Friday, October 11, 2019

გენერალი გიორგი კვინიტაძე თბილისის დატოვების შემდეგ საბჭოთა რუსეთთან ომის გაგრძელების, მისი დასრულების, აგრეთვე მთავრობისა და ჯარების ბათუმში ყოფნის შესახებ

(ქვემოთ შემოთავაზებული მასალა წარმოადგენს ამონარიდს /პირობითად, მეშვიდე ნაწილს/ გენერალ გიორგი ივანეს ძე კვინიტაძის წიგნიდან „ჩემი მოგონებანი საქართველოს დამოუკიდებლობის წლებში 1917–1921“ /რუსულ ენაზე – «Мои воспоминания в годы независимости Грузии 1917–1921»/, YMCA-PRESS, პარიზი, 1985. გენერალი გიორგი კვინიტაძე გახლდათ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი 1921 წ. თებერვალ-მარტის რუსეთ-საქართველოს ომის მეორე /დასკვნით/ ეტაპზე, და მანამდეც რიგ ომებში საქართველოს მტრების წინააღმდეგ. წიგნს წამძღვარებული აქვს თავად თეიმურაზ ბაგრატიონ-მუხრანელის შესავალი წერილი ავტორის შესახებ. ეს წიგნი რუსულ ენაზე სრულად შეგიძლიათ წაიკითხოთ ინტერნეტში საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის /ქ. თბილისის ყოფილი საჯარო ბიბლიოთეკის/ ელექტრონულ ფონდებში) 




მოცემული ამონარიდის შინაარსი 

თავი XXIV. 1921 წლის ომი ბოლშევიკებთან. – მოწოდება ომში მონაწილეობის მისაღებად. – მომავალ მოქმედებათა გეგმის განხილვა. – მთავარსარდლად დანიშვნა. – მდგომარეობა სამხრეთ-აღმოსავლეთ საზღვარზე. – თბილისის თავდაცვა. – კოჯრის მასივის დაკარგვა. – კოჯრის მასივის აღება. – გმირული საქციელები (Геройские подвиги). – თბილისი გარშემორტყმულია. – მცხეთისკენ უკანდახევა. – ხაშურის შეტევა. – გვარდიის თვითნებური წასვლა ბრძოლის ველიდან (დასასრული)
თავი XXV. ბათუმში ყოფნა


თ ა ვ ი XXIV 

1921 წლის ომი ბოლშევიკებთან. – მოწოდება ომში მონაწილეობის მისაღებად. – მომავალ მოქმედებებათა გეგმის განხილვა. – მთავარსარდლად დანიშვნა. – მდგომარეობა სამხრეთ-აღმოსავლეთ საზღვაზრე. – თბილისი თავდაცვა. – კოჯრის მასივის დაკარგვა და აღება. – თბილისი ალყაშემორტყმულია. – მცხეთისკენ უკანდახევა. – ხაშურის შეტევა. – გვარდიის თვითნებური წასვლა ბრძოლის ველიდან (დასასრული) 


მცხეთისკენ უკანდახევა 

(დასასრული)

მე მოქმედებების ჩემეულ აღწერაში 24-დან 25 თებერვლის ღამეზე შევჩერდი. ეს ღამე რაზმთან ერთად მუხათ-გვერდის წინ გავატარე. ვიდექი რა აქ, მზად ვიყავი ნებისმიერ მომენტში დავხმარებოდი გენ. ანდრონიკაშვილის კოლონას, თუ მოწინააღმდეგე ნახშირ-გორის მხრიდან შეეცდებოდა მისთვის გზა გადაეჭრა. განთიადამდე ყველაფერი ჩუმად და მშვიდად იყო. გენ. ანდრონიკაშვილის ჯარები ჯერ კიდევ არ იყვნენ გამოჩენილი, როცა მდ. მტკვრის იმ ნაპირზე ჩვენი ჯარების კოლონები შევნიშნე, რომლებიც ავჭალას უახლოვდებოდნენ.

ამ დროს გასროლების ხმა შემომესმა მტკვრის იმ ნაპირიდან და თოფიდან გასროლების გაელვებანიც შევნიშნე, რომლებიც ავჭალის ჩრდილო-დასავლეთით განლაგებული სიმაღლეებიდან იყო ჩვენსკენ მომართული. ამ სიმაღლეების დაბლა, სწორ ადგილზე, რკინიგზა გადიოდა. გასროლების მიხედვით ძნელი იყო განმესაზღვრა და მეჩვენებოდა, რომ მოწინააღმდეგე იქ ბევრი არ იყო, თუმცა კი სინამდვილეში ის მნიშვნელოვნად მეტი აღმოჩნდა. მე ჩემი ადგილიდან ვაკვირდებოდი, თუ თბილისიდან უკანდახეულმა ჯარებმა საბრძოლო მწკრივების გაშლა როგორ დაიწყეს და შეტევაზეც გადავიდნენ, ხოლო არტილერიამ კი ცეცხლი გახსნა. არტილერია ისროდა ზემოაღნიშნული სიმაღლეების მხარეს, აგრეთვე ავჭალიდან ჩრდილოეთისკენაც. უკანასკნელი გარემოება მიჩვენებდა, რომ მოწინააღმდეგე ავჭალის ჩრდილოეთითაც იმყოფება, მე მას ვერ ვხედავდი. მაშინვე გავგზავნე ცხენოსანი ოფიცერი მდ. მტკვრის ნაპირზე, რათა მეორე მხარეს ხმით გადაეცა, რომ მუხათ-გვერდთან ჩვენ ვდგავართ და რომ მტკვრის მარცხენა ნაპირის ჯარების წინააღმდეგ მხოლოდ მოწინააღმდეგის ცხენოსანი ჯარი იმყოფება. ამასთან ერთდროულად ეს შეტყობინება გენ. ანდრონიკაშვილსაც გავუგზავნე, რომელიც მის ზურგში წარმოებულ ამ გასროლებს შეიძლებოდა შეეშფოთებინა. ამასობაში, მარცხენა ნაპირზე მოწინააღმდეგესთან ეს შეტაკება ლიკვიდირებულ იქნა. მოწინააღმდეგე თავის პოზიციებს ტოვებდა და ჩრდილოეთით მიდიოდა. გზა გახსნილი იყო და ჩვენ გავედით (გავარღვიეთ). ჩვენი ჯავშნოსანი მატარებელი ავჭალიდან დაიძრა და მცხეთისკენ გაემართა, თან მოწინააღმდეგეს ზარბაზნებიდან და ტყვიამფრქვევებიდან ესროდა. მას უკან სხვა მატარებლები მიჰყვნენ და აქ შევნიშნე, რომ ვაგონებში ბლომად იყვნენ ადამიანები. ღამით, როცა რაზმთან ერთად უკან ვიხევდი, ჩემთან ერთად იყვნენ გვარდიის შტაბის წევრები და ჩემი შტაბის უფროსი გენ.ზაქარიაძე. არმიის შტაბის წევრები მომზადებული მატარებლით მცხეთაში გაემგზავრნენ. შემდეგ გამთენიის წინ ან გამთენიისას, ზუსტად არ მახსოვს, მცხეთაში გენ. ზაქარიაძეც მივავლინე.

დილის 9–10 საათზე გენ. ანდრონიკაშვილის ჯარებმა დაიწყეს მოსვლა, ისინი წესრიგით მოდიოდნენ. გენ. ანდრონიკაშვილს მივუთითე მუხათ-გვერდთან გაჩერებულიყო, დაესვენა და ჩემი ბრძანებით მითითებული პოზიცია დაეკავებინა. უკვე დაახლოებით შუადღეს მივიღე შეტყობინება, რომ მცხეთაში დიდი არეულ-დარეულობაა (столпотворение); არ მახსოვს, ამ ცნობით გენ. ზაქარიაძე ჩამოვიდა თუ მან ვინმე გამოგზავნა. გვარდიის შტაბისგან არანაირი ცნობები არ მიმიღია. მე მცხეთაში გავემგზავრე. უკვე ვუახლოვდებოდი, როცა აღალის საზიდრები დავინახე, ისინი გზას ხერგავდნენ, და მე მათ შორის ცხენზე ამხედრებული დიდი შრომით გავდიოდი. მცხეთის სადგურთან მივედი. თავად სადგური, გზები და გარეშემო ადგილმდებარეობა სავსე იყო სამხედრო ფორმაში ჩაცმული ადამიანებით. ცხენიდან ჩამოვედი და მათ შორის გაღწევას ვცდილობდი. ჯარისკაცები თითქმის არ მინახავს; ყველანი გვარდიელები იყვნენ. ეს ბრბო წამსვლელ მატარებლებს ელოდებოდა, რომლებშიც შემდეგ კიდეც სხდებოდა. მე გვარდიის შტაბი ვიპოვნე და მათ მოთხოვნით მივმართე, რომ თავისიანებს შორის წესრიგი დაემყარებინათ და ნაწილები შეეკრიბათ. მათ მითხრეს, რომ უკვე ეცადნენ, მაგრამ არაფრის გაკეთება არ შეეძლოთ. მიუხედავად ამისა, დაჟინებით მოვითხოვე, რათა მათ ზომები მიეღოთ. ისინი ჩემი დაჟინებით ბრბოში ამ მიზნით ორჯერ გავიდნენ, მაგრამ არაფრის გაკეთება არ შეეძლოთ; მათ არ უსმენდნენ. მაშინ მათ კატეგორიულად განმიცხადეს, რომ არაფრის გაკეთება არ შეუძლიათ და მთხოვდნენ ყველანი გორში წამეყვანა, მხოლოდ იქ თუ შეძლებენ ისინი მათ შორის წესრიგის დამყარებას. საყვარელი ორგანიზაციაა (Милая организация).

სადგურის ახლოს იდგა სამხედრო სკოლა. ერთ ხანს მინდოდა წესრიგი იარაღის ძალით დამემყარებია. მაგრამ მეორეს მხრივ, თუ ბრბოს გავფანტავდი, დავკარგავდი ხალხს, რომლებიც საბოლოოდ და სამუდამოდ გაიფანტებოდნენ. ყოველ შემთხვევაში ჩემთვის ნათელი შეიქნა, რომ ჩემს მიერ დასახული პოზიციის თავდაცვა ამ ადამიანებს უკვე აღარ შეუძლიათ. მარცხენა ნაპირის პოზიციები მიტოვებულ იქნა. როგორც ადრე ვამბობდი, გვარდიელები ჩემი ჯარების მთელი რიცხვის 3/4-ს შეადგენდნენ და მათი საბოლოოდ დაკარგვა მიზანშეწონილი არ გახლდათ. შეკუმშული გულით ნება მივეცი ხალხი გორში წაეყვანათ, სადაც გვარდიის შტაბი დამპირდა, რომ მათ ორგანიზებას მოახდენდა. გენ. ანდრონიკაშვილის ჯარებს ვუბრძანე ღამით სადგურ მცხეთა – ნავთობსადენის რაიონში დარჩენილიყვნენ და მივეცი ბრძანება გამთენიიდან გორისკენ უკანდახევა გაეგრძელებიათ. მე მივუთითე განთიადი, რათა საზიდრებსა და ქვემეხებს იმით ესარგებლათ, რომ ღამის განმავლობაში გზები შეიძლებოდა უფრო გაყინულიყო და ამ გარემოებას მათი მოძრაობაც შეემსუბუქებინა. ბრძანების თანახმად გენ. ი. გედევანიშვილს მე-2 დივიზიის ნაწილები საველე და საჰაუბიცე არტილერიითა და აღალის უმეტესი ნაწილით გორისკენ მუხრანის ველის გავლით უნდა წაეყვანა, ხოლო გენ. ანდრონიკაშვილს კი სამთო არტილერიით მდ. მტკვრის გაყოლებით დაეხია. და

რისი შედეგი აღმოჩნდა ეს არეულ-დარეულობა საგდურ მცხეთასთან? გენ. მაზნიაშვილისა და პოლკ. გედევანიშვილის მოხსენებით, როცა ავჭალის სიახლოვიდან მოწინააღმდეგის ცხენოსანი ჯარი განდევნეს, მათ თავიანთი ნაწილებით ჩემს მიერ მითითებული განლაგება დაიკავეს. მომდევნო დილიდან კი ადამიანებმა პოზიციების დატოვება და მცხეთაში წასვლა დაიწყეს.

ფსიქოლოგიურად მე ამას ვხსნი შემდეგით. გვარდიის ზნეობრივი ელემენტი, მდგრადობა, საერთოდ ბრძოლისუნარიანობა ყოველთვის ძალზედ დაბალ საფეხურზე იდგა. მდ. ხრამზე ბრძოლაში ამ ნაწილებმა, როცა თავიანთ ფლანგზე მოწინააღმდეგე დაინახეს, იმის ნაცვლად, რომ ეცადათ მისთვის წინააღმდეგობა გაეწიათ, უწესრიგოდ სანდარიზე უკან დაიხიეს; კერძო მეთაურთაგან არც ერთს არ უცდია თავისი თადარიგიანობითა და ინიციატივით წესრიგი დაემყარებია და საყარაულოს-მთა დაეკავებიათ, რათა წითელი ხიდის მხრიდან თბილისზე მომავალი გზა დაეფარათ. თბილისში მათი ხელმეორედ ორგანიზება მოახდინეს, მაგრამ ნათელია, რომ მათი ბრძოლისუნარიანობა კიდევ უფრო დაქვეითებული გახლდათ. 24 თებერვალს მათ გამაგრებული პოზიციები ბრძოლის გარეშე მიატოვეს. თბილისის სადგურში უკვე მატარებლებში ჩასხდომა დაიწყეს, ე. ი. გახრწნამ თავისი ნაყოფების მოცემა დაიწყო. ავჭალასთან მიწინააღმდეგის ცხენოსან ჯართან შეხვედრამ მათ ზნეობრივი ძალები საბოლოოდ წაართვა, და მათაც მასობრივად მატარებლებში ჩასხდომა და ზურგში გაძურწვა დაიწყეს (и они массами стали садиться на поезда и удирать в тыл).

* * *

არაერთხელ დავკვირვებივარ ერთ მეტად საეჭვო მოვლენას. გვარდიელები რუსებთან ომზე უარს ამბობდნენ. ასე იყო 1920 წელს წითელ ხიდზე; ასე იყო მაშინ ლაგოდეხის მიმართულებაზე, სადაც ისინი რუსებს ეძმობილებოდნენ; ასე იყო 1921 წელს წითელ ხიდზე, სადაც საბრძოლო მოქმედებების დაწყებამდე გვარდიელები ისევ ეძმობილებოდნენ (ყარაულის უფროსი ჩაის სვამდა მოწინააღმდეგესთან). შემდეგ ყურადღება უნდა მივაქციოთ ტაბახმელის ფრონტზე ერთი ოფიცრის მიერ უნებურად მოსმენილ გვარდიელების ურთიერთშორის საუბარს. ასევე ვიცი, რომ ერთმა ქალბატონმა, ეს ომის დაწყებამდე იყო, როცა მესანგრეთა ყაზარმების წინ მიდიოდა და ყაზარმებთან შეკრებილი გვარდიელების ჯგუფი იხილა, ჰკითხა მათ: „თქვენ ბოლშევიკების მოსვლისა არ გეშინიათ?“ „რისი უნდა გვეშინოდეს?“ – უპასუხეს მათ – „ჩვენ ყველანი ბოლშევიკები ვართ“. ყოველივე ეს გვიჩვენებს თუ როგორი გავლენები, როგორი აზრები დადიოდა გვარდიელებს შორის.

გავეცი რა ბრძანება უკან დახევაზე, მე ჩემი მატარებლით სადგურ მცხეთაში დავრჩი. მოწინააღმდეგე არ ჩნდებოდა. ზემოხსენებული სარკინიგზო ხიდი აფეთქებულ იქნა და გენ. ანდრონიკაშვილის განკარგულებით ჩვენი პოზიციების წინ არიერგარდი და ცხენოსანი ჯარი იყვნენ დაყენებული. სადგურ მცხეთიდან თბილისისკენ გამოსასვლელში იდგა გვარდიის ჯავშნოსანი მატარებელი. სადგურის ევაკუაცია გრძელდებოდა; კიდევ ერთი მატარებელი რჩებოდა გასაგზავნი, როცა ღამის 3–4 საათზე ჯავშნოსანმა მატარებელმა უეცრად ქვემეხებითა და ტყვიამფრქვევებით ცეცხლი გახსნა. ეს ცრუ განგაში გახლდათ; არანაირი მოწინააღმდეგე არ ყოფილა, რაც იმით მტკიცდება, რომ გენ. ანდრონიკაშვილის ნაწილები გამთენიისას ისე მიდიოდნენ, რომ მოწინააღმდეგეს ისინი არ შეუწუხებია. ამასობაში ამ განგაშმა ძლიერად შეაშფოთა ადამიანები. პირველივე გასროლების დროს მე ჩემი ვაგონიდან ვხედავდი, თუ მანევრის შემსრულებელი ორთქლმავალი პანიკურად როგორ დაიძრა უკან და გასამგზავრებლად მომზადებულ მატარებელს შეეჯახა; დარტყმისაგან რამდენიმე ვაგონი რელსებიდან გადავიდა. შემდეგ გადმომცემდნენ, რომ მემანქანემ ჩემი მატარებლის ორთქლმავალი ჩახსნა და გაქცევა უნდოდა, მაგრამ აქ მოსული შტაბის ოფიცრის მიერ იქნა გაჩერებული. ვაგონიდან გამოვედი და ჯავშნოსანი მატარებლის მხარეს გავემართე. ჩვენს მხარეს ტყვიები არ მოფრინავდა. ნათელი იყო, რომ მოწინააღმდეგე არ ყოფილა. როცა ყველაფერი დამშვიდდა, ჩემი მატარებელი გორისკენ დავძარი, სადაც 26 თებერვალს დილის 8–9 საათზე ჩავედი.

აქ, ჩამოვედი რა მატარებლიდან, შტაბის ოფიცრებთან ერთად სადგურის გაწმენდა დავიწყე, რომელიც თითქმის ისევე იყო დეზერტირებით გავსებული, როგორც მცხეთაში. აქ უკვე ბევრი ჯარისკაციც ვიხილე არმიიდან, უპირატესად მე-4 ბატალიონისა. ჩემდა სამწუხაროდ უნდა მოვახდინო კონსტატირება, რომ აქ არმიის ბატალიონის ერთ-ერთი მეთაურიც აღმოჩნდა; მე იგი მეთაურობას ჩამოვაშორე. გვარდია მტკვრის მარცხენა ნაპირზე გავგზავნე, ადგილობრივი გვარდიის შტაბში, სადაც ისინი ბატალიონების მიხედვით წესრიგში მოჰყავდათ. აქ, სადგურთან მე იგივეს ვუტარებდი არმიის ჯარისკაცებსაც. ამასობაში მომახსენეს, რომ ჯარისკაცები უფრო შორს სარკინიგზო ლიანდაგის გაყოლებით გროვებად მიდიოდნენ (кучками уходили). გავგზავნე ჯავშნოსანი მატარებელი და გაქცეულთა დიდი ნაწილის დაბრუნებაც მოხერხდა. ჩამოვუვლიდი რა ჯარებს და ვამყარებდი წესრიგს გორში ჩემი ჩამოსვლის პირველსავე დღეს, უეცრად გენ. ი. გედევანიშვილი შევნიშნე; მას, ჩემი ბრძანების თანახმად, მარცხენა კოლონა მუხრანის ველის გამოვლით უნდა წამოეყვანა. აღმოჩნდა, რომ ამის ნაცვლად, იგი ჩემი მატარებლით გორში ჩამოვიდა. ეს უკვე მეტის-მეტი იყო, და მე მას დივიზიის მეთაურობა ჩამოვართვი. დივიზიის მეთაურობა გენ. სუმბათაშვილს ჩავაბარე. გადაყენებული პოლკის მეთაური პოლკ. საგინაშვილი ზურგში გავგზავნე; გენ. ი. გედევანიშვილი ჩემთან დავიტოვე. უკანასკნელი ზურგში არ გამიგზავნია, ვინაიდან მეშინოდა, რომ იქ იგი ჩემთვის გვერდის ავლით რაიმე თანამდებობაზე შეიძლებოდა დაენიშნათ, რაც არ მინდოდა, რადგანაც მის უარყოფით ნიშნებში საბოლოოდ დავრწმუნდი.

გორში ჩვენ ორ დღეს დავყავით, განზრახულად ველოდებოდით რა გვარდიის მოწყობას. პირველი დღის საღამოსთვის გენ. სუმბათაშვილის არიერგარდი სოფელ ხიდისთავთან იმყოფებოდა. მისი არიერგარდი საარმიო ნაწილების ნარჩენებისგან შედგებოდა; ამ ნაწილების ბირთვი 100–150 ადამიანის რაოდენობით მასთან იმყოფებოდა, და პირველი დღისა და მეორე დილის განმავლობაში ისინი იმ გაქცეულებით იქნენ გაძლიერებული, რომლებიც ჩვენ გორში დავიჭირეთ.

მცხეთიდან გორამდე ამ უკანდახევისას ჩვენ საარმიო (საავტომობილო) ასეულის ყველა სატვირთო ავტომობილი და ზარბაზნების ნაწილიც დავკარგეთ; ყველაფერი ეს ქართული ახალქალაქის მახლობლად გაუვალ ტალახში ჩაეფლო. გვარდიის ყველა ავტომობილი თბილისში დარჩა. უკანასკნელ მომენტში მძღოლებმა სამსახურზე უარი განაცხადეს. სიმპტომატურია. აშკარაა ბოლშევიკებთან ომი არ უნდოდათ. რაც შეეხება არტილერიას, ის მიღებული ბრძანების თანახმად მუხრანის ველით წამოვიდა და მეორე დღეს გორში გამოცხადდა; იგი დაფარვის გარეშე მოდიოდა. ეს გენ. გედევანიშვილის ბრალი გახლდათ, რომელმაც ამ კოლონის ორგანიზება არ მოახდინა, და მცხეთაში ყოფნის დროს, ჩემი მატარებლის გამოსვლამდე, (არა თავის ჯარებთან, არამედ უაზროდ) სადღაც იმყოფებოდა. მე ამ დღეს, მიცემული განკარგულების შემდეგ, ჩემს მახლობლად იგი არ მინახავს და ვვარაუდობდი, რომ იგი ჩემი ბრძანების თანახმად მოქმედებს და მისდამი რწმუნებული ჯარების უკანდახევის მოწესრიგებითაა დაკავებული. როცა პირველი დღის განმავლობაში ვერ ვღებულობდი ცნობებს ამ კოლონისგან და ვერც ამ კოლონის უფროსს ვხედავდი ჩემს მახლობლად, ძალზედ შეშფოთებული გახლდით მის გამო და ვაჩქარებდი გვარდიას, რომ რაიმე ნაწილის ორგანიზება (მაინც) სწრაფად მოეხდინათ. საარმიო ნაწილები გენ. სუმბათაშვილის უფროსობით სოფ. ხიდისთავთან იდგნენ და ასეთნაირად გორის ევაკუაციას თბილისის მხრიდან მდ. მტკვრის გამოყოლებით იფარავდნენ. საჭირო იყო ქალაქი დაგვეფარა მურანის მიმართულებიდან, რომლის გამოყოლებითაც არტილერიამ დაიხია. ამასობაში მოვიდა ეგრეთ წოდებული მოხალისეთა გურიის ბატალიონი; ისინი დაახლოებით 1000 ადამიანი იყვნენ. ეს იყო ბრბო; მათ (სათანადოდ) არც ტანზე ეცვათ და არც ფეხზე, არც თოფები გააჩნდათ. მაშინვე მივიღე შეტყობინება, რომ ქუთაისიდან გამოგზავნილია სულ ახლახანს ჩამოყალიბებული 1-ლი პოლკის მე-2 ბატალიონი 800-მდე ადამიანის რაოდენობით. როცა გორიდან უკან ვიხევდით, მივიღე ცნობები, რომ გურიის ბატალიონის ხალხი წავიდ-წამოვიდა, და რომ 200 ადამიანზე მეტი არ დარჩენილა. თუმცა კი უკვე ხაშურში, როცა ისინი ჩვენ შემოგვიერთდნენ, გავიგე, რომ იქ აღმოჩნდა 500–600 ადამიანამდე.

გვარდიის შტაბის წევრებმა გორში ჩემი ჩამოსვლისას მითხრეს, რომ საღამოსთვის ისინი ბატალიონების ორგანიზებას მოახდენენ, საღამოს კი მითხრეს, რომ მათ დილისთვის მოამზადებენ. შემდგომი დღის დილისათვის მათ მზად არაფერი ჰქონდათ და მითხრეს, რომ შუადღისთვის მოამზადებენ. მე ვთხოვდი მათ თუნდაც 500 ადამიანი მოეცათ, რათა მუხრანის მიმართულება დაგვეფარა და ვთხოვდი გურულები გამოეყენებიათ. ამ რაზმის უფროსად გენ. კონიაშვილი დავნიშნე. მხოლოდ მეორე დღის საღამოსთვის მიაღწია გენ. კონიაშვილმა რამდენიმე ასეული ადამიანის მიღებას, თუმცა კი არტილერია მაინც არ მიუღია. არტილერიასთან მიმართებით ჩემს მიერ შემდეგი ზომები იქნა მიღებული. მთელი მძიმე არტილერია, აგრეთვე ის ზარბაზნები, რომელთა ცხენებით გადატანაც არ შეგვეძლო, მატარებლებში ჩავტვირთე და ზურგში გავგზავნე.

მაინც რა მიზეზი ჰქონდა იმას, რომ გვარდიის შტაბის წევრებს გორში გვარდიული ნაწილების აღდგენა არ შეეძლოთ? მთავარი მიზეზი ის გახლდათ, რომ ხალხი არ იყო. ჯერ კიდევ მცხეთაში დუშეთის გვარდიული ბატალიონი სახლებში წავიდა. გორში ქართლის ბატალიონებმა, ისინი კი ოთხი იყვნენ, მათ მაგალითს მიჰბაძეს. გორში გვარდიელები ცოტანი შეიკრიბნენ; უმრავლესობა უფრო შორს ზურგში წავიდა. გორში მე გენ. ჩხეტიანი ზურგის უფროსად დავნიშნე და იგი ხაშურში მივავლინე. მან გენერალ-გუბერნატორის უფლებები მიიღო და ზურგში წესრიგი უნდა დაემყარებია. ამასობაში გორში ჩვენი ყოფნის მეორე დღეს მოწინააღმდეგე ხიდისთავთან მყოფი ჩვენი არიერგარდის წინ გამოჩნდა და მას შემოუტია; მოწინააღმდეგის ხელში აღმოჩნდა არტილერია. მე დაჟინებით მოვითხოვდი გვარდიისგან რაიმე მოეცათ, და მხოლოდ შებინდების დაწყების წინ, როცა მოწინააღმდეგემ ჩვენს არიერგარდს ფლანგიდან დაუწყო შემოვლა, მივიღე ბათუმის გვარდიული ბატალიონი, აგრეთვე თბილისის საგანგებო ბატალონის 150 კაცი, და 50 კახელი გვარდიელიც. ბრძოლის დროს მე ბრძოლის ველთან გავედი და მას თვალს ვადევნებდი, როცა ბათუმის გვარდიული ბატალიონი მოვიდა. ბატალიონის მეთაურს ადგილმდებარეობის მიხედვით მივეცი მიმართულება; ეს მიმართულება ჩვენთვის ფლანგიდან შემომვლელი მოწინააღმდეგის ფლანგში გადიოდა. ამ ბატალიონის სწრაფ და გაბედულ შეტევას ჩვენთვის განსაკუთრებული დახმარება შეიძლებოდა მოეტანა. ბატალიონი დაიძრა, ნახევარი ვერსი გაიარა და გაჩრდა. დაიწყეს დაზვერვის ორგანიზება. ძვირფასი დრო იკარგებოდა. მართალია, ბაღებით დაფარული ადგილი უნდა გაევლოთ (რაც ხედვის არეს ამცირებდა). მაინც საჭირო იყო ბატალიონი საბრძოლო რიგებში გაეშალათ და, ჰქონდათ რა საერთო მიმართულება ბაღების იქითა მხარეს არსებულ ადგილობრივ საგანზე, მთლიანი (უწყვეტი) ჯაჭვით შეეტიათ. ადგილობრივი საგანი, მთაზე განლაგებული სასაფლაო და ეკლესია, ნათლად ჩანდა. ამასობაში დაბინდდა, და არიერგარდმა, რომელმაც ფლანგიდან შემომვლელთა წინააღმდეგ მხარდაჭერა ვერ მიიღო, უკანდახევა დაიწყო. ამ დროს მივიღე მოხსენება, რომ მუხრანის მხრიდან გამოჩენილმა მოწინააღმდეგემ გენ. კონიაშვილის რაზმს უკან დაახევინა, და რომ უკანასკნელის მწკრივები (ახლა) გორის ჩრდილოეთ გარეუბანს იკავებენ. ამრიგად მოწინააღმდეგე ჩვენს ზურგში შემოდიოდა. მე სადგურში დავბრუნდი; სადგური უკვე ევაკუირებული იყო. გავეცი ბრძანება საერთო უკანდახევის შესახებ. მხოლოდ ჩემი მატარებელი რჩებოდა გასასვლელი. ამ მატარებელში სამხედრო სკოლის ნარჩენები იმყოფებოდნენ; მატარებლის გამგზავრებას მე ვაჩერებდი. მინდოდა ჩემი იქ ყოფნით ჩემივე უკანასკნელი განკარგულებების შესრულებისთვის თვალი მიმედევნებია და რომ ეს უკანდახევა გაქცევად არ გადაქცეულიყო. ჩემი მატარებლის შემდეგ ჯავშნოსანი მატარებელი უნდა დაძრულიყო. კიდევ ერთი გარემოება მახალისებდა რომ სადგურში რაც შეიძლებოდა დიდხანს დავრჩენილიყავი. მოწინააღმდეგემ დაიწყო სადგურისა და ჩემი მატარებლისთვის საარტილერიო ცეცხლის დაშენა. ჭურვები ჩემს მატარებელთან ძალზედ ზუსტად სკდებოდა; გაუმსკდარი ჭურვები ჩემი მატარებლის ორივე მხარეს მიწაში ღრმად ეფლობოდა. ეს ჩვენი ბედნიერებაა, რომ არც ერთი ჭურვი მატარებელს არ მოხვედრია. მე მატარებლის გასწვრივ დავდიოდი და თავი ისე მეჭირა, თითქოს გამსკდარ და მიწაზე დაცემულ ჭურვებს ვერ ვამჩნევდი. ბოლოს დაბნელდა, მოწინააღმდეგემ ცეცხლის დაშენა შეწყვიტა და ჩვენი არიერგარდის ნაწილები ჩემს მატარებელს გაუთანაბრდნენ. მაშინ მე მატარებელში ჩავჯექი და ის ხაშურისკენ დავძარი, საითკენაც ჯარებს უკანდახევა ჰქონდათ ნაბრძანები.

ხაშურში მე მთავრობის თავმჯდომარეს შევხვდი. ხაშურში ჩვენ საერთოდ 3–4 დღე დავყავით. უკან დახეულმა არმიის არიერგარდმა პოზიცია ხაშურიდან აღმოსავლეთით რამდენიმე ვერსის მოშორებით დაიკავა. მოწყობილ იქნა სანგრები, რომლებიც ნაწილობრივ თოვლისაგან იყო აგებული. აქ შეიქმნა ორი უბანი. მარჯვნივ, რკინიგზიდან სამხრეთისკენ გენ. სუმბათაშვილის უბანი; მარცხნივ, მთისწინებამდე, გენ. მაზნიაშვილის უბანი. გარდა ამისა, მტკვრის მარჯვენა ნაპირზე წინ დავაყენე 1-ლი პოლკის მე-2 ბატალიონი, რომელიც ქუთაისიდან სწორედ იმ დროს ჩამოვიდა. გვარდია ისევ იკრიბებოდა; მისი აღდგენა სურამში ხდებოდა; ამჯერად ხალხი საკმარისად იყო და, ბოლოს და ბოლოს, მან 3000-ზე მეტი ადამიანი გამოიყვანა. საარმიო ნაწილებში 2500-მდე ადამიანი იყო, 1-ლი პოლკის მე-2 ბატალიონის ჩათვლით. გარდა ამისა ახალქალაქიდან სულ ახლახანს ჩამოყალიბებული 11-ე პოლკის ბატალიონიც მოდიოდა და ხაშურს იმ დღის გათენებამდე მოადგა, როცა ჩვენ შეტევაზე გადავედით.

ეს მარტის დასაწყისში იყო, 5 თუ 6 რიცხვში უნდა ყოფილიყო, ზუსტად არ მახსოვს. ამრიგად ხაშურში მე 6000 ხიშტზე მეტი შევკრიბე, რაც, თუ იმ გარემოებას გავითვალისწინებთ, რომ თბილისში ყველაზე მეტი 9600 ხიშტი მყავდა, არ შეიძლება იმ გარემოებებში საკმაოდ მნიშვნელოვნად არ მივიჩნიოთ. იყვნენ თუ არა ეს ადამიანები ბრძოლისუნარიანნი? არმიასთან მიმართებით ვამტკიცებ, რომ იყვნენ. იმ შეტევის დროს, რომელსაც ჩვენ მივმართეთ, არმიის ნაწილები სრულიად გაშლილ და სწორ ველზე, მუხლებამდე თოვლსა და ტალახში უტევდნენ. ხოლო ღია ადგილზე მოწინააღმდეგის ცეცხლის ქვეშ შეტევა კი ქვეითი ჯარისთვის ერთ-ერთ ყველაზე უფრო ძნელ ოპერაციად ითვლება. გვარდიაც ასევე უტევდა, და მიუხედავად იმისა, რომ მას შტევა გაცილებით უფრო ხელსაყრელ გარემოებებში უხდებოდა, მთების კალთებზე და ისე, რომ თავის წინ მოწინააღმდეგე თითქმის არ ჰყოლია, მას შემართება სწრაფად გამოეცალა (она выдохлась быстро), და იგივე მოუვიდა, რაც ყოველთვის მოსდიოდა. იგი ბრძოლის ველიდან წავიდა, ისე, რომ არავისგან შეწუხებული და შევიწროვებული არ ყოფილა.

თუმცა კი რიგის მიხედვით აღვწერ. ხაშურში სარკინიგზო სამყაროში სრული ქაოსი დამხვდა. სადგური გაჭედილი იყო. მე ერთხელ უკვე მივუთითე, რომ სარკინიგზო ევაკუაცია ეტაპებად წარმობდა, რის შედეგადაც შემდგომი სადგურები ძალიან იტვირთებოდა (последующие станции загромождались). საჭირო იყო ყველა სადგური უკვე დიდი ხნის წინ გაეწმინდათ, მაგრამ გზების უფროსი ბათუმში აღმოჩნდა და მხოლოდ აქ ხაშურში მივაღწიე იმ პირის დანიშვნას, რომელიც უფლებამოსილი იქნებოდა ევაკუაცია ადგილზე განეკარგა. ამ დრომდე ევაკუაციას მხოლოდ სადგურის მორიგე განკარგავდა, რომელსაც მხოლოდ გადაზიდვების შესახებ პოლკ. გველესიანის მოთხოვნები უნდა შეესრულებია (ეს უკანასკნელი განაგებდა ჯარების გადაადგილებას). რა თქმა უნდა, სადგურის მორიგეს არ შეეძლო ასეთი მოვალეობისთვის თავი გაერთვა, ვინაიდან შემდგომი სადგურები მის მოთხოვნებს არ ასრულებდნენ და გასამგზავრებლად გამზადებულ მატარებლებს არ ღებულობდნენ, თვითონ იმათთანაც აღმოჩნდებოდა რომ მთელი გზები დაკავებული გახლდათ; ასე იყო ყველა სადგურში. მე ტელეგრამა გავუგზავნე ბათუმში გზების უფროსს მოთხოვნით ან თვითონ ჩამოსულიყო, ან დაენიშნა პირი, რომელსაც შეეძლებოდა ეს რთული ოპერაცია სრულუფლებიანად განეკარგა. ჯერ კიდევ გორში ყოფნისას გადავდგი ნაბიჯები ამ მიმართებით, მაგრამ შევიტყე, რომ გზების უფროსი პირადად იმყოფება ხაშურში და პირადად ხელმძღვანელობს. რამდენადმე დავმშვიდდი, მაგრამ როცა ხაშურში ჩავედი, გავიგე, რომ გზების უფროსი ბათუმში გაემგზავრა, მიუთითებდა რა იმაზე, რომ ევაკუაციის ხელმძღვანელობა იქიდან მისთვის უფრო მოსახერხებელია. ამ გარემოებამ მაიძულა კიდეც ზემოხსენებული ტელეგრამა გამეგზავნა და ასეთი პირი დანიშნულ იქნა. მაგრამ, ეჭვი არ არის, რომ ამ უკანასკნელის განკარგულებებს შეიძლებოდა წინ ბათუმიდან წამოსული განკარგულებები დახვედროდა, ესე იგი აქაც, ამ სფეროში, ვერ იქნა მიღწეული ერთხელისუფლებიანობა, რომელიც ასე აუცილებელი გახლდათ. ამიტომ მე ხშირად თვითონ მიხდებოდა დრო სადგურის უფროსის კანტორაში მეტარებია.

აი, მაგალითად, ჩემი ერთი საუბარი სადგურის მორიგესთან. ევაკუაცია მუხრუჭდებოდა. მე კანტორაში შევედი და ვიკითხე, მატარებლები რატომ არ მიემგზავრებიან. ეს ჩემს მიერ გაკეთებულ იქნა მასთან ჩემი ადიუტანტების რამდენჯერმე მიგზავნის შემდეგ, რომლებიც ჩემი სახელით მატარებლების დაუყოვნებლივ გაგზავნას მოითხოვდნენ. ჩემს კითხვაზე იგი საკმარისად მსუბუქდ და თავაშვებულად მპასუხობდა და, როგორც ჩანს, არ უნდოდა საკუთარი თავისთვის ანგარიში მიეცა იმაში, თუ როგორ კრიტიკულ მდგომარეობაში ვიმყოფებოდით, და სარდლობა და ჯარები ზურგში ასეთი ზედახორის გამო როგორ ხელებშეკრული იყვნენ. მე მას ვუპასუხე, რომ თუ საქმე დაუყოვნებლივ ვერ მოწესრიგდება, მაშინ ვუბრძანებ იგი დახვრიტონ. მან მიპასუხა, რომ მისთვის სულ ერთია, რომ მას თავგზა აქვს აბნეული, რომ მას ამისი არ ეშინია და სხვა ასეთი სულისკვეთებით. მე ჯიბიდან ამოვიტაცე რევოლვერი და ვუთხარი, რომ მას ახლავე პირადად დავხვრეტ. ამან იმოქმედა, და მან უკვე სხვა ტონით მითხრა, რომ ყველა ზომას მიიღებს მატარებლების გასაგზავნად. მე გამოვედი და, მართლაც, დაიწყო მატარებლების გამგზავრება. მიზეზები მატარებელთა შესაყოვნებლად ბევრი იყო. ერთ-ერთი მიზეზი სამუხრუჭო ვაგონების არარსებობა გახლდათ, რაც აუცილებელი იყო წიფას გვირაბიდან მატარებლების დაბლა დაშვებისას.

იყო კიდევ ერთი გარემოებაც. ხაშურში მე შევნიშნე სარკინიგზო პერსონალის ომისადმი ძალზედ პასიური დამოკიდებულება. ყველაფერი ზედმეტად დაუდევრად და ნელა კეთდებოდა. ამ დროს გზების უფროსის მიერ ჩემგან მოთხოვნილი პირი უკვე დანიშნული გახლდათ. მე ახლა ვერც მის გვარს ვიხსენებ და ვერც თანამდებობას. უნდა ვთქვა, რომ იგი არა მარტო ენერგიული, არამედ დაუღალავი განმკარგულებელიც აღმოჩნდა. მისგან ჩვენ დიდად ვართ დავალებული ევაკუაციის მოწესრიგების გამო. როგორც ზემოთ აღვნიშნავდი, მე არაერთხელ პირადად ვადევნებდი თვალყურს ევაკუაციას. შევნიშნე რა გზებზე რამდენიმე მატარებელი, რომლებიც მზად იყვნენ გასაგზავნად, მაგრამ ორთქლმავლების გარეშე გახლდნენ, ვიკითხე თუ რატომ არ აგზავნიან. ჩემს მითითებაზე, რომ ვბრძანე, რათა ყველა გამართული ორთქლმავალი წინასწარ ყოფილიყო მომზადებული, მიპასუხეს, რომ ბრძანება ჯერ კიდევ გუშინ იქნა გადაცემული, მაგრამ ახლა ტელეფონით მოთხოვნაზე დეპომ უპასუხა, რომ გამზადებული ორთქლმავლები არ არის. ეს დილით ადრე იყო. მე პირადად წავედი დეპოში. იქ ჩემთან დეპოს უფროსი მოვითხოვე, რომელიც იქვე აღმოჩნდა. ჩემს კითხვაზე, თუ რატომ არ არიან მზად ორთქლმავლები, მან მიპასუხა, რომ მზად არიან, მაგრამ რომ სადგური ორთქლმავლებს არ მოითხოვს. ამასთან მან გამზადებულ და ლიანდაგებზე მდგარ ორთქლმავლებზე ხელით მიმითითა; სამი უკვე ორთლის ქვეშ იდგა, მე-4 ქვანახშირის ჩატვირთვას ამთავრებდა, ხოლო მე-5-მ კი ქვანახშირის ჩატვირთვა ახლახანს დაიწყო. მატარებლები გამგზავრებულ იქნენ, მაგრამ მე მაინც ვერ მოვახერხე გამერკვია, თუ ვინ მოითხოვდა ორთქლმავლებს და ვინ პასუხობდა დეპოდან, რომ ორთქლმავლები არ არისო. ხაშური, საერთოდ, არასასიკეთოდ უნდა ჩაითვალოს იმ აზრით (надо считать неблагополучным в том смысле), რომ იქ ძლიერი გახლდათ ბოლშევიკური პროპაგანდა.

აღვნიშნავ კიდევ ერთ, უკვე სრულიად უცნაურ შემთხვევას. ეს იყო დილით, ხაშურიდან ჩვენი გასვლის მომენტში. ჩემი მატარებელი ჩიხში იდგა, ორთქლმავალი ორთქლის ქვეშ გახლდათ და ჩემი ბრძანებით ნებისმიერ მომენტში უნდა დაძრულიყო. როცა მატარებლის შორიახლოს მივდიოდი, უცებ შევნიშნე, რომ ორთქლმავლის წინ 3–4 საჟენზე რელსების სამაგრები ამოხრახნილი იყო და, შესაბამისად, ორთქლმავალი მოძრაობისას რელსებიდან გადავიდოდა. იმის დადგენა, თუ ვინ ამოხრახნა, რა თქმა უნდა, ვერ მოხერხდა. ეს ბედნიერი შემთხვევა გახლდათ, რომ შევნიშნე. ამის წინ მე რამდენჯერმე გავიარე ეს ადგილი, ამავე ადგილას გადიოდნენ შტაბის ოფიცრები და რკინიგზის მოსამსახურენიც. სამაგრები, რა თქმა უნდა, გასწორებულ იქნა. ასეთი გახლდათ ვითარება ხაშურში; ჩვენ მაინც მოვახერხეთ ყველაფრის ევაკუაცია, რამდენიმე დიდი ორთქლმავლის გარდა, რომელთა თან წაყვანაც მათი გაუმართაობის გამო არ შეიძლებოდა.

* * *

ხაშურში მე შევიტყე, სწორედ რომ შევიტყე, რომ მთავრობის თავმჯდომარის მიერ საგანგებოდ რწმუნებული პირია დანიშნული დაზერტირების, წამქეზებლებისა და დაუმორჩილბელთა და ა. შ. გასასამართლებლად.

ეს პირი იყო ვიქტორ ჟღენტი. მისი თანამდებობის დასახელება არ შემიძლია. იგი ამასთან ერთდროულად სასამართლოს თავმჯდომარეც გახლდათ. მას საგანგებო უფლებამოსილებანი ჰქონდა და ლამის იყო შეეძლო თავისი ძალაუფლება ჩემზეც კი გაევრცელებია. საერთოდ, რამდენადაც მახსენდება, იგი თავის სფეროში ენერგიულად მოქმედებდა და რამდენიმე ადამიანი მის მიერ დახვრეტილიც იქნა. თუმცა კი, მე ერთხელ მივმართე მის სასამართლოს, მაგრამ ჩემი მცდელობა წარმატებით ვერ დაგვირგვინდა. არმიასა და გვარდიას თავიანთი ცალკეული საინტენდანტო საკმაყოფო დაწესებულებები გააჩნდათ. ჩემთან მათი ხარჯვითი მაღაზიები (расходные магазины) იმყოფებოდა. ხშირად ხდებოდა, რომ ერთ-ერთ მათგანში მარაგები არ იყო, მეორეში კი ჰქონდათ. ამიტომ მე ვუბრძანე გვარდიისა და არმიის ხარჯვითი მაღაზიებიდან გაეცათ როგორც არმიისთვის, ისე გვარდიისთვისაც. ამ ნიადაგზე მოხდა ინციდენტი. გვარდიული მაღაზიის ოფროსმა ან გამცემმა უარი განაცხადა ერთ-ერთი საარმიო ნაწილის წარმომადგენლისთვის სურსათი მიეცა. მე მომახსენეს. გავგზავნე ეთქვათ, რომ ჩემი ბრძანება შესრულებული ყოფილიყო. ეს ამაო გამოდგა. მაშინ ვ. ჟღენტს განვუცხადე და ვთავაზობლი დამნაშავე დაეჭირათ და გაესამართლებიათ. ამას შედეგი არ მოჰყოლია. ამ საკითხისადმი დასაბრუნებლად დრო უკვე აღარ მქონდა; ამისთვის არ გვეცალა; მიდიოდა მოვლენები, რომლებშიც მთლიან გახლდით ჩაფლული (შთანთქმული). 

მთავრობის თავმჯდომარის მატარებელს შევხვდი ხაშურში. რა თქმა უნდა, დღეში რამდენჯერმე შევდიოდი მთავრობის თავმჯდომარესთან. ღამით მთავრობის თავმჯდომარის მატარებელი გვირაბის იქით, წიფაში მიემართებოდა. ხაშურში ჩვენი ყოფნის დროს იქ ჩამოვიდა ე. პ. გეგეჭკორი, რომელიც სულ იმ ხანებში დაბრუნდა ევროპიდან. მე მას შევხვდი, არ მახსოვს ჩემს ვაგონში თუ თავმჯდომარის მატარებელში. შეიტყო რა, რომ საბრძოლო მარაგები ამოწურვაზე გვაქვს, მან თქვა, რომ მათი შეძენა კონსტანტინოპოლში შეიძლება. ვუპასუხე, რომ იქ, მგონი, ჩვენ ფული არ გვაქვს. იგი შემომეკამათა, რომ დროებით შეუძლიათ იმ ფულებით ისარგებლონ, რომლებიც კონსტანტინოპოლში მის სახელზე იმყოფება, და რომ ასეთი 2 მილიონი ფრანკია. ეს საუბარი გენ. ზაქარიაძის თანდასწრებით ხდებოდა. რაც შეეხება ამ საკითხს, უნდა აღვნიშნო შემდეგი. რომ ომის დაწყების შემდეგ, და მხოლოდ მისი დაწყების შემდეგ, ესე იგი მთავარსარდლის თანამდებობაზე ჩემს დანიშვნამდე, კონსტანტინოპოლში მივლინებულ იქნენ გენ. ქუთათელაძე და კახიანი, გვარდიის შტაბიდან, იარაღისა და ვაზნების შესყიდვის მიზნით. შემდეგ იქვე იქნა მივლინებული გენ. მდივანიც, ბათუმის ციხესიმაგრის კომენდანტი. უკანასკნელის მივლინება უკვე ჩემს დროს მოხდა, მაგრამ მე ამის შესახებ შემთხვევით გავიგე, იმ ტელეგრამის შედეგად, რომელიც ჩემს ერთ-ერთ შეკითხვაზე პასუხად მივიღე ბათუმიდან, რომელსაც გენ. ფურცელაძე აწერდა ხელს. მე ვკითხე, და სად არის გენ. მდივანი, და გამოირკვა, რომ იგი საგანგებო ამოცანით გაემგზავრა კონსტანტინოპოლში, რომლის არსიც ჩემთვის ამ დრომდე საიდუმლოა. საჩვენებელი ფაქტია. მთავარსარდლის ერთ-ერთი უშუალო ხელქვეითი მიემგზავრება საზღვარგარეთ და ამ უკანასკნელმა არა მხოლოდ მივლინების მიზეზი არ იცის, არამედ თვით მივლინებაც მისთვის შეუტყობინებლად ხდება. იარაღი და ვაზნების ნაწილი ჩვენ მაინც მივიღეთ, თუმცა კი ძალზედ გვიან. თოფებს შორის მხოლოდ მათი უმნიშვნელო რაოდენობა თუ გამოდგა ვარგისი.


ხაშურის შეტევა 

ამრიგად, ხაშურში ჩვენ ვღებულობდით ყველა ზომას ბრძოლის გასაგრძელებლად. ზურგში სურამის ქედზე მაგრდებოდა პოზიცია; მას შავად უკვე ამთავრებდნენ. პოზიცია მტკიცე გახლდათ. ამ დროს უკვე აღინიშნა მოწინააღმდეგის შემოტევა მამისონის უღელტეხილის გამოვლით და შავი ზღვის სანაპიროს გამოყოლებითაც. მოწინააღმდეგე თბილისის მხრიდანაც მოგვიახლოვდა.

ვითარება იყო ასეთი. ჯარები ცოტა იყო, მაგრამ ჯერ კიდევ მთელი დასავლეთ საქართველო (ქუთაისის გუბერნია) ჩვენს მფლობელობაში გახლდათ. ველოდებოდით საბრძოლო მასალების ჩამოტანას კონსტანტინოპოლიდან. ჩვენ დრო უნდა მოგვეგო ქვეყნის შემდგომი თავდაცვის ორგანიზების მიზნით. მე ჩემთვის მოქმედებათა შემდეგი გეგმა შევადგინე. უწინარეს ყოვლისა შემეტია იმ მოწინააღმდეგისთვის, რომელიც ამ მომენტში ჩემთვის ყველაზე უფრო საშიში გახლდათ; ასეთი იყო ჩემთან ყველაზე უფრო ახლოს მყოფი მოწინააღმდეგე, სახელდობრ კი ის, რომელიც თბილისის მხრიდან გვიახლოვდებოდა. მამისონის უღელტეხილის მხრიდან და შავი ზღვის სანაპიროს გამოყოლებით შემოსულ მოწინააღმდეგეს ჯერ კიდევ ვერ განევითარებია თავისი მოქმედებები იმდენად, რომ ჩვენი ცოცხალი ძალის ბირთვს, რომელიც ამ დროს ხაშურთან იმყოფებოდა, უშუალოდ დამუქრებოდა. ამიტომ გადავწყვიტე უწინარეს ყოვლისა თვბილისის მხრიდან მოსული მოწინააღმდეგისთვის შემეტია იმ მიზნით, რომ იგი უკუმეგდო, ხოლო ჩვენთან უახლოესი მისი ძალები კი გამენადგურებია. ვითარება ამას ხელს უწყობდა. ჩემთან დაახლოებით 6000 ადამიანი შედგებოდა, და მე მათ საკმარისად ვთვლიდი იმისათვის, რათა მოწინააღმდეგის თავისთვის შემეტია, რომელიც თბილისის აქეთ უეჭველად გაწელილი იქნებოდა. მე გადავწყვიტე ეს მაშინვე გამეკეთებია, ე. ი. მოწინააღმდეგის პირველი გამოჩენისთანავე მისთვის შემეტია. ვიმედოვნებდი, რომ ამ მომენტში ის (საბრძოლო წყობაში) სრულად გაშლილი ვერ იქნებოდა და შეიძლებოდა წარმატების იმედი გვქონოდა. ამ მიმართებით ჩემი ანგარიშები, როგორც მოვლენებმა გვიჩვენეს, სწორი აღმოჩნდა. წარუმატებლობის შემთხვევაში შემეძლო სურამის ქედზე გამაგრებულ პოზიციაზე დამეხია. წარმატების შემთხვევაში შემეძლო მოწინააღმდეგე უკუმეგდო და, დავეყრდნობოდი რა ზემოხსენებულ პოზიციას, დრო მომეგო ამ ძალების ნაწილის გადასროლისა და მამისონისა და გაგრის მიმართულებათა წინააღმდეგ მოქმედებისთვის. სხვანაირად რომ ვთქვათ, შიდა საოპერაციო ხაზების გაყოლებით მემოქმედა. შეტევის მოხდენა გადავწყვიტე შემდეგნაირად.

გენ. სუმბათაშვილსა და გენ. მაზნიაშვილს ფრონტიდან უნდა შეეტიათ მოწინააღმდეგისთვის რკინიგზის გაყოლებით, მის მარჯვენა და მარცხენა მხარეზე. მდ.მტკვრის მარჯვენა ნაპირით 1-ლი პოლკის ბატალიონი იქნა გაგზავნილი. ეს ბატალიონი ამავდროულად ჩვენი საბრძოლო რიგების მარჯვნიდან დაფარვასაც წარმოადგენდა. გენ. კონიაშვილი მთელი გვარდიით შეადგენდა უბანს, რომლისგანაც მოველოდი ბრძოლის გადაწყვეტას. გვარდია სურამში უკვე სამი დღეა იკრიბებოდა; ამ დროის მანძილზე მან დაისვენა, თითქოსდა, წესრიგში მოვიდა. გენ. კონიაშვილი გამთენიისას უნდა დაძრულიყო, მთებით გაევლო და მოწინააღმდეგისთვის მის მარჯვენა ფლანგსა და ზურგში შეეტია. რაიონი, რომლის გავლითაც მას უნდა შეეტია, თავისუფალი გახლდათ მოწინააღმდეგისგან, რომელსაც რკინიგზიდან ჩრდილოეთისკენ გავრცელება ჯერ კიდევ ვერ მოესწრო; იგი ჩვენი ფრონტის წინ შორეული საარტილერიო ცეცხლის მანძილზე ახლახანს გამოჩნდა, ხოლო მეორე დღეს კი ჩვენ მას შევუტიეთ. მოწინააღმდეგის ზურგში მტკვარზე აგებული ხიდი იმყოფებოდა. მის ჯავშნოსან მატარებლებს გამოჩენა არ შეეძლოთ, ვინაიდან უკანდახევისას ჩვენ ხიდებს ვაფუჭებდით, რომელთა შეკეთებაც მას ამ დროისთვის ვერ მოესწრო. გენ. კონიაშვილის შეტევას მარცხნიდან ცხენოსანი ჯარი უზრუნველყოფდა, რომელსაც ასევე რამდენიმე დღის დასვენება ჰქონდა. დამავიწყდა აღმენიშნა, რომ ჩვენი ფრონტალური უბანი სამი ჯავშნოსანი მატარებლით იქნა გაძლიერებული. ჩემთან რეზერვში მხოლოდ სამხედრო სკოლა დავიტოვე სულ ერთი ასეულის შემადგენლობით; ამასთან წუთი-წუთზე მოველოდი 11-ე პოლკის ბატალიონის მოსვლას, რომელიც ახალციხიდან მოემართებოდა. მომავალი ბრძოლის ველი, რა თქმა უნდა, ცხენით წინასწარ მოვიარე და შეტევის გეგმა უკვე ამის შემდეგ შევადგინე. ბრძანებები წინასწარ იქნა გაცემული. ვიცოდი რა გვარდიის ჩვევა, რომ ბრძანებები ზუსტად არ შეესრულებია, ბრძანებაში საგანგებოდ გავუსვი ხაზი იმ საათს, რომელშიც გენ. კონიაშვილის ნაწილებს მითითებული სიმაღლეები უნდა გაევლოთ; ეს სიმაღლეები ჩვენს რაიონში იყო და არაფერს შეეძლო მათთვის ხელი შეეშალა იმაში, რომ ისინი დანიშნულ დროში გაევლოთ. როგორც შემდეგ გამოირკვა, მათ ეს სიმაღლეები აღნიშნულ დროზე საათნახევრით გვიან გაიარეს.

შეტევის წინა დღეს ე. პ. გეგეჭკორი მისი თანმხლები რამდენიმე პირით ჩვენი პოზიციების რაიონში ჯავშოსანი ავტომობილით გაემგზავრა. ისინი, მგონი, პოზიციებზე ჯავშნოსანი ავტომობილიდან გადმოვიდნენ და მოწინააღმდეგის საარტილერიო ცეცხლის დაშენის ქვეშ აღმოჩნდნენ, რომელიც სწორედ ამ დროს ჩვენი ფრონტის წინ გამოჩენილიყო. ამ საღამოს მე ვთხოვე მთავრობის თავმჯდომარეს ზურგში, ქუთაისში გამგზავრებულიყო. ამაზე ორი ღამით წინ მისი მატარებელი წიფაში გაემგზავრა. ბრძოლის დღეს იგი ბრძოლასთან ზედმეტად ახლოს აღმოჩნდებოდა და ეს განსაკუთრებით სარისკო გახლდათ. იგი დამეთანხმა და გაემგზავრა. ამ და წინა დღეებში მე ჯარები მოვიარე, ყველასთან ვიყავი და მათ მომავალი ბრძოლის სერიოზულობაზე მივუთითებდი, და მათში სულისკვეთებას აღვაგზნებდი, რომელიც საკუთრივ მხოლოდ ჩვენი უკანდახევით იყო დათრგუნული. მართლაც, ჯარებს თანამდებობაზე ჩემი დანიშვნის შემდეგ მდ. ხრამზე დამარცხების მსგავსი მარცხი აღარ განუცდიათ. თბილისი ჩვენ ისე დავტოვეთ, რომ მოწინააღმდეგის ტყვე 1000 ჯარისკაცი, 4 ქვემეხი და 20-ზე მეტი ტყვიამფრქვევი ხელში გვქონდა ჩაგდებული. ეს არ იყო დამარცხება. მაგრამ უკანდახევა ყოველთვის აქვეითებს სულისკვეთებას.

მომდევნო დღეს ჯარები, ბრძანების თანახმად, შეტევაზე გადავიდნენ. იგი იღბლიანი გამოდგა, როგორც ფრონტზე, ისე ჩვენს შემომვლელ ფლანგზეც. ფრონტიდან უფროსები თავიანთ მოხსენებებში შეტევის წარმატებულობას აღნიშნავდნენ. შემდეგ ეს უფროსები მეუბნებოდნენ, რომ ისინი არ მოელოდნენ, რომ ასეთ სწორ გაშლილ ველზე და თოვლში ჯარებს შეეძლოთ მოწინააღმდეგის ცეცხლის ქვეშ ასე მამაცურად შეეტიათ; და ამას ისეთი გამოცდილი მეომრები მომახსენებდნენ, როგორებიც სუმბათაშვილი და მაზნიაშვილი არიან. მარცხენა ფლანგიდანაც ასევე სასურველი ცნობები მოდიოდა. სამწუხაროდ, ამ დღეს სიბნელის დადგომამდე ბრძოლის დასრულება ვერ შევძელით. გავლენა იქონია გვარდიის დაგვიანებამ. თუმცა კი, სიბნელის დადგომისთვის ჩვენთვის სავსებით ხელსაყრელი ვითარება შეიქმნა. ჩვენი მარცხენა ფლანგის შეტევა, რომელიც სახეზე მყოფი მთელი ჯარების ნახევარს შეადგენდა და 40-ზე მეტი ტყვიამფრქვევიც გააჩნდა, ჩვენი მოწინააღმდეგისთვის მოულოდნელობა აღმოჩნდა. მარცხენა ფლანგმა მოწინააღმდეგეს შემოუარა და მთებსაც ფლობდა; მოწინააღმდეგე კი დაბლობზე იმყოფებოდა. მოწინააღმდეგის არტილერიის ნაწილი უკვე მიტოვებული იყო და ჩვენი ჯარები მთიდან ცეცხლით არ აძლევდნენ მას საშუალებას, რომ ეს ზარბაზნები წაეყვანა. მოწინააღმდეგის ცხენოსანი ჯარი, რომელიც მარჯვენა ფლანგზე იმყოფებოდა, ჩვენი მარცხენა ფლანგის ქვეითი ჯარის მიერ ზურგიდან შემოვლილი აღმოჩნდა. ასეთი გახლდათ ვითარება სიბნელის დადგომამდე. ჩემი შტაბის ოფიცრები გამოცოცხლდნენ და ხელებსაც კი იფშვნეტდნენ. მდგომარეობა მართლაც მომგებიანი გვქონდა. მოწინააღმდეგე დაბლობზე იმყოფებოდა, ფრონტიდან მიჭყლეტილი და ფლანგიდან შემოვლილი; ჩვენი მარცხენა ფლანგი ფლობდა მთებს, ჰყავდა რა თავის წინ დაბლობზე მის მიერ ფლანგიდან შემოვლილი მოწინააღმდეგე. შემდგომი შეტევა დიდ წარმატებას გვპირდებოდა. მოწინააღმდეგე შეიძლებოდა მოწყვეტილი აღმოჩენილიყო ხიდისგან, რომელიც მის ზურგში 12 ვერსზე იმყოფებოდა და მდ. მტკვრის გადავლით მისი უკანდახევის ერთადერთ გზას შეადგენდა. ჩვენი მდგომარეობა კიდევ იმითაც უმჯობესდებოდა, რომ 11-ე პოლკის ბატალიონი უკვე ბორჯომში მატარებელში სხდებოდა და 1–2 საათის შემდეგ ხაშურში უნდა ჩამოსულიყო. ტყვედ აყვანილი რამდენიმე ადამიანისგან შემომტევი მოწინააღმდეგის რაოდენობა გავარკვიეთ. ეს გახლდათ ორი ბრიგადა. მოწინააღმდეგის დივიზიებში თბილისთან ბრძოლებში ხელში ჩაგდებული სასწრაფო მოხსენების თანახმად, იყო 3–3 ბრიგადა, ხოლო დივიზიის რიცხოვნება კი 4500 ხიშტს არ აღემატებოდა. ამრიგად ხაშურთან ბრძოლაში ჩვენ გვყავდა არაუმეტეს 3000 ხიშტის ძალის მქონე მოწინააღმდეგე. ჩვენ მოწინააღმდეგეს თითქმის ორჯერ აღვემატებოდით. ეს ასევე ჩვენთვის კეთილსასურველი მონაცემი გახლდათ. შემდეგ გამოირკვა, რომ ამ დროს სადგურ გორში იმყოფებოდა დეპუტაცია, რომელიც თბილისიდან ჩვენს მთავრობასთან მოლაპარაკებებისთვის გამოემგზავრა. იგი იმ აურზაურის მოწმე გახლდათ, რომელიც მათ სარდლობაში მიმდინარეობდა. მე შემდეგ, უკვე კონსტანტინოპოლში, თბილისიდან ჩამოსულები გადმომცემდნენ, რომ განგაში თბილისსაც გადაეცა.

მართლაც, ჩვენი წარმატება მოწინააღმდეგისთვის მეტად მძიმე შედეგების მომტანი შეიძლებოდა აღმოჩენილიყო. ჩვენს მიერ შეტეული რაზმისთვის თბილისიდან სწრაფად დახმარების გაწევა შეუძლებელი გახლდათ. ამასობაში ჩვენი წარმატებით გამხნევებული მოსახლეობა შეიძლებოდა ფეხზე დამდგარიყო, რასაც შეიძლებოდა ჩვენი მდგომარეობაც გაეუმჯობესებია და მოწინააღმდეგეც, შეიძლებოდა, კრიტიკულ მდგომარეობაში ჩაეყენებია. არ მახსოვს, შებინდებისას თუ სიბნელის დადგომის შემდეგ ბრძოლის ველიდან ვ. ჯუღელი მოვიდა. იგი ხელში იყო დაჭრილი, მაგრამ საბედნიეროდ მსუბუქად. ისიც ასევე სასიამოვნო ცნობებს გადმომცემდა. იგი მარცხენა ფლანგზე იყო ერთ-ერთ გვარდიულ ბატალიონთან. რუკაზე არ შეეძლო ეჩვენებია, თუ სახელდობრ სად და როდის იქნა იგი დაჭრილი. მისმა დაჭრამ ამ ბატალიონზე არასასურველად იმოქმედა, რომელმაც უკანდახევაც კი დაიწყო, მაგრამ იგი იქ დარჩა და ბატალიონიც უკანდახევისგან შეაკავა (და ვინ ავიწროვებდა ამ ბატალიონს). შემდეგ იგი გამოემგზავრა და მითხრა, რომ, როცა იქიდან მოემგზავრებოდა, მდგომარეობა იქ მყარი იყო. უნდა ვაღიარო, რომ მისმა მონათხრობმა ჩემზე არასასიამოვნო შთაბეჭდილება მოახდინა; მისი მონათხრობიდან გამამხნევებელი აგზნების სული არ მობერავდა, ეს არ გახლდათ მონათხრობი ბრძოლის მონაწილისა, რომელიც უეჭველ წარმატებაში იყო დარწმუნებული. მაგრამ მე ეს მის დაჭრას მივაწერე. მან მითხრა, რომ მიემგზავრება.

მე ძალიან მინდოდა მეთხოვა მისთვის დარჩენილიყო, მაგრამ ენა ვერ მომიბრუნდა. დაჭერილს ყოველთვის აქვს ევაკუაციის უფლება. მაგრამ მაინც ვუთხარი მას: „თქვენ დაჭრილი ხართ, გაქვთ ევაკუაციის უფლება“. მან როგორც ჩანს ვერ გამიგო, ხოლო მოთხოვნა იმისა, რომ დარჩენილიყო, მე არ შემეძლო. ჭრილობა არ იყო სახიფათო, ხელში, ძვლის გადატეხვის გარეშე. თუმცა კი, ჩემი აზრით, მას ალექსანდრე დგებუაძის მაგალითისთვის უნდა მიებაძა, რომელიც ამ ომში ორჯერ იქნა დაჭრილი და მწყობრში დარჩა. დგებუაძე უბრალო მუშაა, მაგრამ ეს არის ადამიანი მაღალი თვისებებითა და თავის თავზე აღებულ ვალდებულებათა ღრმად გაგების გრძნობით.


გვარდიის თვითნებური წასვლა ბრძოლის ველიდან 

მე ვთქვი, რომ ჩემი შტაბი გამოცოცხლდა და მოსალოდნელი წარმატებით ხარობდა. „ხვალ ჩვენ იმათ მივცხებთ“ ("Завтра мы им влепим") – ამბობდნენ ისინი. არ ვიცი, მაგრამ რაღაც მძიმედ მაწვებოდა გულზე. თითქოსდა, მშვიდად უნდა ვყოფილიყავი, მაგრამ გულზე რაღაც სიმძიმე მაწვებოდა, მას შიგნით რაღაც ფხაჭნიდა. „ჯერ ნუ გიხარიათ“ – ვუპასუხე მათ – „ყველაფერი არაა გაკეთებული; აი ხვალ თუ მოწინააღმდეგეს გავრეკავთ, მაშინ გავიხარებთ კიდეც“.

ღამით, 1 საათზე ან მის მახლობლად, გენ. კონიაშვილისგან მივიღე მოხსენება. ეს მოხსენება ყველაფერს ცვლიდა. გენ. კონიაშვილი მომახსენებდა, რომ მისდამი რწმუნებულმა ჯარებმა თვითნებურად, მოწინააღმდეგის მხრიდან ყოველგვარი მოწოლის გარეშე, დატოვეს პოზიციები და სრული უწესრიგობით სურამში მიდიან. მდგომარეობა ერთბაშად იცვლებოდა. ჩვენ უკვე აღარ ვიყავით გამარჯვებულნი; პირიქით, დილიდან გენ. მაზნიაშვილისა და სუმბათაშვილის უბნები, რომლებიც დაბლობზე წინ იყვნენ გასულნი, მძიმე მდგიომარეობაში აღმოჩნდებოდნენ. მოწინააღმდეგეს, რომელიც უკვე ფლანგიდან იყო შემოვლილი, შეეძლო ამ მთებით თვითონ ესარგებლა და ჩვენი საარმიო ნაწილებისთვის ფლანგიდან შემოევლო, რომლებიც იძულებული შეიქნებოდნენ გაშლილ ადგილმდებარეობაზე დაეხიათ. მე გულში ტკივილით გავეცი ბრძანება სურამის ქედზე გამაგრებულ პოზიციაზე უკანდახევის შესახებ. წარმატებისკენ მიმავალ გზაზე მუდამ ეს გვარდია აფუჭებდა საქმეს. გენ. მაზნიაშვილს გვირაბთან არსებულ პოზიციაზე უნდა დაეხია; გენ. კონიაშვილს თავისი უკანდახეული ჯარებით პოზიციები სურამის თავზე უნდა დაეკავებინა; გენ. სუმბათაშვილს გვირაბი უნდა გაევლო და სურამის ქედის დასავლეთ კალთაზე რეზერვში უნდა დამდგარიყო. უკანდახევის შემსუბუქებისთვის 11-ე პოლკის ბატალიონი გამოვიყენე, რომელიც ბორჯომის მხრიდან გვიახლოვდებოდა. დილით მის მიერ ხაშურთან მთისწინეთში იქნა პოზიციები დაკავებული. მე პირადად ვუთითებდი ბატალიონის მეთაურს თუ სად დამდგარიყო; მას ჯარების გავლის შემდეგ უნდა დაეხია და მათი უკანდახევა დაეფარა, ხოლო შემდეგ კი გენ. მაზნიაშვილის ჯარების შემადგენლობაში შესულიყო. არტილერია უკან რკინიგზის ლიანდაგის გამოყოლებით იხევდა, სხვა გზა არ იყო, ლიანდაგი კი ამისთვის წინასწარ გახლდათ მომზადებული. 

უკანდახევა კეთილსასურველად აღესრულა და შუადღისთვის გენ. მაზნიაშვილმა გვირაბთან პოზიცია დაიკავა, ხოლო გენ. სუმბათაშვილი კი უკვე მთის კალთებზე ადიოდა. აქ უნდა დავუმატო, რომ გვარდიის უკანდახევისას ახალციხის გვარდიული ბატალიონი თავისთან ახალციხეში წავიდა. დავრწმუნდი და პოზიციების დაკავებაში, მე წიფაში გავემგზავრე. აქ მომიხდა ზომების მიღება წიფის გასაწმენდად, სადაც საზიდრების მასა იყო დაგროვებული, უმთავრესად გვარდიის საზიდრებისა. ღამით, მის დასაწყისში მე კიდევ ერთი სიურპრიზი მელოდა. ჩემთან გენ. კონიაშვილი, ლადო ჯობლაძე, აუშტროვი და გვარდიის შტაბის სხვა წევრები გამოცხადდნენ და მითხრეს, რომ გვარდია მითითებულ პოზიციაზე არ გაჩერდა და მთის კალთის ჩვენს მხარეზე წიფაში ჩამოვიდა.

ამასობაში საღამოსთვის მოწინააღმდეგე უკვე სურამში გამოჩნდა და გვირაბის წინაც. დაიკავებდა რა დილიდან, თუ ღამიდან არა, სურამის უღელტეხილს, მოწინააღმდეგე წიფაში გამოვიდოდა და გენ. მაზნიაშვილის რაზმი გამოუვალ მდგომარეობაში ჩავარდებოდა; მას უკანდახევისთვის მხოლოდ გვირაბი ჰქონდა, რომლის დასავლეთ გამოსასვლელიც მოწინააღმდეგის ხელში ჩავარდებოდა. ამასობაში გვარდიელები უკვე წიფაში აღმოჩნდნენ და სადგურთან მშვიდად დაბანაკებულიყვნენ. მე ვუთხარი გვარდიის წარმომადგენლებს, რომ სურამის უღელტეხილი ახლავე უნდა დავიკავოთ, და რომ მათ ეს ზომა ამ წუთშივე უნდა მიიღონ და თუნდაც რამდენიმე ასეული ადამიანი უკანვე წაიყვანონ. ისინი დამპირდნენ და გვარდიელების დასაყოლიელებლად წავიდნენ. ლადო ჯიბლაძე მარწმუნებდა, რომ ამას ისინი ახლავე გააკეთებენ. ღამის 3–4 საათზე ვაგონიდან გამოვედი იმაში დასარწმუნებლად წავიდნენ თუ არა გვარდიელები. რა თქმა უნდა, არავინ არ წასულა. მე ვიპოვე გვარდიის შტაბის წევრები და ჩემი გაკვირვება გამოვუთქვი, თუ რატომ არ არის აღსრულებული ის, რასაც წინა დღეს დამპირდნენ. გამართლებანი ისეთივე იყო, როგორც ყოველთვის. ადამიანები დაიღალნენ, არაფერი უჭამიათ, არ უძინიათ და სხვა. ვუბრძანე ახლავე ფეხზე აეყენებიათ ხალხი და უღელტეხილზე წაეყვანათ. მხოლოდ გამთენიისას დაიძრა გვარდია უღელტეხილისკენ, მაგრამ ის უკვე მოწინააღმდეგის მიერ აღმოჩნდა დაკავებული. მოწინააღმდეგემ უკვე წიფასკენ დაიწყო წინსვლა, როცა გენ. სუმბათაშვილის ჯარების ერთ-ერთმა ასეულმა თავისი ინიციატივით წიფასთან უახლოესი მთის თხემი დაიკავა და მოწინააღმდეგეც შეაჩერა (ეს გახლდათ მე-7 პოლკის მე-7 ასეული). და სწორედ რომ დროულად. გვარდიული ნაწილები ამ თხემზე ავიდნენ, თხემები და უკანა კალთებზე პატარ-პატარა მწვერვალები დაიკავეს, და გენ. სუმბათაშვილის ფრონტი ასეთნაირად გააგრძელეს. ამრიგად ჩემი რეზერვი ამოწურულ იქნა იმის შედეგად, რომ გვარდიამ სურამის უღელტეხილზე გაჩერება არ მოინდომა. უღელტეხილის უკან წართმევა უკვე შეუძლებელი გახლდათ, ვინაიდან გაბატონებული სიმაღლეებისთვის შუბლში უნდა შეგვეტია, თან კიდევ გვარდიის ძალებით. მოწინააღმდეგემ კი, ვრცელდებოდა რა დაპყრობილ თხემზე, უკვე დაიწყო გენ. მაზნიაშვილის ფლანგზე დაწოლა, რომელსაც ასევე ფრონტიდანაც უტევდა. ამ უკანასკნელს მე უკვე გავუგზავნე ბრძანება უკან დაეხია. საღამომდე ჯარები პოზიციებს ინარჩუნებდნენ; მე სიმწარესა და გულისტკივილს განვიცდიდი (мне было горько и обидно). გვარდიას ამჯერად ბრძოლის ველი არ მიუტოვებია და მედგრად იდგა. მას რომ ეს სიმედგრე და შეუპოვრობა გუშინ გამოეჩინა, ჩვენ შეგვეძლო უღელტეხილი შეგვენარჩუნებია და ჩვენი მდგომარეობაც თანდათანობით გაუმჯობესდებოდა.

მაზნიაშვილისა და გვარდიის უკანდახევის შემდეგ, გენ. სუმბათაშვილის დარჩენა უკვე უაზრო გახლდათ. მათ მომდევნო დღეს ფლანგში დაარტყამდნენ ის ჯარები, რომლებმაც გენ. მაზნიაშვილს გვირაბის წინ მის პოზიციებზე შემოუტიეს. სიბნელის დადგომის შემდეგ მე შემდეგ პოზიციაზე დასავლეთით 10 ვერსზე დავიხიე. ჩემი იმედი, რომ გამეგრძელებია ბრძოლა, დავემყარებოდი რა დასავლეთ საქართველოს ტერიტორიას, დაიკარგა; სურამის უღელტეხილი გვარდიამ ბრძოლის გარეშე ჩააბარა.

ამასთან უკვე ჩვენი ზურგისთვის გაგრის მიმართულების მხრიდან მუქარის მდგომარეობა შეიქმნა. მოწინააღმდეგე ჩვენ გაგრის მიმართულებაზე გვავიწროვებდა. მამისონის უღელტეხილის მხრიდან საფრთხე ნაკლები გახლდათ, ვინაიდან მოწინააღმდეგე აქ ცოტა იყო. მამისონის მიმართულებაზე მოქმედებების შესახებ პირველი შეტყობინება, ზუსტად არ მახსოვს, ჯერ კიდევ თბილისში მივიღე თუ როცა თბილისიდან უკან ვიხევდით, შესაძლოა გორშიც. პირველი შეტყობინება ასეთი გახლდათ: „ადგილობრივმა ბანდებმა რომელიღაც სოფლები დაიკავეს“. ამას ჩვენ ქუთაისიდან გვატყობინებდნენ. როგორც ზემოთ აღვნიშნავდი, ქუთაისში იყო ევაკუირებული ყველაფერი – დაწესებულებებიცა და მარაგებიც. შემდეგ უეცრად, სწორედ რომ უეცრად, ქუთაისიდან მივიღე შეტყობინება, რომ ჩვენი ჯარები ონს სამი მიმართულებით უტევენ: ონის გზატკეცილის გაყოლებით, ასევე ტყვიბულისა და საჩხერის გავლით გენ. მაქაშავიძის, გენ. ბაქრაძისა და კიდევ ერთი პირის უფროსობით, ახლა გვარი არ მახსოვს. ეს ცნობა, რომელმაც მე გამაოცა, მგონი მაშინ მივიღე, როცა ჩვენ გორში თუ ხაშურში ვიყავით. როგორი ძალისაა თითოეული რაზმი, ვინ გაგზავნა ისინი, როგორი ამოცანები აქვთ მათ, როგორია მოწინააღმდეგის ძალები, ვინ არის მოწინააღმდეგე, ყოველივე ეს ჩემთვის საიდუმლო გახლდათ. მე მაშინვე გავუგზავნე მათ ტელეგრამები მოთხოვნით რომ ჩემთვის მოხსენებები გამოეგზავნათ და მითითებებიც ჩემგან მიეღოთ. მთელი ეს ორგანიზაცია, მთელი ეს მოქმედებები ჩემთვის შეუტყობინებლად დაიწყეს. და აი, როცა იქ, ამ მიმართულებაზე, ვითარება არასასურველი შეიქნა, მთავარსარდლის შტაბს მაშინღა მომართეს. ეს მაშინ გახლდათ, როცა ჩვენ ჯერ კიდევ ხაშურში ვიმყოფებოდით. ნ. ბ. რამიშვილმა გენ. ზაქარიაძე აპარატთან გამოიძახა; ეს უკანასკნელი დაბრუნდა და მომახსენა, რომ ქუთაისიდან მთხოვენ დავნიშნო ვინმე ქუთაისში სამხედრო ხელისუფლების გაერთიანებისა და მამისონის უღელტეხილზე გადმოსული მოწინააღმდეგის წინააღმდეგ მოქმედებათა ხელმძღვანელობისთვის.

მე უნდა ვაღიარო, რომ ამ უღელტეხილზე ზამთარში მოწინააღმდეგის გადმოსვლა თავისი სიმამაცისა და სიძნელის მიხედვით უგანსაკუთრებულესთა რიცხვს უნდა მივაკუთვნოთ, და ჯარები, რომლებმაც ეს აღასრულეს, ყოველგვარი ქების ღირსნი არიან. მე სულით აღვშფოთდი (В душе меня взорвало). ისევ რაღაცას გვიკეთებენ, მე არაფერს მატყობინებენ და როცა უკვე ცუდ დღეში ვარდებიან, მხოლოდ მაშინ მოდიან გონს და მომმართავენ. ჩემს ვაგონში ამ დროს ავადმყოფი გენ. ანდრონიკაშვილი იწვა, წინა დღეს მას 39 გრადუსზე მეტი სიცხე ჰქონდა; დღეს იგი უფრო უკეთ გახლდათ. „კარგით“ – ვუთხარი გენ. ზაქარიაძეს – „მე დავნიშნავ, მაგრამ მაინც უთხარით ნოე ბესარიონის ძეს, რომ მათთან ქუთაისში იმყოფება ორი გენერალი, რომლებსაც ისინი 3 წლის განმავლობაში ყველაზე უფრო საპასუხისმგებლო პოსტებზე ამყოფებენ; ერთ-ერთი მათგანი შეძლებდა ეს მოვალეობა თავისუფლად შეესრულებია“. გენ. ზაქარიაძე წავიდა და მე გენ. ანდრონიკაშვილს მივმართე: „რაო, სანდრო, შეძლებ გამგზავრებას? თავს როგორ გრძნობ? სხვა შესაფერისი ახლა მე ხელქვეით არა მყავს; მხოლოდ შენ შემიძლია მიგავლინო“. მან მიპასუხა, რომ რომ დღეს იგი უკეთაა, სულ 38 და თავსაც არაუშავს გრძნობს. „მაშ კარგი“ – ვუთხარი მას – „გაემგზავრე, დაამყარე იქ წესრიგი, გაერკვიე რაშია საქმე და შემატყობინე; და მიიღე ზომები, რომ ხელი არავინ შეგიშალოს; დამოუკიდებლად იმოქმედე და განსაკუთრებით თვითმარქვია სტრატეგებს განერიდე“. გენ. ზაქარიაძე დაბრუნდა. არ ვიცი, ზუსტად გადასცა თუ არა ის, რაც მას ვუთხარი. ყოველ შემთხვევაში მან ასეთი პასუხი მოიტანა: გენ. ოდიშელიძე ახლა ზუგდიდშია, გენ. გედევანიშვილი კი პლევრიტითაა ავად. უკანასკნელი უცნაური გახლდათ, ვინაიდან იგი ნოე ბესარიონის ძესთან ერთად აპარატთან იმყოფებოდა.

რამდენადაც მახსენდება, გენ. ზაქარიაძემ, როცა პასუხს გადმომცემდა, მითხრა, რომ ნოე ბესარიონის ძე ამბობს, რომ, საერთოდ, მათ ორივეს არ შეუძლიათ. მე აქ უნდა აღვნიშნო შემდეგი.

18-დან 19 თებერვლის ღამეს, როცა ბოლშევიკებმა თბილისს შემოუტიეს, ეს ორივე გენერალი მეტად უცნაურად მოიქცა. გენ. ა. გედევანიშვილმა ამ ღამეს პორტფელით ადგილი მატარებელში დაიკავა, რომელიც თბილისიდან მიდიოდა. ხოლო როცა დილით მას ჩვენი წარმატების შესახებ მოახსენეს, მაშინ ვაგონიდან ჩამოვიდა და თქვა: „ბედი კი სწყალობს ამ კვინიტაძეს“. გენერალი ოდიშელიძე კი ამ ღამეს მცხეთაში აღმოჩნდა. 19 თებერვლის დილას იგი ტელეფონით დამიკავშირდა და მთხოვდა მისთვის ავტომობილი გამეგზავნა. აღმოჩნდა მან საავტომობილო ასეულს მიმართა, მაგრამ უარი უთხრეს. მე მას დაუყოვნებლივ გავუგზანე ავტომობილი და იგი თბილისში დაბრუნდა.

„გადაეცით“ – ვუთხარი ზაქარიაძეს – „რომ გენ. ანდრონიკაშვილი ახლა მოემგზავრება“. მე ამ დრომდე ზუსტად არ ვიცი, თუ როგორი ძალებით გადმოვიდა მოწინააღმდეგე მამისონის უღელტეხილზე. ყოველ შემთხვევაში, ვფიქრობ, რომ ეს უმნიშვნელო რაზმი იყო 200–300 ადამიანისგან. ვემხრობი იმ აზრს, რომ ის ნაწილობრივ ოსებით გაძლიერდა, რომლებიც იქვე მახლობლად ცხოვრობენ, ნაწილობრივ კი ადგილობრივი მაცხოვრებლებითაც. ადგილობრივი მოსახლეობის ასეთ მტრულ განწყობას მე მაშინ წავაწყდი, როცა უკვე სამტრედიაში ვიყავი. სამტრედიიდან ჩრდილოეთით ერთ-ერთ ჩვენს რაზმს, სახელდობრ კი ხომერიკის გურიის ბატალიონს, არა მარტო არამეგობრულად დახვდნენ, არამედ მუქარითაც. ის გარემოება, რომ გენ. მაქაშავიძე, რომელიც ონის გზატკეცილის გაყოლებით უტევდა, არაერთხელ აღმოჩნდა ფლანგიდან შემოვლილი, ხოლო ზოგჯერ კი მოწინააღმდეგე მის ზურგშიც ჩნდებოდა, ჩემს მიერ გამოთქმულ ვარაუდს ადასტურებს. მამისონის უღელტეხილის წინააღმდეგ მდგომარეობა იყო ასეთი. მოწინააღმდეგე ონის რაიონში გახლდათ; ჩვენი რაზმები მის წინააღმდეგ უღელტეხილებზე იდგნენ: ერთი დასავლეთით, ორი დანარჩენი სამხრეთიდან. მოწინააღმდეგე მეტად სუსტ აქტიურობას იჩენდა.

ამასობაში გაგრის მიმართულებაზე მდგომარეობა გაცილებით უარესი შეიქმნა. უნდა ითქვას, რომ ამ მიმართულებაზე ჯარები ძალზედ მცირე სიმედგრეს იჩენდნენ (войска выказали очень мало стойкости). ამ რაზმს თავიდან გენ. მაჭავარიანი მეთაურობდა; იგი დაიჭრა და მე იქ გენ. ართმელაძე დავნიშნე. მაგრამ ომისთვის მოუმზადებლობამ აქაც თავისი საბედისწერო გავლენა იქონია. ნაწილები დროულად არ იყვნენ საომარი დროის შტატებამდე შევსებული. ჩვენი გამაგრებული პოზიცია, რომელსაც სულ მუდამ ამაგრებდნენ და რომელსაც მიუდგომლადაც კი მიიჩნევდნენ, სწრაფად იქნა აღებული; როგორც ყოველთვის, მას შემოუარეს. დამხმარე ძალები იქ ყოველთვის ბათუმიდან იგზავნებოდნენ, მაგრამ ეს ძალები არ იყვნენ სამხედრო ნაწილები, არამედ საკუთრივ სამარშო კოლონები გახლდნენ, რომლებიც ერთმანეთში შეთანხმებული და შეკრული სულაც არ იყვნენ. ვფიქრობ, რომ გაგრის ფრონტის გაძლიერებაზე 3000 ადამიანამდე იქნა გაგზავნილი. გაძლიერების ეს ძალები რამდენიმე ასეული ადამიანის შემადგენლობის დასტებად ჩადიოდნენ. როგორი ძნელიც არ უნდა ყოფილიყო გარემოებები, რომლებშიც ეს რაზმი იბრძოდა, მაინც უნდა ვაღიარო, რომ ეს რაზმი უკან განსაკუთრებით სწრაფად იხევდა. ერთხელ ერთ დღეში მან 50 ვერსით დაიხია და ამ გარემოებამ მომცა საბაბი ბათუმში გაგზავნილ ტელეგრამაში ასეთი გამოთქმა გამომეყენებია: „ართმელაძე გადმოხტა“ ("Артмеладзе отскочил"). გენ. ართმელაძემ სამტრედიაში ჩემთან შეხვედრისას პირდაპირ მომახსენა, რომ ადამიანებს უბრალოდ ბრძოლა არ უნდოდათ; მოწინააღმდეგის პირველივე მოახლოვებისას ისინი პოზიციებს ტოვებდნენ და მათი შეკავება არანაირი ძალებით არ შეიძლებოდა; რომ ეს უკანდახევები სულაც არ იყო გეგმის შესაბამისი, არამედ სრულიად შემთხვევითი, და ყველა შეჩერებაზე იგი მხოლოდ დიდი ძალისხმევით აიძულებდა მათ რომ პოზიციებზე წასულიყვნენ. მის წინააღმდეგ ერთი დივიზია და მატროსების პოლკი იქნა აღმოჩენილი.

ეს სწრაფი უკანდახევა იმ დროისთვის, როცა ჩვენ უკვე სურამის უღელტეხილის დასავლეთით ვიმყოფებოდით, დასავლეთ საქართველოს თავდაცვისთვის ძალზედ მუქარის შემცველ მდგომარეობას (очень угрожающее положение) ჰქმნიდა და, ბოლოს, შეიქმნა ვითარება, როცა მე იძულებული ვიყავი ჯარების რიონის მარცხენა ნაპირზე გადაყვანისა და მხოლოდ გურიისა და აჭარის ტერიტორიის თავდაცვის გაგრძელების შესახებღა მეფიქრა.

სურამის ურელტეხილის ჩაბარების შემდეგ გენ. მაზნიაშვილისა და სუმბათაშვილის ჯარები და გვარდია ნელ-ნელა უკან იხევდნენ; ჩვენ მოწინააღმდეგეს დღე-ღამეში 5-დან 10 ვერსამდე ტერიტორიას ვუთმობდით. როცა დასავლეთ საქართველოსთვის უიმედო ვითარება შეიქმნა, მე ერთი საათით ქუთაისში მთავრობის თავმჯდომარესთან გავემგზავრე.

* * *

ჩემი გამგზავრების მომენტში მოხდა ინციდენტი. როგორც ზემოთ მივუთითებდი, ჩვენ არაფრით არ შეგვეძლო სარკინიგზო ევაკუაცია მოგვეხდინა; მატარებლები ყოველთვის თითქმის ჯარებთან ერთდროულად გადიოდნენ და ეს დიდი საცდური გახლდათ ჯარისკაცებისთვის. უნდა აღვნიშნო, რომ მატარებლებში ჩამსხდომთა შორის მთავარი ელემენტი იყვნენ გვარდიელები. ჩვენ ვღებულობდით ყველანაირ ზომებს, ძალით ჩამოვსხამდით, მე თვითონ პირადად ვაკეთებდი ამას. საერთოდ ჩვენ რაღაცას მაინც მივაღწიეთ ამ მიმართებით. ზურგის სადგურებში იდგნენ ჯარისკაცთა რაზმები ოფიცრებით, რომლებსაც მიმავალი მატარებლებისთვის თვალ-ყური უნდა ედევნებიათ. ერთ სადგურში ოფიცერი ამ ისტორიას ერთ-ერთ მატარებელს უტარებდა. მე იქვე ბაქანზე ვიმყოფებოდი და უეცრად ჩემს უკან შაშხანის ჩამკეტის ჩაკეტვის დამახასიათებელი ხმა მომესმა. შევბრუნდი და ასეთი სცენა ვიხილე. მატარებლიდან ჩამოყვანილ გაქცეულებს სადგურის ბაქანზე აწყობდნენ, და აი მოწყობილი მწკრივების წინ მე დავინახე ჯარისკაცი ოფიცრის წინააღმდეგ შემართული თოფით, ხოლო ეს უკანასკნელი კი რევოლვერს იღებდა. მე ჩავერიე და სცენა გავაჩერე, რომელიც ერთ-ერთი მათგანის სიკვდილით შეიძლებოდა დამთავრებულიყო. ვუბრძანე ახლავე მოეხდინათ მოკვლევა და დამნაშავე სასამართლოსთვის გადაეცათ. თუმცა კი ამით არ დამთავრებულა. იქვე მდგომი გვარდიის შტაბის წევრი ლადო ჯობლაძე ჩაერია, რომელმაც დაიწყო ლაპარაკი, რომ არ შეიძლება ჯარისკაცის ცემა და ყვირილი დაუწყო ოფიცერს. ირგვლივ ჯარისკაცები და ოფიცრები იდგნენ და ისმენდნენ. მე შევეცადე იგი მშვიდად გამეჩერებინა, მივუთითებდი რა, რომ სასამართლოში ყველაფერი გაირკვევა და თითოეული დამნაშავე ღირსეულ სასჯელს მიიღებს. მაგრამ მისი გაჩერება უკვე არაფრით აღარ შეიძლებოდა; იგი ოფიცრისკენაც კი მიიწევდა რათა მისთვის გაერტყა, და მე მომიხდა მისთვის გზა გადამეღობა. გონდაკარგული, იგი იმასაც ყვიროდა – „არ მოგცემთ ნებას, რომ ჩემს გვარდიელებს სცემოთ“. „ჩემი“? ამ ფრაზას შჩედრინისეული გუბერნატორის სუნი უკვე ძალიან უდიოდა. მე ვთხოვე მას არ ჩარეულიყო იმაში, რაც მისი საქმე არ გახლდათ, მაგრამ მისი დაწყნარება შეუძლებელი იყო, და მე მომიწია მისი მკვეთრი ტონიცა და მისი უხამსი ფრაზებიც მომესმინა. ირგვლივ ოფიცრები იდგნენ და მათი სახეების გამომეტყველებით ვხედავდი, რომ ძლივს იკავებენ თავს და ჩემს ერთ ნიშანს ელოდებიან, რათა მას მივარდნენ. მაგრამ, ომის მოწყობა საკუთარი განლაგების შიგნით ალბათ მიზანშეწონილი არ იქნებოდა. მე გადავწყვიტე იგი ჯარებისგან ჩამომეშორებინა, მაგრამ არა ჩემი ძალით, ვინაიდან იგი უეჭველად გვარდიაში პროვოკაციას მოაწყობდა. სწორედ რომ ქუთაისში მივემგზავრებოდი და გადავწყვიტე ამის შესახებ მთავრობის თავმჯდომარისთვის მომეხსენებია. იქ გვიან ღამით ჩავედი. როცა მთავრობის თავმჯდომარის ვაგონში შევედი, იქ დამსწრეთა შორის ლადო ჯიბლაძეც შევნიშნე; როგორც ჩანს, იგი ჩემი ორთქლმავლით მგზავრობდა. მე მთავრობის თავმჯდომარეს საქმეებზე დაველაპარაკე, რომელსაც მოვახსენე ვითარება და აღვნიშნავდი, რომ მთავრობა და დაწესებულებები უნდა გაემგზავრონ და საერთოდ აუცილებელია ქუთაისის ევაკუაცია. მე კი მივიღებ ზომებს სამტრედიის დასაცავად, რის შემდეგაც გადავალ რიონის მარცხენა ნაპირზე ჩვენს მფლობელობაში დარჩენილი ტერიტორიის თავდაცვის გაგრძელების მიზნით. დავასრულე რა საუბარი ყველა დაწვრილებითი საკითხის განხილვით, მე ვთქვი, რომ ერთი-ერთზე მსურდა მასთან საუბარი. ყველანი გავიდნენ. მე მას ლადო ჯიბლაძის საქციელის შესახებ მოვახსენე და ვთხოვე იგი ჯარებიდან მოეშორებინა. რა თქმა უნდა, ამას დაჟინებით მოვითხოვდი და თითოეული გაიგებს, რომ ეს იყო უმცირესი, რაც შეიძლებოდა მთავარსარდალს მოეთხოვა. იგი დამპირდა რომ ამას გააკეთებდა; მე გავემგზავრე და გამთენიისას უკვე ჩვენი დასავლეთის ფრონტის ჯარებში ვიყავი. და როგორი იყო ჩემი გაოცება, როცა იმავე დღეს იქ ლადო ჯიბლაძე ვიხილე; იქვე იყო ვ. ჯუღელიც. მე ვკითხე უკანასკნელს, თუ რას ნიშნავს ეს და ვუთხარი, რომ თუ ლადო ჯიბლაძე ახლავე არ გაემგზავრება, მაშინ მე გავემგზავრები. მან დამშვიდება დამიწყო და მეუბნებოდა, რომ ჯიბლაძე დღეს გაემგზავრება. „მაშინ იგი რატომღა ჩამოვიდა“? – ვკითხე მე. „ჩვენ აქ ჩამოვედით“ – მიპასუხა ვ. ჯუღელმა – „და სხდომაზე მას სხვა სამუშაოს დავავალებთ“. საჭიროა კი კომენტარები? მკითხველისთვის ნათელია, თუ რაშია საქმე. ლადო ჯიბლაძის მოშორება არ შეიძლებოდა, იგი უნდა დაეყოლიებიათ გამგზავრებულიყო. აი როგორი გახლდათ წეს-ჩვეულებანი. იგი მართლაც გაემგზავრა; სულ მცირე, მე იგი მეტად აღარ მინახავს. 

მსგავსი ინციდენტი გენ. ანდრონიკაშვილსა და ალექსანდრე დგებუაძის შორისაც მოხდა. უკანასკნელი გენ. ანდრონიკაშვილის განკარგულებებში ჩაერია და ამ ნიადაგზე მათ შორის ხმაურიანი შელაპარაკება გამოვიდა. არ მოერიდა რა იქ დამსწრეებს, დგებუაძე ანდრონიკაშვილს დაპატიმრებით ემუქრებოდა და მას კონტრრევოლუციონერსა და მეფის გენერალს უწოდებდა. გენ. ანდრონიკაშვილმა ამის შესახებ წერილობით მომახსენა, როცა მე უკვე ბათუმში მივემგზავრებოდი. მაგრამ შემდგომმა მოვლენებმა მაიძულა ეს საქმე დავიწყებისთვის მიმეცა. მე ამის შესახებ მთავრობის თავმჯდომარისთვის არ მომიხსენებია, ბათუმში ამისთვის აღარ გვეცალა.

შემდგომი უკანდახევის დროს გვარდია ზურგში გადავიყვანე და გვარდიის შტაბს ვთხოვე ამ საერთო ფაფიდან რამდენიმე ბატალიონი ჩამოყალიბებიათ. უკვე დაწყებული გორიდან მე, როცა გვარდიას ვაძლევდი განკარგულებებს, მივუთითებდი რამდენი ხიშტი გამოეგზავნათ; ბატალიონების რიცხვის განსაზღვრით დაკმაყოფილება უკვე აღარ შეიძლებოდა. გვარდიაში იყო 60–70-კაციანი ბატალიონები, ასევე 200-, 180-, 250- და 350-კაციანიც და ა. შ. მახსოვს სამტრედიაში იყო გურიის ბატალიონი ხომერიკის მეთაურობით; მან მომახსენა, რომ მას დაახლოებით 600კაცი ჰყავს. ეს ბატალიონი უნდა გასულიყო, მე მას ვუბრძანე ხალხი გამოეყვანა და მოეწყო, რათა დანიშნულების მიხედვით წაეყვანა. იგი მოვიდა და მომახსენა, რომ მზად არის გასასვლელად; აღმოჩნდა, რომ მას სულ 300 კაცი ჰყავდა. „სად არიან დანარჩენები“ – ვკითხე მას – „ორი საათის წინ ხომ მომახსენებდით, რომ თქვენ დაახლოებით 600 ადამიანი გყავთ“. „დანარჩენები დაიშალნენ“ – გაწბილებით მომახსენა მან.

საჭირო იყო სამტრედია ჩვენს ხელში შეგვენარუნებია, რათა ჯარებს შესაძლებლობა ჰქონოდათ რიონის მარცხენა ნაპირზე გადასულიყვნენ. ამასობაში მოწინააღმდეგე უკვე ძლიერად აწვებოდა ართმელაძეს და სამტრედიის სადგურს ემუქრებოდა, რომლის აღებასთან ერთადაც ჩვენი ჯარები მდ. რიონის მარცხენა ნაპირზე გადასასვლელებისგან მოყვეტილი იქნებოდნენ. აუცილებელი იყო ართმელაძე გამეძლიერებია და რიონის მარცხენა ნაპირზე ჯარების გადაყვანას შევდგომოდი. აქ საჯავახოსთან მიმდინარეობდა პოზიციის გამაგრება. ჯერ კიდევ ხაშურში ყოფნისას მე იქ გენერალური შტაბის ოფიცრები გავგზავნე, მათ რიცხვში გენ. ჯიჯიხიაც, და სამხედრო ინჟინრებიც, ჩემს მიერ მითითებული ხაზის გამაგრების მიზნით. პოზიცია მარცხენა ფლანგით მდ. რიონს ებჯინებოდა, ხოლო მისი მარჯვენა ფლანგი კი მთებში მთავრდებოდა; ფრონტით იგი დასავლეთისკენ გახლდათ. რიონი ფონით უკვე გაუვალი იყო და წყალი ყოველ დღე ემატებოდა. რიონის გაუვალობის წყალობით ამ პოზიციითაც შეგვეძლო ჩვენ შემდგომი წინააღმდეგობის ორგანიზაცია მოგვეხდინა. რიონის მარცხენა ნაპირზე ჯარების გადასვლის შესასრულებლად სურამის უღელტეხილის მიმართულებაზე მხოლოდ გვარდია დავტოვე. გენ. მაზნიაშვილისა და სუმბათაშვილის ნაწილები ჩვენი უკანასკნელი საყრდენის, ბათუმისთვის იყვნენ განკუთვნილი.

* * *

ბათუმი – იმ დროისთვის მეტად სოლიდური ციხესიმაგრე (крепость) გახლდათ, და მისი თავდაცვა იმით მსუბუქდებოდა, რომ მისი საზღვაო შეტყობინებები ჩვენს ხელში იყო, რისი ძალითაც ჩვენ შეგვეძლო ბრძოლის გაგრძელებისთვის აუცილებელი საშუალებები დაუბრკოლებლად მიგვეღო. შანსები ამ ციხესიმაგრის თავდაცვისთვის შეუდარებლად უფრო ხელსაყრელი იყო, ვიდრე თბილისის თავდაცვის პირობები, როგორც სიმაგრეებისა (укрепления) და არტილერიის აზრით, ისე ციხესიმაგრის სიმაგრეთა გარშემოწერილობისადმი ჯარების რიცხვის შესაბამისობის აზრითაც. მყარად შევინარჩუნებდით რა ბათუმს, ჩვენ გვექნებოდა მთელს ჩვენს ტერიტორიაზე აჯანყების კერების ორგანიზებისა და მხარდაჭერის შესაძლებლობა, და ხელსაყრელ გარემოებებში, მოვახდენდით რა ორგანიზებას, შეტევით ოპერაციებზე გადასვლის შესაძლებლობაც. ის გარემოება, რომ სვანეთი კიდევ დიდხანს იდგა მტრის წინააღმდეგ, აგრეთვე ისიც, რომ ქაქუცა ჩოლოყაშვილი და სხვები ამ დრომდეც განაგრძობენ ბრძოლას, ადასტურებს ამ შეხედულებას. ბათუმის დაცვა კი შესაძლებლობას მისცემდა ჩვენს ხალხს პარტიზანულ ომზე გადასულიყო; ჩვენი ტერიტორიის პირობები მეტად ხელსაყრელია ომის ამ ხერხისათვის. მოწინააღმდეგის გამოფიტვაზე ბრძოლის გაგრძელების ამ ხერხით ჩვენ შევქმნიდით ჩვენი მტრისთვის აუტანელ მდგომარეობას, თუ მხედველობაში მივიღებთ შეტყობინებისა და ტრანსპორტის საშუალებათა მთელ სიძნელეებს, როგორშიც იგი იმყოფებოდა. უეჭველია რომ საგარეოპოლიტიკური თვალსაზრისითაც ეს წინააღმდეგობა ჩვენთვის მეტად კეთილსასურველი მონაცემი იქნებოდა.

გენ. ართმელაძის სწრაფმა უკანდახევამ წამახალისა რომ იგი გამეძლიერებინა. იგი უკვე ხეთასთან იყო. მაზნიაშვილისა და სუმბათაშვილის ჯარები მატარებლებით იქნენ გაგზავნილი სამტრედიაში და უფრო შორსაც ართმელაძის რაზმის გასაძლიერებლად. 

სამტრედიაში* (*მდინარე რიონზე, ქუთაისსა და ფოთს შორის) მე ისევ სარკინიგზო ქაოსი ვიხილე. აქ მიხდებოდა არაერთხელ ჩავრეულიყავი და მატარებლების გამგზავრებისთვის თვალყური მედევნებია. აღვნიშნავ ერთ შემთხვევას. გამგზავრებისთვის ემზადებოდა ერთი ეშელონი გენ. ართმელაძის ჯარების გასაძლიერებლად. მე ამ ეშელონის გასვლას ვაჩქარებდი. როცა ის გავიდა, აღმოჩნდა, რომ ვაგონების ნაწილი, რომლებშიც რამდენიმე ასეული ადამიანი ისხდა, ჩახსნილი იყო. როცა სადგურს ჩამოვუარე, მე ეს ჯარუსკაცები დავინახე და ასეთნაირად შემთხვევით გავარკვიე, რომ მათი ვაგონები ჩახსნეს. ევაკუაციის ქაოსის კიდევ ერთ შემთხვევას მივუთითებ. ჯერ კიდევ თბილისიდან იყო გამოგზავნილი რამდენიმე ვაგონი საბრძოლო მასალებით. ისინი ან ქუთაისში უნდა ჩასულიყვნენ, ან სამტრედიაში, სადაც ჩვენი მარაგის სამსახური უნდა გაეწიათ. გენ. ყაზბეგმა მომახსენა, რომ მას ამ ვაგონების მოძებნა არ შეუძლია, თუმცა კი მათი ნომრები მისთვის ცნობილი გახლდათ. გამოძიების შედეგად, რამდენიმე დღის შემდეგ, ისინი ფოთში ჩიხში შეყვანილები ვიპოვნეთ.

გენ. ართმელაძეს შევატყობინე, რომ მის გასაძლიერებლად რკინიგზით მაზნიაშვილისა და სუმბათაშვილის ჯარებია გაგზავნილი. მაგრამ გენ. ართმელაძე მათ არ დაელოდა და შეტევაზე მარტო გადავიდა. შეტევა, რომელშიც 1000 ადამიანზე ცოტათი მეტი მონაწილეობდა, ვერ გამოვიდა და მისი რაზმი გაიფანტა. ეს შეცდომა გახლდათ. იგი შემდეგ სამტრედიაში მხოლობით რიცხვში (მარტო) გამოცხადდა.

მაზნიაშვილისა და სუმბათაშვილის ჯარები ზუგდიდში ჩამოსხდნენ და მითითებული პოზიციები დაიკავეს. ზემდგომ უფროსად გენ. მაზნიაშვილი იქნა დანიშნული. რაც ჩვენს აღმოსავლეთის ფრონტს შეეხება, აქ შემდეგი შინაარსის განკარგულებები იქნა გაცემული.

ქუთაისის საბოლოო ევაკუაციის შემდეგ გვარდიას სურამის მიმართულებიდან სამტრედიისკენ უნდა დაეხია, ხოლო გენ. ანდრონიკაშვილს კი თავისი ჯარებისგან არიერგარდი უნდა შეედგინა. ცხენოსან ჯარს ჩემგან ნაბრძანები ჰქონდა რიონის მარცხენა ნაპირზე ორი გზით დაეხია, თან შეინარჩუნებდა რა მოწინააღმდეგესთან შეხებასაც.

გენ. ანდრონიკაშვილთან იყო სამი რაზმი: 1) ონის გზატკეცილზე, 2) ტყვიბულისა და 3) საჩხერის მიმართულებებზე. მე-2 და მე-3 რაზმებს სიბნელის დადგომის შემდეგ უნდა დაეხიათ, ვაგონებში ჩამსხდარიყვნენ და რკინიგზის მთავარ ხაზზე გამოსულიყვნენ, სადაც მათ არიერგარდი უნდა შეედგინათ. ასეთივე ბრძანება უნდა გადაეცათ 1-ლი რაზმის უფროსის გენ. მიქაშავიძისთვისაც. არ ვიცი, მიიღო თუ არა მან ეს ბრძანება. შემდეგ აღმოჩნდა, რომ იგი მოწყვეტილი და პირადად ტყვედ აყვანილიც იქნა. ქუთაისიდან გენ. ანდრონიკაშვილმა თავისი მატარებელი ქალაქში შემოსული მოწინააღმდეგის გასროლების ქვეშ დაძრა. მომდევნო დილას ჩვენი ჯავშნოსანი მატარებელი ალფონს გოგუაძის უფროსობით ქუთაისის სადგურში შევარდა, იქ მყოფი მოწინააღმდეგე გაფანტა, რამდენიმე ადამიანი ტყვედ აიყვანა, ვერგამოტანილი ქონებით დატვირთული რამდენიმე ვაგონი ჯავშნოსან მატარებელს ჩაუბა და რიონის სადგურში დაბრუნდა. ეს მამაცური თავდასხმა ჩვენი ჯავშნოსანი მატარებლების მოქმედებათა სამკაულად უნდა ჩაითვალოს.

ამასობაში გენ. მაზნიაშვილი მოწინააღმდეგის ზეწოლის ქვეშ ნელ-ნელა უკან იხევდა. მისი მარჯვენა ფლანგის მოწინააღმდეგის მხრიდან უზრუნველყოფისთვის, რომელიც ქუთაისს დაეუფლა, მე ქაქუცა ჩოლოყაშვილის ერთი ასეული გავგზავნე სამტრედიიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით და გურიის ბატალიონის ასეული იმავე სამტრედიიდან ჩრდილო-დასავლეთით. ეს ასეული დანიშნულ სოფელში მივიდა და მისმა უფროსმა ტელეფონით გადმომცა, რომ ადგილობრივ მოსახლეობას თავი მის მიმართ ძალზედ მუქარის განწყობით უჭირავს (держит себя очень угрожающе), თავიდან მისი შეშვება არ უნდოდათ, ხოლო შემდეგ კი მოითხოვენ, რომ მან სოფელი დატოვოს, და რომ იგი შეშფოთებულია დანარჩენი ძალებისგან მოჭრილი არ აღმოჩნდეს. მე მას ვუბრძანე მოსახლეობის მიერ გამოგზავნილი დელეგატები დააპატიმროს და მოსახლეობას გამოუცხადოს, რომ მცხოვრებთა უმცირესი მტრობის შემთხვევაში დელეგატები დახვრეტილი იქნებიან. მიღებული ზომა ქმედითი აღმოჩნდა. ერთი საათის შემდეგ მან შემატყობინა, რომ დაპატიმრებამ იმოქმედა. მე მას მაშინვე ვაცნობე, რომ დამხმარე ძალები გავუგზავნე.

* * *

ჩვენი ევაკუაციის უკანასკნელი დღე ჩემთვის უსიამოვნო გახლდათ. მაზნიაშვილი ახალ-სენაკიდან უკან იხევდა და სამტრედიიდან სულ 20 ვერსზე იყო. ანდრონიკაშვილის ჯარებს ჯერ არ გაევლოთ. მატარებლები ციებ-ცხელებიანივით იგზავნებოდა. და აი, ამ დროს სამრედიის სადგურიდან რიონის სადგურის მხარეს გასასვლელში ორი ვაგონი მანევრირების დროს რელსებიდან გადავიდა. აღმოსავლეთიდან მომავალი ჯარებისა და ეშელონებისთვის გზა დაკეტილი აღმოჩნდა. მაგრამ, თავი გაართვეს, ეს ვაგონები ისევ რელსებზე დააყენეს.

სადგურ სამტრედიაში გატარებულ ერთ-ერთ ღამეს ვიხსენებ შემდეგ ეპიზოდს. ღამით გზები ჩამოვიარე და რომელიღაც ეშელონი შევნიშნე, ეს გენ. ანდრონიკაშვილის ერთ-ერთი ეშელონი გახლდათ. ორთქლმავალი ჩახსნილი იყო. მე ყველგან ვეძებდი და ვკრებდი ჯარებს, აქ კი ეშელონი გზაზე დგას და ეს ჩემთვის უცნობია.

ამავე დროის მანძილზე ერთი დამახასიათებელი შემთხვევაც მახსენდება. მომახსენეს, რომ ახალ-სენაკიდან ტელეგრაფის აპარატთან გენერალ-გუბერნატორი მთხოვს მისვლას. მომხსენებელი ქალაქის სადგურიდან მოვიდა და ამბობდა, რომ გენერალ-გუბერნატორი მთხოვს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და გადაუდებელი საქმის გამო. მე წავედი. გენერალ-გუბერნატორმა მალახიამ გადმომცა, რომ ხეთადან გადმოსცეს გენ. ართმელაძის ტელეგრამა ჩემს სახელზე და რომ ეს ტელეგრამა, კავშირგაბმულობის გაწყვეტის გამო, უეცრად გაჩერებულ იქნა; მან მაშინვე გადმომცა ტელეგრამის დასაწყისი. ტელეგრამის დასაწყისის მიხედვით არ შეიძლებოდა იმის მიხვედრა, თუ რა ხდება. გენერალ-გუბერნატორს ვთხოვე გაერკვია, თუ რატომ გაწყდა კავშირი. მან მზადყოფნა გამოხატა და მთხოვა ნებართვა, რომ აპარატთან ისევ გამოვეძახე, რაზედაც მე შევეკამათე, რომ არაფერი მაქვს საწინააღმდეგო, მაგრამ ვთხოვ, რომ მან საუბარში თავი აარიდოს ისეთ გამოთქმებს, რომელიც განგაშს სთესავენ ტელეგრაფის პერსონალს შორის და შეუძლიათ მათში პანიკა გამოიწვიონ. ამ ეპოზოდში დამახასიათებელია ჩემთვის მოულოდნელად გენერალ-გუბერნატორის თანამდებობის გამოჩენა. შემდეგ გავიგე, რომ ქალაქების თვითმმართველობათა ყველა თავმჯდომარე გენერალ-გუბერნატორად იქნა გადაქცეული. ზომა, შესაძლოა, სასარგებლოცაა, მაგრამ მთავარსარდალი ამის შესახებ გაცნობიერებული უნდა ყოფილიყო.

მგზავრობის დროს ჩემმა მატარებელმა ავარია განიცადა. ღამით ჩემი მატარებელი საჯავახოსკენ დავძარი. მას კვალში ევაკუირებულთა ეშელონი მოსდევდა. ჩემი მატარებელი შედგებოდა შტაბის ვაგონებისა და კიდევ რამდენიმე ვაგონისგან სამხედრო სკოლის ასეულის, საბრძოლო მასალებისა და სურსათისათვის. გზაში ყოფნის დროს, რიონზე გადასასვლელი ხიდის მახლობლად ორთქლმავალს რაღაც მოუვიდა და მატარებელიც გაჩერდა. უკნიდან მომავალი მატარებელი ჩემს მატარებელს დაეჯახა, რომლის რამდენიმე ვაგონიც რელსებიდან გადავარდა. გადარჩენილ ვაგონებს ავარიაში მოყოლილები ჩამოხსნეს და ჩვენ მოძრაობა გავაგრძელეთ. გზა გაწმინდეს და დარჩენილი მატარებლები, რომელთა რიცხვში ჯავშნოსანი მატარებლებიც იყვნენ, ღამის განმავლობაში რიონის მარცხენა ნაპირზე გადმოვიდნენ; ჯარების გადმოსვლის შემდეგ ხიდი აფეთქებულ იქნა.

მეორე დღეს დილიდან ჯარებმა არჩეულ პოზიციაზე დაიწყეს განლაგება. აქ გამოირკვა, რომ ჩვენი ცხენოსანი ჯარი უკვე მოუახლოვდა პოზიციას. პოწინააღმდეგე რიონის მარცხენა ნაპირზე არ ყოფილა, და ცხენოსანმა ჯარმა ქვეითი ჯარის პოზიციაზე ზედმეტად დაჩქარებით დაიხია. მე იგი ისევ წინ გავწიე და მის ნაწილებს ხიდის ზემოთ რიონზე მეთვალყურეობა დავავალე, ხოლო ქვემოთ კი დინების გაყოლებით იმავე მიზნით იქნა დაყენებული ქაქუცა ჩოლოყაშვილის ასეულიც. ქალაქი ფოთი ჩემს მიერ ძალების ნაწილით იქნა დაკავებული და იქ ზემდგომ უფროსად დაინიშნა გენ. ფურცელაძე. როგორც ცნობილია, ადგილმდებარეობა ფოთთან ძალზედ ხელსაყრელია თავდაცვისთვის ფრონტით ჩრდილოეთისკენ. აქ პოზიციას ხმელეთის ვიწრო ზოლი შეადგენს; მარცხნივ ზღვაა, მარჯვნიდან კი რიონის ჭაობებითაა უზრუნველყოფილი; ეს პოზიციაც ასევე წინასწარ იქნა მოყვანილი თავდაცვით მდგომარეობაში. ამ პოზიციის თავდავცა უნდა მოგვეხდინა მდ. რიონის იქითა მხარეზე, ესე იგი მის მარჯვენა ნაპირზე. 

საჯავახოს პოზიციაზე ჯარები ისე განლაგდნენ, რომ რეზერვი ჰყავდათ მარჯვენა ფლანგზე, ცოტათი უკან. მარცხენა ფლანგი ებჯინებოდა მდინარეს, რომელიც ფონში გაუვალი გახლდათ, და მისთვის შეიძლებოდა მხოლოდ საარტილერიო ცეცხლი დაეშინათ. უკანასკნელის წინააღმდეგ სამოქმედოდ სპეციალური ბატარეები იქნა დაყენებული ფრონტით ჩრდილოეთისკენ. ჩვენი ბატარეების მდებარეობა მომგებიანი იყო მოწინააღმდეგის არტილერიის მდებარეობასთან შედარებით, ვინაიდან ჩვენი არტილერია მოფარებულად იდგა და სიმაღლეებზე სადამკვირვებლო პუნქტები ჰქონდა, საიდანაც საპირისპირო ნაპირის ადგილმდებარეობა რამდენიმე ვერსზე ხელისგულივით ჩანდა; რიონის მიმდებარე ადგილი თანაბარი და გაშლილი გახლდათ, რაც მოწინააღმდეგეს ჩვენს შეფარებულ არტილერიასთან ბრძოლას უძნელებდა. ჩვენი გამაგრებული პოზიციის წინ ცხენოსანი ჯარი იდგა. მოწინააღმდეგე ამასობაში რიონის მარჯვენა ნაპირის გამოყოლებით სულ ჩვენ მოგყვებოდა და, რათა ჩვენი საჯავახოს პოზიციითვის შემოეტია, რიონის აქეთა ნაპირზე გადმოსვლა სადღაც სადგურ რიონის რაიონში უნდა მოეხდინა, ე. ი. თავიდან უკან გაბრუნებულიყო. ეს ჩვენ დროის მოგებას, და აქედან გამომდინარე, დარჩენილი ძალებისა და საშუალებათა საბრძოლველად საჯავახოს პოზიციაზე და ფოთთან თავმოყრის შესაძლებლობასაც გვაძლევდა. ამ პოზიციიდან უკანდახევის ორი გზა გახლდათ: 1) ერთი ოზურგეთის გავლით და 2) მეორეც რკინიგზის გაყოლებით. მე ვერ ვიტყვი, რომ ამ მიმართებით უკანდახევის ეს გზები სასურველ მოთხოვნებს პასუხობდა, მაგრამ, გვყავდა რა რეზერვი მარჯვენა ფლანგის უკან, ჩვენ ამ არასასურველობის პარალიზებას მოვახდენდით.

ჩვენ რიონის მარცხენა ნაპირზე, თუ მეხსიერება არ მღალატობს,12 მარტს გადავედით. 12 მარტს მოწინააღმდეგემ სადგურს საარტილერიო ცეცხლი გაუხსნა; მაგრამ ეს ცეცხლი ძალიან მოკლე ხანს გრძელდებოდა, მხოლოდ რამდენიმე ჭურვი იქნა ნატყორცნი; ცეცხლი ძალიან შორი მანძილიდან წარმოებდა და სრულებით უშედეგო გახლდათ. ამასობაში გენ. ართმელაძე სადგურ ლანჩხუთში მივავლინე, სადაც მას ხალხი უნდა შეეკრიბა და თავისი დივიზიის ბატალიონები ჩამოეყალიბებია.


თ ა ვ ი XXV 


ბათუმში ყოფნა 

12 მარტს ბათუმში გავემგზავრე. ბრძოლის გაგრძელებისთვის დარჩენილი ძალები და საშუალებანი უნდა გამერკვია, აგრეთვე ბათუმის ციხესიმაგრე, ჩვენი უკანასკნელი საყრდენი, თავდაცვისთვის მომემზადებია. ლანჩხუთში გენ. ართმელაძე გამოვიძახე და ვუბრძანე მას ჩამოყალიბებისთვის ნატანებში გადასულიყო, სადაც ოზურგეთის სათადარიგო პოლკის ხალხის მიყვანა უფრო ადვილი იქნებოდა.

ბათუმში 13 მარტს სადილის შემდეგ ჩამოვედი; გზაში 21 საათი დავყავი; ეს იმაზე მოწმობს, თუ რამდენად იყო გზა გაჭედილი, თუ მთავარსარდალმა გზის ამ შუალედის გავლა ასეთი დიდი დროის განმავლობაშიღა შეძლო; ამ გადასვლაზე ნორმალური მატარებლისთვის 4 საათი დრო საკმარისია. იმან, რაც ბათუმში ვნახე, ჩემს ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა.

სარკინიგზო სამყაროში ქაოსი გახლდათ. გზების უფროსის იქ ყოფნამ, რომელიც ბათუმში უფრო მოხერხებული მართვის მიზნით გაემგზავრა, საქმეს ვერ უშველა. არანაირი განაწილება, ევაკუირებული მატარებლებისა და ტვირთების არანაირი დახარისხება არ კეთდებოდა. მატარებლები, მათი მოსვლის და მიხედვით, მთელი შემადგენლობებით ჩიხებში და სათადარიგო ხაზებზე შეჰყავდათ. ეშელონები ჯარისკაცებით, ახალგაზრდებითა და სათადარიგოებით, ზურგის დაწესებულებებით, საბრძოლო მასალებითა და მარაგებით, სამხედრო ტვირთებითა და სურსათით სხვა უწყებებისა და სამინისტროების ტვირთებთან, წითელი ჯვრისა და ქალაქების კავშირის ტვირთებთან, აგრეთვე კერძო ტვირთებთან იყო შერეული. ასეთი ქაოსის ძალით არათუ ვაგონების ამ ზღვიდან ამა თუ იმ მატარებლებისა და ვაგონების გამოყვანა, არამედ მათი მოძებნაც კი არ შეიძლებოდა. რკინიგზის უწყებამ წინდახედულება ვერ გამოიჩინა. როცა ბათუმიდან საზღვარგარეთ საევაკუაციო ქონების გატანის ორგანიზება გახდა საჭირო, მაშინ დაუთვალავი სიძნელეები წარმოიქმნა. იმ ქონებით დატვირთული ვაგონების გამოყვანა, რომლებიც გატანას ექვემდებარებოდნენ, და გემებში ჩასატვირთად ნავმისადგომთან მიყვანა, შეუძლებელი გახლდათ. მე თვითონ ვნახე, რომ საავიაციო ქონება ნავმისადგომთან ხელითაც კი მიჰქონდათ. საზღვაო უწყებაშიც ხარვეზები აღმოჩნდა. საომარი მოქმედებების დროს ჩვენი სამხედრო-საზღვაო ძალების სათავეში ფლოტის სარდალი 1-ლი რანგის კაპიტანი თაყაიშვილი იქნა დაყენებული. მას სატრანსპორტო ცურვის რამდენიმე გემი დაექვემდებარა. მთელი პორტების უფროსი, სამოქალაქო უწყებისა, ამას შეეწინააღმდეგა და ტელეგრამით მთხოვდა ეს ჩემი განკარგულება გამეუქმებინა. მე უარი ვუთხარი. და აი ბათუმში, ფლოტის სარდალმა თაყაიშვილმა მომახსენა, რომ მას გემებს ართმევენ და მხოლოდ გამანადგურებლებს „მარიასა“ და „ვესტას“ უტოვებენ. პორტების უფროსმა, როცა მას პასუხი მოვთხოვე, განმიცხადა, რომ ამაზე არის სამთავრობო დადგენილება და მე ასეთის ასლი მიჩვენა. მართლაც, ასეთი რამ მისი მოხსენების მიხედვით 12 თუ 13 მარტს შედგა. მთავრობამ საჭიროდ არ ჩათვალა მთავარსარდლის მიერ გამოცემულ ბრძანებაზე თუნდაც მთავარსარდლის აზრი ეკითხა და ჩემი ბრძანება გააუქმა. შედეგები სატირალი აღმოჩნდა. ფლოტის სარდალმა თაყაიშვილმა მისდამი დაქვემდებარებული გემების რაზმების პერსონალს წინდახედულად შესთავაზა, რომ ვისაც ევაკუირება არ სურდათ, ნაპირზე ჩამოწერილიყვნენ და ისინი სხვებით შეცვალა. ამის შედეგად მისდამი დაქვემდებარებულ გემებს შეეძლოთ ბათუმიდან გაეცურათ. დანარჩენმა სახელმწიფო გემებმა ამის გაკეთება ვერ შეძლეს, ვინაიდან საჭირო მომენტში რაზმებმა მუშაობაზე უარი განაცხადეს. ეს გემები თაყაიშვილის გამგებლობიდან რომ არ ამოეღოთ, უეჭველია, იგი თავის ზემოაღნიშნულ ღონისძიებას ამ გემებზეც გაავრცელებდა, და მაშინ ბათუმიდან ეს გემებიც გაცურავდნენ.

სამხედრო უწყებაშიც არანაკლები ქაოსი გახლდათ. როგორც ცნობილია იანვრის მეორე ნახევარში მოვიდა გაწვევა (ახალგაზრდები). მთავარსარდლად ჩემი დანიშვნის შემდეგ აღმოსავლეთ საქართველოს ახალგაზრდები ზურგში, დასავლეთ საქართველოში იყვნენ გაგზავნილი სწავლების გაგრძელებისთვის, ვინაიდან აღმოსავლეთ საქართველო საომარ მოქმედებათა თეატრად გადაიქცეოდა. შემდეგ, შემდგომი ევაკუაციის დროს ისინი ბათუმში იქნენ გადაყვანილი. იქვე შეიკრიბნენ სათადარიგონი და ჩემი ჩამოსვლისთვის იქვე აღმოჩნდნენ ევაკუირებული არტილერია და საინჟინრო ნაწილები, ასევე ავიაცია, ავტომობილები.

ჩამოვედი რა ბათუმში, იმავე დღეს ვკითხე ციხესიმაგრის კომენდანტს, რამდენი და რა ნაწილებია ბათუმში. მან სრული უცოდინრობით მიპასუხა. რა თქმა უნდა, უწინარეს ყოვლისა უფროსები იყვნენ დამნაშავენი, რომლებსაც თავიანთი ჩამოსული ნაწილების შესახებ კომენდანტისთვის უნდა მოეხსენებიათ. მაგრამ თუ უკანასკნელნი ამას არ აკეთებდნენ, კომენდანტს თვითონ უნდა მოეკიდა ამისთვის ხელი და მიეღწია, რათა სცოდნოდა, თუ მასთან ბათუმში რა შეიკრიბა. ამაში ასევე სამხედრო მინისტრის თანაშემწეც იყო დამნაშავე.

აქ ბათუმის მოვლენების აღწერას რამდენადმე უნდა დავშორდე. მთავარსარდლის შესახებ დებულების თანახმად, ასეთი მხოლოდ მოქმედი ჯარების უფროსი გახლდათ. მარაგების მომზადების მთელი რთული სამუშაო სამხედრო სამინისტროს ხელში იყო, რომელიც მთავარსარდალს არ ექვემდებარებოდა, ასე ვთქვათ, ღრმა ზურგი მისდამი დაქვემდებარებული არ ყოფილა. სამხედრო სამინისტროსა და მთავარსარდალს შორის ურთიერთობები არ იყო მოხაზული. მაგალითად, თანამდებობაზე დანიშვნის საკითხში მთავარსარდალი ასეთს მხოლოდ სამხედრო სამინისტროსთან შეთანხმებით აკეთებდა, რომელსაც საკითხის ასეთნაირად დაყენების წყალობით შეეძლო მთავარსარდლის მიერ წარდგენილი კანდიდატები უარეყო, თუმცა კი უკანასკნელი თავის დაქვემდებარებაში მყოფებზე ერთადერთი პასუხისმგებელი გახლდათ. ურთიერთობათა ასეთი გაურკვევლობის შედეგად, სამხედრო მინისტრი და მისი თანაშემწეები ან მიმდინარე ამბების უბრალო მოწმენი იყვნენ, ან კიდევ, თუ მოქმედებას დაიწყებდნენ, შეიძლებოდა მთავარსარდლის განკარგულებებს განშორებოდნენ. მთავარსარდალს, რომელიც საომარი მოქმედებებით იყო დაკავებული, რა თქმა უნდა, არ შეეძლო დაწვრილებით მოეხდინა იმის რეგისტრირება, რაც ბათუმში ხდებოდა; მართალია, ეს კომენდანტის უშუალო საქმე გახლდათ, მაგრამ იმ საგანგებო ვითარებაში, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებოდით, სამხედრო მინისტრის თანაშემწეს შეეძლო თავისი ინერტულობიდან გამოსულიყო. იგი უნდა გამოსულიყო იქიდან, თუ სურდა ამა თუ იმ ხერხით საერთო საქმეს დახმარებოდა. მას ყველა ზომა უნდა მიეღო იმ რესურსების გაზრდისათვის, რომელთაგანაც მთავარსარდალი ამოხაპავდა ძალებს მტერთან საბრძოლველად. იმყოფებოდა რა ბათუმში, იგი უნდა ჩაფლულიყო იმაში, რაც ბათუმში ხდებოდა, და კომენდანტი მისი პირდაპირი საქმიანობისკენ მიემართა. ასე თუ ისე ბათუმის კომენდანტმა არ იცოდა, როგორ საშუალებებს ფლობს ბათუმი ცოცხალი ძალის აზრით. მე მას ვუბრძანე მომდევნო დღის 12 საათისათვის ჩემთვის ეს ცნობები მოეწოდებია. ეს ცნობები ჩემთვის მოწოდებულ იქნა, და მე მაშინვე ვუბრძანე ასეულების, ბატალიონებისა და არტილერიის ჩამოყალიბებას შესდგომოდნენ.

მთავრობაში დაბნეულობა იყო გამეფებული. მხოლოდ აქ, მთავრობის თავმჯდომარესთან შევიტყე, რომ თურქებს ართვინის ოკრუგი და არტაანი დაუთმეს მათი ნეიტრალიტეტის საზღაურად. მე ხაზი უნდა გავუსვა, მთავარსარდალი სრულებით არ იყო თურქებთან მიმდინარე მოლაპარაკებების კურსში. სამხედრო, თუნდ მთავარსარდალიც კი, მმართველთა აზრით ზედმეტი გახლდათ პოლიტიკური ხასიათის საკითხების განხილვისას. ამიტომ თურქების გამოჩენა ჩვენს საზღვრებში და განსაკუთრებით ბათუმში, მისთვის სრულ მოულოდნელობად იქცა. როცა ბათუმში ჩამოვედი, მინდოდა ეს ციხესიმაგრე თავდაცვისთვის მომემზადებია; ეს ჩვენი უკანასკნელი საყრდენი იყო და, რადგანაც საზღვაო შეტყობინებები სრულიად თავისუფალი გვქონდა, ჩვენ შეგვეძლო რესურსების გარედან ამოხაპვით (მოზიდვით) თავდაცვა გაგვეგრძელებია. მაგრამ, თურქული ჯარების ბათუმში ყოფნა, ბოლშევიკების ამ გამოუცხადებელი, თუმცა კი უეჭველი მოკავშირეებისა, ამ შესაძლებლობას არ უშვებდა. მთავარსარდალი რომ ამ მოლაპარაკებებში თავის დროზე ყოფილიყო გაცნობიერებული, მაშინ შეიძლებოდა თურქების აჭარის წყალთან ან ჭოროხის ხიდზე გაჩერება როგორც ისინი გაჩერებულ იქნენ მათი მცდელობისას რომ ფორტები დაეკავებიათ, რის შესახებაც ქვემოთ ვიტყვი. ამასობაში თურქები უკვე ბათუმის ოლქში შემოვიდნენ და შემოვიდნენ ახალციხეშიც. ასევე შემოვიდნენ ისინი ბათუმში ჩემთვის შეტყობინების გარეშე და მათ დაბინავებისთვის ბორცხანას ფორტი დაუთმეს. ჩვენ რომ ბათუმის ციხესიმაგრის თავდაცვა მოგვენდომებია, ამ თავდაცვის ჩატარება უკვე აღარ შეგვეძლო, ვინაიდან ციხესიმაგრეში უკვე მტერი იმყოფებოდა; თურქეთის, როგორც რუსეთის მოკავშირის, სხვანაირად განხილვა არც შეიძლებოდა.

როცა მე ბათუმში ჩამოვედი, თურქული პატრულები უკვე ქალაქში დადიოდნენ. დაუჯერებელი ვითარება იქმნებოდა. კომენდანტისადმი ჩემს შეკითხვაზე, თუ რატომ არის დაშვებული ასეთი მოვლენა, მან მიპასუხა, რომ თურქებმა იმისთვის დაამყარეს პატრულირება, რომ რაიმენაირი უწესრიგობა არ მოხდეს. მე შევეკითხე ქაზიმ-ბეის და ვთხოვე მას პატრულირება შეეწყვიტათ. პასუხი თავის ამრიდებლური (уклончивый) გამოვიდა. მაშინ ვბრძანე ჩვენი პატრულირება დაეწესებიათ და ჩვენი ჯარისკაცები რაზმებად თურქული პატრულების უკან დადიოდნენ. ამავდროულად ფორტების დაკავებას შევუდექი და თურქებს ჩვენს მტრებად განვიხილავდი, ასევე ამოვიცანი ქაზიმ-ბეის სურვილი რომ ბათუმი თავის ხელში ჩაეგდო.

მე მთავრობის თავმჯდომარეს ბათუმში მყოფი თურქული ჯარების შესახებ შევეკითხე. მან საკმარისად თავისამრიდებლურად და ბუნოვნად დაიწყო მათი ყოფნის ახსნა. ხოლო იმის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, რომ მთავრობის წევრები მეტად და მეტად ინტერესდებოდნენ გამოიარეს თუ არა ბოლშევიკებმა ახალციხეზე, შემდეგ კი ხულოზე, სადაც თურქული ნაწილები იყვნენ, უნდა მივიდეთ დასკვნამდე, რომ ჩვენს მთავრობას გულუბრყვილოდ სჯეროდა იმისა, რომ თურქების ყოფნა ბოლშევიკების შემოტევას გააჩერებს. ძალზედ გამჭრიახულია, რა უნდა ვთქვათ.

სხვათა შორის, კახაბერის ფორტზე ჩემს მიერ პოდპ. ქარუმიძის ბატარეა იქნა დაყენებული, რომელსაც პირადად ვუბრძანე, რათა მისი ზარბაზნები მზად ყოფილიყო ნებისმიერ მომენტში ბორცხანასთვის ცეცხლის გასახსნელად. ქაზიმ-ბეიმ უეცრად მომმართა თხოვნით გამომეყო სადგომები და სათავსოები ბათუმში მისი მომსვლელი ბატალიონებისთვის. მე ვუპასუხე, რომ ბათუმში სადგომები და სათავსოები არ არის და მის ბატალიონებს შეუძლიათ განთავსდნენ სოფლებში მდინარე ჭოროხის იქითა მხარეს, სიტყვამ მოიტანა და, ეს ბატალიონები მოკრიანის მხრიდან მოდიოდნენ. თუმცა კი ეს ჯარები ღამით ქალაქში შემოვიდნენ და დილიდან ფორტებზე წამოვიდნენ, მაგრამ ფორტები უკვე ჩემს მიერ იყო დაკავებული.

ამ ნიადაგზე მოხდა ინციდენტი. ერთ-ერთმა თურქულმა ასეულმა კახაბერის ფორტზე დაიწყო ამოსვლა. ამ ფორტის კომენდანტმა გაგზავნა კაცი თურქებისთვის სათქმელად, რომ ისინი გაჩერებულიყვნენ და გაშალა ჯაჭვი, რითაც აფრთხილებდა, რომ თურქების შემდგომი მოძრაობისას მათ ცეცხლს გაუხსნის. თურქებმაც ასევე ჯაჭვი გაშალეს, თუმცა კი წინ აღარ მოდიოდნენ. ჩემთან ქაზიმ-ბეის წარმოგზავნილი მოვიდა თხოვნით ნება მიმეცა ამ ასეულისთვის ფორტში განლაგებულიყო. მე უარი ვუთხარი და აღვნიშნავდი, რომ მივუთითებდი ადგილებს ჭოროხის იქითა მხარეზე, სადაც შეუძლია კიდეც ამ ასეულს გაემართოს, და რომ ფორტზე ჩვენი ჯარები იმყოფებიან. შემდგომში მოლაპარაკებებში ქაზიმ-ბეი მთხოვდა ნება მიმეცა ამ ასეულისთის ფორტში „ძმურად“, ჩვენს ჯარებთან ერთობლივად განლაგებულიყო და რომ მას არ გააჩნია ზნეობრივი უფლება გააბრუნოს ასეული, რომელიც ამ ფორტზეა გამოგზავნილი. მე ვუპასუხე იმავე ზნეობრივი უფლების არქონით გავაუქმო ჩემს მიერ ნაბრძანები, რომ არავინ შეუშვან ფორტში, მით უმეტეს, რომ ფორტის გარნიზონმა წინასწარ გააფრთხილა იქ მიმავალი თურქები და იძულებულიც შეიქნა საბრძოლო წყობა გაეშალა.

ალბათ დიდხანს გაგრძელდებოდა ეს მოლაპარაკებები, მაგრამ ერთი ასეულის მეთაურის ინიციატივამ ზღვარი დაუდო ფორტთან საგნების ასეთ სულელურ მდგომარეობას. ეს ასეული მეზობელის ფორტის დასაკავებლად მიდიოდა, როცა დაინახა, რომ თურქები მის წინ საბრძოლო წყობაში არიან გაშლილი, ხოლო ქართული ჯაჭვი კი მათ წინააღმდეგაა ჩაწოლილი. მან ასეული ჯაჭვში გასალა, ის თურქების უკან ჩააწვინა და ამის შესახებ მომახსენა. წარმოგზავნილს ვუპასუხე, რომ ასეულის მეთაური მშვენივრად მოიქცა და რომ პირველივე გასროლისას, რომელი მხრიდანაც არ უნდა იყოს ეს, დაუყოვნებლივ შეუტევს თურქებს. თურქები, ხედავდნენ რა საკუთარ თავს ზურგიდან შემოვლილებად, მოიხსნენ და წავიდნენ. ინციდენტი დასრულებულ იქნა.

მთავარი, რაც ხელს მიშლიდა, ეს იყო თურქებთან ჩვენი ურთიერთობების განუზღვრელობა. მმართველები სულ მუდამ მთხოვდნენ, რომ მათთან თავაზიანი ვყოფილიყავი. თურქები ჩვენ გველაპარაკებოდნენ, როგორც მეგობრები, მაგრამ მოქმედებდნენ, როგორც მტრები. მთავრობის თავმჯდომარემ ჩემთან რამდენჯერმე ხაზი გაუსვა, რომ მე თურქებს რაც შეიძლება მშვიდობისმოყვარულად მოვქცეოდი, რათა ჩვენსა და თურქებს შორის რაიმენაირი ინციდენტი არ მომხდარიყო, რომელიც შეიძლებოდა ჩვენი მშვიდობიანი ორმხრივი ურთიერთობების დარღვევის მიზეზად და საბაბად გამხდარიყო. როგორც ჩანს, მთავრობას სჯეროდა იმისა, რომ თურქები გადაუღობავდნენ ბოლშევიკებს მათ შემდგომ წინსვლას.

ვითვალისწინებდი რა შეიარაღებული შეტაკების შესაძლებლობას თურქებთან, რომლებიც უკვე ბათუმში იმყოფებოდნენ, წინასწარ დავიკავე ფორტები; ახალა მე ნატანებიდან გამოვიძახე ყველაფერი, რაც იქ გენერალმა ართმელაძემ ჩამოაყალიბა. გენ. ართმელაძე თავისი ჯარებით საჯავახოს* ფრონტის (*საქართველოს სამხრეთ-დასავლეთში) გაძლიერებისთვის იყო განკუთვნილი, მაგრამ ბოლშევიკებთან ზავის შესახებ დაწყებულმა მოლაპარაკებებმა და იმ მდგომარეობამ, რომელიც ბათუმში იქ თურქების დაშვებასთან დაკავშირებით შეიქმნა, წამახალისა რომ ეს ჯარები ბათუმში გამომეთხოვა. გასაოცარი მდგომარეობა შეიქმნა. ჩვენს მტერთან, ბოლშევიკებთან, ზავი დავდეთ და ეს ნიშნავს, რომ მათ ბათუმში ვუშვებდით, ხოლო თურქები კი, ეგრეთ წოდებული „მეგობრები“, ჩვენს ქვეყანაში ისე მოქმედებდნენ, როგორც დაპყრობილში, და ყოველ წუთს შეიძლებოდა მათთან შეიარაღებული შეჯახების მოლოდინი გვქონოდა.

გენ. ართმელაძემ თავისთან ბათუმში 1500 კაცი მოიყვანა.

17 მარტს მე აზიზეს მოედანზე ამ ჯარების აღლუმი მოვაწყე. ვუშვებდი რა, რომ ქაზიმ-ბეი შეიძლება შეეცადოს მთავრობა დააპატიმროს, ჯარების უმეტესი ნაწილი აზიზეს მოედნის მახლობლად განვალაგე, სადაც მთავრობის მატარებელი იმყოფებოდა. არ შემიძლია ზუსტად მივუთითო, მაგრამ მივიღე შთაბეჭდილება, რომ მმართველთა შორის ღვიოდა იმედი, რომ თურქები, დაიკავებენ რა ჩვენს ტერიტორიას, არ გამოატარებენ ბოლშევიკებს თავიანთი ჯარების გამოვლით, და იმავე დროს აწარმოებდნენ მოლაპარაკებებს ზავის შესახებ ბილშევიკებთან. ეს უკანასკნელი იმედი იმით იქნა დამსხვრეული, რომ თურქებმა, დაიკავეს რა ხალციხე, ჟლობას ცხენოსანი ჯარი გამოატარეს, რომელიც ახალციხის მხრიდან ბათუმში მოემართებოდა, როცა ჩვენი ჯარები, რომლებიც თურქებთან ბრძოლაში ჩაებნენ, ისინი ციხესიმაგრიდან გამოდევნეს. ვიხსენებ იმ ინტერესს, რომლითაც მთავრობის წევრები მომმართავდნენ, რათა გაეგოთ, იმყოფებიან თუ არა თურქები ახალციხეში და გამოიარეს თუ არა მათ განლაგებაზე ჩვენი მტრის ჯარებმა.

აღვნიშნავ კიდევ ერთ შემთხვევას, რომელიც ახასიათებს თურქების ჩვენდამი დამოკიდებულებას. როცა გადაწყვეტილ იქნა მოწინააღმდგესთან მოლაპარაკებებს შევდგომოდით, მაშინ ახალციხის მხარეს გაიგზავნა ოფიცერი პარლამენტიორის დროშით, რათა მოწინააღმდეგის ჯარებისთვის, რომლებიც ახალციხის მხრიდან მოემართებოდნენ, საომარ მოქმედებათა შეწყვეტის შესახებ გამოეცხადებია. ხულოში მყოფმა თურქებმა, პარლამენტიორის დროშის მიუხედავად, ჩვენი წარმომადგენელი დააპატიმრეს. ამრიგად, თურქები თავიანთი ნაწილების გამოვლით ჩვენს მოწინააღმდეგეს დაუბრკოლებლად უშვებდნენ, ჩვენი პარლამენტიორი კი დააპატიმრეს. 

მთავრობამ ამასობაში გადაწყვიტა მოწინააღმდეგესთან ომი შეეწყვიტა და ევაკუაციის შესახებ დადგენილებაც გამოსცა. ეს 15 რიცხვში გახლდათ. მე სხდომას ვესწრებოდი. საბოლოო მოლაპარაკებებისთვის პირობად მოწინააღმდეგე თავისი ჯარების ბათუმში შეყვანას გვიყენებდა. ეს პირობა მიღებულ იქნა და ზავზე ხელის მოსაწერად 15 მარტს სამტრედიაში გრ. სპ. ლორთქიფანიზე გაიგზავნა. სამხედრო წარმომადგენლის სახით ასეთი საქმისათვის დავნიშნე გენ. ი. გედევანიშვილი. ზავის შესახებ ხელშეკრულება სამტრედიაში 16 მარტს იქნა ხელმოწერილი.

ჯარების საზღვარგარეთ ევაკუაციასთან მიმართებაში ჩემს მიერ მთავრობის თანხმობით ბრძანება იქნა გაცემული; ეს ბრძანება წინასწარ განიხილეს. პირველ პუნქტში ჩემს მიერ მოთავსებული იყო ფრაზა, რომ ევაკუაცია „წარმოებს ბრძოლის გაგრძელების მიზნით“. ამ სიტყვებმა ჩემდა გასაოცრად მხურვალე კამათი გამოიწვია; დიახაც რომ – ზავს დებდნენ ბოლშევიკებთან. ამ სიტყვების დაშვება არ უნდოდათ, და მხოლოდ კონსტანტინოპოლში გავიგე თუ რაშია საქმე.

როგორც მთავრობის წევრები, ისე სხდომაზე დამსწრენიც, როგორც მაგალითად, კარლო ჩხეიძე, სილიბისტრო ჯიბლაძე, ამ ფრაზის წინააღმდეგ იყვნენ. თუმცა კი, ჩემს ბრძანებაში ამ ფრაზის შენარჩუნება მოხერხდა. ბრძანებაში მოხსენიებული იყო, რომ ევაკუირება შეუძლიათ მხოლოდ მათ, ვინც მოისურვებს. განხილვის დროს მოხდა სამხედრო მინისტრ ჭიჭინაძის განცხადება. მან მოულოდნელად, სწორედ რომ მოულოდნელად, დაიწყო ლაპარაკი, რომ მას არავის და არაფრის არ ეშინია, და შემდეგ მე უკვე არ მახსოვს რა; როგორც ჩანდა ნათქვამი მე მეხებოდა; ისე გამოდიოდა, რომ მე ვიღაცას რაღაცით ვემუქრებოდი. მე უკიდურესად გაოცებული ვიყავი და ვუპასუხე, რომ არავის არ ვემუქრები. საუბარი მკვეთრ და ხმამაღალ ტონში წარმოებდა, მაგრამ დანარჩენები ჩაერივნენ და სამხედრო მინისტრი დაამშვიდეს. როგორც ჩანს მმართველთა შორის არსებობდა აზრი, რომ მე შემიძლია მთავრობა დავაპატიმრო.

მთავრობის ეს ბრძანება ჯარებში გადავეცი. ეს ბრძანება, რა თქმა უნდა, ეცნობა სამხედრო სამინისტროსაც. სამხედრო მინისტრის თანაშემწე გენ. ა. გედევანიშვილი თავისი გარინდებიდან გამოვიდა. მე იმავე დღეს მივიღე შეტყობინება, კანცელარიის უფროსის გენ. ქავთარაძის მიერ ხელმოწერილი, რომელშიც სამხედრო მინისტრის თანაშემწის გენ. გედევანიშვილის ბრძანებით, ოფიცრებს იწვევდნენ (მითითებული იყო ადგილი) „ევაკუაციის შესახებ მთავარსარდლის ბრძანების განხილვისთვის“. მე მაშინვე გავაუქმე ეს შეკრება. მაგრამ გენ. გედევანიშვილის ეს ბრძანება ძალზედ დამახასიათებელია. ის მიუთითებს, თუ როგორი იყო ორმხრივი ურთიერთობანი მთავარსარდალსა და სამხედრო სამინისტროს შორის. სამხედრო მინისტრის თანაშემწეს არ რცხვენოდა გაეცა ბრძანება მთავარსარდლის თანდასწრებით, რომ არაფერი ვთქვათ იმაზე, რომ ოფიცრების შეკრება მთავარსარდლის ბრძანების განსახილველად დაუშვებელია.

მთავრობის ზემოხსენებული ბრძანება ევაკუაციის შესახებ აღსრულებაში ვერ იქნა მოყვანილი. 17 მარტს მთავრობის სხვა დადგენილების ასლი მომაწოდეს. მასში მითითებული იყო, რომ ევაკუაციისთვის მთავრობის გარდა დაიშვებიან 10 პოლიტიკური მოღვაწე, გვარდიის 15 წარმომადგენელი, მთავარსარდლის შტაბი და 50 ოფიცერი. ჩემს პროტესტზე მიპასუხეს, რომ სახსრები არ არის. თუმცა კი ესეც ვერ იქნა შესრულებული; მაგრამ ამის შესახებ მე შემდგომ მოგონებებში ვიტყვი.

ამ მეორე ბრძანების საჯავახოში გადაცემა ვერ მოვახერხე, ვინაიდან ამ დღეს ცენტრალური სატელეგრაფო სადგური ქალაქში თურქების მიერ იქნა დაკავებული. მინდოდა სადგური უკან ისევ ძალით ამეღო, მაგრამ მთავრობა, როგორც ადრეც, როგორც ყოველთვის, დაჟინებით მოითხოვდა იმას, რომ ჩვენსა და თურქებს შორის სისხლიანი შეტაკებები არ ყოფილიყო. თურქების ეს მოქმედებები საკუთრივ უკვე საომარი მოქმედებების დაწყება გახლდათ. თვითონ მთავრობას კი, როგორც ჩანდა, არ შეეძლო სატელეგრაფო სადგურის განთავისუფლებისთვის მიეღწია. ჩასხდომა-ჩატვირთვისა და გამგზავრების მოხდენას 17-ში კი არ ვარაუდობდნენ, როგორც ეს სინამდვილეში მოხდა, არამედ არაუადრეს 18 მარტისა.

როცა გრ. სპირ. ლორთქიფანიძე ზავის დასადებად სამტრედიაში გაემგზავრა, მაშინ გენ. მაზნიაშვილს, ჯარების უფროსს საჯავახოში, გადაეცა, რომ ხელშეკრულების პირობების თანახმად მას მოწინააღმდეგის ეშელონი დაუბრკოლებლად გამოეტარებია, რომლისთვისაც სადგურ საჯავახოში ვაგონები უნდა მოემზადებია; ხიდზე მოძრაობა მატარებლებს, მისი გაფუჭების გამო, არ შეეძლოთ.

ბათუმში ამასობაში, კომენდანტის ყოფნის მიუხედავად, იყო გენერალ-გუბერნატორი გრ. თეიმ. გიორგაძე. მან მიიღო ცნობები და მთავრობას ჩემი თანდასწრებით ძალზედ აღელვებით გამოუცხადა, რომ ქალაქის ერთ-ერთ ტიპოგრაფიაში ბეჭდავენ ქაზიმ-ბეის განცხადებას, რომელშიც უკანასკნელი ბათუმის გენერალ-გუბერნატორად აწერს ხელს; რიგ პუნქტებში იყო ერთი, რომლის მიხედვითაც მთელ შეიარაღებულ ძალებს იარაღი უნდა დაეყარა. ეს იყო ღამით და დილით კი ეს განცხადება კედლებზე უნდა გამოჩენილიყო. მან არ იცოდა, და ასევე სხვებმაც, თუ რა გაეკეთებიათ. მე ვურჩიე ჩემი ძალაუფლებით იმ ტიპოგრაფიაში ახლავე ჩხრეკვა მომეხდინა და ყველაფერი დამელუქა. ამრიგად ქაზიმ-ბეის ამ ბრძანების გამოცხადება გაჩერებული აღმოჩნდებოდა. ასეც გავაკეთეთ.

მაგრამ, შემდეგ დღეს ე. პ. გეგეჭკორის ვაგონში ქაზიმ-ბეის წარმოგზავნილი მოვიდა, რომელსაც უნდოდა მისთვის განცხადების ტექსტი ჩაებარებია, რომელიც მთავრობის სახელზე იყო გამოგზავნილი. ე. პ. გეგეჭკორმა ეს გზავნილი არ მიიღო და წარმოგზავნილმა, წასვლისას, ის ვაგონში კარის ქვეშიდან შეაცურა. თურქებმა ამ ბრძანებით ზარადი აიწიეს და თავიანთი ნამდვილი სახე გამოაჩინეს.

* * *

ამასობაში მთავრობის თავმჯდომარემ მიბრძანა არმიის დემობილიზაციის შესახებ ბრძანება გამეცა. ეს ბრძანება უცნაური იყო და, თურქების მიერ ჩვენდამი გამოხატული აგრესიულობის გათვალისწინებით, ვითარებას არ შეესაბამებოდა. მე კი, როცა ჯარებს ფორტებში ვაყენებდი, მივუთითე მათ განსაკუთრებით დაეცვათ პოზიციები თურქების მიერ მტრული მოქმედებების დაწყების შემთხვევაში; ართმელაძის ჯარებს ჩემს რეზერვში ვიტოვებდი. დემობილიზაციის შესახებ ბრძანება ვერ შეიძლებოდა საჯავახოში ყოფილიყო გადაცემული, ვინაიდან სატელეგრაფო სადგური ჩვენს ხელში აღარ გახლდათ. მე ვერ ვიხსენებ, მაგრამ მგონი ჩვენ გვინდოდა ეს ბრძანება რკინიგზით გაგვეგზავნა, ან კიდევ შეიძლება ჩვენ გვინდოდა ამის გაკეთება, მაგრამ აღმოჩნდა რომ მისი გადაცემა შეუძლებელი იყო. ყოველ შემთხვევაში ეს ბრძანება მე განსაკუთრებულად არსებითი არ მეჩვენებოდა, რათა განსაკუთრებით მეცადა ჯარებში მისი გადაცემა. დემობილიზაცია ძალზედ რთული ოპერაციაა და რადგანაც მას ატარებ, მაშინ უნდა მიუთითო, თუ როგორ ჩაატარონ იგი, სად წავიდნენ კადრები, სად ჩააბარონ ქონება და ა. შ. მთავრობის თავმჯდომარეს, როგორც ჩანს, დემობილიზაცია წარმოედგინა როგორც კრების ან მიტინგის დაშლა. ყველაფერ ამის გაკეთება ჩვენ არ შეგვეძლო და ეს ბრძანებაც არარეალური და ვერშესრულებადი აღმოჩნდა. ამ დრომდე არ ვიცი, თუ რითი იყო ეს გამოწვეული. უნდა ვიფიქროთ, რომ გრ. ლორთქიფანიძის მიერ ბოლშევიკებთან დადებულ საზავო ხელშეკრულებაში ბოლშევიკების მიერ ჩვენი ჯარების დემობილიზაცია მოითხოვებოდა; ამ ხელშეკრულების მუხლები ჩემგან დაფარული გახლდათ. ბათუმის გარნიზონში მე ის, რა თქმა უნდა, არ გადამიცია.

გადაწყვეტილი ევაკუაციის გათვალისწინებით მმართველების მიერ დადგენილ იქნა მთავრობის წევრთა შემადგენლობის შემცირება. სხვათა შორის ამორიცხულ იქნენ სამხედრო მინისტრი თავის თანაშემწესთან ერთად. მთავარსარდალი არ ამოირიცხებოდა. ნათელია, რომ ეს თანამდებობა დატოვებას ექვემდებარებოდა; წინააღმდეგ შემთხვევაში მე ჩემი გაუქმების შესახებ ისევე მაცნობებდნენ, როგორც აცნობეს დანარჩენებს, რომლებიც შემცირებას ექვემდებარებოდნენ.

მთავრობის შემადგენლობაში დატოვებულ იქნენ: მთავრობის თავმჯდომარე ნ. ნ. ჟორდანია, საგარეო საქმეთა მინისტრი ე. პ. გეგეჭკორი, შინაგან საქმეთა მინისტრი ნ. ბ. რამიშვილი და ფინანსთა მინისტრი კ. ნ. კანდელაკი. თუმცა კი შემდეგ, ნაწილობრივ გზაში, ნაწილობრივ კონსტანტინოპოლში და პარიზშიც კი, ყოველივე ეს შეიცვალა. სხდომებზე ჩემთვის არაერთხელ უთქვამთ, რომ მე ოჯახთან ერთად უნდა გავემგზავრო და რომ ჩემთვის მომზადებულიქნება კაიუტა „კირალიში“. ამასვე ამბობდნენ შტაბის უფროსის გენ. ზაქარიაძის მიმართებითაც. შემდეგ გენ. ოდიშელიძე მეუბნებოდა, რომ მთავრობის თავმჯდომარე მასაც ეუბნებოდა გამგზავრების შესახებ. ჩემი მომავალი მატერიალური უზრუნველყოფის თაობაზე მე საკითხი არ წამომიყენებია. საერთოდ არ მომდიოდა თავში ის აზრი, რომ ისეთ მდგომარეობაში ვიქნებოდი ჩაყენებული, როგორშიც მათ შემდგომში ჩამაყენეს. მახსოვს ერთ-ერთ სხდომაზე, როცა ოფიცრებთან მიმართებით, ევაკუირებულთა შენახვის ფულადი სახსრების შესახებ, ჩემს მიერ შეტანილი საკითხი განიხილებოდა, ლაპარაკი იყო იმ შესაძლებლობაზე, რომ ყველას, მთავრობასაც და დანარჩენებსაც, კომუნალურ საწყისებზე გვეცხოვრა. სიტყვასიტყვით ამას ე. პ. გეგეჭკორი ამბობდა, ძნელი იყო ამ ადამიანებისთვის არ დამეჯერებინა. გამგზავრების დღე დანიშნული არ ყოფილა.

ამასობაში ქალაქში არ იყო სიმშვიდე. ჯერ კიდევ ომის დასაწყისში, როცა ყველასათვის ნათელი შეიქნა, რომ ჩვენ ომისთვის სრულებით არ ვიყავით მომზადებული, ოპოზიციურ პარტიებს შორის შეიქმნა მთავრობის მოქმედებებით უკმაყოფილება. არ შევცდები, რომ ასეთ მოვლენას ადგილი ჰქონდა არა მარტო ოპოციციურ პარტიებსა და თბილისის საზოგადოებრივ წრეებს შორის, არამედ თავად სოციალ-დემოკრატიული პარტიის შორისაც. თბილისის თავდაცვის უკანასკნელ დღეებში ჩემთან გამოცხადდა დეპუტაცია დამფუძნებელი კრებიდან წინადადებით, ხომ არ მიმაჩნია სწორად, რომ გამოცხადებული ყოფილიყო დიქტატურა. რამდენადაც მახსოვს, არ ლაპარაკობდნენ იმაზე, თუ დიქტატორი ვინ იქნებოდა. დიქტატორის დანიშვნა იმ მომენტში, როცა ქვეყანას არ გააჩნდა სახსრები ბრძოლისათვის, საქმეს ვერ უშველიდა. დიქტატორს არ შეეძლო ეშვა არ ჯარები, არც ვაზნები, არც ჭურვები, არც თოფები, არც სანივთე კმაყოფა (вещевое довольствие). მე ამ აზრით ვუთხარი მათ კიდეც. უკვე როცა ჩვენ ხაშურში ვიყავით, ჩემთან ჩამოვიდა დამფუძნებელი კრების კომისია მთავრობის მოქმედებებზე და საერთოდ ყოველივე მიმდინარეზე საკონტროლო ხასიათის უფლებამოსილებებით. ზემოხსენებული კომისიის დანიშვნა დამახასიათებელია და გვაძლევს იმის ნიშნებს, რომ მთავრობის მოქმედებები დამფუძნებელ კრებასაც ვერ აკმაყოფილებდა. რაც უფრო ახლოს ვიყავით ბათუმთან, მით უფრო ძლიერი ხდებოდა მთავრობისადმი უარყოფითი დამოკიდებულება. ბათუმში, უკანასკნელ დღეებში, უკვე აშკარად ჩანდა მთავრობით ღია უკმაყოფილება. ჩემთის, რა თქმა უნდა, ეს ცნობილი გახლდათ. ამავე დროს ასეთი მოვლენა თვითონ მთავრობისთვისაც იყო ცნობილი. იგი ზომებს ნ. ბ. რამიშვილის მეშვეობით ღებულობდა. ეს უკანასკნელი შინაგანი ცხოვრების ყველა საკითხს უკვე დიდი ხანი იყო დაშინებითა და დაჭერით წყვეტდა. მან თავისი საყვარელი სისტემა აქაც გამოიყენა. დაჭერები თვით იმ დღის დილითაც კი წარმოებდა, რომლის საღამოსაც მთავრობა გემში ჩასხდა.

არ მახსოვს მან თუ მთავრობის თავმჯდომარემ მაცნობეს კონფიდენციალურად, ამისთვის საგანგებოდ ვიქენი დაძახებული, რომ ზოგიერთ წრეებში შემჩნეულია საქმიანობა, ასე ვთქვათ, თურქული ორიენტაციის მხარეს, და რომ დაპატიმრებები მათ წინააღმდეგაა მიმართული. მე ძალზედ გაკვირვებული ვიყავი იმით, რომ ასე კონფიდენციალურად გამანდეს საშინაო პოლიტიკის საქმეები, რასაც ადრე არასდროს აკეთებდნენ, როცა შეიარაღებული ძალების სათავეში ვიყავი ხოლმე დაყენებული. მე მაშინ ამ საკითხზე არ შევჩერებულვარ: ძალზედ ბევრი მქონდა ჩემი უშუალო საქმე, და ყველაფერი ესეც მათი ეშმაკური ნახლართები გახლდათ. სხვა შორის დაპატიმრებულ იქნა ყოველთვის უბედური დღის მქონე მეზღვაური, საშა ჭავჭავაძე. ვფიქრობ, რომ იგი ისევე იყო ბრალეული თურქებთან ურთიერთობებში, როგორც მე ჩინელებთან. საშა ჭავჭავაძე კი დიდი ხანი იყო ცნობილი გახლდათ თავისი უთანხმოებებით მმართველ წრეებთან მათ მიერ საზღვაო უწყებაში საქმეების წარმოებასთან მიმართებაში; ამას იგი არც მალავდა. მე ვთხოვე ნ. ბ. რამიშვილს იგი გაეთავისუფლებია, და თავდებადაც ვუდგებოდი, რომ არანაირი ურთიერთობებში თურქებთან იგი გარეული არ ყოფილა. იგი გაანთავისუფლეს. დაჭერებში თავგამოდება ისეთი ძლიერი ჰქონდა ნ. ბ. რამიშვილს, რომ, როგორც შემდეგ კონსტანტინოპოლში სარწმუნო წყაროებიდან გადმომცემდნენ, მას ბათუმში ჩემი დაპატიმრებაც უნდოდა. რაში ჰქონდა მას ჩემზე ეჭვი, არ ვიცი. მას შეუძლია ვინც უნდა და რაშიც უნდა დაადანაშაულოს და არ გამიკვირდება, რომ მე მას თვით ბოლშევიკებთან ურთიერთობებშიც კი თუ დავედანაშაულებინე.

ამრიგად ბათუმში შეიქმნა მთავრობის მიმართ მეტად მტრული დამოკიდებულება. ჩემთან ბევრი მოდიოდა, რომელთა შორისაც იყვნენ პოლიტიკური მოღვაწეები, და აღნიშნავდნენ, რომ მთავრობამ ცუდ მდგომარეობაში ჩააგდო ხალხი, ის არ ზრუნავდა ქვეყნის თავდაცვაზე და სხვა; შედეგად ისინი მიიჩნევდნენ, რომ საჭიროა მთავრობის დაპატიმრება. ეს ადამიანები მოდიოდნენ, ითხოვდნენ რა აუდიენციას – საიდუმლო საუბრის მიზნით. მომსვლელთა შორის იყვნენ ოფიცრებიც, რომელთაც არ ერიდებოდათ ღიად სწორედ იგივე ეთქვათ. შეიძლება მისაყვედურონ, თუ ეს ჩემთან მოსულები რატომ არ დავაპატიმრე. მაგრამ მე მაშინ ვთვლიდი და ახლაც ასე მიმაჩნია, რომ შექმნილ ვითარებაში, როცა საერთო განწყობა ძალზედ აღელვებული იყო, დაპატიმრება დამაშინებელ აქტად ვერ გამოდგებოდა, არამედ, პირიქით, დენთში ნაპერწკალი იქნებოდა და მთავრობის წინააღმდეგ საერთო გამოსვლას გამოიწვევდა, რისი თვით მცდელობაც კი, საკუთარ თავში შედეგების შემცველი, საქართველოს მთავრობისთვის არაკეთილსასურველი იქნებოდა. ჩვენთან იყვნენ უცხოური მისიები. მე ვპასუხობდი სხვანაირად. ვპასუხობდი ღიმილით და ვუმატებდი, რომ ასეთი რამის მოხდენის ნებას არ მივცემ და არც პასიური მოწმე ვიქნები, ერთ ჯგუფს კიდეც ვუთხარი: „მხოლოდ ჩემს გვამზე გადავლით“. მე ამის დაშვება არ შემეძლო. არ შემეძლო ამის დაშვება იმიტომ, რომ საკმარისად პატიოსანი ვიყავი, რათა არა თუ არ გამოვსულიყავი მთავრობის წინააღმდეგ, არამეც არც პასიურად დავსწრებოდი ასეთ უკანონო აქტს; და მთავრობის ცხოვრების უძნელეს მომენტში მისი დაპატიმრების ნება მიმეცა, როცა მას საკუთარი თავი შეიძლებოდა ყველასაგან მიტოვებულად ეგრძნო, ჩემი ხასიათის პირად ნიშნებს არ შეესაბამებოდა. ცხოვრების ძნელ მომენტში უარის თქმა მათზე, ვისთანაც ბედმა დამაკავშირა, ნაძირლობა იქნებოდა.

მაგრამ აუცილებელია მხედველობაში გვქონდეს სხვა გარემოებაც, რომელიც პოლიტიკურ ხასიათს ატარებდა. საჭირო იყო მთავრობის გადარჩენა. იგი საქართველოს დამოუკიდებლობის იდეის ხორცშესხმას წარმოადგენდა. ის არ შეიძლებოდა დაპატიმრებული ყოფილიყო, ვინაიდან მაშინ ჩვენს მოწინააღმდეგეს, ბოლშევიკებს, ხელში უდაო ფაქტი ექნებოდათ, რომ მთავრობა ხალხის მიერ იქნა დამხობილი და მაშინ საქართველოს დამოუკიდებლობის იდეას ვერ შეეძლებოდა დასავლეთ ევროპის დერჟავებს შორის დამცველნი ეპოვა. თვით მცდელობაც კი ამ მიმართულებით ამ მიზნისათვის დასავლეთ ევროპის არა მხოლოდ სამთავრობო, არამედ პოლიტიკურ და საზოგადოებრივ წრეებშიც მეტად და მეტად არასასურველად აისახებოდა. ჩვენი იდეა დამცველებს დაკარგავდა. მხედველობაში უნდა გვქონდეს, რომ აქვე ბათუმში უცხოური დერჟავების – ინგლისის, იტალიის, საფრანგეთის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. 

შესაძლო მოვლენების თავიდან აცილებისთვის მონაწილეობა მიიღეს ჩემმა უახლოესმა თანაშემწეებმა, რომელთა შორისაც დავასახელებ გენ. ჩხეტიანს, მიუხედავად იმისა, რომ იგი მმართველი წრეების მოქმედებებს ძალზედ უარყოფითად ეკიდებოდა. ჩემის მხრივ მე მივიღე ზომები. იუნკერთა ასეული მუდამ ჩემთან იყო მატარებელში, რომელიც მთავრობის მატარებლის გვერდით იმყოფებოდა. მე ჯავშნოსანი მატარებელი გამოვიძახე და ის სამთავრობო მატარებლის მეორე მხარეს დავაყენე და არაერთხელ ვაფრთხილებდი ვ. ჯუღელს, რათა მას მთავრობის დაპატიმრების მცდელობის შესაძლებლობის შემთხვევისთვის საიმედო გვარდიელები მზად ჰყოლოდა. ამასთან ერთად 17 მარტის დაღამებამდე სულ მუდამ ან მთავრობის მატარებელში ვიყავი, ან კიდევ ბაქანზე მის მახლობლად. მცდელობის შემთხვევაში მე ასეთს პირადი ჩარევით და, ვფიქრობ, გასროლის გარეშე გავაჩერებდი; სამხედროების გარეშე ამას ვერ მოახდენდნენ, ხოლო სამხედროები კი, დარწმუნებული ვარ, ჩემს სიტყვას უფრო მეტად მოისმენდნენ, ვიდრე რომელიმე სხვისას. მიუხედავად იმისა, რომ ახლა მთავრობამ გამოუვალ მდგომარეობაში ჩამაყენა და აქ, უცხოეთში, ასე საძაგლად მომექცა, მე მაინც არ ვნანობ იმის გამო, რაც გავაკეთე.

ვიხსენებ ერთ პატარა სცენას. მე ბაქანზე ვიდექი და ვაგონების იქითა მხრიდან 40–50 ადამიანისგან შემდგარი ჯგუფი დავინახე, ოფიცრებიცა და არაოფიცრებიც. ეს ჯგუფი ბაქნისაკენ მოემართებოდა. მათი განზრახვები მე არ ვიცოდი და, ძალიანაც შესაძლებელია, რომ ისინი ყველაზე უფრო მშვიდობიანიც კი ყოფილიყო. ისინი ბაქანს მოუახლოვდნენ, შემამჩნიეს, სამხედრო სალამი მომცეს და გვერდით მშვიდობიანად ჩამიარეს.

პირველი ცნობა იმის შესახებ, რომ მთავრობა გემში სხდება და ბარგდება მე ჩემი ერთი ნაცნობი ქალის ანიკო ქავთარაძისგან შევიტყე. როგორც ვთქვი, ნავარაუდევი იყო 18 მარტზე ადრე არ ჩამსხდარიყვნენ. იგი მე გადმომცემდა, რომ სერიოჟა ქავთარაძე, მისი ქმრის ძმა, დაპატიმრებული ბოლშევიკი, მთავაზობდა არ გავმგზავრებულიყავი და ჩემი უსაფრთხოების საკითხში თავდებად მიდგებოდა. მე მხოლოდ ვუპასუხე: „მას კი ვინ დაუდგება თავდებად“.

შევიტყე რა ამ გადაწყვეტილების შესახებ მე სამთავრობიო მატარებელთან დავბრუნდი, სადაც ბაქანზე მაცნობა კიდეც გვარჯალაძემ ის, რასაც ზემოთ ვწერდი. უკვე საღამოვდებოდა; მე ოჯახი გემ „კირალიზე“ გავგზავნე. ვთხოვე გენ. ჩხეტიანს ოჯახი გაეცილებია, რომელმაც ჩასვა რა გემში ჩემი ოჯახი, თავისი ცოლის წამოსაყვანად გამოემართა და ისიც იქვე მოათავსა. როცა გემიდან ჩამოვიდა, მან უკვე ჩემი ავტომობილი „სპა“ ვეღარ იპოვნა, რომლითაც იგი სარგებლობდა, და იძულებული შეიქნა ჩემთან ვაგონში უკვე ღამით მოსულიყო, სადღაც შუაღამის მახლობლობაში, როცა ქალაქში ძალაუფლება უკვე რევკომის ხელში იყო და ყველგან გასროლების ხმები ისმოდა.

* * *

17-ში საღამოს, როცა სიბნელე ჩამოწვა, მომახსენეს, რომ მოვიდა 11-ე არმიის პოლიტხელი პოლკ. ტულაევის თანხლებით. ისინი შემოიყვანეს. ამ პოლიტხელის შესახედაობა დაუვიწყარი გახლდათ. დაბალი ტანის, ნაზი, ციმბირულ, შავ, ცხვრის ტყავის გრძელბეწვიან ფაფახში, ჯარისკაცის მაზარაში, სასტუმროს კარის პრიკაზჩიკის სახით, ზურგზე მოკიდებული საინტენდანტო ნიმუშის ნახშირით გამურული დიდი ტომრით, რომელშიც კონსერვის რამდენიმე ქილა ედო, იგი მეტად კომიკურ შთაბეჭდილებას ახდენდა, რაც იმ მედიდურობის ფონზე, რომლითაც იგი მიმდინარე მოვლენების შესახებ ლაპარაკობდა განსაკუთრებით რელიეფურად გამოიკვეთებოდა. „მართალია, რომ მთავრობა მიემგზავრება“ – ამბობდა იგი – „რატომ? ჟორდანიასა და გეგეჭკორს შეუძლიათ დარჩნენ, ჩვენ მათ მოველაპარაკებით. აი მარტო რამიშვილი დაე წაეთრიოს თავისი საგანგებო რაზმით; დანარჩენებს შეუძლიათ დარჩნენ. თურქებს უნდათ ბათუმი დაიკავონ – განაგრძობდა იგი – ჩვენ ამის ნებას არ მივცემთ. თუ ძალით მოინდომებენ, მივანაყავთ (покроем); ჩვენ ანტანტასაც ვუჩვენებთ. მე აქ წინდაწინ ჩამოვედი, რათა ხვალვე გაზეთი გამოვცე“ – ამბობდა იგი – „ზავი ხომ დადებულია“. მთელი თავისი კომიკურობის მიუხედავად ეს ტიპი მაინც საინტერესო გახლდათ, და მე გავგზავნე ოფიცერი ეკითხა მთავრობისთვის, მოისურვებს თუ არა იგი ამ კომისრის მიღებას და აღვნიშნე, რომ მისთვის შეხედვა საინტერესოა.

მოვიდა თანხმობა, და მე იგი მთავრობის თავმჯდომარის ვაგონში მივიყვანე. როცა ის შევიყვანე, ვაკვირდებოდი იმას, თუ როგორ შთაბეჭდილებას მოახდენდა იგი იქ დამსწრეებზე. ვერავინ ვერ შეძლო სახის მშვიდი გამომეტყველება შეენარჩუნებია და ნათელი იყო, რომ ამ კომისრის შესახედაობამ მათ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. მას ლაპარაკი დაუწყეს. იგი იმავე კომიკური მედიდურობით პასუხობდა. მახსენდება, მას მისცეს შეკითხვა, თუ რატომ დაესხნენ ისინი თავს საქართველოს. მან შეაწყვეტინა და თქვა: „ჰო, რა თქმა უნდა, თქვენ მეტყვით, რატომ დავესხით ჩვენ სოციალისტები თავს საწყალ, პატარა სოციალისტურ საქართველოს; ვიცით, ამხანაგო, რას მეტყვით; მაგრამ თქვენთან ხომ გლეხებისა და მუშების აჯანყება იყო, და მათ ჩვენ დახმარება გვთხოვეს“. შემდეგ ე. პ. გეგეჭკორმა იგი თავის ვაგონში წაიყვანა. „წავედით, ამხანაგო, თქვენ, ალბათ, ძილი გინდათ“ – ეუბნებოდა იგი მას და წაიყვანა. მისი წასვლის შემდეგ ერთმანეთს შთაბეჭდილებები გავუზიარეთ... და დავიწყეთ გადაწყვეტა საკითხისა, თუ გემში როდის ჩავმსხდარიყავით. უმრავლესობა დაუყოვნებლივ ჩასხდომას გვთავაზობდა. ნ. ნ. ჟორდანია არ თანხმდებოდა და დაბეჯითებით მოითხოვდა კიდევ დავრჩენილიყავით. როგორც ყოვლთვის, ეს საკითხი ვერ გადაწყვიტეს, და მეც ჩემს ვაგონში წამოვედი. ამ ვაგონში მე უკვე გამგზავრებამდე ვიმყოფებოდი. ამასობაში ქალაქში გასროლების ხმა ისმოდა. ეს გასროლები სულ მუდამ გრძელდებოდა, სანამ არ გავემგზავრე. ჯერ კიდევ დაღამებამდე, როცა მე ისევ სამთავრობო მატარებლის წინ ბაქანზე ვიმყოფებოდი, ჩემთან ესტატე მაჩაბელი მოვიდა და მითხრა, რომ მთავრობისა და, მათ რიცხვში, ჩემი გამგზავრების გამო, მათ უნდოდათ შეკრებილიყვნენ და რევკომი აერჩიათ და მე ამას როგორ ვუყურებდი. ამ შეკითხვით იგი ორჯერ მოვიდა ჩემთან. მე ვუთხარი, რომ მთავრობის გამგზავრებამდე ამის გაკეთება არ შეიძლება, რომ მთავრობა, სანამ არ გაემგზავრება, ჩვენს უმაღლეს ხელისუფლებას წარმოადგენს, და რომ მისი გამგზავრების შემდეგ მათ შეუძლიათ გააკეთონ ყველაფერი, რასაც შექმნილი გარემოებების გათვალისწინებით უკეთსად ჩათვლიან.

შემდგომის შესახებ ამ მიმართებით მე არაფერი დადებითის თქმა არ შემიძლია. ამბობდნენ, რომ იყო კრება და არჩეულ იქნა დროებითი რევკომი, მაგრამ მე არ ვიცი. ჯერ კიდევ დილით, როცა გამოცხადებულ იქნა, რომ მთავრობის განკარგულებით მხოლოდ 50 ოფიცერი გაემგზავრება, მე დავნიშნე კომისია პოლკ. კაკაბაძის თავმჯდომარეობით, რომელმაც თვითონ გამოთქვა ამის სურვილი, ამოცანით, რომ ეს სია შეედგინათ. ეს სია შედგენილი არ ყოფილა. შემდეგ, უკვე კონსტანტინოპოლში, გადმომცემდნენ, რომ პოლკ. კაკაბაძე, რომელიც თავიდან ამ საქმეს გულმხურვალედ შეუდგა, შემდეგ არა მარტო მიატოვა ეს, არამედ ოფიცერთა შეკრებაზე კიდეც ამბობდა, რომ ვინც მიემგზავრებიან, ესენი ლაჩრები და ნაძირლები არიან.

მე ვაგონში ვიმყოფებოდი რამდენიმე პირთან ერთად, მათ რიცხვში გენ. ზაქარიაძესთან, გენ. ჩხეტიანთან, გენ. ბაქრაძესთან, გენ. კონიაშვილთან, გენ. გელოვანთან, გენ. გედევანიშვილთან, პოლკ. თულაშვილთან, პოლკ. გველესიანთან და სხვებთან ერთად. ზოგიერთი მათგანი მიემგზავრებოდა, დანარჩენები, თუმცა კი რჩებოდნენ, გადაწყვიტეს სანამ არ გავემგზავრებოდი ჩემთან ყოფილიყვნენ.

ამ დროს ვაგონისგან შორიახლოს ხმაური და ყვირილი შემომესმა, რაღაცას ტეხავდნენ. იუნკრები გავგზავნე გამოსარკვევად და აღმოჩნდა, რომ არც თუ შორს ერთ-ერთ პაკჰაუზში სხვადასხვანაირი მაუდისა და მატერიის საწყობი იმყოფებოდა, და რომ მას ძარცვავდნენ; როგორც ჯარისკაცები, ისე არა ჯარისკაცებიც. გაგზავნილ იქნენ იუნკრები და ძარცვა გააჩერეს. ჩემი ვაგონის ახლოს მძარცველებისთვის ჩამორთმეული მატერიის უზარმაზარი გროვა იქნა დახვავებული. ვიღაცამ შენიშნა, ყველაფერი ეს თან ხომ არ წავიღოთო. მე ვუპასუხე, რომ ჩვენ მძარცველებს იმიტომ კი არ ჩამოვართვით, რომ თვითონ ჩვენ წავიღოთ. მთელი ეს გროვა პაკჰაუზში უკანვე შეიტანეს, კარი ჩაკეტეს და ყველაფერი ადგილობრივ მილიციელებს ჩააბარეს, რომელთაგან პაკჰაუზთან ყარაული იქნა დაყენებული. ჩემს გამგზავრებამდე იქ ყველაფერი მშვიდად გახლდათ.

უკვე შუაღამე იყო გადასული, როცა მე ერთ-ერთი ოფიცერი სამთავრობო მატარებელში გავგზავნე იმის გასაგებად, თუ იქ რა ხდება, „თორემ“ – დავუმატე – „შეიძლება გაემგზავრონ და მე არაფერი მითხრან“. ოფიცერი დაბრუნდა და მომახსენა, რომ არც მთავრობის ვაგონებში, არც მათ სიახლოვეს, კაციშვილის ჭაჭანება არ არის. ამრიგად, მთავრობა გაემგზავრა და თავისი გამგზავრების შესახებ არ შეატყობინა მთავარსარდალს, რომელიც მათ გვერდით იმყოფებოდა. მე ვაგონში დარჩენას განვაგრძობდი.

ჯერ კიდევ იმ დღეს, თუ ადრეც არა, ქალაქ ბათუმში ზემდგომ უფროსად დევნიშნე გენ. წულუკიძე. მასთან კავშირს ვაგონიდან ვინარჩუნებდი. იგი ციხესიმაგრის შტაბის სადგომში იმყოფებოდა. არ მახსოვს 17 მარტს თუ მის წინა დღეს გენ. ზაქარიაძემ ჩემი თანხმობით გენ. მაზნიაშვილი საჯავახოდან გამოიძახა. ვერ შევძლებ ვთქვა, თუ იგი ბათუმში როდის ჩამოვიდა. მე ვაგონში სადღაც 3 საათამდე ვრჩებოდი; შეიძლება უფრო გვიანობამდეც. ამ დროს მომახსენეს, რომ ნავმისადგომთან მდგომმა გამანადგურებელმა მთელი ბენზინი დახარჯა და ის მას მხოლოდ გემემდე რეისზე თუ ეყოფა; საღამოს აქეთ ყველა გემი რეიდზე იყო გასული.

ამ გამანადგურებლის იქ ყოფნა ჩემთვის სიახლე აღმოჩნდა; გენ. ზაქარიაძემ მომახსენა, რომ მან იგი გემზე ჩემი გამგზავრების შემთხვევისთვის გამოითხოვა. მაშინ მე არ ვიცოდი, რომ ყველა გემი, მათ შორის უცხოურებიც, უკვე რეიდზე იყვნენ და რომ ეს გამანადგურებელი ერთადერთი საშუალება გახლდათ გემზე მოსახვედრად.

ამასობაში, როგორც შემდეგ გამოირკვა, მთავრობის თავმჯდომარემ გამგზავრების წინ ძალაუფლება ქალაქის საზოგადოებრივ თვითმმართველობას გადასცა, დაპატიმრებული ბოლშევიკები გამოშვებულ იქნენ და ნამდვილი ძალაუფლება რევკომის ხელში იმყოფებოდა. არ ვიცი სწორია თუ არა, მაგრამ შემდეგ გადმომცემდნენ, რომ ამ საღამოს მთავრობის თავმჯდომარე თავის ვაგონში შეხვდა სერიოჟა ჯაფარიძეს; მე ამისა პირადად დღემდე არ მჯერა.

ნაპირზე ჩემს შემდგომ ყოფნას უკვე აზრი არ ჰქონდა. მე გავემგზავრე, მაგრამ თავიდან „მარიაზე“ მივედი. აქ დილამდე ვრჩებოდი და დილის 10 საათზე გენ. ზაქარიაძესთან ერთად მთავრობის თავმჯდომარესთან „კირალიზე“ ვიყავი. თუ როგორ შემხვდნენ და შემდეგ რა გავაკეთე, ამას შემდეგ აღვწერ, ახლა კი რამდენიმე სიტყვას ვიტყვი ევაკუაციის შესახებ.

ვინ განკარგავდა ევაკუაციას, ამ დრომდე არ ვიცი. მე არ ვიცნობ იმ პირს, რომელიც მთელ განმკარგავებს უხელმძღვანელებდა. შესაძლოა ასეთი თავად მთავრობის თავმჯდომარე გახლდათ. განმკარგავები კი ბევრნი იყვნენ. განკარგავდა გენერალ-გუბერნატორი გიორგაძეც, ბენია ჩხიკვიშვილიც, რომელსაც ჰქონდა უკვე ახალი ტიტული, შინაგან საქმეთა მინისტრის ამხანაგისა, კ. გრ. გვარჯალაძეც, შრომის მინისტრი ერაძეცა და სხვებიც. მე ხალხის ჩასხდომისა და სამხედრო ქონების ჩატვირთვისათის „მარია“ და „ვესტა“მქონდა დათმობილი. ამ დრომე არ ვიცი, თუ რა იქნა ჩატვირთული ამ გემებში, ვინაიდან კონსტანტინოპოლში ჩამოსვლის შემდეგ ჩამოშორებული ვიქენი ამ საქმისგან. ჩასხდომა და ჩატვირთვა, ზემოთ გადმოცემული გარემოებების გამო, მეტად გაძნელებული გახლდათ. ხოლო როცა გამოცხადდა, რომ ევაკუირება შეუძლია არა ყველა მსურველს, არამედ 50 ოფიცერს, მაშინ ჩასხდომა გაჩერდა, ვინაიდან ჩამსხდომებმა ევაკუირების იმედი დაკარგეს. ისინი ამბობდნენ, თუ ჩვენ გვტოვებენ, მაშინ ქონებაც უნდა დარჩეს. გამგზავრებას 18 მარტზე ადრე არ ვარაუდობდნენ. იმედოვნებდნენ, რომ ჩასხდომისა და ჩატვირთვის გაგრძელება 18-ში მაინც შესაძლებელი იქნებოდა. მე ამიტომ 17-დან 18 მარტის ღამეს გამგზავრებას არ ვაპირებდი. 18-ში დილას ბრძოლა დაიწყო და გემებს ნაპირთან მოდგომა უკვე აღარ შეეძლოთ.

მახსენდება შემდეგი. მთავრობის თავმჯდომარის ვაგონში ვიყავი. შემოვიდა შრომის მინისტრი ერაძე. როცა ჩატვირთვის თემაზე ლაპარაკობდა, მან სიტყვა-სიტყვით შემდეგი განაცხადა: „მე თვითონ პირადად ჩემი ხელებით ვტვირთავ“. უკვე კონსტანტინოპოლში ვკითხე მას ერთხელ, როცა იმაზე ვლაპარაკობდით, რომ გამოტანილი მხოლოდ „მარიასა“ და „ვესტაზე“ იმყოფებოდა და ბევრი რამ გაქურდული აღმოჩნდა: „და სად წავიდა ის, რასაც თქვენ პირადად ტვირთავდით. „მარია“ და „ვესტა“ ხომ ჩემთვის იყო განკუთვნილი სამხედრო ტვირთების გამოსაზიდად“. „მე არაფერი ჩამიტვირთავს. აი რაც „მარიასა“ და „ვესტაზეა“ ეს არის კიდეც ყველაფერი“ – მიპასუხა მან. მის სინდისზე ვტოვებ, თუ როდის ამბობდა იგი სიმართლეს.

„მარიასა“ და „ვესტაში“ სხდებოდნენ სამხედროები და ბევრი არასამხედროც იმ რიცხვზე ზევით, რაც საევაკუაციოდ იყო დადგენილი. მათ უცხადებდნენ, რომ მათ მხოლოდ კონტანტინოპოლამდე მგზავრობითა და კმაყოფით უზრუნველყოფდნენ, ხოლო შემდგ კი მთავრობა მათ კმაყოფაზე ვერ აიყვანდა; ისინი ამაზე თანხმდებოდნენ. შემდგომში, კონსტანტინოპოლში, ამ საკითხმა სრულიად სხვა მიმართულება მიიღო და მისი სწორად დარეგულირება უკვე შეუძლებელი გახლდათ: იმიტომ რომ საკითხი ევაკუირებულთა შესახებ კონსტანტინოპოლში სხვა ნიადაგზე იქნა დასმული. ამ საქმის ჩვენმა მოხერხებულმა ყველაფრის მცოდნეებმა (наши умелые знатоки этого дела) პირადად მოჰკიდეს ხელი და, დაუდეს რა ამ საკითხის გადაჭრას არასწორი საფუძველი, მისი გადაწყვეტა ვეღარ შეძლეს.

მახსენდება ერთი მოვლენა მმართველ წრეებს შორის. გამგზავრების წინ, როცა ახალი მთავრობა ყალიბდებოდა, დადგენილ იქნა ეროვნულ-დემოკრატებისთვის მიეცათ სამი ადგილი მთავრობის შემადგენლობაში, მათ შორის ერთი ადგილი სამხედრო მინისტრისა ეძლეოდა სპირიდონ კედიას. ეს ადგილები ეროვნულ-დემოკრატების მიერ უარყოფილ იქნა; თუმცა კი, მახსენდება, რომ თვით 18 მარტსაც, გამგზავრების დღეს, სპირიდონ კედიას ისევ სთავაზობდნენ გამგზავრებას; მის მოსაყვანად მთავრობის თავმჯდომარის მდივანი გიორგი ცინცაძე იყო წასული. ეს გამოწვეული გახლდათ დამფუძნებელი კრების სხდომით ბათუმში, სადაც ოპოზიციონისტები გმობდნენ მთავრობის მოქმედებებს. შემდეგ გადმომცემდნენ, რომ გრ. ვეშაპელის სიტყვის დროს, როცა მან გამოთქვა, რომ სარდლობას ძალაუფლების სისრულე ჰქონდა წართმეული: „ყველა ერეოდა მის საქმეებში“, მოჰყვა მოუთვინიერებელი ვ. ჯუღელის რეპლიკა: – „საუბედუროდ არავინაც არ ერეოდა“. ეს არ არის არსებითად სწორი; განცხადება მხოლოდ იმით შეიძლება აიხსნას, რომ ვ. ჯუღელი, როგორც ისტერიული ადამიანი, თავისი ენის შეუკავებლობით იტანჯებოდა.

* * *

ამრიგად, 17-დან 18 მარტის ღამეს 3 და 4 საათს შორის მე შტაბის ოფიცრებით, ასევე სხვა ოფიცრებითა და იუნკრებით გამანადგურებელში ჩავსხედით. შტაბის არცთუ ყველა ოფიცერმა გადაწყვიტა გამგზავრება. მე მხოლოდ ერთი ოფიცრის გადაწყვეტილებამ გამაოცა. პოლკ. ნ. გედევანიშვილმა გადაწყვიტა დარჩენილიყო; მე ვკითხე მიზეზი. მან მიპასუხა: „თუ მიბრძანებთ, გავემგზავრები, მაგრამ ჩვენ, ყველა ძმამ, დარჩენა გადავწყვიტეთ“. მე არ მქონდა ზნეობრივი უფლება რომ ასეთი ბრძანებები გამეცა და ვითარებაც ისეთი იყო, რომ თითოეულს თავად უნდა გადაეწყვიტა. მას ეს ვუთხარი კიდეც. მან მიპასუხა, რომ მაშინ დარჩენას გადაწყვეტს.

ბათუმიდან გამგზავრების უკანასკნელ დღეს გადმომცემდნენ, ჩემს შესახებ ბათუმში გავრცელდა ხმა, რომ მე ურთიერთობები მქონდა ბოლშევიკებთან; ჩემთვის ეს ისეთი გასაოცარი გახლდათ, რომ კარგად გამეცინა. თუმცა კი მარწმუნებდნენ, რომ ეს ხმა მოდის უმაღლესი სფეროებიდან და გენ. ა. გედევანიშვილს ასახელებდნენ. თუ მას ოდესმე შევხვდები, მაშინ დაპირისპირებას მოვუწყობ იმასთან, ვინც ამის შესახებ მითხრა. ამ ხმას გადმომცემდნენ როგორც დავალებულს, მაგრამ სხვა წყაროს არ მისახელებდნენ. ნოე ბესარიონის ძე ხომ არ არის მეორე წყარო.

18 მარტის დილას, როცა გენ. ზაქარიაძესან ერთად მთავრობის თავმჯდომარესთან მივდიოდით, ქალაში უკვე იწყებოდა ბრძოლა ჩვენს ჯარებსა და თურქებს შორის; არტილერიისა და თოფების სროლა ისმოდა; ტყვიამფრქვევებიც კაკანებდა. ამ დროს მე ვხედავდი ჩაქვის მხრიდან მოახლოვებულ სატვირთო ვაგონების გრძელ მატარებელს; ეს ბოლშევიკების ეშელონი გახლდათ, რომელსაც ელოდებოდნენ; ის თითქმის ბორცხანამდე მოვიდა, ხოლო შემდეგ კი უკან დაიხია. მე მთავრობის თავმჯდომარესთან შევედი და გენ. ზაქარიაძის თანდასწრებით ვითარება მოვახსენე, რომელშიც გამოვხატე დარწმუნება, რომ მიდის ბრძოლა, მაგრამ არ ვიცი ვისა და ვის შორის; აქვე ვთქვი, რომ ნაპირიდან მე ღამის დაახლოებით 3–4 საათზე გამოვემგზავრე. „ესე იგი თქვენ გამოიქეცით, თქვენ თქვენი პოსტი მიატოვეთ“ – შემაწყვეტინა მთავრობის თავმჯდომარემ. მე გაოგნებული ვიყავი. ასეთი სიტყვებისთვის ჩვენში ან სცემენ, ანდა დუელში იბრძვიან. მას როგორც ჩანს არ ესმოდა ის, თუ როგორ ბრალდებას მახლიდა სახეში, რომ არაფერი ვთქვათ იმაზე, რომ ეს არასწორი გახლდათ არსებითად და თავხედურიც. ადამიანი, რომელმაც ბათუმში პატიმარი ბოლშევიკები გამოუშვა, რომლებიც მისი ბრძანებით ჯერ კიდევ თბილისიდან მოჰყავდათ, რომელმაც ძალაუფლება სხვებს გადასცა და, აქედან ამომდინარე, თავისი პოსტი თვითონ მიატოვა, დაბოლოს, გასცა ბრძანება არმიის დემობილიზაციის შესახებ, ეს ადამიანი საყვედურობდა მთავარსარდალს, რომელმაც ნაპირი მასზე რამდენიმე საათით ადრე თვითონვე დატოვა, ისე რომ მთავარსარდალი არც გააფრთხილა, და იტალიური დროშის დაცვის ქვეშ გადავიდა. ჯერ კიდევ რამდენიმე საათის უკან, ჯერ კიდევ წინა დღეს, ამ ადამიანმა თავი ისე დაკარგა, რომ არ იცოდა, თუ რა ებრძანებია და რა არ ებრძანებია, ახლა კი აქ საკუთარ თავს უხეშობისა უფლება მისცა, რომ არ ვთქვა თავხედობისა* (*როგორც მე შემდეგ პარიზში გავიგე /понял/, ეს იყო მისი მცდელობა რომ ვეიძულებინე დავრჩენილიყავი და ბოლშევიკების ხელში ჩავვარდნილიყავი). მე მშრალად ვუპასუხე, რომ არ გამოვქცეულვარ, არამედ რომ იქ უკანასკნელ წუთამდე ვიცდიდი, სანამ შეიძლებოდა დავრჩენილიყავი და ნაპირიდან მხოლოდ მას შემდეგ გამოვემგზავრე, როცა მთავრობამ და მან, მთავრობის თავმჯდომარემ, საქართველოს ტერიტორია დატოვეს. 

„თქვენ გადაეცით ჩემი ბრძანება არმიის დემობილიზაციის შესახებ?“ – მკითხა მან. მე ვუპასუხე, რომ არა, რადგანაც ამის შესაძლებლობა არ მომეცა, და რომ ახლა ბრძოლის გათვალისწინებით ეს ალბათ ვერც იქნება რეალური და მიზანშეწონილი. „აუცილებლად უნდა გადასცეთ“ – მითხრა მან. მე მაშინ არ მესმოდა მისი ასეთი დაჟინება ამ მობილიზაციასთან მიმართებით. ორი კვირის შემდეგ კონსტანტინოპოლში გავიგე (понял); მთავრობის თავმჯდომარის კონსტანტინოპოლიდან გამგზავრების შემდეგ მე ჩამაბარეს მისი ბრძანება, რომელშიც „დემობილიზაციის გათვალისწინებით“ მთავარსარდლის თანამდებობა უქმდებოდა.

გახურებულ ბრძოლაში ჯარებში ამ „დემობილიზაციის“ გადაცემა აშკარად უაზრობა გახლდათ; მაგრამ, მივიღე რა საყვედური, რომ „გამოვიქეცი“, მე შეიძლებოდა ეჭვის ქვეშ აღმოვჩენილიყავი იმაში, რომ ამ ბრძანების გაცემის უსარგებლობის სახით მე უბრალოდ ნაპირზე გამგზავრებისა მეშინია, სადაც მიდგომა ბრძოლის გამო ნამდვილად შეიძლებოდა სახიფათო ყოფილიყო. მე ნაპირზე გავემგზავრე. გამანადგურებელზე თან გენ. ზაქარიაძე და კაპ. მიტო გოცირიძე მახლდნენ, იქვე იმყოფებოდნენ ფლოტის სარდალი 1-ლი რანგის კაპ. თაყაიშვილი და მისი შტაბის უფროსი პოლკ. მიქელაძე. უკანასკნელი „კირალიზე“ გახლდათ და მიიღო ფული საზღვაო რაზმიდან იმათთვის დასარიგებლად, რომლებმაც ბათუმში დარჩენა გადაწყვიტეს. ჩვენ ნავმისადგომთან მივედით. პოლკ. მიქელაძე და გემის მცირე რაზმი მექანიკოსთან ერთად ნაპირზე ჩავიდნენ და თავიანთ შტაბში გაემართნენ, რომელიც იმ ადგილიდან არცთუ შორს იყო განლაგებული; იქ პოლკ. მიქელაძეს ფულის გაცემა უნდა მოეხდინა. გამანადგურებელზე დავრჩით მე, გენ. ზაქარიაძე, კაპ. მიტო გოცირიძე, თაყაიშვილი და, როგორც შემდეგ გამოირკვა, მექანიკოსის თანაშემწე. ნაპირზე 10–12 ჯარისკაცი აღმოჩნდა. მე ვუბრძანე ოფიცრისთვის დაეძახათ. ოფიცერი მოვიდა და ჩვენთან გემბანზე ჩამოხტა. ვკითხე მას ვითარების შესახებ. მან მომახსენა, რომ ძალაუფლება ბოლშევიკური რევკომის ხელშია, რომ თურქებთან ყველგან მიდის ბრძოლა, რომ ახლა, როგორც კი ნაპირს მოვადექი, ნავმისადგომთან მყოფი ბოლშევიკები გაიქცნენ რათა ვისაც საჭიროა შეატყობინონ და რომ მე დამაპატიმრებენ. ყველაფერ ამას იგი მე დაბალი ხმით მეუბნებოდა, როგორც ჩანს, რათა აქვე ნავმისადგომთან მდგომ ჯარისკაცებს არ მოესმინათ. მე იგი ნაპირზე გავუშვი. 

შემდეგ მივედი თაყაიშვილთან და ვუბრძანე, ავუხსენი რა ვითარება, ნაპირს რამდენადმე დავშორებოდით; აქვე ვუთხარი მას, რომ ტყვიამფრქვევი მოქმედებისთვის მოემზადებია. როგორც ყოველთვის ასეთ შემთხვევებში, ტყვიამფრქვევს მოქმედება არ შეეძლო, ვინაიდან ლენტები და ვაზნები არ იყო, ხოლო მექანიკოსის თანაშემწეს კი მანქანების ამუშავება არ შეეძლო. მოგვიწია ნაპირს აქვე შემთხვევით აღმოჩენილი აჭარელის ნავის დახმარებით დავშორებოდით. ამ დროს თაყაიშვილს მივუთითე კაპ. გოცირიძისთვის ქვემეხიდან მოქმედება ესწავლებია. ქვემეხი დატენეს და ნაპირისკენ მიმართეს. დავშორდით რა ნავმისადგომს 50 ნაბიჯით, ლოდინი დავიწყეთ. დამავიწყდა აღმენიშნა, რომ მე თან ორი იუნკერი წამოვიყვანე. ისინი ნაპირზე გადავსვი და მათი ხელით გენ. წულუკიძეს წერილი გავუგზავნე, რომელიც მათ ციხესიმაგრის შტაბში უნდა ეპოვნათ. მინდოდა მასთან კავშირში შესვლით ვითარება დანამდვილებით გამერკვია. იუნკრებს მივუთითე, რათა მათ ჩემი წერილი ყველა ზემდგომი უფროსისთვის წაეკითხებიათ, ვისაც ქალაქში შეხვდებოდნენ.

იუნკრები თოხაძე და ნიკოლაძე, და პოლკ. მიქელაძე არ ბრუნდებოდნენ. ამ დროს ბუხტაში კასრებზე მიბმული კიდევ ორი ჩვენი გამანადგურებელი დავინახე. თაყაიშვილს ვკითხე: „ესენი ექვემდებარებიან გაყვანას?“ მან მიპასუხა, რომ უნდა მათი თან წაყვანა, მიაბამს რა გემებს. „ჩავლენ კი კონსტანტინოპოლამდე“ – ვკითხე მას. „თუ კარგი ამინდი იქნება, ჩავლენ“ – მიპასუხა მან. „მაშ კარგი, იმოქმედეთ; მოდით ისინი სადაც საჭიროა წავიყვანოთ“ – ვუთხარი ისევ. ჩვენ ბუქსირზე ერთი გამანადგურებელი ავიყვანეთ. მექანიკოსის თანაშემწემ მანქანას თავი გაართვა და ჩვენ იგი (გამანადგურებელი), არ მახსოვს, „ვესტასა“ თუ „მარიასკენ“ წავიყვანეთ. შემდეგ დავბრუნდით და ეს ოპერაცია მეორე გამანადგურებელსაც ჩავუტარეთ.

შევასრულეთ რა ეს, ნავმისადგომთან დავბრუნდი და ლოდინი დავუწყე პოლკ. მიქელაძეს, აგრეთვე ცნობებს გენ. წულუკიძისაგან, რომელსაც ჩემს წერილში მიმდინარე ამბების შესახებ ზუსტ მითითებებს ვეკითხებოდი. ამ დროს ქალაქში სროლა გრძელდებოდა; რამდენიმე ტყვიაც კი შევნიშნე, რომლებიც ჩვენს მახლობლად ბუხტის წყალში ჩატყაპუნდნენ. რაღაც დროის შემდეგ ნაპირზე იუნკრები შევნიშნეთ; ჩვენ მივცურდით, თუმცა კი არა მჭიდროდ ნაპირთან. პოლკ. მიქელაძეც ასევე მათთან აღმოჩნდა და ჩვენ ისინი ბორტზე ავიყვანეთ.

იუნკრებმა მომახსენეს, რომ მათ შტაბში გენ. წულუკიძე ვერ იპოვნეს და შტაბის მითითებით სადგურში გაემართნენ, სადაც იგი უნდა ყოფილიყო. მათ იგი იქ იპოვნეს კიდეც და გენ. წულუკიძემ მათი ხელით წერილი გამოგზავნა. ამ წერილში გენ. წულუკიძე მწერდა, რომ ვითარება მისთვის არცთუ სავსებით ნათელია, რომ ყველგან მიდის ბრძოლა, რომ სიტუაცია მას თავის ხელში უჭირავს და რომ ახლა თურქებს სატვირთო სადგურიდან გამოდევნიან (выбивают турок из товарной станции), რომ ბრძოლა საერთოდ მის მახლობლად სადგურის ორივე მხარეს წარმოებს. იუნკრებმა სიტყვით მოგვახსენეს, რომ როცა ისინი ციხესიმაგრის შტაბში იყვნენ, იქ უკვე იმყოფებოდა გენ. მაზნიაშვილი, როგორც ახალი მთავარსარდალი, რომ მათ მის მკერდზე წითელი ბაფთი შენიშნეს, რომ მან გენ. წულუკიძის მისამართით გაგზავნილი ჩემი წერილი წაიკითხა, მაგრამ არაფერი უთქვამს, და ისინიც სადგურში გაემართნენ; რომ გზაზე მათ უკვე წითელი არმიის ჯარისკაცები ხვდებოდნენ და რომ ქალაქში წითელი დროშებით ავტომობილები და ცხენოსანი ჯარი დადიან. კარგი ვინმე ვიქნებოდი, დილამდე რომ ქალაქში „ჩემს პოსტზე“ დავრჩენილიყავი, როგორც მთავრობის თავმჯდომარე მეუბნებოდა. და რომელ „ჩემს პოსტზე“? მე უკანვე „მარიასა“ და „ვესტაზე“ გავემგზავრე, სადაც ერთ-ერთ მათგანზე, მგონი „ვესტაზე“ კომენდანტად პოლკ. ვაჩნაძე დავნიშნე, რომელსაც ვუბრძანე მთელი გამოტანილი ქონების აღწერა შეედგინა. „მარიაზე“ გენ. ზაქარიაძეს მივეცი რწმუნება რომ მისი არჩევის მიხედვით დაენიშნა. გენ. ზაქარიაძეს „მარიაზე“ თვითონ უნდა ემგზავრა. გენ. კონიაშვილის მოხსენებით, რომელმაც მომახსენა, რომ „ვესტაზე“ სურსათი არ არის, მე ვუბრძანე მისი საჭირო რაოდენობა „მარიადან“ მიეღოთ. ეს ჩემი უკანასკნელი განკარგულება გახლდათ.

აქ უნდა აღვნიშნო ერთი ფაქტი. ნავმისადგომზე და უკან ჩემი რამდენჯერმე მგზავრობის დროს არაერთხელ მომიხდა „ოლენის“ მახლობლად ჩამევლო. აქ ბორტზე კერძო მგზავრები იყვნენ, რომლებიც ბათუმიდან მიემგზავრებოდნენ. როცა დამინახავდნენ, ისინი ყოველთვის შეძახილებითა და ტაშისკვრით მესალმებოდნენ. კერძო პირები ჩემდამი სიმპათიებს გამოხატავდნენ; ამ სიმპათიებს მე ხშირად თბილისშიც შევხვედრივარ, დაწყებული 1919 წლიდან. როცა თადარიგში ვიყავი და საზოგადოებრივ ადგილებში ვსტუმრობდი, არაერთხელ მიმიღია პატივისცემა ცალკეული ჯგუფებისგან, აგრეთვე ვახშამზე დამსწრე ყველა პირისგან, როგორც ოფიცრების, ასევე არაოფიცრებისა. თბილისის საზოგადოება ჩემდამი სიმპათიებს გამოხატავდა; ასეთივე მოვლენა ხდებოდა ახალციხეშიც, სოფლებშიც, სადაც ყოფნა მიხდებოდა. ერთხელ მივიღე ოვაციები დამფუძნებელ კრებაშიც. ერთადერთი, სადაც ვხვდებოდი თავიდან სიცივეს, შემდეგ კი არაკეთილგანწყობას ესენი იყვნენ მთავრობის წევრები, რომელთაგან ვხედავდი მხოლოდ მტრობას, განსაკუთრებით 1920 წლის ზაფხულიდან. ასეთ დამოკიდებულებას ჩემდამი მე იმით ვხსნი, რომ ისინი არა მხოლოდ გრძნობდნენ, არამედ შეხვედრებისა და დაუსრულებელი კამათების წყალობით იცოდნენ, რომ მე მათ კარგად ვიცნობ. მინისტრთა თანამდებობების ორეოლი ჩემზე არ მოქმედებდა. მე მათ გამჭოლად ვხედავდი. ჩემთვის ისინი ინტელექტის მიხედვით ძლივსძლიობით თუ იქნებოდნენ საშუალო დონისა და სრულებით არ შეესაბამებოდნენ იმ როლებს, რომლებიც მათ ბედმა არგუნათ. სათათბიროში, პეტერბურგში ყოფნა, როგორც ჩანს ვერ დაეხმარათ. ყველა ისინი მცირედ იყვნენ განათლებულნი; არანაირი ფართო სახელმწიფოებრივი შეხედულებები. მარქსის ლოზუნგებით გამოკვებულნი, ისინი მათ ისე ეჭიდებოდნენ, როგორც ბრმა ეჭიდება კედელს; ვიწრო დოქტრინიორები, თეორეტიკოსები და მეტად სუსტნიც, მარქსის გარეთ ისინი უმეცარნი იყვნენ და არ შეეძლოთ იმ საკითხებში გარკვეულიყვნენ, რომლებიც მათ გადასაწყვეტად ეძლეოდათ. ეს ადამიანები არიან რევოლუციის გეშეფტმახერები (საქმოსნები – ი. ხ.). მათ მშვენივრად იცოდნენ, თუ რას ვფიქრობ მათზე, და აი მიზეზიც ჩემდამი მათი მტრული დამოკიდებულებისა.

მოვედით რა ჩვენს ხომალდებთან, შევიტყეთ, რომ ფრანგულმა სარდლობამ „მარიასა“ და „ვესტას“ უბრძანა დღის ოთხის ნახევარზე ღუზიდან მოხსნილიყვნენ; უკვე ორ საათზე მეტი იყო. ახლა არ მახსოვს, სახელდობრ რა, მაგრამ საზღვაო უწყებას გამოუჩნდა რაღაც საჭიროება, რომლის მიზეზითაც მათ უნდოდათ უფრო მოგვიანებით გამგზავრებულიყვნენ და ითხოვდნენ მათი თხოვნა შეესრულებიათ. მე „კირალიზე“ გავემგზავრე და საგარეო საქმეთა მინისტრ ე. პ. გეგეჭკორს თხოვნით მივმართე, რომ გამგზავრების საათის გადასადებად ვინმე ფრანგებთან გაეგზავნა. ე. პ. გეგეჭკორმა მის განკარგულებაში მყოფი აფხაზი (მოხელის გვარია – ი. ხ.) გაგზავნა. ამავდროულად ზაქარიაძეს მივუთითე გენ. წულუკიძისთვის დემობილიზაციის შესახებ ეს ბედნავსი ბრძანება გადაეცა, რომელიც ახლა, როცა ძალაუფლება უკვე უცხო ხელში იყო, სასაცილოც გახლდათ. მაგრამ მთავრობის თავმჯდომარე ამას ისევ დაჟინებით მოითხოვდა. ზაქარიაძე აფხაზთან ერთად გაემგზავრა. მე „კირალიზე“ დავრჩი. რაღაც დროის შემდეგ აფხაზი დაბრუნდა, იგი აღელვებული იყო. რომელიღაც ფრანგმა უფროსმა, არ ვიცი სახელდობრ ვინ, მასთან საუბარი არ მოისურვა, არამედ პირველივე სიტყვებზე მას ყვირილი დაუწყო. იგი მას უხეში გამოთქმებით დაახლოებით შემდეგს ეუბნებოდა: „წაეთრიეთ თქვენ თქვენი მინისტრითა და მთავრობით; ისინი არიან თაღლითები, ქურდები და მატყუარები და ა. შ.“. მან იმით დაასრულა, რომ აფხაზი კიბიდან ჩამოაგდო. აფხაზი ამის შესახებ გეგეჭკორს მოახსენებდა, შედეგები არ ვიცი. 

„მარია“ და „ვესტა“ ზღვაში დანიშნულ საათზე გავიდნენ. გენ. ზაქარიაძე მე უკვე კონსტანტინოპოლში ვნახე და მან, დემობილიზაციის შესახებ ამ ბრძანების შესახებ ჩემს შეკითხვაზე მიპასუხა, რომ დროის უკმარისობის გამო მას მისი გადაცემა არ შეეძლო. მე ამან ძალიან გამახარა.

„კირალიზე“ იტალიური სამსახურის პოლკ. ბოდრერა ჩემთან მოვიდა და მკითხა საბოლოოდ ვარ თუ არა „კირალიზე“ და არის თუ არა აქვე მთელი ჩემი ოჯახიც. მე დასტური ვუთხარი და ისიც წავიდა. უკვე აქ პარიზში გადმომცემდნენ (მოწმე, რომელიც იტალიის საელჩოსთან ერთად მგზავრობდა), რომ იტალიის რწმუნებული მინისტრი ჩერუტი ჩემი არყოფნის გამო წუხდა და ბრძანა, რომ, „კირალი“ არ მოხსნილიყო ღუზიდან, სანამ მთავარსარდალი ბორტზე არ იქნებოდა.

„კირალიზე“ ჩემს ოჯახს დიდი შრომით გამოუყვეს მე-2 კლასის კაიუტა 4 საწოლით. ჩვენ 6 სული ვიყავით; მე-6 ნახევარი წლის ჩვილი გახლდათ. ეს კაიუტა ჩემს ოჯახს გენ. ჩხეტიანთან და მის ცოლთან ერთად გამოეყო. სულ 8 სული. რა თქმა უნდა, ჩვენ იქ ფიზიკურად არ შეგვეძლო განვთავსებულიყავით. გენ. ჩხეტიანი ამაზე საზრუნად წავიდა. ამის შედეგად მას ბატონ ბერგის კაიუტაში ერთი ადგილი გამოუყვეს. მის ცოლს არაფრის გულისთვის არ უნდოდა კაიუტაში დაწოლილიყო, სადაც მე მას ჩემს ადგილს ვთავაზობდი; ვერანაირმა დაჟინებამ ვერ გვიშველა. იგი კაიუტის გარეთ ფანჯრის რაფაზე მოეწყო. და მთელი ღამეები კონსტანტინოპოლამდე ასე გაატარა. ბოლოს, დაახლოებით საღამოს 6–7 საათზე „კირალი“ ღუზიდან მოიხსნა და ამავდროულად მთავრობის წევრთა ჩემდამი დამოკიდებულებაც მკვეთრად შეიცვალა. მე უკვე ვეღარ მხედავდნენ და ვეღარც მამჩნევდნენ.

თავს ნებას მივცემ გამოვთქვა რამდენიმე მოსაზრება, რომლებიც შეიძლება საინტერესო იყოს ჩემი ოჯახისთვის, აგრეთვე ჩემი მეგობრებისთვისაც. „კირალიზე“, როგორც ახლახანს გამოვთქვი, მე მთავრობისთვის უკვე აღარ ვარსებობდი. რატომ? კაიუტა ჩემთვის წინასწარ არ იყო გამოყოფილი და მხოლოდ ჩემი ოჯახისა და გენ. ჩხეტიანის გემბანზე რამდენიმე საათით ყოფნის შემდეგ ერთი კაიუტა გამოძებნეს. რატომ არ იყო ეს წინასწარ გაკეთებული? გემზე ისე გამგზავრება, რომ თავიანთი წასვლის შესახებ მთავარსარდალს არ შეატყობინეს, თუმცა კი იგი გვერდით ვაგონში იმყოფებოდა. რატომ? საყვედური მთავარსარდლისადმი იმისთვის, რომ მან „თავისი პოსტი მიატოვა“. და როგორი პოსტი ჰქონდა მთავარსარდალს, როცა მთავრობა უკვე გემში ჩასხდა, თავისი ძალაუფლება ბოლშევიკებს გადასცა, ზავი დადო თავის მოწინააღმდეგესთან, თურქული ჯარები ბათუმში შემოუშვა და, ბოლოს, ჯარების დემობილიზაციის შესახებ ბრძანებაც გამოსცა. რატომ ეს აღმაშფოთებელი საყვედური? თუ ყველაფერ ამას მივუმატებთ მათ არამეგობრულ დამოკიდებულებას, რომელსაც მაშინვე წავაწყდი „კირალის“ ზღვაში შესვლის შემდეგ, მაშინ უნებურად წარმოიშვება კითხვა: ხომ არ უნდოდა მთავრობის თავმჯდომარეს, ჩამაგდებდა რა ვითომდა შემთხვევით ბოლშევიკების ხელში, მთელი მისი ეშმაკური ნახლართების ცოცხალი მოწმე ერთხელ და სამუდამოდ თავიდან მოვეშორებინე. მხოლოდ ჩერუტიმ გადამარჩინა, როცა ბრძანა არ წასულიყო „კირალი“, სანამ მთავარსარდალი ბორტზე არ იქნებოდა, თუ არა და, დარწმუნებული ვარ, ისინი ჩემს გარეშე გაცურავდნენ, როგორც „აზიზეს“ მოედანზე მიმატოვეს და გემში თავიანთი ჩასხდომის შესახებ არ გამაფრთხილეს.

თარგმნა ირაკლი ხართიშვილმა