(ქართულ ისტორიოგრაფიაში არსებული ცოდნის საფუძველზე; ნაშრომი დაიწერა დამხმარე სახელმძღვანელოდ რუსეთთან დაახლოების მოსურნე პარტიებისთვის)
IX. აფხაზეთისა და კოდოროს ხეობის შესახებ
(დასასრული)
ახლა შევეხები კოდორის ხეობის საკითხს. ივანე ჯავახიშვილი 1919 წელს გამოქვეყნებულ თავის ნაშრომში “საქართველოს საზღვრები _ სიტორიულად და თანამედროვე თვალსაზრისით განხილული”, წერს:
“ყველაზე ძლიერსა და მედგარს წინააღმდეგობას რუსეთის გაბატონებას აფხაზეთში წიბელდა უწევდა. XIX საუკუნის 30 წლებითგან მოყოლებული რუსეთის მთავრობა არა ერთხელ ამ კუთხეში დამსჯელ რაზმებს გზავნიდა ხოლმე და ბოლოს მკვიდრი მცხოვრებნი იქითგან აყრილ და განდევნილ იქმნენ (ვ. ტ. მაევსკი, ქუთაისის გუბერნია. სამხედრო-სტატისტიკური აღწერა. /რუს. ენაზე/ ტფილისი, 1896 წ. დამატ. #1, გვ. 54).
1840 წ. ატეხილ ამბოხების გამო ამ კუთხის მაღლობი ადგილებითგან, დალითგანაც, რუსებმა ყველა მეკომურნი აჰყარეს (იქვე 56). ხოლო 1867 წლის აფხაზეთის აჯანყების შემდგომ, წიბელდის მოსახლეობის უკანასკნელი ნაწილიც დიდით პატარამდე, დედაბუდიანად აყრილი და ოსმალეთში განდევნილი იყო (იქვე 57). ჯერ კიდევ 1850 წელს აქ 14000 სახლობა ითვლებოდა, 1867 წელს კი მთელს ამ კუთხეში რუსთა წყალობით 27 ოჯახის მეტი აღარავინ იყო (ივანენკო. სამოქალაქო მმართველობა /რუს. ენაზე/. 430). ამ დროითგან მოყოლებული კოდორის და მისი შემდინარეების ხეობანი სრულებით გაუკაცრიელდა“...
ბუნებრივია იბადება კითხვა, თუკი ცნობილ „მუჰაჯირობამდე“ კოდორის ხეობაში სვანები ცხოვრობდნენ, მაშინ ისინი რუსულ ჯარებთან დამარცხების შემდეგ ოსმალეთში რატომ გადასახლდებოდნენ? განა უფრო გონივრული და ბუნებრივი არ უნდა ყოფილიყო, რომ ისინი სვანეთში ავიდოდნენ? ეს კი მეტყველებს იმაზე, რომ იქ ძირითადად აფხაზური მოსახლეობა უნდა ყოფილიყო. ამ საკითზე ინფორმაციას ვხვდებით აგრეთვე ბროქჰაუზ-ეფრონის ენციკლოპედიურ ლექსიკონში, რომელიც გამოდიოდა 1890-იან წლებში და 1900-იანების დასაწყისში ლაიფციგისა და სანკტ-პეტერბურგის საენციკლოპედიო სახლების ერთობლივი ძალისხევით რუსულ ენაზე (პეტერბურგში), და მასში გამოქვეყნებულ თავად ვ. მასალსკის წერილში „სოხუმი და სოხუმის ოკრუგი“ ნათქვამია:
„კავკასიონის მთავარი ქედის განშტოებებს შორის სოხუმის ოკრუგში აღსანიშნავია: ბზიფისა და კოდორის ქედები, რომელთა შორის ერთის მხრივ და მთავარ ქედს შორის მეორეს მხრივ, განლაგებულია მდინარეების ბზიფისა და კოდორის ღრმა ხეობები, რომელთა ზედა ნაწილები მიემართება მთავარი ქედის თითქმის პარალელურად. ბზიფის ქედი კავკასიონის მთავარ ქედს გამოეყოფა კაპიშისტრის მწვერვალთან და გაჭიმულია აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ ბზიფის მარცხენა ნაპირის გაყოლებით, ებჯინება რა მდინარის კალაპოტს იქ, სადაც იგი გამოაღწევს ბრტყელ (დაბლობ) ადგილას. ეს ქედი კლდოვანი და ციცაბოა, დაფარულია უწყვეტი პირველყოფილი ტყეებით და აღწევს 9000 ფუტზე მეტ სიმაღლეს; მასა და მთავარ ქედს შორის მდებარეობს ძნელად მისადგომი ბზიფის ხეობა, რომლის ზედა ნაწილიც ქმნის ფსხუს ქვაბულს, რომელიც უწინ ეკავა ერთერთ ყველაზე უფრო ველურ აფხაზურ საზოგადოებას (თემს), რომელიც არ აღიარებდა არც ერთ ხელისუფლებას, ახლა კი სრულებით ცარიელია.
კოდორის ქედი, გამოეყოფა რა კავკასიონის მთავარ ქედს იალბუზის რამდენადმე დასავლეთით, მიემართება თავიდან სამხრეთ-დასავლეთის, შემდეგ კი დასავლეთისკენ, მდ. კოდორის მარცხენა ნაპირის გაყოლებით, და თავისსა და მთავარ ქედს შორის ქმნის კოდორის ტყიან ხეობას, რომლიც თავის შუა ნაწილში (დალის ხეობა) უფრო ფართოა და უწინ დასახლებული იყო თავისუფალი აფხაზური საზოგადოებით ზ ა მ ბ ა ლ ი, ახლა კი ასევე უდაბურია (რუს. пустынное, ხაზი ჩვენია _ ი. ხ.). კოდორის ქედის აღმოსავლეთ ნაწილი ცნობილია ჯოდესვიკის ქედის სახელით. კავკასიონის ქედთან უახლოესი მწვერვალების გამოკლებით, კოდორის ქედის თხემი ვერ აღწევს თოვლის ხაზამდე. აღწერილი ქედები და მათი მრავალრიცხოვანი კონტრფორსები და განშტოებები ავსებენ სოხუმის ოკრუგის მთელ მთაგორიან ნაწილს“.
რაც შეეხება აფხაზეთის მოსახლეობას XIX საუკუნეში, ამის შესახებ 1830-იანი წლების სურათს გვიხატავს აკადემიკოსი ნ. დუბროვინი თავის წიგნში «История войны и владычества русских на Кавказе», т. I, кн. 2-я, 1871 г., რომლის თავშიც «Абхазы (Азега)» ვკითხულობთ:
„უშუალოდ უბიხების შემდეგ, შავი ზღვის ნაპირის გაყოლებით სამხრეთ-აღმოსავლეთისკენ, მოგზაური გადადის სრულიად სხვა სამყაროში. კავკასიის მთების ქედი, თანდათან შორდება რა ზღვას, ადგილს უთმობს უმშვენიერეს, ნაყოფიერ დაბლობებს. შიშველი მთები და კლდოვანი ნაპირი, რომელიც დასერილია მრავალი ხეობით, უკვე აღარ აწვება (რუს. не давят) მგზავრს. პირიქით, იგი ხედავს თავის წინ მუდმივად დაუმჭკნარ სინწვანეს, რომელიც არ აკლია თვით მთების ყველაზე უფრო მაღალ განშტოებებს, და ეს უკანასკნელნი ეშვებიან ზღვისკენ და დაფარული არიან ხშირი მცენარეულობით.
ეს მადლიანი ქვეყანა დასახლებულია აფხაზური ტომებით, ანუ აზეგას ტომით. აფხაზები, ჩერქეზების მსგავსად, იყოფიან მრავალ ტომად (თემად), რომელთაგან თითოეულს თავისი საკუთარი დასახელება გააჩნია.
ასე, ზღვის ნაპირის გაყოლებით, მდინარე ხამიშიდან გაგრის ვიწრობებამდე, ცხოვრობდნენ ჯიგეტები, რომლებიც თავიანთ თავს უწოდებენ საძენ-ს. ისინი იყოფოდნენ მრავალ თავისუფალ საზოგადოებად, და მათი რიცხვი არ აღემატებოდა 11.000 სულს. მათგან აღმოსავლეთით და უბიხებისგან სამხრეთით, მდინარეების მძიმთას, ბზიფის, ახჩიფსოუს, ფსხუს, აიბგას, ბაგაგასა და ცვიჯას მთის ხეობებში ცხოვრობდნენ მედოზიუები, ანუ მედოვეელები, რომალთა რიცხვიც ადიოდა 10.000 სულამდე. ისინი იყოფოდნენ სამ მთავარ განშტოებად: ფსხუ, ახჩიფსოუ და აიბგა (აიბა).
დაწყებული გაგრიდან, ზღვის ნაპირის გაყოლებით, დასახლდნენ აფხაზეთის მაცხოვრებლები, რომლებიც თავიანთ თავს უწოდებენ აფსუას, ხოლო მათ მიერ დაკავებულ ქვეყანას, აფსნე-ს.
აფხაზეთი იყოფოდა სამ მთავარ ნაწილად: საკუთრივ აფხაზეთად, რომელიც მთლიანად უკანასკნელ დრომდე იმყოფებოდა თავად შერვაშიძეების საგვარეულოს მფლობელობაში, და განფენილი იყო ზღვის ნაპირის გაყოლებით გაგრის ვიწრობიდან და მდინარეებიდან გაგრიფშა და ფსხუ, მდინარე ღალიძგამდე; აფხაზეთის მცხოვრებთა რიცხვი არ აღემატებოდა 80. 000 სულს; წებელდელებად ანუ ზამბალებად, რომლებიც ცხოვრობდნენ აფხაზებზე უფრო მაღლა მდინარე კოდორის მთის ხეობებსა და ზემოწელში და უპირატესად დალის ხეობაში. ჩერქეზები წებელდელებს უწოდებენ ხირპ-ქუაჯს. აფხაზური ტომის მესამე განაყოფი (რუს. отдел) იყვნენ სამურზაყანოელები, რომელთაც ეკავათ მიწა შავი ზღვის გაყოლებით მდინარეებს ღალიძგასა და ენგურს შორის (1). სამურზაყანო დასახლებულია უპირატესად გადმოსახლებულებით, რომლებიც თანაბრად გადმოდიოდნენ აქ საცხოვრებლად აფხაზეთიდან, იმერეთიდან, გურიიდან და სამეგრელოდან. ამის გამო სამურზაყანოს დასავლეთ ნაწილში სჭარბობს აფხაზური ელემენტი, ხოლო აღმოსავლურში _ მეგრული; ზუსტად ასევე ენაც დასავლეთ სამურზაყანოში აფხაზურია, ხოლო აღმოსავლეთში ისმის მეგრული ენის განსაკუთრებული კილო. აფხაზეთის მთელი მოსახლეობა ოცდაათიან წლებში აღწევდა 90.000-მდე სულ მცხოვრებს (2).
აფხაზურ ტომს მიეკუთვნებიან ე. წ. აბაზელებიც (ანუ აბაზა).
შინაგანმა მტრობებმა, სისხლის აღების წესმა და მოსახერხებელი მიწების უკმარისობამ, განსაკუთრებით საძოვრებისა, აიძულა აფხაზების არცთუ დიდი ნაწილი გადასახლებულიყო თავიდან თავიანთი ქვეყნის მთების სიღრმეში კოდორის, ბზიფისა და მძიმთას სათავეებისკენ, ხოლო შემდეგ კი, რადგანაც ვერ ნახა აქაც საკმარისი სახსრები არსებობისთვის, ზოგიერთი ოჯახი ყაბარდოელების თანხმობით, გადავიდა კავკასიონის მთავარ ქედზე, მთების ჩრდილოეთ მხარეს და დასახლდა იქ ერთმანეთისგან არც თუ შორ მანძილებზე.
ყველაზე უფრო ჩრდილოეთით განლაგდა ტომი ბარაქაი (ანუ ბრაქიი), რომელიც ცხოვრობდა მთებში მდინარე გუფსის ზემოწელში და მდინარეებს ბელაიასა (სხაგუაშე) და ხაგურს (ხოძს) შორის, რომელიც მარცხენა მხრიდან ჩაედინება მდინარე ლაბაში. ეს ტომი არ იყო მრავალრიცხოვანი. მას შეადგენდა 1.250-ზე მეტი მცხოვრები ადამიანი, იგი გაყოფილი იყო ორ თავადაზნაურულ გვარს შორის. ბარაქაელების სამხრეთით, მდინარე ხაგურის (ხოძის) ზემოწელში, მთა აშიშბაგის (3) ძირთან, ცხოვრობდა ბაგების ტომი, რომელიც დასახლებული იყო მხოლოდ ბაგის აულში 600 სული მოსახლეობით. მის გვერდით, მდინარე მცირე ლაბას ზემოწელში, ცხოვრობდა ტომი შეგერაი, ხოლო უფრო აღმოსავლეთით მდინარის დიდი ლაბას ზემოწელში, ყოფილი ახმედის სიმაგრის უფრო ზევით ტამების ტომი.
პირველები შეადგენდნენ 600 სულ მოსახლეობას და იმყოფებოდნენ უზდენების შიოკუმების ძალაუფლების ქვეშ, ხოლო მეორეები, 550 სულის რიცხვით, ემორჩილებოდნენ უზდენებს ზაურუმ-იფას. ამ ორი ტომის სამხრეთით, მდინარეებს დიდ და მცირე ლაბას შორის ცხოვრობდა 500 სულამდე ყაზილბეგებისა (ანუ ყაზბეგ-კოაჯებისა), რომელთა შორისაც ბატონობდა მარშანიების საგვარეულო.
სამხრეთ-აღმოსავლეთით, მდინარეების ურუპისა და დიდი ზელენჩუკის ზემოწელებში, ცხოვრობდნენ ბაშილბაელები. ისინი იმყოფებოდნენ მარშანიების ძალაუფლების ქვეშ და მათი რიცხვი არ აღემატებოდა 1.800 სულს.
და ბოლოს, აბაზელებს მიეკუთვნებოდა ბასხოგების ტომი, რომელიც გაფანტულია ცალკეულ აულებად და თათრებთან ცნობილია სახელით ალთი-ქესექი (ექვსგვარეულები). ეს ტომი (რუს. отрасл) ნამდვილად შედგება ექვსი ტომისგან (რუს. племена), რომლებიც ატარებენ თავიანთი მფლობელების სახელებს: ბიბერდი, ლოუ ანუ ლოვი, დუდარუკი, კიაში, ჯანტემირი და კლიში. ბიბერდების აული არსებობდა ურუპზე 1829 წლამდე, როდესაც იგი სრულიად დარბეულ იქნა რუსული ჯარების მიერ და მისი მცხოვრებნი გადმოსახლებულ იქნენ ჩვენს ფარგლებში. ლოოს აული განლაგებული იყო მდინარე ყუბანის მარჯვენა მხარეს, მდინარე კუმას ახლოს; დუდარუკისა _ მდინარე ყუბანის მარცხენა ნაპირზე ბატალიფაშის სტანიცის პირდაპირ; კლიში _ მდინარე მცირე ზელენჩუკზე, ჯანტემირის აულები და კიაში _ მდინარე კუმასა და პოდკუმოკზე, მცირე კარმიდამოებად, თვით კისლოვოდსკის ციხესიმაგრემდე.
ბაშილბაი, ტამი, ყაზილბეგი, შეგერაი, ბაგი, ბარაქაი და ბასხოგი, იმყოფებოდნენ სხვადასხვა ჩერქეზი თავადების დამოკიდებულებაში (ადიღეს ტომისა) და უხდიდნენ მათ ხარკს. გადააქციეს რა ისინი თავიანთ მოხარკეებად, ჩერექეზი თავადები არ აღიარებდნენ ამ ტომების მფლობელებს თავადებად და უარს ეუბნებოდნენ მათ ამ ტიტულზე.
ბასხოგების ტომი (რუს. поколение), ამ საუკუნის 30-იან წლებამდე, მიეკუთვნებოდა ჯერ კიდევ მომთაბარე ტომებს (племена). ზამთარს ისინი ატარებდნენ აულებში, ხოლო ზაფხულში მომთაბარეობდნენ ადგილიდან ადგილზე, გადაჰქონდათ რა თავიანთი ქონება ორ თვლიან ურემზე, თათრების მსგავსად. მათ მთავარ სიმდიდრეს შეადგენდა ცხვრების დიდი ფარები, რომელთა მატყლისგან ისინი ამზადებდნენ საკმაოდ უხეში ღირსების მაუდს.
სულ აფხაზურ ტომში (რუს. племя), 30-იანი წლების შუახანებში, კავკასიაში მოითვლებოდა დაახლოებით 128.800 სული (4).
ბაშილბაელები, ყაზილბეგები და ბარაქაელები, რუსული ხელისუფლებისადმი მათ დამორჩილებამდე, თავიანთი მეზობლებისგან გამოირჩეოდნენ განსაკუთრებული სიღარიბითა და ზნე-ჩვეულებათა სიმკაცრით; მათ ერთნაირი ცხოვრების წესი და ადათები ჰქონდათ იმიერყუბანელ ჩერქეზებთან. იყვნენ რა შემწყვდეულნი გაუვალ და უნაყოფო ხეობებში, ისინი, აუცილებლობის გამო, გაველურდნენ და იძულებული იყვნენ, შიმშილისგან თავიანთ უზრუნველსაყოფად, მიემართათ ყაჩაღობისა და მტაცებლობისთვის. ბარბაროსობა, მზაკვრობა და ღალატი იქცა ასეთი ცხოვრების გარდაუვალ შედეგად.
კავკასიონის ქედის ორივე ფერდობზე განლაგებული აფხაზური ტომი ვერ სარგებლობდა ბუნების ერთნაირი ნობათით. მთებში და კავკასიონის ქედის ჩრდილოეთ ფერდობზე განსახლებული მოსახლეობა ვერ სარგებლობდა მცენარეულობის ისეთი სიმდიდრით, რომელიც ჰქონდათ შავი ზღვის სანაპიროს მაცხოვრებლებს. ამის გამო მთის სივრცის მცხოვრებნი, რომლებიც ეკუთვნოდნენ უპირატესად აბაზელთა ტომს (რუს. поколение), თავად ადგილის ხასიათის-და მიხედვით, გამოირჩეოდნენ ყველაზე უფრო მეტი სიმკაცრით, მაგრამ, ამასთან ერთად, ზნე-ჩვეულებათა სიწმინდითაც, ვიდრე დაბლობი ადგილების მცხოვრებნი, რომლებიც დასახლებული იყვნენ მთისწინებში და შავი ზღვის ნაპირას. კავკასიონის ქედის მთების სივრცისა და ჩრდილოეთ კალთების ადგილმდებარეობის მსგავსება იმასთან, სადაც სახლობდნენ ჩერქეზები, არის მიზეზი იმისა, რომ აბაზელები, თავიანთი ზნე-ჩვეულებებით, ადათებითა და ცხოვრების წესით, ბევრ რამეში ემსგავსებიან ჩერქეზებს, მაშინ როდესაც საკუთრივ აფხაზებს, ამ მიმართებით, გააჩნიათ თავიანთი განმასხვავებელი თავისებურება.
უკავია რა სივრცე 30 ვერსზე სიგანეში და დაახლოებით 120 ვერსზე სიგრძეში, აფხაზეთი შეადგენს ერთერთ უიშვიათეს და უმშვენიერეს კუთხეს ამიერკავკასიისა ბუნების სიმდიდრითა და მრავალფეროვნებით. აქ არის მთები მუდმივად თოვლით დაფარული მწვერვალებით, და მუდმივად მწვანე ველები, უღრმესი უფსკრულები ხმაურიანი ჩანჩქერებით, გაუვალი ხელუხლებელი ტყეები, მრავალი ნაკადულითა და მდინარით, და, ბოლოს, შავი ზღვა _ საკმაოდ მოხერხებული და ყოველთვის უსაფრთხო სოხუმ-კალეს ნავმისადგომით (бухта), სადაც ნაპირზე, ღია ცის ქვეშ, თქვენ ნახავთ აპრილში აყვავებულ ჩაის ბუჩქებსა და სხვა ტროპიკულ მცენარეებს. მთელი ქუჩა ვარდებისა ჯერ კიდევ არც თუ დიდი ხნის წინ ამშვენებდა ქალაქ სოხუმს, მაგრამ სრულიად იქნა განადგურებული უკანასკნელი ამბოხების დროს აფხაზეთში”.
როგორც ცნობილია, XIX ასწლეულში კავკასიაში რუსეთის იმპერიის დამკვიდრების ხანაში, როდესაც ეს უკანასკნელი ახდენდა ოსმალეთის იმპერიისა და მისი ყოფილი ვასალის ყირიმის სახანოს გავლენის ჩანაცვლებას საკუთარი სამხედრო-პოლიტიკური გავლენით, და არანაირად პირდაპირ არ აპირებდა მუქარის შექმნას აქ არსებული ძირძველი მოსახლეობისთვის, ამ უკანასკნელებმა სასტიკი ბრძოლები გაუმართეს რუსულ ჯარებს, რასაც მისცეს ეროვნული დამოუკიდებლობისა და რელიგიური ინტერესებისთვის ომის ხასიათი. ამით ისინი ბუნებრივია გამოიწვევდნენ რუსული სამხედრო მანქანის შესაბამის საპასუხო მოქმედებებს, საბოლოოდ დამარცხდნენ სასტიკ ბრძოლებში და მათი მნიშვნელოვანი ნაწილი შემდეგ გადაიხვეწა ოსმალეთში. ამ პროცესს მიეცა “მუჰაჯირობის” სახელი. იმის დადასტურებას, რომ რუსეთის იმპერიის ხელისუფლებას მათი მოსპობა მიზნად არ ჰქონია, წარმოადგენს მათი მშვიდობიანი განვითარება კავკასის ომების დასრულების შემდეგ და მათი თავადაზნაურობის ინტეგრაცია რუსეთის იპერიის მაღალი წოდების რიგებში.
ბროქჰაუზ-ეფრონის ენციკლოპედიურ ლექსიკონში ვ. მასალსკის წერილში “სოხუმი და სოხუმის ოკრუგი” მისი მოსახლეობის შესახებ წერია:
„ქუთაისის გუბერნიის სოხუმის ოკრუგს უჭირავს პირველის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილი და ესაზღვრება ჩრდილოეთში ყუბანის ოლქს, ჩრდილო-დასავლეთში _ შავი ზღვის გუბერნიას, სამხრეთ-დასავლეთში _ შავ ზღვას; აქვს არასწორი, სიგანეში გაჭიმული ოთხკუთხედის შესახედაობა; უჭირავს 7575 კვ. ვერსი (8621 კვ. კმ) მოსახლეობით 100498 ადამიანი (1897). ებჯინება რა ერთის მხრივ კავკასიონის მთავარ ქედს, ხოლო მეორეს მხრივ კი ზღვას, და არის რა დასერილი მრავალრიცხოვანი ქედებითა და კონტრფორსებით, სოხუმის ოკრუგი წარმოადგენს უმეტეს წილად ტყიან მთაგორიან ქვეყანას, რომელიც დაბლა ეშვება ჩრდილოეთში კავკასიონის მთავარი ქედიდან სამხრეთ-დასავლეთით შავი ზღვისკენ...
სოხუმის ოკრუგი იყოფა 4 უბნად: გუმისთის (ცენტრი _ სოხუმი), გუდაუთის (გუდაუთა), კოდორისა (ოჩამჩირე) და სამურზაყანოსი (ოქუმი) და საკუთარ თავში შეიცავს სამ უწინდელ მხარეს (ოლქს, რუს. области): აფხაზეთს, სამურზაყანოსა და წებელდას. სამურზაყანოს სახელით ცნობილია ქვეყანა ენგურსა და ღალიძგას შორის; აფხაზეთი გაშლილია ღალიძგადან გაგრამდე და ზღვიდან კავკასიონის მთავარ ქედამდე; მდ. კოდორის ზემო და შუა დინების აუზს ეწოდება წებელდა...
ოკრუგის მოსახლეობა შედგება აფხაზებისა და სამურზაყანოელებისგან (86%), მეგრელებისგან (5,5%), ბერძნებისგან (3,5%), სომხებისგან (1,5%), რუსებისგან (დაახლოებით 2%), ქართველებისგან (დაახლოებით 1%), გერმანელებისგან და სხვა. უდიდესი უმრავლესობა (91%) _ მართლმადიდებლებია, მაგრამ აფხაზების მნიშვნელოვანი ნაწილი, თავისი სრწმუნოების მიხედვით, რომელიც წარმოადგენს მუსლიმანური და ქრისტიანული წესების ნარევს უხეში ცრურწმენებითა და ფეტიშიზმით, უფრო მეტად წარმართია, ვიდრე ქრისტიანი, ან თუნდაც მაჰმადიანი“.
აქ როგორც ვხედავთ, ავტორი ცალ-ცალკე მოიხსენიებს სამურზაყანოელებს, მეგრელებსა და ქართველებს. სამურზაყნოელებში იგულისხმება შერეული მეგრულ-აფხაზური მოსახლეობა. რაც შეეხება მეგრელებისა და ქართველების ცალ-ცალკე მოხსენიებას, აქ ვ. მასალსკი არ უარყოფს და არ აჩუმათებს მათ ურთიერთშორის მჭიდრო ნათესაობას. კერძოდ, წერილში “ტფილისის გუბერნია” იგი ამბობს:
„(ტფილისის გუბერნიის) მცხოვრებნი არიან 1040943 ადამიანი (570770 მამაკაცი და 570173 ქალი), მათ რიცხვში ქალაქების მოსახლეობაა 207294 ადამიანი. მოსახლეობის განაწილება (ზაქათალის ოკრუგის გარეშე) ხალხების (ეროვნებათა) მიხედვით დაახლოებით შემდეგია (პროცენტებში): რუსები _ 4,4%, გერმანელები _ 0,6, ბერძნები _ 2,7, ოსები _ 8,9, სომხები _ 23,9, ებრაელები _ 0,9, ქართველები _ 45,0, თუშები _ 0,7, ფშავლები _ 1,1, ხევსურები _ 0,8, იმერლები _ 1,1, ადერბაიჯანელი თათრები _ 8,5%; დანარჩენ ხალხებზე (პოლონელები, ქურთები, ბოშები, აისორები, ლეკები და სხვები) მოდის დახლოებით 1,4%. მთელი მოსახლეობის დაახლობით ნახევარი მიეკუთვება კავკასიელი ხალხების ქართველურ ჯგუფს (ქართველები, იმერლები, თუშები, ფშავლები, ხევსურები)“.
ამრიგად, თუმცა კი ვ. მასალსკი ცალ-ცალკე მოიხსენიებს ქართველებს (იგივე ქართლ-კახელებს), იმერლებს, თუშებს, ფშავლებსა და ხევსურებს, მაგრამ იქვე ამბობს, რომ ისინი მიეკუთვნებიან „კავკასიელი ხალხების ქართველურ ჯგუფს“ «картвельская группа кавказских народов».
ამავე ავტორის წერილში „ქუთაისის გუბერნია“ ვკითხულობთ: „ქუთაისის გუბერნია იყოფა 7 მაზრად (ქუთაისის, ზუგდიდის, ლეჩხუმისა სვანეთის საპრისტავოთი, ოზურგეთისა და რაჭის) და 3 ოკრუგად (ბათუმის, არტაანისა და სოხუმის). ამ ოფიციალურ სახელწოდებებთან ერთ რიგში გამოიყენება უძველესი დროიდან არსებული ადგილობრივი სახელწოდებანიც: აფხაზეთი, აჭარა, გურია, იმერეთი, ლაზისტანი, სამეგრელო, სვანეთი, სამურზაყანო და წებელდა...
ქუთაისის გუბერნიის მოსახლეობას, მის მიერ დაკავებული ქვაბულის ჩაკეტილობის შედეგად, უძველესი დროიდან ჰქონდა თავისებური ფიზიონომია; მისი უმრავლესობა მიეკუთვნება კავკასიელი ხალხების ქართველურ ჯგუფს, მაგრამ, ამასთან, მისი წარმომადგენლები ტიპის, და ნაწილობრივ კი ენის მიხედვითაც, განსხვავდებიან თავიანთი ნათესავებისგან – ქართველებისგან, რომლებიც ცხოვრობენ, უმთავრესად სურამის ქედის იქითა მხარეს. ეთნოგრაფიული მიმართებით ქუთაისის გუბერნიის მოსახლეობა, რომელიც შეადგენს ორივე სქესის 1048940 სულს (1892) და ცხოვრობს 6 ქალაქში, 4 ადგილუფროსობასა და 1613 სოფელში (1886), %-ულად ნაწილდება შემდეგნაირად: რუსები 0,53; ბერძნები 0,72; სომხები 1,77; ებრაელები 0,76; ქართველები 1,48; იმერლები 44,83; გურულები 8,24; აჭარლები 6,43; მეგრელები და ლაზები 23,23; სვანები 1,52; აფხაზები 6,54; თურქები 3,0; დანარჩენები არიან _ პოლონელები, სპარსელები, ქურთები, ოსები. რუსები და სომხები ცხოვრობენ უპირატესად ქალაქებში. ქუთაისის გუბერნიის მოსახლეობის დაახლოებით 86,6% აღიარებს მართლმადიდებლობას, 10,5% _ მაჰმადიანობას, დარჩენილი 3% მოდის ებრაელებზე, კათოლიკებზე, სომეხ-გრიგორიანებზე, სომეხ-კათოლიკებზე და სხვა. სინამდვილეში მართლმადიდებლები ნაკლები არიან, რადგანაც მათდამი მიკუთვნებული აფხაზების რელიგია შედგება, არსებითად, მუსლიმანური, ქრისტიანული და წარმართული წეს-ჩვეულებების ნარევისგან”...
ამრიგად, როგორც ვხედავთ, რუსი ავტორი ქართველების (грузины) სახელით მოიხსენიებს მხოლოდ ქართლ-კახელებს, მაგრამ არ ახდენს მათ განკერძოებას საქართველოს სხვა კუთხეების ქართველობისგან, არამედ კრებსითი სახელით მათ უწოდებს «племена картвельской группы кавказских народов». ჩვენ ყველა ვიცით, რომ 1880-იან წლებში იყო რუსიფიკატორული შემოტევა ქართული (გნებავთ ქართველური) ეთნოსების ერთმანეთისგან განკერძოების მიზნით, რასაც ენერგიულად და კომპეტენტურად აღუდგა წინ განათლებული ქართული საზოგადოება წმ. ილია მართლის წინამძღოლობით, ხოლო წმ. დიმიტრი ყიფიანმა, როგორც ტფილისის გუბერნიის თავადაზნაურობის ხელმძღვანელმა პროტესტით მიმართა საქართველოს ეგზარქოსს ქართველი ხალხის დაწყევლის გამო, რისთვისაც იგი სტავროპოლში გადაასახლეს. ამაზე ქართულ საზოგადოებაში ხშირად ლაპარაკობენ, მაგრამ რატომღაც არ უყვართ იმის აღნიშვნაც, რომ 1881 წელს პეტერბურგში რევოლუციონერმა ტერორისტებმა მოკლეს სრულიად რუსეთის იმპერატორი ალექსანდრე II, ხელწიფე, რომელმაც ყველაზე უფრო მეტად ლიბერალური რეფორმები გაატარა რუსეთის იმპერიაში (ბატონ-ყმობის გაუქმება, საერო დაწესებულებების მნიშვნელობის ამაღლება და სხვა), და რა უნდა ექნა მის ღვიძლ შვილს, ალექსნდრე III-ს? ნუთუ არ უნდა მოჰყოლოდა რეაქცია ამ მკვლელობას რევოლუციური მოძრაობის შემდგომი აღზევების აღკვეთისა და სახელმწიფოში წესრიგის დამყარებისთვის? და ასეთ დროს ხდება ხოლმე კიდეც გადაჭარბებანი ზომების გატარებაში. სწორედ ამით შეიძლება აიხსნას 1880-იანი წლების რეაქცია, ეს უფრო გონივრული და პატიოსანი ახსნა იქნება, ვიდრე ის, რასაც ჩვეულებრივ ვისმენთ ხოლმე ქართველი ისტორიკოსებისგან და ყველა იმათგან, ვისაც ამის თაობაზე წერა და ლაპარაკი არ ეზარება.
ახლა ისევ აფხაზეთის მოსახლეობას დავუბრუნდეთ. წერილში „სოხუმი და სოხუმის ოკრუგი“, როგორც გვახსოვს, ვ. მასალსკი წერდა, რომ 1897 წ. ოკრუგში მცხოვრები 100498 ადამიანიდან 86%-ს შეადგენდნენ აფხაზები და სამურზაყანოელები, 5,5 %-ს _ მეგრელები, 3,5%-ს _ ბერძნები, 1,5%-ს _ სომხები, 2%-ს რუსები, 1%-ს ქართველები. ანუ, ვ. მასალსკისეული დაყოფის მიხედვით აფხაზები და სამურზაყანოელები ყოფილან 86428 ადამიანი, მეგრელები _ 5527, ბერძნები _ 3517, სომხები _ 1507, რუსები _ 2010, ქართველები _ 1005 ადამიანი, გერმანელები და სხვა ეროვნებისა _ 502 ადამიანი.
საკუთრივ აფხაზების რიცხვი აქ არ წერია, მაგრამ წერილში “ქუთაისის გუბერნია” ზემოთ ვნახეთ, რომ გუბერნიის მთლიანი მოსახლეობა შეადგენდა 1048940 ადამიანს, და მათ შორის აფხაზები იყვნენ 6,54%, რაც უტოლდება 68601 ადამიანს. გარდა ამისა, სამურზაყანოს მოსახლეობის გარკვეული (ალბათ მცირე) ნაწილი ასევე აფხაზები იქნებოდნენ. ანუ დღევანდელი ქართული ტერმინოლოგიით რომ ვთქვათ, ბროქჰაუზ-ეფრონის ენციკლოპედიური ლექსიკონის მასალების მიხედვით, 1897 წელს აფხაზეთის 100498 მცხოვრებიდან 68600-ზე მეტი (68,3%-ზე მეტი) იყვნენ აფხაზები, 24360-ზე ნაკლები (24,2%-ზე ნაკლები) _ ქართველები (მეგრელები და დანარჩენი ქართული მოსახლეობა), 3517 ადამიანი (3,5%) _ ბერძნები, 1507 (1,5%) _ სომხები, 2010 (2%) _ რუსები, 502 (0,5%) _ გერმანელები და სხვანი. ანუ აფხაზები “მუჰაჯირობის” შემდეგაც შეადგენდნენ მაშინდელი სოხუმის ოკრუგის (დღევანდელი აფხაზეთის) მოსახლეობის დაახლოებით 70%-ს, ქართველები კი _ დაახლოებით 20%-ს. ხოლო დემოგრაფიული სურათი იქ შეიცვალა 1930-40-იან წლებში ქართველების მასობრივი ჩასახლების შედეგად. ასეთია სიმართლე, რომელსაც ჩვენ სამწუხაროდ ეროვნული მოძრაობის დროს უარვყოფდით და დღესაც იმავე სიცრუით გვინდა ლელოს გატანა. მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ქვეყანა ჩალით არ არის დახურული, ხოლო კოდორს ზევით მხარე აფხაზებისთვის ღვთივბოძებულ ისტორიულ სამშობლოს წარმოადგენს, ჩვენ კი რატომღაც ტერიტორიული შენაძენების სურვილით ღმერთი გვავიწყდება. მეც ასევე მინდა საქართველოს ტერიტორიული გამთლიანება, მაგრამ ისე, რომ ღორებსა და ძაღლებს არ გვეძახდნენ აფხაზები, რომ მათ უხაროდეთ ქართული სახელმწიფოს შემადგენლობაში ცხოვრება.
რაც შეეხება XIX საუკუნეში სამურზაყანოში მოსახლეობის ასეთი მცირე რაოდენობის მიზეზს _ დაახლოებით 10 ათასი ადამიანი 1830-იან წლებში, 17830 ადამიანი 1897 წელს, ამის შესახებ წარმოდგენას გვაძლევს ფრანგი დიპლომატისა და კომერსანტის ჟაკ ფრანსუა გამბას წიგნი “ცნობები დასავლეთ საქართველოს შესახებ”, რომელიც 1820-იანი წლების დასაწყისში მოგზაურობდა საქართველოში და იმდროინდელ სურათს გვიხატავს. იგი წერს:
“სამეგრელოს მესამე პროვინცია გადაჭიმულია ჩრდილოეთით კოდორის კონცხამდე და საზღვრად უდევს ამავე სახელწოდების მდინარე, ძველი ავტორების კორაქსი, აღმოსავლეთით კი წიბელი (Tsibeli), საკმაოდ მაღალი მთები. ეს პროვინცია ატარებს აგრეთვე სამურზაყანოსა (Tmourakane) და აფხაზეთის (Abkazie) სახელს. იგი დადიანების სახელმწიფოს ნაწილს შეადგენს; მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ იგი არც ერთ ხელისუფლებას არ ემორჩილება. აქ იშვითად თუ ნახავთ დამუშავებულ მიწებს და სრულიად არ არის მოსახლეობა. ეს ადგილი ნამდვილი უდაბნოა, რომელიც თავდაცვის ადგილს წარმოადგენს და ბარიერად გამოიყენება აფხაზებსა და მეგრელებს შორის.
ასეთივე უზარმაზარი დაუმუშავებელი ტრამალი ძველად ჰყოფდა რუსეთსა და პოლონეთის საზღვრებს იმ ქვეყნებისაგან, რომლებიც თათრებს ეკავათ. დღესაც კი დაუსახლებელი, ვრცელი პროვინციები ძირითადად თავდაცვის ადგილად გამოიყენება ავსტრიასა და ოტომანთა სახელმწიფოს შორის. ერთი სიტყვით, ამიერკავკასიის რუსულ პროვინციებში თურქების, სპარსელების, ლეკებისა (Lesgins) და აფხაზების სახელმწიფოთა საზღვრებზე უდაბნოებია გადაჭიმული.
ამდენად, გასაკვირი არ არის, რომ ენგურსა და კოდორის კონცხს შორის მოქცეული ქვეყანა სრულიად დაუსახლებელია და ევროპისა თუ ტროპიკების ყოველგვარი მცენარეულობისათვის გამოსადეგი მისი მიწები გამოუყენებელია. სოხუმ-კალესა და თბილისში შევხვდი ერთ აფხაზ თავადს, რომელიც დღეს ანაკლიის კომენდანტია. ერთხელ ვკითხე, რა საფასურს მოითხოვდით-მეთქი მდინარის გასწვრივ ოთხ ვერსზე გადაჭიმული მიწის ნაკვეთისათვის. მან სიცილით მიპასუხა: თუ აქ დამკვიდრება გსურთ, თავად შეგიძლიათ მოისაზღვროთ მამული და ამისათვის არც მის ღირებულებას მოგთხოვთ, არც სხვა რამ საზღაურსო.
თუ სამურზაყანოს პროვინციების დაბლობი ადგილი დაუსახლებელია, სამაგიეროდ მთიან კანტონში (იგულისხმება წებელდა, ივ. ჯავახიშვილი ერთგან წერს „წიფელდა“ _ ი. ხ.) მრავალრიცხოვანი მოსახლეობაა და როგორც ვარუდობენ, იგი დაახლოებით 800 ოჯახს შეადგენს.
მთიელები სიმამაცითა და შურის მაძიებლობით გამოირჩევიან, დაახლოებით ხუთი წლის წინათ, ერთერთი მთიელი თავადი თურქეთში წასულა სამოგზაუროდ. დაბრუნებისას გაუგია, რომ მისი დანიშნული თავადის ასული სხვას გაჰყოლია ცოლად. გამძვინვარებული თავადი ჯერ ამ მოღალატე ქალის მამას მივარდნია და ხანჯლით განუგმირავს იგი. შემდეგ თვით ეს თავადის ასულიც დაუსახიჩრებია; ჯერ ცხვირი და ყურები დაუჭრია მისთვის, მაგრამ ამითაც არ დაკმაყოფილებულა და მოუკლავს მღვდელი, რომელმაც ჯვარი დასწერა ამ ქალს, მერე ჯვრისწერის დამსწრე ერთერთი მოწმეც მიუყოლებია. შემდეგ იგი მთებში გახიზნულა და უშფოთველად, ყოველგვარი სინდისის ქენჯნის გარეშე გაუგრძელებია ცხოვრება“.
როგორც ფრანგი მოგზაურის თხზულების ამ ნაწყვეტიდან ჩანს, XVIII საუკუნის ბოლოსა და XIX-ის დასაწყისში სამურზყანოს დაბლობი ადგილი წარმოადგენდა სამეგრელოსა და აფხაზეთს შორის საომარ სასაზღვრო ტერიტორიას და ამიტომ დიდი ნაყოფიერების მიუხედავად იგი პრაქტიკულად დაუსახლებელი ყოფილა. აქედან არის იქ მოსახლეობის სიმცირე მთელი XIX ასწლეულის განმავლობაში.
ირაკლი ხართიშვილი
30. 04. 10.
2008 წლის აპრილის თვეში ჟურნალ „ქვაკუთხედის“ რედაქციაში, რომელთანაც ვთანამშრომლობდი, მივიტანე ქვემოთ მოყვანილი ორი წერილი გამოქვეყნებისთვის, მაგრამ ისინი დღემდე არ გამოუქვეყნებიათ, თუმცა კი დამიბეჭდეს ორი დიდი წერილი აგვისტოს სისხლიან კოფლიქტთან დაკავშირებით, მაგრამ რუსეთ-საქართველოს ისტორიული ურთიერთობების შესახებ მასალების ბეჭდვას, სამწუხაროდ, ერიდებიან.
დ ა მ ა ტ ე ბ ა I
გეორგივესკის ტრაქტატი _ საქართველოზე რუსეთის იმპერიის მფარველობის ხელშეკრულება
რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები დღესდღეობით სერიოზულად არის გამწვავებული, იმდენად რომ საქართველოს ხელისუფლება გადაჭრით უარყოფს ატლანტიკური დასავლეთისა და რუსეთის სულ უფრო მზარდ დაპირისპირებაში რუსეთის მიერ შემოთავაზებული ნეიტრალიტეტისა და დასავლურ სამხედრო-პოლიტიკურ სტრუქტურებში არშესვლის, ამერიკული, თურქული და სხვა დასავლური შეიარაღებული ძალებისთვის საკუთარი ტერიტორიის არდათმობის წინადადებას და ამის საპირისპიროდ აქტიურ ქმედებებს მიმართავს არა მხოლოდ საკუთარ ტერიტორიაზე მათთვის სამხედრო ბაზებისა და ობიექტების გამოსაყენებლად მიცემის, არამედ რუსეთის დასავლეთ და სამხრეთ საზღვრების გაყოლებით მდებარე პოსტსაბჭოთა სახელმწიფოებში პროამერიკული რეჟიმების დამკვიდრებისა და იქაც ამერიკული სამხედრო ყოფნის უზრუნველსაყოფად პირობების მომზადების მიმართულებით. ეს ძალზედ საშიში და სახიფათო ქმედებებია, სხვას რომ ამჯერად თავი დავანებოთ, საქართველოს ხელისუფლების მხრიდან, და ყოველივე ამის უკან ატლანტიკური დოლარების კვალი აშკარად მოჩანს, ისევე, როგორც ამ კურსის მხარდამჭერი ე.წ. პოლიტიკური პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებების საქმიანობის უკანაც. და ხშირად ეს ადამიანები თავიანთი პოზიციის გასამართლებლად და დასასაბუთებლად იშველიებენ თავად რუსეთის ნაბიჯებსა და მათ არაკეთილმოსურნეობას საქართველოს მიმართ.
მაგრამ როდესაც ორ ქვეყანას შორის კრიზისული ან ომის სიტუაცია ყალიბდება, იქ კეთილმოსურნეობას სულ უფრო ნაკლებად უნდა ველოდეთ. ამიტომ მეტად მნიშველოვანია მივიდეთ ამ კონფლიქტური სიტუაციების ან საერთოდ ამ ურთიერთობების სათავეებთან და იქიდან შევუდგეთ იმის გარკვევას, თუ სად, როდის და ვისი მიზეზით დაიწყო წყლის ამღვრევა და სად არის შესაძლებელი საქმის გამოსწორება. რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში ერთერთ ასეთ სათავეს წარმოადგენს 1783 წლის 24 ივლისს (ძველი სტილით) რუსეთის იმპერიის ჯარების კავკასიის ხაზზე წმ. გიორგის სახელობის სიმაგრეში რუსეთსა და საქართველოს (ქართლ-კახეთის სამეფოს) შორის დადებული ხელშეკრულება მფარველობასა და მოკავშირეობაზე, რომელიც ისტორიულად ცნობილია გეორგიევსკის ტრაქტატის სახელწოდებით. ამ დოკუმენტის ტექსტი გამოცემული იყო საბჭოთა საქართველოშიც _ ქართული და რუსული ტექსტები _ და ჩვენ ამჯერად ვიხელმძღვანელებთ გიორგი პაიჭაძის მიერ 1983 წელს თბილისში გამოცემული წიგნით “გეორგიევსკის ტრაქტატი”.
გეორგიევსკის ტრაქტატის ქართული დედანი დაწერილია თანამედროვე ქართველი მკითხველისთვის ძალზედ მძიმედ გასაგები ენითა და ტერმინოლოგიით, რის დასადასტურებლადაც მოვიყვანთ ტრაქტატის პირველ არტიკულს (მუხლს): “უგანათლებულესობა მისი მეფე ქართლისა და კახეთისა სახელითა თვისითა, მემკვიდრეთა და მენაცვალეთა თვისთა, დღესასწაულობით უკუნსთქუამს ყოველსა ვალობასა, ანუ ვითარსამე ტიტლოსა, ყოვლისაგან მოკიდულებისა სპარსთასა ანუ სხუათა მფლობელთასა. და ამით ცხად ჰყოფს წინაშე პირსა ყოვლისა სოფლისასა, ვითარმედ არა შერაცხს იგი თავის ზედა და მენაცვალეთა თვისთა ზედა სხვასა თვითმპყრობელსა, თვინიერ უზენაესისა ხელმწიფებისა და მფარველობისა მისისა იმპერატორების დიდებულებისა, და მაღალთა მისთა მემკვიდრეთა და მენაცვალეთა საიმპერატოროისა ტახტისა ყოვლისა რუსეთისათა, აღმთქმელი ტახტისა მის ერთგულებისა და მზა ყოფისა შეწევნისათვის სარგებლისა სახელმწიფოისა, ყოველსა შინა შემთხუევასა და დროსა, სადაცა ეს ითხოების მისდამი”.
ქართული ტექსტის გაგების სირთულის გამო გვინდა ჩვენს მკითხველს მივაწოდოთ რუსული პირის თარგმანი თანამედროვე ქართულ ენაზე, თუმცა კი ზოგიერთი ტერმინისა და გამონათქვამის გადმოტანას შევეცდებით 1783 წლის დოკუმენტის ქართული დედნიდან. გეორგიევსკის ტრაქტატს გააჩნია შესავალი, რომელშიც ვკითხულობთ:
„სახელითა ღმრთისა ყოვლისა შემძლებელისა ერთისა სამწმინდაობასა შინა დიდებულისათა:
უძველესი დროიდან სრულიად რუსეთის იმპერია ქართველ ხალხთან ერთმორწმუნეობით წარმოადგენდა დაცვას, დახმარებასა და თავშესაფარს ამ ხალხისა და მისი უგანათლებულესი მფლობელებისთვის იმ ტანჯვათაგან, რომლებსაც ისინი განიცდიდნენ თავიანთი მეზობლებისგან. სრულიად რუსეთის თვითმპყრობელების მიერ, ქართველი მეფეებისთვის, მათი საგვარეულოსა და ქვეშევრდომებისთვის ბოძებულმა მფარველობამ წარმოქმნა უკანასკნელთა ის დამოკიდებულება პირველებზე, რომელიც ყველაზე უფრო სრულად ჩანს თავად რუსეთის საიმპერატორო ტიტულიდან (5). მისმა იმპერატორობითმა უდიდებულესობამ, აწ ბედნიერად მმეფობმა, საკმარისი სახითა და ნათლად გამოაცხადა ამ ხალხისადი თავისი მონარქიული კეთილგანწყობა და მისი სიკეთისათვის თავისი დიდსულოვანი განგებულების შესახებ თავისი ძლიერი მცდელობებით, რომლებიც გამოყენებულ იქნა ამ ხალხის გამოხსნისთვის მონობის უღლისგან და ჭაბუკებითა და ქალწულებით გადასახდელი საყვედრებელი ხარკისგან, რომლებსაც ერთი ნაწილი ქართველებისა სავალდებულოდ იხდიდა, და ასევე განაცხადა თავისი მონარქიული მზრუნველობის შესახებ მათი მფლობელების მიმართ. ამ განწყობილებით ყურად იღო რა სიმდაბლით მისი ტახტისადმი წარდგენლი თხოვნა ქართლისა და კახეთის უგანათლებულესი მეფის ერეკლე თეიმურაზის ძისა, მთელი მისი მემკვიდრეებითა და მენაცვალეებით (6), მთელი მისი სამეფოებითა და მხარეებით მისი უდიდებულესობისა და მის მაღალ მემკვიდრეთა და მენაცვალეთა მონარქიული მფარველობის ქვეშ მიღების შესახებ, სრულიად რუსეთის იმპერატორების ქართლისა და კახეთის მეფეებზე უმაღლესი ხელისუფლების აღიარებით, ყოვლად მოწყალედ ისურვა დაადგინოს და დადოს მოხსენიებულ უგანათლებულეს მეფესთან სამეგობრო ხელშეკრულება, რომლის მეშვეობითაც, ერთის მხრივ, მისი უგანათლებულესობა თავისი სახელითა და თავის მენაცვალეთა სახელით აღიარებდა რა მისი იმპერატორობითი უდიდებულესობისა და მის მაღალ მენაცვალეთა უმაღლეს ხელისუფლებასა და მფარველობას ქართლისა და კახეთის სამეფოების მფლობელებსა და ხალხებზე, აგრეთვე მათ მფლობელობაში მყოფ სხვა ხალხებზეც, აღნიშნავდა საზეიმოდ და ზუსტად თავის ვალდებულებებს სრულიად რუსეთის იმპერიისადმი; ხოლო მეორეს მხრივ _ მის იმპერატორობით უდიდებულესობას ასევე შეეძლებოდა საზეიმოდ აღნიშვნა იმისა, თუ რა უპირატესობებსა და სარგებელს უბოძებდა იგი თავისი გულუხვი და ძლიერი ხელით მოხსენიებულ ხალხებსა და მათ უგანათლებულეს მფლობელებს“.
შემდეგ შესავალში ნათქვამია, რომ ტრაქტატზე ხელმოსაწერად რუსეთის მხრიდან დადგენილ იქნა რომის იმპერიის უგანათლებულესი მთავარი, მისი იმპერატორობითი უდიდებულესობის ჯარების გენერალ-ანშეფი, რეგულარული და არარეგულარული მსუბუქი ცხენოსანი ჯარებისა და სხვა ბევრი სამხედრო ძალის მბრძანებელი, სენატორი, სახელმწიფო სამხედრო კოლეგიის ვიცე-პრეზიდენტი, ხელმწიფის მენაცვალე ასტრახანის, სარატოვის, აზოვისა და ნოვოროსიისკის მხარეებში, მისი უდიდებულესობის გენერალ-ადიუტანტი და ნამდვილი კამერჰერი... გრიგოლ ალექსანდრეს ძე პოტიომკინი, რომელმაც, თავის მხრივ, ამ უფლებებით აღჭურვა მისი იმპერატორობითი უდიდებულესობის…არმიის გენერალ-პორუტჩიკი, ასტრახანის გუბერნიის ჯარების სარდალი, მისი უდიდებულესობის ნამდვილი კამერჰერი... პავლე პოტიომკინი; საქართველოს მხრიდან ტრაქტატზე ხელმოსაწერად არჩეულ იქნენ მათი ბრწყინვალებანი მარცხენა ხელის ჯარების სარდალი (ქართული ტერმინოლოგიით _ მემარცხენე სპსპეტი) თავადი იოანე კონსტანტინეს ძე ბაგრატიონი (მუხრანბატონი) და ერეკლე მეფის მანდატურთუხუცესი (რუსული ტერმინოლოგიით _ გენერალ-ადიუტანტი) და ყაზახის სამთავროს ზედამხედველითავადი გარსევან რევაზის ძე ჭავჭავაძე.
„ხსენებულმა სრულუფლებიანმა წარმომადგენლებმა, შეუდგნენ რა ღუთის შეწევნით საქმეს და გაცვალეს რა ურთიერთშორის თავიანთი უფლებამოსილებანი, მათი ძალით დაადგინეს, დაასკვნეს და ხელი მოაწერეს შემდეგ არტიკულებს.
ა რ ტ ი კ უ ლ ი პ ი რ ვ ე ლ ი
მისი უგანათლებულესობა მეფე ქართლისა და კახეთისა თავისი სახელით, თავისი მემკვიდრეებისა და მენაცვალეთა სახელით საზეიმოდ სამარადისოდ უარს ამბობს ყოველგვარ ვასალობაზე, ან სხვა რაიმე წოდებით ყველანაირ დამოკიდებულებაზე სპარსეთის ან რომელიმე სხვა სახელმწიფოსგან; და ამით აცხადებს მთელი მსოფლიოს წინაშე, რომ იგი არ აღიარებს თავის თავზე ან თავის მენაცვალეთა თავზე სხვა თვითმპყრობელობას თვინიერ სრულიად რუსეთის საიმპერატორო ტახტის და მისი იმპერატორობითი უდიდებულესობისა და მისი მაღალი მემკვიდრეებისა და მენაცვალეთა უმაღლესი ხელისუფლების და მფარველობისა, ჰპირდება რა ამ ტახტს ერთგულებასა და მზადყოფნას შეეწეოდეს სახელმწიფოს სარგებელს ყველა შემთხვევაში, სადაც კი ამას მისგან მოითხოვენ.
ა რ ტ ი კ უ ლ ი მ ე ო რ ე
მისი იმპერატორობითი უდიდებულესობა, ღებულობს რა მისი უგანათლებულესობის მხრიდან ასეთ გულწრფელ დაპირებას, მის თანაბრად ჰპირდება და თავისი იმპერატორობითი სიტყვით აიმედებს თავისგან და თავის მენაცვალეთაგან, რომ მათი წყალობა და მფარველობა ქართლისა და კახეთის უგანათლებულეს მეფეებს არასოდეს წაერთმევათ. რის დასამტკიცებლადაც მისი უდიდებულესობა აძლევს თავის იმპერატორობით თავდებობას მისი უგანათლებულესობის მეფე ერეკლე თეიმურაზის ძის ახლანდელი სამფლობელოიების მთლიანობის შენარჩუნებაზე, ვარაუდობს რა ასეთი თავდებობის გავრცელებას იმ სამფლობელოებზეც, რომლებიც დროთა განმავლობაში გარემოებების გამო შეძენილი და მტკიცედ მისდამი დაქვემდებარებული იქნება.
ა რ ტ ი კ უ ლ ი მ ე ს ა მ ე
იმ გულწრფელობის გამოსახატავად, რომლითაც მისი უგანათლებულესობა ქართლისა და კახეთის მეფე აღიარებს სრულიად რუსეთის იმპერატორთა უმაღლეს ხელისუფლებასა და მფარველობას, დადგენილია, ხსენებული მეფეები მეფობაზე მემკვიდრეობით შედგომისას მაშინვე უნდა ატყობინებდნენ ამის შესახებ რუსეთის საიმპერატორო კარს, მოითხოვენ რა თავისი წარგზავნილების მეშვეობით იმპერატორის მიერ მეფობაზე დამტკიცებას ინვესტიტურით, რომელშიც იქნება სიგელი, დროშა სრულიად რუსეთის იმპერიის ღერბით, რომელსაც შიგნით ექნება მოხსენიებული სამეფოს ღერბი, ხმალი, მბრძანებლობის კვერთხი და მანტია, ანუ ყარყუმის მოსასხამი. ამ ნიშნებს ან მეფის მიერ წარგზავნილებს ჩააბარებენ, ან კიდევ სასაზღვრო უფროსობის მეშვეობით ჩაუტანენ მეფეს, რომელმაც მათი მიღებისას რუსეთის მინისტრის თანდასწრებით საზეიმოდ უნდა დადოს ფიცი რუსეთის იმპერიის ერთგულებასა და მისდამი გულმოდგინებაზე და მფარველობის აღიარებაზე იმ ფორმით, რომელიც თან ერთვის ამ ტრაქტატს.
ა რ ტ ი კ უ ლ ი მ ე ო თ ხ ე
იმის დასამტკიცებლად, რომ მისი უგანათლებულესობის განზრახვა სრულიად რუსეთის იმპერიასთან მის ასე მჭიდროდ შეერთებასა და ამ იმპერიის ყოვლადუგანათლებულესი მფლობელების უმაღლესი ხელისუფლებისა და მფარველობის აღიარებაში ყოვლად უზაკველია, მისი უგანათლებულესობა პირობას დებს, რომ მისი იმპერატორობითი უდიდებულესობის მთავარ მოსაზღვრე უფროსთან და თავის კარზე აკრედიტებულ მინისტრთან წინასწარი შეთანხმების გარეშე არ ექნება ურთიერთობები მის გარემომცველ მეზობლებთან. ხოლო როდესაც მათგან მოვლენ წარმოგზავნილები ან ჩამოტანილ იქნება წერილები, მათი მიღებისას რჩევები იქონიოს მთავარ მოსაზღვრე უფროსთან და მისი იმპერატორობითი უდიდებულესობის მინისტრთან ასეთი წარმოგზანილების უკან გასტუმრებისა და მათი მფლობელებისთვის შესაფერისი სტყვის მიგების საკითხებში.
ა რ ტ ი კ უ ლ ი მ ე ხ უ თ ე
რათა უფრო მოხერხებულად ჰქონდეს საჭირო ურთიერთობა და თანხმობა რუსეთის საიმპერატორო კართან,, მის უგანათლებულესობა მეფეს სურს იყოლიოს მის კარზე თავისი მინისტრი ან რეზიდენტი, ხოლო მისი იმპერატორობითი უდიდებულესობა,. მოწყალედ ღებულობს რა ამას, ჰპირდება, რომ ამ პირს მის კარზე მიიღებენ მისი თანასწორი მდგომარეობის მქონე სხვა მფლობელი მთავრების მინისტრების თანაბრად, და მასთან ერთად სურვილს გამოთქვამს თავის მხრივ შეინახოს მისი უგანათლებულესობის კარზე რუსეთის მინისტრი ან რეზიდენტი.
ა რ ტ ი კ უ ლ ი მ ე ე ქ ვ ს ე
მისი იმპერატორობითი უდიდებლესობა, ღებულობს რა წყალობით ქართლისა და საქართველოს სამეფოებზე მისი უმაღლესი ხელისუფლებისა და მფარველობის აღიარებას, თავისი სახელითა და თავის მენაცვალეთა სახელით ჰპირდება: 1. იმ სამეფოთა ხალხები მიაჩნდეს მჭიდრო კავშირსა და სრულ თანხმობაში მყოფად მის იმპერიასთან და, აქედან გამომდინარე, მათ მტრებს შერაცხდეს საკუთარ მტრებად; რისთვისაც ოტომანის პორტასთან, ან სპარსეთთან, ან სხვა სახელმწიფოსა და სამფლობელოსთან დადებული სამშვიდობო ხელშეკრულება უნდა ვრცელდებოდეს მისი უდიდებულესობის მფარველობაში მყოფ ამ ხალხებზეც. 2. უგანათლებულეს მეფეს ერეკლე თეიმურაზის ძეს და მისი სახლის მემკვიდრეებსა და შთამომავლებს უეჭველად ინარჩუნებდეს ქართლისა და კახეთის სამეფო ტახტზე. 3. შინაგან მმართველობასთან შეუღლებულ ხელისუფლებას, მსჯავრსა და სამართალს და გადასახადების აკრეფას მისცემს მის უგანათლებულესობას მეფეს “სრულსა შინა ნებასა და სარგებლობასა მისსა”, აუკრძალავს რა თავის სამხედრო და სამოქალაქო უფროსებს ამ მხრივ რაიმე განკარგულებების გაცემას.
ა რ ტ ი კ უ ლ ი მ ე შ ვ ი დ ე
მისი უგანათლებულესობა მეფე, ღებულობს რა სათანადო კრძალულებით მისი იმპერატორობითი უდიდებულესობის მხრიდან ასეთ მოწყალე დაიმედებას, თავისი და თავისი შთამომავლების სახელით ჰპირდება: 1. ყოველთვის მზად იყოს თავისი ჯარებით მისი უდიდებულესობის სამსახურისთვის. 2. რუსეთის უფროს მოხელეებს მიმართავდეს ყოველთვის ყველა საქმეში, რომლებიც შეეხება მისი იმპერატორობითი უდიდებულესობის სამსახურს, აკმაყოფილებდეს მათ მოთხოვნებს და მისი უდიდებულესობის ქვეშევრდომებს იცავდეს ყველანაირი წყენისა და შევიწროვებისგან. 3. თანამდებობეზე პირების დანიშვნისა და მათი დაწინაურებისას საგანგებო პატივს მიაგებდეს სრულიად რუსეთის იმპერიის წინაშე მათ დამსახურებას, რომლის მფარველობაზეც არის დამოკიდებული ქართლისა და კახეთის სამეფოების სიმშვიდე და კეთილდღეობა.
ა რ ტ ი კ უ ლ ი მ ე რ ვ ე
მისი უგანათლებულესობის მეფისა და მისი ხალხებისადმი მონარქის განსაკუთრებული მოწყალების დასამტკიცებლად და ამ ერთმორწმუნე ხალხების რუსეთთან უმეტესად შეერთებისთვის მისი იმპერატორობითი უდიდებლესობა ინებებს, რომ მათი კათოლიკოსი ანუ უფროსი მთავარეპისკოპოსი რუსეთის იერარქების რიცხვში შედიოდეს მერვე ხარისხში, სახელდობრ ტობოლსკელის (მთავარეპისკოპოსის ან მიტროპოლიტის _ ი.ხ.) შემდეგ, და ყოვლადმოწყალედ უბოძებს მას სამარადისოდ უწმინდესი სინოდის წევრის წოდებას; ხოლო საქართველოს ეკლესიის მმართველობისა და იმ ურთიერთობის შესახებ, რომელშიც უნდა იყოს იგი რუსეთის სინოდთან, შედგენილ იქნება განსაკუთრებული არტიკული.
ა რ ტ ი კ უ ლ ი მ ე ც ხ რ ე
განფენს რა თავის წყალობას მისი უგანათლებულესობის მეფის ქვეშევრდომ თავადებსა და აზნაურებზე, მისი იმპერატორობითი უდიდებულესობა ადგენს, რომ ისინი სრულიად რუსეთის იმპერიაში ისარგებლებენ ყველა იმ უპირატესობითა და სარგებლით, რომლებიც მინიჭებული აქვთ რუსეთის კეთილშობილებს; ხოლო მისი უგანათლებულესობა, ღებულობს რა მადლიერებით მისი ქვეშევრდომებისადმი ასეთ მოწყალე დამოკიდებულებას, ვალდებულებას იღებს გაგზავნოს მისი უდიდებულესობის კარზე ყველა კეთლშობილი გვარების სიები, რათა მათი მიხედვით შესაძლებელი იქნას იმის ზუსტად ცოდნა, თუ ვის ეკუთვნის ასეთი განსხვავებული უფლება.
ა რ ტ ი კ უ ლ ი მ ე ა თ ე
ვადგენთ, რომ ქართლისა და კახეთის ყველა მოსახლეს შეუძლია სახლდებოდეს რუსეთში, ჩადიოდეს იქ და მერე უკან ბრუნდებოდეს დაუბრკოლებლად; ტყვეებს კი, თუკი მათ იარაღით ან მოლაპარაკებებით თურქებისგან ან სპარსელებისგან გაანთავისუფლებენ, გაუშვებენ თავიანთ სახლებში სურვილისამებრ, მხოლოდ ეს უკანასკნელნი დააბრუნებენ მათი გამოსყიდვისა და გამოყვანის ხარჯებს; მისი უგანათლებულესობა მეფეც ამის წმინდად შესრულებას ჰპირდება რუსეთის ქვეშევრდომების მიმართ, რომლებიც მეზობლებთან ტყვეობაში ჩავარდებიან.
ა რ ტ ი კ უ ლ ი მ ე თ ე რ თ მ ე ტ ე
ქართლისა და კახეთის ვაჭართა წოდებას შეუძლია თავისუფლად ეწეოდეს ვაჭრობას რუსეთში, ისარგებლებს რა იმავე უფლებებითა და უპირატესობებით, რომლებითაც რუსეთის ბუნებრივი ქვეშევრდომები სარგებლობენ; ასევე მეფე ჰპირდება მთავარ მოსაზღვრე უფროსთან ან მისი უდიდებულესობის მინისტრთან ერთად დაადგნოს რუსეთის ვაჭართა წოდებისთვის ვაჭრობაში ყოველმხრივი ხელის შეწყობა მის მხარეებში ან კიდევ სავაჭროდ მგზავრობისას სხვა ქვეყნებისკენ, ვინაიდან ასეთი ზუსტი დადგენილების გარეშე რუსეთის ვაჭრობის სარგებლიანობას ადგილი ვერ ექნება.
ა რ ტ ი კ უ ლ ი მ ე თ ო რ მ ე ტ ე
ეს ხელშეკრულება იდება სამარადისოდ; მაგრამ თუკი რაიმეს შეცვლას ან მიმატებას ჩათვლიან საჭიროდ ურთიერთ სარგებლიანობისთვის, ასეთ რამეს ადგილი ექნება ორმხრივი შეთანხმებით.
ა რ ტ ი კ უ ლ ი მ ე ც ა მ ე ტ ე
რატიფიკაციები მოცემულ ტრაქტატზე გაცვლილი უნდა იქნას ექვს თვეში მისი ხელმოწერიდან ან უფრო ადრეც, თუკი ეს შესაძლებელი იქნება
რის დასადასტურებლადაც ქვემორე ხელისმომწერმა სრულუფლებიანმა წარმომადგენლებმა, მათი სრული უფლებების ძალით, ხელი მოაწერეს ამ არტიკულებს და დაუსვეს მათ თავიანთი ბეჭდები წმ. გიორგის ციხესიმაგრეში 1783 წლის 24 ივლისს.
დედანზე ხელი მოაწერეს: პ ა ვ ლ ე პ ო ტ ი ო მ კ ი ნ ი
თავადი ი ო ა ნ ე ბ ა გ რ ა ტ ი ო ნ ი
თავადი გ ა რ ს ე ვ ა ნ ჭ ა ვ ჭ ა ვ ა ძ ე
ს ე პ ა რ ა ტ უ ლ ი ა რ ტ ი კ უ ლ ე ბ ი
ა რ ტ ი კ უ ლ ი ს ე პ ა რ ა ტ უ ლ ი პ ი რ ვ ე ლ ი
მისი იმპერატორობითი უდიდებულესობის მტკიცე განზრახვაა, რომ მისი ერთმორწმუნე ხალხები, მის იმპერიასთან ასე მჭიდრო კავშირებით შეერთებულნი, იმყოფებოდნენ ურთიერთშორის მეგობრობასა და სრულ თანხმობაში, მათი მოშურნე მეზობლებისთვის შიშის მომგვრელად და შეერთებული ძალებით მათ თავისუფლებაზე, სიმშვიდესა და კეთილდღეობაზე ამხედრებული მტრების მოგერიებისთვის მზადმყოფად, ახალისებს და უბიძგებს მის უდიდებულესობას მისცეს მის უგანათლებულესობას ქართლისა და კახეთის მეფეს ერეკლე თეიმურაზის ძეს მეგობრული რჩევები და დარიგებები მეგობრობისა და კეთილი თანხმობის შენარჩუნებაზე იმერეთის უგანათლებულეს მეფესთან სოლომონთან და ყოველივე იმის დადგენის შესახებ, რაც შესაძლებელია მხოლოდ უწყობდეს ხელს სხვადასხვანაირი უთანხმოებების აღკვეთასა და ყველანაირი გაუგებრობების თავიდან აცილებას, ჰპირდება რა თავისი საიმპერატორო სიტყვით არა მხოლოდ ხელს უწყობდეს თავისი მონდომებითა და მცდელობებით ამ მეტად სასარგებლო საქმის აღსრულებას, არამედ ასეთ თანხმობასა და მშვიდობაზე თავისი თავდებობის მიცემასაც.
მისი უგანათლებულესობა მეფე ერეკლე, ღებულობს რა სათანადო მადლიერებით მისი უდიდებულესობის დიდსულოვან მზრუნველობას ერთიანი წარმოშობისა და კანონის მქონე ხალხებს შორის მეგობრობის დასაცავად და მის უმაღლეს თავდებობას, ამით აღიარებს, რომ უგანათლებულეს მეფე სოლომონთან მათ ურთიერთ საქმეებში აწ და მომავალშიც აღიარებს მის იმპერატორობით უდიდებულესობას სრულ არბიტრად, დაუქვემდებარებს რა ამ ორ მფლობელს შორის სრულიად მოულოდნელად წარმოქმნილ უთანხმოებებსა და გაუგებრობებს მის უმაღლეს გადაწყვეტას.
ა რ ტ ი კ უ ლ ი ს ე პ ა რ ა ტ უ ლ ი მ ე ო რ ე
ქართლისა და კახეთის სამფლობელოების მეზობელთა მხრიდან ყოველგვარი შემოჭრისგან დასაცავად და მისი უგანათლებულესობის მეფის ჯარების თავდაცვის გასაძლიერებლად მისი იმპერატორობითი უდიდებულესობა ჰპირდება მის (მისი უგანათლებულესობის მეფის _ ი.ხ.) მხარეებში ინახავდეს ქვეითი ჯარის ორ სრულ ბატალიონს ოთხი ზარბაზნით, რომლებსაც შტატებით დადგენილ პროვიანტსა და ფურაჟს მიაწვდიან ნატურით იმ მხარეებიდან მისი უგანათლებულესობის შეთანხმების მიხედვით მთავარ მოსაზღვრე უფროსთან შტატებით დადგენილი ფასის შესაბამისად.
ა რ ტ ი კ უ ლ ი ს ე პ ა რ ა ტ უ ლ ი მ ე ს ა მ ე
ომის შემთხვევისთვის მთავარი მოსაზღვრე უფროსი მისი იმპერატორობითი უდიდებულესობის მხრიდან უფლებამოსილი უნდა იყოს მის უგანათლებულესობასთან ქართლისა და კახეთის მეფესთან შეთანხმებასა და ზომების მიღებაზე აღნიშნული მიწების დაცვისა და მოწინააღმდეგის წინააღმდეგ მოქმედებების თაობაზე, რომელიც სხვანაირად არ შეიძლება იქნას მიჩნეული, თუ არა საერთო მტრად. ამასთან მხარეები ადგენენ, რომ თუ კი ქართლისა და კახეთის ჯარების ნაწილი გამოყენებული იქნება მისი იმპერატორობითი უდიდებულესობის სამსახურში მათი ქვეყნის ფარგლებს გარეთ, მაშინ მათ უნდა მიეცეთ სრული ანაზღაურება მისი უდიდებულესობის სხვა ჯარების თანაბრად.
ა რ ტ ი კ უ ლ ი ს ე პ ა რ ა ტ უ ლ ი მ ე ო თ ხ ე
მისი იმპერატორობითი უდიდებულესობა ჰპირდება ომის შემხთვევაში მიმართოს ყველანაირ მცდელობას იარაღით დახმარებისთვის, ხოლო მშვიდობიანობის დროს აყენებდეს მოთხოვნებს იმ მიწებისა და ადგილების დასაბრუნებლად, რომლებიც უძველესი დროიდან ქართლისა და კახეთის სამეფოს ეკუთვნოდა, რომლებიც დარჩება კიდეც იქაური მეფეების მფლობელობაში სრულიად რუსეთის იმპერატორების მათზე მფარველობისა და უმაღლესი ხელისუფლების შესახებ დადებული ტრაქტატის საფუძველზე.
ამ სეპარატულ არტიკულებს ექნებათ ისეთივე ძალა, როგორც რომ ისინი სიტყვა-სიტყვით თავად ტექსტში ყოფილიყო შეტანილი; რის გამოც რატიფიცირებაც მათზე იმავე ვადაში უნდა იქნას გაცვლილი.
რის დასადასტურებლადაც ქვემორე ხელის მომწერმა სრულუფლებიანმა წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს ამ არტიკულებს და დაუსვეს მათ თავიანთი ბეჭდები წმ. გიორგის სახელობის ციხესიმაგრეში 1783 წლის 24 ივლისს.
დედანზე ხელმოწერილია: პ ა ვ ლ ე პ ო ტ ი ო მ კ ი ნ ი
თავადი ი ო ა ნ ე ბ ა გ რ ა ტ ი ო ნ ი
თავადი გ ა რ ს ე ვ ა ნ ჭ ა ვ ჭ ა ვ ა ძ ე
დ ა მ ა ტ ე ბ ი თ ი ა რ ტ ი კ უ ლ ი
[ქ ა რ თ ლ ი ს ა დ ა კ ა ხ ე თ ი ს მ ე ფ ე ე ბ ი ს თ ა ვ ზ ე გ ვ ი რ გ ვ ი ნ ი ს დ ა დ გ მ ი ს ა დ ა წ მ ი ნ დ ა მ ი რ ო ნ ი ს ც ხ ე ბ ი თ მ ე ფ ე დ კ უ რ თ ხ ე ვ ი ს შ ე ს ა ხ ე ბ]
როგორც ქართლისა და კახეთის მეფეებს უძველესი დროიდან თავზე ადგამენ სამეფო გვირგვინს და სცხებენ წმინდა მირონს მეფედ კურთხევისას, ამიტომ მისი იმპერატორობითი უდიდებულესობა თავისი და თავის მენაცვალეთა სახელით არა მხოლოდ ყოვლად მოწყალედ რთავს ნებავს ხსენებულ მეფეებს იყენებდნენ ამ წმინდა წესს, არამედ თავისი კეთილი ნების უფრო მეტად დადასტურებისთვის მეფობაზე საიმპერატორო ინვესტიტურის ხელშეკრულებაში ჩადებულ სხვა ნიშნებზე დამატებით უწყალობებს მათ ჩვეულებრივ სამეფო გვირგვინს, რომელსაც როგორც ამჟამად მისი უმაღლესობა მფლობელი მეფე ერეკლე მეორე გამოიყენებს, ისე მისმა უგანათლებულესმა მენაცვალეებმაც მომავალში ეს გვირგვინი უნდა დაიდგან თავზე მეფედ კურთხევისას.
მისი უმაღლესობა მეფე ერეკლე ღებულობს რა მისი იმპერატორობითი უდიდებულესობის უმაღლეს წყალობას სათანადო კეთილკრძალულებითა და მადლიერებით, თავისი და თავის მენაცვალეთა სახელით პირობას დებს, რომ მისი მენაცვალენი სამეფო გვირგვინის დადგმისა და მირონცხების წმინდა წესს არ აღასრულებენ მანამდე, სანამ ტრაქტატით დადგენილ ფიცს არ დადებენ სრულიად რუსეთის საიმპერატორო ტახტის ერთგულებაზე და არ მიიღებენ მეფობაზე დამტკიცების საიმპერატორო სიგელს ინვესტიტურით.
ეს არტიკული მიჩნეულ უნდა იქნას ტრაქტატის შემადგენელი სხვა არტიკულების რიცხვში, რის დასადასტურებლადაც ტრაქტატზე ხელმოსაწერად უფლებამოსილმა წარმომადგენლებმა მათთვის მინიჭებული რწმუნების ძალით ხელი მოაწერეს და ბეჭედი დაუსვეს 178... წლის “ “ თვეს.
პ ა ვ ლ ე პ ო ტ ი ო მ კ ი ნ ი
თავადი ი ო ა ნ ე ბ ა გ რ ა ტ ი ო ნ ი
თავადი გ ა რ ს ე ვ ა ნ ჭ ა ვ ჭ ა ვ ა ძ ე
[ფ ი ც ი ს ნ ი მ უ შ ი]
ნიმუში, რომლის მიხედვითაც მისი უგანათლებულესობა მეფე ქართლისა და კახეთისა ერეკლე თეიმურაზის ძე ფიცით პირობას დადებს მისი იმპერატორობითი უდიდებულესობის, სრულიად რუსეთის თვითმპყრობელის ერთგულებაზე და ქართლისა და კახეთის მეფეებზე სრულიად რუსეთის იმპერატორების მფარველობისა და უმაღლესი ხელისუფლების აღიარებაზე.
მე, ქვემოთ დასახელებული, პირობას ვდებ და ყოვლისშემძლე ღმერთს ვფიცავ მისი წმიდა სახარების წინაშე იმაზე, რომ მსურს და ვალდებული ვარ ვიყო მისი იმპერატორობითი უდიდებულესობის, სრულიად რუსეთის ყოვლად უგანათლებულესი და უმპყრობელესი დიდი ხელმწიფის იმპერატრიცისა და თვითმპყრობელის ეკატერინე ალექსის ასულისა და მისი ყოვლად უსაყვარლესი ძის ყოვლად უგანათლებულესი ხელმწიფის მეფისწულისა და დიდი მთავრის პავლე პეტრეს ძის, სრულიად რუსეთის საიმპერატორო ტახტის კანონიერი მემკვიდრისა და იმ ტახტის ყველა მაღალი მენაცვალის ერთგული, გულმოდგინე და კეთილმოსურნე, და ვაღიარებ ჩემი სახელით, ჩემი და მთელი ჩემი სამეფოებისა და მხარეების მემკვიდრეებისა და მენაცვალეთა სახელით მისი იმპერატორობითი უდიდებულესობისა და მისი მაღალი მემკვიდრეების სამარადისოდ უმაღლეს მფარველობასა და უმაღლეს ხელმწიფებას ჩემზე და ჩემს მენაცვალე ქართლისა და კახეთის მეფეებზე, და, ამის შედეგად, უარვყოფ რა ჩემზე და ჩემს სამფლობელოებზე, რანაირი სახელწოდებით ან საბაბითაც არ უნდა იყოს, სხვა ხელმწიფეებისა და სახელმწიფოების ბატონობას ან ხელისუფლებას, და უარს ვამბობ რა მათ მფარველობაზე, ვალდებულებას ვიღებ ჩემი სუფთა ქრისტიანული სინდისით რუსეთის სახელმწიფოს მოწინააღმდეგეები მიმაჩნდეს ჩემს საკუთარ მოწინააღმდეგეებად, ვიყო დამჯერი და მზად მყოფი ყველა შემთხვევაში, სადაც მისი იმპერატორობითი უდიდებულესობისა და სრულიად რუსეთის სახელმწიფოს სამსახურში საჭირო ვიქნები; და ამ სამსახურში არ ვზოგავდე ჩემს სიცოცხლეს სისხლის უკანასკნელ წვეთამდე; მისი უდიდებულესობის სამხედრო და სამოქალაქო უფროსებთან და სამსახურში მყოფებთან ვიყო გულწრფელი თანხმობით; და თუ კი მისი უდიდებულესობისა და მისი იმპერიისთვის რაიმე საზიანო ან უკადრისი საქმე ან განზრახვა შევიტყო, მაშინვე ვაუწყო ამის შესახებ; ერთი სიტყვით, ვიქცეოდე ისე, როგორც რუსეთის ხალხებთან ჩემი ერთმორწმუნეობისა და მისი იმპერატორობითი უდიდებულესობის მფარველობისა და უმაღლესი ხელისუფლების შესაბამისად ჩემი მოვალეობისთვის შესაფერი და საჭირო იქნება. ამ ჩემი ფიცის დასასრულს ვემთხვევი სიტყვასა და ჯვარს მაცხოვრისა ჩემისა. ამინ.
ეს ნიმუში მომავალშიც უნდა ემსახურებოდეს ქართლისა და კახეთის მეფეებს ფიცის პირობის დადებისას მათი მეფობაზე შედგომისა და რუსეთის საიმპერატორო კარისგან ნაწყალობევი დამამტკიცებელი სიგელის მიღებისას ინვესტიტურის ნიშნებით.
ამის დასადასტურებლად ქვემორე ხელისმომწერმა უფლებამოსილმა პირებმა მათი სრული უფლებამოსილების ძალით ამ ნიმუშს ხელი მოაწერეს და დაუსვეს თავიანთი ბეჭდები წმ. გიორგის ციხესიმარეში 1783 წლის 24 ივლისს.
დედანს ხელი მოაწერეს: პ ა ვ ლ ე პ ო ტ ი ო მ კ ი ნ ი
თავადი ი ო ა ნ ე ბ ა გ რ ა ტ ი ო ნ ი
თავადი გ ა რ ს ე ვ ა ნ ჭ ა ვ ჭ ა ვ ა ძ ე
ასეთია გეორგიევსკის ტრაქტატისა და მისი თამნხლები დოკუმენტების ტექსტი, რომელიც თუმცა კი არ წარმოადგენს მის იურიდიულად გამართულ თარგმანს, მაგრამ, ჩვენი აზრით, დაწვრილებით წარმოდგენას მისცემს ჩვენს მკითხველს ამ ხელშეკრულების შესახებ. ჩვენს საზოგადოებაში სამწუხაროდ დამკვიდრებულია ის შეხედულება, რომ გეორგიევსკის ტრაქტატი არის თანასწორუფლებიანი შეთანხმება ორ სახელმწიფოს შორის მოკავშირეობაზე, და რომ რუსეთი სისტემატიურად არღვევდა ამ შეთანხმების პირობებს, რათა საქართველო სულ უფრო მეტად გაჭირვებულ მდგომარეობაში ჩაეყენებია, ხოლო შემდეგ კი დაეპყრო და გადაეყლაპა, რაც განახორციელა კიდეც 1800-იანი წლების დასაწყისში.
მაგრამ ტრაქტატის ტექსტიდან ნათლად ჩანს, რომ ეს არ ყოფილა თანასწორუფლებიანი შეთანხმება ორ სახელმწიფოს შორის, და რომ ერეკლე მეორე გარკვეულ ვასალურ დამოკიდებულებაში შევიდა რუსეთის იმპერიასთან, თუმცა კი არა ქვეშევრდომის, არამედ მოკავშირის სახით. დოკუმენტში ქართლ-კახეთის მეფე მოხსენიებულია ტიტულით “მისი უგანათლებულესობა”, რაც შეესაბამება მფლობელი მთავრის პატივს, რუსეთის იმპერატრიცა კი _ ტიტულით “მისი უდიდებულესობა”, რაც ევროპელი მონარქების წოდებაა, და ასევე უწოდებდნენ ისინი ირანის შაჰებსა და ოსმალეთის სულთნებს. ერეკლე მეფე ვალდებულებას იღებს მეზობელ მფლობელებთან ურთიერთობებში კონსულტაციები იქონიოს და სერიოზულ ანგარიშს უწევდეს ჩრდილო-კავკასიაში დადგენილ რუს სამხედრო უფროსებთან ან საიმპერატორო კართან. რუსეთის იმპერატრიცა კი არ არის ვალდებული პრუსიასთან, ავსტრიასთან, შვედეთთან ან ინგლის-საფრანგეთთან ურთიერთობებში კონსულტაციები იქონიოს ქართლ-კახეთის მეფესთან და ა.შ.
რუსეთის მართლმადიდებლური იმპერიის, გნებავთ მეფის რუსეთის არსებობის დროს გეორგიევსკის ტრაქტატის შესახებ როგორც რუსულ, ისე ქართულ საზოგადოებაშიც სწორი წარმოდგენა არსებობდა. მაგრამ დასავლეთ ევროპასა და შეერთებულ შტატებში არსებული მსოფლიო რევოლუციური ცენტრებისა და საიდუმლო საზოგადოებების ძალისხმევით ინსპირირებული და ორგანიზებული რუსული რევოლუციური მოძრაობის, რუსეთის 1905 და 1917 წლების რევოლუციების შედეგად რუსეთის იმპერიის (გნებავთ რუსეთის ისტორიული სახელმწიფოს) დანგრევის კვალდაკვალ საქართველოში გაჩნდა ყალბი და შეგნებულად დამახინჯებული წარმოდგენა გეორგიევსკის ტრაქტატისა და საერთოდ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების შესახებ, ხოლო ამ გაყალბების ერთერთი ავტორთაგანი, სამწუხაროდ, გახლდათ საქართველოში პატივცემული და დაფასებული ისტორიკოსი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უმთავრესი დამაარსებელი აკადემიკოსი ივანე ჯავახიშვილი, რასაც შემდგომში ვაჩვენებთ ჩვენს მკითხველს. ბ-ნ ივანეს აღიარებული ავტორიტეტი წარმოადგენდა მისი შეხედულებისადმი ქართული საზოგადოების ნდობის საწინდარს, თუმცა კი ქართველ ისტორიკოსებს მეტი მოეთხოვებოდათ საბჭოთა პერიოდის ბოლო ათწლეულების ქართული საზოგადოებრიობის სწორი ისტორიული ორიენტაციისთვის, და ასევე მოეთხოვებათ დღესაც.
ხოლო ასეთი გაყალბებული ისტორიული გზით მიმავალ ქართველობას რომ გზაში უამრავი გაჭირვება, სისხლიანი განსადცელები და უბედურებანი ხვდება, ეს უკვე გასაკვირი არ უნდა იყოს.
ირაკლი ხართიშვილი
2007 წლის ივნისი
დ ა მ ა ტ ე ბ ა I I
გეორგიევსკის ტრაქტატზე წარმოდგენის გაყალბება ქართულ ისტორიულ აზროვნებაში
1989 წელს თბილისში გამოიცა წიგნი „ისტორიული რარიტეტები“, რომელშიც ხელახლა გამოქვეყნებულია ბიბლიოგრაფიულ იშვიათობებად ქცეული ივ. ჯავახიშვილის (ორი), პ. სურგულაძისა (ორი) და პროფ. ლისტის (ერთი) 1918 და 1919 წლებში გამოცემული ნაშრომები (სულ ხუთი ნაშრომი). ამჯერად ჩვენი მკითხველის ყურადღება გვინდა შევაჩეროთ ივ. ჯავახიშვილის მიერ 1919 წელს თბილისში გამოქვეყნებულ ნაშრომზე „დამოკიდებულება რუსეთსა და საქართველოს შორის მე-XVIII-ე საუკუნეში“.
წინასიტყვაობაში ავტორი აღნიშნავს: „რუსეთ-საქართველოს ურთიერთშორისი დამოკიდებულებისა და საქართველოს რუსეთთან შეერთების შესახებ გამოკვლევანი და წერილები წინათაც საკმაოდ მოიპოვებოდა, მათ შორის ხელთუფლიშვილისა და ზ. ავალიშვილისა ცნობილი თხზულებებიც ითვლება. ამისდა მიუხედავად ამ მონოგრაფიის გამოქვეყნება განსაკუთრებით იმიტომ გადავსწყვიტე, რომ ყველა აქამდის გამოცემულს თხზულებებში რუსეთში არსებულ პოლიტიკურ და საცენზურო პირობების სიმკაცრის წყალობით ავტორებს ისტორიული სიმართლის სრული სინამდვილითა და გულახდილობით გამოთქმა არ შეეძლოთ. ეს ნაკლი უნდა შევსებულიყო და ჩემი მონოგრაფიის უმთავრეს მიზანსაც სწორედ ეს შეადგენდა. ამას გარდა ვითარცა ისტორიკოსს მე იმდროინდელი ამბების ფარული ამამოძრავებელი ძალისა და მისწრაფების სიცხადიდ გამოაშკარავება მაინტერესებდა. თვით რუსეთ-საქართველოს 1783 წ. ხელშეკრულების განხილვაც ახალ თვალსაზრისით შეიძლებოდა და საჭიროც იყო. მკითხველი ალბათ შეამჩნევს რომ ყველა ამ მხრივ ამ მონოგრაფიაში არა ერთი ახალი შეხედულებაა, ან ძველი წინანდელზე უფრო მეტის ხაზგასმულობითა და დასაბუთებულობით არის გამოთქმული... საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ საქართველოს რესპუბლიკის ყოველი მოქალაქე მოვალეა თავისი ქვეყნის წარსული იცოდეს, განსაკუთრებით ისეთი ხანა, როგორიც მე-XVIII-ე ს-ეა. აწინდელმა ქართველმა პოლიტიკოსმა ამ ჩვენს წარსულშიაც შეიძლება ბევრი რამ საგულისხმო და გამაფრთხილებელი ამოიკითხოს“.
ასეთი შესავლის შემდეგ ივ. ჯავახიშვილი გადადის ძირითადი საკითხის განხილვაზე. ნაწარმოების IV თავი ეძღვნება 1783 წლის ხელშეკრულებას რუსეთ-საქართველოს შორის, ანუ გეორგიევსკის ტრაქტატს, რომელიც დაიდო ივლისის თვეში რუსეთის ჯარების კავკასიის ხაზის წმ. გიორგის სახელობის ციხესიმაგრეში. რა თქმა უნდა რუსეთის იმპერიაში მოქმედებდა სახელმწიფო ცენზურა და ყველაფრის თქმა ისტორიკოსებსა და მკვლევარებს მაშინ არ შეეძლოთ. რა თქმა უნდა, ია-ვარდებით მოფენილი არ იყო ქართველი ერის გზა რუსეთის სახელმწიფოს შემადგენლობაში; თუმცა კი საქართველოს რუსეთთან შეერთებასაც თავისი ისტორიული მიზეზები და წინაპირობები გააჩნდა; თუმცა კი არსებობს მოსაზრებაც, რომ იმდროინდელი ქართველობა უკიდურესად იყო შევიწროვებული, დასუსტებული და სისხლისაგან დაცლილი, და რომ სწორედ რუსეთის ისტორიული სახელმწიფოს შემადგენლობაში შეძლო მან ფიზიკურად გადარჩენა, მუსლიმანთა აოხრება-თარეშისგან მოსვენება, ძალების მოკრება და წმ. ილია მართლისა (ჭავჭავაძისა) და სხვა მამულიშვილთა მოღვაწეობით, თავისი საზოგადოებრივ-პოლიტიკური და ეროვნული ინტერესების დაცვა-განვითარება. მაგრამ ეს სხვა საუბრის თემაა. ჩვენ კი ისევ გეორგიევსკის ტრაქტატს დავუბრუნდეთ.
ივ. ჯავახიშვილი თავისი მონოგრაფიის IV თავის §2-ში გადმოგვცემს აღნიშნული ტრაქტატის შინაარსს: „ამ ხელშეკრულებაში განსაზღვრულია უფლებრივი დამოკიდებულება რუსეთსა და საქართველოს შორის. მეექვსე მუხლში სახელდობრ ნათქვამია, რომ „მისი იმპერატორობითი უდიდებულესობა ქართლისა, კახეთისა (ქართლ-კახეთისა) და საქართველოის სამეფოებზე უზენაესის ხელმწიფებისა და მფარველობის კეთილმოსურნეობით მიმღები თავისი და თავისი შთამომავლობის სახელით აღთქმასა სდებს: 1) რომ ამ სამეფოთა ერნი მის სახელმწიფოსთან მჭიდრო კავშირში და სრულს თანხმობაში ჩასთვალოს და მაშასადამე მისი მტრები თავის მტრებად მიიჩნიოს“.
ამისდა მიხედვით რუსეთის ხელმწიფე თავის და თავის შთამომავლობის სახელით „უზაკველის აღთქმით“ აღთქმასა სდებს, რომ „მოწყალება და მფარველობა მათი ქართლისა და კახეთის (ქართლ-კახეთის) მეფეებს არას დროს არ ჩამოშორდებათ“ (§2). საქართველოს მეფეთა უფლება მემკვიდრეობით გადავიდოდა და რუსეთის ხელმწიფე აღთქმასა სდებდა, რომ ერეკლე მეფე და მისი შთამომავლობა მუდამ, განუწყვეტლივ სამეფო უფლებით მოსილი იქმნებიან (§6, პუნქტი 2). საქართველოს სამეფო ტახტზე მისი მეფეები მემკვიდრეობის ძალით ადიან. დამოკიდებულება რუსეთის ხელმწიფესა და საქართველოს მეფეს შორის ამ მხრივ მხოლოდ იმით გამოიხატებოდა, რომ მემკვიდრეობის უფლებით საქართველოს ტახტზე ახლად ასულს მეფეს უმალ ეს ამბავი უნდა რუსეთის ხელმწიფისათვის ეცნობებინა და თავის დესპანის პირით საინვესტიტურო სიგელით და სამეფო ნიშნების გამოგზავნით დამტკიცება ეთხოვა. ამაების მიღებისთანავე მეფეს უნდა რუსეთის მინისტრის თანდასწრებით რუსეთის სახელმწიფოს ერთგულებისა და გულმოდგინებისა, ხოლო სრულიად რუსეთის ხელმწიფეების უზენაესი ხელმწიფებისა და მფარველობის ცნობის აღთქმა დაედვა (§3).
სამეფოს შინაურ საქმეების მართვა-გამგეობაში, კანონმდებლობაში და უზენაეს მართლმსაჯულებაში, გადასახადების დაწესებასა და აკრეფაში საქართველოს მეფე სრულიად დამოუკიდებელი იყო (§6, პუნქტი 3).
თვით რუსეთის ხელმწიფის კარზე საქართველოს მეფეს თავისი მინისტრი, ანუ რეზიდენტი ჰყავდა და რუსეთის ხელმწიფესაც თავის მხრივ საქართველოს სამეფო კარზე რუსეთის წარმომადგენელი მინისტრი, ანუ რეზიდენტი იმყოფებოდა (§5). საქართველოს მეფეს საერთაშორისო დამოკიდებულების უფლებაც ჰქონდა, მხოლოდ იმ მხრივ შეზღუდვილი, რომ ამ ურთიერთობისათვის რუსეთის მინისტრ-რეზიდენტისა და მონაპირეთ მთავართან წინასწარი შეთანხმება იყო საჭირო. სხვა სახელმწიფოების დესპანებისათვის, ან მიღებული წერილების გასაცემ პასუხის შესახებაც რუსეთის იმავე წარმომადგენლებთან თათბირი უნდა ჰქონოდა (§4).
ამ ხელშეკრულების მიზანი საქართველოსთვის იმაში მდგომარეობდა, რომ რუსეთის სახელმწიფო საქართველოს მიწაწყლისა. მეზობლებისა და მტრებისაგან დაცვა-დახმარებას კისრულობდა. ამისთვის მას ქართული ლაშქრისათვის მისაშველებლად აღმოსავლეთ საქართველოში 2 სრული ბატალიონი ქვეითობა, ოთხი ზარბაზნითურთ უნდა ჰყოლოდა (ცალკ. არტიკ. §2). ეს მუხლი აღმოსავლეთ საქართველოს მხოლოდ მაშინდელ სამზღვრების ხელშეუხებლობას ეხებოდა.
მაგრამ ერეკლე მეფეს მარტო ამისთვის არ დაუდვია ეს ხელშეკრულება: მას უფრო ფართო და შორსგამჭვრეტელი მიზანი ჰქონდა დასახული: ქართველობის გაერთიანებასა და სრულიად საქართველოს აღდგენაზე ოცნებობდა. ამიტომ ამ ხელშეკრულებაში მან განსაკუთრებულ მე-4-ე არტიკულად შეატანინა, რომ რუსეთის ხელმწიფე აღთქმას სდებდა ომის დროს იარაღის საშუალებით, ხოლო მშვიდობიანობის დროს თავგამოდებით ყოველნაირად ეცდებოდა, რომ ქართლ-კახეთის სამეფოს დაუბრუნდნენ და მის სამფლობელოებად დარჩნენ ყველა ის ადგილები, რომელნიც მას ძველითგანვე ეკუთვნოდენ. ამასთანავე რუსეთის ხელმწიფეები აღთქმას სდებდენ, რომ საქართველოს ამ ახლად დაბრუნებულ და შემოერთებულ ქვეყნების ხელშეუხებლობის უზრუნველყოფის თავდებობასაც კისრულობდენ (არტიკ. 2).
თავის მხრივ საქართველოს მოვალეობად ჰქონდა, რუსეთის სახელმწიფოს მიხმარებოდა და რუსეთის ქვეშევრდომებისადმი საქართველოში განსაკუთრებული მფარველობა გამოეჩინა (არტიკ. 7). მაგრამ ცხადია ამით არ განისაზღვრებოდა ის სარგებლობა, რომელიც ამ ხელშეკრულებას რუსეთისთვის უნდა მოეტანა. რუსეთის მთავრობა განსაკუთრებით იმ იდუმალ დიდ სარგებლობაზე ოცნებობდა, რომელსაც ასეთი წინასწარი სიამოვნებით მოელოდა ეკატერინე II-ე“. (ციტატის დასასრული _ ი. ხ.).
აი, ასე გადმოგვცემს ივ. ჯავახიშვილი გეორგიევსკის ტრაქტატის შინაარსს, ხოლო შემდეგ გადადის სხვადასხვა ავტორების (ბელგიელი პროფესორის ერნსტ ნისის, გერმანელი პროფესორის ფონ ლისტცის, ზ. ავალიშვილის, მ. ხელთუფლიშვილის) მიერ ტრაქტატის ხასიათის შეფასებაზე _ იყო თუ არა ეს მეგობრობისა და კავშირის ხელშეკრულება (ნისი), თუ რუსეთის პროტექტორატისა და სუვერენობის დამყარება საქართველოზე (ფონ ლისტცი), ერთდროულად მფარველობაც, პროტექტორატიცა და ვასალობაც (ზ. ავალიშვილი) თუ წმინდა პროტექტორატი და მფარველობა (მ. ხელთუფლიშვილი). და საბოლოოდ ასკვნის, რომ უმჯობესია სახელმძღვანელოდ ავიღოთ ის დებულება, როგორც მას უყურებდნენ მისი დამდები პირები _ სრულიად რუსეთის იმპერატრიცა და ქართლ-კახეთის მეფე, ანუ „მფარველობითი მოკავშირეობის“ დამოკიდებულება.
როგორც ვხედავთ, გეორგიევსკის ტრაქტატის ხასიათის შეფასებასთან მიმართებით ივ. ჯავახიშვილი არ სცილდება რუსეთის იმპერიაში დამკვიდრებულ ოფიციალურ შეხედულებას, რომელიც ძირითადად განსაზღვრული იყო თავად ეკატერინე II-ის მიერ პროფ ა. ცაგარელის მეცადინეობით გამოქვეყნებულ მის ერთ საბუთში. რუსულ დედანთან ერთად ივ. ჯავახიშვილს მოჰყავს მისი ქართული თარგმანიც: „მის უდიდებულესობის აზრი იყო, რომ ქართველ მეფეებთან (ე. ი. ერეკლე II-სა და სოლომონთან) დადებულიყო მოკავშირეობის ხელშეკრულება ისე, რომ ისინი ქვეშევრდომებად კი არა, არამედ სრულიად რუსეთის სახელმწიფოს მფარველობის ქვეშ მყოფ მოკავშირეებად ყოფილიყვნენ წოდებულნი“.
კეთილი და პატიოსანი, ასეთი საბოლოო შეფასება მნიშვნელოვნად უფრო რბილია ბელგიელი, გერმანელი და წინამორბედი ქართველი ავტორების შეფასებასთან შედარებით. მაგრამ განა აღნიშნულმა ავტორებმა არ იცოდნენ ეკატერინე II-ის ამ წერილის შესახებ? ისინი ხომ ლაპარაკობდნენ არა სახელწოდებაზე, არამედ სამართლებრივ შინაარსზე. განა ამას ვერ მიხვდებოდა ივ. ჯავახიშვილიც? მაშ რატომ გაჩერდა მხოლოდ ეკატერინე II-სა და ერეკლე II-ის მიერ გამოთქმულ ამ შეფასებებზე? ესეც კიდევ არაფერია იმასთან შედარებით, რა გაყალბებებიც დაიწყეს გეორგიევსკის ტრაქტატის ხასიათისა თანამედროვე საქართველოში. ყველას გვეხსომება ამ რამდენიმე წლის წინ ტელეკომპანია „იმედის“ მიერ გაშვებული ერეკლე მეფის „ტელეგასამართლება“ (რამდენიმე სერიად) სწორედ აღნიშნული ხელშეკრულების დადების გამოისობით, თურმე, ნუ იტყვით, „საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესების შესაძლო ღალატის გამო“. ამ ტელესანახაობებში ქართველი ისტორიკოსებიც გამოჰყავდათ, და ერთი მათგანი, აწ გარდაცვლილი (ამიტომ სახელის დასახელებისგან თავს შევიკავებთ), ერეკლე II-ის „გასამართლებლად“, ყველას დაბეჯითებით გვარწმუნებდა, რომ ქართლ-კახეთის სამეფომ რუსეთის იმპერიასთან თ ა ნ ა ს წ ო რ უ ფ ლ ე ბ ი ა ნ ი სამოკავშირეო ხელშეკრულება დასდოო (ხაზი ჩვენია _ ი. ხ.). და ძალიან ბევრს ჩვენში სჯერა ამ სიყალბის. ან კიდევ, თუ რაიმე ისე არ წავიდა რუსეთ-საქართველოს იმდროინდელ და შემდგომ ურთიერთობებში, მაინცა და მაინც ამაში რუსეთს ადანაშაულებს.
მაგრამ ჩვენი წერილის დაკვირვებით წამკითხველი ადვილად შეამჩნევდა, რომ თავად ტრაქტატის შინაარსის გადმოცემისას ივ. ჯავახიშვილი, რატომღაც, თხრობას იწყებს მე-6 მუხლიდან (არტიკულიდან), და არა პირველიდან, და შემდეგ აქეთ-იქით გადადის და გადმოდის. თანაც პირველი მუხლის შესახებ საერთოდ არაფერს ამბობს. და, მერე, რა სწერია ამ მუხლში? იქ, თანამედროვე ქართულზე გადმოტანით, სიტყვა-სიტყვით ნათქვამია შემდეგი: „მისი უგანათლებულესობა მეფე ქართლისა და კახეთისა თავისი სახელით, თავისი მემკვიდრეებისა და მენაცვალეთა სახელით საზეიმოდ სამარადისოდ უარს ამბობს ყოველგვარ ვასალობაზე, ან სხვა რაიმე წოდებით (ტიტულით) ყველანაირ დამოკიდებულებაზე სპარსეთის ან რომელიმე სხვა სახელმწიფოსგან; და ამით აცხადებს მთელი მსოფლიოს წინაშე, რომ იგი არ აღიარებს თავის თავზე ან თავის მენაცვალეთა თავზე სხვა თვითმპყრობელობას თვინიერ სრულიად რუსეთის საიმპერატორო ტახტის და მისი იმპერატორობითი უდიდებულესობისა და მისი მაღალი მემკვიდრეებისა და მენაცვალეთა უმაღლესი ხელისუფლების და მფარველობისა, ჰპირდება რა ამ ტახტს ერთგულებასა და მზადყოფნას შეეწეოდეს სახელმწიფოს სარგებელს ყველა შემთხვევაში, სადაც კი ამას მისგან მოითხოვენ“.
როგორც ვხედავთ, ამ მუხლში (არტიკულში) სრულიად რუსეთის იმპერატრიცა მოხსენიებულია ტიტულით “მისი უდიდებულესობა”, ერეკლე მეფე კი ტიტულით “მისი უგანათლებულესობა”, რაც ფეოდალურ იერარქიაში რანგით ჩამოუვარდება “უდიდებულესობის” ტიტულს და შეესაბამება არა ევროპელ მონარქს, არამედ მფლობელ მთავარს (владетельный князь). ანუ, როგორც მანამდეც, ირანის შაჰი იყო მისი უდიდებულესობა, ხოლო გურჯისტანის ვალი ერეკლე ხანი _ მისი უგანათლებულესობა (его светлость), ან როგორც ოსმალეთის სულთანი იყო მისი უდიდებულესობა, ხოლო ყირიმის ხანი _ მისი უგანათლებულესობა, ან როგორც რუსეთის იმპერატრიცა იყო მისი უდიდებულესობა, ხოლო საღვთო რომის იმპერიის უგანათლებულესი თავადი გრიგორი პოტიომკინი _ მისი უგანათლებულესობა, ან კიდევ უფრო მოგვიანებით, როგორც სრულიად რუსეთის იმპერატორი ნიკოლოზ I იყო მისი უდიდებულესობა, ხოლო გრაფი პასკევიჩი ვარშავის ბრძოლით აღების შემდეგ გახდა უგანათლებულესი თავადი _ მისი უგანათლებულესობა, ასევე, ქართლ-კახეთის მეეფეც სრულიად რუსეთის საიმპერატორო კართან შევიდა დაქვემდებარებულ დამოკიდებულებაში, თუმცა კი მფარველობაში და არა ქვეშევრდომობაში, როგორც მაგალითად იყვნენ, და ბუნებრივადაც, პოტიომკინი და პასკევიჩი.
ერეკლე მეფისგან განსხვავებით, რუსეთში ფრიად პატივცემულ და დაფასებულ გენერალს პეტრე ბაგრატიონს, მრავალი ომის გმირსა და ჯილდოების კავალერს, ჰქონდა ტიტული “მისი ბრწყინვალება” (его сиятельство), როგორც ბუნებრივ რუს თავადებს: დოლგორუკოვებს, რეპნინებს, გაგარინებს, შერემეტევებს და სხვათა. ასეთივე ტიტულები მიიღეს რუსეთის იმპერიის იერარქიაში შემდგომში ქართველმა თავადებმაც: ბაგრატიონ-მუხრანელებმა, ორბელიანებმა, ციციშვილებმა, ვახვახიშვილებმა, ჩოლოყაშვილებმა, აბაშიძეებმა, წერეთლებმა, დადიანებმა, შერვაშიძეებმა, აფაქიძეებმა და სხვათა.
ამ აზრის განსამტკიცებლად მოვიყვანთ ტრაქტატის მე-5 მუხლს, რომლის შესახებაც ივ. ჯავახიშვილი ლაპარაკობს, მაგრამ, ისევ ნაკლულად, ტენდენციურად: “რათა უფრო მოხერხებულად ჰქონდეს საჭირო ურთიერთობა და თანხმობა რუსეთის საიმპერატორო კართან, მის უგანათლებულესობა მეფეს სურს იყოლიოს მის კარზე თავისი მინისტრი ან რეზიდენტი, ხოლო მისი იმპერატორობითი უდიდებულესობა, მოწყალედ ღებულობს რა ამას, ჰპირდება, რომ ამ პირს მის კარზე მიიღებენ მისი თანასწორი მდგომარეობის მქონე ს ხ ვ ა მ ფ ლ ო ბ ე ლ ი მ თ ა ვ რ ე ბ ი ს მინისტრების თანაბრად (на равне министров других владетельных князей), და მასთან ერთად სურვილს გამოთქვამს თავის მხრივ შეინახოს მისი უგანათლებულესობის კარზე რუსეთის მინისტრი ან რეზიდენტი”. აქაც პირდაპირ ნათქვამია ერეკლე II-ის რანგის შესახებ რუსეთის ტახტთან მიმართებით.
გარდა ამისა, ტრაქტატის იმავე პირველ მუხლში ერეკლე მეფე საზეიმოდ აცხადებს, რომ ამიერიდან სამარადისოდ უარს ამბობს ირანის ან სხვა რომელიმე მესამე სახელმწიფოს ვასალობაზე, ან სხვა რაიმე სახით დამოკიდებულებაზე და არ აღიარებს თავის თავზე და თავის მემკვიდრეებზე არავის თვითმპყრობელობას გარდა სრულიად რუსეთის იმპერატორებისა; რომ ერთგულად და გულმოდგინედ ემსახურება რუსეთის იმპერიის ტახტის ინტერესებს.
ტრაქტატის მეორე მუხლი, რომელზედაც ივ. ჯავახიშვილი უკვე ლაპარაკობს, ასეთია: “მისი იმპერატორობითი უდიდებულესობა, ღებულობს რა მისი უგანათლებულესობის მხრიდან ასეთ გულწრფელ დაპირებას, მის თანაბრად ჰპირდება და თავისი იმპერატორობითი სიტყვით აიმედებს თავისგან და თავის მენაცვალეთაგან, რომ მათი წყალობა და მფარველობა ქართლისა და კახეთის უგანათლებულეს მეფეებს არასოდეს წაერთმევათ. რის დასამტკიცებლადაც მისი უდიდებულესობა აძლევს თავის იმპერატორობით თავდებობას მისი უგანათლებულესობის მეფე ერეკლე თეიმურაზის ძის ახლანდელი სამფლობელოიების მთლიანობის შენარჩუნებაზე, ვარაუდობს რა ასეთი თავდებობის გავრცელებას იმ სამფლობელოებზეც, რომლებიც დროთა განმავლობაში გარემოებების გამო შეძენილი და მტკიცედ მისდამი დაქვემდებარებული იქნება”.
ამ პირველი ორი მუხლით განსაზღვრულია რუსეთ-საქართველოს მომავალი ურთიერთ დამოკიდებულების საფუძვლები, ხოლო ხელშეკრულების დანარჩენი მუხლები კი წარმოადგენს ამ საფუძვლების გაშლასა და ხორცშესხმას კონკრეტული მიმართულებებით. ამიტომ უპრიანი იქნებოდა ობიექტურ და სიმართლის გულშემატკივარ მკვლევარს ტრაქტატის შინაარსის გადმოცემა დაეწყო არა მე-6 მუხლით, არამედ _ პირველით. ივ. ჯავახიშვილი, სამწუხაროდ, ასე არ მოიქცა. სწორედ ამაში გვესახება ჩვენ მისი ტენდენციურობა (რბილად რომ ვთქვათ). მკითხველი ამაში ნათლად დარწმუნდება თავად გეორგიევსკის ტრაქტატის ტექსტის ყურადღებით გაცნობისას.
ამჯერად შევეხებით მხოლოდ ერთ საკითს, ანუ იმას, რომ ივ. ჯავახიშვილი თავის ნაშრომში ლაპარაკობს რუსეთის ხელისუფლების მიერ აღმოსავლეთ საქართველოს ხელისუფლებისადმი მიცემულ აღთქმებზე, მაგრამ, რატომღაც, ავიწყდება პირიქით, ერეკლე მეფის მიერ მიცემული აღთქმების მოხსენიება. ტრაქტატის მე-6 მუხლი, რომელშიც განსაზღვრულია რუსეთის იმპერატორების ვალდებულებანი საქართველოს მეფეთა წინაშე, შეიცავს სამ პუნქტს, და იგი თითქმის სრულად მოყვანილი აქვს ივ. ჯავახიშვილს. ხოლო ტრაქტატის მე-7 მუხლი, რომელშიც განსაზღვრულია ქართლ-კახეთის მეფეთა ვალდებულებები რუსეთის ტახტის წინაშე, ასევე შეიცავს სამ პუნქტს, მაგრამ მათგან მხოლოდ ერთი პუნქტის ნაწილი აქვს ჩვენს პატივცემულ ისტორიკოსს მოტანილი _ რუსეთის ქვეშევრდომებზე ზრუნვა. ქვემოთ მოგვყავს ეს მუხლი სრულად: “მისი უგანათლებულესობა მეფე, ღებულობს რა სათანადო კრძალულებით მისი იმპერატორობითი უდიდებულესობის მხრიდან ასეთ მოწყალე დაიმედებას, თავისი და თავისი შთამომავლების სახელით ჰპირდება: 1. ყოველთვის მზად იყოს თავისი ჯარებით მისი უდიდებულესობის სამსახურისთვის. 2. რუსეთის უფროს მოხელეებს მიმართავდეს ყოველთვის ყველა საქმეში, რომლებიც შეეხება მისი იმპერატორობითი უდიდებულესობის სამსახურს, აკმაყოფილებდეს მათ მოთხოვნებს და მისი უდიდებულესობის ქვეშევრდომებს იცავდეს ყველანაირი წყენისა და შევიწროვებისგან. 3. თანამდებობებზე პირების დანიშვნისა და მათი დაწინაურებისას საგანგებო პატივს მიაგებდეს სრულიად რუსეთის იმპერიის წინაშე მათ დამსახურებას, რომლის მფარველობაზეც არის დამოკიდებული ქართლისა და კახეთის სამეფოების სიმშვიდე და კეთილდღეობა”.
ესეც ერეკლე მეფის მიერ დადებული საზეიმო აღთქმაა რუსეთის საიმპერატორო ტახტის წინაშე, მაგრამ, რატომღაც ივ. ჯავახიშვილი ამასაც აჩუმათებს. ამის შემდეგ უკვე აღარ არის გასაკვირი ჩვენს საზოგადოებაში არსებული დამახინჯებული წარმოდგენა გეორგიევსკის ტრაქტატის შესახებ, გაუთავებელი საყვედურები რუსეთისა და რუსების მიმართ, რომელშიც ტონს ისევ ივ. ჯავახიშვილი იძლევა ამ თავისი, სამწუხაროდ, ტენდენციური მონოგრაფიით, შედეგი კი ყველასთვის ცნობილია _ გაუთავებელი გაუგებრობანი, მტრობა, სისხლი და უბედურება ფუჭ დიდებასა და წვრილმან პატივმოყვარეობას ან კარიერიზმს გამოკიდებული “პოლიტსაქმოსნების” განსაკუთრებული აქტიურობით, უმეცრებით, სიბრიყვით ან აშკარა უსინდისობით. და სადამდე გვინდა ასე სიარული? განა რუსებიც ასევე ღმერთის შვილები არ არიან? განა უფალს ასევე არ სტკივა გული ჩვენგან მათ მიმართ ცილისწამებების გამო? იქნებ ჩვენ შორის არსებული სისხლიანი კონფლიქტები ბევრწილად ისევ ჩვენი მიზეზით არის გამოწვეული?
1919 წელს, როდესაც ივ. ჯავახიშვილის ეს ნაშრომი ქვეყნდებოდა, საქართველოში შემოსული იყვნენ ბრიტანული ჯარი და ბრიტანული მმართველობა, რომელიც მონდომებული იყო რუსეთის იმპერიის დაშლისთვის და საამისოდ სჭირდებოდა გაუგებრობებისა და მტრობის დათესვა რუსულ-ქართულ ურთიერთობებში. გარდა ამისა, XX საუკუნის დასაწყისი ხასიათდებოდა ერებისა და ხალხების განათლებული ნაწილის ძლიერი ათეიზაციით როგორც მთელს ევროპაში, ასევე რუსეთის იმპერიაშიც. ამ ორი ფატქორის შედეგს უნდა წარმოადგენდეს ივ. ჯავახიშვილის ეს სამწუხარო ტენდენციურობა რუსეთის მიმართ, და ამის გამოსწორება, ღვთის რწმენითა და ცოდნით ჩვენი, დღევანდელი ქართველობის ვალია. შეგვეწიოს უფალი ყველას ამ დიდ და წმინდა საქმეში.
ირაკლი ხართიშვილი
2008 წლის მარტი
დ ა მ ა ტ ე ბ ა I I I
იბერიისა და გეორგიის პოლიტიკური და ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ
(გერმანელი მიგზაურის იაკობ რაინეგსის წიგნიდან „მოგზაურობა საქართველოში“)
დოქტორი რაინეგსი აღნიშნულ თავში წერს:
„მართალია, გეორგია თავის ნაყოფიერ მიწაზე ცოტა მოსახლეობას ითვლის, მაგრამ მათ ყოველთვის შეეძლოთ მბრძანებლის ბედნიერება შეექმნათ. ამ უკანასკნელს ის ყოველთვის რომ თავის სასარგებლოდ გამოეყენებინა ის ნაწილი გეორგიისა, რომელსაც საერთოდ იბერია, ან იმერეთი ჰქვია, ითვლის 19-20 ათას კომლს. 50-დან 60 ათასამდე კაცის სიბეჯითე რომ შეერთებულიყო და სიუხვით ბედნიერი ქვეყანა დაემუშავებინა, რომელ ხალხი იქნებოდა თავისი მდიდარი შემოსავლით ისე კმაყოფილი, როგორც ესენი? _ მაგრამ როგორც დიდნი, ისე მდაბალნი ამა ქვეყნისანი მიწაში ამოთხრილ ორმოებში ისე ამაყად და კმაყოფილად გრძნობენ თავს, როგორც უდიდესი ხელოვნებით აშენებულ სასახლეებში; უკეთესი ცხოვრების მოწყობის უცოდინარობის გამო არიან გულგრილი და ზარმაცები. მათ მიატოვეს ნაქები სიბეჯითე, ან უფრო უკეთ მოვალეობა, რომ მოიმკან თავისი ქვეყნის საუნჯე. ისინი არსად ისე ყოჩაღები და დაუღალავები არ არიან, როგორც ურთიერთ ქიშპსა და ბრძოლებში, მაგრამ არა თავისი მბრძანებლის მორჩილებისა ან სიყვარულის გამო, არამედ იმიტომ, რომ თითოეულს სურს გამდიდრდეს და იმედი აქვს ფულისა და ქონების მოხვეჭისა. ეს იმედი აიძულებს მათ იყვნენ ფრთხილი, ხოლო ხშირად _ მამაცები; ივიწყებენ საფრთხეს, რომელშიც ისინი თავს იგდებენ მოგების სურვილით და, რადგან ასეთი რამ მალე უვარდებათ ხელში, ამიტომ ამას ამჯობინებენ იმ სარგებელს, რაც მათ გაცილებით მეტი შეეძლოთ მიეღოთ სამეურნეო სიბეჯითით რამდენიმე თვეში. მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ ურთიერთთავდასხმებსა და ბრძოლას ხშირად იმედის გაცრუება მოჰყვება და მრავალ საფრთხესთანაა დაკავშირებული, ეს მიდრეკილება მათში მაინც ვერ აღმოიფხვრება; ისინი, თავისი დიდი სიღარიბის მიუხედავად, ამჯობინებენ დაელოდონ რაიმე ოდნავ ბედნიერ შემთხვევას, ვიდრე მშვიდი მცდელობით იშრომონ. ამ თავისთავად დიდ ცოდვას რომ შეშვებოდა ეს ხალხი, მაშინ ის ვერ იგრძნობდა თავის გაჭირვებას, რომელშიც ჩავარდნილია. ამ ხალხმა იცის, რომ ძალზე შორსაა ბედნიერებისაგან, ის გრძნობს საკმაოდ კარგად თავისი მდგომარეობის სისუსტეს, მაგრამ არა აქვს მისი გაუმჯობესების საშუალება კარგი სახელწიფო წყობის უქონლობის გამო. ამჟამად მთელს იმერეთში არ მოიძებნება ქალაქი თუ სოფელი, რომელიც ქალაქის ან სოფელის სახელს იმსახურებდეს. ხშირ ტყეებში, ანდა მწვანით დაფარულ ბორცვებზე ერთიანდებიან ერთი საგვარეულოს წარმომდგენლები თავის მეზობლებისგან გამოყოფილად. ისინი თავიანთ ცალკეულ ქოხებში ველური სიმტკიცით იტანენ კეთილმოწყობის უქონლობას, რომელიც მათ ექნებოდათ ერთად ცხოვრების პირობებში. მაცხოვრებელი ცუდი სახელმწიფო წყობის გამო არაა განათლებული, და არც იქნება, რადგან სამართლის უქონლობა მას ხდის თავისი ბატონის საცოდავ მონად. ამდენად ის უფრო მეტად უგუნურდება და სიზარმაცე არის მისი ერთადერთი ავლადიდება თავის სიღარიბეში, რასაც მოსახლეობის უმეტესი ნაწილი შეგნებულად მოუცავს, რადგან, მათი ხელები მართლაც ბეჯითი შრომით რომ იყვნენ დასაქმებულნი, მაშინ მათი მფლობელის შეუზღუდავი ძალაუფლება და სიხარბე მარტოდმარტო დაეპატრონებოდა ნაყოფს, რომელსაც ქვეშევრდომი მთელი თავისი მონდომებით მოიყვანდა. მთელი თავისი მცდელობის მიუხედავად, ის მაინც ისე ღარიბი იქნებოდა, როგორც ახლა უსაქმურად ყოფნისასაა. თავისი ასეთი უსაქმურობით ის ზღვარს უდებს თავისი ბატონის სიძუნწესა და ტირანიას, ისევე როგორც საკუთარ ბედნიერებას. ბატონი, რომელიც თავისი ქვეშევრდომების სიღარიბით თავადაც საცოდავია, იმის მაგივრად, რომ გამონახოს საშუალება თავისი ქვეყნის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, ხსნას პოულობს კმაყოფილ ამპარტავნობაში და როცა მას, ცხვრის ქურქში გახვეულს, ბალიშად ქვა უდევს თავქვეშ და მოუსვენარ და მძიმე ღამეებს ათენებს, მაინც თავს ბატონად თვლის, და დიდი სიამაყით წარმოთქვამს: პატრიარქ იაკობსაც ასე ეძინა, მაგრამ ის მასზე უფრო წარჩინებული არ ყოფილა!
თუკი ოდესმე ამ ხალხის მბრძანებელი გადაწყვეტდა მოეძებნა ის ბედნიერება, რასაც მას ზომიერი ჰაერი, ჭარბი ნაყოფიერება და თავისი ნიჭიერი, თავაზინი ქვეშევრდომების მორჩილება ჰპირდება, მაშინ ის თავისი ხალხის კეთილდღეობაში უფრო მეტ სიამოვნებას მიიღებდა, რასაც ის ამჟამად სავსებით მოკლებულია. მისი ბატონობა მხოლოდ მაშინ ჩანს, როცა მრისხანე ბრძანებებს იძლევა თავის, ხელის ან ფეხის მოკვეთის, ანდა თვალების დათხრის შესახებ.
სულ სხვა მდგომარეობაშია საქართველოს ის მოსახლეობა, რომელიც მეფე ერეკლეს ხელქვეით ცხოვრობს. ინდოეთში ლაშქრობამ, სადაც ეს ბატონი ნადირ შაჰს ახლდა, ერეკლეს დაანახვა და ასწავლა ამოერჩია საშუალებანი ცხოვრების წესების სირბილესა და უხეშ სიმკაცრეს შორის. მუდმივი ურთიერთობა მეზობელ მფლანგველ სპარსეთის მმართველებთან და თურქეთის ფაშებთან, მათი ელჩების გაუთავებელი სტუმრობა, ყოველივე ამან აიძულა ის საჭიროებისამებრ უფრო მდიდარი ყოფილიყო და ეფიქრა საშუალებებზე, რათა, სულ ცოტა, სათანადო სიმყუდროვე მაინც მოეპოვებინა, რასაც მას მისი ქვეყანა სთავაზობს და რასაც მისი მდგომარეობა და გვარი ავალებენ. ყველა სარგებელი გამოცხადებულ იქნა კანონიერად; ეძებდნენ ყოველ შესაძლო საშუალებას, რათა ებრწყინათ; და გარკვეული დანაკლისის შევსება ვაჭრებს მიანდო, რომლებიც რუსეთიდან, სპარსეთიდან და თურქეთიდან ამ მხარეში ვაჭრობდნენ. ქვეშევრდომთაგან უმაღლესნი თავისი ბატონის კარს ბაძავდნენ. თუკი ეს ჩაცმაში, სუფრასა და ქცევაში ყველა დანარჩენზე უფრო ბრწყინვალეა, არც იმათ სურდათ ნაკლები ყოფილიყვნენ და როცა ყოველი მათგანი საჭირო საშუალებებზე ფიქრობდა, მემინდვრეობა და მესაქონლეობა ყველაზე სასარგებლოდ ეჩვენებოდათ (მიუხედავად თავისი სხვამხრივ შეზღუდული შეხედულებისა). გეორგიელი გლეხი (მის გვერდით განსაკუთრებით სომეხია აღსანიშნავი) აორკეცებს თავის ჯაფას და ასმაგი სიუხვით ხელს უწყობს თავისი ბატონის ხარჯების დაფარვას. ეს კი იძულებულია გაზრდილი შთამომავლობის გამო შემოსავალი დაჰყოს და რადგან ამით ახალ გაჭირვებაში ჩავარდა, გლეხი ახალი გადასახადით იბეგრება. ასეთი მუდმივი იძულების გამო გლეხი გაღარიბდა; იგი დაღვრემილი თესავს ყანას თავისი ბატონის ხარჯებისათვის და თავისი ძლივს საკმარი პურისათვის.
საქართველოს მოსახლეობა ყველგან ერთნაირად ღარიბია; მათი მმართველები კი ხარბები, ოღონდ ერეკლეს ბეჯითი ქვეშევრდომების შეძლება უფრო მეტ მოთხოვნილებას აკმაყოფილებს, ვიდრე იმერლებისა, რომლებიც მონურ მორჩილებაში იმყოფებიან და არ აქვთ ამის საშუალება. ქვეყანა, რომელსაც შეეძლო თავისი მოსახლეობა ყველა ერთნაირად ბედნიერი, ერთნაირად მდიდარი გაეხადა თავისი ნაყოფიერებით, სუსტი მართვის გამო ძლივს აღწევს თავს შიმშილს.
მეორე წყარო სიღარიბისა არის სამართლის უქონლობა, რადგან მისი წარმოება მხოლოდ შიშზე, კეთილგანწყობასა და შემწყნარებლობაზეა დაფუძნებული. საქართველოს ძველი მმართველები უშვებდნენ მართალია კანონებს, როგორც ამას ქვეყანა მოითხოვდა, მაგრამ მაშინაც არ სურდათ სამართლის ძალის ცოდნა და შეცდომა დღესაც ჩვეულებრივი რამ არის. როგორ არ ეცადა წარსულში მეფე ვახტანგი დაედო წესრიგი სამართალწაროებაში, მაგრამ მაინც ყველა მისი გარჯა წყალში ჩაიყარა, ამიტომაც მიაწერა მან ბოლოში საკუთარი ხელით სამართლის წიგნს: “მართალია მე შევადგინე ეს სამართლის წიგნი, მაგრამ საქართველოში ჯერ არასოდეს ყოფილა სწორი სამართლის წარმოება და არც იქნება”. შფოთიანმა და უსამართლო დროებამ აიძულა ეს მეფე მიეტოვებინა საქართველო და თავისი დღეები რუსეთში დაელია. დღევანდელ დღეს ხშირად აიძულებს მეამბოხე ქვეშევრდომი სამართალი მის სასარგებლოდ აწარმოონ, რომელიც (ადრე) მის წინააღმდეგ იყო (მიმართული), რადგან მმართველი, უმაღლეს მფარველობას მოკლებული, მოთმინებით და შემწყნარებლობით ექცევა ასეთ მეამბოხეს. სარგებლობა კანონების შესრულების პირობებში ნათელი იქნებოდა, მაგრამ მათი დაცვა ბევრ სიძნელეს აწყდება. ერთხელ შემოიღეს საყოველთაო კანონი ქვეყნის სიკეთისათვის: არცერთი მოსახლე აღარ გაეყიდათ მონად. ყველა ხედავდა ამ კანონის საჭიროებას; მაგრამ როცა ფული შემოაკლდებოდათ, ისინი ნახულობდნენ იოლ გზას მის საშოვნელად: თავის უბედურ ქვეშევრდომებს, როგორც კარგ ქრისტიანებს თურქულ ბაზარზე ჰყიდდნენ, ხოლო თავის მამასთან და დედასთან, თავის ცოლთან და შვილებთან უნუგეშო გამოთხოვების დროს ამ საბრალოს არწმუნებდნენ და უყვიროდნენ, კარგ გუნებაზე ყოფილიყო, რადგან ეს იყო გზა, რომლითაც ის თავის ბედნიერებას მოიპოვებდა და შესაძლებელი იყო სულაც, რომ ბეგი გამხდარიყო ეგვიპტეში. თუკი ამ დანაშაულის გამო საჩივარი მმართველის ყურს აღწევდა, აზნაური თავს იცავდა არა თავისი უფლებით, რომელიც მას როგორც ბატონს ჰქონდა თავის ყმებზე და მათ ქონებაზე, არამედ მოჰყავდა თავისი მეზობლების მაგალითი, რომელთაც ასევე ტყვეები გაეყიდათ. რადგან დამნაშავეები საკმაოდ ბევრნი იყვნენ, ამდენად სამართლის ქმნა სხვა დროისათვის გადაიდებოდა და ალბათ სავსებით შეუსრულებელი რჩებოდა.
ასეთმა შემწყნარებლობამ ისე გაათავხედა საქართველოს ერთერთი უწარჩინებულესი, რომ მან ებრაელთა მთელი სოფელი ერთ ჯერზე თურქებს მონებად მიჰყიდა და კანონის წინაშე თავის დაცვის დროს ყოვლად სერიოზულად ამტკიცებდა, რომ მას, როგორც ქართველ მართლმორწმუნეს, ამ ებრაელთა გაყიდვის დროს არავითარი სხვა განზრახვა არ ჰქონია, გარდა იესო ქრისტეს სისხლისათვის შურის ძიებისა! დახმარებამ, სარწმუნოებამ და მღვდლების თანხმობამ იმ სასჯელისაგან გაათავისუფლა, რომელსაც ნამდვილად იმსახურებდა.
საქართველო კიდევ უფრო დაიცლებოდა მოსახლეობისგან, თურქებს რომ არ შეესრულებინათ მეფესთან დადებული ხელშეკრულება _ რომ არ იყიდდნენ ქართველ მონებს.
ამ პროვინციას აგრეთვე არანაკლებ ზიანს აყენებს აზნაურთა უთანხმოება ერთმანეთს შორის და ქვეყნის დამოკიდებულება მოსაზღვრე პატარა სპარსულ სამფლობელოებთან. ქართველი აზნაური საკმაოდ რიცხვმრავალია, რომ მას საერთოდ იმდენი შეძლება ჰქონდეს, რასც მისი საჭიროება (ხარჯი) მოითხოვს. ამპარტავნობა, რომ ის არის აზნაური, მას იმდენად ეუფლება, რომ სამარცხვინოდ მიაჩნია, თავისი საკუთარი შრომით საჭირო სახსრები მოიპოვოს და ამჯობინებს უსაქმურობას. იგი ათასგვარ ხრიკებს იგონებს და ურცხვად ითვისებს თავისი მეგობრის, თავისი სუსტი მეზობლის საკუთრებას. მცირე ან დიდი რიცხვი თანამოაზრე ბოროტმოქმედებისა უკავშირდებიან ერთმანეთს, აძლევენ რიგრიგობით სათანადო ჩვენებას და ეს საერთო ჩვენება და შიში მათი მეამბოხე სულისა აიძულებს მოსამართლეს მათდამი კეთილგანწყობას და სამართალს მათკენ აბრუნებს, რომელსაც მოკლე ხანში სხვა, უფრო ძლიერი თანამოაზრეების დახმარებით თავის მხარეს გადახრის, ხოლო შემდგ ასევე ახალი, კიდევ უფრო ძლიერი შეთქმულება მოსპობს. ასე ამგვარად, მოსამართლეების მიკერძოებას, რაც აზნაურთა ურთიერთსაწინააღმდეგო ინტერესებიდან გამომდინარეობს, მთლიანად ეწირება მსხვერპლად ქვეშევრდომების უსაფრთხოება და კეთილდღეობა. ზიანი მოაქვს ქვეყნისათვის აგრეთვე კავშირს ერთმანეთში განუწყვეტლივ მებრძოლ სპარსელ მმართველებთან. თავისი თავის შენახვა, ან სიხარბე, რომ ხელთ იგდონ სხვათა ქონება, აჩხუბებს მათ და ერთი მუჭა ყაჩაღებით უწყებენ ერთანეთს ომს. რომელი მათგანიც ძღვენით ან სუფთა ფულით გეორგიასთან კავშირს დაამყარებს, იღებს 3-4 ათას ჯარისკაცს მტრის შესაშინებლად. თუმცა ხშირად ომი სავსებით უსისხლოდ მთავრდება (რადგან ორივე ლაშქარს უფრო მეტად ნადავლის ხელთგდება სწყურია, ვიდრე სისხლი), მაინც ქვეყანა დაუმუშავებელი რჩება და მცხოვრები მშიერი ბრუნდება თავის ცარიელ ქოხში, რომელშიც მას თავისი ბატონის მსახური ჯიუტად ელოდება და მრისხანედ ითხოვს შეწერილ გადასახადს.
ასეთია საქართვლოს პოლიტიკური და ეკონომიკური მდგომარეობა. მართალია საუცხოო მდებარეობა აქვს მას ვაჭრობის თვალსაზრისით, რადგან ძალზე მოსახერხებელი გზით კასპიის ზღვიდან შავ ზღვამდე ვაჭრების საქონლის გადატანას 9 დღე სჭირდება, მაგრამ ნაკლებ იციან ფასი ბედნიერებისა, რასაც მიიღებდნენ ვაჭრობით. და მაინც საკვირველია, რომ გაუთავებელი შფოთიანი მდგომარეობის პირობებში ქვეყნის შემოსავალი ასე მნიშვნელოვანია. მე არ ჩავთვლი მოგებას, რომელსაც ღვინო იძლევა, არც მემინდვრეობას მოვიხსენიებ, რაც მეხუთედ ნაწილს იძლევა მათი მოსავლისას, არამედ მხოლოდ შემოსავალს აღვნიშნავ მოსახლეობის რიცხვის მიხედვით, რასაც მათი ნამდვილი არსებობისათვის გამოვითვლი. მე ვთვლი, რომ გეორგიის მოსახლეობა დღევანდელი მდგომარეობის პირობებში 61.000 ოჯახს შეადგენს. აქედან ქალაქ ტფილისში თავისი გარემოთი ითვლება 20.000.
მთიულეთსა და ხევსურეთში ითვლება . . . . . . 4.000
შამშადილში . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 4.000
ქართლში . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .4.000
კახეთში . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 12.000
ქიზიყში . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 6.000
ყარაიაში . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .2.000
სომხითში და ბამბაკში . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 6.000
ყაზახში . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .3.000
ჯ ა მ ი . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .61.000 . . . . . ოჯახი
რა ბედნიერად ჩათვლიდა თავს ქვეშევრდომი, რომ თავისი შემოსავლის ერთი მეხუთედი ჰყოფნოდა გადასახადებს; ის მეოთხედსაც და ნახევარსაც კი სიამოვნებით გასცემდა, ეს რომ საკმარისი ყოფილიყო თავისი ბატონის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად. მე კი ამაზე უფრო ცოტასაც ავიღებ და თითოეულ ოჯახს მხოლოდ 10 მანეთ გადასახადს შევაწერ; მაშინ გადასახადთა ჯამი იქნებოდა 610.000 მანეთი, ბაჟი ყოველწლიურად აიღება _ 25.000 მანეთი.
დიდი უცოდინრობით დამუშავებულმა ახტალის საბადომ 1780 წელს მისცა 60.000 მანეთი ვერცხლით, 3.200 მანეთი ოქროთი. ერევანი ყოველწლიურად ხარკის სახით იძლევა 15.000 მანეთს.
სულ 713.200 მანეთი.
როგორ გაიზრდებოდა შემოსავლის ეს თანხა, რომ სამართლიანობა და სიბეჯითე (მუყაითობა) იყოს ასეთი ქვეყნის საყრდენი!”
აქ მთავრდება აღნიშნული თავი იაკობ რაინეგსის წიგნიდან, საიდანაც ნათლად ჩანს საქართველოს მძიმე და მოუწყობელი პოლიტიკური და ეკონომიკური ცხოვრება ევროპელი, კერძოდ გერმანელი მოგზაურის თვალში, იმ ხალხის და იმ სამყაროს შვილისა, რომლებმაც მოახერხეს დაწინაურებული სახელმწიფოების აშენება და მსოფლიოს მრავალი ქვეყნისთვის საკუთარი ნების კარნახიც. თანაც რუსული სახელმწიფო იმ ხანად, როცა დოქტორი რაინეგსი ქართლ-კახეთის სამეფოში ცხოვრობდა და ერეკლე II-ის კართანაც დაახლოებული იყო, ანუ 1778-1783 წლებში, საქართველოში ჯერ კიდევ არ იყო შემოსული და მხოლოდ მაშინ იწყებდა ქართლ-კახეთისა და იმერეთის სამეფოების მფარველობაში მისაღებად ზომების მიღებას. მაშინ ვის უნდა დავაბრალოთ მთელ ის მანკიერებანი, რომლებიც გადმოცემული აქვს დოქტორ რაინეგსს? იქნებ საკუთარ თავშიც ჩავიხედოთ, საკუთარი ზნეობაცა და სურვილებიც შევაფასოთ?
იაკობ რაინეგსის მიერ მოყვანილ ქართველი გლეხკაცობის მძიმე მდგომარეობას ეხმიანება ერთი ეპიზოდიც პლატონ იოსელიანის წიგნიდან „ცხოვრება გიორგი მეცამეტისა“. სახელდობრ, იქ ავტორი ჰყვება, რომ გიორგი მეფის გარდაცვალების შემდეგ, 1801 წლის დასაწყისში მისმა ელჩებმა პეტერბურგში წერილობით შეადგინეს და რუსეთის მთავრობას გადასცეს 20 მუხლად ჩამოყალიბებული მოსაზრებები და სურვილები იმის თაობაზე, თუ როგორი უნდა ყოფილიყო საქართველოს (ქართლ-კახეთის სამეფოს) საშინაო ცხოვრება რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში შესვლის შემდეგ. აღნიშნული დოკუმენტი გამოქვეყნებული აქვს აგრეთვე ალ. ცაგარელს თავის წიგნში «Грамоты и другие исторические документы XVIII столетия, относящиеся к Грузии» და მის 12-ე მუხლში გლეხთა მდგომარეობის შესახებ ნათქვამია:
“აწ ჩვენ ჩვენითა სუსტითა განზრახვითა კადნიერ ვიქმნებით ყოვლად უმონებრივესად წინ წარდგინებად ამისა, რომელ მყოფნი გლეხნი სხავადსხვა სამფლობელოსა ტყვედ წარყვანილნი, ანუ განშენებულნი სხვადასხვა მიზეზით სპარსეთს, ანუ თუ თურქეთს, თვისავე მამულსა მოქცეულ არა სათნო იქმნებისა, რათა საკუთარისა მაღლისა მონარქობითისა მოწყალებისათა ებრძანოთ სახალხოდ გამოცხადება ამისი საქართველოსა შინა, რომელ ყოველნი, რომელნიცა მოიქცევიან პირველსავე თვისსა სამკვიდრებელსა აქამდე განშორებულნი, იგინი დაშთენ თავისუფლად, და აღირჩიონ წადილისამებრ თვისისა საცხოვრებელი ადგილი, რომელსადმიცა ენებოს აღრიცხვა თავისა თვისისა სახელსა ზედა სახელმწიფოსა, ანუ სხვისა უფლებასა ქვეშე და რომელიცა მსგავსიერითა სურვილითა თვისითა, სადაცა იქმნების აღწერილი საცხოვრებელად იგინი მუნ სამარადისოდ დაშთებიან თვინიერ უცხოს ქვეყნის კაცთა, რომელთადმიცა თავისუფლად მყოფობა ესე არ შეეხებისთ, რომელნიცა დაშთებიან პირველისამებრ თავისუფლად, მას ჟამამდის ყოველივე აღიწერებოდნენ, და ეს არა მიეხდებისთ ესე ვითარისა მოწყალებისათა, რომელ არცა ერთი მათგანი არ დაშთებიან, რათა მოიწივნენ სამკვიდრებელსა შინა თვისსა. და მისგან ექმნების სამეფოსა ამას არა მცირე სარგებლობა.
ესრეთვე ყოვლად ქვეშევრდომობით წინადადებულ ვჰყოფთ გლეხთათვის საქართველოსათა, რომელნიცა იმყოფებიან სამფლობელოსა შინა თვისსა მებატონეთასა, რომელთადმიცა გლეხნი იგი ძველადვე მუნებურითა სჯულითა ვერ განშორდებიან ესრეთ, რათა იგინი აიყარნენ მისგან და მივიდნენ მეორესადმი. და ეგრეთვე მებატონენი იგინი ვერ მიიღებენ მათ, და ვჰგონებთ ესე იქმნების შემსგავსებულ წესთადმი მაღალდიდებულისა ყოვლისა რუსეთისა საიმპერატოროსათა, რათა ვითარცა აწ სამეფო საქართველოსი შეერთებულ იქმნება ამის იმპერიისათანა და ამისთვისცა კადნიერ ვიქმნებით ყოვლად უმდაბლესად თხოვად ამისა, რომელ მიეცსთ ბრძანება უდიდებულესობისა, ვითარცა აღწერადმდე, ეგრეთვე შემდგომადცა იგი გლეხნი, და ვაჭარნი, რომელნიცა იჩვენებიან მიწერილად, რომლისადმი მებატონისად, ანუ თუ ქალაქისად, მუნვე სამყოფსა შინა დარჩეს და დააყენოს, რათა მუნიდგან არა წარსულ იქმნას თვისისა სურვილისამებრ სხვისადმი, და რათა არცა გადმოსახლებულად შემძლებელ იყვნენ რუსეთსა შინა, ესრეთვე მსგავსად ამისა დაყენებულ იქმნეს, რათა გლეხნი რუსეთისანიცა არა ვიდოდენ, და ესე დაეშალოსთ მათ აღთქმითა საშინელისა, და ფიცხელისა დასჯისათა.
ესრეთვე ვიდრე ამ დროდმდე იყო საქართველოსა შინა ჩვეულება, რომელ მუნებურნი მებატონენი გლეხთათვის ჰყიდნენ ვინ როგორ რაოდენსაცა ინებებდა, და ამისთვის არა კეთილნებებულ იქმნებისა, რომელ ესე ვითარი მსყიდველობა აწ დაყენებულ იქმნეს და ებრძანოსთ, რათა განყიდონ არა სხვა გვარ, არამედ ერთბამად სახლეულობით, და უძრავით მამულით თვისით, უკეთუ აქვსთ მათ; და ეგრეთვე არ მიჰყიდონ თუ არა ქართველთა და დიდის რუსეთის მებატონეთა და ეგრეთვე ტყვენი ქართველთანი, რომელნიცა თურქთა, სპარსთა და სხვათაგან ერთა საჭურველითა სახელმწიფოსათა ბრძოლასა შინა გამოხსნილ იქმნებიან, მათდამი მოიქცნენ ესრეთ, ვითარცა ესე გვარსა შემთხვევასა შინა იქცევიან რუსეთისა ტყვეთადმი, და რომელიცა ესე გვართაგან გამოხსნილ იქმნებიან ვისგანმე. და პირველი იგი მებატონე მისი ინებებს მისა თავისადმი კვალად მიღებასა, მაშინ იგი თანამდებ იქმნების, რათა უკუნ ზღოს დახარჯული იგი თეთრი გამოხსნასა ზედა, და ამის წინააღმდგომსა შემთხვევასა შინა სათანადო არს, რათა დაშთეს უფლებასა ქვეშე მისსა, რომელმანცა გამოიხსნა, და ექმნესცა ნება მისყიდვად ამისა სხვათადმი შინაგან სამეფოსა შინა, და არა მეზობელთა უცხო ქვეყნისა კაცთადმი”.
ანუ აქ უკანასკნელი აბზაცის დასაწყისში ნათქვამია, რომ ტრადიციული ქართული სამართლის მიხედვით ბატონს შეეძლო ყმის გაყიდვა ოჯახისგან მოწყვეტით და მის მიერ თავისი შრომით შეძენილი ქონების გარეშე; ანუ გლეხი კაცი მიეყიდა ერთი მყიდველისთვის, მისი ცოლი _ სხვა მყიდველისთვის, ასევე ცალ-ცალკე გაეყიდა მისის შვილებიც (ამას ზემოთ წერდა იაკობ რაინეგსიც), მათ მიერ შეძენილი ქონების გარეშე. ხოლო რუსეთის იმპერიის კანონებს გაცნობილი ქართველი ელჩები, ასევე საგულისხმოა _ გიორგი XIII-ცა და საქართველოს დიდგვაროვანთა ერთი ნაწილიც, უკვე ფიქრობდა ამ ყოვლად უსამართლო კანონის შეცვლასა და ბატონებისთვის ყმა-გლეხთა გაყიდვის უფლების მიცემას “არა სხვა გვარ, არამედ ერთბამად სახლეულობით, და უძრავით მამულით თვისით, უკეთუ აქვსთ მათ”. დღევანდელ საქართველოში კი, სამწუხაროდ, ჩვენს წარსულს წარმოგვიდგენენ ხოლმე მხოლოდ იდეალურ და სამაგალითო ფერებში და რეალურ სურათს ჩვენი ხალხის წარსული ცხოვრებისა, რომლის დროსაც საუკუნეების მანძილზე მახინჯდებოდა ქართული საზოგადოების ზნეობა და ხასიათი, და რაც დღესაც მრავალი მანკიერების საფუძველია როგორც პირად, ისე საზოგადოებრივ ცხოვრებაში, რატომღაც აჩუმათებენ; ყოველივე ცუდს აბრალებენ რუსეთის იმპერიასა და რუსულ მმართველობას, ხოლო საკუთარი სიმახინჯეების გამოსწორებას არა ნაღვლობენ და არც ცდილობენ. ყოველივე ეს საქმის მცოდნე და გულშემატკივარ არც ქართველში, არც რუსსა და არც უცხოელში არ აღძრავს საქართველოსა და ქართველებისდმი პატივისცემასა და სიყვარულს, არამედ პირიქით.
ირაკლი ხართიშვილი
2008 წლის აპრილ-მაისი
შ ე ნ ი შ ვ ნ ე ბ ი:
(1) ზოგიერთი სამურზაყანოელებს მიაკუთვნებს ქართულ ტომს. იხ. წერილი: უმთავრესი ცნობები მთიელი ტომების შესახებ და სხვა., კავკაზი 1868 წ. # 40-48.
(2) 1865 წელს სოხუმის, ბზიფის, აბჟივის ოლქებსა და წებელდაში იყო ორივე სქესის 79 190 სული, კავკაზი 1866 წ. # 76.
(3) მთის სახელწოდება მიცემულია იმ აზნაურული გვარის მიხედვით, რომელიც ფლობდა ბაგის აულს.
(4) კავკასიელი ოფიცრის მოგონებანი, რუსსკი ვესტნიკ 1864 წ. # 10; შავი ზღვის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროდან, კავკაზი 1866 წ. # 72 და 76; უახლესი ცნობები კავკასიის შესახებ ბრონევსკისა, ნაწ. I; კარლჰოფის მიერ შავი ზღვის აღმოსავლეთ ნაპირის მოკლე აღწერა (ხელნწერი); აბაზელთა ტომის მთიელები, ილუსტრირებული გაზეთი 1867 წ. # 18; ჩერქეზული ტომების პოლიტიკური მოწყობის შესახებ, რუსსკი ვესტნიკ 1860 წ. # 16. _ (ყველა წყარო რუსულ ენაზეა _ ი. ხ.)
(5) ეკატერინე მეორის საიმპერატორო ტიტული მაშინ ჟღერდა შემდეგნაირად: “ღვთის მაღალი მოწყალებით ჩვენ ეკატერინე მეორე იმპერატრიცა და თვითმპყრობელი სრულიად რუსეთისა, მოსკოვისა, კიევისა, ვლადიმირისა, ნოვგოროდისა, მეფე ყაზანისა, მეფე ასტრახანისა, მეფე ციმბირისა, ხელმწიფე ფსკოვისა და დიდი მთავრინა სმოლენსკისა, მთავრინა ესტლანდიისა, ლიფლანდიისა, კორელისა, ტვერისა, იუგორისა, პერმისა, ვიატკისა, ბულგარეთისა და სხვათა, ხელმწიფე და დიდი მთავრინა ქვემო მიწების ნოვგოროდისა, ჩერნიგოვისა, რიაზანისა, როსტოვისა, იაროსლავისა, ბელოზერისა, უდარისა, ობდორისა, კონდიისა და ყოვლისა ჩრდილოეთისა კერძოისა, მბრძანებელი და ხელმწიფე ივერიელთა მიწისა, ქართლისა და საქართველოს მეფეებისა და ყაბარდოელთა მიწისა, ჩერქეზი და მთიელი თავადებისა და სხვათა მემკვიდრეობითი ხელმწიფე და მფლობელი”. რუსეთის მიერ 1783 წელში ყოფილი ყირიმის სახანოს მიერთების შემდეგ სრულიად რუსეთის იმპერატორების ტიტულში შევიდოდა აგრეთვე წოდება _ “მეფე ყირიმისა”.
(6) ერეკლე მეფე ამ დოკუმენტში მოხსენიებულია ტიტულით: “ღუთის მოწყალებით ჩვენ, ერეკლე მეორე, მეფე ქართლისა და მეფე კახეთისა, მემკვიდრე მთავარი სამცხე-საათაბაგოსი, მთავარი ყაზახისა, მთავარი ბორჩალოსი, მთავარი შამშადილოისა, მთავარი კაკისა, მთავარი შაქისა და მთავარი შირვანისა, მფლობელი და მბრძანებელი განჯისა, ერევნისა და სხუათა”.
No comments:
Post a Comment