(ვერ დაუბეჭდა გაზეთში "ჯორჯიენ ტაიმსი")
უკანასკნელ ათწლეულებში, რუსეთის ფედერაციაში არსებული სერიოზული ეკონომიკური სიძნელეების გამო, ბევრ საკითხში რუსეთის ხელისუფლების დამთმობლობის ფონზე, განსაკუთრებით 90-იან წლებში, აშშ-ისა და ნატო-ს ბლოკის წინაშე, ჩვენში განვითარდა და გაძლიერდა საკმაოდ იქედნური დამოკიდებულება რუსეთისა და მისი პოლიტიკისადმი; არა მხოლოდ ხელისუფლებაში, არამედ თითქმის მთელ დანარჩენ პოლიტიკურ სპექტრშიც, რომლის მამოძრავებელ ძალასაც დასავლური ფულადი სუფსიდიები წარმოადენს. მაგრამ განა მართლა ასეა საქმე? და თუკი ასეა, მაშინ რაღატომ იმძლავრა რუსეთის პოლიტიკამ მაშინ და იმ საკითხში, სადაც მან თავისთვის დაინახა სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლის ნიშნები ატლანტიკური დასავლეთის მხრიდან, და თავადაც საქმით გამოხატა მზადყოფნა იარაღის ძალითა და მსხვერპლის ფასად საკუთარი ინტერესების დასაცავად? როგორც ჩანს, ფულებმა და ეკონომიკამ ყველაფერში ვერ თქვეს გადამწყვეტი სიტყვა; არის ისეთი რამ, რაც რუსებმა თუნდაც უზარმაზრი სახსრების დაკარგვის ფასადაც კი არ დათმეს. და არის ისეთი რამ, რის წინაშეც ატლანტიკური დასავლეთი, თუნდაც ამ ეტაპზე, უძლური აღმოჩნდა მთელი თავისი ეკონომიკური, ფინანსური და სამხედრო ძლიერების მიუხედავად.
ჩვენ ამ წერილში შევეხებით სწორედ ერთერთ ასეთ საკითხთაგანს, რომელიც მდგომარეობს რუსეთისა და შეერთებული შტატების სტრატეგიული ბირთვული შეიარაღების მასშტაბების ერთგვარ ზედაპირულ, თუმცა კი მეტად საჭირო და საგულისხმო შეფასებაში. ეს საშუალებას მოგვცემს უფრო კარგად და ხელშესახებად დავინახოთ ის, თუ რამდენად დამანგრეველი და გამანადგურებელი საშუალებები გააჩნია ამ ორივე ზესახელმწიფოს (თუნდაც სამხედრო შესაძლებლობების აზრით), რატომ ერიდებიან ისინი ურთიერთ შორის სამკვდრო-სასიცოცხლო დაპირისპირებას (შეჯახებას) და რატომ ეკიდებინ სიფრთხილით რუსეთის სასიცოცხლო ინტერესებთან შეხებას დასავლეთ ევროპის წამყვანი სახელმწიფოებიც, როცა რუსეთი მტკიცედ დგება თავისი ასეთი ინტერესების დასაცავად.
სტრატეგიული კვლევების ლონდონის საერთაშორისო ინსტიტუტის ყოველწლიური გამოცემის Military Balance მონაცემებით, 2000 წელს აშშ-ის სტრატეგიული შეტევითი ძალების შეიარაღებაში შედგებოდა 550 საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტა (სკბრ _ 500 LGM-30G „მინითმენ-3“, 50 LGM-118A „ფისქიფერი“), რომლებზედაც ბირთვული ქობინების ჯამური როდენობა უტოლდებოდა 2000 ერთეულს, ხოლო მათი მუხტების ჯამური სიმძლავრე შეადგენდა ტროტილის ექვივალენტის 553,5-603,5 მგტ (მეგატონას ანუ მილიონ ტონას). ეს იმას ნიშნავს, რომ ამერიკული სკბრ-ების ყველა ბირთვული ქობინის ერთად აფეთქების შემთხვევაში მისი სიმძლავრე გაუტოლდებოდა 553,5-603,5 მილიონი ტონა (მილიარდი კილოგრამი) ტროტილის აფეთქების სიმძლავრეს. გარკვეული შუალედი ჯამური სიმძლავრის მაჩვენებელში განპირობებულია იმით, რომ „ფისქიფერის“ ტიპის თითოეული რაკეტის ათი ბირთვული ქობინიდან ზოგიერთის სიმძლავრე გახლდათ 0,3 მგტ, სხვებისა კი 0,4 მგტ (300 ან 400 კტ /კილოტონა/).
იმავე 2000 წელს „ოჰაიოს“ ტიპის ამერიკული სტრატეგიული ატომური სარაკეტო წყალქვეშა ნავების რაოდენობა შეადგენდა 18 ერთეულს, რომელთა ბორტზეც განთავსებული ჰქონდათ 432 ერთეული საზღვაო ბაზირების ბალისტიკური რაკეტა (192 UGM-93A „თრაიდენთ C-4“ და 240 UGM-133A „თრაიდენთ D-5“), რომლებზედაც განთავსებული იყო 3456 ბირთვული ქობინი საერთო სიმძლავრით ტროტილის ექვივალენტის 729,6-1065 მგტ.
ამრიგად, 2000 წელს ამერიკული სარდლობის განკარგულებაში ნაჩვენები იყო მიწისზედა და საზღვაო ბაზირების სტრატეგიული დანიშნულების 982 ბალისტიკური რაკეტა, რომლებზედაც განთავსებული ჰქონდათ 5456 განცალკევებადი ბირთვული მუხტი ჯამური სიმძლავრით ტროტილის ექვივალენტის 1283,1-1668,5 მგტ. ანუ, მათი საერთო აფეთქების სიმძლვრე გაუტოლდებოდა დაახლოებით 1,28-1,67 მილიარდი ტონა (ტრილიონი კილოგრამი) ტროტილის აფეთქების სიმძლავრეს.
იმავე 2000 წელში რუსეთის ფედერაციის სტრატეგიული შეტევითი ძალების შემადგენლობაში შედიოდა 776 საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტა (დასავლური აღნიშვნებით: 180 SS-18, 160 SS-19 „სტილეტი“, 46 SS-24 „სკალპელი“, 370 SS-25 „სიკლი“ და 20 SS-27 „ტოპოლი“), რომელთა ბირთვული ქობინების საერთო რაოდენობა უტოლდებოდა დაახლოებით 3500 ერთეულს, ხოლო მათი ჯამური სიმძლავრე შეადგენდა 1667,5-2116,5 მგტ-ს. რუსული სკბრ-ების ქობინების ბირთვული მუხტების ჯამურ სიმძლავრეში განსხვავება გამოწვეული იყო იმით, რომ SS-18 ტიპის რაკეტების 10-10 ქობინიდან ერთი ნაწილის სიმძლავრე გახლდათ 0,5 მგტ (500 კტ), სხვებისა 0,75 მგტ (750 კტ), ხოლო თითოეული მათგანის ზუსტი როდენობა კი მითითებული არ იყო, რაც ამ ტიპის 180 ბალისტიკური რაკეტის 1800 ბირთვული ქობინის სავარაუდო ჯამურ სიმძლავრეს გვაიძულებს ვანგარიშობდეთ 900-1350 მგტ-ის ფარგლებში.
რუსეთის სამხედრო-საზღვაო ძალების 19 სტრატეგიული ატომური სარაკეტო წყალქვეშა ნავის ბორტზე (სამი „ტაიფუნის“ ტიპისა, 16 „დელტა“ I, III და IV ტიპების) განთავსებული იყო 324 ბალისტიკური რაკეტა (დასავლური აღნიშვნებით: 40 შშ-N-8 „სოფლაი“, 112 SS-N-18 „სთინგრეი“, 112 SS-N-23 „სკვითი“, 60 SS-N-20 „სთარჯენი“), რომელთა განცალკევებადი ქობინების საერთო რაოდენობა შეადგენდა 1200-1912 ერთეულს, ხოლო მათი ჯამური ბირთვული მუხტი უტოლდებოდა 242,1-336,8 მგტ-ს.
ამრიგად რუსეთის ფედერაციის მიწისზედა და საზღვაო ბაზირების სტრატეგიული ბირთვული რაკეტების საერთო რიცხვი ადიოდა 1100 ერთეულამდე, რომლებზედაც განთავსებული ჰქონდათ 4710-5422 განცალკევებადი ბირთვული ქობინი ბირთვული მუხტების ჯამური სიმძლავრით ტროტილის ექვივალენტის 1909,6-2453,3 მგტ, ანუ მათი საერთო აფეთქების სიმძლავრე გაუტოლდებოდა დაახლოებით 1,9-2,5 მილიარდი ტონა (ტრილიონი კილოგრამი) ტროტილის აფეთქების სიმძლავრეს.
ეს მაჩვენებლები, თავის მხრივ, მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება 1991 წლის მაჩვენებლებს, რაც შედეგად მოჰყვა 90-იან წლებში ორივე სახელმწიფოს მიერ თავიანთი სტრატეგიული შეტევითი შეიარაღების შემცირებას. ქვემოთ ცხრილში უფრო მეტი თვალსაჩინოებისთვის მოვიყვანთ ორივე ქვეყნის შესაბამის მონაცემებს 1991 და 2000 წლებში.
სტრატეგიული ბირთვული . . . . . . . . . . . . . . აშშ . . . . . . . . . სსრკ/რუსეთი
სარაკეტო შესაძლებლობები
1 9 9 1 წ ე ლ ს
მიწისზედა და საზღვაო ბაზირების
სტრატეგიული რაკეტების საერთო
რაოდენობა . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .1640 . . . . . . . . . . . . 2300 . . . .
რაკეტებზე ბირთვული ქობინების
საერთო რაოდენობა . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 7994 . . . . . . . . . 8948-11348
სტრატეგიული სარაკეტო ბირთვული
მუხტების ჯამური სიმძლავრე, მგტ . . . . . . 1695,1-1879,5 . . . . 3637,4-5074,2
2 0 0 0 წ ე ლ ს
მიწისზედა და საზღვაო ბაზირების
სტრატეგიული რაკეტების საერთო
რაოდენობა . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .982 . . . . . . . . . . . 1100
რაკეტებზე ბირთვული ქობინების
საერთო რაოდენობა . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .5456 . . . . . . . . 4710-5422
სტრატეგიული სარაკეტო ბირთვული
მუხტების ჯამური სიმძლავრე, მგტ . . . . . . .1283,1-1668,5 . . . . . 1909,6-2453,3
გარდა ამისა, შეერთებულ შტატებსაც და რუსეთის ფედერაციასაც გააჩნიათ სტრატეგიული ბომბდამშენი ავიაცია. მათ შორის, ამერიკელებს 2000 წელს ჰყვდათ 208 მოქმედი ბომბდამშენი (92 B-52H, 91 B-1B, 20 B-2A), რომელთაც ჰაერში ერთი აფრენით შეეძლოთ წაეღოთ 8865 ტ-ზე მეტი საავიაციო ბომბი და ფრთოსანი რაკეტა, რუსეთს კი ჰყავდა 83 სტრატეგიული ბომბდამშენი თვითმფრინვი (68 Ту-95, 15 Ту-160) და 66 შორეული ავიაციის მძიმე ბომბდამშენი Ту-22M (პლიუს 92 მარაგში, ევროპის ფარგლებში ფრენებისთვის), რომელთაც ჰაერში ერთი აფრენით შეეძლოთ აეტანათ 1804,9 ტ საავიციო ბომბები და ფრთოსანი რაკეტები (მარაგში მყოფი Ту-22 თვითმფრინავების გათვალისწინებით კი _ 2724,9 ტ).
1991 წელს საჰაერო ბაზირების თითოეული ამერიკული ფრთოსანი რაკეტის AGM-86B საბრძოლო ნაწილის ბირთვული მუხტის სიმძლავრე შეადგენდა 170-200 კტ-ს, ხოლო AGM-69A რაკეტისა _ 170 კტ-ს; B-57 ტიპის თითოეული საავიაციო ბომბის სიმძლვრე იყო 5-20 კტ, B-61 ტიპისა _ 100-150 კტ, ხოლო B-83 ტიპისა _ 1-2 მგტ. საჰაერო ბაზირების საბჭოთა ფრთოსანი რაკეტების ბირთვული ქობინების სიმძლავრეები იცვლებოდა ფარგლებში 250 კტ-1 მგტ; სტრატეგიული დანიშნულების ბირთვული ბომბების სიმძლავრეები შეადგენდა 5, 20 და 50 მგტ-ს. 1990-იან წლებში გატარებულ იქნა მნიშვნელოვანი შემცირებები ორივე ქვეყნის სტრატეგიულ ბირთვულ შეიარაღებაში, მაგრამ როგორც ვნახეთ, 2000 წელსაც მათი სტრატეგიული ბომბდამშენი ავიაციის თვითმფრინავების ფარეხი საკმაოდ შთამბეჭდავად გამოიყურებოდა.
აშშ-ისა და რუსეთის ფედერაციის გარდა 2000 წელს სტრატეგიული ბირთვული შეიარაღება გააჩნდათ საფრანგეთს, დიდ ბრიტანეთსა და ჩინეთს. საშუალო რადიუსის S-3D ტიპის თითოეული ფრანგული ბალისტიკური რაკეტის მონობლოკური საბრძოლო ნაწილის სიმძლავრე გახლდათ 1 მგტ, ხოლო საზღვაო ბაზირების თითოეული რაკეტის M-4 ექვსი ბირთვული ქობინის ჯამური სიმძლავრე 0,9 მგტ; ჩინური სტრატეგიული ბირთვული რაკეტებიდან თითოეულის მონობლოკური საბრძოლო ნაწილის სიმძლავრე (ტიპების მიხედვით) შეადგენდა 2, 3 და 5 მგტ-ს.
გარდა ამისა, რუსეთსაც და აშშ-საც, ასევე სხვა ბირთვულ დერჟავებსაც, გააჩნიათ დიდი რაოდენობით საშუალო სიშორის (2500 კმ-მდე), ოპერატიულ-ტაქტიკური (500 კმ-მდე) მატარებლები (ფრთოსანი რაკეტები და საბრძოლო თვითმფრინავები), აგრეთვე ატომური არტილერია და საბრძოლო მასალები ბირთვული საბრძოლო ნაწილის სიმძლავრეებით რამდენიმე ასეულ კილოტონამდე (რაც შეესაბამება ასეულ ათასობით კილოგრამი ტროტილის აფეთქებას; სახელდობრ ამერიკული ფრთოსანი რაკეტის BGM-109A „ტომაჰოკის“ ბირთვული საბრძოლო ნაწილის სიმძლავრეა 200 კტ, B-61 ტიპის ტაქტიკური საავიაციო ბომბებისა იცვლება 1-დან 345 კტ-მდე, 155-მმ საარტილერიო ჭურვისა (W-48) 0,1 კტ, 203,2-მმ საარტილერიო ჭურვისა (W-33) 0,5 ან 10 კტ და ა. შ). რუსული ოპერატიულ-ტაქტიკური რაკეტების საბრძოლო ნაწილების სიმძლავრე იცვლებოდა 100-დან 350 კტ-მდე, ტაქტიკური საავიაციო ბომბებისა 250-დან 350 კტ-მდე, 152- და 203,2-მმ საარტილერიო ჭურვებისა _ 5 კტ-მდე.
ყოველივე ზემოთქმულიდან ნათელი უნდა იყოს, თუ რატომ არ უნდა არც ერთ მხარეს სერიოზულ ომამდე საქმის მიყვანა, იმისდა მიუხედავად, თუ როგორი უთანხმოებებიც არ უნდა იყოს მათ შორის. ასევე ნათელი უნდა იყოს ისიც, თუ რამდენად სერიოზულ ჭიდილში და რამდენად არაკომპეტენტურად აქვთ თავი შერგული როგორც საქართველოს ხელისუფლებას, ისე მთელ დანარჩენ პროამერიკულ სპექტრსაც, საკითხის ზნეობრივ მხარეზე რომ არაფერი ვთქვათ. ეს ჭიდილი რომ რეალურ შეჯახებაში გადაიზარდოს, მაშინ განა საქართველოსგან დარჩება რაიმე?
თანაც რუსეთ-ამერიკის ურთიერთობების თვალსაზრისით, კონფლიქტის რაიონი რუსეთის ფედერაციის უშუალო მეზობლობაშია და მისი რამდენადმე გაფართოების შემთხვევაში, დაზარალდება უშუალოდ რუსეთის ტერიტორიაზე მყოფი მოსახლეობა მაშინ, როდესაც ამერიკელთა ზარალი მხოლოდ კონფლიქტში მონაწილე ჯარების პირადი შემადგენლობისა და საბრძოლო ტექნიკის დანაკარგები თუ იქნება. განა ეს არ აძლევს რუსეთის ხელისუფლებას დამატებით მორალურ და იურიდიულ უფლებებს აღკვეთდეს ამიერკავკასიაში აშშ-ის ისეთ სამხედრო აქტიურობას, რომელსაც შედეგად მსგავსი კონფლიქტების განვითარება შეიძლება მოჰყვეს? როგორც არ უნდა ეოცნებებოდეთ ცალკეულ არაკომპეტენტურ და მჩატე ხასიათის მქონე ქართველებს ამერიკული ძალების თავიანთ სასარგებლოდ გამოყენება, განა ასეთი ბირთვული პოტენციალის მქონე სახელმწიფოსთან ომზე წავლენ ამერიკელები, თუკი იქ საკუთრივ ამერიკული სამკვდრო-სასიცოცხლო ინტერესები არ იქნება ჩადებული? და რატომ უნდა იყოს მათი სამკვდრო-სასიცოცხლო ინტერესები ამიერკავკასიაში, რომელსაც მათი ქვეყნისგან აშორებს ატლანტის ოკეანე და მთელი ევროპა? ან კიდევ ასეთ შეჯახებას რუსეთი რომ ამზადებდეს აშშ-თან სადმე მექსიკის ჩრდილოეთში ან კარიბის ზღვის კუნძულებზე, მაშინ როგორ შეხედავდნენ და მიიღებდნენ ამას ვაშინგტონში? ნუთუ ისინი მოისურვებდნენ თუნდაც კონფლიქტური ვითარების განმუხტვის პროცესის ინტერნაციონალიზაციას და სიხარულით დაეთანხმებოდნენ მასში შუამავლებისა და დამკვირვებლების მონაწილეობაზე, ვთქვათ, ჩინეთიდან, იაპონიიდან, ირანიდან, შუა აზიიდან, ინდოეთიდან, არაბული ქვეყნებიდან, პაკისტანიდან, ან თუნდაც იმავე დასავლეთ ევროპის სახელმწიფოებიდან? რაღაც არა გვგონია. და რასაც აშშ თავისთან და თავისთვის არ ისურვებს, მაშინ ალბათ რუსები შეძლებენ მისთვის ასეთი პრეტენზიების გადათქმევინებას ან განეიტრალებას, და ამაში ღმერთიც შეეწევათ, რადგან თავად უფალი გვასწვლის სხვას არ ვუსურვებდეთ იმას, რაც საკუთარი თავისთვის არა გვსურს, და სხვს არ ვუკეთებდეთ ისეთ რამეს, რაც არ გვინდა რომ ჩვენ გაგვიკეთონ.
ირაკლი ხართიშვილი
2009 წლის ნოემბერი
No comments:
Post a Comment