Thursday, October 29, 2020

ვალიკო ჯუღელი 1920 წლის მოვლენების შესახებ საქართველოში

(ქვემოთ შემოთავაზებული მასალა წარმოადგენს ამონარიდს /პირობითად, მეხუთე ნაწილს/ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის /1918–1921 წწ./ სახალხო გვარდიის მთავარი შტაბის უფროსის ვალიკო /ვლადიმერ/ ჯუღელის წიგნიდან „მძიმე ჯვარი /სახალხო-გვარდიელის ჩანაწერები /“, რუსულ ენაზე, ტფილისი, 1920 წ. /Валико Джугели, «Тяжёлый крест /записки народногвардейца/», Тифлис, 1920 г./; ხოლო თვითონ წიგნის ტექსტი კი მთლიანად შეიძლება ინახოს „ინტერნეტში“ საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის /თბილისის ყოფილი საჯარო ბიბლიოთეკის/ ფონდებში) 




ბათუმზე! 


17 თებერვალი 1920 წ. ტფილისი. დილა. 

მსხვილი მოვლენები მწიფდება. შესაძლოა, ისინი უკვე მომწიფდა კიდეც. ინგლისელები, როგორც ჩანს, საბოლოოდ მიდიან ბათუმიდან, და ჩვენს წინაშე მთელი თავისი მრისხანე სიმაღლით დგება საკითხი მისი დაკავების შესახებ. და განა მარტო მხოლოდ ჩვენს წინაშე? თურქეთის წინაშე, დენიკინელების წინაშე და ბოლშევიკების წინაშეც! ბევრი, ძალიან ბევრი საქმრო ჰყავს ამ მშვენიერ საცოლეს. მაგრამ ჩვენ ყველას დავამარცხებთ! ეს აუცილებელია, ამის გარეშე არსებობა ჩვენ არ შეგვიძლია. ბათუმი – ჩვენი ფილტვებია, ჩვენი თვალები, ჩვენი ხელები. ბათუმი – ჩვენი მშვენიერი ლეგენდაა, ჩვენი ოცნება და იმედი! ბათუმი – ეს ჩვენ თვითონ ვართ. და არანაირ ძალას ჩვენ მას არ დავუთმობთ. მით უმეტეს თურქეთს! ამ ბარბაროსს, ბოროტმოქმედსა და ავანტიურისტს... 

მე არასოდეს მინდოდა ომი. მაგრამ ბათუმის გამო ომზე უარს არ ვიტყვი. მით უმეტეს, რომ ჩვენი ძველი ბათუმური სირცხვილი უნდა გამოვისყიდოთ! მალე ორი წელი გახდება, რაც ბათუმი დავკარგეთ. მალე იქნება უბედური, საბედისწერო პირველი აპრილი... 


18 თებერვალი 1920 წ. ტფილისი. დილა. 

გუშინ რამდენიმე საბრძოლო ბრძანება გავეცით. ვემზადებით ბათუმის დასაკავებლად. დღეს სევასტი ვასაძის პირველი სამთო ბატარეა ოზურგეთისკენ გადის. ეს სახელოვანი, საბრძოლო ბატარეაა! იქითკენვე გადის შარაძის სატყვიამფრქვევო რაზმიც. და გზა, რომელმაც ორი წლის წინ თურქები ბათუმიდან ოზურგეთში მოიყვანა, ახლა ჩვენ ოზურგეთიდან ბათუმში მიგვიყვანს!.. 

გზა დაგველოცოს! 


19 თებერვალი 1920 წ. ტფილისი. დილა. 

გუშინ სადგურზე ჩვენს სახელოვან პირველ სამთო ბატარეასა და შარაძის ორ სატყვიამფრქვევო ოცეულს ვაცილებდი. ეს პირველი ეშელონია ბათუმზე. გადაწყდა ნატანებ-ოზურგეთის ფრონტზე არცთუ დიდი ძალები გადავისროლოთ და სარდლად ჩვენი სოსო დავნიშნოთ. ამხანაგი სოსო ჩვენი კანდიდატია და მე მჯერა, რომ იგი გაამართლებს ჩვენს იმედებს. სოსო, ალექსანდრე და მე მალე ფრონტზე გავემგზავრებით. ძველი თბილი კომპანია! დაუდგრომელი ხარაში ფრონტზე მიისწრაფვის (рвётся на фронт). ის ახლა ჩვენს ბუღალტერიას უდგას სათავეში და სამუშაოსგან მისი მოწყვეტა ძნელია. მაგრამ იგი ამბობს: „ბათუმის გულისთვის ჩამოვედი მე კავკასიაში, მაგრამ მის დასაცავად ვერ ჩამოვასწარი. ახლა თქვენ მე თან უნდა წამიყვანოთ“... 

მკაცრი, ცივი, ღრმა თოვლიანი ზამთარი დგას. მთელ ღამეს თოვდა. მთელი ბუნება თეთრ, საქორწილო სამოსელშია გამოწყობილი. ეს კარგია. გასულ წელსაც მკაცრი, ცივი ზამთარი იყო. და ჩვენ მაშინ გავიმარჯვეთ... 

თუ ინგლისი არ იქნება ჩვენს წინააღმდეგ, მე თურქეთის არ მეშინია. ჩვენ დავუმტკიცებთ თურქეთს, რომ რევანშის აღება შეგვიძლია! 

უკანასკნელი ცნობების მიხედვით თურქული ძალები ხოფაში იკრიბებიან. მათ სწორედ ის პოლკოვნიკი მეთაურობს, რომელმაც ორი წლის წინ ბათუმი აიღო. 

ახლა მას ჩვენ ავიღებთ. ეს გადაწყვეტილია. 

„მინდა, შემიძლია და მოვალეც ვარ“! 


21 თებერვალი 1920 წ. ტფილისი. დღე. 

რამდენიმე საათში სოსო, ალექსანდრე და მე ნატანებში მივემგზავრებით. ბათუმის დასაბრუნებლად! მაგრამ ბათუმის დაბრუნების დიდი სიხარული საშინელი სახალხო უბედურებითაა ჩამწუხრებული: დილის 3 საათსა და ნაშუადღევის 3 საათზე გორის მაზრაში საშინელი მიწისძვრა მოხდა. სრულიად დაინგრა გორი და მრავალი სოფელიც. საშინელებაა და სიმწარე! საჭიროა ქვეყნის მთელი ძალების დაძაბვა უბედური მაზრის გადასარჩენად. განწყობა საფლავისა მაქვს, დათრგუნული. მაგრამ, მიუხედავად ამისა, არ უნდა გადავიტანოთ ყურადღება ჩვენი მთავარი ამოცანიდან. და რაც უფრო მეტი უბედურებაა, რაც უფრო მეტი საშინელება, მით უფრო მეტია ენერგია, ნება და რწმენა! 


24 თებერვალი 1920 წ. ნატანები. საღამო. 

ახლა ტფილისში მიდის მთავრობის სხდომა ბათუმის საკითხზე. რამდენიმე საათის შემდეგ გვექნება გადაწყვეტილება. იმედი მაქვს, რომ ბათუმის ოლქის დაკავებას გვიბრძანებენ. ძალზედ გულსატკენი იქნება, თუ აქ დიდხანს ადგილის ტკეპნა მოგვიწევს. 

უკვე ორი წელია ამ მხარეში არ ვყოფილვარ. ბათუმის დაცემის მომენტიდან. მაგრამ აქ არაფერი შეცვლილა. სულ ისეთივე უბადრუკობა, სიღარიბე და ჭუჭყია. დღეს ჩვენს ძველ პოზიციებსა და სასაზღვრო ჩოლოქს ვათვალიერებდით. ხვალ ან ზეგ ეს საზღვარი გადალახულ უნდა იქნას. 

გორიდან საშინელი ამბებია. ქალაქი სრულიად დანგრეულია და რამდენიმე ათეული სოფელია განადგურებული. ეს უბედურება ამწუხრებს ყოველგვარ სიხარულს. ძველი ნატანებური განწყობა იღვიძებს... ჩვენ მაშინ დამარცხებული ვიყავით. ჩვენ სამარცხვინოდ დავთმეთ ბათუმი და საცოდავ სანგრებში ვისხედით ჩოლოქზე. სულ წვიმა გვასხამდა, მაგრამ ფუფუნებიანად ჰყვავილობდა ლადადენდრონი. ჩვენმა დებმა სანიტარული ვაგონი ყვავილებით მორთეს და ვაგონში სისუფთავე და სიმყუდროვე იყო... და უეცრად საშინლად მომინდა დაჭრილი ვყოფილიყავი და ყვავილების ქვეშ მქონოდა ლოგინი... როცა გორში გავდიოდით, მინდოდა მკვდარი ვყოფილიყავი... ეს უფრო მსუბუქი იქნებოდა, უფრო მშვიდი. 


29 თებერვალი 1920 წ. ნატანები. 

უკვე ერთი კვირაა ნატანებში ვსხედვართ და მთელ დროს გაძლიერებულ დაზვერვაში ვატარებთ. ღრმა თოვლი ძალიან აძნელებს დაზვერვას და გვიბოჭავს გადაადგილებებს. ამ მხარეში ასეთი თოვლი დიდი ხანია არ ყოფილა. 

დღეს ბათუმში უკვე საქალაქო არჩევნებია. ველოდებით შედეგებს. მაგრამ არჩევნების შედეგებისგან დამოუკიდებლად, ჩვენ ბათუმში შევდივართ. ეს მყარადაა გადაწყვეტილი, უკან მოუბრუნებლად! მე ყველაზე უფრო ინგლისელთა განზრახვები მაინტერესებს. როგორ მოეკიდებიან ისინი ოლქში ჩვენს შეიარაღებულ შესვლას? უბრალოდ მჟავე ფიზიონომიას მიიღებენ, რომელიც მათ ძალიან უხდებათ, თუ ჩვენ შეიარაღებული ხელით გადაგვიღობავენ გზას? არ ვფიქრობ, რომ მათ უკანასკნელი გაბედონ, ვინაიდან ხომ ასე მარტივი და აშკარაა ბათუმის საკითხი. ბათუმის გარეშე ჩვენთვის ძნელია, შეუძლებელია არსებობა. ბათუმი – ეს ჩვენი ნერვებია, ჩვენი ამოგლეჯილი, გასისხლიანებული გულია! და ჩვენ ის ხელახლა უნდა მივიღოთ. როგორიც გინდათ ძალისხმევის ფასად, თვით რისკის ფასადაც კი... თუ ჩვენ ახლა ბათუმში არ შევედით, შეიძლება ის საუკუნოდ დავკარგოთ. დავკარგოთ თურქეთის სასარგებლოდ. და ჩვენ არ შეგვიძლია ეს დავუშვათ. ინგლისი ამისთვის ომს არ გამოგვიცხადებს. და რომ გამოგვიცხადოს კიდეც, ეს სირცხვილი მას დააწვება. სასოწარკვეთისგან ყველაფერზე შეიძლება წახვიდე. დაღუპვაზეც კი! 

იტალია და საფრანგეთი აშკარად ბათუმში ჩვენი შესვლის მხარეზე დგანან. სომხეთმა აღიარა ჩვენი უფლებები ბათუმზე. აზერბაიჯანი რაღაც ენაბლუობს (косноязычествует)... 

მესამე დღეა აქ საოცარი, მომაჯადოებელი ამინდია. ეს ამ მხარეში დიდი იშვიათობაა. მზისგან განწყობა ძლიერდება, უფრო ფერადოვანი, მხნე ხდება... 

„მზის ქვეშ სიკვდილიც ლამაზია“. 

ორი წლის წინ, როცა ჩვენ ბათუმი ჩავაბარეთ და როცა თითქმის უიმედოდ ვიცავდით თავს ჩოლოქზე, აქ საზიზღარი, საძაგელი ამინდი იდგა. და ჩვენ მაშინ სუსტები, უსუსურნი და საცოდავნი ვიყავით. და როცა ძველ ადგილებში ვმგზავრობ, ძველი ამბებიც მახსენდება. და როგორი განსხვავებაა ძალების, განწყობების და იმედებისა... მაშინ ჩვენ – სახალხო გვარდიას – ჩოლოქზე რამდენიმე ასეული ხიშტი გააჩნდა, ექვსი ქვემეხი (მათგან ოთხი როგორღაც მუშაობდა!) და არაუმეტეს ათი-თხუთმეტი ტყვიამფრქვევისა. და ეს თითქმის მთელი ჩვენი ძალები გახლდათ! ახლა ჩვენთან აქ თავმოყრილია (რეგულარული ჯარების ჩაუთვლელად) დაახლოებით სამი ათასი ხიშტი, რვა ქვემეხი და ორმოცდაათ ტყვიამფრქვევზე მეტი. და ეს ჩვენი სახალხო-გვარდიული ძალების მხოლოდ ნაწილაკია. ზურგში ჩვენ დიდი და ძლიერი ხელუხლებელი რეზერვი გვყავს. ასეთი ძალებით შეგვიძლია რევანში ავიღოთ! და როგორ გამოუცდელები ვიყავით ჩვენ მაშინ! და მხოლოდ ამ გამოუცდელობისა და ჩვენი გენერლების ფეტიშიზმის წყალობით უიღბლობა განვიცადეთ 10 აპრილს ოზურგეთზე შეტევისას. მაშინ ჩვენ ძლიერად გვჯეროდა გენერლების სამხედრო ავტორიტეტისა. და მაშინ გენერალმა მაზნიევმა დაავალა პლკოვნიკ კონიევს შეეტია ოზურგეთზე ნატანების მხრიდან, მე მხოლოდ ვკითხე: „ეცნობა თუ არა ამ შეტევის შესახებ გედევანოვსა და სუმბათოვს?“ „რა თქმა უნდა ეცნობა“, – მიპასუხეს. მე სრულიად დავმშვიდდი და მხოლოდ შემდგომში გავიგე, რომ გედევანოვმა და სუმბათოვმა ოზურგეთზე შეტევის შესახებ მხოლოდ კონიევის კოლონის წარუმატებლობის შემდეგ შეიტყეს! თავად ეს კოლონა კი მუდმივად ფლანგიდან ცეცხლის დაშენის ქვეშ მიდიოდა! ახლა ჩემთვის ყველაფერი ეს ისე ნათელი, აშკარა და დაუშვებელია. კონიევს, გედევანოვსა და სუმბათოვს ოზურგეთზე ერთდროულად რომ შეეტიათ – 1918 წ. 10 აპრილს ოზურგეთი ჩვენს ხელში იქნებოდა... 

ასე რომ ყოფილიყო!.. 


1 მარტი 1920 წ. ნატანები. საღამოსკენ. 

ახალი არაფერია. ხვალ ველოდებით ახალ ამბებს ბათუმიდან და ბრძანებას ტფილისიდან. გუშინ დიდ მიტინგზე ვიყავი ოზურგეთში. მიტინგზე დაახლოებით 60 ქობულეთელი იყო. მათ გვითხრეს: „თუ ბათუმში მიდიხართ – უფრო ჩქარა წადით!“ მაგრამ ისინი ქობულეთელთა უმრავლესობის განწყობას არ გამოხატავდნენ... 


6 მარტი 1920 წ. ნატანები. დილა. 

გადაწყვეტილია შევიდეთ ბათუმის ოლქში. ხვალ დილის 6 საათზე შეტევაზე გადავდივართ ქობულეთზე. ეს შეტევა ბევრ რამეს გადაწყვეტს. შეიძლება, ინგლისმა ენერგიულად გამოგვიცხადოს პროტესტი და მასთან შეჯახება მოგვიხდეს. ძალზედ საპასუხისმგებლო და რისკიანი ნაბიჯია! ნუთუ ინგლისი ჩვენ ომს გამოგვიცხადებს? არ მჯერა, რადგან ეს ძალიან სასაცილოა და ძალიან არ პასუხობს ინგლისის ინტერესებს... 


7 მარტი 1920 წ. ოზურგეთი. ადრეული დილა. 

ხელი აიღეთ! (Отставить!) 

ღამით მოვიღეთ სამხედრო მინისტრის ბრძანება შევაჩეროთ ბათუმის ოლქში შესვლა! ჩვენ კი სრულებით მზად ვიყავით, და დღეც საოცარი დგება. მე ვიბნევი ფიქრებში, არ ვიცი თუ რაშია საქმე... ყოველ შემთხვევაში ჩვენ გულდაწყვეტილები და დათრგუნულები ვართ!.. 7 მარტი 1920 წ. ნატანები. დილა. განწყობა ზომიერია, დაკმაყოფილებელიც კი: ჩვენ თავი ავარიდეთ დიდ და რისკიან ავანტიურას! გუშინ, ღამით, მინისტრმა უორდროპმა ნ. ნ. ჟორდანიას გადასცა, რომ ბათუმის ოლქში ჩვენი ჯარების შესვლა შეფასებულ იქნება როგორც ინგლისისათვის ომის გამოცხადება და იგი იძულებული გახდება გაემგზავროს საქართველოდან. ხოლო ინგლისთან ომისთვის კი ჩვენ „ჯერჯერობით“ მზად არა ვართ! მართალი, ჩვენ დიდებული ბიჭები ვართ, მაგრამ ანტანტას მაინც ვერ დავამარცხებთ!.. 

უორდროპი გვპირდება შეთანხმების გზით შეიყვანოს ჩვენი გარნიზონები ბათუმის ოლქში... ეს საკმარისია... 


7 მარტი 1920 წ. ნატანები. შუადღე. 

გამარჯვება თუ დამარცხება?! არც ერთი, არც მეორე! ვინაიდან ჩვენ ძველ პოზიციაზე ვრჩებით. რამდენადმე წინაც კი წავიწიეთ! და მინდა ბათუმზე ჩვენი ლაშქრობის ისტორია გავიხსენო. სამი კვირის წინ მთავრობას აცნობეს, რომ ინგლისელები დაჩქარებით ახდენენ ბათუმიდან ევაკუაციას და რომ თურქებსა და ბოლშევიკებს უნდათ დატოვებული ქალაქის დაკავება. გადაწყდა საჩქაროდ მოგვეხდინა მობილიზაცია და ბათუმი და მისი ოლქი ჩვენ თვითონ დაგვეკავებია. ასევე გადაწყვეტილ იქნა გვემოძრავა სამი მიმართულებით: ახალციხისა და არტაანის მხრიდან გადამჭრელი (გაბედული) დემონსტრაცია მოგვეხდინა, ხოლო მთავარი ძალები კი ქობულეთის გავლით დაგვეძრა. 25 თებერვალს ჩვენ უკვე თავმოყრილი ვიყავით ქობულეთის მიმართულებაზე და ველოდებოდით ბრძანებას: „წინ!“ მაგრამ ეს ბრძანება არ ყოფილა, ვინაიდან ინგლისელებმა არ მოახდინეს ბათუმის ევაკუაცია, არამედ პირიქით – (ანტანტის) უმაღლესმა საბჭომ გადაწყვიტა ოკუპირებულ ბათუმში შერეული გარნიზონი დაეტოვებია ინგლისელების, ფრანგებისა და იტალიელებისაგან. ამ პირობებში ბათუმზე მოძრაობა ინგლისელებისა და მოკავშირეთა წინააღმდეგ გამოსვლის თანაბარი იქნებოდა! მაგრამ ბათუმზე უარის თქმა ჩვენ არ შეგვეძლო. ნათელი იყო: „ახლა ან არასოდეს!“. და ჩვენ მოგვიხდა რამდენადმე გადავწყობილიყავით. გადაწყდა გაგვეძლიერებია პოზიციები ახალციხე-არტაანის მხრიდან, ხოლო ჩვენი ჯგუფი კი მდინარე კინტრიშამდე წინ გაგვეყვანა. და დღეს ჩვენ უნდა მოგვეხდინა ჩვენი წინ გასვლა. სავსებით მზადაც ვიყავით, ღამეც საოცარი იყო, მთვარიანი. კარგი ღამე იყო! მაგრამ ინგლისმა პროტესტი განაცხადა. მან მოლაპარაკებები შემოგვთავაზა. და ჩვენ ამ მოლაპარაკებებზე მივდივართ... ჩვენ არასოდეს გვინდოდა ომი... 

მხოლოდ რეაქციას კი ყოველთვის მოხარული ვართ ვებრძოლოთ!.. 


მოხალისეთა არმიის აგონია და სიკვდილი 


9 მარტი 1920 წ. ნატანები. დილა. 

გუშინ ვიმგზავრეთ ბათუმში. და განსაკუთრებული ტკივილით ვიგრძენი მთელი სირცხვილი ბათუმური ეპოპეისა! ასე ადვილად, ასე სამარცხვინოდ, ასე დანაშაულებრივად ჩააბარო ეს სიმაგრე! სამი ათასი მედგარი მებრძოლით შეიძლებოდა ეს ციხესიმაგრე თვეების მანძილზე დაგვაცვა. და გუშინ ვფიქრობდი: ბათუმური სირცხვილის შემდეგ ჩვენ ყოველგვარი დამცირების ღირსები ვართ! ჩვენ დავიმსახურეთ ჩვენი უბედურებანი!.. უმჯობესი იყო ჩვენ ყველანი ბათუმთან ერთად და ბათუმში დავხოცილიყავით... ახლა კი ჩვენ უნდა ვიცხოვროთ ბათუმთან ერთად. სხვა გზა არ გაგვაჩნია!.. 

ჩვენს ირგვლივ ბევრი რამ ახალია. ხდება მოხალისეთა ლიკვიდაცია, მაგრამ ამასთან ერთად ხდება ანარქიული ბოლშევიზმის ლიკვიდაციაც! სამხრეთის კაზაკობა ცოცხლდება და იწყებს დემოკრატიაზე ორიენტირებას! მოკრძალებით, გაუბედავად, მაგრამ მაინც იწყებს ორიენტირებას. რუსეთის ბოლშევიზმი ჯანსაღდება, ისიც განიცდის დემოკრატიზაციას, მაგრამ თავად რუსეთი სულ უფრო მეტად იღუპება, ინგრევა. ხდება ჯერ არ ყოფილი პროცესი დიდი სახელმწიფოს უკიდურესი გახრწნისა და ნგრევის ისტორიაში!.. მხოლოდ რომის დაღუპვა თუ შეიძლება შეედაროს ამას... რუსეთის შინაგანი მდგომარეობა სასოწარკვეთილია. ლენინმა მოკლედ ჩამოაყალიბა ეს საშინელება რამდენიმე სიტყვით: „ჩვენთან შიმშილი, სიცივე და პარტახტიანი ტიფია“!.. და ამას მათში კომუნიზმი ეწოდება! ბოლშევიზმმა, სამოქალაქო ომის მისეული აპოთეოზით, დაანგრია ქვეყნის საწარმოო ძალები, მოსპო ტრანსპორტი, მოახდინა მთელი რუსეთის მილიტარიზაცია და ამ საშინელ ნანგრევებზე ფიქრობს იგი პროლეტარიატის ბედნიერების აღმართვას! მაგრამ ნანგრევებზე და უდაბნოში ხომ მხოლოდ სიკვდილი ზეიმობს! და სიკვდილი რუსეთში იწყებს უკვე ზეიმობას... და ამ მოზეიმე სიკვდილით უნდათ ბოლშევიკებს ჩვენთან მოსვლა?!.. მაგრამ ჩვენ სიცოცხლე გვინდა, და არა სიკვდილი. და სიკვდილი ვერ იქნება ჩვენში! 

და მიიყვანა რა მთელი ქვეყანა სასოწარკვეთილ უფსკრულთან, ბოლშევიზმი, უნდა რა თავისი დროშის უკანასკნელი ნაფლეთები გადაარჩინოს, თუმცა კი რევოლუციური გრიმასებით, იწყებს მოზეიმე მსოფლიო იმპერიალიზმის წინაშე ქედის მოხრას! იგი გარკვევით, ურცხვად კეკლუცობს მუსლიმანურ ფანატიზმთან! დენიკინი მხოლოდ ამთავრებს ბოლშევიკების სამუშაოს. დიახ, იგი მხოლოდ უზარმაზარ, შავ წერტილს სვამს ბოლშევიკების ყოვლად დამანგრეველ სამუშაოზე. და იღუპება დიდი, ძალმოსილი, უძლური, ბედნიერი და უბედური რუსეთი!.. და საშინელი ტკივილი, მტანჯველი წყენა, მძიმე უბედურება ეუფლება მთელ ჩემ არსებას... საშინელი გრიგალები მიდი-მოდიან რუსეთის თვალუწვდენელ ველებზე და ისინი ძირფესვიანად თხრიან ყველაფერ იმას, რაც ჩვენ ასე ვნებიანად, ლამაზად და მოფრთხილებით გვიყვარდა... მე მიყვარდა!.. უწინ ყოველთვის ვოცნებობდი საზღვარგარეთზე. ვისწრაფოდი იქითკენ, მასზე ოცნებით ვცხოვრობდი. ახლა კი სულ უფრო ხშირად ვფიქრობ რუსეთზე და ვოცნებობ მის გასისხლიანებულ გულში – მოსკოვში და გაჩანაგებულ თავში – პეტერბურგში გამგზავრებას. და ამ ფიქრების დროს შემზარავი ტკივილი ეუფლება გულს და სევდა მაწვება... 

მიყვარს, მიყვარს მე ნამუსახდილი, ნატანჯი, გაძარცვული რუსეთი. და მჯერა მისი აღდგომისა!.. 

ტუაფსის პოზიციებზე ჩვენი სახელოვანი, ჭაბუკი მიხლინი მოჰკლეს. საწყალი, კარგი ბიჭი. 


15 მარტი 1920 წ. ტფილისი. ღამე. 

დავბრუნდი ოპერიდან. პირველად ვისმენდი „ჩვენი ცხოვრების დღეებს“. და გამახსენდა მოსკოვი, პურმარილიანი, გულითადი მოსკოვი! და გამახსენდა სტუდენტური წლები. და გაიღვიძეს, აღდგნენ მთელი მოგონებები. და ეს მოსკოვი უკვე აღარ არის. უკვე რუსეთიც აღარ არის! 

სამოქალაქო ომმა მსოფლიო ომის ყველა ნგრევა დაასრულა. მაგრამ სამოქალაქო ომი თავის დასასრულთან უნდა მივიდეს. ის დიდი ოკეანის ნაპირებამდე მიგორდა და მისი უკანასკნელი ტალღები კავკასიონის სიმაგრეებზე იმსხვრევა. დიახ, იმსხვრევა!.. ძალმოსილ ქედს ისინი ვერ გადმოივლიან!.. ბოლშევიკებმა კავკაზსკაია და ტიხარენსკაია აიღეს და დენიკინის არმია ისევ ორ ნაწილად გაწყვიტეს. და ორივე ნაწილი ცალ-ცალკე იღუპება! და არა აქვთ მათ გადარჩენა, არა აქვთ აღორძინება. ბოლშევიკებმა დაამარცხეს რეაქცია. მაგრამ ბოლშევიკებივე ხელახლა ააღორძინებენ და წარმოშობენ მას!.. თუ ისინი არ დაჭკვიანდებიან. მაგრამ ჩიჩერინის უკანასკნელ ნოტაში ეს ჭკუა არ ჩანს... მან დაწერა პროკლამაცია და მასში მეც კი არ დამივიწყა! მე გამოხატული ვარ მტარვალად და ბევრმა შეიძლება ეს დაიჯეროს... მე კი ვიცინი და ვამბობ: „ეს სიცრუე მე არ შემეხება!“ მუშებმა და გლეხებმა უკვე შემაფასეს და ისინი მე სხვა სიტყვას მიწოდებენ. მე არასოდეს ვემყარებოდი ხიშტებს. ხალხის სიყვარული მიჭერდა მხარს და ამ მიმართებით ბოლშევიკებს შეუძლიათ ჩემი შეშურდეთ! და იმავე გაზეთში, სადაც ჩიჩერინის პროკლამაციაა მოთავსებული, ჩვენ ვკითხულობთ ბოლშევიკურ შეტყობინებას პენზის ეპისკოპოს ვლადიმერის შესახებ, რომელიც საბჭოთა ხელისუფლებას ემსახურება და ქადაგებებს უკითხავს რკინიგზელებს ხელისუფლებისადმი მსახურების შესახებ!.. მაგრამ ჩვენ რომ დაგვეწყო მთავარეპისკოპოსების ქება და მათი ქადაგებების ბეჭდვა, ბოლშევიკები მაშინ კონტრ-რევოლუციონერებს გვიწოდებდნენ! მათ ხომ ჰოტენტოტებისეული მორალი აქვთ... 

დღეს მოვიდა სამწუხარო, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი შეტყობინება გერმანიიდან: კონტრ-რევოლუციონერებმა იქ სახელმწიფო გადატრიალება მოახდინეს. მჯერა, რომ ეს კონტრ-რევოლუცია გაისრისება! დაუნდობლადაც! მაგრამ როგორ თვითდაჯერებული იყო ამხ. ნოსკე, როცა იგი ძველ გენერლებს ასე დაენდო და მუშები განაიარაღა. და როგორ წინდახედულები ვიყავით ჩვენ, როცა ვქმნიდით შეიარაღებულ დემოკრატიას – ჩვენს სახალხო გვარდიას!.. სანამ ცოცხლობს სახალხო გვარდია – ჩვენში წარმოუდგენელია კონტრ-რევოლუცია. 


ვლადიკავკაზი. 19 მაისი 1920 წ. 

უბედური ქალაქი! მე დიდი ხანია ის არ მინახავს. კავკასიაში ირაკლი წერეთლის პირველი ჩამოსვლის დროიდან! მაშინ ეს სუფთა, ლამაზი, ამაყი ქალაქი გახლდათ. ახლა ის ჭუჭყიანი, გაძარცვული და საცოდავია. მასში უამრავი გადამწვარი სახლია. მთელი კვარტლებია გადამწვარი. მთელი ქალაქი სავსეა შეიარაღებული ადამიანებით. ახლა აქ მოხალისეები თავიანთ უკანასკნელ დღეებს ითვლიან. შესაძლოა, საათებსაც! ქალაქში არ არის ფაქტიური, რეალური ხელისუფლება. ქალაქი მოწყვეტილია გარე სამყაროს და მხოლოდ პატარა არტერიის მეშვეობით აქვს შეტყობინება საქართველოსთან. და ამ არტერიის – საქართველოს სამხედრო გზის გამოყოლებით ფურგონების მწკრივებია გაჭიმული ლტოლვილებით. გამორბიან ქალები, ბავშვები, ბურჟუები და მოხალისენი. გამორბიან უსუსურები და საშინლად დაშინებულნი! და ყოველივე ეს ახდენს საზიზღარ, საცოდავ და მძიმე შთაბეჭდილებას. და მოხალისეთა არმიის ეს ლაჩრულად, სამარცხვინოდ გამოქცეული გმირები მათდამი ზიზღსა და შეცოდებასაც კი იწვევენ. რევოლუციის, ხალხისა და საქართველოს წინაშე მათი ყველა ბოროტმოქმედების მიუხედავად მე არ ვგრძნობ მათ მიმართ სიძულვილს, არამედ უფრო შეზიზღებას (брезгливость), შეცოდებასა და უგულვებელყოფას!.. და ამ ადამიანებს სურდათ დიდი რუსეთის შექმნა?! არა, ისინი დიადი საქმეებისათვის ძალზედ საცოდავები და ძალზედ უმნიშვნელონი არიან. მაგრამ ქალები, მოხუცები და ბავშვები ადამიანურად მეცოდებიან! მიმდინარეობს დიადი ტრაგედია. მიმდინარეობს მოხალისეთა ავანტიურის ლიკვიდაცია. რუსეთისათვის ეს კარგია. და ჩვენს საზღვრებთან მოდიან ბოლშევიკები. მათი ტალღები მალე კავკასიონის ქედამდე მოგორდება და აქ დაიმსხვრევა. ჩვენს ციხესიმაგრეზე! ჩვენს მკერდზე... 

ვლადიკავკაზში სიმშვიდე არ არის. რაღაცნაირი საოპერეტო, მთიელთა ხელისუფლება შეიქმნა ხალხის გარეშე... ინგუშები და ოსები ერთმენეთზე ალესილები არიან. და ხოცვა-ჟლეტაა მოსალოდნელი... მათ რომ ერთმანეთის არ ეშინოდეთ, მოხალისეებს უკვე დიდი ხანია ოთხში ამოიღებდნენ! 

ხვალ ნაზრანში ინგუში ხალხის ყრილობაზე მივემგზავრებით. საჭიროა მთიელებს თავიანთი ხელისუფლების ორგანიზებაში დავეხმაროთ. დემოკრატიული ხელისუფლებისა!.. 


20 მარტი 1920 წ. ვლადიკავკაზი. დილა. 

ნათელი მზიანი დილაა. შორს თოვლიანი მთები მოჩანს და მათ თავზე მკაცრადაა ძალმოსილი ყაზბეგი აღმართული... 

ღამემ მშვიდობიანად ჩაიარა. მხოლოდ ცალკეული გასროლები იყო. ეს, ალბათ, მაცხოვრებლებს ძარცვავდნენ ან კიდევ დაცვა ისროდა... შეშინებისგან!.. 

მე ყველგან და ყველას ვეკითხები: „სად არის ფრონტი?“ და ყველანი ერთხმად მპასუხობენ: „არანაირი ფრონტი არ არის, არამედ მხოლოდ მოხალისეთა არმიის საშინელი დაშლაა“. და მეც სულ უფრო მეტად ვრწმუნდები ამაში! ფრონტი მართლაც არ არის. და არც არანაირი ბრძოლებია. სრულებით არ არის ის შეუპოვარი ბრძოლები, რომელთა შესახებაც ბოლშევიკები წერენ. ვლადიკავკაზში სრულებით არ მოჰყავთ არც მოკლულები, არც დაჭილები, არც ტყვეები... 

მოხალისეთა არმია სწრაფად დნება. კაზაკები გაძარცვული ქონებით სახლებში მიდიან და თითოეული თავის სტანიცას, თავის საკუთარ სახლს იცავს. ბოლშევიკები მათ შიშველი ხელებით იღებენ და, თავიანთ მხრივ, გამარჯვებების შემდეგ, ასევე სახლებში მიდიან... და ახლა მე სულ უფრო მეტად მჯერა ჩვენი თავდაცვის წარმატებისა. ეს შავ-წითელი ბანდები ჩვენს ფრონტს ვერასოდეს შემოარღვევენ! 

ვლადიკავკაზში დაახლოებით 7–8 ათასი შეიარაღებული ოფიცერი მოგროვდა. მაგრამ ესენი მეომრები კი არ არიან, არამედ სრულიად დემორალიზებული, უბედური ადამიანები, რომლებსაც აღარაფრის სწამთ და რომლებმაც ყოველგვარი ენერგია დაკარგეს. და აღესრულება არა მარტო ფიზიკური განადგურება კონტრ-რევოლუციისა, არამედ კიდევ უფრო საშინელი მისი მორალური განადგურებაც... მაგრამ ამ კონტრ-რევოლუციის ნაცვლად მოდის ახალი რეაქცია, თუმცა კი სხვა მხრიდან და წითელი დროშის ქვეშ! და მე ფიქრებით ჩვენს პატარა, ღარიბ, მაგრამ თავისუფალ საქართველოში გადავდივარ... ისტორიული ბედ-იღბლის ნებით ჩვენ მძიმე გულით მოგვიხდა დამოუკიდებელი ცხოვრების გზაზე დავმდგარიყავით. მე მთელი სულითა და გულით ამის წინააღმდეგ გახლდით, ძალზედ ვიტანჯებოდი ამისგან, მაგრამ ახლა ვრწმუნდები, უკვე დავრწმუნდი კიდეც, რომ სხვა გზა არ იყო! რომ დამოუკიდებლობა იქცა ჩვენთვის ძალმოსილ ფარად ჩვენი თავისუფლების, ჩვენი ხალხის დასაცავად! და ჩვენ შევინარჩუნეთ დემოკრატია, თავისუფლება და რევოლუციური წესრიგი ჩვენი გარემომცველი ანარქიისა და რეაქციის საშინელ ქარიშხალში... და ახლა გვიხდება მივცეთ თავშესაფარი ჩვენს უბოროტეს მტრებს – მოხალისეებს, როგორც ერთი წლის წინ მივეცით თავშესაფარი უკანდახეულ ბოლშევიკებს. მაშინ ბოლშევიკები ჩვენს გაშლილ მკლავებში შემოგვეხიზნენ (бросились в наши объятия). და მაშინ მხოლოდ ჩვენ შეგვეძლო მათი შეფარება! მაგრამ ახლა ისინი ძლიერები არიან, მათ დაივიწყეს ჩვენი სტუმართმოყვარეობა. თავის თავქარიან ნოტაში ჩიჩერინი ლაპარაკობს ბოლშევიკთა ტყვეობის აუტანლად მძიმე პირობებზე საქართველოში! ერთი წლის შემდეგ ან უფრო ადრეც ზუსტად იგივეს დაწერენ მოხალისეებიც საკუთარ თავზე. მაგრამ ამან ჩვენ არ უნდა შეგვაცბუნოს, და უნდა შევასრულოთ კაცთმოყვარეობისა და სტუმარტმოყვარეობის ვალდებულება. მართალია, თავშესაფარს ჩვენი მტრები ითხოვენ, ჩვენ ძალზედ ღარიბები ვართ და საჭმელი ჩვენთვისაც არაფერი გვაქვს, მაგრამ როცა ლაპარაკია ასეულობით ადამიანის ფიზიკურ განადგურებაზე, მაშინ კარების დაკეტვა არ შეიძლება. და დაე ჩვენს მტრებს, რომლებიც თავს დაესხნენ ჩვენს საზღვრებს, რომლებიც ცილს გვწამებდნენ და რომლებიც ახლა ჩვენთან შემოხიზვნას ითხოვენ, თავად შერცხვეთ საკუთარი თავისა.  

მაგრამ მათ ხომ სინდისიცა და სირცხვილიც დიდი ხანია დაკარგეს!.. 

გუშინწინ ყაზბეგში შევხვდით ვლადიკავკაზიდან გამოქცეულ ინგლისურ მისიას მაიორ როლანსონის მეთაურობით. მათ ძალზედ შეცბუნებული, დაშინებული შესახედაობა ჰქონდათ. და ეს სულელი როლანსონი! ჯერ კიდევ ახლახანს იგი გუნდრუკს უკმევდა მოხალისეებს და თავზე გვატყდებოდა მთიელებსა და ჩვენც. ახლა კი ჩვენში ეძიებს გადარჩენას. რა ვქნათ?! ჩვენ თავშესაფარს ინგლისელებსაც ვაძლევთ! და მახსენდება ერთი ძველი დეპეშა ბათუმიდან, რომელიც ამაყმა ფონ-კრესმა გამოგვიგზავნა. იგი სთხოვდა ნოე ნიკოლოზის ძეს დაეცვა ინგლისელთა მხრიდან შევიწროვებისაგან და საქართველოს მფარველობაში აეყვანა. და იმავე საქართველოს რესპუბლიკამ, რომელსაც გენ. ფონ-კრესი ზემოდან უყურებდა და რომელშიც იგი რეაქციას ზრდიდა – დაიცვა იგი. 

ასე ცვალებადია ადამიანთა ბედნიერება!.. 


20 მარტი 1920 წ. ვლადიკავკაზი. საღამოს 5 საათი. 

ახლახანს დავბრუნდით ნაზრანში ჩატარებული ინგუშური ყრილობიდან. ყრილობის შესახებ შემდეგ, ახლა კი ქალაქში გართულებული მდგომარეობის თაობაზე. ადრეული დილიდან ქალაქში დაიწყეს შემოსვლა შეიარაღებულ ადამიანთა ბრბოებმა და ცარიელმა საზიდრებმა ინგუშეთიდან. ესენი გახლდნენ იოლად გამდიდრების მოყვარულები. თავდაცვის ძალებმა და მოხალისეებმა ისინი ვერ განდევნეს. ჯავშანმატარებლები ზარბაზნებიდან ესროდნენ ინგუშებს. არიან მოკლულები. და ამ დროს ჩვენ ნაზრანში ვიმყოფებით. შეგრძნება საგანგაშო იყო, ვინაიდან არ ვიცოდით, ვინ და ვის ესვრის. ჩვენ მოვახერხეთ და ცეცხლის ხაზის აქეთ გამოვსხლტით. მაგრამ ერთი ჩვენი ავტომობილი გზაში გაიჭედა და ეს მაღელვებს. 

ქალაქში განგაშია. ღამით საქმეები იქნება!.. 


21 მარტი 1920 წ. ვლადიკავკაზი. 

თენდება. 

მთელ ღამეს უწესრიგო, საგანგაშო სროლა იყო. აშკარაა, მასობრივი ძარცვები მიდიოდა. ქალაქში ძალედ ბევრი შეიარაღებული ადამიანია და არანაირი დაჯერებულობა არ არის, რომ ისინი წესრიგს იცავენ. ჩვენ ვფიქრობთ დღეს დილითვე გავემგზავროთ ყაზბეგში. არ ვიცით, როგორ მოვახერხებთ გავლას. ჩვენი გზაში გაჭედილი ავტომობილი მოვიდა, მაგრამ მასში სამი ამხანაგი აკლდა. ისინი უკან ბაზორკინოში წავიდნენ, რადგან ვერ შეძლეს ფრონტის ხაზზე გამოეღწიათ... 

დღეს ან ხვალ ქალაქში მსხვილ, სისხლიან მოვლენებს უნდა ველოდეთ. საშინლადაა გამწვავებული ურთიერთობები ინგუშებსა და ოსებს შორის, აგრეთვე კაზაკებსა და ინგუშებს შორისაც. მათ სისხლი განსჯის! ბევრი სისხლი იქნება, ბევრი საშინელება... 

გუშინ ინგუშურ ყრილობაზე ბევრი ხალხი იყო. თითქმის ყველანი შეიარაღებული იყვნენ, ბევრი კარგ ცხენზე იჯდა. დიდებული საბრძოლო მასალაა! სოფლებში კი გარკვეული უკმარისობა იგრძნობა. დაბლობის ინგუშეთში ნაყოფიერი მიწაა. მაგრამ გვაოცებს ინტელიგენციის სრული არარსებობა, პოლიტიკური ხელმძღვანელობის სრული არარსებობა. მე და ბენია ჩხიკვიშვილი ბევრს ვლაპარაკობდით ყრილობაზე და ვურჩევდით ინგუშებს თვითორგანიზებულიყვნენ და მეზობლებთან სიმშვიდე დაემყარებიათ. მაგრამ მათ გვითხრეს, უფრო სწორედ ერთმა ბოლშევიკის მაგვარმა ახალგაზრდა კაცმა გვითხრა: „ჩვენ სუსტები ვართ და საბჭოთა ხელისუფლებამ უნდა შეგვიფაროს“. მალე ისინი თავად დარწმუნებიან, თუ როგორი სასტიკი და მკაცრი იქნება საბჭოთა თავშესაფარი! 

მთლიანობაში, მძიმე და შემზარავი მდგომარეობაა აქ. და როცა ვიხსენებ ჩვენს ქვეყანას, გულწრფელად ვლოცავ ჩემს ბედს. როგორი ბედნიერებაა, რომ საქართველოში არის პოლიტიკურად მომწიფებული დემოკრატია! 


21 მარტი 1920 წ. ყაზბეგი. დღის 1 საათი. 

მე ვულოცავ საკუთარ თავს და ყველა ჩვენთაგანს ბედნიერ, საოცარ გადარჩენას! და იყო კი შემზარავი, თითქმის უიმედო მომენტები... 

ვლადიკავკაზიდან ჩვენ ორი ავტომობილით გამოვემგზავრეთ. პირველში ბენია ჩხიკვიშვილი, ზაქარია გურული, გიორგი ხიმშიევი და მე ვმგზავრობდით. გოგიტა ფაღავა ყაზბეგში დარჩა მთიელთა დემოკრატიის ორგანიზებისთვის. ჯარიახის შორიახლოს, სადაც მაღალი კლდეები გზას მოღუშულად ავიწროვებენ, კლდეებში ჩამსხდარმა ინგუშებმა ჩვენს ავტომობილებს ცეცხლი დაუშინეს. რამდენიმე ტყვია ჩემს ავტომობილს მოხვდა – პირდაპირ ჩემს ფეხებთან. ჩვენ ელვისებურად გადმოვხტით ავტომობილიდან და მთელი ხმით დავიწყეთ ყვირილი: „არ ისროლო, არ ისროლო, ჩვენ ქართველები ვართ!“ ძლიერი ქარი იყო, მსროლელები კლდეთა მაღალ თხემებზე ისხდნენ. და ამიტომ ჩვენი არ ესმოდათ. მაშინ ჩვენი სახელოვანი სიმონ ბუკია ფონით გავიდა მქუხარე თერგში, მაღლა ავიდა ინგუშებთან მათ სანგრებში და როგორღაც დაარწმუნა ისინი რომ ჩვენთვის არ ესროლათ. თავად სიმონს ამ „მთის არწივებმა“ მაუზერი წაართვეს. და რამდენი შეიარაღება გადავეცით ჩვენ ამ ინგუშებს!.. 

ჩვენს შემდეგ იქ, აშკარაა, ცხარე ბრძოლები დაიწყება, და ინგუშები შეეცდებიან უკანდახეული მოხალისენი მრისხანე ხეობაში ჩაკეტონ. ბევრი, ბევრი მსხვერპლი იქნება!.. და ბევრი უბედური დევნილი დარჩება ვლადიკავკაზში და ისინი საშინელ დღეებს გადაიტანენ... 

მე თავისუფლად, იოლად და სიხარულით ამოვისუნთქე, როცა ჩვენს საზღვარზე გადმოვიარეთ. და როგორ მკვეთრად, ღრმად და ნათლად იგრძნობა ჩვენი დემოკრატიული წესრიგი, როცა მას დენიკინურ-ბოლშევიკურ ანარქიასა და ქაოსს ადარებ! 

დიახ, ჩვენთან ჭეშმარიტად სამოთხეა! 


23 მარტი 1920 წ. ყაზბეგი. დილა. 

გუშინ ჩვენ ერდელის არმიის ნარჩენები მოგვადგნენ და გვთხოვდნენ საზღვარზე იარაღით ხელში გადმოგვეტარებინა. გუშინ მე,ზაქარია, რუბენ ყიფიანი ტფილისს ველაპარაკეთ. ჩვენ შევატყობინეთ: „დღეს, დილით, მოხალისეთა არმიის ნარჩენები გენერალ ერდელის უფროსობით ვლადკავკაზიდან გამოვიდნენ“. დილით ჩვენ მოხალისეებს შემდეგი წერილები გავუგზავნეთ: „საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების თანახმად, საქართველოს ტერიტორიის გავლით დაუბრკოლებლად გაიშვებიან მხოლოდ ქალები, ბავშვები, ინვალიდები და კულტურული ძალები. სამხედრო ნაწილები და სამხედროები იარაღით ხელში გაიშვებიან საერთაშორისო სამართლის პირობების თანახმად. სამხედრო ნაწილები და სამხედროები იარაღის გარეშე სულაც არ იქნებიან გაშვებულნი“. საღამოს 4 საათზე მოხალისეები ჩვენს საზღვარს მოადგნენ, და ჩვენ შევთავაზეთ მათ განიარაღებულიყვნენ. ამან დიდი უკმაყოფილება გამოიწვია მათ გარემოში. გენ. ერდელი გვთხოვდა ისინი იარაღით ხელში გაგვეტარებინა. ჩვენ კატეგორიული უარი ვითხარით. მაშინ მან გვთხოვა ნება მიგვეცა მისთვის საქართველოს მთავრობასთან ელაპარაკა. როგორც ჩანს, გენერალმა ერდელიმ გადაწყვიტა ჩვენ მთელი შეიარაღება ჩაგვაბაროს, ვინაიდან მას სხვა გამოსავალი არ გააჩნია. მაგრამ მას სურს ჰქონდეს გამართლება ისტორიის წინაშე! ამიტომ ევგენიმ ერდელისთან ლაპარაკში, რომელიც ახლა ყაზბეგში იმყოფება, კატეგორიულად უნდა შესთავაზოს მას ჩაგვაბაროს ჩვენ მთელი იარაღი და შემდგომი მოლაპარაკებები იარაღის ბედის შესახებ ტფილისში მთავრობასთან აწარმოოს. ეს ცოტათი დაამშვიდებს გენერლის სინდისს და აიძულებს მას მთლიანად ჩაგვაბაროს იარაღი. შეგახსენებთ, რომ იარაღი, ცხენები და ყველანაირი სხვა ქონება აქ მრავალი მილიონის ფასისაა. ყველაფერი ეს აუცილებელია ყოყმანის გარეშე ჩამოვართვათ. ჩვენ მოხალისეებთან ომში ვიმყოფებოდით და ყოველივე ეს სამხედრო პრიზად უნდა ვაღიაროთ. 

ასეთი იყო ჩვენი ლაპარაკი. გენერალი ერდელი უკვე ელაპარაკა სამხედრო მინისტრს, მაგრამ სრულიად უშედეგოდ. ახლა მოხალისეთა განიარაღება უნდა დაიწყოს. ერდელისთან ერთად ჩამოსულმა თერგის ატამანმა გვითხრა: „ჩვენ არ ვფიქრობდით, რომ განიარაღებას შემოგვთავაზებენ. ბევრი ამჯობინებს უკან გაბრუნდეს“. ჩვენ მდუმარედ, წყნარად ვიღიმებით. ვიცით, რომ ეს ბევრი სრულიად არ იქნება, ვინაიდან ვიცით, რომ ყველა ისინი მაშინ გამოიქცნენ, როცა მტერი ჯერ კიდევ არსად ჩანდა, ხოლო მოზეიმე მტერთან დაბრუნება – ეს ხომ ძალიან საშიშია! 

მოხალისეთა არმიის ყველა ნაწილი ვლადიკავკაზიდან თითქმის ბრძოლის, დანაკარგების გარეშე გამოვიდა. ინგუშებმა ვერ შეძლეს მათთვის გზა გადაეჭრათ. მათ ვერ გაბედეს ამაზე წასულიყვნენ. მკვეხარა ლაჩრები! და ისინი რამდენს დიდგულობდნენ?! ბედმა დაგვავალა ჩვენ რუსეთის კონტრ-რევოლუციის კუბოში უკანასკნელი ლურსმანი ჩავაჭედოთ და ამ წმინდა მოვალეობას აღტაცებით შევასრულებთ. რეაქციის განადგურება სრულია. ის მოკლულია... 

გუშინ ლტოლვილ ოფიცრებს ვუთხარი, მივუთითებდი რა ამაყ, მარტო მდგარ ყაზბეგზე: „თქვენ ალბათ არა გაქვთ განწყობა რომ ბუნების სილამაზით დატკბეთ?“. 

„დიახ, – მიპასუხა ერთმა გამოუთქმელი სევდით, – ახლა ყველაფერი დაიღუპა“. 

„დაიღუპა კონტრ-რევოლუცია, – ვამბობდი მე, – რუსეთი კი არ დაიღუპება“. 

დიახ, რუსეთი არ დაიღუპება! ის კარგი, კეთილშობილი და საწყალი რუსეთი, რომელიც ჩვენ ყველას გვიყვარდა და რომელმაც ჩვენ აღგვზარდა. ის აღდგება საშინელი ქაოსიდან, აღდგება განახლებული! ნათელ და კაშკაშა სამოსელში! მე მჯერა ამისა. 

გუშინ ერთმა სულ პატარა მოხევის ბიჭმა მიცნო და მითხრა: „მთელი ყაზბეგი გლოცავს. ამბობენ: „მას კეთილი გოგრა აქვსო“. მე ძალიან შემიძრა გული ბავშვის ამ შექებამ. ეს ყველაზე უფრო მეტად ღირებული შექებაა!.. 


24 მარტო 1920 წ. ყაზბეგი. დილა. 

გუშინ დილით 10 საათზე დაიწყო მოხალისეთა დიადი გამოსვლა ვლადიკავკაზიდან. უკანდახეული კოლონა ათ ვერსზე გაიჭიმა! გუშინ ჩვენ მხოლოდ ნაწილი გამოვატარეთ და განვაიარაღეთ. ბევრი იარაღი ჩამოვართვით. უკანდახეულთა მდგომარეობა საშინელია. და მათ მიმართ მთელი ჩემი უსიყვარულობის მიუხედავად – მე ისინი ტკივილამდე მეცოდებიან. ღამით თოვლი მოვიდა და ამან კიდევ უფრო გააუარესა მათი მდგომარეობა. და როცა წუხელ ცივ ლოგინში ვწვებოდი, ვფიქრობდი: „როგორი ბედნიერი ვარ“!.. და მრცხვენოდა... 

გუშინ ჩვენ მთელ დღეს შეუსვენებლად ვმუშაობდით. ასევე გვარდიელებიც. სხვათა შორის, გუშინ ჩვენ ოფიცერთა ძველი ბატალიონი აღმოვაჩინეთ. ბატალიონის მეთაური თავის მებრძოლებს ამშვიდებდა და თქვა: „იცოდეთ რომ თქვენ არა ხართ პასუხისმგებელი ამ სირცხვილისათვის. დაე მას რცხვენოდეს, ვინც აქ მოგიყვანათ“. სუსტი ნუგეშია! ვინაიდან ისინი ყველანი არიან პასუხისმგებელნი. სწორედ მათ დაღუპეს რუსეთი! 

ოფიცრებმა ყველამ ერთად, ბრძანების თანახმად დადო იარაღი. ისინი რამდენიმე ასეული ადამიანი იყვნენ. ზოგიერთი ზურგს გვაქცევდა და ჩუმად ცრემლებს იწმენდდა. 

შემზარავი, სასიხარულო და მძიმე იყო... 


25 მარტი 1920 წ. ყაზბეგი. თოვლიანი დილა. 

საზიზღარი, ცივი ღამე იყო. თოვლზე და თოვლის ქვეშ ათასობით ლტოლვილს ეძინა. საშიშ, საშინელ პირობებში უხდებოდათ მათ უკანდახევა! არ არის სურსათი, არ არის შეშა, არ არის თავშესაფარი. და ირგვლივ თოვლია! უკვე სულ პატარა ბევშვების სიკვდილის შემთხვევებიც იყო სიცივისა და გამოფიტვისაგან. ერთ გენერალს შვილი მოუკვდა და უბედურებისაგან გენერლის თვალებიც ჩაქრა. ერთმა ოფიცერმა მისი საზიდრის გაჩხრეკისას მოღუშულად თქვა: „ამ ყუთს ნუ გახსნით. იქ ჩემი შვილის პატარა გვამია“. 

და თუმცა მე მთელი სულითა და გულით მძულდნენ და მძულან მოხალისეები, მაგრამ ახლა, როცა ისინი დამარცხებულები არიან, როცა ჩვენ მათ ბოლოს ვუღებთ და უკანასკნელ აბჯარსაც ვხსნით, ჩემთვის მძიმე და მტკივნეულია მათი ყურება. მით უმეტეს, რომ გამოქცეულებს შორის ძალზედ ბევრია დემოკრატია, დემოკრატიული ელემენტი. არა რწმენის მიხედვით, არამედ მდგომარეობისა. და ეს საწყლები ყველაზე უფრო მეტად იტანჯებიან. კონტრ-რევოლუციის გენერლები კი პირველები გარბიან! უფრო სწორად – ისინი პირველები მიემგზავრებიან!.. გუშინ მოხალისეთა კუდს მთელ დღეს ინგუშები ესხმოდნენ თავს. მათ ყაბარდოელები და ყუბანელები იგერიებდნენ. იყო მსხვერპლი. გენერლები კი პირველი წავიდნენ და სრულებით არ ზრუნავდნენ კუდზე! და ამიტომ მათთან ყველაფერი ასე სწრაფად გაიხრწნა. და ამიტომ რიგით მოხალისეებს ასეთი საშინელი გაღიზიანება აქვთ თავიანთი უფროსების წინააღმდეგ... 

გუშინ დასრულდა დიდი უკანდახევა. მთლიანობაში – არანაკლებ 10 000 ადამიანმა ჩაიარა. სრულიად სხვადასხვანაირი ადამიანები გამორბიან! თითქოს შავ ჭირს გაურბიანო! 

დიდხანს ვერ გაძლებს ის ხელისუფლება, რომელიც შავი ჭირის მსგავსია... 

გვარდიელები ამ დღეებში იდეალურად მუშაობდნენ. მათში, მოხალისეებისადმი მთელი სიძულვილის მიუხედავად, უბედურთა აბუჩად აგდების არანაირი განწყობა არ ყოფილა. და ეს მე მახარებს. 


25 მარტი 1920 წ. ყაზბეგი. საღამო. 

საშინელება მიპყრობს, როცა იმათზე ვფიქრობ, რომლებიც ღამეს გუდაურში ათენებენ! ათასობით ქალზე, მოხუცსა და ავადმყოფზე!.. 

ღამე ცივია, თოვლიანი, ბნელი. საშიანელებაა, განუწყვეტელი საშინელება! 

ბავშვები კი, პატარა ბავშვები კვდებიან... 

მოხალისეთა არმავირის ჯგუფმა ზღვისკენ დაიხია და ტუაფსე დაიკავა. ისიც საქართველოში ითხოვს შემოსვლას! 

უკანასკნელი ამოსუნთქვაა, აგონია, სიკვდილი. დიდი სიხარულია! და სევდაც... რამდენი ტანჯვა და ცრემლია და როგორ საშინელ ტანჯვა-წამებაში იბადება თავისუფლება. 

ან კიდევ იღუპება?!.. 

ტანკები კი, ეს ახალი ურჩხულები, ნელა მოცოცავენ. მათ გველეთის ხიდი მშვიდობიანად გამოიარეს და ღამე იქ გაათიეს. მათ სიმაღლის რეკორდი უნდა აიღონ... 


26 მარტი 1920 წ. გუდაური. დღის 2 საათი. 

ეს-ესაა ჩამოვედით გუდაურში. ვამოწმებთ კომენდატურებს. მთელი გზა კობიდან გუდაურამდე და შემდეგაც სავსეა საზიდრებითა და ადამიანებით. გზაზე ჩვენ ავტომობილში რ-ვა ჩავისვით ორი პატარა გოგონათი. ერთ-ერთი მათგანი ავადაა. გზაში უბედურმა ქალმა ლაპარაკი დაიწყო. მთელი მისი ცხოვრება, უკანასკნელ წლებში – უწყვეტი ტანჯვაა. იგი მსხვილი კულტურტრეგერის ქალიშვილია, გვარდიელი ოფიცრის ცოლი, ცნობილი არისოკრატი ქალი, სმოლნის სასწავლებელი დაამთავრა! და ახლა მან ყველაფერი დაკარგა და მხოლოდ უბედური შვილები არიან მასთან... იგი ცრემლებს ძლივს იკავებდა. მაგრობდა. და მე ისევ გამახსენდა კეთილშობილი რუსი ქალი, რომელსაც მდუმარედ შეუძლია ატაროს დიადი ჯვარი ტანჯვისა და რომელსაც ყოყმანის გარეშე შეუძლია გოლგოთაზე ავიდეს. და ასეთები ხომ ათასები არიან... მაგრამ არა ჩვენში. 

„თქვენ დიდი გული გაქვთ“, – მითხრა უბედურმა დედამ. 

„არა, მე მოხალისეები და ბოლშევიკები მტარვალად მთვლიან. მაგრამ ძალიან მიყვარს ბავშვები“... 

დიახ, მე ცრემლებამდე მეცოდება ყველა ეს უბედური, დაღუპვის პირას მისული ბავშვი... 


27 მარტი 1920 წ. ყაზბეგი. შუადღე. 

მთელ ღამეს თოვლი მოდიოდა. ფხვიერი, მძიმე... და დადო, დაფარა გზა უღელტეხილებზე. და ბევრი ასეული დევნილი გზებზე დარჩა, თოვლის ქვეშ. მე და რუბენ ყიფიანმა ყაზბეგში ძლივს გამოვაღწიეთ. ახლა კი გადმოგვცეს, რომ გზა ჩაიხერგა. და ვინ იცის, რამდენ ხანს მოუწევთ დევნილებს თოვლიან გზაზე დარჩენა?! და ბავშვები სულ უფრო ხშირად დაიღუპებიან. 

მე აქ პირველად ვიხილე უკანდახევისა და პანიკური გაქცევის სურათი. და აქ ყველაფერი ერთმანეთში აირია! გენერლები და პოლკოვნიკები მეეტლეებად სხედან, ქალებს მაზარები აცვიათ და ცხენები აღვირით მოჰყავთ, პატარა ბავშვები კი საზიდრებს აწვებიან, რათა ქანცგაწყვეტილ ცხენებს დაეხმარონ... და ყველაფერი ეს საცოდავ, მძიმე, დამთრგუნველ შთაბეჭდილებას ახდენს. და ერთდროულად ორი გრძნობა მეუფლება – სიხარული და სიმწარე, დაკმაყოფილება და განგაში, აღტაცება და სასოწარკვეთა! გიხარია, როცა დაღუპვის პირას მისულ რეაქციას ხედავ, როცა თვითონ აყენებ მას დარტყმებს, მაგრამ სევდა გიპყრობს უბრალო ადამიანური ტანჯვის ყურებისას, მასობრივ უბედურებასთან შეხებისას! და არ გინდა შენი სიხარული უჩვენო, არ გინდა დამარცხებული, დამცირებული, დატანჯული მტერი აბუჩად აიგდო. პირიქით – ძალიან ხშირად გინდა ადამიანური, ძმური დახმარების ხელიც კი გაუწოდო. 

ასე დიდია ტანჯვა და ასე დიდია ტკივილი!.. 

ხოლო ბოლშევიკები ჯერ ისევ არ არიან ვლადიკავკაზში. მაინც როდის მოვლენ ისინი და რას მოიტანენ თან? მოისურვებენ კი ისინი ახალ ომს ჩვენთან? არ მინდა ამაზე ვიფიქრო. ჩვენ გვჭირდება მშვიდობა, მშვიდობა ყველა მეზობელთან და უწინარეს ყოვლისა ბოლშევიკებთან. და ბოლშევიკებსაც ასევე სჭირდებათ მშვიდობა!.. მაგრამ თუ ისინი ომს მოინდომებენ, ჩვენ თავს არ ავარიდებთ, და შევძლებთ კიდეც მათ მოგერიებას. მათზე გამარჯვებასაც კი! მაგრამ ჩვენ ომი არ გვჭირდება. არც ბოლშევიკებს სჭირდებათ, არც ჩვენ! ჩვენ უნდა ვიმუშაოთ და ქვეყანა ავაღორძინოთ. და ამ მუშაობაში ყველას გავეჯიბრებით. ჩვენი მახვილებისაგან ჩაქუჩებსა და გრდემლებს გამოვჭედავთ, ჩვენ ტანჯული ხალხისათვის ბედნიერებას გამოვჭედავთ! 

დაე აქ გაგვეჯიბრონ ბოლშევიკები. ჩვენ მათ აქაც დავამარცხებთ!.. 


29 მარტი 1920 წ. ყაზბეგი. დილა. 

განუწყვეტელი თოვის სამი დღის შემდეგ – ამინდი დაგვიდგა. ღამით ძლიერი ყინვა იყო. უღელტეხილებზე თოვლია ჩამოწოლილი და გადავწყვიტეთ უღელტეხილი ფეხით გადავიაროთ. როგორი ბედნიერებაა, რომ ვლადიკავკაზიდან თითქმის ყველა გამოსულმა უღელტეხილზე გადასვლა მის ჩახერგვამდე მოასწრო. სხვანაირად – მათი ნახევარი გზაში დაიღუპებოდა... 

დღეს ნათელი, ყინვიანი დილაა. ყველგან თოვლია. თეთრი, კაშკაშა, ხელუხლებელი. ყაზბეგი მთელი თავისი დიდებულებით ნისლიდან გამოვიდა და მხოლოდ მსუბუქი პატარა ღრულები ჰკიდია მის თავზე... ეს – ყაზბეგის სევდაა. 

თოვლიანი სილამაზეა!.. 


29 მარტი 1920 წ. გუდაური. საღამო. 

მძიმე, მაგრამ საინტერესო გადმოსვლა მოვახდინეთ ჯვრის უღელტეხილზე. კობიდან 3 საათზე გამოვედით. მთელ დროს ძლიერი თვოვლი მოდიოდა, და მთელი გზა ნამქერებით იყო დაფარული. გზა რამდენიმე ადგილას დიდად იყო ჩახერგილი. ყოველ წუთს ახალი ზვავები გვემუქრებოდა, მაგრამ სახიფათო ადგილები მშვიდობიანად გამოვიარეთ. უღელტეხილი ჩაიკეტა, სულ მცირე, ათი დღით მაინც... 

ძლიერი თოვა გრძელდება, გზა კი სულ უფრო მეტად იხერგება. 


30 მარტი 1920 წ. გუდაური. დილა. 

ნათელი, კარგი დილაა. ყველგან მოელვარე, თვალისმომჭრელი თოვლია. და ყველა მწვერვალიც დილის მზითაა გაცისკროვნებული. მეფური, დიდებული სილამაზეა. 

აღტაცება!.. 


ბოლშევიკური მუქარის წინაშე 


2 აპრილი 1920 წ. ტფილისი. ღამე. 

„ჰუგენოტებზე“ ვიყავი და ამხანაგი ბოლშევიკები გამახსენდა. იქ ქრისტიანები ერთმანეთს ანადგურებდნენ, ანადგურებდნენ ქრისტეს სახელით! აქ ჩვენ ვანადგურებთ ერთმანეთს, ვანადგურებთ სოციალიზმის სახელით!.. მაგრამ როდესაც დროდადრო სერიოზულად დაფიქრდები ამაზე, სულში სიმძიმე შემოდის... შიში დგება! 

დღეს ბათუმის ოლქიდან ჩვენი ჯარების წამოსვლის ბოლო ვადაა. ინგლისელები ამას დაჟინებით მოითხოვენ. ჩვენი ზოგიერთი მეომრული ამხანაგი (воинственные товарищи) მზადაა ინგლისელთა გამოწვევა მიიღოს და ამბობს: „თუ გვესვრიან, ჩვენც ვესვრით“. მე ამ „მამაცი ამხანაგების“ რიცხვიდან არ გახლავართ, არამედ ყველანაირი ავანტიურისა და სახიფათო ექსპერიმენტის წინააღმდეგი ვარ. ჩვენ უბრალოდ ნაადრევად არ უნდა შევსულიყავით ბათუმში. 

ტფილისში მოსკოვის მხატვრული თეატრის მსახიობთა ნაწილი ჩამოვიდა. ისინი „ალუბლის ბაღით“ იწყებენ. 

მოგონებები მომაწვა! და ჩუმად მიხარია... 

მახსენდება ძველი, რევოლუციური მოსკოვი. 1905 წლის მოსკოვი! მაშინ პირველად ავიღე ხელში იარაღი და მოსკოვის შეიარაღებულ აჯანყებაში ვმონაწილეობდი. 

ჩვენ ქართველი ამხანაგების მთელი ჯგუფი ვიყავით. შემდეგ ისინი სხვადასხვა, თავიანთი გზებით წავიდნენ. ჩვენს სათავეში იდგა ვასო არაბიძე, გიზო ანჯაფარიძე, ალიოშა და სამსონ წუწუნავები, ვასია და ნიკა კანდელაკები, კოწია გვარჯალაძე, მე და ზოგიერთი სხვა – ჩვენ ქართული საბრძოლო დრუჟინის წევრები ვიყავით. ოქტომბრის დღეებიდან ჩვენი დრუჟინა მაქსიმ გორკის იცავდა. ხულიგნებს უნდოდათ ამ მწერალზე თავდასხმა მოეხდინათ და მისი დაცვა ჩვენ დაგვავალეს. და გორკისთან ჩვენ უმაღლეს ლიტერატურულ-მხატვრულ სამყაროს გავეცანით. მასთან ხშირად იყვნენ ლეონიდ ანდრეევი, სეროვი, შალიაპინი, როჟკოვი და ბევრი სხვაც. 

6 დეკემბერს მოსკოვში საყოველთაო გაფიცვა დაიწყო. 8-სა და 9-ში დაიწყო ქუჩის შეტაკებები. ჩვენ გორკისთან მივედით და ვუთხარით: „ახლა ქუჩა გვეძახის და ჩვენც იქ მივდივართ. საბრძოლველად“. 

გორკი თბილად დაგვემშვიდობა. იგი პეტერბურგს გაემგზავრა, ჩვენ კი მოსკოვში დავრჩით. საგაზეთო შესახვევში. 

11 დეკემბერს სუმის დრაგუნთა პატარა რაზმი დავამარცხეთ. ეს გახურებული აჯანყების დროს იყო. 12 დეკემბრიდან აჯანყებამ შესუსტება დაიწყო. 13 დეკემბერს ჩვენი დრუჟინა განადგურებულ იქნა. 21 დეკემბერს მე მოსკოვიდან გავემგზავრე. 

აჯანყება საბოლოოდ იქნა ჩახშობილი, რევოლუცია სისხლში იხრჩობოდა! მოსკოვში გლოვისა და საფლავის განწყობა იყო... 

მოსკოვი სასაფლაოდ გადაიქცა... 

ჰო, ყველაფერი ეს ახლა გამახსენდა. და ყველაფერი ეს იყო. დიდი, დიდი ხნის წინ... 


15 აპრილი 1920 წ. ტფილისი. ღამე. 

ვიყავი „ალუბლის ბაღზე“. კარგად თამაშობდნენ, სულის შემძვრელად. მაგრამ აღარ არის უკვე ყოფილი არომატი, ყოფილი ნელსურნელება. მე კი „ალუბლის ბაღთან“ ჩემი საუკეთესო მოგონებები მაქვს დაკავშირებული. ისინი უკვე აღარ არიან. და ვერც გაცოცხლდნენ. და მეჩვენებოდა, რომ თავად მხატვრებს აღარ აქვთ ყოფილი ცისკროვანება, ყოფილი მოსკოვური არომატი. ბევრი რამ უკვე გაფერმკრთალდა.  

უკანმოუბრუნებლად!.. 

და თეატრიდან წამოსვლისას, თან მომქონდა სევდა წარსულის გამო, სევდა მოგონებებზე. და ვწუხდი მათ გამო... 

შემდეგ მხატვრული თეატრის დასს ბანკეტი მოუწყვეს. მე იქ არ წავსულვარ... ჩემი ეული სევდა მომქონდა... 


20 აპრილი 1920 წ. ზღვა. დღე. 

კოდორის კონცხს რკალად ვუვლით. ძველი „კაზაკით“ ვმგზავრობთ, რომელიც თეთრებს წავართვით. გაგრაში მივემგზავრებით. ჩვენ სამნი ვართ: სამხედრო მინისტრი, მე და გენერალი ზაქარიაძე. გვინდა გაგრის პოზიციები დავათვალიეროთ, სამხედრო მინისტრი კი, ამის გარდა, ფიქრობს ადმირალი დე-რობეკი ინახულოს. 


21 აპრილი 1920 წ. გაგრა. დილა. 

გუშინ საღამოს გაგრაში ჩამოვედით. აქ უკვე გველოდებოდა ინგლისური ნაღმოსანი ადმირალ დე-რებეკისაგან. ადმირალმა თვითონ ვერ შეძლო გაგრაში ჩამოსვლა და სამხედრო მინისტრს თხოვდა მასთან დრედნოუთზე მისულიყო. სამხედრო მინისტრი, ზაქარიაძე, გენერალი ართმელაძე და ვალოდია სულაქველიძე მასთან გაემგზავრნენ. თუმცა კი მეც ძალიან მინდოდა დრედნოუთი მენახა, მაგრამ დარჩენა ვამჯობინე. ვინაიდან არ მინდა ვიჯდე ერთ მაგიდასთან ფილისტიმელებთან ერთად!.. 

გაგრაში ჩვენს ლეო რუხაძეს შევხვდი. იგი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლებოდა და მისმა გადარჩენამ საშინლად გამახარა. ლეომ დაახლოებით ორი კვირა გაატარა ბოლშევიკებთან და გაეცნო მათ. და იგი კატეგორიულად ამტკიცებს: ბოლშევიკებმა ვერაფერი ისწავლეს! რუსეთში საშინელი მოშლილობა და საყოველთაო ნგრევაა. წითელი არმია – ჭრელი ხროვაა. და ჩვენზე ვანდალები მოიწევენ... 

სოჭის ოკრუგში რამდენიმე ათეულ ათასი მოხალისე მოგროვდა. მათ მთელი ოკრუგი სრულიად გადაჭამეს. ჩვენს წინაშე დიდი და რთული ამოცანაა: მოხალისეთა ლიკვიდაცია მოვახდინოთ და ბოლშევიკები შევაკავოთ! 

ერთსაც და მეორესაც ჩვენ შევასრულებთ... 


25 აპრილი 1920 წ. ტფილისი. ღამე. 

ხომალდიდან მეჯლისზე! 

გაგრიდან დღის 11 საათზე ჩამოვედი და პირდაპირ შტაბის სხდომაზე მოვხვდი. ლეომ დაწვრილებითი და ძალზედ საინტერესო მოხსენება გააკეთა ბოლშევიკთა მდგომარეობის შესახებ რუსეთის სამხრეთში. ბოლშევიკებმა მოხალისეებთან ერთობლივად მოსპეს რუსეთის მწარმოებლური ძალები, გაფანტეს და სისხლისაგან დაცალეს პროლეტარიატი, გააუკაცრიელეს ქალაქები, მოახდინეს გლეხების იზოლირება და უფართოესი სივრცე მისცეს პუგაჩოვშჩინას! წითელი არმია – ეს ძალზედ ჭრელი ბანდაა, ღრმა იდეური შინაარსის გარეშე და ნამდვილი სამხედრო შეკავშირების (შედუღების) გარეშეც. და ასეთი ბოლშევიზმი უკვე მოადგა ჩვენს საზღვრებს! მაგრამ ჩვენ მას ჩვენში არ შემოვუშვებთ. ან კიდევ დავიღუპებით! სხვა გზა არ არის! მე ეს მყარად, მშვიდად და ცივსისხლიანად გადავწყვიტე. ბოლშევიზმი კომუნიზმი არ არის, არამედ მხოლოდ მე-20 საუკუნის ვანდალიზმია და ის ჩვენს საზღვრებთან უნდა დაიმსხვრეს. და იგი დაიმსხვრევა. ან კიდევ ჩვენ აღარ ვიქნებით!.. 

და ახლა მახსენდება კეთილშობილი რომაელი მოქალაქეები, რომლებიც სასოწარკვეთის მომენტში საკუთარ მახვილებზე წამოეგნენ...  

ესეც ხომ გამარჯვებაა?! და გმირობაც... 

გაგრიდან წამოსულებმა გზად – ქობულეთში შევიარეთ – კინტრიშის აფეთქებული ხიდი დავათვალიერე. აფეთქება იყო ძლიერი, გამანადგურებელი. და ეს უეჭველად ბოლშევიკურ-თურქული აგენტების ნახელავია. 

ჩვენ ყოველი მხრიდან გვაყენებენ დარტყმებს. ჩვენი წაქცევა უნდათ. მაგრამ ჩვენ გავუძლებთ და გავიმარჯვებთ. მე ახლა კაშკაშად, ძლიერად მწამს ბოლშევიზმზე გამარჯვებისა, და წითელ არმიაზეც. თუ ბოლშევიკები ჩვენთან მშვიდობას არ მოისურვებენ, თუ ისინი ჩვენზე ომით წამოვლენ და ჩვენი თავისუფლების სისხლის ნაკადებში ჩახრჩობას მოინდომებენ, ჩვენ შევძლებთ თავი დავიცვათ და ისინი უკუვაგდოთ. 

მე მჯერა, მჯერა!.. 

და ეს იქნება! 

ახლა მხატვრული თეატრიდან დავბრუნდი. დგამდნენ სპექტაკლს „სამეფოს კარიბჭესთან“. ოდესღაც მე ვნებიანად, მხურვალედ და გულუბრყვილოდ მიყვარდა ჰამსუნი. ქედს ვიხრიდი მის წინაშე და მინდოდა მასთან თაყვანის საცემად მივსულიყავი. ეს იყო ოცნება. ფული მაშინ არ მქონდა, და ვაპირებდი ზამთარში ფეხით გადავსულიყავი პეტერბურგიდან ნორვეგიაში! ბალტიის ზღვის გავლით! ეს დიდი ხნის წინ იყო. და მაშინ ჰამსუნი ჩემთვის ახლობელი, ძვირფასი, გასაგები გახლდათ. მაგრამ ახლა იგი განზე გადგა, თითქმის წავიდა ჩემგან. ისევე როგორც მხატვრული თეატრიც... ვინაიდან ჩვენ შორის ძევს საშინელი ომის ოთხი წელი და თითქმის ამდენივე ხანი მძიმე, ტრაგიკული და სისხლიანი რევოლუციისა. ძალზედ ბევრი გვამი, სისხლი და იმედგაცრუება ვიხილეთ ჩვენ. დასაფლავება ჩვეულებრივ მოვლენად შეიქნა ჩვენს ცხოვრებაში და საფლავების ბორცვები აღიმართა ყველგან ჩვენს გარშემო. და უკვე აღარ არის საკმარისი არც ძველი საღებავები, არც ძველი თამაში, არც ძველი არომატი. 

საჭიროა რაღაც ახალი, უფრო კაშკაშა და განუზომლად მძლავრიც. ვინაიდან დაჩლუნგდა ნერვები და გაქვავდა გული!.. 


28 აპრილი 1920 წ. ტფილისი. დილა. 

გვიახლოვდებიან მოვლენები. ისინი უკვე მოვიდნენ! 

ბოლშევიკებმა აზერბაიჯანის საზღვარი გადმოლახეს და ბაქოზე უტევენ. აზერბაიჯანი ჩვენ დახმარებას გვთხოვს, თვითონ კი სრულიად დაიბნა და უსუსურია. იქნებ, მან თვითონ გადასცა თავისი გასაღები ბოლშევიკებს?!.. 

შავი ზღვის სანაპიროზე ბოლშევიკები სოჭს უახლოვდებიან. დღე-დღეზე ჩვენ იქ ერთმანეთთან შეხებაში უნდა მოვიდეთ... და, მგონი, შევეჯახებით. ჩვენ საგანგებო ზომებს ვღებულობთ. შეიქმნა რესპუბლიკის თავდაცვის საბჭო დიდი ნოეს თავმჯდომარეობით, დაარსდა თავდაცვის ფონდი და გამოცხადდა ორ წელში დაბადებულთა მობილიზაცია. ხდება მთელი გვარდიის მობილიზებაც! პატარა, დემოკრატიულმა, განთავისუფლებულმა საქართველომ მთელი ძალები უნდა დაძაბოს. სწორედ რომ მთელი! და ჩვენ გავიმარჯვებთ, ჩვენ ისევ გადავრჩებით. 

ჩვენ ორი სამყაროს, ორი კულტურის, ორი პრინციპის მიჯნაზე ვდგავართ. ჩვენს თავებზე გადავლით უნდათ ერთმანეთს გაუწოდონ ხელი ბოლშევიკურმა კომუნიზმმა და მუსლიმანურმა ვანდალიზმმა. ჩვენს მიწაზე უნდათ მათ გამართონ თავიანთი მდიდრული, სისხლიანი ქორწილი! და დაიწყება მძიმე, დაუნდობელი, კაშკაშა ომი. და მთელი კაცობრიობა შემობრუნდება ამ ბრძოლის სანახავად და მთელი მისი კულტურული ნაწილი ჩვენთან იქნება ამ უთანასწორო ბრძოლაში. და ჩვენ საკუთარ თავს გადავირჩენთ. 

და გადავირჩენთ რა საკუთარ თავს, ჩვენ გადავარჩენთ ზოგადსაკაცობრიო კულტურას!.. 


1-ლი მაისი 1920 წ. ტფილისი. ღამე. 

დამთავრდა დიადი პროლეტარული დღესასწაული. მან დიდებულად და გრანდიოზულად ჩაიარა. ტფილისის მთელი პროლეტარიატი ქუჩებში იყო გაშლილი წითელი დროშებითა და რევოლუციური თვითდაცვის ლოზუნგებით (и с лозунгами революционной самозащиты). დღის განმავლობაში მე 5-ჯერ გამოვედი სიტყვით. მუშები ყველგან კარგად, აღტაცებით მხვდებოდნენ, და მეც სულ უფრო მეტად ვიმსჭვალებოდი წარმატების რწმენით. 

გუშინ დამფუძნებელ კრებაში გამოვდიოდი. იქაც კარგად მისმენდნენ და ტაშსაც უხვად მიკრავდნენ. ამ დღესასწაულებმა ჩვენი ძლიერება განამტკიცეს. ეს ტაში ერთად ჰკრავს ჩვენს ძალებს და გვიმრავლებს რწმენას. 

დღევანდელი დღე ჩვენი დღე იყო! და ამ დღეს ქართული დემოკრატია თავისი მთავრობის გარშემო შეჯგუფდა. და ეს მთავრობა არ უღალატებს თავის ხალხს! როგორც უღალატა აზერბაიჯანმა. უფრო სწორად – აზერბაიჯანმა თავისი ჭეშმარიტი ბუნება გამოავლინა. და, გულში ჩაეკრა რა საბჭოთა რუსეთს, აზერბაიჯანი მხოლოდ მწვანე დროშასა და თურქ ნაციონალისტებზე ოცნებობდა! და ამიტომ ახალმა „წითელმა აზერბაიჯანმა“ წაუყენა სომხეთს ულტიმატუმი ყარაბაღისა და ზანგეზურის გაწმენდის შესახებ! აზერბაიჯანს უფრო მჭიდროდ უნდა რომ არზრუმს დაუკავშირდეს, მოსკოვი კი ამ კავშირს აკურთხევს. 

დღეს ნახალოვკელმა მუშებმა თავიანთი მუშური თეატრი გახსნეს. ეს ჩვენი მუშათა კლასის დიადი გამარჯვებაა საყოველთაო მოშლილობისა და ნგრევის წლებში. 


ბაქოს დაცემა, ზავი მოსკოვთან და ომი ბოლშევიკებთან 


4 მაისი 1920 წ. ტფილისი. დღე. 

მოვლენები იწყება! „წითელი აზერბაიჯანი“ ულტიმატუმს გვიყენებს მისი ტერიტორიის გაწმენდის შესახებ და თავისი ბანდებით გადმოდის შეტევაზე. მაგრამ არაფერია. ჩვენ მალე ჭკუას ვასწავლით ამ ცრუ-სოციალისტს და ვაიძულებთ მას სირცხვილისგან გაწითლდეს. სირცხვილისა და დამარცხებისგან! საბჭოთა რუსეთს ახლა აზერბაიჯანისთვის არა სცალია. პოლონელებმა უკვე აიღეს ფასტოვი და კიევს მიადგნენ. მთელ სოვდეპიაში დიდი განგაშია, და მთელ ძალებს პოლონეთის ფრონტზე გადაისვრიან. ეს ამსუბუქებს ჩვენს მდგომარეობას, ეს ჩვენ გვაძლიერებს... 

ბოლშევიკები ყველა დათმობაზე მოდიან... მოსკოველი ბოლშევიკები გრიშა ურატაძესთან მოლაპარაკებებში უარს ამბობენ პრეტენზიებზე ბათუმის ოლქზე, ჩვენს საზღვრად მეხადირს აღიარებენ (სცნობენ) და დვალეთს ჩვენ გვაძლევენ! ისინი უსიტყვოდ აღიარებენ ჩვენს დამოუკიდებლობას (самостоятельность). მალე, როგორც ჩანს, ჩვენ გვექნება მშვიდობა მოსკოველ ბოლშევიკებთან. ამას მათ აიძულებს ქვეყნის საშინაო და საგარეო მდგომარეობა. ჩვენ სიხარულით წავალთ ამ მშვიდობაზე (ზავზე). ჩვენ ყველა ზომით ვიქნებით მისწრაფებული ამ მშვიდობისაკენ. მაგრამ ჩვენი შინაური ბოლშევიკები არ ცხრებიან. მათი გამყიდველური ხელები ჩვენ ყოველ საათს ღალატს გვიმზადებენ, მაგრამ მათ თავიანთ ქვეშ ნიადაგი არ გააჩნიათ. სრულებით არა! თუმცა კი, ავანტიურიზმის გზა ხომ მათი საყვარელი გზაა?! 

მთელს ქვეყანაში განწყობა მხნე, მშვიდი, მტკიცეა. არის წარმატების რწმენა. მთელი მუშათა კლასი ჩვენთანაა. ეს კი მთავარია. 


7 მაისი 1920 წ. ტფილისი. დილა. 

გუშინ დილით ადრე სანდარში გავემგზავრე. იქიდან საგანგაშო ცნობები იყო. განგაში, საბედნიეროდ, არ გამართლდა, მაგრამ რაღაც-რაღაცეები იქ კარგად ვერ იყო. ცოტა ვერ იყოჩაღეს სიღნაღელებმა... გადამწყვეტ მომენტში, როცა მოწინააღმდეგემ გაძლიერების ჯარები და არტილერია მოიყვანა, სიღნაღის ბატალიონმა უკან დაიხია. საბედნიეროდ – ცხენოსანმა დივიზიონმა (ჯარების განლაგების) ხაზი გაასწორა. და ახლა მდგომარეობა ფრონტზე საკმარისად მტკიცეა. სანდარში მე და ვლადიმერმა მშიშარა ნაძირლები განვაიარაღეთ, მათ (ფორმის ტანსაცმელი) გავხადეთ და დავაპატიმრეთ. მთელმა ამ ისტორიამ მე ძალზედ დამწყვიტა გული და ამაღელვა. 

გადაწყდა უფრო მეტად სერიოზული ყურადღება მივაქციოთ ყაზახის მიმართულებას. ჩვენ იქ მსხვილ ძალებს ვუყრით თავს და ფრონტის უფროსად ჯიჯიხიაა დანიშნული. 2–3 დღის შემდეგ ალექსანდრე, ვლადიმერი და მე ფრონტზე მივემგზავრებით. ასევე ზაქარია და იაკობიც მოდიან. და მე ვიცი, რომ ვერაგ მტერს განვდევნით, დავამარცხებთ და გავრეკავთ. ჩვენ მას ჭკუას ვასწავლით! 

მოსკოველ ბოლშევიკებს, როგორც ჩანს, ჩვენთან მშვიდობა უნდათ. ისინი მსხვილ დათმობებზე მოდიან და ჩვენს საზღვრად მდინარე ფსოუს აღიარებაზე თანხმდებიან. მშვიდობა ჩვენც გვინდა. გვინდა მთელი გულით, მთელი სულით. 

პოლონელებმა უკვე დაიკავეს კიევი, ისინი ბოლშევიკებს ერეკებიან და ეს ჩვენ ხელს გვაძლევს. მე მჯერა მშვიდობისა, მაგრამ წინასწარ ჭკუა უნდა ვასწავლოთ აზერბაიჯანს. 

და ვასწავლით... 

სომხეთში ახალი კაბინეტი ჩამოყალიბდა. ალექსანდრე ხატისოვის ნაცვლად მთავრობის სათავეში ამო აღაჯანიანი დადგა. ეს კარგია. აღაჯანიანს მე ყველაზე უფრო წესიერ, ჭკვიან და დემოკრატიისათის მისაღებ დაშნაკცაკანელად ვთვლი. მომწიფდა მომენტი, როცა სომხეთმა და საქართველომ ერთმანეთს ძმურად ხელი უნდა გაუწოდონ. დიდი ხანია დროა! თურქ-ბოლშევიკებისა და თათრების წინააღმდეგ ჩვენ ხომ ერთიანი უნდა ვიყოთ?!..  


10 მაისი 1920 წ. ტფილისი. დილა. 

გრიშა ურატაძემ ხელი მოაწერა ზავს საბჭოთა რუსეთთან. დიადი, უსისხლო, ბრწყინვალე გამარჯვებაა! რუსეთმა უსიტყვოდ აღიარა ჩვენი დამოუკიდებლობა და თავისუფლება (независимость, самостоятельность и свободу). მან საქართველოს სასარგებლოდ უარი თქვა ბათუმის ოლქსა და ზაქათალის ოკრუგზე. მგონი, მშვიდობიანი, ბედნიერი ხანა გვიდგება. მგონი, მე მალე მოვიშორებ ჯვრის სიმძიმეს! (сброшу с себя тяжесть креста!) საჭიროა კიდევ ერთი რამ, უკანასკნელი, გადამწყვეტი დაძაბვა, საჭიროა განვდევნოთ და ჭკუა ვასწავლოთ შავ-წითელ-ყვითელ აზერბაიჯანს. და ჩვენ მას ჭკუას ვასწავლით! 

დღეს ფრონტზე მივემგზავრები. ხვალ დილიდან გაფამწყვეტ შეტევაზე გადავდივართ. 

და მტერს გავრეკავთ!.. 


11 მაისი 1920 წ. ლეჩბადინი. დღის 2 საათი. 

ახლა ფრონზე სიმშვიდეა. გუშინ ჩვენები კარგად, დიდებულად უტევდნენ! ჩვენს წინააღმდეგ სულ მცირე ორი საბჭოთა პოლკი და აზერბაიჯანული ბანდები მოქმედებენ. ჩვენთან ჯერჯერობით მუშაობაში ცხენოსანი დივიზიონი, საგანგებო ბატალიონი, 1-ლი მეგრული ბატალიონი და სიღნაღის ბატალიონის ნაწილი იყვნენ. გუშინ ჩვენ ექვსი ვერსით წინ გავედით. და მთელი გუშინდელი დღის მანძილზე ჩვენთან ერთი იქნა მოკლული და 21-ც დაიჭრა. სენაკისა და საგანგებო ბატალიონები ტანგამართულნი უტევდნენ! (наступали во весь рост!) 

ჩვენი მარჯვენა კოლონა დილიდან სადახლოდან გავიდა და, გაიარა რა ყაჩაღანი, იგი ბაბაქიარსა და თარსზე ადის. დღეს ორმხრივი სროლა გვქონდა მოწინააღმდეგესთან. ვნახე მტრის ცხენოსანი ნაწილები. მათ კარგი შესახედაობა აქვთ. 

ხვალ საერთო შეტევაზე გადავდივართ. მდინარე ხრამის ორივე ნაპირის გაყოლებით. 


12 მაისი 1920 წ. შიხლო. დღის 12 საათი. 

ვაჯამებ შედეგებს. შუადღის სევდიან და სასიხარულო შედეგებს! 

დილის 3 საათიდან ჩვენი ორივე კოლონა შეტევაზე გადავიდა. მარჯვენა ნაპირის კოლონის უფროსი ხიმშიევია, მარცხენასი კი – ვანო ცომაია. ხიმშიევის კოლონა ხაზის სადახლო–თარს-ბაბაქიარი–ასლან-ბეგლის გაყოლებით უტევს. ხოლო ცომაიას კოლონამ რიჟრაჟამდე წითელ ხიდზე დაიწყო შეტევა. მოწინააღმდეგეს შესანიშნავი პოზიციები ეკავა, მას მსხვილი ძალები ჰყავდა, ბევრი ტყვიამფრქვევი და საველე ბატარეაც ჰქონდა. დილა საზიზღარი იყო, წვიმიანი. ჩვენი მწკრივები ჩუმად აღიმართნენ და შეტევაზე წავიდნენ. მე, ალექსანდრე და ვლადიმერი მარცხენა ფლანგზე ვიყავით. ალექსანდრე ძლიერ ავად იყო, მაგრამ ჩვენ ვერ შევძელით იგი ზურგში დარჩენაზე დაგვეყოლიებინა. იგი ძლივს ადგამდა ფეხებს... 

ჩვენი ჯაჭვები (მწკრივები) მოწინააღმდეგისკენ მდუმარედ, გასროლების გარეშე მოძრაობდნენ. უეცრად მოწინააღმდეგემ ჩვენს რიგებს შაშხანებიდან და ტყვიამფრქვევებიდან ძლიერი ცეცხლი გაუხსნა, რომელსაც არტილერიაც მხარს უჭერდა. ჩვენ სრულიად ღია ადგილმდებარეობაზე მივდიოდით. მოწინააღმდეგეს გაბატონებული პოზიციები ეკავა, იგი უკვე დამიზნებით გვესროდა და მთელ ჩვენ მოძრაობებსაც ხედავდა. მაგრამ ჩვენი შეტევა ისეთი მოულოდნელი და სწრაფი იყო, სახალხო-გვარდიელები ისე მწყობრად და გაბედულად მიდიოდნენ შეტევაში, რომ მოწინააღმდეგემ ჩვენს მიწოლას სრულებით ვერ გაუძლო! დროდადრო გარემოს ჩვენი მჟღერი „ვაშა“ აყრუებდა და ამ მქუხარე „ვაშასგან“ მოწინააღმდეგე სრულებით თავს ჰკარგავდა. უკვე დილის 5 საათზე ჩვენ წითელი ხიდი დავიკავეთ. უკუგდებული მოწინააღმდეგე უწესრიგოდ შეჯგუფდა წითელ ხიდთან და ჩვენ მას მიბრჯენით ვხვრეტდით. ჩვენ ას საჯენზე მივუახლოვდით მოწინააღმდეგის არტილერიას, რომელიც ცეცხლს უშედეგოდ გვიშენდა, მაგრამ მასზე შეტევა არ შეგვეძლო, რადგანაც ჩვენ შორის გაუვალი მდინარე ხრამი მოედინებოდა. და ჩვენს თვალწინ მოწინააღმდეგემ მოხსნა ქვემეხები და წაიღო! და სწორედ ამ დროს ხიმშიევის კოლონა გვერდიდან უვლიდა მოწინააღმდეგეს მთა ბაბაქიარის მხრიდან. დამარცხებულმა მოწინააღმდგემ წითელ ხიდთან სწრაფად დაიწყო თავისი ძალების ნარჩენების შეგროვება და შეეცადა შიხლის სიმაღლეებზე გამაგრებულიყო. მაგრამ ჩვენმა 12-მა ქვემეხმა ამ სიმაღლეებს გრიგალური ცეცხლი დაუხსნა და პანიკაში ჩავარდნილი მოწინააღმდეგე სრული უწესრიგობით გაიქცა. ამ მომენტში ჩვენს არტილერიასთან ვიყავი და ვაკვირდებოდი, თუ როგორ აჭედებდა იგი მოწინააღმდგეს (как она гвоздила неприятеля). დათიკო შარაშიძე იყო ჩვენთან. 

ჩვენ საგრძნობი დანაკარგები გვაქვს. მძიმე დანაკარგები! მაგრამ არა რაოდენობის მიხედვით, არამედ ხარისხისა. მოკლულები არიან ფოთელი ძველი მუშა გოგიჩაიშვილი, ამხანაგი ხუბუტია, ლაბაძე და კიდევ რამდენიმე სახელოვანი სახალხო-გვარდიელი. მაგრამ, საბედნიეროდ, ჩვენი დანაკარგები ძალზედ დიდი არ არის! მოწინააღმდეგე რომ უფრო მეტად მედეგი ყოფილიყო, მას შეეძლო ჩვენთვის საშინელი ზარალი მოეყენებია. ჩვენ ხომ მას ისე ვყავდით, როგორც ხელის გულზე!.. 

დღეს პირველად ვადევნებდი თვალს ჩვენს ვლადიმერს ბრძოლაში. მე ვტკბებოდი მისი გასაოცარი ცივსისხლიანობითა და დიდი სიმამაცით. იგი სრულიად არ ღელავდა და ტყვიების წივილს არანაირ ყურადღებას არ აქცევდა. და ცელქმა ტყვიამ ვლადიმერს ბინოკლის ბუდე გაუხვრიტა... 

ახლა უკვე გასროლები აღარ არის... მოწინააღმდეგე დაჩქარებით, თუმცა კი მშვიდად უკან იხევს. ხიმშიევის კოლონა ცდილობს მას ღრმად შემოუაროს. არ ვიცი, მოახერხებს იგი ამას თუ ვერა. 

გვადიელები ყველანაირ ქებაზე უკეთ იბრძოდნენ. როგორც რევოლუციის მეომრები!.. 


13 მაისი 1920 წ. ლეჩბედინი. ადრეული დილა. 

გუშინ სახალხო გვარდიის დიდი დღე გახლდათ. დიდი დღე ჩვენი რევოლუციური დემოკრატიის ცხოვრებაში! ჩვენ სამჯერ უფრო ძლიერი მოწინააღმდეგე დევამარცხეთ, რომელიც უპირატესად საბჭოთა ჯარებისგან შედგებოდა. ჩვენ გუშინ უძლეველი წითელი არმიის 32-ე დივიზია დავამარცხეთ და ჩვენს წინ მივერეკებოდით! ეს დივიზია კი საუკეთესოდ ითვლება. 

დღეს ნათელი მზიანი დღეა. დიდება უფალს! მეტად აღარ იქნება ტალახი. უფრო ნათელი იდგება სულშიც!.. 


13 მაისი 1920 წ. ამარ-აღალი. ღამე. 

ჩემი მზეთუნახავი „რაკეტა“ საშინლად დაიღალა. დღეს მასზე ამხედრებულმა სულ მცირე სამოცი ვერსი გავიარე! და მე თვითონაც ძალიან დავიღალე... 

გვიანი დილიდან შეტევა დავიწყეთ, და ბრძოლა მთელ დღეს გრძელდებოდა. გამარჯვების მომტანი ბრძოლა. მოწინააღმდეგე დღეს ნაკლებად ენერგიული იყო. როგორც ჩანს, იგი გაოგნებულია ჩვენი მიწოლით (натиск), დეზორგანიზებული და დემორალიზებულია. მისი არტილერია დღეს ნერვიულობდა და უფრო ცუდად მუშაობდა. ჩვენი გვარდილები კი შეუდარებლად მუშაობდნენ! ჭურვები მათი თავების ზემოთ სკდებოდა, მაგრამ ისინი ამ გასკდომებს არანაირ ყურადრებას არ აქცევდნენ. მთელი ტანით გამართული, მწყობრი რიგებით (ჯაჭვებით), თავების ჩაუხრელად – მიდიოდნენ გაშლილ ველზე სახალხო-გვარდიელები, მათ თავებს ზემოთ კი შრაპნელები (ფინდიხები – ი. ხ.) სკდებოდა! და მეც უფრო მეტად ვიწყებ მათ დაფასებასა და სიყვარულს... და მით უფრო მეტად მძულს ეხლა გაფოფინებული და თვითკმაყოფილი მეშჩანები, რომელიც ამ ღამით ხმაურიან რესტორნებსა და თეატრებში სხედან. არა, ამ პარაზიტებს ოდესმე ენერგიულად უნდა მოვკიდოთ ხელი! ისინი სხედან, ბევრს სვამენ, პატრიოტიზმსა და სამშობლოსადმი სიყვარულზე მსჯელობენ, მაგრამ სრულიად უგრძნობელი არიან ქვეყნის ბედისადმი და მას არანაირ მსხვერპლს არ სწირავენ! ეს გვარდიელები კი, რომლებმაც თავიანთი სახლი დატოვეს, რომლებიც თავაინთ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას არ ზოგავენ, რომლებსაც აქ საშინელი გაჭირვებები გადააქვთ – ეს პატიოსანი მეომრები რესპუბლიკსა და თავიანთი ხალხის ჭეშმარიტი შვილები არიან! და რესპუბლიკაც არ უნდა იყოს მათთვის დედინაცვალი... რესპუბლიკა მათი ნაზი, მოსიყვარულე დედა უნდა შეიქნას, ვინაიდან არავის ისე არ უყვარს ეს რესპუბლიკა, როგორც ამ უბრალო მეომრებს, რომლებიც რევოლუციის ნებით ყაზახის ველებზე არიან გადმოსროლილნი. ამ ყრუ და ცივ ღამეში! გუშინ და დღეს ძალეზედ ბევრი სახალხო-გვარდიელი შეტევაზე სრულიად ფეხშიშველი მიდიოდა. მაგრამ მათი თვალები კაშკაშად იყო ანთებული და გულიც ზეიმობდა!.. 

გუშინ ჩვენ საგრძნობი დანაკარგები გვქონდა. მოკლულებითა და დაჭრილებით... 

აზერბაიჯანი მალე მშვიდობას გვთხოვს. მე ვხედავდი, თუ როგორ გარბოდნენ დღეს ისინი ჩვენს წინაშე, და სრული განადგურებისაგან ისინი მხოლოდ ამ ყრუ ღამემ იხსნა... 


14 მაისი 1920 წ. ამარ-აღალი. ადრეული დილა. 

ღამემ მშვიდად ჩაიარა. მე მკვდარივით მეძინა. გუშინ კარგი დღე იყო. დღეს ის უკეთესი იქნება. 

დილა შესანიშნავია, გაბრწყინებული. დღეს მტრის ლიკვიდაცია უნდა მოვახდინოთ!.. 


15 მაისი 1920 წ. ტფილისი. დღის 4 საათი. 

გუშინ მე და ვლადიმერი ტფილისში გამოვემგზავრეთ. ალექსანდრე ფრონტზე დარჩა. ჩვენმა ჯარებმა მდინარე ინჯასუს ხაზი დაიკავეს, და საველე სტაბმა გადაწყვიტა ჩვენი დაღლილი, შეფერთხილი ბატალიონებისათვის ორდღიანი დასვენება მიეცა, 16-ში დილით გვინდა ახალ შეტევაზე გადავიდეთ. ჩვენ უმნიშვნელო ძალები გვყავს, არაუმეტეს ორი ათასი ხიშტისა, მოწინააღმდეგეს კი დაჩქარებით მოჰყავს რეზერვები და ფრონტზე ახალ ძალებს გადმოისვრის. რეზერვები ჩვენც უნდა დავძრათ. ამისთვის ჩამოვედით ტფილისში ვლადიმერი და მე. ჩვენ სწრაფად უნდა გადავისროლოთ ახალი ძალები ინჯასუზე, საბოლოოდ უნდა გავანადგუროთ მოწინააღმდეგე!.. 

„წითელმა აზერბაიჯანმა“ უკვე დაზავების ნოტა გამოგვიგზავნა. ჩვენ ვღებულობთ ამ დაზავებას და ხვალ დილიდან საბრძოლო მოქმედებები უნდა შევწყვიტოთ. მაგრამ მით უფრო ენერგიულად უნდა მოვიზიდოთ აქეთ რეზერვები, მით უფრო დაჟინებით უნდა ვემზადოთ ახალი ომისათვის! 

აზერბაიჯანი გატეხილია, საბჭოთა ჯარების დახმარების მიუხედავად. გატეხილია, მაგრამ არა დამარცხებული... 

ახლა მე და ვლადიმერი ისევ ფრონტზე მივემგზავრებით. იქ მიგვყავს ჯავშნოსნები, მაგრამ არ ვიცი, მოხერხდება თუ არა მათი ფრონტზე გატარება. გუშინ ინჯასუს მარჯვენა ნაპირზე შეუპოვარი ბრძოლები მიდიოდა. მტერი გაძლიერდა და ცდილობს შემოგვიტიოს. მაგრამ ჩვენ კონტრ-შეტევით იგი ისევ 8 ვერსით უკუვაგდეთ! ამრიგად, ჩვენ ვერ მოვახერხეთ სახალხო-გვარდიელებისათვის ორდღიანი დასვენება მიგვეცა. ეს დასვენება კი მათთვის აუცილებელი გახლდათ. 

არ ვიცი როგორ ჩაიარა დღევანდელმა დღემ. იყო თუ არა ბრძოლები?!.. 

საზოგადოებას კი სძინავს. ტფილისი თითქოსდა ვერ გრძნობს ფრონტს! თეატრები სავსეა, რესტორნებში მიმსვლელთა ტევა აღარ არის! არა, ჩვენ გადაჭრით უნდა შევანჯღრიოთ ეს საზოგადოება!.. 

ამ დღეებში ირაკლი წერეთელი ჩამოვიდა პარიზიდან. ეს ჩემთვის ძალიან დიდი სიხარულია. ეს დიდი იმედია! ეს ათ ბატალიონზე უფრო უკეთესია. მე მისი ნახვა ძალიან მინდოდა, მაგრამ, სამწუხაროდ, ვერ მოხერხდა. დრო არა არის, ფრონტზე მივემგზავრები... 


16 მაისი 1920 წ. წითელი ხიდის თავზე. საღამო. 

გუშინ დიდმა უიღბლობამ გვიწია... გაძლიერებულმა მოწინააღმდეგემ ჩვენი მარჯვენა ფლანგი უკუაგდო და რამდენადმე შეგვავიწროვა. ეს მას მით უფრო იოლად გამოუვიდა, რომ ჩვენი უმნიშვნელო ძალები, რომლებსაც ოცი ვერსის სიგრძის ფრონტი ეკავათ, საშინლად იყვნენ დაქანცულები განუწყვეტელი, მძიმე, შეუცვლელი ბრძოლებისაგან!.. 

ჩვენ ვიცოდით, რომ მოწინააღმდეგეს დაჩქარებით მოჰყავს რეზერვები. მთელი თავისუფალი ძალები განჯიდან და ბაქოდან მან ჩვენს ფრონტზე გადმოისროლა. ჩვენ კი არა მარტო ახალი ბატალიონები არ მიგვიმატებია, არამედ ჩვენი ძალები განუწყვეტელი ბრძოლების შედეგად სწრაფად დნებოდა. და გადამწყვეტ მომენტში, როცა გაძლიერებული მოწინააღმდეგე საერთო შეტევაზე გადმოვიდა, ფრონზე ჩვენ 1800 საბრძოლო ხიშტზე მეტი არ გვყავდა! ჩვენ ცოტათი თავს გაგვივიდა! ზედეტად დავიმედდით ჩვენი აღმაფრენით, ჩვენი სიმამაცით და ბოლომდე ვერ დავაფასეთ მოწინააღმდეგე. და რაც მთავარია – ჩვენმა სარდლობამ ფრონტზე რეზერვების გადმოსროლისათვის თავის დროზე არ იზრუნა!.. ჩვენ უმნიშვნელო ძალები და უზარმაზარი ამოცანა მოგვცეს და ეს ძალები საკმარისი არ აღმოჩნდა. ჩვენ ყოველთვის ვაფრთხილებდით ამის შესახებ, მაგრამ ცუდად გვისმენდნენ... და ამ უიღბლობაში უწინარეს ყოვლისა მთავარ შტაბს ვადანაშაულებ, ალექსანდრეს, ვლადიმერს, ზაქარიასა და საკუთარ თავს ვადანაშაულებ! ჩვენ ზედმეტად გავერთეთ ბრძოლებით. უბრალო მეომრებად, უბრალო საზარბაზნე ხორცად ვიქეცით, და სრულიად ნებაყოფლობით ვთქვით უარი ნაცად ძველ პრაქტიკაზე, ნამდვილ ხელმძღვანელობაზე. ჩვენ მთელი გვარდია მთავარი სარდლობის განკარგულებაში გადავეცით და ახლა ჩვენს მძიმე დანაკარგებს ვითვლით, მთავარსარდლობის კულტის სამწუხარო შედეგებს ვაჯამებთ... 

დიახ, ჩვენ საგრძნობი დანაკარგები გვაქვს. ბევრი დაჭრილი და მოკლული გვყავს. მოკლულია საოცარი, შეუცვლელი გიორგი სულიკაშვილი, დაჭრილები არიან პრუსეცკი, მიშა მაისურაძე, ჩემი ილიკო, სიკო კოროშიძე და ბევრი, ბევრი სხვაც. ახლა ჩვენ ახალ ხაზს ვიკავებთ, დაჩქარებით ვმაგრდებით და რეზერვებს ველოდებით. განწყობა მძიმეა, მაგრამ მხნე, დაჯერებული. ჩვენ დავნაყავთ, გავრეკავთ გათავხედებულ მტერს! დიახ, ყველას მხნე, მტკიცე განწყობა აქვს... 


18 მაისი 1920 წ. წითელი ხიდი. დილის 5 საათი. 

ჩვენ სწრაფად აღვადგინეთ ჩვენი მდგომარეობა. მტკიცედ გვიჭირავს ბაბაქიარი, თარსი, კაქილი და მდინარე ინჯასუზეც გავედით. გუშინ მუსლიმანური მოხალისეთა ბატალიონის მეთაურმა დაზავების შესახებ წინადადება გამოგვიგზავნა. ჩვენ ვუპასუხეთ, რომ ეს წინადადება საერთო სარდლობისგან უნდა მოდიოდეს. 

ამინდი ხელს არ გვიწყობს. განუწყვეტელი წვიმები გულს გვიღონებს. 


18 მაისი 1920 წ. წითელი ხიდი. დღე. 

ამინდი გამოკეთდა, მაგრამ საღამოს ისევ წვიმა იქნება. ჩვეულებრივად!.. 

ახლა პოზიციებზე ვმგზავრობთ. მოწინააღმდეგე არსად ჩანს. ჩვენ უკვე სრულიად გამოვასწორეთ მდგომარეობა და აქ ახლა საკმარისი ძალები გვყავს. ჩვენ სრულებით მზად ვართ ახალი ბრძოლისათვის, ახალი შეტევისათვის! მაგრამ შეტევა არ შეგვიძლია, რადგანაც არ გვაქვს შესაბამისი ბრძანება ჩვენი მთავრობისაგან. 


20 მაისი 1920 წ. ტფილისი. დილა. 

გუშინ ღამით მე, ვლადიმერი და გიორგი ხიმშიევი ტფილისში ჩამოვედით. მოხსენებისა და ორიენტირებისთვის. ჩვენ ტფილისისთვის უნდა გადაგვეცა, რომ წარსული უიღბლობის მიუხედავად, ჩვენი მდგომარეობა ფრონტზე ახლა განსაკუთრებით მტკიცეა და ამიტომ სამშვიდობო მოლაპარაკებების დროს ჩვენი დელეგაცია მთლიანად უნდა იცავდეს ჩვენს პრეტენზიებსა და ჩვენს უფლებებს. დაზავება კი ფაქტიურად უკვე დამყარებულია. ფრონტზე ბრძოლები უკვე აღარ არის. 

გუშინ ჩვენთან შიხლოში მოწინააღმდეგის პარლამენტიორები მოვიდნენ. ორი თათარი იყო, და ერთიც რუსი წითელარმიელი – ყოფილი პეტერბურგელი მუშა და ყოფილი მენშევიკი. დიდებული, კეთილი სულის მქონე და შორს ვერგამჭვრეტელი კაცი. დიდი მიამიტი. ჩვენ ვილაპარაკეთ. იგი გვეთანხმებოდა, რომ რუსეთი გაძარცვულია, რომ წარმოება იქ მომსპარია, რომ იქ მუშები დღეში 10–12 საათს მუშაობენ. 

„მაგრამ ჩვენ სულ ვომობდით“, – განგვიმარტავდა იგი და თავს იმართლებდა. 

ჩვენ ყველანი მშვიდობის მხურვალე მომხრეები ვართ. მაგრამ მხოლოდ ცნობილი პირობებისა და გარკვეული გარანტიების დროს. ჩვენ მტკიცე, პატიოსანი და ურყევი მშვიდობა გვინდა. არ გვინდა იოლად ვთამაშობდეთ არც ჩვენი, და არც სხვსი სისხლით. 


22 მაისი 1920 წ. შიხლო. დილა. 

გუშინ, საღამოს, ჩვენ გვქონდა შეხვედრა მოწინააღმდეგის პარლამენტიორებთან. ეს პარლამენტიორები უფლებამოსილნი არიან ჩვენთან დაზავების შეთანხმება დადონ. ჩვენი მხრიდან გენერალი ჯიჯიხია, პოლკოვნიკი გედევანოვი, იაკობ ხარაში და მე ვიყავით. მოწინააღმდეგის მხრიდან: შინაგან საქმეთა კომისარი სულთანოვი, ეპიფანე კვანტალიანი და სამხედრო სპეცი შვერინი. მათი მდივანი იყო გირენკო. გუშინ ჩვენ ვერ შევთანხმდით. აზერბაიჯანელები მათი ტერიტორიის სრულიად გაწმენდას მოითხოვდნენ. ჩვენ არ შეგვეძლო ამაზე დავთანხმებულიყავით. დღეს 12 საათზე ჩვენი საბოლოო შეხვედრაა. როგორც ჩანს, დაზავება ვერ შედგება და ისევ ომი ატყდება. განსაკუთრებით შეურიგებელი ჩვენი თანამემამულე კვანტალიანია. მე მას ირონიულად ვუთხარი: „თქვენ იმაზე უფრო მეტად ხართ აზერბაიჯანელი პატრიოტი, ვიდრე თავად აზერბაიჯანლები“... 

გუშინ ჩემი საკუთარი თვალით ვიხილე სახელგანთქმული წითელი არმია. არასოდეს ვივარაუდებდი, რომ ის ასეთი ჭრელი ბანდაა!.. ადამიანები ცუდად არიან შეიარაღებული, საზიზღრად ჩაცმული და სრულიად უკულტუროები. და ყველა წითელარმიელს ძალზედ სწყურია მშვიდობა! „საკმარისია ომი“! ისინი მუდამ ამბობდნენ: „დროა ვიმუშაოთ“... დიდია მათი მიზიდულობა სახლებისაკენ. მე სრულიად დარწმუნებული ვარ – თუ ისევ დაიწყება ომი, ჩვენ კვლავ გავრეკავთ მოწინააღმდეგეს. 


23 მაისი 1920 წ. შიხლო. დილა. 

დღეს დღის 12 საათზე დაიწყება დაზავება. შეთანხმება არ არის მიღწეული. აზერბაიჯანული დელეგაცია კატეგორიულად მოითხოვს ჩვენი ნაწილების საწყის – 27 აპრილამდე – მდგომარეობაში დაბრუნებას, ე. ი. ჩვენი ჯარების 20 ვერსზე უკან დახევასა და წითელი ხიდის აქეთ – მდინარე ხრამის მარცხენა ნაპირზე გადმოსვლას. ჩვენ გადაჭრით უარვყვავით ეს წინადადება. განვუცხადეთ, რომ საბოლოო ზავის დადებამდე უნდა შენარჩუნდეს ფაქტიური მდგომარეობა და რომ სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ დაუყოვნებლივ დავიხევთ ხელშეკრულებაში მითითებულ საზღვარზე. ჩვენ კიდევ ვუთხარით: „ომის არ გვეშინია, მაგრამ ის ჩვენ არ გვინდა. თქვენ ნახეთ, რომ ბრძოლა შეგვიძლია. მაგრამ ჩვენ არ გვინდა მუშებისა და გლეხების სისხლის დაღვრა. და თუ ის მაინც დაიღვრება, მაშინ მთელი ბრალი თქვენ დაგედებათ“. 

ამრიგად, ჩვენ ისევ ომის წინაშე ვდგავართ. ჩვენ მზად ვართ მისთვის. ვნახოთ, წინ ვინ ვის გაირეკავს. 

ჩვენ გავირეკავთ!.. 

მაგრამ ჩვენ არ დავიწყებთ პირველნი საბრძოლო მოქმედებებს. ჩვენ ველოდებით, რომ მოწინააღმდეგე პირველი გადმოვიდეს შეტევაზე. მაშინ ხელები სრულიად გაგვეხსნება. 


23 მაისი 1920 წ. დღის 4 საათი. 

12 საათი გავიდა, მაგრამ მოწინააღმდეგე დუმს. იგი შეტევაზე არ გადმოდის. 

ახლა მარჯვენა ფლანგიდან დავბრუნდი. ჩვენ თავზე ვადგავართ ასლან-ბეგლის და მოწინააღმდეგის მარჯვენა ფლანგის ზურგში ვიმყოფებით. ძალზედ მომგებიანი ტაქტიკური მდგომარეობა გვაქვს და ადვილად შეგვიძლია მოწინააღმდეგის ფრონტი გავარღვიოთ. მოწინააღმდეგე კი არსად ჩანს!.. მას ბევრი დივიზია ჰყავს, მაგრამ ცოტა ძალები გააჩნია. და ჩვენი განწყობაც სულ უფრო მეტად ძლიერდება! მაგრამ ახლა მივიღეთ ქაღალდი: თავდაცვის საბჭოს გადაწყვეტილების თანახმად გამოვიყვანოთ ჩვენი ჯარები ტფილისის გუბერნიის საზღვარზე. ჩვენ, ფრონტელებს, მთავრობის ეს დამთმობლობა არცთუ ძალიან გულზე გვეხატება. მაგრამ მაინც ვატყობინებთ აზერბაიჯანის დელეგაციას ამ გადაწყვეტილების შესახებ. ვნახოთ, ის რას გვიპასუხებს. 


24 მაისი 1920 წ. შიხლო. დღის 11 საათი. 

დღის 12 საათზე ახალი პაემანი გვაქვს აზერბაიჯანულ დელეგაციასთან. ამჯერად – თავად აზერბაიჯანელთა წინადადებით. აშკარაა, ისინი ვერ არიან კარგად. მათ ზურგში გართულებები აქვთ. 

მოსავალი აქ აღტაცებაში მოგიყვანთ. დღემდე არნახულია! მაგრამ მისი მომკელი არავინაა...  


24 მაისი 1920 წ. შიხლო. დღის 4 საათი. 

ახლა დავბრუნდით აზერბაიჯანელებთან მოლაპარაკებიდან. დღეს ისინი შეუდარებლად დამთმობები იყვნენ. ხვალ ახალი შეხვედრა გვაქვს. აშკარააა, მოვილაპარაკებთ. 

საერთაშორისო ურთიერთობების ისტორიას, ალბათ, არ ახსოვს ასეთი მოლაპარაკებები. ჩვენ სოფლის სკოლაში შევიკრიბეთ, და მომლაპარაკებელთა ოთახი წითელარმიელებითა და ჩვენი სახალხო-გვარდიელებით აივსო. და ორივე დელეგაცია ცდილობდა თავის რევოლუციურობაზე გაემახვილებია ყურადღება და რევოლუციურ ფრაზეოლოგიას უხვად მიმართავდა! და მე მგონია, რომ ამ სფეროში გამარჯვება ჩვენ დაგვრჩა. ალექსანდრე, ვლადიმერი, მე, იაკობი, ილიკო ქარცივაძე ადვილად ვამარცხევდით წითელ რეაქციონერებს და არა მარტო ჩვენი სახალხო-გვარდიელები რწმუნდებოდნენ ჩვენი საქმის სამართლიანობაში, არამედ წითელარმიელებიც კი ჩვენს მხარეზე იწყებდნენ გადმოხრას. ჩვენი სიტყვით, ჩვენი საქმით და ჩვენი წითელი დროშით ვხრწნიდით მათ წითელ არმიას და ორივე დელეგაციის ორი თავისუფალი შეხვედრის შემდეგ, როცა კარს არავინ კეტავდა, – მესამე შეხვედრისას შევნიშნე, რომ სათათბირო ოთახის კარში გუშაგი იყო დაყენებული. მას ჩემს თვალწინ მკაცრად უთხრეს: „არავინ არ შეუშვა!“, – ე. ი. არ შეუშვა წითელარმიელები! 


25 მაისი 1920 წ. სანდარი. 

ხვალ უკანასკნელი შეხვედრაა აზერბაიჯანის დელეგაციასთან. ჩვენ თითქმის ყველა პუნქტზე მოვილაპარაკეთ. კამათი მხოლოდ წითელი ხიდის გარშემო მიდის. მივემგზავრები ტფილისში უკანასკნელი ინსტრუქციებისთვის. 


26 მაისი 1920 წ. მატარებელში. დილა. 

მივემგზავრები ფრონტზე. დღეს 12 საათზე უკანასკნელი შეხვედრაა აზერბაიჯანლებთან. შეთანხმება ან ომი! გვინდა შეთანხმება, მაგრამ ომის არ გვეშინია. ჩვენ მტკიცე სული და მაგარი ხელი გვაქვს! ჩვენ ვიცავთ ჩვენს თავისუფლებას, ჩვენს დემოკრატიასა და ჩვენს წითელ დროშას. ჩვენ ვახორციელებთ ჩვენი რევოლუციური ტერიტორიის თავდაცვას! მაგრამ თუ თავს დაგვესხმიან, მაშინ შეტევაზე გადავალთ. ომი კი მაინც არ გვინდა. ღუპავს, ანადგურებს, აჩანაგებს ომი ქვეყანას. მით უმეტეს არ გვინდა ომი საბჭოთა რუსეთთან და უბედურ, ჩამოძონძილ, დამშეულ წითელარმილებეთან – ამ უბრალო, კეთილი სულის მქონე და დამონებულ რუს ადამიანებთან... 

26 მაისს მე სულში არ მაქვს დღესასწაული. ომის დროს დღესასწაული საერთოდ არ არის. თვით გამარჯვების მომტანი ომებიც კი საკუთარ თავში ღრმა გლოვას ატარებენ. თუ იქნება მშვიდობა, პატიოსანი მშვიდობა, იქნება დიდი დღესასწაული და იქნება ჯვრისგან განთავისუფლება. 

მძიმე ჯვრისაგან! 


26 მაისი 1920 წ. ქვემო შიხლო. დღის 4 საათი. 

ახლახანს მოვაწერეთ ხელი დაზავების შეთანხმებას აზერბაიჯანთან. ჩვენ ჩვენი ძლევამოსილი ჯარები, ჩვენი სახალხო გვარდია გამოგვყავს გამოგვყავს ხაზზე თარსი – ბაბაქიარი – წითელი ხიდი და მდინარე ხრამი, ასევე ვახდენთ ჩვენს მიერ დაკავებული აზერბაიჯანული ტერიტორიის ნეიტრალიზაციას. 

დიდი გამარჯვებაა! 


26 მაისი 1920 წ. ტფილისი. ღამე. 

ფრონტიდან პირდაპირ თეატრში მოვხვდი. ამხანაგებს ვეძებდი და ბალეტზე მოვხვდი. და როგორი განსხვავებაა, როგორი მკვეთრი კონტრასტია!? აქ მყუდროება, კმაყოფა, სიმაძღრე (მოყირჭებულობა) და უდარდელი სიზარმაცეა. იქ სიცივე, გაჭირვებანი, საკუთარი თავის მსხვერპლად შეწირვა და დაუღალავი შრომაა! და გაბოროტება გიპყრობს, გასასტიკება! გადამჭრელი შენჯღრევა უნდა მოვახდინოთ!.. ძალმოსილი აღმაფრენით უნდა გავფანტოთ ეს მეშჩანური მოყირჭებულობა, ეს თვითკმაყოფილი და მაძღარი სიჩლუნგე! ახლა, როცა ბოლშევიკებთან მშვიდობა (ზავი) ფაქტად იქცა – ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა გავხდეთ უფრო გაბედულები და თანამიმდევრულები ბურჟუაზიასთან ორგანიზებული ბრძოლის საქმეში და ჩვენი მიზნების მიღწევაშიც. ჰო, ახლა მეტი თავისუფლება შეიძლება მივცეთ ჩვენს თავსა და ჩვენს რევოლუციონურობას. 

გარე მუქარა, საიდანაც არ აუნდა ამოდიოდეს ის – დენიკინისგან, ტროცკისგან თუ ქემალ-ფაშისგან – ყოველთვის ბოჭავს ჩვენს რევოლუციონურობას და ზღუდავს ჩვენს მისწრაფებას. ამ მომენტებში ქვეყნის გადარჩენის იდეა დომინირებს მთელს ცხოვრებაზე და ეს არბილებს, აჩლუნგებს კლასობრივ წინააღმდეგობებს და აუფერულებს პოლიტიკურ ბრძოლას. მაგრამ როცა ეს საფრთხე უკვე აღარ არის – ჩვენი ყურადღების ცენტრი შეგვიძლია შინაგან სოციალურ ბრძოლაზე გადავიტანოთ და შეგვიძლია ჩვენი წითელი დროშა მაღლა აღვმართოთ. მუდმივ გარე საფრთხეშია – ჩვენი საშინაო მშენებლობის, ჩვენი შიდა რევოლუციონურობის სისუსტე. პირიქით, მუდმივ გარე საფრთხეშია – რუსული ბოლშევიზმის ძალა, მისი სიმაგრე. რუსეთის გარე საფრთხეების მოსპობასთან ერთად ბოლშევიზმიც მოისპობა... 

მოლაპარაკებათა ეს 4 დღე ჩვენ ბოლშევიკურ დელეგაციასთან და წითელ მეთაურებთან მუდმივ კამათებში გავატარეთ. და ჩვენ თვალნათლივ დავრწმუნდით, თუ იდეურად როგორ განუზომლად მაღლა იდგა ჩვენი დელეგაცია და როგორი უბადრუკები, უმეცრები და ღარიბები იყვნენ ჩვენი მოწინაამდეგენი. ხოლო როცა ჩვენი ალექსანდრე წითელი ბატალიონებისა და ბრიგადების მეთაურებს ეკამათებოდა, გვეცოდებოდა უკანასკნელები, ვინაიდან ისინი ჩვილ ბავშვებად მოჩანდნენ. ჩვენს სახალხო-გვარდიელებს კი ჭეშმარიტად ისე ეჭირათ თავი როგორც გამარჯვებულებს. ყველა მიმართებაში! ბრძოლის ველზეც და იდეური შეტაკებების დროსაც... 

და როგორღაც სიხარულისა და სინათლის მომტანია, რომ დაზავება ბოლოს და ბოლოს შედგა. ეს მაინც დემოკრატიაა! თუმცა კი გზააბნეული, დანაშაულებრივი და სისხლიანი... 

მუსიკა უკრავს. და სცენაზე ნარნარი, მწყობრი მოძრაობებია... ხვალ ისევ ფრონტზე. მომაკვდავ ფრონტზე... 

მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ დაზავება – ზავი არ არის!.. 


29 მაისი 1920 წ. ალგეთის ნაპირზე. ქოსალოსთან. 

ზაქარია, რუბენი, ლეო, ნოე გოგოლიშვილი, ჯიჯიხია და მე დილიდან ვმგზავრობთ ბატალიონებში და განვსაზღვრავთ ჩვენი სიმაგრეების ხაზს. ახლა ჩვენ თათარ მწყემსებთან ვართ მათ სადგომში: მაწონსა და თბილ რძეს ველოდებით. 

გუშინ მთელი დღე ჩვენი პოზიციების დათვალიერებაში გავატარეთ. ვიყავით თექელში, გილიქზე, ფალუთლიბაშიზე, თარსსა და ბაბაქიარზე. ჩვენც და ცხენებიც საშინლად დავიღალეთ. დღეს მესანგრეები სანგრების ტრასირებას აწარმოებენ, ხვალ კი ჩვენ მასობრივი სასანგრო მუშაობის ორგანიზებას მოვახდენთ. 

გუშინ პირველად მოვიარე ცხენით ბაბაქიარის ქედი. და ისევ და ისევ აღტაცებაში მოვდიოდი ჩვენი სახალხო-გვარდიელების ენერგიით, ვაჟკაცობითა და ამტანობით. ამ სიმაღლეებს ხომ საბჭოთა ჯარები იცავდნენ და აქედან ჩვენ, როგორც ხელის გულზე, ისე ვიყავით!.. 

 ახლა ჩვენ დაზავება გვაქვს და დაზავების დროში სრულიად უნდა გავმაგრდეთ (გავძლიერდეთ). და ეს უფრო მეტად მიგვიყვანს მშვიდობასთან. სასურველ, დიდი ხნის ნანატრ, დემოკრატიულ მშვიდობასთან!.. 

ახლა წითელი ხიდის მარჯვენა ბოლოში შერეული პოსტი დგას, შიხლოში კი შერეული საკონტროლო ასეულები დგანან. ჩვენი გვარდიელები წითელარმიელებთან მეგობრულად ცხოვრობენ და სურსათსა და სხვა საჭიროებებს მათ ძმურად უყოფენ. და ჩვენი გვარდიელები გრძნობენ თავიანთ აღმატებულობას. ყველა მიმართებაში! განსაკუთრებით კი იდეურში. 


30 მაისი 1920 წ. პატარა მუღანლო. დილა. 

წვიმა, ტალახი და ლაფია! ამინდი გვდევნის და გულს გვიწყალებს. მთელი მაისი საზიზღარი იყო. მთელ დროში ერთი დღეც არ იყო წვიმის გარეშე, და გვარდიელები სულ მუდამ სველდებიან წვიმაში და მათ ტალახი ჭამს. ხოლო საზოგადოება, ეს ქებული პატრიოტული საზოგადოება, ზის თავისთვის ერთ ადგილას! იგი ვერ გრძნობს ვერც ამ საზიზღარ ამინდს, ვერც გაჭირვებას, ვერც ფრონტის ტალახს. იგი საცოდავ შემოწირულობებს ახდენს და ამით თავის სინდისს იმშვიდებს. რათა მაძღარი ვახშმის შემდეგ ძილი უკეთ შეიძლოს! მაგრამ ამ საზოგადოებას რომ შეეძლოს ფრონტის დიადი და წმინდა მნიშვნელობა თავისი გამოღვიძებული სულის მთელი ძალით შეიგრძნოს, იგი სულ, მთლიანად, აღიმართებოდა ფეხზე და ირგვლივ შემოევლებოდა ფრონტს ისეთი სიყვარულით, ისეთი თბილი ყურადღებით, ისეთი დედობრივი ნაზი მზრუნველობით, რომ ფრონტი სრულებით ვერ იგრძნობდა ვერც წვიმას, ვერც ტალახს, ვერც სანგრების მოწყენილობას. და ფრონტიც უძლეველი შეიქნებოდა! მაგრამ საზოგადოებას ყრუდ სძინავს. და ფრონტიც მარტო რჩება. თითქმის მარტო! და მხოლოდ ღარიბ მუშებსა და წმინდა ბავშვებს, ახსოვთ, უმთავრესად, ფრონტის შესახებ... მაგრამ ფრონტი ხომ მალე დაბრუნდება სახლში და მას ყველაფერი ემახსოვრება. და იგი პასუხს მოითხოვს. 

დღეს აღსტაფაში სამშვიდობო კონფერენციის პირველი შეხვედრაა. მაგრამ მივიღეთ ცნობები, რომ აზერბაიჯანში აჯანყებაა და რომ განჯასა და აღსტაფასთან კავშირი გაწყვეტილია. ეს სავსებით შესაძლებელია. და საერთოდ, ახლა ყველაფერი შესაძლებელია. ვინაიდან საბჭოთა რუსეთის პოლიტიკას სრულებით არა აქვს ლაგამი ამოდებული და მისი მდგომარეობა ძალზედ მძიმეა. გარეგანი წარმატებების მიუხედავად! და ვინ იცის?! შესაძლოა, ჩვენ მოგვიწიოს ჩვენს წინააღმდეგ მდგომი მეოცე დივიზიის ჩვენთან შეფარება და ინტერნირება. 

ისტორიას ხომ უყვარს კურიოზები?.. 


31 მაისი 1920 წ. გიაურარხის ქვემო ხუტორი. დღის 2 საათი. 

ტფილისში მივემგზავრებოდი მოტოციკლეტით და ტალახში ჩავეფალი. მთლიანად ამოვისვარე. საბედნიეროდ, ხუტორის მმართველმა თავაზიანად მომცა ცხენი და ახლა სანდარიში მივემგზავრები. წრიული გზაა! ამინდი საზიზღარია, საძაგელი, მომაკვდინებელი. მელანქოლია მესხმის თავს... და როცა იწყებ ფიქრს, რომ ამ ჯოჯოხეთურ ამინდში, დღისითაც და ღამითაც გვარდიელები წვიმის ქვეშ და ტალახში ცხოვრობენ, რომ ქვეყნის თავდაცვის მთელი სიმძიმის გადატანა ათასებს უხდებათ, ხოლო მილიონები კი ცდილობენ უფრო თბილად მოეწვნენ, – უძლური სიბრაზე გიწყებს სულის შეხუთვას, გამოუვალი სევდა... 

მალე დაზავების დასასრულიც დადგება. ჩვენთან ფრონტზე მხნე და კარგი განწყობილებაა. გუშინ ნაწილების წარმომადგენელთა და მეთაურების შეკრება იყო. მე ზოგადი მოხსენება გავაკეთე. კარგი იყო. ისე კაშკაშად გვჯეროდა ჩვენი ძალის, გამარჯვებისა და წარმატების. მოწინააღმდეგესთან საქმეები უფრო ცუდადაა. თათრებს სძულთ წითელარმიელები, ეს უკანასკნელნი კი ზიზღით ლაპარაკობენ თათრების შესახებ. „სჯობს გავერთიანდეთ და ეს ნაძირალა თათრობა გავანადგუროთ!“ («Лучше соединимся и истребим эту подлую татарщину!»), – ხშირად ამბობენ წითელარმიელები. და ამაშია მთელი მათი კომუნიზმი! ჩვენი სახალხო-გვარდიელები სულ უფრო მეტად ხრწნიან წითელარმიელებს და მარტო იმიტომ, რომ ეს, როგორც ჩანს, პირველი შემთხვევაა წითელი არმიის შეხვედრისა ჭეშმარიტად-სახალხო, რევოლუციურ და სოციალისტურ არმიასთან. და ეს წითელარმიელთა იდეური გახრწნის პირველი შემთხვევაა. 

სასწაულია!.. 


3 ივნისი 1920 წ. ვაგონი. ღამე. 

საჩქაროდ მივემგზავრებით ახალციხეში. გოდერძის უღელტეხილიდან ცუდი ცნობებია! ჯარისკაცების ნაწილი ფრონტიდან წამოვიდა, და უღელტეხილიც უკვე ჩოტნიკების ხელშია (и перевал уже в руках чётников). კვინიტაძე, პოლკოვნიკი გედევანოვი და მე მივემგზავრებით. მდგომარეობა უნდა აღვადგინოთ და ჩვენს რაზმს დავეხმაროთ, რომელიც ხულოშია ჩამწყვდეული. 

ელისავეტპოლის (განჯის – ი. ხ.) გუბერნიაში აჯანყება ფართოვდება. 


4 ივნისი 1920 წ. ბორჯომი. დილა. 

ახალციხეში მივეგზავრებით. მალე ადგილზე ვიქნებით და ყველაფერს გამოვარკვევთ. გაბედულები და დაუნდობლები უნდა ვიყოთ! და სისხლით უნდა გადავარჩენდეთ რევოლუციას... 

ყველა გართულება ბათუმის ოლქში – ინგლისელ ხელისუფალთა საქმიანობის შედეგია. ინგლისელებს უნდათ ქობულეთლებისა და აჭარლების დახმარებით გამოგვდევნონ ბათუმის ოლქიდან. და ისინი სახსრებს არ იშურებენ! და პატარა, იზოლირებულ, დატანჯულ დემოკრატიას მხოლოდ საკუთარი ძალების იმედად ყოფნა უხდება. და იგი გმირული უნდა იყოს! მაგრამ ოჯახი მახინჯის გარეშე ვერ იქნება. და გოდერძის უღელტეხილიდან გამოქცეული ჩვენი სათადარიგო ჯარისკაცებიც – ჩვენი მახინჯები არიან! მათთან გულმოწყალენი არ უნდა ვიყოთ. მაგრამ იქ ერთმა გვარდიულმა ასეულმაც შეირცხვინა თავი. მინდა მას საფუძვლიანად დაველაპარაკო. 


4 ივნისი 1920 წ. ზარზმა. ადრეული საღამო. 

უთხის-უბანში ვიყავით. ეს ჩვენი პოლო პოსტია. გვარდიელები და კადრის ჯარისკაცები ვიხილეთ. ესენი – გმირები არიან. 

ზარზმა ძალიან ძველი და სახელგანთქმული მონასტერია. 


5 ივნისი 1920 წ. ახალციხე. დილა. 

ნათელი, შესანიშნავი დილაა. ჩვენ ყველას ისე მოგვენატრა კარგი ამინდი, კაშკაშა დღე! განსაკუთრებით დაიტანჯნენ გვარდიელები და ჯარისკაცები პოზიციებზე, თოვლიან უღელტეხილებზე. გუშინ ჩვენ გენერალ კვინიტაძესთან ერთად ნაწილები მოვიარეთ და პოზიციებზეც ვიყავით. საკუთრივ – ჩვენ არანაირი პოზიცია არ გაგვაჩნია. გვარდილეთა ნახევარი ასეული და ამდენივე ჯარისკაცი დგანან უთხის-უბანში. უღელტეხილზე ჩვენები არ არიან და, აშკარაა, რომ ის უკვე მოწინააღმდეგეს აქვს დაკავებული. პოზიციიდან გამოქცევა 2 ივნისს მოხდა. გამოიქცნენ სამარცხვინოდ, ლაჩრულად, ნაძირლურად! 

2-ში დილიდან ჩვენები შეტევაზე გადავიდნენ დანისფარეულში... რათა ხულოში მყოფი ჩვენი რაზმისათის დახმარება გაეწიათ! შეტევა კარგად დაიწყო, მაგრამ ძალიან მალე მობილიზებულმა ჯარისკაცებმა ზურგი უჩვენეს და სწრაფად დაიწყეს უკანდახევა. ვერანაირი შეგონება და მუქარა ვერ დაგვეხმარა. და ამ დეზერტირებმა სახალხო-გვარდიელთა მეორე ასეულიც აიყოლიეს, ხოლო პირველი ასეული კი ბრძოლაში დარჩა. უკან დახევა, ან უფრო სწორედ გამოქცევა, ყველაზე უფრო სამარცხვინო, დანაშაულებრივი იყო. გამორბოდნენ მიზეზის გარეშე და მოწინააღმდეგის მხრიდან ყოველგვარი ზეწოლის გარეშეც! აშკარაა, ჩვენმა პროვოკატორებმა და მტრებმა ძალიან კარგად იმუშავეს.  

სახალხო-გვარდიელთა პირველმა ასეულმა პატიოსნად და ბოლომდე შეასრულა თავისი მოვალეობა. და ამ ასეულმა მთელი ზამთარი უღელტეხილზე გაატარა! იგი საშინლად გამოფიტული გახლდათ, მაგრამ მაინც უკან არ დაუხევია. გამოქცეული ჯარისკაცები ახალციხის მახლობლად, სუფლისთან განაიარაღეს. და გუშინ შვიდი მოთავე დახვრეტილ იქნა. ეს სასტიკია, მაგრამ ეს აუცილებელია. ამ სისასტიკით ხდება ქვეყნისა და რევოლუციის გადარჩენა... 

ჩვენი რაზმი ხულოში, როცა მთელი ვაზნები გაისროლა და მთელი მარაგები ამოსწურა, აჭარლებს ჩაბარდა. ეს დიდი უბედურებაა. მაგრამ ჩვენ სულით არ ვეცემით. საქმეები მალე გამოსწორდება და ინგლისელთა ხრიკებსაც ადვილად მოვერევით! 

ერთსულოვანი შეფასებით, ახალგაზრდა ჯარისკაცებს თავი კარგად უჭირავთ. 

დანისფარეულში სახალხო გვარდიის ახალციხის ბატალიონის მეთაური – ჩვენი სახელოვანი მაქსიმოვი იქნა მოკლული. 


6 ივნისი 1920 წ. ბორჯომი. დილის 6 საათი. 

ტფილისში ვბრუნდებით. უღელტეხილზე საქმეები სწორდება. უთხის-უბანში სახალხო-გვარდიელთა ორი ასეული და ახალგაზრდა ჯარისკაცების ნახევარი ასეული დგანან. ახალციხეში ორი მსხვილი საარმიო ბატალიონი და ერთი სამთო ბატარეა მოვიდნენ. ძალები კიდევ მოდიან. რამდენიმე დღის შემდეგ აქტიური ოპერაციები დაიწყება, და ჩვენ ძველ მდგომარეობას აღვადგენთ. 

გზად აბასთუმანში შევიარეთ. ვირჩევდით სადგომ-სათავსოს სახალხო გვარდიის სანატორიუმისათვის. კონიევის გადამწვარ სასახლეზე შევჩერდით. გვარდიამ ამ სასახლეს რესტავრაცია უნდა ჩაუტაროს და ააღორძინოს. და დემოკრატია გვიჩვენებს თავის უნარს შემოქმედებისადმი! 

აბასთუმანში კარგია. ძალიან კარგი! თურქებისა და თათრების მიერ მოხდენილი ყველა ნგრევის მიუხედავად! იასამანი ყვავილობს! ბევრი იასამანი და სხვადასხვა ყვავილია. და აბასთუმნის მთელი გარემოებაც დასვენებისთვის განგაწყობს, სიზარმაცისთვისაც. 

დასვენება კი ისე მინდა! 


8 ივნისი 1920 წ. ტფილისი. დილა. 

ისევ ხშირი ღრუბლები იკრიბება ჩვენს ჰორიზონტზე. ჩრდილოეთში და სამხრეთში! აღმოსავლეთი თითქოს-და ნათდება... 

სამშვიდობო მოლაპარაკებები აზერბაიჯანთან წარმატებით მიმდინარეობს და აზერბაიჯანიც მსხვილ დათმობებზე მოდის. ვინაიდან მას სხვა გზა არ გააჩნია! აზერბაიჯანის შიგნით საშინელი ანარქია და ხოცვა-ჟლეტაა. ბოლშევიკები ბაქოდან ყველაფერს ეზიდებიან და მოსახლეობასაც ძალიან ავიწროვებენ. ისინი აზერბაიჯანს ძარცვავენ და მოსკოვსა და ლენინს საჩუქრებს უგზავნიან! ამან სახალხო აღშფოთების აფეთქება გამოიწვია, და განჯაშიც აჯანყება აგორდა. იგი საშინელი სისასტიკით იქნა ჩახშობილი. თათრების სისხლში იქნა ჩამხრჩვალი! მაგრამ აჯანყება არ მომკვდარა. ამ პირობებში აზერბაიჯანს ჩვენთან ომი არ უნდა. ომი არც ჩვენ გვინდა! მაგრამ ის უნდათ უპასუხისმგებლო ადგილობრივ ბოლშევიკებს, რომლებიც პირადი ინტერესითა და პირადი გაბოროტებით ხელმძღვანელობენ. თავად ბოლშევიკების მდგომარეობა კი რუსეთში კრიტიკულია. პოლონელები მათ ამარცხებენ, და ვრანგელიც იღვიძებს. ეს რეაქციის ძველი, ბოროტი მგელი! ბოლშევიკებმა საშინელი განგაში ატეხეს, ისინი ყველა ზარს არისხებენ და მთელ მზერას დასავლეთისკენ მიმართავენ. ამ პირობებში ისინი ჩვენთან ომსა და გართულებებს არ მოისურვებენ. არც ჩვენ გვინდა საბჭოთა რუსეთის მძიმე მდგომარეობით ვისარგებლოთ. მაგრამ ადგილობრივი ბოლშევიკები არ წყნარდებიან. რუსეთისა და ჩვენი დემოკრატიის ინტერესები მათთვის სრულებით უცხოა. და ისინი მთელი ძალებით ცდილობენ კისერი მოგვიგრიხონ! ახლა მათ დანაშაულებრივი აჯანყება ააგორეს სამხრეთ ოსეთში, და ვლადიკავკაზიც ეხმარება ამ აჯანყებას. ასე ასრულებენ ბოლშევიკები სამშვიდობო ხელშეკრულების პირობებს! ასეთია მათი პატიოსნება!.. მაგრამ არაფერია! ეს ჩვენ უფრო მეტად გვიხსნის ხელებს, ეს ჩვენ უფრო მალე დაგვაახლოვებს მოსკოვთან. მე ისევ მაინც მინდა მჯეროდეს, რომ პასუხისმგებელი ბოლშევიკების პოლიტიკა არ შეიძლება იყოს ამდენად ავანტჲურისტული და უპასუხისმგებლო ჩვენთან მიმართებაში... 


ოსური ვანდეა 


9 ივნისი 1920 წ. ტფილისი. დილა. 

ცხინვალიდან ცუდი ცნობებია. მგონი, ის უკვე ოსური ბანდების მიერაა დაკავებული. ჩვენ დაჩქარებით გადავისვრით იქ ძალებს და მალე ვასწავლით ჭკუას ამ არამზადებს. ოსი ნაციონალისტები – ჩვენი უბოროტესი და დაუძინებელი მტრები არიან. ისინი ყოველთვის სარგებლობენ ჩვენი სიძნელეებით და აჯანყებებს გვიწყობენ... რამდენიმე წლის წინ თავიანთი აჯანყებით მათ თურქებს ბათუმის აღება გაუადვილეს. გასულ წელს ისინი დენიკინს ეხმარებოდნენ, ახლა კი ბოლშევიკებთან შეთანხმებით მოდიან! და ჩვენც უკვე მოგვბეზრდა ეს დაუსრულებელი აჯანყებანი. და ჩვენ გადაჭრით წავართმევთ სამხრეთ-ოსურ ბანდებს ყოველგვარ ხალისს შეიარაღებული იმპრესიონიზმისადმი! და ეს დროებითი უიღბლობანი მე სრულებით ვერ მაცბუნებს. მე ვიცი, რომ ბოლო სიტყვა ჩვენ გვეკუთვნის! 

მთელი ჩვენი დემოკრატია და ყველა პასუხისმგებელი ამხანაგი აღშფოთებულნი არიან ოს აჯანყებულებზე. ჩვენი დიდი ნოე სრულიად გაბრაზდა მათზე... 


10 ივნისი 1920 წ. ტფილისი. დილა. 

დღეს მე, ალექსანდრე და ზაქარია გორში მივემგზავრებით, რათა ცხინვალი გავანთავისუფლოთ და ჩვენი ვანდეა გავსრისოთ, დავსაჯოთ. ვანდეაზე უფრო უარესი! 

დღეს შუადღისთვის გორში თავს მოიყრიან ჩვენი 8 ბატალიონი, ცხენოსანი პოლკი და ორი სამთო ბატარეა. და ეს ძალები საკმარისზე უფრო მეტიცაა. სარდლად კონიევია დანიშნული. ჩვენი ძველი, დაჯარიმებული, მაგრამ ერთგული მეგობარი. ახლა მან თავისი სოჭის უიღბლობა უნდა გამოისყიდოს. 

გუშინ ბათუმიდან უცნაური ამბავი გადმოგვცეს: მოკავშირეთა მხრიდან ბათუმის ოკუპაცია იხსნება, მაგრამ ახალი პატრონი ჯერ არ არის დასახელებული! ჩვენ უნდა გავხდეთ ეს პატრონი და მზადაც უნდა ვიყოთ ამისათვის. მაგრამ მოკავშირეების წასვლა ბათუმიდან არცთუ განსაკუთრებით მახარებს – ამით ევროპა გვწყდება და ჩვენც ისევ აზიასთან ვრჩებით! მართალია, ევროპა ჩვენ ცოტას გვეხმარებოდა, მაგრამ ბათუმში მისი უბრალო ყოფნაც კი დიდ მუქარას შეადგენდა თურქეთისათვის. ახლა ჩვენ მთლიანად საკუთარ ძალებს ვიქნებით მინდობილი. და ამიტომ დაძაბულად და დაუღალავად უნდა ვიმუშაოთ. 

და როგორი უცნაური დამთხვევაა: – ცხინვალი–ბათუმი! მაშინაც იგივე დამთხვევა იყო! 


11 ივნისი 1920 წ. ტყვიავი. 

საველე შტაბის სხდომაა გენერალ კვინიტაძის თანდასწრებით. ხვალინდელი შეტევის გეგმას შევიმუშავებთ. ადრეული დილიდან გადავდივართ შეტევაზე მთელი ფრონტით, გვექნება რა ცენტრში ცხინვალი. 

ამინდი კარგია. დიდხანს თუ იქნება ასე? 


12 ივნისი 1920 წ. გზა ფლავისმანიდან მერეჟში. 

განთიადი. 

12 მაისს ჩვენ შეტევაზე გადავედით წითელ ხიდზე. 12 ივნისს ცხინვალს ვუტევთ! 

მე, ალექსანდრე და კარგარეთელი გურულებთან ერთად მივდივართ მარჯვენა ფლანგზე. დღეს სიმაღლე კობიანთი უნდა დავიკავოთ და მარჯვენა ფლანგით ვანათის ციხე-სიმაგრეს მივებჯინოთ. 

აჯანყებული ოსები რამდენიმე ათასი ადამიანია. და მე ვიცი, რომ მათ ჩვენ ადვილად უკუვაგდებთ და გავრეკავთ. 


12 ივნისს 1920 წ. სარაბუკი. დილის 10 საათი. 

ჩვენი კოლონა უკვე ორტევზე გავიდა. მტერი ყველგან უწესრიგოდ გარბის. თითქმის არ გვიწევს წინააღმდეგობას! ბანდაა!.. 

და ეს მოღალატენი სასტიკად უნდა დავსაჯოთ. სხვა გზა არ არის! და ამაშია უბედურება. 


12 ივნისს 1920 წ. ცხინვალი. ღამე. 

დილის 9 საათზე ცხინვალი აღებულ იქნა ჩვენი ცენტრის მიერ. ბანდები გაიქცნენ. მოწინააღმდეგეს რამდენიმე ტყვიამფრქვევი წავართვით და ტყვეებიც ავიყვანეთ. ოსები მთებში გარბოდნენ და ისინი თავს ძალიან ცუდად იცავდნენ. ჩვენ თითქმის არ გვაქვს დანაკარგები. მაგრამ გვარდიელებს შორის საშინელი გაღიზიანებაა ჩვენი დაუძინებელი მტრების წინააღმდეგ და ამიტომ რამდენიმე სახლი უკვე იწვოდა. ახლა ღამეა. და ყველგან ჩანს ცეცხლები!.. ეს აჯანყებულთა სახლები იწვის... მაგრამ მე უკვე მივეჩვიე და ამას თითქმის მშვიდად ვუმზერ. გულის გამაგრებით! 

დღეს ჩვენთან პატარა პანიკა იყო. ხმა გავრცელდა, რომ ოსებმა გზა მოგვიჭრეს და მთავარსარდალმაც კი დაუჯერა ამ ხმას და ძალზედ აღელდა... შემდეგ ჩვენ ბევრი ვიცინეთ... 


13 ივნისი 1920 წ. სარაბუკი. შუადღე. 

ერთ საათში წინ წავალთ. ჩვენმა მარჯვენა კოლონამ, ილიკო ჩაჩიბაიას შეერთებული ბატალიონითა და ჯიბო ყანჩელის სამთო ბატარეით გაძლიერებულმა, დღეს, საღამოს, გერისფახსენის რაიონი უნდა დაიკავოს, მარცხენა კოლონა კი საღამოსთვის ქურთაზე უნდა გავიდეს. და ხვალ ჩვენ გადამწყვეტ საერთო შეტევას დავიწყებთ ჯავაზე! ჩვენი კოლონა ღრმა შემოვლას ასრულებს და გუბებისის ხეობაში უნდა გავიდეს. 

ამინდი კარგია, მაგრამ არ ვართ დარწმუნებული, რომ საღამოსთვის არ გაფუჭდება... გუშინ საზიზღარი ამინდი იყო, ხვალ კი ნათელი დღე გვინდა ვიხილოთ. 

ახლა ჩვენ დიდი კაკლის ხის ჩრდილში ვწევართ. ჩვენი ცხენები ერთად წიწკნიან ბალახს, და აქვე ალერსიანად ჟღურტულებს მთის ნაკადული. ირგვლივ გაზაფხულის, ხმაურიანი სიჩუმე და მოჩვენებითი, მაცდური სიმშვიდეა. დროდადრო თვალებს ხუჭავ და ფიქრებით უკან, ვარდისფერ ბავშვობაში მიდიხარ, და დღევანდელი დღის ყველა საშინელებასა და სისასტიკეს ივიწყებ. და სულში ისეთი სიმსუბუქე, თავისუფლება და სიხარული შემოდის. შემდეგ ისევ იღვიძებ! და უკვე არ არის სიმშვიდე არც სულში, არც სხეულში. ჰო, არ არის სიმშვიდე! და ყველგან ჩვენს გარშემო იწვის ოსური სოფლები. საშინელი ანგარიშსწორებაა, მაგრამ სხვა გზა არ არის. ჩვენ არ შეგვეძლო მისი პოვნა. და არავისაც შეეძლო მისი პოვნა! საჭირო იყო ან ჩაგვეხშო აჯანყება და გადავერჩინა ჩვენი დემოკრატია, ან კიდევ დაგვეღუპა ჩვენი დემოკრატია და ზეიმის საშუალება მიგვეცა სისხლიანი ვანდეისათვის. და ჩვენც ყოყმანის გარეშე გავაკეთეთ არჩევანი! ვინაიდან უკვე დავიღალეთ სიტყვების, შეგონებებისა და თხოვნებისაგან. ჩვენ უკვე ორჯერ ვიყავით რბილები, ჰუმანურები და მოწყალენი. ჩვენ ზედმეტად გულმოწყალენი ვიყავით და მაშინ არც ერთი სისასტიკე, თითქმის არც ერთი დახვრეტა არ ყოფილა. სრულებით არ ყოფილა გადამწვარი სახლი! მხოლოდ შემთხვევით დაიწვა მაშინ ერედვში ფავლენოვის დიდი სახლი. თავადის სახლი! და ამას ჩვენთვის გული განსაკუთრებით არ დაუწყვეტია. მაგრამ ჩვენი გულმოწყალება, ჩვენი სიკეთე გაგებულ იქნა როგორც ჩვენი სისუსტე, ჩვენი უძლურება, როგორც ჩვენი სისულელე. დიახ, სწორედ როგორც სისულელე! და ჩვენ მოგვიწყვეს ახალი, უფრო ძალმოსილი აჯანყებაც. ვანდეამ ისევ წამოყო თავი და ჩვენი განადგურება მოინდომა. და ჩვენც გავიგეთ, რომ საჭიროა ქვეყნის გადარჩენა, რომ დადგა მომენტი, როცა საჭიროა ამოვიგლიჯოთ საკუთარი გული და გავხდეთ სასტიკი. გავხდეთ სასტიკი უმაღლესი გულმოწალებისთვის, უმწვერვალესი ჰუმანურობისა და მაღალი სამართლიანობისთვის! ეს პარადოქსი არ არის, ეს უბრალო ყოფითი ფაქტია. ვინაიდან გაცილებით უკეთესია დასაჯო, დაამარცხო, გაანადგურო ნაწილი და გადაარჩინო მთელი, ვიდრე, გადაარჩენ რა ერთეულებს, დაანგრიო და გაანადგურო მთელი! უფრო უკეთესი და გულმოწყალურია სასტიკად დავსაჯოთ, გავანადგუროთ სამხრეთ-ოსური ვანდეა, ვიდრე, გადავარჩენთ რა ვანდეას, დავღუპოთ მთელი ქვეყანა და რესპუბლიკა! ასეთია ჩემი მორალი! ასე მსჯელობს ჩემი სოციალისტური სინდისი. და ბედის როგორი ბოროტი, სასტიკი ირონიაა! ოსები, ძველი თვითმპყრობელობის ეს უტყვი მონები, ჩვენი მემამულეებისა და ძველი პრისტავების ეს ერთგული ქოფაკები, ეს დაბადებით სტრაჟნიკები – ახლა გამოდიან წითელ მანტიაში გახვეულნი, რევოლუციონერთა სახით. თუმცა კი – ნოემბერში ისინი გამოდიოდნენ, როგორც დენიკინელები! ხვალ კი ისევ გამოვლენ როგორც თურქეთის აგენტები! ჩვენი გვარდიელები კი, ეს ძველი მუშა-რევოლუციონრები, რომლებმაც თვითმპყრობელობის წინააღმდეგ ბრძოლის დროშა უკვე დიდი ხნის წინ აღმართეს, რომლებსაც აპატიმრებდნენ და ხვრეტდნენ იგივე ოსი სტრაჟნიკები, ახლა ცხადდებიან კონტრ-რევოლუციონრებად და მემამულეთა მსახურებად! ახლა აქ ჩვენთა გურიის ბატალიონია. როცა მათ გენერალი კრილოვი არბევდა და აწიოკებდა, ოსი სტრაჟნიკები მას ეხმარებოდნენ. ახლა კი ეს გურულები ცხადდებიან კონტრ-რევოლუციონრებად, ბოროტმოქმედი სტრაჟნიკები კი, რომლებიც მათ 1905 წელს არბევდნენ, იწოდებიან რევოლუციონრებად! მაგრამ ჩვენ ხომ ძველი რევოლუციონრები ვართ და შეგვიძლია სწორად შევაფასოთ მოვლენები. და ჩვენ ვიცით, თუ რას ვაკეთებთ! ჩვენ გვიყვარს თავისუფლება, ჩვენი დემოკრატია და რესპუბლიკა. ჩვენ მუშათა კლასის განთავისუფლების საქმეს ვემსახურებით. და მებრძოლი მუშათა კლასის ინტერესებში, მომავალი სოციალიზმის ინტერესებში ჩვენ ვიქნებით სასტიკნი! დიახ, ვიქნებით! მე უკვე გავიმაგრე გული. მე მშვიდი სულითა და სუფთა სინდისით ვუყურებ ნახანძრალებსა და კვამლის ქულებს. მე ვიკავებ, ვიკლავ გულის ტკივილს, ვიყრუებ სულის მწუხარებას და სრულიად მშვიდი ვარ. დიახ, მშვიდი! 

ყველა ტანჯვისა და საშინელი ტრაგედიის მიუხედავად, რომელშიც სწუხს სული... 

ახლა ჩვენ ყველანი აქ ვართ – ალექსანდრე, კარგარეთელი, ვლასა მგელაძე, დომენტი და ვასილი. და ჩვენი ჯიბოც. ჩვენ საუზმისა და გასვლისათვის ვემზადებით. 


13 ივნისი 1920 წ. კურია. საღამო. 

საშინელი წვიმა მოდის. ჩვენ ყველანი გავილუმპეთ. როგორღაც შევაფარეთ თავი პატარა, მიტოვებულ სახლში. კვამლი სულს გვიუთავს, მაგრამ ვერაფერს გააწყობ! 

ჩაჩიბაიას ბატალიონი საბოლოკოს მთაზე მიდის. მოწინააღმდეგე მას გაძლიერებით ცეცხლს უშენს. მაღალი ლამაზი ალპიური მთაა. 

დღეს აქ გავათევთ ღამეს, ხვალ კი ისევ სალაშქროდ უნდა წავიდეთ. 


14 ივნისი 1920 წ. კურია. დილა. 

მძიმე და ცივი ღამე გავატარეთ. ბოლო ძაფამდე დავსველდით, მაგრამ განწყობა მხნეა. დღეს ნათელი, კარგი დილაა. ჩვენთვის კარგი, მაგრამ მტრისთვის კი ძალზედ ბოროტი. 

ჩვენი ნაწილები უკვე წინ დაიძრნენ. გურულების პირველი ასეული გერიზე მიდის და მოწინააღმდესთან ორმხრივ სროლას აწარმოებს. დროდადრო მჟღერად და მხიარულად კაკანებს ლუისი. ჩაჩიბაიას ბატალიონი საბოლოკოს მთაზე ადის. ძნელი, მომქანცველი ასვლაა, განსაკუთრებით ცეცხლის ქვეშ. მაგრამ, საბედნიეროდ, მოწინააღმდეგე ძალზედ ცუდია (სუსტია). 

ცეცხლები ანთია. სახლები იწვის!.. 

ცეცხლითა და მახვილით!.. 


14 ივნისი 1920 წ. გერის-ხატი. დილის 10 საათი. 

გურულების პირველმა ასეულმა 10 საათზე გერი დაიკავა. აქ მოწინააღმდეგესთან ორი ტყვიამფრქვევი მუშაობდა და მას მიუდგომელი პოზიცია ეკავა. მაგრამ მოწინააღმდეგე ძალიან გაუბედავია და „და იგი გარბოდა ფურ-ირემზე უფრო სწრაფად, არწივისგან დევნილ კურდღელზე უფრო სწრაფადაც“. ჩვენ დანაკარგები არა გვაქვს. 

წასვლის წინ ოსებმა ეკლესია გაძარცვეს და დაარბიეს. თავად ეკლესია შეუხედავია, მაგრამ მას შესანიშნავი ადგლმდებარეობა გააჩნია და დიდ პატივსაც სცემენ ქართლში. აქედან საოცარი, ჯადოსნური ხედია ყველა მხარეზე. სილამაზით ტკბობის განწყობა რომ გვქონდეს! 

ცეცხლები კი ანთია და ანთია!.. 

ახლა კარგი ამინდია, მაგრამ ღრუბლებმა იწყეს თავმოყრა და ისევ ჭექა-ქუხილი იქნება. 

ჩვენმა კოლონამ თითქმის უკვე შეასრულა თავისი ამოცანა. ახლა ჯერი უკვე პოლკოვნიკ ჩხეიძის კოლონაზეა. შესაძლოა, ის უკვე ჯავაშია. 

ოსები გარბიან და გარბიან. გარბიან მთებში, თოვლიან მთებში! და იქ მათ შესცივდებათ. ძალზედ შესცივდებათ! 

ჩვენი ვლასა მგელაძე არ ჩუმდება. იგი მუდამ მხიარული და მხნეა. 

ჩვენი სამთო ბატარეის სულ საპალნეებით ტარება გვიხდება. ინგლისური ჯორები შესანიშნავად დადიან მთის ბილიკებზე. 


14 ივნისი 1920 წ. ჩვრივი. ღამე. 

მთელი დღე მოწინააღმდეგის საფლანგო შემოვლებსა და ღრმა შემოვლებში გავატარეთ. ყველა სიმაღლის ბრძოლით აღება გვიხდებოდა, მაგრამ მოწინააღმდეგე თავს ძალზედ საზიზღრად, სამარცხვინოდ იცავდა. მას ჰქონდა ტყვამფრქვევები და ჰყავდა ხალხი, მას მიუდგომელი სიმაღლეები ეკავა, მაგრამ მიუხედავად ამისა სრულებით ვერ უძლებდა ჩვეს შეტევას (მიწოლას, натиск). ჩვენთან მხოლოდ რამდენიმე ადამიანია დაჭრილი. ასეთ გაუბედავ, მშიშარა და მზაკვარ მტერს ჩვენ ჯერ არ შევხვედრივართ. მოწინააღმდეგის პოზიციები კი ნამდვილად მიუდგომელი იყო. სოფლები აქ დიდ სიმაღლეებზეა განლაგებული და, აშკარაა, ოსებმა წარმოიდგინეს, რომ ისინი ჩვენი მიღწევადობის ფარგლებს გარეთ არიან! მაგრამ ახლა ყველგან ცეცხლებია... იწვიან და იწვიან! ბოროტის მაუწყებელი ცეცხლები... რაღაცნაირი საშინელი, სასტიკი, ფეერიული სილამაზეა... და შეჰყურებდა რა ამ ღამის, კაშკაშა ცეცხლებს, ერთმა ძველმა ამხანაგმა სევდიანად მითხრა: „მე ახლა ვიწყებ ნერონისა და რომის დიდი ხანძრის გაგებას“... 

სოფელი კიმასი და მასზე გაბატონებული სიმაღლეები საღამოს 7 საათზე დავიკავეთ. მე და ალექსანდრე შემტევ ასეულთან ერთად ვიყავით. უზარმაზარ სიმაღლეზე მოგვიხდა ასვლა. ის მოწინააღმდეგეს ეკავა და ჩვენ თოფებისა და ტყვიამფრქვევების ცეცხლს გვიშენდა. ღამე ახლოვდებოდა და უნდა ავჩქარებულიყავით. გვარდიელები ბრძოლაში შესანიშნავად მიდიოდნენ. ბევრი მათგანი სრულიად ფეხშიშველი იყო, მაგრამ ამხანაგებს არ ჩამორჩებოდნენ და საყვედურის ერთი სიტყვაც კი არ დასცდენიათ. მე მდუმარედ ვუხდიდი მათ მადლობას. თავად გვარდიელებს ჩვენი ყოფნა მათ შორის ძალიან ახარებდა. ეს მათ მხნეობასა და ენერგიას მატებდა. ალექსანდრე ძლივსღა ადგამდა ფეხებს, მაგრამ არაფრით არ შეგვეძლო მისთვის მთაზე შეტევა გადაგვეთქმევინებია. მისი დაჟინებულობა, ენერგია და ხასიათის ძალა (სიმტკიცე) მე მანცვიფრებდა. ზუსტად ასევე დაუღალავი გახლდათ მიხაკო ბაჟუნაიშვილიც, ავადმყოფობის მიუხედავად. იგი სრულებით ავად იყო, მაგრამ თავის კოლონას არ ჩამორჩებოდა. 

ყოველგვარ ქებაზე უფრო მაღლა იდგნენ გურული მზვერავები. ისინი თექვსმეტი ადამიანი იყვნენ. და მათ მოწინააღმეგის ცეცხლის ქვეშ ადიდებული გუბებისი გადალახეს და მთის სოფელიც აიღეს. ეს გმირობა გახლდათ! 

ცეცხლები კი იწვის... ყველგან იწვის!.. 

დღეს უზარმაზარი სიმაღლეების აღება მოგვიხდა. ათას საჟენზე უფრო მაღლებისა! დანაკარგები კი თითქმის არ გვქონია. 


15 ივნისი 1920 წ. ჯავა. 

გუშინ, დღისით, ჩვენი ცენტრალური კოლონა ჯავაში შევიდა. ჩვენ აქ დილით მოვედით და ცენტრალურ კოლონასთან კავშირი დავამყარეთ. მაგრამ მიწინააღმდეგისთვის გზა არ მოვიჭრია, ვინაიდან მას აღალი არა აქვს და მთებსა და ტყეებში გაფანტულად გაიქცა. 

ჯავა – სამხრეთ-ოსეთის დედაქალაქი. ეს ძალზედ მდიდარი და თვალწარმტაცი სოფელია. იგი სამხრეთ ოსეთის გული გახლავთ. ბრალი მიუძღვის ყველა ინტრიგაში, ყველა აჯანყებაში. 

და ეს გული უნდა ამოიგლიჯოს! 


15 ივნისი 1920 წ. ჯავა. ვარსკვლავებიანი ღამე. 

ანთია ცეცხლები. ბანაკის კოცონები! ბანაკს სძინავს. ირგვლივ მკვდარი სიჩუმეა. ღამე ნათელია, ჩუმი. შორს – ხანძრის ცისკარია... 

დღეს ყველა ნაწილის მეთაურები, შტაბის წევრები და გვარდიელთაგან წარმომადგენლები მოვიწვიეთ. იდგა საკითხი ცეცხლის წაკიდებათა და მაროდიორობის შესახებ. ერთხმად გადავწყვიტეთ შეწყდეს ხანძრები, მოისპოს მაროდიორობა და დამყარდეს მკაცრი წესრიგი. და მაშინვე სული შეგვიმსუბუქდა.

ხვალ მინდა ტფილისში გავემგზავრო სოციალ-დემოკრატიულ ყრილობაზე. საჭიროა იქ მოვხვდე და ორ ფრონტზე წავიყვანო ბრძოლა. განსაკუთრებით მემარჯვენე ოპოზიცის წინააღმდეგ. 


16 ივნისი 1920 წ. გუბებისის შესართავი დიდ ლიახვში. გვიანი დილა. 

აღმტაცებელი, მომაჯადოვებელი დღეა. ალპიური სიმაღლეები მკაცრად აღმართულან ცისკენ, ობოლი, ნათელი ღრუბლები კი ზარმაცად მიედინებიან მათ თავზე. ირგვლივ ყველაფერი ზღაპრულია, ჩუმია. და ეს მჟღერი, მოალერსე სიჩუმე, მჩქეფარე გიჟმაჟი მდინარეების ორმაგი ხმაურით აღსავსე – მამხნევებს და სულს მიძლიერებს. 

და ამ ზღაპრულად ლამაზ ბუნებაში ფართოვდება და ძლიერდება რწმენა რაღაც კეთილის, კარგის, კაშკაშისა და ლამაზისადმი, რომელიც ასეთი სიძნელეებითა და ასეთი სისასტიკეებით იქმნება! მჯერა, რომ ჩვენ განუხრელად, თუმცა კი მძიმე, თითქმის არაადამიანური ძალისხმევით, მწვერვალური, მეფური სილამაზისკენ მივდივართ. და მთელი განახლებული სულით იწყებ იმის გაგებას, რომ სიცოცხლე, მთელი ცხოვრება ისეთივე ამაღლებული, სუფთა და ლამაზი უნდა გახდეს, როგორც ეს გარემომცველი მთებია. და მაშინ უკვე აღარ იქნება ეს ბოროტის მაუწყებელი ცეცხლები, ეს ალისფერი სისხლი, ეს ტანჯვა და კვნესა, რომელიც პირდაპირ სულში აღწევს. მაგრამ ეს მომავალი ბედნიერება ჩვენთვის არ არის. ჩვენ მას ვერ ვიხილავთ. ჩვენ მხოლოდ ვაშენებთ მომავალ ბედნიერებას, მომავლის საუკუნეთა ბედნიერებას, თავად კი წმინდა მოწამებრიობისა და მართალი ცოდვის მძიმე ჯვარი უნდა ვატაროთ. ჩვენ – განწირულები ვართ, ჩვენ – მსხვერპლები ვართ!.. ჩვენ მხოლოდ ხიდი ვართ მომავლისა და თანამედროვეობის ამ სიმძიმეს უნდა გავუძლოთ. და მე ახლა, მთების სიჩუმეს შორის, ამ ჩემს წმინდა მარტოობაში უფრო კაშკაშად ვგრძნობ საზოგადოებრივი სისასტიკის მთელ აუცილებლობას. მთლიანის ინტერესებში მსხვერპლად უნდა შესწირო ნაწილი... ეს ჩემი მცნებაა! ამაშია პროგრესული საზოგადოებრივი მორალი... 

ახლა ვუფიქრდები ჩვენს საღამოს შეკრებას. მოწვეულ იქნენ აქ მოქმედი ყველა ხახალხო-გვარდიული ბატალიონის წარმომადგენლები, და ჩვენ განვიხილავდით თანამედროვე მდგომარეობას. ყველა ლაპარაკობდა. როგორც თანასწორი თანასწორთა შორის! ლაპარაკობდნენ უბრალოდ, ყოველგვარი შელამაზების გარეშე. და ამ უეშმაკო, სრულიად უბრალო სიტყვებისგან კიდევ უფრო მტკიცდებოდა რწმენა ადამიანში, კიდევ უფრო კაშკაშად ინთებოდა ადამიანურობის ჩირაღდანი. და როცა ამ უბრალო სიტყვებს აკავშირებ სახალხო-გვარდიელთა მოქმედებებთან, როცა იხსენებ ამ გვარდიელებს, რომლებიც სრულიად უბრალოდ მიდიოდნენ სიკვდილზე, – იწყებ პატივისცემას, დაფასებას, სიყვარულს ამ უბრალო ადამიანებისა, ამ უსახელო გმირებისა. მე სულ უფრო მეტად ვრწმუნდები, რომ ნამდვილ გმირს წარმოადგენს მასა, ხალხი. ხალხი, რომელმაც შეიგნო თავისი ინტერესები და მოვიდა მოძრაობაში მათ განსახორციელებლად!.. დამახასიათებელი რამაა: სომხებთან ომის შემდეგ ჩვენს რესპუბლიკაში უკე აღარ არიგებენ გამორჩევის ნიშნებს, მაგრამ ჩვენი გვარდილები არანაკლებ კარგად იბრძვიან. თითოეული ცდილობს თავისი ძალების და მიხედვით იმუშაოს, თავისი სინდისისათვის, და არა ჯვრის მისაღებად. და მე მგონია – დადგა მომენტი, როცა სრულიად უნდა მოისპოს გამორჩევის ყველა ნიშანი... 

და ამ უსახელო გმირებს ჩვენ არ უნდა ვივიწყებდეთ. სახელმწიფოს უნდა ახსოვდეს მათ შესახებ, მათზე უნდა ზრუნავდეს. ვინაიდან ისინი თავიანთი სისხლით აშენებდნენ ამ სახელმწიფოს. და ყრილობაზე მე ამ საკითხების დასმას ვისურვებდი... 

ახლა ჩვენ უკვე შეგვიძლია ვაწარმოოთ უფრო მეტად სწორხაზოვანი, გადამწყვეტი (გაბედული), ენერგიული პოლიტიკა. და უნდა შევანჯღრიოთ საზოგადოება, ჩვენ მოვალენი ვართ საკმარისად მკვეთრად დავსვათ ძირითადი სოციალური საკითხები. დავსვათ ისინი მთელი სიმაღლით! ფართო ველი უნდა ჰპოვონ ჩვენში სოციალიზაციის, და არა კომუნიზმის პრინციპებმა. და სახელმწიფოც მოვალეა უფართოესი სოციალური რეფორმების გზაზე დადგეს... 

ახლა ჩვენ ბევრი შეცდომა გვაქვს, ბევრი რამაა ბოლომდე ვერგაკეთებული, ბოლომდე ვერთქმულიც კი, მაგრამ ჩვენ ობიექტური პირობები გვიშლიდა ხელს. უფრო მარტივად რომ ვთქვათ – შინაგანი და გარეშე მტრები გვიშლიდნენ ხელს. ახლა ჩვენ ბევრი რამე ბოლომდე უნდა ვთქვათ და კიდევ უფრო მეტი გავაკეთოთ. ჩვენს მშენებლობას ქვაკუთხედად მშრომელი მასების ინტერესები უნდა დავუდოთ და ყველაფერი ამ ინტერესების მსხვერპლად უნდა მიგვქონდეს. დიახ, კიდევ ძალიან ბევრი უნდა ვიმუშაოთ.  

მე აქ მარტო ვარ ჩემს ივანესთან ერთად. ველოდები გურიის ბატალიონის მოსვლას. მე ხომ მათი დელეგატი ვარ პარტიულ ყრილობაზე! 

და ჩემს ახლოს ფრიალებს წითელი დროშა. 

ამაყად და ეულად. 


23 ივნისს 1920 წ. ტფილისი. 

გუშინ საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტიის ყრილობა დასრულდა. ყრილობა საკმაოდ საინტერესო გახლდათ, მაგრამ მისი შემცირება და საჩქაროდ დასრულება მოგვიხდა, გართულებული საერთო ვითარების გამო. დღეს მე და ზაქარია როკში მივემგზავრებით. ალექსანდრე და ვლასა როკში დარჩნენ. 

ვფიქრობთ საჩქაროდ მოვახდინოთ გვარდიის დემობილიზაცია. მას დასვენებისა და ახალი ძალების შემოკრების საშუალება უნდა მივცეთ. ჩვენ ხომ წინ ასე ბევრი განსაცდელი გველოდება! 

ბათუმის შესახებ საკითხი ჯერ არაა გადაწყვეტილი. ინგლისელები მიდიან და არც მიდიან! და განსაკუთრებით ფრთხილი უნდა ვიყვეთ ბათუმთან მიმართებით. რათა ხათაბალაში არ გავეხვეთ!.. 


25 ივნისი 1920 წ. როკი. დილა. 

გუშინ როკში ჩამოვედით. დიდი, ჭუჭყიანი, მთის სოფელია. ჩვენი ჩრდილოთის ბოლო სოფელი! თითოეულ სახლთან მაღალი, ძველი კოშკია, მაგრამ მან ვერავინ ვერ დაიცვა... სოფელი როკი ჩვენებმა ბრძოლით აიღეს. და მებრძოლებმა მოწინააღმდეგეს უღელტეხილთან რამდენიმე ტყვიამფრქვევი წაართვეს. ჩვენმა სამთო ბატარეამ კარგარეთელის ხელმძღვანელობით შიშის ზარი დასცა ოსებს. ისინი საჩქაროდ გაიქცნენ და უღელტეხილის დაცვა არც უცდიათ. 

უღელტეხილი აქედან ძალზედ ახლოსაა. მაგრამ გზა იქითკენ საზიზღარია. ახლა უღელტეხილი ღრუბლებისგან თავისუფალია და მკაცრი (მოღუშული), ლამაზი შესახედაობა აქვს. დღეს მინდა უღელტეხილზე ავიდე... 

ჩვენ უკვე დავიწყეთ ნაწილების შეცვლა. ამ ბატალიონებმა ძალიან ბევრი და კარგად იმუშავეს. მათ უნდა დაისვენონ. მათ ამის უფლება აქვთ. 

სოფელი როკი სრულებით ცარიელია. და ირგვლივ ყველა სოფელი დაცარიელდა! მოსახლეობის უმრავლესობა უღელტეხილის იქით გაიქცა, დარჩენილებმა ტყეებსა და მთებს შეაფარეს თავი. 


25 ივნისი 1920 წ. უღელტეხილისკენ. შუადღე. 

ჩვენი ცხენები ძალიან დაიღალნენ და ჩვენც ჩამოქვეითდით. მივდივართ უღელტეხილისკენ: გენერალი კონიევი, კარგარეთელი, ზაქარია გურული, ტატე შუშიაშვილი, მიშა მარიამიძე და მე. გზა ძალზედ საზიზღარია, და დუშელი გვარდიელები, რომლებიც მეგრელების შესაცვლელედ მოდიან, დაკლაკნილ მთის ბილიკზე წინ ნელა მოიწევენ. მაგრამ ისინი კარგი მოსიარულეები არიან და უღელტეხილზე მალე მოვლენ. 

რამდენიმე დღის წინ აქ უკანასკნელი ბრძოლა იქნა გაჩაღებული. ოსებს რამდენიმე ტყვიამფრქვევი ჰქონდათ და ისინი შეუპოვარ წინააღმდეგობას გვიწევდნენ. სწორედ ამ ადგილას, სადაც ახლა ჩვენ ვისვენებთ. მაგრამ ჩვენმა სამთო ოცეულმა ზუსტად დაუშინა მათ ცეცხლი და ისინი, დაყარეს რა ტყვიამფრქვევები და ცხენები, უღელტეხილის იქით გაიქცნენ. და მხოლოდ ჩამოწოლილმა ღამემ გადაარჩინა ისინი და გაქცევაში დაეხმარა. და ამ ადგილზე მოკლულ იქნა სახელოვანი სახალხო-გვარდიელი ტუღუში და დაიჭრა კიდევ ორი გურულიც, რომელთაც უნდოდათ სასიკვდილოდ დაჭრილი ამხანაგი გაეყვანათ. ახლა აქ ყველგან ბევრი ნასროლი მასრაა (ჰილზაა) მიმოფანტული. და გზაც ყუმბარებითაა გადათხრილი. მახსენდება ჩოლოქი. იქაც, და აქაც კარგარეთელის არტილერია მუშაობდა! 

ამინდი საოცარია, ნათელი. აქედან დიდებული, გრანდიოზული ხედია. მთებზე ისევ ყველგან თოვლია. 


25 ივნისი 1920 წ. როკის უღელტეხილი. დღის პირველი საათი. 

ჩვენ ახლახანს გადავედით ქედზე. ახლა უკვე თერგის ოლქში ვართ ძველი ქესათი ყაუს თავზე. აქ მთის ოსური სოფლების მთელი ჯგუფია. ირგვლივ კი მაღალი, მწვანე მთებია, რომლებსაც თოვლის გვირგვინები ამშვენებს. ტყეები სრულებით არ არის. ბუნება მკაცრი და ღარიბია. და ყველგან ბევრი საქონელია. სამხრეთ-ოსური საქონელი! 

უღელტეხილის ჩრდილო კალთაზე ღრმა თოვლია. ჩვენ დიდხანს მივდიოდით ამ თოვლში. 

უღელტეხილზე ძალიან ცივა. ღამით ყინვა იქნება, და სახელოვანი გვარდიელები გაიყინებიან. უღელტეხილზე არანაირი საცხოვრებელი არ არის და სულ მუდამ ცივი ქარი დაჰქრის. ტფილისში კი ახლა უგონოდ ცხელა. და გაზარმაცებული, გამაძღარი ობივატელი აგარაკზე მიიჩქარის. და ახალი ცხოვრების შენებისა და მოწყობის მთელი სიძნელის თავის მხრებზე გადატანა აქტიურ უმცირესობას უხდება. და ამიტომ ასე მხურვალედ მიყვარს მე ეს უმცირესობა. მიყვარს ეს სახალხო-გვარდიელები. და ამიტომ მათთან ერთად სიხარულით ვატარებ მძიმე ჯვარს. ჯვრის მთელი სასტიკი სიმძიმის მიუხედავად, მე კმაყოფილი ვარ, თითქოს ბედნიერიც კი. საკუთარ თავს ვეუბნები: ჩვენ ყველაზე უფრო საინტერესო, დიად დროში ვცხოვრობთ, და მომავალ თაობებს ჩვენი ხშირად შეშურდებათ. მაგრამ მაინც მძიმეა!.. ძალზედ მძიმეა აშენებდე ახალ სახელმწიფოს. ცეცხლით, სისხლით, რკინითა და ცრემლებით შენდება იგი! მაგრამ სხვა გზა არ არის. საუბედუროდ და შემზარავად – არ არის... 


25 ივნისი 1920 წ. ელბაქიანთ-კარი. ღრმა ღამე. 

როკიდან გვიან გამოვემგზავრეთ და ჯავამდე ჩასვლა ვერ მოვახერხეთ. ჩვენც და ცხენებიც ძალიან დავიღალეთ. ღამე მთვარიანი და შესანიშნავია. და ზღაპრულად კარგი იყო მქუხარე ლიახვის ნაპირზე მგზავრობა. ახლა ჩვენ ამხანაგი სამტრედიელები გვიმასპინძლდებიან. ღამეს ვარსკვლავებიანი ცის ქვეშ ვათენებთ. 


26 ივნისი 1920 წ. ელბაქიანთ-კარი. დილა. 

ცის ქვეშ კი არ გავათენეთ ღამე, არამედ წვიმის ქვეშ! როგორც კი დავწექით – წვიმა წამოვიდა და ვერაფერს გავაწყობდით. უღელტეხილზე კი საშინელი, ცივი ღამეა. დღისითაც კი, კაშკაშა მზის დროს ჩვენ იქ გავიყინეთ. და ყველაფერ ამის გადატანა უხდებათ სახალხო-გვარდიელებს. საერთო სიკეთის გულისათვის!.. 


26 ივნისი 1920 წ. ქემერტა. დილის 10 საათი. 

დასრულდა როკის ოპერაცია. მე, პოლკოვნიკი ჩხეიძე, კარგარეთელი და ექიმი ცინცაძე ტფილისში მივემგზავრებით. ალექსანდრე უკვე ტფილისშია. როკში ზაქარია გურული და კონიევი დარჩნენ. ჩვენ ყველა ბატალიონის დემობილიზაციას ვახდენთ, ორი მგრული და ერთი ტფილისის ბატალიონების გამოკლებით. მაგრამ ეს ბატალიონებიც, განსაკუთრებით პირველი ორი, ძალზედ დაქანცულები არიან. ისინი მალე უნდა შევცვალოთ. შეცვლის შესახებ საკითხი ყველაზე უფრო მწვავე, ყველაზე უფრო რთული და მტკივნეულია. დემობილიზაცია გარდაუვალია – რადგანაც მის გარეშე გლეხური ბატალიონები პირდაპირ იღუპებიან. ახლა ხომ გახურებული საველე სამუშაოების დროა! მაგრამ, ამასთან ერთად, აუცილებელია შეიარაღებული ძალებიც რესპუბლიკის დასაცავად. და აუცილებელია ამ ორი მომენტის ჰარმონიულად შეხამება. რა თქმა უნდა, კაბინეტებში შეიძლება ყველანაირ დადგენილებებსა და ბრძანებებს გამოსცემდე – ზოგჯერ ძალიან კარგებსაც – მაგრამ ყველა ისინი მკაცრად უნდა შეესაბამებოდეს ცხოვრებისეულ სინამდვილეს. და ამას ჩვენთან, სამწუხაროდ, არცთუ ყოველთვის აქცევენ ყურადღებას. ბევრი უბრალოდ თვლის, რომ ჩვენ რამდენიმე ათეული ათასი შეიარაღებული ხალხი გვყავს. და ეს მათ ახარებს და ძალზედ მეომრულებადაც კი აქცევს (делает очень воинственными). მაგრამ მათ არ იციან, რომ შეიარაღებული ხალხის დიდ რაოდენობაში ჩვენი უდიდესი სისუსტეა. და არა მარტო ჩვენი. მობილიზებული არმია, რომელსაც იარაღის ქვეშ ხშირად აჩერებენ, ადვილად იხრწნება და იოლად შეიძლება გადაიქცეს თავის საპირისპიროდ. და ამაშია უდიდესი საფრთხე ბოლშევიკებისთვის! 

ამრიგად, ახალი ომის დასასრულია. ამ უკანასკნელი ომისა! ამ ომს ჩვენთვის დიდი ზარალი არ მოუტანია – ლაშქრობის დროის მანძილზე ჩვენგან რამდენიმე ადამიანი მოიკლა და დაახლოებით ოცამდე დაიჭრა. ეს ჩვენთვის ყველაზე უფრო უსისხლო ომია. აზერბაიჯანის ფრონტზე კი დაახლობით 50 ადამიანი დავკარგეთ მოკლულებით და 250-მდე დაჭრილებით. მაგრამ მაშინ ჩვენ საბჭოთა ჯარებთან გვქონდა საქმე. აქ კი აჯანყებული ბანდები იყვნენ და მათ ჩვენთვის სერიოზული წინააღმდეგობის გაწევა არ შეეძლოთ. და ამ ბანდებმა სასტიკად ზღვიეს, და სამხრეთ-ოსურ ვანდეას ეს უბედური ომი დიდხანს ემახსოვრება. 

ახლა ჩვენ რიგში უკვე ბათუმი გვაქვს. 


დაბრუნებული ბათუმი 


3 ივლისი 1920 წ. ვაგონში. 

როგორც იქნა! დაბრუნებულია ბათუმი!.. ეს საბოლოოდაა გადაწყვეტილი. ბათუმი უკვე ჩვენია. ჩვენ გორს გავცდით და ბათუმში მივემგზავრებით. ხვალ ჩვენი რაზმები მახინჯაურში შეაბიჯებენ. ჩვენი მატარებლით მგზავრობს პოლკოვნიკი სტოქსი. ეს მან მოგვიტანა კეთილი ამბავი ბათუმის დაბრუნების შესახებ!.. 


4 ივლისი 1920 წ. ადრეული დილა. 

ჩოლოქზე გადავდივართ. ჩვენს უბედურ, მაგრამ დიდებულ (სახელოვან) საზღვარზე! ნათელი, სასიხარულო დღე იღვიძებს. და ამ დღეს ჩვენთვის ბედნიერება მოაქვს. 

მზე ჯერ არ ამოსულა. მაგრამ ის ამოვა. უკვე ამოდის. კაშკაშა მზე განთავისუფლებული საქართველოსი! 


4 ივლისი 1920 წ. ჩაქვი. დილის 7 საათი. 

ჯავშანმატარებლით # 1 ჩვენ ჩაქვში შევედით. უკვე წელიწადზე მეტია ჩვენი ჯავშანმატარებლები აქ არ ყოფილან. 

ყველაზე წინ მიდის ინგლისური დრეზინა ინგლისელი ოფიცრებით, შემდეგ ცარიელი შემადგენლობა, მერე ჩვენი ჯავშანმატარებელი, შემდეგ პირველი პოლკი, ისევ ჯავშანმატარებელი და ისევ ეშელონი. 

განწყობა ყველას საოცარი გვაქვს, ნათელი. ადგილობრივი ქართველები ჩვენ გაცისკროვნებული სახეებით გვხვდებიან, ხოლო აქ შემოყუჟულ რუს არისტოკრატიასა და ბურჟუაზიას კი განწყობა დათრგუნული აქვს... ჩვენ ყველანი თავისუფლად, მსუბუქად ვსუნთქავთ. ხომ სრულდება ჩვენი ძველი, თითქმის დამჭნარი ოცნება! ახლა აქ ჩვენი ძველი, თბილი კომპანიაა: ალექსანდრე, სოსო, იაკობი, ნაპოლეონი, ვალოდია გოუაძე, გიორგი ხიმშიევი და მე. გენერალი კვინიტაძე ეშელონთან ერთად მოემგზავრება. 

და როგორი ბედნიერებაა, როგორი გამარჯვება, რომ ჩვენ ბათუმში ბრძოლის გარეშე შევდივართ. ახლა ჩვენ ის უნდა შევინარჩუნოთ. ასევე ბრძოლის გარეშე! 

ბედნიერი დღეა!.. 


4 ივლისი 1920 წ. ბარცხანა. დილის 9 საათი. 

ჩვენ ბათუმის ნახალოვკაში ვართ. ბარცხანა – ჩვენი მუშათა მოძრაობის აკვანია, ეს ჩვენი ძველი, სახელოვანი დროშაა!.. ალექსანდრე აქ ბევრ თავის ამხანაგს შეხვდა. ისინი გულის შემძვრელად ართმევდნენ ხელს ერთმანეთს და ჰკოცნიდნენ. ალექსანდრესაც კი გრძნობები მოერია. ნაპოლეონს თვალებზე ცრებლები მოადგა! ბარცხანას მოსახლეობა ჩვენ აღტაცებითა და გამოუთქმელი სითბოთი დაგვხვდა. ბავშვებს პატარა დროშები ეჭირათ ხელში და ისე გვესალმებოდნენ. 

და ხარობდა სული. კარგია! 

აქა-იქ უკვე უკვე დაიწყეს ბათუმელმა სახალხო-გვარდიელებმა თვალწინ გაელვება. მთელი ბათუმის ბატალიონი მიწიდან ამოიზარდა! ის იქმნებოდა საიდუმლოდ, დღიდან დღემდე, და ინგლისურ-დენიკინურ-ბოლშევიკურმა პოლიციამ ვერ შეძლო მისი აღმოჩენა. ბათუმელმა მუშებმა დაამტკიცეს, რომ ისინი ძველ რევოლუციონრებად და კარგ კონსპირატორებად დარჩნენ! 


4 ივლისი 1920 წ. ბათუმი. დღის 3 საათი. 

ჩვენ უკვე ბათუმში ვართ. ჩვენი ორი ჯავშანმატარებელი სატვირთო სადგურში დგას. 

ბათუმი უკვე ჩვენია. 

მთლიანად ჩვენი!.. 


4 ივლისი 1920 წ. ბათუმი. ღამე. 

დასრულდა დღე. დიდი ისტორიული დღე! უკვე ღრმა ღამეა. მთვარიანი, წყნარი, ზღის ღამე... და ზღვასაც სძინავს... 

ალექსანდრე უკვე ტფლისში გაემგზავრა, ხოლო მე, გიორგი, ნაპოლეონი და იაკობი კი ახლახანს დავბრუნდით ზღვიდან. ჩვენ კარგად ვიყავით, და ტკბილი თვლემა გვეუფლებოდა. 

ამ დღის მანძილზე განცდების მთელი ოკეანე გვქონდა. აჭარის წყალზე და პატარა ქალაქში ვიმგზავრეთ. ლამაზი, უმდიდრესი ადგილებია. და კვლავ იღვიძებდა მოგონებები და იწყებოდა ოცნება. პატარა ქალაქში ხომ ჩემი ბავშვობის საუკეთესო წლები გავატარე! ნათელი და სევდიანი სიხარულით ვიყურებოდი უკან. მაგრამ მოგონებები უკვე გაფერმკრთალდა. მათ ვერაფერი განმიახლებს... 

ჩვენი ჯარები ბანაკად ბარცხანის მახლობლად დადგნენ. 7-ში ოფიციალურად შევდივართ ბათუმში. მთელი ზეიმურობით! მაგრამ ფაქტიურად ჩვენ უკვე ბათუმში ვართ! 

ბარცხანის დემოკრატია აღტაცებული ჩვენი ჩამოსვლით. განსაკუთრებით შეუდარებელნი იყვნენ ბავშვები. და მე დიდხანს ვეღარ დავივიწყებ პატარა შურა ებრალიძის ნათელ სიხარულს. ეს ბავშვური, ნათელი სიხარული ჩვენ გულებს ღრმად შეგვიძრავდა. 


5 ივლისი 1920 წ. ბათუმი. ღამე. 

დღეს ჩვენ სახალხო გვარდიის ბათუმის ბატალიონის დათვალიერება მოვახდინეთ. ეს სახელოვანი, არალეგალური ბატალიონი თითქოს მიწიდან ამოიზარდაო. გენერალი კუკოლისი ამით ძალზედ შეშფოთებული გახლდათ! 

ბათუმის ბატალიონმა დიდებული შთაბეჭდილება მოახდინა... ვლასა და მე სიტყვებს ვამბობდით. 


8 ივლისი 1920 წ. ბათუმი. 

გუშინ ისტორიული დღე იყო. ჩვენი ჯარები და გვარდიის პატარა ნაწილები ქალაქში შევიდნენ! ბათუმს სადღესასწაულო, საქორწინო შესახედაობა ჰქონდა. მოსახლეობა ჩვენ თბილად შეგვხვდა, აღტაცებით. საღამოს 6 საათზე შედგა აღლუმი მოკავშირეთა ჯარებთან ერთად. საღამოს 7 საათზე, ფრანგული და ინგლისური ჰიმნების ჟღერაში, ნელნელა იქნა დაშვებული ინგლისური და ფრანგული დროშები. და სადღესასწაულო შეძახილებით „ვაშა!“, მრავალრიცხოვანი ხალხის აღტაცებული შეძახილებისა და „დიდების“ მჟღერი ჰანგების ქვეშ – ლამაზად აფრიალდა ჩვენი დროშა!.. 

ეს დიდებული, გამაოგნებელი სურათი გახლდათ. გენერალი კუკოლისი თვალებით დროშას მიაშტერდა, ხოლო ინგლისელ მატროსს კი, რომელიც დროშებს დაბლა უშვებდა, ხელები უთრთოდა... 

ბათუმი საბოლოოდ ჩვენია. 


8 ივლისი 1920 წ. ბათუმი. ღრმა ღამე. 

დღეს ჩვენ დიდი კომპანიით ვათვალიერებდით დრედნოუთ „ინდოეთის იმპერატორს“. ჩვენთან ერთად ეშმაკი და სოსო მდივანი იყვნენ. დრედნოუთმა ჩვენზე კოლოსალური შთაბეჭდილება მოახდინა. განსაკუთრებით მძიმე ქვემეხები გვანცვიფრებს, რომლებიც ელექტრობით მოდიან მოძრაობაში. ადამიანები თითქმის არ ჩანან, ქვემეხები კი მსუბუქად მოძრაობენ და სწრაფად იტენებიან. 

და გაკვირვებასთან ერთად, აღტაცებასთან ერთად იზრდებოდა სევდაც. რაზე იხარჯება ადამიანის გენია! რას ხმარდება კოლოსალური რაოდენობის მორალური და მატერიალური ძალები?! ხომ უკვე დიდი ხანია შეიძლებოდა მთელი მსოფლიო მთლიან ბაღად გადაექციათ! 

ფიქრები გუშინდელ დღეს უბრუნდება. ეს დღე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და ის ჩვენს დღესასწაულად უნდა იქცეს. მოსახლეობა ჯარებსა და გვარდიას ძალდაუტანებელი აღტაცებით ხვდებოდა. მაგრამ, სამწუხაროდ, გვარდია აქ თითქმის არ ყოფილა. მხოლოდ ცხენოსანი დივიზიონის ერთი ასეული და ახალი ბათუმის ბატალიონი იყვნენ. გვარდიის არყოფნა ჩვენ რამდენადმე გვტანჯავდა. გვარდიამ ხომ ბევრი სისხლი, ენერგია და ძალა ჩადო იქ ბათუმის გარშემო! და იგი ბათუმში შემოყვანის ღირსი გახლდათ. მაგრამ, როგორც ჩანს, ზოგიერთს ეს არ უნდოდა. მაგრამ არაუშავს! ჩვენ ამაყად ვაქნევთ თავს და ვამბობთ: „ბათუმის ბრძოლებით აღება რომ მოგვწეოდა, გვარდია, ალბათ, ბათუმში პირველი შევიდოდა. გაშლილი, გამარჯვების, წითელი დროშებით! მაგრამ ახლა ბრძოლები არ ყოფილა. იყო მხოლოდ დღესასწაული, იყო აღლუმი და გვარდიაც კუდში დააყენეს... 

ბათუმში ბევრი ჯარი შემოვიდა. ჯარების სათავეში მგზავრობდნენ გენერლები კვინიტაძე, გედევანოვი, ზაქარიაძე, გვარდიის სათავეში კი მე, ნაპოლეონ კახიანი, იაკობ ხარაში და გიორგი ხიმშიევი. მოსახლეობა ყვავილებს გვესროდა... 

დიახ, კარგი, შესანიშნავი დღე იყო. ყველაზე უფრო გამოჩენილი, ყველაზე უფრო დიდი კი მოკავშირეთა დროშების დაშვებასა და ქართული შტანდარტის აღმართვაში მდგომარეობდა. სამარისებური, შემზარავი სიჩუმე იდგა. ინგლისურმა დიდმა ორკესტრმა ინგლისის ჰიმნი დაუკრა, და ნელნელა დაეშვა ინგლისური დროშა. სიჩუმე გრძელდებოდა. შემდეგ მარსელიოზა დაუკრეს და საფრანგეთის დროშის დაშვება დაიწყეს. და ისევ ყველაფერი დუმდა. ყველანი მაღალი, ისტორიული განწყობით იყვნენ განმსჭვალულნი. და ბოლოს, სახალხო გვარდიის ცხენოსანი პოლკის ორკესტრმა საქართველოს ჰიმნი დაუკრა, და ჩვენი შტანდარტიც მხნედ მაღლა ავიდა. და მთელმა ხალხმა ველურად, აღტაცებით დაიწყო ტაშის დაკვრა! ყველა ხმამაღლა ჰყვიროდა „ვაშა!“. ეს კაშკაშა, ძალდაუტანებელი აღტაცება გახლდათ, რომელმაც ორწლიანი ტყვეობის საშინელი ჯებირი გამოარღვია. და უკვე აღარ არის ჯებირი და არც იქნება. აღარასოდეს! 

და ახლა ბათუმი კვლავ ისეთი უბრალო, საყვარელი და მშობლიური, ისეთი ხელმისაწვდომი გახდა, რომ გგონია, თითქოს ჩვენ არასოდეს წავსულიყავით აქიდან, თითქოსდა სულაც არ ყოფილიყოს ეს მტანჯველი, მძიმე და სამარცხვინო განშორება! ჰო, ახლა ბათუმი ჩვენია. მთლიანად ჩვენი! ჩვენ ვივიწყებთ ჩავლილი დღეების ყველა სიმწარესა და მწუხარებას. ახლა მე ვივიწყებ ჩემი ჯვრის სიმძიმეს... 


9 ივლისი 1920 წ. ბათუმი. ღამე. 

დღეს გაემგზავრა გენერალი კუკოლისი ინგლისური ჯარებით. ჩვენები მათ მუსიკით აცილებდნენ. კუკოლისი და ინგლისელი ჯარისკაცები ძალზედ კმაყოფილნი იყვნენ. როგორც ჩანს, გენერალი ასეთ გულითად გაცილებას არ მოელოდა: მან ხომ ასე ბევრი რამ გაგვიფუჭა და ბევრიც გვავნო! მაგრამ ჩვენ ბოროტებას გულში არ ვიდებთ. ჩვენ უკვე ყველაფერი ვაპატიეთ. მაგრამ არცთუ ყველაფერი დაგვივიწყებია! 

გაცილებაზე პოლკოვნიკი სტოქსიც იყო. მისი სახე მე ძალიან მომწონს. იგი ჰგავს ძველ რომაელს ენერგიული, მბრძანებლური სახით. მან ბევრი რამ კარგი გააკეთა ჩვენთვის, და ბათუმის დაბრუნებაც მჭიდროდაა მის სახელთან დაკავშირებული. 

ინგლისელი ჯარისკაცები გაშმაგებით უკრავდნენ ტაშს ჩვენს ზურნას და მხიარულად მღეროდნენ. ჩვენ ერთმანეთს მეგობრებად დავშორდით. 

და ისევ მარტონი დავრჩით!.. ინგლისური ხელშეშლების გარეშე, მაგრამ მათ დახმარებაზე იმედის გარეშეც. და ჩრდილოეთსა და სამხრეთ შორის ჩვენ ისევ მარტონი ვართ. სრულიად მარტონი! ჩვენ დატოვებული ვართ ჩვენს თავთან, მხოლოდ და მხოლოდ ჩვენს საკუთარ სუსტ ძალებთან. 

მაგრამ ჩვენ გვჯერა საკუთარი თავის. გვჯერა ჩვენი მუშათა საქმის ზეიმის, და ჩვენი ძალებიც მრავლდება. 

ჩვენ გავიმარჯვებთ!.. და ვერც ვერავინ დაგვამარცხებს. 

ჩვენ არავის თავზე არ ვესხმით და არც არასოდეს დავსხმით! მაგრამ შევინარჩუნებთ ჩვენს თავისუფლებას, ჩვენს დემოკრატიას, ჩვენს მუშათა კლასს. ან ბრძოლაში დავიღუპებით!.. 


13 აგვისტო 1920 წ. ტფილისი. 

დამფუძნებელი კრების სხდომაა. 

ცხელი ზაფხულია. დეპუტატები სიცხით არიან მოქანცულნი და დეკრეტების კითხვას დუნედ უსმენენ. არავის უნდა ლაპარაკი. ყველას დასვენება უნდა. და მალე არდადეგებია. 

მე ხელი მტკივა და მიჭირს წერა. გუშინ მანევრები გვქონდა. ბუჩქებიდან კურდღელი გადმოხტა და მე მას გავეკიდე. მაგრამ ოღრო-ჩოღროები იყო და ჩემი სახელოვანი „ლედი“ კლდეზე დავარდა. მე ცოტათი დავშავდი. არ უნდა გამოვკიდებოდი კურდღელს! მით უმეტეს ორს... 

ხვალ ევგენი ევროპაში მიემგზავრება. მინდა იგი აბასთუმნამდე გავაცილო. იქ დიდი ნოეა. 

ევგენის გამგზავრება აუცილებელია. მან ჩვენს მუშაობას გვირგვინი უნდა დაადგას. ვფიქრობ, რომ ევროპაში მას ყურადღებით და კარგად მოუსმენენ. 

მალე საბჭოთა რუსეთში ჩვენი მუშათა დელეგაცია მიემგზავრება. მის სათავეში დგას ალექსანდრე. ჩვენ გაგვიჭირდა ალექსანდრეს დათმობა. მაგრამ დელეგაციის როლი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. 

ბოლშევიკებმა სომხეთთან დაზავება მოახდინეს. ზანგეზურისა და ყარაბაღის დაკავება საბჭოთა ჯარებით ხდება. უბედურ პოლონეთს ბოლშევიკები აწიოკებენ. 

ჩვენს ყველა ფრონტზე სიწყნარეა. მგონია, ბოლშევიკები ჩვენზე მეტად აღარ დაიძრებიან. მინდა ამისი მჯეროდეს. მაგრამ ჩვენ ახლა უფრო გაძლიერებით ვემზადებით ომისათვის. ჩვენ გვინდა მშვიდობა და მზად ვართ ომისათვის! 

მოსავალი ჩვენში კარგია. ხალხის სულისკვეთება გაძლიერდა. გაძლიერდა მძიმე განსაცდელებში. 

და თითქმის აღარ არის ჯვარი. მძიმე ჯვარი!.. 


ბოლოსიტყვაობა 

მე არ ვფიქრობდი, რომ ჩემი „ჩანაწერები“ ბეჭდურ სიტყვაში მოხვდება. სულ მცირე, ასე მალე! ეს მე არასაჭიროდ, უხერხულად და უინტერესოდაც კი მიმაჩნდა. და როდესაც პირველად ამხ. ვოიტინსკიმ შემომთავაზა ისინი „ბრძოლაში“ დამებეჭდა, უარი ვუთხარი. შემდეგ კიდევ დიდხანს ვიდექი უარზე და კიდევ უფრო მეტ ხანს ვყოყმანობდი. და, მიუხედავად ამისა, ბოლოს და ბოლოს, გადავწყვიტე ისინი დამებეჭდა. დავრწმუნდი, რომ ეს „ჩანაწერები“ მე არ მეკუთვნის, რომ მათში აღწერილია უმსხვილესი და სრულიად ახალი მოვლენა ჩვენს ცხოვრებაში და რომ დღიურის თვით განწყობაც კი უფრო მეტად საზოგადოებას ეკუთვნის, ვიდრე მე... მე სრულიად შემთხვევით აღმოვჩნდი მხოლოდ ჭურჭელი, აღმქმელი და გადმომღვრელი იმ განწყობებისა, რომლებიც ფართოდაა განფენილი ჩვენი საზოგადოების ზოგიერთ წრეებში. და მეც გავბედე... 

მართალია, ზოგიერთი ჩემი განცდისა და ფაქტის შესახებ მომიწია გავჩუმებულიყავი. მე ვთვლიდი, რომ ინტიმურ განწყობათა შემდგომი გამომჟღავნება უკვე გადაჭრით თვითგაშიშვლება იქნებოდა. და ამიტომ ვამჯობინე ისინი ჩემი სულის ფსკერზე დამემარხა. მაგრამ ვინ იცის, შესაძლოა, ნათქვამიც ძალზედ ბევრია?! შესაძლოა, ამ გულახდილობის უფლებაც არ მქონდა?!.. დიახ, ეს არავინ იცის. მაგრამ ერთი რამ მყარად ვიცი: 

რევოლუციამ მე დემოკრატიის ინტერესების შეიარაღებული დაცვის აქტიურ მონაწილედ მაქცია. ეს ძალზედ საპატიო, მძიმე, წმინდა და დანაშაულებრივი საქმეა. არ შეიძლება რევოლუციის კეთება ლაიკის ხელთათმანებით! ხშირად არა მარტო ხელები ბინძურდება, არამედ სულიც... 

მაგრამ ვის ეყოფა გამბედაობა და პატიოსნება რომ ქვა მესროლოს?!.. 

და ეს ქვა ჩვენი საფლავების ბორცებს დაეცემა. 

დაუსრულებელ ბორცვებს!.. 

და დარჩება ტკივილი. 

სასტიკი, გაუყუჩებელი ტკივილი!.. 


თარგმნა ირაკლი ხართიშვილმა