ ქრისტიანულ და ბერძნულ-რომაულ ცივილიზაციებს, და ხელს უწყობდა გერმანელებში მთელი კულტურული ქრისტიანული კაცობრიობის ერთიანობის შესახებ აზრის განვითარებას _ აზრისა, რომელმაც მოგვიანებით თავისი გამოხატულება ჰპოვა საღვთო რომის იმპერიის იდეაში. ფრანკთა სახელმწიფოს დაშლა აღსრულდა უკვე მას შემდეგ, რაც ახალი განვითარების საფუძვლები ჩადებული იყო გერმენელ ხალხებში და მათ მიიღეს შესაძლებლობა ფრანკთა სახელმწიფოს დაშლის შემდეგ გაეგრძელებინათ განცალკევებული ცხოვრება ისე, რომ არ მისულიყვნენ ერთი მეორისგან სრულ გაუცხოებამდე. ერთიანი იმპერიის რომაული იდეა, ერთიან ქრისტიანულ ეკლესიასთან (XI ს. შემდეგ ლათინურ-კათოლიკური ეკლესიისა _ ი. ხ.) და საერთო განათლებასთან ერთად, ინარჩუნებდნენ მათ შორის ცნობილ ერთიანობას. გერმანელი ხალხების ამ თავდაპირველ აღზრდაში მდგომარეობს კიდეც ფრანკთა სახელმწიფოს მსოფლიო-ისტორიული მნიშვნელობა.
(შემდეგ მოყვანილია თემის გარშემო იმ დროისთვის არსებული ლიტერატურის ჩამონათვალი)
დ. კ.
4) არნულფი
არნულფი _ გერმანიის იმპერატორი; დაიბადა დაახლოებით 850 წ., და იგი გახლდათ ბავარიის მეფის კარლომანის უკანონო ვაჟიშვილი. მამის სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე არნულფი შეეცადა თავისთვის უზრუნველეყო ბავარიის ტახტი; მაგრამ ეს მცდელობა არ გამოუვიდა, და მას მოუხდა დაკმაყოფილებულიყო სამემკვიდრეოდ კარინტიით. ბავარიელები, მიუხედავად ამისა, მუდმივად ხედავდნენ მასში თავიანთ ბუნებრივ მეფეს, და ამიტომ, როდესაც მისი ბიძის კარლ III მსუქნის მმართველობამ აღაგზნო საყოველთაო უკმაყოფილება, არნულფი, 887 წ. შემოდგომაზე, დასავლეთისკენ დაიძრა ჯარით, რომელიც შედგებოდა ბავარიელებისა და სლავებისგან. ამაოდ მოუწოდებდა იმპერატორი თავის მომხრეებს ტრიბურში სეიმზე. არნულფის მხარე მაშინვე დაიჭირეს აღმოსავლელი ფრანკების მთავრებმა, რომელთაც მობეზრდათ იმ ადამიანის ხელისუფლება, რომელსაც არ გააჩნდა ძალები არც გარეშე მტრის მოსაგერიებლად და არც ქვეყნის შიგნით ანარქიის ჩასაქრობად. კარლი წავიდა ალემანიაში, სადაც იგი მალევე გარდაიცვალა 888 წ. იანვარში. კარლის დამხობისა და მისი სიკვდილის შემდეგ, როგორც ჩანს, შეწყდა კაროლინგების დინასტიის ტახტზე მემკვიდრეობის უფლება, ვინაიდან, სულ მცირე, ფრანკთა სახელმწიფოს სხვა ოლქებშიც ეპისკოპოსებმა და მთავრებმა დაიწყეს თავიანთთვის მეფეების არჩევა. თუმცა კი ზოგიერთმა ჰერცოგმა და გრაფმა, როგორებიც იყვნენ ოდო პარიზელი, რუდოლფი ზემო ბურგუნდიიდან, ლუდოვიკო ქვემო ბურგუნდიიდან და ბერენგარდ ფრიულელი, დროებით აღიარეს არნულფი თავიანთ სუვერენად, მაგრამ ეს არ იყო საკმარისი საიმპერატორო გვირგვინის ნამდვილად მიღწევისთვის. მიუხედავად იმისა, რომ არნულფი გამოირჩეოდა პირადი ენერგიით, მას არ შეეძლო ეამაყა თავისი წარმატებებით, რომლებიც ყოველთვის მხოლოდ ხანმოკლე იყო. ასე, 891 წ. ნორმანები შემოიჭრნენ ლოტარინგიაში და 26 ივნისს დაამარცხეს გერმანული ჯარი გელთან მასტრიხტის ახლოს. არნულფმა გაიმარჯვა მათზე იმავე წლის 1 ნოემბერს ბრძოლაში დილზე ლევენთან, რამაც არანაირად არ შეუშალა ხელი ნორმანებს მიემართათ განმეორებითი ლაშქრობისთვის. მალევე მას შემდეგ გამოჩნდა ახალი, და არა ნაკლებ სახიფათო მტერი, მორავიის მთავარი სვენტიბოლდი, რომლის სამფლობელოები მოიცავდა ასევე დასავლეთ უნგრეთსაც.
ლაშქრობებს მორავების წინააღმდეგ ასევე არ ჰქონია გადამწყვეტი წარმატება, მეორე ლაშქრობაში კი მონაწილეობა მიიღეს მადიარებმა, რომლებიც უკვე 894 წ. იბრძოდნენ გერმანელების, თავიანთი სულ მანამდელი მოკავშირეების წინააღმდეგ. ამასობაში არნულფს დახმარებისთვის მიმართა რომის პაპმა ფორმოზმა, რომელსაც ემუქრებოდა საფრთხე გვიდო სპოლეტელის მხრიდან, რომელმაც მანამდე დაამარცხა თავისი მოწინააღმდეგე ბერენგარდ ფრიულელი. არნულფი მიჰყვა პაპის მოწოდებას და ჩავიდა იტალიაში. მან უკვე პიაჩენცომდეც კი მიაღწია, მაგრამ რუდოლფ ბურგუნდიელის განდგომამ აიძულა იგი დაბრუნებულიყო. იმ დროს, როდესაც არნულფი წარუმატებლად იბრძოდა ბურგუნდიაში, გვიდო გარდაიცვალა (894) და ბერენგარდი აღიარებულ იქნა მეფედ პავიაში. ბერენგარდის წინააღმდეგ გამოვიდა გვიდოს ვაჟიშვილი და მისი თანამმართველი ლამბერტი. ამის გამო არნულფმა 895 წ. ხელმეორედ იჩქარა იტალიისკენ, სადაც ამასობაში ლამბერტი და ბერენგარდი შეერთდნენ მის წინააღმდეგ და თავიანთ მხარეზე მიიზიდეს სხვა ვასალებიც. უწინარეს ყოვლისა არნულფი წავიდა რომზე, რომელსაც იცავდა გვიდოს ქვრივი აგილტრუდა, და იერიშით აიღო იგი. პაპმა ფორმოზმა რომის იმპერატორის გვირგვინი დაადგა მას 896 წ. ამის შემდეგ არნულფი დაავადდა და, დატოვა რა იტალიაში თავისი ვაჟიშვილი რატოლდი, დაბრუნდა გერმანიაში, სადაც გარდაიცვალა კიდეც ქ. რეგენსგურგში 899 წ. 8 დეკემბერს. მისი სიკვდილის შემდეგ მის მენაცვალეებად, მისი სურვილის თანახმად, უნდა ყოფილიყვნენ მისი უკანონო ვაჟიშვილები: სვენტიბოლდი, რომელიც მან დააყენა მეფედ ლოტარინგიაში, და რატოლდი. მიუხედავად ამისა, ფეოდალებმა ერთხმად აირჩიეს ლუდოვიკ-დიტიატი, არნულფის ერთადერთი კანონიერი ვაჟიშვილი, არ სურდათ რა დაეშვათ გერმანული ოლქების საბოლოოდ დაშლა, რომელიც შესაძლოა მომხდარიყო ტახტის მემკვიდრეობის ჩვეულებრივი წესიდან ახალი გადახრის შემთხვევაში. ლუდოვიკ დიტიატის სიკვდილთან ერთად 911 წ. გერმანიაში შეწყდა კაროლინგების დინასტია შეადარეთ დიუმლერის „Geschichte des ostfränk. Reichs“ (ტ. 2, ბერლინი, 1865).
(ავტორი არ არის ნაჩვენები)
5) ჰაინრიხ I
ჰაინრიხ I _ პირველი გერმანელი მეფე საქსონური სახლიდან, საქსონიის ჰერცოგის ოტონის ვაჟიშვილი, დაიბადა 876 წ. ჯერ კიდევ მამის სიცოცხლეში ჰაინრიხი წარმატებით იბრძოდა სლავურ ტომებთან; მამის სიკვდილის შემდეგ (912) იგი არჩეულ იქნა ჰერცოგად და ბრძოლის გადატანა მოუხდა მეფე კონრად I-თან, რომელმაც შემდეგში სასიკვდილო სარეცელზე მწოლარემ, თავად მიუთითა მასზე, როგორც ყველაზე უფრო ღირსეულ მემკვიდრეზე (მენაცვალეზე). 919 წ. ჰაინრიხი არჩეულ იქნა ფრიცლარში, თუმცა კი თავიდან, მხოლოდ ფრანკონელებისა და საქსონელების მიერ. უმფრო მოგვიანებით გამოგონილი თქმულების მიხედვით, მთავრების მიერ გაგზავნილ პირებს იგი შეხვდა შევარდნით ნადირობის დროს, რისთვისაც მას, უწოდეს „ფრინველთდამჭერის“ (Vogler) ზედმეტსახელი. მორჩილებას შვაბებისა და ბავარიელების მხრიდან მან მიაღწია გონივრული ზომიერების წყალობით, აღიარა რა ის მდგომარეობა, რომელიც მოიპოვეს მათმა ჰერცოგებმა ბურჰარდმა და არნულფმა. ლოტარინგია მან 921 წ. დაუთმო საფრანგეთს; მაგრამ როდესაც 923 წ. საფრანგეთის მეფე კარლოს III დატყვევებულ იქნა მისივე საკუთარი ვასალების მიერ, ჰაინრიხმა 925 წ. აიძულა ჰერცოგი ჰიზელბერგ ლოტარინგიელი ეღიარებინა მისი უმაღლესი ხელისუფლება. ცალკეული საჰერცოგოების საქმეებში ჩარევისა და მათი ძალაუფლების შეზღუდვის შესახებ მას, რა თქმა უნდა, ფიქრიც კი არ შეეძლო; ეს ამოცანა დარჩა მის ვაჟიშვილს ოტონ I-ს. უწინარეს ყოვლისა აუცილებელი იყო მშვიდობა სახელმწიფოს შიგნით, რათა მოეგერიაბინათ უნგრელების შემოტევა, რომლებმაც 924 წ. დაარბიეს საქსონია, ასე რომ, ჰაინრიხს მოუხდა ხარკის მიცემის შეპირებით, ეყიდა ცხრაწლიანი მშვიდობა.
ეს ცხრა წელიწადი მან გამოიყენა იმისთვის, რათა იმ მარკების მცხოვრებთათვის (ჰარციდან და ოკერიდან ელბამდე), რომლებიც ყველაზე უფრო მეტი საფრთხის ქვეშ იმყოფებოდნენ, მიეცა თავის შეფარების შესაძლებლობა, მოწინააღმდეგეთა შემოსევების დროს, გამაგრებულ ადგილებში. მის მიერ ამ მიზნით აშენებული ბევრი სიმაგრე გაქრა, ბევრი კი ქალაქებად გადაიქცა. უნგრელებისთვის კარგი ცხენოსანი ჯარის დაპირისპირების მიზნით, ჰაინრიხი არიგებდა დიდ ლენებს, ცხენოსანი სამხედრო სამსახურის ვალდებულებით. ამ ზადებათა შემდეგ მან დაიწყო ბრძოლა სლავების წინააღმდეგ, და კერძოდ კი გეველებისა, რომელთა მთავარი ქალაქი ბრენაბორგი (ბრანდენბურგი), მან აიღო 927 წ. ზამთარში. შემდე იგი გაემართა დამინელების წინააღმდეგ, რომლებიც, ისევე როგორც მილიელები, უნდა დამორჩილებოდნენ მას. ბოლოს კი დაეცნენ რედარიებიც, რომლებიც 929 წ. დამარცხებულ იქნენ სისხლისმღვრელ ბრძოლაში ლუნკინებთან (ლენცენი ელბას მახლობლად). 933 წ. ჰაინრიხი იმდენად ძლიერად გრძნობდა საკუთარ თავს, რომ შეეძლო უარი ეთქვა უნგრელებისთვის ხარკის გადახდაზე, რის შემდეგაც უკანასკნელნი დაიძრნენ ის წინააღმდეგ ჯარით, რომლის ერთი ნახევარიც გაემართა დასავლეთისკენ, შეაღწია ტიურინგიაში და იქ განიცადა დამარცხება; მეორე ნახევარს დახვდა თავად მეფე ადგილ რიადეს მახლობლად და მოიპოვა ბრწყინვალე გამარჯვება. მეფის დიდება კიდევ უფრო გაზარდა გამარჯვების მომტანმა ლაშქრობამ დანიელების წინააღმდეგ. იგი გარდაიცვალა 936 წ., ძლიერად აამაღლა რა სამეფო ხელისუფლება და დაკრძალულ იქნა კველდინბურგში. მას ჰყავდა სამი ვაჟიშვილი: მისი მენაცვალე ოტონი; ჰაინრიხი, შემდგომში ბავარიის ჰერცოგი და ბრუნო, კიოლნის მთავარეპისკოპოსი. მისი ქალიშვილი გახლდათ, ჰედვიგა, რომელიც ცოლად წაჰყვა საფრანგეთის ჰერცოგს ჰუგოს და იყო ჰუგო კაპეტის დედა. იხილეთ Waitz, “Jahrbücher des deutschen Reichs unter Heinrich I” (ბერლინი, 1837; მე-2 გამოცემა, 1863).
გ. ფორსტენი
6) ჰაინრიხ II წმინდა
რომაელ-გერმანელი იმპერატორი, უკანასკნელი საქსონელთა სახლიდან, დაიბადა 973 წ., ჰაინრიხ II-ის (29) ჭირვეულის, ბავარელის ვაჟიშვილი და მეფის ჰაინრიხ I-ის შვილთაშვილი. მამის სიკვდილის შემდეგ (995), მან მემკვიდრეობით მიიღო ბავარიის საჰერცოგო და 1001 წ. თან ახლდა იმპერატორ ოტონ III-ს რომში, სადაც მისმა გაბებულებამ თავიდან ააცილა რომაელების აჯანყება. როდესაც ოტონი გარდაიცვალა გერმანიაში, ჰაინრიხი დაეუფლა რეგალიებს; ეკჰარდტ მაისენელი, რომელიც მიისწრაფვოდა გვირგვინისკენ, მოკლულ იქნა, და ჰაინრიხმა, მაინცის მთავარეპისკოპოსის ვილიგისის მხარდაჭერის წყალობით, რომელმაც 1002 წ. მას გვირგვინი დაადგა მაინცში, მოახერხა გამარჯვების მოპოვება თავის მოწინააღმდეგეზე ჰერცოგ გერმან შვაბელზე. მეფობის დასაწყისში ჰაინრიხმა გადაიტანა სასტიკი ბრძოლა თავის ძმასთან ბრუნოსთან და მარკგრაფ ჰაინრიხ შვაინფურტელთან, რომლებიც იარაღით ხელში აცხადებდნენ პრეტენზიებს გამონთავისუფლებულ ბავარიის საჰერცოგოზე. მიუხედავად დახმარებისა, რომელსაც მათ აღმოუჩენდა ბოლესლავ II მამაცი პოლონელი, ჰაინრიხმა მოიპოვა გამარჯვება ბრძოლაში კრაისენესთან და ბავარია მისცა 1004 წ. თავის ცოლის ძმას, ჰაინრიხ ლუქსემბურგელს. იტალიელებმა ამასობაში მეფედ აირჩიეს მარკგრაფი გარდუინ ივრიელი. მაგრამ გარდუინთან მტრობაში მყოფმა იტალიის ეპისკოპოსებმა მიიწვიეს ჰაინრიხი, რომელმაც იჩქარა იტალიაში ჩასასვლელად და პავიაში აიძულა დაედგათ მისთვის თავზე რკინის გვირგვინი. დაგვირგვინების დღეს იფეთქა აჯანყებამ, რომელიც ჩახშობილ იქნა მხოლოდ დიდი ძალისხმევით, ამასთან დანგრეულ იქნა ქალაქი; შემდეგ იმპერატორი დაბრუნდა გერმანიაში, სადაც ბოლესლავ პოლონელი, რომლმაც თავისი ძალაუფლება გაავრცელა მთელს ბოჰემიაზე, შემოიჭრა ლუზაციასა და მაისენში.
ჰაინრიხი არაერთხელ მიმართავდა მის წინააღმდეგ ლაშქრობებს, ამასთან არ უგულვებელყოფდა წარმართი ლუტიჩების დახმარებასაც; წაართვა მას ბოჰემია, მაგრამ შემდეგ იძულებული შეიქნა დაეთმო მისთვის ლუზაცია. ყოველივე ამით ისარგებლა იტალიაში გარუდინმა თავისი გავლენის გაფართოებისთვის. ამის შედეგად ჰაინრიხი 1013 წ., თავისი ცოლის კუნიგუნდას თანხლებით გაემგზავრა რომში, სადაც პაპმა ბენედიქტ VIII-მ, გვირგვინი დაადგა მას თავზე ცოლთან ერთად (1014). გარდუინი მალევე მოკვდა. მესამე ლაშქრობას იტალიაში ჰაინრიხმა მიმართა 1022 წ., როდესაც პაპმა მიიწვია იგი დასახმარებლად ბერძნების წინააღმდეგ, რომლებთან ბრძოლაშიც ჰაინრიხს ბედი დიდად სწყალობდა. გარდა ამისა, ჰაინრიხს მოუწია გერმანიაში ბრძოლის გადატანა ადალბერტთან, თავისი ცოლის ძმასთან, რომელმაც საკუთარი თავი გამოაცხადა ტრირის მთავარეპისკოპოსად, და მასთან შეერთებულ ბავარიის ჰერცოგ ჰაინრიხთან, რომელიც მან დროებით დაამხო კიდეც; ზუსტად ასევე მან გამარჯვება მოიპოვა ამბოხებულ გრაფ ფლანდრიელსა და მარკგრაფ მაისენელეზე. ბურგუნდიასთან მიმართებით ჰაინრიხმა 1006 წ. უშვილო მეფესთან რუდოლფ III-თან დადო ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც ეს სამეფო რუდოლფის სიკვდილის შემდეგ უნდა გადასულიყო გერმანიაში. პაპს ბენედიქტ VIII-ს, რომელსაც 1014 წ. მოუხდა გაქცეულიყო გერმანიაში პაპის გრიგოლისგან, რომელიც არჩეულ იქნა მოწინააღმდეგე პარტიის მიერ, იმპერატორმა დაუბრუნა მისი უწინდელი ღირსება. ენერგიული და მამაცი, რომელიც თითქმის განუწყვეტლივ იძულებული იყო მიემართა ლაშქრობებისთვის, იგი ამასთან ერთად გულწრფელად ერთგული იყო ეკლესიისა. ჰაინრიხი მოკვდა უშვილოდ და 1024 წ. დაკრძალულ იქნა ბამბერგში; 1046 წ. მისი კანონიზება მოახდინა პაპმა ევგენი III-მ. მისი მენაცვალე იყო კონრად II. შეადარეთ S. Hirsch, „Jarbücher des Deutschen Reichs unter H. II“ (გაგრძელებულია უზინგერის, ფაბსტისა და ბრესლაუს მიერ; ბერლინი, 1862-1875).
გ. ფორსტენი
7) ჰაინრიხ III
რომაელ-გერმანელი იმპერატორი, მეორე სალიური სახლიდან, კონრად II-ის ვაჟიშვილი, უკვე 1026 წ. არჩეულ იქნა გერმანიის მეფედ და 1039 წ. ჩაიბარა თავისი მამის სამკვიდრო (შეიქმნა საღვთო რომის იმპერიის იმპერატორი). ბუნებისგან უხვად დაჯილდოებულს, მშვენივრად აღზრდილს, ძლიერი ხასიათის მქონეს, მას მყარად ეპყრა თავის ხელში ძალაუფლება. იმისთვის რათა თავიდან აეცილებინა სახელმწიფოსთვის საშიშროება, რომელიც მას ემუქრებოდა ამაყი ჰერცოგების მხრიდან, ჰაინრიხი მათ სამფლობელოებს ურიგებდა ან თავის ნათესავებს, ან კიდევ ნაკლებად მნიშვნელოვან მთავრებსა და თავადებს. მხოლოდ ბერნარდ საქსონელმა შეინარჩუნა ნაწილობრივ თავისი გავლენა. განსაკუთრებით კი ჰაინრიხის ძლიერება და გავლენა გაიზარდა ბოჰემიის ჰერცოგის ბრეტისლავის წინააღმდეგ იღბლიანი ბრძოლის შედეგად, რომელმაც 1042 წ. რეგენსბურგში საკუთარი თავი აღიარა იმპერატორის მოლენედ (ანუ თავისი სამფლობელო იმპერატორისგან მიიღო ლენის სახით), და უნგრელების წინააღმდეგ ბრძოლისაც (იხ. უნგრეთი, V, 889). იტალიაში ჰაინრიხმა მოახერხა მტრული პარტიების დამშვიდება და აპულიასა და კალაბრიაში მყოფი ნორმანების თავის ვასალებად გადაქცევა. უფრო მეტ შრომად დაუჯდა მას ბრძოლა ჰერცოგ გოტფრიდ ლოტარინგელთან, რომლის დამარცხებაც მან შეძლო მხოლოდ ორი ლაშქრობის შემდეგ 1049 წ. მანამდე რამდენიმე ხნით ადრე, 1046 წ. ჰაინრიხი გაემგზავრა იტალიაში; მის მიერ სუტრიში მოწვეულმა ეპისკოპოსთა კრებამ დაამხო ერთდროულად მყოფი სამი პაპი: ბენედიქტ IX, სილვესტრ III და გრიგოლ VI და და პაპის ტახტზე აიყვანა გერმანელი, ბამბერგის ეპისკოპოსი, სახელით კლიმენტ II. პაპების დანიშვნის უფლებამ, რომლითაც ჰაინრიხი ფართოდ სარგებლობდა, მას მისცა შესაძლებლობა შეეტანა სხვადასხვა გაუმჯობესებანი სასულიერო წოდების ცხოვრებაში, იმ სარეფორმაციო მისწრაფებების სულისკვეთებით, რომლებიც გამოდიოდა კლიუნის მონასტრიდან. მაგრამ პაპის ლეონ IX-ის დროს, ჰილდებრანდის წინამძღოლობით, წარმოიქმნა პარტია, რომელიც მოითხოვდა ეკლესიის სრულ დამოუკიდებლობასა (რუს. самостоятельность, რაც ქართულად ნიშნავს საკუთარ ფეხზე დგომას) და ბატონობას. ჰაინრიხი გარდაიცვალა 1056 წ. შეადარეთ, Steindorff, „Jahrbücher des deutschen Reichs unter Heinrich III“ (ლაიფციგი, 1874-1881).
გ. ფორსტენი
8) ჰაინრიხ IV
რომაელ-გერმანელი იმპერატორი (1050-1106), ჰაინრიხ III-ის ვაჟიშვილი. რადგანაც ის მამის სიკვდილის დროს იყო 5 წლის ბავშვი, ამიტომ სახელმწიფოს მმართველობა იმყოფებოდა მისი დედის აგნესას ხელში. თავისი ნიჭისა და უნარის, აგრეთვე რომის პაპის ვიქტორ II-ისა და ეპისკოპოს ჰაინრიხ აუგსბურგელის მხარდაჭერის მიუხედავად, აგნესას არ შეეძლო გამკლავებოდა თავის ამოცანას. მოიმადლიერა რა ერთი მთავრები, მან ამით შური აღაგზნო სხვებში, განსაკუთრებით კი კიოლნის მთავარეპისკოპოს ანნოში, რომელმაც 1062 წ. მოიტაცა ჰაინრიხი და თავის ხელში ჩაიგდო რეგენტობა. მაგრამ, თავისი უკანონო მმართველობით, ძალაუფლების მოყვარეობითა და მფლანგველობით მან მეტად მალე აღაგზნო უკმაყოფილება მთავრებს შორის, რის გამოც იძულებული შეიქმნა მმართველობასა და ჰაინრიხის აღზრდაში მონაწილეობა შეეთავაზებინა მთავარეპისკოპოს ადალბერტ ბრემენელისთვის. თუმცა კი ჰაინრიხმა ცოტა რამ თუ მოიგო ამ ცვლილებისგან. იმ დროს, როდესაც ანნო მავნედ მოქმედებდა მასზე ზედმეტი სიმკაცრით, ადალბერტი აფუჭებდა მას ძალზედ დიდი შემწყნარებლობით. ამ უკანასკნელის წყალობით, ჰაინრიხი მალე მოექცა ადალბერტის განსაკუთრებული გავლენის ქვეშ, რომელიც ჩააგონებდა მას იდეებს შეუზღუდავი ხელისუფლების შესახებ, სიძულვილს საქსონელი მთავრების მიმართ და იმავე დროს ცდილობდა მთელი ფაქტიური ძალაუფლების თავის ხელში ჩაგდებას. 1065 წ., უნგრელების წინააღმდეგ ლაშქრობიდან დაბრუნების შემდეგ, ადალბერტმა მიაღწია ჰაინრიხის გამოცხადებას სრულწლოვანად და მმართველობდა მისი სახელით. მისი თვითნებობით აღშფოთებული დანარჩენი მთავრები შეიკრიბნენ ტრიბურგში და აიძულეს ჰაინრიხი გადაეცა მმართველობა ზოგიერთი მათგანისთვის, უმთავრესად კი მთავარეპისკოპოს ანნოსთვის.
ჰაინრიხის ზნეობრივი თავაშვებულობა ასევე იწვევდა უამრავ საყვედურს, რის შედეგადაც ანნომ იჩქარა კიდეც დაექორწინებინა იგი ბერტაზე, სუზის მარკგრაფის ქალიშვილზე. ქორწინების შემდეგ მალევე ჰაინრიხმა ზრუნვა დაიწყო განქორწინებისთვის, რასაც წინ აღუდგა რომის პაპი მთავრებთან ერთად; ცოლთან განშორებული ჰაინრიხი შემდეგ ისევ დაუახლოვდა მას. იმავე დროს იწყება ჰაინრიხის ბრძოლა მთავრებთან. ბავარიის ჰერცოგს ოტონს, რომელსაც ბრალი დასდეს შეთქმულებაში ჰაინრიხის სიცოცხლის ხელყოფისთვის, ჩამოართვეს თავისი საჰერცოგო და გადასცეს მის ვერაგ და ანგარების მოყვარულ სიძეს, ჰერცოგ ველფს; მისი სამფლობელოები გაჩანაგებულ იქნა, სანამ ის თავის მოკავშირესთან, ჰერცოგ მაგნუს საქსონელთან ერთად, არ დაემორჩილა მეფეს. ოტონი მალე გამოშვებულ იქნა საპყრობილიდან, მაგნუსი კი, ადალბერტის რჩევით, რომლის გავლენაც ისევ გაძლიერდა, დატოვებულ იქნა ტყვეობაში. იმავე დროს ჰაინრიხმა, საქსონიაში თავისი ძალაუფლების განმტკიცების მიზნით, ქვეყანაში ააგო რიგი ციხესიმაგრეებისა, რომლებშიც ჩააყენა ძლიერი გარნიზონები. საქსონელები მის წინააღმდეგ გამოვიდნენ 60000-იანი ჯარით, ოტონ ბავარიელის წინამძღოლობით, და ალყა შემოარტყეს ჰაინრიხს ჰარცბურგში, საიდანაც მან თავს გაქცევით უშველა. თუმცა კი საქსონელებს შეუერთდნენ სხვა ზემო-გერმანელი მთავრები, მაგრამ მეფე გადარჩენილ იქნა ვორმსის მოქალაქეთა მიერ მისი ვაჟკაცურად დაცვის წყალობით. 1074 წ. ჰაინრიხი იძულებული შეიქმნა დათანხმებოდა ციხესიმაგრეების მოსპობაზე საქსონიაში და დაებრუნებინა ოტონისთვის ბავარიის საჰერცოგო (ჰერსტუნგენური დავა). საქსონელი გლეხების მიერ ჰარცბურგში სულ ახლად აშნებული ეკლესიის დარბევამ კვლავ გამოიწვია ბრძოლა.
1075 წ. ჰაინრიხმა დაამარცხა საქსონელები ჰოჰენბურგთან (უნსტრუტზე) და მომდევნო წელს ტყვედ ჩაიგდო მათი მთავრები. საქსონური ციხესიმაგრეები კვლავ აგებულ იქნა და ჰაინრიხმა პაპისგან გრიგოლ VII-გან მოითხოვა იმ ეპისკოპოსების დამხობა, რომლებიც მონაწილეობას ღებულობდნენ აჯანყებაში; ამ მოთხოვნას შდეგად მოჰყვა ბრძოლა რომის პაპთან, რომლიც ბრალს დებდა ჰაინრიხს სიმონიაში და მოითხოვდა, რომ იგი გამოცხადებულიყო მასთან თავის გასამართლებლად. ამის საპასუხოდ ჰაინრიხმა მოიწვია გერმანელი ეპისკოპოსების კრება, რომლებმაც (1076) პაპი გამოაცხადეს დამხობილად. გრიგოლმა უპასუხა დაწყევლითა და ინტერდიქტის დადებით (იხ.). _ საქმის ასეთმა შემობრუნებამ შეაგულიანა გერმანელი მთავრები შეერთებოდნენ რომის პაპს ჰაინრიხის დასამხობად, რომლმაც, რათა თავიდან აეცილებინა ეს ხვედრი, 1077 წ. მკაცრ ზამთარში, ყველაზე უფრო მძიმე პირობებში გადალახა ალპები, გადავიდა იტალიაში და, ჰპოვა რა პაპი კანოსეს ციხესიმაგრეში, მდაბლად გამოითხოვა მისგან პატიება, დაჰპირდა რა ეღიარებინა მისი გადაწყვეტილება მთავრებთან დავაში. მთავრებმა, ამასობაში, მეფედ აირჩიეს შვაბელი ჰერცოგი რუდოლფი. როდესაც, ორწლიანი ბრძოლის შემდეგ, გამარჯვბამ გადახრა დაიწყო ჰაინრიხის მხარეზე, პაპმა კვლავ განკვეთა იგი; მაშინ მეფის მიერ მოწვეულმა ეპისკოპოსების კრებამ ბრიქსენში დაამხო გრიგოლი და პაპად აირჩია რავენის მთავარეპისკოპოსი ვილბერტი (კლიმენტ III). მას შემდეგ რაც ჰაინრიხისთვის უიღბლო ბრძოლაში მდ. ელსთერზე, მერზებურგის ახლოს (1080), დაეცა რუდოლფ შვაბელი, ჰაინრიხი 1081 წ. გაეშურა ჯარით რომისკენ, ჩააბარა რა მმართველობა გერმანიაში თავის სიძეს ფრიდრიხ ჰოჰენშტაუფენს. მხოლოდ 1084 წ. გაზაფხულზე მან მოახერდა რომის დაუფლება, სადაც დაიდგა კიდეც თავზე იმპერატორის გვირგვინი. გრიგოლ VII-მ თავი შეაფარა წმ. ანგელოზის ციხესიმაგრეში და შემდეგ გაიქცა სალერნოში, სადაც აღესრულა კიდეც.
გერმანიაში დაბრუნების შემდეგ ჰაინრიხს კვლავ მოუხდა ბრძოლის გადატანა ორ მოწინააღმდეგესთან: 1081 წ. მეფედ არჩეულ გრაფ ჰერმან ლუქსემბურგელთან და მარკგრაფ ეკბერტ მაისენელთან, რომელმაც საკუთარი თავი თვითონ გამოაცხადა მეფედ; ორივე მოწინააღმდეგისგან იგი გაანთვისუფლა მხოლოდ მათმა სიკვდილმა. ამასობაში რომში გრიგოლის პარტიამ პაპად გამოაცხადა ვიქტორ III, ხოლო მისი სიკვდილის შემდეგ _ ურბან II. რათა აღედგინა თავისი გავლენა, ჰაინრიხი 1090 წ. მესამედ გაეშურა იტალიაში; აქ, ლაშქრობის დროს, მას მიუვიდა ცნობა, რომ მისი ვაჟიშვილი კონრადი გადავიდა მისი მტრების მხარეზე და რომ ლომბარდიელები მის წინააღმდეგ გაერთიანდნენ ჰერცოგ ველფთან. მხოლოდ 1096 წ. დაბრუნდა ჰაინრიხი გერმანიაში, სადაც, სხვადასხვანაირი დათმობების წყალობით, მან მოახერხა შერიგებოდა მთავრებს და თვით ჰერცოგ ველფსაც. მისი სურვილის თანახმად, მის ვაჟიშვილს კონრადს ჩამოერთვა სამეფო ღირსება და მენაცვალედ გამოცხადებულ იქნა მისი მეორე ვაჟიშვილი ჰაინრიხი. ამის შემდეგ დამდგარი სიმშვიდე ხანგრძლივი არ აღმოჩნდა. ახალმა პაპმა პასხალის II-მ კვლავ განკვეთა ჰაინრიხი და იმავე დროს ზოგიერთმა მთავარმა აღაგზნო ახალგაზრდა ჰაინრიხი მამის წინააღმდეგ. დამარცხებული და ეშმაკობით ტყვედ ჩაგდებული ჰაინრიხი IV გაიქცა ლუტიხში, სადაც ჰპოვა მომხრეები, მაგრამ მალევე მოკვდა. ლუტიხის ეპისკოპოსმა დამარხა იგი სათანადო პატივით, მაგრამ მისი ნეშთი, მტრების დაჟინებით, ამოთხრილ და გადატანილ იქნა შპაიერში, სადაც რჩებოდა დაუმარხავად ხუთი წლის განმავლობაში, სანამდე არ იქნა მოხსნილი მისი ეკლესიისგან განკვეთა. შეადარეთ Floto, „Heinrich der IV und sein Zeitalter“; ნადლერი, „ადალბერტ ბრემენელი, გერმანიის მმართველი ჰაინრიხ IV-ის ახალგაზრდულ წლებში“ (ხარკოვი, 1867).
გ. ფორსტენი
9) ჰაინრიხ V
რომაელ-გერმანელი იმპერატორი, ჰაინრიხ IV-ის ვაჟიშვილი, დაიბადა 1081 წ. როდესაც მისი უფროსი ძმა კონრადი აჯანყდა მამის წინააღმდეგ, ჰაინრიხი დანიშნულ იქნა მემკვიდრედ, მაგრამ 1104 წ. დეკემბერში თავის მხრივ აჯანყდა მამის წინააღმდეგ და რომის პაპისადმი მორჩილებით თავის მხარეზე მიიზიდა სასულიერო პარტია. მან შემოირიგა ჭირვეული ვასალები და დაიმორჩილა პოლონეთისა და ბოჰემიის მთავრები, რითაც, ტახტზე ასვლის შემდეგ მაღლა ასწია სამეფო ხელისუფლების დაცემული მნიშვნელობა. მას მალე მოუწია ჩაბმულიყო ბრძოლაში პაპთან პასხალის II-თან ინვესტიტურის უფლების გამო. 1110 წ. იგი 30-ათასიანი ჯარით შევიდა იტალიაში, და პაპი იძულებული შეიქმნა დაედო მასთან ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც ეპისკოპოსებს უნდა დაებრუნებინათ მთელი საიმპერიო ლენები. ხელშეკრულების გამოცხადებამ გვირგვინის დადგმის (დაგვირგვინების) წინ, წმ. პეტრეს ეკლესიაში, გამოიწვია წინააღმდეგობა ეპისკოპოსების მხრიდან; პაპმა უარი თქვა დაგვირგვინებაზე, მაგრამ ჰაინრიხმა იგი ტყვედ აიყვანა, ყველა კარდინალთან ერთად, და იძულებით მიიღო მისგან გვირგვინის უფლების აღიარება ინვესტიტურაზე, ზუსტად ისევე როგორც დაპირება არასოდეს არ განეკვეთათ იგი ეკლესიისგან; რის შემდეგაც იგი დაგვირგვინებულ იქნა (1111). სულ ახალი დაბრუნებული იყო იგი გერმანიაში, როდესაც პასხალისმა ხელშეკრულება გამოაცხადა იძულებიათად, და თავის ლეგატს, არქიეპისკოპოს გვიდო ვენელს ნება დართო განეკვეთა იმპერატორი ეკლესიისგან. ამ განკვეთას ჰაინრიხმა ნაკლები ყურადღება მიაქცია, მით უმეტეს, რომ დაკავებული იყო ომით გერმანელი მთავრების წინააღმდეგ. იმ დროს, როდესაც საქსონელი მთავრების აჯანყება, როგორც ჩანს, ჩახშობილი იყო ჰაინრიხის მხედართმთავრის, გოიერ მანსფელდელის მიერ ვარენშტედტთან მოპოვებული გამარჯვებით, კვლავ იფეთქა რაინელი და ვესტფალელი მთავრების აჯანყებამ; ჰაინრიხი დამარცხებულ იქნა ველფის ტყესთან ბრძოლაში მდ. ვაპერზე (1115).
იმ გაძნელებული მდგომარეობით, რომელშიც იგი ახლა იმყოფებოდა, ისარგებლეს მისმა მტრებმა, კიოლნისა და მაინცის მთავარეპისკოპოსებმა, რათა მეორედ განეკვეთათ იგი ეკლესიისგან. ამ გარემოებამ და მარკგრაფინია მატილდას სიკვდილმა, რომლის მიწებისა და მამულების დაუფლებაც მას სურდა, შეაგულიანეს იგი გერმანიის დაცვა დაევალებინა ჯერ კიდევ ერთგულად დარჩენილი შვაბიის მთავრებისთვის, ხოლო თავად კი ისევ იტალიაში გამგზავრებულიყო. დაეუფლა რა მატილდას მემკვიდრეობას, მან განდევნა რომიდან პასხალის II და მისი სიკვდილის შემდეგ მიაღწია გრიგოლ VIII-ის არჩევას, რომლის წინააღმდეგაც სასულიერო პარტიამ წამოაყენა მეტოქის სახით გელასი II. ამ უკანასკნელმა კვლავ განკვეთა იმპერატორი ეკლესიისგან, მაგრამ იძულებული გახდა გაქცეულიყო საფრანგეთში. გელასის სიკვდილის შემდეგ პაპის ადგილი დაიკავა ვენის მთავარეპისკოპოსმა გვიდომ კალიქსტუს II-ის სახელით. ჰაინრიხმა იჩქარა გერმანიაში წასვლა, სადაც გრძელდებოდა ურთიერთშორისი ომები, აქ მან დააწყნარა მთავრები საერო მშვიდობის დამყარებითა და დაპირებით, რომ თითოეულ მათგანს დაუბრუნებდა მისთვის წართმეულ მამულებსა და ქონებას. კიდევ ორ წელიწადს გაგრძელებული ურთიერთშორისი ომების შემდეგ ჰაინრიხმა დაადასტურა ეს დაპირებები ვორმსის სეიმზე 1121 წ. აქ მთავრები შეუერთდნენ მას, ასე რომ კალიქსტი, რომელმაც კიდევ ერთხელ განკვეთა ხაინრიხი ეკლესიისგან, უნდა დათანხმებოდა იმაზე, რომ ამიერიდან გერმანიაში ეპისკოპოსები აერჩიათ იმპერატორის ან მისი ელჩების თანდასწრებით და რომ მხოლოდ მის, მეფის, მიერ კვერთხის მიცემის შემდეგ შესულიყვნენ ისინი საეკლესიო ლენების მფლობელობაში. ეს ხელშეკრულება ცნობილია ვორმსის კონკორდატის სახელწოდებით (1122). ჰაინრიხს კიდევ რამდენჯრმე მოუხდა ბრძოლაში ჩაბმა ზოგიერთ მთავართან, ამასთან უმეტეს წილად მას ბედი არ სწყალობდა ამ ბრძოლაში. იგი მოკვდა 1125 წ. მასთან ერთად შეწყდა სალიური ანუ ფრანკონული საიმპერატორო სახლი. მისი მენაცვალე იყო ლოტარ საქსონელი. იხილეთ Gervals, „Geschichte Deutschlands unter der Regierung Heinrichs V. und Lothars“ (ლაიფციგი, 1841-1842); Kolbe, „Zur geschichte des Wormser Concordats“ (გიოტინგენი, 1878); კრილოვი, „ჰაინრიხ V-ის ბრძოლა ეკლესიასთან ინვესტიტურის შესახებ საკითხის გამო“ (ვარშავა, 1865).
გ. ფორსტენი
10) ჰაინრიხ IX ამაყი
ჰაინრიხ IX ამაყი _ ბავარიისა და საქსონიის ჰერცოგი, ველფების სახლიდან, დაიბადა 1108 წ., ჰაინრიხ შავის ვაჟიშვილი, 1127 წ. იქორწინა გერტრუდაზე, გერმანიის იმპერატორის ლოტარის ერთადერთ ქალიშვილზე, რომლისთვისაც მზითვად მიიღო სამფლობელოები საქსონიაში (ბრაუნშვაიგი, სუპლინგსბურგი და ნორდჰაიმი). იგი ომობდა ლოტართან ერთად ჰოჰენშტაუფენების წინააღმდეგ და თან ახლდა მას მეორე იტალიურ ლაშქრობაში (1136). იტალიიდან უკანა გზაზე, თავის გარდაცვალებამდე არცთუ დიდი ხნით ადრე, ლოტარმა ჰაინრიხი გამოაცხადა (1137) საქსონიის ჰერცოგად და გადასცა მას საიმპერატორო ღირსების ნიშნები; მაგრამ მისი მცდელობა არჩეული ყოფილიყო იმპერატორად, არ გამოდგა შედეგიანი, მისი უკიდურესად პატივმოყვარე და ქედმაღალი ხასიათის შედეგად, და მის ნაცვლად არჩეულ იქნა კონრად III. ჰაინრიხმა არ მოისურვა უარი ეთქვა საქსონიაზე, რომელიც ახალმა იმპერატორმა მისცა ალბრეხტ დათვს, განდევნა იქიდან უკანასკნელი, და წარმატებით იყო გამაგრებული მასში, სანამდე არ უწია მოულოდნელმა სიკვდილმა (1139).
11) ჰაინრიხ ლომი
ბავარიისა და საქსონიის ჰერცოგი, ჰაინრიხ ამაყის ვაჟიშვილი, დაიბადა 1129 წ., 1142 წ. მიიღო საქსონია და უარი თქვა ბავარიაზე. 1147 წ. კვლავ მიიღო ბავარიის ჰერცოგის ტიტული და 1152 წ. ცდილობდა იარაღის ძალით დაეპყრო მამის მემკვიდრეობა. იმპერატორმა ფრიდრიხ I-მა დაუბრუნა მას ბავარიის ტახტი 1154 წ., მაგრამ მხოლოდ ორი წლის შემდეგ დაეუფლა მას ჰაინრიხი ფაქტიურად. ამისთვის მადლობის ნიშნად ჰაინრიხ-ლომი თან ახლდა ფრიდრიხს მის პირველ იტალიურ ლაშქრობებში და მისი მხარე ეკავა საკლესიო დავაშიც. მშვიდობიანობის დროს მან განამტკიცა თავისი ძალაუფლება ბავარიაში, სადაც დააარსა მიუნხენი, და საქსონიაში, რომლის აღმოსავლეთ საზღვარიც იქით გადასწია სლავების ხარჯზე; ლიუბეკს მისცა ქალაქის უფლებები; დააარსა ბევრი ეპარქია და მონასტერი და დაიპყრო მეკლენბურგი და პომერანია. ჰაინრიხ-ლომის ძალისა და მნიშვნელობის ამაღლება ძალზედ არ მოეწონათ გერმანელ მთავრებს; ზოგიერთმა მათგანმა ურთიერთ შორის შეკრა კავშირი და გამოუცხადა მას ომი იმ დროს, როდესაც იგი ომობდა პომერანიაში. ჰაინრიხ-ლომმა იჩქარა შერიგებოდა ობოტრიტის მთავარს პრიბისლავს, რომელმაც მიიღო ქრისტიანობა, მას ლენურ მფლობელობაში მისცა მეკლენბურგი და შემობრუნდა მოკავშირეთა წინააღმდეგ. გაჩაღებულ იქნა გააფთრებული ომი, რომელიც გრძელდებოდა ორ წელიწადს, და, ბოლოს, საიმპერიო სეიმზე ბამბერგში (1169), იმპერატორ ფრიდრიხის წყალობით, დასრულდა ჰაინრიხ-ლომის სასარგებლოდ. მისი მდგომარეობა იმდენად განმტკიცდა, რომ მას შეეძლო უშიშრად წასულიყო მომლოცველად იერუსალიმში. ცოტ-ცოტად მისი მეგობრობა ფრიდრიხთან გაცივდა, განსაკუთრებით ინგლისის პრინცესაზე მატილდაზე ქორწინების შემდეგ. იგი ახლა თავის თავს საკმარისად მძლედ თვლიდა, რათა იმპერატორის დახმარების გარშეც კარგად კარგად ეგრძნო თავი. ამიტომ მან უარი თქვა ფრიდრიხ I-ის იტალიურ ლაშქრობაში მონაწილეობაზე (1174-1176), იმპერატორის კრიტიკული მდგომარეობის მიუხედავად, და აგრძელებდა თავისი სამფლობელოების გაფართოებას პომერანიაში.
იმპერატორმა მალევე დადო ვენეციის სამშვიდობო ხელშეკრულება რომის პაპთან ალექსანდრე III-თან და დაბრუნდა გერმანიაში; ჯერ კიდევ მანამდე ჰალბერშტადტის ეპისკოპოსმა ულრიხმა, საქსონელი ვასალების სათავეში, დაიწყო ბრძოლა ჰაინრიხთან, რომელიც ჯიუტად უარყოფდა ფრიდრიხის ყველა სამშვიდობო წინადადებას და არ ცხადდებოდა საიმპერიო სეიმებზე, სადაც მსჯელობდნენ მის ბედზე. მან დაიწყო ღია ბრძოლა, თავიდან საკმარისად იღბლიანად, ტყვედ ჩაიგდო ულრიხი, დაამარცხა ტიურინგენის ლანდგრაფი, მაგრამ როდესაც თავად იმპერატორი შემოიჭრა საქსონიაში, ჰაინრიხი უნდა დამორჩილებოდა. ერფრუტის სეიმზე (1181) გადაწყდა დაებრუნებინათ მისთვის მხოლოდ ბრაუნშვაიგი და ლუბეკი და გაეძევებინათ იმპერიიდან; მას მოუწია გამგზავრებულიყო თავის სიმამრთან, ინგლისის მეფე ჰაინრიხ II-თან. 1185 წ. მან მიიღო ნებართვა დაბრუნებულიყო გერმანიაში. 1188 წ., მეორედ განდევნის მუქარის ქვეშ, იგი იძულებული გახდა მიეღო მონაწილეობა ფრიდრიხის ჯვაროსნულ ლაშქრობაში. ერთი წლის შემდეგ ჰაინრიხი დაბრუნდა და კვლავ თავს დაესხა თავის მტრებს, თავიდან ადოლფს, ჰოლშტინის გრაფს, დაიპყრო მისი საგრაფო, შემდეგ კი დაეუფლა თავისი უწინდელი საჰერცოგოს უმეტეს ნაწილს, მაგრამ, რამდენიმე უიღბლო ბრძოლის შემდეგ, დადო ფულდას სამშვიდობო ხელშეკრულება, ამასთან მას ცოტა რამ თუ დარჩა თავისი დაპყრობებისგან. აგრძელებდა რა დაიმედებას ველფების უწინდელი ძლიერების აღდგენაზე, მან 1192 წ. კვლავ დაიწყო ბრძოლა, ისარგებლა რა იმით, რომ იმპერიის მთავრები უკმაყოფილონი იყვნენ იმპერატორ ჰაინრიხ VI-ის მმართველობით, მაგრამ უნდა დამორჩილებოდა და მოკვდა, მას შემდეგ რაც შეურიგდა ჰაინრიხ VI-ს, 1195 წ.
12) ჰაინრიხ VI
რომაელ-გერმანელი იმპრატორი, იმპერატორ ფრიდრიხ I-ის ვაჟიშვილი, დაიბადა 1165 წ. 1184 წ.-დან იგი ცვლიდა თავის მამას თავიდან გერმანიაში, ხოლო 1186 წ.-დან, სიცილიის მემკვიდრეზე კონსტანციაზე თავისი ქორწინების შემდეგ _ იტალიაშიც. როდესაც მისი მამა 1189 წ., გაემგზავრა ჯვაროსნულ ლაშქრობაში, მის ხელში გადავიდა საერთოდ მმართველობა. უწინარეს ყოვლისა ჰაინრიხს მოუხდა ბრძოლის გადატანა ჰაინრიხ-ლომთან, რომელიც თვითნებურად დაბრუნდა განდევნის ადგილიდან. შეიტყო რა, რომ სიცილიელმა ბარონებმა მეფის ვილჰელმ II-ის სიკვდილის შემდეგ განთავისუფლებულ სიცილიის ტახტზე აირჩიეს გრაფი ტანკრედ ლეჩე, კონსტანციის ძმის უკანონოდ შობილი ვაჟიშვილი, ჰაინრიხი შეურიგდა ჰაინრიხ-ლომს და იჩქარა დაბრუნბულიყო იტალიაში. აქ მან თავის მხარეზე მიიზიდა ლომბარდიელები, თავის სასარგებლოდ განაწყო რომაელები და დაგვირგვინებულ იქნა პაპის ცელესტინ III-ის მიერ, რის შემდეგაც შეიჭრა სიცილიის სამეფოში. ნეაპოლის მიერ გაწეულმა წინააღმდეგობამ და ჯარში გაჩენილმა შავმა ჭირმა აიძულეს იმპერატორი უკან დაეხია. დაბრუნდა რა გერმანიაში, მან მიიღო მდიდარი მემკვიდრეობა, რომელიც დარჩა ჰერცოგ ველფ VI-ის სიკვდილის შემდეგ. ჰაინრიხმა შვაბია მისცა თავის ძმას კონრადს, ხოლო თავად მიმართა ახალ ლაშქრობას იტალიაში, რათა მიეღწია სიცილიური გვირგვინის გერმანულთან მჭიდროდ დაკავშირებისთვის. ტანკრედი მოკვდა 1194 წ.; მისი არასრულწლოვანი ვაჟიშვილი ვილჰელმ III გამოცხადებულ იქნა მეფედ, ხოლო დედოფალი სიბილა დანიშნული იყო რეგენტად.
ამჯერად ნეაპოლს არ გაუწევია წინააღმდეგობა, სალერნო ჰაინრიხმა აიღო იერიშით, სიცილიაც ასევე დაემორჩილა და 1194 წ. ნოემბერში იმპერატორმა საზეიმოდ შეაბიჯა პალერმოში, სადაც დაიდგა კიდეც თავზე სიცილიის გვირგვინი. სიბილამ და ვილჰელმმა უარი თქვეს თავიანთ უფლებებზე, მას შემდეგ, რაც მათ დაჰპირდნენ ლეჩესა და ტარენტის საგრაფოებს. მაგრამ მალევე ჰაინრიხმა, ვითომდა აღმოჩენილი შეთქმულების საბაბით, ბრძანა შეეპყროთ და მონასტერში ჩაემწყვდიათ დედოფალი სიბილა და მისი ქალიშვილი, ვილჰელმისთვის კი თვალები დაეთხარათ და დაესაჭურისებინათ; თვით ტანკრედის გვამიც კი შეურაცხჰყვეს, ხოლო ნორმანული სამეფო სახლის ყველა მომხრე შეიპყრეს და სიკვდილით დასაჯეს. დაბრუნდა რა გერმანიაში, ჰაინრიხმა შეწყვიტა მისი არყოფნის დროს წარმოქმნილი ურთიერთმტრობები და სიტყვით გამოვიდა სეიმებზე ვიურცბურგსა და მაინცში 1196 წ. გერმანული გვირგვინის მის სახლში მემკვიდრეობით გადაცემის აღიარების მოთხოვნით. იგი წააწყდა სასულიერო მთავრებისა და რომის პაპის წინააღმდეგობას, და შეძლო მიეღწია მხოლოდ მისი ორი წლის ვაჟიშვილის ფრიდრიხის გერმანიის მეფედ გამოცხადებისთვის. შემდეგ ჰაინრიხი გაემგზავრა სამხრეთში და განზრახული ჰქონდა სპეციალურ-გერმანული ჯვაროსნული ლაშქრობის დახმარებით, რომლისთვისაც იგი ქირაობდა ბევრ მთავარს, თავისი ძალაუფლება გაევრცელებინა აღმოსავლეთზეც. მას უკვე უხდიდნენ ხარკს ჩრდილოეთ აფრიკის მავრიტანელი მთავრები და საბერძნეთის იმპერატორი ალექსი, რომელმაც ტახტიდან დაამხო თავისი ძმა ისააკი. ჩაახშო რა დიდი სისასტიკით აჯანყება სიცილიაში, ჰაინრიხს სურდა მიჰყოლოდა ჯვაროსნების ჯარს, მაგრამ 1197 წ. სექტემბერში გარდაიცვალა. შეადარეთ Th. Toeche, „Jahrbücher des Deutschen Reichs unter Heinrich VI“ (ლაიფციგი, 1867).
გ. ფორსტენი
13) ჰაინრიხ VII
გერმანიის მეფე, იმპერატორის ფრიდრიხ II-ის უფროსი ვაჟიშვილი (1211-1242); ბავშვობაში იგი დაგვირგვინებულ იქნა სიცილიის მფედ, 1220 წ. ფრანკფურტში აირჩიეს გერმანიის მეფედ და მომდევნო წელს გვირგვინი დაადგეს თავზე აახენში და საიმპერიო მთავრებისგან შემდგარი საბჭოს მეურვეობით იქცა რეგენტად მისი მამის არყოფნის დროს, რომელიც იმ ხანად იმყოფებოდა ჯვაროსნულ ლაშქრობაში; 1234 წ. რომის პაპის გრიგოლ IX-ის ჩაგონებით, აჯანყდა მამის წინააღმდეგ ფრიდრიხ მეომარ ავსტრიელთან ერთად, მაგრამ მომდევნო წელს, ფრიდრიხ II-ის დაბრუნების შემდეგ, იგი დამხობილ იქნა ტახტიდან და გადასახლებულ აპულიაში, სადაც აღესრულა კიდეც.
14) შტედინგები
შტედინგები ეწოდებოდათ სანაპიროს მაცხოვრებლებს (ძველი საქსონურიდან stat-Gestade, სანაპირო) _ ყველაზე უფრო სავარაუდოა, რომ ისინი წარმოადგენდნენ საქსონური და ფრიზული ელემენტების ნარევს, და ცხოვრობდნენ მდ. ვეზერის მარცხენა ნაპირზე ოხტუმისა და გუნტეს გაყოლებაზე, ახლანდელ ოლდენბურგის დიდ საჰერცოგოში (უწინ Weststedingen, ახლა Stedingerland) და ვეზერის მოპირდაპირე მარჯვენა ნაპირზე დრეპტამდე და ლიუნამდე ახლანდელ პრუსიულ პროვინციაში ჰანოვერი (უწინ Oststedsingen, ახლა Osterstade). ოლქი მიეკუთვნებოდა ბრემენის საარქიეპისკოპოსოს, ხოლო ოლდენბურგის გრაფები მართავდნენ მის გარკვეულ ნაწილს ვიცე-გრაფების სახით. შტედინგები ბაძავდნენ მეზობელი დამოუკიდებელი ფრიზების მაგალითს: დაახლოებით 1200 და 1204 წწ. მათ აიღეს და გაძარცვეს მემამულეთა ციხე-სასახლეები. არქიეპისკოპოსის კათედრისთვის ატხილი ბრძოლის დროს (1207) შტედინგებს, პაპის მხრიდან განკვეთის მიუხედავად, ეჭირათ პრეტენდენტ ვალდემარის მხარე. მხოლოდ 1216 წ. გადავიდნენ ისინი ვალდემარის მოწინააღმდეგის, არქიეპისკოპოს გერჰარდ I-ის (გარდ. 1219) მხარეზე, რომელმაც იზეიმა კიდეც გამარჯვება მათი დახმარებით. ამ სამხედრო გმირობებმა მაღლა ასწიეს შტედინგების აზრი საკუთარ თავზე; მათ დაიწყეს გადასახადების გადახდის შეჩერება, არ აქცევდნენ რა ყურადღებას მოთხოვნებს. არქიეპისკოპოსმა გერჰარდ II-მ (1219-1258) გადაწყვიტა გამოეყენებინა მათ წინააღმდეგ ძალა, მაგრამ მისი ჯარი დამარცხებულ იქნა (1229) და მისი ძმა ჰერმან ლიპპე დაეცა ბრძოლაში. გერჰარდ II-მ საეკლესიო კრებაზე ბრემენში 1230 წ. 17 მარტს შტედინგი განკვეთას გადასცა, როგორც ერეტიკოსები. მისი შუამდგომლობით რომის პაპმა გრიგოლ IX-მ ლუბეკის, რაცებურგისა და მინდენის ეპისკოპოსებს დაავალა ექადაგათ ჯვაროსნული ლაშქრობის მოსაწყობად შტედინგის წინააღმდეგ.
უკანასკნელებმა 1232-1233 წწ. ზამთარში უკუაგდეს ჯვაროსნების მხედრობა და მუქარებიც კი დაუწყეს ქალაქებს ოლდენბურგსა და ბრემენს. შემდეგი ჯვაროსნული ლაშქრობის გაგრძელებისას 1233 წ. 26 (29) ივნისს ოსტ-შტედინგია დამორჩილებულ იქნა, ხოლო ტყვეები დაწვეს, როგორც ერეტიკოსები (მწვალებლები). როდესაც ჯვაროსნები 1233 წ. შემოდგომაზე თავს დაესხნენ ვესტ-შტედინგიას, მათ განიცადეს დამარცხება, ამასთან დაეცა მათი წინამძღოლი, გრაფი ბურჰარდ ოლდენბურგელი. ამასობაში პაპის განმეორებითმა ბულებმა და მონაზვნების ქადაგებებმა მოასწრეს რელიგიური ფანატიზმის გაჩაღება მთელ ოლქში. ჯვაროსნების მხედრობა, რომელიც შეიკრიბა ბრემენში, 1234 წ. პონტონის ხიდით გადავიდა ოხტულზე ალტენეშთან შეხვდა ვესტ-შტედინგიის მთავარ ძალებს. გააფთრებული ბრძოლის შემდეგ, რომელშიც დაეცა გრაფი ჰაინრიხ ოლდენბურგელი, შტედინგები დამარცხებულ იქნენ; მხოლოდ ცოტა მათგანმა მოახერხა ფრიზების მიწაზე გაქცევა. მათი ოლქი შემდეგ დასახლებულ იქნა მოსული კოლონისტებით, და მას მორჩილებაში ამყოფებდნენ ახლად აშენებული ციხესიმაგრეების, განსაკუთრებით დელმენჰორსტის ციხესიმაგრის დახმარებით. ალტენეშთან ბრძოლის ველზე, ნახევრად დანგრეული სამრეკლოს ადგილას, აგებულია ძეგლი „Stedingsehre“. შეადარეთ შუმახერი, „Die Stedinger, Beitrag zur Geschichte der Wesermarschen“ (ბრემენი, 1865).
15) ჰაინრიხ ტიურინგენელი
ჰაინრიხ IV რასპე, ტიურინგენის ლანდგრაფი, ჰერმან I-ის მეორე ვაჟიშვილი; თავისი უფროსი ძმის ლუდოვიკ მოკრძალებულის სიკვდილის შემდეგ (გარდ. 1227) განდევნა მისი ცოლი, წმინდა ელისაბედი, მის შვილებთან ერთად ვარტბურგიდან და დაიპყრო ტიურინგენის ლანდ-საგრაფო, საქსონიის პფალც-საგრაფოსთან ერთად. მან დახმარება აღმოუჩინა ბოჰემიას მონღოლების შემოსევისას; გახდა კონრადის, იმპერატორ ფრიდრიხ II-ის ვაჟიშვილის მეურვე, მაგრამ მალევე გადავიდა რომის პაპის მხარეზე, და უკანასკნელის პარტიამ, ფრიდრიხ II-თვის გვირგვინის ჩამორთმევის შემდეგ, აირჩია იგი კონტრ-იმპერატორად; დაცინვით მას ეძახდნენ მღვდლების იმპერატორს, რადგანაც მის არჩევაში მონაწილეობას ღებულობდნენ უპირატესად სასულიერო მთავრები. პაპის ფულების დახმარებით მან მოაგროვა ჯარი და 1246 წ. ფრანკფურტთან დაამარცხა კონრადი, მაგრამ ავად გახდა ულმის ალყის დროს და მოკვდა 1247 წ. მის სიკვდილთან ერთად ჩაქრა ტიურინგენის სახლის მამაკაცთა ხაზი, და წარმოიქმნა დავა ტიურინგიაში მემკვიდრეობის თაობაზე.
16) ჰანზა
ჰანზა _ ძველი გოთური სიტყვაა, რომლის ქვეშაც შუა საუკუნეებში ესმოდთ გერმანელი ვაჭრების სავაჭრო ამხანაგობები საზღვარგარეთ, რომლებიც წარმოიქმნებოდა ურთიერთ დახმარებისა და დაცვისთვის; ამავე მიზნით დადებული იყო გერმანული ზღვისპირა ქალაქების ცალკეული ხელშეკრულებები ერთმანეთთან. ამ ხელშეკრულებებიდან განსაკუთრებით ცნობილია ლუბეკის ხელშეკრულება ჰამბურგთან 1241 წ. ჰანზას ქალაქების ცალკეული ომებიდან, რომლებიც იშლებოდა ვენდის, ლივონიის, პრუსიისა და ვესტფალიის ომებად, ყველაზე უფრო მეტი მნიშვნელობა ჰქონდა ომებს ერიკ მენვედთან (1311) და ვალდემარ IV დანიელთან (იხ. V, 452). უკანასკნელი ომის დროს 57-მა ქალაქმა შეადგინა ე. წ. კიოლნის კონფედერაცია (1367), რომელმაც დაუდო კიდეც სათავე ჰანზას კავშირს. ომი ვალდემართან დასრულდა სტრალზუნდის სამშვიდობო ხელშეკრულებით (1370), რომლის მიხედვითაც ჰანზას კავშირმა მიიღო მთელი რიგი ახალი პრივილეგიებისა, რომლებმაც გადააქციეს იგი არა მხოლოდ მნიშვნელოვან სავაჭრო ძალად, არამედ პოლიტიკურადაც. ჰანზას ქალაქებს დაუთმეს რამდენიმე ციხესიმაგრე სამხრეთ შვედეთში; მათზე გახდა დამოკიდებული ახალი პირის დანიშვნაც დანიის ტახტზე. კავშირის სათავეში იდგა ლუბეკი; იგი იყო კავშირის უმაღლესი სასამართლო ინსტანცია; მისი უფლება (სამართალი) ბატონობდა სხვა ქალაქებშიც. აქ იმართებოდა უპირატესად ჰანზას ქალაქების წარმომადგენელთა კრებები, ე. წ. ჰანზატაგები, რომლებზედაც განიხილავდნენ ჰანზას საშინაო და საგარეო საქმეებსაც. „ტაგებზე“ გამომუშავებული სტატუტები სავალდებულო იყო ყველასთვის. ვინც არ დაემორჩილებოდა მათ, შეიძლებოდა გარიცხულიყო კავშირიდან. ჰანზას ქალქების რიცხვი ადიოდა 90-მდე. XV ს. დასაწყისიდან ჰანზას ქალაქებში წარმოიქმნება შინაგანი მღელვარებანი, არისტოკრატიის ბრძოლა დემოკრატებთან, პატრიციებისა ამქრებთან. იმავე ასწლეულში სკანდინაველი მეფეები და გერმანელი მთავრები მიმართავენ რიგ მცდელობებს ქალაქების ძალისა და მნიშვნელობის დასასუსტებლად.
მეფეები აძლევენ შესაძლებლობას უცხოელ მოვაჭრეებს თავიანთ სახელმწიფოებში ჩამოსასვლელად; ფლობენ რა ზუნდს, ისინი ნიშნავენ მაღალ სატრანზიტო ბაჟებს. ქალაქები იმუქრებიან ომით, და გარკვეული ხნით ხელმწიფეთა მცდელობები წარუმატებლად მთავრდება. მალევე მწვავდება აღმოსავლეთ ჰანზას ურთიერთობებიც დასავლეთ ჰანზასთან. კავშირის საერთო ინტერესებს მხარს უჭერდნენ მხოლოდ ვენდის ქალაქები. რეფორმაციის ეპოქაში კვლავ წარმოიქმნება რელიგიურ-სოციალური ხასიათის შინაგანი მოძრაობები. დანიის მეფეები ქრისტიან II, ფრიდრიხ I და ქრისტიან III აწარმოებენ წარმატებულ ბრძოლას ქალაქებთან, რომლებსაც ხელმძღვანელობს ვულენვევერი (იხ. VII, 452). საგრაფო და შვიდწლიანმა ჩრდილოეთის ომებმა გადამწყვეტი დარტყმა მიაყენეს ჰანზას კავშირს. აღმოსავლეთში მან დაკარგა ყველანაირი მნიშვნელობა უკვე იმ დროიდან, როდესაც იოანე III-მ (მოსკოველმა) მოსპო მისი ნოვგოროდის კანტორა. 30-წლიან ომში ჰანზას მხოლოდ რამდენიმე ქალაქი ღებულობდა ქმედით მონაწილეობას; უმეტესმა ნაწილმა კი უარი განაცხადა პოლიტიკურ მნიშვნელობაზე და ზრუნავდა მხოლოდ საკუთარ სავაჭრო ინტერესებზე. კავშირის აღდგენის მცდელობები ვესტფალიის მშვიდობის შემდეგ ვერ დაგვირგვინდა წარმატებით. უკანასკნელი ჰანზტაგი შედგა 1669 წ. ჰანზას ქალაქების სახელწოდება შენარჩუნებული აქვთ მხოლოდ ლუბეკს, ჰამბურგსა და ბრემენს.
(შემდეგ მოდის ლიტერატურის ჩამონათვალი უცხოურ და რუსულ ენებზე)
გ. ფორსტენი
17) ჰაინრიხ VII ლუქსემბურგელი
ჰაინრიხ VII _ გერმანიის იმპერატორი ლუქსემბურგის სახლიდან, რომელიც თავის სათავეს იღებს X ს.-ში, ჰაინრიხ III-ის ლუქსემბურგის გრაფის ვაჟიშვილი, დაიბადა 1262 ან 1269 წ., მამის მემკვიდრეობა მიიღო 1288 წ. თავისი არჩევით გერმანიის ტახტზე (1308) ჰაინრიხი დავალებული იყო ფილიპ IV ლამაზისა და ავინიონის კურიისგან. წარმოშობით ნიდერლანდელი ჰაინრიხი აღზრდილი იყო საფრანგეთში; ფილიპ IV-მ აკურთხა იგი რაინდად, და ჰაინრიხი, როგორც მისი ვასალი, შეჰპირდა ემსახურა მისთვის ინგლისელებთან ბრძოლაში. ახალი იმპერატორის პირველმა ზომებმა _ რაინის საბაჟოების აღდგენამ და შვეიცარიის სამი ტყიანი კანტონის დამოუკიდებლობის აღიარებამ _ გამოავლინეს მისი ართანაგრძნობა ჰაბსბურგული პოლიტიკისადმი. ელისაბედი, ჩეხეთში უკანასკნელი პრჟემისლის, ვიაჩესლავ II-ის, ქალიშვილი მისთხოვდა ჰაინრიხის ვაჟიშვილს, იოჰანს, რომელსაც პრაღაში თავზე დაადგეს ბოჰემიის მეფის გვირგვინი. თავისი მეფობის მთელ დროში ჰაინრიხ VII დაკავებული იყო გერმანიის იმპერიის მნიშვნელობის აღდგენით იტალიაში. 1310 წ. 5000-იანი ჯარის სათავეში ჰაინრიხმა მიმართა თავის იტალიურ ლაშქრობას, რომელსაც ჰქონდა დიდი ისტორიული მნიშვნელობა, როგორც რეაქციას ბონიფაციების სისტემის წინააღმდეგ. იმპერატორობის აბსტრაქტული იდეის მატარებელი, ჰაინრიხ VII იდგა პარტიებზე უფრო მაღლა და საკუთარი თავი არ გამოაცხადა არც გველფების, და არც გიბელინების მომხრედ, რისი გაგებაც იტალიელებს არანაირად არ შეეძლოთ. ორივე პარტიას ერთნაირად არ უყვარდა იგი.
მან დაიწყო იმით, რომ დააბრუნა განდევნილები, სულ ერთი იყო, გველფების პარტიას ეკუთვნოდნენ ისინი თუ გიბელინებისა; მილანში იგი ცდილობდა დელატორეს შერიგებას ვისკონტისთან. დაიძრა რა რომისკენ, მან ჩრდილოეთ იტალიაში თავის ვიკარიუსად დანიშნა სავოიის ჰერცოგი. ჰაინრიხის სამხრეთისკენ გამგზავრებასთან ერთად, ჩრდილოეთში დაიწყო უწესრიგობები, ქალაქები ერთი მეორის მიყოლებით ჯანყდებოდნენ; ტოსკანაში მხოლოდ პიზა დაემორჩილა ჰაინრიხს, ფლორენცია, სიენა და ლუკა მას წინააღმდეგობას უწევდნენ. ფლორენციაში მიმდინარეობდა შავებისა და თეთრების ბრძოლა. დანტე არწმუნებდა ყველას ქედი მოეხარათ იმპერატორის წინაშე; იგი იტალიისთვის ხსნას ხედავდა მხოლოდ იმპერატორობის აღდგენაში. 1312 წ. 29 ივნისს ჰაინრიხ VII-ს თავზე გვირგვინი დაადგეს ლატერანის ტაძარში და აქვე მან თავის სასარგებლოდ გადაწყვიტა საკითხი იმის შესახებ, ვალდებულია თუ არა იმპერატორი საერო საქმეებში დამოკიდბული იყოს რომის პაპზე. ჰაინრიხის წინააღმდეგ აჯანყდა რობერტ ნეაპოლიტანელი; მას მხარს უჭერდნენ პაპი და საფრანგეთის მეფე. ჰაინრიხ VII-მ გადაწყვიტა ამის გამო შეერთებოდა ფრიდრიხ არაგონელს, სიცილიის მეფეს; 1313 წ. 26 აპრილს მან გამოსცა ოპალური (დასასჯელი) სიგელი, რომლის მიხედვითაც რობერტს ერთმეოდა მთელი თავისი სამფლობელოები, განსხვავებულობანი და ღირსება. რობერტთან გადამწყვეტი ბრძოლისთვის მზადების დროს ჰაინრიხი მოულოდნელად გარდაიცვალა, როგორც ამბობენ _ შხამისგან (1313 წ. 24 აგვისტოს). ჰაინრიხ VII არ ყოფილა დიდი ადამიანი, მაგრამ იყო მტკიცე, მოწყალე და აღტაცებული მატარებელი მაღალი და ბრწყინვალე იდეებისა. რაც განსაკუთრებით საინტერესოა ეპოქის დახასიათებისთვის, იგი იყო ანტი-კანონისტი. მის მეფობას გააჩნია უნივერსალურ-ისტორიული ინტერესი, რადგანაც გამოავლინა საიმპერატორო ტრადიციის სიცოცხლისუნარიანობა და ამასთან ერთად მისი სრული განუხორციელებლობა. იხილეთ Barthold, „Der Römerzug K. Heinrich von Lützelburg“ (1830); J. C. Kopp, „König und Kaiser Heinrich und seine Zeit“ („Geschichte der eidgenössischen Bünde“, 1854); Wenck, „Clemens V und Heinrich VII“ (1882).
გ. ფორსტენი
18) ოქროს ბულა
ოქროს ბულა (1356 წ.) _ გამოცემულია ნიურნბერგის სეიმზე, რომელიც გაიხსნა 1355 წ. ნოემბრის ბოლოს. უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა იმ დროს საკითხს იმპერატორების არჩევის შესახებ, რადგანაც ამომრჩევლი მთავრების (კურფიურსტების) ძალაუფლება წარმოადგენდა ერთადერთ საზოგადოებრივ ძალას, რომელიც იჩენდა, საიმპერატორო ხელისუფლების გვერდით, მმართველობით საქმიანობას იმპერიის სასარგებლოდ. მნიშვნელოვანი იყო საარჩევნო უფლების ზუსტი ნორმის დადგენა. ნიურნბერგის სეიმზე პირდაპირ იქნენ დასახელებული ის მთავრები, რომელთაც უნდა ეკუთვნოდეს იმპერატორების არჩევის უფლება, მაშინ როდესაც უწინ ამ მიმართებით მუდმივად ხდებოდა გაურკვევლობანი. 1356 წ.-დან იმპერატორების არჩევის უფლებით სარგებლობდნენ მაინცის, კიოლნისა და ტრირის არქიეპისკოპოსები, ბოჰემიის მეფე, რაინის პფალცგრაფი, საქსენ-ვიტებერგის ჰერცოგი და ბრანდენბურგის მარკგრაფი. დაგვირგვინების (კორონაციის) დროს ბოჰემიის მეფე ასრულებდა შენკის მოვალეობებს, რაინის პფალცგრაფი _ ტრუხსესისა, საქსენ-ვიტენბერგის ჰერცოგი _ მარშლისა, ბრანდენბურგის მარკგრაფი _ კამერჰერისა. 1356 წ. 10 იანვარს გამოქვეყნებულ იქნა სეიმის გადაწყვეტილება, რომელიც შედგებოდა 30 თავისგან და დამტკიცებული იყო ოქროს ბეჭდით. ბულაში ბევრი რამ იყო ნასესხები რომაული სამართლიდან. ბულის რედაქტორი ჩვენთვის უცნობად დარჩა; თავად მისი ორიგინალი აღმოჩენილ იქნა მხოლოდ უახლეს დროში. მეცნიერებს ურთიერთ შორის დავა აქვთ, ჩვენამდე შემორჩენილი ბულის ეკზემპლარებიდან რომელი უნდა ჩაითვალოს უძველესად და დედნად. გარნაკი ვარაუდობს, რომ უძველესი ვარიანტი შენახულია ჩეხეთში, ბრესლაუ კი ფიქრობს, რომ პირველი 23 თავისთვის ჩეხური ეკზემპლარი მართლაც ყველაზე უფრო ძველია, ხოლო უკანასკნელი შვიდისთვის, რომლებიც რამდენადმე უფრო გვიან არის შედგენილი _ ფრანკფურტული.
ოქროს ბულის ძალით შვიდ კურფიურსტს უმტკიცდებოდა მათი სამფლობელოების განუყოფელობა, თავისუფლება სასამართლო საქმეებში (privilegium de non evocando) და პრივილეგია de non appelando, რომლის ძალითაც იმპერატორს არ ჰქონდა უფლება მიეღო აპელაცია კურფიურსტის სასამართლოზე. კურფიურსტებმა მიიღეს უფლება შეკრებილიყვნენ საერთო იმპერიული საქმეების განსახილველად; მათ შეეძლოთ თავიანთი ტერიტორიების გაზრდა ლენებისა და ალოდების შემოერთებით; მათ უდასტურდებოდათ სამთო, სამარილო, საბაჟო, სამონეტო რეგალიები; მათ შეეძლოთ ხარკის აკრეფა ებრაელებისგან. შვიდი კურფიურსტის მიერ არჩეულ ყოველ იმპერატორს მაშინვე შეეძლო შესულიყო თავისი წოდების უფლებებში. საიმპერიო ვიკარიატთან მიმართებით დადგენილ იქნა, რომ ჩრდილოეთ გერმანიაში იგი ეკუთვნის საქსონიას, სამხრეთ გერმანიაში _ პფალცს. როგორც კი გარდაიცვლებოდა იმპერატორი, მაინცის არქიეპისკოპოსი, ერთი თვის განმავლობაში, ვალდებული იყო მოეწვია მთავრები გამოცხადებულიყვნენ ყრილობაზე მაინის ფრანკფურტში. გამოცხადების ვადა იყო სამი თვე. ფრანკფურტში შეკრებილი კურფიურსტები დებდნენ ფიცს, რომ არჩევისას იხელმძღვანელებდნენ არა პირადი ანგარიშებით, არამედ საზრუნავით სახელმწიფოს სიკეთის შესახებ, და არ დაიშლებოდნენ მანამდე, სანამ არ აირჩევდნენ ხელმწიფეს. არჩეულ იმპერატორს თავზე გვირგვინს ადგამდნენ ახენში. რომის პაპის ყველანაირი ჩარევა იმპერატორების არჩევისას მოხსნილი იყო. იმპერატორები კურფიურსტებს უწოდებდნენ იმპერიის შვიდ ლამპარს. ოქროს ბულა, ამრიგად, სხვა არაფერია, თუ არა კურფიურსტების უფლებათა ზუსტი აღნიშვნა, საიმპერატორო პრეროგატივების ნაწილის გადმოტანა კურფიურსტებზე და რომის გავლენის სრულებით მოხსნა. ინოკენტი VI-მ მიმართა მცდელობას აღმდგარიყო იმპერიის ახალი საკონსტიტუციო აქტის წინააღმდეგ, მაგრამ წარუმატებლად: უწინდელი ურთიერთობების გაწყვეტა იმპერატორობასა და პაპობას შორის აღსრულებული ფაქტი იყო.
(შემდეგ დასახელებულია სპეციალური გამოკვლევები ოქროს ბულის თაობაზე)
გ. ფორსტენი
19) ვენცესლავი
ვენცესლავი ანუ ვენცელი (Wenzel, Wenceslaus) – გერმანიის იმპერატორი (1378-1400), იმპერატორ კარლ IV-ის უფროსი ვაჟიშვილი, ლუქსემბურგული სახლიდან, დაიბადა 1361 წელს. ტახტზე მისი ასვლა დაემთხვა რელიგიური და პოლიტიკური დუღილის პერიოდს გერმანიაში. მისი დაწყნარების მიზნით იგი შეეცადა, ნიურნბერგის 1383 წ. სეიმზე, მოესპო ქალაქებისა და თავადაზნაურთა კავშირები, მაგრამ ეს მან ვერ მოახერხა ვერც მაშინ, ვერც 1397 წ. მერზებურგში, და მხოლოდ 1389 წ. იქნა გამოცხადებული ეგერში საერო მშვიდობა. იგი წარუმატებლად ცდილობდა დაესვა წერტილი კათოლიკური ეკლესიის დიდი განხეთქილებისთვის. ყველა ამ უიღბლობამ გააძლიერა მისი მიდრეკილება ღვინისა და ნადირობისადმი, რომლის გამოც მან მალე სავსებით დაანება თავი მმართველობის საქმეებზე ზრუნვას. ბუნებით ფიცხი, იგი იდენდა სხვადასხვანაირ სისასტიკეებს, განსაკუთრებით თავადაზნაურობასთან და სასულიერო წოდებასთან მიმართებით (მან ბრძანა მღვდელმსახური იოანე ნეპომუკი მდ. მოლდავაში გადაეგდოთ პრაღის ხიდიდან. უკვე 1384 წ. ჩეხეთის დიდგვაროვნებმა, რომელთა მხარეზეც იყო ვენცესლავის ძმა, უნგრეთის მეფე სიგიზმუნდი, ვენცესლავი რამდენიმე თვით დაატუსაღეს და გაანთავისუფლეს იგი მხოლოდ გერმანელი მთავრების დაჟინებული მოთხოვნით. ვენცესლავი ცდილობდა ახალი სისასტიკეებით განემტკიცებინა თავისი მდგომარეობა; მაგრამ რიგმა აღშფოთებებმა აიძულეს იგი დათანხმებულიყო დათმობებზე, რომლებმაც მნიშვნელოვნად შეამცირეს მისი ძალაუფლება. გერმანიაში მისი მნიშვნელობა ასევე დაბლა ეცემოდა; 1398 წ. რაინდებმა და ქალაქების კავშირებმა ჩამოართვეს მას გადასახადების დადგენის უფლება. დაბოლოს, 1400 წ. ოთხმა კურფიურსტმა: მაინცის, კიოლნის, ტრირისა და პფალცის, იგი გამოაცხადეს ტახტიდან გადაყენებულად და მის ადგილზე იმპერატორად აირჩიეს რუპრეხტი, პფალცის კურფიურსტი, რომელიც თუმცა კი, ყველამ არ აღიარა. ამავე დროს ჩეხეთში კვლავ დაიწყო მღელვარებანი. სიგიზმუნდმა შეიპყრო ვენცესლავი და 19 თვის მანძილზე ჩამწყვდეული ჰყავდა. მფარველობდა რა იან ჰუსის მიმდევრებს, ვენცესლავმა არც თუ მცირედ დაასუსტა გერმანული ელემენტი ჩეხეთში; ამ მიმართებით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მისი 1409 წ. 18 იანვრის დეკრეტი, რომლის მიხედვითაც პრაღის უნივერსიტეტი გადაქცეულ იქნა ჩეხურ უნივერსიტეტად, რამაც გამოიწვია ყველა გერმანელი პროფესორისა და სტუდენტის იქიდან დათხოვნა. რუპრეხტის სიკვდილის შემდეგ, 1410 წ., იმპერატორის ტახტზე არჩეულ იქნა სიგიზმუნდი, რომელსაც ვენცესლავმა დაუთმო თავისი უფლებები. მან კიდევ იცოცხლა პრაღის აჯანყებამდე, ჰუსიტური ომების დაწყებამდე და მოკვდა 1419 წ. შეადარეთ: Pelzel, „Lebensgeschichte des röm. und böhm. König W.“ (პრაღა, 1788-90); Weizsäcker, „Deutsche Reichstagsakten unter König W.“ (მიუნჰენი, 1868-74); Linder, „Geschichte des Deutschen Reich unter König W.“ (ბრუნშვაიგი, 1875).
(გაგრძელება იხ. _ ნაწილი II)
მოამზადა ირაკლი ხართიშვილმა
No comments:
Post a Comment