(გარკვეული შემცირებით გამოქვეყნდა ჟურნალ “ქვაკუთხედის” 2008 წლის აპრილის ნომერში)
ამა წლის 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნების პარალელურად, როგორც ვიცით, საქართველოში ჩატარდა პლებისციტი (ანუ მოსახლეობის აზრის გამოკითხვა) ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში (ნატო-ში) საქართველოს გაწევრიანების სასურველობის საკითხთან დაკავშირებით. ოფიციალური მონაცემებით, ჩვენი ქვეყნის ნატო-ს ბლოკში გაწევრიანებას მხარი დაუჭირა არჩევნებზე მისული ამომრჩევლების დაახლოებით 77%-მა. და ამის საფუძველზე საქართველოს ხელისუფლება, დასავლეთის მიერ დაფინანსებული ე. წ. პოლიტიკური პარტიები, არასამთავრობო ორგანიზაციები და მასობრივი ინფორმაციის (სამწუხაროდ, დეზინფორმაციის) საშუალებები რიხით აგრძელებენ იმის მტკიცებას, რომ საქართველოს მოსახლეობის უდიდეს უმეტესობას სურს ჩვენი ქვეყნის ჩრდილოატლანტიკურ კავშირში გაწევრიანება, რომ საქართველოს არჩევანი ნატო-ა, რომ მხოლოდ ამ ბლოკში გაწევრიანების შემთხვევაში განვითარდება საქართველოში ასე ნანატრი დემოკრატია, სიმშვიდე, სტაბილურობა, მოსახლეობის კეთილდღეობა და სხვა. ეს ყოველივე ადრეც ბევრჯერ მოგვისმენია, მაგრამ განა კი ასეა საქმე?
დავიწყოთ პლებისციტის შედეგების უფრო გულდასმით გარკვევით. მართალია, ოფიციალური მონაცემების მიხედვით, საარჩევნო ყუთებთან მისული ამომრჩევლების დაახლოებით 77%-მა დაუჭირა მხარი საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას, რაც მართლაც შთამბეჭდავი მაჩვენებელი უნდა იყოს, მაგრამ იმავე ოფიციალური მონაცემების მიხედვით 5 იანვარს საარჩევნო უბნებში მივიდა და ხმა მისცა საარჩევნო სიებში ჩაწერილი ამომრჩევლების სულ დაახლოებით 56%-მა. მაშინ ისმება ბუნებრივი კითხვა: საარჩევნო სიებში მყოფი ამომრჩევლების საერთო რიცხვის რა ნაწილს მიუცია ხმა საქართველოს ნატო-ს ბლოკში გაწევრიანების სასარგებლოდ? ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად 56% უნდა გავამრავლოთ 77%-ზე და გავყოთ 100%-ზე, და მივიღებთ, რომ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ჩვენი ქვეყნის გაწევრიანების მომხრედ ამ პლებისციტზე ოფიციალური მონაცემებით გამოსულა საქართველოს ამომრჩეველთა სიითი რიცხვის სულ 43%-ზე ცოტა მეტი, ანუ ნ ა ხ ე ვ ა რ ზ ე ნ ა კ ლ ე ბ ი! მაშინ რატომ ხდება ასე საზეიმოდ და დაბეჯითებით მხოლოდ იმ 77% პროცენტის მოხსენიება? სიცრუისა და გაყალბების გამო, რაც ასე ფესვგამდგარი სენია ჩვენს საზოგადოებაში (მხედველობაში არა გვაქვს მხოლოდ საარჩევნო სიცრუე და გაყალბებანი, არამედ ვლაპარაკობთ უფრო ზოგად სენზე, რომლის ცალკეულ გამოხატულებასაც წარმოადგენს არჩევნების ფალსიფიკაციის პრობლემა).
ახლა გავიხსენოთ ისიც, რასაც ასე დაბეჯითებით ასაბუთებს ჩვენი ხელისუფლების ოპოზიცია _ რომ მოხდა მასობრივი გაყალბებანი მიხეილ სააკაშვილის სასარგებლოდ, რომ მან არჩევნებში რეალურად აიღო არა საარჩევნო უბნებში მისული ადამიანების ხმების 54%, არამედ დიდი-დიდი 34%, და რომ სულ მცირე ხმების 20% მის სასარგებლოდ ჩაყარეს სხვადასხვანაირი გაყალბების შედეგად. ამას ჩვენც ვეთანხმებით, მაგრამ აქვე გვინდა დავსვათ შეკითხვა: თუ კი სააკაშვილის სასარგებლოდ იქნა გაყალბებული არჩევნები, განა იმავე საარჩევლო კონვერტებში ნატო-ში საქართველოს გაწევრიანების სასურველობის შესახებ შეკითხვებიც არ იყო პლებისციტისთვის? და განა ეს პასუხები კი არ გაყალბდებოდა ხელისუფლების მხრიდან? რა თქმა უნდა, გ ა ყ ა ლ ბ დ ე ბ ო დ ა. და თუკი სულ მცირე, ბიულეტენების 20% ჩაყარეს სააკაშვილის სასარგებლოდ, მაშინ უნდა ვიგულისხმოთ, რომ ნატო-ს ბლოკის სასარგებლოდაც ამდენივეს ჩაყრიდნენ, ანუ ალინსში საქართველო გაწევრიანების მომხრედ ამ პლებისციტზე გამოსულა საარჩევნო უბნებში მისულ ამომრჩეველთა არა 77%, არამედ, რეალურად, სულ დიდი 57%. საინტერესოა, თუ ამომრჩეველთა საერთო ოფოციალური სიითი რიცხვის რა ნაწილს წარმოადგენს საარჩევნო ყუთებთან მისული ადამიანების ეს 57%? ამისთვის, როგორ ზემოთ, 56% უნდა გავამრავლოთ 57%-ზე და გავყოთ 100%-ზე. შედეგად კი მივიღებთ, რომ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას, სააკაშვილისა და ნატო-ს სასარგებლოდ გაყალბების გათვალისწინებით) რეალურად მხარი დაუჭირა ოფიციალურად საარჩევნო სიებში არსებულ პირთა სულ 32%-ზე ცოტა ნაკლებმა, ანუ მხოლოდ ერთმა მესამედმა.
ახლა საკითხს შევხედოთ ხელისუფლებისადმი იმ ოპოზიციის თვალთახედვით, რომელიც ასე აქტიურად ფიგურირებს ტელევიზიასა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებში, და გარკვეული სახსრებიც გააჩნია საორგანიზაციო მუშაობისთვის _ ოფისების დაქირავება, ღონისძიებების ჩატარება, საინფორმაციო და სხვა მასალების გამოცემა და ა. შ. და ეს სახსრებიც, სამწუხაროდ, იმავე დასავლური სპეცსამსახურების კონტროლით არის მოსული. ამ ოპოზიციის თვალსაზრისით, საარჩევნო სიები რეალურთან შედარებით მნიშვნელოვნად იყო გაბერილი მათში გარდაცვლილი ადამიანების სახელების შეტანით, საზღვარგარეთ გასულთა და ბინაგადაცვლილთა შეყვანით და სხვა. ამიტომ, რეალურად 5 იანვარს საარჩევნო ყუთებთან მივიდა ამომრჩეველთა რაოდენობის არა 56%, არამედ დაახლოებით 70%. მათ ამაშიც შეგვიძლია დავეთანხმოთ, მაგრამ განა თავად ისინი არ აცხადებენ, რომ მოხდა არჩევნების შედეგების გაყალბება სააკაშვილის სასარგებლოდ სულ მცირე ხმების 20%-ით? მაშინ იმავე ლოგიკით, გაყალბება მოხდებოდა საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების სასარგებლოდაც, იმავე სულ მცირე 20%-ით (ანუ ჩრდილოატლანტიკურ კავშირში საქართველოს გაწევრიანების მომხრედ გამოსულა ამომრჩეველთა არა 77, არამედ 57%, რაც ზემოთ უკვე აღვნიშნეთ). შესაბამისად, პროამერიკული ოპოზიციის დაანგარიშებითაც უნდა გამოდიოდეს, რომ ჩვენი ქვეყნის ნატო-ში გაწევრიანების მომხრედ ამ პლებისციტზე გამოსულა ამომრჩეველთა საერთო რიცხვის (70%X57%):100%=39,9%. ანუ, ამ ოპოზიციის ლოგიკითაც, 2008 წლის 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნების პარალელურად საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების მომხრედ გამოსულა ჩვენი ქვეყნის ამომრჩეველთა საერთო რიცხვის სულ 40%-მდე, რაც ნ ა ხ ე ვ ა რ ზ ე ნ ა კ ლ ე ბ ი ა და, შესაბამისად, გვიჩვენებს, რომ საქართველოს მოსახლეობის ნახევარზე მეტს არ სურს ჩვენი ქვეყნის ნატო-ში გაწევრიანება, ან სულ მცირე, არ არის ამის მომხრე.
არჩევნებზე არმისული ადამიანები სულაც არ არიან პოლიტიკურად უნიათო და უინტერესო მოქალაქეები, არამედ ხედავენ რა ამ, ასე ვთქვათ, ღონისძიებაში მონაწილე „პოლიტიკური საქმოსნებისა“ („დელეცების“, „მოჩალიჩეების“) ყოვლად უკადრის, ცალმხრივ და ტენდენციურ ფაციფუცს, მასობრივი ინფორმაციის საშუალებების უდიდესი უმეტესობის ჩათვლით, რომელიც, სამწუხაროდ, სიყალბითა და უსინდისობით არის გაჟღენთილი, ერიდებიან ამაში მონაწილეობას და ელოდებიან იმ დროს, როდესაც წერას ატანილი ეს „პოლიტმოჩალიჩეები“ თავად გამოთხრიან თავიანთ დასაკლავ დანას და უკანმოუბრუნებლად მოშორდებიან საქართველოს საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცხოვრების სივრცეს. ამის პროგნოზირება ძნელი არ არის იმის გათვალისწინებით, თუ როგორი მასშტაბის სამხედრო-პოლიტიკურ დაპირისპირებაში ერთვებიან დასავლურ ფულებსა და საკუთარ გაუმაძღრობას აყოლილი ეს, ასე ვთქვათ, ადამიანები.
და მაშინ, რატომ აცხადებენ ასე რიხიანად, რომ საქართველოს არჩევანი არის ნატო და რომ ორგანიზაციის გარეშე ჩვენი სტაბილური და მშვიდობიანი განვითარება, ჩვენში დემოკრატიის გაძლიერება შეუძლებელიაო და სხვა მისთანებს? მაშინ არასტაბილიურობით, უდემოკრატიულობით, განუვითარებულობითა და ჩამორჩენილობით, აგრეთვე საშინელი დესპოტიზმით დაქცეულან და დაჩაჩანაკებულან დაარსების დღიდანვე ნატო-ს ბლოკში არგაწევრიანებული და ნეიტრალურ მცირე სახელმწიფოებად დარჩენილი ფინეთი, შვედეთი, შვეიცარია და ავსტრია, და ის საწყლები, თურმე წელიწადში ორჯერ განიცდიან საშუალოდ რუსული ჯარების გამანადგურებელ თარეშსა და თავდასხმებს (მაგრამ ასე რომ არ ხდება?).
ვთქვათ ხელისუფლება დასავლურ სტრუქტურებთან ასეთი კაპიტულანტური (რბილად რომ ვთქვათ) ურთიერთობების შედეგად თავის პირად და წვრილმან სარგებელს ნახულობს საკუთარი ქვეყნის ინტერესების გაყიდვის სანაცვლოდ, მაგრამ ოპოზიციას კი რატომ უნდა უნდოდეს სამშობლოს ინტერესების ასეთ გამყიდველობაში მონაწილეობა? ხოლო თუ კი იგი არ მონაწილეობს ამ გამყიდველობაში, მაშინ რაღატომ უჩლუნგდება პატიოსნებისა და პრინციპულობის გრძნობა, როდესაც მიხეილ სააკაშვილის სასაგებლოდ არჩევნების შედეგების გაყალბების მხილებიდან თითქმის ავტომატურად უნდა გადადიოდეს ნატო-ს ბლოკში საქართველოს გაწევრიანების სურვილზე პლებისციტის შედეგების გაყალბების თემაზეც, მაგრამ არ გადადის?
ყოველივე ეს ნათლად გვიჩვენებს და გვიდასტურებ იმ ფაქტს, რომ დღევანდელი საქართველოს ასე ვთქვათ პოლიტიკურ ასპარეზზე დავა მიდის მხოლოდ სკამებისთვის და ამ სკამების მიღების აუცილებელ პირობად ყველას (ვინც ამაში მონაწილეობს) მიაჩნია ამერკასთან, ნატო-თან და სხვა დასავლურ ორგანიზაციებთან ლაქუცი და მათი ინტერესების ქართველი ერისა და საქართველოს მოსახლეობისთვის თავზე მოხვევაში მონაწილეობა. ჩვენთან ხშირად გავიგონებთ იმას, რომ საქართველოში ამდენი პოლიტიკოსია და ასეთი პოლიტიკური ცხოვრება მიმდინარეობს. მაგრამ, სამწუხაროდ, ასე სულაც არ არის. პოლიტიკაში ფუსფუსი და „ჩალიჩი“ სულაც არ ნიშნავს პოლიტიკის კეთებასა და პოლიტიკოსობას. პოლიტიკის კეთება ხდება მაშინ, როცა ადამიანი ან ადამიანთა ჯგუფი (პარტია) პოლიტიკის ასპარეზზე და პოლიტიკის მეთოდებით იღწვის საკუთარი სამშობლოს, ქვეყნის, სახელმწიფოს ინტერესებისთვის, და ასეთ ადამიანს ან ადამიანებს ჰქვიათ პოლიტიკოსები. როდესაც პოლიტიკის ასპარეზზე და პოლიტიკის მეთოდებით თავიანთ პირად ინტერესებს „იჩალიჩებენ“, ამას ჰქვია პოლიტიკანობა, ხოლო ამ ადამიანებს _ პოლიტიკანები. მაგრამ როდესაც ხდება უცხო სახელმწიფოების სტრუქტურებისგან ან მათ მიერ დაარსებული და მათი კონტროლით მოქმედი ორგანიზაციებისგან ფულის მიღება და სანაცვლოდ ამ სახელმწიფოთა პოლიტიკური, ეკონომიკური და სხვა ინტერესების საკუთარი ქვეყნისა და საზოგადოებისთვის თავზე მოხვევა, ამას უკვე ჰქვია პოლიტიკური პროსტიტუცია (გნებავთ პოლიტიკური მეძავობა), ხოლო შესაბამის ადამიანებსა და პარტიებს _ პოლიტიკური კახპები. სამწუხაროდ, ჩვენს რეალობაში, უკანასკნელი თითქმის ორი ათწლეულის მანძილზე გაცილებით უფრო მეტი გასაქანი მიეცა არა იმდენად პოლიტიკის კეთებასა და პოლიტიკოსობას, რამდენადაც პოლიტიკანობასა და პოლიტიკურ მეძავობას. სწორედ ამიტომ არის, რომ პოლიტიკაში ბევრი ფუსფუსებს, ქვეყნის საქმე კი უკან-უკან მიდის.
პირადად ჩვენ 1999 წლის გაზაფხულამდე ასევე პროდასავლურ პოზიციაზე ვიდექით და ვსწალობდით ძირითადად აშშ-ისა და ნატო-ს სხვა სახელმწიფოთა თანამედროვე სამხედრო მშენებლობის საკითხებს, რათა ეს ცოდნა და გამოცდილება ისევ ჩვენი ქვეყნის შეიარაღებული ძალებისა და თავდაცვის სისტემის მშენებლობისთვის გამოგვეყენებინა. ამ წლებში, ღვთის წყალობით, დაგვიგროვდა მნიშვნელოვანი მასალებიც, რომელთა ერთი ნაწილიც გამოცემული გვაქვს საქართველოს პარლამენტისა და სხვა სახელისუფლებო სტრუქტურებისთვის, აგრეთვე სამხედრო-ისტორიულ ჟურნალ „მხედარში“. მაგრამ, სამწუხაროდ, ამ სტრუქტურებში ამჯობინებდნენ და დღესაც ამჯობინებენ არა დასავლური გამოცდილების შესწავლა-გაანალიზებას საკუთარი ქვეყნის საჭიროებისთვის გამოსაყენებლად, არამედ პირდაპირ დასავლეთიდან მიღებული რეკომენდაციებისა და რეცეფტების (გნებავთ დირექტივების) უკრიტიკოდ შესრულებას, ანუ დასავლეთის ასე რომ ვთქვათ, „ყურმოჭრილ ყმობას“, და არა მხოლოდ ხელისუფლება, არამედ ოპოზიციაცა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებიც.
ამის შესაბამისად, მაგალითად, მაშინ, როდესაც ამერიკული სახმელეთო ჯარების სარდლობამ 1990-იან წლებში, სახმელეთო ჯარების საერთო შემცირების ფონზე _ 26-დან 18 საბრძოლო დივიზიამდე, ჯავშანსატანკო და მექანიზებული ქვეითი (ანუ ე. წ. „მძიმე“) დივიზიები შეამცირა სულ უმნიშვნელოდ 13-დან 11 ერთეულამდე, ქვეითი და მსუბუქი ქვეითი დივიზიები კი, მეტად შთამბეჭდავად _ 11-დან სამ ერთეულამდე, ჩვენ სულ საწინააღმდეგო რჩევებს გვაძლევენ. სტრატეგიული კვლევების ლონდონის საერთაშორისო ინსტიტუტის მონაცემებით, 2000 წელს ამერიკული არმიის რეგულარული ჯარებისა და მზადმყოფი რეზერვის საბრძოლო შემადგენლობაში ნაჩვენები იყო სულ 18 საბრძოლო დივიზია, მათგან ხუთი ჯავშანსატანკო, ექვსი მექანიზებული ქვეითი (ანუ სულ 11 მძიმე დივიზია), ორი საშუალო, სამი მსუბუქი ქვეითი, საჰაერო-საიერიშო და საჰაერო-სადესანტო დივიზიები. ამის საპირისპიროდ იგივე ამერიკელები ჩვენ გვეუბნებიან, რომ ჯავშანსატანკო და მექანიზებული ჯარები ჩვენ არ გვჭირდება, და მხოლოდ ქვეითი ჯარების ამარაც იოლად გავალთ ფონს. მაშინ თვითონ რატომ ვერ გადიან? ამ კითხვას ვსვამთ ჯერ კიდევ 1999 წლის ზაფხულიდან, მაგრამ მასზე დამაჯერებელი და არგუმენტირებული პასუხი ვერ მიგვიღია. სამაგიეროდ ჩვენს მიერ მცირეტირაჟიან გაზეთში გამოქვეყნებული ინფორმაციის გადაფარვა სისტემატიურად ხდებოდა ჩვენი სახელმწიფო სტრუქტურებისა და სხვა პროამერიკული ფართო სპექტრის მხრიდან მრავალნაირი ღონისძიებებითა და მოწვეული უცხოელი სტუმრების დამაიმედებელი გამოსვლებით. მაგრამ გამოსვლები გამოსვლებად დარჩება, ხოლო როდესაც საქმე საქმეზე მიდგება, აი მაშინ კი გაიგებს ბევრი ჩვენთაგანი, თუ რას ნიშნავს ეს ყოველივე, „ან ის ცეცხლისმფრქვეველი მახვილები რანი არიან“. გაიგებს და, ალბათ სანანებელიც ექნება, რომ თავის დროზე არ დაადგა სწორ გზას _ უფლისა და საკუთარი ქვეყნის მსახურების გზას.
გარდა ამისა, იმავე ლონდონური წყაროს მონაცემებით, „ცივი ომის“ მიწურულს, ნატო-ს ბლოკის წევრ ნორვეგიაში, ევროპის მცირე ნეიტრალურ სახელმწიფოებში: ფინეთში, შვედეთში, შვეიცარიაში, ასევე ისრაელში, უკვე მშვიდობიანობის დროს ისე იყო თავდაცვის სისტემა, სამხედრო ეკონომიკა და შეიარაღებული ძალების მშენებლობა ორგანიზებული, რომ კრიზისულ ან მუქარის სიტუაციებში, აგრეთვე ომის დაწყებისას ქვეყნის სარდლობას შეეძლო მოკლე ვადებში შეიარაღებულ ძალებში იარაღით ხელში სამსახურისთვის მთელი მოსახლეობის დაახლოებით 10%-ის მობილიზება, რაც ხუთმილიონიანი ქვეყნისთვის შეესაბამება 500-550 ათასიან შეიარაღებულ ძალებს. თავისთავად ცხადია, რომ ასეთი რიცხოვნების შეიარაღებულ ძალებს შესაბამისი რაოდენობისა და ხარისხის შეიარაღებაც უნდა ჰქონოდათ. ქვემოთ ცხრილში ნაჩვენებია ამ მცირე სახელმწიფოთა მოსახლეობა, შეიარაღებული ძალები და ძირითადი შეიარაღება 1991 წელში (წყაროდ გამოყენებულია იმავე ინსტიტუტის გამოცემა The Military Balance 1991-1992).
მოსახლეობა და შეიარაღებული . . ნორვეგია . . საბერძნე- . . ფინეთი . . შვეიცარია . . შვედეთი
ძალები, ძირითადი შეიარაღება . . . . . . . . . . . . . თი
მოსახლეობა, ადამიანი . . . . . . . . . .4207800 . . 10174400 . .5023200 . .6503800 . .8340200
რეგულარული შეიარაღებუ–
ლი ძალები, ადამიანი . . . . . . . . . . . . . .32700 . . . . 158500 . . . . .31800 . . . . . * . . . . . . . . 63000
რეზერვები, ადამიანი . . . . . . . . . . . . .358000 . . . .406000 . . .500000 . . .625000 . . . 709000
საბრძოლო ტანკები . . . . . . . . . . . . . . . . . . 211 . . . . . . . 1897 . . . . . . .120 . . . . . . 870 . . . . . . . 785
მოჯავშნული საბრძოლო
მანქანები . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .203 . . . . . . .2289 . . . . . . .573 . . . . . .1350 . . . . . . .800
საველე საარტილერიო
სისტემები . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 527 . . . . . . .1908 . . . . . .1660+ . . . . 1400 . . . . . .1520
დამრტყმელი ვერტმფრენები . . . . . . . . . – . . . . . . . . . . . – . . . . . . . . . – . . . . . . . . . – . . . . . . . . . . 20
საბრძოლო თვითმფრინავები . . . . . . . . . . . 94 . . . . . . . . 448 . . . . . . . 118 . . . . . . . 289 . . . . . . .470
წყალქვეშა ნავები . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 11 . . . . . . . . . 10 . . . . . . – . . . . . . . . . – . . . . . . . . . . . . 12
წყალზედა მსხვილი საბრძო–
ლო ხომალდები . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .5 . . . . . . . . . .18 . . . . . – . . . . . . . . . – . . . . . . . . . . – . . .
სარაკეტო და საპატრულო
კატარღები . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 35 . . . . . . . . . 36 . . . . . . . . .22 . . . . . – . . . . . . . . . . . . .42
2000-იან წლებში ევროპის მცირე სახელმწიფოებში რეზერვების რიცხოვნება რამდენადმე შეამცირეს, მაგრამ საბერძნეთის, ასევე ევროპის ნეიტრალური ქვეყნებისა და ისრაელის შეიარაღება ფაქტიურად უწინდებურ დონეზე დარჩა, ბევრ რამეში კი გაძლიერდა კიდეც. ამ მონაცემების ფონზე, 1990-იანი წლების დასაწყისში პარიზსა და ტაშკენტში მაშინდელი ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის თათბირის (ეუთთ _ ევროთათბირის), ამჟამად ეუთო-ს ეგიდით დადებული ხელშეკრულებების თანახმად, საქართველოს უფლება აქვს თავის ტერიტორიაზე მშვიდობიანობის დროს რეგულარულ საჯარისო ნაწილებში მუდმივად განლაგებული ჰყავდეს არაუმეტეს 220 საბრძოლო ტანკის, 220 მოჯავშნული მანქანის, 285 საველე საარტილერიო სისტემის, 50 დამრტყმელი ვერტმფრენის და 100 საბრძოლო თვითმფრინავისა. და ეს შეზღუდვები საფუძველშივე გამორიცხავს საქართველოს თავდაცვისუნარიან სახელმწიფოდ ჩამოყალიბებას თავისი ტერიტორიის, მოსახლეობისა და პოტენციური ეკონომიკური შესაძლებლობების შესაბამისად. აი, რა განსხვავებაა, ერთის მხრივ, პოლიტიკის კეთებას, რასაც ჩვენთნ დღეს გასაქანი არა აქვს, და მეორეს მხრივ, პოლიტიკურ მეძავობას შორის, რაც სამწუხაროდ ასე მოდებულია დღევანდელ საქართველოში. მაგრამ, როგორც ნათქვამია, „წყალნი წავლენ და წამოვლენ, ქვიშანი დარჩებიანო“...
დასასრულს გვინდა შევეხოთ ერთ მნიშვნელოვან საკითხსაც. საქმე ეხება იმას, ერთის მხრივ, რომ დასავლეთის მხრიდან სიტყვით მეგობრული, საქმით კი დამაქცეველად მტრული დამოკიდებულების, ხოლო მეორეს მხრივ, თავად ჩვენი საქმეების ვერგამოსწორების ფონზე, ბუნებრივად იბადება საკითხი რუსეთთან ჩვენი დამოკიდებულების სერიოზულად გადასინჯვის აუცილებლობის შესახებ. განა კი ისე კარგად ვიცით მსოფლიო პოლიტიკური პროცესები, მათი ისტორიული და თანამედროვე განვითარების სურათი, ან განა კი ისე მართლები ვიყავით და ვართ რუსეთის მიმართ იმ დაჟინებულ მტრობაში, რომელიც ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის პერიოდიდან მოგვდევს? და თუ კი მართლები ვიყავით და ვართ, მაშინ რატომ ვერ მიდის ჩვენი მდგომარეობა გამოსწორებისკენ? განა ღმერთს არ შეუძლია სწორ გზაზე მავალი ერის დაცვა; რატომ გვხვდება მაშინ ამდენი განსაცდელი? რატომ არის, რომ თუნდაც წმ. ილია მართლის (ილია ჭავჭავაძის) ეროვნული შეხედულებების განხილვისას უმალვე გავიხსენებთ ხოლმე მის თითქმის სტუდენტობის დროინდელ „მგზავრის წერილებს“ (1860-იანი წლების დასაწყისი), ხოლო უკვე ილიას მოღვაწეობის ბოლო წლებში 1899 წლის ნოემბრის მიწურულს მის მიერ გამოქვეყნებულ წერილს „ასის წლის წინათ“, რომელიც შეეხება მანამდე ასი წლის წინ 1799 წლის 26 ნოემბერს თბილისში რუსული ჯარის შემოსვლას, და ლოიალურად არის დაწერილი რუსეთის იმპერიის მიმართ, არც კი ვახსენებთ. ნუთუ ილია თავისი სინდისის კარნახის წინააღმდეგ წავიდა ამ წერილში? რა რჯიდა ამისთვის? რატომ გააკეთებდა ასეთ რამეს, რაც არასოდეს გაუკეთებია მთელი მისი ხანგრძლივი და მძიმე მოღვაწეობის მანძილზე? და თუ კი ასეა, მაშინ რატომ არ ვაქცევთ ილიას ამ ნაშრომს სათანადო ყურადღებას? განა ამით წმ. ილია მართლის სახელსა და ღვაწლს არ შევურაცხყოფთ?
ჩვენი ხსნა ბევრწილად ისევ ჩვენს ხელშია. შეგვაძლებინოს ღმერთმა რომ მართლა სწორ გზაზე ვიაროთ ამ ვნებების, სიცრუისა და ძალმომრეობის აბობოქრებულ ოკეანეში. ვუსურვოთ დასავლეთისა და სხვა უცხო ძალების სამსახურში ჩამდგარ ადამიანებსაც საკუთარი ქვეყნისა და უფლის სამსახურში ჩამდგარიყვნენ, ეს პირველ რიგში მათთვის იქნება კარგი, და ქვეყანასაც თავიდან ააცილებს ბევრ განსაცდელს.
ირაკლი ხართიშვილი
No comments:
Post a Comment