Friday, November 19, 2010

ისტორიული პარალელები

(გამოქვეყნდა ჟურნალ „ქვაკუთხედის“ 2009 წლის აპრილის ნომერში)

უკანასკნელ ხანს საქრთველოს ტელევიზიით გაიჟღერა ინფორმაციამ, რომ ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში ტყიდან გამოდიან მგლები, არც ადამიანს ერიდებიან და შინაურ ცხოველებსაც ხოცავენო. ამაზე უფრო ადრე ყოფილა ჩვენთან გახშირებული სტიქიური უბედურებები, მწერებისა და ქვეწარმავლების შემოსევა, რომლებმაც ჩვენი მოსახლეობა სერიოზულად დააზარალეს. ყოველივე ამან გაგვახსენა ერთი ნაწყვეტი დავით გურამიშვილის პოემიდან „ქართლის ჭირი“ და გვინდა ჩვენს მკითხველსაც შევახსენოთ იგი. იქნებ დავინახოთ მსგავსებანი (პარალელები) თითქმის სამასი წლის წინანდელ მოვლენებთან და შესაბამისი დასკვნებიც გავაკეთოთ.


ქართველთა და კახთაგან თავიანთ უფალთან შეორგულება

ორთა მათ ჩემთა უფალთა ერთად უხსენე გვარია.
თუმცა ძირთაგან შორს იყვნენ, შრტოდ ახლოს მონაგვარია;
ერთი დავითის ძედ თქმული, რომელმან ივნო ჯვარია,
მეორე ვახტანგ მეხუთე, ქართველთა მეფედ მჯდარია.

იყო ის ერთი უფალი გლახაკთ ნუგეშის-მცემელი,
მეფსალმუნე და მეტყველი, ღვთის ქებით ბობღნთა მცემელი,
შრტო ძირისაებრ თვისისა ნაყოფის გამომცემელი,
მწყემსი ცხოვართა დამხსნელი და მგელთა არ მიმცემელი.

მას მორჩილებდენ ქართველნი, ვით წესი იყო მონისა,
უმისოდ ჭირად მიაჩნდათ ცხოვრება სიამოვნისა;
მაგრამ კვლა შესცდენ მის გზითა, რა ცოდვის ბურმან მონისა.
ჩაცვივდენ ცოდვის მორევთა, გზა ვერ სცნეს მადლთა ფონისა.

გულ-მანკიერად შეიქმნენ, ქმნეს სამსახურზედ კლებანი,
დაცაივიწყეს მათ მისი ურიცხვი მოწყალებანი.
ზოგიერთს ვისმე შეუხდა ეშმაკის მანქანებანი,
დავით მამისა მისისა დამუსრეს ფსალმუნთ ებანი.

გაუორგულდა სპა-ჯარი, ერი მიმცემი ხარკისა,
ბაგით პატივ-სცეს, აჩვენეს გული მტყუვარი ზაკვისა;
უარყვეს მცნება უფლისა, ისმინეს თქმა ეშმაკისა,
რაც სთესეს, ბოლოს მოიკმეს თავიანთ ნამუშაკისა.

ასწავლიდიან რჩეულნი თავიანთ ქვეყნის მეფისა.
წაუკითხიან ბრძანება გამოთარგმნილი კეფისა:
იქმენით ხარკის მიმცემნი, აღმსრულებელნი სეფისა.
მოვიდა დიდი ძვირობა, დრო წახდა სიიეფისა.

ღვთისმშობელმან ჰრქვა: იწამეთ, ვინ ცით გვიწვიმა მანანა.
ქვეყნად უმამოდ ქალწულსა ძე მარწებინა, მანანა,
პაპად, ბებიად ითნია იოკიმე და მან ანა,
შესანდობელად ყოველთა მით ცოდვა თქვენი მანანა.

არ დაიჯერეს, არა ქმნეს სარწმუნო დასაჯერები;
დაყრუვდენ, ბრმანი შეიქმნენ, საქმე ქნეს გასასტერები!
თუმც იყვნენ ხუცეს-ბერები, მათაც კარგი ქმნეს ვერები,
დამცირდენ მადლით მოყვრები, ცოდვით გამრავლდენ მტერები.

დაჯაბნდნენ გულად მამაცნი მძლეთა მებრძოლთა მძლეველნი,
ნებით შეიქმნენ უბრძოლლად თავისთა მტერთა მძლეველნი;
ციხე განუღეს, შეუშვეს დამქცევი, დამამძლეველნი,
მტერი სამკვიდროთ მომშლელნი, ტრფიალთა წამართმეველნი.

განუცვდათ შმაგთა ხელობა, ტრფიალთა მიჯნურობაო,
ვერ სძლივეს მძლეთა მებრძოლთა, ვერა ქნეს გულ-მაგრობაო,
შეშინდენ, ტრფიალთ გაექცნენ, შეჰკადრეს უარობაო,
წუთს მოყვარესა დამოყვრდნენ, მკვიდრსა დაუწყეს მტრობაო.

ვერ გაუმაგრდნენ, ოდესაც მტერთა დაუწყეს ბრძოლანი,
ნება ყვეს თვისთა მერჩოლთა, არვინ ინება რჩოლანი!
გვირგვინის ცოლი გაუშვეს, ხაჭასთან შექნეს რბოლანი,
ყმად წაუვიდნენ ისასა, იქმნენ მამადის ქოლანი!

შეიქნა დიდი მტერობა, თქმა ერთმანეთის ძვირისა,
ამპარტავნება და შური, ურცხვად გატეხა პირისა;
ავაზაკობა, ქურდობა, გზებზე დასხდომა მზირისა,
ტყვეობა, მოკვლა, ტაცება ქვრივთა, ობოლთა, მწირისა.

მან ბრძენთა ბრძენმან რა ეს სცნა, ბრძანა აღება ხელისა,
რისხვით გაშვება მის თემთა, გარდახდა საფარველისა.
მიუგო: რჯულთა გარყვნელნო ახალისა და ძვლისა!
თქვენცა იხილოთ ამიერ მოსპოლვა საფუძველისა!


საწყაულის მოწყვა ღვთისაგან

მათ ღმერთსა სცოდეს, ღმერთმან მათ პასუხი უყო ცოდვისა;
ცა რისხვით შუა განიპის, ქვეყანა შეიძროდისა;
ვენახთ უწვიმის სეტყვანი, მზგავსი ნახეთქი ლოდისა.
მკალია დასცის ყანებსა, ქარი უქროლის ოდისა!

მოუგის დიდი სიყმილი, შემუსრის ძალი პურისა;
აღარვინ იყვის ღვინითა ამავსებელი ჭურისა.
შემცირდის ხართა ნახნავი, მოსწდის ნაწველი ფურისა,
ყვნის სასწაული, არ იყვის კაცი მიმგდები ყურისა!

უეცრად მეხთა დაცემა, იყვის ელვა და ქუხილი;
ნამი არ გასტყვრის, გოლვამან მოწვის ბალახი თუ ხილი.
ჭმუნვიდენ, არად შესწევდათ ცოდვის უნანლად წუხილი,
ასე ჰხედევდენ ნიშებსა, ვით ნათელს თვალ-დაწუხვილი.

გამოუვლინის ნადირნი, მჭამელნი კაცთა ხორცისა.
მოთხარის მკვდარნი საფლავით, ცოცხალიც ბევრი ჰხოცისა:
ხმალ-კაპარჭთ რიდი არ აქვნდის, არცა ხელმეხას ტყორცისა,
დედ-მამათ შვილი სალხინო წამზე საჭიროდ მოსცისა!

უცხო რამ აქვნდის მას მხეცსა ხერხი და მეცნიერობა,
საცხოვარს არას აწყენდის, ვერ ვსცნი რა აქვნდის ფერობა,
საცა რომ კაცსა შემოხვდის, მედგრად იხმარის მტერობა,
ანაზდად ეცის, დაფლითის, მოკლის და შექნის სერობა.

არც მით მოიქცნენ! შეჰყარა უცხო უწყალო სენები;
ხოცა კაცნი და პირუტყვნი, ცხვარი, ძროხა და ცხენები.
კვლავ შეაყენა მახვილთა, სისხლით აღივსო ხევნები,
სრულად აღსრულდა მათ ზედა დავითის მონახსენები.

ქორინიკონს ქრისტეს აქეთ ათას-შვიდას-ოც-და-ერთსა
ცოდვა მათი უმეტესად ესმა, მოეხსენა ღმერთსა;
აღმოსავლით მტერი არძრა, მოუწოდა კვლავ სამხრეთსა,
ღმერთმან მტერსა მოუვლინოს, რაც ქართლს უყვეს ან კახეთსა!

ქართლის ჭირსა ვერვინ მოსთვლის, თუ არ ბრძენი ენამჭევრი!
იფქლი ღვარძლად გარდაიქცა, ზედ მობრუნდა ცეცხლის კევრი.
ერთმან მტერმან ათს მათსა სცის, ორმან წარიქცივის ბევრი,
მცირედ დარჩა ცოდვისაგან კაცი ღვთისგან შენაწევრი.

თურქი, სპარსი, ლეკი, ოსი, ჩრქეზ, ღლიღვი, დიდო, ქისტი,
სრულად ქართლის მტერნი იყვნენ, ყველამ წაკრა თვითო ქიშტი!
მერმე შინათ აიშალნენ, ძმამ მოუდვა ძმასა ყისტი;
თავის თავსა ხმალი იცეს, გულთა მოიხვედრეს ხიშტი!

ვით მამალი სხვის მამალსა დაჰმტერდეს და წაეკიდოს,
მას სცემოს და თვით იცემოს, დაქოჩროს და დაეკიდოს,
რა ორნივე დაღალულნი ძაღლმან ნახოს, პირი ჰკიდოს, _
ეგრეთ ქართლი და კახეთი დარჩა თურქთა, ლეკთა, დიდოს!

<...............>

აწ დავიწყო თქმა მართლისა, მომსმენელნო, შემოკრებით,
ზოგნი შინა აქ ბრძანდებით, ზოგნიც გარეთ, შემო კრებით.
მოვიტიროთ ჩვენ სამკვიდრო თავში ხელის შემოკრებიტ,
ვით დავკარგეთ ჩვენ ქვეყანა ჩვენდა გარეშემო მტრებით.

კახელების აღმა ხნული ქართველებმა დაღმა ფარცხეს,
უწინდელი გათხუნვილი დარჩა კაბდო, აღარ გარცხეს;
ძმამ ძმას სახრე გარდუჭირა, მტერთ კობალი თავში დასცხეს,
ორნივ ერთად შეხრინკულნი დასცეს ქვეყნად, დაანარცხეს!

უკუღმართად ხვნა და ფარცხვამ ეს ნაყოფი გამოიღო:
მოგვითხარა ქართლ-კახეთი, ძირ-ფესვიან ამოიღო!
თარჯ-თომრიან-ჯიღოანნი გაგვიხადა, ქმნა უჯიღო!
მხამს გიტყებდე მეფის ბიღით, ვარსამისა სავსე მჯიღო.

მოამზადა ირაკლი ხართიშვილმა

No comments:

Post a Comment