Monday, December 6, 2010

სარწმუნოებისა და ეკლესია-მონასტრების შესახებ

(პლატონ იოსელიანის წიგნიდან "ცხოვრება გიორგი მეცამეტისა")

გიორგი, პირმშო ძე მეფისა ირაკლი II-სა, დაიბადა ქალაქსა თფილისსა 1746 წელსა, ნოემბრის 10 დღესა, რომელსაცა ქართველთა ეკკლესია დღესასწაულობს წმიდისა გიორგისა სასწაულთა... _ (დასაწყისი I თავისა).

პაპამან მისმან თეიმურაზ, დღე შობისა მისისა გარდაიხადა დღესასწაულობით: აუწყა ეპისტოლეებითა იმერეთისა მეფესა და მთავართა: კახეთისა და ქართლისა თავადთა, კათოლიკოსთა და მღვდელმთავართა; მიანიჭა საჩუქარნი მრავალნი გლახაკთა, ობოლთა და ქვრივთა; მიეცა მრავალთა პყრობილთა მიტევება ბრალთა; მეუდაბნოეთა წარუგზავნეს ნუგეშინის-ცემითნი საძმოდ ბოძებანი, და მეგობარი თვისი და მახლობელი საბა ნინოწმინდელი მოუწოდა თფილისად, რათა ექმნას მიმქმელად წმიდისა ემბაზიდამ მეფისა ყრმასა გიორგის... ესრეთნივე ეპისტოლენი და ძღვენნი წარუვლინეს ოთხთა მართლმადიდებელთა პატრიარქთა, სიონისა და ათონის მთათა წინამძღვართა. ენა ხალხისა განმხიარულებულისა შეიქმნა საწერელი მწიგნობრისა ხელოვნისა. დროთა ჩვეულებისა გამო მოლექსენი უძღვნიდნენ ლექსთა ქებითთა: მეცნიერნი სიტყვათა წყობითთა კატეღორიისამებრთა ზედა აღშენებულთა სხოლასტიკოსთა წესითა; მქადაგებელნი ქადაგებათა; მეუდაბნოენი ლოცვათა; მემხოლოენი კურთხევითა ქარტათა. _ (თავი II).

შემდეგ ცხრისა დღისა, ე. ი. 19 ნოემბერსა, დღისა წმ. ილარიონ ქართველისასა ნათელ-სცა მას კათოლიკოსმან ანტონი I და მიმქმელად იყო არქიეპისკოპოსი საბა ნინოწმინდელი, მასვე დღესა აღყვანილი მეფისაგან მიტროპოლიტობისა ხარისხსა.

წესი ემბაზიდგან აღმოშობისა აღსრულდა არა სასახლესა შინა, არც სახლის წმიდის კვართისა ეკკლესიასა შინა, არამედ მცირედსა ეკკლესიასა წმიდისა გიორგისსა, აღშენებულსა სვიმონ ზანაშინისაგან, რომელიცა იყო ძმა ვახტანგ მეფისა და რომელმანცა დასდვა სასახლისა თვისისა ეკკლესიად და უკანასკნელთა მეფობისა დროებაში იყო სასახლისა ეკკლესიად თვით მეფისა გიორგი XIII.

ცხოვრებისა მისისა წელსა მეოთხესა მიუჩინეს მას ლალად თავადი კახეთისა სვიმონ მაყაშვილი და ქართლიდამ როინ ბარათაშვილი, რომელიცა მალე გარდაიცვალა და გარდა სვიმონ მაყაშვილისა აღარავინ დაუშთა ყრმასა ჯერეთ გიორგის. ქართულისა ანბანის მასწავლებლად ჰყვა მას ისაკ მწიგნობარი, რომელიცა იყო შემდეგ კანდელაკი სიონისა საუფლოჲსა ეკკლესიისა და აღმწერელი ხუცურად მრავალთა წერილთა, მეცნიერი და მცოდნე ძველისა, ვითარცა იტყოდენ ფილოსოფიისა... ბერძულისა ენისა მასწავლებელად იყო თეოდორე ეპისკოპოსი ბერძენი მცხეთას ყოფილი კათოლიკოსისა კარზედ; გარნა ვერ სრულჰყო სიკვდილისა გამო მასწავლებელისა და დროთა გარემოებათა გამო. მასწავლებელად ქართულისა ენისა მიუჩინეს მეფის ძესა მეშვიდესა ცხოვრებისა მისისა წელსა დეკანოზი იოანე. 1751 წელსა მოვიდა იერუსალიმით, დროებით მუნ წარსული დეკანოზი ესე იოანე, ძე გარსევანისა დეკანოზისავე მოძღვრიშვილად გვარწოდებული. ესე იყო კაცი განსწავლული, დიდი მწიგნობარი, მწერალი წიგნთა და მცოდნე დროთა მათ, ფილოსოფიისა და ღვთისმეტყველებისა ძველთაგან ქართველთა შორის ნაქონთა. პატრიარქისაგან იერუსალიმისა ქებითისა წერილითა მოსული ევედრა კათოლიკოსსა ანტონის პირველსა, რათა მიუბოძოს მას ადგილი დეკანოზობისა. ჯვარისა ეკკლესიასა, იერუსალიმისა ჯვარის მამათა სადგურსა. კათოლიკოსმან ანტონი ამისთვის უბოძა მას გრამატა შემდეგი:

(ბეჭედი საკათოლიკოსო ხატითა)

„ჩვენ ყოვლისა საქართველოჲსა დიდმან მწყემს-მთავარმან, მაღალთა მეფეთა შარავანდედმან, კათოლიკოსმან პატრიარქმან, ძემან ქართველთა მეფისა იესესმან, პატრონმან ანტონიმ, ესე უკუნისამდე ჟამთა, ხანთა და დროთა გამოსადეგი სამკვიდრო და საბოლოვო წყალობის წიგნი და სიგელი შეგიწყალეთ და გიბოძეთ თქვენ ჯვარის-მამის მონასტრის დეკანოზს იოანეს, ასე და ამა პირსა ზედან. შენ უსარჩოობასა და უსამწყსოობასა სჩიოდით. მოხვედით კარსა, დარბაზ-პალატისა ჩვენისასა და სამწყსოს ბოძებასა დაგვეაჯენით; აწ ვისმინეთ აჯა და მოხსენება თქვენი, ვიგულვეთ და ვიგულსმოდგინეთ, ვითარც უსარჩოვო და უსამწყსოვო იყავ, ჩვენცა შეგიწყალეთ და გობოძეთ: ქალაქში ვინცა ვინ უხუცო, ეული და მოსული კაცი იყოს, ან უხუცო რომ სხვას მღვდელს არ ეხუცებინოს და მისსა არ გაევლოს, შენთვის წყალობა გვიქმნია და გვიბოძებია, სჯულიერის წესით მწყსიდე და ასწავებდე. და ამას გარდა შენის სახლის ხუცობაც შენთვინვე გვიბოძებია და წყალობა გვიქმნია. არაოდეს ამის მოცილე და მოდავე არავინა გვყვანდეს თვინიერ ღვთის მეტი. აწ ესე ჩვენგან ბოძებული წყალობა გქონდეს და გიბედნიეროს ღმერთმან ჩვენსა დიდათ ერთგულობასა შინა. არ მოგეშალოს არცა სხვათა მეპატრონეთაგან, არცა მეფეთა, დედოფალთა და უფლის წულთაგან, არცა დიდთა და არცა მცირეთაგან. და რომელმანცა იმისი დაშლად და დაქცევად ხელჰყოს, ჩვენთა კანონთა ქვეშე განიკანონოს, ხოლო დამამტკიცებელნი ამისნი ღმერთმან აკურთხოს. აწ შემდგომად ჩვენსა თქვენცა, ყოვლად სანატრელნო კათოლიკოს-პატრიარქნო, თქვენცა ასევე დაუმტკიცეთ და გაურიგეთ, რათა, თქვენგანცა გაგებული და გარიგებული ღმერთმან ყოველივე მტკიცე და უნაკლულო ჰყოს. არიან ამისი მოწამენი და მხედველნი, და ნების დამრთველნი ერთობით მცხეთელნი. დაიწერა ინდიკტიონსა კათოლიკოს-პატრიარქობისა ჩვენისა თ (9). ქრისტეს განხორციელებიდგან ვიდრე აქამომდე წელნი გარდასულ იყვნეს ჩ ღ ნ ბ (1752). ქორონიკონსა უ მ (440). თვესა დეკენბერსა ი ა (11). ხელის კარისა ჩვენისა მღვდელ-მდივან-ქადაგ მაღალაძის ნიკოლოოზისათა. დასაბამიდგან ვიდრე აქამომდე წელნი გარდასრულ-იყვნენ შვიდ-ათას ორასსამოცი ჴსჲ (7260)“ (1).

ესე იოანე პირველ სხვათა იყო მოძღვარი მეფისა ირაკლი II და დედოფლისა დარეჯანისა. ამას ჰყვანდა ქალი ერთი და რადგანაც ძმისწულნი ჰყვანდნენ მრავლად, დედოფალი ექმნებოდა მომნათვლელი შვილთა მისთა; კათოლიკოსი ანტონ I იყოლიებდა მას ვითარცა მეგობარსა და თვისთანა მარადის თანამზრახველად.

ამა დღიდგან იყო პატივცემულად მიღებული ყოველგან მოძღვრად თვით კათოლიკოსისა და მისისა კრებულისა ქ. თფილისსა მყოფობისა მათისა დროსა. ვითარცა მღვდელი განკრძალული ცხოვრებითა და მოხუცი, ბრძენი და მხნე გონებითა, ექმნა მოძღვრად კათოლიკოსსა იოსებსა და მთავარ ეპისკოპოსსა კირილეს. მეფის ძე გიორგი დიდად პატივს სცემდა მას და ვითარცა მორწმუნე სასოებით ავედრებდა თავსა თვისსა ლოცვათა მისთა. გარდაიცვალა ღრმად მოხუცებული 1782 წელსა და დასაფლავდა მასვე ჯვარისა ეკკლესიასა. _ (თავი III).

ჯერეთ ყრმასა მეფის ძესა უყვარდა დიდად და ტრფიალებით კითხვა მსოფლიოთა მამათა ცხოვრებისა; იცოდა ზეპირად საქმენი და ღვაწლნი წმინდათა მარტვილთა, მეუდაბნოეთა, მღვდელმთავართა და ესე ვითართა დიდთა ეკკლესიისა სვეტთა. დიდის დაწვლილებით ესმოდა ღვთისმეტყველება მართლმადიდებლობისა, ისტორია ქართველთა ე. ი. ქართლის ცხოვრება უწყოდა რეცა ზეპირად.

დიდად ეტრფოდა მოლექსეთა ძველთა და ახალთა. ცხოვრებითა ნაზი, განკრძალული, ჭეშმარიტი, უტყველი, სიტყვადაცული; ზნეობითა ზრდილი მაღლად მეფურად, მოწყალე, უხვი, მდაბალი, ობოლთა და გლახაკთა შემწყალებელი, პურადი; არაწმინდების მოძულე, სიწმინდისა დამცველი, ვითარცა მეუდაბნოე, ქრისტეს მოყვარე, ეკკლესიათა მოყვარე, სამღვდელოთა პატივისმცემელი, უცხოთა შემწყნარებელი, მეტადრე ბერძენთა მართლმადიდებელთა, თურქთაგან დამონებულთა და შეიწრებულთა; დღე ყოველ ცისკრისა, წირვისა და მწუხრისა მომსმენი დაუზარებელი. უკურთხებელ სუფრისა არა მიმრთმევი არცა სადილისა, არცა ვახშმისა... _ (დასაწყისი IV თავისა).

მოხუცმან 75 წლისა მღვდელ-მონოზონმან ათანასი შიო-მღვიმელმან, გვარითა ამილახვარმან, 1846 წელსა მომითხრო ამბავი მეფის გიორგისათვის შემდგი:

მოსრული სრულსა ჰასაკსა მოისურვებდა ფილოსოფოსთა ძველთა სწავლისა მოსმენასა. კათოლიკოსი ანტონი, გარდმომღები რუსულით ქართულსა ენასა ბაუმეისტრისა ფილოსოფოსისა, განუმარტებდა ჰაზრთა და ლექსთა მნიშვნელობათა. მეფის ძესა უნებდა გაგება მათი და ვერა რაჲ გამოსწურა თქმათაგან მათთა მაღალთა, საგანთათვის მაღალთა. _ დაუტევა სწავლა ესე და იტყოდა: „არა მესმის ესე; ვნაყავ წყალსა. „სწავლასა და სიბრძნესა საჭიროსა სახმარსა, სასარგებლოსა და ტკბილსა ვჰპოვებთ ქრისტეს მცნებათა შინა ნამდვილთა და განსვენებისადმი გულისა და გონებისა მიმყვანთა და სულისა დამატკბობელთა. _ შევუდგეთ მცნებათა ამათ და გვეკმავება“. _ ესე ვითარი მისი ჰაზრი იყო მიზეზი, რომელ არა უყვარდნენ მას არცა ფილოსოფოსად წოდებულნი, დროთა მისთა ზაქარია გაბაშვილი, ამბროსი ნეკრესელი, იოანე ოსეს ძე და სხვანი სისტემისა მათისა კაცნი, დაღალულნი კატიღორიითა, დიალეკტიკითა, ტოპიკებითა და სილლოღიზმებითა. „სწავლა ესე თქვენი – უბრძანებდა მათ ხშირად სიცილითა, _ ვითარცა ყინული, ხელში დნება, და გასდის, ვითარცა ფლავისა საწურავსა წყალი“. ესრეთსა მეფისა ამის თქმასა შვილნი მისნი და ძმანი მოიგონებდიან და მეტყოდიან პეტერბურღსა, სადაცა ვსწავლობდი მეცა ფილოსოფიასა, მეფისა ძმანი მირიან, ფარნაოზ, და ძენი მეფისა ბაგრატ, თეიმურაზ და მიხაილ. _ (თავი XX).

აღზრდილსა სიყრმით მართლმადიდებლობისა მქადაგებელთაგან უყვარდა ტრფიალებითა ეკკლესიისა დღესასწულნი, დღეთა რომელთამე, ვითარცა თვით იტყოდა, ქვეყანისა ცად გარდამაქცველნი, ესრეთ ქრისტეს სიყვარულითა დამთვრალი მეფე იხარებდა და იშვებდა სულითა, ოდეს დაესწრებოდა თვით ეკკლესიისა ტაძრისა დღესასწაულსა. ესევე ტრფიალი სულისა წმინდათადმი ხატთა, მოღვაწეთა მათთა გამომაცხადებელთა და პირველ-სახისადმი აღმაწევნელთა იყო მიზეზი, რომელ შემდგომად წირვისა თაყვანსა სცემდა ხატთა, ამბორსა უყოფდა მათ დიდებით მათ ზედა, ღვთისა მადლისა მექონეთა, შუბლსა და თვალთა და ოდესმე მაღლად დასვენებულთა ხატთა, ერთსა წვერსა ყავარჯენისა გრძელისა, რომელსაცა მიართმედნენ მფესა დასაყრდნობელად, ემთხვეოდა თვით, და მეორესა წვერსა შეახებდა კრძალვითა თვით ხატსა წმინდასა.

ესე მრავალთა, არა განმგებთა სარწმუნოებითისა მისისა მხურვალებისა, ეჩვენებოდათ საქმედ უშვერად. ესრეთსავე მაგალითსა შეუდგა შვილიცა მისი მიხაილ და დღე ყოველ ვხედავთ ესრეთ მლოცველად და ამბორისა მყოფელად წმინდათა ხატთა.

დღეთა ამათთვის დღესასწაულითთა, ზედაშედ ღვინო მეფისა და სახაბაზოდამ მეფისა სეფისკვერი მირთმეოდა მღვდელთა და მწირველთა ეკკლესიათა მათ, სადაცა იქმნებოდა თვით მეფე მედღესასწაულეთა შორის მლოცველი; ეგრეთვე სანთელი და საკმელიცა, _ ძველისა აქამომდე ადგილ-ადგილ დაშთენილისა ქართველთა ჩვეულებისა გამო. _ (თავი XXII).

განმაახლებელმან წმინდისა გიორგის ეკკლესიისა, აღშენებულისა სვიმონ ზანიშინისაგან, დასდვა იგი კარის ეკკლესიად; მას შინა დაასვენა დროშა თვისი და შესწირა ბარძიმ-ფეშხუმი ვეცხლისა შემდეგისა ზედა წარწერითა:

„ქ. შენ მოწამეთა შორის მხნესა და ღვაწლით შემოსილსა, უძლეველს მთავარ-მოწამესა წმინდასა გიორგის შემოგწირე მცირე ესე შესაწირავი ბარძიმი ესე მე ყოვლად უღირსმან და ცოდვილმან ბატონისშვილმან გიორგიმ, რათა მეოხ მექმნა საშინელსა მას მეორედ მოსვლასა ქრისტესა მეუფისასა. ამინ. 1768. ქრისტეს აქეთ ჩღჲჱ, მისხალი ტ (300)“.

ესრეთივე ზედაწარწერა არის ფეშხუმზედ, რომლისაცა წონა არის დანიშნული: „რა (101) მისხალი“.

კვირას და დღესასწაულისა დღეთა შინა, მოსმენადმდე საღმრთოჲსა ლიტურღიისა, არა რასა მიირთმევდა. შემდგომად წირვისა მოართმევდენ ეკკლესიასა მასვე სეფსკვერსა და ზედაშესა. ესრეთი იყო ჩვეულება ძველთა ქართველთა და მრავალთა შორის ჰგიეს ესევე დღემდემცა მრავალთათვის. ვიტყვი „მრავალთათვის“ ამისთვის, რომელ შესრულთა რეცა ევროპიისა ჩვეულებათა და განათლებულად საგონებელთა, არღა დიცვეს კანონი ესე მერყეობისა გამო სარწმუნოებასა ზედა. _ (თავი XXIII).

დიდად დატკბებოდა მეფის ძე მამათ ცხოვრებისა კითხვითა უდბნოთა შინა სადილისა და ვახშამისა ჟამსა ძმათა სატრაპეზოსა. რაოდენჯერმე განმამეორებინა სიტყვა ანტონი დიდისა მეგვიპტელისა, _ მეტყოდა მოძღვარი ჩემი, მღვდელ-მონოზონი გაიოს, მოხუცი (გარდაიცვალა თფილისს 1864 წელსა) _ „თევზი მიიძინებს, ოდეს აღმოიყვან მას წყლიდამ: ესრეთვე მეუდაბნოე უძლურებს, ოდეს შევალს სოფელსა და ჰგიებს ქალაქთა შინა: ვისწრაფოთ და ვრბიოდეთ მთათადმი ჩვენთა სამონოზნოთა, ვითარცა თევზნი წყალთადმი“. _ მეფე განამხნევებდა თვით მეუდაბნოეთა კეთილმსახურებითა თვისითა. მარხულობითა თვისითა აჩვენებდა მარხულობისა სიმტკიცესა; ლოცვითა თვისითა ამრჩობლებდა ლოცვასა და ვედრებასა მათსა ღვთისადმი; ცრემლსა თვისსა შეაერთებდა ცრემლსა მათსა და სარწმუნოებითა თვისითა განამტკიცებდა მორწმუნეობასა მათსა, ვითარცა მერცხალი უდაბნოსი, შესრული ბუდესა შინა თვისსა, გალობდა ღვთისა გალობასა. ვინ იტყვის უცოდველად ბოროტსა მეუდაბნოეთათვის: არიანო უსარგებლონი. ყრმანი ჩვენნი, თავადთა, აზნაურთა და გლეხთა, სწავლობენ აქა წერასა, კითხვასა, გალობასა, ღრამმატიკასა, რიტორებასა, ფილოსოფიასა და ღვთისმეტყველებასა; აქა ინახებიან ობოლნი და გლახაკნი; აქა იკურნებიან სნეულნი; აქა იკვებებიან მშიერნი; აქა სნეულნი სულითა მიიღებენ სიმრთელესა; აქა მწუხარენი, ვითარცა სასნეულოსა, ნუგეშ იცემებიან და ჰპოვებენ სიხარულსა და შვებასა, რომელსაცა ხშირად დავნატრით სოფლისა მდიდარნი და ნეტარად საგონებელნი. ბრძოლისა ჟამსა, სიტყვითა და ჯარითა შველიან ქვეყანასა; სიმშილისა დროსა გვიძღვნიან პურსა და ღვინოსა, საკლავსა და ცხენსა, ურემსა და მეურმეთა. _ ნუუმე კვალად იტყვის ვინმე უსარგებლობასა მათსა ქვეყანისათვის. მეუდაბნოენი სძულთ მხოლოდ არა წმინდათა, მრუშთა, ამპარტავანთა, მტაცებელთა, მეშფოთეთა, რომელთაცა სდევნიან იგინი თვისითა ცხოვრებითა, ეპისტოლეებითა და ქადაგებითა. ეშინის ბოროტთა მათი, ვითარცა ეშმაკსა ღვთისა; ვითარცა ცუდთა მონათა უფლისა თვისისა კეთილისა; ვითარცა სჯულისა გარდამავალსა მსაჯულისა ჭეშმარიტისა. მეუდაბნოეთა შეყენებულთა სამხოლოოთა შინა, არა რაჲ აქვსთ საკუთრებად. სიმდიდრე მათი არა არის დაფარული ჩვენგან; საუნჯე მათი არა არის ჩვენთვის უხილავი. ესე ყოველი შემოდის ჩვენკენ, ვითარცა ნაკადი წყაროსი, ყოველგან მიმომდინარე. ნათელი სწავლისა მათისა მოიფინების ჩვენდა, ვითარცა შუქი მზისა. ნყოფი ნაშრომთა მათთა ჩვენთვის არის უშურველი. რომელი არა განასწავლეს მათ? რომელი არა განაძღეს? ვინ არა განკურნეს, მისრული მათდა სამკურნალოდ? რომელსა დაუხშეს კარი სტუმართ-მოყვარებისა, უცხოთ შეწყნარებისა, მტერთა სიყვარულისა? მოძულენო ქრისტესნო და ეკკლესიისა წესდებისა, სდუმენით; იკდემდით და ირცხვენდით კადნიერად მოუბარნო წინააღმდეგ ქრისტეს სახარებისა (2). _ (თავი XXV).

ბერძენთ სინას-მთისა წინამძღვარნი ძველადვე ეაჯებოდენ მეფესა, მისცენ და შთააბარონ ეკკლესია გუმბათიანი აბანოჲსა თფილისისა გზასა ზედა დაფუძნებული და სომეხთაგან თურქთა დროს მიტაცებული ფაშისაგან და მისთა კარისკაცთა მოსყიდვითა. მეფემან ირაკლი მეორემან ვერ აღასრულა ესე, რათა არა აწყენინოს სომეხთა მომავალთა თფილისად, საჭიროთა ვაჭრობისათვის. მეფე გიორგისა ჟამსა დანიშნეს, როგორცა სჩანს საქმიდამ მეფისა გიორგისა, ეშიკაღაბაშ ასლან ყაფლანიშვილი და სხვანი მდივან-ბეგნი განსახილველად საქმისა. საქმისა განხილვისა დროსა ცნობილმან კათოლიკოსმან სომეხთა ლუკა და ეჩმიაწინისა კრებულთა, მოსწერეს მეფესა წერილი და თხოვა ვედრებითი, არა მოეღოსთ სომეხთა ეკკლესია, რომელსაცა ფლობენ ადრიდგან სომეხნი. შესწუხდა მეფე და უნებდა რათამე და როგორმე დააკმაყოფილონ ბერძენთა წინამძღვარნი. გარნა საქმე ესე ცხადად აღმოჩნდა სასარგებლოდ ბერძენთა, რომელ მეფემან ბრძანა წარუვლინოს საქმე და მოხსენება მდივან-ბეგთა მარქარ ვარდაპეტის ხელითა და ინებოს თვით კათოლიკოსმან ლუკამ ქმნას განჩინება სამართლიერი. მისრულმან მარქარ ვარდაპეტმან განუმარტა დავა ბერძენთა. დაგვიანდა პასუხი და გარდაწყვეტა კათოლიკოსისა; მეფე გიორგი გარდაიცვალა და დაშთა ეკკლესია დღემდე სომეხთა. _ (თავი XXVI).

ამასვე დროსა წინათ გარდაცვალებისა მეფისა იყო დაწყობილი დავა ათონისა მთისა წინამძღვართაგან დაქცეულისა შააბაზისა დროდგან 40 მოწამეთა ეკკლესიისა. ეკკლესია ესე იყო თვით იგი, რომელსაც მოიხსენიებს ცხოვრება წმინდისა მოწამისა აბოსი. ეკკლესიისა ადგილსა დანაქცევთა ამათ, ედავებოდა თფილისელი თათარი... ვეზიროვი. მფესა უნებდა მიცემა მათი ათონისა მთისა მამათათვის; გარნა სიკვდილმან უსწრო მეფესა და ვერ გარდაწყდა საქმე და საჩივარი. რუსთა მთავრობისა დროსა 1840 წელსა სენატისა უქაზითა ჩაბარდა ვეზიროვთა და ესენი ფლობენ ადგილსა მას და აშენებულთა მას ზედა სავაჭროთა დუქანთა დღემდე. _ (თავი XXVII).

მეფის ძე გიორგი ექვსის წლისა წინათ ქალაქისა წახდენისა (1789 წელსა) მობრძანდა შიო მღვიმეს და თანჰყვნენ კათოლიკოსი ანტონი, მთავარ ეპისკოპოსი ბესარიონ გარსევანაშვილი (8 თვე იყო კათედრასა) და თეოდორე ბერძენი, წინამძღვარი მთავარ-ანგელოსისა ეკვდერისა, მცხეთისა ეკკლესიისადმი მიდგმულისა. _ მიეგებნენ მთიდამ ჩასავალსა ბილიკსა შემოსილნი მანტიითა წინამძღვარნი უდაბნოჲსა და შევიდა და თაყვანი სცა წმინდისა შიოს საფლავსა და წმინდათა მისთა ნაწილთა. იწყეს მწუხრი დიდი გალობითა იოანე ნათლისმცემელისა ეკკლესიასა შინა, და მერეთ შებრძანდა განმზადებულსა მისთვის სენაკსა. აქა მიირთვა ვახშამი საყველიერო და უბოძა შეკრებულთა მლოცველთა ღვინო თვითოსა მეკომლესა თვითო ხელადა. _ მხიარულმან მეფის ძემან მოუთხრა ცხოვრება წმინდისა შიოსი ესრეთისა დაწვლილებითა, ესრეთითა ტკბილითა ხმითა და მოთქმითა, რომელ მოიყვანა განცვიფრებასა ბერნი, მსმენელნი და თვით ბატონი კათოლიკოსი და მრავლისა არა მცოდნე მთავარ-ეპისკოპოსი. წინამძღვარი თეოდორე მოხუცი და ოდესმე მასწავლებელი ბერძულად გიორგისა, ბერძულისა კილოთი ხშირად დაუმატებდა მეფის ძისა საუბარს სიტყვასა: „გაკურთხოს ღმერთმან!“ გიორგი განმხნევდებოდა და ესიამოვნებოდა ტრფიალებასა მას, რომელსაცა გამოაცხადებდა თეოდორე, და თვით დროთი და დროთი დაამატებდა კვალად აღტაცებისა გრძნობასა ლექსითა: კ ი რ ი ე ლ ე ი ს ო ნ. _ დღესა ხუთშაბათს თვით შებრძანდა ეკკლესისა ცისკრად და წირვისა ჟამსა თვით წარიკითხა სამოციქულო. თანამწირველი თეოდორე იტყოდა ასამაღლებელსა ბერძულად. წირვის შემდეგ სადილისა ჟამსა მგალობელთა თანა კათოლიკოსისა, რომელნიცა უგალობდენ სძლისპირთა, დღისა კონდაკთა და ტროპართა და წმინდისა საგალობელისა მუხლთა, თვითცა გალობდა მეფის ძე. მერეთ მოითხოვა საგალობელნი, რომელნიც ენახა მას სიყრმისა თვისისა დროსა, ოდეს იყო იგი 18 წლისა, თვით ამას მონასტერსა შინა ქმნილი და თხზული არსენი მღვდელ-მონოზონისაგან დაყუდებულისა, რომელიცა ცხოვრობდა როსტომ მეფის დროსა და ახლდა სიყრმით დედოფალსა მარიამს, მეფისა მის მეუღლესა. იყო გურული. ეძიეს და ვერ ჰპოვეს. რავდენიმე მუხლნი თვით მას ახსოვდენ და წარმოსთქვა, და რავდენიმე ახსოვდა ზეპირად მღვდელ-მონოზონსა დომენტის, მოხუცსავე 70 წლისა, გვარით გურამიშვილსა, კაცსა რუსეთშიაც ყოფილსა და განსწავლულსა. _ „სადაა ესე საგალობელი და ვითარ მიეფარა არ ვიცი“, _ მეტყოდა ათანსი. მასვე დღესა მწუხრისა წინათ, გამოეთხოვა მეფისა ძე გიორგი მეუდაბნოთა და წარვიდა მცხეთად. დროსა მას იყვნენ კრებულად 28 მამანი, 4 მწირნი ბერნი, 10 საბერონი, ოცდაოთხნი მსახურნი და 30 მეთოფენი მცველნი. ლეკნი ერეოდენ გარემოთა მცხოვრებთა, და ვერ უძლო უდაბნომან. ამისთვის მეორესავე წელსა (ე. ი. 1790 წელს) დაიცალა უდბნო. ბერნი წარვიდნენ სხვათა მონასტრებში და ხატნი და ჯვარნი წარიღეს ამილახვრიანთ ჭალასა დასაცველად. დღესაცა მისნი ძველნი ხატნი და ჯვარი მუნ იპოვებიან, თუმცა უდაბნო კვალად გაშენდა და შევიდნენ ბერები 1802 წელსა. _ (თავი XIX).
თფილელ-მიტროპოლიტი გერმანე, მოხუცი და ღირსი კაცი აღზრდილი სიყრმიდგან იოანე მანგლელისაგან შეიქმნა ავად, მეფის ძე გიორგი მიბრძანდა და ნახა მწოლარე სიკვდილისა საწოლსა. თანაჰყვა მას იკონომოსი და დეკანოზი სიონისა იოანე ოსეს ძე (ოდესმე ოსიშვილად წოდებული), რომელიცა მოხუცებისა გამო და უძლურებისა თვით გერმანესსა, განაგებდა ეპარქიასა მისსა. ნახვამან მეფის ძისა და საუბარმან მისმან წმინდათათვის ეკკლესიისა და თვით გერმანესსა, რომლისაცა სახელითა იწოდებოდა იგი, მოიყვანა სნეული ესრეთსა მდგომარეობასა, რომელ შეიქმნა უკეთ და განმხნობილი იტყოდა: „ბატონიშვილო! სიტყვა თქვენი ზეცით მეტყვლი, შემექმნა მე სამკურნალოდ; ვხედავ თავსა ჩემსა ცოდვილსა კვალად მოსრულად სოფელსა ამას, რათა სინანული ბრალთა ჩემთათვის განგრძელდეს და ვეღირსო დიდებასა მას ქრისტესსა, რომელსაცა თქვენ მომითხრობთ. ცოდვილითა ჩემითა პირითა, მადლობას მოგახსენებ და კურთხევასა მოგართმევ: მადლი იესოსი, ყოვლისა სოფლისა ცოდვათაგან მხსნელისა, იყოს თქვენ ზედა და თქვენსა სახლსა ზედა. ამინ, ამინ“.

მეფის ძემან იტირა, ემთხვია მოხუცისა ხელსა. „დამწერე ჯვარი ეკკლესიისა ქრისტესისა მწყემსო“, _ რქვა მეფის ძემან. მაშინ წარმოსთქვა: „სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა...“

მეორესა დღესა თვით წარავლინა კაცი მოკითხვისა, მოუვიდა პასუხად სრულიად უკეთესობისა მისისა და სიმრთელისა ამბავი; განიხარა და კვალად წირვისა შემდგომად მიბრძანდა და წარიყვანა შვილი თვისი მიხაილ ჯერეთ ათამდინ წლისა. აღდგა თვით საწოლით და ქურქ-მოდებული, მიეგება სენაკისა კარსა. განკვირდა მეფე და მაღალის ხმითა ბრძანა: „კურთხეულ არს ღმერთი მამათა ჩვენთა“ (ესრეთი თქმა ხშირად იცოდა მეფის ძემან ქრისტეს მოყვარემან). იოანე დეკანოზმან პასუხ უგო: „მადლი უფლისა თანა უვის მარადის მადლითა ქრისტესითა სავსე კაცსა“. მაშინ მეფის ძემან მიიყვანა შვილი თვისი მიხაილ და სთხოვა აკურთხოს იგი. გერმანემან დასდვა ხელი თავზედ და ოდესაც აპირებდა კურთხევისა სიტყვისა წარმოთქმასა, უბრძანა მეფემან მამამან დაიჩოქოს; მსწრაფლ დაიჩოქა და მაშინ სთქვა: „წმინდამან სამებამან გაკურთხოს შენ. მადლი უფლისა და ღვთისა ჩვენისა იესო ქრისტესი იყოს შენთანა. ჯვარი მისი საჭურველად გექმნეს შენ; იხილვიდე კეთილსა მარადის ქრისტეს სიყვარულითა; დღე გრძელი მოგენიჭოს“. _ ესე ამბავი თვით მიხაილმან მიამბო ს. პ. ბ., ოდეს ვსადგურობდი მასთან ორ წელიწადსა (1843 და 1844) და იტყოდა ქრისტეს მოყვარე და მოხუცი მაშინ 64 წლისა: „მე კიდევ ვიცოცხლებ: გერმანესაგან ღირსისა კაცისა, ვარ ნაკურთხი“. მომაგონდა ესე მისი თქმულობა, ოდეს წარვიკითხე წერილი მოწერილი ჩემდა გარდაცვალებისათვის მიხაილისა, რომელსაცა აქვნდა 82 წელი 1861 წელსა, 21 აპრილსა და უმეტესდ დღემდე ვარ შეკრთომილი, ოდეს გამოვიძიე წერილიდგან, რომელ თვით გერმანეცა, მაკურთხეველი მისი, იყო 82 წლისა გარდასრული ამიერ სოფლით სამყოფსა სუკუნოსა. _ (თავი LVI).

1797 წელსა გაჩნდა ჭირი თფილისისა ქალაქსა. მცხოვრებნი გაიხიზნენ და მოედვნენ სოფლებსა. განსრულთა სოფლებად განთესეს მომსვრელი სენი ქართლსა და კახეთსა. მეფე ირაკლი, დედოფალი დარეჯან წარვიდნენ კახეთსა; მეფის ძე გიორგი და მეფის რძალნი განვიდენ ავჭალას და შეჰკრეს იგი ყოვლის მხრით. ესე დრო იყო სეკდემბრის თთვისა და განსრულთა ქალაქიდამ მცხოვრებთა ადვილად ჰპოვეს ბინა ტყეთა შინა, მთის ძირთა და ხეობებთა ახლოს თფილისისა. დიდი იყო დროთა ამათ ტყება და ვაება დიდთა და მცირეთა, ობოლთა და ქვრივთა. მონასტერნი და უდაბნონი რომელთა წინა უძღოდა ევთიმი მოძღვარი მეფისა (3), მოეშველნენ განბნეულთა პურითა და ღვინითა, საჭმელითა და საქონლითა. მეუდაბნოეთა ხელნი გარდაიქცენ ხელად ღვთისა და განგებულებისა მისისა. მეუდაბნოენი და მემხოლოენი, შთამოსრულნი მთათაგან თვისთა უყაყთა, გამოსრულნი კლდეთა ნაპრლთაგან, ვითარცა მერცხალნი ბუდეთაგან თვისთა, ექმნებოდენ მსახურად და ნუგეშინისმცემელად ლტოლვილთა სახლთაგან თვისთა, ვითარცა ანგელოსნი მფრველნი, ეჩვენებოდენ იგინი მათ, მოვლენილად ღვთისაგან. ლოცვა და ვერდება მათი, განწმედდა ქრისტიანეთა გონებასა და განამხნევებდა მას, რათა უძლოს განსაცდელსა. ესე მიამბო დედამან ჩემმან, ლტოლვილმან სახლობითა დროთა ამათ კახეთად, სადაცა მიმართეს საფარველსა მეფის ასულისა ბარბარესა მეუღლისა კახთა თავადისა სვიმონ ანდრონიკაშვილისა სოფელსა ვეჯინსა, კაცისა გარდამეტებულად მდიდარისა ყმითა და მამულითა, მებატონისა 400 კომლისა კაცისა. _ (თავი LXXIV).

8 აპრილს 1798 წელსა წარავლინა შვილი თვისი მემკვიდრე დავით და მეფის ძე შვილივე თვისი იოანე კახეთსა აღსაწერად კომლეულად მცოვრებთა სოფლებთა შინა. მათ აახლა დეკანოზი იოანე ოსეს ძე, ეგნატი იოსელიანი და დავით დიაკონი მარტყოფისა, ვითარცა მწერალნი. აღწერეს ამათ და მოართვეს სია მკვიდრთა რიცხვისა სახასოთა, საეკკლესიოთა და საბატონოთა ყმათა. მასვე დროსა წარგზავნა აღსაწერად სომხითისა მოოხრებულისა ესავ ბეგთაბეგიშვილი, სულხან და დიმიტრი თუმანიშვილნი (პირველი სომეხი და მეორე ქართველი) და ეშიკაღასბაში ასლან ყაფლნიშვილი. ივნისის თთვესა მოერთო მეფესა სიანი და აღმოჩნდა 42000 კომლი კახეთისა და თათრებისა ელითა; 2600 სომხითისა; _ მაშინ ბრძანა მეფემან: შესწერდეს კომლზედ ექვსი შაური ფულად აღსაშენებელად სასახლისა, მეფის სადგურად თფილისს. _ რიცხვითა ამით შეგროვდებოდა საკმაო ფული. იეფობისა გამო შენობისა მასალათა ქართლი დაშთა აღუწერელად და რადგან მეფესა მოერია უძლურება და განუმრავლდა შფოთი ძმათაგან და იქმნა არეულობა, ვერღა მოიყვანა ესე ჰაზრი აღსრულებასა. მოკრეფილი კახეთსა და სომხითს ფული ბრძანა მოხმარდეს ეკკლესიათა. ჯერ ვაშენოთ სახლი ღვთისა, ბრძანებდა მეფე, მერეთ ვიზრუნოთ სადგურისათვის ჩვენთა. მაშინ დააკეთეს მრავლად ბარძიმნი და ფეშხუმნი და მიანიჭეს მათ სოფლისა ეკკლესიათა, სადაცა არღა იყვნენ ესრეთნი სახმარნი ნივთნი. _ მოჭედეს მეორედ განძარცვილნი წმინდანი ხატნი; შეამზადეს შესამოსელნი საეკკლესიონი და მოისყიდეს წიგნნი დაბეჭდილნი, სადაცა აგულებდნენ მათ სახლთა შინა კერძოთა. ელევთერი, იოსებ სასახლის დეკანოზი, სოლომონ დეკანოზი ანჩისხატისა ალექსიშვილი, იერომონახი (მღვდელმონაზონი) იოსტოს და სხვანი იყვნენ განსაგებელად საქმეთა ამათ დანიშნულნი. დედოფალი და მეფის რძალი და ქალნი სასახლისა, მხლებელნი მათნი გამდელნი და გამდელთა მოახლენი კერვიდენ დღე და ღამე შესამოსელთა. მეფე ამხნევებდა მათ და მღვდელნი, მომლოდნენი მეფისა წყალობისა, მხიარულებდენ და აკურთხევდენ ქრისტეს მოყვარებასა მისსა. თფილისსა შინა არა დარჩა სახლი არცა სომხისა, სადაცა არა იკერებოდენ ოლარნი, საბუხრები, დაფარნანი, ფილონნი და სტიხარნი ფარჩათა მაღალისა ფასისა და დაბალთა სოფელსა შინა მოსახმართა. ოქრომჭედელნი თფილისისა და თავად მათთა სიონისა გაბრიილ ბასხაროვი დაშვრებოდენ ბარძიმ-ფეშხუმისა და ჯვართა კეთებაზედ. _ მრავალნი ეკმაებოდენ მეფისა კარისა ულუფასა ღვინითა, ხორცითა და პურითა, და მრავალნი არა მიიღებდენ ფულითა სასყიდელსა. ქრისტეს ეკკლესიისა დიდებამან, ესრეთ აღსძრა გული ხელოსანთა, რომელ თავადნი და აზნაურნი შეუდგნენ მეფისა მაგალითსა და აღსასრულებელად მეფისა სურვილისა თვით თვისთა ეკკლესიათა განამშვენებდენ სამკაულითა და აღავსებდენ მათთა ნაკლებულებათა. რვა თთვეს იყო ესრეთი მუშავობა. „დაფაცურდაო, _ მეტყოდა დეკანოზი ანჩისხატისა დიმიტრი ალექსიშვილი მესხიევი, _ მრთელი სამეფო, ამა ღვთივ მოსაწონსა საქმეზედ. დიდი მეფე იყო გიორგი, მამამშვიდობავ, _ მეტყოდა იგი მრისხანედ, _ ტყუიან და სცოდავენ მგიობელნი მისნი. მეორე დავით აღმაშენებელი იქმნებოდა იგი, უკეთუ მისცემოდა მას სიცოცხლე. სიკვდილი მისი უბედურება იყო ქვეყანისა. მისისა ლოცვითა და ცრემლითა პურსა სჭამს დღეს ქვეყანა. ასე იცოდე და ასე იცოდნენ ყოველთა“, _ კვალად იტყოდა მრისხანისა სახითა. _ ნამდვილ ვიტყვი მეცა. მიხედვით მის ცხოვრებისა, რომელ შეიქმნა იგი ძირად ნედლისა ხისა, რომელმანცა დაკარგა შტონი, გარნა კვალად აღმოაცენნა ახლად და განახლდა იგი საამოდ თვალთა და ნაყოფისა მომცემად. ხმა მისი იყო ხმა ეკკლესიისა და კვერთხი მისი _ კვერთხი მოსესი განედლებულისა, აღყვავებულისა და ნაყოფის გამომცემისა. _ (თავი XL).

1798 წელსა ივლისის თვეში ნიქოზის ეპისკოპოსმან ათანასი (ვჰგონებ იმერელმან) უბრძანა დაუსვენოს ეკკლესიაში ძელი ჭეშმარიტი, _ სიდიდით განთქმული ყოველგან, რათა დააფიცონ ამირეჯიბნი თავადნი და მოდავენი მათნი იმერეთისა მოსაზღვრენი. აღიღეს ტრაპეზიდან ძელი ჭეშმარიტი ესე ოქროსა ბუდეში ჩადებული მკლავისა სიგრძე და ალავერდისა ძელის ჭეშმარიტის მიხედვითა ორგზის დიდი და დაასვენოს გარე ეკკლესიისა საწიგნესა ზედა. შემდგომად ფიცისა და შფოთისა შორის გლეხთა და თავადთა დაივიწყეს ეკკლესიისა მცველთა აღება ძელისა ჭეშმარიტისა საწიგნიდამ და დაკრძალვა ტრაპეზსა ზედა. მწუხრისა შემდგ სცნეს, რომელ საუნჯე ესე არღაა არცა საწიგნეზედ და არცა ტრაპეზზედა. მოახსენეს მღვდელმთავარსა, შეუდგა მრავლად ძიება, გარნა ვერ პოვეს იგი, სცნო ესე კათოლიკოსმან და ეცნობა მეფესა გიორგის; იწყეს ახლად ძიება; წარგზავნეს კაცი იმერეთად და სთხოვეს წერეთელთა და აბაშიძეთა მოიძიონ მათ ღვთისა პატივისათვის და წმინდისა ეკკლესიისა, რომელმანცა (sic) საუკუნოებითა დაცული აწ მათთა მიზეზთა გამო მიეფარა. სწამებდენ მიტაცებასა მისსა წერეთლისა და აბაშიძისა გლეხთა, მუნ ფიცისა დროს მყოფთა და მათთაგან მოპარვსა. მეფემან მწუხარემან დაკარგვისათვის ესრეთისა ქვეყნისა სიმდიდრისა, ბრძანა გამოდევნონ მღვდელმთავარი კათედრიდამ. გამოიყვანეს მუნით და წარგზავნეს ექსორიად ნათლისმცემლისა უდაბნოსა გარესჯას.

ძვირფასად შემკულსა ჯვარსა აქვნდა წარწერა ოქროსა უკანა ფიცარზედ შემდგისა ჰაზრისა: „მე, დედოფალმან რუსუდან, ავაზაკთაგან განძარცვილი ძელი ჭეშმარიტი კვალად შევამკევ სულისა ჩემისა საოხად“. ესე მიამბო სვიმონ არქიმანდრიტმან წულუკიძემან (1847 წელსა). იტყვიანო დღესაც აბაშიძიანთა აქვსთ მაღლად სიწმინდე ესეო; რომელთა იგულისხმებდა აბაშიძიანთა მომთხრობი ამბავისა ამისა არა მახსოვს.

შემდგომად ნიქოზელისა ათანასისა განდევნისა, იშუმდგომლეს მიეცეს მისი ეპარქია დიონისის იღუმენსა (4) გვარით არა აზნაურთაგანსა. მეფემან ბრძანა უარი და განმარტა, რომელ სამეფოჲსათვის მისისა სარგებლობისათვის გვრით განთქმულისა კაცისა (დანიშვნა) ინება მიეცეს ეპარქია ესე სხვასა, რომელსაცა ექმნება ხმა დიდი და კავშირი. „სამღვდელმთავრო ადგილი, _ ბრძანა მეფემან, _ არის ერთი ქვეყანისათვის მისაყრდნობელი სვეტი. დიონოსი არის ღირსი და მეუდაბნოე, და არა მცოდნე საეროთა საქმეთა. ეპისკოპოსი უნდა იყოს სარდალი ქვეყანისა, ძლიერი საქმითა და მორჩილებასა შინა მომყვანი დიდთა და მცირედთა, ჯერეთ ესრეთი გვინდანან კაცნი და მშვიდობისა დროთათვის მეუდაბნოენი და მოღვაწენიცა ადვილად განაგებენ ეკკლესიათა“.

ამისთვის არა დანიშნა მან ნიქოზელად არავინ და ელოდდა, რათა ჰპოვოს კაცი ღირსი მღვდელმთავრობისა... შემდგომად მეფისა გიორგისა, ძემან მისმან დავით 1802 წელსა, უკუაქცია თვისსა კათედრად ათანასი, რომელიცა გარდიცვალა მუნვე ნიქოზსა და დასაფლავდა მუნვე ეკკლესიასა 1810 წელსა; შემდგომად მისსა კათედრა ესე გაუქმდა და აწ არის სოფლისა ეკკლესიად. _ (თავი CII).

მეფის ძე ილია იქმნა დიდად შეწუხებული სნეულებისა გამო სახადისა; მკურნალთა გამოაცხადეს სნეული უკურნებელად, მოახსენეს მეფესა და მან ბრძანა: „მივენდოთ ღმერთსა და წმინდასა იოანე მანგლელსა; გახსენით საფლავი მისი და ამთხვიეთ სნეული შვილი ჩემი მეოხისა ჩემისა ძვალთა“. _ აღასრულეს სურვილი მეფისა შემდგომად პარაკლისისა და ოდეს ამოღებული თფილისის სიონის ეკკლესიისა ლუსკუმიდამ თითთა ძვალი წმინდისა დასდვეს პირსა და თვალთა სნეულისა, მასვე ჟამსა, გასაოცებელად თვით მხილველთა, განიკურნა სნეული იგი. იხარებდა მეფე, დღესასწაულობდენ სამღვდელონი, იშვებდენ კარისა კაცნი, განცვიფრდებოდნენ ქალაქისა მცხოვრებნი, ეკვირვებოდენ მაჰმადიანნი. დაკრძალული გვამი წმინდისა ლუსკუმასა შინა მდებარე, კვალადცა მეორესა წელიწადსა განაღეს მისივე ბრძანებითა სნეულებისა გამო მეორისა შვილისა მისისა მეფის ასულისა თამარისა, რომელმანცა მიიღო კურნება პირველისამებრ მსწრაფლი და საკვირველი კაცთათვის თვით მკურნალთათვის არა მართლმადიდებელთა. ესენი იყვნენ ოსეფა ყარაევი ფრანგი, თათულა ექიმი სომეხთა სარწმუნოებისა, და პატრნი ნიკოლა და შემდეგი მისი ფილიპე.

ათანასი ჯვარის-მამამან, დროთა ამათ აქა მყოფმან, მახლობელმან მეფისა და შემდეგ პატრიარქად იერუსალიმისა დადგინებულმან, _ აღწერა ყოველივე ესე საოცარი ამბავი და სასიქადულოდ ქრისტეს ეკკლესიისა წარუვლნა მოხსენება იერუსალიმის პატრიარქს. ესე მიამბო იორეთეოს თაბორისა მიტროპოლიტმან და აწ დღეს ანტიოქიისა პატრიარქმან 1849 წელსა დროსა ყოფნისა ჩემისა კონსტანტინოპოლეს სტუმრად მასთან მისსა მონასტერსა ხალკისა ჭალაკსა. დიდად გამაკვირვა მოთხობამან ათანასისაგან აღწერილმან; ვერ ვჰპოვე თვით ეპისტოლე ესე მუნ, სახმარი ჩვენ ქართველთა ისტორიისათვის. ხშირად და განცვიფრებით მესმოდა საუბარი ამის შემთხვევისათვის იოაკიმე ეპისკოპოსისაგან ახტალისა, ბერძნისა კვიპრიდამ და ფრიად შეყვარებულისა მეფისაგან გიორგისა, რომლისა დროსაცა იყო იგი არქიმანდრიტად.

დღისათვის ლუსკუმასა შინა ძვალთა ამათ წმინდისა დაკრძალვისა დეკანოზმან და მეცნიერმან იოანე ოსეშვილმან წარმოსთქვა სიტყვა ქადაგებითი: „საკვირველ არს ღმერთი წმინდათა შორის მისთა“ და უკანასკნელ ჰრქვა მეფესა: „მეფევ კეთილმორწმუნეო, იხარებდე სულითა, განიფრთხევ გონებითა, იშვებდინ გულითა; აჰა ძე შენი, რომელიცა მოგანიჭა შენ წმინდამან. აჰა სასწაული დროთა ჩვენთა, აჰა უღირსებისაგან ჩვენისა ღირსებად მომყვანებელი ნიში სასწაულისა. ვგალობდეთ გალობათაგან სიონისა და ვსვამდეთ წყაროსაგან დაბეჭდილისა და ვსჭამდეთ მტილისაგან შეღობილისა და მტკიცედ დაცულისა. ჩვენთანა არს ღმერთი, სცანთ წარმართთა და იძლიოდენ, რამეთუ ჩვენთანა არს ღმერთი, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამინ“.

განმხიარულებულმან მეფემან, მხნედ და მაღლისა ხმითა ჩვეულებისამებრ მისისა მოხდენილისა სახითა, ვითარცა მარადის იყოფოდა მეფე ბრგე და მაღალი ძლიერისა ბაგეთა ბგერითა პასუხ-უგო მქადაგებელისა: „ჭეშმარიტად, მამაო, საკვირველ არს ღმერთი წმინდათა შორის მისთა. შევიქმენით ღირსი ღვთისა წყალობისა, ზეგარდამო მოხედვისა და კურთხევისა, იკურთხოს სახელი მისი“. ამა შემთხვევისათვის შესწირა მეფემან ხატი წმინდისა ვეცხლით მოჭედილი და ოქროთი ცურვილი ზედა წარწერითა: „განკურნებისათვის შვილისა ჩემისა... შემოგწირე წმინდა იოანე მანგლელო სულთა ჩვენთა მეოხი ხატი სახისა შენისა, წელსა 1799, თთვესა აპრილსა 8“. _ ხატი ესე დაიკარგა 1804 წელსა, სიონისა მხატვრობათა განახლებისა დროსა კნიაზ ციციანოვისა ბრძანებითა, ვითარცა მიამბო დეკანოზმან სიონისა გაბრიილ ქართველოვმან, გარდაცვლილმან 1865 წელსა. _ (თავი CIII).

მეფესა გიორგის ბორჩალოსა ყირიყლოში ესტუმრა და ემასპინძლა განჯისა მოლა, ჰაჯი-მაჰმად-ალი, მცოდნე არაბთა წერილისა და მაჰმადის სარწმუნოებისა. შეიქმნა ბაასი მასზედ, ვითარ იტყვიან ქრისტიანენი უშვერსა თქმასა: „ღმერთი იშუა მუცლისაგან ქალწულისა“. მეფის ძემან უპასუხა: „ადვილად და მსუბუქად ვგონებ თქმასა ამას მაღალსა, და რეცა იხილე რაოდენ შორს არს მთა იგი პირისპირი; _ და ვგონებ ვითარ შორს ხედავს თვალი მინდორთა ვრცელთა და მთათა გარემოდებულთა. აღიხილე ზეცად და განიცადე სივრცე ვარსკვლავთა სადგურისა. თვალმან შენმან მცირედმან დაიტია სიდიადე და არ გიკვირს. რად გიკვირს ესე რომელ ღმერთმან ინება და ვერ ჰპოვნა შესაძლებელად დატევნულიყო მუცელსა შინა ქალწულისა? ყოვლისა შემძლებელსა, ცისა და ქვეყანისა შემოქმედსა, ნუუმე არ შეეძლო ექმნა მუცელი ქალწულისა უვრცელეს ტაძრისა? სადაცა ინებებს ღმერთი სცვლის და სძლევს ბუნებისა წესსა, ვითარცა მისგანვე დაწესებულსა და დამტკიცებულსა“. მსმენელმან მოლამან სდუმნა. ესრეთი იყო ღმერთგანკაცებულისა საიდუმლოსა ამის განმარტება, და რაიცა შეიძლება ადვილ გაგონება დაახლოებით ჰაზრისა ესრეთ მაღლისა გონებისათვის კაცისა. _ (თავი XLI).

უკვდავებისათვის სულისა იტყოდა ტკბილისა მოთხრობითა შემდეგს: „მიხედე სხეულისა ჩვენისა უძლებობასა და შეამსგავსე გონებასა, რომელიცა არის თვალი სულისა. სხეული არის მდებარე ან მოძრავი ერთსავე და მასვე ადგილას სულისავე შეწევნითა, ხოლო თვით სული ერთსავე და მასვე წამსა არის აქა, მივა ინდოეთს, მოივლის საფრანგეთსა, განვლის ჩინეთსა, ფრინავს ცისა სამყაროსა და არს ერთსა და იმავე დროსა აქაცა და იქაცა. რომელსა დაბადებულსა აქვს ძალი ესე მიმოსვლითი? მხოლოდ სული კაცისა ღვთისაგან ჩაბერილი იქმს ამასა; მას მხოლოდ აქვს მიცემული ნიჭი ესე ყოველგან მყოფობისა, მას ვერ იჭერს ვერცა სიზრქე ზღუდეთა და კედელთა, ვერცა სიმაღლე ცისა სივრცისა, ვერცა სიღრმე მიწისა, ვერცა გარესკნელი უკანასკნელთა ქვეყანისა სამძღვართა. შეზღუდული თვით სხეულისა ბადითა, ვითარცა ტყვე პყრობილი, არის თავისუფალი ბუნებითა და ფრინავს გონებითა, ვითარცა სურს. ესრეთისა ძალისა მქონი განქარდება? არა, იგი განძლიერდება, შეიქმნება უმეტეს მორბინალი, უადვილეს მფრინავი; უმხნესად ცხოველი, უმეტეს წილად მხედველი და განმსჯელი, როდესაც განშორდება სხეულსა, შემავიწროებელსა მისსა და დამაბრკოლებელსა. ეს არის ერთი და დიდი დამტკიცება სულისა უკვდავებისა. მაცხოვარმან თვით გვიჩვენა აღდგომისა შემდეგ თვისისა მკვდრეთით, რაჲ არს სული, ოდეს არღა სოფლისა სხეულისა და სულისა, ესე იგი კაცისა სხეულისა და სულისა მექონი, აღვიდოდა ცად და შთავიდოდა ქვესკნელთა ქვეყანისა, და განვიდა კართა ხშულთა და ეჩვენებოდა მოწაფეთა და სხვათაცა მრავალთა“. _ (თავი XLII).

...შემდგომდ ათისა დღისა (იგულისხმება 1799 წ. 26 ნოემბერს თბილისში რუსული ჯარის შემოსვლიდან ათი დღის შემდეგ, ე. ი. 5 ან 6 დეკემბერს) ინება მეფემან მოსმენა რუსულად წირვისა. მოვიდა ბატალიონისა მღვდელი და მგლობელნი სალდათნი სასახლისა წმინდისა გიორგისა ეკკლესიასა. ყოველი იყო რუსულად. დიდად მოეწონა მეფესა წირვისა წესი, მგალობელთა მოიყვანეს მეფე ლმობიერებასა და ბრძანა: „უცხოთ სცოდნიათ გალობა“. მოხსენებისა დროსა იმპერატორისა და სახლეულთა მისთა მღვდელმან მოიხსენა მხოლოდ მეფე და დედოფალი. მემკვიდრემან დავით იწყინა ესე და აყვედრა მღვდელთა რუსულისა ენისა მცოდნეთა ზაქარია სიდამონსა, იოსებ წინამძღვარიშვილსა და იოანე ქართველოვსა (5) დავიწყებისათვის მისისა, ოდეს მისცემდენ იგინი რუსისა მღვდელსა წირვისათვის დარიგებასა. _ შემდგომად წირვისა მეფემან მიიწვია ღენერალი და მღვდელი თვისთანა სადილად და მგალობელთა რუსთა სალდათთა თვით თვისის ჯიბიდამ მათთან ამოღებული უბოძა 4 მანეთი ფულად წვრილისა აბაზებისა. _ (დასასრული თავისა CXXII).

1800 წელსა აღდგომისა დღესა, წაბრძანდა მეფე სიონისა საკათედრო ეკკლესიასა. მუნ იყვნენ შეკრებილნი შუაღამესა რუსთა ღენერალი ლაზარევი და სხვანიცა, კავალენსკი მინისტრი და რეზიდენტი რუსეთისა და მეფისა მოხელენი. ცისკრისა წესი და წირვა დღისა ამის გარდაიხადა კათოლიკოსმან ანტონი, რომელსაცა ჰყვანდნენ თანამწირველად არსენი თფილელი და მიხეილ ნინოწმინდელი, დროთა ამათ თფილისსა მცხოვრები, და სხვანიცა სამღვდელონი.

ოდეს შებრძანდა მეფე ეკკლესიად, და მოიკითხა რუსთა ჯარისა უფროსნი, წინათ ცისკრისა დაწყებისა, _ ჩვეულებისამებრ თვით აღანთო სანთელი კელაპტარი ყვითლისა სანთლისა წინაშე სიონისა ღვთისმშობლისა ხატისა და მაშინ მოულოდინებელად ერთგან ხმა ჰყო ძლიერად: ღვთისმშობელო, ქრისტე აღსდგა! _ ესრეთი აქვნდა ტრფიალება ქრისტეს სიყვარულისა მორწმუნესა მეფესა, და ესრეთმან მისმან ხმისა ბგერამან, რეცა ზეგარდამო, მოღებულმან, შეარყივნა გონება და სხეული მუნ მყოფთა. ჰგონებდენ, _ მეტყოდა მუნ მყოფი დროსა ამას ბიძა ჩემი ღენერალ-მაიორი ზაქარია იოსელიანი 86 წლისა ს. პ. ბ. გარდაცლილი 1865 წელსა, _ თვით ხმა ისმა ღვთისაო? შეძრწუნებული, ვითარცა საყვირისა ხმითა, დღესაც ვძრწი და ვლმობიერებ დღესასწაულთათვის ქრისტეს ეკკლესიისა, ესრეთ ბრწყინვალედ თვით მეფისაგან გარდახდილთა.

დღესა ამას მრავალი სატრაპეზო დარიგდა ქალაქისა მცხოვრებთა უძლებთათვის, ქვრივთა და ობოლთა. წირვისა შემდგომად კათოლიკოსი და თანამწირველნი მიბრძანდნენ მეფისა სადგურსა და მუნ ეკურთხა ევლოგიად დაგებული ტრაპეზი სტოლზდ რუსთა წესითა და მუნ განიხსნილეს ერთად ქალთა და კაცთა, მეფემან, დედოფალმან მარიამ, მეფის ძეთა და რუსისა ღენერალთა და მხლებელთა მათთა. _ (თავი XLV).

...მცოდნე ზეპირად ექვსთა დღისა, რომელიცა აღწერა ვასილი დიდმან და გარდმოიღეს ქართულად IX საუკუნესა, და ეგრეთვე ეპისტოლეთა მისთა, _ რომლისა სრული თარგმანი გვაქვს გაიოზისა ასტრახანისა არქიეპისკოპოსისა, _ ხშირად მოიგონებდა მაღალთა და დიდთა ვასილისა თქმულობათა: „ყოველივე მოვალსო თვისსა დროსაო, _ (ესე მისწერა ოლიმპიას ვასილმან, /ეპისტოლე 13/), _ ყვავილი გაზაფხულსა, ეკალი ზაფხულსა, ნაყოფი ხილისა შემოდგომასა; ხოლო ნაყოფი ზამთრისა არს საუბარი“. მასვე დროსაო, _ ბრძანებდა მეფე, _ მისწერა ვასილმან ხუმრობით, დაცინებითი და შექცევითი სიტყვა (ეპისტოლე 267) კომბოსტოსათვის, რომლისა სადამე ჭამითა განიკურნა სნეულებისაგან, გარყვნილი ცხოვრებითა და არაწმინდებითა განმგე (ვგონებ პონტოჲს) ანტიპატრე.

დიდად ხშირად ეტყოდა და განუმარტებდა განმარტებითსა ფსალმუნიდგან იოანე ოქროპირისა სიტყვასა: „აღმოსთქვას გულმან ჩემმან სიტყვა კეთილი“, _ ა ღ მ ო ს თ ქ ვ ა ს გ უ ლ მ ა ნ ს ი ტ ყ ვ ა ე. ი. რათა იცოხვნიდეს ვითარცა საჭმელსა სიტყვასა კეთილსა ოდეს ვსჭამთ, ვხარშამთ საჭმელსა და რომელიცა სჭამს ანუ მიიღებს საზრდოდ სულსა საღმრთოსა, მასვე ამოიცოხნის, ე. ი. აღმოსთქუამს“... ნუ ვიქმნებით უმადლონი ღვთისა, ეტყოდა მონოზონთა და კარისკაცთა, რათა არა მივიღოთ ყვედრებითი სიტყვა მოსე წინასწარმეტყველისა: „ისრაილმან სჭამა, განძღა, განსუქდა და ჰკრა წიხლი მას, რომელსაცა უყვარდა“ (მეორე სჯული, 32. 15). ზეპირად, ტკბილად და ნელიად ესაუბრებოდა უდაბნოჲსა მემხოლოეთა და ეტყოდა წმინდათათვის, მოწამეთათვის, მემარხულეთათვის, წერილთაგან, რომელნიცა წარეკითხა ყურადღებითა და ახსოვდა მეხსიერებითა ძლიერითა. კასიანე მწერლისა თქმათა, მაქსიმე აღსაარებელისა და იოანე კლემასისა სინაიტელისა მოძღვრებათა, წარმოსთქვამდა ესრეთითა ძალითა და ესოდენ მადლიანად, რომელ მსმენელთა აღატირებდა და ადინებდა ცრემლთა. თვით მოძღვარი მისი და მეგობარი, წინამძღვარი ნათლისმცემელისა უდბნოჲსა ევთიმი, უწოდებდა სულიერსა თვისსა მოწაფესა მფის ძეს გიორგის, მოძღვრად თვისსა. განკვირვებასა შინა შეყვანილი ევთიმი ღირსი, მოახსენებდა პატივად მეფისა მოძღვრებათა, სიტყვასა მოხსენებულსა იესოსადმი იოანე წინამორბედისაგან: მე შენგან ველი ნათლისღებასა, და შენ მთხოვ, რათა ნათელ გცე შენ?

ვითარცა მიწა წვიმითა დამთვრალი და განპოხილი, ეგრეთ იყოო მეფე გიორგი, _ იტყოდა მამა ჩემი ეგნატი, _ საღმრთოთა წერილებითა დაუნჯებული და ვითარცა რიტორი მათთა ჰაზრთა და თქმათა წარმომთქმელი. _ (თავი LXXVII).

სტეფანესა რუსთველსა (არქიეპისკოპოსსა) ახსოვდა წარმოთქმული მეფისა გიორგისაგან სიტყვა ოქროპირისა ღირსებისათვის კაცთა გონებისა. მე მოვიძიე ნამდვილი თქმა ესე ოქროპირისა წერილისაგან, მიწერილისა ანტიოქელთა მცხოვრებთადმი (სწვლა 2) და ჰაზრთა მიხედვითა, და თვით სტეფანესაგან თქმულთა, დავსწერე აქა მკითხველთა საცნობელად:

„მრავალნი პირუტყვთაგანი სჩანან უმეტეს კაცისა: ლომი ძლიერებითა, ცხენი სიმსწრაფლითა, არწივი ფრინვითა. გარნა კაცმან დაიმორჩილა ცხენი თვისდა მოსახმარად. ხოლო არწივი? კაცმან მოიძია საშუალობა და ღონე შესაყენებელად მფრინველთა. კაცთა აქვსთ თვისნი ფრთენი. დიახ! მე მაქვს ფრთა ერთი უმსწრაფლესი არწივთა ფრთისა, რომლითაცა აღვიწევი არა ათსა სტადიონსა, არცა ოცსა სტადიონსა, არცა ცადმდე მხოლოდ, არამედ უმაღლეს ცისა, ადგილადმდე, სადაცა სუფევს ქრისტე მარჯვენით ღვთისა“.

„ერთსა და მასვე უკეთუ ვიტყვი ორგზის და სამგზის, _ იტყოდა მეფე _ საჭიროებისათვის, რათა არა დამავიწყდეს ჰაზრი და იყოს უმეტეს სრულად და მტკიცედ გონებასა ზედა დანერგულად. იტყვის ოქროპირიო: კაცისა ანუ გვამისა სხეულსა ჯერ არს რათა აქვნდეს თავი, ხესა ძირი, მდინარესა წყარონი, საუბარსა დაწყებითი რაიმე საგანი.

თქვენ ხართო, _ იტყოდა მეფის ძე გიორგი ოქროპირისა სიტყვასა, _ მიკრულნი რეცა ბაგეთადმი ჩემდა ვითარცა მერცხალთა ბარტყნი, მიაგებებთ ბუდიდგან ნისკარტთა, რათა მიიღოთ მსწრაფლ მისგან საზრდელი.

დღესა ერთსა საუბრისა დროს მათთვის, რომელთაცა სურდათ სიკვდილი მეფისა ანუ მოკვლა მისი, ღიმილითა წარმოიტყოდა იოანე ოქროპირისავე სიტყვასა: „დღესაცა იპოებიან იეზაბელისა გვარისანი. იროდიადა კვალად განცოფდა; როკავს და მოითხოვს თავსა იოანესსა“. ესე სიტყვა იყო თქმული არა დარეჯან დედოფალზედ, დედინაცვლისა თვისისა. ბრძანებდა მას მეფისეულისათვის (6) დედოფლისაგან მიჩნეულისა, და თითქმის სახლისა მბრძანებელისა, _ მიბრძანა ესე არა ერთგზის მეფის ძემან მიხაილ. _ (თავი LXXVIII).

მეფის ძემან თეიმურაზ მითხრა მეფისაგან გიორგისა მამისა თვისისა არა ერთგზის გაგონილი თქმითა, და არა წაკითხვითა სიტყვა იოანე ოქროპირისავე ღამითისა ლოცვისათვის და სიტყვა ესე მაღალი ვჰპოვე საქმე მოციქულთა განმარტებაში (სწავლა 26) და მოვიღებ აქა საცნობელად მკითხველთა: „ღამე არა არს დაწესებული, რათა განატარებდენ მას სრულიად ძილითა და განსვენებითა; ხელოსანნი, ვაჭარნი და მსყიდველნი და თვით ეკკლესია ღვთისა, განიღვიძებენო შუაღამესა. განიღვიძე შენცა, ვითარცა ეკკლესია ღვთისა; განიხილე წყობა ვარსკვლავთა, დუმილი ყოვლადი ჰაერისა და წესი ქმნულებათა. ღამისა ჟამსა სული კაცისა არს უმეტეს განწმენდილი, მსუბუქი და მოცლილი; აღიწევის მაღლად გონებითა თავისუფლად, სიბნელე ღამისა და სიღრმე დუმილისა შეიყვანს ფიქრსა და მსჯელობასა. უკეთუ აღიხილავ ცად, ვარსკვლავებითა მორთულად, რომელნიცა არიან ცისა თვალნი, მიეცემი დიდსა სიხარულსა და დატკბები შვებითა, ოდეს აღიწევა აზრი შენი და გონება ღვთისადმი. მიხედე კაცთა, რომელნიცა დღისით კივიან, როკვენ, იცინიან, ბოროტობენ, მტაცებლობენ და იქმონენ მრავალთა უგვანთა და უკეთურებათა, _ არა რაჲთა არა განირჩევიან მათგან, რომელნიცა მდებარეობენ საფლავთა შინა; და მაშინ შეურაცხჰყოფ სოფლისა ამას ამაოსა ამბოხებასა. მოვალს ძილი და ესე მოაგონებსთ მათ რაჲ არიან: ძილი სახეა სიკვდილისა, სახე და მსგავსება არარაჲსა. _ განვედ ქუჩასა და იხილე რომელ არღა ისმის არავისი ხმა. მიიხედე სახლსა შენსა; ყოველნივე მწოლარებენ, ვითარცა საფლავთა შინა. ესე ყოველი განაღვიძებს სულსა და მოაგონებს სოფლისა ამის არარაობასა... ღამისა ჟამსა მღვიძარებენ მცენარენი: და ესრეთვე სული შენი უმეტეს მცენარეთა რეცა მფშვინავთა მიიღებს ზეცისა ცვარსა“.

სოფრონ არქიმანდრიტი, არაგვისა ერისთვისშვილი, აღზრდილი ნათლისმცემელისა მონასტერსა, მოიგონებდა მეფისა სიტყვათაგან ვასილი დიდისა ბრძანებასა ევთიმესთვის წინამძღვარისა, რომელიცა იყო მდაბალთა გვართაგანი, გარნა მაღლად მაღალთა ზედა გვაროვანთა მდგომარე მონოზონებისა სიწმინდითა და ღირსებითა: „კაცი დიდებული და გამოჩენილი, გარნა არა მექონი ჩინებულთა მამა-პაპათა არა ემსგავსების წყლისა ნაკადთა, რომელნიცა განდიდდებიან მაშინ, ოდეს შეიერთებენ სხვათა წყლისა ნაკადთა; ესრეთი კაცი მიემსგავსების წყაროსა, რომელიცა თავით თვისით სდის და თვით არის კეთილგემოვანი და სასმელი... იტყვიანო, არა ხარ დიდის გვარისაო და არცა დიდებული; მიუგე: შენ ხარ ნაცარი და მტვერი; არა ხარ უმეტესი აბრაამისა მამისა ჩვენისა, რომელიცა ესრეთ იწოდებოდა“. ამა სოფრონისა თანა მყოფმან, დროსა ამბავისა ამის მოთხრობისა, ბერმან სერაპიონ (მოკლული ლეკთაგან 1855 წელსა მონასტერსა) დავით გარესჯის უდაბნოჲსა, კაცმან მცოდნემან ძველისა და ახლისა ფილოსოფიისაცა დაუმატა ესე: „მე ვიყავ 18 წლისაო ჯერეთ მორჩილად, ოდეს მობრძანდა დავით გარესჯას დიდისა ამალითა და ინება, რათა სატრაპეზოსა სადილსა ჟამსა წარეკითხათ ე ქ ვ ს თ ა დ ღ ი ს ა რაიმე. წინამძღვარმან მიბრძანა გამორჩევა წიგნიდამ ვითარცა მე თვით დავინახავდი ღირსად, რათა მოესმინა მეფესა. აღვედ მკითხველთა სადგურსა და წარვიკითხე სრულად მეცხრე სწავლა ვასილისა დაბადებისათვის ქვეყნისა ცხოველთა და თვით კაცისა. ოდეს დავასრულებდი კითხვასა, შევსცვალე ხმა ჩემი და ვიტყოდი წიგნისა ამის დასასრულსა ამას: „ესრეთ მწუხრი ესე და დრო მზისა დასვლისა გვიბრძანებს დუმილსა. შევსდგეთ და მივცეთ შესვენებასა საუბარი ჩვენი... წარვედით აწ სიხარულითა, აქა შეკრებილნო, მეგობარნო ქრისტესნო, და ნაცვლად საზრდოთა მდიდართა, და საჭმელთა მრავალგვართა, განაშვენეთ და განწმინდეთ ტრაპეზი თქვენი სიტყვათა ჩემთა მოხსენებითა“. ესე იყო ვგონებო, 1794 წელსა, წინათ აღა-მაჰმად-ხანისაგან თფილისის აოხრებისა, დღესა ხუთშაბათსა, დღესასწაულსა თვით დავით გარესჯელისსა ამაღლებისა სწორსა. მეორესა დღესა შემდგომად წირვისა დილითისა და პარაკლისისა გამოეთხოვა ძმათა და წარვიდა მტკვრისა გზით ბორჩალოსა და თანა უძღოდენ ყაზახისა და ბორჩალოსა თათარნი.

პირველი იყო ჩემგან მეფის ძისა ნახვაო და ჭეშმარიტად ვიტყვი, დღემდე მომხსენებელი მისი, ვეკვირვები მისსა ღრმად სწავლასა სამღთოთა წიგნთა შინა, წმიდათა მამათა წერილთა დახელოვნებასა მისსა, ბრძნად მსჯელსა, ტკბილად და რიტორულებ მოუბარსა, ნამდვილ მეფესა, ტანითა ახოვანითა, ჭკუითა, ზრდილობითა, მოთმინებითა, აუჩქარებლობითა, დიდსა მორწმუნესა, ქრისტეს ეკკლესიისა მოყვარესა და ვიტყვი მონაზონთათვის მაგალითსა.

კითხვა ჩემი დიდად მოეწონა მეფესაო; _ გამომკითხა ვინაობა ჩემი, სადაობა, წელი ცხოვრებისა და წელი უდაბნოსა შინა შესვლისა. ერთისა კვირის შემდეგ შემაყენეს ბერად; მიკურთხეს ჩოხაო და მიწოდეს სახელად ნაცვლად სვიმონისა სერაპიონი. სახელი წინამძღვრისა ჩემისაო, რომელმანცა მაღალითა სიწმინდითა განატარა ქვეყნიერი ესე ცხოვრებისა სარბიელი. _ (თავი LXXIX).

(83-ე თავში მოთხრობილია გიორგი XIII-ის პირმშო ძისა და ტახტის მემკვიდრის დავით ბატონიშვილის ქორწინების შესახებ 1799 წელს სვიმონ-აღა აბი მელიქის ქალზე, „რომელსაცა ნათელსცეს მართლმადიდებელისა ეკკლესიისა წესითა“ და უწოდეს სახელად ელენე. აქვე მოხსენიებულია იუსტინე მთავარეპისკოპოსი, რომელსაც „პატივს სცემდა მეფის რძალი და სწყალობდა დიდად“. შემდეგ ქვემოთ სქოლიოში ჩამოთვლილია სხვა მთავარეპისკოპოსთა სახელები და მოყოლილია მათ შესახებ. სახელდობრ პლტონ იოსელიანი წერს):

„აქა ვიტყვი რავდენთამე მთავარეპისკოპოსთათვის, რაიცა გავიგონე მეფის ძის მიხაილისგან.

1) კ ი რ ი ლ ე, გვარით ციციშვილი, ბიძა გიორგი სარდლისა სიმამრისა თვით მეფისა გიორგისა, დროსა დომენტის ტყვეობისსა ოსმალოსა, მიანდვეს მას კათოლიკოსობა. ოდეს მოვიდნენ ოსმალნი ასაკლებად მცხეთისა და სხვათა ეკკლესიისა საუნჯეთა, სცემეს მას მრავლად, რათა აჩვენოს მათ სამკაულნი, და თაბალითა დააყრევინეს ფერხთა ფრჩხილები. შემდგომად დაბრუნებისა დომენტისა სტამბოლიდამ ჩააბარა მას კათოლიკოსობა და თვით იწყო ცხოვრება მარტივისა ბერისა. იყო მცოდნე სპარსულისა და თათრულისა, საყვარელი მეფისა, ნასწავლი, მჭერმეთქვი და სიტყვა მარჯვე, მიწერ-მოწერა მისი ანასტასიასთან (წიგნმან ამან არ მოაწია ჩვენადმდე) მეფისა ირაკლისა დედინაცვალთან მოწმობს მისსა სიბრძნესა. იტყოდა სადმე, მეფისა ვახტანგისა დაჲ ნათესავი მისი მასწავებდა დიაკონობისა დროსა კმევასაო. რავდენჯერმე აღიყვანეს ხარისხსა და გამოძიესო დროთა ამბოხისა გამო. გარდაიცვალა 90 წლისა 1774 წელსა. მის შემდეგ იყვნენ:

2) ტ ი მ ო თ ე.

3) ი ო ს ა ფ ყაფლანიშვილი, ძმა დავით სარდლისა.

4) ბ ე ს ა რ ი ო ნ გოსტაშაბიშვილი, ალმასხან ბატონიშვილის ნათლია, რომელიცა კიტრისა ჭამითა დაირჩო და განითქო: ე შ მ ა კ ე ბ მ ა დ ა ა რ ჩ ვ ე ს ო.

5) პ ა ი ს ო ს გარსევანიშვილი, ნამღვდლევი, რომელსაცა სწამებდნენ ფრანგობასა, _ მეფე გიორგი არ მიენდობოდა მას ფრანგობისათვის.

6) ი ო ა ნ ე ქარუმიძე, ონოფრე ბერის შვილი, კაცისა დიდად წმიდისა და მოღვაწისა. გარესჯას გარდაიყვანეს წილკნიდამ.

7) ი უ ს ტ ი ნ ე მაღალაშვილი, უკანასკნელი, გადაიყვანეს რუისიდამ. _ (თავი LXXXIII).

მეფემან გიორგი გამეფებისა შემდგომად მისწერა წერილი მეფეთა ჩამომავალსა, ვახტანგ მეფისა შვილიშვილსა გიორგი ალექსანდრეს ძეს გრუზინსკის, რომლითაცა ევედრებოდა მისცეს და დაუბრუნოს ქვეყანასა ჯვარი წმინდისა ნინასი. წერილი ესე იყო მესამე, მიწერილთა შორის მეფეთაგან თეიმურაზისა და ირაკლისა. ვაჭარსა სომეხსა მიმავალსა ასტრახანსო, გაატანა იგი და უბრძანა გარდასცეს მუნით ნიჟნი ნოვგოროდსა, სადაცა სადგურებდა თვით გიორგი ალექსანდრეს ძე. კოპიო წერილისა ამის, დაწერილისა მამისა ჩემისა ხელითა, არის ესე:

„უგნათლებულესო და დიდებულო ძმად და ბიძად საგულებელო გიორგი, თ ა ნ ა - მ ო ს ა ხ ე ლ ე ო ჩ ე მ ო

(ესე ლექსი თვით მეფესა ჩაერთო)!

ღმერთმან მამათა ჩვენთა, ინება და მომცა ტახტი ქართველთა მეფობისა. გაოხრებულსა მტერთაგან აკლია რაიმე წყალობა, სასოება და ნუგეში. პაპისა და მამისა ჩემისა თხოვათა დავურთავ ვედრებასა ჩემსა: მოანიჭეთ ჯვარი წმინდისა ნინასი, _ საუნჯე ქართველთა ქართველთავე; ჰქმენით სახელი და საჩუქარითა ამით დაასაჩუქრეთ ეკკლესია წმინდა ჩვენი. განსვენებულმან გიორგი პაპამან თქვენმან მოსცა ხატი ძვირფასი ღვთისმშობლისა სიონისა და გვაქვს სიქადულად. ნუ მიხედავთ დროთა წარსულთა და ოჯახისა შფოთსა: თუ ინებებთ და თვით მობრძანდებით, როგორც იწერება გაიოზ ასტრახანიდგან, დიდად მოხარული ვიქმნები, ვეცდები გასიამოვნო და გაამო, ვითარცა ძმასა ძმამან და ბიძასა ძმისწულმან. ინებოს ღმერთმან, ესე აღსრულდეს. მობრძანებადმდე თქვენისა, ინებეთ ბოძება ხატისა, აკურთხეთ მით კვალი გზისა თქვენისა რუსეთით ქვეყანასა ჩვენსა და განუსვენეთ ესრეთ დიდისა დროით მოლოდინსა. ველით პასუხსა მეცა და სამღვდელო და საერო დასიცა. მოკითხვასა მოვახსენებ სახლობასა თქვენსა, სისხლსა და ხორცსა ჩემსა.

ამბავი ჩვენი ქვეყანისა მტერთაგან შევიწროებულისა, თქვენც მოგეხსენებათ. რუსეთი თუ არ შეგვეწია, უჭირს საქრისტიანოსა. მაქვს მიწერ-მოწერა რუსეთისა ხელმწიფესთან. სპარსთა ვეღარ ვენდობით, თურქნი ავის თვალით გვიყურებენ. ლეკი ვერ დასცხრა ავაზაკობისაგან. შინაურის მტერისა არ მეშინიან. არიან მჩხავანნი კატანი.

როინ გედევანიშვილს უბრძანე მოსვენებით იყოს: ნუ კადნიერობს, გაიოზიც უმადური არის სადმე მისი. იმას ნურას ერწმუნებით: თქვენი ერთგული ძმა და მეგობარი გ ი ო რ გ ი.

ივნისის 10 დღესა
1798 წელსა!

ეს წერილი იყო უკანასკნელი მეფეთაგან ჯვარისათვის წმინდის ნინასა. მეფისა ძეთა მირიან და ფარნაოზ და სხვათა მიამბეს, რომელ მეფესა გიორგის სხვაცა აქვნდა წერილი პავლე იმპერატორთან მისაწერი, დაწერილი ხელმოუწრელი და ბეჭედ დაუსმელი, რომლითაც ევედრებოდა მას გამოსთხოვოს იგი უსამართლოდ დამპატრონებელთა ჯვარისა. უკეთუ თხოვითა ამითაცა არა ეშველებოდა საქმესა, მაშინ აპირებდა ექმნა კრება სამღვდელოთა და კრებისა განაჩენისა ძალითა მოეთხოვნა საუნჯე ქვეყანისა. ექადოდნენ შეჩვენებითისა განჩინებითისა წარვლენასა, ესე და მორიდება რუსთა იყო მიზეზიო, რომელ გიორგი ალექსანდრეს ძე დაეშურა და წარუდგინა იმპერატორსა პავლეს (შემდეგ ალექსანდრეს) და ამან შემდგომად გარდაცვალებისა მეფისა გიორგისა, წარმოუვლინა საქართველოსავე 1801 წელსა და დაიდვა საფარველად ერისა სიონისა თფილისს ეკკლესიასა შინა.

თაყვანის საცემელად ჯვარისა ამის წარვიდოდნენ ქართველთა მღვდელმთავრები მოსკოვიდამ ნიჟნი-ნოვგოროდსა ს. ლისკოვოს: პაფნოტი არქიეპისკოპოსი ხოზიაშვილი (7), იოანე მიტროპოლიტი მროველ-ყოფილი, ნიკოლოოზ თფილელი, ზენონ ალავერდელი და სხვანი. კათოლიკოსი იმერეთისა მაქსიმე დიდად მოსურნე ჯვარისა ხილვისა წარვიდა მოსკოვით და თაყვანისცა მას. „მცირედიცა ნაწილი მისი, წარმოიღოო, _ მითხრა არქიმანდრიტმან გენათისა მოხუცმან სვიმონ წულუკიძემან. _ ესე მიამბოო, _ მეტყოდა, _ ჯერეთ ყმაწვილსა სოფრონიოს ნიკორწმინდელმან წულუკიძემანვე გვარად, არქიეპისკოპოსად იმრეთისა გარდაცვლილმან 1841 წელსა.

მეფისა გიორგისა ასულისა ნინასგან, მეუღლისა გრიგორი დადიანისა, ვიცი ესეცა, რომელ მოსკოვისა მიტროპოლიტსა პლატონს, მოეწადინა ხილვა ჯვარისა ამის დროსა ჯერეთ იმპერატრიცა ეკატერინესსა და ოდეს უჩვენეს იგი მას მოსკოვს, ერჩივა მეპატრონეთათვის წარგზავნა მისი საქართველოდვე. მიეცათ მათცა პირობა და ვერ გაიმეტეს შემდეგ. ეს ამბავი ვიცი იონა მროველ მიტროპოლიტისაგანაო, შემდეგ დღეთა დაგვირგვინებისა ალექსანდრე პირველისა, ოდეს წარვდეგით მიტროპოლიტთან პლატონთან, მე და ძმა ბგრატ, _ მეტყოდა მეფის ძე მიხაილ, _ მოგვილოცა ჩვენ ჯვარისა წარგზავნა ხელმწიფისა ალექსანდრესაგან საქართველოდ. დიდად იამა მასცა ესრეთ სიყვარულით მიხედვა იმპერატორისა ქართველთადმი. _ (თავი LXXXIX).

მეფე, მზრუნველი მონასტერთათვის მეცადინებდა, რათა ძველთა წესთა ზედა ყოფილიყვნენ მამანი და ძმანი მათნი. 1800 წელსა ფებერვლისა 7 სწერს მეფე შვილსა თვისსა იოანეს შემდეგ ბრძანებასა: „წინამძღვარი იკორთისა მონასტრისა ჩივის მეზობლებზედ ეკკლესიისა მამულებსა არ გვანებებენო. მიბრძანდი და შეიტყე სადაო; გამალიელიც მანდ მობრძანდება და ოქმებსაცა და მეფეთა წერილებსაც განაახლებს. გალავანიცა დაქცეულა. უბრძანე სახასო გლეხთა შენობაზედ გისარჯნენ, რადგანაც მათი სალოცავი არის. გამალიელ შეუწუხებიათ და წინამძღვარობაზედ ხელს იღებს. გამოცვლა ამისი არ იქმნება. საჭირო კაცი არის ესე და დიდად მცდელი. ეცადე დაამშვიდო“. _ მეფის ძემან იოანე სრულ ჰყო ესე საქმე და განუსვენა წინამძღვარსა. მადლობითა აღვსილმან გამალიელმან მოართვა მეფეს ხატი ღვთისმშობელისა, შემკული მეფისა ირაკლის ძის ვახტანგისაგან, შობილისა პირველისა ცოლიდამ და გარდაცვლილისა უშვილოდ (8).

აქ სათქმელია ესეცა საცნობელად შემდეგთათვის. იკორთისა ანუ ვირშისა მონასტერი მთავარ ანგელოსთა, სამარხი წმინდათა მოწამეთა ესრეთ იყო ძველად მიჩნეული, რომელ მეფენი უნიშნავდენ განმგე წინამძღვარსა, მაშინაც, ოდეს ერისთავთა ეპყრათ ქსანი და ჯერეთ არ ჰქონდათ მათ ჩამორთმეული ერისთავობა ქსნისა. არ არის დიდი ხანი, ვსცან, რომელ დავით ჯორჯაძე წინათ გამალიელისა იყო სადმე წინამძღვარად მუნ დანიშნული, თვით იგი დავით, რომელსაც მისცეს შემდგომად ბოდბელობა. ამავე მონასტრისა მამამთავარი განაგებდა ქსანზედ ორთა სხვათა მონასტერთა, ესე იგი ლარგვისისა და ალევისა. ესე უკანასკნელი დავით აღმაშენებელისა დროთაგან იყო საზღვარი არაგვისა და ქსნისა საერისთავოთა. აქა ვიტყვი მ ა მ ა მ თ ა ვ რ ო ბ ი ს ა მნიშვნელობასაცა. მ ა მ ა მ თ ა ვ ა რ ი მარადის იქმნებოდა ერისკაცთაგანი და მოვალეობა მისი იყო ძველად, _ განეგო ყმა და მამული მონასტრისა და ეზრუნა ეკკლესიისა უნჯთათვის. მართებს მწერალსა და მკითხველსა არა აღრიოს მნიშვნელობა ესრეთისა წოდებისა ლექსისა თანა „პ ა ტ რ ი ა რ ქ ი“, რომელთაცა ნიშნავს მასვე და ითარგმანების ბერძულიდამ ესრეთვე „მ ა მ ა მ თ ა ვ რ ა დ“... _ (თავი CVII).

ამასვე დროსა იგდეს ხელსა თადია ჩოლაყაშვილთან მოწერილი წერილი თვით მეფის ძის ალექსანდრესაგან და ესრეთივე იოანე ბოდბელთან, მაყაშვილთან, რომელმანცა მიმალა, თუმცა სცნო მეფემან. ერთი ესრეთი წერილი მიიღო იდუმალ ორგულმან მეფისა ჩოლაყაშვილმან და ბრძანა მეფემან შეიპყრან იგი და მისცეს სამსჯავროსა. პყრობილმან და შეშინებულმან გამოაცხადა წერილიცა მიწერილი ბოდბელთან და ორთა სხვათა თავადთადმი, და მეფემან ნაცვლად სასჯელისა (რადგანაც ჩოლაყაშვილი იყო სიძე მეფის ძის ალექსანდრესი), ბრძანა სინანულისათვის მათისა მისცენ ფიცითი წინაშე კარისა ეკკლესიისა ხატისა თელავს, სიტყვა წერილითი ერთგულობისათვის მეფისა გიორგისა და ეკმაოსცა მათ ესე. გულმტკივნეულმან მეფემან და გულჩვილმან უბრძანა იყვნენ დამნაშავენი სიფრთხილით, ებრალებოდესთ ცოლ-შვილნი თვისნი, ვითარცა ებრალვის თვით მეფესა იგინი, არა ღირსნი სიბრალულისა და შეწყალებისა.

იოანე ბოდბელსა მიეწერა საყვედურითი წერილი ესრეთისა სიტყვებითა, რომელ მოიყვანა ძრწოლასა და შიშსა ყოვლადი კახეთი. „ორგული მეფისა და გამტეხი ფიცისა, არღაა მწყემსი ეკკლესიისა _ მისწერა კათოლიკოსმან ანტონი, სიტყვა და თქმა მეფისა _ თვით განიკვეთ ესრეთითა მოქცევითა თავსა შენსა ხარისხიდგან შენისა. _ ნუ მიმიყვან იქამდინ, აღვასრულო იგივე სასჯელი, რომლითაცა დაისაჯა ორგული მეფისა როსტომისა კათოლიკოსი დიასამიძე“ _ შეკრთომილი ბოდბელი, თვით მოვიდა ქალაქსა, წარდგა მეფესთან და მოითხოვა ბოდიში და მიტევება ბრალისა; მიაწერა ბრალი თვით ძმასა მისსა მეფის ძეს ალექსანდრეს, რომელმანცა მოსწერა წერილი უქმად და ყურუგდებლად დარჩენილი. ამით დასხცრა კახეთი და შეშინდა ქართლი. სიმტკიცემან მეფისა მიაჩუმა ბორგვნა მრავალთა, იდუმალ მუშაკთა პირისპირ მეფისა. ესე ამბავი მიამბო მეფის ძემან თეიმურაზ ერთსა და იმავე დღეს, ოდეს მესაუბრებოდა ს. პ. ბ. ხატისა გამო კარის ეკკლესიისა, რომელიცა აქვნდა მას ს. პ. ბ. და რომელიცა შემდგომად გარდაცვალებისა მისისა აქვნდა კვალად მეუღლესა მისა მეფის რძალს ელენეს; და აწ მეფის ძის იოანეს შვილიშვილს იოანესვე.

დიდად შინაურულად შეჩვეული მასთან მოვახსენებდი ხშირად სიტყვასა: „ბატონიშვილო! ხატი ეგე ტაძრისა, სწუხს ტყვეობასა თვისსა, ტაძრისაგან თვისისა დაშორებასა და უცხოობასა შინა მწირობასა“. „ამის მადლი, _ მეტყოდა, _ შემეწიოს მე, როგორ მოვიშორებ მას, მანამ ცოცხალი ვარ“. _ „ჩემი რჩევაა ბატონიშვილი, წარგზავნეთ თელავსა; არ დაუკარგოთ საუნჯე ქვეყანასა და თვისსა ალაგსა. ფასი ხატისა მაგისა, იცის ქვეყანამან, რომელსაცა იგი ეკუთვნის და რომელმანცა იგი ჰქმნა და შეამზადა“.

ზედა წარწერა ხატისა ამის არა მაქვს და მახსოვს ზეპირ ნამდვილ, რომელ იყო შემკული კახთა მეფისა ლევანისაგან. დედოფალიცა თინათინ მეუღლე მისი, იყო მუნ მოხსენებული (9). _ (თავი CXV).

დიდად ეხაროდა ქართველთა ერის ჩვეულებასა, ოდესცა აღდგომისა დღესა მოერთმეოდა ვეცხლისა სინზედ, მილოცვით დღესასწაულისა, სხვათაშორის საპასექოდ მომზადებულთა სანოვაგეთა, თავი ღორისა მოუხარშავი და მოსახარსავად განმზადებული. _ „კურთხეულმან ვასილი, _ ბრძანებდა მეფე, _ განხსნა ჭამა ღორის ხორცისა, აკურთხა და განსწმიდა, რასაცა მოსე მცნებათა თვისთა უწოდებს ბ ი ლ წ ა დ. თქმული ესე თუმცა არსად სწერია ბერძენთა და ქართველთა წერილებში, გარნა საზოგადოდ ზეპირ თქმულობით, მიაწერენ დიდსა ვასილს. დიდმან ვასილი შემოიღო ესე, რათა ჭამითა ღორის ხორცისა დააშოროს ჰურიანი და ქრისტიანენი და რათა მოქცეულნი ქრისტიანედ და მიმალულნი ურიაობასა ჰურიანი, ადვილად განირჩეოდნენ. ესრეთი არის სადამე განმარტებული დოსითეოს ნეკრესელისაგან“.

ესე დოსითეოს იყო გვარით ჩერქეზიშვილი, კახელი. კაცი ღვთისმეტყველი და ფილოსოფოსი. მეფესა ირკლის უნებდა ებოძა მისთვის კათოლიკოსობა შემდგომ ანტონისა პირველისა. გარნა არა ჰქმნა მეფის ძემან გიორგი და მიუბოძა შვილსა თვისსა ანტონის. იცოდა კარგად სომხური, იყო კოჭლი დაბადებით. გარდაიცვალა 1789 წელსა. მას შეუდგა ნეკრესელად ამბროსი. _ (თავი CXVII).

თელავიდამ მოსრულსა დავითს, რექტორსა თელავისა სემინარიისა შემდგომად გიორგისა მოძღვრისა, უბრძანა მეფემან დახედოს ქალაქისა თფილისისა სასწავლებელთა, რომელნიც იყვნენ დროსა ამას: ნათლისმცემელისა ეკკლესიასა, კალოუბნისა, სიონისა, ქაშვეთისა, მეტეხისა და ანჩისხატისა. ასწავებდენ აქა წერასა, კითხვასა, გალობასა, ღრამმატიკასა, კატეხიზმოს ანტონი კათოლიკოსისა სისტემითა. ძველთა სამეფოთა ისტორიასა და სხვა. მოსრულთა ჰასაკსა შინა კერძოდ და არა ყოველგან ასწავებდენ ძველსა და ახალსა ფილოსოფიასა და ღვთისმეტყველებასა ანტონისავე შედგენილსა. მოწაფენი დროთა ამათ იყვნენ ოთხასამდინ, ვითარცა იტყოდენ თვალით მხილველნი მოხუცნი.

მაისის თთვესა მეფე მიბრძანდა კალოუბნსა და იხილა მოწაფენი ეფრემ მღვდლისა კალოუბნელისა: თვით თვითოეულსა უბრძანა წაიკითხოს დავითნი, პარაკლიტონი, ჟამნი ხუცურად, აგალობნა იგინი და თვითცა გალობდა წირვისა და მწუხრისა საგალობელთა. დიდად განმხიარულდა მეფე, იხილა რა ყრმანი მადლიანად _ ვითარცა სადმე თვით ბრძანა მეფემან, _ მკითხველნი. უბოძა თვითო აბაზი და ამცნო ყრმათა, რათა ეშინოდეს მათ ღვთისაგან და შეიქმნებიან ბრძნენნი და შვილნი ეკკლესიისანი. „დასაწყისი სიბრძნისა არს შიში უფლისაო“ _ ხშირად ბრძანებდა მეფე.

ესე მიამბო თვით მოხუცმან იოანე, ვიკარმან საქართველოჲსა, ეპისკოპოსმან ავალიანმან, მუნ დამსწრემან დროსა ამას. ამასთანავე დაუმატა ესეცა: „ფული თეთრი, რომელიცა მუშაობდა დროთა ამათ ქალაქსა, და რომელიცა მიერთმეოდა მეფესა, ყოველთვის ჩაჰყრიდნენ ადუღებულს ნაცრიანს წყალში და ესრეთ ფულსა განწმენდილსა და ჩირქიდამ მოშორებულსა, მიართმევდენ მეფესა; _ ჯიბე მისი იყო შიოს მარანიო“ _ ე. ი. უხვი და მოწყალე მოკლებულთათვის და მარადის უკლებელი ფულისა. დიდად უყვარდა განსვენებულსა იოანეს მოგონება მეფისა გიორგისა: „ _ იყო კაცი წმინდა, ფაქიზი და მართალი, მოძულე არა წმინდებისა, არცა ერთი ძმა, არცა ერთი შვილი არ იყო, ეგოდენ წმინდა და ღირსი და გონიერი ვითარცა გიორგი, ვითარცა მზე ბრწყინავდა და ვითარცა მთვარე სიდიდით სჭარბობს ვარსკვლავთა, ეგრეთ მანათობელად სჩანდა მეფე გიორგი შორის ძმათა და შვილთა თვისთაო“. _ (თავი CXVIII).

„დღესა ერთსა მოახსენეს მეფესა, _ იტყოდა იოანე მდივანი ბეგთაბეგიშვილი, _ უხვებამან თქვენმან და გაცემამან გამოლივა საკუჭნაო თქვენიო“; მეფემან უბრძანა პასუხად: „უხვსა მეფესა არ მოაკლდება საუნჯე; ვითარცა შიოს მარანსაო. მოწყალება, _ კარიაო სასუფეველისა განმღები. მოწყალესა კაცსა, მოციქული პავლე, შეადარებს თვით ღმერთსაო“. _ (თავი CXXV).

დიდად სძაგდა ალთაფისა დანახვა, და ბრძანებდა სადამე: „არ ეკადრება ქრისტიანესა მისი ქონვა, რადგანაც არის ნიშანი მაჰმადიანობისა. სპარსნი ალთაფასა ჰხატვენ მაჰმადისა გვერდზედ, _ იტყოდა მეფე, _ და ცხონებასა თვისსა მოელიან ალთაფისაგან განწმენდითა“. _ ძმანი მისნი ეცინოდენ ამისთვის მეფესა და ჰგონებდენ უშვერად თქმასა მისგან ალთაფისათვის. დროთა ამათ, თათრობისა დასასუსტებლად, იტყოდა მეფე სიტყვასა ამას. ვერ მხედველნი შორით არა მოიწონებდენ მეფისა ჰაზრსა და გამგენი თქმულობისა მისისა, ნაცვლად ალთაფისა მაჰმადისა სიმვოლისა, ხმარობდენ სპილენძისა თუნგსა ძველთა ქართველთა ერისა ჩვეულებითა. _ (თავი CXIX).

მეფე ყოვლისა ღონისძიებითა მეცადინებდა, დაესუსტებინა და განექარვა სპარსთა წესნი და ჩვეულებანი, როსტომ მეფისა დროდგან ქართველთა შორის შემოტანილნი და დამკვიდრებულნი. „განამტკიცნეთ კაცნი სარწმუნოებასა ზედა ქრისტესსა, _ უბრძანებდა ხშირად მღვდელთ მთავართა და არსენისა თფილელსა, არა დიდად მისგან პატივცემულსა, _ შეაყვარეთ ერსა ჩემსა ქრისტე; განთესეთ მცნებანი მაცხოვრისა. სიმტკიცე სარწმუნოებისა სიმტკიცეა მეფობისა და ბედნიერება ერისა. მორწმუნე მეფე და მორწმუნე ერი მეგობარნი არიან ღვთისა და შვილნი მაღლისანი. დამცველნი ქრისტიანობითისა სიწმინდისა, დაიცვებიან განსცდელთაგან. მწყემსსა კეთილსა არა წარუწყმდების სამწყსო სულიერი, მოსავი ჯვარისა არა სადა დაეცემის. ვიყვნეთ მტკიცედ სახარებისა სიტყვათა ზედა; დავემყარნეთ სარწმუნოებისა კლდესა ზედა; ვსასოებდეთ და მივენდოთ ღმერთსა და იგი დაგვიცავს. ნუ ჰგონებთ მტკიცედ საქმესა, თუ ღმერთი არ წარმართებს მას. მოიხსენეთ რუსთველისა სიტყვანი:

„განგებასა ვერ ვინ შეჰსცვლის, არ საქმნელი არ იქმნების“ (192).
„იგი მიენდოს სოფელსა, ვინცა თავისა მტერია“ (1382).
„მაგრამ ღმერთი არ გასწირავს კაცსა შენგან განაწირსა“ (981).

დაესხენ, სხვანი სხვად ფიქრობდენ. ჩვენ, ჩემო მოძღვარო, _ უბრძანებდა ევთიმის თვისსა საყვარელსა, _ ჩვენებურად ვიფიქროთ, როგორც გვიწირავს ისე ვსწიროთ. შოთამაც ასრე სთქვა ლექსად:

ზოგთა აქვსთ საღმრთო სიახლე დაშვრების აღმა ფრენითა,
კვლავ ზოგთა ქვე უძსთ ბუნება, კეკლუცთა ზედა ფრენითა (29). _ (თავი CXX).

სიყრმიდგან განსწავლული საღმრთოჲთა და საეროჲთა წერილითა, უყვარდა დიდად კითხვა ვეფხის-ტყაოსნისა, ზეპირად, ძველ-დროთა ჩვულებრივითა წესითა, წარმოთქმიდა ოცდაათსა და მეტთა მუხლთა, ეტრფოდა ლექსთწყობასა და გულმხიარულებითა გასაგონად, ტკბილად აბოლოებდა შოთას ტკბილთა ნათქვამთა. კათოლიკოსსა ანტონის პირველსა, რომელსაცა არა სწყალობდა სიყრმიდგანვე, ვითარცა კაცსა პაპისაგან მისისა თეიმურაზისა შეძულებულსა, _ მოიხსენებდა არაკეთილად, რადგან ვერ სცნო ღირსება შოთასი, რადგანაცა დღესა ერთსა 80 დაბჭდილი წიგნი ვახტანგ მეფისავე დროსა, ჩააყრევინა მტკვარსა, ვითარცა წიგნი მავნებელი მკითხველთათვის და მომწამვლელი ქრისტიანეთა გონებისა და გრძნობისა. დიდად ეკვირვებოდა ესრეთისა ბრძნისა კაცისაგან მოქმედებასა. „წიგნი შოთასი, _ იტყოდა მეფე, _ არის მახვილი სახმარი თვისსა დროსა. გონიერი მოიხმარებს და უგუნური მითვე საჭურველითა თავსა თვისსა განიგმირავს. ღვინო არის სამკურნალო, და უგუნური გარდააქცევს საწამლავად, სალოთავად. სიმდიდრე არის ნიჭი ღვთისა: ერთი მოიხმარს კეთილად და მეორე წარსაწყმედელად თავისა თვისისა. ნუუმე ცეცხლი მათფობელი და დამწველი, არის რამე საგმობელი? ბატონი კათოლიკოსი, არა ჩემგან საკიცხველი, შეიქმნა მართლად საძრახისად მწერალთაგან. შოთას თქმულნი ატკბობენ სულსა, ასუქებენ გონებასა, ამაღლებენ გრძნობასა, ავრცელებენ გულსა, ამხიარულებენ კაცსა, დიდებულ ჰყოფენ ქართველთა ენასა, ამუსიკებენ ქალთა და კაცთა, თუმცა არ არის ბევრთათვის დაწერილი, გარნა არა უხმარი ბევრთათვისცა მწერალთა სახედ მწერლობისა, ლექსთა ხმათა შეწყობისათვის, ასოთა დანაკვთობისათვის. აჰა ერთი ესე გვარი ლექსთაგანი:

ლაშქარნი და დიდებულნი მოდრკეს, მდაბლად ეთაყვანნეს,
მოახსენეს: მიწად ვექმნეთ, ვინცა მიწად მიგვიყვანნეს.
მორჩილ ქმნილნი დაგვადიდნეს, ურჩნი მკვდართა დაგვაგვანნეს,
მტერთა მკლავნი შეაბუნტნეს, გულნი ჩვენნი აგულვანნეს (1684).

ხშირად იტყოდა ევთიმისათვის მოძღვრისა თვისისა, რომელსაცა არა უყვარდა ლექსთა კითხვა სოფლიოთა, შოთას თქმულთა:

ანუ არის ბრძენი ვინმე, მაღალი და მაღლად მხედი,
არცა ლხინი ლხინად უჩანს, არცა ჭირი ზედა-ზედი,
ვით ზღაპარი ასე ესმის, უბედობა, თუნდა ბედი,
სხვაგან არის, სხვაგან ჰფრინავს, გონება უძს ვითა ტრედი (1219). _
(თავი CXXI).

დიდ-მარხვის 5 კვირიაკესა, მწუხრად მიბრძანდა მეტეხსა, დღესასწაულობისა გამო ტაძრისა დუჯდომლობისა. მოიხილა ადგილი გარემო ტაძრისა და ძველნი ნეშტნი მეფეთა სასახლისა. თვით ამოწმებდა საძირკველთა დანაშთენთა იმგვრგვლივ კლდოვანისა მის ადგილისა, რომელსა ზედაც ვახტანგ გორგასლანისა დროდგან როსტომ მეფისა დროდმდე (455-1630) იყო სასახლე საქართველოჲსა მეფეთა, და თვით ეკკლესია, ვითარცა კარის საყდარი.

ბრძანა და განაჩინა დაფუძნება მუნ სასახლისა და განწმენდა ადგილისა მცხოვრებთაგან, რომელთაცა აქვნდათ მუნ სადგურად დროებითად მიცემული, ანუ ეკკლესიისა მსახურთა, ანუ ეკკლესიისა ყმათა, ანუ სასახლისადმი მიწერილთა მოხელეთა და მხლებელთა.

განსაკვირვებელად მეფისა და ქალაქისა მცხოვრებთა პასექისა შემდგომად, ოდეს განსწმედდენ ადგილსა აღშენებისათვის ჯერეთ ახლოს ეკკლესიისა 30 ჯაზანდრის ადლისა სიგრძეზედ, მტკვრისა მხარეს, პლანისამებრ ანუ სახისა, ხატულისა მეფესთან მყოფისა ნემეცისა დეიტრიხისა (?), დაეცა მეხი თვით ადგილსა მას. შეშინებულმან მეფემან შეაყენა შენობა მუნ თვისდა სასახლისა. მცხოვრებნი თფილისისა მორწმუნენი და ურწმუნონი, ბუნებისმეტყველნი და ღვთისმეტყველნი, თვისებრ, სხვად და სხვად განმარტებდენ ესრეთსა შემთხვევასა. თვით მეფე მიეცა შიშსა და ოცნებასა; ბნელი იგი რაღაცა საიდუმლოობითი კაცთა ბუნებისა, შთაუხდა გონებასა და სულსა მისსა და მორჩილმან მარადის უხილავისა ხელისა, ხელითა ხილულითა ეძებდა მარადის სამკურნალოსა მოწყალებითა, რომლისაცა იწყო გაცემად ქვრივთა, ობოლთა და გლახაკთადმი. მაშინ შიშმა ღვთისა დამატა ლოცვასა ლოცვა, ვედრებასა ვედრება და ცრემლთა ლოცვითთა, ცრემლნი. _ (თავი CXXIV).

დღეთა ამათ შფოთისა და ამბოხისა ძმათაგან და გარე მტერთა, მოერთვა მეფესა, ოთხთავე მართლმადიდებელთა პატრიარქთა კურთხევითი წერილი და ნაცვალგებითი საჩუქრები და ხატები გაგზავნილთათვის საჩუქართა და შესაწირავთა, ვითარცა მოსახსენებელად განსვენებულისა მეფისა ირაკლისა, ეგრეთვე წარსამართებელად გამეფებულისა გიორგისა. სამი ესეთი ხატთაგანი დღესაცა იპოება ჩემსა სახლში და მაქვნან თაყვანისსაცემელად; ესე არის კვიპაროზისა ფიცარზედ ამოჭრილი ხატები საუფლოთა დღესასწაულთა, მეორე ჯვარი და მესამე სადაფისა ხატი... სხვანი ესე ვითარნი ჯვარნი და ხატნი წარავლინა მეფემან ეკკლესიათა შინა კახეთისა და ქართლისა და ჯვარნიცა მოსახმარებელად ტრაპეზთა ზედა, გამიგონია 200 თუმნისა ნივთნი ვეცხლისა და ოქროსი წარავლინა საბერძნეთსა მეფემანო და ფულად 80 თუმანი, დროთა ამათთვის უფულობისა და ქვეყანისა გაოხრებისათვის ლეკთა და სპარსთაგან, _ არა მცირედი ამასვე დროსა მოერთვა კონსტანტინოპოლით პატრიარქისაგან ხატი ფიცარზედ ნახატი „წყარო ცხოვრებისა“. დღესაცა ჰგიეს ესე წმინდის გიორგის კარის ეკკლესიაში. _ (თავი CXXXI).

სნეულობისა დროსა მოუბარმან მეფემან ინება გამოკითხვა ლექსისა „მღვდელი“ მნიშვნელობისა. მოახსენა იოანე ოსესშვილმან განმარტება ლექსისა, გაგონილი მზეჭაბუკ დიამბეგისაგან ორბელიანისა (10), რომელსაცა წარეკითხა ესე წერილთა შინა თფილისის მიტროპოლიტისა ნიკოლოოზისა (11): ლექსი „მღვდელი“ არს იგივე „ღვთისა“ ლექსიდგან წარმოებულიო ე. ი. ღ ვ თ ე ლ ი, მ ღ ვ თ ე ლ ი, მ ღ ვ დ ე ლ ი ანუ ღ ვ დ ე ლ ი. აქედამვე წარმოსდგა ესეცაო, რომელ მეფენი ღვთისა ცხებულნი იყვნენ მასვე დროსა გ ვ ა მ ნ ი ღ ვ თ ი ს ა ნ ი ო ე. ი. ს ა ღ მ რ თ ო ნ ი ო. აქედამვე შემოვიდა თქმულობა დიაღ ძველი ქართველთა შორის და ხმარებული გლეხთაგანცა სოფლებში: „მ ღ ვ დ ე ლ თ ა დ ა მ ე ფ ე თ ა“ _ ამით იგულისხმებოდა არა უპირატესობა მღვდელთა მეფეთა ზედა, ვითარცა აწ ჰგონებენ მრავალნი შეცთომით, არამედ ესე, რომელ თვით მეფენი იყვნენ ერთსა და მასვე დროსა მღვდელნიცა და მეფენიცა დროთა წარმართობისაცა.

მეფე გიორგი, ოდესცა მოისხამდა სუფრაზედ მღვდელთა, უჩვენებდა მარადის ახლოს თვისა ადგილსა და უბრძანებდა ყოველთვის „მ ღ ვ დ ე ლ თ ა დ ა მ ე ფ ე თ ა!“ _ „მაღალი ხარისხი არის მღვდელთმთავრობა, _ ბრძანა მეფემან თვით, _ აქვს უფლება შეკრვისა და განხსნისაო. ესე უფლება არ მისცემია არცა ანგელოსთა და არცა მთავარ ანგელოსთაო. სამოსი მათი ბისონი არის სამოსი მეფეთა, დიდისა წმინდისა კონსტანტინე კეისრისაგან მირთმეული. ამით აღიყვანა ეპისკოპოსი ერთსა და მასვე თვისთანა სამეფოსა პატივსა...“ _ (თავი CXXXIII).


დღეთა ამათ მწუხარებისა, თხოვითა დედოფლისა მარიამისა, კათოლიკოს-პატრიარქმან ანტონი მისწერა ქართლისა და კახეთისა მღვდელმთავართა და მონასტრისა წინამძღვართა ილოცვიდენ მეფისა სნეულისა განკურნებისათვის, და ჰყოფდენ ვედრებასა წესისაებრ წმინდისა ეკკლესიისა. თვით თფილისსა დღე-ყოველ ეკკლესიათა შინა იყო ვედრება. დედოფალი მარიამ მხლებლებითა თვისითა ფერხშიშველი ვიდოდა ანჩისხატისა ეკკლესიასა, და წინაშე ხელთუქმნელისა ხატისა დაჩოქვითა, ცხარითა ცრემლთა დინებითა, წვრილთა შვილთა ილიასი, ოქროპირისა და თამარისა მუნ დასწრებითა ევედრებოდა ღმერთსა განაგრძოს დღე მეფისა, დროთა ამათ მწარეთა ამბოხთა დასამშვიდებელათ, საჭიროჲსა. იტყვიან მუნ დამსწრენი მოხუცნი: გრგვინავდა ხმა გოდებისა და ტირილისა გარემო დედოფლისა მწარედ მტირალისაო. ძნელი დღე იყო, დღე ესე ცრემლთა ვაებისაო. შემდგომად პარაკლისისა, რომელიცა გარდაიხადა იუსტინე მთავარ-ეპისკოპოსმან, განბანეს ხატი და ნაბანი ხატისა, თვით ხელითა თვისითა თეთრისა მინის ჭურჭლითა წარიღო დედოფალმან და მიართვა მეფესა. მეფემან, ჩვეულებისამებრ თვისისა, ცრემლითავე მიიღო, იხმია, ისხურა წყალი პირსა თვისსა და გულ-მკერდსა წარმომთქმელი მხურვალედ ლოცვისა და ვედრებისა თვით წმინდისა ხატისათვის თქმულისა ტროპარისა, რომელიცა იცოდა მტკიცედ ზეპირად მეფემან მორწმუნემან. _ (თავი CXL).

მეფემან, მდებარემან საწოლსა უიმედოსა განკურნებისა წყალმანკისა გამო განძლიერებულისა, _ ინება და სთხოვა კათოლიკოსსა ანტონის განხსნას საფლავი და ლუსკუმა წმინდისა იოანე მანგლელისა.

22 დეკემბერსა, მიბრძანდა სიონის ეკკლესიასა კათოლიკოსი ანტონი და თანა დასწრებითა იუსტინე მთავარ-ეპისკოპოსისა, იოანე ბოდბელისა მიტროპოლიტისა და სტეფანე რუსთველისა იწყეს პარაკლისისა გარდახდა. შეიკრიბენ დროსა ამას მუნ სიმრავლე ერისა, კაცთა და ქალთა. მუნ დაესწრნენ მარიამ და მეფის ძენი და მეფის ასულნი და მეფის რძალნი.

ქალაქისა მცხოვრებთა შორის განვიდა ხმა, რეცა დღესა ამას შეიყარნენ სიონსა, რათა შეჰფიცონ მეფის ძეს დავითს ვითარცა მეფესა. ღენერალი ლაზარევი, ცნობილი საქმისა ამის გამო, მსწრაფლ წარვიდა ეკკლესიად და იხილა მუნ სიმრავლე ერისა და მუშაკნი საფლავისა განხსნისათვის, სადაცა იყო ლუსკუმა წმინდისა გვამისა. პარაკლისი გალობითა გრძელდებოდა მთელსა საათსა. ლაზარევი დარწმუნდა, რომელ მიზეზი სიონისა ეკკლესიასა შინა შეკრებისა არის აღსრულება პარაკლისისა და არა შესახები მეფობისა, გამოვიდა და წარვიდა.

ამოიღეს ლუსკუმა და ესრეთ ზდილობითა და ლოცვითა წარიღეს იგი და შეიტანეს მეფისა საწოლსა, მეფე განმხნევდა, წარმოდგა და ცრემლითა უბრძანა: დააჩოქონ წინაშე ლუსკუმისა. დიდითა ვედრებითა და ცრელმთა დენითა და სარწმუნოებითა ემთხვია წმინდათა ნაწილთა. დედოფალი მარიამ და მხლებელნი სტიროდენ მწარედ და ატირებდენ სხვათაცა. ღენერალი ლაზარევი თვით დაესწრო მუნ დროსა ამას და ამასცა, მწუხარესა ცოლისა და შვილისა სიკვდილისა გამო მასვე დეკემბრისა თთვესა, განუახლეს ტკივილი გულისა და ატირეს მრავლად. მაშინ მივიდა მუნ დამსწრეთაგან დეკანოსთან იოსებ წინამძღვრის შვილთან, რომელმანცა იცოდა რუსულიცა და ჰრქვა: „ახლა ვხედავ რომელ მეფე გიორგი მაღლად სდგას ღმერთთანაო!“

შემდგომად ლოცვისა, წარასვენეს ლუსკუმა წმინდისა და დასდვეს თვისსა საფლავსა დიდითა კრძალვითა და თაყვანისცემითა.

მეფე შეიქმნა უკეთ და მასვე დღესა ლაზარევმან აცნობა ამბავი ესე ღენერალსა კნორრინგსა. _ (თავი CXLI).

22 დეკემბერს სნეულმან მეფემან თვით მოინება რათა აღასრულონ მას ზედა საიდუმლო ზეთის კურთხევისა, ამისთვის შეკრბენ სახლსა მისსა კათოლიკოსი ანტონი, მთავარ ეპისკოპოსი იუსტინე, მიტროპოლიტი იოანე ბოდბელი, არქიეპისკოპოსი რუსთველი სტეფანე, მიტროპოლიტი თფილელი არსენი, არქიმანდრიტი და მოძღვარი მეფისა ევთიმი და მღვდელი სასახლისა ონისიმე იოსელიანი. მოყვარე ქრისტესი მეფე გიორგი, მდებარე ცხედარსა ზედა, ილოცვიდა და ევედრებოდა ღმერთსა, რათა სცეს მას კურნება სულიერი და ხორცილი. ცრემლთა დენითა თვალთაგან, ცოდვათათვის მტირალთა, მოიყვანდა ლმობიერებასა თვით მვერდებელთა განკურნებისათვის სნეულისა. შემდგომად სრულყოფისა ზეთის კურთხევისა მოეცა შვება მეფესა მწუხარესა. განატარა ღამე მშვიდობით და დღესა მეორესა დილით, ოდეს შებრძანდა დედოფალი მარიამ, სანახავად მეფისა, იხილა მეფე თვალებ შერეული და რეცა მატრიალებელი თვალთა უჩვეულოჲსა მისთვის სახითა. შესწუხდა და მოახსენა გაბედვით ცრემლმორეულმან მეფესა:

„ბატონო, რას უბრძანებთ შვილებსა ამათ? ვის აბარებთ, თუ გვეწვია უბედურება რაიმე? დავით უნდა იყოს ამათი პატრონი? ანუ თქვენი ძმები? ანუ დედოფალი (დ ა რ ე ჯ ა ნ, _ არღა ახსენა სახელით, ქართველთა ზრდილობისა გამო)? _ „ბატონო დედოფალო. გაიგონე რა გიამბო; მე აუჩენ ამათ პატრონსა დიდსა და ძლიერსა, _ უბრძანა პასუხად დედოფალსა ცოლსა თვისსა. _ ბარათაშვილო გიორგი! მომგვარე ღენერალი“, _ ბრძანა მეფემან. მსწრაფლ აცნობეს ღენერალსა და მოვიდა მეფესთან, მეფემან სთხოვა დაწეროს წერილი იმპერატორსა პავლესთან, აცნობოს უკანასკნელი დღე მისისა ცხოვრებისა, და ესეცა, რომელ: ჩამიბარებია ანდერძად ცოლ-შვილი ჩემი და საქართველო. _ ეხლავ დასწერეთ წერილი ჩემ მაგიერ მოკლე! _ დაუწერეს წერილი მოკლე, და მოაწერა ხელი და დაასვა ბეჭედი თვისი.

ესე ამბავი მიამბო ექიმმა ყარაევმან, მუნ დილით საღამომდინ მყოფმან და ყოვლისა ამისა ამბავისა მცოდნემან და თანადამსწრემან. _ მაშინვე იოანე ყარაევი დაუმატებდა მხიარულებით და ყელ-მოღერებით სიტყვათა: „სწორე მეფე იყო, უხვი, ძლიერი სიტყვით, მლოცველი, უტყველი, წმინდა ფიქრითა, ბევრით უკეთესი მამაზედ ქცევითა, თუმცა არა სიმხნითა“. _ (თავი CXLII).

შობისა დღესა 25 დეკემბერსა, დასდგეს კარავი ნაკურთხი პირისპირ ოთახისა მისისა, და იწყეს წირვა; თვით მეფე მწოლარე ცხედარსა, დიდისა მხურვალებითა ისმენდა ლიტურღიასა და თვით წარიკითხა დღისა ამის სამოციქულო რაოდენ შეეძლო ხმითა დიდითა და სამეფოჲსა კილოთი, მტკიცედ ლექსთა გამოთქმითა, ჰაზროვანად, ძლიერითა ბაგეთა ბგერითა, თანახმად მაღალთავე ჰაზრთა სიტყვათა თვით ზეცით გარდამომეტყველისა მოციქულისა.

ლიტურღია აღასრულა მოძღვარმან მისმან ევთიმი, იოანე ნათლისმცემლისა უდაბნოჲსა წინამძღვარმან; _ და მასვე დღესა ეზიარა ცრემლითა და დიდისა ვედრებითა ღვთისადმი ხორცსა და სისხლსა ღვთისა მაცხოვრისა ჩვენისა... ესე მიამბო ეპისკოპოსმან ნიკიფორე ჯორჯაძემან, რომელიცა დღესა ამას იყო დამსწრე წირვისა, ვითარცა არქიდიაკონი მიტროპოლიტისა იოანე ბოდბელისა. და შემდგომად გარდაიცვალა ვიკარად ექსარხოსთა. _ (თავი CXLIII).

27 დეკემბერსა დილით მეფესა დაეკარგა მადა. არღა ინება არცა წვნიანი, არცა ჩაი პატრისაგან მომზადებული, არცაღა მიიღებდა წამალსა თათულა ექიმისაგან და იოსება აქიმბაშისაგან (ყარაევისა). წყალმანკი გაძლიერდა, მოაწვა გულსა და დააწყებინა ქშენა, დროთი-დროთ მოითხოვდა ალიბუხარის წყალსა. მაშინ მოუწოდა მოძღვარსა თვისსა წინამძღვარსა ევთიმის; სთხოვა უკითხოს ლოცვანი ანგელოზისა მფარველისა. ავედრებდა სულსა მოძღვარსა თვისსა, რომელსაცა ესავდა დიდად, ვითარცა კაცსა წმინდასა და ქვეყნიერად ანგელოზად ხმობილსა მეფისაგან და ესრეთვე ცნობილსა ყოველთაგან. დილითვე 8 საათსა უბრძანა წაუკითხოს დაუჯდომელი, _ ღვთისა დედისა ქებანი. 9 საათსა დილით დასდვეს კარავი და სწირა თვით ევთიმემან და კვალად ეზიარა მეფე დიდითა ცრემლთა დენითა და ვედრებითა. შემდგომად მიღებისა საღმრთოთა საიდუმლოთა, ხმითა ძლიერითავე სთქვა: „ხორცი და სისხლი მაცხოვრისა შემიყვანს მე სასუფეველსა. ქვეყნიერსა მე ვერღარა ვიტყვი. თვით მაცხოვარი იზრუნებს სამეფოსათვის, არღა ჩემისა. რუსთა ხელმწიფესა ვუტევებ პატრონად ქრისტიანობისა. იგი განაგებს ყოველსავე. _ დედოფალო, ნუ სტირ ჩემთვის. იესო ჩემი ტკბილი, დაგატკბობს შენ და შვილთა ჩემთა. მოსავი ქრისტესი, არა სადმე დაეცემის. _ დიახ, დედოფალო, არა სადმე დაეცემის“.

საღამოსა მწუხრისა ლოცვისა წინათ შემძიმდა მეფე. მოვიდა კათოლიკოსი და იამა ნახვა მისი. მობრძანდა დედოფალი დარეჯან და იამა მისიცა ნახვა. მოსთხოვა მას ხელი და ამბორ უყო. აკოცა დედოფალმან შუბლზედ. „მომიტევე დანაშაული, დედაო ჩემო, _ სთხოვე ძმათაცა ჩემთა მომიტეონ ბრალი ჩემი მათთან!“ აღივსნენ თვალნი ცრემლითა გარე მოდგომილთა მეფისა საწოლისა. შეიქმნა მსხურთა და მხლებელთა ქალთა და კაცთა, გრგვინვა გულთა მწუხარეთა. „ნუ სტირიან, _ ბრძანა მეფემან, ილოცონ ჩემთვის, რათა კეთილად და სათნოდ წარვსდგე ღმერთთან!“ _ იწყეს მწუხრი და შეიქმნა მცირედ უკეთ და მოხედვით. წაბრძანდა დედოფალი დარეჯან, წარვიდა კათოლიკოსი. დაშთა მოძღვარი და აქიმნი თათულა, პატრი ნიკოლა და ოსეფა. ღამე ესე განვლო მეფემან დუმილითა, ვითარცა მისუსტებულმან და ხშირად, ნახევრად ფხიზელი იტყოდა: „კირიელეისონ, უფალო შემიწყალე“. მერეთ: „ღვთისა დედაო, მიიბარე სული ჩემი!“ _ (თავი CXLV).

28 დილით მეფესა, გონებისა არა დამკარგავსა, ულოცეს ცისკარი და მერეთ წირვაცა და 11 საათსა დილით შემდგომად ჩამოლოცვისა განუტევა სული. _ ვითარცა ცხოვრება მისი იყო ქრისტიანებრი, იტყოდენ ხშირად მუნ დამსწრენი, ეგრთვე აღსასრულიცა მისი იყო ქრისტიანეთა ვედრებისა გვარი: „ქრისტიანობითი აღსასრული ცხოვრებისა ჩვენისანი, უჭირველნი, ურცხვენელნი, მშვიდობითნი, _ უფლისა მიერ თხოვნილნი“ (12) _ ნამდვილ მიენიჭა მეფესა ქრისტეს მოყვარესა... _ (თავი CXLVI).

30 დეკემბერსა გვამი მეფისა, მდიდრად კუბოსა შინა მორთული, მიასვენეს სიონისა სამღდლმთავროსა ეკკლესიასა. მიცვალებულსა მიუძღოდა ჯარი რუსთა და ქართველთა, ზარბაზნები, დროშა სამეფო და ღერბი სამეფო და იკვროდა მუზიკა საგლოველი. გარემოადგნენ კუბოსა რუსთა სალდათნი და ქართველთა ქეშიკნი. ყოველ დღეს გარდაიხდებოდა პანაშვიდი; მდივანბეგთა ძველთა წესითა, დაჰყარნეს ეკკლესიისა იატაკსა, საწერელნი და ყალამნი, _ ნიშნად შეყენებულისა ბრძანებათა მწერლობისა; ხელ-ჯოხიანთა სასახლისა კვერთხნი, _ ნიშნად გაუქმებულისა მათისა ხელობისა; მზარეულთა _ ქვაბი, ფლავის საწურავი და ესე ვითარნი, _ ნიშნად უქმთაღა მათთვის ნივთთა; პირის მწდემან მეფისა ოქროსა და ვეცხლისა და სხვათა გვარისა სასმელისა ჭურჭელნი, _ ნიშნად არღა სახმართა მათგან; მილახვარმან ძვირფასნი აღვირნი ცხენთა. თვით ადგნენ თავსა, ნივთთა ამათ მიყრილთა გუნდ-გუნდად აქა იქა. ეკკლესია გალობდა პანაშვიდისა საგალობელთა. სასახლისა კარისკაცნი იგლოვდენ მეფესა; დედოფალი მარიამ და შვილნი სტიროდენ ობლობისა მწუხარებასა... _ (დასაწყისი თავისა CXLVII).

დაყუდებულმან ბერთუბანისა კოშკსა ზედა იოანიკემან კახმან, მბაძავმან სვიმონ დიდისა მესვეტისა, სცნო გარდაცვალება მეფისა და მოსწერა დედოფალსა მარიამს შემდეგი წერილი:

„... სიკვდილი მეფისა ქრისტეს მოყვარისა, არის ვაება ქვეყანისა. საგლოველი ეკკლესიისაგან წმინდისა; გარნა ბატონო დედოფალო! მიიღე ნუგეშად და ირწმუნე ესე, რომელ დაახლოებული ღმერთთან, უმეტესად ექმნების მფარველად სამეფოსა თვისსა. ლოცვა მისი, ვითარცა კიბე იაკობისა, შთამოიყვანს ზეგარდამო კურთხევასა თქვენზედა და შვილთა თქვენთა ზედა, ქვეყანასა ზედა საქრისტიანოსა. შეუდეგით კვალსა მისსა ლოცვითსა; იყვენით პატრონად ობოლთა და ქვრივთა და ამით იხილავთ და იყოლიებთ ცოცხლად მეფესა გიორგის, არა ვითარცა არა მყოფსა, არამედ, ვითარცა გარდასრულსა ამიერ სოფლით, მას სოფელსა მზე დაუვალსა. ჩვენ ცოდვილნი ვერ დავივიწყებთ მას მოხსენებითა სახელისა მისისა და სულისა მისისა საღმრთოჲსა უსისხლოჲსა მსხვერპლისა შეწირვისა დროსა. მრავალი კეთილი გვახსოვან მისგან მამათა და ძმათა მეუდაბნოეთა. კურთხევა უფლისა იყოს თქვენთანა; მადლი და მშვიდობა უხვად ნუ მოგაკლოსთ თქვენ... მდაბალი და უნდოჲ სულითა გლახაკი ბერი იოანიკე“.

ბერი ესე იყო ჭოტორისა სოფლიდამ; სიყრმიდგან ახლდა ზაქარია მოძღვარსა გაბაშვილსა და მასთანა მოესმინა ფილოსოფია და ღვთისმეტყველება. განდევნილსა ზაქარიასა გადაჰყოლოდა იმერეთს და მუნით მღვდელ-მონოზნათ შემოსილი წარვიდა ცხოვრებად ბერთუბანსა დიდისა მოღვაწებითა. იტყვიან მისთვინ, ვითარცა კაცისათვის წმინდისა და ღირსისა, გულთა და ჰაზრთა გამომთარგმანებელისა. მამანი მონასტერთა ხადოდენ მას, ვითარცა ახალთა დროთა ქართველთა ეკკლესიისა მნათობსა. გარდა ლოცვათა ლოცვანთა შინა მოღებულთა თვით სადამე დღე და ღამე თხზვიდა და შეადგენდა ზეპირად გონებითა ლოცვათა და იტყოდა მათ. ესრეთ განატარა ცხოვრება თვისი და სარბიელი სოფლისა მწირობისა. 1802 წელსა ღრმად მოხუცებულმან ბოდბელმან იოანე, დროსა მას ნათლის-მცემელისა მონასტერსა ყოფილმან, დაასაფლავა მუნვე მისსავე სასვეტოსა. გაბრიილ მონოზონმან ნათლისმცემელისა, აღმწერელმან „ჯვარ-მოსილისა“, ცრემლით წარსთქვა ქებითი მისთვის სიტყვა, რომელიცა მინახავს იოანე რუსთავისა არქიეპისკოპოსთან. ვისა აქვს იგი დღეს, არა ვუწყი. _ (თავი CXLVIII).

მასვე დროსა კათოლიკოსსა უნებდა საკათოლიკოსოჲსა მცხეთას პალატისა განახლება და ოდეს გამოსთხოვდა მისთვის ნებასა და ბრძანებასა, მეფემან უბრძანა აშენდეს სახლი მეორისა შესავალისა დიდსა კართან. დაშთესო შეუხებელად ძველთა მეფეთაცა და კათოლიკოსთაცა პალატნი დაქცეულნი. „ვეცდებიო, _ ბრძანა მეფემან, _ ორივე ერთად და ერთს დროსა განვაახლო ეგრეთ, ვითარცა იყვნენო“.

მაშინ კათოლიკოსმან ანტონი აღაშენა თვისად სახლი აგურითა და ქვითკირისა, რომელიცა დღესაცა ჰგიეს; ხოლო პალატნი სამეფონი და საკათოლიკოსონი დაშთენ განუახლებელად გარდაცვალებისა გამო მეფისა შენობანი ესენი თლილისა ქვითა ნაგებნი წინათ ალექსანდრე მეფისა, მცხეთის განმაახლებელისა დასცა სრულიად, ექსარხოსად ყოფილმან და აწ პეტერბურღისა მიტროპოლიტად ისიდორემან. მათთან იყო მარანი ჩაკირულისა ქვევრებითა. ამათგანცა რომელნიმე ამოიღეს და გარდაიტანეს, რომელნიმე დაიმტვრა და რომელნიმე დაშთენ მიწასა. სასახლეთა ადგილი შემატა გალავანსა და თვით კედელნი წინა პირნი ქვით ნაშენნი, დაშთენ ზღუდედ გალავანისა: მიუდგეს მხოლოდ თავთა მათთა რიყისა ქვითა ნაშენნი სათოფურნი, ვითარცა აქვნდათ სხვათაცა ზღუდეთა. რად არა ვსთქვი თვისა დროსა ესე? მოვახსენე 1858 წელსა არა ერთგზის და მერეც შფოთითაცა მას, ისტორიისა და ქვეყანისა სიძველეთა უმეცარსა და არა მიიღო ჰაზრი ჩემი. და იყო კაცი თვითნება და იდუმალ არა მოყვარე ქართველთა; პირმოთნე დრომდე და მექონი თვისებათა მათ, რომელთაცა იტყვიან ქოსათათვის: იყო ქოსაო.

ესრეთ მიეფარა პალატთა ამათ კვალი სიძველისა. მხოლოდ ერთისა კუთხისა დასავლეთისა მხარეს, ფასადი დანაშთენი ზედ წარწერილებით ხუცურად, რომელსა შინა მოიხსენების ქრისტეფორე კათოლიკოსი, გადმოხატა და დასტამბა ფრანცუზთა მოგზაურმან დუბუოამან. ამან კაცმან, მოსრულმან შორით, ვითარცა სამარიტელმან გადმოხატვითა ამით, დაიცვა დაუკარგველობა შემდეგთა ჟამთათვის საკათოლიკოსოჲსა პალატისა, დანაშთენსა მცირედისა ზემოჲსა სადგომისა ფანჯრისა მშვენიერად ნაკვეთისა, და ექმნა მოწამედ სიტყვასა ჩემსა მოკლესა პალატისათვის ძველისა მცხეთას. _ (თავი LX).

არიან განკვირვებასა, რად დასუსტდა მორწმუნეობა ეს რუსეთისა მართლმადიდებელთა შორის და რად მოედვა სენი ესე ქართველთა ყრმათა. გონებისა განკვირვებასა მათსა ვეცინი. ნუუმე ვერ ხედვენ მიზეზსა? მთავრობა რუსეთისა აღირჩევს ზედამხედველად და მასწავლებელად მართლმადიდებელთა სასწავლოთათვის კაცთა არა მართლმადიდებელისა სარწმუნობისა, მერყევთა ქრისტიანობასა ზედა, არცა ღიზოთა, არცა შატობრიანთა, რომელნიცა ფილოსოფიითა არა ქრისტიანობენ ანუ ქრისტიანობითა არა ფილოსოფოსობენ, და გონებისა მაღლისა მოარულობითა ისტორიათა შინა მსოფლიოთა და ეკკლესიისა დაწვრილებითა პირუთვნელებითა ძიებითა არა ხედვენ სარწმუნოებისა ნათელსა. _ ესენი და მათთაგან აღზრდილნი ყრმანი, წარმკითხველნი ბუნებითის ისტორიისა, ჰგონებენ საღმრთოჲსა წერილსა არა რაობასა. არა ჰყავსთ ჩამგონებელნი და მთქმელნი, რომელ მეცნიერებისა ნამდვილ თვალითა მხედველთა არა რაჲ უთქვამსთ (კუვიესა, სტეფენსა და ესე ვითართა) წინააღმდეგი არცა მოსეს წერილთა ზედა და არცა სახარებისა მცნებათა და დოღმატთა ზედა. ვასილი დიდი და ორიგენი და გრიგორი ნაზიანზელი და სხვანიცა ღრმად იყვნენ მცოდნენი ბუნებისა დროთა მიხედვით. მეცა ვარ წარმკითხველი ახალთა წერილთა ბუნებისა და ვერ ვჰპოვე რაჲმე ჰაზრი ყოვლადი და მტკიცე, დამარღვეველი სახარებისა. _ რენანიო? იტყვიან. ესე რენანი დიდად სუსტი მტერია ქრისტესი. _ სხვანი ნემეცთა მწერალნი, ვითარცა შლეიერმახერი (13) და შედგომილნი მისნი, უმეტეს ღირსნი არიან ყურადღებისა. გარნა გონიერად და აუჩქარებელად გამომეძიებელი წერილთა მათთა შესწუხდება, რად სთქვა ესე და ესეო.

გარნა ესე ყოველი სათნო და არა სათნო გონებისა და მეცნიერებისა ღვთისა შემოქმედისა და ღვთისა სოფლისა მხსნელისა საჭიროა სიმტკიცისათვის თვით სარწმუნოებისა. უფრორე ნათლად განბრწყინდბა ქრისტიანობა, უმეტეს დამტკიცდება იგი კაცთა ნათესავისათვის, ვითარცა იყო შემდგომად არიოსისა, შემდგომად ივლიანესსა მდევნელისა, შემდგომად მეფეთა ხატთა მბრძოლთა, შემდგომად ფრანცუზთა მწერალთა ქრისტეს სახარებისა და ჯვარისა რეცა კაცთა გონებისათვის დასაკდმელთა რათამე, რობესპიერისაგან დამარხულთა მიწასა შინა. ნუ ივიწყებენ იოანე მახარებელისა სიტყვასა: „ნ ა თ ე ლ ი ბ ნ ე ლ ს ა შ ი ნ ა ს ჩ ა ნ ს დ ა ბ ნ ე ლ ი ი გ ი მ ა ს ვ ე რ ე წ ი ა“. _ (თავი XXIV).

მოამზადა ირაკლი ხართიშვილმა
შ ე ნ ი შ ვ ნ ე ბ ი:
(1) ხელნაწერ საისტ-საეთნ. № 2301-ში სიგელის ასლის აშიაზე მიწერილია „ქ. ჩვენ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარხი იოსებ ვამტკიცებ წიგნსა ამას. ქ. ჩვენ თფილელი მიტროპოლიტი ამ წმინდათა პატრიარქთ ნაბოძებ წიგნს ვამტკიცებთ“.

(2) დროთა ამათ იყვნენ გამოჩენილად და ბრწყინავდნენ ვითარცა მნათობნი უდაბნოთა:

ს ა ბ ა, ბერი მწირი, მოსული დავით გარესჯას იმერეთით, საყვარელი მეფის ძისა გიორგისა, მხნე სულითა და ხორცითა. ესე იყო ნათლია ანუ მიმქმელი მეფის ძის მიხაილისა.

ს ე რ ა პ ი ო ნ, ნათესავით იმერელი. 28 წლისამ დაუტევა სოფელი და ისწავა მორჩილმან უდაბნოჲსა ნათლისმცემელისა წერა და კითხვა. მეფემან თეიმურაზ უბოძა წინამძღვრობა და 120 წლისა გარდაიცვალა 1762 წელსა. მოღვაწებასა მისსა ამსგავსებდნენ ძველთა თებაიდისა და პალესტინისა მეუდაბნოეთა.

დღესა ერთსა ბერი სნეული მიიცვალებოდა და მოისურვებდა წინამძღვრისა თვისისა ნახვასა. მოახსენეს ესე სერაპიონს, და ამან არა გაწყვიტა კითხვა ლოცვანთა და ბერი გარდაიცვალა. იქმნა დრტვინვა ძმათა. მაშინ შევიდა სენაკსა მას გარდაცვლილისა ბერისა და ხმამაღლა უბრძანა ბერსა: „ს ა ხ ე ლ ი თ ა უ ფ ლ ი ს ა თ ა ა ღ ს დ გ ე ს“. აღდგენილსა მკვდრეთით, აღუთქვა, კვალად სიცოცხლე ერთსა წელსა. ესე მომითხრა მე მოხუცმან მღვდელმან ლაზარემ საგარეჯოელმანო, _ მეტყოდა მე მეფის ძე მიხაილ.

გ ა ბ რ ი ი ლ ნათლისმცემელისა უდაბნოჲსა მოღვაწე. ამან 1779 წელსა უანდერძა მეფის ძეს გიორგის ხატი სასწაულმოქმედი ღვთისმშობლისა, ოქროთ მოჭედილი. ესე ხატი შემდგომად მეფისა გიორგისა აქვნდა მეფის ძეს მიხაილს. ვის დარჩა ესე შემდგომად მიხაილისა, არ ვიცი.

გ ე ნ ნ ა დ ი 140 წლისა მწირი ბერი ნათლისმცემელისა, გვარით თულაშვილი, დიდი მოღვაწე. კვირისკვირამდე მმარხველი, სალთხუცეს ყოფილი დავით ერისთავისა. 60 წელი არ ენახა სოფელი, არც არავის ეჩვენებოდა მოსრულთა მონასტერსა შინა, გარნა ოდესმე ეპისკოპოსთა და მეფეთა მუნ მისრულთა. გარდაიცვალა 1721 წელსა.

ი ლ ა რ ი ო ნ ხევსურელი, კაცი მართალი და წრფელი, მღვდელ-მონოზონი. 80 წლისა მიიცვალა დავით გარესჯას.

დ ა ნ ი ი ლ ბერი, მოწაფე სერაპიონისა, 4 წლიდამ უდაბნოსა შესრული.

გ ა ბ რ ი ი ლ ბერი, მოწაფე სერაპიონისავე, 120 წლისა, პირველად დოდოს მონასტერსა ყოფილი. მოკლეს ლეკთა 1802 წელსა. ამან იმარხვა 40 დღე, რათა ჰპოვოს ხატი ღვთაებისა წმინდის ანტონის მარტომყოფის მონასტერსა.

ვ ე ნ ე დ ი კ ტ ე ფავლენიშვილი, მოკლული ოსთაგან 1822 წელსა.

თ ო მ ა გარსევანიშვილი, წინამძღვარი დავით გარესჯისა; ამას წაართო წინამძღვრობა დავით ბატონიშვილმან, და მისცა ილარიონ ბებურიშვილსა, და გარდაიცვალა 1802 წელსა 120 წლისა; მასწავლებელი მრავალთა თავადთა და აზნაურთა.

(3) ე ვ თ ი მ ი, შემდგომად სერაპიონისა წინამძღვარი ნათლისმცემელისა მონასტრისა, გვარით მჭედლიშვილი, ყმა თავადის გრსევან ჭავჭავაძისა, ანუ მისის მამის სულხანისა, წინანდლისა სოფლიდამ. შევიდა ბერობასა მეფისა ირაკლის დროსავე და იყო საყვარელი თვით ირაკლისა მეფისა; გარდაიცვალა შემდგომად მეფისა გიორგისა. ევთიმი იყო დიდი მოღვაწე მეუდაბნოე, სიწმინდითა სავსე, გამოსრული მონასტრით მისასვლელად ხაშმისა სოფელსა, წარიტაცეს ლეკთა ტყვედ. მასთანავე წარიყვანეს სხვაცა ბერი ამფილოქე. ესე ამფილოქე ტანით მაღალი, გრძელწვერი და მხნე სხეულითა, ლეკთა მიიღეს პატივითა: ჰგონებდენ მას თავად მონასტერისა და ძვირფასად საგონებელად. ამისთვის შესვეს იგი ცხენსა და პატივითა მიჰყვანდათ, ევთიმი ტანით მცირედი, არა სახიერი და სუსტი, მიჰყვანდათ ქვეითად და იტყოდენ მისთვის უპატიოდ: მაგისთვის რას მოგვცემენო? შემდგომად ერთისა თთვისა სცნეს ლეკთა, რომელ ევთიმის გამოსახსნელად წარუვლინა მეფემან გიორგი ოცდაათი თუმანი და მეორისა ბერისათვის ოთხი თუმანი. ლეკთა მოიხადეს ბოდიში და ესრეთ პატივით მოიყვანეს თვისსა უდაბნოსა.

შემდგომად ევთიმისა იქმნა წინამძღვრად დომენტი შანშეს შვილი, გვარით დავითისშვილ-ბგრატიონი, იყო არქიდიაკონად კათოლიკოსისა, ოდეს მეფემან გიორგი მიიღო სამეფო რეგალია.

წინათ ამისსა და ამის დროსაცა, იტყვის დღესცა ცოცხალი ნათლისმცემელის წინამძღვრად ყოფილი არქიმანდრიტი იოანე ჯორჯაძე (78 წლისა) იყოო ნათლისმცემელისა უდაბნოში 8 გადამდგარი არქიმანდრიტი, 18 მღვდელ-მონაზონი, 6 არქიდიაკონი და 30 მსახურნი და მორჩილნიო.

თვით დავით გარესჯისა მონასტერში, რომელსაცა ეწოდებოდა ლავრა, იყვნენ 1799 წელსა 3 გადამდგარი მოხუცებისა გამო ეპისკოპოსნი: დანიილ მანგლელი, ტიმოთე ნეკრესელი და ვონიფანტე მოქველი იმერელი; 6 არქიმანდრიტნი; 28 მღვდელმონაზონნი; 14 არქიდიაკონნი და 60-მდინ მსახურნი. წმინდის დოდოს უდაბნო, თუმცა იყო დროსა ამას ცარიელი, გარნა წირვა-ლოცვითა იყო ხოლმე სიახლოჲსა გამო გარესჯისა ლავრასთან. 1811 დასუსტდა გარესჯა, თუმცა მოღვაწენი ღისრნი არ აკლდა და არცა მწიგნობარნი. აჰა ერთი წერილთაგანი, რომლისცა ნამდვილი მე მაქვს, მოწერილი მემკვიდრისა მეუღლეს ელენესთან.

„უგანათლებულესსა საქართველოს მეფის რძალს,
უმოწყალესსა ხელმწიფესა,

მდაბლად თაყვანისმცემელნი და მმადლობელნი და მლოცველნი ღვთისდმი დღეგრძელებისა თქვენისანი. ვინადგან ჩვეულხართ მოწყლებასა უდბნოთა და გლახაკთასა კეთილ გონიერებით, აწ ჩვენ მდაბალთა და უღირსთადაცა განცხადნა მოწყალება უგანათლებულესობისა თქვენისა, მცნებისათვის საუფლოჲსა და ბრძანებისა ძველსა და ახალსა თეატრსა: ვითარმედ „მიეცით მოწყალება და აჰა ყოველივე თქვენი წმინდა არს“; და კვალად „რომელი სწყალობდეს გლახაკსა, ავასხებს ღმერთსა“, და კვალად იტყვის: „წყალობა მნებავს და არა მსხვერპლი“. ამათსა აღმასრულებელსა ღმერთმან აღგისრულოსთ თქვენც აღნათქვამი თვისი, თქვენებრთა გვამთათვის განმზადებული სიხარული წმინდათა თანა. ამინ. და ამას საწუთოს შინაცა აღგისრულოსთ ყოველი სათხოველი გულისა ნებისმებრ თქვენისა. ესე ვუწყით დამტკიცებით ნამდვილ, რომელ ყოვლივე საწადი თქვენი ნებაცა ღვთისა იქმნების.

თქვენი მოწყალება ფილონი და ერთი თუმანი თეთრი გვებოძა, რომლისათვისცა კვალადცა ფრიდსა მადლობასა აღგიარებთ.

თქვენის უგანათლებულესობის მარად მლოცველნი,
მდაბალნი და უღირსნი ერთობით წმინდისა დავით
გარესჯისა მონასტრის ძმათა სავსება
აპრილის კვ (26)
წელსა ჩყია (1811)“.

(4) ესე დ ი ო ნ ო ს ი იყო თავადთა ციციანთა ყმა სოფლისა ხვედურეთიდამ. ახლდა მეფის ძესა იულონს: ამისავე თხოვნითა უბოძა იღუმენობა მას კათოლიკოსმან ანტონი. შემდგომად წარსვლისა რუსეთად იულონისა, დაშთა უადგილოდ და იყოფოდა მეფის ასულთან მარიამთან ს. ქარელს. ამან დიონისიმ მეფის ასულისა მარიამისა თხოვითა დაასაფლავა ყინცვისის წმინდის ნიკოლოოზის გაუქმებულსა მონასტერსა მძოვრეთისა ხეობაში მეფის ძის იულონისა ძე ლევან, რომელიცა დარჩა საქართველოს, ებრძოდა რუსთა და მოიკლა ზაკვით მოსყიდვით ოსისგან, მისდა და მასთანა ყოფილისა. ესე იყო 1810 ანუ 1811 წელსა. ესე ლეონ იყო უფროსი შვილი იულონისი, მხნე, გამბედავი და გულადი; ათსა წელსა მდევნელი ბედისა მოღალატისა.

მეფენი არა ადვილად უბოძებდენ გლეხთა და აზნაურთაგანსა კათედრათა სამღვდლმთავროთა, მარადის მოიძიბდენ თავადთა სახლთაგან, დამოკიდებულთა დიდოჯახობით დიდთა კაცთა თანა, უფრო პურადთა, უხვთა, გამცემთა და კარისა მექონეთა გამოჩენილისა პატივად მაღლისა ხარისხისა. ესე იყო მიზეზი, რომელ ძველადვე ითქვა ლექსად სიტყვა ეპისკოპოსთათვის არა ღირსთა გვართაგან და ოდესმე ვერ შეფერებულთა ერისაგან ნაკლულევანობათა გამო მათთა. აჰა შაირი თქმული გ. (? გელა. რედ.) საგინაშვილისაგან.

თქვენც კარგად მოგეხსენებათ, წინამძღვრიშვილი მროველი.
ან გლეხი კაცი ნიქოზლად, ცოდნა იცოდეს ყოველი,
ან ბეზირგანი მდიდარი, ჭიორელი და გლოველი,
ან კარგი დარბაისელი, მაჩაბელ წინწყაროელი,

(5) ამათ ესწავათ რუსული ასტრახანში. იოსებ წინამძღვრიშვილი იყო მოძღვრად, საქართველოსა განმგეჲსა კნიაზ ციციანოვისა და გარდაიცვალა მოხუცი 1827 წელსა. იოანე ქართველოვი იყო მასწავლებელად თფილისის საკეთილშობილოსა სასწავლებელსა, რომელიც გამართა კნიაზმან ციციანოვმან 1803 წელსა და გარდაიცვალა 1816 წელსა. ზაქარია სიდამონიშვილი კახელი გადაჰყვა მეფის ძეს მიხაილს და რადგან ორჯერ მიიღო საჩუქრად ჯვარი ოქროსი, ეწოდა მას „ორჯვარა დეკანოზი“. მოკვდა მოხუცი 1834 წელსა თელავს უკუმოქცეული რუსეთით.

(6) მეფისეული და დედოფლისეული სასახლისა გამდელნი, ესრეთ იყვნენ ძლიერნი, რომელ მეფესა და დედოფალსა ჰხადოდენ ტყვედ მათ ხელთა შინა. თვით მეფის ძენი და მეფის ასულნი და მეფის რძალნი ძრწოლავდენ მათგან. მღვდელმთავართა ეშინოდათ მათი. მათითა სიტყვითა შეაძულეს მეფესა ირაკლის ანასტასია, დაჲ ანახანუმ დედოფლისა, _ ცოლისა თეიმურაზ მეორისა. განსწავლულისა სწავლათა შინა და მოლექსეობასა და მხიარულებასა იყო ზნეობით მაღალი, მორწმუნე და კეთილმომსახურებითა შემკული. აქვნდა მიწერ-მოწერა მზეჭაბუკ მდივანბეგთან. წერილნი ამათნი ვერღა ვჰპოვე. აჰა ერთი მისთა ლექსთაგანი, ოდეს მზეჭაბუკ უქებდა მას შესხმასა შინა ხუმრობითსა გულსა თეთრსა, თუმცა იყო შავგვრემანი დიდად სახითა:

ვით მიქე მე გული ქაღალდად,
ინდთაგან უფრო შავია.

სხვაცა ლექსი:

ოდეს დაჰკრავ სიბრძნის ტალსა,
ფილოსოფოსთ მისცემ ალსა,
მე ვითა მთხოვ პასუხს ქალსა
თუ ამა წიგნსა უჩვენებ სხვასა
ვეღარ მიწოდებ შენსა დასა.

ესე მითხოვილი თავადის ბარათოვისადმი და მერეთ ქვრივი გარდაიცვალა 1787 წელსა.

ამასვე ანახანუმს და ანასტასიას ჰყვანდათ დაჲ მახია, ქალი ბარათაშვილისა. 16 წლისა იყო, როდესაც მიათხოვეს ნადირ-შაჲს ძმას ადელშაჲს. ესე შემდგომად ქმრისა თვისისა, მოვიდა თფილისს სპარსეთიდამ მას დროს, როდესაც იყო მშობიერად მარიამ ბატონიშვილზედ და წარვიდა რუსეთსა. ქალაქსა მოსკოვს შეირთო ქმარი ბარათაშვილივე და ამოუწყდა ყოველნივე. როდესაც დედოფალი დარეჯან მიიყვანეს მოსკოვს, იხილა იგი მუნ მახიამან და გაიკვირვა, რომ ლეჩაქი ეხურა დარეჯანს თავზედ შეკეცილი. გარდაიცვალა მოსკოვს 129 წლისა შემდგომად მოსკოვისა აღებისა ნაპოლეონისაგან. მიმქმელი მისი იყო სიტყვისაებრ მისისა, თფილელი _ მიტროპოლიტი ონოფრე, კაცი 79 წლისა და არ ახსოვდა სახე მისი, რადგანაც მცირეწლოვანებაში გარდაიცვალა. ესე მიამბო მეფის ძემან მიხაილ და დაუმატა იყოო შავთვალწარბა, მაღალტანოვანი, გონიერი და დიდად ზრდილი. რუსეთში ჩაეცვა მას ტანისამოსი რუსული.

მეფისეულისა და დედოფლისეულისა მტერი იყო ნიკოლოოზ არქიმანდრიტი, რომელსაცა მიუბოძა მღვდელმთავრობა მეფემან გიორგი და ესე იყო უკანასკნელი ხარჭაშნელი, გარდაცვლილი რუსეთისა მმართებლობასა. გარდა ამისა მეფისა გიორგისა მეფობაში არავინ კურთხეულა ეპისკოპოსად, რადგანაც იყვნენ ყოველნივე ცოცხალნი. მასვე მეფის ძეს ახსონდენ ხარჭაშნელად:

1) ვ ი კ ტ ო რ ი, გარდაცვლილი 1787 წელსა.
2) გ რ ი გ ო რ ი ზაზაშვილი ორს წელს ყოფილი ალავერდელად. ესე იყო მიმქმელი ემბაზით მემკვიდრისა დავითისა.
3) ნიკოლოოზ, ზემორე თქმული.

(7) პ ა ფ ნ ო ტ ი არქიეპისკოპოსი მოქვისა (სამურძაყანოსი ანუ აბხაზიესა) გვარად სოზიაშვილი, ძე მეკონდახისა და თვითცა იცოდა ხელობა ესე. 24 წლისა შედგა ბერად და ახლდა კათოლიკოს ანტონის დიაკონად. შემდგომად გარდაცვალებისა გიორგი მეფისა, ბატონიშვილის იოანეს თხოვითა 1802 წელსა აკურთხეს იგი არქიმანდრიტად თირის მონასტრისა დიდ ლიახვზედ. შემდგომად გადავიდა მეგრელიაში დედოფალს ნინასთან, რომლისა ქმარმან დადიანმან გრიგორი წარავლინა დესპანად რუსეთსა. ჯილდოდ ესრეთისა დესპანობისა მიუბოძეს არქიეპისკოპოსობა მოქვისა. 1811 გარდაჰყვა დედოფალსა ნინას რუსეთსა და დაშთა რუსეთსავე მოსკოვის ჩუდოვის მონასტერში; აქა გარდაიცვალა 1823 წელსა 50 წლისა და მუნვე დაეფლა. მოსკოვისა არქიეპისკოპოსსა აგვისტინეს დიდად არ უყვარდა იგი მეშურნეობითა, რამეთუ დიდად პატივს სცემდენ მას მოსკოვისა მცხოვრებნი. იყო კაცი მოხუმარი, მხიარული, პურადი და ყოველთადმი სიყვარულითა აღსავსე. მთავარმან საქართველოჲსა ციციანოვმან წარგზავნა იგი კაიშაურსა მთიულთა დასამშვიდებლად. აქა, _ იტყოდა თვით, _ 40-მდინ ხანჯლითა მჩხვლიტესო და დამიფარაო სიკვდილისაგან და სირცხვილისა მეფის ძემან ფარნაოზ. 1815 მოვიდა დროებით თფილისსა და ექსარხოსმან ვარლამ ქსნის ერისთვისშვილმან არ აწირვინა სიონში მტერობითა. ესე იწყინა მან და ჰყვედრიდა მას ესრეთსა მისდამი მოქცევასა, ოდეს მივიდა თვით მოსკოვსა, სადაცა გარდაიცვალა, ვითარცა გადაყენებული ექსარხოსობიდამ.

(8) ესე ვ ა ხ ტ ა ნ გ იყო პირმშო ძე მეფის ირაკლისა, პირველისა ცოლიდამ, განდევნილისა და მომკვდარისა 1744 წელსა. ამას მოგვარეს ცოლად ქეთევან დაჲ კონსტანტინე მუხრან-ბატონისა, რომელიცა იყო დანიშნული მესამესა წელსა ცხოვრებისა თვისისა, და ვითარცა მშვენიერსა ზრდიდა თვით თამარ დედოფალი, დედა ირაკლისა. დაწერეს ჯვარი ოდეს შეიქმნა ქალი 13 წლისა და თვით ვახტანგი იყო 16 წლისა. ამავე წელსა შეეყარა ყვავილი და მორჩენილი სენისაგან წარიყვანეს აბანოდ შემდგომად 40 დღისა. ესრეთმან გაუფრთხილებელმან ბანვამან, შეაქცია და გარდაიცვალა თფილისს. მეფე ირაკლი მიეცა დიდსა შეწუხებასა და თეიმურაზ მეფე, მამა ირაკლისა ესრეთ შესწუხდა, რომ დაჰკრა თავი კუბოსა და გაიტეხა. დაასაფლავეს მცხეთას, მეშვიდე დღესა, ოდეს ჩვეულებისამებრ მიუტირეს ცოლსა ქეთევანს, მაშინ იხილა ცხენი ქმრისა და მტირალი მივიდა ცხენთან და ცხენისა კისერსა შემოახვია თმა თავისი თვისისა გრძელი და მშვენიერი. ქეთევან დარჩა ქვრივად და შემდეგ, როდესაც ეყოლა მეფეს ირაკლის შვილი მესამისა ცოლიდამ, უწოდეს თხოვნისამებრ ქვრივისა რძლისა ქეთევანისა, სახელი ქმრისა მისისა ვახტანგ ალმასხანად წოდებული. ამან იშვილა იგი სცხოვრობდა მასთან. _ 1803 წელსა გარდაჰყვა რუსეთს და ჭლერქობისა სენითა გარდაიცვალა 1808 წელსა ს. პ. ბ.

„ვახტანგ პირმშოსა, _ მეტყოდა მეფის ძე მიხაილ, _ მიუჩინეს ლალად გივი გურამიშვილი, კაცი ზრდილი და ვაჟკაცობითა გამოჩენილი. ოდეს ზრდიდა იგი მას, დღესა ერთსა შეეშინდა ცოცხალისა თევზისა. გივი განრისხდა და ჰრქვა: „როგორი შვილი ხარ მამისა! აღიღე თევზი ეხლავე“! _ ესრეთ შეაჩვია უშიშროებასა და სიყრმითგანვე გულოვნებასა, მეფეთათვის საჭიროსა“.

ხატი, მისი ნაქონი, აქვნდა მეფის ძეს მიხაილს და შემდგომად გარდაცვალბისა მისისა ხვდა წილად მეფის ძის ბაგრატის ძეს ალექსანდრეს და აქვსთ სახლობასა მისსა აქა ქ. თფილისს.

(9) ხატი ესე, შემდგომდ გარდაცვალებისა მეფის რძლისა ელენესა, მეუღლის მეფის ძის თეიმურაზისა, წარმოიგზავნა თფილისს დასასვენებლად თელავისა მეფეთა კარის ეკკლესიასა 1866 წელსა. იოანე ბატონიშვილის შვილიშვილმან იოანე გიორგის ძემან გამოითხოვა იგი და მიიღო თვისდა საკუთრებად, ვითარცა სახლისა მისისა საუნჯე, ძვირფასითა მინანქრის ხელოვნებითა არის ესე შემკული. რიგი იყო, ვითარცა ტაძრისა ხატი, ყოფილიყო დასვენებული თელავს, თვისსავე ტაძარსა შინა თაყვანის საცემლად ქრისტიანეთა, კახეთისა მხარისა, ქართველთა.

(10) ესე მზეჭაბუკ იყო ორბელიანი (ყაფლანიშვილი) კაცი რიტორი, მცოდნე ძველისა და ახლისა ფილოსოფიისა. განსწავლეს იგი ვინცღა ისე დიაკონმან (ვინ იყო ვერ ვსცან, _ ესრეთ ადვილად იკარგება ახალთა დროთაცა ამბავნი) _ მოძღვრად მისსა იყვნენ ზაქარია სომეხთა ვართაპეტი იტალიაში აღზრდილი და ზაქარია გაბაშვილი მოძღვრად წოდებული. _ იყო ტანით და სახით სრულიად ეზოპე. გარდიცვალა 1794 წელსა. მოწაფე მისი იყო მამა ჩემი ეგნატი.

(11) მისგან დაწერილისა წიგნისა ბოლოს სწერია ესეცა:

„ქართული ქორონიკონი ჯდებოდა ოივ, მეთოთხმეტეს მოქცევაში ვიყავით.
მთავარნი ესე ასოთანი ძველადვე ქართველთ ეწერათ და არღარავინ სწავლულ იყო ამისა, თვინიერ უხუცესისა ძმისა ჩემისა სულხან საბა ორბელიანის ძისგან კიდე. მასცა მამისა ჩემისაგან ესწავა და მან მე მასწავა. ჟამსა მას რომელთა ინებეს, ხელთაგან ჩემთა ისწავეს, არამედ ვერ სწორ ქმნულთა ჩემთასა! მას ჟამისა მეფენი და შემდგომნი მათნი მოწლედ (?) ჰყვარობდნენ ამა წერასა. მე ქართველთა, იმერელთა და კახთა მეფეთ დედის ძმისწულმან და საქართველოს მოსამართლეთ უხუცესის ორბელის ძემან მროველ ეპისკოპოსმან და აწ თფილელ მიტროპოლიტმან, უღირსმან ნიკოლოოზ ანბანი ესრეთ დავწერე; ტრფიალი მსწრაფლ გულისხმა ჰყოფს და მოსურნე ადვილ მიხვდების. _ ურთიერთარს დაქსელვა და გვარ-კეთილობა საჩინო მიქმნიეს, და უმეტესსა გვარსა ნუ ვინ შესძინებს. ჩემსავე ცხოვრებასა ვიხილე ჩემ მიერ სწავლულის მიერ, ვითაც მას ენება ეგრე გვარიან ჰყოფდა. თუ ვისმე ძალედვას, სხვა თვით მოიგონოს და ჩვენსა პირველად მყოფსა შლად არა ჯერარს. გვარი და ერთმანეთში დაქსელვა ესრეთ ხამს. გულისხმიერისაგან სხვა და სხვა რიგად დაიქსელვის, ტანის სისხო ყოველთავე სწორად ჰხამს. მე თხოვებულის თვალით დავსწერე: რამეთუ ვიყავ ორმოცდაათთექვსმეტისა წლისა მის წერაშია, მხილველთაგან შენდობასა ვითხოვ. ღვთის სიყვარულისათვის ჩემი სიმძიმე იტვირთეთ და სჯული ქრისტესი აღასრულეთ. ქალაქსა დიდსა სამეუფოსა შინა მოსკოვს, 1728. აგვისტოსა“.

დაუკარგველობისათვის ამისსა, ესე აქა დავსდევ, ნუ მრისხვენ მკითხველნი „მეფისა ცხოვრებისა“ მწერლსა.

(12) ლიტურღია იოანე ოქროპირისა ან ვასილისა. კ ვ ე რ ე ქ ს ი პ ი რ ვ ე ლ ი. (უფრო სწორია ეწეროს „... უფლისა მიმართ თხოვნილი“ _ ი. ხ.)

(13) ფრიდრიხ-დანიელ შლაიერმახერი (1768-1834 წწ.) იყო გამოჩენილი გერმანელი ფილოსოფოსი, თეოლოგი და მქადაგებელი, გერმანულ ლიტერატურაში იმ დროისთვის ახალი მიმდინარეობის _ რომანტიზმის ფილოსოფიური საფუძვლების ერთერთი მთავარი ჩამომყალიბებელი, ფრიდრიხ-ვილჰელმ შელინგთან ერთად. იგი გახლდათ გერმანიაში რეფორმატული (კალვნისტური) ეკლესიის მღვდლის (პასტორის) შვილი და აღზრდილი იყო კალვინიზმის სწავლებაზე. აქედან არის ერთის მხრივ წმინდა წერილის კარგი ცოდნა და მჭერმეტყველური ქადაგება შლაიერმახერთან, ხოლო მეორეს მხრივ კი მცდარი რელიგიური მოძღვრების განმსაზღვრელი გავლენა მის შეხედულებებზე, რაც ასე აოცებს მართლმადიდებელი მღვდლის ოჯახში აღზრდილ პლატონ იოსელიანს. (ი. ხ.).

No comments:

Post a Comment