(ქართულ ისტორიოგრაფიაში არსებული ცოდნის საფუძველზე; ნაშრომი დაიწერა დამხმარე სახელმძღვანელოდ რუსეთთან დაახლოების მოსურნე პარტიებისთვის)
ნაშრომი მოზადებულ იქნა იმ პოლიტიკური პარტიებისთვის, რომლებმაც უკანასკნელ თვეებში რუსეთთან დაახლოებაზე აიღეს კურსი. თუმცა კი ჩვენ აზრით მისი გაცნობა მეტად მნიშვნელოვანი და სასარგებლო უნდა იყოს ფართო ქართული საზოგადოებისთვისაც.
შ ი ნ ა ა რ ს ი
შესავალი
I. რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზე 1720-იანი წლების დასაწყისში
II. ქართველი მეფეების მცდელობა რუსეთის მფარველობის მიღებისთვის 1750-იან და 1760-იან წლებში
III. 1768-74 წლების რუსეთ-თურქეთის ომი და საქართველო
IV. 1783 წლის მფარველობითი ხელშეკრულება (გეორგიევსკის ტრაქტატი)
V. პლატონ იოსელიანი 1801 წლის მოვლენების შესახებ
VI. ქართული საზოგადოების მდგომარეობა ერეკლე II-ის მეფობის ხანაში
VII. 1921 წელს საქართველოს გასაბჭოებასთან დაკავშირებული საკითხები
VIII. პოლონეთის საკითხთან დაკავშირებით (უკანასკნელი დროის მოვლენების გამო)
IX. აფხაზეთისა და კოდორის ხეობის შესახებ
დამატება I _ გეორგიევსკის ტრაქტატი
დამატება II _ გეორგიევსკის ტრაქტატზე წარმოდგენის გაყალბება ქართულ საზოგადოებაში დამატება III _ ერთი თავი იაკ. რაინეგსის წიგნიდან „მოგზაურობა საქართველოში“
სახელწოდებით: “იბერიისა და გეორგიის პოლიტიკური და ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ”
(ნ აწ ი ლ ი I)
შესავალი
ქართულ საზოგადოებაში, ძირითადად მხატვრული ლიტერატურის საფუძველზე (ალ. ყაზბეგის რომანები, მიხ. ჯავახიშვილის „არსენა მარაბდელი“ და სხვა), შესაძლოა გარკვეული მიზნებითაც, 1970-იან და 80-იან წლებში გავრცელებული იყო ცოდნა იმის შესახებ, და დღესაც ეს ასეა, რომ რუსეთის ისტორიული სახელმწიფო იყო საქართველოს დამპყრობელი, რომელმაც დაარღვია 1783 წლის ხელშეკრულება საქართველოს მფარველობაზე (გეორგიევსკის ტრაქტატი) და 1801 წლიდან ეს მფარველობა ოკუპაციად და ანექსიად გადაგვიქცია. ეროვნული მოძრაობის აღმავლობის წლებში ამას კიდევ დაემატა 1921 წლის ხელმეორე რუსული ოკუპაციისა და ანექსიის საკითხების წინწამოწევა. ასეთ პირობებში, ცხადია, ნებისმიერი ნორმალური ქართველისთვის რუსული მმართველობა საქართველოში უნდა ყოფილიყო უღელი, რომლის გადაგდებაც ჩვენი ქვეყნისთვის მეტად საშური საქმე გახლდათ. მაგრამ ამ უღლისგან თითქოსდა განვთავისუფლდით, ჩვენი ცხოვრება კი უკეთესობისკენ ვერ წავიდა. არადა ეკლესია გვასწვლის, რომ ღმერთს არ უნდა ჩვენი ტკივილები და განსაცდელები, რომ ასეთ რამეს ხშირად ჩვენივე საკუთარი შეცდომებითა და უგუნურებით ვიტეხთ თავზე.
ასეთ პირობებში ბუნებრივად გამიჩნდა საჭიროება იმისა, რომ უფრო გულდასმით ჩამეხედა რუსეთ-საქართველოს ისტორიულ ურთიერთობებში, რათა უკეთესად გავრკვეულიყავი ჩვენს ეროვნულ და სახელმწიფოებრივ პრობლემებში. ივანე ჯავახიშვილის მიერ 1919 წელს გამოქვეყნებულ ნაშრომში „დამოკიდებულება რუსეთსა და საქართველოს შორის XVIII საუკუნეში“ მკაფიოდ და მკვეთრადაც არის გატარებული ის განწყობა, რომ რუსეთი სისტემატიურად და მიზანმიმართულად ატყუებდა საქართველოს, არ მიჰქონდა გულთან ჩვენი სამშობლოს გასაჭირი, ფიქრობდა მხოლოდ საკუთარი ინტერსებიდან გამომდინარე, რითაც თანდათანობით ასუსტებდა საქართველოს სამეფო-სამთავროებს, ხოლო შემდგომში კი მოურიდებლად გადაყლაპა და შეიერთა ისინი. ივ. ჯავახიშვილის ეს ნაშრომი პირველად წავიკითხე 1980-იანი წლების შუახანებში და მაშინ მის მიმართ დიდი ნდობა გამაჩნდა და რაიმე ეჭვი ამაში არ შემიტანია.
იმხანად აღარ ჩავთვალე საჭიროდ სხვა ქართველი ისტორიკოსების ნაშრომების გაცნობაც, ვინაიდან ასეთი ნაშრომები ბიბლიოგრაფიულ იშვიათობას წარმოადგენდა და მათ წასაკითხად სპეციალურად უნდა მევლო საჯარო ბიბლიოთეკაში, მე კი განათლებით ფიზიკოსი ვიყავი და იქ ჩემი სპეციალობის საკითხავი ლიტერატურაც ბევრი მქონდა, ამავე დროს დიდი იყო ნდობა ივ. ჯავახიშვილისადმი, ხოლო საბჭოთა პერიოდის ისტორიკოსებს, მით უმეტეს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების თემაზე მომუშავეთ, ასეთი ნდობით ვერ ვუყურებდი. მაგრამ უკანასკნელ წლებში გავეცანი ქართველი საბჭოთა ისტორიკოსების, პროფესორების იასე ცინცაძის, ვალერიან მაჭარაძისა და გიორგი პაიჭაძის მონოგარფიებს, რომლებიც შეეხება რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებს 1720-იან წლებში (პეტრე I-ის ლაშქრობა ირანისკენ და ურთიერთობა ვახტანგ VI-თან), რუსეთ-თურქეთის 1768-1774 წწ. ომსა და მასში საქართველოს სამეფო-სამთავროების მონაწილეობას (რუსული ჯარის საქართველოში შემოსვლა გენ.-მაიორ ტოტლებენის მეთაურობით), 1783 წლის მფარველობით ტრაქტატს, და დავინახე მათ მიმართ ჩემი უწინდელი უნდობლობის უსაფუძვლობა, და პირიქით მათ მიერ უფრო მეტად პატოსანი და კომპეტენტური გადმოცემა აღნიშნული საკითხებისა, ვიდრე ეს არის ივ. ჯავახიშვილთან. თანაც ეს ზემოხსენებული ავტორები თავიანთ შეხედულებებს ამყარებენ ისტორიული დოკუმენტებიდან მოყვანილი ციტატებით, რასაც იმ ნაშრომში ნაკლებად აკეთებდა ივ. ჯავახიშვილი.
I. რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები 1720-იანი წლების დასაწყისში
სახელდობრ, 1720-იანი წლების დასაწყისში პეტრე I-ისა და ვახტანგ VI-ის ერთობლივი ღონისძიების ჩაშლას ივ. ჯავახიშვილი აბრალებს რუსეთის ვერაგულ ან უსულგულო მოქმედებას, სინამდვილეში კი ირანის კასპიისპირა პროვინციებში რუსეთის ლაშქრობა ძალზედ არ მოეწონა ოსმალეთს, მაგრამ სულთანს რუსეთის შიში ჰქონდა და ამიტომ მხოლოდ იგი, მოკავშირის გარეშე, მის წინააღმდეგ ხელის გამოღებას ვერ ბედავდა. რუსეთის წინსვლის შესაჩერებლად იგი წააქეზა საფრანგეთის მთავრობამ და გარკვეულ დახმარებასაც დაჰპირდა. სწორედ ამან ჩაშალა ძირითადად ეს ლაშქრობა, რადგანაც ერთდროულად საფრანგეთისა და ოსმალეთის წინააღმდეგ გამოსვლა რუსეთს არ შეეძლო. ამის აღნიშვნა შეეძლო ივ. ჯავახიშვილსაც თავის ნაშრომში, მაგრამ არ აღნიშნა. ამის მიზეზი ის უნდა იყოს, რომ 1919 წელს, როცა ეს ნაშრომი გამოქვეყნდა, თუმცა კი ჩვენ ვამბობთ, რომ მაშინ დამოუკიდებელი საქართველო იყოო, მაგრამ იმ ხანად საქართველოში არსებობდა ბრიტანული უმაღლესი მმართველობა (მანამდე გერმანული, მსოფლიო ომში გერმანიის დამარცხებამდე), რომელიც მართალია საქართველოს საშინაო საქმეებში არ ერეოდა, მაგრამ იგი რუსეთის დაშლისკენ წარმართავდა თავის ძალისხმევას და ამიტომ ანტირუსულ და ანტირუსეთულ განწყობებს ქართულ საზოგადოებაში ხელს უწყობდა და ახალისებდა.
II. რუსეთ-საქართველოს ურთირთობები 1750-60-იან წლებში
1730-იან და 40-იან წლებში ირანში ნადირ-შაჰი იყო გამეფებული და მან ოსმალეთსაც და რუსეთსაც ფეხი ამოუკვეთა ირანიდან, მაგრამ 1747 წელს მისი სიკვდილის შემდეგ იქ კვლავ შინაომები დაიწყო. იმ ხანად თეიმურაზ II და ერეკლე II ქართლისა და კახეთის სამეფოებს აძლიერებდნენ და მეზობელ სახანოებზეც გავლენას ავრცელებდნენ. ამავდროულად ისინი ცდილობდნენ რუსეთის დაინტერესებას ირანში ლაშქრობით, ასევე რუსეთის მფარველობაში შესვლას. მათ ელჩობა გაგზავნეს პეტერბურგში 1752 წელს, ხოლო 1860-ში თავად თეიმურაზ II ჩაუდგა ახალ ელჩობას სათავეში, მაგრამ უშედეგოდ. აი რას წერს ამის შესახებ ივ. ჯავახიშვილი:
„თეიმურაზ მეფეს უნდოდა რომ თავისი პოლიტიკური გამარჯვების შედეგი სამუდამოდ უზრუნველ ეყო. ამიტომ მან იფიქრა, რომ ორ ძლიერ მაჰმადიან სახელმწიფოს, ოსმალეთისა და სპარსეთის წინააღმდეგ პატარა ქართველ ერს და საქართველოს ძლიერი ერთგული მფარველი მოკავშირე ესაჭიროებოდა. მას ეგონა, რომ ასეთ მფარველად სწორედ ერთმორწმუნე რუსეთი და მათი ხელმწიფეები გამოდგებოდნენ. ამიტომ 1752 წ. თეიმურაზ მეფემ რუსთა ხელმწიფეს ელისაბედ პეტრეს ასულს სვიმონ მაყაშვილი და ათანასე ტფილელი ელჩად გაუგზავნა და მაჰმადიან ძლიერ მეზობლებისაგან მფარველობა და შველა სთხოვა. მაგრამ რუსეთითგან მფარველობაზე უარი მოუვიდა: რუსეთს არავითარი სურვილი არა ჰქონდა, რომ საქართველოს გულისათვის ოსმალეთს და სპარსეთს წასჩხუბებოდა. მშვიდობიანობა იყო და საქართველო მაშინ რუსეთს არ ესაჭიროებოდა“ (Бутков, Материалы для новой истории Кавказа... I, პ. ორბელიანი. ჭიჭ. 217, ჩუბ. 458).
მაგრამ იასე ცინცძე თავი წიგნში „1783 წლის მფარველობითი ტრაქტატი“ (თბ., 1960) ჰყვება:
„ქართლ-კახეთის მეფეებმა, მამა-შვილმა, თეიმურაზ II-მ და ერეკლე II-მ ამ შემთხვევით (ნადირ-შაჰის სიკვდილით 1747 წ.) ისარგებლეს და რამდენიმე წლის ბრძოლის შედეგად განჯის, ერევნისა და ნახჭევნის ხანები საქართველოს მოხარკენი შეიქნენ; ხოლო ირანის შაჰობის პრეტენდენტი თავრიზის მფლობელი აზატ-ხანი კი ერევნის მახლობლად ერეკლე II-მ სასტიკად დაამარცხა. ქართველების გმირობის სახელი აზიის ფარგლებს გასცდა. ისეთი ხმები გავრცელდა, თითქოს ერეკლე II მთელი ირანის დაპყრობას და სპარსეთში შაჰად დაჯდომას ფიქრობდა. ეს ხმები დასავლეთ ევროპასაც მოედო.
მწვავედ განიცადა ეს გაზვიადებული ხმები რუსეთის საგარეო საქმეთა კოლეგიამ. რუსეთის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელები იმას შიშობდნენ, რომ ქართველების აქტიური მოქმედება სპარსეთში თურქეთს წონასწორობიდან გამოიყვანდა და იგი ირანის საქმეებში აქტიურად ჩაერეოდა, საქართველოს სახელმწიფო კი თურქეთს ვერ გაუმკლავდებოდა და ეს უკანასკნელი ჰეგემონი შეიქმნებოდა კავკასიასა და ირანში. ასეთ ვითარებაში კი რუსეთს ნეიტრალურად დარჩენა აღარ შეეძლო. ამიერკავკასიაში მიმდინარე ამბების შესახებ ცნობების დასაზუსტებლად რუსეთიდან საგანგებო დავალებით ერთი პოდპოლკოვნიკი გამოიგზავნა. ამის შესახებ ცნობას პაპუნა ორბელიანიც გვაწვდის: „მოვიდა რუს ხელმწიფის ბრძანებით ერთი პოდპოლკოვნიკი, რომელ არს ხუთასის თავი, ქალაქსა თბილისისასა ცნობად ამბავთა ქართლისათა“ („საქართველოს ცხოვრება /1469-1800/“, ზ. ჭიჭინაძის გამოცემა, 1913, გვ. 199).
სამწუხაროდ, ამ პოდპოლკოვნიკის მოხსენებითი ბარათი ჯერჯერობით გამოქვეყნებული არ არის. ჩვენ არ ვიცით თუ როგორ და ვისგან ჰკრებდა იგი ცნობებს საქართველოში, მაგრამ მის მიერ 1752 წელს საქართველოში შეკრებილი ინფორმაციის საფუძველზე უნდა იყოს აგებული 1753 წლის 23 ნოემბერს რუსეთის მთავრობის ოფიციოზში, „Санкт-Петербургские ведомости“-ში გამოქვეყნებული ცნობა ირანის პროვინციებში ქართველი მეფეების ნამდვილი საქმიანობის შესახებ. აქ აღნიშნულია, რომ ქართველი „პრინცის“ ერეკლეს დაპყრობების შესახებ გავრცელებული ცნობები გაზვიადებულია და სინამდვილეს არ შეესაბამებაო (იხ. საქართველოს ცენტრარქივის ორგანო „საისტორიო მოამბე“, # VI, 1952, ი. ცინცაძე, ათანასე თბილელისა და სიმონ მაყაშვილის ელჩობა რუსეთში, გვ. 86-90). ამ ინფორმაციას რუსეთის ოფიციოზი, მთავრობის დავალებით, უმთავრესად თურქეთის დასამშვიდებლად აქვეყნებდა; ამავე დროს, შესძლებელია, პრუსიის მაშინდელი მეფის, ცნობილ ფრიდრიხ II-ის საყურადღებოდაც ვარაუდობდნენ, ვინაიდან პრუსიაში ერეკლეს გამარჯვების შესახებ ცნობები ხლისით ვრცელდებოდა (შესაძლებელია რაიმე მიზანდასახულობითაც).
ამავე დროს, რუსეთის სგარეო საქმეთა კოლეგია თავის კონსტანტინეპოლელ რეზიდენტს ობრეზკოვს ასე მოძღვრავდა, რომ თურქეთის დიპლომატები დაამშვიდეთ ნუ აღელდებიან, საქართველოს სახელმწიფო ისეთი უმნიშვნელო ძალის მქონეა, რომ თურქეთის ყურადღების ღირსი არ არის, ირანის საქმეების გამო გულდამშვიდებით იყვნენ და სტატუს ქუო დაიცვანო, ჩვენის მხრივ კი საქართველოს არ დავეხმარებითო: «По персидским делам трудов и издержек жалеть вам не следует... повторите турецким министрам, что мы до сих пор грузинцам помощи не подаём, что этот народец не заслуживает внимания такой знатной державы, как Порта, досадовать на них ей не зачто. Эти ваши внушения должны вызвать со стороны турецких министров ответ, из которого можно будет что нибудь извлеч относительно решения Порты» (С. С о л о в ь ё в, История России с древных времён, СПБ, изд. «Общественная польза», кн. V, стр. 737).
თურქეთიც თავის მხრივ რუსეთს ადევნებდა თვალყურს, ქართლ-კახეთს დახმარება არ აღმოუჩინოს და ამ გზით ირანში თავის საქმეებს არ იგვარებდესო. ქართველი მეფეების, თეიმურაზ II-ის და ერეკლე II-ის აქტიურობის შესაკვეცად კი თურქეთის მთავრობამ დაღესტნელ მფლობელებს და საქართველოს სხვა მაჰმადიან მეზობლებს სათანადო ფულადი დახმარება გამოუგზავნა და საქართველოში თარეშების მოწყობა შეუკვეთა. იგი მაჰმადიანი მეზობლების მძარცველ-მოთარეშე რაზმების ასპარეზად იქცა. რუსეთში გაგზავნილ ერთ წერილში, 1752 წელს, თეიმურაზ II და ერეკლე II ელისაბედ I-ს სწერდნენ: „ესრეთი მოუთმენელნი ჭირნი აროდეს მოვლენიეს ქვეყანასა ამას... სამეფონი ჩვენნი მგრგვლივ გარეშეცულ არიან უცხო თესლთა წარმართთაგან და დაუცადებელად ჰყოფენ ჩვენდა მომართ ზამთარ და ზაფხულ ბრძოლასა, ოხრებასა, კლვასა და ტყვეობასა...“ („საისტორიო მოამბე“, VI, 1952, გვ. 140).
ამ წლებში ისე გაუჭირდა აღმოსავლეთ საქართველოს, რომ ირანის დაპყრობა კი არა, თვით ქართლ-კახეთის არსებობის შენარჩუნება მოხერხდებოდა თუ არა, საკითხი იყო.
ამ მძიმე მდგომარეობაში მყოფმა ქართლ-კახეთის მეფეებმა 1752 წელს ელჩები გაგზავნეს რუსეთში და რუსეთის ხელმწიფისაგან ჯარით ან ფულით დახმარება ითხოვეს. ამასთანავე რუსეთის სამეფო კარს ირანისაკენ ლაშქრობის ხელსაყრლობა ურჩიეს _ ირანის მდიდარი პროვინციების ადვილად დაპყრობის შესაძლებლობაც აუწყეს.
ზემოთ ჩვენ გავერკვიეთ თუ რა პოზიცია ეჭირა რუსეთს ამ ხანებში ირანის საკითხში და როგორ ერიდებოდა რუსეთი თურქეთის სახელმწიფოს გაღიზიანებას. ამდენად, ქართველი მეფეების ელჩებს რუსეთში მეტისმეტად არახელსაყრელ პოლიტიკურ სიტუციაში მოუხდათ მოღვაწეობა. რუსეთის საგარეო საქმეთა კოლეგია აუჩქარებლად და სიფრთხილით შეუდგა ქართველ ელჩებთან მოლაპარაკებას.
იმ დროს რუსეთის ცნობილი კანცლერი ა. პ. ბესტუჟევ-რიუმინი, ქართველი მეფეებისა და მათი ელჩების მოხსენებითი ბარათების გაცნობის შედეგად, თავის ხელმწიფეს ელისაბედ I-ს, სათანადო მოხსენებით ბარათში, ერთგან აუწყებდა: «Интересы же здешней империи напротив того требуют, чтоб самим делом в защищение грузинцов и в сопряжённые с тем персидские дела отнюдь не вступать и не мешаться, сколь долго турецкой двор в таком же молчании об них пребудет» (“საისტორიო მოამბე”, VI, გვ. 158. ეს მოხსენებითი ბარათი ელისაბედ I-ის მიერ მოწონებულია და საკუთარი ხელრთვით დამტკიცებული: «Быть по сему»).
როგორც ვხედავთ, ძირითადი დაბრკოლება არის თურქეთის სახელმწიფოს პოზიცია ირანის საკითხში. აღმოსავლეთ საქართველოს საკითხი ირანის პრობლემასთან არის დაკავშირებული და იმდენად აფიქრებთ რუსეთის დიპლომატებს თურქეთის გაღიზიანება (ევროპაში გართულებული პოლიტიკური ვითარების გამო), რომ ქართველი მეფეების მომართვაზე წერილობითი პასუხის გაცემაც კი სახიფათოდ მიიჩნია კანცლერმა ბესტუჟევ-რიუმინმა. იგი წერს: «... Не подлежит на прошение их с помянутым присланным от них митрополитом и князем Макаевым что-либо писменно ответствовать, ибо такая письменная пересилка у них, грузинцов, не токмо скрытна быть не может, но они тем ещё и похваляться станут. Но можно их отпустить обратно словесным ответом, или токмо для памяти им дать записку на грузинском языке такого содержания...» (ი. ცინცაძე, კაპიტან ოთარ თუმანოვის მოხენებითი ბარათები საქართველოდან. იხ. სტალინის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შრომები, XXVII, 1946, გვ. 1-32). ვისაც ეს საბუთი აინტერესებს, მას შეუძლია ჩვენ მიერ გამოცემულ ამ ელჩობის საბუთების კრებულში გაეცნოს და ახლა აქ ამაზე სიტყვას არ გავაგრძელებთ. აღვნიშნავთ მხოლოდ, რომ, თუმცა აღმოსავლეთი საქართველო XVIII საუკუნეშიაც ირანისეულ სამფლობელოდ ითვლებოდა, მაგრამ რუსეთი ამ ქართულ პოლიტიკურ ერთეულთან ურთიერთობის დროს თურქეთს უწევდა ანგარიშს, საქართველოს საკითხი რუსეთის საგარეო პოლიტიკაში არა მარტო ირანის, არამედ უშუალოდ რუსეთ-თურქეთის დამოკიდებულების საკითხს უკავშირდებოდა.
როგორც ვხედავთ, ქართველი მეფეების მიერ აღძრულმა საკითხმა მაშინდელ რუსეთ-თურქეთის ურთიერთობის მდგომარეობა დააზუსტა რუსეთის სამეფო კარზე, ხოლო თვით საქართველოს საკითხი ამ მთავარ პრობლემას _ რუსეთ-თურქეთის დამოკიდებულებას დაუქვემდებარდა და ირანის პრობლემასთან ერთად ხელსაყრელ შემთხვევამდე გადაიდო. ასეთ ვითარებაში თეიმურაზისა და ერეკლეს ელჩები ხელცარიელი უნდა დაბრუნებულიყვნენ სამშობლოში...“.
იასე ცინცაძის ზემოთ მოყვანილი თხრობიდან აშკარად იკვეთება, რომ რუსეთის მთავრობას უბრალოდ გულგრილობის, ან სულაც უსულგულობის გამო კი არ ეჭირა თავი განზე ირანის საქმეებში ჩარევისგან, რაც აღმოსავლეთ საქართველოს შვებას მოუტანდა, არამედ იგი გაურბოდა თურქეთთან ომს, რომელიც რეალურად მოსალოდნელი იქნებოდა ირანის მიმართულებით რუსეთის სამხედრო საქმიანობის გააქტიურების შემთხვევაში. განა საქართველო რომ ყოფილიყო ძლიერი სახელმწიფო და რომელიმე სუსტ პოლიტიკურ ერთეულს ეთხოვა საქართველოს მეფისთვის დახმარება ომში ოსმალეთის ან ნადირ-შაჰისეული ირანის წინააღმდეგ, ხოლო ამას საქართველოს მეფის მთავრობა ჩვენი ქვეყნისთვის საზიანოდ ჩათვლიდა, მაშინ კი ივანე ჯავახიშვილი მასაც ასევე უსაყვედურებდა სუსტისადმი უყურადღებობისა და უსულგულობის გამო? ნუთუ რუსეთის მთავრობა არ იქცეოდა მართებულად, როდესაც ომისა და მშვიდობის საკითხს თავისი ქვეყნის ინტერესებიდან აფასებდა, და რა მისი მეზობელი სუსტი ქრისტიანული სამეფოს ინტერესებიდან?
პროფ. იასე ცინცაძე აგრძელებს:
„საქართველოში რუსეთზე ორიენტირების გეგმა მაინც ცოცხლობდა და ამჯერად თვით თეიმურაზ II-ის რუსეთში წასვლა გადაწყვიტეს. ქართველი დიპლომატები ამხელადაც სპარსეთისაკენ სალაშქროდ იწვევდნენ რუსეთს, მდიდარი პროვინციების იოლად ხელში ჩაგდების პერსპექტივას უსახავდნენ და ამ გზით საქართველოს ხსნას ელოდნენ. მაგრამ ევროპის საქმეებში (7-წლიან ომში _ 1756-1763 წწ.) ჩაფლულ რუსეთს მაშინ სპარსეთისათვის არ ეცალა. მართალია, იგი პრუსიის წინააღმდეგ ომში ბრძოლებს იგებდა, მაგრამ, რადგანაც მისი მოკავშირენი ზედიზედ მარცხდებოდნენ, ხოლო ინგლისი ფინანსიურად კვებავდა აგრესიულ პრიუსიას, ომს ბოლო არ უჩანდა და ახლა ირანის პროვინციებისათვის თურქეთთან ახალი ომის წამოწყება ყოველგვარ შესაძლებლობას აღემტებოდა (1). თეიმურაზის მისიაც იმთავითვე განწირული აღმოჩნდა. იმედგაცრუებულ თეიმურაზს სამშობლოში დაბრუნება აღარც მიცვალებულს ეღირსა. აღმ. საქართველოს დიპლომატები იმაში იყვნენ მართალი, რომ ითვალისწინებდნენ რუსეთის ინტერესებს ირანში და საქართველოს გამოხსნას რუსეთის ირანზე გალაშქრებას უკავშირებდნენ. მაგრამ, სამხრეთით მომხდარ ასეთ ცვლილებებს თურქეთი რომ გამოეხმაურებოდა და თურქეთის დამარცხებაც რომ აუცილებელი იქნებოდა, ამას ანგრიშობდნენ თუ არა ქართველები, წყაროებიდან არ ჩანს.
...ყოველი სახელმწიფო ერიდება, თუკი ეს რაიმე მოსაზრებით სასარგებლო არ არის, მეზობელთან ურთიერთობის გართულებას... თურქეთის გაღიზიანებას ამიერკავკასიის საკითხების გამო რუსეთის დიპლომატია ერიდებოდა და თურქეთს საერთოდ დიდი ანგარიში ეწეოდა გარკვეულ დრომდე, სახელდობრ 1768 წლამდე. რუსეთ-თურქეთის 1768-74 წლების ომის შემდეგ კი სრულიად შეიცვალა მდგომარეობა. რუსეთი XVIII საუკუნის 70-ინი წლებიდან სხვარიგად მსჯელობს თურქეთზე. საერთოდ უნდა აღინიშნოს, რომ XVIII საუკუნის პოლიტიკოსებისათვის, როგორც ევროპაში, ისე რუსეთშიც შეუმჩნეველი არ დარჩენილა თურქეთის დაუძლურების შინაგანი პროცესი, მაგრამ რომ ეს სენი თურქეთს წაქცვის პირად მიიყვანდა საუკუნის ბოლოს, ან XIX საუკუნეში, ამას არ ფიქრობდნენ მაშინ. თურქეთს სერიოზული ანგარიში ეწეოდა როგორც ევროპაში, ისე რუსეთშიაც. მხოლოდ რუსეთ-თურქეთის 1768-74 წლების ომმა ნათელი გახადა ყველასათვის თურქეთის სრული დაუძლურება და თვალსაჩინო ჩამორჩენილობა. ფეოდალური რუსეთის დიდი უპირატესობა თურქეთზე აშკარა შეიქნა ევროპისათვის. რუსეთის სარდლობა დარწმუნდა, რომ თურქეთი უკვე ის სერიოზული მოწინააღმდეგე აღარ იყო, როგორც წინათ წარმოედგინათ“.
III. რუსეთ-თურქეთის 1768-74 წწ. ომი და საქართველო
რაც შეეხება 1768-1774 წწ. რუსეთ-თურქეთის ომს და რუსული ჯარის შემოსვლას ქართლსა და იმერეთში, ამის შესახებაც ანტირუსეთული განწყობაა როგორც ივ. ჯავახიშვილის ნაშრომში, ისე ზოგადად ქართულ საზოგადოებაშიც, მაგრამ პროფ. ვალერიან მაჭარაძის წიგნიდან “ასპინძის ბრძოლა” (თბ., 1957), ასევე გენ.-მაიორ ტოტლებენის ადიუტანტის კაპიტან შარლ დე გრაი დე ფუას მოხსენებიდან (რელაციიდან) მკაფიოდ ჩანს, რომ თავიდან ერეკლე II-სა და ტოტლებენს შორის კარგი ურთიერთგაგება იყო და ტოტლებენმა ანტონ მოურავოვთან ერთად 1769 წ. შემოდგომა-ზამთარში მხარი დაუჭირეს ერეკლეს მოთხოვნას საქართველოში რუსული ჯარის რიცხოვნების 480-დან 5.000 ადამიანამდე გაზრდის თაობაზე და სათანადო თხოვნით მიმართეს ეკატერინე II-ს, ვინაიდან იმერეთის მეფეს სოლომონ II-ს ძალზედ მცირე ძალები გააჩნდა და თურქების წინააღმდეგ ომში რუსებს ქმედით დახმარებას ვერ აღმოუჩენდა; ერეკლე კი რუსული ჯარის 5 ათასამდე გაზრდის გარეშე ოსმალეთის წინააღმდეგ ომში მონაწილეობაზე არ თანხმდებოდა. სამაგიეროდ ერეკლე მეფეც დაჰპირდა ტოტლებენს, რომ რუსული კორპუსის უკვე 1500 ადამიანამდე გაზრდის შემთხვევაში დაიწყებდა მოქმედებას თურქეთის წინააღმდეგ.
ასეთ ურთიერთგაგებას ერეკლესა და გრაფ ტოტლებენს შორის შემდეგში წყალი შეუდგა. როდესაც ერეკლე და ტოტლებენი 1770 წ. გაზაფხულზე სურამში იყვნენ და ახალციხისკენ სალაშქროდ ემზადებოდნენ, მოხდა ორი მეტად მნიშვნელოვანი მოვლენა. ჯერ ერთი, რუსთა ბანაკში მოვიდნენ პოდპოლკოვნიკი ჩოგლოკოვი და გვარდიის კაპიტანი ლვოვი. დე გრაი დე ფუას სიტყვებით: „ამ უკანასკნელს დავალებული ჰქონდა გადაეცა ერეკლესათვის წმინდა ანდრიას ორდენი ბაფთით და მისი იმპერატორობითი უდიდებულესობის ყოვლად მოწყალე წერილი. ამავე დროს ტოტლებენმა მიიღო ცნობა, რომ ბრუნდებოდა რატიევი ჰუსართა ესკადრონით, მოსკოვის ლეგიონის კარაბინერთა ასეულით, აგრეთვე მოდიოდა ტომსკის პოლკი, რომ ცოტაც და სელენგენსკის პოლკი, აგრეთვე მოსკოვის ლეგიონი გენერალ ბანერის სარდლობით გადმოვიდოდა საქართველოში“. ამრიგად, როგორც ვხედავთ, პეტერბურგის სამეფო კარმა დააკმაყოფილა ერეკლე II-ის მოთხოვნა და გამოგზავნა როგორც ოფიციალური წერილი ერეკლეს მისაწვევად სალაშქროდ, ისე გასცა განკარგულება საქართველოში სამოქმედოდ განკუთვნილი კორპუსის რიცხოვნების 5 ათას ადამიანამდე გაზრდაზე _ ტომკისა და სელენგენსკის პოლკები, მოსკოვის ლეგიონი, პლიუს ტოტლებენის განკარგულებაში იმ დროისთვის უკვე არსებული 1200 ადამიანზე მეტი, ამ რიცხოვნებამდე საერთო ჯამში უთუოდ გაიზრდებოდა.
მაგრამ ამავე ხანებში ღიად გამწვავდა კონფლიქტი ერეკლესა და ტოტლებენს შორის. ვალ. მაჭარაძე ამ გამწვავებას აბრალებს ტოტლებენის ავანტიურიზმს, მაგრამ გერონტი ქიქოძე თავის მონოგრაფიაში “ერეკლე მეორე” (1958 წ.) წერს: „ომან ხერხეულიძე რუსის ჯარის სარდლის მოქმედებას ბოროტი კაცების ინტრიგებით ხსნის, ხოლო დავით ბატონიშვილი ამბობს, უფრორე მეფის სოლომონისა მიერ წარმოიშვა შორის მეფისა და გრაფისა სანდურავიო; ვინაიდან არა სწადდა მეფესა სოლომონს განდიდება მეფისა ირაკლისა და მუდამ მზირ ეყვის მას, რათა ჰსცეს ნაკლულოვანება რაიმე მეფესაო (ხაზი ჩემია _ ი. ხ.). მაგრამ დღეს ცხადია, რომ აწყურის ოპერაციის მარცხი, უწინარეს ყოვლისა იმით იყო გამოწვეული, რომ რუს-ქართველთა ლაშქარს ორი სწორუფლებიანი მხედართმთავარი ჰყავდა; ერთ მათგანს მეტი ძალა ჰქონდა, ვინაიდან რეგულარული ჯარის ნაწილებს მეთაურობდა, ხოლო მეორეს მეტი გამჭრიახობა, გამოცდილება და ადგილობრივი პირობების ცოდნა ახასიათებდა“, _ დაასკვნის გერონტი ქიქოძე.
რუსეთის მთავრობისთვის კი ვითარება წარიმართა ისე, რომ როდესაც იგი დაეთანხმა საქართველოში თავისი ჯარების გაზრდას და პრაქტიკულადაც დაიწყო ამის განხორციელება, სწორედ მაშინ წამოვიდა ძლიერი ხელშეშლა მისი გეგმებისთვის. იმპერატრიცას დავალებით გადაყენებულ იქნა გენ. ტოტლებენი, ხოლო ასტრახანის გუბერნატორმა ჩაატარა საგანგებო გამოძიება და მართლა ტოტლებენის ისეთი დანაშაული რომ ყოფილიყო, როგორც ამას ქართველი ისტორიკოსები სწერენ, მაშინ ეკატერინე II ამ ერთხელ უკვე სახელგატეხილ გენერალს არ დაინდობდა, მას კი პოლონეთში მცირე მამული მისცეს, სადაც თავის გარდაცვალებამდე ცხოვრობდა.
ასევე საყურადღებოა, რომ როგორც ვალ. მაჭარაძის, ისე დე გრაი დე ფუას თხზულებებში ერეკლეს და ტოტლებენს შორის კონფლიქტი იქამდე გამწვავებულა, რომ ახალციხიდან დაბრუნების შემდეგ ჯერ ერეკლემ მისცა წინადადება რუს ოფიცრებს დაეპატიმრებინათ ტოტლებენი, ხოლო შემდეგ კი ანანურში დაბანაკებული ტოტლებენი აჩქარებდა საქართველოში შემოსული ტომსკის პოლკის მეთაურს პოლკოვნიკ კლავერს, რომ მძიმე საჭურველი გზაში დაეტოვებინა და თავად ორი ქვეითი ბატალიონით რაც შეიძლება სწრაფად მისულიყო მასთან, რათა შედეგ თბილისზე გამოელაშქრათ ერეკლე II-ის დასაპატიმრებლად. მაგრამ პოლკოვნიკმა კლავერმა ეს ამბავი პეტერბურგში მისწერა, ხოლო თავად ამ გზის გავლას განგებ 11 დღე მოანდომა და გენერალთან მანამდე არ მივიდა, სანამ ამ უკანასკნელმა თავისი გადაწყვეტილება არ შეცვალა. სწორედ ტომსკის პოლკის მეთაურისა და სამხედრო საბჭოს (წამყვანი ოფიცრების) გონიერებამ და წინდახედულებამ ააცილეს საქართველოსა და ის მეფეს ეს სერიოზული განსაცდელი, რაც შექმნილი იყო როგორც ერეკლესა და სოლომონის ურთიერთ დაპირისპირებულობის, ისე გენ.-მაიორ ტოტლებენის ხასიათის გამოისობით. ქართულ საზოგადოებაში კი მხოლოდ რუსეთის ვერაგობაზე ლაპარაკობენ და იმის იქით აღარ იყურებიან.
IV. 1783 წლის მფარველობითი ხელშეკრულება _ გეორგიევსკის ტრაქტატი
რაც შეეხება 1783 წლის მფარველობით ხელშეკრულებას, ანუ გეორგიევსკის ტრაქტატს, აქაც ჩვენს საზოგადოებაში მხოლოდ რუსეთის მიერ საქართველს გადაყლაპვისკენ გადადგმულ ნაბიჯს ხედავენ, მაგრამ პროფ. იასე ცინცაძის მონოგრაფიაში გარკვევით არის ნათქვამი, რომ ეს ხელშეკრულება წარმოადგენდა უფრო დიდი გეგმის ნაწილს, რომელსაც რუსეთისა და გერმანიის (ავსტრიის) იმპერიები ერთად ახორციელებდნენ. სახელდობრ, 1768-74 წლების ომში თურქეთის დამარცხებამ ნათლად დაანახა რუსეთის მთავრობას, რომ ეს უწინ საშიში სახელმწიფო შესამჩნევად დასუსტებულიყო. ამიტომ გადაწყვიტეს ჰაბსბურგების იმპერაიასთან მოკავშირეობით ოსმალეთის განდევნა ევროპიდან. რუსეთში ამას უწოდებდნენ “დიდ გეგმას” («большой план»), ევროპაში კი უწოდეს “საბერძნეთის პროექტი”. ამ გეგმის საფუძვლები შემუშავებულ იქნა ეკატერინე II-ის, კანცლერ გრაფ ბეზბოროდკოსა და თავად გ. ა. პოტიომკინის მიერ, ხოლო შედეგ იგი გააცნეს გერმანიის (ავსტრიის) იმპერატორს. აი რას წერს ამის შესახებ იასე ცინცაძე:
„ამ გეგმის თანახმად მოლდავეთის, ვლახეთისა და ბესარაბიის პროვინციებისგან იქმნებოდა ერთი სახელმწიფო, რომელიც ძველ დროს ცნობილი იყო დაკიის სახელწოდებით. ამ სახელმწიფოს სათავეში ნავრაუდევი იყო ადგილობრივი წარმოშობის, დაწინაურებული გვარის წარმომადგენელი, რა თქმა უნდა, მართლმადიდებლური ქრისტიანული სარწმუნოების მქონე. დაკიის სახელმწიფო სრულიად დამოუკიდებელი იქნებოდა როგორც ავსტრიისაგან, ისევე რუსეთისაგან და, მითუმეტეს, თურქეთისაგან. ეს სახელმწიფო არასოდეს არ შეუერთდებოდა სხვა სახელმწიფოს. დაკიის საზღვრებად დაწესებული იყო დნესტრი, შავი ზღვა, დუნაი და ალუტა. ამ, გეგმით რუსეთს თურქეთის ხარჯზე ტერიტორია უნდა მომატებოდა – ქალაქი ოჩაკოვი ბუგისა და დნესტრს შორის არსებული ტერიტორიით, ერთი ან ორი კუნძული ხმელთაშუა ზღვაში არქიპელაგის რაიონში. თუ ომის მსვლელობისას გამოირკვეოდა, რომ თურქები სავსებით განიდევნებიან ევროპიდან და კონსტანტინეპოლიდან, ავსტრიის იმპერატორს ხელი უნდა შეეწყო საბერძნეთის სახელმწიფოს აღდგენისათვის. საბერძნეთის სახელმწიფოში ტახტზე აყვანილ უნდა ყოფილიყო ეკატერინეს შვილიშვილი კონსტანტინე პავლეს-ძე. ეს სახელმწიფო რუსეთისაგან სრულიად დამოუკიდებელი იქნებოდა და კონსტანტინე პავლეს-ძე არასოდეს არ შეეცდებოდა რუსეთის ტახტის ძიებას, „რუსეთისა და საბერძნეთის გვირგვინები არასოდეს არ უნდა შეერთებულიყო ერთ თავზე“.
კონსტანტინეპოლის საბერძნეთის სატახტო ქალაქად ქცევა არსებითად სრუტეების თურქეთის ხელიდან გამოგლეჯას ნიშნავდა. მაგრამ რადგანაც სრუტეებზე რუსეთის გაბატონებას არც ერთი მაშინდელი ევროპის სახელმწიფო არ დაუშვებდა, ამიტომ, როგორც ვხედავთ, მოინახა მეორე გზა, საკმაოდ კარგად შენიღბული. რა მოუვიდოდა თურქეთის მცირე აზიის სამფლობელოებს შემდეგში, ამის შესახებ „გეგმაში“ ლაპარკი არ არის, მაგრამ ალბათ ისე ვარაუდობდნენ, რომ შემდეგ მოვლენებს თვით საერთაშორისო პოლიტიკური სიტუაცია განავითარებდა. ავსტრიის იმპერატორმა თავისი პროგრამა წამოაყენა და თურქეთის ხარჯზე თავის სახელმწიფოსათვის ახალი „ბუნებრივი საზღვრები“ მოხაზა. იოსებ II-ისა და ეკატერინე II-ის მიმოწერაში თურქეთის წაქცევის გეგმა ძირითადად დაზუსტდა. რუსეთის დედოფალი დარწმუნებული ყოფილა იმაში, რომ თურქეთის წინააღმდეგ შედგენილი გეგმა ადვილად განხორციელდებოდა და, რაც მთავარია, ეკატერინე ამაში ავსტრიის დიპლომატიასაც არწმუნებდა და ალბათ დაარწმუნა კიდეც. ავსტრიელებს ხმა არ ამოუღიათ კონსტანტინე პავლეს-ძის მომავალ სბერძნეთის სახელმწიფოში დინასტიის ფუძემდებლად დასმის საწინააღმდეგოდ“ („საბერძნეთის პროექტის“ შესახებ მასალა ამოღებულია Ф. М е р т е н с-ის გამოცემიდან: «Собрание трактатов и конвенций заключённых Россиею с иностранными державамию Трактаты с Австриею. 1772-1808 г.», т II, 1875, стр.131-135. იხ. აგრეთვე Я. Б у т к о в с к и й, Сто лет австрийской политики в восточном вопросе, т. I, 1888 г. Л. Д о б р о в, Южное славянство, Турция и соперничество европейских правителств на Балканском полурстрове, 1880, стр. 545-551, С. Ж и г а р е , Русская политика в восточном вопросе, т. I, стр. 203-221).
ასეთი გეგმის ფარგლებში რუსეთის იმპერიის მთავრობამ 1783 წელს გააუქმა ყირიმის სახანოს დამოუკიდებლობა, ვინაიდან თურქეთის სულთანი, რომელიც ქუჩუკ-ყაინარჯის ხელშეკრულებით რჩებოდა ყირიმელი თათრების სულიერ მეთაურად, აშკარად აჭარბებდა თავისი კომპეტენციის ფარგლებს და ცდილობდა უწინდელი გავლენის შენარჩუნებას; რუსეთმა ყირიმის სახანო პირდაპირ შეიერთა. შემდეგ იასე ცინცაძე აგრძელებს:
„ყირიმის და ყუბანის შეერთება უმტკივნეულოდ შერჩა რუსეთის დიპლომატიას. სხვის დაუხმარებლად თურქეთმა ომის დაწყება ვერ გაბედა _ ვაი თუ ყირიმს და ყუბანს სხვა ტერიტორიებიც მიჰყვესო. ევროპას იმხანად თურქეთისათვის არ ეცალა. ინგლისი ჩრდილოეთ ამერიკაში აჯანყებული კოლონიების წინააღმდეგ ომში იყო ჩაბმული. საფრანგეთიც ამერიკაში იბრძოდა და მისი ძალებიც გამოფიტული იყო. პრუსიის სახელმწიფო, ბავარიის მემკვიდრეობისათვის ახლად ომგადახდილი, თავის საქმეებს აგვარებდა გერმანიაში. ავსტრიის იმპერატორი ხომ იმთავითვე რუსეთს უჭერდა მხარს. ასეთ პირობებში თურქეთი იძულებული გახდა გაჩუმებულიყო. მართალია, საფრანგეთის მმართველი წრეები დატრიალდნენ და ევროპის სახელმწიფოებს რუსეთ-თურქეთის ამ კონფლიქტში ჩარევის მიზანშეწონილობა ურჩიეს, თურქეთისათვის დახმარების აღმოჩენა სცადეს, მაგრამ რეალურად ვერავინ ვერაფერი გაბედა.
ყირიმის ხელში ჩაგდება პატარა საქმე არ იყო, რუსეთი შავ ზღვაზე ბატონდებოდა. კონსტანტინეპოლის ხელში ჩასაგდებად ამ ნახევარკუნძულს დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა. თურქეთი ამის შემდეგ კავკასიის სამფლობელოებიდანაც უნდა აბარგებულიყო და აკი წავიდა კიდეც. ყირიმის საკითხზე მკითხველის ყურადღება იმიტომ შევაჩერეთ, _ წერს იასე ცინცაძე, _ რომ გვეჩვენებინა, როგორ კარგად დაიწყო თურქეთის დაცემის „დიდი გეგმის“ სისრულეში მოყვანა და როგორ უნდა წაეთამამებინა მაშინდელი რუსეთის დიპლომატია ამ ფაქტს. რუსეთი თურქეთს უკვე ანგარიშს ისე აღარ უწევდა როგორც წინათ და განუხრელად მიისწრაფოდა ახალი გამარჯვებებისაკენ. რაკი თურქეთის ყოფნა-არყოფნის საკითხი დასმული და დაგეგმილი იყო, ხოლო ავსტრიასთან მტკიცე მეგობრული კავშირის იმედით „დიდი გეგმის“ სისრულეში მოყვანა ყირიმის ხელში ჩაგდებით დაიწყო, ამიერკავკასიის საკითხების გადადება შეცდომა იქნებოდა, რადგანაც ასეთი ხელსაყრელი სიტუაცია მეორეჯერ შეიძლებოდა აღარც შექმნილიყო. ირანში არსებული მდგომარეობა კი კარგახანია ანდამატივით იზიდავდა რუსეთის დიპლომატიას ამიერკავკასიისაკენ და კერძოდ აღმოსავლეთ საქართველოსაკენ“.
შემდეგ იასე ცინცაძე ჰყვება ნადირ-შაჰისა და ქერიმ-ხანის სიკვდილის შემდეგ (შესაბამისად 1747 და 1779 წლებში _ ი. ხ.) ირანში გაგრძებული შინომებისა და ანარქიის შესახებ და ასკვნის: „ახლა კი, XVIII საუკუნის 80-იანი წლებისათვის, როგორც დავინახეთ, თურქეთი სასიკვდილოდ განწირული ჰყავდა რუსეთს და „დიდი გეგმის“ სისრულეში მოსაყვანად წინასწარი სამზადისი ტარდებოდა. რუსეთის დიპლომატების აზრით თურქეთს ირანის დაცვა კი არა, საკუთარი პროვინციების შესანარჩუნებლად აღარ ეყოფოდა ძალა. ევროპას კი თურქეთისათვის რეალური დახმარების აღმოსაჩენად თითქოს აღარ ეცალა და ამდენად თურქეთის წინააღმდეგ დამუშავებულ „დიდ გეგმას“ ახალი „გეგმაც“ დაემატა... ირანის ხარჯზე ამიერკავკასიში ორი ახალი ბუფერული სახელმწიფო უნდა შექმნილიყო, ხოლო უკვე არსებულისათვის _ ქართლ-კახეთის სამეფოსათვის, არსებითი ხასიათის დახმარების აღმოჩენა იყო განსაზღვრული. ეს ქრისტიანული სახელმწიფოები რუსეთის დასაყრდენი იქნებოდნენ ამიერკავკასიაში სპარსეთ-ინდოეთის სავაჭრო გზაზე.
ამიერკავკასიის „გეგმა“ უშუალოდ „დიდი გეგმიდან“ _ „საბერძნეთის პროექტიდან“ გამოდიოდა, ისე რომ „დიდი გეგმის“ მარცხის შემთხვევაში „პატარა გეგმაც“ ჰაერში გამოკიდებული რჩებოდა... მაინც როგორი იყო რუსეთის დიპლომატიის გეგმა ამიერკავკასიაში? როგორც აღნიშნული იყო, ირანის ხარჯზე რუსეთის დიპლომატია ბუფერული სახელმწიფოების შექმნას გეგმავდა 80-იანი წლების დასაწყისისათვის. უნდა აღდგენილიყო სომხეთის და ალბანეთის სახელმწიფოები. ამ მიზნით სომხეთის წარმომადგენლებთან მოლაპარკება მიდიოდა. სომხური მოსახლეობა მართალია დაფანტული იყო სხვადასხვა მხარეებსა და სახელმწიფოებში, მაგრამ XVIII საუკუნისათვის ყარაბაღში კომპაქტური სომხური მოსახლეობა ჯერ კიდევ დარჩენილი იყო... ყარაბაღში სომხურ მოსახლეობას ერთგვარი ავტონომიური მმართველობა ჰქონდა სამელიქოების სახით. სულ ხუთი სამელიქო იყო. ნადირშაჰის დროს ეს სამელიქოები ხარკს უხდიდნენ სპარსეთს, მაგრამ თავიანთ შინაურ საქმეებში დამოუკიდებელი იყვნენ და შედარებით მშვიდად ცხოვრობდნენ. მათ საკუთარი ლაშქრის გამოყვანაც შეეძლოთ. ნადირშაჰის სიკვდილის შემდეგ ირანის სახელმწიფოში დაწყებული არეულობის დროს ყარაბაღელი სომხების მდგომარეობაც გაუარესდა. ყარაბაღში შეიჭრა მომთაბარე თურქული ტომების ბელადი ფენაჰ-ხანი და მიუვალ მთებში ციხე ააგო, რომელსაც შუშა ეწოდა და თავის რეზიდენციად გაიხადა. ასე წარმოიქმნა XVIII საუკუნის შუა წლებისათვის ყარაბაღის ანუ შუშის სახანო. სომხური მოსხლეობა მძიმე მდგომარეობაში ჩავარდა და საშველად ქართლ-კახეთის სამეფოსაკენ იშვერდა ხელს... მაგრამ ქართლ-კახეთს თვითონ უჭირდა და, ცხადია, მისი მფარველობა ყოველთვის ეფექტური ვერ იქნებოდა. ასეთ ვითარებაში მყოფი სამელიქოებიც ჩრდილოეთისაკენ იცქირებოდნენ და საბოლოო ხსნას რუსეთიდან მოელოდნენ...
სომხეთის სახელმწიფოს გარდა, განზრახული იყო ალბანეთის სახელმწიფოს აღდგენაც. ალბანეთისათვის აზერბაიჯანის ტერიტორიის ნაწილი იყო ნავარაუდევი (ა. იოანესიანი, რუსეთი და სომხური განმათავისუფლებელი მოძრაობა XVIII ასწლეულის 80-იან წლებში /რუს. ენაზე/, საბუთი #60, გვ. 283). ამ ახალ სახელმწიფოებს ტერიტორიები პირველ რიგში ირანის სამფლობელოების ხარჯზე უნდა მიეღოთ, მაგრამ შემდეგ, როცა ჟამი დადგებოდა, თურქეთის კუთვნილი პროვინციებიც შემოუერთდებოდნენ (მაგალითად სომხეთს და საქართველოს). სპარსეთში შაჰობის პრეტენდენტ ალი-მურად ხანთან გაგზავნილ რუსეთის წარმომადგენელს პოლკოვნიკ ტამარას ასეთი ინსტრუქცია ჰქონდა: «Буде Али Мурат хан предполагает какое либо для себя завоевание на счёт Порты, но из того всемерно выключить должно во первых земли царя Имеретинского с его вассалами, второе, часть Армении, коея во владении турецком остаётся и которая натурально к своему корпусу присоединиться должна; и третье, область Ахалцыхскую, о коей цари карталинские мнят, что она им принадлежит» (იქვე, გვ. 281-282).
უფრო დაწვრილებით აღნიშნულ საკითხებს, მათი დიდი მოცულობის გამო, ამჯერად ვერ შევეხები, მაგრამ მოვიყვან ი. ცინცაძის წიგნში გამოქვეყნებულ ერЕ ამონარიდს გ. ა. პოტიომკინის მოხსენებიდან ეკატერინე II-სადმი, სადაც იგი სთავაზობს იმპერატრიცას საქართველოს დაწყნარებისა და გაძლიერებისთვის ლეკების მოთვინიერებასა და ამის შემდეგ, ქ. დარუბანდის ჩათვლით, დაღესტნის ერთი ნაწილის რუსეთის შემადგენლობიდან საქართველოსთვის გადაცემას. სახელდობრ აქ ვკითხულობთ: «В Грузии жители время от времени начинают надёжнее становиться и своём состоянии, а когда помощию оружия вашего императорского величества укротятся лезгиня, тогда придёт Грузия в такую силу, что составит перевес против Порты. Сверх укрощения лезгин полнзно придать грузинскому царю часть земли до моря Каспийского, которая с Дербентом в назначенные границы вашего императорского величества входит»... (სსრკ-ის ცენრატალური სახელმწიფო დიპლომატიური არქივი, თავად პოტიომკინის ფონდი, K-1X, საქ. #32, ფურც. 110).
აი ასეთი წინაპირობების საფუძველზე და ასეთ ვითარებაში შესთავაზა ეკატერინე II-მ გენერალ-ფელდმარშალ თავად გრიგოლ ალექსანდრეს ძე პოტიომკინის მეშვეობით ქართლ-კახეთის მეფეს ერეკლე II-ს 1782 წლის მიწურულს მფარველობაში მიღება. ამის საპასუხოდ ერეკლემ, 1772 წელს ლეონ ბატონიშვილისა და ანტონ კათალიკოსის ელჩობის მიერ პეტერბურგში ჩატანილ პირობებზე დამატებით გაგზავნა სხვა პირობებიც, რომლებიც, ი. ცინცაძის სიტყვებით, შეეხებოდა ძირითადად ქართლ-კახეთის სამეფო ტახტის ერეკლე მეფის სახლში დატოვებას იმასთან დაკავშირებით, რომ მანამდე რამდენიმე ხნით ადრე საქართველოში ჩამოვიდა ვახტანგ VI-ის შვილიშვილი ალექსანდრე ბაქარის-ძე ქართლის ტახტის საძიებლად და გარკვეული პრობლემებიც შეუქმნა ერეკლე მეფეს. ქართველი მეფის ამ ორივე სათხოვარი პუნქტების, აგრეთვე თავიანთი რუსული ინტერესების გათვალისწინებით, გრაფმა ა. ა. ბეზბოროდკომ შეიმუშავა მომავალი ტრაქტატის პროექტი. პროფ. ალ. ცაგარელს გამოქვეყნებული აქვს ბეზბოროდკოს წერილი თავად გ. ა. პოტიომკინისადმი, რომელსაც უშულოდ უნდა წარემართა საქართველოსთან მფარველობითი ხელშეკრულების დადების საქმე, და ამ წერილის სათაურია „უზენაესად მითითებული საფუძვლები რუსეთ-საქართველოს ხელშეკრულების დადებისთვის“ («Высочайше указанные основания для заключения Русско-Грузинского договора. Писано рукою гр. А. А. Безбородко к кн. Гр. Ал. Потёмкину») (ა. ცაგარელი, სიგელები, ტ. II, გამ. II, გვ. 30-31). როგორც სათაურიდან ჩანს, მასში რუსეთის სახელმწიფო კანცლერი სწერს თავად პოტიომკინს ეკატერინე II-ის შეხედულებებს მომავალი ტრაქტატის შინაარსთან დაკავშირებით.
სახელდობრ, მეტად მნიშვნელოვნია ეკატერინე II-ის ხედვა მომავალი ტრაქტატის ხასიათისა. მისი აზრის საფუძველზე გრ. ბეზბოროდკო წერს: «...заключить с грузинскими царями союзный трактат, не именуя их подданными, но союзниками, от империи всероссийской покровительствуемыми». ერეკლე მეფე თავის “სათხოვარ პუნქტებში” სთავაზობდა გარკვეული გადასახდების დაწესებას თითოეულ კომლზე რუსეთის ხაზინაში შესატანად, ყოველწლიურად გარკვეული რაოდენობით ასევე ცხენების, აბრეშუმისა და ღვინის, აგრეთვე რუსი ოსტატების დახმარებით მოპოვებული მადნების ნახევარი საფასურის გაგზავნას. ამის შესახებ ეკატერინე II-ის აზრი ასეთი ყოფილა: «Поборов денежных не принять никаких, ниже половины металлов, и минералов, а оставить всё то впользу царей грузинских, а принять только ежегодную присылку шёлку, вин и лошадей»; ამასთან ქვემოთ დამატებულია: «Ещё более безкористие доказано будет, естли тому и вино приказано будет брать за известную цену, тем паче, что сие касается простого народа». მაგრამ როგორც ცნობილია, შემდეგ ასეთი გადასახადები საერთოდ არ შესულა ტრაქტატის პროექტის, არც თავად ტრაქტატის ტექსტში.
საყურადღებოა რუსეთის ხელმწიფის დამოკიდებულება საქართველოსა და რუსეთის ეკლესიების შემდგომი ურთიერთობის საკითხისადმი. ერეკლე თავის დროზე სწერდა ეკატერინეს, რომ საქართველოს სამეფოს რუსეთის იმპერიის მფარველობაში მიღების შემთხვევაში დატოვებული ყოფილიყო საქართველოში კათოლიკოსის წოდება (ტიტული). ამასთანავე 1770-იანი წლების ბოლოსა და 80-იანების დასაწყისში მან სცადა ურთიერთობების დამყარება რეგულარული ჯარის შესაქმნელად სესხის მიღების მიზნით გერმანიის (საღვთო რომის, ანუ ავსტრიის) იმპერატორთან, რომის პაპთან, ვენეციის მმართველობასთან, რისთვისაც სარგებლობდა საქართველოში მყოფი კათოლიკი პატრების სამსახურით. ცხადი, რომ ეკატერინე II-ს ეს არ მოეწონებოდა და ამიტომ “უზენაესად მითითებულ საფუძვლებში” სწერია: «Отклонить всякое их знакомство с императором Римским и другими христианскими державами, сказав, что оне имеют условие не мешаться в дела до азиатских наших соседей касающияся; да и писем к императору (Римскому) не посылать». მსგავსი პირობები მოქმედებდა დასავლეთ ევროპის სახელმწიფოების პრაქტიკაშიც, როდესაც, მაგალითად, ბრიტანეთისთვის განსაკუთრებული ნიშვნელობა ჰქონდა მისი მეზობელი ირლანდიის, ნიდერლანდების საკითხს, ავსტრიისთვის _ იტალიის, სერბეთის, ბულგარეთის საკითხს, საფრანგეთისთვის _ იტალიისა და ესპანეთის საკითხს და ა. შ. სახელდობრ, 1870-71 წწ. საფრანგეთ-პრუსიის ომი დაიწყო ესპანეთის სამეფო ტახტზე გარდაცვლილი უწინდელი მონარქის ნაცვლად პრინც ჰოჰენცოლერნის არჩევის წინადადების გამო, ვინაიდან ჰოჰენცოლერნების დინასტია მეფობდა ასევე პრუსიაშიც, და საფრანგეთის იმპერატორმა, ნაპოლეონ III-მ, ამაში თავისი ქვეყნისთვის პოტენციური საფრთხე დაინახა, ან ეს ამბავი ხელზე დაიხვია, ეს უკვე სხვა საკითხია, მაგრამ დიდ დერჟავებს შორის მუდივი ქიშპობის გამო, ისინი გულდასმით ცდილობენ თავიანთ სამეზობლო არეში საკუთარი გავლენის ამათუიმ სახით დამკვიდრებას. ასეთი პრაქტიკის მაგალითია ე. წ. “მონროს დოქტრინაც”, რომელიც აშშ-ის გავლენის აუცილებლობას გულისხმობს მთელ დასავლეთ ნახევარსფეროში.
პროფ. იასე ცინცაძის სიტყვებით: „საყურადღებოა ის ფაქტი, რომ რუსეთის ხელისუფლება ერეკლეს ევროპასთან ურთიერთობას დაუფიქრებია და მომავალში ასეთი ურთიერთობის აღსაკვეთად ერთგვარი ღონისძიებაც გამოუნახავთ. „მითითებებში“ ერთგან აღნიშნულია, რომ საქართველოს ეკლესიის იერარქია რუსეთის საეკლესიო სინოდს დაუკავშირდეს და მისი კათალიკოსი რუსეთის ეკლესიის პირველი რანგის მწყემსმთავრების რიგში მოვაქციოთო (ა. ცაგარელი, სიგელები, II, გამ. II, გვ. V). იქვე ქვემოთ, ამ საკითხთან დაკავშირებით, ავსტრიის იმპერატორთან ერეკლეს ურთიერთობის საკითხს უბრუნდება კანცლერი და პოტიომკინს ასეთ განმარტებას აძლევს: «Когда по духовенству они привязаны будут к Синоду, то по сему примеру и Римское духовенство (в Грузии) от России же получать будут, а сим кончится сношение с императором (Римским), которому причиною миссионарии» (იქვე, გვ. 31).
ამის საფუძველზე გეორგიევსკის ტრაქტატის მე-8 არტიკულის (მუხლის) საფუძველზე საქართველოს ეკლესიის წინამძღვარმა (კათალიკოსმა) მიიღო რუსეთის ეკლესიის უწმინდესი სინოდის წევრის ტიტული მერვე ხარისხში ტობოლსკელი მღვდელმთავრის შემდეგ (პროექტში მისთვის გათვალისწინებული იყო მეხუთე ხრისხი სანკტ-პეტერბურგის, მოსკოვის, კიევისა და ნოვგოროდის მიტროპოლიტების შემდეგ; მაგრამ ტრაქტატის საბოლოო ტექსტში მერვე ადგილი განისაზღვრა). მაგრამ იბადება კითხვა: თუ კი საქართველოს ეკლესიის მეთაური ხდებოდა რუსეთის ეკლესიის მმართველი ორგანოს წევრი, მაშინ მას ამ ორგანოში უთუოდ თავისი სიტყვა ეთქმოდა, მაგრამ იმავე დროს იგი ხომ მის გადაწყვეტილებებს უნდა დამორჩილებოდა? ანუ ამ დოკუმენტით, რომელსაც უთუოდ ეთანხმებოდა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ანტონ I, და რომელსაც ხელი მოაწერა და თავისი ბეჭედი დაუსვა ქართლ-კახეთის მეფემ ერეკლე II-მ, საქართველოს ეკლესია გარკვეულ დაქვემდებარებულ დამოკიდებულებაში შედიოდა რუსეთის ეკლესიასთან, რის შესახებაც ჩვენში დღესდღეობით არ უყვართ ლაპარაკი, მაგრამ ეს ფაქტია (ეს არ უწერია იასე ცინცაძეს, არამედ ეს მხოლოდ ჩემი პირადი აზრია, რომელიც უფრო კომპეტენტურ დაზუსტებას საჭიროებს _ ი. ხ.). ვინაიდან ეკლესიის ცხოვრებისა და ისტორიის ფორმალური მხარე მჭიდრო კავშირში უნდა იყოს მისტიკურ, სულიერ სფეროსთან, საეკლესიო სამართალთან, რჯულის კანონთან, ხოლო მე ამ სფეროში სათანადოდ ჩახედული არა ვარ, ამიტომ აქ ამის მეტს აღარ ვილაპარაკებ, მაგრამ ის კი ფაქტია, რომ 1783 წელს საქართველოს მეფე-მთავრებიცა და საქართველოს ეკლესიის ხელმძღვანელობაც ემხრობოდნენ რუსეთის იმპერიის მფარველობაში შესვლის სანაცვლოდ ჩვენი ეკლესიის გარკვეულწილად დაქვემდებარებასაც, განსაკუთრებით კათოლიკურ სამყაროსთან ურთიერთობების მხრივ (პროტესტანტულ სამყაროსთან ასეთი ურთიერთობები იმ ხანად არ ყოფილა), რუსეთის ეკლესიის მმართველო ორგანოსადმი. რუსეთის ისტორიკოსებმა ეს მშვენივრად იციან, ისევე როგორც სხვა პერიპეტიებიც რუსეთ-საქართველოს ისტორიულ ურთიერთობებში. ეს ცოდნა და შესაბამისი ისტორიული დოკუმენტები მათ კარგ საფუძველს აძლევს საკუთარი პოლიტიკის გატარებაში, რაც ჩვენს მიერ აუცილებლად უნდა იქნას გათვალისწინებული, როგორც მორალურ-ზნეობრივი, ისე პრაგმატულ-პრაქტიკული კუთხითაც.
როგორც ცნობილია, 1790 წელს დაიდო ტრაქტატი საქართველოს მეფე-მთავართა შორის ურთიერთკავშირისა და ურთიერთდახმარების შესახებ. იგი გამოქვეყნებული აქვს პლატონ იოსელიანს თავის წიგნში “ცხოვრება გიორგი მეცამეტისა”. მასში ერეკლე II თავისი ვალდებულების მე-5 მუხლში ეხება მის კავშირს რუსეთის იპერიასთან და იმერეთის მეფეს, ოდიშისა და გურიის მთავრებს ჰპირდება შუამდგომლობას ასეთივე მფარველობის მიღებისთვის. იქ წერია: “უზენაესისა მიმართ მფარველობისა საიმპერატოროსა უმაღლესისა კარისადმი, ვითარცა მაქვნდეს შეკრულება, ვიყო მწადნელი თქვენდაცა უბედნირესსა შინა მდგომარეობასა მოყვანებად მფარველობითა ერთბამად ერთისა უავღუსტესისა კარისათა”. ამის საპასუხოდ იმერეთის მეფე სოლომონ II თავისი სამოკავშირეო ვალდებულების მე-5 მუხლში ამბობს: “უზენაესისა მიმართ მფარველობისა საიმპერატოროსა უმაღლესისა კარისადმი, ვითარცა აქვნდეს უმაღლესობასა თქვენსა შეკრულება, ვიყო თქვენთანა მქონებელი, თანხმობისა უბედნიერესისა მდგომარეობისა ჩვენისათვის, მფარველობითა ერთბამად ერთისა უავღუსტესისა კარისათა”. სამეგრელოს მთავარი გრიგოლ დადიანი ასევე თავისი ვალდებულების მე-5 მუხლში აცხადებს: “უზენაესისა მიმართ მფარველობისა უმაღლესისა საიმპერატოროსა კარისადმი, ვითარცა აქვნდეს შეკრულობა უმაღლესობასა თქვენსა, ვიყო თქვენთანა მქონებელი თანხმობისა მფარველობათა თქვენთანა ერთბამად ერთისა უავღუსტესისა კარისა”. გურიის მთავარი სიმეონ გურიელი კი ასევე თავისი პირობის მე-5 მუხლში ადასტურებს: “უზენაესისა მიმართ მფარველობისა უმაღლესისა საიმპერატოროსა კარისადმი, სადაცა და ვითარცა აქვნდეს შეკრულება უმაღლესობასა თქვენსა, ვიყო თქვენთანა მქონებელი თანხმობისა უბედნიერესისა მდგომარეობისა ჩემისათვის მფარველობითა თქვენთანა ერთბამად ერთისა უავღუსტესისა კარისათა” (აფხაზეთის მთავარი, მგონი ქელაიშ-ბეგ შერვაშიძე, ამ ხელშეკრულებაში არ მონაწილეობდა, მით უმეტეს ახალციხის ფაშა სულეიმანი). ანუ ამ დოკუმენტით საქართველოს თითქმის ყველა მეფე-მთავარმა დაადასტურა თავისი მზადყოფნა რუსეთის მფარველობაში შესვლაზე, მაგრამ ეს პროცესი საფრანგეთის, ბრიტანეთისა და პრუსიის მთავრობების აქტიური მეცადინეობითა და ოსმალეთისთვის ქმედითი მხარდაჭერის აღმოჩენის შედეგად, იმ დროისთვის უკვე სერიოზულ ჩიხში იყო შესული. ამიტომ ჩვენ ისევ 1783 წლის მახლობელ მოვლენებს დავუბრუნდეთ.
ჩვენში არის მოსაზრება, რომ რუსეთმა შეგნებულად დაარღვია გეორგიევსკის ტრაქტატის პირობები 1787 წლის შემოდგომაზე თავისი ორი ბატალიონის (2-ათასიანი ჯარი) გაყვანით, რითაც საქართველო ძალზედ მძიმე მდგომარეობაში ჩააყენა. მაგრამ ეს სიმართლეს არ შეესაბამება. ჯერ ერთი, გეორგიევსკის ტრაქტატის დადებისას რუსეთის მთავრობა განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა ქართლ-კახეთის სამეფოში ერეკლეს მიერ შემოღებული საუფლისწულოების გაუქმებას, რათა ქვეყანა ყველა შემთხვევაში ერთიანი და ძლიერი დარჩენილიყო. იასე ცინცაძეს მოჰყავს ამონარიდი ნ. დუბროვინის წიგნიდან «История войны и владычества русских на Кавказе», т. II, გვ. 5, რომელშიც ასე არიგებს კავკასიის ჯარების სარდალი გენ.-პორუჩიკი პ. ს. პოტიომკინი მომავალი ტრაქტატის პროექტის ტექსტით საქართველოსკენ გამოგზავნილ პოდპოლკოვნის ვ. ს. ტამარას: «Рекомендую, объясняясь с царём Ираклием о содержании трактата, упомянуть..., что слава его дел, его имени и польза его народа требуют того, чтоб область его соединённую навсегда осталось». ამის გამო პოდპოლკოვნიკ ტამარას ავალებდნენ, რომ თუკი ერეკლე II გაჯიუტდებოდა და უარს იტყოდა საუფლისწულო მამულების გაუქმებსა სახელმწიფოს კვლავ მტკიცედ გაერთიანებაზე, მაშინ ტრაქტატის ტექსტში საგანგებო მუხლი (არტიკული) შეეტანა საუფლისწულო მამულების გაუქმების მოთხოვნით. მაგრამ, დუბროვინის სიტყვებით, ერეკლეს ამის გამო წინააღმდეგობა არ გაუწევია და ამიტომ ასეთი მუხლის შეტანის აუცილებლობა არ დამდგარა. თუმცა კი ერეკლემ, როგორც ჩანს, დარეჯან დედოფლისა და მის ძეთა დიდი წინააღმდეგობის გამო თავისი დანაპირების შესრულება ვერ შეძლო და ამით საწუხაროდ თავად დაარღვია რუსეთის მთავრობისთვის მიცემული პირობა. ანუ რუსეთს რჩებოდა კავკასიონის ქედის აქეთ არასაიმედო მოკავშირე, რომელიც ვერ იქნებოდა ერთიანი და ძლიერი დასაყრდენი მისი ინტერესების გატარებისთვის ირანთან ვაჭრობისა და სხვა საკითხებში, რადგან შეიძლებოდა სამეფო სახლში წარმოშობილი გარკვეული კონფლიქტების შედეგად ერთიანი კურსი აღარ ჰქონოდა, ან სულაც დაშლილიყო ან შინაომების არენად გადაქცეულიყო.
სახელდობრ იასე ცინცაძე წერს: “პავლე პოტიომკინი ქართველი მეფის ოჯახის წევრებს შორის უსიამოვნებას და წინააღმდეგობასაც თვალყურს ადევნევდა და რუსეთის რწმუნებულს ბურნაშოვს 1784 წლის აპრილში წერდა: «....крайне удивляюсь, что вы не сообщили ко мне о междуусобных ссорах между наследнего царевича Георгия и царевича Вахтанга. Советую вам всемерно тщиться примерить их; вразумите их, что домашняя ссора есть пагуба и посрамление дому их и польза их врагов. Я извещаюсь, что причина ссоры некая княжна, которую каждый из них желал: большой царевич для сына своего, а меньшой для себя самого. Потщитесь объяснить им, что нет в свете такой девицы, за которую с братьями можно было ссориться» (С. Н. Б у р н а ш ё в, Новые материалы для жизнеописания и деятельности С. Д Бурнашёва, 1901, стр. 20).
შედეგ იასე ცინცაძე აგრძელებს: “რუსეთს მაშინ ამიერკავკასიაში საკუთარ ძლიერ ფეხებზე მდგომი საქართველო აინტერესებდა, მას იგი ასეთი სჭირდებოდა. მაგრამ ჩვენი ქვეყნის უბედურება იმაში კი არ იყო, რომ აქ არ ესმოდათ ძლიერი სახელმწიფოებრიობის მნიშვნელობა. დაქუცმაცებულობა რომ არ ვარგოდა, ცენტრალიზებული სახელმწიფო რომ პროგრესული მოვლენა იყო და ქვეყნის ხსნა მხოლოდ ამ გზით შეიძლებოდა, _ ეს ქართველმა პოლიტიკოსებმა კარგად იცოდნენ, მაგრამ ამ საქმის თავის მობმას სხვა საფუძველი სჭირდებოდა და ეს საფუძველი ჩვენ ქვეყანას არ ჰქონდა.
იმავე 1796 წელს (აღა მაჰმად ხანის მიერ თბილისის აოხრების შემდეგ _ ი. ხ.), საქართველოდან დაბრუნებული პრემიერ-მაიორი ვერდერევსკი გენ. პორუჩიკს ვ. ზუბოვს ერეკლე II-ის მიერ დანაბარებს ასე ატყობინებდა: «Возстановить единовластие и уничтожить уделы в Грузии Он (Ираклий) по старости лет, не может предоставляя всё в полную волю её императорского величества, и полагая более всех надежду на внука своего царевича Давида, коего отправляет к армии...» (ა. ცაგარელი, სიგელები, II, გვ. 152).
ამრიგად, როგორც ვხედავთ, ერეკლე ვერ შეძლო საუფლისწულოების გაუქმება თავის სამეფოში, რითაც ვერ შეასრულა გეორგიევსკის ტრაქტატის დადების წინ რუსებისთვის მიცემული პირობა. მან ასევე ვერ შეძლო სრულად დაკმაყოფილება 2-ათასიანი რუსული ჯარისა სურსათით, რაც მას ასევე ტრაქტატით ევალებოდა. მაგრამ რაც ყველაზე უფრო მთავარი იყო, საფრანგეთ-ინგლის-პრუსიის მიერ წაქეზებულმა ოსმალეთმა მხნედ დაიწყო საქმიანობა ამიერკავკასიელი ირანელი ხანებისა და დაღესტნელი ბელადების ამხედრებისთვის რუსეთ-საქართველოს სამხედრო კავშირის წინააღმდეგ. მის შესახებ დეტალურად უწერია იასე ცინცაძეს თავის მონოგრაფიაში; დასახელებული ჰყავს გრაფი დე ლა ფერიერ-სოვბეფი, რომელიც საფრანგეთის მთავრობამ გამოგზავნა ოსმალეთსა და ირანში რუსეთ-საქართველოს კავშირის წინააღმდეგ ერთობლივი მოქმედებებისთვის; ასევე საფრანგეთის ახალი ელჩი კონსტანტინოპოლში შუაზელ-გუფიე, რომელმაც თან ჩაიყვანა სამხედრო მრჩევლებისა და სამხედრო ინჟინრების დიდი ჯგუფი თურქების დასახმარებლად; აქტიურად მოქმედებდნენ ბრიტანეთისა და პრუსიის ემისრებიც. რუსეთმა ვერც “დიდი გეგმის” ანუ “საბერძნეთის პროექტის” განხორციელება შეძლო ბალკანეთში ისევ ოსმალეთისა და ინგლის-საფრანგეთ-პრუსიის წინააღმდეგობის გამო, რამაც ხელი შეუშალა მას საქართველოში ჯარების გაზრდის საკითხში, რაც რუსეთს ტრაქტატის მე-4 სეპარატული მუხლით ევალებოდა, 2-ათასიანი ჯარისა კი დაღესტნელებს და ადერბაიჯანის ხანებს უკვე აღარ ეშინოდათ, ხოლო მათი თარეშისა და ომებისგან ქართლ-კახეთის სამეფო ჩანაგდებოდა. ასეთ პირობებში ერეკლე II-მ, ახალციხის ფაშის რჩევით, გადაწყვიტა შეთანხმება დაედო სულთნის მთავრობასთან, რასაც რუსეთის წარმომადგენლები ეწინააღმდეგებოდნენ, მაგრამ ერეკლემ, ტრაქტატის მე-4 მუხლის დარღვევით, მაინც გადადგა ეს ნაბიჯი. 1787 წლის დასაწყისში სულთანმა მოახდინა აღნიშნული შეთანხმების რატიფიკაცია, მალევე დაიწყო რუსეთ-თურქეთის ომი და ასეთ ვითარებაში ეკატერინე II-მ გაიყვანა თავისი ჯარის ორი ქვეითი ბატალიონი საქართველოდან, ასევე ჩაიშალა სომხეთისა და ალბანეთის სამეფოების ჩამოყალიბების გეგმა ამიერკავკასიაში, რუსეთის პროტექტორატით, და შენარჩუნებულ იქნა არსებული status quo. 1791 წელს თურქეთის დამარცხების შემდეგაც კი იასის ხელშეკრულებაში რუსეთის მხარე მაინცადამაინც არ აცხადებდა მკაფიოდ და გამოკვეთილად თავისი მფარველობის შესახებ საქართველოზე და ამჯობინებდა უფრო რბილი ფორმულირებებით ლაპარაკს, რათა ზედმეტად არ გაეღიზიანებია ოსმალეთის მთავრობა. და ყოველივე ამის შემდეგ რუსეთის მიერ ერეკლე მეფის შეგნებული მოტყუებისა და ტრაქტატის განგებ დარღვევის თაობაზე ლაპარაკი საქმის მცოდნე ადამიანების მხრიდან უკიდურესი უზნეობა და უსინდისობაა, ხოლო ვინც ეს არ იცის, საჭიროა გაიგოს. რუსმა სპეცილისტებმა, ვისაც იქაური საზოგადოება უჯერებს, ეს ამბები კარგად იციან და მათ შესაბამისი დამოკიდებულებაც ექნებათ როგორც ისტორიის უმეცარი, ისე მცოდნე და უსინდისო ქართველების მიმართ, და მართალიც იქნებიან.
V. ქართლ-კახეთის სამეფოს რუსეთთან შეერთება
რაც შეეხება 1801 წლის ამბებს, ამის თაობაზე გარკვეული ინფორმაცია არის პლატონ იოსელიანის ზემოხსენებულ ნაშრომში “ცხოვრება გიორგი მეცამეტისა”, სადაც სწერია:
„ძმათაგან და გარეთა მტერთაგან შეწუხებული მეფე არღა ჰხედავდა ქვეყანასა მტკიცედ დაბინავებულად. ამისთვის მოინდომა და თუმცა დიდის ღელვითა, გარნა გაბედა და მისწერა დესპანთა თვისთა, რუსეთისაგან განმზადებულთა შემდგომი წერილითი დარიგება და ჰაზრი თვისი უკანასკნელი და გარდაწყვეტილებითი:
„წელსა ჩღჟთ (1799), სეკტემბრის ზ (7) ჩვენ მიერ მოცემულნი მათისა იმპერატორებისა დიდებულების წინაშე წარსაყენებელნი ჰაზრნი მოხსენებანი, რომელნიცა ჩვენგან წარვლინებულთა ჩვენს ერთგულთა ყმათა უფალთა დესპანთა მოგეცათ:
უმსხვერპლეთ ყოველი სამეფო და სამფლობელოი ჩემი უზაკველითა ქრისტიანებრითა ჭეშმარიტებითა მსხვერპლებითა და დაუდევით არა თუ მფარველობასა ქვეშე უდიდებულესსა დიდსა რუსთისა საიმპერატოროსა ტახტსა, არამედ დაანებეთ სრულსა ნებასა და მზრუნველობასა მათსა, რათა ამიერითგან დაიდვას სამეფო ქართლოსიანთა საიმპერიოდ რუსეთისად წესითა მით, ვითარცა სხვანი იგი რუსეთსა შინა პყრობილნი პროვინციანი სარგებლობენ.
შემდგომად მსხვერპლებისა ყოვლად უმდაბლესად წარუდგინეთ იმპერატორსა დიდსა რუსეთისას, რათა ჟამსა მისგან საქართველოსა სრულსა ძალასა და ნებასა შინა თვისსა მიღებისასა განამხნოს პუნქტსა ამას შინა თხოვილი ჩემი ყოვლად უმოწყალესითა აღთქმითითა წერილითა ვითარმედ სახლსა შინა ჩემსა არა აღაყენოს მეფენი, გარნა ოდენ სამეფოს მემკვიდრითი მემკვიდრე ვითარცა წინაპარნი ჩემნი.
ისეთივე ითხოვეთ ყოვლად მოწყალისა ხელმწიფისაგან ყოვლად უმდაბლესად თქვენ მიერ მირთმეულითა წერილითა ყოვლისა რუსეთისა იმპერიასა შინა საშესაბამო აგარაკნი ჩემთვის და ძეთა ჩემთათვის საბოლოოდ და სამკვიდროდ, რომლისაცა ბოძება იქმნების ჩემთვის უმწვერვალესის შეკრულობის ნიშნად.
ესრეთვე ითხოვეთ ჯამაგირიცა ჩვენთვის, საშესაბამოსა სახითა. უკეთუ ჰაზრი ესე არ მიღებულ იქმნას, მაშინ ყოველი დამოკიდებულება ჩვენი იქმნების დახსნილი თვინიერ ურთიერთისადმი მეზობლურისა ქცევისა. მ ე ფ ე ს რ უ ლ ი ა დ ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო ი ს ა გ ი ო რ გ ი“ (2).
წერილისა ამის ძალითა, იმპერატორმან პავლე დაუნიშნაო მეფეთა და მეფის ძეთა სოფელნი და ყმანი და მამულნი რუსეთისა გუბერნიათა შინა. თვით დესპანსა გარსევან ჭავჭავაძესაც უბოძა მამულები. გარნა აკტი ესრეთი, ხელმოწერილი თვით იმპერატორისაგნ არ აღსრულდა და არცა ბოძებამან ამან მოიღო ძალი აღსრულებისა, გარდაცვალებისა გამო თვით იმპერატორისა. ესე მიამბეს შვილმან გარსევანისა ღენერალ-ლეიტენანტმან ალექსანდრე ჭავჭავაძემან და მეფის ძეთა.
დიდად სწყალობდა ქართველთა იმპერატორი პავლე. აქ თფილისის არხივში მინახავს მისგან კნორრინგთან მთავარმართებელთან მოწერილი წერილი ნამდვილი, რომლითაცა უბრძანებს წარუვლინოს სია დიდთა ქართველთა გვამთა და ღირსთა, რათა უბოძოს მათ ღრაფობა, ბარონობა და რომელთამე ორდენიცა ანდრიისა. _ (თავი LXVII).
დესპანთა ამათ მეცადინებითა შესდგა და დამტკიცდა ტრაქტატი, მიღებული იმპერატორისა პავლესაგან.
აჰა თვით ჰაზრნი და მუხლნი ტრაქტატისა ამის, რომელიცა იპოება დაბეჭდილსა ფრანციზულად წიგნსა შინა როტიესსა (3) (იგულისხმება ევროპელი მოგზაური პოლკოვნიკი როტირიერი, რომლის შესახებ წერს აგრეთვე ჟაკ ფრანსუა გამბაც წიგნში „მოგზაურობა საქართველოში“ _ ი. ხ.):
„1799 წელსა, 23 ნოემბერსა, შედგა ახალი ტრაქტატი შორის პავლე იმპერატორისა და გიორგი მეფისა შემდეგი:
1.
მისი დიდებულება იმპერატორი ყოვლისა რუსეთისა მიიღებს ტიტულსა „მეფე საქართველოისა და შემდეგნი მისნი მემკვიდრენი“.
2.
ძე მეფისა გიორგისა დავით ტიტულსა „განმგე საქართველოისა“ და გარდავალს ესე შთამომავლობითა პირმშოდამ პირმშომდის.
3.
საქართველოისა ერი და მუნ მსახლობელნი 12 წლისა განგრძობასა, არ გაიღებენ არასა ხარჯსა, რათა დაეწყვნენ თვისსა მდგომარეობასა შემდეგ ესოდენთა ბრძოლათა. განმგე საქართველოისა მიიღებს რუსეთიდამ 12 წელსა მისთვის და სამეფოსა სახლისა წევრთათვის 20.000 თუმანს (200.000).
4.
მადანი ოქროისა და ვერცხლისა ახტალას და მისხანასა (მიშხანასა), შევა რუსთა განმგებაში და იმითი აივსება ზემო თქმული ჯამი ფულისა.
5.
6.000 რუსისა ჯარი სრულისა კომპლექტითა იდგება საქართველოში. ქართველნი გამოვლენ ცხენოსნად ამა ქვეითისა ჯარისათვის.
6.
ქართველნივე მოაგროვებენ ჯარსა ესოდენსა, რაოდენიცა საჭირო იქმნების დასაცველად სამზღვრებისა.
7.
რუსნი წარმოგზავნიან ინჟენერთა თვისთა აღსაშენებელად და განსაახლებელად ციხეთა მათ ადგილთა ზედა, სადაცა დაინახება საჭიროდ.
8.
ფულსა, მოჭრილსა თფილისში, ექმნება ერთსა მხარეს ღერბი რუსეთისა და მეორეს საქართველოისა.
9.
საზრდო რუსეთისა ჯარისათვის მოიყიდება იმავე ფასითა, რომელიცა იქმნება დანიშნული ადგილობრივთა მცხოვრებთათვის.
10.
როდესაც მოხდება აღწერა ხალხისა, უნდა იქმნას კომლეურად და არა თვითო სულად (4).
(ხელმოწერილია):
რუსეთისა მხრით რ ო ს ტ ო პ ჩ ი ნ ი ღ რ ა ფ ი.
საქართველოისა მხრით ა ვ ა ლ ო ვ ი.
ფ ა ლ ა ვ ა ნ დ ო ვ ი.“ _ (თავი LXVIII).
ამრიგად, ამ ცნობიდან ჩანს, რომ საქართველოს (ქართლ-კახეთის) მეფემ თავად ისურვა, რათა ქვეყნის დამშვიდებისა და მოსახლეობის კეთილდღეობისთვის საქართველოში უმაღლესი მმართველობა გადასულიყო რუსეთის იმპერატორების ხელში, ხოლო ბაგრატიონთა სახლი ღებულობდა მეფისნაცვლების ხარისხს. შესაძლოა ასეთი რამ გიორგი მეფეს ურჩია რუსეთის მთავრობის რეზიდენტმა (მინისტრმა) საქართველოში კოვალენსკიმ, მაგრამ გადაწყვეტილება კი უდაოდ თავად მეფის მიერ იქნა მიღებული. თუ როგორი იყო საქართველოს ფაქტობრივი მდგომარეობა, რის გამოც გადადგა გიორგი მეფემ ეს ნაბიჯი, ამის შესახებ ვრცლად სწერია პლატონ იოსელიანის ზემოხსენებულ წიგნში. ავტორს მოჰყავს გარკვეული დისკუსიაც ამ საკითხზე; სახელდობრ იგი წერს:
„შეწუხებული მეფე სამეფოსათვის დაუწყნარებელისა შინა შფოთთაგან და მტერთა ლეკთაგან გაქელვისაგან, _ ჰფიქრობდა და განიზრახვიდა რუსეთისადმი ქვეყნისა გარდაცემასა. პატრმან ნიკოლა, გვარით „რუტილიანო“ (ესე განაძიეს ქართლით მინისტრის ბრძანებითა 22 ნოემბ. 1801 წელსა), მოახსენა მეფესა: „ევროპიისა მეფეთა ვერ უძლებს სამეფო შენი ტკბილი. წესდება მათი და ჩვეულება იქმნება სამძიმო თქვენთვის. დამონებული სხვათაგან მეფობა არის უბედური და მარადის სამწუხარო. სხვათაგან დამოკიდებული ქვეყანა იქნება დაცინებული და საკიცხველი. უცხო ნათესავი პატრონად ქვეყანისა მოყვანილი, შეექმნება ერსა მტერად და მდევნელად, და მაწუხებელად. მამაშვილური მთავრობა მეფეთა, _ გარდაიქცევა მამინაცვლისა და დედინაცვლისა სახედ სიყვარულისა უგვანისა და ბუნებისაგან არაოდეს აღსაარებულისა. რუსნი შემოიტანენ პირველადვე მძიმესა უღელსა და დასდებენ ქვეყანისა კისერსა; მოითხოვენ დიდთა ხარკთა, რომელთაცა თქვენ ვერ შესძლებთ. მაშინ თქვნი მამულნი და ყმანი განიყიდებიან ბარაბანითა და მკვდარნი თქვენნი დაიმარხებიან მუზიკითა“ (დღესაცა სიტყვასა ამას, პატრისაგნ თქმულსა, მოიგონებენ თფილისისა მცხოვრებნი, ოდეს მუზიკითა უძღვიან საფლავადმდე მიცვალებულთა).
„ _ ჩემო პატრო! _ უპასუხა მეფემან, _ დავსუსტდით, გაქრება ქრისტიანობა ურუსოთ. მეტად მოგვერია მტერი და რა მტერი? ქრისტესი. თუ არ მკლავი რუსთა ხელმწიფისა, ვერ ვინ დაიცვამს საქრისტიანოსა. მესმის სიმძიმე რუსთა ჩემზედ მბრძანებლობისა. რა ვქმნა? ვის მივმართო? რა პასუხი გავსცე ქრისტესა! ვერ წავიწყმედ სულსა. შევსწირავ ცოლ-შვილსა და შეუდგები ქრისტესა და ჯვარისა თაყვანისმცემელთა მოვიყვან მწედ ქვეყანისა. ესე იყო სურვილი ძველთა მამა-პაპათა ჩემთა; და ესე იყო ჰაზრი მამისა ჩემისა და მეც დავადგრები მასზედ. ჩემი პირობაები რუსეთისა მეფესთან, _ საკეთილონი არიან ქვეყანისათვის“.
მაშინ ათანასი ჯვარის მამამან, რომელიცა შემდეგ იქმნა პატრიარქად იერუსალიმისა, დასამატებელად პატრისა რჩევათა, ბრძანა მოიტანონ დაბადება და წარიკითხონ ისაია წინასწარმეტყველისა თავი 3 და იხილონ რას იტყვის ღმერთი წინასწარმეტყველისა პირითა ერისათვის, რომელიცა ესრეთ დამოეკიდება უცხოსა ნათესავისა უფლებასა. ეგნატი იოსელიანმან, ჯერეთ ერისკაცმან და მამამან ჩემმან წარიკითხა იგი:
„ეჰა მეფე უფალი საბაოთ მოსპოლავს იერუსალიმისაგან და იუდეასგან ძალსა და მისაყრდნობელსა, პურისა ძალსა და წყალისა ძალსა, გმირსა და მძლეს კაცსა მბრძოლელსა, და მსაჯულსა, და მდიდარსა, და წინასწარმეტყველსა და მოაზრესა, და მოხუცებულსა, და ერგასის თავსა, და საჩინოსა თანამზრახველსა, და ბრძენსა ხუროთმოძღვარსა და გულის ხმიერსა მოძღვარსა მსმენელსა. დავადგენ ჭაბუკთა მთავრად მათთა, და ყრმათა უფლად მათთა... ყრმასა დავუდგენ, რათა ებრძოდეს მოხუცსა და დრკუსა მოწინააღმდეგედ კაცისა პატიონისა...
შეიპყრას კაცმან ძმა თვისი ანუ სახლეული მამისა თვისისა, მეტყველმან: შესამოსელი გაქვს, იყავ ჩვენდა წინამძღვრად და ჭამადი ჩემი განაგე, ვითარცა გენებოს. და პასუხად ჰრქვას დღეთა ამათ: არა ვიქმნები თქვენდა წინამძღვრად; არცა არს სახლსა ჩემსა პური, არცა სამოსელი, რამეთუ დატევებული იქმნა იერუსალიმი და იუდეა დაეცა, რამეთუ ენანი მათნი და ქცევა მათი არიან წინააღმდეგ უფლისა და აღაშფოთებენ ღვთისა დიდებისა თვალთა... ერო ჩემო, კაცნი რომელნიცა მთავრობენ შენზედა, გაცთუნებენ შენ, დაჰკარგვენ გზისა შენისა კვალთა... დროთა ამათ უფალი მოუღებს სამკულთა, და სარკეთა და შემოსავს საგლოველსა სამოსსა; მოხსნის სარტყელთა, მოხდის ქუდთა და ქაჩლად სახილველ-ჰყოფს თავისა მათისა თხემთა; განასწორებს მათ მიწასთან“... შეჰსწუხნა მეფე, ამოიოხრა და ბრძანა: „ღმერთო დაგვიფარე; ღმერთო დაგვიცევ; ღვთისა დედაო, ნუ მიგვცემ ჩვენ კაცობრივს განზრახვასა, არმედ წილხდომილთა შენთა გვექმენ პატრონი და მფარველი“.
ევთიმისა წინამძღვარსა და მოძღვარსა მოახსენეს ესე ამბავი. მოვიდა მონასტრიდამ და კვალად განამხნევებდა მეფესა, რათა არა სცვალოს ჰაზრი თვისი პირველი და მისცეს სამეფო რუსეთისა ხელმწიფეთა მფარველობასა. დამყარდა მეფე მისსა რჩევაზედ და სთქვა: „სხვა ბატონი არა გვყავს ჩვენ გარდა რუსთა ხელმწიფეთა“. _ (თავი XCIV).
შემდეგ გარდაცვალებისა მეფისა, რუსთა დაივიწყეს ევთიმი, ჰყვანდათ უპატიოდ და ვერცა დაიცვეს დევნათაგან, რომელნიცა აღუდგინეს მას ძმათა. გაგზავნილმან ჩინოვნიკმან საჩივართა გამო მასზედ, მრავლად საგიო და უპატიო ჰყო, სტუქსა უშვერად, მოიხსენა მწარედ და განაჩინა განშორება მისი წინამძღვრობისაგან უდაბნოისა. ევთიმი არა იგლოვდა ესრეთსა განჩინებასა. მოიხსენებდა პატრისა და ათანასის სიტყვათა და იტყოდა: „ჭეშმარიტად ღირსი არს მუშაკი სასყიდლისა; მომეგო მეც ჯერისაებრ. სოფელსა შინა მყოფსა, მომხვდა მე სოფლისა მათრახი, ღმერთო ჩემო! ნუ მიმცემ მე უმეტესსა სასჯელსა; მოქმედება ჩემი და მეცადინება რუსთა მოყვანისა არა იყო ორგულება ქვეყანისა“.
1844 წელსა ს.-პეტერბურღსა ყოფნასა ჩემსა მეფის ძემან ფარნაოზ, არა კმაყოფილმან, რომელ ვადიდე ჩემგან დაბეჭდილსა მუნ ისტორიასა ეკკლესიისა მეფე გიორგი, _ მიმცემი რუსეთისადმი საქართველოისა, მიბრძანა: ჩემო პლატონ, მეფე გიორგი და ძმა ჩემი არ არის საგიობელი შენგან. შენ ჰხადი მას გამცემელად ქვეყანისა. არა! იგი ვერ გასცემდა ქვეყანასა; ვერ განსყიდდა მას; ვერ შეექმნებოდა ორგული ტახტსა და სკიპტრასა. შეიმეცნე სიტყვანი ესე ჩემნი და თვით დაამატე, ვითარცა მეისტორიემან, ჰაზრი შენი. _ სიტყვათა ამათ ზედა მე ვსდუმნე: ვიხილე, რომელ მრისხანედ მიბრძანა ესე...“ _ (თავი XCV).
უშუალოდ ამ საკითხს ეხმიანება პლატონ იოსელის ორი ცნობა, რომელთაგნ ერთში მოთხრობილია ზედაძნის მთიდან ლეკთა განდევნისა და იქ მათი ძლიერი ბუდის მოშლის წარუმატებელი მცდელობის შესახებ, რის შემდეგაც მეფე გიორგიმ წარმოსთქვა _ კიდევ მეტყვიან, ნუ მოიშველიებ რუსთაო, ხოლო მეორეში მოყვანილია თეკლა ბატონიშვილისა და პლატონ იოსელიანის მამის სუბარი, რომელიც ისევ საქართველოში რუსების მმართველობას შეეხება; სახელდობრ პირველ ეპიზოდში მკითხულობთ:
„დროსა ამას ლეკთა აქვნდათ შეკრული ზედაძნის მთა ტყიანი. მეფემან მოუწოდა ქიზიყელნი, რათა მიუხდენ მუნ მთისა წვერსა და მოუშალონ მათ ბინა-სადგური მათი. 300 კაცი და ქიზიყისა მოურავი ზაქარია ენდრონიკაშვილი წარვიდენ და იხილს სიმაგრე მათი ციხესა და გალავანი კოშკიანსა ზედაძნისა ადრევე გუქმებულსა უდაბნოსა. სცნეს ესე ლეკთა 600 კაცთა მუნ მარადის დაბუდებულთა და გადმოუდგნენ ციხისა და გალავნებისა კერძოთაგან. ქიზიყელთა ვაჟკაცთა ვერ გაბედეს მისვლა იერიშითა: იყვნენ უცნობნი ადგილისა და არა ჰგონებდენ ესრეთ მიუვალად. სირცხვილეულნი უკუ იქცნენ და წარვიდენ თვის-თვისად. მაშინ შეწუხებულმან მეფემან ამოიოხრა და უბრძანა ზაალ გურმიშვილსა და მაყაშვილს ოხვრითა: „მეუბნებიან, ნუ მოიშველიებ რუსთაო!“
ეს მთა ზედაძნის არაგვისა პირსა ზედა დამყარებული პირისპირ მცხეთისა და ღართის-კარისა ანუ ძველად კანონიერად ქართლისა კარისა იყო კლდედ და კარად დაღესტანისა, და აქედამ დაეცემოდიან ლეკნი ღართის კარსა და დატაცებით ტყვეთა, _ განვლიდენ ქართლსა და ავიდოდნენ ახალციხეს. დაბრუნებულნი მუნით, აქავე მოვიდიან და დაბინავდებიან უშიშრად. _ ესრეთ მდგომარეობასა შინა იყო საქართველო დროთაგან მეფისა ვახტანგისა 1710-გან, როგორცა სჩანს წერილითგანცა, და ვიდრე 1817-დმდე. ამა წელიწდიდამ შეწყდა ლეკი და შევიდა თვისთა კლდეთა შინა და ხეობათა, სადაცა ეწია მას ძალი რუსეთისა და შემდგომად გრძელ-ჟამითისა ბრძოლისა დაამორჩილა და დაამშვიდა, დაიმონა და შეართა კვალად ქართველთა ვაჭრობითა, მათთანა მუშაკობითა და არს საიმედო, რომელ იქმს ერთობასაცა სარწმუნოებითსა დანერგვითა მათ შორის ქრისტიანობისა, გარე რომლისა არა არს არცა სარწმუნოება, არცა მოქალაქობა და არცა კაცობრიობა“. _ (თავი L).
მეორე ეპიზოდში სწერია:
„მეფე იქმნა სნეულებითა დამძიმებული. მოახსენეს ბრძანოს გათხოვება მეფის ასულის თეკლასი. ბრძანა, დალოცა, აკურთხა და დასწერა ჯვარი ვახტანგ ყაფლანიშვილზედ, რომელიცა იყო ძე თავადის დიმიტრისა. ესე ქორწილი იყო 7 სეკდემბერს 1799 წელსა. მეფესა უყვარდა დიდად და გამორჩევით დაი თვისი თეკლე (5). თვით მეფისა ასულისაგან თეკლასა გავიგონე ესე, ოდეს მობრძანებულმან ჩემსა სახლსა ინება და ნახა 1829 წელსა სნეულად მდებარე მამაჩემი ეგნატი: „მპირდებოდა და უეჭველად დამზითავდაო, უკეთუ დაეცალა ღმერთსა მეფისათვის, ძმანი ჩემნი და დანი მართლად სძულობდენო მას; _ შური მეფობისა იყო მიზეზი ესრეთისა სიძულვილისაო. ვერ გავამართლებო ვერცა დედასა ჩემსა დედოფალსა დარეჯანსაო, ვერც ძმათა და დათა ჩემთაო, კარგად ვიცი, რომ აწუხებდენ მეფესაო. უბედურება იყო მოსული ჩვენსა სახლზედაო, ვიყავით ღირსნი დასჯისაო და დავისაჯენითო. ვიტყვით მრავალსა, ვაბრალებთ მრავალთა, ვეძებთ მიზეზთა, რომელთაგანცა რა მოხდა, მხოლოდ განგების საქმე გვავიწყდებაო: კურთხეულ არს ღმერთი მამათა ჩვენთაო, რუსთა მთავრობა საჭირო იყოო ქვეყანისათვის, დევნილისა თათართაგან და ქრისტეს სახელისა მოძულეთაგან, სცდებიან იგინი და სცოდავენ ღმერთსა, რომელნიცა აბრალებენ ძმასა ჩემსა გიორგის ქვეყნისა გაცემასა და სამფოისა დაცემასა. ამას კი გაბედვით ვიტყვიო, რომ რუსეთსა არა ეკადრებოდა, რომელ დასტოვა სამეფოისა სახლისა წევრნი ულუკმოდ. არავინ იყო მთქმელი და მომხსენებელი დიდისა რუსთა ხელმწიფისა, _ მიეხედნათ რა გვარად უზრუნველჰყო დიდმან პეტრე მეფე ვახტანგ, ძენი და ასულნი მისნი, თავადნი და აზნაურნი, მეფისა მხლებელნი, _ ძნელია მამაშვილობამ, ჩვენი მდგომარეობა და რა გაეწყობა? კვალად და კვალად იკურთხოს ღვთისა სახელიო“.
მამა ჩემი ეგნატი დიდად იყო ფრთხილი, სიტყვისა წარმოთქმისა. გარნა მოსრული გრძნობათა სისავსესა, ესრეთისა მეფის ასულისა საუბარისა გამო, აღიმაღლა ხმა და მოახსენა:
„ბატონიშვილო! მესმის ყოვლივე და ვიტყვი მოკლედ გოდებითსაცა ჩემსა სიტყვასა: არვინ ველოდით რუსთაგან ამას, რასაცა თქვენ მიბრძანებთ; ახლა ვჰხედავთ რაოდენ ძნელი ნათესავი ყოფილა. ძლიერნი ძალთა სიმრავლითა, თურმე ყოფილან სუსტნი ზრდილობითა, უცნობნი კაცთა, არა დამფასებელი ღირსებათა, ცივად მხედველნი, ცივად მგრძნობელნი; მეფენი მათნი თვისთა ერთაგან დაშორებულნი, და ვითარცა ტყვენი ვეზირთა ხელთა შინა, რომელთაცა უწოდებენ მინისტრებად. მიხედეთ ამათ მართლმსაჯულებასა? განა კაცი დააწყობს ესრეთსა სამსჯავროსა? აზიურთა და ძველთა ჩვენთა სჯულის-დებათა ეცინიან რუსნი. განიხილონ რომელია უკეთესი, უმოკლესი და უმეტეს მართლ-მსაჯულებითი? ქრთამიო, ტყვიან, გარნა ესოდენი და ესრეთი მექრთამეობა შესაძლებელია სადმე? რა გაეწყობა! ესრეთ კეთილად დაწესებული სამეფო, ვითარცა საქართველოისა, სარწმუნოებითა, ეკკლესიებითა, მონასტრებითა, მდივან-ბეგობითა, სწავლითა და ხელოვნებითა, გუთნითა და ხვნითა, თესვითა და მკითა, პატიოსნებითა და ზრდილობითა აღსავსე, ესრეთ ბრწყინვალე სამეფოისა ტახტითა და თავად-აზნაურობითა, სამღვდელოთა წესითა და საეროისა სიმდიდრითა: თოფითა, ზარბაზნითა და ხალხისა სიმხნითა და ვაჟკაცობითა ჩაბარდა სადამე დიდსა რუსეთისა იმპერისა?! _ მივიღოთ ყოველივე სიმდაბლით და დავემორჩილოთ განგებისა ხელსა. ღვთისა განგებისა ხელსა ვერ ვნახავთ. ვხედავთ განგებისა კვალსა და კმარა ესე ჩვენთვის. დუმილი და კვალად დუმილი, მეფის ასულო, გვმართებს ჩვენ, სადაცა ცხადად და ნათლად ვხედავთ ყოველსავე. მოვიხსენიოთ სიტყვა მოციქულისა იაკობისა: აჰა, რასა იტყვის იგი! ჩამოიღე შვილო პლატონ, _ მიბრძანა მე მამამან მწოლარემან _ სახე იგი რომთა პაპისა პიოს მერვისა. და მიართვი ბატონიშვილსა, წარიკითხოს თვით ქვესახისა წერილი იაკობ მოციქულისა“; _ მივართვი და წარიკითხა მამისა ჩემისა ხელითა მიწერილი სიტყვა მოციქულისა, რომელიცა ზე ამა წერილისა იყო ნემენცურადცა ნაბეჭდი:
„ნეტარ-არს კაცი, რომელმან დაუთმოს განსაცდელსა; რამეთუ გამოცდილ-იქმნას და მოიღოს გვირგვინი ცხოვრებისა, რომელიცა აღუთქვა მოყვარეთა თვისთა“ (იაკობ, 1. 12.).
დღესაცა მაქვს სახე ესე მე.
დიდსა დროსა დაჰყო მეფის ასულმან თეკლე და მერმეთ ფარნითა წაბრძანდა სახლად თვისად, რომელიცა დიდად ახლოს იყო სახლისაგან ჩვენისა“. _ (თავი CXXXVIII).
26 საღამოს (ე. ი. 1800 წლის 26 დეკემბრის საღამოს _ ი. ხ.) იქმნა შეყრილობა 40-დმდე კაცთა თავადთა და აზნაურთა სარდლისა სახლში. სარდალმან იოანე ორბლიანმან სთქვა: „ბატონებო! ძნელსა მდგომარეობაში არის დღეს ქვეყანა ჩვენი. ბატონი მეფე უკურნებელითა სენითა მწოლარე, დღეს ანუ ხვალ მიგვეცვალების. მემკვიდრე მისი დავით გვექადის მეცა და მუხრანის ბატონსა შეურაცხებით განდევნასა ჩვენისა ღირსებისაგან. მე მყვანან ნამდვილნი სარდალნიო, არა ერთხელ ბრძანა დავითმან საეროდ და გასაგონად. _ იგივე დავით ექადის ცუდად დედინაცვალსა თვისსა, დედოფალსა მარიამს და იგიცა მწუხარე, დნება ვითარცა სანთელი და არ იცის რა ჰქმნას. _ მგონია დამშვიდებისათვის ქვეყანისა და ჩვენისა საკუთარისა პატივისა დასაცველად, ვისურვოთ, _ დაშთეს რუსეთისა მეფობა: ნურღა გვინდა მეფედ დავით“. _ დროსა ამას შევიდა მუნ მუხრანის-ბატონი, ჯერეთ ჭაბუკი კონსტანტინე, კაცი გვარ-შთამოებით სალთ-ხუცესი, გარნა გამოუცდელი, ვითარცა სარდალი. მიიღეს პატივითა დიდითა და დაითანხმა იგი სარდალმან იოანე ორბელიანმან, ვითარცა უფროსმან უმცროსი. მუხრანის-ბატონსა თანა ახლდენ დროსა ამას ზედგინიძე, ვითარცა ლალა ანუ მრჩეველი და ერთგული სახლისა მისისა, და რატიშვილი... მუხრანის-ბატონისავე აზნაურიშვილი. ესენი ადრევე ჩაგონებულნი მეფის ასულის ქეთევანისაგან, დედისა მუხრან-ბატონის კონსტანტინესსა _ იტყოდენ და წარმოსთქმიდენ სიტყვათა მკვახეთა დავითისათვის. მაშინ მუნ მყოფმან მღვდელმან თურქისტანიშვილმან იოსებ გაბედვიტ სტუქსა რატიშვილი და აყვედრა მას კადნიერებითა მის მეფის ძის დავითისათვის სიტყვა. _ ზრდილობითი საუბარიცა დაიკარგა დროთა ამათ შინაო, _ იტყოდა ეგნატი იოსელიანი. ვერვის გაებედნა ჭეშმარიტების თქმა. სოლომონ ლიონიძე, ვითარცა ლომი გარემოცული მტერთაგან, იბრძოდა ქვეყნისათვის, მეფობისა დაუკარგვლობისათვის. ლექსი „მეფე“ დადუმდა აქა? ბატონებო, იყვენით ფხიზლად: ჯვარცმულისა მადლმა, იღუპება ქვეყანა უშველებელად. იქით სარდლები იწევენ, აქეთ მეფის ძენი; მელიქი და სომხობა გველურად იქცევიან. მოდით გონებასა. დაფიქრდით და შედით საქმისა ბჭობაში. დავითისა მემკვიდრისა მტერობისათვის, რათ უნდა შეექმნათ მტერი ქვეყანასა! ნამუსიანად უნდა ვიყვნეთ ქვეყანისათვის და მეფობისათვის. დასაწყობელად საქმეთა და შინა აღრეულობათა კმარან რუსნი და ტრაქტატი მეფისა გიორგისა. ღვთის გულისათვის მოითმინეთ და სულგრძელებით და დამშვიდებით მოვილაპარაკოთ და დავაწყოთ საქმე საქვეყნო თვით დავით მემკვიდრისა სახლში“.
სარდალმან არ უსმინა ლიონიძესა, კაცსა მას მხოლოსა, რომელსაცა ესმოდა ყოველივე და რომელიცა ხედავდა შორს. ხმა მისი იყო ნამდვილი ხმა ღაღადებისა უდაბნოსა. ვერა რაისა მოქმედი მივიდა ლიონიძე დავითთან; ესაუბრა მას და ვითარცა მეგობარსა ურჩია მრავალი რაიმე. _ დავით, მერყევი ჰაზრითა და აღშფოთებული, არ ისმენდა სიტყვათა ბრძნისა თვისისა მეგობრისა. მან არა ინება მიეწოდა თვისთანა სარდალი და სხვანი პირნი საქვეყნონი; არცა აჩვენა ვითამც თავი თვისი სუსტად და მოკლებულად მეფობითისა ძალისა, ვითარცა ჯერეთ მემკვიდრე და მომლოდინე მეფობისა გვირგვინისა, ტრაქტატისა ძალითა რუსეთისა ხელმწიფესთან. „ამიერიდგან, _ იტყოდა დავით, _ ჩემი სახლი დახშულია სარდლისათვის და მისთა მეგობართათვის, ვითარცა ქვეყანისა მტერთათვის. მე გავხდი მას მელიქისა სარდლად და დავანახებ მას მალე, _ ვარ ანუ არა მეფე ნამდვილი?“ _ კათოლიკოსი ანტონი, დროსა ამას მიბრძანდა მეფი ძეს დავითთან და სთხოვა, რა სურს მას იმა დროისათვის, უკეთუ არღა იქმნება მამა მისი მეფე, უიმედო ცხოვრებისა? დავითმან პასუხ უგო მას: „თვით იცით ვინ ვარ და რა მეკუთვნის, მოვალეობა თქვენი გაქმნევინებსთ მას რაცა იქმნება საქმნელი. წინათ ვერა რას მოგახსენებ“. იოანემან ძმამან დავითისა მუნ დამსწრემან დაუმატა ესეცა: „როგორ უნდა წაერთვას მეფობა დავითსა, ჩემსა ძმასა, არ ვიცი? არ არის პირმშო მეფისა? როგორც მამა ჩემი გამეფდა, გამეფდება დავით შემდეგ მამისა თვისისა. _ საწყენი იქმნება ესე ანუ სასიამოვნო მრავალთათვის, საქმე ესე ესრეთ მოხდება. მეფისა გიორგისა შემდეგ არის დავით მეფე საქართველოისა“.
კათოლიკოსი იქცეოდა დროსაცა ამას და შემდეგცა ესრეთ, ვითარცა ეკიდებოდა მისსა ხარისხსა. ვერ სძლია ჰაზრი მისი ვერცა დედოფალმან დარეჯან, ე. ი. დედამან მისმან, ვერცა ზმათა და ვერცა სხვათა მეფისა გიორგისა წინააღმდეგთა. _ ესრეთ მტკიცედ და შეურყეველად იყო კათოლიკოსი, აღმასრულებელი მხოლოდ მოვალეობისა თვისისა კათოლიკოსობისა. _ (თავი CXLIV).
... (გიორგი მეფის გარდაცვალების შემდეგ _ ი. ხ.) ეკკლესია გალობდა პანაშვიდისა საგალობელთა. სასახლისა კარისკაცნი იგლოვდენ მეფესა; დედოფალი მარიამ და შვილნი სტიროდენ ობლობისა მწუხარებასა; რუსთა ჯარი დაიცვამდა ქალაქსა; ძმანი მეფისა, მტერნი მისნი, განბნეულნი სხვათა და სხვათა სამეფოისა კერძოთა, ეხაროდენ დროთა ცვლილებასა; დედოფალი დარეჯან მწუხარებდა არა ეგოდენ მეფისა გიორგისათვის, რაოდენ შვილთათვის თვისთა განბნეულთა და მისთვისცა უმეტეს, რომელ არა იცოდა რაი შეუდგებოდა ქვეყანასა რუსთაგან დაცულსა, მეფისა ძისა დავითისაგან, რუსთა იმედითა, დაპყრობილსა. დავით მემკვიდრე მეფისა, გარე ქალაქისა თვისსა სასახლესა, განიზრახვიდა მეფობასა და ელოდა მეფისა დასაფლავებასა. სარდალნი და თავნი კაცნი მეფობისა, დამთვრალნი ურჩებითა დავითისადმი მემკვიდრისა, უკეთესისა მომლოდნენი, მეფეთა არღა მოსურნენი, იყვნენ დუმილსა შინა. _ მღვიძარენი დაუკარგველობისათვის მეფობისა მეფის ძენი იოანე, ბაგრატ, თეიმურაზ და მიხაილ, სარდალი იოანე ყაფლანიშვილი, ალექსანდრე მაყაშვილი, იოანე ანდრონიკაშვილი, ეგნატი იოსელიანი, მეითარი თარხნიშვილი და მათ შორის უბრძნესი და ნათლად მხედველი მყოობადისა და მომავალისა სოლომონ ლიონიძე, _ დიდი მტერი და მოძულე ლაზარევისა, სთხოვდნენ და ევედრებოდენ დავითსა წარვიდეს მცხეთას და დაგვირგვინდეს მეფედ. დავითმან ესე არა ინება, ელოდა სამეფოთა ნიშანთა რუსეთიდამ, და მიიღო მოსვლადმდე ბრძანებისა, მხოლოდ წოდება ნაცვლად მეფისა, რ ე ღ ე ნ ტ ო ბ ი ს ა ანუ სამფოის გ ა ნ მ გ ი ს ა. შემდგომად სამისა დღისა მემკვიდრე დავით აშფოთდა იოანე სარდალზედ და მუხრანის-ბატონს კონსტანტინზედ, რომელთაცა უგვანად მოეხსენებინათ დავით საუბარსა შინა მეფობისათვის. მაშინ წარვიდა სოლომონ ლიონიძე და მოახსენა დავითს; „დასამშვიდებელად მეფობის და აღრეულობისა დასაცხრომელად, მიიღეთ ზომა მტკიცე. ჰქმენით რაცა არის საქმნელი. აჩვენეთ ძალა და ძლიერება თქვენი. გმართებსთ აწ გმირობა; დუმილი თქვენი და სისუსტე, რაცაღა აძლიერებს თქვენთა მეტოქეთა. დაეც ზარი და მეხი შიშისა მუხრანის-ბატონსა და სარდალსა, ეხლავ უბრძანე დაიფიცონ მორჩილებაზედ. ნუ ჰკარგავ მეფობასა და ნუ ღუპავ ქვეყანასა. ვინ არის მოცილე მეფობისა? რუსეთმან ადრევე აღგიარა მემკვიდრედ და პირმშოობითა გაქვს უფლება მიიღო კვერთხი მეფობისა“. _ ესრეთ მტერნი იდუმალ მოქმედებდენ; თვით ღენერალი ლაზარევი არა მეგობრად ხადილი, არ ურჩევდა რათა მიეღო წოდება მეფისა. ურჩება განდიდდებოდა; მოხელენი გაუქმდებოდნენ და თვით ზედა წარწერაცა ამილახვარისა ბეჭდისა: „მეფისა მტრისა ლახვარი, ვამტკიცებ ამილახვარი!“ _ შეიქმნა საცინელად. თვით მხლებელნი მისნი და მრჩეველნი სუსტდებოდნენ. ვითარცა მეხცემულნი, ვერასადა ჰპოობდენ კურნებასა. არცა ოქმთა ზედა და ბრძანებათა დავითისაგან ბეჭდილთა, არცა ეკკლესიასა შინა მოხსენების ადგილთა, არცა მოედანთა და არცა სახლსა შინა არღა ისმოდა ლექსი „მ ე ფ ე“. დაუშთა ესე წოდება გარდაცვალებულსა გიორგისა და ისტორიისა შემდეგთა დროთათვის საუწყებელად იგივე წოდება „მ ე ფ ი ს ა“ დამატებით „უ კ ა ნ ა ს კ ნ ე ლ ი ს ა“. . . . . . . . . . . . .
მტერნო, გიხაროდენ! იწყო გლოვისა ხმამან, ვაებამან მეფობისათვის. დაუშთა ღვთისა განგებასა, რათა კეთილად სცვალოს ბოროტი, ბნელი გარდააქციოს ნათლად, და წყლული ჰკურნოს!
რუსეთისა მეფეთა, მეფობისა მფარველთა ხვდა წილად, მოსცეს ღირსებითი მნიშვნელობა ქართველსა ერსა მორწმუნესა; და ესე იწყო დღიდგან გარდაცვალებისა „უ კ ა ნ ა ს კ ნ ე ლ ა დ“ წოდებულისა მეფისა გიორგი მეათცამეტისა და მომდინარეობს დიდებად, ერისა სიმრავლითა, სიმდიდრითა და სწავლითა, _ ვიდრე დღეინდელად დღედმდე. _ (თავი CXLVII).
მეფის ძე იულონ აღიარებდა თავსა თვისსა მეფედ შემდგომად ძმისა თვისისა გიორგისა. დარეჯან დედოფალი სიტყვითა და საქმითა და წერილითა რუსთა ღენერალთა თანა, მეცადინებდა მისსა დადგინებასა. ამისთვის მისწერა წერილნი ქალაქისა მელიქსა დარჩიას და ოთარ ამილახვარსა და კახეთსა, აღიარონ იგი მეფედ. ამასვე დროსა მოსწერაცა წერილი ბელოტიდამ, სადაცა სადგურებდა იგი, თვით ლაზარევსა. ლაზარევი ფრთხილი ჰყვედრიდა მას წერილითავე და სთხოვდა კათოლიკოსსა ანტონის აღუკრძალოს ქართლისა მღვდელთა მოხსენება მისი მეფედ. ამასვე დროსა 9 იანვარსა 1801 წელსა მისწერა წერილნი იულონსა, ვახტანგსა, მირიანს და ფარნაოზს მოვიდნენ თფილისს და მოისმინონ ბრძანება იმპერატორისა პავლესი დადგინებისა გამო მეფის ძისა დავითისა განმგედ საქართველოისა და არა მეფედ. გრამატა ესე მოიტანეს ს. პ.-ბურღით დესპანთა გიორგი ავალიშვილმან და ელიაზარ ფალავანდიშვილმან 8 იანვრსა. 14 იანვარსა წმინდისა ნინოს დღესასწაულის დღესა გამოცხადდა გრამატა ესე თფილისს და სცნესცა ყოველგან, გარნა არა მიიღეს არცა ბიძათა მისთა, და არცა დედოფალმან დარეჯან. „როდესაც დაიწერა გრამატა, მაშინ იმპერატორმან პავლე არ იცოდა გარდაცვალება მეფისა გიორგისაო _ იტყოდენ იგინი, _ და არცა იყო ცნობილი ჯერეთ ანდერძი განსვენებულისა ირაკლისა. მეფის ძენი იულონი, ვახტანგი, მირიან, ფარნოზ შეგროვდენ დუშეთს, აქედამ მივიდნენ მუხრანს და უნებდათ დაეგვირგვინებინათ მეფედ იულონ მცხეთას. ლაზარევმან, რჩვითა თვით მემკვიდრისა დავითისა, წარგზავნა მუნ 250 სალდათი. ამან დააბრკოლა განზრახვა მათი, ამისთვის წარვიდენ მარტყოფისა გზით კახეთსა და მუნით ბოდბესა. აქედამ მოუწოდებდენ ომარ-ხანსა და ლეკთა. მეფის ძე იოანე სდევდა მათ თვისისა და რუსისა ჯარითა. ლეკნი ვერ შეერთდნენ მათ და მეფის ძე ალექსანდრე, მაშფოთებელი ყაზახისა, ვეღარას ბედავდა. ესე იყო მიზეზი, რომელ მეფის ძენი იულონ და ძმანი მისნი წარვიდენ დუშეთისა გზით ქართლადვე და ამბოხებდნენ მუნ. მეფის ძემან დავით გამოსთხოვა ჯარი და აპირებდა თვით სლვასა და წარიყვანა ღენერალი ლაზარევიც დასამშვიდებელად ქართლისა და დასასჯელად მათ, რომელნიცა ღალატობდენ მას. მაშინ იულონ და ფარნაოზ გავიდენ 18 ფებერვალსა 1801 წელსა იმერეთსა და შეეხიზნენ სოლომონს.
გადასვლამან მათმან იმერეთად დაამშვიდა ქართლი მცირედ, მისცა დრო მეფის ძეთა მეფისა დასაფლავებისა, რომელიცა იქმნა 20 ფებერვალსა. მეფის ძე ალექსანდრე ჰგონებდა შეიწიოს მეფე სოლომონ სუსტი ძალითა, ანუ თურქნი, ანუ ლეკნი, ანუ სპარსთა ჯარი. ესე ყოველი დაშთა უნყოფოდ. ბრძანება დავითისა მრავლად განთესილი 15 იანვრიდამ ქართლსა და კახეთსა, დადგინებისა გამო მისისა განმგედ, აშინებდა მრავალთა, გარნა ვერ დაუმორჩილებდა დიდთა და მცირეთა. მომლოდინე თვით რეგალიისა სამეფოისა, არა ინებდა მეფედ წოდებასა და არცა აძლევდა ნებასა ღენერალი ლაზარევი მოსვლადმდე იმპერატორისა სურვილისა და განჩინებისა. ლაზარევი სძაგდა მეფის ძეს დავითს და თვით ლაზარევს არ უყვარდა დავითი, მოძულე მისი და მაყვედრებელი მრავლად უშვერთა რომელთამე საქმეთათვის.
დროთა ამათ მოიყვანეს მარტყოფით პყრობილი სიონის დეკანოზი იოანე ოსეშვილი, ერთგული მეფის ძისა ვახტანგისა და სტუქსეს დიდად, რომელ დაუტევა მოვალეობა თვისი და ლტოლვილი დუშეთს, ერეოდა ქვეყნისა ორგულობასა.
მრავალთა მეცადინებითა თვით დედოფლისა დარეჯანისა, გამოიყვანეს საპყრობილით დეკანოზი იოანე და იხილა თვით დედოფალმან. ამიერიდგან არღა იქმნებოდა დედოფალი დუმილითა. სწერდა ყოველგან წერილთა, მიუხედველდ, რუსთა ჯარისა, გაამეფონ იულონ ანუ ითხოვონ რუსთაგან დამტკიცება იულონისა მეფედ. ამას იტყოდა და სწერდა დაუცხრომელად.
დედოფალი განფიცხდა უმეტეს მაშინ, ოდესცა რუსთა ღენერალი არ აძლევდა ნებასა, რათა წარსულიყო თფილისით სოფლად შვილთა თვისთადმი და არცა უშვებდენ შვილთა მისთა დედისადმი ჯარით მომავალთა მისსა წასაყვანად. მხოლოდ მეფის ძე მირიან იყოფოდის მისთანა ოდესმე. სიტყვითა მისითა აშფოთდა კახეთი, გადვიდენ იულონისაკენ ბოდბელი იოანე და დიდნი თავადნი. ესენი ითხოვდენ რუსთა ღენერლისაგან იმპერატორისა უფლებისა ქვეშე მეფესა და მოსწერესცა წერილი, რათა უმეტეს 1000 წლისა ჰყოლიათ მეფე ბაგრატიონთა გვარისა, რომელთაცა მათთან ერთად იყვნენ ქვეყანისათვის თავდადებულნი, წმინდანი და მოწამენი და რათა არ მოეღოსთ მათ მეფე.
განმგემან მეფობისა, მიწერითა კათოლიკოსისადმი, ჩამოართვა მღვდელმთავრობა ამბროსი ნეკრესელსა და სტუქსა ნიკოლოოზ ხარჭაშნელი. მასვე დროსა შეიპყრეს და მისცეს პყრობილებას ოთარ ამილახვარი, ვითარცა მოურავი გორისა და ივანე ამილახვარი, არქიმანდრიტი ბარსანოფე ავალიშვილი, ნათლისმცემლის უდაბნოსა შინა მყოფი, ელევთერი მღვდელი, იოსებ ჭავჭავაძე და თვით დავით ალექსიშვილი, რექტორი თელავის სემინარიისა.
დესპანნი გიორგი ავალიშვილი და ელეაზარ ფალავანდიშვილი წარსულნი თფილისით 20 იანვარსა და 12 სხვანი, _ დაშთენ ქართველთა საუბრად და გამოცანად: „რაი უნდა შეუდგეს ქვეყანისა მდგომარეობასაო?“ _ მოლოდინი კახელთა და ქართლისა ითხოვდა მეფედ იულონსა ანდერძისამებრ ირაკლისა; განმგე დავით თვისსა სამეფოისა რეგალიასა, ვითარცა ადრევე აღსარებული მემკვიდრედ თვით რუსეთისაგან და თვით კნორრინგი და ლაზარევი (ცდილობდენ) დამშვიდებისათვის ქვეყანისა გუბერნიისა გახსნასა, ყოვლადობით რუსეთისა მმართველობისა დადგინებასა და სამეფოისა სახლისა წევრთა კაცთა და ქალთა გარდაყვანასა რუსეთად, _ დაწყნარებისათვის და განქარვებისათვისვე ამბოხისა ქართველთაგან.
ჰაზრი ესე დაბოლოებითი იყო რუსთა განმგეთა აქა და მასვე ჰაზრსა შეუდგნენ მრავალნიცა ქართველთაგანნი, მტერნი მეფისა სახლისა. _ (თავი CLII).
ესრეთსა მდგომარეობასა შინა მოსრული ქვეყანა ელოდდა პატრონსა. მეფის ძენი იულონ, ვახტანგ, მირიან, ალექსანდრე, იოანე და ბაგრატ დაიყვნენ: თვითოულსა ამათგანსა ჰყვანდნენ ოც-ოცნი დიდთა კაცთაგანნი მხლებელნი. ერთი წილი, განსრულთა ერთობისაგან, ერიდებოდა მორესა; ერთი მორესა ეწინააღმდეგებოდა; ერთი მეორესა ეცინოდა. ვიეთთამე უნებდათ მეფედ იულონ, ვითთამე დავით, ვიეთთამე სურდათ აღსრულებულიყო მეფისა ირაკლისა უგვანი ანდერძი დასაღუპავად ქვეყანისა შედგენილი. ანდერძითა ამით უნდა მისცემოდა მეფობა პირველად იულონსა, მერეთ ვახტანგსა, მერეთ მირიანსა, მერეთ ალექსანდრეს, მერეთ უკანასკნელს შვილსა ირაკლისსა ფარნაოზს. _ შემდეგ ამათსა უნდა გარდასულიყო გვირგვინი მეფობისა მეფისა გიორგისა შვილებზედ ე. ი. პირველად უნდა მისცემოდა მეფობა დავითს, მერეთ იოანეს, მერეთ ბაგრატს, მერეთ თეიმურაზს, მერეტთ მიხაილს და სხვათა. შემდგ ამათსა მეფობა უნდა გადასულიყო იულონის შვილზედ, მერეთ ვახტანგისა შვილზედ და სხვა.
იტყვიან, ანდერძი ესე შეადგინა ოსეფა ყორღანაშვილმანო და იყო თანახმა თვით დედოფალიცაო. დარეჯანს დედოფალსა მხოლოდ სურდა დასამშვიდებელად შფოთისა თვით ემეფა, ვითარცა იყო ოდესმე რუსეთსა იმპერატრიცა ეკატერინა მეორე.
მეფესა გიორგის სხვაცა აქვნდა ანდერძი მამისგან დაწერილი. ამა ანდერძითა ირღვეოდა ანდერძი, გამოცხადებული დარეჯან დედოფლისაგან. ესე იყო მიზეზი, რომელმანცა დაბადა შფოთი ძმათა შორის და გადაუყენა ერთგულობიდამ მრავალნი. ესრეთ, რომელ დიდისა მეცადინებითა მეფის ძემან თეიმურაზ დაუახლოვა მემკვიდრესა დავითს სიმამრი თვისი სარდალი ოთარ ამილახვრიშვილი. ესე ოთარ, ადრითვე ემდუროდა მეფის ძესა დავითს, რომელიცა იყო დანიშნული მისსა ქალზედ და არღა დაიწერა მასზედ ჯვარი. გარნა შემდეგ მისცა საპყრობილესაცა დროებით, სხვათა თანა, და ესრე იქმნა მიზეზად, რომელ მეფის ძე თეიმურაზ, სიძე ოთარისა, გაიქცა სპარსეთსა და ეახლა ყეენსა. _ (თავი CLIII).
უთანხმოებისა დროთა ამათ ქალაქი თფილისი ღელავდა. გაჩნდნენ მეამბოხენი, რომელთაცა ზოგთა სურდათ რუსნი, ზოგთა უნებდათ მემკვიდრე დავით, ზოგთა არცა იულონ და არცა სხვანი, ზოგთა უნებდათ იყვნეს აღრჩევით მეფე მიუხედავად პირმშოობისა; და ვიეთთამე დასაწყნარებელად შფოთისა სურდათ მეფედ დედოფალი დარეჯან.
იოანე სარდალი, განღვიძებული სხვათაგან და დამშვიდებული მეფის ძის იოანესაგან და ალექსანდრე მაყაშვილისაგან, მივიდა და წარსდგა დავით მემკვიდრესთან და მოახსენა: „ბატონიშვილო და ბიძავ! ნუ ჰკარგავ მეფობასა, მიბრძანე და გამოუცხადებ რუსისა აქა ჯარსა წარვიდეს რუსეთად და თუ არა იქმს რუსისა ღენერალი, ადვილია მისი აქდამ განდევნა. დავიცვათ მეფობა და განვამტკიცოთ მეფობითი სახელი ჩვენი. როგორც გვიმეფნია, ისვე ვიმეფოთ“. მეფის ძემან დავით, მიუთხრა ესე ამბავი ღენერალსა ლაზარევსა და კოვალენსკის. მათ დაიბარეს იოანე სარდალი და გამოჰკითხეს ესე. სარდალმან აღიარა, არა ბრალი თვისი, არამედ სიტყვა თვისი. „მე მოვახსენეო, _ იტყოდა სარდალი, _ დავითს ჩემი რჩევა დასაცველად მეფობისა, ნიშნად ერთგულობისა, ვითარცა ფიცით შეკრული მეფეთათვის ქართველთა. რადგანაც არა სურს მას დავითს მეფობა, როდესაც მივსცემ ფიცსა რუსეთისა იმპერატორსა, ვექმნები ერთგული და მოვკვდები მისთვის ერთგულობაშიო“. _ ესე იკმავეს ღენერალთა რუსეთისა. სარდალი იოანე ამიერიდგან უკუ-უდგა მემკვიდრესა დავითს. არღა გაერია არა რასამე საქმეში, არცა შევიდა იმა შეთქმულობაში, რომელიცა ჰქნეს თავადმან დუცალ ბარათაშვილმან და სხვათა. დასარღვეველად ესრეთისა შეთქმულობისა და სხვათა შფოთთა დასაწყნარებელად განეფინა საქართველოს მიწერილი ყველგან შემდეგი ეპისტოლე:
„ბატონნო საქართველოს თავადნო და აზნაურნო! თქვენი მუჯალობა გვებოძა და მართებული ესე იყო, რადგან მეფე გიორგი მიიცვალა, აქა შემოყრილიყავით და გეტირნათ, წაგეხურათ და მერე დიდნი დიდად შეყრილიყავით და მცირენი მცირედ და საზოგადო ქვეყნისა კეთილმდგომოობა გამოგერჩიათ. ამ ჟამად ზოგიერთნი სხვანი და როსტომ ბეგთაბეგიშვილი, ელიზბარ თუმანიშვილი და დუცალ (6) შეგიყრიათ და რესპუბლიკის თავად გაგიკეთებიათ. აბა სად მივიდეთ. ეს თქვენის კეთილშობილებისათვის დიდად აუგია და სათაკილო. თუმცაღა ჩვენ ქართველთა მეფე გვყოლია, მაგრამ ოდესმე საბერძნეთის ყმანი ვყოფილვართ და ოდესმე სპარსეთისა, და ახლა მეფე თეიმურაზმან, მეფე ერეკლემ და მეფე გიორგიმ ეს ქვეყანა რუსეთის ხელმწიფეს მისცა. დაგიჟინიათ მეფის ერეკლეს ანდერძზედ დავდგეთო. მეფე ერეკლემ დასტოვა თავისის ანდერძის დამარღვეველი ანდერძი, რომელიც მეფეს გიორგის მისცა, ის ანდერძი გარსევანმა წაიღო იმპერატორთან. მოიცადეთ, ნუ აჩქარებულხართ, ნურც თქვენს სოფლებს ახდენთ, და ნურც ჩვენი ბატონიშვილების ოჯახს აქცევთ და სისხლს უგდებთ ერთი ერთმანეთში. რაც იმპერატორის ნება და ბრძანება მოვა, თქვენც იმაზედ დასდექით, და ჩვენც იმის პირდაპირი, ხომ იცით, არავის შეუძლიან. და მერმე ერთი რამ რომ გარდამავალობა ვქმნათ და ძალით გვაქმნვინონ, სირცხვილი იქმნება საზოგადოებისათვის, ჩვენი რჩევა ეს არის და ახლა ნება თქვენია იანვრის ია (11) ქ(ორონიკონ)ს უპთ (489) (7).
(ბეჭედსმულია _ ვახტანგ, იოანე, ზაალ მორდალი, სოლომონ) _ (თავი CLIV).
მეფის ძე და მემკვიდრე დავით, ვითარცა რეგენტი ანუ განმგე საქართველოისა ელოდდა წერილთა თვისთა მიწერილთა იმპერატორისადმი პავლესა, პასუხთა. შესული, რეცა სრულსა განმგეობითსა ძალსა, იქმოდა სამართალსა, მიიღებდა მოჩივართა და უძღვიდა სამეფოსა. განრისხებულმან ვიეთთამე გვამთა ზედა ვითამცა ურჩთა, ბრძანა და მისცა საპყრობილესა სარდალი ოთარ ამილახვარი და სხვანიცა. ამათ შორის იყო თვით უუგონიერესი სოლომონ ლიონიძე. ესე თვით საპყრობილესა შინა არა დასცხრებოდა სიტყვითა და თქმითა გლოვითითა: „დავითმან დაღუპა ოჯახი მეფეთა, გამოსჭრა ყელი მეფობასა და დაამცირა ერი თვისი და თვით თავი თვისი“. დასადუმებელად მწარედ მოუბარისა ენისა ამის ურჩივეს მემკვიდრესა დავითს, მისცეს მას შემთხვევა ლტოლვისა საპყრობილიდამ. მაშინ მიუჩინეს იდუმალ კაცნი და აღუთქვეს გააპარონ იგი იმერეთსა. ეთანხმა სოლომონ ლიონიძე, გამოვიდა იდუმალ ციხიდამ და წარვიდა ქუთაისს და შეეხიზნა იმერეთისა მეფესა სოლომონს.
ვუწოდებ მას, პატიოსნებისა გამო მაღალისა დროთა ამათ, ფაბრიციოდ ქართველთა; და ვითარცა მტკიცე და შეურყეველი, იქმნა ნამდვილ ქართველთა ერისა ისტორიისა კატონად. _ (თავი CLVIII).
შეერთების რესკრიპტი
14 ფებერვალსა მოვიდა რუსეთით ორი რესკრიპტი იმპერატორისა პავლესი: ერთი ქართველთა სახელზედ და ერთი სახელსა ზედა დავით მემკვიდრისა, ესრეთ ქართულად თარგმნილი მასვე დღესა (8):
რ ე ს კ რ ი პ ტ ი 1
„წყალობითა ღვთისათა ჩვენ პავლე პირველი იმპერატორი და თვითმპყრობელი ყოვლისა როსსიისა და სხვათა.
ადრით დროთაგან საქართველოისა სამეფო შეჭირვებულიყო უცხო თესლთაგან, რომელთაცა მეზობლობით განელიათ ძალი დაუცხრომელითა ბრძოლითა საკუთარითა დამცველობისა თავისა თვისისათა და განმხილველნი განულტოლველობისა შედგომილებაი აქვნდათ უბედურად. ამასთანავე შეერთდა უთანხმოება სახლსა შინა სამეფოსა სამუქაროი სრულყოფად დაცემისა სამეფოისა და ამისდა იშვა ურთიერთარს შორის ბრძოლაი, მეფემან გიორგი ირაკლის ძემან იხილა მოახლოვება დასასრული ღვთისა (თუ: სიცოცხლისა? _ ი. ხ.) თვისისა. ჩინებულნი გვამნი და თვით ერი საქართველოისა მოლტოლვილი იქმნეს საფარველსა ქვეშე ჩვენსა და არა რაიმე განიხილეს განრინებისათვის თვისისა დაუსრულებელისაგან წარწყმედისა და დამორჩილებისადმი მტერთა თვისთა, ითხოვეს წარმოგზავნილთა მიერ ელჩთა სხვისა (თუ: სრულისა? _ ი. ხ.) ძალისა მქონებელთაგან (რუს. полномочные) უსაშვალოდ, მონებაი იმპერატორისა ყოვლისა რუსეთისა ტახტისა. ამისთვის ყურად-ვიღევით თხოვა მათი მებრ-თან-შობილისა მოწყალებისა ჩვენისა ერთმორწმუნეთა ერთა ზედა. და სამარადისოთა ზრუნვითა სარგებლობისათვის საქართველოსა ერთასა, განვსაზრეთ ჩვენ აღსრულება სურვილისა მეფისა გიორგისა ირაკლისა ძისა და ერისა თვისისა. და ამისთვის ვბრძანეთ რაოდენ დაპყრობისათვის შინაურისა დაწყნარებისა, ეგოდენ გარე მოზღუდვისათვის მისივე გარეგანთაგან დაცემათა და ვუბრძანეთ შეყვანება მხედრობისა ჩვენისა საპყრობელოსა (რუს. держава) საქართველოსა და ამით გამოუცხადებთ იმპერატორულისა ჩვენისა სიტყვითა ვითარმედ შეერთებისაზე სამეფოსა ქართლოსისა საუკუნოობითითა დროითა, მპყრობელობასა ქვეშე ჩვენსა. არა თუ ოდენ დატყვევებულ იქმნებიან (საყვარელ სიმრთელესა შინა დაცვისა ჩვენისასა კანონნი მათნი) საყვარელ სარწმუნოითა ახალნი ყმანი ჩვენნი სამეფო ქართლოსა და სამფლობელონი მისნი; არამედ წარმატებულება და საკუთრად სჯულიერი თითოეული შესაბამობა, რომლისაგანცა თვითოეულსა დროსა დანიშნულება შედგომილება ერისა სამფლობელოსაცა აქვს სარგებლობად ყოვლითა მით კანონითა, რომლითაცა რუსეთისა ძველნი ყმანი წყალობითა ჩვენითა წინაპართათა და ჩვენითა დატკბებოდნენ თავისუფლებითა და წამატებულებითა საფარველსა ქვეშე ჩვენსა. სხვებრ ვეგებით რწმუნებულნი, ვითარმედ ესე ახალნი ყმანი ჩვენნი და შემდგომნი ძენი მათნი დაცულ იქმნებიან შეურყეველითა დარწმუნებითა ჩვენთა და მოსაყდრეთა ჩვენთაგან და ვიმედოვნებთ, რომელ იქმნებიან მცდელ ერთგულებისა ჩვენისა და სარგებლობისა იმპერიისა ჩვენისა ყოვლისა უმაღლესისა განზრახვითა და მონარქიულისა კეთილმნებებელობისა ჩვენისა. გამოცხადდა სანკტპეტერბურღსა შინა წელსა 1801 იანვრის 18 დღესა. წელსა მეფობისა ჩვენისა 5 და დიდისა მაგისტრობისა ჩვენისა წელსა 3.
პ ა ვ ლ ე“.
რ ე ს კ რ ი პ ტ ი 2.
„უფალო ღენერალ-ლეიტენანტო, მეფის ძეო დავით! წერილნი თქვენნი ოცდა ოთხით და ოცდა რვით დეკემბრით ჩვენგან მიღებულ იქმნეს. თანა აძს უწყებად უგანათლებულესობასა თქვენსა თხოვა ნეტარხსენებულისა მამისა თქვენისა, დიდებულთა და ერთა საქართველოსათა ჩვენდამი გამოცხადებულისა მიღებისათვის სამეფოსა საქართველოსასა საუკუნოობითსა მონებასა შინა იმპერიისა ჩვენისასა, რომლისათვისცა გამოცხადებულ იქმნების ნება ჩვენი მდებარითა ამას უკვე წერილსა შინა გამოცხადებულითა მანიფესტითა, რომელნიცა თვის (სიც) ეყვიან პატივცემულსა გვამსა თქვენსა, წარმოგზავნილთა აქდგან სრულისა ძალისა მქონებელთა საქართველოსა დესპანთა ძალ-ედვათ უწყებად თქვენდა წინადადებულთათვის ჩვენთა, რომელთაცა შინა ჰპოებთ თქვენ საკუთარსა მტკიცედ დამტკიცებასა მზრუნველობისა ჩვენისასა თქვენდამი, ვით თქვენთვის, ეგრეთვე საზოგადოდ კეთილობისათვის საქართველოისა განკუთვნილთა მოწყალებითა, თქვენდამი კეთილმნებებელობითა.
პ ა ვ ლ ე“.
რესკრიპტი პავლესი წარიკითხეს სიონისა ეკკლესიასა შინა. შემდგომად წირვისა აღსრულებულისა არსენი თფილელისაგან. კათოლიკოსმან ანტონი აღასრულა პარაკლისი. მუნ დაესწრნენ მეფის ძენი: დავით, იოანე, ბაგრატ, მიხაილ და სარდალნი სამეფონი და მოხელენი. მასვე დროსა იმპერატორმან მოსწერა ღენერალსა კნორრინგსა, რათა სიმტკიცისათვის ერთგულობისა, წარგზავნოს ს. პ. ბ. ქართველთაგან დეპუტატნი, დასაფიცებელად მათისა მუნ. _ (თავი CLIX).
მეფის ძე დავით, დაშთომილი განმგედ საქართველოისა, ვითარცა მოადგილე იმპერატორისა, განაგრძელებდა მოქმედებასა ტვისსა დაწყობისათვის ქვეყანისა. მეფის ძენი (9) იოანე, ბაგრატ და მიხაილ წარვიდნენ რუსეთად და გზაზედ გიორგიევსკის სცნეს გარდაცვალება იმპერატორისა პავლესი 11 მარტსა 1801 წელსა. მოვიდა ამბავი ესე თფილისსა და შემოვიდაცა თფილისს დასაწყობელად საქმეთა და დასაცველად სამეფოისა საქართველოისა ღენერალი კარლე თეოდორეს ძე კნორრინგი 9 აპრილს, 1802 წელსა. ამან იხილა დიდი და დაუბოლოებელი აღრეულობა ქართველთა და მოახსენა იმპერატორს ალექსანდრე პირველსა მდგომარეობა ქვეყნისა. ალექსანდრე, მზრუნველი ქვეყნისათვის, ჰგონებდა რუსთა ჯარისა შემოსვლითა შფოთთა დაცხრომასა. კნორრინგმა კვალად მოახსნა დაუცხრომელობა ამბოხთა, უსურველობა ქართველთაგან თვისთა მეფის ძეთა და წადილი დიდთა და მცირედთა, რათა განცხადდეს საქართველოსა შინა ყოვლადი მმართველობა რუსეთისა. რუსთა დაადგინეს დავით და განხსნეს მმართველობა დროებითი, სადაცა ისხდნენ ღენერალ-მაიორი ლაზარევი და თავადნი: ზაალ ბარათოვი, იოანე ჩოლაყაევი, სულხან მდივანი თუმანოვი და ეგნატი მდივანი თუმანოვი.
მაშინ იმპერატორმან ალექსანდრემ გამოსცა მანიფესტი, რომლითაცა საუკუნოდ შეერთდა საქართველო რუსთა იმპერიასა. მანიფესტი ესე მაშინვე ითარგმნა ქართულად და დაიბეჭდაცა. აჰა თვით ნამდვილი რუსულად და ქართულადაცა თარგმნილი (მოგვყავს ქართული თარგმანი):
წ ყ ა ლ ო ბ ი თ ა ღ ვ თ ი ს ა თ ა ჩ ვ ე ნ
ალექსანდრე პირველი
ი მ პ ე რ ა ტ ო რ ი დ ა თ ვ ი თ მ პ ყ რ ო ბ ე ლ ი
ყ ო ვ ლ ი ს ა რ უ ს ე თ ი ს ა
და სხვათა, და სხვათა, და სხვათა.
განუცხადებთ ყოველთა საქართვლოისა სამეფოსა შინა მყოფთა ვისდამიცა სათანადო არს ცნობად მისთვის.
მფარველობა და უზენაესი ხელმწიფება რუსეთისა იმპერიისა სამეფოსა ზედა ქართველთასა, სდებენ მარადის ერთ მთავართა ზედა როსიელთასა, ვალსაცა ხელისა აპყრობისასა. ჩღჟვ (1796) წელსა პირისპირ ძლიერად დაცემისა თქვენზედა აღა-მაჰმად-ხანისა ღვთისადმი განსვენებულმან დიდმან ხელმწიფა იმპერატრიცა ეკატერინა ალექსეევნამ წარგზავნა ნაწილი მხედრობათა თვისთა. ესე ოდენი წარმატებაი, მაშინ არა თუ ოდენ განარინებდა საქართველოისა სამეფოსა, არამედ ბედნიერებითი დაპყრობა ყოველთა სამფლობელოთა და ერთა კიდურსა ზედა კასპიის ზღვისასა მდებარეთა ვიდრე მტკვრად და არეზადმდე, შემოგზღუდვიდენ თქვენ ყოველთა საშიშოთა გამო; დაშთებოდა ოდენ შინაგანითა კეთილ დაწესებითა დამყარება კეთილდღეობისა თქვენისა საუკუნოდ. გარნა მეყვსეულად მსწრაფლ მოწევნითმან გამოსვლამან რუსეთისა მხედრობისამან სპარსეთით, სომხითით და საზღვრით გამო თქვენით აღმოფხვრა სამართლიანი ლოდინი თქვენი. შემდგომად ყოველმან თქვენ მიერ მოთმენილმან განსაცდელმან, მოსვლამან სხვათა სარწმუნოებისა ერთამან, დაქცევამან ქალაქთა და შენობათა, და მონებამან და წარზიდვამან მამათა, დედათა, ცოლთა და შვილთა თქვენთა; უკანასკნელ უთანხმოებამან მეფისა სქესთამან (უფრო სწორად: საგვარეულოთამან, რუს. царской фамилии) და განყოფამან ერთა სხვათა და სხვათა მეფობისა ღირსებისა მეძიებელთა შორის მიგზიდნეს თქვენ ურთიერთისა საბრძოლველად. გარემოსნი თქვენნი წარმტაცნი ერნი იყვნენ მზა დაცემად სამეფოსა ზედა თქვენსა და დაუსჯელად განგლეჯად დაშთომილთა მისთა. შეერთებითა ყოვლისა მის ბოროტებისათა არა თუ ოდენ ერი, არამედ თითქმის სახელითა ქართლოსანთა (ე. ი. სახელიცა ქართველი ხალხისა, რუს. и имя народа грузинскпго) პირველივე გულოვნობითა დიდებული ყოველსა აზიასა შინა, აღიფხვრებოდაცა პირისაგან ქვეყანისა, მდგომელნი უფსკრულსა ამას შინა არა ერთგზის უწოდდით თქვენ მფარველობასა როსსიისასა. შესვლამან სპათა ჩვენთა და დაწყვლამან ომარ-ხან ავარიისა დააყენა წარწყმენდა თქვენნი. შეაძრწუნნა ყოველნი წარმტაცნი კავკასიის მთათა აღმავსებელნი, და იგინიცა რომელნიცა ჰკრეხენ (ე. ი. არბევენ, ძარცვავენ, რუს. раздирают) სამფლობელოსა სპარსეთისა და დიდისა სომხითისასა; დამყუდრდა შორის თქვენსა მიმგვრიობა (რუს. крамолы) და თქვენ ყოველთაცა ერთსულობითა და დღესასწაულობითა ღაღადჰყავით, რათა ხელმწიფება რუსეთისა გმართებდესთ თქვენ უსაშვალოდ. ჩვენ აღსრულთა ყოვლისა რუსეთისა საყდარსა ზედა ვჰპოეთ სამეფო საქართველოისა, შეერთებული რუსეთისადმი, რომლისათვისცა გამოცხადება იყო უკვე იანვრის იჱ (18) დღესა წელსა ჩყა (1801), საყოველთაოდ ცნობისა; მიმწთომან მდგომარობისა თქვენისა, და მხილველმან ვიღარმედ ღონიერება და ყოფნა რუსეთისა მხედრობათა საქართველოსა შინა იპყრობს მხოლოდ იგი დათხევასა ჩვენთა ერთსარწმუნოთასა სისხლსა და ნამდვილსა წაწყმედასა განმზადებულსა თქვენთვის სხვათა ნათესავთა მესაზღვრეთა თქვენთა ერთაგან, _ და ვისურვეთ ჩვენ გამოცდა, ვალად არს შეძლება აღდგინებად პირველისა მმართებელობისა მფარველობასა ქვეშე ჩვენსა და მით დაცვად თქვენდა უშიშრებასა და განსვენებასა შინა. _ გარნა უახლოესმან გამოძიებამან ამისმან მიგვიზიდნეს ჩვენ, ვითარმედ პირად პირადი ნაწილი საქართველოს ერისა, თანასწორ უძვირფასესი ჩვენთვის კაცობრიობისა ძლით, იშიშვის სამართლად დევნულებისა და ნაცვალგებისა მის, რომელიცა მეძიებელი მეფობისა ღირსებისა შეიძლებდაცა მიწდომასა ხელმწიფებისა მისისასა; ვინაიდგან პირისპირ ყოველთა მათ უფროსმან ნაწილმან ერთაგან ესოდენ ცხად-ჰყო თავი თვისი; მხოლო მან ეჭვმან და შიშმან შესადგომელთა ამათ ჰშვა განუსვენებელობა, და უცილობელად იქმნებოდაცა წყაროდ ურთიერთისა შორის სისხლთ მთხეველობისა; გარდა ამისა მმართებლობამანცა მეფობასა შინა მეფის ირაკლისასა, რომელმანცა სულითა და ღირსებითა თვისითა შეაერთა ყოველი ხელმწიფებასა ქვეშე თვისსა, ვერ ხელიეწიფა (sic) დამტკიცება ვერცა გარეგანისა და ვერცა შინაგანისა უშიშროებისა. პირისპირ ესოდენ გზის მიგზიდნათ თქვენ ფსკერსა შინა ბოროტებისასა, რომლისა კიდურსა ზედაცა დღეს სდგეხართ თქვენ, და რომელსა შინა ყოველთა გამოხატვათამებრ გშვენისთ თქვენ შთაცვივნა, უკეთუ ძლიერი ხელი მართლისა ხელმწიფებისა არა შეგიპყრობსთ თქვენ დაცემისა ამისაგან. ძალმან გარემოებათა ამათ, ზოგად ამის ძლით გრძნობამან თქვენმან, და ხმამან საქართველოისა ერისამან, მოგვიზიდნეს ჩვენ, არა დაუტეოთ და არა მივსცეთ მსხვერპლად განსაცდელისა ენა ერთმორწმუნეთა, მომცემელთა ხვედრისა თვისისა დიდ სულისა რუსთისა საფარველისადმი. განღვიძებული იმედი თქვენი არა იქმნების მოტყუებული ამ გზის. არა აღორძინებისათვის ძალთა, არა ნივთათათვის, არა განვრცელებისათვის საზღვართა, და ესრეთცა უკვე ვრცელისა ქვეყანასა ზედა იმპერიასა შინა, მივიღებთ ჩვენთვის ზედა ტვირთსა საქართველოს სამეფოსა მართებელობისასა. მხოლოდ პატივი და კაცობრიობა სდებენ ჩვენზედა საღმრთოსა ვალსა. მსმენმან ვნებულთა ვედრებისა განსადევნელად შეჭირვებათა მათთა დავაწესო საქართველოსა შინა მმართებლობა, რომელსაცა ეძლოსცა დამყარება მართლმსაჯულებისა, ნივთისა და საქონლისა უშიშროებისა (ე. ი. პირადი და ქონებრივი უსაფრთხოებისა, რუს. личную и имущественную безопасность), და მიცემად თვითოეულისა დაცვა სჯულისა (ე. ი. კანონისა, რუს. закона). ხოლო ამისათვის გამომრჩეველმან ჩვენისა ღენერალ-ლეიტენანტისა კნორრინღისა, რათა იყოს უპირატეს მმართებელად თქვენ შორის, მივეცით ჩვენ მას სრული მოძღვრება გამოაცხადოს მმართებლობა ესე საკუთრად სახელითა ჩვენითა და მოიყვანოს ძალსა და მოქმედებასა შინა ჩვენ მიერ დათხზული განწესებაი, რომლისა სრული საყოფელადცა უზიარებთ (ე. ი. რომლისა აღსრულებისთვისცა თანავაზიარებთ, რუს. к исполнению коего приобщая) თქვენ მიერ ღირსებათა და საზოგადოდ ნდობათამებრ გამორჩეულთა, ვსასოებთ, ვითარმედ თქვენ მორწმუნენი მმართებლობისა ამის უეჭველად სიგრილისა ქვეშე მის დასაბამსავე მოიპოვებთ განსვენებასა და უშიშროებასა და შემდგომად, კეთილდღეობასა და უხვებასა.
ყოველნი ხარკნი თქვენისა ქვეყანისანი, ვუბრძანებთ ჩვენ, რათა მიაქციონ სასარგებლოდ თქვენდა და რაიცა სახარჯოდ მმართებლობისა დარჩების აღსადგინებელად დაქცეულთა ქალაქთა და შენობათა. თვითოეული დარჩების უპირატესობათა თანამდგომარეობისა თვისისათა, თავისუფლად და შეუხებელად სარწმუნოებისა და საკუთრისა თვისისა თან. მეფის ძენი დასცვენ (უფრო სწორად: შეინარჩუნებენ, რუს. сохранят) მამულთა თვისთა, გარდა განშორვებულთა, და განშორვებულთა მათ მიეცემისთ მამულთა თვისთა გამოსავალი ყოველ წლივ თეთრად, სადაცა იქმნებიან იგინი, ოდენცა სცვიდენ ვალსა ფიცისასა. _ ნაცვლად დიდსულობითთა ზრუნვათა ამათ ჩვენთვის, ვითხოვთ ჩვენ თქვენგან, რათამცა თქვენ დამტკიცებისათვის თქვენზედ დაწესებულისა ხელმწიფებისა ჰყოთ ფიცი ერთგულებასა ზედა, ამასთანა მდებარისა სახისამებრ. სამღვდელოთა ვითარცა მწყემსთა სულისა თანა პირველად შვენისთ მიცემა მაგალითისა.
უკანასკნელ, რათა სცნათ თქვენ ფასი კეთილად მმართებლობისა, რათა დაეშენოს შორის თქვენსა მშვიდობა, მართლმსაჯულება, რწმუნება, ვითარცა ნივთთა, ესრეთვე საქონლისაცა (ე. ი. პირადი და ქონებრივი), რათა მოისპოს თვითმმართებლობაი (უფრო სწორად: თვითნებობაი, რუს. самоуправство) და მხეცებრივი უთანხმოება, რათა იქცეოდეს თვითოეული უმჯობესთა სარგებელთა თვისთა და საზოგადოებისადმი თავისუფლად დაუბრკოლებელად, შრომის მოყვარებდეს მიწისა მუშაკობასა, განზრახვათა (უფრო სწორად: რეწვათა, მრეწველობათა, რუს. в промыслах), ვაჭრობათა და ხელთსაქმეთა შინა, საგრილსა ქვეშე სჯულთა (ე. ი. კანონთა, რუს. законов) ყოველთა თანასწორ მფარველთასა. ნაშთი და კეთილდღეობა თქვენი იქმნების მხოლოდ ჯილდოდ ჩვენთვის. მიეცა საყდროსანსა ქალაქსა მოსკოვს სეკდემბრის იბ (12) დღესა ჩყა (1801) წელსა.
ნამდვილზედ ქვემო წერილ არს, საკუთარითა ხელითა მათისა იმპერატორების დიდებულებისათა ესრეთ:
ა ლ ე ქ ს ა ნ დ რ ე“.
(ადგილი ბეჭდისა) _ (თავი СLX).
მანიფესტისა ამის გამოცემისა დროსა, დაესწრნენ მოსკოვსა დესპანნი, მეფის გიორგისავე გაგზვნილნი გიორგი ავალიშვილი და ელიაზარ ფალავანდიშვილი. მუნვე იყვნენ 12 დეპუტატად ქართველთაგან მისრულნი თავადნი და აზნაურნი გიორგი თუმანიშვილი (10), გიორგი ერისთვიშვილი (11), გლახა ვაჩნაძე, ოთარ ქობულიშვილი, აბესალომ ბებუთოვი, გაბრიილ რატიშვილი, რომელიცა ახლდა იოანე მეფის ძეს, იაია ავალიშვილი, ძმა გიორგი ავალიშვილისა, იოანე მაღალოვი; პავლე წინამძღვრიშვილი, დავით ზანდუკელი, გიორგი ოქრომჭედლიშვილი, ნიკოლოოზ ონიკოვი.
ამათგან ორთა გიორგი ავალიშვილმან და ელიზარ ფალავანდიშვილმან იმპერატორისა ბრძანებითა წარმოიღეს საქართველოდ მანიფესტი ესე, რათა მიართონ მემკვიდრესა დავითს I საცნობელად ქართველთა. _ (თავი СLXI).
მასვე დროსა კნორრინგმან, განმგემან საქართველოისა გამოსცა ქართულად დაბეჭდილი თფილისს თვისი გამოცხადება ქართველთადმი შემდეგი:
„მისის იმპერატორებითისა დიდებულებისა თვითმპყრობელისა ყოვლისა როსიისა ღენერალ-ლიტენანტი, კავკასიისა ინსპექციისა ინსპექტორი, უპირატეს მმართებელი საქარველოისა, ასტრახანისა მხედრობითა ღუბერნატორი, მემთავრე ასტრახანისა ღუბერნიასა შინა საქმეთაცა სამოქალაქოთა, კაზანის მუშკეტერის პოლკისა შეფი და ორდენთა: წმინდისა ალექსანდრე ნეველისა, წმინდისა ანნასი პირველი ხარისხისა, სამხედროსა წმინდისა დიდისა მოწამისა და ძლევამოსილისა გიორგისა მეოთხისა ხრისხისა, და მპყრობელობითისა წმინდისა იოანე იერუსალიმელისა უფროსისა ჯვარისა კავალერი.
განვუცხადებ ყოველთა საზოგადოდ ქართლსა და კახეთსა შინა მცხოვრებთა:
ვიწყევ რა აღსრულებად მოყვანება უმაღლესისა ნებისა მისისა დიდებულებისა ყოვლისა როსიისა იმპერატორისა, მაქვს მე ვალი და შეკრულება, რათა განვაწესო კვლავ ჟამადმდე თფილისსა შინა უზენაესი საქართველოისა მმართებლობა ჩემსა ქვეშე პირველ მჯდომარეობასა; ხოლო ქალაქთა შინა და მაზრათა, ვითარცა სასამართლო და განმგებლობა, ეგრეთვე კეთილწესობაცა, რომლისა გამო, განმცემი ან საყოველთაო უწყებად განწესებისა შინაგანისა საქრთველოისა მმართებლობისა, რომელიცა დამტკიცებულ არს საღმრთოთა ნებითა ხელმწიფისა იმპერატორისათა, შეკრულ ვარ მე, რათა შევზღუდო სამფლობელონი ესე გარეშეთა დაცემათა გამო, დავიცვა მცხოვრებელნი მათნი უშიშროებასა სინა თვით თავისა მათისა და ქონებისაცა, და მივაწიო ყოველთადმი დაფარვა, რწმუნება და განსვენება მმართებელობითა მღვიძარითა და ძლიერითა, მარადის განმზადებულითა, რათა მისცეს მართლმსაჯულება დაჩაგრულსა, შემწე ექმნას არა ბრალულებასა, და სამაგალითოდ ბოროტთა დასაჯოს კანონთ გარდამავალი. ამისთვის უკვე ნუ ვინმე იკადნიეროსმცა თავ-ნებად და მძლავრებით კმაყოფილება საძიებელისა თვისისა, არამედ თვითოეულმან წარადგინოს საჩივარი თვისი განწესებულთა მისთვის ადგილსა შინა, მსასოებელმან უეჭველად, რომელ მიიღებს მსწრაფლსა და პირ-მიუფერებელსა სამართალსა. მოგონებანი განსაცდელთა მათ, რომელნიცა განზავებულ იყვნენ საქართველოისა შინა, წარმოადგენენ სარწმუნოსა ყოველთა მისთა მცხოვრებელთათვის თავდებობასა, რომელ იგინი სავსითა სასოებითა აღიარებენ ხელმწიფებასა განმზადებულისა მფარველობისასა, რომელიცა განსდევნის მათგან უფსკრულისა ბოროტებისა მათდა გარერტყმულსა და ყოველთა მათთა საზღვართა ზედა განაპყრობს დაფარვასა მშვიდობისა და უშიშროებისასა, რომელ მიჩნევა საკუთრისა კეთილდღეობისა თვისისა აღსძრავს გულთა მათთა საუკუნოსადმი მადლობის ჩემისა და შევრდომილებისა, და რომელ სრულიადითა მორჩილებითა განამართლებენ იგინი ზრუნვათა ნებისა კეთილმდგომარეობისა მათისა დამამყარებელისათა. მოყვარენი მშვიდობისა და კაცობრივობისანი იძულებულ იქმნან, რომელ მოხალისობა და შრომანი და არა მანქანებანი; უხვება მცხოვრებელთა, და არა სიგლახავე მათი; მტკიცე და შეურყეველი სასოება სახიერებისადმი უფლისა, და არა სასოწარკვეთილება; უკანასკნელ არა მზაკვრობა, სისხლისა თხევა, სულელობა, უწყალოება და არცა სიგლისპე; არამედ წრფელ სულიერობა, კაცთმოყვარება და შებრალება, ქველის მოქმედებანი, რომელთაცამებრ შვენის ქრისტიანესა ჩინებულ ყოფა, არიან წყაროდ ერთა განსვენებისა და კეთილდღეობისა. მიცემულ არს თფილისსა მაისის ზ (7) დღესა, ჩყბ (1802) წელსა.
მოწერილ არს: კ ნ ო რ რ ი ნ გ ი“. _ (თავი СLXII).
4000 ეგზმპლარი გამოცხადებისა ამის და ესოდენივე რიცხვი იმპერტორისა მანიფესტისა მხოლოდ ქართულად დაბეჭდილი თფილისს მეფის გიორგისაგანვე გამართულსა სტამბაში, _ განეფინა და განითესა ქართლ-კახეთისა ადგილთა.
სცნეს ესე დიდთა და მცირეთა, მოხარულთა და არა მოხარულთა დროთა ცვლილებისა. სცნო ყაენმან და ფათალიშაჰმან და სულთანმან თურქთა სელიმმან, ხანთა და ფაშათა მეზობელთა. მეფე იმრეთისა სოლომონ შედგა და შესწუხდა: იწყო გამაგრება სამზღვართა თვისთა და დაკავშირება თურქთა ფაშებთა თანა მესამზღვრეთა. დაღესტანი შეძრწუნდა რუსთა მეზობლობითა.
მეფის ძენი იულონ და ფარნაოზ, მოძულენი ძმისწულისა თვისისა დავითისა, იყვნენ ქართლსა და განიზრახვიდენ რუსთა მთავრობის ურჩებასა. ვერა-რაის მქმნელნი, ვერცა იმერთა მეფისა შეწევნითა, რომელსაცა შეეხიზნენ ცოლ-შვილითა, და ვერცა ერთა აშფოთებითა, _ მოეცნენ რუსთა და წარვიდენ რუსეთად 1805 წელსა და აღსრულდენ ს. პ. ბ. იულონ 23 აგვისტოს 1816 წელსა და ფარნაოზ ახლოს 1844 წელსა.
მეფის ძე ალექსანდრე გაქცეული მეფისავე დროსა სპარსეთად, დაშთა მუნ; ვითარცა მითრიდატე ქართველთა ისტორიისა _ სიძულვილითა რუსთა მთავრობისა და დაუძინებელითა მათდამი მტერობითა, აღსრულდა თავრიზის ახლოს 1844 წელსა.
დედოფალი დარეჯან გარდავიდა 1804 წელსა რუსთსა და, მიღებული პატივითა იმპერატრიცასაგან, გარდაიცვალა ს. პ. ბ. 1807 წელსა და დასაფლავდა ალექსანდრე ნეველის მონასტრისა ხარებისა ეკკლესიასა, თვით საფლავსა მას, რომელიცა იყო უქმი და ცარიელი შემდგომად გარდასვენებისა მუნით იმპერატორთა საძვალესა გვამისა იმპერატორისა პეტრე მესამისა იმპერატორისა პავლესაგან 1796 წელსა. _ (თავი СLXIII).
აღსრულებად ესრეთისა მანიფესტისა, განმგემან საქართველოისა კნორრინგმან, შეჰყარა თავადნი და აზნაურნი ქართლისა და კახეთისა ქ. თფილისს და გამოუცხადა მათ ნება იმპერატორისა. სიონისა საკათედროსა ეკკლესიასა შინა კათოლიკოსმან ანტონი წარაკითხა ქართულად არქიმანდრიტსა თვისსა ტრიფილეს. შემდგომად წარკითხვისა დასდვეს საწიგნე და მასზედა დაბეჭდილი პეტერბურღსავე რუსულად და ქართულად ფიცითი აღთქმა შემდეგი:
ფიცითი აღთქმა
მე ქვემო სახელდებული აღვსთქვავ და ვფუცავ ყოვლისა შემძლებელითა ღვთითა წინაშე წმიდისა სახარებისა მისისა მას შინა, ვითარმედ მნებავს და თანამაძს მათის იმპერატორების დიდებულებისა ალექსანდრე პავლოვიჩისა თვითმპყრობელისა ყოვლისა რუსეთისა და მათის იმპერატორების დიდებულების ყოვლისა რუსეთის საყდრისა მემკვიდრისა, რომელიც იქმნების დანიშნულ, ერთგულად და პირუთვნელად ვმსახურო და დავემორჩილო ყოველსა შინა უმაღლესსა ნებასა მისსა, არა დავზოგო ცხოვრება თვისი ვიდრე უკანასკნელ წვეთად სისხლისა. ყოვლი მოცმული და შემდგომად მოსაცემელი მათის დიდებულების დადგინებულისა ხელმწიფისაგან სჯულის დება ანუ განწესებაი მივიღო სათანადოითა მორჩილებითა, და მათცა უკიდურესისა გულისხმისყოფისა, ძალისა და შესაძლებლობისამებრ გავუფრთხილდე და მივაქციო; აღდგინებულისა მათის იმპერატორების დიდებულებისაგან მამულსა შინა ჩემსა განსვენება და მყუდროება უკიდურესისა შეძლებისამებრ ჩემისა დავიცვა და არავითარი მიწერ-მოწერა ამღვრეველთადმი ჩემისა მამულისათა სწორედ ანუ საშუავლით, საიდუმლოდ ანუ ცხადად არა თუ ოდენ საქმით, არამედ მხილებითცა ანუ სხვითა რაითამე მოქმედებითა და განზრახვითა არა ვიქონიო. ხოლო ვნებასაცა მათის დიდებულების სარგებლისა, ანუ საზოგადოსა შესამატისასა, ვითარცა ვსცნობ რა, არა თუ ოდენ ცხად ვჰყოფ აღმსთობითვე, არამედ ყოვლითა ზომითა გარე ვაქცევ და არა მიუშვებ და ესე ვითარითა ხატითა მოვაქცევ თავსა, ვითარცა სარწმუნოსა მათის იმპერატორების დიდებულების ჩემზედა დადგინებულისა ხელმწიფებისადმი და მშვიდისა მოქალაქისა კეთილშესაბამ და თანამდებ არს, და ვითარცა ჯერმიჩნს მე წინაშე ღვთისა და საშინელისა მსჯავრისა მისისა მარადის მას შინა სიტყვის გება, რომელსა შინაცა მწე მეყოს მე უფალი ღმერთი სულიერად და ხორციელად. დასამტკიცებელადცა ფიცისა ამის ჩემისა ამბორსუყოფ სიტყვასა და ჯვარსა მაცხოვრისა ჩემისასა. ამინ.
ფიცითსა აღთქმისა ფურცელზედ მოაწერეს ხელი კათოლიკოსმან ანტონი, მთავარეპისკოპოსმან იუსტინე, თფილელმან არსენი, ბოდბელმან იოანე, რუსთვლმან სტეფანე, წილკნელმან გერვასი, ნეკრესელმან ამბროსი, ნიქოზელმან ათანასი, წინმძღვარმან ნათლისმცემელისა ევთიმემან და სხვათა სამღვდელოთა. მათ შეუდგნენ მუხრანის-ბატონი კონსტანტინე, სარდალი იოანე ორბელიანი, მორდალი ზაალ ბარათაშვილი, აბელ ჩოლოყაშვილი, ალექსანდრე მაყაშვილი, სვიმონ და იოანე ანდრონიკაშვილები, გიორგი ავალიშვილი, ელიაზარ ფალავანდიშვილი და სხვა.
კნორრინგი თვით დაესწრო მუნ და ღენერალნი რუსთა ჯარისა ლაზარევი, გულიაკოვი, კარიაგინი და კოვალენსკიცა ადრითვე ელჩად რუსეთისა ყოფილი თფილისს მეფისა კარზედ. 10000 რუსეთისა ჯარი იდგა და იცვევდა საქართველოსა.
1803 წელსა, აპრილის 18 წარიყვანეს რუსეთსა დედოფალი მარიამ, მეუღლე მეფისა გიორგისა მოკვლისა გამო ღენერალისა ლაზარევისა. თანა ჰყვნენ მას შვილნი: ჯიბრაილ, ილია, ოქროპირ, ირაკლი და ქალნი ანნა და თამარ. თვით დედოფალი ვითარცა პყრობილი, დააბინავეს კურსკისა გუბერნიისა ბელგოროდისა დედათა მონასტერსში, სადაცა დაჰყო 1811 წლადმდე. მერეთ მივიდა მოსკოვს, გარდაიცვალა 30 მარტსა, 1850 წელსა. მოასვენეს გვამი მისი საქართველოს და დაასაფლავეს მცხეთას.
მეფის ძე თეიმურაზ წავიდა სპარსეთსა და ეახლა ყაენსა. მოიქცა მუნით და წარვიდა რუსეთად 1810 და მუნ გარდაიცვალა 25 ოკდომბერსა 1846 წელსა.
თვით მეფის ძე და მემკვიდრე დავით და ბიძა მისი ვახტანგ წარვიდნენ რუსეთად 18 თებერვალსა 1803 წელსა. მისრულთა მცხეთას, მოეგებნენ შიომღვიმისა ბერნი და მათ უბოძა თოფი თვისი „გველტუჩა“, რათა დასდვან უდაბნოსა და გაემგზავრა. ვახტანგ გარდაიცვალა ს. პ.-ბურღს 23 ოკდომბერს 1814 წელსა, ხოლო თვით დავით ს. პ. ბ. 50 წლისა, 13 მაისს, 1819 წელსა. _ (თავი СLXIV).
1803 ანგლიისა სასახლეში პეტერღოფს შეყრილნი მეფის ძენი და მეფეთა ასულნი მიუთხრობდენ სადამე წარსულთა დროთა შემთხვევათა. მუნ იყო დროსა ამას სიმამრი მეფისა გიორგისა გიორგი ციციშვილი (ხათა გოგიად წოდებული), და ოდეს იტყოდენ ამბოხისა და მეფობისა დაცემისა მიზეზთა, მაშინ ვიეთნიმე ბრალსა დიდსა მიაწერდნენ ფარნაოზსაცა მეფის ძესა, ძმათა შორის უმცროსსა, რომელიცა ეძებდავე ტახტსა და მეფობასა საუბედუროდ ქვეყანისა. მაშინ გიორგი ციციშვილი იტყოდა: „რას ჩააცივდით თქვენ კურთხეულს ფარნაოზსა? რას ბრალს სდებთ მას? ფარნაოზი იტყოდა ამას: „მამისა ჩემისა ანდერძითა, ხომ უნდა ვიმეფოო ოდესმე, _ მე ჩემი წილი ეხლა მინდა ვიმეფოო!“ _ ესრეთ სიცილითა მოიგონებდენ საქმეთა წარსულთა ქართველნი და მხიარულებითა განაზავებდენ მეფობისა ღირსებათა თვისთა და პატივისა დაკარგვისა სიმწარესა! _ (დასასრული თავისა XXXVI).
მოთხრობასა ზემორესა დაუმატა მეფის ძემან თეიმურაზმან შემდეგი: „როდესაც მე თვით შემდგომად მამისა გარდაცვალებისა წარვედი სპარსეთსა, მაშინ მეფის ძე ალექსანდრე დიდად მყვედრიდა მამისა ჩემისა ესრეთსა მოქცევასა წერილთა შინა მისგან მოწერილთა. მოიხსენებდა მეფესა უშვერად და უკადრისად და სწყევიდა მას. სიტყვანი ესე მოსწყვლიდნენ ჩემსა გულსაო და მაშინ ვსცან მტერობა მისი მამისა ჩემისა სახლისათვის და ბოროტი განზრახვა მისი ძმათათვის ჩემთა. _ შემძაგდა მეფის ძე ალექსანდრე და ვნახე თვით სპარსელთა ქცევა, ბილწი ჰაზრი მათი უსაფუძვლო განმგებლობისათვის და საომრად. ვსცან იგინი არა რაისა მცოდნენი, ყაენისაგან დაშორებულნი, ვერგამბედავნი სიტყვისა თვისისა მეფესთან და სწორისაცა სასარგებლოისა ჰაზრისა არ გამომთქმელნი. დიდად მიკვირდა მდგომარეობა ირანისა, და მეფეთა კარისა, და მოვიხსენიებდი პაპისა ჩემისა კარსა და თვით მამისა ჩემისა, ყოვლად მეფურისა, დიდებულისა, განცხრობითისა, მხიარულებითისა, სამართლიერისა და კარღია ტახტისა მდიდართა, მოკლებულთა, სნეულთა, მშიერთა, ობოლთა, ქვრივთა და პყრობილთათვის. ეხლაც ვეკვირვი, მიხდვით სპარსეთისა და სხვათაცა ევროპიისა მეფეთა, ჩემგან ნახულთა რეინის პირამდინ, მამისა ჩემისა სიმაღლესა და ბრწყინვალებასა; ეხლაც ვხედავ, რომელ ქრისტიანობა არის სამკაული მეფეთა და მასზედა დაფუძნებული მეფობა და განმგეობა ქვეყანისა არის საჩინო, ტკბილი, სამართლიერი და უცთომელი. _ „აი, ჩემო პლატონ, _ მიბრძანებდა მეფის ძე, _ რითაც იყო დიდი კარი მამისა ჩემისა, _ იყო ქრისტეს მოყვარე ყოვლად და ამისთვის იყო მეფე პირველი, თუმცა მტერთაგან გარეულთა და შინაურთა შეიწრებული“. _ (თავი СXVI).
არიან განკვირვებასა, რად დასუსტდა მორწმუნეობა ეს რუსეთისა მართლმადიდებელთა შორის და რად მოედვა სენი ესე ქართველთა ყრმათა. გონებისა განკვირვებასა მათსა ვეცინი. ნუუმე ვერ ხედვენ მიზეზსა? მთავრობა რუსეთისა აღირჩევს ზედამხედველად და მასწავლებელად მართლმადიდებელთა სასწავლოთათვის კაცთა არა მართლმადიდებელისა სარწმუნობისა, მერყევთა ქრისტიანობასა ზედა, არცა ღიზოთა, არცა შატობრიანთა, რომელნიცა ფილოსოფიითა არა ქრისტიანობენ ანუ ქრისტიანობითა არა ფილოსოფოსობენ, და გონებისა მაღლისა მოარულობითა ისტორიათა შინა მსოფლიოთა და ეკკლესიისა დაწვრილებითა პირუთვნელებითა ძიებითა არა ხედვენ სარწმუნოებისა ნათელსა. _ ესენი და მათთაგან არზრდილნი ყრმანი, წარმკითხველნი ბუნებითის ისტორიისა, ჰგონებენ საღმრთოისა წერილსა არა რაობასა. არა ჰყავსთ ჩამგონებელნი და მთქმელნი, რომელ მეცნიერებისა ნამდვილ თვალითა მხედველთა არა რაი უთქვამსთ (კუვიესა, სტეფენსა და ესე ვითართა) წინააღმდეგი არცა მოსეს წერილთა ზედა და არცა სახარებისა მცნებათა და დოღმატთა ზედა. ვასილი დიდი და ორიგენი და გრიგორი ნაზიანზელი და სხვანიცა ღრმად იყვნენ მცოდნენი ბუნებისა დროთა მიხედვით. მეცა ვარ წარმკითხველი ახალთა წერილთა ბუნებისა და ვერ ვჰპოვე რაიმე ჰაზრი ყოვლადი და მტკიცე, დამარღვეველი სახარებისა. _ რენანიო? იტყვიან. ესე რენანი დიდად სუსტი მტერია ქრისტესი. _ სხვანი ნემეცთა მწერალნი, ვითარცა შლეიერმახერი (12) და შედგომილნი მისნი, უმეტეს ღირსნი არიან ყურადღებისა. გარნა გონიერად და აუჩქარებელად გამომეძიებელი წერილთა მათთა შესწუხდება, რად სთქვა ესე და ესეო.
გარნა ესე ყოველი სათნო და არა სათნო გონებისა და მეცნიერებისა ღვთისა შემოქმედისა და ღვთისა სოფლისა მხსნელისა საჭიროა სიმტკიცისათვის თვით სარწმუნოებისა. უფრორე ნათლად განბრწყინდბა ქრისტიანობა, უმეტეს დამტკიცდება იგი კაცთა ნათესავისათვის, ვითარცა იყო შემდგომად არიოსისა, შემდგომად ივლიანესსა მდევნელისა, შემდგომად მეფეთა ხატთა მბრძოლთა, შემდგომად ფრანცუზთა მწერალთა ქრისტეს სახარებისა და ჯვარისა რეცა კაცთა გონებისათვის დასაკდემელთა რათამე, რობესპიერისაგან დამარხულთა მიწასა შინა. ნუ ივიწყებენ იოანე მახარებელისა სიტყვასა: „ნ ა თ ე ლ ი ბ ნ ე ლ ს ა შ ი ნ ა ს ჩ ა ნ ს დ ა ბ ნ ე ლ ი ი გ ი მ ა ს ვ ე რ ე წ ი ა“. _ (თავი XXIV).
დასრულდა ესე ამბავი, ვითა სიზმარი ღამისა.
რ უ ს თ ა ვ ე ლ ი
დაბოლოება
ღვთისა განგებას ვერავინ შეაყენებს. განიკითხონ მკითხველთა წიგნისა ამის, ვის შეეძლო ქართველთა სამეფოისა დაცვა, გარდა რუსთა. თვით რუსეთი, ვითარცა კოლოსსი დიდი ებრძოდა 70 და მეტსა წელსა კავკასიის მთისა მცხოვრებთა, თათრობისა გამო მათ შინა შესულისა, ქართველთა ქრისტიანობისა გამო მტერთა. განგებამან ღვთისა ქმნა ესე, რომელ რუსთა ძალითა დამშვიდდნენ მთისა მცხოვრებნი, თემნი თვით ქართველთა სამეფოისა დაგლეჯილნი და დანაწევრებულნი გაუქმნდნენ და მცხოვრებნი თემთა ამათ: იმერელნი, მეგრელნი, გურულნი, სვანნი, რაჭველნი და სამცხენი ათაბაგთა, შეიქმნენ და იწოდნენ ქართვლებად.
განგება ღვთისა რუსთავე ძალითა მოიყვანს ნათესაობითსა ერთობასა ქობულეთსა, აჭარასა და ლივანას, ჯერეთცა თურქთაგან პყრობილთა. განგება ღვთისა შეიტანს და განფენს ქრისტიანობისა ნათელსა მათთა შინა, სადაცა მკვიდრობენ ლეკნი, ჩეჩენნი, ქისტნი, ჩერქეზნი და აფხაზნი. ნათესაობითი ერთობა ქართველთა გვარისა განმტკიცდება სარწმუნოებითითა ერთობითა მათთან. მართლმადიდებლობა რუსეთისა, ვითარცა შუქი მზისა მაცხოველებელისა და მანათობელისა, მოჩანს ვითარცა განმბნეველად მაჰმადიანობისა სიბნელისა, ბოროტისა კაცთა ნათესავისათვის და მარადის უნაყოფოისა. _ ესე ყოველი ხვდა წილად რუსეთსა და აღსრულდებაცა ესე ვითარი ქრისტიანობითი და მოქალაქობითი განახლება კავკასიისა, სასიქადულოდ ქვეყანისა და კაცთა ნათესავისა.
მაშინ ქვეყანა კავკასიისა, სავსე ქვეყნიერითა და ზეციურითა მადლითა, უხვებითა, სიმდიდრითა, მშვენიერებითა, შეიქმნება ერთი და ყოვლადი. მცხოვრებნი ქვეყანისა ამის, შორის ორთა ზღვათა, მაერთებელთა ევროპისა და აზიისა, მოიგონებენ მაცხოვრისა ნუგეშინისცემითსა სიტყვასა: „დ ა ი ყ ვ ნ ე ნ ე რ თ ი მ წ ყ ე მ ს ი დ ა ე რ თ ი ს ა მ წ ყ ს ო“.
ასეთია ერთი ნაწილი პლატონ იოსელიანის მონათხრობისა საქართველოს ისტორიის მეტად მნიშვნელოვანი პერიოდის _ გიორგი XIII-ის ცხოვრებისა და მოღვაწეობის თაობაზე. მაგრამ სრული სურათის შესაქმნელად აუცილებელია უამრავი სხვა ავტორისა და წყაროს გაცნობა, შესწავლა და დამუშავება. ამას კი სჭირდება ხელშეწყობა ხელისუფლების ან საზოგადოები მხრიდან. თუკი ასეთი ხელშეწყობა იქნება, შესაძლებელია რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების შეძლებისდაგვარდ სრულად და მაღალ დონეზე შესწავლა, თუ არა და, კვლავ დარჩება სიცრუე, ცილისწამება, ნგრევა და სისხლი.
(გაგრძელება იხ. _ ნაწილი II)
ირაკლი ხართიშვილი
შ ე ნ ი შ ვ ნ ე ბ ი:
(1) სწორედ შვიდწლიანი ომის შესახებ გვიყვება თავის პოემაში დავით გურამიშვილიც, რომელიც თავად გახლდათ მისი მონაწილე:
„... ორმოც-ჩვიდმეტს ბრუსის კოროლს შეურყიეთ ტახტის სვეტი.
ორმოც-თვრამეტს ბრუსმან დაგვკრა, თავსა დაგვახვია რეტი.
მე ჩემს ძმებსა დამაშორა, ლუწისაგან დავრჩი კენტი.
მაღდებურხის ციხეშიგან დამსვა კარებ-დანაკეტი.
მუნით ვიხსენ, შინ წამოველ, ქერი ვხან და ყანა, ფეტი“.
(2) თვით ნამდვილზედ არის მიწერილი მეფისავე ხელითა: თ ა ვ ა დ ს გ ა რ ს ე ვ ა ნ ჭ ა ვ ჭ ა ვ ა ძ ე ს.
დესპანნი ამა წერილის აღმასრულებელნი იყვნენ: თავადნი გარსევან ჭავჭავაძე, ელეაზარ ფალავანდიშვილი და გიორგი ავალოვი.
ელეაზარ ძე იესესი იყო სტატსკი სოვეტნიკი; მოკვდა 65 წლის უშვილოდ თფილისს 1821 წელსა და დასაფლავდა ქაშოეთის ეკკლესიასა. ღენერალი ერმოლოვი იტყოდა მისთვის: (რუსულად) „მისი პორტრეტი ოქროს ჩარჩოში უნდა ჩაისვას. იგი იშვიათი ღისრებების მქონე ადამიანი იყოო“.
(3) Intineraire de Tiflis a Constantinopole (Bruxelles, 1829) pag. 68.
(4) წიგნი დაბადებისა, პირველი ნეშტთა თავი 21, მეორე მეფეთა 24. ქართველთა მეფენი მოშიშნი ღვთისა ბრძანებისა ერიდებოდნენ ს უ ლ ო ბ ი თ მცხოვრებთა აღწერასა.
(5) გარდაიცვალა 11 მარტსა 1846 წელსა და დიდისა პატივითა დაასაფლავა მცხეთას უგანათლებულესმან კნიაზმან მ. ს. ვორონცოვმან.
(6) როსტომ ბეგთაბეგიშვილი გარდაიცვალა 1836 წელსა. ელიზბარ თუმანიშვილი . . . წელსა და დუცალ იყო თავადი იოანე ბარათოვი, ზედ დამატებით დუცალიშვილი, ესე გარდაიცვალა 1810 წელსა.
(7) ნამდვილი ესე, რომელიცა მე მაქვს არის ბეჭედ-სმულნი. _ ზოგიერთი ძნელი გასარჩევია და რამდენიმე მხოლოდ წარვიკითხე. გვამნი ესენი არიან:
მეფის ძე იოანე
მონა ღვთისა გაბრიელ.
დიმიტრი (თუმანიშვილი მდივანი).
ალექსანდრე (მაყაშვილი, ეშიკაღაბაში მეფისა).
სოლომონ მეითარი (თარხნიშვილი).
ზაალ მორდალი (ბარათაშვილი, მოკლული ყმათაგან თვისთა 1810 წელსა).
ვახტანგ (ორბელიანი, ქმარი მეფის ასულის თეკლასი).
დავით (რექტორი ალექსიშვილი).
ნიკოლოოზ.
ფარსადან.
დავით (მიმბაში, თარხნიშვილი).
(8) ორივე ესე რესკრიპტი მაქვს მე მამისავე ჩემისა ხელითა ნაწერი. რუსული ვერ ვპოვე. ვინ სთარგმნა ქართულად, არ ვიცი. ამისთვის ისევე დავწერე, როგორც იყო დაწერილი და არა შევეხე გასწორებასა.
(9) წერილი მეფის ძის მიხაილისა ს. პ.-ბურღით მამაჩემთან, რომელიცა იყო მასწვლებელი მისი და ძმისა მისისა მეფის ძის ილიასი:
„უფალო პროთოდიაკონო ეგნატი!
მრავალი კითხვა მოგახსენესთ. ჩვენ მშვიდობით გახლავართ, შენ ფილონს დიმიტრი თუმანოვი მოგიტანს. ესე მარტივი წიგნი ანუ პროსტოი არ გეწყინოს. თუ მეგობრად არ გრაცხდე, ასე არ მოგწერდი.
თქვენი მეგობარი მეფის ძე მ ი ხ ა ი ლ“.
1806 9/5
წერილსა ამას მოხსენებული თუმანიშვილი არის ძე მდივნისა იოსებისა, მოლექსე და მწერალი. გარდაიცვალა თფილისს 1921 წელსა. თვით მამაჩემი გარდაიცვალა 77 წლისა 22 ივლისს 1844 წელსა.
(10) ესე იყო შვილი ეგნატი თუმანიშვილისა, მოლექსე და მოყვარე ქართველთა მწერლობისა, გარდაიცვალა სტატსკი სოვეტნიკად 1837 წელსა.
(11) გიორგი იესეს ძე ერისთოვი. ამან შეირთო ცოლად მეფის გიორგის ქალი გაიანე. მექონი ღენერალ-ოტინფანტერიისა ჩინისა და ლურჯისა წმინდის ანდრიასი ლენტისა. გარდაიცვალა 1863 წელსა.
(შ ე ნ ი შ. გ. ი. ერისთავი გარდ. 1864 . რ ე დ.)
(12) ფრიდრიხ-დანიელ შლაიერმახერი (1768-1834 წწ.) იყო გამოჩენილი გერმანელი ფილოსოფოსი, თეოლოგი და მქადაგებელი, გერმანულ ლიტერატურაში იმ დროისთვის ახალი მიმდინარეობის _ რომანტიზმის ფილოსოფიური საფუძვლების ერთერთი მთავარი ჩამომყალიბებელი, ფრიდრიხ-ვილჰელმ შელინგთან ერთად. იგი გახლდათ გერმანიაში რეფორმატული (კალვნისტური) ეკლესიის მღვდლის (პასტორის) შვილი და აღზრდილი იყო კალვინიზმის სწავლებაზე. აქედან არის ერთის მხრივ წმინდა წერილის კარგი ცოდნა და მჭერმეტყველური ქადაგება შლაიერმახერთან, ხოლო მეორეს მხრივ კი მცდარი რელიგიური მოძღვრების განმსაზღვრელი გავლენა მის შეხედულებებზე, რაც ასე აოცებს მართლმადიდებელი მღვდლის ოჯახში აღზრდილ პლატონ იოსელიანს. (ი. ხ.).
No comments:
Post a Comment