Monday, December 6, 2010

ქართული ისტორიოგრაფია რუსეთ–საქართელოს ურთიერთობების შესახებ – ნაწილი VI

IV. მოკლე მიმოხილვა მოვლენებისა 1774 წლის შემდეგ
(დასასრული)

5) ამონარიდები პლატონ იოსელიანის წიგნიდან “ცხოვრება გიორგი მეცამეტისა” მეფის გარდაცვალების შემდგომ პერიოდზე
(დასასრული)

13.

ვითარცა მეფის ძეთა და ძის ძეთა მეფის ფამილიისათა, რომელიც მდგომარეობასა შინა თვისსა პირველისამებრ დაშთებიან ეგრეთვე თავადნი და აზნაურნი, ექმნესთ სარგებლობა ყოვლითა ამით პატივითა და ჩინებულებითა, რომლითაცა სარგებლობენ აზნაურნი რუსეთისა იმპერიისანი, და მიიღონ ეგე ვითარივე სახელსა ზედა თვისსა ღრამატა და ღირსებისათვის დიპლომი, და იმპერატორისა მსახურებასა შინა მიღებულსა ჩინისათვის პატენტი, ეგრეთვე სამღვდელოთა წესთა მექონთა ეპარქიისა და მონასტერთა აქვნდეს იგივე პატივი, ვითარიღათაცა სარგებლობენ რუსეთისა სამღვდელონი ერნი.

14.

ვაჭართა, მედუქნეთა და ხელოსანთა ერთა აქვნდეს იგივე სარგებლობა კომერციასა შინა, ესე იგი სრულსა ვაჭრობასა შინა, და შემატება მოძრავითა და უძრავითა საქონლითა თვისითა, თვით რაიცაღა აქვსთ სარგებლობა მით სხვათა ამათ იმპერიათა შინა მყოფთა; ხოლო ძველთაგან მოყვანილნი შეიწროებისაგან მტერთა მათ მეზობელთასა სიღარიბესა შინა, რომელთაცა არა მცირედი მიუღიეს, შეიწრება, მათგან მათ პირველსა შეხდომილებასა შორის აემსუბუქოს რომელსამე განწესებულებასა პირისპირ ზემოხსენებულისა მის რუსეთის მემკვიდრეთა.

15.

ყოველივე სახელმწიფონი სათხოვარნი აწინდელნი ანუ თუ შემდგომნი, და ეგრეთვე სხვათა მებატონეთა გლეხთა გამოსაღებნი სხვადასხვანი სახელმწიფოდ თვინიერ რომელისამე საჭიროსა სახმარისა მხედრობათასა წარუდგენთ დიდსა მონარქობასა განხილულებასა, და ყოვლად მოწყალებისა მნებებელობასა ჩვენისა ხელმწიფისა იმპერატორისასა, რათა მიეცესთ თავისუფლება, რაოდენცა დროსა კეთილნებებულ იქმნების, და ესრეთვე ებრძანოსთ მებატონეთა უძნებისამებრ ყოვლისა რუსეთისა იმპერიისა სჯულთა ზედა განიწესების რიცხვი მათ მხედრობათა, რომელთაგანიცა შესაძლო არს, რათა განსწავლულთა აფიცართაგან, და რიადოვისაგანთა ისწავლონ სამხედრო ეგზერციცია (ე. ი. წვრთნა და ვარჯიშები), და დისციპლინი, გარნა ჩვენ კადნიერ ვიქმნებით თხოვნად მისის იმპერატორების დიდებულებისაგან სახელსა ზედა ყოვლისა საქართველოსა ერთასა, რომელთაცა თვისის ნებით შთავრდომილ ჰყვეს თავი თვისი მონებასა მას, რათა ყოვლად მოწყალებით თავისუფლად ეგნენ იგინი მსუბუქ გონებისამებრ მათის რეკრუტისა მოკრებისაგან და ეგრეთვე არა იხმარებოდენ იგინი მსახურებასა შინა ამას მხარესა აქეთ კავკასიის მთისასა, ესე იგი შვეიცარიასა, პრუსიასა და სამზღვართა ზედა, სადაცა დაუჩვეველის ჰაერის ძლით თვინიერ დიდისა შრომისა იგინი მსახურებისა განგრძობად არა შემძლებელ არიან, და იხმარებოდენ იგი მხედრობანი შეერთებით მათთანა, რომელნიცა იმყოფებოდენ საქართველოსა შინა რუსეთის პოლკთა თანა უდიდებულსისა მსახურებასა შინა მხარესა მას წინააღმდგომად ყოველთა მეზობელთა მათ მტერთა სამპყრობელოთა, ესე იგი წინააღმდგომად ყოველთა მეზობელთა მათ მტერთა თათართა, სპარსთა და ყარაულთა და ეგრეთვე ყოვლად უმონებრივესად კადნიერ ვიქმნებით თხოვად ამისა, რომელ შემოსრულნი ამას ახლად მოკრებულსა მხედრობასა შინა თავადთა და აზნაურთა ძენი ყოვლად მოწყალებით მიღებულ იქმნენ ობერ და უნდერ ოფიცრობის ჩინით და უკეთუ რომელიმე მეფის ფამილისაგანი მამაკაცისა ანუ დედათაგანისა ძენი მასვე რიცხვსა შინა მსახურებისასა მოსურნე იქმნებიან შემოსვლად, და უიჭოცა ჰყოფენ ამას, მაშინ იგინი ყოვლად მოწყალებით პატივისცემისათვის გვართა მათთასა მიღებულ იქმნენ შტაბ-აფიცრობისა ჩინით, და მიღებისამებრ შტაბ-ობერ-უნდერ ოფიცარნი ქართველთაგანი, რომელნიცა მხედრობასა შინა იქმნებიან მსახურად, მათ მოემატებოდეს ჩინი განწესებისამებრ იმპერიისა ამის, ხოლო ჯარისკაცთა ყოვლად მაღლისა მონარქობითისა მოწყალებისაგან დაენიშნოს, რაოდენიმე დრო მსახურებისა, რათა მათ კეთილჟამიერად იცოდნენ, რომელ მსახურონ რა 10 ან 15 წელსა მისის იმპერატორების დიდებულებისა წინააღმდგომად მტერთა რუსეთისა, და ქრისტიანობისა სახელისათა, ესე იგი პირისპირ სპარსთა, თურქთა, ლეკთა და სხვათა ესე ვითართა, შემდგომ შემძლებელ იქმნებიან, რათა მოიქცნენ სახლად თვისად, და წინაშე ერთ ქვეყნიერთა ერთა თვისთა თანა განადიდონ ქება მისის უმაღლესის დიდებულების მსახურებითა, ესე ვიტარი მოწყალება აღაგზნებს გულსა მათსა მხურვალებითა ერთგულებისათა, და აღავსებს მათ მონებრივისა ქვეშევრდომობითა ტახტისადმი ყოვლისა რუსეთისა, და ამით არა თუ მხოლოდ შემძლებელ იქმნებიან ჟამისამებრ, რათა განამრავლონ რიცხვი კაცთა სამხედროთა, არამედ ესე დაადგინებს მათ მხიარულებით წარსვლად უკეთუ ებრძანოს თვით ვიდრე საზღვრამდე ინდიისა.

ხოლო უკეთუ მდგომარეობა საქმისა მოითხოვს, რომელ შემდგომად მოკრებისა საქართველოსა რეგულის ჯარისა, ანუ კვალადვე თუ შემდგომად დამჭირნეობასა კვალადცა შემოკრებისა რაოდენთამე ქართველთა განუსწავლელთა ჯარისა, მაშინ შესაძლო არს, რათა მუნ მყოფმან მეფემან აუწყოს ესე ხელმწიფისა მოადგილესა და სამღვდელოთა, რათა ემსგავსონ ამას შინა დიდისა მონარქიასა სიმდაბლით მოქცევასა, და სამზღვარ უდონ მოკრებასა მას თვისთაგან გამოსაღებთასა, და მუშაკობასა მსახურებისა მათისასა, რათა ამით მოწყალებითა მოყვანებულ იქმნენ იგინი სრულს გლეხკაცობისა მდგომარეობასა შინა.

16.

ყოველთა სასამართლოთა პირველთა და უკანასკნელთა ადგილთა შინა გამგეთა და მოხელეთა ქართველთა და რუსთა ღირსებისა და თანამდებობისამებრ მათისა განეწესოსთ შესაბამი ულუფა მუნ მოკრეფილისა სახელმწიფოსა შემოსავლისაგან, ხოლო ესრეთვე უმცირესთა მოხელეთაცა მიეცესთ ულუფა მასვე შემოსავლისაგან განწესებულისა სამეფოსა მისგან და განსრულთა სახელოსა მისგან, და ნებით თვისით მუნ დაშთომილთა.

17.

ვითარცა მრავალნი გვარნი კნიაზთა, და აზნაურთაგანი საქართველოსათა იმყოფებოდენ აქამდე მსახურებასა შინა კართა ზედა მეფისათა და სხვათაცა ადგილსა შინა სამეფოთასა, და აქვნდათ სხვა და სხვანი ადგილი სამოხელონი, რომელთაცა სარგებლობენ თანამდებობითა პატივითა, და მსახურებდენ მეფესა და ქვეყანასა თვისსა გულსმოდგინებით და ერთგულობით, ამისთვის უკეთუ მათგანთა რომელთა აწ მოხუცებისა გამო წელთასა ანუ სხვათარე მიზეზითა კვალადცა მსახურებასა შინა არა ინებონ შესვლა, არა კეთილნებებულ იქმნებისა, რათა პატივი ვსცეთ პირველთა მათთა მსახურებათა, და მოხუცებულებასა, და რათა დაშთენ პირველსავე მას პატივსა შინა, და მიეცესთ მათ პატივი თანასწორად მათ თავადთა, და აზნაურთადმი, რომელნიცა დიდებულებისა მისის იმპერატორების მსახურებასა შინა იმყოფებიან.

18.

მოყვანებისათვის მყოფთა მუნ უშიშოებისა მდგომარეობასა შინა, პირველ საქმედ ვრაცხავთ ამას, რათა მივიღოთ სახმარი გაფრთხილება მეზობელთა მათ ჭარელთაგან, რომელნიცა შთამომავლობით თვისით არიან ძველნი კახეთისაგანნი და ადგილი იგი, რომლთაცა ზედა დაშენებულ არს აწცა კახეთისა, გარნა ამათ შეურაცხჰყვეს სჯული ქრისტიანობისა, და ემორჩილებიან მახმადის სჯულსა, და საშვალ მათსა არს დასახლებულნი ლკნიცა; ესე ერნი არცაღა მცირედ არიან საშიში და არც რიცხვითა არიან უმეტეს სამი ათასითგან ვიდრე ოთხი ათასადმდე; გარნა ვნება მათგან არს ესე პირველისამებრ, რომელ კახეთსა ზედა არიან დიდად მახლობელ და ცხოვრობენ პირისპირ თვით კახეთისა სამფლობელოსაც ქალაქისა ქისიყისა, და საშვალ მათსა არს მდინარე ალაზანი, რომელსაცა შინა გამოდიან ცხენიანნი და ქვეითნი, მარადის მდგომარეობენ ერთი მეორისაგან ქვეითისაგან ერთის დღის სავალსა და ადგილსა მას შინა თვინიერ მოხსენებულისა მის წყლისა არა რომელიმე მთა და ბორცვი არ იპოვების ესრეთ, რომელ თვით მძიმითა ურმითა მსუბუქად შეიძლების სვლა. ესე ჭარელნი არა არიან ესრეთნი, რათა იყონ საშინელ საქართველოსათვის, არამედ წარმოდგომილ არიან შესავედრებელად და სადგურდ ყოველთა ლეკთა ავაზაკთა და თვით ომარხან ავარისისაცა ესრეთ, რომელ ოდესცა იგინი განიზრახვენ მორბევასა საქართველოსა მიწათასა, მაშინ მოიწევიან ჭარელთადმი და მიიღებენ თვისადმი მოსყიდვით მათგან საგძალთა, და ყოველთავე სახმართა ნივთთა, და თვით მათცა თვისთან შეიერთებენ, და ამით განიმრავლებენ ჯართა თვისთა, და წარიყვანენ მათაგან გზისმცნობთა; და ყოლაუზთა, რომელთაცა მახლობელად მოსახლობითა უწყიან, სადა ანუ თუ ვითარსა ადგილსა სცხოვრობენ ქართველნი გაუფრთხილბელად, და მოულოდებელად თავდასხმისა მის მტერთასა, და ესე არა უცნაურ არს, რომელ უკანასკნელი იგი შემოსვლა ომარხანისა საქართვლოსა შინა იყო იმათზედ გამოვლით, და მხედრობაცა მათი იყო მის თანა. ესე თვით მცირე სამყოფი ჭარელთა მოქმედებს უმეტეს ამასცა, რომელ შემწყნარებლობს ორგულთა ქართველთა სამართლით სასიკვდინოდ დასასჯელთა და სხვათაცა, და ერეთვე ყოველნი იგი ლეკნი, რომელნიცა წამოვლენ საქართველოსა შინა მორბევისა და აოხრებისათვის ოსმალოს მხარედგან, მაშინ იგინი პირველად მოიწევიან ჭარელთადმი, და მუნიდგან სწორედ მივლენ ახალციხეს.

19.

ხსნისათვის ამის სუსტისა და უპატიოსა ერისაგან ვითხოვთ ყოვლად მოწყალისაგან, რათა მოგვეცეს ნება ჩვენ, რომელ წარვიდეთ სამკვიდროსა შინა მათთა და ავყაროთ იგინი, და დავჰყოთ სხვადასხვათა შინა ადგილთა საქართველოსა მოხელეთა შორის, დარწმუნებულვჰყოფთ, რომელ შეერთებით ერთად უძლეველთა იმისის იმპერატორების მხედრობათა თანა ამას აღვასრულებთ მსუბუქად დროსა ზამთრისასა, და ადგილთა მათთა დავასახლებთ ქრისტიანეთა ნებით თვისით მოსურნეთა, რომელთაგანიცა თვინიერ იჭვისა მოიპოვების მრავალნი მოსურნენი, ამის მიზეზისათვის, რომელ ადგილი იგი არს ნაყოფიერი, სადაცა მოდის პური მრავალ გვარი და უმჯობესნი სხვათაგან, და ბრინჯი, და ესრეთვე ხილი, და აბრეშუმის ხე, რომლისაგანცა ხელოსანნი საკმაონნი რიცხვით აკეთებენ აბრეშუმსა, და ესეცა შესაძლო არს, რათა თვით მათ ჭარელთა აღვირესხათ და დაწყნარებულ იქმნენ, გარნა ვინადგან დიდი ხნიდან შთაცვივდნენ მახმადისა სჯულსა შინა, ამისთვის ვრაცხთ უმჯობეს, ვითარცა ზემო ვსთქვით, რათა განიყვნენ სხვადასხვათა შინა ადგილთა, რომელ ვნება რაიმე მატგან ყოფად შეუძლო იყოს, არა არს იჭვი იმას შინა, რომელ, ოდესცა მიიწევის მათდამი ზამთრისა დროსა შინა რუსეთისა და საქართველოსა მხედრობა, რაოდენიც წარივლინების კეთილგანსჯისამებრ, მაშინ იგი ყოველივე და თვით უპირატესნიცა მათნი არა დუტევებენ ამას, რომელ არა ჰყონ აღთქმა ფიცისა ამისთვის, რომელ იქმნენ იგინი მონად ქართველთა უკეთუ მხოლოდ მიეცესთ მათ ნება, რათა დაშთენ იგინი ადგილთა შინა თვისთა. გარნა ესე პირობა, რომელიცა არა ერთგზის მათგან ქმნილ არს, არამედ დიახ მცირედ აღუსრულებიათ, და უფროსღა ყოველთვის გარდახდომილან. რჩევისამებრს ზემო თქმულთა მეზობელთასა, თურქთა და სხვათასა და ამისთვის ვითარცა არა მისანდობელთა არს საჭირო, რათა გამოყვანილ იქმნენ და დაესახლენ სხვადასხვა შინა ადგილსა; ხოლო რომელნიმე უმეტესნი მათ ერთა კეთილნებებულ იქმნეს წარმოგზავნად უმაღლესისა კარისადმი, ესრეთ რომელ გამოვლონ მათ მოზდოკსა და ყიზლარსა ზედა, და განიხილონ მდებარენი იგი ადგილნი, და უკეთუ მოეწონოსთ მათ იგი ერი თვისით დასახლდენ მუნ, და ამასზედა უკეთუ თანახმა იქმნებიან იგინი, ჩვენ ვითარცა მონანი იმისის იმპერატორების დიდებულებისანი ნოტსა ამას ვჰყოფთ მოხსენებასა, რომელ შემძლებელ იქმნებიან ფრიად მცირესა ჟამსა, რათა ჰქმნან კეთილი ზაოდი აბრეშუმისა, ვინათგან ვუწყით ჩვენ რომელ ერი ესე ამის საქმისადმი უფროსღა გამოსადეგი არიან ვიდრეღა სხვანი.

20.

ხოლო ჩვენ, ვითარცა ახლად შემოსრულნი დიდსა მისის იმპერატორებითის დიდებულბის მონებასა შინა, შესაძლო არს, რომელ უცნობელობითა რუსეთის განწესებულებისა და ჩვეულებათა საკუთრად ქვეშევრდომობითა ჩვენით ვსთქვათ რაიმე ნამეტნავი და უშესაბამო, ამას ყოვლად უმონებრივესად ვითხოვთ შთამომავლობით ჩვენისა დიდისა ხელმწიფისა იმპერატორისაგან, რათა მოგვეტეოს ჩვენ მისთა სარწმუნოთა მონათა, რომელნიცა შემოსრულნი აღსრულებასა შინა ყოვლად მოწყალებით აღთქმულისა მმართველობისა უდიდებულესისა სჯულთა ყოვლითურთ ვრაცხთ საქმედ, რათა ვაჩვენოთ მოსწრაფება ჩვენი თვით საქმით. ხოლო პირველსა ამას შეხდომილებასა შინა არავისგან არს შესაძლო ყოველივე განრჩევით გამოცხადებად, და უფროსღა ჩვენგან თქმად, თუ ვითარ არს სარგებლობა სახელმწიფოსა, და ესე გვარივე ყოველთათვის სახმართა სამეფოსა საქართველოსათა აწ ქვეშე კურთხეულისა იმისის იმპერატორების დიდებულების მპყრობელობისა შეერთებული იმპერიისა თანა ყოვლისა რუსეთისა. ხოლო ოდეს მივიწევით ადგილთა მათ მისის დიდებულების კარისაგან წარმოგზავნილითურთ, მაშინ უცილობელად ნაკლულევანებათა ჩვენთაგან მოხსენებულთასა შევასრულებთ, დაშთომილსა მუნ ნამესნიკისა ანუ მეფისა თანა რუსეთისა უფროსად მყოფისადმი არა დაუტევებთ ყოველთა მათ ნაკლულევანებათა; ვინაითგან მყოფნი ადგილთა მათ შინა უფროს მსუბუქად შესაძლო არს დანიშვნად მისიცა რაივეცა იქმნების ნაკლულევანება, და სხვებრ ვითხოვთ, რათა ყოველივე ესე ღირს ქმნეს მაღლისა მონარქობითისა მისის იმპერატორებითის დიდებულებისაგან კეთილგანხილვასა“ (1).

ესეთი იყო დაწყობილება ქვეყანისა სურვილისამებრ თვით მეფისა. მეფის ძეთა დავით და იოანე განიხილეს და დაამტკიცეს წესდებანი ესენი. თავადთა, ვითარცა თანამზრახველთა მეფისა (უიმათოთ არა რასა საქმესა საქვეყნოსა არა იჭერდენ მეფენი, რეცა ფედერატთა მთავარნი), მიიღეს და დაინახეს კეთილად მფარველობა რუსეთისა კანონთა ზედა ამათ დაფუძნებული. მხოლოდ მეფისა ირაკლის ძენი იულონ, ვახტანგ, ანუ იგივე ალმასხან, მირიან და ფარნაოზ, _ მრისხანებდენ მათთვის, ვითარცა დასაღუპავთათვის ქვეყანისა. მეფის ძე ალექსანდრე ადრევე იყო ლტოლვილი სპარსეთსა და მუნით ექდოდა, სპარსთა ძალითა, კანონთა მათ დარღვევასა.

პირი ესრეთისა წესდებისა წარუვლინეს იმერეთისა მეფესა და მთავართა, კათოლიკოსსა ანტონის და რავდენთამე მღვდელმთავართა. ამათ ესე ვერ მიიღეს სიამოვნით, თუმცა პასუხი ქაღალდითი არა აცნობეს, გარნა მოესმათ მაშინვე სიტყვით უსაფუძვლობა საქმისა. ვიეთნიმე იტყოდენ _ „ქართველნი სტყუვდებიანო“; ვიეთნიმე _ „ერთმანეთსა ღალატობენო“ და სხვანი იტყოდენ: „ვითარცა წყალწაღებულნი ხავსსა ეჭიდებიანო“.

ძმათა მეფისა აცნობეს ესე ქსნისა, არაგვისა და კახეთისა მცხოვრებთა. განთესეს ყოველგან ჰაზრი ესე, რომელ დ ა ს ა ღ უ პ ა ვ ა დ მ ე ფ ი ს ა ი რ ა ლ კ ი ს ა ო ჯ ა ხ ი ს ა ო, ჰქმნეს ესეო; განსყიდეს ვითარცა გამცემელთა ქვეყანაო და მეფობაო და მ ო ე ლ ი ა ნ ო ს ა ს ყ ი დ ე ლ ს ა გ ა ნ ს ყ ი დ უ ლ ი ს ა ს ა ო; _ სახარებისა სიტყვიდან იტყოდენ ესრეთ მტერნი მეფისა გიორგისა და მოხელეთა მისთა მდივანთა და დესპანთა! _ (თავი LXIX).

ამ დოკუმენტიდან ჩანს, რომ საქართველოს მხარე ფიქრობდა რუსეთის იმპერიის ფარგლებში ერთგვარი ტერიტორიული ავტონომიის მიღებას. რუსეთის საიმპერატორო მთავრობამ კი საქართველოს მისცა მხოლოდ კულტურულ-ნაციონალური ავტონომია, რომლის განხორციელებაც დაიწყო ჩვენში კულტურულ-საგანმანათლებლო მოღვაწეების მიერ: ქართული ჟურნალ-გაზეთების გამოცემა და წიგნების ბეჭდვა, ქართული თეატრის დაარსება, სათავდაზნაურო-საადგილმამულო ბანკის, ქართულ ენზე სწავლების მქონე სასწავლებლების, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისა და სხვა დაწესებულებების დაარსება და ა. შ. რამდენადაც ვიცი, XX საუკუნის დასაწყისში ლაპარაკი იყო საქართველოს სამეფოს აღდგენის შესახებ რუსეთის იმპერიის ფარგლებში ავტონომიის უფლებით, მაგრამ 1917 წლის თებერვლის რევოლუციამ რუსეთის საიმპერატორო ტახტთან ერთად ეს პროექტიც ძირს დასცა. შემდეგ პლატონ იოსელიანი აგრძელებს:

დრო და არქივი რუსეთისა გამოაჩენს, რაოდენ მაღლად იდგა გარსევან გონიერებითა და საქმითა სხვათა ზედა ქართველთა. რაიცა მე ვიცი არქივისა საქმეთაგან, _ რომელთაცა მე, აღმწერელი მეფისა ცხოვრებისა, არა შევეხები _ ვიტყვი გარსევანისათვის, რომელ დროთა ამათ იყო სვეტად მტკიცედ მეფობისა, ერთგულად მეფისა და მამულისა. მგმობელი მის სცოდავს. _ (დასასრული თავისა XCI).

ოთხასითა წლითა განმტკიცებულნი კერძოობითსა უფლებასა ზედა სამთავრონი, მოისმენდნენ ლიონიძისა სიტყვათა ერთობისათვის. გარნა სადღა იყო ძალი დამაკავშირებელი მათი? ოდეს მეფემან ირაკლი მეორემან დაკარგა ერთმეფობისა იმერთა ერისა თხოვა, დაკარგაცა ძალი კავშირისა. ხმა ლიონიძისა იყო ხმა ღაღადებისა უდაბნოსა, ენითა ცემა ჰაერისა და ამაო ბგერა ბაგეთა. იხილა ესე ლიონიძემან ადრევე და შორსმხედველმან ვერღა ჰპოვა ღონე სხვა დაცვისათვის მეფობისა, რომლისათვისცა, გამიგონია მამისა ჩემისაგან, იტანჯებოდა იგი. ესევე იყო მიზეზი, რომელ შემდგომად მეფისა გიორგისა, წარვიდა იმერეთს და მუნით სპარსეთსა და მოკვდაცა მუნ დამტირებელი ქვეყანისა და მრავლად დატირებული სომეხთა კათალიკოსისა ეფრემისაგან, რომელთანაცა ცხოვრობდა რავდენსამე დროსა. სიკვდილი მისი იყო ვგონებ 1810 წელსა ანუ მცირედ შემდეგ. _ (თავი XIII).

1803 ანგლიისა სასახლეში პეტერღოფს შეყრილნი მეფის ძენი და მეფეთა ასულნი მიუთხრობდენ სადამე წარსულთა დროთა შემთხვევათა. მუნ იყო დროსა ამას სიმამრი მეფისა გიორგისა გიორგი ციციშვილი (ხათა გოგიად წოდებული), და ოდეს იტყოდენ ამბოხისა და მეფობისა დაცემისა მიზეზთა, მაშინ ვიეთნიმე ბრალსა დიდსა მიაწერდნენ ფარნაოზსაცა მეფის ძესა, ძმათა შორის უმცროსსა, რომელიცა ეძებდავე ტახტსა და მეფობასა საუბედუროდ ქვეყანისა. მაშინ გიორგი ციციშვილი იტყოდა: „რას ჩააცივდით თქვენ კურთხეულს ფარნაოზსა? რას ბრალს სდებთ მას? ფარნაოზი იტყოდა ამას: „მამისა ჩემისა ანდერძითა, ხომ უნდა ვიმეფოო ოდესმე, _ მე ჩემი წილი ეხლა მინდა ვიმეფოო!“ _ ესრეთ სიცილითა მოიგონებდენ საქმეთა წარსულთა ქართველნი და მხიარულებითა განაზავებდენ მეფობისა ღირსებათა თვისთა და პატივისა დაკარგვისა სიმწარესა! _ (დასასრული თავისა XXXVI).

დავით, ვითარცა ღენერალ-ლეიტენანტი და სენატორი, იყო მიწერ-მოწერასა შინა მამაჩემთან და დავით რექტორთან. მცოდნე რუსულისა ენისა თარგმნიდა წიგნთა ქართულად და უგზავნიდა ამათ, ვითარცა კაცთა განსწავლულთა. საქართველოისა საქმეთა შინა არღა ეროდა, იყო მორიდებული და მომდურავიცა ქართველთა.

1819 წელსა, იანვრის 8 მოსწერა წერილი და ესეცა იყო მისგან უკანასკნელი, მწიგნობრობისა და მწერლობისა მასწავლებელსა თვისსა დავით რექტორს. წერილსა ამას შინა სხვათა შორის იტყვის შემდეგსა:

„ჩემო ლალავ! ყველას მოკითხვა უბრძანეთ, ვინც ჩემზედ იცინის და ვინც ჩემთვის სწუხს, იმათ წაუკითხე ლუკას თავი კგ (23), მუხლი კზ (27) _ ვიდრე ლბ-მდის (32).

ვჰმადლობ ღმერთსა, სუყველას მოვრჩი!“ (2) _ (თავი CLXV).

მოთხრობასა ზემორესა დაუმატა მეფის ძემან თეიმურაზმან შემდეგი: „როდესაც მე თვით შემდგომად მამისა გარდაცვალებისა წარვედი სპარსეთსა, მაშინ მეფის ძე ალექსანდრე დიდად მყვედრიდა მამისა ჩემისა ესრეთსა მოქცევასა წერილთა შინა მისგან მოწერილთა. მოიხსენებდა მეფესა უშვერად და უკადრისად და სწყევიდა მას. სიტყვანი ესე მოსწყვლიდნენ ჩემსა გულსაო და მაშინ ვსცან მტერობა მისი მამისა ჩემისა სახლისათვის და ბოროტი განზრახვა მისი ძმათათვის ჩემთა. _ შემძაგდა მეფის ძე ალექსანდრე და ვნახე თვით სპარსელთა ქცევა, ბილწი ჰაზრი მათი უსაფუძვლო განმგებლობისათვის და საომრად. ვსცან იგინი არა რაისა მცოდნენი, ყაენისაგან დაშორებულნი, ვერგამბედავნი სიტყვისა თვისისა მეფესთან და სწორისაცა სასარგებლოისა ჰაზრისა არ გამომთქმელნი. დიდად მიკვირდა მდგომარეობა ირანისა, და მეფეთა კარისა, და მოვიხსენიებდი პაპისა ჩემისა კარსა და თვით მამისა ჩემისა, ყოვლად მეფურისა, დიდებულისა, განცხრობითისა, მხიარულებითისა, სამართლიერისა და კარღია ტახტისა მდიდართა, მოკლებულთა, სნეულთა, მშიერთა, ობოლთა, ქვრივთა და პყრობილთათვის. ეხლაც ვეკვირვი, მიხდვით სპარსეთისა და სხვათაცა ევროპიისა მეფეთა, ჩემგან ნახულთა რეინის პირამდინ, მამისა ჩემისა სიმაღლესა და ბრწყინვალებასა; ეხლაც ვხედავ, რომელ ქრისტიანობა არის სამკაული მეფეთა და მასზედა დაფუძნებული მეფობა და განმგეობა ქვეყანისა არის საჩინო, ტკბილი, სამართლიერი და უცთომელი. _ „აი, ჩემო პლატონ, _ მიბრძანებდა მეფის ძე, _ რითაც იყო დიდი კარი მამისა ჩემისა, _ იყო ქრისტეს მოყვარე ყოვლად და ამისთვის იყო მეფე პირველი, თუმცა მტერთაგან გარეულთა და შინაურთა შეიწრებული“. _ (თავი CXVI).

მასვე დროსა კათოლიკოსსა უნებდა საკათოლიკოსოისა მცხეთას პალატისა განახლება და ოდეს გამოსთხოვდა მისთვის ნებასა და ბრძანებასა, მეფემან უბრძანა აშენდეს სახლი მეორისა შესავალისა დიდსა კართან. დაშთესო შეუხებელად ძველთა მეფეთაცა და კათოლიკოსთაცა პალატნი დაქცეულნი. „ვეცდებიო, _ ბრძანა მეფემან, _ ორივე ერთად და ერთს დროსა განვაახლო ეგრეთ, ვითარცა იყვნენო“.

მაშინ კათოლიკოსმან ანტონი აღაშენა თვისად სახლი აგურითა და ქვითკირისა, რომელიცა დღესაცა ჰგიეს; ხოლო პალატნი სამეფონი და საკათოლიკოსონი დაშთენ განუახლებელად გარდაცვალებისა გამო მეფისა შენობანი ესენი თლილისა ქვითა ნაგებნი წინათ ალექსანდრე მეფისა, მცხეთის განმაახლებელისა დასცა სრულიად, ექსარხოსად ყოფილმან და აწ პეტერბურღისა მიტროპოლიტად ისიდორემან. მათთან იყო მარანი ჩაკირულისა ქვევრებითა. ამათგანცა რომელნიმე ამოიღეს და გარდაიტანეს, რომელნიმე დაიმტვრა და რომელნიმე დაშთენ მიწასა. სასახლეთა ადგილი შემატა გალავანსა და თვით კედელნი წინა პირნი ქვით ნაშენნი, დაშთენ ზღუდედ გალავანისა: მიუდგეს მხოლოდ თავთა მათთა რიყისა ქვითა ნაშენნი სათოფურნი, ვითარცა აქვნდათ სხვათაცა ზღუდეთა. რად არა ვსთქვი თვისა დროსა ესე? მოვახსენე 1858 წელსა არა ერთგზის და მერეც შფოთითაცა მას, ისტორიისა და ქვეყანისა სიძველეთა უმეცარსა და არა მიიღო ჰაზრი ჩემი. და იყო კაცი თვითნება და იდუმალ არა მოყვარე ქართველთა; პირმოთნე დრომდე და მექონი თვისებათა მათ, რომელთაცა იტყვიან ქოსათათვის: იყო ქოსაო.

ესრეთ მიეფარა პალატთა ამათ კვალი სიძველისა. მხოლოდ ერთისა კუთხისა დასავლეთისა მხარეს, ფასადი დანაშთენი ზედ წარწერილებით ხუცურად, რომელსა შინა მოიხსენების ქრისტეფორე კათოლიკოსი, გადმოხატა და დასტამბა ფრანცუზთა მოგზაურმან დუბუოამან. ამან კაცმან, მოსრულმან შორით, ვითარცა სამარიტელმან გადმოხატვითა ამით, დაიცვა დაუკარგველობა შემდეგთა ჟამთათვის საკათოლიკოსოისა პალატისა, დანაშთენსა მცირედისა ზემოისა სადგომისა ფანჯრისა მშვენიერად ნაკვეთისა, და ექმნა მოწამედ სიტყვასა ჩემსა მოკლესა პალატისათვის ძველისა მცხეთას. _ (თავი LX).

ხატი ესე ძველი თვით ნამდვილი დაიკარგა თფილისის აღებისა დღესა 1795 წელსა სპარსთაგან; ხოლო დროსა დღესაცა არის სახლსა შინა ჩემსა დაცული (3). ბუშტი ვეცხლისა და თვით ძელი, რომელზდაც იყო დამყარებული სახე ღვთისმშობელისა, განაქარვა მამამან ჩემმან 1830 წელსა შიშისათვის რუსთა მთავრობისა: ეშინოდა, არა ჰკითხონ, რად გაქვს დროშა ესეო. ძმაცა მამისა ჩემისა მარადის შფოთის ჟამსა აშინებდა და ეტყოდა: ორგულობისათვის რუსეთისა გაქვს დროშა ეგეო.

მაშინ შეშინებულმან დასწვა ხე, რომელზედაც იყო ბმული თვით ხატი, ხისა ამის თავზედ ნაკეთი ვეცხლისა ბუშტი გაყიდა და ფასითა მით უქმნა კიოტი ფიცრისა, დაუკეცა დროშასა ამას სამ სხივად გრძელნი ფრთები და ჩასდვა კიოტსა შინა მინითა დაფარული და დაისვენა თაყვანის საცემელად სახლსა შინა თვისსა. ამა დროდმდე დროშა ესე იყო ბუდეში ჩადებული, და კრძალვითა კარის წმინდის გიორგის ეკკლესიასა შინა, დღიდგან მეფის გარდაცვალებისა.

ხატისა ამის კოპიოსა ანუ პირისაგან სჩანს, რომელ თვით ნამდვილი იყო შემზადებული დომენტი კათოლიკოსისაგან, ამისთვის რომელ, ქვე ხატისა ღვთისა დედისა ხატია თვით დომენტი მუხლმოდრეკით და ხელთა განპყრობით ღვთისა დედისადმი მვედრებელი. _ (დასასრული თავისა XV).

ისაკ კანდელაკმან სიონისა, კაცმან მრავალთა საეკკლესიოთა წიგნთა და გულანთა აღმწერელმან მიართვა (მარიამს, გიორგი ციციშვილის ასულს, ახლედ შერთულს ცოლად გიორგი მეფის ძის მიერ) თვისგან დაწერილი მშვენიერად ხუცურად დაუჯდომელი და პარაკლისი ღვთისა დედისა. თავსა ხატია ღვთისმშობლისა ხატი და შთაურთო მუნ 18 სახე ღვთისავე დედისა ქებათა გამომეტყველი, თანახმად 9 ხმისა დაუჯდომელისა საგალობელთა და ესოდენისავე ხმისა პარაკლისისა საგალობელთა; დასასრულ წიგნსა ეწერა ესე: „მე ისაკ ხუცესმან სიონისა, მივართვი წიგნი ესე მეფის რძალსა მარიამსა, მეუღლესა პირმშოისა მეფის ძისა გიორგისა. ღმერთმან მშვიდობაში მოახმაროს. ქკს (ქორონიკონსა) 1783“.

მხატვრობაები მუნ მშვენივრად ნახატნი ოქროსა და ვეცხლისა ვარაყითა შემკულნი განაბრწყინვიდენ თვით წიგნსა, სალოცავად მეფის რძლისათვის მომზადებულსა. დასასრულსავე წიგნისა ეწრა ესე: „ღვთისა დედაო მადიდე სულითა მხატვარი სახეთა შენთა ნიკოლოოზ“, _ გამოვიძიე ვინაობა მხატვრისა ამის და ვსცან, რომელ იყო იგი თავადი ნიკოლოოზ აფხაზი, კნიაზად ხმობილი, რუსეთსაც მეფისაგან სხვათა თანა დესპანთა წარგზავნილი, მამა ბრძნისა და მხნეობითა გამოჩენილისა ღენერალ-მაიორისა ივან ნიკოლაიჩისა (გარდაიცვალა ხოლერითა ვარშავას 1831 წელსა) და ორთა სხვათა, ძმათა უშვილოდ ამოწყვეტილთა. _ ესე ნიკოლოოზ მარხია სიონისა საკათედროს ეკკლესიასა, ვითარცა მიამბო თვით შვილმან მისმან ივანე ნიკოლოოზის ძემან, რომელმანცა პირველად გამამგზავრა რუსეთად სწავლისათვის.

ხატი ესე აქვნდა მეფის ძესა მიხაილსა, ხოლო დაუჯდომელი თვით დედოფალსა მარიამს, რომელმანცა თვით მიჩვენა მე მოსკოვს 1835 წელსა. დაბრუნებულსა რუსეთიდამ საქართველოს, მასვე დროსა მასთანავე გადმოვსწერე ზედა წარწერა წიგნისა. ვის აქვნან აწ ესენი და რომელთა მემკვიდრეთაგან მისთა, არა ვუწყი. _ (დასასრული თავისა LV).

ბერძენთ სინას-მთისა წინამძღვარნი ძველადვე ეაჯებოდენ მეფესა, მისცენ და შთააბარონ ეკკლესია გუმბათიანი აბანოისა თფილისისა გზასა ზედა დაფუძნებული და სომეხთაგან თურქთა დროს მიტაცებული ფაშისაგან და მისთა კარისკაცთა მოსყიდვითა. მეფემან ირაკლი მეორემან ვერ აღასრულა ესე, რათა არა აწყენინოს სომეხთა მომავალთა თფილისად, საჭიროთა ვაჭრობისათვის. მეფე გიორგისა ჟამსა დანიშნეს, როგორცა სჩანს საქმიდამ მეფისა გიორგისა, ეშიკაღაბაშ ასლან ყაფლანიშვილი და სხვანი მდივან-ბეგნი განსახილველად საქმისა. საქმისა განხილვისა დროსა ცნობილმან კათოლიკოსმან სომეხთა ლუკა და ეჩმიაწინისა კრებულთა, მოსწერეს მეფესა წერილი და თხოვა ვედრებითი, არა მოეღოსთ სომეხთა ეკკლესია, რომელსაცა ფლობენ ადრიდგან სომეხნი. შესწუხდა მეფე და უნებდა რათამე და როგორმე დააკმაყოფილონ ბერძენთა წინამძღვარნი. გარნა საქმე ესე ცხადად აღმოჩნდა სასარგებლოდ ბერძენთა, რომელ მეფემან ბრძანა წარუვლინოს საქმე და მოხსენება მდივან-ბეგთა მარქარ ვარდაპეტის ხელითა და ინებოს თვით კათოლიკოსმან ლუკამ ქმნას განჩინება სამართლიერი. მისრულმან მარქარ ვარდაპეტმან განუმარტა დავა ბერძენთა. დაგვიანდა პასუხი და გარდაწყვეტა კათოლიკოსისა; მეფე გიორგი გარდაიცვალა და დაშთა ეკკლესია დღემდე სომეხთა. _ (თავი XXVI).

ამასვე დროსა წინათ გარდაცვალებისა მეფისა იყო დაწყობილი დავა ათონისა მთისა წინამძღვართაგან დაქცეულისა შააბაზისა დროდგან 40 მოწამეთა ეკკლესიისა. ეკკლესია ესე იყო თვით იგი, რომელსაც მოიხსენიებს ცხოვრება წმინდისა მოწამისა აბოსი. ეკკლესიისა ადგილსა დანაქცევთა ამათ, ედავებოდა თფილისელი თათარი... ვეზიროვი. მფესა უნებდა მიცემა მათი ათონისა მთისა მამათათვის; გარნა სიკვდილმან უსწრო მეფესა და ვერ გარდაწყდა საქმე და საჩივარი. რუსთა მთავრობისა დროსა 1840 წელსა სენატისა უქაზითა ჩაბარდა ვეზიროვთა და ესენი ფლობენ ადგილსა მას და აშენებულთა მას ზედა სავაჭროთა დუქანთა დღემდე. _ (თავი XXVII).

... „დაფაცურდაო, _ მეტყოდა დეკანოზი ანჩისხატისა დიმიტრი ალექსიშვილი მესხიევი, _ მრთელი სამეფო, ამა ღვთივ მოსაწონსა საქმეზედ. დიდი მეფე იყო გიორგი, მამამშვიდობავ, _ მეტყოდა იგი მრისხანედ, _ ტყუიან და სცოდავენ მგიობელნი მისნი. მეორე დავით აღმაშენებელი იქმნებოდა იგი, უკეთუ მისცემოდა მას სიცოცხლე. სიკვდილი მისი უბედურება იყო ქვეყანისა. მისისა ლოცვითა და ცრემლითა პურსა სჭამს დღეს ქვეყანა. ასე იცოდე და ასე იცოდნენ ყოველთა“, _ კვალად იტყოდა მრისხანისა სახითა. _ ნამდვილ ვიტყვი მეცა. მიხედვით მის ცხოვრებისა, რომელ შეიქმნა იგი ძირად ნედლისა ხისა, რომელმანცა დაკარგა შტონი, გარნა კვალად აღმოაცენნა ახლად და განახლდა იგი საამოდ თვალთა და ნაყოფისა მომცემად. ხმა მისი იყო ხმა ეკკლესიისა და კვერთხი მისი _ კვერთხი მოსესი განედლებულისა, აღყვავებულისა და ნაყოფის გამომცემისა. _ (დასასრული თავისა XL).

... ეს წერილი იყო უკანასკნელი მეფეთაგან ჯვარისათვის წმინდის ნინასა. მეფისა ძეთა მირიან და ფარნაოზ და სხვათა მიამბეს, რომელ მეფესა გიორგის სხვაცა აქვნდა წერილი პავლე იმპერატორთან მისაწერი, დაწერილი ხელმოუწრელი და ბეჭედ დაუსმელი, რომლითაც ევედრებოდა მას გამოსთხოვოს იგი უსამართლოდ დამპატრონებელთა ჯვარისა. უკეთუ თხოვითა ამითაცა არა ეშველებოდა საქმესა, მაშინ აპირებდა ექმნა კრება სამღვდელოთა და კრებისა განაჩენისა ძალითა მოეთხოვნა საუნჯე ქვეყანისა. ექადოდნენ შეჩვენებითისა განჩინებითისა წარვლენასა, ესე და მორიდება რუსთა იყო მიზეზიო, რომელ გიორგი ალექსანდრეს ძე დაეშურა და წარუდგინა იმპერატორსა პავლეს (შემდეგ ალექსანდრეს) და ამან შემდგომად გარდაცვალებისა მეფისა გიორგისა, წარმოუვლინა საქართველოსავე 1801 წელსა და დაიდვა საფარველად ერისა სიონისა თფილისს ეკკლესიასა შინა.
თაყვანის საცემელად ჯვარისა ამის წარვიდოდნენ ქართველთა მღვდელმთავრები მოსკოვიდამ ნიჟნი-ნოვგოროდსა ს. ლისკოვოს (იგულისხმება წმ. ნინოს ვაზის ჯვარი, რუსეთში გაბრძანებული ქართლის მეფის ვახტანგ VI-ის მიერ _ ი. ხ.): პაფნოტი არქიეპისკოპოსი ხოზიაშვილი (4), იოანე მიტროპოლიტი მროველ-ყოფილი, ნიკოლოოზ თფილელი, ზენონ ალავერდელი და სხვანი. კათოლიკოსი იმერეთისა მაქსიმე დიდად მოსურნე ჯვარისა ხილვისა წარვიდა მოსკოვით და თაყვანისცა მას. „მცირედიცა ნაწილი მისი, წარმოიღოო, _ მითხრა არქიმანდრიტმან გენათისა მოხუცმან სვიმონ წულუკიძემან. _ ესე მიამბოო, _ მეტყოდა, _ ჯერეთ ყმაწვილსა სოფრონიოს ნიკორწმინდელმან წულუკიძემანვე გვარად, არქიეპისკოპოსად იმრეთისა გარდაცვლილმან 1841 წელსა.

მეფისა გიორგისა ასულისა ნინასგან, მეუღლისა გრიგორი დადიანისა, ვიცი ესეცა, რომელ მოსკოვისა მიტროპოლიტსა პლატონს, მოეწადინა ხილვა ჯვარისა ამის დროსა ჯერეთ იმპერატრიცა ეკატერინესსა და ოდეს უჩვენეს იგი მას მოსკოვს, ერჩივა მეპატრონეთათვის წარგზავნა მისი საქართველოდვე. მიეცათ მათცა პირობა და ვერ გაიმეტეს შემდეგ. ეს ამბავი ვიცი იონა მროველ მიტროპოლიტისაგანაო, შემდეგ დღეთა დაგვირგვინებისა ალექსანდრე პირველისა, ოდეს წარვდეგით მიტროპოლიტთან პლატონთან, მე და ძმა ბგრატ, _ მეტყოდა მეფის ძე მიხაილ, _ მოგვილოცა ჩვენ ჯვარისა წარგზავნა ხელმწიფისა ალექსანდრესაგან საქართველოდ. დიდად იამა მასცა ესრეთ სიყვარულით მიხედვა იმპერატორისა ქართველთადმი. _ (დასასრული თავისა LXXXIX).

ეს ამბავი მიამბო თვით გიორგი ავალიშვილმან მოსკოვს. იყო მეგობარი მამისა ჩემისა, და აქვნდა მასთან მიწერ-მოწერა სიკვდილადმდე და იამა ჩემი ნახვა, ჩემთან საუბარი და გაცნობა. იყო თვით მწერალი და გადმომღები რუსულით ქართულად წიგნთა მრავალთა. ამავე დროსა ვნახე პირველად და უკანასკნელად მასთან სანახავად შემოსულნი _ გიორგი ალექსანდრეს ძე გრუზინსკი, რომელმანცა მიართვა ჯვარი წმინდის ნინასი იმპერატორსა პავლეს (ალექსანდრეს) და კონსტანტინე ბატონიშვილი, ძე იმერთა მეფისა დავითისა, _ მეფისა ირაკლისაგან იმერეთით განდევნილისა. _ (თავი XC).

განმხიარულებულმან მეფემან, მხნედ და მაღლისა ხმითა ჩვეულებისამებრ მისისა მოხდენილისა სახითა, ვითარცა მარადის იყოფოდა მეფე ბრგე და მაღალი ძლიერისა ბაგეთა ბგერითა პასუხ-უგო მქადაგებელისა: „ჭეშმარიტად, მამაო, საკვირველ არს ღმერთი წმინდათა შორის მისთა. შევიქმენით ღირსი ღვთისა წყალობისა, ზეგარდამო მოხედვისა და კურთხევისა, იკურთხოს სახელი მისი“. ამა შემთხვევისათვის შესწირა მეფემან ხატი წმინდისა ვეცხლით მოჭედილი და ოქროთი ცურვილი ზედა წარწერითა: „განკურნებისათვის შვილისა ჩემისა... შემოგწირე წმინდა იოანე მანგლელო სულთა ჩვენთა მეოხი ხატი სახისა შენისა, წელსა 1799, თთვესა აპრილსა 8“. _ ხატი ესე დაიკარგა 1804 წელსა, სიონისა მხატვრობათა განახლებისა დროსა კნიაზ ციციანოვისა ბრძანებითა, ვითარცა მიამბო დეკანოზმან სიონისა გაბრიილ ქართველოვმან, გარდაცვლილმან 1865 წელსა. _ (დასასრული თავისა CIII).

... ესე ამბავი მიამბო მეფის ძემან თეიმურაზ ერთსა და იმავე დღეს, ოდეს მესაუბრებოდა ს. პ. ბ. ხატისა გამო კარის ეკკლესიისა, რომელიცა აქვნდა მას ს. პ. ბ. და რომელიცა შემდგომად გარდაცვალებისა მისისა აქვნდა კვალად მეუღლესა მისა მეფის რძალს ელენეს; და აწ მეფის ძის იოანეს შვილიშვილს იოანესვე.

დიდად შინაურულად შეჩვეული მასთან მოვახსენებდი ხშირად სიტყვასა: „ბატონიშვილო! ხატი ეგე ტაძრისა, სწუხს ტყვეობასა თვისსა, ტაძრისაგან თვისისა დაშორებასა და უცხოობასა შინა მწირობასა“. „ამის მადლი, _ მეტყოდა, _ შემეწიოს მე, როგორ მოვიშორებ მას, მანამ ცოცხალი ვარ“. _ „ჩემი რჩევაა ბატონიშვილი, წარგზავნეთ თელავსა; არ დაუკარგოთ საუნჯე ქვეყანასა და თვისსა ალაგსა. ფასი ხატისა მაგისა, იცის ქვეყანამან, რომელსაცა იგი ეკუთვნის და რომელმანცა იგი ჰქმნა და შეამზადა“. _

ზედა წარწერა ხატისა ამის არა მაქვს და მახსოვს ზეპირ ნამდვილ, რომელ იყო შემკული კახთა მეფისა ლევანისაგან. დედოფალიცა თინათინ მეუღლე მისი, იყო მუნ მოხსენებული (5).

... ესე მიამბო თვით მოხუცმან იოანე, ვიკარმან საქართველოისა, ეპისკოპოსმან ავალიანმან, მუნ დამსწრემან დროსა ამას. ამასთანავე დაუმატა ესეცა: „ფული თეთრი, რომელიცა მუშაობდა დროთა ამათ ქალაქსა, და რომელიცა მიერთმეოდა მეფესა, ყოველთვის ჩაჰყრიდნენ ადუღებულს ნაცრიანს წყალში და ესრეთ ფულსა განწმენდილსა და ჩირქიდამ მოშორებულსა, მიართმევდენ მეფესა; _ ჯიბე მისი იყო შიოს მარანიო“ _ ე. ი. უხვი და მოწყალე მოკლებულთათვის და მარადის უკლებელი ფულისა. დიდად უყვარდა განსვენებულსა იოანეს მოგონება მეფისა გიორგისა: „ _ იყო კაცი წმინდა, ფაქიზი და მართალი, მოძულე არა წმინდებისა, არცა ერთი ძმა, არცა ერთი შვილი არ იყო, ეგოდენ წმინდა და ღირსი და გონიერი ვითარცა გიორგი, ვითარცა მზე ბრწყინავდა და ვითარცა მთვარე სიდიდით სჭარბობს ვარსკვლავთა, ეგრეთ მანათობელად სჩანდა მეფე გიორგი შორის ძმათა და შვილთა თვისთაო“. _ (დასასრული თავისა CXVIII).

ტკბილია ტივზედ ჯდომა და სიარული მტკვრისა გზითა. კნიაზმან გრიგორი გაგარინმან აწ ღოფმეისტერმან, მოინდომა წამოსვლა გორიდამ თფილისს და ვიარეთ ამ გზით მე და მან 1851 წელსა სეკდემბრის თთვეში. _ დილით წამოსული მოვედით ს. გომსა, და მეორესა დღესა 8 რიცხვსა, ქალაქსა თფილისსა. ტივზედ მჯდომელნი თავისუფლად და დაუბრკოლებლივ ვიკითხავდით წიგნთა ვსწერდით. ესე ჰქმნა მან, რათა შეაჩვიოს ქართველნი ტივითა ჩამოსვლასა ქართლით თფილისად, მაგალითითა მით, რომელ ტიროლში მდინარითა ი ზ ა რ, მოვლენან ესრეთ ტივითავე მიუნხენში, ესრეთმან ჩვენმა მგზავრობამან მისცა საგანი კომედიისა მწერალსა ანტონოვსა და დასწერა ტივით სიარული. კ. ვორანცოვმან, დამბადებელმან ქართულისა თეატრისა, დააჯილდოა მწერალი და მიიღო თვისდა ყოველივე დასაბეჭდავად წარსაგებელი. _ (დასასრული თავისა LVII).

არიან განკვირვებასა, რად დასუსტდა მორწმუნეობა ეს რუსეთისა მართლმადიდებელთა შორის და რად მოედვა სენი ესე ქართველთა ყრმათა. გონებისა განკვირვებასა მათსა ვეცინი. ნუუმე ვერ ხედვენ მიზეზსა? მთავრობა რუსეთისა აღირჩევს ზედამხედველად და მასწავლებელად მართლმადიდებელთა სასწავლოთათვის კაცთა არა მართლმადიდებელისა სარწმუნობისა, მერყევთა ქრისტიანობასა ზედა, არცა ღიზოთა, არცა შატობრიანთა, რომელნიცა ფილოსოფიითა არა ქრისტიანობენ ანუ ქრისტიანობითა არა ფილოსოფოსობენ, და გონებისა მაღლისა მოარულობითა ისტორიათა შინა მსოფლიოთა და ეკკლესიისა დაწვრილებითა პირუთვნელებითა ძიებითა არა ხედვენ სარწმუნოებისა ნათელსა. _ ესენი და მათთაგან არზრდილნი ყრმანი, წარმკითხველნი ბუნებითის ისტორიისა, ჰგონებენ საღმრთოისა წერილსა არა რაობასა. არა ჰყავსთ ჩამგონებელნი და მთქმელნი, რომელ მეცნიერებისა ნამდვილ თვალითა მხედველთა არა რაი უთქვამსთ (კუვიესა, სტეფენსა და ესე ვითართა) წინააღმდეგი არცა მოსეს წერილთა ზედა და არცა სახარებისა მცნებათა და დოღმატთა ზედა. ვასილი დიდი და ორიგენი და გრიგორი ნაზიანზელი და სხვანიცა ღრმად იყვნენ მცოდნენი ბუნებისა დროთა მიხედვით. მეცა ვარ წარმკითხველი ახალთა წერილთა ბუნებისა და ვერ ვჰპოვე რაიმე ჰაზრი ყოვლადი და მტკიცე, დამარღვეველი სახარებისა. _ რენანიო? იტყვიან. ესე რენანი დიდად სუსტი მტერია ქრისტესი. _ სხვანი ნემეცთა მწერალნი, ვითარცა შლეიერმახერი (6) და შედგომილნი მისნი, უმეტეს ღირსნი არიან ყურადღებისა. გარნა გონიერად და აუჩქარებელად გამომეძიებელი წერილთა მათთა შესწუხდება, რად სთქვა ესე და ესეო.

გარნა ესე ყოველი სათნო და არა სათნო გონებისა და მეცნიერებისა ღვთისა შემოქმედისა და ღვთისა სოფლისა მხსნელისა საჭიროა სიმტკიცისათვის თვით სარწმუნოებისა. უფრორე ნათლად განბრწყინდბა ქრისტიანობა, უმეტეს დამტკიცდება იგი კაცთა ნათესავისათვის, ვითარცა იყო შემდგომად არიოსისა, შემდგომად ივლიანესსა მდევნელისა, შემდგომად მეფეთა ხატთა მბრძოლთა, შემდგომად ფრანცუზთა მწერალთა ქრისტეს სახარებისა და ჯვარისა რეცა კაცთა გონებისათვის დასაკდემელთა რათამე, რობესპიერისაგან დამარხულთა მიწასა შინა. ნუ ივიწყებენ იოანე მახარებელისა სიტყვასა: „ნ ა თ ე ლ ი ბ ნ ე ლ ს ა შ ი ნ ა ს ჩ ა ნ ს დ ა ბ ნ ე ლ ი ი გ ი მ ა ს ვ ე რ ე წ ი ა“. _ (თავი XXIV).

დასრულდა ესე ამბავი, ვითა სიზმარი ღამისა.

რ უ ს თ ა ვ ე ლ ი

დაბოლოება

ღვთისა განგებას ვერავინ შეაყენებს. განიკითხონ მკითხველთა წიგნისა ამის, ვის შეეძლო ქართველთა სამეფოისა დაცვა, გარდა რუსთა. თვით რუსეთი, ვითარცა კოლოსსი დიდი ებრძოდა 70 და მეტსა წელსა კავკასიის მთისა მცხოვრებთა, თათრობისა გამო მათ შინა შესულისა, ქართველთა ქრისტიანობისა გამო მტერთა. განგებამან ღვთისა ქმნა ესე, რომელ რუსთა ძალითა დამშვიდდნენ მთისა მცხოვრებნი, თემნი თვით ქართველთა სამეფოისა დაგლეჯილნი და დანაწევრებულნი გაუქმნდნენ და მცხოვრებნი თემთა ამათ: იმერელნი, მეგრელნი, გურულნი, სვანნი, რაჭველნი და სამცხენი ათაბაგთა, შეიქმნენ და იწოდნენ ქართვლებად.

განგება ღვთისა რუსთავე ძალითა მოიყვანს ნათესაობითსა ერთობასა ქობულეთსა, აჭარასა და ლივანას, ჯერეთცა თურქთაგან პყრობილთა. განგება ღვთისა შეიტანს და განფენს ქრისტიანობისა ნათელსა მათთა შინა, სადაცა მკვიდრობენ ლეკნი, ჩეჩენნი, ქისტნი, ჩერქეზნი და აფხაზნი. ნათესაობითი ერთობა ქართველთა გვარისა განმტკიცდება სარწმუნოებითითა ერთობითა მათთან. მართლმადიდებლობა რუსეთისა, ვითარცა შუქი მზისა მაცხოველებელისა და მანათობელისა, მოჩანს ვითარცა განმბნეველად მაჰმადიანობისა სიბნელისა, ბოროტისა კაცთა ნათესავისათვის და მარადის უნაყოფოისა. _ ესე ყოველი ხვდა წილად რუსეთსა და აღსრულდებაცა ესე ვითარი ქრისტიანობითი და მოქალაქობითი განახლება კავკასიისა, სასიქადულოდ ქვეყანისა და კაცთა ნათესავისა.

მაშინ ქვეყანა კავკასიისა, სავსე ქვეყნიერითა და ზეციურითა მადლითა, უხვებითა, სიმდიდრითა, მშვენიერებითა, შეიქმნება ერთი და ყოვლადი. მცხოვრებნი ქვეყანისა ამის, შორის ორთა ზღვათა, მაერთებელთა ევროპისა და აზიისა, მოიგონებენ მაცხოვრისა ნუგეშინისცემითსა სიტყვასა: „დ ა ი ყ ვ ნ ე ნ ე რ თ ი მ წ ყ ე მ ს ი დ ა ე რ თ ი ს ა მ წ ყ ს ო“.

ასეთია ერთი ნაწილი პლატონ იოსელიანის მონათხრობისა საქართველოს ისტორიის მეტად მნიშვნელოვანი პერიოდის _ გიორგი XIII-ის ცხოვრებისა და მოღვაწეობის თაობაზე. მაგრამ სრული სურათის შესაქმნელად აუცილებელია უამრავი სხვა ავტორისა და წყაროს გაცნობა, შესწავლა და დამუშავება. ამას კი სჭირდება ხელშეწყობა ხელისუფლების ან საზოგადოები მხრიდან. თუკი ასეთი ხელშეწყობა იქნება, შესაძლებელია რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების შეძლებისდაგვარდ სრულად და მაღალ დონეზე შესწავლა, თუ არა და, კვლავ დარჩება სიცრუე, ცილისწამება, ნგრევა და სისხლი. მე პირადად, თუკი საქართველოში ვერ მოხერხდება ამ სამუშაოების ჩატარება, სერიოზულად ვფიქრობ რუსეთში წასვლისა და იქ მუშაობის შესახებ, ვინაიდან ჩემი აზრით, რუსებს უფრო ნაკლები აქვთ დასამალი ამ სფეროში, უფრო მეტ პატივს სცემენ ცოდნასა და სიმართლეს და ქართველი მკვლევარის მხრიდან დაინტერესების შემთხვევაში ალბათ სათანადო ხელშეწყობას აღმოუჩენენ.

რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების გარდა, ბროქჰაუზ-ეფრონის ენციკლოპედიური ლექსიკონიდან, რომელსაც ერთობლივად უშვებდა ბროქჰაუზისა (ლაიფციგი) და ეფრონის (ს.-პეტერბურგი) საენციკლოპედიო გამომცემლობა XIX ს. მიწურულსა და XX ს. დასაწყისში, თარგმნილი მაქვს წერილები გერმანიის, საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის რევოლუციის, თურქეთის ისტორიაზე, რეფორმაციის ისტორიაზე, ბიზანტიაზე, ტფილისისა და ქუთაისის გუბერნიებზე მათში შემავალი მაზრებისა და ოკრუგების უმრავლესობით, საქართველოს საეკზარქოსოსა და საქართველო-იმერეთის სინოდალურ კანტორაზე, ოსებისა და ოსეთის შესახებ და ა. შ. გარდა ამისა, ინტერნეტის მასალებიდან თარგმნილი მაქვს პროფ. ანატოლი სმირნოვის მიერ მირქმის სახელობის სემიანარიაში წაკითხული ლექციების ციკლი „რუსეთის ისტორია“ (1917-1937 წწ.; 105-ზე მეტი კომპიუტერული გვერდი შენიშვნებთან ერთად), ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორისა და რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო სათათბიროს ყოფილი წევრის ნატალია ნაროჩნიაცკაიას 30-ზე მეტი წერილი, რომლებშიც ქრისტიანული, ისტორიული და სამართლებრივი მხრიდან არის გაშუქებული რუსეთისა და მის გარშემო დატრიალებული მოვლენები, ასევე თარგმნილი მაქვს XIX ს. რუსი სამხედრო ისტორიკოსის ნიკოლოზ დუბროვინის ვრცელი წერილი აფხაზების შესახებ (77 კომპიუტერული გვერდი), რომელშიც ცალკე თავებად არის გადმოცემული აფხაზების განსახლების, მათი რელიგიური და მითოლოგიური შეხედულებების, ცრურწმენების, აღზრდის, ადათების, ყოფა-ცხოვრებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცხოვრების საკითხები; გაკეთებული მაქვს მისთვის შესავალი წერილიც 45 გვედრი მოცულობით, სხვადასხვა წყაროებიდან მოყვანილი ვრცელი ამონარიდებით, მაგრამ დღემდე მათი გამოქვეყნება ვერ ხერხდება, რაც მეტად სამწუხროა, და რაც მიქმნის კიდეც იმ შთაბეჭდილებს, რომ ჩვენში ცოდნასა და სიმართლეს დღესდღეობით ნაკლებად აფასებენ. მაქვს აგრეთვე მასალები თანამედროვე სამხედრო საქმეში, რომლებიც შემდგომ მუშაობას საჭიროებს და სათანადო დაინტერესების შემთხვევაში მათი გაგრძელებაც შესაძლებელია. ყველა ამ მიმართულებით ძალზედ ბევრია სამუშაო და სათანადო დაინტერსების შემთხვევაში მისი შესრულება უთუოდ ბევრ სიკეთეს მოგვიტანს.

ირაკლი ხართიშვილი
19 თებერვალი, 2010 წელი

შ ე ნ ი შ ვ ნ ე ბ ი:

(1) ნოტანი ესე ელიაზარ ფალავანდიშვილის ნაწერნი, აქვნან დღეს უგანათლებულესსა კნიაზსა ირაკლის, მეფის ძის ალექსანდრეს ძესა. (გარდა ამისა, ეს დოკუმენტი გამოქვეყნებული აქვს პროფ. ალ. ცაგარელს თავის წიგნში «Грамоты и другие исторические документы...», т. II, вып. 1, რომელიც გამოცემულია XIX საუკუნის ბოლოს და წარმოადგენს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების შესწავლისთვის ერთერთ უმნიშვნელოვანეს წყაროს _ ი. ხ.)

(2) ადვილპოვნისათვის წმინდისა სახარებისა მუხლთა ამათ, დავუმატე აქაცა ესე:

„26. და შეუდგა მას სიმრავლე ერისა და დედებისა, რომელნი ეტყებდეს და სტიროდეს მას.
27. მიექცა მათ იესო და ეტყოდა: ასულნო იერუსალიმისანო ნუ სტირით ჩემ ზედა, რამედ თავთა თქვენთა სტიროდეთ და შვილთა თქვენთა.
28. რამეთუ აჰა ესერა მოვლენან დღენი, რომელთა შინა სთქვან, ნეტარ არიან ბერწნი და მუცელნი, რომელთა არა შვნეს, და ძუძუნი, რომელთა არა განზარდნეს.
29. მაშინ იწყონ სიტყვად, მთათა დამეცენით ჩვენზედა და ბორცვთა დამფარენით ჩვენ.
30. რამეთუ ნედლსა ხესა ესრეთ უყოფენ, ხმელსა მას რაიმე ეყოს?
31. მაშინ მოჰყვანდეს სხვანიცა ორნი ძვირისმოქმედნი მოკლვად მისთანა“,

ესე სწერია ბოლოს წიგნაკისა მის: „ჰ ი ნ დ თ ა ღ ვ თ ი ს მ ე ტ ყ ვ ე ლ ე ბ ა“, მისიონრისა მამა ბუშესაგან მოწერილი ეპისკოპოსთან ავრანშის მონასტრისა“ და რომელიცა ეთარგმნა რუსულისა გაზეთით „ინვალიდით“ თვით დავითს და მეფის ძეს ბაგრატს გარდაეწერა მისთვისვე ძმისათვის თვისისა დავითისა 8 ივლისსა 1817 წელსა ს.-პ. ბ. მეფის ძეს დავითს ადგილ-ადგილ თვით გაუსწორებია რვეულისა (12 ფურცელი) წიგნაკი და გამოუგზავნია დავით რექტორისათვის. რვეულისა ამის ბოლოს ფურცელზედ, რომლისა მესამედი არის მოგლეჯილი, სწერს მეფის ძე დავით შემდეგსაცა: „...ცოტა შვინდის კურკა წამოიღოს... ელევთერს ხელს აკოცე. შვინდის ჩურჩა და კუნელი გამომიგზავნე. წამლათ მინდა კუნელი. ჩემო ლალავ, ცოტა რაჭული წამალი კრიბული გამომიგზავნე... ფიას და. . . . . .,“

ამასთან არის მოხსენებული წიგნისათვის „ანსილიონისა“ მის მეფის ძის დავითისაგან თარგმნილისა ქართულად და გამოგზავნილისა ერთი დავით რექტორთან და ერთი ეგნატი იოსელიანთან. აჰა რასა სწერს მეფის ძე დავით: „მამაო ეგნატი! წმინდა მარჯვენას გიამბორებ. კარგა-ხანია თქვენი ამბავი არა მსმენია რა, არცა თქვენგან და არცა სხვათაგან. ანსილიონისა რა ჰქენით, ვერცა რა ამისი გავიგეთ. და ვერცარა თქვენი ანაფორისა გაგიგევით თქვენ, ამიტომ უფრო, რომ არ ვიცი ჭიჭნეულისა გინდათ თუ მატყლისა.

ანსილიონში მეხუთე თავში, სადაც სხუაობისათვის ძველისა და ახლისა პოეზიისა სწერია, ჩაიკითხეთ და იპოვნეთ ის მუხლი.

ვჰგონებ არცა ერთი ლექსთაგანი არს სხვათა შორის ესოდენ ხმეული ძვირის-ყოფასა შინა, ვითარცა ლექსი ესე რომელ არს ბუნება. ჩაჰყევით და იპოვნეთ: ულისე და მწყემსი აპოლონ. ნავზიკა და ცოლი მისი სწერია. _ ასე უნდა: ნავზიკა და ცოლნი მისნი. მრავლობითად უნდა.

გთხოვ გახსოვდე.
1817 ივლისი 22“.

ამათ გაქცეულთა და ლტოლვილთა რუსთაგან და თვით დავითისაგან მემკვიდრისა, იახლეს თვისთანა თამაზცა ორბელიანი. მაშინ გამოსთქვეს ლექსი დასაცინებლი და წარუვლინეს მათ:

ლომნი კატურად გარბიან, ერთითა შეძახილითა,
ამილახვარი მოჰყვანდათ, ერთითა შეძახილითა,
იულონ თქმით, თამაზ ბანით, ფარნაოზ მოძახილითა.

აქ უნდა ვსთქვა 1) რომ თუმცა ამილახვარი არ გარდაჰყვა მათ, გარნა დიდად ეწინააღმდგებოდა დავითს, და მოიყვანეს მაშინვე თფილისს და უბრძანეს აქა დასადგურება; 2) თამაზ, შვილი მეფის ასულისა ანნასი, დისა მეფისა ირკლისა, იყო კარგი ბანისა მთქმელი გალობაში; 3) ფარნაოზ საკვირვლი და ტკბილი მოძახილი გალობაშივე (ბ ა ნ ი დ ა მ ო ძ ა ხ ი ლ ი არიან გალობისა კილონი ანუ ტონნი ევროპულად) და 4) დავითმან მემკვიდრემან დაწერა ესე ლექსიო, _ იტყვიან.

ნაცვლად-გებითი პასუხი დაცინებისა მოერთვა მათგან დავითს, ლექსადვე დაწერილი თამაზისაგან სხვათა შორი ესეღა მრავალთაგან დახსოვნილი:

დავით პლუტეს, ბაგრატ ცუდეს და ივანე მოგვიკუნტეს,
დარბაისელთ გამორჩევით, ხათა-გოგიამ ვ... უკუ სცეს.

(3) იგულისხმება ქართლის მეფის თეიმურაზ II-ის ბრძანებით მისი შვილიშვილის გიორგი მეფის ძისთვის დაბადებიდან 7 წლის თავზე (1753 წ. 23 აპრილს /იულიანური კალენდრით/, გიორგობის დღეს) დამზადებული საუფლისწულო დროშა, რომლის შესახებაც პლატონ იოსელიანი წერს: „მისისავე ბრძანებითა მოიღეს ყვითელი ატლასი და მასზედ მოქსოვეს ხატი მეტეხთა ღვთისმშობელისა ფერადებითა და კილიტებითა. მომქსოვი მისი იყო ამირეჯიბისა როინის ასული და ქვრივი როსტომ ციციშვილისა ანასტასია... კათოლიკოსმან ანტონი უკურთხა თვით დროშა ესე და მიართვა მეფის ძესა მეტეხისა ეკკლესიასა შინა, პარაკლისისა გარდახდითა.“

(4) პ ა ფ ნ ო ტ ი არქიეპისკოპოსი მოქვისა (სამურძაყანოსი ანუ აბხაზიესა) გვარად სოზიაშვილი, ძე მეკონდახისა და თვითცა იცოდა ხელობა ესე. 24 წლისა შედგა ბერად და ახლდა კათოლიკოს ანტონის დიაკონად. შემდგომად გარდაცვალებისა გიორგი მეფისა, ბატონიშვილის იოანეს თხოვითა 1802 წელსა აკურთხეს იგი არქიმანდრიტად თირის მონასტრისა დიდ ლიახვზედ. შემდგომად გადავიდა მეგრელიაში დედოფალს ნინასთან, რომლისა ქმარმან დადიანმან გრიგორი წარავლინა დესპანად რუსეთსა. ჯილდოდ ესრეთისა დესპანობისა მიუბოძეს არქიეპისკოპოსობა მოქვისა. 1811 გარდაჰყვა დედოფალსა ნინას რუსეთსა და დაშთა რუსეთსავე მოსკოვის ჩუდოვის მონასტერში; აქა გარდაიცვალა 1823 წელსა 50 წლისა და მუნვე დაეფლა. მოსკოვისა არქიეპისკოპოსსა აგვისტინეს დიდად არ უყვარდა იგი მეშურნეობითა, რამეთუ დიდად პატივს სცემდენ მას მოსკოვისა მცხოვრებნი. იყო კაცი მოხუმარი, მხიარული, პურადი და ყოველთადმი სიყვარულითა აღსავსე. მთავარმან საქართველოისა ციციანოვმან წარგზავნა იგი კაიშაურსა მთიულთა დასამშვიდებლად. აქა, _ იტყოდა თვით, _ 40-მდინ ხანჯლითა მჩხვლიტესო და დამიფარაო სიკვდილისაგან და სირცხვილისა მეფის ძემან ფარნაოზ. 1815 მოვიდა დროებით თფილისსა და ექსარხოსმან ვარლამ ქსნის ერისთვისშვილმან არ აწირვინა სიონში მტერობითა. ესე იწყინა მან და ჰყვედრიდა მას ესრეთსა მისდამი მოქცევასა, ოდეს მივიდა თვით მოსკოვსა, სადაცა გარდაიცვალა, ვითარცა გადაყენებული ექსარხოსობიდამ.

(5) ხატი ესე, შემდგომდ გარდაცვალებისა მეფის რძლისა ელენესა, მეუღლის მეფის ძის თეიმურაზისა, წარმოიგზავნა თფილისს დასასვენებლად თელავისა მეფეთა კარის ეკკლესიასა 1866 წელსა. იოანე ბატონიშვილის შვილიშვილმან იოანე გიორგის ძემან გამოითხოვა იგი და მიიღო თვისდა საკუთრებად, ვითარცა სახლისა მისისა საუნჯე, ძვირფასითა მინანქრის ხელოვნებითა არის ესე შემკული. რიგი იყო, ვითარცა ტაძრისა ხატი, ყოფილიყო დასვენებული თელავს, თვისსავე ტაძარსა შინა თაყვანის საცემლად ქრისტიანეთა, კახეთისა მხარისა, ქართველთა.

(6) ფრიდრიხ-დანიელ შლაიერმახერი (1768-1834 წწ.) იყო გამოჩენილი გერმანელი ფილოსოფოსი, თეოლოგი და მქადაგებელი, გერმანულ ლიტერატურაში იმ დროისთვის ახალი მიმდინარეობის _ რომანტიზმის ფილოსოფიური საფუძვლების ერთერთი მთავარი ჩამომყალიბებელი, ფრიდრიხ-ვილჰელმ შელინგთან ერთად. იგი გახლდათ გერმანიაში რეფორმატული (კალვნისტური) ეკლესიის მღვდლის (პასტორის) შვილი და აღზრდილი იყო კალვინიზმის სწავლებაზე. აქედან არის ერთის მხრივ წმინდა წერილის კარგი ცოდნა და მჭერმეტყველური ქადაგება შლაიერმახერთან, ხოლო მეორეს მხრივ კი მცდარი რელიგიური მოძღვრების განმსაზღვრელი გავლენა მის შეხედულებებზე, რაც ასე აოცებს მართლმადიდებელი მღვდლის ოჯახში აღზრდილ პლატონ იოსელიანს. (ი. ხ.).

No comments:

Post a Comment