Monday, December 6, 2010

ქართული ისტორიოგრაფია რუსეთ–საქართველოს ურთიერთობების შესახებ – ნაწილი II

III. რუსეთ-თურქეთის 1768-74 წლების ომი და საქართველო
(დასაწყისი)

ივ. ჯავახიშვილი ამ ომის შესახებ მოგვითხრობს:

„მაგრამ 16 წლის შემდგომ, 1768 წ., როდესაც ოსმალეთმა რუსეთს ომი გამოუცხადა და რუსეთი უნებლიედ უნდა ბრძოლაში ჩაბმულიყო, მაშინ მისთვის საქართველო რასაკვირველია ძალიან გამოსადეგი იქმნებოდა და ამიტომ საქართველოს არსებობაც გაახსენდა. რუსეთის სამხედრო გეგმა ისე იყო შედგენილი, რომ ოსმალეთთან ომში ბერძნები და სლავები და საქართველოს სამეფოებიც უნდა ყოფილიყვნენ ჩათრეულნი (პროფ. ა. ცაგარელი, Грамоты... I, გვ. II და Бутков, Материалы... I, 274, 275). მაგრამ ქართველებს გარდა სხვებმა ყველამ სიფრთხილე და წინდახედულება გამოიჩინეს და რუსეთის მთავრობის დაგებულს ქსელში არ გაებნენ.

ამ გეგმის განსახორციელებლად რუსეთის დედოფალმა ეკატერინე II-მ, მინისტრთა უპირველესმა იმერეთის მეფეს სოლომონ I-ს საგანგებო მოციქულის თ-დ ხვაბულოვის (ქობულაშვილის) ხელით მოსწერა, რომ რუსეთი ოსმალეთს ეომება და ეს ომი მას სწორედ ეხლა საუკეთესო საშუალებას აძლევს დააღწიოს თავი ოსმალთა ბატონობას. ამისთვის მას ჯარი უნდა შეეყარა და თანაც ცდილიყო, რომ ამავე ომში ერეკლე მეფეც გაერია და მათ ორთავეს საქართველოს შეერთებულ ლაშქრობით რუსების დახმარებით ოსმალთა წინააღმდეგ ებრძოლათ (იხ. პროფ. ა. ცაგარელი, Грамоты... I, 21, 25). რუსეთის მინისტრთა უპირველესი დედოფლის მაგიერ ატყობინებდა, რომ ზავის შეკვრის დროს საქართველოს თავისუფლების შესახებაც ხელშეკრულებაში პირობა იქმნებოდა შეტანილი (პროფ. ა. ცაგარელი, Грамоты... I, 24 და Бутков, Материалы... I, 277). სოლომონსაცა და ერეკლე მეფესაც ეგონათ, რომ ეხლა კი ნამდვილად ეღირსებოდნენ იმ სამხედრო დახმარებას, რომელსაც საქართველო ასე დაჟინებით სთხოვდა რუსეთს. ორთავემ სიხარულით ომში ჩარევის თანხმობა განაცხდეს იმ პირობით კი, რომ რუსეთიც თავის მხრივ საქართველოში საკმაო ჯარს გამოგზავნიდა (Бутков I, 277-278).

იმავე დროს, როდესაც ერეკლე მეფესთან რუსეთის ხელმწიფის ელჩი ტფილისში ჩამოვიდა, და ცდილობდა, რომ ოსმალთა წინააღმდეგ ომში საქართველოსაც, ვითარცა რუსეთის მოკავშირეს, მონაწილეობა მიეღო, ტფილისშივე ერეკლე მეფესთან ოსმალეთის დესპანები იმყოფებოდნენ, რომელნიც თავის მთავრობის პირით მხოლოდ იმას სთხოვდნენ, რომ ამ ომში საქართველო არ ჩარეულიყო. ერეკლე მეფემ ოსმალეთის ელჩები უპასუხოდ გაისტუმრა და უყოყმანოდ რუსეთს მიემხრო (Бутков, Материалы... I, 278).

რუსეთის მთავრობამ საქართველოში ოსმალეთის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებისათვის გენ. გრაფი ტოტლებენი გამოგზავნა ერთი ქვეითი პოლკით, 2 ასეული ცხენოსან კარაბინერებით, 2 ასეული ცხენოსან ჰუსარებით, 200 დონის ყაზახით, 300 ყალმუხით და 12 საველე ზარბაზნით (ომან ხერხეულიზე. ჭიჭ. 264, ჩუბ. 491 და Бутков, Материалы... I, 280-281).

1770 წ. ერეკლე მეფე საქართველოს ჯარითურთ და ტოტლებენი რუსის ჯარითურთ ახალციხის საფაშოს შეესივნენ და აწყურის ციხეს მიადგნენ. სამი დღის ბრძოლის შემდგომ რუსეთის ჯარის უფროსმა მოულოდნელად ბრძოლის ველს და აღმ. საქართველოს ჯარს თავი მიანება და თავის ლაშქრითურთ უკან გაბრუნდა (ხერხეულიძე, ჭიჭ. 264, ჩუბ. 491 და Бутков I, 281-282).

თავზარდამცემი იყო რუსეთის მხედრობის უფროსის ეს ღალატის მსგავსი საქციელი და ამიტომ „მეფე ირაკლი მრავალს ეხვეწნა“ ტოტლებენს, მაგრამ „მან არა უსმინა“ (იხ. ხერხეულიძე. ჭიჭ. 264, ჩუბ. 491). ამგვარად რუსეთისავე წყალობით და რუსთა გულისთვის ოსმალეთთან ომში ჩათრეული აღმოს. საქართველო რუსეთის ჯარის სარდლის მიერვე მრავალრიცხოვან მტრის წინაშე მუხანათურად მარტოდ-მარტო იყო დატოვებული. საშინელი მდგომარეობა შეიქმნა, მაგრამ ამ უაღრეს განსცდელის დროსაც ერეკლე მეფის დიდებულმა სამხედრო ნიჭმა იხსნა ჩვენი ერი და სამშობლო სხვაფრივ აუცილებელი განადგურებისაგნ: მცირე ლაშქრითურთ მან სამხედრო გეგმისა და ხერხის წყალობით რუსთა მოქმედებით გათამამებული ოსმალთა მრავალრიცხოვნი ჯარი ჯერ ადგილობრივ, შემდეგ სოფ. ასპინძასთან საშინლად დაამარცხა და მთლად მოსპო (იხ. ხერხეულიძე. ჭიჭ. 264-266, ჩუბ. 491-491 და ბუტკოვი. მასალები... I, 282).

რუსთა ჯარის მიერ ვერაგულად მიტოვებულსაც მოსვენებას არ აძლევდა ერეკლე მეფეს რუსეთის „მინისტრად წარმოვლენილი“ ლვოვი და ოსმლეთის წინააღმდეგ სხვადასხვა საბუთებით საომრად აქეზებდა. სწორედ „ამისის რცევით“ მეფე ერეკლე 1771 წ. კვლავ ახალციხის საფაშოს შეესია და ხერთვისის ციხე და ქალაქი აიღო, მაგრამ როდესაც ციხეში თავისი მეციხოვნენი შეაყენა, რუსეთის წარმომადგენელმა ამას წინააღმდეგობა გაუწია იმიტომ, რაკი დიდ ჯარის მოსვლისა ეშინოდა, რომ მოვიდენ და „ძალად აგართვან სირცხვილი არისო“ (იხ. ხერხეულიძე. ჭიჭ. 266, ჩუბ. 492-493).

მეორედაც 1772 წ. ლვოვმა კიდევ იმდენი მოახერხა, რომ ერეკლე მეფეს ჩააგონა „ერთხელ კვალად დაჰკარ ხვანთქრის მამულსაო“ და მანაც სოლომონ მეფეც მიიმხრო და შეერთებულის ლაშქრით ჯერ ჯავახეთის ახალქალაქს გარსშემოერტყნენ და სოლომონ მეფე საოფლით რომ არ გამხდრიყო (ავად), აიღებდენ კიდეც. შემდეგ როდესაც ამ მოარულის გამო აქეთგან აიყარნენ, მოარბიეს ახალციხის, არტაანის და ჯავახეთის ოლქები (იხ. ხერხეულიძე. ჭიჭ. 267, ჩუბ. 493).

ორთავე შემთხვევა სრულებით ცხადჰყოფს, რომ რუსეთის წარმომდგენელს თავის მთავრობის გეგმისაებრ საქართველოს დანიშნულებად ამ ომში მიწა-წყლის დაჭერა კი არ მიაჩნდა, არამედ უმთავრესად შესევითა და თარეშის საშუალებით ოსმალეთის მუდმივი შეწუხება, რომ ოსმალეთის მთავრობა ამის გამო იძულებული ყოფილიყო აქ საკმაო ჯარი დაებანდებინა.

როდესაც ტოტლებენი რუსის ჯარითურთ დასავლეთ საქართველოში გადავიდა, იგი იქ სოლომონ მეფის ქართულ ლაშქარს შეუერთდა. შეერთებულის ძალით ოსმალები შორაპნისა, ბაღდადისა და ქუთაისის ციხეებითგან განდევნილ იქმნენ (ბუტკოვი, მასალები... I, 282-284). შემდეგ ფოთის ციხე უნდა წაერთმიათ თურქებისათვის, მაგრამ ვერც ტოტლებენმა და ვერც მის მაგიერ დანიშნულმა გენ. სუხოტინმა ჯარის სიმცირის გამო ფოთის აღება ვერ მოხერხეს.

1771 წ. რუსეთის ჯარმა ჯერ ფოთს თავი მიანება, მაგრამ დასვლეთი საქართველოც სრულებით მიატოვა და აღმ. საქართველოშო გადავიდა სადგომად, ხოლო 1772 წ. რუსეთის დედოფალმა „წარასხნა მხედრობა თვისი მიზეზითა ამით, რომე ზავ-ჰყო ხონთქარისა თანა“ (ბუტკოვი, მასალები I, 285-6 და ომ. ხერხეულიძე, ჭიჭ. 267, ჩუბ. 493).

ადვილი წარმოსადგენია რა მდგომარეობში უნდა ჩავარდნილიყო რუსეთის წყალობით ოსმალეთთან ომში ჩაბმული საქართველო, როდესაც ეკატერინე II-ის ბრძანებით რუსეთის მცირერიცხოვანმა ჯარმაც კი საქართველო მიატოვა! თვით ხონთქარი ხომ რასაკვირველია საქართველოზე განრისხებული იყო და რაკი „განძვინდა მეფის ირაკლის ზედა“, მას არც ფული, არც ჯარები დაუზოგია, რომ ჩვენი ქვეყნისთვის ომში ჩარევისათვის სამაგიერო გადაეხადა. ოსმალებმა ფულით ლეკებიც საქართველოზე აამხედრეს და ჩრდილო-აღმოსავლეთიდან დაღესტნელნი, სამხრეთ-დასავლეთიდან ოსმალები ქვეყანას მოსვენებას არ აძლევდენ და აოხრებდენ (იხ. ხერხეულიძე, ჭიჭ. 267-268, ჩუბ. 494, ბუტკოვი, მასალები I, 289).

მეორეს მხრით არც სპარსეთს მოსწონებია საქართველოსაგან რუსეთის ცხადი მომხრეობა და სამხედრო მოკავშირეობა. რუსეთის მსწრაფს გაძლიერებას და გადიდებას იგი შიშის თვალით შეჰყურებდა და რასაკვირველია, როდესაც სპარსეთის შაჰის მოდგილემ ქერიმხნმა „სცნა მეფის ირაკლისაგან რუსეთის იმპერიასა საფრველსა ქვეშე შესვლა, განძვინდა ამისთვის“ და საქართველოს წინააღმდეგ ჯარითურთ წამოვიდა (იქვე ჭიჭ. 268, ჩუბ. 494).

აი რა მდგომარეობში ჩააგდო რუსეთის მთავრობამ საქართველო თავის სამხედრო გამარჯვების გულისათვის.

ადვილი არ იყო ამგვარ ორპირ მოვლენილ განსაცდელისაგან თავის დაღწევა. როდესაც ერეკლე მეფემ ქერიმხანის გამოლაშქრების ამბავი შეიტყო, „არა მცირედ მწუხარე იქმნა, ვინაიდგნ იმედეულმან რუსეთისა მფარველობისამან რა რიდა ბრძოლად ხვანთქრისა და არცა-ღა ჰმორჩილებდა მოადგილესა ყაენისასა და ამ ჟამად დაშორებული იყო მფარველობა რუსეთისა“ (იხ. ხერხეულიძე, ჭიჭ. 268, ჩუბ. 494).

რუსეთმა თავის მიზანს მიაღწია, ოსმალეთის ომის საფრთხე ზავის გამო უკვე აღარ არსებობდა. ამიტომ საქართველოსაც მისთვის მნიშვნელობა არ ჰქონდა და დანაპირებ მფარველობის გაწევა თითქოს დაავიწყდა კიდეც. სხვა საშუალება აღარ იყო, საქართველოს ისევ თავის საკუთარ ძალით და გამჭრიახობით უნდა მოეწყო ძლიერ მეზობლებთან ასე მოუფიქრებლივ გაფუჭებული დამოკიდებულება“.

აი სიტყვა-სიტყვით ასე ჰყვება რუსეთ-თურქეთის 1768-74 წწ. ომის მოვლენებს საქართველოში ივ. ჯავახიშვილი. მისი მონაყოლიდან ძალზედ ბევრი კითხვა რჩება უპასუხოდ, მაგრამ მათი ჩამოთვლის ნაცვლად სჯობს სხვა ავტორებსაც მოვუსმინოთ და მათი დახმარებითაც ვცადოთ აღნიშნული პერიოდის უფრო სრული სურათის აღდგენა.

XIX ს. გამოჩენილი რუსი ისტორიკოსი ს. მ. სოლოვიოვი თავის „რუსეთის ისტორიის მცირე სახელმძღვანელოში“ წერს:

„პოლონეთის მეფეს ავგუსტ III-ს დიდი დღე აღარ ეწერა და მოსალოდნელი იყო მეფის არჩევნები. პოლონეთში ამ დროს ერთმანეთს ებრძოდა ორი პარტია: სამეფო კარის პარტია, რომლის სათავეშიც იდგნენ ავგუსტ III-ის დროს ყოვლისშემძლე მინისტრი ბრიული და მისი სიძე მნიშეკი, და პარტია, რომლის სათავეშიც იდგა ორი ძმა თავადი ჩარტორიისკები. უკანასკნელ პარტიას ეჭირა რუსეთის მხარე: თავისიანებისთვის მხარდასაჭერად ეკატერინეს უნდა ემოქმედა ბრიულის ანუ საქსონური პარტიის წინააღმდეგ, დაპირისპირებოდა მის მისწრაფებას ავგუსტ III-ის სიკვდილის შემდეგ პოლონეთის ტახტზე მისი ვაჟიშვილი, საქსონიის კურფიურსტის აყვანისკენ... აი რატომ იყო, რომ ავგუსტ III-ის სიკვდილის შემდეგ, რომელიც მოხდა 1763 წლის ოქტომბერში, ეკატერინემ პოლონეთის ტახტზე კანდიდატად წამოაყენა ჩარტორიისკების ნათესავი გრაფი სტანისლავ პონიატოვსკი, რომელსაც იგი პირადად კარგად იცნობდა...

მაგრამ მეფის არჩევამ ვერ დააწყნარა პოლონეთი: წამოსწიეს საკითხი დისიდენტების შესახებ...

XVIII საუკუნის პირველ ნახევრში რუსებს პოლონურ ოლქებში ეკრძალებოდათ არა მხოლოდ ახალი ეკლესიების აშენება, არამედ ძველების შეკეთებაც; რუსებს ჩამოართვეს უფლება ყოფილიყვნენ დეპუტატებად სეიმებზე და დაეკავებინათ საზოგადოებრივი თანამდებობები; საეკლესიო მართლმადიდებლური წიგნების ცენზურა დავალებული ჰქონდათ კათოლიკებს; რუსები ვალდებული იყვნენ საეკლესიო მეათედი და სხვა ხარკი გადაეხადათ კათოლიკური სასულიერო წოდების სასარგებლოდ; მათ უბრძანებდნენ მიეღოთ მონაწილეობა კათოლიკურ ცერემონიებში, დაქვემდებარებოდნენ კათოლიკურ საეკლესიო სასამართლოს. ეკატერინეს არ სურდა გულგრილად ეცქირა ამისთვის. 1763 წელს ბელორუსიის მართლმადიდებელმა ეპისკოპოსმა გიორგი კონისსკიმ იმპერატრიცას მიართვა საჩივარი იმ სასტიკი შევიწროვებების გამო, რომლებსაც პოლონურ სამფლობელოებში განიცდიდნენ მართლმადიდებლები კათოლიკებისგან. რუსეთი და პრუსია შეთანხმდნენ მხარი დაეჭირათ დისიდენტების მოთხოვნებისთვის, ე. ი. არა კათოლიკებისა, როგორც მართლმადიდებლების, ისე პროტესტანტებისაც, მიეღოთ მათთვის პოლონური მთავრობისგან უფლებებში გათანაბრება, თუნდაც არა სრული, კათოლიკებთან. მაგრამ მოკავშირეთა (ე. ი. რუსეთისა და პრუსიის _ ი. ხ.) სასახლის კარების სურვილს სეიმებზე შეხვდა საშინელი წინააღმდეგობა. 1766 წლის სეიმზე ნაწილებად აჩეხვით დაემუქრენ დეპუტატ გუროვსკის, რომელმაც დაიწყო სიტყვა დისიდენტების სასარგებლოდ. ჩარტორიისკებმა გამოუცხადეს რუსეთის ელჩს ვარშავაში თავად რეპნინს, რომ არ შეუძლიათ დაეხმარონ რუსეთს მათი სამშობლოსთვის მავნე საქმეში. მაშინ რეპნინმა თავისი სამეფო კარიდან მიიღო ბრძანება _ შეედგინა კონფედერაცია დისიდენტებს შორის, რომელთაც უნდა მიემართათ რუსეთისთვის თხოვნით დახმარების შესახებ, და თუკი ჩარტორიისკები უარს იტყოდნენ საქმით მათ დახმარებაზე, მაშინ აღემრთა მათი საწინააღმდეგო პარტია და მისი მეშვეობით გაეტარებინა დისიდენტების საქმე.

ამის შედეგად, 1767 წლის გაზაფხულზე შეიქმნა კონფედერაცია პროტესტანტებისგან ტორნში და მართლმადიდებლებისგან სლუცკში. შეიქმნა ასევე რადომში შეერთებული პოლონურ-ლიტვური კონფედერაცია ჩარტორიისკების გვარის მტრების წინამძღოლობით. მაგრამ ეს კონფედერატ-კათოლიკები გამოეხმაურენ რუსი ელჩის მოპატიჟებას, მხედველობაში ჰქონდათ რა, რომ რუსული დახმარებით დაემხოთ მეფე და ჩარტორიისკებისთვის გაეკეთებინათ იგივე, რაც ჩარტორიისკებმა გაუკეთეს მათ თავიანთი ზეიმის დროს. კონფედერაციის მეთაური ადმიანები დისიდენტების მიმართ გულგრილნი იყვნენ, ხოლო ბრბო კი გამოირჩეოდა ისეთივე რელიგიური შეუწყნარებლობით, როგორც უწინ. ამიტომ რეპნინს, რათა დაეძლია ეს ჩლუნგი წინააღმდეგობა (რუს. тупое сопротивление), უნდა მიემრთა სამხედრო ძალისთვის. კრაკოვის ეპიკოპოსი სოლტიკი სათავეში ჩაუდგა რელიგიურ მოძრაობას: თხუთმეტი მდივანი დღისითა და ღამით წერდა მის სამწყემსო გზვნილებს (ეპისტოლეებს), რომლებშიც იგი მოუწოდებდა სული წმიდას, რათა იგი დახმარებოდა კათოლიკებს სეიმებზე დისიტენტების მოთხოვნებისთვის ვაჟკაცური წინააღმდეგობის გასაწევად. სეიმზე, რომელიც დაიწყო 1767 წლის ოქტომბერში, სოლტიკის გარდა, რუსეთისა და დისიდენტური საქმის მთავარ მოწინააღმდეგეებად იყვნენ კიევის ეპისკოპოსი ზალუსსკი და კრაკოვის ვოევოდა რჟევუსკი. რეპნინმა ბრძანა შეეპყროთ სოლტიკი, ზალუსსკი და რჟევუსკი ვაჟიშვილთან ერთად და გაეგზავნათ რუსეთში. ყველანი დამშვიდდნენ. დანიშნულ იქნა კომისია დისიდენტური საქმის საბოლოოდ გადაწყვეტისთვის, რომელმაც დაადგინა, რომ შლიახტური წარმოშობის ყველა დისიდენტი (ძირითადად კალვინისტები, ვინაიდან ლუთერანებს უფრო პოლონეთის ქალაქებში დასახლებული გერმანელები შეადგენდნენ _ ი. ხ.) თანაბრდება მთელ პოლიტიკურ უფლებებში კათოლიკურ შლიახტასთან; მაგრამ მეფედ შეიძლება იყოს მხოლოდ კათოლიკი და კათოლიკური აღმსარებლობა რჩება გაბატონებულად. 1768 წლის თებერვალში რუსეთსა და პოლონეთს შორის დადებულ იქნა ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც რუსეთი კისრულობდა თავდებობს პოლონეთში არსებული წესრიგის შენარჩუნებზე, შესაბამისად რუსეთის ჩარევისა და თანხმობის გარეშე არ შეიძლებოდა მომხდარიყო პოლონეთში არანაირი ცვლილება. პოლონეთის ელჩები გამოცხადდნენ პეტერბურგში, რათა პოლონეთისა და ლიტვის ხალხის სახელით მადლობა გადაეხადათ იმპერატრიცასთვის მფარველობის გამო.

პეტერბურგში შეეძლოთ ეფიქრათ, რომ მძიმე პოლონური საქმე დასრულებულია. კონფედერცია, რადგანაც მან მიაღწია თავის მიზნს, დაშლილ იქნა; რუსული ჯარები გამოვიდნენ ვარშავიდან და ემზდებოდნენ გამოსასვლელად სამეფოდანაც, როდესაც 1768 წლის მარტში მიღებულ იქნა ცნობები პოდოლიაში მომხდარი არეულობების შესახებ. კრასინსკიმ, კამენეცკის ეპისკოპოსის ძმამ, და პულავსკიმ, ადვოკტმა, დაიპყრეს ქალაქი ბარი და აღმართეს იქ აჯანყების დროშა რწმენისა და თავისუფლებისთვის; გალიციაში შეიქმნა სხვა კონფედერაცია პოტოცკის წინამძღოლობით; ლიუბლინში მესამე როჟევსკის წინამძღოლობით. მაგრამ ეს აჯანყება სულაც არ ყოფილა სახალხო: ხმამაღალი სიტყვები „რწმენა და თავისუფლება“ ვერ ახდენდნენ შთაბეჭდილებას მასაზე; ძნელი იყო ხალხის აყოლიება რწმენისთვის საბრძოლველად, როდესაც ემყარებოდნენ რომელიღაც ფანტიკოსი მონაზვნის სიტყვებს, ხოლო საქმით კი არ ჩანდა, თუ ვინ და როგორ ავიწროვებს (დევნის) სარწმუნოებას; ძნელი იყო ხალხის აყოლიება თვისუფლებისთვის საბრძოლველად, რომლითაც სარგებლობდნენ არცთუ ბევრი ადამიანები და სარგებლობდნენ იმისთვის, რათა შეედგინათ კონფედერაციები ხან ერთის წინააღმდეგ, ხანაც მეორისა, მოიწვევდნენ რა დასახმარებლად უცხო ჯარებს. ვარშავაში შედგა სენატის გადაწყვეტილება _ ეთხოვათ სრულიად რუსეთის იმპერატრიცასთვის, როგორც რესპუბლიკის თავისუფლების, კანონებისა და უფლებების გამო თავმდებისთვის, რათა მას მიემართა პოლონეთში მყოფი თავისი ჯარები მემბოხეთა მოსათვინიერებლად. რეპნინმა დძრა ჯარები სხვადასხვა მიმართულებით და კონფედერატებმა ვერსად ვერ შეთლეს მათი მიწოლისთვის გაძლება. კონფედერატების მიერ დაკავებული ქალაქები _ ბარი, ბერდიჩევი, კრაკოვი მათ უკან წერთვათ; მაგრამ ძნელი იყო გამოკიდება კონფედერატების წვრილ-წვრილი ხროვებისთვის, რომლებიც იფანტებოდნენ ქვეყანაში, იტაცებდნენ სახაზინო ფულებს, ძარცვავდნენ მეგობრსა და არამეგობრს, კათოლიკსა და დისიდენტს, სასულიერო და საერო ადამიანს. ნაძარცვი ფულებით ისინი ხროვებად გარბოდნენ უნგრეთში ან სილეზიაში. სულ დასაწყისიდანვე ნათელი იყო, რომ კონფედერაციას თავისი ძალებით არ შეეძლო მედგრობა რუსების წინააღმდეგ, და ამიტომ იგი ელოდებოდა ხსნას მხოლოდ უცხო დახმარებით. კამენეცკის ეპისკოპოსმა კრასინსკიმ მოიარა დრეზდენის, ვენის, ვერსალის სამეფო კარები და ყველგან ქადაგებდა, რომ რუსეთს სურს დაეუფლოს პოლონეთს _ და როგორ უბედურებას მოუტანს ეს მთელ ევროპას! ავსტრია და განსაკუთრებით საფრანგეთი გადაიხარნენ კონფედერატების მხარეზე.

კონფედერაციის მთავარი ბინა იმყოფებოდა ტეშენში, ხოლო გენერალიტეტს კი, რომლის სათავეშიც იმყოფებოდა გრაფი პაცი, ადგილსამყოფელი ჰქონდა ეპერიეშში (პრიაშოვი უნგრეთში). ლუდოვიკო XV-ის პირველმა მინისტრმა, ჰერცოგმა შუაზელმა, აღიარა კონფერედაცია და მასთან დასახმარებლად გაგზავნა შემდგომში სახელგანთქმული დიუმურიე, რომელმაც თავის ჩანაწერებში დაგვიტოვა საქმეთა მაშინდელი მდგომარეობის აღწერილობა პოლონეთში და კონფედერატებთან...

კონფედერაციის საქმეების ასეთი სამწუხარო მდგომარეობის მიუხედავად, მან საკმარისად დიდხანს გაძლო თურქეთის წყალობით, რომელმაც რუსეთის ძალების ყურადღება გადაიტანა პოლონეთისგან. 1768 წელს ბარის კონფედერაციის ერთდროულად, უკრაინაში იფეთქა კაზაკების აჯანყებამ ჟელეზნიაკისა და გონტას წინამძღოლობით. ეს აჯანყება, რომელიც ცნობილია გაიდამაკების ამბოხების (რუს. бунт) სახელით, მოაგონებდათ ბოგდან ხმელნიცკის აჯანყებას XVII საუკუნეში. კაზაკებმა საკუთარი თავი გამოაცხდეს დაჩაგრული მართლმადიდებლობისთვის მებრძოლებად, გულმოწყალების გარეშე ხოცავდნენ პოლონურ შლიახტასა და ურიებს; დაეუფლენ რა ქალაქ უმანს, მისი ქუჩები მოჰფინეს გვამებით, ღრმა ჭა კი ამოავსეს მოკლული ბავშვებით. ერთერთი გაიდამაკური რაზმის უფროსი, ასმეთაური შილა, გაემართა მდიდრი სასაზღვრო ადგილის _ ბალთისკენ, რომელსაც მხოლოდ პატარა მდინარე ჰყოფდა თათრული ადგილის _ გალთასგან. გაიდამაკებმა, შევიდნენ რა ბალთაში, ამოხოცეს აქ ურიები; მაგრამ როდესაც წავიდნენ, მაშინ ურიები და თურქები გალთადან გადმოვიდნენ ბალთაში და დაიწყეს მის მართლმადიდებელ მცხოვრებთა ხოცვა; გაიდამაკები, როდესაც ეს გაიგეს, დაბრუნდნენ შური იძიეს გალთას დარბევით. თურქეთის მთავრობამ, რომელსაც დიდი ხანია უკვე აგულიანებდა საფრანგეთი, ისარგებლა ამ შემთხვევით ომის გამოსაცხადებლად რუსეთისთვის, და ყირიმის ხანმა მიიღო ბრძანება შეჭრილიყო რუსეთის საზღვრებში...“.

ასე მოგვითხრობს რუსეთ-თურქეთის 1768-74 წლების ომის წინა მოვლენებისა და მისი დასაწყისის შესახებ XIX საუკუნის რუსი ისტორიკოსი, თავის „მცირე სახელმძღვანელოში“. ბუნებრივია, რომ სერგეი სოლოვიოვს უფრო ვრცელი და საფუძვლინი თხზულებებიც ექნებოდა რუსეთის ისტორიაში, ასევე XVIII და XIX სს. სხვა ისტორიკოსებსაც, და მათი შინაარსი ივ. ჯავახიშვილისთვის ცნობილი უნდა ყოფილიყო. ხოლო პატიოსანი ისტორიკოსი, ქართველი მართლმადიდებელი ადამიანი და მეცნიერი უფრო მეტი გულისხმიერებით უნდა მოჰკიდებოდა თავიდანვე ამ ომის თემას, ვიდრე ამას ვხედავთ მის ზემოთ მოყვანილ ამონარიდში. დანარჩენის შესახებ ქვევით ვისაუბროთ. შემდეგ ს. მ. სოლოვიოვი განაგრძობს ომის მსვლელობის გადმოცემით. იგი ამბობს:

„...ყირიმის ხანმა მიიღო ბრძანება შემოჭრილიყო რუსეთის საზღვრებში. 1768 წლის ზამთარში თათრებმა გააჩანგეს ახალი სერბეთი. რუსეთი, რომელიც დაკავებული იყო პოლონური საქმეებით, პირველ ხანებში უნდა შემოსაზღვრულიყო უპირატესად თავდაცვითი ომით; მაგრამ ომის პირველსავე წელს (1769) თავადმა ალექსანდრე გოლიცინმა მოახერხა დიდი ვეზირის დამარცხება ხოტინთან და ამ ციხესიმაგრის დაუფლება. გოლიცინი შეცვლილ იქნა რუმიანცვით. 1770 წლის მაისის პირველ რიცხვებში რუმიანცევი დაიძრა ზამთრის ბინებიდან, ივნისში განდევნა თურქები მათი ბანაკიდან მდ. პრუტთან და წავიდა წინ, თავისი ჯარის უმნიშვნელობის (სიმცირის _ ი. ხ.) მიუხედავად თურქულ ჯართან შედარებით; 7 ივნისს მან ნახა ყირიმის ხანის 100-ათასიანი ჯარი გამაგრებულ ბანაკში პატარა მდინარის ლარგას ნაპირზე, თავს დაესხა მას და ბანაკი დარჩათ რუსებს. ამ გამარჯვების კვლდაკვალ 21 ივნისს მოპოვებულ იქნა სხვა, უფრო ბრწყინვალე გამარჯვებაც, თავად ვეზირზე კალუგასთან; რუმიანცევს ჰყავდა არაუმეტეს 17.000 ადამიანისა, დაღლილები, მშივრები; ვეზირს 150.000, ხოლო ზურგში კი რუსებს ემუქრებოდნენ თათრები 80.000 ადამიანის რიცხვით. ამ გამარჯვებამ მოგვაგონა უძველესი ისტორია, როდესაც ერთი მუჭა ბერძნები ამარცხებდნენ სპარსელთა ურდოებს; გარემოებები იყო ერთნაირი, მაშინაც და ახლაც მიდიოდა ასევე ბრძოლა ევროპასა და აზიას შორის, ევროპულ ხარისხსა და აზიურ რაოდენობას შორის. რამდენიმე მნიშვნელოვნი ციხესიმგრის დაკავება იყო რუმიანცევის გამარჯვებების შედეგი. იმავე დროს რუსული ფლოტი მოქმედებდა ხმელთაშუა ზღვასა და არქიპელაგში. ფლოტის გაგზავნის მიზანი იყო დახმარების გაწევა ბერძნული ხალხმოსახლეობისთვის, რომელიც მზად იყო აჯანყებულიყო თურქების წინააღმდეგ. აჯანყება ნამდვილად გავრცელდა სწრაფად მთელს მორეაში. მთავარი უფროსობა რუსულ ფლოტზე მიიღო გრაფმა ალექსი გრიგოლის ძე ორლოვმა. 24 ივნისს მოხდა საშინელი ბრძოლა ქიოსის ყურეში; თურქული ფლოტი მიიმალა ჩესმენის ნავსადგურში, მაგრამ რუსული ფლოტი თავს დაესხა მას აქ და ცეცხლში დაწვა მოწინააღმდეგე; პირველი ბრძოლის გმირი გახლდათ სპირიდოვი, მეორისა _ გრეიგი. ქიოსისა და ჩესმენის ბრძოლებს შესაძლო იყო ჰქონოდათ მნიშვნელოვანი შედეგები, რუსული ფლოტი რომ პირდაპირ წასულიყო დარდანელზე; მაგრამ მან დაიწყო არქიპელაგის კუნძულების დამორჩილება, ხოლო ამასობაში თურქებმა, ფრანგი აგენტის, ბარონ ტოტის დახმარებით, მოასწრეს დარდანელის გამაგრება, და როდესაც რუსული ფლოტი მას მიადგა, წააწყდა ისეთ წინააღმდეგობას, რომ იძულებული შეიქმნა უკან დაეხია.

1771 წელს, განსაკუთრებით გენერალ ვაისმანის მოქმედებების წყალობით, დუნაის ორივე ნაპირი, ჟურჟადან შავ ზღვამდე დაკვებულ იქნა რუსული ჯარებით. მეორეს მხრივ, თავადი ვასილი მიხეილის ძე დოლგორუკი გადავიდა ყირიმში. ყაჩაღებმა, რომლებიც მიეჩვივნენ საუკუნეების მანძილზე მოულოდნელ თავდასხმებს სხვების მიწებზე, არ იცოდნენ თავიანთი საკუთარი მიწის დაცვა; ორ კვირაში დოლგორუკიმ დაიკავა მთელი ნახევარკუნძული. ხდებოდა, რომ ძველ დროში შიკრიკი შიკრიკზე მოაჭენებდა ცხენს მოსკოვში შეტყობინებებით საშინელი გირეის (ყირიმის ხანის _ ი. ხ.) მდ. ოკასთან მოახლოების შესახებ; ახლა კი მაუწყებელი მაუწყებელზე ცხადდებოდა გაოცებულ პეტერბურგის სასახლეში შეტყობინებებით დოლგორუკის უჩვეულო წარმატებების შესახებ: გამთენიისას მოვა ერთი, შუადღეზე _ მეორე, მზის ჩასვლის წინ _ მესამე“.

ასე მოკლედ აქვს აღწერილი ამ თხზულებაში სერგეი სოლოვიოვს საბრძოლო მოქმედებების მიმდინრეობა რუსეთსა და თურქეთს შორის ბალკანეთის მისადგომებზე 1768-71 წლებში. ამავე მოვლენებთან ერთად მიმდინარეობდა მოქმედებები პოლონეთშიც. ვინაიდან მათ შესახებ წარმოდგენის მიღება სასარგებლო იქნება რუსეთის სამხედრო და პოლიტიკური საქმიანობის უკეთ და სრულად გაგებისთვის, ამიტომ მათზეც გავაგრძელებთ რუსი ისტორიკოსის თხრობის გადმოცემას. სახელდობრ, ს. მ. სოლოვიოვი აგრძელებს:

„თურქულ ომთან მჭიდრო კავშირში იმყოფებოდა პოლონური საქმეებიც. ჩარტორიისკებმა და თავად მეფე სტანისლავმაც ისარგებლეს თურქული ომით, რუსული ძალების გაყოფით, რათა რუსეთისგან დამოუკიდებელ მდგომარეობში დამდგარიყვნენ, უარი თქვეს დახმარებოდნენ მას პოლონეთის დაწყნარებაში, კონფედერაციის მოსპობაში, თანაც ელოდებოდნენ, რომ სამხედრო იღბლის შეცვლა და ევროპული დერჟავების პოლონეთისადმი გამოქომგება აიძულებს რუსეთის იმპერატრიცას უარი თქვას დისიდენტებზეც და პოლონეთში არსებული სახელმწიფო წესრიგის გარანტიებზეც. ამაოდ სთავაზობდა მათ პეტერბურგის კაბინეტი, რათა მათ გამოეცათ დამამშვიდებელი ახსნა გარანტიების თაობაზე და დაპირდა თანხმობის მიცემას დისიდენტების უფლებების შეზღუდვაზე, თუკი თავად დისიდენტები მოისურვებენ ზოგიერთი თავიანთი უფლების მსხვერპლად მიტანას სამშობლოს დამშვიდებისთვის: მეფესა და დიდებულებს არ სურდათ შესვლა არანირ შეთანხმებებში, მოელოდნენ რა თავიანთთვის უფრო ხელსაყრელ დროს, როდესაც რუსეთი იძულებული იქნებოდა ყველაფერი დაეთმო; ამავე დროს არც მეფესა და არც დიდებულებს არ რცხვენოდათ ფულების თხოვნისა რუსი ელჩებისთვის. ყველაფერი, შესაბამისად, აქ დამოკიდებული იყო თურქული ომის დამთავრებზე. რუსეთს, თავისი ბრწყინვალე გამარჯვებების დროს, რა თქმა უნდა, არ შეეძლო მისი დასრულება ანაზღაურების გარეშე. ეკატერინე რუსეთისთვის მოითხოვდა მხოლოდ ერთ არცთუ დიდ კუნძულს არქიპელაგში ვაჭრობის მოსახერხებლობისთვის, მაგრამ ამასთან მოითხოვდა ყირიმის დამოუკიდებლობას თურქეთისგან, აგრეთვე მოლდავეთისა და ვალახეთის დამოუკიდებლობასაც; ავსტრიას არაფრით არ სურდა დათანხმება უკანასკნელზე და რუსეთს ემუქრებოდა ომით. ეს ომი სახიფათო არ იქნებოდა რუსეთისთვის პრუსიასთან კავშირის დროს; მაგრამ ფრიდრიხ II-ს არ სურდა რუსეთისთვის უანგაროდ დახმარება. მან შედაგინა გეგმა, რათა საქმეები მოეგვარებინა ომის გარეშე და ამასთანვე მნიშვნელოვანი შენაძენი გაეკეთებინა პრუსიისთვის. ჯერ კიდევ 1770 წელს ავსტრიულმა ჯარებმა დაიკავეს ზოგიერთი პოლონური ოლქი. პრუსია ასევე მიჰყვა ავსტრიის მაგალითს, ხოლო 1771 წელს ფრიდრიხ II-მ მიმართა პეტერბურგის სამეფო კარს წინადადებით, რათა რუსეთს ანაზღაურება, რომელიც მას ეკუთვნოდა ყველა უფლებით, მიეღო არა თურქეთისგან, არამედ პოლონეთისგან. ამასთან პრუსია და ავსტრია ასევე აიღებენ თავიანთთვის პოლონურ ოლქებს; ამაზე არდათანხმების შემთხვევაში ფრიდრიხ II-მ პირდაპირ გამოაცხადა, რათა რუსეთს არ ჰქონოდა მისი დახმარების იმედი ავსტრიასთან ომში. წინადადება მიღებულ იქნა, და პოლონეთის პირველი გაყოფა შედგა 1773 წელს: რუსეთმა შეიძინა ბელორუსია, ავსტრიამ _ გალიცია, პრუსიამ _ პომერანია და დიდი პოლონეთის ნაწილი.

თურქეთთან ომი შეწყდა 1774 წელს. 10 ივლისს რუსულ ბანაკში ქუჩუკ-ყაინარჯთან ხელმოწერილ იქნა მშვიდობის პირობები; სულთანმა აბდულ-ჰამიდმა ვალდებულება იკისრა: 1) ეღიარებია ყირიმელი თათრების, ბუჯაყელებისა და ყუბანელების დამოუკიდებლობა; 2) დაეთმო რუსეთისთვის აზოვი, ქერჩი, ენიკული და კინბურნი; 3) რუსული ხომალდებისთვის თავისუფლად ცურვის გზა გაეხსნა შავი ზღვიდნ ხმელთაშუა ზღვაში; 4) რუსეთის ქვეშევრდომებისთვის მიეცა ყველა ის უფლება თურქეთის ოლქებში, რომლებითაც სარგებლობდნენ ფრანგები და სხვა ხალხები, რომლებსაც ყველზე უფრო მეტად მფარველობდა თურქეთის მთავრობა; 5) პატიება ებოძებინა თავისი ქვეშევრდომი ყველა ქრისტიანისთვის, რომლებიც ჩარეული აღმოჩნდნენ უკანასკნელ აჯანყებაში; 6) დაეშვა რუსი რეზიდენტები კონსტანტინოპოლში, რათა მათ დივანის წინაშე ეშუამდგომლათ მოლდავური საქმეების გამო; 7) გადაეხადა 4.500.000 მანეთი ომის ხარჯებისთვის; ეღიარებინა რუსეთის ხელმწიფის საიმპერატორო ტიტული. _ რუმიანცევმა ამ ომიდან გამოიტანა ზედმეტსახელი დუნაისმიღმელი, დოლგორუკიმ _ ყირიმელი, ორლოვმა _ ჩესმენელი“.

ასეთია მთლიანად ომის მოვლენების მოკლე თხრობა რუს ისტორიკოსთან. შემდეგ ს. მ. სოლოვიოვი მკითხველს მოუთხრობს ასევე შავი ჭირისა და ამის გამო მოსკოვში მომხდარი ამბოხების შესახებ (1779-1771 წწ), ემელიანე პუგაჩოვის მეთაურობით გლეხთა დიდი აჯანყების შესახებ (1773-1774 წწ.), რომლებმაც რუსეთისგან ასევე მნიშვნელოვანი ძალების დაძაბვა მოითხოვეს. და ყოველივე ამის გათვალისწინების გარეშე ივ. ჯავახიშვილი ცალსახად ლაპარაკობს რუსეთის ხელისუფლების ვერაგობისა და მზაკვრობის შესახებ, და ქართული საზოგადოების ფართო ფენებში ხდება ასეთი განწყობილებების გავრცელება, შესაბამისი დამოკიდებულება ვითარდება ჩვენში რუსეთისა და რუსებისადმი და ამდენი სიცრუის შემდეგ კიდევ გვიკვირს, თუ რატომ მოდის ჩვენზე ეს განსაცდელები. და რა უნდა მოვიდეს? რას ვიმსახურებთ?

როგორც ვნახეთ, სერგეი სოლოვიოვს თავის „მოკლე ისტორიაში“ საერთოდ არა აქვს მოხსენიებული საქართველოში მიმდინარე ამბები. როგორც უნდა გვახსოვდეს, მან ამ სახელმძღვანელოში ასევე აარიდა თავი რუსული არმიის სხვა წარუმატებლობის შესახებ საუბარს 1722-23 წლებშიც. სამაგიეროდ სხვა ავტორებთან მის შესახებ მნიშვნელოვანი ცნობები მოიპოვება. სახელდობრ, 1985 წელს თბილისში გამოქვეყნდა გენერალ-მაიორ ტოტლებენის ადიუტანტის კაპიტან შარლ დე გრი დე ფუას მოხსენების (რელაციის) თარგმანი ქართულ ენაზე, რომელიც ფრანგულიდან თარგმნა, შესავალი, შენიშვნები და საძიებლები დაურთო ჯუმბერ ოდიშელმა.

სახელდობრ „რელაციის“ შესავალში ჯ. ოდიშელი აღნიშნავს, რომ ჯერ კიდევ 1764 წელს გაფორმებული რუსეთ-პრუსიის სამხედრო კავშირის ერთერთი საიდუმლო მუხლის ძალით პრუსია კისრულობდა რუსეთისთვის ყოველწლიურად 400.000 მანეთის მიცემას ამ უკანასკნელის თურქეთთან ომის შემთხვევაში; რომ თურქეთი განსაკუთრებით მწვავედ უპირისპირდებოდა რუსეთს პოლონეთის საკითხში და ქალაქ ბარის (ანტიდისიდენტურ _ ი. ხ.) კონფედერაციას ემხრობოდა.

„1768 წლის 25 სექტემბრს რუსეთის ელჩს კონსტანტინოპოლში ობრეზკოვს ჯერ ულტიმატუმი წაუყენეს _ მოსთხოვეს რუსული სამხედრო ნაწილების გაყვანა პოლონეთიდან, შემდეგ დააპტიმრეს ისე, რომ პასუხს არც დალოდებიან.

თურქეთმა 1768 წლის სექტემბერში რუსეთს ომი გამოუცხადა, მაგრამ იმდენად არ იყო მზად, რომ სამხედრო ოპერაციები მხოლოდ მომდევნო წელს დაიწყო.

აღნიშნულ ვითარებში რუსეთისათვის მეტად აქტუალური გახდა ყველა ანტითურქული ძალის კონსოლიდაცია. ამიერკავკასიასთან ურთიერთობების თვალსაზრისით ეს, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობდა საქართველოს გამოყენებას თურქეთის წინააღმდეგ ომში. გაიხსენეს და საგარეო საქმეთა კოლეგიის არქივებიდან გამოამზეურეს ყველაფერი, რაც მიმდებრე პერიოდში საქართველოს რუსეთთან ურთიერთობას ეხებოდა...

იმპერიის საგარეო საქმეთა კოლეგიაში მთელი საქმე შედგა _ „განსჯა საშუალებებისა, რომელთა მეშვეობით შეიძლება ქართველთა დაყოლიება, მონაწილეობა მიიღონ ოტომანის პორტასთან მიმდინარე ომში“ (А. Цагарели, Грамоты и другие исторические документы..., т. I, стр. 1-9).

ირკვევა, რომ თავდაპირველად განზრახული იყო ომში მხოლოდ იმერეთის მონაწილეობის უზრუნველყოფა. ერეკლეს, რომელზედაც გავლენა უნდა მოეხდინათ ერთმორწმუნეობის მომენტის ხაზგასმით, ხელი არ უნდა შეეშალა სოლომონისათვის, მონაწილეობა მიეღო ომში (იქვე, გვ. 6-7).

მხოლოდ შემდგომში დაისვა საკითხი ქართლ-კახეთის სამეფოს ომში ჩაბმის შესახებ. ამ თვალსაზრისით საინტერესოა ეკატერინე II-ის 1768 წლის 28 ნოემბრის ხუთი კითხვა საგარეო საქმეტა კოლეგიისადმი და კოლეგიის შესაბამისი პასუხები (იქვე, I, გვ. 9-10). მხოლოდ ამ პერიოდში დაინტერესდა ეკატერინე თეიმურაზ II-ის ელჩობის მიზნებით. მისი დავალებით კოლეგიამ გამოიკვლია საქართველოს გეოგრაფიული რუკების ვითარება, დაინტერესდა ერეკლეს რელიგიური მრწამსით“.

შემდეგ ჯ. ოდიშელი აღნიშნავს, რომ 1768 წლის ივნისში ოსმალეთთან მანამდე უკვე ომში ჩაბმულმა სოლომონ I-მა რუსეთში ელჩად გაგზავნა ქუთათელი მიტროპოლიტი მაქსიმე, რომელიც ყიზლარის კომენდნტთან ჩავიდა 4 ოქტომბერს, მაგრამ უკანასკნელმა იგი უყურადღებოდ მიიღო, რადგანაც ხლმზღვანელობდა საგარეო საქმეთა კოლეგიის წინა წლის მოწერილობით, როდესაც პეტერბურგი თავს არიდებდა რაიმე მიზეზით ოსმალეთთან კონფლიქტში შესვლას. იმა წლის 23 ივნისით დათარიღებულ წერილში კი, რომელიც მაქსიმე ქუთათელს მიჰქონდა პეტერბურგში, სოლომონი ეკატერინე II-ს სწერდა: „საწადელ არს ჩემდა, ძლიერო ხელმწიფეო, რათა მონა შენი, მეფე იმერეთისა სოლომონ, შემრთო მონათა შენთა, რამეთუ მრავლით ჟამითგან მსურს, რათამცა სისხლი ჩემი დაითხიოს ქრისტეს მოცემულისა სჯულისათვის, და, თუმცა ყოვლად მოწყალე ხელმწიფე ინებებეს და დაგვდებს ძლიერსა ხელსა თვისსა, _ მეც ამ აღთქმას მოვახსენებ, ქრისტეს შეწევნითა, რომ აღმოსავლეთის სარწმუნოებისა და სჯულისათვის ყოვლად მოწყალის ხელმწიფის სამსახურზე უცხო თესლთა, ოსმალთ შევაკვდე და ვიდრე სისხლის დათხევამდე ხელმწიფის სამსახურზე ვიღვაწო. ათორმეტი წელიწადი არს, რომ ხვანთქრის ჯარსა და ჩვენ ძლიერი ბრძოლა გვაქვს“ (ა. ცაგარელი, Грамоты..., ტ. II, გვ. 1-2).

შემდეგ ჯ. ოდიშელი განაგრძობს: „1768 წლის 12 ნოემბერს რუსეთის საიმპერიო სახელმწიფო საბჭომ დაადგინა, მოწოდებით მიემართათ ბალკანეთისა და საქართველოს ქრისტიანი ხალხებისთვის თურქებთან სარწმუნოებისათვის წარმოებულ ომში მათი მონაწილეობის უზრუნველსაყოფად (Архив Государственного Совета, I, СПб, 1869, стр. 10).

მაქსიმე ქუთათელის მიერ მიწოდებული ცნობების საფუძველზე საგარეო საქმეთა კოლეგიამ იმერეთის პოლიტიკურ-ეკონომიკური ვითარების აღწერა შეადგინა. იმერეთში ჩრდილოეთ კავკასიიდან გადმოსასვლელი გზის შესწავლის თვალსაზრისით დაინტერესდნენ არაგვის და ქსნის საერისთავოებით. იმერეთის ვითარების საკმაოდ საფუძვლინი ცოდნა გამოსჭვივის საქართველოში რუსეთის საქმეთა მუდმივ რწმუნებულად გამოგზავნილ ანტონ მოურავოვისთვის მიცემულ 1769 წლის 28 მაისის ინსტრუქციაში. ამასთან დეტალურად არის გაშიფრული რეზიდენტის სამოქმედო პროგრამა (ა. ცაგარელი, Грамоты I, გვ. 20).

საგარეო საქმეთა კოლეგიას მაინცდამაინც დიდი იმედი არ ჰქონდა ერეკლე მეფის აქტიური მოქმედების თაობაზე რუსეთ-თურქეთის მიმდინარე ომში. ითვალისწინებდნენ, რომ ერეკლე თურქეთის ვასალი არ იყო, არავითარ ხარკს თურქებს არ უხდიდა, საკმოდ ნორმალური ურთიერთობა ჰქონდა ახალციხის ფაშასთან. მიაჩნდათ, ლეკთა გაუთავებელი შემოსევების ვითარებაში ერეკლე ვერ მოიცლიდა თურქებთან საომრად. აღნიშნული თვალსაზრისი გამოთქმულია ანტონ მოურავოვისთვის მიცემულ ინსტრუქციაში, მრავალ სხვა დოკუმენტში.

აღნიშნულ ვითარებაში ერეკლე მეფის შემდგომი მოქმდების სწორად გასააზრებლად უნდა გავითვალისწინოთ, რომ თურქთაგან ჩაგრული ხალხები რუსეთში ხედავდნენ თავიანთ ბუნებრივ დამცველსა და განმათავისუფლებელს. სწორედ ამიტომ მოხდა, რომ ერეკლე თითქოს საკმაოდ იოლად დათანხმდა ჩაბმულიყო ომში, რომელიც ერთი შეხედვით მისი სამეფო ინტერესების სფეროში არ შედიოდა.

მახლობელ აღმოსავლეთში საერთაშორისო ურთიერთობათა განვითარების პერსპექტივის თვალსაზრისით ხაზი უნდა გაესვას, რომ იმჟამინდელ დოკუმენტებში ერეკლე II და სოლომონ I რუსეთთან ურთიერთობის აფიშირებას ახდენენ, რუსეთის იმპერატორის ხელდებულად აცხადებენ თავს.

რუსული მხედრობა ბალკანეთში ნიჭიერი სარდლის რუმიანცევის ხელმძღვანელობით წარმატებებს აღწევდა.

1769 წლის 30 აპრილს მეფე ერეკლე ყიზლარის კომენდანტს გენერალ პოტაპოვს სწერდა: „ივნისის შვიდსა თქვენის მაღლადაღმსულელობის წიგნი მივიღეთ, რომელმაც ჩვენ დიდად სასურველი ჰამბავი გვახარა, რომელ მისის დიდებულების არმიასა ოსმალთა ზედა სახელოვნი ძლევა მიუღია“ (А. Цагарели, Грамоты т. II, выпуск I, стр. 5). იმავე წლის 5 ივნისს ერეკლეს უკვე გადაწყვეტილი პასუხი აქვს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრისათვის. იგი წერს პანინს: „ოსმალთა თანა მტერობასა სრულის წადილით ვეცადნეთო“. ერეკლეს თავისი მაჰმადიანი ვასალების თანადგომის იმედიც აქვს: „რომელნი მაჰხმადინნი ჩვენნი გარემონი არიან და ან ჩვენს მფლობელობის ქვეშ იმყოფებიან დღეს, ჩვენ ამას უეჭველად ვჰგონებთ, ესენიც რომელნიმე გაგვეერთდებიან და ოსმალთ მტერობაზედ რაოდენი სიმხნე და გამოცდილება აქუსთ, ზოგნი შიშისაგან და ზოგნი რომლისამე მიზეზისაგან ჩვენთან სიმართლით გაირჯებიანო“ (იქვე, II, I, გვ. 6-7). (მაგრამ რამდენადაც ვიცი, ერეკლე მეფის ეს იმედები არ გამართლდა და განჯის, ერევნის ან ყარაბაღის ხანები არ გამოსულან თავიანთი მხედრობით ოსმალთა წინააღმდეგ. უფრო მეტიც, არც ერეკლეს ქვეშევრდომი თარაქამა ტომების მხედრობა ჩანს ერეკლეს ლაშქარში, როდესაც იგი 1770 წლის გაზაფხულზე ახალციხის საფაშოში გადავიდა რუსულ ჯართან ერთად _ ი. ხ.).

1769 წლის 4 სექტემბერს მეფე ერეკლე დასტურს აძლევს ეკატერინე II-ს ომში მონაწილეობაზე _ „მოწყალებით გებრძანათ, რომ ხონთქრის სამფლობელოს, რომელიც ჩუენგან შეიძლებოდეს საქართველოს ნაპირებიდამ მტერობად განვეწყუნეთ და თქუენისა ყოვლად დიდებულისაგან ჯარითა და სხუას შეწევნით ჩუენ, მდაბალნი მონანი, სიმდაბლითა ვმადლობთ და ვსასოებთცა თქუენის დიდებულებისაგან, რომ შემდგომად ამისსა დაუგდებლად დაგვიცუნე“ (იქვე, გვ. 13). (აქ ასევე საგულისხმოა, რომ ერეკლე II, საქმის რეალური მდგომრეობიდან გამომდინარე, საქართველოს განთავისუფლებას კი არ ითხოვს რუსეთის იმპერატრიცასგან, როგორც ამას ამბობს ივ. ჯავხიშვილი, არამედ მომავალშიც რუსეთის ქმედით მფარველობას, რაც 1770-იან წლებში რუსეთმა ვერ ჩათვალა შესაძლებლად, მაგრამ 1783 წელს კი განახორციელა გეორგიევსკის ტრაქტატის დადებით. 1770-იანი წლების მოვლენების შესახებ, ისევ საბჭოთა პერიოდის ქართველი ისტორიკოსების შრომებზე დაყრდნობით, ქვემოთ გვექნება საუბარი. _ ი. ხ.).

1769 წლის 4 სექტემბერს წერილში ნიკიტა პანინისადმი ერეკლე მეფე საკითხს სვამს პრაქტიკულ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ (მოთხოვნილი 15 პოლკიდან ხუთი ამთავითვე გამოგვიგზავნეთო)“ (იქვე, გვ. 14).

მაგრამ თუკი რუსული არმიის ერთი პოლკის რიცხოვნებას ვივარაუდებთ 3-3,5 ათასი ადამიანით, მაშინ ერეკლე მეფის მიერ მოთხოვნილი 15 პოლკის რიცხოვნება მიაღწევს 45-52,5 ათას ადამიანს, და თუკი მეხსიერება არ მღალატობს, ასეთი რიცხოვნებისა გახლდათ ინფანტერიის გენერალ პეტრე ბაგრატიონის მე-2 არმია 1812 წლის სამამულო ომში (და ბოროდინოს ველზეც; ბარკლაი დე ტოლის 1-ლ არმიაში კი ირიცხებოდა დაახლოებით 100 ათასი ადამიანი). ეს ცნობა უბრალოდ გვიჩვენებს იმას, თუ რამდენად არ იცნობდნენ კარგად ვითარებას ქართველი მეფეები. მაგრამ ეს მაინც ერთი მცირე დეტალია საერთო ვითარებისა. საგულისხმოა ჯ. ოდიშელის შემდეგი დასკვნა-მსჯელობა:

„ამრიგად, რუსეთ-თურქეთს შორის საომარი მოქმედებების დასაწყისისათვის საქართველო-რუსეთის ინტერესების ურთიერთდამთხვევის საფუძველზე, ამასთან გამოცდილი, ოსტატობით ცნობილი რუსული დიპლომატიის წარმატებული მოღვაწეობის შედეგად, საქართველოს მონაწილეობა ომში გარანტირებული იყო. რუსეთის ერთმპყრობლი ეკატერინე II ერთგვარი საზეიმო ლაკონიზმით აცხადებს: „თურქეთს ცეცხლი შევუნთე ოთხი მხრიდან: დუნაიდან, ყირიმიდან, ზღვებიდან და თვით საქართველოდანაც კი“ (В. О. Ключевский, Курс русской истории, ч. V, 1937, стр. 40).

საარქივო დოკუმენტების, ა. ცაგარელის მიერ გამოცემული სიგელ-გუჯრებისა და სხვა დოკუმენტების მეცნიერულად გააზრების საფუძველზე ქართულ საბჭოურ ისტორიოგრაფიაში ნათლად არის გამოკვეთილი აზრი, რომ სამხედრო მოქმედებას ამიერკავკასიაში, რუსეთ-თურქეთის ომის თვალსაზრისით, მეორეხრისხოვანი მნიშვნელობა ენიჭება. რუსეთი საქართველოსთან ურთიერთობის ამ ეტაპზე თურქეთის წინააღმდეგ განხორციელებული სამხედრო ოპერაციების წმინდა გარეგნული ეფექტით უფროა დაინტერესებული. იმპერია იმჟამად კავკასიაში არც ახალი ტერიტორიების შემოერთებით არ არის დაინტერესებული (იხ. აკად. ნ. მარის სახელობის ენიმკის მოამბე, V-VI, თბილისი, 1940, ი. ცინცაძე, ორი საბუთი რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის ისტორიიდან; ვ. მაჭარაზე, ასპინძის ბრძოლა, 1957, გვ. 25-53; საქართველოს, კავკასიისა და მახლობელი აღმოსავლეთის ისტორიის საკითხები, თბილისი, 1968, ვ. ქორიძე, საქართველოსთან ურთიერთობის საკითხი რუსეთის საგარეო პოლიტიკაში რუსეთ-თურქეთის 1768-1774 წლების ომის დასაწყისში). აღნიშნული თვალსაზრისით პროფ. ა. ცაგარელს მშვენივრად აქვს გააზრებული საგარეო საქმეთა კოლეგიის მიერ ქართველების რუსეთ-თურქეთის ომში ჩასაბმელად გამომუშავებული ინსტრუქციის დედააზრი.

ინსტრუქციაში ნათქვამი იყო: „ცუდი გზების გამო აქაური (რუსული _ ჯ. ო.) ლაშქრის დახმარება ქართველთათვის არვითარ შემთხვევაში შესაძლებელი არ არის, მაგრამ გარკვეული ფულადი სახსარი ამ საქმის მონაცვლეობას გაუწევს“. შემდგომში შესაძლებლად მიიჩნევდნენ საქართველოში გაეგზავნათ რამდენიმე მსუბუქი ზარბაზანი არტილერისტებითურთ, რაც „გაამხნევებდა ქართველთა მხედრობას“. გარდა ამისა, „მათი დაიმედება, რომ პორტასთან მომავალში დადებულ საზავო ხელშეკრულებაში ისინი დავიწყებულნი არ იქნებიან, გაათვისუფლებს მათ თავიანთ მომავალ ბედზე ფიქრისაგან“ (ა. ცაგარელი, სიგელები I, გვ. III). ჯ. ოდიშელი ასევე აღნიშნავს, რომ მრავალ მოწერილობაში, ინსტრუქციაში განსაკუთრებით ხაზგასმულია ქართველებისა და რუსების ერთმორწმუნეობა... „რწმენის სიმხურვალე, _ ვკითხულობთ საგარეო საქმეთა კოლეგიის ინსტრუქციაში, _ ქართველთა შორის დიდია, აქედან იღებს სათავეს მათი გარჯა და კეთილგანწყობა რუსეთის საიმპერატორო კარისადმი“ (ა. ცაგარელი, Грамоты, I, გვ. 6-9).

როგორც ვნახეთ, რუსეთის საგარეო საქმეთა კოლეგიის ინსტრუქციაში არაფერი არ არის ნათქვამი ქართველებისთვის და ასევე სხვა ხალხებისთვისაც ომის შედეგად თურქეთისგან თავისუფლების მოპოვების თაობაზე. არამედ იქ გარკვევით წერია, რომ მომავალში თურქეთთან სამშვიდობო ხელშეკრულების დადებისას რუსეთი შეეცდება აიძულოს თურქეთის მთავრობა, რათა რუსეთის მხარეზე ომში მონაწილე თავისი ქვეშევრდომის ან ვასალური ხალხების (ბერძნების, სლავების, ქართველების მოლდაველების, რუმინელების) წინააღმდეგ არ მიმართოს სადამსჯელო ღონისძიებებს (რეპრესიებს). და ეს პირობა რუსეთის ხელისუფლებამ შეასრულა, რის შესახებაც ზემოთ უკვე ვნახეთ ს. მ. სოლოვიოვის მიერ გადმოცემულ ქუჩუკ-ყაინარჯის ხელშეკრულების ძირითად პუნქტებში (მე-5 პუნქტი აღნიშნულ ჩამონათვალში, რაც გაკეთებული იყო არა ხელშეკრულების მუხლების ნუმერაციის შესაბამისად, არამედ იმის მიხედვით, თუ რომელი ძირითადი პუნქტები (მუხლები) გამოყო და ჩამოთვალა თავად ისტორიკოსმა).

მაშინ რატომ ლაპარკობს ივ. ჯავახიშვილი იმაზე, რომ ვითომდა თურქეთისგან განთავისუფლებას დაპირდა ეკატერინე II ერეკლესა და სოლომონს რუსეთის მხარეზე ომში გამოსვლის შემთხვევაში? ან განა ქართველი მეფეები ვერ მიხვდებოდნენ, რომ სადღაც ბალკანეთში თუნდაც თურქეთის პირველი ვეზირის 150-ათასიანი ჯარის დამარცხების შემთხვევაშიც სულთანი და მისი მთავრობა ასე ადვილად არ დათმობდნენ დასავლეთ და სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს, სანამ მათ საკუთრივ აქ არ დაამარცხებდნენ? რაც განხორციელდა მხოლოდ 1829-დან 1878 წლების ჩათვლით დროის განმვალობაში. ვერ გაიგო მან კარგად ეს ტექსტი თუ ასე აწყობდა მაშინ, 1919 წელს, როდესაც „დამოუკიდებელი საქართველო“, როგორც მას ჩვენში ეძახიან, სინამდვილეში ბრიტანეთის უმაღლესი მმართველობის დაქვემდებარებაში შედიოდა, ხოლო ბრიტანეთს კი რუსეთის იმპერიის დაშლისკენ მიჰყავდა საქმე, თუმცა კი მსოფლიო ომში რუსეთი მისი მოკავშირე გახლდათ გერმანულ-ავსტრიული ბლოკის წინააღმდეგ, და დიდი სისხლიც ჰქონდა გაღებული?

ასე თუ ისე, ივ. ჯავახიშვილის მიმართ ჩვენში არსებული დიდი ნდობის გამო რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების მისეულ შეფასებას მკვეთრად არ უპირისპირდებოდნენ არც ქართველი საბჭოთა ისტორიკოსები, შედეგად კი მივიღეთ 1970-80-იან წლებში ქართული საზოგადოებისა და ქართველი ახალგაზრდობის არასწორი ორიენტაცია ამ საკითხში, მკვეთრი და პრიციპული დაპირისპირება მოსკოვის მიმართ, სისხლიანი ტრაგედიები 9 აპრილს, აფხაზეთში, ცხინვალის რეგიონში, მლიქვნელურად მონური დამოკიდებულება დასავლეთისადმი, ამდენი გაუბედურებული ადამიანი და დაკნინებული სამშობლო. რაც დავთესეთ _ იმასვე ვიმკით. მაგრამ ჩვენ ისევ ჩვენს თხრობას დავუბრუნდეთ.

პეტერბურგში მაინც გადაწყვიტეს საქართველოში დამხმარე ჯარის გამოგზავნა და მას სათავეში ჩაუყენეს გერმანული ეროვნების გენერალი გოტლიბ კურტ ჰაინრიხ გრაფი ფონ ტოტლებენი („ტოტლებენი“ ქართულად „სიკვდილ-სიცოცხლედაც“ შეიძლება ითარგმნოს, სახელი „გოტლიბ“ კი „ღვთის მოყვარულს“ ნიშნავს _ ი. ხ.), რომელმაც მანამდე შვიდწლიან ომში რუსეთის სამსახურში მყოფმა უღალატა რუსეთის სახელმწიფოს, მიმოწერა გააბა პრუსიის მეფესთან და სამხედრო საიდუმლოებებსაც კი ატყობინებდა, რისთვისაც განდევნილ იქნა ქვეყნიდან, ხოლო შემდეგ პატიება ითხოვა, შეუნდეს და იმ ხანად საქართველოში გამოუშვეს, ვინაიდან უფრო საპასუხისმგებლო ადგილს მას ვერ ანდობდნენ და არც მის საზოგადოებაში ყოფნის სურვილი ჰქონდათ რუსეთის არმიის გენერლებსა და ქვეყნის დიდებულებს. ჯუმბერ ოდიშელი წერს:

„გონიერ რუს სახელმწიფო მოღვაწეებზე საუბრისას ვ. ლ. ველიჩკო ხაზს უსვამს, რომ მათ კარგად ჰქონდათ შეგნებული რუსეთის სახელმწიფოებრივ-პოლიტიკური ინტერესები, სწორად აფასებდნენ საქართველოსთან კულტურული დაახლოების საჭიროებას, მნიშვნელობას. ეს კარგად ესმოდათ „გამოჩენილ რუს ადამინებს, ისეთებს, როგორიც იყო, მაგალითად, პოტიომკინი, რუსეთის წარმომადგენელი ერეკლე II-ის სამეფო კარზე ბურნაშოვი... ბურნაშოვიც და მისი უშუალო ხელმძღვანელიც ჩრდილო-კავკასიური ჯარების სარდალი გრაფი პავლე პოტიომკინი ჭეშმარიტად რუსი ადამიანები არიან, რომელთაც სწამდათ რუსული სიმართლისა და კეთილგანწყობისა კავკასიის მოსახლეობისადმი, საპირისპიროდ მათი თანამედროვის, უცხოელი ავანტიურისტის ტოტლებენისა“ (В. Л. Величко, Кавказ, т. I, С.-Петербург, 1904, стр. 10).

რუსულ ისტორიოგრაფიაშიც ტოტლებენი კეთილი სიტყვით არ არის მოხსენიებული, მაგრამ საქმე ის არის, რომ არსებული სიტუაციის შესაბამისად ცარიზმს იმჟამად სწორედ ტოტლებენი სჭირდება. ალტერნატივა მარტივია _ თუ ტოტლებენი მასზე დაკისრებულ მოვალეობას თავს გაართმევდა, საიმპერატორო ხელისუფლება ქება-დიდებას თავის თავზე მიიწერდა, თუ დაშვებული იქნებოდა მძიმე შეცდმები, ტოტლებენს როგორც განტევების ვაცს, დასჯიდნენ. ადრეც სახელგატეხილი გენერლისთვის სასჯელი არც ახალი ხილი იქნებოდა“.

ჯ. ოდიშელის ასეთი მსჯელობა პირადად ჩემთვის დამაკმაყოფილებელი არ არის, ვინაიდან რუსეთის მთავრობას გენერალი ტოტლებენი, პეტერბურგში გაგზავნილი ყალბი მოხსენებების მიუხედავადაც კი, არ დაუსჯია, არამედ საქართველოდან გაწვევისა და საქმის გამოძიების შემდეგ, პოლონეთში მისცა მამული, სადაც ეს უკანასკნელი შემდგომში მალევე გარდაიცვალა. საბჭოურ ისტორიოგრაფიაში ასევე მიღებული გახლდათ „ცარიზმის“, „რუსული დიდმპყრობელური შოვინიზმის“, „ხალხთა საპყრობილის“ კრიტიკა, მხოლოდ ამავე დროს უნდა აღნიშნული ყოფილიყო, რომ საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ ეს მანკიერებნი მოიხსნა, რადგან საბჭოთა კავშირს უკვე არა მეფეები მართავენ, არამედ ხალხი. საბჭოთა ხალხებს კი ერთმანეთთან სადო უკვე აღარაფერი აქვთ, როგორც ეს ჰქონდათ მემამულეებსა და კაპიტალისტებს და ამიტომ ეროვნული და სოციალური ჩაგვრა უკვე აღარ არისო. ამ ზოგადი კლიშეს ფარგლებში კი მეფის რუსეთის კრიტიკა მიღებული იყო. ტოტლებენის დანიშვნისა და მისი საქმიანობის, აგრეთვე მის წინააღმდეგ რუსი ოფიცრებისა და ერეკლე მეფის უკმაყოფილების საკითხები ჯერ კიდევ დამატებით შესწავლას მოითხოვს.

თავად კაპიტანი დე გრაი დე ფუა მოგვიანებით დაწერილ თავის რელაციაში (მოხსენებაში) ასე მოგვითხრობს: „ასტრახანში სამი ასეული ჩამოაყალიბეს _ ქვეითების, დრაგუნებისა და ჰუსარებისა. ამ სამი ასეულის მეთაურობა დაეკისრა მაიორ რემენნიკოვს. უბრალოდ რომ ვთქვათ, ეს ასეულები გამიზნული იყო „ნადვორნი სოვეტნიკის“, თავადი მოურავოვის თანხლებისათვის. მოურავოვი უნდა გაჰყოლოდა პატრიარქს (ქუთათელ მიტროპოლიტ მაქსიმეს _ ი. ხ.) იმერეთში, დაკვირვებით შეესწვლა იმერეთი, დაედო ხელშეკრულება სოლომონთან, დაეახლოებინა ერთმანეთითვის ერეკლე და დადიანი და დაეყოლიებინა ისინი, სოლომონთან ერთად შეკავშირებულიყვნენ თურქების წინააღმდეგ. აი ეს დაეკისრა მოურავოვს. აღნიშნულის შესაბამისად იმერეთის პატრიარქთან ერთად იგი გაემგზავრა მოსკოვს...

ყველაფერი ეს მოხდა იმ დროისათვის, როდესაც რუსეთში ჩამოვიდა გრაფი ტოტლებენი და კვლავ იქნა მიღებული სამსახურში. მიუხედავად იმისა, რომ გრაფი ზაქარია ჩერნიშოვი ამისი წინააღმდეგი იყო, ჩერნიშოვმა, რამდენადაც ვერ გადაწყვიტა, რომელ არმიაში გაემწესებინა იგი, დააკისრა მეთაურობა იმ ჯარისა, რომელიც საქართველოსკენ უნდა წასულიყო. ეს უნდა მომხდარიყო არაუადრეს თავადი მოურავოვის დაბრუნებისა. მაგრამ ტოტლებენმა, რომლისთვისაც პეტერბურგში ყოფნა აუტანელი იყო, ითხოვა ნებართვა, გამგზავრებულიყო ყიზლარს და იქ დალოდებოდა დროს, როდესაც საქართველოსაკენ უნდა დაძრულიყო, და ამ მოლოდინში შემზადებულიყო. მეტად მოხარულნი იყვნენ მისი თავიდან მოშორებით და გამგზავრების ნება დართეს“.

შემდეგ წერია, რომ ასტრახანში ჩასული ტოტლებენი მეტად განცვიფრებული დარჩა, რადგანაც თავადი მოურავოვი და ქუთათელი მიტროპოლიტი იქ ჯერ კიდევ არ ჩასულიყვნენ, პეტერბურგისგან ნებართვა ითხოვა, რომ თავად ეტვირთა საქართველოს შესწვლის საქმე, ასტრახანის გუბერნატორს გამოსთხოვა ორი პატარა ზარბაზანი და ყიზლარს წავიდა. იქ მან შეავსო ჰუსართა ასეული, რომელიც ჯერ მზად არ იყო, თან წაიყვანა ჰუსართა პოდპოლკოვნიკი წარმოშობით ქართველი თავადი რატიევი (რატიშვილი) და მოზდოკისკენ გამოსწია; გზაში გრებენსკელი კაზაკებისგან ასევე წამოიყვანა ერთი ასეული. მოზდოკში ტოტლებენს პეტერბურგიდან მოუიდა ნებართვა საქართველოში წამოსასვლელად. მას მოურავოვთან ერთად საბოლოოდ უნდა დაეყოლიებინა ერეკლე თურქებთან საომრად და შემდეგ დანიშნულებისამებრ ერთად უნდა წასულიყვნენ იმერეთს.

ტოტლებენი არ დაელოდა მაიორ რემენნიკოვს, რომელიც უნდა მოსულიყო მასთან ქვეითთა ასეულითა და დრაგუნების ასეულით, ასევე ასტრახანში გამოთხოვილი ორი ზარბაზნით, დაუტოვა მას ბრძანება რომ გზაში შეერთებოდა, და თავად კი 30 ჰუსარით, ყიზლარის გარნიზონის 20 კაცითა და გრებენსკელი კაზაკების ასეულით, ასევე მოზდოკის ორი პატარა ცუდი ზარბაზნით საქართველოკენ გამოსწია. ოსეთის მთებში ტოტლებენის რაზმს დაეწიენ თავადი მოურავოვი და მიტროპოლიტი მაქსიმე. „ისინი განცვიფრდნენ, როდესაც ნახეს, რომ გრაფ ტოტლებენს ეტვირთა ორი უმაქნისი ზარბაზანი. მათ განუმარტეს მას, რომ ეს ტვირთი მით უფრო შემაფერხებელი იყო, რამდენადაც ჩვენ სრულიადაც არ მივდიოდით საომრად; რომ ჯერ მხოლოდ მხარე უნდა შეგვესწვლა, ხოლო საჭირო როდენობის არტილერიას გამოვიწვევდით შექმნილი მდგომარეობისა და შესაძლებლობების მიხედვით. ტოტლებენმა უპასუხა, რომ ვერავის ხედავს ისეთს, რომელსაც თავისი მოქმედების ანგარიში უნდა ჩააბაროს და რომ თუ ხელსაყრელი ვითარება შეიქმნება, ომს დაიწყებს. ამიერიდან გრაფ ტოტლებენსა და თავად მოურავოვს შორის განხეთქილება ჩამოვარდა, კამათი გახშირდა და ამ უკნასკნელმა გადაწყვიტა, არაფერში ჩარეულიყო“.

გრაფმა ტოტლებენმა ტფილისში მეფე ერეკლესთან გამოგზავნა პოდპოლკოვნიკი რატიევი, აუწყა თავისი ლაშქრობის შესახებ და ითხოვა გზა იმერეთისკენ. საქართველოშივე მის 150-კაციან რაზმს შეუერთდა მაიორი რემენნიკოვიც და მთლიანად რუსული ჯარის რიცხოვნება 480 ადამიანამდე გაიზარდა. აქვე ადოს მინდორზე, როგორც ვარაუდობენ დღევანდელი სოფ. კობის მახლობლად (თუმცა კი შესაძლოა ეს ყოფილიყო სოფ. გუდაურის ახლოს მდებარე ღადოს მინდორი მთიულეთში), შეხვდნენ ერთმანეთს ერეკლე მეფე და გენერალი ტოტლებენი (1769 წ. 29 აგვისტოს /ძველი სტილით/). კაპიტან დე გრაის სიტყვით, „ერეკლე სიამოვნებით თანხმდებოდა გამოეცხადებინა თურქებისათვის ომი, მაგრამ სურდა, რომ ამ საქმის თაობაზე იმპერატორს მისთვის პირადად მოეწერა. იგი მოითხოვდა, რომ დედოფალს გამოეგზავნა 8 ათსი კაცი კარგად აღჭურვილი არტილერიით და რომ ყველა გამარჯვება, რომელსაც მიაღწევდნენ, მხოლოდ მას მიკუთვნებოდა. ბოლოს თავადი რატიევი პეტერბურგში გააგზავნეს. ერეკლე დაბრუნდა თბილისში. ხოლო ჩვენ განვაგრძეთ გზა იმდენად სწრაფად, რამდენადაც შეგვეძლო. ტოტლებენი ხედავდა, რომ იმ მცირე რაოდენობის ხალხით, რომელიც მას ჰყავდა, შეუძლებელი იყო რაიმეს წამოწყება, მან მისწერა ასტრახანის გუბერნატორს, რამდენადაც შესაძლებელი იყო, მალე გამოეგზავნა მისთვის მაშველი ჯარი“.

ჯ. ოდიშელი ამ ადგილას გაკეთებულ შენიშვნაში ამბობს, რომ მანამდე ჯერ კიდევ 1769 წლის 10 მაისს ერეკლე II აცნობებდა ყიზლარის კომენდნტს გენერალ პოტაპოვს თავისი მზადყოფნის შესხებ სოლომონ I-თან ერთად ომის დასაწყებად თურქეთის წინააღმდეგ. ამ შეხვედრის შემდეგ კი 4 სექტემბერს ერეკლე სწერს ეკატერინე II-ს: „როდესაც თქუენი უმარლესი განზრახუა ხვანთქრისა მიმართ ბრძოლისა ნებას ბრძანებდეს _ ჩუენც იმ თქუენის დიდებულების ნების და ბრძანების თანაშეკრულნი ვიყუნეთ“. ამასთან ერეკლე მისთვის გამარჯვებათა დიდების მიწერას კი არა, უბრალოდ თხოულობს, თურქეთთან მომავალ საზავო ხელშეკრულებაში მისი სამეფოც გაითვალისწინონ (А. Цагарели, Грамоты..., т. I, стр. 440; Грамоты..., т. II, вып. I, стр. 13-14).

პროფ. ვალერიან მაჭარაძე თავის წიგნში „ასპინძის ბრძოლა“ (თბ., 1957 წ.), აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ „ერეკლე მზადყოფნას აცხადებდა დახმარებოდა სოლომონ I-ს, მაგრამ აქვე ითხოვდა რუსეთს გამოეგზავნა 5 ათასიანი დამხმარე ჯარი. თუ ეს 5 ათასიანი ჯარი დაზამთრებმდე გადმოსვლას ვერ მოახერხებდა, 1500 კაცი მაინც გადმოეყვანათ, ხოლო დანარჩენი მომავალი წლის გაზაფხულამდე. უამისოდ კი, თუმცა „მისი იმპერტორებითი უდიდებულესობის ბრძანებით მზადაა თურქებს ომი გამოუცხადოს და სოლომონს აშკარა ან ფარული დახმარება აღმოუჩინოს, მაგრამ გამოგზავნილი რაზმი (სამი ასეული _ ვ. მ.) არასაკმარისად მიაჩნია და ამიტომ ეშინია ომის გურკვეველი ხვედრისა“. გარდა დამხმარე ჯარისა, ერეკლეს მოუთხოვია სპეციალისტები არტილერიის გასმართავად და წიაღისეულ სიმდიდრეთა დასამუშავებლად (ა. ცაგარელი, Грамоты..., I, стр. 64-65).

რუსეთის მთავრობის წარმომადგენლები, დარწმუნებულნ რა ერეკლეს მოთხოვნებისადმი ანგარიშის გაწევის აუცილებლობაში, მეფისათვის დაპირება მიუციათ. მოურავოვი მთავრობას აუწყებდა: „გრაფმა ტოტლებენმა მისი ი. უ. სახელით მეფე ერეკლე მის ყველა მოთხოვნაზე დააიმედა...“ კონკრეტულად, როგორც ერეკლე იუწყება, ტოტლებენი მას სამეფო კარის დაუკითხავად ზამთრამდე 1500 კაცის გადმოყვანასა და დანარჩენზე მთავრობის წინაშე შუამდგომლობას დაპირებია. „ამისმა ღ. ბ. ათას ხუთასი კაცი აღგვითქუა მაღალს კარს მოუხსენებლადო“ (ა. ცაგარელი, Грамоты, I, 64-65) _ წერდა ერეკლე ნ. პანინს.

ინსტრუქცია რუსეთის წარმომადგენლებს ავალებდა თავი შეეკავებინათ საექსპედიციო ჯარის გადიდების მოთხოვნაზე დადებითი პასუხის მიცემისაგან. ისინი, როცა თანხმობას აძლევდნენ ერეკლეს, ინსტრუქციას არღვევდნენ, მაგრამ ასეთ ნაბიჯს ისინი ასაბუთებდნენ იმით, რომ იმერეთის სამეფო სუსტია და თურქეთთან ომში არსებითი როლის თამაში არ შეუძლიაო, ხოლო ქართლ-კახეთის ძლიერი სამეფო, თუ მის წინადადებას ანგარიში გაეწევა, ომში ჩაებმება, რაც დიდ იმედებს იძლევაო.

1769 წლის 3 სექტემბრის პატაკით მოურავოვი ნ. პანინს სწერდა: „სოლომონ მეფე ძალზე სუსტია და ერეკლეს გარეშე არავითარი მოქმედების წარმოება არ შეუძლიაო...“ (იქვე, გვ. 65). ტოტლებენი 5 სექტემბრის წერილშიც ამას ადასტურებდა და ჯარის გადიდების მოტივად ამასვე აყენებდა. „საჭიროა ჯარები გადიდდეს იმის გამო, რომ სოლომონ მეფის ჯარების დახმარების არავითარი იმედი არა მაქვსო...“ (სსრკ-ის ცენტრალური სახელმწიფო სამხედრო-ისტორიული არქივი (ЦГВИА), ფონდი 20, აღწერილობა 47, შეკვრა 245, საქმე 4, ნაწ. I, ფურც. 164). ამასთან რუსეთის წარმომადგენლების ანგარიშით, რაკი ქართლ-კახეთის ძლიერი, ჭკვიანი და თვითმპყრობელი მეფე ჯარის გაუდიდებლად ომში ჩაბმს არ აპირებდა, საჭირო იყო დათმობაზე წასვლა, რადგან ქართლ-კახეთის ომში ჩაბმით _ „უმოკლეს დროში აუცილებლად შეიძლება ველოდეთ დიდ შედეგებს რუსეთის იმპერიის სასარგებლოდ“ (ა. ცაგარელი, სიგელები I, გვ. 65).

მოურავოვისა და ტოტლებენის სამეფო კარზე შუამდგომლობით მაიორი თავ. რატიევი გაუგზავნიათ (დე გრაის უწერია პოდპოლკოვნიკი რატიევი _ ი. ხ.), რომელსაც ერეკლეს, მოურვოვისა და ტოტლებენის წერილებთან ერთად ზეპირი დანაბარებიც ჰქონია... რატიევს ჯერ ყიზლარსა და ასტრახანში უნდა მოეგვარებია 1500 კაცის საქართველოში გამოგზავნის საქმე, ხოლო შემდეგ პეტერბურგში მთავრობას წარსდგომოდა ერეკლესადმი მიცემული დაპირების შესასრულებლად. რუსეთიდან პასუხის მიღებამდე ერეკლეს ომში მონაწილეობა გამორიცხული იყო, ხოლო პასუხი მალე არ იყო მოსალოდნელი, ამიტომ ტოტლებენი, როგორც კი მოზდოკიდან რემენნიკოვი რაზმით (სამი ასეულითა და 2 ქვემეხით) ჩამოვიდა, იმერეთისაკენ დაიძრა (სექტემბრის მეორე ნახევარი)“.

ვალ. მაჭარაძის სიტყვებით, რატიევმა პეტერბურგში წასვლამდე ჯერ ყიზლარის კომენდანტს, ხოლო შემდეგ კი ასტრახანის გუბერნატორს ჩაუტანა გენ. ტოტლებენის წერილები, რომლებშიც იგი ასაბუთებდა ჯარის გადიდების უცილებობას და სთხოვდა საქართველოში დამხმარე ძალების გამოგზავნას. ამავე დროს რატიევი თავადაც სიტყვით არწმუნებდა მათ ამ გადაწყვეტილების სისწორეში. ყიზლარის კომენდანტი დარწმუნებული იყო, რომ ერეკლეს 30 ათასიანი ჯარის გამოყვანა შეეძლო. გარდა ამისა მან იცოდა, რომ უწინ საქართველოზე გადამტერებული მთიელი ლეკებიც ახლა ერეკლეს ერთგულნი იყვნენ და მას ემსახურებოდნენ, რის გამოც ერეკლეს შეეძლო თავისი ძალები კიდევ უფრო გაეზარდა. ცხადია, ასეთ პირობებში ერეკლე სერიოზულ მოკავშირედ გამოიყურებოდა. ამიტომ მან მთავრობის დაუკითხავად ტოტლებენს დრაგუნთა ესკადრონი და 70 კაზაკი გამოუგზავნა (ЦГВИА, фонд 20, описание 47, свёрток 245, дело 4, часть I, лист 164).

„ოქტომბერში რატიევი პეტერბურგში იყო. მისი ზეპირი მოხსენებებით, მოურავოვის, ტოტლებენისა და პოტაპოვის წერილებით რუსეთის მთავრობისათვის ცნობილი გახდა, რომ ომში ქართლ-კახეთის მონაწილეობას შეუძლია გარკვეული შედეგი გამოიღოს. ამავე დროს ცნობილი იყო ისიც, რომ ერეკლე 5 ათასიანი დამხმარე ჯარის მიღების გარეშე ომში არ ჩაებმებოდა. რომ ერეკლეს 30-50 ათასიანი ჯარის გამოყვანა შეეძლო (ა. ცაგარელი, Грамоты, I, стр. 86; ЦГВИА, ф. 20, оп. 47, св. 245, Д. 4, ч. I, лл. 93-95), რომ იგი ჭკვიანი, საქმიანი, მტკიცე ხელისუფლების მქონე მეფე იყო, რომელსაც შეეძლო ჯარის მომარაგება და გზის მოწესრიგება. ასეთი მოკავშირე რუსეთისათვის ძვირად ღირდა. მით უმეტეს, რომ საქართველოში რუსეთის ჯარის გადიდების საკითხში გარკვეული ნაბიჯიც იყო გადადგმული პრქტიკულად და უკან დახევაც უხერხულობას შექმნიდა.

ასეთ ვითარებაში რუსეთის მთავრობამ საექსპედიციო ჯარის გადიდება გადაწყვიტა და 1769 წლის 22 ოქტომბრით დათარიღებული ბრძანება გაეგზავნა სამხედრო კოლეგიას, რომელსაც ეკატერინე II აწერდა ხელს. ბრძანებაში ნთქვამი იყო: „გენერალ-მაიორ გრაფ ტოტლებენის პატაკებიდან ჩანს, რომ მასთან მყოფი ჯარი საკმარისი არაა ჩვენს მიერ მისთვის დავალებული მოქმედების საწარმოებლად, ამიტომ ვბრძანებ მისი კორპუსი გადიდდეს ისე, რომ იმ ჯარების ჩათვლით, რომლებიც ახლა მასთან იმყოფება, იგი შედგებოდეს ერთი ქვეითი, სახელდობრ ტომსკის, პოლკისაგან, მუშკეტერთა ერთი ასეულისაგან, კარაბინერთა ორი ესკადრონისაგან, ჰუსართა ორი ესკადრონისაგან, 200 დონელი კაზაკისაგნ და 300 ყალმუხისაგან, აგრეთვე გარდა პოლკის ქვემეხებისა, საველე არტილერიის 12 ქვემეხისაგან კუთვნილი მომსახურე პერსონალით“ (ЦГВИА, ф. 20, оп. 47, св. 245, Д. 4, ч. I, л. 181).

მთლიანობაში საქართველოში სამოქმედოდ იმ ბრძანებით განკუთვნილი რუსული ჯარების რიცხოვნება უნდა გაზრდილიყო 3767 ადამიანამდე, ხოლო მათი შენახვის თანხა მთელი 1770 წლის განმავლობაში _ 22.256 მან.-დან 134.600 მან.-მდე (იქვე, ფურც. 182-183). ამის გამო პროფ. ვალ. მაჭარაძე ასკვნის: „რა თქმა უნდა, პროფ. ცაგარელი ცდებოდა, როცა ეკატერინე II-ის 16 დეკემბრის წერილში ერეკლეს მოთხოვნით ჯარის გადიდების თაობაზე მხოლოდ უარს ხედავდა“ (შდრ. ა. ცაგარელი, Грамоты, I, стр. 85-89 და იქვე стр. XI /შესავალი/). ორი ისტორიკოსის შეხედულებებში ასეთი განსხვავების მიზეზი ნათელია: პროფ. ალ. ცაგარელი XIX საუკუნის მიწურულს გამოცემულ თავის წიგნში ემყარებოდა იმ დოკუმენტებს, რომლებიც მან გამოაქვეყნა და რომლებსც იცნობდა. პროფ. ვალ. მაჭარაძე კი სარგებლობდა სსრკ-ის ცენტრალური სახელმწიფო სამხედრო-ისტორიული არქივის დოკუმენტებითაც, რომლებსაც პროფ. ალ. ცაგარელი არ იცნობდა.

როგორც ვხედავთ, ამ ხანებში ერეკლე II-სა და გენერალ-მაიორ ტოტლებენს შორის საკმრისი ურთიერთგაგება და თანხმობა იყო დამყარებული, რამაც ტოტლებენსაც და თავად მოურავოვსაც გადაადგმევინა მათთვის მოცემული ინსტრუქციის საწინააღმდეგო ნაბიჯი და დაეთანხმენ საქართველოში რუსული საექსპედისო კორპუსის რიცხოვნების გაზრდაზე ისე, რომ პეტერბურგიდან საამისოდ ნებართვა არ მოსვლიათ. მაგრამ მათი ასეთი ნაბიჯი განპირობებული ყოფილა იმითაც, რომ ერეკლე და მისი გარემოცვა დაპირებიან მათ საჭიროების შემთხვევაში თავადაც გამოეყვანათ 30 ათასიანი ჯარი, ხოლო დაღესტნელებისა და სხვა ჩრდილო-კავკასიელებისგან კიდევ 20 ათასი მებრძოლი დაექირავებინათ. რუსეთის ხელისუფლებას იგი სთხოვდა საწყის ეტაპზე სულ მცირე 1500-იანი ჯარის შემოყვანას საქართველოში, ხოლო შემდეგ კი მისი რიცხვის 5 ათასამდე გაზრდას. მაგრამ როგორც ქვემოთ ვნახავთ, 1770 წლის გაზაფხულზე ტოტლებენის ხელქვეით უკვე იყო 1200-იანი ჯარი, ერეკლემ კი ახალციხის საფაშოში სამოქმედოდ სულ 6-7 ათასიანი მხედრობის გამოყვანა შეძლო, და კიდევ 3-4 ათასი კაცი თავად საქართველოს (ქართლ-კახეთის) ოლქების დასაცვად დატოვა, მეტის გამოყვანა კი ვერ მოახერხა. მაგრამ ეს ხომ ნიშნავს იმას, რომ ტოტლებენმა, მოურავოვმა და რატიევმა ერეკლე II-ისა და მისი გარემოცვის გამოისობით საკუთარი იმპერატრიცა და მისი მთავრობა შეცდომაში შეიყვნეს ერეკლეს ძალებთან დაკავშირებით? განა მათ ამისთვის შეაქებდნენ და მადლობას ეტყოდნენ? განა ერთხელ უკვე სახელგატეხილ ტოტლებენს გაეხარდებოდა ახალ საშარო საქმეში გახვევა? იქნებ ესეც იყო მიზეზი ახალციხეში ლაშქრობის წინ ტოტლებენსა და ერეკლე მეფეს შორის განხეთქილების ჩამოვარდნისა? ამის შესახებ ქართულ ისტორიოგრაფიაში მე არაფერი მინახავს.

აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ვალ. მაჭარაძის მიხედვით, საქართვლოში რუსული ჯარის კორპუსის 3767 კაცამდე გაზრდის თაობაზე „სამხედრო კოლეგიამ იმავე (1769) წლის 25 ოქტომბერს დაგზავნა სათანადო ბრძანებები, მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო დამატებითი ჯარის ჩამოსვლა დაგვიანდა. ტომსკის პოლკმა (შტატით 2093 კაცი) პოლკოვნიკ კლავერის მეთაურობით, 1769 წლის 19 ნოემბერს გადმოლახა ვოლგა ყაზანთან, 1770 წლი 10 იანვარს მივიდა ცარიცინში (ЦГВИА, ф. 20, оп. 47, св. 245, Д. 4, ч. I, лл. 424, 297-303, 425-428) და იქ დაიზამთრა. 1770 წ. 16 მარტს ტომსკის პოლკი ცარიცინიდან მოზდოკისაკენ დაითრა, 30 აპრილს მოზდოკიდან საქართველოსაკენ წამოვიდა (იქვე, ч. II, л. 650-651, 539) და მხოლოდ იმავე წლის ივნისში, ანანურში, შეუერთდა აწყურიდან დაბრუნებულ ტოტლებენს (იქვე, лл. 581-583). მაგრამ ეს მოხდა უკვე ერეკლესა და ტოტლებენს შორის კონფლიქტის უკიდურესად გამწვავების დროს, როდესაც მათი ერთობლივი მოქმედებების შესახებ ლაპარაკი უკვე ვაღარ ხერხდებოდა, და ისინი ერთიმეორის დაპატიმრებასაც კი აპირებდნენ. მაგრამ ეს უკვე შემდეგი პერიოდის სასაუბრო თემაა.

ახლა ისევ საქართველოში ტოტლებენის მოქმედებებს დავუბრუნდეთ. ერეკლესთან განშორების შემდეგ ტოტლებენი 480-კაციანი ჯარით გაემართა იმერეთისკენ. ამის თაობაზე დე გრაი დე ფუა მოგვითხრობს, ასევე იმ გზის შესახებაც, რომელიც ამ რაზმმა გაიარა იმერეთისკენ ქართლში და თავად იმერეთშიც სოლომონ I-თან შესახვედრად. იგი წერს:

„ბოლოს ანანურს მივაღწიეთ. ეს პირველი ქალაქია საქართველოში, რომელიც მდებარეობს კავკასიონის გადაღმა. ზარბაზნები კვლავ ლაფეტებზე დავაყენეთ და გავემართეთ მეორე ქალაქ დუშეთისაკენ, რომელიც მხოლოდ 50 ვერსითაა დაშორებული ანანურიდან. ეს ორი ქალაქი მეტად პატარაა. მათი შემოგარენი ნანგრევებს წარმოადგენს. თათარი ლეკები ხშირად გამოდიან თავისი მთებიდან, ატყვევებენ მცხოვრებლებს, რომლებიც ოდნავ დაშორდებიან თავის ქალაქს, და თურქებზე ჰყიდიან მათ.

დუშეთიდან მუხრანამდე დაახლოებით 80 ვერსია. მიუხედავად იმისა, რომ თათრები ხშირად დათარეშობენ ქალაქის გარშემო, ქალაქის შემოგარენი მაინც უკეთაა დამუშავებული, ვინაიდან აქ უფრო მეტი მცხოვრებია, რომელთაც თათართა თავდასხმის შემატყობინებელი განგაშის პირველსავე ხმაზე შეუძლიათ ამხედრდნენ ცხენებზე და დაედევნონ მათ.

მუხრანიდან ლამისყანამდე 120 ვერსია. ეს პატარა ქალაქი მთის ძირში მდებარეობს და ისევე გაძარცულ-გაუკაცრიელებულია, როგორც დუშეთი. აქედან მივედით მეჯვრისხევს, რომელიც ლამისყანიდან 30 ვერსითაა დაშორებული და სადაც ასევე ცუდი მდგომარეობაა. ბოლოს აქედან 40 ვერსის მანძილზე ვიხილეთ ქალაქი ცხინვალი, ყველაზე დიდი ქალაქი, რომელიც ჩვენ შემოგვხვდა. ამჯერად ჩვენ იქ სრულებით არ შევჩერებულვართ და განვაგრძეთ გზა აბისისაკენ, რომელიც აქედან 30 ვერსითაა დაშორებული და უკანასკნელი ქალაქია, რომელიც ეკუთვნის ერეკლეს.

ბოლოს ჩვენ დავტოვეთ ქართლი და შევედით იმერეთში. 60 ვერსი განვვლეთ ისე, რომ კაცი არ შეგვხვედრია. რამდენიმე ნასოფლარი ადასტურებდა მხოლოდ, რომ ეს ქვეყანა დასახლებული ყოფილა.

თავადი მოურავოვი წინ მიგვიძღვოდა. ისე გადავიარეთ ტყით შემოსილი მთები, რომ არც ერთი ვაკე ადგილი არ გვინახავს. ბოლოს, მას შემდეგ, რაც მეტად ვიწრო გზებით გავიარეთ 200 ვერსამდე, სადაც ჩვენი არტილერია, მიუხედავად მისი სიმცირისა, გაჭირვებით გადიოდა, შემოგვხვდა მეფე სოლომონი, რომელიც ჩვენს შემოსაგებებლად მოდიოდა. ამ მეფის ღატაკურმა იერმა, მისმა სამოსმა, თანმხლებმა ამალამ მის შესახებ შეგვიქმნა იმის შესაბამისი შეხედულება, რაც ერეკლემ უკვე წარმოგვისახა.

სოლომონს არც ერთი ქალაქი არ გააჩნდა. დაახლოებით 1500 კაცით ტყეში ლტოლვილი იგი 15 დღეზე ხანგრძლივად ერთი და იგივე ადგილას არ ბანაკდება იმის შიშით, რომ თურქებმა არ მოახელონ. თვით თავის ქვეშევრდომებში დაეჭვებული, იგი ყაჩაღების წინამძღოლს უფრო ჰგავდა, ვიდრე ხელმწიფეს. დაახლოებით 40 წლისა იყო. მისი ხასიათი საკმაოდ ემსგავსებოდა გრაფ ტოტლებენისას. თავდაპირველად ყოველნაირად დაუწყეს ერთმანეთს მეგობრობის დამტკიცება და ამავე დროს ერთმანეთს არ ენდობოდნენ. გრაფი ამბობდა, „როგორც ვხედავ, ამ ქვეყნაში მე არაფერი მესაქმება, ვინაიდან სოლომონს არ ძალუძს მხარი ამიბასო“. სოლომონიც იგივეს ამბობდა _ „ეს კაცი ჩემს დასახმარებლადაა მოსული, მაგრამ ამ პატარა ზარბაზნებით და 500 კაცით რას უნდა გახდესო?“...

ამასთანავე პური შემოგვაკლდა, სოლომონს არ ძალუძდა გამოეკვება 500 კაცი. იმერლები მხოლოდ წაბლითა და გოგრით იკვებებიან, იშვიათია, როდესაც ისინი პურს ჭამენ. მათ მიერ მოყვანილ ქერს იყენებენ ცხენების საკვებად. მალე ჩვენ მთელი სურსათ-სანოვაგე გავაჩანაგეთ. სოლომონმა ყველგან დაგზავნა ხალხი. იგი თვითონ წავიდა იმ სურვილით, რომ დაერბია ერთი პატარა მხარე, რომელიც დადიანს ეკუთვნოდა. იმედოვნებდა, რომ იქ იშოვნიდა ქერს და ერთხანს გამოგვკვებავდა“.

ზემოთ მოყვანილი რუსული არმიის ფრანგი ოფიცრის მონათხრობიდან ნათლად მოჩანს იმდროინდელი ქრთლისა და იმერეთის სამეფოების მძიმე მდგომარეობის სურათი ლეკიანობისა და ოსმალობის გამიოსობით. მაშინ რუსული ჯარი პირველად შემოვიდა საქართველოში და ამიტომ იმ უბედურებებში, გაპარტახებასა და ძარცვა-გაჩანაგებაში, სოფლის მეურნეობისა და მრეწველობის საშინელ დაქვეითებაში მას ვერანაირი მონაწილეობა ვერ ექნებოდა, მიუხედავდ იმისა, რომ ჩვენში ასე ძალიან უყვართ ყველა ჩვენი უბედურების რუსეთსა და რუსებზე მიწერა. მაგრამ ასი წლის შემდეგ, XIX საუკუნის 70-იან წლებში განა ისეთსავე სავალალო მდგომარეობში იმყოფებოდა საქართველოს სოფელ-ქალაქები, განა ისეთსავე უკიდურეს გაჭირვებს განიცდიდნენ მათში მცხოვრები და მშვიდობიან ცხოვრებას, მშვიდ და უსაფრთხო შრომას შემდგარი ქართველები? თუკი ჩვენ არ დავაფასებთ იმ სიკეთეებს, რომლებიც იტორიულად მივიღეთ თუნდაც რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში შესვლის შედეგად, ხომ არ დავიმსახურებთ და საკუთარ თავზე ხომ არ დავიტეხთ იმას, ან შესაძლოა უკვე დატეხილიც გვაქვს, რომ ისეთსავე რბევა-აწიოკებასა და გაჩანაგებას მივიღებთ სასჯელად ხელმეორედ, რათა უფრო მეტად თავმდაბლები და გულისხმიერები გავხდეთ, უფრო მეტად კეთილსინდისიერები?

ახლა მივმართოთ პროფ. ვალ. მაჭარაძის წიგნს „ასპინძის ბრძოლა“ და ვნახოთ, თუ რას მოგვითხრობს იგი თავდაპირველად ტოტლებენის მცირე რაზმით იმერეთში ლაშქრობის შესახებ. ვალ. მაჭარაძის მიხედვით: „1769 წლის აგვისტოს ბოლო რიცხვებში ტოტლებენი შეხვდა კიდეც ერეკლეს, ხოლო ერეკლესთან მოლაპარაკების დამთავრების შემდეგ, იგი რაზმით იმერეთისკენ დაიძრა* (* ქვემოთ არის შენიშვნა: „1769 წლის 11 ოქტომბრისათვის, როგორც ამ რიცხვით დათარიღებულ პატაკზე დართული უწყისი მოწმობს, საქართველოში მყოფი რუსეთის ჯარის რაოდენობა ასეთი ყოფილა: რემენნიკოვის მიერ ჩამოყვანილი საექსპედიციო რაზმი _ 372 კაცი, ტოტლებენის მიერ ყიზლარიდან და მოზდოკიდან წამოყვანილი _ 108 კაცი, სულ 480 კაცი. (იხ. სსრკ ცსსია, ფ. 20, აღწ. 47, შეკვ. 245, საქ. 4, ნაწ. III, ფურც. 119-120). სექტემბრის უწყისი არ არის, რადგან იგი ასტრახანიდან რაზმის გამოსვლის შემდეგ არ შეუდგენიათ 11 ოქტომბრამდე, რაც პატაკში აღნიშნული არის“).

1769 წლის 26 სექტემბერს ტოტლებენი დ მოურავოვი 3 ასეულით იმერეთის საზღვარს მოადგნენ, სადაც მათ 27 სექტემბერს შეხვდა სოლომონ მეფე იოსებ კათალიკოსისა და დიდებულების თანხლებით. მოლაპარაკებისას, 28 სექტემბერს, ტოტლებენს მეფისათვის განუცახდებია, რომ მას იმპერატორისაგან დავალებული აქვს: იმერეთის ციხეებიდან თურქების განდევნა და სოლომონ მეფისათვის ქვეშევრდომების დამორჩილება; ხოლო თუ ამას ვერ მოახერხებს, სოლომონს თავისი ოჯახით წაიყვანს რუსეთში, სადაც მეფე დიდი პატივით იქნება მიღებული (ა. ცაგარელი, სიგელები, I, გვ. 69).

რუსეთის მთავრობა დამხმარე ჯარითა და სესხით (50 ათასი მან.) ცდილობდა განემტკიცებია იმერეთის სამეფოს მდგომარეობა, რომ ამ უკანასკნელს თურქეთთან აქტიური ბრძოლის უნარი ჰქონოდა. ამიტომაა, რომ სამოქმედო ინსტრუქცია დასაშვებად სთვლიდა ქართველებს რუსეთის ოფიცრებისგან ესწავლათ ჯარის სამხედრო წყობა, იარაღის ხმარება, ტოფისწამლის გაუმჯობესება, ქვემეხების ჩამოსხმა, მათი ლაფეტზე გაწყობა, ადგილების „ევროპულად“ გამაგრება და სხვა. გამოთქმული იყო სურვილი, თუ იმერეთში რეგულარული ჯარის შექმნა არ მოხერხდება, იქნებ მოსახერხებელი გახდეს მორიგეობის დაწესება მოსახლეობისა, რათა მთელი ერი რიგიან ჯარად იქცესო (შდრ. ა. ცაგარელი, სიგელები, I, გვ. 39-50 და 475).

რუსეთის მთავრობა ვარაუდობდა, რომ გაძლიერებული იმერეთის სამეფო, თურქეთის შეურიგებელი ვასალი, თურქეთის წინააღმდეგ ბრძოლაში გარკვეულ წვლილს შეიტანდა; რომ გაძლიერებული სოლომონ მეფე, რუსი ჯარის მეთაურებთან ერთად, დასავლეთ საქართველოს მთავართა და ქართლ-კახეთის მეფის მომხრობასაც შეძლებდა და ქართველთა მონაწილეობა უფრო ეფექტური იქნებოდა. ხოლო საქართველოდან აქტიური მოქმედება, თავის მხრივ, აიძულებდა თურქებს ცენტრალური ფრონტი შეესუსტებიათ, რაც დუნაის რაიონში მოქმედ რუსეთის არმიას მდგომარეობს შეუმსუბუქებდა“.

შემდეგ პროფ. ვალ მაჭარაძე ასკვნის: „მართალია, რუსეთი საკუთარი სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამოდიოდა, როცა იმერეთს დახმარების ხელს უწვდიდა, მაგრამ იმერეთის სამეფოსათვის ეს დახმარება უმნიშვნელო როდი იყო“.

და როგორ არ ეთანხმება ყოველივე ეს ივ. ჯავახიშვილის მსჯელობასა და თხრობას თურქეთთან ომში საქართველოს სამეფო-სამთავროების „ჩათრევისათვის“ რუსეთის მთავრობის ათასგვარი ხრიკებისა და მზაკვრობის შესახებ? თურმე ნუ იტყვით და მორიგე ჯარის იდეაც, რომელიც ერეკლე II-მ რამდენიმე წლის შემდეგ რეალურად განახორციელა, და რომელმაც თუმცა კი მოკლე ხნით, მაგრამ მაინც დიდი შვება მოუტანა ლეკიანობისგან გაწამებულ მოსახლეობას, ისევ რუსეთის მთავრობისგან მოდიოდა. ქართველი ისტორიკოსები კი ამას ცალსახად ერეკლე მეფის სამხედრო ნიჭს მიაწერენ. ვალ. მაჭარაძის სიტყვებით, მორიგე ჯარის შექმნის რჩევის თაობაზე მასალები გამოქვეყნებული ჰქონია ჯერ კიდევ ალ. ცაგარელს XIX საუკუნის მიწურულს და მათი გაცნობა და გაჟღერება შეეძლოთ როგორც ივ. ჯავახიშვილს, ისე სხვა ავტორებსაც, რომლებიც ამის შესახებ წერდნენ და ასეთი გამოგონებისთვის (მორიგე ჯარის დაარსება) გვირგვინებს მხოლოდ ერეკლეს მიაკუთვნებდნენ.

ტოტლებენი იმერეთში ცოტა ხნით დარჩა და ისევ ქართლში დაბრუნდა დამხმარე ჯარის მოლოდინში, ვინაიდან მისი მცირე რაზმითა და სოლომონის ასევე მცირე ძალებით „იმერეთიდან თურქეთის წინააღმდეგ ომის წარმოების დიდი პერსპექტივა არ ჩანდა, აუცილებელი იყო ერეკლესა და ტოტლებენის წინასწარი შეთანხმების განაღდება, ყოველ შემთხვევაში, ბრძოლა მაინც მისი რეალიზაციისათვის, რათა უზრუნველყოფილიყო ქართლ-კახეთის ჩაბმა ომში, რომელიც დიდ იმედებს იძლეოდა“.

თავადმა მოურავოვმა 1769 წლის 12 ოქტომბერს გაგზავნილ პატაკში იმერეთის დატოვება ახსნა სამეფოს მძიმე მდგომარეობით, რის გამოც „სოლომონი უძლურია რუსეთის საიმპერატორო ტახტს სამსახური და სარგებლობა უჩვენოსო“ (ა. ცაგარელი, სიგელები, I, გვ. 74). შემდეგ იგი პატაკში „ქართლ-კახეთის მდგომარეობის აღწერაზე გადადის და ასაბუთებს, რომ ქართლ-კახეთს 15 ათასიანი ჯარის გამოყვანა შეუძლია და თუ რუსეთიდან 5 ათასიანი ჯარი იქნება გამოგზავნილი, ქართლ-კახეთის შედარებით ძლიერი სამეფო ომში ჩაებმება. ამ უკანასკნელს კი შეუძლია უმოკლეს დროში წარმატება მოიპოვოს და დიდი სამსახური გაგვიწიოსო“ (იქვე, გვ. 75-76). ამ შემთხვევში რუსეთის სახელმწიფო მოხელის მიერ ერეკლე II-ის ძლებისა და შესაძლებლობების შეფასება უფრო მეტად რეალურია, ვიდრე რამდენდმე უფრო ადრე 30- დ 50-ათასიანი ჯარების გამოყვანის შესახებ რომ აიმედებდნენ პეტერბურგის სამეფო კარს.

იმერეთიდან ქართლში დაბრუნებული ტოტლებენი, თავისი ჯარის 1500 კაცამდე შევსების შემდეგ, ერეკლესთან ერთად ახალციხისკენ ლაშქრობის გეგმებს უზიარებდა წერილებში ყიზლარის კომენდანტსა და ასტრახანის გუბერნატორს. ვალ. მაჭარაძის სიტყვებით: „იმერეთიდან რუსეთის ჯარის ქართლში დაბრუნება, რამდენადაც იგი მიზნად ისახავდა ერეკლესთან კავშირში ფართო მასშტაბის ოპერაციების გაშლას, ობიექტურად იმერეთის სამეფოსათვის სასარგებლო იყო. ცხადია, ახალციხის დაკავების შემდეგ იმერეთის ციხეების განთავისუფლება, რომლებშიც 20-23 ჯარისკაცი იჯდა თითოეულში, მხოლოდ დროის საკითხი იყო, რადგან ეს მცირერიცხოვანი გარნიზონები მხოლოდ ახალციხიდან დახმარების იმედით ბედავდნენ წინააღმდეგობის გაწევას“.

ქართლში დაბრუნებულ ტოტლებენს ცოტ-ცოტად მოსდიოდა დამხმარე ძალები მოზდოკიდან და ყიზლარიდან. დე გრაი დე ფუას ცნობით, „თავად გრაფი დრაგუნებითა და ჰუსარებით ცხინვალში იყო დაბანაკებული, მაიორი რემენნიკოვი არტილერიითა და ქვეითი ჯარით გორში იყო“. ამ ხნებში ერეკლესთან მას ურიგო ურთიერთობა არ ჰქონია, თუმცა კი დე გრაი დე ფუა ჰყვება რუსი ჯარისკაცებისგან ადგილობრივი მოსახლეობისთვის ზიანისა და ზარალის მოყენების შესახებ. მისი სიტყვებით:

„ამ დროის განმავლობაში ჩვენი კაზაკები, მათი ჩვეულებისამებრ, სადაც შეეძლოთ, ყველგან ძარცვას მისდევდნენ. განსაკუთრებით იტაცებდნენ საქონელსა და ცხენებს. ბევრი საჩივარი შემოდიოდა გრაფთან, მაგრამ მან სამართალი არ გააჩინა. კაზაკები უფრო გათავხედდნენ. სხვა ჯარისკაცებიც თითქმის იგივეს ჩადიოდნენ. ისე ვცხოვრობდით საქართველოში, როგორც დაპყრობილ ქვეყანაში“.

დე გრაი დე ფუა ასევე ჰყვება, რომ რადგანაც ერეკლე თავს იკავებდა თურქეთის წინააღმდეგ ომში ჩაბმაზე თავად რატიევის დაბრუნებმდე, ამიტომ ტოტლებენმა შესთავაზა ქსნის ერისთავს დავითს თავისი ჯარით (2000 კაცით) მხარში ამოსდგომოდა რუსულ კორპუს და ერთად ელაშქრათ ახალქალაქზე. „მან აღუთქვა ერისთავს ამ ქალაქის მისთვის გადაცემა, მას შემდეგ, როცა იგი აღებული იქნებოდა“. მაგრამ „დავით ერისთავმა უარყო ეს წინადადება და არ დააყოვნა ეცნობებინა ერეკლესათვის გრაფის ჩანაფიქრი“. ყოველივე ამის მიუხედვად ერეკლე მეფე ინარჩუნებდა კეთილ დამოკიდებულებას ტოტლებენისადმი. დე გრაი ჰყვება: „დეკემბრის ბოლოსათვის შევიტყვეთ, რომ ორენბურგის პოლკიდან გასაძლიერებლად მოეშურებოდა კიდევ ოთხი ასეული და რომ მოზდოკში არის საქართველოსათვის განკუთვნილი 4 ზარბაზანი 12-გირვანქიანი ჭურვებით. გრაფმა გადაწყვიტა, თვითონ ჩასულიყო თბილისს ამ ცნობის ჩამოსატანად. ჩვენ იქ 20 დეკემბერს ჩავედით. ერეკლე ტოტლებენს მეტად მეგობრულად შეხვდა. გადაეხვია მას და დომინიკანელ ბერს, რომელიც თარჯიმნობდა. ბევრი იხუმრეს სოლომონის მდგომარეობის გამო და ამქვეყნად საუკეთესო გეგმები დასახეს ერთობლივად“.

მაგრამ ამავე დღეებში თბილისში ჩამოსული იყო ახალციხის ფაშის ელჩიც მაჰმად-აღა, რომელმაც ერეკლეს ჩამოუტანა ჩილდირის ვალის სეით ნაჰამანის წერილი ოსმალეთთან მშვიდობის შენარჩუნების თხოვნითა და წინადადებით. ტოტლებენმა შეიტყო ამის შესახებ და, მეფის დაუკითხავად, თურქი დესპანის შეპყრობა მოინდომა, ერეკლემ კი ეს უკანასკნელი ტოტლებენის მიერ ჩასაფრებულ კაზაკებს მშვიდობით გაარიდა და ახალციხეში გაისტუმრა. ერეკლემ პირველად უსაყვედურა მაშინ რუსეთის გენერალს და უთხრა დე გრაის:

„ვინ ხართ თქვენ და რას აკეთებთ ჩემს ქვეყანაში?... ეს სწორედ თქვენ ხართ, ვინც ყველაფერი მოიმოქმედა იმისათვის, რათა მოგეტაცებინათ დესპანი, რომელიც ახალციხის ფაშამ გამომიგზავნა _ აგიხსნით რა საკითხის გამო. ოტომანის პორტას აცნობეს თქვენი მოსვლა ჩემს სამფლობელოში და ის წინადადებანი, რომელნიც წამომიყენეთ. თურქები მთხოვენ, რომ არ დავარღვიო ის კეთილგანწყობა, რაც ჩვენს შორის სუფევს. თურქები მთავაზობენ დიდ ფულსა და დიდ მიწა-წყალს, თუ თქვენ თქვენს მტერს შეგატოვებთ. მაგრამ მე კარგად ვიცი ადამიანის ღირსების ფასი და მსგავს წინადადებას არ მივიღებ. მე სრული უარით გავისტუმრე თურქი დესპანი. თქვენ კი გინდოდათ ჩემს ქვეყანაში თქვენს ბატონკაცურ ნებაზე გარჯილიყავით. დესპანის ხელშეუხები პიროვნება თქვენ პატივსაცემად არ მიგაჩნიათ და გსურდათ იგი გზაში მოგეტაცებინათ. და ამ დროს ვინ ხართ თქვენ? მე თქვენ მიგიღეთ ჩემს ქვეყანაში ისე, რომ არ მოგიციათ ჩემთვის არავითარი წერილობითი მოწმობა მისი იმპერატორობითი უდიდებულესობისა იმის შესახებ, რომ თქვენ მისი წარმოგზავნილები ხართ. ისე ცხოვრობთ ჩემს ქვეყანაში, თითქოს მტრის ქვეყანაში იყოთ. დაარბიეთ მთელი შემოგარენი, ცდილობდით აგემხედრებინათ ჩემი ქვეშევრდომები თურქთა წინააღმდეგ ჩემი დასტურის გარეშე. მოთმინებით აღვიჭურვე იმის იმედით, რომ მალე რატიევი დაბრუნდებოდა, მაგრამ უკვე სამი თვეა, რაც იგი გაემგზავრა და ჩვენ მისგან არავითარი ცნობა არა გვაქვს. თავი მოიქინდრეთ მისი იმპერატორობითი უდიდებულესობისაგან რატიევის მიერ მოწმობის მოტანის მოლოდინში, რომ მან გამოგგზავნათ აქ, ერთხანს კიდევ შევიკავებ თავს, მაგრამ გაფრთხილდით: ყოველივე ამას შეიძლება საზარელი შედეგი მოჰყვეს“.

დე გრაი დე ფუას სიტყვებით, სწორედ ამის შემდეგ დაიწყო ტოტლებენის დაპირისპირება ერეკლე მეფის მიმართ, თუმცა კი მეფე ყოველნაირად ცდილობდა ტკბილი სიტყვითა და ურთიერთობით კვლავ თავისკენ მოებრუნებინა ტოტლებენის გული. გრაფმა ზამთარში გადაწყვიტა მოზდოკს გადასულიყო და იქიდან დაპირებული დამხმარე ძალები ჩამოეყვანა. „ამ დროს ერეკლემ, რომელსც არ სურდა ყველას შეენიშნა უთანხმოება, რომელიც მათ შორის სუფევდა... გაუგზავნა მას შესანიშნავი ცხენი და მშვენიერი კარავი. გრაფმა მეტად უხეშად უარყო ეს ძღვენი და წავიდა“... და ა. შ. ტოტლებენი 1770 წლის 1 იანვარს ჩავიდა მოზდოკში და უგზოობის მიუხედავად იქიდან მაშინვე „გაბრუნდა საქართველოში მაშველი ჯარით, რომელიც შედგებოდა: ორენბურგის დრაგუნთა პოლკის ოთხი ასეულისაგან, ოთხი ზარბაზნის, 70 არტილერისტისა და ჰუსართა ასეულისაგან, რაც მეტ-ნკლებად 400 კაცს მოითვლიდა. მიუხედავად ამისა, ცხინვალში დაბრუნებისას მან მისწერა ერეკლეს, რომ მიიღო მაშველი ძალა 2 ათასი კაცის რაოდენობით, რომ მარტის თვეში დაიწყებს ლაშქრობას და დიდად მოუწოდებს მეფეს, მოიხმოს ლაშქარი, რადგან ისეთი არტილერია მიიღო, რომ მისი წინასწარი განჭვრეტით, მას ვერაფერი გაუმკლავდება“.

დე გრაის ადრეც აღუნიშნავს ტოტლებენის მიერ ერეკლესადმი გამოგზავნილ წერილებში თავისი ძალების სისტემატიურად გადაჭარბების შესახებ (იმხანად მისი ჯარის რიცხოვნება, დე გრაი დე ფუას მონათხრობის მიხედვით, დაახლოებით 1200 კაცი იქნებოდა _ ი. ხ.). მაგრამ ეს არ იყო მთავარი, უფრო მნიშვნელოვანი შეიქმნა ის, რომ დე გრაის სიტყვით, კონფლიქტი გენერალსა და ერეკლეს შორის კიდევ უფრო გმწვავდა. სახელდობრ, 15 თებერვალს თბილისში მოვიდა შიკრიკი პეტერბურგიდან იმპერატრიცას წერილებით მეფე ერეკლესადმი. „ყველაფერი ის, რაც აღთქმული იყო გრაფისა და თავად მოურავოვის მიერ, წერილებში დამოწმებული იყო. რამდენიმე დღის შემდეგ მოვიდა არტილერიის პოდპოლკოვნიკი წარმოშობით ქართველი, სახელად თავადი ჩოლოყაევი. იგი ხანშიშესული კაცი იყო, მაგრამ მეტად გამოცდილი. საქართველოში მოსვლისთანავე იგი თბილისს წავიდა და იქ დაიყოლია ერეკლე, 1 აპრილს ტოტლებენთან ერთად დაძრულიყო და ერთად შეეტიათ ქალაქ ახალციხისათვის. შემდეგ ის ცხინვალში დაბრუნდა... მაგრამ ამ დროისათვის გრაფმა შეხედულება შეიცვალა. მას მარტოს სურდა წასულიყო ამ ქალაქის საიერიშოდ. თავი საკმაოდ ძლიერად ჰქონდა წარმოდგენილი იმისათვის, რომ ქალაქი აეღო და აღარ სურდა, რომ ერეკლესაც წილი ხვდომოდა ამ დიდებაში. ამ თვალსაზრისით მან აუგად ჩამოართვა ნამოქმედარი თავად ჩოლოყაევს, შარი მოსდო მას თბილისში უნებართვოდ წასვლისათვის, დააპატიმრა იგი და რუსეთში გაგზავნა“.* (* ქვემოთ არის ჯ. ოდიშელის შენიშვნა: „არტილერიის პოდპოლკოვნიკი (ლეიტენანტ-პოლკოვნიკი) თავადი სიმონ ჩოლოყაშვილი (შალიკაევი, შოგლიკოვი) საქართველოში მოხალისედ გამოიგზავნა ჰუსართა ერთი რაზმით და ორი ზარბაზნით გენერალ-პროკურორ ვიაზემსკისა და სამხედრო კოლეგიის წინადადებით.

1770 წლის 1 თებერვალს ტოტლებენი ფრანგულ ენაზე დაწერილ პატაკში სთხოვს ზაქარია ჩერნიშოვს, გაიწვიონ საქართველოდან მაიორი რემენნიკოვი, აგრეთვე დაატოვებინონ ეს ქვეყანა თავადებს: მოურავოვსა და შალიკაევს (ჩოლოყაშვილს) (ა. ცაგარელი, სიგელები, I, გვ. 205)...

უკვე 6 თებერვალს ტოტლებენი აცნობებს ჩერნოშოვს, რომ დააპატიმრა სიმონ ჩოლოყაშვილი და ბადრაგით გააგზავნა მოზდოკს. ტოტლებენი ჩოლოყაშვილს ბრალად სდებდა, რომ მიუხედავად აკრძალვისა, იგი მუდამ თბილისში იყო მრჩეველ მოურავოვთან ერთად და ასწავლიდა ქართველთა მეფეს საარტილერიო საქმეს, მორტირების, ჰაუბიცების ჩამოსხმას, ზარბაზნების ლაფეტზე დადებას (იხ. ა. ცაგარელი, სიგელები, I, გვ. 205; გიულდენშტედტი, II, გვ. 225-227; ვ. მაჭარაძე, ასპინძის ბრძოლა, გვ. 89)“.

აქ გაუგებარია თუ რატომ არ უნდა ყოფილიყო მოსაწონი პეტერბურგისთვის პოდპოლკოვნიკ ჩოლოყაშვილის მიერ ქართველებისთვის საარტილერიო საქმის სწავლება და საქართველოში მისი გამართვა (მოწყობა). როგორც ზემოთ ვნახეთ ვალ. მაჭარაძესთან, იმერეთის სამეფოში რუსები (იგივე ტოტლებენის ოფიცრები) პირდაპირ მონდომებული იყვნენ ესწავლებინათ ქართველებისთვის ევროპული იარაღის ხმარება და სიმაგრეების ევროპულად მოწყობა (სამხედრო ფორტიფიკაცია). ამიტომ ეს საკითხი დამატებით შესწავლას საჭიროებს (ი. ხ.).

ტოტლებენი ასევე სოფ. ქარელში თავს დაესხა ერეკლეს სამსახურში ქირით მყოფ ლეკებს, დახოცა ისინი და სოფლის საქონელი კი მიიტაცა იმ საბაბით, რომ 24 საათის განმავლობში ეს საქონელი ლეკებს ეკუთვნოდაო. „ერეკლემ, რომელთანაც იჩივლეს, დაბეჯითებით მოსთხოვა ტოტლებენს აენაზღაურებინა ამ საქონლის საზღაური, მაგრამ მას არაფრის გაკეთება არ სურდა და ამრიგად მეფე სოფლის მცხოვრებთა დასაშოშმინებლად იძულებული გახდა თავად გაეღო ეს საზღაური“.

დე გრაის სიტყვებით, ტოტლებენი თავისი ჯარით 1770 წლის 1 აპრილს წავიდა ცხინვალიდან და მივიდა სურამს, სადაც მდ. მტკვრის გაღმა უკვე ჯავახეთის, ანუ თურქეთის ტერიტორია იწყებოდა. ერეკლე მეფემ ამის შეტყობისთანავე გასცა საჭირო განკარგულებები თავისი ლაშქრის სურამში თავმოსაყრელად და თავადაც იქითკენ გასწია.

იმავე საკითხების გამო, პროფ. ვალ. მაჭარაძე, თავის გამოკვლევაში „ასპინძის ბრძოლა“ აღნიშნავს, რომ ჯერ კიდევ 1769 წლის 4 სექტემბერს, ტოტლებენთან პირველი მოლაპარკებების დასრულების შემდეგ ერეკლე ნიკიტა პანინს სწერდა: „ეს ხუთი პოლკი ჯარი ამად გვნებავს ზამთრამდის და ამისთვის მოგახსენებთ და გთხოვთ, რომ რადგან ოსმალთ ძალი ჩუენს საზღურადმდე არ მოწეულა, ჩუენ იმ ჯარის შეწევნით, რომელნიც რომ არარატის მთის გარშემო, ანუ ახალციხისა და ანუ ყარსისა გარშემო ქრისტიანენი არიან, და იგინი ოსმალთა მონებასა ქუეშე იმყოფებიან, და კუალად, რომელნიც შავის ზღვის გარემო ჩვენ კერძო ადგილნი უჭირავს, შესაძლებელი არს, რომ ყოველივე ძალითა ღვთისათა მიუღოთო“ (ა. ცაგარელი, სიგელები II, გამოშვება I, გვ. 14)...

ვალ. მაჭარაძის სიტყვებით: „ერეკლეს რუსეთის ჯარის სამი ასეულის საქართველოში ჩამოსვლისთანავე ახალციხის შემოერთების სკითხი თავისი საგარეო პოლიტიკის დღის წესრიგში დაუსვამს. ხოლო რადგანაც ამ ამოცანის გადასაჭრელად ასეთი მცირე რაზმი საკმარისად არ მიაჩნდა, თავგამოდებით იბრძოდა საექსპედიციო ჯარის რაოდენობის გადიდებისათვის.

ახალციხისათვის ბრძოლას ქართველი პოლიტიკოსები ორ ამოცანას უკავშირებდნენ: მტრისათვის ქართლზე თავდასხმის მარჯვე პლაცდარმის მოშლასა და ქართული მიწა-წყლის შემოერთებას. ერეკლეს გადაწყვეტილი ჰქონდა ესარგებლა რუსეთ-თურქეთის ომით, როგორც ხელსაყრელი ვითარებით, და რუსეთის სამხედრო და დიპლომატიური დახმარებით მტრის ხელიდან გამოეგლიჯა ძველისძველი ქართული მიწა-წყლი.

რადგან რუსეთი საქართველოში დამკვიდრებას იმხანად მიზნად არ ისახავდა, ბუნებრივია, მისთვის მისაღები უნდა ყოფილიყო ყველა ის გეგმა, საიდანაც მტრის ძალების დაბანდება და „დივერსიის“ მოწყობა მოხერხდებოდა (არც ტოტლებენს და არც სუხოტინს რაიმე წინასწარ შემუშავებული სამხედრო ოპერაციის გეგმა არ ჰქონიათ მიცემული. მათ ევალებოდათ ემოქმედათ ისე, როგორც ადგილობრივი პირობები უკარნახებდათ). მაგრამ რაკი საომარ ოპერაციების გაშლას იმერეთიდან, მისი სისუსტის გამო, კარგი პირი არ უჩანდა, ხოლო შედარებით ძლიერი ქართლ-კახეთი ახალციხის მიმართულებით ითხოვდა ლაშქრობას, რუსეთის წარმომადგენლებს ეს გეგმა უნდა მიეღოთ.

ქართლ-კახეთის სამეფოსათვის ამ გეგმას ის მნიშვნელობა ჰქონდა, რომ ახალციხის დაკავებით მთელს ომში ქართლს თურქეთის აქტიური შემოტევის საფრთხე ეხსნებოდა, ისპობოდა ბუდე, საიდანაც თურქეთი ქვეყნის დაპყრობას ლამობდა; ისპობოდა ლეკი აბრაგების თავშესაფარი ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთით. გარდა ამისა, ახალციხის დაკავება მესხეთის დაბრუნების იმედსაც იძლეოდა.

ახალციხეზე ლაშქრობის გეგმა იმერეთის სამეფოსათვის(აც) ობიექტურად სასარგებლო იყო, რადგან, ჯერ ერთი, იგი იმერეთზე თავდასხმის ბუდეს მოშლიდა (ცნობილია რომ თურქეთი დასავლეთ საქართველოს საქმეებს ახალციხის ფაშის ხელით „აწესრიგებდა“); მეორეც, ახალციხის დაკავება იმერეთის თავადებს გარედან დახმარების იმედს გადაუწურავდა და ისინი განმარტოებულნი დარჩებოდნენ სოლომონ მეფეს. მართალია, სანამ იმერეთის ციხეებში თურქი მეციხოვნეები იდგნენ, სოლომონ მეფეს ერთგვარი სიძნელეები ექნებოდა, მაგრამ წარმატებანი ახალციხის მიმართულებით იმერეთის ციხეების განთავისუფლების საუკეთესო საშუალება იყო, რადგან იმერეთის ციხეებში გამოკეტილ თურქ მეციხოვნეებს აქტიური მოქმედება არ შეეძლოთ, ხოლო მათი პასიური თავდაცვაც ახალციხის ფაშის იმედს ემყარებოდა. ამ უკანასკნელი იმედის გადაწურვას, ბუნებრივია, მათი დანებება უნდა მოჰყოლოდა.

ერეკლეს მიერ წამოყენებული სამხედრო მოქმედების გეგმა 1769 წლის შემოდგომაზე ტოტლებენს, როგორც ჩანს, მიუღია და რუს-ქართველთა ჯარს 1770 წლის გაზაფხულზე ამ გეგმით უნდა დაეწყო მოქმედება.

1770 წლის 17 მარტს ერეკლე II 7 ათასი კაცითა და სამი ქვემეხით მივიდა სურამში, ხოლო 2 ათას კაცს მეფე უხლოეს დროში ელოდა. გარდა ამისა, ერეკლეს 4 ათასი კაცი ყარაბაღის ხანისათვის მიუშველებია, დანარჩენი ძალები მეფეს ქვეყნის დასაცვად დაუტოვებია (ა. ცაგარელი, სიგელები, I, გვ. 216).

1770 წლის 2 მარტიდან 24 მარტამდე ტოტლებენი რუსის სამხედრო რაზმით (დაახლოებით 1200 კაცი) სურამში იდგა, საიდანაც 24 მარტს ერეკლესთან ერთად გადავიდა ქვიშხეთში (სსრკ ცსსია, ფ. 20, აღწ. 47, შეკვ. 245, საქ. 4, ნაწ. III, ფურც. 49-52). ( * ქვემოთ შენიშვნაა: თებერვლის უწყისით ტოტლებენის რაზმში ნაჩვენებია, 1228 კაცი (ვალ. მაჭარაძის შენიშვნა).

ერეკლეს, როგორც მოურავოვის ცნობიდან ჩანს, იმედი ჰქონია, რომ მას სოლომონ მეფეც შეუერთდებოდა, როცა ეს უკანასკნელი დადიანთან ზავს დადებდა (ა. ცაგარელი, სიგელები, I, გვ. 219). ჩვენ არ ვიცით, რამდენად სწამდა ერეკლეს მაშინ სოლომონის მხრივ აქტიური მონაწილეობის მიღება ახალციხეზე ლაშქრობაში, მაგრამ ის კი ცხადია, რომ ამ დროს სოლომონი, თავისი სისუსტის მიუხედავად (თურქებს ეჭირათ: შორაპნის, ბაღდადის, ცუცხვათის, ქუთაისის ციხეები; საშინაო მდგომარეობაც მტკიცე არ იყო), თვითონ ფიქრობდა „საათაბაგოს“ დაკავებას (იქვე, გვ. 20), და საეჭვოა, რომ იგი ერეკლეს მიერ წამოწყებულ საქმეში აქტიურ მონაწილეობას ადვილად მიიღებდა. აქ ჩანს ქართული სამეფოების ინტერესთა სხვადასხვაობა, რაც ერთობლივი მოქმედებების შემაფერხებელი პირობათაგანი იყო“ (ციტატის დასასრული). ( * ქვემოთ არის ვალ. მაჭარაძის შენიშვნა: ცნობილია, რომ ხელთუბნის თათბირზე სოლომონ მეფემ ახალციხეზე ლაშქრობას მხარი არ დაუჭირა, თუმცა პრინციპულად წინააღმდეგიც არ ჩანს (შდრ. ა. ცაგარელი, სიგელები, I, გვ. 482).

რატომღაც ქართულ საზოგდოებაში სათანადო ყურადღებას არ აქცევენ ქართველი მეფეების ასეთი დაპირისპირებული ინტერესების მნიშვნელობას, ან ამას ბუნებრივად და გამართლების მქონე მოვლენად თვლიან. გამართლება და გაგება კი შეიძლება, მაგრამ როდესაც ორივე სამეფო გარეშე მტრებისგან ასე შევიწროვებულია, როდესაც ერეკლე სამცხე-საათაბაგოს დასავლეთ ნაწილს, ოსმალთაგან მისი განთვისუფლების შემთხვევაში ისედაც იმერეთის სამეფოს კუთვნილებად მიიჩნევდა, როცა ასეთ პირობებშიც კიდევ ძნელდება სოლომონთან საერთო ენის გამონახვა, ეს უკვე აღარ უნდა იყოს ისე სასხვათაშორისოდ შესახედი პრობლემა. და ამას ხომ სათანადოდ სწავლობდნენ და აანლიზებდნენ პეტერბურგშიც? ეს ხომ მათთვის იმის სიგნალი იყო, რომ საერთო ქართულ საქმეს თავად ქართველი მეფეებიც კი ვერ აყენებდნენ სათანადო სიმაღლეზე? ხოლო რაც შეეხება ქართველი თავადაზნაურობის მნიშვნელოვან ნაწილს, ვალ. მაჭარაძის მიერ იმერეთის მდგომარეობაზე ზემოთ მოყვანილი მსჯელობიდანაც ჩანს, რომ იგი მეფის სისუსტის მოსურნეც კი იყო საკუთარი თავნებობის (გნებავთ თვითნებობის) გასალაღებლად. მაშინ რატომ გვიკვირს, როცა რუსეთიდან მოდიოდა ხოლმე ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებიც უკვე ყველას არ მოგვწონს? იქნებ ამაში ჩვენი წინაპრებიც იყვნენ დამნაშავენი? და ჩვენც, მათი შთამომავლები, მათივე თანამონაწილენი ვხდებით, რადგან არც მომხდარის სწორად შესწავლა და გააზრება გვინდა, არც დასაგმობის დაგმობა და არც მოსაწონის მოწონება? ახლა ისევ ჩვენს თხრობას დავუბრუნდეთ.

როდესაც ერეკლე და ტოტლებენი სურამში იყვნენ და ახალციხისკენ სალაშქროდ ემზადებოდნენ, მოხდა ორი მეტად მნიშვნელოვანი მოვლენა. ჯერ ერთი, რუსთა ბანაკში მოვიდნენ პოდპოლკოვნიკი ჩოგლოკოვი და გვარდიის კაპიტანი ლვოვი. დე გრი დე ფუას სიტყვებით: „ამ უკანასკნელს დავალებული ჰქონდა გადაეცა ერეკლესათვის წმინდა ანდრიას ორდენი ბაფთით და მისი იმპერატორობითი უდიდებულესობის ყოვლად მოწყალე წერილი. ამავე დროს ტოტლებენმა მიიღო ცნობა, რომ ბრუნდებოდა რატიევი ჰუსართა ესკადრონით, მოსკოვის ლეგიონის კარაბინერთა ასეულით, აგრეთვე მოდიოდა ტომსკის პოლკი, რომ ცოტაც და სელენგენსკის პოლკი, აგრეთვე მოსკოვის ლეგიონი გენერალ ბანერის სარდლობით გადმოვიდოდა საქართველოში“. ამრიგად, როგორც ვხედავთ, პეტერბურგის სამეფო კარმა დააკმაყოფილა ერეკლე II-ის მოთხოვნა და გამოგზავნა როგორც ოფიციალური წერილი ერეკლეს მისაწვევად სალაშქროდ, ისე გასცა განკარგულება საქართველოში სამოქმედოდ განკუთვნილი კორპუსის რიცხოვნების 7-8 ათას ადამიანამდე გაზრდაზე _ ტომკისა და სელენგენსკის პოლკები, მოსკოვის ლეგიონი, პლიუს ტოტლებენის განკარგულებაში იმ დროისთვის უკვე არსებული 1200 ადამიანზე მეტი, ამ რიცხოვნებამდე საერთო ჯამში უთუოდ გაიზრდებოდა.

მაგრამ ამავე დროს, სურსათის საჭირო მარაგების დამზადების მოლოდინში, სურამში დგომის დროს, გამომჟღავნდა ოფიცერთა ერთი ნაწილის უკმაყოფილება გენერალ ტოტლებენით, რის გამოც გრაფმა დააპატიმრებინა ჩოგლოკოვი და რემენნიკოვი, და ორივე რუსეთს გააგზავნა. ამ „შეთქმულებამ“, როგორც მას უწოდებდა ტოტლებენი თავის პატაკებში, როგორც ჩანს, შესაძლოა გარკვეული როლი ითამაშა ერეკლესთან ეჭვიანი და თავნება გენერლის კონფლიქტის გამწვავებაში.

ახლა ისევ ვალ. მაჭარძის წიგნს მივმართოთ; იგი წერს: „1770 წლის აპრილში ტოტლებენი წინანდებურად არ ჩქარობს ახალციხისაკენ დაძვრას. იგი 6 აპრილის პატაკით, რომელიც ქვიშხეთიდან გაუგზავნია, სამსახურიდან განთავისუფლებას ითხოვს. „უმორჩილესად გთხოვთ, აქედან ჩქარა წამიყვანოთ, _ სწერდა ტოტლებენი ზ. ჩერნიშოვს 1770 წლის 6 აპრილს, _ ჩემს მაგივრად ჩემი რაზმი სხვა გენერალს ჩააბროთ... ძალა არ მყოფნის“ (ЦГВИА, ф. 20, оп. 47, св. 245, Д. 4, ч. III, лл. 49-52). შემდეგ ვალ. მაჭარაძე ჰყვება ახალციხეში ლაშქრობის დეტალებზე, რაც მეტ-ნკლებად ცნობილია, და რომელშიც უფრო მკაფიოდ გამოჩნდა განხეთქილება ერეკლესა და ტოტლებენს შორის, ასევე უკანასკნელის თვითნებობა, მოუთმენლობა, სიჯიუტე და სხვა უარყოფითი თვისებები.

მოვლენების შემდგომ მსვლელობას ივ. ჯავახიშვილი ასე აგრძელებს: „1770 წ. ერეკლე მეფე საქართველოს ჯარითურთ და ტოტლებენი რუსის ჯარითურთ ახალციხის საფაშოს შეესივნენ და აწყურის ციხეს მიადგნენ. სამი დღის ბრძოლის შემდგომ რუსეთის ჯარის უფროსმა მოულოდნელად ბრძოლის ველს და აღმ. საქართველოს ჯარს თავი მიანება და მთელი თავისი ლაშქრითურთ უკან გაბრუნდა (ხერხეულიძე, ჭიჭ. 264, ჩუბ. 491 და ბუტკოვი I, 281-282).

თავზარდამცემი იყო რუსეთის მხედრობის უფროსის ეს ღალატის მსგავსი საქციელი და ამიტომ „მეფე ირაკლი მრავალს ეხვეწნა“ ტოტლებენს, მაგრამ „მან არა უსმინა“ (იხ. ხერხეულიძე, ჭიჭ. 264, ჩუბ. 491). ამგვარად რუსეთისავე წყალობით და რუსთა გულისთვის ოსმალეთთან ომში ჩათრეული აღმოსავლეთ საქართველო რუსეთის ჯარის სარდლის მიერვე მრავალრიცხოვან მტრის წინაშე მუხანათურად მარტოდ-მარტოდ იყო დატოვებული. საშინელი მდგომარეობა შეიქმნა, მაგრამ ამ უაღრეს განსაცდელის დროსაც ერეკლე მეფის დიდებულმა სამხედრო ნიჭმა იხსნა ჩვენი ერი და სამშობლო სხვაფრივ აუცილებელი განადგურებისაგან: მცირე ლაშქრითურთ მან სამხედრო გეგმისა და ხერხის წყალობით რუსთა მოქმედებით გათამამებული ოსმალთა მრავალრიცხოვანი ჯარი ჯერ ადგილობრივ, შემდეგ სოფ. ასპინძასთან საშინლად დაამარცხა და მთლად მოსპო“ (იხ. ხერხეულიძე. ჭიჭ. 264-266, ჩუბ. 491-492 და ბუტკოვი მასალები I, 282).

ასე ჰყვება ივ. ჯავახიშვილი ახალციხის საფაშოში რუს-ქართველთა ჯარების ლაქრობის ამბებს. ტოტლებენის მუხანათობა, ან თავკერძოება და უპასუხისმგებლობა აშკარად სახეზეა, მაგრამ განა მან ასეთი ბრძანება პეტერბურგიდან მიიღო, რომ ქართველი ისტორიკოსი პირდაპირ რუსეთის, ანუ მისი მთავრობისკენ იშვერს ბრალდების ხელს? რატომ იწერებოდა ჯერ კიდევ ქვიშხეთიდან ტოტლებენი, მე უკან გამიწვიეთ, ხოლო აქ ვინმე სხვა გენერალი ჩემს შესაცვლელად გამოგზავნეთო? მაგალითად, გერონტი ქიქოძე თავის მონოგრაფიაში „ერეკლე მეორე“ (თბ. 1958 წ.) წერს: „ომან ხერხეულიძე რუსის ჯარის სარდლის მოქმედებას ბოროტი კაცების ინტრიგებით ხსნის, ხოლო დავით ბატონიშვილი ამბობს, უფრორე მეფის სოლომონისა მიერ წარმოიშვა შორის მეფისა და გრაფისა სანდურავიო; ვინაიდან არა სწადდა მეფესა სოლომონს განდიდება მეფისა ირაკლისა და მუდამ მზირ ეყვის მას, რათა ჰსცეს ნაკლულოვანება რაიმე მეფესაო. მაგრამ დღეს ცხადია, რომ აწყურის ოპერაციის მარცხი, უწინარეს ყოვლისა იმით იყო გამოწვეული, რომ რუს-ქართველთა ლაშქარს ორი სწორუფლებიანი მხედართმთავარი ჰყავდა; ერთ მათგანს მეტი ძალა ჰქონდა, ვინაიდან რეგულარული ჯარის ნაწილებს მეთაურობდა, ხოლო მეორეს მეტი გამჭრიახობა, გამოცდილება და ადგილობრივი პირობების ცოდნა ახასიათებდა“, _ დაასკვნის გერონტი ქიქოძე.

რაც შეეხება ოსმალთა ჯარებს, მათი რიცხოვნება საერთოდ რამდენიმე ასეულ ათასამდე ადიოდა; ფორმალურად მამლუქების სულთანიც ხონთქარს ექვემდებარებოდა და ყირიმის ხანიც, მაგრამ ოსმალთა ძირითადი ძალები ხომ ბალკანეთში იყო დაბანდებული რუსული ჯარების წინააღმდეგ? ახალციხის საფაშოში ტოტლებენისგან მიტოვებული ერეკლე მეფის 7-ათასიანი ჯარის წინააღმდეგ კი ადგილობრივ ფაშებს მთლიანობაში 10 ათასამდე ოსმალო (იგივე გამაჰმადიანებული ქართველი) და ლეკი ჰყავდათ იარაღით ხელში გამოყვანილი. აი რას მოგვითხობს ამის შესახებ პროფ. ვალ. მაჭარაძე: „აწყურის მარცხიანი გარემოცვის შემდეგ, ერეკლე II ქართველთა ჯარით ასპინძის მიმართულებით წავიდა; ახალციხის ფაშამ მთელი ძალები მის წინააღმდეგ დაძრა. ფაშამ ახალქალაქისა და ხერთვისის ციხეებიდან სასწრაფოდ 1500 კაცი გამოაყვანინა, რათა გზა გადაეჭრა მეფისათვის ასპინძასთან. მეფე რჩეული ქართველი მხედრებით გზიდანვე შეუჩერებლივ ეკვეთა მტერს და დაამარცხა ის (ა. ცაგარელი, სიგელები, I, გვ. 200). დამარცხებული მტრის დევნა დამთავრებული არ იყო, რომ ახალციხის ფაშის მიერ გამოგზავნილი დიდი კორპუსი ასპინძასთან გამოჩნდა.

ერეკლე მეფისა და მოურავოვის ცნობით, მტრის 4 ათასიანი კორპუსი მოსულა ასპინძასთან (ა. ცაგარელი, სიგელები, II, გამ. I, გვ. 29-30; სიგელები, I, გვ. 107), ტყვეების ჩვენებით კი _ 8 ათასინი კორპუსი. „როგორც კი მიღებულ იქნა ცნობა, რომ მეფე ერეკლე მიდის ქალაქების ახალქალაქისა და ხერთვისისაკენ, _ უპასუხებდნენ ტყვეები ყიზლარის კომენდანტს, _ ნიამან ფაშამ მას დაადევნა რვაათასიანი ჯარი, რომელთა რიცხვში ისინი იმყოფებოდნენ“ (ა. ცაგარელი, სიგელები, I, გვ. 463). ვალ. მაჭარაძის შეფასებით, თურქი ტყვეების ჩვენება უფრო სანდოა, რადგან მათ თავიანთი ჯარის რიცხოვნების ხელოვნურად გაზრდის მიზეზი არ უნდა ჰქონოდათ, ხოლო რაც შეეხება ერეკლე მეფეს, იგი კვლავ იბრძოდა რუსული კორპუსის რიცხოვნების გაზრდისთვის და ალბათ არ აწყობდა პეტერბურგში შეეტყოთ ის, თუ როგორ ადვილად გაუმკლავდა იგი ოსმალ-ლეკთა თითქმის 10 ათასიან მხედრობას.

ვალ. მაჭარაძის ცნობით, ასპინძასთან ბრძოლა მოხდა 1770 წლის 20 აპრილს. ქართული ჯარის ცენტრი თავად ერეკლე II-ის მეთაურობით თავიდანვე შეტევაში გადავიდა და მტრის რიგები გატეხა. ბრძოლაში თავი გამოიჩინეს ერეკლე მეფემ და სარდალმა დავით ორბელიანმა. ბრძოლის ველზე მტრის 4000 მოლაშქრე დიღუპა, გადარჩენილებმა უწესრიგოდ მტკვარს მიაშურეს და იქ აყრილი ხიდისა და ჩასაფრებული ზაალ ორბელიანის რაზმის მედგრად დახვედრის წყალობით მდინარეში დაიღრჩვენ. „8 ათასიანი კორპუსიდან, ტყვეების ჩვენებით, ახალციხეს 13 კაციღა დაბრუნებულა. დაღუპულა მტრის კორპუსის მთავარსარდალი, 12 სანჯაყის მფლობელი და ყულიანის, კარცხალისა და ოლთისის ფაშები (ა. ცაგარელი, სიგელები, I, გვ. 463)... ქართველ ჯარს ტყვედ ჩაუვარდა 56 თურქი და ერთი ლეკი. ქართველებმა ხელთ იგდეს მრავალი დროშა, ცხენი და დიდძალი იარაღი. ქართველთა ზარალი უმნიშვნელო იყო, მოკლული და დაჭრილი იყო რამდენიმე ათეული კაცი. დაჭრილთა შორის დასახელებულია: სარდალი იოანე ციციშვილი და იასე ერისთავი. მოურავოვის ცნობით, ბრძოლაში მონაწილეობა მიუღია მხოლოდ 3000 ქართველს. როგორც ჩანს, ქართველთა დანარჩენი ძალების ბრძოლაში ჩაბმა საჭირო აღარ გამხდარა“.

კეთილი და პატიოსანი. ერეკლე მეფის სამხედრო ნიჭზე არავინ არ დავობს, და არც ამ ნიჭის მნიშვნელობაზე ასპინძის ბრძოლაში, მაგრამ ივ. ჯავახიშვილი ისე მოგვითხრობს ამ ბრძოლის შესახებ, თითქოს სულ ცოტა 50-ათასიანი თურქთა ლაშქარი იბრძოდა რუსებისგან მიტოვებული ერთი მუჭა ქართველების წინააღმდეგ, და რომ არა ერეკლე მეფის გასაოცარი სამხედრო ხელოვნება და ქართველი ჯარის საარაკო თავდადება „ჩვენი ერი და სამშობლო სხვაფრივ აუცილებლად განადგურდებოდა“. ან კიდევ როდესაც ლაფში სვრის მთელ რუსეთს ივ. ჯავახიშვილი ტოტლებენის საქციელის გამო, რატომ არაფერს ამბობს იგი იმ რუს ოფიცრებზე ჩოგლოკოვზე, რემენნიკოვზე, ფრანგ შარლ დე გრაი დე ფუაზე, რომლებიც თავიანთი სარდლის ავზნიანობამ აამხედრა მის წინააღმდეგ, რომ არაფერი ვთქვათ რატიევზე, მოურავოვზე, ჩოლოყაშვილზე (მათი ქართული წარმომავლობის გამო), რომლებმაც სამხედრო სასჯელების სიმძიმეც კი იტვირთეს, ორონდაც პირშავად არ გამოსულიყვნენ საკუთარი სინდისის, ერეკლე მეფისა და ქართველების წინაშე, მონაწილეობა არ მიეღოთ თავიანთი სარდლის უმსგავს საქციელში. ნუთუ სამშობლოს სიყვარული უზნეობისა და ცილიწმებისკენ უნდა ახალისებდეს ადამიანს, მეცნიერს, მკვლევარს, ვის სიტყვასაც უამრავი თანამემამულე ენდობა? როგორც ითქმის, _ ნუ იყოფინ ესე!

პროფ. ვალ. მაჭარაძეს მოჰყავს რამდენიმე ავტორის მიერ გამოთქმული მოსაზრებები იმის შესახებ, თუ რატომ დაბრუნდა უკან ტოტლებენი აწყურის ციხის მისადგომებიდან. სახელდობრ, მისი სიტყვით, აკად. პ. ბუტკოვი წერს, რომ ერეკლესა და ტოტლებენს „შორის უთანხმოება ჩამოვარდა ზოგიერთი გაუგებრობის გამო, განსაკუთრებით კი იმის გამო, რომ ერეკლე ეძებდა საშუალებებს არა თავისი ძალებით, არამედ რუსეთის დამხმარე ჯარით საკუთარი ბატონობის მოყვრულობისათვის სამსახური გაეწია და მოეხდინა დაპყრობები რუსების ხელით, მაშინ როცა მათი დანიშნულება იყო მხოლოდ დახმარება გაეწიათო“ (П. Г. Бутков, Материалы..., I, стр. 281-282).

სარგის კაკაბაძე კი ამის შესახებ წერს: „ტოტლებენის მიერ ბრძოლის ველის მინებების მიზეზი იყო მის წინააღმდეგ ზოგი რუსი ოფიცრის შეთქმულება, რომელშიდაც ეჭვიანმა გენერალმა რუსის მთავრობის მიერ საქართველოში (მოვლინებული) რეზიდენტი და თვით მეფეც გარია“ (ს. კაკაბაძე, საქ. ისტორია, ახალი საუკუნეების ეპოქა, თბ., 1922, გვ. 208). ვალ. მაჭარაძე კი აღნიშნავს, რომ „შეთქმულების“ ლიკვიდაცია მოხდა ტოტლებენის აწყურთან მისვლამდე ორი კვირით ადრე (ქვიშხეთი). რომ ტოტლებენს „შეთქმულები“ კარგა ხანია განდევნილი ჰყავდა და რაზმში მხოლოდ მისი ერთგული ოფიცრები იყვნენ დარჩენილი, რომელთაც შემდგომ კიდეც ეყრდნობოდა თავისი ავანტიურის დროს.

თავად გენ. ტოტლებენი და კაპიტანი ლვოვი კი საკუთარი მთავრობისთვის გაკეთებულ წერილობით მოხსენებაში აწყურიდან უკან დაბრუნების მიზეზად სურსათის ნაკლებობას ასახელებენ, რაც ვალ. მაჭარაძის მიერ დასაბუთებული მტკიცებით, სიმართლეს არ შეესაბამება. მას თავისი წიგნის ცალკე თავში გამოთქმული აქვს თავისი მოსაზრებანი ამის თაობზე, მაგრამ აქ მათ შესახებ საუბარს აღარ გავაგრძელებ, რადგან ამ თავის წაკითხვის შემდეგაც კიდევ რჩება გარკვეული პასუხგაუცემელი შეკითხვები და მათშიც დამატებით გარკვევა არის მომავალში საჭირო. არამედ მივყვები მოვლენების შემდგომ მსვლელობას.

ერეკლე მეფე აწყურთან და ასპინძასთან თურქებისა და ლეკების ჯარის ორჯერ დამარცხების შემდეგ 29 აპრილს თბილისში დაბრუნდა. ხოლო ამსობაში ტოტლებენი უკვე სურამში იყო დაბანაკებული. დე გრაი დე ფუა ამის თაობაზე წერს: „ერეკლე თბილისში დაბრუნდა და თან გაიყოლია თავადი მოურავოვი, რომელმაც აღშფოთებულმა გრაფის საქციელით, მიატოვა იგი... რამდენიმე დღის შემდეგ შეიტყვეს, რომ რატიევი ქალაქს მოახლოებული იყო. ერეკლემ და მოურავოვმა არ დააყოვნეს მიეწერათ მისთვის, რაც მოხდა აწყურთან და მოუწოდეს მას, ჩამოსულიყო თბილისში, რათა ერთად ეთათბირათ, თუ როგორ მოქცეულიყვნენ შექმნილ ვითარებაში. მართლაც, რატიევი, ნაცვლად იმისა, რომ ტოტლებენს შეერთებოდა თავისი ჰუსარებით, კარაბინერებითა და ოთხი ზარბაზნით, თბილისში მოვიდა. მან მოიტანა ცნობა, რომ ტომსკის პოლკი დიდიხანია წამოსულია მოზდოკიდან და ამჟამად შუა გზაზეა. ამასთანავე მისწერეს ბატონ კლავერს, ამ პოლკის მეთაურს, რათა დაეყოლიებინათ იგი, რომ თბილისში მოსულიყო.

რატიევმა, ჩოგლოკოვმა და მოურავოვმა გადააწყვეტინეს ერეკლეს, რომ ქართველი ჯარის რაზმით წასულიყვნენ გრაფ ტოტლებენის შესაპყრობად და იგი რუსეთს გაეგზავნათ. თბილისში იმ დღეს ჩავედით, როდესაც ისინი უნდა დაძრულიყვნენ. ამ გადაწყვეტილებით განცვიფრებული დავრჩი. გრაფმა გამგზავნა, რათა გამომეთხოვა რატიევის ხელქვეით მყოფი რუსული რაზმები, რომლებიც მისი ნებართვის გარეშე თბილისში იმყოფებოდნენ. ამასთანვე უნდა დამეყოლიებინა რატიევი წამოსულიყო, მაგრამ ჩემი ხვეწნა-მუდარა მასთან ამაო გამოდგა. მხოლოდ მოურავოვი ჩამოვაცილე მათ დაჯგუფებას, რადგანაც შევასმენინე, რომ რატიევის საქციელი დიდად გასაკიცხია. ვიყავი მიღებაზე ერეკლესთან. ვუთხარი მას, რომ მისი განზრახვა ცნობილია გრაფისათვის, რომ იგი მას საკადრისად დახვდება; რომ მის ხელქვეით მყოფი ჯარი მას არ მიატოვებს და ამდენად ბევრი სისხლი დიღვრება; რომ ცნობას ამ ბრძოლის შესახებ მეტად ცუდი შედეგები მოჰყვება რუსეთის სამეფო კარზე; რომ ალბათ გრაფის საქციელს გაჰკიცხავენ, მაგრამ არც საქართველოს მეფის მოქმედებას მოიწონებენ. ბოლოს მე მას შევაცვლევინე აზრი ამ საკითხზე და გავბრუნდი. მეორე დღეს გრაფმა მიატოვა სურამი და დუშეთს მივიდა. სადაც ტომსკის პოლკს უნდა გაევლო. ვინაიდან სხვა გამოსავალი არ იყო, ბატონი კლავერი შეუერთდა მას.

ამ დროისათვის რატიევმა, რომელმაც დაინახა, რომ მისი რჩევა-მუდარა ამაო იყო, მიატოვა თბილისი და მოვიდა, რათა შემოერთებოდა ტოტლებენს, რომელმაც მისი მოსვლის მეორე დღეს დააპატიმრა იგი და რუსეთს გაგზავნა. ჩოგლოკოვიც იძულებული გახდა რუსეთს წასულიყო. ამ ორ ოფიცერს პეტერბურგამდე არ მიუღწევიათ. ასტრახანში მათ ბრძანება მიიღეს, წასულიყვნენ ყაზანში, სადაც გასამართლებულნი იქნენ საველე სასამართლოს მიერ და მომდევნო წლიდან ჯარისკაცებად გაამწესეს“ (ციტ. დასასრული).

მაგრამ თავად დე გრაი დე ფუაც ტოტლებენისთვის უკვე მიუღებელი გახლდათ, როგორც ბევრი რამის მცოდნე და ბევრ არასწორ საქმეში მისი თანამონაწილე. მან დე გრაი სამსახურიდან დაითხოვა სამხედრო წოდების მომატებით (პოდპორუჩიკობიდან აამაღლა პორუჩიკობამდე), რათა მისი ბევრი საიდუმლოს მცოდნე ყოფილი ადიუტანტი თავის წინააღმდეგ არ აემხედრებინა. და ეს ალბათ ასეც იქნებოდა, მაგრამ დე გრაის შეუტყვია, რომ ტოტლებენმა ერეკლესთან მომხდარი გაუგებრობების დაბრალება დე გრაიზე დაიწყო, რამაც ეს უკანასკნელი აღაშფოთა და 1770 წლის 1 მაისს ერეკლეს კარზე მოიყვანა თბილისში. ჯუმბერ ოდიშელი, რომელმაც გამოსცა დე გრაი დე ფუას რელაციის თარგმანი ქართულ ენაზე, შესავალ ნაწილში წერს:

„1770 წლის 2 მაისს პორუჩიკი დე გრაი (კაპიტნობა მან უფრო მოგვიანებით მიიღო _ ი. ხ.) თავისი მოქმედების შესახებ განმარტებას აძლევს მეფე ერეკლეს:

„ქ. მის სიმაღლეს უგანათლებულესს მეფეს, ჩემს ხელმწიფეს ირაკლის. რადგან იარანალის ტოტლებენისაგან გასტუმრებული ვიყავი იმ მიზეზით, როგორც მოგხსენებიათ, რომ მე დამიწერია ამისთანა წიგნები, რომელიც ჩემის ხელმწიფის საზიანო და უმეტესად ხელმწიფის ირაკლის წინააღმდეგ იყო, _ გვშტერდი, რომ ღრაფს თქვენის სიმაღლისთვის მოუხსენებია, რომ მე დანაშული მქონდეს, დავეჭირო და გავეგდო, ის წიგნები ჩემის ნებით დამეწეროს. ამას ვგონებდი, რომ ტფილისის ქალაქს მოვიდე და ჩემი თავი გავიმართლო. მართალია, რომ ის წიგნები დამიწერია, მაგრამ იარანალის ბრძანებით: პირველი დამიწერია ადოს მინდორში, სადაც მისი სიმაღლე იარანალს შაეყარა, მეორე წიგნი _ როდესაც იმრეთიდამ გარდმოვედით; კიდევ დამიწერია საქართველოს გასინჯულობა _ მუდამ იარანალის ბრძანებით, მესმე წიგნი დამიწერია ზამთარში, მოზდოქს რომ წავედით, _ ტფილისის ქალაქის გასინჯულობა, და სულ ეს წიგნები ყოველი სიმართლისა და მისის სიმაღლის მეფის ირაკლის დიდების სრულიად წინააღმდეგ ყოფილა, და ჩემგან დაწერილი ყოფილა იარანალის ბრძანებით, როგორც იპოება კოპია იმის წიგნებში *). დღეს სამი კვირა არის, რომ თქვენის ლაგირიდამ ღრაფი მოვიდა და თავის ოფიცრებთან დამაბეზღა, რომ მე ამისთანა წიგნები დამიწერია. და მერე მაგ იარანალს მოვახსენე: შენ ხომ იცი, _ ეს წიგნები შენის ბრძანებისამებრ დამიწერია. როცა იარანალმა შეიტყო, რომ იმ საიდუმლოს შენახვა მე არ მინდოდა, მიბრძანა, რომ მე პეტერბურღს გაგისტუმრებ კაის პატივით, და მაჩუქა შვიდი ველენდიზის ოქრო და მომიმატა სახელი _ პორუჩიკობა, ამ იმედით წავედით; მაგრამ შემიტყვია, რომ თქვენის სიმაღლისთვის მოუხსენებია, რომ მე გამაგდო ერთის ავის კაცისავით და საქართველოს წინააღმდეგსავით; ვერ მოვითმინე ამისთანა დაბეზღება, რადგან მუდამ ერთგული ვყოფილვარ ამაღლებულის ჩემის ხელმწიფის წინაშე და თქვენის სიმაღლის წინაშე, და თქვენგან დიდის ვედრებით ვითხოვ მფარველობასა. იარანალის ფიქრები და ნიშნები მუდამ წინააღმდეგი ყოფილა თავის ინსტრუქციისა და ჩვენის ხელმწიფის ბრძანებისა, და მუდამ მოატყუა რუსის პირველი მინისტრები: ბევრჯერ მიუწერია იარანალ ჩერნიშოვთან და იარანალ პანინთან, რომ ერთი ჟამი დაიხელოს და საქართველო დაიჭიროს თავის იმპერატრიცის სახელით, რომელი ქვეყანაც მეფის ერეკლეს საბრძანებელს ქვეშ არის. ესეც მისწერა: რუსეთს აბაზი მოსჭრან, აქ გამოგზავნონ და, თუ იმ აბაზებს მეფე ირაკლი არ მოიწონებს, ამას მტრობას გამოუცხადებს. კიდევ სხვაც ბევრი წიგნები არის ჩემგან დაწერილი იარანალის ბრძანებით, რომელიც თქვენის სიმაღლის წინააღმდეგია და სრულიად საზიანოდ არიან. ფრიად გევედრები, რომ ეს დაიჯერო: გაჭირვებულმა დავწერე. ახლა თქვენ გევედრებით, რომ არ დამაბეზღოთ ამაღლებულის იმპერატრიცას წინაშე, რომლის, იმპერატრიცის, და თქვენის სიმაღლის მუდამ ერთგული და დიდის სიმდაბლით ვიყავ და ვიქნები“ (ა. ცაგარელი, სიგელები, I, გვ. 450-451; ასევე II, გამოშვ. I, გვ. 24-25 /ქართულად/).

( * შენიშვნა: აქ, ცოტა არ იყოს, გაუგებარია დე გრაის ასეთი შეშფოთება, ვინაიდან ადოს მინდორში ერეკლესთან თათბირის შემდეგ ტოტლებენი ერეკლეს წინადადებას დაეთანხმა, დაპირდა რუსული ჯარის რიცხოვნების გაზრდის მიზანშეწონილობას და პეტერბურგის წინაშეც დაასაბუთა თავისი ასეთი გადაწყვეტილება, ამიტომ იმ ხანად რატომ უნდა ჰქონოდა ერეკლეს საწინააღმდეგო წერილის გაგზავნის სურვილი? ასევე საქართველოსა და თბილისის მდგომარეობის შეფასება და ამის თაობაზე სამხედრო კოლეგიის ინფორმირება პირდაპირ ევალებოდა გენერალ ტოტლებენს და მისი ადიუტანტის მიერ ასეთი მოხსენებების პეტერბურგში გაგზავნა სავსებით ბუნებრივი უნდა ყოფილიყო. რაც შეეხება ერეკლესთან კონფლიქტის დროს ტენდენციური წერილების გაგზავნას, ამის თაობზე მე არაფერი მეთქმის, სამწუხროა, მაგრამ ასეთი რამ იქნებოდა. ყოველივე ეს უფრო გულდასმით შესწავლას მოითხოვს. (ი. ხ.)

ჯ. ოდიშელი ასევე ლაპარკობს ერეკლესა და ტოტლებენს შორის განხეთქილების ჩამოვარდნის მიზეზებზე. სახელდობრ იგი წერს: „დიდ სირთულეებს ქმნიდა საექსპედიციო კორპუსის სურსთ-სანოვაგით მომარაგების საკითხი. ერთ დოკუმენტში ერეკლე მეფე ჩივის, თევზს კიდევ ვშოულობ, მაგრამ პურით მომარაგება მიჭირსო. რაც შეეხება ტოტლებენს, იგი ამ პრობლემას ძარცვა-რბევის მეშვეობით სწყვეტდა („როს მოუნდის, ურმის ხარებიდამ გლეხკაცს ართმევდა, უხოცდა და ნახევარ ფასს აძლევდა“) (ა. ცაგარელი, სიგელები, II, I, გვ. 27-28). განსაკუთრებით ხშირად არბევდა არაგვის საერისთაოს, კაცის კვლასაც არ ერიდებოდა. ქარელში მეფის ერთგული ლეკები ამოსწყვიტა (იქვე, გვ. 18, 49; ასევე სიგელები, I, გვ. 457,468).

განსაკუთრებით მწვავედ განიცადა ერეკლემ მის დაუკითხავად მის ქვეყანაში შეთქმულ ოფიცერთა შესაპყრობად ტოტლებენის მიერ მანიფესტის გამოცხადება; ფულადი გასამრჯელოს შემწეობით მოსახლეობის ცდუნებაში ჩაგდების ბოროტი მცდელობა. ეს მომენტი მრავალგზის ფიგურირებს სათანდო დოკუმენტებში (ა. ცაგარელი, სიგელები, I, გვ. 109; სიგელები, II, I, გვ. 19-20).

ერეკლე მეფე ყოველმხრივ ცდილობს, არ ჩაერიოს კორპუსის საშინაო საქმეებში, განზე დგება პოდპოლკოვნიკ ჩოგლოკოვის, დე გრაის საქმისაგან. ამასთანავე ზრუნავს პოდპოლკოვნიკ სიმონ მაყაშვილის ბედ-იღბალზე, ცდილობს შეინარჩუნოს ეს ოფიცერი საქართველოში. საქმე ის არის, რომ ჩოლოყაშვილი არავითარი დაჯგუფების მონაწილე არ არის, საარტილერიო საქმის სპეციალისტია და ქართველობას მეზარბაზნეობას ასწავლის“ (ა. ცაგარელი, სიგელები, II, I, გვ. 27-30).

შემდეგ ჯ. ოდიშელი აგრძელებს: „1770 წლის 12 მაისს მეფე ერეკლე იმპერიის საგარეო საქმეთა მინისტრს ნიკიტა პანინს შესჩივის _ „ჯარების მოსულის ამბავიც მოგვივიდა, და ამ ჯარების კეთილ დაყენებისა და სურსათის ზრუნვაც გვეთანამდებებოდა, ამ მიზეზით იქიდამ კაცი და წიგნი მივუვლინეთ და დავიბარეთ, რომ ჯარებისათვის ადგილიც გამოგვერჩია და სურსათის რიგიც მიგვეცა. და კიდევ მომავალის ჯარებისათვის სახმარნი და საჭირონი ნივთნი გვეფიქრა და მტერზედ მოსულისა დრო და პაემანიც გამოგვერჩია, მაგრამ პასუხი არა მოგვცა რა ჩემის წიგნისა, რომელმაც მტერზედ წასვლის უწინარეს, მრავალნი ბოროტნი იმოქმედა ჩვენს ქვეყანაში ჩემს თავადებზე და აზნაურებზედ, და ჩემს გლეხკაცებზედ, და თვით ჩემზედაც, მრავლის წამებით ჩემი სული შეაწუხა, მაგრა ყოველი დაუთმე, რადგან მისი დიდებულების იარანალ მაიორი იყოო“ (ა. ცაგარელი, სიგელები, II, I, გვ. 31-32).

უფრო პირდაპირი და გულახდილია მეფე ერეკლე თავის თანამემამულესთან, ამავე დროს რუსეთის რეზიდენტთან ანტონ მოურავოვთან მიმოწერაში. 1770 წლის 6 მაისს მეფე ანტონ მოურავოვს ტოტლებენის შესახებ სწერს _ „მე მაგას ჩემს ქვეყანში ვერ გაუძლებ და ჩემის მოწყალის ხელმწიფის სამსახურშიც მომაცდენს, თუ ამისთანა ყოვლად ბოროტ კაცს მომაშორებთ, რაც აქ ხელმწიფის ჯარები არის, იმათთვის სურსათისა და კეთილ გამოზრდის საქმეც თავსმიდვია“... (ა. ცაგარელი, სიგელები, II, I, გვ. 26) შემდგომში ერეკლეს ტოტლებენის დაპატიმრება გადაუწყვეტია და მიმოწერის საფუძველზე ტომსკის პოლკის მეთაურის კლავერის მიმხრობაც განუზრახავს. მოურავოვის დაჟინებითი მოთხოვნის შედეგად ყოველივე ამაზე ერეკლეს უარი უთქვამს (ა. ცაგარელი, სიგელები, II, I, მეფე ერეკლეს 1770 წლის 13 მაისის წერილი ა. მოურავოვს). იგი განსაკუთრებით მადლიერია მოურავოვისა, ვინაიდან განხეთქილება ისე შორს არ წავიდა, რომ ტოტლებენი ანანურიდან რუსეთში არ გაბრუნდა.

ერეკლეს მაინც მოუხდა ახსნა-განმარტების მიცემა პანინისათვის ტოტლებენის დაპატიმრების მცდელობის სკითხზე. 1770 წლის 25 მაისს მეფე პანინს სწერს: „იარანალ მაიორის არესტი ორმა საქმემ გამოგვარჩევინა: პირველად აწყურიდან მისმა გამოპარვით წამოსვლამ და მეორედ, ანანურს მისვლამ, _ (ეს ხომ) ოსმალის და დაღისტნის გზით უკუნქცევა არის, და რადგან პირველიც ისტორია მისი გვსმენოდა, ამასაც ვარწმუნებ თქვენს მაღალბრწყინვალებას, რომ ვინც ყოვლად მოწყლის რუსეთის ხელმწიფის ჯარს ამ ქვეყნიდან წაიყვანდა, მე იმაზედ ჩემს თავს დავსდებდი და სიცოცხლეს და არ გავუშვებდი, მანამ მისი იმპერატორობითი დიდებულების ბრძანება მომივიდოდა, ამისთვის რომ ჩემი და ჩემის ქვეყნის გაოხრება იქნებოდა“ (ა. ცაგარელი, სიგელები, II, I, გვ. 228-229).

თავის მხრივ, გენერალი ტოტლებენი, მისი მოქმედებების შესაბმისად, ოფიცალურ მიმოწერაშიც აუგად იხენიებს ერეკლეს, სოლომონს. უკრძალავს ყველა თავის ოფიცერს, განსაკუთრებით ქართული წარმოშობის ოფიცრებს, ურთიერთობა იქონიონ ქართველი მეფეების გარემოცვასთან.

1770 წლის 12 მისს, როდესაც დაძაბულობამ აპოგეას მიაღწია, ტოტლებენი იმპერიის ცენტრს აცნობებდა, „რომ განზრახული აქვს აიღოს თბილისი, დაუქვემდებაროს მთელი საქართველო რუსულ ხელისუფლებას, ჩამოართვას ერეკლეს ანდრია პირველწოდებულის ბაფთი, გააგზავნოს იგი პეტერბურგს ან შედენოს შავ ზღვაში“ (С. М. Соловьёв, История России..., т. XXVIII, стр. 142). ანანურსა და დუშეთში მან რუსეთის იმპერატორის ერთგულებაზე ხალხის დაფიცება დაიწყო. სოლომონ მეფეს, ცნობილია, იგი „თურქს“ უწოდებდა“ (ციტ. დასასრული).

ვრცელი მსჯელობები აღნიშნული საკითხების შესახებ თავის წიგნში აქვს პროფ. ვალ. მაჭარაძეს, ბევრი რამ მასთან უფრო დაზუსტებით არის გადმოცემული, მაგრამ უკვე მოვერიდები იმაზე ხელახლა ლაპარაკს, რაც ზემოთ უკვე გადმოვეცი, და შევეხები ტომსკის პოლკისა და მისი მეთაურის პოლკოვნიკ კლავერის როლს კონფლიქტის მოგვარების საქმეში. სახელდობრ, პროფ. ვ. მაჭარაძე ამბობს: „როგორც ლვოვის 15 მაისის წერილიდან ჩანს, ტოტლებენის რაზმში გადაუწყვეტიათ: ქართლ-კახეთის დაპყრობა, ერეკლეს ტახტიდან ჩამოგდება, მისი დაპატიმრება და რუსეთში გაგზავნა ან განდევნა. ეს საქმე მათი აზრით, მეტად ადვილი იყო 3000 რუსის ჯარისკაცისათვის (ა. ცაგარელი, სიგელები, I, გვ. 225-226). მაგრამ 3000 კაცი ავანტიურისტს ჯერ არ ჰყავდა, ამიტომ ელოდა მოზდოკიდან მომავალ ტომსკის პოლკს.

პოდპოლკოვნიკი ჩოგლოკოვი წერდა, რომ ტოტლებენი ან ჭკუაზე შეიშალა, ან გამცემლობას ჩადის, როდესაც რუსეთის სამეფო კარის ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებს: მეფეები ერთმანეთს გადაამტერა, თავადებს ცუდად ექცევა, სოფლები ააწიოკა _ უსასყიდლოდ ართმევს საქონელს, ახალციხის ფაშასთან მოლაპარაკება გამართა, 12 საუკეთესო ოფიცერი რუსეთში გაგზავნა, არავის არ იტოვებს გარდა გერმანელებისა და უსაქციელო რუსებისაო (С. М. Соловьёв, История России..., кн. VI, т. XXVIII, стр. 669).

საისტორიო ლიტერატურაში მიუთითებენ, რომ ტოტლებენმა ერეკლეს ტახტიდან ჩამოგდების საკითხზე სამხედრო საბჭოს დასტური მიიღოო. ცხადია, საინტერესოა ვიცოდეთ, თუ რას წარმოადგენს ის საბჭო, რომელიც ტოტლებენს ავანტიურისტულ გადაწყვეტილებებზე თანხმობას აძლევდა. ჩვენ ზუსტად ვერ დავადგინეთ ტოტლებენთან მყოფი რაზმის ოფიცრების გვარები, მაგრამ მისი ბრძანების აღმასრულებელთა გვარები ჩვენთვის ცნობილია. ესენია: კარპი, ზორნაი, პიკსნერი, ტოტინი, ბარონი შტეინი, ვინკლერი, კელლერი და სხვა. ამათგან რუსი მხოლოდ კარპია...

სამაგიეროდ ტოტლებენმა სხვადასხვა საბაბით რაზმიდან განდევნა: პოდპოლკოვნიკი ჩოლოყშვილი, მაიორი რემენნიკოვი, კაპაიტანი ზამარაევი, პოდპოლკოვნიკი ჩოგლოკოვი; ცხადია, დანარჩენები ან ძალაუნებურად უნდა დამორჩილებოდნენ ტოტლებენის ბრძანებას, ანდა ჩოლოყაშვილისა და რემენნიკოვის ბედი გეზიარებინათ. ტოტლებენი არც ამაზე გაჩერებულა: მან ბრძანა რატიევის დაპატიმრება, რომელიც პირადად ტოტლებენის სურვილითა და დაჟინებითი მოთხოვნით იქნა ყიზლარიდან წამოყვნილი (რატიევს ამ დროს რუსეთის მთავრობის ნდობა ჰქონდა მოპოვებული); მოურავოვს, რუსეთის მთავრობის წარმომადგენელს საქართველოში, წინადადება მისცა მთავრობისაგან ნებართვის მიღებამდე დაეტოვებია საქართველო, თუმცა ამის უფლება მას არ ჰქონდა; წინადადება მისცა რატიევს უკანვე გაეგზავნა მაიორი ანდრონიკოვი (სამხედრო კოლეგიის მიერ გამოგზავნილი) და ყველა ქართველი ოფიცერი“.

პროფ. ვალ. მაჭარაძეს იქვე სქოლიოში მოჰყავს ეკტერინე II-ის სიტყვები ნ. პანინისადმი მიწერილი მისი წერილიდან: „...ასევე არ ვაქებ ტოტლებენის გაუგონარ იჭვინობასაც“-ო („...не хвалю же и неслыхания подозрительности Тотлебенова“). მაგრამ რუსეთის იმპერატრიცა, მის ხელთ არსებულ წერილებსა და სხვა ინფორმაციაზე დაყრდნობით, არც ერეკლესა და სოლომონის საქციელს იწონებდა, თუმცა კი უნდა აღინიშნოს, რომ პეტერბურგში იმხანად, ქართველ მეფეებსა და რუსეთის არმიის გენერალს შორის კონფლიქტის პირობებში, ყოველი მხრიდან მეტ-ნაკლებად ტენდენციურად მიწოდებული ცნობები ექნებოდათ, და თავიანთ წარმოდგენებს (შეხედულებებს) იქ ამის საფუძველზე აგებდნენ.

(გაგრძელება იხ. _ ნაწილი III)

ირაკლი ხართიშვილი

No comments:

Post a Comment