Friday, November 26, 2010

საქართველოს შეიარაღებული ძალები დასავლეთ ევროპის მცირე სახელმწიფოების მაგალითზე

(გამოქვეყნდა მართლმადიდებლურ ალმანახში „ელია“, 2005 წ.)

საქართველოს სამხედრო მშენებლობის საქმეში მეტად მნიშვნელოვანია დასავლეთ ევროპის მცირე სახელმწიფოთა გამოცდილების გათვალისწინება, მისი კარგად შესწავლა და ჩვენთვის სასარგებლო ცოდნისა და პრაქტიკის ქართულ ნიადაგზე გადმოტანა. ამ ცოდნის გადმოტანისას უნდა ვითვალისწინებდეთ ქართული საზოგადოებისა და სახელმწიფოს რელიგიურ აღმსარებლობას, საქართველოს ისტორიულ გამოცდილებასა და ქართველი ადამიანის ფსიქოლოგიურ წყობას, აგრეთვე სხვა ფაქტორებს, ეკონომიკურ შესაძლებლობებსა და სხვა.

საქართველოში მართლმადიდებელი ქრისტიანობის უპირატესი აღმსარებლობა გვავალდებულებს სხვებზე უფრო მეტი გულმოდგინებით მივდევდეთ წმიდა წერილის სწავლებას კონკრეტული საკითხების გადაწყვეტისას, სხვას არ გავუკეთოთ ისეთი რამ, რასაც საკუთარი თავისთვის არ ვისურვებდით (ჩვენში, სამწუხაროდ, უფლის ეს მცნება თითქმის ყველა ნაბიჯზე ირღვევა) და კიდევ იმას, რომ 145-ე ფსალმუნის თანახმად, რომელიმე სხვა სახელმწიფოზე ან საერთაშორისო ორგანიზაციაზე კი არ ვამყარებდეთ ჩვენს იმედებს, არამედ უფლის რწმენითა და მასზე სასოებით, თავად ვზრუნავდეთ ჩვენი ძალებისა და შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენებისა და რეალიზებისთვის (ამ მხრივაც ჩვენი საზოგადოება და სახელმწიფო უფლისგან დაშორების, აშშ-ზე სასოების გზით მიდის).

საქართველოს სამხედრო მშენებლობის კონკრეტული საკითხების გააზრებაში კი მოგვეხმარება დასავლეთ ევროპის მცირე სახელმწიფოების გამოცდილება. ამ სახელმწიფოების ერთი ნაწილი, როგორც ვიცით, გაწევრიანებულია ჩრდილო-ატლანტიკურ სახელშეკრულებო ორგანიზაციაში (ნატო-ს ბლოკში _ ნიდერლანდები, ბელგია, პორტუგალია, ნორვეგია, დანია, საბერძნეთი), მეორე კი ინარჩუნებს ნეიტრალიტეტს (ავსტრია, ფინეთი, შვეიცარია, შვედეთი) და უპირატესად საკუთარ ძალებზე დაყრდნობით ზრუნავს თავისი ტერიტორიული მთლიანობისა და სახელმწიფო სუვერენიტეტის დასაცავად.

ევროპის მცირე ნეიტრალური სახელმწიფოები ისე აგებენ უკვე მშვიდობიანობის დროს თავიანთი შეიარაღებული ძალების მშენებლობას, რომ შესაძლო მუქარის პერიოდში ან გარედან აგრესიის შემთხვევაში მოკლე ვადებში (დაახლოებით ერთ კვირაში) შეეძლოთ თავიანთი მოსახლეობის 10-14%-ის მობილიზაცია, უმეტესი ნაწილისა იარაღით ხელში სამსახურისთვის, ხოლო შედარებით მცირე ნაწილისა _ იარაღის გარეშე, ზურგისა და სხვა დამხმარე სამსახურებში. ცივი ომის მიწურულის მონაცემებით, სახელდობრ, 5-მილიონიან ფინეთს ომიანობის დროს უნდა გამოეყვანა 700-ათასიანი შეიარაღებული ძალები, მათგან 500 ათასი იარაღით ხელში და 200 ათასიც იარაღის გარეშე. იარაღით ხელში გამოსაყვანი ამ 500 ათასი პირადი შემადგენლობიდან 460 ათასი გათვალისწინებული იყო სახმელეთო ჯარებში, 30 ათასი _ სამხედრო-საჰაერო ძალებში და 12 ათასიც _ სამხედრო-საზღვაო ძალებში. ამ პირობებში, შედარებით ახალგაზრდა ასაკის რეზერვისტები (35 წლის ასაკამდე) შეყვანილი იყვნენ საბრძოლო ანუ საველე ჯარებში, რომელსაც ევალებოდა ძირითადი თავაცვითი და შეტევითი მოქმედებების წარმოება, ხოლო 35 წელზე უფრსი ასაკის რეზერვისტები _ ტერიტორიული (ადგილობრივი) თავდაცვის ჯარებში, რომლის დანიშნულებაცაა შესაბამის რაიონებში თავდაცვითი ამოცანების გადაწყვეტა და საველე ჯარებისთვის ქმედითი დახმარების აღმოჩენა, ხოლო მოწინააღმდეგის მიერ ცალკეული რაიონების დროებით ოკუპირების შემთხვევაში, იქ პარტიზანული და იატაკქვეშა მოქმედებების წარმოება.

ასევე, იმავე 1990-იანი წლების დასაწყისში, 6,5-მილიონიანი შვეიცარიის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობა გემავდა ომიანობის დროს 625-ათასიანი შეიარაღებული ძალების მობილიზებას, თანაც საველე ჯარების რეზერვისტების ყველაზე უფრო ახალგაზრდა ნაწილი შეადგენდა შეკრების პუნქტებში დაუყოვნებლივ გამოცხადების კონტინგენტს (Auszug), საველე (საბრძოლო) ჯარების რეზერვისტების ძირითადი ნაწილი შეადგენდა ძირითად თავდაცვით ძალებს (Landwehr-ს, მილიციას), ტერიტორიული თავდაცვის ჯარების რეზერვისტები კი შედიოდნენ (Landsturm-ში). ხოლო თითქმის 8,5-მილიონიანი შვედეთის სარდლობა ითვალისწინებდა მუქარის პერიოდში ან ომიანობის დროს შეიარაღებულ ძალებში 770 ათასზე მეტი ადამიანის მობილიზებას, მათგან, სახმელეთო ჯარებში (ტერიტორიული და ადგილობრივი თავდაცვის ჯარების ჩათვლით) 550 ათასისა, სამხედრო-საჰაერო ძალებში _ 102 ათასის და სამხედრო-საზღვაო ძალებში _ 57 ათასის. ომიანობის დროის სახმელეთო ჯარებიდან პირადი შემადგენლობის 350 ათასი ადამიანი მოდიოდა საველე (საბრძოლო) ჯარებზე, 250 ათასი კი _ ტერიტორიული თავდაცვის ჯარებზე (1).

ცივი ომის დასრულებისა და ევროპაში მსხვილმასშტაბიანი საბრძოლო მოქმედებების გაჩაღების საშიშროების მკვეთრად შემცირების შემდეგ, 2000-იანი წლების დასაწყისში ამ ქვეყნებშიც მნიშვნელოვნად შეამცირეს ომიანობის დროის შეიარაღებული ძალების რიცხოვნება თავიანთი მოსახლეობის 5,0- 9,4%-მდე, შეამცირეს ასევე საბრძოლო შემადგენლობაც (კერძოდ, ფინეთის სახმელეთო ჯარებში 27 საბრძოლო ბრიგადის ნაცვლად ჩამოვიდნენ 22-მდე), მაგრამ ჯარების სტრუქტურა კი პრაქტიკულად უცვლელად დატოვეს. სტრატეგიული კვლევების ლონდონის საერთაშორისო ინსტიტუტის მონაცემებით, ევროპის მცირე ნეიტრალური სახელმწიფოების შეიარაღება 2000 წელს ნაჩვენებია 1-ლ ცხრილში, საიდანაც ჩანს, თუ რაოდენ მცდარია ჩვენში მოარული აზრი იმის შესახებ, რომ ნეიტრალურ სახელმწიფოებს საკუთარი თავდაცვისთვის ზრუნვა არ სჭირდებათ.

ცხრილი 1
ევროპის მცირე ნეიტრალურ სახელმწიფოთა ძირითადი შეიარაღება 2000 წელს*

ძირითადი შეიარაღება . . . . . . . . . . ფინეთი . . . . . შვეიცარია . . . . . შვედეთი

საბრძოლო ტანკები . . . . . . . . . . . . . . . . . . . 230 . . . . . . . . . . 556 . . . . . . . . . . . 537
მოჯავშნული საბრძოლო მანქანები . . . . .1063** . . . . . . . 1538** . . . . . . . .2390
. . მათ შორის:
. . . . მსუბუქი ტანკები . . . . . . . . . . . . . . . . . . – . . . . . . . . . . . . – . . . . . . . . . . . . . 211
. . . . ქვეითთა საბრძოლო მანქანები . . . . . .237** . . . . . . . .435 . . . . . . . . . . 1210
. . . . ჯავშანტრანსპორტერები . . . . . . . . . . . 790** . . . . . . 1103** . . . . . . . . . 646
საველე საარტილერიო სისტემები . . . . . . .1937 . . . . . . . . 1092 . . . . . . . . . .1050
. . მათ შორის (100 მმ და მეტი

. . ყალიბის):
. . . . ქვემეხები . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .1068 . . . . . . . . . 558 . . . . . . . . . . . .525
. . . . ზალპური ცეცხლის რეაქტიული

. . . . სისტემები . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .60 . . . . . . . . . – . . . . . . . . . . . . . . – . .
. . . . ნაღმსატყორცნები . . . . . . . . . . . . . . . . . . 789 . . . . . . . . . 534 . . . . . . . . . . . 525
(პლიუს 81-მმ ნაღმსატყორცნები) . . . . . . . .(800) . . . . . . . (1469) . . . . . . . . . .(160)
ვერტმფრენები . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .11 . . . . . . . . . . .85 . . . . . . . . . . . .121
. . (მათ შორის დამრტყმელი) . . . . . . . . . . . . .(–) . . . . . . . . . . (–) . . . . . . . . . . . . (–) . .
საბრძოლო თვითმფრინავები . . . . . . . . . . . . . . .64 . . . . . . . . . 154 . . . . . . . . . . . 250
ტაქტიკური წყალქვეშა ნავები . . . . . . . . . . . . .– . . . . . . . . . . . .– . . . . . . . . . . . . . . . . 9
მსხვილი წყალზედა საბრძოლო

ხომალდები . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .– . . . . . . . . . . . .– . . . . . . . . . . . . . – . . .
მცირე ხომალდები და კატარღები . . . . . . . . . . . .10 . . . . . . . . . – . . . . . . . . . . . . . . . 45
. . მათ შორის:
. . . . სარაკეტო კატარღები . . . . . . . . . . . . . . . . . . . .9 . . . . . . . . . – . . . . . . . . . . . . . . . 20
. . . . საპატრულო კორვეტები და კატარღები . . . . .1 . . . . . . . . . – . . . . . . . . . . . . . . . 25
ზღვაში სანაღმო ომის წარმოების

ხომალდები . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .23 . . . . . . . . . .– . . . . . . . . . . . . . . .22
. . მათ შორის:
. . . . ნაღმგადამღობები . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .10 . . . . . . . . . .– . . . . . . . . . . . . . . . .2
. . . . ტრალერები . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .13 . . . . . . . . . .– . . . . . . . . . . . . . . 20

* ეს ცხრილი რამდენადმე უფრო სრული და დეტალურია ალმანახ „ელია“-ში გამოქვეყნებულთან შედარებით, თუმცა კი ძირითადში იმეორებს იქ გამოქვეყნებულ მონაცემებს; ¬_ ** აქ მოჯავშნულ საბრძოლო მანქანებთან ერთად ნაჩვენებია მათ ბაზაზე შექმნილი საბრძოლო და ზურგის უზრუნველყოფის მოჯავშნული მანქანებიც, რადანაც თავად ლონდონურ გამოცემაში იყო ასეთნაირად მოცემული; მათგან განსხვავებით, შვედეთის მონაცემებში იქ 646 ჯავშანტრანსპორტერის შემდეგ ფრჩხილებში ნაჩვენები ჰქონდათ (პლიუს 323 უზრუნველყოფის მოჯავშნული მანქანა). უზრუნველყოფის მოჯავშნული მანქანების რაოდენობა, ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების შესახებ ხელშეკრულებით, შეზღუდვას არ ექვემდებარება და კვოტები მას არ შეეხება. გარდა ზემოთ მოყვანილისა, ამ სახელმწიფოების სახმელეთო ჯარების შეიარაღებაში ნაჩვენები იყო დიდი რაოდენობით ტანკსაწინააღმდეგო და საზენიტო სარაკეტო-საარტილერიო სისტემები.

ნატო-ს ბლოკში შემავალი მცირე ევროპული სახელმწიფოების ერთი ნაწილი (ნიდერლნდები, ბელგია, დანია) ცივი ომის პერიოდში ვარშავის ხელშეკრულების ორგანიზაციისგან დაშორებული იყო გფრ-ის ტერიტორიით, ხოლო მეორენი (ნორვეგია და საბრძნეთი) უშუალოდ ემეზობლებოდნენ ამ ორგანიზაციის მონაწილე ქვეყნებს _ სსრკ-სა და ბულგარეთს; გარდა ამისა, საბერძნეთს თავის მეზობელ და ნატო-ს ბლოკში შემავალ თურქეთთანაც ჰქონდა კონფლიქტი კვიპროსის გამო. ამიტომ ისინი უშუალოდ ე. წ. „ცხელ რაიონში“ მდებარეობდნენ. შესაბამისად, ნიდერლანდებისა და ბელგიის სარდლობები ომის შემთხვევაში ვარაუდობდნენ შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში თავიანთი მოსახლეობის დაახლოებით 1,7%-ისა და 3,2%-ის მობილიზებას, დანიისა _ 3,4%-ის, საბერძნეთისა _ 5,8% და ნორვეგიისა კი _ მოსახლეობის 9,3%-ის მობილიზებას.

მაშინ დასავლეთ გერმანიის ტერიტორიაზე ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ განლაგებული იყო ბრტანული რაინის არმია, სამი დასავლეთგერმანული საარმიო კორპუსი, ორი ამერიკული და თითო-თითო ჰოლანდიური და ბელგიური საარმიო კორპუსები, აგრეთვე კანადური ბრიგადა. გარდა ამისა, კოალიციური სამხედრო-საჰაერო ძალების შემადგენლობაშიც შედიოდნენ იმავე სახელმწიფოთა საავიაციო ფრთები და ესკადრილიები. ნიდერლანდებისა და ბელგიის საარმიო კორპუსები შედიოდნენ არმიების ჩრდილოეთის ჯგუფში, რომელიც განლაგებული იყო ცენტრალურ-ევროპული საომარ მოქმედებათა თეატრის (ომთ) ჩრდილოეთ რაიონში, ხოლო ამ ქვეყნების სარდლობებს ევალებოდათ პირადი შემადგენლობითა და შეიარაღებით მათი დაკომპლექტება და საბრძოლო შესაძლებლობების საჭირო დონეზე შენარჩუნება, აგრეთვე ომიანობის დროს მოწინააღმდეგის დესანტებისა და სადაზვერვო-დივერსიული ჯგუფებისგან საკუთარი ტერიტორიების თავდაცვა. ამისთვის საკმარისად ითვლებოდა გარკვეული შეზღუდული რიცხოვნების ტერიტორიული და ადგილობრივი თავდაცვის ჯარების გამოყენება; დანიური სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობა კი ვარაუდობდა საკუთარი შეიარაღებული ძალებით თავისი ტერიტორიის თავდაცვას და მჭიდრო ურთიერთმოქმედებას გფრ-ის ჩრდილოეთ ნაწილში (შლეზვიგ-ჰოლშტაინის მიწაზე) განლაგებულ დასავლეთგერმანულ დივიზასთან. გარდა ამისა, ამერიკული სარდლობა საჭიროების შემთხვევაში გეგმავდა დანიაში სახმელეთო ჯარების ცხრა ბრიგადამდე გადასროლას (რაც სამი ექვივალენტური დივიზიის ტოლფასი იყო).

ნორვეგიის ტერიტორია, მისი სიგრძივი განფენილობისა და რთული რელიეფის გამო, მსხვილი ჯავშანსატანკო და მექანიზებული ჯარების მოქმედებებისთვის გამოუსადეგარია, ამიტომ ნატო-ს ბლოკის სარდლობა აქ ვარაუდობდა საბჭოთა კავშირის მხრიდან საზღვაო და საჰაერო დესანტების გადასხმას და მათგან თავდაცვისთვის ემზადებოდა. მოსალოდნელი მსხვილმასშტაბიანი ომის პირველსავე საათებში იქ, ნორვეგიული ჯარების დაუყოვნებლივ გაძლიერებისთვის, უნდა გადაესროლათ ნატო-ს მობილური ძალების ოთხი გაძლიერებული ბატალიონი და ამდენივე საბრძოლო საავიაციო ესკადრილია ბლოკის მონაწილე სხვადასხვა ქვეყნებიდან, რომლებსაც შემდეგ ბრიტანული და ამერიკული საზღვაო-ქვეითი ჯარების ბრიგადებიც შეუერთდებოდნენ. ასეთ პირობებში თავად ნორვეგიული სარდლობაც გეგმავდა ომიანობის დროს შეიარაღებულ ძალებში ქვეყნის მოსახლეობის 9,3%-ის მობილიზაციას და ამ მაჩვენებლით იგი ევროპის მცირე ნეიტრალურ სახელმწიფოებს უახლოვდებოდა.

საბერძნეთის სარდლობაც ვარაუდობდა ომიანობის დროს მნიშვნელოვანი რიცხოვნების შეიარაღებული ძალების გამოყვანას (ქვეყნის მოსახლეობის 5,8%) და, ამერიკულ და ბრიტანულ გაძლიერების ჯარებთან ერთობლივად, ნატო-ს ბლოკის სამოკავშირეო სარდლობის გეგმების შესაბამისად, საბრძოლო მოქმედებების წარმოებას.

როგორც ვხედავთ, შეიარაღებული ძალების რიცხოვნების საკითხში ნატო-ს ბლოკში რაიმე ერთიანი სტანდარტი არ არსებობს და მას ალიანსის მონაწილე თითოეული ქვეყნის სარდლობა, ბლოკის ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით, წყვეტს ინდივიდუალურად. ჩვენ კი იგივე ამერიკელი და ნატო-ელი სპეციალისტები დაჟინებით გვიმეორებენ, რომ უნდა ჩამოვაყალიბოთ ნატო-ს სტანდარტების შესაბამისი მცირერიცხოვანი, მობილური და პროფესიული შეიარაღებული ძალები. თავად ჩრდილოატლანტიკური კავშირის პრაქტიკა კი ითვალისწინებს იმას, რომ ე. წ. „ცხელ რაიონში“ მდებარე ბლოკის მონაწილე ნორვეგიასა და საბერძნეთს ომიანობის დროს შეიარაღებულ ძალებში მნიშვნელოვანი რიცხვის რეზერვისტები გამოჰყავთ, ქვეყნის მოსახლეობის 6-9%.

დასავლელი სამხედრო სპეციალისტებისა და ექსპერტების შეგნებულად მცდარი რეკომენდაციების მიუხედავად, ჩვენი აზრით, საქართველოს ხელისუფლება უნდა ზრუნავდეს საყოველთაო სამხედრო ვალდებულების კანონის საფუძველზე მშვიდობიანობის დროს რეგულარულ შეიარაღებულ ძალებში 18 თვიანი (1,5 წელიწადი) ნამდვილი სამხედრო სამსახურის გავლითა და შემდეგ კონკრეტული სამხედრო-სააღრიცხვო სპეციალობით მომზადებული ახალგაზრდოების რეზერვში გადაყვანით ისეთი შეიარაღებული ძალების ჩამოყალიბებისთვის, რომელსაც ეყოლება ქვეყნის მოსახლეობის 10-12%-ის შესაბამისი რიცხვის მომზადებული რეზერვისტი და ომიანობის დროს ან კრიზისულ პერიოდებში შეძლებს რამდენიმე დღეღამეში (ზოგადად ერთი კვირის ფარგლებში) მათ სრულ მობილიზაციას. თავისთავად ცხადია, რომ ასეთი რიცხოვნების ჯარებს შესაბამისი რაოდენობისა და ხარისხის შეიარაღებაც უნდა გააჩნდეთ.

ზემოთ ცხრილში ჩვენ უკვე მოვიყვანეთ ევროპის მცირე ნეიტრალურ სახელმწიფოთა ძირითადი შეიარაღების რაოდენობრივი მონაცემები. ქვემოთ მოვიყვანთ ნატო-ს ბლოკის მცირე ევროპული სახელმწიფოების მოსახლეობისა და შეიარაღებული ძალების მაჩვენებლებს 1991 და 2000 წლებში.

ცხრილი 2
ნატო-ს ბლოკის მცირე ევროპული სახელმწიფოების მოსახლეობა და შეიარაღებული ძალები 1991 და 2000 წლებში *

მოსახლეობა და შეიარაღებ–
. . ნიდერლან- . . ბელგია . . დანია . . ნორვეგია . . საბერძნე–
ული ძალები . . . . . . . . . . . . . . . .დები . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . თი

1 9 9 1 წ ე ლ ს

მოსახლეობა, ადამიანი . . . . . . . 14810800 . 9860800 . 5081800 . 4207800 . 10174400
მშვიდობიანობის დროის რე–

გულარული შეიარაღებული
ძალები, ადამიანი . . . . . . . . . . . . . . 101400 . . . . 85450 . . . 29400 . . . .32700 . . . .158500
რეზერვები . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 152400 . . . 234500 . . 142700 . . 298000 . . . 406000
საბრძოლო ტანკები . . . . . . . . . . . . . . . . . 913 . . . . . . .359 . . . . . .499 . . . . . . 211 . . . . . .1879
მსუბუქი ტანკები . . . . . . . . . . . . . . . . . – . . . . . . . . . . .133 . . . . . – . . . . . . . . – . . . . . . . . . . 198
მოჯავშნული საბრძოლო

მანქანები . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 3216 . . . . . . .1935 . . . . . .595 . . . . . . .211 . . . . . 1879
. . მათ შორის:
. . . . ქვეითთა საბრძოლო

. . . . მანქანები . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 984 . . . . . . . .514 . . . . – . . . . . . . . . . . 53 . . . . . . .96
. . . . ჯავშანტრანსპორტერები . . . . . . . .2232 . . . . . . .1421 . . . . . .595 . . . . . . 150 . . . . .1995
საველე საარტილერიო სისტემები . . . . . 824 . . . . . . . .376 . . . . . .553 . . . . . . 527 . . . . 1908
. . მათ შორის:
. . . . ქვემეხები . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 454 . . . . . . . . 228 . . . . . 393 . . . . . . 402 . . . . .1174
. . . . ზალპური ცეცხლის რეაქტი–
. . . . ული სისტემები . . . . . . . . . . . . . . . . . . 22 . . . . . . . . – . . . . . . . . – . . . . . . . . – . . . . . . . – . . .
. . . . ნაღმსატყორცნები . . . . . . . . . . . . . . . 252 . . . . . . . . . .20+ . . . 160 . . . . . . . 125 . . . . . .602
(პლიუს 81-მმ ნაღმასტყორცნები) . . . . . (–) . . . . . . . . . (285) . . . (388) . . . . . . (*) . . . . . .(690)
ვერტმფრენები . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 95 . . . . . . . . . .59 . . . . . .40 . . . . . . . .33 . . . . . .142
. . (მათ შორის დამრტყმელი) . . . . . . . . . .(–) . . . . . . . . . . (–) . . . . . .(–) . . . . . . . (–) . . . . . .(–) . .
საბრძოლო თვითმფრინავები . . . . . . . . . .204 . . . . . . . . .185 . . . . .106 . . . . . . . . 94 . . . . . 448
ტაქტიკური წყალქვეშა ნავები . . . . . . . . . . . .5 . . . . . . . . . – . . . . . . . . .4 . . . . . . . . . 11 . . . . . . 10
მსხვილი წყალზედა საბრძოლო
ხომალდები . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .15 . . . . . . . . . . .4 . . . . . . . 3 . . . . . . . . . . 5 . . . . . . .18
მცირე ხომალდები და კატარღები . . . . . . – . . . . . . . . . . . . – . . . . . . . 37 . . . . . . . . .35 . . . . . . .36
. . მათ შორის:
. . . . სარაკეტო . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . – . . . . . . . . . . . – . . . . . . . . 10 . . . . . . . . .35 . . . . . . . 16
. . . . საპატრულო . . . . . . . . . . . . . . . . . . . .– . . . . . . . . . . . .– . . . . . . . . 27 . . . . . . . – . . . . . . . . . 20
სანაღმო ომის წარმოების
ხომალდები . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .26 . . . . . . . . . . 22 . . . . . . . 9 . . . . . . . . . .8 . . . . . . . .16
. . მათ შორის:
. . . . ნაღმგადამღობები . . . . . . . . . . . . . . .* . . . . . . . . . . . . * . . . . . . . . . 6 . . . . . . . . . . 2 . . . . . . . . 2
. . . . ტრალერები . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .26 . . . . . . . . . . 22 . . . . . . . 3 . . . . . . . . . . 6 . . . . . . . 14

2 0 0 0 წ ე ლ ს

მოსახლეობა, ადამიანი . . . . . . . 15794000 . 10126000 . 5267000 . 4443000 . 10692000
მშვიდობიანობის დროის რე–

გულარული შეიარაღებული
ძალები, ადამიანი . . . . . . . . . . . . . . . . 51940 . . . . .39250 . . . .21810 . . . .26700 . . . . 159170
რეზერვები . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .32200 . . . . 152050 . . . 64900 . . .222000 . . . 291000
საბრძოლო ტანკები . . . . . . . . . . . . . . . . . 330 . . . . . . . .140 . . . . . .248 . . . . . . .170 . . . . . . 1735
მსუბუქი ტანკები . . . . . . . . . . . . . . . . . – . . . . . . . . . . – . . . . . . . . . – . . . . . . . .– . . . . . . . . . – . . . .
მოჯავშნული საბრძოლო

მანქანები . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .787 . . . . . . . .588 . . . . . . 315 . . . . . . .314 . . . . . 2477
. . მათ შორის:
. . . . ქვეითთა საბრძოლო

. . . . მანქანები . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 448 . . . . . . . . 230 . . . . . – . . . . . . . . . .157 . . . . . . .500
. . . . ჯავშანტრანსპორტერები . . . . . . . . . 339 . . . . . . . . 358 . . . . . .315 . . . . . . . 157 . . . . . 1977
საველე საარტილერიო სისტემები . . . . . 397 . . . . . . . . .242 . . . . . 475 . . . . . . . 184 . . . . . .1894
. . მათ შორის:
. . . . ქვემეხები . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 242 . . . . . . . . . 151 . . . . .307 . . . . . . . 172 . . . . . .1136
. . . .ზალპური ცეცხლის რეაქტი–
. . . . ული სისტემები . . . . . . . . . . . . . . . . . . 22 . . . . . . . . – . . . . . . . . . . 8 . . . . . . . . .12 . . . . . . .134
. . . . ნაღმსატყორცნები . . . . . . . . . . . . . . . 133 . . . . . . . . . . 91 . . . . . 160 . . . . . . – . . . . . . . . . .624
(პლიუს 81-მმ ნაღმასტყორცნები) . . . . . (40) . . . . . . . .(100) . . . . .(388) . . . . .(450) . . . .(2800)
ვერტმფრენები . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .115 . . . . . . . . . . .84 . . . . . . . 41 . . . . . . . 36 . . . . . . . 195
. . (მათ შორის დამრტყმელი) . . . . . . . . . .(42) . . . . . . . . (–) . . . . . . . .(12) . . . . . (–) . . . . . . . . (20)
საბრძოლო თვითმფრინავები . . . . . . . . . .154 . . . . . . . . . . 90 . . . . . . . 69 . . . . . . . .79 . . . . . . .458
ტაქტიკური წყალქვეშა ნავები . . . . . . . . . . . 4 . . . . . . . . .– . . . . . . . . . . . 3 . . . . . . . . 10 . . . . . . . . .8
მსხვილი წყალზედა საბრძოლო
ხომალდები . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 15 . . . . . . . . . . . .3 . . . . . . . . 3 . . . . . . . . . 4 . . . . . . . .16
მცირე ხომალდები და კატარღები . . . . . . – . . . . . . . . . . . – . . . . . . . . . .27 . . . . . . . . 15 . . . . . . . .42
. . მათ შორის:
. . . . სარაკეტო . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . – . . . . . . . . . . . . – . . . . . . . . . . . 5 . . . . . . . . 15 . . . . . . . .19
. . . . საპატრულო . . . . . . . . . . . . . . . . . . . . – . . . . . . . . . . . . – . . . . . . . . . . 22 . . . . . . . – . . . . . . . . . 23
ზღვაში სანაღმო ომის წარმოების
ხომალდები . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .14 . . . . . . . . . . . .11 . . . . . . . 7 . . . . . . . . . 12 . . . . . . .17
. . მათ შორის:
. . . . ნაღმგადამღობები . . . . . . . . . . . . . . .* . . . . . . . . . . . . . * . . . . . . . . . . . 4 . . . . . . . . . 3 . . . . . . . . .2
. . . . ტრალერები . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 14 . . . . . . . . . . . .11 . . . . . . . 3 . . . . . . . . . .9 . . . . . . . .15

* ალმანახ „ელიაში“ გამოქვეყნებული გვქონდა უფრო მცირე ცხრილი, რომელშიც ნაჩვენები იყო მხოლოდ საბერძნეთისა და ნორვეგიის ძირითადი შეიარაღება 1991 და 2000 წლებში.


აღნიშნული ცხრილიდან ნათლად ჩანს, რომ ცივი ომის დასრულების შემდეგ ნატო-ს ბლოკის ჩრდილო-აღმოსავლეთ რეგიონი ალიანსის სარდლობას უკვე აღარ მიაჩნია ისეთივე „ცხელ წერტილად“, ვინაიდან არც თავად გეგმავს აქ საბრძოლო მოქმედებების გაჩაღებას, არც რუსეთის მხრიდან მოელის ასეთ რამეს. მართლაც, რუსეთის სამხედრო-პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ ლენინგრადის სამხედრო ოლქის ტერიტორიაზე მნიშვნელოვნად შეამცირა თავისი შეიარაღება (330 საბრძოლო ტანკიღაა განლაგებული უწინდელი 1700-ზე მეტის ნაცვლად, 940 საველე საარტილერიო სისტემა 1400-ის ნაცვლად, ოპერატიულ-ტაქტიკურტი რაკეტების 18 გასაშვები დანადგარი 60-ის ნაცვლად, 392 საბრძოლო თვითმფრინავი 420-ის ნაცვლად და ა. შ.).

ნატო-ს ბლოკის სამხრეთ ფლანგზე საბერძნეთის შეიარაღებაში არათუ რაიმე სერიოზული შემცირებანი არ გაუტარებიათ, არამედ რამდენადმე გაზარდეს კიდეც მოჯავშნული საბრძოლო მანქანების, დამრტყმელი ვერტმფრენებისა და საბრძოლო თვითმფრინავების რაოდენობა. ანუ ეს მართულება ბლოკის სარდლობას კვლავინდებურად „ცხელ რაიონად“ მიაჩნია.

ამის საპირისპიროდ, ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის თათბირის (ევროთათბირის _ ეუთთ, ამჟამად ეუთო) ეგიდით 1990 წლის 19 ნოემბერს პარიზში და 1992 წლის 15 მაისს ტაშკენტში დადებული საერთაშორისო ხელშეკრულებების თანახმად, საქართველოს უფლება აქვს თავის ტერიტორიაზე მშვიდობიანობის დროს მუდმივად განლაგებული ჰყავდეს არაუმეტეს 220 საბრძოლო ტანკის, 220 მოჯავშნული საბრძოლო მანქანის, 285 საველე საარტილერიო სისტემის, 100 საბრძოლო თვითმფრინავის და 50 დამრტყმელი ვერტმფრენისა. ამ კვოტებიდან ჯავშანსატანკო ტექნიკისა და საველე არტილერიის რაოდენობა, როგორც ზემოთ ვნახეთ, მიზერულადაც კი ვერ აკმაყოფილებს 5-მილიონიანი ქვეყნის თავდაცვის უზრუნველყოფის მოთხოვნებს, ანუ საქართველო დღემდე დაუცველი ქვეყანაა და ასეთადვე დარჩება, სანამ ჩვენ არ დავაყენებთ ეუთო-ს ხელმძღვანელობის წინაშე ჩვენი ქვეყნისთვის ჩვეულებრივი შეტევითი შეიარაღების კვოტების გაზრდის საკითხს, არ მივაღწევთ მათ გაზრდას და შემდეგ რეალურად არ ვიზრუნებთ საჭირო შეიარაღებისა და ტექნიკის შეძენის, რეზერვისტების საკმარისი რიცხვის მომზადებისა და მათგან სახმელეთო ჯარების, სამხედრო-საჰაერო ძალებისა და სამხედრო-საზღვაო ძალების ჯართა გვარეობებისა და სამსახურების შესაბამისი შენაერთების, ნაწილებისა და ქვედანაყოფების ჩამოყალიბებისთვის. ამას კი სჭირდება საქართველოს ხელისუფლებისა და საზოგადოების ნება, შესაბამისი სპეციალისტების თავაუღებელი მუშაობა, ფინანსურ-ეკონომიკური სახსრები და დრო. მანამდე კი საქართველო დარჩება, სამხედრო თვალსაზრისით, თავდაცვის უუნარო და დაუცველ სახელმწიფოდ, აქედან გამომდინარე ყველა შედეგით.

უფალმა მოგვცეს ყველას სიმხნევე და სარწმუნოება ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგარი ამ ამოცანების გადასაჭრელად.

ირაკლი ხართიშვილი

შ ე ნ ი შ ვ ნ ა:

(1) ეს აბზაცი წარმოადგენს გვიანდელ ჩამატებას, რადგანაც თავის დროზე წერილის მომზადებისას შეზღუდული ვიყავით წერილის მოცულობით და ამიტომ იმ ხანად ვამჯობინეთ შემოვფარგლულიყავით მკითხველისთვის მხოლოდ ფინეთის მაგალითის ჩვენებით.

No comments:

Post a Comment