Thursday, May 31, 2018

იასე ცინცაძე გეორგიევსკის ტრაქტატისადმი ოსმალეთისა და დასავლეთ ევროპის წამყვან სახელმწიფოთა მტრული დამოკიდებულების შესახებ

(ქვემოთ მოყვანილი ტექსტი გახლავთ საბოლოო ნაწილის ამონარიდი პროფესორ იასე ცინცაძის წიგნიდან «1783 წლის მფარველობითი ტრაქტატი /მასალები რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების ისტორიისათვის/», თბილისი, 1960 წ.)


შინაარსი 

თავი IV. 1783 წლის მფარველობითი ტრაქტატი – მახლობელი აღმოსავლეთისა და დასავლეთ ევროპის სახელმწიფოთა ყურადღების ობიექტი


თავი IV 


1783 წლის მფარველობითი ტრაქტატი – მახლობელი აღმოსავლეთისა და დასავლეთ ევროპის სახელმწიფოთა ყურადღების ობიექტი 

გეორგიევსკში ტრაქტატის საბოლოოდ გაფორმების შემდეგ (1783 წ. 24 ივლისი) გრ. პოტიომკინის განკარგულებით საგანგებო მიმართვები დაეგზავნა აზერბაიჯანის სახანოებს ქართლ-კახეთის სამეფოს რუსეთის მფარველობაში მიღების შესახებ. შიშმა მოიცვა ერეკლე II-ის მეზობელი მაჰმადიანი მფლობელები. თურქეთშიაც ასეთივე გამოძახილი ჰქონდა ამ ფაქტს. ყველა დარწმუნებული იყო იმაში, რომ ახლო მომავალში რუსეთი საქართველოზე დაყრდნობით ირანისა და თურქეთის პროვინციების დაპყრობას შეუდგებოდა. მცირე აზიაში, 1768-74 წლების ომში თურქეთის დიდი დამარცხების შემდეგ, რუსეთის ძლიერების შესახებ ცნობები ისე იყო გავრცელებული, რომ მოსახლეობა ყოველგვარ ჭორს იჯერებდა. ერთ-ერთ მიმართვაში გენ. პოტიომკინი პოლკოვნიკ ბურნაშოვს ატყობინებდა, რომ 1783 წლის ივნისში ტრაპიზონის მახლობელი რაიონის ნისლით დაბურვის დროს დღისით ზღვის ფრინველები შემოჭრილიყვნენ ყურეში. მოსახლეობაში ხმა დარხეულა, თითქოს ყირიმიდან რუსეთის ფლოტი შემოესია თურქეთის ნაპირებს. მცხოვრებთ ქალაქი მიუტოვებიათ და პანიკით მოცულთ მახლობელი მთებისათვის შეუფარებიათ თავი (იხ. П. Бутков, Материалы для..., II, 132. ამის შესახებ იხ. აგრეთვე Н. Дубровин, История войны..., II, გვ. 23-24). არზრუმის მოსახლეობასაც თადარიგი დაუჭერია და გამაგრებულ ადგილებში გადასულა.

მაგრამ პირველ რიგში ირანის მფლობელები მოელოდნენ უბედურებას და არ იცოდნენ რა გზას დადგომოდნენ. ირანში ერთმმართველობა არ იყო, რომ გაერთიანებული ძალებით რუსეთის წინააღმდეგ გამოსულიყვნენ. ამას გარდა, ისინი კარგად ხედავდნენ, თუ როგორ ჩამორჩენილი იყო ირანი და ძალთა გაერთიანების შემთხვევაშიც გადარჩენის იმედი არ ჰქონდათ. ამიტომ პირველ თვეებში საქართველოს მეზობელი სახანოები დაბნეულები იყვნენ. დარუბანდიდან მიღებული საიდუმლო ცნობით, ფათალი-ხანს მისი მრჩევლები აშინებდნენ, რუსები აუცილებლად ტახტიდან ჩამოგაგდებენ და მეღორედ დაგაყენებენო. ეტყობა დარუბანდში ორი პარტია იბრძოდა, თვით ხანი რუსეთთან საერთო ენის გამონახვის მომხრე იყო, თურქეთზე ორიენტირების მომხრე ოპოზიცია კი ყოველნაირად აშინებდა ისედაც თავზარდაცემულ ხანს.

ხმები რუსეთის შემოსევის შესახებ მთელ ამიერკავკასიაში გავრცელებულა ჯერ კიდევ 1783 წლის გზაფხულზე. მარტში რუსეთის ერთი აგენტი იტყობინებოდა: «Чёрный народ от Дербента до Баки и Салиана не ведомо почему прослыша радуется бытию в Персию российских войск, ждя чрез то тишины от междуусобий» (ციტიტებულია ა. იოანესიანის წიგნიდან «Россия и армянское освободительное движение», 1947, გვ. 71). ყველაზე ადრე ყარაბაღის ხანს დაუნახავს საჭიროდ დროულად ზომების მიღება და რუსეთთან მოლაპარაკება დაუწყია. მაშინ აზერბაიჯანის ხანებს ალბათ არ ჰქონდათ ზუსტი ცნობები საქართველოს რუსეთის მფარველობაში შესვლის შესახებ, მაგრამ რომ რუსეთი ირანისაკენ სალაშქროდ სამზადისს ატარებდა და ყარაბაღელი სომხები რუსეთთან მოლაპარაკებას აწარმოებდნენ, ამის შესახებ ალბათ იცოდა იბრაჰიმ-ხანმა, და საფრთხის მოახლოება რაკი იგრძნო, რუსეთის მფარველობაში შესვლაზე სურვილი განაცხადა, ფიქრობდა რა ნიადაგის მოსინჯვას. რუსეთის სამეფო კარი იბრაჰიმ-ხანის სამფლობელოს მომავალ სომხეთის სახელმწიფოს ტერიტორიად გეგმავდა და პასუხს არ უჩქაროდა.

1784 წლის იანვარში საშამხლოს ბატონმა მურთუზალმა მიმართა რუსეთის ხელისუფლებას მფარველობაში მიმიღეო. მაგრამ იგი მალე გარდაიცვალა. მის ნაცვლად ტახტზე ასული შამხალი ბამატი საგანგებო წერილობით თხოვნას გზავნის მფარველობაში მისაღებად. ამასთანავე მოითხოვდა, რომ ერეკლე II-ზე დაბლა არ დამაყენოთ, რადგანაც იგი ხარისხით არასოდეს შამხალ ბატონზე მაღალი არ ყოფილაო, იგი ჩემი ტოლი ვალი იყოო (П. Бутков, Материалы..., გვ. 134).

1783 წლის ტრაქტატის გაფორმება ყველაზე მწვავედ განიცადა ახალციხელმა სულეიმან-ფაშამ. ამ გარემოებას საგანგებოდ აღნიშნავს ნ. დუბროვინი და სულეიმანის შეშფოთების მიზეზის ახსნასაც გვთავაზობს; იგი წერს: «При болтливости, свойственной всем азиатским народам, грузины не могли скрыть главнейших статей трактата, и Сулейман, не без страха за свою будущность, узнал о существовании второго параграфа секретных условий, в котором русская императрица не только ручалась за сохранение в целости настоящих владений царя Ираклия, но обещала распространить это ручательство и на все те владения, которые будут им приобретены в последствии» (Н. Дубровин, История войны..., II, გვ. 23).

ნ. დუბროვინს ალბათ მხედველობაში ჰქონდა ტრაქტატის მე-2, საიდუმლო ნაწილის არა მე-2, როგორც იგი ამას აღნიშნავს, არამედ მე-4 პარაგრაფი, სადაც საგანგებოდ აღნიშნულია: «დიდებულება იმპერატორებისა მისისა აღსთქუამს, რათა დროსა ბრძოლისასა იხმაროსმცა ყოველი შემძლებლობაჲ მეცადინეობისა ღონითა საჭურუჱლისათა, ხოლო დროსა მშვიდობისასა დაზავებისა მიერ უკუმოქცევისათვის ქუჱყანისა და ადგილთა მტერთაგან ქონებულთა და ძუჱლადვე სამეფოჲსა მიმართ ქართლისა და კახეთისა შერაცხილთა – ესენი უკუჱ დაშთებიან სამფლობელოდ მუნებურთა მეფეთა...». აქ თუმცა სამცხე-საათაბაგო დასახელებული არ არის, მაგრამ იგი აშკარად იგულისხმება და, რაც მთავარია, რუსეთის ხელისუფლება, ამ მე-4 არტიკულის ძალით, კისრულობს სხვების მიერ მიტაცებული ქართული ტერიტორიების გამოხსნას და ქართლ-კახეთის სამეფოსათვის გადაცემას. თუკი სულეიმან-ფაშა ამ მუხლის შინაარსს გაიგებდა, ცხადია, განგაში უნდა აეტეხა. მაგრამ საიდან ჩანს, რომ იგი ამ მუხლის შინაარსს გაეცნო ქართველების გაუფრთხილებლობით ან ლაყბობით?

ამას გარდა, განა ტრაქტატის პირველი ნაწილის მე-2 მუხლი, რომლის გამოქვეყნება არ დააყოვნა რუსულ და ქართულ ენებზე თვით რუსეთის ხელისუფლებამ, დამაფიქრებელი და ეჭვის აღმძვრელი არ უნდა ყოფილიყო სულეიმან-ფაშასა და მისი მსგავსი რენეგატის და მტაცებლისათვის? სულეიმან-ფაშას კარგად ახსოვდა რა დღე დააწია ერეკლე II-მ 1770 წელს აწყურთან და ასპინძასთან ახალციხელი ფაშისა და თურქეთის გაერთიანებულ ჯარებს. მან კარგად იცოდა რა გეგმებს ისახავდნენ ქართველი მეფეები სამცხე-საათაბაგოს მიმართ, და საქართველოში რუსეთის დამხმარე კორპუსის მოსვლის მნიშვნელობა მას სხვანაირად არც შეეძლო გაეგო, თუ არა საქართველოს ისტორიულ საზღვრებში აღდგენის დასაწყისად. ამიტომ იყო, რომ, როგორც კი დარიალით დამხმარე რაზმი დაიძრა რუსეთიდან და ახალციხის საფაშოს ამის შესახებ ცნობა მოუვიდა, მაშინვე შიკრიკი გაიგზავნა კონსტანტინოპოლში მაშველი ჯარის გამოგზავნის შესახებ. 

სულთანის კარი თითქოს სრულიად დამშვიდებულ პასუხს აძლევს სულეიმან-ფაშას, რომ თურქეთს რუსეთთან ზავი და მშვიდობა აქვს და არავითარი თავდასხმა მოსლოდნელი არ არის, მაგრამ თუ მტრული მოქმედება იქნება შენიშნული, საკადრისი პასუხი უნდა გაეცესო. ამ ცნობებს რუსეთის კონსტანტინოპოლელი რეზიდენტი გზავნიდა რუსეთში თურქეთიდან, მაგრამ, როგორც ეტყობა, ყველაფერი ეს კეთდებოდა რუსეთის თვალის ასახვევად.

თურქეთის აგენტები სასწრაფოდ გამოეშურნენ ამიერკავკასიასა და აზერბაიჯანში. თვით სულეიმან-ფაშას საგანგებო ინსტრუქცია მოუვიდა და ახალციხის საფაშო საქართველოს წინააღმდეგ მოქმედებების მთავარი შტაბი გახდა. სულეიმანისათვის 50 ქისა თეთრი გამოუგზავნია სულთანს, რათა დაღესტნიდან დაუყოვნებლივ გადმოეყვანა ლეკთა ჯარი და საქართველოზე თავდასხმები დაეწყო. ამას გარდა, სულეიმან-ფაშას დაევალა სასწრაფოდ აზერბაიჯანისა და დაღესტნელ მფლობელებთან შიკრიკების გაგზავნა, რათა ყველა გაერთიანებულიყო და საქართველოს შესეოდა. სულეიმან-ფაშას ყველაზე მეტად ყარაბაღელი იბრაჰიმ-ხანის იმედი ჰქონდა. ყარაბაღში სომხური მოსახლეობა იყო უმთავრესად, ამიტომ იბრაჰიმი სხვაზე უფრო დაშინებული იყო და რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლთა შორის უფრო საიმედო ჩანდა.

1784 წლის აპრილში ერთი სომეხი დიაკვანი სტეფანე პოპოვიანი პავლე პოტიომკინს ატყობინებდა: «Шушинский Ибрагим-хан купно с гойским, шакинским и бакинским ханами утвердили между собою согласие в том, что ежели против кого встретятся им воинские действии, тоб продолжать общую подпору...» (А. Иоанесян, Россия и армянское национальное движение, გვ. 271). მაჰმადიანი მფლობელები ამ შეთანხმებას საიდუმლოდ ინახავდნენ და რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებს თავს ისე აჩვენებდნენ, თითქოს რუსეთის დიდი ერთგულები იყვნენ. მათ თბილისში ელჩები გამოგზავნეს საჩუქრებით, ვითომ ერეკლე მეფეს გაბედნიერებას ულოცავდნენ. ამავე დროს პოლკოვნიკ ბურნაშოვის ნახვა ისურვეს და რუსეთის დედოფლის ერთგულებას და პატივისცემას აღარებდნენ. სინამდვილეში თბილისში მიმდინარე ამბების გასაგებად და დასაზვერად მოვიდნენ. იბრაჰიმ-ხანი ამავე დროს ქართველ მეფეს თხოვდა: ფიცით დამიმტკიცე, რომ რუსეთის მფარველობაში თუ შევალ, ყარაბაღის სახანოს ტახტი დამრჩებაო. ბუნაშოვთან მოთათბირების შემდეგ ერეკლემ იბრაჰიმ-ხანს რუსეთის მფარველობის სათხოვნელად ელჩის გაგზავნა ურჩია, ამასთანავე გააფრთხილა, რომ რუსეთის დედოფლის მოწყალებას უნდა მიენდო ყოველგვარი წინასწარი პირობების წამოყენების გარეშეო. ელჩი მართლაც გაგზავნა იბრაჰიმმა, მაგრამ იმავე დროს რუსეთის წინააღმდეგ საიდუმლოდ მოქმედებდა და საომრად ემზადებოდა. რუსეთისათვის აშკარა იყო, რომ ყარაბაღის სახანო იარაღით უნდა დაპყრობილიყო და სომხეთის სახელმწიფო ამ გზით უნდა აღმდგარიყო.

რუსეთის ჯარის ნაწილები აზერბაიჯანისაკენ სალაშქროდ ემზადებოდნენ. ისინი ყიზლარიდან უნდა დაძრულიყვნენ დარუბანდისაკენ. განზრახული იყო ფათალი-ხანის დატუსაღება და ასტრახანში გადმოყვანა. აქედან კასპიის ზღვის დასავლეთი სანაპიროები გილანამდე უნდა დაეკავებინათ. რუსეთის მეორე კორპუსი საქართველოს ლაშქრობასთან ერთად გადალახავდა საქართველოს საზღვრებს, ყარაბაღს ჩაიგდებდა ხელთ და აღსდგებოდა სომხეთის სახელმწიფო, მის აღმოსავლეთით კი – ალბანეთის სახელმწიფო. რუსეთის სარდლობა იმასაც ვარაუდობდა, რომ რუსეთის ლაშქრობას ამ მხარეებში შეეძლო თურქეთი გამოეყვანა წონასწორობიდან და ომი დაწყებულიყო თურქეთთანაც (А. Иоанесян, Россия и..., გვ. 91; ამ ლაშქრობის შესახებ იხ. აგრეთვე П. Бутков, Материалы..., т. II, გვ. 142-143). გენ. პოტიომკინს საჭირო თანხები გადმოეგზავნა ლაშქრობისათის მარაგის დასამზადებლად.

ლაშქრობის დაწყება 1784 წლის ზაფხულისათის გადაიდო. ახლად შემოერთებული ყირიმის და ყუბანის საქმეები რაკი სავსებით მოთავებული არ ყოფილა. კავკასიაში მოქმედი ჯარების ზურგის წესრიგში მოყვანა იყო საჭირო.

1784 წლის გაზაფხულზე რუსეთის სარდლობა საომარ თადარიგს შეუდგა. მაგრამ ეს სამზადისი არ დაიფარა და ხმები რუსეთის სპარსეთისაკენ სალაშქროდ მზადების შესახებ მთელს აზერბაიჯანში და თვით ირანში სწრაფად გავრცელდა. ამან პავლე პოტიომკინი დაფიქრა და საქართველოში მყოფ რუსეთის რეზიდენტს პოლკოვნიკ ბურნაშოვს მისწერა: «ხმები გაავრცელე, რომ ჯარი საქართველოს დასაცავად მოდისო» (А. Иоанесян, Россия и..., გვ. 122).

მაგრამ სომხეთისა და საქართველოსათვის სამწუხაროდ საქმე სულ სხვარიგად წარიმართა. ჩვენ ზემოთ ერთგან აღნიშნული გვქონდა, რომ ქარიმ-ხან ზენდის გარდაცვალების შემდეგ ირანში ტახტის პრეტენდენტებს შორის ბრძოლა გაიმართა და ბოლოს 1784 წლისათვის სხვა პრეტენდენტებს შორის ორი დაწინაურდა, ზენდების მოდგმიდან – ალი-მურად-ხანი და ყაჯარების მოდგმიდან – აღა-მაჰმად-ხანი ასტრაბადელი. ალი-მურად-ხანს სპარსეთის ძირითადი ტერიტორიები – ცენტრი და სამხრეთ ნაწილი უკვე დაკავებული ჰქონდა, მაგრამ აღა-მაჰმად-ხანიც ენერგიულად მოქმედებდა და შინაბრძოლა კიდევ უნდა გაგრძელებულიყო. ამავე დროს ირანის ჩრდილოეთით მყოფი სახანოების პოზიცია გარკვეული არ იყო. თურქეთი აზერბაიჯანის სახანოებთან იყო დაკავშირებული და ირანში ერთხელისუფლებიანობის აღდგენას არ თანაუგრძნობდა. ალი-მურად-ხანისათვის შაჰის ტახტის ხელში ჩასაგდებად მნიშვნელოვანი დამხმარე ძალა იყო საჭირო. ასეთ ძალად რუსეთის სახელმწიფო გამოიყურებოდა. ალი-მურად-ხანისათვის დაფარული და უცნობი არ ყოფილა რუსეთის ინტერესები სპარსეთში, და რუსეთთან შეთანხმება ერთადერთი გამოსავალი იყო შექმნილ ვითარებაში. რუსეთის საშუალებით შინაომებსაც ადვილად ეღებოდა ბოლო და თურქეთსაც ლაგამი ამოედებოდა.

რუსეთის დიპლომატია თვალყურს ადევნებდა ირანში მიმდინარე პროცესებს და ალი-მურად-ხანის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მიღებული ჰქონდა. 1784 წლის იანვარში გენ. პოტიომკინმა ერთი სომხის «თოქალთოვის» საშუალებით ალი-მურად-ხანს ისპაჰანში წერილი აწვდინა, რომლითაც მეგობრულ ურთიერთობას თავაზობდა (А. Иоанесян, Россия и..., გვ. 123).

«თოქალთოვი» დიდი პატივისცემით მიიღო ისპაჰანის მფლობელმა ალი-მურადმა და რუსეთში გამოსტუმრებისას თან გამოაყოლა თავისი ელჩი მუჰამედ-ხანი; ამ უკანასკნელს, წერილის გარდა, ზეპირად მოსახსენებელიც ჰქონდა. როგორც დაცული ცნობებიდან ჩანს, ალი-მურადი მზად იყო დაეთმო რუსეთისათვის ყველა ის პროვინცია, რომლებიც პეტრე I-ის დროს დაიპყრო რუსეთმა კასპიის ზღვის მხარეში. ამას გარდა, რუსეთს უთმობდა ყარადაღს, ყარაბაღს, ნახჭევანსა და ერევანს მისადგომი მხარეებით, იმ პირობით, რომ რუსეთი მას იცნობდა როგორც ირანის შაჰს, ამასთანავე დაიცავდა თურქეთის ძალმომრეობისაგან. რუსეთს ჰპირდებოდა აგრეთვე ვაჭრობის თავისუფლებას. ალი-მურად-ხანს პასუხი გრ. ა. პოტიომკინმა წერილობით გასცა. პოტიომკნი აღუთქვამდა მას რუსეთის დედოფლის დახმარებას (А. Иоанесян, Россия и..., გვ. 124).

ალი-მურად-ხანი სპარსეთის იმ პროვინციებს უთმობდა რუსეთს, რომლებიც მას იმხანად არ ემორჩილებოდნენ. ამით იგი თავიდან იცილებდა ისეთ მოწინააღმდეგესაც როგორიც აღა-მაჰმად-ხანი ყაჯარი იყო. ახლა ალი-მურად-ხანთან საფუძვლიანი მოლაპარაკება და სათანადო ხელშეკრულების გაფორმება იყო საჭირო. თავადი გრ. ა. პოტიომკინი ეკატერინე II-ს მოახსენებდა: «... владеющий сердцем персидские земли хан Али-Мурат ищет союза с Россиею; при поманке его шахством можно отделить добровольно Армению Персидскую... Знатное число владельцев Азии – покорясь под державу вашего императорского величества, составят вам империю в той части, наподобие германской, с тою разницею, что, власть ваша там будет не мнимая... как императора Римского» (А. Иоанесян, Россия и..., გვ. 124). დაყოვნებას აზრი არ ჰონდა და დიპლომატების მიერ საკითხის დამუშავების შემდეგ გადაწყდა ისპაჰანში ალი-მურად-ხანთან პოლკოვნიკ ვასილ სტეფანეს-ძე ტამარას გაგზავნა. ეს უკანასკნელი საკმაოდ გამოცდილი პიროვნება იყო, იგი არაერთხელ ყოფილა უცხოეთში გარკვეული დავალებებით. პოლკოვნიკ ტამარასათვის საგანგებოდ დამუშავებულია ინსტრუქციები, თუ როგორ უნდა იმოქმედოს მან ისპაჰანში. ერთგან ტამარას მიუთითებენ, რომ პირველ რიგში გასარკვევია ალი-მურად-ხანის როგორც ხელისუფალის მდგომარეობა ირანში. იმ შემთხვევაში, თუ მას არავითარი გავლენა არ აქვს თავის სამფლობელოში და მოსალოდნელია მისი ჩამოგდება, ასეთ ხელისუფალთნ საქმის დაჭერას აზრი არა აქვსო: «... ежели власть его не твёрдая и он подвержен всеминутной опасности лишиться правления, то было бы конечно сомнительно для двора нашего завести и достоинство и силы наши в дело не весьма по себе надёжное» (А. Иоанесян, Россия и..., გვ. 281). მაგრამ რუსეთის სამეფო კარის ხელთ არსებული ცნობებით ალი-მურად-ხანი ირანის მფლობელთა შორის ყველაზე უფრო ძლიერი და ავტორიტეტიანია, ამდენად პოლკ. ტამარას მიუთითებენ, რომ თუ მის მიერ შეკრებილი ცნობებითაც დადასტურდება ალი-მურად-ხანის ძლიერება, რუსეთის ხელისუფლების სახელით ტამარამ ირანის შაჰობა უნდა მიულოცოს მას, იმ შემთხვევაში, თუ რუსეთის სახელმწიფოებრივ ინტერესებს არ დაუპირისპირდება იგი და მზად იქნება ხელი შეგვიწყოსო: «... вам позволено поманить его шахским достоинством... естли он заслужит то готовностию податься на все наши виды и намерения» (იქვე). პოლკ. ტამარას ევალება ჩააგონოს ალი-მურად-ხანს, რომ ირანის სახელმწიფოს მოვლა და იქ შაჰად დაჯდომა ძნელი საქმე იქნება თუ ირანის სახელმწიფოში ეთნოგრაფიულად ერთგვარი მოსახლეობა არ იქნებაო. სხვადასხვა მოდგმისა და სარწმუნოების ქვეშევრდომები სახელმწიფოს დაასუსტებენ და შინააშლილობას გააღვივებენო: «... нужно объяснить ему всю надобность состояния ея монархии из самых персиян, таковое соединение будет твёрдо и прочно, когда напротив того разность народов всегда готовых к свержению ига не умножают силы государственныя но паче... ослабляет оныя. Сие говорю я об Армении и других окрестных провинциях: ибо что принадлежит до Грузии то об ней ни слова участь же ея уже решена» (იქვე, გვ. 280). მაშასადამე, აზერბაიჯანი, სომხეთი და დაღესტანი სპარსეთის სახელმწიფოს სიმტკიცეს ხელს უშლის და რუსეთის თვითმპყრობელობა კისრულობს «მეგობრობის ნიადაგზე» ეს არასპარსული ტერიტორიები ირანს ჩამოაცილოს და თავისი მფარველობის ქვეშ მიიღოს. რუსეთის დიპლომატები საჭიროდ არ თვლიან ალი-მურად-ხანთან საქართველოს საკითხის განხილვას, რადგან იგი დამთავრებულ და სამუდამოდ გადაწყვეტილ საკითხად მიაჩნიათ. ჩვენ არ ვიცით, რატომ ჰყავდა ალი-მურად-ხანი ასეთ გულუბრყვილო ადამიანად წარმოდგენილი თვითმპყრობელობის დიპლომატიას, რომ ამოდენა ტერიტორიების დათმობას ასეთი არგუმენტებით მოელოდა მისგან. საფიქრებელია, რომ გაჭირვებაში ჩავარდნილ და შაჰობის პრეტენდენტ ალი-მურად-ხანს თვითმპყრობელობა «მწარე აბის ჩაყლაპვას» უადვილებდა ამ არგუმენტებით. მან აგენტურის მეშვეობით იცოდა, რომ ალი-მურად-ხანს გადაწყვეტილი ჰქონდა დათმობებზე წასულიყო.

ამასთანავე პოლკ. ტამარას ევალებოდა თურქეთის საწინააღმდეგო თავდაცვითი კავშირის ხელშეკრულებაც დაედო ალი-მურად-ხანთან, რადგანაც თურქეთი რუსეთისა და ირანის მოწინააღმდეგე სახელმწიფოდ იყო მიჩნეული. თითქოს ყველაფერი რუსეთის სახელმწიფოს სასარგებლოდ ეწყობოდა. მაგრამ ირანი არც ისე უპატრონო აღმოჩნდა, რომ ყველაფერი მარტივად მოგვარებულიყო.

ცნობა 1783 წლის ტრაქტატის გაფორმების შესახებ დასავლეთ ევროპაშიც იმავე წელს მივიდა. ეს ფაქტი განიხილებოდა როგორც მეფის დიპლომატიის ტრიუმფი აღმოსავლეთში. განსაკუთრებით დიდი ყურადღება მიიქცია ქართლ-კახეთის რუსეთის მფარველობაში შესვლის ფაქტმა საფრანგეთისა და ინგლისის დიპლომატიურ წრეებში. შემთხვევითი არ იყო, რომ 1783 წლის აგვისტოში ეკატერინე II გრ. ა. პოტიომკინს სწერდა: «... я письмо твое... получила чрез полковника Тамару, который привёз и грузинское дело, за которое снова тебе же спасибо... На зависть Европы я весьма спокойно смотрю, пусть балагурят, а мы дело делаем» (Н. Дубровин, История войны и..., II, გვ. 11; ტრაქტატის გამო ევროპის გამოხმაურების შესახებ იხ. О. П. Маркова, Присоединение Грузии к России, журн. «Историк Марксист», 1940, III, გვ. 63). ტრაქტატის ამბავმა დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია ევროპაში, მაგრამ ამით არ ამოწურულა ევროპის სახელმწიფოების საქმიანობა. 

1784 წლის გაზაფხულზე საფრანგეთის მთავრობის დავალებით ისპაჰანში კონსტანტინეპოლიდან გრაფი ფერიერ-სოვბეფი ჩავიდა. საფრანგეთის ამ აგენტმა რამდენიმე ხნის შემდეგ აღმოსავლეთში მისი მოგზაურობის აღწერილობა გამოაქვეყნა. ფერიერის გარდა, 1784 წლის თებერვალში ფრანგი ოფიცრები მარკიზი დე ლარმანი, ბარონი დე ბორტი და შევალიე დე ბულონი კიევისა და ყირიმის გავლით გაემგზავრნენ კავკასიის ხაზის სანახავად. გრ. ა. პოტიომკინს გენ. პავლე პოტიომკინისთვის მიუთითებია, რომ თავაზიანად მიეღო ისინი, მაგრამ იმავე დროს თვალყური ედევნებინა. გაზაფხულზე სტუმრებს მოუწადინებიათ საქართველოსაკენ დარიალით მომავალი გზის დათვალიერება. მაგრამ პავლე პოტიომკინს ნება არ დაურთავს. ერთი სტუმართაგანი თურმე ღამით იმ ადგილების რუკას ადგენდა, რომელთაც დილით გაივლიდნენ. ოფიცრები ასტრახანით პეტერბურგში დაბრუნდნენ. 1797 წელს პარიზში მათი მოგზაურობის აღწერილობა წიგნად გამოსულა (П. Бутков, Материалы..., II, გვ. 149-150). ეს პირები ტურისტები არ ყოფილან და თავისი მთავრობის დავალებას ასრულებდნენ – რუსეთის საქმიანობას ზვერავდნენ კავკასიასა და ირანში.

ფერიერი თავის მემუარებში აღნიშნავს, რომ, როცა იგი სპარსეთში მივიდა, ალი-მურად-ხანი რუსეთთან იყო მეგობრულად დაკავშირებული და თურქეთს აშკარად მტრობდა, შირაზელ ხანს თურქეთის კუთვნილ ბასრაზე თავდასხმა ნაბრძანევი ჰქონდაო. თურქეთის სულთნის ელჩი კი, რომელიც მეგობრობის ხელშეკრულების დადებას თავაზობდა, ალი-მურადს საპყრობილეში დაემწყვდიაო (А. Иоанесян, Россия и..., გვ. 132)

ირანში ფერიერის საქმიანობის შესახებ ცნობებს გვაწვდის მოხსენებითი ბარათი, რომელიც საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ვერჟენის სახელზე გაუგზავნია ფერიერს. ეს დოკუმენტი ხელთ ჩავარდნია რუსეთის საგარეო საქმეთა კოლეგიის მზვერავს და მისი პირი დღესაც დაცულია ამ კოლეგიის არქივში.

რუსეთის საწინააღმდეგო საქმიანობას ფერიერი ისპაჰანში ჩასვლამდე შესდგომია. ბაღდადიდან მომავალი ქერმანშაჰში შეჩერებულა და ადგილობრივი ხანისათვის რუსეთის დაპყრობითი მიზნები დაუხასიათებია. სპარსეთში რუსეთის ზრახვების შესახებ სწორი წარმოდგენა აქვთო, წერს ფერიერი, და ჩვენი საუბრის შემდეგ იქ სწრაფად გავრცელდა ხმები რუსეთის წინააღმდეგ საფრანგეთის, თურქეთისა და სპარსეთის კოალიციის შედგენის შესახებო. ისპაჰანში ჩასვლისას (1784 წ. 20 მარტი) მან აუწყა ალი-მურად-ხანის ვეზირს საფრანგეთისა და თურქეთის მეგობრული კავშირის არსებობა, რომლის მიზანია თითქოს ძლიერის ძალმომრეობისაგან სუსტის ხსნა. ფერიერს განუმარტებია ვეზირისათვის თუ რა მნიშვნელობა აქვს რუსების მიერ ყირიმის დაპყრობას და აგრეთვე მფარველობითი ტრაქტატის დადებას რუსეთსა და საქართველოს შორის, რომელიც «სათანადო ფერებით აღვწერეო». ბოლოს, ფერიერი მოითხოვს თავისი მინისტრისაგან ფულად თანხებს და საჩუქრებს ალი-მურად-ხანისათვის. იგი არწმუნებს მინისტრს, რომ ამ გზით შეძლებს საფრანგეთის, თურქეთისა და სპარსეთის კავშირის შეკვრას, მიმართულს რუსეთის წინააღმდეგ.

თავისი მოგზაურობის აღწერილობაში იგი ერთ სიტყვასაც არ ამბობს თუ რა დავალებით გაემგზვრა ირანში. ცხადია, სადაზვერვო დავალების შესახებ წიგნში წერა სავალდებულო არ იყო. იგი აღნიშნავს მხოლოდ იმას, რომ როცა იგი ირანში მივიდა, რუსეთისათვის ხელსაყრელი სიტუაცია იყო შექმნილი, ხოლო მისი იქ ყოფნის დროს მდგომარეობა ისე შეიცვალა, თითქოს, რომ ალი-მურად-ხანმა თურქეთის ელჩი გაათავისუფლა, დაასაჩუქრა და დადებითი პასუხით გაისტუმრა თურქეთში, ამასთანავე, თითქოს, რუსეთში გაგზავნილ ელჩს მუჰამედ-ხანს ახალი ინსტრუქციები გაუგზავნა და სხვა (ფერიერის მოხსენებითი ბარათის შესახებ იხ. А. Иоанесян, Россия и..., გვ. 131-134).

ჩვენ ეჭვი არ უნდა გვეპარებოდეს იმაში, რომ ფერიერი და სხვა მისი მსგავსი მზვერავები რუსეთის სასიკეთოდ არაფერს გააკედებდნენ ირანში, მაგრამ რომ ასეთი გამარჯვებით დასრულდა ფერიერის მისია ისპაჰანში, ხელაღებით დასაჯერებელი არ უნდა იყოს. 

საქმის ვითარების სრულად გარკვევას ის გარემოება აძნელებს, რომ პოლკოვნიკი ტამარა 1784 წლის ოქტომბერში გამოემგზავრა პეტერბურგიდან ირანისაკენ. იგი სადღაც გზაში დიდხანს გააჩერეს. მხოლოდ 1785 წლის 12 თებერვალს გავიდა თბილისიდან. ერევანში მისვლისას გაიგო, რომ ალი-მურად-ხანი გარდაიცვალა. ამ ხმების შესამომებლად ხოის სახანომდე მივიდა და რაკი დარწმუნდა, რომ ცნობა მართალი იყო, ისევ გამობრუნდა. ირანი ისევ შინაომის ასპარეზად გადაიქცა, ისპაჰანი მალე აღა-მაჰმად-ხანმა (ყაჯარმა) ჩაიგდო ხელში. პოლკ. ტამარას რომ ალი-მურად-ხანი ენახა, საფრანგეთის აგენტურის საქმიანობის შედეგების შესახებ ზუსტი ცნობები გვექნებოდა. არავითარი ცნობა არ მოეპოვება რუსეთის არქივებს იმის შესახებ, რომ ალი-მურად-ხანმა რუსეთთან დამოკიდებულება შეცვალა. პ. ბუტკოვი, რომელიც ახლო იცნობდა საარქივო მასალებს, ისპაჰანში ფერიერის მოღვაწეობის შესახებ აღნიშნავს: «Между тем, Французский двор старался, равно как и турки, полагать препоны российскому распространению а Азербайджане. Весною 1784 года прибыл... в Испаган граф де Фериори... Но внушения его были недействительны» (П. Бутков, Материалы..., II, გვ. 149). სათანადო არქივები გულმოდგინედ გადასინჯა ისეთმა გამოცდილმა და ფრთხილმა ისტორიკოსმა, როგორიც არის ა. იოანესიანი, მაგრამ ფერიერის ცნობების დამადასტურებელი მასალა რუსეთის არქივებში ვერ იპოვა. პროფ. ა. იოანესიანი სამართლიანად ვარაუდობს, რომ ალი-მურად-ხანის ვეზირებმა შესაძლებელია ფერიერს თავი ისე მოაჩვენეს, რომ ვითომ მისი გეგმების მომხრე იყვნენ, მაგრამ რამდენად გულწრფელი იყო ვეზირების და თვით ალი-მურად-ხანის განცხადება, დამატებითი დოკუმენტური მასალის აღმოჩენამდე არ გადაიჭრება. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ალი-მურად-ხანს მისი ელჩის მუჰამედ-ხანის რუსეთიდან დაბრუნებამდე ფერიერისათვის თავი ისე უნდა მოეჩვენებინა, რომ რუსეთზე ორიენტირების გზა თითქოს უარყო. ასეთი დიპლომატიური სვლა იმ გარემოებით უნდა ყოფილიყო ნაკარნახევი, რომ ალი მურადის ელჩს რუსეთიდან დაბრუნება მეტისმეტად დაუგვიანდა. მართალია, პოტიომკინმა წერილობით აცნობა ალი-მურადს რუსეთის დედოფლის კმაყოფილება, მაგრამ კონკრეტულა საქმეების მოგვარებას აგვიანდებოდა. ფერიერი კი მარტო საფრანგეთის სახელით კი არ ლაპარაკობდა, არამედ თურქეთის სახელითაც. ასეთ ვითარებაში ალი-მურად-ხანის კარს შეეძლო თურქეთის ელჩი ტყვეობიდან გაეთავისუფლებინა, ფერიერისათვის რაიმე დაპირება მიეცა, მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავდა რუსეთზე ორიენტირების უარყოფას. პროფ. იოანესიანი მართალია, როცა წერს, რომ საფრანგეთის აგენტურამ ასე თუ ისე რუსეთს ისპაჰანში საქმე გაურთულაო (А. Иоанесян, Россия и..., გვ. 134).

საფრანგეთის აგენტის ირანში საქმიანობის შესახებ ერეკლე II-ის მზვერავსაც შეუკრებია ცნობები, რაც ქართველმა მეფემ გარსევან ჭავჭავაძის მეშვეობით აცნობა რუსეთის სამეფო კარს. გარსევანი თავის მოხსენებით ბარათში ფელდმარშალ პოტიომკინს სწერს: «სიცოცხლესა შა ალი-მურად-ხანისა, დროს ოდეს იმყოფებოდა შა ქალაქს თეჰრანს, მოიწია ელჩი ფრანცუცის ესრეთის წიგნითა და შემოთვლილობით ვ~დ რუსები რომ ადირბეჯანის მხარეს იჭერენ რატომ ანებებ და ჯარით არ ეწინააღმდეგები. და თუ ახლა თავს არ შეიდებ ბოლოს გაშავებული საქმე უმეტეს დაგიმძიმდება და ინანებ ამისთანა საქმეში მოექცევი» (ЦВИА, პოტიომკინის ფონდი, კონა # 3, საქმე # 5, ფურც. 65)

საფრანგეთის დიპლომატია დაინტერესებული იყო ირანთან სავაჭრო ურთიერთობებით და გულგრილად არ შეეძლო რუსეთის იქ გაბატონებისათვის ეცქირა. 1784 წლის მაისში საგარეო საქმეთა მინისტრი ვერჟენი სწერდა ისპაჰანში ფერიერს – შეესწავლა და ეცნობებინა მისთვის მოხერხდებოდა თუ არა საფრანგეთის იმ საქონლის შავი ზღვით საფრანგეთისაკენ გაგზავნა, რომელიც დღეს რუსეთში მიდისო. საფრანგეთის წარმომადგენელი შუაზელ-გუფიე კი კონსტანტინეპოლში იმას ცდილობდა, როგორმე საფრანგეთის გემებისათვის თავისუფალი მიმოსვლის უფლება მოეპოვებინა დარდანელის სრუტით შავ ზღვაში.

საფრანგეთის დიპლომატია განსაკუთრებით მწვავედ განიცდიდა თურქეთის მძიმე მდგომარეობას. რუსეთ-ავსტრიის კავშირი, ყირიმის შეერთება რუსეთის მიერ, ყუბანისა და ამიერკავკასიის ტერიტორიებზე დასაყრდენების შექმნა რომ თურქეთის წინააღმდეგ იყო მიმართული, ამის არდანახვა გაწვრთნილ საფრანგეთის დიპლომატიას არ შეეძლო. კონსტანტინეპოლში ახლად დანიშნულ საფრანგეთის ელჩს შუაზელ-გუფიეს თან მოჰყვა მრავალი სამხედრო სპეციალისტი, რომლებიც თურქებს შველოდნენ შავი ზღვის სანაპიროს გამაგრებაში, აგრეთვე რუსეთის საზღვრებზე ციხე-სიმაგრეების აგებაში. ფრანგი მზვერავები კი რუსეთის ჯარების დისლოკაციისა და შავი ზღვის მიდამოებში მიმდინარე სამზადისის შესახებ ცნობებს კრეფდნენ და დანიშნულებისამებრ აწვდიდნენ. 

თურქეთი ახლა უფრო გაბედული ხდება და არ ზოგავს თანხებს რუსეთის წინააღმდეგ კავკასიის მაჰმადიანური მოსახლეობის ასამხედრებლად. თუ წინათ, 1783 წელს, შეშინებული დაღესტნელები და აზერბაიჯანელი ხანები რუსეთის ხელისუფლებას მფარველობას თხოვდნენ, ახლა, 1784 წლიდან მოკიდებული, თურქეთის მფარველობით დაიმედებულნი, რუსეთის საწინააღმდეგო კოალიციას ადგენენ. თურქეთის აგენტები ხმებს ავრცელებდნენ, რომ თითქოს რუსეთის ხელისუფლებამ ერეკლე II-ს ირანის სახელმწიფო აღუთქვა სამფლობელოდ და თუ წინააღმდეგობა არ შეხვდა, ირანში შაჰად დაჯდებაო. ქართლ-კახეთის დესპანი გარსევან ჭავჭავაძე ასე ატყობინებდა ამ ამბავს რუსეთის სამეფო კარს: «ადრიბეჟანის ხანებისათვის ხონთქრის ფარვანი რომ იყო მოწერილი ასრე ეწერა: მეფე ერეკლემ თავისის სჯულის თასლიბი გასწივაო და რუსეთის ხელმწიფის საფარველს ქვეშე მივიდაო და იმათგანაც წყალობა მოუვიდაო და იცოდეთ ერანიც იმისთვის აღუთქვამთო, რომ უნდა დაიჭირონ და მეფე ერეკლეს მისცენო. ხათრიჯამი იყავით, რომ იმათი სწორე განზრახვა ეს არისო» (ЦВИА, პოტიომკინის ფონდი, კონა # 3, საქმე # 5, ფურც. 65). ადვილი წარმოსადგენია როგორი გამოხმაურება უნდა ჰქონოდა ასეთ პროვოკაციულ ხმებს მაჰმადიანურ სამყაროში. 1784 წელს იბრაჰიმ-ხანი, ფათალი-ხანი, ხოელი ხანი ახმედი და სხვა დაღესტნელი და აზერბაიჯანები წვრილი მფლობელები თურქეთის სულთანს ფინანსურ დახმარებას თხოვენ და აღუთქვამენ რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლას. 1785 წლის დასაწყისში სულთანის განკარგულებით სამ ზემოხსენებულ ხანს საჩუქრად გამოუგზავნეს თითოეულს 100 000 მანეთი, ძვირფასი თვლებით მოჭედილი საათი და სამურის ბეწვეული. გენ. პოტიომკინის საიდუმლო აგენტი ამის გარდა იტყობინებოდა: «Письма султанские были читаны в местах с объявлением, чтоб все магометане старались защищать веру и не допустить россиян к завладению Персии и Дагестана» (А. Иоанесян, Россия и..., გვ. 166; ა. იოანესიანის ნაშრომიდან არის ამოკრებილი ზემოთ მოცემული ცნობებიც).

1785 წლის გაზაფხულზე ჩრდილოეთ კავკასიაში რელიგიის ქურქში გახვეული რუსეთის საწინააღმდეგო მოძრაობა დაიწყო, რომელსაც «წინასწამეტყველად» წოდებული ვინმე მანსური მეთაურობდა. აქაური მაჰმადიანური მოსახლეობის დიდი უმრავლესობა მიემხრო მას და «საღვთო ომისაკენ» მოუწოდებდა «ურწმნოების» ანუ რუსების წინააღმდეგ. ეს მოძრაობაც თურქების მოწყობილი იყო (Н. Смирнов, Шейх Мансур и его турецкие вдохновители, журн. «Вопросы истории», 1950, № 10, გვ. 22-23). უნდა აღინიშნოს, რომ ჩრდილოეთ კავკასიაში ორგანიზებული ეს მოძრაობა საფრთხეში აგდებდა რუსეთის მიერ ამიერკავკასიაში ჩატარებულ ღონისძიებებს. რუსეთს ერთხანს საქართველოში შემოსასვლელი გზაც გადაეჭრა. მანსურის მეთაურობით დაწყებული მოძრაობის სრული ლიკვიდაცია 1787 წლამდე ვერ მოხერხდა.

ქართლ-კახეთის სამეფოს ყოველი მხრიდან უტევდნენ თურქეთის მიერ შემოჩენილი დაღესტნელები და ახალციხელი სულეიმან-ფაშა. ქართლ-კახეთის მეფე რუსეთის დამხმარე რაზმით თითქმის ყოველდღე საბრძოლო მდგომარეობაში იმყოფებოდა. რუსეთის კონსტანტინეპოლელი რეზიდენტის ბულგაკოვის პროტესტები, თურქეთის მთავრობის მისამართით, საქმეს ვერ შველოდა. სულთანი თავს ისე აჩვენებდა, რომ თურქეთი ვითომ უდანაშაულო იყო თარეშების მოწყობაში, მაგრამ ფარულად ახალ დავალებებს აძლევდა ძარცვა-მოტაცებაში დახელოვნებულ დაღესტნელ ფეოდალებს. 

თურქეთი უფრო იმ გარემოებამ გაათამამა, რომ რუსეთმა საქართველოში ორ ათასეულზე მეტი ჯარი ვერ გადმოიყვანა, რომელიც 1783 წლის ტრაქტატის ძალით იმავე წლის შემოდგომაზე თბილისში მოვიდა. ორი წლის განმავლობაში ქართლ-კახეთს ყოველი მხრიდან უტევდნენ და იგი მხოლოდ თავდაცვაზე იყო გადასული. მართალია, იყო რამდენიმე შემთხვევა, როცა რუსეთის რაზმის დახმარებით სასტიკად დამარცხდა ახალციხის მხრიდან შემოსეული მოთარეშე ლეკებისა და თურქების რაზმები. ერეკლე II 1785 წლის 21 აპრილს ფელდმარშალ გრ. პოტიომკნს აღტაცებით სწერდა რუსეთის ჯარის ნაწილების მტერზე გამარჯვებისა და ოფიცერთა «მხნედ და მარჯვედ» ქცევის შესახებ: «ამ ბედნიერს შემთხვევაების ვერ დავსთმევით რომ თანამდებობისაებრ, ჩუჱნის წერილით არ გვემოწმებინა ჩუჱნი მხიარულებითა კმაყოფა... უფალთ პოდპოლკოვნიკთა და შტაბოფიცერთა შესაბამი... ქცევა... რომლისაცა დასამტკიცებელად კმა არს აწინდელი სურამს მყოფის სამი როტის მხნურად მოქცევა კამანდასა ქუეშე უფლის სეკუნდ მაიორის თეოდორე სენენბერღისასა პირისპის ორის ათასთა ახალციხელთ ლეკთა და თათართა, რომელთაც ქართლის სამი სოფელი აიღეს სრულებით და ექვსასამდის ქართველი ტყვე იშოვეს. ამის მსმენელი უფალი სეკუნდ მაიორი სენენბერღი გამოუდგა ორასის იეგერით და ერთის ჩუჱნის ზარბაზნით შემოეყარა მტკვრის პირს და ოთხის საათის ბრძოლასა შინა ამოწყვიტა და დაარჩო მდინარესა შინა ათასხუთასამდინ; თვინიერ ვნებისა რისამე თვისისა კამანდისა...» (ЦВИА, პოტიომკინის ფონდი, კონა # 3, საქმე # 5, ფურც. 6). იმავე სენენბერგის თაოსნობით მეორეჯერაც სასტიკად დამარცხდნენ მოთარეშენი, თვით ერეკლე II-მ მცირე რაზმით არა ერთხელ შავი დღე გაუთენა მძარცველებს, მაგრამ ეს ჩვენს ქვეყანას არ შველოდა, რადგანაც მოწინააღმდეგე ასეთ მარცხს არ შეუშინდა.

როგორც 1785 წლის 23 მაისის მიწერილობიდან ჩანს, რუსეთის დედოფალს იმ ხანებში არ ესმოდა, რომ განუწყვეტელი თარეშები და თავდასხმები საქართველოზე თურქეთის მიერ იყო ორგანიზებული. ეკატერინე II კონსტანტინეპოლში თავის რეზიდენტს ბულგაკოვს სწერდა, რომ თურქეთის ქვეშევრდომების ლეკებთან გაერთიანება და თარეშები პირადად სულეიმან-ფაშას მოწყობილია, და არ ვფიქრობ, რომ თვით თურქეთს რაიმე მიზნები ჰქონდეს ამ თერეშებით დასახულიო. «Соединение отоманских подданных с лезгинами, относим единственно на счёт ахалцыхского Сулеймана паши... а нимало не подозреваем чтобы тут Порта имела, вопреки мира к нам, какие либо виды» (Н. Дубровин, История войны и..., II, გვ. 82-83). ამიტომ რუსეთის დედოფალი ბულგაკოვს ავალებდა მოეთხოვა სულეიმან-ფაშას და იმ პირების დასჯა, რომლებმაც ქართლ-კახეთის სამეფოს ტერიტორიის საძარცვავად შესევის ნება დართესო. პავლე პოტიომკინს და თვით ერეკლე II-ს სადაზვერვო საქმე ცუდად არ ჰქონდათ დაყენებული, ისე რომ მათთვის გარკვეული იყო ვისი კარნახით მოქმედებდა სულეიმან-ფაშა. სულეიმან-ფაშას არ გაჩნდა იმის სახსრები, რომ დაღესტნისა და აზერბაიჯანის ხანები საქართველოს საძარცვავად დაექირავებინა. ფული და სხვა დახმარება კონსტანტინეპოლიდან მოსდიოდა სულეიმან-ფაშად წოდებულ სამცხის ათაბაგს, სოლომონ ჯაყელს.

სულეიმან ფაშამ მეორეჯერ დაიქირავა მძარცველი ბანდების მეთაური ომარ-ხანი. 7 ათასი მარბიელი წვრილ რაზმებად დაიფანტა ქართლის სხვადასხვა მხარეში. ერეკლე II იძულებული გახდა თხოვნით მიემართა სულეიმან-ფაშასათვის, რათა ამ უკანასკნელს აეკრძალა ლეკებისათვის თარეში. სულეიმანმა აღუთქვა თხოვნის შესრულება იმ შემთხვევაში, თუ ერეკლე რუსეთის ჯარს არ მოიყვანდა საქართველოში, არ მიიღებდა რუსეთის დედოფლის მიერ ნაჩუქარ ზარბაზნებს და მტრების მოსაგერიებლად რუსებს არ დაიხმარებდა. ქართველი მეფე ამ წინადადებაზე არ დათანხმდა (Н. Дубровин, История войны..., II, გვ. 207-208).

ქართლ-კახეთის სამეფოზე თავდასხმებისა და თარეშების ორგანიზების შემდეგ თურქეთის კარნახით გილანის ხანი და არზრუმის ფაშა რჩევა-დარიგების წერილებს უგზავნიან ერეკლე II-ს. ამ პოლიტიკურ ერთეულებთან ერეკლე მეფეს უშუალო ბრძოლები არ ჰქონია და, როგორც ჩანს, თურქეთის ხელისუფლებას ამ როლისათვის უფრო ნეიტრალური პირები შეურჩევია. ჩვენს ხელთ არის გილანის ხანის და არზრუმის ფაშის ერეკლესადმი გაგზავნილი წერილების რუსული თარგმანი (ერეკლეს წერილები რუსეთის რეზიდენტისათვის გადაუცია გასაცნობად, თანახმად ტრაქტატის მეოთხე არტიკულისა. წერილების რუსულ ენაზე გადათარგმნის შემდეგ დედნები ალბათ ერეკლე II-ის კანცელარიას დაუბრუნდა).

გილანის ხანი აფრთხილებს ქართველ მეფეს, რომ თქვენს მიერ გადადგმული ნაბიჯებით აიმხედრეთ თურქეთიო. ხოლო ამ უკანასკნელმა საქართველოს წინააღმდეგ ფეხზე დააყენა მთელი დაღესტანი, ყარაბაღის ხანი და ახმატ ხანიო: «Таким образом от всех сторон пресеклась наша дружба и я удивляюсь, что как вы имеете более разума и во многих делах искушившись, как вы это сделали... лутче чтоб вы имели дорогу и из других строн, дабы и оттуда иметь помощь, а как я друг ваш, желая по просьбе дружбы, дабы вы имели и других друзей, может статца что дружба и правда их будет крепче и большая...» (ი. ცინცაძე, «მიმომხილველი», III, 1953, გვ. 105). გილანის ხანი მართალია მთლიანად ფრჩხილებს არ ხსნის თავის წერილში, მაგრამ ერეკლე II-ს თურქთთან საერთო ენის გამონახვას ურჩევს, ამასთანავე მიუთითებს, რომ ასეთი ცდა უშედეგო არ იქნებაო.

უფრო გარკვეულია არზრუმის ფაშის ფატალ-უსეინის წერილი. აქ საქართველოს თურქეთთან ძველ მეგობრობაზეა ჯერ საუბარი, ვითომც ერეკლე II თურქეთის სულთანის ძველი ერთგული ვასალი მფლობელი იყო და სურვილიც ჰონდა პირნათლად ემსახურა. ამის შედეგი იყო ვითომ თურქეთის სულთანის უხვი წყალობა. ახლა კი მას ჩამოშორდი და რუსეთის მფარველობა ისურვეო. სინამდვილეში კი ვერაფერს ვერ მიიღებ რუსეთისაგან, გარდა იმისა, რომ ამის გამო ლეკები ესხმიან შენს ქვეყანას და ანგრევენო. ამიტომ რჩევას აძლევდა ქართველ მეფეს: «От российского правительства усердность свою пресеките и отдалитесь, а примите покровительство моего государя. Ежели оное вам угодно будет, то прошу в непродолжительном времени меня уведомить, чрез что всей стране загорающее пламя гасить стараться буду, и его величества государя визир Азаму донесу... Вы же сначала принятия от России покровительства сколько уже имеете разорения и убытку? Да и впредь сколько же оного иметь будете» (იქვე, გვ. 106).

ამ წერილში თურქეთის მთავრობის მთელი პროგრამაა მოცემული: საქართველოზე თავდასხმების ორგანიზებით ამიერკავკასიაში და კერძოდ საქართველოში რუსეთის სახელმწიფოს ძლიერების პრესტიჟის დაცემა, დაუძლურებული ირანის ამიერკავკასიიდან განდევნა და საქართველოს თურქეთის სახელმწიფოსადმი დაქვემდებარება. მაგრამ თურქეთს ისე სურს მოაწყოს საქმე, რომ ვითომც თვით ქართველი მეფის სურვილი იყო თურქეთის ხელქვეით მოქცევა.

რუსეთის სამეფო კარისათვის ბოლოს აშკარა შეიქმნა, რომ რუსეთის მფარველობაში მყოფ ქართლ-კახეთის სამეფოს სისტემატიური აწიოკებისათვის პასუხი თურქეთის მთავრობას უნდა მოეთხოვოს კატეგორიულად. კონსტანტინეპოლში მყოფ რეზიდენტს ბულგაკოვს ებრძანა თურქეთის მთავრობისთვის განეცხადებინა: «... мы не можем взирать равнодушно на молчание и медление Порты в справедливых наших требованиях, а потому указали вам объявить, что буде Порта оставит сего пашу без наказания и смены за его дерзкие поступки пособием лезгинам прикоснуться к границам... царя Карталинского, мы в полном праве себя почитаем, и конечно, не преминем употребить силы наши... и упорство Порты вменим в сущее небрежение ея быть в добром с нами согласии» (Н. Дубровин, История войны..., II, გვ. 208)

სანამ რუსეთის დედოფლის განკარგულება კონსტანტინეპოლამდე მიაღწევდა, სულემან-ფაშა ხმებს ავრცელებდა, რომ ახალი დიდი თავდასხმა მზადდებოდა ქართლ-კახეთის სამეფოზე. რუსეთიდან განმეორებით მიუთითეს ბულგაკოვს პროტესტი განეცხადებინა თურქეთის მთავრობისათვის სულეიმან-ფაშას მოქმედების გამო. რადგანაც თურქეთს გადაწყვეტილი ჰქონდა ახლო მომავალში ომი დაეწყო რუსეთის წინააღმდეგ და საამისოდ სამზადისში იმყოფებოდა, საჭიროდ მიიჩნია კონფლიქტი დროებით თავიდან აეცდინა და სულეიმან-ფაშას კატეგორიულად უბრძანა ქართველ მეფეს მორიგებოდა (იქვე, გვ. 209).

როგორც რუსეთის მზვერავის მიერ მოპოვებული ერთი ცნობიდან ჩანს, ყოფილა ისეთი მომენტიც, როცა თურქეთის დიპლომატია შიშობდა: საქართველოზე თავდასხმების ორგანიზების გამო რუსეთი ისე არ გაღიზიანებულიყო, რომ საქართველოსა და ამიერკავკასიაში დამატებით ახალი ჯარის ნაწილები არ გადმოეყვანა და შერყეული პრესტიჟი ახალი დაპყრობებით არ აღედგინა. ამიტომ თურქეთის სულთანი სულეიმან-ფაშას საგანგებო ფირმანით აფრთხილებდა თითქოს: «ნუ შეეხებით ხარს, როცა ის წევს, და ნუ აიძულებთ წამოდგესო» (П. Бутков, Материалы для..., გვ. 183).

ერეკლე II-ის მზვერავებმა გაიგეს, რომ ფოთსა და ბათუმში თურქეთი სამხედრო მარაგს აგროვებდა, ანატოლიის მიდამოებში კი ჯარებს უყრიდა თავს. საქართველოში შექმნილი მძიმე ვითარების გამო და ერეკლეს დასამშვიდებლად გენ. პ. პოტიომკინმა სულეიმან-ფაშის შესაშინებლად დარიალის გზის შეკეთება და ძაუგთან ჯარის ნაწილების თავმოყრა დაიწყო. სულეიმან-ფაშას მრავალი ჯაშუში ჰყავდა ოსებს შორის და რუსეთის სარდლის ეს სამზადისი არ გამოეპარა. ამავე დროს სულეიმან-ფაშამ გაიგო, რომ თურქეთის ჯარები ბათალ-ფაშას მეთაურობით, საქართველოსა და ირანის საზღვრებისაკენ მოდიოდა. ბათალ-ფაშა სულეიმან-ფაშას მოწინააღმდეგე იყო და ერთმანეთს მტრობდნენ. ამიტომ ამ უკანასკნელს არ სურდა, რომ მისი პირადი მტერი კონტროლიორად ყოფილიყო სამცხე-საათაბაგოში. სულეიმან-ფაშას ხომ დამოუკიდებლობისაკენ ჰქონდა კურსი აღებული. ამიტომ ხერხს მიმართა: ერეკლე II-თან კაცი გამოგზავნა საზავო ხელშეკრულება დავდოთ და სულთანს და მის ვეზირს ვაცნობოთო. ამ გზით სულეიმანი კონსტანტინეპოლის მთავრობის დამშვიდებას და ბათალ-ფაშას ჯარების თავიდან მოცილებას ფიქრობდა. თურქეთის ჯარების გაჩერებას საზღვრებთან, თუკი ქართლ-კახეთის მეფესთან საზავო ხელშეკრულება დაიდებოდა, აზრი ეკარგებოდა (Н. Дубровин, История войны..., II, გვ. 212).

ქართლ-კახეთის სამეფო ისე იყო შეწუხებული მტრის სისტემატიური თარეშობით, რომ სულეიმან-ფაშასთან მოლაპარაკება ზავის დასადებად რუსეთის რეზიდენტის ს. ბურნაშოვის მონაწილეობის გარეშე დაიწყო ერეკლე II-მ და 1786 წლის სექტემბერში სამშვიდობო ხელშეკრულება დაიდო კიდეც. ჩვენს ხელთ არის გარსევან ჭავჭავაძის მოხსენების დანართი, რომელშიაც მუხლობრივად ჩამოყალიბებულია სულეიმან-ფაშასთან დადებული სამშვიდობო შეთანხმების პირობები: «მისის სიმაღლისაგან (ერეკლე II – ი. ც.) სულეიმან-ფაშასთან მიცემული პირობა... და სულეიმან ფაშასაგან მის სიმაღლესთან მოცემული პირობა». 

რას კისრულობდა შეთანხმების ძალით ქართლ-კახეთის მეფე? «1. მისის დიდებულების და ათამანის პორტას საშუალ მანამდინ მშვიდობა არის, ჩვენის მხრიდამ ხონთქარის რიათას არაფერი მტერობა და ზიანი არა მიეცემა რა. 2. რუსეთის დიდებულის ხელმწიფის სამი ათასი კაცი რომ ჩვენის მტრის პასუხის მისაცემად უბოძებია, საბოლოოდ ამ რიცხვით უნაკლულოდ უნდა გვყვანდეს და სამი ათასზე მეტი რუსის ჯარი არ მოვიყვანოთ. 3. ვინც ჩვენს საფარველს ქვეშ მყოფს ქვეყნებზედ მოინდომოს მტერობა, ამ სამი ათასის რუსის ჯარით და ჩვენის ჯარით პასუხი გაეცეთ» (ЦВИА, პოტიომკინის ფონდი, კონა # 3, საქმე # 4, ფურც. 20).

შეთანხმების ეს მუხლები ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებს, რომ თითქოს ქართლ-კახეთის სამეფო თავდამსხმელი იყო, ხოლო მაჰმადიანი ათაბაგის ხელში მყოფი სამცხე-საათაბაგო თავს იცავდა.

ქართველი მეფე ამ თავისი «პირობებით» 1783 წლის ტრაქტატით გათვალისწინებულ ფარგლებს არ სცილდება. პირველი «პირობით» ქართველი მეფე ახალციხელ მფლობელს აღუთქვამდა, რომ, სანამ რუსეთსა და თურქეთს შორის ზავი და მშვიდობაა, თურქეთის ქვეშევრდომებს არავითარ ზიანს არ მივაყენებო. მაშასადამე, რუსეთ-თურქეთის ომის შემთხვევაში იგი ხელგახსნილია და თანახმად ტრაქტატის მე-7 არტიკულისა, პირველი მოწოდებისთანავე თავისი ლაშქრით რუსეთის ხელმწიფის სამსახურისათვის უნდა გამოვიდეს.

მეორე «პირობით» ქართველი მეფე ქართლ-კახეთის სამეფოში რუსეთის ჯარის რიცხვს განსაზღვრავს (3000 კაცით). ცნობილია, რომ ტრაქტატით 2 ათასი რუსის ჯარისკაცი უნდა ყოფილიყო ქართლ-კახეთში, მაგრამ რადგანაც სულეიმან-ფაშას ამის შესახებ ცნობა არ ჰქონია, ერეკლე მეფის ზეპირ განცხადებას დაუჯერა. ხოლო ქართველმა მეფემ სამი ათას ჯარისკაცზე თურქეთის ვასალის ეს თანხმობა გამოიყენა და რუსეთის სამეფო კარს ათასი კაცის დამატება მოთხოვა. თუ რა მდგომარეობა შეექმნებოდა ამის შემდეგ ქართლ-კახეთის სამეფოს, ამის გასათვალისწინებლად ახალციხელი მფლობელის სულეიმანის «პირობების» გაცნობა იქნება საჭირო: «დაღისტნის ჯარი თავის ქვეყანაში არ დააყენოს და არც თავისი ჯარით საქართველოს უმტეროს, არც ცხადად და არც დაფარულად. და არც იმ მხარეს საქართველოს ტყვე არ ასყიდვინოს და არც გაასყიდინოს. სულეიმან ფაშამ სიტყვით და საქმით, ცხადად და ფარულად ჩვენს მეზობლებთან და მტრებთან არა გვიმტროს რა. 3. ხონთქარის ჯარი ჩვენს საზღვრებზედ არსად დააყენოს» (ЦВИА, პოტიომკინის ფონდი, კონა # 3, საქმე # 4, ფურცელი 20). ასეთ პირობებში, როცა დაღესტნელი ფეოდალები და სულეიმან-ფაშა ქართლ-კახეთის მიმართ ნეიტრალურ პოზიციას დაიჭერდნენ, სახანოებად დაქუცმაცებულ ირანს აღმოსავლეთ საქართველო არ შეუშინდებოდა.

ერეკლე მეფეს ახალციხის ფაშასთან მორიგებისთანავე თურქეთის ვეზირისათვის წერილი მიუწერია და სულეიმან-ფაშასათვის გაუგზავნია დანიშნულებისამებრ გადასაცემად. აქ, წერილის შესავალში, ერეკლე II აღწერს თუ რა მიზეზის გამო თხოვა რუსეთის სამეფო კარს მფარველობა, როგორ შეიწყალა რუსეთის ხელმწიფემ ქართლ-კახეთის სამეფო და უწყალობა ქვეყანის დასაცავად «ს ა მ ი | ა თ ა ს ი |კ ა ც ი». ამის შემდეგ იგი წერს: «სამი წელიწადი არის, ეს სამი ათასი კაცი ჩვენს ქვეყანაში არის მოსული. მაგრამ არც იმათგან და არც ჩვენის კაცისაგან დიდებულის ხვანთქარის ქვეყანაში, რაც ჩვენი მეზობლები არიან იმათს ადგილებში ერთი იოტის ოდენი არც მალვით და არც ცხადად არა წამხდარა რა. და თუ ვინმე ჩვენს ქვეყანაში მტერი მოსულა შეძლებისამებრ იმათს პასუხის მიცემას ვცდილვართ. თვარემ სხვა რიგათ არავისთვის არა გვიწყენინებია, მაგრამ სულეიმან ფაშამ ჩვენს ქვეყანაში ამ სამი ათასის რუსის მოსვლა იწყინა და დაღესტანი მიიყვანა, ახალციხეს დააყენა. ჩვენს ქვეყანაში მრავალი სოფლები ააოხრა, მრავალი ტყვე წაასხეს და მრავალი სული დახოცეს. რადგანაც ორსავ დოვლათში (ე. ი. რუსეთსა და თურქეთს შორის) შერიგება იყო ჩვენი დიდებული ხუანთქრის მორიდებისა და წყენისათვის ახალციხის ქვეყნიდამ ერთი იოტის ოდენა არა წაგვიხდენია რა... თორემ თუ დიდებულის ხონთქრის წყენას არ მოვრიდებოდით, იქნებოდა რომ ჩვენც წაგვეხდინა» (ЦВИА, პოტიომკინის ფონდი, კონა # 121, საქმე # 1, ფურცელი 19). ამავე საბუთში, ქვემოთ, ერეკლეს საუბარი აქვს სულეიმან-ფაშასთან მორიგებაზე და აცნობს იმ პირობებს, რომელზედაც ათაბაგი სულეიმანი და ერეკლე II შეთანხმდნენ.

მაგრამ, როგორც ჩანს, სულეიმან-ფაშა არ დააკმაყოფილა ვეზირისადმი ერეკლე II-ის წერილმა და თავისი გულნაკლულობა წერილით აცნობა ერეკლეს. იგი სწერდა, რომ უფრო გაბედული ნაბიჯის გადადგმაა საჭირო სულთანის დასამშვიდებლადო. 1786 წლის 26 დეკემბრის თარიღით გენ. პავლე პოტიომკინს ერეკლე II აუწყებდა სულწიმან-ფაშას ახალი წინადადებების შესახებ: «პირველად პირობის აზრად ითხოვს ამას ფაშა ჩვენ მიერ, რომ რომელიც დღეს აქ რუსეთის მჴედრობა იმყოფება ესენი დავითხოოთ და იმის დიდებულების კარზე მყოფნი ჩვენი შვილები მოვიყვანოთ (მირიანი და ანტონი – ი. ც.) და თუ ამას ვიქმთ, აღგვითქვამს, რომ ვითამც ხვანთქარი მრავალს წყალობას და კმაყოფას იმოქმედებს ჩვენზედ. მეორედ პირობის აზრად ითხოვს, თუ რუსეთის მჴედრობას არ დავითხოვთ გულის დასაჯერებლად, რომ არც თქვენგან და არც მანდ მყოფის რუსებისაგან, ჩვენ ვნება არა მივიღოთ რაო, ორს თავადს ჩვენგან ამანათად ითხოვენ, რომ თვითონ ჰყვანდეს გულის დასაჯერებლადო» (იქვე, ფურც. 25-26). ერეკლე აქვე გენ. პოტიომკინს განუმარტავს, რომ ერთი მტერი მას არ შეაშინებდა, მაგრამ რადგანაც ყოველი მხრიდან უტევენ საქართველოს, თურქეთის შემოჩენით, და ახლა ისევ გამზადებული არიან, აზერბაიჯანისა და დაღესტნის მფლობელები საქართველოზე თავდასასხმელად, «ჩვენგან დათმენის ღონე ძნელი არის, ამისათვის ამჟამად ფაშას ორ თავადს ელჩად უგზავნით, და თუ შერიგების პირობას აღასრულებს ამანათის მიცემასაც დავპირდით და ჩვენც ამანათსა ვთხოვთ, მაგრამ თუ ფაშა ჩვენის აზრისაებრ ამანათს არ მოგვცემს, მაინც ჩვენგან შეუძლებელია, რომ ამანათი არ მივსცეთო» (ЦВИА, პოტიომკინის ფონდი, კონა # 121, საქმე # 1, ფურცელი 19).

1786 წლის 18 დეკემბერს ერეკლეს განკარგულებით საგარეჯოში დიდებულნი შეკრებილან სათათბიროდ. თათბირს გიორგი ბატონიშვილი და პატრიარქიც დასწრებიან. აქ გადაწყვეტილა ახალციხეში ამანათების გაგზავნა. როგორც ჩანს, შეკრებილთა უმრავლესობა მხარს უჭერდა ამანათების გაცემას. რუსეთის რეზიდენტი ბურნაშოვი მოითხოვდა ამ საკითხის პოტიომკინთან შეთანხმებას თანახმად ტრაქტატის მე-4 არტიკულისა. მეფეს განუცხადებია, რომ ყველაფერს პოტიომკინს ვაცნობებო და ასეც გააკეთა; მაგრამ სანამ პოტიომკინის პასუხს მიიღებდა, ახალციხეში ნიკოლოზ ორბელიანი და თეიმურაზ ციციშვილი გაგზავნა ისევ ზავის საკითხებზე მოსალაპარაკებლად და ცნობების დასაზუსტებლად.

გენ. პავლე პოტიომკინი ერეკლე II-ს ურჩევდა არ გაეცა ამანათები და საერთოდ შეეწყვიტა სულეიმან-ფაშასთან ასეთ საკითხებზე მოლაპარაკება. ამ რჩევას ქართველი მეფე უნდა დამორჩილებოდა ტრაქტატის მიხედვით, მაგრამ ამავე ტრაქტატის ძალით ქართლ-კახეთის დასაცავად საჭირო ძალების მოშველიებაც იყო გათვალისწინებული, მაგრამ ამას არავინ ასრულებდა, ხოლო ქვეყნის მოსვენებას თუ ამანათების გაგზავნა ხელს შეუწყობდა, ამაზე, ცხადია, ქართლ-კახეთის მესვეურნი უნდა დათანხმებულიყვნენ.

მაგრამ საქმე იმაში იყო, რომ სულეიმან-ფაშა სულთანის დიპლომატიის დავალებას ასრულებდა და საქართველოს სიკეთეს ერთი წუთითაც არ ფიქრობდა.

თურქეთის დიპლომატია წათამამდა, რაკი ერეკლე II იძულებული გახდა მოლაპარაკებაში ჩაეთრია. სისტემატიური თარეშების მოწყობით ნიადაგი მოისინჯა. გამოირკვა, რომ რუსეთი ახალი და დამატებითი ძალებით ამიერკავკასიაში მოქმედებას ჯერჯერობით არ ფიქრობდა, ირანისაკენ ლაშქრობა ხომ გადაიდო და ბოლოს შეფერხდა კიდეც. ქართლ-კახეთის დიპლომატიას მოუთმენლობა დაეტყო, რაკი რადიკალური ხასიათის დახმარება ჩრდილოეთიდან არ გამოჩნდა. სულეიმან-ფაშამ თურქეთის დავალებით ქართლ-კახეთის მეფე და მისი მრჩევლები ზავის დადების პერსპექტივით წაახალისა და დააინტერესა. ეტყობა ერეკლეს სამეფო კარზე ორი პარტია ერთიმეორეს დაუპირისპირდა თურქეთთან მორიგების შესაძლებლობის საკითხში. უმრავლესობისათვის იგი სადაო არ ყოფილა. რა თქმა უნდა, ახალი ნაბიჯის გადადგმა რუსეთისაგან ჩამოცილებას არ გულისხმობდა.

სულეიმან-ფაშასთან მოლაპარაკება დროებითი ღონისძიებაა შექმნილი ვითარების გამო თვით ერეკლე მეფისთვისაც. ერეკლეს ერთ თავის წერილში შექმნილი ვითარება ასე აქვს წარმოდგენილი: «ჩვენ მრავალჯერ წერილით მოვახსენეთ უმაღლეს კარს, რომ თუ ან მარტო ადრიბეჟანის ხანები გვყვანდეს მტრად ამ მარტო დაღისტანი და ხუანთქარიც არ იყოს ჩვენზედ მტრად აღძრული კიდევ შეიძლებოდა ჩვენგან დათმენა, მაგრამ ყოვლის მხრიდან უძლიერესი მტერნი არიან ხვანთქრისაგან ჩვენს ქვეყანაზე აღძრულნი და მოსეულნი. და ესეც არ არის რომ გაიოს არქიმანდრიტს აქეთ ჩვენგან მიწერილი წიგნები უმაღლესს კარზე აღარ მისულა და არც ერთი ნუგეშის საცემელი აზრი ესოდენს ჟამს უავღუსტესის კარიდამ ჩვენ ვერღარა მივიღევით რა. მოგეხსენებათ, რომ, რადგან ამისთანას დამჭირნეოებაში მყოფნი ვართ, ეს ჩვენგან ძნელად დასათმენელი არის და ესეც ასე შეტყობილი გვაქვს და ვიცით, რომ ხვანთქრისაგან ფარვანით და ხაზინით ჩვენი მეზობლები ადრიბეჟანისა და დაღისტნის მოადგილენი ყველანი მომზადებულნი არიან რომ ამავ გაზაფხულზე თავ-თავის მხრიდამ ყველანი გვიმტერებენ ან ერთად შეყრით გვიმტერებენ, მაგრამ რომ ამბობენ და გვესმის უფრო თავ-თავის მჴრიდან გვიმტერებენ...» (ЦВИА, პოტიომკინის ფონდი, კონა # 121, საქმე # 1, ფურცელი 26). ქართლ-კახეთისათვის ასეთ მძიმე ვითარებაში რუსეთის ხელისუფლებას ჩრდილოეთ კავკასიაში ახალი საქმე ჰქონდა გაჩენილი – ვინმე მანსურის მეთაურობით, და თურქეთის შემოჩენით მთელი მაჰმადიანური მოსახლეობა აჯანყდა და ორი წლის განმავლობაში, როგორც აღვნიშნეთ, ბრძოლები არ დამცხრალა. ალბათ ამის შესახებ ცნობები ერეკლეს სამეფო კარსაც ჰქონდა.

ამ ვითარებაში ფიქრობდნენ ქართლ-კახეთის ხელმძღვანელები ესარგებლათ სულეიმან-ფაშას მიერ შემოთავაზებული ზავით და ამანათების გაცემის საკითხი ამიტომ გადაწყდა დადებითად. თვით ერეკლე II იყო საქმის ასე წარმართვის მომხრე და მას ამით რუსეთზე ორიენტაციის გზა არ უარუყვია. «რა დიდი საქმეა ორი ჩვენი ამანათი ახალციხეში იყოს? – სწერდა ერეკლე II პოტიომკინს, – თუ ომი მოხდება ორ დიდ სახელმწიფოს შორის (რუსეთსა და თურქეთს შორის – ი. ც.), მაშინ ჩვენ იმ ამანათერბს იქიდან გამოვიყვანთ, და ბოლოს იმათ ხელშიაც რომ დარჩეს, დიდი საქმე არ იქნება მისი უდიდებულესობის ერთგულების და სამსახურისათვის მათი იქ დატოვება» (Н. Дубровин, История..., II, გვ. 218). სულეიმან-ფაშამ როგორც კი მიიღო ცნობა ამანათების გაცემაზე ერეკლეს თანხმობის შესახებ, მაშინვე კონსტანტინეპოლში კაცი აფრინა მოხსენებით, რომელშიაც ვეზირს არწმუნებდა ერეკლე რუსეთს ჩამოსცილდებაო. ამ ცნობის მიღებისთანავე კონსტანტინეპოლიდან მდიდარი საჩუქრებით საგანგებო პირი გამოიგზავნა, რომელსაც სულეიმან-ფაშასთან ერთად სათანადო ხელშეკრულების გაფორმება და ამ გზით თურქეთის მფარველობაში ერეკლე II-ის გადაყვანა დაევალა.

ამანათების გადაცემა რაკი გადაწყვეტილი იყო, სულეიმან-ფაშასთან ზავის დასადებად მოლაპარაკება აღარ გაჭიანურებულა. მაგრამ თურქეთი ამაზე როდი ამთავრებდა ერეკლე მეფესთან საქმეს. სულთანი ახლა მეორე ნაბიჯის გადადგმას მოითხოვდა სულეიმან-ფაშას პირით. სულეიმანი ერეკლეს სწერდა: «ახლა სულთანის იმაში დასარწმუნებლად, რომ თქვენ სიმართლის გზას ნამდვილად ადგიხართ... და წყალობის ფირმანის მისაღებად მოწადინებული ხართ, თქვენ უნდა შეეცადოთ უცხო ჯარის მოცილებას, გაკეთებული გზის დანგრევას. ამის შემდეგ სხვა სახელმწიფოებს კი არ უნდა შეუერთდეთ, არამედ სულთანთან თხოვნა უნდა გაგზავნოთ, რომელშიაც თქვენი გულწრფელობა გამოცხადდება» (Н. Дубровин, История войны..., II, გვ. 220). ამ მომართვას ერეკლე II-მ კატეგორიული უარით უპასუხა. გულმოსული მეფე საპასუხო წერილში სულეიმან-ფაშას მოაგონებდა თუ რა დათმობების გზას დაადგა ქართლ-კახეთის სამეფო და როგორ ცდილობდა კეთილმეზობლური ურთიერთობა ჰქონოდა როგორც ოსმალეთთან, ისე მის ხელქვეითებთან და თვით სულეიმან-ფაშასთან, მაგრამ «თქვენ არ შეასრულეთ თქვენი პირობები და ა ხ ლ ა | კ ი | შ ე უ ძ ლ ე ბ ე ლ ს | მ ო ი თ ხ ო ვ თ ო» (იქვე, გვ. 221).

ეს უკვე ის დროა, როცა რუსეთსა და თურქეთს შორის ომის დაწყება უკვე გადაწყვეტილი იყო. სულეიმან-ფაშა ახლა თავის გადასარჩენად ნიადაგის მომზადებას შეუდგა. იმის ნაცვლად, რომ ერეკლეს ასეთი კატეგორიული უარის საპასუხოდ ისევ მუქარისათის მიემართა, თბილისში ელჩები გამოგზავნა, რომელთაც ერეკლე მეფეს სიტყვიერად განუცხადეს, რომ მომავალ ომში თუ რუსეთი გაიმარჯვებდა, სულეიმან-ფაშა რუსეთს მაშინვე დაემორჩილებოდა. წერილობით კი ასეთი განცხადების გაკეთება სულეიმან-ფაშას არ შეეძლო, იმიტომ რომ ქართველ მეფეს ასეთი დოკუმენტი სულეიმანის წინააღმდეგ შეეძლო გამოეყენებინა.

სულეიმან-ფაშა შემთხვევით არ ეძებდა თავშესაფარს ქართლ-კახეთის მეფესთან. ივლისის დასაწყისში კონსტანტინეპოლიდან ხმები გავრცელდა, რომ თითქოს რუსეთს საქართველოში 30 ათასამდე ჯარისკაცი გადმოჰყავსო თურქეთზე თავდასხმების დასაწყებად. თურქეთის მთავრობაც ამ ხმების შესაბამისად თადარიგს შეუდგა. ვანის, ბაიაზეთის, ყარსის, არზრუმისა და ახალციხის საფაშოებს ებრძანა 60 ათასი კაცის გამოყვანა. ამასთანავე სულეიმან-ფაშას მიეთითა საქართველოსთან მეგობრული ურთიერთობები დაეცვა (Н. Дубровин, История войны..., II, გვ. 221). ასეთ პირობებში ცბიერი სულეიმან-ფაშა ერეკლესთან თავს იზღვევდა, ყველაფერს სულთანს აბრალებდა რაც წარსულში მოხდა, და ძმობასა და მეგობრობას ეფიცებოდა.

ასეთი მდგმარეობა შეიქმნა 1787 წლისათვის, როცა ევროპის სახელმწიფოების მიერ გაბრიყვებული თურქეთი რუსეთზე თავდასასხმელად გაემზადა.

რა მოუვიდა «საბერძნეთის პროექტს»?

რუსეთ-ავსტრიის დამეგობრებას, ყირიმის სახანოს მოსპობსა და ქართლ-კახეთის სამეფოს რუსეთის მფარველობაში შესვლას დასავლეთ ევროპის მთავარი სახელმწიფოები არ შეურიგდნენ. მართალია, პირველ ხანებში თურქეთის გამოქომაგება რეალურად ევროპის ვერც ერთმა სახელმწიფომ ვერ გაბედა და თურქეთიც იძულებული გახდა გაჩუმებულიყო. თურქეთის მესვეურები წინასწარ გრძნობდნენ, რომ რუსეთ-ავსტრიის კავშირი თურქეთთან ანგარიშსწორებას მარტო ყირიმის წართმევით არ დაამთავრებდა. ქართლ-კახეთის სამეფოს რუსეთის მფარველობაში მიღებაც რომ უარესის დასაწყისი იყო, ესეც ცხადი იყო მათთვის. ამავე დროს თურქეთის დიპლომატია იმაშიც დარწმუნდა, რომ მის გამგებლობაში მყოფი სახელმწიფო ყოველმხრივ ჩამორჩენილი იყო, 1768-74 წლების ომმა ნათელყო თურქეთის სამხედრო მექანიზმის უვარგისობა. ამიტომ პირველ რიგში თურქეთმა ჯარების რეორგანიზაცია და ახალი საჭურველით მისი შეიარაღება დაიწყო. მაგრამ საკუთარი საშუალებებით ამ საქმის მოგვარება თურქეთს, რა თქმა უნდა, არ შეეძლო, და ევროპის ზოგიერთი სახელმწიფოს დახმარების იმედი ჰქონდა.

როგორც ზემოთ იყო აღნიშნული, საფრანგეთიდან გამოგზავნილი ინჟინრები თურქეთის ციხე-სიმაგრეებს ევროპული წესით ამაგრებდნენ. საფრანგეთის შტაბის ოფიცრები თურქეთის არმიისა და ფლოტის უფროს შემადგენლობას წვრთნიდნენ. ალბათ ამ მუშაობის შედეგები ისეთ შთაბეჭდილებას ახდენდნენ კონსტანტინეპოლის მაღალ წრეებზე, რომ თურქეთის ვეზირები ადვილად იჯერებდნენ ინგლისისა და პრუსიის აგენტების მტკიცებას თურქეთის შეურყეველი ძლიერების შესახებ.

ამავე დროს თურქეთს ინგლისისა და პრუსიის დიპლომატიაც გვერდით ამოუდგა. ინგლისს აშინებდა რუსეთი ზღვებზე არ გაბატონებულიყო და ინგლისის მეტოქედ არ გამხდარიყო. 1783-84 წლებში ინგლისის დიპლომატიამ რუსეთს მოკავშირეობა შესთავაზა და წერილობითი ხელშეკრულებით ამ მეგობრობის გაფორმება თხოვა. ახლა გამორკვეულია, რომ ინგლისის დიპლომატიას ეს «მეგობრობა» სინამდვილეში რუსეთის საგარეო პოლიტიკის საკუთარი კონტროლის ქვეშ დასაყენებლად სჭირდებოდა და არა რუსეთის დახმარებით რაიმე პრობლემის გადასაჭრელად. ინგლისელ დიპლომატებს რუსეთისა და ავსტრიის დამეგობრება მოსვენებას არ აძლევდა. «საბერძნეთის პროექტის» შესახებ ცნობები ინგლისს ჯერჯერობით არ ჰქონდა. რუსეთში ინგლისელი დიპლომატების მიერ შემოთავაზებულ «მეგობრობას» ეჭვის თვალით შეხედეს, მათი ზრახვები გაიგეს და ხელშეკრულების დადებაზე უარით უპასუხეს.

როდესაც რუსეთის სამხრეთი მხარეების უფროსად გრ. ა. პოტიომკინი დაინიშნა და იგი შავ ზღვაზე ფლოტის მშენებლობას შეუდგა, მაშინ აშკარა შეიქმნა ინგლისისათვის, რომ კონსტანტინეპოლისა და სრუტეების საკითხი რუსეთის საგარეო პოლიტიკის დღის წესრიგში უკვე დასმული იყო.

ამიერიდან ინგლისს თურქეთის სახელმწიფოს დაქცევის პროცესისათვის ცქერა გულგრილად აღარ შეეძლო, განსაკუთრებით იმის შემდეგ განიმსჭვალა თურქეთზე «მზრუნველობით», როცა ინგლისს ჩრდილო-ამერიკის კოლონიები ხელიდან გამოეცალა და ინდოეთისაკენ ვაჭრობის განვითრებით ამერიკაში დანაკარგის ანაზღაურებას ფიქრობდა. თურქეთის სახელმწიფოს (როგორც ინდოეთის გზაზე მდებარე ქვეყნის) ტერიტორიულ ხელშეუხებლობას ინგლისის ვაჭრობისათვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, რადგანაც თურქეთი დაუძლურების გამო თვით იყო ინგლისელების ექსპლუატაციის ობიექტი. ინდოეთისაკენ მიმავალ გზაზე რუსეთის გამოსვლა კი ინგლისს კარგს არას უქადდა. ამიტომ ავსტრიისა და რუსეთის კავშირს ინგლისმა თურქეთის, პრუსიისა და შვედეთის კოალიცია დაუპირისპირა.

პრუსიის სახელმწიფო 80-იანი წლებისათვის უკმაყოფილო იყო რუსეთით. ცნობილია, რომ ავსტრიისა და პრუსიის ინტერესები 18-ე საუკუნის 80-იანი წლებიდან მკვეთრად დაუპირისპირდა ერთმანეთს. პრუსიის სათავეში მყოფი ფრიდრიხ II, როგორც ცნობილია, გერმანული სამეფო-სამთავროების პრუსიის გარშემო გაერთიანებისათვის იბრძოდა, ავსტრიის სახელმწიფო კი, პირიქით, გერმანული პოლიტიკური ერთეულების ავსტრიის გარშემო გაერთიანებისათის იღწვოდა. რუსეთი მაშინ (მისი ინტერესების თვლსაზრისით) სავსებით მართებულად ავსტრიის მხარეზე გამოვიდა, პრუსიის წინააღმდეგ იბრძოდა და ფრიდრიხ II-ს გეგმები საფუძვლიანად ჩაუშალა. ეკატერინე II-ის გამეფების შემდეგ (1762 წ.) რუსეთი პრუსიის სახელმწიფოზე დაყრდნობით ევროპაში ძალთა წონასწორობას იცავდა 1781 წლამდე. 80-იანი წლებიდან კი, რაკი რუსეთი ავსტრიის მოკავშირე შეიქმნა, პრუსია თურქეთის ხარჯზე ავსტრიისა და რუსეთის გაძლიერებას წინ აღუდგა და რუსეთის საწინააღმდეგო კოალიციაში თავი ადვილად ამოჰყო. შვედეთის სახელმწიფოს კი ვერ დაევიწყებინა პეტრე I-ის დროის მარცხი და ისევ ბალტიისპირეთის დაბრუნებაზე და პეტერბურგის ხელში ჩაგდებაზე ოცნებობდა. ერთი სიტყვით, თურქეთის სახელმწიფო ახლა თავს მარტოდ აღარ გრძნობდა და სიცოცხლის იმედი მიეცა. ინგლისის, საფრანგეთისა და პრუსიის დიპლომატებს არ გაუჭირდათ რუსეთზე გაგულისებული თურქი ვეზირების დარწმუნება იმაში, რომ ვითომც თურქეთი ხმელეთსა და ზღვაზეც რუსეთზე ძლიერი იყო.

უცხოელთა მიერ წათამამებული თურქეთის მმართველი წრეები რუსეთის წინააღმდეგ ომის დაწყებას მიზანშეწონილად მიიჩნევდნენ და გამალებით ემზადებოდნენ. სწორედ ამ დროს (1787 წ.) ეკატერინე II-მ ახლად შემოერთებული ყირიმის სახანოს ტერიტორიების დათვალიერება ისურვა, ვითომ ყირიმის ბუნებისა და შავი ზღვის სილამაზის სანახავად მოგზურობდა, სინამდვილეში კი ავსტრიის იმპერატორთან შეხვედრა და თურქეთთან ომისათვის სამზადისის მიმდინარეობის შემოწმება იყო განზრახული. ეს მოგზაურობა დიდის ზეიმით მოეწყო. სახელმწიფოს სამხრეთ-აღმოსავლეთ რაიონებში რუსეთის დიდძალ ჯარს მოუყარეს თავი რუსეთის დედოფლის ამალას ავსტრიის იმპერატორი იოსებ II და პოლონეთის მეფე თავიანთი მხლებლებით შემოუერთდნენ. როდესაც დნეპრით მომავალი რუსეთის დედოფალი ხმელეთზე გადმოვიდა, პოტიომკინის განკრგულებით სგანგებოდ მომზადებულ თაღს ქვეშ გატარეს. ამ თაღს კი ზემოთ ასეთი წარწერა ჰქონდა: «გზა საბერძნეთისაკენ». ეკატერინეს ამალაში საფრანგეთისა და ინგლისის წარმომადგენლებიც იყვნენ. საბერძნეთის სახელმწიფო მაშინ არ არსებობდა და არც ისე დიდი დიპლომატიური ნიჭი სჭირდებოდა ასეთი წარწერის მნიშვნელობის გაგებას.

თურქეთის «მეგობრებს», ინგლისისა და საფრანგეთის დიპლომატებს არ გაუჭირდათ ასეთი ფაქტების შემდეგ თურქეთის მთავრობის დარწმუნება იმაში, რომ თურქეთს ომი დაუყოვნებლივ უნდა დაეწყო. დიდ ვეზირს მიუთითებდნენ, რომ სანამ რუსეთს თურქეთის წინააღმდეგ ომის სამზადისი დასრულებული არ აქვს, მოულოდნელი თავდასხმით უპირტესობა მოვიპოვოთ და ომის მსვლელობაც თურქეთის სასარგებლოდ წარიმართებაო. თავის ძლიერებაში უკვე დარწმუნებული თურქეთი ადვილად გააბრიყვეს და 1787 წლის 27 ივლისს კონსტნტინეპოლში მყოფ რუსეთის რეზიდენტს ბულგაკოვს ულტიმატუმური ხსიათის ნოტა გადასცა ვეზირმა. აქ პირველ პუნქტში აღნიშნული იყო: რუსეთის ხელისუფლებამ სცნოს თურქეთის ქვეშევრდომად მეფე ერეკლე, რადგანაც საქართველო ვითომ უძველესი დროიდან თურქეთს ეკუთვნოდა და მისი უფლებები ამ სამეფოზე თვით ქუჩუკ-ყაინარჯის საზავო ხელშეკრულების XXIII მუხლით არის დადასტურებულიო.

ჩვენ წინამდებარე ნაშრომის პირველ ნაწილში საგანგებოდ განვიხილეთ ქუჩუკ-ყაინარჯის (ხელშეკრულების) XXIII მუხლი და ხაზგასმით აღვნიშნეთ, რომ საზავო ხელშეკრულებაში ქართლ-კახეთის სამეფო ერთი სიტყვითაც არაა ნახსენები. ეს ხელშეკრულება გამოქვეყნებულია და მსურველს შეუძლია საგანგებოდ შეამოწმოს (Т. Юзефович, Договоры России с Востоком, 1869, გვ. 24-41; XXIII მუხლი იხ. გვ. 35-36). დაახლოებით ასეთივე უსაფუძვლო ჩანს თურქეთის ულტიმატუმის დანარჩენი მუხლებიც. მაგრამ ამას არსებით მნიშვნელობა მაშინ არც ჰქონდა, რაკი რუსეთთან ომის დაწყება საერთოდ გადაწყვეტილი იყო.

1787 წელს რუსეთს ომისათვის სამზადისი დასრულებული არ ჰქონდა და თურქეთის ულტიმატუმმა მის მმართველ წრეებში ერთგვარი შეშფოთება გამოიწვია. გრ. ა. პოტიომკინი ისე დააფიქრა მოულოდნელად ომში ჩაბმის პერსპექტივამ, რომ ეკატერინე II-ს ყირიმის დათმობა ურჩია და ამ გზით დროის მოგებას ფიქრობდა. რუსეთის დედოფალი ამაზე არ დათანხმდა. იგი თავის კონსტანტინეპოლელ რეზიდენტს ავალებდა საქმის ისე წარმართვას, რომ 1788 წლამდე საზავო მდგომარეობა შენარჩუნებული ყოფილიყო. რეზიდენტს ნებას აძლევდა ვეზირისათვის განეცხადებინა, რომ რუსეთი თნახმაა უარი თქვას საქართველოს პროტექტორატზეო.

როგორც ჩანს, გრ. პოტიომკინი და თვით რუსეთის სამეფო კარი 1784-86 წლების მანძილზე დარწმუნდნენ იმაში, რომ ქართლ-კახეთის, მომავალი სომხეთის და ალბანეთის სამეფოების დაცვა რუსეთს მეტისმეტად ძვირი უჯდებოდა. 1783 წლის ტრაქტატის გაფორმებაც ნაჩქარევად გადადგმულ ნაბიჯად მიიჩნიეს. სანამ თურქეთის პრობლემა რადიკალურად არ გადაიჭრებოდა, ამიერკავკასიის გეგმები საქმეს გაართულებდნენ მხოლოდ. პარალელურად ერთსა და იმავე დროს ორი საქმის კეთება გაძნელდა ინგლის-საფრანგეთისა და პრუსიის წინააღმდეგობით. როგორც გამოქვეყნებული ცნობიდან ჩანს, 1785 წელს სომხეთის სამეფოს აღდგენის საკითხზე გრ. პოტიომკინი თურმე წინანდელი ხალისით აღარ ლაპარაკობდა. პეტერბურგში მყოფი, სიმდიდრით გაზნაურებული სომეხი ლაზარევი ცნობილ სომეხ მოღვაწეს ეპისკოპოს არღუთინიანს სწერდა, რომ თავადი პოტიომკინი ახლა სომხეთის შესახებ აღარაფერს მეკითხება და ვერც მე გამიბედნია რაიმე შევეკითხო ჩვენს საქმეზე, მეშინიან უპასუხოს დამტოვებსო (А. Иоанесян, Россия и армянское освободительное движение, გვ. 174). სომეხი მელიქების წარმომდგენელს, მართალია, ჯერჯერობით სამშობლოში არ ისტუმრებდა გრ. პოტიომკინი, ყოველი შემთხვევისათვის ის რუსეთში დატოვა, მაგრამ სომხეთის გათავისუფლების საკითხი მიყუჩდა. არღუთინიანს თავისი სამშობლოს ბედის გამოსარკვევად რუსეთის სამეფო კარზე მიუმართავს წინადადებით – ხელშეკრულება დაიდოს სომხეთსა და რუსეთს შორისო, და ასეთი პასუხი მიუღია: «ხელშეკრულებას მეფეები მეფეებთან სდებენ, ხოლო თქვენი ხალხის მეფე სად არის, რომ აქ ხელშეკრულების დადებაზე ლაპარაკს ბედავთო» (იქვე, გვ. 175). ასეთი პასუხი კარგის მომასწავებელი არ იყო. რუსეთის ხელისუფლების მიერ დამუშავებული ამიერკავკასიის გათავისუფლების გეგმა სიძნელეებს წააწყდა. თურქეთის ზურგს უკან ამოფარებულმა საფრანგეთმა და ინგლისმა ქართველებისა და სომხების გათავისუფლების გეგმა ჩაშალეს ჯერ კიდევ რუსეთ-თურქეთის 1787-91 წლების ომის დაწყებამდე. ამიტომ იყო, რომ 1787 წელს რუსეთის დედოფალი თავის კონსტანტინეპოლელ რეზიდენტს 1783 წლის ტრაქტატის გაუქმებაზე მის თანხმობას აუწყებდა და ამ დათმობით თურქეთთან მოსალოდნელი ომის დროებით მაინც შესაჩერებლად კონსტანტინეპოლის მთავრობასთან მოლაპარაკებას ავალებდა. ასეთი ნაბიჯის გადადგმა, რა თქმა უნდა, იმას არ ნიშნავდა, რომ რუსეთი თურქეთს უთმობდა საქართველოს. ბეზბოროდკოსა და ოსტერმანს 1788 წლის 16 დეკემბერს სახელმწიფო საბჭოს სხდომაზე მოხსენებითი ბარათი წარმოუდგენიათ, თუ რა პირობებით იქნებოდა შესაძლებელი რუსეთისათვის თურქეთთან ზავის დადება. აქ ერთგან აღნიშნულია: «... самый затруднительный пункт споров с Портой есть дело о части Грузии, владаемой царём Ираклием...». ამიტომ რუსეთის ხსენებული დიპლომატები ხელსაყრელად მიიჩნევენ ერთგვარ დათმობაზე წასვლას, რადგანაც ომი რუსეთისათვის ჯერ კიდევ სასურველად არ მიმდინარეობდა. იმავე დოკუმენტში აღნიშნულია, რომ თურქეთის დასამშვიდებლად საჭირო იქნება საზავო ხელშეკრულების სათანადო მუხლში შეტანილ იქნეს დებულება: მეფე ერეკლე იმავე მდგომარეობაში რჩება, როგორშიაც იგი 1774 წლის ქუჩუკ-ყაინარჯის საზავო ხელშეკრულების გაფორმების დროს იყოო (О. Маркова, Присоединение Грузии к России. იხ. ჟურნალი «Историк Марксист», № 3, 1980, გვ. 61-62). აზერბაიჯანის საკითხშიაც დათმობაზე მიდიოდნენ და აღნიშნავდნენ, რომ რუსეთის საზღვრები სპარსეთთან იგივე დარჩება, რაც 1735 წლის განჯის ხელშეკრულებით იყო გათვალისწინებულიო.

როგორ მოაგვარა თვითმპყრობელობის დიპლომტიამ თურქეთთან ომის დროს ქართლ-კახეთის მტერთაგან დაცვის საქმე?

რუსეთის სარდლობას ამჯერად გადაწყვეტილი ჰქონდა თურქეთისათვის ბალკანეთის მხრიდან შეეტია. ამიერკავკასიაში ჯარების გადმოყვანა და აქედანაც თურქეთის საზღვრებში შეჭრა მიზანშეწონილად არ იქნა ცნობილი. მცირე რაზმი აქ საქმეს წინ არ წასწევდა, ხოლო დიდი ძალების ამიერკავკასიაში დაბანაკება და წლების მანძილზე რჩენა, იმ დროს თითქმის გადაულახავ სიძნელეებთან იყო დაკავშირებული. ამიტომ რუსეთის სამეფო კარზე გადაწყდა ხელსაყრელ შემთხვევამდე ამიერკავკასიის სრულიად მიტოვება. 1787 წლის 29 აგვისტოს თარიღით გაცემულ საიდუმლო ორდერით გენერალი პავლე პოტიომკინი საქართველოში მყოფ ბურნაშოვს ატყობინებდა გენერალ-ფელდმარშლის გრ. ალ. პოტიომკინის განკარგულებას რუსეთის ორი ბატალიონის საქართველოდან რუსეთის საზღვრებში დაუყოვნებლივ გადაყვანის შესახებ. ამ ბრძანებამ ბურნაშოვს განჯის მიდამოებთან მოუსწრო, სადაც ქართველი მეფე თავისი ლაშქრით იყო დაბანაკებული. ბურნაშოვმა ერეკლეს მიღებული ბრძანების შინაარსი აუწყა. ქართველი მეფისათვის პირველ ხანებში ალბათ გაუგებრი აღმოჩნდა მოკავშირე-მფარველის ასეთი განკარგულება. მაგრამ არა გვგონია შემდეგ არ მიმხვდარიყვნენ ქართველი დიპლომატები რუსეთის სამეფო კარის ამ უკანასკნელი გადაწყვეტილების მიზანშეწონილობას როგორც რუსეთისათვის, ისე თვით ქართლ-კახეთისათვის. პ. პოტიომკინი ბურნაშოვს განუმარტავდა თუ რა მოსაზრებით არის გაცემული ასეთი ბრძანება: «Поелику же пребыванием наших баталионов царь (ე. ი. ერეკლე II – ი. ც.) имел более неприятелей, уповательно облегчится он от скопов вражеских... Под рукою же объявите его высочеству, чтобы он поладил с Ахалцихским пашею» (С. Н. Бурнашёв, Новые материалы для жизнеописания и деятельности С. Д. Бурнашёва..., 1901, გვ. 29).

რუსეთის დამხმარე რაზმის საქართველოდან წასვლამ მართლაც დაამშვიდა მეზობელი მაჰმადიანური სამყარო და, პირველ რიგში, თურქეთი და მისი ერთგული ხელქვეითი ახალციხელი სულემან-ფაშაც. ერეკლემ შეძლო ურთიერთობის აღდგენა მოწინააღმდეგეებთან.

პ. ბუტკოვის ცნობით, 1788 წელს თავადი გრ. პოტიომკინი თითქოს ურჩევდა ერეკლე II-ს იმერეთის მეფესთან შეთანხმებას და გაერთიანებული ძალებით თურქეთზე თავდასხმების მოწყობას. ერეკლე მეფეს ამჯერად თითქოს თავი შეუკავებია და თურქეთს თავს არ დასხმია (П. Бутков, Материалы..., II, გვ. 197). ჩვენ არ ვიცით რამდენად სწორია ბუტკოვის ზემოთ მოცემული ცნობა გრ. პოტიომკინის «რჩევის» შესახებ, მაგრამ ერეკლე II-ის განკარგულებით 1789 წელს ქართლ-კახეთის ჯარები დავით ბატონიშვილის ხელმძღვანელობით რომ ყარსამდე მივიდნენ და მნიშვნელოვანი ბრძოლები ჩაატარეს, ამის შესახებ თვით დავით ბატონიშვილი გვაწვდის ცნობას: «წელსვე ამას 1789 ბრძანებითა მეფისათა მიუხდა მეფის ძის ძე დავით ყარსსა ათასითა კაცითა და მოსტყვენა იჯადარა, ფალდერევან და ჯამუშლი და იალაფეს უმეტეს ათასისა ტყვისა...» (დავით ბატონიშვილი, ახალი ისტორია, თ. ლომოურის გამოცემა, 1941, გვ. 20).

თურქეთს 1789 წლისათვის მეტად მძიმე მდგომარეობა შეექმნა. რუსეთის ლაშქარმა სასტიკად დაამარცხა თურქეთი ზღვასა და ხმელეთზე და სულთნის ვეზირებს ქართლ-კახეთის სამეფოს ძიების თავი აღარ ჰქონდათ. ერეკლე მეფე ამ მდგომარეობით, როგორც ჩანს, სარგებლობდა და შედარებით უკეთესი პირობები შეუქმნა თავის სახელმწიფოს. ჩვენ არ ვიცით, იცოდნენ თუ არა ქართლ-კახეთში, რომ თურქეთი თავის 1787 წლის ულტიმატუმში რუსეთისაგან ერეკლეს სამფლობელოს თურქეთის სავასალო ქვეყნად ცნობას მოითხოვდა.

როგორ წავიდა «დიდი გეგმის» («საბერძნეთის პროექტის») საქმე? მართალია, რუსეთის ჯარებმა თურქეთი დაამარცხეს, მაგრამ ომის გაგრძელება მძიმე ტვირთად დააწვა რუსეთსაც. მოკავშირე ავსტრიამ, რომელმაც უმნიშვნელო როლი შეასრულა ამ ომში, 1790 წელს იმპერატორ იოსებ II-ის გარდაცვალებისთანავე თურქეთთან ზავი დასდო. რუსეთს ომი უნდა განეგრძო მძიმე პირობებში. შვედების შემოტევების შეჩერებაც საგრძნობ სახსრებს და ძალებს მოითხოვდა. პოლონეთის სამეფოშიც მღელვარება დაიწყო, და აქ რუსეთის მიმართ მტრულად განწყობილი პრუსიისათვის თვალყურის დევნება იყო საჭირო, რათა შექმნილი მდგომარეობით მას არ ესარგებლა და პოლონეთის ტერიტორიების მიტაცება არ დაესწრო რუსეთისათვის. 1789 წელს, როგორც ცნობილია, საფრანგეთის დიდი ბურჟუაზიული რევოლუცია დაიწყო და საგონებელში ჩააგდო მთელი ფეოდალური სამყარო. განსაკუთრებით რუსეთის სამეფო კარი დააფიქრა საფრანგეთში მიმდინარე მოვლენებმა. რუსეთის არისტოკრატიას კარგად ახსოვდა ე. პუგაჩოვის მეთაურობით დაწყებული გლეხთა აჯანყება, რომელიც გაჭირვებით ჩააქრეს. მაგრამ ის მიზეზები, რომლებმაც გლეხთა ეს დიდი მოძრაობა წარმოშვეს, არ მოსპობილა, პირიქით უფრო ღრმავდებოდა. თვითმპყრობელობას პუგაჩოვის აჩრდილი თვალიდან არ შორდებოდა და ახლა საფრანგეთში მიმდინარე მოვლენებმა შიში კიდევ უფრო გააძლიერეს.

1791 წელს «საბერძნეთის პროექტისა» და «ამიერკავკასიის გეგმის» თავგამოდებული დამცველი გრ. ა. პოტიომკინი გარდაიცვალა. სპარსეთშიაც წინათ არსებული მდგომარეობა შეიცვალა. ირანის გასაერთიანებლად ბრძოლა თვითქმის მთავრდებოდა – აღა-მაჰმად-ხანი ყაჯარი მოწინააღმდეგეებს ამარცხებდა და ამიერკავკასიის ხალხების კვლავ დასამონებლად იარაღს აჟღარუნებდა. ასეთ პირობებში «საბერძნეთის პროექტზე» ფიქრი აღარ შეიძლებოდა, ხოლო ამ პროექტთან უშუალოდ დაკავშირებული «ამიერკავკასიის გეგმა» და მისი ერთი ნაწილი – 1783 წლის ტრაქტატიც, ამ წლებში ჰაერში გამოკიდული აღმოჩნდა.

მაგრამ როგორ გადაწყდა ომის დამთავრების შემდეგ 1787 წლის ულტიმატუმში ასე მწვავედ დასმული ქართლ-კახეთის სამეფოს საკითხი? ომი, როგორც ვიცით, 1791 წელს დასრულდა და ქ. იასში ზავი დაიდო. იასის ზავის მე-5 მუხლში აღნიშნულია: «... блистательная Порта обещает подтвердить вновь издавемым фирманом данный прежде, чтоб Ахалцихский губернатор, пограничные начальники и прочие отныне впредь ни тайно, ни явно, ни под каким видом не оскорбляли и не безпокоили земель и жителей владеемых царём Карталинским, о чём и отправить к помянутому Ахалцихскому губернатору... с строжайшим прошением и подтверждением указы» (Т. Юзефович, Договоры России с Востоком, გვ. 44-45)

როგორც ჩანს, რუსეთის დიპლომატიას საკითხი არ გაუმწვავებია და თურქეთის მთავრობისაგან ქართლ-კახეთის სამეფოს რუსეთის მფარველობაში შესვლის ფაქტის იურიდიულად ცნობა არ მოუთხოვია. იასის ზავის ხელშეკრულებაში ლაპარაკია ქართლ-კახეთის სამეფოზე, მაგრამ 1783 წლის ტრაქტატის შესახებ ერთი სიტყვაც არ არის ნათქვამი. ისეთი შთაბეჭდილება რჩება ადამიანს, რომ რუსეთს 1791 წლის რუსეთ-თურქეთის საზავო ხელშეკრულებაში არც უნდა დაეშვა საუბარი 1783 წლის ტრაქტატის შესახებ. თურქეთის უფლებები ხომ აღმოსავლეთ საქართველოზე არ ვრცელდებოდა. 

დამარცხებულ თურქეთს 1791 წელს თავისი კუთვნილი ტერიტორიების შენარჩუნების იმედი აღარ ჰქონდა და ქართლ-კახეთს რაღას დაეძებდა. ახლა იმედად მხოლოდ ისღა რჩებოდა, რომ დღეს თუ არა ხვალ ქართლ-კახეთს აღა-მაჰმად-ხანის სპარსეთი მოიკითხავდა.

იასის საზავო ხელშეკრულების მე-5 მუხლიდან ჩანს, რომ თურქეთის დიპლომატია რუსეთისა და აღმოსავლეთ საქართველოს მაშინდელ დამოკიდებულების de factos-ს აღიარებდა; მით უმეტეს, რომ 1787 წლიდან რუსეთის ჯარის ნაწილები საქართველოში აღარ იყო. სხვაგვარად გაუგებარი იქნებოდა თურქეთის მხრივ 1791 წლის ხელშეკრულებაში მე-5 მუხლის შეტანაზე თანხმობა.

მაშასადამე, 1791 წლის ზავით 1783 წლის ტრაქტატი არ გაუქმებულა, მაგრამ არც დადასტურებულა, თურქეთს იგი არ უცვნია. რუსეთის დიპლომატიას ეს არც მოუთხოვია, ალბათ ევროპაში გართულებული მდგომარეობის გამო საზავო ხელშეკრულების გაფორმება ეჩქარებოდა. თვითმპყრობელობა ახლა 1783 წლის ტრაქტატით ნაკისრ ვალდებულებათა შესასრულებლად თავს ისე აღარ იწუხებდა, როგორც პირველ წლებში. რუსეთის ორი ბატალიონი, 1787 წელს საქართველოდან რუსეთში გაწვეული, უკან აღარ ბრუნდებოდა. რუსეთის ხელისუფლების მიერ ნაჩუქარი ზარბაზნები, ჩრდილოეთ კავკასიამდე ჩამოტანილი, შემდეგ ადგილიდან აღარ იძროდა. 

«ამიერკავკასიის გეგმა» თვითმპყრობელობის დიპლომატიას ძირითადად არ უარუყვია, მაგრამ ახლა სხვა ფორმით და სხვა სიტუაციაში უნდა მომხდარიყო მისი რეალიზაცია. თვითმპყრობელობას შეეძლო ხელსაყრელი პირობებისთვის დაეცადა. ქართლ-კახეთის სამეფოს ჰორიზონტზე კი სამხრეთიდან შავი ღრუბლები იყრიდა თავს. წელში გამართულმა აღა-მაჰმად-ხანის ირანმა ქართველ მეფეს რუსეთისაგან ჩამოცილება მოთხოვა. რუსეთის მიერ საფუძვლიანად მიბეგვილი თურქეთი ქართველებზე ჯავრის ამოსაყრელად აღა-მაჰმად-ხანს ფარულად ზურგს უმაგრებდა და საქართველოს დაქცევას მოუთმენლად მოელოდა.

(ამის შემდეგ წიგნში მოთავსებულია ისტორიული დოკუმენტები, რომელთა მთლიანი მოცულობაც თავად ტექსტის ძირითადი /თხრობითი/ ნაწილის მოცულობის ტოლია) 


ტექსტი ბლოგზე გამოქვეყნებისთვის 
მოამზადა ირაკლი ხართიშვილმა

იასე ცინცაძე გეორგიევსკის ტრაქტატის მომზადებისა და დადების, აგრეთვე მისი შინაარსის შესახებ

(ქვემოთ მოყვანილი ტექსტი გახლავთ შუა ნაწილის ამონარიდი პროფესორ იასე ცინცაძის წიგნიდან «1783 წლის მფარველობითი ტრაქტატი /მასალები რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების ისტორიისათვის/», თბილისი, 1960 წ.)


შინაარსი 

თავი III. 1783 წლის მფარველობითი ტრაქტატი


თავი III 


1783 წლის მფარველობითი ტრაქტატი 

1782 წელს თვითმპყრობელობის დიპლომატია შეეცადა საქმე ისე მოგვარებულიყო, რომ ქართლ-კახეთის მეფეს რუსეთის მფარველობაში შესვლის სურვილი ისევ ოფიციალურად განემეორებინა რუსეთის სამეფო კარზე საგანგებო ელჩისა და წერილის წარგზავნით.

ამ წლებში საქართველოში იმყოფებოდა «დოქტორ რაინეგსად» წოდებული ერთი გერმანელი ავანტიურისტი. როგორც გამოქვეყნებული მასალებიდან ირკვევა, იგი საქსონელი მოქალაქე ელიხი ყოფილა. 1744 წელს დაბადებულა. ლაიფციგში მედიცინა შეუსწავლია, მაგრამ ალქიმიით ყოფილა გატაცებული (ამ საუკუნისათვის დამახასიათებელი «სენით»). რაღაც ბნელი საქმეების გამო სამშობლოდან გადახვეწილა, მაგრამ ახლა უცხოეთში თავს «ბარონ ფონ რაინეგსად» ასაღებდა. ჯერ ვენეციაში უცხოვრია, შემდეგ ვენაში წამოსულა და აქ მსახიობობა დაუწყია. ვენაში თურქულ ენას სწავლობდა და 1776 წელს კონსტანტინეპოლში გადმოსულა. აქედან სმირნით, თოხათით და ერზერუმ – ყარსზე გამოვლით 1778 წელს ეჯმიაწინის მონასტერში მოსულა და მცირე ხნით სომხეთის პატრიარქთან გაჩერებულა, შემდეგ კი თვით ერეკლეს მოწვევით, თბილისში ამოუყვია თავი. აქ ის ერეკლე II-თან ახერხებს დაახლოებას ჯერ როგორც ექიმი, მას ავადმყოფი გიორგი ბატონიშვილი მოურჩენია. შემდეგ ქართველ მეფეს იგი სამსახურში მიუღია. ეს «ყველაფრისმცოდნე» რაინეგსი თითქოს რჩევა-დარიგებას აძლევდა თბილისის ზარაფხანის ხელოსნებს ძვირფასი ლითონების შენადნობთა დამზადების დროს, შველოდა ხელოსნებს ზარბაზნებისა და თოფის წამლის დამზადებაში, ხელმძღვანელობდა სტამბის საქმეს და ვენეციიდან სასტამბო მანქანებიც კი გამოუწერია და სხვა.

ერეკლე II-ს მისთვის 1781 წლის 25 აპრილის ბრძანებით სოფელი ქვემო ბოლნისი უბოძებია, მაგრამ შემდეგ ერეკლე II-თან რაღაც უსიამოვნება მოსვლია, სომხურ სარწმუნოებაზე გადასულა და ეჯმიაწინში მიდიოდა საცხოვრებლად. მაგრამ სწორედ ამ დროს მას რუსეთის ხელისუფლება იწვევს თავად გრ. პოტიომკინთან (რაინეგსის შესახებ ცნობები ამოვიღეთ ა. იოანესიანის ნაშრომიდან Россия и армянское освободительное движение, გვ. 50-57. აგრეთვე А. Цагарели, Грамоты..., т. II, вып. II, გვ. V-VI. რაინეგსს აღმოსავლეთში მოგზაურობის შედეგად ორტომეული წიგნი აქვს დაწერილი და არა ერთი საყურადღებო ცნობა აქვს იმ დროის საქართველოს შესახებ. ზოგიერთი თავები ქართულ ენაზეც არის თარგმნილი).

რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებს კარგად სცოდნიათ რაინეგსის საქართველოში ყოფნა და საქართველოს სამეფო კართან მისი დაახლოება. ამ უცხოელს თურმე ქართული ენაც შეუსწავლია. რაინეგსი პოტიომკინთან გამოცხადებულა. მას დავალება მიუღია ისევ საქართველოში წამოსულიყო, ერეკლე II ენახა და მისთვის ჩაეგონებინა რუსეთის ხელმწიფისათვის მფარველობა ეთხოვა. 1782 წლის დეკემბერში ერეკლე II გრ. პოტიომკინს წერდა: «... от всевысоч. двора прибыл к нам и полковник, благородный Яков Рейнд (Рейнегс) с возложенною на него должностью. Поелику он приятель наш, притом знает наш язык и известны ему и обстоятельства наши, то и он принят нами с удовольствием в знак нашего благополучия. Я имею по приглашению его оказывать ему вспомошествование мое сколько возможности моей достанет...» (А. Цагарели, Грамоты..., т. II, вып. II, გვ. 27). რაინეგსს დავალება ჰქონდა სომხეთის პატრიარქიც ენახა და სომხეთის სახელმწიფოს აღდგენაზე მოლპარაკება გაემართა.

ერეკლე II-ს რაინეგსის სომხეთში გამგზავრებისათვის ხელი უნდა შეეწყო. ზემოთ მოტანილ ამონაწერში ამ დახმარების შესახებ აქვს საუბარი.

რაინეგსს დავალება კარგად შეუსრულებია. 1782 წლის 21 დეკემბერს ერეკლე II-ს «სათხოვარის პუნქტები» გაუგზავნია რუსეთის მთავრობისათვის. «სათხოვარის პუნქტების» დედანი ცენტრალურ სამხედრო საისტორიო არქივში გრ. პოტიომკინის ფონდში აღმოჩნდა. საბუთს ხელს აწერს თვით ერეკლე II.

როგორც ერეკლე II-ის 1782 წლის 31 დეკემბრით დათარიღებული წერილიდან ჩანს «სათხოვარის პუნქტებს» იგი ახალს უწოდებს, ალბათ იმ «სათხოვარისაგან» განსასხვავებლად, რომელიც 1773 წელს ერეკლეს ელჩებმა მიართვეს რუსეთის სამეფო კარს. საფიქრებელია, რომ 1773 წლის პუნქტები ძალაში რჩება, მაგრამ ახალ ვითარებასთან დაკავშირებით ემატება «ახალი პუნქტებიც». ზედმეტი არ იქნება «ახალი პუნქტების» განხილვა. რადგანაც აქ ზოგიერთი ისეთი საკითხია წამოჭრილი, რომლის განმარტება აუცილებელი ხდება.

«პუნქტებში» ნახევარზე მეტი ადგილი დათმობილი აქვს ქართლის საკითხს. სპეციალისტ მკითხველისათვის უცნობი არ შეიძლება იყოს ის ფაქტი, რომ ქართლის სამეფო ეკუთვნოდა ქართლელ ბაგრატიონებს, კერძოდ ვახტანგ VI-სა და მის შთამომავლებს, მაგრამ მას შემდეგ, რაც ვახტანგ VI თავისი ოჯახით და მახლობლებით რუსეთში გადასახლდა, სპარსეთის სამეფო კარმა კახეთიც და ქართლიც კახელ ბაგრატიონთა შტოს მიუბოძა. ქართლში თეიმურაზ II გამეფდა, ხოლო კახეთში მისი შვილი ერეკლე II. ამ ფაქტს ქართლში დინასტიური ხასიათის ბრძოლა წარმოუშვია. 

ქართლის თავად-აზნაურთა გარკვეული წრე კახელი ბაგრატიონის თეიმურაზ II-ის ქართლში გამეფებას მტრულად შეხვდა და თეიმურაზისა და ერეკლეს ოპოზიციაში აღმოჩნდა, მას რუსეთში გადასახლებულ ვახტანგ VI-ის შთამომავლობისაკენ ეჭირა თვალი. ამიტომ თეიმურაზი და ერეკლე სიფრთხილეს იჩენდნენ, ერთგულ კახელ არისტოკრატიის წარმომადგენლებს აწინაურებდნენ ქართლშიაც. განსაკუთრებით აფიქრებდათ მეფეებს არაგვის გზა, იგი ხომ საქართველოს რუსეთთან აკავშირებდა, და ჩრდილოეთში გადახვეწილ ქართლელ ბაგრატიონებს რომ სამშობლოში იოლად დაბრუნება და გამეფება არ შეძლებოდათ, არაგვის საერისთაოს ციხე-სიმაგრეში კახელი ჯიმშერ ჩოლოყაშვილი ჩააყენეს.

თეიმურაზი და ერეკლე რუსეთის სამეფო კარს იჭვის თვალით უცქეროდნენ, შიშობდნენ – ვაი თუ რუსეთის ხელისუფლებამ ჯარების საშუალებით ქართლი ისევ ვახტანგ VI-ის შთამომავლობას დაუბრუნოსო. რუსეთის საგარეო საქმეთა საგანგიოს მზვერავი ოთარ თუმანოვი საქართველოდან რუსეთის სამეფო კარს ერთ-ერთ საიდუმლო მოხსენებით ბარათში ატყობინებდა: «... რომელიც ახლა კახ მეფე თეიმურაზ ზის იმას ეჭირა სამკვიდროდ შთამომავლობით კახეთის სამეფო. ქართლის თბილისის სამეფო აქ რომ მეფე ვახტანგ (VI) მოვიდა, იმას და მის ნათესავთ ეჭირათ სამკვიდროდ. თბილისის სამეფო, ეს მეფე ქართლის ვახტანგ რომ აქ რუსეთში მოვიდა თამაზ-ხანის დროს, ორივ ამ მეფე თეიმურაზს და იმის შვილს ერეკლეს დარჩა, ახლაც უჭირავს. თუმცა კახეთი უფრო მდაბალი იყო, ახლა რადგან ორივე ერთად არის, კახეთს უფრო სამკვიდროდ ეჭიდებიან, ქართლი უფრო იჩაგრება. ამის გულისათვის ქართველი წყინობენ დაჩაგვრას დაფარვით, მაგრამ არ შეუძლიათ რა რომ გამოაცხადონ და არც ასრეთი სიმაგრე უჭირავთ, რომ შეეძლოთ რაიმე კახელებზედ. რომელიც ქართლში პირველი სიმაგრეა, არაგვის საერისთო, ამ სიმაგრეში კახი კაცი ჩოლოყაშვილი კნიაზ ჯიმშერ უზის... ყოველთვის იქ ჭორები გაიშლება, რომ მეფე ვახტანგის ძენი ანუ იმისი შთამომავლობა მოდიანო. ამაში ის კახ ბატონებს ეფიქრებათ, თუმც რუსეთმან დაიჭიროსო იმათ მიცემენო თავათ სამკვიდროსაო, ამიტომ ბეჯითად არ ეჭიდებიან, კახეთს უფრო ხელს უწყობენ. ამიტომ დაფარული პარტიები არის... აგრეთვე იმავე მეფის ვახტანგის ნათესავი ფერსიას დაფანტული არის, აქედამ ცალკე ეფიქრებათ და იქიდან ცალკე» (იხ. სტალინის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შრომები, XXVII, 1946, გვ. 26. თვით ოთარ თუმანოვის შესახებ იხ. ი. ცინცაძე, ქუთაისის პედ. ინსტიტუტის შრომები, ტ. II).

ეს ვრცელი ამონაწერი აქ იმისათვის მოვიტანეთ, რომ თეიმურაზისა და ერეკლეს დროს ქართლში შექმნილი ვითარება დახლოებით წარმოგვედგინა. და რომ ქართლელი თავადების უკმაყოფილო ჯგუფი კახელ ბაგრატიონებს ეწინააღმდეგებოდნენ და ზოგჯერ ფარული, ზოგჯერ კი აშკარა დინასტიური ხასიათის ბრძოლა წარმოებდა ქართლში, ეს კათალიკოსის ანტონ I-ის ერთი განცხადებიდანაც ცხადი ხდება.

ცნობილია, რომ ანტონ I რომის ეკლესიას მიემხრო და ამისათვის თეიმურაზმა და ერეკლემ იგი თანამდებობიდან გადააყენეს და შემდეგ ნება დართეს რუსეთში გადასახლებულიყო. ერთ განცხადებაში, რომელიც რუსეთის საგარეო საქმეთა კოლეგიისათვის მიურთმევია, ანტონი აღნიშნავს, რომ იგი კათოლიკურ ეკლესიას არასოდეს არ მიმხრობია, და თუ ამის შესახებ მაინც ლაპარაკი იყო საქართველოში, ეს ჩემი მტრების გამოგონილიაო. ანტონი რუსეთის ხელისუფლებას საქმის ვითარებას ასე აცნობს: «... Ныне ж царствующие в Грузии не наследники престола нашего, а Грузия (ლაპარაკია ქართლის სამეფოზე – ი. ც.) принадлежит деду моему и в наследство фамилии моей, хотя же я и монах был, ног токмо не такой, который бы жил всегда в монастыре, и затем все князя и почтенные люди, кои воспитаны от дяди и отца моего, когда они обидимы бывали, ко мне прибегали и я их всегда утешал, к чему и звание мое тому дозволяло. Чего царь (თეიმურაზზეა აქ ლაპარაკი) и снесть не возможи... оклеветов обвинил меня напрасно, чем я от звания моего и стал быть и свободен» (ი. ცინცაძე, რამდენიმე ახალი ცნობა ქართლის XVIII საუკუნის ისტორიისათვის. იხ. მასალები საქართველოსა და კავკასიის ისტორიისათვის, 1942, ნაკვ. VI, გვ. 22. აქ მოცემულია სხვა ქართლელი ბაგრატიონის ასეთივე ცნობა).

რუსეთის დიპლომატებისათვის დაფარული არ დარჩენილა საქართველოში არსებული დინასტიური ხასიათის ბრძოლა და ამის შესაბამისი ფარული თუ აშკარა დასების არსებობაც. მაგრამ რუსეთის ინტერესებს საქართველოში არ დასჭირდა საქართველოში არსებული ამ წინააღმდეგობის გამოყენება. რუსეთის სამეფო კარისათვის სულ ერთი იყო ბაგრატიონების დინასტიის რომელი შტო დაჯდებოდა ქართლში, თუკი იგი რუსეთის ინტერესების შესაბამისად იმოქმედებდა. რუსეთისათვის ყველაფერი არსებითად იმაზე იყო დამოკიდებული, თუ რა მომენტი დადგებოდა რუსეთ-ირანისა და რუსეთ-თურქეთის ურთიერთობათა საკითხში და როგორ პოზიციას დაიჭერდა ამ დროს თბილისში მჯდომი ქართველი ხელისუფალი. ისე, რომ კახელი ბაგრატიონისა და მოსკოვში თავშეფარებული ბაგრატიონთა ნაშიერის დაპირისპირება შეიძლებოდა არც დასჭირებოდა გაწვრთნილ რუსულ დიპლომატიას.

ეტყობა კარგად ესმოდათ ეს თეიმურაზსა და ერეკლეს, როცა რუსეთზე ორიენტაციის საკითხს წყვეტდნენ და ელჩებს გზავნიდნენ რუსეთში, და მიუხედავად იმისა, რომ ქართლელი თავადიშვილის ოჯახიდან გამოსულმა ათანასე თბილელმა ეპისკოპოსმა (ამილახვარმა), 1752-54 წლების ელჩობის წევრმა, მათ უღალატა და რუსეთში ვახტანგ VI-ის დროის გადასახლებულთა კოლონიაში დარჩენა ამჯობინა და სამშობლოში აღარ დაბრუნდა (იხ.«საისტორიო მოამბე», VI, ი. ცინცაძე, ათანასე თბილელისა და სიმონ მაყაშვილის ელჩობა რუსეთში), ამ ემიგრაციის შიში ერეკლე II-ს მაინც არ ჰქონია და რუსეთის მფარველობაში შესვლით ფიქრობდა ქვეყნისა და ტახტის შენარჩუნებას. 

თეიმურაზის გარდაცვალების შემდეგ ერეკლე II-ს იმდენი უმუშავნია, რომ ქართლში თავადებს შორის თავისი ერთგული ბირთვი შეუქმნია, თვით ანტონ I კათალიკოსიც კი რუსეთიდან გამოუწვევია და, როგორც დავინახეთ, 1771 წელს უდიდესი საპასუხუსმგებლო საქმე დააკისრა – იგი რუსეთში ელჩად გაგზავნა.

მაგრამ სწორედ 70-იანი წლების ბოლოს ვახტანგ VI-ის შვილიშვილი ალექსანდრე ბაქარის-ძე რუსეთიდან კავკასიაში გადმოვიდა და ქართლის სამეფო ტახტის ძიებას შეუდგა. იგი დაუკავშირდა ქართლ-კახეთის სამეფოს მტრებს და მათი ჯარებით მოინდომა თბილისში გამეფება. ამიტომ არის, რომ ერეკლე II თავის «სათხოვრის პუნქტებში» საკმაო ადგილს უთმობს ქართლის საკითხს. იგი წერს: «ქართლი ძველადაც ჩემი პაპების სამკიდრო იყო და მას უკან ნადირშაიმ მამაჩემს უბოძა. იმჟამად მტრისაგან გაოხრებული გახარაბაბებული იყო. მამაჩემი და მე დიდის ღვაწლის დადებით ამ ქვეყნის აშენებას ვეცადენით. მრავალჯერ ამ ქვეყანაზედ წასახდენად მოსრულნი სპარსეთის დიდ დიდი ჯარები დავამარცხეთ და აგრეთვე თურქეთის სულტანის ჯარს წახახდენად არ დავანებეთ და იმის ჯარები დავამარცხეთ და რამდენჯერ დაღისტნის შეყრილი დიდროანი ჯარები დავამარცხეთ და ეს ქვეყნები ღ~თის მოწყალებით... და ჩვენის გარჯით ავაშენეთ და ამას... გარდა სპარსეთის სახელმწიფოს ალაგები ერევანი და განჯა ჩვენს ქვეყანას შევმატეთ და დავადევით. წარსულს წელიწადში ბაქარიშვილი ალექსანდრე იმერეთს მოვიდა და ცდილობდა... აერია... იმ ალექსანდრე ბაქარიშვილმა ჩემი წინააღმდეგობა ვეღარ შეიძლო... მე ჩემის ყ~დ მოწყალის ხელმწიფისაგან ამ წყალობას ვითხოვ ჩემი ძველიდგან პაპების სამკვიდრო და ჩემგან ამდენის გარჯით და ღვაწლის დადებით აშენებული ქვეყანა ჩემს შვილებსა და ჩამომავლობას არ დაეკარგოს და არ მოეშალოს და საბოლოოთ ისე დაუკმტკიცდესთ... და ჩვენს ჩამომავლობაზედ მოწყალება გამოცხადებული იყოს, რომ უჭკუოს ბაქარის შვილს ალექსანდრესავით გამოჩნდეს ვინმე უმეცარი ხალხი არ აჰყვეს» (ЦВИА, პოტიომკინის ფონდი, კონა # 3, საქმე # 6, ფურც. 27). მაშასადამე ერეკლე II რუსეთის ხელისუფლებისაგან მოითხოვს ქართლის სამეფო დაუმტკიცდეს მას და მის შთამომავლობას და ეს გამოცხადდეს. ამიტომ იგი ქართლზე მის უფლებებს ისტორიული მონაცემებით უმტკიცებს რუსეთის ხელისუფლებას.

«სათხოვარის პუნქტებში» ერეკლე II ითხოვს საქართველოს რუსეთთან ისე დაკავშირებას, რომ თურქეთსა და სპარსეთს ქართლ-კახეთის სახელმწიფოსთან ანგარიშსწორება რუსეთისაგან დამოუკიდებლად არ შეეძლოთ: «არცა თურქის სულტანს და არც სპარსეთის ხელმწიფეს ჩვენთან სამტროთ ხელი არ ჰქონდესთ თუ ისინი რუსეთის ხელმწიფის აშლილნი არა იყუნენ და როდესაც აშლილნი იყუენ ჩვენ მათის დიდებულების მონანი ვიქნებით და მშველელიც ის იქნება ჩვენი» (იქვე). მასასადამე, თუ რუსეთს ომი აქვს სპარსეთთან, სპარსეთი საქართველოსაც ებრძვის, ხოლო თუ ზავია სპარსეთსა და რუსეთს შორის, საქართველოსთანაც ზავი აქვს სპარსეთს. ასევე უნდა იქნეს თურქეთთანაც. 

მაგრამ თურქეთთან და სპარსეთთან რუსეთის ომს, რომელშიაც ქართლ-კახეთი მონაწილე იქნებოდა, უნდა მოჰყოლოდა ახალციხის, ყარსისა და ლეკების მიერ მიტაცებული ტერიტორიების განთავისუფლება და ქართლ-კახეთის სამეფოსათვის შემოერთება. «სათხოვარის პუნქტებში» აღნიშნულია: «... თუ როდესმე რუსეთის დიდებულის ხელმწიფისაგან თურქეთის სულტანზედ საფარი ებრძანება და იმპერატორობის დიდებულების ჯარი ჩვენ შემოგვიერთდება... მაშინ ამ მოწყალებას ვითხოვთ, რომელიც ჩვენი სამკვიდრო ქვეყნები არის ახალციხე, ყარსი და იმის ალაგები ჩვენ არ დაგვეკარგოს... და თუ როდესმე ხელმწიფის საფარი სპარსეთის მხარეს მოხდეს... მაშინაც ამ მოწყალებას ვითხოვთ, რომელიც ჩვენი მამულები ამ მხარეს ლეკებს უჭირავსთ იმისი დაჭერა შეგვაძლებინონ...» (ЦВИА, პოტიომკინის ფონდი, კონა # 3, საქმე # 6, ფურც. 27).

ხოლო იმ პერიოდში, როცა თურქეთთან და სპარსეთთან ომი არ არის, ერეკლე II ითხოვს რუსეთის გაწვრთნილი ჯარის ორი პოლკის მუდმივად დგომას საქართველოში. ამ ჯარს ჯამაგირი რუსეთმა უნდა მისცეს, ხოლო სურსათს საქართველო გაიღებსო: «... ახლა აქეთ მხარეს თუ საფარი არ იყოს ეს მოწყალება გვიყონ ორი პოლკი განსწავლული ჯარი გვიბოძონ. ჯამაგირის წყალობა მანდედამ დაემართოსთ და იმათს პრავიანტს აქედამ ჩვენ მივსცემთ, რადგან დაღისტნელები აქ ჩვენ ჯარათა გვყვანან იმათს ჯამაგირსა და მიცემაზე ბევრი გვეხარჯება, მაგ ჯამაგირის მიცემაზე ამიტომ თავი ვაწყინეთო» (იქვე). 

როგორც ვხედავთ, 1782 წელს ქართველი მეფე რუსეთიდან ორ პოლკს ითხოვს, წინათ კი ოთხი პოლკის მიღებას ვარაუდობდა. საფიქრებელია, რომ მაშინ რუსეთ-თურქეთის ომი მიმდინარეობდა და ომის შემთხვევისათვის მეტი ჯარი ესაჭიროებოდათ. მშვიდობიანობის დროს კი «ორი პოლკი განსწავლული ჯარი» და ადგილობრივი ძალები მტაცებელი მეზობლების დასაშინებლად, საკმარისად მიაჩნდათ მეფესა და მის მრჩევლებს.

ამრიგად, რუსეთის მაშინდელ ხელისუფლებას ქართლ-კახეთის სამეფოდან ორი დოკუმენტი ჰონდა ხელთ, ერთი 1773 წელს წარდგენილი, ხოლო მეორე – 1782 წელს. ამ საბუთებიდან კარგად მოჩანს თუ რა პირობებში სურდა აღმოსავლეთ საქართველოს სამეფოს რუსეთის მფარველობაში შესვლა.

1782 წლისათვის, როგორც ვიცით, რუსეთის სამეფო კარს ქართლ-კახეთის სამეფოს მფარველობაში მიღება პრინციპულად გადაწყვეტილი ჰქონდა და ამ აქტის სათანადოდ გასაფორმებლად ღონისძიებებიც დასახული იყო. ამ მხრივ მეტად საყურადღებოა პროფ. ალ. ცაგარელის მიერ გამოქვეყნებული ერთი საბუთი, რომელიც ასე არის დასათაურებული: «Высочайше указанныя основания для заключения Русско-Грузинского договора гр. А. А. Безбородко к кн. Гр. Ал. Потёмкину» (А. Цагарели, Грамоты..., т. II, вып. II, გვ. 30-31). ხსენებული საბუთი გამომცემელს დათარიღებული აქვს 1782 წლის დეკემბრით. როგორც ჩანს, დედანს თარიღი არ ჰქონია და შინაარსის მიხედვით თუ დაათარიღა იგი ა. ცაგარელმა. ჩვენი აზრით, ეს დოკუმენტი არ შეიძლებოდა 1782 წლის დეკემბერში დაწერილიყო და აი რატომ. აქ, ამ საბუთში, საუბარია ერეკლე II-სა და ავსტრიის იმპერატორს შორის დიპლომატიურ ურთიერთობაზე, აღნიშნულია, რომ არ არის სასურველი ქართველი მეფე ავსტრიის ხელმწიფესთან ასეთ მიმოწერაში იყოსო. რუსეთის სამეფო კარს კი, როგორც ეს ზემოთ გვქონდა თავის ადგილზე აღნიშნული, თვით ერეკლემ შეატყობინა, რომ მან წერილი და ელჩი გაგზავნა ავსტრიის იმპერატორთან სესხის სათხოვნელად. ეს წერილი კი ერეკლე II-ს 1782 წლის 21 დეკემბერს დაუწერია (იხ. ა. ცაგარელის Грамоты..., т. II, вып. II, გვ. 26). საქართველოში 21 დეკემბერს დაწერილი საბუთი იმავე წლის დეკემბერში რუსეთის სამეფო კარს არ შეიძლებოდა მისვლოდა. საქართველოდან პეტერბურგამდე, უკეთეს შემთხვევაში, თვენახევარი ან ორი თვე სჭირდებოდა ფოსტას. ისე რომ 1782 წლის დეკემბერში საქართველოდან გაგზავნილი საბუთები 1783 წლის პირველ თვეებში უნდა მიეღო რუსეთის სამეფო კარს. ამდენად «უზენაესი მითითებანი საქართველოსთან ხელშეკრულების დასადებად» გამოსული უნდა იყოს 1783 წლის თებერვალ-მარტში. ეს დოკუმენტი ყურადღებას იქცევს იმით, რომ იგი განკუთვნილია მხოლოდ და მხოლოდ რუსეთის სამეფო კარის იმ წარჩინებული მოღვაწისადმი, გრ. ალ. პოტიომკინისადმი, რომელსაც 1783 წლის ტრაქტატის დასადებად ქართლ-კახეთის მთავრობასთან მოლაპარაკება და საერთოდ ამ საქმის ხელმძღვანელობა მიენდო. თვით საბუთში ამის შესახებ პირდაპირ არის საუბარი. კანცლერი ა. ბეზბოროდკო პოტიომკინს სწერს: «Мнение ея величества было, чтоб... чрез вашу светлость заключить с грузинскими царями союзный трактат...». ამის შემდეგ ჩამოთვლილია ის «საფუძვლები», რომლებსაც თვით ტრაქტატის მუხლები უნდა დაეყრდნოს.

საბუთი პოტიომკინის სახელმძღვანელოდ არის შედგენილი. იგი გამიზნულია პოტიომკინის ორიენტირებისათვის იმაში, თუ რა თვალსარისზე დგანან დედოფალი და კანცლერი. გრ. პოტიომკინი სამხრეთ-აღმოსავლეთის საგარეო საქმეების მოსავლელად იყო დანიშნული და არც ეკატერინეს და არც ბეზბოროდკოს ამიერკავკასიისა და კერძოდ საქართველოს საკითხების გადაჭრის დროს გრ. პოტიომკინისაგან დაფარული არაფერი არ ჰქონდათ. ამდენად მკვლევარის ინტერესი «უზენაესად მითითებული საფუძვლებისადმი» იზრდება.

ამ საბუთს სათანადო ყურდღება თავის დროზე ივ. ჯავახიშვილმა მიაქცია. იგი ერთგან აღნიშნავდა: «... დიდ მნიშვნელოვანია ის საბუთი, რომელიც 1783 წლის ხელშეკრულების შედგენის დროს ოფიციალურად თვით რუსეთის დედოფლის ეკატერინე II-ის ბრძანებით სახელმძღვანელოდ იყო დაწერილი...» (ივ. ჯავახიშვილი, დამოკიდებულება რუსეთსა და საქართველოს შორის XVIII საუკუნეში, 1919, გვ. 30). მაგრამ აქ აკად. ივ. ჯავახიშვილი ამ საბუთს მთლიანად არ იხილავს. დოკმენტის მნიშვნელობა მას შეფასებული აქვს იმის მიხედვით, რომ იქ პირველ მუხლში «სრულებით გარკვევით არის ნათქვამი, თუ რა თვისების ხელშეკრულება უნდა დადებულიყო და რაგვარი უფლებრივი დამოკიდებულება უნდა დამყარებულიყო ამ ხელშეკრულებით რუსეთის მთავრობის სურვილისამებრ საქართველოსა და რუსეთს შორის...» (იქვე).

ჩვენთვის ამჟამად ეს საბუთი საინტერესოა თავიდან ბოლომდე. იგი, ერთის შეხედვით, ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებს, რომ თვითმპყრობელობა თითქოს ყოველგვარი ანგარების გარეშე ქართლ-კახეთის სამეფოს სურვილების შესასრულებლად განეწყო და საამისოდ ნაბიჯების გადასადგმელად მუშაობას შეუდგა. რა თქმა უნდა, ზედმეტია იმის მტკიცება, რომ XVIII საუკუნის რუსეთის თვითმპყრობელური მთავრობა ქველმოქმედების პრონციპით არც ამ შემთხვევაში და არც სხვა შემთხვევაში არ იხელმძღვანელებდა. 

განვიხილოთ რას წარმოადგენს «უზენაესად მითითებული საფუძვლები». აქ პირველ მუხლში აღნიშნულია, რომ ქართველ მეფეებთან უნდა დაიდოს სამოკავშირეო ტრაქტატი, ისე რომ ხელშეკრულებაში ქართველი ხელისუფალი რუსეთის ქვეშევრდომად კი არ უნდა იქნეს მოხსენიებული, არამედ მოკავშირედ, რომელსაც რუსეთის იმპერია მფარველობს. რუსულ ტექსტში აღნიშნულია: «... заключить с грузинскими царями союзный трактат, не именуя их подданными, но союзниками, от империи всероссийской покровительствуемыми» (А. Цагарели, Грамоты..., т. II, вып. II, გვ. 39)

მაშასადამე, საქართველოს სახელმწიფო, საერთაშორისო ურთიერთობების თვალსაზრისით, რჩება როგორც პოლიტიკური ერთეული, რომელიც გარკვეული გარემოცვის პირობებში რუსეთის მფარველობის ქვეშ იმყოფება მხოლოდ.

ამ დებულებით სავსებით გათვალისწინებული ჩანს ერეკლე II-ისა და მისი ელჩების მიერ 1771-73 წლებში წარდგენილი «პირობების» ის მუხლი, სადაც აღნიშნულია: «რათა ეგოს მეფობა ქართლისა და კახეთისა უცვალებელად, ვითარცა პირველ ყოფილა და აწ არს, მაგრა მორჩილებასა ქვეშე და მსახურებასა მისი იმპერატორობის დიდებულებისა რუსეთის მონარხისასა – ესე ვითარისა მსახურებითა, რომელიცა ქვემო აღიწერება» (იქვე, вып. I, გვ. 91).

მითითებული «საფუძვლების» მეორე მუხლში კი აღნიშნულია, რომ ერეკლე II-ის მიერ მფარველობის საბოლოოდ შემოთავაზებული «სამსახური» შემცირდეს. ფულადი «სარუსეთო» გადასახადით ქართლ-კახეთის სამეფოს დაბეგვრა მოიხსნას. მხოლოდ რუსეთის ხაზინას, საქართველოს კუთვნილ ტერიტორიაზე აღმოჩენილი მადნეულობის დამუშავების შემდეგ მიღებული ძვირფასი ლითონების ნახევარი მიერთვას; აგრეთვე ქართველი მეფის მიერ ყოველწლიურად შემოთავაზებული ღვინო, აბრეშუმი და ცხენები მიღებულ იქნასო. აღნიშნულ დოკუმენტში ამის შესახებ ვკითხულობთ: «Поборов денежных не принть никаких, ниже половины металлов, а оставить всё то в пользу царей грузинских, а принять только ежегодную присылку шёлку, вин и лошадей» (А. Цагарели, Грамоты..., т. II, вып. II, გვ. 30). მაგრამ ქვემოთ ამ მუხლში შესწორება შეაქვთ ღვინის შესახებ: «Ещё более безкорыстие доказано будет, естли тому и вино приказано будет брать за известную цену, тем паче, что сие касается простого народа». მაასადამე, რუსეთის სამეფო კარის ვარაუდით, საქართველოდან მირთმეულ 2000 ვედრო ღვინოში სასყიდლის გაღება რუსეთის ხაზინიდან ქართველი დაბალი ფენების მოსახლეობის გულის მოგება და ქართლ-კახეთის სამეფოს მიმართ უნგარო დამოკიდებულების ფაქტი იქნებოდა. 

როდესაც ერეკლე II «სარუსეთო გადასახადით» თავისი ქვეშევრდომების დაბეგვრას თავაზობდა რუსეთის სამეფო კარს, მას უდაოდ გაანგარიშებული ჰქონდა ის თანხა, რომელიც ამ გზით მოგროვდებოდა ყოველწლიურად აღმოსავლეთ საქართველოს სამეფოში. მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენ ამის შესახებ ზუსტი ცნობა არ გვაქვს. მხოლოდ პ. ბუტკოვს საქართველოში მყოფ პოლკოვნიკ ბურნაშოვის ცნობების საფუძველზე ასე უვარაუდნია, რომ ერეკლე რუსეთის ხაზინას ყოველწლიურად ამ გზით 250 000 მანეთზე მეტს ვერ გაუგზავნიდა (П. Бутков, Материалы для новой истории Кавказа, т. II, გვ. 120). ვფიქრობთ, ეს რიცხვი სინამდვილესთან ახლოსაა. რადგანაც ერეკლე II-ს სახელმწიფო ხარჯებთან შედარებით ფინანსური შემოსავალი საკმარისი არ ჰქონდა და სესხს ეძებდა რუსეთსა და ევროპაში, რუსეთის სამეფო კარის გადაწყვეტილება – საქართველოდან ფულად გადასახადის არ აღების შესახებ, სავსებით რაციონალური მოჩანს რუსეთისათვის, რადგან საქართველოს სამეფოს გაძლიერება და ფეხზე დაყენება პრინციპულად გადაწყვეტილი იყო და თვით რუსეთის იმპერიის ინტერესებში შედიოდა იგი. მითუმეტეს, რომ 80-იანი წლების რუსეთი საკმაოდ მძლავრი სახელმწიფო იყო ყოველმხრივ და ასეთი მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტის დროს 250 ათასი მანეთის ხარჯებს არ შეუშინდებოდა. ამავე დროს ფულად გადასახადზე უარის თქმას უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა დიპლომატიური თვალსაზრისითაც არა მარტო ქართლ-კახეთის სამეფოში, არამედ მთელს ამიერკავკასიაში, თურქეთსა და სპარსეთშიაც. 

ფულადი გადასახადის აკრეფაზე უარის თქმასთან ერთად «უზენაესად მითითებული საფუძვლების» მესამე მუხლში გარკვევით არის ნათქვამი ქართველი მეფისათვის ფულადი დახმარების აღმოჩენის შესახებ. დოკუმენტში ვკითხულობთ: «По благоразсуждению вашему назначить им (აქ იგულისხმება ქართველი მეფეები ერეკლე II და სოლომონ I. იმხანად მფრველობითი ტრაქტატის დადება განზრახული იყო იმერეთის სამეფოსთანაც. ისე რომ, «უზენაესად მითითებული საფუძვლები» იმერეთის სამეფოსაც ეხება.) субсидии денежныя по числу войск во время войны, а на первое время сумму некоторую, буде изволите найти надобным» (А. Цагарели, Грамоты..., т. II, вып. II, გვ. 30)

როგორც ზემოთ იყო აღნიშნული, ერეკლე II-ის დიპლომატიური ურთიერთობა ევროპის სახელმწიფოებთან, კერძოდ ავსტრიის იმპერიასთან, არ გაუხარდა რუსეთის დიპლომატიას, და «უზენაესად მითითებულ საფუძვლებში» ორი მუხლი საგანგებოდ ამ საკითხს ეხება. მეოთხე მუხლში აღნიშნულია: «Отклонить всякое их знакомство с императором Римским и с другими христианскими державами, сказав, что оне имеют условие не мешаться в дела до азиатских наших соседей касающияся; да и писем к императору (Римскому) не посылать» (А. Цагарели, Грамоты..., т. II, вып. II, გვ. 30).

ჩვენ ზემოთ ერთგან გვქონდა საუბარი თუ რა პირობებში წამოიჭრა ქართლ-კახეთის სამეფო კარზე ევროპის სახელმწიფოებთან დიპლომატიური ურთიერთობის დამყარების იდეა და ახლა აღვნიშნავთ მხოლოდ, რომ რუსეთში ერეკლე II-ის ავსტრიის იმპერატორთან ურთიერთობის მიზეზდ თვლიან საქართველოში მყოფი კათოლიკე მისიონერების რჩევას, თითქოს მათ დაარწმუნეს ერეკლე ამ ნაბიჯის მიზანშეწონილობაში. პროფ. ალ. ცაგრელის აზრით კი მაშინ საქართველოში მყოფმა რაინეგსმა ურჩია ერეკლეს ევროპასთან ურთიერთობა და სესხის თხოვნა (А. Цагарели, Грамоты..., т. II, вып. II, გვ. 31). ასეთი შესაძლებლობანი გამორიცხული არ არის, მაგრამ არც ის არის შეუძლებელი, რომ ქართლ-კახეთის სამეფო კარს სხვისი რჩევის დამოუკიდებლად წამოეწყო ეს საქმე და შემდეგ კათოლიკე მისიონერებსაც დაკავშირებოდა.

მაგრამ საყურადღებო ის ფაქტი არის, რომ რუსეთი ხელისუფლება ერეკლეს ევროპასთან ურთიერთობას დაუფიქრებია და მომავალში ასეთი ურთიერთობის აღსაკვეთად ერთგვარი ღონისძიებაც გამოუნახავთ. «მითითებებში» ერთგან აღნიშნულია, რომ საქართველოს ეკლესიის იერარქია რუსეთის საეკლესიო სინოდს დაუკავშირდეს და მისი კათალიკოსი რუსეთის ეკლესიის პირველი რანგის მწყემსმთავრების რიგში მოვაქციოთო (იქვე, გვ. V). იქვე ქვემოთ, ამ საკითხთან დაკავშირებით, ავსტრიის იმპერატორთან ერეკლეს ურთიერთობის საკითხს უბრუნდება კანცლერი და პოტიომკინს ასეთ განმარტებას აძლევს: «Когда по духовенству они привязаны будут к Синоду, то по сему примеру и Римское духовенство (в Грузии) от России же получать будет, а сим кончится сношение с императором (Римским), которому причиною миссионерий» (იქვე, გვ. 31)

როგორც ვხედავთ, რუსეთის სინოდის საშუალებით სურდათ კათოლიკური ევროპის სახელმწიფოებთან დასაკავშირებელი გზა ჩაეკეტათ. ამავე დროს საქართველოს საეკლესიო ორგანიზაცია სინოდის წევრი თუ გახდებოდა, იგი საერო ხელისუფლებას დაექვემდებარებოდა, ისევე როგორც ეს რუსეთში იყო. მაგრამ საქართველოში პატრიარქატის გაუქმების შესახებ არაფერია ნათქვამი. ალბათ ნომინალურად მისი დატოვება, თანახმად ერეკლე II-ის თხოვნისა, გადაწყვეტილი იყო.

«მითითებანი» ითვალისწინებენ რეგულარული ქვეითი ჯარის ორი ათასეულის ოთხი ზარბაზნით საქართველოში სამუდამოდ გამოგზავნას. ყოველწლიურად ჯარის ეს ნაწილი შეიცვლებოდა რუსეთიდან ახალი ნაწილების მოსვლით და ძველის ისევ რუსეთში გამგზავრებით. ომის შემთხვევაში ჯარის რიცხვი უნდა გაზრდილიყო საჭიროებისა და მდგომარეობის მიხედვით. ამ ჯარის დანიშნულება მარტო ქართლ-კახეთის სამეფოს დაცვა არ ყოფილა. საბუთში ამის შესახებ ვკითხულობთ: «Можно инородовать два баталиона пехоты с четырмя пушками; сие тем паче будет полезно, что горские дикие народы с обоих сторон гор припёрты будут и комуникация с Грузиями обезпечится...» (А. Цагарели, Грамоты..., II, вып. II, გვ. 31).

რომ საქართველოს დასაცავად რეგულარული ჯარის ასეთი მცირე რაოდენობა საკმარისი არ იქნებოდა, ამის შესახებ რუსეთის სამეფო კარზე მსჯელობა ყოფილა და იმ დასკვნამდე მისულან, რომ ადგილობრივი ქართული ძალების რაციონალურად გამოყენება იქნებოდა საჭირო. ამიტომ «უზენაესად» მიუთითებენ გრ. პოტიოკმინს: «Ея величество изволила примечать, – не нужно ли под вашим руководством мир между царями Ираклием и Соломоном постановить ясный и точный, учиня себя как ручателем оного, так и арбитром в случае взаимных вновь жалоб... Сие весьма нужно ибо их (царей) согласие усилит нашу оборону в той части» (იქვე).

მაშასადამე, რუსეთის მესვეურთა აზრით, დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს ხელისუფალთა მტკიცე შერიგება, სადაო საკითხების წამოჭრის დროს არბიტრად რუსეთის უმაღლესი მოხელის დანიშვნა საქართველოში არსებულ შინა წინააღმდეგობას მოსპობს და ადგილობრივ ძალებს საერთო მტრის წინააღმდეგ გააერთიანებს, ხოლო ასეთ პირობებში საქართველოს დაცვა რუსეთის ხელისუფლებას გაუადვილდებაო.

XV საუკუნიდან მოყოლებული XVIII საუკუნის დასასრულამდე არ ყოფილა შემთხვევა, რომ თურქეთს ან სპარსეთს როდისმე საქართველოს ძალების გაერთიანებაზე ეფიქრა. ამ საუკუნეთა მანძილზე ირანისა და თურქეთის ცდები იქითკენ იყო მიმართული, რომ როგორმე საქართველოს ნაწილები ერთმანეთისათვის დაეპირისპირებინათ, შინაომი გაეღვივებინათ და ამ გზით ჩვენს ქვეყანაში თავიანთი ბატონობა უზრუნველეყოთ. ქართველთა გაერთიანებული ძალები რომ შიშის ზარს გვრიდა ირანს, ამის საილუსტრაციოდ ზედმეტი არ იქნებოდა ერთი ისტორიული ცნობის მოტანა.

ცნობილია, რომ XVII საუკუნეში კახეთის მეფე თეიმურაზ I-მა სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა გაუმართა სპარსეთის სახელმწიფოს და ათეული წლების განმავლობაში არ შეუწყვეტია. მას ირანთან საერთო ენის გამონახვა, სავსებით სამართლიანად, ქვეყნის დაღუპვად მიაჩნდა. თეიმურაზი დაუკავშირდა რუსეთს და სპარსთა ბატონობისაგან ქვეყნის დახსნას და საერთოდ ქართველობის გადარჩენას რუსეთის საშუალებით ფიქრობდა. ირანელი მოძალადენი კი ქართლ-კახეთის სრულ გასპარსელებაზე ოცნებობდნენ. თეიმურაზი რუსეთიდან საკმაო რაოდენობის მატერიალურ დახმარებას ღებულობდა. სპარსეთის სამეფო კარმა ხერხს მიმართა. აღმოსავლეთ საქართველოში მეფედ გამოგზავნეს გამაჰმადიანებული და სპარსეთში აღზრდილი როსტომი. იგი თითქოს სპარსეთის ერთგული უნდა ყოფილიყო და თავს ასედაც აჩვენებდა ყველას, თუმცა ჩვენს ხელთ არსებული ზოგიერთი ცნობით, როსტომიც რუსეთისაგან მოელოდა საქართველოს ხსნას (როსტომის და სპარსეთის პოლიტიკის შესახებ იხ. ი. ცინცაძე, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების წარსულიდან, ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიის ინსტიტუტის «შრომები», I, 1955, გვ. 245-270).

1652 წელს როსტომ მეფეს, ყველასათვის მოულოდნელად, რუსეთში ელჩები გაუგზავნია. რადგანაც მოსკოვის არქივში დაცული ამ ელჩობის შესახებ საქმე დაზიანებულია, ახლა შეუძლებელია იმის დადგენა, თუ რას ისახავდა მიზნად როსტომ მეფე ამ ელჩობით. ვიცით მხოლოდ როდის, რა გზით და რა პირობებში იმოგზაურა მოსკოვისაკენ როსტომის ელჩმა. ვიცით აგრეთვე, რომ ქართველი ელჩი საკმაოდ «ხელდამშვენებული» წარსდგა რუსეთის მეფის წინაშე. საჩუქრების რუსული აღწერილობიდან ჩანს, რომ საგარეო საქმეთა უწყების თანამშრომლებს როსტომ მეფის ძღვენი მოსწონებიათ, ყოველი ნივთის შესახებ «Добры» და «Дорогильные» აღნიშნული. ეტყობა როსტომი ცდილა ამ ნივთებით რუსეთის სამეფო კარის ყურადღება მიექცია.

ცნობა როსტომ მეფის მიერ ელჩების რუსეთში გაგზავნის შესახებ სწრაფად გავრცელებულა ამიერკავკასიის ყველა მფლობელს შორის და დიდი მითქმა-მოთქმა გამოუწვევია (იხ. ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის ინსტიტუტის «შრომები», I, 1955, გვ. 263-264). საქართველოს მეზობელი მაჰმადიანი მფლობელები და მათი მოსახლეობა ძალზედ შეუშინებია ამ ფაქტს, რადგანაც დანამდვილებით, გარკვეულ დრომდე მაინც არ იცოდნენ რატომ გაგზავნა სპარსეთის ერთგულმა როსტომმა ელჩი ძვირფასი საჩუქრებით რუსეთში, რომელსაც თავს აფარებდა როსტომისა და სპარსეთის დაუძინებელი მტერი თეიმურაზი და მისი შვილიშვილი ერეკლე ბატონიშვილი.

სწორედ ამ წელს (1652) იერუსალიმიდან, საქართველოს გზით თბილისზე გამოვლით, რუსეთში ბრუნდებოდა ცნობილი რუსი განათლებული საეკლესიო მოღვაწე არსენ სუხანოვი, რომელმაც თავისი მოგზაურობის აღწერილობაც დაგვიტოვა და არაერთი საყურადღებო ცნობა შემოგვინახა ჩვენი სამშობლოს შესახებაც. არსენ სუხანოვს სხვა ამბავთა შორის აღწერილი აქვს მისი თბილისიდან შემახასკენ მოგზაურობა. იგი წერს: «... თბილისიდან რომ განჯისაკენ მივდიოდი და განჯიდან შემახასაკენ, გზაზე მრავალი სხვადასხვა ადამიანი მხვდებოდა და მეკითხებოდა: რა ამბავია თბილისში? გავიგეთ რომ როსტომ მეფე შაჰს განუდგაო, მართალია? ჩვენ ვუპასუხებდით, რომ როსტომი ძველებურად არის, ასეთი რამ არაფერი იქ არ ისმისო. შემდეგ ჩვენ შევეკითხეთ: რის გეშინიათ, რატომ კითხულობთ ასე? ისინი გვეუბნებოდნენ: ამაზე წინ ერთი თეიმურაზ მეფე იყო, დიდხანს ვებრძოლეთ მას და გაჭირვებით დასძლია შაჰმა. მთელი თავისი სამფლობელოთი ებრძოდა მას. ახლა კი საქართველოს სამი წილი როსტომ მეფეს აქვს და იმერეთის მეფეც თუ მიემხრობა, მათთან ბრძოლა არავის არ შეუძლია. ისინი 50 ათასი რომ იყოს და ჩვენები 100 ათასი, მაშინაც კი ვერ შევძლებთ მათთან ბრძოლას. ჩვენს მიწა-წყალს მტკვრამდე (ზღვის შესართავამდე) პარტახად აქცევენ და კარვის დადგმის საშუალებასაც არ მოგვცემენო. შემახის ხანიც და მისი მდივანიც ამასვე (როსტომის ამბავს) გვეკითხებოდა» (ამის შესახებ უფრო დაწვრილებით იხ. ივ. ჯავახიშვილის ისტორიის ინსტიტუტის შრომები, გვ. 264-267. შემდეგ მოყვანილია ზემოთ მოყვანილი თარგმანის რუსული ტექსტი, იხ. Православный Палестинский сборник, вып. 21, Проскинитарии Арсения Суханова, 1889, გვ. 108). ასეთი იყო საქართველოს თავდაცვის იშვიათი უნარის რეზონანსი მაჰმადიანურ გარემოცვაში, ხოლო აქედან რუსულ ანალებში გადასული.

ამიტომ იყო, რომ ირანი და თურქეთი ასე გულმოდგინებით უწყობდნენ ხელს ქართველ მეფე-მთავართა შინაწინააღმდეგობის გაღვივებას და მოუთმენლად მოელოდნენ XVIII საუკუნის მეორე ნახევრიდან გაერთიანებული ქართლ-კახეთის სამეფოს ისევ ორად გათიშვას. ახლად დამეზობლებული რუსეთის დიდი სახელმწიფო კი ქართველ მეფე-მთავრებს ძალთა გაერთიანებას, შეკავშირებას და მტრების წინააღმდეგ ერთად გამოსვლას ურჩევდა, არა მარტო ტრაქტატის დადების მომენტში, არამედ ამაზე ადრე და შემდეგაც (1783 წლის მაისში პ. პოტიომკინი ასე მოძღვრავდა საქართველოში გამოგზავნილ პოლკ. ტამარას: «Рекомендую, объясняясь с царём Ираклием о содержании трактата, упомянуть... что слава его дел, его имени и польза его народа требуют того, чтоб область его соединённую навсегда осталось...» ციტირებულია Н. Дубровин, История войны и владычества русских на Кавказе, т. II, გვ. 5). 1796 წლის აპრილში ეკატერინე II-ის ახალი ფავორიტი პლ. ზუბოვი ერეკლე II-ს სრულიად გულწრფელად ურჩევდა საქართველოში ფეოდალური დაქუცმაცებულობის მოსპობას და თავის წინადადებას მარკოზ მახარობლის თხზულებიდან ციტატის მოტანითაც ამაგრებდა: «В благовествовании св евангелиста Марка, в главе 3 в стихе 24 сказано: «и \ е щ е \ ц а р с т в о \ н а \ с и \ р а з д е л и т с я, \ н е \ м о ж е т \ с т а т и \ ц а р с т в о \ т о», ибо раздельность власти есть разслабление государств; несогласие и раздоры от такового гибельного положения всегда проистекающие, удобны разрушить и обратить в ничтожество наисильнейшие царства... н а с т о я щ е е \ п р о и с ш е с т в и е \ с \ Г р у з и е ю \ п р и м е р о м \ н а у ч и т ь \ д о л ж н о \ – \ с к о л ь \ н у ж н о \ д л я \ с о х р а н е н и я \ ц а р с т в \ с о е д и н е н и е \ ц а р с к о й \ в л а с т и, \ и \ с к о л ь \ н а п р о т и в \ т о г о \ п а г у б н о \ д л я \ в с е х \ р а з д е л е н и е \ ц а р с т в а \ н а \ у д е л ы» (А. Цагарели, II, вып. II, გვ. 141). პავლე პოტიომკინი ქართველი მეფის ოჯხის წევრებს შორის უსიამოვნებას და წინააღმდეგობასაც თვალყურს ადევნებდა და რუსეთის რწმუნებულს ბურნაშოვს 1784 წლის აპრილში წერდა: «... крайне удивляюсь, что вы не сообщили ко мне о междуусобных ссорах между наследного царевича Георгия и царевича Вахтанга. Советую вам всемерно тщится примерить их; вразумейте их, что домашняя ссора есть пагуба и посрамление дому их и польза их врагов. Я извещаюсь, что причина ссоры некая княжна, которую каждый из сих желал: большой царевич для сына своего, а меньшой для себя самого. Потщитесь объяснить им, что нет на свете такой девицы, за которою с братьями можно было ссориться» (С. Н. Бурнашёв, Новые материалы для жизнеописания и деятельности С. Д. Бурнашёва, 1901, გვ. 20). რუსეთს მაშინ ამიერკავკასიაში საკუთარ ძლიერ ფეხებზე მდგომი საქართველო აინტერესებდა, მას იგი ასეთი სჭირდებოდა.

მაგრამ ქვეყნის უბედურება იმაში კი არ იყო, რომ აქ არ ესმოდათ ძლიერი სახელმწიფოებრიობის მნიშვნელობა. დაქუცმაცებულობა რომ არ ვარგოდა, ცენტრალიზებული სახელმწიფო რომ პროგრესული მოვლენა იყო და ქვეყნის ხსნა მხოლოდ ამ გზით შეიძლებოდა, – ეს ქართველმა პოლიტიკოსებმა იცოდნენ, მაგრამ ამ საქმის თავის მობმას სხვა საფუძველი სჭირდებოდა და ეს საფუძველი ჩვენ ქვეყანას არ ჰქონდა.

იმავე 1796 წელს, საქართველოდან დაბრუნებული პრემიერ-მაიორი ვერდერევსკი გენ. პორუჩიკს ვალ. ზუბოვს (ძმას პლ. ზუბოვისას) ერეკლე II-ის მიერ დანაბარებს ასე ატყობინებდა: «Возстановить единовластие и уничтожить уделы в Грузии Он (Ираклий) по старости лет, не может предоставляя всё в полную волю е. и. в., и полагая более всех надежду на внука своего царевича Давида, коего отправляет к армии...» (А. Цагарели, Грамоты..., II, вып. II, გვ. 152). ქართველი მეფე მართალი იყო, მას ისეთი დიდი პრობლემის გადაწყვეტა, როგორიც სახელმწიფოს ცენტრალიზაციაა, არ შეეძლო, არა მარტო იმიტომ, რომ იგი მოხუცებული იყო, არამედ მას სახელმწიფოში საკუთარი დასაყრდენი ძალები საამისოდ არ გააჩნდა. იმ ხანებში საქართველოში გადმოყვანილი რუსეთის სამხედრო ნაწილები კი ისე მცირე იყო, რომ მეფე გარეშე მტრებისაგან ქვეყნის დაცვას ძლივს ახერხებდა. როგორც მოტანილი ციტატიდან ჩანს, ქართველ მეფეს სახელმწიფოს ცხოვრებაში ასეთი დიდი გარდატეხის მოსახდენად მისი ენერგიული და განათლებული შვილიშვილის, დავით ბატონიშვილის ინიციატივა და რუსეთის ხელმწიფის ჩვენს შინაურ საქმეებში ჩარევა მიაჩნდა საჭიროდ.

მაგრამ აქვე უნდა აღინიშნოს, რომ თუ XVIII საუკუნის 80-იან და 90-იან წლებში თვითმპყრობელობას ამიერკავკასიაში ცენტრალიზებული საქართველოს სახელმწიფო აინტერესებდა და დაქუცმაცებულობის მოსპობას და ერთმანეთს შორის წინააღმდეგობის შეწყვეტას ურჩევდა ქართველ მეფე-მთავრებს, XIX საუკუნეში სულ სხვა გზას ადგა – ქართველ მეფე-მთავართა შორის არსებულ წინააღმდეგობებზე ხელს ითბობდა იმერეთში და ამ პოლიტიკური ერთეულების ლიკვიდაციას ამ გზით იადვილებდა (ამის შესახებ იხ. მ. დუმბაძე, დასავლეთ საქართველო XIX ს. პირველ ნახევარში).

მაგრამ დავუბრუნდეთ საკითხს. «უზენაესად მითითებულ საფუძვლებში», როგორც აღვნიშნეთ, რუსეთის სამეფო კარი დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს სამეფოების მტკიცე მეგობრული კავშირის დამყარებას გეგმავდა და ამით ამ ქვეყნების გარეშე მტერთაგან დაცვის სიძნელეების შემსუბუქებას ფიქრობდა. ასეთი არის ძირითადი შინაარსი იმ დოკუმენტისა, რომელიც ეკატერინე II-ის განკარგულებით კანცლერ ა. ბეზბოროდკოს ხელით დაიწერა თავად გრ. ა. პოტიომკინის სახელმძღვანელოდ, საქართველოში საქმეების მოსაგვარებლად.

სანამ თვით ტრაქტატის ტექსტის განხილვასა და მისი გაფორმების პროცესზე გადავიდოდეთ, მართებულად მიგვაჩნია ერთ საკითხზე მკითხველის ყურადღება შევაჩეროთ. რუსეთის სამეფო კარის დღის წესრიგში 80-იანი წლების დასაწყისში მარტო ქართლ-კახეთის სამეფოს საკითხი კი არ დგას, არამედ იმერეთის სამეფოს საკითხიც პარალელურად მზადდება და როგორც «უზენაესად მითითებულ საფუძვლებში», ისე შავად დაწერილ ტრაქტატის ტექსტში იმერეთის სამეფო და თვით მისი მეფე სოლომონ I ისევეა მოხსენებული, როგორც ქართლ-კახეთის სამეფო და მისი მეფე ერეკლე II.

ამ დოკუმენტების განხილვის შედეგად ისეთი აზრი იყო გავრცელებული, რომ თითქოს განზრახული იყო ტრაქტატის ერთსა და იმავე დროს დადება როგორც ერეკლე II-თან, ისე სოლომონ I-თან. ივ. ჯავახიშვილი ამის გამო წერს: «თავდაპირველად ისე იყო გადაწყვეტილი, რომ 1783 წ. ხელშეკრულება უნდა მთელ დასავლეთ-აღმოსავლეთ საქართველოსთან ყოფილიყო დადებული და ამ ხელშეკრულების შავად დაწერილი დედანი სწორედ ასეც არის შედგენილი: ყველგან იქ ერეკლე მეფის სახელის გვერდით და ქართლ-კახეთის სამეფოს მოხსენიების დროს დამატებულია «იმერეთის მეფე სოლომონ» და «იმერეთის სამეფო» (ივ. ჯავახიშვილი, დამოკიდებულება რუსეთსა და საქართველოს შორის XVIII საუკუნეში, 1919, გვ. 27). ასეთივე მოსაზრება გამოთქმული აქვს თვით ამ დოკუმენტის გამომცემელს პროფ. ალ. ცაგარელს: «Предполагалось заключить одновременно такой же Трактат и с царём Соломоном» (А. Цагарели, Грамоты..., II, вып. II, გვ. 32).

მაგრამ ასეთი დასკვნა მთლად მართებული არ უნდა იყოს. რუსეთის სამეფო კარი რომ იმერეთის სამეფოს მფარველობაში მიღებასაც გეგმავდა, ეს საეჭვო არ არის, მაგრამ იმავე 1783 წელს აპირებდა რუსეთი თუ არა იმერეთთანაც მფარველობითი ტრაქტატის გაფორმებას, ეს საეჭვოა და ამას დამტკიცება ესაჭიროება.

ჩვენი აზრით, «უზენაესად მითითებული საფუძვლები» და ტრაქტატის პროექტი კანცლერ ა. ბეზბოროდკოს ხელით დაწერილი უნდა იყოს არა უადრეს 1783 წლის იანვარ-თებერვლისა, ამის შესახებ ზემოთ კიდეც გვქონდა საუბარი. ჩვენს ხელთ არის გრ. ალ. პოტიომკინის მიერ ხელმოწერილი საიდუმლო ინსტრუქცია პოლკოვნიკ ს. დ. ბურნაშოვისადმი, 1783 წლის 3 აპრილით დათარიღებული. ბურნაშოვი იგზავნება გრ. პოტიომკინის კომისიონერად ქართველ მეფეებთან: «Царь Ираклий приемлется уже под высочайшую ея императорского в~ва протекцию, о чём с ним и трактат вскоре имеет быть заключён, но что принадлежит до царя Соломона, то есть ещё некия политическия обстоятельства, препинающие подобному и с ним постановлению. Сие однако не препятствует вам оказывать ему в полной мере благотворительное к нему ея императорского в~ва снисхождение, тем паче, открываются мирные сего владельца желания приобресть высочайшее... покровительство» (С. Н. Бурнашёв, Новые материалы для жизнеописания и деятельности С. Д. Бурнашёва, 1901, გვ. 1-2).

ამ დოკუმენტიდან ნათელი ხდება, რომ 1783 წლის აპრილში იმერეთთან ტრაქტატის დადება თუმცა პრინციპულად გადაწყვეტილია, მაგრამ ეს საკითხი ხელსაყრელ დროს უცდის, იგი პოლიტიკური გარემოებების გამო ბრკოლდება. იმავე 1783 წლის 3 აპრილის ორდერით გრ. პოტიომკინი გენ. პავლე პოტიომკინს სწერდა: «Ея императорскому в~ву благоугодно, чтобы после сего знаменитого для империи... дела (принятия под покровительство Грузии) примеру царя карталинского... мог подражать и царь Имеретинский Соломон... Но как некоторая зависимость его от Порты Отоманской заставляет удержаться произведением сего в действо, покуда не откроются удобные обстоятельства, способствовать утверждению преданности к российскому престолу имеретинского владетеля и его подданных» (Н. Дубровин, История войны..., т. II, 1886, გვ. 55).

აქ უკვე ყველაფერი გარკვეულია. 1783 წლის აპრილის დასაწყისში მხოლოდ ქართლ-კახეთის სამეფოსთან არის გადაწყვეტილი ტრაქტატის გაფორმება და არა მთელ საქართველოსთან.

მხოლოდ იმის შემდეგ, როცა ქართლ-კახეთის სამეფოსთან გაფორმდა ტრაქტატი, 1783 წლის 6 სექტემბერს სოლომონ I-მა წერილი გაუგზავნა პავლე პოტიომკინს და თხოვდა იმერეთიც მიეღო რუსეთს თავის მფარველობაში ქართლ-კახეთის ანალოგიურად. პ. პოტიომკინს საჩუქრები გაუგზავნია სოლომონისათვის და უთხოვია მისი რწმუნებული გაეგზავნა რუსეთში აღძრული საკითხის გამო მოსალაპარაკებლად.

მაგრამ პ. პოტიომკინს აღარ დაუცდია იმერეთის რწმუნებულისათვის და, რადგანაც საქართველოში საგანგებო დავალებით ერეკლე II-თან პოლკოვნიკი ტამარა იგზავნებოდა, მას დაავალა თბილისში საქმეების მოგვარების შემდეგ ქუთაისში გამგზავრებულიყო და იმერეთის მეფეს მოლაპარაკებოდა. რუსეთის ამ წარმომადგენელს ევალებოდა იმერეთის მეფის დარწმუნება იმაში, რომ რუსეთის დედოფალი მოწყალების თვალით უცქერის სოლომონს და მფარველობაში მიიღებს იმერეთს. მხოლოდ საჭირო იქნებოდა რუსეთის დედოფლის სახელზე თხოვნის გაგზავნა. თხოვნის პროექტი, რომელზედაც ხელი უნდა მოეწერა სოლომონ I-ს, თან გაატანეს პოლკოვნიკ ტამარას. ამ თხოვნის პროექტში მოცემული იყო ის მიზეზები, რომლის გამო ვითომ სოლომონი რუსეთის მფარველობას ეძიებდა. სოლომონს თხოვნაში უნდა დაეწერა, რომ იგი მძიმედ დაავადებულია და ავადმყოფობა მას ისე ხშირად უტევს, რომ ეშინია იმერეთის ტახტი ახლო მომავალში მცირეწლოვან და გამოუცდელ ტახტის მემკვიდრეთა ამარა არ დარჩეს. ამის გარდა მას სურს ქვეყანა იხსნას თურქების თარეშისა და ძარცვისაგან. ასეთ თხოვნაზე არა მარტო მეფეს და მისი ოჯახის წევრებს უნდა მოეწერათ ხელი, არამედ მისი ქვეშევრდომების ყველა წოდების წარმომადგენლებს.

ასეთი შინაარსის საბუთზე სოლომონ მეფეს ხელის მოწერა არ უსურვებია. მას შეურაცხყოფად მიუჩნევია დაეწერა – ფიზიკური უძლურების გამო ქვეყნის მართვა არ შემიძლია და რუსეთმა მიპატრონოსო, არც ის იურვა თურმე, რომ თხოვნაზე მასთან ერთად მის ქვეშევრდომებსაც მოეწერათ ხელი და ამაზე დიდხანს ჭირვეულობდა თითქოს.

ბოლოს სოლომონს თხოვნა დაუწერია, მაგრამ მისი ფიზიკური უძლურებისა და ტახტის მემკვიდრეების მცირეწლოვანებაზე იქ არაფერია ნათქვამი. იგი თურქეთის ძალმომრეობას უჩივის და რუსეთის დედოფალს მფარველობაში მიღებას თხოვს იმავე წესით, როგორც ქართლ-კახეთის სამეფო იქნა მიღებული. საბუთს ხელს აწერენ მეფე სოლომონ, ორი დავით ბატონიშვილი, გურიის მთავარი გიორგი, მისი შვილები სიმონ და ვახტანგი, თავადები, მიტროპოლიტები, ეპისკოპოსები და მრავალი აზნაური. ამ საბუთის გასაფორმებლად 1784 წლის 4 მარტს ქუთაისში თავი შეუყრიათ იმერეთის სამეფოს წოდებათა წარმომადგენლებს (აქ მოცემული ცნობები იმერეთის შესახებ ამოვკრიბეთ ნ. დუბროვინის ნაშრომიდან «История войны и владычества русских на Кавказе», 1886, т. II, გვ. 53-57).

დღემდე გამოცემულ საბუთებში არ ჩანს, რატომ მოითხოვდა რუსეთის სამეფო კარი სოლომონ მეფისაგან რუსეთის დედოფლის სახელზე საგანგებო რედაქციის და უჩვეულო წესით გაფორმებული დოკუმენტის გაგზავნას პეტერბურგში. ამასთან დაკავშირებით ზედმეტი არ იქნებოდა გამოითქვას ზოგიერთი მოსაზრება.

ზემოთ ჩვენ არაერთხელ აღნიშნული გვქონდა, რომ XVIII საუკუნის 80-იანი წლების დასაწყისისათვის რუსეთის საგარეო პოლიტიკის დღის წესრიგში თურქეთის საკითხი სხვა რიგად დაისვა და თურქეთის ხარჯზე მნიშვნელოვანი პრობლემები უნდა გადაწყვეტილიყო. იმერეთის სამეფო თურქეთის ხელქვეითი პოლიტიკური ერთეული იყო და, რაც მთავარია, ეს ფაქტი თვით რუსეთის ხელისუფლებამ დაადასტურა ქუჩუკ-ყაინარჯის ხელშეკრულებით. მაგრამ რაკი ამიერკავკასიის ქრისტიანული სახელმწიფოების თურქთა ბატონობისაგან განთავისუფლების საკითხი დაისვა, სხვა დიდ პრობლემასთან დაკავშირებით, და იგი მახლობელ წლებში უნდა გადაწყვეტილიყო, საჭირო იქნებოდა ისეთი მოტივირებული საბუთის ხელთ ქონება, რომლითაც იმერეთის სამეფოზე მფარველობის პრეტენზიები გამართლდებოდა. ასეთი მოტივები უნდა იყოს იმერეთის მეფის მიერ დაავადების გამო ქვეყნის მართვაზე უარის განცხადება, ტახტის მემკვიდრეთა მცირეწლოვანობა, თურქთა განუწყვეტელი თარეშები, სამეფოში არსებული ყველა წოდების წარმომადგენლებისა და თვით მეფის რუსეთის მფარველობაში შესვლის სურვილი და რადგანაც ქუჩუკ-ყაინარჯის ხელშეკრულებით რუსეთის სახელმწიფომ თურქეთ-იმერეთის ურთიერთობაში ჩარევის უფლება თვით თურქეთის დასტურით მოიპოვა, ხომ არ ფიქრობდა რუსეთის დიპლომატია, რომ იმერეთიდან ზემოაღნიშნული შინაარსისა და ფორმის თხოვნა თურქეთის სამეფო კარზე გასამართლებლად გამოდგებოდა?

ასეთი კითხვის დაყენება მართებულად გვეჩვენება იმიტომაც, რომ, ჯერ კიდევ 1782 წლის დეკემბერში, იმერეთის მეფის სოლომონ I-ის მიმართვის გამო, რუსეთის დედოფლის განკარგულებით, თურქეთის სულთანის კარზე მყოფ რუსეთის რეზიდენტს ბულგაკოვს პეტერბურგიდან სწერდნენ: «При донесении нам имеретинского владетеля Соломона о намерении Порты Отоманской строить крепость в землях его и о присылке для того нарочного от нея чиновника – прибегнул он к нашему покровительству. Двадцать третьим артикулом Кайнарджийского трактате выговорены были в пользу грузинцев разныя выгоды и, имянно, чтоб Порта оставила их в покое. Мы, снизходя на прозбу имеретинского владетеля, повелеваем вам... чинить сильное заступление, как за таких владетелей, в сохранении коих в защищении от всяких обид, по единоверию... мы не можем быть не интересованы» (А. Цагарели, Грамоты..., т. II, вып. II, გვ. 29-30).

ასეთ ვითარებაში მიმდინარეობდა იმერეთთან ურთიერთობა 1783 წლის ტრაქტატის დადების წინ და ტრაქტატის დადების შემდეგ. 1784 წლის 23 აპრილს სოლომონი გარდაიცვალა. იმერეთში მდგომარეობა შეიცვალა, თუმცა რუსეთზე ორიენტაციის პოლიტიკა ძველი დარჩა. მაგრამ აღმოსავლეთ საქართველოში 1783 წლის შემდგომ მიმდინარე ამბებმა რუსეთის სამეფო კარი დააფიქრა და იმერეთის მფარველობის საკითხის გადაწყვეტა დროებით შეაჩერა, ხოლო შემდეგ რუსეთის საგარეო პოლიტიკის დღის წესრიგიდან კარგა ხანს მოიხსნა კიდეც. მოტანილი მასალის საფუძველზე ჩვენ იმ დასკვნამდე მივდივართ, რომ იმერეთის სამეფოსთან მფარველობითი ტრაქტატის დადება და გაფორმება რუსეთის ხელისუფლებას უფრო გვიან ჰქონდა განზრახული, ვინემ ქართლ-კახეთის სამეფოსთან.

* * *

1783 წლის მფარველობითი ტრაქტატი ორი ძირითადი ნაწილისაგან შედგება. პირველი ნაწილი 13 მუხლს ანუ «არტიკულს» შეიცავს. ტექსტში აღნიშნულია, რომ რუსეთისა და ქართლ-კახეთის რწმუნებულებმა «დაადგინეს და დაამტკიცეს, და მოაწერეს შემდგომთა არტიკულთა და წევრთა»-ო და ამას მიჰყვება ცალკეულად ჩამოყალიბებული 13 მუხლი, სადაც გათვალისწინებულია რუსეთისა და ქართლ-კახეთისათვის სავალდებულო პირობები. 13-ე მუხლის დასასრულს ხელს აწერენ რუსეთისა და საქართველოს რწმუნებულები «პავლე პოტიომკინი, თავადი იოანე ბაგრატიონი, თავადი გარსევან ჭავჭავაძე».

ტრაქტატის მეორე ნაწილი ახალი შესავლით იწყება და ოთხი საგანგებო მუხლისაგან შედგება. ტექსტში ამ მუხლების შესახებ ნათქვამია: «უმჯობესისათვის სარგებლისა ჩუჱნისა დაიმტკიცნენ ოთხი ს ე პ ა რ ა ტ ი ს ა | ა რ ტ ი კ უ ლ ნ ი ო»-ო. ეს ოთხი საგანგებო მუხლი («სეპარატისა არტიკული») 1783 წლის ტრაქტატის განუყრელი ნაწილია, მაგრამ ძირითადი ტექსტისაგან განცალკევებული, და ისეთივე ძალა აქვთ, როგორც პირველი ნაწილის მუხლებს. ტექსტში ამის შესახებ ნათქვამია: «ამათ სეპარატისა არტიკულთა აქვსთ ესე ვითარივე ძალი, ვითარცა თვით ზემოწერილნი იგი ტრაქტატნი ზემოწერილისამებრ ლექსითა ლექსად შემოყვანილ ქმნილიყუნენ, რომლისათვისცა სრულყოფასა ამისსა იგივე პაემანი აქვს შეცუალებასა ზედა ანუ დართვასა». მეოთხე «არტიკულის» დასასრულს რწმუნებულთა ხელრთვა და ბეჭდებია, პოტიომკინის, ბაგრატიონისა და ჭავჭავაძის.

როგორც ჩანს, ეს მეორე ნაწილი, «სეპარატისა არტიკულთა» შემცველი, 1783 წლის ტრაქტატის საიდუმლო ნაწილია და მისი გამოქვეყნება არ შეიძლებოდა. და მართლაც XVIII საუკუნის 80-იან წლებში რუსეთის საგარეო საქმეთა კოლეგიის მიერ გამოცემული 1783 წლის ტრაქტატის ტექსტში «სეპარატის არტიკულები» დაბეჭდილი არ არის. იგი არ არის არც რუსეთის კანონთა სრული კრებულის 1831 წლის გამოცემაში. განვიხილოთ ტრაქტატის შინაარსი თანამიმდევრულად.

რა ევალება ქართველ ხელისუფალს მფარველობითი ხელშეკრულების მუხლების ძალით? ტრაქტატის პირველი ნაწილის 1-ლი არტიკულის ძალით ქართლ-კახეთის მეფე არ ცნობს არც ერთი სახელმწიფოს უზენაეს უფლებას თავის სამეფოზე «თვინიერ უზენაესის ჴელმწიფისა და მფარველობისა მისის იმპერატორობის დიდებულებისა და მაღალთა მისთა მემკვიდრეთა და მონაცუალეთა სამეფოსა ტახტისა ყოვლისა რუსეთისაო». ამ თავისი ახალი მდგომარეობის შესახებ ქართლ-კახეთის სამეფო აუწყებს მსოფლიოს. ამის შესახებ 1-ლ მუხლში ნათქვამია: «ამას ცხადჰყოფს წინაშე პირსა ყოვლისა სოფლისასა».

ამავე მუხლში აღნიშნულია, რომ ქართლ-კახეთის მეფე მარად ჟამს რუსეთის ტახტის ერთგული იქნება და რუსეთის სასარგებლოდ იმოქმედებს ყოველთვის და ყოველგან, სადაც ეს საჭირო იქნება: «შეწევნისათვის სარგებელისა... ყოველსა შინა შემთხუევასა და დროსა სადაცა ესე ითხოვებოდეს მისდამი».

მე-3 არტიკულში აღნიშნულია, რომ ქართლ-კახეთის მეფე ვალდებულია მემკვიდრეობის წესით მისი ტახტზე ასვლა ელჩების საშუალებით რუსეთის საიმპერატორო კარს აცნობოს და ამასთანავე ითხოვოს რუსეთის იმპერატორისაგან მეფედ დამტკიცება და სამეფო ნიშნების გამოგზავნა, როგორიც არის სიგელი, დროშა, ხმალი, «კვერთხი საბრძანებელი, მანტია, ანუ წარმოსასხმელი ყარყუმისა». ამ სამეფო ნიშნების მიღების შემდეგ, რუსეთის რეზიდენტის თანდასწრებით, ქართველმა მეფემ ფიცი უნდა მიიღოს რუსეთის იმპერატორის ერთგულებაზე, თანდართული ფიცის ტექსტის მიხედვით. ამ რიტუალის შესრულება სავალდებულო იყო თვით ერეკლე II-თვისაც.

მე-4 არტიკულის ძალით ქართველი მეფე შეზღუდულია საგარეო ურთიერთობების სფეროში. რუსეთის რეზიდენტთან შეთანხმების გარეშე მეზობელ სახელმწიფოებთან მიმოწერა არ ექნება. უცხოელ ელჩებთან მოლაპარაკებაც რუსეთის წარმომადგენლებთან შეთანხმების გარეშე არ უნდა მოხდეს.

მე-7 არტიკულის ძალით ქართველი მეფე მზად უნდა იყვეს თავისი ჯარით რუსეთის ხელმწიფის სამსახურისათვის: «რათა იყოს ნიადაგ მზა სამსახურსა ზედა... მხედრობითა თვისითა». რუსეთის მეფის მიერ დანიშნული უფროსების წინადადებებს უნდა ასრულებდეს ქართველი მეფე იმ საქმეების აღსრულების დროს, რომელიც რუსეთს შეეხება უშუალოდ. ამასთანავე ქართველი მეფე რუსეთის ქვეშევრდომებს შევიწროვებისა და შეურაცხყოფისაგან დაიფარავს. ქართველმა მეფემ თავის სამფლობელოში ამა თუ იმ პიროვნების დაწინაურების, ანუ თანამდებობაზე დანიშვნის დროს მხედველობაში უნდა მიიღოს ამ პიროვნების დამსახურება რუსეთის იმპერიის წინაშე, ე. ი. ქართლ-კახეთის სამეფოში საპასუხისმგებლო თანამდებობებზე უნდა დააწინაუროს რუსეთზე ორიენტირების მომხრე პირები.

10-ე არტიკულის ძალით ქართველ მეფეს ევალება ტყვეობიდან სხვადასხვა საშუალებით გამოხსნილი რუსეთის ქვეშევრდომების სამშობლოში დაბრუნება. 11-ე არტიკულით ქართველი მეფე თავის სამფლობელოში ხელს შეუწყობს რუსეთის ვაჭრებს, აგრეთვე გზას მისცემს მათ სხვა ქვეყნებში.

ტრაქტატის მეორე ნაწილის 1-ლი «სეპარატისა არტიკულით» ქართლ-კახეთის მეფე ერეკლე II მეგობრულ ურთიერთობაში უნდა იყოს იმერეთის მეფე სოლომონთან, და თუ მათ შორის რაიმე მიზეზის გამო ურთიერთობა გამწვავდება, არბიტრად რუსეთის დედოფალი გამოვა და დავას იგი გადაწყვეტს.

მე-3 «სეპარატისა არტიკულის» ძალით, რუსეთის ხელისუფლებას შეუძლია ქართლ-კახეთის მეფის სამხედრო ნაწილების გაწვევა საქართველოს საზღვრების გარედაც, მაგრამ რუსეთის ულუფით და ხარჯით. საქართველოს სამფლობელოების დასაცავად წარმოებული ბრძოლების დროს მოკავშირეთა ჯარების მოქმედება რუსეთის სათანადო სარდლობასთან იქნება შეთანხმებული ქართველი მეფის მიერ. ასეთია 1783 წლის ტრაქტატის მუხლებით გათვალისწინებული ქართლ-კახეთის ხელისუფალის ვალდებულებანი. მაგრამ რა უფლების მატარებელია ქართლ-კახეთის მეფე თავის სამფლობელოში ამავე ტრაქტატის ძალით? ქართველი ხელისუფალი მეფეა, მემკვიდრეობის წესით ტახტზე ასული. მას, ამ შემთხვევაში პერსონალურად ერეკლე II-ს და მის შთამომავლობას, ქართლ-კახეთის სამეფო ტახტზე მფარველობს რუსეთის ხელმწიფე: «Ея императорское величество приемля..., верховной ея власти и покровительства... обещает имянем своим... Светлейшего царя Ираклия Теймуразовича и его дому наследников и потомков сохранять безпременно на царстве Карталинском и Кахетинском» (იხ. არტიკული VI). როგორც ვხედავთ, აქ გათვალისწინებულია ქართველი მეფის ორი წინადადება. პირველი: «რათა ეგოს მეფობა ქართლისა და კახეთისა უცვალებელად, ვითარცა პირველ ყოფილა და აწ არს, მაგრა მორჩილებასა ქვეშე და მსახურებასა მისის იმპერატორობის დ~ბის რუსეთის მონარხისასა» (А. Цагарели, Грамоты..., II, вып. I, გვ. 91). მეორე წინადადება 1782 წლის დეკემბრის თარიღით გაგზავნილ «სათხოვრის პუნქტებში» იყო მოცემული: «ქართლი ძველადაც ჩემის პაპების სამკვიდრო იყო... მე ჩემის ყ~დ მოწყალის ჴელმწიფისაგან ამ წყალობას ვითხოვ, ჩემი ძველთაგან პაპების სამკვიდრო და ჩემგან ამდენის გარჯით და ღვაწლის დადებით აშენებული ქუჱყანა ჩემს შვილებსა და შთამომავლობას არ დაეკარგოს და არ მოეშალოს და საბოლოოთ ისე დაუმტკიცდესთ... და ეს მათის დიდებულების ჩვენზე და ჩუჱნს ჩამომავლობაზედ მოწყალება გამოცხადებულ იყოს, რომ უჭკუოს ბაქარის შვილს ალექსანდრესავით გამოჩნდეს ვინმე უმეცარი ხალხი არ აჰყვეს» (ЦВИА, პოტიომკინის ფონდი, კონა # 3, საქმე # 6, ფურც. 27). მაშასადამე ქართლ-კახეთის სამეფო არასოდეს არ გაიყოფა ცალკე სამეფოებად და იგი მთლიანად რჩება კახელი ბაგრატიონების შთამომავლობას ერთმეფობით და ტახტზე ასვლის მემკვიდრეობითი წესით. 

ქართლ-კახეთის სამეფოს მთლიანობაში რუსეთის მაშინდელი ხელისუფლება დაინტერესებული ყოფილა. 1783 წლის მაისში საგანგებოდ საქართველოში გამოგზავნილ პოდპოლკოვნიკ ტამარას ასე მოძღვრავდა პ. ს. პოტიომკინი: «Рекомендую объясняясь с царём Ираклием о содержании трактата, упомянуть, если подлинно сие есть его намерение, что слава его дел, его имени и польза его народа требуют того, чтоб область его соединённую навсегда осталась. Прямое сведение ваше по сеи статье и объязательства откроют, должно-ли будет при заключении трактата составить о сем сепаратный артикул» (Н. Дубровин, История войны..., т. II, გვ. 5). როგორც 1783 წლის ტრაქტატის ორივე ნაწილიდან ჩანს, ქართლ-კახეთის მთლიანობის დასაცავად საგანგებო არტიკულის შედგენა საჭირო არ ყოფილა. ერეკლე ალბათ თავისი სამეფოს მთლიანობის მომხრე იყო და პოდპოლკ. ტამარა დარწმუნდა, რომ საგანგებო არტიკულის შეტანა ტრაქტატში საჭირო არ იყო.

რუსეთის მფარველობაში მყოფი ქართლ-კახეთის მეფე, ტრაქტატის მე-6 მუხლის ძალით, შინამმართველობაში რუსეთისაგან სრულიად დამოუკიდებელია: «Власть со внутренним управлением сопряжённую, суд и разправу, и сбор податей предоставить его светлости царю в полную его волю и пользу, запрещая своему военному и гражданскому начальству вступаться в какия-либо распоряжения».

ტრაქტატმა ქართველი ხელისუფალი შეზღუდა მხოლოდ საერთაშორისო უფლებებში. აქ სხვა გამოსავალი არც იყო. რაკი ქართლ-კახეთის სამეფოს დაცვას რუსეთი კისრულობდა, იგი ამ სამეფოს საგარეო ურთიერთობების საქმის კურსში უნდა ყოფილიყო და ქართველ ხელისუფალს მეზობელ სახელმწიფოებთან ურთიერთობის საკითხები რუსეთის სათანადო რწმუნებულთან უნდა შეეთანხმებინა. ისე კი, ქართველ მეფეს, საერთაშორისო ურთიერთობების უფლება არ ერთმეოდა, მიწერ მოწერა, ელჩების გაგზავნა და მიღება ქართველი მეფის სახელით ხდებოდა. ქართლ-კახეთის სამეფოს მტრები რუსეთს თავის მტრად უნდა ეცნო და, რადგანაც საქართველოს ისტორიულ მტრებად თურქეთი და სპარსეთი იყო ცნობილი, ტრაქტატის მე-6 მუხლში გარკვევითაა ნათქვამი: «... и следовательно неприятелей их признавать за своих неприятелей, чего ради мир с Портою Отоманскою, или Персиею, или иною державою и областию заключаемый, должен распространяться и на сии покровительствуемые ея величеством народы».

ქართველი თავადი, აზნაური და ვაჭარი, ტრაქტატის სათანადო მუხლების ძალით, გათანაბრებული არიან რუსეთის იმპერიის თავადთან, აზნაურთან და ვაჭართან, და იმავე უფლებებით სარგებლობენ, რაც რუსეთში აქვთ ხსენებული სოციალური ფენების წარმომადგენლებს. მე-9 არტიკულში საგანგებოდ არის აღნიშნული: «... простирая милость свою к подданным его светлости царя, князьям дворянам, ея императорское в~во установляет, что оные во всероссийской империи будут пользоваться всеми теми преймуществами и выгодами, кои российским благородным присвоены...». ტრაქტატის იმავე მუხლის ძალით ქართველ მეფეს დაევალა საქართველოს «კეთილშობილი» გვარების სიის შედგენა და რუსეთის სამეფო კარისათვის წარდგენა.

ქართლ-კახეთის ვაჭრების შესახებ კი 11-ე არტიკულშია საგანგებოდ საუბარი: «Купечество Карталинское и Кахетинское имеет свободу отправлять свои торги в России, пользуяся теми же правами и преймуществами коими природные российские подданные пользуются...».

მე-8 არტიკული განსაზღვრავს საქართველოს ეკლესიის მეთაურის – კათალიკოსის უფლებას. იქ აღნიშნულია, რომ ქართლის კათალიკოსი გათანაბრებულია რუსეთის მღვდელ-მთავრებთან, მაგრამ მე-8 ხარისხის არის: «რათა აქუნდეს ადგილი რიცხვთა შორის მღუდელმთავართასა მერვესა შინა ხარისხსა, ესე იგი არს შემდგომად ტობოლსკისა». ამასთანავე ქართლის კათალიკოსს რუსეთის «უწმინდესი სინოდის» წევრობა მიუბოძეს, ხოლო საქართველოს ეკლესიის მართვა-გამგეობისა და რუსეთის სინოდთან მისი დამოკიდებულების შესახებ იმავე მე-8 არტიკულში აღნიშნულია: «ხოლო მართებისათვის საქართველოჲსა ეკლესიათასა და მიწერ-მოწერათასა, თუ ვითარ სათანადო არს რუსეთისა სინოდისადმი, ამისთვის უკუჱ დაიწერების სხვა არტიკული». 

ქართველი მეფე 1771 წელს, ხოლო მისი ელჩები 1773 წელს, რუსეთის მფარველობაში შესვლის პირობების ჩამოთვლის დროს ეკლესიის შესახებ წერდნენ: «ეგრეთ კათალიკოზიცა ეგოს განწესებისავე შინა თვისსა უცვალებელადო». ეს იმას ნიშნავს, რომ კათალიკოსის თანამდებობა უნდა დარჩენილიყო საქართველოში ისევე, როგორც მეფობა რჩებოდა საქართველოში. მაგრამ იცოდნენ თუ არა მაშინდელ საქართველოში რუსეთის ეკლესიის მართვა-გამგებლობის სტრუქტურა? თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომ საქართველოდან თეიმურაზ II-ის მიერ 50-იან წლებში გაძევებული ანტონ კათალიკოსი წლების განმავლობაში ცხოვრობდა რუსეთში, და იქ მღვდელმთავრობდა, უნდა დავასკვნათ, რომ ჩვენში მაშინ რუსეთის ეკლესიის მართვა-გამგებლობის თავისებურება კარგად იცოდნენ. ანტონი ალბათ უშუალო მონაწილე იყო იმ თათბირისა, სადაც «მფარველობაში შესასვლელი პირობების» განხილვა ხდებოდა, იმის გარდა, რომ ეს დოკუმენტი მისი ხელრთვით წარედგინა რუსეთის სამეფო კარს.

როგორც ცნობილია, პეტრე I-მა რუსეთის ეკლესია სახელმწიფოს დაუმორჩილა. დრო იყო, როცა რუსეთის ეკლესიის პატრიარქი ნიკონი ცეზარო-პაპისტულ იდეებს ავრცელებდა და პატრიარქის უფლებას მეფის უფლებაზე მაღლა აყენებდა, თავის თავს სრულიად რუსეთის ხელმწიფეს უწოდებდა. რუსეთის ბოიარებმა ვერ მოითმინეს სასულიერო ფეოდალების გაბატონება სახელმწიფოში და ნიკონი დასცეს. ამის შემდეგ რუსეთის ეკლესია ერთხანს თავის ჩარჩოში იმყოფებოდა, მაგრამ მაინც საგრძნობ ძალას წარმოადგენდა სახელმწიფოში. პეტრე I-მა კი პატრიარქატი გააუქმა რუსეთში და ე. წ. სინოდი დააწესა, რომელშიც რუსეთის მღვდელმთავრების ნაწილი შეიყვანა, ხოლო თვით სინოდის სათავეში საერო ხელისუფლების წარმომადგენელი ე. წ. «უწმინდესი სინოდის ობერ-პროკურორი» დააყენა. ამ გზით უძლიერესი და უმდიდრესი ფეოდალი – მფლობელი (სახელმწიფოში სახელმწიფო) საერო ხელისუფლებას დაუქვემდებარა. რუსეთის ეკლესიის ისტორიიდან ეს მცირე ექსკურსი იმისათვის დაგვჭირდა, რომ 1783 წლის ტრაქტატის მე-8 არტიკული უაღრესად საყურადღებო პარაგრაფი ჩანს. ამ პარაგრაფით პროგრესული ნაბიჯის გადადგმა იგეგმებოდა საქართველოში, მაგრამ სანამ ამ საკითხს შევეხებოდეთ, საჭირო იქნება თვით ამ მე-8 პარაგრაფის ორი ვარიანტის განხილვა. 1783 წლის ტრაქტატის პროექტში მე-8 პარაგრაფი ასეა ჩამოყალიბებული: «... Ея императорское величество соизволяет чтобы католикос, или первенствующий архиепископ их пользовался местом и степенью в первом классе российских архиреев, уступая только Киевскому, Новгородскому, Московскому и С.-Петербургскому и первенствуя перед всеми архиепископами второго класса» (А. Цагарели, Грамоты..., II, вып. II, გვ. 37). გეორგიევსკში ხელმოწერილ ტრაქტატში კი ვკითხულობთ: «Ея императорское величество соизволяет, чтобы католикос или начальствующий архиепископ их состоял в числе русских архиреев в восьмой степени, имянно после Тобольского, всемилостивейше жалуя ему на всегда титул святейшего синода члена; о управлении же грузинские церкви и отношении, каковое долженствует быть к Синоду Российскому, о том ставится особливый артикул». განსხვავება, რაც ტრაქტატის პროექტის და დამტკიცებული ტრაქტატის მე-8 მუხლებს შორისაა, სხვა მუხლებს არ ახასიათბს. პროექტით ქართლის კათალიკოსი პირველი ხარისხის მღდელმთავრებს შორისაა და ამათში მე-5 ადგილი უჭირავს, ხოლო პირველი ადგილი – მეორე ხარისხის მღვდელმთავრებს შორის. დამტკიცებულ ტრაქტატში კი კათალიკოსი მე-8 ადგილზეა გადაყვანილი და ისიც ტობოლსკელი ეპისკოპოსის შემდეგი ადგილი აქვს დათმობილი. როგორც ვხედავთ, კათალიკოსი ძალიან დაქვეითებულია აქ. მაგრამ ამაზე როდი მთავრდება დამტკიცებულ ტრაქტატში საქართველოს ეკლესიის საკითხი. რომ მე-8 ადგილი საწყენად არ დარჩენოდა ქართველ მღვდელმთავარს, იგი ე. წ. «უწმინდესი სინოდის» წევრი გახადეს სამუდამოდ. მართალია, სინოდის წევრობა საპატიო ტიტული იყო რუსეთში, რადგანაც იქაური ყოველი მღვდელმთავარი სინოდის წევრი არ იყო, მაგრამ სახელმწიფოსაგან დამოუკიდებელი კათალიკოსისათვის რუსეთის სინოდის წევრობა ხომ არ მოასწავებდა იმავე ოპერაციის ჩატარებას საქართველოში, რომელიც პეტრე I-მა ჩაატარა რუსეთში 1722 წელს?

რომ ქართველ ხელისუფალთან მოლაპარაკების შემდეგ ქართული ეკლესიის მმართველობის რეფორმა დაგეგმილი იყო, ეს იქიდანაც ჩანს, რომ დამტკიცებული ტრაქტატის მე-8 მუხლის ბოლოში საუბარია საქართველოს ეკლესიის მმართველობის შესახებ მომავალში სხვა საგანგებო არტიკულის შედგენასა და დამტკიცებაზე. ამ პარაგრაფის ასეთი სახით შედგენა ყოვლად შეუძლებელია საქართველოს სამეფო კართან შეთანხმების გარეშე მომხდარიყო. ეტყობა პირველ ხანებში ერეკლესა და მის მრჩევლებს მოეწონათ სახელმწიფოსადმი ეკლესიის დაქვემდებარების გეგმა და ამაზე თანხმობა განაცხადეს. ტრაქტატის პროექტშიაც ცვლილება იქნა შეტანილი. მაგრამ საქმე ის იყო, რომ საეკლესიო «თავადის» (კათალიკოს-პატრიარქის) ცალკეულად დამორჩილება არ ხერხდებოდა, ეკლესია უბრძოლველად თავის უფლებებს არ დათმობდა. ერეკლე II-ის რუსეთზე ორიენტირების პოლიტიკის თავგამოდებული დამცველი ქართული ეკლესიის მტრად მოკიდება არც ისე იოლი საქმე იყო. ამხედრებულ ეკლესიას მხარდამჭერი საქართველოში არ გამოელეოდა სათავადოების სისტემის ბურჯების სახით. ეტყობა, ერეკლემ საეკლესიო რეფორმის სიძნელე ტრაქტატის დამტკიცების შემდეგ იგრძნო, ასეთი დიდი საქმის წამოწყება ვეღარ გაბედა და უკან დაიხია. როგორც საარქივო მასალებიდან ჩანს, ქართული ეკლესიის ხელუხლებლად და დამოუკიდებლად დატოვება უთხოვია ერეკლეს ტრაქტატზე ხელის მოწერის შემდეგ და მისი ეს თხოვნა დაუკმაყოფილებიათ (Н. Дубровин, История войны..., т. II, გვ. 9). არავითარი საგანგებო არტიკული ეკლესიის მართვა-გამგებლობის შესახებ, არ შეუდგენიათ. ერეკლე ქართლ-კახეთის სამეფოში სათავადოების სისტემის წინააღმდეგ ბრძოლის დაწყებას იქნებ ფიქრობდა, მაგრამ შემდეგი დროის მოვლენებმა დაარწმუნეს იმაში, რომ მას ასეთი დიდი საქმის წამოსაწყებად ძალა არ ეყოფოდა, არსებულ მდგომარეობას იძულებით ურიგდებოდა და იგი მომავლის საქმედ ჰქონდა წარმოდგენილი, რომელსაც სათავეში მისი განათლებული შვილიშვილი დავით ბაგრატიონი თუ ჩაუდგებოდა. «Возстановить единовластие и уничтожить уделы в Грузии он (Ираклий) по старости лет не может предоставляя всё в полную волю е. и. в., и полагая более всех надежду на внука своего царевича Давида...» (А. Цагарели, Грамоты..., т. II, вып. II, გვ. 152).

ყურადღების ღირსია ტრაქტატის პირველ მუხლში ის დებულება, რომ ქართლ-კახეთის მეფე ვალდებულია მსოფლიოს წინაშე განაცხადოს მისი ვასალური დამოკიდებულებისგან განთავისუფლება. აქ ორი საკითხია გასარკვევი: 1) რა სახის დამოკიდებულება დამყარდა ტრაქტატის ძალით ქართლ-კახეთის სამეფოსა და რუსეთს შორის და 2) რატომ უნდა განაცხადოს ქართველმა მეფემ მსოფლიოს წინაშე რომ იგი ვასალური დამოკიდებულებისაგან თავისუფლდება.

თუ რა სახის დამოკიდებულება დამყარდა ქართლ-კახეთის სამეფოსა და რუსეთს შორის, ასეთი საკითხი კარგა ხანია რაც დაისვა როგორც ქართულსა და რუსულ ისტოროგრაფიაში, ისე უცხოეთშიც. ივ. ჯავახიშვილი 1919 წელს გამოცემულ თავის პატარა ნაშრომში «დამოკიდებულება რუსეთსა და საქართველოს შორის 18-ე საუკუნეში» შეეხო ამ საკითხს. იგი მიმოიხილავს ბრიუსელის უნივერსიტეტის პროფესორის ერნსტ ნვისის, ბერლინის უნივერსიტეტის პროფესორის ფონ ლისტის, ზ. ავალიშვილისა და მ. ხელთუფლიშვილის მოსაზრებებს 1783 წლის ტრაქტატით რუსეთსა და საქართველოს შორის დამყარებული ურთიერთობების შესახებ და დაასკვნის: «1783 წ. ხელშეკრულება თვით ხელშემკვრელ მხარეებს «მფარველობითი მოკავშირეობის» ტრაქტატად მიაჩნიათ და ჩვენ არავითარი უფლება არა გვაქვსგვერდი ავუხვიოთ მათს ცხადად გამომთქმელს ან ნებისყოფას და იმ ზოგიერთი განსხვავების გამო, რომელიც თანამედროვე მეცნიერებასა და მაშინდელ უფლებრივ შეხედულებათა შორის არსებობს, 1783 წ. ხელშეკრულება სხვა თვისების საბუთად ჩავთვალოთ» (ივ. ჯავახიშვილი, დამოკიდებულება რუსეთსა...,გვ. 32). ივ. ჯავახიშვილი სავსებით სამართლიანად აქცევს ყურადღებას პროფ. ალ. ცაგარელის მიერ გამოქვეყნებულ «უზენაესად მითითებულ საფუძვლებს», რომელზედაც ზემოთ არაერთხელ გვქონდა საუბარი. აქ მართლაც პირველ მუხლში აღნიშნულია: «Мнение ея величества было... заключить с грузинскими царями с о ю з н ы й \ т р а к т а т, \ н е \ и м е н у я \ и х \ п о д д а н н ы м и, \ н о \ с о ю з н и к а м и, \ о т \ и м п е р и и \ в с е р о с с и й с к о й \ п о к р о в и т е л ь с т в у е м ы м и». და მართლაც ტრაქტატში ქართველი მეფე და მისი ხელქვეითნი არსად არ იხსენიებიან რუსეთის ქვეშევრდომებად. ტრაქტატის შესავალ ნაწილში ვკითხულობთ: «Ея императорское в~во... всемилостивейше восхотела постановить и заключить с помянутым светлейшим царём д р у ж е с т в е н н ы й \ д о г о в о р». მეექვსე არტიკულში საქართველოს შესახებ ერთგან ნათქვამია: «Народы тех царств п о ч и т а т ь \ п р е б ы в а ю щ и м и \ в \ т е с н о м \ с о ю з е \ и \ с о в е р ш е н н о м \ с о г л а с и и \ с \ и м п е р и е ю \ е я...».

საკმარისია შევადაროთ 1783 წლის ტრაქტატი 16-17-ე საუკუნეების რუსეთ-საქართველოს შორის დამყარებული ურთიერთობების ამსახველ საბუთებს, რომ სავსებით დავრწმუნდეთ ივ. ჯავახიშვილის მოსაზრების საფუძვლიანობაში. XVI-XVII სს. რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების საბუთებს შორის ამჟამად ჩვენს ყურადღებას იქცევს ქართველი მეფეების მიერ ხელმოწერილი ფიცის წიგნები «Крестоцеловальные записи», რუსეთის მეფეების მიერ გამოგზავნილი «Жалованные грамоты» და რუსეთის ელჩების ე. წ. «მუხლობრივი აღწერილობები». ამ ძეგლებიდან კარგად ჩანს, რომ «ფიცის წიგნხე» ხელის მომწერი ქართველი მეფეები (ალექსანდრე II და თეიმურაზ I), რუსეთის იმ დროის პოლიტიკოსის გაგებით, იურიდიულად რუსეთის მეფის «холоп»-ები არიან. ზოგიერთ საბუთში ამ ტერმინის ნაცვლად «подданный» იხმარება, ე. ი. ქვეშევრდომი. «ხოლოპი» «ყმას» ანუ «ვასალს» შეესატყვისება. მიხეილ თეოდორეს ძე რომანოვის «წყალობის სიგელში», რომელიც კახეთის მეფეს თეიმურაზ I-ს ებოძა, «ფიცის წიგნზე» ხელის მოწერის შემდეგ, აღნიშნულია: «Теймуразу царю и сыну его царевичу Давиду: ... быти под нашею... высокою рукою в п о д д а н с т в е на веки неоступным» (ამ ტერმინების შესახებ იხ. ი. ცინცაძე, ძიებანი რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების ისტორიიდან X-XVI სს., გვ. 294-314).

«ფიცის წიგნი», რომელზედაც ქართველი მეფე ხელს აწერდა 16-17-ე საუკუნეებში და «წყალობის სიგელი», რომელსაც მოსკოვის მეფე უგზავნიდა საპასუხოდ იმავე ქართველ მეფეს, წარმოადგენდნენ თუ არა საერთაშორისო ურთიერთობების ისეთ დოკუმენტებს, რომელნიც ორ სუვერენულ, იურიდიულად თანასწორუფლებიან პოლიტიკურ ერთეულს შორის დაიდო? ასეთი საბუთებით თანასწორი უფლების მქონე ორი პოლიტიკური ერთეული ერთი მეორეს არ უკავშირდება. კახეთის სამეფოს წარმომადგენელი «ფიცის წიგნს» იძლევა, მოსკოვის მეფე კი «წყალობის სიგელს» უგზავნის. ერთი ვალდებულებას კისრულობს, მეორე «მოწყალებას», ერთი სიუზერენია, მეორე კი ვასალი, «подданный». როდესაც ქართველმა მეფემ (თეიმურაზ I-მა) რუსეთის ელჩს ისეთივე «ფიცის წიგნი» მოთხოვა, რომელზედაც ხელს აწერინებდნენ მას, რუსეთის ელჩმა განუცხადა, რომ «ფიცის წიგნს» შენ უნდა მოაწერო ხელი, როგორც «ხოლოპმა», ხოლო რუსეთის მეფე ამ საფუძველზე «წყალობის სიგელს» გამოგიგზავნის და მფარველობა ამ დოკუმენტით იქნება გარანტირებულიო. ხოლო კონკრეტულად რა საშუალებებით, როდის და რა პირობებში დაიფარავდა მტრებისაგან კახეთის მეფეს რუსთ ხელმწიფე, ამის შესახებ ელჩები პასუხს გარკვეულად არ იძლეოდნენ. მათ განაცხადეს: «А царского величества послы тем царем, которые под царского величества высокого рукою в холопстве, креста не целуют, а \ ж а л у е т \ и х \ ц а р с к о е \ в е л и ч е с т в о \ п о \ с в о е м у \ ц а р с к о м у \ м и л о с е р д о м у \ р а з с м о т р е н и ю \ и \ п о \ и х \ к \ с е б е \ с л у ж б е \ и \ п о с т о я н с т в у» (М. Полиевктов, Материалы по истории грузино-русских взаимоотношений, 1937, გვ. 326). აქ გარკვევით მოჩანს ბატონისა და ყმის დამოკიდებულება. როგორც დაინახავს რუსთ ხელმწიფე თავისთვის ხელსაყრელად ისე მოიქცევა. «წყალობა» საბუთში არ არის განსაზღვრული, «ხოლოპი» უნდა დაკმაყოფილდეს იმით, რასაც მას «უწყალობებს» სიუზერენი.

1783 წლის ტრაქტატში კი ქართველი ხელისუფალი, როგორც აღვნიშნეთ, არსად ქვეშევრდომად არ იხსენიება, იგი რუსეთის მფარველობაში მყოფი მოკავშირეა. ტრაქტატი ფ ო რ მ ა ლ უ რ ა დ მართლც ხელშეკრულებაა ორ სახელმწიფოს შორის, ორ ენაზე გაფორმებული, რომელშიაც კონკრეტული ვალდებულებანია ორივე მხარისთვის გათვალისწინებული. დოკუმენტს ხელს აწერენ ორი სახელმწიფოს წარმომადგენლები. იგი რატიფიცირებულია რუსეთის დედოფლისა და ქართველი მეფის მიერ. რუსეთის რეზიდენტს ქართველი მეფის კარზე ს. ბურნაშოვს საკმაოდ შეზღუდულ უფლებებს აძლევს რუსეთის მთავრობა. 1784 წლის 25 ივნისის თარიღით გამოგზავნილ ორდერში გრ. ა. პოტიომკინი წერდა: «... чтоб он (Бурнашёв) не воспринимал на себя долга быть наставником царским, и не писал бы п р е д л о ж и т ь, когда должно ему д о л о ж и т ь; долг звания его не простирается далее услуг царю и весьма почтительных представлений» (П. Бутков, Материалы..., т. II, გვ. 122).

ტრაქტატით გათვალისწინებული უფლებრივი მდგომარეობით ერეკლე II არ დაკმაყოფილებულა და მის რწმუნებულებს, გეორგიევსკში ტრაქტატზე ხელის მოსაწერად გამგზავრებულებს, გენ. პავლე პოტიომკინისათვის განუცხადებიათ, რომ ქართველი მეფის თხოვნაა ტრაქტატში მოხსენებული ქართველი მეფის ტიტული «უ გ ა ნ ა თ ლ ე ბ უ ლ ე ს ო ბ ა» («Его светлость»), «უ მ ა ღ ლ ე ს ო ბ ა დ» («Высочество») შეიცვალოს, რადგანაც ერეკლე ტრაქტატის დადებამდე ამ ტიტულს ატარებდა. ამას გარდა ქართველი მეფის რწმუნებულებს უთხოვიათ, რომ ქართლ-კახეთის მეფეებს დარჩენოდათ წინათ არსებული უფლებანი – ტახტზე ასვლის დროს მირონის ცხებით გვირგვინის კურთხევის და საკუთარი მონეტების მოჭრის უფლებები.

1783 წლის სექტემბერში უზენაესად დამტკიცებულ იქნა დამატებითი არტიკული, რომლის ძალით საქართველოში არსებული მეფის კურთხევის წესი უცვლელად დატოვებულ იქნა: «Как Карталинские и Кахетинские цари от древних времён венчаются царским венцом, и помазаются на царство святым миром; то её императорское величество именем своим... не только... дозволяет помянутым царям употребление сего священного обряда, но ещё в вящее доказательство отличного своего благоволения жалует им сверх прочих знаков... на царство инвеституры в договоре положенных обыкновенную царскую корону, которую как его в ы с о ч е с т в о ныне владеющий царь Ираклий второй употреблял, так и светлейшие его преемники тою же венчаемы быть долженствуют» (Полное собрание законов Российской империи, т. XXI, изд. 1831, გვ. 1025). ქართველი მეფის რწმუნებულთა განცხადებანი დაკმაყოფილებულ იქნა. როგორც ზემოთ მოტანილი დამატებითი არტიკულიდან ჩანს, ქართველ მეფეს უკვე იხსენიებენ «высочество»-ს ტიტულით და მას, როგორც ხელისუფალს, მეფე ეწოდება. ერეკლე II-ს უფლება რჩება მონეტების მოჭრის, რომელზედაც ერთ მხარეს ქართველი მეფის გამოსახულება იქნებოდა, ხოლო მეორე მხარეზე – ქართლ-კახეთის სამეფოს ღერბი – უკანასკნელსა კი ზემოთ რუსეთის სახელმწიფოს ღერბი – ორთავიანი არწივი ექნებოდა გამოსახული: «Вящим же опытом императорского нашего к царю карталинскому благоволения имеют служить... позволение царям карталинским, бить монету с их изображением и на обороте гербом царства Карталинского и Кахетинского, над коим только изображением будет орёл дву-главый в знак покровительства и верховной власти всероссийских императоров над сими владелетями» (იქვე, გვ. 1026). მაგრამ მოტანილი მასალა ფორმალური ხასიათის არის და არ იძლევა ფაქტიური მდგომარეობის სრულ სურათს.

მესამე არტიკულის ძალით მხოლოდ მას შემდეგ აქვს ქართველ მეფეს ტახტზე ასვლის უფლება, როცა რუსეთიდან სამეფო ნიშნებს მიიღებს და, რაც მთავარია, ქართველმა მეფემ რუსეთის რეზიდენტის თანდასწრებით ფიცი უნდა მიიღოს რუსეთის იმპერატორის ერთგულებაზე. ფიცის ტექსტი ერთვის ტრაქტატს. მაგრამ რა გარანტიას იძლევა რუსეთის ხელმწიფე, რომ მფარველობას არ მოაკლებს ქართლ-კახეთის სამეფოს? იგი ფიცს არ იძლევა. მე-2 არტიკულში მხოლოდ აღნიშნულია: «Её императорское величество... равномерно обещает и обнадёживает императорским своим словом... что милость и покровительство их от... царей Карталинских и Кахетинских никогда отъемлемы не будут». მაშასადამე რუსეთის იმპერატორი სიტყვას იძლევა, მას ფიცი არ ევალება. ქართველი მეფის ტახტზე ასვლა მაინც სამეფო კარის საქმე არ არის მთლიანად. 1783 წლის სექტემბერში დამტკიცებულ დამატებით არტიკულში გარკვევით არის ნათქვამი: «Его высочество царь Ираклий... обещает именем своим и преемников своих, что обряд сваященного тех преемников его царство венчания и помазания не прежде совершён будет, как по учинении положенной трактатом присяги на верность... императорскому престолу и по получении утвердительной императорской грамоты с инвеститурою» (Полное собрание законов..., т. XXI, изд. 1831, გვ. 1025).

აქედან ცხადია, რომ ქართველი მეფის ტახტზე ასვლა დამოკიდებულია რუსეთის სამეფო კარისაგან, ქართველი მეფის ოჯახის ყოველი წევრი თვითმპყრობელობის დაზვერვის და შესწავლის ობიექტი ხდება. რუსეთის სამეფო კარმა უნდა იცოდეს ბაგრატიონების ოჯახის რომელი წევრი იქნება მისთვის სასურველი. თუ როგორ მუშაობდა თვითმპყრობელობის დაზვერვა, ამის შესახებ მასალა ცოტა ქვემოთ იქნება წარმოდგენილი. ტრაქტატი მაინც რუსეთის თვითმპყრობელობის გეგმების განხორციელების მიზნით უთუოდ ოსტატურად არის აგებული და გაფორმებული. უცხო სახელმწიფოების წინაშე თვითმპყრობელობის დიპლომატიას თანაბრად შეეძლო განეცხადებია, რომ ამიერკავკასიაში 1783 წლის ტრაქტატით რუსეთს ტერიტორია არ მიუტაცებია, ქართლ-კახეთის სამეფო ირან-თურქეთის ბატონობისაგან გაათავისუფლა მხოლოდ, და რადგანაც პატარა ქართულ სახელმწიფოს ასეთი დიდი სახელმწიფოების შემოტევისაგან თავდაცვა არ შეუძლია მომავალში, რუსეთი მფარველობს მას ერთმორწმუნეობისა და მეგობრობის საფუძველზე, ეს მფარველობა კი თვით ქართლ-კახეთის სურვილისა და თხოვნის საფუძველზე ხდება. ტრაქტატის შესავალ ნაწილში და ზოგიერთ არტიკულში ამაზე საგანგებოდ არის საუბარი. ქართლ-კახეთის სამეფოს რუსეთის მფარველობაში შესვლის ნებაყოფლობითობას წინა საუკუნეების დოკუმენტებშიც საგანგებოდ აღნიშნავდა თვითმპყრობელობის დიპლომატია.

რუსეთსა და ქართლ-კახეთის სამეფოს შორის 1783 წლიდან დამყარებული ურთიერთობა მსოფლიოს უნდა ეცნობოსო, აღნიშნულია ტრაქტატის პირველ მუხლში. ამ საკითხთან დაკავშირებით საჭირო იქნება XVII საუკუნის რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებიდან ერთი ცნობის მოტანა. 1639 წელს რუსეთის ელჩებს, ვოლკონსკისა და ხვატოვს, მოლაპარაკება ჰქონდათ კახეთში თეიმურაზ I-თან. ეს უკანასკნელი მფარველობაში უნდა მიეღო მაშინდელ ხელისუფლებას. თეიმურაზი სხვადასხვა პირობებს უყენებდა ელჩებს და რუსეთიდან მოტანილ «ფიცის წიგნზე» ხელის მოწერას კარგა ხანს აჭიანურებდა. ბოლოს, როცა «ფიცის წიგნზე» ხელის მოწერა გადაწყდა, თეიმურაზის კარისკაცები რუსეთის ელჩებს ეუბნებიან, რომ თეიმურაზი რუსეთის ერთგულებაზე ფიცს მიიღებს, საბუთსაც გააფორმებს, მაგრამ ეს საბუთი საიდუმლოდ უნდა იქნეს დაცული და რუსეთის ელჩებს გარდა აქ არავინ ნახოსო. ვოლკონსკისა და ხვატოვის საანგარიშო მოხსენებაში ეს საუბარი ასეა გადმოცემული: «Теймураз-де царь учинит всё по тому ж, как вам говорил в ответе. И по запись пришлёт и ц~му в~ву крест поцелует. Толькоб запись была тайна, нихто б её не ведал опричь вас ц~го в~ва послов» (М. Полиевктов, Материалы..., გვ. 281). რუსეთის ელჩებს გაჰკვირვებიათ ქართველი მეფის ეს თხოვნა, რადგანაც მფარველობაში შესვლის აქტის საიდუმლოდ შენახვა ფეოდალურ სამყაროში ჩვეულებრივი მოვლენა არ ყოფილა, პირიქით, ვასალი მისი მფარველის სახელს დემონსტრაციულად უნდა აცხადებდეს, რომ ამით მტრებს თავდასხმის მადა შეეკვეცოს. რუსეთის ელჩებს თეიმურაზის კარისკაცისათვის ასეთი კითხვა მიუციათ... «Теймураз царь холоп государства и по его царскою рукою быти хочет, и по запись пришлёт и крест на записи поцелует. И той записи для чего тайною быть?» (იქვე). ქართველმა დიპლომატმა ელჩებს ამის შესახებ თეიმურაზის მოსაზრება ასე გააცნო: «Государь мой Теймураз царь приказывал... про запись говорить, чтобы была тайна для того, что многие его недруги , а все бусурманские земли: бытца от них всякого дурна» (იქვე). აქედან ჩანს, რომ ახლო მომავალში რუსეთიდან რეალური დახმარების იმედი არ ჰქონდათ თეიმურაზსა და მის კარისკაცებს და უფრთხოდნენ მეზობელი მაჰმადიანური სახელმწიფოების ხელისუფალთა განრისხებას. ეს მასალა აქ იმისათვის მოგვაქვს, რომ 1783 წლის ტრაქტატის პირველ მუხლში გათვალისწინებული დებულება, რომ ქართლ-კახეთის სამეფოს (ირანის) ვასალობისგან განთავისუფლება უნდა გამოცხადებულიყო «წინაშე პირისა ყოვლისა სოფლისასა»? მოითხოვდა სხვა მნიშვნელოვანი საკითხის გადაწყვეტას, სახელდობრ დამხმარე შეიარაღებული კორპუსის დაუყოვნებლივ საქართველოში მოსვლას, თორემ ნომინალური და დიპლომატიური ჩარევით მფარველობის გაწევას უფრო ზიანი მოჰქონდა, ვიდრე სიკეთე.

ამიტომ არის, რომ ტრაქტატის საიდუმლო ნაწილში «მეორე სეპარატის არტიკულში» საგანგებოდ არის საუბარი სამხედრო ნაწილების საქართველოში გადმოყვანაზე: «დაცვისათვის სამფლობელოჲსა ქართლისა და კახეთისათა ყოვლით კერძო შეხებისაგან მეზობელთასა და სიმტკიცისათვის მხედრობისა მისისა უგანათლებულესობისა მეფისა დ~ბა იმპ~ისა მისისა აღჰსთქუამს შენახუად სამფლობელოთა შინა მეფისათა ორსა ჰსრულსა ბატალიონსა ქვჱთსა ოთხითა ზარბაზნითა». ტრაქტატის საიდუმლო ნაწილის მე-3 და მე-4 პარაგრაფებიდან ჩანს, რომ რუსეთის ხელისუფლება ამ ორი ბატალიონით არ ზღუდავს სამხედრო დახმარების აღმოჩენას. ეს რაზმი მშვიდობიანობის პერიოდისათვის არის გადმოყვანილი, ომის შემთხვევაში კი ჯარის რიცხვი შეიძლება გაიზარდოს, რადგანაც ამიერიდან რუსეთსა და საქართველოს საერთო მტერი ეყოლებათ ყოველთვის. 

მე-3 «სეპარატის არტიკულში» აღნიშნულია: «დროსა ბრძოლისასა უთავესი იგი მთავარი მესამზღვრე მისისა იმპ~ს დ~სა კერძოით ნიადაგ სრულისა ძალისა ქონებად თანამდებ არს, რათა უგ~ბასა მისსა მეფესა ქართლისა და კახეთისასა ეთანხმასცა და დაჰსდუას ჰაზრი შეწევნისათვის თქმულთა მათ ქუეყანათა და წინააღმდეგობის მტერთასა მოქმედებისათვის, რომელიცა... საერთოდ მტრად შერაცხვად სათანადო არს». მე-4 არტიკულშიაც აღნიშნულია ომის დროს «იჴმაროსმცა ყოველი შემძლებლობა მეცადინეობისა ღონითა საჭურველისათა...». დამხმარე კორპუსის საქართველოში სასწრაფოდ გადმოყვანა ერთი ძირითადი პირობათაგანი ყოფილა მოლაპარაკების დროს. 1783 წლის 11 ივლისს საქართველოში რეზიდენტად გამოგზავნილი პოლკოვნიკი ბურნაშოვი ატყობინებდა გენ. პავლე პოტიომკინს საზღვარზე, რომ ერეკლე II-თან შეთანხმების საფუძველზე თბილისიდან კავკასიონის უღელტეხილამდე უკვე დიწყო გზის გაკეთება და 1500 კაცი ასრულებდა ამ სამუშაოს. ხოლო რუსეთიდან დარიალის კარით მომავალ გზას 1783 წლის მაისიდან აკეთებდა რუსეთის სარდლობა, ობერ-კვარტერმაისტერის ფოხტის მეთაურობით მუშაობდა 800 კაცი, ხოლო გრენადერთა ბატალიონი ამ მუშებს იცავდა მოსალოდნელი თვდასხმისაგან. თერგზე 27 ხიდი იქნა აგებული. ამ მიდამოებში მცხოვრებ ოსებს ხიდების მოვლა-შეკეთება დაევალა წლიური ჯამაგირის დანიშვნით. 1783 წლის ოქტომბრისათვის გზის სამუშაოები უკვე დასრულებული იყო და კავკასიის ხაზზე მყოფი ჯარებიდან ეგერთა ორი ბატალიონი (Горский и Белорусский) ოთხი ზარბაზნით საქართველოში გამოიგზავნა და 3 ნოემბერს თბილისში მოვიდა. თბილისის მოსახლეობა დიდი სიხარულით შეგებებია მას, ქალაქი ილუმინირებული ყოფილა (დარიალის გზის შეკეთებისა და რუსეთის ჯარის ნაწილების თბილისში შემოსვლის შესახებ იხ. Н. Дубровин, История войны..., II, გვ. 12-13. აგრეთვე П. Бутков, Материалы..., II, გვ. 130-131).

როგორც აღვნიშნეთ, ჯარის ნაწილების შემოყვანა აღმოსავლეთ საქართველოში ტრაქტატის გაფორმების და მისი გამოქვეყნების ერთერთი მნიშვნელოვანი პირობათაგანი იყო. მაგრამ არ უნდა ვიფიქროთ, რომ ერეკლე II გეგმავდა ამ ჯარის გამოყენებას მხოლოდ გარეშე მტრების წინაღმდეგ. 2 ათასი კაცისაგან შემდგარი მუდმივი რაზმი, იმ დროისათვის მოწინავე ტექნიკით აღჭურვილი, მეფის ხელისუფლებას განამტკიცებდა სამეფოში. როგორც ვიცით, საქართველოში თავადების თავაშვებულება სუფევდა. როგორც შემდეგ გამოირკვა, რუსეთის ეს რაზმი საკმარისი არ აღმოჩნდა, აქ უფრო რთული სიტუაცია შეიქმნა, ვინემ ვარაუდობდნენ, მაგრამ ამის შესახებ ქვემოთ. 

რუსეთის ხელისუფლებაც საქართველოში გადმოყვანილი რაზმით, საჭირო შემთხვევში კი მისი რიცხვის გაზრდით, ფიქრობდა ალბათ მე-6 არტიკულის მე-2 მუხლის რეალიზაციას: «Светлейшего царя Ираклия Теймуразовича и его дому наследников и потомков сохранять безпеременно на царстве Карталинском и Кахетинском». ამ მუხლის რეალიზაციის საკმაოდ დამაჯერებელი ფაქტი იყო 1783 წელს დარუბანდელ ფათალი-ხანთან თავშეფარებული, ერეკლეს მოწინააღმდეგე, ალექსანდრე ბაქარის-ძის და ალექსანდრე ამილახვარის საგანგებოდ გამოთხოვა და რუსეთში გადასახლება. ფათალი-ხანი დარუბანდელი ადვილად როდი დათანხმდა ამ პირების გაცემას. ერთხანს კატეგორიულ უარს აცხადებდა – ადათების დარღვევა არ შემიძლია და სტუმრების ღალატს ვერ ჩავიდენო, მაგრამ როდესაც გენ. პავლე პოტიომკინმა 500 ჩერვონეცი და ოქროს სათუთუნე გაუგზავნა საჩუქრად, თავისი სტუმრები საგანგებოდ ამისათვის გაგზავნილ მაიორ კომარსკის არხეინად გადასცა და თანაც დასძინა, რომ რუსეთის დედოფლის სურვილს ვერ ვეწინააღმდეგები თორემ ადათი უნდა დამეცვაო. ეს ორი საპატიო ტყვე ჯერ ასტრახანში წაიყვანეს, შემდეგ კი ალექსანდრე ბაქარის-ძეს სმოლენსკში მიუჩინეს ბინა, ხოლო ამილახვარს – ვიბორგში, მაგრამ თვლყურის დევნების ქვეშ. არც ერთ მათგანს სამშობლოში დაბრუნება აღარ ეღირსათ (ალექსანდრე ბაქარის-ძისა და ა. ამილახვრის შესახებ ცნობები იხ. П. Бутков, Материалы..., II, გვ. 133).

მაგრამ ქართველი მეფე 1783 წლისათვის არსებული მისი სამფლობელოს საზღვრებით დაკმაყოფილებას არ ფიქრობდა, როცა რუსეთის მფარველობაში შედიოდა, და, როგორც ზემოთ ერთგან აღნიშნული იყო, რუსეთის ხელისუფლებისაგან მოითხოვდა საქართველოს ისტორიულ საზღვრებში აღდგენას, ან ომის გზით, ანდა დიპლომატიური მოლაპარაკებით. ტრაქტატის საიდუმლო ნაწილის მე-4 არტიკულში მართლაც საგნგებოდ არის აღნუსხული, რომ რუსეთის დედოფალი «აღჰსთქუამს, რათა დროსა ბრძოლისასა იჴმაროს მცა ყოველი შემძლებლობა მეცადინეობისა ღონითა საჭურუჱლისათა, ხოლო დროსა მშვიდობისასა დაზავებისა მიერ უკუმოქცევისათვის ქუეყანისა და ადგილთა მტერთაგან ქონებულთა და ძუჱლადვე სამეფოისა მიმართ ქართლისა და კახეთისა შერაცხილთა – ესენი უკუჱ დაჰშთებიან სამფლობელოდ მუნებურთა მეფეთა საფუძუელსა ზედა თქმულთა ჰაზრთასა, რომელნიცა ითქუნენ მფარუჱლობისათვის და უზენაესისა ჴელმწიფებისა ყოვლისა რუსეთისა იმპერატორთა». რუსეთის სახელმწიფო, მაშასადამე, ახლად შემოერთებული ქართული ტერიტორიების დაცვასაც ჰპირდებოდა ქართლ-კახეთს. მაგრამ მოტანილ მე-4 არტიკულის ტექსტში კონკრეტულად აღნიშნული არ არის რომელ ტერიტორიებს გულისხმობს ქართველი მეფე «ძუჱლადვე სამეფოჲსა მიმართ ქართლისა და კახეთისათა შერაცხილად». ამიტომ ერეკლეს რწმუნებულებს გეორგიევსკში უთხოვიათ შემდეგი ტიტული დაემტკიცებინათ ქართველი მეფისათვის: «ირაკლი II მეფე ქართლისა, მეფე კახეთისა, მემკვიდრე მფლობელი სამცხე-საათაბაგოსი, მთავარი ყაზახისა, მთავარი ბორჩალოსი, მთავარი შამშადილისა, მთავარი კაკისა, მთავარი შაქისა და მთავარი შირვანისა, მფლობელი და მბრძანებელი განჯისა და ერევნისა». ამ ტიტულაციაში ისტორიული საქართველოს აღდგენის პროგრამაა მოხაზული. პ. ბუტკოვი აღნიშნავს, რომ ქართველი მეფის ეს ტიტული მიღებული არ ყოფილა ტრაქტატშიო (П. Бутков, Материалы..., т. II, გვ. 130). მაგრამ ტრაქტატის ქართულ ტექსტში, რომელიც პროფ. ცაგარელს აქვს გამოქვეყნებული, აგრეთვე ქართველი მეფის მიერ რატიფიცირებულ ტრაქტატის ტექსტში, რომელიც დღეს საქართველოს მუზეუმშია დაცული, ტიტულაცია მთლიანად არის შეტანილი.

მაგრამ საინტერესოა, როგორ ფიქრობს ერეკლე II ისტორიული საქართველოს ტერიტორიების დაბრუნებას? იმერეთის მეფეს რაიმე წილი ექნება თუ არა თურქთაგან მიტაცებულ საქართველოს პროვინციებში? როდესაც რუსეთ-თურქეთის მეორე ომი მიმდინარეობდა (1787-1791 წწ.), ერეკლე II-ის ელჩი სულხან თუმანიშვილი მეფის დავალებით თავის მოხსენებით ბარათში 1791 წელს წერდა: «რადგანაც ტრახტატსა შინა აღთქმულია წარმდინარეობისა დროთასა, ჩვენს დაკარგულს სამფლობელოს ჩვენვე მივიღებთ რუსეთის საჭურველის ძალით ან სხვა საქმით როგორმე, ითხოვს იმისი სიმაღლე (ერეკლე II), რომ მათი ძველადვე სამფლობელო საათაბაგო ოსმალთ სამფლობელოდამ ამ შერიგების დროს გამოიხსნათ. ა ხ ა ლ ც ი ხ ე | დ ა | ი მ ი ს ი | პ რ ო ვ ი ნ ც ი ე ბ ი | ქ ა რ თ ლ ს ა | დ ა | კ ა ხ ე თ ს | დ ა ა დ ო თ, | დ ა | ს ა ა თ ა ბ ა გ ო | ა ჭ ა რ ა | დ ა | ი ქ ი თ | მ ხ ა რ ე | ი მ ე რ ე თ ს | დ ა ა ნ ე ბ ო თ...» (ЦГДА, Грузинское дело, К – 70. Грамоты, указы, рескрипты, договоры 1774-1804 гг., ფურც. 120).

10-ე არტიკულში საგანგებოდ არის საუბარი ქართლ-კახეთის ქვეშევრდომების თურქთა, სპარსთა და სხვა მტაცებელთა ტყვეობიდან განთავისუფლებისა და სამშობლოში დაბრუნების შესახებ. ტყვეთა განთავისუფლების საკითხიც ერეკლე II-ის მიერ არის აღძრული და ტრაქტატში შეტანილი. ჯერ კიდევ 1771 წლის დეკემბერში ერეკლე II სწერდა რუსეთის დედოფალს: «ვინაითგან ღვთითა და ბედნიერებით თ. დ. ყირიმიდგან ეგოდენნი ჩვენის ქვეყნის კაცნი გამოიხსნენ, წყალობას ვითხოვთ ყოვლად დ. თ. რათამცა იმათ თავისუფლება მიეცესთ თავიანთ ქუეყანაში მოსულისა» (А. Цагарели, Грамоты и другие..., т. II, вып. I, გვ. 83 და 91).

1773 წელს კი ლეონ ბატონიშვილი და ანტონ კათალიკოსი თავიანთ მოხსენებით ბარათში საგანგებოდ აღნიშნავენ ყირიმში გათავისუფლებული ქართველი ტყვეების სამშობლოში დაბრუნების სურვილს. რუსეთის ხელისუფლება ამ მხრივ წინადაც დიდ დახმარებას უწევდა საქართველოს სამეფოებს, 1771 წელს ერეკლე II სპარსეთის მბრძანებელს ქერიმ-ხან ზენდს სწერდა, რომ რუსეთისაგან დიდად დავალებული ვარ სხვადასხვა უანგარო დახმარების გამოო. ერეკლეს წერილის რუსულ თარგმანში ერთგან აღნიშნულია: «... изволите усмотреть из ниже следующего моего представления о всех причинах по которым обязан я России – а именно. Первое, все попадающияся по случаю здешние жители в плен к лезгинцам и туркам высвобождаются помощью российской монархии, коим нетокмо даётся воля в возвращении им в своё отечество, но бедные, изнуренные из них, или лишённые дневного пропитания приемлются милостиво снабдоваются во всём щедро» (ი. ცინცაძე, XVIII საუკუნის რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების არქივიდან, იხ. «მასალები საქართველოსა და კავკასიის ისტორიისათვის», XXXII, გვ. 145). ისეთ გარემოცვაში, რომელშიაც საქართველო მოექცა XVII-XVIII სს., ტყვეთა განთავისუფლება და სამშობლოში დაბრუნება მნიშვნელოვანი პრობლემა იყო, და სავსებით გასაგები ხდება ქართლ-კახეთის სამეფო კარის ზრუნვა – ტრაქტატში ასახულიყო ტყვეთა საკითხი. დაღესტნის მფლობელებს ხელობად გადაექცათ მოთარეშე რაზმების გზავნა საქართველოში და ქვეყნის ძარცვა. განსაკუთრებით გულმოდგინედ ნადირობდნენ ადამიანებზე, იტაცებდნენ და ყირიმის ბაზარზე ჰყიდდნენ. ყირიმი ტყვეებით ვაჭრობის მთავარი ბაზარი იყო. XVII-XVIII სს. საქართველოს მოტაცებული შვილები კარგად იცნობდნენ ამ ბაზარს.

უთუოდ მნიშვნელოვანია ქართლ-კახეთის სამეფო კარის ინიციატივა რუსეთის სამეფოსთან კონტაქტის დასამყარებლად პეტერბურგსა და თბილისში მინისტრ-რეზიდენტების წარგზავნის შესახებ.

ტრაქტატის მე-5 არტიკული მთლიანად სამეფო კარზე რეზიდენტის დანიშვნას შეეხება. აქ აღნიშნულია: «რათა ადვილად აქუნდესმცა ყოველივე იგი საჭირო მიწერ-მოწერაჲ და თანჴმობაჲ რუსეთისა საიმპერატოროჲსა კარისა თანა, ჰსურს ამისთვის უგანათლებულესობა მისსა მეფესა ირაკლის, რათა ჰყვისმცა წინაშე კარისა მის მინისტრი, ანუ რეზიდენტი, ხოლო დიდებულება იმპ~ისა მისისა, მოწყალებით მიმღებელი მისი, აღსთქუამს, ვითარმედ იგი კარსა ზედა მისსა მიღებულ იქმნების რიცხვსა შინა სხვათა მფლობელთა მინისტრთა თანასწორითა ნიშნითა თვისითა, და გარდა ამისსა ჰნებავს, რათა კერძოითცა თვისით ჰყუესმცა მინისტრი რუსეთისა წინაშე მისისა უგანათლებულესობისა».

მინისტრ-რეზიდენტის სამეფო კარზე დანიშვნა ევროპული წესი იყო, საერთაშორისო ურთიერთობებში შემოღებული. საქართველოში სამეფო კარზე 1783 წელზე ადრე არც ერთი სახელმწიფოს მინისტრ-რეზიდენტი არ ყოფილა, საქართველოსაც არ ჰყოლია სხვა სახელმწიფოში თავისი რეზიდენტი. თავდაპირველად ექიმი რაინეგსი იყო ნავარაუდევი რეზიდენტად საქართველოში, როგორც ქართული ენის მცოდნე და რუსეთის ერთგული კაცი, მაგრამ შემდეგ იგი გრ. პოტიომკინს თავქარა ადმიანად უცვნია და მის ნაცვლად სტეფანე დანიელის ძე ბურნაშოვი დაუმტკიცებიათ რეზიდენტად. ს. დ. ბურნაშოვი თავისი დროისათვის განათლებული ადამიანი ყოფილა (ს. ბურნაშოვს 1786 წლისათვის თბილისში სამი პატარა ნაშრომი დაუწერია: 1. Картина Грузии, или описание политического состочния царств Карталинского и Кахетинского, 2. Описание областей Адербайджанских в Персии и их политического состояния და 3. Описание горских народов. ეს ნაშრომები ბურნაშოვს დაუბეჭდავს ქ. კურსკში, სადაც იგი საქართველოდან წასვლის შემდეგ გუბერნატორად დააწინაურეს. ს. ბურნაშოვს დაუბეჭდავი ნაშრომებიც დარჩენია: 1. Наказ природы, или непреложные законы движения в политическом теле, 2. Начертание вечных и непременных истин, на коих основываются системы государственного правления. ს. ბურნაშოვი თავისი დროისათვის კარგი და ამასთანავე შრომისმოყვარე კარტოგრაფი ყოფილა. კავკასიასა და საქართველოში ყოფნის დროს მას შემდეგი რუკები შეუდგენია: 1. «Специальная маршрутная карта, или изображение местоположения по дороге от Моздока до Тифлиса чрез Кавказские горы». 2. «Специальная маршрутная карта, или изображение местоположения в Имеретии и в верхней Иверии от Кутаиси до Тифлиса». 3. «Специальная маршрутная карта, или изображение местоположения в Кахетии». 4. «Специальная маршрутная карта от Тифлиса в Памбаки до Ортнави». 5. «Генеральная карта грузинских царств: Кахетии, Карталинии и царства Имерети с его княжествами Гурией и Мингрелией, с облегающими областями и народами, обетающими в Кавказских горах». 6. «Генеральная карта Персии с показанием границ, главных ея разделений, больших дорог, всех владений в Адрибижане, всех владельческих городов в Араке и некоторых в других областях.» 7. «План крымских гор и Ахтиарской гавани. Снят геометрически в Крыму в 1772-4 годах». 8. «Генеральная карта Курской губернии с показанием всех отдалённых от Курской к Слободско-Украинской губернии городов и селений». საქართველოს სამეფო-სამთავროებისა და ამიერკავკასიის პროვინციების რუკები მას 1783-86 წლებში გაუკეთებია. აქ ჩამოთვლილი რუკებიდან ორი გამოცემულია. სახელდობრ ## 4 და 5 რუკები თან ერთვის ა. ცაგარელის რედაქციით გამოცემულ ს. ნ. ბურნაშოვის ნაშრომს: «Новые материалы для жизнеописания и деятельности С. Д. Бурнашёва, бывшего в Грузии с 1783 по 1787 г., СПб, 1901 г.»). 1783 წლისათვის იგი 40 წლის ასაკის იყო. მას სამხედრო-საინჟინრო განათლება ჰქონია მიღებული. ამასთანავე სცოდნია ფრანგული ენა. ჩვენს ხელთ არის გრ. ა. პოტიომკინის მიერ ხელმოწერილი საიდუმლო ორდერი ს. დ. ბურნაშოვის სახელზე გაცემული 1783 წ. 3 აპრილის თარიღით. მას ევალება საქართველოს ტერიტორიის დათვალიერება, მისი საზღვრების გაცნობა და აღნუსხვა, თუ რომელი მხრიდან მოელოდა მას მეტი საფრთხე, რათა ამ მხარეებში ციხესიმაგრეები აგებულიყო. ბურნაშოვს უნდა შეედგინა ციხეების პროექტები და წარედგინა პირადად პოტიომკინისათვის. მეორე საიდუმლო ორდერით გრ. ა. პოტიომკინი ავალებს: «... потщитесь как наискорее сделать карту Грузии, определя со всевозможной точностию границы ея, особливо с Турецкой стороны. Равномерное исполнение препоручаю вам и в разсуждении Имеретии» (С. Н. Бурнашёв, Новые материалы для жизнеописания... С. Д. Бурнашёва..., გვ. 1-3). ს. დ. ბურნაშოვს ეს დავალებები პირნათლად შეუსრულებია და იგი საქართველოდან წასვლის შემდეგ დაუჯილდოებიათ და დაუწინაურებიათ კიდეც კურსკის გუბერნატორად.

მაგრამ ბურნაშოვის მოღვაწეობა მარტო ზემოაღნიშნულით არ შემოიფარგლებოდა. იგი რუსეთის იმ ორ ბატალიონსაც ხელმძღვანელობდა, რომლებიც საქართველოში გამოიგზავნა. ამასთანავე ერეკლე II მისი საშუალებით უკავშირდებოდა კავკასიის საზღვარზე მყოფი რუსეთის სამხედრო ნაწილების სარდალს გენ. პავლე პოტიომკნსაც. მინისტრ-რეზიდენტებს, ჭავჭავაძესა და ბურნაშოვს, პირველს რუსეთში ხოლო მეორეს საქართველოში, სხვა მნიშვნელოვანი საქმეებიც უნდა მოეგვარებინათ. მათ დაზვერვის ორგანიზაციაც უნდა მოეწყოთ.

ქართლ-კახეთის სამეფოსთან მფარველობითი ტრაქტატის დადების შემდეგ თვითმპყრობელობას გაუძლიერებია თვალყურის დევნება ქართველი პოლიტიკური მოღვაწეების საქმიანობაზე. საამისოდ სპეციალური პირები მოქმედებენ როგორც თვით საქართველოში ისე პეტერბურგში, ქართლ-კახეთის სამეფის საელჩოში. ჩვენს ხელთ არსებული ცნობებით მტკიცდება, რომ თვითმპყრობელობის დაზვერვას თავისი აგენტები ჰყავდა საქართველოში, რომლებიც საჭირო ცნობებს აწვდიდნენ საგარეო საქმეთა კოლეგიას და პირადად გრ. ა. პოტიომკინს, ასევე პავლე პოტიომკინს. ჩვენს ხელთ არის საქართველოში მოქმედი ორი აგენტის საიდუმლო მოხსენება. აგენტების საიდუმლო მოხსენებებს ასეთი სათაურები აქვს: «Объявление одного конфидента», «Объявление другого конфидента». პირველი კონფიდენტის მოხსენება ასე იწყება: «Известился я будучи в Грузии от царскаго секретаря Мисаила, что от царя Ираклия был отправлен к турецкому двору армянин с посьмами, какого содержания неизвестно» (ЦВИА, პოტიომკინის ფონდი, კონა # 109, საქმე # 1, ფურც. 20). საყურადღებია, რომ მეორე კონფიდენტიც პირველი კონფიდენტის მოხსენებაში აღნიშნულ ცნობებს აწვდის ძირითადად, თუმცა აქ სხვა ცნობაც მოგვეპოვება. როგორც ჩანს, თბილისში რამდენიმე აგენტი მოქმედებს, თვითმპყრობელობის დაზვერვა მიღებულ ცნობებს ერთიმეორეს უდარებს და ამ გზით მიღებული ინფორმაციის ჭეშმარიტებას ადგენს. ეს კონფიდენტები XVIII ს. 80-იან წლებში «მოღვაწეობდნენ». თავიანთ საიდუმლო მოხსენებებს ჩრდილოეთ კავკასიაში მყოფ გენერალს პავლე სერგის ძე პოტიომკინს აწვდიან. პოტიომკინი სხვადასხვა ვადით ეკატერინოგრადში, მოზდოკსა და ასტრახანში ცხოვრობს. 

ზემომოტანილ ტექსტში ერეკლეს მდივნად მოხსენებული მისაელი სომეხი ენიკოლოპიანი უნდა იყოს. აგენტების ვინაობა გაურკვეველია, მათი გვარი და სახელი, ალბათ კონსპირაციის მიზნით, მოხსენებული არ არის. ერთ წერილში გენ. პავლე პოტიომკინი საქართველოში მყოფ ს. ბურნაშოვს 1784 წლის მაისში წერს: «Пришлю деньги для грека, который конфидентом ездил, сто тридцать рублёв в след за сим...» (С. Н. Бурнашёв, Новые материалы..., 1901, გვ. 24).

მეორე წერილში, 1784 წლის ივლისის თარიღით, პოტიომკინი სთხოვს ბურნაშოვს იმერეთში და მის საზღვრებზე მიმდინარე ამბების შესახებ ზუსტ ინფორმაციას და ავალებს: «... прикажите послать паки прежняго или другого конфидента в ту сторону. О точном разведывании дел тамошних и сколько денег употребите, я не замедлю к вам прислать» (იქვე).

თავისთავად ცხადია, რომ საქართველოში მყოფი ბურნაშოვი დაზვერვის საქმესაც განაგებს, მაგრამ ზემოთ მოყვანილი ერთი ცნობა გვაფიქრებინებს, რომ პოტიომკინი ბურნაშოვის გარეშეც ღებულობს საიდუმლო ინფორმაციას ქართველი მეფის სასახლეში მომხდარი ამბების შესახებ. ცნობა გიორგი ბატონიშვილსა და ვახტანგ ბატონიშვილს შორის მომხდარი კონფლიქტის შესახებ პავლე პოტიომკინს მიღებული აქვს ბურნაშოვის გარეშე, ისე რომ პოტიომკინი საყვედურის ტონით ატყობინებს თბილისში მყოფ ბურნაშოვს ბატონიშვილებს შორის უსიამოვნების მიზეზს: «Я извещаюсь, что причина ссоры некая княжна...» და სხვა. ქართლ-კახეთის სამეფოს მცხოვრებთა რომელ წრეში პოულობდა თვითმპყრობელობის დაზვერვა თანამშრომლებს? ამ საკითხის გარკვევას მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის იმის დასადგენად, თუ საზოგადოების რომელი წრე იყო დაინტერესებული რუსეთის ამ მხარეში დამკვიდრებით. ჩვენ შემცდარი ვიქნებით თუ ისე ვივარაუდებთ, რომ კონფიდენტებს მარტო ანგარება (გასამრჯელოს მიღება) ამოქმედებდათ. ისინი პოლიტიკური მიზნების გარეშე არ იდგნენ. საქართველოში მყოფი კონფიდენტების მოხსენებებიდან ცხადი ხდება, რომ ისინი ხშირად მოგზაურობენ. მოგზაურობა საქართველოდან რუსეთში და უკან დაკავშირებული უნდა იყოს მათ ძირითად საქმიანობასთან – ვაჭრობასთან. დაზვერვის მიზნით ვაჭრების გამოყენება ხომ ცნობილია იმ დროისათვის. ვაჭრები რომ ქართველი პოლიტიკოსების რუსეთზე ორიენტირების მომხრე იყვნენ, ეს საკითხი ახალი არ არის ისტორიკოსებისათვის. 

საფიქრებელია, რომ თვითმპყრობელობა ვაჭრების გარდა სხვაგანაც ეძებდა აგენტებს. ქართლის თავადაზნაურობა, მისი ერთი ნაწილი მაინც, ერეკლე II-ს ოპოზიციაში ედგა და ამ წრეში თანამშრომლების პოვნა თვითმპყრობელობის დაზვერვას ადვილად შეეძლო. ჯერჯერობით ეჭვის შეტანა შეგვიძლია ზაალ ორბელიანზე. ამ ადამიანს დიდ პატივს სცემენ რუსეთში. მას ძვირფასი საჩუქარი გამოუგზანეს რუსეთიდან – ოქროს საათი. ზაალის შვილი დიმიტრი რუსეთში იმყოფებოდა გ. ორლოვის პროტექციით (გ. ორლოვი ეკატერინე II-ის ერთერთი უაღრესად დაახოებული პიროვნება იყო) სამხედრო სასწავლებელში მიუღიათ. არსებული წყაროების მიხედვით ცნობილია, რომ ზაალ ორბელიანი ერეკლეს მუდამ ოპოზიციაში ედგა და, საქართველოს დაუძინებელ მტერთან, სულეიმან ფაშასთან მეგობრობდა. მაგრამ მაინც რუსეთის არქივების საფუძვლიანად გადაუსინჯავად გადაჭრით მტკიცება ორბელიანის აგენტობის შესახებ მართებული არ იქნება.

მასალა რუსეთში მცხოვრებ და თვითმპყრობელობის დაზვერვის სამსახურში მყოფ ქართველი თავადაზნაურობის შესახებ უკვე გამოქვეყნებულია (ი. ცინცაძე, რამდენიმე ცნობა თვითმპყრობელობის დაზვერვის... შესახებ... საქართველოში, ქუთაისის პედ. ინსტიტუტის შრომები, I, გვ/ 83-96) და აქ მხოლოდ ერთ საყურადღებო ფაქტორზე შვაჩერებთ მკითხველის ყურადღებას.

მოსკოვის ცენტრალურ სამხედრო არქივში, ფელდმარშალ გრ. პოტიომკინის ფონდში ჩვენი ყურადღება მიიქცია საქმე # 5-მა, რომელსაც სათაურად აქვს «Грузинские письма». საქმის გადასინჯვისას აღმოჩნდა, რომ შიგ ქართული საბუთი რამდენიმეა, უმრავლესობა კი რუსულ ენაზეა დაწერილი. საბუთებზე კი ასეთი მინაწერებია ზემო აშიაზე: «Секретные письма князя Чавчавадзе к его высочеству царю Ираклию». ამ მინაწრებმა ჩვენი ინტერესი საბუთებისადმი გააორკეცა იმიტომ, რომ ერეკლე II-ის მისამართით საქართველოს სრულუფლებიანი მინისტრისა და ელჩის გარსევან ჭავჭავაძის მიერ გაგზავნილი წერილების პირები და რუსული თარგმანები რუსეთის არქივში არ უნდა ყოფილიყო დაცული. მით უმეტეს თუ გარსევან ჭავჭავაძე პეტერბურგიდან თავის მეფეს საიდუმლო ცნობებს აწვდიდა ამ მიმოწერით.

ზოგიერთი წერილის შინაარსის ნაწილის აქ მოტანა საქმის ვითარების გასარკვევად საჭირო იქნება. ერთ წერილში 1785 წლის თარიღით გარსევანი ერეკლეს აუწყებს, რომ პეტერბურგში რუსეთ-თურქეთს შორის ომის დაწყების შესახებ მითქმა-მოთქმა არისო და აფრთხილებს ერეკლეს – ეს ცნობა საქართველოდანაც შემოწმეთო: «აქ ჯერ ჩურჩულსავით ისმის და ეს ჴმა არ გამართლებულა. მაგრამ ამათსა და ოსმალთ შუა არეულობა გამოცხადებას აპირებდეს. თუ ეს ასრეთ მოხდებოდეს სჯობს, რომ ჩენი საქმე უფრო მძიმეთ დავიჭიროთ და ჟამი არ დავკარგოთ და ყოველთვის სუმბუქად არ გავიჴდიდეთ. ეს ამბავი ოსმალთ მხრიდამაც კარგად შეიტყობა. იქაურს ამბის შეტყობას ეცადენით» (ЦВИА, პოტიომკინის ფონდი, კონა # 3, საქმე # 5, ფურც. 67).

წერილის შემდეგი ნაწილიდან ჩანს, რომ გარსევანს სურს რაღაც საიდუმლოდ შატყობინოს ერეკლეს, მაგრამ ეშინია ჩვეულებრივი ქართული ანბანით ამ ამბის დაწერა და თავის მეფეს სწერს: «რა ვქნა ზოგიერთის მოხსენებებისა წადილი მაქვს, მაგრამ სარწმუნო არა ვარ, რომ ამ წიგნებს ჩვენს მეტი ვერავინ ნახევდეს. ეჭვი მაქვს, რომ არამც თუ შუაზედ სხვანიც განიხილავდნენ ხოლმე და ამ მიზეზით ყველა ვერ დამიწერია, თუ ინებებთ სხვა ანბანი მიბოძთ... და თუ ასეთი მოხსენება მექნება რაიმე, მეც იმავ წერილით მოგახსენებთ» (ЦВИА, პოტიომკინის ფონდი, კონა # 3, საქმე # 5, ფურც. 67). როგორც ვხედავთ, გარსევანი ერეკლეს სთხოვს საიდუმლო ანბანის ანუ შიფრის გამოგზავნას პეტერბურგში. საიდუმლო ანბანის არსებობა ძველ საქართველოში ცნობილია. ეტყობა გარსევანი ისე გამგზავრებულა რუსეთში, რომ საიდუმლო მიმოწერისათვის არ უფიქრიათ.

არც ამ წერილიდან და არც სხვა საბუთებიდან ან ჩანს, რამ დააეჭვა გარსევანი. არა გვგონია, რომ მან შენიშნა მის საელჩოში მყოფი რუსეთის სათანადო დაწესებულების საიდუმლო აგენტი. სიმართლესთან ახლო ვიქნებით თუ ვიტყვით, რომ გარსევანი ამ შემთხვევაში, როგორც გამოცდილი ადამიანი, ყოველ შემთხვევისათვის სიფრთხილეს იჩენს. სხვა ცნობითაც დასტურდება, რომ იგი თავისი საელჩოს თანამშრომლების შერჩევაში ფრთხილობს და მათ ხელაღებით ნდობას არ უცხადებს, თუმცა რუსეთის დაზვერვისაგან საელჩო მაინც ვერ დაუფარავს.

ზემოხსენებული წერილი ერეკლეს მისმართით ქართულ ენაზე იყო დაწერილი, მაგრამ არა გარსევანის ხელით. საბუთის ბოლოში იმავე ხელით მინაწერია: «ჭეშმარიტად სწორად სიტყვით გარდმოვიღე ასესორი სვიმონ იგნატიევი». ამის ქვემოთ აღნიშნულია: «ვამოწმებ ჭეშმარიტად დედანისაგან გარდმოღებას სავარსამიძე». ამ მინაწერებიდან ცხადი ხდება, რომ გარსევან ჭავჭავაძის საიდუმლო წერილი, ერეკლე II-ის მისამართით გაგზავნილი, სვიმონ იგნატიევს (ეგნატაშვილს) გადაუწერია და სავარსამიძეს შეუმოწმებია. კაპიტანი ბართლომე სავარსამიძე სხვა საბუთში ჩვენ არ შეგვხვდა, სვიმონ იგნატიევი კი ადვილად დასადგენი პიროვნებაა. იმავე საქმე # 5-ში დაცულია გარსევან ჭავჭავაძის ერეკლე II-სადმი გაგზავნილი სხვა საიდუმლო წერილის რუსული თარგმანი. ამ საბუთიდან ვტყობილობთ, რომ გარსევანი თავის საიდუმლო მოხსენებაში სხვა ამბავთა შორის თავის მეფეს სწერდა: «По нашим делам переводчиком состоит Семён Игнатиев, тот самой кой впереезд наш в Кременчуге к сыну вашему Мириану от князя Потёмкина определён приставом, и кой поныне здесь пребывает, он же и у светлейшего князя состоит в должности переводчика, как словестных так и письменных дел и всевозможные оказывает нам свои услуги».

სიმონი ქართველი ეგნატაშვილია, ვახტანგ VI-ის დროს რუსეთში გადასახლებული ქართველი აზნაურის შთამომავალი, 70-იანი წლებიდან რუსეთის საგარეო საქმეთა კოლეგიის თანამშრომელი. კოლეგიას ქართულ საბუთებს სიმონი უთარგმნის რუსულ ენაზე. მანამდე დავით აბაზაძე თარგმნიდა ქართულ საბუთებს.

როგორც ზემომოტანილი რუსული ტექსტიდან ჩანს, სიმონ ეგნატაშვილი 80-იანი წლების საგარეო პოლიტიკის მესაჭეს ფელდმარშალ გრ. ალ. პოტიომკინს ჰყოლია ქართული საბუთების მთარგმნელად აყვანილი და იმავე დროს გარსევან ჭავჭავაძესაც «შველოდა», ანუ, უკეთ რომ ვთქვათ, ემსახურებოდა საელჩოში რუსულად მიმოწერის დროს. საქმე # 5-ში მოთავსებული გარსევანის საიდუმლო წერილების რუსული თარგმანები ეგნატაშვილის მიერ არის შესრულებული, ყოველი წერილის ბოლოს სიმონის მინაწერია: «Переводил колежский ассесор Семён Игнатиев».

სწორედ იმ საბუთში, რომლიდანაც ზემომოტანილი რუსული ტექსტი ამოვიღეთ და რომელშიც გარსევან ჭავჭავაძე კმაყოფილებას გამოთქვამს ეგნატაშვილის სამსახურის გამო («всевозможные оказывает услуги»), ეგნატაშვილი ერთ თავის მინაწერში ააშკარავებს მის საქმიანობას საქართველოს საელჩოში. როდესაც ეგნატაშვილს გარსევანის მიერ ერეკლესადმი გაგზავნილი საიდუმლო წერილის თარგმნა დაუწყია და მიუღწევია იმ ადგილას, სადაც სიმონ ეგნატაშვილის შესახებ კმაყოფილებას გამოთქვამს გარსევანი, მთარგმნელს შეშინებია ქართველი ელჩის წერილში მისი ასე დადებითად დახასიათებისა, რადგანაც მან იცოდა, რომ გარსევანის ამ წერილის რუსულ თარგმანს გრ. ა. პოტიომკინი გაეცნობოდა; ამიტომაც წერილის თარგმანის იმ ადგილის გასწვრივ, სადაც მის შესახებ არის საუბარი, აშიაზე რუსულად განმარტება დაუწერია: «От переводчика. – Изыскивать их доверенность предписано мне именем его светлости, и без упущения о всём доносил господину полковнику Попову, что сведать полезно мог. При том помимо долг присяги и верность к его светлости (იგულისხმება პოტიომკინი – ი. ც.)» (ЦВИА, პოტიომკინის ფონდი, კონა # 3, საქმე # 5, ფურც. 139).

მაშასადამე გრ. ა. პოტიომკინს გარსევანისათვის მიუჩენია ეგნატაშვილი, რომელსაც უშუალო კავშირი აქვს პოლკოვნიკ პოპოვთან, პოპოვი კი მოახსენებს პოტიომკინს. ეგნატაშვილის ერთგულება პოტიომკინისადმი განპირობებული ყოფილა ფიცით. სიმონს დაკისრებული საქმე კარგად შეუსრულებია. მას ქართველი ელჩის გარსევან ჭავჭავაძის ნდობა დაუმსახურებია. რომ ეს ნამდვილად ასე არის, სავსებით დავრწმუნდებით გარსევანის იმავე საიდუმლო წერილის ერთი ადგილიდან, რომელიც ნაწილობრივ ზემოდაც იყო მოტანილი. გარსევანი მოაგონებს ერეკლეს, მაიორი გაბრიელა გალეგოვის საქართველოდან პეტერბურგში თარჯიმნად გამოგზავნა რომ გთხოვე, ახლა საჭირო არ არის, რადგანაც სიმონ ეგნატაშვილი ვიშოვე ამ საქმისათისო: «... естли Гаврила майора не отправляли то удержите оного, по сие время ожидал я его с великою надеждою, а вверя себя другому, открыв ему свои тайны и дав узды моей повода ему в руки не могу себя вверить другому» (იქვე). აქ გარსევანი გარკვევით ამბობს, რომ იგი ეგნატაშვილს სავსებით მიენდო და მას საიდუმლოება გაანდო. მეორე ადამიანისათვის, გაბრიელა გალეგოვისათვის ახლა საიდუმლოების განდობა შეუძლებლად მიაჩნია (გაბრიელა გალეგოვი წარმოშობით ოსი უნდა იყოს რუსეთში აღზრდილი და რუსეთის ჯარში ნამსახური. მას მაიორის ხარისხი აქვს, იგი ერეკლეს სამსახურში მიღებული პირია, მას ეკუთვნის სასახლის კარზე თეატრის ორგანიზება).

საინტერესოა, ეგნატაშვილი თვითონ პარავს გარსევანს წერილებს თუ ერეკლესა და გარსევანის მიმოწერას გზაზე ხსნიან სხვები და სათარგმნელად ეგნატაშვილს აძლევენ? 

გარსევანის მეორე საიდუმლო წერილის რუსული თარგმანის ტექსტის ქვეშ სიმონ ეგნატაშვილს საკუთარი ხელით შენიშვნა გაუკეთებია. ამ შენიშვნიდან საფიქრებელი ხდება, რომ ეგნატაშვილი პირადად უნდა იპარავდეს წერილებს გარსევანის ბინაზე, მაგრამ დანამდვილებით მაინც ამის მტკიცება არ ხერხდება. ზედმეტი არ იქნება ეგნატაშვილის შენიშვნის აქ მოტანა: «Газеты первых месяцев были припоясаны накрест бумагою и запечатаны, где особо хранились царские письма, протчие же положены были вне газетов. В таком случае, естли б не упомянуто было к вышеозначенным секретарям царским о письмах царских, то произошла бы неумышленная ошибка в пропуске оных писем, коих содержание нижеследующее, и первое не оставляет никакой важности, последнее же, напротив того, важно» (ЦВИА, პოტიომკინის ფონდი, კონა # 3, საქმე # 5, ფურც. 71). როგორც ვხედავთ, ეგნატაშვილს ხელთ აქვს თბილისში გასაგზავნი მთელი ფოსტა, რომელშიაც მიმოწერის გარდა რამდენიმე თვის გაზეთებიც ყოფილა, ალბათ «Петербургские Ведомости»-ს ნომრები.

მეფისათვის განკუთვნილი წერილები გარსევანს გაზეთებში დაუმალავს, ისე რომ ეგნატაშვილს პირველად ვერც შეუნიშნავს, მაგრამ მდივნებისადმი განკუთვნილ წერილში რაკი აღნიშნული ყოფილა, რომ მდივნის წერილთან ერთად ერეკლეს სახელზედაც იგზავნებოდა კორესპონდენცია, ამის შემდეგ გაზეთების კონაში დაუძებნია ერეკლეს მისამართით გაგზავნილი წერილები და უპოვნია კიდეც. ასეთია ეგნატაშვილის «всевозможные услуги» ქართლ-კახეთის სამეფოს პეტერბურგის საელჩოში.

ზემოთ მოყვანილი ცნობებიდან ჩანს, რომ გარსევანი გამოცდილი და ფრთხილი ადამიანია, მაგრამ მთავარ უბედურებას ვერ ხედავს, მას ეგნატაშვილის შიში არ აქვს. გარსევანი რომ ფრთხილი დიპლომატია, ამას ცხადყოფს მისი ერთი ხერხი, რომელიც რუსეთის დაზვერვას, ყოველ შემთხვევაში ეგნატაშვილს მაინც, ვერ გაუგია.

ერთგან ს. ეგნატაშვილი გარსევანის მიერ ერეკლესადმი გაგზავნილი წერილების გამო შენიშნავს: «От переводчика. – Писаны сии секретные донесения собственною князя Чавчавадзева рукою, но ни на одном не подписано при обыкновенном окончании имени его» (ЦВИА, პოტიომკინის ფონდი, კონა # 3, საქმე # 5, ფურც. 163).

რით უნდა აიხსნას ეს ფაქტი? ასეთი წესი საიდუმლო მიმოწერის დროს ან არსებობდა საქართველოს სამეფო კარზე, ანდა დაეჭვებული გარსევანის მოგონილი ხერხია, რათა საიდუმლო წერილის გამომჟღავნების შემთხვევაში საშუალება ჰქონოდა მისი ავტორობა უარეყო.

ზემოთ ჩვენ აღვნიშნეთ, რომ გარსევანი ერთ წერილში ერეკლეს საიდუმლო ანბანს თხოვდა. თვითმპყრობელობის დაზვერვა ამ ცნობის მიღებისთანავე საქმეს შეუდგა, გაიცა განკარგულება საქართველოდან მომავალი ფოსტის ხელში ჩაგდების შესახებ. მაგრამ ამავე დროს შიშობდნენ ვაი თუ საქართველოს სამეფო კარმა სიფრთხილე გამოიჩინოს და საიდუმლო ანბანი საგანგებოდ კერძო პირს გამოატანოს და გარსევანს ისე გადასცენ, რომ მისი «გასაღები» ხელთ ვერ ჩავიგდოთო. საიდუმლო ანბანს გზები შეუკრეს, უფრო ასტრახანში ფიქრობდნენ მის ხელში ჩაგდებას. ჩვენ ბევრი ვეძიეთ ცნობა, დაიჭირეს თუ არა საქართველოდან გამოგზავნილი საიდუმლო ანბანი, ან ამ ანბანით დაწერილი საბუთი, მაგრამ ამის შესახებ მიმოწერას ვერ წავაწყდით. ალბათ რუსეთში დაცული არქივების რომელიმე ფონდში არის საამისო მასალები.

თვითმპყრობელობა ადვილად პოულობდა რუსეთში ემიგრირებულ ქართველობაში ერთგულ თანამშრომლებს. ზოგიერთი ამ ქართველთაგანი ვხტანგ VI-ის შთამომავლობას უჭერდა მხარს და ქართლის სამეფოს აღდგენასა და ერეკლე II-ის კახეთში განდევნაზე ოცნებობდა, ზოგიერთი კი, ანგარების მიზნით დაბრმავებული, შორს არ იცქირებოდა და საიდანაც ფულის შემოსავალს დაინახავდა, იმ მხარის ერთგულებას იჩენდა. მაგრამ იყვნენ ისეთებიც, რომლებიც ვიწრო ინტერესებზე მაღლა იდგნენ და, სამშობლოს სიყვარულით შთაგონებულნი, გულწრფელად ემსახურებოდნენ იმას, ვისშიაც ქვეყნის ღირსეულ წინამძღოლს ხედავდნენ. ისე, რომ ქართლის ემიგრაცია თავისი მისწრაფებებით ერთფეროვანი არ ყოფილა. და თუ ამ ემიგრაციის წრეებში თვითმპყრობელობას საჭირო აგენტების პოვნა უადვილდებოდა, ასევე ერეკლე II-თვისაც დიდ სიძნელეს არ წარმოადგენდა საჭირო მზვერავები ეშოვნა რუსეთის ხელმწიფის სამსახურში მყოფი ქართლელი თავადაზნაურობის წრეებში. შემცდარი ვიქნებით თუ ვიფიქრებთ, რომ გარსევან ჭავჭავაძე მხოლოდ თვითმპყრობელობის დაწესებულებათა ოფიციალური ცნობების საქართველოში გამოგზავნას ხელმძღვანელობდა და ამით კმაყოფილდებოდა. გარსევანის მიერ ერეკლესადმი გაგზავნილ საიდუმლო მოხსენებებში მოცემული მასალა ცხადყოფს, რომ ქართლ-კახეთის საელჩოს რუსეთში საიდუმლო აგენტები ჰყავდა და მათი მეშვეობით კრებდა არაოფიციალურ ცნობებს.

მოტანილი მასალები ცხადყოფენ, რომ 1783 წლის ტრაქტატის დადებას ორ სახელმწიფოს შორის ურთიერთობის იდილია არ შეუქმნია და არც შეიძლებოდა ასეთი რამ, ყველაფერი ცივ ანგარიშებზე იყო დამყარებული, ორივე მხარე ერთი-მეორეს ზვერავდა და საკუთარი ქვეყნის სარგებელს ეძებდა მეგობრობაში.

მეორე მხრივ, XVIII საუკუნეში საერთაშორისო ურთიერთობაში არსებულ წესს – ამა თუ იმ სახელმწიფოს კარზე რეზიდენტის დანიშვნას, სხვა მნიშვნელობაც ჰქონდა საქართველოსათვის. პეტერბურგში მყოფი საქართველოს საელჩო მართვა-გამგებლობის ახალ წესებს ეცნობოდა. საქართველოში უფრო კარგად ირანისა და თურქეთის წესებს იცნობდნენ და ზოგჯერ მაგალითებსაც აქედან იღებდნენ. 1783 წლის შემდეგ კი, ქართველი დიპლომატები პეტერბურგში არსებულ მდგომარეობას გაეცვნენ და ამის შედეგია სახელმწიფო მმართველობის რეფორმისათვის ინტენსიური მუშაობის დაწყება ჩვენში, თუმცა ამ მუშაობის ცხოვრებაში გამოსაყენებლად საქართველოს სახელმწიფოებრიობას თვითმპყრობელობამ აღარ დააცალა.


ტექსტი ბლოგზე გამოქვეყნებისთვის 
მოამზადა ირაკლი ხართიშვილმა