Thursday, November 17, 2016

აკადემიკოსი დუბროვინი საქართველოს მთავარმართებლად თავად ციციანოვის დანიშვნის, მისი წარსული ცხოვრებისა და ახალ თანამდებობაზე პირველი ნაბიჯების შესახებ

(შემოთავაზებული მასალა წარმოადგენს ნიკოლოზ დუბროვინის წიგნის «Исторiя войны и владычества русскихъ на Кавказе» /том IV, С.-Петербургъ, 1886/ შესაბამისი თავის თარგმანს)



თავი I 

(კავკასიაში ჯარების მთავარსარდლად თავად ციციანოვის დანიშვნა. – მისი წარსული. – თავად ციციანოვისთვის მიცემული ინსტრუქციები. – მისდამი დაქვემდებარებული მხარის ადმინისტრაციული დაყოფა. – ყალმუხების მდგომარეობა. – ზომები მათი ყოფაცხოვრების გაუმჯობესებისთვის. – ყაბარდოელები.)

საქართველოში მიმდინარე უწესრიგობებმა აიძულეს იმპერატორი ალექსანდრე I მათზე ყურდღება მიექცია და იქაური მმართველობის სათავეში ისეთი ადამიანი დაეყენებია, რომელიც, გამოირჩეოდა რა ადმინისტრაციული ღირსებებით, ამასთან ერთად, საკუთარ თავში იქაური მოსახლეობის ყოფაცხოვრების ცოდნასაც აერთიანებდა. ასეთი პირი თავადი პავლე დიმიტრის ძე ციციანოვი გახლდათ.

თავისი წარმოშობით თავადი პ. დ. ციციანოვი ერთერთ ყველაზე უფრო ცნობილ ქართულ საგვარეულოს (ციციშვილებს – ი. ხ.) მიეკუთვნებოდა და საქართველოს უკანასკნელი მეფის გიორგი XII-ის მეუღლის ნათესავიც გახლდათ (მეფე გიორგი XII თავადის ასულ მარიამ ციციშვილზე იყო დაქორწინებული). პავლე დიმიტრის ძის დანიშვნით საქართველოს თავისთვის ყველაზე უფრო სასიკეთო შედეგების მოლოდინი შეიძლებოდა ჰქონოდა, მით უმეტეს, რომ იგი მაშინ რუსეთში მის ერთერთ საუკეთესო მოღვაწედაც იყო ცნობილი.

თავადი ციციშვილები ოდესღაც ქართლში მთავრები იყვნენ (были некогда владетелями въ Карталинии), და მათი გვარი, რომელიც თავის დასაბამს XIV საუკუნიდან მოითვლიდა, არცთუ იშვითად საქართველოს სამეფო სახლს საქორწინო კავშირებით უერთდებოდა. თავად ციციშვილებიდან ერთერთი, თავადი პაატა (პავლე ზაქარიას ძე), თავად პავლე დიმიტრის ძის პაპა, იმპერატორ პეტრე I-ის მეფობის დროს რუსეთში გამოემგზავრა, ხოლო იმპერატრიცა ანა იოანეს ასულის დროს კი საქართველოს ჰუსართა პოლკში კაპიტნად რუსულ სამსახურში შემოვიდა.

თავადი პავლე დიმიტრის ძე მოსკოვში 1754 წლის 8 სექტემბერს დაიბადა (Жизнь князя Цицiанова. Москва, 1823 г. Подвиги русск. воин. въ странахъ Кавказскихъ, Зубова. Формулярный списокъ князя Цицiанова. Записки Тучкова /рукопись/. Воен учён. Арх. Главн. Штаба). ჯერ კიდევ შვიდი წლის ბავშვი ლეიბ-გვარდიის სამსახურში პრეობრაჟენსკის პოლკში იქნა ჩაწერილი, და 1772 წლის 1 იანვარს კი წარმოებულ იქნა პრაპორშჩიკად იმავე პოლკში. თავისი ნიჭიერება და უნარიანობა თავადმა ციციანოვმა ადრეული წლებიდანვე გამოავლინა. იყო რა ცამეტი წლის ბიჭი, თავისი მამის ხელმძღვანელობით, მან თარგმნა პატარა წიგნი «საველე ინჟენერი», რომელიც 1775 წელს გამოიცა. ახალგზრდულ წლებს იგი თარგმნასა და სამხედრო მწერლების შესწავლაში ატარებდა. თავადი პავლე დიმიტრის ძე კარგ ლექსებს წერდა და, სხვათა შორის, ფრანგულიდან რუსულ ენაზე ფოლარდის თხზულებებიც გადმოთარგმნა.

თავისი საკუთრი სურვილით მან პრეობრაჟენსკის პოლკი დატოვა და თავიდან ტობოლსკის ქვეით პოლკში გადავიდა, ხოლო შემდგომში კი, პოლკოვნიკის წოდების მიღებასთან ერთად (1786 წლის 12 თებერვალს), ს.-პეტერბურგის გრენადერთა პოლკის მეთაურად იქნა დანიშნული, რომელთან ერთად იყო კიდეც პირველ ცეცხლში, გრაფ რუმიანცევის არმიაში, 1788 წელს.

ამ დროიდან იწყება თავად ციციანოვის საბრძოლო მოღვაწეობა. იგი მონაწილეობს ბრძოლებში თურქებთან მდინარე სალჩაზე და ბენდერის ციხესიმაგრის აღებისას. აქედან იგი თავის პოლკთან ერთად პოლონეთში იქნა გაგზავნილი, სადაც მას გრენადერთა პოლკის ჩამოყალიბება დაევალა (ახლა მეფის ფრიდრიხ ვილჰელმ III-ის გრენადერთა პოლკი), რომელთან ერთადაც იგი 1793 წელს გროდნოში მოვიდა.

იმავე წლის 2 სექტემბერს თავადი ციციანოვი წარმოებულ იქნა გენერალ-მაიორად და, გენერლების ზოგადი განრიგის მიხედვით, კავკასიის ხაზზე უნდა გამგზავრებულიყო, მაგრამ იმპერატრიცამ «თავისი გენერალი», როგორც იგი ციციანოვს უწოდებდა, ს.-პეტერბურგის პოლკში დატოვა. აღშფოთებამ პოლონეთში თავად ციციანოვს საშუალება მისცა თავისი ბრწყინვალე სამხედრო ნიჭი ეჩვენებინა. არცთუ დიდი რაზმით იგი გროდნოზე დაიძრა, მცხოვრებნი აღშფოთებაზე მათი განზრახვისთვის დასაჯა, მათგან 100.000 მანეთი კონტრიბუცია აიღო, ქალაქში მოწინააღმდეგეთა პარტიები არ შემოუშვა და თავისი განკარგულებებით ვილნოდან გამოსული ჩვენი რაზმი გადაარჩინა. ამის კვალდაკვალ საპეგა სლონიმიდან განდევნა და ვილნოს იერიშზეც გამოცხადა (Записки Л. Н. Энгельгардта, изд. 1867 года, стр. 164).

იმავე წლის აგვისტოში, თავადი პავლე დიმიტრის ძე ქვეითი ჯარის ერთი ბატალიონით დაეწია ამბოხებულთა ხროვას გრაბოვსკის უფროსობით, დაამარცხა ისინი და თვითონ გრაბოვსკიც ტყვედ აიყვანა.

მთელი ამ მოქმედებებით თავადმა ციციანოვმა საკუთარ თავს ხმამაღალი სახელი შესძინა. იმპერატრიცა ეკატერინე II-მ მას წმ. ვლადიმირის მე-2 ხარისხის ორდენი და ექვსი ათასი მანეთი უწყალობა*, ხოლო სუვოროვი კი, ერთერთ თავის ბრძანებაში, თავის ხელქვეითებს სთხოვდა ისევე გაბედულად ებრძოლათ, როგორც მამაცი გენერალი თავადი ციციანოვი იბრძოდა.

(*მივაგებთ რა სამართლიანად, წერდა იმპერატრიცა 1794 წლის 18 მაისს თავად ნ. ვ. რეპნინს, ერთის მხრივ გენერალ-მაიორ თავად ციციანოვის კეთილგონივრულ განკარგულებებს, რომელმაც არა მხოლოდ აგვაცილა მტრების მოღალატური ჩანაფიქრი და ჯარების მისდამი ჩაბარებული ნაწილიც უვნებლად შეინარჩუნა; არამედ ლიტვაში მყოფ სხვა დეტაშემენტებსაც საშუალება მისცა მას შეერთებოდნენ, და შემდეგ კი ქალაქი გროდნო კონტრიბუციით დასაჯა, ხოლო მეორეს მხრივ, ნარვის ქვეითი პოლკის პრემიერ-მაიორ რაუტერნშტერნისა და არტილერიის კაპიტან ტუჩკოვის მამაცურ და ვაჟკაცურ მოქმედებებს, რომლებმაც ვილნოში არსებული ამბოხების დროს იქიდან ჩვენი ჯარის ორი ათას სამას ცამეტი ადამიანი და საველე არტილერიის რვა და საპოლკო არტილერიის ხუთი ქვემეხი გამოიხსნეს, ხოლო შემდეგ კი ისინი მოხსენიებული გენერალ-მაიორ თავად ციციანოვის უფროსობის ქვეშ უვნებლად მოიყვანეს, ვუწყალობეთ ჩვენ პირველს ჩვენი წმინდა ვლადიმირის მეორე ხარისხის ორდენის დიდი ჯვარი, ხოლო უკანასკნელ ორს კი წმ. გიორგის მეოთხე კლასის სამხედრო ორდენის კავალრობა, რომლის ნიშნებსაც მათდამი ჩვენს საგანგებო სიგელებთან ერთად მათთვის მისატანად თქვენ გიგზავნით. ხოლო ამაზე ზევით კი გიბრძანებთ: პირველი, გროდნოში აღებული კონტრიბუციიდან გენერალ-მაიორ თავად ციციანოვს ექვსი ათასი მანეთი მისცეთ, რომელიც მას ჩვენ ჯილდოდ ვუწყალობეთ. მეორე, იმავე თანხიდან დააკმაყოფილოთ ყველა ასეული, რომლებმაც მათზე მოულოდნელი ბოროტული თავდასხმის დროს, როგორც ვარშავაში, ისე ვილნოშიც საარტელო საზიდრები და ფული დაკარგეს, მოითხოვთ რა მათი რიცხვის შესახებ სწორ ცნობებს. და ბოლოს, მესამე, ყველაზე უფრო სარწმუნო შეტყობინებების ასეთივე შეგროვებით იმ დანაკარგების შესახებ, რომლებიც იმავე ადგილებში ნამყოფ ჩვენს ჯარებში შტაბ და ობერ-ოფიცრებმა განიცადეს, და რომლებიც თავად მოღალატეთა ხარჯზე უნდა იქნას ანაზღაურებული, მისცეთ ყველა იმ შტაბ და ობერ-ოფიცერს მათ მიერ დაკარგული ეკიპაჟების შესაძენად, თქვენი საკუთარი შეხედულების და მიხედვით, თითოეულის მიერ განცდილი დანაკარგის თანაზომადად, გარკვეული რაოდენობის ფულები, მოგვახსენებთ რა თავის დროზე ამის შესახებ. ხოლო შემდეგ კი გროდნოს კონტრიბუციიდან დარჩენილი თანხა თქვენს განკარგულებაში აიღოთ».) 

1796 წელს, თავად იმპერატრიცის არჩევით, თავადი პავლე დიმიტრის ძე გრაფ ვ. ა. ზუბოვის უფროსობით სპარსეთის კამპანიაში მონაწილეობდა. გაეცნო რა ადგილზე აზიელი ხალხების ყოფა-ცხოვრებასა და მათ ხასიათს, თავადი ციციანოვი რუსეთში ერთგვარად მომზადებული დაბრუნდა ახალი საქმიანობისთვის, რომელმაც მას შემდგომში მოუწია.

იმავე 1796 წელს იგი სუზდალის მუშკეტერთა პოლკის შეფად იქნა დანიშნული, ხოლო შემდეგ წელს კი თადარიგში გავიდა, რომელშიც 1801 წლის მაისამდე რჩებოდა. 

იმპერატორმა ალექსანდრე I-მა კვლავ მიიღო იგი სამსახურში, სახელმწიფო საბჭოს კანცელარიაში ექსპედიტორად სამხედრო ნაწილში, და მას გენერალ-ლეიტენანტის წოდებაც უბოძა.

ასეთი გახლდათ თავად ციციანოვის სამსახურეობრივი სარბიელი, რომელმაც განაცხადა თავის შესახებ როგორც ბრწყინვალე სამხედრო ნიჭის მქონე ადამიანზე, რომლის პირადი ღირსებების შესახებაც ჩვენ ერთერთი მისი თანამედროვისა და თანამოსამსახურის ნამდვილ სიტყვებს მოვიყვანთ.

«ციციანოვმა, – წერს ტუჩკოვი, – წესიერი განათლება მიიღო და ბუნების მიერ გონებითაც გახლდათ დაჯილდოვებული. სამხედრო სამსახურში ჰქონდა გამოცდილება, იყო პატიოსანი და ზოგჯერ სურდა ყოფილიყო სამართლიანიც, მაგრამ ხშირად ეს სურვილი ამაო გახლდათ. ამასთან იყო ფიცხი, თავმოყვარე, ამაყი, ჯიუტი და თავხედიც. არ უყვარდა არავისგან რჩევების მიღება; ცოტა იყო მისი ხელქვეითი, რომელზედაც მას კარგი აზრი ექნებოდა». მას უყვარდა სხვისთვის დაეცინა, სხვის მიმართ ეოხუნჯა, და ხასიათის ეს თვისება ახალგაზრდობაში მისთვის ბევრი უსიამოვნების მიზეზიც გამხდარა.

ენერგიულ და ქმედით ადამიანს, თავად ციციანოვს მეტოქეები და საერთოდ ისეთი პირები არ უყვარდა, რომელთაც შეეძლოთ მას გზაზე გადაღობებდნენ. იგი ადამიანებს მხოლოდ კუბოში აფასებდა და გენერალ გულიაკოვის შესახებ, მაგალითად, ღიად მხოლოდ მაშინ ნანობდა, როცა იგი მოკლულ იქნა. სანამ გულიაკოვი ცოცხალი იყო, თავადი ციციანოვი ბევრ რამეს თავის თავს მიაწერდა და იმასაც მიაღწია, რომ შეუზღუდავი ძალაუფლება და ძალა მიიღო. იმპერატორმა ალექსანდრემ მისცა მას უფლება ხელქვეითები ორდენებით დაეჯილდოვებინა და განკარგულებები თავის შეხედულებისამებრ გაეცა, არ დაელოდებოდა რა ნებართვას პეტერბურგიდან (Рескриптъ императора князю Цицiанову и письмо ему же графа Кочубея отъ 1-го февраля 1803 года). ზოგიერთი პირის საქართველოში ყოფნა, რომლებიც მინისტრების მიერ სხვადასხვა დავალებებით იყვნენ მივლინებულნი, თავად ციციანოვს არ მოსწონდა. ჯერ კიდევ ტფილისში თავის ჩამოსვლამდე მან მოახერხა იმისთვის მიეღწია, რომ ისინი მისდამი სავსებით იქნენ დაქვემდებარებულნი. ნაბრძანებ იქნა კოლეგიის მრჩეველი სოკოლოვი ან მთავარსარდლის კანცელარიაში დაეტოვებინათ, ან კიდევ საქართველოდან გამოეშვათ. (ციციანოვს) ნება მიეცა გრაფი მუსინ-პუშკინი, საქმეებში მისი ჩარევის შემთხვევაში, «მასზე დაკისრებული დავალების ფარგლებში» მოეყვანა, რომელსაც მხოლოდ საქართველოს მადნები ებარებოდა (Рескриптъ императора князю Цицiанову отъ 30-го января 1803 г. Акты Кавк. Арх. Комис., т. II, № 10).

თავადი ციციანოვი მკაცრი იყო თავისი ხელქვეითების მიმართ, რომელთაგან დაუღალავ საქმიანობასა და თავისი ბრძანებების უპირობო შესრულებას მოითხოვდა. რუმიანცევისა და სუვოროვის მიერ აღზრდილსა და მათ თანამოღვაწეს, მას განსაკუთრებული შეხედულება ჰქონდა სამსახურზე და მიაჩნდა, რომ უკანასკნელ წლებში ის ბევრ რამეში შეიცვალა. როცა უკვე კავკასიაში ჯარების სარდალი იყო და მიიღო ცნობა მისი უფროსობის ქვეშ გრაფ მიხეილ სემიონის ძე ვორონცოვის (შემდგომში თავადი და კავკასიის მეფისნაცვალი) დანიშვნის შესახებ, თავადი ციციანოვი მის ბიძას, მისდამი გამოცხადებული ნდობისათვის, მადლობას უხდიდა. «თუმცა კი, იგი გრაფ ა. რ. ვორონცოვს წერდა (отъ 11-го октября 1803 г. А. М. И. Д. II, 23, 1803, № 2), თქვენი ბრწყინვალების ჩემდამი მოწყალე განწყობის მიხედვით, გავბედავ ღიად მოგახსენოთ, რომ ახლანდელი სამსახურის სწავლა შეუძლებელია, და სარგებელსაც ახალგაზრდა ოფიცრისათვის მასში ვერ ვხედავ. ის არ ჰგავს იმ სამსახურს, რომელშიც გრაფ მიხეილ სემიონის ძის მამამ ინება თავის გამოჩენა, როცა გრაფმა პეტრე ალექსანდრეს ძემ, მისცა რა სამსახურს სული, ოფიცრებს დიდებისადმი სიყვარული ჩაუნერგა, და არა ფულებისადმი, როცა ყველა რაპორტებით არ მიძვრებოდა ხელმწიფესთან და არ წერდა უფროსს «მე მივმართე მის იმპერატორობით უდიდებულესობას», თვლიდა რა თავისი სისულელით, რომ ასეთი ურთიერთობებით ის მორჩილების ხარისხიდან გამოდის. სუბორდინაცია, სამხედრო სამსახურის სული, ახლა დამარხულია, და უფროსიც, რომელიც ამას მოითხოვს, დუჟინი გენერლების თვალში მკაცრად და ტირანად გამოიყურება; ერთი სიტყვით, რუსულ სამსახურს ჩამოვშორდით, პრუსიულს კი ვერ მივუდექით».

თავადი პავლე დიმიტრის ძე ყველა მიმართებით პატიოსანი ადამიანი გახლდათ, რომელსაც, მისი საკუთარი გამოთქმით, მშობლებმა, სულ ადრეული წლებიდანვე, «მიუკერძოებლობისა და ჭეშმარიტების სიყვარულის წესები» ჩაუნერგეს (Акты Кавк. Археогр. Комиссiи, т. II, № 2086).

– მე კანონების ენას კი არ ვეძიებ, ამბობდა ხოლმე იგი, არამედ მათ მოქმედებას მანკიერთა დასასჯელად და უდანაშაულოთა დასაცავად, აი მოვალეობა ჩემი წოდებისა და აი გზა, რომლიდანაც მე იოტის ოდენად არ გადამიხვევია (отъ коей я не устранялся ни на часъ). არა ჭეშმარიტებისა და სამართლიანობის სახელებს (ე. ი. სახელწოდებას) შევყავარ მე ჩემს ქცევაში, არამედ თავად ჭეშმარიტებასა და სამართლიანობას – აი ჩემი ქონება და აი ჩემს სულიერ წახალისებათა მიზანიც.

თავად ციციანოვის ასეთი შეხედულება საქმეებსა და სამსახურზე თავად იმპერატორისთვისაც იყო ცნობილი, რომელმაც იგი იმის უნარის მქონედ მიიჩნია, რომ საქართველოში ფესვგადგმული უწესრიგობანი და მოუწყობლობა მოესპო.

«ჩემთან მოსული საჩივრებისა, წერდა იმპერატორი თავად ციციანოვს (отъ 8-го сентября 1802 г. Акты Кавк. Археогр. Комиссiи, т. II, № 1), და საქართველოში მმართველებზე, გენერალ-ლეიტენანტ კნორინგსა და ნამდვილ სახელმწიფო მრჩეველ კოვალენსკიზე უკმაყოფილებათა მიხედვით, საჭიროდ მივიჩნიე, ჩავრიცხავ რა პირველს არმიაში და გამოვიწვევ რა უკანასკნელს აქ სხვა საქმეებში გამოყენებისთვის, დაგაკისროთ თქვენ ყველა თანამდებობა, რომლებიც კავკასიის ხაზის ინსპექტორის, ასტრახანის სამხედრო გუბერნატორის, იქ ასევე სამოქალაქო ნაწილის მმართველისა და საქართველოში მთავარმართებლის წოდებასთანაა შეერთებული.

ამ მოვალეობებიდან პირველ ორს უკვე დამყარებული წესრიგი გააჩნია. თქვენი მოშურნეობა და გულმოდგინება ჩემთვის იმის თავდებია, რომ თქვენ მას ჯეროვან მდგომარეობაში შეინარჩუნებთ და ამყოფებთ.

მაგრამ უკანასკნელმა, არის რა შეუღლებული მხარის ახალ მოწყობასთან, რომელიც რუსეთის მიერ საგანგებო მფარველობაში იქნა მიღებული, თქვენი განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიიქციოს, რომლის საფუძვლადაც შემდეგი შენიშვნები მიიღეთ:

1) თქვენდამი ჩაბარებული ძალაუფლების საზღვრები, არსებითად იგივეა, რომლებშიც გენერალ-ლეიტენანტი კნორინგი იყო ჩაყენებული.

2) დარიგებაში, რომელიც მას მიეცა საქართველოს თავდაპირველი მოწყობისას, თქვენ ჰპოვებთ არა მხოლოდ დაწვრილებით წესებს მისი მმართველობის შესახებ, არამედ იმ მთავარ წახალისებათა ახსნასაც, რომლებითაც მე ამ საქმეში ვხელმძღვანელობდი. თქვენ ნახავთ მათში, რომ არა ჩემი ძალაუფლების გაფართოებას და არა რუსეთის საკუთარ სარგებელთა გამრავლებას ვეძიებდი მე მასში, არამედ ერთადერთი მსურდა დამემშვიდებინა ხალხი, რომელიც შინაგანი და გარეგანი ამბოხებებით იყო გარემოცული, დიდი ხნიდან რუსეთისადმი ერთგული, რომელმაც თავისი უძველესი ერთგულებით მისი (რუსეთის) მონაწილეობა (თანაზიარობა) დაიმსახურა. თქვენ ნახავთ, რომ მასში საქმეთა ახლანდელი წესრიგის შემოღება მისი დაუფლებისკენ გადადგმული ნაბიჯი კი არ იყო, არამედ იმ მსჯელობის შედეგი, რომ რუსეთისათვის უფრო მოსახერხებელია იცავდეს კეთილმოწყობილ და მუდმივად მართულ მხარეს, ვიდრე, მხოლოდ მოულოდნელ შემთხვევებში და ერთადერთ მის გაძლიერებულ ღაღადზე, დროებით მოდიოდეს მის დასახმარებლად და დიდი დანახარჯებით მოუტანდეს მას გარეგნული მოქმედებებით გამოსწორების წუთიერ ზომებს, რომლებიც ყოველთვის მზად იქნება დანგრევისთვის, როგორც კი მათი მხარდამჭერი ძალა მათ დატოვებს. მე საჭიროდ მივიჩნიე განგამტკიცოთ თქვენ ამ მთავარ აზრში, რათა ხედავდეთ იმ გეგმის თავად საფუძველს, რომელზედაც საქართველოს მმართველობა უნდა იქნას დაყენებული».

იხელმძღვანელებდა რა ასეთი წესებით, თავად ციციანოვს მათზე თავისი ქცევა უნდა დაეფუძნებია და ქართველი ხალხისთვის ეგრძნობინებია, «რომ ვერც მოშორებულობა, ვერც ურთიერთობათა სიძნელე ვერ აღუდგება მას წინ იმაში, რომ რუსეთის მიერ მმართველობის სიკეთეში მონაწილეობდეს, და რომ არასოდეს არ ექნება მას მიზეზები სინანულისათვის, რომ თავისი ბედი რუსეთს ჩააბარა».

მხარის მმართველობაში შესვლისას, თავად ციციანოვს უწინარეს ყოვლისა მოვალეობად ეკისრებოდა რომ ადგილზე გამოეკვლია და დაეკმაყოფილებინა ქართველთა საჩივრები წინამორბედ მმართველობაზე, ხოლო შემდეგ კი განსაკუთრებული ყურადღება საქართველოში შემოსავლების მდგომარეობასა და იმ სამემკვიდრეო მამულების ცნობილობაში მოყვანაზე მიექცია (приведенiе въ известность уделовъ), რომლებიც სამეფო სახლის წევრებს ეკუთვნოდა.

«ამ მხარეში ახლანდელი სახის (წესის) მმართველობის დამყარებისას, ნათქვამია იმპერატორ ალექსანდრეს რესკრიპტში, მე მქონდა გენერალ-ლეიტენანტ კნორინგისგან პირადი დარწმუნება, რომ საქართველოს საკუთარი შემოსავლებით თავის შენახვა არ შეუძლია. მაგრამ ამ დრომდე ამ შემოსავლების რაოდენობის შესახებ მისგან არაფერი ყოფილა მოწოდებული, და ამასობაში სხვადასხვა საგნების მიხედვით ხარჯები, მრავლდებოდა რა დღითიდღე, უკვე მეტად მნიშვნელოვან თანხამდე გაიზარდა, და თუმცა კი ამ ხალხის მოწყობა მთავრობის საერთო ზრუნვის საგანი შეიქნა, მე არანაირად არ ვისურვებდი, რომ მისი მართვის სიმძიმე მხოლოდ რუსეთს დააწვეს. მეორეს მხრივ, სამეფო სახლის ზოგიერთ წევრს მოაქვს საჩივრები, რომ ისინი მათთვის შესაფერი შენახვის სახსრების გარეშე არიან დატოვებულნი, ამ სახსრების განსაზღვრისათვის კი, სანამ მათი სამფლობელოები არ იქნება ცნობილი, შესაძლებლობა არ გაგვაჩნია».

სამეფო სახლის წვრთა განუწყვეტელმა საჩივრებმა მათთვის საარსებო სახსრების ჩამორთმევის შესახებ, და რაც მთავარია, მათმა ჩარევამ ქვეყნის საშინაო საქმეებში და ინტრიგებმა, რომლებიც უწინდელი მმართველობის აღდგენისკენ იხრებოდა, აიძულეს იმპერატორი მიეღო ზომები სამეფო სახლის ყველა წევრის რუსეთში გამოსაყვანად. ეს მით უფრო აუცილებელი იყო, რომ დარეჯან დედოფლის მცდელობები იულონ ბატონიშვილის ტახტზე აყვანის შესახებ მაშინ სრულ განვითარებაში იყო, და სამეფო სახლის წევრთა უმრავლესობა მასთან თანხმობაში იმყოფებოდა. კნორინგი თითქმის ყოველკვირეულად მოახსენებდა, რომ დარეჯან დედოფლის წაქეზებით მომიჯნავე მფლობელები მზად არიან საქართველოში შემოიჭრან და რომ ბაბა-ხანმა, რომელმაც იულონ ბატონიშვილი საქართველოს მეფედ გამოაცხადა, უკვე ჯარიც გამოჰყო ტახტზე მის დასამკვიდრებლად. თუმცა კი საქართველოში მყოფი რუსული ჯარები საკმარისი იყო იმისთვის, რომ მტრების თავდასხმებს მნიშვნელოვანი შედეგები არ ჰქონოდა, მაგრამ ისინი არ იყო საკმარისი მთელი საზღვრის დაცვისა და სასაზღვრო სოფლების ძარცვა-რბევისგან უზრუნველყოფისთვის, რაც მოწინააღმდეგის შემოჭრისას გარდაუვალი იქნებოდა, და მით უმეტეს ისეთი მოწინააღმდეგისა, რომლისთვისაც უცხო იყო ომის წესები, რომლებიც ევროპელ ხალხებს ჰქონდათ შეთვისებული. აქედან ამომდინარე, ასეთი შემოჭრის დასწრება და ინტრიგების მოსპობა, როგორც საქართველოს წინააღმდეგ ყველა მტრული მოქმედების წყაროსი, დაბეჯითებით აუცილებელი ხდებოდა. ჯერ კიდევ საქართველოს რუსეთის ქვეშევრდომობაში შემოსვლისას მთავრობამ წინასწარ განსჭვრიტა, რომ ქვეყანაში მშვიდობის აღდგენა მხოლოდ სამეფო სახლის ყველა წევრის სრული გამოყვანის შემდეგ იქნებოდა შესაძლებელი, და ამიტომ მაშინვე იქნა გადაწყვეტილი ყველა ისინი რუსეთში გამოეძახებინათ. «მაგრამ, წერდა იმპერატორი ალექსანდრე, ცვალებადობა მთავარმართებლის საწყისებში, რომელიც ხან მათი სარგებლის შესახებ შუამდგომლობდა, ხან კიდევ მათზე საჩივრები შემოჰქონდა, და შესაძლოა გარკვეული სიმტკიცის უკმარისობაც, ამ დრომდე ამ გადაწყვეტილებას აღუსრულებელს ტოვებდა. ამასობაში თქვენ თავად შეიცნობთ, თუ ეს რამდენად საჭიროა და ამიტომ თქვენს უპირველეს მოვალეობებს შორის დააყენებთ დარწმუნების, დაბეჯითებისა და ბოლოს თავად იძულების ყველა ზომის მიღებასაც ამ დაუწყნარებელი ბატონიშვილების, და განსაკუთრებით დარეჯან დედოფლის, რუსეთში გამოსაყვანად. ამას მთავარ ზომად მივიჩნევ, ხალხის დამშვიდებისთვის, როცა მათ ჩანაფიქრებსა და მოძრაობებს ვხედავ, რომლებიც მათი ბედნიერებისათვის დამყარებულ წესრიგში გაუთავებლად ირყევიან».

მიუხედავად ამისა, იმაზე უწინ, ვიდრე ძალას მიმართავდა, იმპერატორმა მთავარსარდალს დაავალა ყველა ძალისხმევა გამოეყენებია იმისთვის, რათა ყველა მეფის ძე და მეფის ასული, როგორც საქართველოში მცხოვრებნი, ისე იმერეთში წასულებიც, რუსეთში ნებაყოფლობით გამომგზავრებაზე დაეყოლიებინა. უკანასკნელებთან მიმართებით, თავად ციციანოვს, ტფილისში ჩამოსვლისას, წარგზავნილი უნდა მიევლინა იმერეთის მეფე სოლომონთან და ეცადა დაეყოლიებინა იგი, თვით ფულის დახმარებითაც კი, რომ ბატონიშვილები გადმოეცა. უფრო მეტი წარმატებისთვის, იმპერატორი თავად სწერდა წერილებს როგორც სოლომონს, ისე დედოფლებსაც დარეჯანსა და მარიამს.

«საქართველოში საჯაროდ გამოცხადებული მანიფესტიდან, წერდა ალექსანდრე I დედოფლებს (Въ рескриптахъ отъ 3-го октября 1802 г., за №№ 16 и 17. Арх. Минист. Внутр. Делъ, департ. общихъ делъ, ч. VII), თქვენთვის, რა თქმა უნდა, ცნობილია ის განკარგულებები, რომლებითაც მე ვიყავი ამოძრავებული საქართველოს დასაცავად იმ უბედურებებისგან, რომლებიც მას თავზე დაატყდა, მასში მტკიცე მთავრობისა და წესრიგის დამყარებით.

ვაგრძელებდი რა ამ ერთმორწმუნე ქვეყნის შესახებ სწორედ იმავე საქმეს, მე კმაყოფილებით ვხედავდი, რომ მასში ჩადებულმა კეთილმოწყობის პირველმა საწყისებმა უკვე თავისი მოქმედება იქონიეს.

ხელს ვუწყობ რა მათ გავრცელებას და ამასობაში ჩემს ცნობამდე მოსული ყველა გარემოებიდან ვხედავ, რომ ხალხში შემაწუხებელი აზრების ნარჩენებია, რომლებსაც სხვა რწმენის მეზობლები აღვივებენ, რომლებიც ცდილობენ სხვადასხვა შეგონებებითა და ხმებით ამ მხარეში დანერგვადი წესრიგის პირველი საფუძვლები მოშალონ და თვით ის ნდობაც კი შეარყიონ, რომელიც თქვენსა და სამეფო სახლის ყველა წევრის მიმართ გამაჩნია. ყველა იმ შეწუხების თავიდან ასაცილებლად, რომლებიც ამ ხმებს პირადად თქვენ შეუძლიათ მოგიტანონ, რადგანაც მათი სრული აღკვეთისთვის, მე საჭიროდ მივიჩნიე შემოგთავაზოთ დროებით, მთელი თქვენი ოჯახით, რუსეთის გზას დაადგეთ, სანამ ამ ქვეყნის ბედნიერებისათვის განზრახული განკარგულება მასში სრულებით დამკვიდრდება და როცა თქვენ შეგეძლებათ თქვენს სამშობლოში პირადად თავად თქვენთვის სრული სიმშვიდითა და უსაფრთხოებით დაბრუნდეთ.

ვვარაუდობ რა, რომ ასეთ დანიშნულებას თავად თქვენც იმდენადვე თქვენთვის სასარგებლოდ და აუცილებლად მიიჩნევთ, როგორც ჩემს მიერ მტკიცედ გადაწყვეტილადაც – მე ჩემთვის სასიამოვნოდ ვთვლი ამავე დროს შეგატყობინოთ, რომ უკვე ვუბრძანე მთავარმართებელს საქართველოში გენერალ-ლეიტენანტ თავად ციციანოვს, რომ გასცეს ყველა საჭირო და თქვენი ღირსების შესაფერისი განკარგულება რუსეთში თქვენი მშვიდი და ხელსაყრელი მოგზაურობისთვის».

თითქმის ასეთივე შინაარსის წერილები იყო მიწერილი გრაფ კოჩუბეის მიერ იულონ, ვახტანგ, ალექსანდრე, ფარნაოზ და დავით ბატონიშვილებისადმი (Письма графа Кочубея царевичамъ отъ 3-го октября 1802 г. Арх. Минист. Внутрен. Делъ, департам. общихъ делъ, ч. VII). იძახებდა რა მათ რუსეთში, მთავრობას უმთავრეს მიზნად ჰქონდა მოესპო ინტრიგები და, ისარგებლებდა რა სამეფო ოჯახის პირთა არყოფნით, საქართველოს ჩახლართული საქმეები სისტემასა და გარკვეულობაში მოეყვანა, ხოლო შემდეგ კი მთავარმართებლის მშვიდი (წყნარი), სამართლიანი, მაგრამ ამასთან მეტად მყარი ქცევითაც იმ მხარეში, ეცადა არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მეზობელ სამფლობელოთა ნდობაც მოეპოვებინა. იმპერატორი ალექსანდრე I გამოხატავდა დარწმუნებას, რომ იქ, სადაც მიეჩვიენ ხედავდნენ «მხოლოდ სპარსული ძალაუფლების მძვინვარებას, ძლიერი დერჟავის ყველანაირ საქციელს, რომლებიც მართლმსაჯულებასა და სიმყარეზე იქნება დაფუძნებული, მიიჩნევენ, ასე ვთქვათ, ზებუნებრივად და მათ გარდაუვალად უნდა შეიძინონ მისდამი (ამ დერჟავისადმი) ერთგულება» (Рескриптъ князю Цицiанову отъ 26-го сентября 1802 г. Акты Кавк. Археогр. Комиссiи, т. II, № 5)

შინაომები სპარსეთში, რომლებიც მუდმივად გრძელდებოდა, თუმცა კი ბაბა-ხანის ძალაუფლების გაძლიერებასთან ერთად მიწყნარებული ჩანდა, მაგრამ ეს სიმშვიდე არ შეიძლებოდა არც მყარად და არც ხანგრძლივად ჩათვლილიყო. ბაბა-ხანს ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავდა თავად სპარსეთში, ბევრი ისეთი პირი, რომლებიც მზად იყვნენ მასზე დამოკიდებულებისა და მისი ქვეშევრდომობისგან განზე გასულიყვნენ. დავამყარებდით რა კავშირებს ასეთ მფლობელებთან და დავეხმარებოდით რა მათ, ჩვენ შევძლებდით ბაბა-ხანი მნიშვნელოვნად დაგვესუსტებინა და საქართველოზე მისი გეგმები უფრო შორს გადაგვეტანა. თავად ციციანოვს დაევალა სპარსული პროვინციების მფლობელებთან მისი წინამორბედის საგარეო ურთიერთობებისთვის ყურადღება მიექცია, ჩვენდამი ერთგულ პირებთან მეგობრული ურთიერთობები შეენარჩუნებინა, და ახლად შესულიყო ურთიერთობებში იმ ხანებთან, რომლებიც რუსეთის მხარეს გადმოიხრებოდნენ.

ჩვენი მშვიდობიანი ურთიერთობები თურქეთთან, თითქოსდა უზრუნველყოფდნენ თავად ციციანოვს ამ დერჟავასთან მტრული შეტაკებებისგან. თუმცა კი ახალციხის ფაშის მხრიდან შეიძლებოდა კიდეც შეშფოთების მოლოდინი ჰქონოდათ, მაგრამ არა იმიტომ, რომ მას პორტასგან რაიმე ბრძანება ჰქონდა, არამედ თავისი საკუთარი ანგარების მოყვარულობისა და მტაცებლობისადმი მიდრეკილების გამო. პირიქით, ჩვენი სამინისტროს მოთხოვნით, პორტა არაერთხელ უგზავნიდა მას უმკაცრეს ბრძანებებს თავისთან ლეკები არ ჰყოლოდა და რუსულ საზღვრებში შემოჭრები შეეწყვიტა, მაგრამ ახალციხის ფაშა, რომელიც სულთნის ძალაუფლებას მეტად მცირე პატივს სცემდა, გამოგზავნილ ბრძანებებს არანაირ ყურადღებას არ აქცევდა. თავად ციციანოვს ნება მიეცა ლეკები ახალციხის საზღვრებშიც ედევნა, მაგრამ იმით, რომ ყოველ ჯერზე ამის შესახებ კონსტანტინოპოლში ჩვენი წარგზავნილისთის შეეტყობინებინა.

«ხოლო რაც შეეხება, წერდა იმპერატორი თავად ციციანოვს (Въ рескрипте отъ 26-го сентября 1802 года), სპარსეთის მოსაზღვრე სხვა თურქულ პროვინციებს, მათ საქართველოსთან მცირე ურთიერთობები აქვთ, ან სულაც არ გააჩნიათ, და ყველა ცნობით პორტაც ისე ჩანს მეტად მცირედაა დაკავებული სპარსეთის საქმეებითა და საქართველოში ჩვენი საქმიანობით; თუმცა კი შეუძლებელი არ არის, რომ ახლა თურქეთის სამინისტრომ საფრანგეთის მთავრობის ხრიკებით უფრო მეტად მოჰკიდა ხელი ამ საქმეებს».

დარჩებოდა რა გარეგნული სახით მშვიდად და შეინარჩუნებდა რა რუსეთთან სამოკავშირეო ურთიერთობებს, თურქეთის მთავრობას შეეძლო კავკასიის ხაზის მახლობლად მცხოვრებ მაჰმადიანურ მოსახლეობაში საიდუმლო გზებით ინტრიგები დაეწყო, იმ მიზნით, რომ ისინი ჩვენი მთავრობის წინააღმდეგ განეწყო და რუსეთთან მტრული მოქმედებების შემთხვევაში მუდმივი მოკავშირე ჰყოლოდა. ამიტომ თავად ციციანოვს მოვალეობად ეკისრებოდა განსაკუთრებული ყურადღებით გამოეკვლია ყველა გარემოება, როგორც დამოუკიდებელ ტომებთან ჩვენი ურთერთობების მიმართებაში, ისე რუსეთის დამოკიდებულებაში მყოფი ხალხების მმართველობის მიმართებაშიც. თუ მთიელი ხალხებისთვის განუწყვეტელი ძარცვისა და მტაცებლობის წარმოება იყო დამახასიათებელი, მეორეს მხრივ, პეტერბურგში ჩამოღწეული სარწმუნო ცნობების მიხედვით, არ შეიძლებოდა მათ მიმართ როგორც რუს მოხელეთა ქცევების გამართლება, ისე თავად მოსახლეობისაც, რომელიც არცთუ იშვიათად საკუთარ თავს მთიელთა საქონლის გამორეკვისა და მათთვის სხვადასხვაგვარ შევიწროვებათა მიყენების უფლებას აძლევდა. სურდა რა ფესვგადგმული ბოროტად გამოყენებების მოსასპობად მთავარმართებლისთვის ყველა საშუალება მიეცა, იმპერატორმა აუცილებლად მიიჩნია მისთვის ყველა ის ადგილი და პირი დაექვემდებარებინა, რომლებიც მისდამი რწმუნებული ოლქებისა და გუბერნიების შემადგენლობაში შედიოდნენ. საგარეო საქმეთა კოლეგიის 1802 წლის 17 ოქტომბრის ბრძანებულებით, მის გამგებლობაში მყოფი ყველა საპრისტავო სხვადასხვა მომთაბარე ხალხებში თავად ციციანოვისადმი იქნა დაქვემდებარებული. ამას კვალდაკვალ, 1802 წ. ნოემბერში, მოჰყვა ბრძანება ასტრახანის გუბერნიის, რომელიც ცხრა მაზრისგან შედგებოდა, ორ გუბერნიად გაყოფის შესახებ: ასტრახანისა და კავკასიის გუბერნიებად. პირველის შემადგენლობაში ოთხი მაზრა შევიდა: ასტრახანის, ენოტაევსკის, კრასნოიარსკისა და ჩერნოიარსკის. კავკასიის გუბერნია კი ხუთი მაზრისგან იქნა შემდგარი: ყიზლარის, მოზდოკის, გეორგიევსკის, ალექსანდროვსკისა და სტავროპოლის. ამ ორივე გუბერნიის მთავარი სამხედრო და სამოქალაქო უფროსი კავკასიის ხაზის ინსპექტორი და საქართველოში მმართველი (მართებელი) გახლდათ. მის მუდმივ ადგილსამყოფელად დაინიშნა გეორგიევსკი, რომელიც კავკასიის გუბერნიის საგუბერნიო ქალაქად იქნა არჩეული. მთავარმართებლის დასახმარებლად თითოეულ გუბერნიაში სამოქალაქო გუბერნტორები იქნენ დანიშნულნი, თუმცა კი შეიძლებოდა ყოფილიყვნენ სამხედრო (გუბერნატორებიც) რომლებსაც სამოქალაქო ნაწილის მართვა დაეკისრებოდათ.

მიიღო რა უზენაესი ბრძანება კავკასიის ინსპექციის ჯარების გაძლიერებისთვის ორი პოლკის, სარატოვის მუშკეტერთა და მე-9 ეგერთა პოლკების გაგზავნის შესახებ, თავადი ციციანოვი თავისი დანიშნულების ადგილისაკენ გაემგზავრა.

როცა გეორგიევსკს უახლოვდებოდა და მისდამი ჩაბარებული მხარის მდგომარეობას ყურადღებით უკვირდებოდა, თავადი პავლე დიმიტრის ძე ხედავდა, რომ მისი ყველაზე უფრო მეტი ყურადღება საქართველოსა და მის მეზობლებზე უნდა ყოფილიყო მიმართული.

იყო რა პირდაპირ გარემოცული ყოველი მხრიდან არაკეთილმოსურნეებით და გამოყოფილიც კი იყო რუსეთისგან, რომლის საზღვრებსაც იგი უშუალოდ არ უერთდებოდა, საქართველო, რა თქმა უნდა, უკვე თავისი მდებარეობით, თავის მეზობლებთან მშვიდობიან ურთიერთობებს საჭიროებდა. ყველანაირ გადახრას აქედან ქვეყნის შიგნით სხვადასხვა აზიელი ხალხების შემოჭრა მოჰყვებოდა, რომლებიც მტაცებლობისა და ძარცვა-რბევისკენ იყვნენ მიდრეკილნი და ამისთვის მხოლოდ მოხერხებულ შემთხვევასა და პირველ საბაბს მოელოდნენ. ყველა ეს მიზეზი აიძულებდა ჩვენს მთავრობას, გარკვეულ ხარისხამდე, ეცადა იქაურ ხალხებთან მეგობრული ურთიერთობები შეენარჩუნებია.

იმყოფებოდნენ რა თითქმის მუდმივ დავა-ჩხუბში ერთი-მეორესთან, ბევრი მთიელი ხანი და მფლობელი რამდენჯერმე მიმართავდა რუსეთს და მის მფარველობას, ხოლო ზოგიერთი კი ქვეშევრდომობასაც ითხოვდა. მაგრამ ყველა ამ ძიებასა და მათთან დადებულ პირობებს ძალა მხოლოდ პირველ შემთხვევამდე ჰქონდათ, რომლებიც მათ ყველაზე უფრო მეტ სარგებელს აძლევდა; მაშინ ისინი რუსეთის მფარველობას თავს არიდებდნენ, მის მიმართ მტრულ დამოკიდბულებაში დგებოდნენ, ხოლო რამდენიმე დღის შემდეგ კი ისევ მის ქვეშევრდომობას ეძიებდნენ. იქცეოდნენ რა ასე რუსეთთან მიმართებაში, ხანები და მფლობელები ურთიერთ შორის საქმეებსაც ზუსტად ასევე აწარმოებდნენ. ისინი, რომლებიც დღეს ერთმანეთთან ღია მტრობაში იყვნენ, ხვალ მეგობრები ხდებოდნენ და გუშინდელ მოკავშირეებს კი მტრულად ეკიდებოდნენ...

არ შევალთ რა მთიელი ხანებისა და მფლობელების ქცევათა და მოქმედებათა დაწვრილებით ამბებში, ჩვენ მათ და მათი ინტერესების გაცნობაში თვით თავად ციციანოვის კანცლერისადმი მოხსენებით შემოვიფარგლებით:

«დარუბანდელი და ყუბელი შეიხ-ალი-ხანი, წერდა იგი, ქედმაღალია, ამპარტავანი, გერგილიანი (предпрiимчивъ), ძალაუფლების მოყვარული, ინტრიგანი, საკმარისად მამაცი, დიდების მოყვარული და თავისი ამ უკანასკნელი თვისებისათვის ყველაფერს გაწირავს, მისწრაფავს რა მთელ მონდომებას და მიმართავს რა ყველა ზამბარას დიდი შენაძენებისკენ; ყველა ამასთან ერთად, ფუფუნების მოყვარული და ავხორცია. მისი მიზანია – შირვანში ხანად კასიმი დააყენოს, რათა, ისარგებლებს რა მისი სისუსტით, მის სამფლობელოზე ჰქონდეს გავლენა, მისი მეშვეობით, რადგანაც ბაქოს ხანი ყოველთვის შირვანის ხანის მოხარკე იყო, ბაქოს ახლანდელი მფლობელი ხანი დაამხოს და თავისთვის სასურველი დააყენოს; ასევე კასიმის სისუსტის გამო მას სალიანი ჩამოართვას, ვინაიდან მას ამის წინ შეიხ-ალი-ხანის მამა, ფათჰ-ალი-ხანი ფლობდა, ხოლო ახლა კი ყუბის სამფლობელოსგან ჩამოცილებულია და შირვანელი მუსტაფა-ხანის მიერაა მითვისებული. მისი (შეიხ-ალი-ხანის) კავშირები ტარკის შამხალთან გულწრფელია, იმიტომ რომ ეს უკანასკნელი გულუბრყვილოა, არ შეუძლია არც შეეწინააღმდეგოს მის ღონისძიებებს, არც ძლიერად დაეხმაროს, მისი იმ ადგილებისგან მოშორებულობის გამო, სადაც შეიხ-ალი-ხანმა თავისი გეგმის მიხედვით ომი უნდა აწარმოოს. ამაზე ზევით, მისი კავშირი ნათესაობაზეა დამყარებული, იმიტომ რომ ტარკის შამხალ მეგთის მისი ღვიძლი და ჰყავს ცოლად.

მისი კავშირები ახლად აღდგენილ ყაზიყუმუხელ სურხაი-ხანთან (რომელიც აქ უფრო მეტად ჰამბუთაის სახელითა ცნობილი) გულწრფელი არ არის, იმიტომ რომ სურხაი-ხანი დაღესტანში ლეკების ერთერთი ყველაზე უმამაცესი და უძლიერესი მფლობელია, და მათ, ეჭვით უყურებენ რა ერთი-მეორის ძალასა და ძლიერებას, არასდროს არ შეუძლიათ ურთიერთ შორის გულწრფელი კავშირი ჰქონდეთ.

იმავე შეიხ-ალი-ხანის თვისებების, მისი საქმიანობისა და ინტრიგების მიხედვით, რუსეთისათვის უფრო მეტად სასარგებლოა, რომ ვამცირებდეთ და ვასუსტებდეთ მას, მივცემთ რა მფარველობის ნიშნებს დარუბანდზე პრეტენზიების მქონე აღა ალი-ბეგს, ან, თუ შესაძლებელი იქნება, დახმარების სახით, შევიყვანთ რა გარნიზონს დარუბანდში, ხოლო დროთა განმავლობაში კი შეიხ-ალი-ხანს ჩამოვიშორებთ, ხოლო მის ადგილზე უფრო სუსტ და არც თუ ისე გერგილიან აღა ალი-ბეგს აღვადგენთ. ეს (უკანასკნელი) კი, ექნება რა აუცილებელი საჭიროება რუსეთზე დაყრდნობაში, მისი მიზნებისთვის უფრო მეტად სასარგებლო შეიძლება იყოს.

ბაქოელი ჰუსეინ-ხანი: როგორც ადამიანი, ის უფრო სუსტია, ადვილად დამჯერი, თავისი მოხელეების მიერ მოხერხებულად სატარებელი (სამართავი), უფრო მეტად მშიშარაა, ვიდრე მამაცი და არაშორსმჭვრეტელია, შორსაა გერგილიანობისგან და თავის საქმეებშიც დუნეა.

მისი კავშირები შემახიელ მუსტაფა-ხანთან პირად და აუცილებელ სარგებელზეა დაფუძნებული. არა აქვს რა არანაირი საკუთრება, ქალაქ ბაქოს გარდა, ბაქოს ხანს შირვანის ხანისგან საყრდენი იმდენადვე სჭირდება, რამდენადაც ადამიანს საჭმელი. ამასთან ოდესღაც ბაქოს ხანები შირვანის ხანების მოხარკენი იყვნენ.

რუსეთის სარგებელი, რომ იგი ხანის ღირსებაში შეინარჩუნოს, მხოლოდ მაშინ შეიძლება იყოს ნამდვილი, როცა ბაქოში ჩვენი გარნიზონი იქნება შეყვანილი, რის გარეშეც მას არ შეუძლია რუსეთის მიზნებს ემსაუროს, რადგანაც ისე სუსტია, რომ სხვა ხანებისთვის წინააღმდეგობის გაწევაზე ფიქრსაც კი ვერ ბედავს, და შესაბამისად მათი ძალისა და ძლიერების შემცირების უნარიც არ გააჩნია.

მირ-მუსტაფა თალიშის ხანი: მისი თვისებების შესახებ ლაპარაკიც კი არ ღირს, იმისთვის, რომ, თუ მას დედაკაცს შევადარებთ, უკვე ყველაფერი იქნება ნათქვამი. კავშირები მას არ გააჩნია, იმტომ რომ იგი ყველას ეზიზღება და ყველაზე სუსტად მიიჩნევენ.

რუსეთს მისგან ცოტა თუ ექნება სარგებელი, მტკვრის იქით მისი ადგილობრივი მდებარეობის მიხედვით, თითქმის გაუვალ მთებში, და მტკვრის მარცხენა ნაპირზე მფლობელი ხანების საქმეებზეც არანაირი გავლენა არ გააჩნია.

ამასთან მას შეუძლია სულ მცრე დახმარებას უწევდეს ჩვენს ვაჭრებს, რომლებიც რეშტსა და ენზელიში ვაჭრობენ.

შირვანის (შემახიის) მუსტაფა-ხანი: მამაცი, ეშმაკი და ხარჯებში ზომიერია, რის გამოც იგი მოხელეებს უყვართ. უყვარს ნადირობა, საკმარისად დიდებისმოყვარული, გერგილიანი და შეიხ-ალი-ხანზე არანაკლებ ფრთხილია, ხოლო სამხედრო საქმეში კი მასზე უფრო მეტადაა დახელოვნებული.

მისი კავშირები ავარიის გარდაცვლილ ხანთან, რომელმაც იგი ხანის ღირსებაში აღაზევა, ახალგაზრდა ხანის მოხელეებთან დღესაც გრძელდება. ასევე საიდუმლო (ფარული) კავშირები აქვს ყარაბაღის ხანებთან, ე. ი. ნახჭევნელ ქალბლი-ხანთან და განჯელ ჯავად-ხანთან, და ბაბა-ხანთან დაახლოებასაც ეძიებს.

სასარგებლო შეიძლებოდა ყოფილიყო რუსეთისათვის, სულში მის მიმართ სიძულვილი რომ არ ჰქონდეს, აგრეთვე ამ მფარველობის გამო სალიანის დაკარგვა რომ არ აშინებდეს. თუმცა კი, ვინც არ უნდა ყოფილიყო შემახიის ხანი, იგი მუდამ საჭიროა რუსეთისათვის, საქართველოს ბაქოსთან ან კასპიის ზღვასთან შეტყობინების მიმართებით, ვაჭრობის გავრცელებაში.

ყაზიყუმუხელი სურხაი-ხანი: მეტად მამაცია, მთელი დაღესტნის მიერ პატივცემული, ქრისტიანების შეურიგებელი მტერი, მტკიცე და ფრთხილი.

მას უმჭიდროესი კავშირები ჰქონდა ავარიის ხანთან, რამდენადაც მეზობლობის გამო, იმდენადვე ურთიერთ პატივისცემისაც, რომელიც ორივეს სიმამაცითა და ძალით იყო შთაგონებული.

რუსეთის სარგებელი მოითხოვს, რომ მან ქვეშევრდომობაში შემოსვლა ეძიოს, თუნდაც სხვების მაგალითით და საჭირო იქნებოდა გარკვეული თანხა გაგვეღო, მისდამი წყალობის სახით, ვინაიდან, საქართველოს შეძენის გამო, თარეშებისგან მისი უზრუნველყოფისა და ჩვენი ჯარების მდგომარეობის შემსუბუქებისთვის, ეს მე აუცილებლად წარმომიდგება.

სხვები კი, როგორებიც არიან ავარიის ხანი და ტაბასარანის ყადი, მათი სიჭაბუკის გამო, ჯერ ყურადღების ღირსნი არ არიან, არამედ საჭიროა მათი უნარიანი მოხელეების მეშვეობით ვმართოთ ისინი».

ასეთია იმ პირთა დახასიათება, რომლებთანაც თავადი ციციანოვი იძულებული იყო საქმე ჰქონოდა. ინარჩუნებდა რა საქართველოს უსაფრთხოებისთვის მშვიდობიან ურთიერთობებს ხანებთან, თავად პავლე დიმიტრის ძეს აგრეთვე ისიც ჰქონდა შეგნებული, რომ ჩვენი მდგომარეობის სიმტკიცე ამ ქვეყანაში დანარჩენ რუსეთთან მისი (საქართველოს) შეტყობინების უსაფრთხოებაზე იყო დამოკიდებული.

იმ ხანებში მთელი გასასვლელები საქართველოში მთიელი ხალხების სხვადასხვა ტომების მიერ იყო დაკავებული, მოუთოკავად (აულაგმავად) ველურებისა, რომლებიც ძარცვითა და ყაჩაღობით ცხოვრობდნენ, გამვლელებს თავზე ესხმოდნენ და არცთუ იშვიათად შეტყობინებას საერთოდაც წყვეტდნენ.

საქართველოში მიმავალ გზაზე საფრთხეების გარდა, სასაზღვრო სოფლების მცხოვრებნიც არც თუ ცოტას განიცდიდნენ იმ ხალხების თარეშებისა და მტაცებლობისგან, რომლებიც კავკასიონის მთების ქედზე სახლობდნენ. დაღესტნელები და ლეკები საქართველოში განუწყვეტლივ იჭრებოდნენ; მათი მეზობლები, ჩეჩნები, ოსები და თვით ყაბარდოელებიც კი, როგორც საქართველოში მიმავალ გზაზე, ისე ქედის აქეთა მხარესაც კავკასიის ხაზზე ძარცვა-რბევას ახდენდნენ. ისინი ჩვენს საზღვრებში იჭრებოდნენ, სოფლებს ძარცვავდნენ და მცხოვრებნი ტყვედ მიჰყავდათ. მათ დასავლეთით და შავ ზღვასთან უფრო ახლოს, ჩერქეზი ხალხის ტომიც ასევე მტაცებლობდა და თავის მეზობლებს, შავი ზღვის კაზაკებს ძარცვავდა.

ყველა ეს ხალხი სამ ნაწილად იყოფოდა: ყაბარდოელები და ოსები ჩვენს ქვეშევრდომებად ითვლებოდნენ; ჩერქეზები, რომლებიც ოფიციალურ მიმოწერაში იმიერყუბანელთა სახელით იყვნენ ცნობილი, პორტას მფარველობის ქვეშ იმყოფებოდნენ, და ბოლოს, ჩეჩნები და ლეკები საკუთარ თავს თავისუფლებად და დამოუკიდებლებად მიიჩნევდნენ. საბრძოლო საშუალებების უმნიშვნელობა იმ მხარეში მაშინდელ მთავარსარდლებს აიძულებდა არცთუ ახალი, მაგრამ საკმარისად სწორი სისტემისთვის მიემართათ, რომელიც იმაში მდგომარეობდა, რომ, შეინარჩუნებდნენ რა მთიელ ხალხთა სხვადასხვა ტომებს ურთიერთ შორის მუდმივ მტრობასა და დავა-ჩხუბში, ისინი ერთსულოვნებამდე არ მიეშვათ, რომელიც ჩვენთვის შეიძლებოდა მეტად სახიფათო შექმნილიყო. ასეთი სისტემა მით უფრო იყო აუცილებელი, რომ არ იყო არანაირი საფუძველი თუნდაც იმ ტომების ერთგულებაზე დავიმედებულიყავით, რომლებიც რუსეთის ქვეშევრდომობაში ითვლებოდნენ. ყაბარდოელები და ოსები ზუსტად ისევე მტაცებლობდნენ ჩვენს ფარგლებში, როგორც ჩეჩნები და ლეკები. ამაში ნაწილობრივ კავკასიის უფროსობაც იყო დამნაშავე, რომელმაც ძალაუფლების შესუსტება და ბოროტად გამოყენება დაუშვა.

(... Незначительность боевыхъ средствъ заставляла тогдашнихъ главнокомандующихъ въ томъ крае къ системе не новой, но довольно верной и состоявшей въ томъ, чтобы, поддерживая разныя поколенiя горскихъ народовъ въ постоянной между собой вражде и ссоре, не допускать ихъ до единодушия, могущаго сделаться для насъ весьма опаснымъ. Такая смстема была темъ необходимее, что не было никакого основанiя разсчитывать на верность даже и техъ племёнъ, которыя считались въ подданстве Россiи. Кабардинцы и осетины точно так же хищничали въ нашихъ пределахъ, какъ чеченцы и лезгины. Въ этомъ было виновато отчасти кавказское начальство, допустившее послабленiе и злоупотребленiе власти.)

1802 წლის 4 დეკემბერს თავადი ციციანოვი გეორგიევსკში ჩავიდა, სადაც მას მომთაბარე ხალხებმა და რუსეთის დამოკიდებულებაში მყოფმა მთიელმა ტომებმა მთელი გროვა საჩივრები დააყარეს (былъ заваленъ жалобами...). თხოვნების სიმრავლეს მთავარსარდალი არ გაუკვირვებია; მისთვის ცნობილი იყო, რომ აზიელი ადამიანი თავის მოვალეობად თვლის, უფროსის ყოველი შეცვლისას, ძველ უფროსზე იჩივლოს, როგორი კარგიც ის არ უნდა ყოფილიყო და ახალს, რომელიც მანამდე არასოდეს უნახავს, ეპირფეროს. თავადმა ციციანოვმა იცოდა, რომ ასეთ პრეტენზიებს ძალზედ ფრთხილად უნდა მოკიდებოდა, მათ გარკვეულ წილად ეჭვითა და უნდობლობით მიდგომოდა. პირადი მტრობის გამო ცილისწამებანი და საჩივრები მან ყოველგვარი ყურადღების გარეშე დატოვა, მაგრამ თხოვნებს შორის ისეთებიც ჰპოვა, რომლებიც სრულ ნდობას იმსახურებდნენ და გამოკვლევასა და დამნაშავეთა დასჯას მოითხოვდნენ.

მდინარე ყუბანის იქითა მხრიდან გამოსული ნოღაელი თათრები თავიანთ პრისტავს უჩიოდნენ, რომელიც მათ ხარკითა და სხვადასხვაგვარი მექრთამეობით ამძიმებდა. ჰპოვა რა თათრების საჩივრები საფუძვლიანი, თავადმა პავლე დიმიტრის ძემ პრისტავი შეცვალა და მის ადგილზე გენერალ-მაიორი სულთანი მენგლი-გირეი დანიშნა. სთხოვდა რა იმპერატორს ასეთი ცვლილების დამტკიცებას, თავადი ციციანოვი აუცილებლად მიიჩნევდა მენგლი-გირეი მომთაბარე ხალხების მთავარი პრისტავის დაქვემდებარებიდან გამოეყვანა და ის მთავარსარდალზე პირდაპირ დამოკიდებულებაში ჩაეყენებია. თავად სიტყვა «პრისტავი» იავარაუდებოდა მოესპოთ და «ბეშტის ნოღაელ თათრებზე უფროსით» შეეცვალათ, რადგანაც სიტყვა «უფროსი» აზიელ ხალხებს შორის, სიტყვა «პრისტავთან» შედარებით, ყოველთვის უფრო მეტი მნიშვნელობით სარგებლობდა (Всеподд. рапортъ князя Цицiанова 8-го января 1803 года).

მიიღო რა იმპერატორის დამტკიცება (Высоч. повеленiе князю Цицiанову 13-го февраля 1803 года), თავად ციციანოვს სხვა მომთაბარე ხალხის – ყალმუხების საქმეებიც უნდა მოეგვარებინა.

დერბეთის, თორგოუთისა და ჰოშოუთის ურდოები, რომლებიც ყალმუხ ხალხს შეადგენდნენ, უკიდურეს სიღარიბეში იყვნენ და მიწასთან მიმართებით შეჭირვებულნი (შევიწროვებულნი) გახლდნენ. პირველი ორი ტომი მდინარე ვოლგის მთა-გორიან მხარეში მომთაბარეობდა, მინდვრიან ნაპირზე მხოლოდ ჰოშოუთის ურდო იმყოფებოდა, ხოლო სხვებს კი იქ გადასვლის უფლება არ ჰქონდათ.

ქვიშიანი სტეპები წყლის, ტყისა და თვით ყოველგვარი მცენარეულობის გარეშეც კი ყალმუხებს მუდმივ მამულად გადაეცა. ამ უნაყოფო უდაბნოში ისინი ერთი ადგილიდან მეორეზე გადადიოდნენ, ვოლგას, კუმას, ცარიცინის მაზრასა და დონელი კაზაკების მიწებს მიადგებოდნენ. უახლოვდებოდნენ რა სასაზღვრო სოფლებს, ყალმუხები მცხოვრებთა მხრიდან ყველგან წინააღმდეგობას აწყდებოდნენ, რომლებიც მათ არც კარგ წყალთან და არ მოხერხებულ საძოვრებთან არ უშვებდნენ.

«თუ სადმე ქალაქებმა, წერდა ყალმუხი ხალხის მთავარი პრისტავი სტრახოვი (Въ письме канцлеру, отъ 12-го ноября 1802 года, № 558. Арх. М. И. Д. П., 11, 1802, № 1), ყალმუხების მიწები 25 და 35 ვერსის მანძილზე არ მიითვისეს, იქ ასტრახანის სახაზინო პალატა მათ ქირით მცირე ფასად იძლევა, ათი და თორმეტი წლითაც კი. კაზაკების სტანიცები, გლეხები, თათრები, მალოროსები, ფოსტები, ადამიანთა ჯგროები (ватаги) მიწას ისეთი სიჭარბით იტაცებენ და ითვისებენ, როგორც მათ მოესურვებათ. კასპიის ზღვასთან, ეგრეთ წოდებულ მოჩაგში (въ такъ называемыхъ мочагахъ), მომთაბარეობენ ღარიბი ადამიანები, ან უფრო ნათლად რომ ვთქვათ, ყველა ურდოს უღატაკესნი (მათხოვრები) – იქ რუსები ნებას აძლევენ მათ დავარდნილი საქონლითა და თრითინებით იკვებონ, მაგრამ არა თევზით, რომელიც ყველას მფლობელობაში ან შესყიდვით აქვს».

დიდი ხნიდან ყალმუხები ასტრახანის მახლობლად ერთსა და იმავე ადგილზე მომთაბარეობდნენ, რომელმაც ამისგან ყალმუხების ბაზრის სახელწოდება მიიღო, მაგრამ 1802 წლის დასაწყისში ის დასახლებისთვის დევნილებსა და მაწანწალებს მიეცა, რომელთაგან ყალმუხები იძულებულნი იყვნენ «წყალი და ცეცხლი» ეყიდათ, ხოლო უკანასკნელის ქვეშ კი იმ ლერწმის საზღაური იგულისხმებოდა, რომელიც ზამთარში გათბობისთვის სჭირდებოდათ. ვოლგაზე გადაყვანის (გადაზიდვის) უფლების ოთხი წლით გაყიდვამ ყალმუხებს მრეწველობა საბოლოოდ მოუსპო, წაართვა რა მათ უფლება რომ ამ მდინარეზე საკუთარი გადაზიდვა ჰქონოდათ. ყალმუხების ბაზარი, რომელიც მიწისა და გადაზიდვის გარეშე დარჩა, თანდათანობით მცირდებოდა და იქამდე მივიდა, რომ 1802 წლის ბოლოსთვის მასში არაუმეტეს ასი კარვისა (кибитки) მოითვლებოდა, ყველაზე უფრო უღარიბესთა, რომლებსაც წასასვლელი არსად არ ჰქონდათ.

ყალმუხი ხალხის სიღარიბე და დაუძლურება კიდევ უფრო იმ თვითნებური ხარკისგან (გადასახადებისგან) ძლიერდებოდა, რომლებიც მეფისნაცვალმა ჩუჩეი-ტაიში ტანდუტოვმა შემოიღო. 1800 წლის ოქტომბერში მეფისნაცვლის წოდებაში დამტკიცებული, ტანდუტოვი თავისი ძალაუფლების ქვეშ მყოფთაგან ფულითა და საქონლით უსაზღვრო გადასახადებს ჰკრეფდა. თავისი სიხარბით მან ყალმუხები საბოლოოდ გააკოტრა და ისინი გამოუთქმელ სიღარიბემდე და სიღატაკემდე მიიყვანა. ბევრი ულუსი, რომლებსაც დამტკიცებული საგვარეულო მფლობელები არ ჰყავდათ, არჩეული მფლობელებით იმართებოდა, რომლებიც ზუსტად ასევე მეფისნაცვლის მაგალითს მიჰყვებოდნენ და თავიანთ მხრივ ხალხს ძარცვავდნენ, მას თვითნებურ ხარკს (გადასახადებს) აკისრებდნენ.

ყალმუხების წეს-ჩვეულებამ, რომ სამი ვაჟიშვილიდან ერთი აუცილებლად სასულიერო წოდებაში მიეცათ, ის მოახდინა, რომ სასულიერო წოდების რიცხვი ყველა სხვა წოდების რიცხოვნებას აღემატებოდა. სარგებლობდა რა ხალხზე უზარმაზარი გავლენით, ყალმუხური სასულიერო წოდება უსაქმური მუქთამჭამელების კლასს შეადგენდა, რომლებსაც მოყვასთა ოფლისა და შრომის ხარჯზე ყველაფერი უხვად ჰქონდათ. სასულიერო წოდების უმთავრესი საქმიანობა გამდიდრებასა და ხალხისთვის დაუმორჩილებლობის შეგონებაში შედგებოდა, რის გამოც ყველა აღშფოთების დროს მთავარი მოთავე და დამნაშავე ან გელიუნგი (მღვდელი) ან გეცული (დიაკვანი), ან ზოგჯერ კიდევ მათი ცოცხალი ღმერთი ლამა აღმოჩნდებოდა ხოლმე.

სასულიერო წოდების უსაქმური ცხოვრების უზრუნველსაყოფად, ღვთისმოსავი მფლობელები მას ხურულების (მონასტრების) მომსახურებისთვის დიდი რაოდენობით თავიანთი ძალაუფლების ქვეშ მყოფთ მუდმივ მფლობელობაში აძლევდნენ. მიიღებდნენ რა შაბინერების, ე. ი. სამონასტროთა სახელწოდებას, ასეთი ყალმუხები უკვე გადასახადებს აღარ იხდიდნენ და არც საზოგადოებრივ ვალდებულებებს ასრულებდნენ, რომელთა მთელი სიმძიმეც დანარჩენ მოახლეობას აწვებოდა. ზუსტად ასევე არ იხდიდნენ გადასახადებს ეგრეთ წოდებული თარხანებიც, ე. ი. მფლობელთა მიერ ყველა ვალდებულებისა და სამსახურისგან განთავისუფლებული ადამიანები.

მთელ ამ უბედურებებთან ერთად, ყალმუხები საკორდონო დაცვის სამსახურის აღსრულებისთვის 650 ადამიანის ყოველწლიური განწესით იქანცებოდნენ. ეს განწესი, უზენაესი ბრძანებით, 1800 წლის იანვარში იქნა მოხდენილი, მხოლოდ დროებით, სანამ სამშობლოში გაშვებული დონელი კაზაკების შესაცვლელად სხვები ჩამოვიდოდნენ. ამ ბრძანებით ისარგებლეს, და ასტრახანის კაზაკთა პოლკის მეთაურმა შემდეგ ყოველწლიურად სამსახურში 650 ყალმუხის მოთხოვნა დაიწყო, შვიდ ზაისანგთან ერთად. ეს განწესი ყალმუხებს ყოველწლიურად ათასამდე გარდაცვლილ ადამიანად, ამდენივე დაცემულ ცხენად და 65.000 მანეთ ფულად უჯდებოდათ.

იმყოფებოდნენ რა საგანგებო პრისტავის გამგებლობაში, ყალმუხები სახალხო საბჭოს მიერ იმართებოდნენ, რომელიც «ზარგოს» სახელწოდებით იყო ცნობილი. ყველა ურდოსგან არჩეული რვა ადამიანისგან შემდგარი საბჭო, ანუ, უკეთ რომ ვთქვათ, «ზარგოს სასამართლო», თხოვნებს ისმენდა, ბრალდებულებს ჩვენებებსა და მტკიცებულებებს ჩამოართმევდა, მათ იქვე განიხილავდა და თავის საბოლოო გადაწყვეტილებას ადგენდა. გადაწყვეტილება ხმათა უმრავლესობას ეფუძნებოდა; ხმათა თანაბრობის ან მოსამართლეთა უთანხმოების შემთხვევაში, გადაწყვეტილების მიღება მეფისნაცვალთან გადადიოდა, მაგრამ არა სხვანაირად, თუ არა ზარგოსა და ყალმუხ ხალხთან მყოფი რუსი პრისტავის თანხმობით (Высочайшая грамата калмыкскому народу 14-го октября 1800 года). სასამართლოს დადგენილება პატარა ჩხირით მცირე ფიცარზე იწერებოდა, რომელიც სამრის სახელით იყო ცნობილი და ნაცართან შერეული ქონი ჰქონდა წასმული. დაწერილი მომჩივანსა და მოპასუხეს წაეკითხებოდა, ხოლო შემდეგ კი იშლებოდა, და საქმე მარადიულ დავიწყებას ეძლეოდა.

ზამთრის თვეების განმავლობაში ზარგო თავის საქმიანობას ხურავდა, ხოლო დანარჩენ დროს კი სასამართლო ერთი ადგილიდან მეორეზე მგზავრობდა, ასე რომ ღარიბ ადამიანებს მისი დაწევა არ შეეძლოთ. ამასთანავე სასამართლო და აღსრულება ზარგოში უკიდურესად უწესრიგოდ და დაუდევრად წარმოებდა. მას სხდომებისთვის დანიშნული დრო არ ჰქონდა და წერილობით დადგენილებებსაც იშვიათად ახდენდა. თავად მოსამართლეთა გადაწყვეტილება უკიდურესად ორიგინალური და უმეტეს შემთხვევებში მიკერძოებულიც გახლდათ. მოსამართლეები, რომლებიც მფლობელთა ძალაუფლების ქვეშ მყოფ პირთა რიცხვიდან მათ მიერვე იყვნენ არჩეულნი, თითქმის ყოველთვის იმის მხარეს იხრებოდნენ, ვისაც მფლობელი მფარველობდა და მუდამ მზად იყვნენ ბრალდებულის ხვედრი ზემოდან ჩაგონებით გადაეწყვიტათ. ამის გაკეთება ძნელი არ ყოფილა, იმიტომ რომ ყალმუხური კანონები არც ბუნებრივ და არც დადებით ჭეშმარიტებებზე არაა დაფუძნებული. «ადამიანთა მოქმედებები ადათებიდან ამოღებული წესების მიხედვით განიხილება, რომელთაგან უმეტესი ნაწილი არმოხმარების გამო მოსპობილია, მაგრამ მოსამართლეებს, დადებითი კანონების უკმარისობის, და ყველაზე ხშირად კი მიკერძობის გამოც, მოჰყავდათ ადათი, რომელზეც ამ ხალხში საბედისწერო განსაზღვრებაა დაფუძნებული. ყველანაირი ბოროტმოქმედება და თვით მკვლელობაც კი, საქონლით, აბჯრითა და ნივთებით გადახდევინებით ისჯება, რომლებითაც ყველაფერი შეიძლება გამოისყიდო. ხოლო თუ ვინმეს არ შეუძლია ქურდობისთვის გადაიხადოს, მაშინ არა მხოლოდ თავად ქურდს, არამედ მის ცოლსაც და შვილებსაც, მათი ყოველგვარი ბრალეულობისა და ქურდობაში მონაწილეობის გარეშე, გაქურდულს მუდმივ მონობაში აძლევენ» (Письмо канцлеру пристава при калмыкскомъ народе Страхова 20-го ноября 1802 г., № 558. А. М. И. Д. П., 1802 г. № 1).

ასეთი სახით წარმოუდგა ყალმუხი ხალხის მდგომარეობა თავად ციციანოვს, როცა იგი გეორგიევსკში ჩამოვიდა. ეს მდგომარეობა, რომელიც უკიდურესად სამწუხარო გახლდათ, მმართველობის საერთო სისტემის გარდაქმნასა და ბოროტად გამოყენებათა შეზღუდვას მოითხოვდა. პირველი შემთხვევისთვის აუცილებლად მიიჩნეოდა ყალმუხები მიწით უზრუნველეყოთ, და ამ მიზნით მიწის მზომელები იქნენ გაგზავნილნი, რომელთაც მოვალეობად დაეკისრათ ასტრახანისა და სარატოვის გუბერნიებში იმ მიწების რიცხვი, რომლებიც ქალაქებს, სოფლებს, ხუტორებს, ბაღებს, ვატაგებსა და სხვა დაწესებულებებს ნამდვილად ეკუთვნოდა, ცნობილობაში მოეყვანათ. მთელი ასეთი მიწები, რომლებიც მდინარე ვოლგას ებჯინებოდა და ასტრახანიდან ყიზლარში გამავალი გზით იყო შემოსაზღვრული, საერთო ხაზით გამოეყოთ და მათი საზღვარი სტეპისგან, რომელიც ყალმუხებისთვის სამომთაბარეო (სივრცეს) შეადგენდა, ამით მოენიშნათ. საქონლის გარეკვისთვის ივარაუდებოდა ვოლგაზე სხვადასხვა ადგილებში ხუთ-ხუთი ვერსის და მეტი სიგანის მიწები გამოეყოთ, და ისინი ყალმუხებისთვის სარგებლობაში მიეცათ. მათსავე განკარგულებაში უნდა შესულიყო მდინარის ნაპირის რაღაც სივრცე თევზის ჭერისთვის და სახელდობრ: მდინარე ვოლგის მინდვრიანი ნაპირის ნაწილი მდინარე უზენეიმდე და მოჩაგამდე, ზღვისა და ვოლგის ყურეების გარკვეული ნაწილის გამოყოფით. სხვადასხვაგვარმა სიძნელეებმა*, რომლებიც განცალკევებისას შეხვდათ, საქმე გააჭიანურა, და მთელი მიწები და მათზე მფლობელობის უფლება ცნობილობაში მხოლოდ 1804 წლის ბოლოს იქნა მოყვნილი (*ამ მრავალრიცხოვანი სიძნელეების შესახებ იხ. Акты Кавк. Археогр. Комиссiи, т. II, №№ 1984 и 1986).

მეორეს მხრივ, რათა ყალმუხების საზოგადოებრივი მდგომარეობა გაეუმჯობესებინათ, ნავარაუდევი იყო «ზარგოს» შემადგენლობა შეეცვალათ და ის ასტრახანში გადმოყვანით ერთ ადგილზე დაესვათ, რათა მუდმივად იქ ყოფილიყო. აუცილებლად იქნა მიჩნეული დაედგინათ, რომ თითოეულ ხორულში (მონასტერში) არაუმეტეს 50 გელიუნის (მღვდლის), 25 გეცულის (დიაკვნის) და 50 მანჯიკისა (სარწმუნოების მოწაფისა) ყოფილიყო; წესად დაედგინათ, რომ ზეშტატიან სასულიერო წოდებას საზოგადოებრივი ვალდებულებები მთელი დანარჩენი ხალხის თანაბრად ეკისრა; რომ სამი ვაჟიშვილიდან ერთის სასულიერო წოდებაში მიძღვნის ადათი მოესპოთ, მით უმეტეს, რომ ის ხალხის გამრავლებას ეწინააღმდეგებოდა, რადგანაც მთელი სასულიერო წოდება ვალდებული გახლდათ უქორწინებელი დარჩენილიყო; დაედგინათ, რომ ლამას, პრისტავის თანხმობის გარეშე, სასულიერო წოდებაში ვერავის ხელდასხმა ვერ გაებედა; აეკრძალათ მფლობელებისთვის თავიანთი ძალაუფლების ქვეშ მყოფნი შაბინერებად მიეცათ, ხოლო თარხანთა წოდება კი სრულებით მოესპოთ.

ამ გარდაქმნების აუცილებლობა ხალხის მიერაც იყო შეგნებული, რომელსაც უზარმაზარი რიცხვის სასულიერო წოდებისა და პრივილეგირებულ წოდებათა შენახვა სიმძიმედ აწვებოდა, მაგრამ არც ხმა ჰქონდა და არც ძალა, რათა თავისი მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის რაიმე ეღონა. «ყალმუხი ხალხი, მოახსენებდა სტრახოვი თავად ციციანოვს (Въ рапорте отъ 29-го ноября 1802 г. № 641), თქვენი ბრწყინვალების მფარველობისგან დაცვასა და კეთილდღეობას მოელის, და მის თანაბრად ამის შესახებ გულმოდგინე შუამდგომლობისადმი მოწყალე ყურადღებასაც».

ასეთი თხოვნისა და მთავარმათებლის სრული სურვილის მიუხედავად, ყალმუხების მდგომარეობა ისეთი იყო, რომ მისი გაუმჯობესება კალმის ერთი მოსმით შეუძლებელი გახლდათ. რათა სასურველისთვის მიეღწიათ, აუცილებელი იყო მათ მმართველობაში ძირეული გარდაქმნების მოხდენა და ამასთანავე ეს მათ ზნე-ჩვეულებებთან, ადათებთან, ხასიათთან და ჩვევებთან კავშირში უნდა ყოფილიყო. კავკასიის ხაზზე თავისი ყოფნის მოკლე დროში თავად ციციანოვს ყალმუხების მდგომარეობის შემსუბუქება მხოლოდ კერძო ბოროტად გამოყენებათა და ზედმეტი ხარკის (გადასახადების) მოსპობით შეეძლო. ისარგებლა რა ყალმუხების მეფისნაცვლის ჩუჩეი-ტაიში-ტუნდუტოვის სიკვდილით, მთავარმართებელმა სთხოვა იმპერატორს ყალმუხების მეფისნაცვლის წოდება საერთოდ მოესპო, იმ მიზნით, რომ თითოეული ურდო ცალკე და დამოუკიდებლად ყოფილიყო მართული. საერთოდ კი მას აუცილებლად მიაჩნდა მართვის სისტემა შეეცვალა, როგორც მომთაბარე ხალხების, ისე ყაბარდოელებისაც, რომლებიც რუსეთისადმი დამოკიდებულებაში იმყოფებოდნენ.

უკანასკნელთა მტაცებლობამ ჩვენს ფარგლებში წაახალისა თავადი ციციანოვი მიეღო ზომები მის მოსასპობად. მალევე გეორგიევსკში თავისი ჩამოსვლის შემდეგ, მან გადაწყვიტა აეგო სიმაგრე მჟავე წყლების წყაროს მახლობლად (близъ источрика кислыхъ водъ), რომელსაც შემდგომში «კისლოვოდსკი» დაერქვა. სიმაგრის აშენებისთვის არჩეული ადგილი მდინარე ყუბანისკენ ყველა საურმე გზის თავმოყრის ადგილზე იმყოფებოდა, რომლებიც სიმაგრის მიწაყრილის მახლობლობაში ერთდებოდნენ. შემდეგ მდინარე ყუბანის აქეთ მხოლოდ ცხენზე ამხედრებულად შეიძლებოდა გადმოსულიყვნენ, დატოვებდნენ რა ქონებას ყაბარდოს შიგნით.

როგორც კი ყაბარდოელებმა სიმაგრის აშენების შესახებ შეიტყვეს, მათ მთელი მისი მნიშვნელობა გაიგეს და მაშინვე თავად ციციანოვთან სახნავ-სათეს და საძოვარ მიწებში მათი შევიწროვების შესახებ საჩივრით გამოცხადდნენ. ხალხის თავკაცები ამასთან მთავარმართებელს უცხადებდნენ, რომ ისინი მოხელეთა და კაზაკების მიერ შევიწროვებისგან მეტად ბევრს განიცდიან. ყაბარდოელი ხალხის წარმომადგენლები ამბობდნენ, რომ რუსი მოხელეები ქრთამებს იღებენ და მათ ავიწროვებენ; რომ მათი ძალაუფლების ქვეშ მყოფნი და მათი მონები, რომლებიც თავიანთი მფლობელებისგან ჩვენს საზღვრებში ან სიმაგრეებში გამორბიან, იქ რჩებიან და მათთან უკან აღარ ბრუნდებიან; რომ მათგან ბევრ მუშა საქონელს მოითხოვენ, ხოლო ბებერი და სამუშაოდ გამოუსადეგარი საქონლისთვის კი საგანგებო ბაჟს იღებენ, რომელიც თამქის სახელითაა ცნობილი; რომ პოსტებზე მყოფი კაზაკები ყაბარდოელ მწყემსებს წყენას აყენებენ, ხოლო მდინარე მალკის ქვემოთ ყაბარდოელთა მგზავრობისას კი მათ ძარცვავენ და კლავენ.

თუ ყაბარდოელების პრეტენზია კისლოვოდსკის სიმაგრის მშენებლობით მათ შევიწროვებაზე არ შეიძლებოდა დაკმაყოფილებული და საფუძვლიანად მიჩნეული ყოფილიყო, მათ განცხადებას დანარჩენი პუნქტების მიხედვით სიმართლის მნიშვნელოვანი წილი გააჩნდა. ასე აღმოჩნდა, რომ ხიდი მდინარე მალკაზე ძველ ეკატერინოგრადთან, გამოსყიდვის სახით, ხაზინაში ყოველგვარი გადახდის გარეშე, კერძო პირის ხელში იქნა მიცემული, რომელიც, ააშენა რა ხიდი, მასზე მგზავრობისთვის თვითნებურ ბაჟს იღებდა, ყაბარდოელთაგან ცხვრების თითოეული ფარიდან ორ ცხვარს. დიდი ყაბარდოს თავადები, რომლებიც მცირე ყაბარდოს თავადებს მტრობდნენ და შედარებით მეტი სახსრებიც გააჩნდათ, უკანასკნელებს ავიწროვებდნენ, მცირე ყაბარდოს მფლობელების კუთვნილებაში მყოფ უზდენებს რყვნიდნენ და ისინი მათი მორჩილებიდან გამოჰყავდათ. მეორეს მხრივ, რუს მოხელეებს ფულის გულისთვის ასევე დიდი ყაბარდოს თავადების მხარე ეჭირათ, რუსეთისადმი ერთგულ პირებს საკმარისად არ არჩევდნენ, და მათ არა მარტო მხარს არ უჭერდნენ, არამედ არცთუ იშვიათად კიდეც ავიწროვებდნენ. ასეთი მფლობელები, რუსეთისადმი მათი ერთგულების ჯილდოდ, თავიანთი ერთმორწმუნეებისგან ზიზღსა და ხალხის უპატივცემულობას ღებულობდნენ, სუსტები და რუსი მოხელეებისგანაც აბუჩად აგდებულები იყვნენ.

ის თავადები კი, რომლებიც მდიდრები გახლდნენ, მტაცებლობას არა მხოლოდ დაუსჯელად მისდევდნენ, არამედ, პრისტავების შუამდგომლობით, ჩვენი მთავრობისგან კიდევ ჯამაგირსაც ღებულობდნენ.

«ყაბარდოელებზე, მოახსენებდა შემდგომში გენერალ-მაიორი დელპოცო (Дельпоццо) (Князю Цицiанову 5-го апреля 1805 г., № 39), ძალაუფლება ჰქონდა ყველას, ვისაც კი მხოლოდ მათი უფროსობა უნდოდა, და ამასთან ყველა ავიწროვებდა და ძარცვავდა; სამართლიან თხოვნებში კი მათი არანაირი დაკმაყოფილება არ მოუხდენიათ». მართალია, ამ ხალხის მტაცებლური ცხოვრების წესი იყო ბევრი ეჭვის მიზეზი და ხშირად იძლეოდა შემთხვევას, რომ ყაბარდოელები ძალადობასა და ძარცვა-რბევაში დაედანაშაულებიათ, მაგრამ სამართლიანია ისიც, რომ ჩვენი ხელისუფლებისა და თავად მოსახლეთა მხრიდანაც კი დაშვებულ იქნა ბევრი ბოროტად გამოყენება და ყაბარდოელი ხალხის უსამართლოდ შევიწროვება. თუ, ხდებოდა, რომ რომელიმე მოსახლეს ღამით ეზოდან რამდენიმე თავ პირუტყვს გაურეკავდნენ, ამაში ყაბარდოელებს დაადანაშაულებდნენ, თვით იმ შემთხვევაშიც კი, როცა ნაპოვნი კვალი უდაოდ ამტკიცებდა, რომ მოპარული საქონელი ჩვენი საზღვრების შიგნითაა გარეკილი. საკმარისი იყო კავკასიის ხაზზე მოსახლეს ეთქვა, რომ ის ყაბარდოელების მიერაა გაძარცვული და მისდამი მიყენებული ზარალის რაოდენობაზე განეცხადებია, რომ კავკასიის ხაზის უფროსობას, ყოველგვარი შემოწმებისა და დარწმუნების გარეშე, ყაბარდოელთაგან დაკმაყოფილება მოეთხოვა.

ამგვარი ქცევები მთავარმართებლის მხრიდან ენერგიულ პროტესტს იწვევდა. თავადმა ციციანოვმა ბრძანა კავკასიის გუბერნიის მცხოვრებთა შორის გამოექვეყნებიათ, რომ ქონების მოტაცების შემდეგ მაშინვე ამის შესახებ უახლოეს სამხედრო პოსტზე და კაპიტან-ისპრავნიკებისთვის ეცნობებიათ, რომლებიც ვალდებულნი იყვნენ საერო პოლიციის სამმართველოში გაძარცვული იმაზე დაეფიცებიათ, რომ მის მიერ ნაჩვენები დანაკარგი სამართლიანია. შემდეგ კაპიტან-ისპრავნიკი ახდენს საერთო ჩხრეკას და ადგილზე იკვლევს, ხომ არ მოხდა გატაცება თავად მომჩივანის შეცდომის ან უდარდელობის გამო, რომელიც მხოლოდ თავისი უდანაშაულობის შემთხვევაში ღებულობს დაკმაყოფილებას.

მტაცებლური თავდასხმების შესაძლებლობის თავიდან ასაცილებლად კი, მცხოვრებთ ებრძანათ საველე სამუშოებზე, თუ მთელი სოფლით არა, არანაკლებ მისი ნახევრით მაინც გასულიყვნენ და შეიარაღებულიც ყოფილიყვნენ; სოფლებისთვის თხრილები და მიწაყრილები შემოევლოთ, რომლებზედაც მესრებს დააყენებდნენ ან ეკლიან ბუჩქებს დარგავდნენ, ეცდებოდნენ რა ისინი ადამიანის სიმაღლემდე და რაც შეიძლებოდა ხშირი გაეზარდათ; თითოეულ პატრონს სახლში სამ-სამი «ყველაზე უფრო ავი ძაღლი» ჰყოლოდა, რომლებსაც დღისით დააბამდნენ, ღამით კი აუშვებდნენ (Предписанiе князя Цицiанова кавказскому губернатору, 9-го мая 1805 года, № 309).

ახდენდა რა ყველა ამ განკარგულებას, თავად ციციანოვს იმის იმედი არ ჰქონდა, რომ ისინი ზუსტად იქნებოდა შესრულებული და რომ მხარის მდგომარეობა ბევრ რამეში შეიცვლებოდა. ბოროტად გამოყენებებს კავკასიის ხაზის მაშინდელი მმართველობის სისტემაში ძლიერად ჰქონდათ ფესვები გადგმული და ბევრი ძალისხმევა იყო საჭირო, რათა ყველაფერი სათანადო წესრიგში მოეყვანათ. ხაზი, წერდა თავადი ციციანოვი გრაფ კოჩუბეის (Отъ 8-го января 1803 г. Арх. Мин. Внутр. Делъ, дела Грузiи, ч. VIII, 15), დიდი ხნიდან უფროსების მიერ კ არ იმართებოდა, არამედ მათი კანცელარიების მიერ, და აქედან ამომდინარე გაურკვეველი ჯამაგირი მოხელეების, რომლებიც გარს ერტყნენ უფროსს, იყო საბაბი იმისა, რომ ის შრომის მიხედვით კი არ დაერიგებიათ, არამედ ამ უფროსის მედროვეთა მიმართ მიკერძოების მიხედვით. ზუსტად ასევე ვნახე მეც, რომ მაიორის ჩინის მდივანი 5.100 მანეთის თანხიდან ცხრაას მანეთს ღებულობდა, მწერლები კი ფეხსაცმლის გარეშე იყვნენ; იმავე თანხიდან კანცელარიის ხარჯები ისე დიდია, რომ დარწმუნებული ვარ, თქვენი ბრწყინვალების კანცელარიაშიც ამდენი არ იხარჯება; მაგალითად, თვეში 12 შეკვრა ქაღალდი და 10 გირვანქა ლუქი იხარჯება. შემდეგ ხაზინადარის თანამდებობას მდივანი ასრულებდა, რომელსაც უიმისოდაც მრავალი საქმე ჰქონდა, და ამ მიზეზებით, აუცილებლად მივიჩნიე ეს თანხა ნათელი გამეხადა, იმისთვის, რათა ჩემს ადგილზე მოსული ისევე, როგორც მეც, თავის ჟინსა და ახირებებში იქნას შეზღუდული.

სავსებით მოვემზადე რა საქართველოში გამგზავრებისთვის, მხოლოდ პასუხს ველოდები დედოფლისგან (დარეჯანისგან). გულახდილად უნდა ვთქვა, რომ სამოქალაქო ადმინისტრაცია იმ მხარეში ახლად შემოერთებული მიწა-წყლის მაცხოვრებელთათვის წესრიგის შესახებ კეთილი იმედის შეგონებას არ შეესაბამება; სამოქალაქო ხელისუფლება სამხედრო ხელისუფლებასთან ჩემს ხელქვეით გაყოფილია, და მუდმივი დავა-კამათები მათ შორის ერთის საქმიანობასაც აჩერებს და მეორისაც. ლაზარევის გაუთავებელი საჩივრები კოვალენსკიზე, და უფრო მეტად კი ამ უკანასკნლისა პირველზე, ბევრ დროს მართმევს მათ შესარიგებლად და, როგორც მეჩვენება, ჩემს იქ ჩასვლამდე (ბოროტება ?) ვერ შეიძლება აღკვეთილ იქნას».

თარგმნა ირაკლი ხართიშვილმა

Sunday, November 6, 2016

ნიკოლოზ დუბროვინი – კავკასიაში ომისა და რუსების მფლობელობის ისტორია – ტომი III

(ნაწილი IX) 

თავი XXIV 

(მღელვარებანი საქართველოში და მათში სამეფო სახლის წევრთა მონაწილეობა.)

განა შეიძლება ბრალს ვდებდეთ ქართველებს, რომლებსაც, როგორც ჩვენ ვნახეთ, მეტად თავისებური ზნე-ჩვეულებები და წესრიგი ჰქონდათ, ბრალს ვდებდეთ იმაში, რომ ისინი მიეჩვივნენ უყურებდნენ, მაგალითად, თავიანთ მეფეს თავიანთი განსაკუთრებული, მხოლოდ მათთვის დამახასიათებელი თვალით, რომ მათ არ ესმოდათ ჩვენი მმართველობისა, ჩვენი სამართალწარმოების წესრიგისა? ხალხისთვის უცხო იყო ის ადმინისტრაციული ზომები, რომლებიც კარგი იყო ველიკორუსული გუბერნიებისთვის. ეჭვი არ არის იმაში, რომ საქართველოს თვითმმართველობაში არანაკლები ბოროტადგამოყენებანი არსებობდა, ვიდრე ისინი უმაღლესმა მთავრობამ (რუსულმა – ი. ხ.) დაუშვა; რომ მეფეთა და თავადების თვითნებობა ხალხს მძიმე ჩაგვრად აწვებოდა; მაგრამ ეს თვითნებობა ხალხის ხასიათიდან ამოვიდა, წეს-ჩვეულებებითა (ადათებით) და საუკუნოვანი სიძველით იყო ნაკურთხი, რომელმაც ის საქართველოს პოლიტიკურ სხეულთან შეაუღლა (შეზარდა). უმაღლესმა მთავრობამ კი, თავისი მმართველობის პირველი დღეებიდანვე, ხალხური წეს-ჩვეულებანი დაარღვია და ამით მრავალი უკმაყოფილო და განაწყენებული (დაჩაგრული) წარმოშვა. ქართველები ძველ წესრიგს იცავდნენ, ჩვენი მთავრობა კი ახლისადმი დამორჩილებას მოითხოვდა. ამის გამო, სულ დასაწყისიდანვე, თითქმის მანიფესტის გამოცხადების დღიდან, გაუგებრობანი და ხალხის მიერ უკმაყოფილების გამოთქმა დაიწყო. ბოროტად გამოყენებანი კი, რომლებიც მხარის ადმინისტრაციაში შეიპარა, უწესრიგობებისა და ადამიანთა გონების დუღილისათვის ახალ საბაბს იძლეოდა.

კახეთის მცხოვრებნი სასამართლოებს არ ემორჩილებოდნენ, სურდათ რუსული მმართველობა ჩამოეცილებინათ და შეთანხმდნენ საკუთარი თავი თვითონ ემართათ. ბევრი თავადი ერევანშიც კი წავიდა, იქ მყოფ ალექსანდრე ბატონიშვილთან. ქართლში «საქმეები ასეთივე ფეხზეა», მოახსენებდა ლაზარევი. თათრები, რომლებისთვისაც მათთან სამხედროების დგომა უჩვეულო იყო, უკმაყოფილონი იყვნენ იმით, რომ მათთან ჯარებია განლაგებული, აპირებდნენ გაქცეულიყვნენ და საქართველოს საზღვრებს გასცლოდნენ. მომთაბარე ხალხი ყაზახები, მაჰმადიანური რჯულისა, მათთვის მოურავის შეცვლის სურვილის გამო ჩვენი მთავრობის უკმაყოფილონი იყვნენ.

საკუთარ თავზე საქართველოს მეფის ძალაუფლების ცნობის დროიდან, ყაზახები ყოველთვის თავად ჭავჭავაძეთა საგვარეულოდან დანიშნული მოურავების მიერ იმართებოდნენ (*). შეიტყვეს რა ჯერ კიდევ გიორგი XII-ის სიცოცხლეში, რომ მათი მართვა სხვა პირს უნდათ ჩააბარონ, მათ მაშინვე გამოაცხადეს, რომ არ დარჩებიან საქართველოს ველებზე და მომთაბარეობისათვის საზღვარგარეთ წავლენ.

(*ყაზახები საქართველოში ყველაზე უფრო ძველი დროიდან მომთაბარეობდნენ, ჯერ კიდევ შაჰ-აბას დიდამდეც. ამ ხალხის საქართველოში დასახლების დროის განსაზღვრა ძნელია. ისინი საქართველოს მეფეებს უხდიდნენ ხარკს და მათ სამართავად, მათ საკუთარ თავკაცებზე ზევით, ქართველი თავადები ინიშნებოდნენ. ნადირ-შაჰმა ყაზახები ერეკლე II-ს მუდმივ მფლობელობაში მისცა, ხოლო მან კი მათი მართვა თავად ჭავჭავაძეთა საგვარეულოს ჩააბარა. 

იმყოფებოდა რა გასული ასწლეულის ბოლოს პეტერბურგში, თავადმა ჭავჭავაძემ მიიღო ცნობები, რომ ყაზახები მომთაბარეობისთვის სპარსეთში წავიდნენ, და ამის კვალდაკვალ შემდეგ წერილიც ერეკლესგან, რომელიც მოითხოვდა, რომ იგი ტფილისში ჩამოსულიყო. ჩვენი მთავრობის ნებართვით, თავადი ჭავჭავაძე ჯერ საქართველოში გაემგზავრა, ხოლო შემდეგ კი სპარსეთშიც, დაიყოლია ყაზახები დაბრუნებულიყვნენ და უწინდელ ადგილებზეც ისინი თავად მოიყვანა. მისცა რა /მათი/ მმართველობა თავის ძეს, იგი ისევ პეტერბურგში დაბრუნდა. იხ. Арх. Мин. Внутр. Делъ, дела Грузiи, ч. II, 199.) 

სწორედ იგივე იყო ახლაც. საქართველოს მმართველმა, რომელსაც სურდა პირადი ურთიერთობების გამო თავადი ჭავჭავაძე ყაზახების მართვისგან ჩამოეცილებინა, ხალხის თავკაცებს თავისთან მოწოდა და აიძულებდა მათ, რომ თავიანთ მოურავზე უკმაყოფილება გამოეთქვათ. ყაზახებმა ასეთი მოთხოვნის შესრულებაზე უარი განაცხადეს და თავად ჭავჭავაძის მმართველობის ქვეშ მათი დატოვების შესახებ თხოვნაც წარადგინეს, ჰპირდებოდნენ რა, წინააღმდეგ შემთხვევაში, საქართველოდან წასულიყვნენ (Докладная записка Лошкарева вице-канцлеру, 9-го iюля 1802 г. – Прошенiе кн. Чавчавадзе Государю Императору, въ iюле 1802 г. Арх. Мин. Внутр. Делъ, дела Грузiи, ч. II, 199 и 200).

მმართველის (კოვალენსკის – ი. ხ.) თვითნებური, არაფრით არ დასაბუთებული მოქმედებები უკმაყოფილოთა რიცხვს ზრდიდა. ტფილისელმა ვაჭრებმა უარი თქვეს ხარკის (გადასახადების) გადახდაზე და, კნორინგის გეორგიევსკში გამომგზავრების დღეს, ყველა სავაჭრო დაკეტეს. გრაფი მუსინ-პუშკინი სწერდა ლაზარევს, სთხოვდა რა მას წესრიგის აღსადგენად ბანაკიდან ტფილისში დაბრუნება ეჩქარა. გრაფი უმატებდა, რომ ამის შესახებ სთხოვს მას ბევრი პირი უპირველესი თავადური გვარებიდან. მოვიდა რა საქართველოს დედაქალაქში, ლაზარევმა დაინახა, რომ სამეფო საგვარეულო «არის პირველი ზამბარა მთელი მღელვარებებისა».

რუსეთისადმი ერთგულ პირებს ავიწროვებდნენ; ქალაქში ხალხი ღელავდა. დარეჯან დედოფალმა კაცი გაგზავნა ერევანში თავის ძესთან ალექსანდრესთან ახალი კაბითა და 1.000 მანეთი ფულით. ვახტანგ ბატონიშვილმა, რომელიც დუშეთში იმყოფებოდა, თავისი ძალაუფლების ქვეშ მყოფთ აუკრძალა დუშეთის ისპრავნიკს დამორჩილებოდნენ. ფარნაოზი იმერეთიდან იწერებოდა, რომ ლეკების, იმერლებისა და თურქების მნიშვნელოვანი ჯარებით მალე საქართველოში ჩამოვა. იგი ხალხს იწვევდა მას შეერთებოდნენ. დავით ბატონიშვილს, სპილენძის ქარხნის მოწყობის საბაბით, განზრახული ჰქონდა თავისი მომხრეები მუშების მოკრძალებული სახელის ქვეშ შეეკრიბა. თავის განზრახვათა უფრო მოხერხებულად აღსრულებისთვის, იგი აპირებდა ტფილისი დაეტოვებინა და ბორჩალოში გამგზავრებულიყო, სადაც ვითომდა უკვე სპილენძის მადნის საბადოები მოიძია. ყოველგვარი ეჭვის თავიდან აცილებისთვის, იგი გრაფ მუსინ-პუშკინს სწერდა, მას აზრსა და რჩევებს ეკითხებოდა, მაგრამ უკანასკნელი თავიდან პასუხს აყოვნებდა, ხოლო შემდეგ კი ურჩევდა ეს ძიებანი მიეტოვებინა. მაშინ დავითი მთებზე გადავლით ბორჩალოს თათრებთან გაეშურა, იქ უკეთესი ჰაერისა და თავისი შერყეული ჯანმრთელობის მომჯობინების საბაბით, არსებითად კი თავისი ბიძებისა და ძმების დასახმარებლად, რომლებსაც კიდეც შეუერთდა.

კათოლიკოსი ბატონიშვილი ანტონი, თუმცა კი იყო «უჩვეულოდ მძიმე აგებულების (წყობის, сложенiе) ადამიანი, მაგრამ ამასთან ერთად არცთუ უკანასკნელი მოქმედი პირი დარეჯან დედოფალთან ერთად» (Рапортъ Соколова кн. Куракину отъ 20-го сентября 1802 г. Арх. Мин. Иностр. Делъ).

იყო რა ყველა ჩანაფიქრის მოთავე, დარეჯან დედოფალი თავი მომხრეებს ამხნევებდა, და პირიქით ყოველგვარი ხმებითა და მუქარებით იმ პირებს აშინებდა, რომლებიც რუსეთისადმი იყვნენ ერთგულნი. ენერგიული და ინტრიგებში დახელოვნებული ქალი თავისი მიზნების მიღწევისთვის საშუალებების არჩევაში არ მორცხვობდა.

დარეჯანმა რამდენჯერმე მიაგზავნა თავისი მომხრეები სარდალ თავად ორბელიანთან, თავის მხარეზე მისი გადაყვანის მიზნით. იგი ცდილობდა მისთვის დაემტკიცებინა, რომ რუსებმა იგი (თავადი ორბელიანი) სრულიად გაძარცვეს, სარდლისა და სახლთუხუცესის წოდება ჩამოართვეს. დედოფალი კითხულობდა: სად არის მისი სოფლები? სიმდიდრე? – და, მიუთითებდა რა იმაზე, რომ ისინი ვითომდა რუსების მიერაა ჩამორთმეული, ჰპირდებოდა მისთვის ყველაფერი დაებრუნებია, თუ ეს უკანასკნელი მისი პარტიის მომხრე გახდებოდა. ორბელიანი წერილობით დაპირებას მოითხოვდა. დარეჯანი ამის აღსრულებას მხოლოდ მაშინ თანხმდებოდა, როცა ორბელიანი მას ერთგულებას შეჰფიცებდა. ყოფილმა სარდალმა უარი თქვა ასეთი სურვილი აღესრულებია, და დედოფალმაც უარით უპასუხა თავისი დაპირებანი ქაღალდზე გადმოეცა.

მარიამ დედოფალი, რომელიც ამ დრომდე დავით ბატონიშვილთან, თავის გერთან, ნაჩხუბრი გახლდათ, ახლა შეურიგდა და მასთან ხშირი სტუმრობა დაიწყო.

ყაზახელმა აღალარებმა ალექსანდრეს წერილი მიიღეს. ლაპარაკობდა რა საქართველოში ჯარებით თავისი მალე შემოსვლის შესახებ, ბატონიშვილი სთხოვდა მათ ამისა არ შეშინებოდათ. ალექსანდრე არწმუნებდა, რომ მოდის სულაც არა იმიტომ, რომ ქვეყანა ააოხროს, არამედ ერთადერთი მიზნით, რომ რუსები საქართველოდან განდევნოს. ზოგიერთი აღალარი ბატონიშვილთან საჩუქრებითა და თავიანთი ერთგულების გამოხატვით გაემგზავრა. ბორჩალოს თათრები ყაზახელებს უყურებდნენ და ფიქრობდნენ მათი მაგალითისთვის მიებაძათ.

თეიმურაზი, რომელიც ამ დროს სურამში თავის სამფლობელოებში იმყოფებოდა, ხალხსა და თავადებს აღელვებდა (Рапортъ капитана Бартенева 29-го iюня 1802 г.). ბატონიშვილისადმი ერთგულმა თავადმა აბაშიძეებმა მიმოწერა დაიწყეს იმერლებთან და დახმარებას სთხოვდნენ.

– შენ ჩემთან სახლში რატომ არ შემოდიხარ, – ეკითხებოდა თეიმურაზი ხადირბეგიშვილს, – ჩანს რუსების ერთგული ხარ.

– ერთგული ვარ, – პასუხობდა ხადირბეგიშვილი, – იმიტომ რომ ფიცი მივიღე.

– ნუ, მე შემიძლია შენ კიდევ გირტყა, – შენიშნა თეიმურაზმა, – დავით ბატონიშვილს მოვახსენებ, და შენ დაგატყვევებენ. ნურც კაპიტნის (ე. ი. ბარტენევის) იმედი გექნება და ნურც რუსებისა; ოცი დღის შემდეგ რუსები აქ სულაც აღრ იქნებიან.

– სადაც რუსები იქნებიან, მეც იქ ვიქნები.

– მამაჩემმა სამეფო რუსებს მისცა, – ეუბნებოდა სამი დღის შემდეგ თეიმურაზი იმავე ხადირბეგიშვილს, – იმიტომ რომ სულელი იყო, მე კი მასზე ჭკვიანი ვარ და ყველა ციხესიმაგრეს დავეუფლები.

ეკლესიებში, იმავე ბატონიშვილის ბრძანებით, მსახურების დროს მას და მის ძმას დავითს მოიხსენიებდნენ. თავადი აბაშიძეები ახალციხის ფაშასთან და იმერლებთან მიმოწერას აგრძელებდნენ. 5 ივლისს, სურამის მცხოვრებმა ნიკოლოზ ჭუბაძემ დაასმინა, რომ თეიმურაზ ბატონიშვილმა მიიღო წერილები ტფილისიდან და იმერეთიდან. წაიკითხა რა წერილები, მან ისინი ლოგინის ქვეშ შეინახა და აბაშიძეს უთხრა, რომ ბამბაკში განლაგებული რუსების რაზმი სპარსელთა თავდსახმისგან იწვნევს, და თავისი უმნიშვნელობის გამო, რა თქმა უნდა, განადგურებულ იქნება.

თავადი აბაშიძე თავის მომხრეებთან ერთად ხმებს ავრცელებდა, რომ კნორინგი, ბრუნდებოდა რა გეორგიევსკში, მთიელების მიერ იქნა მოკლული და მასთან მყოფი კაზაკებიც ასევე დახოცილები არიან (Рапорты кап. Бартенева Симоновичу 29-го iюня и 2-го iюля. – Письмо ему же 5-го iюля. – Рапортъ Лазарева кн. Цицiанову 18-го февраля 1803 г. Акты Кавк. Археогр. Комм., т. I).

ეს ხმები მით უფრო სარწმუნო ჩანდა, რომ დუშეთში მცხოვრები ვახტანგ ბატონიშვილიც მათ ასევე ადასტურებდა. ამბობდნენ, რომ იგი გახლდათ იმ მოჩვენებითი უბედურების მიზეზი, რომელიც კნორინგს შეემთხვა.

– სამართლიანია თუ არა ეს ხმები? ეკითხებოდნენ ვახტანგს დუშეთის მოსამართლე და მაზრის ისპრავნიკი.

– მე ვვარაუდობ, რომ მე ერთს მაქვს ამის შესახებ ცნობა, – პასუხობდა ორაზროვნად ბატონიშვილი.

იცოდნენ რა თაგაურელთა ვერაგობა და ზნე-ჩვეულებანი, ქართველებს კნორინგს შემთხვეული უბედურების შესაძლებლობისა სჯეროდათ. მალევე ლაზარევმა შეიტყო წყარო, რომლისგანაც ასეთი ცნობები ამოდიოდა, და თავად საბაბიც მათი გახმაურებისთვის.

ძარცვებმა თაგაურის ხეობაში, ყაჩაღობამ და გამვლელებზე თავდასხმებმა აიძულეს კნორინგი, რათა თაგაურის ხალხის ერთერთი მთავარი თავკაცის, აჰმედ დუდარუკოს დასასჯელად ზომები მიეღო. მთავარსარდალმა უბრძანა კავკასიის გრენადერთა პოლკის ერთ ასეულს, ვლადიკავკაზის ციხესიმაგრეში განლაგებული ორი ასეულიდან ერთერთს, კავკასიონის მთების დეფილეს (ვიწრობის) შიგნით 25 ვერსით წინ გამოსულიყო, ისეთი ანგარიშით, რომ ასეულს შეძლებოდა მისთვის დანიშნულ ადგილზე 20 ივნისისათვის მოსულიყო, ე. ი. იმ დროისათვის, როცა თავად კნორინგი, საქართველოდან თავისი დაბრუნების დროს, იქვე კაზაკთა ბადრაგით მივიდოდა.

20 ივნისს რაზმები შეერთდნენ, და კნორინგი მაღალ მთაზე გაჩერდა. რაზმის საპირისპიროდ, ასევე ამაღლებულ ადგილას, დუდარუკო ახმეტოვის სოფელი იყო გაშლილი. მთავარსარდალმა დუდარუკო თავისთან ახსნა-განმარტებისთვის მოითხოვა. ახმეტოვმა ამაზე საპასუხოდ ქვის სამი სახლი თავდაცვისთის მოამზადა, რომლებშიც თავის თანამზრახველებთან ერთად ჩაჯდა. ასეული და 200 კაზაკი სოფელზე შეტევისთვის იქნენ გაგზავნილნი. თაგაურელები შემომტევებს თოფის ძლიერი ცეცხლით დახვდნენ. სოფელი დაიწვა, ბევრი სახლი დაინგრა და თავდაცვაში მყოფებსაც საფრთხე ემუქრებოდათ. დუდარუკომ ითხოვა შეტევა გაეჩერებინათ და ჰპირდებოდა ყველა მოთხოვნა შეესრულებინა. ოსების ექვსი თავკაცი თავდებად გამოვიდა და საკუთარ თავზე აიღო პასუხისმგებლობა იმაში, რომ დუდარუკო ძარცვას შეწყვეტდა და ყველაფერ მიტაცებულს დააბრუნებდა. თავის მხრივ დუდარუკომაც ამანათები მისცა.

კავკასიის ხაზის საქართველოსთან შეტყობინების უზრუნველყოფა ისეთი მნიშვნელოვანი იყო, რომ კნორინგმა, ამ წარმატების მიუხედავად, აგვისტოში თაგარეულებეთან წერილობითი პირობა დადო, რომლის მიხედვითაც მისცა მათ უფლება: 1) თაგაურის ათი საგვარეულოს წარმომადგენლებს, რომლებიც ბალთიდან დარიალამდე გასასვლელს ფლობდნენ, აეღოთ ბაჟი გზად მიმავალი ვაჭრებისგან, ქართველებისა და სომხებისგან; 2) თაგაურელთა სამფლობელოებში ჩვენს მიერ აგებული თითოეულის ხიდისთვის ვალდებულება იკისრა წელიწადში 10 მანეთი გადაეხადა; 3) დაპირდა მათ ყაბარდოელთაგან შევიწროვებისა და მათი თავდასხმებისგან უზრუნველყოფას; 4) თავისუფალი მგზავრობის ნება მიეცა თაგაურებისთვის მოზდოკსა და ტფილისში, სადაც დაპირდა მფარველობასა და უზრუნველყოფას შევიწროვებათაგან ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან (Условiе, подписанное Кноррингомъ 30-го августа 1802 г.).

ერთგულებისა და დადებული პირობების შენარჩუნების საწინდრად, მან აიყვანა ამანათი, რომლისთვისაც დაპირდა წელიწადში 120 მანეთი ჯამაგირი ეძლია.

ასეთი იყო სინამდვილეში კნორინგთან დაკავშირებული შემთხვევები, რომლებსაც საქართველოში თავიანთი არსით გადაასხვაფერებდნენ და შეცვლილი, ცრუ სახით ავრცელებდნენ.

ლაზარევი, ატყობინებდა რა კოვალენსკის ყველა მოარული ხმის შესახებ, სთხოვდა ბატონიშვილები მათი მამულებიდან ტფილისში გამოეძახა, და განსაკუთრებით კი თეიმურაზ ბატონიშვილი.

ვერ მიიღო რა თუმცა კი პასუხი, ლაზარევი თავად გაემგზავრა სურამში, რათა თავიდან ხმების სამართლიანობაში დარწმუნებულიყო, ხოლო შემდეგ კი, თუ ისინი ნამდვილად არსებობდა, მაშინ თავადი აბაშიძეები, როგორც ბატონიშვილის მთავარი თანამზრახველები, დაეპატიმრებინა.

13 ივლისს, სურამამდე არმისული, იგი თეიმურაზს შეხვდა, რომელიც გორში ბრუნდებოდა. ლაზარევი და ბატონიშვილი ცდილობდნენ ერთი-მეორისთვის დაესწროთ. თეიმურაზმა წინა დღეს მიიღო ცნობა ლაზარევის სურამში მალე ჩამოსვლის შესახებ, იმავე დღეს აპირებდა გორში გამომგზავრებულიყო, და ამით პაემანი თავიდან აეცილებინა. ლეკების საფრთხემ აიძულა იგი მეორე დილას გამომგზავრებულიყო, რაც მათი შეხვედრის მიზეზი შეიქნა. არ აუხსნეს რა ერთმანეთს თავიანთი მგზავრობის ნამდვილი მიზანი, თითოეული თავისი გზით გაემართა, თეიმურაზი ქ. გორში გამოემგზავრა, ლაზარევი კი – სურამში. აქ ლაზარევმა თავად აბაშიძეთაგან ერთერთს თავისთან მოუწოდა.

– რომელი მიზეზი, – ეკითხებოდა იგი თავადს, – გაიძულებთ თქვენ სჩადიოდეთ ისეთ საქციელს, რომელიც ხელმწიფე იმპერატორისადმი მიცემული ფიცის საწინააღმდეგოა? 

აბაშიძე პასუხობდა, რომ არანაირი დანაშაული თავის მიერ ჩადენილი მან არ იცის, და ყველაფერს უარობდა.

– და რატომ არ ემორჩილებით თქვენ სასამართლოს? ჰკითხა მას ლაზარევმა.

– იმიტომ რომ ჩვენ გლეხებთან ვართ გათანაბრებული, – პასუხობდა აბაშიძე.

ლაზარევმა ბრძანა თავადი აბაშიძე და ყველა მისი მომხრე დაეპატიმრებინათ. თეიმურაზ ბატონიშვილი კი დრომდე გორში დატოვებულ იქნა (Рапортъ Лазарева Кноррингу 18-го iюля 1802 г., № 355).

ასეთ უწესრიგობებს შორის, საქართველოს მდგომარეობა ლეკების გამაჩანაგებელი თავდასხმებისგან დღითი-დღე სულ უფრო გაძნელებული ხდებოდა. ამ შემთხვევაში არ შეიძლება არ დავეთანხმოთ ლაზარევს, რომელიც ვარაუდობდა, რომ ლეკების მხრიდან განსაკუთრებით ხშირი ძარცვები და შემოჭრანი სამეფო საგვარეულოს ხრიკებით ხდებოდა. ბატონიშვილებსა და დედოფლებს უნდოდათ ხალხისთვის ეჩვენებიათ, რომ, მთელი სიფხიზლისა და მის სიმშვიდეზე ზრუნვის მიუხედავად, რუსული მთავრობა ამაში მცირე რამეს თუ ახერხებს. ცდილობდნენ ხალხში უნდობლობა აღეგზნოთ და ეჩვენებიათ, რომ, შევიდა რა რუსეთის ქვეშევრდომობაში და ვერ შეიძინა რა სიმშვიდე, მან ბევრი რამ დაკარგა.

«...რათა უფრო სწრაფად, – წერდა ლაზარევი (Рапортъ Лазарева Кноррингу 20-го iюля 1802 г.), – და გაცილებით უფრო საგრძნობლად ხედავდნენ თავიანთ ღონისძიებაში წარმატებებს, ისინი ყველანაირად ცდილობენ სხვადასხვა ხმები გაავრცელონ, აქაური ქვეყნების მცხოვრებლებში ჩვენს წინააღმდეგ დრტვინვა გაამრავლონ, ცდილობენ რა ასევე ჩაუნერგონ მათ აზრი, თუ რამდენად არახელსაყრელია მათთვის ახლა დამყარებული რუსული მმართველობა».

იმერეთში გაქცეული ბატონიშვილები ძალზედ საჭიროებდნენ ვახტანგის თანადგომას (დახმარებას), რომელიც, იმყოფებოდა რა მთების მცხოვრებთა მეზობლობაში, მათ მთიელი ტომების ამბოხებითა და კავკასიის ხაზთან შეტყობინების შეწყვეტით უნდა დახმარებოდა.

დაიწყეს რა ურთიერთობა და მიმოწერა, მათ დაარწმუნეს ბატონიშვილი, რომ ლეკებისგან თავის დაცვის გარეგნული შესახედაობით, რომლებიც, თუმცა კი, მის სამფლობელოზე თავდასხმებს არასოდეს ახდენდნენ, შეიარაღებულთა ბრბო შეეკრიბა, თითქოსდა მათი მოგერიებისთვის ემზადებოდა. ვახტანგი თაგაურელებთან და ოსებთან მოლაპარაკებებს აწარმოებდა, რომლებიც იმ მთების ხეობებში ცხოვრობდნენ, რომლებზედაც რუსეთიდან საქართველოში მიმავალი გზა გადიოდა. იგი მათ ამბოხებისთვის იყოლიებდა (ითანხმებდა).

ქმედითმა მიმოწერამ სამეფო სახლის წევრებს შორის, რომლებიც საქართველოს სხვადასხვა პუნქტში და მის გარეთ დაესახლნენ, მთელი ქვეყანა ქსელივით მოიცვა და ერთი მიზანი – მხარეში რუსული მფლობელობის მოსპობა ჰქონდა. პირველ ხანებში მისი წარმატებები დამაკმაყოფილებელი იყო. ტფილისი, როგორც ინტრიგების ცენტრი, ღელავდა. ადვილად მორწმუნე ხალხმა ქალაქზე სწრაფი და ძლირი თავდასხმის შესახებ დაიჯერა. ამბობდნენ, რომ რუსები, შეიტყვეს რა მოწინააღმდეგის მნიშვნელოვანი ძალების შესახებ და არ შეუძლიათ რა მათთან ბრძოლა, უკანდახევას ფიქრობენ. ეს უკანდახევა, არაკეთილმოსურნეთა სიტყვებით, სწრაფი და დაჩქარებული უნდა იყოს, რადგანაც, მათი სიტყვებით, კავკასიის ხაზიდან დახმარების იმედი არ უნდა ჰქონოდათ, იმიტომ რომ მთებში მცხოვრები ხალხები, ვახტანგ ბატონიშვილის რჩევით, ყველანი აჯანყდნენ და, დაიკავეს რა გზები, გადაჭრეს გზა, რომლითაც რუსულ ჯარებს საქართველოში შემოსვლა შეეძლებოდათ. ხალხი დრტვინავდა, მხნეობას კარგავდა და ლეკების შემოჭრისგან მომავალ უბედურებებს გაზვიადებული სახით წარმოიდგენდა. დარეჯან დედოფლის ბრძანებით, ავლაბრის ხიდი იქნა დამწვარი და ტფილისის შემოგარენში რამდენიმე გასროლაც მოახდინეს. მათ თავიანთი მოქმედება იქონიეს და ხალხის შიში გაზარდეს, რომელმაც მოისმინა დილით, რომ თითქოს ეს ლეკების პარტია გახლდათ, რომელიც ქალაქში დაუსჯელად შემოდიოდა.

«აქაური თავადებიდან და აზნაურებიდან, – მოახსენებდა ლაზარევი (Рапортъ Лазарева Кноррингу 20-го iюля 1802 г.), – რომლებსაც ყველას მათდამი ერთგული თავიანთი რამდენიმე ქვეშევრდომი ჰყავთ, ჩვენდამი გულმოდგინე ყველაზე უფრო მცირე ნაწილი დარჩა; და მათგანაც ვინც ჩვენდამი ერთგული გვეჩვენება, უეჭველია, ისეთებიც მოიძებნებიან, რომლებიც ჩვენცა და მოწინააღმდეგე მხარესაც თანაბრად ერთგულობენ, და შემთხვევისდა მიხედვით იმ მხარეს მიუდგებიან, საითკენაც მათი შეხედულებით ყველაზე უფრო მომგებიანი იქნება. ყაზახები, ბორჩალოელები და საერთოდ თათრები ჩვენდამი მეტად არაერთგულნი არიან, და მათთვის სასურველი ცვლილებისას ხელიდან არ გაუშვებენ შემთხვევას ჩვენს წინააღმდეგ აშკარად გამოვიდნენ, რომლებსაც ასევე განჯის ხანიც შეუერთდება, რომელმაც თავისი არაკეთილმოსურნეობა აქამდეც გვიჩვენა. მე ვვარაუდობ, რომ ერევნის ხანიც უკეთესად მიიჩნევს მათ პარტიას მიუდგეს, თუმცა კი ახლა ჩანს, რომ მათთან არ თანამონაწილეობს...»

ასეთ მდგომარეობაში არ შეიძლებოდა ხალხი მხოლოდ სიტყვებით დაემშვიდებინათ, აუცილებელი იყო მისთვის ნამდვილი, ფაქტიური დაცვა ეჩვენებინათ და უწინარეს ყოვლისა კი ყოველგვარი შემოჭრების, მტაცებლობისა და ძარცვა-რბევისგენ დაეცვათ. საქართველოს საზღვრების დაცვა პირველი და ყველაზე უფრო არსებითი აუცილებლობა გახლდათ.

თუ საქართველოს საზღვარს მოივლიდით, ბამბაკის პროვინციის სოფლებში იქნებოდით, თათარ ხალხებს: ყაზახებსა და ბორჩალოელებს, შამშადილისა და შულავერის სოფლებს ესტუმრებოდით, რომლებიც განჯის ხანის სამფლობელოებს ემეზობლებოდნენ, არ შეიძლებოდა მცხოვრებთა საუბედურო მდგომარეობაში არ დარწმუნებულიყავით. ყველგან ნაყოფიერი მიწა გვხვდებოდა, მაგრამ სოფლები კი, მტაცებელთა გარედან შემოჭრებისა და შინაური კრამოლებისგან, უკიდურესად გაჩანაგებული იყო. იმ ნაწილმა, რომელიც განჯისა და ერევნის სახანოებს ესაზღვრებოდა, ყველაზე უფრო მეტი უბედურებები გადაიტანა. ბამბაკი და შამშადილი ჯარებით ყველაზე უფრო მეტ უზრუნველყოფას მოითხოვდნენ, როგორც თავისი მდებარეობის მნიშვნელოვნების გამო, ისე ყველაზე უფრო მეტად დარბეულ მცხოვრებთა დაცვისთვისაც.

პირველ პუნქტში მუშკეტერთა მხოლოდ ორი ასეული, ეგერთა ასეული და ერთი ქვემეხი იყო განლაგებული, შამშადილში კი ჯარები სრულებით არ ყოფილა. კნორინგმა, საქართველოში თავისი ყოფნის დროს, ბამბაკში პოსტი ეგერთა კიდევ ერთი ასეულითა და 80 კაზაკით გააძლიერა, და მთელი რაზმის მეთაურად ეგერთა 17-ე პოლკის პოლკოვნიკი კარიაგინი დანიშნა. შამშადილში მუშკეტერთა ერთი ასეული, ეგერთა რვა ასეული (რომლებიც ახალი შტატებით ერთი ბატალიონიდან იყვნენ ჩამოყალიბებულნი და დაკომპლექტებას მოელოდნენ), 70 კაზაკი და სამი ქვემეხი გაგზავნა, ეგერთა 17-ე პოლკის შეფის გენერალ-მაიორ ლაზარევის უფროსობით.

უზრუნველყო რა ასეთნაირად საქართველოს საზღვარი სპარსეთის მხრიდან, მისი დანარჩენი მხარეების დაცვა, აუცილებლობის და მიხედვით, კნორინგს უფრო მეტად ხელსაყრელ დრომდე უნდა გადაედო, ესე იგი, ჯარების გაზრდამდე, მათ დაკომპლექტებასა და პოლკების სამბატალიონიან შემადგენლობაში მოყვანამდე, უწინდელი ორბატალიონიანი შემადგენლობის ნაცვლად. კნორინგი საქართველოდან გაემგზავრა. ლაზარევი გარემოებებმა ტფილისში გამოიძახეს. მღელვარებანი მხარეში ჯარების ყოფნას სხვადასხვა პუნქტში მოითხოვდა, მათი ზემოთ მოყვანილი განლაგება კი მოუხერხებელი და მიზნისადმი შეუსაბამო აღმოჩნდა. ახლა საჭირო იყო ისინი ისე განელაგებიათ, რომ შესაძლებელი ყოფილიყო შინაურ მღელვარებათა მოსპობა, ლეკების შემოჭრისგან უზრუნველყოფა და სპარსეთის საზღვარზეც დაეყენებიათ, დაანახვებდნენ რა შაჰს, რომ მისი თავდასხმები საქართველოს წინააღმდეგ დაუსჯელი არ დარჩება, რომ რუსული ჯარები ყოველთვის მზად არიან მის დასახვედრად.

ბაბა-ხანის თავდასხმების შემთხვევაში, ლაზარევს მოვალეობად დაეკისრა მაშინვე შეეკრიბა რაზმი და ერევნის საზღვრისკენ დაძრულიყო, საქართველოს მმართველისგან კი მოეთხოვა, რათა მთელი მეომარი ხალხები, როგორებიც იყვნენ ქიზიყის (სიღნაღის), ყაზახისა და ბამბაკის მცხოვრებნი, ყველაზე უფრო მეტი რიცხვით ყოფილიყვნენ რაზმში გამოგზავნილნი.

საომარი მოქმედებები, ხალხის ახალ აოხრებათა თავიდან ასაცილებლად, ნაბრძანებ იქნა საქართველოს საზღვრებს გარეთ გადაეტანათ, და სპარსულ ჯარებს ერევნის ხანის სამფლობელოებში დახვედროდნენ. ეს უკანასკნელი ბრძანება უკიდურესად შივიწროვებულ მდგომარეობაში აყენებდა ლაზარევს, იმ მეტად უმნიშვნელო საბრძოლო ძალის დროს, რომელიც მის განკარგულებაში იმყოფებოდა.

საქართველოში იყვნენ პოლკები: კავკასიის გრენადერთა, ტფილისისა და ყაბარდოს მუშკეტერთა და ეგერთა 17-ე პოლკი. კავალერია დონის კაზაკთა ორი პოლკისგან შედგებოდა: ტარასოვ 2-ისა და შჩედროვ 2-ის პოლკებისგან. ქვეითი ჯარის მთელი რიცხვი 7.000 ადამიანამდე ადიოდა (თუმცა კი პოლკების არსებული შტატების მიხედვით, ქვეითი ჯარის რიცხოვნება 8.064 ადამიანემდე უნდა ასულიყო /გრენადერთა და მუშკეტერთა თითოეულ პოლკში შტატით 2.160 ადამიანი უნდა ყოფილიყო, ეგერთა პოლკში კი 1.584 ადამიანი/; მაგრამ პოლკები სრულად არ იყო დაკომპლექტებული. 1802 წ. 26 მარტს კნორინგი იმპერატორ ალექსანდრე I-ს მოახსენებდა, რომ საქართველოში განლაგებულ ჯარებს, «ძნელ ფრიალო კლდეებზე, ჩქერებსა და ტყეებში» მტაცებელთა მეტად ხშირი ძიებითა და დევნით, ფეხსაცმელი ვადაზე ადრე უცვდებათ, და ამიტომ სთხოვდა კიდეც, «უბრძანეთ კომისარიატს თუნდაც საქართველოში მყოფი ნახევარი რიცხვის ჯარებისთვის, ესე იგი, 3.500 ადამიანზე ყოველწლიურად ჩემს განკარგულებაში ნატურით თითო წყვილი ჩექმები გამოგზავნოს», სხვა ჯარებისთვის დაგზავნილზე ზევით /См. Арх. Мин. Внут. Делъ, дела Грузiи, ч. II, 34/. კნორინგის შუამდგომლობა დამტკიცებულ იქნა /см. П. С. З./, და კავკასიის ჯარები ამ უპირატესობით მეტად დიდხანს სარგებლობდნენ. ამრიგად, კნორინგმა თავად განსაზღვრა ქვეითი ჯარის რიცხვი 7.000 ადამიანით. ეჭვი არ არის, რომ ეს განსაზღვრა სწორია. ის პირები, რომლებიც კავკასიაში დიდხანს მსახურობდნენ და თავიანთი გამოცდილებით ცნობილნი არიან, ამბობდნენ, რომ ჩექმების მიხედვით ყველაზე უფრო ზუსტად შეიძლება განისაზღვროს ყველა დროში კავკასიის კორპუსის ჯარების რიცხოვნება)

შფოთიანობამ და მღელვარებებმა სამეფოს შიგნით, საფრთხემ, რომელიც მას გარედან თავდასხმებით ემუქრებოდა, აიძულეს ლაზარევი, აუცილებლობის და მიხედვით, ჯარები მთელ სივრცეზე უმნიშვნელო რაზმებად გაეფანტა.

დავხედავთ რა საქართველოს რუკასა და ჯარების განლაგებას, ადვილად დავინახავთ, რომ ასეთი ერთი მუჭა ჯარებითა და მათი დიდი გაფანტულობით, ძნელი იყო საზღვრებზე ძარცვა და ლეკების მტაცებლობა აღეკვეთათ, რომლებიც უმნიშვნელო პარტიებად იპარებოდნენ და არცთუ იშვიათად რამდენიმე პუნქტში ერთდროულად. 

ასეთ ძარცვა-რბევასა და ყოველგვარ შფოთიანობას შორის ხალხში გულგატეხილობა, ხოლო ზოგჯერ კი სასოწარკვეთილებაც ვრცელდებოდა. მოსახლენი ხედავდნენ რა ყოველი მხრიდან, ხოლო ზოგჯერ კი თავად ტფილისთანაც, დარბეულ სუფლებს, ვერ ბედავდნენ სასოფლო-სამეურნეო საქმეებს შესდგომოდნენ. მოგზაურები თავიანთ გზას შიშით და ერთგვარად მალულად ადგებოდნენ, ერთი სოფლიდან მეორეში ღამ-ღამობით მიიპარებოდნენ. რუსი მოხელეები და თანამდებობის პირნი სხვანაირად არ მგზავრობდნენ, თუ არა ძლიერი ბადრაგის თანხლებით.

«ასეთი უკმაყოფილებანი, – მოახსენებდა გრაფი მუსინ-პუშკინი (Письмо графа Мусина-Пушкина Трощинскому 20-го августа № 61. Акты Кавк. Археогр. Комм., т. I, №№ 502, 395), – სულ მცირედითაც კი არ შეიძლება მიეწეროს სიფხიზლის რაიმე უკმარისობას სამხედრო უფროსობის მხრიდან. ამის საპირისპიროდ, აქაური ჯარები განუწყვეტელ მოძრაობაში არიან, და ჭეშმარიტად შეიძლება ითქვას, რომ კავკასიის გრენადერთა პოლკში, რომელიც ტფილისის მახლობლდ დგას, და გენერალ-მაიორ ლაზარევის ეგერთა პლკში, ძნელად თუ გაივლის არა მარტო კვირა, არამედ ერთი დღეც, რომ სხვადასხვა რაზმებით ასეთ მტაცებლებს არ დასდევდნენ, – თუმცა კი, იშვიათად წარმატებით, ვინაიდან განა შეუძლია ქვეით ჯარს ცხენოსნებს დაეწიოს, რომლებიც სპარსულ ცხენებზე ამხედრებულნი ომობენ?»

ზოგიერთი ლეკური საზოგადოების (თემის) თხოვნა, რომლებიც საქართველოს აღმოსავლეთ საზღვარზე ცხოვრობდნენ, ნებართვის მიცემის შესახებ მათთვის, რომ საქართველოსთან ვაჭრობა ეწარმოებიათ, მიღებულ იქნა როგორც იმედი ლეკებთან მშვიდობიანი ურთიერთობების შესაძლებლობაზე და როგორც საშუალება ძარცვა-რბევათა შესაწყვეტად. ქართული სავაჭრო წოდება მათთან ლეკური ქარავნების შემოშვების შესახებ თავად ითხოვდა. კნორინგმა არ ორმხრივ თხოვნაზე იმ პირობით მისცა ნებართვა, რომ ლეკები შეწყვეტენ თარეშებს, საწინდრად მისცემენ ამანათებს, და ისინი, რომლებიც ვაჭრობისათვის საქართველოში ჩამოვლენ ხოლმე, მტაცებლებს მეგზურის სამსახურს არ გაუწევენ (Письмо Кнорринга лезгинскимъ обществам 15-го мая. – Рапортъ Коваленскаго Кноррингу 13-го iюля, № 701).

ლეკებმა პირობას ხელი მოაწერეს, თუმცა კი დაპირებული ამანათები არ გამოუგზავნიათ. ივლისში, ლეკების ქარავანი სამეფოს საზღვრებთან მოვიდა და ქვეყნის შიგნით იქნა შემოშვებული.

ზოგიერთი საზოგადოების (თემის) სურვილი საქართველოსთან მშვიდობიან და სავაჭრო ურთიერთობებზე სხვა ლეკური საზოგადოებებისთვის სავალდებულო არ გახლდათ, და ამიტომ რაზმის გაძლიერება მაინც აუცილებლად მიიჩნეოდა, მით უმეტეს, რომ სპარსეთის მბრძანებელიც საქართველოზე თავის პრეტენზიებს აცხადებდა.

სპარსული ჯარები ოსიანის მიჯნასთან განლაგდნენ, 60 ვერსზე ნახჭევნიდან. იულონ და ფარნაოზ ბატონიშვილები უწინდებურად იმერეთში იმყოფებოდნენ. დაღესტნიდან ბელაქანში ლეკები იკრიბებოდნენ (Рапортъ Лазарева ему же, 12-го августа, № 409. Акты Кавк. Археогр. Комм., т. I, 380). განჯის ხანი რუსეთისადმი მტრულ მხარეს შეუერთდა. ერევნის ხანი ღრმა მდუმარებას ინარჩუნებდა. გეგონებოდათ, საქართველოს ცაზე ღრუბლები იყრიდნენ თავს, და საწყალ ქვეყანას, მთელი მისი შედეგებით, ახალი ძლიერი ჭექა-ქუხილი უნდა დასტყდომოდა...

თავი XXV 

(შფოთიანობის განვითარება და მისი დაწყნარება. – ვახტანგ ბატონიშვილის დაპატიმრება. – საქართველოში მთავარსარდლად თავად ციციანოვის დანიშვნა.)

დატოვა რა საქართველო მმართველობის გახსნისა და ხალხის დაფიცების შემდეგ, კნორინგი გეორგიევსკში გაემგზავრა და იმ დროიდან არც ერთხელ ტფილისში აღარ ჩამოსულა. მთავარსარდალმა ვერ გაიგო მასზე დაკისრებული მოვალეობის მნიშვნელოვნება, ვერ გაიგო ის ადმინიასტრაციული და საბრძოლო მნიშვნელობა, რომელიც კავკასიის დამორჩილების საქმეში საქართველოსთვის იყო განკუთვნილი. მისცა რა მმართველს უფლება საქართველოში ყველაფერი თავისი თვითნებობის მიხედვით განეკარგა, კნორინგმა მხარის ნამდვილ დაწყნარებას (დამშვიდებას) მთიელებთან წვრილ-წვრილი და არაფრის მომტანი მოლაპარაკებები ამჯობინა. მთიელები მიცემულ პირობებსა და დადებულ ხელშეკრულებებს პირველსავე ხანებში არ ასრულებდნენ, მაგრამ ეს ხელს არ უშლიდა მთავარსარდალს, რომ მათთან ახალი ხელშეკრულებები დაედო, და ამ შემთხვევაში იქნება და-ს იმედი ჰქონდა (надеясь въ этомъ случае на авось), რომელსაც რუსი ადამიანი გაძნელებული მდგომარეობიდან ყოველთვის გამოჰყავდა. საქართველოს კნორინგი გეორგიევსკიდან იმავე ცრუ სათვალით უყურებდა, რომელიც მისი მმართველის მიერ ჰქონდა შეთავაზებული, და ამის გამო შემდგომში ბევრი საყვედურიც დაიმსახურა, რომლებიც თუმცა კი მის მიერ სულაც არ იყო დამსახურებული, არამედ ხასიათის სისუსტის ან რაიმე სხვა მიზეზის გამო დაშვებული. თუმცა ის ბოროტად გამოყენებანი, რომლებიც საქართველოს უმაღლეს მმართველობაში შემოიპარა, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება კნორინგის პიროვნებას მივაწეროთ, მაგრამ ხალხი მას უყურებდა როგორც მთავარსარდალს, რომლის ძალაუფლებაშიც გახლდათ მათი განადგურება. ქართველები უწინარეს ყოვლისა კნორინგს უმოქმედობას საყვედურობდნენ, და სამართლიანადაც. სისუსტე და უტაქტობა ზოგჯერ უფრო მავნეა, ვიდრე სიმტკიცე და ნებისყოფის ძალა, თუმცა კი ცუდ მხარეს მიმართული. უკანასკნელს შეიძლება თავი აარიდო, მაშინ როდესაც პირველს შეიძლება ასეულობით არაკეთილგანმზრახველი პირი დაეუფლოს, რომელთაგან ტყორცნილ ბადესაც ძნელია თავი დააღწიო. ასე იყო კნორინგთან დაკავშირებულ ამ შემთხვევაშიც. ქართველებისთვის მძიმე იყო მისი ადმინისტრაციული საქმიანობა, და ისინი ეძიებდნენ სახსრებს იმისთვის, რათა ამ უსიამოვნო მდგომარეობიდან გამოსულიყვნენ. – «მთავარსარდალს, – წერდა თანამედროვე, – როგორც მეჩვენება, განუზრახველად, მხოლოდ სისუსტისა და მმართველისადმი შეუზღუდველი ნდობის გამო, მხედველობიდან გამორჩა ძალზედ ბევრი საგანი ქართველი ხალხისთვის კეთილდღეობის მოსატანად, რომლის მიღების იმედიც მას მონარქისგან ჰქონდა, რომელმაც მის (ქართველი ხალხის) ბედს თანაგრძნობითა და თანაგანცდით შეხედა». 

ივლისის ბოლოს კახეთში ხალხის გარკვეული მღელვარება გამოვლინდა. თავადებმა, რომლებიც საქართველოს რუსეთისადმი შემოერთებით უკმაყოფილონი იყვნენ, დაიწყეს ხმების გავრცელება იმის შესახებ, რომ რუსეთის მთავრობას განზრახული აქვს ყველა თავადი რუსეთში გაიყვანოს; რომ ყველა ქართველი გადასახლებული იქნება, და მათ ადგილას კაზაკებს დაასახლებენ; რომ მოკლე ხანში რეკრუტების გაწვევა იქნება; რომ ეკლესიას უძრავ მამულებს ჩამოართმევენ, ხოლო ხალხისგან კი ერთბაშად ორი წლის ხარკს (გადასახადს, подать) მოითხოვენ (Изъ письма князю Герсевану Чавчавадзе. Т. А. К. Н.).

«თუ აქაური ცნობები გაინტერესებს, – წერდა უცნობი თავად იოანე ორბელიანს, – მანიფესტი, რა თქმა უნდა, შენ უკვე ნახე, ახლა დიმიტრი ორბელიანს მისცეს სარდლობა, შენ კი ის უკვე აღარა გაქვს. ბატონიშვილებს უკან აღარ უშვებენ, და მე მოვისმინე, რომ მათაც, რომლებიც თქვენთან იმყოფებიან, აქეთკენ მოითხოვენ; ხოლო როცა ისინი გადმოყვანილი იქნებიან, საქმე ისეა მოწყობილი, რომ ბაგრატიონთა ყველა ნათესავი და ახლობელი აქვე გადმოიყვანონ, ხოლო შემდეგ კი ყველა წარჩინებული (დიდგვაროვანი) ადამიანიც, თავადები, აზნაურები და მანდაური გლეხების აქეთკენ გადმოყვანა და დასახლება უნდათ, აქაური კაზაკები კი 14 ათასი კომლი საქართველოში გადმოჰყავთ. თუ გსურს იცოდე, ყველაფერი ეს თქვენი გარსევანის მიერაა გაკეთებული. მას გენერლის ჩინი მისცეს, თქვენ კი დაიღუპენით. მე შენი მამის პური მიჭამია და შენ სამართლიანად (სიმართლეს) გწერ» (3-го января 1802 г. Акты Кавк. Археог. Комм., т. I, 442, № 557).

დავით ბატონიშვილი ჰყვებოდა, რომ მთელი თათრები კაზაკებად იქნებიან გადაქცეულნი და მათ უფროსად ყოფილი სარდალი თავადი ორბელიანი იქნება დანიშნული, რომელსაც აქედან 40 ათასი მანეთი შემოსავალი ექნება. თათრებმა ამის შესახებ ბატონიშვილის წერილიც კი მიიღეს.

– რატომ თქვენ არ ეძიებდით ამ ადგილს? ეკითხებოდნენ თავადები დავით ბატონიშვილს.

– მე ქვეყნად არაფრის გულისთვის კაზაკის სამოსელს არ ჩავიცმევ, – პასუხობდა იგი.

– უმჯობესია კაზაკის მუნდირი ატარო, რომელიც იმპერატორისაა, ვიდრე ქართული ხიფთანი.

– მე გენერალ-ლეიტენენტის მუნდირი მაქვს.

– და რატომ ატარებთ თქვენ ქართულ ქუდს, შარვალსა და ფეხსაცმელს ასეთ საპატიო მუნდირთან ერთად, და არ გსურთ იგივე საპატიო მუნდირი და მასთან 40 ათასი მანეთის შემოსავალი გქონდეთ?

– ჰო, – ამბობდა ბატონიშვილი, – ხუმრობთ, თათრები კი კაზაკები იქნებიან. აი როგორია რომ რუსებს სთხოვდე.

– უმჯობესია უღარიბეს მდგომარეობაში იყო ქრისტიანებთან, ვიდრე უმდიდრესი მაჰმადიანებთან, ან ისეთი მმართველობისას, როგორიც მეფეების დროს იყო, – პასუხობდნენ თავადები.

მეორე დღეს ოცზე მეტი თავადი შეიკრიბა ლაზარევთან ჭეშმარიტების გასაგებად (Письмо Лазарева Кноррингу. 11-го марта. Акты Кавк. Археогр. Комм., т. I, 352). მსგავსი ხმები ისეთებს პუოლობდნენ, რომლებსაც მათი სავსებით სჯეროდათ, და მით უმეტეს, რომ აქაური მთავრობა საქართველოში მოარულ ყველა უაზრო (ახირებულ) ხმას თითქოსდა ადასტურებდა. ასე, თელავის კაპიტან-ისპრავნიკი ჰყვებოდა, რომ თავადებს მოურავობას ჩამოართმევენ და მათ ყველა თანამდებობას ჩამოაშორებენ. ქართველები, «როგორც მეტად თავქარიანი (ветренный) და მალემრწმენი ხალხი, რომელსაც ხშირი ცვლილებები მეტად უყვარს, და განსაკუთრებით სადაც ისინი იმ ჯერზე თავიანთ სარგებელს ხედავენ, იჯერებენ ყველაფერს, რასაც მათ ეუბნებიან და აქედან ზოგჯერ უსიამოვნო ხმები წარმოიშვება ხოლმე» (Акты Кавк. Археогр. Комм., т. I, 245).

ისპრავნიკი, დადიოდა რა სოფლებში, მცხოვრებლებს უცხადებდა, რომ მოურავი ის არის, რომ ისინი მთელი საჩივრებით მას უნდა მიმართავდნენ, რომელთა გადაწყვეტაც მხოლოდ მასზეა დამოკიდებული. თავადებს, რომელთა ცხოვრება და შემოსავალი მხოლოდ თანამდებობებზე იყო დამოკიდებული, რა თქმა უნდა, ისეთი განცხადებებისადმი, რომლებიც მათთვის სიცოცხლისა და სიკვდილის საკითხად იქცეოდა, არ შეეძლოთ გულგრილნი დარჩენილიყვნენ. თავადები არცნობიერებდნენ, რომ მათი სარჩო-საბადებელი თანამდებობისგან მიღებულ შემოსავალში შედგება, რომელსაც თუ დავკარგავთ, ამბობდნენ ისინი, ჩვენთვის სულ ერთია, ვიცოცხლებთ თუ მოვკვდებით, «იმიტომ რომ ჩვენ ჩვენი თავის შენახვა არ შეგვიძლია» (Изъ прошенiя кахетинск. кн. и дворянъ Коваленскому. Акты Комм., 1866 г. т. I, 388). ისინი იმპერატორ ალექსანდრეს სთხოვდნენ დაკავებულ თანამდებობებზე დაეტოვებინა (Прошенiе Императору, тамъ же), და როცა შეიტყვეს, რომ მათი თხოვნა დანიშნულების მიხედვით არ არის გაგზავნილი, საქართველოს მმართველს სთხოვდნენ იგივეს შესახებ, მაგრამ აქაც მიიღეს პასუხი, რომელიც მათ თხოვნას არ შეესაბამებოდა (კოვალენსკი ამაზე მეტად შეუფერებლად პასუხობდა. იმის ნაცვლად, რომ ეს ცრუ ხმები უარეყო, იგი წერდა, რომ აგროვებს ცნობებს /сведенiя и справки/ თითოეული თავადის უფლებების შესახებ, იმისთვის, რათა ხელმწიფის წინაშე თითოეულის შესაბამისი დაჯილდოვების თაობაზე იშუამდგომლოს. ამ შეტყობინებით იგი თითქოსდა თელავის ისპრავნიკის სიტყვებს ადასტურებდა). მაშინ თავადებმა და აზნაურებმა თხოვნით გენერალ-მაიორ გულიაკოვს მიმართეს. ისინი მას შესჩიოდნენ, რომ არ სრულდება დაპირებანი, რომლებიც საქართველოს რუსეთთან შეერთების შესახებ მანიფესტში იყო მიცემული. – «ჩვენ დაგვპირდნენ უსაფრთხოებას, მაგრამ რაში ჩანს ის? სოფლებსა და დაბებს ლეკები სძიძგნიან, თქვენ კი არაფერზე არ ზრუნავთ; ნაბრძანებია ეკლესიებისა და ეპისკოპოსთა პატივი და ღირსება აამაღლოთ, თქვენ კი მათ მთელი მამულები და გლეხები ჩამოართვით; ნაბრძანებია თავადებს პატივისცემა მოუმატოთ, ხოლო ამასობაში ჩვენ, რომლებიც ჩვენი მფლობელი მთავრებისგან ვიყავით პატივცემულნი და ამის მეშვეობით კიდეც ვიკვებებოდით, ეს პატივიც წართმეული გვაქვს. ჩვენ შორის იმათი უფლებები, რომლებიც თავიანთი დიდი გმირობებისა და დაღვრილი სისხლის სანაცვლოდ სოფლებს მართავდნენ, დარღვეულია; გლეხებს ხელმწიფე წყალობას დაჰპირდა – მათგან 12 წლის განმავლობაში ხარკი (გადასახადები) არ მოეთხოვა (ასეთი დაპირება მიცემული არასოდეს ყოფილა); ასევე ბრძანა მმართველების ჯამაგირის შემდეგ დარჩენილი (სახსრები) ჩვენი დანგრეული ქალაქის აღდგენაზე მიემართათ, მაგრამ ესეც არ აღსრულებულა...»

კელმენჭურის მიჯნასთან კახეთის თავადები, თუშეთისა და ქიზიყის თავკაცები შეიკრიბნენ. ისინი აქ მათი მომავალი ხვედრის შესახებ სალაპარაკოდ მოვიდნენ, რომელიც (ეს ხვედრი) ახალი უბედურებით ემუქრებოდათ. აქ გადაწყვეტილ იქნა თავიანთი უფლებები და პრივილეგიები დაეცვათ. თავადები ხედავდნენ, რომ მათი დაცვა ხალხის დახმარებისა და თანხმობის გარეშე ვერ შეიძლებოდა ძლიერი და შეუპოვარი ყოფილიყო; აუცილებელი იყო ხალხის სურვილს დამყარებოდნენ. მაშინ გარემომცველ სოფლებში ღამღამობით დაძახება (მიპატიჟება) წარმოებდა, რათა ყველა მცხოვრები საერთო თათბირზე მისულიყო. ამასთან, როგორც ყველა მსგავს შემთხვევაშიც, ეს არც თუ ძალადობის გარეშე ხდებოდა. ვისაც თათბირზე წასვლა არ უნდოდა, მას სახლიდან ძალით აგდებდნენ (Рапортъ Соленiуса Лазареву 26-го iюля). კელმენჭურის შეკრებაზე თავადებმა, სასულიერო წოდებამ და ხალხმა ხელმოწერა შეადგინეს (составили подписку), წერილობითი აქტი და წმ. სამების წინაშე დაიფიცეს, რათა ეთხოვათ რუსეთის იმპერატორისთვის გარდაცვლილი მეფის ერეკლე II-ის ანდერძი დაემტკიცებინა, და მათზე ბაგრატიონთა სახლიდან მეფე დაეყენებია, რომელიც რუსეთის იმპერატორისადმი მუდმივ დამოკიდებულებასა და მის მფარველობაში იქნებოდა.

«ხოლო ვინც ამ ვალდებულებისგან განზე გადგება, – ნათქვამია ხელმოწერაში (Приложенной къ письму къ князю Чавчавадзе. Арх. Мин. Внутр. Делъ), – ის დაე წმ. სამების მიერ დაწყევლილ იქნას, ბაგრატიონთა სახლის მოღალატე, რომელიც ჩვენ გვევალება კიდეც ერთობით დავსაჯოთ».

კელმენჭურის ხელმოწერა თავადების მიერ მაშინვე კახეთის ყველა მცხოვრებისთვის იქნა დაგზავნილი. იულონ ბატონიშვილს გაეგზავნა წერილი, რომელშიც მას ეპატიჟებოდნენ მეფობის მისაღებად რაც შეიძლებოდა მალე საქართველოში ჩამოსულიყო. იმ მცხოვრებთა უფრო მეტი დარწმუნებისთვის, რომლებიც კრებაში არ მონაწილეობდნენ, გაავრცელეს ხმა, რომ თავადი სოლომონ ავალიშვილი პეტერბურგიდან იწერებოდა, ვითომ იმპერატორმა ალექსანდრემ საქართველოში საიდუმლო მრჩეველი ლოშქარიოვი გამოგზავნა, რათა ჰკითხოს ხალხს, ხომ არ სურს მას უწინდებურად თავისი მეფე ჰყავდეს (Изъ показанiя князя Симона Кабулова. А. К. К. т. I, 370). ემყარებოდა რა ამ ცნობას, ბევრი პირი თავის საქციელს სწორად და კანონიერად მიიჩნევდა.

კახეთის სხვადასხვა ადგილას თავადებმა და ხალხმა შეკრებები დაიწყეს მომავალ მოქმედებებზე მოლაპარაკებისთვის. ზოგიერთი კრება თანხმდებოდა ყველაფერ იმას, რაც კელმენჭურის თათბირზე იქნა დადგენილი, უპირობოდ მიჰყოლოდა, სხვები, პირიქით, წაიკითხავდნენ რა ხელმოწერას, მას გამომგზავნელებს უბრუნებდნენ, ამბობდნენ რა, რომ «ისინი მეტად არასაქებარ საქმეს სჩადიან, რომელიც ღვთისა და ხელმწიფის საწინააღმდეგოა» (Показанiе Андрея Швили 29-го iюля. Тамъ же).

ამ შემთხვევაში ყველაზე უფრო მეტი ტაქტითა და აზრით უბრალო ხალხი იქცეოდა; იგი «გულწრფელად ერთგული და უღალატო» რჩებოდა (оставался «искренно преданнымъ и вернымъ») (Акты Кавк. Археогр. Комм., т. I, 392). მცხოვრებნი მთელი სოფლებით მოდიოდნენ გენერალ-მაიორ გულიაკოვთან დარიგებათა საკითხავად, თუ ასეთი არეულობის გარემოებებში როგორ მოქცეულიყვნენ. სოფელ კალაურის მცხოვრებლებმა გამოაცხადეს, რომ არა მხოლოდ «არ აჰყვებიან ასეთ ამბოხსა და აღშფოთებას რუსეთის იმპერატორისადმი ფიცისა და ერთგულების წინააღმდეგ, არამედ ამის შესახებ მათ ფიქრიც კი არ უნდათ».

ამრიგად, ეს მღელვარება მხოლოდ თავადების საქმე იყო და მათი უბრალო პროტესტის გამოხატულება მათი საუკუნოვანი პრივილეგიების შეზღუდვაზე გავრცელებული ცრუ ხმების წინააღმდეგ.

25 ივლისს კახეთის თავადებმა, მათ მიერ მოწვეული მიტროპოლიტის იოანე ბოდბელის თანდასწრებით, თავიდან იმპერატორ ალექსანდრეს შეჰფიცეს, ხოლო შემდეგ კი იულონ ბატონიშვილს (Рапортъ Гулякова Лазареву 26-го iюля, № 181. Показанiе митрополита и письмо кахетинскихъ князей Лазареву 27-го iюля. Акты Кавк. Археогр. Комм., т. I, №№ 476, 364), როგორც საქართველოს კანონიერ მეფეს. აღსანიშნავია ის, რომ ფიცის დამდებნი ნეკრესის მიტროპოლიტს სთხოვდნენ ხალხი გაემხნევებია და მისთვის იმპერატორისა და მეფე იულონისადმი გულმოდგინეობა დაევალებია.

კახეთში მომხდარი შემთხვევები მალე ტფილისშიც გახდა ცნობილი. კოვალენსკი წერდა ლაზარევს (Письмо Коваленскаго, Лазареву, 22-го iюля 1801 г., № 49), რომ მიიღო სარწმუნო ცნობა «კახეთში შედგენილი შეთანხმებისა და თვით ხელმოწერების (подписка) შესახებაც კი, საერთო სიმშვიდის დარღვევისა და არსებული მთავრობის დამხობისთვის». 

ლაზარევი მაშინვე მღელვარებათა ჩახშობისთვის საშუალებების შესახებ სათათბიროდ კოვალენსკისთან მივიდა, მაგრამ უკანასკნელმა იგი დაამშვიდა (Записка Соколова отъ 20-го сентября 1802 г. Арх. Мин. Иностр. Делъ, 1-5, 1802-1803 гг., № 1).

– საშიში არაფერია, – ამბობდა მმართველი, – იმიტომ რომ, თუ ამბოხება სინამდვილეში წარმოიქმნებოდა, მაშინ, ჩემი აზრით, არ შეიძლება ამაზე უფრო ხელსაყრელი შემთხვევა გვქონდეს ჯილდოების მისაღებად მისი დაწყნარებისთვის. ამიტომ სასურველია, რომ რაიმე მსგავსი მოხდეს კიდეც.

ამასობაში ტფილისში მიღებულ იქნა თხოვნა იმპერატორ ალექსანდრეს სახელზე, რომელსაც ხელს 69 პირი აწერდა.

«როდესაც ჩვენ ვდებდით ფიცს თქვენი იმპერატორობითი უდიდებულესობის ერთგულებაზე, – წერდნენ ხელმომწერები (Акты Кавк. Арх. Комм., т. I, 387), – მაშინ ჩვენ გამოგვეცხადა უზენაესი მანიფესტი, რომელშიც სხვათა შორის ისეა ასახული, თითქოსდა ჩვენ მოვახსენეთ უზენაეს კარს, რომ მეფე არ გვინდა გვყავდეს, და ვითომ ჩვენ მეფის გარეშე შემოვედით თქვენი უდიდებულესობის მფარველობისა და უზენაესი მმართველობის ქვეშ.

ეს ფრანგულ რესპუბლიკას დაემსგავსებოდა! ჩვენს მეფეებს ჩვენ წინაშე არანაირი დანაშაული არ ჩაუდენიათ, და ჩვენ მათზე უარის სათქმელად საქმე არა გვაქვს. ათას წელზე მეტია, რაც ბაგრატიონთა გვარი მეფობს; ბევრმა მათგანმა ქრისტესა და ჩვენთვის წამება მიიღო და თავისი სისხლი დაღვარა, და ჩვენც მათ წინაშე ვიხოცებოდით.

ამრიგად, მათზე უარის თქმა ჩვენი საქმე არ არის, არამედ მატყუარების მონაგონია; ჩვენი სურვილი და თხოვნა იმაში შედგება, რომ სამშობლოს სასარგებლოდ დიდ გმირობათა გამომჩენი გარდაცვლილი მეფის ერეკლეს ანდერძი დამტკიცებულ იქნას, და მისი ძალით მოგვეცეს მეფე, რომელთან ერთადაც ჩვენ თქვენი უზენაესი მფარველობის ქვეშ დავრჩებოდით და ჩვენი ძალების და მიხედვით თქვენი უდიდებულესობის სამსახურში ვიქნებოდით. ამას ვითხოვთ მუხლმოდრეკითა და სასოებით».

ამ წერილით ფიქრობდნენ პეტერბურგში დარეჯან დედოფალი გამოეგზავნათ (Донесенiе кн. Челокаева Коваленскому, 15-го iюля 1802. Акты Кавк. Арх. Комм., стр. 385), რომელმაც, ეჭვების თავიდან ასაცილებლად, ამ შემთხვევებზე უფრო ადრე განუცხადა კოვალენსკის სურვილი ჩვენს დედაქალაქში გამომგზავრებულიყო თავის ორ ქალიშვილთან ერთად. 

თავადების ჩვენებებიდან ჩანს, რომ, გადაწყვიტეს რა იულონის მეფედ აყვანა ეთხოვათ, ისინი ფიქრობდნენ ამას იმაზე ადრე არ შესდგომოდნენ, თუ არა იმპერატორ ალექსანდრეს მიერ ამ თხოვნის განხილვის შემდეგ.

ამასობაში თათბირები და შეკრებები გრძელდებოდა; მანაველი თავადები შეკრების ადგილას მთის უკან ყოველ დღე მიმემგზავრებოდნენ, სადაც ალექსანდრე ბატონიშვილს ელოდებოდნენ, და მცხოვრებლებს მათი სოფლების აოხრებით აშინებდნენ, თუ ისინი მათ არ შეუერთდებოდნენ. რჩებოდა რა ურყევი, ხალხი დაცვას ითხოვდა. მაშინ გადაწყვეტილ იქნა თავადები დაეპატიმრებინათ (Рапортъ генерал-маiора Леонтьева 28-го iюля, № 138. მანავი საგარეჯოს მახლობლად მდებარეობს, სადაც ლეონტიევი იდგა). მანავში გაგზავნილმა რაზმმა ორი თავადის დაპატიმრება მოახერხა; დანარჩენი ოთხი, სროლით, დაბურულ ტყეში მიიმალა, თან ბრძანეს მცხოვრებთათვის ეთქვათ, რომ «ისინი მათ ხელს ვერ წაუვლენ და აოხრებულ იქნებიან».

გაქცეული თავადები, რომლებსაც დევნისა ეშინოდათ, თათბირებისათის ღამღამობით იკრიბებოდნენ და, ერთი ან ორი დღეღამის გავლის შემდეგ, შეკრებისთვის სხვა ადგილს ნიშნავდნენ (Рапортъ его же 29-го iюля, № 139).

აუცილებელი იყო ზომების მიღება იმისთვის, რათა არაკეთილგანმზრახველ პირებს ხალხის აღელვება და ახალი აოხრებით მისთვის მუქარები არ შეძლებოდათ. მრჩევლები კორნეევი და ლოფიცკი გამოსაკვლევად ტფილისიდან თელავში იქნენ გაგზავნილნი. საქართველოს მმართველმა ლაზარევს სთხოვა მათთვის ბადრაგი დაენიშნა და იქ განლაგებული ჯარების უფროსებისთვის ებრძანებინა, ის პირები დაეპატიმრებინათ, რომლებიც მათ მიერ ბრალეულად იქნებოდნენ მიჩნეულნი.

მიღებულ იქნა ცნობა, რომ სიღნაღის მაზრის რამდენიმე თავადი და სოფლების მცხოვრებნი ალექსანდრე ბატონიშვილთან წავიდნენ. კოვალენსკიმ მათი მამულის კონფისკაცია მოახდინა და ბრძანა მათი თანამზრახველნი დაეპატიმრებინათ (Предписанiе Коваленскаго 22-го iюля, № 51), რაც იქნა კიდეც აღსრულებული კორნეევის მიერ გენერალ-მაიორ გულიაკოვის დახმარებით. თავადები ამგვარი მოქმედებების წინააღმდეგ პროტესტს აცხადებდნენ. «რაც ჩვენ ყოვლადმოწყალე ხელმწიფისგან გვებრძანა, წერდნენ ისინი, – ფიცი თუ სხვა რამე, – ყველაფერი აღვასრულეთ, რასაც ჩვენი ხელმოწერებიც ადასტურებს, ხოლო თქვენ კი ასეთ მწუხარებაში ჩაგვაგდეთ». თავადები ითხოვდნენ იმპერატორის ბრძანება ეჩვენებიათ, ხოლო «ხელმწიფის ბრძანების გარეშე, – წერდნენ ისინი, – თავადებს ხელს ნუ სტაცებთ – ეს ყველანაირ წრეს გადადის (это не въ порядке вещей)» (Письмо кн. кахетинскихъ Гулякову 21-го iюля. Акты Кавк. Арх. Комм., т. I, 389)

დაპატიმრებები უწინდებურად გრძელდებოდა. თავადებმა თხოვნით კვლავ გულიაკოვს მიმართეს. – «ამის წინ ჩვენ გწერდით და ყველაფერი დაწვრილებით მოგახსენეთ, თქვენ კი ჩვენი წერილის მომტანი დააპატიმრეთ (Письмо кахетинскихъ князей ему же 25-го iюля. Тамъ же, стр. 369). ამის გაკეთებას თვით ხელმწიფეც კი არ ინებებდა. გარდა ამისა, თქვენ დააკავეთ თავადები, რომლებიც დამნაშავენი არაფერში არიან. ჩვენ აქამდე მეტად კმაყოფილნი ვიყავით თქვენით, რადგანაც თქვენ ჩვენი მიწისთვის ბევრი იშრომეთ და სხვა მიმართებითაც კარგად გვექცეოდით; არ ვფიქრობდით, რომ თქვენ ჩვენს ძმებს უდანაშაულოდ გაანაწყენებდით (დაჩაგრავდით). თუ ჩვენს სიტყვებს თქვენ სხვანაირად განგიმარტავენ, მაშინ ეს სიცრუეა. როგორც ჩვენი სიტყვა, ისე მათიც (დაპატიმრებულებისაც) აი რაში მდგომარეობს: განსვენებულმა მეფე ერეკლემ, რომელმაც ჩვენთვის ბევრი იღვაწა, დაგვიტოვა ანდერძი, რომელზედაც ჩვენ ფიცი დავდეთ, რათა გიორგი მეფის შემდეგ ჩვენ მეფედ იულონი იყოს. ჩვენ სწორედ ამ ანდერძზე და ჩვენს ფიცზე ვდგავართ; ჩვენ – საერთოდ ანდრონიკაშვილებმა, ვაჩნაძეებმა, ჯანდიერაშვილებმა, მთელმა ქიზიყმა და სხვა თავადებმა და უბრალო ხალხმა, პირველად ხელმწიფის ერთგულებაზე დავიფიცეთ, ხოლო შემდეგ კი იულონისა, ამან კი, თავის მხრივ, ჩვენ შემოგვფიცა, და ჩვენ, შესაძლებლობების და მიხედვით, გავწევთ სამსახურს... პირველად ჩვენ ხელმწიფის ერთგულებაზე დავიფიცეთ, ხოლო შემდეგ კი ჩვენი მემკვიდრეობითი მთავრისა... ახლა ჩვენ მოგახსენებთ, ქრისტეს გულისათვის, არ მიგვცეთ ჩვენ უბედურებას და არ შეგვიყვანოთ ღალატში ხელმწიფის წინააღმდეგ... კიდევ გევედრებით ჩვენი დაკავებული ძმები გაათავისუფლოთ, რათა ჩვენი გულებიც დამშვიდდეს, და ხალხისაც».

ზოგიერთ თავადს სურდა დაპატიმრებულები ძალით გაეთავისუფლებინათ, ამაზე ხალხსაც აქეზებდნენ, მაგრამ ვერ მოახერხეს რა ეს, უმნიშვნელო პარტიებად დაიყვნენ და დღისით ტყეებში, ხოლო ღამით კი სოფლებში იმალებოდნენ. შემდეგ ყველა ისინი ქიზიყში (სიღნაღში) შეიკრიბნენ. ვერ მიიღეს რა დამაკმაყოფილებელი პასუხი გენერალ-მაიორ გულიაკოვისგან, ისინი პროტესტით პოდპოლკოვნიკ სოლენიუსს მიმართავდნენ, სთხოვდნენ რა მას დაპატიმრებები შეეწყვიტა. ლაზარევი წერდა გულიაკოვს, რომ მას დაპატიმრებები სიფრთხილით ეწარმოებინა, რათა უდანაშაულოები არ დაეპატიმრებინა და ამით ხალხის სამართლიანი აღშფოთება არ აღეგზნო (გამოეწვია). იგი ფიქრობდა ეგერთა ბატალიონით, ერთი ქვემეხითა და რამდენიმე კაზაკით კახეთში თავად დაძრულიყო.

29 ივლისს თავადმა ლუარსაბ ორბელიანმა ლაზარევს განუცხადა, რომ რუსეთის მოწინააღმდეგე პარტიამ, ისარგებლა რა მხარეში მღელვარებით, მისწერა ვახტანგ ბატონიშვილს, სთხოვდა რა მას ჩვენი ჯარები საქართველოში არ შემოეშვა, გზებზე ყველა ხიდი აეყარა და საერთოდ რუსეთთან ყოველგვარი შეტყობინება შეეწყვიტა. სამეფო გვარის პირები ცდილობდნენ თავი ისე მოეჩვენებიათ, რომ თითქოს ამ უწესრიგობებში არანაირ მონაწილეობას არ ღებულობდნენ. თეიმურზი ტფილისში ჩამოვიდა და საქართველოს დედაქალაქში ცხოვრობდა. კათოლიკოსი ბატონიშვილი ანტონი ცდილობდა გარეგნულად ჩვენდამი ერთგული გამოჩენილიყო, თუმცა კი ცნობილი იყო, რომ იგი სამეფო სახლის ინტერესებში მეტად ქმედით მონაწილეობას ღებულობდა (Рапортъ Лазарева Кноррингу 29-го iюля 1802 г.). დარეჯან დედოფალმა გენერალ-მაიორ ტუჩკოვს თავისი სურვილი გამოუცხადა, რომ თავის სახლში რუსული ყარაული ჰყოლოდა. ლაზარევმა დედოფლის ამ განცხადებით ისარგებლა და მაშინვე მასთან 12 ჯარისკაცი გაგზავნა, ბრძანებით, რომ მისი მოქმედებებისთვის თვალ-ყური ედევნებიათ. დედოფალი ასეთი სიფრთხილით თავს კმაყოფილად აჩვენებდა, თუმცა კი თავისი ინტრიგები არ მიუტოვებია, რომელთა თავმოყრის ადგილიც ამჯერად ვახტანგ ბატონიშვილი გახლდათ.

იმყოფებოდა რა დუშეთში, იგი აწარმოებდა მიმოწერას დარეჯან დედოფალთან, აგრეთვე იულონ და ალექსანდრე ბატონიშვილებთან. პირველი მათგანი იმერეთში იყო, მეორე კი – სპარსეთში. ვახტანგი მათ ატყობინებდა ყველაფერს, რაც საქართველოში ხდებოდა, მათგან სხვადასხვანაირ ცნობებს ღებულობდა, აწარმოებდა მიმოწერას ბევრ თავადთან, მათ დახმარებას უწევდა, რჩევებს აძლევდა და «ამაზე ზევით რუსეთიდან აქეთკენ კომუნიკაციას მეტად საძნელოს ხდიდა» (Тамъ же)

პეტერბურგში მყოფი ბატონიშვილები იოანე და ბაგრატიც ასევე უსაქმოდ არ დარჩენილან.

«თქვენ მე ასე რატომ დამივიწყეთ და თანამოსისხლეობას არ იხსენებთ! წერდა იოანე თავად მაყაშვილს (Переводъ письма отъ 8-го августа. Тифл. Арх. Канц. Наместника). რა მდგომარეობაში იმყოფებით? ყველას, ვინც უფრო მეტს ეძიებს, განზრახული აქვს დაეცეს, და თქვენც ამას უნდა მიჰყვეთ. არ არის უკვე იმდენი გონება, – ვისთვის რა უკეთესია. თუ რაიმენაირი ძალადობა გაქვთ, ან ვინმე თქვენ რაიმეთი გაწუხებთ, მაშინ ყველამ საერთოდ მოიწერეთ და ხელმწიფისადმი თხოვნის ქვეშ საიდუმლოდ ოთხი ან ხუთი თავადის ბეჭედი მიადეთ და მე გამომიგზავნეთ. მე მათ აქ წერილთან ერთად, მთელი დაწვრილებითი ამბებით, ლოშქარიოვს მივართმევ; მაშინ მე ვიცი რა გავაკეთო. ეს საიდუმლოდ და აღსარებად გქონდეთ, რათა ვერავინ ვერ გაიგოს. თუ გსურთ თქვენი მეფე გყავდეთ – ამის შესახებაც მომწერეთ; გაკეთებული იქნება. მე ყველაფერს თქვენ გაძლევთ (გითმობთ), თუ არა და პირველზე უფრო მწარედ იქნება – ნება თქვენია...» 

სრული სიმშვიდის აღდგენისთვის, ლაზარევი აუცილებელ და თითქმის ერთადერთ საშუალებად დარეჯან დედოფლისა და ვახტანგ ბატონიშვილის დაპატიმრებას თვლიდა, როგორც ყველა ინტრიგისა და მღელვარების თავმოყრის წერტილისა.

თათბირზე ლაზარევს დაევალა კახეთში დაძრულიყო, ხოლო გენერალ-მაიორ ტუჩკოვს კი თავად თარხნიშვილთან ერთად – დუშეთში, ვახტანგი მოეპატიჟებინათ ტფილისში ჩამოსულიყო, ხოლო თუ იგი არ დათანხმდებოდა, მაშინ ბატონიშვილი დაეპატიმრებინათ (Акты Кавк. Археогр. Комм., изд. 1866 г., т. I, 270).

მოვიდა რა 2 აგვისტოს მდინარე ლაგბეზე და შეიტყო რა, რომ მისი განლაგების ადგილის მახლობლად თავადების კრება მიდიოდა, ლაზარევმა 3 აგვისტოს ყველა კახელ თავადთან წერილი გაგზავნა, რომლითაც მოითხოვდა, რომ ისინი, აღიარებდნენ რა თავიანთ შეცდომებს, მასთან 5 აგვისტოს სიღნაღში მოსულიყვნენ.

3 აგვისტოს ლაზარევი სიღნაღს მიუახლოვდა და სოფელ ნუკრიანში განლაგდა, სადაც თავისი წერილის შედეგს ელოდებოდა. ორი დღის შემდეგ მასთან გამოცხადდნენ მიტროპოლიტი, თავადი მაყაშვილი და მასთან ერთად რამდენიმე თავადიც ყველაზე უფრო განთქმული გვარებიდან.

თავადებმა ლაზარევს გამოუცხადეს, რომ მასთან სრული სინანულით მოვიდნენ, როგორც ფიცის დამრღვევნი, შეგნებული აქვთ თავიანთი დანაშაული, როგორც მოვალეობის საწინააღმდეგო, და «მთელი ძალებით ეცდებიან თავიანთი ბრალი გამოისყიდონ» (Рапортъ Лазарева Кноррингу 11-го августа). მეორე დღეს, 6 და 7 აგვისტოს, კახეთის დანარჩენი თავადებიც ზუსტად ასეთივე ახსნა-განმარტებით გამოცხადდნენ. 

ხელმეორედ დააფიცა რა ისინი და შეიტყო რა, რომ მათ მისწერეს წერილი იულონ ბატონიშვილს, რომელიც მას მეფობისთვის მოუწოდებდა, ლაზარევი ურჩევდა ბატონიშვილისთვის მათი ახლანდელი გადაწყვეტილების შესახებ მიეწერათ. თავადები მაშინვე დაეთანხმენ და იულონს ახალი წერილიც მისწრეს, რომელშიც მისდამი მიცემულ ფიცზე, როგორც რუსეთის იმპერატორისადმი საწინააღმდეგოზე, უარს ამბობდნენ. 

ლაზარევი ტფილისში დაბრუნდა (10 აგვისტოს), სადაც მალევე გენერალ-მაიორი ტუჩკოვიც მოვიდა, ვახტანგ ბატონიშვილთან ერთად.

ყოველგვარი ეჭვის თავიდან ასაცილებლად, წინა დღეს, თავად ორბელიანის სახლში, რომელიც ტფილისის გარეუბანში იმყოფებოდა, დანიშნულ იქნა საღამო, რომელზედაც ტუჩკოვი და თავადი თარხნიშვილი იყვნენ მიპატიჟებულნი. ღამის დადგომასთან ერთად, ტუჩკოვმა ორბელიანის სახლი დატოვა და ქალაქიდან გაემგზავრა. მის ბადრაგში დანიშნული კაზაკები ქალაქიდან უფრო ადრე იქნენ გაგზავნილნი, სხვადასხვა კარების გავლით და სხვადასხვა დროს მცირე პარტიებად. რაზმი ახლომდებარე ტყეში შეიკრიბა და ტუჩკოვს შეუერთდა. 1-ლ აგვისტოს დილით ადრე ტუჩკოვი დუშეთში მოვიდა. მისი პოლკის ასეულის დათვალიერება, რომელსაც ბინები დუშეთში ჰქონდა, ამ ქალაქში ტუჩკოვის ჩამოსვლის ხილული მიზანი გახლდათ. მან გაგზავნა კაცი ბატონიშვილისთვის სათქმელად, რომ მასთან სტუმრობა სურს. გაგზავნილს უპასუხეს, რომ ბატონიშვილს ჯერ კიდევ სძინავს. ამის შემდეგ ტუჩკოვმა სამჯერ გაგზავნა შიკრიკი ბატონიშვილთან, მაგრამ ის სხვადასხვა საბაბით პაემანს გადასდებდა.

მასობაში, ციხე-სასახლიდან მოშორებით მდგომმა კაზაკებმა შენიშნეს, რომ ჭიშკრიდან ერთი შეიარაღებული ცხენოსანი ქართველი გამოვიდა, რომლის დაკავებაც უნდოდათ, მაგრამ იგი გაიქცა, თუმცა კი მაინც შეიპყრეს და ტუჩკოვთან მიიყვანეს. ბრძანა რა ტყვე დაეკითხათ, თავად ტუჩკოვი ვახტანგ ბატონიშვილისკენ გაემართა. გზაზე მას მოახსენეს, რომ ციხე-სასახლის უკანა კარიდან ორი ადამიანი გამოვიდა, ხოლო შემდეგ კი, რომ ბატონიშვილი გაიქცა. მოახტა რა ცხენს, ტუჩკოვი კაზაკებთან ერთად მას დაედევნა, ხოლო დუშეთში მყოფ გრენადერებს კი უბრძანა ვახტანგ ბატონიშვილის ციხე-სასახლე დაეკავებინათ.

შორს, კაზაკების თვალსაწიერში, ვახტანგი, ერთი მხედრის თანხლებით, დუშეთიდან სამ ვერსზე მდებარე ციხე-სასახლისკენ იჩქაროდა, რომელიც აზნაურ გლახა ჭელაძეს ეკუთვნოდა.

ბატონიშვილი გალავნის იქით მიიმალა, რომელიც მაშინვე კაზაკებით იქნა გარშემორტყმული. უბრძანა რა კარები შეემტვრიათ, ტუჩკოვმა ყველა კარი ჩაკეტილი ჰპოვა, ხოლო ოთახები კი ცარიელი. როგორც ჩანდა, ციხე-სასახლეში ადამიანების ყოფნას არაფერი არ მიანიშნებდა. მაგრამ ოთახებში ნაპოვნი იქნა საკვები მარაგები, მნიშვნელოვანი რაოდენობით თოფები, დენთი და ტყვიები. – «ბოლოს ჩვენ დამალული დედაბერი მოვძებნეთ, – წერს ტუჩკოვი (Записки Тучкова, стр. 132. Арх. Глав. Шт. въ С.-Петербурге), – რომელიც დავკითხეთ და ვაიძულეთ ეჩვენებია სარდაფი და იქიდან მიწისქვეშა გასასვლელი, რომელიც მეზობელ ტყეში გადიოდა. ბატონიშვილმა ასეთნაირად ჩვენს დევნას თავი დააღწია. მეტი არაფერი გვრჩებოდა, თუ არა მთებში შეიარაღებული ხელით დაგვეწყო ძებნა».

ვახტანგის გაქცევის მიზანი გახლდათ თავისი სამფლობელოს მიუდგომელ ადგილებში მიმალულიყო, რომლებიც მდინარეებზე არაგვსა და თერგზე იმ ხეობებში მდებარეობდა, რომლებიც კავკასიის ხაზზე მომავალ გზას უერთდებიან. გარს შემოიკრებდა რა შეიარაღებულ ადამიანთა ბრბოს, იგი ფიქრობდა აღშფოთება აეზვირთებინა (აღეგზნო). ამიტომ იგი უწინარეს ყოვლისა მთიულებისკენ გაემართა, როგორც ხალხისკენ, რომელიც მისი ქვეშევრდომებიდან ყველაზე უფრო მეომარი გახლდათ. დატოვა რა ციხესასახლესთან ყარაული, ტუჩკოვი სასწრაფოდ უახლოეს ტყეში შევიდა, თუმცა კი ბატონიშვილი იქაც ვერ იპოვნა. დაბრუნდა რა უკან დუშეთში, იგი მეფის ასულებთან შევიდა: გარდაცვლილი ვახტანგ I-ის მეუღლესთან და მისი, გაქცეული ვახტანგ ბატონიშვილის ბიძაშვილისა, თუმცა კი ბატონიშვილის ადგილსამყოფელის შესახებ მათგან ვერაფერი გაიგო (პლატონ იოსელიანი წერს, რომ ერეკლე მეფის პირველი ძის, ვახტნგის /რომელიც 16 წლისა ყვავილით დასნეულების შედეგად გარდაიცვალა/ ქვრივმა, ქეთევანმა, ერეკლესა და დარეჯანს სთხოვა ერთი ვაჟი მისთვის გაეზრდევინებიათ; და ეს გახლდათ სწორედ ვახტანგ /ალმასხან/ ბატონიშვილი. ხოლო ზემოთ ნახსენები «ვახტნგ I-ის მეუღლე» მისი გამზრდელი ქეთევანი /ერეკლეს უფროსი რძალი/ უნდა იყოს – ი. ხ.)

მიუახლოვდა რა სახლს, რომელშიც გაჩერდა, ტუჩკოვმა 10-მდე შეიარაღებული ცხენოსანი ქართველი შენიშნა, რომლებიც ცხენებს გარეშემო მთებზე დააჭენებდნენ და მცხოვრებლებს სახალხო შეკრებაზე და საყოველთაო შეიარაღებისკენ მოუწოდებდნენ. ესენი ბატონიშვილის მახლობელი ადამიანები იყვნენ.

დუშეთში 60 გრენადერი და 50 კაზაკი იყო. უკანასკნელებს, ხანგრძლივი ძიებით მათი დაღლილობის მიუხედავად, ებრძანათ, თუ ვერ დაედევნებოდნენ მხედრებს, სულ მცირე, ისინი სოფლამდე მაინც არ მოეშვათ, სადაც მათ შეეძლოთ ხალხი აეღელვებინათ. ეგერთა ასეულმა, რომელიც ღართისკარში იდგა, და გრენადერთა ორმა ასეულმა, რომლებიც ტფილისში იმყოფებოდნენ, ბრძანება მიიღეს დაუყოვნებლივ დუშეთში მოსულიყვნენ. ხალხის დამძახებლები გაფანტეს; ერთი მათგანი, თიანეთის მოურავი, ტუჩკოვთან იქნა მოყვანილი.

დუშეთისა და გორის მაზრებში დაგზავნილ იქნა განცხადება, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ თუ ვინმე გაბედავს ვახტანგ ბატონიშვილის მხარე დაიჭიროს, მაშინ მის ოჯახს «მოულოდნელი სისასტიკით» მოექცევიან (то съ семействомъ того поступлено будетъ «съ неожидаемою жестокостiю») (Рапортъ ген.-м. Тучкова Лазареву 12-го августа 1802 г., № 117). ამასთან ერთად ბატონიშვილის მთელი მამულები კონფისკებულ იქნა. ხევსურებთან, ფშავლებთან და თუშებთან ასევე გაიგზავნა შეტყობინება და შეგონება, რომ ბატონიშვილის ჩანაფიქრებისთვის ხელი არ შეეწყოთ.

ტუჩკოვმა თავისთან აზნაური მურვაძე მოითხოვა, რომელიც ვახტანგ ბატონიშვილისადმი თავისი ერთგულებით იყო ცნობილი. მისცა რა მას წერილი, ტუჩკოვმა უბრძანა ის აუცილებლად ბატონიშვილისთვის მიეტანა, იმის შიშით, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, დასჯილ იქნებოდა როგორც მოღალატე, რომლის ოჯახიც ყველა უბედურებას დაექვემდებარებოდა. ეშმაკობა გამოვიდა. მუქარებით შეშინებული აზაური გზას გაუდგა და ოცდაოთხი საათის შემდეგ ტუჩკოვს ბატონიშვილის პასუხი მოუტანა.

– მაინც სად იმყოფება ბატონიშვილი? იყო ტუჩკოვის პირველი შეკითხვა.

– მე ის ტყეში ვიპოვნე, – პასუხობდა მურვაძე, – ოცდაათ ვერსზე დუშეთიდან. ბატონიშვილი ერთ ადგილას ორ საათზე მეტს არ ჩერდება.

აღნიშნულ ადგილას გაგზავნილმა კაზაკების რაზმმა იქ ბატონიშვილი ვერ იპოვნა. ტუჩკოვი იმით შემოიფარგლა, რომ დრომდე ვახტანგთან მიმოწერა გააბა, არწმუნებდა რა მას დაბრუნებულიყო, მაგრამ ბატონიშვილი უარით პასუხობდა.

გააძლიერა რა თავისი რაზმი მოსული დამხმარე ძალებით, ტუჩკოვმა კაზაკებისა და ქართველებისგან შემდგარი 80-კაციანი რაზმი სოფელ ყაზბეგში გაგზავნა, იმ მიზნით, რომ თაგაურელები აღშფოთებისა და ვახტანგის წაქეზებისგან წინასწარ გაეფრთხილებინა და დაეცვა.

თითო-თითოდ და სხვადასხვა მიმართულებით დაგზავნილმა ადამიანებმა იმის გაგება მოახერხეს, რომ ბატონიშვილი გუდამაყრის ხეობაში იმყოფება. მას ხევსურების, ფშავლებისა და თუშების საცხოვრებლები ესაზღვრებოდა, რომლებთანაც ბატონიშვილი თუმცა კი თავის კაცებს აგზავნიდა, მაგრამ წარუმატებლად.

8 აგვისტოს მიღებულ იქნა ცნობა, რომ ვახტანგს განზრახული აქვს მთიულებთან შეაღწიოს. კაპიტან-ისპრავნიკი პერეიასლავცევი კაზაკებთან ერთად იქნა გაგზავნილი კობში მისთვის გზის მოსაჭრელად (Рапортъ Тучкова Лазареву 9-го августа. Акты Кавк. Арх. Комм., т. I, 274). მთიულები – დაბადებიდან მამაცი ხალხი, განსაკუთრებულ რელიგიას აღიარებდნენ, თუმცა კი მათთან ბევრ ადგილას ქრისტიანული ტაძრებიც ჩანდა.

«მე დეკანოზები ჩემთან გამოვიძახე, – წერს ტუჩკოვი (Записки Тучкова, 134. Арх. Главн. Шт. въ С.-Петербурге), – ვცდილობდი ეს დიდწვერიანი მღვდელმსახურები ალერსითა და საჩუქრებით ჩემთვის ბატონიშვილის მოცემაზე დამეყოლიებინა, მაგრამ ისინი მპასუხობდნენ: «იგი ბაგრატიონია და წმინდა მუხასთან იყო». თუმცა კი, ამან ხელი არ შეუშალა დეკანოზებს იმაში, რომ ყველა იმ ადგილზე მიეთითებინათ, რომელთა დაკავებითაც შესაძლებელი იყო ვახტანგისთვის გზა მოგვეჭრა, თუ იგი მათგან წასვლას ჩაიფიქრებდა».

დაიკავა რა რაზმებით ყველა გასასვლელი, ტუჩკოვი თავად ყველაზე უფრო მთავარი – გუდამაყრის ხეობის შესასვლელში დადგა. «ზარბაზნის გასროლები და საღამოს ცისკარზე დოლების ცემა ბატონიშვილის მოსვლის ყველა მხრიდან ისმოდა». არ შეუწყვეტია რა დაწყებული მიმოწერა, ტუჩკოვი ვახტანგს წერდა და გაგზავნილს სთხოვდა ბატონიშვილისთვის გადაეცა, რომ თუ იგი პატიოსან სიტყვაზე არ გამოვა მასთან მოლაპარაკებებისთვის, მაშინ მასთან ჯარებით მივა, სადაც იგი არ უნდა იმყოფებოდეს. ვახტანგი კნორინგს მისთვის მიყენებულ წყენაზე შესჩიოდა და თავის უდანაშაულობას აუწერდა. მთავარსარდალი მას ურჩევდა ყველა შემთხვევაში ტფილისში გამგზავრებულიყო და თავისი საქციელი უკვე იქ გაემართლებინა. მაშინ ბატონიშვილმა საქართველოს მმართველს მისწერა და ტფილისში ჩამოსვლაზე მხოლოდ მაშინ თანხმდებოდა, როცა სამი პირობა იქნება აღსრულებული: 1) მას დაუბრუნდება და მმართველობაში გადაეცემა კონფისკებული მამული; 2) იგი არ იქნება საქართველოდან წაყვანილი, და 3) ტფილისში მისი ყოფნისას არც მას და არც მის ამალას არანაირ შეურაცხყოფას არ მიაყენებენ (Акты Кавк. Арх. Комм., т. I, 273 и 274, изд. 1866 г.). ამაზე პასუხად ბატონიშვილმა მიიღო უბრალო მოპატიჟება, ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე, ტფილისში ჩამოსულიყო.

ჰყავდა რა თავისთან მხოლოდ 20 ერთგული ადამიანი, და იცოდა რა, რომ ყველა გზა მოჭრილი აქვს, ვახტანგმა ხეობაში ექვსი ვერსით წინ თავისი კაცი გამოგზავნა, რომელსაც უბრძანა ტუჩკოვისთვის ეთქვა, რომ მალე თავადაც პირადად გამოცხადდება.

10 აგვისტოს იგი მთელი თავისი ამალით მოვიდა. მოიხსნა რა წელიდან ხმალი და, აზიური ადათის მიხედვით, კისერზე ჩამოიკიდა, ვახტანგი ასეთი სახით ტუჩკოვს მიუახლოვდა.

– აი ჩემი თავი, აი ხმალიც, – წარმოთქვა მან.

მას უპასუხეს, რომ მხოლოდ მორჩილებასა და ტფილისში ჩამოსვლას მოითხოვენ და რომ მას შეუძლია იმპერატორის დიდსულოვნებას სავსებით მიენდოს.

ბატონიშვილი, რომელიც მისი წოდებისადმი შესაფერი ყველა პატივით იქნა მიღებული, თავიდან დუშეთში მიაცილეს, ხოლო შემდეგ კი ტფილისში.

ვახტანგს, როგორც ჩანს, შეგნებული ჰქონდა თავისი დანაშაული და თავის საქციელსაც ნანობდა.

– ჩემი მრავალი სამსახურის სანაცვლოდ (კავკასიის ხაზიდან საქართველოში ჯარების შემოსვლისას დახმარებისთვის. ვახტანგი შემდგომში, თავისი ერთგულებისა და უდანასაულობის დასამტკიცებლად, წინ სწევდა იმას, რომ იგი პირველი იყო ბატონიშვილთაგან, რომლებმაც რუსეთს ერთგულება შეჰფიცეს), – ამბობდა იგი, – შეიძლება ერთი დანაშაული მეპატიოს. თუ ჩემმა დედამ და მთელმა ნათესავებმა რაიმე ჩაიდინეს კიდეც, მე ბრალი არ მიმიძღვის და ამაში არ ვმონაწილეობდი.

– ჩემს გაქცევაში, – ამბობდა იგი შემდგომში, – მე არანაირი ბოროტი განზრახვა არ მქონია, მაგრამ ეს გავაკეთე, მეშინოდა რა იმ უპატიობისა, რომ დუშეთიდან ტფილისში პატიმრის სახით არ ვყოფილიყავი გადაყვანილი.

ტფილისში ვახტანგი თავისი დედის, დარეჯან დედოფლის სახლში დასახლდა. მასზე უკეთესად თვალყურის დევნებისთვის, დედოფალთან მყოფ ყარაულზე დამატებით, ავლაბარში, სადაც მისი სახლი იყო, ეგერთა ბატალიონი იქნა დაყენებული. ბატონიშვილს ნება მიეცა მამულებიდან შემოსავლებით ესარგებლა, მაგრამ ტფილისიდან გამგზავრება კი აეკრძალა (Рапортъ Кнорринга Государю Императору 25-го августа 1802 г. Арх. Мин. Внутр. Делъ). ეს აკრძალვა იმის თანაბარი იყო, რომ ერთგვარად მამული კონფისკებული დარჩენილიყო. ვახტანგი აცნობიერებდა, რომ არ შეეძლო მამულის მართვაში პირადი მონაწილეობა მიეღო. მან მიმართა ახლა ყველა მეტ-ნაკლებად გავლენიან პირს, რომლებიც ტფილისში ცხოვრობდნენ; მოახერხა თავისი მამულის თავკაცებისთვის მიეწერა, სთხოვდა რა მათ მიეცათ მისთვის მოწმობა იმის შესახებ, რომ კახეთში მომხდარ მღელვარებებში არ მონაწილეობდა. თავკაცები ლაზარევს რჩევას ეკითხებოდნენ, მიეცათ თუ არა ბატონიშვილისთვის ასეთი მოწმობა? მათ ეთქვათ, რომ ეს მათზეა დამოკიდებული; რომ მათთვის უკეთაა ცნობილი, იყო იგი მონაწილე მღელვარებებში თუ არა. არ უპასუხეს რა პირდაპირ კითხვაზე, თავკაცებმა, მაინც, ასეთი მოწმობის მიცემაზე უარი განაცხადეს (Рапортъ Соколова князю Куракину 20-го сентября 1802 г. арх. Мин. Ин. Делъ).

ვახტანგი მამულის დაბრუნებაზე იმედს მაინც არ კარგავდა; იგი უწინდებურად ცდილობდა თავისი უდანაშაულობა დაემტკიცებინა.

– განა არ იმსახურებთ თქვენ უგუნურთა სახელს, – ეუბნებოდა მას გრაფი მუსინ-პუშკინი, – თუ იმის იმედი გაქვთ – რომ თქვენი სახლის ყველა მცდელობით (всеми покушенiями дома вашего) და მოხეტიალე მტაცებელთა და დასუსტებული აზიური ჯარების შეიარაღებით შეგიძლიათ წინ აღუდგეთ რუსეთის იმპერიის ძალმოსილებასა და ჯარებს, რომელთაგან ევროპა არაერთხელ თრთოდა? როგორი შედეგები შეიძლება იყოს თქვენთვის და თქვენი თანამოაზრეებისთვის ასეთი მცდელობებისგან, რომლებზედაც, რამდენიმე მეამბოხე თავადის გარდა, ქართველი ხალხი არასოდეს დათანხმდება? ხომ არ მიაყენებთ, საბოლოოდ, თქვენი მოკავშირეების დაღუპვასთან ერთად, აოხრებასაც თქვენს სამშობლოს, რომელიც, როგორც ვფიქრობ, გიყვართ?

– თქვენ ამტკიცებთ, – აგრძელებდა გრაფი, – ისევე როგორც დედოფალიც, რომ თქვენი განზრახვების არანაირი მტკიცებულება არ არის. თავად მეც დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ საკმარისად გონებამახვილი ბრძანდებით, რათა ასეთი მტკიცებულებები, განსაკუთრებით კი წერილობითი, გარეშეთა ხელს მიანდოთ; მაგრამ, გულწრფელად მიპასუხეთ, განა კი შეუძლია კეთილგონიერ ადამიანს თქვენს დარწმუნებებს დაეყრდნოს?

– არ შეუძლია, – პასუხობდა სიცილით ბატონიშვილი.

– მაშინ რას უჩივით? და როგორი ზომები უნდა მიეღო მთავრობას ასეთი მცდელობების წინააღმდეგ, რომლებიც სრულებით ხელმწიფე იმპერატორის საწინააღმდეგოა? როგორი შედეგები ექნება ყველა ამ შემთხვევას თქვენთვის და თქვენი სახლისათვის?

– მეტად დამღუპველი, – პასუხობდა ვახტანგი. – მე ძალზედ მაშფოთებს ჩემი მდგომარეობა.

– ტყუილად ეჭვობთ თქვენ იმპერატორის გულმოწყალებას, მაგრამ თუ გსურთ, რომ მე თქვენ მეგობრული რჩევა მოგცეთ, მაშინ დაიმსახურეთ ეს (გულმოწყალება), მიმართავთ რა პირდაპირ მის იმპერატორობით უდიდებულესობას გულახდილი აღიარებით (съ чистымъ признанiемъ) როგორც თქვენი, ისე მისი უმაღლესობის დედოფლის მხრიდანაც. მე დარწმუნებული ვარ, რომ გაცილებით უფრო სასიამოვნო იქნება ხელმწიფისთვის, თუ, მიატოვებთ რა ყველა ირიბ გზას, იმპერატორისადმი თქვენი მინდობით შეეცდებით შეიძინოთ მისგან პატიება, და ამასთან გამოუცხადებთ, თუ რა გსურთ გვირგვინის სანაცვლოდ, რომელიც თქვენი სახლიდან წავიდა (ვახტანგმა ისარგებლა ამ რჩევით, მაგრამ საწინააღმდეგოდ. წინ წამოუწევდა რა თავის დამსახურებებს რუსეთის მთავრობას, იგი ჩიოდა, რომ მას მამული ჩამოართვეს და რომ ტუჩკოვმა, გამოცხადდა რა მოულოდნელად დუშეთში მრავალი კაზაკით, «შეარყია თითოეული ხალხი, რომელიც აქ იმყოფებოდა, და მათ გულებზე ეჭვი გამოსახა». Просьба царевича Императору 10-го сентября 1802 г. Арх. Мин. Внутр. Делъ, ч. V, 51-57). შეეცადეთ დააწყნაროთ ამბოხებანი, რომლებიც საქართველოს ქანცს აცლიან, და მორჩილებაზე დაიყოლიოთ თქვენი ძმები, რომლებიც ამ სამეფოს გაეცალნენ. მე დარწმუნებული ვარ, რომ მათზე თქვენი გავლენის მიხედვით ეს მცდელობა წარუმატებელი არ იქნება. აი ერთადერთი გზა, რომელიც, თქვენდამი ჭეშმარიტი მეგობრობით, შემიძლია შემოგთავაზოთ, იმ დაღუპვის თავიდან ასაცილელად, რომელიც ამის გარეშე თქვენ და თქვენს თანამზრახველებს გემუქრებათ.

– ხომ არ დავიტეხავთ ჩვენ ჩვენი აღიარებით, – კითხულობდა ბატონიშვილი, – ჩვენთვის კიდევ უფრო მეტად საშიშ რისხვას მისი იმპერატორობითი უდიდებულესობისა?

– ნუთუ თქვენ ფიქრობთ, რომ თქვენი ქცევები ხელმწიფისგან დაფარულია? ისინი მისთვის ბევრი გზითაა ცნობილი. და რა უფრო სასიამოვნო იქნება მისთვის: შეიტყოს მათ შესახებ გარეშეთაგან, თუ ხედავდეს თქვენს საკუთარ სინანულს სუფთა და გულწრფელ აღიარებაში?

– ყველანაირად შევეცები, – ამბობდა ბატონიშვილი ხატის წინაშე, რომელიც მას მკერდზე ეკიდა და ხელი ჰქონდა მასზე მოკიდებული, – დაველაპარაკები რა დედაჩემს, იგი აღიარებაში დავარწმუნო. ასევე ძმებსაც მივწერ.

ამრიგად, სამეფო გვარის პირთა მონაწილეობა კახეთში მომხდარ მღელვარებებში ფაქტობრივად გამოიხატა. ძნელი იყო, რომ მათ მომავალში ამგვარი მოქმედებებისთვის ყველანარი ხერხები შეეწყვიტათ. რუსეთის ყველა წარმომადგენლის აზრით (См. рапорты Лазарева, Кнорринга, Коваленскаго, графа Мусина-Пушкина, Соколова и другихъ), იყო მხოლოდ ერთი საშუალება – ისინი საქართველოდან სამუდამოდ გაეყვანათ. კნორინგმა რამდენჯერმე სთხოვა ამის შესახებ იმპერატორ ალექსანდრეს, რომელიც, თუმცა კი, ამდენად მკაცრი ზომების მიღების აუცილებლობაზე აზრს არ იზიარებდა. უბოძა რა საქართველოს მთელი ის უფლებები და უპირატესობანი, «რომლებითაც დიდი იმპერიის ყველა სხვა ქვეშევრდომები სარგებლობენ», ალექსანდრემ ნება მისცა რუსეთში მყოფ ბატონიშვილებს, სრული თავისუფლება ჰქონოდათ, და თუ მოისურვებდნენ, საქართველოში გამგზავრებულიყვნენ. ამის კვალდაკვალ შემდეგ მან უბრძანა კნორინგს გამოეყენებინა სამეფო სახლის პირებთან ნებაყოფლობითი შეთანხმება რუსეთში მათი გამომგზავრებისთვის, «რის გარეშეც მათ წაქეზებებს ბოლო აღარ უჩანს» (Рескриптъ Кноррингу 20-го августа. Арх. Мин. Внутр. Делъ). ხოლო საქართველოდან მათი იძულებით გამოყვანა კი იმპერატორს «მეტად უკიდურეს» და ისეთ საშუალებად ეჩვენებოდა, რომელსაც შეიძლება მხოლოდ ყველაზე უფრო უკანასკნელ და აუცილებელ შემთხვევაში მივმართოთ.

მონდომება, რომ ვახტანგ ბატონიშვილი რუსეთში გამოეგზავნათ, ამაო რჩებოდა. ბატონიშვილი უარით პასუხობდა.

«მართალია, – წერდა იგი ქართველ მღვდელმსახურს ალექსი გავრილოვს (Акты Кавк. Арх. Комм., т. I, 268, № 277), – რუსეთში ცხოვრება ჩვენ პირველ ბედნიერებად უნდა მივიღოთ, მაგრამ ჩვენ რომ ახალგარდა ასაკში ვყოფილიყავით, რა თქმა უნდა კარგი იქნებოდა. მე უკვე 40 წელიწადი შემისრულდა; განა კი დროა, რომ ახლა ჩემი სამშობლოდან სამოგზაუროდ წავიდე? თუ ჩვენ ამ დრომდე ჩვენს მიწაზე ვცხოვრობდით და არსად არ გადავსახლებულვართ, როცა გარემომცველი მტრების მიერ ამდენად დაჩაგრულები და დამონებულები ვიყავით, მაშინ ჩვენ ამას ახლა რატომღა გვიკეთებენ, როცა ჩვენი ყოვლადმოწყალე ხელმწიფის ძლიერი მარჯვენის სამარადისოდ დამამშვიდებელმა მფარველობამ მოგვისწრო? შემდეგ, თუ თვით ჩემი აქ ყოფნის დროსაც, ჩემს სამფლობელოში, რომელიც მე ჩემმა განსვენებულმა მშობელმა მიწყალობა და უზენაესი მანიფესტითაც დამიმტკიცდა, უკვე ვეღარ მექნება ის ხმა, რომელიც ახლა მაქვს, არამედ მხოლოდ მისი შემოსავლებიდან საცხოვრებელი სახსრები მექნება, მაშინ შეიძლება კი იყოს ამაზე უფრო მეტი რაიმენაირი უბედურება, თუნდაც ჩვენს მიწაზე უხვი და მდიდარი შემოსავლები იყოს? – მე ჩემი ხელმწიფის ალექსანდრე I-ის მონურ ქვეშევრდომებრივ ერთგულებაში ვიყავი, ვარ და სამარეში ჩემს ჩასვლამდე ვიქნები. მე, როგორც ღმერთს ვაღიარებ ღმერთად, ისე იმპერატორ ალექსანდრე I-ს – ჩემს ხელმწიფედ, ვინაიდან როგორც ჩემი შემქნელისაგან ჩემი კეთილი საქმეებისთვის მომავალ საუკუნეში მარადიულ დიდებას მოველი, ისე მისი უდიდებულესობისგანაც ამ ცხოვრებაში მოველი კეთილდღეობას».

ცნობამ იმის შესახებ, რომ რუსეთში მყოფ ბატონიშვილებს, ნება მიეცათ საქართველოში დაბრუნებულიყვნენ, ხალხი დაანაღვლიანა, ხოლო რუსეთის მოწინააღმდეგე პარტია კი მეტად გაამხნევა. ტფილისში ამზადებდნენ სახლს ბატონიშვილების მოსათავსებლად. ხალხი, რომელიც გახარებული იყო იმით, რომ საქართველოში სამეფო გვარის სამი პირით უფრო ნაკლები იყო, დაჟინებით კითხულობდა: სიმართლეა თუ არა ის, რომ ბატონიშვილები უკვე საქართველოს გზაზე არიან? მმართველობის სათავეში მყოფ პირებს მათგან თავი უცოდინრობით უნდა დაეხსნათ. სხვადასხვაგვარი ხმების გავრცელება დაიწყო ქალაქში. პარტია, რომელსაც მეფის აღდგენა სურდა, მათ თავისებურად ხსნიდა. «ოცდაათი წლის განმავლობაში, – ამბობდნენ ისინი, – რუსები საქართველოში მეფეების დროს იყვნენ და ყოველთვის, ჩვენი მეფეებისთვის დაცვის აღმოჩენის შემდეგ, ქვეყანას ტოვებდნენ. ჯარების ახლანდელი ყოფნა – ასევე დროებითია და მხოლოდ იმ დრომდე გაგრძელდება, სანამ იმპერატორი ალექსანდრე სამეფო საგვარეულოდან რომელიმეს მეფედ არ დანიშნავს. იმპერატორის განზრახვა, – აგრძელებდნენ ისინი ხალხის დარწმუნებას, იმით მტკიცდება, რომ იგი არა მხოლოდ არ იძახებს საქართველოდან სამეფო სახლის წევრებს, არამედ, ამის საპირისპიროდ, უკვე რუსეთში მყოფთაც თავიანთ სამშობლოში უშვებს». რუსეთისადმი ერთგული პარტია, ასეთი ხმების გავრცელებისას, თავისი მომავლის გამო შიშობდა და ფიქრობდა, მათი სიმართლის შემთვევაში, გადარჩენა რუსეთში ეძია.

ასეთი საუბრების დროს, ოქტომბრის თვეში, საქართველოში ს.-პეტერბურგიდან ყოფილი ელჩი თავადი გარსევან ჭავჭავაძე ჩამოვიდა. თავად ჭავჭავაძეთა საგვარეულო ხალხის განსაკუთრებული პატივისცემით სარგებლობდა. თავადებს ამ საგვარეულოდან ქვეყნის ადმინისტრაციულ მმართველობაში მისი მეფეების დროს ყოველთვის ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი და გამოჩენილი ადგილები ეკავათ. ყაზახის ხალხის თითქმის ყველა აღალარი, რომელიც თავად გარსევან ჭავჭავაძის მმართველობის ქვეშ იმყოფებოდა, ორი ასეული თათრების თანხლებით, მის დასახვედრად სოფელ ყაზბეგში ამოვიდა. ასეთი დახვედრა აზიელი ხალხების წეს-ჩვეულებებშია; ეს ყაზახების ხასიათშიც იყო. მღელვარების შესახებ არანაირ ახსნა-განმარტებებს აქ ადგილი არ შეიძლებოდა ჰქონოდა. ეს უბრალო ჩვეულება გახლდათ, ხალხის მიერ ყვარებული ადამიანისადმი თავიანთი პატივისცემის გამოხატვა.

თავადის ვაჟიშვილი მაშინვე გამოცხადდა გენერალ-მაიორ ლაზარევთან შეკითხვით, თუ რა გაეკეთებინა, რათა ხალხის სურვილიც დაეკმაყოფილებინა და ამასთან ერთად მმართველის მხრიდან უსიამოვნებებიც თავიდან აეცილებინა. მას ურჩევდნენ თავად გამგზავრებულიყო კოვალენსკისთან და თავადის დახვედრაზე თათრების განზრახვის შესახებ განეცხადებია. კოვალენსკიმ ნება მისცა თათრებს თავადის დასახვედრად წასულიყვნენ, მაგრამ იმავე დღეს დაავალა მოურავის თანაშემწეს მერაბიშვილს გამოეცხადებინა მათთვის, რომ ყაზახები, უსიამოვნებათა თავიდან ასაცილებლად, დასახვედრად არ გამგზავრებულიყვნენ. – შეიტყო რა ამის შესახებ, ახალგზრდა თავადი ალექსანდრე ჭავჭავაძე ისევ გაემართა კოვალენსკისთან და სთხოვა მისთვის მიცემული ნებართვა დაემკიცებინა და, მიიღო რა ის, თათრებთან ერთად დუშეთში მამის დასახვედრად გაემგზავრა.

თავად გარსევან ჭავჭავაძის ჩამოსვლის შემდეგ, კოვალენსკიმ მისგან წერილობითი მიმართვა (письменный видъ) მოითხოვა და უბრძანა აღმასრულებელ ექსპედიციას რომ იგი (რუსეთის ერთგულებაზე) დაეფიცებინა. თავადი ჭავჭავაძე, რომელსაც ფიცი უკვე პეტერბურგში ჰქნდა დადებული, ექსპედიაციაში მოვიდა და ხელმეორედ დაიფიცა.

– მე მეტად მადლიერი ვარ, – უთხრა თავადმა კოვალენსკის წესის დასრულების შემდეგ, – იმ შემთხვევისთვის, რომელიც მომეცით ერთგული ქვეშევრდომის პირდაპირ მოვალეობათა შეცნობისთის, რომლებიც მე ამ დრომდე დაწვრილებით არ ვიცოდი. 

თავადი გადაკვრით მიანიშნებდა ფიცის ტექტსტზე, რომელიც ავალებდა თითოეულ ერთგულ ქვეშევრდომს გამოავლენდეს ყველაფერი, რასაც დაინახავს ან მოისმენს მისი იმპერატორობითი უდიდებულესობისადმი საზიანოს (გასაკიცხს).

– მე თქვენ წინასწარ უნდა გაგაფრთხილოთ, რომ ჩემს თანამემამულეებს, შესაძლოა, ჰქონდეთ საჭიროება ბევრი რამის შესახებ იმპერატორს მოახსენონ.

– მათ შეუძლიათ ამას, – პასუხობდა კოვალენსკი, – ცნობილი ფორმისა და წესების მიხედვით შეუდგნენ.

– ქართველები ჯერ კიდევ მეტად მიამიტები (გამოუცდელნი) არიან იმისთვის, რათა თხოვნის ფორმები ესმოდეთ.

მალევე ამის შემდეგ ტფილისში კახეთიდან ოთხი თავადი ჩამოვიდა: ლუარსაბ ვაჩნაძე, იოსებ ჯანდიერაშვილი, დიმიტრი და ადამ ანდრონიკაშვილები – ყველანი თავად ჭავჭავაძის ნათესავები. მათ არანაირი სხვა მიზანი არ ჰქონდათ, ხანგრძლივი განშორების შემდეგ მასთან პაემნის გარდა. ტფილისში ჩამოსვლის შემდეგ, თავადები პირდაპირ მმართველთან მივიდნენ, მაგრამ ეზოში ხანგრძლივი ლოდინის შემდეგ, რადგანაც კოვალენსკის ხილვა არ ეღირსათ, სადილად თავად ჭავჭავაძესთან გაემართნენ. საღამოს კოვალენსკიმ ჩამოსულები თავისთან მოითხოვა, უბრძანა ხმლები კომენდანტისთვის მიეცათ და ისინი მთავარ ჰაუპტვახტში პატიმრად ჩაესვათ. ამ განკარგულებამ ტფილისში დრტვინვა მოახდინა; ყველანი აღშფოთებით გაიძახოდნენ, რომ მმართველი არღვევს ქართველი თავადზნაურობის უფლებებს, რომლებიც მას იმპერატორის გულმოწყალებით აქვს მიცემული. ორი დღის შემდეგ დაპატიმრებულები განთავისუფლებულ იქნენ.

ასეთი საქციელით შეურაცხყოფილი, თავადი ჭავჭავაძე თავის სტუმრებთნ ერთად კოვალენსკისთან გაემართა მოთხოვნით, რათა აეხსნა მისთვის მიზეზი, რამაც მმართველი ასეთ საქციელზე წაახალისა.

– თუ მათ რაიმენაირი დანაშაული აქვთ ჩადენილი, – ამბობდა თავადი ჭავჭავაძე, – მაშინ ისინი სასამართლოს უნდა გადასცეთ.

– მათ არანაირი დანაშაული არ ჩაუდენიათ, – პასუხობდა კოვლენსკი, – გარდა იმისა, რომ გაბედეს თქვენთან მოსულიყვნენ იმაზე უწინ, სანამ ჩემთან გამოცხადდებოდნენ. მხოლოდ ამისთვის მე ისინი დაპატიმრებით დავაჯარიმე.

განაწყენებულმა (დაჩაგრულმა) თავადებმა გადაწყვიტეს კოვალენსკის უსამართლო საქციელზე ჩივილით უზენაეს სახელხე თხოვნა გაეგზავნათ და პეტერბურგში მისი გამოგზავნისთვის სოკოლოვს გადასცეს.

შეიტყო რა ამის შესახებ, კოვალენსკიმ გამოსცა პროკლამაცია, მიმართული პატიოსანი სასულიერო წოდების, პატივცემული თავადების, აზნაურების, მოქალაქეთა და მთელი ქართველი ხალხისადმი. «ვამჩნევ, – წერდა კოვალენსკი (Отъ 10-го ноября 1802 г. Арх. Мин. Иностр. Делъ, 1-5, 1802-3, № 1), რომ ამ ქალაქში ამ დრომდე არსებული სიწყნარე, წესრიგი და კეთილმოწესეობა, რომელიც ყველას და თითოეულს სიმშვიდითა და უსაფრთხოებით უზრუნველყოფს, რაღაც დროიდან ირღვევა გონებათა ახალი მოძრაობით, რომლებიც კეთილმოწყობილი მთავრობის წესებისადმი საწინააღმდეგოა, და რომ თავად შეკრებებსაც, თავყრილობებსა და თათბირებსაც თავიანთი დასაწყისი გააჩნიათ.

ასეთი უწესრიგობის აღკვეთისა და ყველა იმათი გაფრთხილებისთვის, რომლებიც მაცდუნებელთა ბადეებში ადვილად ებმებიან ქართველი ხალხის ყველა წოდების მოვალეობათა არცოდნის ან არასწორად გაგების გამო, რომლებიც რუსული კანონმდებლობით ისჯება... მე ჩემი მოვალეობის მიხედვით ამით გატყობინებთ, რომ ყველა ნებადაურთველი დაძახება, შეკრება, თავყრილობა, თათბირი, საერთო ხელმოწერებით წერილებისა და თხოვნების შედგენა და წესრიგის საწინააღმდეგო ან მთავრობის ნებართვის გარეშე ჩადენილი სხვა ქმედებები უმკაცრესად იკრძალება კანონების ძალით, რომლებიც აქვე ამონაწერშია გადმოცემული. ხოლო თუ წარმოქმნილი საქმეებისა და საჭიროებათა მიხედვით სად და როგორ უნდა ითხოვდეთ, ამის შესახებ კანონმდებლობაშია აღნიშნული, რომელთა საფუძველზეც გასულ ივლისის თვეში ჩემგან არის გამოცემული ახსნა-განმარტება, რომელსაც ახლაც ცნობისთვის დავურთავ». 

დაავალა რა კომენდანტს ეს შეტყობინება ტფილისის მცხოვრებთათვის გამოეცხადებინა, კოვალენსკიმ უბრძანა მას გამოცხადებულის წაკითხვაზე თავადებისთვის ხელმოწერები ჩამოერთმევინებინა. კომენდანტი თავად გარსევან ჭავჭავაძესთან, სარდალ თავად ორბელიანთან, თარხნიშვილთან და სხვებთან მივიდა, მაგრამ მათ ყველამ ხელმოწერაზე უარი განაცხადეს და ამბობდნენ, რომ დაწერილი არ ესმით. შეტყობინებამ მთელი ტფილისი მოიარა და იმავე სახით სრულებით სუფთა მმართველის კაბინეტში გამოცხადდა. კოვალენსკიმ დაიწყო ცალკეულ პირთა თავისთან დაძახება და მათგან ხელმოწერის მოთხოვნა. ქართველები უარზე იყვნენ, ამბობდნენ რა, რომ მასზე ხელს მხოლოდ თავადების ხელმოწერათა შემდეგ მოაწერდნენ. მაშინ მმართველმა ახალი საშუალება მოიგონა. მან მიახერხა სარდალი თავადი ორბელიანი, თარხნიშვილი და მაყაშვილი თავად გარსევან ჭავჭავაძისგან ჩამოეშორებინა და ისინი მის წინააღმდეგ გამოეყენებინა. განსაკუთრებით ფიცხი და პირდაპირი ხასიათის ადამიანს, თავად გარსევან ჭავჭავაძეს უყვარდა პირდაპირ და გულახდილად ეთქვა ის, რასაც გრძნობდა, და ამით, რა თქმა უნდა, ყველა საშუალებას აძლევდა კოვალენსკის, რათა იგი შემდგომში დაედანაშაულებინა.

ჩვენი დედაქალაქიდან ისეთი პირის ჩამოსვლა, როგორიც თავადი გარსევან ჭავჭავაძე გახლდათ, ძალიან ბუნებრივად, აღაგზნებდა ქართველების ყურადღებას, რომელთაც სურდათ თავიანთი მდგომარეობისთვის ნათელი მოეფინათ. თავადებს შორის დაიწყო შეკრებები, აზრთა გაცვლა-გამოცვლა, ხოლო ხალხს შორის კი – საუბრები. კოვალენსკი წერდა, რომ თავადი ჭავჭავაძე არღვევს საზოგადოებრივ სიმშვიდეს. არაკეთიკლმოსურნე პირებმა მღელვარების მოსაწყობად ხალხში ხმა გაუშვეს, რომ თავადი ჭავჭავაძე უფლებამოსილია შეადგინოს ახალი ვარაუდი საქართველოს ხვედრის შესახებ. ამან კიდევ უფრო მეტად მოიზიდა მისკენ ხალხი. კნორინგმა, საქართველოს მმართველის სიტყვებიდან, თავად ჭავჭავაძის წინააღმდეგ საბრალდებო აქტი შეადგინა. – «ქართველმა თავადებმა, – წერდა იგი (Рапортъ Кнорринга Государю Императору 30-го ноября, Арх. Мин. Внутр. Делъ. Дела Грузiи, ч. II, стр. 225), – დაჰყვნენ რა მის შეგონებებს და მოედინებიან რა ყოველი მხრიდან, მისი დაძახებებით დაიწყეს შეკრებების, თავყრილობებისა და თათბირების მოწყობა, წარმოადგენენ რა გონებათა ახალ მოძრაობას საზოგადოებრივი სიმშვიდის დასარღვევად... თავადი ჭავჭავაძე და მისი მეუღლე თავიანთი ძმებითა და სხვა მათი თანამზრახველებით არსებითად ხალხის რყევის წყარო გახლდნენ... თავადმა ჭავჭავაძემ, ქართველი თავადების გართობის ზევით, მიმოწერა დაიწყო საზღვარგარეთ, თავის თავად შეუდგა ყაზახისა და შამშადილის თათრების მართვას, რაც მას განსვენებული მეფის გიორგის დროს ჰქონდა, რომლებიც არცოდნის გამო, იყვნენ რა ამოძრავებულნი მისი შეგონებებით, თვით საქართველოს მმართველის ბრძანებებისადმი ურჩნიც კი აღმოჩნდნენ და მათთან დაყენებულ მოხელეს აშკარად არ ემორჩილებიან, რისი მეშვეობითაც ხდება სიძნელე თათრებისგან ხაზინაში განსაზღვრული ხარკის (გადასახადების, подати) მოკრებაში, ხოლო მათი მაგალითით კი ამ ვალდებულებაში სხვებიც მერყეობენ...»

თავადი ჭავჭავაძე არ მალავდა თავის აზრს და ღიად გამოთქვამდა, რომ ქართველები ბედნიერები უნდა იყვნენ იმით, რომ რუსეთისადმი არიან შეერთებულნი, მაგრამ რომ მათ კეთილდღეობას არ ექნება ადგილი და მყარი საფუძველი, სანამ ისინი მმართველობის ახლანდელ წესრიგს უნდა ემორჩილებოდნენ (Донесенiе Соколова гр. Воронцову 1-го ноября 1802 г. арх. Мин. Иностр. Делъ). კოვალენსკის მისი ასეთი სიტყვები არ მოსწონდა. საქართველოს მმართველმა იცოდა, რომ თავადი ჭავჭავაძე ერთერთი პირველი პირი გახლდათ, რომელმაც გიორგი XII მისი გავლენისგან გამოარიდა, იმ დროს, როცა იგი საქართველოს მეფის კარზე სრულუფლებიან მინისტრად იყო დანიშნული. იგი თავად ჭავჭავაძის მიმართ კეთილად არ იყო განწყობილი. თავადმა იცოდა ამ არაკეთილგანწყობის შესახებ, მაგრამ იმ რეპუტაციის იმედი ჰქონდა, რომელიც მის მიერ პეტერბურგში იყო შედგენილი, როგორც რუსეთისადმი გულწრფელად ერთგული პირისა.

ჭავჭავაძე იქაურ მმართველობაზე ხალხის საყოველთაო უკმაყოფილებასა და დრტვინვას არ მალავდა; ამბობდა, რომ არ იცის, თუ როგორ დააღწიოს თავი მომსვლელებს, რომლებიც მასთან ყოველი მხრიდან მოემგზავრებიან, მოაქვთ მასთან საჩივრები და მოითხოვენ ზომებს საყოველთაო სურვილის განსაცხადებლად მთავრობის შეცვლაზე, რომელიც ხალხისთვის ზომაზე მეტად სამძიმოა.

– აზრების ასეთი წესი (სახე, образъ мыслей), – ეუბნებოდა სოკოლოვი თავად ჭავჭავაძეს, სხვანაირად ვერ იქნება მიჩნეული, თუ არა საქციელი – შეუსაბამო უზენაეს ნებასთან, რომელმაც საქართველოში მმართველობა დაადგინა. ეს აშკარა დარღვევა იქნება ფიცისა, რომელიც რუსეთის იმპერატორისადმი გაქვთ მიცემული.

– ჩვენ ხალისით მივიღებთ საკუთარ თავზე ნებისმიერ სასჯელს, – პასუხობდა ჭავჭავაძე, თუ კი მხოლოდ უზენაესი ნების წინააღმდეგ მოვიქცევით, მაგრამ ჩვენი სურვილები და განზრახვები აქეთკენ სრულიად არ იხრება. ჩვენ მხოლოდ გვინდა ჩვენი ყოვლადუმდაბლესი თხოვნა მივიტანოთ გულმოწყალე მონარქის ფეხებთან, მასში მთელი ჩვენი საუბედურო (მწარე) მდგომარეობის ახსნა-განმარტებით. ეს თხოვნა გვსურს საზოგადოების მიერ არჩეულ თავადს გავატანოთ.

«გაცილებით უფრო უკეთესი იქნებოდა, – წერდა იგი ლოშქარიოვს (Отъ 30-го ноября 1802 г. арх. Мин. Внутр. Делъ. Дела Грузiи, ч. II, стр. 232), თუ აქაური მთავრობის გეგმა შეიცვლებოდა და სხვაგვარი წესრიგი დამყარდებოდა. ჩემის მხრივ კი, როგორც ერთგული მონა და ქვეშევრდომი, შევეცდები ყველაფერი ის აღვასრულო, რაც ჩემდამი ნაბრძანები იქნება. თუ მმართველობა ასეთივე საფუძველზე გაგრძელდება, მაშინ მე ვერანაირ სარგებელს ვერ ვხედავ, ამიტომ დაბეჯითებით გთხოვთ იზრუნოთ ჩემთვის, რათა შემეძლოს ჩემი ოჯახით იქ მქონდეს საცხოვრებელი ჩემი ყოვლადმოწყალე ხელმწიფის პროტექციის ქვეშ, ვინაიდან აქ ჩემთვის ცხოვრების შესაძლებლობა არანაირი სახით არ არის».

ხმებმა უწესრიგობებისა და ბოროტად გამოყენებათა შესახებ, რომლებიც საქართველოს მმართველობაში არსებობდა, პეტერბურგული კაბინეტის ყურდღება მიიქცია. 

საქართველოში გაგზავნილ სხავადსხვა პირთა მოხსენებები, საქართველოში სტუმრდ ნამყოფ მოგზაურთა მონათხრობები, და, ბოლოს, თავად ქართველების წერილები ზოგიერთი პირისადმი, რომლებიც ჩვენი მთავრობის სათავეში იდგნენ, ერთნაირად ირწმუნებოდნენ საქართველოს უმაღლესი მთავრობის უწესობის (безпорядочность) შესახებ, და მოწმობდნენ ქართველი ხალხის უკიდურესი დამონების თაობაზე. მმართველობის უწესობა წარმოდგებოდა რამდენადაც ზოგიერთი პირის თვითნებობისგან, იმდენადვე საქმეთა წარმოების იზოლირებული, ხალხის ხასიათისადმი უცხო წესრიგისგანაც. მმართველობა ვერ შეერწყა ხალხს, არ შევიდა ხალხის ჩვევების, ხასიათისა და ადათების შესწავლაში. იგი იმ გულწრფელი დაჯერებულობით მოქმედებდა, რომ მმართველობა კი არ არსებობს ხალხის სიკეთისთვის, არამედ ქართველები არიან შექმნილნი მმართველობის თვითნებობისთვის; რომ არა მმართველია მოწოდებული საქართველოში, ქვეყნის მოწყობისა და თითოეულის კეთილდღეობისთვის, არამედ საქართველოა შექმნილი მხოლოდ იმისთვის, რათა კოვალენსკი მისი მმართველი იყოს. აშკარაა, რომ ასეთი შეხედულებისას არ შეიძლებოდა ქვეყნის მართვაში წესრიგი ყოფილიყო, ხალხს არ შეეძლო მმართველობით კმაყოფილი ყოფილიყო და, ბუნებრივია, რომ მისი შეცვლა სურდა.

წესრიგისა და სიმშვიდის უკეთესად დამყარებისთვის აუცილებელი იყო მმართველობის სათავეში ისეთი ადამიანი დაეყენებიათ, რომელიც, იცოდა რა ხალხის ხასიათი, შევიდოდა რა მის საჭიროებებსა და მოთხოვნილებებში, შეძლებდა ქვეყანა მასში დაგროვილი ნაგვისგან გაეწმინდა, შესაბამისად მტკიცე ხასიათი და საკმარისი ხარისხით ენერგიაც ექნებოდა. ასეთი გენერალ-ლეიტენანტი თავადი პავლე დიმიტრის ძე ციციანოვი (ციციშვილი – ი. ხ.) გახლდათ.

1802 წ. სექტემბერში იმპერატორმა ალექსანდრემ აუცილებლად აღიარა გენერალი კნორინგი მხარის მმართველობისგან გამოეწვია, კოვალენსკი შეეცვალა, და თავადი ციციანოვი კავკასიაში მთავარსარდლად დანიშნა.

(გაზეთ «კავკაზის» 1847 წლის 16-ე ნომერში მოთავსებულია: «მასალები გენერალ-ლეიტენანტ კარლ თეოდორეს ძე კნორინგის ბიოგრაფიისათვის». ცნობები, რომლებსაც ავტორი გვატყობინებს, მეტად მოკლეა – არა უმეტეს, როგორც იმ თანამდებობების დასახელებათა ჩამონათვალი, რომლებსაც კნორინგი 1799 წლიდან 1802 წლის ჩათვლით ასრულებდა. ძველი მაცხოვრებლის სიტყვებზე დაფუძნებული, ისინი ზოგიერთ ადგილას არასწორია. ერეკლე II-მ კი არ მისცა საქართველო რუსეთის ქვეშევრდომობაში, არამედ მისმა ძემ გიორგი XII-მ. საქართველოს რუსეთისადმი შემოერთება სულაც ისე წყნარად და მშვიდად არ აღსრულებულა, როგორც ეს პატარა წერილი ლაპარაკობს, და კნორინგმაც, მთელი მისი ჩინებული თვისებების, გონებისა და კეთილშობილებისას, მაინც, ვერ შეძლო მცხოვრებთა სიყვარული და მადლიერება დაემსახურებინა. ქართველები არასოდეს უწოდებდნენ მას მშვიდობისმყოფელს, როგორც წერილის ავტორი ლაპარაკობს; პირიქით, არსებული წერილობითი აქტებიდან ჩანს, რომ ისინი მისი მმართველობით უკმაყოფილონი იყვნენ.) 

დანართი 1 

ასლი ინსტრუქციისა, რომელიც მიეცა კოლეგიის მრჩეველ სოკოლოვს 

ხელმწიფე იმპერატორის უზენაესი ნებით, თქვენ ინიშნებით იმერეთში გამგზავრებისთვის მისი იმპერატორობითი უდიდებულესობის უზენაესი სიგელით სოლომონ მეფისადმი, მისი უმაღლესობის წინაშე კონსტანტინე ბატონიშვილის განთავისუფლებაზე შუამდგომლობისთვის, რომელსაც მუხურის ციხესიმაგრეში მეთვალყურეობის ქვეშ ამყოფებენ, თქვენს დასახმარებლად კი, აზიური ენების, იქაური ადგილებისა და წეს-ჩვეულებათა ცოდნის გამო, მოემგზავრება საგარეო საქმეთა სახელმწიფო კოლეგიის უწყების კოლეგიის ასესორი იაკოვლევი; რისთვისაც თქვენს სახელმძღვანელოდ ამ უზენაესი დავალების ზუსტად აღსრულებისთვის გიბრძანებთ შემდეგს:

1-ლი. ამ დარიგების მიღებისა და აგრეთვე საგარეო საქმეთა სახელმწიფო კოლეგიიდან აქეთ და იქით გზაზე მგზავრობისთვის თავად თქვენთვის ხუთასი ჩერვონეცის, იმერელი ბატონიშვილის აქ ჩამოყვანისთვის ხუთასი ჩერვონეცისა და იქითვე და უკან თქვენთან გამწესებული კოლეგიის ასესორის იაკოვლევის მგზავრობისთვის ორას ორმოცდაათი ჩერვონეცის, და მგზავრობისთვის ყოველივე აუცილებლით მოსამარაგებლად თქვენ ორივესთვის, ერთდროულად წლიური ხელფასებიდან გამოქვითვის გარეშე, მიღების შემდეგ, ინებეთ თქვენ ორივემ, დაუყოვნებლად თქვენთვის განკუთვნილ გზას დაადგეთ. მოზდოკში ჩასვლის შემდეგ კი, უფლება გაქვთ, იმ ბრძანებულების ძალით, რომელიც საგარეო საქმეთა სახელმწიფო კოლეგიიდან თქვენ მოგეცათ, მოითხოვოთ იქაური უფროსობისგან ტფილისამდე თქვენი უსაფრთხო მოგზაურობისთვის გამცილებლები და გარემოებათა მიხედვით თქვენთვის საჭირო დახმარებაც. ხოლო ტფილისში ჩასვლის შემდეგ კი გამოცხდდით იქაურ მთავარსარდალთან ბატონ გენერალ-ლეიტენანტ კნორინგთან, ვისაც, ჩააბარებთ რა ჩემს წერილს (და თქვენთვის ჩაბარებულ საგანგებო პაკეტს, რომელიც შეიცავს უზენაეს სიგელს ერევნის ხანისადმი და სხვა ქაღალდებს სომეხთა პატრიარქის დანიელის არჩევის შესახებ), ამის თანაბრად, გამოითხოვთ მისგან, რაზმს იმერეთში თქვენი გზის უსაფრთხოდ გაგრძელებისთვის.

მე-2. იმერეთში ჩასვლის შემდეგ, თქვენ წინასწარ უნდა გაგზავნოთ მის უმაღლესობა სოლომონ მეფესთან თქვენთან გამწესებული კოლეგიის ასესორი იაკოვლევი, როგორც თქვენი ჩასვლის შესახებ შეტყობინებისთვის, ისე იმ დროის გამოთხოვნისთვისაც, როცა მეფე დაგინიშნავთ თქვენ რომ მას ეახლოთ თქვენგან უზენაესი სიგელის მისაღებად. 

თქვენთვის საამისოდ დანიშნულ დროს კი, მიხვალთ რა სასახლეში და შეხვალთ მოსასვენებელში, რომელშიც მეფე იქნება, მის უმაღლესობას მიმართეთ მისალმებით: «რომ ყოვლადმოწყალე ხელმწიფე იმპერატორმა გამოგგზავნათ თქვენ მის უმაღლესობასთან მეგობრული და მოწყალე მისი იმპერატორობითი სიგელით», რომელსაც მეფეს მოწიწებით იქვე გადასცემთ კიდეც. უეჭველად, მეფე, მიიღებს რა სიგელს, თქვენ დაჯდომას შემოგთავაზებთ, მაშინ თქვენ ხელმწიფე იმპერატორის სახელით იკითხავთ მისი უმაღლესობის, დედოფლის მისი მეუღლისა და მთელი სამეფო სახლის ჯანმრთელობის შესახებ, ხოლო შემდეგ კი გადასცემთ მას მისლმებას ჩემგანაც. რამდენიმე წუთის შემდეგ, ადგებით რა ისევ, აუხსნით მას თავაზიანად: «რომ მისი იმპერატორობითი უდიდებულესობა, დარწმუნებულია რა მისი სამეფო უმაღლესობის მეგობრობასა და მისდამი მუდმივ ერთგულებაში, რომლებიც ერთმორწმუნეობის გამო უძველესი დოიდან არსებობს, იმედოვნებს თავისი უზენაესი სურვილის, რომელიც სიგელშია შეთავაზებული, მის მიერ ზუსტად აღსრულებას». ხოლო როცა თქვენ შემდეგ მეფეს დაემშვიდობებით, ითხოვეთ მისი უმაღლესობისგან, რომ ნება მოგეცეთ პატივისცემის დამოწმებისთვის მიდიოდეთ სასახლეში იმ სათებში, რომელთა დანიშვნასაც მისი უმაღლესობა ინებებს.

სასახლიდან თქვენი ბინაში დაბრუნების შემდეგ კი, კოლეგიის ასესორის იაკოვლევის ხელით მეფეს გაუგზავნეთ, თქვენთან ერთად გამოგზავნილი საათი, ბრილიანტებით შემკული, ხელმწიფე იმპერატორისგან საჩუქრად მისი უმაღლესობისთვის დანიშნული. 

მეფესთან თქვენი მეორე პაემნის დროს სთხოვეთ მის უმაღლესობას ნებართვა ეახლოთ დედოფალს მის მეუღლესა და მათ შვილებს, და ამის თანაბრად მისი კარის დიდებულთაგან გამორჩეულებსაც. ხოლო როცა ამის ნება მოგეცემათ, მაშინ თქვენს მიერ დედოფალთან და მეფის შვილებთან სტუმრობისას თითოეულ მათგანს წესიერად მიესალმეთ ხელმწიფე იმპერატორისა და მათ უდიდებულესობათა ხელმწიფა იმპერატრიცების სახელით.

მეფესთან და დედოფალთან თქვენი პირველი სტუმრობისას აზიური ეთიკეტი დაიცავით, ესე იგი პირველად თავი ქამრამდე დაუხარეთ (первый поклонъ сделайте въ поясъ), ხოლო შემდგომში კი ჩვეულებრივი პატივისცემითა და თავაზიანობით გამოცხდდით.

მე-3. შესაძლოა, რომ მეფე, შეიტყობს რა თქვენი ჩასვლის შესახებ, სასახლის კარზე თქვენი მიპატიჟებისთვის რომელიმე მოხელეს ან თავისთან დაახლოებულ პირს გამოგზავნის, მაშინ თქვენ ამ გამოგზავნილს, მიიღებთ რა მეგობრულად, შეეცადეთ ყველანაირად მიეალერსოთ, რათა საჭიროების შემთხვევაში შეგეძლოთ მისი შუამდგომლობის ან დახმარების მეშვეობით, თუ იგი მეფის ნდობითაა აღჭურვილი, გქონდეთ წარმატება თქვენზე უზენაესად დაკისრებული დავალების აღსრულებაში.

თუმცა უმცირესი ეჭვიც კი არ არის იმაში, რომ მეფე მისი იმპერატორობითი უდიდებულესობის სურვილს, რომელიც უზენაეს სიგელშია გადმოცემული, ხალისით აღასრულებს, მაგრამ ზედმეტი არ იქნებოდა თქვენთვის გაგერკვიათ, თუ ვინ არიან მისი ყველზე უფრო მეტი ნდობით აღჭურვილი პირები, რომელთაც მასზე და ხალხზე ყველაზე უფრო მეტი გავლენა გააჩნიათ, რათა შეგვეძლოს ჩვენ ასეთის გამოყენება, გარემოებების და მიხედვით, მეფის დარწმუნებისთვის კონსტანტინე ბატონიშვილის განთავისუფლებაზე მის დასაყოლიებლად.

მე-4. როცა კონსტანტინე ბატონიშვილი თქვენ გადმოგეცემათ, მაშინ, მეფის დარწმუნების შემდეგ «მისი იმპერატორობითი უდიდებულესობის მადლიერების შესახებ მისი ასეთი საქციელისთვის, რომელიც მან ხელმწიფე იმპერატორისთვის სასურველად გააკეთა», დაუყოვნებლივ იჩქარეთ ბატონიშვილთან ერთად ტფილისში დაბრუნება.

ამ ქალაქში ჩამოსვლის შემდეგ კი, შეგიძლით თქვენ მასში რამდენიმე ხანს აიღოთ დასვენება, განსაკუთრებით ყმაწვილი ბატონიშვილისთვის, რათა არ დაქანცოთ იგი გაუჩერებელი მოგზაურობით იქაურ ადგილებში, რომლებიც, როგორც ცნობილია, მეტად არამშვიდია.

საქართველოში თქვენი მოგზაურობის გაგრძელებისას კი ესტუმრეთ ორივე ქვრივ დედოფალს, მეფეთა ძეებსა და ასულებს, ისევე როგორც საქართველოს უპირველეს პირებს თავადების, აზნაურებისა და სასულიერო წოდებისგან, რომლებიც იქ ცხოვრობენ, და ჩემი სახელით მოახსენეთ მათ პტივისცემით სალამი და უსურვეთ მათ ნანატრი ჯანმრთელობით დატკბობა.

თუ თქვენ იქ ბატონიშვილის შენარჩუნებისთვის რაიმეში შეგხვდებათ საჭიროება, მაშინ ყველაფრის შესახებ ბატონ გენერალ-ლეიტენანტ კნორინგს მიმართეთ; ასევე ტფილისიდან თქვენი უკან გამოგზავრებისას, სთხოვეთ მას საჭირო რაოდენობის გამცილებლები ბატონიშვილთან და კოლეგიის ასესორ იაკოვლევთან ერთად მოზდოკში უსაფრთხოდ და მშვიდად ჩამოსვლისთვის, სადაც, მოძებნით რა ბატონიშვილისთვის კარეტას ან ეტლს, და მოამარაგებთ რა მას ტანსაცმლითა და ყველაფრით, რაშიც საჭიროებას შენიშნავთ, თქვენთვის ამაზე მოცემული 500 ჩერვონეციდან, გააგრძელებთ თქვენს მგზავრობას აქეთკენ და ჩემთან გამოცხადდებით.

მე-5. კონსტანტინე ბატონიშვილთან ერთად აქეთკენ მთელი გზის განმავლობაში, როგორც თქვენ, ისე თქვენთან მყოფი კოლეგიის ასესორი აიკოვლევიც, მას უნდა ექცეოდეთ ალერსიანად და არანაირ გულისტკენას არ აყენებდეთ, არამედ მისი ყმაწვილობისადმი პატივისცემით ეცადეთ შესაძლებელ სურვილებში მას ასიამოვნოთ და ასევე ამშვიდებდეთ.

ბინებზე კი, სადაც მასთან ერთად გაჩერდებით, თავი აარიდეთ ყველა საფრთხეს, თუ სადმე შეგხვდებათ სნეული, მით უმეტეს ყვავილით დაავადებული, მაშინ ასეთისგან თავი რაც შეიძლება შორს დაიჭირეთ; ვინაიდან ეს ავადმყოფობა აღმოსავლელი ხალხებისთვის თავისი შედეგებით მეტად საშიში არის ხოლმე.

მე-6. უზენაესი სახელით იმერეთის მეფისთვის დანიშნული საჩუქრების გარდა, თქვენთან ერთად გამოგზავნილი ორი ოქროს და ორი ვერცხლის საათი, გამოიყენეთ საჩუქრებად, სადაც თქვენი შეხედულებით საჭირო იქნება, ხოლო აქ თქვენი ჩამოსვლისას, მოვალე იქნებით ჩაგვაბაროთ საფუძვლიანი ანგარიში მათ გამოყენებაში, იმის ჩვენებით, თუ ვის რა მიეცა და როგორი დამსახურებისათვის.

მე-7. ყოველივეს დასკვნაში კი, საჭიროდ მივიჩნევ აღგინიშნოთ ისიც, რომ თქვენ რამდენადაც შესაძლებელია ეცადოთ თქვენდამი დავალებული საქმე სწრაფად შეასრულოთ და აქ დაბრუდეთ. მიეცა ს.-პეტერბურგში, 1802 წლის 27 მაისს.

საგანგებო საიდუმლო ინსტრუქცია კოლეგიის მრჩეველ სოკოლოვს 

მისი იმპერატორობითი უდიდებულესობის სიგელით იმერეთის მეფე სოლომონთან თქვენი გაგზავნისას იმ საგანზე, რომელიც თქვენდამი მოცემულ ინსტრუქციაშია განმარტებული, ხელმწიფე იმპერატორის უზენაესი ნება იყო ებრძანებია ჩემთვის დაგაკისროთ კიდევ უმნიშვნელოვანესი დავალებაც, რომლის აღსრულებასაც, სამსახურისადმი თქვენი გულმოდგინებისა და მოშურნეობის მიხედვით, მოვალე ხართ შეუდგეთ უდიდესი წინდახედულებით, რის შედეგადაც გავალებთ:

1) თუ თქვენი მგზავრობისას მთიელი თავადები, მფლობელები, სპარსელები და სხვები იქაური ხალხებიდან წარმოგიდგენენ (გეტყვიან) თქვენ თავიანთ საჭიროებათა ან მათ მიერ განცდილი რაიმენაირი შევიწროვებების შესახებ, მიიღებთ რა მათ ალერსიანად, თითოეულს ყურადღებით მოუსმინეთ და აქ დაბრუნებისას ყოველივეს შესახებ მოსახსენებლად თქვენთვის ჩაიწერეთ. ხოლო თუ ისინი თქვენ წერილობით თხოვნებსაც გადმოგცემენ, მაშინ ისინიც, მიიღებთ რა მათგან, აქ ჩამოსვლამდე თქვენთან შეინახეთ. მათ ქვეშ იგულისხმებიან ის აზიელი ხალხებიც, რომლებიც რუსეთის ფარგლებში ცხოვრობენ, როგორი წოდებისა და სარწმუნოებისაც ისინი არ უნდა იყვნენ, რუსეთის იმ მცხოვრებთა გამოკლებით (исключая россiянъ), რომლებიც სამოქალაქო კანონების ჩრდილქვეშ იმყოფებიან და საგარეო საქმეთა სახელმწიფო კოლეგიის განმგებლობაში არ შემოდიან.

2) აქ ჩამოსული ხმების გამო ქართველი ხალხისა, და განსაკუთრებით კი იქაური თავადაზნაურობის უკმაყოფილებისა და დრტვინვის შესახებ იმ პირებზე, ვისაც უზენაესად დავალებული აქვთ მოქმედებაში მოიყვანონ რუსეთის იმპერიისადმი შემოერთებული ამ სამეფოს ახლანდელი განათლება, საჭიროა, რათა თქვენ ყველაზე უფრო მეტი გულმოდგინებით მიაქციოთ ყურადღება ყველაფერს, რაც იქ ხდება, შეეცდებით რა უდიდესი სიფრთხილით დაზვეროთ (გაარკვიოთ), თუ რა მიზეზებს შეეძლოთ ხალხში უკმაყოფილება და ჩივილი გამოეწვიათ (მოეხდინათ); ხომ არ არის მათ საქმეებში რაიმე განსაკუთრებული საგანი, რომლის მიმართაც ხალხის სულს უფრო მეტი მიდრეკილება გააჩნია, რისთვისაც, საქართველოს გავლით თქვენი მგზავრობისას, და განსაკუთრებით კი იმერეთიდან თქვენს უკანა გზაზე, როცა თქვენ დასვენების საბაბით გარკვეული ხნით ბატონიშვილთან ტფილისში გაჩერდებით, შეგეძლებათ სარგებლით გამოიყენოთ თქვენთან გამწესებული კოლეგიის ასესორი იაკოვლევი, მის მიერ ქართული და სომხური ენების ცოდნის გამო, ყოველივე ამის შესახებ ფარულად დაზვერვისთვის, სადაც და ვისთანაც ეს შესაძლებელი იქნება. ეს იაკოვლევი, რომელიც ამაზე უწინ საქართველოში იმყოფებოდა და აქვს რა იქ ბევრთან ნაცნობობა, და ამიტომ ამ ხალხის ხასიათის ცოდნაც, უნდა ეცადოს შეიძინოს იქაურ მაცხოვრბელთა მისდამი გულახდილობა, და ამის მეშვეობით კი ოსტატურად დაზვეროს ყველაფერი ზემოაღნიშნული საგნების მიხედვით და ყოველივეს შესახებ თქვენ დაწვრილებით მოგახსენოთ, რომლიდანაც თქვენ უკვე უნდა შეადგინოთ ჟურნალი ანუ ყოველდღიური ჩანაწერები.

3) როცა საქარველოს გავლით თქვენი მგზავრობისას, თქვენ მრავალი სალმით ესტუმრებით ქვრივ დედოფლებს, მეფის ძეებსა და მეფის ასულებს, თუ რომელიმე მათგანი ან ვინმე იქაური თავადაზნაურებიდან თქვენ წარმოგიდგენენ, რომ მათ სამშობლოში ახლანდელ გარემოებათა გამო, წაერთვათ უწინდელი თავიანთი შემოსავლები და სარგებელი, და რომ საქართველოში მთავარი უფროსის მიერ მათთვის განსაზღვრული შენახვის თანხები საკმარისი არ არის, თქვენ მათ უნდა უპასუხოთ, რომ მისი იმპერატორობითი უდიდებულესობა საქართველს სამეფოს რუსეთის იმპერიისადმი შემოერთებაში სხვა მიზნებითა და გრძნობებით არ ყოფილა წახალისებული, თუ არა ერთადერთი მხოლოდ სურვილით შეამსუბუქოს ამ ქრისტიანი ხალხის ხვედრი და სავალალო მდგომარეობა მასთან მოსაზღვრე ურწმუნო ხალხების ხშირი თავდასხმებისგან და უბოძის მას სიმშვიდის ურყევი საფუძველი და უსაფრთხოება, და რომ ყველაზე უფრო მომწიფებული მოსაზრების მიხედვით მათი კეთილდღეობის აღსრულების ერთადერთ საშუალებად რჩებოდა რუსეთის იმპერიისადმი მისი შემოერთება. რომ როცა მისი იმპერატორობითი უდიდებულესობისადმი მთავარსარდლის მიერ იქნება წარდგენილი საფუძვლიანინ მოხსენება ყველაფრის შესახებ, თუ სამართლისა და იქაური კანონების მიხედვით ვის რა ეკუთვნოდა, მაშინ ყოველივეს თაობაზე გაცემულ იქნება საფუძვლიანი განკარგულება, რომლის მიხედვითაც განაწყენებული არავინ დარჩება და ყველა იმ უფლებით ისარგებლებს, რომლებიც კანონების მიხედვით ერთგულ ქვეშევრდომებს შეიძლება ეკუთვნოდეთ.

4) თუ ზოგიერთი ბატონიშვილი თქვენ განგიმარტავთ, რომ მათ შესახებ სხვადასხვანაირი ცილისწამებებია გავრცელებული და მისი იმპერატორობითი უდიდებულესობის ყურამდე მოტანილიც, და რომ ისინი, წარმოდგენილი არაინ რა თავიანთი სამშობლოსადმი არაკეთილმოსურნეთა და ხელმწიფე იმპერატორის უზენაესი ხელისუფლებისადმი ურჩების სახით, მისი უდიდებულესობის მრისხანების გამო შიშობენ, მაშინ ეცადეთ ისინი დაარწმუნოთ, რომ ხელმწიფე იმპერატორისათვის ასეთი ეჭვები დამახასიათებელი არ არის, და რომ მისი იმპერატორობითი უდიდებულესობა ყველა შემთხვევაში და ყველა საქმეში ავლენს თავის დიდსულოვნებასა და გულმოწყალებას.

5) ტფილისში თქვენი ყოფნის დროს, ეცადეთ შეიტყოთ ქართველი ბატონიშვილების, გარდაცვლილი ერეკლე მეფის შვილების, ადგილსამყოფელის შესახებ, რომლებიც დღემდე იმერეთის ფარგლებში იმყოფებიან, და ამის თანაბრად შეიტყოთ მათი აზრების მიმდინარეობათა შესახებაც; და თუ მოგიწევთ რომ მათი სამშობლოს ახლანდელ გარემოებათა თაობაზე მათთან რაიმენაირი სახით პირადი ახსნა-განმარტება გქონდეთ, მაშინ ყველა შემთხვევაში ეცადეთ მათ ჯეროვნად აგრძნობინოთ, რომ, ხელმწიფე იმპერატორის მფარველობისგან მათი წასვლის ნაცვლად, მათთვის გაცილებით უფრო სასარგებლო იქნებოდა ეს მფარველობა მოეძიებინათ, რაშიც მათთვის საუკეთესო მტკიცებას წარმოადგენენ: მათი ძმა, მირიან ბატონიშვილი და ძმისწულები: იოანე, ბაგრატ და მიხეილ ბატონიშვილები, რომლებიც იმპერატორის წყალობითა და სრული კეთილდღეობით ნეტარებენ.

6) თქვენთვის ცნობილია, თუ როგორი შემობრუნება ჰპოვა საქმემ არარატის ეპარქიებში სომეხთა მთავარეპისკოპოსის დავითის არჩევის შესახებ და როგორ გარემოებათა გამო მის ნაცვლად ამ პატივში მანამდე არჩეული მთავარეპისკოპოსი დანიელი იქნა უზენაესად დამტკიცებული (ამ არჩევის შესახებ იხ. ტ. IV); ამიტომ თუ ვინმე სასულიერო ან საერო სომეხთაგან თქვენ ამის საპირისპიროს მტკიცებას დაგიწყებთ, მაშინ ამ შემთხვევაში თქვენ მტკიცედ უნდა უპასუხოთ, რომ რამდენადაც ჯერ კიდევ პატრიარქ ლუკას სიკვდილის დროს ყველა სომხის საერთო-სახალხო სურვილი იყო ცნობილი, რომ მის მონაცვალედ დანიელი ჰყოლოდათ, და რომ უძველესი დროიდან არსებული უფლებების მიხედვით, ამ ღირსებაში არჩევა მთელი სასულიერო წოდებისა და მთელი სომეხი ხალხის ხმით ხდებოდა, ხოლო ზოგიერთთა ხრიკებით ამ ღირსებაში დავითი იქნა აყვანილი, ვითომდა ამის შესახებ განსვენებული იოსების ანდერძის ძალით, მაგრამ მისმა იმპერატორობითმა უდიდებულესობამ, დაინახა რა მთელი სომეხი ხალხის ბევრი თხოვნიდან, რომ დავითმა ეს წმინდა ღირსება ძალადობრივად შეიძინა, და რომ მის არჩევაზე ანდერძი არასოდეს არსებობდა, და ასეთი რამ ხალხის უფლებათა დარღვევის გარეშე არც შეიძლებოდა ყოფილიყო, ამდენად დამაჯერებელი მიზეზებისა და მთელი სომეხი ხალხის მიერ ერთხმად გამოთქმული სურვილის პატივსაცემად, ასევე ოტომანის პორტას მიერ პატრიარქის ღირსებაზე დანიელისთვის უკვე მიცემული ბარათის შედეგადაც, ინება თავისი უავგუსტესი წინაპრების მაგალითის მიხედვით ეს პატრიარქი თავისი საიმპერატორო სიგელისა და უზენაესი მფარველობის ღირსი გაეხადა, და რომ ამისთვის სომეხი ხალხი მოვალეა, არ ცდუნდება რა ჭეშმარიტი გზიდან, დანიელი თავის კანონიერ პატრიარქად აღიაროს და მას ჯეროვანი მოწიწება და დახმარება აღმოუჩინოს, რათა ამით თავისი უწინდელი ცდომილება გამოასწოროს.

7) შეიძლება მოხდეს, რომ ერევნის ხანმა რომელიმე ქართველის ან სომხის მეშვეობით გამოგითქვათ თავისი სურვილი მონარქის მაღალი წყალობისა და მფარველობის მოძიების შესახებ, ვინაიდან ასეთი რამ მისი მხრიდან ბატონ გენერალ-ლეიტენანტ კნორინგისათვის უკვე იქნა გამოქმული, რომელმაც ამის შესახებ მის იმპერატორობით უდიდებულესობას უკვე მოახსენა, მაშინ ასეთ შემთხვევაში თქვენ უპასუხეთ, რომ ხელმწიფე იმპერატორი თავს არასოდეს არიდებს სიკეთის გაკეთებას, რა რადგანაც ხანი რუსეთის იმპერიასთან ასეთ ახლო მეზობლობაში იმყოფება და ყოველთვის საქართველოს მეგობარი იყო, ამიტომ ხელმწიფე იმპერატორისათვის, რა თქმა უნდა, სასიამოვნო იქნება თავისი მფარველობით ღირს ჰყოს როგორც თავად იგი, ისე მისი ძალაუფლების ქვეშ მყოფი მთელი ხალხიც, რათა ამის მეშვეობით მის სამფლობელოს კეთილდღეობითი სიმშვიდე მოუტანოს.

8) თუ ასევე ვინმე ერევნის ხანის პირთაგან ამა თუ იმ სახით დაგიწყებთ ახსნა-განმარტებებს პატრიარქად დანიელის არჩევის შესახებ, მაშინ თქვენს პასუხებში იხელმძღვანელეთ ამ საგანზე თქვენდამი წინა (6) პუნქტში მოწერილით, დაუმატებთ რა მას, რომ რადგანაც თავდაპირველი სომხური ეკლესია და საპატრიარქო ტახტიც ეჩმიაძინში მისი, ხანის სამფლობელოებში შედგებიან, ამიტომ მისი იმპერატორობითი უდიდებულესობა იმედოვნებს, რომ მისი მაღალღირსება ყველანაირად შეეცდება, როგორც ღვთის ეკლესიას, თავად პატრიარქს, სასულიერო წოდებას, ისე მთელ სომეხ ხალხსაც მასზე დამოკიდებული ყველანაირი დახმარება და დაცვა აღმოუჩინოს, მით უმეტეს, რომ მისი ძალაუფლების ქვეშ მყოფი ხალხის კეთილდღეობით მისი საკუთარი ძალა და ძალმოსილებაც იზრდება.

9) აქვე დართული წერილიდან თქვენ იხილავთ, თუ როგორ ეწყალობა ყოვლადმოწყალედ წმ. ალექსანდრე ნეველის ორდენი ოდიშისა და ლეჩხუმის მთავარს დადიანს, და როგორი ცვლილებები შეემთხვა ამის შემდეგ ამ მფლობელს, რომელთა გამოც ჩემგან ბატონ გენერალ-ლეიტენანტ კნორინგს განმეორებით ეცნობა უზენაესი ბრძანება, რათა მან ოდიშისა და ლეჩხუმის მფლობელთან მომხდარი არასასურველი შემთხვევის ნამდვილი მიზეზების გარკვევამდე, აღნიშნული ორდენი მომავალში მიღებულ ბრძანებამდე თავისთან შეინახოს. ზედმეტი არ იქნება თუ თქვენ გამოიჩენთ მცდელობას თავად იმერეთში, დაზვეროთ, ზუსტად როგორი ჩანაფიქრით იქნა თავადი დადიანი, რომელმაც საკუთარ თავზე იმერეთის მეფის რისხვა დაიტეხა, განდევნილი თავისი ოლქიდან, და ეს მისი განდევნა სამართლიანობის მოქმედებაა თუ მხოლოდ ძალადობისა სოლომონ მეფის მხრიდან. მიეცა ს.-პეტერბურგში 1802 წ. 27 მაისს.

წერილი (დანართი) საიდუმლო ინსტრუქციის მე-9 მუხლზე 

ბატონ გენერალ-ლეიტენანტ კნორინგისგან მიღებული მომართვა მასზე წერილის დართვით თავად დადიანისგან ოდიშისა და ლეჩხუმის მთავრისგან ამ უკანასკნელის განზრახვის შესახებ შეაწუხოს ხელმწიფე იმპერატორი თხოვნით მისთვის წმ. ალექსანდრე ნეველის ორდენის წყალობის თაობაზე 1801 წლის 22 დეკემბერს გადაეგზავნა ბატონ ნამდვილ საიდუმლო მრჩეველს ტროშჩინსკის, რათა მიერთვა უზენაესი განხილვისთვის.

1802 წ. 21 იანვარს ბატონმა ტროშჩინსკიმ თავისი მიმართვა თან დაურთო წმ. ალექსანდრე ნეველის ორდენს ამ თავად დადიანისთვის გასაგზავნად, განმარტა რა, რომ ეს ნიშნები ეწყალობა საბჭოში ამის შესახებ დადგენილების მიღების შედეგად.

მალევე ბატონ კნორინგისთვის ამ ორდენის გაგზავნის შემდეგ უზენაეს სიგელთან ერთად თავად დადიანისთვის მისატანად, ბ-ნ კნორინგისგან მიღებულია 8 თებერვლის წერილი, # 422, რომლითაც იგი გვატყობინებდა, რომ იმერეთის მეფის მიერ წარმოგზავნილის მეშვეობით მისთვის შეტყობინებული ცნობებით, თავადი დადიანი, იმერეთის მეფის წინააღმდეგ გარკვეული ჩანაფიქრის გამო, განდევნილია თავისი სამფლობელოდან, და რომ ასეთი ცნობა დასტურდებოდა ბატონ გენერალ-მაიორ ლაზარევის მოხსენებითაც.

უზენაეს განხილვაზე წარსადგენად ამ ბატონ კნორინგის მომართვის შესახებ, უზენაესი ბრძანებითვე 10 მარტს მას დაევალა: 1) რომ მის წარმოდგენამდე თავად დადიანის განზრახვის შესახებ ეთხოვა თავისთვის განსხვავების ასეთი ნიშანი, მას უნდა გამოეკვლია, კანონიერად სარგებლობდა თუ არა თავადი დადიანი დამოუკიდებლობით. 2) რომ ახალი შემთხვევისა და თავად დადიანის განდევნის აღწერაში ბ-ნ კნორინგს უფრო დაწვრილებით უნდა აეხსნა გარემოებანი და მიზეზები, რომლებმაც ეს გამოიწვიეს (მოახდინეს), და რაში შედგებოდა ბოროტი ჩანაფიქრები, და მისი განდევნა სამართლიანობის მოქმედებაა თუ ძალადობისა.

ბატონ კნორინგის 14 აპრილის პასუხი, # 1106, იმაში მდგომარეობდა, რომ მან უბრძანა საფუძვლიანად დაეზვერათ იმერეთსა და ოდიშში იმ მიზეზების შესახებ, რომლებმაც დადიანის განდევნა მოახდინეს; რომ იგი განსაკუთრებით შუამდგომლობდა ამ თავადისთვის ორდენის წყალობის შესახებ და არ ღწერდა ამ მფლობელის მდგომარეობას იმ გარემოებათა არცოდნის გამო, რომლებმაც მის გარდაცვლილ მამას თავად კაცია დადიანს წმ. ალექსანდრე ნეველის ორდენი მოუტანეს, და იმ მიზეზებისა, რომელთა მიხედვითაც მისი ამ ვაჟისთვის, თავად გრიგოლისთვის, იყო დაპირებული ამ უკანასკნელის სიმამრის, საქართველოს ყოფილი მეფის გიორგის მეშვეობით, მისი უდიდებულესობის ხელმწიფას ეკატერინე II-ის სიცოცხლეში, და რომ ბ-ნი კნორინგი, ვარაუდობდა რა რომ ეს ყოველივე სამინისტროსთვის ცნობილია, ფიქრობდა, რომ თავად დადიანის თხოვნასთან დამოკიდებულებით ოდიშის უწინდელ მფლობელებთან ურთიერთობების მიმართებაში მას დაუსვამდნენ კითხვას იმის შესახებ, რაც დამატებით საჭიროა ახლა ამის თაობაზე დაიზვეროს (გაირკვეს). რომ ორდენი მასთან ინახება, და რომ მას ამის შესახებ დადიანისთვის არ შეუტყობინებია. 

15 მაისს ბ-ნ კნორინგს ვიცე-კანცლერისგან ეცნობა დადასტურება უზენაესი ბრძანებისა, რომელიც მას 10 მარტს გაეგზავნა, და რომ თავად დადიანისთვის ყოვლადმოწყალედ ბოძებული ორდენი, მომავალში ბრძანებამდე თავისთან შეენახა.

თარგმნა ირაკლი ხართიშვილმა