Tuesday, December 29, 2020

ლეო რუხაძის დღიურები 1924 წლის აჯანყების შესახებ


(ნაწილი III) 


5 დეკემბერი. 1924 წელი. სუზდალი. სამონასტრო საპყრობილე. საკანი # 32. ეხლა მოვიდა მოსკოვის „პრავდა“. ინგლისის ტრედუნიონების დელეგაციას დაუსრულებია საქართველოში მოგზაურობა და „მანიფესტი“ გამოსცეს. ეს მანიფესტი იმდენათ დამახასიათებლია და იმდენათ პირახეული ცინიზმია, ყოველგვარ წრეს გადასული ცინიზმი, რომ საჭიროა თვით ვალაპარაკოთ. ასეთი დოკუმენტი იშვიათად იწერება და ის შესაძლებელია დაიწეროს მხოლოდ დღევანდელ რუსეთში და დაიწერა მოსკოვის ნამდვილი აგენტების მიერ, კომუნისტურათ გაკრეტინებამდი მისული აგენტების მიერ. აი რა სწერია ამ დოკუმენტში: „ინგლისი დელეგაციამ საქართველოში მოგზაურობის შემდეგ განსაკუთრებულ თათბირზე მიიღო შემდეგი განცხადება: 

1) მენშევიკური „დამოუკიდებელი“ საქართველოს ბედი, რომელიც მოთავსებულია შავი ზღვის ნაპირათ, სადაც ერთმანეთს ეჯახებიან ევროპის იმპერიალისტების ინტერესები, ხოლო საქართველოს შემდეგ არის აზერბაიჯანი მისი ნავთიანი ადგილებით, ასეთი „დამოუკიდებლობა“ ემზგავსებოდა მარიონეტკის ბედს დიდ სახელმწიფოთა ხელში. 2) „დამოუკიდებელი საქართველო“, როგორც ეს ესმით მენშევიკებს, ძალიან მალე გადაიქცეოდა პლაცდარმათ ბურჟუაზიულ და შეიძლება თვით მონარქიულ რეაქციისათვის. ერთი, ან ორი თვის შემდეგ, ასეთი ეგრეთ წოდებული დამოუკიდებლობის გამოცხადებისა, გავრცელდებოდა ხმები რომელიღაც ვრანგელის დესანტზე, ამას მოყვებოდა ფაქტიურათ არმია, შემდეგ ახალი ომი საბჭოთა რუსეთთან და მთელი ისტორია ხელახლა განმეორდებოდა. 3) ომის შემდეგი დროინდელი ისტორია ევროპისა გვიჩვენებს, რომ ფაქტიურათ, გარდა რამოდენიმე დიდი სახელმწიფოებისა, არ არსებობს დამოუკიდებელი სახელმწიფოები. 4) მენშევიკები შეიძლება პატიოსანი ხალხიც არიან, მაგრამ ისინი, უდაოთ, პოლიტიკური ბეცები არიან, ხოლო ასეთი ხალხი არანაკლებ საშიშია, ვინემ უსინდისო ავანტიურისტები. 5) საბჭოთა რეჟიმი უფრო მეტათ, ვიდრე სხვა რომელიმე, იძლევა გარანტიას ქვეყნის უშიშრათ და მშვიდობიანათ გარდაქმნებისათვის და მისი კულტურული განვითარებისათვის. ბურჟუაზიას აქ წართმეული აქვს საკუთრება, მაგრამ ხალხი მთლიანათ სავსებით დაკმაყოფილებულია და [მას უნდა მშვიდობიანობა ცხოვრების ახალ ეკონომიურ საფუძველზე გარდასაქმნელათ. 6) რადგანაც ქართული ენა სჭარბობს სკოლებში და დაწესებულებებში, რადგანაც წიგნები და გაზეთები თავისუფლათ გამოდის სამშობლო ენაზე, ამისთვის ყველა ლაპარაკი ქართველი ერის წამების შესახებ მოსკოვის უღლის ქვეშ – უაზრობაა და წმინდა გამოგონებაა საბჭოთა წყობილების კაპიტალისტურ მტრებისა. 7) დელეგაციას არსად არ უნახავს „დანგრეული საქართველო“, რომელზედაც გაიძახიან ს.ს.ს.რ. მტრები. ყველგან სწარმოებს კოლოსალური მუშაობა მშრომელთა ეკონომიურ და კულტურულ ასამაღლებლათ. ჩვენი გამოკვლევა ამტკიცებს ამას. 8) დიდი და დიდებული მანიფესტაცია რომელიც ჩვენ გუშინ ვნახეთ, ამტკიცებს იმას, რომ საქართველოს მცხოვრებთა დიდი უმრავლესობა საბჭოთა წყობილების მომხრეა. 

დელეგაციის თავმჯდომარე: ა. ა. პერსელი. მდივანი: ფრედ ბრამლი. წევრები: ა. გ. ფინდელი, გერბერტ სმიტ, ბენ ტილეტ, ჯ. ბრომლეი. 

4 დეკემბერი,1924 წ. ქ. ბაქო. „პრავდა“ # 278 – 6/XII.“ 

აი შედევრი, აი ისტორიული დოკუმენტი, აი ცინიზმის კლასიკური გამოხატულება! რა უნდა სთქვა ამ დოკუმენტზე ისეთი, რა უნდა მიუმატო ამას იმდენათ ძლიერი და მისი შინაარსის გამომთქმელი, რომ ინგლისელ მართლაც კრეტინების, უბადრუკი, ყოველგვარ პოლიტიკურ ღირსებას მოკლებული და პროლეტარებისთვის შემარცხვენელი გამოსვლა ღირსეულათ მონათლო! თურმე საქართველო იმისთვის ვერ იქნება დამოუკიდებელი, რომ ის ზღვის პირზეა, რომ მას აკრავს ნავთიანი აზერბაიჯანი, რომ დამოუკიდებელი თუ იქნა საქართველო მაშინვე ხმები გავარდება დესანტზე, შემდეგ იქნებ მართლაც მოვიდეს დესანტი, ამას მოყვება ისევ რუსეთთან ომი და ყველაფერი თავიდან დაიწყებაო. რა ბოდვაა და სიცხიანის უაზრო და ავადმყოფური ენის ლაქლაქია! ამ ხალხს სინდისი აქვს, ეს ადამიანის, უბრალო პატიოსანი ადამიანის ნათქვამია? ევროპაში მხოლოდ დიდი ერები არიან დამოუკიდებელი და პატარები ვერ მიიღებენ ამასო. მაშასადამე, ძლიერმა ბრიტებმა და ველიკოროსებმა უნდა იგრძნონ თავისუფლათ თავი, შეუძლიათ მათ შეინახონ დამოუკიდებლობა, ხოლო პატარებს, რაკი ძალაც ნაკლები ყავთ, აბა რა ეოცნებებათ დამოუკიდებლობაზე და თავისუფლათ ცხოვრებაზე. ამას რომ ამბობდენ კაპიტალისტები, ამას რომ ამბობდენ მმართველი კლასები, აბა რა უნდა იყვეს ამაში გასაკვირველი, მაგრამ მაგარიც ის არის, რომ ასეთ ცინიზმამდე, ასეთ პირახეულ იმპერიალიზმამდე და მისი გასამართლებელ იდეოლოგიის შექმნამდე ჯერ არ მისულა არც ერთი იმპერიალისტი, ასეთი მტაცებლობის გაშიშვლებული აზრი ჯერ ასე აშკარად არ გამოუთქვამს არც ერთი დროის და ერის დესპოტს და მჩაგვრელს. განა ყველგან, სადაც კი კეთდებოდა ასეთი მტაცებლობა არ იხმარიებდენ ან სარწმუნოებას, ან რაიმე სხვა ფერად ლოზუნგებს? განა თვით კომუნისტური რუსეთი მხოლოდ კომუნიზმით არ ცდილობდა გაემართლებია საქართველოს დაპყრობის ველური საქმე? და ეხლა, ინგლისის მუშების რუსეთში მოსულ დელეგაციას მიუძღვის ის დიდი დამსახურება, რომ თავის უბადრუკობის, პირდაპირ იდიოტობის და პირწმინდა მოსყიდულობის გამოაშკარავების გარდა გამოააშკარავეს რუსეთის ჭეშმარიტი სახე და ის მცირე სამკაულიც კი მოფხრიწეს, რომლითაც ის დღემდი იფარავდა მის მახინჯ სახეს. საიდან, როგორ მარჩიელობენ ეს გამძღარი ინგლისელი ღორები, რომ თუ საქართველო დამოუკიდებელი იქნა რაღაც „ხმები გავრცელდება“, შემდეგ იქნება დესანტიც მოვიდეს, რუსეთიც ხომ ომს დაიწყებს აუცილებლათ, ყველაფერი ამით ისევ თავიდან განმეორდება და არ სჯობია ეხლა რომ არის საქართველო ისევ ისე დარჩესო... ვის შეუძლია ასეთი უსუსური მსჯელობა და პოლიტიკურ პროსტიტუციამდე მისვლა? მხოლოდ მოსყიდულს, რომელსაც არც აქვს არაფერი თავის ბატონის მოქმედების გასამართლებელი და კახპისებურათ ლაქლაქობს, ანდა თუ მოსყიდული არ არის ამის მთქმელი და კიდევ სხვა მიაჩნია „პოლიტიკურ ბეცათ“ – მაშინ ის უთუოდ დაყურსული იდიოტია, რომელსაც არაფერი გაეგება პოლიტიკის, მით უმეტეს მუშათა სოციალისტური პოლიტიკის. ყველა ამ სისაძაგლესთან ერთად პერსელმა და მისმა ძმებმა საქართველოს სოციალისტების ამოსაწყვეტათ უდაო მანდატი მისცენ მოსკოვს: „მენშევიკები შეიძლება პატიოსანი ხალხიც არიან, მაგრამ ისინი არა ნაკლებ საშიში არიან, ვინემ უსინდისო ავანტიურისტებიო“. მაშასადამე, მართალი ხარ მოსკოვო, ასეთ უსინდისო ავანტიურისტებს მხოლოდ საფლავი გაასწორებს... და აკი ასწორებს მართლაც ასე მოსკოვი ქართველ ხალხს... და მინდა შევეკითხო ინგლისის მუშებს: ეს დავალება მიეცით თქვენს დელეგაციას, ეს თქვენი გულის ნადებია, რომ მოსკოვმა ამოწყვიტოს ქართველი სოციალისტები? და შეგწევთ თქვენ უსირცხვილობა ასეთი გულით და ფიქრით შეეხიზნოთ მუშათა ინტერნაციონალს და თავის თავს სოციალისტები უწოდოთ? თუ თქვენ არ მიგიციათ ეს დავალება და გამოგზავნეთ ისეთი ინგლისელები, რომლებიც ბატებივით ერთხმათ ტატყანებენ იმას, რასაც მას მოსკოვის კრემლი ჩასძახებს? ხართ თუ არა პასუხისმგებელი თქვენ იმ სისაძაგლეში, რასაც ისინი სჩადიან რუსეთში და საქართველოში, იზიარებთ თუ არა იმ მოღალატეობას, რომელიც პერსელმა მისი მხლებლებით ჩაიდინა აქ? არა მგონია გაბედოთ ასეთი შავრაზმული გამოსვლების და სიჩერჩეტის გაზიარება გაუწითლებლათ და მით უმეტეს ეხლა, აი დღეს, როცა თქვენმა სახელოვანმა დელეგატებმა ეს ისტორიული, თავის ხელმოწერილი მანიფესტი გამოაქვეყნეს და ამით მთელი ქვეყნის სოციალისტების, განსაკუთრებით ყველა პატარა ქვეყნების სოციალისტების მხოლოდ ზიზღი დაიმსახურეს. ეს ზიზღი თქვენდამიც არის მომართული ინგლისის მუშებო, და ეხლა თქვენზეა დამოკიდებული აიცდენთ თუ არა ამ ზიზღს, გაემიჯნებით პერსელს და მის ამხანაგებს, თუ კიდევ უფრო საზიზღარი გახდებით იმით, რომ კვერს დაუკრავთ თქვენს უღირს, მოსყიდულ და პოლიტიკურათ გაპროსტიტუტებამდე დასულ დელეგაციას. ჩვენ, პატარა ერების სოციალისტებს, შეიძლება არ შეგვწევს იმდენი ფიზიკური ძალ-ღონე, როგორც ამის დაქადება შეუძლია დიდ ბრიტებს და ველიკოროსებს, მაგრამ სინდისის და მორალობის იმდენი რაინდობა მაინც შეგვწევს, რომ გაგიბედოთ გითხრათ: „ის რასაც პერსელი ლაპარაკობს არის პირახეული იმპერიალიზმი და არაფერი საერთო არ აქვს მუშათა სოციალიზმთან. პერსელის ჩვენში ინგლისურათ გასაღებული იდეოლოგია არის ველურობის, კაციჭამიობის, ჩაგვრის და მყვლეფელობის იდეოლოგია. ის კიდევ უფრო საზიზღარია, ვიდრე თქვენთვის კარგათ ცნობილი დღევანდელი კაპიტალისტური იმპერიალიზმი“. ეს საზიზღრები ბედავენ იმის თქმასაც, რომ რაკი ქართული წიგნი გაქვთ და ქართულათ გალაპარაკებენ, ასე უზრუნველყოფილი შეიძლება იყვეს სხვა პირობებში ქართული კულტურაო? რა უნდა უპასუხო ამ დაცინვაზე ამ მართლაც ღორებს!.. თურმე მათ არსად არ უნახავთ „დანგრეული საქართველო“ და თურმე ტფილისში დემონსტრაციაზე დარწმუნებულან, რომ ქართველი ხალხის დიდი უმრავლესობა საბჭოთა წყობილებას (რუსულს) უჭერს მხარს... რა გონია ამ ხალხს, ნუ თუ ფიქრობენ, რომ ველურების ქვეყანაში დადიან და მათ ნათქვამს მათი მომპატიჟებელი ბატონების მეტი ვერავინ გაიგებს? ხოლო რომ გაიგებს ამას ქართველი ხალხი და ზიზღით მიაფურთხებს ამ „სამოყვროთ“ მოსულ გველებს, ამაში იჭვიც არ შემდის. პერსელს ქონდა გამბედაობა განეცხადებია, რომ მაკდონალდი და თომ შოუ არ იყვნენ ინგლისის მუშების წარმომადგენლებიო. ჭკუაზეა ეს ვიღაც გზადაბნეულია თუ მართლა ფიქრობს, რომ აქ მისი ნათქვამი გარეთ არ გავა და ვერც ინგლისში გაიგებენ ამ უსინდისო ჭორებს? ერთი სიტყვით, ინგლისის დელეგაციამ ასახელა ინგლისი და განსაკუთრებით ამსტერდამის ინტერნაციონალი, მან აქ ზიზღი დატოვა ხალხის გულში და ინგლისში კი მიაქვს ისეთი ნასაქმარი, რომლის პირიდან მობანა და მორეცხა ინგლისელ მუშებს დიდ დროს წაართმევს და, ვგონებ, ვერც მოიბანენ ისე სავსებით, რომ მუშური-ინტერნაციონალისტურ-სოციალისტური სახე აღიდგინონ. ინგლისელების ამ გამოსვლებს გამოეხმაურენ მოსკოვის გაზეთები. „იზვესტიაში“ სტეკლოვი მოწინვეს უძღვნის საქართველოს, „პრავდაში“ კი რადეკი სიხარულით ცას ეწევა. ვნახოთ როგორ გამოეხმაურება ამ ამბავს საერთაშორისო მუშათა კლასი და უპირველესათ ყოვლისა კი ინგლისის მუშათა კლასი. სოციალისტისათვის და მით უმეტეს მარქსისტისათვის სასირცხოა ხელის მიდება იმ ჭეშმარიტათ წრეგადასულ ცინიკურ დოკუმენტზე, რომელიც ინგლისელებმა საქართველოს შესახებ დაუტოვეს მოსკოვს. 

თითქო ინგლისელთა დასაცინათ „პრავდის“ დღვანდელ ნომერშივეა იმის ილიუსტრაცია თუ რამდენათ უტიფრათ სტყუიან ეს მოსკოვის ლაქიები. ერთი კვირის წინეთ უკრაინიდან პერსელი და მისი ამხანაგები ყვეყანას აყრუებდენ: „შეხედეთ როგორ სცხოვრობენ აქაური მუშები, ეს ნამდვილი სამოთხეაო“. თუ როგორ სამოთხეში სცხოვრობენ უკრაინის მუშები კარგათ მოსჩანს დღევანდელ „პრავდის“ მოკლე ცნობიდან, სადაც უკრაინის შრომის კომისარიატის გამოკვლევის თანახმათ, თურმე, დონბას მუშები თითქმის უბინოთ ცხოვრობენ და მთავარ სამრეწველო რაიონებში 7 ვერსზე უხდება მუშებს სამუშაოდან ბინებზე ფეხით სიარული. არსად, არც ერთ მუშას არ მოდის 1 ½ კუბ. საჟენზე მეტი სადგომი ბინა, ისიც ნესტიანი და ბნელი, ხოლო თუ როგორი თავისუფლებაა არჩევნების, ეს სჩანს იქვე მოთავსებულ ეკატერინოსლავის გუბკომის მოხსენებიდან, სადაც თურმე არჩევნებისთვის საჭიროა მხოლოდ «припугнуть и голоснуть». ვისაც უნდა თავისი ტყვილებით ბაღლინჯოსავით კედელზე მიასრისოს პერსელი და მისი ამხანაგები, აიღონ, სხვას რომ თავი დაანებონ, ეს ერთი ნომერი „პრავდის“ და ახალონ სახეში თვით მოსკოველებისთვისაც კი დაუმალავი მწარე და საშინელი სინამდვილე. 

10 დეკემბერი. ესტონეთის ამბები დამთავრდა. კომუნისტური პუტჩი ყველგან დამარცხდა. ესტონიამ თავი გადაირჩია და ჯერ-ჯერობით მაინც შეინახა დამოუკიდებლობა. მოსკოვის გაზეთები მეტად ღელავენ იმის გამო, რომ თურმე ევროპა მოსკოვს აბრალებს აჯანყების მოწყობას. ორი-სამი მოწინავეებიც კი უძღვნა „პრავდა – იზვესტიამ“. სხვა წერილებს ხომ ბევრს ათავსებენ. ერთი მათგანი ვიღაც ილია ლინის პირდაპირ შავრაზმული და პოგრომული იყო. გუშინ დაიბეჭდა ეს „იზვესტიაში“. დასცინიან ესტონიას „დიდი ესტონია“ „ესტონეთის იმპერია“, რომელიც თურმე ლინის თქმით „იმდენათ დიდია, რომ მის პარლამენტთან რომ კაცი წაიქცეს ფეხები რუსეთის ტერიტორიაზე უნდა გადმოწიოსო“. წერილი ღვარძლით და შეჭმის მადითაა შეზავებული, სწორეთ ისეთ ყაიდაზე აწყობილი როგორც კიროვი გვიწერდა კავკავში ჩვენი აღების წინ „საკმარისია ერთი ნიდაყვით მოგაწვეთ, რომ აღარ იქნებითო“. და შეგვისრულენ კიდეც მუქარა, თუმცა ერთი ნიდაყვი არ ეყოთ და მეორეც კარგათ დაიხმარეს. ვეჭვობ, რომ ესტონეთთან ეხლა ასეთი თავხედობა გაბედონ, ამის წელი ეხლა რუსეთს არ აქვს. ევროპა ამას არ დაანებებს. და იქნებ სწორეთ ამისთვისაა, რომ სიმწრისაგან ასე გულმოსული აკაწკაწებს მოსკოვი პატარა ერებზე თავის დალესილ კბილებს. ჩემი მილოცვა, ქართველური მილოცვა, ეროვნული და სოციალისტური მილოცვა ესტონეთს თავისი ქვეყნის უფლების და სახის შენახვისათვის. მე, ქართველს, დაპყრობილი ერის შვილს და რუსეთის ტყვეს, ყველაზე უფრო შემიძლია სიხარულით ვიგრძნო თუ რას ნიშნავს, როცა პატარა ერი იმარჯვებს და თავის უფლებას დიდს და ვეშაპს არ დაუთმობს. 

რამდენიმე დღეა, რაც შევიტყვე კოტე იმნაძის დაპატიმრება. ამბობდენ თითქო კიევში დაიჭირეს. საიდან, სად, რა უნდოდა კიევში? იქნებ თავს აფარებდა უკრაინას. აჯანყების დროს გაზეთებში ბევრი გლახა ჩვენებები წავიკითხე მასზე. სამწუხარო იქნება ამ ნიჭიერი, მეტად პატიოსანი და რაინდი ახალგაზრდის დაკარგვა. რამდენი ხანია მე ის არ მინახავს! ვგონებ უკანასკნელათ 1922 წელში შევხვდი. წვერები მოეშვა, სახე ნაოჭებით შეკროდა, თითქო 20 წლით უფრო ადრე მოხუცებულიყო. ეს ხომ ბედი იყო ყველა ჩვენთაგანის. 3–4 თვეობით ერთმანეთზე დაშორებულები უკვე ვეღარ ვცნობდით ერთმანეთს. დაპყრობილ საქართველოში დღეებში განვიცდიდით იმას, რასაც ალბათ სხვა დროს ნახევარ სიცოცხლეში ვერ განვიცდიდით. დღემდი მაინც იმედი მქონდა, რომ ის სამშვიდობოს გავიდოდა. დღეს ეს იმედიც დამეწრიტა. ნუ თუ მასაც დაკლავენ? რაოდენი, რაოდენი მსხვერპლი უნდა გაიღოს საქართველომ და როდის ექნება დასასრული საუკეთესო ახალგაზრდების ამოჟლეტას? ყოველი ასეთი ამბის მოტანის დროს გული თითქო ხელახლა იძირება, მაგრამ სად, სად უნდა დაიძიროს ის, ნუ თუ არ ეყო გულს ამოდენი კუბოებში და ცრემლებში ჩაძირვა?.. მაგრამ ჩვენი ცნობები ალბათ რა არის იმასთან შედარებით, რაც სინამდვილეში მოხდა და ხდება საქართველოში!.. 

დღეს დეპეშა მივიღე სახლიდან, ძმისაგან, „კარგათ ვართ, გიგზავნი 30 მანეთს“. 

12 დეკემბერი. დღეს საქართველოს დიდი ეროვნული დღეა. 1917 წლის 12 დეკემბერს ქართველი მუშებისა და გლეხების შეიარაღებულმა ძალებმა 117 წ. განმავლობაში საქართველოზე ძალით გაბატონებულ რუსებს სატახტო-ტფილისში უკანასკნელი ციტადელი ჩამოართვეს, არსენალიდან გარეკენ და თოფხანა ჩაიბარეს. ეს იყო საქართველოს ეროვნული რევოლუციის დასაწყისი, რომელიც 1918 წლის 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლათ ხელახლა აღორძინებით დასრულდა. 12 დეკემბერი არ არის რომელიმე ჯგუფის, ან წოდების დღესასწაული, ის მთლიანათ ერს ეკუთვნის, მასში ჩაქსოვილია საქართველოს ყველა პოლიტიკური ძალების ენერგია, მისი სახე მთლიანია ისე როგორც რესპუბლიკათ აღორძინებული დავითისა და თამარის ძველი საქართველო იყო მთლიანი და ნამდვილ ევროპულ-კულტურული ერის სახით ფეხზე წამომდგარი. სახალხო გვარდია, რომელიც ეწოდება რესპუბლიკის აღორძინებულ პირველ რევოლუციონურ სამხედრო ძალას, არ იყო თავის შემადგენლობაში ვიწრო ჯგუფური და განკერძოვებული, არამედ ის იყო მთელი ერი, მთელი ხალხი, რადგან პოლიტიკური პარტია, რომელიც სათავეში ედგა ამ ძალას და თვით მთელ საქართველოსაც იყო უაღრესათ ქართულ-ხალხური და აერთიანებდა ერის აბსოლიუტურ უმრავლესობას. ამიტომაა, რომ 12 დეკემბერი არ შეიძლება იყოს მარტო სახალხო გვარდიის დღე, მისი სამხედრო ვიწრო მნიშვნელობით. მართლაც და ასეთი მიდგომით რომ დაფასდეს ეს დიდი ეროვნული დღე, მაშინ იშლება, მრუდდება და სახიჩრდება ისტორიული პერსპექტივა, ხოლო დღეს, ესოდენი განცდებისა და კატაკლიზმების შემდეგ, როცა უფრო სრული გაგებით და ისტორიული დაფესებით შეგვიძლია მიუდგეთ ახლო წარსულის საზოგადოებრივ მოვლენებს, დიახ დღეს, ხომ ყველასათვის ნათელი უნდა იქნეს, რომ 12 დეკემბერი არის ერთი იმ ისტორიული დატათაგანი (თარიღთაგანი – ი. ხ.), რომელიც ხერხემალია მთელი ეპოქის, ის უღელტეხილია წარსულსა და აწმყოს შორის და მომავლის გეზს გვიჩვენებს, ის, ასე ვთქვათ, მოხაზავს და მონიშნავს მთელი მომავალი პერიოდის კარგა მანძილ გზებს. დიახ ამ მიდგომით 12 დეკემბერი პირველი ისტორიული და ეროვნული დღეა ახალ საქართველოს ცხოვრებაში, ამ დღეს ხმლით გაიჭრა რუსეთ-საქართველოს კვანძი და ქართველი ერი ამ დღემ მიიყვანა მისი აღდგენის 26 მაისამდე. ეს არის მთავარი და ძირითადი 12 დეკემბერში, ასეთი დიდი მნიშვნელობა აქვს მას, ხოლო მისი გვარდიელობის წოდება და შეიარაღებულ ძალების ერთი ნაწილის დღესასწაულათ მინიჭება, რასაკვირველია, დამსახურებული იყო და არის, მაგრამ ასეთი სახელწოდება არ გამოხატავს სავსებით და სრულათ 12 დეკემბრის მნიშვნელობას. 12 დეკემბერი საქართველოსთვის კიდევ უფრო დიდია, ვიდრე ეს დღეს გონია ქართველი ერის ზოგიერთ წრეებს. და უკვე განცდილის შემდეგ, ათასობით ჯერ კიდევ მიწით დაუფარავ კუბოების წინ, როცა ერმა უამრავი მსხვერპლი გაიღო თავისი მეობის აღდგენისათვის, დიახ დღეს, როცა მეორე დიდი ნაციონალური ომი წავაგეთ რუსეთთან და საქართველო განიცდის უდიდეს მწუხარებას, დეე ამ განცდებმა, ამ კატასტროფებმა, ამ ეროვნული გადარჩენის წმინდა გრძნობამ უფრო ღრმათ და სწორათ შეგვაგნებინოს ახლო წარსული, უფრო ობიეკტურათ დაგვაფასებინოს ის დიადი ბრძოლები, რომელთაც შეიძლება მაშინ უფრო ინსტინკტით ვაწარმოებდით, ვიდრე სავსებით, იდეოლიგიურ-პოლიტიკურათ და მოქალაქობრივათ ღრმა შეგნებით და გაგებით. მაშინ იყო რევოლუციის და ნაციონალური თვითმყოფობის შესანარჩუნებლათ წარმოებულ ომების მაღალ ქედიანი ტალღები და ამ ტალღებზე დასცურავდა მთელი ერი, და ის, რაც მაშინ არ იყო სავსებით გამოკვეთილი და გამოქანდაკებული, ეხლა ხომ ნათელი და უდაოა. დავაფასოთ მიუდგომლათ ეს წარსული, ჩამოვაშოროთ ამ დიდ ისტორიულ დავებს დროული და წარმავალი ზედნაშენები და მომავლს მივსცეთ სწორი და ნათელი იდეოლოგია იმაზე, თუ რისთვის აწარმოებდა თავის თავგამოდებულ ბრძოლას ქართველი ხალხი. და ამ ქართულ სახელმწიფოებრივ-ეროვნულ იდეოლოგიის ძეგლის აგების დროს უთუოდ ძირითადი იქნება 12 დეკემბერი, ეს პირველი გაელვება ქართველი ხალხის ხმლისა თავისი სახის გამოსაჩენათ და დამპყრობი რუსეთისაგან გასანთავისუფლებლათ. ახლო მომავალმა უნდა შეისწავლოს 12 დეკემბრის მთელი შინაარსი, ის საფუძვლათ უნდა დაედვას საქართველოს ეროვნულ რევოლუციას, რადგან ის ამ რევოლუციის პირველი და ძლიერი ეტაპი იყო. მოვიყაროთ დღეს მუხლები 12 დეკემბრის შემქმნელ დაღუპულ გმირთა საფლავებთან. ამ გმირთა არწივი, მათი პირველი მედროშე ვალიკო ჯუღელი დღეს მიწაში წევს. ლამაზმა რაინდმა რაინდულათ და ლამაზათ დაასრულა თავისი სიცოცხლე, ხოლო თავის სიკვდილით ის მომავალ საქართველოს აძლევს პაროლს: „იბრძოლე საქართველოსთვის!“ დღეს ჩემთვის, ყველა განცდილის შემდეგ და ორი უბედური ნაციონალური წაგებული ომის შემდეგ, როცა საქართველო განიცდის მურვან ყრუებისა და ჯელალ ედინების დროს, როცა რუსეთმა გაითანასწორა თავი და კიდეც წაუსწრო ამ დესპოტებს, დღეს ამ ცრემლებისა და კაეშანის, წამებისა და სისხლის წვიმების დროს, დღეს 12 დეკემბერს, იდუმალათ ჩემს გულში ვდღესასწაულობ არა ვიწრო გვარდიული მნიშვნელობით ამ დღეს, არამედ მასში ვასახიერებ ერის პირველ რევოლუციას თავის მეობის გადასარჩენათ. და დღევანდელ 12 დეკემბერს ვიგონებ რა დაღუპულ გმირებს, მუხლს ვიყრი რა მათი ხსოვნის წინაშე, ვუსურვებ საქართველოს, რომ მას მალე გათენებოდეს ახალი 12 დეკემბერი და ახალ დეკემბრით მოეხსნას კისრიდან ახალი რუსეთის ძველზე უარესი მონური უღელი. დიდება თქვენ დაღუპულო გმირებო, დღგრძელობა საქართველოს, გამარჯვება მის მკლავს, ხელახლა ეხილოს ქართველ ხალხს მისი ძვირფასი და საყვარელი ეროვნული დროშა ტფილისის სასახლეზე აფრიალებული... 

13 დეკემბერი. დღეს მივიღე ტფილისიდან ამანათი – საზამთრო პალტო, თბილი ფეხსაცმელები და წინდები. მიგზავნის სანდრო. პირველი გახსენებაა ჩემი ეს მის მიერ. წერილი კიდევ ვერ მივიღე და ვერა. ამ ამანათს ერთ უბრალო წერილს ვარჩევდი. რა ვქნა, არ ვიცი რა მემართება, რა მოუთმენელი სურვილი ამიტყდა ჩვენების ნახვისა და წერილის მიღების მაინც. ასე მგონია, რომ ეს წინასწარგრძნობაა, რაღაც უბედურების. დაიტევს კი გული ამოდენ უბედურებას? ის ხომ აღვსილია შხამით და კაეშანით... 

14 დეკემბერი. გერმანიის არჩევნები დამთავრდა. ორი უკიდურესი ფრთა მარცხენა და მარჯვენა საგრძნობლათ შეიფერთხა და რესპუბლიკანურმა მიმდინარეობამ გაიმარჯვა. დემოკრატია საგრძნობლათ გასწორდა წელში, განსაკუთრებით სოც(იალ) დემ(ოკრატიამ) თითქმის სავსებით აღიდგინა მისი ღირსეული მდგომარეობა. კომუნისტებმა მაინც საგრძნობი ადგილები შეირჩინეს, თუმცა საერთოთ მთელი ტენდენცია ცხოვრებისა კომუნიზმს მეტად ასუსტებს და მის ანარქიულ-ბუნტარულ ტალღებს თანდათან ქვეშ-ქვეშ სწევს. საინტერესოა ისიც, რომ ინგლისის ტრედუნიონების დელეგაციის განცხადებებს რუსეთში და საქართველოში მეტათ აუწევია კომუნისტების საარჩევნო შანსები გერმანიაში, რის გასაქარწყლებლათ ინგლისის მუშათა პარტიის აღმასკომს მიმართვა გაუგზავნია გერმანიის სოციალ-დემოკრატიისთვის და უსურვებია მარცხენა და მარჯვენა რეაქციასთან ბრძოლაში გამარჯვება. საერთოთ კი ინგ(ლისური) დელეგაციის მოღვაწეობაზე ბევრი იწერება ევროპაში, იქ სოციალისტური პრესა უკვე ეწევა კამპანიას იმ წრეგადასულ ცინიზმის საპასუხოთ, რაც ასე ახასიათებს ინგლისელების დელეგატებს აქ. 

16 დეკემბერი. დღეს ორი წელი შესრულდა მას შემდეგ, რაც საქართველოდან, ტფილისის მეტეხის ციხიდან, რუსეთში წამოგვასხეს მხევლებათა და ტყვეებათ 53 მოქალაქე. მთელი დღე ვფიქრობ ამ გამოთხოვების დღეზე. ერთმანეთზე მიჯრით მიწყობილია ჯერაც ცოცხალი შთაბეჭდილებები ამ უკანასკნელი ქართული დღისა, როცა ჩვენ მოგვწყვიტენ დედის მკერდს და რუსეთის ციხეების საფლავებში ჩაგვმარხეს. რამდენი უბედურება დაატყდა ამ ორ წელში საქართველოს, რამდენი მისი შვილი ჩაწვა საფლავში და რამდენმა იმედ გაწყვეტილი ჩაესვენა შიგ. ორი წელი – საშინელი ორი წელი... რამდენს გამოვეთხოვე მაშინ და ვინ იფიქრებდა, რომ ეს იყო უკანასკნელი გამოთხოვება. გოგიტა! წამოვიძახებ ხოლმე, 16 დეკემბრის მოგონებაზე. ცრემლიანი წერილებით დავშორდით ერთმანეთს. იჭვები, იჭვები, იჭვები... აი რა იყო მის მოკლე ბარათებში, რომელიც ციხეში შემოდიოდა ჩემთან. „ვანახვთ კი ერთმანეთს?“ ასე ვეკითხებოდით და ვემშვიდობებოდით მეგობრები. „შენ კიდევ რა გიჭირს, ამხანაგების საერთო ჯგუფში მაინც მოხვდი, ჩვენ კი რა ვქნათ, როცა დაგვიჭერენ ალბათ მეტეხსაც არ გვაღირსებენო“... ასეთი იჭვით და გულისტკენით მეთხოვებოდა ის... და ვაი რომ აუსრულდა ყველაფერი და ალბათ, განმარტოვებულათ ვინ იცის სად ჩაკლეს და რა პირობებში... მძიმეა ჩემთვის 16 დეკემბრის მოგონება. იმ დღეს 19 ნახვა მქონდა, ბევრი მოვიდენ ლეგალური მეგობრები. ვნერვიულობდი, თითქო თავს ვიკავებდი, ჩვეულებრივათ ვოხუნჯობდი, მაგრამ გული სტიროდა, გული სევდით მისივდებოდა. ნახვები, ბაასი, წერილები, მოსაკითხები, შემდეგ ციხის ამხანაგებთან სათითაოდ კიდევ ბაასი, გამოთხოვება და ბოლოს ღამის 11 საათზე დიდება, ისეთი დიდება, როგორიც არასოდეს არ გამიგონია, ვერ გავიგონებ, არ თქმულა და მგონია არც ითქმება. ეს ისეთი ძლიერი, ისეთი ცეცხლოვანი ქუხილი იყო, რომ ასე მგონია დადუმების მოლოდინში მთელი ჩვენი ბგერის ენერგია დავხარჯეთ და ჩვენი გულებიც გასკდა ამ უკანასკნელ დიდებასთან ერთად. ციხის ყველა სართულები სარკმლებში გადმომდგარნი, აივნები გაჭედილი, ეზო სავსე და ვით გრიგალი რაღაც არაჩვეულებრივი გუგუნი, რომლის ტალღები აზანზარებდა ძველ – ხავსმოდებულ მეტეხს და ისტორიულ შეფიცულ ანანიას ატყობინებდა, რომ მისი გაზრდილები არ დანებებიან მტერს და მეტეხისთვის ხმლით კიდევ იბრძვიანო. გათავდა დიდება, ჩაგვივარდა ხმა. თითქო ამ ზესკნელიდან სულ უფსკრულში დავიძირეთ. შემდეგ რუსის ჯარებმა გამოგვიყვანეს. ავტომობილებზე დაგვყარეს. შევსცქეროდი გრ(იგოლ)ს, ყველაზე დაღონებულ გრ(იგოლ)ს, ვერ ნახა ცოლშვილი, ვერ იყო ისეთი ბედნიერი, რომ ახლობლებს გამოთხოვებოდა. მე ძმა მაინც ვნახე, ღვიძლი ძმა და ოჯახის სისხლი. ჰო, დიდი შრომა გასწია მაშინ ჩემზე ვანომ!.. ნავთლუღში რომ მოგვიყვანეს გული თითქო აღარ დამრჩა და მხოლოდ ჯიბით წამოღებულ მაგრათ გახვეულ ერთ მუჭა მეტეხის ქართულ მიწას ვუჭერდი ხელს. რათა, რისთვის? რა ძალა იყო ისეთი, რომ მე მალულათ, მეტეხიდან წამოყვანის წინ, ბნელში ამიყვანა მეტეხის ტაძრის ძირს და დანით ამომაჭრევინა ჩვენებური, ტფილისის რიყის მიწა და ასე ძვირფასათ გამოკრული მაზიდვინა, რომ მთელ იმ ორომტრიალში, თითქო არც ერთ ჩემ საჭირო ნივთს არ დავეძებდი ოღონდ კი ეს ჩემი თვალმარგალიტი, ჩემი უსაიდუმლოესი საუნჯე არ დამკარგოდა? რა ძალა იყო რა, რომ სამშობლოზე ცოცხლათ მოწყვეტის დროს, მაინც მაბრუნებდა უკან და თითქო მატანდა რაღაც ისეთ თილისმას, რომელსაც ყოველ გასაჭირში უნდა გადავერჩინე? არ ვიცი რა ძალა იყო ეს. ვერ ვიტყვი. ზოგიერთი განცდის თქმა ხომ შეუძლებელია. ბევრხელ მიყნოსია ამ მიწისათვის შემდეგ, მიძებნია მშობლიური სუნთქვა. ესეც ხომ თითქო სისულელეა? შეიძლება, მაგრამ მე ასე ვშვებოდი და რა ვქნა. ზოგი შეყვარებული ხომ შეიძლება სიყვარულით გასულელდეს... და ეხლა ვფიქრობ, ვეღირსები იმ დღეს, რომ მივალ ისევ მეტეხის ძირში და დაუბრუნებ მას მალულათ ამოჭრილ ჩვენი ტფილისის რიყის ერთ სილიან ბელტს? ვინ მოესწრება ამას. ორმა წელმა ბევრი იმედი წამიშალა. ბევრ მეგობარს, საყვარელ მეგობარს ვეღარ ვნახავ. საქართველოს ტრაღედიამ წაიღო მთელი თაობა, ბედნიერი თაობა, რადგან ბედნიერათ ვსთვლი მე მათ ვინც დაიხოცენ, მაგრამ სიკვდილით კი არასოდეს არ მოკვდებიან. სალამი ორი წლის თავზე ჩემო საქართველო, შენდან გამოყოლილი სითბო ჯერაც მათბობს და მაცოცხლებს. ნურამც დაბრუნებულა შენთან ის გული შენზე რომ გაცივდება. გიცდი, გიცდი, ლოდინში ვკლავ დღეებს და თუ მოვკვდები ამ ლოდინში ეს სიტკბოა, ჩემო კარგო, რადგან სიყვარულში სიკვდილი ბედნიერებათ მიმაჩნია. გკოცნი, გკოცნი დღეს ჩემო საქართველოვ და შენც გამიახლე შენი შაქრის ამბორი, რადგან ორი წელია რუსის ყინული მადნობს და თავისი სუსხით მეპარება... დღეს შენთან ვარ, ისე როგორც მუდამ, და შენც ჩემთან იყავი, ჩემო საქართველო, მუხლ მოყრილი და ქედმოხრილი მე შენზე ვლოცულობ ეხლა, ორი წლის თავზე, განშორებიდან ორი წლის საზღვარზე და გიახლებ ჩემ ამბორს, რომ შენგანაც სამაგიერო მივიღო... 

17 დეკემბერი. საფრანგეთმა მოულოდნელათ დაინახა კომუნისტური საფრთხე და რეპრესიები გააცხოველა. რამოდენიმე შეკითხვასაც ქონდა პალატაში ადგილი. ამას უკავშირებენ ჩემბერლენის მოგზაურობას. რუსები ეხლავე კივიან მოსკოვში, ჩემბერლენი ჩვენს საწინააღმდეგოთ მოგზაურობს საფრანგეთსა და იტალიაშიო. რასაკვირველია, უთუოდ მოსკოვის წინააღმდეგ უნდა იყვეს!.. დღეს სადმე გვადელუპაზე ვინმემ რომ გაიაროს, რუსები მაინც იკივლებენ, რა უნდათ, ჩვენს წინააღმდეგ რათ მოქმედებენო. მალე შეიძლება არც თავის ეზოში დაადგმევინონ ფეხი სხვა სახელმწიფოთა მინისტრებს. რას იზამ, განა ტყვილა აქვთ ხუთქიმიანი ვარსკვლავი? ალბათ მსოფლიოს ხუთივე მატერიკს თავისათ სთვლიან. დღეს მივიღე ვანოსაგან სამი თუმანი. ორი სიტყვაა კუპონზე: წერილებს გწერო. მე კი ერთიც ვერ მიმიღია ჯერ. ცხადია მოსკოვიდან ტფილისის ჩეკაში აბრუნებენ. 

18 დეკემბერი. ინგლისელების დელეგაცია მოვიდა მოსკოვში. გაზეთებს წერილები მისცენ. შთაბეჭდილებებს ყვებიან. პერსელის წერილი წრეგადასული ცინიზმია ნამდვილი. „ვისელნიკის“ იუმორით იმეორებს საქართველოზე, რომ მე ცოცხალ ქართველს თუ ვნახავდი არ მეგონაო. მალე გაემგზავრებიან შინისკენ. ინგლისში უკვე დაიწყეს ლაპარაკი უკმაყოფილებაზე, რაც მათ მოგზაურობამ გამოიწვია. ამსტერდამის ინტერნაციონალის ბიურომ უკვე დაადგინა, რომ პერსელის დელეგაციას მასთან კავშირი არა აქვს. ყოველ შემთხვევაში უნდა ველოდეთ, რომ ინგლისის პოფკ. მოძრაობაში დიდი კრიზისი დაიწყება. დაემორჩილებიან მოსკოვს, თუ გაიწმინდებიან მოსკოვიდან – აი კითხვა, რომელიც ალბათ მალე გადაწყდება. 

19 დეკემბერი. გრიგოლი ავათ გახდა. უკანასკნელ დღეებში გულის ტკივილმა უმატა, სახე გაფითრებული და გამხდარი აქვს. ათი წლით უფრო მოხუცებული მეჩვენება. მთელი ღამე არ ეძინა. წამლებით იბრუნებდა სულს. მისი სკლეროზი თანდათან საშიშ ხასიათს ღებულობს და შიშისაგან ვცახცახებ, როცა წარმომიდგება ვაი თუ საქართველომ ეს მისი დიდი მოქალაქე და პატრიოტი აქ დაკარგოს. საშინელია ამაზე ფიქრიც კი... ყველა მინდა გადარჩეს, ყველა მინდა დაუბრუნდეს საქართველოს, მაგრამ ყველაზე დიდი ნდომით მინდა მე გრიგოლის საქართველოში ცოცხლათ დაბრუნება. საქართველოს მასში დიდი ქართველი, დიდი პოლიტიკოსი, განათლებული, ჭკვიანი და ნიჭიერი მოქალაქე ყავს. ის ერის მთელ თავს უდრის და ასეთ პირობებში მისი დაკარგვა უდიდესი უბედურება იქნება ჩვენთვის. განა არ გვეყოფა რაც დავკარგეთ და რაც მოსპეს საქართველოში?!. მეშინია ვთქვა, თორემ ძალიან მინდა ლიუბა ჩამოვიდეს, ნახავს, ამან შეიძლება ერთგვარი გავლენაც მოახდინოს ავადმყოფზე. გრიგოლის ავადმყოფობით, თითქო მეც ავად ვარ, შიშისაგან პირდაპირ ვცახცახებ, მიყვარს და რა არის გასაკვირველი, რომ ვინც გიყვარს მისთვის შიშობდე კიდეც. 

21 დეკემბერი. საფრანგეთში ერთხელ კიდევ გვახსენეს. პალატაში რუსეთში საელჩოს გასახსნელათ კრედიტებს იღებენ. კომისიის ოფიციალურმა წარმომადგენელმა შეეხო რუსეთის ცნობის აკტს და განაცხადა, რომ საბჭოთა მთავრობა ცნობილია იმ ტერიტორიებზე, რომელთა მცხოვრებნი სთვლიან მას საკუთარ მთავრობათო და აქ დაასახელა საქართველო. სტეკლოვი ამის გამო თმებს იპუტავს, რას ნიშნავს ესო? ამას წინეთ არც ის მოეწონათ, რომ ოფიციალურ კორტეჟში ჟორესის პანთეონში გადატანის დროს მონაწილეობას ღებულობდა საქართველოს წარმომადგენელი ირ. წერეთელი. სულ რომ არ იქნებოდეს საქართველოს სახსენებელი ოღონდაც მოხარული იქნებიან, მაგრამ ნურამც მოესწრებოდეს ეს რუსეთს, საქართველომ უნდა იცოცხლოს, ის იცოცხლებს. 

22 დეკემბერი. საშინელი ცნობები ამოვიკითხე დღეს ტფილისის გაზეთებში. დაბადებულთა რაოდენობა საქართველოში 1919 წ. შედარებით სამჯერ შემცირებულა, ხოლო სიკვდილი ერთ-ნახევრით გაზრდილა. დამაფიქრებელი და სასოწარსაკვეთი ციფრებია. ეს იმას ნიშნავს, რომ ერი ფიზიკურათ სუსტდება და ძალას ვერ იკრებს. ომებმა, რევოლუციებმა და უკანასკნელათ კი ეროვნული ენერგიის საშინელმა შებორკვამ – გაყინეს ერის ორგანიზმი და ლამის არის ის დეგრადაციის გზას დაადგეს. საქართველოს უდიდესი საფრთხე უდგას წინ. ამ ციფრებმა უნდა ჩააფიქროს ყველა და ზომები მიაღებინოს. 

23 დეკემბერი. გრიგოლი დღეს უარეს მდგომარეობაშია. გული უსუსტდება, წამლებით იბრუნებს სულს. იყო ექიმი. მუდმივი წოლა ურჩია. ორი თავი წამალიც გამოუწერა. გახდა, ხმაც გამოეცვალა, საგრძნობლათ დასუსტდა. 

24 დეკემბერი. საშობაოთ ბევრი მნახველები მოუვიდათ აქაურ პატიმრებს. ..... მოსულა. ..... იყო მასთან ნახვაზე. კარგს აბა რას მოგვიტანდა. საქართველოს ცრემლში და ვაი და ვიშში ვის რა ექნება სანუგეშო და კარგი. თურმე ჩვენ დაახლოვებითი სურათიც კი არ ვიცით იმის, რაც უბედურება საქართველოში დატრიალდა. სექტემბრის ომის დროს დიდძალი მძევლები დაუხვრეტიათ. ამბობენ თურმე, რომ მარტო ტფილისის ციხეებში 700 კაცი დახვრიტესო. ჩვენი დათიკო დვალიც ამათ შორის ყოფილა. ჩვენ კი თითქო ცოცხლათ გვეგულვებოდა ჯერ. ს. დევდარიანის მოხსენებაზე მისულა მისი ცოლი. ჯერ შეკითხებია წერილობით სეითს და როცა პასუხი არ მიუღია, თვით ამდგარა და შეკითხებია ლოჟაში მჯდარ დამპყრობთ: „მე თქვენ, ჯალათებო, გეკითხებით რათ მოკალით ჩემი ქმარი დათიკო დვალიაო“. ამას საშინელი აურზაური გამოწვევია თეატრში. საქართველო, თურმე, ძაძებშია გახვეული, ქართველი ხალხი არ დადის თეატრებში, არ დადის ჩვეულებრივ დროს სატარებლათ, ცრემლებში და მწუხარებაში მთელი ერი იღვენთება და დასტირის აურაცხელ დაკარგულ კუბოებს. და მთელი ამ ხნის განმავლობაში, თურმე, მხოლოდ ვ. სარაჯიშვილის დასაფლავებაზე მოზღვავებულა მთელი ქართველობა, რადგან იქ ნება დართული იყო ტირილიო. და მართლაც უტირია იმ დღეს საქართველოს სარაჯიშვილის კუბოს მომიზეზებით თავისი შავი და უბედური დღე. რაღაც ზღაპრულ და პირდაპირ არაჩვეულებრივს ამბობენ ამ დღეს. ხალხი ისე სტიროდა, თურმე, რომ ბევრს გული მისდიოდაო. აჯანყების დროს ყველაზე უფრო დაზარალებულა რკინის გზის მუშები. სამტრედია განსაკუთრებით გაჩანაგდა თურმე. რა საშინელებაა, რა საშინელება!.. 

25 დეკემბერი. დღეს შობაა. ასეთი შავი შობა ჩემს სიცოცხლეში არ მინახავს. მტერსაც კი არ ვუსურვებ ასეთ შავ შობას. ექვსიღა ქართველი დავრჩით აქ. გრიგოლი ავადაა. ალექსანდრეც ნახევარჯერ არ გამოდის სასეირნოთ, ხშირათ ავადმყოფობს. და დღეს შობის დღესასწაულის მაგიერ ისევ ჩვენი შავი დღის მატიანეს ვშლით და ვითვლით მსხვერპლებს: სოლომონ ვადაჭკორიას გურიაში დამარცხების შემდეგ თავი მოუკლავს. საშინელი ლახვარია ეს. დიდი პატრიოტი და რევოლუციონერი ქართველი მუშა იყო, ჩვენი მუშათა მასის თვალი იყო. ვტირი, ვტირი დღეს უბედურ სოლომონს. მერე რაოდენი ეწამა, რაოდენი მუშაობა გასწია საბრალომ! ცოლი და ბავშვები გერმანიაში ყავს. ეს ბავშვები მაინც არ გადაგვარდებოდენ და დაუბრუნდებოდენ სამშობლო მიწას. ვგონებ ისიდორე ვარაზაშვილიც მოუკლავთ. რა დიდი დანაკლისია საქართველოსთვის. განათლებული, მცოდნე კაცი. ამბობენ, თურმე, რომ საწერეთლოში ახალგაზრდობა სულ ამოჟლიტესო. რა საშინელებაა. ატილასა და ჩინგის ყაენის დრო დაგვიდგა. 700 კაცი მარტო ტფილისში?.. დაუჯერებელია, მაგრამ ვაი რომ სინამდვილეა. ენა გებმება, ხელი გიჩერდება, თვალები გიბნელდება კაცს – ამ საშინელების გაგონებაზე. ეხლა კი მესმის, ეხლა კი გასაგებია, რათ აწერდენ მწერლები და პროფესორები ხელს ასეთ განცხადებებს. ალბათ მხოლოდ იმისთვის, რომ ცოტათი მაინც შეეჩერებიათ სისხლისაგან დამთვრალი მტარვალები. ისე ვარ არეული, რომ ამბებს თავსაც კი ვერ ვუყრი. ამბობენ თურმე, რომ პროფესორი ასათიანიც მოუკლავთ და ვგონებ მაჭავარიანიცო, იქნებ ცნობილი ქირურგია? რა დიდი დანაკლისია... ვაი, ჩემო საქართველო, ვაი ჩემო სამშობლოვ, თავმოჭრილო და გულში დაკოდილო სამშობლოვ!... და ეს ათასობით დახოცილთა სისხლი და მგლოვიარე საქართველო ვერ დაინახეს ინგლისიდან მოსულმა დელეგატებმა? მართლაც იორგშირის ღორები... სად არის ადამიანობა, სად არის უბრალო პატიოსნება? მარა რა უნდა უთხრა ამ მოსყიდულ ფინიებს, როცა მაკდონალდმაც კი ვერ მონახა სხვა სიტყვა საქართველოს გაჟლეტის დროს გარდა იმისა, რომ განეცხადებია: „ჩემი მთავრობა სცნობს მოსკოვის ხელისუფლებას საქართველოზეო“. ჰო, რა დიდი რაინდობა და ვაჟკაცობაა ეს? რა ღირსება და დიდება შეუნახა სოციალისტურ ინტერნაციონალს?! როცა რეალურათ არაფერი შეეძლო მორალურს გვპირდებოდა, ხოლო ხელისუფალი რომ შეიქნა მორალშიც ჩაგვიფურთხა. ამას ვამბობ არა იმისათვის, რომ რაიმეს მოველოდი მისგან, არამედ იმისათვის, რომ ინგლისის მუშათა მთავრობას თუ სხვა არა იმ პირობებში, თავის გავლენით შეეძლო ტერორის შემსუბუქება მაინც. მაგრამ რას ვამბობ?.. ეხლა ხომ ეს ტერორიც კი გაამართლა ინგლისის სახელით მოვლენილმა დელეგაციამ. ინგლისის მუშათა მოძრაობაში სამარცხვინო სტრიქონათ ჩაიწერება, რომ როცა ქართველი ხალხი იბრძოდა თავისუფლების აღსადგენათ, მაშინ ინგლისის მუშები საქართველოს დამპყრობის მხარეზე იყვნენ და ქართველი ერის დაკვლას ამართლებდენ. ყოველ შემთხვევაში ასე ამბობდენ მათი წარმომადგენლები გუშინ საქართველოში. 

26 დეკემბერი. გრიგოლი ცოტა უკეთაა. ადგა, ეხლა სიცხე აღარ აქვს. თუმც სუსტათაა, მაგრამ უკეთ გამოიყურება. გული თითქო ნორმალურათ აქვს, მაგრამ ვინ იცის რამდენი ხანით... ამან მეც ცოტა გამომაცოცხლა, კარგ ხასიათზე დამაყენა, თუმცა განა ერთის მორჩენა, და თუნდ საუკეთესოს მორჩენა შესძლებს დაჭრილი გულის განკურნებას?!.. [საქართველოში უკანასკნელ ომები დროს ტყვეთ ჩავარდნილა თურმე ერთ-ერთი რუსი მწერალი, გვარი არ იციან, ასახელებენ მხოლოდ მოთხრობა „კომბრიგის“ ავტორათ. ამ მწერალს ულაპარაკნია აგვისტო-სექტემბრის ამბებზე. ის თურმე აღტაცებულია აჯანყებულთა მაღალ მორალურ ღირსებით და ყოველმხრივ მომხიბლაობით. მეორე მწერალს ანდრეი სობოლს კი ტფილისში თავი მოუწამლავს იმ დღეებში. მას განუცხადებია, რომ ეს არის პასუხი იმ მხეცობის წინააღმდეგ საპროტესტოთ, რომელიც რუსეთმა ჩაიდინა ქართველი ხალხის მიმართო. ჭეშმარიტათ ლამაზი დროშაა. ეს იმას ნიშნავს, რომ რუსეთის კეთილშობილი ნაწილი, რუსეთი პროგრესისა და ცივილიზაციისა, ამ ბრძოლაში ქართველი ხალხის მხარეზე იყო. მწერლის წმინდა სისხლი იყიდის თავისი ერის წრეგადასულ ველურობას. ანდრეი სობოლი გადარჩენილა, მაგრამ ის დაავადმყოფებულა. 

27 დეკემბერი. მივღეთ „კომუნისტის“ ძველი ნომერი, 11 ნოემბრისა, ს(ეით) დევდარიანის ფელეტონით. ეკამათება ს(ოციალ) დ(ემოკრატიის) თეზისებს. თუ ვინმეს უნდა გასინჯოს რამდენათ დაცემულა სეით დევდარიანი, აიღოს ამ თეზისების დედანი და წაკითხვის შემდეგ შეადაროს სეითის გარჩევას. იმ თეზისებზე, მისი მთლიანი შინაარსით ასეთი დაფასება და ისიც დღეს, მხოლოდ განზრახ დამახინჯებაში დაინტერესებულს შეუძლია. მე არ მეგონა თუ სეითი ასე დაქვეითდებოდა. სამწუხაროთ კი ეს ასეა. [ნოეს სახლი თურმე არ დაუწვავთ. გადარჩენილა. გულს ცოტა მოეშვა. დავმშვიდდი, ვიგრძენი რაღაც სიტკბო, სიყვარულით სავსე სიტკბოება და წარმომიდგა ჩვენი ნოე, ჩვენი ეროვნული და სოციალისტური სინდისი... რამდენი ვიჯავრე მე ამაზე და რამდენი განვიცადე!.. [იულიამ ამბავი მოიტანა ლიუბა ჩამოდისო. გრიგოლს ჯერ არ ვუცხადებთ, მაინც ავადაა და ვაი თუ მის სუსტ გულზე ამან უარესათ იმოქმედოს... 

29 დეკემბერი. ალექსანდრე ლომთათიძის სიკვდილის ამბავი უფრო დაწვრილებით გავიგეთ. ის ტაშკენტის ციხეში გარდაცვლილა სწორეთ იმავე მდგომარეობაში როგორც პარმენ ჭიჭინაძე. ყველა გადასახლებულები მაშინ დაპატიმრებულები ყოფილან. გეპეუ ამბობს, თურმე, რომ დიდი „სკანდალი“ მოგვიწყვესო. ალექსანდრეს, სწერს ბენედიქტე, თითქო 16 დღე უშიმშილიათ ჩვენებს ტაშკენტის ციხეში. ცხადია ამ საშინელ ზომის შემდეგ მოუვიდა ალექსანდრეს დამბლა. ეტყობა არც სხვებია კარგათ, ანდრო თურმე ავადმყოფობის გამო დაწოლას აპირებს თუ კი იშოვნა უფასო საწოლი საავადმყოფოში. საერთოთ რაღაც დიდი უბედურება მოხდა ტაშკენტში, რომელმაც იმსხვერპლა ალექსანდრე, მაგრამ დაწვრილებით არ ვიცით მარტო ალექსანდრეს უბედურებით გათავდა ყველაფერი, თუ კიდევ არის მსხვერპლი. 

30 დეკემბერი. ლუბა მოსულა მოსკოვში. უკვე გაუცხადეთ გრიგოლს. დამშვიდებით შეხვდა. ალბათ რამოდენიმე დღეში სუზდალამდიც მოაღწევს. მიხარია, რომ ჩამოვიდა. მათ ხომ ვერ მოასწრეს ერთმანეთის ნახვა საქართველოდან ჩვენი წამოყვანის დროს. ლუბა სოფელში იყო. მიხარია, რომ მოდის, მაგრამ შიშითაც კი ვცახცახებ. ჰო, რაოდენ ჩვენთვის უცნობ სამწუხარო ამბებს მოგვიტანს სამშობლოდან!.. შეიძლება ნამდვილი სურათი მომხდარი საშინელებისა ვერც მან გადმოგვცეს, მაგრამ ისიც კი, ის მცირედიც კი რაც მან უნდა მოგვიტანოს, მეტად მწარე და აუტანელი იქნება ჩვენთვის. ეხლა მთელი ჩვენი ლოდინი მის მოსვლაზეა. რაღაც საშინელის გამხელის წინ ყველამ თითქო სული გავტვრინეთ და ვუცდით ბედისწერას... ხვალ, ზეგ მოვა ეს ჩვენი მეგობარი... 

31 დეკემბერი. დღეს უკანასკნელი დღეა 1924 წლისა. კიდევ რამდენიმე საათი და ისიც დაიმარხება წელთ აღრიცხვის დიდ სასაფლაოში. სიძულვილით და თითქმის გაბოროტებული ზიზღით ვაცილებ მე მას, მაგრამ ამ ჩემთვის საძულველ წელში რჩება მთელი ჩემი სიყვარული, ჩემი ქართული, ჩემი ამხანაგური გრძნობები იმათდამი, ვინც მზრიდა და ვისთანაც ვიზრდებოდი, ვინც ჩემი იყო სულით-გულით და ურომლისოთ აწინდელი ჩემი სიცოცხლე მხოლოდ ნახევარი, გატეხილი სიცოცხლე იქნება. ჰო, წყეულიმც იყავი შენ 1924 წელო, ჩემი სამშობლოს უმწვერვალესო გოლგოთა, საქართველოს სულის ჯვარზე გამკვრელო საშინელო წელო. რა გიწოდო შენ, რა დაგარქვა შენ, როგორ მოგნათლო მე შენ, სად არის ის სიტყვა, რომელიც გამოთქვამს შენს შინაარსს, სად არის შეძლება, რომ წარმოიდგინო და შემდეგ როგორმე დახატო შენი საარაკო, არ ნახული, რაღაც მახინჯი, მაგრამ ამ სიმახინჯეშიც კი მომხიბვლელი სახე?.. მე ვერ გახსენებ შენ 1924 წელო, ისე რომ გული არ ამიძგერდეს და რომ არ ავტირდე მე? რა დაგარქვა რა, მე შენ: სიმკაცრე, ველურობა, საშინელება?.. არა, არა, ეს არ არის საკმარისი შენთვის, ადამიანს ჯერ არ უთქვამს ისეთი სიტყვა, რომ შენი სახელისთვის გამოდგეს ის, რადგან არც შენებრი საქმე გაკეთებულა ჯერ, რომ მას განსაკუთრებული სახელი დასჭირებოდეს. და რამდენათ არ მძულხარ, რამდენათ არ მეზიზღები ჩემი სამშობლოს გამაუბედურებელო წელო, ჩემი სიყვარულის დამლეწაო ქარიშხალო, იმდენათვე მიყვარხარ შენ და ვერასოდეს, ვერასოდეს ვერ დაგივიწყებ მე შენ, როგორც ვერ დაგივიწყებს შენ ვერც აწინდელი და ვერც მომავალი საქართველო. ჩემი სისხლით ხარ შენ მაძღარი და ჩემი სისხლითაა დაღრუბლული შენი სამას სამოცდა ექვსი დღე, ჩემი საქართველო შენ გაიხადე შენი გრიგალით დასალეწ ტყეთ და აგვიკაფე ალერსითა და სიყვარულით ნასათუთევი ჩვენი ქართული ბაღნარები... შენ, შენ წაასვენე იმდენი კუბოები ჩემი კარმიდამოდან, რამდენიც არ წაუღია ამ საუკუნის ყველა შენ წარსულ სათვალავებს... და ჩემი სიყვარულიც ამ კუბოებს გამოყვა. საქართველოს ნახევარი გული შენ დაგრჩა მარადიულათ და ასევე მარადიულათ ყოველი აწინდელი საქართველო შენთან უნდა იქნეს ფიქრით, რადგან საქართველოს ფიქრებიც შენი შავი და სუსხიანი ფრთების ტრიალში მოყვა და ღრუბლებივით დახლეჩილი ჩვენი მთების მწვერვალებს შეეფარა. რაც უნდა მძულდე მაინც უნდა მიყვარდე, რადგან ჩემი დიდი სიყვარულის სასაფლაო შენა ხარ, შენ საქართველოს დამღუპაო, საქართველოს გამჟლეტო 1924 წელო. გაორებულია ჩემი გული შენდამი: მძულხარ და მიყვარხარ, მიყვარხარ და მძულხარ. როგორ შემიძლია მე სულ შეგიძულო შენ, დაგივიწყო შენ, მოგშორდე მე შენ! უსულოთ ხომ ვერ წავალ მე და ჩემი სული კი შენს ხელშია, შენ გიპყრია საქართველოს შავო, ქართველი ერის გამაუბედურებელო 1924 წელო. მაგრამ მე უნდა შეგიყვარო სულ შენ, რადგან გაორებული სიყვარული არ შეუძლია ქართულ გულს და მინდა მიყვარდე, ისე მიყვარდე როგორც მიყვარს საქართველოს მაისი... როდის, როდის იქნება ამ სიყვარულის გამრთელება? მინდა, მინდა დღესაც მიყვარდე ისე, როგორც უნდა მიყვარდე, მაგრამ როგორ, როგორ შეგიყვარო მე?.. ჰო, რომ ჩამომევლო ყველა კუბოები, რომელიც შენ წაიღე ჩემი კარმიდამოდან, იქნებ მართლაც მყვარებოდი მე შენ, მაგრამ ჩემს კუბოებს, ჩემს საფლავებსაც რომ არ მანებებ მე შენ? შეგიძულო? ვერ შეგიძულებ, რადგან ჩემი სიყვარული კუბოებში გისვენია შენ და რარიგ არ მსურდეს მაინც ვერ მოვახერხებ მე მათ დახსნას შენი შავი, შხამიანი კლანჭებიდან. ამ კუბოებთანაა ჩემი სიყვარული, ჩემი ცრემლი, ჩემი ქართული, მეგობრული, ამხანაგური გრძნობები. და ამისთვის მიყვარხარ მე შენ და შენთანვე რჩება მარადიულათ ჩემი სიყვარული... თითქო რაღაც საშინელი ხარხარი მესმის მე შენი 1924 წელო! განა დამცინი, რომ დამიმორჩილე, დამამარცხე, ხმალი გადამიტეხე? ვერ გამიბედავ შენ ამ დაცინვას, შენ თვით ცახცახებ შიშით, როცა გინდა დაცინვა და ჩემი გაკილვა... ჰო, არასოდეს, არასოდეს ისეთი შეიარაღებული არ ვყოფილვარ მე, როგორც აი ეხლა ვარ, შენი სიკვდილის, შენი აღსასრულის უკანასკნელ წუთებში... მე კუბოების დროშა მაქვს ხელში, ათასობით კუბოების დროშა ხელში, და დედამიწიდან მოისმის კვნესა ცოცხლად დამარხული საქართველოს სულისა და მე ვიცი, რომ შენ ეს კვნესა შიშის ზარს გცემს და შურისძიების მოახლოვებაში, როგორც მონა და მხდალი დესპოტი ცახცახებ კიდეც. შენ ააკვნესე საქართველო, მაგრამ ვერ მოკალი საქართველო, შენ აატირე საქართველო, მაგრამ ნატრობ, რომ ტირილიც არ გესმოდეს მისი. აბა შეხედე, შეხედე შე პირშავო რაოდენი კუბოების დროშა მოსჩანს საქართველოში და აბა გაუმაგრე თვალი, აბა იმედი გაივლე გულში, რომ შენ გიშველის ეს კუბოები. არა, შენ იჭვები გჭამს, შენ საქართველოს კუბოები შიშით მოგსერავს, შენი საფლავი უმალ გაითხრება, ვიდრე ეს კუბოები დაუტირალი ჩავიდოდეს ქართულ მიწაში... უკვე რეკენ სამგლოვიარო ზარები და მიაქვთ, მიაქვთ ათასობით ქართული კუბოები, შიგ ჩაჭედილია ქართული სული და მე ვიცი შენ ცახცახებ, შენ შფოთში ხარ მომაკვდავო 1924 წელო, რადგან ვისაც ჩვენი სიკვდილით შენ მიანიჭე სიცოცხლე, ამ კუბოებს ის ვეღარ გადაიტანს და შენგან ჩვენთვის გათხრილი საფლავი შენი მახინჯი ნაბიჭვარის საუკუნო და სამარცხვინო განსასვენებელი იქნება. ამ კუბოებით აღსდგება ერთ დღეს საქართველო და ქართული სისხლით გამძღარი სვავის გული ვერ გადაიტანს ერის რისხვას. წელთაღრიცხვის ახალი სათვალავი ერთ დღეს აალაპარაკებს ამ უთვალავ საფლავებს და მაშინ დამუნჯდება შენი უდღეური პირმშო 1924 წელო, რომელსაც ჩვენი სიმუნჯით ვითომ მეტყველი ენა გამოაბი. დეე, ამ დღემდე ვიყვე მე ორი გრძნობით შენდამი1924 წ. – მიყვარდე და მძულდე კიდეც, მიყვარდე რადგან შენს გულში ასაფლავია კუბოებით ჩემი სიყვარული და მძულდე, რადგან ძაძებით შემიმოსე სიხარული და სამუდამოთ მომიკალი ჩემს ჭერქვეშ სრულად ტოლ-ამხანაგებთან ერთად დაბრუნების ოცნება... მაგრამ მე მაინც მიყვარხარ, უფრო მიყვარხარ, ჩემი სიყვარული მუდამ შენთან იქნება, რადგან ვერასოდეს ვერ წაგართმევ შენ ჩემს კუბოებს, შენ მუდამ იქნები ჩემი სათაყვანო, რადგან შენს სათვალავში გადაუტყდა ტარი ქართულ ხმალს და ათი ათასობით ქართული გულები სამშობლოს ხატის სამლოცველოს წინ წმინდა სანთლებივით დაიწვა. ამ გულების ფერფლი შენს ყუთშია, კუბოები შენს სისხლიან გვირგვინს წნავენ და რადგან ამ ფერფლში და კუბობში მთელი ჩემი სიყვარულია, ამისთვის ჩემ დამწუხრებულ გულზე მარადის იქნება ამომწვარი შენი სახელი – „1924 წ.“... 

1 იანვარი 1925 წელი. სუზდალის საპყრობილე. ლეო რუხაძე. ძლივს მოვიშორე წყეული – 24 წელი, რომელთანაც მთელი ჩემი სიყვარული დამრჩა, მაგრამ მაინც მინდოდა მოვშორებოდი მას, მაინც მინდოდა მიჯნა გამევლო მასთან. ძლივს ამოვისუნთქე, ახალს ვხვდები და მინდა ისეთი შეხვედრა მოვაწყო როგორც ძველათ, როგორც ჩვენში, როგორც საქართველოში... მაგრამ ამაოა ცდა! რუსეთის ყინვაზე განა შეიძლება ქართული კოცონის გაჩაღება და ქართული უზადო სიცილის გულიდან აღმოხდენა?.. ვიცი, ვიცი რომ არ შეიძლება. სიცილით, თვით საქართველოშიც აღარ იცინიან ეხლა. სისხლიანი 24 წლის ლანდები მომავალ ახალ და ჯერ უმანკო წელსაც კი ჩრდილავენ. დიახ, მხოლოდ გულში გავივლე რომ ახალი წელი იყო, რაღაც ძველმა მოგონებებმა მოინდომეს კვლავ საახალხწლოთ განახლება, მაგრამ ეს წუთები ისევ დაიფარა ჩვენი ეხლანდელი შავი ფიქრებით. ხელები ჩამოუშვი, მოწყენილათ ავათვალიერ-ჩავათვალიერე ჩვენი საკანი. დავინახე იგივე ყოველდღიური სურათი: მაგიდა წიგნებით, ორი ღერი ფიცარი ლოგინათ, იქვე პირსაბანი და აქეთ-იქით მიყრილი საქართველოდან მოყოლილი ჩვენი ხაბაკები. რა მაქვს აქ საახალწლო?! შემიძლია მხოლოდ ვიოცნებო, მოვიგონო წარსული, ფიქრებით გავფრინდე საქართველოში... მაგრამ ეს ფიქრებიც კი მხოლოდ მოგღალავს და ისევ და ისევ გუშინდელ კუბოებთან მიგიყვანს... ჩვენი მეზობლები, რუსი პატიმრები, ემზადებიან საახალწლოთ, არ იძინებენ, ხმაურობენ. ჩვენ კი თითქო არაფერი მომხდარა დანიშნულ დროზე ვაქრობთ ლამფას და ვწვებით. 

– გძინავს გრიგოლ? – ვეკითხები ცოტა ხნის შემდეგ ჩემს მეგობარს. 

– არა, არ მძინავს. 

– გესმის როგორ ემზადებიან რუსები საახალწლოთ? 

– მესმის, ბედნიერი ხალხია, რა აქვთ სადარდო. 

– ნეტავ როგორი ახალი წელია ეხლა საქართველოში? 

– ალბათ ისეთივე, როგორიც ჩვენ გვაქვს აქ... 

– მე მგონია კიდევ უფრო უარესი, საქართველოში უფრო საგრძნობი იქნება ჩვენი უბედურება... 

– ენით ვერ იტყვი ამაზე, უნდა იფიქრო... 

ხმა გავკმინდე, ერთმანეთს აღარ დავლაპარაკებივართ, არ დამეძინა, რაზედ ვფიქრობდი? ყველაფერზე და ეს ყველაფერი საქართველო იყო, რაზედ ვსტიროდი? ყველაზე და ყველაფერზე. და ეს ყველაფერიც საქართველო იყო. 12 საათზე შეიქნა ციხეში ხმაურობა. სარკმლებიდან გაისმის მილოცვები. არც ჩვენ გვცემს ხმას არავინ და არც ჩვენ ვუპასუხებთ. იციან ჩვენი სევდის ამბები. თითქო ლოდი მომშორდა გულზე როცა გადავცდით თორმეტ საათს, მაგრამ რათ ვსტირი კიდევ უფრო? მხოლოდ იმისთვის, რომ არ მინდოდა იმასთან დაშორება, ვისთანაც მთელი ჩემი სიყვარული დავასაფლავე... და მთელი ღამე ასე ვიყავი... რამდენჯერ მინდოდა კიდევ გამეღვიძებია მეგობარი, მაგრამ მისი სიტყვები ჩამჩურჩულებდნენ: „ენით ვერ იტყვი, ამაზე უნდა იფიქრო“... 

2 იანვარი. დღეს მოვიდა საქართველოდან ლიუბა. გრიგოლს დაუძახეს ნახვაზე. ორი წლის განმავლობაში რუსეთის ციხეებში ყოფნისას, მას ეს პირველათ მოდის საქართველოდან მნახველი. ცოტა აღელდა. წავიდა. თვალი გავაყოლე ფანჯრიდან, საკომენდანტოში შეიყვანეს. დღეს ერთი საათი გაგრძელდება ნახვა. ეს ერთი საათი ჩემთვის საუკუნე იყო. მინდოდა უფრო მოახლოვებულიყო გრიგოლის დაბრუნების დრო. თანაც მეშინოდა ამ დაბრუნების. ვცახცახებდი, ახალი, მოულოდნელი უბედურების მოტანის შიშით. წინასწარ ხომ ვიცოდი კარგს არას მოგვიტანდნენ, მაგრამ განა ახლად არ უნდა განიცადო ასჯერ უფრო მგრძნობიარეთ ის უბედურება, რომელზედაც დღემდე მხოლოდ მკრთალი წარმოდგენა გქონდა და დღესაც თუმც ვერ გაიგებ სავსებით მის შინაარსს, მაგრამ ძველს და ცნობილს ზოგი რამ ახალი მაინც მიემატება, ცრემლების მატიანე ახალი კაეშანით დაიტვირთება და ასე დაუსრულებლათ: დღიდან დღემდე, კვირიდან კვირამდე, თვიდან თვემდე სათითაოთ უნდა აგროვო ციხეში შემოპარული ცნობები შენი გაუბედურებულ სამშობლოზე და ამ მოპარულ და ყურმოკრულ ცნობებით უნდა შესძლო აღდგენა ნამდვილი სურათის. მშობელი ერის ტრაღედიისა. ამ მხრით შეიძლება ჩვენ ყველაზე უბედური ქართველები ვიყვეთ. ათეული წლები რომ შევსძლო ატანა ამ ტყვეობისა და ციხისა, ამ ათეულ წლებშიდაც კი შეუძლებელი იქნება ჩვენთვის არა თუ გამოგლოვა, არამედ ოდნავ მაინც განელება ეხლანდელ მწუხარებისა! ჰო, მე არ ვამბობ მართლაც გამოგლოვაზე! რომელ ქართულ გულს შეუძლია გამოიგლოვოს ის, რისიც დატირება საუკუნეებს არ შეუძლია? მაგრამ ოდესმე ხომ უნდა განელდეს მაინც ადუღებული ცრემლი, ოდნავ მაინც უნდა დაწყნარდეს სევდისაგან სასიკვდილოთ აძგერებული გული! და ვაი რომ ჩვენთვის ასეთი ოდნავი დაწყნარება და სევდის განელებაც კი შეუძლებელია. რომ გამოიგლოვო დაკარგული ჯერ უნდა დაჰკარგო, რომ იტირო ბოლომდე და გული შეიჯერო უნდა გესვენოს საყვარლის კუბო და ხედავდე საფლავისკენ გამგზავრებულ სატრფოს, ჩვენ აბა რა ვიცით ვინ მოკლეს, ვინ დარჩა, ვინ ეწამა, ვინ ტყეში გაიჭრა და ვინ უგზო უკვლოთ დაიკარგა! ვიცით თითო ოროლა, ვმარჩიელობთ, ვიგონებთ ამას თუ იმას, მტრის ცნობებიდან გამოგვყავს ნავარაუდევი ჯამი და ასე დაუსრულებლათ, ყოველ დღე, ყოველ კვირაში, თვიდან თვემდე და ალბათ თვით წლებიც კი ამ ძიებაში გვატარებს ჩვენ, რადგან ჯერ უნდა გავიგოთ, ჯერ უნდა სავსებით შევიგრძნოთ და გლოვაც მაშინ დავასრულოთ, როცა გვეცოდინება ვინ და რამდენი გვყავს საგლოვი. დიახ, დიახ, ყველაზე უბედური ქართველები ალბათ ჩვენ ვართ ამ მხრით, ჩვენ დაუსრულებლათ უნდა ვეძებოთ ჯერ სინამდვილე და ამ ძიებაში ვერ მოისვენებს ჩვენი გული, არ მოგვშორდება სევდა წყეული, ვერ გაიღიმებს ჩვენი ბაგენი. იჭვები, იჭვები და იჭვების ლანდებში უსაზღვრო სევდა დაკარგულ თანამემამულეებზე... ამისთვის მეშინოდა მე დღეს, ამისთვის ვცახცახებდი ახალი ცნობების მოლოდინში. დაბრუნდა გრიგოლი. თითქო დაღლილობა ეტყობა. ვითმენ, მაგრამ ვერ მომითმენია, მალე მინდა გავიგო რა სთქვა, რა მოგვიტანა, ვინ უნდა ვიგლოვოთ, ვის ვეღარ ვნახავთ... – გრ. ურუშაძე დაუხვრეტიათ – ცოტა ხნის შემდეგ პირველი ამბავი გადმომცა გრიგოლმა. ისარივით მეცა გულში. სრულიად მოულოდნელიც იყო ეს ამბავი. ექვსი თვით ადრე ციხეში ყავდათ, არც დახვრეტილთა სიებში გამოუცხადებიათ. იჭვიც არ შემდიოდა, მეგონა ცოცხალი იყო. უბედური გრიშა, რა დარდიმანდი, ერთგული და სიცოცხლით სავსე კაცი იყო... და გააგრძელა უბედური ამბების უბედური მოთხრობა... რა უნდა დავწერო, როგორ უნდა მოვიგონო, სადა მაქვს იმდენი შეძლება, რომ ყველა ეს გულში ჩავტიო და კალმით ქაღალდზე გადმოვიღო... „მაგა საქმესა ვერა იქმს ვერცა კალამი წერასა“... 

3 იანვარი. „კომუნისტში“ ვრცელი ანგარიშებია სოფლის პარტუჯრედების წარმომადგენელთა თათბირის შესახებ. საინტერესო ცნობებია. მთელი სიდუხჭირე დამპყრობელთა ხელისუფლებისა და ქართველი ერის აბსოლუტური უუფლებობისა მოსჩანს ყოველ სიტყვაში. რაზედ გინდა, რომ აქ არ იყვეს ლაპარაკი. ეს არის სურათი ხელისუფლების სრული პროსტრაციისა, მისი გაყერყერებისა, გარიყვისა, ხალხისაგან განცალკევებისა. აქ არის ისეთი შედევრები გულახდილობისა, როგორც ერთი დელეგატი ამბობს „გლეხები აბა რას გაგვიბედავენ, კომუნისტები თოფგადაკიდებულები დავდივართო“, ანდა „თვითდაბეგვრაზე“, როცა თვითონ დასცინიან: „როცა გლეხი ხელის აწევით სწყვეტს რამეს, ეს არ გამოხატავს მის ნებისყოფას, ეს ჩვენს პირობებში ძალდატანება არისო“. და განა ეს თვითგაროზგვა არ არის? ერთი ვკითხოთ ამ ვაჟბატონებს როგორ ახდენენ არჩევნებს საბჭოებში? განა ხელის აწევით არ ხდება ეს და ისიც არა ისე, რომ ჯერ იკითხონ ვინ არის მომხრე, არამედ „ვინ არის წინააღმდეგიო“. რა გამანადგურებელია ეს აღსარება თვით დამპყრობელთაგან, რომელნიც აქარწყლებენ თავისივე ლეგენდებს და გულახდილათ ამბობენ: „საბჭოთა ქვეყანაში ყველაფერი ძალდატანებაზეა აგებული, აქ თვით ე. წ. „ნებაყოფლობაც“ კი მხოლოდ გარეგნულათ უშნოთ დაფარული ძალდატანება არისო“. მოხსენებებიდან ირკვევა, რომ საქართველო საშინელ ეკონომიურ და კულტურულ განადგურებას განიცის. ხალხი გაღატაკებულია, ყველაფერი დანგრეულია, სკოლებში არ არის მინები, დგამები, წიგნები, რვეულები, მოწაფეები და მასწავლებლობა შემოხეულ შემოგლეჯილია. ხალხს ისეთი გადასახადი აწევს, რომ წელში იზნიქება, გლეხებს არბევენ, მთავარ სულს აცლიან. ეს თათბირი სავსებით ააშკარავებს ქართული სოფლის მძიმე მდგომარეობას... 

5 იანვარი. გრიგოლი ნახვებზე ლუბას ქართულათ ელაპარაკება. იმდენათ შეუთვისებია ქართული, რომ თავისუფლათ საუბრობს თურმე. მართალია კილო არ ექნება ქართული და თან ზოგიერთი ენის თავისებური გამოთქმები უჭირს თურმე, მაგრამ საუბრობს სრულიად გასაგები ქართულითო. უკრაინელი ქალი ქართულს სწავლობს, მის მეორე სამშობლოს – საქართველოს ეტყვისება. რა მადლიერია ჩემი ქართველური გრძნობა და უსაზღვრო სიყვარულითა და პატივისცემითაა გამსჭვალული მისდამი!.. ემდურის თურმე მის ქართველ თანამოსამსახურეებს: ნაკლებათ ლაპარაკობენ ქართულათ და ვერ ვვარჯიშობ, რომ კარგათ გავიმართო ენაო. რა სამწუხაროა ეს მოვლენა! ის ქართველი მოქალაქე, რომელიც დღევანდელ ჩვენ ისტორიულ პირობებში არ აღიკვეთს ჩვენი დამპყრობი რუსეთის ენას და ვერ ამაღლდება იმ სიამაყემდე, რომ მისი ქართული ყველაზე ძვირფასია – ასეთი ქართველი ჯერაც არ არის მორჩენილი საქართველოში შემოპარულ გადაგვარების სენისაგან. სეითას ამბავს მოყოლია ლიუბა ქართულათ და უთქვამს: „ასე შემოგითვალენ, მე რომ დავჯედი იმ პლატფორმაზე დაჯედით თქვენცო“. გრიგოლი იცინის ამ გამოთქმაზე, სეითის პლატფორმაზე მართლაც ჯდომა, ან დაწოლა შეიძლება, იქ დადგომა და მოქმედება არ შეიძლებაო. ასეც შეუთვალეთ. მართლა, სეითი შეუდგა ახალ ფელეტონების ბეჭდვას. ჯერ ორი წერილი მივიღეთ. არკვევს სეითი საით მიდის ბოლშევიზმი: სოციალიზმისკენ თუ კაპიტალიზმისკენ. ჯერ-ჯერობით ქარბუქივით ამოყარა უთვალავი ციტატები. მოდი და გაუმაგრდი ნამდვილ სოცილიატურ „სახარებებიდან“ ამოღებულ ტექსტებს! ჯერ არ ვიცით რას დაამტკიცებს, მაგრამ ისე ეტყობა, რომ ვგონებ უნდა მოუნახოს ბოლშევიზმს გამართლება და ის პროგრესიულ მოვლენათ აღიაროს. რა უნდა უთხრა ისეთ პოლიტიკოსს, რომელიც ბოლშევიზმის სიკვდილის შემდეგ ასეთ რამეს იკისრებს... „აზრნი შენნი შენვე გგვანან მტყუანსა და შენ აგეთსა“... 

6 იანვარი. საქართველოში უჩვეულო ზამთარი დადგა. გაზეთების ცნობით დიდი თოვლი მოვიდა და ყინვებიც 19–20 გრადუსამდე ადის. იშვიათად თუ ახსოვს საქართველოს ასეთი საშინელი ზამთარი. ეს დიდი ეროვნული უბედურებაა. ასეთი ყინვები მოსპობს ბაღებს, ვენახებს, გაანადგურებს საქონელს. თოვლისაგან მატარებლებიც კი გაჩერებულა. ასეთივე ზამთარი დამდგარა ადერბაიჯანში, ბაქოში თოვლს მოძრაობა და წარმოება შეუჩერებია. 

7 იანვარი. გავეცანით კოტე ანდრონიკაშვილის და სხვების ჩკაში დაწერილ პლატფორმას. დაუჯერებელია, მაგრამ ირწმუნებიან, რომ ეს პლატფორმა მართლაც მათ დაწერესო. რა შეუსაბამობა, წინააღმდეგობა, აზრთა ხტომა, გაუგებრობა და ბოლოს სრული შეუგნებლობა პასუხისმგებლობისა ახასიათებს ამ დოკუმენტს. ამის დამწერს ან არ გაეგება რა ხდება ქვეყანაზე და განსაკუთრებით მათ მიერ თემათ აღებულ რუსეთში, ანდა კარგადაც გაეგება და არაგულწრფელათ წერს. განა შეიძლება ასეთი აზრი გამოსთქვა პარტიაზე, ერზე, ეხლა მომხდარზე და თვით თუნდ ისეთ საკითხზე როგორც მუშათა საკითხია? ამ დალოცვილებს ეთქვათ, რომ ყველაფერს თავს ანებებენ, რომ შეცდომათ მიაჩნიათ თვით არსებობაც კი და ეთხოვათ ის რაც უნდათ, მაგრამ რა შუაშია აქ საქართველოს საკითხის ასე დახურდავება, პარტიის ერთი დაკვრით გაქარწყლება, კომუნისტური ოლიგარქიის უცბათ დემოკრატიათ მონათვლა, ყოველ დარგში სამოთხის აღმოჩენა და ყველა ამასთან პრეტენციოზული წინასწარმეტყველება და სხვა. პირადათ მე არ მჯერა, რომ ეს ჩვენი ამხანაგების დაწერილია, ამ იჭვს აძლიერებს ჩეკისტ ბერიას მეშვიდეთ მიდებული ხელი. ამ დოკუმენტით გავიგეთ, რომ გრ. ცინცაბაძეც ყოფილა დაპატიმრებული, მაშასადამე ისიც დაბრუნებულა ევროპიდან. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ამ ამხანაგების საქმე არ არის სწერონ ასეთი, ან სხვაგვარი პლატფორმები. მათ აქვთ ისტორიული წარსული. ისინი ხელმძღვანელობდენ უკანასკნელ საერო აჯანყებას და ის რაც გააკეთენ უნდა დაასრულონ კიდეც. თუნდ ამან მათი სიცოცხლის გაწირვაც მოითხოვოს. ამას ავალებს მათ სოციალისტური და ეროვნული ინტერესები. 

8 იანვარი. საკვირველი ხალხი იყრის თავს ამ ინგლისის მუშათა პარტიაში. ერთად თავსდებიან მაკდონალდ – სნოუდენი და პერსელ – ბენტილეტები. ეს ხომ კარგათ დავინახეთ ჯერ კიდევ გუშინ პერსელის გამოსვლებიდან. დღეს ამავე პარტიის ერთ-ერთი დეპუტატი – სუსანა ლაურენსი – მიდგომია ესტონიას და ძალღონეს არ შურავს მის გასაშავებლათ. ეს ქალბატონი შარშან ზაფხულზე რუსეთში იყო და აქ ვერაფერი ცუდი ნახა, პირიქით აღტაცებული იყო რუსეთის წყობილებით. ეხლა კი დემოკრატიულ ესტონიაში გამოდგარა და საქვეყნოთ ისტერიკას ეძლევა – ესტონეთში დემოკრატიული სასამართლო არ არის, საველე სასამართლოებში მიცემულთ სათანადო, მათთვის ჯეროვანი დამცველები არ ყავთო. შეიძლება მართლაც ასეა ეს და ძალიანაც ცუდია, მაგრამ ამ ქალბატონს სად ქონდა თვალები და სმენა, როცა რუსეთში იყო? თუ, ყველაფერი ის, რაც სხვაგან დაუშვებელია რუსეთისთვის კანონია და ინგლისელი მუშაც მოვალეა ეს უკანონობა დაფაროს და გაამართლოს? ვფიქრობ და ვერ მიფიქრია რა აიძულებს ამ ინგლისელ მუშების ეხლა მოვლენილ წარმომადგენლებს ილაშქრონ პატარა ერების წინააღმდეგ. შეგნებული იმპერიალიზმია ეს, თუ შეუგნებელი კრეტინიზმი? 

9 იანვარი. ბრიუსელში სოციალისტური და ამსტერდამის ინტერნაციონალების აღმასკომების კონფერენცია გაიმართა. უნდა მოსულიყო პერსელი, მაგრამ თითქო ლამანშში ზღვის ღელვის გამო ვეღარ გამოვიდა. რაღა მაინცა და მაინც პერსელი ვერ გამოეტია ლამანშში და სხვა ინგლისელი დელეგატები კი მოვიდენ? კონფერენციაზე კვლავ დაისვა საქართველოს საკითხი, გამოვიდა წერეთელი, დანი, ვარდერველდე და სხვები. მთავარ კითხვათ იდგა ინგლისელ ტრ. უნიონების დელეგაციის მოქმედება რუსეთში და საქართველოში. ამ კრიტიკას თომ შოუც შეერთებია უფრო ზომიერი კილოთი, მაგრამ მოუთხოვია მისი გადადება, პერსელის მოუსვლელობის გამო. მოსკოვი სიხარულით ფეხზე არ დგას, წერეთელი დამარცხდაო. რუსული გულით ხარხარებს. ეტყობა მწვავეთ იდგა ინტერნაციონალში პერსელის მოქმედების საკითხი. ეს საკითხი ჯერაც არ გათავებულა. საქართველო ვერ იქნება იმ ინტერნაციონალში, რომლის წევრათ პერსელი დარჩება. ის გაიძვერები, რომელნიც ასე ურცხვათ აფურთხებენ ქართველი ხალხის საუკეთესო შვილთა სისხლს, ვერ იქნებიან ჩვენი ამხანაგები. საქართველო დამარცხდა დიდ ვეშაპთან ბრძოლაში, მაგრამ საქართველო არ გამტყუნებულა, მას სასირცხო არაფერი მიუძღვის, ის თავის დამარცხებაშიც კი ღირსეული სოციალისტური დროშის ქვეშ სდგას. 

10 იანვარი. საქართველოს და ქართველ ხალხს უსამართლობა რომ გვჭირს აბა ეს ახალი ამბავი ხომ არ არის. მაგრამ ამ დასაქცევ უსამართლობაში და უბედურებაში მაინც ვიყვეთ სხვებთან გათანასწორებული. აი მაგალითათ, ჩვენს ციხეში ყოველ პატიმარს აქვს კვირაში თითო ნახვის უფლება. ხშირათ ჩამოდიან მათთან ნათესავები და ორი-სამი თვის ნახვას ერთად აძლევენ, ე. ი. მთელი კვირა ნახულობენ, ყოველდღიურათ თითო, ან ორ-ორი საათობით. ჩვენ აბა ვინ უნდა მოგვივიდეს საქართველოდან. ვის აქვს იმოდენი შეძლება, რომ ამ ათას ვერსებზე იმოგზაუროს. იულია თუ ჩამოვა ზოგჯერ, რადგან მოსკოვშია, თორემ საქართველოდან სტუმრობა ჩვენთვის ძალიან იშვიათია. ამ მხრით ლიუბას მოსვლა ხომ მთელ ეპოქას შეადგენს აქ, სუზდალში დატყვევებულ ქართველებისათვის. გრიგოლს არა თუ რუსეთის ციხეებში ყოფნისას, არამედ თვით საქართველოდან წამოყვანის დროსაც კი არ უნახავს ცოლშვილი. და მთელი სამი წლის შემდეგ ეხლა როგორც იქნა მოახერხა მოსვლა ლიუბამ. ალბათ ბევრიც დაუჯდა აქ მოსვლა და დიდი ტანჯვაც გადახდა თავზე. და მთელი სამი წლის განმავლობაში უნახველს მისცენ მხოლოდ 6 საათი. დაცინვაა ეს აბა რა უნდა იყვეს. და სწორეთ იმათ, აი ამ დღეებშივე, ვინც ყოველთვიურათ დადის აქ სანახავათ, აქვთ ექვს-ექვსი და კიდევ მეტი ნახვის საათები. ჩვენთვის რუსი პატიმრების უფლებებიც კი არ ემეტებათ. ეს ექვსი საათი უკვე გაუთავდა ლიუბას, ნახვები მორჩა, მაინც იცდის, იქნებ კიდევ მივიღო ახალი ნებართვებიო. დღეს ქონდათ უკანასკნელი ნახვა და ცოტა დღვრემილი დაბრუნდა გრიგოლი. ადვილი ასახსნელიც არის. მან გუშინ ანდერძი დასწერა. ალბათ უთხრა ეს ლიუბას. „ანდერძი კაცს არ კლავსო“ ამბობს ის. ეს ანდერძი უფრო პოლიტიკური ხასიათისაა. თავის თავად აბა რა არის ანდერძის დაწერა, რა უნდა შესცვალოს მან, მაგრამ მე მაინც გული მეტკინა, ვიგრძენი რაღაც გაურკვეველი შიში. ანდერძის ერთ-ერთ აღმასრულებლათ მეც დამასახელა... დღეს საღამოს ვხუმრობდით, იქნებ აღმასრულებელს დაუდგეს უფრო მალე აღსასრული-თქო... რა იქნება ამაში მოულოდნელი ამ დაბნეულ და მოულოდნელობით აღსავსე დროში!.. 

კაი ხანია ვუკვირდებოდი აქედან გ. ქუჩიშვილის საქციელს. მეგონა მისი თანამშრომლობა ოკუპანტების პრესაში უბრალო შეგუება იყო. მწარეთ მოვსტყუვდი. ქუჩიშვილმა მიაფურთხა ქართველი მუშების ჯერაც პირწაუმშრალ საფლავებს და გადააბიჯა სამშობლოსათვის თავგანწირულ გმირთა გვამებს. ის დღეს ხოტბას და გალობას უგზავნის საქართველოს დამპყრობ ლენინის რუსეთს. ყველა მოღალატეზე საზიზღარია მოღალატე მწერალი. მწერალს ყველაფერი ეპატიება, მაგრამ თუ ის მშობლიურ ნიადაგიდან უცხო ნაკვალევს მიყვება და ეროვნულ რენეგატობას აპირებს, ასეთი მწერალი ქვით ჩასაქოლია. ჩემთვის ქუჩიშვილი მკვდარია. მან თავის სხეულთან ერთად სულიც გაალოთა და მასავით ლოთ რუსეთს მიყიდა. ჩემთვის, რუსეთის ტყვეობაში მყოფ ქართველისათვის, ერთად-ერთი მოვალეობაა ასეთი რენეგატები საკმაოთ და ღრმათ მძულდეს... რა ამასთან მოსატანია, მაგრამ მისი წერილიც გუშინ წავიკითხე. ეს შალვა ნუცუბიძეა. არჩევს ს. აბაშელის ნათარგმნ პლეხანოვის წიგნს ხელოვნებაზე. და თურმე იმდენათ დაძირულა ეს უბედური, რომ ეხლა აბაშელის პატრიოტიზმსაც კი აფურთხებს. ეხლა ვნანობ, რომ როცა შეძლება გვქონდა, შალვა ნუცუბიძეც ვერ დავასაფლავეთ არალეგალური პრესის საშვალებით. თუმც ის 1921 წ. უკვე საფლავში დევს. მაგრამ მაშინ სიფრთხილე დავიჭირეთ, გვეგონა მართლა „მიატოვა პოლიტიკა“ როგორც თვითონ აცხადებდა, გვეგონა შეინანია ის დიდი დანაშაული, რომელიც მან თედო ღლონტთან ერთად ჩაიდინა ერის წინაშე დაპყრობის დროს... 

11 იანვარი. საქართველოში მიწისძვრა იყო. ცენტრი ახალციხის მიდამოებში ყოფილა. გორის აჩრდილმა ალბათ შეაშფოთა მთელი ერი. და მართლაც ვის მართებს ამ მხრით სიფრთხილე და შიში თუ არა საქართველოს. თავისუფალი რომ ვიყვეთ და ჩვენს თავს ვეკუთვნოდეთ განა ამ კატასტროფების მოლოდინში ასე უნდა ვიყვეთ თავმინებებული? აგერ იაპონია რა ზომებს არ იღებს, რომ მიწის ძვრის დროს მას ნაკლები ზარალი მოუვიდეს. ჩვენში კი სეისმიურ მდგომარეობასთან შეფარდებით შენობების უბრალო ტიპებიც კი არაა შემუშავებული და ამაზე არავითარი კანონმდებლობაც კი არ არსებობს. საჭიროება კი უდიდესია. ჩვენ თუ არ გვაქვს ამაზე საფიქრებელი, აბა სხვა ვის უნდა ქონდეს, რუსეთის ველებში ხომ არ არის მოსალოდნელი ასეთი სტიქიური უბედურებები. 

12 იანვარი. ტფილისის გაზეთებში კახიანის ფელეტონებია მენშევიკების ახალ ტაკტიკაზე. უმთავრესათ არჩევს კ. ანდრონიკაშვილის ჯგუფის და თითქო სუზდალელების თეზისებს. ნაგლეჯებია მოყვანილი ამ თეზისებიდან, მაგრამ ყოველ შემთხვევისთვის დაახლოებითი სურათი მაინც იშლება. კოტეს თეზისებს ვიცნობ და ის არც ეროვნულათ და არც სოციალისტურათ მისაღები არ არის. კახიანს ეკუთვნის ის დამსახურება, რომ კოტეს თეზისები ცოტა შეალამაზა, ის უფრო მიუღებელია, ვიდრე მას კახიანი ხატავს. მეორე თეზისები, რომელსაც გრ. ლორთქიფანიძეს აწერენ თავის ნაწყვეტებში სავსებით მისაღებია. ძალიან შეშფოთებული კი არიან ამით ოკუპანტები, თავს გვივლიან მენშევიკებიო. მათი აზრით ეს ახალი ხაზი ნიშნავს ისევ ძველი მიზნებისთვის ბრძოლას. ძალიან არ მიმხვდარან!.. აბა რომელ ჭკუათ-მყოფელს მოუვა ეხლა საქართველოში ის აზრი, რომ საქართველოს თავისუფლების საკითხს გადავხედოთ, იქნებ რუსეთის მონობა სჯობიაო. არა, ეს საქმე სამუდამოთ გამორკვეულია ქართველი ერის მიერ, მას თავისუფლება უნდა, ხოლო ყველა ეს თეზისები მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ ამხანათ, ამ პერიოდში როგორი გზით უნდა იაროს ერმა, რომ თავი გაინთავისუფლოს. 

14 იანვარი. გაზეთების ცნობით სოციალისტური ინტერნაციონალის მდივანი ფრ. ადლერი გადადგა, მაგრამ თანახმათ ინტერნაციონალის აღმასკომის წევრთა თხოვნისა ისევ დაბრუნდაო. ადლერის განცხადება ამის შესახებ მოსკოვის გაზეთებმაც გადმობეჭდეს. ძნელია აქედან გაგება იმისი თუ რა უნდა ადლერს თქვას. მე კი გავიგე თითქო ის მარქსიზმის იდეიის საქადაგოთ მიდის, რადგან ომის შემდეგ გერმანიაში ვულგარული დემოკრატია გამეფდა, ხოლო რუსეთში მარქსიზმი ლენინიზმმა გამოდენაო. რა არის გერმანიის სოც. დემოკრატიაში ვულგარული? იქნებ ის, რომ ისინი გერმანიის რესპუბლიკას იცავენ და ერს ემსახურებიან? ძნელია აქედან რამის შეტყობა, მაგრამ რაღაც კრიზისი რომ არის ინტერნაციონალში სხვა მრავალ წვრილმანებთან ესეც ადასტურებს. 

15 იანვარი. ტფილისში შეიკრიბა საქართვ. მასწავლებელთა ყრილობა. როგორც ყველაფერი ეხლანდელ დროში ეს ყრილობაც პირველი აღმოჩნდა. კომუნისტური რელაცია ყოველგვარ ანგარიშს თავის გაჩენიდან იწყებს. ყრილობაზე გამოვიდენ ორახელაშვილი, მახარაძე და სხვები. მასწავლებლებს თითქო ნებათ მისცენ „თავისუფლათ“ ლაპარაკისა. კიდევ მეტი, უთხრეს, რომ „მართალი თუ არ გვითხარით გვეწყინებაო“. ამ განცხადების შემდეგ მეგონა, რომ გაზეთებში მოკლე ნალაპარაკევი მასწავლებელთა მაინც დაიბეჭდებოდა. ამაო იყო ლოდინი. გათავდა ყრილობა და არც ერთი სიტყვა დელეგატებისა მე არ წამიკითხავს, ლაპარაკობენ: მარიამ და მამია ორახელაშვილები, მახარაძე, ყურულაშვილი და სხვები. და ამათ ნალაპარაკებს სათაურათ აქვს გაკეთებული „საქ. მასწავ. ყრილობა“. შეიძლება დაბრმავება, მარა ასეთი?!.. პირდაპირ წარმოუდგენელია... 

17 აინვარი. მოსკოვში ჩამოვიდა საფრანგეთის ელჩი ერბეტი. დიდის ამბით მიუღიათ, მას მიუცია ინტერვიუ ერთ ხარკოველ გაზეთის თანამშრომელისთვის: საფრანგეთმა იცნო არა რუსეთი, არამედ ს. ს. რ. კ-იო და მაშასადამე ამით ცნობილია რუსეთი, უკრაინა, ბელორუსია და ამ. კავკასიის რესპუბლიკებიცო. ამ უბრალო ჭეშმარიტებისთვის სოციალისტ მაკდონალდს ვერ უნდა მიეგნო? ამერიკის საგარეო საქმეთა მინისტრი იუზი გადადგა. ამას უკავშირებენ რუსეთის ცნობის მოსალოდნელობას ამერიკიდან. რუსული გაზეთები სავსეა ამაზე წერილებით. ევროპულ გაზეთებიდან გადმონაბეჭდი ცნობები კი იუზის გადაგდომას ხსნიან ამერიკის ევროპაში დაბრუნებით. 

19 იანვარი. ქართულ „კომუნისტმა“ მოგვიტანა ცნობა გურიაში დადიან ძამანაშვილი და ლ. კუპრაშვილი ს. დ. ორგანიზაციების სალიკვიდაციოთო. როდის აუშენებია მიხო ძამანაშვილს გურიის ორგანიზაციები, რომ ეხლა მას დარღვევას უპირებს. ერთ-ერთ კრებაზე გამოსულა აპოლონ წულაძე, რომელსაც კორესპონდენტი ემუქრება, რომ მან თავისი სიტყვა ხელისუფლების ლანძღვას მოანდომაო. ძალიან გამახარა აპოლონის ასეთმა ვაჟკაცობამ. საწყალი მოხუცი!.. ჩემი სალამი აპოლონს, ჩემი მადლობა მას. ჰო, აქვე მომაგონდა, ნეტავ სწერს აპოლონი თავის მოგონებებს თუ რა? დიდი დანაშაული იქნება მისი მხრით, რომ ეს არ ქნას. აპოლონი ცოცხალი ისტორიაა მთელი 30 წლის, მას შესანიშნავი მახსოვრობა აქვს და კალამიც მშვენივრათ უჭრის, მისი მოგონებები მომხიბლავი რომანი იქნება... 

20 იანვარი. მასწავლებელთა ყრილობის დელეგაცია მისულა მთავრობასთან და კომპარტიის ცეკასთან თხოვნით გაანთავისუფლონ ციხეებიდან დაპატიმრებული მასწავლებლები. „კომუნისტში“ მოყვანილია ცეკას სახელით ფ. მახარაძის პასუხი, რომელიც პირდება, რომ უდანაშაულო მასწავლებლებთან ერთად ისეთებსაც გავანთავისუფლებთ, რომელთაც დიდი ბრალი არ მიუძღვითო. კარგი აღსარებაა. რათ უნდა იყვნენ ციხეებში უდანაშაულო მასწავლებლები? ჭეშმარიტათ უბედურია ის ხელისუფლება, რომელსაც თავისუფალი კრიტიკა არ გააჩნია. მაშინ ფ. მახარაძე ასეთ სასირცხო საქმეს ვერ გაბედავდა. მაგრამ ეხლა რა, ვინ ყავს მოდავე, ბურთი მისია და მოედანი, მბრძანებელიც და მსაჯულიც თვით არის. „თუ ყვავი ვარდსა იშოვნის თავი ბულბული ჰგონია“. 

22 იანვარი. მოსკოვში შეიკრიბა საკავშირო ყრილობა მასწავლებლებისა. აქაც პირველია ეს ყრილობა, იმისთვის რომ კომუნიზმის ხელში ის პირველათ მოწვეულია. სხვა ძველი ყრილობები აბა რა საანგარიშოა. მასწავლებელთა სიტყვები არც აქ იბეჭდება, გარდა ზოგიერთებისა, ყოველ შემთხვევაში საქართველოსთან შედარებით აქ პირდაპირ „ბურჟუაზიული დემოკრატიზმია“. სიტყვა უთქვამს საქართველოს მასწ. დელეგაციის სახელით ჯაკობიას. მოკლე სიტყვაა, მაგრამ მოგვეწონა. ეხლანდელ პირობებში ასეთი სიტყვის თქმაც დიდი გამარჯვებაა. აქ გაკვრით საქართველოს დაპყრობაზეც არის ნათქვამი და უარყოფილია ის საზიზღარი ბრალდება, თითქო საქართველოს მასწავლებლობა კონტრ-რევოლუციონურია. ჯაკობია აცხადებს, რომ საქ. მასწავლებლობა იყო რევოლუციონური, არის და იქნება და ამისთვის ზრდიდა ის რევოლუციის ავანგარდსო. ამ სიტყვაში სრულიად დაცულია საქართვ. და მისი მასწავლებლობის ეროვნულ-მოქალაქეობრივი ღირსებები. 

ყრილობაზე გამოვიდა რიკოვი დიდი მოხსენებით და პირდაპირ ერთი კურიოზული რამ განაცხადა: „სამაგონის“ მოსასპობათ შემოვიღეთ არყის მონოპოლია და მეფის რუსეთის მთვრალი ბიუჯეტი აღვადგინეთო. პირდაპირ შედევრია კომუნიზმის ეს მიღწევა. და ისიც ხომ დიდი მიღწევაა, რომ მთავრობამ ეს ნასაქმარი პირველათ მასწავებლობას გაუმხილა და „დიდი კულტურული“ დოვლათი მიუძღვნა. როგორ იცინიან ალბათ ძველი თვითმპყრობელობის მინისტრები საფლავებშიც კი... ეხლა კი დათვრება რუსეთი და იქნებ სიმთვრალემ ხმაც ამოაღებინოს. 

25 იანვარი. ზაქარიამ მიიღო „კავკასიონის“ მეორე ნომერი და ორი ცალი „ხელოვნების დროშა“. კავკასიონზე ცოტა სული მოვითქვით. მშვენიერია ნ. ნიკოლაძის მოგონებები, მაგრამ სამწუხაროა, რომ ის არ სწერს სკოლის და ოჯახის ცხოვრებას უნივერსიტეტში წასვლამდე. გრ(იგოლმა) მისწერა ამის შესახებ ტფილისში, სთხოვს უფრო ვრცლათ შეეხოს მაშინდელ საქართველოს ცხოვრებას. ბევრია სხვა საყურადღებო წერილებიც. ინგოროყვას წერილის მეორე ნახევარი ჩახრუხისძეზე პირველის ღირსეული გაგრძელებაა. საქართველოს რუკები და მაშინდელი მდგომარეობის გაცოცხლება პირდაპირ დროულია, ეს ძალიან გვჭირდება ეხლა ჩვენ ქართველებს. საქართველოს ეროვნული სული ეხლა იღვიძებს და მას საკვები უნდა, რაც მას აკრძალული აქვს. აღტაცებული ვარ ამ მშვენიერი ჟურნალით. კიდევ უფრო მახარებს ის, რომ ვგონებ ისევ ნება დაურთავთ და მალე მესამეც გამოვა. 

28 იანვარი. წელს აქაური ზამთარი რუსულ ზამთარს კი არა გავს. თოვლი ცოტა მოვიდა, თანაც თბილია, სასეირნო ეზოში რუსი პატიმრები თოვლის ძეგლების გასაკეთებლათ თოვლსაც კი ვეღარ შოულობენ. სამაგიეროთ თურმე საქართველოში ჯერ არ ნახული ზამთარია. უკანასკნელი ცნობებით ღრმა თოვლი მოვიდა, ბევრგან სახლები დალეწა, გზები გააკავა, მგლებმა სოფლები აიკლო და თვით ქალაქებშიც კი შემოდიან თურმე. რაღა ეს უბედურება ეჭივრებოდა კიდევ ისედაც გაუბედურებულ საქართველოს... 

30 იანვარი. საფრანგეთის პალატაში საგარეო პოლიტიკაზე სიტყვა უთქვამს პრემიერ პერიოს. ის უპასუხებს კაშენს, რომ თქვენი ფილოსოფია თითქო პატარა საქართველო ვერ იარსებებს ურუსეთოთო, მეტად საშიში იმპერიალისტური ფილოსოფია არისო. მართლაც და მეტს არც რუსი შავრაზმელები ამბობდენ: „ვერ გაძლებთო“ და ამისთვის წინასწარ გვჭამდენ. წითელმა რუსეთმაც შავი რუსული ფილოსოფია მოიმარჯვა და ამ ფილოსოფიას მოსკოვის ხარჯზე აყვანილი ფრანგი კომუნისტებიც ამართლებენ... 

31 იანვარი. საქართველოს გაზეთებში აწერილია ლენინის გარდაცვალებიდან წლისთავის სამგლოვიარო დღე. პირდაპირ რელიგიურ-კლასიკური უქმეებია. დიდი მარხვის (ვ)ნების კვირას მოგაგონებთ. განსაკუთრებით მარიამ ორახელაშვილის ხელმოწერილი ცირკულიარები თუ როგორ უნდა იუქმონ ეს დღეები არაფრით არ გასხვავდებიან ძველი მეფის მზრუნველობის და ექსარხოსების ცირკულიარებიდან... დღეს მიღებულ კომუნისტშივეა მოთავსებული სია იმ კანდიდატებისა, რომელნიც არსენალის რაიონმა უნდა ჩარიცხოს საქ. კომპარტიის წევრებათ. ქართველები აბსოლ. უმცირესობას შეადგენენ: უმთავრესად რუსები და სომხები არიან. ეტყობა რუსთა კავშირის და დაშნაკელთა პარტიის ყველა წევრები ეხლა კომპარტიაში მიიჩქარიან. და მათ უნდა მართონ საქართველო. ქართველ მუშებს უნდა ასწავლონ რევოლუცია... რა გაკოტრებაა ე. წ. კომუნიზმისა, რომლის ქვეშ წმინდა რუსული საქმე კეთდება. გრიგოლთან იყო ექიმი. დიდხანს სინჯავდა. უთხრა, იქნებ სხვა პირობებში მოგიწყოთ ექიმობაო. გრიგოლი შეწუხებულია ამის გამო, ვაი თუ სხვაგან გადამიყვანონ, ამხანაგებს დამაშორონ და უარეს პირობებში ჩამაყენონო. არც მე მინდა მასთან დაშორება, ცოტანი ვართ და ქართულათ მაინც ვსაუბრობთ. უდიდესი სასჯელი იქნება სწორეთ ის, რომ ერთი ქართველი კენტათ იქნე უცხოელებში... ამას დღევანდელ ისტორიულ პირობებში ვერ ავიტანთ... 

1 თებერვალი. ტროცკი საბოლოოთ გადააყენეს, მის ადგილზე დანიშნეს ფრუნზე. თვით ტროცკის კი კომუნისტური „დიეტა“ დაუნიშნეს და გააფრთხილეს, ასე თუ არ მოიქცევი უარესი დაგემართებაო. პირდაპირ ლაჩრული და უღირსი წერილია მის მიერ მიმართული ცეკასადმი. ვინ იფიქრებდა, რომ ამ დიდ დესპოტში ასეთი დიდი ლაჩარიც იჯდა. ტროცკის შემდეგ პირველობა ჩვენს კობას დარჩა. დიკტატურას უკვე თავი წაეწრუპა. პატარა კრიზისი ტროცკის სახით მან გავლო, დიდი კრიზისები წინ იქნება. ავტოკრატიის დამხობა ფატალურათ აუცილებელია... 

2 თებერვალი. რენოდელი გამოსულა ვრცელი სიტყვით საფრანგეთის პალატაში საგარეო საკითხებზე. სიტყვის მეორე ნახევარი მას მოუნდომებია საქართველოზე. „საფრანგეთის სოციალისტები თავიდანვე მომხრე იყვნენ საბჭოთა კავშირის უსიტყვოთ ცნობის, ისე როგორც ამას მოითხოვდა დე-მონზის კომისია, მაგრამ ზოგიერთი შენიშვნებით (ოგოვორკებით), რომელიც საქართველოს შეეხებაო“. 

4 თებერვალი. მოულოდნელათ მივიღეთ ცნობა: მივყავართ საქართველოში პროცესზე, მხოლოდ მოწმეებათო. ამ ცნობამ აგვაფორიაქა. როგორი მოწმეებათ გამოვდგებით ჩვენ? სული მიმიფრენს საქართველოში, მაგრამ რომ წარმოვიდგინე თუ რეოგორ უნდა ვეთრიო ეტაპებში, შიშმა შემიპყრო. დღეს ორივე სეირნობაზე ამ საკითხზე ვბაასობდით. 

ლეო რუხაძე 
1925 წ. თებერვლის ხუთი 
სუზდალის ციხე, საკანი # 32 

< . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . > 

22 თებერვალი 1925 წელი. სუზდალი. სამონასტრო საპყრობილე. საკანი # 32. ლეო რუხაძე. სრულიად საქართველოს ხელოვანთა კავშირის ყრილობაზე გრძელდება მოხსენებები კავშირის მუშაობის და მომავალი გეგმების შესახებ. იოსებ გედევანიშვილი ყოფილა „კომუნისტის“ გადმოცემით მთავარი მომხსენებელი. ის ხომ მთავარ სახელოვნო კომიტეტის თავმჯდომარეა და თითქო მის ხელშია ქართული კულტურის ბედ-იღბალი. ამ ანგარიშებიდან ძნელი გასაგებია საქმის ნამდვილი ვითარება, მით უმეტეს, რომ თვით ოფიციალურ-კომუნისტური მოხსენებებიც კი არ იბეჭდება სავსებითა და ვრცლათ. ასე გასინჯეთ, ისეთ საიმედო, მათი კაცის ნალაპარაკევიც კი არაა მოყვანილი, როგორც ი. გედევანიშვილია. მთელი მისი მოხსენებიდან ისღა ვიცით, რომ ი. გედევანიშვილის ამ ადგილზე დანიშვნამდე სახელოვნო საქმე საქართველოში უგეგმოთ და უთავბოლოთ ყოფილა წარმოებული, რომ მას მრავალი ძირითადი ნაკლები ქონია და მხოლოდ მისი დანიშვნის დღიდან მომხდარა „არსებითი გარდატეხა“ და დაწყებულა „ახალი ხანა“, ერთი სიტყვით ვიცით ყოველი ბოლშევიკის ტრაფარეტული ტრაბახი, რომელიც ისტორიას მხოლოდ თავისი გამოჩენიდან იწყებს. რა ითქმის ასეთ რამეზე, რა უნდა მოეთხოვოს იმ „ახალ“ ი. გედევანიშვილს, რომელიც ოკუპანტების წუმპემდე დამდაბლდა და ქართულ ხმალსა და კალამს რუსის ჩინოვნიკობა არჩია. აღსანიშნავია, რომ ამ კომუნისტურ ტრაბახით გაყოყოჩებულ ი. გედევანიშვილს ნიღაბი ჩამოხადა თვით... ტ. ტაბიძემ. გაკვრით არის „კომუნისტში“ მისი ნალაპარაკევი ამ ყრილობაზე, სადაც ის აღნიშნავს, რომ საქართველოში ქართული ხელოვნების ასპარეზიდან განდევნილი არიან ქართული ძალები და საქართველოს სახელით უცხოელები უცხო კულტურას ახვევენ თავზე საქართველოსო. და განა სხვანაირათ შეიძლება რომ იყვეს, როცა საქართველოს ხელოვანთა კავშირში ქართველები აბსოლუტურ უმცირესობას წარმოადგენენ და ქართული კულტურის „მძიმე უღელი“ რუსებს დაუდვიათ კისერზე!?.. და ეს შემზარავი უსამართლობა იმოდენათ მყვირალაა, რომ თვით ტიციან ტაბიძეც კი აულაპარაკებია, ის ტიციან ტაბიძე, რომელიც თავის ბოგემურ სულით მეტათ უახლოვდება საქართველოში ჩამოწოლილ რუსულ ქაოსს და აგერ მეოთხე წელია რაც დამპყრობთა სუფრიდან ჩამოცვენილ ნამცეცებს კენკავს... და თუ ეს ფინია ასე აპალარაკდა, მაშინ ჰო, რა საშინელი გადაგვარების არტახები ქონებია საქართველოს შემორტყმული!.. და აი რუსეთის წინააღმდეგ წამოყენებულ ამ საშინელ ბრალდებაზე რით გასცა პასუხი ქართველმა მწერალმა, ქართველმა ხელოვანმა და ქართველმა მხედარმა იოსებ გედევანიშვილმა: „თუ ქართველი მწერლობა ჩამოშორებულია ხელოვნების მთავარი კომიტეტის და პროფკავშირის მუშაობას, ამაში ბრალი ედებათ თვით ქართველ მწერლებს, რომელნიც განზე გაუდგენ ხსენებულ დაწესებულებებსო“ („კომუნისტი“, # 39. 17/II-25 წ.). გულახდილობაც კარგია, რომ ამ გულახდილობას ცინიზმის ელფერი არ ედოს, მაგრამ მიუხედავათ ამისა, ეს განცხადება საშვილისშვილო სამარცხვინო დაღათ დარჩება საქართველოს დამპყრობთა ისედაც მახინჯ სახეზე და იოსებ გედევანიშვილის აწ რუსულათ გაელამებულ სახეს ხომ ის არასოდეს არ მოშორდება. რა სთქვა ი. გედევანიშვილმა? მან დაადასტურა, რომ ქართულ ხელოვნებაზე ჩამოშორებული არიან ქართველი მწერლები, რომ საქართველოში ქართველ ხელოვანთ აღარ ეკითხებათ ქართული ხელოვნების საქმეები. მერე და როგორ შეიძლება არსებობდეს ქართული ხელოვნების მთავარი კომიტეტი, თუ ამ კომიტეტის ამრჩეველნი და თანამშრომლები ქართველი მწერლები, ქართველი ხელოვნები არ არიან? როგორ შეიძლება ემსახურებოდე ქართულ ხელოვნებას, თუ ქართული სახელოვნო ძალები არა გყავს და ისინი განზე არიან გადაყრილნი? ი. გედევანიშვილის საარაკო განცხადება ადასტურებს, რომ ქართული სახელოვნო ძალები ჩამოშორებულია ქართულ სახელოვნო კომიტეტს, ხოლო ეს კომიტეტი კი არსებობს და რაღაც ხელოვნებას მაინც ემსახურება. და როცა ამავე დროს გაგვახსენდება, რომ კავშირის წევრთა დიდი უმრავლესობა რუსებისაგან შესდგებიან, მაშინ საშინელი სიშიშვლით აშკარავდება, რომ „ქართული ხელოვნების მთავარ კომიტეტის“ შირმის ქვეშ იფარება აშკარა რუსული კომიტეტი და მისი რუსიფიკატორული მოქმედება, ისე როგორც „საქართველოს საბჭოთა რესპუბლიკის“ და „ამ(იერ) კავკასიის ფედერაციის“ ქვეშ მოქმედებს და მბრძანებლობს რუსული „ველიკოდერჟავნიკობა“ და აშკარა დაპყრობა. ბ-ნი გედევანიშვილი აღიარებს ფაქტს, ადასტურებს რუსების საქართველოში ბატონობას, მაგრამ რუსებს იმით ამართლებს, რომ ქართველ მწერლებს არ უნდათ სახელოვნო კომიტეტთან და პროფკავშირებთან თანამშრომლობაო. თუ ქართველი მწერლები განზე გადგენ და არ უნდათ მონაწილეობის მიღება ამ დაწესებულებებში, საიდან, როგორ შესდგა ქართველ ხელოვანთა კომიტეტი და პროფკავშირები? ვის ქონდა უფლება დაეარსებია ქართველ ხელოვანთა სახელით რაიმე სახელოვნო ორგანიზაციები საქართველოში, თუ ამაში ქართველი ხელოვნები არ ღებულობენ მონაწილეობას? და აი, ამ პასუხიდან ნათელი ხდება თუ როგორ ააყვავა რუსეთმა საქართველოს კულტურა და როგორ მოაწყო ის პროფკავშირები, რომელსაც საქართველოს მუშათა კლასის ოჯახს უწოდებს. ამ ერთ წინადადებიან პასუხში, ამ ერთ წვეთში მოსჩანს მთელი სიდუხჭირე საქართველოს დაპყრობისა და რუსულათ კოლონიზაციისა. აქ იშლება ასეთი სურათი, საქართველო დაიპყრეს რუსეთის ჯარებმა. დამპყრობლებმა ჩამორეკეს უამრავი რუსი ჩინოვნიკობა, რუსი მუშები და თვით რუსი ხელოვანებიც კი დასტობით ჩამოლაგდენ არათუ საქართველოს სატახტო ტფილისში, არამედ ეს საქართველოს სულიერი ჯალათები მოედვნენ საქართველოს ყველა კუთხეს და განსაკუთრებით კი გულმოდგინეთ შეუდგენ „აჭარულ, ოსურ და აფხაზურ ხელოვნების“ რუსულათ აყვავებას, ე. ი. საქართველო ყოველი მხრიდან რუსული არმიებითა და რუსული წიგნებით ამოქოლეს, ხოლო თვით საქართველოს სატახტოში ამ „აფხაზურ – ოსურ – აჭარულ“ ხელოვნების დახმარებით ქართულ ხელოვნებას რუსულით და რუსულათ მართავენ. და მხოლოდ შემდეგ, როცა უკვე მოწყობილი აქვთ ქართული შირმის ქვეშ შუმი რუსული ორგანიზაციები პროფკავშირების და სახელოვნო კომიტეტის სახელით, ქართველ მწერლებსაც ნაწილაკს უგდებენ, თქვენც შეგიძლიათ ჩვენთან მოხვიდეთ და ჩვენი რუსული ხელით გიხელმძღვანელებთო. და მერე რა ადგილი, რა საქმე აქვს ქართველ მწერლებს ამ ორგანიზაციებში, იქ სადაც მუშავდება საქართველოს სულიერათ მოსაკლავი საწამლავი? არაფერი – ქართველ მწერალს მხოლოდ ზიზღით შეფურთხება შეუძლია ამ გადამგვარებლებზე და მათ იარაღებზე. ქართველ მწერლებს, რომელთაც არ გააჩნიათ თავისი გაზეთი, თავისი ჟურნალი, რომელთაც არ შეუძლიათ გამოსთქვან აზრი თავისუფლათ, რომელთაც სამხატვრო დარგშიც კი რუსული შაბლონი უნდა მიიღონ და საქართველოს გამაუბედურებელნი ადიდონ, განა ამ მწერლებს აქვთ რაიმე წილი ი. გედევანიშვილის სახელოვნო კომიტეტში, განა მათ შეუძლიათ მივიდენ იქ, სადაც რუსული ხიშტი და რუსული მოწამლული კალამი მუშაობს საქართველოს ამოსაგდებათ? ის, ვისაც საქართველოსთან აქვს რაიმე კავშირი, ვერ მივა რუსების ბანაკში, მით უმეტეს ქართველი მწერალი ვერ გააგდებს ქართულ კალამს და ი. გედევანიშვილივით რუსულათ ვერ აწრიპინდება. და ის რომ რუსულათ არა თუ არ წრიპინობს, არამედ მოურიდებელი ცინიზმით რუსობს კიდეც, ეს თუნდ იქიდანაც კი სჩანს, რომ ერთხელ, ამას წინათ ვიღაც ქართველი წითელი არმიელი უსაყვედურებდა ი. გედევანიშვილს: „კარგი იქნება გედევანიშვილი თავის რუსულ მოხსენებებს ქართულათაც წაიკითხავდეს ჩვენთვის ქართველი წითელ არმიელებისათვისო“. რას მოესწრო ყოფილი პატრიოტი გედევანიშვილი! და ყველაფერ ამას ის ქართველ მწერლებს აბრალებს „რა ვქნათ არ გვეკარებიანო“. მაგრამ შე დალოცვილო, განა შენ ქართველი მწერალი არ იყავი, რომ ეხლა ქართველ წითელ არმიელსაც კი მოანატრე შენი პირიდან ქართულის გაგონება? და თუ ასე რუსულათ ასალაპარაკებლათ და ქართულის დასავიწყებლათ ეძახი ბ-ნო იოსებ შენს მეთაურობით მომქმედ ორგანიზაციაში ქართველ მწერლებს, განა არ გვირჩევნია მათი დუმილი, ვიდრე მოვესრწებოდეთ ქართულ ჰანგების რუსულით შეცვლას? იოსებ გედევანიშვილს ჰგონია, რომ რაკი ის უდგას სათავეში ე. წ. საქართველოს სახელოვნო კომიტეტს, ეს კომიტეტი მართლა ქართულ ხელოვნებას ემსახურება, მაგრამ მას დაავიწყდა, რომ ის იმ დღიდან გახდა ქართული ხელოვნების მესაჭე, რა დღიდანაც თვით ქართველ წითელ არმიელსაც კი მოანატრა ქართული. 

24 თებერვალი 1925 წ. საბჭოთა იმპერიის კონსოლიდაცია სავსებით დამთავრებულათ უნდა ჩაითვალოს. მართალია მას გარეგნულათ საბჭოთა კავშირის შირმა აფარია, მაგრამ მთელი თავისი შინაარსით ეს ახალი იმპერია დუბლიკატია პირველი, თვითმპყრობელური, რუსული იმპერიისა. დიდმპყრობელობა და რუსუფიკაცია, რომელიც სული და ხორცი იყო ძველი იმპერიისა, ახალ საბჭოურ იმპერიაშიც გადმოვიდა, თუმცა სხვა ფორმებითა და საღებავებით. რომანოვთა რუსეთი იყო ერების საპყრობილეთ წოდებული, ხოლო ეს სახელწოდება ისევე მოერგება ლენინ-რიკოვის რუსეთს, როგორც რელიგიურათ განწყობილმა რუსის ხალხმა კომუნიზმიც რელიგიათა და ეკლესიათ გადააქცია და თავის რუსულ ტანზე ასე მოირგო. და რაც დღე მიდის, მეტის მეტი აჩქარებული ტემპით ხან აქ, ხან იქ ჩნდებიან ძველი კოლონიზატორული რეციდივები. კომუნისტური რუსეთი ცდილობს ამ რეციდივების ზევიდან წითლათ შეღებვას, მისი საბჭოური ნიღაბ ქვეშ გატარებას, სავლეს პავლეთ მონათვლას, მაგრამ ყველაფერი ეს ამ უკანასკნელ ხანებში მაინც ისე აშკარა უიხტიბროთ და ურცხვათ, თან ულაზათოთ კეთდება, რომ პოლიტიკური ანბანის უცოდინარსაც კი შეუძლია დაინახოს, თუ მას ოდნავ თუ მოქალაქური არა, უბრალო ფიზიოლოგიური, ცხოველური ინსტინკტი მაინც შერჩენია. აგერ იყო და ამას წინეთ გამოქვეყნდა პროექტები რუსეთის შიდა გუბერნიებიდან რუსობის განაპირებზე გადასახლების შესახებ. ამ დასასახლებელ ადგილებს შორის იყო სხვათა შორის შავი ზღვის პირის ოლქი ე. ი. სოჭი-ტუაფსის რაიონები, რომელნიც უხსოვარ დროიდან საქართველოს მიწა-წყლათაა ცობილი, ხოლო დღეს მიწის სივიწროვით სულშეხუთულ ქართველ გლეხს ფეხითაც კი არ ატარებენ ამ მის ძველ ჯიქეთში. საბჭოური რუსეთი კიდევ უფრო დიდის გულმოდგინეობით აგრძელებს რომანოვთა რუსეთის კოლონიზატორულ პოლიტიკას, ის ასახლებს რუსებს ქართულ მიწა-წყალზე და ქართულ ოჯახში ეტნოგრაფიულ მუზეუმს აწყობს. ამ აშკარა გლეხურ-რუსულ კოლონიზაციასაც კი არ სჯერდება ეხლანდელი რუსეთი და ის „აკრაინების“ საიმედოთ შემოსამტკიცებლათ სხვა გეგმებსაც ადგენს. მოსკოვის დღევანდელ გაზეთებში მოთავსებულია ცნობა, რომ რ. ს. ფ. ს. რ-ს და ს. ს. რ. კ-ის მთავრობებმა მიიღეს ვიღაც ჩიჟიკის მიერ შედგენილი სამრეწველო კოლონიზაციის პროექტიო. ასეთი კოლონიზაციის ადგილათ ამიერკავკასიაცაა დასახელებული. პროექტი გულისხმობს განაპირებზე ამა თუ იმ სამრეწველო დარგების გადატანას, რომ ამ სამრეწველოებს გაყვენ შიდა გუბერნიებიდან მუშები და გლეხები, ხოლო უკანასკნელნი ამ განაპირეებზე უნდა დაესახლონ. ეს შავრაზმული, კოლონიზატორული პროექტი იწერება და იბეჭდება ასე შუმათ, აშკარათ, უნიღაბოთ, იწერება იმ დროს, როცა გაზეთების იმავე ნომრებში სხვა გვერდებზე იბეჭდება გახურებული ტრაბახი იმაზე, რომ თვითმპყრობელური რუსეთის „ერების საპყრობილედან“ საბჭოურმა სისტემამ შექმნა თავისუფალი და თანასწორი ერთა კავშირი და რესპუბლიკათა შეთანხმებითა და ხელშეკრულებით მოაწყო არაჩვეულებრივი სამოთხე ს. ს. რ. კ-საო. 

მაგრამ დღეს ეს ტრაბახი „თანასწორუფლებიანობაზე“ და „ნებაყოფლობაზე“ არათუ ვინმეს დაპყრობილ ერების მოქალაქეებიდან სჯერავს, არამედ მას ნაკლებათ უჯერებენ თვით რუსულ-კომუნისტურ პოლიტსკოლებში გატარებული „კომსომოლებიც“ კი. დღეს ასეთი შემთხვევა გვქონდა. გრიგოლი და მე დალაქთან წაგვიყვანეს საკნიდან. ციხეს ერთი დალაქი ყავს და რიგ-რიგობით გვპარსავს, ამისთვის გაზეთი წავიღეთ, ერთის გაპარსვამდე მეორეს რომ გვეკითხა. ერთ-ერთი ჩვენი ზედამხედველი, ახალგაზრდა ყმაწვილი წაგვყვა. სადალაქოში რაღაც კითხვაზე მე და გრიგოლმა საქართველო ვახსენეთ. ზედამხედველი ხალისიანათ ჩაგვერია ლაპარაკში და წამოიძახა: 

– მე კარგათ ვიცი საქართველო, იქ მშვენიერი ღვინოაო (რუსს ღვინო და არაყი თუ ასვი არასოდეს არ დაავიწყდები). 

– როდის იყავით მოქალაქევ საქართველოში? – ვკითხე მე. 

– 1921 წელში – მომიგო რუსმა და კიდევ დააყოლა – ბევრი ღვინო ვსვიო. 

– ჰო, დაპყრობის დროს ყოფილხარ – შევძახე მე. 

– დაიცა ჯერ სხვა ვკითხოთ – ქართულათ გამაფრთხილა გრიგოლმა და თვით შეეკითხა რუსს: 

– რომელ ნაწილში მსახურობდით? 

– ჯავშნიან მატარებელ კარლ მარქსზე, შემდეგ როცა ქართული ჯავშნოსნები გადმოვიდა ჩვენს ხელში ჯავშნოსან „საბჭოთა საქართველო # 1“-ზე ვიყავიო. 

– მალე წამოდი საქართველოდან? – ისევ შეეკითხა გრიგოლი. 

– მალე, ძალიან მალე. დემობილიზაცია მიქნეს საქართველოს გასაბჭოების შემდეგ – ხალისიანათ გვიპასუხებდა რუსი. 

– ხომ გათავდა ომები, ეხლა ხომ სიმშვიდეა? – აძლევდა კითხვებს გრიგოლი. 

– კი გათავდა, მაგრამ საქმე მაინც არ გათავებულა, ან ჩვენ უნდა ვიქნეთ და ან ბურჟუაზიული ქვეყანა, აგერ რუმინიამ ბესარაბია წაგვართვა, რასაკვირველია უკან უნდა დავიბრუნოთო – გვიპასუხებდა რუსი. 

– ბესარაბია ძმავ ხომ რუსული არ არის, იქ მალდავანები სცხოვრობენ – ვერ მოვითმინე მე. 

– არა, რუსულია, მალდავანები რუსებია, ჩვენ პლებისციტი მოვითხოვეთ, რუმინიის მთავრობა უარზე არის, დეე თვით ბესარაბიამ სთქვას ვისთან უნდაო – თავისას მაინც არ იშლიდა რუსი. 

– კი მაგრამ საქართველოში მოახდინეთ პლებისციტი, კითხეთ ქართველ ხალხს უნდოდით თუ არა, როცა ზარბაზნებით მოდიოდით? – კიდევ მოუჭერი ცხარეთ. 

– რას ამბობთ, როდის დაგიპყარით, თქვენ კავშირში ხართ, საქართველოს ეხლაც და როდესაც კი უნდა შეუძლია კავშირიდან გავიდესო – გვაიმედებდა რუსი. 

– ჩვენ ეხლაც მოვითხოვთ პლებისციტს, რათ არ კითხეთ უნდოდით თუ არა ქართველ ხალხს, რათ დაგვიპყარით? – არ ვეშვებოდი რუსს. 

– დაპყრობა არ ყოფილა... პლებისციტით... პლებისციტითაც არ გინდოდათ ჩვენთან კავშირში შემოსვლა, მაშ აბა რა გვექნა, თქვენ იქ ჩვენზე თავდასასხმელათ ემზადებოდით, თქვენ ნავთს აძლევდით ანტანტას და ვრანგელსო – როგორც იქნა თითქო მონახა რუსმა შეურყეველი საბუთი. 

– ნავთი ხომ თქვენს ხელში იყო, ბაქო თქვენ გეპყრათ, როგორ შეგვეძლო ჩვენ ის ატანტისათვის მიგვეცა, სად ქონდა და სად აქვს საქართველოს ნავთი – მოუჭერი რუსს. 

მაგრამ მას მეტი პასუხი აღარ გააჩნდა გარდა იმისა, რომ ისევ ძველს იძახდა „პლებისციტით არ გინდოდათ შემოსვლა ჩვენთან, აბა რა გვექნა, დაპყრობით კი არ დაგვიპყრიხართ, თქვენ ეხლაც გაქვთ კავშირიდან გასვლის უფლებაო“. 

– ეს იმასა გავს, ჩემო რუსო, ეხლა მე რომ მითხრა შენ დატყვევებული როდი ხარ, როცა გინდა მაშინ შეგიძლია წასვლა ციხიდანო – უთხარი მე. ხოლო კომუნისტური პოლიტგრამოტით გაყერყეჩებული და ათასი უცხო სიტყვებით თავგამოჭედილი ახალგაზრდა რუსი კი თავს მიქნევდა და მემოწმებოდა: „ჰო, ჰო, სწორეთ მასეო“ – და მართლაც ვინ არ იცის, რომ „სწორეთ მასეა“. 

აი ამ ობივატელი რუსის პოლიტიკურ სიმაღლემდე ჩამოვიდა საბჭოთა იმერიის ოფიციალური პრესა და სახელმწიფოს ხელმძღვანელები, რომელნიც ერთ და იმავე ნომრებში ერთა თანასწორუფლებიანობაზე და ნებაყოფლობით კავშირზე გაყვირიან, რესპუბლიკათა სუვერენიტეტს ეფიცებიან და ამავე ადგილას ათავსებენ ისეთ შედევრებს, როგორიც არის სამრეწველო კოლონიზაციის კანონის პროექტი. საბჭოთა იმპერიის მთავრობასაც შეუძლია ჩვენ ზედამხედველთან ერთად გაიმეოროს: 

– პლებისციტით არ გინდოდათ და აბა რა გვექნაო“ – მართლაც რა ექნა წითელ კანში გახვეულ რუსულ იმპერიალიზმს, თუ არა ლობანოვებისა და სტოლიპინების გზა გაეგრძელებია. 

27 თებერვალი. „პრავდაში“ დეპეშაა მოთავსებული ტფილისიდან. იტყობინებიან, რომ „კომუნისტში“ დაიწყო ვანო ალიხანოვის მამხილებელი წერილების ბეჭდვაო. ეს წერილები სტამბოლში გამოსულა წიგნაკათ, სადაც თურმე ავტორი „მიწასთან ასწორებს“ საქართველოს სოციალ-დემოკრატიას, ხოლო რომ უფრო მეტი ძალა მისცენ ამ „მხილებებს“, ოკუპანტები ვანო ალიხანოვს წარმოუდგენენ მკითხველს ისეთ დიდი კაცათ, თითქო საქართველოს სოციალ-დემოკრატიაში ასეთები ბევრიც არ იყვეს. ძნელია აქედან დაფასება ალიხანოვის ნათქვამისა. „კომუნისტის“ ამ ნომრებს ჯერ ჩვენამდე არ მოუღწევია, ალბათ ერთ კვირაში მაინც წავიკითხავთ. მაგრამ წინასწარაც შეიძლება უცდომლათ თქმა, რომ ამ ბროშურაში იქნება უმთავრესად გიჟის და მით უმეტეს არა პატიოსნათ მოაზროვნე გიჟის ბოდვა. ვანო ალიხანოვი მანიაკია, ის დაავადმყოფებულია თავის თავზე გაზვიადებული წარმოდგენით და როგორც სჩვევიათ ხოლმე ავანტიურისტებს ხშირათ, ეს მანიაკი გამოდის ისეთ როლებში, რაც გარეშე მაყურებელთათვის კარიკატურას არ სცილდება, ხოლო უკვე როლში შესული ავანტიურისტი კი თავის „მდგომარეობის შესანარჩუნებლათ“ (ეს მისი მაღალი მდგომარეობა მხოლოდ მისი ფანტაზიის ნაყოფია) ათას ახალ გეგმებს ადგენს და ბოლოს გულწრფელათაც რწმუნდება, რომ ის ქვეყნის მხსნელათ მოვლენილი წინასწარმეტყველია. სამი მაგალითი, რაც ჩემის აზრით ადასტურებს ზემო მოყვანილს: 

– 1917 წ. შემოდგომაზე და 18 წლის გაზაფხულზე ვანო ალიხანოვი, როგორც ავადმყოფი მოთავსებული იყო აბასთუმნის სანატორიუმში. ყველამ იცოდა, რომ ის ჭლექით იყო ავად და ისეთ მდგომარეობაში, რომ მისი მორჩენის იმედი აღარავის ქონდა. კარგა ხანს ექიმებიც ამოწმებდენ ამ მდგომარეობას და ამბობდენ, რომ ალიხანოვი სისხლისაგან იწრიტებაო. მოულოდნელათ სანატორიუმის გამგე ექიმმა მენდელეევამ განაცხადა, რომ მას 80 % იჭვისა მაინც აქვს, რომ ალიხანოვი სიმულიანტია და რომ ის საერთოთ სისხლს არ აღებინებს, არამედ ყოველ დილაობით ცდილობს ღრძილებიდან გაიდინოს სისხლი და ნახველს ამოაყოლოს, რომ ექიმებთან საბუთი ქონდეს, თითქო ის მართლაც სისხლისაგან იწრიტებაო. და ამის დასასაბუთებლათ მენდელეევამ მოიყვანა ის ურყევი საბუთი, რომ ალიხანოვი ღამ-ღამობით არ უშვებს მომვლელებს ოთახში, რომელთაც დავალებული აქვთ ერთ-ერთი ღამის ნაღებინები სისხლი მაინც მაჩვენონ, ხოლო ეს კი საშვალებას აძლევს მას გამუდმებით აცხადოს, რომ სისხლი თვით გადაღვარა, ღამით კინაღამ სული „განუტევაო“ და სხვა. ექიმის ამ განცხადებას ორი-სამი დღის შემდეგ მოყვა მეორე ამბავი, რამაც ალიხანოვისადმი ყველა ამხანაგებში დიდი იჭვი დაბადა. ალიხანოვი სერიოზულათ უმტკიცებდა ამხანაგებს, რომ მასთან მივიდა სანატორიუმში სამი ახალციხელი მუსლიმანი, რომელთაც განუცხადებიათ: „გავიგეთ, რომ შენ ალი-ხანი ყოფილხარ, აქ გიაურების ხელში ჩავარდნილხარ, ჩვენ არ გვინდა მუსლიმანი კაცი და ისიც ხანი აქ მოვკლათ და გადავსწყვიტეთ უთუოდ წაგიყვანოთ, ისე მოგივლით, რომ ჩიტის რძესაც კი არ მოგაკლებთო“. ამხანაგებს ეს ამბავი ვანოს მხრით ჯერ ხუმრობა ეგონათ, მაგრამ როცა ესევე ამბავი მეტათ სერიოზული კილოთი გაუმეორებია ნოე ხომერიკისთვის, მართლაც მიიკითხ-მოიკითხეს ხომ არ ყოფილა ვინმე სტუმართაგანი ალიხანოვის ოთახშიო. ყველა დარაჯები და მოსამსახურეები ერთხმათ ამტკიცებდენ, რომ ალიხანოვის ოთახში არავინ შესულა და მით უმეტეს სანატორიუმში გარეშე პირები ნაკლებათ დადიანო. და მართლაც გარეშე პირებს კი არა, ახლობელ ამხანაგებსაც ერიდებოდათ მაშინ ალიხანოვთან შესვლა. მისი ოთახი რაღაც არაჩვეულებრივათ იყო მოწყობილი. ალიხანოვს ებრძანებია ექიმისათვის ჩემი ოთახი ნაძვნარით დაბურულ ტყეს უნდა დაემსგავსოს და შიგ მკრთალი სინათლე იყვესო. ორი დღე დაეგვიანებია ოთახის ასე მოწყობა ექიმს, რის შესახებ ალიხანოვს საყვედურით ეთქვა „ამერიკაში სამასი ათასი მუშის წარმომადგენლათ ვიყავი, უბრალო ვინმე არ გეგონოვო“. ექიმი ყველას ეკითხებოდა „გამაგებინეთ რა კაცია ეს ალიხანოვიო“, და როცა ასეთ ცნობებზე ყველას ღიმილი მოდიოდა, ექიმი გადაჭრით ამბობდა „მანიაკია და გალიუცინაციებითაა დაავადმყოფებულიო“. 

მეორე შემთხვევა იყო ახალციხეში. ვანო ალიხანოვი ისევ როგორც ავადმყოფი მოევლინა სამცხეს. მაგრამ ეხლა ფეხზე დადიოდა, მხოლოდ ყავარჯნით, რომელიც თითქო ომში დაზიანებული ფეხის დასახმარებლათ სჭირდებოდა. ის მოვიდა გვარდიის მთავარი შტაბის წერილით ადგილობრივ შტაბში, რომ ადგილობრივ ამხანაგებს მისთვის მატერიალური დახმარება გაეწიათ და ხელი შეეწყოთ ექიმობისთვის. შტაბმა ჩარიცხა ის კმაყოფაზე, მისცა ბინაც, ყოველმხრივათ ხელს უწყობდა. ახალციხის შტაბის თავმჯდომარეთ იყო იოსებ ყაჭეიშვილი, ძველი მუშა, შეგნებული მოქალაქე, რომელსაც ახალციხის მაზრაში დიდი და მეტათ ნაყოფიერი მუშაობა მიუძღვის საქართველოს სახელმწიფოებრივი იდეიის განსამტკიცებლათ. ის ერთი იმ უანგარო, შეუმჩნეველი მუშაკაცთაგანი იყო, რომელთაც კერძო ცხოვრება არ ქონდათ და მთელი თავისი აღტაცებით გადაშვებული იყვნენ რევოლუციით მოხეთქილ საქართველოს ამაღორძინებელ ახალ ტალღებში, ახალციხეში ის დაავადმყოფდა და 1920 წელს გარდაიცვალა. აი ეს ამხანაგი იყო უმთავრესი მოამაგე ავადმყოფ ალიხანოვისა. დრო მიდიოდა, ალიხანოვი ექიმობდა, მაგრამ ამასთან თანაბრათ ახალციხის შტაბის საქმე იწეწებოდა, იწეწებოდა არა უთავბოლო ხელმძღვანელობით, არამედ ინტრიგით, ჯგუფების ერთმანეთზე გადაკიდებით. შტაბის მორიგ არჩევნებზე ყველაფერი გამოირკვა. მთელი ამ არევ-დარევის სათავე თურმე ვანო ალიხანოვი იყო. ის ჩარეულა გვარდიელებში, გაუწევია დემაგოგია, დაუდვია ბრალი ყაჭეიშვილისთვის, თითქო ის არ აძლევდეს გვარდიელებს იმოდენ ტანთსაცმელს, საჭმელს და სხვა, რაც მათ ერგებათ და ისიც კი გამოუყენებია ამ „ალი-ხანათ“ მონათლულ ახალ მუსლიმანურ წინასწარმეტყველს, რომ ყაჭეიშვილი კარგ დამოკიდებულებაში არის მუსლიმანებთანო. არჩევნებზე ყაჭეიშვილი გააშავეს და ტფილისიდან საექიმოთ მოსული ალიხანოვი აირჩიეს. საქმის ინტერესი მოითხოვდა, რომ მთავარ შტაბს ის არ დაემტკიცებია, მაგრამ განსვენებული ყაჭეიშვილი დაჟინებით მოითხოვდა ალიხანოვის დამტკიცებას, რადგან ის ფიქრობდა, რომ ამით ბოლო მოეღებოდა გვარდიაში ინტრიგასა და გაუტანლობას. ალიხანოვი შეუდგა შტაბში მოღვაწეობას, გულზე გამოიკიდა ოთხივე ხარისხის გიორგის ჯვარი, ორი თუ სამი მენდლებიც და ვგონებ სტანისლავის ორდენიც. ყველას ეუბნებოდა, ყველას სწამდა, რომ ეს ჯვრები და მენდლები მას ომში აქვს მიღებული. შეუგნებელი სოფლელები მას ღებერალსა და ფაშას უწოდებდნენ. ალიხანოვმა ქაღალდებზე ხელის მოწერა უკვე „ალი-ხანი“-ს ინიცალებით დაიწყო. მას თავი მართლაც ახალციხის ფაშათ მიაჩნდა. 

მესამე და უკანასკნელი შემთხვევა ისევ ახალციხეში იყო. ალიხანოვის თავგასულობას შეებრძოლა ერობა და გვარდიის შტაბის დანარჩენი წევრები. ალიხანოვი შეტევაზე გადავიდა, იბარებდა თანამდებობის პირებს, თავის ყავარჯნით იდგა შტაბის კაბინეტში, რევოლვერი მუდამ მაგიდაზე ედო, ყოველი მომსვლელი პირველათ მას შეხედავდა. მთავარმა შტაბმა კომისიები დანიშნა საქმის გამოსაძიებლათ, შეეცადა ალიხანოვის კალაპოტში ჩაყენებას, ორჯერ-სამჯერ ახალციხეში გაიგზავნა ანანია სალუქვაძე. შტაბის საქმეები სულ აიწეწა, შეიქმნა ჯგუფები, კინკლაობა, დაბეზღება, გაუტანლობა და ყველა ამის გვირგვინათ გამოირკვა, რომ ალიხანოვს 15 ამხანაგის სია შეედგინა მათთვის „ტერორის დასანიშნავათ“. ამ სიაში იყვნენ ახალციხის საუკეთესო ამხანაგები. ჯერ არც დასრულებულიყო ამ საქმის გამოძიება, რომ ალიხანოვმა ახალციხის მსაჯული და გამომძიებელი დააპატიმრა და ახალციხიდან გაძევებას უპირებდა. ამის გაგების უმალ მთავრობამ იმ დღესვე დააპატიმრა ალიხანოვი და ახალციხიდან ტფილისში ციხეში გადააგზავნა. 

აი სამი მაგალითი ალიხანოვის სახის გასაშუქებლათ. მას არც ახალციხის შემდეგ მოუშლია თავისი ტერორისტული და შეშლილობის მეთოდები. ის ვგონებ ასეთივე საქმეებზე შემდეგაც დაიჭირეს. აღსანიშნავია ისიც, რომ ალიხანოვს ახალციხეში მუსლიმანები მუსლიმანათ ალი-ხანათ სთვლიდენ, ქართველი კატოლიკები – კატოლიკათ, ხოლო მართლმადიდებელნი კიდევ თავისათ. ის ვგონებ მართლაც მონათლულა 1912 წ. კონსტანტინეპოლში ემიგრაციაში ყოფნის დროს კათოლიკურ სჯულზე. ალიხანოვი არ არის მისი ნამდვილი გვარი, ზოგნი ამბობენ თითქო ის რაჭველი იყვეს და ჯაფარიძის გვარი ქონდეს. მაგალითად ანდრო ჭიაბრიშვილი ალიხანოვს შვილს უნათლავს და მან არ იცის მისი ნამდვილი გვარი. 

ცხადია, როცა ასეთი ავანტიურისტი სწერს „მხილებებს“ და ისიც დღევანდელ ხანაში, წინასწარ, წაკითხვამდისაც შეიძლება ითქვას თუ როგორი იქნება ეს მხილებები, სადაც ალბათ შეზავებულია მანიაკი, პადლეცი, შეთქმული, ავანტიურისტი და გიჟის მოჩვენებები და სიზმრები. დაუცადოთ, წავიკითხოთ, მოხარული ვიქნები თუ ჩემი მოლოდინი არ გამართლდება, მაგრამ საეჭვოა, რადგან მხოლოდ ის გარემოება, რომ „კომუნისტი“ უთმობს ამ მხილებებს თავის ფურცლებს და „პრავდაც“ სიხარულით აღნიშნავს, ამტიცებს, რომ ვანო ალიხანოვი გადმოანთხევდა იმას, რაც მის ავაზაკურ სულშია. „კოკასა შიგან რაცა სდგას, იგივე გადმოდინდების“. 

28 თებერვალი. კაუცკის წიგნი „პროლეტარული რევოლუცია და მისი პროგრამა“ რუსმა ამხანაგებმა მიიღეს გერმანულ ენაზე. ზოგიერთი მეტათ საყურადღებო ადგილები ამ წიგნიდან აქ რუსულათაც გადმოთარგმნეს. ეს თარგმანი წავიკითხე დღეს, რა სადა და თან ღრმა აზრებია, ადვილათ გასაგები, ასე გგონია კარგი მასწავლებელი გადგია თავზე და გაკვეთილს გიხსნის. ეს წიგნი მეტათ საჭიროა ქართულ ენაზედაც გამოიცეს, ის კალაპოტში ჩააყენებს იმ წრეებს, რომელთაც კიდევ შერჩენიათ ის მავნე ილუზიები, თითქო სოციალიზმის დამყარება ძალდატანებითა და ძალმომრეობით შეიძლებოდეს. კაუცკი არ ხედავს საჭიროებას „გახელებული რევოლუციებისა“ დემოკრატიულ ქვეყნებში, სადაც ცხოვრება თანდითანობით ეზრდება ახალ სოციალისტურ წყობილებას. მას მოყავს უბრალო მაგალითი, რომ არ შეიძლება ბავშვი დაიბადოს უფრო ადრე, ვიდრე ამას ბუნებრივი პირობები მოითხოვენ, რომ დღენაკლული ბავშვი არც თვითონ გაიზრდება და შეიძლება მშობელი დედაც დაავადმყოფოს და თან გადაიყოლოსო. კაუცკი სრულიად ანსხვავებს პროლეტარულ რევოლუციას ბურჟუაზიულისაგან, და მის დამახასიათებელ თვისებათ მიაჩნია მშვიდობიანი, ორგანიზებული, მწყობრი გადასვლა წარმოების ახალ წესებზე. კაუცკი დიდებულ ანალიზს უკეთებს რუსეთის რევოლუციასაც, რომელიც მას ბურჟუაზიულათ მიაჩნია და შეუდარებელი სისწორით აფასებს მის მამოძრავებელ ძალებს. ერთი სიტყვით კაუცკის წიგნი უდიდესი განძია მსოფლიო სოციალისტურ ლიტერატურაში და მისი შესწავლა ქართველ სოციალისტებს არანაკლებ ეჭივრებათ, რომ ყველა ამ გამოცდილებათა და განვლილ გზათა შემდეგ საქართველოს სოციალისტები კიდევ უფრო მტკიცეთ და ურყევლათ დარჩენ თავის ევროპულ დემოკრატიულ-სოციალისტურ პოზიციებზე და უმნიშვნელო და უკანასკნელი რეციდივებიც კი სოციალისტურ-რელიგიურ და რუსულ-ბუნტარული ფსიქოლოგიისა ფეხთაგან დაიბერტყონ. კაუცკის წიგნი საქართველოს მუშათა კლასს გაუსალკლდევებს მის მიერ წარმოებულ და ნაცად გზას დემოკრატიით სოციალიზმისაკენ. რა კარგია ვინმე ჩვენი ამხანაგთაგანი გადათარგმნიდეს ამ წიგნს ქართულათ და კაუცკის სთხოვდეს ქართული გამოცემისთვის სპეციალურ წინასიტყვაობის დაწერას. ვფიქრობ, რომ საქართველოს მეგობარი კაუცკი, ასეთ წინასიტყვაობაშიდაც კი ერთხელ კიდევ უჩვენებს ნათელ და საიმედო გზას საქართველოს მუშათა კლასს. საქართველო ბედნიერია, რომ თანამედროვე კაცობრიობის უდიდეს მოაზროვნე და მეცნიერ კაუცკისაგან მას აქვს მისი საჭირბოროტო კითხვებზე ძვირფასი აზრები, მაგრამ საჭიროა ეს ჩვენი დიდი მეგობარი კიდევ უფრო გამოვიყენოთ, მეტი დავაწერინოთ საქართველოზე, რადგან მისი ნაწერები მარადიულათ იცოცხლებენ და საქართველოს მუშათა კლასის სახელსაც აცოცხლებენ. ჩვენისთანა პატარა, დაჩაგრული ერისათვის ეს უდიდესი განძი იქნება. არ უნდა გვავიწყდებოდეს, რომ ისტორიულ უკუღმართობათა გამო, ჩვენ მხოლოდ ეხლა ვყალიბდებით ნამდვილ ევროპულ ნაციათ და ასეთ ნაწერებს, გარდა იმისა, რომ საქართველოსთვის უდიდესი საერთაშორისო მნიშვნელობა აქვს, ეს ნაწერები უპირველესათ თვით ჩვენი ხალხისათვის, საქართველოს დემოკრატიისათვის არის საჭირო, რადგან ჩვენ ბევრი გვაკლია, ბევრი არ ვიცით, ბევრი ნაჩქარევათ გაგვივლია და მით უმეტეს ეხლა ხომ ჩინური კედლებით ვართ გარსშემოვლებული და თავს რუსული კომუნისტური ნაგავით გვიტენიან. ერთ დღეს უთუოდ დაიმსხვრევა ეს საზარელი კედლები და უშუალო ხიდი გაიდება ჩვენსა და ევროპის დემოკრატიას შორის და ჩვენც, ჩვენი ხელმძღვანელი წრეები, მზად უნდა იყვნენ მაშინისთვის, რათა სულიერათ დამშეულ და გაღატაკებულ საქართველოს მიაწოდონ სულის დასაპურებელი მასალა, ამოავსონ არსებული ხარვეზი. ეს დიდი კითხვაა, ეს საქართველოს დემოკრატიის გადარჩენის კითხვაა. 

1 მარტი 1925 წელი. გაზეთებმა სამწუხარო ცნობა მოგვიტანეს, შვეციის სოციალ-დემოკრატიის ლიდერი, შვეციის მთავრობის თავმჯდომარე და ინტერნაციონალისა და ერთა ლიგის გამოჩენილი მოღვაწე ბრანტინგი გარდაიცვალა. მუშათა კლასმა დაჰკარგა ერთ-ერთი თანამედროვე მისი დიდი ხელმძღვანელთაგანი. კერძოთ საქართველომ და მისმა მუშათა კლასმა ბრანტინგის სახით დაჰკარგეს უდიდესი მეგობარი. საქართველოს რესპუბლიკათ აღორძინების დღიდანვე ბრანტინგი იყო ერთი იმათთაგანი, ვინც საერთაშორისო ასპარეზზე შემთხვევას არ უშვებდა რათა საქართველოს უფლებები დაეცვათ და ერის სუვერენობა შეენახათ. ეს მეგობრობა ბრანტინგმა განსაკუთრებით საქართველოსთვის უბედურ, ოთხი უკანასკნელი ოკუპაციის წლებში გამოიჩინა. ინტერნაციონალში, ერთა ლიგაში, კონფერენციებზე თუ სხვაგან, ბრანტინგი იყო ის უანგარო ტრიბუნი, რომელიც ამხელდა დამპყრობ რუსეთს და საერთაშორისო სამართლიანობას მიმართავდა დაჩაგრული საქართველოს უფლებების აღსადგენათ. საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლის ისტორიაში ბრანტინგის სახელი დარჩება, როგორც უანგარო მეგობარის და ჭირისუფალის სახელი. შორეულ შვეციას, მის ცივ მხარეს უგზავნი ჩემს ქართულ, ჩემს სოციალისტურ მხურვალე თანაგრძნობას, მეც ისე ვგლოვობ მათ ბელადს, როგორც შვედი სოციალისტი და მოქალაქე. 

დღეს საღამოს გაგვახალისა ლიუბას წერილმა. ეს პირველი ბარათია აქედან ჩასვლის შემდეგ. ვიცინეთ პატარა თემრაზის ქადილზე, თურმე უკმაყოფილოა, რომ აქ არ წამოიყვანეს და ეხლა ერთად-ერთი იმედი მომავალზე დარჩენია: „მე თქვენ გაჩვენებთ, აგერ გავიზრდები და არც კი გკითხავთ ისე წავალო“. თან თურმე ყოველ ნასადილევს თავს იზომავს, „აბა საჭმელმა რამდენი მომიმატაო“. 

2 მარტი 1925 წ. ექვსმა თვემ განვლო აგვისტო-სექტემბრის აჯანყების შემდეგ, საქართველომ მეორე ნაციონალური ომი წააგო დიდ რუსეთთან. ექვსი თვე!.. თითქო საკმაო დროა, რომ ვიცოდეთ ამ საბედისწერო ომის ნამდვილი შედეგები, მსხვერპლთა რაოდენობა და ამ დამარცხებიდან დატოვებული სულიერი ტკივილები... დიახ საკმაო დროა, ექვს თვეში პატარა საქართველოს ამბავს კი არა, დიდი ქვეყნების ამბის გაგება და გამოკვლევა შეიძლებოდა. მაგრამ ვაი რომ ჩვენ მომხდარის უმნიშვნელო ნაწილიც კი არ ვიცით. ჩვენ მხოლოდ დახოცილთა ათასობით თვლაზე მოგვესმა, მაგრამ ამ ათასებიდან ვიცით სამი თუ ოთხი ათეულის ვინაობა. რამდენი ცოცხალი მგონია და ნამდვილათ კი, ალბათ, დაჟლეტილები არიან, ყოველი გაზეთის სამგლოვიარო განცხადებებს ვათვალიერებთ, იქნებ გაეპაროთ სადმე ამ ექვსი თვის თავზე ვისიმე განცხადება. ამაოა. მტერი არა თუ გაზეთში გაუშვებს მათ გვარებს, არამედ დახოცილთა ხსენებაც კი აკრძალულია. ზოგჯერ თუ ახერხებენ მოკლულთა ნათესავები ამა თუ იმ მოკლულის ვინაობის გაზეთის სამგლოვიარო განცხადებებში გაპარებას. მგონია ასეთივე ხერხის საქმე უნდა იყვეს აფიცერ ჩახავას შესახებ დღეს დაბეჭდილი ტრაური. იხდიან ექვსი თვის თავის პანაშვიდს. ანგარიშს სწორეთ აგვისტოს დღეებში მივყავართ. ვიცით, რომ ჩახავა ციხეში იყო, მომკვდარა აგვისტოს დამლევში, მაშასადამე უნდა ვიფიქროთ, რომ ეს ერთ-ერთი საუკეთესო ახალგაზდა მხედარი და დიდი პატრიოტიც სხვებთან ერთად აგვისტოს დღეებში ციხეში დაუკლავთ. ამ ექვსი მწარე თვეების განმავლობაში არა ერთი დღე და ღამე გამიტარებია ფიქრებში და ჩამომითვლია ნაცნობ-მეგობრები, დამდგომია მათი სახე თვალწინ და იჭვებს ათასჯერ დაუსერავს გული „ვაი თუ ესეც მკვდარია-თქო“. ამ აჩრდილებ შორის ძალიან ხშირათ მიდგა თვალწინ აფიცერი ჩახავა. ეს შეიძლება იმისთვის, რომ მასთან კარგი ნაცნობობა მქონდა, საქართველოსთვის ბრძოლაში მასთან ყოფნის და ქართველური კმაყოფილების მიღების სიამოვნება არა ერთხელ განმიცდია, ის გოგიტას ახლო მეგობარიც იყო. ჯერ სულ ახალგაზრდა, ჯანღონით სავსე და ნიჭით დაჯილდოვებული ქართველი, სამშობლოსათვის აღგზნებული მებრძოლი, თავდადებული, რაინდი, ამაყი, ე. ი. იმ სილამაზით ლამაზი, რისთვისაც მოსაწონი და საყვარელია ყოველი პატრიოტი ახალგაზრდა. ვინ გაიმეტებდა ასეთ გულს გასაგმირათ თუ არა მხეცი და საქართველოს მესისხლე მტერი. ერთი მეტათ დრამატიული და განსვენებულისთვის დამახასიათებელი მოგონება ჩამრჩა მახსოვრობაში. 1920 წელს ჯიქეთში ვიყავი. გაზაფხულზე აჯანყებულები და მათ შორის უპირველესათ ყოვლისა ჯიქეთის ქართველობა სამაგიეროს უხდიდა დენიკინის რუსულ ლაშქრობას, რომელმაც ერთი წლის წინეთ საქართველოს ჩამოკვეთა ეს მისი უდაო ტერიტორია. სოჭი უკვე აღებული გვქონდა, ჩვენი რაზმები ან. ღლონტის მეთაურობით დოღაფსოსკენ მიიწეოდენ, სოჭის ქართველობის კრება გვქონდა, ქალაქის დიდი თეატრი გაჭედილი იყო ხალხით. აქ საქართველოს ყველა პოლიტიკური პარტიები განსჭვალული იყო ერთის გრძნობით და ერთის ოცნებით ჯიქეთი შეერთებოდა დედა საქართველოს. მაშინდელი საერთაშორისო პოლიტიკური მდგომარეობა საქართველოს მთავრობას საშვალებას არ აძლევდა აქტიურათ ებრძოლა ჯიქეთის დასაბრუნებლათ. და აქ მთავრობის ნაცვლათ მთელი ხალხი გამოდიოდა საქართველოს მთლიანობის იდეიისთვის, ის რუსეთს ჯანყს უწყობდა, და ამ ხალხის ნება-სურვილის მხარეზე იყო თანაგრძნობა მთელი საქართველოს და მისი მთავრობისაც. მახსოვს ეს იშვიათი აღფრთოვანების და იმედების დღეები სოჭის ქართველებისა, ჯიქეთის მკვიდრი ფესვებისა. ქალაქის თეატრზე საქართველოს დროშა ფრიალებდა, მიუხედავათ იმისა, რომ აჯანყებულთა ფორმალური მთავრობა თითქო რუსული იყო, მაგრამ ისინი (რუსები) ჰაერში გამოკიდებული დარჩენ, რადგან ჯიქეთის მცხოვრებთა დიდი უმეტესობა, გარდა რუსობის სრულიად უმნიშვნელო პროცენტისა, საქართველოსკენ მოიწეოდენ (ქართველები, სომხები, ბერძნები და სხვა). ჯერ არ გახსნილიყო კრება, წინასწარ ვბაასობდით ქალაქის ბაღში. აქ იყვნენ თავმოყრილი სოჭის თავი კაცები. მათ შორის იყო განსვენებული ს. სიმონიძე. აქვე იყო აქაურ ქართველ კომუნისტების წარმომადგენელი, რომელიც სხვებზე არა ნაკლებ თავგამოდებული იყო ჯიქეთის საქართველოზე შემოსაერთებლათ. ბაასში ვიყავით, რომ მოულოდნელათ მოირბინა ჩვენთან 4-5 წლის ბავშვმა და მე მომაშურა, გაბრწყინებული სახე ქონდა და აღელვებით დამიწყო ბავშვური ტიტინი: 

– ძია, საქართველოდან მობრძანდი? 

ყველას გაეცინა, მე ბავშვს ხელი წავატანე, ზევით ავიყვანე და ალერსი დაუწყე, თან ვუპასუხე – კი ჩემო, კი ბიძია, საქართველოდან მოვედი. 

ბავშვი ხელიდან დამისხლტა და ისევ აღელვებით შემეკითხა: 

– აფიცერ ჩახავას იცნობ? 

– კი ვიცნობ, მერე რა გინდა? 

– ძია რა მინდა და წერილი უნდა წამიღო, ჩახავასთან წერილი წამიღოვო – სთქვა ეს და მიბრუნდა, გაიქცა და ყვიროდა: 

– დედა, დედილო, კი იცნობს ჩახავას, მალე დამაწერინე წერილი, გაგრაში გავატანო. 

დამსწრეებმა ამიხსნეს, რომ ჩახავა სოჭის ბავშვების მეგობარია, როცა შარშან აქ იდგა მისი ნაწილი, მას ბავშვებისაგან მოსვენება არ ქონდაო. 

როცა სამი დღის შემდეგ გაგრაში მოვდიოდი, თან მომქონდა ამ პატარა ენტუზიასტის წერილი, რომელიც მეგობარ ჩახავას სწერდა, რომ მას ძალიან მოეწყინა უმისოთ და თუ სოჭაში აღარ დაბრუნდებოდა ჩახავა თავის ჯარებით, წერილით მაინც ეცნობებია, რომ თვით ბავშვი გადასახლებულიყო მასთან. ჩამოსვლის უმალ გადავეცი წერილი. გაეხარდა. ვგონებ იმავე დღეს გაუგზავნა პასუხი ამ თავის პაწაწინა მეგობარს. თითქო გასაკვირველია, რომ სამხედრო პირს ამოდენი გრძნობა და სისათუთე აქვს, რომ თვით ბავშვის სინაზეც კი მეგობრობას პოულობს მასთან, მაგრამ არაფერია ამაში გასაკვირველი ქართველი კაცისთვის, ხოლო თვით ჩახავა კი წმინდა წყლის ქართველი იყო თავის გრძნობებით, სიყვარულით, ენტუზიაზმით და გატაცებით... 

და ვინ იცის რამდენი ასეთი მშვენიერი ქართველია მოკლული. ამ დახოცილ ათასებიდან ხომ უმთავრესათ დარჩეული ვაჟკაცები და თავგამოდებული პატრიოტები იქნებიან. ჩახავას ტრაურის წაკითხვამ ერთხელ კიდევ ოცნებით ჩამომათვლევინა ნაცნობი სახეები და იჭვები კიდევ უფრო გამიძლიერა. ვისზედაც ნამდვილათ არ ვიცი, ყველანი დახოცილები მგონია... 

3 მარტი. გაზეთების ცნობით ოსმალეთის აღმოსავლეთ პროვინციებში აჯანყება დაწყებულა. აჯანყება ვანის და დიარბექირის მიდამოებიდან მოდებულა, ე. ი. ის სომხეთის ტერიტორიაზე ხდება. აჯანყებულან ქურთები, სომხები ხომ ომისა და მის მიმყოლ ხანებში გაჟლიტეს აქ და დანარჩენები კი აყარეს და გააძევეს. აჯანყებულთა ლოზუნგია დამოუკიდებელი ქურთისტანი და ხალიფატის აღდგენა. ანგორა, და მოსკოვიც კი, ამ აჯანყებას რეაქციონურს უწოდებენ. ჯერ-ჯერობით აჯანყებულები იმარჯვებენ. გაზთების აზრით ამაში ურევია ინგლისის ხელი, რომელსაც ეხლა გადასაჭრელი აქვს მოსულის საკითხი და რომ მოსული სავსებით შეირჩინიოს, ოსმალეთს შიდ მოუწყო გართულებაო. ბედი რომ გაგვიღიმებდეს და აჯანყება ისე გაიზრდებოდეს, რომ ქემალის ბედს გადაჭრიდეს, მაშინ ერთ შემსუბუქებას მაინც მივიღებდით: დაიბრუნებს სომხეთი ნაწილს მაინც თავის ტერიტორიებისა და საქართველოც აღიდგენს თავის სამხრეთ საზღვარს. ამას კი დღევანდელი რუსეთი მაშინ გაბედავს, როცა მისი მეგობარი ქემალი წაიქცევა და არსებითად რუსულ-ოსმალური ბლოკი დაირღვევა. მეტი რა შემიძლია და დანგრევას კი ვუსურვებ ქემალისტურ ოსმალეთს, რომ ამით იქნებ ჩვენზე წანაგლეჯი მაინც დავიბრუნოთ, რადგან თუ მონობა გვიწერია, დეე ერთი ვეშაპის ხელში მაინც ვიყოთ, ერთი ბატონი მაინც გვყავდეს, რომ ჩვენი ეროვნული სხეული გახლეჩილი და დაქუცმაცებული არ დარჩეს. 

ს.ს.რ.კ-ს მთავრობამ მიიღო ერთი საშინელი კანონის პროექტი და მალე საკავშირო ცაკის (ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის – ი. ხ.) პრეზიდიუმს წარედგინება დასამტკიცებლათ. საქმე შეეხება ყოფილ თავადაზნაურობის ძველ საცხოვრებელ ადგილებიდან აყრას და მათი სადმე საკოლონიზაციო ფონდების მიწებზე ურალში, ან სადმე სხვაგან შიდა გუბერნიებში გადასახლებას. კანონი ხაზგასმით ამბობს, რომ ეს უფრო შეეხება განაპირა კუთხეებს და მისი ცხოვრებაში გატარებაც უთუოდ განაპირებიდან უნდა დაიწყოსო. მთელი შინაარსი და აგებულება კანონისა ისეთია, რომ უნდა ვიფიქროთ ის პირველყოვლისა მიმართული იქნება საქართველოს ე. წ. თავადაზნაურობის წინააღმდეგ, რომლის საბაბით და მიზეზით რუსეთს უნდა საქართველოს მოხადოს ნაღები, ამოსწყვიდოს კულტუტის მთავარი სული, ერი გაფანტოს და დაქსაქსოს, რომ ამით გაუადვილდეს მთლიანი ეროვნული სხეულის დასახიჩრება, შიგნიდან მისი ათქვეფა და რუსიფიკატორული საქმის კეთება. ეს პროექტი დაბეჭდილია „პრავდას“ 1 მარტის (1925 წ.) ნომერში და ალბათ მალე ის სავსებით დამტკიცდება, რადგან ნაანგარიშევია, რომ მიმდინარე 1925 წელში განაპირებზე ის უთუოდ უნდა იქნეს გატარებულიო. საქართველოში ხომ ე. წ. ყოფილი თავად-აზნაურობა 120 ათასს წარმოადგენს და თუ მართლა ამ კანონს მასიური ხასიათი მიეცა, მაშინ ეს ნიშნავს საქართველოს ნახევრათ აყრას და მისი მთელი თავით დაქვეითებას. ის, რაც ვერ შეასრულეს რუსეთის მეფეებმა პეტრე დიდიდან ნიკოლოზ მეორემდე, ეხლა უნდათ შეასრულონ ლენინ-რიკოვის გაწითლებულმა რუსმა შავრაზმელებმა. ვახტანგ მეექვსედან დაწყებული განა ცოტა ჩაილეწა და ჩაიხოცა, გადაგვარდა და დაიკარგა რუსეთში ქართველთა შთამომავლობა? განა თვით უკანასკნელ ათეულ წლებში ათი ათასობით არ დაიღუპენ ქართველთა მეწინავე მებრძოლები ციხე-ციმბირებში? მაგრამ ეს ხდებოდა მაშინ თვითმპყრობელური რუსეთის სახელით, ეხლა კი თითქო სოციალიზმის სახელით აუცილებელი ხდება ასი ათასობით ქართველთა ადგილ-მამულიდან აღგვა და დაციმბირება. როგორ გაშიშვლდა „კომუნისტური“ და „ინტერნაციონალური“ რუსეთი, როგორ ურცხვათ ამოუდგა ის გვერდში შახ-აბაზებს და ტამერლანებს, როგორ იმეორებს ის იმ შავ დროებს, როცა სპარსეთში და თურქესტანში მიასხამდენ ასი ათასობით კარმიდამოდან აყრილ ქართველებს, რომ გადაეგვარებიათ, გაეჟლიტათ და მოესპოთ მათი ეროვნული სახე... თვალწინ გვიდგას სომხეთის მაგალითი, უბედური სომხეთის მაგალითი, გაყიდული, გაცემული, ყველასაგან მიფურთხებული სომხეთის მაგალითი, რომელიც თითქო „ცივილიზაციისათვის“ გამოიყენეს ევროპის კულტურულმა ქვეყნებმა და რუსეთმა და ეხლა კი მისი მწარე ბედი, გაჟლეტილი მოსახლეობა და უსახლკარო ლტოლვილები დაცინვისა და ანგარების საგნათ გაუხდიათ. სამართალი თითქო აღარ არსებობს, ყველა და ყველაფერი გამხეცებულა... რასაკვირველია, ქართველი ხალხი შეებრძოლება ამ ახალ რუსულ ველიკოდერჟავნიკულ და სისხლიან იმპერიალისტურ განზრახვებს, მაგრამ ისიც ხომ ვიცით, რომ დღევანდელი რუსული მხეცი ყველა ისტორიულ მხეცებზე შეუპოვარია და მისთვის არათუ რაიმე ზომა, არამედ საშვალების გარჩევაც კი არ არსებობს მის მიერ დაპყრობილი ერების ამოგდების და განადგურების საქმეში. და ამ დაპყრობილთა შორის ხომ საქართველო ნიშანში ყავს რუსეთს ამოღებული და მის მოსასპობათ ძალღონეს არ იშურავს. 

4 მარტი. კიდევ ერთი მეტათ სამწუხარო ამბავი. გერმანიის პრეზიდენტი, სოციალ-დემოკრატიის გამოჩენილი ბელადი ფრიც ებერტი გარდაცვლილა. გუშინ ბრანტინგი, დღეს ებერტი, სიკვდილმა თითქოს განგებ ამოიღო ნიშანში ეს ორი თანამედროვე უდიდესი პიროვნებები და მუშათა კლასის ამომავალი მზის ყველაზე მოკაშკაშე სხივები ჩააქრო. ებერტი!.. რამდენს ამბობს ეს ერთი სიტყვა... ებერტი!.. – ეს ხომ გენიალური სახელმწიფო მოღვაწეა, რომელმაც გადაარჩინა თავის სამშობლო, რომელმაც თავის პროლეტარული შეგნებითა და ნებისყოფით მთელი თავით ამაღლდა ომისა და დამარცხების ქაოსზე და ათას ნაღმებით ასაფეთქებლათ გამზადებული გემი გამოიყვანა სამშვიდობოზე და გერმანიის დიდ ხალხს შეუნახა რწმენა მომავლისადმი. შეიძლება თამამათ ითქვას, რომ ომისა და რევოლუციების დიდ ისტორიულ აღრევათა ხანაში გერმანიაზე კრიტიკულ მდგომარეობაში არ ჩავარდნილა არც ერთი ერი და არც ერთ დიდ სახელმწიფო მოღვაწეთ არ განუცდიათ იმოდენი, რამდენიც დამარცხებულ გერმანიის დემოკრატიულმა ხელმძღვანელებმა. გერმანია დამარცხდა და მისი სახელმწიფო გემი დასაღუპათ უფსკრულისაკენ დაექანა და ამ დასაღუპათ გამზადებულ გემის მესაჭეობა ყველაზე კრიტიკულ მომენტში იკისრა გერმანიის მუშათა კლასმა და პირველ დარაჯის ადგილზე მან თავისი ებერტი გაგზავნა. ებერტმა და მისმა პარტიამ გერმანია უფსკრულიდან სამშვიდობოს გამოიყვანეს. ებერტის ნიჭმა და პროლეტარიატის საღმა ინსტინკტმა და გერმანულმა დისციპლინამ მოკლა ორი მტერი – მონარქია და ანარქია. აქ, გერმანიის მაგალითზე, ცხადლივ მოსჩანს თუ რა სასწაულები შეუძლია მუშათა კლასის ორგანიზაციას, მის მეცნიერულ სოციალისტურ და დემოკრატიულ იდეოლოგიას, თუ როგორ შეუძლია მას მოიგერიოს მარჯვენა რეაქცია და მარცხენა ანარქია – ორივე ერთნაირი მტერი დემოკრატიისა და სოციალიზმისა. თითქო თავის თავად გვიდგება თვალწინ რუსეთისა და გერმანიის შედარება. პირველი უკვე განადგურებული, გაველურებული, იოანე მრისხანის ოპრიჩნინათ გადაქცეული, მეორე თავისუფალი – დემოკრატიული, აღორძინების გზაზე დამდგარი და იმედით აღსავსე, სოციალიზმისკენ დემოკრატიით მიმავალი. ერთი ძალმომრეობა და მეორე ნებისყოფა. პირველის მეთაური იყო ებერტი და მისი აღმზრდელი გერმანიის სოციალ-დემოკრატია, მეორეს კი ლენინი და მისი წარმომშობი სეკტანტურ-ფანატიური, გლეხურ-პოგრომშჩიკული რუსული მასა. გაიმარჯვა კულტურამ, ევროპამ, დემოკრატიამ. ის ნაკლები მსხვერპლით და ნაკლები გაჭივრებით ასჯერ უფრო დაუახლოვდა მიზანს, ვიდრე თვით უკვე „მიზანში“ შესულ რუსეთს შეუძლია დაუახლოვდეს იმ მდგომარეობას, რომელშიდაც ეხლა გერმანია და მისი მუშათა კლასია. რუსულმა ბოლშევიზმმა ხელისუფლება მიზნათ გადააქცია და ხალხის ინტერესები მას შესწირა, გერმანიის მუშათა კლასმა კი ერი და მისი დაცვა, სახელმწიფო და საზოგადოება არა თუ ხელისუფლებაზე მაღლა დააყენა, არამედ მას დაუმორჩილა თავის კლასის ინტერესებიც და მით ღირსეული მოქალაქის, ჭეშმარიტი სოციალისტის და საზოგადოების უანგარო მოჭირნახულის სახელი დაიმსახურა. გაივლის დრო, ომისა და რევოლუციების ქაოსი კიდევ უფრო დაიწრიტება, აღელვებული გრძნობები სავსებით დაწყნარდება, კაცობრიობა უფრო საღი გონებით და უფრო მიუდგომლათ დააფასებს მომხდარს, და აი მაშინ მთელი თავისი მომხიბლაობით გადაიშლება ის დიდი გმირული და საარაკო ბრძოლა, რომელიც დემოკრატიამ გასწია, ხოლო სოციალ-დემოკრატია და განსაკუთრებით კი გერმანიის სოციალ-დემოკრატია ამ ბრძოლის ცენტრში იდგა. და ებერტსაც ვერავინ წაართმევს პირველობას ამ ბრძოლაში. რაც დრო გავა მისი სახელი და საქმე კიდევ უფრო გაიზრდება და ის ისტორიაში სამართლიანათ დარჩება თანამედროვე კაცობრიობის ერთ უდიდეს პიროვნებათ. გერმანიის სოციალ-დემოკრატიას და მასთან ერთად მთელი ქვეყნის სოციალისტებს სიამაყით, უდიდესი მოკრძალებით და სიყვარულით შეუძლიათ მუხლები მოიყარონ დიდი ებერტის დიდი ცხედარის წინაშე. ებერტი მოკვდა, ებერტის საქმე არ შეიძლება მოკვდეს. 

5 მარტი 1925 წ. ს.ს.რ.კ-ს ცაკის ტფილისში დანიშნულ სესიაზე უკვე გაემგზავრენ მოსკოვიდან მთავრობის წევრები და სხვები. აქედანვე დაიწყეს ბოლშევიკურათ დიდი კომედიისთვის სამზადისი. „უვერტიურა“ როსტოვში გაინასკვა, სადაც თურმე კალინინს, ჩიჩერინს და რიკოვს სადგურზე შეხვდენ მუშების 5000 კაცისაგან შემდგარი დელეგაცია. ღმერთმანი ასე სწერია. ასე გადმოგვცემს მას „პრავდა“ და „იზვესტია“, აბა სად ნახულა დელეგაცია, სადაც ხუთი ათასი წევრი ყოფილა? რა უკვდავია ცხონებული გოგოლი, რომლის ხლესტაკოვი დღეში თავის 36 ათას შიკრიკით დღეს უკვე სავსებით ძალაშია შესული და არა თუ თვითონ მარტო სწამს, არამედ სხვაც უნდა დაარწმუნოს, რომ ეხლანდელ როსტოვში ისეთი უზარმაზარი და დაუთვლელი მუშათა კლასია, რომ მისი სურვილის გამოსახატავათ ხუთი ათასი მარტო დელეგატი გამოცხადდაო, და თუ „უვერტიურამ“ ხლესტაკოვს გადააჭარბა, მაშინ რა უნდა იქნეს თვით კომედიის აკტები ტფილისში!.. 

„კომუნისტში“ სამი ოთხი წერილი დაიბეჭდა ვიღაც ფუხარასი. სადა კორესპონდენციებია დასავლეთ საქართველოდან. მთელი ამ წლების განმავლობაში ეს თითქმის ერთად-ერთი წერილებია კაცს რომ წაეკითხება, მკითხველი რომ ენას არ მოიტეხს და ცოტა აზრს მოასვენებს და თვალს წყალს დაალევინებს. კაცი ისე ხარ მოშივებული ჩვეულებრივ, ადამიანურ ნათქვამზე და ბუნებრივ სადა ქართულზე, რომ ბედნიერებათ სთვლი როცა ერთი-ორი ასეთი დამაამებელი წერილი შეგხვდება. თითქო იმედიც კი მოგეცემა, ვინ იცის იქნებ მთლათ არ გადაშენებულა ჯერ იმ მწერალთა ჯიში, რომელნიც სინამდვილეს სარკესავით გადმოიღებდენ და გასაგებათ გეტყოდენ. ჯერ-ჯერობით ბათუმზე და ფოთზე მოათავსა ორი-სამი წერილი ფუხარამ. დღსაც ერთი ფელეტონი ქუთაისს ეხება. აგვიწერს საქართველოს წრევანდელ არაჩვეულებრივ შავ ზამთარს. „კომუნისტიდან“ აბა როგორ უნდა გაიგო სიმართლე მკითხველმა, იქ სტრიქონებ შორის არის საძებარი ყველაფერი, მაგრამ ფუხარას წერილებიდან ისე მგონია, რომ ეს ავტორი არ არის „კომსომოლის“ ჯიშის, მას რაღაც ძველი მწერლურ-ჟურნალისტური ტრადიციის და ეთიკის უნდა ეცხოს, ამისთვის მინდა ვიფიქრო, რომ მისი კორესპონდენციები უტყუარათ გამოხატავენ სინამდვილეს. „ფუხარა“ ეხება ბათუმს, შემდეგ ფოთს, და საშინელი და დამაფიქრებელი სურათია. მკვდარი, უსულო, სიცოცხლის ძალა გამორთმეული ბათუმი, რუსული ურდულით დარაზული ევროპის ქართული ჭიშკარი, რომელშიდაც შეწყვეტილია სიცოცხლის ძარღვის ცემა, რადგან რუსული მონოპოლიის კედლები აქვს საქართველოს შემოვლებული და გარდა იმისა, რომ პოლიტიკურათ მოგვკლა, ეხლა თავის საშინლათ ძვირი და უვარგისი რუსული საქონლითაც უნდა ამოგვაღრჩოს. ხალხის ენერგია შებორკილია, არ არის სტიმული შეძენისა და განვითარებისა, რადგან მკვდარმა რუსეთმა წამოგვიკიდა და ცოცხალ მსოფლიოს მოგვაშორა. ფუხარას კორესპონდენციების რამოდენიმე სტრიქონებიდან სავსებით მოსჩანს საქართველოს ეკონომიური ოაზისების ბათუმისა და ფოთის თითქმის სრული გაუდაბნოება და აქედან ერის წინაშე დასმული ყოფნა არყოფნის საკითხი. ამ კორესპონდენციებში არც ქუთაისი გამოიყურება სანუგეშოთ. აქაც დაქვეითება, დაუძლურება, სიღატაკე და თითქმის გაველურება. ბოლოს როგორც იქნა გავიგეთ უბედური ხვედრი ქუთაისის სობოროსა. ფუხარას გადმოცემით მოედანზე ყრია მისი ნანგრევები. განა თუ არა შეშლილები და გახელებულები დაანგრევდა ამ მშვენიერ ძეგლს, ერთად-ერთ მშვენებას ქალაქისას? მხოლოდ ველურებს შეეძლოთ ეს ექნათ. მე დღემდი მაინც მეგონა, რომ შარშან ამ სისულელიდან ადრე აიღეს ხელი, რადგან უბრალო ანგარიშიც კი დაარწმუნებდა კაცს, რომ სობოროს დანგრევით არ აშენდებოდა ის მიფიური თეატრი, რომელზედაც ქუთაისელი ორი-სამი ხეპრე მოხეტიალეები ოცნებობდენ. სად აქვს ეხლა ქართველ ხალხს თავი იმისთვის, რომ მილიონებიანი თეატრები აკეთოს, მაშინ როცა შიმშილ-სიტიტვლისაგან ლამის არის სული ამოძვრეს. ვინ, რომელი გიჟი მოსთხოვს უკვე გაღატაკებულ და სულით ხორცამდე გაძარცულ ქუთაისს, რომ მან უზარმაზარი თეატრი ააგოს? არ ვიცი არცოდნა და დამთხვეულობაა ასეთი საარაკო რამის გაკეთება, თუ ბოროტი აზრია. ყოველ შემთხვევაში მგონია რომ ქუთაისის სობოროს დამნგრევი უფრო გიჟი უნდა იყვეს, რომელიც ბოროტებას უდრის. 

6 მარტი. დღვანდელ „იზვესტიაში“ გაგრძელებაა უკვე დაწყებულ კომედიებისა ტფილისში განზრახული ს.ს.რ.კ-ს ცაკის სესიის გამო. დახატულია რიკოვი, კალინინი და ჩიჩერინი ჩოხებში, რომელნიც ტფილისში მიიჩქარიან. ეს თითქო ემბლემაა იმისი, რომ რუსი ხელისუფლები კავკასიის ერების თავისუფლებას სცნობენ და მათ ნებისყოფას გამოხატავენ. შეიძლება ამას ვინმე მოეტყვილებია, რომ მეტათ გაცვეთილი და მოძველებული ხერხი არ იყვეს ასეთი „ჩოხების გადაცმა“. ხოლო ჩოხებს და საერთოთ კავკასიურ-ქართულათ გამოწყობას რომ მართლა შესძლებოდა რაიმეს მოტანა საქართველოსთვის, განა რუსული თვითმპყრობელობა ნაკლებათ იმარჯვებდა ამ საშვალებას? განა ნიკოლოზ მეორე ჩოხით არ მობრძანდებოდა ტფილისში? განა ნამესტნიკი ნიკოლოზ ნიკოლოზის ძე მუდამ ჩოხით არ იყო გამოწყობილი კავკასიაში მბრძანებლობის დროს? მაგრამ ამ შირმას საქართველოში არავინ მოუტყუებია. ქართველი ხალხი კარგათ ხედავდა ამ ჩოხების შიგ დამალულ რუსულ შავ გულს და არც დღეს გაუჭირდება პოლიტიკურათ გათვითცნობიერებულ ქართველ მოქალაქეს რიკოვ-კალინინ-ჩიჩერინის ჩოხების ქვეშ დაინახოს მოსკოვის ნამდვილი დამპყრობელური ზრახვები და საქმენი. საქართველო უზბეკისტანი და ტაჯიკისტანი არ არის, რომ ჩიჩერინ-კალინინმა მოლას ანაფორითა და ჩალმით შემოსით აღტაცებაში მოიყვანოს ხალხი. დაპყრობილ საქართველოში უნამუსო რუსულ ცხვირს ვერაფერი ვერ დაფარავს, საქართველოზე დამწუხრებული ქართველი მოქალაქე ამ ჩოხების ქვევითაც კი გამოიცნობს მისი ნაციონალური ღირსების და თავისუფლების დამწიხლავ რუს იმპერიალისტებს. კალინინ-რიკოვ-ჩიჩერინისთვის ჩაუსწრია ტფილისში ყოფილ ქართველს, ეროვნულ რენეგატს აბელ ენუქიძეს. ეს სჩანს მის მიერ „იზვესტიაში“ მოთავსებულ წერილიდან. ეს წერილი ასე ვსთქვათ „რესკრიპტია“ „ძვირფასი სამშობლოსადმი“. მოსოვმა წინასწარ გაგზავნა მისი ფინია თავის ყოფილ სამშობლოში, რომ გაშლილი სუფრა დაახვედროს იმ ნაგაზებს, რომელნიც ცხვრის ქურქში გახვეულნი საქართველოში მიემგზავრებიან. ჩვეულებრივი ბოდვაა, მოსკოვური ბოდვა ამ წერილში, მაგრამ სიბრაზის ნაცვლათ იცინი და თანაც სიბრალული გიპყრობს იმ დაკარგული ქართველისადმი, რომელსაც ჰგონია, რომ ის საქართველოზე მაღლა სდგას, ხოლო ნამდვილათ კი უცხო გადამთიელთა წუმპეში და ლაფშია ამოსვრილი. „ქართულ ენას ვაუმჯობესებთო“ ტრაბახობს ბ-ნი აბელ ენუქიძე. მოდი და ნუ გაგეცინება. გაუმჯობესება კი არა, მოგვანატრეს ქართული, მოგვანატრეს ის ჩვენი მშობლიური ენა, რომელიც აკაკისა და ილიას პირით მუსიკობდა. დღეს ჩვენ იძულებული ვართ პოეზიის ნაცვლათ ვიღაც ჯაგლაგი და უმზგავსო უვიცების ნაცოხნი ვიკითხოთ, ნოე ჟორდანიას სტატიის ნაცვლათ სევასტი თალაკვაძის უაზრობა პუბლიცისტიკის უმაღლეს საუნჯეთ მივიღოთ, ქართველი პოეტების ჰანგების ნაცვლათ ვიღაც უნიჭო კრეტინების ბღავილი უნდა ვისმინოთ... ჯუღაშვილ-ენუქიძე-ორჯონიკიძეებიც ისევე „მოღვაწეობენ“ საქართველოსთვის, როგორც მეფის ღენერალი პავლე ციციანოვი „მოღვაწეობდა“ საქართველოს რუსეთის პროვინციათ გადასაქცევათ. „სალამი ძვირფას სამშობლოსო“ ცბიერათ მიუძღვნის ენუქიძე საქართვლოს და ეს ცბიერობა და გამყიდველობა მოსჩანს თუნდ იმაში, რომ მოსკოვიდან წაღებულ რუსულით „ეალერსება“ ქართველ დედას. გარეწარებო, თუ ძვირფასი ყოფილიყო თქვენთვის საქართველოს, რუსულ მოხელეობაზე არ გაყიდიდით მის თავისუფლებას!.. 

7 მარტი. ქემალისტური ოსმალეთი კრიზისს განიცდის. აღმოსავლეთ ვილაიეტებში მომხდარი აჯანყება გამოხმაურებას პოულობს შიდა ოსმალეთშიდაც. ქემალის პარტიამ აიღო მაგარი კურსი, ფეხტი-ბეის ზომიერი მთავრობა გადააყენა და უფრო მემარცხენე ისმეტ-ფაშას მთავრობა შექმნა. ეს იმას ნიშნავს, რომ კონსტანტინეპოლისა და საერთოთ ევროპული ორიენტაციის ძალებს მთავრობა გაბედულ ბრძოლას გამოუცხადებს. პიროვნული დიქტატურა კიდევ უფრო მძაფრი და განუსაზღვრელი გახდება, სამღვდელოება, ბურჟუაზია და საერთოთ უფრო ზომიერი ელემენტები დევნის საგანი გახდებიან. ამან შეიძლება კიდევ უფრო გაამწვავოს კრიზისი და ვინ იცის, იქნებ იმასაც მოვესწროთ, რომ სომხეთ-საქართველოს სამხრეთიდან ამკლები ოსმალეთი ერთხელ კიდევ წაიქცეს. ეს იქნება სომხეთის ხსნა და საქართველოს ტკივილების შემსუბუქება. ჩვენს მიწა-წყალს მაინც დავიბრუნებთ ამით ორივე ერის ნახევარი ტრაღედია დასრულდება. მაგრამ რომც არ მოხდეს ამხანათ ოსმალეთის წაფორხილება, უნდა ვიფიქროთ, რომ ის მომავალში მაინც ვერ აიცდენს დანგრევა-დალეწას, ოსმალეთი უნდა დაეტიოს საკუთარ მის მიწა-წყალზე და ყველაფერი მისგან წანაგლეჯი უნდა დაუბრუნდეს მისგან გაძარცულ ერებს. 

უკვე მოაღწია „კომუნისტის“ იმ ნომრებმა ჩვენამდე, სადაც დაბეჭდილია ვანო ალიხანოვის წერილები „რამ დაგვღუპა და რა გვიხსნის“. საკვირველია, „პრავდა“ იტყობინებოდა, რომ ეხლახან გამოვიდა სტამბოლში ეს ბრუშურაო, ხოლო „კომუნისტიდან“ ირკვევა თითქო ის 1923 წ. მაისში გამოსულიყოს, დაბეჭდის დატაც (თარიღი – ი. ხ.) ამ დროს უჩვენებს, მაგრამ საფიქრებელია, რომ ეს შანტაჟია, ჩვეულებრივი კომუნისტური შანტაჟი. რასაკვირველია, წიგნი ეხლა გამოსულია, მაგრამ მას გამოსვლის დატათ განგებ გაუკეთეს წარსული დრო. ესააოდა ვითომ ამდენი ხანია გამოვიდა და ჩვენ ეხლა შევიტყვეთო. შინაარსითაც ისეთია ეს წერილები, რომ მტერს უნდა ეხლა მეორე მხრიდან, უფრო მარჯვნიდან მოუაროს საქართველოს და მის სოციალ-დემოკრატიას. ოთხი წელია, რაც მოსკოვი ხმალს ატრიალებს საქართველოში და უამრავ ფულს ხარჯავს, რათა გახრწნას ერი შიგნიდან, მაგრამ მთელი ეს წარსული მუშაობა ხდებოდა უმთავრესათ კომინტერნის დროშის ქვეშ, აშკარა ანტიეროვნულ მიდგომით, რამაც საგრძნობი ნაყოფი ვერ გამოიღო. ამაში დარწმუნდა მტერი აგვისტო-სექტემბრის აჯანყების დროს, როცა „მოქცეული“ და „შენანიებული“ ქართველი ხალხი მთლიანათ ამბოხდა და რუსეთს დაუპირისპირდა. მოსკოვმა დაინახა, რომ პირწმინდა რუსული გზით, საქართველოს „გაწბილებით“ და კომინტერნზე ფიცით ვერ გასტეხს ერის მთლიანობას, მით უმეტეს ვერ მოშლის სოციალ-დემოკრატიის რიგებს, რომელიც ეროვნული ბრძოლის მესაჭეა. ამისთვის რაკი მარცხენა რუსულით ვერას გახდა, ეხლა ის შეეცადა მარჯვენა ქართულით საქმის მოგებას, იქნებ ამით მაინც გავთიშო, გადავკიდო ერთმანეთს საქართველოს პარტიები და განსაკუთრებით მოვშალო სოციალ-დემოკრატიის მთლიანობაო. ამ მხრით ვანო ალიხანოვის ბინძური და ყოველგვარ პატიოსნებას მოკლებული ნალაპარაკევი ახალი ცდაა, ახალი ხერხია, ახალი საშვალებაა საქართველოს მებრძოლი ძალების შიგნიდან დასაშლელათ. ის ესხმის თავს სოციალ-დემოკრატიას და ისეთ უცოდველ ანგელოზათ მოქვს თავი, რომ გაუწითლებლათ აცხადებს „ისევ პარტიაში ვარ, პარტია მინდა გავწმინდოო“. მაგრამ ეს პირფერობა და ცბიერობა ადვილი გასამხელია დაკვირვებული მკითხველისათვის. ვანო ალიხანოვი ფაქტებს დაგვპირდა ბროშიურის თავში და ისე ათავებს, რომ ერთი ფაქტიც კი არ მოყავს, ვანო ალიხანოვი ყველას ქექავს, ყველას თავსლაფს ასხამს, ყველა მოღალატეთ და გამცემათ მიაჩნია, მას ვერ დაუნახავს პატიოსანი კაცი და პატიოსანი საქმე და ასე გეგონებათ, რომ საქართველო მართლაც რაღაც განუკურნებელი ჭირითაა დაავადებული, რადგან არ შეიძლება ჯანსაღმა ერმა ისეთი ხელისუფლება მოგვცეს, როგორც ეს ალიხანოვს ყავს დახატული. პირფერობაა, თითქო ალიხანოვი პარტიისა და ერის ინტერესებზე ზრუნავდეს ამ წიგნით. საქართველოს დღევანდელ პირობებში აბა რა სარგებლობა უნდა მოუტანოს ამ სიბინძურით გადმონთხეულმა ბოდვამ ქართველ ხალხს, მას მხოლოდ ერთი შეუძლია და მიზანიც სწორეთ ეს არის ალიხანოვის დამქირავებელ რუსებისა. საქმის არმცოდნეს, პოვატელს (ალბათ ობივატელი იგულისხმება – ი. ხ.), ის ეჭვში შეიყვანს, შეიძლება ხელს ჩააქნევინებს „საშველი აღარ ყოფილაო“, ხოლო პარტიაში იშოვის თითო-ოროლა გულუბრყვილოებს და ოჯახში აღრევას დააწყებინებს. სხვა მიზანი არ შეიძლებოდა ქონებოდა ალიხანოვს, რადგან მხოლოდ გიჟს შეუძლია სხვაფერ მიიღოს ასეთი სიბინძურის გადმონთხევა დღეს. საინტერესია ისიც, რომ ეს ტერორისტი და დერჟიმორდა, რომელიც მუდამ სკანდალების და აღრევისა და თიშის დამწყები იყო, რომელიც მხოლოდ თვითნებობით სცხოვრობდა, ეხლა ეს ტარიელ მკლავაძე სხვას უკიჟინებს ყველა ამ ცოდვებს. საინტერესოა, რომ ეს წიგნი დაბეჭდილა სტამბოლის ქართველ ქატოლიკთა სტამბაში. უნდა ვიფიქროთ, რომ ამ ქატოლიკთა შორის ყავს ალიხანოვს დამხმარეები, მას არ შეეძლო ასე აზრების დალაგება და ნუთუ ისევ გავივლო გულში ის იჭვი, რომლიც ამ სამი წლის წინეთ დამებადა? ნუ თუ ვიფიქრო, რომ ამათ შორის ოკუპაციას თავიდანვე ყავდა გამცემლები? ერთი მათგანი თავისუფლათ მიდი-მოდიოდა სტამბოლში, ერთხელ უცხო ვინმეც მომიყვანა, ამ უცხომ ჩემი ბინა გასცა, მისი პროვოკატორობა ბევრ საქმეში გამომჟღავნდა შემდეგ. მე მაინც მეგონა, რომ ეს მოყვანა შემთხვევითი იყო, იჭვი კი მაინც არ მშორდებოდა. მდგომარეობათა ქსელი ამ იჭვებს ზრდიდა და ეხლაც ეს იჭვი თავიდან არ მშორდება. ნუ თუ მათ შორის იყო დიდი გამცემი? 

ტფილისში ჩაბარგდენ კრემლის მბრძანებლები. საკავშირო ცაკის (ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტი – ი. ხ.) სესია უკვე გაიხსნა. ტფილისის საბჭოს კრებაზე გამოვიდენ სიტყვებით: რიკოვი, კალინინი და ჩიჩერინი. კალინინი თითქო ტფილისელობს, რადგან 25 წლის წინეთ უმუშავნია ერთი-ორი თვით ტფილისის სახელოსნოებში. ჩვეულებრივი რუსული გაბერილი საქმეა, რა უნდა გვქონდეს სასიხარულო იმისთვის, რომ რუსი მუშები, თუნდაც სოციალისტები მუშაოდენ და მუშაობენ ტფილისში. ეს რუსული კოლონიზაციის ნალეკია, ცარიზმმა ბითუმობით ჩამოყარა თავისი რუსობა ჩვენში, და ეხლა ეს რუსობა კალინინისებურათ წითლათ იღებება, რომ ეხლაც ძალაში დაიტოვოს მისი უპირატესი უფლებები. ყოველი რუსი, რომელიც საქართველოში ქართველი მუშისა და ინტელიგენტის ადგილს იკავებს ჯოხისა და ქვის ღირსია, კალინინს ყველაზე უფრო ეკუთვნის ეს ჯოხი და ქვა, რადგან ჯერ ერთი ის ტრაბახობს თავის ძველ მოქალაქეობას ტფილისში, როცა ის ასე თუ ისე ნახევრათ მაინც კოლონიზატორობის საქმეს ემსახურებოდა, ხოლო დღეს კი საქართველოს კოლონიზაციის და ქართული სულის ამოწვდის ერთ-ერთი ხელმძღვანელთაგანი თვით არის. 

თითქო საკავშირო რესპუბლიკათა უფლებების საფანელ ქვეშ და ერთა თავისუფლების შირმით გაიხსნა ცაკის სესია ტფილისში, მაგრამ არსებითი შინაარსი ამ აქტისა ის არის, რომ რუსეთი მკვიდრდება საქართველოში და ამიაერკავკასიაში, მას უნდა საიმედოთ შემოიმტკიცოს „კავშირში“ ძალათ შემოთრეული ტერიტორიები. ეს არის აკტი გადაყლაპვისა, სრული ათქვეფისა, ყოველგვარი თავისებურობის დაკარგვისა. ყველაფერი ეს საქმით რუსულია, ხოლო სიტყვით და გარეგნულათ კი თითქო ეროვნული და შეთანხმების და თავისუფალი კავშირის ნიადაგზე აღმოცენებული. მაგრამ დაპყრობა და მისი მომყოლი კოლონიზატორული საქმეები იმოდენათ ძლიერი და მჭერმეტყველია, რომ პირველი შემთხვევისთანავე აცლის ნიღაბს მოსკოვიდან საქართველოში ჩამობრძანებულ რუს დიდმპყრობელებს და ქართველი ხალხი დამარცხებისა და გაჭივრების გამო დღეს იძულებული რომაა ტაში დაუკრას ამ მჩაგვრელებს, თავის გულის სიღრმეში ზიზღით ივსება და შურის ძიებისა და განკითხვის დროს უცდის... ადრე თუ გვიან საქართველო მოესწრება ამ დღეს... რუსეთის ამ ქოჩათმავალ (მოხეტიალე – ი. ხ.) პარლანენტს მიესალმებიან ძამანაშვილი, კოტე მაყაშვილი, ექიმები და ივ. ჯავახიშვილი. ამ უკანასკნელის მდგომარეობა გასაგებია. უნივერსიტეტის გადასარჩენათ ყოველგვარი მსხვერპლის გაღება დასაშვებია. მაგრამ ისე როგორც წინათ, ეხლაც არ მესმის კოტე მაყაშვილის და საერთოთ მწერალთა კოლეკტივის საქციელი. შეიძლება ვცდებოდე და გადამეტებულ მოთხოვნილებებს უდგენდე მწერლებს საერთოთ, მაგრამ მე მგონია, რომ თუ კი ვინმემ უნდა შეინახოს ერის დროშა შეუბღალავი, ეს მოვალეობა პირველათ ყოვლისა მწერლობისაა, მათ მგონი მომავლისადმი უფრო მეტი პასუხისმგებლობა აწევთ ამ მხრით, ვიდრე თვით პოლიტიკურ მოღვაწეებს. მით უმეტეს არ მესმის ექიმების და ისიც ასეთი ფორმის განცხადებები, ხოლო სავსებით მიუღებელია ბ-ნი ძამანაშვილის განსაკუთრებით ეს უკანასკნელი გამოსვლა. ამ ვაჟბატონმა მეტის მეტათ შესტოპა, ის ეხლა ჩეკის ნამდვილ შიკრიკათ გადაიქცა და მთელ მის მოქმედებიდან მოსჩანს, რომ თავის სიცოცხლის შესანახათ დაწყებულ საქმიდან ის ნელა და თანდათანობით გადადის მტრის ბანაკში, საქართველოს უპირისპირდება. ვერასოდეს, ვერავითარ გამართლებას ვერ მოუნახავს ის თავის უკანასკნელ ნახევრათ ჩეკისტურ გამოსვლებს. ოკუპანტების გაზეთები დიდის ამბით და სიხარულით აღნიშნავენ, რომ საზეიმო დემონსტრაციის დღეს ტფილისში ნოე ჟორდანიას სასაცილო „ჩუჩელებს“ დაატარებდენ ქუჩებშიო. საქართველოს დამპყრობი რუსის ჯარი ხვდება მოსკოვიდან მობრძანებულ მის მთავრობას, კოლონია ეგებება მეტროპოლიას, დამონებული ხალხი გამოყავს ქუჩებში დამმონებელთ და აბა რაა გასაკვირველი, რომ ყველაფერი ქართული დაცინვისა და ზიზღის საგანი იყვეს ამ უცხოელ ურდოთათვის!.. ეს გარემოება კი არ ამტკიცებს იმას, თითქო საქართველო თანასწორუფლებიანი წევრია ს.ს.რ.კ-ში, არამედ ხაზს უსვამს მის დაპყრობასა და კოლონიობას. იმ ქვეყანაში, სადაც მოსული უცხო ძალა ერის ბელადებს დაცინვის საგნათ გახდის, ზედმეტია ლაპარაკი სრულუფლებიანობაზე და ნებაყოფლობით კავშირზე. რუსეთს გონია, რომ ასეთ მასკარადებით ქართველ ხალხს აძულებს საკუთარ ბელადებს, მაგრამ რუსეთი ადრე თუ გვიან მეტათ მწარეთ მოიმკის ამ რუსულ-შავრაზმული პოლიტიკის შედეგებს. რუსეთმა გონება დჰაკარგა და წრეს გადაცდა, ის მხოლოდ მაშინ მიხვდება თავისივე ხელით გათხრილ საფლავზე, როცა რუსების სტუმრობით თითქო დღეს ასე „აღტაცებულ“ ტფილისში ერთ დღეს თავის აპრეხილ ცხვირს ქუჩაშიდაც კი ვეღარ გამოყოფს ვერც ერთი რუსი. უკანასკნელი წლების ისტორია რუსეთისა, ისევე როგორც წარსულშიც, არის ისტორია პატარა ერების დაპყრობისა და დამონავებისა, მათი ეროვნული ძალების განადგურებისა. რუსეთმა დღეს დღეობით გაიმარჯვა ამ ბრძოლებში, ხალხები დაიმორჩილა და დამარცხებულნი დღეს იძულებული არიან ტაში დაუკრან გამარჯვებულთ, მაგრამ ამ ტაშისა და ვაშას უკან არის საშინელი ბოღმა და აღშფოთება, რომელიც გადმოინთხევა ყოველ რუსზე მაშინ, როცა დადგება დრო რუსეთის ხელახლა უკანსვლისა და მისი ისევ ველიკოროსიაში მომწყვდევისა. რუსეთი გაბრუებულია დღეს და ვერ ამჩნევს თუ რა საზიზღრობას სჩადის ის და როგორ აღვივებს სიძულვილს დაჩაგრულ ერებში ყველაფერი რუსულისადმი. ქარის დამთესი ქარიშხალს მოიმკის. რუსეთი ცდილობს, რომ საქართველომ შეიძულოს მისი ეროვნული ბელადები, მაგრამ ეს სიძულვილი ადრე თუ გვიან რუსეთს დაემსხვრევა თავზე, ის ერთი ათად გადიდებული დაუბრუნდება დამპყრობსა და საქართველოს კოლონიათ გადამქცევს. 

9 მარტი. ქოჩათმავალათ გადაქცეული რუსული პარლამენტი, ე. წ. საკავშირო ცაკის სახით განაგრძობს ამხანათ ტფილისში მოღვაწეობას. ჯერ-ჯერობით მოსკოვის გაზეთების დეპეშებიდან ვიცით მოსკოვის ხელისუფალთა სიტყვების შესახებ. გამოსულა მთავ. თავმჯდომარე რიკოვი მოხსენებით საერთაშორისო მდგომარეობაზე. ის განსაკუთრებით ხაზს უსვამს საქართველოს მნიშვნელობას და ცხარობს, რომ საბჭოთა საქართველოს, ე. ი. საქართველოს რუსეთის კოლონიათ გადაქცევის საქმეში საფრაგეთს ორჭოფულათ უჭირავს თავი და არ უნდა იცნოს ჩვენი ხელისუფლება საქართველოზეო. მისი აზრით ცაკის სესიის გახსნამ ტფილისში ბოლო უნდა მოუღოს ყოველგვარ ორჭოფობას. საქართველოს საკითხზე ლაპარაკის დროს რიკოვი ისე შორს წასულა, რომ უთქვამს: „ჩხენკელი დღესაც ელჩათ ირიცხება პარიზში, ის ჩხენკელი, რომელიც სამწუხაროთ ჩვენ ციხეში ვერ ჩავაჯინეთო“. ამის ასე უჭკუოთ მთქმელს უნდა ეწოდებოდეს მთავრობის თავმჯდომარე? როგორ, საიდან, რა უფლებით უნდა ჩაესვა ჩხენკელი ციხეში მოსკოვის მთავრობის თავმჯდომარეს? განა ყველაფრის მახსოვრობა დაკარგა რიკოვმა? დღემდე სიტყვით მაინც ქონდა მოსკოვს ის ვერსია საქართველოს შესახებ, რომ გასაბჭოება ქართველი ხალხის აჯანყების საშვალებით მოხდაო. თორემ როგორ უნდა დაეპატიმრებია იმ საქართველოს ევროპაში მყოფი ელჩი, რომლის სახელმწიფოებრივობა რუსეთის მიერ ცნობილი იყო, რომელთანაც თვითონ ყავდა ელჩები გაცვლილი, რომელთანაც ხელშეკრულება ქონდა დადებული? კარგი, ჩვენ არ გვერიდება რიკოვი და მისი მოსკოვი, ან რა მოსარიდებელია პატარა საქართველო დიდი რუსეთისათვის, მაგრამ განა თვით რუსეთის ინტერესები, მისი ეხლანდელი საერთაშორისო ურთიერთობა არ უკარნახებს მას ასეთ დიპლომატიურ და მეტათ დელიკატურ კითხვებში ფრთხილათ მაინც იყვეს? რიკოვის განცხადება იმას ნიშნავს, რომ მოსკოვის მთავრობას როცა უნდა მაშინ დაიჭერს ფინლანდიის, ესტონიის და ლატვიის ელჩებს, რომ ყველა ეს სახელმწიფოები უფლება მოსილი კი არ არიან იყვნენ დამოუკიდებელი და თავისუფალი, არამედ რუსეთის მადლითა და რუსეთის ხათრით არსებობენ. ამაზე დაუფარავი და პირახეული, თითქმის ველური იმპერიალიზმი დღევანდელ დროში მეორე არ მოინახება. სხვას რომ თავი მივანებოთ, განა რიკოვს არ უნდა ეგრძნო თუ რას გამოიწვევს ქართველ ხალხში მისი წარმომადგენლებისადმი ასეთი მოპყრობა? მართალია, ამაზე უარესი ახსოვს და იცის ქართველმა ხალხმა, მაგრამ განა არის კი საჭირო რუსეთისათვის ქართველი ხალხის ნაციონალური გრძნობების ასე გაღიზიანება. არის კი საჭირო თვით რუსეთისათვის, რომ საქართველომ ყოველნაირი და ყველა რუსისადმი მხოლოდ ზიზღი შეინახოს გულში, რომ ერთ დღეს ასათ გადიდებული უზღოს მას? ამას წინეთ ნევსკი სწერდა რომ ქართველი ხალხისთანა მომთმენიანი და სოლიდარობის გრძნობის მატარებელი ძნელათ თუ მოიპოვება მეორე ერიო. და ნურვის დაემდურება რუსეთი, თუ ეს მომთმენი საქართველო და სოლიდარობის მქადაგებელი ისეთ სასოწარკვეთამდე მიიყვანოს და ისე გააბრაზოს, რომ რუსეთის მომავალი გაჭივრების დროს საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთისთვის დღის სინათლეზე გამოჩენა საშიში იქნეს. სამწუხაროა ეს, უბედურებაა ეს, მაგრამ ვისი ბრალია, ვინ ამზადებს ამას? ღმერთები რომ დასჯიან კაცს, მას გონებას წაართმევენ, ასე გონება წართმეულებს ემზგავსებიან დღევანდელი რუსეთის ხელმძღვანელები. ჩიჩერინი რიკოვის თანამომხსენებლათ გამოსულა. ისიც ბევრს ლაპარაკობს საქართველოს შესახებ და უმთავრესათ საფრანგეთს ესხმის თავს. ჩიჩერინის პირიდან ისე გამოდის, თითქო საქართველო კი არ დაუპყრია რუსეთს, არამედ ორჯონიკიძე შესულა მატარებლით ტფილისში (Орджоникидзе въехал), ხოლო მთელი უბედურება იქიდან დაწყებულა, რომ ვიღაც ფრანგი ადმირალი დიუმენილი ემზადებოდა თურმე ჯარების გადმოსასხამათ ბათუმში, რომელიც რადიოთი ელაპარაკებოდა ტფილისს შარდინიეს საშვალებითო. ალბათ ამ ლაპარაკის დროს პატარა გადაკრული თუ იყო ჩიჩერინი. სადაურ შარდინიეზე ლაპარაკობს? სად იყო მაშინ შარდინიე ტფილისში? თუ შვალიე? ან როგორ მოხდა ის, რომ დაპყრობის წინ მოსკოვი ნოტებს ნოტებზე გვაყრიდა თქვენ ინგლისისთვის მიგიციათ საქართველო, ბათუმს ინგლისელებს აძლევთ, ინგლისის ჯარებს ეპატიჟებით საქართველოშიო, ხოლო ეხლა კი საქმე ისე შეტრიალდა, რომ ინგლისელები კი არა თურმე ფრანგები ყოფილან მომზადებული, თურმე დიუმენალი როცა ელაპარაკებოდა რადიოთი ტფილისს, რომელსაც ყური დაუგდო თურმე მოსკოვმა, მხოლოდ ამის შემდეგ შემოსულა ორჯონიკიძე ტფილისში (въехал!) და ყველაფერი ისე ჭახრაკდება ჩიჩერინის ზღაპრებით, რომ მოსკოვი საქართველოში თავს იცავდა და დიუმენალის გასადევნათ მოვედითო. რა ეწოდება ასეთ უპასუხისმგებლო ლაქლაქს? დღემდე ყველა ნაწამებ ქართველ მუშებს ხელს აწერინებდენ ფიცის ქაღალდზე, რომ გავდივარ იმ მოღალატურ სოც. დემ. პარტიიდან, რომელმაც ინგლისის კაპიტალს მიყიდა საქართველო და ლოიდ-ჯორჯს შეუთანხმდაო. ეხლა კი თურმე ინგლისელები არაფერ შუაშია, ყველაფერში ფრანგები ყოფილან დამნაშავენი, ხოლო რამდენიმე დღის წინეთ კი, 25 თებერვლის ტფილისის გაზეთების ნომრებში სულ სხვანაირათაა აწერილი ორჯონიკიძის въехал, აქ ნამდვილი დიდი ომის სურათია. მაგრამ თავის უპასუხისმგებლობას და გონების დაკარგვას ჩიჩერინი იმაში ამჟღავნებს, როცა 1921 წ. ქუთაისის კონფერენციაზე ლაპარაკობს „იყო მომენტები, როცა გვეგონა ყველაფერი გათავდა, რადგან ქუთაისში ლორთქიფანიძემ ხელი მოაწერა დროებით ზავსო“. ჩიჩერინი დიპლომატია და უნდა იცოდეს როდის იდება დროებითი ან ნამდვილი ზავი. თუ დროებითი ზავი დასდო რუსეთთან საქართველოს წარმომადგენელმა გრ. ლორთქიფანიძემ, მაშასადამე ამ აქტს წინ უძღოდა ომი, ხოლო ისიც საკითხავია, ამ დროებითი ზავის შემდეგ შეიკრა თუ არა ნამდვილი ზავი? დროებითს ხომ მუდმივი ზავი უნდა მოყვეს? ჩიჩერინმა თვითვე დაიჭირა მატყუარა ჩიჩერინი და ფარდა ახადა საქართველოს ნამდვილ ვითარებას. ჩიჩერინმა აღიარა, რომ რუსეთ-საქართველოს შორის ომი იყო, რომ რუსეთი დაესხა თავს საქართველოს, რომ საქართველომ ომში დამარცხების შემდეგ შეკრა რუსეთთან დროებითი ზავი, მაგრამ ნამდვილი ზავი ჯერაც არა სჩანს, მაშასადამე საომარი მდგომარეობა საქართველო-რუსეთ შორის ფორმალურათ დღესაც გრძელდება. ასე გააშიშვლა ჩიჩერინმა „გასაბჭოების“ ნამდვილი შინაარსი. ეს სჩანს მოსკოვში გამოქვეყნებულ შემოკლებულ ანგარიშებიდან. უნდა ვიფიქროთ, რომ სტენოგრაფიული ანგარიშები კიდევ უფრო ბევრ მასალას მოგვცემენ. დაუცადოთ, ვნახოთ. 

ორახელაშვილიც გამოსულა ვრცელი მოხსენებით ამ. კავკ. ფედერაციის შესახებ. მოკლეთაა მისი მოხსენებაც მოსკოვის გაზეთებში. ის ტრაბახობს, რომ ნაციონალური მშვიდობიანობა დაამყარეს ამიერ-კავკასიაში, რომ რვა რესპუბლიკა შექმნეს, რომ ნაციონალური კულტურები ღორძინდება და სხვა. საინტერესოა მისი განცხადება ადერბეიჯანის შესახებ, სადაც ის ამბობს, რომ ადერბეიჯანი ძველი ერი არ არის, ერის ფორმას და ხასიათს ის მხოლოდ ეხლა ღებულობსო. და როდესაც ამას ამბობს ბ-ნი ორახელაშვილი აძლევს თუ არა კითხვას თავის თავს, თუ როგორ შეუძლია მას მისცეს საქართველოს ისტორიული ადგილები ამ ნახევრათ ქოჩათმავალ, უკულტურო და ერის სახის არმქონე ხალხს? აქვს თუ არა მას წარმოდგენილი თუ რა აღშფოთებას იწვევს ქართველ ხალხში ის გარემოება, როცა საქართველოს ისტორიული დავით-გარეჯი ამ შახაბაზებისა და სხვა და სხვა ხანების ნახევრათ ველურ შთამომავლობას უპყვრია? ორახელაშვილს კალინინიც დახმარებია. კომიკური სცენა გაუთამაშებიათ. თითქო კრიტიკას უკეთებს ორახელაშვილის მოხსენებას. უწუნებს, რომ მოხსენებაში არ იყო «мужицкий дух»-ო. ალბათ წყრება, რომ რუსი მუჟიკის სუნით კიდევ უფრო არაა ამყრალებული საქართველო. მუჟიკს თავი დავანებოთ და კალინინი ერთ მეტად მტკივან საკითხს აყენებს. ის „გულწრფელათ“ ფიქრობს, რომ საქართველოში ბევრია ინტელიგენტური ძალები, რომ მეფის არმიას მრავლად ყავდა ქართველი ოფიცრობა, რომ ქართველი ინტელიგენტი იმპერიის ყველა კუთხეში შეგხვდებოდათ, ეხლა კი ყველა ესენი თავმოყრილია საქართველოში, მენშევიკური მთავრობა ფიქრობდა მათ დაკმაყოფილებას უცხო მოსამსახურეებზე ადგილების წართმევით, მაგრამ ეს ზომა არ არის ინტერნაციონალური და ამისთვის ქართველი ინტელიგენცია ისევ სხვა ადგილებში უნდა გავამწესოთ, ისევ რუსეთში და სხვაგან უნდა მივცეთ სამსახურიო. რა თავმოკატუნებული რუსული შავრაზმული პოლიტიკაა!.. თურმე ინტერნაციონალიზმია ის, რომ საქართველოში რუსებმა უნდა იმსახურონ, ხოლო ქართველი ხალხი ლუკმა პურის საძებრათ უცხოეთში უნდა გადაიხვეწოს, თურმე რადგან საქართველოში ყველა ქართველი ინტელიგენტი მაინც ვერ იშოვის ადგილს, ამისთვის უმჯობესია საქართველოს მცირე ადგილებზე ისევ რუსები და სხვა უცხოელები დარჩენ, ხოლო ქართველები სხვისას მათხოვრათ წავიდენ. და ეს მაშინ, როცა საქართველოს მუშა-მოსამსახურეთა ადგილების ნახევარი უცხოელების ხელშია და ქართველ კაცს თავის ოჯახში მისივე საკუთარ ლუკმას არ ანებებენ. ან რა პირით ამხელს ამ საშინელ სინამდვილეს ბ-ნი კალინინი? თუ საქართველო იმოდენათ კულტურულია, რომ მის ეროვნული ძალები თავზე გადასდის საქართველოს საზღვრებს და ის ვებერთელა რუსეთის დაწესებულებებს ავსებდა ერთ დროს, მაშინ რათ უნდოდა საქართველოს კალინინის ტამბოველი და სერპუხოველი მუჟიკები, ნუ თუ კულტურული საქართველო თავის თავს ვერ უპატრონებდა? თუ რუს გაუნათლებელ მუჟიკს და პოგრომშჩიკ სეკტანტებს უფრო შეუძლიათ სოციალიზმის დამყარება და საქართვლოს გაბედნიერება, ვიდრე ეს მოეხერხება კულტურულ ქართველ ხალხს? რა პირახეული რუსული იმპერიალიზმია!.. არა, კალინინს ის კი არ აინტერესებს, რომ ქართველი ინტელიგენცია გაძღეს და წელში გაიმართოს, არამედ მისი სანუკვარი ოცნებაა, რომ ამ ინტელიგენციის დენაციონალიზაცია მოხდეს, ის საქართველოსთვის დაიკარგოს, გაიფანტოს, საქართველო სხვის კულტურაში აითქვიფოს და საკუთარი სახე, ქართული სახე დაჰკარგოს. აბა სად გაგონილა სოციალიზმის სახელით ასეთი ლოღიკა: საქართველოში რუსებმა იმსახურონ, ხოლო რუსეთში ქართველებს გზა ხსნილი აქვთო?! ეს მეფის პოლიტიკაა, ეს ჩვეულებრივი რუსული შავრაზმელობაა, მაგრამ უშნოთ წითელ ფერში გახვეული. მთელი თავისი ენერგიით, მთელი თავისი ქართული ინსტინკტით უნდა დაუპირისპირდეს ქართველი ხალხი ამ მისთვის გამზადებულ რუსულ სახრჩობელას და კალინინებისთანა არამკითხე მეგობრები, ქვებით ჩაქოლოს და რუსული კბილები ჩაუმტვრიოს. ამის საპასუხო ლოზუნგი უნდა იყვეს საქართველოში: რუსეთიდან მოთრეული კოლონიზატორი ჩინოვნიკები და მუშები ეხლავე უნდა გადაბარგდენ თავის სამშობლოში, საქართველოს სუფრა ქართველ მოქალაქეებს ეკუთვნის, რუსეთმა „თავისი სვას და თავისი ჭამოს, ჩვენსას ჯვარი დაგვიწეროს“. 

(გაგრძელება იხ. ნაწილი IV) 

ბლოგზე გამოქვეყნებისთვის მასალა მოამზადა 
ირაკლი ხართიშვილმა