(ნაშრომი მომზადებულ იქნა რუისისა და ურბნისის მიტროპოლიტის იობის (აქიაშვილის) თხოვნით მას შედეგ, რაც ჟურნალ „ქვაკუთხედში“, რომლის გამოცემაზეც კურთხევა მიცეული აქვს მეუფეს, მივიტანე სამი წერილი რუსეთ-საქართველოს ისტორიული ურთიერთობების შესახებ; ხოლო ამ წერილებიდან კი აშკარად ჩანდა, რომ დღესდღეობით ჩვენ საზოგადოებაში ფართოდ გავრცელებული ცოდნა ამ სფეროში ძალზედ დაშორებულია რეალური ისტორიული სინამდვილისგან)
შ ი ნ ა ა რ ს ი
შესავალი
I. პეტრე I-ისა და ვახტანგ VI-ის ერთობლივი ლაშქრობა ირანში 1722-23 წლებში
II. რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები 1750-1760იან წლებში
III. რუსეთ-თურქეთის 1768-74 წლების ომი და საქართველო
IV. მოკლე მიმოხილვა მოვლენებისა 1774 წლის შემდეგ
1) ერეკლე მეფის მიერ რუსეთში ელჩობის გაგზავნა 1772-73 წწ.
2) გეორგიევსკის ტრაქტატის წინაპირობები, მისი მომზადება და დადება
3) მოვლენები გეორგიევსკის ტრაქტატის დადების შემდეგ
4) ერთგვარი დასკვნის მაგიერ; 1799 წლის 23 ნოემბრის ტრაქტატი
5) ამონარიდები პლატონ იოსელიანის წიგნიდან „ცხოვრება გიორგი მეცმეტისა“ მეფის
გარდაცვალების შემდგომ პერიოდზე
(ნ ა წ ი ლ ი I)
შესავალი
რუსეთ-საქართველოს ისტორიული ურთიერთობების შესახებ ჯერ კიდევ ჩემი ბავშვობის წლებიდან უფროსებისგან მესმოდა, რომ რუსეთი არის ჩვენი ისტორიული დამპყრობელი, რომ რუსეთი მუდამ ატყუებდა საქართველოს: ჰპირდებოდა დახმარებას გარეშე მტრების წინააღმდეგ, მაგრამ არ ეხმარებოდა, ან კიდევ ვახტანგ VI და ერეკლე II აიყოლია ირან-ოსმალეთის წინააღმდეგ ლაშქრობებში, მაგრამ შემდეგ მარტოდ მიატოვა და თავად უკან დაიხია, რათა შემდეგში მტერთაგან აოხრებული და კიდევ უფრო დასუსტებული საქართველო უფრო ადვილად ჩაეგდო ხელში. ამავე განწყობას აძლიერებდა ალ. ყაზბეგის ნაწარმოებები, მიხ. ჯავახიშვილის „არსენა მარაბდელი“, ილიასა და აკაკის ის ლექსები და პოემები, რომლებსაც სკოლაში გვასწავლიდნენ და სხვა თხზულებები. 80-იან წლების შუახანებში პირველად წავიკითხე ივანე ჯავახიშვილის მიერ 1919 წ. გამოქვეყნებული ნაშრომი „დამოკიდებულება რუსეთსა და საქართველოს შორის XVIII საუკუნეში“, რომელშიც ცალსახად და ხისტად ადანაშაულებს ავტორი რუსეთის იმპერიას ყოველივე იმ მზკვრობასა და ვერაგობაში, რაც ზემოთ ჩამოვთვალე. რამდენადაც მახსოვს, ასეთივე განწყობით არის დაწერილი მისი „ქართველი ერის ისტორიის“ IV ტომში თავები რუსეთ-საქართველოს ისტორიული ურთიერთობების შესახებ, მაგრამ ამ ბოლო ხანებში ეს წიგნი ხელში აღარ ჩამვარდნია, რათა მასზე უფრო დეტალურად მელაპარაკა და ამიტომ ქვემოთ ისევ ივ. ჯავახიშვილის პირველ ნაშრომს შევეხები.
იმავე 80-იან წლებში წავიკითხე პლატონ იოსელიანის „ცხოვრება გიორგი მეცამეტისა“, რომელშიც რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები რუსეთისადმი ისეთი მტრული განწყობით არ არის გადმოცემული, მაგრამ ჩემთვისაც და ალბათ სხვა ქართველი მკითხველებისთვისაც ივ. ჯავახიშვილის ავტორიტეტი ურყევი იყო, როგორც პროფესიული კომპეტენციის, ისე კეთილსინდისიერების მხრითაც; გარდა ამისა, ივ. ჯავახიშვილის ნაშრომი გამოცემულ იქნა 1919 წელს, როდესაც საქართველო, როგორც ჩვენ ვიცოდით, განთავისუფლდა რუსეთის ბატონობისგან და შეუდგა დამოუკიდებელი სახელმწიფოს შენებას, ამიტომ ივ. ჯავახიშვილის ნაშრომიც თავისუფალი იქნებოდა რუსული ცენზურის მეთვალყურეობისგან, რაც მას კიდევ უფრო მეტად სანდოს ხდიდა. ამავე დროს, პლატონ იოსელიანი თავის თხზულებაში არ იცავს ქრონოლოგიურ თანამიმდევრობას, „წინ და უკან ხტება“ ამბების მოყოლისას, რაც კიდევ უფრო მეტად აძნელებს ერთი და ორი წაკითხვით მკაფიო ისტორიული სურათის აღდგენას, და ტექსტზე უფრო მეტად სერიოზულ მუშაობას მოითხოვს.
ისე რომ ივ. ჯავახიშვილისეულ შეფასებებში იჭვი არ შემიტანია, ჩემი ცოდნის კიდევ უფრო მეტად გაფართოებისთვის დავიწყე მისი ერთერთი წყაროს აკადემიკოს პეტრე ბუტკოვის წიგნის „მასალები კავკასიის ახალი ისტორიისათვის 1722 წლიდან 1803 წლის ჩათვლით“ დამუშავება, თანაც ვაპირებდი საშუალო სკოლაში სამუშაოდ წასვლას, სადაც ჩემი სპეციალობის _ ფიზიკის პარალელურად ვაპირებდი ბავშვებისთვის გარკვეული ცოდნა მიმეცა და ინტერესი გამეღვიძებია ფიზიკის ისტორიაში, მეცნიერებისა და ფილოსოფიის ისტორიაში, საქართველოს ისტორიაში (განსაკუთრებით რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების სფეროში), რათა ჩემი ხელიდან გამოსული ბავშვები უფრო განათლებულები, უკეთესები და ქვეყნის ბედ-იღბლის გულშემატკივარნი ყოფილიყვნენ. მაგრამ ამ დროს დაიწყო ეროვნული მოძრაობის განვითარება, რომელშიც ამ ცოდნითა და განწყობით ჩავერთე, სხვებთან ერთად. 1990 წლის მიწურულს მეგობრებთან ერთობლივად მამუკა წურწუმიას (შემდგომში ჩემი ნათლიის) ინიციატივით დავაარსეთ სამხედრო-ისტორიული ჟურნალი „მხედარი“ (1991-1995 წწ. გამოვიდა სულ ექვსი თუ შვიდი ნომერი, შემდგომში კი დაუფინანსებლობის გამო მისი გამოცემა შეჩერდა), რომლისთვისაც დავიწყე აშშ შეიარაღებული ძალებისა და სამხედრო მშენებლობის საკითხების შესწავლა ჟურნალ „ზარუბეჟნოე ვოენნოე ობოზრენიეს“ მასალების მიხედვით, და ამის შემდეგ დავშორდი რუსეთ-საქართველოს ისტორიული ურთიერთობების თემატიკას, რადგანაც ვთვლიდი, რომ ქართველი ისტორიკოსები მას მიხედავდნენ და მე, როგორც დამწყებს, ქვეყნის სამსახურში თანამედროვე საქართველოს სამხედრო მშენებლობის ინტერესებში საზღვარგარეთის ქვეყნების სამხედრო მშენებლობის გამოცდილების შესწავლითვის სჯობდა მიმეხედა, რასაც ვაკეთებდი კიდეც, და ცოტ-ცოტად დღესაც ვაკეთებ, თუმცა კი ახლა უმეტეს დროს ვუთმობ ისტორიის შესწავლას, ვინაიდან საქართველოს სამხედრო მშენებლობა მიდის არა დასავლური გამოცდილების შესწავლისა და გამოყენების, არამედ ამერიკული ინსტრუქციების მორჩილად შესრულების კურსით, რის შესახებაც წინა წლებში ბევრი დავწერე ქართულ პერიოდულ გამოცემებში.
რაც შეეხება რუსეთ-საქართველოს ისტორიული ურთიერთობებით კვლავ დაინტერესებას, ამას წინ უძღოდა, დასავლეთის მხრიდან ჩვენი ქვეყნისადმი კეთილგანწყობასა და მეგობრობაში იმედის გაცრუების პარალელურად, რუსი მართლმადიდებელი ავტორების ნაშრომების გაცნობა _ გიორგი ემელიანენკო, „რუსული აპოკალიფსისი და ისტორიის დასასრული“, მიტროპოლიტი იოანე (სნიჩევი), „უკანასკნელი ბრძოლა“, მღვდელმონაზონი (რუს. იერომონახ) აბელი (სემიონოვი), „როგორ გადავიტანთ ღვთის რისხვას“, კრებული „რუსეთი მეორედ მოსვლის წინ“ და სხვა, _ რომლებშიც რუსი ავტორები წერენ იმ უდუდესი საფრთხის შესახებ, რომელიც ემუქრება რუსეთსა და მთლიანად მართლმადიდებლურ სამყაროს დასავლეთში გაბატონებული ანტიქრისტიანული ძალების მოძალებისგან. 2002 წლის ბოლოს ინტერნეტში ვნახე საიტი „პესნი რუსსკოგო ვოსკრესენია“, ხოლო საიტზე „პრავოსლავიე.რუ“ _ ისტორიულ მეცნიერებათა კანდიდატის (ამჟამად დოქტორის), რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს წევრის ნატალია ნაროჩნიცკაიას წერილები, და ამ მასალებმა კიდევ უფრო მეტი სისრულითა და სიღრმით დამანახა რუსული საზოგადოების მრთლმადიდებლურ-პატრიოტული ნაწილის გულისტკივილი და იმედები, რაც ანალოგიურია საქართველოს ასეთივე საზოგადოების განცდების და სურვილებისა, მაგრამ ჩვენში ასეთნაირად გათვითცნობიერებული და განწყობილი ადამიანები უფრო ცოტანი და ძალითაც სუსტები არიან, ვიდრე რუსეთში.
მაგრამ რუსი ავტორები თავიანთ თხზულებებში, თავიანთი მართლმადიდებლური შეგნების მიუხედავად, რუსულ დამპყრობლობას არ ეკიდებიან ისეთი სიმკაცრითა და პრინციპულობით, როგორც ეს ქართველობისთვის მისაღები იქნებოდა, მათ მოსწონთ რუსული დიდმპყრობელობა და იმპერიულობა, რაც ქართველებში მკვეთრად უარყოფით განწყობას წარმოშობს. მაგრამ უნდა ითქვას, რომ სიტყვა „დერჟავა“ ქართულად ნიშნავს „სამპყრობელოს“, შინაარსობრივად კი ისეთ სახელმწიფოს, რომელსაც გააჩნია ძლიერება საკუთარი პოლიტიკის გასატარებლად და ნაკლებად არის დამოკიდებული სხვათა ნებაზე. მაგალითად, ბროქჰაუზ-ეფრონის ენციკლოპედიურ ლექსიკონში (ლაიფციგისა და სანკტ-პეტერბურგის ერთობლივი გამოცემა), რომელიც XIX საუკუნის ბოლოსა და XX-ის დასაწყისში გამოვიდა რუსულ ენაზე პეტერბურგში, გერმანიის ისტორიის შესახებ წერილში ავსტრია და პრუსია მოხსენიებული არიან ტერმინით „დერჟავა“, ხოლო საქსონია, ბავარია, ბადენი, ვიურტემბერგი, პფალცი და სხვა მცირე და ნაკლებად მნიშვნელოვანი გერმანული სამეფო-სამთავროები, ტერმინით „გოსუდარსტვო“. თავად XIX საუკუნის მიწურულს ევროპაში დერჟავებად მოხსენიებულია რუსეთი, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანიის იმპერია, ავსტრია-უნგრეთი, სხვები კი, ესპანეთი, იტალია, თურქეთი, ნიდერლანდები, შვეიცარია და ა. შ. _ სახელმწიფოებად, სამეფოებად, რესპუბლიკებად.
იყო პერიოდები, როდესაც საქართველოს სამეფოც ასევე წარმოადგენდა თავისი შესაძლებლობებით დერჟავას, და ჩვენ ვნატრობთ, რომ მომავლში კიდევ ასეთი ძლიერი ქვეყანა გვქონდეს, მაშინ რატომ გვეზიზღება ეს ტერმინი? განა ეს ზიზღი არ გადავა დავით აღმაშენებლისა და თამარ მეფის საქართველოს დერჟავულობის მიმართაც? თუკი გვეზიზღება ის, რომ ვთქვათ XVIII საუკუნეში უკვე სხვები იყვნენ დერჟავული შესაძლებლობების მქონე სახელმწიფოები და არა საქართველო, მაშინ იმ სახელმწიფოებმა რა დააშავეს? ხოლო თუკი გვეზიზღება საერთოდ დამპყრობლობა, მაშინ უწინარეს ყოვლისა უნდა დავიწყოთ საკუთარი მეფეებისგან, რომლებსაც ასეთი დამპყრობლობით ფიზიკური გაძლიერებისკენ მიჰყავდათ ქართული სახელმწიფოებრიობა. მეორეს მხრივ მსოფლიოში არის მსხვილი დერჟავები, რეგიონული დერჟავები და დიდი დერჟავები, რომლებიც თავიანთ გავლენას ავრცელებენ რომელიმე შედარებით ვრცელ ტერიტორიაზე, გარკვეული რეგიონის ან მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ასეთი დერჟავების მაცხოვრებლებს, მით უმეტეს მათ წარმომშობ ტიტულარულ ერებს უვითარდებათ შესაბამისი ხასიათი, ზნე-ჩვეულებები, მიზნები და ინტერესები, ესეც ბუნებრივია. მაგალითად, გერმანელის, ფრანგის, ინგლისელის ხასიათი და მისწრაფებები განსხვავდება ბელგიელის, შვეიცარიელის, ჰოლანდიელის, ესპანელის, პორტუგალიელისა და სხვათა ხასიათისა და მისწრაფებებისგან. ხოლო თანამედროვე ამერიკელები დიდმპყრობელობის მხრივ კიდევ უფრო მეტ პრეტენზიებს აყენებენ ინგლისელებთან, გერმანელბთან და ფრანგებთან შედარებით. ასევე ისტორიულად რუსეთი არის დიდი დერჟავა, როლო რუსებში დევს დიდმპყრობლური ხასიათი, ისტორიული გამოცდილება და მიზნებიც, მით უმეტეს, რომ ასეთ დიდმპყრობელურ მისწრაფებებს ღიად აცხადებს აშშ, თურქეთს აქვს მისწრაფება რეგიონული სახელმწიფოს (დერჟავის) შექმნისკენ „ადრიატიკიდან ჩინეთის დიდ კედლამდე“ (სხვათა შორის, კავკასიის მასში ჩართვით), აღნიშნული რეგიონის მაჰმადიანურ და თურქულ მოსახლეობაზე დაყრდნობით _ ბოსნიელი მუსლიმანები, კოსოვო-მეტოხიის ალბანური მოსახლეობა, ჩრდილო-კავკასიელი მაჰმადიანი ხალხები, აზერბაიჯანელები, ვოლგისპირეთის თათრები, ყაზახები, ყირგიზები, თურქმენები, უზბეკები, უიღურები. ნუთუ ასეთი ვარიანტი უფრო მისაღები იქნებოდა საქართველოსთვის?
დიდი სახელმწიფოები თავიანთი დიდი ინტერესების ცხოვრებაში გატარებისთვის ზრუნავენ, და ამას ეწოდება გეოპოლიტიკური ჭიდილი (დიდი გეოგრაფიული სივრცეების მფლობელი სახელმწიფოების ან სახელმწიფოთა კოალიციების ურთიერთშორის დაპირისპირება), საქართველო კი არ წარმოადგენს დიდი გეოგრაფიული სივრცის მქონე სახელმწიფოს, ამიტომ მას დამოუკიდებელი გეოპოლიტიკური ინტერესები და მიზნები ვერ ექნება, ხოლო თუ ვისთან უნდა იყოს ამ გეოპოლიტიკურ დაპირისპირებაში, ჩემი აზრით, ამას უნდა საზღვრავდეს ძირეული ნათესაობიდან, სიახლოვიდან გამომდინარე გრძელვადინი პირობები და მიზეზები, და არა წვრილმანი, ფულისმოყვარული და პატივმოყვარული ინტერესები. ჩემი აზრით ყველაზე მეტი სიახლოვე არის სულიერი სიახლოვე, სულიერი ნათესაობა და ჩვენ ასეთი სიახლოვე და ნათესაობა ღვთის წყალობით გვაქვს მართლმადიდებლურ ქვეყნებთან, ხოლო მათ შორის ყველაზე უფრო ძლიერ სახელმწიფოს წარმოადგენს რუსეთი, რომელსაც გააჩნია შესაბამისი მატერიალური ძალები და შესაძლებლობები მართლმადიდებლური ფასეულობებისა და ინტერესების დასაცავად, თუკი რა თქმა უნდა, მას ამისკენ მისწრაფება ექნება. ეს ანალოგიურია იმისა, როცა ე. წ. „ცივი ომის“ პერიოდში დასავლური სამყარო გაერთიანდა აშშ-ის გარშემო, თუმცა კი ამ კავშირის (ნატო-ს) ინტერესებში დასავლეთევროპული სახელმწიფოები ხშირად თმობდნენ და დღესაც თმობენ თავიანთი სუვერენიტეტის გარკვეულ ნაწილს. მაგრამ ჩვენს საზოგადოებაში დიდია მტრობა და უნდობლობა რუსული სახელმწიფოსადმი სწორედ რუსეთ-საქართველოს ისტორიულ ურთიერთობებზე ჩვენში არსებული ცოდნისა და წარმოდგენების გამო. ამიტომაც არის აუცილებელი ამ საკითხში უფრო კარგად გარკვევა.
მაგრამ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში გარკვევისთვის პირდაპირ წყაროებისადმი მიმართვა ამ ეტაპზე სულაც არ აღმოჩნდა საჭირო, როგორც ეს მეგონა თუნდაც ამ წელიწადნახევრის ან ერთი წლის წინ. საქმე იმაშია, რომ ქართველ ისტორიკოსებს საბჭოთა პერიოდში უკვე აქვთ აუცილებელი სამუშაო ჩატარებული იმისთვის, რათა დაინტერესებულმა მკითხველმა დანამდვილებით შეაფასოს 1722-23 წწ. პეტრე I-ისა და ვახტანგ VI-ის ერთობლივი ლაშქრობის ჩავარდნის მიზეზები, რასაც ივ. ჯავახიშვილი ძირითადად პეტრე დიდის ვერაგობას აბრალებს; შემდეგ 1750-იან _ 1770-იან წლებში რუსეთის პასიურობის მიზეზები საქართველოს სამეფოებისთვის მფარველობისა და დახმარების აღმოჩენის საქმეში, რასაც ითხოვდნენ თეიმურაზ II, ერეკლე II და სოლომონ I, და რასაც ივ. ჯავახიშვილი ისევ რუსეთის ვერაგობას მიაწერს; ასევე უფრო სრულად არის გადმოცემული 1768-74 წწ. რუსეთ-თურქეთის ომის მსვლელობისას გენერალ-მაიორ ტოტლებენის მეთაურობით რუსული ჯარის მოქმედების პერიპეტიები; 1783 წლის გეორგიევსკის ტრაქტატისა და 1795 წელს აღა-მაჰმად-ხანის შემოსევის ამბები.
ქართველი ისტორიკოსების ეს ნაშრომებია (რომლებიც მე მინახავს): 1) იასე ცინცაზე _ 1783 წლის მფარველობითი ტრაქტატი (მასალები რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების ისტორიისათვის), თბილისი, 1960; 2) ვალერიან მაჭარაძე _ ასპინძის ბრძოლა, თბ., 1957; 3) გიორგი პაიჭაძე _ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების ისტორიისათვის (XVIII ს. I მეოთხედი, თბ., 1960), იასე ცინცაძე _ აღა-მაჰმად-ხანის თავდასხმა საქართველოზე (ეს წიგნი ჯერ არ წამიკითხავს); 4) მამია დუმბაძე _ დასავლეთ საქართველოს ისტორია XIX ს. პირველ მეოთხედში. ქ-ნი მარიკა ლორთქიფანიძე ჩემთან საუბარში დაეთანხმა ზემოხსენებული პროფესორების მოსაზრებებს და კიდევ მირჩია ამ თემაზე აკადემიკოს ნიკო ბერძენიშვილის ნაშრომების წაკითხვა. ასევე მირჩიეს თედო ჟორდანიას „ქრონიკების“ წაკითხვაც, რომლებშიც, როგორც მითხრეს საკითხები განხილულია რუსეთისადმი უფრო მეტად კრიტიკული დამოკიდებულებით, ვიდრე ქართველ საბჭოთა ისტორიკოსების წიგნებსა და წერილებში, რაც ჯერჯერობით ასევე ვერ მოვახერხე ჩემი ავადმყოფობის გამო. ასევე საყურადღებოა გენერალ ტოტლებენის ადიუტანტის კაპიტან შარლ დე გრაი დე ფუას მოხსენება (რელაცია) რუსული ჯარის საქართველოში ექსპედიციის შესახებ (ქართული თარგმანი გამოიცა თბილისში 1985 წ.), დაახლოებით 1778-83 წწ. ერეკლე II-ის კარზე მყოფი დოქტორ იაკობ რაინეგსის ცნობები საქართველოზე (ქართულად გამოიცა თბილისში 2002 წელს), გერმანლი ბოტანიკოსის კარლ კოხის ცნობები საქართველოს შესახებ (თბილისი, 1981 წ.), საფრანგეთის კონსულის ჟაკ ფრანსუა გამბას მოგზაურობა დასავლეთ საქრთველოში და სხვა ლიტერატურა.
შევეხოთ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების ცალკეულ საკითხებს უფრო დეტალურად.
I. პეტრე I-ისა და ვახტანგ VI-ის ერთობლივი ლაშქრობა ირანში 1722-23 წლებში.
ივ. ჯავახიშვილი ამის შესახებ წერს:
„რუსეთს სპარსეთში განსაკუთრებით ეკონომიური ინტერესები ჰქონდა. პეტრე დიდს უნდოდა, რომ სპარსეთის ვაჭრობა რუს ვაჭრებს ჩაეგდოთ ხელში და მთელი აბრეშუმი სპარსეთითგან რუსეთში ყოფილიყო შეტანილი. სპარსეთის ეკონომიურად ხელში ჩაჭერა რომ უფრო გაადვილებულიყო და შემდეგ ვრცელი პოლიტიკური ზრახვების განხორციელება შესძლებოდა, პეტრე I-მა გადასწყვიტა, კასპიის ზღვის მიდამოები ამიერკავკასიაში ჯერ თავის მფლობელობის ქვეშ მოექცია, შემდეგ ქვეყანა დაეპყრა და შიგ რუსი ჯარისკაცები ჩაესახლებინა. ავღალენთა მიერ სპარსეთის დაპყრობის შიშმა თითქოს დააჩქრა ამ წადილის განხორციელება (П. Бутков, Материалы для новой истории Кавказа..., т. I, стр. 4-6). ამ იდუმალი გეგმის ასასრულებლად რუსეთისათვის საქართველოს სამეფოს სამხედრო დახმარება იყო საჭირო. ამიტომ პეტრე დიდმა გადაწყვიტა საქართველო და მეფე ვახტანგიც ჩაეთრია ამ საქმეში და რუსეთის სასარგებლოდ გამოეყენებია. პეტრე I-მა სწორედ ამგვარი საიდუმლო დავალებით 22 მარტს 1720 წ. ვოლინსკი აშტარხანში გუბერნატორად გაისტუმრა. მას ვახტანგ VI უნდა დაერწმუნებინა, რომ პეტრე I მისა და ქრისტიანებისადმი უაღრესად კეთილი განწყობილებით არის განმსჭვალული, და თანაც დაეიმედებინა, რომ რუსეთის ხელმწიფე მას მაჰმადიან ძლიერ სახელმწიფოებისაგან მფარველობას გაუწევდა (П. Бутков, Материалы..., I, 6)*. ( * ქვემოთ შენიშვნაა: „ვოლინსკიმ... მიიღო მითითება (ბრძანება) მოეხდინა საიდუმლო მზადებები სპარსეთის ლაშქრობისთავის... და დაეყოლიებინა ქართლის მეფე ვახტანგი და სხვა ქრისტიანები რუსეთის სარგებლისათვის, დაარწმუნებდა რა მათ პეტრე I-ის კეთილგანწყობაში და დააიმედებდა რა ხელმწიფის მფარველობით“).
რუსეთის ხელმწიფის ელჩმა ისე ოსტატურად მოაწყო და მოაჩვენა საქმე ქართველებს, თითქოს პეტრე I-ს შეეტყოს ვახტანგ VI-ის გაჭირვებული მდგომარეობა. მისი შველა და დახსნა სდომნოდეს სპარს-ოსმალთა კლანჭებისგან და სწორედ ამიტომ აპირებდეს იგი სპარსეთის წინააღმდეგ ამხედრებას. მეფე ვახტანგმა და ქართლის სამეფოს გავლენიანმა წრეებმა ეს დიპლომატიური ხრიკები სინამდვილედ მიიჩნიეს. მათ ვერ წარმოედგინათ, რომ ძლიერ ქრისტიან ხელმწიფეს გულში სხვა რამ იდუმალი ზრახვა ექმნებოდა და ვახტანგ VI დარწმუნებული იყო კიდეც, რომ რა წამს პეტრე I-სა და რუსთა ჯარს მიემხრობოდა, პეტრეც თავის მხრივ მის მეთაურობით საქართველოს მტრის წინააღმდეგ გაილაშქრებდა (დ. გურამიშვილი, დავითიანი, ზ. ჭიჭინაძის გამოცემა, გვ. 33)*... (* ქვემოთ შენიშვნაა: პეტრე I-მა „საქმე ვხტანგ მეფისა სცნა, მისი შველა ენება; ზღვა გავლო, დაჰკრა ავღანთა, სოლაღს დაუწყო შენება და დაღიტანს მოხვდა ღვთის რისხვა... ხელმწიფემ ვახტანგს მოსწერა: მოდი მიგიჩნევ მამადო... გიჯობს მე ზურგი მომყუდო, გულზედა გული მამადო და მერეთ შენს მტერზედ მიმიძღვე“...)
2 ივლისს 1722 წ. პეტრე I-მა ვახტანგს ბორის თურქესტანოვის პირით შემოუთვალა, რომ ის მალე სპარსეთის საზღვრებს მიადგება და ამიტომ მეფე საჩქაროდ ლეკებს უნდა დასცემოდა, ამასთანავე თავის დაწყობილ ლაშქრითურთ სპარსეთს შეჰსეოდა და იქ მოეცადა, სანამ პეტრეს მოსვლის შესახებ ცნობები მოუვიდოდა, თუ სად შეყრილიყვნენ ერთად (Бутков, Материалы..., I, 19).
ვახტანგ მეფემ სიხარულით 30000-40000 ჯარისკაცი შეჰყარა, მსწრაფლ განჯისაკენ გაილაშქრა და შანქორში დაიბანაკა რუსთა ხელმწიფისა და ძლიერ ლაშქრის მოუთმენლივ მომლოდინემ. 6 ენკენისთვეს 1723 წ-სა პეტრეს ეს ამბავი დარუბანდში მიუვიდა, 7 ენკენისთვეს ის დაიძრა და წავიდა, მაგრამ საქრთველოს ჯართან შესაერთებლად კი არა, არამედ შინ, აშტარხანისაკენ (ჩხეიძე, ჭიჭ. 34, ჩუბ. 330, ბუტკოვი, მასალები... I, 30-31).
იმ დროს რუსეთი სპარსეთისადმი მხოლოდ იმ ეკონომიური გამორჩენის თვალსაზრისით ხელმძღვანელობდა, რომელიც პეტრე I-ს მხოლოდ თეორიულად, გეგმის მიხედვით ეხატებოდა. მაშინ რუსეთს იმდენად მოჭარბებული ეკონომიური ძალღონე არ ჰქონდა, რომ მისთვის სპრსეთის ბაზარი სააღებმიცემო ასპარეზად აუცილებლად საჭირო ყოფილიყო. სპრსეთში იგი თავის მრეწველობის ნაწარმოების გასაღებისთვის კი არ შედიოდა, არამედ რუსეთის სავაჭრო მოქმედების გეგმა მხოლოდ უბრალო შუამავლობაზე იყო აგებული.
ამგვარი პირობების გამო პეტრე I-სათვის და რუსეთისათვის სპარსეთთან ომი პირველ-ხარისხოვანი, უცილობელი მოვლენა არ ყოფილა. ამიტომაც არის, რომ პირველივე დაბრკოლების შემდგომ, რომელიც რუსთა ხელმწიფის გეგმის განხორციელებას გადაეღობა, მან ამ საქმეს უყოყმანოდ თავი დაანება და შინ დაბრუნდა.
სულ სხვა მდგომრეობში იყო საქართველო: მისთვის რუსების მიმხრობა და ომში მონაწილეობა სპარსეთის წინააღმდეგ იმოდენად საბედისწერო და თავგანწირული ნაბიჯი იყო, რომ თუ რუსეთის ხელმწიფე ამ ომს წააგებდა, საქართველოს პოლიტიკური არსებობა უუკიდურეს განსაცდელში უნდა ჩვარდნილიყო, _ მას უკან დასახევი გზა აღარ ექმნებოდა და ხსნა არსაითგან იყო მოსალოდნელი.
„აღმოსავლეთის ქრისტიანების მფარველი“ ხელმწიფე პეტრე I ამ გარემოებას ოდნვადაც არ შეუფიქრიანებია: მას ამის გამო თავისი გადაწყვეტილება არ შეუცვლია. მეფე ვახტანგი 40000 ქართველი ჯარითურთ იდგა და უცდიდა „ქრისტეს მოყვარე“ სახელმწიფოს და ვერ გაეგო თუ რატომ „შეიქმნა დაყოვნება ხელმწიფისა“ (ს. ჩხეიძე. ჭიჭ. 34, ჩუბ. 330). დაპირებული თანხმობრივი სამხედრო მოქმედების მაგიერ სპარსეთის წინააღმდეგ პეტრე I-მა ვახტანგ მეფეს თავისი დესპანი გამოუგზავნა, რომლის პირითაც მეფეს ურცხვად ურჩევდა საქმე განეგრძო: თუ გაიმარჯვებ, მაშინ დიდად მოიგებ იმიტომ, რომ ურწმუნოთა ბატონობისაგან განთავისუფლდები და ჩვენგანაც იქაურ ქრისტიანებზე უფლება მოგეცემაო. რუსთა ხელმწიფე მეფე ვახტანგს თითქოს იმ ცნობით ანუგეშებდა, რომ იგი ამ საქმეს სრულებით თავს არ ანებებდა და მომავალში ამ ომისათვის კვლავ მზადებას შეუდგებოდა (Бутков, Материалы... I, 31-32)...
საქმე გაცილებით უფრო ცუდად დატრიალდა, ვიდრე ომის მოწინააღმდეგე დარბაისლებს გათვლისწინებული ჰქონდათ (რომლებიც ქართლის სამეფოს ომში ჩარევის წინაღმდეგი იყვნენ, ან რუსეთთან ერთად ფარულ მოქმედებას ურჩევდნენ ვახტანგ VI-ს _ ი. ხ.). მათაც კი ფიქრად არ მოსვლიათ, რომ რუსთა ხელმწიფე თავის სიტყვას არ აასრულებდა და საქართველოს განრისხებულ მტრებს უმწეოდ მიუტოვებდა. სანამ პეტრე I ვახტანგ მეფეს შეაცდენდა და საბედისწერო ნაბიჯს გადადგმევინებდა, ოსმალეთი არზრუმის ფაშის პირით ვახტანგ VI-ს მფრველობას ჰპირდებოდა (Бутков, Материалы... I, 32). მას რომ სპარსეთის წინააღმდეგ რუსეთის ომში მონაწილეობა არ მიეღო და რუსეთს ცხადად არ მიჰმხრობოდა, ოსმალეთისაგან მაინც საქართველოს განსაცდელი არ მოელოდა. მაგრამ რაკი ოსმალეთმა დაინახა, რომ რუსეთი სპარსეთის დაპყრობას ლამობდა და ქართველებიც მათი მოკავშირენი იყვნენ, რუსეთის შიშით დაიძრა და ჯერ ერევნითგან თავრიზამდის მთელი ქვეყანა დაიჭირა, ხოლო შემდეგ გამოილაშქრა თვით საქართველოს წინააღმდეგაც (Бутков, Материалы... I, 31).
მეორეს მხრით განა სპარსეთს კი შეეძლო საქართველოსათვის მისი მოქმედება ეპატიებინა? სპარსეთის შაჰს ვახტანგ მეფეზე მოახსენეს: ის იმდენად „არის მტერი შენი“, რომ „ეყმო ხელმწიფესა რუსეთისასა“ და „ამოსწყვიტა რჯულისა შენისა მოსავნიო“ (ს. ჩხეიძე, ჭიჭ. 35, ჩუბ. 330). საქართველო გადიდებისა და გაძლიერების მაგიერ მტრის სათარეშო გახდა: ქართლი აოხრდა და ოსმალებს ჩაუვარდა ხელში, ლეკებმა ხალხს ძარცვა-გლეჯა დაუწყეს. ვახტანგ მეფეს, რომელსც საქართველოს სახელმწიფოებრივი, კულტურული და ეკონომიური აღორძინებისათვის დაუღალვი შრომა ჰქონდა გაწეული და ქვეყნის აღმშენებლობითი მუშაობით იყო გატაცებული, პეტრე I-საგან მოტყუებულსა და ყოვლად უმწეოდ მიტოვებულს საქართველოთგან გახიზვნის მეტი აღარფერი დარჩენოდა. ქართლში ოსმალები გაბატონდნენ.
მაგრამ საქმე მარტო ამით არ დამთავრებულა. როდესც პეტრე I-მა დაინახა, რომ ოსმალეთი რუსთა სამხედრო მოქმედებით სპარსეთში იმდენად განრისხებული იყო, რომ რუსეთისათვის ომის გამოცხადებას აპირობდა, 12 ივნისს 1724 წ. მსწრაფად ოსმალეთთან ზავი შეჰკრა, რომლის პირველ მუხლში რუსთა ხელმწიფემ მთელი აღმოსავლეთი საქართველო ოსმალეთს დაუთმო, თუმცა კი იგი მას სრულებითაც არ ეკუთვნოდა (Бутков, Мавтериалы... I, 57, თავი 11. 58-59, 62-63 და მისიონ. კრუზინსკის Tragica vertentis Belli Persici historia sub II, ზ. ავალიშვილი „საქართველოს შეერთება რუსეთთან“ /რუს. ენაზე/, მეორე გამოცემა, 69). ასე უკუღმართად დამთავრდა საქართველოსთვის რუსთა ხელმწიფის მიერ აღთქმული აღმოსავლეთის ქრისტიანთა „მფარველობა“; ჯერ თავის სასარგებლოდ ქართველთა ომში ჩათრევით და შემდეგ მტრის წინაშე უმწეოდ მიტოვებითა და მტრისათვის გაცემით. პეტრე დიდმა ისეთი უკუღმართობც კი გამოიჩინა, რომ მის მიერვე მოტყუებული და გაუბედურებული მეფე ვახტანგისათვის შესაფერისი თავშესაფარისა და საცხოვრებელი ადგილის მიცენა არ ნებავდა. როდესაც ვახტანგ VI-მ თავის ოჯახობით აშტარხანში დასახლების ნებართვა ითხოვა, პეტრე I განრისხებული იყო: დახედეთ, უბედურების დროსაც მეფე მაინც ამპარტვნებას არ იშლისო («Хотя царь и в бедствии, но гордости не оставляет»). რუსეთის მეფის აზრით ვახტანგ VI უნდა სადმე საქართველოს სამზღვრის მახლობლად დასახლებულიყო და სწორედ ასეც მოხდებოდა, აშტარხანის გუბერნატორს რომ გულუბრყვილობა არ გამოეჩინა და ხელმწიფის დაუკითხავად პეტრეს სახელით ვახტანგისათვის მისი სურვილის აღსრულება არ აღეთქვა (Бутков, Материалы..., I, 63).
ასეთია სიტყვა-სიტყვით ივანე ჯავახიშვილისეული გადმოცემა და შეფასება რუსეთ-საქართველოს ვერშემდგარი ერთობლივი ლაშქრობისა ირანის ამიერკავკასიურ პროვინციებში. როდესაც მას წაიკითხავ და დაიჯერებ, მაშინ არ შეიძლება არ გაგიჩნდეს უკმაყოფილება პეტრე I-ის ვერაგობის გამო და უარყოფითად არ განეწყო რუსეთ-საქართველოს ისტორიული ურთიერთობებისადმი. მაგრამ განა მართლა ასე იყო საქმე? მივმართოთ სხვა ისტორიკოსების ნაშრომებსაც.
საყურადღებოა საბჭოთა პერიოდის ქართველი ისტორიკოსის პროფესორ იასე ცინცაძის ნაშრომი „1783 წლის მფარველობითი ტრაქტატი“ (მასალები რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების ისტორიისათვის), რომელიც თბილისში გამოიცა 1960 წელს. ამ მონოგრაფიის ავტორს ძირითადი ყურადღება გადატანილი აქვს 1783 წლის გეორგიევსკის ტრაქტატზე და ამიტომ 1722-23 წწ. მოვლენები თხზულების დასაწყისში უფრო ზედაპირულად აქვს მიმოხილული. სახელდობრ იგი წერს:
„ცნობილია, რომ XVI საუკუნემდე ამიერკავკასიაში ჰეგემონობისათვის ირანი და თურქეთი ებრძოდნენ ერთმანეთს და ამ საუკუნის შუა წლებისათვის ამიერკავკასია გავლენის სფეროებად გაინაწილეს. ამ აქტის შედეგად დასავლეთი საქართველო თურქეთისეულად იქნა ცნობილი, ხოლო აღმოსავლეთი მესხეთის ნაწილით ირანს დარჩა.
მაგრამ სწორედ ამ დროს რუსეთის სახელმწიფოს საზღვრები კასპიის ზღვას და ჩრდილოეთ კავკასიას მიებჯინა. თვითმპყრობელობა ამიერკავკასიაში ფეხის მოსადგმელად იწყებს მუშაობას. საქართველოს სამეფო-სამთავროები რუსეთის საიმედო დასაყრდენი ხდებიან ამიერკავკსიაში (XVI საუკუნიდან კახეთის სამეფო, ხოლო XVII საუკუნიდან _ იმერეთი, ქართლი, გურია, სამეგრელო და თუშ-ფშავ-ხევსურეთი). საგრძნობი მატერიალური დახმარება, დიპლომატიური შუამდგომლობა, დამხმარე რაზმის გამოგზავნა (1565 წ.) და მფარველობის აღთქმა რუსეთიდან, საქართველოს სამეფო-სამთავროების მოწინავე წრეებში განამტკიცებდნენ რწმენას, რომ რუსეთის საგარეო პოლიტიკის დღის წესრიგში საქართველოს საკითხს მნიშვნელოვანი ადგილი ეჭირა. ქართველი ელჩების რუსეთში მოგზაურობის შედეგად რუსეთის სახელმწიფოს ძლიერების შესახებაც საკმაო ცნობები იქნა შეკრებილი და რუსეთი ერთერთ ისეთ ძლიერ ძალად გამოიყურებოდა, რომელიც თურქეთისა და ირანის ძალმომრეობას დათრგუნავდა ამიერკავკასიაში. საქართველოს მაშინდელ მოწინავე წრეებში ამ რწმენის შეურყევლობმ რუსული ორიენტაციის სიმტკიცე განაპირობა ჩვენში.
თურქეთისა და ირანის დიპლომატები გაფაციცებით ადევნებდნენ თვალყურს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობას. მათ კარგად იცოდნენ რა დიდი მნიშვნელობა ჰქონდა საქართველოს სამეფო-სამთავროების პოზიციას ამიერკავკასიაში ჰეგემონობისთვის მებრძოლთათვის. რუსეთისათვის ამიერკავკასიაში დასაყრდენის მოსასპობად ჯერ ქართველების გამაჰმადიანება მოინდომეს, შემდეგ ქართული მოსახლეობის აყრა და ირანში გადასახლება სცადეს, კახეთის ველზე კი თურქმანთა მეჯოგე ტომების დასახლება სინჯეს. მაგრამ მოძალადეთა ამ ჯოჯოხეთურ ღონისძიებებს იშვიათი თავგანწირულობით წინ აღუდგა ეს პატარა ქვეყანა და არსებობა შეინარჩუნა.
რუსეთის სახელმწიფოს ექსპანსიას (გაფართოებას _ ი. ხ.) სამხრეთისაკენ, სხვაზე უფრო აქტიურად, თურქეთი აღუდგა წინ. იგი XVI საუკუნეში უძლიერესი სახელმწიფო იყო წინა აზიაში დ შიშის ზარს სცემდა დასავლეთ ევროპის სახელმწიფოებსაც. ხსენებული საუკუნის 80-იან წლებში თურქეთმა ირანიც საგრძნობლად შეავიწროვა, ისე რომ ერთხანად თურქეთის საწინააღმდეგოდ რუსეთ-ირანს შორის ურთიერთდახმარებასა და კავშირზე საფუძვლიანი მოლაპარაკება მიმდინარეობდა და სვაჭრო ურთიერთობაც ჰქონდათ ერთმანეთთან.
თურქეთი, ყირიმის სახანოსა და დაღესტნელ მფლობელებთან მტკიცე კავშირით, ფიქრობდა რუსეთისათვის გზა შეეკრა სამხრეთისაკენ და დაუძლურების გზაზე დამდგარი ირანის პროვინციები რუსეთისათვის არ უნდა დაენებებინა“.
ამ მსჯელობის შემდეგ პროფ. იასე ცინცაძე აკეთებს შემდგომი თხრობისთვის მეტად მნიშვნელოვან და საგულისხმო დასკვნას, გნებავთ, მინიშნებას რუსეთ-საქართველო-ირანის საქმეებში ოსმალთა იმპერიის ინტერესებისა და პოზიციის მნიშვნელობის შესახებ, ხოლო შემდეგ კი იგი გადადის ჩვენი უშუალო განხილვის საკითხზე. სახელდობრ იგი ამბობს:
„XVII საუკუნის პირველ ნახევრამდე (შუა ხანებამდე _ ი. ხ.) რუსეთის დიპლომტიისათვის ნათელი იყო, რომ ამიერკავკასიაში ირანის პროვინციების ხარჯზე შემოჭრა მარტო რუსეთ-ირანის დამოკიდებულების საკითხი არ იყო, იგი უპირატესად რუსეთ-თურქეთის ურთიერთობის საქმეს ეხებოდა და, ცხადია, თურქეთის დიპლომატია გულზე ხელებდაკრეფილი ვერ შეხვდებოდა რუსეთის ამიერკავკასიში გადმოსვლას. XVIII საუკუნის რუსეთს, თუ არა თურქეთის წინააღმდეგობა, მთელი ირანის ხელში ჩაგდება შეეძლო, ირანს საგრძნობი წინააღმდეგობის გაწევის თავი კარგა ხანია რაც აღარ ჰქონდა.
საკმარისია მოვიგონოთ პეტრე I-ის ლაშქრობა კასპიის ზღვის დასავლეთისა და სამხრეთის სანაპიროებისაკენ (ირანის დაუძლურების ხანაში 1722-1723 წწ.). 1723 წლის ხელშეკრულებით ირანი დათანხმდა რუსეთისათვის დარუბანდი, ბაქო, გილანი, მაზენდარანი და ასტრაბადი დაეთმო. მართალია, პეტრე I ირანისაკენ ლაშქრობას თვით ირანის გასამტკიცებლად ჩატარებულ ღონისძიებად ასაღებდა, მაგრამ სინამდვილეში ეს ლაშქრობა ირანის ხარჯზე კასპიის ზღვაზე გასაბატონებლად და აქედან ინდოეთისაკენ გზების გასაკვლევად იყო თავის დროზე დაგეგმილი. პეტრე I-ს ამიერკავკასიაშიც საკმაოდ მნიშვნელოვანი გეგმის განხორციელება ჰქონდა განზრახული, მაგრამ ქართველებისა და სომხებისათვის სვალალოდ ამ გეგმებს სასიკვდილო ლახვარი ჩასცა თურქეთმა და მისმა ქომაგმა საფრანგეთმა. პეტრეს გეგმა ამიერკავკასიაში საქართველოსა და სომხეთის გაძლიერებას ისახავდა მიზნად, მაგრამ ასთი გეგმის განხორციელებას რუსეთი მაშინ შესძლებდა, თუკი ამიერკავკასიაში ჰეგემონი შეიქმნებოდა, მაგრამ ამ ერთმა ლაშქრობამ გაბატონებული მდგომრეობა ვერ შეუქმნა რუსეთს კავკასიაში და ამ ფართო გეგმის ნაცვლად, თურქეთის მუქარით, 1724 წლის 12 ივნისს კონსტანტინეპოლში დადებული ხელშეკრულებით, რუსეთი ირანის ხარჯზე აკმყოფილებს თურქეთს (კონსტაბტინეპოლის ხელშეკრულების შესახებ იხ. В. П. Лысцов, Персидский поход Петра I-го, 1951, стр. 237-238). რუსეთის ხელმწიფე თურქეთს ხელშეკრულებით უმტკიცებდა აღმოსავლეთ საქართველოს, შირვანს, განჯას, ერევანს, ყარაბაღსა და ირანის აზერბაიჯანის ნაწილს. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ საქართველო და სომხეთი პეტრე I-ის მოკავშირენი იყვნენ ამ ლაშქრობის დროს და აქედან აშკარა უნდა იყოს თუ როგორი ანგარიშგასაწევი იყო თურქეთი, რომ მოკავშირენი დათმო რუსეთმა იმ ხანებში („დღევანდელი მდგომარეობით (რუს. понеже) მთელი პროვინცია გეორგია რჩება მაღალი პორტას ძალაუფლების ქვეშ და იქ ყველგან იმყოფებიან გარნიზონები და კომენდანტები მაღალი პორტას მხრიდან“ _ ამონარიდი ხელშეკრულების ტექსტიდან). რამდენად სიმპათიური იყო პეტრეს გეგმები საქართველოსათვის, იმდენად არასიმპათიურად დასრულდა იგი ჩვენი ქვეყნისთვის. მაგრამ ცნობილია, რომ პეტრე სრულიადაც არ ფიქრობდა მხოლოდ კასპიის ზღვის სანაპიროების ხელში ჩაგდებით დაკმაყოფილებას (იხ. В. П. Лысцов, Персидский поход Петра I-го, 1951, стр. 239). მაგრამ 1725 წელს იგი გარდაიცვალა და მისი გეგმებიც არქივს ჩაბარდა.
როგორც ვხედავთ პროფ. იასე ცინცაძის მიერ მოვლენების გადმოცემა და ანალიზი მნიშვნელოვნდ განსხვავდება ივ. ჯავხიშვილისეული თხრობისგან. სახელდობრ, იასე ცინცაზე სულაც არ უყურებს მოვლენებს პეტრე I-ის წინასწარ განზრახული ვერაგობისა და მატყუარობის თვალსაზრისით. მისთვის რუსეთის ხელმწიფის გეგმები მართლაც გულწრფელი და რეალიზებისთვის გამიზნულია, მაგრამ ამ გეგმების განხორციელებას წინ აღუდგა საფრანგეთი, რომელმაც შეაგულიანა ოსმალეთის მთავრობა ამიერკვკასიაში ირანის ხარჯზე რუსეთის დამკვიდრების საწინააღმდეგოდ ხელის გამოღებისთვის. უნდა ითქვას, რომ მანამდე რუსეთმა ჩრდილოეთის ომში (1700-1721 წწ.) დაამარცხა შვედეთისა და პოლონეთის სამეფოთა კავშირი და შვედეთს წაართვა ყოფილი ლივონიის რაინდთა ორდენის მიწები (ლატვია, ესტონეთი) და საკუთრივ რუსული ბალტიისპირეთის ტერიტორია, პოლონეთს კი ლიტვა, ბელორუსია და უკრაინა (ეს ორი უკნასკნელი მონღოლების შემოსევამდე რუსეთის დასავლეთ სამთავროებს წარმოადგნედა). ოსმალეთსც და რუსეთსაც ერთიმეორის მიმართ გარკვეული შიში ჰქონდათ და ამიტომ რუსეთის ხელმწიფე ცდილობდა პირდაპირ არ შეხებოდა ამიერკავკასიაში თურქეთის გავლენის ქვეშ მყოფ ტერიტორიებს (იმერეთის სამეფოს, ახალციხის, ყარსის, ბაიაზეთის საფაშოებს), და შესაძლოა ვერც ოსმალეთი ჩარეულიყო ირანსა და რუსეთს შორის ურთიერთობების სფეროში, მაგრამ სფრანგეთის მხრიდან წახალისებამ, რომელიც გერმანია-საფრანგეთისა და გერმანია-ოსმალეთის ტრადიციული დაპირისპირების გამო ევროპაში ოსმალთა იმპერიის ძველი მოკავშირე გახლდათ, ოსმალეთის მთავრობას მისცა გაბედულება და რიხი რუსეთის გეგმების წინააღმდეგ იარაღის ძალით გამოსასვლელად.
რა თქმა უნდა, პეტრე I-ს შეეძლო ასეთი რამის გათვალისწინება და მაშინ სულ თავიდანვე ხელი უნდა აეღო მსგავს ექსპედიციაზე, სანამ მდგომარეობა სათანადოდ არ იქნებოდა მომწიფებული, მაგრამ განა მარტო ირანში რუსეთის ვაჭრობის გაძლიერების ინტერესებით იყო ნაკარნახევი პეტრე დიდის ლაშქრობა კასპიის ზღვის სანაპიროზე? განა საუკუნეების მანძილზე სწორედ საქართველოსა და სომხეთის წინამძღოლები არ სთხოვდნენ რუსეთის დიდ მთავრებსა და მეფეებს დახმარებას? ამის შესახებაც ხომ საუბრობს დასაწყისში პროფ. იასე ცინცაძე? განა თეიმურაზ I-ის შვილიშვილი ნიკოლოზ დავითის ძე (ერეკლე I _ გამაჰმადიანებული ნაზარ ალი-ხანი) ყრმობიდანვე რუსეთის სამეფო კარზე არ იყო გაგზავნილი აღსაზრდელად და რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების განსამტკიცებლად, განა სულ იმ ხანებში არ ცხოვრობდა და მოღვაწეობდა მოსკოვში იმერეთის მეფე არჩილი, ქართლის მაშინდელ მეფეთა სახლის წევრი, პეტრე I-თან თანაშეზრდილი და შვედეთის ტყვეობაში აღსრულებული ალექსანდრე ბატონიშვილის მამა? განა ისინი სწორედ უწინარეს ყოვლისა სამხედრო დახმარების თხოვნით არ იყვნენ ჩასული რუსეთში? ნუთუ ყოველივე ამას არანაირი გავლენა არ ჰქონია პეტრე დიდის გადაწყვეტილებაზე და მას მხოლოდ რუსეთის ვაჭრობისთვის ხელშეწყობის ინტერესები ამოძრავებდა? ან კიდევ, პეტრეს რომ მიეღო ოსმალეთთან ომი და მასში „მეფე-მზის“ ლუდოვიკო XIV-ის საფრანგეთი უშუალოდ ჩარეულიყო საექსპედიციო ჯარების გამოგზავნით ფრანგული არტილერიითა და სხვა მოწინავე სამხედრო ტექნოლოგიებით (სამხედრო-საინჟინრო საქმე და სხვა), განა მაშინ კი უკეთესად წავიდოდა რუსეთისა და ქართლის სამეფოს საქმე? ან რატომ არ წუხდა ლუდოვიკო XIV ქართველი, სომეხი, ბულგარელი, ვალახელი, ბესარაბიელი, სერბი, ბერძენი და სხვა ქრისტიანების მძიმე მდგომარეობიტ ბრწყინვალე პორტას უღლის ქვეშ, და რატომ ადარდებდა მას მხოლოდ ევროპულ პოლიტიკაში შვედების დამარცხების შემდეგ ახლად გამოჩენილი რუსეთის სახელმწიფოს უფრო მეტად გაძლიერების აღკვეთის საკითხი? იასე ცინცაძის მსჯელობიდან გამომდინარეობს, რომ სწორედ საფრანგეთის პოზიციამ და მის მიერ ოსმალეთის მთავრობის წახალისებამ ჩაშალა 1722-23 წწ. ის სანუკვარი ოცნებები, რომლებსაც ასე ესათუთებოდნენ ქართველი მეფე-მთავრები წინა საუკუნეების მანძილზე. ივ. ჯავახიშვილი კი ამის გამო პასუხისმგებლობას, 1919 წელს, როდესაც საქართველოში ანტანტის წამყვანი წევრის _ დიდი ბრიტანეთის უმაღლესი მმართველობა იყო დამკვიდრებული, მხოლოდ რუსეთის იმპერატორს აკისრებს, და არა ანტანტის მეორე წამყვან სახელმწიფოს _ საფრანგეთს, რომლის იმდროინდელ საქართველოში ჩამოსულ სამხედრო მოხელეებსაც და სოციალისტური პარტიების თავკაცებსაც საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობა გრძელ-გრძელ სუფრებს უშლიდა. საგულისხმოა ისიც, რომ განსაკუთრებით ინგლის-ამერიკული მხარისთვის პირველი მსოფლიო ომის შემდეგ უკიდურესად აქტუალური იყო ომში მათი მოკავშირე რუსეთის იმპერიის დაშლა, ავსტრია-უნგრეთისა და გერმანიის იმპერიების მსგავსად, რათა დედამიწაზე მხოლოდ მათი იმპერიები დარჩენილიყო.
XIX საუკუნის გამოჩენილი რუსი ისტორიკოსი ს. მ. სოლოვიოვი თავის ერთერთ მცირე ნაშრომში „რუსეთის ისტორიის სასწავლო წიგნი“, რომელიც ამ ბოლო წლებში ხელახლა გამოიცა მოსკოვში, და ამდენად დღევნდელი ფართო მკითხველისთვისაც ხელმისაწვდომია, წერს: „დაასრულა რა ევროპული ომი, პეტრემ დაიწყო ფიქრი აზიურ ომზეც. უკვე დიდი ხნიდან ევროპელი მოვაჭრე ხალხები ითხოვდნენ თავისუფალ გზას ვოლგის გავლით კასპიის ზღვაზე, სპარსეთის ნაპირებისკენ, მიუთითებდნენ რა მოსკოვის მთავრობას, რომ რუსეთი თავისი მდებარეობის მიხედვით უნდა იქცეს ვაჭრობის თავმოყრის ადგილად ევროპასა და აზიას შორის, და ჩვენ ვნახეთ, რომ მეფის ალექსი მიხეილის ძის (პეტრე I-ის მამის _ ი. ხ.) დროს მოსკოვში მიმართეს მცდელობას რათა სომხური კომპანიის მეშვეობით მოეხდინათ სპარსული აბრეშუმით ვაჭრობის რუსეთში თავმოყრა. პეტრე ჯერ კიდევ 1716 წელს ზრუნავდა საწყლოსნო გზის გამოძებნისთვის კასპიის ზღვიდან ინდოეთისკენ; შეაერთა რა ხელოვნურად ბალტიის ზღვა კასპიის ზღვასთან და დამკვიდრდა რა ნიშტადტის სამშვიდობო ხელშეკრულებით პირველის ნაპირებზე, ახლა მას სურდა დამკვიდრებულიყო მეორეზეც. 1722 წლის გაზაფხულზე პეტრე გაემგზავრა მოსკოვიდან ქვემოთკენ მდინარეების _ მოსკოვის, ოკისა და ვოლგის გაყოლებით ასტრახანში და ივნისში გამოსცა მანიფესტი, რომ იწყებს ომს სპარსეთთან, ვერ მიიღო რა უძლური შაჰისგან (თაჰმასპისგან) დაკმაყოფილება იმ წყენაში (ზიანში), რომელიც მიაყენეს რუს ვაჭრებს შემახაში. ივლისში იმპერატორი გამოვიდა ასტრახანიდან სახმელეთო ჯარითა და ფლოტით; აგვისტოში დაკავებულ იქნა ტარკა; უტემიშის სულთანის მაჰმუდის დამარცხების შემდეგ დაკავებულ იქნა დარუბანდიც. მაგრამ ეს წარმატებული მოქმედებები გაჩერებულ იქნა საკვები მარაგების უკმარისობით, იმიტომ რომ გემები, რომლებსაც მოჰქონდათ პური, გაჩერდნენ ქარიშხლის გამო, და სამხედრო საბჭოზე გადაწყვიტეს დაესრულებიათ ამ წლის ლაშქრობა და, დატოვებდნენ რა გარნიზონს დარუბანდში, დაბრუნებულიყვნენ ასტრახანში. ნოემბერში გაგზავნა რა პოლკოვნიკი შიპოვი გილანის ოლქის დაკავებისთვის, პეტრე უკან გაემგზავრა მოსკოვში. ომი გრძელდებოდა წარმატებით იმპერატორის არყოფნის დროსაც: შიპოვმა დაამარცხა სპარსელები რეშტთან; 1722 წლის ზაფხულში გენერალმა მატიუშკინმა აიღო ბაქო; შემოდგომზე შაჰის თაჰმასპის ელჩმა პეტერბურგში დადო ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც პეტრე დაპირდა გაეგზავნა შაჰისთვის ჯარი ყველა მეამბოხის წინააღმდეგ და დემკვიდრებია იგი სპარსეთის ტახტზე, რისთვისაც შაჰმა დაუთმო რუსეთს ქალაქები დარუბანდი და ბაქო ოლქებით _ გილანით, მაზანდერანითა და ასტრაბადით.
ამასობაში სასიცოცხლო ძალები სტოვებდნენ დიდ იმპერტორს. უკვე დიდი ხანია იტანჯებოდა იგი მძიმე ავადმყოფობით, რომლისგანაც სხვადასხვა ქვეყნის მინერალური წყლები მხოლოდ დროებით შემსუბუქებას აძლევდა მას, ვინაიდან პეტრე არ ზოგავდა საკუთარ თავს და ცუდად ასრულებდა მედიკოსების რჩევებს. 1725 წლის 6 იანვარს წყალკურთხევის წესის შესრულებისას იგი გაცივდა, ჩაწვა ლოგინში და მეტად ვეღარ ადგა: 28 რიცხვში პეტრე აღესრულა“.
როგორც ვხედავთ თავის მცირე „სახელმძღვანელო წიგნში“ რუსი ისტორიკოსი არ ეხება პეტრე I-ის ლაშქრობის წარუმატებლობის საკითხებს და მხოლოდ რუსული იარაღის გამარჯვებებზე ლაპარაკობს. იგი ასევე არაფერს ამბობს საფრანგეთის როლზე ამ ლაშქრობაში. სამაგიეროდ მისი ცნობები საინტერესოა ევროპული სახელმწიფოების მისწრაფების მხრივ რუსეთის ტერიტორიის გავლით ირან-ინდოეთთან ვაჭრობისკენ. რა თქმა უნდა, მათ უფრო მეტად ენდომებოდათ რუსეთის მთავრობის მხრიდან ხელშეწყობა მათი ვაჭრებისთვის ირანისკენ თავისუფალი და უსაფრთხო გზის უზრუნველყოფის საკითხში, მაგრამ რუსეთსაც ხომ თავისი სავაჭრო ინტერესები ექნებოდა? და ეს ინტერესები მართლაც ევროპასა და აზიას შორის შუამავლობის ფუნქციის მატარებელი უნდა ყოფილიყო, თუმცა კი თავად რუსეთსაც ექნებოდა ისეთი საქონელი გასატანი, რომელიც აღმოსავლეთის ბაზრებზე გასაღებას ჰპოვებდა. რატომ არ მოსწონს ივ. ჯავახიშვილს რუსეთის ასეთი ბუნებრივი ინტერესები, როდესაც მათზე ერთგვარად ირონიით ლაპარაკობს? რატომ უნდა ჩამდგრიყო რუსეთის სახელმწიფო მხოლოდ დასავლეთ და ჩრდილოეთ ევროპის ვაჭრობა-მრეწველობის ინტერესების სამსახურში? რატომ არ უნდა განევითარებია მას საკუთარი სავაჭრო-საფინანსო ინტერესებიც?
ასევე საყურადღებოა რუსული ოფიციოზის წარმომადგენელი ისტორიკოსის მიერ პეტრე I-ის ირანში ლაშქრობის მიზეზების ასახსნელად იმპერტორის მიერ გამოცემული მანიფესტის მოშველიება. ამ მანიფესტში ნათქვამი იყო, რომ რადგანაც ირანის შაჰების იურისდიქციაში მყოფი პროვინციის ტერიტორიაზე, კასპიის ზღვის პირას მდებარე სავაჭრო ქალაქში, ფიზიკურად გაუსწორდნენ რუს ვაჭრებს და თანაც გაძარცვეს ისინი, ხოლო შაჰ-თაჰმასპს კი იქაური მფლობელები არ ემორჩილებიან და თავნებობენ, მეკობრეობენ, და რადგანაც შაჰს არ შეუძლია ასეთი უმსგავსოებების აღკვეთა, ამიტომ თავად რუსეთის ხელმწიფეს აქვს გადაწყვეტილი იარაღის ძალით იმ მხარეების დაკავება და თავისი ვაჭრებისთვის უსაფრთხო და ხელსაყრელი საქმიანი პირობების შექმნა. ასეთი ახსნა-დასაბუთება რომ საფუძველს მოკლებული ყოფილიყო იმდროინდელ ევროპულ პოლიტიკაში, მაშინ რუსეთის იმპერატორი მსგავს არგუმენტაციას საჯაროდ ვერ გამოაქვეყნებდა თავისი მანიფესტის სახით. ანუ ასეთი რამ ევროპული სახელმწიფოების საგარეოპოლიტიკურ საქმიანობაში სავსებით მიღებული გახლდათ. სამწუხაროდ ამაზეც არაფერს ამბობს ივანე ჯავახიშვილი.
ახლა ვნახოთ, თუ რაში მდგომარეობდა ირანში ევროპულ სახელმწიფოთა სავჭრო საქმიანობა და როგორ ვითარდებოდა იგი. ამისთვის ძირითადად დავეყრდნობით მ. ს. ივანოვის წიგნს «Очерк истории Ирана»(„ირანის ისტორიის ნარკვევი“), რომელიც გამოიცა მოსკოვში 1952 წელს. დასაწყისში ავტორი ამბობს, რომ ირანის სახელმწიფოსთვის სპარსეთის წოდება არასწორია, ვინაიდან თავად ფარსები ანუ სპარსელები ისტორიულად ირანის მოსახლეობის უმრავლესობას არ შეადგენდნენ. ისინი ცხოვრობდნენ ირანის დასავლეთ მხარეში და სახელმწიფოში გარკვეულწილად წამყვანი მდგომარეობაც ეკავათ, მაგრამ ირანში ასევე სახლობდნენ ქურთები, ლურები, ბაქტიარები, ბელუჯები და სხვა ხალხები, რომელთა ენები თუმცა კი მიეკუთვნება ენათა ირანულ ოჯახს, მაგრამ ძლიერად განსხვავდება სპარსულისგან (ფარსულისგან); გარდა ამისა ირანში ისტორიულად ცხოვრობდნენ აზერბაიჯანელები, თურქმენები, არაბები და სხვანი, რომელთა ენებიც არ შედიან ენათა ირანულ ოჯახში. ამიტომ ისტორიულად თავად ირანში, ასევე ახლო და შუა აღმოსავლეთში ამ ქვეყანას არასოდეს არ უწოდებდნენ სპარსეთს, არამედ ირანს. ეს როგორც ჩანს უფრო ძველი საბერძნეთიდან მომდინარე ევროპული ტრადიცია უნდა იყოს. ახლა საკუთრივ ჩვენს საკითხს შევეხოთ.
მ. ს. ივანოვი წერს, რომ აყ-ყოინლუს სახელმწიფოს თურქმენი მმართველებისადმი ირანის მოსახლეობის სიძულვილი გამოიყენეს არდებილის შეიხებმა _ ფეოდალმა ს ე ფ ე ვ ი დ ე ბ მ ა, რომელთა გავლენის ზრდაც ჩრდილო-აღმოსავლეთ აზერბაიჯანში დაიწყო ჯერ კიდევ XV საუკუნის დასაწყისიდან. სუნიტი თურქმენების საწინააღმდეგოდ მათ აღიარეს შიიზმი, რითაც მიიმხრეს ირანის მდაბიო მოსახლეობა და დამპყრობელი მმართველებისადმი მტრულად განწყობილი წვრილი და საშუალო ფეოდალები, ნაწილობრივ ვაჭრებიც. XV საუკუნის მეორე ნახევარში სეფევიდები უკვე იმდენად გაძლიერდნენ, რომ აზერბიჯანში დაიწყეს ბრძოლა ძალაუფლებისთვის თურქმენულ დინასტიასთან. ირანის მოსახლეობის ფართო ფენების გარდა სეფევიდები ემყარებოდნენ ასევე თურქულ მომთაბარე ტომებს _ უსტაჯლუს, რუმლუს, შამლუს, თექელუს, ბახარლუს, ზულკალარს, აფშარებს, ყაჯარებსა და ვარსაკის ტომს. პირველი სეფევიდი შაჰის ისმაილის მამამ თავისი მომხრე თურქული ტომებისთვის აუცილებლად შემოიღო წითელი ჩალმების ტარება, რის გამოც მათ უწოდებდნენ „ყიზილბაშებს“ („წითელთავიანებს“), ხოლო სახელმწიფოს „ყიზილბაშურს“.
1502 წელს ი ს მ ა ი ლ ი დაეუფლა მთელ სამხრეთ აზერბაიჯანს, დაიკავა ქ. თავრიზი და თავი ირანის შაჰად გამოაცხადა (1502-1524), თავრიზი _ თვის დედაქალაქად, შიიზმი კი _ ირანის სახელმწიფო რელიგიად. მან ასევე დაამარცხა სულთან მურადი და დაეუფლა ცენტრალურ და დასავლეთ ირანს, რითაც უწინდელმა აყ-ყოინლუს სახელმწიფომ არსებობა შეწყვიტა. ამის შემდეგ ისმილმა თავისი გავლენა გაავრცელა ირანის აღმოსავლეთ (ხორასანი და ტერიტორია მდ. ამუ-დარიამდე) და დასავლეთ (სომხეთი, ქურთისტანი, ბაღდადი და არაბული ერაყი) პროვინციებზეც. დასავლეთისკენ მოძრაობამ გამოიწვია ისმაილის დაჯახება თურქებთან, რომლებიც პრეტენზიას აცხადებდნენ ამიერკავკასიაზე, ქურთისტანსა და არაბულ ერაყზე. ოსმალეთთან ომები გაგრძელდა შესვენებებით 100 წელზე მეტ ხანს 1514-დან 1639 წლამდე. 1587-1629 წწ. ირნში მეფობდა შ ა ჰ ა ბ ა ს I, რომელიც ტახტზე ავიდა 16 წლისა და ისტორიაში შევიდა „შაჰ აბას დიდის“ სახელით. მისი მეფობის დროს სეფევიდების ირანმა მიაღწია უდიდეს ძლიერებას. აბასმა გაატარა პოლიტიკური, ადმინისტრაციული და სამხედრო რეფორმები, სახელმწიფოს დედაქალაქი ყიზილბაშური ყაზვინიდან გადაიტანა ისპაჰანში, რითაც დაიწყო სპარსული ელემენტის წინ წამოწევა (ყიზილბაში ბელადების გავლენის შემცირებისთვის), შექმნა შაჰის ხელქვეით 120-ათასიანი რეგულარული არმია.
1598 წელს ირანში ოსტ-ინდოეთის ბრიტანული კომპანიიდან ჩავიდნენ ძმები ენტონი და რობერტ შირლები მრავალრიცხოვანი ამალით, რომლებმაც ჩაიტანეს მუშკეტები (თოფები) და შეუდგნენ ირანული ჯარის მეთოფეთა 12-ათასინი კორპუსის ჩამოყალიბებასა და გაწვრთნას. სწორედ ეს მეთოფეები იყვნენ რომ ქართველებს უშენდნენ ცეცხლს მარაბდის ომში, და დიდი ზიანიც მოაყენეს, თუმცა კი ქართველმა მებრძოლებმა ღვთის წყალობით შეძლეს მათი დამარცხება და აჩეხვა, რაც მეტად გასაოცარი მოვლენა იყო. გარდა ამისა, შაჰ აბას I-ის რეგულარულ ჯარებში შედიოდნენ: ცხენოსანი ჯარის (ღულამების, ანუ ყულის ჯარის) 10-ათასიანი კორპუსი, რომელიც შედგებოდა ქართველებისა და სხვა კავკასიელი ხალხების შვილებისგან (მათ ბავშვობაშივე ართმევდნენ მშობლებს, ამაჰმადიანებდნენ და ირანში ზრდიდნენ) და შაჰისევენების (შაჰის მოყვარულთა) კორპუსისგან (60-80 ათასი მეომარი), რომელსაც ძირითადად ყიზილბაშური შემადგენლობა ჰქონდა, მაგრამ ყიზილბაშ ხანებს უკვე აღარ ემორჩილებოდა, არამედ შაჰს. სულ შაჰ აბას I-ის ჯარში შედიოდა 120 ათასამდე შეიარაღებული მებრძოლი, ხოლო მომსახურე პერსონალთან ერთად არმიის რიცხოვნება 200-300 ათას ადამიანამდე ადიოდა. ამ რეფორმას სათავეში ედგა გამაჰმადიანებული ქართველი (ივანოვს რატომღაც უწერია სომეხი) ალავერდი-ხან უნდილაძე.
თურქების წინააღმდეგ, რომლებსაც აბას I-ის გამეფებამდე და მისი მეფობის პირველ წლებშიც მნიშვნელოვანი წარმატებები ჰქონდათ სეფევიდების ირანთან ბოლო ომებში, ხოლო 1590 წელს კონსტანტინოპოლში დადებული ზავის მიხედვით ფლობდნენ მთელ საქართველოს, სომხეთს, აზერბაიჯანს ქ. თავრიზით (არდებილისა და თალიშის გამოკლებით), ლურისტანის მნიშვნელოვან ნაწილს, შაჰ აბას I ცდილობდა კავშირების შეკვრას მოსკოვის რუსეთთან, გერმანიის იმპერიასთან, რომთან, სადაც გაგზვნილ იქნა ელჩობა ენტონი შირლის მეთაურობით. როგორც ვიცით, შაჰ აბას დიდის ირანულ სახელმწიფოს მნიშვნელოვანი წარმატებები ჰქონდა ოსმალეთის წინააღმდეგ ომებში, და საქართველოსაც ბევრი სისხლი ადინა, მაგრამ ამჯერად ამაზე ყურადღებს არ შევაჩერებ, არმედ უფრო მეტად შევეხები იმდროინდელი ირანის ეკონომიკურ საკითხებსა და ამასთან დაკავშირებულ დასავლეთ ევროპის სახელმწიფოთა საქმიანობას ირანში.
ზემოთ ასევე აღვნიშნე, რომ აბასმა ყიზილბაშთა თვითნებობის ასალაგმავად ირანის დედაქალაქი 1587/98 წელს ყაზვინიდან ისპაჰანში გადაიტანა, ხოლო სამეფო კარზე თურქული ენის ნაცვლად დაიწყო სპარსულის დამკვიდრება. გარდა ამისა, მან ქალაქ ჯულფადან სომეხ ხელოსანთა და ვაჭართა დაახლოებით 5 ათასი ოჯახი გადაასახლა ისპაჰანში. სწორედ ქ. ჯულფა წარმოადგენდა ევროპასთან აბრეშუმით ვაჭრობის მთავარ ბირჟას (აქედან აბრეშუმი გაჰქონდათ ოსმალეთში და იქ ქალაქ ალეპოში თავად თურქი ვაჭრები აწარმობდნენ ევროპელებთან ირანული აბრეშუმით ვაჭრობას). შაჰ-აბასმა ჯულფადან აყრილი სომხები დაასახლა ისპაჰანის გარეუბანში და ასეთნაირად წარმოიქმნა სომხური გარეუბანი _ ახალი ჯულფა. ამ ღონისძიებით შაჰს სურდა ასეთ მომგებიან საქმეში დახელოვნებული სომეხი ხელოსნების სატახტო ქალაქში დასახლება, და გარდა ამისა, სამეფო ხაზინის ინტერესებში აბრეშუმით ვაჭრობის საქარავნო გზების ირანის სიღრმეში გადმოტანა. მისი გეგმით აბრეშუმი ევროპაში უნდა გასულიყო არა ძველი ჯულფისა და თურქეთის გავლით, როგორც ეს მანამდე იყო, არამედ ისპაჰანისა და სპარსეთის ყურის გავლით, საზღვაო გზით აფრიკის გარშემო. აბრეშუმით ვაჭრობას იმ ხანად უზარმაზარი მნიშვნელობა ჰქონდა ირანისთვის; ასე, 1630-იანი წლების მეორე ნახევარში, ირანში ყოველწლიურად ღებულობდნენ 10-დან 20 ათასამდე ბარდანა აბრეშუმს (თითოეული ბარდანა იწონიდა დაახლოებით 216 გირვანქას, ანუ დაახლოებით 88,5 კგ-ს), საიდანაც თავად ქვეყანაში რჩებოდა არაუმეტეს ათასი ბარდანისა, დანარჩენი კი გადიოდა ინდოეთში, ოსმალეთსა და ევროპაში. აბრეშუმის გარდა ირანიდან გაჰქონდათ ფარჩა, ხავერდი და სხვა ქსოვილები, ხალიჩები, ტარსიკონი და ტყავის სხვა ნაკეთობანი, მატყლი, თამბაქო, ხილის ჩირი და სხვა საქონელი. ევროპელებს ირანში მოჰქონდათ კალა, სპილენძი, ინგლისური, ფრანგული და ჰოლანდიური მაუდი, შაქარი. ისპაჰანში ყოველთვის იმყოფებოდნენ დიდი რაოდენობით უცხოელი ვაჭრები, მათ შორის: ინდოელები, ჰორეზმელები, ჩინელები, ბუხარელები, თურქები, რუსები, ინგლისელები, ჰოლანდიელები, ფრანგები, იტალიელები და ესპანელები, აგრეთვე სომხები, ქართველები და ებრაელები. აბრეშუმით ვაჭრობისგან შემოსავლები შეადგენდა შაჰის მონოპოლიას, მაგრამ მას აწარმოებდნენ უმთავრესად სომეხი ვაჭრები, რომლებიც იყვნენ შაჰის კონტრაგენტები და სარგებლობდნენ მისი განსაკუთრებული მფარველობით.
მაგრამ ევროპასთან პირდაპირ ვაჭრობისთვის ირანის ხელმწიფეს სჭირდებოდა სპარსეთის ყურიდან ომანის ყურესა და არაბეთის ზღვაში (ინდოეთის ოკეანეში) გამავალი გზის კონტროლი, რაც იმ ხანად პორტუგალიელების ხელში იყო. სახელდობრ, მ. ს. ივანოვი თავის წიგნში აღნიშნავს, რომ ჯერ კიდევ 1507 წელს და შემდეგ 1515 წლიდან პორტუგალიელებმა ინდოეთთან საზღვაო ვაჭრობაზე თავიანთი კონტროლის დამყარების მიზნით აიღეს სპარსეთის ყურიდან გამოსასვლელ ორმუზის სრუტეში კ. ორმუზი და იქ პირველი კლასის ციხესიმაგრე ააშენეს. მთელი საუკუნის განმავლობაში ორმუზი სპარსეთის ყურეში წარმოადგენდა ვაჭრობის ცენტრს ირანს, თურქეთს, ინდოეთსა და არაბეთს შორის, რომ არაფერი ვთქვათ მისი მნიშვნელობის შესახებ ინდოევროპული ვაჭრობისთვის.
1588 წელს ინგლისელების მიერ ესპანური არმადის განადგურების შემდეგ XVII საუკუნის დასაწყისში პორტუგალიელები ნელ-ნელა კარგავდნენ პოზიციებს ინდოეთის მისადგომებთან. იმავე დროს სპარსეთის ყურის ნაპირებთან გამოჩნდნენ ახლი კოლონიზატორები _ ინგლისელები. 1598 წელს, როგორც უკვე ვთქვი, ინგლისელებმა სამხედრო თანამშრომლობა დაიწყეს შაჰ-აბას I-თან და მეთოფეთა კორპუსი შეუიარაღეს და გაუწვრთნეს; 1620 წელს ინგლისურმა ესკადრამ დაამარცხა პორტუგალიელები ჯასკართან. მაგრამ ირანის ძლიერი მბრძანებლის ხელში ინგლისელებს თავიანთი სავაჭრო ინტერესების გატარება მხოლოდ მასთან თანამშრომლობით თუ შეეძლოთ. ორმუზისთვის ბრძოლაში შაჰ აბას I-ის ინტერესები ემთხვეოდა ინგლისელთა ინტერესებს. ორმუზის გავლით აბრეშუმის გატანა შაჰს მისცემდა უფრო მაღალ მოგებას, ვიდრე მისი გატანა თურქეთის გავლით, რომელიც დიდ საბაჟო გადასახადს ახდევინებდა. ინგლისური ოსტ-ინდოეთის კომპანიისთვის კი აბრეშუმის შესყიდვა თავად ირანში თითქმის ორჯერ უფრო იაფი ჯდებოდა, ვიდრე ოსმალეთში (ქ. ალეპოში). ირანი იმ ხანად ინგლისელებს აინტერესებდათ როგორც ინდოეთის მისადგომებზე გამაგრების თვალსაზრისით, ისე აბრეშუმით ვაჭრობის თვალსაზრისითაც. შესაბამისად გაფორმდა კავშირი შაჰ აბას I-სა და ინგლისელებს შორის პორტუგალიელთა წინააღმდეგ.
1623 წელს, პეტრე I-ის სპარსეთში ლაშქრობამდე მთელი საუკუნით ადრე, ინგლისური ფლოტის მონაწილობით შაჰ აბას I-ის ჯარები დაეუფლნენ ორმუზსა და კუნძულ ქეშმს. პორტუგალიელები შემდეგ ხანებში მიმართავდნენ დაკარგული პოზიციების დაბრუნების მცდელობებს, მაგრამ უშედეგოდ. ირანის ხელმწიფემ აბრეშუმით ვაჭრობის საბაჟო და მთელი სავაჭრო ოპერაციები კ. ორმუზიდან გადაიტანა მატერიკზე, ასევე პორტიც, რომელსაც ამიერიდან ბენდერ-აბასი (აბასის პორტი) დაერქვა. ინგლისურმა ოსტ-ინდოეთის კომპანიამ ორმუზის აღების დროს დახმარების სანაცვლოდ შაჰისგან მიაღწია რიგი პრივილეგიების მიღებას. ინგლისელებს სავაჭრო ფაქტორიის დაარსების ნება დართეს ბენდერ-აბასში, აგრეთვე უფლება მისცეს შემოეტანათ თავიანთი საქონელი ირანში ბაჟის გადახდის გარეშე, მიეღოთ მნიშვნელოვანი წილი ბენდერ-აბასის საბაჟოდან და რიგი შეღავათებისა აბრეშუმით ვაჭრობაში.
შაჰ აბას I, საგარეო ვაჭრობის წახალისების მიზნით, შეღავათებსა და პრივილეგიებს აძლევდა არა მხოლოდ ინგლისელებს, არამედ სხვა ევროპელ ვაჭრებსაც, განსაკუთრებით ჰოლანდიელებს, რომლებმაც 1620-იან წლებში ასევე დააარსეს ბენდერ-აბასში თავიანთი სავაჭრო ფაქტორია, ხოლო 1645 წელს მიიღეს აბრეშუმის შესყიდვის უფლება ირანის მთელ ტერიტორიაზე, და ირანის საგარეო ვაჭრობაში პირველ ადგილზეც კი გავიდნენ, უკან ჩამოიტოვეს რა ინგლისელები. მაგრამ შაჰ აბას I-ის შემდეგ ირანის სახელმწიფო და ცენტრალური ხელისუფლება თანდათან უფრო სუსტდებოდა, განსაკუთრებით 1670-იანი წლების შემდეგ, როდესაც უზბეკი ხანები ქვეყნის აღმოსავლეთში დაუსჯელად თვითნებობდნენ, ხოლო ჰოლანდიელებმა ორმუზის ყურეში დაიპყრეს კ. ქეშმი, ბენდერ-აბასის საბაჟოდან შემოსავლები კი, ფრანგი მოგზაურის ჟან შარდენის მოწმობით, 1,1 მლნ. ლივრიდან 0,4-0,5 მლნ.-მდე შემცირდა. 1700-იანი წლების დასაწყისში ირანის შაჰმა, სულთან-ჰუსეინმა, ფრანგ ვაჭრებსა და ქვეშევრდომებსაც მისცა განსაკუთრებით ფართო უფლებები და პრივილეგიები, რათა სხვათა შორის, ჰოლანდიელთა მონოპოლიური პრეტენზიები მოეთოკა და ქვეყნის ეკონომიკა განევითარებია. მაგრამ ეს საქმეს ვერ შველოდა და სეფევიდური ირანის ეკონომიკური და პოლიტიკური დაქვეითება აშკარა იყო. 1722 წლის შემოდგომაზე ავღანელებმა აიღეს ისპაჰანი, შაჰ სულთან-ჰუსეინმა მათ ბელადს მირ-მაჰმუდს სეფევიდთა გვირგვინი გადასცა, ხოლო ირანის დიდებულებმა კი ერთგულება შეჰფიცეს. შაჰ სულთან-ჰუსეინის ვაჟიშვილი თაჰმასპი ქვეყნის ჩრდილოეთში გაიქცა და მის გარშემო შემოკრება დაიწყეს ანტიავღანურად განწყობილმა ძალებმა.
სწორედ ამ დროს მიეკუთვნება პეტრე I-ის გააქტიურება სამხრეთისკენ. მანამდე იგი ოც წელზე მეტი ხნის განმავლობაში დაკავებული იყო შვედებთან ომით. ზემოთ მოყვანილი მსჯელობიდან ჩანს, რომ რუსეთს არ გამოუჩენია იმაზე განსაკუთრებული აგრესიულობა და შემტევობა ირანის მიმართ, ვიდრე თუნდაც პორტუგალიას, ბრიტანეთსა და ჰოლანდიას. ასეთ პირობებში განა შეეძლო პეტრე I-ს თუნდაც სულ მცირე წარმატების იმედი ჰქონოდა ირანში თავის ლაშქრობაში, თუკი იგი შეეხებოდა და შელახვდა ზემოთ მოყვანილი ევროპული სახელმწიფოების ინტერესებს? თუკი მისი დაპყრობები გასცდებოდა ამიერკავკასიის ფარგლებს და ირანის სიღრმეშიც გვრცელდებოდა? ნუთუ ასეთ ვითარებაში ინგლისი, ჰოლანდია და საფრანგეთი გულხელდაკრეფილები დაელოდებოდნენ იმას, თუ როგორ გამოაცლიდნენ მათ რუსები პირიდან ირანსა და ინდოეთთან ვაჭრობის მსუყე ლუკმას და არათუ აფრიკის კონტინენტის სამხრეთიდან შემოვლითი საზღვაო გზით, არამედ უმოკლესი სახმელეთო და სამდინარო სატრანსპორტო გზით უზრუნველყოფდნენ ასეთ ვაჭრობას? ცხადია, რომ რუსეთის იმპერატორს დასავლეთ ევროპის წამყვანი სახელმწიფოებისთვის ანგარიშის გაწევა აუცილებლად მოუხდებოდა, მას მათთვის რაიმე მისაღები უნდა შეეთვაზებინა. და ასეთი წინადადებები რუსეთის ხელმწიფეს ექნებოდა. რამდენადაც პ. ბუტკოვის ზემოთ ხსენებული ნაშრომიდან მახსოვს, პეტრე I-ს იმ ხანად სურდა ირანული ნედლი აბრეშუმის თურქეთის ნაცვლად რუსეთში ბითუმად შეტანისა და იქიდან ევროპასთან ვაჭრობის დაფუძნება, და არა მთელი ირანისა და ინდოეთის სიმდიდრეების ხელში ჩაგდება, როგორც ამის თაობაზე უყვართ ხოლმე ლაპარაკი, რუსეთის მოუთოკავი დამპყრობლობისა და გაუმაძღრობის მქადაგებლებს.
მ. ს. ივანოვი შემდეგ ჰყვება, რომ პეტრე I ჯერ კიდევ შვედებთან ომი დროს დაინტერესდა ირანში არსებული მდგომარეობით. ირანთან ვაჭრობის განვითარების უზრუნველყოფის, აგრეთვე სეფევიდური სახელმწიფოს შესახებ უფრო სარწმუნო ცნობების მიღების მიზნით 1717 წელს ისპაჰანში მოვიდა პეტრეს მიერ გამოგზავნილი არტემ ვოლინსკის ელჩობა. ამ ელჩობის მასალები წარმოადგენს მეტად დიდ ინტერესს ირანში მდგომარეობის შესწავლისთვის ავღალენთა შემოსევის წინ. ვოლინსკი ადგილზე დარწმუნდა სეფევიდური დინასტიის არამტკიცობასა და შაჰ სულთან-ჰუსეინის უნიჭობაში. იგი პეტერს ატყობინებდა, რომ „იშვიათად თუ შეხვდები მსგავს სულელს უბრალო ადამიანებს შორისაც, არათუ გვირგვინოსნებს შორისო“. თუმცა კი პეტრე I-მა იცოდა სეფევიდური დერჟავის საშინაო მდგომარეობის შესახებ, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთი დაკავებული გახლდათ ჩრდილოეთის ომით, მას არ შეეძლო იმ დროს თავისი პოლიტიკის გააქტიურება ირანთან მიმრთებითაც. მაგრამ ნიშტადტის სამშვიდობო ხელშეკრულების დადების (1721 წ.) შემდეგ პეტრე I-მა, დაასრულა რა ხანგრძლივი ომი შვედეთთან, შესაძლებლობა მიიღო უშუალოდ შესდგომოდა საქმეებს სამხრეთ-აღმოსავლეთშიც. იმ დროს, როდესაც ავღანელებს ალყა ჰქონდათ შემორტყმული ისპაჰანისთვის, 1722 წ. ივლისში პეტრე I გამოვიდა ასტრახანიდან ზღვით დაღესტანზე. მის მიერ გამოშვებულ მანიფესტში გამოცხადებული იყო, რომ იგი მიმართავს ამ ლაშქრობას ლეკების დასასჯელად, რომლებმაც შემახაში თავიანთი თავდასხმის დროს დახოცეს ბევრი რუსი ვაჭარი და ასევე კავკასიელი ქრისტიანების _ ქართველებისა და სომხების დასაცავად. პეტრეს გამოსვლა დაჩქარებულ იქნა იმით, რომ თურქებმა იმ დროისთვის აქტიურად დაიწყეს ჩარევა შირვანის საქმეებში.
დაიკავა რა 1722 წ. სექტემბერში დარუბანდი, პეტრე I დაბრუნდა ასტრახანში, შემდეგ კი პეტერბურგში. მან მიიღო გილანელების მიმართვა თხოვნით გაეწია მათთვის დახმარება ავღანელების წინააღმდეგ. საპასუხოდ მან გაგზავნა ორი ბატალიონი, რომლებიც შევიდნენ ენზელისა და რეშტში. მათ შემდგომში შეუერთდნენ სხვა ჯარებიც გენერალ ლევაშოვის მეთაურობით. 1723 წლის ზაფხულში რუსულმა ჯარებმა დაიკავეს ბაქო.
ამიერკავკასიის კასპიისპირა ოლქებსა და გილანში რუსების შესვლამ გამოიწვია რუსეთ-თურქეთის ურთიერთობების გამწვავება. თურქეთმა გადაწყვიტა ესარგებლა ირანის ძნელი მდგომარეობით. 1723 წ. გაზაფხულზე თურქებმა ირანს გამოუცხადეს ომი, შეიჭრნენ საქართველოში და დაიკავეს თბილისი. შეიტყო რა თურქეთის შემოჭრის შესახებ, თაჰმასპმა პეტერბურგში ელჩად გაგზავნა ისმაილ-ბეგი დავალებით დაედო რუსეთთან ხელშეკრულება კავშირის შესახებ. 1723 წ. 23 სექტემბერს პეტერბურგში ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას, რომლის მიხედვითაც პეტრე I დაჰპირდა თაჰმასპს დახმარებას ირანის დაწყნარებაში, „მეამბოხეთა“ (ე. ი. ავღანელების) დასჯასა და შაჰის დახტზე მის დამკვიდრებაში. თაჰმასპი რუსეთის კუთვნილებად აღიარებდა ქალაქებს დარუბანდსა და ბაქოს მათი მიმდებარე კასპიისპირა ოლქებით, უთმობდა მას ირანის კასპიისპირა პროვინციებს _ გილანს, მაზანდერანსა და ასტრაბადს. მაგრამ რუსული ჯარები შევიდნენ რა რეშტში, უფრო შორს აღმოსავლეთით აღარ წასულან. მაზანდერანი და ასტრაბადი მათ მიერ დაკავებული არ ყოფილა.
რუსების მიერ ბაქოს დაკავებამა და 1723 წ. ხელშეკრულების დადებამ გამოიწვიეს ურთიერთობების კიდევ უფრო გამწვავება თურქეთსა და რუსეთს შორის. საქმე კინაღამ ომამდეც არ მივიდა. საქართველოს კვალდაკვალ თურქებმა დაიპყრეს ირანის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილი ქალაქ ქერმანშაჰით. მაგრამ მალევე საფრანგეთის ელჩის აქტიური შუამავლობით კონსტნტინოპოლში თურქეთსა და რუსეთს შორის, რომელთაგან თითოეულს ეშინოდა მეორე მხარის გავლენის ზომაზე მეტად გაძლიერებისა ირანში, დაიწყო მოლაპარაკებები, რომლებსაც შედეგად მოჰყვა 1724 წ. ივნისში რუსეთ-თურქეთის ხელშეკრულების ხელმოწერა ირანის ჩრდილოეთ პროვინციებისა და დასავლეთ პროვინციების ნაწილის გაყოფის შესახებ. ამ ხელშეკრულების მიხედვით თურქეთი თანხმდებოდა იმაზე, რომ რუსეთის ხელში უნდა გადასულიყო ამიერკავკასიისა და ირანის კასპიისპირა პროვინციები (ე. ი. ის ოლქები, რომლებიც თაჰმასპმა დაუთმო რუსეთს 1723 წლის პეტერბურგის ხელშეკრულებით). თურქეთს უნდა მიეღო ამიერკავკასიის დანარჩენი ნაწილი, აგრეთვე მთელი ჩრდილო-დასავლეთ ირანი _ მთელი აზერბაიჯანი და ქურთისტანი ქალაქით ქერმნშაჰი და ჰამადანიც კი. რუსეთმა და თურქეთმა გამოაცხადეს თავიანთი მზადყოფნის შესახებ მხარი დაეჭირათ თაჰმასპისთვის, თუკი იგი დათანხმდებოდა ამ ხელშეკრულების პირობების მიღებაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი იმუქრებოდნენ, რომ ტახტზე აიყვანდნენ სხვა შაჰს.
შემდეგ მ. ს. ივანოვის წიგნში ნათქვამია, რომ თურქები არ შემოიფარგლენ ირანის იმ რაიონების დაკავებით, რომლებიც გათვალისწინებული იყო ამ ხელშეკრულებით. მალევე (1725 წ.) მათ დაიპყრეს ასევე ყაზვინი, არდებილი, რომელიც რუსეთ-თურქეთის ხელშეკრულებით დატოვებული იყო თაჰმასპისთვის, და სხვა ქალაქები. ირანული მოსახლეობა იბრძოდა თურქული შემოჭრის წინააღმდეგ. განსაკუთრებით შეუპოვარი წინააღმდეგობა თურქებს გაუწიეს თავრიზში. ჰამადანის მცხოვრებნიც ასევე შეუპოვრად ეწინააღმდეგებოდნენ თურქებს. ჰამადანის აღების შემდეგ (1724 წ.) ოსმალებმა ამოხოცეს დიდი რაოდენობით მისი მოსახლეობა და დაანგრიეს ქალაქის მნიშვნელოვანი ნაწილი. შემდეგ ისინი ისპაჰანის დაპყრობასაც გეგმავდნენ, მაგრამ თაჰმასპის მომხრეებს 1726 წელს შეუერთდა თავისი მრავალრიცხოვანი რაზმით ნადირ-ხან აფშარი, რომლის მეთაურობითაც ირანელებმა დაამარცხეს ავღანელებიცა და თურქებიც და ირანის სახელმწიფო კვლავ გაძლიერდა.
ასე მოგვითხრობს ჩვენთვის საინტერესო მოვლენების შესახებ მ. ს. ივანოვი თავის წიგნში „ირანის ისტორიის ნარკვევი“. ამ ნაშრომიდანც ჩანს, რომ პეტრე I-ს არანირი ვერაგული მიზნები არ ჰქონია საქართველოსთან მიმართებით, ხოლო თუ მისი გეგმები ვერ განხორციელდა, ამაში ისევ თურქების გააქტიურებას უნდა ეთმაშა გადამწყვეტი როლი. ივანოვი, იასე ცინცაძისგან განსხვავებით, ასევე არაფერს ამბობს საფრანგეთის მიერ თურქეთის წახალისებაზე რუსეთთან ომისთვის, თუმცა კი მათ შორის მოლაპარაკებაში სწორედ ამ ქვეყნის ელჩი გამოვიდა შუამავლად.
არის კიდევ ერთი საკითხი, რაც უნდა აღინიშნოს მ. ს. ივანოვის ნაშრომთან დაკავშირებით. სახელდობრ იგი წერს შემდეგს:
„პეტრე I-ის სპარსულ ლაშქრობას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ამიერკავკასიის ხალხების განმათავისუფლებელი მოძრაობისთვის ირანული და თურქული ჩაგვრის წინააღმდეგ. რუსეთის მთავრობა ინტერესდებოდა ამიერკავკასიით და ისწრაფოდა მასზე თავისი ძალაუფლების დამყარებისკენ უმთავრესად სამხედრო-სტრატეგიული და ეკონომიკური, უწინარეს ყოვლისა, სავაჭრო მოსაზრებებით. მაგრამ სომხები, ქართველები და ამიერკავკასიის სხვა ხალხები ძლიერ და საერთაშორისო ავტორიტეტის მქონე რუსეთში ხედავდნენ იმ ძალას, მხოლოდ რომლის დახმარებითაც თუ შეძლებდნენ ისინი განთვისუფლებას სულთანების თურქეთისა და შაჰების ირანის ურლისგან და შესაძლებლობის მიღებას თავიანთი არსებობისა და ეკონომიკურ-კულტურული ცხოვრების განვითარებისთვის. ამიტომ პეტრე I-ის სპარსული ლაშქრობის შემდეგ ამიერკავკასიის ხალხთა განმათავისუფლებელი მოძრაობა გაძლიერდა“.
რუსი ისტორიკოსის ეს შეფასება სავსებით სწორია ირანულ-ოსმალური ჩაგვრის ქვეშ მყოფი ქართველებისა და სომხების რუსეთისკენ ლტოლვის ზოგადი დახასიათებისთვის; მაგრამ კონკრეტულად XVIII საუკუნის დასაწყისში სწორედ ირანის ცენტრალური ხელისუფლების დასუსტებისა ვახტანგ VI-ის მოღვაწეობის შედეგად ქართლის სამეფომ მოისვენა მაჰმადიანთა შემოსევებისგან და დაიწყო კულტურულ-ეკონომიკური აღორძინება. სწორედ პეტრე I-ის ლაშქრობაში გაუთვალისწინებელი ფაქტორების წამოჭრის, ლაშქრობის ჩაშლისა და ქართლის სამეფოზე საპასუხო ირანულ-ოსმალური შემოტევის შედეგად კი დიდი რბევა, აწიოკება და გაჩანაგება განიცადა ისტორიული საქართველოს გულმა. არც ნადირ-შაჰის გამეფებას ირანში შეუწყვია ხელი უშუალოდ ქართლის სამეფოს შემდგომი აყვავებისთვის, აქაც თეიმურაზ II-ისა და ერეკლე II-ის გონივრულმა პოლიტიკამ ითამაშა გადამწყვეტი როლი. რუსეთის ხელისუფლებაში კი, ალბათ, პეტრე I-ის ლაშქრობის წარუმატებლობის მიზეზების (დასავლეთ-ევროპული და ოსმალური ჩარევის) გათვალისწინებით მოახდინეს ამიერკავკასიაში შემდგომი პოლიტიკის კორექტირება, რასაც მოჰყვა წარმატებები ეკტერინე II-ის, პავლე I-ის, ალექსანდრე I-ისა და ნიკოლოზ I-ის მეფობის ხანებში. მაგრამ საკუთრივ ქართლის სამეფოს რომ პეტრე დიდის ჩაშლილმა ლაშქრობამ დიდი უბედურება მოუტანა, ეს ყველა ქართველმა იცის. ამიტომ ქართველი ადამიანისთვის მ. ს. ივანოვის ასეთ შეფასებას, ბუნებრივია, ვერ ექნება დამაჯერებელი სახე. სამაგიეროდ რუსი მკითხველი, რომელმაც არ იცის დეტალურად „ქართლის ჭირი“ 1720-30-იან წლებში, ასეთი შეფასებით კმაყოფილი იქნება, ვინაიდან მას ეუბნებიან, რომ რუსეთი სადაც კი გამოჩნდა, ყველგან მხოლოდ სიკეთე მოუტანა იქაურ ხალხებსო (ამ შემთხვევაში ასეთ სიკეთედ იგულისხმება რუსეთის მიერ გამხნევებული „ამიერკავკასიის ხალხების განმათავისუფლებელი ბრძოლის გაძლიერება“). შესაბამისად რუსი ადამიანისთვის გაუგებარი, უცნაური და გულსატკენიც კი ხდება ქართველების უმადურობა და უზნეობა რუსეთთან და რუსებთან მიმართებაში. ამ შემთხვევაში უმადურობა და უზნეობა ბრჭყალებში არ ჩავსვი, ვინაიდან როგორც ივ. ჯავახიშვილის აღნიშნულ ნაშრომში და საერთოდ ქართველების რუსეთთან და რუსებთან დამოკიდებულებაშიც, მართლაც უხვად არის ეს ორივე მანკიერება.
პროფესორმა გიორგი პაიჭაძემ მთელი მონოგრაფია მიუძღვნა პეტრე I-ისა და ვახტანგ VI-ის ერთობლივ ლაშქრობას ირანის აზერბაიჯანში, რომელიც 1960 წელს გამოიცა თბილისში სათაურით „რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების ისტორიისათვის“ (XVIII ს. I მეოთხედი).
(ეს წიგნი საკმარისად დიდი მოცულობისაა და მისი შინაარსის გულდასმით გადმოცემა დიდ დროს მოითხოვდა. არის სხვა ნაშრომიც გ. პაიჭაძისა „ვახტანგ VI“, რომელშიც რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებს ეძღვნება მხოლოდ ერთი თავი; ანუ იქ ავტორს თავად აქვს უფრო შემოკლებით გადმოცემული ეს ამბები და მისი გამოყენება, იქიდან სათანადო ადგილების ციტირება, უფრო მოსახერხებელი იქნებოდა. მაგრამ ეს წიგნი, სამწუხროდ, ამჯერად მე ხელთ არა მქვს, ხოლო ბიბლიოთეკაში სიარული იქიდან ამონაწერების გასაკეთებლად, ავადმყოფობის გამო, ჯერჯერობით არ შემიძლია. მე იგი ადრე მაქვს წაკითხული და მეხსიერებით შემიძლია აღვიდგინო, რომ თაჰმასპმა, ვინაიდან იგი ავღანელების მიერ იყო დედაქალაქიდან გამოდევნილი და ირანის ჩრდილოეთ მხარეებში ცდილობდა ჯარების შეკრებას, ამიტომ თავად მან გურჯისტანის ვალს ვახტანგ VI-ს დაავალა თავისი ჯარის შეკრება, დაღესტნელი მეკობრეების დამარცხება, ამიერკავკასიიდან მათი განდევნა და შემდეგ თავისი ჯარებით მასთან შეერთება. ამიტომ ჯარის შეკრებაზე ქართლის მეფეს თავად შაჰ-თაჰმასპისგან ჰქონდა ბრძანება მიცემული. შემდეგშიც, პეტრე I-ის უკან გაბრუნების მერე, შაჰთან დაგვიანებით მისვლის გამო შეძლებდა ალბათ თავი ემართლებინა, გაეწია შაჰისთვის ვასალური სამსახური ისპაჰანიდან ავღანელთა განდევნის საქმეში და მისი გული კვლავ თავისკენ მოებრუნებინა. მაგრამ ეს ვერ მოხდა, რადგანც ამის პარალელურად კახეთის მფლობელი კონსტანტინე (მაჰმად-ყული ხანი) აბეზღებდა თაჰმასპთან მეფე ვახტანგს, სთხოვდა ქართლის სამეფოსაც და ურჩი მეფის დასჯას ჰპირდებოდა. მართალია დავით გურამიშვილი თავის პოემაში ამ ამბებს სხვანაირად გადმოგვცემს, თითქოს მაჰმად-ყული ხანს არ უნდოდა ქართლის დაუფლება და შაჰის წინააღმდეგ ურჩობასაც კი აპირებდა, ოღონდ კი ვახტანგთან ჰქონოდა ერთი პირი და ერთად ქართული საქმე ეკეთებინათ, მაგრამ გიორგი პაიჭაძეს მოყვანილი აქვს ამონარიდები მაჰმად-ყული ხანის წერილებიდან შაჰისადმი, საიდანაც მტკიცდება მისი მაბეზღარობა და მისი ნამდვილი სურვილები. ამიტომ ქართლის ტრაგედიაში იმ წლებში უდიდესი წვლილი მიუძღვის კახეთის გამაჰმადიანებულ გამგებელსაც. სათანადო დროისა და პირობების ქონის შემთხვევში ამ წერილშიც შეიძლებოდა ამაზე უფრო დეტალურად და დოკუმენტების მოტანით საუბარი.)
P. S. (უფრო გვიანდელი ჩამატება): 2010 წლის ზაფხულში უფრო გულდასმით გავეცანი პროფ. გიორგი პაიჭაძის ზემოხსენებულ მონოგრაფიას „რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების ისტორიისათვის ( XVIII ს. I მეოთხედი)“ , რომელშიც უხვად არის ამონარიდები უშუალოდ ისტორიული დოკმენტებიდან და რომლის ცალკეულ ძირითად მომენტებსაც ქვემოთ გადმოვცემ. ჯერ ერთი, ჩვენში გავრცელებულია შეხედულება, რომ მტრებისგან აოხრებული ქართლის სამეფო ვახტანგ VI-ის მეფობის ხანაში მოსვენებული იყო, თავად მეფე ეწეოდა აღმშენებლობით და კულტურულ-სამეცნიერო მოღვაწეობას. შემდეგ პეტრე I-მა თავისი ინტერესებიდან გამომდინარე მიიპატიჟა ვახტანგ მეფე ლაშქრობაში ირანის წინააღმდეგ, შემდეგ თავად იგი უკან გაბრუნდა და ვახტანგი და მისის სამეფო დიდ განსაცდელში მიატოვა, რასაც მოჰყვა ჩვენი ქვეყნის გაჩანაგება.
მაგრამ უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, 1703-1712 წწ. ქართლის მეფე გახლდათ ვახტანგის ბიძა გიორგი XI, რომელიც მანამდეც მეფობდა ქართლში, იყო გამაჰმადიანებული და ეწოდებოდა გურჯი-ხანი. 1698 წ. იგია ჯანყდა ირანელთა წინააღმდეგ, მაგრამ დამარცხდა და იძულებული შეიქმნა შაჰ სულთან-ჰუსეინს ხლებოდა ისპაჰანში. შაჰი დაპირდა მას სამეფოს დაბრუნებას იმ პირობით, რომ ქართლის ჯარით დაიცავდა ირანის პროვინციას ქირმანს ბელუჯების თარეშისგან. დიდი ყოყმანის შემდეგ გიორგი ქართველების დაჟინებული თხოვნით დაეთანხა შაჰს და იგი დანიშნულ იქნა ქირმანის ბეგლარ-ბეგად, ხოლო მის მოადგილედ (ჯანიშინად, მმართველად) ქართლში შაჰმა დანიშნა გიორგის ძმა ლევან ბატონიშვილი, ხოლო შემდეგ კი მისი ძე ვახტანგი. ბელუჯების დამარცხების შემდეგ შაჰმა გიორგი XI (იგივე გურჯი-ხანი) დაადგინა ყანდაჰარის ბეგლარ-ბეგად, რათა ამჯერად მას ავღანელთა ამბოხი დაეწყნარებინა. სწორედ იმ ხანებში მართავდა ქართლის სამეფოს ვახტანგ ჯანიშინი, ირანის შაჰი კი გიორგი XI-ის მისდამი ერთგული სამსახურის სანაცვლოდ მფარველობდა ვახტანგის საქმიანობას და თვით თბილისის ციხეში მდგარი ირანული გარნიზონის მეთაურებიც კი დასაჯა, რომლებიც ხელს უშლიდნენ ვახტანგს ტყვეთა სყიდვის (ქართველების მოტაცებისა და სამაჰმადიანოში გაყიდვის) მოსპობაში. იმ ხანადვე მიდიოდა ქართლის სამეფოში „ქართლის ცხოვრების“ ტექსტის დადგენა და გაგრძელება სწავლულ კაცთა კომისის მიერ, სამართლის წიგნების შედგენა, ანთიმოზ ივერიელის ხელშეწყობით ბეჭდვითი საქმის დაწყება და სხვა.
მაგრამ გიორგი XI-ის გარდაცვალების შემდეგ 1713 წ. შაჰ სულთან-ჰუსეინმა ვახტანგ ბატონიშვილი (ქართლის ჯანიშინი) დაიბარა ირანში, რათა გაემაჰმადიანებინა და სამეფო ტახტზე დაესვა, თანაც მისთვის ირანის ჯარის სპასალარობა ჩაებარებინა. ვახტანგმა უარი თქვა რჯულის გამოცვლაზე, რათა ეცადა როსტომ-ხანის დროიდან დამკვიდრებული ეს მავნე წესი მოეშალა და ირანისთვის გაწეული და შემდგომში გასაწევი ვასალური სამხედრო სამსახურის სანაცვლოდ და ქრისტიანობით მიეღო შაჰისგან ქართლის ტახტზე დამტკიცება. განრისხებულმა შაჰმა იგი დაატყვევა და ქირმანში გაგზავნა, ხოლო ქართლის ტახტზე მისი გამაჰმადიანებული ძმა იესე დაამტიცა. სწორედ მაშინ გაემგზავრა რომსა და საფრანგეშთი საულხან-საბა ორბელიანი, რომელიც სთხოვდა რომის პაპსა და საფრანგეთის მეფეს ლუდოვიკო XIV-ს, რათა დახმარებოდნენ ვახტანგს ქართლის ტახტზე ქრისტიანობით ასვლის საქმეში, თუმა კი ქართველი პატრიოტები არ უარყოფდნენ ირანის ტახტის მიმართ თავიანთ ვასალურ დამოკიდებულებას და არ გაურბოდნენ შაჰების წინაშე თავიანთი მოვალეობების შესრულებას. მაგრამ არც რომის პაპმა არც საფრანგეთის მეფემ არ გამოიღეს ხელი ქართველი ქრისტიანების დასახმარებლად.
სულხან-საბა ორბელიანის მისიის მარცხით დასრულების შემდეგ ვახტანგ ბატონიშვილმა გადაწყვიტა მიეღო მაჰადიანობა. 1716 წ. მას უწოდეს ჰუსეინ-ყული ხანი და ირანის შაჰმა სულთან-ჰუსეინმა იგი დანიშნა გურჯისტანის ვალად და ირანის სპასალარად და 1719 წლამდე ირანში დატოვა, ხოლო მის მაგივრად მმართველად ქართლში (თურქულ-ირანულად, გურჯისტანში) გამოუშვა მისი ძე ბაქარი.
იმავე 1716 წ. ისპაჰანში, ირანის სატახტო ქალაქში, ჩავიდა რუსეთის მეფის პეტრე I-ის ელჩი არტემ ვოლინსკი, რომელსაც ოფიციალურად სავაჭრო ხელშეკრულება უნდა დაედო ირანთან, გარდა ამისა იგი სამხედრო ოფიცერი გახლდათ და შესაბამისი საიდუმლო დავალებებიც ჰქონდა ირანის სამხედრო მდგომარეობის შესწავლისა და კასპიისპირეთის პროვინციების სამხედრო კუთხით შესწავლის საქმეში. როგორც ცნობილია, 1700-1721 წწ. რუსეთს ომი ჰქონდა შვედეთთან, რომელსაც ჩრდილოთის ომი ეწოდა და რომელიც რუსეთის გამარჯვებით დასრულდა, და 1721 წ. ნიშტადტის სამშვიდობო ხელშეკრულების ძალით ბალტიისპირეთისა და ფინეთის ტერიტორიები შვედეთის მეფემ დაუთმო პეტრე I-ს. აქ საყურადღებოა ის, რომ რუსეთმა დამოუკიდებელი ბალტიისპირეთი კი არ დაიპყრო იარაღის ძალით, როგორც ეს ჩვენში ჰგონიათ, არამედ იგი მანამდე დაპყრობილი ჰქონდა შვედეთის სამეფოს და სწორედ კარლოს XII-მ დაუთმო რუსეთს ეს ტერიტორია, თანაც რუსეთმა მაშინ ამაში ფულიც გადაუხადა შვედეთის სახელმწიფოს. მაგრამ ეს ამჯერად ჩვენს ძირითად თემას სცილდება.
ჯერ კიდევ 1700 წ. რუსეთში ჩავიდა სომხეთის ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ემისარი ისრაელ ორი, რომელმაც ირანისა და ოსმალეთის წინააღმდეგ სომხებისთვის დახმარების გაწევა სთხოვა პეტრეს. ისრაელ ორი მოსკოვში შეხვდა არჩილ მეფესაც, რომელიც მანამდე თურქებს განედევნათ იმერეთის ტახტიდან და მოსკოვში ელოდებოდა პეტრეს დახმარებას და ეწეოდა კულტურულ-სამეცნიერო მოღვაწეობას. რუსეთის მეფე დაპირებია სომეხთა ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის წარგზავნილს, რომ შვედეთთან ომის დასრულების შემდეგ ამიერკავკასის ქრისტიანებსაც გაუწევდა დახმარებასა და მფარველობას. გ. პაიჭაძის შეფასებით, უკვე 1715 წელს, შვედებთან ომის მსვლელობისას პეტრეს გადაუწყვეტია უშუალოდ დაინტერესება ირანის საქმეებითაც, რის გამოც იქ ელჩად მიავლინა პოდპოლკოვნიკი არტემ ვოლინსკი ოფიციალური და საიდუმლო დავალებებით. საიდუმლო დავალებებში, სხვათა შორის, შედიოდა შეძლებისდაგვარად დაინტერესება ტყვე ქართველი უფლისწულის ვახტანგის ბედითაც, რაზედაც მას მიმართეს ქართველმა მამულიშვილებმა მოსკოვის ქართული კოლონიის მეშვეობით.
მაგრამ ისპაჰანში ჩასულ ა. ვოლინსკის ვახტანგ VI უკვე გამაჰმადიანებული და ქართლის სამეფო ტახტზე დამტკიცებული დახვდა, თუმცა კი მათ ერთმანეთი იმ ხანად არ უნახავთ, ცხადია სიფრთხილის დაცვის ინტერესებიდან გამომდინარე. მაგრამ ვახტანგ VI ჯერ კათოლიკი პატრის მეშვეობით ცდილა რუსეთის ელჩთან კავშირის დამყარებას, ხოლო შემდეგ თავისივე ხელქვეითი თავადის ფარსადან-ბეგის შუამავლობით. უკვე ირანთან სავაჭრო ხელშეკრულების დადების შემდეგ ისპაჰანიდან გამომგზავრებულ რუსეთის ელჩობას გილანის პროვინციამდე დაემგზავრა ფარსადან-ბეგიც, რომელსაც ირანის ჯარის სპასალარად დაიშნული ვახტანგ VI-ის, ჰუსეინ-ყული ხანისთვის, ამ თანამდებობიდან გამომდინარე მისი კუთვნილი ადერბაიჯანული მამულებიდან უნდა აეკრიფა გადასახადები. ამ საბაბით ფარსადან-ბეგი, რომელიც თავად ქრისტიანი ქართველი გახლდათ, ღიად დაემგზავრა არტემ ვოლინსკის და საუბრებიც ჰქონდა მასთან. სწორედ ვახტანგ VI-მ გამოიჩინა თავიდანვე რუსეთთან სამხედრო-პოლიტიკური კავშირის ძიების ინიციატივა. პროფ. გ. პაიჭაძეს მოჰყავს ამონარიდები ა. ვოლინსკის პეტრესადმი გაგზავნილი მოხსენებებიდან, სადაც რუსეთის ელჩი პატიებასაც კი სთხოვს თავის ხელმწიფეს, რომ იგი სიფრთხილეს იჩენდა, რათა რაიმე ხაფანგში არ აღმოჩენილიყო გაბმული და ამიტომ ვერ პასუხობდა გულახდილობით ფარსადან-ბეგის მეტად ღია და თამამ წინადადებებს ვახტანგ VI-ის სახელით ირანის წინააღმდეგ მომავალი ერთიანი ლაშქრობის შესახებ. ფარსადან-ბეგს ვახტანგ VI-ის წერილიც კი გადაუცია არჩილ მეფის ასულის დარეჯანისადმი, რომელიც იმ ხანად მოსკოვის ქართული კოლონიის ხელმძღვანელი გახლდათ, რომელიც ვახტანგის ახლო ნათესავი იყო. დარეჯანი რუსეთის ხელმწიფეს დაუდასტურებდა, რომ წერილი მართლაც ვახტანგ VI-გან იყო გამოგზავნილი, ხოლო ფარსადან-ბეგი მართლაც ვახტანგ VI-ის ერთგული თავადი გახლდათ და არა ირანის ჯაშუში, და სხვა.
ქვემოთ მოვიყვან ამ სიტყვების დამადასტურებელ ორ დოკუმენტს, რომელთაგან პირველი წარმოადგენს ა. ვოლინსკის ელჩობის ჟურნალს, მეორე კი თავად ვოლინსკის მოხსენებაა პეტრე I-დმი. ელჩობის ჟურნალში ვოლინსკი სწერდა, რომ ფარსადან ბეგმა, ვახტანგ VI-ის სახელით, „რუსეთის დესპანს სთხოვა, რომ «... он без сумнения писал через его (ფარსადანი _ გ. პ.) к спасалару (ვახტანგ VI-ს _ ი. ხ.) что хочет. Объявляя о нём, что он зело приятно примет и тем надежду избавления своего в сердце своём возобновит, а чтоб русскими литерами и не на ином языке писали к нему, объявляя будто он, спасалар, всегда при себе имеет из грузинцов таких, которые бывали в России и довольно обучился нашего российского характера» (ძველი აქტების ცენტრალური სახელმწიფო არქივი, ფ. 77, სპარსეთის საქმეები, 1715-1718 წწ., საქმე №1, ფურც. 35). გარდა ამისა, 1718 წ. 30 მაისის რელაციაში (მოხსენებაში) ა. ვოლინსკი თავის იმპერატორს სწერდა: «Перед несколькими днями прибыл сюда один грузинец Фарсадан бек из Тавриза, которой сказывал мне будто оной от своего принца ко мне нарочно прислан, что и может быть. И при том дал мне от него одно письмо к его тётке царице Мелетинской (უფრო სწორად, Имеретинской _ ი. ხ.), так же зело мне некоторые слова от стороны его говорил смело и в ту меру будто принц его желал принять службу вашу, а против персиан воевать, что мне сказав требует от письма, чтоб я ему писал пространнее как ему поступать с персианы, однакож мне так мнитца, что то неправда, и больше рассудил, что оной принц желает моего письма, для того чтоб ему ево объявить при своём дворе, и тем бы получить больше кредит свой, понеже ему мало верят, ибо ежели бы он имел своё к тому прямое намерение, то мог бы ко мне и сам писать в чём ему мне яко поверенному рабу вашего величества мошно бы верить, но понеже сам ко мне не пишет, только моего письма требует, того ради, всемилостивейший государь, не прогневайся на меня, что я не могу сей смелости учинить, чтоб мне к нему о каких секретах писать, но и ни о чём не смею, понеже ещё я в руках их, а когда милосердный бог меня освободит, то и тогда мошно его опробовать совесть» (ძველი აქტების არქივი, ფ. 77, სპარსეთის საქმეები, 1716, 1717-1719 წწ., საქმე №2, ფურც. 375).
როგორც ვხედავთ, რუსეთის ელჩი ირანში ა. ვოლინსკი ვერ ენდობოდა ბოლომდე ვახტანგ VI-ს, რადგანაც ეს უკანასკნელი თავად არ სწერდა მას საიდუმლოდ წერილებს, არამედ შუამავლის მეშვეობით ჰქონდა მასთან ზეპირსიტყვიერად ურთიერთობა, თავად ელჩისგან კი ასეთ წერილებს ითხოვდა. ვოლინსკი პატიებასაც კი სთხოვდა თავის იმპერატორს, რომ ამ სიფრთხილის გამო ვერ იჩენდა გამბედაობას ვახტანგთან უფრო საფუძვლიანი ურთიერთობისთვის, რასაც უდაოდ მოჰყვებოდა მის მიერ ქართლის მეფისა და ირანის სპასალარისთვის პეტრე I-ის გარკვეული საიდულმო ჩანაფიქრების გამჟღავნებაც, ამის გაკეთებას კი ელჩი იმხანად ერიდებოდა. წერილის ბოლოს ვოლინსკი დაასკვნის, რომ მოწყალე ღვთის შეწევნით მომავალში შესაძლებელი იქნებოდა ქართლის მეფის გულწრფელობისა და კეთილსინდისიერების შემოწმებაც, ანუ ირანის წინააღმდეგ საბრძოლველად მისი მზადყოფნის საქმით დადასტურება. ანუ ირანის წინააღმდეგ ერთობლივი ლაშქრობის წინადადება მხოლოდ პეტრე I-ის სურვილი კი არ იყო, რაშიც მან ივ. ჯავახიშვილის სიტყვით, თურმე, აიყოლია ქართლის სამეფოც, არამედ საქართველოს მეფეებისა და მთავრების საუკუნოვანი ოცნების აღსრულების ჟამის მოახლოება (კახეთის მეფეები ლევანი და ალექსანდრე II, თეიმურაზ I, მისი შვილიშვილი ნიკოლოზ /ერეკლე/ დავითის ძე /შემდგომში ერეკლე I ანუ გამაჰმადიანებული ნაზარ-ალი ხანი/, იმერეთის მეფე არჩილი /ირანულად შაჰ-ნაზარ ხანი/, ქართლის მეფე ვახტანგ VI /ირანულად ჰუსეინ-ყული ხანი/), რაც რიგი მიზეზების გამო ვერ იქნა იმ ხანად განხორციელებული.
1719 წელს პეტრე I-მა არტემ ვოლინსკი ასტრახანის გუბერნატორად დაადგინა და როგორც ირანის საქმეების მცოდნეს, დაავალა ირნის წინააღმდეგ მომავალი ომისთვის საჭირო წინასწარი მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარება. იმავე წელს ვახტანგ VI შაჰმა ქართლში გამოისტუმრა და ვოლინსკიმაც თავისი ხელმწიფისგან გამოითხოვა ნებართვა ქართლის მეფესთან პირდაპირი მიმოწერის თაობაზე. სწორედ იმ წერილებში სთავაზობდა ვახტანგ VI რუსეთის მთავრობას ერთობლივ ლაშქრობას ირანის წინააღმდეგ. და ეს ხდებოდა უკვე 1720-1721 წწ., ანუ რეალურ გალაშქრებამდე ერთი-ორი წლით ადრე. არ უნდა გვავიწყდებოდეს, რომ იმ ხანად ოფიციალურად ქართლის მეფე ვახტანგ VI გახლდათ შიიტურ მაჰმადიანურ სარწმუნოებაში გადასული ჰუსეინ-ყული ხანი, ირანისადმი ვასალური პროვინციის გურჯისტანის ვალი. და ვახტანგს უწინარეს ყოვლისა სწორეს ასეთი ვალდებულებისგან უნდოდა საკუთარი თავისა და საკუთარი სამშობლოს დახსნა.
1722 წ. ივლისში ოსმალეთის წაქეზებით ირანის წინააღმდეგ აჯანყებული სუნიტური სარწმუნოების დაღესტნელი ფეოდალების სურხაი-ხანისა და დაუდ-ბეგის რაზმებმა მოითარეშეს და დაარბიეს კასპიისპირა პროვინციები, ხოლო ქ. შამახიაში დახოცეს და გაძარცვეს რუსი ვაჭრებიც, გარდა ამისა 500 ათასი მანეთის ზარალი მიაყენეს რუსულ ვაჭრობას. პეტრე I-მა ეს გამოიყენა საბაბად ირანის კასპიისპრეთის პროვინციებში ლაშქრობისთვის და უკვე 1722 წ. აგვისტოს თვეში დაიწყო ლაშქრობაც. გ. პაიჭაძის ცნობით, „სულ რუსეთის ჯარი ლაშქრობის დასაწყისისას შედგებოდა 22 ათასი ქვეითის, 9 ათასი ცხენოსნის, 6 ათასი მეზღვაურის, 40 ათასი კაზაკისა და ყალმუხისაგან“, ანუ სულ 77 ათასი ადამიანისგან. ვახტანგ VI-მ კი ერთობლივი შეთანხმების თანახმად 40-ათასიანი ქართულ-სომხური ჯარებით დაიკავა განჯა და იქ ელოდებოდა რუსული ჯარების მოსვლას. მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ რუსულ ჯარებს დაღესტნელებისა და ირანელებისგან რაიმე მნიშვნელოვანი ზიანი არ შეხვედრიათ, ლაშქრობა მაინც მძიმე გამოდგა, რადგანაც ადგილობრივ ჰავას მიუჩვეველი რუსი ჯარისკაცები და ოფიცრები დიდი რაოდენობით ავადდებოდნენ (ზოგიერთ ნაწილში პირადი შემაენლობის 30%-მდეც, ცხენები კი მასობრივად იხოცებოდნენ). ამას დაემატა ქარიშხალი და ძლიერი ღელვა კასპიის ზღვაზე, რის გამოც ხომალდებში წყალი შევიდა და წინასწარ დამზადებული ფქვილის მარაგების დიდი ნაწილი უვარგისი გახადა, რომლის შედეგადაც ჯარებს შიმშილი ეუქრებოდათ.
ყოველივე ზემოთქმულის გამო პეტრე I-მა მოიწვია ლაშქრობაში მონაწილე ჯარების უმაღლესი მეთაურებისგან შემდარი სამხედრო საბჭოს სხდომა, რომელზედაც გადაწყდა 1722 წლის ლაშქრობა იმ ხანად შეეწყვიტათ და მომდევნო წელს განეახლებიათ, თანაც წინასწარ ხმელეთზე კასპიის ზღვის დაღესტნის სანაპიროზე პურისა და სხვა სურსათის საწყობები და მაღაზიები დაეარსებინათ, რაც მომავალში გამორიცხავდა ზღვაზე ქარიშხლის შედეგად სურსათის გაფუჭებას, და ა.შ.
გ. პაიჭაძის სიტყვებით, რუსული ჯარების უკან გაბრუნება დიდი დარტყმა იყო ვახტანგ VI-ის პოლიტიკისთვის, რომელმაც ცალსახად და ღიად დაუჭირა მხარი კასპიისპირეთში რუსეთის იმპერიის ინტერესებს და გულისწყრომა დაიმსახურა ირანისა და ოსმალეთის ხელმწიფეთა მთავრობების მხრიდან. კახეთის მმართველი, გამაჰმადიანებული მაჰმად-ყული ხანი სთხოვდა თავრიზში მყოფ თაჰმასპ მირზას, რომელმაც თავისი მამის შაჰ სულთან-ჰუსეინის სიკვდილის შემდეგ თავი ირანის შაჰად გამოაცხადა, მიეცა მისთვის ქართლის სამეფოც და ჰპირდებოდა ორივე სამეფოს ჯარებით დახმარების აღმოჩენას ავღანელთა წინააღმდეგ, რაზედაც თაჰმასპის (ქართულ წყაროებში ცნობილი შაჰ-თამაზის) თანხმობა მიიღო, ასევე დამხმარედ ლეკებისა და მეზობელი ირანული სახანოების ჯარებიც.
მეორეს მხრივ, თურქეთის სულთნის კარიც აღშფოთებული იყო ქართლის მეფის რუსეთზე ორიენტაციით და არზრუმის ფაშას დაჟინებით ავალებდა ჯარის შეკრებას, ამიერკავკასიასა და ჩრდილოეთ ირანში შემოჭრასა და ამ მხარეში ოსმალური მფლობელობის დამყარებას. პროფ. გ. პაიჭაძეს მოჰყავს ამონარიდები კონსტანტინოპოლში რუსეთი რეზიდენტის ი. ი. ნეპლიუევის მოხსენებებიდან, საიდანაც ჩანს, რომ თავიდან თურქეთის მთავრობა ფრთხილობდა რუსეთთან კონფლიქტის შესაძლო გაღვივების გამო, მაგრამ სულთნის სამეფო კარზე მყოფი ინგლისის, ავსტრიისა და ვენეციის კონსულები დაჟინებით ურჩევდნენ სულთანსა და მის მინისტრებს, რომ არ შეშინებოდათ რუსეთისა და აქტიურად გამოსულიყვნენ ჯარებით აღმოსავლეთ ამიერკავკასიასა და ჩრდილოეთ ირანში თავიანთი ინტერესების დასაცავად. ამ მიმართებით განსაკუთრებით აქტიურობდა ინგლისის კონსული. სახელდობრ, 1722 წლის 25 აპრილის რელაციაში ნეპლიუევი პეტრე I-ს მოახსენებდა: «...пронеслось, что будто войска Вашего Величества в Астрахани и всякая там приуготовления военные, и агличаня, и цесарцы (ანუ ავსტრიელები, რომელთა სახელმწიფოს იმ ხანად ოფიციალურად ეწოდებოდა გერმანელი ერის საღვთო რომის იმპერია, რომელსაც მართავდა კეისარი ანუ კაიზერი /kaiser/ ჰაბსბურგების სახლიდან), и венециане разглашают своими рассуждениями, хотя ещё не предложением, что Ваше Величество изволишь войною пойти против ребелев перских и потом всею Персиею обладаешь, и к Персии присовокупишь Армению и Жоржианы (яко христианы) пойдут сами в протекцию, и от того будет и Оттоманской империи разорение..., а ежели Ваше Величество в тех странах изволишь войну начать, тогда они как я мню и предлагать того Порте не оставят» (რუსეთის საგარეო პოლიტიკის არქივი, ფ. ურთიერთობა რუსეთსა და თურქეთს შორის, 1722 წ., საქმე №6, ნაწ. I, ფურც. 93).
იმავე 1722 წლის 18 ივნისის რელაციაში რუსეთის რეზიდენტი თავის ხელმწიფეს კონსტანტინოპოლიდან ატყობინებდა: «Аглинской посол и венецианской и цесарской резидент внушают в разговоре туркам, что Ваше Величество изволил пойти со ста тысячами войск в Персию под пртектом обиды от ребелев (იგულისხმება დაღესტნელი ფეოდალების მიერ შამახიაში რუსი ვაჭრების გაძარცვა და დახოცვა _ ი. ხ.). А когда де возмёт российской монарх провинций Ширван и Ириван и часть Жоржии, тогда де турские жоржианы и армены пойдут сами под протекцию российскую, потом де близко Трапизон и может де быть от того совремянем не токмо вред Оттоманской империи, но и крайнее разорение» (იქვე, ფ. 160).
აი, ვინ უსისინებდა ენებს თურქეთის სულთნის მთავრობას და ვინ აქეზებდა ოსმალო მინისტრებს ამიერკავკასიაში გამოლაშქრებისკენ, რათა ევროპული პოლიტიკის სცენაზე ახლად გამოსული რუსეთი ჩაეწიხლათ, ხოლო ყიზილბაშობისა და ოსმალობის უღელქვეშ ქრისტიანი ქართველებისა და სომხების მძიმე ხვედრი ევროპულ მთავრობებს სულაც არ ანაღვლებდა, ისინი მხოლოდ ირან-ოსმალეთთან ვაჭრობის გზით საკუთარი ფულების გამრავლებისთვის ზრუნავდნენ. მაგრამ როდესაც რუსეთის იმპერიამ დაიწყო რეალურად ისეთი პოლიტიკის გატარება, რომელიც ირანის უღელქვეშ მყოფ ქართველებსა და სომხებს მაჰმადიანი ბატონებისგან განთავისუფლების საშუალებას მისცემდა, აქ კი ევროპული სახელმწიფოების უმეტესობა დაბეჯითებით დადგა ოსმალეთის მხარეზე. სირცხვილი და საკუთარი ქვეყნის ღალატია, როდესაც დღევანდელი ქართველი ისტორიკოსები ჩქმალავენ მათთვის კარგად ცნობილ ისტორიულ ცოდნას და დასავლეთისთვის გუნდრუკის საკმევლად არანაირ სიყალბეს არ ერიდებიან. ამავე საკითხებში კარგად ჩახედულ რუს ისტორიკოსებსა და რუსეთის ხელისუფლებას კი დამოუკიდებლობისა და თავისუფლების მაღალი იდეებით უქნევენ მუშტებს, ამერიკის ზურგს უკან ამოფარებულები. შედეგად ვღებულობთ აშშ-ზე დამოკიდებულ „დამოუკიდებლობასა“ და აშშ-ის უკანალში „მოპოვებულ თავისუფლებას“. სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს. მაგრამ ისევ ჩვენს ძირითად საკითხს დავუბრუნდეთ.
როგორც ზემოთ ვნახეთ, პეტრე I-მა აქტიური მოქმედებები კასპიისპირეთის დასაკავებლად დაიწყო 1722 წლის ივლისის ბოლოს, როდესაც პეტერბურგში ჩავიდა ცნობები ირანის წინააღმდეგ ამბოხებული დაღესტნელი მოთარეშეების მიერ შამახიაში რუსი ვაჭრების გაძარცვისა და დახოცვის შესახებ. მაგრამ რუსეთის მთავრობამ კარგად იცოდა, რომ სურხაი-ხანისა და დაუდ-ბეგის უკან თურქეთის სულთნის ინტერესები იდგა. თურქეთის მთავრობა მოქმედებდა სხვა ფრონტზეც. სახელდობრ, დაღესტნელების მსგავსად ავღანელებიც სუნიტური მაჰმადიანური სარწმუნოების მიმდევრები არიან და ამიტომ ისპაჰანის წინააღმდეგ აჯანყებულ ავღანელ ბელადებთანაც თურქეთის სულთანს, როგორც ოფიციალურად ყველა მაჰმადიანის სულიერ მეთაურს, არაბი ხალიფების შემდეგ, განსაკუთრებული გეგმები, ინტერესები და ურთიერთობები გააჩნდა. ამ ინტერესებისა და ურთიერთობების შესახებ იცოდნენ რუსეთშიც, სადაც რუსეთის მთავრობის რეზიდენტი კონსტანტინოპოლში ი. ი. ნეპლიუევი გზავნიდა სისტემატიურად თავის მოხსენებებს. ამის თაობაზე პროფ. გ. პაიჭაძე ლაპარაკობს უფრო ვრცლად და საფუძვლიანად, ჩვენ აქ მეტს აღარ გავაგრძელებთ, დაინტერესებული მკითხველი კი შეძლებს მისი მონოგრაფიის გაცნობას. ამჯერად კი ისევ 1722 წლის ამბებს დავუბრუნდეთ.
როგორც ზემოთ ვნახეთ, ინგლისის, ავსტრიისა და ვენეციის ელჩებმა (კონსულებმა) კონსტანტინოპოლში ჯერ კიდევ რუსული ჯარების სამხრეთისკენ დაძვრამდე, პეტრე I-ის ასტრახანში ჩასვლამდე და კასპიისპირეთის დასამორჩილებლად მოქმედებების დაწყებამდე რამდენიმე თვით ადრე დაიწყეს სულთანის კარზე განგაშის ატეხვა პეტრე I-ის მოსალოდნელი ლაშქრობის გამო. რუსეთის იმპერატორი თავის გეგმებს პორტასგან საიდუმლოდ ინახავდა და მხოლოდ კასპიისპირეთისკენ რუსული ჯარების დაძვრისა და ასტრახანში თავისი გაგზავრების წინ გააგზავნა თურქეთში ამის შესახებ შეტყობინება და ლაშქრობის მიზეზების ახსნა-განმარტება, რათა თურქეთის მთავრობას საპასუხო ზომების მისაღებად დრო აღარ ჰქონოდა. ამის საპასუხოდ 1722 წ. 12 აგვისტოს თურქეთის პირველი ვეზირის (მინისტრის) მდივანმა რუსეთის საელჩოს თანამშრომელს აცნობა, რომ სულთნის მინისტრები გაგებით ეკიდებიან რუსეთის ინტერესებს დასაჯოს რუსი ვაჭრების დამრბევი მოთარეშეები და შამახიის დაკავებით მოაწესრიგოს ირანში თავისი ვაჭრობის საქმეები. მაგრამ თუკი რუსეთის მონარქი შეეცდება ამჟამად ირანის დაქვემდებარებაში მყოფი ქართველების თავისი მფარველობის ქვეშ მიღებას, მაშინ ამაზე პორტას არანაირად არ შეუძლია დათანხმება, რადგანაც მას განზრახული აქვს იმ ქართველებს თავად დაეუფლოს და შეუერთოს სხვა ქართველებს, რომლებიც უკვე თურქეთის შემადგელობაში იმყოფებიან-ო. ქვემოთ მოგვყავს გ. პაიჭაძის მიერ გამოქვეყნებული ამ მასალის სრული ტექსტი:
«... Порта в намерении, конечно, содержать вечно постановленный мир с Российским монархом... однакож де с разсуждением таким ежели де всероссийской монарх кроме Шемахи не пожелает себе предвосприять больших прогрессов в Персии, ибо хотя де Шемахою и овладеет то может отговориться причиною за учинённые обиды всероссийским купцам от лязгов, что де Порта вытерпит, хотя ей и не приятно, а ежели де Всероссийский монарх по взятье Шемахи вознамеритца под свою державу привлечь жоржиан, ныне под Персиею пребывающих, на то де Порта никоим образом склонитца не может, чтоб ими овладел (Ваше величество) разсуждая, что де чрез сие могут злые консеквенции произойти Порте, того де ради должна заранее предварить свои меры, потому, что де Порта в намерении была тех жоржианов присовокупить под власть свою к протчим жоржианам пребывающим ныне под державою оттоманскою. А ежели де персицкие жоржианы поддадутся под пртекцию всероссийскую, чтоб и своих подчас ис дружбы не потерять, и для того де Порта вознамерится предварить во оной к России. О чём де он (რეის-ეფენდის მდივანი _ გ. პ.) за подлинно знает, только де будет усматривать, что нынешним летом произойдёт, понеже Порте от всех стран внушают, что всероссийские войска великие прогрессы в Персии имеют, ис чего де со временем и Порте будет не безопасно» (რუსეთის საგარეო პოლიტიკის არქივი, ფ. ურთიერთობა რუსეთსა და თურქეთს შორის, 1722 წ., საქმე №6, ნაწილი I, ფურც. 227-233).
შემდეგ პროფ. გ. პაიჭაძე წერს: „რუსეთ-თურქეთის ურთიერთობის გამწვავებას განსაკუთრებით ცდილობდა ინგლისი. რუსეთის სახელმწიფოს გაძლიერება, მისი გასვლა ბალტიის ზღვაზე და მძლავრ სამხედრო-საზღვაო სახელმწიფოდ გადაქცევა, მისი ეკონომიკის აღმავლობა და რუსეთის გავლენის ზრდა მეზობელ ქვეყნებში ინგლისის მმართველ წრეებში შეშფოთებას იწვევდა. ჯერ კიდევ ჩრდილოეთის ომის წლებში ინგლისის დიპლომატია რუსეთთან საბრძოლველად იყენება შანტაჟს, ცილისწამებას, მიმართავდა რუსეთის საწინააღმდეგო კოალიციის შექმნის ცდებს.
ამიერკავკასიაში რუსეთის წარმატებანი და მისი დამკვიდრება კასპიის ზღვის სანაპიროებზე აშინებდა ინგლისის მთავრობას, რადგანაც ამას უნდა მოყოლოდა რუსეთის საგარეო ვაჭრობის გაძლიერება. ინგლისი კი იმისკენ მიისწრაფვოდა, რომ მთელი ვაჭრობის მონოპოლია მის ხელთ ყოფილიყო და რუსეთის საგარეო ვაჭრობა მთლიანად ინგლისზე ყოფილიყო დამოკიდებული“.
ამის საპასუხოდ „რუსეთის დიპლომატები ევროპაში შექმნილ საერთაშორისო მდგომარეობით მოხერხებულად სარგებლობდნენ და ინგლისის დიპლომატიასთან ბრძოლაში იყენებდნენ ინგლისსა და სხვა ევროპულ სახელმწიფოებს _ საფრანგეთსა, ჰოლანდიასა და ესპანეთს შორის არსებულ წინააღმდეგობას“. სახელდობრ, იმავე 1722 წლის 22 აგვისტოს რელაციაში ი. ი. ნეპლიუევი ასე მოახსენებდა იმპერატორს: «Весьма мне от внушений других министров трудно (кроме голланского), внушают Порте таковым образом, российской де монарх есть мудр и вас обманывает миром, ныне де он только от Персии некоторые провинции желает себе во владение взять, ежели де вы в том ему не воспретите оружием, то де он взяв те провинции не в долге от тех стран вас отакует; против того я за сколько могу при случае сам и чрез французского посла Порте ко отвращению предлагаю, как изволит Ваше Величество» (იქვე, ფურც. 234).
გ. პაიჭაძე წერს, რომ რუსეთის რეზიდენტი 1722 წლის მიწურულსა და 1723-ის პირველ ნახევარში დაბეჯითებით ატყობინებდა პეტრე I-ს თურქეთის მთავრობის განზრახვის შესახებ არზრუმის ფაშის იბრაჰიმის სარდლობით გაგზავნილი კორპუსით (70-დან 100-ათას ადამიანამდე) დაეკავებინა ამიერკავკასიის უდიდესი ნაწილი და ირანის ადერბაიჯანის დიდი ნაწილი, დაეგულებინა ეს ტერიტორიები თავის მფლობელობაში და მხოლოდ ამის შემდეგ დაეწყო მოლაპარაკებები რუსეთის რეზიდენტთან ირანის ამ ნაწილის ურთიერთშორის გაყოფის შესახებ, თუმცა კი წარმატების შემთხვევაში თურქები არც იმას გამორიცხავდნენ, რომ დაუდ-ბეგის დაღესტნელებთან ერთობლივად მოქმედებით რუსებს საერთოდაც განდევნიდნენ კასპიისპირეთიდან. ნეპლიუევი ამას ატყობინებს პეტრე I-ს როგორც მისი და კონსტანტინოპოლში საფრანგეთის კონსულის დე-ბონაკის საერთო ნაფიქრალს. ამიტომ იგი სთავაზობდა თავის ხელმწიფეს, რომ თუკი მას სურდა აღმოსავლეთ საქარველო ნებისმიერ ფასად მიეღო თავის მფარველობაში, მაშინ დაესწრო თურქებისთვის და 1723 წლის დასაწყისში მაინც შემოეყვანა რუსული ჯარები ქართლის სამეფოში, მაგრამ ამის შემდეგ ომი თურქეთთან მართლაც გარდაუვალი შეიქმნებოდა, სხვა შემთხვევაში თურქეთი მაინც ყველანაირად შეეცდებოდა აღმოსავლეთ საქართველოსა და სომხეთის დაუფლებას და რუსეთთან მშვიდობაზე მხოლოდ ამ პირობით დათანხმდებოდა.
სავარაუდო ომი თურქეთთან არ შემოიფარგლებოდა მხოლოდ ამიერკავკასიის თეატრით და საბრძოლო მოქმედებები გაიშლებოდა ყირიმის სახანოდანაც მოსკოვის მიმართულებით. ამ ომში ოსმალეთს თანადგომას ჰპირდებოდნენ ბრიტანეთის იმპერიისა და რიგი სხვა ევროპული სახელმწიფოების მთავრობები. გ. პაიჭაძე წერს, რომ „1723 წლის აპრილში პეტრემ მართლაც დაიწყო საჭირო სამზადისი თურქეთთან ომისათვის: დანიშნა მ. მ. გოლიცინი მთავარსარდლად უკრაინაში და მისცა სპეციალური ინსტრუქცია ომისათვის მოსამზადებლად თურქეთთან მშვიდობიანობის დარღვევის შემთხვევაში, ხოლო კასპიისპირა პროვინციებში დამატებით გაგზავნა ჯარები“. მაგრამ ამასთანავე პეტრე I-ს არ სურდა ომი ოსმალეთთან და, მით უმეტეს, არ სურდა საქართველოში ჯარის გამოგზავნით თავადვე გამხდარიყო ამ ომის გაჩაღების ხელშემწყობი. გ. პაიჭაძე იქვე აგრძელებს: „მაგრამ ამასთან ერთად პეტრე კვლავაც ცდილობდა თავიდან აეცილებინა თურქეთთან ომი და აცხადებდა სურვილს მიეღწია მასთან შეთანხმებისათვის. ამ მიზნით იგი რიგ დათობებზე მიდიოდა. იგი თანახმა იყო უარი ეთქვა ლეკების მიმართ პრეტენზიებზე და ეცნო მათზე თურქეთის პროტექტორატი, ამასთან ერთად არ გაეგზავნა ჯარები საქართველოში იმ პირობით, რომ თურქეთს: 1) ეცნო კასპიისპირეთის რუსეთისადმი შეერთება; 2) არ გაეგზავნა ჯარები ირანში, დაღესტანსა და საქართველოში; 3) საერთოდ უარი ეთქვა რაიმე პრეტენზიებზე აღმოსავლეთ საქართველოს მიმართ; 4) აეკრძალა ლეკებისათვის თავდასხმა იმ ტერიტორიაზე, რომელიც რუსეთის ჯარებს ეჭირათ“.
მაგრამ დასავლეთის სახელმწიფოების მიერ წაქეზებულ თურქეთის მთავრობას ასეთი პირობები ვერ აკმაყოფილებდა და იგი კატეგორიულად თავს არიდებდა რუსეთის რეზიდენტთან მოლაპარაკებების დაწყებას მანამდე, სანამ არზრუმელი იბრაჰიმ-ფაშა იარაღის ძალით არ დაეუფლებოდა აღმოსავლეთ ამიერკავკასიის უდისეს ნაწილს (რუსული ჯარების მიერ დაკავებული კასპიისპირა ზოლის გამოკლებით) და ასევე ირანის ადერბაიჯანის მნიშვნელოვან ნაწილსაც. და ეს მართლაც ასე მოხდა. მხოლოდ 1723 წლის 14 ივლისიდან დაიწყო ეს მოლაპარაკებები და ამ დროისთვის ქართლისა და კახეთის სამეფოებში უკვე თურქული ბატონობა იყო დამკვიდრებული. ამ ეტაპზე, როგორც ვთქვით, რუსეთის ინტერესებს გაგებით ეკიდებოდა საფრანგეთის კონსული კონსტანტინოპოლში დე-ბონაკი, იგი შუამავლის როლსაც ასრულებდა რუსეთის რეზიდენტსა და სულთნის მთავრობას შორის; ამიტომ ი. ი. ნეპლიუევი დაჟინებით მოითხოვდა, რომ თურქეთის მინისტრებთან (ვეზირებთან) მის მოლაპარაკებებში მონაწილება მიეღო საფრანგეთის კონსულსაც. მაგრამ შემდეგ სულთნის მთავრობისგან გარკვეული პრივილეგიების მიღების სანაცვლოდ საფრანგეთის კონსული მკაფიოდ დადგა რუსეთის ინერესების საწინააღმდეგო პოზიციაზე, თუმცა კი რუსეთსა და თურქეთს შორის ომამდე საქმის მიყვანა მასაც არ სურდა, ვინაიდან, გ. პაიჭაძის სიტყვებით, თურქეთთან ომის შემთხვევაში რუსეთი გარდაუვლად დაიწყებდა დაახლოებას ავსტრიის იმპერიასთან, ხოლო ეს უკანასკნელი კი საფრანგეთის მეტოქე გახლდათ ევროპულ საქმეებში და რუსეთთან კავშირი მას კიდევ უფრო გააძლიერებდა. რუსეთისთვის ასეთ მძიმე პირობებში მიდოდა ის მოლაპარაკებები, რომლებიც 1724 წელს დასრულდა სამშვიდობო ხელშეკრულებით; ამ ხელშეკრულების პირობები ძალზედ მძიმე და გულსაკლავი იყო ქართველებისა და სომხებისთვის. ივ. ჯავახიშვილი ამის გამო მთელ პასუხისმგებლობას აკისრებს რუსეთის იმპერატორს, ხოლო როგორც პროფ. გ. პაიჭაძის მონოგრაფიიდან ჩანს, უდიდესი პასუხისმგებლობა „ქართლის ჭირის“ გამო ეკისრება დასავლეთ ევროპის წამყვან სახელმწიფოებს _ ინგლისს, საფრანგეთს, ავსტრიას (გერმანიის იმპერიას), ვენეციას, ასევე გ. პაიჭაძეს ერთგან ნათქვამი აქვს, რომ რუსეთის დამპყრობლური გეგმების შესახებ ინგლისის კონსულმა მოიშველია პრუსიის სამეფო კარისგან მიღებული ცნობებიც. ყოველივე ზემოთქმულს პროფ. გ. პაიჭაძე ამყარებს და ადასტურებს ისტორიული დოკუმენტებიდან ვრცელი ამონარიდების მოშველიებით, რასაც ივ. ჯავახიშვილი გაცილებით უფრო ნაკლებად და ტენდენციურად მიმართავს. სწორედ ამას ჰქვია, რომ ნამდვილ მეგობარს მტრად მოვეკიდეთ, ხოლო ისტორიულად ყოველთვის საკუთარი ინტერესებით მომქმედ და საქართველოს ძლიერი მტრების _ ირანისა და ოსმალეთის _ მოკავშირე დასავლეთევროპულ სახელმწიფოებს, ასევე აშშ-ს ჩვენს მეგობრებს ვეძახით; და ამიტომაც ვართ ასე კარგად.
ზემოაღნიშნულის გარდა პროფ. გიორგი პაიჭაძეს ბევრი სხვა საკითხი აქვს დაწვრილებით განხილული და მისი წიგნის გაცნობა უდაოდ ძალზედ საჭირო და სასარგებლო იქნება ფართო ქართული საზოგადოებისთვის (გვიანდელი ჩამატების დასასრული, რომელიც დაწერილ იქნა 2010 წლის სექტემბერში).
II. რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები 1750-1760იან წლებში
1740-იანი წლების მიწურულს გარდაიცვალა ირანის ხელმწიფე ნადირ-შაჰი, რომელმაც ეს ქვეყანა ისევ დიდად გაძლიერა, წინა წლებში დაკარგული ტერიტორიები დაიბრუნა და მისი უწინდელი გავლენის სფეროებიც კვლავ შემოიმტკიცა. ნადირ-შაჰის კარზე ერთგული და თავდადებული სამსახურისთვის ირანის ხელმწიფემ ქართლის ტახტზე დაამტკიცა ერეკლე I-ის შვილი თეიმურაზ II, ხოლო კახეთის ტახტზე _ ამ უკანასკნელის ძე ერეკლე II. ამის შემდეგ მამა-შვილი შეთანხმებულად მართავდა აღმოსავლეთ საქართველოს. ნადირ-შაჰის გარდაცვალების შემდეგ კი თეიმურაზმა და ერეკლემ რუსეთის სამეფო კართან სცადეს დაახლოება. ამის შესახებ ივანე ჯავახიშვილი შემდეგნაირად მოგვითხრობს:
„თეიმურაზ მეფეს უნდოდა რომ თავისი პოლიტიკური გამარჯვების შედეგი სამუდამოდ უზრუნველ ეყო. ამიტომ მან იფიქრა, რომ ორ ძლიერ მაჰმადიან სახელმწიფოს, ოსმალეთისა და სპარსეთის წინააღმდეგ პატარა ქართველ ერს და საქართველოს ძლიერი ერთგული მფარველი მოკავშირე ესაჭიროებოდა. მას ეგონა, რომ ასეთ მფარველად სწორედ ერთმორწმუნე რუსეთი და მათი ხელმწიფეები გამოდგებოდნენ. ამიტომ 1752 წ. თეიმურაზ მეფემ რუსთა ხელმწიფეს ელისაბედ პეტრეს ასულს სვიმონ მაყაშვილი და ათანასე ტფილელი ელჩად გაუგზავნა და მაჰმადიან ძლიერ მეზობლებისაგან მფარველობა და შველა სთხოვა. მაგრამ რუსეთითგან მფარველობაზე უარი მოუვიდა: რუსეთს არავითარი სურვილი არა ჰქონდა, რომ საქართველოს გულისათვის ოსმალეთს და სპარსეთს წასჩხუბებოდა. მშვიდობიანობა იყო და საქართველო მაშინ რუსეთს არ ესაჭიროებოდა“ (Бутков, Материалы... I. პ. ორბელიანი. ჭიჭ. 217. ჩუბ. 458).
ასე მოკლედ და კვლავ რუსეთის მიმართ მკაცრი საყვედურებით აღწერს ივ. ჯავახიშვილი ხსენებულ მოვლენებს. ამის წამკითხველ და დამჯერებელ ქართველს არ შეიძლება გული არ მოუვიდეს რუსეთსა და მის ხელმწიფეებზე, მათი უსულგულობისა და საქართველოსადმი უყურადღებობის გამო, მაგრამ მართლა ასე იყო საქმე? ვნახოთ თუ რას წერს ამის შესახებ პროფ. იასე ცინცაძე თავის წიგნში „1783 წლის მფარველობითი ტრაქტატი“.
„ქართლ-კახეთის მეფეებმა, მამა-შვილმა, თეიმურაზ II-მ და ერეკლე II-მ ამ შემთხვევით (ნადირ-შაჰის სიკვდილით) ისარგებლეს და რამდენიმე წლის ბრძოლის შედეგად განჯის, ერევნისა და ნახჭევნის ხანები საქართველოს მოხარკენი შეიქნენ; ხოლო ირანის შაჰობის პრეტენდენტი თავრიზის მფლობელი აზატ-ხანი კი ერევნის მახლობლად ერეკლე II-მ სასტიკად დაამარცხა. ქართველების გმირობის სახელი აზიის ფარგლებს გასცდა. ისეთი ხმები გავრცელდა, თითქოს ერეკლე II მთელი ირანის დაპყრობას და სპარსეთში შაჰად დაჯდომას ფიქრობდა. ეს ხმები დასავლეთ ევროპასაც მოედო.
მწვავედ განიცადა ეს გაზვიადებული ხმები რუსეთის საგარეო საქმეთა კოლეგიამ. რუსეთის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელები იმას შიშობდნენ, რომ ქართველების აქტიური მოქმედება სპარსეთში თურქეთს წონასწორობიდან გამოიყვანდა და იგი ირანის საქმეებში აქტიურად ჩაერეოდა, საქართველოს სახელმწიფო კი თურქეთს ვერ გაუმკლავდებოდა და ეს უკანასკნელი ჰეგემონი შეიქმნებოდა კავკასიასა და ირანში. ასეთ ვითარებაში კი რუსეთს ნეიტრალურად დარჩენა აღარ შეეძლო. ამიერკავკასიაში მიმდინარე ამბების შესახებ ცნობების დასაზუსტებლად რუსეთიდან საგანგებო დავალებით ერთი პოდპოლკოვნიკი გამოიგზავნა. ამის შესახებ ცნობას პაპუნა ორბელიანიც გვაწვდის: „მოვიდა რუს ხელმწიფის ბრძანებით ერთი პოდპოლკოვნიკი, რომელ არს ხუთასის თავი, ქალაქსა თბილისისასა ცნობად ამბავთა ქართლისათა“ („საქართველოს ცხოვრება /1469-1800/“, ზ. ჭიჭინაძის გამოცემა, 1913, გვ. 199).
სამწუხაროდ, ამ პოდპოლკოვნიკის მოხსენებითი ბარათი ჯერჯერობით გამოქვეყნებული არ არის. ჩვენ არ ვიცით თუ როგორ და ვისგან ჰკრებდა იგი ცნობებს საქართველოში, მაგრამ მის მიერ 1752 წელს საქართველოში შეკრებილი ინფორმაციის საფუძველზე უნდა იყოს აგებული 1753 წლის 23 ნოემბერს რუსეთის მთავრობის ოფიციოზში, „სანკტ-პეტერბურგსკიე ვედომოსტი“-ში გამოქვეყნებული ცნობა ირანის პროვინციებში ქართველი მეფეების ნამდვილი საქმიანობის შესახებ. აქ აღნიშნულია, რომ ქართველი „პრინცის“ ერეკლეს დაპყრობების შესახებ გავრცელებული ცნობები გაზვიადებულია და სინამდვილეს არ შეესაბამებაო (იხ. საქართველოს ცენტრარქივის ორგანო „საისტორიო მოამბე“, # VI, 1952, ი. ცინცაძე, ათანასე თბილელისა და სიმონ მაყაშვილის ელჩობა რუსეთში, გვ. 86-90). ამ ინფორმაციას რუსეთის ოფიციოზი, მთავრობის დავალებით, უმთავრესად თურქეთის დასამშვიდებლად აქვეყნებდა; ამავე დროს, შესძლებელია, პრუსიის მაშინდელი მეფის, ცნობილ ფრიდრიხ II-ის საყურადღებოდაც ვარაუდობდნენ, ვინაიდან პრუსიაში ერეკლეს გამარჯვების შესახებ ცნობები ხლისით ვრცელდებოდა (შესაძლებელია რაიმე მიზანდასახულობითაც).
ამავე დროს, რუსეთის საგარეო საქმეთა კოლეგია თავის კონსტანტინეპოლელ რეზიდენტს ობრეზკოვს ასე მოძღვრავდა, რომ თურქეთის დიპლომატები დაამშვიდეთ ნუ აღელდებიან, საქართველოს სახელმწიფო ისეთი უმნიშვნელო ძალის მქონეა, რომ თურქეთის ყურადღების ღირსი არ არის, ირანის საქმეების გამო გულდამშვიდებით იყვნენ და სტატუს ქუო დაიცვანო, ჩვენის მხრივ კი საქართველოს არ დავეხმარებითო: „სპარსეთის საქმეების გამო შრომა და ხარჯები თქვენ არ უნდა დაზოგოთ... გაუმეორეთ თურქეთის მინისტრებს, რომ ჩვენ აქამდე ქართველებს დახმარებას არ ვუწევთ, რომ ეს პატარა ხალხი (რუს. сей народец) არ იმსახურებს ისეთი ცნობილი დერჟავის ყურადღებას, როგორიც პორტაა, მას ამის გამო მათზე გულისტკენა არ უნდა ჰქონდეს. ამ თქვენმა ჩაგონებებმა უნდა გამოიწვიოს თურქი მინისტრების მხრიდან პასუხი, რომლიდანაც შესაძლებელი იქნება რაიმე აზრის გამოტანა პორტას გადაწყვეტილებასთან მიმართებით“ („по персидским делам трудов и издержек жалеть вам не следует... Повторите турецким министрам,что мы до сих пор грузинцам помощи не подаём, что этот народец не заслуживает внимания такой знатной державы, как Порта, досадовать ей на них не зачто. Эти ваши внушения должны вызвать со стороны турецких министров ответ, из которого можно будет что нибудь извлечь относительно решения Порты“) (С. М. Соловьёв, История России с давных времён, СПб, изд. „Общественная польза“, кн. V, стр. 737).
თურქეთიც თავის მხრივ რუსეთს ადევნებდა თვალყურს, ქართლ-კახეთს დახმარება არ აღმოუჩინოს და ამ გზით ირანში თავის საქმეებს არ იგვარებდესო. ქართველი მეფეების, თეიმურაზ II-ის და ერეკლე II-ის აქტიურობის შესაკვეცად კი თურქეთის მთავრობამ დაღესტნელ მფლობელებს და საქართველოს სხვა მაჰმადიან მეზობლებს სათანადო ფულადი დახმარება გამოუგზავნა და საქართველოში თარეშების მოწყობა შეუკვეთა. იგი მაჰმადიანი მეზობლების მძარცველ-მოთარეშე რაზმების ასპარეზად იქცა. რუსეთში გაგზავნილ ერთ წერილში, 1752 წელს, თეიმურაზ II და ერეკლე II ელისაბედ I-ს სწერდნენ: „ესრეთი მოუთმენელნი ჭირნი აროდეს მოვლენიეს ქვეყანასა ამას... სამეფონი ჩვენნი მგრგვლივ გარეშეცულ არიან უცხო თესლთა წარმართთაგან და დაუცადებელად ჰყოფენ ჩვენდა მომართ ზამთარ და ზაფხულ ბრძოლასა, ოხრებასა, კლვასა და ტყვეობასა...“ („საისტორიო მოამბე“, VI, 1952, გვ. 140).
ამ წლებში ისე გაუჭირდა აღმოსავლეთ საქართველოს, რომ ირანის დაპყრობა კი არა, თვით ქართლ-კახეთის არსებობის შენარჩუნება მოხერხდებოდა თუ არა, საკითხი იყო.
ამ მძიმე მდგომარეობაში მყოფმა ქართლ-კახეთის მეფეებმა 1752 წელს ელჩები გაგზავნეს რუსეთში და რუსეთის ხელმწიფისაგან ჯარით ან ფულით დახმარება ითხოვეს. ამასთანავე რუსეთის სამეფო კარს ირანისაკენ ლაშქრობის ხელსაყრლობა ურჩიეს _ ირანის მდიდარი პროვინციების ადვილად დაპყრობის შესაძლებლობაც აუწყეს.
ზემოთ ჩვენ გავერკვიეთ თუ რა პოზიცია ეჭირა რუსეთს ამ ხანებში ირანის საკითხში და როგორ ერიდებოდა რუსეთი თურქეთის სახელმწიფოს გაღიზიანებას. ამდენად, ქართველი მეფეების ელჩებს რუსეთში მეტისმეტად არახელსაყრელ პოლიტიკურ სიტუციაში მოუხდათ მოღვაწეობა. რუსეთის საგარეო საქმეთა კოლეგია აუჩქარებლად და სიფრთხილით შეუდგა ქართველ ელჩებთან მოლაპარაკებას.
იმ დროს რუსეთის ცნობილი კანცლერი ა. პ. ბესტუჟევ-რიუმინი, ქართველი მეფეებისა და მათი ელჩების მოხსენებითი ბარათების გაცნობის შედეგად, თავის ხელმწიფეს ელისაბედ I-ს, სათანადო მოხსენებით ბარათში, ერთგან აუწყებდა: „აქაური იმპერიის ინტერესები ამის საპირისპიროდ მოითხოვს, რათა თავად საქმით ქართველების დაცვასა და ამასთან შეუღლებულ სპარსულ საქმეებში სულაც არ ჩავებათ და არ ჩავერიოთ, სანამდე თურქეთის სამეფო კარი მათ შესახებ ასეთსავე მდუმარებაში იქნება“ („Интересы же здешней империи напротив того требуют, чтоб самим делом в защищение грузинцов и в сопряженные с тем персидские дела отнюдь не вступать и не мешаться, сколь долго турецкой двор в таком же молчании об них пребудет“) („საისტორიო მოამბე“, VI, გვ. 158. ეს მოხსენებითი ბარათი ელისაბედ I-ის მიერ მოწონებულია და საკუთარი ხელრთვით დამტკიცებული: „Быть по сему“).
როგორც ვხედავთ, ძირითადი დაბრკოლება არის თურქეთის სახელმწიფოს პოზიცია ირანის საკითხში. აღმოსავლეთ საქართველოს საკითხი ირანის პრობლემასთან არის დაკავშირებული და იმდენად აფიქრებთ რუსეთის დიპლომატებს თურქეთის გაღიზიანება (ევროპაში გართულებული პოლიტიკური ვითარების გამო), რომ ქართველი მეფეების მომართვაზე წერილობითი პასუხის გაცემაც კი სახიფათოდ მიიჩნია კანცლერმა ბესტუჟევ-რიუმინმა. იგი წერს: „... არ არის საჭირო რათა მათ თხოვნაზე რომელიც ჩამოიტანეს მათი მხრიდან გამოზავნილმა ხსენებულმა მიტროპოლიტმა და თავადმა მაკაევმა (მაყაშვილმა _ ი. ხ.) რაიმე წერილობით ვუპასუხოთ, ვინაიდან ასეთი წერილობითი გზავნილი მათ, ქართველებს შორის არა თუ არ შეიძლება რომ დაფარულად დარჩეს, არამედ ისინი ამით თავის შექებასაც დაიწყებენ. მაგრამ შეიძლება ისინი უკან გავისტუმროთ სიტყვიერი პასუხით, ან მხოლოდ დამახსოვრებისთვის მივცეთ მათ ქართულ ენაზე წერილი ასეთი შინაარსისა...“ („... не подлежит на прошение их с помянутыми присланными от них митрополитом и князем Макаевым что-либо письменно ответствовать, ибо такая письменная пересылка у них, грузинцов, не токмо скрытна быть не может, но оны тем ещё и похваляться станут. Но можно их отпустить обратно словесным ответом, или токмо для памяти им дать записку на грузинском языке такого содержания...“) (ი. ცინცაძე, კაპიტან ოთარ თუმანოვის მოხენებითი ბარათები საქართველოდან. იხ. სტალინის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შრომები, XXVII, 1946, გვ. 1-32). ვისაც ეს საბუთი აინტერესებს, მას შეუძლია ჩვენ მიერ გამოცემულ ამ ელჩობის საბუთების კრებულში გაეცნოს და ახლა აქ ამაზე სიტყვას არ გავაგრძელებთ. აღვნიშნავთ მხოლოდ, რომ, თუმცა აღმოსავლეთი საქართველო XVIII საუკუნეშიაც ირანისეულ სამფლობელოდ ითვლებოდა, მაგრამ რუსეთი ამ ქართულ პოლიტიკურ ერთეულთან ურთიერთობის დროს თურქეთს უწევდა ანგარიშს, საქართველოს საკითხი რუსეთის საგარეო პოლიტიკაში არა მარტო ირანის, არამედ უშუალოდ რუსეთ-თურქეთის დამოკიდებულების საკითხს უკავშირდებოდა.
როგორც ვხედავთ, ქართველი მეფეების მიერ აღძრულმა საკითხმა მაშინდელ რუსეთ-თურქეთის ურთიერთობის მდგომარეობა დააზუსტა რუსეთის სამეფო კარზე, ხოლო თვით საქართველოს საკითხი ამ მთავარ პრობლემას _ რუსეთ-თურქეთის დამოკიდებულებას დაუქვემდებარდა და ირანის პრობლემასთან ერთად ხელსაყრელ შემთხვევამდე გადაიდო. ასეთ ვითარებაში თეიმურაზისა და ერეკლეს ელჩები ხელცარიელი უნდა დაბრუნებულიყვნენ სამშობლოში. რუსეთი ე. წ. შვიდწლინ ომში ჩაება (1756-1761 წწ.; საქსონიის, ავსტრიისა და საფრანგეთის მხარეზე _ ი. ხ.) და გერმანიის სამეფო-სამთავროების პრუსიის გარშემო გაერთიანების ცდას ლახვარი ჩასცა“.
იასე ცინცაძის ზემოთ მოყვანილი თხრობიდან აშკარად იკვეთება, რომ რუსეთის მთავრობას უბრალოდ გულგრილობის, ან სულაც უსულგულობის გამო კი არ ეჭირა თავი განზე ირანის საქმეებში ჩარევისგან, რაც აღმოსავლეთ საქართველოს შვებას მოუტანდა, არამედ იგი გაურბოდა თურქეთთან ომს, რომელიც რეალურად მოსალოდნელი იქნებოდა ირანის მიმართულებაზე რუსეთის სამხედრო საქმიანობის გააქტიურების შემთხვევაში. განა საქართველო რომ ყოფილიყო ძლიერი სახელმწიფო და რომელიმე სუსტ პოლიტიკურ ერთეულს ეთხოვა საქართველოს მეფისთვის დახმარება ომში ოსმალეთის ან ნადირ-შაჰისეული ირანის წინააღმდეგ, ხოლო ამას საქართველოს მეფის მთავრობა ჩვენი ქვეყნისთვის საზიანოდ ჩათვლიდა, მაშინ კი ივანე ჯავახიშვილი მასაც ასევე უსაყვედურებდა სუსტისადმი უყურადღებობისა და უსულგულობის გამო? ნუთუ რუსეთის მთავრობა არ იქცეოდა მართებულად, როდესაც ომისა და მშვიდობის საკითხს თავისი ქვეყნის ინტერესებიდან აფასებდა, და რა მისი მეზობელი სუსტი ქრისტიანული სამეფოს ინტერესებიდან?
მეორეს მხრივ, თავად რუსეთის მთავრობაც ყურადღებით ადევნებდა თვალყურს თურქეთის აქტიურობას ირანის საშინაო საქმეებში მოსალოდნელი ჩარევის მხრივ. სახელდობრ, იასე ცინცაძეს მოჰყავს ამონარიდი რუსეთის მიერ სწორედ იმ წლებში საქართველოში გამოგზავნილი მზვერავის სომხური ეროვნების კაპიტნის ოთარ თუმანოვისადმი მიცემული მითითებიდან, სადაც ნათქვამია: „განსაკუთრებით კი თქვენ გევალებათ გვაწვდიდეთ ხშირ და სწორ ცნობებს (უწყებებს) სპარსეთში მიმდინარე მოვლენების შესახებ და ხომ არ იქნება ზოგჯერ რაიმენაირი მოძრაობები თურქებისგან სპარსეთის საზღვრებისკენ ან მის სიღრმეში ისეთი განზრახვით, რომ ისარგებლონ იქ არსებული უწესრიგობებით, სადაც შაჰად ჯერ კიდევ არავინ არ დამკვიდრებულა, და დაეუფლონ ზოგიერთ მიწებს...“ („особливо же надлежит вам доставить частые и верные ведомости о персидских происхождениях и не будут ли иногда какия движения от турков к границам, или внутрь Персии в таком намерении, чтоб настоящими тамо замешательствами, когда шахом никто ещё совершенно не утвердился, пользоваться и некоторыми землями овладеть...“) (ი. ცინცაძე, კაპიტან ოთარ თუმანოვის მოხსენებითი ბარათები საქართველოდან, გვ. 13).
პროფ. იასე ცინცაძე აგრძელებს: „საქართველოში რუსეთზე ორიენტირების გეგმა მაინც ცოცხლობდა და ამჯერად თვით თეიმურაზ II-ის რუსეთში წასვლა გადაწყვიტეს. ქართველი დიპლომატები ამხელადაც სპარსეთისაკენ სალაშქროდ იწვევდნენ რუსეთს, მდიდარი პროვინციების იოლად ხელში ჩაგდების პერსპექტივას უსახავდნენ და ამ გზით საქართველოს ხსნას ელოდნენ. მაგრამ ევროპის საქმეებში ჩაფლულ რუსეთს მაშინ სპარსეთისათვის არ ეცალა. მარტალია, იგი პრუსიის წინააღმდეგ ომში ბრძოლებს იგებდა, მაგრამ, რადგანაც მისი მოკავშირენი ზედიზედ მარცხდებოდნენ, ხოლო ინგლისი ფინანსიურად კვებავდა აგრესიულ პრიუსიას, ომს ბოლო არ უჩანდა და ახლა ირანის პროვინციებისათვის თურქეთთან ახალი ომის წამოწყება ყოველგვარ შესაძლებლობას აღემტებოდა (1). თეიმურაზის მისიაც იმთავითვე განწირული აღმოჩნდა. იმედგაცრუებულ თეიმურაზს სამშობლოში დაბრუნება აღარც მიცვალებულს ეღირსა. აღმ. საქართველოს დიპლომატები იმაში იყვნენ მართალი, რომ ითვალისწინებდნენ რუსეთის ინტერესებს ირანში და საქართველოს გამოხსნას რუსეთის ირანზე გალაშქრებას უკავშირებდნენ. მაგრამ, სამხრეთით მომხდარ ასეთ ცვლილებებს თურქეთი რომ გამოეხმაურებოდა და თურქეთის დამარცხებაც რომ აუცილებელი იქნებოდა, ამას ანგრიშობდნენ თუ არა ქართველები, წყაროებიდან არ ჩანს“.
პროფ. იასე ცინცაძეს სურათის სისრულისთვის მოჰყავს 1766 წელს იმერეთის მეფის სოლომონ I-ის მიერ ყიზლარის კომენდანტისთვის (პოტაპოვისთვის) წერილის გაგზავნის ამბავი, რომელშიც იგი ითხოვდა „რათა თურქეთის წინააღმდეგ ბრძოლის წარუმატებლობის შემთხვევაში, ნება მისცემოდა თავის ამალით რუსეთის ფარგლებში გადასახლებულიყო. სოლომონ I-ის თხოვნა ეცნობა რუსეთის სამეფო კარს. საგარეო საქმეთა კოლეგიას სიფრთხილით ასე უანგარიშია: „მთავარ სოლომონისთვის, როგორც თურქეთის ვასალისთვის, მის ხალხთან ერთად აქაურ პროტექციაზე ნებართვის მიცემამ შესაძლოა პორტა მოიეყვანოს უკიდურეს წყენაში, ხოლო მისი გაღიზიანება უფრო ძვირად დაგვიჯდება, ვიდრე არასაიმედო ქართველების შეძენა; გარდაუვალი იქნება მისი (თურქეთის _ ი. ც.) ეჭვი ზოგჯერ მისი (სოლომონის _ ი. ც.) თვითნებური მოახლოების შემთხვევაშიც რუსეთის საზღვრებთან, ისევე როგორც მისადმი გამოქომაგება, ხოლო სანამ პორტას სხვათა საქმეებში ჩარევა არ აქვს განზრახული, არის მისი ასეთ სასარგებლო განწყობაში შენარჩუნების საწიროება, და ყოველივე იმისგან თავის არიდება ან უარყოფა რაც მას თუნდა უმცირეს ეჭვს ჩააგონებს...“ (Дозволение владетелю Соломону, как турецкому вассалу, с народом его здешней протекции могло-б привесть Порту в крайнюю досаду, а раздражение ея дороже стало-б, нежепи приобретение ненадёжных грузинцов; неизбежно было-б подозрение ея и в случае самопроизвольного иногда приближения его к Российским границам, равно как и заступление за него, а пока Порта в посторонные дела мешаться не намерена была, настояла нужда для содержания ея в таком полезном расположении, всё то престерегать и отвращать что и малейшее сумнение ей внушило-б...“) (А. Цагарели, Грамоты и другие исторические документы XVIII столетия, относящиеся к Грузии, т. I, 1891, стр. 3). სავსებით ბუნებრივად გვესახება რუსეთის საგარეო საქმეთა კოლეგიის ზემოთ მოტანილი მსჯელობა. ყოველი სახელმწიფო ერიდება, თუკი ეს რაიმე მოსაზრებით სასარგებლო არ არის, მეზობელთან ურთიერთობის გართულებას... თურქეთის გაღიზიანებას ამიერკავკასიის საკითხების გამო რუსეთის დიპლომატია ერიდებოდა და თურქეთს საერთოდ დიდი ანგარიში ეწეოდა გარკვეულ დრომდე, სახელდობრ 1768 წლამდე. რუსეთ-თურქეთის 1768-74 წლების ომის შემდეგ კი სრულიად შეიცვალა მდგომარეობა. რუსეთი XVIII საუკუნის 70-ინი წლებიდან სხვარიგად მსჯელობს თურქეთზე. საერთოდ უნდა აღინიშნოს, რომ XVIII საუკუნის პოლიტიკოსებისათვის, როგორც ევროპაში, ისე რუსეთშიც შეუმჩნეველი არ დარჩენილა თურქეთის დაუძლურების შინაგანი პროცესი, მაგრამ რომ ეს სენი თურქეთს წაქცვის პირად მიიყვანდა საუკუნის ბოლოს, ან XIX საუკუნეში, ამას არ ფიქრობდნენ მაშინ. თურქეთს სერიოზული ანგარიში ეწეოდა როგორც ევროპაში, ისე რუსეთშიაც. მხოლოდ რუსეთ-თურქეთის 1768-74 წლების ომმა ნათელი გახადა ყველასათვის თურქეთის სრული დაუძლურება და თვალსაჩინო ჩამორჩენილობა. ფეოდალური რუსეთის დიდი უპირატესობა თურქეთზე აშკარა შეიქნა ევროპისათვის. რუსეთის სარდლობა დარწმუნდა, რო თურქეთი უკვე ის სერიოზული მოწინააღმდეგე აღარ იყო, როგორც წინათ წარმოედგინათ“.
პროფესორ იასე ცინცაძის ეს მსჯელობა ნათელს ჰფენს რუსეთ-თურქეთის შეცვლილ ურთიერთობებს ამ სახელმწიფოებს შორის 1768-74 წწ. ომის შემდეგ. მგრამ ეს შემდეგი მსჯელობის საგანია, ახლა კი შევეხოთ საკუთრივ ამ ომის პერიპეტიებს.
(გაგრძელება იხ. _ ნაწილი II)
ირაკლი ხართიშვილი
შ ე ნ ი შ ვ ნ ე ბ ი:
(1) სწორედ შვიდწლიანი ომის შესახებ გვიყვება თავის პოემაში დავით გურამიშვილიც, რომელიც თავად გახლდათ მისი მონაწილე:
„... ორმოც-ჩვიდმეტს ბრუსის კოროლს შეურყიეთ ტახტის სვეტი.
ორმოც-თვრამეტს ბრუსმან დაგვკრა, თავსა დაგვახვია რეტი.
მე ჩემს ძმებსა დამაშორა, ლუწისაგან დავრჩი კენტი.
მაღდებურხის ციხეშიგან დამსვა კარებ-დანაკეტი.
მუნით ვიხსენ, შინ წამოველ, ქერი ვხან და ყანა, ფეტი“.
No comments:
Post a Comment