(წერილი ვერ იქნა გამოქვეყნებული ჟურნალ "ქვაკუთხედში")
1989 წელს თბილისში გამოიცა წიგნი „ისტორიული რარიტეტები“, რომელშიც ხელახლა გამოქვეყნებულია ბიბლიოგრაფიულ იშვიათობებად ქცეული ივ. ჯავახიშვილის (ორი), პ. სურგულაძისა (ორი) და პროფ. ლისტის (ერთი) 1918 და 1919 წლებში გამოცემული ნაშრომები (სულ ხუთი ნაშრომი). ამჯერად ჩვენი მკითხველის ყურადღება გვინდა შევაჩეროთ ივ. ჯავახიშვილის მიერ 1919 წელს თბილისში გამოქვეყნებულ ნაშრომზე „დამოკიდებულება რუსეთსა და საქართველოს შორის მე-XVIII-ე საუკუნეში“.
წინასიტყვაობაში ავტორი აღნიშნავს: „რუსეთ-საქართველოს ურთიერთშორისი დამოკიდებულებისა და საქართველოს რუსეთთან შეერთების შესახებ გამოკვლევანი და წერილები წინათაც საკმაოდ მოიპოვებოდა, მათ შორის ხელთუფლიშვილისა და ზ. ავალიშვილისა ცნობილი თხზულებებიც ითვლება. ამისდა მიუხედავად ამ მონოგრაფიის გამოქვეყნება განსაკუთრებით იმიტომ გადავსწყვიტე, რომ ყველა აქამდის გამოცემულს თხზულებებში რუსეთში არსებულ პოლიტიკურ და საცენზურო პირობების სიმკაცრის წყალობით ავტორებს ისტორიული სიმართლის სრული სინამდვილითა და გულახდილობით გამოთქმა არ შეეძლოთ. ეს ნაკლი უნდა შევსებულიყო და ჩემი მონოგრაფიის უმთავრეს მიზანსაც სწორედ ეს შეადგენდა. ამას გარდა ვითარცა ისტორიკოსს მე იმდროინდელი ამბების ფარული ამამოძრავებელი ძალისა და მისწრაფების სიცხადიდ გამოაშკარავება მაინტერესებდა. თვით რუსეთ-საქართველოს 1783 წ. ხელშეკრულების განხილვაც ახალ თვალსაზრისით შეიძლებოდა და საჭიროც იყო. მკითხველი ალბათ შეამჩნევს რომ ყველა ამ მხრივ ამ მონოგრაფიაში არა ერთი ახალი შეხედულებაა, ან ძველი წინანდელზე უფრო მეტის ხაზგასმულობითა და დასაბუთებულობით არის გამოთქმული... საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ საქართველოს რესპუბლიკის ყოველი მოქალაქე მოვალეა თავისი ქვეყნის წარსული იცოდეს, განსაკუთრებით ისეთი ხანა, როგორიც მე-XVIII-ე ს-ეა. აწინდელმა ქართველმა პოლიტიკოსმა ამ ჩვენს წარსულშიაც შეიძლება ბევრი რამ საგულისხმო და გამაფრთხილებელი ამოიკითხოს“.
ასეთი შესავლის შემდეგ ივ. ჯავახიშვილი გადადის ძირითადი საკითხის განხილვაზე. ნაწარმოების IV თავი ეძღვნება 1783 წლის ხელშეკრულებას რუსეთ-საქართველოს შორის, ანუ გეორგიევსკის ტრაქტატს, რომელიც დაიდო ივლისის თვეში რუსეთის ჯარების კავკასიის ხაზის წმ. გიორგის სახელობის ციხესიმაგრეში. რა თქმა უნდა რუსეთის იმპერიაში მოქმედებდა სახელმწიფო ცენზურა და ყველაფრის თქმა ისტორიკოსებსა და მკვლევარებს მაშინ არ შეეძლოთ. რა თქმა უნდა, ია-ვარდებით მოფენილი არ იყო ქართველი ერის გზა რუსეთის სახელმწიფოს შემადგენლობაში; თუმცა კი საქართველოს რუსეთთან შეერთებასაც თავისი ისტორიული მიზეზები და წინაპირობები გააჩნდა; თუმცა კი არსებობს მოსაზრებაც, რომ იმდროინდელი ქართველობა უკიდურესად იყო შევიწროვებული, დასუსტებული და სისხლისაგან დაცლილი, და რომ სწორედ რუსეთის ისტორიული სახელმწიფოს შემადგენლობაში შეძლო მან ფიზიკურად გადარჩენა, მუსლიმანთა აოხრება-თარეშისგან მოსვენება, ძალების მოკრება და წმ. ილია მართლისა (ჭავჭავაძისა) და სხვა მამულიშვილთა მოღვაწეობით, თავისი საზოგადოებრივ-პოლიტიკური და ეროვნული ინტერესების დაცვა-განვითარება. მაგრამ ეს სხვა საუბრის თემაა. ჩვენ კი ისევ გეორგიევსკის ტრაქტატს დავუბრუნდეთ.
ივ. ჯავახიშვილი თავისი მონოგრაფიის IV თავის §2-ში გადმოგვცემს აღნიშნული ტრაქტატის შინაარსს: „ამ ხელშეკრულებაში განსაზღვრულია უფლებრივი დამოკიდებულება რუსეთსა და საქართველოს შორის. მეექვსე მუხლში სახელდობრ ნათქვამია, რომ „მისი იმპერატორობითი უდიდებულესობა ქართლისა, კახეთისა (ქართლ-კახეთისა) და საქართველოის სამეფოებზე უზენაესის ხელმწიფებისა და მფარველობის კეთილმოსურნეობით მიმღები თავისი და თავისი შთამომავლობის სახელით აღთქმასა სდებს: 1) რომ ამ სამეფოთა ერნი მის სახელმწიფოსთან მჭიდრო კავშირში და სრულს თანხმობაში ჩასთვალოს და მაშასადამე მისი მტრები თავის მტრებად მიიჩნიოს“.
ამისდა მიხედვით რუსეთის ხელმწიფე თავის და თავის შთამომავლობის სახელით „უზაკველის აღთქმით“ აღთქმასა სდებს, რომ „მოწყალება და მფარველობა მათი ქართლისა და კახეთის (ქართლ-კახეთის) მეფეებს არას დროს არ ჩამოშორდებათ“ ($2). საქართველოს მეფეთა უფლება მემკვიდრეობით გადავიდოდა და რუსეთის ხელმწიფე აღთქმასა სდებდა, რომ ერეკლე მეფე და მისი შთამომავლობა მუდამ, განუწყვეტლივ სამეფო უფლებით მოსილი იქმნებიან (§6, პუნქტი 2). საქართველოს სამეფო ტახტზე მისი მეფეები მემკვიდრეობის ძალით ადიან. დამოკიდებულება რუსეთის ხელმწიფესა და საქართველოს მეფეს შორის ამ მხრივ მხოლოდ იმით გამოიხატებოდა, რომ მემკვიდრეობის უფლებით საქართველოს ტახტზე ახლად ასულს მეფეს უმალ ეს ამბავი უნდა რუსეთის ხელმწიფისათვის ეცნობებინა და თავის დესპანის პირით საინვესტიტურო სიგელით და სამეფო ნიშნების გამოგზავნით დამტკიცება ეთხოვა. ამაების მიღებისთანავე მეფეს უნდა რუსეთის მინისტრის თანდასწრებით რუსეთის სახელმწიფოს ერთგულებისა და გულმოდგინებისა, ხოლო სრულიად რუსეთის ხელმწიფეების უზენაესი ხელმწიფებისა და მფარველობის ცნობის აღთქმა დაედვა (§3).
სამეფოს შინაურ საქმეების მართვა-გამგეობაში, კანონმდებლობაში და უზენაეს მართლმსაჯულებაში, გადასახადების დაწესებასა და აკრეფაში საქართველოს მეფე სრულიად დამოუკიდებელი იყო (§6, პუნქტი 3).
თვით რუსეთის ხელმწიფის კარზე საქართველოს მეფეს თავისი მინისტრი, ანუ რეზიდენტი ჰყავდა და რუსეთის ხელმწიფესაც თავის მხრივ საქართველოს სამეფო კარზე რუსეთის წარმომადგენელი მინისტრი, ანუ რეზიდენტი იმყოფებოდა (§5). საქართველოს მეფეს საერთაშორისო დამოკიდებულების უფლებაც ჰქონდა, მხოლოდ იმ მხრივ შეზღუდვილი, რომ ამ ურთიერთობისათვის რუსეთის მინისტრ-რეზიდენტისა და მონაპირეთ მთავართან წინასწარი შეთანხმება იყო საჭირო. სხვა სახელმწიფოების დესპანებისათვის, ან მიღებული წერილების გასაცემ პასუხის შესახებაც რუსეთის იმავე წარმომადგენლებთან თათბირი უნდა ჰქონოდა (§4).
ამ ხელშეკრულების მიზანი საქართველოსთვის იმაში მდგომარეობდა, რომ რუსეთის სახელმწიფო საქართველოს მიწაწყლისა. მეზობლებისა და მტრებისაგან დაცვა-დახმარებას კისრულობდა. ამისთვის მას ქართული ლაშქრისათვის მისაშველებლად აღმოსავლეთ საქართველოში 2 სრული ბატალიონი ქვეითობა, ოთხი ზარბაზნითურთ უნდა ჰყოლოდა (ცალკ. არტიკ. §2). ეს მუხლი აღმოსავლეთ საქართველოს მხოლოდ მაშინდელ სამზღვრების ხელშეუხებლობას ეხებოდა.
მაგრამ ერეკლე მეფეს მარტო ამისთვის არ დაუდვია ეს ხელშეკრულება: მას უფრო ფართო და შორსგამჭვრეტელი მიზანი ჰქონდა დასახული: ქართველობის გაერთიანებასა და სრულიად საქართველოს აღდგენაზე ოცნებობდა. ამიტომ ამ ხელშეკრულებაში მან განსაკუთრებულ მე-4-ე არტიკულად შეატანინა, რომ რუსეთის ხელმწიფე აღთქმას სდებდა ომის დროს იარაღის საშუალებით, ხოლო მშვიდობიანობის დროს თავგამოდებით ყოველნაირად ეცდებოდა, რომ ქართლ-კახეთის სამეფოს დაუბრუნდნენ და მის სამფლობელოებად დარჩნენ ყველა ის ადგილები, რომელნიც მას ძველითგანვე ეკუთვნოდენ. ამასთანავე რუსეთის ხელმწიფეები აღთქმას სდებდენ, რომ საქართველოს ამ ახლად დაბრუნებულ და შემოერთებულ ქვეყნების ხელშეუხებლობის უზრუნველყოფის თავდებობასაც კისრულობდენ (არტიკ. 2).
თავის მხრივ საქართველოს მოვალეობად ჰქონდა, რუსეთის სახელმწიფოს მიხმარებოდა და რუსეთის ქვეშევრდომებისადმი საქართველოში განსაკუთრებული მფარველობა გამოეჩინა (არტიკ. 7). მაგრამ ცხადია ამით არ განისაზღვრებოდა ის სარგებლობა, რომელიც ამ ხელშეკრულებას რუსეთისთვის უნდა მოეტანა. რუსეთის მთავრობა განსაკუთრებით იმ იდუმალ დიდ სარგებლობაზე ოცნებობდა, რომელსაც ასეთი წინასწარი სიამოვნებით მოელოდა ეკატერინე II-ე“. (ციტატის დასასრული _ ი. ხ.).
აი, ასე გადმოგვცემს ივ. ჯავახიშვილი გეორგიევსკის ტრაქტატის შინაარსს, ხოლო შემდეგ გადადის სხვადასხვა ავტორების (ბელგიელი პროფესორის ერნსტ ნისის, გერმანელი პროფესორის ფონ ლისტცის, ზ. ავალიშვილის, მ. ხელთუფლიშვილის) მიერ ტრაქტატის ხასიათის შეფასებაზე _ იყო თუ არა ეს მეგობრობისა და კავშირის ხელშეკრულება (ნისი), თუ რუსეთის პროტექტორატისა და სუვერენობის დამყარება საქართველოზე (ფონ ლისტცი), ერთდროულად მფარველობაც, პროტექტორატიცა და ვასალობაც (ზ. ავალიშვილი) თუ წმინდა პროტექტორატი და მფარველობა (მ. ხელთუფლიშვილი). და საბოლოოდ ასკვნის, რომ უმჯობესია სახელმძღვანელოდ ავიღოთ ის დებულება, როგორც მას უყურებდნენ მისი დამდები პირები _ სრულიად რუსეთის იმპერატრიცა და ქართლ-კახეთის მეფე, ანუ „მფარველობითი მოკავშირეობის“ დამოკიდებულება.
როგორც ვხედავთ, გეორგიევსკის ტრაქტატის ხასიათის შეფასებასთან მიმართებით ივ. ჯავახიშვილი არ სცილდება რუსეთის იმპერიაში დამკვიდრებულ ოფიციალურ შეხედულებას, რომელიც ძირითადად განსაზღვრული იყო თავად ეკატერინე II-ის მიერ პროფ ა. ცაგარელის მეცადინეობით გამოქვეყნებულ მის ერთ საბუთში. რუსულ დედანთან ერთად ივ. ჯავახიშვილს მოჰყავს მისი ქართული თარგმანიც: „მის უდიდებულესობის აზრი იყო, რომ ქართველ მეფეებთან (ე. ი. ერეკლე II-სა და სოლომონთან) დადებულიყო მოკავშირეობის ხელშეკრულება ისე, რომ ისინი ქვეშევრდომებად კი არა, არამედ სრულიად რუსეთის სახელმწიფოს მფარველობის ქვეშ მყოფ მოკავშირეებად ყოფილიყვნენ წოდებულნი“.
კეთილი და პატიოსანი, ასეთი საბოლოო შეფასება მნიშვნელოვნად უფრო რბილია ბელგიელი, გერმანელი და წინამორბედი ქართველი ავტორების შეფასებასთან შედარებით. მაგრამ განა აღნიშნულმა ავტორებმა არ იცოდნენ ეკატერინე II-ის ამ წერილის შესახებ? ისინი ხომ ლაპარაკობდნენ არა სახელწოდებაზე, არამედ სამართლებრივ შინაარსზე. განა ამას ვერ მიხვდებოდა ივ. ჯავახიშვილიც? მაშ რატომ გაჩერდა მხოლოდ ეკატერინე II-სა და ერეკლე II-ის მიერ გამოთქმულ ამ შეფასებებზე? ესეც კიდევ არაფერია იმასთან შედარებით, რა გაყალბებებიც დაიწყეს გეორგიევსკის ტრაქტატის ხასიათისა თანამედროვე საქართველოში. ყველას გვეხსომება ამ რამდენიმე წლის წინ ტელეკომპანია „იმედის“ მიერ გაშვებული ერეკლე მეფის „ტელეგასამართლება“ (რამდენიმე სერიად) სწორედ აღნიშნული ხელშეკრულების დადების გამოისობით, თურმე, ნუ იტყვით, „საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესების შესაძლო ღალატის გამო“. ამ ტელესანახაობებში ქართველი ისტორიკოსებიც გამოჰყავდათ, და ერთი მათგანი, აწ გარდაცვლილი (ამიტომ სახელის დასახელებისგან თავს შევიკავებთ), ერეკლე II-ის „გასამართლებლად“, ყველას დაბეჯითებით გვარწმუნებდა, რომ ქართლ-კახეთის სამეფომ რუსეთის იმპერიასთან თ ა ნ ა ს წ ო რ უ ფ ლ ე ბ ი ა ნ ი სამოკავშირეო ხელშეკრულება დასდოო (ხაზი ჩვენია _ ი. ხ.). და ძალიან ბევრს ჩვენში სჯერა ამ სიყალბის. ან კიდევ, თუ რაიმე ისე არ წავიდა რუსეთ-საქართველოს იმდროინდელ და შემდგომ ურთიერთობებში, მაინცა და მაინც ამაში რუსეთს ადანაშაულებს.
მაგრამ ჩვენი წერილის დაკვირვებით წამკითხველი ადვილად შეამჩნევდა, რომ თავად ტრაქტატის შინაარსის გადმოცემისას ივ. ჯავახიშვილი, რატომღაც, თხრობას იწყებს მე-6 მუხლიდან (არტიკულიდან), და არა პირველიდან, და შემდეგ აქეთ-იქით გადადის და გადმოდის. თანაც პირველი მუხლის შესახებ საერთოდ არაფერს ამბობს. და, მერე, რა სწერია ამ მუხლში? იქ, თანამედროვე ქართულზე გადმოტანით, სიტყვა-სიტყვით ნათქვამია შემდეგი: „მისი უგანათლებულესობა მეფე ქართლისა და კახეთისა თავისი სახელით, თავისი მემკვიდრეებისა და მენაცვალეთა სახელით საზეიმოდ სამარადისოდ უარს ამბობს ყოველგვარ ვასალობაზე, ან სხვა რაიმე წოდებით (ტიტულით) ყველანაირ დამოკიდებულებაზე სპარსეთის ან რომელიმე სხვა სახელმწიფოსგან; და ამით აცხადებს მთელი მსოფლიოს წინაშე, რომ იგი არ აღიარებს თავის თავზე ან თავის მენაცვალეთა თავზე სხვა თვითმპყრობელობას თვინიერ სრულიად რუსეთის საიმპერატორო ტახტის და მისი იმპერატორობითი უდიდებულესობისა და მისი მაღალი მემკვიდრეებისა და მენაცვალეთა უმაღლესი ხელისუფლების და მფარველობისა, ჰპირდება რა ამ ტახტს ერთგულებასა და მზადყოფნას შეეწეოდეს სახელმწიფოს სარგებელს ყველა შემთხვევაში, სადაც კი ამას მისგან მოითხოვენ”.
როგორც ვხედავთ, ამ მუხლში (არტიკულში) სრულიად რუსეთის იმპერატრიცა მოხსენიებულია ტიტულით “მისი უდიდებულესობა”, ერეკლე მეფე კი ტიტულით “მისი უგანათლებულესობა”, რაც ფეოდალურ იერარქიაში რანგით ჩამოუვარდება “უდიდებულესობის” ტიტულს და შეესაბამება არა ევროპელ მონარქს, არამედ მფლობელ მთავარს (владетельный князь). ანუ, როგორც მანამდეც, ირანის შაჰი იყო მისი უდიდებულესობა (его величество), ხოლო გურჯისტანის ვალი ერეკლე ხანი _ მისი უგანათლებულესობა (его светлость), ან როგორც ოსმალეთის სულთანი იყო მისი უდიდებულესობა, ხოლო ყირიმის ხანი _ მისი უგანათლებულესობა, ან როგორც რუსეთის იმპერატრიცა იყო მისი უდიდებულესობა, ხოლო საღვთო რომის იმპერიის უგანათლებულესი თავადი გრიგორი პოტიომკინი _ მისი უგანათლებულესობა, ან კიდევ უფრო მოგვიანებით, როგორც სრულიად რუსეთის იმპერატორი ნიკოლოზ I იყო მისი უდიდებულესობა, ხოლო გრაფი პასკევიჩი ვარშავის ბრძოლით აღების შემდეგ გახდა უგანათლებულესი თავადი _ მისი უგანათლებულესობა, ასევე, ქართლ-კახეთის მეეფეც სრულიად რუსეთის საიმპერატორო კართან შევიდა დაქვემდებარებულ დამოკიდებულებაში, თუმცა კი მფარველობაში და არა ქვეშევრდომობაში, როგორც მაგალითად იყვნენ, და ბუნებრივადაც, პოტიომკინი და პასკევიჩი.
ერეკლე მეფისგან განსხვავებით, რუსეთში ფრიად პატივცემულ და დაფასებულ გენერალს პეტრე ბაგრატიონს, მრავალი ომის გმირსა და ჯილდოების კავალერს, ჰქონდა ტიტული “მისი ბრწყინვალება” (его сиятельство), როგორც ბუნებრივ რუს თავადებს: დოლგორუკოვებს, რეპნინებს, გაგარინებს, შერემეტევებს და სხვათა. ასეთივე ტიტულები მიიღეს რუსეთის იმპერიის იერარქიაში შემდგომში ქართველმა თავადებმაც: ბაგრატიონ-მუხრანელებმა, ორბელიანებმა, ციციშვილებმა, ვახვახიშვილებმა, ჩოლოყაშვილებმა, აბაშიძეებმა, წერეთლებმა, დადიანებმა, შერვაშიძეებმა, აფაქიძეებმა და სხვათა.
ამ აზრის განსამტკიცებლად მოვიყვანთ ტრაქტატის მე-5 მუხლს, რომლის შესახებაც ივ. ჯავახიშვილი ლაპარაკობს, მაგრამ, ისევ ნაკლულად, ტენდენციურად: “რათა უფრო მოხერხებულად ჰქონდეს საჭირო ურთიერთობა და თანხმობა რუსეთის საიმპერატორო კართან, მის უგანათლებულესობა მეფეს სურს იყოლიოს მის კარზე თავისი მინისტრი ან რეზიდენტი, ხოლო მისი იმპერატორობითი უდიდებულესობა, მოწყალედ ღებულობს რა ამას, ჰპირდება, რომ ამ პირს მის კარზე მიიღებენ მისი თანასწორი მდგომარეობის მქონე ს ხ ვ ა მ ფ ლ ო ბ ე ლ ი მ თ ა ვ რ ე ბ ი ს მინისტრების თანაბრად (на ровне министров прочих владетельных князей), და მასთან ერთად სურვილს გამოთქვამს თავის მხრივ შეინახოს მისი უგანათლებულესობის კარზე რუსეთის მინისტრი ან რეზიდენტი”. აქაც პირდაპირ ნათქვამია ერეკლე II-ის რანგის შესახებ რუსეთის ტახტთან მიმართებით.
გარდა ამისა, ტრაქტატის იმავე პირველ მუხლში ერეკლე მეფე საზეიმოდ აცხადებს, რომ ამიერიდან სამარადისოდ უარს ამბობს ირანის ან სხვა რომელიმე მესამე სახელმწიფოს ვასალობაზე, ან სხვა რაიმე სახით დამოკიდებულებაზე და არ აღიარებს თავის თავზე და თავის მემკვიდრეებზე არავის თვითმპყრობელობას გარდა სრულიად რუსეთის იმპერატორებისა; რომ ერთგულად და გულმოდგინედ ემსახურება რუსეთის იმპერიის ტახტის ინტერესებს.
ტრაქტატის მეორე მუხლი, რომელზედაც ივ. ჯავახიშვილი უკვე ლაპარაკობს, ასეთია: “მისი იმპერატორობითი უდიდებულესობა, ღებულობს რა მისი უგანათლებულესობის მხრიდან ასეთ გულწრფელ დაპირებას, მის თანაბრად ჰპირდება და თავისი იმპერატორობითი სიტყვით აიმედებს თავისგან და თავის მენაცვალეთაგან, რომ მათი წყალობა და მფარველობა ქართლისა და კახეთის უგანათლებულეს მეფეებს არასოდეს წაერთმევათ. რის დასამტკიცებლადაც მისი უდიდებულესობა აძლევს თავის იმპერატორობით თავდებობას მისი უგანათლებულესობის მეფე ერეკლე თეიმურაზის ძის ახლანდელი სამფლობელოიების მთლიანობის შენარჩუნებაზე, ვარაუდობს რა ასეთი თავდებობის გავრცელებას იმ სამფლობელოებზეც, რომლებიც დროთა განმავლობაში გარემოებების გამო შეძენილი და მტკიცედ მისდამი დაქვემდებარებული იქნება”.
ამ პირველი ორი მუხლით განსაზღვრულია რუსეთ-საქართველოს მომავალი ურთიერთ დამოკიდებულების საფუძვლები, ხოლო ხელშეკრულების დანარჩენი მუხლები კი წარმოადგენს ამ საფუძვლების გაშლასა და ხორცშესხმას კონკრეტული მიმართულებებით. ამიტომ უპრიანი იქნებოდა ობიექტურ და სიმართლის გულშემატკივარ მკვლევარს ტრაქტატის შინაარსის გადმოცემა დაეწყო არა მე-6 მუხლით, არამედ _ პირველით. ივ. ჯავახიშვილი, სამწუხაროდ, ასე არ მოიქცა. სწორედ ამაში გვესახება ჩვენ მისი ტენდენციურობა (რბილად რომ ვთქვათ). მკითხველი ამაში ნათლად დარწმუნდება თავად გეორგიევსკის ტრაქტატის ტექსტის ყურადღებით გაცნობისას.
ამჯერად შევეხებით მხოლოდ ერთ საკითს, ანუ იმას, რომ ივ. ჯავახიშვილი თავის ნაშრომში ლაპარაკობს რუსეთის ხელისუფლების მიერ აღმოსავლეთ საქართველოს ხელისუფლებისადმი მიცემულ აღთქმებზე, მაგრამ, რატომღაც, ავიწყდება პირიქით, ერეკლე მეფის მიერ მიცემული აღთქმების მოხსენიება. ტრაქტატის მე-6 მუხლი, რომელშიც განსაზღვრულია რუსეთის იმპერატორების ვალდებულებანი საქართველოს მეფეთა წინაშე, შეიცავს სამ პუნქტს, და იგი თითქმის სრულად მოყვანილი აქვს ივ. ჯავახიშვილს. ხოლო ტრაქტატის მე-7 მუხლი, რომელშიც განსაზღვრულია ქართლ-კახეთის მეფეთა ვალდებულებები რუსეთის ტახტის წინაშე, ასევე შეიცავს სამ პუნქტს, მაგრამ მათგან მხოლოდ ერთი პუნქტის ნაწილი აქვს ჩვენს პატივცემულ ისტორიკოსს მოტანილი _ რუსეთის ქვეშევრდომებზე ზრუნვა. ქვემოთ მოგვყავს ეს მუხლი სრულად: “მისი უგანათლებულესობა მეფე, ღებულობს რა სათანადო კრძალულებით მისი იმპერატორობითი უდიდებულესობის მხრიდან ასეთ მოწყალე დაიმედებას, თავისი და თავისი შთამომავლების სახელით ჰპირდება: 1. ყოველთვის მზად იყოს თავისი ჯარებით მისი უდიდებულესობის სამსახურისთვის. 2. რუსეთის უფროს მოხელეებს მიმართავდეს ყოველთვის ყველა საქმეში, რომლებიც შეეხება მისი იმპერატორობითი უდიდებულესობის სამსახურს, აკმაყოფილებდეს მათ მოთხოვნებს და მისი უდიდებულესობის ქვეშევრდომებს იცავდეს ყველანაირი წყენისა და შევიწროვებისგან. 3. თანამდებობებზე პირების დანიშვნისა და მათი დაწინაურებისას საგანგებო პატივს მიაგებდეს სრულიად რუსეთის იმპერიის წინაშე მათ დამსახურებას, რომლის მფარველობაზეც არის დამოკიდებული ქართლისა და კახეთის სამეფოების სიმშვიდე და კეთილდღეობა”.
ესეც ერეკლე მეფის მიერ დადებული საზეიმო აღთქმაა რუსეთის საიმპერატორო ტახტის წინაშე, მაგრამ, რატომღაც ივ. ჯავახიშვილი ამასაც აჩუმათებს. ამის შემდეგ უკვე აღარ არის გასაკვირი ჩვენს საზოგადოებაში არსებული დამახინჯებული წარმოდგენა გეორგიევსკის ტრაქტატის შესახებ, გაუთავებელი საყვედურები რუსეთისა და რუსების მიმართ, რომელშიც ტონს ისევ ივ. ჯავახიშვილი იძლევა ამ თავისი, სამწუხაროდ, ტენდენციური მონოგრაფიით, შედეგი კი ყველასთვის ცნობილია _ გაუთავებელი გაუგებრობანი, მტრობა, სისხლი და უბედურება ფუჭ დიდებასა და წვრილმან პატივმოყვარეობას ან კარიერიზმს გამოკიდებული “პოლიტსაქმოსნების” განსაკუთრებული აქტიურობით, უმეცრებით, სიბრიყვით ან აშკარა უსინდისობით. და სადამდე გვინდა ასე სიარული? განა რუსებიც ასევე ღმერთის შვილები არ არიან? განა უფალს ასევე არ სტკივა გული ჩვენგან მათ მიმართ ცილისწამებების გამო? იქნებ ჩვენ შორის არსებული სისხლიანი კონფლიქტები ბევრწილად ისევ ჩვენი მიზეზით არის გამოწვეული?
1919 წელს, როდესაც ივ. ჯავახიშვილის ეს ნაშრომი ქვეყნდებოდა, საქართველოში შემოსული იყვნენ ბრიტანული ჯარი და ბრიტანული მმართველობა, რომელიც მონდომებული იყო რუსეთის იმპერიის დაშლისთვის და საამისოდ სჭირდებოდა გაუგებრობებისა და მტრობის დათესვა რუსულ-ქართულ ურთიერთობებში. გარდა ამისა, XX საუკუნის დასაწყისი ხასიათდებოდა ერებისა და ხალხების განათლებული ნაწილის ძლიერი ათეიზაციით როგორც მთელს ევროპაში, ასევე რუსეთის იმპერიაშიც. ამ ორი ფატქორის შედეგს უნდა წარმოადგენდეს ივ. ჯავახიშვილის ეს სამწუხარო ტენდენციურობა რუსეთის მიმართ, და ამის გამოსწორება, ღვთის რწმენითა და ცოდნით ჩვენი, დღევანდელი ქართველობის ვალია. შეგვეწიოს უფალი ყველას ამ დიდ და წმინდა საქმეში.
ირაკლი ხართიშვილი
2008 წლის აპრილი
No comments:
Post a Comment