Monday, December 6, 2010

გეორგიევსკის ტრაქტატის დადებიდან ერეკლე მეფის გარდაცვალების ჩათვლით

(პლატონ იოსელიანის წიგნიდან "ცხოვრება გიორგი მეცამეტისა")

სიმრავლე ძეთა და ასულთა მეფისა ძისა გიორგისა და ესრეთივე სიმრავლე სამთა ცოლთაგან ძეთა და ასულთა ირაკლისა, იყო მიზეზი სამეფოჲსა სახლისათვის კეთილისა და ბოროტისა. ნაყოფი კეთილი ესრეთისა შვილთა სიმრავლისა იყო ესე, რომელ დაშორებული ძველად ქართლი და კახეთი შეერთდა უფრო მტკიცედ. სასახლემან მეფისამან მოითხოვა ქართლიდამ, რომელიცა უწოდებდა აქამდე მეფესა ირაკლის კ ა ხ თ - ბ ა ტ ო ნ ს ა, და ა რ ა მ ე ფ ე ს ა, სასძლონი და მეფისა ასულნი მოიძიებდენ თვისთა საქმროთა ქართლისა თავადთა სახლთაგან. დაჲ მეფისა ირაკლისა ანნა, იყო ცოლი დიმიტრისა ყაფლანიშვილისა; მეფის ასული, დაჲ გიორგისა თამარ, მიათხოვეს სარდარსა დავით ორბელიანსა; ქეთევან მეფის ირაკლის ასული მუხრანის ბატონსა იოანეს, მეფის ირაკლის ასული მარიამ დავით ციციშვილსა; მეფის ძის გიორგის ასული სოფიო თარხნიშვილსა ლუარსაბს; მისივე ქალი რიფსიმე ჩოლაყაშვილსა დიმიტრის. ესრეთვე მიიყვანეს მეფის ძეთა ცოლად: თეიმურაზმან ოთარ ამილახვრისა ქალი ელენე; ფარნაოზმან ელიზბარ ერისთავის ასული ანნა.

ესრეთ დაკავშირდა ქართლი და კახეთი ერთობითა თავადთა და სამეფოჲსა სახლისა მძახლობითა და მოყვრობითა. ამან კავშირმან დაავიწყა ქართლისა მეფისა გვარი, დაშთენილი რუსეთსა 1724 წლიდამ; ამან ერთობამან ნათესაობითმან მოსპო თქმულობა ქართლისა ერისა: ი რ ა კ ლ ი მ ა მ ა კ ა ხ ე თ ი ს ა დ ა მ ა მ ი ნ ა ც ვ ა ლ ი ქ ა რ თ ლ ი ს ა. მეორის მხრითა სიმრავლემან ძეთა და ასულთა დაბადეს ურჩება და მედიდურება სახლისა მწევრთა შორის, სადაცა იყოფოდა მეფის ასული რძლად და ანუ რომლისაგანცა წარიყვანდნენ მეფის ძენი ქალთა სასძლოდ თვისად. თავადნი ესენი, დამოკიდებულნი მოყვრობითა მეფეთა თანა, არღა ემორჩილებოდენ მეფისა მოხელეთა, რომელნიცა იყვნენ მდივან-ბეგად, მდივნად, მოურავად, ციხეთა მცველად და სხვად სამეფოჲსა საქმეთა განმგედ. დასუსტდა ჰაზრი და მნიშვნელობა პირმშოობისა; ეცინოდენ მემკვიდრეობასა; არა პატივსცემდენ პირველობასა და თვითეული წევრი სამეფოჲსა სახლისა გონებდა თავსა თვისსა მეფობისათვის განმზადებულად. სჯული არღა სჯულობდა სამეფოში, სადაცა უფლებდენ მეფის ძენი და კარისკაცნი მათნი.

განმრავლებულთა ძეთა თვისთა (ერეკლე II-მ) დაუნიშნა საცხოვრებელად და განსაგებელად ადგილნი და თემნი: მეფის ძეს გიორგის ბორჩალო და ყაზახის ნაწილი; იულონსა ქსნის ადგილები (რადგანაც ერისთავიანთ მიეღოთ ქსანი); ვახტანგსა ანუ ალმასხანსა არაგვი და სხვათა სხვანი ადგილნი. თვით მიზეზი მეფის ძისა ალექსანდრესი ლტოლვისა სპარსეთად, ჯერეთ პირველად მამისავე თვისისა დროს, იყო ესე, რომელ არა უბოძა მამამან ირაკლი საკმაო საცხოვრებელად საუფლისწულო.

ესრეთსა უსწოროსა განწილვსა შეუდგნენ უწესოებანი, შფოთნი, და დიდნი აღრეულობანი. მეფის ძე გიორგი, ვითარცა მემკვიდრე, მორიდებული შფოთთა, მიენდობოდა მამისა ნებასა და შორით ხედვიდა ძმათა სისუსტესა მიტაცებისათვის მემკვიდრეობისა და აღრეულობათა მათ, რომელნიცა ამწარებდნენ მოხუცსა მამასა; თვით ირაკლი მოხუცებისა გამო და დედოფლისა გამო დედინაცვლისა პირმშოჲსა გიორგისათვის იყოფებოდა მერყეობასა და აგრილებდენ გულსა მისსა გიორგისადმი. ესრეთსა მდგომარეობასა მყოფი მეფის ძე გიორგი, დაშორებული ძმათა, ცხოვრობდა ცალკედ და მყუდროდ. შთაგონებითა დედოფლისა და ძეთა მისთა, მეფეცა ირაკლი მიიყვანეს მას მდგომარეობასა, რომელ სიძესა მისსა სარდალსა და სალთხუცესსა დავით ყაფლანიშვილსა, თამარისა მეუღლესა, მოუღო მეფემან სალთხუცობა და მიუბოძა ესე სიძესა თვისსა მუხრანის ბატონსა იოანეს (1). ესრეთმან მეფის მოქცევამან მოსწყლო გული მეფის ასულისა თამარისა, რომელიცა მწუხარებისა ელდითა გარდაიცვალა 1786 წელსა. _ (თავი X).

ტრაკტატისა ძალითა შორის იმპერატრიცისა ეკატერინა II და ირაკლისა, მეფის ძე გიორგი დამტკიცდა მემკვიდრედ საქართველოჲსა; მიიღოცა ორდენი ალექსანდრე ნეველისა. ამან ტრაკტატმან სრულიად აღამღვრია გული ძმათა, დედოფლისა და კარისკაცთა, მეფისა ირაკლის მხლებელთა. მტერნი გაძლიერდნენ; ირაკლი ღელავდა; დედოფალი სძულობდა. თვით გიორგი იშვიათად ხედავდა მამასა თვისსა. 1789 წელსა მოვიდა იმერეთით მეფის ძე არჩილი. გიორგი თვით მივიდა და ნახა. არა იამა ესე მეფესა და ეძიებდენ მიზეზსა, რომელმანცა განაღვიძა იგი მასთან სამეგობროდ. _ არჩილმან სასახლიდამ სცა თოფი მოლასა, რომელიცა დაჰკიოდა მეჩეთიდამ მოედანსა სამეფოსა. შესწუხნა მეფე დიდად; ხოლო გიორგი არა, და იტყოდა სიტყვათა არჩილისადმი სანუგეშოთა. ამანცა უფრო განარისხა მეფე, და ბრძანებდა სიტყვათა მკვახეთა გიორგისათვის. _ (თავი XI).

1783 წელსა ოდესცა იწყეს საეკკლესიოთა წიგნთა ბეჭდვა ქ. თფილისს, მაშინ მოახსენეს მეფესა, რათა რუსთა წესითა შემდგომად სიტყვათა: „დროსა კეთილმორწმუნისა მეფისა ირაკლი მეორისა და დედოფლისა დარეჯანისა“ დაემატოს ესეცა „და მემკვიდრისა მათისა მეფისა ძისა გიორგისა“, სურვილისამებრ თვით მეფის ძისა და განსასვენებელად ძმათა, რომელნიცა მარადის განიზრახვიდენ მეფობისა მიტაცებასა, იწყინა ესე მეფემან და უბრძანა სტამბისა ზედამხედველსა... არღა მოახსენებდეს მას ესრეთსა უშვერსა მოხსენებასა. კათოლიკოსმან ანტონი სტუქსა კეჟერაშვილი მღვდელი და აბრამ ურიათ-ყოფილი და... მღვდელივე... მბეჭდავნი წიგნთა. დაბეჭდილნი რავდენნიმე დაწყებითნი ფურცელნი, მოითხოვა და ბრძანა მისცენ ცეცხლსა და არღა იქმნეს ესე. ტრიფილე არქიდიაკონსა ებრძანა კათოლიკოსისა პირითა საყვედური დიდი და მოძღვარმან მეფისა ზაქარია სულხანიშვილმან მბეჭდავმანვე გამოუცხადა მას ტრიფილეს ბრალისა მიტევება გაბედვისათვის ბეჭდვისა და დასტამბვისა რისამე. _ არ ნებართულისა მეფისაგან და თვით კათოლიკოსისა. ერთი ესრეთი ფურცელი ვნახე დავით რექტორისა წიგნებში; მომსყიდავი რავდენთამე მისთა წიგნთა. _ არა ვიცი სადა მიეფარა ეს ფურცელი დასამტკიცებელად ესრეთისა ჩემისა მოთხრობისა. _ (თავი LIV).

ოდეს მეფემან ირაკლი დაადგინნა შვილნი თვისნი სხვათა და სხვათა ადგილთა ზედა საქართველოსა სამეფოსა, და მისცა განსაგებელად არაგვი _ შვილსა თვისსა ალმასხანს, _ მაშინ უმცროსი ძე ირაკლისა ფარნაოზ ჯერეთ 15 წლისა დარჩა უადგილოდ. მეფემან ბრძანა, რათა დრომდე იყოს და სცხოვრობდეს ესეც დუშეთს ძმისა მისისა ალმასხანისა თანა. ესრეთითა ბრძანებითა წარვიდა იგი დუშეთს და ალმასხან ადრევე ცნობილი ესრეთისა მეფისა განჩინებისა გამო, შესწუხდა და ოდეს მივიდა დუშეთს ფარნაოზ, მან ძმამან იგი არ მიიღო. თანამხლებელთა უქადეს თობისა გავარდნა და აზნაურნი არაგვისა, შთაგონებულნი ალმასხანისაგან, იტყოდენ სიტყვათა მკვახეთა. ამისთვის მასვე დღესა უკუმოიქცა ფარნაოზ და მოვიდა ტინის გზით მჭადის-ჯვარს და ისადგურა რამდენსამე კვირასა სახლსა დისა თვისისა მეფის ასულისა ქეთევანისა, მეუღლისა თავადის იოანე მუხრანის ბატონისა.

მეფემ ირაკლიმ სცნო ესე და დიდად შესწუხნა. დედოფალი დარეჯან მრისხანებდა შვილზედ და უნებდათ მეფესა და დედოფალსა გამოდევნა არაგვიდამ ალმასხანისა; მაშინ ჭაბუა ორბელიანისა რჩევითა შევიდნენ შუამდგომლობასა კათოლიკოსი ანტონი და თვით მეფის ძე მემკვიდრე გიორგი და მათთან მახლობელი დეკანოზი სიონისა იოანე ოსეს ძე. ორნივე ესენი წარვიდენ მუხრანის გზით დუშეთს, წარიყვანეს თვისთანა მეფის ძე ფარნაოზ და დროებით დაასადგურეს ალმასხანთან. ექვსსა დღეს შექცევითა განატარეს მუნ დრო სიყვარულისა. აზნაურთა დამშვიდებისათვის და ნიშნად ჭეშმარიტისა კავშირისა შეჰფიცეს ყოველთა ბოდორნისა ეკკლესიასა შინა დღესა 8 სექტემბერსა, რომელსაცა არის დღესასწაული თვით ტაძრის ამის გუმბეთიანისა, მაღალსა ბორძვსა ზედა. აქა სწირა თვით კათოლიკოსმან ანტონი და გარემო ეკკლესიისა დიდისა სერისა დაგებითა თავადთა და აზნაურთა არაგვისა. მხიარულებდენ მემკვიდრე გიორგი და ძმანი მისნი. _ გარნა ფარნაოზმან თვით შემდგომად 6 თთვისა არა ინება მუნ დგომა და მივიდა მამისა სახლსა თფილისსავე. _ (თავი XXXI).

მოგზაურობისა ამის დროსა შემდგომად ოთხისა თთვისა 1784 წელსა ვიხილე ერთი მისგან მეფის ძისა მიწერილი ბრძანება მთიულეთის მოხელეთადმი; ბრძანებითა ამით უბრძანებს, რომ, საამ კობიაშვილსა, მოურავსა მთიულეთისასა, გამოდევნილსა მათგან, დამორჩილდნენ; _ მხოლოდ საამს სანამ ცოცხალი იყოს და მის ძმათა და სახლის კაცთა ხელი არ ჰქონდესთ თქვენთანო. ოქმი ესე იწყება: „ბატონიშვილი გიორგი, ლეონ, იულონ, ვახტანგ და თეიმურაზ (ეს სახელი კათოლიკოსისა ანტონისა ერის კაცობაში) გიბრძანებთ მთიულეთისა მოხელენო და ერთობით მთიულნო დიდნო და მცირენო“ და სხვანი; იანვრის 21 ქორონიკონს უოდ (474) (1784 წელსა).

ავჭალას მოახსენეს გლეხთა მკისა დროსა მწუხარებით, წვითა და დაგვით პურის ჭამისათვის მათგან. მეფემან უპასუხა: „პური თქვენი, რომელსაც სჭამთო, პურია ნამდვილი. კაცი ესრეთითა შრომითა უნდა იკვებებოდესო. ძილი თქვენი უფრო ტკბილია, მხიარულობაცა უფრო შვებითი და სხეული უფრო მტკიცე. ადვილად ქვეყანაზედ ნაშოვნი და მოპოვებული არის უგემო, ვითარცა საჭმელი უმარილო“. _ (თავი XLIX).

1786 წელსა აგვისტოს 8, ვითარცა სჩანს ოქმიდამ აზნაურის მიქელოვისა, (მეფის ძე გიორგი) იყო დუშეთს. აქა ესტუმრა არაგვისა განმგესა მეფის ძეს ალმასხანს ანუ ვახტანგსა და აღვიდა ალევისა მთასა დღესა 16 აგვისტოს დღესასწაულობისათვის დღისა ღვთისა დედისა მიძინებისა. აქავე დიდისა მზადებითა, ვითარცა ქრისტიანე მიიღო მან წმინდა საიდუმლო და შესწირა ვეცხლისა დიდი თასი ზედა დაწერითა: „მეფის ძის გიორგის ვარ მისხ. ნე (55)“. დაჰყო აქა მთასა მაღალსა დღე სამი. აქედამ მიიწვიეს ერისთავთა და იყო კორინთასა, ქარჩოხისა მთასა ლომისას, სადაცა შესწირა ძველად აღშენებულსა წმინდისა გიორგისა სახელზედ ეკკლესიასა ჩარექა ვეცხლისა და დასდვა მუნ თაყვანისსაცემად ჯვარი ვეცხლისა ზედა წარწერითა: „ჯვარო პატიოსანო, იყავ მფარველ მეფის ძისა გიორგისა“. მუნით სთხოვეს კაიშაურის მთათა შინა ძველად მკვიდრთა საქონლითა და ძველადვე დეკანოზთა და სამღვდელოთა მის ეკკლესიისა, არაგვისა მხრით, ბურდულთა. ესრეთ არაგვის ხეობით მოვიდა ანანურს და აქედამ შევიდა ჟინვანისა გზითა ფშავსა და ხევსურეთსა. ხევსურეთისა სამზღვარზედ მოეგებნენ ქისტნი მრავლად ძღვნითა. ლაშას ჯვარსა მიართვა ვეცხლითა მოჭედილი ხატი წმინდის გიორგისა. აქედამ გარდავლო მთა ბორბალისა და მივიდა თიანეთს, მერეთ ერწოსა, სადაცა უმასპინძლეს მას თავადთა ტუსიანთა, ვითარცა ადგილთა მათ მებატონეთა; განვლო რამე ერთი ნოკორას და სიონისა ეკკლესიისა ზღუდეთა შინა მოილოცა საფლავი წმინდისა მოწამისა მეფისა არჩილისა პირველისა. ამა გზით წარმოვლო ბოდავსა და შესწირა ხატი წმინდისავე გიორგისა ბოდავის ეკკლესიასა ძველად აღშენებულსა მაღალსა მთასა ზედა. მუნით მოვიდა ბულაჩაურსა და მიიღეს თავადთა ხიმშიაანთა. აქედამ გამოვლო მდინარე არაგვისა და მოვიდა მცხეთას. აქა გამოეთხოვა ძმათა თვისთა მეორისა დედითგან ალმასხანს და კათოლიკოსსა ანტონის და მივიდა თფილისად. _ (თავი XXIX).

1788 წელსა მოვიდა მეორედ მეფის ძე გიორგი დუშეთსა და თანა ჰყვა მას წილკნელი ამბროსი, კაცი სათნო და კეთილი, არა დახელოვნებული სწვლათა შინა, გარნა ყოვლად ტკბილი, დუმილისა მოყვარე და მშვიდი. მეფის ძესა, მამისა თვისისა თანხმობითა და მინდობითა უნებდა ქრისტიანობისა გამო მთათა შინა გარდასვლა კობსა და ვიდრე დარიალამდე, სადაცა იყო სამზღვარი ქართველთა. მას ახლდნენ აქა ლალა თვის სვიმონ მაყაშვილი, სასახლისა მღვდელი ონისიმე იოსელიანი, დავით ხუცესი ნათლისმცემელისა თფილისის ეკკლესიისა, თავადი ბარათაშვილი, თავადი ბარძიმ ხიმშიაშვილი, მამა მის ხიმშიაშვილისა, რომელმანცა სცა ხანჯალი და მოჰკლა ღენერალი ლაზარევი, თავადი იოანე ანდრონიკაშვილი.

დუშეთიდამ დარიალამდე სლვა მეფის ძისა იყო სლვა მოციქულთა. ყოველთა ნიშთა და წმინდათა ხატთა თაყვანის საცემლათა ადგილთა ზედა მივიდოდნენ და გალობდენ პარკლისსა და დაასვენებდენ ჯვართა, მიუბოძებდენ ბავრაყთა და ადიდებდენ მაცხოვრისა სახელსა. სადაცა იყოფოდა ეკკლესია შერყეული, აკურთხევდენ და არა შერყეულთა შინა შესწირვიდენ უსისხლოსა მსხვერპლსა. მარჯვნივ და მარცხნივ დიდისა არაგვისა და თერგისა ხეობითა ხეობაებთა შინა შევიდოდნენ და ისადგურებდენ მუნ, სადაცა ძველადვე აქვნდათ მემკვიდრეთა მუნ ხატნი ანუ ნიშები ანუ ხატისა ტყეებნი. მეფის ძე უძღვნიდა ხატთა და ჯვართა ადგილთა ამათ, პატივცემულთა ერისაგან. წილკნელი ამბროსი უკურთხევდა ბავრაყთა და სხურებითა აიაზმისა განსწმენდდა ადგილთა და მკვიდრთა დასახლებულთა გარემო თაყვანისცემულთა მათგან ადგილთა. თვით მკვიდრნი ამათ შინა ადგილთა მცხოვრებნი, უძღვნიდენ ცხოვართა, ძროხათა და თხათა, ერბოსა და ყველსა სამასპინძლოდ ქრისტეს სახელისა მქადაგებელთა. მგალობელნი იტყოდენ გალობათა ძილისპირთაგან და სტუმრობისა დროსა თვით მცხოვრებნი იმღერდენ სიმღერათა თვისთა მათითა წესითა. დეკანოზთა ერისა მათგან დადგენილთა მიეცემოდა მათგან უფლება, რათა იცვიდენ ადგილსა პატივითა, ხატთა, ჯვართა, ბავრაყთა და სხვათა შეწირულობათა. მეფის ძე მხიარულობდა განთესვისა გამო ქრისტიანობისა ნიშანთა, ძველთაგან არა შერყეულთა. ეპისკოპოსი ამბროსი იხარებდა სულის მხიარულებითა ქრისტეს მიერ. მკვიდრნი მთიულნი დღესასწაულობდენ დღესა ამას დღისა ხატთა თვისთა ენკენიობასა. მხლებელნი მათნი ეკვირვებოდენ ესრეთითა ადგილითა გზითა და ღონითა და საშუალებითა ქრისტიანობისა დამკვიდრებასა თავთა შინა მათთა და გულთა შინა მათთა. დღესა ერთსა განისწავებოდნენ მცხოვრებნი ადგილთა ამათ ქრისტეს მიერ ზნეობითა, ესრეთ მსუბუქად და ადვილად, განსაკვირვებელად დიდთა სოფლისა მის მეცნთა პლატონთა, სოკრატთა და არისტოტელთა. ესრეთ შეიტანეს მთათა ამათ სწავლა მაცხოვრისა მეფეთა მირიან, ვახტანგ, არჩილ, დავით აღმაშენებელმან, დედოფალმან თამარ, ლაშამან გიორგი და შემდგომთა მათთა.

უკუქცეული მუნით მეფის ძე გიორგი მოვიდა დუშეთისა გზით მუხრანს, მუნ ეწვია წილკნელსა ამბროსის და აქედამ წარვიდა თფილისს.

გოშპარ კობიაშვილი, მოხუცი 112 წლისა გარდაცვლილი 1864 წელსა, იტყოდა: „მახსოვს დღე ესე მეფის ძის გიორგის მობრძანებისა არაგვზედ; ყმაწვილი ვიყავ და მამსახურებდენ მე თავადთა, რომელნიც ახლდენ მას ბოდორნისა დღესასწაულსა. ამბროსი წილკნელი ბრძანდებოდა მუნ მწირველიო, და იტყოდენ კაცნი და ქალნი მრავლად. არ იამა ბატონიშვილს ალმასხანს მეფის ძის გიორგის არაგვზედ მოსვლაო. ყმაწვილობისა გამო ჩემისა, მათი შინაური ამბავი ჯერ არა ვიცოდი რაო; ეს კი კარგად და ცოცხლად მახსოვსო, რომ ათამდინ ყმაწვილნი კაცნი მოვედით არაგვის ჭალასა ბოდორნისა ძირში და დავიჭირეთ თოფით მოკლულნი ხოხობნი და მივართვით ბატონსაო. დროთა ამათ მრავლად იყო ხოხობი ჭალებში გაღმა და გამოღმა არაგვისა. იმ დროს, როდესაც გულხეთქებით ავედით ბოდორნასა და მივართვით ხოხბებიო, მამამთავარმან ბოდორნისა მოხუცმან ბესარიონ... მიართვა ცოცხალი ორაგული აქვე არაგვში ბოდორნისა ძირში დაჭერილი და მეფის ძემან უბოძა ფული, საჩუქარი, და ჩვენ ყმაწვილებს გვეწყინა, რადგანაც არა გამოგვივიდა წყალობა რამე“. _ (თავი XXX).

(აქ შეცდომა უნდა იყოს ან გოშპარ კობიაშვილის ასაკში ან კიდევ მისი გარდაცვალების წელში. თუკი იგი 112 წლისა დარდაიცვალა 1864 წ., მაშინ უნდა დაბადებულიყო 1752-ში, ხოლო სავარაუდოდ 1786 წ., რომელ ამბებსაც იგი ჰყვება, უნდა ყოფილიყო არა ყმაწვილი, არამედ 35 წლამდე ასაკის ვაჟკაცი _ ი. ხ.).

1790 წელსა, ჯერეთ მეფის ძესა გიორგის, დადიანმან კაცია მოუგზავნა დესპანად ჭყონდიდელი ანტონი და თავადი ბეჟან დადიანი, რათა მოსცეს შვილსა მისსა გრიგორის, მეგრელთა სამთავროჲსა მემკვიდრესა, ცოლად ქალი ნინა. მეფის ძემან არა სთქვა უარი და აუწყა მეფესა ირაკლის, რომელმანცა ბრძანა თანხმობა. აპრილის თთვესა, შემდეგ ათისა დღისა პასექიდამ მოვიდა თფილისს თვით საქმრო გრიგორი 50 სულითა თავადთა, აზნაურთა და გლეხთაგან ხლებული. დიდითა დიდებითა სადამე მობრძანდა დადიანი თფილისს. არც ერთი არ დარჩა დიდთა კაცთაგანი, რომელსაცა არა უბოძა საჩუქარი ვეცხლისა ნივთთა. ორმოცი და მეტიცა გასცა ქარვისა და მარჯნისა კრიანესული ფასოვანი. მეფესა და დედოფალსა მოართვა ორი ოქროს თასი, თუმცა მუნ მეგრელიაში, გარნა დიახ მშვენიერად ნაკეთი. მეფის ძეს გიორგის _ ექვსი ჯორი დიდტანოვანი, კათოლიკოსსა _ ომოფორი ძვირფასი.

დასწერეს ჯვარი სასახლისა ეკკლსიასა შინა და დიდითა მზითვითა წარიყვანეს მეფის ასული, მშვენირებითა სავსე ნინა, მენგრელთა ზუგდიდს. სიხარულისა გამო, რომელიცა მიიღეს ესრეთისა დაკავშირებისათვის საქართველოჲსა მეფესთან დადიანთა, დადიანმა კაცია, შესწირა საყოველწელიწადო ძღვენი მონასტერთა დავით გარესჯისა, ნათლისმცემელისა, შუამთისა და სხვათა ეკკლესიათა, მოსახსენებელად მათდა. ძველთა დროთა ჩვეულებისამებრ, წარუვლინეს ფულად და ვეცხლეულად ოთხთავე მართლმადიდებელთა პატრიარქთა და განამგზავრეს მათდა არქიმანდრიტი ხოფისა მონასტრისა ილარიონ და მას დროს მეგრელიაში მყოფი მღვდელმონაზონი მიტროფანე, განმგე იერუსალიმისადმი შეწირულთა მეგრლიაში ყმათა და მამულთა. ესრეთითა წესითა მარადის მოითხოვდნენ ქორწინებისათვის კურთხევასა და ეპისტოლესა ნუგეშად სასახლისა. ესე მიამბო თვით მეფის ასულმან და დედოფალმან მეგრელიისა, ვითარცა იწოდებოდა იგი თვისსა ქვეყანასა, ნინამ, დროსა ჩემისა ყოფნისა მასთანა დაახლოვებულად ს.-პეტერბურღს 1844 წელსა. წინათ ამისა წელიწადისა მიათხოვა ქალი ბარბარე სვიმონ ანდრონიკაშვილსა, კაცსა მდიდარსა ყმითა და მამულითა, მეფისა ირაკლისა საყვარელსა და ვექილად მჯდომსა განჯას, რომელიცა აძლევდა მეფესა მას ხარკსა (ყოველწლივ 3000 თუმანსა). მესამსა წელსა მიათხოვა ქალი თვისი სოფიო თარხნიშვილსა ლუარსაბსა. დიდი იყო ლხინი და შექცევა ქორწილისა გამო მეფის ასულისა ნინასსა. მეგრელთა თავადთა უკვირდათ წესი ღვინის სმისა, და მეტადრე, როდესაც ერთი მეორესთან მივიდოდა სხვითა და სხვითა სასმელისათვის მომზადებულებითათა ჭურჭელითა და არა ეტყოდენ „ალავერდი და იახშიოლ“, ნაცვლად ლექსთა ამათ ჭყონდიდელსა ანტონის, კაცსა ფრთხილსა ცხოვრებითა, მიაგებებდა ჭაბუა მდივან-ბეგი, კაცი მეცნიერი ჭურ-თასსა სავსესა ღვინითა და ეტყოდა: „შეუდგები ქრისტესა?“ ესე სიტყვა და თქმა, ჯერეთ უცნობი იმერეთსა და მეგრელთა შორის, შემოიტანეს მეგრელიაში და ამ დროდგან ხმარობენ ლხინისა დროსა, ესე მიამბო მანვე მეფისა ასულმან ნინა. _ (თავი XVI).

შემდგომად გარდაცვალებისა მეფისა სოლომონ პირველისა, ოდეს გამეფდა იმერეთს დავით, მოვიდნენ იმერეთით ევთიმი გენათელი, დოსითეოს ქუთათელი, სარდალი ქაიხოსრო წერეთელი, პაატა მიქელაძე, სალთხუცესი ზურაბ წერეთელი, სეხნია წულუკიძე, იოანე აბაშიძე, იოანე აგიაშვილი, ქაიხოსრო ჩიჯავაზე და ფიცისკაცნი ლორთქიფანიძე, იოსელიანი, ავალიანი და სხვანი. ესენი ითხოვდენ, რადგანაც არა სურს მეფესა ირაკლის მეფე დავით, მიმტაცებელი ტახტისა, ინებოს და შეიერთოს თვისდა სამეფოდ იმერეთი, ვითარცა იყო ერთ მთავრობისა დროთა. დესპანნი იმერთა არწმუნებდენ მეფესა, რომელ ყოვლადი სამეფო იმერეთისა მოელის სიქადულით და მხიარულებით საქმისა ამის დასასრულსა; თვით მთავართა გურიისას და ოდიშისას სურთ და სწყურიანთ ესე. მცხოვრებთა გლეხთაცა იციან ესე და უხარისთ ბატონობა თქვენი იმერეთსა, მტერთაგან... გაოხრებულსა. მეფემან უგდო ყური და ნაცვლად პასუხისა პირად ბრძანა იქმნას რჩევა საქმისა. დანიშნულსა დღესა კათოლიკოსი, მღვდელმთავარნი, თავადნი, სარდალნი, სალთხუცესნი, მდივანბეგნი ქართლ-კახეთისა, შეიკრიბნენ სამეფოსა პალატაში და შევიდნენ განსჯასა. პირველი და ძლიერი ხმა ერთობისათვის იყო ჭაბუა ორბელიანისა. მას შეუდგნენ კათოლიკოსი ანტონი, სარდალი დავით ყაფლანიშვილი, სოლომონ ლიონიძე, ზაქარია მოურავი ქიზიყისა, ანდრონიკაშვილი, ჯარდან ჩოლაყაშვილი, იოსებ ბარათაშვილი და სხვანი. მეფე სდუმებდა და ბრძენი ჭაბუა ასმენდა ქუხილისა სიტყვებითა დიდსა საქვეყნოსა სარგებლობასა; აკურთხევდა ჰაზრთა ამათ, ზეგარდამო შთაგონებულთა დესპანთადმი და იმერთა ერის. „ნუ ჰყოვნი, მეფეო! _ იტყოდა ჭაბუა, _ მეფე ერისათვის და არა ერი მეფისათვის, ერი იმერთა ითხოვს ერთობასა და კავშირსა. ვითარ ეტყვის მეფე უარსა? ვიცი და მესმის ჰაზრი თქვენი, მეფეო: ვითარ მოუღო მეფობა შვილისშვილსა ჩემსა? ესრეთი ჰაზრი უეჭველად არის უბედურებითი იმერთათვის, უსარგებლო ქვეყნისათვის, დამღუპავი ქვეყანისა. _ ვითარ მოეღო მეფობა ქართლისა, ქართლისა მეფეთა და რაჲ დაკარგა საქართველომან დაკავშირებითა ქართლისა და კახეთისა? ვითარ მოეღო მეამბოხეთა არაგვისა ერისთავთა საერისთავო არაგვი? ვითარ მოეღო საუკუნოდ ქსანი ქსნისა ერისთავთა? ბედნიერება ერისა ითხოვს ერთობასა, ძლიერება მეფობისა არის ერთა დაკავშირება“. _ „ბატონო მეფევ, _ მოახსენა ქაიხოსრო წერეთელმან, _ უკეთუ ვერ დამტკიცდება ერთობა და შეუდგება უწესობა, სავნო ქართლისათვის და მეფობისა თქვენისათვის, _ მაშინ დაუტევეთ იმერეთისა მეფობა, მაშინ თქვენც უბოძეთ იმერთა ნება, იყოლიონ თვისდა მეფე თვისი. ამითი არა დაშავდება რა. სცადეთ რა შეუდგება, მიიღეთ გვირგვინი ჩვენიცა, განძლიერდით ჩვენით და განგვაძლიერეთ თქვენით. _ ირწმუნეთ, მეფევ ბატონო, რომ სცნობს ამას მტერი და მიეცემა შიშსა და მორიდებასა“. შემდეგ დუმილისა მეფისაგან, მუხრანის ბატონმან იოანე მოახსენა კრებასა: „დაკავშირება იმერეთისა დიახ ძნელია. ჩვენ ქართველთა ვერ მოგვივლია ჩვენთვის, ვითარ მოვუაროთ იმერეთსა? რათ ვექმნეთ პატრონად ქვეყანასა, რომელსაცა ჰყავს საკუთარი პატრონი, შვილისშვილი მეფისა?“ _ სარდალმან დავით, განრისხებულმან წარმოსთქვა სიტყვა: „მართლად აღიარებს მუხრან-ბატონი, რომ ვერ მოუვლის იგი დღეს ქვეყანასა თავისისა ხრმლითა და ბაირაღითა. მოვა დრო და მოსცემს ღმერთი სხვასა მუხრანის-ბატონსა, რომლისა ხრმალი უფრო მჭრელი იქმნება“. _ სიტყვამან ამან დაბადა ამბოხი, აწყინა მეფესა და წყინებული მეფე წამოდგა და შევიდა სხვასა ოთახსა. დაიშალა შეკრებილება პირველი.

სცნო დედოფალმან დარეჯან საუბარი ესე ყოველი, განრისხნა და მიაწერა ჰაზრი ესე მეფის ძეს გიორგის, რადგანაც სარდალი დავით იყო დისწული მისი საყვარელი და მეტოქი მუხრანის ბატონისა. დაიბარა ჭაბუა და მრისხანედ უბრძანებდა ყვედრებითთა სიტყვათა.

„არა, ბატონო დედოფალო, ვერ შევიქმნები ორგული, _ იტყოდა ჭაბუა, _ მეფისა და სამეფოჲსა. ჰაზრი ჩემი დაჰშთება უცვალებელად, მტკიცედ და უკეთუ არ აღსრულდება, შთავიტან თან საფლავსა. რად მიბრძანებთ, არ ვიყო ერთგული მეფისა. ვიცი, რასაცა ვიტყვი. არ ვხედავ კეთილად საქმესა და ასე ვარჩევ? ვიყო და მერქვას მრჩეველი მეფისა და ვურჩევდე რასმე ბოროტსა? _ ვჰგონებ იქმნება საქმე ეშმაკისა, ბოროტისა კაცისა და ქვეყნის მტერისა. ამისთვის გაბედვით ვიტყვი და უშიშრად მოვახსენებ მეფესა ჩემსა და თქვენ ბატონსა ჩემსა დედოფალსა, სიტყვათა ამათ“.

მეფის ძე გიორგი, მორიდებული მამისა და დედინაცვლისა, არ ინახვინებდა არცა დესპანთა და არცა კარისკაცთა, რათა არა წარმოსთქვან რაიმე სიტყვა და არ მივიდეს ჰაზრი რაიმე ახალი მეფისადმი მასზედ გაიჭვიანებულისა.

ქუთათელი და გაენათელი, აბაშიძე და სხვანი დესპანნი მიუთხრობდეს დედოფალსა იმერეთისა მდგომარეობასა და სრულიად დაღუპვასა, უკეთუ არ მოხდება ერთობა ქართველთა თანა. დედოფალი ბრძანებდა უარსა და იტყოდა ვერ გამოწირვასა იმერეთისა გვირგვინისა შვილისშვილისა ხელთაგან.
დღესა მესამესა, შემდეგ პირველისა, იყო შეკრებილობა მეორე. ჭაბუა კვალად იტყოდა მასვე; კათოლიკოსი ანტონი ამტკიცებდა მათსა ჰაზრსა. მაშინ მეფემან უბრძანა მეფის ძეს გიორგის: „რას იტყვი, გიორგი, შენ? _ „ხელმწიფეო ჩემო! სიტყვა ჩემი, ვითარცა ჰხედავ, იქმნება მრავალთათვის წინააღმდეგი და მაინც გავბედავ მოგახსენო: შეერთება იმერეთისა ქართლისადმი არის სიმტკიცე მეფობისა; თუ გნებავსთ უძლეველობა ქვეყანისა ჩვენისა მტერთაგან, უნდა იქმნას ერთობა. რა არის უკეთილეს, რა არის მშვენიერ, ვითარ ერთობა ძმათა, _ იტყვის წინასწარმეტყველი დავით. სამეფო ისრაილთა დაეცა მაშინ, როდესაც განსქდა ორად მეფობა სოლომონისა. დაეცა საბერძნეთი, ოდეს განიყო ორად და სამად. მეფობა განყოფილი არა დაადგრეს, _ ბრძანებს მაცხოვარი“. _ სიტყვანი ესენი მოიწონეს შეკრებულთა მსაჯულთა. ჭაბუამ კვალად აღამაღლა ხმა და მოსთხოვა მდაბლად, რათა თანახმა იქმნეს მეფე ერთობისა ჰაზრისათვის და აღასრულოს თხოვა იმერეთისა დესპანთა. მაშინ მეფე აღსდგა და ბრძანა: „თხოვასა ამას ვერ მივიღებ; მტერი მადგას კარსა; ვერ გავიხდი ახალსა მტერსა, რომელიცა უნდა იყოს შვილისშვილი ჩემი იმერთა ტახტისათვის განმზადებული. _ დესპანნო! წარვედით და იმერთა ერსა გამოუცხადეთ, რომ დავსვამ იმერეთისა ტახტზედ შვილისშვილსა ჩემსა და ესრეთისა კავშირითა თავით თვისით იქმნება ერთობა იმერეთისა ქართლისა თანა“. ესრეთ დაბოლოვდა დესპანობა იმერთა და ჰაზრი ერთობისა.

მასვე წელსა 1790 წარავლინეს ჯარი ქართველთა 4000 და თანაჰყვა სარდლად მუხრანის ბატონი იოანე, ქიზიყის მოურავი ზაქარია ანდრონიკაშვილი, ჯარდან ეშიკაღას-ბაში ჩოლაყაშვილი; ანდრონიკაშვილი რევაზ (ცოლისძმა მეფის ძისა გიორგისა), და მეფის ძე იულონ; გარდააგდეს მეფე დავით და განამეფეს სოლომონ მეორე ქუთაისს. _ (თავი XII).

ესრეთ დაბოლოვებულსა საქმესა ამას შეუდგა 1790 წელსა მხოლოდ დაკავშირებითი ტრაკტატი შორის ქართლისა და კახეთისა, იმერთა და მთავართა ოდიშისა და გურიისა. აჰა ნამდვილი ესე პირობაებითი მათ შორის წესდება (2).

1.

„ტრახტატი ივერიელთა მეფეთა და მთავართაგან დამტკიცებული ქართლისა, კახეთისა, იმერთა, ოდიშისა და გურიისა, აღწერილი სამეუფოსა ქალაქსა თფილისს 1790 წელსა.

ვინადგან ყოველთავე ივერიელთა მსახლობელთა სამეფოსა შინა ქართლისა, კახეთისა, (იმერეთისა), ოდიშისა და გურიისათა აქვსთ ერთ-მორწმუნეობა, არიან ძენი ერთისა კათოლიკე ეკკლესიისაგან შობილნი და ერთისა ენისა მქონებელნი, აქვსთ მავასხელობითიცა სიყვარული ვითარცა სისხლით ნათესავთა და მოყვრობით შეკრულთა ურთიერთთა შორის.

ამისთვის ჩვენ ზემოხსენებულად ქვეყანათა ივერიისა და მეფენი და მთავარნი დამამტკიცებელნი საუკუნოსა ამის პირობისა სახელით ყოვლად ძლიერისა ღვთისათა აღვსთქვამთ მტკიცესა ამას ერთობასა, რომელიცა თვითოეულად შემდგომთა შინა ჰაზრთა ცხად იქმნების.

უფლისა იესო ქრისტეს მონა მეფე ქართლისა, კახეთისა და სხვათა, ირაკლი მეორე ქრისტიანებრითა თანამდებობითა გარწმუნებთ ყოვლისა საიმერეთოსა მეფესა შვილისშვილსა ჩემსა სოლომონს და მთავარსა ოდიშისა და სხვათა სამთავროთა დადიანს გრიგოლს, და მთავარსა გურიისა სვიმეონს და ერთობით თავადთა, აზნაურთა და ერთა ქვემოჲსა ივერიისა ესრეთ:

მ უ ხ ლ ი პ ი რ ვ ე ლ ი

შევრაცხო ყოველი მტერი თქვენი მტერად ჩემდა და ყოვლისა სამეფოისა ჩემისა, და ვიყო მტერი მტერისა თქვენისა და მოყვარე მოყვრისა.

მ უ ხ ლ ი მ ე ო რ ე

მაქვნდეს ზრუნვა დამშვიდებისათვის ქვეყანისა თქვენისა, და ყოვლისა შეძლებისა ჩემისამებრ ვიყო შემწე თქვენდა წინააღდგომად მტერთა თქვენთა.

მ უ ხ ლ ი მ ე ს ა მ ე

ვიყო მწადნელი ბედნიერებისა თქვენისათვის და დაცვად ძეთა იმერეთისათა, ვითარცა მამა საზოგადო მათი.

მ უ ხ ლ ი მ ე ო თ ხ ე

უკეთუ აღდგეს მტერი ვინმე თქვენზედა, დიდი ანუ მცირე, მხედრობითა ჩემითა ანუ სხვითა ძალითა, სიტყვითა და საქმითა შეძლებისა ჩემისამებრ მზა ვიყო შემწედ თქვენდა.

მ უ ხ ლ ი მ ე ხ უ თ ე

უზენაესისა მიმართ მფარველობისა საიმპერატოროსა უმაღლსისა კარისადმი, ვითარცა მაქვნდეს შეკრულება, ვიყო მწადნელი თქვენდაცა უბედნირესსა შინა მდგომარეობასა მოყვანებად მფარველობითა ერთბამად ერთისა უავღუსტესისა კარისათა.

მ უ ხ ლ ი მ ე ე ქ ვ ს ე

აღთქმათა ამათ შინა ჩემთა ქრისტიანებრითა შევიკვრი თანამდებობითა თვით ძეთა ჩემთა, თავადთა საქართველოსათა და საზოგადოდ ერთა სჯულვდებ, საუკუნოდ ერთგვამად შეერთებასა ამას ქვემოჲსა ივერიისა თანა და ვამცნებ ყოველთავე რათა მტკიცედ ეგნენ ზემო აღწერილთა აღთქმათა შინა, ვითარცა სჯულთა ზედა ეკკლესიურთა. იყავნ ესრეთ. ვიცი ვითარია თანამდებობა ჩემი და ვჰგიე მტკიცედ ხელმოწერისა ამისა ჩემისამებრ.

მეფე ქართლისა, კახეთისა და სხვათა ე რ ე კ ლ ე.
დედოფალი ქართლისა, კახეთისა და სხვათა დ ა რ ე ჯ ა ნ.
საქართველოს კათოლიკოსი ა ნ ტ ო ნ ი.
ვიცე-კანცლერი ს ო ლ ო მ ო ნ ლ ი ო ნ ი ძ ე (3).

2.

ტრახტატი მეორე ნაცვლად პირველისა

უფლისა იესო ქრისტეს მონა მეფე ყოვლისა საიმერეთოჲსა შვილისშვილი თქვენი სოლომონ ქრისტიანებრითა აღთქმითა გარწმუნებთ უმაღლესსა მეფესა ქართლისა, კახეთისა და სხვათა, მეორესა ირაკლის, უგანათლებულესთა ძეთა თქვენთა, თავადთა, კეთილშობილთა და ერთა ზემოჲსა ივრიისათა ესრეთ:

მ უ ხ ლ ი პ ი რ ვ ე ლ ი

შევრაცხო ყოველი მტერი თქვენი მტერად ჩემდა და ყოვლისა სამეფოჲსა ჩემისა და ვიყო მტერი მტრისა თქვენისა და მოყვარე მოყვრისა.

მ უ ხ ლ ი მ ე ო რ ე

მაქვნდეს ყოველივე შეძლება ჩემი დაუზოგავად დამშვიდებისათვის ქვეყანისა თქვენისა და ვიყო მზა ნიადაგ წინააღმდგომად მტერთა თქვენთა.

მ უ ხ ლ ი მ ე ს ა მ ე

ვიყო მწადნელი ბედნიერებისა თქვენისათვის და უგანათლებულესთა ძეთა თქვენთა, ვითარცა თანამდები მეფე დისწული მათი.

მ უ ხ ლ ი მ ე ო თ ხ ე

უკეთუ აღდგეს მტრი ვინმე თქვენზედა, დიდი ანუ მცირე, მხედრობითა ჩემითა ანუ სხვითა ძალითა, სიტყვითა და საქმითა შეძლებისა ჩემისამებრ მზა ვიყო შემწედ თქვენდა.

მ უ ხ ლ ი მ ე ხ უ თ ე

უზენაესისა მიმართ მფარველობისა საიმპერატოროსა უმაღლესისა კარისადმი, ვითარცა აქვნდეს უმაღლესობასა თქვენსა შეკრულება, ვიყო თქვენთანა მქონებელი, თანხმობისა უბედნიერესისა მდგომარეობისა ჩვენისათვის, მფარველობითა ერთბამად ერთისა უავღუსტესისა კარისათა.

მ უ ხ ლ ი მ ე ე ქ ვ ს ე

აღთქმათა ამათ შინა ჩემთა ქრისტიანებრითა შევიკვრი თანამდებობითა თვით თავადთა ყოვლისა იმერეთისათა, კეთილშობილთა და საზოგადოთა ერთა სჯულვდებ საუკუნოდ ერთგულებად შეერთებასა ამას ზემოჲსა ივერიისა თანა და ვამცნებ, რათა მტკიცედ ეგნენ ზემო აღწერილთა აღთქმათა შინა, ვითარცა სჯულთა ზედა ეკკლესიურთა, იყავნ ესრეთ. ვიცი ვითარია თანამდებობა ჩემი, და ვჰგიე მტკიცედ ხელმოწრისა ამის ჩემისამებრ.

მეფე ყოვლისა საიმერეთოჲსა ს ო ლ ო მ ო ნ.
დედოფალი ყოვლისა საიმერეთოჲსა მ ა რ ი ა მ.
ვიცე-კანცლერი ს ო ლ ო მ ო ნ ლ ი ო ნ ი ძ ე.

3.

ტრახტატი მესამე ნაცვლად პირველისა

უფლისა იესო ქრისტეს მონა მე, მთავარი ოდიშისა და სხვათა სამთავროთა დადიანი გრიგოლ, ქრისტიანებრითა აღთქმითა გარწმუნებთ უმაღლესსა მეფესა ქართლისა, კახეთისა და სხვათასა, მეორესა ირაკლის, უგანათლებულესთა ძეთა თქვენთა, თავადთა, კეთილშობილთა და ერთა ზემოჲსა ივერიისათა ესრეთ:

მ უ ხ ლ ი პ ი რ ვ ე ლ ი

შევრაცხო ყოველი მტერი თქვენი მტერად ჩემდა და ყოვლისა სამთავროჲსა ჩემისა და ვიყო მტერი მტერისა თქვენისა და მოყვარე მოყვრისა.

მ უ ხ ლ ი მ ე ო რ ე

მაქვნდეს ყოველივე შეძლება ჩემი დაუზოგავად დამშვიდებისათვის ქვეყანისა თქვენისა და ვიყო ნიადაგ მზა წინააღმდგომად მტერთა თქვენთა.

მ უ ხ ლ ი მ ე ს ა მ ე

ვიყო მწადნელი ბედნიერებისა თქვენისათვის და ძეთა თქვენთა, ვითარ ნათესაობით თანამდები უგანათლებულესობათა მათთა.

მ უ ხ ლ ი მ ე ო თ ხ ე

უკეთუ აღდგეს მტერი ვინმე თქვენზედა, დიდი ანუ მცირე მხედრობითა ჩემითა ანუ სხვითა ძალითა, სიტყვით და საქმით შეძლებისა ჩემისამებრ მზა ვარ შემწედ თქვენდა.

მ უ ხ ლ ი მ ე ხ უ თ ე

უზენაესისა მიმართ მფარველობისა უმაღლესისა საიმპერატოროსა კარისადმი, ვითარცა აქვნდეს შეკრულობა უმაღლესობასა თქვენსა, ვიყო თქვენთანა მქონებელი თანხმობისა მფარველობათა თქვენთანა ერთბამად ერთისა უავღუსტესისა კარისა.

მ უ ხ ლ ი მ ე ე ქ ვ ს ე

აღთქმათა ამათ შინა ჩემთა ქრისტიანებრითა შევიკვრი თანამდებობითა თვით სახლისწულთა ჩემთა და თავადთა სამთავროჲსა ჩემისათა, კეთილშობილთა და ერთა სჯულვდებ საუკუნოდ ერთ-გვამად შეერთებასა მას ზემოჲსა ივერიისა თანა და ვამცნებ, რათა მტკიცედ ეგნენ ზემო აღწერილთა აღთქმათა შინა, ვითარცა სჯულთა ზედა ეკკლესიურთა. იყავნ ესრეთ. ვიცი ვითარია თანამდებობა ჩემი და ვჰგიე მტკიცედ ხელმოწერისა ამის ჩემისამებრ.

4.

ტრახტატი მეოთხე ნაცვლად პირველისა

მე მთავარი გურიისა სიმეონ ქრისტიანებრითა აღთქმითა გარწმუნებთ უმაღლესსა მეფესა ქართლისა, კახეთისა და სხვათასა, მეორესა ირაკლი, უგანათლებულესთა ძეთა თქვენთა, თავადთა, კეთილშობილთა და ერთა ზემოჲსა ივრიისათა ესრეთ:

მ უ ხ ლ ი პ ი რ ვ ე ლ ი

შევრაცხო ყოველი მტერი თქვნი მტერად ჩემდა და ქვეყანისა ჩემისა და ვიყო მტერი მტერისა თქვენისა და მოყვარე მოყვრისა.

მ უ ხ ლ ი მ ე ო რ ე

მაქვნდეს ყოველივე შეძლება ჩემი დაუზოგავად სახმარყოფისათვის სამეფოჲსა თქვენისა და ვიყო ნიადაგ მზა წინააღმდგომად მტერთა თქვენთა.

მ უ ხ ლ ი მ ე ს ა მ ე

ვიყო მწადნელი ბედნიერებისა თქვენისათვის და ძეთა თქვენთა, ვითარ ნათესაობითა, თანამდები უგანათლებულესობათა მათთა.

მ უ ხ ლ ი მ ე ო თ ხ ე

უკეთუ აღსდგეს მტერი ვინმე თქვენზედა, დიდი ანუ მცირე, მხედრობითა ჩემითა ანუ სხვითა ძალითა, სიტყვითა და საქმითა შეძლებისა ჩემისამებრ მზა ვიყო სახმრად თქვენდა.

მ უ ხ ლ ი მ ე ხ უ თ ე

უზენაესისა მიმართ მფარველობისა უმაღლესისა საიმპერატოროსა კარისადმი, სადაცა და ვითარცა აქვნდეს შეკრულება უმაღლესობასა თქვენსა, ვიყო თქვენთანა მქონებელი თანხმობისა უბედნიერესისა მდგომარეობისა ჩემისათვის მფარველობითა თქვენთანა ერთბამად ერთისა უავღუსტესისა კარისათა.

მ უ ხ ლ ი მ ე ე ქ ვ ს ე

აღთქმათა ამათ შინა ჩემთა ქრისტიანებრითა შევიკვრი თანამდებობითა თვით სახლისწულთა ჩემთა, თავადთა, აზნაურთა და ერთა სამთავროჲსა ჩემისათა, სჯულვდებ საუკუნოდ ერთგვამად შეერთებასა ამას ზემოისა ივერიისა თანა და ვამცნებ, რათა მტკიცედ ეგნენ ზემო აღწერილთა აღთქმათა შინა, ვითარცა სჯულთა ზედა ეკკლესიურთა. იყავნ ესრეთ. ვიცი ვითარია თანამდებობა ჩემი და ვჰგიე მტკიცედ ხელმოწერისა ამის ჩემისაებრ“.
__

ოთხად დაწერილნი პირობანი ესენი, ხელმოწერილნი და ბეჭედსმულნი მეფეთა და მთავართაგან, მღვდელმთავართა და მოხელეთაგან, განცხადნენ ყოველგან. _ კოპიონი მათნი წარუვლინეს იმპერატრიცასა ეკატერინა მეორესა. თვით სოლომონ ლიონიძე, მისრული კართა ზედა იმერთა მეფისა და მთავართა დადიანისა გრიგორისა და გურიელისა სვიმონისა, მრავლად დაშვრა, რათა მოეყვანა ერთობასა მტკიცესა ერთნათესაობა ქართველთა, მეცადინებდა შინაკავშირითა გაეუქმებინა გარეკავშირი. ერი, დაცული გარეთითა უცხოთა ნათესავთაგან მფარველობითა, არის მარადის დამდაბლებული. ერი სხვათა მფლობელობასა შინა ქვეშე შესული არის მონა და მონა მზაკვარი, დაცინებული, მასხარად აგდებული. ვითარცა დამკარგველი თვითმყოფობისა, ჰკარგავს სულისა თვისისა საკუთარსა ძალასა და ღირსებასა, უძლური სულითა, ჰკარგავს სხეულისაცა ძალასა: ენა და მეტყველება მისი, მწერლობა და მწიგნობრობა მოეღება ერსა დამონებულსა უცხოსა ნათესავისა ენითა და ჩვეულებითა.

ოთხასითა წლითა განმტკიცებულნი კერძოობითსა უფლებასა ზედა სამთავრონი, მოისმენდნენ ლიონიძისა სიტყვათა ერთობისათვის. გარნა სადღა იყო ძალი დამაკავშირებელი მათი? ოდეს მეფემან ირაკლი მეორემან დაკარგა ერთმეფობისა იმერთა ერისა თხოვა, დაკარგაცა ძალი კავშირისა. ხმა ლიონიძისა იყო ხმა ღაღადებისა უდაბნოსა, ენითა ცემა ჰაერისა და ამაო ბგერა ბაგეთა. იხილა ესე ლიონიძემან ადრევე და შორსმხედველმან ვერღა ჰპოვა ღონე სხვა დაცვისათვის მეფობისა, რომლისათვისცა, გამიგონია მამისა ჩემისაგან, იტანჯებოდა იგი. ესევე იყო მიზეზი, რომელ შემდგომად მეფისა გიორგისა, წარვიდა იმერეთს და მუნით სპარსეთსა და მოკვდაცა მუნ დამტირებელი ქვეყანისა და მრავლად დატირებული სომეხთა კათალიკოსისა ეფრემისაგან, რომელთანაცა ცხოვრობდა რავდენსამე დროსა. სიკვდილი მისი იყო ვგონებ 1810 წელსა ანუ მცირედ შემდეგ. _ (თავი XIII).

მეფის ძე გიორგი დროთაგან ყმაწვილობისა, ვიდრე 40 წლამდე ცხოვრებისა თვისისა, იყო ტანით წვრილი, მაღალი და ბრგე. 1785 წელიწადიდამ შევიდა სიმსუქნეში, განსქელდა დიდად და თუმცა ესრეთმან სიმსუქნემან უფრო ახოვან ჰყო იგი, გარნა ვეღარ ჯდებოდა ცხენსა თავისუფლად და ვერცა იქმნებოდა მარდი, ვითარცა პირველ. შემდეგ შეეჩვია შინა ყოფნასა, და მოთხოვნილებებისა გამო დიდისა გვამისა, მიიღებდა სანოვაგესა მრავლად და მადიანად მარადის. ჩვეულებასა ამას შეუდგა მდიდრად სადილისა მზადება და ხანგრძლივ მირთმევა სადილისა მეჯლიშისა წესითა. პური სადილისა მისთვის იყო გამტკიცული თეთრი და ყოველ დღე ცხვებოდა სახაბაზოსა. ბრძანებისამებრ მისისა აქვნდათ ნება ყოველთა ქალაქისა მცხოვრებთ მხოლოდ სნეულთათვის და ავათმყოფთა წარეღოთ პური სახლად თვისად. ყოველ დღე ხსნილისა დღეთა, მცნებისამებრ მართლმადიდებელისა ეკკლესიისა, იკვლოდა ძროხა, ფლავი ქათმითა და ზირიშვითა შემზადებული, მიერთმეოდა ყოველ დღე: ეგრეთვე შემწვარი და აფხაზური. დიდად უყვარდა ზაქი წლეული ანუ უფრო მოდიდო, სილბილისა, სითეთრისა, გემოვნებისათვის მისისა ხორცისა; უმეცარნი და მეშურნენი და მტერნი მისნი ჩუმნი და ფარულნი ეცინოდნენ მას ამისათვის და იტყოდნენ სიცრუით: „მრთელსა ზაქსა სჭამსო“. წესისამებრ სადილობისა ძველისა და ახლისა, პირველ მეფეს მიერთმეოდა კერძი და რადგანაც ზაქისა და საუკთესოჲსა საჭლმისა ნაჭერნი მიერთმეოდენ მას მრავლად, აქედამ შედგა ცილისწამებაცა: მრთელსა ზაქსა ჭამდაო. აქვნდა მას ჩვეულება, ვითარცა დადიანისა კარზედაც მინახავს, რომელ მიიღებდა ნაჭერსა დიდსა თვით, და სხვათა, თვითვე დასახელებითა სტუმართა, უბოძებდა, ნიშნად პატივისცემისა და სიყვარულისა. ნაცვლად ხბოჲსა მიირთმევდა ზაქისა წლეულისა ანუ მეტისა ხორცსა. ზაქის ხორცი არის დიდად ლბილი, ფრიად გემოვანი და ფერით დიდად თეთრი, მრავლით უკეთესი ხბოს ხორცისა.

ღვინო უყვარდა წითელი და აქვნდა ულეველი ხოდაშნური და ყვარული, რომელსაცა ცალკედ დიდად განწმენდილსა ქვევრში შეამზადებდნენ საწელიწდოდ კარისათვის მეფისა. თვით მიირთმევდა არაუმეტეს ერთისა ჩარექისა ანუ თუნგისა მეოთხედისა. დათრობა მას სძაგდა ვითარცა სიბილწე, და ხუმრობით და სიცილითა დაუწუნებდა სადილისა მისისა მეინახეთა, უკეთუ ვინმე გაურევდა წყალსა და წყალსხმულსა დალევდა ღვინოსა. „გიგონე რა გიამბო, _ იტყოდა გაგრძელებულისა ხმისა კილოთი: _ თუ გინდა ღვინო წყლიანი, მდაბალი სვი ღვინოო; კარგი ღვინო არ უნდა წახდეს წყლისა შერევითა“. არაყი არ იყო ჯერეთ დიდსა ხმარებაში, გარნა ურჩევდა არა სვან ვითარცა მაწყინებელი აგებულებისა და არცა სასარგებლო, თუმცა მტკბარი თაფლითა, მურაბისა მირთმევის დროს, _ ქართველთა ჩვეულებისა წესითა. ორაგული უყვარდა დიდად და სწყინდა მარადის. მკურნალნიცა აყენებდნენ ორაგულისა მირთმევისაგან და არა ერთგზის განკურნესცა წყინებისაგან ორაგულისა. აქაცა შექცევისათვის და ხუმრობითა წარმოიტყოდა სიტყვასა: „ოთახისათვის დარბაზი ვის დაუქცევიაო?“

სადილი მისი არ იქმნებოდა თვინიერ მღვდლისა, რომელიცა მარადის მამაო ჩვენოსა თქმითა, აკურთხევდა დაგებულსა სუფრასა, და რადგან იცოდა მცირედ ბერძულიცა, ამისათვის ხშირად თვით იტყოდა ბერძულად „მამაო ჩვენოსა“ და აკურთხევინებდა სუფრასა მღვდელსა. ჩვეულებრივ მეინახენი სადილისა მისისა, იქმნებოდენ ოცი და ოცდახუთამდე კაცი დღეყოველ.

დიდოსა ლეკნი თთვე ყოველ მაისიდამ და კვალად ზამთრადმდე მოგვრიდნენ თვისთა ცხვართა და თოხლთა, ვითარცა გემოვანთა დიდად და მრავლით უგემრიელესთა სხვითა მტითა ზედა ნაკვებთა ცხოვართა. მეფე დაასაჩუქრებდა მათ ცხვრებითავე სამეულად; უბოძებდა სამოსთა მათ და ცოლთა მათთათვის. ოდესმე ზაფხულსა მოსძებნიდენ მეფესა ლილოზედ, ოდესმე ქვემო ავჭალასა, სადაც ხშირად განატარებდა სახლობით ზაფხულისა თთვეთა. აქა ჰქონდა სადგურად გურამიშვილის ზაალის სახლი ციხე გალავანიანი მტკვრისა პირსა ნაშენი. სიყრმიდგანვე არ უყვარდა ნადირობა. მონადირეთა დიდ-კაცთა უწოდებდა „კ ა ც თ ა უ ს ა ქ მ ო თ ა, მ ო ც ლ ი ლ თ ა“. _ „დევნა მხეცთა და პირუტყვთა შეაჩვევს მტერობასა და მესისხლეობასაო, განაბოროტებს გულსაო“. შვილთაცა თვისთა არ ურჩევდა ნადირობისა შეჩვევასა და მართლად არცა ერთი მათგანი, რომელთაცა მე ვიცნობდი, არ იყვნენ მონადირენი, გარდა მეფის ძისა ილიასი, და ესეცა შეჩვეოდა ნადირობასა რუსეთში.

არ უყვარდა ჯირითობაცა, რომელსაცა უწოდებდა „საგანსაცდელოსა რასამე“, და ამისთვის მხდალად ხადოდენ მიმალულნი მეტოქენი მისნი.

დილითა, შემდგომად ცისკრისა დღე-ყოველ მოსმენისა, მიირთმევდა ჩაისა ილით და დარიჩინით მოდუღებულსა; ჩინეთისა ჩაისა, რომელიცა მოერთმეოდა რუსეთიდამ, მიიღებდნენ სნულებისა დროსა სამკურნალოდ, და იშვიათად, ყავა თურქთა წესითა, სტუმართათვის იხმარებოდა ხშირად.

შაქარი დროთა ამათ იხმარებოდა ყანდისა, რომელიცა მოაქვნდათ ვაჭართა სპარსეთიდამ და მისირიდამ. _ ევროპიისა შაქარსა იშვიათად მოიტანდნენ, რადგან უძვირეს სპარსულისა იყიდებოდა. ესრეთი ევროპიისა შაქარი შემოვიდა სავაჭროდ ახალციხისა გზით, ეგრეთვე ყავა და თამბაქო, თალათინის ტყავები, საპონი მარანდული (ზეთისა) და სხვანი ესე ვითარნი. _ (თავი XIV).

წინათ აღა-მაჰმად-ხანისა მოსვლისა თფილისს, მოვიდაც ელჩად ზიათ-ხანი ხოელი (?), რომელმანცა მოითხოვა მეფის ირაკლისაგან, რათა წარუვლინოს თვალი ძვირფასი ნადირშაისაგან ნაქონი, უკუდგეს რუსეთსა, აღიაროს მფარველად, ვითარცა ძველად, სპარსეთი და მისცეს მზევლები. შესწუხნა მეფე ირაკლი მოხუცი. ქმნა რჩევა და გამოკითხვა მხლებელთა კარისკაცთა. მეფის ძე გიორგი, ვითარცა მემკვიდრე, წარდგა წინაშე მეფისა და მოახსენა წარავლინოს მზეველად ძე მისი დავით და თვითცა წარვალს შვილითა უკეთუ სურს; წარდგება ყაენთანა, გამოსთხოვს წყალობასა, რათა არა წარახდინოს ქვეყანა. დაუტევებს შვილსა თვისსა მუნ მასთან მზეველად და თვით უკუ იქცევა. ესრეთი ჰაზრი მისი იწყინა დიდად დედოფლმან დარეჯანმან, რომელსაცა ეშინოდა, არა მოვიდეს სპარსთა ჯარითა და არ გამეფდეს სპრსთა ძალითა ჯერეთ სიცოცხლეშივე მისისა მამისა დროს. მეფემან ბრძანა უარი და სხვათაცა არა მოიწონეს ჰაზრი ესე მეფისა ძისა გიორგისა, ვითარცა წინააღმდეგი რუსეთისა თანა შეკრულისა ტრაქტატისა 1783 წელსა.

მეფემან ბრძანა უარი მასზედა, რაიცა მოახსენა ელჩმან ყაენისა, და მიუგეს პასუხად მას ყაენისა ელჩსა: „მრავალ-ჯერ ვართ მოტყუებული სპარსთაგან, მრავლად მათგან ტანჯულნი; სარწმუნოება ჩვენი ვერ დაგვაკავშირებს სპარსეთსა; მიმიცია სიტყვა და წერილითი პირობა ვიყო კავშირითა მტკიცითა შეკრული რუსეთისა ხელმწიფესთან, რომელიც არის ერთისა სარწმუნოებისა ჩემთან მექონი, ერთისა ეკკლესიისა შვილი, ერთისა ხმითა მქადაგებელი ღვთისა. თვით სპრსეთმაც იცის ესე ადრითვე და წინა მოადგილეთა ვექილთა (ყაენთა მმართველთა, რომელნიცა ნადირშაის შემდეგ იტაცებდენ ხმლითა სპარსეთისა ტახტსა და არა ნამდვილთა ყაენთა) სპარსეთისა. მე მყავს გვერდით ჯარი ჩემი და ჯარი რუსეთისა. მანამ ერევნიდამ აქ მოვა ჯარი ყაენისა, ჯარი რუსთისა უფრო ადრე შემოვა თფილისს“. _ ესრეთი იყო რჩევა და პასუხი მეფისა ელჩისადმი აღა-მაჰმად-ხანისა. _ (თავი XXXII).

ყაენის მოსვლისა წინათ თფილისს მეფის ძესა გიორგის მიენდვა ქიზიყის ჯარისა შეყრა. წარგზავნილმან სიღნაღს, სცნო დაბარება იმერეთიდამ იმერთა ჯარისა. დედოფალსა დარეჯანს არა ენება რათა მეფის ძისა გიორგის დროშა პირველობდეს სამეფოში. მეფის ძეს თან ახლდეს ჟამთა ამათ ქიზიყისა მოურავი ზაქარია ანდრონიკაშვილი და ცოლის ძმა მეფისა ძისა რევაზ ანდრონიკაშვილი, რომელსაცა მეფემან ირაკლი, დედოფლისა დარეჯანისა რჩევითა, ადრევე მოუღო ქიზიყის მოურაობა და მიუბოძა ზაქარიასა, რომელსაცა ჰყვანდა ცოლად ასული მეფისა ირაკლისა ელენე. ესრეთ არა კმაყოფილმან რევაზ და მარადის მდრტვინველმან მეფეზედ, თუმცა შეჰყარა ჯარი ქიზიყისა, გარნა არა სურდა შეერთებულიყო მეფისა ჯართან, თფილისსა შეგროვილისა. _ „უშველოს ზაქარია მოურავმან, _ იტყოდა რევაზ, _ ქვეყანასა: როცა გაუჭირდათ მაშინ მომიგონეს?“ მეფის ძეს გიორგის არა ჰქონდა ბრძანება ირაკლისა არცა ჯარისა შეგროვებისა და არცა მოსვლისა თფილისად. ესე ნამდვილი არის და არცა საეჭვოა. იოანე მალხაზის ძე ანდრონიკოვი (ღენერალ-ლიტენანტი დღესაც ცოცხალი) ხშირად მოიგონებს საქმესა ამას და ვიცი ესე მისგანაც პირუთვნობელობით. რევაზ გავიდა მტკვარსა პირისპირ აღსტაფისა და დაუხვდა ყარაბაღისა და შამშადილისა საქონელსა, რომელნიცა მოყვანდათ ქართლსა დასახიზნავად; მოსტაცა იგი და წარიყვანა კახეთსა და ვითარცა იავარი განუწილა ქიზიყელთა. მეფემან სცნო ესე და იწყინა, გარნა არ იყო დრო საქმისა განხილვისა. სპარსთა განვლეს ხიდი გატეხილი და მიახლოვდებოდნენ თფილისსა. ზაქარია მოურვმან, კაცმან მხნემან და არა ეგოდენ ძლიერმან ხმითა და ღირსებითა ვითარცა რევაზ, მარტყოფისა სოფლიდამ ვიდრე ქიზიყადმდე შეგროვილითა ჯარითა 600 კაცითა მოვიდა თფილისს. რევაზ და მეფის ძე გიორგი დარჩნენ ქიზიყსა, _ და სცნეს მხოლოდ დამარცხება იმერთა ჯარისა, უნიჭოება ზაქარია მოურვისა, აღება სპარსთაგან თფილისისა და გაქცევა მეფისა კაიშაურსა.

მეფის ძე გიორგი მწუხარებდა უფრო ამისთვის, რომელ აბრალებდნენ მას მოღალატობასა და ვერც გამოაცხადებდა მამისა თვისისა რიდითა მას, რომელ არა ჰქონდა უფლება ჯარის შეყრისა უბრძანებოდ. ეგონათ, რომელ იმერეთისა ჯარი და ქართლისა ეკმაოდა სპარსთა დასამარცხებლად. ესევე იყო მიზეზი, რომელ დღეინდელად დღედმდე ქიზიყელნი ვერ მოიხსენებენ კეთილად მეფესა გიორგის, რომელსაცა სწამობენ, მტერობით ვითამც მამისა, ესრეთ სუსტად მოქცევასა გაჭირვებისა დღეებში. _ (თავი XXVIII).

ოდეს განჯაზედ გაილაშქრა მეფემან ირაკლი, მაშინ მეფის ძე გიორგი განაგებდა სამეფოსა. დიდად ბეჯითად აშველებდა ურმებსა, ტყვია-წამალსა და კაცთა ცხენოსანთა. იტყვიან დამსწრენი, _ განაკვირვა სარდალნი და თვით მეფეო. აქვნდა მიწერ-მოწერა ვალერიან ზუბოვთან, რომლისა თხოვნითა წერილითა 30 სეკდემბრისა 1796 წელსა #367 (ბანაკით ფერსაღათის მდინარეზედ) მოუმზადა რუსთა ჯარისათვის პური და საკლავი. დაბრუნებულმან განჯით მეფემ მიუძღვნა სახალხოდ დიდი მადლობა და ბრძანა: „შვილი ჩემი გიორგი დიდი მეფე იქმნებაო“.

ამასვე წელსა, გარდაცვალებისა გამო 6 ნოემბერს იმპერატრიცასი ეკატერინასი, ბრძანებითა მეფისა ირაკლისა 23 დეკემბრით ჩაიცვა თვით შავი და დასდვა გლოვა 40 დღით საუფლისწულოთა თვისთა და სამეფოსა თვისსა. _ (თავი XXXIII).

1797 წელსა გაჩნდა ჭირი თფილისისა ქალაქსა. მცხოვრებნი გაიხიზნენ და მოედვნენ სოფლებსა. განსრულთა სოფლებად განთესეს მომსვრელი სენი ქართლსა და კახეთსა. მეფე ირაკლი, დედოფალი დარეჯან წარვიდნენ კახეთსა; მეფის ძე გიორგი და მეფის რძალნი განვიდენ ავჭალას და შეჰკრეს იგი ყოვლის მხრით. ესე დრო იყო სეკდემბრის თთვისა და განსრულთა ქალაქიდამ მცხოვრებთა ადვილად ჰპოვეს ბინა ტყეთა შინა, მთის ძირთა და ხეობებთა ახლოს თფილისისა. დიდი იყო დროთა ამათ ტყება და ვაება დიდთა და მცირეთა, ობოლთა და ქვრივთა. მონასტერნი და უდაბნონი რომელთა წინა უძღოდა ევთიმი მოძღვარი მეფისა (4), მოეშველნენ განბნეულთა პურითა და ღვინითა, საჭმელითა და საქონლითა. მეუდაბნოეთა ხელნი გარდაიქცენ ხელად ღვთისა და განგებულებისა მისისა. მეუდაბნოენი და მემხოლოენი, შთამოსრულნი მთათაგან თვისთა უყაყთა, გამოსრულნი კლდეთა ნაპრლთაგან, ვითარცა მერცხალნი ბუდეთაგან თვისთა, ექმნებოდენ მსახურად და ნუგეშინისმცემელად ლტოლვილთა სახლთაგან თვისთა, ვითარცა ანგელოსნი მფარველნი, ეჩვენებოდენ იგინი მათ, მოვლენილად ღვთისაგან. ლოცვა და ვერდება მათი, განწმედდა ქრისტიანეთა გონებასა და განამხნევებდა მას, რათა უძლოს განსაცდელსა. ესე მიამბო დედამან ჩემმან, ლტოლვილმან სახლობითა დროთა ამათ კახეთად, სადაცა მიმართეს საფარველსა მეფის ასულისა ბარბარესა მეუღლისა კახთა თავადისა სვიმონ ანდრონიკაშვილისა სოფელსა ვეჯინსა, კაცისა გარდამეტებულად მდიდარისა ყმითა და მამულითა, მებატონისა 400 კომლისა კაცისა. _ (თავი LXXIV).

გარდაიცვალა მეფე ირაკლი თელავსა 11 იანვარს 1798 წელსა. დროსა ამას მემკვიდრესა პირმშოსა ძესა მისსა აცნობეს ესე ბორჩალოს და ყაზახსა, სადაცა იყო წასრული თათრებისა ელჩისა საჩივართა გამო. აქავე მიულოცეს მას მეფობა დიდთა თავადთა და მოხელეთა ქართლისა და კახეთისა. 22 ფებერვალსა მიბრძანდა მეფე თელავს და თან ახლდა 130 თავადი და აზნაური ქართლისა და კახეთისა. იტირა მეფე-მამა; გარდაახდევინა პანაშვიდი მღვდელმთავართა მუნ მყოფთა ბოდბელს იოანეს, რუსთველსა სტეფანეს და ნინოწმინდელსა მიხაილს. შემდეგ შევიდა დედოფალთან დარეჯანთან, თვისსა დედინაცვალთან და მოახსენა სიტყვანი გლოვისა; მერეთ უბრძანა მღვდელმთავართ და კარისკაცთა, დასდვან ეკკლესიაში საწიგნე და მასზედ ჯვარი, სახარება და ფიცისა ფურცელი (აქავე ეკკლესიისა შინა ესვენა გვამი ირაკლისა) და შეჰფიცონ მას წერილითა, ვითარცა მეფესა და სჯულიერსა მემკვიდრესა, დამტკიცებულსა პირმშოობითა რუსეთისაგანცა: „ძალითა არა, _ იტყოდა მეფე, _ ვისაც სურს ჰფიცონ ერთგულად და აღმიარონ მეფედ“. მეფის ძე ბაგრატ განაგებდა საქმესა ამას. ჰფიცეს მღვდელმთავართა და თავადთა და აზნაურთა. დარეჯან დედოფალი ცხადად არ აღიარებდა მას მეფედ: „მე მინდა, _ იტყოდა იგი, _ მეფობა, ვითარცა ეკატერინა იყო დედოფლად რუსეთში“. მეფემ სცნო ესე და არ ათხოვა ყური. ფარნაოზ ძე მეფისა ირაკლისა, აპირებდა ხლმითა მიხდომასა, გარნა მეფემან შეუთვალა ტუქსვა და უბრძანა დუმილი. მივიდა მეფესთან ამბავი, რეცა ამილახვარი დედოფლისა ყორღანაშვილი გაბედვითა იტყოდა უჯეროთა სიტყვათა მეფისათვის. განრისხდა მეფე და ინება შეპყრობა მისი. აცნობეს ყორღანაშვილსა ოსეფას და დაიმალა დედოფალთან. მოახსენეს მეფეს მიმალვა მისი მუნ. მაშინ ბრძანა: „რა ვქმნა, გამოვათრევინო დედოფლისა სადგომიდგან მყრალი ყორღანაშვილი, შესწუხდება დედაჩემი, მოხუცი განიგმირება და იტყვიან, მეფე გიორგი ნერონი არისო: დედა შეურაცხყოო. უტევეთ, იყოს მუნ პყრობილად“. დედოფალმან მიუგზავნა მეფესა ელევთერი სიტყვითა: ეკკლესიაში მოხსენებითა შემდეგ მეფისა მე მომიხსენონო. შესწუხდა მეფე და ბრძანა მოახსენონ დედოფალსა: „მეწაღე და ცოლი მისი, მექუდე და ცოლი მისი ერთნი არიან ქორწინებითა. არა შეიძლება მათი დაშორება, და ნუ აშფოთებს ერსა მას და თავსა თვისსა უსამართლოჲთა თხოვნითა“. სდუმნა დედოფალმან და დაწყნარდენ. დროთა შფოთისა დღეთა ამათ იყო ჭირი დიდი ქალაქსა თფილისსა და გარემო სოფლებთა. _ (თავი XXXIV).

მასვე დღესა წარგზავნა ეპისტოლენი მონასტერთა და უდაბნოთა, რათა უწირონ გარდაცვალებულსა მეფესა, წესისამებრ ეკკლესიისა ორმოცი და წლისა წირვა და აღუთქვა სანუგეშოდ ძმათა თვისთა დროსა საწირავი ესრეთი ოქმი, მიწერილი ეპისტოლედ მეფისაგან ბეჭედსმული, სახელსა ზედა ათანასი შიო მღვიმელისა წოდებითა ხოლო და არა ნამდვილ წინამძღვრობითა, მაქვს მეც. აჰა პირი მისი:

„შიო მღვიმის წინამძღვარო ათანასი და უდაბნოჲსა ძმანო!

ინებეთ გარდაცვალებულისა მეფისა ირაკლისათვის შვიდისა, ორმოცისა და წლისა წირვა გარდაიხდეთ. თვისსა დროსა ეს ჩვენი ოქმი წარმოგვიდგინეთ, რომ ძმათა სანუგეშო აღვასრულოთ. წელსა 1798 აპრილის 30 დღესა“.

მეფე გიორგი.

ესე ათანასი იქმნა შემდეგ არქიმანდრიტად; იყო კაცი განსწავლული ანტონისაგან პირველისა კათოლიკოსისა; გვარით მიქელისშვილი კახელი. 1802 კვალად შევიდა შიო მღვიმეში ლეკთა შიშითა გაოხრებულსა. 1803 ოდეს მოეგება მემკვიდრესა დავითს ქ. მცხეთას ფებერვალს 19, სთხოვა თანა წარყვეს მას რუსეთსა. ათანასი მასვე დღესა თან ჰყვა მას და წარიყვანა რუსეთსა კერძო დიაკონად მომზადებული შიო მღვიმეს ზაქარია იოსელიანი, ბიძა ჩემი, გარდაცვალებული ღენერალ-მიორის ჩინითა 1865 წელსა ს.-პ. ბურღს. თვით ათანასი უკუ მოიქცა მუნით და დასაფლავდა კახეთს. _ (თავი XCIX).

მეფის ძენი იულონ, ვახტანგ და მირიან მარტისა თთვესა მივიდნენ თელავსავე და შეჰფიცეს არა სიწრფელით. თვით დედოფალიცა დარეჯან, კათოლიკოსისა ჩაგონებითა ვეღარას ბედავდა. ჭირი დასცხრა და ამისთვის შემდგომდ 40 დღისა წაასვენეს გვამი მცხთას დასასაფლავებლად და თვით მეფე მობრძანდა ქალაქსა თფილისსა, სადაცა არღა იყო ჭირი, და დაბინავდა მუნ. შემდგომად ერთისა კვირისა მობრძანდა დედოფალიცა დარეჯან და დასდგა ავლაბრისა სასახლესა, რომელსაცა აწ ეწოდების ფერისცვალებისა მონასტერი.

დედოფალი დარეჯან და შვილნი მისნი, არა მოსურნენი მეფისა გიორგისა, მეცადინებდენ იდუმალ, რათა სიტყვითა და საქმითა აღაფუონ შფოთი, ამბოხი, ურჩება და უწესობა და გარემოსდვან მეფისა გიორგისა ტახტსა ცეცხლი და სისხლი განსაფიცხებელად მეფისა, გარნა ბუნებით და სიბრძნით აუჩქარებელისა. გამოსთქვეს სიმღერანი, რომელსაცა შინა ცრემლითა და გოდებითა იქებოდა ირაკლი და იგლოვებოდა მეფობა ახალი, არღა რეცა მექონისა ძალისა, ჭკუისა და გონებისა. ესრეთისავე ჰაზრითა დედოფლისა დარეჯანისა და შვილთა მისთა სურვილითა დაიწერა და განითესა ქართლსა და კახეთსა მრავლად გადაწერილი, გლოვისა ესე სიტყვა, არა საწყენად მეფისა გიორგისა დაწერილი.

მეფემან გიორგი სცნო ესე და, რათა არცხვინოს მოხარულნი მწერაობისა ამის, თვით ინება ქონვა მისი და ავქსონსა მისსა სოლომან ლიონიძეს უბოძა საკაბე მაუდისა და საახალუხე ფარჩისა.

მაშინ ქალაქისა ქუჩებსა, სამწუხაროდ მეფისა მტერთა, იწყეს შემდეგი სიმღერა ორმუხლიანი:

ვისთვისაცა ვსწერე, ისი მტერად მომექცა;
ვინცა ვლანძღე, ის მეგობრად მომექცა.

აჰა თვით გლოვისა სიტყვა:

„მოთქმით ტირილი საქართველოს მეფისა, ღერკულესის ნეტარებისა ღირსისა

დღეს ქვეყანა აღსრული გულის წყრომისა ტახტსა ზედა, ცხებული სისხლითა ცესარიისა დიდისა ეკატირინასითა, დღეს იცხებს კვალად უფასოსა სისხლსა, სახსარსა ივერიელთა გვარისასა.

დღეს ციურთა საკვირველება მემშურნე ექმნა ქვეყანასა საკვირველსა. ცამან მისტაცა ქვეყანასა სიმდიდრე, ძლიერთა ძალი, ბრძენთა გონიერება, ერთა გვირგვინი, მხედართმთვართა სარდლობა და თვითმპყრობელთა სახელმწიფო ზრდილობა.

დიდნო მფლობელნო, დიდნო იმპერატორნო! სტიროდეთ ახლად ქვეყანისა დიდებასა, სტიროდეთ სახლსა უავღუსტესსა თქვენსა, შერაცხეთ ცუდად სოფლისა დიდება. ისმინეთ ეს სახსოვრად სასმინარი: მოკვდა ღერკულეს, უძლეველი მეფეთა მზესა ქვეშე, და იხილეთ ყოველი ამაო.

თქვენ მტირალნო ნათესავნო ქართლოსიანნო, სარკინოზთაგან უძლეველნო მხედარნო! გიძღოდათ მეფე მოსებრ ისრაელთა, გესმოდათ ხმაჲ პატრონისა თქვენისა. მახარებელად თქვენდა იყო ბიბლია: არ მოაკლდესო მთავარი იუდასაგან, იუდას ლომი.

სახლსა სადავითოსა ზარის სახდელად მტერთა თქვენთა მყვირალი დღედმდე ლაშქარი სამთა იმპერიათა: ოსმანთა, სპარსთა და კავკასიისა ერთა. დღეს გაილაშქრა ციურთ ურიცხვთა ზედა, ერთმან მარტომან უძლეველმან რაინდმან.

ძველი ღერკულეს ძველის ახილესითურთ იყვნენ ძლიერნი ქვეყანისანი მოკვდავ. ესე უკვდავი მეფე პატრონი თქვენი ციურთა ძალთა უკვდავითა ძალითა სძლევდა და განვლო სამყარონი ცათანი. თუმცა დააკლდით საზოგადოსა მამასა და სახსოვარსა მეფესა და პატრონს, გარნა კმა იყო ესე დიდებად თქვენდა და ვიდრემდის იყო იგი და საიგო აქა ადიდა სახლი, ადიდა გვარი თვისი, ადიდა სიმხნე თქვენი ქართველთა ცათამდე და აღვიდა ანღელთა ღვთისა თანა; გარნა აქაცა და მუნ ცოცხალ არს იგი. რად სტირით, ძენო, ობოლნო მამისაგან? და შენ, შესაკრებელო სახლო ივერიელთ ნათესავთაო, ტაძარო ათორმეტისა სკიპტრისაო?

რად სტირი, სადავითოვ სახლო?!

დიდის მეფის ალექსანდრესაგან დიდებულო სახლო, თეიმურაზ პირველისაგან ამაღლებულო სახლო, წმინდის ქეთევან დედოფლის სისხლით ცხებულო სახლო, _ სადაც ხმა იყო სიხარულისა და ცხოვრებისა და იყავ საყოფელი მართალთა, რომელშიაც სანატრელი მეფე თეიმურაზ და დედოფალი თამარ მეფის ირაკლის შობაზედ იხარებდენ, რომლისაც საწოლში მეფის ერეკლს სადღესასწაულო შობა იდიდებოდა; და სადა სახსრად ქართველთა ნათესავთა მეფე ერეკლე _ ლომი იუდასი _ დავითის სახლში იზრდებოდა, რომელშიაც ჩვეულება იყო ტაძრობისა, სადაც ხმა ისმოდა დავითის ქნარისა, _ აქამდის შენს მეჯლიშში მეფის ერეკლეს სახსოვარი ყმაწვილკაცობა ქვეყანასა აკვირვებდა, რომლისაც სიჭაბუკე ქვეყნის ძლიერთა სჩაგრავდა; აქამდის შენს მეჯლიშში მეფის ერეკლეს ტახტზედ ჯდომა იხილვებოდა, იმისი ხელმწიფური დარბაისელთ ხუმრობა მიმოითქმოდა, მეფე ერეკლეს მრავალსაგალობელი სდღეგრძელო ისმოდა.

რად სტირი, სადავითოვ სახლო?!

თუ ოსმანთ დაიპყრეს საყდარი მეფობისა შენისა, საკურთხეველი წმინდა ღმთისა, _ მეფე ირაკლი სიმრთელით ბძანდებოდეს, რომელმაც ხერთვისის დამპყრობელისა და ასპინძას მტრის სისხლში გამოწრთობილისა ხმლით ხვანთქარს სპარსეთის ხელმწიფეს ქარიმ-ხანთან საჩივარი მიაწერინა: „მეფე ერეკლე სარათის ქვეყნებს მართმევს და შენ დაუშალეო“. ქარიმ-ხან იტყოდა: „მეფე ერეკლე ასეთი რამ ბძანდება, რომ ხვანთქარი ჩემთან საჩივლელად დაამუხლაო“, მაშინვე უძლეველობის ნიშნად სახელმწიფო ხმალი მოართვა!

რად სტირი, სადავითოვ სახლო?!

თუ სპარსთ დაიპყრეს შენი უმაღლესი ტახტი, _ შენგან წინაპართ შობილთ მეფე შარავანდედი _ მეფე ერეკლე ცოცხლობდინ საუკუნოდ, რომელმაც საქართველო ნადირ-ავშარისაგან გამოიხსნა და ფათალი ხან, ავშარის მეფე აზათ-ხან ათასი ერთით წარიქცია, რომლისაც დიდება მეორემ ალექსანდრემ _ პრუსიის მეფემ ფიდერიკოს _ თეთრზე დაწერა: „ევროპაში მე ვარო და აზიაში _ ღერკულეს უძლევლი, საქართველოს გიორგიანთ მეფეო“.

რად სტირი, სადავითოვ სახლო?!

ვინემდის ახალი მოსე, ისრალთა მეფე, ერეკლე საქართველოს მხედრობას წინა უძღვის და საქართველოს (რად ვამბობ ამ სახელოვან სახელს!) დიდის როსიიდამ გამოჰყავს ლაშქარი, ციმბირიდამ მოჰყავს სამხედრო გუნდი, ვის შეუძლიან შენი დამდაბლება?! როდესაც მეფის ერეკლეს ბედნიერი დროშა გაიშლება, დაღისტნელნი ლაშქრად მორბიან, ოვსნი და ჩერქეზნი მეფის ერეკლეს წინ სისხლის დათხევას ხალისობენ.

რად სტირი, სადავითოვ სახლო?!

როდესაც მეფის ერეკლეს ბედნიერი ტახტზე ჯდომა გეღირსა, ყოველს წინა საუკუნეზე უფრო იდიდე, ამაღლდი, უფრო გაბედნიერდი; ცანი ქუხილით გრგვინვიდენ ძალსა შენსა, სფერა ქვეყანისა გერწოდა ფერხთა ქვეშე.

მაგრამ ვაი თუ დიდება ესე შენი ღერკულეს მეფეს საფლავად მიეცვალოს! ვაი თუ საქართველოს საფარველად გადახურვილი მეფის ერეკლეს ბედნიერი დროშის კალთები აგვეხადა! ვაი თუ ის უმაღლესი თავი, რომელიც იაკობის კიბედ ზეცას მისდგომოდა და მზესა ქვეშე ქვეყანაზე არ ეტეოდა, საფლავისა სიღრმეში დაეფაროს.

ეს ძლიერი თვალები, რომლისაც ზეით ახედვა ცებს აჰკეცდა და ღმთაების საყდარს მიედგმოდა; რომელიც სამსხვერპლოსა ზედა აბრაჰამისსა განკვირვებით მდგომარე, მუხასა ქვეშე სამებასა ისტუმრებდა და, რომლისაც დახედვა ქვეყანასა გახსნიდა და უფსკრულში ღმთის საკვირველებას უყურებდა. სფერა ქვეყნისა ერთს გუგაში გარეშეეცვა და ცასა და ქვეყანას ორს ფურცლად კითხულობდა, _ ვაი თუ საკუდავად დაერულოს!

ვაი თუ უძლეველი ხელები, რომლისაც ხმლის ვადაზედ დადება სიკვდილს მახარობლობდა, ტრფიალით სატკივრად გულზედ დაკრეფილ იყოს!

ვაი თუ ის მაღალი და ზეცას ანგელოზთაგან სამწიგნობრო სახელი _ მეფე ერეკლე _ რომელიც ცის კალთებზედ იწერებოდა და ქვეყანის მპყრობელთა ხელმწიფეთა ფხიზელად აძინებდა და მძინარეთ საშიშრად ესიზმრებოდა, ამ სადღესასწაულოს სახელის მოხსენებას საქართველოს ეკკლესიები მოჰკლებოდეს!

მაგრამ ცა და ქვეყანა მეფის ერეკლეს მახსოვარნი არიან. მზე და მთოვარე იმისს ბედნიერს ლაშქრობაში ხანდაზმულნი არიან. დღისით მზე იყო მეწინავე სარდალი და ღამით მთოვარე მეფის ერეკლეს გამარჯვებულს დროშას წინა უძღოდენ; სისხლით მტერთათა შეღებილი მთა და მინდორი მეფეს ერეკლეს მოუთხრობენ. ვის შეუძლიან დავიწყება?! ვის მოსვლია კეისართაგან ტახტი, გვირგვინი, პორფირი და ბავრაყი?!

მაგრამ ხელმწიფევ, რად გვიხაროდა შენი ხელმწიფედ ცხებულება, თუ კი სამკვდროს ზეთს იცხებდი?! რად გინდოდა სახელმწიფო პორფირი _ თუკი დასამიწებელს სუდარს გარს მოიხვევდი?! რად გინდოდა განსაგებელი სკიპტრა _ თუკი სკიპტრის მპყრობელს ხელებს გულზე დაიკრეფდი?! რად გინდოდა ქვეყნის მაჩრდილებელი დროშა _ თუკი მტერზე გარდახურვილს შენის შიშის ფარდას აჰხდიდი?! რად გინდოდა სახელმწიფო ტახტი _ თუკი დასამიწებელს საფლავს იშენებდი?!

იგლოვდი, ქვეყანავ, რომელიც უძვირფასესითა სპეკალითა ამდიდრებ სიტყვიერთა, გარნა სიმდიდრე გრძნობადთა და საცნაურთა _ მეფე ერეკლე _ შენს სიღრმეში დაჰფარე!

განკრთი, განჰკვირდი, სტიროდე, ცაო, რომ შენის სითალხისა და ვარსკულავთაცა აბრაჰამისებრ განკვირვებით მხედველი მეფის ერეკლეს უმაღლესი თვალები საუკუნოდ დაბნელდა.

დაბნელდი მზეო, რომელსაც გაქვს მომასწავებელი დაბნელებით ჭირისუფლობა, რომ მზე მიწიერი ღამიანის ქართლისა _ მეფე ერეკლე _ შენს ბრწყინვალებას ვეღარა ჰხედავს!

ზეციურნო ძალნო! აქამდის თქვენი დღესასწაულობით მასპინძელი, ახლა თქვენი სამღთო სტუმარი _ მეფე ერეკლე გესტუმრათ. თუმცა სამეფოს დიდებით ვეღარ ნახავთ, საფლავის ტუსაღი გევედრებათ, მაგრამ თქვენ, როგორც თავისის ბებიის ქეთევან დედოფლის სისხლი, ისე შეიწყნარეთ, ისე ისტუმრეთ, როგორც დიდს კონსტანტინეს, ისე მოეგებენით.

მაღალო და ძლიერო ღმერთო!

დავაკლდით ერნი ქრისტეანენი მემკვიდრესა პატრონსა და საზოგადოსა მამასა. ძლიერსა და მხნესა მამაკაცსა ჩვენ ვსტირით, და მეფე ერეკლე: თავი _ განმგებელი ერისა, ხელი _ მზრდელი ობოლთა, მკლავი _ მომგერებელი მტერთა და გვამი _ შრომისა მოყვარე მისი საფლავში ირღვევა. შენ გევედრებით; იესოს სისხლით ცხებულს მეფის ერეკლეს კაცთმოყვარეს სულს ნუ შეაწუხებ, იმისგან დაობლებულს საქართველოს მოხედე.

სად დაჰხედ, მზეო, სამეფოთა სირათა და პანკრატითთ გვართაო, რომლისა დისკოსა ნათელს იღებდნენ გონიერნი?! სად არის, ხლმწიფევ, შენი ხელმწიფური განგება?! რად შემოიხსენ ხმალი, რომლისაც სადღესასწაულო გამარჯვება რიცხვით ხსოვნას ასცილდა?! რად შემოსწყერ სახელოვანს დროშას, რომლისაც ჰაერში მომცურავი კალთები ქვეყანას აჩრდილებდა და სამესისხლოდ განჭიმულის ზორტებით ცის კალთებს ეჩხუბებოდა, სადა ღერკულეს მეფის უძლეველობის სტამბა ზეცას იბეჭდებოდა?!

რად ადიდე სახლი უმაღლესი, თუკი საუკუნოდ დასცილდი?! რად მიეც სიამაყე დედოფლობისა შენს უმაღლეს ფერცხალს, თუ ასე დასჩაგრავდი?! რა გაწყინა დედოფლის დარეჯანის დიდებულმა სამშობლომ? რად მოსტაცე დიდება დადიანის ოჯახს?! რად ადიდე შენს უმაღლესს ტახტზე?! თუ ადიდე, რადღა დაამიწე?! რად უღალატე ხელმწიფეს ქმრითა და შვილებით ბედნიერს?! რად ატირებ, რად დააქვრივე, უწყალოვ?! რად მოუკალ ხელმწიფე ქმარი, უწყალოვ?! სად ამიწებ კეისართაგან გვირგვინოსანს შენს უმაღლესს თავს?! სად გაწყვია უქმად ეგ ძლიერი ხელები, რომლითაც თავეთს შემაღლებულს კამარაში მფრინველთ სიცოცხლეს მისტაცებდი?! რად ასწავლე საყვარელს ქალებს საქალო კრძალულება, თუკი თავმოხდით ატირებდი? რად გაათამამე გული ლომებრთა მემკვიდრეთა, თუკი სიმყარე უძლეველი მოეშლებოდი? რად გვასწავლე ზრდილობა მხედრობისა ვაჟკაცობითურთ, თუკი შენს წინ სისხლსა არ დაგვაქცვინებდი?

ჩემს უღირსად, შენგან მოწყალებით გაზრდილი, შენის კარგის ბატონყმობის ტრფიალი სოლომონ აქამდის რად მაცოცხლე, თუ ასე ოხრად დამაგდებდი?!

ხელმწიფევ! რად დაგიკარგავს ხელმწიფეთაგან საშურველი ზრდილობა?! ამ დუმილით პატივსაცემელს სასახლეში რა ამბავია უჩვეველი ხმის შემაღლება?! რას ნიშნავს ამისთანა უბედური სალამი?! გადმოხედე ხელმწფურად შენს მეჯლიშში მეინახეთ დარბაისელთ, სახელოვანს სარდლებს. ხელმწიფევ! ვიცი, რომ საქართველოს ხალხი მეფის ერეკლეს ტახტზედ ასვლით გულამაყნი არიან.

ქვეყანას უკვირდა: „სოლომონის გული მწუხარებამ ვერ შესცვალაო, არ დაიჩაგრაო“. ჩემი სიამაყე პირველად სიმართლე და მეორედ მეფის ერეკლეს სიმრთელე იყო; მეფეს ერეკლეს ცოცხალს უყურებდი _ მტერი და განსაცდელი სათამაშოდ მიმაჩნდა. ახლა იმისის მტრის გული დაიჩაგროს, როგორც მეფის ერეკლეს სიკვდილით სოლომონის გული დაიჩაგრა. იმისი ტკბილი ბატონყმობა ვიტირო, თუ თავის უნებურად ჩემის შეწუხების შენანება, რომელიც თავისის უმაღლესის ხელით მომწერა და სოფელმან აღარ დააცალა?

ხელმწიფევ, დედოფალო და მეფის ძენო! გაფიცებთ მეფის ერეკლეს დღეგრძელობას, სიმრთელეს და გამარჯვებას, _ ორში ერთი მოწყალება მოიღეთ: ან მომაკვლევინეთ და მეფის ერეკლეს უმაღლესის ცხედრის ფიცრად დამდევით, რომ იმისი სანატრელი კუბო ჩემს გულზედ იდგეს, მეფის ერეკლეს ძლიერი ტანი ჩემს გულზედ ირღვეოდეს, _ ჩემთვის ის დღე იქნება, რომ დღე და ღამე ათი და თხუთმეტი საათი სახსოვარს მეფეს ნიადაგ მარტოკა ვახლდი ხოლმე; იქ ბატონყმობა სადღა იყო, იქ გაუვლელი ბატონყმობის სიკეთე როგორღა დარჩებოდა! უღრმესად იფიქრეთ, უმაღლესნო, ისე შემიბრალეთ, ან ამ ქვეყნიდამ დამკარგეთ, რომ სადაც მეფის ერეკლეს რაინდობაზე თვალი დამრჩომია, სადაც იმისის გამარჯვებულის დროშისათვის მიმსახურნია, თუ სადმე იმის წინ სისხლი დამიქცევია, სადაც მეფის ერეკლეს ბედნირი სალამი შემყვარებია და იმის სახსოვარს მეჯლიშში ჩემთვის უღირსის ხელმწიფურის ალერსით ჩემგან ხუმრობა ჰყვარებია და თუ სადმე სახელმწიფოს მასლაათით მიმსახურნია, _ ის ადგილები აღარა ვნახო, ამ ცეცხლებით აღარ დავიწვა.

ხელმწიფევ მფლობელო, საზოგადოვ მამავ, მეფევ ირაკლი! ვის მივსცე შენის უმაღლესის თავისა და უძლეველის ტანის უზომო ტრფიალება?! ვის დროშას ვემსახურო?! ვინ შევიყვარო?! ვისთვის მოვკუდე?! ვისთვის ვიცოცხლო შენს უკან სიცოცხლე საზრახავად გამწარებულმან!“. _ (თავი XXXV).

სცნო პეტერბურღსა იმპერატორმან პავლე აღსვლა საქართველოჲსა ტახტსა ზედა მეფისა გიორგისა. გარსევან ჭავჭავაძემან აუწყა მინისტრსა, რომელ გვირგვინი სამეფო, ბოძებული იმპერატრიცისა ეკატერინა მეორისაგან ირაკლისადმი, დაიკარგა თფილისისა გაოხრებისა დროსა სპარსთაგან. მაშინ ბრძანა იმპერატორმან პავლე უქმნან სხვა გვირგვინი და წარმოუვლინეს კოვალენსკისა (5) ხელითა და თვით ჭავჭავაძისა თან მოსვლითა თფილისს სამეფონი ნიშანნი. აჰა წერილიცა ვიკტორ კოჩუბეისა მეფისადმი 22 აპრილს 1799 წელსა წარმოგზავნილი.

„უგანათლებულესო მეფეო
ჩემო პატივ-საცემო კეთილმოსურნევ!

განსაკუთრებითა სიამოვნითა ვჰგზავნი უმაღლესობისადმი თქვენისა ყოვლად უმაღლესსა მისის იმპერატორებითის დიდებულებისა, ჩემისა ყოვლად მოწყალისა ხელმწიფისა გრამატასა სხვათა თანა ინვესტიტურისა ნიშნებითა დასამყარებელად თქვენისა ტახტსა ზედა სამეფოსა და შემდეგ თქვენსა უგანათლებულესისა მემკვიდრისა თქვენისა. ნიშანნი ესენი მოერთმევათ უმაღლესობასა თქვენსა დანიშნულისა კარსა ზედა თქვენსა მინისტრისა მიერ მისის იმპერატორებითის დიდებულებისა უფლისა სტატსკის სოვეტნიკის კოვალენსკისა, რომლისა დასწრებითა აღსრულდება ყოველივე სიწმინდით წესდება მეფობასა ზედა დამტკიცებისა. მასთანავე ერთად მომგზავრობს სრულისა უფლებისა მექონი მინისტრი თქვენი თავადი გარსევან ჭავჭავაძე, რომელმანცა ისურვა, რათა იქმნეს თანაზიარი ესრეთისა მხიარულებითისა თქვენთვის შემთხვევისა. მასთან მოვალეობად ჩემდა მივიღებ, წერილთა გამო თქვენთა მისის უგანათლებულებისადმი განსველებულისა კანცლერისა კნიაზის ბეზბოროდკოსადმი, მოგერთვათ პასუხი, რომელ ყოველთა თხოვათა თქვენთა ზედა სიკვდილადმდე თვისისა გამოითხოვა მისის იმპერატორებითის დიდებულებისა კეთილნებობა. ამათ გამო ეცნობაცა ნოტა მინისტრსა თქვენსა და მე არღა ვრაცხ საჭიროდ განვამეორო. გულისა სიწრფელითა მოგილოცავ თქვენო უმაღლესობავ, მიღებისა გამო მათ, მისის დიდებულების ყოვლად მოწყალისა ხელმწიფისა მოწყალებითა, გარწმუნებ, რომელ განსაკუთრებითისა მისის დიდებულებისა თქვენდამი განწყობილებისა გამო შემდეგცა არა მოაკლდებით მოწყალებათა. დასამტკიცებელად ამისა საჭიროდ ვხედავ მოვახსენო უმაღლესობასა თქვენსა წარმოდგენითა, რათა არა განაგრძობდეთ შემდეგთა დროთათვის თქვენ მიერსა პირად მიწერ-მოწერათა მესამზღვრეთა მეზობელთა ზედა დადგინებულთა მოხელეთადმი, მისი იმპერატორებითი დიდებულება მოანდობს თქვენსა ნებასა, უფრორე ამისთვის, რომელ ყოველნივე მიწერ-მოწერანი თქვენნი შეიძლება იქმნებოდეს მინისტრისა მიერ მისის დიდებულებისა, რომელიცა იმყოფება თქვენთან. _ უკანასკნელ სურვილითა ვმოწმობ საუწყებელად თქვენისა უმაღლესობისა, რომელ დესპანი თქვენი კნიაზი გარსევან ჭავჭავაძე ყოველსავე დროსა ყოფნისა მისისა აქა, იქცეოდა სახითა მით, რომლისათვისცა მისის იმპერატორისა დიდებულებისა იქმნა ღირსი პატივისცემისა ამასთან დამმატებელი სიისა, ნივთთა წარმოვლენილთა მისის იმპერატორებითისა დიდებულებისა ბრძანებითა _ ვჰგიე უმაღლესობისა თქვენისა მარადის კეთილმოსურნე და მზა მსახურებისა.

ღრაფი ვ ი კ ტ ო რ კ ო ჩ უ ბ ე ი
ს-პეტერბურღით,
აპრილსა 22 დღესა,
1799 წელსა.

აგვისტოსა 10-ს 1799 წელსა, შემოვიდნენ თფილისს კოვალენსკი და თვით გარსევან ჭავჭავაძე; წარდგნენ წინაშე მეფისა, მიულოცეს წყალობაები და დანიშნეს დღე დაფიცებისა და წყალობითა გამოცხადებისა 1 დეკემბერი... _ (პირველი ნახვარი თავისა LXX).

მოამზადა ირაკლი ხართიშვილმა

შ ე ნ ი შ ვ ნ ე ბ ი:
(1) მაშინ ისიხი მწიგნობარმან შუა მღვიმელმან უქმნა მუხრან-ბატონსა იოანეს ზედაწერილი ბეჭდისა:
ერთი მრწამს ღმერთი,
ერთი ბატონი,
სარდლ-სალთხუცეს
მუხრან-ბატონი.

(2) ესე ვჰპოვე ალექსანდრე ონიკოვისა ქაღალდებში, რომლისაცა მამა ნიკოლოოზ კიკოლა დიაკვნად წოდებული, ახლდა მწერლად მეფესა გიორგის. იყო, მერეთ დეპუტატად რუსეთშიაც და აღწერაცა მოგზაურობა თვისი, არა მოწევნული დროთა ჩვენთადმი, ვითარცა მიამბო შვილმან მისმან ალექსანდრე.

(3) ტიტული ესე მიიღო მიბაძვითა რუსთა დესპანთა მინისტრობისა, 1785 წელსა ამავე ტიტულით იწოდა თვით მეფის ირაკლისაგან სულხან ბეგთაბეგიშვილი, მამა ისაკ მდივნი.

(4) ე ვ თ ი მ ი, შემდგომად სერაპიონისა წინამძღვარი ნათლისმცემელისა მონასტრისა, გვარით მჭედლიშვილი, ყმა თავადის გრსევან ჭავჭავაძისა, ანუ მისის მამის სულხანისა, წინანდლისა სოფლიდამ. შევიდა ბერობასა მეფისა ირაკლის დროსავე და იყო საყვარელი თვით ირაკლისა მეფისა; გარდაიცვალა შემდგომად მეფისა გიორგისა. ევთიმი იყო დიდი მოღვაწე მეუდაბნოე, სიწმინდითა სავსე, გამოსრული მონასტრით მისასვლელად ხაშმისა სოფელსა, წარიტაცეს ლეკთა ტყვედ. მასთანავე წარიყვანეს სხვაცა ბერი ამფილოქე. ესე ამფილოქე ტანით მაღალი, გრძელწვერი და მხნე სხეულითა, ლეკთა მიიღეს პატივითა: ჰგონებდენ მას თავად მონასტერისა და ძვირფასად საგონებელად. ამისთვის შესვეს იგი ცხენსა და პატივითა მიჰყვანდათ, ევთიმი ტანით მცირედი, არა სახიერი და სუსტი, მიჰყვანდათ ქვეითად და იტყოდენ მისთვის უპატიოდ: მაგისთვის რას მოგვცემენო? შემდგომად ერთისა თთვისა სცნეს ლეკთა, რომელ ევთიმის გამოსახსნელად წარუვლინა მეფემან გიორგი ოცდაათი თუმანი და მეორისა ბერისათვის ოთხი თუმანი. ლეკთა მოიხადეს ბოდიში და ესრეთ პატივით მოიყვანეს თვისსა უდაბნოსა.

შემდგომად ევთიმისა იქმნა წინამძღვრად დომენტი შანშეს შვილი, გვარით დავითისშვილ-ბგრატიონი, იყო არქიდიაკონად კათოლიკოსისა, ოდეს მეფემან გიორგი მიიღო სამეფო რეგალია.

წინათ ამისსა და ამის დროსაცა, იტყვის დღესცა ცოცხალი ნათლისმცემელის წინამძღვრად ყოფილი არქიმანდრიტი იოანე ჯორჯაძე (78 წლისა) იყოო ნათლისმცემელისა უდაბნოში 8 გადამდგარი არქიმანდრიტი, 18 მღვდელ-მონაზონი, 6 არქიდიაკონი და 30 მსახურნი და მორჩილნიო.

თვით დავით გარესჯისა მონასტერში, რომელსაცა ეწოდებოდა ლავრა, იყვნენ 1799 წელსა 3 გადამდგარი მოხუცებისა გამო ეპისკოპოსნი: დანიილ მანგლელი, ტიმოთე ნეკრესელი და ვონიფანტე მოქველი იმერელი; 6 არქიმანდრიტნი; 28 მღვდელმონაზონნი; 14 არქიდიაკონნი და 60-მდინ მსახურნი. წმინდის დოდოს უდაბნო, თუმცა იყო დროსა ამას ცარიელი, გარნა წირვა-ლოცვითა იყო ხოლმე სიახლოისა გამო გარესჯისა ლავრასთან. 1811 დასუსტდა გარესჯა, თუმცა მოღვაწენი ღისრნი არ აკლდა და არცა მწიგნობარნი. აჰა ერთი წერილთაგანი, რომლისცა ნამდვილი მე მაქვს, მოწერილი მემკვიდრისა მეუღლეს ელენესთან.

„უგანათლებულესსა საქართველოს მეფის რძალს,
უმოწყალესსა ხელმწიფესა,

მდაბლად თაყვანისმცემელნი და მმადლობელნი და მლოცველნი ღვთისდმი დღეგრძელებისა თქვენისანი. ვინადგან ჩვეულხართ მოწყლებასა უდაბნოთა და გლახაკთასა კეთილ გონიერებით, აწ ჩვენ მდაბალთა და უღირსთადაცა განცხადნა მოწყალება უგანათლებულესობისა თქვენისა, მცნებისათვის საუფლოჲსა და ბრძანებისა ძველსა და ახალსა თეატრსა: ვითარმედ „მიეცით მოწყალება და აჰა ყოველივე თქვენი წმინდა არს“; და კვალად „რომელი სწყალობდეს გლახაკსა, ავასხებს ღმერთსა“, და კვალად იტყვის: „წყალობა მნებავს და არა მსხვერპლი“. ამათსა აღმასრულებელსა ღმერთმან აღგისრულოსთ თქვენც აღნათქვამი თვისი, თქვენებრთა გვამთათვის განმზადებული სიხარული წმინდათა თანა. ამინ. და ამას საწუთოს შინაცა აღგისრულოსთ ყოველი სათხოველი გულისა ნებისმებრ თქვენისა. ესე ვუწყით დამტკიცებით ნამდვილ, რომელ ყოვლივე საწადი თქვენი ნებაცა ღვთისა იქმნების.

თქვენი მოწყალება ფილონი და ერთი თუმანი თეთრი გვებოძა, რომლისათვისცა კვალადცა ფრიადსა მადლობასა აღგიარებთ.

თქვენის უგანათლებულესობის მარად მლოცველნი,
მდაბალნი და უღირსნი ერთობით წმინდისა დავით
გარესჯისა მონასტრის ძმათა სავსება
აპრილის კვ (26)
წელსა ჩყია (1811)“.

(5) ესე კოვალენსკი 1803 წელსა კნიაზმან ციციანოვმან დიდისა შეურაცხებითა განდევნა თფილისიდამ რუსეთად.

No comments:

Post a Comment