Thursday, November 24, 2022

Para bellum – ემზადე ომისთვის

(Si vis pacem, para bellum – გინდა მშვიდობა, ემზადე ომისთვის – ძველი რომაული ანდაზა) 

ბიჭო, ემზადე ომისთვის, 
ნუ დაგიღია პირიო, – 
ქვეყანას ვეღარ შეირჩენ, 
დარჩები როგორც ვირიო. 

ირაკლი ხართიშვილი 
(ხალხური კილოს მიბაძვით)

 

✔ მუსიკოსი ომარ ბაღდავაძე და ანსამბლი ,,ნართები“ / გარმონი / 19.11.2022 ...

ნისლად ფიქრებში მოგივალ - ლანა გუნაშაშვილი || Nislad Fiqrebshi Mogival -...

Thursday, November 3, 2022

ჰერმან ჰესეს წიგნების ჩემეულ თარგმანებთან დაკავშირებით – მარიამ ქსოვრელი


ჰესეს წიგნისთვის „რიოში მარგალიტებით თამაში“ 

ევროპულად რომ ვთქვათ, „კულტურტრეგერობა“ (კულტურის მატარებლობა) ადამიანისათვის ბუნებრივი რომ არ ყოფილიყო, და არა დაპროექტებული, ძნელად თუ ვინმე გაუძლებდა იმ წნეხს, რაც ჰერმან ჰესეს მთავარი რომანის თარგმანის გამოცემაზე და მის აღიარებაზე შემხვდა. 

მას შემდეგ გავაგრძელე მუშაობა; გამოვეცი ფრიდრიჰ ჰოლდერლინის „ემპედოკლე“, მაგრამ ერთმა „ანონიმურმა“ წერილმა ინტერნეტში თარგმანი მთლად გაანადგურა, ცოტა სიტყვაა, ძმები ჯორჯანელების შესანიშნავ ქართულ თარგმანებსაც აუგად რომ გადასწვდნენ, და თანაც ჰესეს რომანის გამოცემასთან დაკავშირებით ყველა დეტალი ჩემზე უკეთ რომ იცოდნენ, ვინაობა გაამჟღავნეს მტრებმა ანდა მათგან დავალებულებმა, ავტორიტეტსა და უსინდისობას შეფარებულებმა. 

მას მოჰყვა „ძველი ჩინური იგავები“. როსტომ ჩხეიძემ საკმაოდ ფართო პლანით შეაფასა და აი ახლა კვლავ ორი კრებული, თარგმანებისა და საკუთარი ლექსებისა, რაც მეტყველებს იმაზე, რომ აღნიშნული წიგნი წარმოადგენს მთარგმნელის ერთ-ერთ ნამუშევარს, ყურადსაღებს და არა „გადასაგდებს“, რასაც ისინი ცდილობდნენ, ორ გამომცემლობასთან კავშირში, ისინი, ჩემი მოწინააღმდეგენი, გერმანისტთა პატარა ჯგუფი, „კომუნისტურ“ ციტადელზე დაფუძნებით კვლავ „წინ წასულები“. 

პირდაპირ ვიტყვი, მათ მუსიკასთან აქვთ შეხება და ნუთუ არ იციან, რომ ერთი და იგივე ნაწარმოები სხვადასხვაგვარად სრულდება და ავტორთან მიახლოება დიდი გემოვნების ნიშანია. 

განკერძოება, მიჩუმათება, გასაიდუმლოება ახასიათებდათ მათ და მის წრეებს საქმისადმი დამოკიდებულებით. 

უკვირთ ალბათ ის სითამამე, რითაც მე გადმოვცემ, მაგრამ სრულიად მარტივია დაკვირვებული თვალისათვის: არავიზე და არაფერზე არ ვარ დამოკიდებული, გარდა ერთისა, რომელიც, უბრალოდ, სხვისთვის შრომის წართმევასა და უგულებელყოფას არ გვასწავლის. 


ჰერმან ჰესეს „რიოში მარგალიტებით თამაში“ საიდუმლოებით მოცული წიგნია, იგი თავისი ფილოსოფიურ-მხატვრული ღირებულებებით მრავალმხრივ ამოსაცნობია. პირველ რიგში, ეს სათაურს ეხება. რ. ყარალაშვლის კომენტარებში, ნარკვევებში, რომლებიც აღნიშნული მწერლისადმია მიძღვნილი, ვკითხულობთ, რომ მარგალიტი სიმბოლოა მაცხოვრისა, სიწმინდისა და მუდმივობისა. ჩვენ კი საქმე გვაქვს ამ წიგნის სათაურით ყალბ, რიოშ მარგალიტებთან. იმ თავითვე გვაცნობს მკითხველს მწერალი, რომ დიდი დაფიქრება და საკუთარი გამოცდილებაც საჭიროა წიგნის ამოცნობისათვის. იოზეფ კნეხტი ხომ, მართლაც, ყოველივე ამ მოპოვებულს, ღირებულს, აღმატებულს სხვათა ცოდნაზე – „კასტალიის ცხოვრებას“ გაექცევა, რათა თავი დაიხსნას და თავისუფლებას მიუძღვნას. მაგრამ იგი, საუბედუროდ, ამას ვერ ახერხებს, ტრაგიკულად იღუპება. 

კვლავ თავიდან იწყება ძიება, დასრულდა რა რომანთა რომანის გადმოცემა. რა არის გზა კაცისა. იგი არის თითოეულის ცალკეულად გასავლელი და არა სხვისი გავლილი გზის გამეორებით სვლა, ღვთისკენ მიმსწრაფი, იესოსაკენ მიმავალი. როგორც სხვადასხვა ნაწარმოებებში გვიჩვენებს ჰერმან ჰესე ამ გზას, ამ გზებს თავისი გმირებისას. 

მწერალმა მოჩვენებითი, განყენებული, ბუტაფორიული, ფანტასმაგორიული „ერუდიცია“ ამხილა, რაც არა ჰქმნის ჰარმონიას რეალობასთან სათნო კავშირში, კეთილ ქმედით უნარობაში (კნეხტის სურვილი, მისცეს განათლება ყმაწვილებს). 

კასტალია არ არის ადამიანის ბოლომდე სრულმყოფელი, იგი გზაა საამისოდ. 

კათოლიკური ორდენიც არ არის სავსე ღვთისკენ სწრაფვისა. მასში ბევრია საერო ელემენტები. 

მაშ რაღა დარჩა? 

დარჩა ერთადერთი ორთოდოქსი ქრისტიანული გზა ცხოვრებისა, ჭეშმარიტების მიმგნები, მხილველი, მხოლოდღა წვრთნით სიყვარულის ნიადაგ. აქ აღესრულება სასწაულები, წყნარი და მშვიდი, უფლისაგან... ვერ ვიტყვით ბოლომდე, მაგრამ მისი, ჰესეს (აქ, კნეხტის) ქრისტიანული შინაარსის მოთხრობა ჰგავს ამ გზას. 


მარგალიტი უმაღლესი ძვირფასეულობაა ვედებში, მას წმინდა ძალა გააჩნია, რამეთუ ცითა და წყლითაა დაბადებული. 

ჩინურ მისტიკაში სამყაროს მრავალსახეობა და ნაყოფიერების სიმბოლოა. 

ბერძნები და რომაელები მარგალიტს მაგიურ ძალას მიაწერდნენ. 

წყალი შეცვლილია მინით, მარგალიტი მკვდარი მატერიაა, მაგრამ, როგორც მძივი ადამიანის სხეულთან შეხებისას ცოცხლდება, ფერი ეცვლება. და განა ყალბი გაცოცხლდება? 

ქრისტიანობაში ღვთის საუფლოს ნიშანია, ხოლო რიოში მარგალიტები სტერილურობისა და უსიცოცხლობის გამომხატველია, რაც ერთობ უმაღლეს დონეზე აიყვანა იოზეფ კნეხტმა კასტალიურ თამაშებში, მაგრამ იგი იქ აღარ რჩება. შეიმეცნებს რა ამ ვაკუუმს, სტოვებს და გამოდის ჰაერით გაჯერებულ სამყაროში, ცხოვრებაში, სივრცეში, მაგრამ მისთვის უკვე გვიანია, თუმცა კი არაა გვიანი მკითხველისათვის. 

წიგნი გრძელდება, მწერალი ძიების გზას სტოვებს. მწერალმა განყენებული ცოდნა, და თანაც რაფინირებული, უმაღლესი დონისა, ტრაგიკული ფერებით გვიჩვენა, ნაწარმოების დასრულების შემდეგ იგი მძიმე დეპრესიაში იმყოფებოდა. იგი მივიდა დამაშვრალი იმ წყაროსთან, საიდანაც წყალს სამარიტელი დედაკაცი იღებდა. 

(გამოყენებულია: Р. Каралашвили. «Мир романа Г. Гессе», Тбилиси, изд. Сабчота Сакартвело, 1984) 

ჰესეზე 


სურათზე მარცხნივ რეზო ყარალაშვილი

ჰერმან ჰესეზე მეტადრე ბევრს ჰყვებოდა, რამეთუ იგი საქვეყნოდ ცნობილი ჰესოლოგი გახლდათ. აღმოსავლური კულტურის ძირებსაც გვაახლოვებდა. ზღაპრის „სინამდვილეს“ გვაგრძნობინებდა. მწერლის, როგორც მოკლე პროზაზე, ასევე დიდ ნაწარმოებებსაც დაწვრილებით გვაცნობდა, უპირველეს ყოვლისა, მთავარ სათქმელს გამოჰკვეთავდა, ანალიზს აკეთებდა.

„ზიდჰარტაზე“ როცა მიდგა ჯერი, გვაჩვენა ერთი ადამიანის მიერ გავლილი გზა და იქვე დასძენდა ხოლმე, რომ თითოეული ადამიანი განუმეორებელია და მეორე კაცის გზის გავლის იმიტირება არც შეიძლებაო. 

„ნარცისი და გოლდმუნდი“ კი ორი განსხვავებული ბუნებისა და სწრაფვის ადამიანს ეხება, როცა ერთი მეორეთი, ხოლო მეორე პირველის გავლილი ცხოვრების შეგრძნებით სულიერად მთლიანდება. განსხვავებული ცხოვრების ადამიანთან სიახლოვით იგი საკუთარს ივსებს, სხვა შემთხვევაში დაირღვევა ჰარმონია და თუკი ადამიანი თავისი ბუნებისა და უნარის მიხედვით არ აირჩევს ცხოვრების გზას, შეიძლება უნიჭო, მტანჯველი, არაბუნებრივი და დამახინჯებული სახეც კი მიიღოს თითოეულმა. 

გოლდმუნდმა გაიარა ცხოვრება, მისი სიმწარე და სიტკბო იგრძნო, რისი მონაწილეც თავადაც იყო, მას მშრალად, ზედაპირულად არ უმზერია ცხოვრებსათვის, ყველა სიმძიმე გადაიტანა, და მისმა აღქმის უნარმა იგი მიიყვანა ხელოვნებასთან, მხატვრულ აღქმასთან, და უფრო მეტიც, პირველშემოქმედის სამყაროსაც ხედავს, აქ იგი ნარცისს, მეგობარს სრულად აღიქვამს, რამეთუ იგი მთლიანად მიუძღვნის თავის თავს ასკეტურ ცხოვრებას. ისინი ერთმანეთს ხვდებიან და უმეგობრდებიან ღვთის სახელით, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ ჰ. ჰესე ერთგან წერს, ორი მეგობრის ერთხმიანი ურთიერთობა ავსახე, მაგრამ გოლდმუნდი, სამწუხაროდ, ცოდვებს ვერ ავარიდეო. დღევანდელი ჩვენი მკითხველისათვის ეს სიტყვები მეტად ნიშანდობლივი უნდა იყოს. ამ სიტყვების, ამ სინანულის გარეშე „ნარცისი და გოლდმუნდი“ ვერ მთლიანდება და ვერ მაღლდება უდიდეს მხატვრულ ტილომდე. 


როდესაც ახალგაზრდებს სურთ თავის თავში გარკვევა, თუ რა გზას გაჰყვნენ, რა პროფესია აირჩიონ, ჯობს კარგად გამოსცადონ თავისი საკუთარი ძალები, უნარები, ჩაწვდნენ ბოძებულ ნიჭს, სხვათაშორის, ამ გრძნობამ, ამ სურვილმა დამაახლოვა ნაწარმოებთან და ისე მოეწყო, რომ თარგმანიც ჩემს ხელში აღმოჩნდა. 

იმ ხანად ჩვენს ქვეყანაში ქრისტიანობის აღორძინების დასაწყისში, ბევრი უშუალოდ, სიხარულით შეუდგა ამ გზას, მე თვითონ ვიყავი ამისი მომსწრე. ისიც მახსოვს, ერში დარჩენილები, ვინც ოჯახურ ცხოვრებას მოეკიდა, და მოძღვრებისაგან ხშირადაც გვსმენია, თითქოს ერთგვარი გულდაწყვეტით უყურებდნენ არჩეულ გზას, მიელტვოდნენ სულიერ მარტოულ ცხოვრებას. მოძღვრები იქვე დასძენდნენ, ორივე გზა ღვთივკურთხეულია და ყველას თავისი საქმე ჰქონდა გასაკეთებელი, აღსასრულებელი. 

* * * 

როგორ აღმოჩნდა წიგნი ჩემს ხელში? თავისთავად, რაკიღა ყველაზე მეტად ჰესეს ეს ნაწარმოები იყო ჩემს ბუნებასთან ახლოს ახალგაზრდობაში. რამდენიმე პწკარედული თარგმანი მე უკვე (ლაო-ძის „დაო დე ძინი“) მქონდა მთარგმნელობით კოლეგიაში შესრულებული და ძიების გზაზე ვიყავი, რისთვის მომეკიდა ხელი და რა დამეწყო დამოუკიდებლად. 


იმ ოთახში, სადაც აწ განსვენებული ზურაბ ჭავჭავაძე და ლევან ბრეგაძე ისხდნენ, მომიწია შესვლამ, კოლეგიის სხვა დავალებაც მქონდა შესრულებული და ბ-ნმა ლევანმა მითხრა, მე გავაკეთე აღნიშნული რომანის ოთხი თავის თარგმანი, მოდი შეამოწმე, როგორ გამოვიდა, და შემდეგ გავიყოთ და ერთმანეთს შევუცვალოთ თარგმნილი მასალებიო. თითქოს თავისით ხდებოდა ყველაფერი. შევასრულე დავალება, მაგრამ მერე მთლიანად მარტოს მომიხდა მთელი წიგნის თარგმანის შესრულება. ასე აღმოჩნდა ეს წიგნი ჩემს ხელში, თავისით. შემდეგ რედაქტირებისა რამდენიმე წელს წიგნების კარადის თავზე იყო შემოდებული წყნარად და ვცდილობდი გამომეცა. ვცდილობდი, მაგრამ ამაოდ. „საუნჯეში“, სადაც რედაქცია გაკეთდა, დაუბეჭდავთ. ქვეყანაში ქაოსის გამო აღარც ვიცოდი, თუ დაიბეჭდებოდა. მაშინ იშლებოდა ყველა აწყობილი, ასე თუ ისე, საქმე. ერთხელ პეტერ ჰოშელესაც, საქართველოში ერთ-ერთ პირველ საელჩის წარმომადგენელს ვეწვიე ლვოვის ქუჩაზე სახლში და ჩემი მისვლის მიზეზი ავუხსენი. მან ლაო-ძის ის ორი წიგნი, რომელიც მე გერმანულიდან გაკეთებული მქონდა, ჩინურ ენაზე მაჩვენა, ჩემს გაკვირვებას საზღვარი არ ჰქონდა. დიდი გერმანელი მწერლის ნაწარმოების გამოცემა კარგი იქნება-მეთქი, მივმართე, მიპასუხა, ეს თქვენ ენაზეა და თქვენ თვითონ უნდა იზრუნოთ ამაზეო. ძალიან მაფიქრებს ყოველთვის ეს შინაარსიანი ნათქვამი. შემდეგ უკვე ოთარ ყარალაშვილი ეძებდა ამ წიგნის მთავრგმნელს და მისი გამოცემა უნდოდა და ასე მომაგნო. ახლა მესამედ გამოვიდა „სულაკაურის“ გამომცემლობის წყალობით. პირველი გამოცემა დიდ სიხარულთან იყო ყველასათვის დაკავშირებული. მეორედ თვითონ მივიტანე „სიესტაში“ დასაბეჭდად. წიგნი დიდი მოწონებით იკითხებოდა, ისე რომ, რეზო ყარალაშვილის ოჯახმა მთხოვა „რიოში მარგალიტებით თამაშის“ თარგმანიც მე შემესრულებინა.

 

ეროსი მანჯგალაძე, აზდაკის სიმღერა სპექტაკლიდან „კავკასიური ცარცის წრე“. ...