Wednesday, December 22, 2010

ივ. ჯავახიშვილის ცნობები აფხაზების ვინაობის, განსახლებისა და ისტორიულ წყაროებში პირველად მოხსენიების შესახებ

ჩვენ არა ვართ საკმარისად ჩახედული აფხაზთა და ქართველთა ეთნოგენეზისის საკითხებში, და ამიტომ ამ სფეროში ბევრს ვერ ავიღებთ საკუთარ თავზე. მაგრამ სამწუხაროდ ვხედავთ გასაოცარ ტენდენციურობას საქართველოში დღესდღეობით გაჩაღებულ იდეოლოგიურ კამპანიაში. და ეს გამოიხატება ჩვენში საყოველთაოდ აღიარებული ისტორიულ წყაროების მიჩუმათებასა და ასევე საყოველთაოდ აღიარებული ისტორიკოსის, აკადემიკოს ივანე ჯავახიშვილის შეხედულების უგულვებელყოფაში. სახელდობრ, ჩვენ არ ვიცნობთ პავლე ინგოროყვას ნაშრომს, რომელშიც, როგორც ამბობენ კონკრეტულადაა გადმოცემული ცნობები XVII-XVIII საუკუნეებში ჩრდილო-კავკასიიდან აფხზეთში მთიელი ხალხების გადმოსახლების შესახებ, რასაც მნიშვნელოვნდ უნდა შეეცვალა დემოგრაფიული სურათი აფხაზეთში მისი ძირძველი მოსახლეობის საზიანოდ. მაგრამ დანამდვილებით გვაქვს წაკითხული XVII საუკუნის 30-40-იან წლებში საქართველოში მოღვაწე კათოლიკი მისიონერის არქანჯელო ლამბერტის წიგნში „სამეგრელოს აღწერა“, ცნობა იმის თაობაზე, რომ იმ ხანადაც კი, სანამდე პავლე ინგოროყვას მიხედვით ჩრდილოკავკასიელთა ჩამოსახლება დაიწყებოდა, აფხაზების სამეტყველო ენა იმდენად განსხვავდებოდა მეგრელების, სვანების, იმერელ-გურულების, ყარაჩაელების, ალანებისა და სხვა მეზობელი ხალხების ენებისგან, რომ ისინი ერთმანეთს თავ-თავიანთ ენებზე ვერაფერს აგებინებდნენ, თუკი რაიმე საჭიროების გამო ერთიმეორის სალაპარაკო ენას არ შეისწავლიდნენ. და ეს წლები, როგორც ვთქვით, წინ უსწრებდა პავლე ინგოროყვას მიერ აღწერილ კავკასიის მთიელთა აფხაზეთში გადმოსახლების მოვლენებს; ანუ მანამდეც აფხაზების ენა თავისი ლექსიკური აპარატით განსხვავდებოდა ყველა მეზობელი ხალხის ენებისგან, მათ შორის ქართების, ეგრებისა და სვანების ენებისგანაც, გნებავთ კილო-კავებისგან. არქანჯელო ლამბერტის ცნობები აფხაზების შესახებ ჩვენ უკვე გამოვაქვეყნეთ დღევანდელი მკითხველისთვის ჟურნალ „ქვაკუთხედის“ 2009 წლის # 2 და 3-ში.

გარდა ამისა, აკად. ივანე ჯავახიშვილი 1919 წელს გამოქვეყნებულ ნაშრომში „საქართველოს საზღვრები _ ისტორიულად და თანამედროვე თვალსაზრისით განხილული“, სავსებით მკაფიოდ და გარკვევით აღნიშნავს, რომ ისტორიული აფხაზები, რომლებიც სახლობდნენ დიოსკურიის (დღევანდელი სოხუმის) ჩრდილოეთით და ჯიქები, რომლებიც სახლობდნენ შავი ზღვის სანაპიროს გაყოლებით თითქის ყირიმის ნახევარკუნძულამდე ერთმანეთის უახლოესად მონათესავე ხალხები გახლდნენ, რაზედაც მკაფიოდ მეტყველებს მათი გეოგრაფიული ადგილების სახელები, და კერძოდ ტოპონიმი ტუაფსე _ ანუ აფსუების სოფელი. ამაზე უფრო მკაფიოდ და ვრცლად ივ. ჯავახიშვილი საუბრობს თავის ნაშრომში „ქართველი ერის ისტორია“ (წიგ. I, 1960), განსაკუთრებით კი ამ ნაშრომის II დამატებაში სახელწოდებით „ქართველთა სხვადასხვა სატომო სახლები, სამშობლო და უძველესი ბინადრობა“. მასში ივ. ჯავახიშვილი, ნ. მარის მსგავსად, ძველ ასურულ და ბერძნულ წყაროებზე დაყრდნობით მიიჩნევს, რომ აფხაზები მოსოხთა (მესხთა) ტომების ერთი ნაწილის შთამომავლებს წარმოადგენენ, რომ აფხაზები და აფსუები (აფსარები) ერთიდაიგივე ხალხია, რომ ტოპონიმები „ბას-იანი“, „ფაზ-იან-ოჲ“, „ფაზ-ისი“ და მთა „მას-ისი“ ამავე წარმოშობისაა და სხვა.

„ქართველი ერის ისტორიის“ I და II წიგნებში ივ. ჯავახიშვილი დაწვრილებით გადმოგვცემს აფხაზებისა და აფხაზეთის შესახებ არსებულ ისტორიას უკვე I-II ასწლეულებიდან ქრ. შ., ანუ ამიერკავკასიაში რომაელთა ბატონობის ხანიდან, XI ასწლეულში საქართველოს ერთიანი სამეფოს ჩამოყალიბებამდე. საიდანაც ჩანს, რომ აფხაზეთის მეფეებმა ლაზიკის, ქართლის, კახეთისა და ტაო-კლარჯეთის მფლობელებთან ბრძოლაში, ხოლო ზოგჯერ კი მათთან კავშირშიც, გადამწყვეტი სიტყვა თქვეს ქართული სახელმწიფოს ჩამოყალიბებში. დაბოლოს, იმავე ნაშრომში „საქართველოს საზღვრები _ ისტორიულად და თანამედროვე თვალსაზრისით განხილული“, ივ. ჯავახიშვილი სავსებით გასაგებად ამბობს, რომ კოდორის ხეობის შუაწელის, ანუ ისტორიული წებელდის მოსახლეობა XIX სუკუნის პირველ ნახევარში შედგებოდა არა სვანებისგან, არამედ ძირითადად მაჰმადიანი აფხაზებისგან. რომ მათ ყველაზე უფრო მედგარი წინააღმდეგობა გაუწიეს რუსულ ჯარებს, ხოლო საბოლოდ დამარცხების შემდეგ კი მთლიანად ოსმალეთში გადასახლდნენ. ამის შესახებ უფრო მკაფიოდ და გამოკვეთილად არის ნთქვამი 1890-იანი წლების მიწურულსა და 1900-იების დასაწყისში ლაიფციგისა და სანკტ-პეტერბურგის ერთობლივი გამოცემის ბროქჰაუზ-ეფრონის ენციკლოპედიური ლექსიკონის შესაბამის ტომებში გამოქვეყნებულ თავად ვ. მასალსკის წერილებში „ქუთაისის გუბერნია“ და „სოხუმი და სოხუმის ოკრუგი“. იქვე მოყვანილია იმ აფხაზური თემის სახელიც, რომელიც სახლობდა აქ ოსმალეთში გადასახლებამდე _ ზ ა მ ბ ა ლ ი, ასევე ცნობილია, რომ ეს გახლდათ თავად მარშანიების სამფლობელო.

ყოველივე ის, რაც ზემოთ გადმოვეცით, სავსებით მკაფიოდ და გარკვევით არის გამოქვეყნებული რუსეთის იმპერიის, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკისა და საბჭოთა საქართველოს არსებობის ხანაში. მაგრამ რატომღაც 1970-იან, 80-იან და 90-იან წლებში ხდებოდა ამ ნაშრომებისადმი წაყრუება. ეს მიჩუმათება ხდებოდა, სამწუხაროდ ქართველი ისტორიკოსების მხრიდან, და გაუგებარია უმეცრება და ზერელობა იყო ამის მიზეზი, თუ ცბიერობა და მღვრიე წყალში თევზის ჭერის სურვილი. ვინაიდან ქართველი ხალხისა და საერთოდ საქართველოს მოსახლეობის ფართო ფენებისთვის ეს ცოდნა სქელტანიანი და სპეციალური ისტორიული შრომებიდან შესაბამისი საკითხების სამეცნიერო-პოპულარულად გადამუშავების საფუძველზე ფართო მკითხველი საზოგადოებისთვის კვალიფიციურად უნდა მიეწოდებინათ სწორედ ქართველ ისტორიკოსებს, ამიტომ შეგვიძლია ვთქვათ, რომ მათ ამ ამოცანას თავი ვერ გაართვეს, რასაც შედეგად მოჰყვა ამდენი სისხლი, სირცხვილი, ტანჯვა, ნგრევა და მსხვერპლი. არადა, საქართველოში დღესდღეობით ასე ომახიანად დეკლარირებულ მმართველობის სისტემაში ასევე ცალსახად და მკაფიოდ არის განსაზღვრული, რომ ხელისუფლების წყაროს დღევანდელ საქართველოში წარმოადგენს მისი მოსახლეობა; რომ საქართველოს ამომრჩევლები ირჩევენ ქვეყნის ხელისუფლებაში იმ პარტიებსა და ადამიანებს, რომელთა მიზნები, გეგმები და სამოქმედო პროგრამები მათთვის (ამომრჩევლებისთვის) უფრო მისაღები და მოსაწონია. მაგრამ როგორ უნდა განსაზღვრონ ჩვენმა ამომრჩევლებმა მათთვის მოსაწონი პოლიტიკური, ეკონომიკური, სამხედრო და სხვა ხასიათის მიზნები და ამოცანები, თუკი მათ საკუთარ ისტორიასაც კი არ ასწავლიან საფუძვლიანად, პასტიოსნად და კომპეტენტურად?

სწორედ ამ ხარვეზის შევსებას ისახავს მიზნად დღევანდელი ქართველი მკითხველისთვის შემოთავაზებული ეს ნაშრომი, რომელსაც რამდენიმე საჟურნალო წერილად დავყოფთ და წარმოვადგენთ. აქეთკენ გვიბიძგებს სურვილი იმისა, რომ ჩვენს წერილებში ქვემოთ შედარებით ნაკლებად იყოს პირადად ჩვენი მოსაზრებები, ხოლო უფრო მეტი ადგილი დაეთმოს ამონარიდებს ზემოთ დასახელებული წყაროებიდან. ეს კი წერილების შესაბამის მოცულობას მოითხოვს, სამაგიეროდ მოიპოვებს მკითხველის ნდობასა და გაუჩენს საქმეში უფრო კარგად ჩახედვის სურვილს.


* * *

ივანე ჯავახიშვილი 1919 წელს გამოქვეყნებულ ნაშრომში „საქართველოს საზღვრები _ ისტორიულად და თანამედროვე თვალსაზრისით განხილული“, წერს: „სრულიად საქართველოს ჩრდილო-დასავლეთის სამზღვარზე აფხაზეთი იყო და ეხლაც იგივე კუთხე ჰსაზღვრავს საქართველოს რესპუბლიკას. ისტორიული ცნობის მიხედვით XI საუკუნეში ეს მოსამზღვრე ხაზი საქართველოსა და მეზობელ ქვეყნებს შორის ძალიან ჩრდილოეთით მდებარეობდა, სახელდობრ, იმ ადგილას, სადაც კავკსიონის მთავარი ქედი იწყებოდა. მოსამზღვრე ხაზად მდ. ყუბანის შესართავი და კავკასიის ქედის წვერი ითვლებოდა (ლ. მროველი, იხ. ქართველი ერის ისტ. II, 311 და 266). ასე ჩრდილოეთით იმიტომ იყო სამზღვარი წაწეული, რომ მაშინ ჯიქეთი და ალანთა ქვეყანაც აფხაზეთს ეკუთვნოდა. თუ ჯიქნი აფხაზთა მოძმე ტომი იყო და მათი აფხაზეთთან ერთობა სრულებით ბუნებრივად უნდა მიჩნეულ იქმნას, ალანთა შესახებ ამის თქმა არ შეიძლება.

მაინცადამინც ცხადია, რომ დოაბზუ ანუ ტუაფსე აფხაზთა საკუთრება იყო იმიტომ, რომ თვით ეს საგეოგრაფიო სახელი სწორედ ამას ნიშნავს. მაგრამ საკუთრივ აფხაზების ჩრდილოეთის სამზღვარი ბიჭვინთის მონასტრის ჩრდილოეთით მდებარეობდა (იხ. ქართველი ერის ისტ. II, 315), ხოლო ამის შემდგომ უკვე აფხაზთა ტომის ჯიქების მიწა-წყალი იწყებოდა.

ვახუშტის სიტყვით მის დროინდელს, XVIII საუკუნის, აფხაზეთსა და ჯიქეთს შორის სამზღვრად ზღვა და კაპოეტის წყალი იყო (გეოგრაფია 406 და 408), ჯიქეთის ჩრდილოეთის სამზღვარი კი წინანდებურად კავკასიონის ქედი ყოფილა... 1732 წ. ალექსანდრე მეფის ბრძანებით შედგენილს დასავლეთ საქართვლოს რუკაზე და სრულიად საქართველოს მოსკოვში 1743 წ. გადახატულ რუკაზე ეს მდინარე ბიჭვინტის ჩრდილოეთით არის აღნიშნული. მაშასადამე კაპოეტი ეხლანდელი მდ. ბზიბის ძველი სახელი უნდა იყოს“.

შემდეგ ივ. ჯავახიშვილი აგრძელებს: „თუ 1743 წ. რუკას დავხედავთ, იქითგან სჩანს, რომ სამზღვარი მდ. კაპოეტის წყალზე ანუ ბზიბზე კი არა ყოფილა, არამედ ამ მდინარის ჩრდილოეთით მდებარე კავკასიონის ქედ-ქედ. ბურნაშოვის მიერ შედგენილს რუკაზედაც სამზღვარი კაპოეტის წყლის ანუ ბზიბის საკმაოდ მოშორებით, ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარეობს და მიმდინარეობს. ყველა ამ საბუთების გამო უნდა დავასკვნათ, რომ მდ. ბზიბი მთლად თავის შემდინარეებით აფხაზეთის სამზღვრებში იყო, ამიტომ მოსამზღვრე ხაზი უეჭველია ამ მდინარის აუზის ჩრდილო-აღმოსავლეთისაკენ მდებარე გამყოფელი ქედის-ქედ უნდა ყოფილიყო გავლებული.

ამ ადგილიდან მოყოლებული აფხაზეთის ჩრდილო-აღმოსავლეთისაკენ გადახრილი სამზღვრის ხაზი კავკასიონის მთავარ უღელტეხილის ქედ-ქედ მიდიოდა და ეხლაც მიდის სვანეთამდის“.

როგორც მოყვანილი ამონარიდიდან ვხედავთ, ივ. ჯავახიშვილს ტოპონიმი „დოაბზუ“ ანუ „ტუაფსე“ აფხაზური წარმოშობისად მიაჩნია, და მდ. ბზიფის აუზის ჩრდილო-დასავლეთის მხრიდან მოყოლებული მდ. ყუბანის აზოვის ზღვაში შესართავამდე, ტამანის ნახევარკუნძულის ჩათვლით დასახლებულ ჯიქებსაც აფხაზების ახლო ნათესავებად თვლის. მაშინ შეგვიძლია დავაზუსტოთ, რომ ივ. ჯავხიშვილისთვის აფხაზების ძველი ენა, ყოველ შემთხვევაში VIII-IX ასწლეულებშიც, როცა გიორგი მერჩულე „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებას“ სწერდა, არის სწორედ ის ენა, რომელზედაც ისინი დღესდღეობითაც ლაპარაკობენ. ამას გვაფიქრებინებს ის, რომ ტოპონიმი „ტუაფსე“ სავსებით ორგანულად ეთვისება აფსუების (აფსარების) ენას.

ისტორიულ წყაროებში ამიერკვკასიაში აფხაზების პირველი მოხსენიებისა და საცხოვრებელი ადგილის თაობაზე ივ. ჯავახიშვილი საუბრობს თავისი ფუნდამენტური ნაშრომის „ქართველი ერის ისტორიის“ პირველ ტომში. და ეს მოხსენიება უკავშირდება რომაელთა დაპყრობებს, მათი ისტორიკოებისა და მოხელეების მიერ შედგენილ წერილობით ნაშრომებს. სახელდობრ იგი ამბობს, რომ რომის რესპუბლიკის ქვეშევრდომი ბერძენი ისტორიკოსის დ ი ო ნ კ ა ს ი ო ს ი ს მიხედვით: „პირველად რომაელებმა საქართველოში ფეხი შემოდგეს 65 წელს ქრ. წ.; თავის თანამოძმეებს გზა გაუკვლია სარდალმა პომპეიუსმა, რომელიც იმ დროს მითრიდატ მეფეს ეომებოდა... (მითრიდატე პონტოელის დამარცხების, სომხეთისა და იბერიის დამორჩილების შემდეგ) ძლევამოსილი პომპეიუსი... დაიძრა და კოლხეთში გადავიდა და იქ მეფედ არისტარხი დააყენა. ასე შემოდგეს ფეხი რომაელებმა საქართველოში: რაკი ერთხელ გზა გაკვალული ჰქონდათ, კავკასიას ხშირად ეწვეოდნენ ხოლმე. ამიერიდან საქართველო რომაელების მძლავრი გავლენის ქვეშ იმყოფებოდა“.

თუმცა კი ამ ძლიერი გავლენის შენარჩუნებისა და განმტკიცებისთვის პომპეუსის კვალდაკვალ წინა აზიასა და ამიერკავკასიაში ლაშქრობა მოუწიათ რომაულ ლეგიონებს იულიუს კეისრის, პუბლიუს კანიდიდუს კრასუსისა და რომის პირველი იმპერატორის გაიუს იულიუს ოქტავიანე ავგუსტუსის (29 წ. ქრ. წ. _ 14 წ. ქრ. შ.) სარდლობით. ამის კვალდაკვალ დაიწყო ირანისა და რომის მრავალსაუკუნოვანი მეტოქეობა ამიერკავკასიაში, რომელშიც უფრო აქტიურად იყო ჩართული იბერიის სამეფო, თუმცა კი დასავლეთ საქართველოც მონაწილეობდა ამ დაპირისპირებაში. მაგრამ ივ. ჯავახიშვილი ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ „თუ ქრ. წ. პირველი საუკუნის II ნახევარში კოლხეთი იბერიის მსგავსად ერთ სახელმწიფოს შეადგენდა და მთელი დასავლეთი საქართველოს მიწა-წყალს შეიცავდა, რომელსაც სათავეში ერთი მეფე ედგა, ქრ. შ. II საუკუნის პირველ ნახევარში მდგომარეობა ძირიანად შეცვლილი ყოფილა.

ფ ლ ა ბ ი ო ს ა რ რ ი ა ნ ე ს თავისს 134 წ. დაწერილსა და ადრიანეს კეისრისადმი მირთმეულ მოხსენებაში აღნიშნული აქვს, რომ შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე ჯერ ლაზთა სამეფო იყო, შემდეგ უფრო ჩრდილოეთით აფშილების სამეფო მისდევდა, რომელთაც უფრო ჩრდილოეთით აფხაზთა სამეფო და ამაზე უფრო ზევით სანიგების სამეფო მდებარეობდა. ამგვარად, თუ წინათ, მაგ. პომპეიუსის დროს, კოლხეთში ერთი მთლიანი სამეფო და მხოლოდ ერთი მეფე, არისტარხი, ჩანს, 134 წელს ქრ. შ. ამავე მიწა-წყალზე უკვე ოთხი სახელმწიფოებრივი ერთეულია და ოთხი მეფე ზის. არრიანეს მოხსენებიდან არა ჩანს, რომ რომელიმე ამ ოთხ მეფეთაგანი უფროსად და უზენაესობის მქონებელად ყოფილიყოს მიჩნეული. ამ მოხელეს არც ის აქვს აღნიშნული, რომ ამ ოთხ სამეფოს ურთიერთშორის რაიმე პოლიტიკური დამოკიდებულება ყოფილიყო. რაკი ამის შესახებ ა რ რ ი ა ნ ე სდუმს და თანაც ის კი აღნიშნული აქვს, რომ ლაზთა მაშინდელ მეფეს მალასს ხელისუფლება ადრიანე კისრისაგან ჰქონდა მიღებული, აფშილების მეფეს იულიანეს მეფობა ადრიანეს მამისაგან მიღებული ჰქონია, რომ აფხაზთა მეფე რისმაგსა და სანიგთა მეფეს სპადაგსაც ადრიანე კეისრისაგანვე მიუღიათ მეფობა, _ ყველა ეს გარემოებანი ცხად-ჰყოფენ, რომ ლაზთა მეფე წინანდელი კოლხეთის მეფის მსგავსად მთელი ქვეყნის, მთელი დასავლეთი საქართველოს უზენაესი მფლობელი აღარ ყოფილა. აფშილების, აფხაზებისა და სანიგების მეფეებს თავიანთი ხელისუფლება ლაზთა მეფისაგან კი არ ჰქონიათ მიღებული, არამედ რომის კეისრისაგან, რომლისგანაც თვით ლაზთა მეფეც ყოფილა დამტკიცებული. მაშასადამე, მათ შორის უფლებრივად თითქოს არავითარი განსხვავება არც უნდა ყოფილიყო, განსხვავება შეიძლება მნიშვნელობაზე ყოფილიყო უმთავრესად დამყარებული“.

შემდეგ ივ. ჯავახიშვილი აგრძელებს: „ფოთში, რომელსაც მაშინ ფაზისი ეწოდებოდა, და დიოსკურიაში, რომელსაც II ს-ში სებასტოპოლისს ეძახდნენ, რომის კეისარს მეციხოვნე ჯარი ჰყოლია. ფოთში 400 რჩეული მეომარი ყოფილა ჩაყენებული.

ამ ქალაქს წინათ თუ მიწის ზღუდე ჰქონია და ზედ ხის კოშკები მდგარა, რომაელებს შემდეგ ზღუდეცა და კოშკებიც მტკიცე საძირკველზე გამომწვარი აგურისგან ამოუყვანიათ. ციხის კედლებზე სამხედრო მანქანები და ყოველგვარი საბრძოლველი სახმარი დაუდგამთ. ციხის ზღუდეს გარშემო ორმაგი განიერი თხრილი ჰქონია შემოვლებული.

ფოთის ციხეში თუ მეციხოვნე ჯარი იდგა, ციხის გარეთ ნაჯარისკაცალი პირები და ვაჭრები ცხოვრობდნენ. არრიანეს ამ ციხის გარეთ მდებარე ქალაქის დასახლებული გარეთუბნისათვისაც თხრილი გაუვლია მდ. რიონამდე. ამგვარად ნავთსადგური და გარეუბანიც თხრილით იყო დაცული.

ფაზისის ანუ ფოთის ციხე ბუნებრივი პირობების გამოც მაგარ და შეიარაღებითაც კარგ ციხედ ყოფილა მიჩნეული, რომელსც ნაოსნობაც უნდა თავდასხმისაგან უზრუნველ-ეყო და ეს მნიშვნელოვნი ნავთსადგური და ქალაქი „ბარბაროსთა“ არამცთუ გარმოცვისაგან, თავდასხმის შესაძლებლობისგანაც კი დაეცვა (არრიანე, 12 და 14, და ლატიშევის S. C. I, 221-222).

დიოსკურიაშიც მეციხოვნე და ცხენოსანი ჯარი მდგარა და იქვე სურსათის ბეღლებიც ყოფილა მოწყობილი.

ყველა ამ ცნობიდან ჩანს, რომ რომს შავი ზღვის საქართველოს სანაპირო თავისთვის საუცხოოდ გაუმაგრებია და აქ ფეხი მტკიცედაც ჰქონია ჩამდგარი, თავისი გავლენისა და ბატონობის დასაცავად დიდი ღონისძიებც ჰქონია ნახმარი. მაგრამ ზემოაღნიშნულიდან განსაკუთრებული ყურადღების ღირსი ის გარემოებაა, რომ მთლიანი დასავლეთი საქართველოს მაგიერ 134 წ. ქრ. შ. უკვე ქვეყანა ოთხ სამეფოდ დაქუცმაცებული ყოფილა. როგორც ჩანს, რომალებს თავინთი საყვარელი პოლიტიკური მცნება divide et impera („დაყავი და იბატონე“) აქაც განუხორციელებიათ და გაერთიანებული კოლხეთის მაგიერ ოთხი სამეფოს შექმნისათვის ხელი შეუწყვიათ. მომავალში უნდა გამოირკვეს, როდის და როგორ უნდა მომხდარიყო სახელდობრ ეს ამბავი.

ანტონინე კეისარს ლაზებისათვის მეფედ თურმე ბაკური (Pacorum) დაუნიშნავს”.

აქ უკვე შევწყვეტთ ამჯერად ივ. ჯავახიშვილის მიერ გადმოცემული აფხაზეთის ისტორიის შესახებ თხრობას. ჩვენი მკითხველის ყურადღებას კიდევ ერთხელ მივაპყრობთ იმაზე, რომ გამოჩენილ ქართველ ისტორიკოსს აფხაზები და აფსუები ერთიდაიგივე ხალხად მიაჩნია, ტოპონიმ „ტუაფსეს“ გამოისობითაც, ისტორიული ჯიქების ახლო ნათესავ ტომად. აფხაზების განსახლების ადგილად ჩვენი წელთაღრიცხვის დასაწყისიდანვე მიიჩნევს დაახლოებით მათ ახლანდელ სამოსახლოს. მაგრამ ივ. ჯავახიშვილს ყურადღება არ მიუქცევია ერთი გარემოებისთვის, რომ აფხაზების მეფედ ფლავიოს არრიანე ასახელებს რისმაგს, ხოლო ეს სახელი დღევანდელ საქართველოში არ უნდა იყოს გავრცელებული აფხაზეთში, არამედ სვანეთში. ისტორიულ აღმოსავლეთ საქართველოში იყო ასევე მეფე საურმაგი, სვანების მეფედ კი არრიანეს დასახელებული ჰყავს სპადაგი. სამაგიეროდ, სულ ახლახანს, საქართველოს ტელეეთერში უჯარმის ქალაქისა და ციხესიმაგრის ისტორიაზე მომზადებულ გადაცემაში მოხსენიებული იყო ქართლის სამეფო ოჯახის წევრი ასტამური, ხოლო ეს სახელი თანამედროვე ხანაში უფრო აფხაზეთშია გავრცელებული. ეს შესაძლოა მიგვანიშნებდეს უძველესი ქართველებისა და აფხაზების ეთნიკური ნათესაობის შესახებ, მაგრამ ეს უკვე შესაბამისი სპეციალისტების კვლევის საგანია და ღმერთმა ხელი მოუმართოთ მათ ამ საქმეში.

ასევე გვინდა მკითხველის ყურადღება მივაქციოთ იმაზე, რომ ნ. მარსაც და ივ. ჯავახიშვილსაც მოსხების უძველეს სახელწოდებასთან დაკავშირებულად მიაჩნიათ როგორც სახელი „აფხაზი“ შემდეგი განვითარების გავლით: „მოსხი“ _ „მესხი“ _ „მასხი“ _ „ბასხი“ _ „აბასხი“ _ „აბასგი“ _ „აფხაზი“, ასევე საგეოგრაფიო სახელები „ბასიანი“, „ფაზისი“, მთა „მასისი“; დავუმატებდით, შესაძლოა ასეთივე წარმოშობისა იყოს კოლხთა მითიური მეფის აიეტის ძის სახელიც _ აფსირტე, ასევე ტოპონიმი _ აფსაროსი. ყოველ შემთხვევაში, ქართველ ისტორიკოსებს რომ ბგერათა მსგავსი შეხამება ენახათ, რომელშიც იქნებოდა „ქარ“, „ქალ“, „კარ“ _ მაშინ არ დააყოვნებდნენ და ქართულ სამყაროსთან მის დაკავშირებაზე იფიქრებდნენ, ხშირად საფუძვლიანადაც; მაშინ რატომ უწყდებათ ხმა და უშეშდებათ ხელი, როდესაც „აფსირტესა“ და „აფსაროსის“ აფსუებთან (აფხაზებთან) დამაკავშირებელი ძაფების მოკვლევა არის საჭირო? რატომ მიაფუჩეჩეს და აფუჩეჩებენ ნ. მარისა და ივ. ჯავახიშვილის მოსაზრებას ტოპონიმების „ბასიანისა“ და „ფაზისის“ ნათესაობის შესახებ ეთნონიმ „მოსოხ“, „აბასხ“, „აფხაზთან“, და რატომ ახდენენ მის მიკუთვნებას მხოლოდ ქართული სამყაროსადმი (ქართულად „პრივატიზაციას“), აფსუებს (აფსარებს) კი ადიღეურ-ჩერქეზულ სამყაროში „ჩაწერას“ უმკვიდრებენ. თუკი თავად ჩვენ ვკრავთ ხელს აფხაზებს (აფსუებს) წინაქართული სამყაროდან ადიღეურ-ჩერქეზულისკენ, მაშინ რატომღა გვიკვირს შემდეგ ჩვენს შორის ჩამოწოლილი გაუცხოება და მტრობა? თუკი ჩვენ გვავიწყდება, რომ ისტორიკოსი არის „წარსულში გადასული წინასწარმეტყველი“ და ისტორია გვჭირდება მხოლოდ სუფრაზე ლამაზ-ლამაზი სადღეგრძელოებისთვის, სავსე სტომაქით გაბღენძვისა და ყანწით ხელში თვალების ბრიალისთვის, მაშინ რაღატომ გვიკვირს ჩვენი ზნეობის დაკნინება და დაცემა, ჩვენში მომრავლებული სიცრუე და ცილისმწამებლობა? ღმერთმა მოგვიყვანოს სწორ გზაზე და გვატაროს უფლისა და მოყვასის სიყვარულით.

შემდეგ წერილებში შევეცდებით ჩვენს მკითხველს გავაცნოთ ივ. ჯავახიშვილისეული ხედვა აფხაზთა და დანარჩენ ქართველთა წარმოშობისა და თავდაპირველი საცხოვრისის შესახებ.

მოამზადა ირაკლი ხართიშვილმა

No comments:

Post a Comment