აფხაზები (აზეგა)
(აკადემიკოს ნ. დუბროვინის წიგნიდან «История войны и владычества русских на Кавказе», т. I _ «Очерк о Кавказе и живущих в нём народах», кн. 2 _ «Закавказье», Санкт-Петербург, 1871 г.)
შ ი ნ ა ა რ ს ი
შესავალი
თავი I _ ადგილი, რომელიც უჭირავთ აფხაზებს და მათი დაყოფა ცალკეულ თემებად (რუს. поколения). _ აფხაზური ტომის მიერ დაკავებული ადგილის ხასიათი. _ მოსახლეობის ეკონომიკური ყოფა. _ მთების მცხოვრებთა შორის არსებული სამონეტო სისტემა. _ ქვეყნის კლიმატური თავისებურებები.
თავი II _ აფხაზების რელიგია და მათი ცრურწმენა. _ დღესასწაულები. _ ჯიგიტობა და ხალხური თამაშობები. _ აბაზელების ცეკვები. _ ხალხის ცრურწმენა და ლეგენდები. _ მკითხავები, შემლოცავები და ექიმბაში ქალები. _ ჯადოქრები, გრძნეულები და ალქაჯები.
თავი III _ აფხაზური სოფელი. _ სახლი. _ ტანსაცმელი. _ აფხაზი ქალი და მისი მდგომარეობა ოჯახში. _ საქორწინო ადათები. _ სტუმართმოყვარეობა და საკვები. _ საოჯახო ყოფა. _ ბავშვის დაბადება, აღზრდა და ატალიკობა. _ დასაფლავება.
თავი IV _ აფხაზეთში არსებული წოდებები. – მთავრის უფლებები და მოვალეობანი. _ დანარჩენი წოდებების უფლებები და მოვალეობანი. _ აფხაზური ტომის პოლიტიკური წყობილება. _ საგვარეულო კავშირები. _ სახალხო კრებები. _სისხლის აღება. _ სახალხო სასამართლო. _ დანაშაულებებისა და სასჯელების სახეობანი. _ აბაზელების სამხედრო მოწყობა.
(ნ ა წ ი ლ ი I)
შ ე ს ა ვ ა ლ ი(დასაწყისი)
ბროქჰაუზ-ეფრონის ენციკლოპედიური ლექსიკონის მიხედვით, რომელიც 1890-იანი წლებსა და 1900-იანების დასაწყისში გამოდიოდა სანკტ-პეტერბურგში, დ უ ბ რ ო ვ ი ნ ე ბ ი მიეკუთვნებოდნენ რუსულ აზნაურულ საგვარეულოებს. რუსული მატიანეების მიხედვით, არამდიდარი დუბროვინი გახლდათ დიაკი (მეფის მოხელე) 1507 წელში. მხედარი დუბროვინი მოკლულ იქნა ყაზანის ლაშქრობაში. ეს საგვარეულო შეყვანილი იყო ვლადიმირისა და იაროსლავის გუბერნიების საგვარეულო წიგნის VI ნაწილში. დუბროვინების ორი განტოშება მოდიოდა XVII საუკუნის მიწურულამდე, დანარჩენი ექვსი კი უფრო გვიანდელი წარმოშობისა გახლდათ.
ცნობილი რუსი ისტორიკოსი, ნიკოლოზ თეოდორეს ძე დუბროვინი, დაიბადა 1837 წლის 26 ნოემბერს სოფელ კორიტოვოში (ახლანდელი ფსკოვის ოლქის ველიკო-ლუკის რაიონისა); სწავლობდა პოლოცკის კადეტთა კორპუსში, სათავადაზნაურო პოლკსა და მიხეილის სახელობის საარტილერიო აკადემიაში; მსხურობდა გვრდიულ არტილერიაში. 1868 წელს მივლინებულ იქნა მთავარ შტაბში სამხედრო-ისტორიული სამუშაოებისთვის. 1882 წელს დაინიშნა მთავარი შტაბის სამხედრო-სამეცნიერო კომიტეტის წევრად, 1891 წელს _ საიმპერატორო მეცნიერებათა აკადემიის ექსტრაორდინალურ აკადემიკოსად, 1893 წელს _ მის მუდმივ მდივნად. 1896 წლიდან რედაქტორობდა ჟურნალს «Русская старина». გარდაიცვალა 1904 წლის 12 ივნისს, სანკტ-პეტერბურგში.
ნ. თ. დუბროვინი გახლავთ მრავალრიცხოვანი წერილებისა და მონოგრაფიების ავტორი, რომლებიც შეიცავენ დიდ ფაქტობრივ მასალას საარქივო მონაცემების ფართო გამოყენების საფუძველზე. ლიტერატურული მოღვაწეობა მან დიწყო 1859 წელს წერილით „საარტილერიო ჟურნალში“ და მოთხრობით „გონება სინათლისთვის“ «Ум для света», ჟურნალ „რაზსვეტში“). მიუძღვნა რა შემდეგ საკუთარი თავი სამხედრო ისტორიას, მან დაბეჭდა რიგი წერილებისა „სამხედრო კრებულში“, „რუსულ მოამბეში“, „სამამულო წერილებსა“ და სხვა ჟურნალებში. მათგან ცალკე იქნა გამოცემული: „გიორგი XII, საქართველოს უკანასკნელი მეფე და მისი შემოერთება რუსეთთან“, აგრეთვე „ამიერკავკასია“. დუბროვინის მთავარი შრომებია: „მასალები ყირიმის ომის ისტორიისთვის“ (1871-75); „1853-1856 წწ. აღმოსავლეთის ომი“ (1878); „სამამულო ომი თანამედროვეთა წერილებში“ (1882); „პუგაჩოვი და მისი თანმზრახველები“ (ტ. 1-3, 1884); „კავკსიაში ომისა და რუსების მფლობელობის ისტორია“ (ტ. 1-6, 1871-88); „ყირიმის შემოერთება რუსეთთან“ (ტ. 1-4, 1885-89); „ნ. მ. პრჟევალსკის ბიოგრაფია“ (1890); „ყირიმის ომისა და სევასტოპოლის თავდაცვის ისტორია“ (1900). გარდა ამისა, ნ. თ. დუბროვინმა გამოსცა „სამთავრობო სენატის მოხსენებები და განაჩენები პეტრე დიდის დროს“; „უზენაესი საიდუმლო საბჭოს ოქმები, ჟურნალები და ბრძანებულებები“, 1726-30 წწ. („რუსული საისტორიო საზოგადოების კრებული“, ტ. 35, 56, 63 და 69 /1886-89/); „ისტორიული მასალების კრებული ამოღებულების საკუთრივ მისი იმპერტორობითი უდიდებულესობის კანცელარიიდან“ (გამოშვება II, ს-პეტერბურგი, 1889). ნ. თ. დუბროვინი თავის შრომებში მიჰყვებოდა რუსეთის იმპერიის ისტორიოგრაფიაში აღიარებულ ოფიციალურ მიმართულებას.
ნ. თ. დუბროვინის მონოგრაფიის „კავკასიაში ომისა და რუსების მფლობელობის ისტორია“ («История войны и владычества русских на Кавказе») 1-ლი ტომის 1-ლ წიგნში მოცემულია ჩრდილო- და ამიერკავკასიის ოროგრაფიული და ჰიდროგრაფიული აღწერა-დახასიათება, აგრეთვე ჩრდილო-კავკასიის ხალხების (ჩერქეზები, ოსები, ვაინახები, დაღესტნელები) დახსიათება; მე-2 წიგნში დახასიათებული არიან ამიერკავკასიის ხალხები: აფხაზები, ქართველები (რატომღაც სვანები ქართვლებისგან გამოყოფილი ჰყავს ავტორს), სომხები, მაჰმადიანები. ჩვენ თავდაპირველად უფრო გვაინტერესებდა ქართველების შესახებ წერილის გადმოთარგმნა და ჩვენი მკითხველისთვის გაცნობა, მაგრამ მისი მნიშვნელოვნად უფრო დიდი მოცულობის გამო, თანაც იმიტომ, რომ აფხაზეთისა და აფხაზების შესახებ ავტორის მიერ მოყვანილი ინფორმციის სერიოზული ნაწილი ქართული საზოგადოების დიდი ნაწილისთვის უცნობია, ამიტომ ამჯერად ჩვენს მკითხველს ვთავაზობთ ნ. დუბროვინის წერილს აფხაზებზე.
აღნიშნული წიგნი გამოცემულია 1871 წელს, ანუ 1878 წლის დიდ მუჰაჯირობამდე უფრო ადრე, რაც საშუალებას გვაძლევს გავეცნოთ აფხაზების განსახლებას, რიცხოვნებასა და ყოფა-ცხოვრებას მათი მნიშვნელოვანი ნაწილის ოსმალეთში გადასახლებამდე პერიოდში. ნაშრომი იყოფა ოთხ თავად. პირველ თავში მოთხრობილია აფხაზების განსახლების, ცალკეულ თემებად დაყოფის, ეკონომიკური მდგომარეობისა და კლიმატური პირობების თაობაზე; მეორე თავი ეძღვნება აფხაზების რელიგიურ შეხედულებებს, წარმართულ ცრურწმენებს, ჯიგიტობასა და ხალხურ დღესასწაულებს და ა. შ.; მესამე თავში განხილულია აფხაზების საშინაო ყოფა და ცხოვრება, ადათ-წესები, სტუმართმოყვარეობა, ქალის მდგომარეობა ოჯახსა და საზოგადოებაში, ბავშვების აღზრდის საკითხები; მეოთხე თავში ავტორი გადმოგვცემს აფხაზეთის მთავრების, აგრეთვე სხვა წოდებების მდგომარეობას, უფლებებსა და მოვალეობებს, საზოგადოებრივ-პოლიტიკურ და სამხედრო ორგანიზაციას, აფხაზურ სასამართლოს, სისხლის აღების წესს და სხვა. დაბლა სქოლიოებში ავტორს მოყვანილი აქვს ის წყაროები, რომლებითაც სარგებლობდა ნაშრომზე მუშაობისას _ გაზეთ „კავკაზში“, აგრეთვე სხვა პერიოდულ გამოცემებსა და მონოგრაფიებში ძირითადად რუსი, ასევე აფხაზი და ქართველი ავტორების მიერ გამოქვეყნებული მასალები.
ბევრი საყურადღებო და სასარგებლო ცოდნისა და ინფორმაციის გარდა ნ. დუბროვინს, სამწუხაროდ, დაშვებული აქვს სერიოზული შეცდომებიც, როგორც ჩანს, განზრახ, გარკვეული პოლიტიკური მიზნებით. სახელდობრ, იგი პირდაპირ არ ეხება აფხაზეთის ისტორიას, მაგრამ სამთავროში ქრისტიანობის გავრცელების შესახებ თხრობის დროს განსაკუთრებით ხაზს უსვამს VI საუკუნეში ბიზანტიის გავლენას (იმპერატორ იუსტინიანეს დროს), ხოლო აფხაზეთში არსებული ტაძრების აშენებას მიაწერს გენუელ მოახალშენეებს, რომლებიც შავი ზღვისპირეთში გამოჩნდნენ XIV საუკუნიდან. სახელდობრ იგი წერს:
„შემდგომში, ერთთა მოწმობით, წმ. მოციქულმა ანდრია პირველწოდებულმა, ხოლო მეორეთა, და უფრო ზუსტი ცნობებით, ბიზანტიის იმპერატორმა იუსტინიანემ, აფხაზეთში გაავრცელა ქრისტიანული სწავლება.
დაიმორჩილა რა აფხაზეთი, 550 წელს ქრისტეს შობიდან, იუსტინიანემ ააგო ბიჭვინთის ტაძარი, ღმრთისმშობლის სახელზე, და დააყენა (დააარსა, დააფუძნა) სასულიერო წოდება. ქრისტიანობის გავრცელება დაიწყო თანდათანობით აფხაზებს შორის და ეს წარმოადგენდა გახანგრძლივებული ომის მიზეზს ბიზანტიის იმპერატორსა და სასანიდებს შორის, რომელიც უკანასკნელთა დამარცხებით დასრულდა. VI ასწლეულის ბოლოში, აფხაზეთი. იმყოფებოდა რა ბერძენთა მფარველობის ქვეშ, სარგებლობდა გარკვეული დამოუკიდებლობით და იმართებოდა თავისი ადგილობრივი მმართველების მიერ, რომლებმაც, გახდნენ რა მემკვიდრეობითი მმართველები, მიითვისეს მეფის ტიტული.
X საუკუნეში აფხაზეთი ექცევა საქართველოს ძალაუფლების ქვეშ, რომელსაც იმ დროიდან ეწოდებოდა ქართველთა და აფხაზთა სამეფო (რუს. карталино-абхазским царством), ხოლო კათოლიკოსს _ საქართველოს სასულიერო წოდების მეთაურს _ ეწოდებოდა აფხაზეთისა და სრულიად საქართველოს კათოლიკოსი. საქართველოს სამეფოს დაშლის შემდეგ, XIV ასწლეულში, აფხაზეთი გამოეყო საქართველოს; მის ეკლესიას მართავდა დამოუკიდებელი კათოლიკოსი, რომელიც იმყოფებოდა ბიჭვინთის მონასტერში.
დრანდაში არსებობდა საგანგებო საეპისკოპოსო, და მთელი აფხაზეთი მოფენილი იყო ეკლესიებით, რომელთა ნანგრევებიც გვხვდება ყველა ნაბიჯზე.
შავი ზღვის აღმოსავლეთ ნაპირზე გენუისა და ბიზანტიის კოლონიების დაცემასთან ერთად აფხაზეთი მოექცა თურქების ძალაუფლების ქვეშ, რომლებმაც მასში მაჰმადიანური სწავლება გაავრცელეს.....
ეკლესიების ნანგრევების მიმართ განიცდიან ღრმა პატივისცემას და, ყველა საჭიროებისას მიმართავენ მათ ლოცვებითა და მსხვერპლშეწირვებით.
ასე, სოხუმ-კალედან 22 ვერსზე და შავი ზღვის აღმოსავლეთ ნაპირიდან 7 ვერსზე სოფელ დრანდაში არის გენუელთა ძველი ტაძარი, რომელიც სარგებლობს ხალხის განსაკუთრებული პატივისცემით. მეორე ასეთივე ტაძარი იმყოფება სოფელ ილორში“.
ამრიგად, ავტორი X საუკუნემდე ლაპარაკობს აფხაზეთზე მხოლოდ ბიზანტიის გავლენის შესახებ, და იმასაც ამბობს, რომ თითქოს ბიზანტიის იმპერიასა და სასანიდების ირანს შორის საუკუნეების მანძილზე მეტოქეობა ყოფილიყოს ადლერის კონცხიდან მდ. ენგურამდე მოქცეული მცირე ტერიტორიის გამო, რასაც მაშინ წარმოადგენდა სოხუმის ოკრუგი. სინამდვილეში კი ამ ორი იმპერიის მეტოქეობა ვრცელდებოდა მთელ საქართველოსა და ამიერკვკასიაზეც, ხოლო ბიზანტია უფრო ხშირად თავის გავლენას ავრცელებდა არა მხოლოდ მდ. ენგურის ჩრდილო-დასავლეთ მხარეზე, არამედ მთლიანად დასავლეთ საქართველოზე _ ლიხის ქედის დასავლეთით. ირანის იმპერიის გავლენის სფეროს კი უპირატესად შეადგენდა აღმოსავლეთ საქართველო _ ლიხის ქედის აღმოსავლეთით, აღმოსავლეთ სომხეთი და ალბანეთი. ცხადია, რომ იმ ხანებში აფხაზებს მეგრელებთან და ლიხის ქედის დასავლეთით მცხოვრებ ქართებთან (იმერლებისა და გურულების წინაპრები) მეტად მჭიდრო ეკონომიკური, კულტურული და რელიგიური კავშირ-ურთიერთობები ექნებოდათ, რომლებიც გვრცელდებოდა აგრეთვე იმავე ქართებით, ჰერებითა და სხვა ქართველური ტომებით დასახლებულ აღმოსავლეთ საქართველოზეც. თუმცა კი ზოგად ქართულ (ქართველურ) სივრცეში იმ ხანებიდანვე, არსებული ისტორიული მასალების მიხედვით, განმსაზღვრელი პოლიტიკური, კულტურული და ეკონომიკური მდგომარეობა ეკავათ სწორედ ქართებს (ქართულ ტომებს), და არ ჩანს, რომ ამას რაიმე სერიოზული პროტესტი გამოეწვიოს ეგრებისა (მეგრელებისა) და აფხაზების მხრიდან, ვინაიდან მათ ერთიანობას მოითხოვდა როგორც გარეშე მტერთაგან საერთო თავდაცვის ინტერესები, ასევე ეკონომიკური, სამეურნეო, კულტურული და სხვა ხასიათის პირობებიც. და ეს ყველფერი ხდებოდა XI ასწლეულის დასაწყისში საქართველოს (ქართლის, აფხაზეთისა და ტაო-კლარჯეთის) სამეფოების ერთი გვირგვინის ქვეშ გაერთიანებამდე. როგორც ცნობილია, ეს განახორციელა, ღვთის წყალობით, ბაგრატ III-მ (977-1014 წწ.), რომელიც ქართლის ერისმთავრის გურგენის ღვიძლი შვილი გახლდათ, დედის მხრიდან ენათესავებოდა აფხაზთა მეფეებს (რომელთა სახლის მამრობითი ხაზიც შეწყდა ბაგრატის დედის ძმაზე თეოდოსიზე), ხოლო მანამდე იგი ნაშვილები ჰყავდა ტაო-კლარჯეთის მეფეს დავით კურაპალატს; ბიზანტიის კეისრისგან კი ბაგრატ III-ს ასევე ჰქონდა მიღებული კურაპალატის ხარისხი. სამივე გვირგვინის შეერთება ბგრატ III კურაპლატის თავზე, ივ. ჯავხიშვილის მიხედვით, უნდა მომხდარიყო 1008 წელს.
დავით IV აღმაშენებლის გამეფებიდან მონღოლების მიერ საქართველოს დაპყრობამდე (1089-1230ინი წლები) ჩვენი ქვეყნა თანდათანობით ძლიერდებოდა და თამარ მეფის მმართველობის ხანაში (1184-1214) თავისი ძლიერებისა და კეთილდღეობის ზენიტს მიაღწია. მისი გავლენა შორს წვდებოდა საკუთრივ ქართველი და ქართველური ტომების განსახლების ფარგლებს გარეთ. და ნუთუ იმ ხანებში მაინც აფხზეთსა და აფხაზებს არ შეეხებოდათ ახლო აღმოსავლეთში ამ ერთერთი უძლიერესი სახელმწიფოს გავლენა, უფრო ადრინდელ კულტურულ-სამეურნეო კავშირებსაც რომ თავი დავანებოთ? რა თქმა უნდა შეეხებოდა. ნუთუ იმ ხანად მთელ საქართველოში აყვავებულ ქრისტიანულ მწიგნობრობასა და ხუროთმოძღვრებას აფხაზეთსა და აფხაზებზე არანაირი გავლენა არ ექნებოდათ? ნუთუ შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანსა“ და ქართული მხატვრული მწიგნობრობის სხვა ნაწარმოებებს აფხაზი ბავშვები უცხოური ლიტერტურის გაკვეთილებზე შეისწავლიდნენ? ნუთუ „ქართლის ცხოვრების“ ცალკეულ თხზულებებს აფხაზეთში მხოლოდ უცხო ქვეყნის ისტორიის შესწავლის ინტერესით წაიკითხავდნენ, როგორც მაგალითად პლუტარქეს პარლელურ ბიოგრაფიებს, ან კიდევ ანა კომნენოსისეულ „ალექსი კომნენოსის ცხოვრებას“, ანდა მეროვინგების ფრანკთა სახელმწიფოსა და კარლოს დიდისეული საღვთო რომის იმპერიის მატიანეებს? ასე რომ, ნიკოლოზ დუბროვინი ამ შემთხვევაში შეგნებულად უნდა აყალბებდეს (წაუყრუებდეს) აფხაზეთის ისტორიას მასთან დანარჩენი საქართველოს მჭიდრო ორგანული კავშირის მიჩქმალვის მიზნით. და ასეთი დამოკიდებულება დამახასიათებელია სხვა რუსი ავტორებისთვისაც, სახელდობრ იგივეს ვაწყდებით ბროქჰაუზ-ეფრონის ენციკლოპედიურ ლექსიკონში გამოქვეყნებულ თავად ვ. მასალსკის წერილშიც „ქუთაისის გუბერნია“, სადაც ისტორიულ ნაწილში ვკითხულობთ მხოლოდ შემდეგს:
„საქართველოს სამეფოს დაყოფის შემდეგ, XV ს. მეორე ნახევარში, აფხაზეთი, გურია, სამეგრელო და სვანეთი ერგო იმერეთის მეფეს, რის შემდეგაც, რუსეთთან შემოერთებამდე ქვეყანა მუდმივად იტანჯებოდა უძლიერესი სახით ძმათა შორის ომებისგან. 1804 წ. რუსეთის ქვეშევრდომობაში (რუს. в подданство) შემოვიდნენ იმერეთი და გურია. სამეგრელოს მთავარმა დადიანმა გიორგიმ ჯერ კიდევ 1803 წ, ბოლოს მიიღო ფიცი რუსეთის ერთგულ ქვეშევრდომობაზე (რუს. верноподданство). 1810 წ. იმერეთის მეფე სოლომონ II და 1828 წ. გურიის მმართველი (რუს. правительница), რუსეთისგან ჩამოშორების უიღბლო მცდელობების შემდეგ, გაიქცნენ თურქეთში. სამეგრელოს მთავრები გამოირჩეოდნენ რუსეთის ტახტისადმი ერთგულებით, მათი სამფლობელოს, 1857 წ., რუსეთთან შემოერთებამდე. 1808 წ. აფხაზეთის მთავრებმა, რომელთაც სურდათ განთავისუფლებულიყვნენ თურქების მძიმე მფლობელობისგან, ნებაყოფლობით მიიღეს რუსეთის ქვეშევრდომობა. 1829 წ., ადრიანოპოლის ტრაქტატის მიხედვით, თურქეთმა შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპირო, ფოთის ციხესიმაგრიდან ანაპამდე ცნო რუსეთის მფლობელობაში“.
იმავე ავტორის წერილში „სოხუმი და სოხუმის ოკრუგი“ კი წერია მარტო ასეთი რამ:
„ძველი მწერლების თქმულებების მიხედვით, სოხუმის ადგილზე იმყოფებოდა უძველეს დროში სახელგანთქმული მილეთის კოლონია დიოსკურია, რაც ნაწილობრივ დასტურდება აქ ნაპოვნი უძველესი მონეტებით. რომაული მფლობელობის დროს ბერძნული კოლონიის ადგილზე წარმოიქმნა ქალაქი სევასტოპოლი, რომელიც ყვაოდა ჯერ კიდევ შავ ზღვაზე გენუელთა ბატონობის დროს. 1455 წ. სევასტოპოლი აიღეს თურქებმა და ამ ქალაქის თავად სახელიც დავიწყებულ იქნა. თურქული მფლობელობის დროს, რომელიც გრძელდებოდა XIX ს. დასაწყისამდე, სოხუმი, რომელსაც ქართულ მატიანეებში ეწოდებოდა ცხუმი, იყო მონებით ვაჭრობის ერთერთ მთავარ ცენტრთაგანი. XVIII ს. დასაწყისში თურქებმა აქ, გენუელთა ციხესიმაგრის ნანგრევებზე, ააგეს თავიანთი სიმაგრე (რუს. укрепление), რომლის ნარჩენებიც შენარჩუნდა ამ დრომდე; ეს ციხესიმაგრე იყო რეზიდენცია ფაშისა, რომელიც მართავდა კავკასიის ნაპირს. 1810 წ., იმ უწესრიგობების გამო, რომლებიც წარმოიქმნა სოხუმის მფლობელობის მიზეზით თურქებსა და აფხაზებს შორის, სოხუმი დაკავებულ იქნა რუსების მიერ. 1832 წ. სოხუმში დაწესებულ იქნა საბაჟო საგუშაგო; 1848 წ. იგი აყვანილ იქნა საპორტო ქალაქის ხარისხში, მაცხოვრებლებისთვის შეღავათების ბოძებით. 1866 წ. სოხუმი გადაიქცა აფხაზური მიწებისგან შექმნილი სოხუმის სამხედრო ოკრუგის უფროსის რეზიდენციად. 1855 წ. სოხუმი არცთუ დიდი ხნით იმყოფებოდა თურქების ძალაუფლების ქვეშ; 1877 წ. კვლავ დაკავებულ იქნა თურქების მიერ, 2-დღიანი დაბომბვის შემდეგ, მაგრამ იმავე წლის აგვისტოში, როდესაც სოხუმს მიადგნენ შელკოვნიკოვის, ალხაზოვისა და ბაბიჩის რუსული რაზმები, თურქებმა გაძარცვეს და გადაწვეს ქალაქი და ზღვაში გავიდნენ“.
და ამის მეტი არაფერი, რაც შეხებაში იქნებოდა სოხუმისა და აფხაზეთის ისტორიასთან ახალი წელთაღრიცხვის I-XIV საუკუნეებში.
უნდა აღინიშნოს რუსი ავტორების კიდევ ერთი მიდგომის საეჭვოობა, რომელიც შეეხება გენუელთა დასახლებების მნიშვნელობას აღმოსავლეთ შავზღვისპირეთში, მათ შორის აფხაზეთის სანაპიროზეც. თავისთავად ცხადია, რომ ერთიანი და ძლიერი საქართველოს მეფეები არ დაუშვებდნენ არავითარი უცხო ელემენტების ფეხის მოკიდებას მათ სამეფოში, თუკი ეს ელემენტები მტრულად იქნებოდნენ განწყობილი საქართველოს სახელმწიფოსადმი. რაც შეეხება მონღოლობის ხანას პოსტბიზანტიურ სივრცეზე თურქ-ოსმალების გაბატონებამდე, მაშინ საქართველოს სახელმწიფოს დაკნინების ხანაში შესაძლებელი იქნებოდა გენუელთა ახალშენების წარმოქმნა აფხაზეთშიც, თუმცა კი ამის შესახებ პირადად ჩვენ ცოდნა და ინფორმაცია არ გაგვაჩნია; მაგრამ ის, რომ თითქოს გენუელებს აეშენებიოთ დრანდისა და ილორის ტაძრები, და ეს ვერ მოეხერხებიოს თუნდაც დავით აღმაშენებლისა და თამარ მეფის საქართველოს, ეს უკვე საღი აზრის ფარგლებსაც სცილდება. უფრო მეტიც, XVII საუკუნის 30-40-იან წლებში სამეგრელოს სამთავროში 16 წლის მანძილზე ცხოვრობდა და მოღვაწეობდა კათოლიკი მისიონერი არქანჯელო ლამბერტი, რომელიც თავის წიგნში „სამეგრელოს აღწერა“ ვრცლად ეხება იმჟამინდელი ოდიშის სამთავროს ეკლესია-მონასტრებს, მათ შორის ილორისა და დრანდის ტაძრებსაც, მაგრამ ერთ სიტყვასც არ ამბობს გენუელების იქ ყოფნისა და მათ მიერ ამ ტაძრების აშენების შესახებ. და ძალზედ სამწუხაროა, რომ რუსეთის იმპერიის მფარველობაში ნებაყოფლობით შესული საქართველოსა და ქართველობის მიმართ ბევრი რამ სასიკეთოს გაკეთების პარალელურად რუსეთის მთავრობა მიმართავდა ისეთ ხერხებსაც, რომლებსაც ჯერ კიდევ რომის რესპუბლიკა (იგივე ძველი რომი) იყენებდა იარაღის ძალით დამორჩილებული სახელმწიფოებისა და ხალხების მიმართ, სახელდობრ „გაყავი და იბატონეს“ პოლიტიკას.
მაგრამ თავის მხრივ სასაყვედურო რუსებსაცა აქვთ საქართველოსა და ქართველებისადმი. სახელდობრ, ჩვენში ასე ფართოდ გავრცელებული შეხედულების საწინააღმდეგოდ, რომ თითქოს რუსეთის მთავრობამ ცალმხრივად და ძალადობით გააუქმა ქართლ-კახეთის სამეფო 1801 წელში, პლატონ იოსელიანი თავის წიგნი „ცხოვრება გიორგი მეცამეტისა“ გარკვევით წერს, რომ „შეწუხებული მეფე სამეფოსათვის დაუწყნარებელისა შინა შფოთთაგან და მტერთა ლეკთაგან გაქელვისაგან, _ ჰფიქრობდა და განიზრახვიდა რუსეთისადმი ქვეყნისა გარდაცემასა“; რომ „ძმათაგან და გარეთა მტერთაგან შეწუხებული მეფე არღა ჰხედავდა ქვეყანასა მტკიცედ დაბინავებულად. ამისთვის მოინდომა და თუმცა დიდის ღელვითა, გარნა გაბედა და მისწერა დესპანთა თვისთა, რუსეთისაგან განმზადებულთა შემდგომი წერილითი დარიგება და ჰაზრი თვისი უკანასკნელი და გარდაწყვეტილებითი:
„წელსა ჩღჟთ (1799), სეკტემბრის ზ (7) ჩვენ მიერ მოცემულნი მათისა იმპერატორებისა დიდებულების წინაშე წარსაყენებელნი ჰაზრნი მოხსენებანი, რომელნიცა ჩვენგან წარვლინებულთა ჩვენს ერთგულთა ყმათა უფალთა დესპანთა მოგეცათ:
უმსხვერპლეთ ყოველი სამეფო და სამფლობელოი ჩემი უზაკველითა ქრისტიანებრითა ჭეშმარიტებითა მსხვერპლებითა და დაუდევით არა თუ მფარველობასა ქვეშე უდიდებულესსა დიდსა რუსთისა საიმპერატოროსა ტახტსა, არამედ დაანებეთ სრულსა ნებასა და მზრუნველობასა მათსა, რათა ამიერითგან დაიდვას სამეფო ქართლოსიანთა საიმპერიოდ რუსეთისად წესითა მით, ვითარცა სხვანი იგი რუსეთსა შინა პყრობილნი პროვინციანი სარგებლობენ“...
ანუ ქართლ-კახეთის მეფემ რუსეთის იმპერტორს თავისი ქვეშევრდომების სიმშვიდის, კეთილდღეობის, სიცოცხლისა და ქრისტიანულ სარწმუნოებაში ხალხის შენარჩუნების მიზნით სთხოვა პირდაპირ რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში მიეღო აღმოსავლეთ საქართველო, მხოლოდ სამეფო ტახტზე მისი შთამომავლობის დატოვებით, თუმცა კი რუსეთის იმპერიის კანონების მიხედვით ცხოვრებისთვის. წერილის ბოლოში გიორგი მეფე ერთგვარ ულტიმატუმსაც კი უყენებდა იმპერატორ პავლეს: „უკეთუ ჰაზრი ესე არ მიღებულ იქმნას, მაშინ ყოველი დამოკიდებულება ჩვენი იქმნების დახსნილი თვინიერ ურთიერთისადმი მეზობლურისა ქცევისა. მ ე ფ ე ს რ უ ლ ი ა დ ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო ი ს ა გ ი ო რ გ ი“. ანუ გიორგი მეფე რუსეთის იმპერტორს დაემუქრა გეორგიევსკის ტრაქტატის ცალმხრივად გაუქმებით, თუკი რუსეთის ტახტი პირდაპირ თავის ქვეშევრდომობაში არ მიიღებდა მის სამეფოს.
საქართველოს მეფის ამ თხოვნის საფუძველზე 1799 წლის 23 ნოემბერს პეტერბურგში დადებულ იქნა ახალი ხელშეკრულება (ტრაქტატი) რუსეთის იმპერიასა და ქართლ-კახეთის სამეფოს შორის, რომლის 1-ლ და მე-2 მუხლებში ნათქვამია: „მისი დიდებულება იმპერატორი ყოვლისა რუსეთისა მიიღებს ტიტულსა „მეფე საქართველოისა და შემდეგნი მისნი მემკვიდრენი“. ძე მეფისა გიორგისა დავით ტიტულსა „განმგე საქართველოისა“ და გარდავალს ესე შთამომავლობითა პირმშოდამ პირმშომდის“. მე-3 მუხლი ამბობს: „საქართველოისა ერი და მუნ მსახლობელნი 12 წლისა განგრძობასა, არ გაიღებენ არასა ხარჯსა, რათა დაეწყვნენ თვისსა მდგომარეობასა შემდეგ ესოდენთა ბრძოლათა. განმგე საქართველოისა მიიღებს რუსეთიდამ 12 წელსა მისთვის და სამეფოსა სახლისა წევრთათვის 20.000 თუმანს (200.000)“. მე-5, -6, -7 და მე-9 მუხლებში ნათქვამია: „6.000 რუსისა ჯარი სრულისა კომპლექტითა იდგება საქართველოში. ქართველნი გამოვლენ ცხენოსნად ამა ქვეითისა ჯარისათვის. ქართველნივე მოაგროვებენ ჯარსა ესოდენსა, რაოდენიცა საჭირო იქმნების დასაცველად სამზღვრებისა. რუსნი წარმოგზავნიან ინჟენერთა თვისთა აღსაშენებელად და განსაახლებელად ციხეთა მათ ადგილთა ზედა, სადაცა დაინახება საჭიროდ. საზრდო რუსეთისა ჯარისათვის მოიყიდება იმავე ფასითა, რომელიცა იქმნება დანიშნული ადგილობრივთა მცხოვრებთათვის“. სანაცვლოდ მე-4 და -8 მუხლების ძალით: „მადანი ოქროისა და ვერცხლისა ახტალას და მისხანასა (მიშხანასა), შევა რუსთა განმგებაში და იმითი აივსება ზემო თქმული (მე-3 მუხლში _ ი. ხ.) ჯამი ფულისა. ფულსა, მოჭრილსა თფილისში, ექმნება ერთსა მხარეს ღერბი რუსეთისა და მეორეს საქართველოისა“. ამ ხელშეკრულების ტექსტი ევროპაში, პლატონ იოსელიანის სიტყვით, გამოსცა ცნობილმა მოგზაურმა პოლკოვნიკმა როტირიერმა თავის წიგნში: Intineraire de Tiflis a Constantinopole (Bruxelles, 1829) pag. 68.
სწორედ ამ ხელშეკრულების საფუძველზე შემოვიდა 1799 წლის 26 ნოემბერს თბილისში რუსული არმიის ეგერთა პოლკი გენერალ-მაიორ ლაზარევის მეთაურობით და მას მიეგებნენ დიდი ზარ-ზეიმით საქართველოს სამეფო ოჯახი, სამღვდელოება და თბილისის მოსახლეობა. ამ ჯარის განსადევნად და გიორგი მეფის ტახტიდან დასამხობად გამოეშურა 1800 წლის სექტემბერში ბრიტანელების მიერ აღჭურვილი და გაწვრთნილი ჯარით ირანელი უფლისწული აბას-მირზა, ხოლო მასთან ერთად მოქმედებებისთვის ამხედრდნენ გიორგი მეფის ნახევარძმები: იულონი, ფარნაოზი, მირიანი, ვახტანგი (ანუ ალმასხანი) და ალექსანდრე, და ავარელ ომარ-ხანსაც მოუწოდეს ხელის გამოსაღებად. ამაზე საპასუხოდ რუსულმა სარდლობამ კავკასიის ხაზიდან კიდევ ერთი ქვეითი პოლკი გამოგზავნა გენერლ-მაიორ გულიაკოვის მეთაურობით, რამაც შეაშინა აბას-მირზა და უკან გააბრუნა, ხოლო ერეკლეს ძენი და ომარ-ხანი მაინც შეებნენ რუსებისა და გიორგი მეფის ერთგული ქართველების ჯარს მარტყოფთან, ნიახურას ველზე, და სასტიკად დამარცხებულ იქნენ. ხოლო როდესაც 1800 წლის დეკემბრის მიწურულს გარდაიცვალა მეფე გიორგი, მაშინ კი იმპერტორმა პავლემ, მომდევნო წლის იანვრის თვეში, 1799 წლის 23 ნოემბრის ტრაქტატით მისთვის მინიჭებული უფლებების თანახმად, განმგედ საქართველოისა, ანუ მეფისნაცვლად დანიშნა გიორგის პირმშო ძე დავით ბატონიშვილი, რასაც ტახტის მოსურნე დარეჯან დედოფლისა და მის ძეთაგან მოჰყვა ახალი მღელვარებანი. გარდა ამისა, ქართველი თავადების ერთი ნაწილი (სარდალი იოანე ორბელიანი და სახლთუხუცესი კონსტანტინე მუხრანბატონი მათი მიმდევრებით), დავით ბატონიშვილისადმი უკმაყოფილების გამო, პირდაპირი რუსული მმართველობის დამყარების მომხრე იყო, მცირე ნაწილს კი (დუცალ ბარათაშვილი და სხვები) რესპუბლიკური მმართველობის შემოღება სურდა. რუსეთის აქ მყოფი სამხედრო და სამოქალაქო უფროსებიც: კნორინგი, ლაზარევი და კოვალენსკი ასევე პირდაპირი რუსული მმართველობის დამყარებას სთხოვდნენ იმპერატორს, და ასეთ ვითარებაში იქნა გამოცემული პავლე I-ის რესკრიპტი 1801 წლის თებერვალში, ხოლო შემდეგ კი ალექსანდრე I-ის მანიფესტიც იმავე წლის სექტემბერში, რომლის ძალითაც ქართლ-კახეთის სამეფო საბოლოოდ შევიდა რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში. პლატონ იოსელიანი წერს, რომ იმპერატორს მანიფესტში მოუთხოვია, რათა საქართველოს სასულიერო და თავადაზნურთა წოდებების წარმომადგენლებს ფიცი დაედოთ სრულიად რუსეთის ტახტის ერთგულებაზე და ამის მაგალითი მიეცა სწორედ სასულიერო წოდებას _ „ნაცვლად დიდსულობითთა ზრუნვათა ამათ ჩვენთვის, ვითხოვთ ჩვენ თქვენგან, რათამცა თქვენ დამტკიცებისათვის თქვენზედ დაწესებულისა ხელმწიფებისა ჰყოთ ფიცი ერთგულებასა ზედა, ამასთანა მდებარისა სახისამებრ. სამღვდელოთა ვითარცა მწყემსთა სულისა თანა პირველად შვენისთ მიცემა მაგალითისა“. შემდეგ ტექსტში ვკითხულობთ:
„აღსრულებად ესრეთისა მანიფესტისა, განმგემან საქართველოისა კნორრინგმან, შეჰყარა თავადნი და აზნაურნი ქართლისა და კახეთისა ქ. თფილისს და გამოუცხადა მათ ნება იმპერატორისა. სიონისა საკათედროსა ეკკლესიასა შინა კათოლიკოსმან ანტონი წარაკითხა ქართულად არქიმანდრიტსა თვისსა ტრიფილეს. შემდგომად წარკითხვისა დასდვეს საწიგნე და მასზედა დაბეჭდილი პეტერბურღსავე რუსულად და ქართულად ფიცითი აღთქმა შემდეგი:
ფ ი ც ი თ ი ა ღ თ ქ მ ა
მე ქვემო სახელდებული აღვსთქვავ და ვფუცავ ყოვლისა შემძლებელითა ღვთითა წინაშე წმიდისა სახარებისა მისისა მას შინა, ვითარმედ მნებავს და თანამაძს მათის იმპერატორების დიდებულებისა ალექსანდრე პავლოვიჩისა თვითმპყრობელისა ყოვლისა რუსეთისა და მათის იმპერატორების დიდებულების ყოვლისა რუსეთის საყდრისა მემკვიდრისა, რომელიც იქმნების დანიშნულ, ერთგულად და პირუთვნელად ვმსახურო და დავემორჩილო ყოველსა შინა უმაღლესსა ნებასა მისსა, არა დავზოგო ცხოვრება თვისი ვიდრე უკანასკნელ წვეთად სისხლისა. ყოვლი მოცმული და შემდგომად მოსაცემელი მათის დიდებულების დადგინებულისა ხელმწიფისაგან სჯულის დება ანუ განწესებაი მივიღო სათანადოითა მორჩილებითა, და მათცა უკიდურესისა გულისხმისყოფისა, ძალისა და შესაძლებლობისამებრ გავუფრთხილდე და მივაქციო; აღდგინებულისა მათის იმპერატორების დიდებულებისაგან მამულსა შინა ჩემსა განსვენება და მყუდროება უკიდურესისა შეძლებისამებრ ჩემისა დავიცვა და არავითარი მიწერ-მოწერა ამღვრეველთადმი ჩემისა მამულისათა სწორედ ანუ საშუავლით, საიდუმლოდ ანუ ცხადად არა თუ ოდენ საქმით, არამედ მხილებითცა ანუ სხვითა რაითამე მოქმედებითა და განზრახვითა არა ვიქონიო. ხოლო ვნებასაცა მათის დიდებულების სარგებლისა, ანუ საზოგადოსა შესამატისასა, ვითარცა ვსცნობ რა, არა თუ ოდენ ცხად ვჰყოფ აღმსთობითვე, არამედ ყოვლითა ზომითა გარე ვაქცევ და არა მიუშვებ და ესე ვითარითა ხატითა მოვაქცევ თავსა, ვითარცა სარწმუნოსა მათის იმპერატორების დიდებულების ჩემზედა დადგინებულისა ხელმწიფებისადმი და მშვიდისა მოქალაქისა კეთილშესაბამ და თანამდებ არს, და ვითარცა ჯერმიჩნს მე წინაშე ღვთისა და საშინელისა მსჯავრისა მისისა მარადის მას შინა სიტყვის გება, რომელსა შინაცა მწე მეყოს მე უფალი ღმერთი სულიერად და ხორციელად. დასამტკიცებელადცა ფიცისა ამის ჩემისა ამბორსუყოფ სიტყვასა და ჯვარსა მაცხოვრისა ჩემისასა. ამინ.
ფიცითსა აღთქმისა ფურცელზედ მოაწერეს ხელი კათოლიკოსმან ანტონი, მთავარეპისკოპოსმან იუსტინე, თფილელმან არსენი, ბოდბელმან იოანე, რუსთვლმან სტეფანე, წილკნელმან გერვასი, ნეკრესელმან ამბროსი, ნიქოზელმან ათანასი, წინმძღვარმან ნათლისმცემელისა ევთიმემან და სხვათა სამღვდელოთა. მათ შეუდგნენ მუხრანის-ბატონი კონსტანტინე, სარდალი იოანე ორბელიანი, მორდალი ზაალ ბარათაშვილი, აბელ ჩოლოყაშვილი, ალექსანდრე მაყაშვილი, სვიმონ და იოანე ანდრონიკაშვილები, გიორგი ავალიშვილი, ელიაზარ ფალავანდიშვილი და სხვა.
კნორრინგი თვით დაესწრო მუნ და ღენერალნი რუსთა ჯარისა ლაზარევი, გულიაკოვი, კარიაგინი და კოვალენსკიცა ადრითვე ელჩად რუსეთისა ყოფილი თფილისს მეფისა კარზედ. 10000 რუსეთისა ჯარი იდგა და იცვევდა საქართველოსა“.
არსებული მასალების მიხედვით, თავად გიორგი მეფესა და მის თანამოაზრეებს სურდათ ტერიტორიული ავტონომიის უფლებით შესვლა ისტორიული რუსული სახელმწიფოს შემადგენლობაში, რუსეთის მთავრობამ კი მხოლოდ კულტურულ-ნაციონალური ავტონომიის უფლება მისცა ქართველობას, რისი განხორციელების მაგალითებსაც წარმოადგენდა, 1800-იანი წლების დასაწყისშივე კეთილშობილთა სასწავლებლის დაარსება ტფილისში, ჟურნალ „ცისკრის“ გამოცემა, ქართულენოვანი გაზეთებისა და ქართული თეატრის დაარსება (1840-იან წლებში, მეფისნაცვლის თავად ვორონცოვის ხელშეწყობით), დაბოლოს ილია ჭავჭავაძისა (წმ. ილია მართლის) და მის თანამოაზრეთა მოღვაწეობა, დაწყებული განსაკუთრებით 1870-იანი წლებიდან. ჩვენში დღესდღეობით ყოველივე ამის სანაცვლოდ ამტკიცებენ, რომ 1801 წელს რუსეთმა ცალმხრივად, ძალდატანებით და ვერაგობით მოახდინა საქართველოს სამეფოს გაუქმებაო, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. საკუთარ სიგლახეს თუ სხვას არ გადავაბრალებთ და სიმართლეს პატიოსნად ვიტყვით, ეს პირველ რიგში ისევ ჩვენ წაგვადგება. შესაძლოა აქ მართლაც იყო რუსეთის სამხედრო და სამოქალაქო უფროსების მიერ გარკვეული ქვეშქვეშობისა და ძალდატანების გამოყენება, მაგრამ ეს ჩვენი მხრიდან სათანადო შესწავლასა და პატიოსან შეფასებას საჭიროებს, და არა სიცრუესა და ცილისწამებას.
როდესაც ჩვენში სტატუსისა და მმართველობის ფორმების შესახებ ლაპარაკობენ, პრაქტიკულად ყოველთვის ავიწყდებათ ერთი რამ _ თუ როგორ მდგომარეობაში იყო ქართველი ხალხი და საქართველოს დანარჩენი მოსახლეობა იმდროინდელ ქართულ სახელმწიფოებში? ამის მაგალითს გვაძლევს თუნდაც 1769 წლის ნოემბერში საქართველოში შემოსული რუსული ჯარის მეთაურის გენერლ-მაიორ ტოტლებენის ყოფილი ადიუტანტის კაპიტან შარლ დე გრაი დე ფუას მოხსენება (რელაცია), რომლის ქართული თარგმანიც გამოქვეყნებულია „საქართველოს ისტორიის წყაროების“ სერიით და მასში კერძოდ ვკითხულობთ:
„ბოლოს ანანურს მივაღწიეთ. ეს პირველი ქალაქია საქართველოში, რომელიც მდებარეობს კავკასიონის გადაღმა (დე გრაი არ გულისხმობს ხევს, ახლანდელ ყაზბეგის რაიონს, ვინაიდან იგი კავკასიონის მთავარი ქედის ჩრდილო კალთებზეა გაშლილი _ ი. ხ.). ზარბაზნები კვლავ ლაფეტებზე დავაყენეთ და გავემართეთ მეორე ქალაქ დუშეთისაკენ, რომელიც მხოლოდ 50 ვერსითაა დაშორებული ანანურიდან. ეს ორი ქალაქი მეტად პატარაა. მათი შემოგარენი ნანგრევებს წარმოადგენს. თათარი ლეკები ხშირად გამოდიან თავისი მთებიდან, ატყვევებენ მცხოვრებლებს, რომლებიც ოდნავ დაშორდებიან თავის ქალაქს, და თურქებზე ჰყიდიან მათ.
დუშეთიდან მუხრანამდე დაახლოებით 80 ვერსია. მიუხედავად იმისა, რომ თათრები ხშირად დათარეშობენ ქალაქის გარშემო, ქალაქის შემოგარენი მაინც უკეთაა დამუშავებული, ვინაიდან აქ უფრო მეტი მცხოვრებია, რომელთაც თათართა თავდასხმის შემატყობინებელი განგაშის პირველსავე ხმაზე შეუძლიათ ამხედრდნენ ცხენებზე და დაედევნონ მათ.
მუხრანიდან ლამისყანამდე 120 ვერსია. ეს პატარა ქალაქი მთის ძირში მდებარეობს და ისევე გაძარცულ-გაუკაცრიელებულია, როგორც დუშეთი. აქედან მივედით მეჯვრისხევს, რომელიც ლამისყანიდან 30 ვერსითაა დაშორებული და სადაც ასევე ცუდი მდგომარეობაა. ბოლოს აქედან 40 ვერსის მანძილზე ვიხილეთ ქალაქი ცხინვალი, ყველაზე დიდი ქალაქი, რომელიც ჩვენ შემოგვხვდა. ამჯერად ჩვენ იქ სრულებით არ შევჩერებულვართ და განვაგრძეთ გზა აბისისაკენ, რომელიც აქედან 30 ვერსითაა დაშორებული და უკანასკნელი ქალაქია, რომელიც ეკუთვნის ერეკლეს.
ბოლოს ჩვენ დავტოვეთ ქართლი და შევედით იმერეთში. 60 ვერსი განვვლეთ ისე, რომ კაცი არ შეგვხვედრია. რამდენიმე ნასოფლარი ადასტურებდა მხოლოდ, რომ ეს ქვეყანა დასახლებული ყოფილა.
თავადი მოურავოვი წინ მიგვიძღვოდა. ისე გადავიარეთ ტყით შემოსილი მთები, რომ არც ერთი ვაკე ადგილი არ გვინახავს. ბოლოს, მას შემდეგ, რაც მეტად ვიწრო გზებით გავიარეთ 200 ვერსამდე, სადაც ჩვენი არტილერია, მიუხედავად მისი სიმცირისა, გაჭირვებით გადიოდა, შემოგვხვდა მეფე სოლომონი, რომელიც ჩვენს შემოსაგებებლად მოდიოდა. ამ მეფის ღატაკურმა იერმა, მისმა სამოსმა, თანმხლებმა ამალამ მის შესახებ შეგვიქმნა იმის შესაბამისი შეხედულება, რაც ერეკლემ უკვე წარმოგვისახა.
სოლომონს არც ერთი ქალაქი არ გააჩნდა. დაახლოებით 1500 კაცით ტყეში ლტოლვილი იგი 15 დღეზე ხანგრძლივად ერთი და იგივე ადგილას არ ბანაკდება იმის შიშით, რომ თურქებმა არ მოახელონ. თვით თავის ქვეშევრდომებში დაეჭვებული, იგი ყაჩაღების წინამძღოლს უფრო ჰგავდა, ვიდრე ხელმწიფეს. დაახლოებით 40 წლისა იყო. მისი ხასიათი საკმაოდ ემსგავსებოდა გრაფ ტოტლებენისას. თავდაპირველად ყოველნაირად დაუწყეს ერთმანეთს მეგობრობის დამტკიცება და ამავე დროს ერთმანეთს არ ენდობოდნენ...
ამასთანავე პური შემოგვაკლდა, სოლომონს არ ძალუძდა გამოეკვება 500 კაცი (ასეთი იყო ტოტლებენის რაზმის რიცხოვნება იმ ხანად _ ი. ხ.). იმერლები მხოლოდ წაბლითა და გოგრით იკვებებიან, იშვიათია, როდესაც ისინი პურს ჭამენ. მათ მიერ მოყვანილ ქერს იყენებენ ცხენების საკვებად. მალე ჩვენ მთელი სურსათ-სანოვაგე გავაჩანაგეთ. სოლომონმა ყველგან დაგზავნა ხალხი. იგი თვითონ წავიდა იმ სურვილით, რომ დაერბია ერთი პატარა მხარე, რომელიც დადიანს ეკუთვნოდა. იმედოვნებდა, რომ იქ იშოვნიდა ქერს და ერთხანს გამოგვკვებავდა“.
აი ასეთ გაჭირვებულ და გაჩანაგებულ მდგომარეობაში იყო ჩვენი სამშობლო, როდესაც რუსული ჯარი პირველად გამოჩნდა ჩვენში XVIII სუკუნის 70-იან წლებში. და განა რუსეთის ბრალი იყო ესა? განა ოსმალეთის მთავრობას რუსები აქეზებდნენ აქ ლეკების სათარეშოდ მოსყიდვით და წაქეზებით ქრისტიანული საქართველოს გაპარტახებისა და ამით რუსეთისთვის ამიერკავკასიაში დასაყრდენის ხელიდან გამოცლისკენ? განა დღესდღეობით რუსები ართმევენ მართლმადიდებელ სერბულ სახელმწიფოს სერბულ კრაინას ბოსნიასა და ჰერცოგოვინაში, კოსოვო-მეტოხიასა და ჩერნოგორიას, რათა კიდევ უფრო მეტად დაასუსტონ რუსეთის სავარაუდო მოკავშირეები ბალკანეთში? სულაც არა. ეს ძალები ცნობილია: XVIII-XIX საუკუნეებში ძირითადად დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი, ავსტრია-უნგრეთი და პრუსია ატარებდნენ ასეთ პოლიტიკას, XX-ში კი მათი ხელმძღვანელობა შეერთებულმა შტატებმა იკისრა.
ყველაზე უფრო ოპტიმისტური შეფასებებით, დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს ყველა ეროვნებისა და სარწმუნოების მოსახლეობა XVIII საუკუნის მიწურულს 600-700 ათას ადამიანს არ აღემატებოდა, ხოლო რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში მშვიდობიანი ცხოვრების პირობებში XIX საუკუნის მიწურულს ტფილისისა და ქუთაისის გუბერნიების მოსახლეობა, ბროქჰაუზ-ეფრონის ენციკლოპედიური ლექსიკონის მონაცემებით, უკვე 2.090.000 ადამიანს აღწევდა. ჩვენ ამ წერილით სულაც არ გვინდა ჩვენი მკითხველი რუსეთის შემადგენლობაში შესვლის სურვილით ავანთოთ და საამისოდ წავაქეზოთ, ჩვენ გვინდა უწინარეს ყოვლისა საღად, კომპეტენტურად და პატიოსნად შევხედოთ საკუთარი ქვეყნის ისტორიას, XVII-XIX საუკუნეებში ქართველი ხალხისა და ქართული სახელმწიფოებრიობის მიერ განვლილ გზას, სიხარბეს, ქვემძრომობსა და სხვა მანკიერებებს ზურგი ვაქციოთ, სადაც და ვისთვისაც მადლობა გვაქვს სათქმელი, იქ ვთქვათ მადლობა, ხოლო სადაც ვერაგისა და მზაკვარისთვის ზურგი გვაქვს შესაქცევი, იქაც სათანადოდ მოვიქცეთ.
ახლა ისევ აფხაზეთის საკითხს დავუბრუნდეთ. ჩვენში გავრცელებულია შეხედულება, რომ ძველი აფხაზები ქართველები იყვნენ, რომ XVII საუკუნეში დაიწყო აფხაზეთში მუსლიმანი ადიღეურ-ჩერქეზული აფსუა ტომების ჩამოსახლება, რამაც ეროვნულად და კონფესიურად შეცვალა სამთავროს მოსახლეობა, მოახდინა ძირძველი აფხაზური ეთნოსის ჩერქეზულად ასიმილირება და ა. შ. მაგრამ, როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, სწორედ XVII საუკუნის 30-40იან წლებში 16 წლის მანძილზე სამეგრელოს (ოდიშის) სამთავროში ცხოვრობდა და მოღვაწეობდა კათოლიკი მისიონერი არქანჯელო ლამბერტი, რომელმაც იტალიაში დაბრუნების შემდეგ 1654 წელს ნეაპოლში გამოაქვეყნა წიგნი „სამეგრელოს აღწერა“, სადაც ამ საკითხის შესახებ აღნიშნავს:
„ძველი პოეტებისგან ფრიად სახლგნთქმული კოლხიდა არის აზიის ის ნაწილი, რომელიც მდებარეობს შავი ზღვის უკიდურეს ნაპირზე და რომელსაც მკვიდრნი უწოდებენ ოდიშს და სხვები კი სამეგრელოს (Mengrelia).
კოლხიდა მდებარეობს იმერეთსა (აგრეთვე ბაში-აჩუქად წოდებულსა) და აფხაზეთს შუა. იმერეთი აღმოსავლეთით აქვს და აფხაზეთი _ ჩრდილოეთით. იმერეთისგან მას ჰყოფს სახელგანთქმული მდ. ფაზისი, რომელიც მკვიდრთაგან იწოდება რიონად. ეს მდინარე გამოდის კავკასიის მთებიდან. მას შეერთვის მეორე მდინარე, სახელად ცხენის-წყალი, რომელსაც ძველი ბერძნები ჰიპოსად (ცხენი) უწოდებდნენ.
რიონი ჰყოფს აგრეთვე სამეგრელოსა და გურიას და ბოლოს წყნარად შეერთვის ზღვას სებასტოპოლის მახლობლად, რომელიც ძველად წარჩინებულ ქალაქს წარმოადგენდა და დღეს კი წყალში ჩანთქმულია. კოლხიდის საზღვარია აფხაზების ანუ აბაშების მხრით მდინარე, რომელიც მკვიდრთაგან იწოდება კოდორად და ჩემის აზრით ის ძველთა კორაქსია. დასავლეთის მხრით კოლხიდის საზღვარია შავი ზღვა ანუ პონტუს ევქსინუსი, რომლის უკიდურესი ნაპირი, სტრაბონის სიტყვით, სწორედ აქ არის. ჩრდილო-დასავლეთით იწყება კავკასიის მთების ზურგი.
ამ მთების ზურგზე სახლობენ ველური და ბარბაროსი ხალხები, რომელთა აღწერა და ჩვეულებათა ჩამოთვლა მოითხოვდა ძლიერ გრძელ მოთხრობას და მთელი წიგნების დაწერას, უმახლობელესნი არიან აფხაზები, ალანები, სვანები, ყარაჩაელები (caraccioli), ჯიქები და ჩერქეზები. ესენი ყველანი ქრისტიანებად იწოდებიან, მაგრამ კანონები კი არა აქვთ, ეტანებიან ნადირობას და მტაცებლობას. მათის ენებისა და კილო-კავების სხვადასხვაობა გასაკვირველია. თვითოეული ამ ხალხთაგანი ხმარობს საკუთარ ენას, რომელიც განირჩევა მეორე ხალხის ენისგან იმდენად, რომ არავითარი მსგავსება ბგერისა მათ შორის არ არის“.
სხვაგან არქანჯელო ლამბერტი წერს:
„ბუნებას ისე მშვენიერად მოუწყვია კოლხიდა, მთებიც და ვაკეც ისეა აქ შეზავებული, რომ ნაირ-ნაირი მდებარეობით იგი შესანიშნავია. წინ, ზღვის პირად, სულ ვაკეა. ამ ვაკეზე მრავალი ტყე და ჭაობია, რომელიც ბუნებას თითქოს განგებ გუჩენიაო, რათა მტერი არ შემოუშვას ზღვითო. უკან კი არტყია უმაღლესი კავკასიის მთები, რომლებიც მაგარ კედლად უდგას და იცავს კოლხიდას იმ ბარბაროსებისაგან, რომლებიც მთების იქით ცხოვრობენ. ამ რიგად კოლხიდა ბუნებით დაცულია მტრებისაგან, როგორც ზღვით, ისე მთებით.
ამ მაღალ მთებში ცხოვრობენ სხვადასხვა ველური ხალხები, რომელთაც ერთი მეორისაგან ისეთი განსხვავებული ენა აქვთ, რომ ერთმანეთისა არა ესმით რა. სტრაბონი და სხვა მწერლები მრავალს სხვადასხვა ხალხს ასახელებენ აქ. ხოლო კოლხიდელებთან უფრო ახლო ცხოვრობენ: სვანები, აფხაზები, ალანები, ჩერქეზები, ჯიქები, ყარაჩაელები (caraccioli).
ყველანი ესენი მხოლოდ სახელით არიან ქრისტიანები, თორემ არც სარწმუნოებით და არც მოქმედებით ქრისტიანობა მათ სრულებით არ ეტყობოდათ. მათ შორის ყველაზე უფრო მშვიდობიანი არიან სვანები... (ისინი) ცხოვრობენ იმ მთებზე, რომელიც არის ოდიშის პირდაპირ, და აგრეთვე იმ მთებზე, რომელნიც იმერეთს დაჰყურებენ...
სამეგრელოს ჩრდილოეთით ცხოვრობენ აფხაზები ანუ აბაშები, რომელთაც თურქები უწოდებენ აბასად (Abbassa). ამათი მშვენიერი და საუცხოო ქვეყანა სულ დაყოფილია ნოყიერი გორაკებით. რადგან ჰაერი მრთელი და მშრალია, ხალხიც არის მშვენიერი სისხლისა, ლამაზი სახისა და თეთრი ხორცისა, კარგად მოყვანილი, ღონიერი, მკვირცხლი და მარდი, ჯაფის ამტანი და მოხერხებული. ახალგაზრდობა არასოდეს უსაქმოდ არა ზის, არამედ ვარჯიშობაში ატარებს დროს: ხან შუბის ხმარებაში ვარჯიშობს, ხან მძიმე რამეებს ჰაერში ისვრის და ხან თხრილებზე ხტება, რათა შეიძინოს ძალა და გაიწვრთნას სიმარდეში. აფხაზებს ბევრი ჯოგი ჰყავთ. მათი ყოველდღიური საჭმელია: ყველი, რძე და გარეული ნადირი. თევზს არა სჭამენ, თუმცა შეეძლოთ ბევრი დაეჭირათ მდინარეებშიც და ზღვაშიც. კიბო საშინლად ეზიზღებათ, როგორც გველი, და დასცინიან მეგრელებს, რომელთაც ძალიან უყვართ კიბო.
აფხაზები ქალაქებში და ციხეებში როდი ცხოვრობენ, არამედ შეიყრება ერთი გვარის ათი თუ ოცი ოჯახი, ამოირჩევენ რომელსამე მაღლობ ადგილს, გააშენებენ იქ კარგ ისლით დახურულ ფაცხებს, შემოავლებენ ამორჩეულ ადგილს მაგარ ღობეს და ღრმა თხრილს. ღობეს და თხრილს იმიტომ აკეთებენ, რომ ეშინიათ თავდასხმისა, გარეშე ხალხის კი არა, თვით აფხაზები თავს ესხმიან და სძარცვავენ ერთმანეთს, ხოლო ართმევენ ერთმანეთს, სახლის ავეჯს კი არა, რადგან აფხაზს ასეთი ავეჯი არც კი გააჩნია, არამედ კაცებს, ქალებს და ბიჭებს. ამისათვის ჩვეულებრივ ღამე დაეცემიან ერთმანეთს და ვისაც მოახელთებენ, დაიჭერენ და წაიყვანენ. გაუფრთხილებლობით რომ ეს არ დაემართოთ, აფხაზები საშიშ დროს ჯავშანს ჩაიცვამენ, ხელში შუბს დაიჭერენ, ფარს სასთუმალს ქვეშ დაიდებენ, შეკაზმულ ცხენს ლოგინთან დააბამენ და ისე დაიძინებენ. აფხაზის ტყვეს მეტად აფასებენ თურქები: ქალებს სიმშვენიერისათვის და ბიჭებს იმიტომ, რომ რაკი თავის რჯულზე მოაქცევენ და სამხედრო ხელოვნებაში გაავარჯიშებენ, უფრო ხშირად ისეთი კაცები დგებიან, რომ სახელმწიფო საქმეებსაც და სამხედრო თანამდებობასაც მეტად კარგად ასრულებენ“...
თავისი თხზულების ბოლოში, როდესაც ოდიშის სამთავროს მდინარეებზე ლაპარაკობს, არქანჯელო ლმბერტი კიდევ ერთხელ აღნიშნავს აფხაზების ენის განსხვავებულობას მეგრულისგან, და რა თქმა უნდა ქართების ენისგანაც. სახელდობრ იგი წერს:
„აზიის ყველა მდინარეებს სათავე აქვთ კავკასიის და ტავრის მთებში, როგორც ერთხმად სწერენ ქვინტო კურციუსი და არრიანე. მათგან ზოგი შეერთვის კასპიის ზღვას, ზოგი _ შავ ზღვას და ზოგიც _ აზოვის ზღვას (Meotide Palude). ჩვენის საგნის მიხედვით, ჩვენ ჩამოვთვლით აქ მხოლოდ იმ მდინარეებს, რომლებიც გამოდიან კავკასიის მთებიდან, გაივლიან კოლხიდას და შეერთვიან შავ ზღვას. უმთავრესი და უფრო ცნობილი არიან: ფაზისი, ცხენის-წყალი (Hippo), აბაშა, ტეხური, ხოფი, ჭანის-წყალი (Ciani), ენგური, ხეთი (Heti), ოქუმი, ეგრისი (Echaris), მოქვი და კოდორი. სწორედ ამ რიგზედ არიან დაწყობილი დღეს კოლხიდის მდინარეები, როგორც დავასახელეთ.
... ყველაზე უკანასკნელი მდინარე არის კოდორი, რომელიც უნდა იყოს (ძველთა) კორაქსი, რადგან კოლხიდის საზღვრებია (ძველთა სიტყვით) ერთის მხრით ფაზისი და მეორეს მხრით _ კორაქსი; როგორც ფაზისი ჰყოფს სამეგრელოს გურიისაგან, ისე კორაქსი ჰყოფს მას აფხაზეთისაგან, და როგორც ფაზისის გაღმა მეგრული იცვლება ქართულად, ისე კორაქსის გაღმა _ იცვლება აფხაზურად. აქედან ცხადია, რომ მეგრელების კოდორი ძველებური კორაქსია, რადგან კოდორს გადაღმავე ცხოვრობენ აფხაზები თავისის განსაკუთრებულის ენით“.
მაგრამ ჩვენ საქართველოს ისტორიის ლიტერატურულ ძეგლებში გვაქვს მაგალითები, როდესაც VIII-IX სუკუნეებში აფხაზეთში მოღვაწე ქართველებს (ქართების ტომიდან) არ გააჩნდათ ენის პრობლემა, რადგანაც ქართული იქაურებმა იცოდნენ. ამის შესახებ, მაგალითად, სავსებით ბუნებრივდ აღნიშნავს გიორგი მერჩულე თავის თხზულებში „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება“. ამის თაობაზე ჩვენი მოსაზრება ზემოთ უკვე ვთქვით, რომ იმ ხანად კულტურულ-პოლიტიკური და სამეურნეო-ეკონომიკური კავშირები შორის „აფხაზთა, ეგრთა, ქართველთა, კახთა, ჰერთა, რანთა, მოვაკანთა“ და ა. შ., უფრო მჭიდრო და ძლიერი იყო. მაგრამ შემდგომში ჟამთა სიავემ, მონღოლობის, ყიზილბაშობის, ოსმალობისა და ლეკიანობის სიმძიმემ ეს კავშირ-ურთიერთობები დიდად დააზიანა და დაასუსტა. ამის მაგალითს ვხვდებით ისევ არქანჯელო ლამბერტის თხზულებაში, სადაც იგი მბობს, რომ XVII საუკუნის პირველ ნახევარში მეგრელებმაც კი არ იცოდნენ ან ძალზედ ცუდად იცოდნენ ქართული ენა, თუმცა კი უშუალოდ ემეზობლებოდნენ იმერეთის სამეფოსა და გურიის სამთავროს. აი რას წერს იგი:
„მართლაც, მეგრელები იმდენად უმეცარნი არიან, რომ მათ შორის თითქმის არავის არ ესმის ის ქართული წიგნები, რომელიც დაწერილია მათის ნამდვილის ძველებურის და წმინდა ენით. ამ ენისაგან მათი მდაბიური ენა ისე განირჩევა, როგორც ჩვენი მდაბიური ლათინურიდან განირჩევა. აქ არ თავდება მათი უმეცრება: ქართული წერა-კითხვა სულ მოსპობილი იქნებოდა აქ, რომ ქალებს არ შეენახათ იგი. ისე რომ თუ ვისმე უნდა კითხვა შეისწავლოს, უნდა რომელსამე ქალს მიებაროს სასწავლებლად“...
აქ იტალიელი მისიონერი ერთ სერიოზულ შეცდომასაც უშვებს, რადგან მეგრული ენა, გნებავთ ქართული ენის მეგრული დიალექტი, XV საუკუნის მეორე ნახევრიდან საქართველოს ერთიანი სამეფოს ცალკეულ სამეფო-სამთავროებად დაყოფის შემდეგ კი არ ჩამოყალიბდა იმდროინდელი ერთიანი ქართული ენის დაკნინებისა და გამდაბიურების გამო, არამედ ქართებისა და ეგრების ენობრივი დაშორება გაცილებით უფრო ადრე უნდა მომხდარიყო. ამას ადასტურებს მეგრელების მჭიდრო ენობრივი ნათესაობა ლაზებთან, რომელთა ძირითადი ნაწილი სულაც არ შემოდიოდა თუნდაც დავითის ან თამარის საქართველოს ერთიან სამეფოში, არამედ ბიზანტიის იმპერიის შემადგენლობაში იყო მოქცეული, შემდეგ კი ოსმალთა იმპერიისა. გარდა ამისა, აფხაზებისა და ქართველების ძველ კულტურულ ერთიანობაზე როდესაც ვლაპარაკობთ და გვაოცებს დღევანდელი აფხაზების, ან მათი ერთი მნიშვნელოვანი ნაწილის მიერ ამის უარყოფა ან არდაფასება, უნდა ისიც გვახსოვდეს, რომ ოსმალობა-ყიზილბაშობის ხანაში მდაბიო ხალხებს შორის ასეთი ერთიანობის ძაფები სერიოზულად დასუსტდებოდა, და ამ ერთიანობის მატარებელი იქნებოდა სასულიერო წოდება და თავადაზნურობა. ეს ორივე წოდება სასტიკად იქნა რეპრესირებული დასავლეთ ევროპაში წარმოშობილი კომუნისტური მოძრაობის რუსული ფრთის მიერ XX საუკუნის 20-30-იან წლებში. ამ ფრთის მიზანს, ჩვენში გავრცელებული შეხედულების საწინააღმდეგოდ, წარმოადგენდა სულაც არა საბჭოთა რუსეთის, საბჭოთა ფორმის რუსული სახელმწიფოს, გაძლიერება და განვრცობა, არამედ „შრომის მსოფლიო ძმობის“ მქადაგებელი იმდროინდელი გლობალისტური ძალების მიერ მისი გამოყენება კომუნისტური რევოლუციის ხანძრის მთელ მსოფლიოში გასატანად, მსოფლიო კომუნისტური წყობილებისა და ამის მეშვეობით მსოფლიოზე საკუთარი კონტროლის დასამყარებლად. ამ იდეოლოგიის სულისჩამდგმელები ევროპაში იყვნენ კარლ მარქსი და ფრიდრიხ ენგელსი, ხოლო როგორც საბჭოთა პერიოდში სავალდებულოდ გვასწავლიდნენ, მათი მოძღვრების ძირითად წყაროებს წარმოადგენდა გერმანული კლასიკური ფილოსოფია, ფრანგული უტოპიური სოციალიზმი და ინგლისური პოლიტეკონომია. ცხადია, რომ სასულიერო წოდების, აგრეთვე შერვაშიძეების, აფაქიძეების, ანჩაბაძეების, მარშანიების, ემხვარებისა და სხვა წარჩინებულ საგვარეულოთა ხოცვა-ჟლეტის, გადასახლებისა და განდევნის შემდეგ საბჭოთა წყობილების პირობებში ქართულ-აფხაზური კულტურული ურთიერთობები კიდევ უფრო სერიოზულად დასუსტდებოდა. და ამის განკურნებას დიდი მზრუნველობა და რუდუნება სჭირდება და არა უნდობლობის, ურთიერთ პრეტენზიებისა და მტრობის გაღვივება.
არქანჯელო ლამბერტი ასევე აღწერს ოდიშის სამთავროს ეპარქიებსა და მონასტრებს, სიდანაც ვგებულობთ, რომ ილორისა და დრანდის ტაძრები XVII საუკუნის პირველ ნახევარში სამეგრელოს მთავარს ეკუთვნოდა. იგი აღნიშნავს:
„კათალიკოსს ექვემდებარებიან ეპისკოპოსები. ამ ჟამად ოდიშში ექვსი ეპისკოპოსია, რადგან დანარჩენი ექვსი კათედრა გადაკეთებულია მონასტრად. დარჩენილია შემდეგი საეპისკოპოსო ეკლესიები: პირველია დრანდის (Dandra), რომელიც მდებარეობს მდ. კოდორზე (Corace), აფხაზეთის საზღვარზე და აშენებულია ღვთის-მშობლის სახელზე და მის ეპისკოპოსს ჰქვია დრანდელი. მეორეა მოქვის, რომელიც მდებარეობს ფართო ვაკეზე ორ მდინარეს შუა; ეს ორი მდინარე მერე ერთად შეიყრებიან და მათ შორის მდებარე ადგილი წარმოადგენს ნახევარ კუნძულს. ეს ეკლესია აშენებულია აგრეთვე ღვთის-მშობლის სახელობაზე და ეპისკოპოსს ჰქვია მოქველი. მესამე არის ბედიას, რომელიც აშენებულია გორაკზე, აგრეთვე ღვთის-მშობლის სახელობაზე; მისი ეპისკოპოსი იწოდება ბედიელად. მეოთხე არის ცაიშის; აგრე იწოდება იმ მთის გამო, რომელზედაც იგი მდებარეობს და რომლის კალთებზე მდინარე ჩამოურბის. ეს ეკლესიაც ღვთის-მშობლის სახელობაზეა აშენებული. მისი ეპისკოპოსი იწოდება ცაიშელად. მეხუთეა წალენჯიხის, აგრეთვე გორაკზე მდებარე, მისი ეკლესია ფერისცვალების სახელობაზეა აშენებული. აქ ჰმარხავენ მთავრებს. მის ეპისკოპოსს ჰქვია წალენჯიხელი. მეექვსეა მარტვილის (Scondidi), მაღლობზე მდებარე და აშენებულია წმინდა მოწამეთა (a Santi Martiri) სახელობაზე. მისი ეპისკოპოსი იწოდება ჭყონდიდელად. დანარჩენი საეპისკოპოსო ეკლესიები, რომელთაც წინად ჰყვანდა თავისი ეპისკოპოსები, ეხლა გადაკეთებულნი არიან მონასტრებად: პირველია ქიაჩის (Chiaggi) მონასტერი, მთაზე აშენებული, წმ. მიქაელის სახელობაზე. მეორეა წიფურიას (Cippurias) მონასტერი, რომელიც აშენებულია ვაკეზე, ენგურის ნაპირად..... აქ არის ორი ეკლესია ერთად შეერთებული, რომელთაგან ერთი ღვთის მშობლის სახელობაზეა, ხოლო მეორე _ წმ. გიორგისაზე. მესამეა ხოფის (Copis) მონასტერი, მარიამ ღვთის მშობლის სახელობაზე. აქ აჩვენებენ ღვთისმშობლის პერანგს, რომელსაც იქაურები დიდ პატივსა სცემენ. მეოთხეა ობუჯის (Obbugi) მონასტერი, რომლის ეკლესია წმ. გიორგის სახელობაზეა აშენებული. აქ ძველად მთავრების სამარხი იყო, რომელიც ეხლა წალენჯიხაშია. მეხუთეა სებასტოპოლის მონასტერი, რომელიც ეხლა წყალშია ჩანთქმული. მეექვსეა ანაკრიას (d’Anarghia) მონასტერი, რომელსაც ძველად ერქვა ჰერაკლეა (Heraclea)“.
ჩვენ არა ვართ საკმარისად ჩახედული აფხაზთა და ქართველთა ეთნოგენეზისის საკითხებში, და ამიტომ ამ სფეროში ბევრს ვერ ავიღებთ საკუთარ თავზე, შეგვიძლია მხოლოდ ჩვენს მკითხველს გავაცნოთ ის, რაც ქართველ აკადემიკოსებთან, ივანე ჯავახიშვილსა და ნიკო ბერძენიშვილთან წაგვიკითხავს. სახელდობრ, ივ. ჯავახიშვილი 1919 წელს გამოქვეყნებულ ნაშრომში „საქართველოს საზღვრები _ ისტორიულად და თანამედროვე თვალსაზრისით განხილული“, წერს: „სრულიად საქართველოს ჩრდილო-დასავლეთის სამზღვარზე აფხაზეთი იყო და ეხლაც იგივე კუთხე ჰსაზღვრავს საქართველოს რესპუბლიკას. ისტორიული ცნობის მიხედვით XI საუკუნეში ეს მოსამზღვრე ხაზი საქართველოსა და მეზობელ ქვეყნებს შორის ძალიან ჩრდილოეთით მდებარეობდა, სახელდობრ, იმ ადგილას, სადაც კავკსიონის მთავარი ქედი იწყებოდა. მოსამზღვრე ხაზად მდ. ყუბანის შესართავი და კავკასიის ქედის წვერი ითვლებოდა. ასე ჩრდილოეთით იმიტომ იყო სამზღვარი წაწეული, რომ მაშინ ჯიქეთი და ალანთა ქვეყანაც აფხაზეთს ეკუთვნოდა. თუ ჯიქნი აფხაზთა მოძმე ტომი იყო და მათი აფხაზეთთან ერთობა სრულებით ბუნებრივად უნდა მიჩნეულ იქმნას, ალანთა შესახებ ამის თქმა არ შეიძლება.
მაინცადამინც ცხადია, რომ დოაბზუ ანუ ტუაფსე აფხაზთა საკუთრება იყო იმიტომ, რომ თვით ეს საგეოგრაფიო სახელი სწორედ ამას ნიშნავს. მაგრამ საკუთრივ აფხაზების ჩრდილოეთის სამზღვარი ბიჭვინთის მონასტრის ჩრდილოეთით მდებარეობდა, ხოლო ამის შემდგომ უკვე აფხაზთა ტომის ჯიქების მიწა-წყალი იწყებოდა“.
როგორც მოყვანილი ამონარიდიდან ვხედავთ, ივ. ჯავახიშვილს ტოპონიმი „დოაბზუ“ ანუ „ტუაფსე“ აფხაზური წარმოშობისად მიაჩნია, და მდ. ბზიფის აუზის ჩრდილო-დასავლეთის მხრიდან მოყოლებული მდ. ყუბანის აზოვის ზღვაში შესართავამდე, ტამანის ნახევარკუნძულის ჩათვლით დასახლებულ ჯიქებსაც აფხაზების ახლო ნათესავებად თვლის. მაშინ შეგვიძლია დავაზუსტოთ, რომ ივ. ჯავხიშვილისთვის აფხაზების ძველი ენა, ყოველ შემთხვევაში VIII-IX ასწლეულებშიც, როცა გიორგი მერჩულე „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებას“ სწერდა, არის სწორედ ის ენა, რომელზედაც ისინი დღესდღეობითაც ლაპარაკობენ. როგორც ვიცით, არის განსხვავებული მოსაზრებებიც. ამიტომ აღვნინეთ, რომ ვინაიდან ქართველური ტომების ეთნოგენეზისის საკითხებში საკმარისად გარკვეული არა ვართ, და ამ თემასთან შეხება თავად თარგმანის თემატიკამ განაპირობა, ამიტომ ვიფარგლებით მხოლოდ ივ. ჯავახიშვილისა და ნ. ბერძენიშვილის შეხედულებებით.
„ქართველი ერის ისტორიის“ პირველ ტომში ივ. ჯავახიშვილი კიდევ უფრო ვრცლად ეხება აღნიშნულ საკითხს და ბერძენ ავტორთა თხზულებებში აფხაზების პირველ მოხსენიებას აკავშირებს დიონ კასიოსთან, რომელიც ეხება რომაელთა დაპყრობებს საქართველოში პომპეუსის სარდლობით. სახელდობრ იგი ამბობს: „პირველად რომაელებმა საქართველოში ფეხი შემოდგეს 65 წელს ქრ. წ.; თავის თანამოძმეებს გზა გაუკვლია სარდალმა პომპეიუსმა, რომელიც იმ დროს მითრიდატ მეფეს ეომებოდა... (მითრიდატე პონტოელის დამარცხების, სომხეთისა და იბერიის დამორჩილების შემდეგ) ძლევამოსილი პომპეიუსი... დაიძრა და კოლხეთში გადავიდა და იქ მეფედ არისტარხი დააყენა. ასე შემოდგეს ფეხი რომაელებმა საქართველოში: რაკი ერთხელ გზა გაკვალული ჰქონდათ, კავკასიას ხირად ეწვეოდნენ ხოლმე. ამიერიდან საქართველო რომაელების მძლავრი გავლენის ქვეშ იმყოფებოდა“.
აფხაზების შემდეგი მოხსენიება, ივ. ჯავახიშვილის მიხედვით, მოხდა II საუკუნეში ქრ. შ., კვლავ ბერძენი ისტორიკოსის ფლაბიოს არიანეს მიერ, რომელიც 134 წ. დაწერილ იმპერატორისადმი თავის მოხსებებაში აღნიშნავს, რომ უწინდელი კოლხეთის სამეფო დასავლეთ საქართველოში დაშლილია უკვე ოთხ უფრო მცირე სამეფოდ: ლაზების, აფშილების, აფხაზებისა და სანიგების, და თითოეულს ჰყავს თავისი მეფე, რომლებსაც ნიშნავენ რომის იმპერატორები. სახელდობრ, ლაზების მეფეს სახელად ჰქვია მალასი, აფშილების მეფეს იულიანე, აფხაზთა მეფეს _ რისმაგი და სანიგებისა _ სპადაგი. ივ. ჯავახიშვილი ასკვნის:
„ყველა ეს გარემოებანი ცხად-ჰყოფენ, რომ ლაზთა მეფე წინანდელი კოლხეთის მეფის მსგავსად მთელი ქვეყნის, მთელი დასავლეთი საქართველოს უზენაესი მფლობელი აღარ ყოფილა. აფშილების, აფხაზებისა და სანიგების მეფეებს თავიანთი ხელისუფლება ლაზთა მეფისაგან კი არ ჰქონდათ მიღებული, არამედ რომის კეისრისაგან, რომლისგანაც თვით ლაზთა მეფეც ყოფილა დამტკიცებული. მაშასადამე, მათ შორის უფლებრივად თითქოს არავითარი განსხვავება არც უნდა ყოფილიყო, განსხვავება შეიძლება მნიშვნელობაზე ყოფილიყო უმთავრესად დამყარებული.
ფოთში, რომელსაც მაშინ ფაზისი ეწოდებოდა, და დიოსკურიაში, რომელსაც II ს-ში სებასტოპოლისს ეძახდნენ, რომის კეისარს მეციხოვნე ჯარი ჰყოლია. ფოთში 400 რჩეული მეომარი ყოფილა ჩაყენებული.
ამ ქალაქს წინათ თუ მიწის ზღუდე ჰქონია და ზედ ხის კოშკები მდგარა, რომაელებს შემდეგ ზღუდეცა და კოშკებიც მტკიცე საძირკველზე გამომწვარი აგურისგან ამოუყვანიათ. ციხის კედლებზე სამხედრო მანქანები და ყოველგვარი საბრძოლველი სახმარი დაუდგამთ. ციხის ზღუდეს გარშემო ორმაგი განიერი თხრილი ჰქონია შემოვლებული.
ფოთის ციხეში თუ მეციხოვნე ჯარი იდგა, ციხის გარეთ ნაჯარისკაცალი პირები და ვაჭრები ცხოვრობდნენ. არრიანეს ამ ციხის გარეთ მდებარე ქალაქის დასახლებული გარეთუბნისათვისაც თხრილი გაუვლია მდ. რიონამდე. ამგვარად ნავთსადგული და გარეუბანიც თხრილით იყო დაცული...
დიოსკურიაშიც მეციხოვნე და ცხენოსანი ჯარი მდგარა და იქვე სურსათის ბეღლებიც ყოფილა მოწყობილი.
ყველა ამ ცნობიდან ჩანს, რომ რომს შავი ზღვის საქართველოს სანაპირო თავისთვის საუცხოოდ გუმაგრებია და აქ ფეხი მტკიცედაც ჰქონია ჩამდგარი, თავისი გავლენისა და ბატონობის დასაცავად დიდი ღონისძიებაც ჰქონია ნახმარი. მაგრამ ზემოაღნიშნულიდან განსაკუთრებული ყურადღების ღირსი ის გარემოებაა, რომ მთლიანი დასავლეთი საქართველოს მაგიერ 134 წ. ქრ. შ. უკვე ქვეყანა ოთხ სამეფოდ დაქუცმაცებული ყოფილა. როგორც ჩანს, რომალებს თავინთი საყვარელი პოლიტიკური მცნება divide et impera („დაყავი და იბატონე“) აქაც განუხორციელებიათ და გაერთიანებული კოლხეთის მაგიერ ოთხი სამეფოს შექმნისათვის ხელი შეუწყვიათ. მომავალში უნდა გამოირკვეს, როდის და როგორ უნდა მომხდარიყო სახელდობრ ეს ამბავი“.
ივ. ჯავახიშვილის სიტვით, „არრიანე, რომელმაც მთელი შავი ზღვის ნაპირი მოიხილა და თავისი მოგზაურობის შესახებ კეისარს მოხსენება წარუდგინა“, ტრაპიზონიდან ჩრდილოეთისკენ ადგილობრივ მოსახლე ხალხებს ასახელებს შემდეგი თანამიმდევრობით: ჭანები, მაკრონები, ჰენიოხები, ზიდრიტები, ლაზები, აფშილები, აბასხები, სანიგები (თუ ჭანიგები; წორედ მათ ქვეყანაში იყო ქ. სებასტოპოლისი, ანუ დიოსკურია).
მაგრამ ისმება საკითხი: ეს ტომები აქ თავიდანვე სახლობდნენ, თუ სხვა ადგილებიდან არიან მოსული? სახელდობრ ივ. ჯავახიშვილს, ასურულ ისტორიულ წყაროებზე დაყრდნობით, ქართველთა წინაპარი ტომების _ მოსხების (მუშკების), თუბალების (ტაბალების), მოსვინიკების, კასკების (კოლხების), ჰენიოხების, მაკრონების (მეგრელების) თავდაპირველი განსახლების ადგილად მიაჩნია შუამდინარეთის მეზობლად ჩრდილო-დასავლეთი მხარე. თანაც აფხაზთა წინაპრებად, ნიკო მარის მსგავსად, მიიჩნევს მესხურ ტომებს სახელწოდების შემდეგი განვითარებით: მოსოხი _ მესხი _ მასხი _ ბასხი _ აბასხი _ აბასგი _ აფხაზი. გარდა ამისა ყურადღებას აქცევს იმასაც, რომ ასურეთის მეფეთა მატიანეებში მოსხები (მუსკები, მუშკები) მოხსენიებული არიან ყველაზე უფრო ჩრდილოეთით დანარჩენ ზემდასახელებულ ქართველურ ტომებთან შედარებით. ამის საფუძველზე იგი ანვითარებს შემდეგ მსჯელობას:
„რაკი ჩვენ დავრწმუნდით, რომ ქართველთა ტომები უუძველეს დროს (XIII-XII სს. ქრ. წ.) მცირე აზიაში ცხოვრობდნენ და მხოლოდ შემდეგში თანდათან ჩრდილოეთისაკენ წამოიწიეს და ამიერკავკასიის მიწა-წყალი დაიმკვიდრეს, ამიტომ უნებლიედ იბადება საკითხი, როგორ უნდა მომხდარიყო ეს უზარმაზარი გადმოსახლება და ახალ ადგილას დაბინავება, რომელი ქართველი ტომი უნდა დაძრულიყო პირველად და ვინ ვის მისდევნებია; ერთი სიტყვით, საგულისხმო იქნებოდა შეძლებისდაგვარად ქართველ ტომთა თანდათანობითი დასახლების ისტორია გამორკვეულიყო. თავისთავად ცხადია, რომ ამგვარი საკითხის დანამდვილებით გადაწყვეტა არ შეიძლება და ჯერჯერობით ჩვენს დასკვნას მხოლოდ ჰიპოთეზის მსგავსი მნიშვნელობა ექნება, რომელიც მომავალმა უფრო ზედმიწევნითმა და ხანგრძლივმა შესწავლამ შეიძლება გაამართლოს.
საფიქრებელია, რომ კავკასიაში პირველად ის ქართველი ტომები უნდა მოსულიყვნენ, რომელნიც ისტორიულად კარგად ცნობილს დროში დანარჩენებზე ჩრდილოეთით ბინდრობდნენ.
მაშასადამე, ჯერ აფხაზები _ აფშილები, სვანები, თუშები და სხვა მთიულები, შემდეგ კოლხები და კასხები. ამისდა მიხედვით, რასაკვირველია, აფხაზთა, აფშილთა და დანარჩენ ზემოაღნიშნულ ტომთა მოსახლეიობა თავდაპირველად კავკასიაშიც ეხლანდელზე უფრო სამხრეთით იქნებოდა. როცა სხვა ქართველი ტომები მეგრელ-ლაზები და ქართები მტრებისაგნ დევნილნი, მიაწვებოდნენ სამხრეთიდან, მაშინ ისინიც იძულებული იქნებოდნენ ჩრდილოეთისაკენ დაეხიათ. საქართველოს საგეოგრაფიო სახელებში აფხაზების და სხვათა წინანდელ ვრცელ მოსახლეობის კვალი, რასაკვირველია, უნდა შენახული იყოს და ვინც ამ საგანს გულდასმით შეისწავლის, ის უეჭველია საყურადღებო მასალას შეაგროვებს. ჯერჯერობით შეიძლება ორიოდე მაგლითი იყოს დასახელებული: გურიაში არსებობს სოფ. „დვაბზუ“, რომლის სახელი ნაწარმოებია იმგვარდვე, როგორც „ტუაფსე“ (დო _ აბზუ = ტუ _ აფსე); ორსავე შემთხვევაში „დო“ და „ტუ“ მეგრული თავსართია ადგილის აღმნიშვნელი, ხოლო „აბზუ“ და „აფსე“ უდრის აფსუას, ესე იგი აფხაზს; მაშასადამე ორივე სიტყვა აფხაზთა მოსახლეობას და სოფელს ჰნიშნავს და ეს გვიჩვენებს, რომ ერთ დროს ეხლანდელი გურიის მიწა-წყალი აფხაზებსა სჭერიათ (ნ. მარრი, ტერმინის „აფხაზი“ ისტორია /რუს. ენაზე/, საიმპერატორო /პეტერბურგის/ მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა, 1912 წ., გვ. 700, 702). ამას გარდა პროკოპი კესარიელის სიტყვით ჭანეთში შავი ზღვის ნაპირას იყო დაბა „აფსვირტ-ოს“; თუ ამ სიტყვას ჩვეულებრივ ბერძნულ ნაკვეცს „ოს“ მოვაშორებთ, დაგვრჩება „აფსვირტ“, რომელიც უდრის „აფსვირტა“-ს, ხოლო აფხაზურად „აფსვირ-ტა“ ჰნიშნავს აფხაზთა ადგილს. მაშასადამე, ეს საგეოგრაფიო სახელიც აფხაზთა წინანდელი ბინადრობის შერჩენილ კვალად უნდა ჩაითვალოს“.
ამის მერე ივ. ჯავახიშვილი საუბრობს სხვა ქართული (შესაძლოა უფრო სწორი იყოს ტერმინი ქართველური ან წინაქართული _ პროტოქართული, პრაქართული) ტომების წინა აზიიდან ამიერკავკასიაში გადმოსახლების შესახებ. ჩვენთვის კი მეტად საგულისხმო უნდა იყოს ის, რომ ამ ჩვენში დიდად აღიარებული და პატივცემული ისტორიკოსის აზრით, აფხაზი და აფსუა (აფსარი) ერთიდაიგივე ხალხია, თან გარდა ამისა, აფხაზები საკუთარ თავს აფსუას უწოდებდნენ ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც წინა აზიაში ცხოვრობდნენ (ოფ. აფსვირტა ჭანეთში) და როდესაც ნელ-ნელა ჩრდილოეთისკენ, მათი დღევანდელი სამოსახლოსკენ, ადიოდნენ (სოფ. დვაბზუ გურიაში). ჩვენი აზრით, ამ მნიშვნელობით საინტერესოა ყურადღება მიექცეს აგრეთვე კოლხთა მეფის აიეტის ძის სახელს აფსირტე და გეოგრაფიულ ტოპონიმს აფსაროსი. მეორეს მხრივ, ასევე საგულისხმოა ისიც, რომ ფლავიოს არიანეს თხზულებაში აფხაზების მეფეს ჰქვია რისმაგი _ ქართული სახელი, და არა ვთქვათ, ჩერქეზული.
მომდევნო „III საუკუნეშივე, 256-260 წლების განმავლობაში, _ ივ. ჯავახიშვილის სიტყვით, _ დასავლეთ საქართველოში, ლაზიკასა და მთელ შავი ზღვის ნაპირებს სკვითები ეწვივნენ. საცა კი ისინი გაჩნდებოდნენ და შეესეოდნენ, ყველაფერს იკლებდნენ და ანადგურებდნენ. ყველაზე მეტად იმ დროს ფაზისი, ანუ ფოთი და პიტიუნი, ანუ ბიჭვინტა დაზიანდა. ფოთში ადგილობრივი ღვთაების ტაძარი კი ვერ ჩაიგდეს ხელში. დიდი კედლებით გარემოზღუდული და კარგ ნავსადგურიანი პიტიუნი კი მეორედ ადვილად აიღეს და მთელი იქ მყოფი რომაელების ჯარი ამოწყვიტეს. ადგილობრივი მცხოვრებნი მიუვალ ადგილებში იყვნენ შეხიზნული“.
ამავე პერიოდში და შემდეგ საუკუნეებშიც, რომის იმპერიასა (ბიზანტიასა) და ირანს შორის დაპირისპირებაში მონაწილეობს არა იმდენად აფხაზთა სამეფო, რამდენადაც იბერიისა და ლაზიკის სამეფოები. აფხაზები, როგორც უფრო ჩრდიოელთით მოსახლე ხალხი, ამ დაპირისპირებებში ნაკლებად მონაწილეობენ. სახელდობრ, ივ. ჯავახიშვილი ამის შესახებ წერს, რომ ამ დაპირისპირების ხანაში, „523 წელს ლაზთა მეფე წათე ბიზანტიაში გაემგზავრა და იქ კეისარს იუსტინეს აუწყა, რომ მას გაქრისტიანება ჰსურს და უნდა, რომ ლაზთა მეფედ იყოს დამტკიცებული. იუსტინე კეისარი, რასაკვირველია, ამ ამბავმა მეტად ასიამოვნა და სიხარულით მონათლა მეფე წათე და შვილად გამოაცხადა. წათემ ბიზანტიაში თანამეცხედრედ რომაელი დიდებულის ქალი შეირთო, პატრიკიოსისა და აპოკურაპალატის ნომის ასული. სამეფო გვირგვინითა და ძვირფასი სამოსელითა და სამკაულით მორთული, მრავალი საჩუქრებით დატვირთული წათე სამშობლოში დაბრუნდა“.
შემდეგ ივ. ჯავხიშვილი აგრძელებს: „რაკი დიდიხანია, რაც ლაზიკაში ქრისტიანობა გავრცელებული იყო, ამიტომ წათეს გაქრისტიანებას პირადული მნიშვნელობა ჰქონდა, და ლაზიკაში ამიერიდან ქრისტიანობა, ვითარცა სახელმწიფო სარწმუნოება, საბოლოოდ განმტკიცებული იქმნებოდა“. მაგრამ, განა სამეფო ოჯახის მოქცევა ქრისტიანობაში მხოლოდ პირადული საქმე იყო, თუნდაც მოსახლეობის გარკვეული ნაწილი უკვე ქრისტიანი ყოფილიყო? განა ლაზიკის სამეფო კარზე არ იყო გარკვეული ეთიკეტი? განა მოსახლეობის დიდი ნაწილი არ შეჰყურებდა სამეფო სახლს ასეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღების საკითხში?
შემდეგ ივ. ჯავახიშვილი წერს, რომ ლაზიკაში, თავიანთი გავლენის დამკვიდრებისა თუ განმტკიცებისთვის, ჯარები გამოგზავნეს ბიზანტიამაც და ირანმაც. რომ ბიზანტიელები ლაზების დასახმარებლდ იყვნენ ჩამოსული და დაინტერესებული იყვნენ ლაზთა მეზობელი ტომების თავისკენ მომხრობაში, მაგრამ „კონსტანტინოპოლიდან გამოგზავნილმა სოტერიხმა, რომელსაც უტიგურებისა, ალანებისა და სხვა, ლაზიკის მეზობელი, ტომებისათვის ფული უნდა დაერიგებინა, რაკი ისინი სპარსელებს არ მიუდგნენ, თავისი მედიდური ქცევით მისიმიელთა ტომი ააჯანყა. მ ი ს ი მ ი ე ლ ნ ი აფშილეთის ჩრდილოეთით ბინადრობდნენ და ლაზიკის მეფის მოყმენი იყვნენ, მაგრამ საკუთარი ენა და ადათები ჰქონდათ. როცა სოტერიხი მოვიდა, მათ ეგონათ, რომ ბიზანტიელები იმათ ქვეყანაში ბინის გაჩენას აპირებდნენ, მივიდნენ და წინააღმდეგობა გამოუცხადეს. ეს იწყინა მოხელემ და მოგზავნილი კაცები დააჭერინა, აცემინა და ცოცხლ-მკვდარნი შინ გაისტუმრა. ამ ამბავმა ხალხი იმდენად ააღელვა, რომ მაშინვე იგრიალეს და ღამე მძინარე სოტერიხს მიადგნენ და თავისი ოთხი შვილითურთ ამოხოცეს, მოკლული გაძარცვეს, გაიტაცეს მათი ბარგი და მოტანილი ფული. შინ რომ დაბრუნდნენ და დამშვიდდნენ, მაშინ კი შეფიქრიანდნენ და შეშინდნენ, კეისარი ხომ ამას არ შეგვარჩენს და ისევ სჯობია სპარსელებს მივემხროთ და დახმარება ვთხოვოთო“.
მაგრამ სპარსელები (ირანელები) ბიზანტიელებთან და ლაზებთან ომში დამარცხდნენ და „ამის შემდეგ ბიზანტიელებმა 555 წელს მისიმიელების დასასჯელად გაილაშქრეს“. ივ. ჯავხიშვილის თქმით, „მათი მხედრობა დაბანაკდა აფშილებისა და მისიმიელთა ქვეყნის საზღვარზე მდებარე ციხე წიბელდაში (წიბელიოს). აფშილებს უნდოდათ თავიანთი მეზობლები განადგურებისაგან გადაერჩინათ და ამიტომ მათ თავის მხრივ მოციქულები მიუგზავნეს, ბიზანტიელებთან შერიგდითო. მისიმიელნი კი იმდენად გამხეცდნენ, რომ ეს მოციქულებიც დახოცეს. ამაზე გულმოსულმა ბიზანტიელებმა მისიმიელთა ქვეყანა გაანადგურეს და გადაბუგეს, ხალხს პირუტყვსავით ხოცდნენ. ღონემიხდილმა და შეშინებულმა მისიმიელებმა მაშინ კი იკადრეს და თითონ შეეხვეწნენ ბიზანტიელებს, გვაპატიეთ, კმარა რაც გადაგვხვდა, ქრისტიანები ვართ, ნუ გაგვწყვეტთო, იმათაც შეისმინეს, სოტერიხის მკვლელობისა და გატაცებული ფულის ასანაზღაურებელი გადაახდევინეს და ისევ ლაზიკაში დაბრუნდნენ“.
ამ წლებსა და მოვლენებს უკავშირდება ნ. დუბროვინის ცნობაც აფხაზების მიერ ქრისტიანობის მიღების თაობაზე. როგორც ვხედავთ, ისე მარტივად არ იყო საქმე, როგორც ამას მოკლედ გადმოგვცემს რუსი აკადემიკოსი, რუსეთის სამხედრო ისტორიის აღიარებული სწავლული და მეცნიერი, საკუთრივ აფხაზების ურთიერთდამოკიდებულების საკითხში უწინარეს ყოვლისა ლაზებთან და ასევე სხვა ქართულ (ქართველურ) ტომებთან. რომ ბიზანტიურ-ირანულ დაპირისპირებაში მონაწილე ძირითად ხალხებს ამიერკავკასიაში, სომხებთან და ალბანელებთან ერთად, წარმოადგენდნენ სწორედ იბერიისა და ლაზიკის მოსახლე ქართული ტომები, აფხაზები კი უფრო მეტად ამ დაპირისპირების პერიფერიაზე იმყოფებოდნენ, და რომ მათი ისტორიული ბედი, ჯერ კიდევ X საუკუნემდეც, მჭიდროდ იყო დაკავშირებული განსაკუთრებით მეგრელ-ლაზების ბედთან.
ზემოთ მოყვანილი ამონარიდებიდან ასევე ჩანს, რომ ლაზიკის ჩრდილოეთით, დღევანდელი აფხაზეთის ტერიტორიაზე საკუთრივ აფხაზების (აფსუების, აფსართა) გარდა სახლობდნენ აფშილები, მისიმიელები, შესაძლოა სხვა თემებიც (საზოგადოებები, როგორც რუსი ავტორები წერდნენ XIX საუკუნეში). თანაც მისიმიელები, როგორც ჩანს, მდ. კოდორის ხეობის შუა და ზემო ნაწილში სახლობდნენ. ჩვენში სახელწოდებას აფსარი ჩვეულებრივ იყენებენ ხოლმე იმის გამოსახატავად, რომ აფხაზი და აფსარი სხვადასხვა ცნებებია, და რომ ძველი აფხაზები იყვნენ, ვთქვათ, ქართების ან ეგრების მსგავსი ქართველები და სწორედ მათ შეესაბამება ტერმინი აფხაზი. აფსარი კი აღნიშნავდა ჩრდილო-კავკასიური ადიღეურ-ჩერქეზული მოდგმის ხალხს, რომელთა ენზეც სწორედ „ლაშა“ („ალაშარა“) ნიშნავს „ნათელს“ და ეს სახელი დაარქვეს თამარ მეფის ძეს გიორგი-ლაშას, რასაც აღნიშნავს კიდეც თამარის მემატანე. მაგრამ ივ. ჯავახიშვილის მსჯელობებიდან შესაძლოა გაკეთდეს სხვანაირი დასკვნაც: რომ აფსარები (აფსუები) იგივე აფხაზები არიან, თამარის დროსაც ცხოვრობდნენ მდ. კოდორის ჩრდილოეთით (ან ცხუმის /დიოსკურიის, სებასტოპოლისის/ ჩრდილოეთით, თუკი ეს ქალაქი აფშილებს ეკუთვნოდა), მაგრამ სახელწოდებას „აფხაზი“ შესაძლო იყო აღიქვამდნენ კიდევ აფსარის (აფსუას), აფშილის, მისიმიელისა და სხვა თემების (საზოგადოებების, ხალხების) კრებსითი მნიშვნელობით. ანუ ყველა მათ ზოგადად (მთლიანობაში) ეწოდებოდათ აფხაზები, ხოლო თემობრივი განსხვავებების აღსანიშნავად კი იტყოდნენ აფსარი, აფშილი, მისიმიელი და სხვა. როგორც მაგალითად ქართლელი წარმოადგენს კრებსით სახელს მუხრანელებისაც, მცხეთელებისაც, არაგველებისაც, გორელებისაც, ქსნის ხეობის ქართველებისთვისაც, ლიახვის ხეობის ქართველებისთვისაც და ა. შ.
VII ასწლეულის შუახანებისთვის ამიერკავკასიასა და საქართველოშიც გამოჩნდნენ ახალი დმპყრობლები _ არაბები (643-645 წწ.-დან), რომლებიც შემოიფარგლნენ აღმოსავლეთ საქართველოს (აღმოსავლეთ ამიერკავკასიის) დამორჩილებით და ბიზანტიის იმპერიის წინა აზიის მთელ რიგ სამფლობელოებში კი თავიანთი ბატონობის გავრცელება ვერ შეძლეს. ამჯერად უკვე ამიერკავკასიაში ბრძოლა დაიწყო არაბებსა და ბიზანტიელებს შორის. 689 წელს ლაზიკის პატრიკიოსი სერგი ბარნუკის ძე აუჯანყდა ბიზანტიელებს და თავისი სამფლობელო არაბებს დაუმორჩილა, ხოლო კონსტანტინოპოლის ერთგულდ დარჩენილ აფხაზებს კი ზურგს უმაგრებდნენ აგრეთვე ჩრდილო-კავკასიაში მცხოვრები ხაზარებიც (თურქული მოდგმის ხალხი).
ქართველი მემატიანის ჯუანშერის სიტყვით, ხალიფა ჰიშამის ბრძანებით „მოიწია ამირა აგარიანი ქართლად, რომელსა ერქუა მურვან ყრუ ძე მომადისა... და ყოველნი მთავრნი, პიტიახშნი, ნათესავნი ერისთავთანი და წარჩინებულნი შევიდოდეს კავკასიად და დაიმალნეს კლდეთა და ღრეთა და მოვლო ყრუ მურვან ყოველი კავკასია და დაიპყრა კარი დარიალანისა და დარუბანდისა და შემუსრნა ყოველნი ქალაქნი და უმრავლესნი ციხენი ყოველთა საზღუართა ქართლისათა... და შემუსრნა ყოველნი ქალაქნი და სიმაგრენი ქვეყანისა ეგრისისანი“... ივ. ჯავახიშვილი ამ და სხვა წყაროებზე დაყრდნობით ჰყვება, რომ მურვან ყრუ 729-730 წ. შემოსულა საქართველოში, „მთელი თავისი მხედრობით ქსნით დარიალის ხეობა და კარი გაუვლია და ხაზარნი დაუმარცხებია, იმიერ კავკასიითგან ერთი ტომი გადმოუყვანია და კახეთში დაუსახლებია, ხოლო 737-742 წლებში ძლევამოსილი ლაშქრობა ჰქონია კავკასიაში და იმიერ-კავკასიაში, ისე რომ დაუმორჩილები და გაუმაჰმადიანებია, რასაკვირველია იძულებით, ხაზარნი, აუღია დაღესტნის მთელი ქვეყანა, სამურის სანახები და შაბირანი, ლეკეთი, ტაბასარანი და დიდოელნი“. ჯუანშერი ასევე მოგვითხრობს, რომ მურვანს დაუპყრია აგრეთვე ეგრისის ციხეები და აუღია „კლისურა, რომელ მას ჟამსა იყო საზღუარი საბერძნეთისა და საქართველოისა, შემუსრა ქალაქი აფშილეთისა ცხუმი, მოადგა ციხესა ანაკოფიისასა... და ერისთავი კეისრისა ლეონ შესრულ იყო ციხესა შინა სობღისსა, რომელ არს გარდასავალსა ოვსეთისასა და ვერავინ შემძლებელ იყო წყობად“ მისაო.
VIII საუკუნეში, ქართლში არაბების მძლავრობის ხანაში, „ბიზანტიის კეისრების მფარველობის ქვეშ მყოფ დასავლეთ საქართველოში მშვიდობიანობა და მყუდროება იყო, ისე რომ მათს აღმოსავლეთის თანამოძმეებს მათი მდგომარეობა სანეტაროდ ეჩვენებოდათ. მარტო ის რად ღირდა, რომ აფხაზეთში მაშინ მყუდროება სუფევდა „კრძალულ იყო ქუეყანაი იგი შიშისაგან სარკინოზთაისა“ (იოანე საბანისძე, „ცხოვრება აბო ტფილელისაი“), _ არაბთა თავდასხმისაგან უზრუნველყოფილი იყო ისე, რომ როდესაც ქართველებს ქართლ-კახეთში მეტის-მეტად გუჭირდებოდათ ხოლმე, დასავლეთ საქართველოში, ეგრისში და აფხაზეთში გადაიხიზნებოდნენ და იქ ეძიებდნენ მყუდრო თავშესაფარს“. იოანე საბანისძის სიტყვით: დასავლეთ საქართველო „იყო ქუეყანაი იგი სავსეი ქრისტეის სარწმუნოებითა და არავინ ურწმუნოთაგანი მკვიდრ იპოების საზღუართა მათთა“-ო. მთელი ამ ქვეყნის საზღვრად „არს ზღუაი იგი პონტოისა... მისაზღურადმდე ქალდიასა“. სადაც ქ. ტრაპიზონი და აფსარტაი დევს, აქ უკვე ბერძენთა, ან როგორც იოანე საბანისძე ამბობს, „იონთა მეფისა“ საბრძანებელი იწყებოდა. ამ საზღვრებს შუა მთელი მიწა-წყალი მაშინ უკვე ყოფილა „სამკვიდრებელი ყოვლადვე ქრისტიანეთაი“. თვით აფხაზეთის მთავარმა თუ ეპისკოპოსებმა და მღვდლებმა, ან „კაცთა მათ მის ადგილისაითა გარდამეტებული ღმრთის მსახურებაი და ლოცვაი“ იცოდნენ.
VIII საუკუნის მეორე ნახევრიდან, „საქართველომ გამოცოცხლება დაიწყო და მოსულიერდა. ამ მოძრაობას ხელს უწყობდა, რასაკვირველია, თვით არაბების თანდათანი დასუსტება. ჩვენი ქვეყნის გამოცოცხლება ერთბაშად და უცბად არ მომხდრა; საქართველოს ყველა კუთხეში ერთ დროს ვერ ამოძრავდებოდნენ; ზოგმა უფრო ადრე დაიწყო მოღონიერება, ზოგ მხარეს კი მცხოვრებთა მოქმედებას გარეშე, განსაკუთრებული პოლიტიკური, გარემოებანი აფერხებდნენ...
პირველად თავი დასავლეთ საქართველომ წამოყო, სახელდობრ VIII საუკუნის მეორე ნახევარში. აფხაზეთი არაბთა ბატონობას იმთავითვე გადაურჩა და კვლავინდებურად ბიზანტიის კეისრისაგან იყო დამოკიდებული; მაგრამ სწორედ VIII სუკუნეში ბიზანტია დასუსტებული იყო და არაბებთან ბრძოლითა და შინაური საეკლესიო უთანხმოებისა და გამწვავებული ბრძოლისა გამო ხატის თაყვანისმცემლებსა და უარმყოფელთა შორის. ამით უსარგებლია აფხაზეთის იმდროინდელ ერისთავს. მემატიანის სიტყვით: „რა ჟამს მოუძლურდეს ბერძენნი, გადგა მათგნ ერისთავი აფხაზთა, სახელით ლ ე ო ნ, ძმისწული ლეონ ერისთავისა, რომელსა მიეცა სამკვიდროდ აფხაზეთი; ესე მეორე ლეონ ასულის წული იყო ხაზართა მეფისა და ძალითა მათითა გაადგა ბერძენთა, დ ა ი პ ყ რ ა ა ფ ხ ა ზ ე თ ი დ ა ე გ რ ი ს ი ვ ი დ რ ე ლ ი ხ ა დ მ დ ე, ს ა ხ ე ლ ი დ ვ ა მ ე ფ ე ა ფ ხ ა ზ თ ა“-ო. ისტორიული წყაროების ანალიზის საფუძველზე ივ. ჯავახიშვილი ასკვნის, რომ ლეონ I გამეფდა 746 წელს და იმეფა 791 წლამდე. სწორედ მაშინ დაიწყო აფხაზეთმა, აფხაზთა სამეფომ, მთლიანად დასავლეთ საქართველოს მნიშვნელობის შეძენა, რომელიც განმტკიცებულ იქნა შემდგომ საუკუნეებშიც. მაგრამ არსად არ ჩანს, რომ აფხაზთა სამეფოში აღიარებული სახელმწიფო (გნებავთ, ოფიციალური) ენა ყოფილიყო აფსუების (აფსართა) ენა, ან მეგრულ-ლაზური (ეგრთა) ენა. რა თქმა უნდა, ამ ენებს თავისი კუთვნილი ადგილი ექნებოდა აფხაზთა სამეფოში, მაგრამ საეკლესიო მსახურებისა და სახელმწიფო დოკუმენტაციის წარმოების ენა უნდა ყოფილიყო ქართული (ქართების ენა), რომელიც უწინვე აღიარებული იყო მთელს საქართველოში. ამავე დროს თავისი ადგილი ეჭირა ბერძნულ ენასაც, რომელიც წარმოადგენდა კონსტანტინოპოლთან ურთიერთობის ენას.
ამავე დროს ქართლის ერისთავმა ა შ ო ტ კ უ რ ა პ ა ლ ა ტ მ ა (786-826) ვერ გაუძლო არაბების მკაცრ და იჭვიან ბატონობას „და ივლტოდა მათგან და წარემართა რათა წარვიდეს საბერძნეთად“. იგი დაესახლა არტანუჯში და „მისცა ღმერთმა გამარჯვება და ახელმწიფა იგი შავშეთ-კლარჯეთსა ზედა“; ხოლო აქ „განემტკიცა ხელმწიფება მისი ნებითა ბერძენთა მეფისათა“. თავისი კეთილი განწყობა დ მფარველობა კეისარმა იმითაც დაამტკიცა, რომ „ბერძენთა მეფემან მ ი უ ბ ო ძ ა კ უ რ ა პ ა ლ ა ტ ო ბ ა ა შ ო ტ ს ა“.
VIII საუკუნის დასასრულს თვით მაჰმადიანნიც უკვე საშიშარნი აღარ იყვნენ, „მოუძლურებულ იყვნეს სარკინოზნი“ და „ტფილისს არავინ დარჩა სარკინოზთაგან თვინიერ ალი შუბის ძისა“ („მატიანეი ქართლისაი“). თანდათან თბილისის ამირები ცდილობდნენ ხალიფასაგან დამოუკიდებლები გამხდარიყვნენ. ასევე VIII საუკუნის დასასრულისთვის დაწინაურდა და მოღონიერდა კახეთის სამთავროც, სადაც მთავრობდა გრიგოლი, ხოლო კახეთის მთავართა წოდება იყო ქორეპისკოპოსი.
ივ. ჯავხიშვილის სიტყვით: „VIII საუკუნის დასასრულს, მაშასადამე, საქართველოს მიწა-წყალი ოთხ სხვადასხვა მფლობელს ეჭირა: თბილისი მისი მიდამოებით და ქართლის სამხრეთი ნაწილი, ანუ საქართველოს შუაგული, არაბ ამირას, ალი შუბის ძეს ჰქონდა; საქართველოს აღმოსავლეთი ნაწილი კახთა მთავარს ეპყრა, რომელსაც „ქორეპისკოპოსი“ ეწოდებოდა; დასავლეთი ორად იყო გაყოფილი: ჩრდილოეთის მხარე აფხაზთა მეფეს ეკუთვნოდა, სამხრეთი აშოტ კურაპალატსა და მის ჩამომავლობას. ამათ გარდა საქართველოს სამხრეთით, მოსაზღვრე სომხეთშიაც აღმოცენდა თანდათან ადგილობრივი სამთავროები.
სწორედ ამ მთავრებს შორის იყო გამწვავებული ბრძოლა უპირატესობისა და ბატონობის გამო; თითოეული მათგანი ყოველ ღონეს ხმარობდა, სულ იმის საგონებელში იყო, თუ როგორ გაეფართოვებინა თავისი სამფლობელო და სხვისი ხელში ჩაეგდო, როგორ შეეერთებინა სხვადასხვა სამფლობელოები და თითონ ერთადერთ ბატონად გამხდარიყო... დიდი ყურადღების ღირსია ეს შეუჩერებელი, ზოგჯერ ჩუმი, ზოგჯერ პირდაპირი ბრძოლა ბატონობის მოპოვებისა და ქვეყნის გაერთინების გულისათვის!..
სწორედ იმ დროს, როცა არაბებისაგან დევნილი ქ ა რ თ ლ ი ს ე რ ი ს თ ა ვ ი ა შ ო ტ ი, შემდეგ კურაპალატად სახელდებული, იძულებული იყო ქართლისათვის თავი დაენებებინა და კლარჯეთში დაბინავებულიყო, როგორც ეტყობა, კ ა ხ ე თ ი ს მ თ ა ვ ა რ ი გ რ ი გ ო ლ ი დაძრულა და ქართლის ერთი ნაწილი, ქსნის ხეობა და ქსნის დასავლეთით მდებარე დანარჩენი შიდა ქართლი დაუპყრია... კახთა ბატონის საბრძანებლის ასეთი გაფართოება და ქართლის ერთი ნაწილის დაჩემება, რასაკვირველია, არფრად მოეწონებოდა აშოტ კურაპლატს, რომელიც თავის თავს ქართლის კანონიერ მთავრად სთვლიდა. არც მაშინდელს აფხაზთა მეფეს თეოდოსის (791-818) მოსვლია ჭკუაში კახთა ქორეპისკოპოზის გაძლიერება. ამიტომ „გამოილაშქრა აშოტ კურაპალატმან და უშუელა თეოდოსი, აფხაზთა მეფემან, ძემან მეორის ლეონისამან, რომელი იგი იყო სიძე აშოტ კურაპალატისა. გრიგოლს უშუელეს მთიულთა და წანართა და ამირამან ტფილისისამან. შეიბნეს ქსანსა ზედა აშოტ და გრიგოლ, გააქციეს მთავარი კახეთისა და დააყრეინეს ქუეყანა, რომელი ჰქონდა ქართლისაგან და დაიპყრა აშოტ კლარჯეთითგან ვიდრე ქსნამდის“-ო.
მაგრამ არც აშოტ კურაპალტის გამარჯვება და ბატონობა ყოფილა ქართლში ხანგრძლივი: „მოვიდა ხალიდ იაზიდის ძე არაბი და დაიპყრა სომხითი, ქართლი და ჰერეთი“. მალე ჯერი აშოტზეც მიდგა. იმ დროს, როდესაც იგი ცდილობდა „რათამც შეიკრიბა ლაშქარი ბრძოლისათვის სარკინოზთასა“, და ომის სამზადისში იყო, „დაესხნენ მას სარკინოზნი უცნაურად და აოტეს იგი“; გაქცეულს კურაპალატს არაბები კვალ-და-კვალ დაედევნენ, მიეწივნენ და 29 იანვარს 826 წელს ეკლესიაში ზედ საკურთხეველზე მახვილით მოჰკლეს... მოკლული კურაპალატის მცირეწლოვან შვილებს „რომელ გარეთ-ქუეყნა ჰქონდა წაუღეს სარკინოზთა“; ანუ, „ეუფლნეს სარკინოზნი ქართლსა“ და ამავე დროს „იყუნეს ხარკის მიმცემელ სარკინოზთა ყოველნივე ხევნი შავშეთ-კლარჯეთ-ნიგალისანი“.
აშოტის შემდეგ ბიზანტიის იმპერატორმა კურაპალტობა უწყალობა მის შუათანა ძეს ბაგრატს; ხოლო „ძმანი მისნი ყოველნი და დიდებულნი ხელმწიფენი ადარნასე, უხუცესი, და გუარამ, მრწემი, მშუვალესა მას ძმასა მორჩილ ექმნეს საღმრთოისა ძმობისა სიყუარულითა“. თანდათან შვილები იბრუნებდნენ არაბების მიერ მამისათვის წართმეულ სამფლობელოს, ქართლში შემოერთებულ მიწებს, „ხოლო რაჟამს სრულ ჰასაკ იქმნეს იგინი, კუალადცა მისცა ღმერთმან მათვე იგი ნაქონი მამისა მათისა“.
ივანე ჯავახიშვილი მოგვითხრობს, რომ „ბაგრატ კურაპალატი მოხერხებულად იქცეოდა და არაბების ურთიერთშორის მტრობითა და უთანხმოებით თავისთვის სარგებლობდა. მაგრამ თუ არაბების ძალის დახმარებით და მფარველობით ბაგრატ კურაპალატი კარგად აფართოვებდა თავის სამფლობელოს და ამავე დროს აფხაზთა მეფის მოძრაობას აღმოსავლეთისაკენ გზაზე ეღობებოდა, ცალკე, თითონ შავშეთ-კლარჯეთის ბატონს მისი წინააღმდეგობის გაწევა არ შეეძლო. აკი ამიტომაც იყო, რომ „მას ჟამსა გამოვიდა იგი აფხაზთა მეფე გიორგი, ძმა თეოდოსესი და დიმიტრისი, ძე ლეონისი, დაიპყრა ქართლი და დაუტევა ერისთავი ჩიხა ძე დიმიტრისი“ (მატიანე ქართლისაი) და ბაგრატი იძულებული იყო გაჩუმებულიყო.
ამ დროს სომხეთშიაც მოიკრიბეს ძალი ადგილობრივმა ერისთავებმა; სხვებზე უფრო ძლიერი იყო ერისთავთ-ერისთავი ა შ ო ტ ბ ა გ რ ა ტ უ ნ ი, რომელსაც, როგორც ეტყობა, თავისი სამფლობელოს გასაფართოებლად ჩრდილოეთისაკენ გამოულაშქრია და ქართლის დაპყრობა დაუპირებია. ხოლო ქართლში მაშინ აფხაზთა მეფე ბატონობდა და სომეხთა ერისთავთ-ერისთავს ჯერ აფხაზები უნდ დემარცხებინა“. აფხაზთა მეფის დასუსტების მიზნით, ბაგრატ კურაპალატის ძე დავით კურაპალატი სომეხთა ერისთავთ-ერისთავს მიემხრო, ხოლო „ნასრ ძე გუარამისი და გურგენ იყუნეს აფხაზთა კერძ“, და „იბრძოდეს სომეხნი და აფხაზნი ქართლსა ზედა“-ო (მატიანე ქართლისაი).
ამგვარად, საქმე უფრო გართულდა; მებრძოლთ კიდევ ერთი მონაწილე მოემატათ. თუ აქამდის ერთიერთმანეთს მხოლოდ ქართველი მთავრები ეცილებოდნენ, ამიერითგან სომეხთა მთავრის ჩარევამ ბრძოლის საზღვრები და ასპარეზი გააფართოვა; თუ წინათ ბრძოლას უნდა გადაეწყვიტა, თუ რომელ ქართველ მთავარს დარჩებოდა საქართველოს მეთაურობა, ამიერითგან ბრძოლას უნდა გამოერკვია, ვის ჩაუვარდებოდა ხელში საქართველოსი და სომხეთის, ანუ მთელი კავკასიის მეთაურობა. ქართლი ქვეყნის შუაგული იყო და თითოეული მთავრის მომავლისათვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, რომ ეს ადგილი იმას დარჩენოდა“.
904 წელს „გადმოვიდა კონსტანტინე აფხაზთა მეფე“ და „დაიპყრა ქართლი“, რომელიც იმ დროს ქართლის აზნაურების ხელთ იყო. ამის გამო „დაემტერა სომეხთა მეფე სუმბატ ტიეზერაკალი და მოილაშქრა სპითა დიდითა და მოადგა უფლის-ციხესა... და წარიღეს ციხე ხერხითა“. სომეხთა ისტორიკოსის იოანე კათალიკოზის სიტყვით, სუმბატ სომეხთა მეფეს ბრძოლაში აფხაზთა მეფის წინააღმდეგ ქართლის მეფე ადარნასე (888-923) ეხმარებოდა, თუმცა აფხაზთა მეფე ადარნასეს სიძე იყო. ასე იქცეოდნენ ხოლმე... ყოველთვის ტაო-კლარჯეთ-შავშეთის ბატონები, აწ უკვე „ქართველთა მეფედ“ წოდებულნი, ოღონდ კი როგორმე აფხაზთა მეფეების გაძლიერება შეეჩერებინათ. ამ დაპირისპირებაში აფხაზთა მეფე დამარცხდა, თუმცა კი სომეხთა მეფემ შემდგომში მასთან მეგობრობა და დანათესავება არჩია: „კეთილად იმზახნეს სუმბტ და კონსტანტინე და უკუსცა უფლისციხე და ქართლი“-ო. მაგრამ ამიერიდან ადარნასე ქართველდა მეფემ დაიწყო სომეხთა მეფის მტრობა.
„ამიტომ შემოესია თუ არა სომხეთს ამირა აბულ კასიმ ძე იუსუფ აბუსაჯისი, სუმბატის მტრობით, რომ მისი გაძლიერება შეეფერხებინა, ადარნასე დაუყოვნებლივ არაბთა სარდალს მიემხრო; რაკი ადარნასე ქართველთა მეფე, გაგიკ ვასპურაკანის მთავარი და სუმბატ სომეხთა მეფის ძმისწული აშოტი თავინთი მხედრობითურთ სომეხთა მეფის მტერს მიეშველნენ, მას, რასაკვირველია, წინააღმდეგობის გაწევა არ შეეძლო და „მიმართა მთათა აფხაზეთისათა“. უკან დადევნებულმა ამირამ როგორც იყო სომეხთა მეფე სუმბატი შეიპყრა და 914 წელს ქ. დვინში „ჩამოჰკიდა ძელსა“; მაგრამ თუ სომხეთი დაზიანდა, არც ქართლსა, სამცხესა და ჯავახეთს დაჰყრია არაბების ლაშქრისაგან ხეირი“.
მაგრამ სომეხთა მეფობის მარცხით ადარნასე ქართველთა მეფემ კი ვერ ისარგებლა, არამედ აფხაზთა მეფემ კონსტანტინემ, რომელმაც კახეთის ქორეპისკოპოზის კვირიკეს მიწვევით და მასთან ერთობლივად, დალაშქრა ჰერეთი და იქაც ფეხი მოიკიდა. ამიერითგან საქართველოში უპირატესობა და მეთაურობა აფხაზთა მეფეების ხელთ იყო. ამის მერე „შემდგომად მცირედთა დღეთა“ კონსტანტინე მეფეც მიიცვალა, და მისი მემკვიდრეების ურთიერთ მტრობის გამო არეულობაც დაიწყო, „იშლებოდა ქუეყანა აფხაზეთისა ჟამ რაოდენმე“, ბოლოს კი უმცროსი ძმის ბაგრატის გარდაცვალების შემდეგ, კონსტანტინეს უფროსი შვილის გიორგის ხელში, კვლავ მშვიდობიანობა ჩამოვარდა, ხოლო ესე გიორგი იყო „სრული ყოვლითა სიკეთითა, სიმხნითა და ახოვნებითა“.
გიორგი აფხაზთა მეფემ ქართლის გამგეობა თავის უფროს ძეს კონსტანტინეს მისცა, მაგრამ იმედი გაუცრუვდა: სამი წლის შემდეგ ბატონიშვილმა „იწყო მტრობად მამისა თვისისა და ძებნად მეფობისა“, მომხრედ მას „ტბელნი და სხუანი მრავალნი აზნაურნი“ ჰყავდა (მატიანე ქართლისაი). ყურადღების ღირსია ეს უკანასკნელი გარემოება. დიდებული აზნაურები, უმეტესი ნაწილი მაინც საქართველოს გაერთიანების წინააღმდეგნი იყვნენ; თითოეული კუთხის აზნაურები თვიანთი მეფისა და მთავრის დამოუკიდებელი არსებობის მონატრულნი იყვნენ იმიტომ, რომ გაერთიანების შემდეგ მათ კვლავინდებური ძალა და გავლენა დაეკარგებოდათ და მეფეს წინანდებურად თავის ნებაზე ვეღარ ათამაშებდნენ. თუ აქამდის საქართველოს სახელმწიფო ცხოვრების უმთავრეს მოვლენად ქართველ მეფეთა ერთიერთმანეთთან ბრძოლა იყო, ბატონობისა და მეთაურობის მოსაპოვებლად, ამიერითგან, როცა გამარჯვება აფხაზთა მეფეებს ერგოთ, ამ მეფეთა შორის, ბრძოლაში დიდებული აზნაურებიც დიდ მონაწილეობას იღებდნენ, განსაკუთრებით უმეფობას მიჩვეული ქ ა რ თ ლ ი ს ა ზ ნ ა უ რ ე ბ ი, და უმეტეს შემთხვევაში ა ფ ხ ა ზ თ ა მ ე ფ ე ე ბ ი ს გ ა ე რ თ ი ა ნ ე ბ ი ს პ ო ლ ი ტ ი კ ი ს წ ი ნ ა ა ღ მ დ ე გ დ ა ა დ გ ი ლ ო ბ რ ი ვ ი მ ე ფ ი ს დ ა მ ო უ კ ი დ ე ბ ე ლ ი ა რ ს ე ბ ო ბ ი ს დ ა ს ა ც ა ვ ა დ ი რ ჯ ე ბ ო დ ნ ე ნ.
კონსტანტინე ბატონიშვილის განდგომილებაში მამის წინააღმდეგ „მრავალნი აზნაურნი“ ქართლელნი იღებდნენ მონაწილეობას, რასაკვირველია, იმავე მიზნითა და განზრახვით. გიორგი აფხაზთა მეფემ „მოიყუანნა ტაოელნი მეფენი და ფადლა ქორეპისკოპოზი“ და მედგარის ბრძოლის შემდეგ გაიმარჯვა.
ამგვარადვე აფხაზთა მეფის საზიანოდ და მისი მოწინააღმდეგის სასარგებლოდ მოქმედებდნენ ქართლის აზნაურნი, როცა კვირიკე ეპისკოპოზის წინააღმდეგ „გადგეს აზნურნი გარდაბანელნი, იწყეს ზრახვად გიორგი მეფისა“ და აფხაზთა მეფემ ერთგზობით კახეთის აოხრების შემდეგ, მეორედ თვით კვირიკე შეიპყრა; გიორგი მეფის შვილს ლეონს, რომელიც ქართლის ერისთავად იყო დანიშნული, უნდოდა კახთა ბატონის სახლობაც ხელთ ეგდო, მაგრამ ვიდრე იგი თავის წადილს აასრულებდა „აცნობეს ა ზ ნ ა უ რ თ ა ქ ა რ თ ლ ი ს ა თ ა და გარდაეხუეწნეს“... გიორგი მეფის მხედარნი „ეუფლნეს (უჯარმას და) სხუათაცა ციხეთა კახეთისათა, თვინიერ სამთა ციხეთა ნახჭევანისა, ბოჭორმისა და ლოწობანთა“. გამარჯვება აფხაზთა მეფეს დარჩა. ამის მცნობელმა „იხილა კვირიკე ქორეპისკოპოზმან, არღარა იყო ღონე მისი, ითხოვა სიმტკიცე ცოცხლებით გაგზავნისა და დაულოცა კახეთი გიორგი მეფესა“ (მატიანე ქართლისაი). გიორგი მეფემ მართლაც კვირიკე განათავისუფლა, ხოლო მძევლად უმცროსი შვილი ჩამოართვა იმ პირობით, რომ იგი აღვსების შემდეგ ბოჭორმის ციხეს მოშორდებოდა. სწორედ ასეც აპირებდა კვირიკე, მაგრამ „შეეზრახნეს ა ზ ნ ა უ რ ნ ი ქ ა რ თ უ ე ლ ნ ი და მათთანა კახნი; გოდერძიანი მგდეური, ყანჩაელი მამა, დაჩი კორინთალი, დაჩი და იოანე სხუილოსელნი, სარა და გრიგოლ ძმანი ფხვენელნი და მათთანა ორმეოცდაათი აზნაური სხუა, და მიერთნეს კვირიკეს და უწყეს ბრძოლად ციხეთა და მცირეთა დღეთა წარიხუნეს ციხენი ყოველნი“.
„ამ შემთხვევაშიც მეთაურებადა და კახეთში ამბოხების ამტეხად ქართლელი აზნაურები იყვნენ, კახელები მათ მიემხრნენ... კახეთის დამოუკიდებლობის მოსპობა მათ, რასაკვირველია, არ ენდომებოდათ. ეს ხომ აფხაზთა მეფის გაძლიერებას მოასწავებდა! ხოლო რაკი იგი ამავე დროს ქართლის ბატონიც იყო, მისი უფლების გაფართოება და განმტკიცება ქართლის დიდებულ აზნაურთა წინანდელი პარპაშობისა და თვისნება მოქმედების ფრთების შეკვეცას უქადდა; ამიტომაც იყო, რომ ქართლის აზნაურებმა იმის მაგიერ, რომ თავიანთი მეფისათვის ხელი შეეწყოთ და კახეთის შემოერთებაში მოჰხმარებოდნენ, იმათ, პირიქით, მოწყობილი და გათავებული საქმე ხელმეორედ ჩუშალეს, კახთა ბატონი აფხაზთა მეფის საწინააღმდეგოდ წააქეზეს და თითონაც ატეხილ ამბოხებაში მხურვალე მონაწილეობა მიიღეს.
უფრო მოგვიანებითაც, როცა გიორგი აფხაზთა მეფის ძის ლეონის (957-967) გარდაცვალების შემდეგ ტახტზე დემეტრე (967-975) დაჯდა, მის საწინააღმდეგოდ ტახტის მოსაპოვებლად ბიზანტიით დემეტრეს ძმა თეოდოსი მოვიდა; მაგრამ მოულოდნელი თავდასხმით დემეტრე მეფის ლაშქარმა ბატონიშვილი გააქცია. „წარვიდა ქ ა რ თ ლ ს და მიმართა ადარნასეს ძამელსა მთავარსა. შეიყუანეს იგი ძამის ციხესა და მუნით გამოღმართ ეძიებდა საქმესა თვისსა“. ერთი სიტყვით, აქაც ქართლის აზნაურებმა აფხაზთა მეფის მეტოქესა და მტერს ხელი შეუწყეს და თავშესაფარი მისცეს, რომ ამით თავიანთი ბატონი დაეუძლურებინათ, ან არა და თავიანთი მომხრე აეყვანათ სამეფო ტახტზე.
თუმცა ფიცით მინდობილი თეოდოსი მისმა ძმამ დემეტრემ შეიპყრა და თვალები დასწვა, რომ მეფობა ვეღარ შესძლებოდა, მაგრამ რაკი დემეტრე მეფე უძეო იყო და მისი სიკვდილის შემდეგ „აღარა დარჩა მკვიდრი აფხაზეთისა და ქართლისა“, „მკვიდრნი ქუეყანისანი“ იძულებული იყვნენ ისევ თეოდოსი (975-978) დაესვათ მეფედ. რასაკვირველია, უსინათლო მეფე დიდებულ აზნაურთა სათამაშოდ უნდა გამხდარიყო და გახდა კიდეც. ქვეყანა აიშალა და წესიერება შეირყა. ეხლა კი საქართველოს მომავალი განსაცდელში იყო და უსინათლო თეოდოსის მეფობა ქვეყანას კეთილს არ უქადდა. კახთა მეფე გამხნევდა, ქართლის წართმევა განიზრახა და ჯარითურთ უფლისციხეს მოადგა. ერთი სიტყვით, საქმე ისე დატრიალდა, თითქოს საქართველოს გაერთიანება ხელახლად უნდა დაწყებულიყო“.
შემდეგ ივ. ჯავახიშვილი ამბობს, რომ „საქართველოს იმ აშლილობის დროს, რომელიც დამკვიდრდა უსინათლო თეოდოსის მეფობაში, მმართველ მოწინვე წრეში საბედნიეროდ მაინც აღმოჩნდა შეგნებული ჯგუფი, რომელსაც ქვეყნის კეთილდღეობისათვის გული შესტკიოდა. ამ წრის საუკეთესო წარმომადგენელი, მისი სულის ჩამდგმელი და წადიერებათა თავგამოდებული განმახორციელებელი ი ო ა ნ ე მ ა რ უ შ ი ს ძ ე ყოფილა. მას ნათლად ჰქონდა წარმოდგენილი, რამდენად საუბედურო იქნებოდა საქართველოსათვის უსინათლო, უძლური კაცის მეფობა და ამიტომ „ამან წარავლინა მოციქული წინაშე დავით კურაპალატისა, აწვია, რათა მოილაშქროს ძალითა მისითა, აღიღოს ქართლი, ანუ დაიმჭიროს თვით, ანუ უბოძოს ბაგრატს ძესა გურგენისსა, ასულის წულსა გიორგი აფხაზთა მეფისასა, რომელსა ეყოლა დედულად აფხაზეთი და ქართლი ესევე“ (მატიანე ქართლისაი)“.
დავით კურაპალატი გახლდათ იმ ხანად გაძლიერებული ტაო-კლარჯეთის მეფე, რომელიც კონსტნტინოპოლის სამეფო კარსაც კი დაეხმარა ამბოხებული დიდმოხელის ბარდა სკლიაროსის დამარცხებაში. ხოლო ქართლის ერისმთავრის გურგენის ძე ბაგრატი ამავე დროს იყო აფხაზთა მეფის გიორგის ასულისა და უსინათლო თეოდოსის დისწული. შემდეგ ივ. ჯავახიშვილი ჰყვება: „იოანე მარუშის ძეს საქართველოს გაერთიანების გარკვეული და მტკიცე სურვილი ჰქონდა და ამის განსახორციელებლად საუკეთესო გზაც აირჩია. ტაოს მფლობელს დავით კურაპალატზე უკეთესად არავის შეეძლო ეს განეხორციელებინა: იგი სახელგანთქმული იყო ყველგან, როგორც შინ საქართველოში, ისე გარეთ სომხებსა, ბერძნებსა და არაბებს შორის ძლიერებითა და მაღალი სულიერი და ზნეობრივი თვისებებით; ამასთანავე მტკიცე და ძლიერი ხასიათის პატრონი იყო და თავის თავს არავის დააჩაგვრინებდა. რაკი მას შვილი არ ებადა, ამიტომ თავისი მახლობელი ნათესავი „ბაგრატ ძე გურგენისი გაეზარდა შვილად თვისად“; მაშასადამე იგი არამც თუ ქართველთა მეფეთა სამფლობელოს მემკვიდრე იყო, არამედ ტაოსიც; ხოლო თუ აფხაზთა მეფეების ტახტზე მართლაც ბაგრატს დასვამდნენ, მაშინ იგი გახდებოდა თითქმის მთელი გაერთიანებული საქართველოს ხელმწიფედ, კახეთისა და ჰერეთის ერთი ნაწილის გარდა. სწორედ ამიტომაც იოანე მარუშის ძე „ეძებდა მეფედ ბაგრატს“.
დავით დიდ კურაპალატს მოეწონა იოანე მარუშის ძის წინადადება და თავისი ჯარითურთ საჩქაროდ ქართლისაკენ გამოეშურა. ეს რომ კახელებმა გაიგეს, ქარტლს უჩუმრივ თავი მიანებეს და როცა დავით კურაპალატი მობრძანდა და ქუახრელთან დადგა, იოანე მარუშის ძე მიეგება და უფლისციხე მას გადასცა, ხოლო დავითმა „მიუბოძა ბაგრატს და მამასა მისსა გურგენ“-ს... დავით კურაპალატმა ქართლიდან წასვლის წინათ შეკრიბა ადგილობრივი აზნაურები და გამოუცხადა: „ესე (ბაგრატ) არს მკვიდრი ტაოსა, ქართლისა და აფხაზეთისა, შვილი გაზრდილი ჩემი, და მე ვარ მოურავი მისი და თანაშემწე, ამას დაემორჩილენით ყოველნი“-ო. თუმცა კი ამის შემდეგაც ქართლის აზნაურები განაგრძობდნენ ურჩობას, მაგრამ დავით კურაპალატის დახმარებით გურგენი და ძე მისი ბაგრატი კვლავაც იმტკიცებდნენ ქართლის ტახტს.
იოანე მარუშის ძის გეგმა და ნატვრა, რომ ბაგრატი გაერთიანებული საქართველოს მეფედ გამხდარიყო, მალე განხორციელდა. აფხაზეთში უსინათლო თეოდოსის წყალობით ისე აიწეწა საქმეები და გაირყვნა ქვეყანა, რომ „შეიცვალა ყოველი წესი მისი და განგება პირველთა მეფეთა განწესებული“; ხალხი შეწუხდა; აფხაზეთის დიდებულ აზნაურებმაც დაინახეს, თუ რამდენად საზარალოა ხოლმე ქვეყნისათვის სუსტი ადამიანის მეფობა. აფხაზეთის ამისთანა მდგომარეობით ისარგებლა შორს გამჭვრეტელმა იოანე მარუშის ძემ და „ინება რათა მოიყუანოს ბაგრატ მეფედ აფხაზეთისა და მის თანა ყოველთა დიდებულთა ერისთავთა და აზნაურთა აფხაზეთისა და ქართლისათა გამოითხოვეს ბაგრატ მეფედ დავით კურაპალატისაგან“ (მატიანე ქართლისაი). დავით კურაპალატი ფრთხილად მოიქცა და ვიდრე მძევლები არ ჩამოართვა, თხოვნა არ აუსრულა. ახალგაზრდა ბაგრატი აფხაზეთში ჩაიყვანეს და „დალოცეს მეფედ“. ბაგრატ III აფხაზეთში გამეფებულა 978 წელს. მას შემდეგში (დაახლოებით 1002 წლისათვის) ეწოდა „ა ფ ხ ა ზ თ ა მ ე ფ ე დ ა ქ ა რ თ უ ე ლ თ ა კ უ რ ა პ ა ლ ა ტ ი“ (იქვე). და ყოველივე ამის შესახებ ნ. დუბროვინი მოკლედ ამბობს: „X საუკუნეში აფხაზეთი ექცევა საქართველოს ძალაუფლების ქვეშ, რომელსაც იმ დროიდან ეწოდებოდა ქართველთა და აფხაზთა სამეფო...“, სინამდვილეში კი საქმე, როგორც ვნახეთ, გაცილებით უფრო რთულად და გასხვავებულად იყო, და წარმოადგენდა არა X საუკუნეში განხორცილებულ აქტს, არამედ საუკუნეების მანძილზე გაგრძელებულ პროცესს.
1001 წელს გარდაიცვალა დიდი დავით კურაპალატი და მისი სამფლობელო, ტაო-კლარჯეთი, ძველი შეთანხმების საფუძველზე, ბიზანტიის კეისარს ბასილის დარჩა; მაგრამ ბაგრატის მამის, ქართლის ერისმთავრის, გურგენის შეუპოვარი ბრძოლის შედეგად, კეისარმა მას დაუთმო ბიზანტიასთან მშვიდობის დაცვის პირობით. 1008 წელს გურგენ მეფე გარდაიცვალა და ბაგრატი „ეუფლა ტაოს“-აც. ეხლა კი ბაგრატ III გახდა მეფეთა-მეფედ, აფხაზთა და ქართუელთა მეფედ. შემდეგ მან შემოიერთა კახეთი და ჰერეთი, თუმცა კი ტაშირი და „ქართველთა ველი“, ბოლნის-დმანისის ხეობანი სომეხთა ხელში რჩებოდა. შემდეგ მან სომეხთა მეფე გაგიკთან ერთად ილაშქრა რანში განძის ამირა ფადლონის წინააღმდეგ, რომელმაც მანამდე „იწყო კირთებად ერისთავთა ჰერეთისა და კახეთისათა, ჟამითი-ჟამად მეკობრობით და პარვით რბევად და ტყუენვად ადგილითი ადგილად“. მოკავშირეებმა დაამარცხეს განძის ამირა და მშვიდობის დაცვის პირობით დაუზავდნენ მას. ბაგრტ III-მ იმეფა 1014 წლის ზაფხულამდე.
„ბაგრატ მეფის მტკიცე ხასიათმა, ბრძნულმა და წინდახედულმა მმართველობამ, ვაჟკაცურმა გულადობამ და შორსგამჭვრეტელმა პოლიტიკამ საქართველო გააერთიანა და მის ძლიერებას მკვიდრი საფუძველი დაუდვა. არც გასაკვირველია, თუ რომ იმდროინდელი ქართველი ისტორიკოსები მისის მოღვაწეობით აღტაცებულნი ცოტა არ იყოს გაზვიადებით გვისურათებენ მისის მეფობის ნაჭირნახულევს: ბაგრატ მეფემ, მოგვითხრობს მაგ. სუმბატი, „დაიპყრა ყოვლი კავკასია თვითმპყრობელობითა ჯიქეთითგან ვიდრე გურგანადმდე, ხოლო ადარბადაგანი და შარვანი მოხარკე ყო, სომხითისა ხელმწიფობითა ნებიერად განაგებდა, მეფე სპარსთა თვის მეგობრად და ერთგულ ყო სიბრძნითა და ძლიერებითა თვისითა და უფროს სახლეულთა თვისთასა, და რამეთუ ბერძენთა მეფესაცა შიში აქუნდა ამისი ყოვლადვე“-ო (ცხოვრება და უწყება ბაგრატიონიანთა).
„მატიანე ქართლისაი“-ც ცხოველის მჭერმეტყველებით გვიხატავს დიდებული მეფის სურათს: „ესე ბაგრატ აფხაზთა და ქართუელთა მეფე წარემართა ყოველთავე ხელმწიფეთა ყოვლითა განგებითა, ამისად მოაჯედ და შემპოვნედ შეიქმნეს ყოველნი ხელმწიფენი მახლობელნი და მოთაულნი მამულისა და სამეფოსა მისისანი და მოლაშქრედ, ვითარცა თვისნი დიდებულნი და მისანდობელნი, დაუმორჩილნა ღმერთმან ყოველნი მტერნი წინააღმდგომნი, მომადლა დღეთა მისთა მშვიდობა და დიდი დაწყნარება ქუეყნისა“-ო. ბაგრატ III „მეფობდა ოცდა ათექუსმეტ წელ“, იგი უკვე ხანში იყო შესული „მხცითა მშვენიერითა შემკული“, როდესაც ტაოში, ციხესა ფანასკერტისასა მყოფი, გარდაიცვალა 1014 წ. მაისის 7, დღესა პარასკევსა. ზვიად ერისთავთ-ერისთავმა მეფე ბაგრატის გვამი წამოიღო ფანასკერტითგან და „დამარხა ბედიას“.
ასე მოგვითხრობს ივანე ჯავახიშვილი „ქართველი ერის ისტორია“-ში ერთიანი საქართველოს სამეფოს, აფხაზთა და ქართველთა სამეფოს ჩამოყალიბების ისტორიას, მისი სახელმწიფოებრივი ცხოვრების დასაწყისს XI საუკუნის დამდეგიდან. ამის შემდეგ იყო აღმავლობისა და დაცემის პერიოდები, იყო წმინდა კეთილმსახური მეფეების დავით აღმაშენებლისა (1089-1125) და თამარის (1184--1214) მმართველობა, „საქართველოს ოქროს ხანა“, როდესც საქართველოს სასულიერო, სამეურნეო, ეკონომიკური, სამხედრო და კულტურული ცხოვრების დონე დიდად იყო დაწინაურებული, და აფხზეთიც, რომელიც მანამდეც საქართველოს ერთიანი კულტურული ცხოვრების შემადგენელი ნაწილი იყო, უთუოდ ბერძნულ-ბიზანტიური გავლენის გათვალისწინებით, განსხვავებით ქართლ-კახეთ-ჰერეთისგან, სადაც ირანული და არაბული გავლენა სჭარბობდა, მაგრამ მაინც საქართველოს, ქართული (ქართველური) სამყაროს ზნეობისა და კულტურის ხის ტანსა და ფესვებს შეადგენდნენ მართლმდიდებელი (ერთი წმიდა კათოლიკე და სამოციქულო) ქრისტიანობა, საერთო ისტორიული ეთნოგენეზისი, რომლებსაც ხელს არ უშლიდა აფხაზურ-სვანურ-ლაზურ-ქართული ენების ლექსიკური აპარატის განსხვავებულობა, საერთო ისტორიული ბედისა და ცხოვრების უტყუარი განცდა და ყველაზე უფრო აქტიური და ქმედითი მონაწილეობა ერთიანი ქართული სამეფოს სახელმწიფოებრივი ცხოვრების მოწყობის საქმეში როგორც ეგრის-აფხაზეთის, ისე ქართლის, ტაო-კლარჯეთისა და კახეთ-ჰერეთის მხრიდან, აგრეთვე დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის ქმედითი თანამონაწილეობით. ასეთმა ერთიანობამ გაუძლო მონღოლების ბატონობის ხანას, თუმცა კი ამავე დროს საგრძნობლად დასუსტდა და XV საუკუნის მეორე ნახევრიდან დაიშალა ცალკეულ სამეფო-სამთავროებად, რომელთა ბუნებრივ ხელახალ გაერთიანებას შემდგომში გზაზე გადაეღობა საქართველოსა და საერთოდ ამიერკავკასიის ორად გაყოფა ახალი ძლიერი დამპყრობლების ოტომანთა იმპერიისა (ოსმალეთისა) და ირანის მიერ. ცხადია, რომ ირანიცა და ოსმალეთიც ყველანაირად ხელს უწყობდნენ მათ დაქვემდებარებაში მყოფ საქართველოს ნაწილებში ცალკეულ ფეოდალთა სეპარატისტული მისწრაფებების გაძლიერებასა და სამეფო ხელისუფლების დასუსტებას. ამიტომაც ვერ მოხერხდა საქართველოს დაშლილი სამეფო-სამთავროების გაერთიანება XVI-XVIII საუკუნეებში და ამიტომ დასჭირდათ მათ რუსეთის სახელმწიფოს მფარველობის ძიება ჯერ კიდევ 1480-იანი წლებიდან, ამიტომ შევიდა ქართლ-კახეთის სამეფო რუსეთის იმპერიის მფარველობაში 1783 წელს, ამიტომ აცხადებდნენ თანხმობას ანალოგიური ხელშეკრულებების დადებაზე რუსეთთან იმერეთის მეფეები 1783 და 1790 წლებში, ასევე ოდიშისა და გურიის მთავრები 1790-ში; ამიტომ შევიდა უკვე რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში ქართლ-კახეთის სამეფო 1799 წლის ნოემბერში დადებული ხელშეკრულების საფუძველზე (და არა 1801 წელს, როგორც ამას ჩვეულებრივ აკავშირებენ ხოლმე მხოლოდ პავლე I-ისა და ალექსანდრე I-ის მიერ გამოცემულ დოკუმენტებთან), რასაც შედეგად მოჰყვა საქართველოს დანარჩენი სამეფო-სამთავროებისა და ამიერკავკასიის ირანული და თურქული პროვინციების დაუფლება რუსეთის მიერ, აგრეთვე კავკასიის მთიელთა დამორჩილება პრაქტიკულად 1878 წლის რუსეთ-თურქეთის ომისა და ბერლინის კონგრესის ჩათვლით. და ამის წარმოდგენა ისე, თითქოს აფხაზეთი სრულიად უცხო იყო ქართული გარემოსთვის, რომ საქართველომ იგი გარკვეული დროის მანძილზე მოაქცია საკუთარი გავლენის ქვეშ, რომ უცხო ქართული გარემო და გავლენა ვერ შეითვისა აფხაზეთმა და აფხაზი ადამიანის ბუნებამ, უკიდურეს ტენდენციურობს წარმოადგენს რუსი ავტორების, მათ შორის ნ. დუბროვინის მხრიდან, და ეს ტენდენციურობა დაიწყო მანამდე, სანამ ასეთსავე გზას დაადგებოდნენ ქართველი ისტორიკოსებიც თუმცა კი ამ საკითხებში ჩვენც, ქართველებიც სერიოზულად ვცოდავთ ხოლმე (სახელდობრ, უკიდურესი ტენდენციურობის მაგალითს ქართველების მხრიდან წარმოადგენს ივ, ჯავახიშილის მიერ 1919 წელს გამოქვეყნებული ნაშრომი „დამოკიდებულება რუსეთსა და საქართველოს შორის XVIII საუკუნეში“, მაგრამ ეს უკვე სხვა საუბრის თემაა).
(გაგრძელება იხ. _ ნაწილი II)
ირაკლი ხართიშვილი

No comments:
Post a Comment