III. რუსეთ-თურქეთის 1768-74 წლების ომი და საქართველო
(დასასრული)
ახლა ისევ ტომსკის პოლკს დავუბრუნდეთ. ვალ. მაჭარაძე წერს: „1770 წლის 19 მაისს პოლკოვნიკი კლავერი უპატაკებდა სამხედრო კოლეგიას, რომ 10 მაისს მან მიიღო ტოტლებენის ბრძანებები და ლვოვის წერილი; 15 მაისს _ ერეკლეს, მოურავოვისა და რატიევის წერილები; ხოლო 19 მაისს დამატებით მიიღო ტოტლებენის ბრძანება. აცნობებდა რა საქართველოში შექმნილ საგანგაშო მდგომარეობას, პოლკოვნიკი კლავერი სამხედრო კოლეგიას სთხოვდა სასწრაფოდ ეცნობებიათ მისთვის თუ როგორ მოქცეულიყო (ЦГВИА, ф. 20, оп. 47, св. 245, Д. 4, ч. I, л. 430). თუმცა კლავერის პატაკს ასეთი მინაწერიც აქვს: ეს პატაკი დაიწერა 30 ვერსზე იმ ბანაკიდან, სადაც ტოტლებენი იმყოფება. პოლკი ხვალ დაიძვრება და ტოტლებენს შეუერთდებაო (იქვე, л. 431).
კლავერის პატაკს დართული აქვს 10 დოკუმენტი. ამათგან ნაწილი ტოტლებენის ბრძანებებია ტომსკის პოლკის მეთაურისადმი (ცხინვალიდან და ანანურიდან გაგზავნილი 1770 წლის 30 აპრილს, 2 მაისსა დ 16 მაისს), რომლებითაც ტოტლებენი კლავერს ავალებდა: გზების შეკვრას, ყაზბეგის მცხოვრებლების რუსთა ხელმწიფის ერთგულებაზე ძალით დაფიცებას (ვინც წინააღმდეგობს გასწევს დააპატიმრეო), აღალისა და საჭურველის გზაში დატოვებასა და ქვეითი ბატალიონებით სასწრაფოდ მასთან შეერთებას; დოკუმენტების მეორე ნაწილი მოურავოვის, რატიევისა და ერეკლეს წერილებია (10-11 მაისით დათარიღებული) ტომსკის პოლკის მეთაურისადმი, რომლითაც ამ უკანასკნელს თბილისიდან აცნობებდნენ: ტოტლებენის აწყურთან ღალატს, მის საეჭვო საქციელს, რუსი ოფიცრების უმიზეზოდ დაპატიმრებას, ქართველი თავადებისადმი უხეშ მოქცევასა (რითაც გულს უცრუებს რუსეთის ერთგულებაზეო) და ინსტრუქციების დარღვევას; ამასთან, სთხოვდნენ: ან გამოცხადდეს თბილისში და ჯარის საერთო უფროსობა აიღოს, ანდა ტოტლებენთან მისვლის შემთხვევაში, ჩააგონოს ამ უკანასკნელს ავნტიურაზე ხელი აიღოს; გარდა ამისა, სთხოვენ საქმის ვითარების უკეთ გასაცნობად შტაბს-ოფიცერი გამოგზავნოს თბილისში (იქვე, лл. 430-441).
ტოტლებენის ავანტიურა ტომსკის პოლკმა ჩაშალა. მართალია, კლავერი 19 მაისის პატაკით აცნობებდა სამხედრო კოლეგიას ტოტლებენის ბანაკიდან (ანანურიდან) 30 ვერსზე ვიმყოფები და ხვალვე შევუერთდები ტოტლებენსო, მაგრამ ტომსკის პოლკში 57 რუსი ოფიცერი იყო, მათ შორის შტაბს-ოფიცრები: პოლკოვნიკი ვოლკოვი, პოდპოლკოვნიკი ტიუტჩევი, მაიორი მარკოვი, _ მათთან თათბირის გარეშე პოლკოვნიკ კლავერს ასეთი რთული საკითხის გადაჭრა არ შეეძლო. ვერ შევძელით დოკუმენტალურად დაგვედგინა როდის ითათბირეს ან რა გადაწყვიტეს ტომსკის პოლკში, ვერც ის დავადგინეთ _ კლავერმა, თანახმად მოურავოვის და რატიევის თხოვნისა, როდის გამოგზავნა შტაბს-ოფიცერი თბილისში. კლავერი ერთი ბატალიონით 1 ივნისს გამოცხადდა ანანურში, ე. ი. 30 ვერსის გავლას 13 დღე მოანდომა (თანაც იმ დროს, როცა რატიევი თბილისიდან ანანურში 2 დღის მოსული იყო), ხოლო მეორე ბატალიონი კარგა ხანს კიდევ თადარიგში იდგა. 1770 წლის 10 ივნისს ტოტლებენი გრაფ ჩერნიშოვს მოახსენებდა: „როგორც კი რატიევი თავისი რაზმით გასული თვის 30-ს (მოვიდა), პოლკოვნიკი კლავერიც 1 ივნისს პირველი ბატალიონით მოვიდა ჩემთან ანანურში... ორ დღეში ველოდები პოდპოლკოვნიკ ვოლკოვს ტომსკის პოლკის მეორე ბატალიონით. მისი მოსვლისთანავე იმერეთის გზით პირდაპირ ქუთაისზე წავალო...“ (ЦГВИА, ф. 20, оп. 47, св. 245, Д. 4, ч. I, лл. 581-583). ავანტიურისტი ამბობდა, რომ მას ძლიერ გაუჭირდა ჯარის შეკრება, თითქმის ძალით გადმოიყვანა ტომსკის პოლკი სტეფანწმინდიდან და რატიევის რაზმი თბილისიდან (იქვე, лл. 581-583).
არა გვგონია საჭირო იყოს მტკიცება, რომ საქმე ტომსკის პოლკმა გადაწყვიტა. მოსალოდნელია, ტომსკის პოლკი რომ დაუყოვნებლივ შეერთებოდა ტოტლებენს, ავანტიურისტი თავისი განზრახვის შესრულებას შეუდგებოდა.
ტომსკის პოლკის მოქმედებას დაურწმუნებია ტოტლებენი, რომ რუსი ოფიცრების დაყოლიება ავანტიურაზე ადვილი საქმე არ იყო...სრულებით არ მიგვაჩნია საეჭვოდ, რომ ტოტლებენის დაჟინებითი მოთხოვნა ტომსკის პოლკის სტეფანწმინდიდან ანანურში მოსვლის შესახებ უშედეგოდ დარჩა (ვიდრე ტოტლებენმა ავანტიურაზე ხელი არ აიღო)“ (ციტ. დასასრული).
შემდეგ პროფ. ვალ. მაჭარაძე ეხება რუსეთის სამეფო კარის დამოკიდებულებას აღნიშნული საკითხისადმი. იგი ამბობს, რომ „ზოგიერთი მკვლევარის აზრით ტოტლებენის ავანტიურას ერეკლეს წინააღმდეგ რუსეთის სამეფო კარი ასულდგმულებდა და მასში ქართველი თავადები (დავით ქსნის ერისთავი და ზაალ ორბელიანი) მონაწილეობდნენ, ხოლო შეთქმულების მიზანი ერეკლეს ტახტიდან ჩამოგდება და საქრთველოს რუსეთთან შეერთება იყო“-ო. მე ქვემოთ, თხრობის შემოკლებისთვის, მხოლოდ რუსეთის სამეფო კარის დამოკიდებულებას შევეხები.
ვალ. მაჭარძე არ იზიარებს ასეთ თვალსაზრისს. იგი ამბობს: „პროფ. ა. ცაგარელი და პროფ. ი. ცინცაძე, რომელთაც რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის დოკუმენტებზე უშუალოდ უმუშავნიათ, რუსეთის სამეფო კარის ინტერესების განსაზღვრისას სხვა თვალსაზრისზე დგანან. მაგ., პროფ. ა. ცაგარელი დოკუმენტების შინაარსის გადმოცემისას განსაკუთრებით ხაზს უსვამს რუსეთის მთავრობის ოფიციალურ წარმომადგენელთა შემდეგ სიტყვებს: ... „ახლა უმთავრესი საჭიროებაა, რომ ქართველები ჩვენ ომში გვეხმარებოდნენ“ ... „არ ვეძიებთ ქართული მიწების შემოერთებას, როგორც განცალკევებულისა და სრულებით არ დაქვემდებარებულისა ჩვენი იმპერიისადმი“... (რუს. ... „теперь главнейшая нужда, чтоб грузинцы нам в войне помогали“ ... „неишется присовокупить грузинских земель, как отделённых и совсем неподручных, к нашей империи“...) (ა. ცაგარელი, სიგელები, I, გვ. XVIII, XXIV), რაც საკმაოდ ნათლად მოწმობს, რომ პროფ. ცაგარელის აზრით რუსეთის მთავრობა მაშინ საქართველოს ანექსიას მიზნად არ ისახავდა. პროფ. იასე ცინცაძე კი წერს: „1768-1774 წლებში, საქართველოს სამეფო-სამთავროების თურქეთის წინაღმდეგ ომში გამოყენება ძირითადი ამოცანაა რუსეთის პოლიტიკისა ამიერკავკასიში... რუსეთს, საქართველოს მიმდინარე ომში გამოყენება დაუსახავს მიზნად და არა საქართველოს ანექსია“ (ენიმკის მოამბე, V-VI, 1940 წ., გვ. 340-341).
...საექსპედიციო ჯარის გადიდების შემდეგ ამოცანა არ შეცვლილა. რუსეთის იმპერიის უპირველესი მინისტრი გრაფი ნ. პანინი, 1769 წლის 16 დეკემბრის წერილით საგარეო კოლეგიის რწმუნებულს საქართველოში თავ. ა. მოურავოვს, აცნობებდა რა ჯარის გადიდებას, სწერდა, რომ ამოცანა ახლაც იგივე რჩება, ძალიან გვჭირდება, რომ ქართველებმა ჩქარა დაიწყონ ბრძოლა თურქების წინააღმდეგო (ა. ცაგარელი, სიგელები, I, გვ. 444-445).
საქართველოში რუსეთის ჯარის გადიდებასთან დაკავშირებით ეკატერინე II 1769 წლის 16 დეკემბერს წერილობით აუწყებდა ტოტლებენს, რომ ერეკლე მოითხოვს 10-15 პოლკი ჯარის გაგზავნას და აცხადებს _ ამ ჯარის გარეშე, ლეკების შიშით, თურქეთის წინააღმდეგ ომში მონაწილეობის მიღება არ შემიძლიაო. ეს სინამდვილეს არ შეეფერება, რადგან ერეკლემ სპარსეთში არეულობის დროს შესძლო არ მარტო ლეკების მოგერიება, არამედ სპარსეთის ქალაქების დამორჩილება, რომელთაც ახლაც ფლობსო; ზემოაღნიშნული ნათლად მოწმობს, რომ მას ადრეც საკუთარი ძალები საკმაო ჰყოლია და ახლაც საეჭვო არაა უფრო მეტი ეყოლებაო, რომ მას შეუძლია გამოიყვანოს 40 ათასიანი ჯარი. ეს დასტურდება არა მარტო სხვა ცნობებით, არამედ მისი ელჩის დამოწმებითაც კი. ასეთი ჯარი საკმარისია არა მარტო ქვეყნის დასაცავად, არმედ თურქეთის წინააღმდეგ სამოქმედოდაც. შემდეგ, განაგრძობდა ეკატერინე, თქვენი ერთგულებისა და უნარისაგან მოველით, რომ დაარწმუნებთ ერეკლეს სამეფო კარზე მის მიერ წამოყენებულ მოთხოვნათა ზედმეტობაში და იმაში, რომ ახლანდელ პირობებში ჩვენ საქართვლოში დიდი ჯარის გაგზავნა არ შეგვიძლია“ * (ა. ცაგარელი, სიგელები, I, გვ. 85-87).
( * შენიშვნა: რუსეთის მთავრობას ჯარები ჰყავდა პოლონეთში, სადაც აწარმოებდა ომს ბარის კონფედერაციისა და სხვა ანტირუსული ძალების წინააღმდეგ, ასევე საბრძოლო მოქმედებები წარმოებდა თურქეთის სულთნისა და მისი ვასალის, ყირიმის ხანის ჯარების წინააღმდეგ. (ი. ხ.)
ყოველივე ამის შემდეგ არა გვგონია, რომ ეკატერინეს ტოტლებენისათვის საქართველოს დაპყრობა დაევალებინოს. ყურადღებას იქცევს ისიც, რომ რუსეთის მთავრობამ ერეკლე სახელმწიფო ორდენით დააჯილდოვა. ნაკლებად მოსალოდნელია, რომ ტახტიდან ჩამოსაგდები კაცი სახელმწიფო ორდენით დაეჯილდოვებიათ“, _ დაასკვნის პროფ. ვალ. მაჭარაძე.
შემდგომში, უკვე ერეკლესა და ტოტლებენს შორის განვითარებული კონფლიქტის პირობებში მიმდინარე მოვლნების შესხებ საუბრისას ვალ. მაჭარაძე წერს: „მიუხედვად იმისა, რომ საქართველოში მომხდარი უკანასკნელი ამბები არ იცოდნენ, 1770 წლის 16 ივლისს პანინი ტოტლებენს სწერდა: ქართველების რუსეთის ერთგულებაზე დაფიცება, თუ ძალდატანების გარშე წარმოებს და ეს საქმე ხელს შეუწყობს თურქეთის წინააღმდეგ ომში მათ მონაწილეობას, შეიძლება მისი გაგრძელება, რაც შეეხება სხვა სარგებლობას (ქვეყნის სიმდიდრე და სხვა), შეიძლება ის მართლაც დიდი იყოს, მაგრამ ეს საქმე ბევრ სხვა ამბებსაც მოითხოვს, რაც ახლანდელ ვითარებასთან შეუთავსებელიაო; ამასთან, „საქართველოს დაშორებულობა და მანდეთკენ მგზავრობის სიძნელე _ ორი გარემოებაა, რომლებიც მაგ მიწის შემოერთებას ასევე არამტკიცეს ხდის. შეიძლება მოხდეს, რომ დროთა განმავლობში გამოჩნდება ის საშუალებებიც, რომელთა მიხედვითაც ეს უხერხულობები ასეთად უკვე აღარ მოგვეჩვენება, მაგრამ ახლა უმთავრესი საჭიროებაა, რათა ქართველები ჩვენ ომში გვეხმარებოდნენ...“ (იქვე, გვ. 155). სავსებით ნათელი უნდა იყოს, რომ რუსეთის მთავრობის ერთერთი ხელმძღვანელის მსჯელობის ასეთი საგანი წამოჭრილი უნდა იყოს თავად ტოტლებენის მიერ პეტერბურგში მიწოდებული ინფორმაციებისა და მისივე ჩამოყალიბებული გეგმების შედეგად. და იგი არ იყო წამოჭრილი თავად საიმპერატორო მთავრობის მიერ. შემდეგ ვალ. მაჭარაძე აგრძელებს:
„იმპერატორმა კაპიტან იაზიკოვს, რომელსაც საქართველოში გზავნიდა აქაური საქმეების მოსაგვარებლად, შემდეგი დავალება მისცა: თუ ტოტლებენმა ნამდვილად ჩამოაგდო ტახტიდან ერეკლე და ეს საქმე ქართველების ომში მონაწილეობას აფერხებს, იგი კვლავ აღადგინეო (იქვე, გვ. 139-145).
როგორც ინსტრუქციის შინაარსიდან ჩანს, ერეკლეს ჩამოგდება და საქართველოს დაპყრობის საკითხი კი არ იდგა იმ დროს, არამედ საქართველოს თურქეთთან ომში აქტიურად ჩაბმა. ამ ამოცანისათვის ერეკლე, რუსეთის მთავრობის აზრით, ყველაზე უფრო კარგი კანდიდატურა იყო... მართალია, რუსეთის მმართველი წრეების ორმაგი დამოკიდებულებაც ჩანს ერეკლესადმი, მაგრამ ამის მიზეზი ის იყო, რომ ტოტლებენი რუსეთის მთავრობას არწმუნებდა ერეკლეს თურქეთის წინააღმდეგ ომი არ სურს, მისი მიზანია რუსის ჯარი ირანის წინააღმდეგ გამოიყენოსო. გარდა ამისა, რუსეთის მთავრობის გაკვირვებას იწვევდა ის ამბავი, რომ ერეკლე რუსეთის ჯარის ოფიცრებს ტოტლებენის დაპატიმრების წინადადებას აძლევდა.
ასე რომ, რუსეთის საგარეო პოლიტიკის დღისწესრიგში 1769 წლის შემოდგომასა და 1770 წლის ზამთარში საქართველოს დაპყრობის საკითხი არ დასმულა და არც რუსეთის მთავრობის რომელიმე მესვეურთაგანი ჩანს ტოტლებენის ავანტიურისტულ საქმიანობაში გარეული და არც მისი თანამგრძნობი“ (ციტ. დასასრული).
მაგრამ ერეკლესა და რუსეთის სამეფო კარს შორის დამოკიდებულება იმ ხანად მთლად ნათელი და გულთბილი არ ყოფილა. რა იყო ამის მიზეზი? ვალ. მაჭარაძე განგრძობს: „ეკატერინემ, როგორც კი ტოტლებენის მიერ ქვიშხეთიდან გაგზავნილი (ახალციხისკენ გალაშქრების წინ _ ი. ხ.) პატაკები გაიცნო, ნ. პანინს მისწერა: „მე გადავათვალიერე ტოტლებენის წერილები, საიდანაც დავინახე მისდამი ჩოგლოკოვის დუმორჩილებლობა და ამ უტვინო ახალგაზრდის ლაყბობა; ამასთანავე არ ვაქებ ტოტლებენის გაუგონარ ეჭვიანობას, ვფიქრობ, რომ მას უფრო შეუძლია ჩვენი საქმე საქართველოში გააფუჭოს, ვიდრე სასარგებლო მდგომრეობაში მოიყვანოს“ (რუსეთის საისტორიო საზოგადოების კრებული, X, გვ. 441).
1770 წლის 20 ივნისს რუსეთის მთავრობამ შეიტყო საქართველოში მაისის პირველ ნახევარში მომხდარი ამბებიც (მიიღეს კლავერის 19 მაისის პატაკი დანართებითურთ) (ЦГВИА, ф. 20, оп. 47, св. 245, Д. 4, ч. II, лл. 519-520). ამ ამბებმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. 20 ივნისს სამხედრო კოლეგიამ ბრძანებების სერია გამოგზავნა საქართველოში, რომლითაც ოფიცრების საქციელს სამხედრო კოლეგია აფასებდა, როგორც რუსეთის არმიისათვის შეუფერებელს, როგორც სამხედრო წესდების დარღვევას და უბრძანებდა ოფიცრებს დაუყოვნებლივ გამოცხადებულიყვნენ სამხედრო კოლეგიაში (იქვე, лл. 517-532).
მაგრამ კლავერის მიერ გაგზავნილ 10 დოკუმენტს განსაკუთრებით გაუკვირვებია ეკატერინე. იგი სწერდა პანინს: _ მე მგონია, რომ საჭიროა მოურავოვის საქართველოდან გამოძახება; და მასვე უბრძანეთ, რომ მან აუცილებლად თან წამოიყვანოს ჩოგლოკოვი და რატიევი, ოფიცრით (დე გრაი დე ფუა), რომელზედაც წერს თავის მანიფესტში გრაფი ტოტლებენი; თუ ისიც კიდევ მართალია, რომ ტოტლებენმა ის (მანიფესტი _ ვ. მ.) გამოსცა; საეჭვოა ამ ხალხის (ოფიცრების _ ვ. მ.) შედგენილი არ იყოს _ როგორც ეს მანიფესტი, ისევე რატიევისადმი ერეკლე მეფის წერილი; ამ უკნასკნელს (ერეკლეს _ ვ. მ.) გაგიჟების გარეშე არ შეეძლო აზრად მოსვლოდა მიესაკუთრებია ჩემი ჯარების მეთაურების დანიშვნის უფლება. ვფიქრობ, ყაზანის გუბერნატორ ბრანდტს... უბრძანოთ გარჩიოს ეს საქმე ყაზანში, ხოლო გრაფი ტოტლებენი საჭიროა შეიცვალოს“. ( * ქვემოთ შენიშვნაა: ლაპარკია ტოტლებენის 1770 წლის 2 მაისის ცნობილ მანიფესტზე, რომელშიც იგი ფულად ჯილდოს პირდებოდა იმას, ვინც რატიევს, ჩოგლოკოვსა და დე გრაი დე ფუას, რომლებსაც იგი გამცემლებს უწოდებდა, ცოცხალს ან მკვდარს მიუყვანდა; და ასევე ერეკლეს 7 მაისის წერილზე რატიევისადმი, სადაც მეფე ტოტლებენის დაპატიმრების წინადადებას აძლევდა რუს ოფიცრებს (რუსეთის საისტორიო საზოგადოების კრებული, X, გვ. 442).
ამის შემდეგ პროფ. ვ. მაჭარაძე ასკვნის: „როგორც ზემოთ წარმოდგენილი წერილის ტექსტიდან ირკვევა, ეკატერინე ორ საბუთს _ ტოტლებენის 2 მაისის მანიფესტსა და ერეკლეს მიერ რატიევისადმი 7 მაისს გაგზავნილ წერილს _ ოფიცრების მიერ ყალბად შედგენილად მიიჩნევდა. ამავე დროს იმპერატორი მიუთითებდა თუ პირველი. ე. ი. 2 მაისის მანიფესტი, ტოტლებენმა ნამდვილად გამოსცა, საჭიროა გრაფი ტოტლებენი შეიცვალოსო. ხოლო 7 მაისის წერილის მიმართ ეკატერინეს აზრი ასეთი იყო: თუ ნამდვილია, რომ იგი ერეკლემ დასწერა, ალბთ გაგიჟებულა, რომ ჩემი ჯარების მეთაურების დანიშვნის უფლება მიისაკუთრაო (Сборник РИО /Русского исторического общества/, X, стр. 442). გარდა ამისა, ერეკლე აშკარად მფარველობდა ტოტლებენის წინააღმდეგ „შეთქმულ“, აჯანყებულ ჩოგლოკოვს და საერთოდ „უდისციპლინო“ ოფიცრებს.
აი რატომ უწყრებოდა ეკატერინე ერეკლეს. სანამ საქმის ვითარება გამოირკვეოდა (სასამართლო ძიება ოფიციალურად დამთავრდა 1771 წლის გაზაფხულზე), ეკატერინეს ჰქონდა საფუძველი გაწყრომოდა ერეკლეს, მაგრამ ეს გაწყრომა იქამდე მაინც არ მისულა, რომ ეკატერინეს, ნ. პანინს ან ზ. ჩერნიშოვს წაექეზებინათ ტოტლებენი ერეკლეს წინააღმდეგ“.
საბოლოოდ ამ საკითხზე, რუსეთის მთავრობის მონაწილეობაზე ერეკლეს წინააღმდეგ ტოტლებენის ავანტიურაში, პროფ. ვ. მაჭარაძე ასკვნის: „საბუთების შესწავლა გვარწმუნებს, რომ ტოტლებენის ავანტიურის შესახებ რუსეთის მთავრობამ მისი ლიკვიდაციის შემდეგ შეიტყო. ამასთან, რუსეთის მთავრობამ გამოამჟღავნა ორმაგი დამოკიდებულება ერეკლესადმი (იაზიკოვს ავალებდნენ _ თუ ერეკლეს ტახტიდან ჩამოგდება აფერხებს ქართველების ომში მონაწილეობას, იმ შემთხვევში აღადგინეო). ამის მიზეზი ტოტლებენის ყალბი ინფორმციებიც იყო, რომლითაც რუსეთის მთავრობამ ისე იცოდა თითქოს ერეკლეს თურქების წინააღმდეგ ბრძოლა კი არ სურდა, არამედ იგი რუსეთის ჯარის სპარსეთის წინააღმდეგ გამოყენებას ფიქრობდა. რაც სინამდვილეს არ შეეფერებოდა.
იმის გამო, რომ ტოტლებენის განზრახვას ერეკლე მეფის წინააღმდეგ რუსეთის სამეფო კარმა, როგორც ამ დროს რუსეთის სახელმწიფოებრივი ინტერესებისათვის საზიანოს, მხარი არ დაუჭირა, ტომსკის პოლკი, რომელზედაც ავანტიურისტი მთავარ იმედს ამყარებდა, მას არ გაჰყვა; ქართლის რეაქციონერმა თავადებმა ტოტლებენის მხარეზე დადგომა ერეკლეს შიშით, ვერ გაბედეს, ავანტიურა უდღეური გამოდგა. ერეკლეს მის წინააღმდეგ გამოსვლა არ დასჭირდა“ (ციტ. დასასრული).
შემდეგ, 1770 წლის ივნისში ტოტლებენი იმერეთში გადავიდა და იქაც ბევრი რამ საორჭოფო საქმე ჩაიდინა, მაგრამ მათზე სიტყვას აღარ გავაგრძელებ. შევეხები მხოლოდ ერთ საკითხს, რათა უფრო კარგად დავინახოთ რუსეთის არმიის ძირითადი ნაწილის წარმატებული მოქმედებების მნიშვნელობა სოლომონ I-ისა და ტოტლებენის ჯარების მიერ იმერეთის ციხეების (ცუცხვათის, შორაპნის, ბაღდადისა და ქუთაისის) შედარებით ადვილად განთავისუფლების საქმეში. ამ წარმატებას ერეკლე მეფე ნ. პანინთან გაგზავნილ წერილში სვსებით სამართლინად მიაწერდა მანამდე ცოტა ხნით ადრე მის მიერ აწყურთან და აპინძასთან თურქებისა და ლეკების ჯარების განადგურებას, ვინაიდან ამით იმერეთის ციხეებში ჩაყენებულ თურქულ მცირე გარნიზონებს გადაეწურათ ახალციხის ფაშისგან დახმარების იმედი. ეს სავებით სწორია, მაგრამ პროფ. ვალ. მაჭარაძე ასევე სამართლიანად აღნიშნავს:
„რა თქმა უნდა, ასევე შეცდომა იქნებოდა ასპინძის ბრძოლაში ბრწყინვალე გამარჯვება და იმერეთის ციხეების შედარებით იოლი განთავისუფლება, რუსეთ-თურქეთის ომის საერთო მსვლელობისაგან იზოლირებულად წარმოგვედგინა და დაგვევიწყებინა, რომ ამ დროს რუსეთის არმია დუნაის რაიონში თურქთა ძირითად ძალებს (400 ათასიან არმიას) აბანდებდა“.
ჩვენში ძალიან ბევრს ლაპარაკობენ ხოლმე ერეკლე II-ის სამხდრო ნიჭის, გამოცდილებისა და ვაჟკაცობის შესახებ, რაც სავსებით სწორია, მაგრამ უმართებულოა ყველა სიკეთის მხოლოდ მასზე მიწერა. რუსებს რომ მძიმე მდგომრეობაში არ ჩაეგდოთ თურქები ბალკანეთის ფრონტზე და სულთნის სარდლებს რომ შეძლებოდათ იქ არსებული ძალების თუნდაც მეათედი ნაწილი, ანუ 40 ათასი კაცი გადმოესროლათ ახალციხის ფაშის დასახმარებლად, ნუთუ მაშინაც გაიმარჯვებდა ერეკლე მეფე თავისი 7-8 ათასიანი ჯარით აწყურთან და ასპინძასთან? ალბათ ვერა. მხოლოდ რუსეთ-თურქეთის ამ და სხვა ომების მთელი მიმდინარეობის შესწავლითა და გაანლიზებით იქნება შესაძლებელი იმ კითხვებზე სწორი პასუხების გაცემა, რომლებსაც დღესდღეობით ასე ტენდენციურად აშუქებენ ხოლმე ქართველი ავტორები (ყოველ შემთხვევაში, ტენდენციურად არის ცნობილი ქართული საზოგადოებისთვის).
ახლა ისევ ჩვენს ძირითად საკითხს დავუბრუნდეთ. ვალ. მაჭარაძის სიტყვებით, ტოტლებენი ისევ გზავნიდა პეტერბურგში პატაკებს თავის „ბრწყინვალე“ გამარჯვებებზე, მაგრამ იქ ასევე ჩავიდა კაპიტნების იაზიკოვისა და ლვოვის მოხსენებები, რომლებმაც საქმის ნამდვილი ვითარება აჩვენეს. „რუსეთის მთავრობისათვის ცხადი გამხდარა, რომ ტოტლებენის საქციელით ერთობლივი მოქმედება ჩაშლილი იყო, ხოლო ფოთის კამპანიასაც მარცხი ელოდა... ამიტომ... 1770 წლის 31 დეკემბერს, სამხედრო კოლეგია უკვე ტოტლებენის შემცვლელს, გენერალ სუხოტინს, ვრცელ სამოქმედო ინსტრუქციას აძლევდა“ (ЦГВИА, ф. 20, оп. 47, св. 245, Д. 4, ч. II, лл. 996-998).
„ფოთის 1770-1771 წლების ზამთრის კამპანიის დროს რუსეთის საექსპედიციო კორპუსმა ბრძოლის უნარი დაკარგა _ ჯარისკაცები გაშიშვლდნენ (თვით ტოტლებენიც არ ფარავდა, რომ ჯარისკაცები ისე გაშიშვლნენ, რომ ჯარი მომავალი კამპნიისათვის გამოუსადეგარი გახდა), საჭურველი არ იყო, ცხენებიც გატაცებული იქნა... (იქვე, лл. 848, 849-858,864-867, 805-806). რა თქმა უნდა, გაშიშვლებული, უსაჭურვლო, ბრძოლისუნარდაკრგული კორპუსით ფოთის ციხის აღება ვერ მოხერხდებოდა, ამიტომ აიძულეს ოფიცრებმა ტოტლებენი ფოთის ალყაზე ხელი აეღო, რათა ჯარისკაცები უმიზნოდ არ დაღუპულიყვნენ. ტოტლებენი კი პეტერბურგში გაგზავნილ წერილებში თავის მარცხსა და წარუმატებლობას აბრალებდა კაპიტნებს იაზიკოვსა და ლვოვს, პოლკოვნიკ კლავერს, მაიორ მარკოვს. ასევე იგი ემდურებოდა ქართველ მეფეებს _ ხელს არ მიწყობდნენო. „თუ რატომ არ უწყობდნენ ქართველი მეფეები ხელს ტოტლებენს, ამაზე პასუხს იაზიკოვის მოხსენება იძლევა: ტოტლებენს არ სურდა მეფეებთან ერთად მოქმედება, თავიდან იცილებდა მათ; შეურაცხყოფდა მეფეებს _ სოლომონს „თურქს“ ეძახდა, ერეკლეს _ „მოღალატეს“; ასეთ პირობებში მეფეებიც გულგრილად ექცეოდნენ საექსპედიციო ჯარის მომარაგების საქმეს (ა. ცაგარელი, სიგელები, I, გვ. 180-183). ტოტლებენი ფოთის კამპანიის მარცხს აბრალებდა აგრეთვე მოზდოკისა და ყიზლარის კომენდანტებსაც“ (ჯარის ცუდად მომარაგების გამო _ ი. ხ.).
შემდეგ პროფ. ვ. მაჭარაძე აგრძელებს: „ტოტლებენის საქციელის უარყოფითი შედეგები ზემოაღნიშნულით არ ამოიწურება. მან ფაქტიურად ჩაშალა საომარი კამპანია ყველზე მოსახერხებელ ვითარებაში, რითაც საქართველოსთან ერთად რუსეთსაც დიდი ზიანი მიაყენა.
1770 წლის ზაფხულში ომის ცენტრალურ ფრონტზე რუმიანცევის მიერ ჩატარებულ ბრწყინვალე ოპერაციებს ლარგსა და კაგულთან დიდი შედეგები მოჰყვა: თურქეთის მთავარი ძალები სასტიკად დამარცხდნენ და საომარი ოპერაციები დუნაიზე იქნა გადატანილი. მეორე არმიაც წარმატებით იბრძოდა _ ბენდერის ციხის წინააღმდეგობა გატეხილი იქნა, ყირიმელი თათრებიც ბლოკირებული იყვნენ. რუსეთის ფლოტმა ჩესმასთან თურქეთის ფლოტი გაანადგურა და ხმელთშუა ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში გაბატონდა. ასეთ ვითარებაში თურქეთს კავკასიის ფრონტზე ძალების გადმოსროლის საშუალება არ ჰქონდა. რაკი ახალციხის ფაშის ჯარებიც განადგურებულ იქნენ ასპინძასთან, საქართველოდანაც საბრძოლო ოპერაციების გაშლა წარმატებით შეიძლებოდა ჩატარებულიყო, რომ ტოტლებენს საქმე არ ჩაეშალა (სპეციალური დავალებით გამოგზავნილი იაზიკოვი უძლური აღმოჩნდა მოეგვარებია საქმე და ტოტლებენი სასურველ გზაზე დაეყენებია, ხოლო მოურავოვის შემცვლელი კაპიტანი ლვოვი მალე თვით გახდა დევნის ობიექტი და დაპატიმრების შიშით სოლომონ მეფის კალთას აფარებდა თავს).
იაზიკოვი და ლვოვი ტოტლებენის მიერ საომარი კამპანიის ჩაშლას ტოტლებენის პატივმოყვარეობითა და სიხარბით ხსნიდნენ. პროფ. ცაგარელიც მკითხველის ყურადღებას ამ მიმართულებით ამახვილებს“ (შდრ. ა. ცაგარელი, სიგელები, I, გვ. XX-XXIII).
გარდა ამისა, პროფ. ვ. მაჭარაძე თვლის, რომ ტოტლებენი მოღალატურ გზას დაადგა და ურთიერთობებში შევიდა ახალციხის ფაშასთან, მაგრამ საუბრის ვრცლად აღარ გაგრძელების გამო ამ თემას აქ არ შევეხები.
1771 წლის 14 მაისს რუსული ჯარის კორპუსი ტოტლებენისგან ჩაიბარა გენერალმა სუხოტინმა. ვალ. მაჭარაძის სიტყვებით, „სუხოტინის დანიშვნა შეცვლილ ვითარებაში მოხდა, რის გამოც მისი სამოქმედო ინსტრუქცია პრინციპულად განსხვავდებოდა მოურავოვ-ტოტლებენის სამოქმედო ინსტრუქციისაგან.
1771 წლის 13 იანვარს ეკატერინე II გენერალ სუხოტინს ასეთ დარიგებას აძლევდა: 1. ჩვენი განზრახვა იყო და არის ქართველების თურქების წინააღმდეგ ომში გამოყენება. საქართველოს შემოერთებას ჩვენ ამჯერად ამოცანად არ ვისახავთ (ე. ი. ზედმეტია ის, რასაც ტოტლებენი გვთავაზობდა); 2. „დივერსია“ უნდა მოეწყოს შემდეგნაირად: კარგი იყო, რომ ქართველებს შეძლებოდათ ომის წესიერად წარმოება. რა თქმა უნდა, ამას დიდი შედეგები მოჰყვებოდა, მაგრამ, როგორც ჩანს, ასეთი რამ შეუძლებლია. ქართველებს ძარცვა და მიხდომა ემარჯვებათ და ასეც იმოქმედონ, რათა თურქები შეაწუხონ. ამიტომ თქვენზეა დამოკიდებული, რომელ მიმართულებით დაინახავთ საჭიროდ მათ გასამხნევებლად ჯარის მიშველებას. შეგიძლიათ შეუდგეთ ციხეების ალყასაც და სხვა. ამის უფლებს არ გართმევთ. მაგრამ უნდა გაითვალისწინოთ თქვენი ძალები და ისიც, რამდენად შეგიძლიათ დაენდოთ ქართველების იმედს; 3. ტოტლებენის დაწყებული საქმე, ქართველების რუსეთის ერთგულებაზე ძალით დაფიცება _ თუ ქართველების ომში მონაწილებას ხელს შეუწყობს, შეგიძლიათ გააგრძელოთ, უამისოდ ზედმეტია. სოლომონისა და დადიანის ურთიერთობის საკითხში იმოქმედე ისე, როგორც რუსეთის ინტერესებისთვის სასარგებლო იქნეს (დადექი იმის მხარეზე, ვინც თურქეთის წინააღმდეგ საომრად არის სასარგებლო; შეეცადე მათს შერიგებას), ასევე მოიქეცი გურიის საკითხშიც. საქართველოში ცასვლისთანავე კონტაქტი დაამყარე ერეკლესთან, როგორც უძლიერესთან, თუმცა ტოტლებენი მას საშიშ კაცად ხატავს, მაგრამ იაზიკოვი სხვანაირად უყურებს. იმოქმედე საკუთარი შეხედულებისამებრ; 4. ტოტლებენის მოხსენებებით ქართველები საშიში ხალხია და ფრთხილად იყავი. ამასთანავე შეინარჩუნე შენი მტკიცე პოზიცია და ხელმძღვანელობა, როგორც განათლებულმა, უმეცარი და გაუნათლებელი ქართველების მიმართ; 5. თუმცა ჩვენ თავდაპირველდ საჭიროდ და შესაძლებლად ვთვლიდით ესწავლათ ქართველებს არტილერიის საქმე, ქალაქების ევროპულად გამაგრება, თოფისწამლის გაუმჯობესების საქმე და სხვა, მაგრამ, როგორც ტოტლებენის მოხსენებებიდან ჩანს და როგორც საქართველოში მომხდარმა ამბებმა დაგვარწმუნა, ასეთი რამ ზედმეტია.
ძნელი დასანახი როდია, რომ სუხოტინის სამოქმედო ინსტრუქცია არსებითად განსხვავდება პირველი (მოურავოვის) ინსტრუქციისაგან, რაც განაპირობა ჯერ-ერთი, 1770 წელს ომის ცენტრალურ ფრონტზე მიღწეულმა წარმატებებმა, რის შედეგადაც სასწორი რუსეთის მხარეზე გადაიხარა და საქართველოს მონაწილეობას ომში წინანდებური მნიშვნელობა აღარ ჰქონდა, ამიტომ საქართველოს საკითხისადმი წინანდელი მიდგომა აუცილებელი არ იყო; მეორე, ტოტლებენის აშკარად ყალბმა მოხსენებებმა რუსეთის მთავრობა დაარწმუნა, რომ საქართველოდან თითქოს ნამდვილი სამხედრო მოქმედება შეუძლებელი იყო, ხოლო ქართველები საეჭვონი იყვნენ და მათზე დანდობა არ შეიძლებოდა.
ეკატერინეს რომ იაზიკოვისა და ლვოვის 1770 წლის დეკემბრიდან 1771 წლის მარტამდე გაგზავნილი მოხსენებები ხელთ ჰქონოდა და ყაზანის სასამართლოს მასალებიც მთავრობისათვის ცნობილი ყოფილიყო, საფიქრებელია, ინსტრუქცია სხვა იქნებოდა.
თავის მხრივ სამხედრო კოლეგიამაც ვრცელი დარიგება მისცა სუხოტინს. გარდა იმისა, რომ სამხედრო კოლეგია აცნობდა მას საქართველოში მყოფი ჯარის მდგომარეობას, 1770 წლის 31 დეკემბრის ბრძანებით ავალებდა ჯარში დაცული ყოფილიყო მკაცრი დისციპლინა, ალაგმულიყო ყოველგვარი თვითნებობა და ადგილობრივი მცხოვრებლების შევიწროვება (ЦГВИА, ф. 20, оп. 47, св. 245, Д. 4, ч. II, лл. 809-818).
მთავრობა სუხოტინს მტრის რომელიმე ობიექტის დაკავებას არ ურჩევდა, რადგან ეს შეუძლებლად მიაჩნდა. მას მხოლოდ ქართველთა მოთარეშე რაზმები უნდა გაეძლიერებინა, იმის მიხედვით, როგორც მას თვითონ სუხოტინი დაინახავდა საჭიროდ (ა. ცაგარელი, სიგელები, I, გვ. 470-476).
უმთავრესი ამოცნა, რომელიც სამხედრო კოლეგიამ დაუსახა სუხოტინს, იყო საქართველოდან მოზდოკამდე გზის საკითხის მოგვარება“ (ЦГВИА, ф. 20, оп. 47, св. 245, Д. 4, ч. II, лл. 815). (ციტ. დასასრული).
და როგორ არა ჰგვს ყოველივე ზემოხსენებული ჩვენში არსებულ სტერეოტიპულ დამოკიდებულებას რუსეთისა და მისი პოლიტიკისადმი, მათ შორის საქართველოსთან მიმართებით, როგორ არა ჰგავს იმ განწყობასა და თხრობას, რომელიც დამახასიათებელია ივ. ჯავახიშვილის ზემოთ აღნიშნული ნაშრომისთვის („დამოკიდებულება რუსეთსა და საქართველოს შორის XVIII საუკუნეში“), რამაც, მისი ავტორისადმი ჩვენში არსებული უდიდესი ნდობისა და პატივისცემის გამო, მნიშვნელოვან წილად განსაზღვრა კიდეც ასეთი ნეგატიური დამოკიდებულება ქართული საზოგადოების მამულიშვილური ნაწილისა ისტორიული და თანამედროვე რუსეთისადმი, დამოკიდებულება მცდარი, მანკიერი და უკანასკნელი ათწლეულების სისხლიანი ტრაგედიების დიდად განმაპირობებელი. მართალია, პროფ. ვალ. მაჭარაძე იმ წყაროების გარდა, რომლებსაც ივ. ჯავახიშვილიც იცნობდა (ა. ცაგარელი, სიგელები და სხვა ისტორიული დოკუმენტები..., პ. ბუტკოვი, კავკასიის ახალი ისტორიის მასალები..., ნ. დუბროვინი, კავკასიში ომისა და რუსების მფლობელობის ისტორია, და სხვა), იყენებს აგრეთვე სსრკ-ის ცენტრალური სახელმწიფო სამხედრო-ისტორიული არქივის მასალებსაც, რომლებიც ივ. ჯავახიშვილისთვის 1919 წელს უცნობი იყო, მაგრამ ასევე უნდა აღინიშნოს, რომ მისთვის ცნობილ წყაროებსაც ივ. ჯავახიშვილი იყენებს ამ სკითხში უაღრესად ცალმხრივად, ტენდენციურად და არასრულად, არამედ გარკვეული მოსაზრებების ან რუსეთისადმი წაყენებული ტენდენციური ბრალდებების დასამტკიცებლად. ახლა ისევ ჩვენს თხრობას დავუბრუნდეთ.
პროფ. ვალ. მაჭარაძე აღნიშნავს, რომ გენერალი სუხოტინი 1771 წლის გაზაფხულზე ყიზლარში მივიდა, შემდეგ საქართველოში ჩამოვიდა, სადაც ერეკლე II-მ მას დუშეთსა და თბილისში საზეიმო შეხვედრები მოუწყო, 13 მაისს სუხოტინი უკვე ქუთაისში ჩავიდა. ვ. მაჭარაძის სიტყვებით:
„ტოტლებენი რუსეთის მთავრობას მოახსენებდა: კორპუსი კარგ მდგომარეობაში ჩავაბარე სუხოტინს, ქართველი მეფეების დაუხმარებლად იმერეთში, გურიასა და სამეგრელოში თურქები სულ გავწყვიტე, შორაპნის, ბაღდადის, ქუთაისის, ანაკლიის, რუხისა და კინდრიშის ციხეებს დავეუფლე, ქალაქი ფოთი დავიპყარი, დარჩა ასაღები მარტო ფოთის ციხე; ფოთის ციხესაც ავიღებდი, მაგრამ სამხედრო საბჭომ (ე. ი. თავად ტოტლებენის ჯარის ოფიცერთაგან შემდგარმა, და არა სახელმწიფო რანგის, სამხედრო საბჭომ _ ი. ხ.) მაიძულა თებერვალში ალყა მომეხსნა და ქუთაისში დავბრუნებულიყავი იმ დროს, როცა მტრის 6 ათასიანი მაშველი ჯარი გავფანტე და მზად ვიყავი ფოთის ციხის იერიშისთვისო (ЦГВИА, ф. 20, оп. 47, св. 245, Д. 4, ч. II, лл. 788-792)...
1771 წლის 5 ივნისს სუხოტინი ჯარის მდგომარეობის შესახებ მთავრობას უპატაკებდა: ჯარისკაცები უკარვოდ, უტანსაცმლოდ, არავითარი ჩინი, არც ერთი ცხენი, არც ერთი უნაგირი (გარდა იმისა, რომ ცხენები გაიტაცეს, უნგირებიც დაიწვა ხონში), არც ერთი ჩარჩიკი, ქვემეხები უთოფისწამლოდ, ჯარისკაცები უთოფისწამლოდ, არც ერთი ცალი სასანგრო იარაღი, ხაზინა მთლიანად ვალშია, არ არის არავითარი აღრიცხვა. იქვე განაგრძობდა სუხორტინი _ გაუშიშვლებია რა კორპუსი, მაბარებს იქამდე უძლურს, რომ ბევრი არ მრჩება, მეც მალე მისი (ტოტლებენის) ამხანაგი გავხდე ამ მხარეში უსარგებლო ყოფნით; მაგრამ ამასაც არ სჯერდება, შეეცადა სხვადასხვა ხრიკებით, ბრძოლისუნარიანი ახალგაზრდების რუსეთში გაგზავნით, დაესუსტებია კორპუსი; მეც მიმზადებდა ნიადაგს მეფეებთან წასაჩხუბებლად, მარწმუნებდა _ მეფეები მოღალატეებიაო (ა. ცაგარელი, სიგელები, I, გვ. 480-481).
ამის პარალელურად 5 ივლისს სუხოტინი სამხედრო კოლეგიას უპატაკებდა, რომ გვჭირდება ფული 117.216 მანეთი და 1389 ცხენი, რომ კორპუსს ბრძოლის უნარი დაუბრუნდესო (ЦГВИА, ф. 20, оп. 47, св. 176, Д. 3, лл. 33-39). ამასთან სუხოტინი სამხედრო კოლეგიას მოახსენებდა: კორპუსი ფეხშიშველი და ტანშიშველი დამხვდა, ცხენები გატაცებული, უნაგირები და ცხენის მორთულობანი დამწვარი, არ არის კარვები, არ არის სასანგრო იარაღები, „არ მქონდა რა კორპუსში მოსვლამდე ცნობა, არავითარი ზომა ამაზე არ მიმიღია, ამიტომ ვთხოვ სახელმწიფო სამხედრო კოლეგიას, რომ ლეგიონის (მოსკოვის ლეგიონი _ ვ. მ.) მეთაურს უბრძანოს მათი სასწრაფოდ გამოგზავნა“. და შემდეგ, „ჰუსართა, კარაბინერთა და კაზაკთა ცხენებთან ერთად გატაცებულია პოლკისა (ტომსკის პოლკი _ ვ. მ.) და საარტილერიო რაზმის ცხენებიც, ახლა კორპუსს არც ერთი სატვირთო ცხენი არ გააჩნია, ამიტომ ყოველი მოძრაობისას ერეკლე მეფეს უნდა მივმართო“ (იქვე, ფურც. 23-24).
ქვემოთ პროფ. ვალ. მაჭარაძე ჰყვება: „1771 წლის ივნისში სოლომონ მეფე და სუხოტინი ქართლში გადმოვიდნენ. 15 ივნისს ხელთუბანში ერეკლესთან შეხვედრისას სუხოტინს, სოლომონ მეფის მხარდაჭერით, შეუდგენია სამხედრო ოპერაციის გეგმა. ( * ქვემოთ შენიშვნაა: გეგმის კრიტიკული გამოცემა ეკუთვნის პროფ. იასე ცინცაძეს. იხ. ენიმკის მოამბე, 1940, V-VI, გვ. 337-360).
გეგმა, როგორც მას სამართლიანად აღნიშნვს პროფ. ი. ცინცაძე, მთლიანად ემსახურებოდა ფოთის ციხის აღებას. ამ გეგმის მიხედვით სუხოტინს რუსეთის ჯარით უნდა გარემოეცვა ფოთი, ქართველთა ძალებს კი უნდა დაეფარათ რუსეთის კორპუსი მტრის ძალებისაგან. დამხმარე ამოცანის შესასრულებლად ძალები ასე განაწილდა: ერეკლე მეფეს 14.300 კაცი უნდა გამოეყვანა, აქედან, 2 ათასი კაცი დაეყენებია ბორჩალოს, 2 ათასი კახეთს, 300 კაცი გორს, ამ ჯარს ლეკებისაგან ქვეყანა უნდა დაეცვა. თვით მეფე 10 ათასიანი კორპუსით ახალქალაქ-ახალციხე-ყარსის მიმართულებით უნდა შეჭრილიყო, თარეშით თურქები შეეწუხებინა, რათა არ მიეცა მათთვის საშუალება მიშველებოდნენ ფოთის ციხეს; სოლომონ მეფეს 6 ათასიანი ჯარით ახალციხიდან ბაღდადისაკენ მომავალი ხეობები უნდა შეეკრა; გურიელს უნდა შეეკრა ტრაპიზონიდან ზღვისპირზე მომავლი გზა; ხოლო დადიანს _ აფხაზეთიდან მომავალი გზა, ამასთან უნდა დაეცვა ქუთაისთან კომუნიკაციები და უშუალოდ დაეფარა კორპუსი (ენიმკის მოამბე, 1940, V-VI, გვ. 348, 355-356)...
კორპუსის ფაქტიური მდგომრეობის მიხედვით, სუხოტინი უკეთეს ამოცანას ვერ დაისახავდა, რაკი კორპუსს მანევრირება არ შეეძლო, ხოლო რუსეთის მთავრობა ქართველებზე დანდობას გენერალს არ ურჩევდა. სუხოტინს ყველაზე ნაკლები ჯარი ეგულებოდა ფოთში (ა. ცაგარელი, სიგელები, I, გვ. 483), და ამიტომ, გარედან საკმაოდ დაცულს, გადაუწყვეტია ფოტის ციხის გასაღები, მიუხედავად კორპუსის მძიმე მდგომარეობისა, იმპერატორის ფეხქვეშ დაეგდო.
სუხოტინმა შეცდომა დაუშვა, მან არ გაითვალისწინა ადგილობრივი კლიმატი, რაზედაც თავის დროზე გაუფრთხილებია ერეკლეს, ხოლო უფრო გვიან შეუხსენებია სოლომონსაც (ა. ცაგარელი, სიგელები, I, გვ. 486; II, გამ. I, გვ. გვ. 75). სუხოტინს არ გაუთვალისწინები აგრეთვე, რომ საჭირო იყო საალყო ქვემეხებიც, უამისოდ ფოთის აღებას დიდი დრო უნდოდა“.
ამის შემდეგ პროფ. ვ. მაჭარაძე ლაპარკობს როგორც რუსეთის მთავრობის, ისე თავად სუხოტინის სხვა შეცდომებზეც, რომლებიც განპირობებული იყო უწინარეს ყოვლისა ტოტლებენის მიერ პეტერბურგში წინა ხანებში სიტემატიურად მიწოდებული ცრუ ინფორმაციებით, და რომლებმაც გამოიწვიეს რუსული ჯარის ფაქტიურად კრახი ფოთის ალყის მსვლელობისას. ვ. მაჭარაძე ჰყვება: „ჯარის ფაქტიურმა მდგომარეობამ და ეკატერინეს მიერ მიცემულმა ინსტრუქციამ დააბნია სუხოტინი, იგი სამხედრო კამპანიის გეგმის შედგენისას დიქტატის გზას დაადგა, შემდეგ, მეფეების რჩევის მიუხედავად, შუა ზაფხულს ფოთზე დაიძრა, კოლხიდის ჭაობებმა ხალხი დასცადა და კორპუსი მალარიით დაავადდა.
ფოთის კამპანიით გაწბილებული გენერალი 1771 წ. 29 ოქტომბერს ქუთაისიდან იმპერატორს უპატაკებდა: ბედმა მიმდინარე კამპანიაში მთელი ჩემი საქმე გაანდგურა; ავადმყოფს, რომელიც ძლივსღა ვსუნთქავ, არც კორპუსის მეთაურობისა და არც მტრის წინააღმდეგ მოქმედების თავი არა მქვს. ისე მძიმე ავადმყოფი ვარ, რომ ჩემს გამოჯანმრთელებას დიდი დრო უნდაო (ა. ცაგარელი, სიგელები, I, გვ. 485).
სამხედრო კოლეგიას კი აცნობებდა: მოკლულ იქნა 4 კაცი, დაიჭრა _ 15, ავადმყოფობითა და ჭრილობებით მოკვდა _ 293, გაიქცა _ 57, სახეზეა ჯანმრთელი _ 782, ავადმყოფი _ 1994. გენერალი ხარჯების გადიდებასაც ითხოვდა (ЦГВИА, ф. 20, оп. 47, св. 245, Д. 4, ч. I, лл. 457-465).
ზემოაღნიშნული პატაკი პეტერბურგში დეკემბერში მიიღეს და სახელმწიფო საბჭოს 1771 წლის 15 დეკემბრის სხდომაზე საქართველოდან საექსპედიციო კორპუსის უკან გაწვევა გადაწყდა“ (სახელმწიფო საბჭოს არქივი, ტ. I, ნაწ. II, გვ. 774). (ციტ. დასასრული).
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ რამდენადმე უფრო ზემოთ თავის წიგნში, პროფ. ვალ. მაჭარძეს აღნიშნული აქვს შემდგი _ ხელთუბნის თათბირზე როდესაც სუხოტინი და ქართველი მეფეები განიხილავდნენ თურქების წინააღმდეგ რუს-ქართველთ ჯარების შემდგომი ერთობლივი მოქმედებების გეგმებს, ერეკლე მეფე ეჭვს გამოთქვამდა ზაფხულის თვეებში ფოთის ციხეზე ლაშქრობის მიზანშეწონილებში, სწორედ ჭაობიანი ნიადაგისგან გამოწვეული მავნე კლიმატური პირობების გამო, სოლომონ მეფე, რომლიც სუხოტინის აზრითაც, უფრო მეტად ჩახედული უნდა ყოფილიყო კოლხეთის დაბლობის ზღვისპირეთის კლიმატის თავისებურებებში, არ დაეთანხმა ერეკლეს და ლაშქრობა გადაწყდა არა ახალციხის მიმართულებით, რასაც მოითხოვდა ქართლ-კახეთის მეფე, არამედ იმერეთ-სამეგრელოს მიმართულებით რაც აწყობდა სოლომონს. მხოლოდ ამის შემდეგ დაუწყია სოლომონ I-ს ეჭვების გამოთქმა სუხოტინისთვის ფოთისკენ ლაშქრობის არასასურველობის თაობაზე. ანუ სოლომონ მეფემ ეშმაკობას მიმართა რუსული ჯარის იმერეთში „შესატყუებლად“, რაც საკუთრივ მისთვის და მისი ინტერესებისთვის უნდა ყოფილიყო ხელსაყრელი, მხოლოდ არა ფოთისკენ, არამედ სხვა მიმართულებაზე. მაგრამ განა შემდეგ რუსეთის სამხედრო კოლეგიაში ან სამეფო კარზე ვერ მიხვდებოდნენ იმას, რომ იმერეთის მეფე ამ შემთხვევაში ხელმძღვანელობდა არა საერთო საქმის ინტერესებიდან გამომდინარე, არამედ თავისი სამეფოს ინტერესებიდან? განა ესეც თავის ბეჭედს არ დაუსვამდა ქართველი მეფეებისადმი რუსეთის სამეფო კარის დამოკიდებულებას? სოლომონ I-ის ასეთ ეშმაკობას ხომ შედეგდ მოჰყვა ფოთის მარცხი, ალბათ ასე სასირცხვო და მტკივნეული რუსული სარდლობისა და სასახლის კარისთვის? და როდესაც ჩვენ ხშირდ სხვისი შეცდომებისა და დანაშაულებისკენ ვიშვერთ ხელს, იქნებ საკუთარიც დაგვენახა და მათთვისაც სათნადო მნიშვნელობა მიგვენიჭებინა?
ვალ. მაჭარაძის სიტყვებით: „1771 წლის ბოლოს რუსეთს თურქეთთან ომში გარკვეული წარმატებები გააჩნდა: პირველი არმიის მიერ დამარცხებული და დუნაის გაღმა გადასროლილი თურქეთის მთავარი არმია თავდაცვის ტაქტიკას დაადგა, რუსეთის მეორე არმია დაეუფლა ყირიმის ნახევარკუნძულს, ხოლო ყირიმელი თათრები მზადყოფნას აცხადებდნენ საბოლოოდ ჩამოცილებოდნენ თურქეთს. ამ წარმატებებთან ერთად იზრდებოდა ომის საფრთხე შვეციიდან, ავსტრიის პოზიცია მეტად საეჭვო ჩანდა, რუსეთის არმიაც მოღლილი იყო და შევსებას საჭიროებდა. რუსეთის მთავრობის გავლენიან წრეებს გადაწყვეტილი ჰქონდათ ესარგებლათ თურქეთთან ომში მოპოვებული წარმატებებით, რუსეთიც გარკვეულ დათმობებზე წასულიყო და ზავი დაედოთ თურქეთთან. ასეთ ვითარებაში საქართველოდან საომრი მოქმედების გაშლის პერსპექტივა კლებულობდა...
ეკატერინემ მიზანშეწონილად სცნო სახელმწიფო საბჭოს გადაწყვეტილება და 1772 წლის 25 ინვარს სამხედრო კოლეგის უბრძანა საექსპედიციო კორპუსი საქართველოდან გაეწვია, ხოლო ზედმეტი საჭურველი სოლომონ მეფისათვის დაეტოვებია“ (ЦГВИА, ф. 20, оп. 47, св. 245, Д. 8, л. 1).
საკითხის დასასრულს პროფ. ვალ. მაჭარაძე ლაპარაკობს ქართველ მეფეთა დამოკიდებულებაზე რუსული ჯარის გასვლასთან. მისი სიტყვებით: „რუსეთის მთავრობის გადაწყვეტილება ქართველმა პოლიტიკოსებმა 1772 წლის აპრილში შეიტყვეს, რასაც უდიდესი გულისტკივილით შეხვდნენ. ეს მეტად მძიმე იყო ერეკლე მეფისათვის, რომელსაც ომის წინ საგარეო სკითხები შედარებით მოგვარებული ჰქონდა, ხოლო ომში მონაწილეობის გამო მეზობლები მტრად გადაიკიდა, მიზანი კი მიუღწეველი რჩებოდა. აქვე უნდა დაენახა რუსეთში სპეციალური მისიით ახლახანს გაგზავნილი ელჩობის მომავალი დიპლომატიური მარცხიც.
1772 წლის 21 აპრილს ერეკლე მეფე ნ. პანინს სწერდა: „...დუმილის დრო არა გვაქვს... წინაშე მ. ი. დ. (მისი იმპერატორობითი დიდებულებისა _ ი. ხ.) სიმართლით ვიკადნიერებთ და ვიტყვით ამას: სანამდის მ. ი. დ. ბრძანება მოგვივიდოდა თურქთა მტერობისათვის _ დაზავებით და მშვიდობით ვიყავით ხვანთქართან შერიგებულნი და დაწყნარებულნი; და სპარსეთის მფლობელს ხანებთან ასეთის საქმით ვიყავით _ ზოგნი შეშინებულნი გვყვანდენ და ხარკს გვაძლევდენ, და ზოგნი მეგობრობით დაზავებულნი გვყვანდენ, და ზოგის შეშინებას ვცდილობდით, და ზოგნი ლეკნი მათის შეძლებით გვმტერობდენ და ქვეყნებს გვიხდენდნენ, მაგრამ რამდენსამე წელიწადში ჩვენი ქვეყნის საქმეები ღვთით წარმატებაში მოგვყუანდა, _ და ახლა ამ საქმეებითა და ამისთანას წინადადებათაგან... საქართველოში ქრისტიანობა მოისპობის და სრულებით აღოხრდების, თუ ეს კორპუსი აქეთგან უკუმობრუნდების“ (ა. ცაგარელი, სიგელები, II, გამ. I, გვ. 85-86).
ერეკლე მორალური ვალდებულების ქვეშ აყენებდა რუსეთის მთავრობას, მაგრამ ასეთი მოტივები დიპლომატიასა და სახელმწიფოთა ურთიერთობაში გადამწყვეტი როდია.
საქმე გადაწყვეტილი იყო, 1772 წლის 5 მაისს რუსეთის საექსპედიციო კორპუსი ქუთაისიდან გამოვიდა, იგი სოლომონ მეფემ ქართლის სზღვრამდე მოაცილა, მოამარაგა ტრანსპორტით და 26 მაისს რუსეთის ჯარს „თვალცრემლიანი გაშორდა“. 31 მაისს კორპუსი ცხინვალში იყო, მალე ქართლიც დატოვა და 1772 წლის ოქტომბერს ცარიცინში მივიდა (ა. ცაგარელი, სიგელები, I, გვ. 352-353, 365).
რუსეთის საექსპედიციო კორპუსის საქართველოდან გაწვევაში ერეკლე საკუთარ დიპლომატიურ მარცხს ხედავდა. 1772 წლის 2 ივნისს მეფე გრაფ ჩერნიშოვს სწერდა: „...უნამეტნავესისა სიხარულითა და საცინელითა საქმითა გვყვედრიან და გვეუბნებიან: ვისგანაც სასოება გქონდათ _ მიგეფარათ და ნუღარა (ხართ) სასოებით მათგნაო, _ ამისებრითა სიტყვითა ნიშანს გვიგებენ წარმართნი“ (ა. ცაგარელი, სიგელები, II, გამ. I, გვ. 86-87)...
რუსეთის საექსპედიციო კორპუსი ჯერ კიდევ საქართველოს ტერიტორიაზე იყო, როცა დროებითი ზავი ძალაში შევიდა.
1772 წლის 1 ივნისს რუმიანცევმა ცნობა გამოუგზავნა სუხოტინს დროებითი ზავის ჩამოგდების შესახებ. ცნობა დიდი ვეზირის ბრძანებასთან ერთად სუხოტინს 5 ივლისს მიუღია კავკასიის მთებში და გამოუგზავნია ლვოვისა და ერეკლე მეფისათვის (ЦГВИА, ф. 20, оп. 47, св. 245, Д. 8, лл. 40-48). ლვოვმა დიდი ვეზირის ბრძანება გაუგზავნა ახალციხის ფაშას, რომელსაც იმვდროულად მიუღია რუმიანცევის ბრძანება რუსი ჯარისადმი. ქართლ-კახეთის სამეფოსა და ახალციხის საფაშოს შორის დროებითი ზავი ჩამოვარდა. მაგრამ ფაშას დროებითი ზავი არ დაუცავს იმერეთის მიმართ და ლეკების რაზმი გაუსევია, რომელიც სოლომონ მეფეს სასტიკად დაუმარცხებია. ამის შემდეგ დროებითი ზავი იმერეთის სამეფოსთანაც შევიდა ძალაში. ლვოვი 1772 წლის 29 სექტემბერს აუწყებდა რუსეთის მთავრობას, რომ დროებითი ზავი „დღემდე საჭირო სიზუსტით ნამდვილად სრულდებაო“ (ა. ცაგარელი, სიგელები, I, გვ. 360).
შემდეგ ვალ. მაჭარაძე აგრძელებს დასკვნითი ხასიათის მსჯელობას: „მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის ჯარი თითქმის სამი წელი იყო საქართველოში, რუს-ქრთველთა ჯარების ერთობლივი შეთანხმებული მოქმედება ვერ განხორციელდა, ამიტომ საქართველოს ფრონტზე ფართო მასშტაბის ოპერაციების გაშლა შეუძლებელი აღმოჩნდა.
ეკატერინე და პანინი, ქართველ მეფეებთან წერილებში, საქართველოს ფრონტზე წარუმატებლობისა და ერთობლივი მოქმედებების მიუღწევლობის ძირითად მიზეზად ქართველ პოლიტიკოსებს შორის უთანხმოებას ასახელებდნენ (იქვე, გვ. 335, 337, 339).
მართალია, ქართველ მეფეებს შორის ინტერესთა სხვადასხვაობას ადგილი ჰქონდა, მაგრამ ერთობლივი მოქმედებების გზაზე ეს არ ყოფილა ისეთი დაბრკოლება, რომლის დაძლევაც შეუძლებელი ყოფილიყო. როგორც ზემოთ გვქონდა აღნიშნული, ქართველი მეფეები ტოტლებენს შეთანხმებული დახვდნენ. ქართველ მეფეებს შორის წინააღმდეგობა შეურიგებელი რომ ყოფილიყო, ცხადია, მათ შორის შეთანხმებაც არ მოხდებოდა. ცნობილია ისიც, რომ საექსპედიციო კორპუსის გაწვევის შემდეგ... ქართველი მეფეები შეთანხმდნენ და ერთად ილაშქრეს კიდეც ახალციხის მიმართულებით. ზემოაღნიშნული ფაქტები ცხადყოფენ, რომ ქართველი მეფეების შეთანხმება, მათი ერთად მოქმედება შესაძლებელი იყო, მხოლოდ საჭირო იყო სომარი მოქმედების გაშლისათვის შერჩეულიყო ისეთი მიმართულება, რომელიც უზრუნველყოფდა ორივე სამეფოს ძალების მონაწილეობას.
გარდა ამისა, საექპედიციო ჯარის სარდლებს, თუ სურდათ ქართველების გამოყენება ომში, ყურადღების ცენტრში უნდა დაეყენებიათ საქართველოში უძლიერესი პოლიტიკური ერთეულის _ ქართლ-კახეთის სამეფოს ინტერესები. ტოტლებენმა და მოურავოვმა კარგად გაიგეს ეს და 1769 წლის შემოდგომაზე, რუსეთის სახელმწიფოებრივი ინტერსების თვალსაზრისით, უდაოდ სწორი ნაბიჯი გადადგეს, როდესაც რუსეთის მთავრობა აიძულეს ერეკლეს თხოვნისათვის ანგარიში გაეწიათ. მაგრამ 1770 წელს ტოტლებენმა უღალატა ერეკლე მეფეს, რუსეთის მთავრობას და საკუთარ საზეიმო განცხადებებსაც კი. მას არ შერჩა ერეკლესთან ერთად ახალციხის მიმართულებით საომარი მოქმედებების გაშლის სურვილი, რის გამოც ერთობლივი საომარი მოქმედება არ განხორციელდა.
მიუხედავად იმისა, რომ ტოტლებენის ყალბი მოხსენებებითა და 1770 წელს საქართველოში მომხდარი ამბებით შეცდომაში შევიდა რუსეთის მთავრობა, მას მაინც ყურადღების ცენტრში ჰქონდა ერეკლესთან, როგორც საქართველოში უძლიერეს მფლობელთან, ურთიერთობის საკითხი. მართალია, სუხოტინის შეცდომა ჯარის ფაქტიურმა მდგომარეობამ და იმ უნდობლობამ შეამზადა, რასაც რუსეთის მთავრობა მას წინასწარ უნერგავდა ქართველების მიმართ, მაგრამ სუხოტინს რომ ერეკლეს მიერ წამოყენებული ახალციხეზე ლაშქრობის გეგმა მიეღო, განა ერთობლივი მოქმედებები უზრუნველყოფილი არ იქნებოდა? თვით სუხოტინის მოწმობით საეჭვო არ ხდება, რომ ერეკლეს გეგმას, სუხოტინს რომ მისთვის მხარი დაეჭირა, მიიღებდა სოლომონ მეფეც, რადგან სუხოტინის განცხადებით: „სოლომონი... იწოდა რა მ. ი. უ. ერთგულებით, ყველაფერზე განუსჯელად აცხდებდა თანხმობას“ (ა. ცაგარელი, სიგელები, I, გვ. 482).
( * შენიშვნა: აქ ვალ. მაჭარაძის მსჯელობა არ უნდა იყოს მთლიანად ამომწურავი. ზემოთ თავად მისსავე ნაწერზე დაყრდნობით ნათელი გახდა, რომ სოლომონ I-იც არ დაეთანხმა ხელთუბნის თათბირზე ახალციხეში ერთობლივი ლაშქრობის წინადადებას, რადგანაც უნდოდა რუსული ჯარი იმერეთში ჰყოლოდა უფრო თავისი ინტერესებისთვის გამოეყენებია. რაც შეეხება საბოლოოდ რუსი სარდლის წინადადებაზე ქართველი მეფეების დათანხმებას, მას, ანუ ფოთისკენ ლაშქრობას, დაეთანხმა ერეკლეც, თუმცა კი დიდად ეპარებოდა ეჭვი შუა ზაფხულში ფოთის სანახებში რუსული ჯარის წარმატებით მოქმედების საკითხში. ანუ, სოლომონ I-მაც თავისი ეშმაკობით, სათავისოდ საქმის წარმართვის სურვილით, შეცდომაში შეიყვანა ადგილობრივ პირობებში გუთვითცნობიერებელი რუსი გენერალი და ამით მისდა უნებურად ხელი შეუწყო რუსული ჯარის მძიმე მდგომარეობაში ჩავარდნას. კარგი იქნებოდა, რომ სხვების სიცუდის მიუხედავად, ჩვენ ყოველთვის კარგები ვყოფილიყავით, მაგრამ ასე რომ არ არის? (ი. ხ.)
სუხოტინს არ ესმოდა, თუ რატომ იყო სოლომონ მეფე ყველაფერზე მზად „განუსჯელად“. იმერეთის სამეფოსათვის ახალციხეს ფოთზე ნაკლები მნიშვნელობა როდი ჰქონდა. სოლომონ მეფემ კარგად იცოდა, რომ თურქები უფრო ფეხმოკიდებული იყვნენ ახალციხეში, საიდანაც იმერეთს ძირითად დარტყმას აყენებდნენ. აი, რატომ იყო, რომ რუსეთის ჯარის გაწვევის შემდეგაც სოლომონ მეფემ ერეკლეს გეგმა მიიღო და მასთან ერთად ახალციხის მიმართულებით გაილაშქრა.
რაც შეეხება ერეკლე მეფეს, მისთვის ფოთზე ლაშქრობას არავითარი მნიშვნელობა არ ჰქონდა. იგი ქართლ-კახეთის სამეფოს არაფერს აძლევდა.
თურქეთის წინააღმდეგ ომში ქართველთა ძირითდი ძალების გაერთიანება და წარმართვა შეიძლებოდა მხოლოდ ახალციხის მიმართულებით, რაც წარმატების უტყუარი გარანტია იყო. ეს კარგად ესმოდა იაზიკოვს, რომელიც მტკიცედ უჭერდა მხარს ერეკლეს გეგმას, მაგრამ ტოტლებენი ამას წინ აღუდგა, ხოლო სუხოტინმა კი ვერ გაიგო იგი. აი რა იყო ერთობლივი მოქმედების განუხორციელებლობისა და საქართველოს ფრონტზე წარუმატებლობის ძირითადი მიზეზი.
( * შენიშვნა: რომელიღაც ქართველ ავტორთან წამიკითხავს, რომ სუხოტინი იყო საზღვაო ოფიცერი და სახმელეთო ჯარების მიერ ოპერაციების წარმოებაში სათანადო ცოდნა და გამოცდილება არ გააჩნდა. თუმცა კი მას ჩაუტარებდნენ სათანადო გადამზადებას, სანამ სახმელეთო ჯარების რომელიმე ნაწილს ან შენაერთს ჩააბარებდნენ, მაგრამ საქართველოში იგი, რიგი მიზეზების გამო, თავიდანვე მეტად რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა. ასეთ მდგომარეობას თავს უკეთესად გაართმევდა ალბათ გენერალი სუვოროვი, რომელიც იმ ხანად ისე ცნობილი ჯერ კიდევ არ იყო და თავისი ბრიგადით პოლონეთში ბარის კონფედერაციის ჯარების წინაღმდეგ მოქმედებდა. შესაძლოა იმავე პოლკოვნიკ კლავერს ან მოსკოვის ლეგიონის მეთაურს გენერალ ბანერს, როგორც სახმელეთო ჯარების გამოცდილ ოფიცრებს, უფრო კარგად გაერთვათ თავი ამ რთული ვითარებისთვის, უფრო სწორად ჩასწვდომოდნენ სახმელეთო ოპერაციების წარმოების ცალკეულ ნიუანსებს და მართლაც ერეკლეს წინადადებანი მიეღოთ უფრო მეტად სახელმძღვანელოდ. (ი. ხ.).
მიუხედავად იმისა, რომ რუს-ქართველთა ჯარის ერთობლივი მოქმედება და ფართო მასშტაბის ოპერაციების ჩატარება შეუძლებელი აღმოჩნდა, რუსეთის ჯარის ყოფნას საქართველოში უშედეგოდ არ ჩაუვლია. მცირე საექსპედიციო რაზმის კორპუსად გადაქცევით, რუსეთის მთავრობა გარკვეულ დათმობაზე წავიდა ერეკლეს წინაშე, რამაც უზრუნველყო ქართლ-კახეთის სამეფოს ომში ჩაბმა. ასპინძის ომმა წელში გატეხა ახალციხის ფაშა და წაართვა მას იმერეთის ციხეების დასაცავად აქტიურად გამოსვლის შესაძლებლობა. რამაც უზრუნველყო თურქი ოკუპანტების იმერეთიდან განდევნა, ამას კი უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა დასავლეთ საქართველოსათვის“ _ დაასკვნის პროფ. ვალ. მაჭარაძე. და როგორ არა ჰგავს შარლ დე გრაი დე ფუას, სერგეი სოლოვიოვის, იასე ცინცაძისა და ვალერიან მაჭარაძის მიერ გადმოცემული ისტორიული თხრობა ივ. ჯავახიშვილის ცალმხრივ და ტენდენციურ მსჯელობას რუსეთ-ოსმალეთის 1768-74 წლების ომისა და მასში საქართველოს სამეფო-სამთავროების მონაწილეობის შესახებ. როგორ სულაც არ დასტურდება ამ ავტორების მიერ რუსეთის მზაკვრობა და უსულგულობა საქართველოსთან მიმართებით.
რაც შეეხება ომის შემდგომ მსვლელობას, ვალ. მაჭარძის სიტყვებით, 1772 წლის ზაფხულიდან 1773 წლამდე რუსეთსა და თურქეთს შორის მოქმედებდა დროებითი ზავის პირობა და მიმდინარეობდა საზავო მოლაპარაკებები, თუმცა კი ახალციხის ფაშამ არ დაიცვა დროებითი ზავი და ისარგებლა რა ნურსალ-ბეგის აქტიური მოქმედებით, მოთარეშე რაზმები შემოუსია ქართლის სოფლების დასარბევად. „1773 წელს რუსეთ-თურქეთის საზავო მოლაპარაკება უშედეგოდ დამთავრდა და ცენტრალურ ფრონტზე საომარი მოქმედება განახლდა. ასეთ პირობებში ერეკლემ და სოლომონმა ტოტლებენის ინტრიგებით შერყეული კავშირი აღადგინეს და ახალციხის მიმართულებით ლაშქრობა გადაწყვიტეს... 1773 წლის ოქტომბერში მეფეებმა ჯარები შემოიყარეს და გორიდან ჯავახეთში შეიჭრნენ. ახალქალაქის გარეუბნის დაკავების შემდეგ, ქართველებმა ოპერაციები ყარსის მიმართულებით განავითარეს და თვით არდაგანამდე მიაღწიეს, მაგრამ სოლომონ მეფის ავადმყოფობის გამო ლაშქრობის შემდგომი გაგრძელება არ მომხდარა.
1774 წელი თურქების ახალი შემოტვით აღინიშნა. იანვარში ახალციხის ფაშამ, დადიანისა და აბაშიძის დახმარების იმედით, 4 ათასიანი კორპუსი გამოგზავნა იმერეთის ასაოხრებლად. სოლომონ მეფის თხოვნით ერეკლემ დადიანს განზრახვაზე ხელი ააღებინა, ხოლო თვითონ ერეკლემ ჯარი შემოიყარა სოლომონის დასახმარებლად. თურქები მიხვდნენ, რომ ხაფანგში გაებნენ და სასწრაფოდ უკან დახევა იწყეს. სოლომონმა თურქებს ჩხერის ვიწროებში გზა მოუჭრა და 1774 წლის თებერვალში სასტიკად დაამარცხა ისინი (3700 კაციდან ახალციხეს 700 კაციღა დაბრუნებულა) (ა. ცაგარელი, სიგელები, I, 401-403).
1774 წელს რუსეთის მთავრობა მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა: ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში გლეხთა ომის ხანძარი ფართოვდებოდა (ემელიანე პუგაჩოვის მეთაურობით _ ი. ხ.). ამიტომ პირველი არმიის სარდალს რუმიანცევს ავალებდნენ გადაელახა დუნაი და თურქების მთავარ სიმაგრეებზე დარტყმით აეძულებია მტერი ზავი დაედო. 1774 წლის მაისსა და ივნისში რუსეთის ჯარებმა დუნაი გადალახეს და კურსი შუმლისაკენ აიღეს, სადაც დიდი ვეზირის ბანაკი იყო. თურქები შეშინდნენ და ზავი ითხოვეს. 1774 წლის 10 ივლისს სოფ. ქუჩუკ-კაინარჯში რუსეთსა და თურქეთს შორის ზავი დაიდო, რითაც მთავარ უბანზე ომი დამთავრდა...
ერეკლემ ჯერ კიდევ არ იცოდა რუსეთსა და თურქეთს შორის ომის დამთავრების ამბავი, ამიტომ 24 აგვისტოს წერილით ერთხელ კიდევ მოაგონებდა რუსეთის მთავრობას, რომ იგი რუსეთის თხოვნით ჩაება ომში თურქეთის წინააღმდეგ, რის გამოც საგარეო პირობები გაურთულდა, ამიტომ რუსეთმა ზავის დადებისას ჩვენს დაცვაზე იზრუნოსო“ (ციტ. დასასრული).
გარდა ამისა, ვალ. მაჭარაძის სიტყვებით, ჯერ კიდევ 1771 წლის დეკემბერში, როდესაც პეტერბურგში უკვე ზრუნავდნენ ტოტლებენის შესაცვლელად, ქართლ-კახეთის სამეფო კარზე გადაწყვიტეს რუსეთთან დაახლოების საკითხში ახალი ნაბიჯის გადადგმა და შეადგინეს კიდეც პირობები ხელშეკრულებისა, რომლის მიხედვითაც ქართლ-კახეთის სამეფო რუსეთის მფარველობაში უნდა შესულიყო (ა. ცაგარელი, სიგელები, II, გამ. I, გვ. 83-84). ამ მიზნით 1772 წლის იანვარში ლევან ბატონიშვილისა და ანტონ კათალიკოსის მეთაურობით ფართო რწმუნებით აღჭურვილი ელჩობა გაიგზავნა პეტერბურგში. მაგრამ იმ ხანად ერეკლე II-სადმი რუსეთის სამეფო კარზე არსებული უნდობლობის გამო, სანამ ყაზანში მიმდინარე გამოძიება დასრულდებოდა და საქმის ნამდვილი ვითარება გაირკვეოდა, ქართლ-კახეთის ელჩები დაახლოებით ერთ წელიწადს ასტრახანში გააჩერეს მოსკოვის მიდამოებში შავი ჭირის ეპიდემიის მომიზეზებით. როდესაც ერეკლეს მიმართ რუსეთის იმპერატრიცას დამოკიდებულება ძირითადად მოწესრიგდა, ქართველ ელჩებს პეტერბურგისკენ გზა გაუხსნეს, იქ მათი წინადადებები მოისმინეს, მაგრამ მფარველობაში მიღებაზე კი უარი უთხრეს, ვინაიდან ამას შეეძლო ჩაეშალა საზავო მოლაპარაკებები თურქეთთან, რაც რუსეთს იმხანად უკიდურესად არ აწყობდა. ქართული ელჩობა უშედეგოდ დაბრუნდა სამშობლოში 1774 წლის აგვისტოში, და ალბათ სწორედ ამის შემდეგ მიმართა ერეკლე მეფემ რუსეთის მთავრობას საზავო ხელშეკრულებაში ქართლ-კახეთის სამეფოს უსაფრთხოების დასაცავად შესაბამისი ჩანაწერის გაკეთების შესახებ, რასაც ეკატერინე II-ის მთავრობა ჯერ კიდევ 1769 წელსვე პირდებოდა თურქეთის წინააღმდეგ ომში მონაწილეობისთვის მის მიერ მოკავშირედ მოწოდებულ ქრისტიან ხალხებსა და ქვეყნებს.
პროფ. იასე ცინცაძე ასევე მეტად საინტერესოდ ეხება ქუჩუკ-ყაინარჯის ზავის დადების პერიპეტიებს. იგი წერს: „ქუჩუკ-ყაინარჯის საზავო ხელშეკრულებაზე თურქეთის მხრივ დათანხმება მის წინანდელ ძლიერებას არ შეშვენოდა. მართალია, მიმდინარე ომში თურქეთი საგრძნობლად დამარცხდა ზღვასა და ხმელეთზე, მაგრამ ქუჩუკ-ყაინარჯის საზავო პირობებზე ხელის მოწერა უფრო დიდი მარცხი იყო, ვინემ ბრძოლის ველზე განცდილი.
არც რუსეთს ჰქონდა ამ დროს სახარბიელო მდგომარეობა. ომის სიმძიმემ რუსეთში გლეხთა მდგომარეობა გაართულა და სახელმწიფოს ძირითადი მოსახლეობა აჯანყებით იმუქრებოდა. ჯერ იყო 1771 წელს რუსეთში შავი ჭირის ეპიდემია გაჩნდა და მოსკოვსაც მოედო იგი. ამ ნიადაგზე მოსკოვში აჯანყებაც დაიწყო. ღელავდა კაზაკობა იაკიზე, დონსა და ვოლგაზე. როგორც ცნობილია, 1773 წელს დაიწყო გლეხთა გრანდიოზული აჯანყება ემელინე პუგაჩოვის მეთაურობით და იმპერიის სამხრეთ-აღმოსავლეთი მხარე მთავრობას აღარ ემორჩილებოდა, თავადაზნაურობის გადარჩენილი ნაწილი დასავლეთისაკენ გამორბოდა, ხოლო ნაწილი კი საზღვარგარეთ გასაქცევად ემზადებოდა. იმპერიის არც ცენტრალური გუბერნიების გლეხობა იყო საიმედო. აჯანყების ჩაქრობას გამოცდილი სარდლები და რეგულარული ჯარების ფრონტიდან გადმოსროლა დასჭირდა.
ასეთ ვითარებაში მყოფი რუსეთის მთავრობა თურქეთის წინააღმდეგ ომს როგორღა გააგრძელებდა და სასწრაფოდ ზავის დადების მონატრული იყო. ამიტომაც თურქეთთან საზავო მოლაპარაკების დროს თავის წარმომადგენელს მითითებას აძლევდა საგრძნობ დათმობებზე წასულიყო. ახლა დანამდვილებით ცნობილია, რომ რუსეთი მზად იყო წინასწარ შემუშავებულ საზავო პირობებში რადიკალური ხასიათის ცვლილებები მოეხდინა და ომამდე არსებული მდგომარეობა უცვლელად დაეტოვებინა. მხოლოდ მთავარსარდალ რუმიანცევის სიმტკიცემ იხსნა ყველაფერი, იგი საკუთარი ინიციატივით შეტევაზე გადავიდა, კვლავ ახალი გამარჯვება მოიპოვა მოლაპარაკების პროცესში, თურქეთის დელეგაციას არ გაუმჟღავნა რუსეთის მხრივ ნავრაუდევი დათმობები და ქუჩუკ-ყაინარჯის საზავო ხელშეკრულებაც დაიდო. ყირიმის ნახევარკუნძულიც დათმო მაშინ თურქეთმა, მართალია მისი სრული შემოერთება (რუსეთის მიერ _ ი. ხ.) ცოტა გვიან მოხდა (1783 წ.), მაგრამ არსებითად 1774 წლის ზავმა განაპირობა იგი“ (ციტ. დასასრული).
( * შენიშვნა: როგორც სხვაგან წამიკითხავს, პ. ა. რუმიანცევი პეტრე I-ის უკანონო შვილი გახლდათ და მხედრული ნიჭი და მთავარსარდლის ოსტატობა მას გენეტიკურადაც ჰქონდა მამისგან. რაც შეეხება აღნიშნულ შეტევას თურქთა მთავარსარდლის ბანაკის მიმართულებით, ცოტა ზემოთ ვნახეთ, რომ ვალ. მაჭარაძის სიტყვებით, რუმიანცევმა იგი განახორციელა არა პირადი ინიციატივით, არამედ მთავრობისგან მიღებული დავალების სფუძველზე. ეს არ გახლავთ გადამწყვეტი მნიშვნელობის საკითხი ჩვენთვის, არამედ მას ყურადღება მივაქციე მხოლოდ ამ ორ თხრობას შორის კავშირის უფრო მკაფიოდ გამოყოფისთვის (ჩვენებისთვის). (ი. ხ.)
თავად ქუჩუკ-ყაინარჯის სამშვიდობო ხელშეკრულების ძირითადი ექვსი პუნქტი ზემოთ უკვე იყო ჩამოყალიბებული ს. მ. სოლოვიოვის წიგნში „რუსეთის ისტორიის მცირე სახელმძღვანელო“. ქვემოთ შევეხები ამ ხელშეკრულების XXIII მუხლს, სადაც ნათქვამია საქართველოს შესახებ. პროფ. იასე ცინცაძე ამის თაობაზე წერს:
„ქართლ-კახეთის მეფეს თურქეთთან და ირანთნაც თავისი ანგარიშები ჰქონდა. ამ ომში კი თურქთაგან სამცხის გათვისუფლება უნდოდა, სოლომონ I-ს კი თურქთა ბატონობისაგან გათავისუფლება სურდა. რუსეთის ხელისუფლებაც მათ ასე აიმედებდა, რომ ომის დასრულების შემდეგ საზავო ხელშეკრულებაში საქართველოს შესახებ საგანგებო მუხლი იქნებოდა შეტანილი. უნდა აღინიშნოს, რომ რუსეთის დიპლომატიის დაჟინებითი მოთხოვნით თურქეთი იძულებული შეიქნა დათანხმებულიყო საზავო ხელშეკრულებაში საქართველოს შესახებ სპეციალური მუხლი ყოფილიყო გამოყოფილი. მართლაც, ქუჩუკ-ყაინარჯის ხელშეკრულებაში XXIII მუხლი მთლიანად საქართველოს შეეხება. საზავო მოლაპარაკების დროს თურქეთის წარმომადგენლები დიდ წინააღმდეგობას უწევდნენ რუსეთის დელეგაციის წევრებს დასავლეთ საქართველოს სამეფოს შესახებ წამოყენებული წინადადებების გამო. რუსეთის დიპლომატია მოითხოვდა იმერეთის ციხეები ქუთაისი, ბაღდადი და შორაპანი თურქეთს ეცნო იმერეთის საკუთრებად. თურქეთი კი იმერეთზე ბატონობას ამ ციხეებში თავისი გარნიზონების ჩაყენებით აფორმებდა და რაკი ამ ომის დროს თურქები ამ ციხეებიდან გამოდევნეს, რუსეთი ამ ფაქტიური მდგომარეობის იურიდიულ გაფორმებას ცდილობდა. ამასთანავე რუსეთის დელეგაცია მოითხოვდა თურქეთს ოფიციალურად უარი ეთქვა დასავლეთ საქართველოდან ხარკის სახით ტყვე ახალგაზრდობის წაყვანაზე. თურქეთის წარმომადგენლები ამ წინადადებაზე კატეგორიულ უარს აცხდებდნენ. მაშინ რუსეთის დიპლომატიას ხერხისათვის მიუმართავს. ციხეების შესახებ ხელშეკრულების ტექსტი ისე არის რედაქტირებული, რომ ვითომ თურქეთის ინტერესები უგულებელყოფილი არ არის. საზავო ხელშეკრულების XXIII მუხლში იმერეთის ციხეების შესახებ აღნიშნულია: „საქართველოსა და სამეგრელოს ნაწილში მყოფი ციხეები: ბაღდადის, ქუთაისისა და შორაპნის, რომლებიც რუსული იარაღით არის დაპყრობილი, რუსეთის მიერ აღიარებული იქნება იმის საკუთრებაში, ვისაც ისინი უძველესი ხანიდან ეკუთვნოდა, ასე, რომ თუკი ეს ქალაქები ნამდვილად უძველესი დროიდან, ან უკვე დიდი ხნის წინ იყო ბრწყინვალე პორტას მფლობელობაში, მაშინ აღიარებული იქნებ მისდამი კუთვნილად“ („В части Грузии и Мингрелии находящиеся крепости: Богдадчик, Кутаис и Шагербан (ბაღდადი, ქუთაისი და შორაპანი _ ი. ც.) российским оружием завоёванные, будут Россиею признаны принадлежащими тем, кому они издревле принадлежали, так, что ежели подлинно оные города издревле, или с давняго времени были под владением блистательной Порты, то будут признаны ей принадлежащими“) (Т. Юзефович, Договоры России с Востоком, политические и торговые, 1869, стр. 36).
ამ ტექსტში ნათლად ჩანს მისი სხვადასხვანაირად გაგებისა და განმარტების შესაძლებლობა თურქების, ქართველებისა და რუსების მიერ, თუ ვის ეკუთვნოდა უძველესი დროიდან იმერეთის სამეფოს აღნიშნული ციხეები. იასე ცინცაძეს ამ ტექსტის ორაზროვნად გაგების შესახებ უფრო ვრცელი მსჯელობა აქვს თავის წიგნში მოყვანილი, მაგრამ ამჯერად მასზე აღარ შევჩერდები.
ი. ცინცაძის სიტყვებით, „ასევე ორაზროვნად არის ჩამოყალიბებული ქუჩუკ-ყაინარჯის XXIII მუხლის მეორე დებულებაც. აქ აღნიშნულია: „საზეიმოდ და სამუდამოდ უარს ამბობს იგი (პორტა) ხარკის მოთხოვნაზე ვაჟებითა და გოგონებით და ყველანაირ სხვა ხარკზეც, ვალდებულებას კისრულობს არ მიიჩნევდეს მათ შორის არავის თავის ქვეშევრდომად, იმათ გარდა, ვინც უძველესი დროიდან მას ეკუთვნოდა“ („Торжественно и навсегда отказывается она (Порта) требовать дани отроками и отроковицами и всякаго рода других податей, объязывается не почитать между ними никого за своих подданных, кроме тех, кто издревле ей принадлежали“) (იქვე, გვ. 36).
იმერეთის სამეფოს მოსახლეობა ძველად თურქეთის ქვეშევრდომი არ ყოფილა; მაგრამ განიხილავენ კი ისტორიულ ცნობებს რუსეთისა და თურქეთის საზავო დელეგაციების სხდომებზე და დაემორჩილება თუ არა თურქეთი აქ მიღებულ გადაწყვეტილებებს? მაგრამ საქმე ის არის, რომ იმავე XXIII მუხლში ერთგან აღნიშნულია: „მაგრამ როგორც (რამდენადაც) მოხსენიებული ხალხები არიან ბრწყინვალე პორტას ქვეშევრდომები, ამიტომ რუსეთის იმპერიას არ ექნება უფლება მომავალში ერეოდეს მათ საქმეებში და არც ავიწროვებდეს მათ“ („но как поиянутые народы находятся подданными блистательной Порты, то Российская Империя не имеет совсем впредь в онные вмешиваться ниже притеснять их...“) (იქვე, გვ. 36).
აქაც თითქოს იმერეთის ხალხები მიჩნეულია თურქეთის ქვეშევრდომებად, მაგრამ ფრაზაში „როგორც მოხსენიებული ხალხები არიან ბრწყინვალე პორტას ქვეშევრდომები“, სიტყვით „როგორც (რამდენადაც, რუს. _ как)“ კვლავ ეჭვის ქვეშ არის დაყენებული დასვლეთ ქართველების ოსმალეთის სულთნისადმი ქვეშევრდომობა, და რუსეთს ეძლევა უფლება ჩათვალოს საკუთარი თავი ოსმალეთის ხელისუფლებისა და იმერეთის სამეფოს ურთიერთობებში ჩარევის უფლების მქონედ. იასე ცინცაძე ასკვნის: XXIII მუხლის ძალით „რუსეთის სახელმწიფომ თურქეთ-იმერეთის დამოკიდებულებაში დიპლომატიური ჩარევის უფლება მოიპოვა. თუ ეს მუხლი ორაზროვანი იყო და თურქეთ-იმერეთის დამოკიდებულებაში წინანდელ მდგომარეობას არ ცვლიდა, სამაგიეროდ ტექსტის იგივე ორაზროვნება რუსეთს მომავალში საშულებას აძლევდა თურქეთ-იმერეთის გართულებული დამოკიდებულება საბაბად გამოეყენებინა და სიუზერენისა და ვასალის ურთიერთობის შინასაქმეებში ჩარეულიყო. XXIII მუხლის ხელშეკრულებაში შეტანაზე თანხმობა ნაწილობრივ იმერეთზე რუსეთის უფლების აღიარებაა. რუსეთის მთავრობას ამ უფლების გამოყენება მაშინ შეეძლო, როცა მისთვის ხელსყრელი სიტუაცია დადგებოდა“.
ქუჩუკ-ყაინარჯის ხელშეკრულებაში პირდაპირ არ არის ლაპარაკი ქართლ-კახეთის სამეფოზე, მაგრამ იმავე XXIII მუხლში არის ასეთი ჩანაწერი: „ბრწყინვალე პორტა კი თავის მხრივ ვალდებულებას კისრულობს, პირველი არტიკულის შინაარსის მსგავსად, სრული ამნისტია მისცეს ყველა იმათ, რომლებმაც იმ მხარეში, ამ ომის განმავლობაში, რაიმენაირი სახით შეურაცხჰყვეს იგი... არ მიიჩნევდეს მათ შორის არავის თავის ქვეშევრდომებად, იმათ გარდა, რომლებიც უძველესი დროიდან მას ეკუთვნოდნენ...“ („Блистательная же Порта со своей стороны объязывается, всходственность с содержанием первого артикула, дозволить совершенную амнистию всем тем, которые в том краю, в течении настоящей войны, какими ни есть образом ея оскорбили... не почитать между ними ни кого за своих подданных, кроме тех, кои издревле ей принадлежали“) (იქვე, გვ. 36).
ასეთი სიფრთხილით მოაგვარა რუსეთის დიპლომატიამ საქართველოს სამეფო-სამთავროების საკითხი ქუჩუკ-ყაინარჯის საზავო ხელშეკრულებაში. თურქეთი სამარცხვინოდ წაიქცა ბრძოლის ველზე და დიპლომატიის კაბინეტშიაც“ _ დაასკვნის პროფ. იასე ცინცაძე.
ახლა ჩვენ ცოტათი უკან დავბრუნდეთ და ივ. ჯავახიშვილისეულ კიდევ ერთ შეფასებას მივუგდოთ ყური. ასპინძის ბრძოლის შესახებ თხრობის დასრულების თანავე იგი აგრძელებს: „რუსთა ჯარის მიერ ვერაგულად მიტოვებულსაც მოსვენებას არ აძლევდა ერეკლე მეფეს რუსეთის „მინისტრად წარმოვლენილი“ ლვოვი და ოსმალეთის წინააღმდეგ სხვა და სხვა საბუთებით საომრად აქეზებდა. სწორედ „ამისის რჩევით“ მეფე ერეკლე 1771 წ. კვლავ ახალციხის საფაშოს შეესია და ხერთვისის ციხე და ქალაქი აიღო, მაგრამ როდეაც ციხეში თავისი მეციხოვნენი შეაყენა, რუსეთის წარმომადგენელმა ამას წინააღმდეგობა გაუწია იმიტომ, რაკი ოსმალთა დიდ ჯარის მოსვლისა ეშინოდა, რომ მოვიდენ და „ძალად აგართვან სირცხვილი არისო“ (იხ. ხერხეულიძე, ჭიჭ. 266; ჩუბ. 492-493).
მეორედაც 1772 წ. ლვოვმა კიდევ იმდენი მოახერხა, რომ ერეკლე მეფეს ჩააგონა „ერთხელ კიდევ დაჰკარ ხვანთქრის მამულსაო“ და მანაც სოლომონ მეფეც მოიმხრო და შეერთებულის ლაშქრით ჯერ ჯავახეთის ახალქალაქს გარსშემოერტყნენ და სოლომონ მეფე საოფლით რომ არ გამხდარიყო (ავად), აიღებდენ კიდეც. შემდეგ როდესაც ამ მოარულის გამო აიყარნენ, მოარბიეს ახალციხის, არტაანის და ჯავახეთის ოლქები (იხ. ხერხეულიძე, ჭიჭ. 267, ჩუბ. 493).
ორთავე შემთხვევა სრულებით ცხადჰყოფს, რომ რუსეთის წარმომადგენელს თავის მთავრობის გეგმისაებრ საქართველოს დანიშნულებად ამ ომში მიწა-წყლის დაჭერა კი არ მიაჩნდა, არამედ უმთავრესად შესევითა და თარეშის საშუალებით ოსმალეთის მუდმივი შეწუხება, რომ ოსმალეთის მთავრობა ამის გამო იძულებული ყოფილიყო აქ საკმაო ჯარი დაებანდებინა“ (ციტ. დასასრული).
ივ. ჯავახიშვილისეული არგუმენტები აქაც ცალმხრივი და არასულია. ის რომ რუსეთის მთავრობას ამიერკავკასიასა და საბერძნეთში თავიდანვე დივერსიული და ძირითადი ფრონტიდან ოსმალების ყურადღების გადამტანი მოქმედებები ჰქონდა ჩაფიქრებული, ამას არც თვითონ მალავდა. განა თავიდანვე ტოტლებენის რაზმის 480 ჯარისკაცი და ოფიცერი საკმარისი იქნებოდა თუნდაც ახალციხის საფაშოს დაჭერისა და მყარად შენარჩუნებითვის? ან კიდევ განა 5-7 ათასამდე გაზრდილი რუსული მხედრობა მოახერხებდა ოსმალების ჯართან გამკლავებას, თუკი ახლციხის ფაშას მეზობელი ფაშები – ყარსის, არზრუმის, ბაიაზეთის, ტრაპიზონისა და სხვა გულმოდგინედ დაეხმარეოდნენ, და თანაც სულთანიც ცენტრალური დაქვემდებარების ქვეშ მყოფი ჯარებიდან რამდენიმე ათეულ ათასიან კორპუსს გამოგზავნიდა? ნუთუ ასეთი ბრწყინვალე სამხედრო ნიჭის მქონე, როგორც ამას ხშირად ხაზს უსვამს ივ. ჯავახიშვილი, ერეკლე II ამას ვერ მიხვდებოდა? ან კიდევ განა მან დააყენა პეტერბურგის წინაშე ომში თავისი მონაწილეობის აუცილებელ პირობად ახალციხის საფაშოს დაპყრობა? არა, მან მოითხოვა რუსული საექსპედიციო ჯარის 5-7 ათას ადამიანამდე გაზრდა, რა თქმა უნდა, უფრო მასშტაბური და ეფექტური მოქმედებებისთვის, როგორც დივერსიის განხორციელების ისე ტერიტორიების დაუფლების მიზნითაც, და ეს შესაძლოა მომხდარიყო კიდეც, მაგრამ როგორც ზემოთ ვნახეთ თანამედროვე რუმინეთის აღმოსავლეთ ნაწილისა და ბულგარეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილის დაპყრობის შემდეგაც ქუჩუკ-ყაინარჯის სამშვიდობო ხელშეკრულებით ვერ მოახერხა რუსეთის იმპერიამ მათი დანარჩუნება ან კიდევ ოსმალეთთან ბუფერულ ზონად გადაქცევა, რა თქმა უნდა, ბულგარელებისა და რუმინელების თურქეთისგან უფრო მეტად ჩამოშორების გზით; ეს მაშინ შეუძლებელი აღმოჩნდა იმავე ავსტრიის (საღვთო რომის იმპერიის) წინააღმდეგობის გამო, რომელსაც ბალკანეთში თურქეთის ხარჯზე თავისი დაპყრობების სურვილები ჰქონდა.
საერთოდ ისეთ სერიოზულ მოწინააღმდეგესთან, როგორიც იმ ხანად რუსეთისთვის გახლდათ ოსმალეთის იმპერია, მხოლოდ უგუნური მთავარსარდალი თუ ჩაიფიქრებს ყველა მიმართულებაზე აქტიური შეტევითი მოქმედებების წარმოებას. მე ვგულისხმობ მთავარსარდალს რუსეთის მხრიდან, პეტერბურგში. ცნობილი გამოთქმაც არის იმის შესახებ, რომ ვისაც სურს ყველაფერს ერთად მიაღწიოს, ის ყველაფერს დაკარგავსო, ან კიდევ _ ორი კურდღლის მადევარი ვერც ერთს ვერ დაიჭერსო, და ეს კარგად ესმოდათ რუსეთის იმპერიის სატახტო ქალაქში. სწორედ ამის გამო იყო გადაწყვეტილი ძირითადი მოქმედებების წარმოება ბალკანეთში, ხოლო დამხმარე მოქმედებებისა საბერძნეთის (მორეის) კუნძულებზე და ამიერკავკასიაში. რა თქმა უნდა, რუსული საქმის წარმატებაში ტოტლებენზე უფრო მეტად დაინტერესებული, ან მასზე უფრო მეტად გულისხმიერი გენერლის გამოგზავნის შემთხვევაში, ერთობლივი მოქმედებები უფრო უეთესად წარიმართებოდა, მაგრამ ეს ასე არ მოხდა. ერეკლეს რომ იმხანად რომ უმალვე მთლიანობაში ვერ დაენახა საქმის ვითარება და უფრო მეტი მოენდომებინა საქართველოსთვის, ვიდრე ეს შესაძლებელი იქნებოდა, ამაში არაფერია გასაკვირი, მგრამ როდესაც უამრავი ისტორიული ნაშრომებისა და დოკუმენტების გამოქვეყნების შემდეგაც ივ. ჯავახიშვილი ასე ტენდენციურად და სამხედრო საქმეში არაკომპეტენტურად წარმოგვიდგენს მოვლენებს, ეს უკვე მეტად სამწუხაროა. მაგალითად, იგი ხშირად იშველიებს ომან ხერხეულიძის გამონათქვამებს, მაგრამ როდესაც ერეკლესა და ტოტლებენს შორის კონფლიქტს ეხება, „ავიწყდება“ რატომღაც ომან ხერხეულიძის ნათქვამი, რომ ბოროტი ადამიანების ინტრიგებმა და ენების მიტან-მოტანამ გააღვივა მნიშვნელოვნად ეს კონფლიქტიო. ვინ იყვნენ ეს ბოროტი და ენაჭარტალა ადამიანები, რუსები თუ ქართველები?
გარდა ამისა, როგრც ვნახეთ, 1772 წლის იანვარში ერეკლე II-ის მიერ პეტერბურგში გაგზავნილი ელჩობა ლეონ ბატონიშვილისა და ანტონ I კათალიკოსის მეთაურობით მთელი წლით ასტრახანში გააჩერეს, რადგანაც პეტერბურგში სამეფო კარზე ქართველი მეფისადმი ნდობა ჰქონდათ დაკარგული, როგორც ტოტლებენთან ვერშემდგარი თანამშრომლობის, ისე სუხოტინის მიერ განცდილი მწარე მარცხის გამო (ფოთის ალყის მსვლელობისას ჯარის მასობრივად მალარიით დაავდება), ყაზანში საგანგებო კომისია ატარებდა სპეციალურ გამოძიებას და მის დასრულებამდე ასტრახანის კომენდანტს ბრძანება ჰქონდა მოსკოვის მიდამოებში შავი ჭირის გავრცელების საბაბით უარი ეთქვა ქართველი ელჩებისთვის პეტერბურგისკენ გამგზავრებზე. „...აქაური ჯარის დაბრუნებისა და მის გამო ერეკლესა და სხვა ქართველი მთავრების საქციელზე მიმდინარე შემდგომი გამოძიების დასრულების მოლოდინში, არ იქნება უსარგებლო, ...იყოლიოთ ამ ერეკლეს ვაჟიშვილი კათალიკოსთან ერთად ასტრახანში იმისთვის, რათა, მომავალი დღის და მიხედვით, შესაძლებელი იყოს მათი აქეთ წამოყვანა, თუკი ერეკლე ჯერ კიდევ რაღაც... პატივისცემას იმსახურებს, ან კიდევ წინააღმდეგ შემთხვევაში უბრძანოთ მათ თავიანთ სამშობლოში დაბრუნება, მაგრამ ზუსტი ახსნით და განმარტებით იმ მიზეზებისა, რომელთა გამოც ისინი არ იქნებიან დაშვებული მისი იმპერატორობითი დიდებულების კარზე“ (ა. ცაგრელი, სიგელები, ტ. I, გვ. 369). განა შეგნებულად მტყუანი მხარე ასეთ განწყობაზე იდგებოდა, განა ტყუილების შემდგომი ჩახლართვისა და სათავისოდ გამოყენებისთვის არ იზრუნებდა? ეს საკითხი, რამდენადაც მახსოვს ზემოთ გამოვტოვე თხრობის შემოკლების მიზნით, მაგრამ ივ. ჯავახიშვილისეულმა უკიდურესმა ტენდენციურობამ და შეგნებულმა გაყალბებამ მაიძულა მოგვიანებით მაინც უფრო დეტალურად შევხებოდი მას. არადა ქართველი ელჩების ასტრახანში დაყოვნების მიზეზების მაჩვენებელი ეს დოკუმენტიც ხომ ჰქონდა გამოქვეყნებული ალ. ცაგარელს, რომელსაც იყენებს ხოლმე ივ. ჯავხიშვილი, და მასში ხომ ნათლად ჩანს პეტერბურგის სამეფო კარის დაეჭვება ერეკლეს გულწრფელობაში, ამას ხომ ჰქონდა თავისი მიზეზები, საფუძველი? და რომ ეს მიზეზები არ გამომდინარეობდა ერეკლეს წინასწარგანზრახული ვერაგობიდან, რომ შეიძლებოდა შემდგომში მასთან საქმის დაჭერა, ამის გარკვევა სწადდათ გამოძიებითაც და ალბათ იმ მცირე ლაშქრობებითაც, რომლისკენაც მოუწოდებდა ერეკლეს გვარდიის კაპიტანი ლვოვი, რომელიც მოურავოვის ნაცვლად იყო დატოვებული რუსეთის წარმომადგენლად ერეკლეს კარზე. სწორედ ერეკლესაც ამ გაუგებრობების მოხსნა უნდოდა და თავისი ერთგულების ჩვენება რუსეთისთვის და ამიტომ დაჰყვებოდა ხოლმე იგი რუსეთის რეზიდენტის წინადადებებს, თუმცა კი ალბათ არა ყველას. 1919 წელს რომ ე. წ. დამოუკიდებელ საქართველოში ბრიტანეთის უმაღლესი მმართველობა არ ყოფილიყო (რომელიც მართალია საქართველოს საშინაო საქმეებში არ ერეოდა), და ბრიტანეთის იმპერიის მთავრობა რომ არ ყოფილიყო რუსეთის იმპერიის დაშლაში დაინტერესებული, ალბათ ივ. ჯავახიშვილის ეს, ასე ვთქვათ, ნაშრომი არ გამოვიდოდა, ან კიდევ იგი უფრო მეტად პატიოსანი და სამართლიანი იქნებოდა.
IV. მოკლე მიმოხილვა მოვლენებისა 1774 წლის შემდეგ
ქვემოთ შედარებით უფრო მოკლედ და ზედაპირულად შევეხები საკითხებს რუსეთში ერეკლე II-ის მიერ გაგზავნილი ელჩობის, გეორგიევსკის ტრაქტატის დადებისა და რუსეთ-თურქეთის 1787-91 წლების ომის შესახებ, რაზედაც ამჟამად ხელთ მაქვს სათანადო ლიტერატურა. იასე ცინცაძეს გამოცემული აქვს ასევე წიგნი „აღა-მაჰმად-ხანის თავდასხმა საქართველოზე“, მაგრამ ჯერჯერობით იგი მე არ წამიკითხავს (ფილტვების ანთების გამო სამკითხველო დარბაზში დიდი ხნით ვერ დავჯექი, სახლში წამოსაღებად კი ვერ ვიშოვნე).
1) ერეკლე მეფის მიერ რუსეთში ელჩობის გაგზავნა 1772-73 წწ
ერეკლე მეფის მიერ რუსეთში ახალი ელჩობის გაგზავნა მფარველობაში მიღების თხოვნით გადაწყდა მას შემდეგ, რაც მან გამოირა გენერალ ტოტლებენთან სერიოზული და მწვავე დპირისპირების მოვლენები, ტოტლებენი თავისი ჯარით (ტომსკის პოლკთან ერთად) გადავიდა იმერეთში და ერეკლესთან შემდგომ თანამშრომლობაზე უარს აცხადებდა. 1770 წლის დეკემბერში მეფის სასახლის კარზე შემუშვებულ იქნა „სათხოვარი პირობები“, ხოლო მომდევნო 1771 წლის იანვარში რუსეთს გაისტუმრეს მორიგი ელჩობა ლეონ ბატონიშვილისა და ანტონ I კათალიკოსის მეთაურობით. მაგრამ ჯერ გენერალ ტოტლებენთან ერეკლეს კონფლიქტის გამო, რომლის მსვლელობისას ქართლ-კახეთის მეფე სთავაზობდა რუსეთის არმიის ოფიცრებს გენერალ-მაიორ ტოტლებენის დაპატიმრებას (ამით ითვისებდა თავად ეკატერინე II-ის ფორმალურ უფლებას, რაც ცხადია ძალზედ არ მოეწონებოდა რუსეთის დედოფალს) და შემდეგ გენერალ სუხოტინის 1772 წლის ზფხულის კამპანიის ფაქტიურად კრახით დასრულების გამოც, პეტერბურგში ნდობა და კეთილი განწყობა ერეკლესა და სოლომონისადმი უკვე აღარ ჰქონდათ; ამიტომ ქართველი ელჩები სათანადო გამოძიების დასრულებამდე, 1773 წლის დასაწყისამდე გააჩერეს ასტრახანში, ხოლო იმავე წლის 24 აპრილს მათ საიმპერატორო საგარეო საქმეთა კოლეგიის ხელმძღვანელს მოხსენებითი ბართი მიართვეს, ხოლო თავად იმპერატრიცას _ ერეკლე II-ის 1771 წლის 30 დეკემბრით დათარიღებული წერილი. ამ დოკუმენტების საფუძველზე პროფ. იასე ცინცაძე ასე გადმოსცემს იმ პირობებს, რომლითაც ქართლ-კახეთის მეფეს სურდა რუსეთის იმპერიის მფარველობაში შესვლა. ეს საბუთები გამოცემული აქვს პროფ. ალ. ცაგარელს (ა. ცაგარელი, სიგელები, II, გამოშვება I, გვ. 88).
სახელდობრ, ერეკლე II-ის ელჩები რუსეთის მთავრობას უცხადებდნენ: „მისის იმპერტორობის დიდებულებისაგან უ-დ* უქვემოესად ითხოვს მეფე ჩვენი, რომელ განვთავისუფლდეთ აწვე წარმართთაგან, და როგორც უკაზით ებრძანა მეფეს ჩვენსა საქართველოსი მფარველობასა შინა თვისისა დიდებულებისასა მიღება, რომ ბრძანებული ესე აღსრულდეს“ (იქვე, გვ. 90). ( * შენიშვნა: ქარაგმა უ-დ შესაძლოა ნიშნავდეს „უქვეშევრდომილესად“ ან „უმორჩილესად“, მაგრამ რადგანაც ამ ქარაგმის შემდეგ ტექსტში წერია სიტყვა „უქვემოესად“, რომელიც იგივე მნიშვნელობისაა, ამიტომ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ აქ უნდა იყოს არა ქარაგმა უ-დ, არამედ ყ-დ, რაც ნიშნავს „ყოვლად“. ასეთ შემთხვევაში აზრი სწორად გამოდის: მეფე ერეკლე რუსეთის დედოფლისაგან „ყოვლად უქვემოესად“ ითხოვს კონკრეტულ სათხოვარს. (ი. ხ.)
ერეკლე მეფე კი ეკატერინე II-ს სწერდა, რომ რუსეთის მეფეები წინადაც ჰპირდებოდნენ ქართველ მოღვაწეებს მტერთაგან დაცვასა და გამოხსნას: „მოწყალეო ხელმწიფეო, რომელიც წინაპართა ჩამომავლობათა ჩუენთა სუროდა, ვინადგან ვიმყოფებით იმ დროსა შინა, რომელიცა აქუს ყოველთა საქართველოსა გამოხსნისა ღირსად დიდებით ხსენებულთა დიდთა ხელმწიფეთაგან მოცემული იმედი“ (იქვე, გვ. 80).
რაში უნდა გამოიხტოს რუსეთის მფარველობა? საბუთში პირველ რიგში აღნიშნულია: „მოეცეს ჯარი, კაცი რიცხვით ოთხი ათასი რეგულარნი და, თუ სულ რეგულარნი არ იქნებოდეს, ნახევრი რეგულარნი და ნახევარი ურეგულო საკუთრად ჩვენს მხარეზედ რათა ებრძოდენ ესენი და მეფე ჩვენი ზოგად ჩვენის მხრიდამ ოსმალთა, და როგორც მეფე ჩვენი ისმენდეს ამა თქმულის კორპუსის კამანდირისას, ეგრევე კორპუსის კამანდირიც ისმენდეს ჩვენის მეფისას, ვითარცა იქაურთა საქმეთა გამოცდილისას“. აქ აზრი სავსებით გასაგებია და, თხრობის შემოკლების გულისთვის, იასე ცინცაძის შესაბამის მსჯელობს უკვე აღარ მოვიყვან. დავამატებ მხოლოდ, რომ რუსული არმიის შემადგენლობაში რეგულარულ ჯარებში შედიოდნენ: ქვეით ჯარებში _ გრენადერები, მუშკეტერები, ეგერები, ფლანკერები, ფუზილერები; ცხენოსან ჯარებში _ კირასირები (ბექთაროსნები), კარაბინერები, ჰუსარები, ულანები; დრაგუნთა ნაწილები გადაადგილდებოდნენ ცხენებზე, მაგრამ ბრძოლა შეეძლოთ ქვეით მწყობრშიც; რეგულარულ ჯარებში შედიოდა არტილერიაც; ირეგულარულ (არარეგულარულ) ჯარებს მიეკუთვნებოდნენ ცხენოსანი კაზაკები, ყალმუხები, შესაძლოა სხვებიც (ციმბირის ხალხებიდან). ამასთანავე, ი. ცინცაძის გადმოცემით, ქართველი დიპლომატები, ითვლიწინებდნენ რა ჯარის შესანახ ხარჯებს, ითხოვდნენ: „როდესაც კორპუსი ჩვენს ქვეყანაში გარდმოვა, ამისთვის ხაზინიდამ თეთრი მიეცეს სესხათ, და ჩვენის ჯარისთვისაც სესხადვე და ისევ ხაზინისა მიმართ უკუიზღვიოს მეფისაგან ჩვენისა“. სესხის ოდენობა კონკრეტულად დასახელებული არ იყო, არამედ ამ ეტაპზე საქართველოს ელჩები ელოდნენ საკითხის პრინციპულად გადაწყვეტას, რასაც შემდეგ კონკრეტული ნაბიჯები უნდა მოჰყოლოდა.
„რუსეთის მფარველობაში შესული ქართლ-კახეთის სამეფოს საგარეო პოლიტიკის ძირითადი გეზიც მოცემულია ქართველი ელჩების მოხსენებით ბარათში. რუსეთის კორპუსით გაძლიერებული ქართლ-კახეთის სამეფო თავდაცვაზე კი არ გადადის, არამედ ირანსა და თურქეთს შეუტევს: „როდესაც იმისის დიდებულების კორპუსი გარდმოვა ჩვენს ქვეყანაში და იმათის შეწევნით სხვის ადგილების დაპყრობამდენ... არ დაშთეს ამის უფრო გრძლად დაუპყრობელად ქვეყანა ახალციხისა, რომელიც ჩვენი ადგილი იყო, და თუ შერიგება იქნება, მაშინაც თურქის სახელმწიფოდ არ დაშთეს, არამედ გამოერთვას, რადგან საქართველოს მიწა არის და მრავალნი ქრისტიანენი არიან მას შინა, და ყოველს წელიწადს მძლავრებით მახმადიანად მრავალს გადააქცევენ“ (ა. ცაგარელი, სიგელები, II, გამ. I, გვ. 92). ამას გარდა ძველი კახეთის ტერიტორიიდან მინატაცები პროვინციების დაბრუნებასაც გეგმავს მეფე: „თუ კახეთის მამულები, რომელიც წართმეული აქვს, დაიპყრობს ბედნიერებითა დიდებულებისა მისისათა...“ (იქვე). როგორც ვხედავთ, აღმოსავლეთ საქართველოს ისტორიულ საზღვრებში აღდგენას გეგმავს ქართლ-კახეთის სამეფოს დიპლომატია რუსეთის მფარველობაში შესვლის წინ. მას აქტიური საგარეო პოლიტიკის წარმოების იმედი აქვს, სპარსთა და თურქთა ძალმომრეობისაგან უნდა გამოხსნილ იქნას არა მარტო მაშინდელი ქართლ-კახეთი, არამედ ისტორიული საქართველოც. ეს ტერიტორია კი მთლიანად საქართველოს მეფის სამფლობელო იქნება, ვინაიდან ეს რუსეთის მფარველობაში ქართლ-კახეთის სამეფოს შესვლის ერთი მთავარი პირობაა, რომელიც რუსეთის ხელმწიფემ უნდა დაიცვას: „რათა ეგოს მეფობაი ქართლისა და კახეთისა უცვალებელად, ვითარცა პირველ ყოფილა და აწ არს, მაგრა მორჩილებასა ქვეშე და მსახურებასა მისის იმპერტორობის დ-ბის რუსეთის მონარქისასა...“ (იქვე, გვ. 91). საქართველოს ეკლესიაც დამოუკიდებელი რჩება თავისი პატრიარქით: „ეგრეთ კთოლიკოზიცა ეგოს განწესებასავე შინა თვისსა უცვალებელად“ (იქვე).
„ახლა საჭიროა იმის განხილვა, _ აგრძელებს ი. ცინცაძე, _ თუ რით უნდა დაინტერესებულიყვნენ რუსეთის მესვეურნი საქართველოს სამეფოს მფარველობაში მიღებისას? ზემოაღნიშნული პირობების მიხედვით მფარველობის გაწევა ქველმოქმედების საფუძველზე ხომ არ მოხდებოდა, რუსეთის სახელმწიფოს რა სარგებელი ექნებოდა?
ქართველი ელჩების მოხსენებით ბარათში ასე იწყება რუსეთისათვის გათვალისწინებული მუხლები: „ესე ვითარის, წყალობებისა ჩვენებისათვის, ნიშნად მადლობისა, მოართმევს დიდებულებასა მისსა მეფე ჩვენი ძესა თვისსა, რომელსამე და ეგრეთვე რაოდენთამე კნიაზთა, და აზნაურთა შეძლებისამებრ მისისა“ (იქვე). ასეთი აქტი ქართლ-კახეთის სსმეფოს რუსეთისადმი ერთგულების აღმნიშვნელი საწინდარი იქნებოდა, _ დაასკვნის ი. ცინცაძე.
მეორე პირობა საქართველოს მფარველობაში მიღებით რუსეთის სამეფო კარის დაინტერესებისა, ელჩების მოხსენებაში ასეა ჩამოყალიბებული: „რაც დღეს ჩვენს ქვეყანაში მეტალი არის და ამიერითგან იპოვება, და იქიდამ სარგებელი მოიპოვება _ ნახევარი მისის დიდებულების ხაზინას მიერთმის“ (იქვე). ი. ცინცაძის სიტყვებით, საქართველოს წიაღისეული სიმდიდრით რუსეთი უფრო ადრეც დაინტერესდა. ეს ინტერესი ქართველმა პოლიტიკოსებმა აღუძრეს რუს დიპლომატებს. რუსეთის ელჩებს საქართველოში, ჯერ კიდევ XVI-XVII საუკუნეებში, საიდუმლოდ ეუბნებოდნენ, რომ ოქროსა და ვერცხლის მადნები გვაქვს მიკვლეული მთებში, მაგრამ გვეშინია თურქეთმა და სპარსეთმა არ გაგვიგონ და ამიტომ მათ დამუშავებას ვეღარ ვბედავთო.
ერეკლე II ჯერ კიდევ 1769 წელს, რუსეთში გაგზავნილ თავის ელჩს ა. ანდრონიკაშვილს, ავალებდა სამთამადნო საქმის ოსტატების საქართველოში გამოგზავნის ბრძანებულების გამოთხოვას: „...ღვთის ნებით, როდესაც ყოვლად მოწყალის ხელმწიფის ძალი ჩვენს ქვეყანაში მოვა, ეს საქმე დიდი სახმარი არის, რომ რამდენიმე მადნების კარგი ოსტატები თან მოყვესთ, რომ ყოველს ალაგს საქართველოებში მრავალი რიგი მადნები არის მრავალს ალაგს, და უქმად არის რომ არავის უმუშავნიათ წარმართთა შიშისაგან და არც ცდილან იმის გამოჩენას. მაგრამ მე დიაღ ვეცადე და ოსტატი ვერ ვიშოვე ვგონებ, რომ მისის დიდებულების აქეთ სამსახურში მრავალს საქმეში გამოსაყენებელი იყოს...“ („მასალები კავკასიისა და საქართველოს ისტორიისათვის, XXXII“, ი. ცინცაძე, XVIII საუკუნის რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების ისტორიის არქივიდან, გვ. 132).
როდესც 1772 წელს ერეკლე II-ის თხოვნის თანახმად ადგილზე მადნეულის შესმოწმებლად რუსეთიდან საქართველოში პროფ. გიულდენშტეტი ჩამოვიდა და რკინის, სპილენძის, ტყვიისა და ვერცხლის მადნები ნახა, ქართველი მეფე მას ამ მადნეულის დამუშვების დაწყებას სთავაზობდა თურმე, მაგრამ „პროფესორს ამისგან ოსტატურად (რუს. искусно) აურიდებია თავი“ (ა. ცაგარელი, სიგელები, I, გვ. 357). ი. ცინცაძის შეფასებით, „აქედან ჩანს, რომ ქართლ-კახეთის მესვეურნი სამთამადნო მრეწველობის განვითარებისათვის იღწვოდნენ და ახლა რუსეთის დაინტერესებით ფიქრობდნენ ამ საქმისათვის თავის მობმას“.
შემდეგი პირობაა „სარუსეთო“ გადასახდის დაწესება აღმოსავლეთ საქართველოს სამეფოში. „რაოდენიცა ჩვენს ქვეყანაში მცხოვრებელნი არიან ყოველს წელიწადს ამათგან თითოს კომლზე თოთხმეტი შაური იმის დიდებულების ხაზინას მიერთმეოდეს“ (ა. ცაგარელი, სიგელები, II, გამ. I, გვ. 91). თუკი საქართველოში რუსეთის მფარველობის შედეგად მშვიდობიანი ცხოვრების პირობები შეიქმნებოდა და ქვეყანა დაწყნარდებოდა, აღებ-მიცემობა ნორმალურ პირობებში წარიმართებოდა და გლეხს ყოველდღიურად გაძარცვისა და დატყვევების შიში არ ექნებოდა, „სარუსეთო“ გადასახადის აკრეფა და რუსეთის ხაზინში შეტანა არ გაძნელდებოდა. ისე, რომ ქართველ პოლიტიკოსთა ვარაუდი ამ მხრივ არარეალურს არაფერს შეიცავდა.
შემდეგ ელჩების მოხსენებაში აღნიშნულია, რომ რუსეთის ხელმწიფეს ყოველ წელიწადს 14 რჩეულ ცხენს მიართმევენ საქართველოდან: „რაოდენიცა ჩვენს ქვეყანაში რჩეული ცხენი იშოვება _ ათოთხმეტი ცხენი ყოველს წელიწადს იმის დიდებულებას მიერთმეოდეს“ (იქვე). ი. ცინცაძე აღნიშნავს, რომ „რუსეთში ქართული ჯიშის ცხენები დიდად ფასობდნენ და ისინი ყოველთვის თვით მეფისათვის იყვნენ გათვალისწინებული, ამის დადასტურება ჩვენ შეგვიზლია მე-16, მე-17 და მე-18 საუკუნეთა ცნობებით“, და შემდეგ მოჰყავს სათანადო მაგალითებიც.
შემდეგ, „საქართველოს ელჩები რუსეთის ხელისუფლებას ყოველწლიურად ორი ათასი ვედრო ღვინის მირთმევას სთავაზობენ: „ახლა ჩვენ რიცხვით ორი ათას ვედრას ჩვენის ქვეყნის რჩეულს ღვინოს ყიზლარს სახელმწიფოდ ყოველ წელს ჩვენის ხარჯით მოვიტანთ“ (იქვე). ღვინის შეთავაზება ყოველწლიური გადასახდის სახით შემთხვევითი არ არის. საქართველოში როგორც ჩანს, კარგად ცოდნიათ, რომ რუსეთში ყურძნის ღვინოზე უდიდესი მოთხოვნილება იყო იმ დროს... სამხრეთიდან რუსეთში ღვინო შეჰქონდათ მხოლოდ მაღალი არისტოკრატიის წრეებისათვის, თვით რუსეთის მეფის სასახლისათვის, ცინგით დაავადებულთათვის სამკურნალოდ და, რაც მთავარია, ქრისტიანული ეკლესიის რიტუალის საჭიროებისათვის“.
„საქართველოს იტორიული მიწების _ სამცხე-საათაბაგოს, უფრო გარკვევით ახალციხის საფაშოს, და კახეთის დაკარგული (კაკ-ელისენი) ადგილების მტრისაგან განთავისუფლების საბადლოდ ფულად გადასახადსა და ყოველწლიურად ორას ფუთ აბრეშუმს სთავაზობენ ელჩები რუსეთის მეფეს. ელჩების მოხსენებაში ამის გამო აღნიშნულია: „შემდგომად დაპყრობისა ოსმალთაგან ჩვენის წართმეულის ადგილებისა იმ ახალ დაპყრობილთა ადგილთაგან მიერთმეოდეს ხარჯი სახელმწიფოდ რაოდენსაცა რუსეთში სოფლების პატრონების გლეხნი აძლევენ _ იმის ნახევარი. თუ კახეთის მამულები, რომელიც წართმეული აქვს დაიპყრობს ბედნიერებითა დიდებულებისა მისისათა, იმათგანაც თქმულისამებრ თვითოს გლეხის სახლითგან ათოთხმეტი შაური სახელმწიფოდ მიერთმეოდეს ყოველს წელიწადს, და კვალად ორასი ფუთი აბრეშუმი; და თუ მამულები მეტს შეიძლებენ, მეტი მოერთმის“ (იქვე, გვ. 92).
აბრეშუმსა და ფულად გადასახადს გარდა, ელჩები რუსეთის ხელისუფლებას რუსეთში არსებულ რეკრუტის წესით ჯარისკაცის გაყვანას სთავაზობენ საქართველოს იმ ტერიტორიებიდან, რომელიც მას რუსეთის მფარველობაში შესვლამდე ჰქონდა, აგრეთვე იმ ადგილებიდანაც, რომლებიც რუსეთის დამხმარე ჯარებით განთავისუფლდებოდა მომავალში: „როდესაც მისის დიდებულების ბედნიერებით ჩვენი ქვეყანა წარმართთაგან განთავისუფლდება და დამშვიდდება, მაშინ ჩვენის მამულიდამ, ქონებულისა და ახალ დაპყრობილიდამ, მიართვამს იმის დიდებულებას გლეხის სახელზედ სალდათს როდენსაც სულზედ რუსეთი აძლევს“ (იქვე). რუსეთის რეგულარულ ჯარში რეკრუტის წესით ქართველი გლეხების გაწვევაზე ერეკლე მეფის მიერ სურვილის გამოთქმა, იასე ცინცაძის აზრით, განპირობებული უნდა ყოფილიყო თავად ქართველი მეფის სურვილითაც ესწავლათ ქართველებს თანამედროვე ევროპული სამხედრო საქმე და სამხედრო ხელოვნება. ამის თაობაზეც უფრო ვრცლად მსჯელობს ქართველი იტორიკოსი, მაგრამ ვინაიდან საქმის არსი გასაგებია, ამიტომ მის ვრცელ მსჯელობს აქ აღარ მოვიყვან. საინტერესოა ერთი ამონარიდი კაპიტან ლვოვის მიერ 1772 წელს პეტერბურგში გაგზავნილი მოხსენებიდან: „მის უგანათლებულესობას ერეკლე მეფეს განზრახული აქვს მოაწყოს თავისთან რეგულარული ჯარი და ამისთვის უკვე ათას ადამიანამდე დანიშნა კიდეც, მაგრამ რადგანაც მას ასეთი საქმისათვის სამხედრო წესრიგის მცოდნე ადმიანები არა ჰყავს, ამიტომ სათანადო რიგზე ამის გაკეთება არ შეუძლია. მისი უგანათლებულესობის ქვეშევრდომებს, თავიანთი თავკერძოობისა და თავნებობის მიზეზით (რუს. по привычке их к сумасбродной своей вольности), თუმცა კი ჩვენი სამხედრო დისციპლინა მეტად არ უყვართ, მაგრამ ამისგან თვალსაჩინო სარგებელი და ამაში მათივე აუცილებელი საჭიროება აიძულებს მათ რეგულარული სამსახურისთვის მოხალისეებად მოჰქონდეთ თავი“ (ა. ცაგარელი, სიგელები, I, გვ. 357).
დაბოლოს, ქართველი ელჩები რუსეთის სახელმწიფოს დაინტერესებას ფიქრობდნენ ახალი ტერიტორიების ხელში ჩაგდებითაც. ქართველი დიპლომატების თვალსაზრისით, რუსეთის მფარველობაში შესვლის შემდეგ პირველ ეტაპზე უნდა მომხდარიყო ისტორიული საქართველოს საზღვრების აღდგენა _ მიტაცებული ქართული მიწა-წყლის დაბრუნება. ეს ტერიტორია ქართველი მეფის მფლობელობაში დარჩებოდა, რომელიც გადასახადების სარგებელს რუსეთის სახელმწიფოსაც გაუნაწილებდა. მეორე ეტაპი უნდა ყოფილიყო სხვისი კუთვნილი ტერიტორიების მიტაცება რუსეთისა და ქართველი მეფის შეერთებული ძალებით. გაერთიანებული ძალებით დაპყრობილი მეზობელი სახელმწიფოების ტერიტორიები მთლიანად რუსეთის ხელმწიფის განკარგულებაში გადავიდოდა: „თუ შეწევნითა ღვთისათა და ძლიერებითა საჭურველისა მისის დიდებულებისათა სხვადასხვა მტრის მამული დაიჭირება მისის დიდებულების კორპუსის და ზოგად ჩვენის მეფის ბრძოლითა, _ ის დაპყრობილი ადგილები ნებასა შინა მისის დიდებულებისა იქნების“ (ა. ცაგარელი, სიგელები, II, გამ. I, გვ. 92).
პროფ. ი. ცინცაძის შეფასებით, ქართველი პოლიტიკოსები თავისი ქვეყნის მომავალს ისე გეგმავდნენ, რომ ქართლ-კახეთის სამეფოს ისტორიულ საზღვრებში აღდგენის შემდეგ საქართველოს მომიჯნავე ტერიტორიები რუსეთს უნდა ჩაეგდო ხელთ და ამით შეექმნა ერთგვარი ბარიერი საქართველოსა და მის დაუძინებელ მტრებს შორის.
მაგრამ იბადება ასეთი კითხვა, რომელიც პროფ. ი. ცინცაძის მსჯელობაში გაშუქებული არ არის: ყოველივე ეს ერეკლე მეფეს გათვლილი უნდა ჰქონოდა ოსმალეთის საქართველოსადმი მომიჯნავე საფაშოების (ახალციხის, ყარსის, არზრუმის, ტრაპიზონისა და სხვა) ჯარების წინააღმდეგ სამოქმედოდ; მაგრამ თუკი სულთნის მთავრობა მათ დასახმარებლად ასევე გამოგზავნიდა იანიჩართა, ვთქვათ, 50 ათასიან კორპუსს, მაშინ კი საკმარისი იქნებოდა 4 ათასიანი რუსული დამხმარე ჯარი? მაშინ ხომ რუსეთსაც მნიშვნელოვნად უფრო მეტი ძალების გადმოსროლა დასჭირდებოდა საქართველოში? და თურქებს რომ 100 ათასამდე გაეზარდათ იანიჩართა კორპუსი, ან 150 ათასამდე? მაშინ ხომ რუსეთს ისეთივე მასშტაბის საბრძოლო მოქმედებების წარმოება მოუწევდათ ამერკავკასიაში, როგორსაც აწარმოებდნენ ბალკანეთსა და ყირიმში? ამისთვის კი სხვანაირი მომზადება და სხვანაირი გეგმები იყო საჭირო. გარდა ამისა, განა პრუსია და ავსტრია კი არ მოინდომებდნენ პოლონეთის სამეფოში რუსეთზე უპირატესობის მიღწევს, ანდა განა საფრანგეთი ერთი-ერთზე დატოვებდა ოსმალეთს რუსეთის წინააღმდეგ? მაშინ ხომ რუსეთს ორ ფრონტზე მოუხდებოდა ომის წარმოება _ ამიერკავკასიასა და ევროპაში. ყოველივე ეს ერეკლე მეფესა და მის დარბაზს შეიძლებოდა ვერ გეთვალისწინებიათ, მაგრამ განა XX და XXI საუკუნეებში ისტორიკოსები და ისტორიით დაინტერესებული ადამიანები ვერ უნდა ხედავდნენ მოვლენების ასეთნაირად განვითარების შესაძლებლობას?
შემდეგ იასე ცინცაძე განაგრძობს: „ეკატერინე II თავის სიგელში ერეკლე II-ს ატყობინებდა, რომ მან სიამოვნებით მიიღო ერეკლეს ვაჟიშვილი და პატრიარქი, რომ რუსეთის სამეფო კარს სასიმოვნოდ დარჩა ერეკლეს ასეთი ერთგულება და რუსეთის სახელმწიფოსთან დაკავშირების გულწრფელი სურვილი. მაგრამ მფრველობა და ჯარის გამოგზავნა საქართველოში იმ დროს, როცა რუსეთ-თურქეთის ომი დასასრულისაკენ გადაიხარა, კვლავ განაახლებდა სისხლის ღვრას და საქართველოსაც უარეს მდგმარეობაში ჩააყენებდაო. დედოფალი მწუხარებას გამოთქვმდა, რომ მიმდინარე ომით მტერთაგან საქართველოს სრული გათავისუფლება ვერ მოხერხდა, მაგრამ საზავო ხელშეკრულებაში თურქთაგან საქრთველოს დაცვა გათვალისწინებული იქნებაო: „... საქართველოს შესახებ ვაგრძელებთ მცდელობას, მყარად გვაქვს რა განზრახული პორტასთან მომავალში ზავის დადებისას მივიღოთ მისგან ფორმალური დაპირება ქართველი ხალხის უსაფრთხოებისა და უვნებელობის შესახებ, ხოლო ჩვენს თავზე კი ყოველივე ამაზე ზუსტი მეთვალყურეობა, რითაც რა თქმა უნდა, უფრო საიმედო იქნება საქართველოსთვის დახმარება, ვიდრე ახალი სამხედრო მოქმედებების დაწყებით, ახლანდელ დროში, რომელიც ამ უკანასკნელი ზომებისთვის შესაფერისი არ არის“ (ა. ცაგარელი, სიგელები, I, გვ. 396). ამასთანავე მომავალ ხელსაყრელ ვითარებაში საქართველო დავიწყებული არ იქნებაო.
ივ. ჯავახიშვილი კი ამის შესახებ ამბობს: „რუსეთმა თავის მიზანს მიაღწია, ოსმალეთის ომის საფრთხე ზავის გამო უკვე აღარ არსებობდა. ამიტომ საქართველოსაც მისთვის მნიშვნელობა არ ჰქონდა და დანაპირებ მფარველობის გაწევა თითქოს დაავიწყდა კიდეც. სხვა საშულება აღარ იყო, საქართველოს ისევ თავის საკუთარ ძალით და გამჭრიახობით უნდა მოეწყო ძლიერ მეზობლებთან ასე მოუფიქრებლივ გაფუჭებული დამოკიდებულება“. მაგრამ განა ყოველივე ზემოთ მოყვანილიდან ჩანს რუსეთის მთავრობის ვერგობა და უსულგულობა? განა რუსეთის ხელმწიფე დაჰპირდა ერეკლესა და სოლომონს ომში ახალციხის საფაშოს დაპყრობას? განა თავად რუსეთმა მოლდავეთის, ვლახეთის, ბულგარეთის ტერიტორიების დაპყრობით მოახერხა თავისთვის თურქეთის ხარჯზე ტერიტორიული შენაძენების გაკეთება, რამდენიმე ციხესიმაგრის გარდა? სულაც არა; მნიშვნელოვან წილად ევროპული სახელმწიფოების (დერჟავების) წინააღმდეგობის გამო მან დათმო დაპყრობილი ტერიტორიები და ძირითადად დასჯერდა თურქეთისგან ყირიმის სახანოს დამოუკიდებლობის მიღწევას, თუმცა კი გარკვეულ ეტაპზე მისთვის ესეც სათუო შეიქმნა. საყვდურების თქმა ადვილია, მაგრამ ამით კითხვებზე სწორი პასუხების გაცემა ვერ მოხერხდება.
(გაგრძელება იხ. _ ნაწილი IV)
ირაკლი ხართიშვილი
სასწრაფო NO ღირებულება სესხის შეთავაზება
ReplyDeleteთქვენ ეძებთ სესხის ან აღორძინება საქმიანობის
რეალიზაციის პროექტის, ან ყიდვა
ბინა, მაგრამ, სამწუხაროდ, ბანკი მოგთხოვთ პირობები, რომ
მე ვერ მეხება s სპეციალური ორდერი
სესხების დაწყებული 2000 500000 ყველა საშუალება, რათა დააკმაყოფილოს ხალხის
მისი ასევე საპროცენტო განაკვეთი 3% წელიწადში. და თქვენ უნდა ეს
ფული სხვა მიზეზების გამო; ნუ დააყოვნებთ დამიკავშირდეს
დამატებითი ინფორმაცია: scharzandre39@gmail.com