Friday, October 12, 2018

კონსტანტინე ლორთქიფანიძის ერთი ლექსის გამო

1927 წელს გამომცემლობა „სახელგამმა“ გამოსცა კონსტანტინე ლორთქიფანიძის ლექსების კრებული სახელწოდებით „ღიმილი“. მის შესახებ უკვე გვქონდა ბლოგში საუბარი, როცა 2010 წლის 19 ნოემბერს გამოვაქვეყნეთ წერილი «ეროვნული საკითხის გამო» ამ კრებულში გამოქვეყნებულ ლექსთან დაკავშირებით, რომლის სახელწოდებაცაა „წინაპრებს“. იქვე იყო ნახსენები კ. ლორთქიფანიძის კიდევ სხვა ლექსის თაობაზეც, რომელიც იმავე კრებულშია გამოქვეყნებული და მას ეწოდება „რამდენიმე სიტყვა სერგეი ესენინს და სხვებს“. თუმცა კი მაშინ ეს ლექსი მკითხველის წასაკითხად არ მოგვიყვანია, მაგრამ ახლა გადავწყვიტეთ ისიც შევთავაზოთ ჩვენი ბლოგის მკითხველთ. ქვემოთ სწორედ ეს ლექსი იქნება მოყვანილი, რომელიც 1927 წელს დაიბეჭდა.

რამდენიმე სიტყვა სერგეი ესენინს და სხვებს 

შევსვამთ საწამლავს ჩვენ როგორც მირონს! 
                                                 ლექსი «ესენინ». ტ. ტაბიძე 

ახლა ლექსიც დავიწყე, ირგვლივ არ სჩანს არავინ,
ღამე არის და გული მოგონებით აძგერდა.
შორს ქუჩიდან მიმქრალი, ფერმიხდილი ფარანი,
ესენინის ჩამოხრჩვალ თავივით დამაცქერდა.

მწუხარებამ შემიპყრო, მსურს გავძახო: – მავნეა,
შენი უკანასკნელი ხულიგნობა ესენინ!
განა ჩვენი ცხოვრება ისე ჩლუნგი რამეა,
სასიკვდილოთ თოკზე რომ გადმოჰკიდო კისერი?

დღეს, როდესაც ქვეყანამ მოიგლიჯა ბორკილი,
შავ სიკვდილზე ფიქრებსაც არ იკარებს გონება;
სჯობს გრიგალი კისერზე მოვიხვიოთ თოკივით,
საწამლავის მაგიერ დავლიოთ ეს ცხოვრება.

                                                                        1926 წელი 

როგორც ვხედავთ, ამ ლექსში ავტორი სულაც არ არის კეთილად განწყობილი სერგეი ესენინისა და მისი მეგობარი ქართველი პოეტების – „ცისფერყანწელთა“ დასის მიმართ. იგი წერს, რომ 1920-იან წლებში ცხოვრება სულაც არ არის „ისეთი ჩლუნგი რამე“, მის გამო „სასიკვდილოთ თოკზე რომ გადმოჰკიდო კისერი“. რომ საქართველოს კომუნისტურად გასაბჭოებისა და 1924 წლის აჯანყების სისხლში ჩახშობის შემდეგ დადგა დრო, „როდესაც ქვეყანამ მოიგლიჯა ბორკილი“ და ამიტომ „შავ სიკვდილზე ფიქრებსაც არ იკარებს გონება“, და მოუწოდებს ტიციან ტაბიძესა და მის თანამოაზრეთ: 

„სჯობს გრიგალი კისერზე მოვიხვიოთ თოკივით,
საწამლავის მაგიერ დავლიოთ ეს ცხოვრება“.

„შევსვამთ საწამლავს ჩვენ როგორც მირონს“-ო – სწორედ ტიციან ტაბიძე წერდა თავის ლექსში სერგეი ესენინისადმი, და ეს სტრიქონი აქვს კიდეც წამძღვარებული თავისი ლექსისათვის კ. ლორთქიფანიძეს.

1979 წელს გამომცემლობა «მერანმა» გამოაქვეყნა კ. ლორთქიფანიძის «რჩეული თხზულებები» რამდენიმე ტომად და იქ V ტომში „ლექსები. რჩეული თარგმანები“ გვხვდება ლექსი ახლა უკვე განსხვავებული სათაურით „სერგეი ესენინს“, რომელშიც ძირეულადაა შეცვლილი ავტორის დამოკიდებულება გამოჩენილი რუსი პოეტის ტრაგიკული სიკვდილის მიმართ. ქვემოთ მოგვყავს ეს ახალი ვარიანტიც. 

სერგეი ესენინს 

1925 წელს, 25 დეკემბერს, ღამით, ლენინგრადის სასტუმრო
«ანგლეტერში» თავი ჩამოიხრჩო პოეტმა სერგეი ესენინმა.

                                                        გაზეთიდან 

გამაღვიძა სიჩუმემ.
ხმის გამცემი – არავინ,
დაილია სანთელი
და ბუხარიც გაცივდა...
ჩემი ფანჯრის პირდაპირ
ეს ჩამქრალი ფარანი
ასე რამ დაამგვანა
ჩამოხრჩობილ კაცის თავს.

ასე მწარედ არასდროს
მე გული არ მტკენია,
ის მარყუჟი თითქოსდა
მეც კისერზე მიჭერდეს...
ნუთუ ჩვენი ცხოვრება
ისე მოსაწყენია,
შენისთანა ბულბული
ბაღში არ გაგვიჩერდეს.

მაშ რა მოხდა იმ ღამეს,
გული რად მოგვიკალი!
შენ არასდროს არ იყავ
ლაჩარი და გამქცვი...
თოკი არა, –
კისერზე
მოვიხვიოთ გრიგალი,
რომ მგოსნებიც კვდებოდნენ,
როგორც ჯარისკაცები.

                                                1926 წ. 

როგორც ვხედავთ, ლექსის სათაურიდან გამქრალია დასაწყისი „რამდენიმე სიტყვა...“, ანუ ახლა უკვე, 50 წელზე მეტი დროის გასვლის შემდეგ, დიდი სამამულო ომის გადატანისა და მთლიანად ქვეყანაში ჩამოყალიბებული ვითარების შედეგად, კ. ლორთქიფანიძემ „რანდენიმე სიტყვა“ კი აღარ აღირსა სერგეი ესენინს, არამედ მთელი ლექსი მას და მის ტრაგიკულ აღსასრულს მიუძღვნა. თანაც ლექსის სათაურიდან ასევე გაქრა დაბოლოებაც – „...და სხვებს“. ანუ ტიციან ტაბიძესა და მის თანამოაზრეებს უკვე აღარ უყურებდა ისე იდეოლოგიურად მტრულად კ. ლორთქიფანიძე, როგორც 1920-იანი წლების შუახანებში. 

კეთილი და პატიოსანი. ახლა თავად ეს მეორე ლექსიც გავარჩიოთ.

მასში უკვე ავტორი სინანულს გამოხატავს ს. ესენინის დაღუპვის გამო. ამბობს, რომ ასე მწარედ მას გული არასდროს სტკენია, და თითქოს ის მარყუჟი მასაც კისერზე უჭერდეს. და დასძენს:
 „ნუთუ ჩვენი ცხოვრება
ისე მოსაწყენია,
შენისთანა ბულბული
ბაღში არ გაგვიჩერდეს“.

„მაშ რა მოხდა იმ ღამეს, გული რად მოგვიკალი“-ო, ეკითხება კ. ლორთქიფანიძე სერგეი ესენინს, „შენ არასდროს არ იყავ ლაჩარი და გამქცევი“-ო, და ასკვნის:

„თოკი არა, –
კისერზე
მოვიხვიოთ გრიგალი,
რომ მგოსნებიც კვდებოდნენ,
როგორც ჯარისკაცები“.

აქ უკვე ავტორი საკუთარ თავს სერგეი ესენინთან ერთ ლაშქარში მყოფ ჯარისკაცად განიხილავს და სრულიად ემიჯნება თავის უწინდელ კომკავშირულ განწყობებს, თანაც სამამულო ომის დროს ისიც იყო ხოლმე ფრონტზე, იცნობდა იქაურ ცხოვრებას და იქ ამზადებდა კიდეც თავის წერილებსა და ჩანახატებს. ბევრი განსაცდელი და გაჭირვება თავადაც უნახავს და გადაუტანია როგორც ფრონტზე, ასევე ზურგშიც. ასე რომ, უწინდელ კომკავშირელ ლაზღანდარას ახლა რომ სამშობლოს ჯარისკაცად ეგრძნო თავი, ამის უფლება, ცხადია, ჰქონდა. გარდა ამისა, ომმა მას და ბევრ მისნაირს დაანახა თუ რა არის მართლა ნაღდი და ნამდვილი ამ ცხოვრებაში, და რა არის კიდევ მავანთა და მავანთა მიერ მოგონებული და მონაჩმახი „მაიმუნობა“. ესეც კეთილი და პატიოსანი. მაგრამ, თუ კ. ლორთქიფანიძემ ეს ყველაფერი ხუთი ათეული წლის შემდეგ – 1970-იან წლებში, ან მის მახლობელ წინაპერიოდში გაიცნობიერა და გაითავისა, განა არ შეიძლებოდა ამ ახალი ლექსისთვის ბოლოში შესაბამისი თარიღიც დაესვა? მას კი დაწერის თარიღად აქვს 1926 წელი, თითქოს ეს ლექსი ამ სახით მას მანამდე 53 წლით ადრე დაეწეროს. და რა არის ეს, თუ არა სიყალბე და თვალთმაქცობა?

1979 წელს გამოცემულ კ. ლოთქიფანიძის „რჩეული თხზულებების“ V ტომში „ლექსები. რჩეული თარგმანები“ ავტორის სულ რამდენიმე ლექსია გამოქვეყნებული, თუმცა კი მას თავის ადრინდელ კრებულებში ისინი გაცილებით უფრო მეტი დაუბეჭდავს. ახლა მხოლოდ რამდენიმე ლექსი გამოიტანა მკითხველი საზოგადოებისთვის გასაცნობად, და მათ შორის ლექსიც „სერგეი ესენინს“, რომელთანაც ის მწარე და გულსატკენი სიყალბეა დაკავშირებული, რომელზედაც ზემოთ გვქონდა საუბარი. თუმცა კი ეს სიყალბე და თვალთმაქცობა შეიძლება ბავშვური ცელქობაც იყოს იმასთან შედარებით, რაც დღესდღეობით არის გაბატონებული და გალაღებული ქართული საზოგადოების ცხოვრებასა და საქმიანობაში, ამ საქმიანობის პრაქტიკულად ყველა სფეროში. მეტად სამწუხაროა ისიც, რომ ასეთი ყალბი და თვალთმაქცი „მოღვაწეების“ გვერდით და მათ მაქებრად ხშირად ვხედავთ ხოლმე ჩვენი საპატრიარქოს მესვეურებს, და არც ისაა გასაკვირი, რომ შემდეგ მთელი ეს მანკიერებანი, გამრავლებული, გაძლიერებული და ზვავად დაგორებული თავზე ატყდება ჩვენს საზოგადოებას. რაც ითესება ჩვენში, ის მოიმკება კიდეც. ეს კანონი ბევრმა იცის, მაგრამ მის შესრულებას კი გაურბიან – ხშირად თავიანთთვის ისეთ „სიკეთეს“ ეძიებენ და ახარებენ, რომელიც დანარჩენი საზოგადოებისთვის გაჭირვებისა და უბედურებათა მომტანია; და ხშირად ამ „მთესავებს“ ჩვენი „უსპეტაკესი“ და საპატრიარქოს სხვა მესვეურები კაი ქრისტიანებსა და ერის დედ-მამებს უწოდებენ, მათ დათესილ ღვარძლზეც თვალს ხუჭავენ, რაც მერე მთელ იმ უბედურებად და სიმახინჯეების „ზეიმად“ ატყდება ჩვენს საზოგადოებას, რომლებსაც ამ ბოლო ხანებში თვალნათლივ ვხედავთ და განვიცდით. სამწუხაროდ. 

ირაკლი ხართიშვილი