Friday, November 19, 2010

ზოგიერთი რამ ცხინვალის რეგიონში უკანასკნელი მოვლენების გამო

(წერილი გამოქვეყნდა ჟურნალ „ქვაკუთხედის“ 2008 წლის სექტემბერ-ნოემბრის ნომრებში)

უკანასკნელი დროის სამხედრო კონფლიქტის მოვლენები ყველა ქართველისთვის მეტნაკლებად ცნობილია. დამოკიდებულებაც ჩვენს ტელევიზიაში და, შესაბამისად, საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილში ცალსახად ანტირუსული და პროამერიკულია. ერთი შეხედვით ამ ანტირუსულობას აქვს ხელშესახები საფუძველი _ სამხედრო ინტერვენცია საქართველოში, მაგრამ კი მართლა ასე არის საქმე? განა ამის უკან არაფერი დგას? ქვემოთ უფრო გულდასმით შევეხებით ამ საკითხს.

პირველად სამძიმარი გვინდა გამოვუცხადოთ საბრძოლო მოქმედებებსა და მის თანამდევ მოვლენებში დაღუპულთა ახლობლებს, ასევე თანავუგრძნოთ საკუთარი ფუძე-კერიდან გამოყრილ ქართველობას, გამძლეობა ვუსურვოთ მას და ღვთის იმედით სიმართლის გამარჯვების, საკუთარ ფუძეზე დაბრუნების ურყევი რწმენა. მაგრამ ამისთვის სიმართლეში საფუძვლიანად გარკვევა არის საჭირო. ამიტომ უშუალოდ შევეხოთ კონფლიქტის პრობლემებს, უფრო სწორედ კი ჩვენი საზოგადოების ერთ ნაწილში „პროამერიკულობისა“ და „ანტირუსულობის“ საკითხის გარკვევას.

დიახ, რუსეთის საბრძოლო ავიაცია ბომბავდა საქართველოს ქალაქებსა და დასახლებულ პუნქტებს, სადაც კი განლაგებული იყო სამხედრო ობიექტები და ქართული საჯარისო ერთეულები, ან კიდევ სამხედრო საჭიროებისთვის გამოყენებადი სამოქალაქო საწარმოები, მაგალითად თბილისში არსებული საავიაციო ქარხანა. იყო ადამიანთა, მათ შორის სამოქალაქო მოსახლეობის მსხვერპლიც. მაგრამ განა ამერიკული და ნატო-ს ბლოკის სხვა ქვეყნების ავიაცია კი არ ბომბავდა 1999 წლის დასაწყისში სერბული ჯარების პოზიციებს კოსოვოს ავტონომიაში, ასევე სამხედრო და ორმაგი (სამოქალაქო-სამხედრო) დანიშნულების საწარმოებსა და სხვა ობიექტებს სერბეთის (იუგოსლავიის) დედაქალაქ ბელგრადში, ქვეყნის სხვა ქალაქებსა და დასახლებულ პუნქტებში. მაგალითად, როგორც გვახსოვს, ბომბავდნენ სამკერვალო ფაბრიკებსაც, რომლებშიც შესაძლო იყო შეეკერათ ფორმის ტანსაცმელი იუგოსლავიის სამხედრო მოსამსახურეებისთვის, ასევე დაბომბეს ფარმაცევტული საწარმო, რომელიც უშვებდა ჩვენში ცნობილ პოლივიტამინ „ოლიგოვიტს“ და ა. შ. ამ დაბომბვბის შესახებ გენერალ-ლეიტენანტი, ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი, ნიკოლოზ ლეონოვი ინტერნეტში 2004 წლის 5 აპრილს გამოქვეყნებულ თავის წერილში, „უკანასკნელი მოვლენები კოსოვოში: ეთნიკური იმპერიალიზმი და როგორ ვებრძოლოთ მას“, ასე წერდა: „სერბეთის წინააღმდეგ ნატო-ს აგრესიის 78 დღის მანძილზე მოახდინეს 25 ათასი თვითმფრინავ-გაფრენა, მის ტერიტორიაზე ჩამოაგდეს 3 ათასი მართვადი ზემძლავრი ბომბი და გაუშვეს ათასზე მეტი ფრთოსანი რაკეტა. დაიღუპა 2 ათასი სამოქალაქო მოსახლეობა, 7 ათასი დაიჭრა და დასახიჩრდა. დაზარალებულთა შორის 30% იყვნენ ბავშვები. იუგოსლავიისთვის მიყენებულმა საერთო მატერიალურმა ზარალმა შეადგინა 100 მლრდ. დოლარზე მეტი“.

მაგრამ განა ქართული საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი, ყოველ შემთხვევაში მისი პოლიტიკურად აქტიური ფენის აბსოლუტური უმრავლესობა, აქტიურად არ უჭერდა მხარს აშშ-ისა და ნატო-ს აგრესიას გაეროს დამფუძნებელი და ჰელსინკის დასკვნით აქტზე ხელმომწერი სუვერენული იუგოსლავიის წინააღმდეგ. 1999 წლის აპრილის დასაწყისში საქრთველოშიც ხომ დიდი ზარზეიმით აღნიშნეს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის დაარსების 50 წლისთავი და საზეიმო სხდომისთვის პარლამენტის სხდომათა დარბაზიც დაუთმეს. ან განა დღსდღეობითაც ისეთივე განწყობა არ არის იმავე ადამიანებში? ყველა ქრისტიანისა და ქრისტიანულ კულტურაზე აღზრდილი ადამიანისთვის ნათელი უნდა იყოს, რომ ბოროტება დაუსჯელი არ რჩება; ისიც ცნობილია, რომ ხელისუფლების მიერ ჩადენილი ცოდვებისთვის ქვეყნის მოსახლეობაც მნიშვნელოვნად ზარალდება. მაშინ რატომ გვიკვირს, რომ სერბების მიმართ სულ რაღაც ათიოდე წლის წინათ გამოჩენილი ბოროტების გამო დღეს უკვე ჩვენც ვისჯებით? განა იმათ კი უნდოდათ სიკვდილი და ნგრევა ამერიკული, ბრიტანული, გერმანული და ალიანსის სხვა ქვეყნების ბომბების ქვეშ? განა კი ამის შემდეგ ჩვენ შევინანეთ და გავემიჯნეთ ამერიკასა და ნატო-ს მათ სურვილში ჩამოეცილებინათ კოსოვო-მეტოხიის უძველესი სერბული მიწა დედა-სერბეთისგან და მეორე მსოფლიო ომის წლებში და მის შემდეგ განსაკუთრებით მასობრივად ჩასახლებული ალბანელი მუსლიმანებისთვის გადაეცათ იგი? არ გავმიჯვნივართ, პირიქით, ამაშიც აქტიურად უჭერდნენ ჩვენი სახელმწიფო და საზოგადოების პოლიტიკურად აქტიური პროამერიკული ნაწილი დასავლეთის ამ ვერაგულ და ბარბაროსულ აგრესიას ჩვენი ერთმორწმუნე და ჩვენსავით ავტონომიების მქონე სერბეთის წინააღმდეგ. ამ ადამიანებს ეგონათ, რომ აშშ და ნატო ყოვლისშემძლენი არიან, ღმერთი კი დაივიწეს. და შესაბამისი სასჯელიც მივიღეთ.

მეორე საკითხი შეეხება დაბომბვებისა და მიწისზედა საბრძოლო მოქმედებების მასშტაბებსა და ინტენსივობას. საქართველოს ხელისუფალნი აცხადებდნენ, რომ რუსეთი სრულმასშტაბიან ომს აწარმობს საქართველოს წინააღმდეგო; ასევე იმას, რომ რუსებმა, რაც კი შეიარაღება და საბრძოლო ტექნიკა ჰქონდათ ჩრდილო-კავკასიაში, სულ ჩვენ მოგვაყარესო, და სხვა. მაგრამ ეს სულაც არ შეესაბამება სინამდვილეს.

სტრატეგიული კვლევების ლონდონის საერთაშორისო ინსტიტუტის მონაცემებით, 2000 წლის შუახანებში (უფრო ახალი მონაცემები სამწუხაროდ არა გვაქვს), ჩრდილო-კავკასიის სამხედრო ოლქის ტერიტორიაზე განლაგებული იყო სახმელეთო ჯარების ერთი საველე არმიისა (58-ე) და ერთი ცალკეული კორპუსის შტაბები, ორი მოტომსროლელი (19-ე და 20-ე) და ერთი საჰაერო-სადესანტო (მე-7) დივიზიები, სამი მოტომსროლელი და სამი საჰაერო-სადესანტო ცალკეული ბრიგადები, სპეციალური დანიშნულების ჯარების, საარტილერიო და ოპერატიულ-ტაქტიკური რაკეტების ბრიგადები, დამრტყმელი ვერმფრენების ორი პოლკი და სხვა ნაწილები და ქვედანაყოფები. მათი პირადი შემადგენლობა მოითვლიდა 82500 ადამიანს, ხოლო შეიარაღებაში გააჩნდათ 600 საბრძოლო ტანკი, 1900 მოჯავშნული საბრძოლო მანქანა (ქვეითთა საბრძოლო მანქანები, დესანტის საბრძოლო მანქანები და ჯავშანტრანსპორტერები; პლიუს 1200 საბრძოლო უზრუნველყოფის მოჯავშნული მანქანა), 750 საველე არტილერიის ქვემეხი, ზალპური ცეცხლის რეაქტიული დანადგარი და ნაღმსატყორცნი, ოპერატიულ-ტაქტიკური რაკეტების გასაშვები 18 დანადგარი, 60 დამრტყმელი ვერტმფრენი.

გარდა ამისა, ჩრდილო-კავკასიის სამხედრო ოლქის ტერიტორიაზე დისლოცირებული სამხედრო-საჰაერო ძალების მე-4 ტაქტიკური საჰაერო არმიის საბრძოლო შემადგენლობაში შედიოდა ცალკეული სადაზვერვო საავიაციო პოლკი (50 Су-24), ბომბდამშენი (112 Су-24) და მოიერიშე (98 Су-25, 35 Су-22) საავიაციო დივიზიები, გამანადგურებელი საავიაციო კორპუსი (105 МиГ-29, 59 Су-27), რადიოელექტრონული ბრძოლის სავერტმფრენო ავიაესკადრილია (47 Ми-8) (სულ 459 საბრძოლო თვითმფრინავი, მათ შორის 245 საფრონტო ბომბდამშენი და მოიერიშე). ნუთუ ეს ძალები და საშუალებები სრულად მონაწილეობდნენ უკანასკნელ სამხედრო კონფლიქტში, ან კიდევ იქნებ მათი უმეტესი ნაწილი იყო ჩართული ამ საბრძოლო მოქმედებებში? ძალზედ გვეეჭვება. მაშინ რაღა საჭიროა ხალხის უბედურებისა და გაჭირვების პირობებში ჩვენი ხელისუფლების ასეთი ბაქიაობა და ცრუპენტელობა? ამას ხომ შედეგად რუსების მხრიდან საპასუხო სადამსჯელო აქციები მოჰყვება ხოლმე, რაც კიდევ უფრო მეტ უბედურებად უბრუნდება საქრთველოს მოსახლეობას.

ისე კი, 1990-იანი წლების განმავლობაში აშშ-ისა და გერმანიის სამხდრო-ტექნიკური დახმარების შედეგად არაადექვატურად გაძლიერებული თურქეთისა და მისი დასავლელი მფარველ-მოკავშირეების წინააღმდეგ სამხრეთის მიმართულებით შესაძლო საბრძოლო მოქმედებების გაჩაღების შემთხვევაში რუსული სარდლობა ჯერ კიდევ 90-იანი წლების მიწურულში გეგმავდა არა მხოლოდ ჩრდილო-კავკასიის სმხედრო ოლქში, არამედ მოსკოვისა და ვოლგისპირეთის სამხედრო ოლქების ტერიტორიაზე განლაგებული ძალებისა და საშუალებების ნაწილის გამოყენებასაც. მიახლობითი შეფასებისთვის ქვემოთ მოგვყავს ცხრილი აღნიშნულ სამხედრო ოლქებში იმავე 2000 წელს განლაგებული პირადი შემადგენლობისა და ძირითადი შეიარაღების ჩვენებით.

პირადი შემადგენლობა და ძირითადი . . . . . . . . მოსკოვის . . . . . . . . . . ვოლგისპირეთის
შეიარაღება . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . სამხედრო ოლქი . . . . . . .სამხედრო ოლქი

პირადი შემადგენლობა, ადამიანი . . . . . . . . . . . . . 95900 . . . . . . . . . . . . . . . 32600
საბრძოლო ტანკები . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .2000 . . . . . . . . . . . . . . . . . .730
მოჯავშნული საბრძოლო მანქანები . . . . . . . . . . . . . 2200 . . . . . . . . . . . . . . . . .1000
საბრძოლო უზრუნველყოფის
მოჯავშნული მანქანები . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 1700 . . . . . . . . . . . . . . . . . .500
საველე საარტილერიო სისტემები . . . . . . . . . . . . . . .1800 . . . . . . . . . . . . . . . . . .650
ოპერატიულ-ტაქტიკური რაკეტების
გასაშვები დანადგარები . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 48 . . . . . . . . . . . . . . . . . . . 18
დამრტყმელი ვერტმფრენები . . . . . . . . . . . . . . . . . . . .120 . . . . . . . . . . . . . . . . . . .33
საბრძოლო თვითმფრინავები . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 550 . . . . . . . . . . . . . . . . . .118

ასე, რომ რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ „სრულმასშტაბიანი“ ომის წარმოების მითი ისევ და ისევ საქართველოს ხელისუფალთა (უფრო სწორედ ვაიხელისუფალთა) მორიგი ცრუპენტელობა და ბაქიაობაა, ასევე მათ მიერ რუსების დაბეზღება დასავლეთის წამყვანი სახელმწიფოების წინაშე, კონფლიქტში მათი უფრო აქტიურად ჩათრევის მიზნით. მაგრამ იმ სახელმწიფოებმა ამ „ვაიჭკუისაგან“ ხალხზე უფრო მეტი იციან რუსეთის წინააღმდეგ შესაძლო სამხედრო აქციების შედეგების დრამატულობა და ამიტომაც არ აჰყვნენ ასეთ ავანტიურას. ამის შესახებ დამაჯერებლად და კვალიფიციურად მსჯელობდნენ რადიოსადგურ „დოიჩე ველეს“ („გერმანული ტალღის“) ჟურნალისტები.

რა თქმა უნდა, ეს კონფლიქტში დაზარალებული ადამიანებისთვის დიდი შეღავათი არ არის, მაგრამ ქართულმა საზოგადოებამ უნდა იცოდეს, თუ ვინ და რანი არიან ჩვენი ხელისუფალნი, ასევე მათთან ძირითადად სკამების გამო დაპირისპირებული პროამერიკული პარტიები, ორივე მხარის მოკავშირე არასამთავრობო ორგანიზაციები, მასობრივი ინფორმაციის საშუალებების უმეტესი ნაწილი; და რომ თითოეული მათგანი მათ მიერ ამერიკისადმი უფრო გულმოდგინე სამსახურის გამო, ვიდრე საკუთარი სამშობლოსადმი, დიდი უბდურების მომტანია ჩვენი ქვეყნისთვის, როგორც დღეს, ისე მომავალშიც.

ამერიკელები აცხადებენ, რომ XXI საუკუნეში როგორ შეიძლება უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე შეჭრა და იქ საომარი მოქმედებების დაწყებაო. მაგრამ განა ისინი თავად არ შეიჭრნენ სუვერენული იუგოსლავიის (სერბია-ჩერნოგორიის) ტერიტორიაზე, როდესაც ბელგრადმა თავის ავტონომიაში კოსოვო-მეტოხიაში ქვეყნის რგულარული შიარაღებული ძალები შეიყვანა იქ გაჩაღებული შეიარაღებული სეპარატიზმისა და ალბანელთაგან იქაური სერბული მოსახლეობის დევნის აღსაკვეთად. ან კიდევ, განა თავად ამერიკელები და ბრიტანელები არ შეიჭრნენ ამ რამდენიმე წლის წინ სუვერენულ ერაყში, განა ისინი ავიაციით არ მომბავდნენ და ჯავშანსატანკო და მექანიზებული დივიზიებით არ იპყრობდნენ ერაყს? თავიანთი აგრესიის გასამართლებლად დამპყრობლები მაშინ აცხადებდნენ, რომ სადამ ჰუსეინი ამუშავებდა ლაბორატორიებსა და საწარმოებს ბირთვული და ქიმიური იარაღის შესაქმნელად, რითაც მუქარას უქმნიდა მთელი რეგიონის უსაფრთხოებასა და სტაბილურობას. მაგრამ ერაყის დამპყრობელმა ანგლოსაქსებმა მთელ ქვეყანაში ვერსად ვერ აღმოაჩინეს მასობრივი დაზიანების იარაღის შესაქმნელად სამუშაოების წარმოების თუნდაც რაიმე კვალიც კი (მანამდე ერაყში ჩადიოდნენ საერთაშორისო ექსპერტები, გაეროს ეგიდით, ამ საკითხის გამოსაკვლევად. სადამ ჰუსეინი ომის დაწყებამდეც კიდევ თანახმა იყო მსგავსი შემოწმებების გაგრძელებაზე საერთაშორისო ორგანიზაციის ეგიდით, მხოლოდ არ უნდოდა იქ ამერიკელი ექსპერტების ჩასვლა, ვინაიდან აცხადებდა, რომ ისინი თავიანთი ძირითადი საქმიანობის გარდა შპიონაჟსაც ეწევიანო, და მართალიც ყოფილა).

ერაყის მიერ მასობრივი დაზიანების იარაღის შექმნაზე ანგლო-ამერიკული გამონაგონის გაქარწყლების შემდეგ დამპყრობლები ალაპარაკდნენ იმის თაობაზე, რომ სადამ ჰუსეინი დიქტატორი იყო, და იმიტომ შევედით ერაყში, რათა იქ დემოკრატია დაგვემყარებინაო. მაგრამ ქართველებისთვის ნათელი უნდა იყოს, თუ რანაირ დემოკრტიას ამყარებენ დასავლეთის მმართველი წრეები სხვა ქვეყნებში. „დემოკრატია“ სიტყვა-სიტყვით ნიშნავს „ხალხის მმართველობას“, მაგრამ განა შეგვიძლია ვთქვათ, რომ თუნდაც საქართველოში რაიმენაირი მისწრაფება მაინც არის ნამდვილად ქართველი ხალხისა და საქრთველოს მაცხოვრებელი სხვა ხალხების მმართველობის დამყარებაზე. განა ან ხელისუფლება და ან კიდევ მასთან ასე მწარედ დაპირისპირებული სხვა პროამერიკული ძალები მართლა ცდილობენ იმისთვის, რათა საზოგადოება საფუძვლიანად გაარკვიონ სახემლწიფოს ცხოვრების ეკონომიკური, სამხედრო, დიპლომატიური, შინაგანი უსაფრთხოების, სპციალური (საიდუმლო) სამსახურების, სამოქალაქო თავდაცვის, განათლების, ჯანმრთელობის დაცვის, ქართველობის ქრისტიანული და ტრადიციულ-პატრიოტული აღზრდის, ჩვენთან მცხოვრები სხვა ეროვნებების და კონფესიების ადამიანების სათანადო რელიგიური აღზრდისა და საქართველოს სახელმწიფოსადმი მათი ერთგულებისა და სიყვარულის განვითარების საქმეებში. სულაც არა, მიდის უაზრო და გაუგონარი ამერიკანიზაცია, ტრადიციული ფასეულობების უგულვებელყოფა ან აბუჩად აგდება, ზნეობრივი დეგრადაციის, სქესობრივი აღვირახსნილობისა და ჰომოსექსუალიზმის უტიფარი პროპაგანდა და სხვა. და ამერიკულ-პროამერიკული ჭკუით თურმე სწორედ სქესობრივ სიმახინჯეებში კარგად გარკვევა სდომებია ხალხის მიერ თავისი ქვეყნის მმართველობის განხორციელებას. მოდი და ნუ გაიცინებ, სატირლად რომ არ გვქონდეს საქმე. ალბათ სწორედ ასეთ „დემოკრატიას“ ამყარებენ ამერიკელები ავღანეთსა და ერაყშიც.

რაც შეეხება დემოკრატიის ავკარგიანობას, აღსანიშნავია ისიც, რომ საფრანგეთის რევოლუციის წლებში (1789-1799) ფრანგი ხალხი იმდენად დაიღალა და მოიქანცა იაკობინელთა (მონტანიარების) სისხლიანი დიქტატურისა (დემოკრატიული ტერორისა) და ქვეყნის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში არსებული მუდმივი არეულ-დარეულობებისგან, რომ 1799 წელს ძალზედ ადვილად ჩააბარა სახელმწიფოს ერთპიროვნული მმართველობა ნაპოლეონ ბონაპარტეს, თავიდან რესპუბლიკის პირველი კონსულის, ხოლო 1804 წლიდან კი იმპერატორის სახით. მის შემდეგაც 1871 წლის საფრანგეთ-პრუსიის ომამდე ქვეყანაში იყო ძირითადად მონარქიული მმართველობა _ ბურბონები: ლუდოვიკ XVIII და კარლ X, ორლეანის ჰერცოგი ლუდოვიკ-ფილიპი, იმპერატორი ნაპოლეონ III (ლუი-ნაპოლონი). მათ შემდეგ რესპუბლიკური მმართველობისას, მაგალითად, 1880-90 წლებში, გათამაშებულ იქნა უდიდესი ფინანსური აფიორა, რომელშიც ჩართულნი იყვნენ ქვეყნის მთავრობის წევრები, ცნობილი პარლამენტარები, გაზეთებისა და ჟურნალების გამომცემლები და რედაქტორები. საქმე შეხება იმას, რომ იმ დროს წამოაყენეს პანამის არხის გაყვანის პროექტი, რომელსაც აქტიურ პროპაგანდას უწვდნენ ზემოთ ჩამოთვლილი პირები და რომელშიც სფრანგეთის მოსახლეობას ჩაადებინეს 1,5 მილიარდი ფრანკი, ხოლო შემდეგ კი მთელი ეს ფული სადღაც გაქრა. ამის გამო სხვებთან ერთად პასუხისმგებლობაში მისცეს ინჟენერი ეიფელიც. ესეც რესპუბლიკური დემოკრატიის სიამეები. ახლა ისევ ჩვენს სატკივარს დავუბრუნდეთ.

ამაზე დამატებით, არავისთვის საიდუმლო უკვე აღარ არის, რომ სადამ ჰუსეინის დიქტატურის დამხობაც ისეთივე სიყალბე იყო, როგორც ერაყული მასობრივი დაზიანების იარაღის შექმნის აღკვეთა, რომ ამერიკელებმა ერაყი დაიპყრეს, არც თუ უმნიშვნელოდ, ამ ქვეყნის ნავთობის მოპოვების დაპატრონების მიზნით. ახლა ამერიკელების მიერ დაპყრობილ „დემოკრატიულ“ ერაყში დამპყრობლების გვერდიგვერდ ერაყის ძირძველ მოსახლეობას იარაღით ხელში „ჭკუას ასწავლიან“ და ოკუპანტების მორჩილებაში ამყოფებენ ქართველი „დამრიგებლებიც“ და ამით თავიც კი მოაქვთ, აქაოდა ცივილიზებულ სამყაროში ვიმკვიდრებთ ადგილსო. XIX საუკუნის ქართველი პოეტის გულიდან ამოსული კვნესა კი ავიწყდებათ _ „სჯობს მონობაში გადიდკაცებულს თავისუფლების ძებნაში მკვდარი“.

ახლა რასაც ვიტყვი, შესაძლოა ბევრისთვის მეტად მტკივნეული იყოს, რადგან მათ დაღუპულ და დასახიჩრებულ ახლობლებზე იქნება ნათქვამი; ჩვენც ასევე გვტკივა, და ამიტომ აგერ უკვე 1999 წლის გაზაფხულიდან ვეუბნებოდით ჩვენს ხელისუფლებასა და შეძლებისდაგვარად ვაქვეყნებდით ქართულ პრესაშიც, რომ აშშ და მთლიანად ატლანტიკური დასავლეთი გვატყუებს საქართველოს შიარაღებული ძალების მშენებლობის საქმეში, რომ მიუხედავად მრავალი ქართული და უცხოური განცხადებისა, რომ ამერიკელები ქართველებს აკეთებინებენ ქვეყნის თავდაცვის უნარის მქონე შეიარაღებული ძალებსო, ეს ტყუილია და სულაც არ შეესაბამება 5-მილიონიანი ქვეყნის თავდაცვითი აუცილებლობის პარამეტრებსაც კი, თავდაცვით საკმარისობაზე რომ არაფერი ვთქვათ, რაც უკანასკნელი დღეების მოვლენებმა თვალნათლივ დაგვანახა კიდეც; მაგრამ სატკივარი მაინც უნდა ითქვას: ქართული ჯარების მიერ ცხინვალის რეგიონში შეტევითი მოქმედებების წარმობისას წინა ეშელონებში მოქმედებდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგნი ჯარები თავიანთი სპეციალური დანიშნულების ქვედანაყოფებით და ერაყში ნამსახურები ქართული სახმელეთო ჯარების ნაწილები ავიაციის მხარდაჭერით. მათ წარმატებული მოქმედებები აწარმოეს ოსი და ჩრდილოკავკასიელი მოხალისების წინააღმდეგ, რაზეც დიდი გავლენა იქონია ამერიკელი და სხვა ქვეყნების ინსტრუქტორების მიერ მათმა მომზადებამ, მაგრამ დამარცხდნენ რუსეთის ფედერაციის მოტომსროლელ ნაწილებთან ბრძოლებში, რომლებსც თავიანთ შემადგენლობაში გააჩნდათ სატანკო, მოტომსროლელი და საარტილერიო ქვედანაყოფები, მათ ასევე მხარს უჭერდნენ საველე არტილერიის ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები (ჩვენში ცნობილი „გრადები“), საარმიო ავიაციის დამრტყმელი ვერტმფრნები და ტაქტიკური ავიაციის მოიერიშე და ბომბდამშნი თვითმფრინავები. აქ რუსეთის არმიის პირადი შემადგენლობის რიცხობრივ უპირატესობაში კი არ არის მთავარი საკითხი, არამედ რუსული ჯარების ჯავშანსატანკო ტექნიკით, საველე არტილერიით, საარმიო და ტაქტიკური ავიაციით თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად გაჯერებულობაში. სწორედ ამას ვამბობდით წლების მანძილზე, მოგვყავდა სწორედ იმ ქვეყნების სამხედრო მშენებლობის მაგალითები, რომლებსაც ჩვენი ხელისუფლება და მთელი დანარჩენი პროამერიკული სპექტრი დიდი ნდობითა და პატივისცემით ეკიდებოდა, მაგრამ ამ უკანასკნელთ ამ ქვეყნების სამხედრო მშენებლობის გამოცდილების რეალურად შესწავლის ნაცვლად ერჩივნათ მათი რეკომენდაციები და მათგან მიღებული ფულები, როგორც წესი, ჩვენი სახელმწიფოს მშენებლობის საზიანოდ. და ეს ტრაგიკული შედეგიც მივიღეთ, მაგრამ რატომღაც, ქართული საზოგადოება, იმის ნაცვლად, რომ პასუხი მოსთხოვოს როგორც ჩვენს ხელისუფლებას, ისე ცრუპენტელა და ვერაგ ამერიკელ დიპლომატებს, მოხელეებსა და სამხედრო ინსტრუქტორებს, ისევ „ამერიკა, ამერიკას“ ძახილით იმედოვნებს გასაჭირიდან თავის დაღწევას, სინამდვილეში კი უფრო მეტ გასაჭირსა და უბედურებაში ეხვევა.

ახლა ისევ იმ გულსატკენ სათქმელს დავუბრუნდეთ. საქართველოს მიწისზედა ჯარების შემადგენლობაში, როგორც ვთქვით, წინა რიგბში მოქმედებდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯარები და სახმელეთო ჯარების ყველაზე უფრო ბრძოლისუნარიანი ნაწილები. მათვე, როგორც ვიცით, შეუპოვარი წინააღმდეგობა გაუწიეს რუსული არმიის რეგულარულ ნაწილებს. როგორც ამბობენ, ერთ რუს გენერალს უთქვამს კიდეც, თქვენებს უკან არ დაუხევიათ და ბრძოლის ველზე გმირულად დაეცნენო. სახელი და დიდება მათ ამისთვის. მაგრამ განა ისინი სწორედ ის აირწინაღებით, დამცავი კოსტუმებით, ჩაჩქნებითა და ფარებით ეკიპირებული შინაგანი ჯარების სამხედრო მოსამსახურეები არ იყვნენ, რომლებიც მოსახლეობის საპროტესტო გამოსვლებს არბევდნენ თბილისსა და სხვა ქალაქებში, აფხაზეთიდან დევნილებსა და გარემოვაჭრეებს ერეკებოდნენ საცხოვრებელი და სამუშაო ადგილებიდან, რომლებიც გორში თუ ხაშურში ხელისუფლებისგან გამდგარ ყოფილ მათ თანამოაზრეებს სახლებში უვარდებოდნენ და ეუბნებოდნენ _ თქვენს თვალწინ აქვე თქვენსავე ცოლ-შვილს გაგიუპატიურებთ, თუკი საკრებულოს მანდატებს უკან არ აიღებთო. რაც შეეხება ერაყში ნამსახურებ ჩვენს ჯარებს, მათ შესახებ უკვე ზემოთ ვისაუბრე, ანუ იმ ბოროტების შესახებ, რასაც ისინი უკეთებენ ერაყის მოსახლეობას, მიუხედავად კეთილი მოქმედების ცალკეული გამოვლინებებისა. ამრიგად, ბოროტება დაუსჯელი არ რჩება, ხოლო ასეთი განსაცდელი და უბედურება ალბათ ცოდვებისაგან მათი განსაწმენდელი იქნებოდა, რათა მათი სულები სამარადისოდ უფალთან ასულიყვნენ ნეტარებაში და არა ეშმაკთან ჩასულიყვნენ სატანჯველში. და რატომ დაიტეხეს მათ ასეთი განსაცდელი თავზე? რატომ თანხმდებოდნენ ასეთი დანაშაულებრივი და არაადამიანური ბრძანებების შესრულებაზე? ან რატომ აწყობდნენ სპეციალურად საქმეებს, რათა ერაყში ან კოსოვოში წასულიყვნენ და იქ დამატებითი გასამრჯელოს მისაღებად უსამართლო ოპერაციებში მოეღოთ მონაწილეობა?

მაგრამ ჯერ კიდევ ცოცხლები არიან და ფიზიკურად სერიოზულად არ დაზარალებულან ისინი, ვინც იძლეოდნენ და იძლევიან ასეთ უსამართლო და არაადამიანურ ბრძანებებს, ან კიდევ თავს იწონებენ ამერიკულ სადამსჯელო ოპერაციებში მონაწილეობით, აქაოდა, „მეც ნახირ-ნახირაო“. მაგრამ როგორც იმ ბიჭებს არ უნდოდათ ნაადრევი სიკვდილი, სამწუხაროდ კი მოუწიათ, ამიტომ ამ ბრძანებებისა და მითითებების გამცემებმაც უნდა იცოდნენ, რომ ღვთის სამსჯავროს ვერც ისინი ვერსად გაექცევიან. ხოლო ამ სამსჯავროს შემსუბუქებისთვის სინანულისა და ბოროტი საქმისგან გარიდების ნება და განხორციელება კი მათ ხელშია.

ცხინვალის რეგიონში რუსები თავიანთ სამხედრო ჩარევას ხსნიან და ამართლებენ, სხვათა შორის, აქ მცხოვრები საკუთარი მოქალაქეების დაცვის აუცილებლობით. ჩვენ ეს არ მოგვწონს, და გერმანელი მიმომხილველებიც რადიოსადგურ „დიოჩე ველედან“ ამას სართაშორისო სამართლის დარღვევად მიიჩნევენ. მაგრამ ეს დებულება უკვე დიდი ხანია ჩაწერილია აშშ-ის სამხედრო სტრატეგიაში და პენტაგონი ყოვლთვის მიმართავს ხოლმე მსგავს აქციებს, როცა კი საჭიროდ დაინახავს და არც სხვა სახელმწიფოების მთავრობებისგან თხოულობს შესაბამის ნებართვას. რუსებმა აქაც გააკეთეს ის, რაც ჩვეულებრივ გამოიყენება ამერიკულ პრაქტიკაში.

ამერიკელები ასევე საყვედურობენ რუსეთის ხელმძღვანელობას სააკაშვილის ხელისუფლების დამხობის სურვილის გამო. მაგრამ თავად აშშ-ის საზღვაო ქვეით ჯარს, რომელსაც 90-იან წლებში გატარებული შეიარაღებული ძალების მასშტაბური შემცირებები პრაქტიკულად არ შეხებია, ისევე როგორც საავიამზიდო ძალებს, და რომლის საბრძოლო შემადგენლობაშიც 2000 წელსაც მოითვლებოდა ოთხი საექსპედიციო დივიზია, თითოეული 50 ათასი ადამიანის პირადი შემადგენლობით, არაერთხელ მიუმართავს ლათინური ამერიკისა და სხვა რეგიონების ქვეყნებში შეჭრისთვის იქ არსებული არასასურველი რეჟიმების შესაცვლელად. ამაში ასევე აქტიურად მონაწილეობს აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოც. გარდა ამისა, ჯერ კიდევ 1950- და 1970-იან წლებში აქტიურად მსჯელობდნენ ამერიკულ შეიარაღებულ ძალებში ე. წ. „სახანძრო რაზმების“ შექმნის აუცილბლობის შესახებ, რომლებსაც უნდა დაკისრებოდათ ახლო აღმოსავლეთში მსგავსი ამოცანების შესრულება, მათ შორის აშშ-თვის არასასურველი ადგილობრივი ხელისუფლებების დამხობისაც. 1980-იანი წლების დასაწყისში აშშ შეიარაღებულ ძალებში მართლაც შეიქმნა გაერთიანებული ცენტრალური სარდლობა (შტაბი ავიაბაზა მაკ-დილზე, ფლორიდის შტატი), რომელსაც უნდა ეხელმძღვანელა ე. წ. „სწრაფი გაშლის ძალების“ ჩამოყალიბების, განვითარებისა და გამოყენებისთვის. ამ ძალების სახმელეთო კომპონენტის საფუძველს იმთავითვე შეადგენდნენ აშშ არმიის ცნობილი 82-ე საჰაერო-სადესანტო და 101-ე საჰაერო-საიერიში დივიზიები; ისე კი მის შემადგენლობაში 80-იან წლებში შედიოდა სახმელეთო ჯარებისა და სამხედრო-საჰაერო ძალების 300 ათასზე მეტი სამხედრო მოსამსახურე. სწორედ გაერთიანებული ცენტრალური სარდლობის ხელმძღვანელობა ატარებდა საომარ ოპერაციებს ერაყში როგორც 90-იანი წლების დასაწყისში, ისე 2000-იანი წლებისაც.

გარდა ამისა, ჩვენს ჟურნალში წინა თვეებში გამოქვეყნებულ ინტერვიუში უკვე ვისაუბრეთ უფრო დაწვრილებით იმის შესახებ, თუ როგორ დაამხეს აშშ ცენტრალური დაზვერვის ხელმძღვანელობით ჩილეში სალვატორე ალიენდეს მთავრობა, რომელიც უდიდესი წინააღმდეგობის პირობებში ჩილეს მოსახლეობამ ორჯერ აირჩია უმრავლსობით ქვეყნის პარლამენტში, ხოლო პარლამენტმა განსხვავებული პარტიების კოალიციური შეთანხმების საფუძველზე _ ჩილეს პრეზიდენტად. და იქ არ იყო ლაპარაკი ხელისუფლების მიერ არჩევნების გაყალბების თაობაზე. ასვე ვისაუბრეთ იმაზეც, თუ როგორ დაიწყო 1979 წლის ზაფხულში აშშ-ის ცენტრალურმა დაზვერვამ ავღანეთის რევოლუციური პროსაბჭოური ხელისუფლების დასამხობად საიდუმლო ოპერაციები ოპოზიციური შეიარაღებული დაჯგუფებებისთვის მრჩევლების, ფულებისა და შიარაღების გაგზავნით, ხოლო მოჯაჰედების შემდგომი დაფინანსებისთვის ფართოდ იყენებდა ავღანური ნარკოტიკებით ვაჭრობას, მათ შორის საკუთარ ქვეყანაშიც. ამით ამერიკულმა ადმინისტრაციამ წააქეზა სსრკ-ის ხელმძღვანელობა იმავე წლის ბოლოს (დაახლოებით ნახევარი წლის შემდეგ) ავღანეთში თავისი რეგულარული ჯარების შესაყვანად, რაც გადაიზარდა მრავალწლიან სისხლისმღვრელ ომში, ნარკოტიკების უფრო დიდი მასშტაბით გავრცელებასა და მანამდე მინავლებული ისლამური მებრძოლი ფუნდამენტალიზმის ახალი ძალით აღორძინებაში. აშშ ცენტრალური დაზვერვის მიერ ავღანეთში ხელისუფლების დამხობის მიზნით საიდუმლო ოპერაციების საბჭოთა სამხედრო ჩარევამდე ნახევარი წლით ადრე დაწყების თაობაზე თავის მემუარებში 90-იან წლებში დაწერა აშშ ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს მაშინდელმა დირეტორმა რობერტ გეიტსმა, რომელიც ამჟამად არის პენტაგონის შეფი (თავდაცვის მინისტრი), ხოლო ფრანგულ ჟურნალ „ნუველ ობსერვატერისთვის“ 1998 წელს მიცემულ ინტერვიუში კი დაადასტურა პრეზიდენტ კარტერის მაშინდელმა თანაშემწემ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ზბიგნევ ბჟეზინსკიმ. და ასეთი „ბაგაჟის“ მქონე სახელმწიფოს ხელისუფლების წარმომადგენლები „განცვიფრებული“ არიან რუსების სურვილით დაამხონ საქართველოში სააკაშვილისა და მისი ანტიეროვნული (ანტინაციონალური) თანამოაზრეების ხელისუფლბა. მოდი და ნუ გაგეცინება. აქ გვახსენდება დათვის ცნობილი ფრაზა სპექტაკლიდან ჭინჭრაქა: „რა ტკბილია შენ რომ ჭამ, და რა მწარეა შენ რომ გჭამენო“.

უკანასკნელ ხანს, ეტყობა რომ დინახეს თავიანთ მსჯელობებში აშკარა წინააღმდეგობები, და ამერიკელი ხელისუფალნი, თუკი მანამდე გაიძახოდნენ, როგორ შეიძლება, რომ XXI საუკუნეში სხვა სახელმწიფოში შეიჭრაო, როდესაც თავიანთი ავკაცობანი შეახსენეს, უკვე ცოტა სხვანაირად ალაპარაკდნენ _ როგორ შეიძლება, XXI საუკუნეში ევროკავშირის წევრი ერთი სახელმწიფო იმავე კავშირის წევრ მეორე სახელმწიფოში შეიჭრასო. თითქოს რაკი ერაყი, ავღანეთი და ირანი ევროკავშირის წევრები არ არიან, ამიტომ იქ შეჭრა შესაძლებელი იყოს.

ამერიკელთა შესახებ ლაპარაკს რომ მოვრჩეთ, შევეხოთ მათ მიერ „წვრთნისა და აღჭურვის“ პროგრამით მომზადებული ქართული ჯარების რეალურ შესაძლებლობებს. ჩვენ ჯერ კიდვ 1999-2000 წლებში აქტიურად ვაქვეყნებდით გაზეთ ძირითადად „საქართველოში“ წერილებს, რომლებშიც ვასაბუთებდით, რომ ევროპის მცირე ნეიტრალური სახელმწიფოების: ფინეთის, შვედეთისა და შვეიცარიის, აგრეთვე ნატო-ს ბლოკის წევრი იმ ქვეყნების გმოცდილებით, რომლებიც ე. წ. „ცხელ რაიონებში“ იმყოფებოდნენ (ნორვეგია, საბერძნეთი), მცირე სახელმწიფოს სამხედრო მშენებლობა ჯერ კიდევ მშვიდობიანობის დროს ისე უნდა იყოს ორგანიზებული და წარმართული, რომ ომის გაჩაღებისას ან კრიზისულ სიტუაციებში მას შეეძლოს შეიარაღებულ ძალებში თავისი მოსახლეობის 10%-სა და მეტის მობილიზება (5-მილიონიანი ქვეყნისთვის ეს შესაძლოა იყოს 500-550 ათასი ადამიანი), რომელიც მის ტერიტორიაზე გაშლილი უკვე დიდი ძალა იქნება. მაგრამ ასეთ მრავალრიცხოვან შეიარაღებულ ძალებს სჭირდება შესაბამისი რაოდენობისა და ხარისხის შეიარაღება და სამხედრო ტექნიკა. ქვემოთ ცხრილში, იმავე ლონდონურ წყაროზე დაყრდნობით, ნაჩვენებია ამ სახელმწიფოთა, აგრეთვე ისრაელის მოსახლეობის, საომარი დროისთვის დაგეგმილი შეიარაღებული ძალებისა და ძირითადი შეიარაღების მონაცემები 1991 წლის შუახანებისთვის (სანამდე ცენტრალურ ევროპაში დაიწყებოდა შეიარაღებული ძალებისა და შეიარაღებათა შემცირებები).

მოსახლეობა და შეიარაღებული . ნორვეგია . საბერძნე- . . ფინეთი . შვეიცარია . შვედეთი
ძალები, ძირითადი შეიარაღება . . . . . . . . . . . .თი . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

მოსახლეობა, ადამიანი . . . . . . . . .4207800 . 10174400 . 5023200 . 6503800 . 8340200
რეგულარული შეიარაღებული
ძალები, ადამიანი . . . . . . . . . . . . . . . 32700 . . . . 158500 . . . .31800 . . . . * . . . . . . . .63000
რეზერვები, ადამიანი . . . . . . . . . . . 358000 . . . .406000 . .500000 . . 625000 . . 709000
(მოსახლეობის რიცხვის %) . . . . . . . . (8,5%) . . . . . (5,6%) . . . . (10%) . . . . (9,6%) . . . .(9,3%)
საბრძოლო ტანკები . . . . . . . . . . . . . . . . . 211 . . . . . . .1897 . . . . . . 120 . . . . . .870 . . . . . .785
მოჯავშნული საბრძოლო
მანქანები . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 203 . . . . . . .2289 . . . . . .573 . . . . . 1350 . . . . . 800
საველე საარტილერიო
სისტემები . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 527 . . . . . . . 1908 . . . . 1660+ . . . . 1400 . . . . .1520
დამრტყმელი ვერტმფრენები . . . . . . . – . . . . . . . . . . – . . . . . . . . . . – . . . . . . . .– . . . . . . . . . 20
საბრძოლო თვითმფრინავები . . . . . . . . . 94 . . . . . . . . 448 . . . . . . .118 . . . . . . 289 . . . . . .470
წყალქვეშა ნავები . . . . . . . . . . . . . . . . . . . 11 . . . . . . . . . . 10 . . . . . – . . . . . . . . – . . . . . . . . . . 12
წყალზედა მსხვილი საბრძოლო
ხომალდები . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 5 . . . . . . . . . . 18 . . . . . . – . . . . . . . – . . . . . . . .– . . . .
სარაკეტო და საპატრულო
კატარღები . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 35 . . . . . . . . . .36 . . . . . . . .22 . . . . . – . . . . . . . . . . 42

შენიშვნა: საბერძნეთისა და შვედეთის მშვიდობიანობის დროის რეგულარული შეიარაღებული შედარებით მაღალი რიცხოვნების გამო პროცენტული მაჩვენებელი გამოვიყვანეთ რეზერვებისა და ამ რეგულარული ჯარების რიცხვის შეკრებით. ე. ი. % აქ წარმოადგენს არა საკუთრივ რეზერვების, არამედ საომარი დროის შეიარაღებული ძალების რიცხოვნების პროცენტულ თანაფარდობა მოსახლეობის რიცხოვნებასთან.

ამ ფონზე 1990 და 1992 წლებში, ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის თათბირის (ამჟამად ეუთო-ს) ეგიდით, პარიზსა და ტაშკენტში დადებული საერთაშორისო ხელშეკრულებების ძალით, საქართველოს შეუძლია თავის ტერიტორიაზე მშვიდობიანობის დროს მუდმივად განლაგებული ჰყავდეს არაუმეტეს 220 საბრძოლო ტანკის, 220 მოჯავშნული საბრძოლო მანქანის, 285 საველე საარტილერიო სისტემის, 50 დამრტყმელი ვერტმფრენის და 100 საბრძოლო თვითმფრინავისა. როგორც ვხედავთ, ჩვენი ქვეყნისთვის დადგენილი ჯავშანსატანკო ტექნიკისა და საველე არტილერიის კვოტები მიზერულადაც კი ვერ აკმაყოფილებს 5-მილიონიანი სახელმწიფოს თავდაცვის უზრუნველყოფის ამოცანის შესრულებას. ანუ ჩვენ უკვე ასეთი მცირე კვოტებით საერთაშორისო საზოგადოებრიობის მიერ თავიდანვე განწირული ვართ თავდაცვის უუნაროებად ყოფნისთვის. მიუხედავად პირადად ჩვენი არაერთი წინადადებისა, საქართველოს ხელისუფლებას არც მაშინ და არც დღეს არ სურს ამ კვოტების გაზრდის თაობაზე საკითხის დაყენება ეუთოს ხელმძღვანელობის წინაშე, რადგანაც ეს არ სურს აშშ-ის ხელისუფლებას (და ეს არის დამოუკიდებლობა ამერიკულად).

ასეთ პირობებში „წვრთნისა და აღჭურვის“ ამერიკული პროგრამა ვერანაირად ვერ შეძლებდა ქვეყნის თავდაცვის უნარის მქონე შეიარაღებული ძალების შექმნას საქართველოსთვის, და მიუხედავად არაერთი დამაიმედებელი და ომახიანი განცხადებისა, როგორც ქართველი, ისე ამერიკელი მოხელეებისა და სამხედრო სპციალისტების მხრიდან, რეალურმა საქმემ დაგვანახა, რომ ამერიკელების მიერ გაწვრთნილმა ქართულმა ჯარებმა წარმატებით იბრძოლეს ოსი და რუსეთიდან შემოსული მოხალისეების წინააღმდეგ, მაგრამ უძლურნი აღმოჩნდნენ რუსული არმიის რეგულარულ ნაწილებთან და შენაერთებთან ბრძოლაში. და დიდი ზარალიც განიცადეს.

ასეთივე შედეგი იქნებოდა თურქეთის რეგულარული არმიის ნაწილებთან და შენაერთებთან ბრძოლების შემთხვევაშიც. ვინაიდან საკუთარი თავდაცვისთვის რეალურად მზრუნველი ქვეყნების სახმელეთო ჯარების ქვედანაყოფები, ნაწილები და შენაერთები კარგად არიან დაკომპლექტებული და გაჯერებული ჯავშანსატანკო ტექნიკით, საველე არტილერიით, საარმიო ავიაციის თვითმფრინავებითა და ვერტმფრენებით, ტანკსაწინააღმდეგო, საზენიტო, საინჟინრო-მესანგრეთა, კავშირგაბმულობის, სადაზვერვო, რადიოელექტრონული ბრძოლის, ბირთვული-ქიმიური-ბიოლოგიური დაცვის, მომარაგების, მომსახურებისა და რემონტის, აგრეთვე მედიკურ-სანიტარული და სხვა საშუალებებით. მხოლოდ ასეთ პირობებში იქცევა ახლანდელ დროში სახმელეთო ჯარები, სამხედრო-საჰაერო და სამხედრო-საზღვაო ძალებთან ერთად, ასევე სამოქალაქო თავდაცვის ძალებთან ურთიერთმოქმედებით, ქვეყნის თავდაცვის უზრუნველყოფის ეფექტურ საშუალებად.

ასეთ პირობებში ჩვენი ხელისუფლების მიერ ფართოდ რეკლამირებული 100 ათას კაციანი რეზერვიც ისეთივე ბლეფია, რაც მისი ბევრი სხვა ინიციატივაც. თუ არ იქნება სათანადო რაოდენობის ჯავშანსატანკო ტექნიკა და საველე არტილერია, საარმიო და ტაქტიკური ავიაცია, რაზედაც ჩვენ უფლება არა გვაქვს, მაშინ მხოლოდ ავტომატებით, ტყვიამფრქვევებითა და ყუმბარსატყორცნებით შეიარაღებული 100 ათასი მებრძოლი უსუსური აღმოჩნდება თუნდაც ერთი ამერიკული მექანიზებული ქვეითი დივიზის წინააღმდეგ, რომელიც 1980-იანი წლების მეორე ნახევარში დამტკიცებული შტატით მოითვლიდა პირადი შემადგენლობის 17 ათასამდე ადამიანს, 290 საბრძოლო ტანკს, 800-მდე ქვეითთა საბრძოლო მანქანას, საბრძოლო-სადაზვერვო მანქანასა და ჯავშანტრანსპორტერს, 141 საველე არტილერიის ქვემეხს, ნაღმსატყორცნსა და ზალპური ცეცხლის რეაქტიულ სისტემას, 50-მდე დამრტყმელ ვერტმფრენს, რომელთა აღჭურვაც შესაძლებელია როგორც უმართავი საავიაციო რაკეტების (ცოცხალი ძალის წინააღმდეგ), ისე ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტების (ჯავშანსატანკო ტექნიკისა და სხვა მცირეზომიანი დაცული ობიექტების წინააღმდეგ) გასაშვები დანადგარებით. ცხადია, რომ ასეთი შეიარაღების მქონე 17 ათასკაციანი შენაერთი სულ ადვილად გაუსწორდება გაშლილ ადგილას 100 ათას მსუბუქად შეიარაღებულ ფეხოსანს, რაც მოხდა კიდეც სულ ახლახანს ცხინვალის რეგიონში.

და მეტად გასაკვირია, რომ ამდენი ტყუილების შემდეგ, რაც ქართველი ახალგაზრდების დაღუპვად, ორი მნიშვნელოვანი რეგიონის დაკარგვად (იმედია დროებით დაკარგვად) და იქაურ მაცხოვრებელთა _ მკვიდრი აფხაზებისა და ჩამოსახლებული ოსების კიდევ უფრო მეტად გადამტერებად, აგრეთვე ცხინვალის რეგიონისა და მიმდებარე ტერიტორიების მაცხოვრებელი ძირძველი ქართული მოსახლეობის აყრა-აწიოკებად დაგვიჯდა, ერთი ნაწილი ქართველებისა ასე აღტაცებით ეგებება ამერიკელებს და მათზე ამყარებს რაღაც სასიკეთო იმედებს. ამაზრზენია, რომ ამ განწყობას ხალხში ნერგავენ როგორც ხელიუფლება, ისე მისი, ასე ვთქვათ, ოპოზიციაც, და ისინი კიდევ უსირცხვილოდ და უტიფრად გამოდიან ამერიკელთა მეხოტბეებად.

რაც შეხება რუსეთს, ატლანტიკურ დასავლეთსა და, კიდევ უფრო მეტი გაშმაგებით, ამ პროამერიკულ ქართულ ძალებს სურთ საქმე ისე წარმოადგინონ, თითქოს რუსეთს მხოლოდ თავისი იმპერიული ამბიციების, ან უბრალო ყოყოჩობის ან კიდევ ბოღმის გამო არ სურს საქართველოს გაშვება. მაგრამ საქმე ასე სულაც არ არის. ამიერკავკასიაში, საქართველოსა და აზერბაიჯანის ტერიტორიაზე თუკი მყარად ჩაჯდებიან ამერიკელები და მათი ნატო-ელი მოკავშირეები, მაშინ აქ ისინი სამხედრო ბაზებთან ერთად აქ განალაგებენ ფსიქოლოგიური ოპერაციების ძალებს, სადაზვერვო და პროპაგანდის საშუალებებს და სისტემატიურ ძირგამომთხრელ საქმიანობას დაიწყებენ ჩრდილო კავკასიის ხალხებში რუსეთის წინააღმდეგ, რასაც ჯერ კიდევ რუსეთის იმპერიასა და ქართლ-კახეთის სამეფოს შორის 1783 წლის ივლისში მფარველობის შესახებ გეორგიევსკის ტრაქტატის დადების დროიდან აწარმოებდნენ ბრიტანეთისა და ოსმალეთის იმპერიები შეიხ მანსურის, ყაზი მოლასა და შამილის მებრძოლი მუსლიმანური მოძრაობის აგორებით, რომელიც თითქმის 1860 წლამდე გაგრძელდა.

შემდეგ ატლანტიკური დასავლეთის საჯარისო შენაერთები, ჩრდილო-კავკასიაში არეულობების გაფართოების კვალდაკვალ, უშიშრად გადავლენ იმ მხარში და ძალების გარკვეული დაგროვების მერე შეძლებენ აქტიური შეტევითი მოქმედებების წარმოებას რუსეთის ევროპული ტერიტორიის დაპყრობისა და დამორჩილების მიზნით; შემდგომ ეტაპზე შესაძლებლი იქნება უკვე რუსეთის ციმბირისა და შორეული აღმოსავლეთის დაპყრობაც იქ არსებული სასარგებლო წიაღისეულის უმდიდრესი საბადოების ხელში ჩაგდების მიზნით. ეს კი რუსული სახელმწიფოსთვის სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია, და არა უბრალოდ პატივმოყვარეობისა. სწორედ ამიტომ იბრძვის რუსეთის არმია ასეთი თავგამოდებით საქართველოში. სწორედ ამიტომ გვაყენებს ასეთ ზარალს, და განსაკუთრებით ამერიკულ-ქართული სამხედრო თანამშრომლობის კვალის წაშლას ეშურება, რადგან ჩვენ თავად ვერთვებით დასავლეთისა და, განსაკუთრებით აშშ-ის, მმართველი წრეების ანტირუსულ გეგმებში, რომლებიც მიზნად უნდა ისახავდეს შეიარაღებული აგრესიის მეშვეობით რუსეთის სახელმწიფოს დაპყრობას, დაშლა-დანაწევრებას, მისი ბუნებრივი წიაღისეულისა და სხვა რესურსების დაუფლებასა და დაქუცმაცებული რუსული ერთეულების თავის ნებაზე მართვა-გადაკეთებას. ხოლო თუკი ჩვენვე თავად ვერთვებით ატლანტიკური დასავლეთის მმართველი წრეების ასეთ საშინელ გეგმებში, მაშინ ნურც რუსებისგან ნუღარ მოველით დანდობას. ჩვენი ბედი მნიშვნელოვანწილად ისევ ჩვენს ხელშია, და რასაც დავთესთ, იმასვე მოვიმკით.

განა დღესდღეობით დედამიწაზე რომ იყოს აშშ-ზე გადამტერებული მისივე ფარდი ძალის მქონე სახელმწიფო ან სახელმწიფოთა კოალიცია, და ამ სახელმწიფომ (კოალიციამ) რომ დაიწყოს შეერთებული შტატების საზღვრებთან კანადაში, მექსიკაში ან კარიბის ზღვის აუზის ქვეყნებში თავისი სამხედრო ბაზების მშენებლობა და იქ ჯარების განლაგება, პენტაგონი არ შეეცდება ძალის გამოყენებას მტრის (გნებავთ, პოტენციური მოწინააღმდეგის) ამ მცდელობების აღსაკვეთად? გვახსენდება 1961 წელს განვითარებული ე. წ. კარიბის კრიზისი, რომელიც დაიწყო ამერიკული სადაზვერვო თვითმფრინავის მიერ საბჭოთა კავშირის მიერ კუბის ტერიტორიაზე თავისი საშუალო სიშორის ბალისტიკური რაკეტების განლაგებისთვის სარაკეტო სასტარტო მოედნის მშენებლობის აღმოჩენა-გამოაშკარავებით. და მიუხედავად იმისა, რომ თავად აშშ-ის სამხედრო უწყებას საბჭოთა კავშირის მახლობლად თურქეთის ტერიტორიაზე უკვე ჰქონდა განლაგებული „იუპიტერის“ ტიპის დაახლოებით ანალოგური რაკეტები, აშშ-ის პრეზიდენტი ჯ. კენედი საშინლად აღშფოთდა მოსკოვის ამ ნაბიჯის გამო და სრულმასშტაბიანი სარაკეტო-ბირთვული ომის მუქარით მოსთხოვა ნ. ს. ხრუშჩოვს აღნიშნული სასტარტო პოზიციების დემონტაჟის საჩქაროდ დაწყება. ამავე დროს ამერიკული სტრატეგიული ბომბდამშენი ავიაციაც ჰაერში იქნა აყვანილი საბჭოთა კავშირის ბირთვული დაბომბვის განხორციელების ბრძანებით. მალევე აშშ-ისა და სსრკ-ის ხელმძღვანელები შეთანხმდნენ, რომ კუბაზე შეწყდებოდა საბჭოთა სარაკეტო პოზიციების მშენებლობა, ხოლო ამერიკელები რამდენიმე თვის განმავლობაში მოახდენდნენ თავიანთი საშუალო სიშორის ბალისტიკური რაკეტების გატანას თურქეთიდან. ანუ, აშშ თეთრი სახლის ადმინისტრაცია მზად იყო მსოფლიო ომის გასაჩაღებლად, როდესაც მის ტერიტორიას დაემუქრა რეალური სამხედრო საფრთხე. მაშინ რატომ უკვირს ამერიკას და რატომ უკვირთ პროამერიკულ ქართულ წრეებს რუსეთის ხელმძღვანელობის ანალოგიური რეაქცია?

და ბოლოს, ჩვენში რუსებს დღეს ოკუპანტებს უწოდებენ, და თავად რუსებიც აცხადებენ, რომ მოახდინეს ინტერვენცია (ანუ შემოჭრა) საქართველოში. ეს რა თქმა უნდა, არ არის კარგი; მაგრამ განა კი მანამდე ტკბილი და საამური იყო ჩვენი ცხოვრება? განა მართლა დემოკრატია ან სულაც ადამიანის პატივისცემა ყვაოდა ჩვენში? განა არ შეიძლებოდა, რომ ამ წერილში გამოქვეყნებული პრობლემები უფრო ფართო მსჯელობის საგანი გამხდარიყო, და არ დარჩენილიყო ერთი-ორი გაზეთის ანაბარა? განა ექიმი ის არის, ვისაც თეთრი ხალათი აცვია? სრულებითაც არა; ექიმი არის ის, ვისაც აქვს შესაბამისი ცოდნა და გამოცდილება. თეთრი ხალათი აქ მხოლოდ პირადი ჰიგიენის საშუალებაა. ასევე, განა ამომრჩეველი ის არის, ვისაც საარჩევნო ბიულეტენი უჭირავს ხელში? სრულებითაც არა; ამომრჩეველი არის ის, ვისაც სათანადო ცოდნა გააჩნია ქვეყნის ცხოვრების ეკონომიკურ, ფინანსურ, თავდაცვის, დიპლომატიის, სახელმწიფო უშიშროების, საზოგადოებრივი უსაფრთხოების, ჯანდაცვის, განათლების, აღზრდისა და სხვა საკითხებში. და არჩევანი უნდა კეთდებოდეს ამ ვრცელ ცოდნაზე დაყრდნობით. საარჩევნო ბიულეტნი კი აქ მხოლოდ საშუალებაა კონკრეტული არჩევანის გასაკეთებლად. და განა ჩვენს საზოგადოებაში არის ასეთი ცოდნა, ან კიდევ განა ვინმე სერიოზულად ზრუნავს მის შემოსატანად? სრულებითაც არა; ნათელი და მკაფიო ხედვის ნაცვლად არის მხოლოდ მღვრიე წყალი და თითქმის ყველა ცდილობს ამ მღვრიე წყალში თევზების ჭერას. და ამ ფონზე რატომღაც დემოკრატიად აცხადებენ სქესობრივი აღვირახსნილობის, სქესობრივი დამახინჯებების, სისხლიანი ძალადობის, ნარკოტიკებით დაბანგულობისა და ანტინარკოტიკული ბრძოლის ამსახველი საზიზღრობებით საზოგადოების უზომოდ დატვირთვა-დამახინჯებას, თავაშვებულობისა და ღვთისმებრძოლეობის პროპაგანდას და ა. შ. და განა ეს ყოველივე ქართველმა ერმა, საქრთველოში მცხოვრებმა სომხებმა, თათრებმა, ებრაელებმა, რუსებმა, ბერძნებმა, ოსებმა, აფხაზებმა და სხვა ეროვნებათა შვილებმა, როგორც წესი, ტრადიციული შეგნების მქონე ადამიანებმა თავიანთი ნებით აირჩიეს, განა კი 80-იან წლებში ჩვენ მიტინგებზე იმიტომ დავდიოდით და დამოუკიდებლობას იმიტომ ვესწრაფოდით, რომ ტელევიზიით სოდომურ-გომორული სანახაობების ყურება გვინდოდა? განა უნივრსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები იმიტომ ათენებდნენ ღამეებს სააქტო დარბაზში ან უმაღლესი სასწავლებლის ეზოში, რომ უძილობა სჭირდათ? განა ჩვენი ნებით შგვქონდა სკოლებში მე-3 და მე-4 კლასების ბავშვებისთვის სქესობრივი აღზრდის „სახელმძღვანელოები“, რომელთა ცალკეული ნაწილების წაკითხვაც ზრდასრულ დეიდებსა და ბიძიებსაც უჭირდათ და ესირცხვებოდათ სატელევიზიო გადაცემაში „ტაბუ“, რომელიც ამ საკითხისადმი იყო მიძღვნილი? განა ჩვენს სახლისუფლებო სტრუქტურებში არ ისმოდა ხშირად დაახლოებით ასეთი ფრაზები: ამას ვერ გავაკეთებთ, მსოფლიო ბანკს ეწყინება; ამას ვერ ვიზამთ, საერთაშორისო სავალუტო ფონდი გაგვინაწყენდება; ამაზე ნუ ვიტყვით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში არ მოეწონებათ; ამის გამო კი კონგრესში გაგვინაწყენდებიან; ეს ნატო-ში არ მოეწონებათ; ეს ევროსაბჭოს ვერ დააკმაყოფილებს; ის კი ეუთო-ს არ ესიამოვნება და ა. შ. და ამას ვიღაცეები დამოუკიდებლობას ეძახიან? ეს თუ დამოუკიდებლობა და თავისუფლებაა, მაშინ შარაგზის კახპობა რაღა არის?

არა ბატონებო და, სამწუხაროდ, ქალბატონებოც. ჩვენ არც აქამდე ვყოფილვართ დამოუკიდებელნი და თავისუფალნი. და თუმცა კი უცხო და უზნეო ძალას არ დასჭირვებია საქართველოში თავისი საჯარისო შენაერთების ჩაყენება, ის მაინც უომრად, ფულით, ხელისუფლებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური სპექტრის, აგრეთვე მასობრივი ინფორმაციის საშუალებების მოსყიდვით აღწევდა იმას, რასაც ჩველებრივ ომით აღწევენ ხოლმე. რუსებმა ეს კარგად იციან, და ამიტომ მათ ვერ ექნებათ პატივისცემა ასეთი ადამიანების მხრიდან ოკუპაციასა და ანექსიაზე ლაპარაკის მიმართ, და მართალნიც იქნებიან. ამ ადამიანების აღვირახსნილი პროამერიკული ვაკხანალიის გამო კი ზარალდება უბრალო ქართველი გლეხკაცი, მისი ალალი და თავმდაბალი ცხოვრება. არ შეიძლება ამასთან ასეთი თამაში, და ამ მოთამაშეებს კი უნდა ახსოვდეთ, რომ სადაც გლეხკაცს არ შეუძლია შურისძიება, იქ თავად ღმერთი იძიებს შურს და ღმერთის შურისძიება კი საშინელი იქნება. ღმერთმა მისცეს გონიერება, სინდისი და გულისხმიერება ჩვენს ხელისუფლებას და ყველა იმათ, ვინც ასეთ დღეში ჩააგდეს ჩვენი სამშობლო.

ირაკლი ხართიშვილი

P. S. ეს ნაშრომი უკვე დასრულებული გვქონდა, როდესაც შევიტყვეთ რუსული ჯარების წაყრუებით ოსებისა და სხვა მოხალისეების მიერ ქართველი ტყვეებისა და ქართული მოსახლეობისადმი არაადამიანური მოპყრობის შესახებ, რაც მანამდე ისე სრულად არ ვიცოდით, რადგანაც ქართველი ჩინოვნიკების უაზრო ბაქიბუქისა და ცრუპენტელობის, აგრეთვე ქართული ტელევიზიის მიერ ინფორმაციის ტენდენციურდ მოწოდების გამო, ძირითადად რადიოში მოკლე ინფორმაციასა და ფრანგული რადიოსადგურის, აგრეთვე „დოიჩე ველეს“ რუსულენოვან გადაცემებს ვუსმენდით. იქ კი ამის შესახებ დაწვრილებით არ იყო საუბარი. თუკი ამის გამო გვისაყვედურებენ, მაშინ ჩვენც შეგიძლია შევაგებოთ საპასუხო საყვედური, რომ არ შეიძლება თუნდაც უდიდესი სამხედრო ტრადიციების მქონე გერმანული სახელმწიფოს ხელმძღვანელის გვერდით მჯდომი საქართველოს, ასე ვთქვათ, პრეზიდენტი პრესკონფერენციაზე აცხადებდეს, რომ მას საკმარისი სამხედრო პოტენციალი გააჩნია რუსული არმიის შესაძლო შემოტევის შემთხვევაში თბილისის დასაცავად, და მხოლოდ სისხლისღვრის თავიდან აცილების მიზნით თანხმდება ცეცხლის შეწყვეტაზე. რომ მართლა წამოსულიყვნენ რუსული დივიზიები თბილისზე, მაშინ რაღას აპირებდა ამ სიტყვების განმცხადებელი? რაც შეეხება ჩვენს მოსახლეობაზე ძალადობას, ამას არანაირი გამართლება არ ექნება, და ამაში დამნაშავენი საკადრის სასჯელს მიიღებენ უფლისგან, ყველანი, თუკი არ შეინანეს და საქმითაც არ აჩვენეს სინანული. რუსეთს გვერდით ჰყავს ჩინეთის სახელმწიფო, და შესაძლოა მასზე ეს სასჯელი სწორედ იქიდან მოვიდეს. ხოლო ოსებს და აქაურ დამნაშავეებსაც თავისი მიეზღვებათ, ჩვენ კი უბრალოდ უნდა მოვეფეროთ ამ გაუბედურებულ და ტანჯულ ადამიანებს, ჩვენი და-ძმობა ვაჩვენოთ, გული გავუთბოთ და ხვალინდელი დღის იმედიანად შეხვედრაში ჩვენი წვლილიც შევიტანოთ. ვუსურვოთ ჩვენს ხალხს, ასევე რუსებსაც, რომ არა მხოლოდ სიტყვითა და მოსახლეობის შდარებით მოკრძალებილი რიცხვის ხარჯზე ვყოფილიყავით მართლმადიდებლები, ჭეშმარიტი ქრისტიანები, არამედ საქმითაც და რაც შეიძლება მრავალრიცხოვანიც. მაშინ უფრო მეტად ვიქნებით დაცულნი უფლის მიერ ყოველგვარი გნსაცდელებისგან.

ამ წერილში ძირითადად ვისაუბრეთ ამერიკული ადმინისტრაციის მანკიერ საგარო პოლიტიკაზე, და განსაკუთრებით, საქართველოსთან მიმართებით. ამას გვაიძულებდა ის გარემოება, რომ დღევანდელი საქართველოს ავ-კარგში სწორედ ამერიკულ პოლიტიკას აქვს ლომის წილი, ხოლო რუსეთს კი, უფრო სიტუაცების მიმყოლის, და არა წამყვანის, როლი გააჩნია. შემდგომში შევეცდებით ვისაუბროთ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების შესახებაც, როგორც თანამედროვე ეტაპზე, ისე გასულ საუკუნეებშიც, და ამით გარკვეულწილად, ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში, ნათელი მოვფინოთ რიგ სადაო ან სულაც მივიწყებულ პრობლემებს.


გარდა ამისა, ჟურნალის რედაქციამ სექტემბრის ნომერში (№ 8) გამოაქვეყნა ერთი მოგონება მამა გაბრიელის ხილვის თაობაზე. წერილი იწყებოდა თავად მამა გაბრიელის სიტყვებით: „საქართველო უნდა გაბრწყინდეს, მაგრამ დიდი ტანჯვა უნდა გამოიაროს. როცა იტყვიან მორჩა _ მაშინ განათდება და გაბრწყინდება. ჩემი ჯვარი სრულიად საქართველო და ნახევარი რუსეთია“.

შემდეგ მოდიოდა ოთარ ნიკოლაიშვილის მოგონება: „როცა საპატრიარქოში ვმუშაობდი, მთავარმა ბუღალტერმა ვერიკო მაჩიტაძემ მთხოვა, წავსულიყავი მცხეთაში გაბრიელ ბერის სანახავად. მამა გაბრიელი უჩვეულოდ დაღონებული დაგვხვდა, მიზეზად კი აღნიშნული წინასწარმეტყველება (უფრო სწორად, ხილვა _ ი. ხ.) მოგვიყვა.

„ორი დიდი ნაცრისფერი ფრინველი გარს უვლიდა მთელ თბილისს. სახლები იყო დანგრეული და დამწვარი, ხოლო ხოლო ადამიანები ნახშირივით მოხრუკულები.

ეს არ იყო სიზმარი, არამედ ხედვა. ვილოცოთ ყველამ, რომ უფალმა შეგვიწყალოს და აგვაშოროს მძიმე განსაცდელი. ჩვენ ვიცით, როგორ დასწვა და დაანგრია უფალმა ცოდვებში მყოფი სოდომ-გომორი. ასევე ვიცით, თუ როგორ დაიფარა დასანგრევად გამეტებული ნინევია, რადგან ამ ქალაქის მაცხოვრებლებმა დაიჯერეს იონა წინასწარმეტყველის სიტყვები და შეინანეს თავიანთი ცოდვები.

ჩვენც შევინანოთ ჩვენი ცოდვები, რომ უფალმა აგვაშოროს მძიმე განსაცდელი“.

No comments:

Post a Comment