Monday, December 6, 2010

გიორგი XIII-ის მეფობის ხანა - ნაწილი II

(პლატონ იოსელიანის წიგნიდან "ცხოვრება გიორგი მეცამეტისა")

1200 კაცსა ლეკსა მეომარსა ეძლეოდა თთვე და თთვე ჯამაგირი თვითოს თთვეში 30 მანეთი. _ მესამესა თთვესა მათისა თფილისს ყოფნისა, გაუორგულეს ძმათა იულონმა და ალექსანდრემან. ბელადი მათი, ერთგული კაცი მეფისა, მივიდა და მოახსენა ესე მეფესა. მეფემან არა შეამჩნევინა შიში, რომელსაცა მიეცა თვით. უბრძანა ბელადსა მადლობა და სიფრთხილე. მეორესა დღესა დილით, ახლად გაღვიძებულმან მეფემან იხილა 150 ლეკი სასახლისა თვისისა წინარე მისრული და რეცა მთხოვნელი დაპირებულისა ჯამაგირისა. გამობრძანდა გადმოკიდებულისა მოედნისაკენ ბალკონსა და იქიდამ დიდისა ზახითა უბრძანა, _ შედგნენ და მაშინვე მოუწოდა ქართვლთა ქეშიკთა ანუ მხლებელთა. ესენი მსწრაფლ ყოვლისა კუთხისა სასახლისა გადმოცვივდნენ ხანჯლებითა, კეტებითა და გაყარეს ლეკები შეშინებულნი. დროსა ამას გააფრთხილა მეფემან არავინ მოკლან ლეკი. იქმნა ძიება. ბელადმან გამოაცხადა ღალატი ძმათაგან მეფისა და გარია ღალატობაში კუზიანი მელიქი, მაღაქელაშვილი და შიო თუმანიშვილი. ძიებიდამ გამოცხადდა, რომელ სამთა უკანასკნელთა პირთა იცოდნენ ესე და შიშისათვის ძმათა მეფისა ვერ მოახსენეს მეფესა; გარნა ღალატობასა შინა და ორგულობასა არა ერივნენ. ამისთვის უბრძანა ჯარიმისა გარდახდა და წაართვეს მათ 400 თუმანი ფულად და ვეცხლად. ამ ფულითა მიეცათ ჯამაგირი ლეკთა და დანაშთენისა ჯამაგირისა გარდასახდელად დიდძალი ვეცხლისა ნივთნი საკუთარნი, დააშლევინა და მოაჭრევინა ფულად. ლეკები დაითხოვა, რადგან შემოდიოდა რუსისა ჯარიცა. მემანდერად ლეკთა იყო მიჩნეული ხიდისთაველი თომა, მეღვინეთხუცისშვილი, მცოდნე კარგად ლეკურისა ენისა.

ძმა თვისი იულონ დატუქსა კათოლიკოსისა პირითა და განაძია თფილისიდამ. „ნუ მიმიყვანს იქამდინ, რომ სპარსთა და მეფეთა უფლებითა დავთხარო თვალები“, _ შეუთვალა მეფემან. მაშინ წარვიდა იულონ ქართლისაკენ. ალექსანდრე, მამისავე თვისისა დროსა გაქცეული და ახალ მეფობაში უკუ მოქცეული თფილისად და მიღებული კეთილად მეფისა გიორგისაგან, შეშინდა და კვალად გაიქცა სპარსეთად.

შიომ თუმანიშვილმან, მაღაქელაშვილმან და კუზიანმან მელიმან დარჩია, მეორედ შეჰფიცეს ერთგულობაზედ და ჩამოართვეს წერილი მათ მოღნინისა სომეხთა ეკკლესიაში თანა დასწრებითა მათისავე ეპისკოპოზისა ოჰანეზისა, ქალაქისა მოურავისა ევსტატი ციციშვილისა და ეშიკაღაბაშისა ასლან ორბელიანისა. მილახვარი ყორღანაშვილი იდუმალ გარული ამა საქმეში, არა დასაჯა მეფემან დედოფლისა გამო დედინაცვლისა და ბრძანა მისთვის: „მაგისა ფიცსა არა მივიღებ. ეგ არის მყრალი პატრუქი, ბჟუტავს და აყროლებს. მაგისი რიდი არავის უნდა აქვნდეს, თვით მოჰკლავს თავსა თვისსა. ახლდეს დედასა ჩემსა. მეფისაგან მოძულებული, ღვთისაგანაც არის მოძულებული. არა გავერევი მისსა სისხლშია. სისხლსა სისხლითა არა დიბანენო. ვარ მეფე და ვიქონიებ მოთმინებასა და სულგრძელებასა, რომლითაცა განშვენდებიან მეფენი, ღვთისაგან დადგინებულნი მაღლად. _ (თავი CXXXV).

... ლეკთა ჯარმან დაჰყო თფილისსა 4 თთვესა. მათ ეძლეოდათ ულუფად პური, არაყი, თვითო ხელი ტანსაცმელი და მეექვსესა თთვესა, მოსალოდინებელსა რუსისა ჯარისა დაბარებულისა მოსვლისა დროსა უნდა მისცემოდათ თვითოსა კაცსა თთვეში 30 მანეთი. იტყვიან მოხუცნი, მახსოვარნი დროთა ამათ, რომელ ლეკნი სტაცებდენ ქალაქისა მცხოვრებთა ქუდთა, ოდესმე იდუმლ და ოდესმე ცხდად; _ გარნა იყვნენ მორჩილნი ბელადისა და ეშინოდათ მისისა სამართლისა.

უკანასკნელთა დროთა ზაფხულისა თთვეებსა, გიორგი ციციშვილმან მეფის ბრძანებითა წარიყვანა 500 ლეკი ყარსისაკენ მოსახილველად ვითამცა სამძღვართა. სცნეს ესე თათართა ოსმალთა და განემზადნენ საომრად, მოეგებნენ ჯარსა ჯარითა. ოდეს შევიდა ყარსისა სოფლებში, ბრძანა აკლება სოფლისა აჯალღუსი, სადაცა იყვნენ 200 მეკომური მცხოვრებნი და ვაჭარნი უფროსი ერთი თათარნი და მცირედ სომეხნი. _ ღამესა ერთსა აიკლო სოფელი. სპილენძეულნი, ოქროდ და ვეცხლად იშოვეს ათასისა თუმნისა: ცხენი და ჯორი მრავლად, ცხვარი და ძროხა მრავლადვე. დღესა მესამესა დაბრუნებულსა ლეკისა ჯარსა და მათსა სარდალსა გიორგი ციციშვილსა მოეწივნენ 700 ოსმალო, და დაესხნენ მძინარეთა და ქმნეს დიდი მუსრვა ლეკთა. გიორგი ციციშვილი ჯერეთ ფხიზელი გამოიქცა და თან მიჰყვნენ ქართველნი. ლეკნი სხვად ბანაკად დაბანაკებულნი დაშთნენ თურქთა ტყვედ და მათ სჭრეს მრავლად თავნი. გიორგისა ოსმალნი ვეღარ მოეწივნენ და დააყრევინეს იავარი მათი, გარდა ფულისა და ნივთთა, რომელნიცა ეშოვნა სარდალსა. მეფემ სცნო ესე, დიდად შესწუხნა: „გოგიავ! რა მიყავ ესე?“ _ უბრძანა განგრძელებულითა ხმითა მეფემან. _ „შე კურთხეულო, _ მოახსენა _ თვითოს ლეკისა თავში უბოძებ თვითოს ოქროსა და მე 500 ლეკსა ერთ დღეს მოვაჭრევინე თავი, რა დაშავდა ამით? ჯილდოცა მერგება“.

მაშინ უბრძანა მასვე სარდალსა გისტუმრონ ლეკთა დანარჩენი ჯარნი. ამას მისცა თვითოეულსა პირობისამებრ კუთვნილი ჯამაგირი და ბელადსა მურადას უბოძა თოფი კეთილი, წყვილი დამბაჩა, ხმალი, ათი თუმანი ფულად, ტანსაცმელი სრული და ერთიცა ცხენი იაბო. რუსთა ჯარი მოსულიყო დუშეთსა, ვითარცა აცნობეს ესე მეფესა და არღა ეშინოდათ მტერთაგან, რომელთაცა აღერებდნენ იდუმალ განფანტულნი მეფისა ძმანი ქართლისა და კახეთისა მხრით. _ (თავი XXXVII).

ძმათაგან და გარეთა მტერთაგან შეწუხებული მეფე არღა ჰხედავდა ქვეყანასა მტკიცედ დაბინავებულად. ამისთვის მოინდომა და თუმცა დიდის ღელვითა, გარნა გაბედა და მისწერა დესპანთა თვისთა, რუსეთისაგან განმზადებულთა შემდგომი წერილითი დარიგება და ჰაზრი თვისი უკანასკნელი და გარდაწყვეტილებითი:

„წელსა ჩღჟთ (1799), სეკტემბრის ზ (7) ჩვენ მიერ მოცემულნი მათისა იმპერატორებისა დიდებულების წინაშე წარსაყენებელნი ჰაზრნი მოხსენებანი, რომელნიცა ჩვენგან წარვლინებულთა ჩვენს ერთგულთა ყმათა უფალთა დესპანთა მოგეცათ:

უმსხვერპლეთ ყოველი სამეფო და სამფლობელოჲ ჩემი უზაკველითა ქრისტიანებრითა ჭეშმარიტებითა მსხვერპლებითა და დაუდევით არა თუ მფარველობასა ქვეშე უდიდებულესსა დიდსა რუსთისა საიმპერატოროსა ტახტსა, არამედ დაანებეთ სრულსა ნებასა და მზრუნველობასა მათსა, რათა ამიერითგან დაიდვას სამეფო ქართლოსიანთა საიმპერიოდ რუსეთისად წესითა მით, ვითარცა სხვანი იგი რუსეთსა შინა პყრობილნი პროვინციანი სარგებლობენ.

შემდგომად მსხვერპლებისა ყოვლად უმდაბლესად წარუდგინეთ იმპერატორსა დიდსა რუსეთისას, რათა ჟამსა მისგან საქართველოსა სრულსა ძალასა და ნებასა შინა თვისსა მიღებისასა განამხნოს პუნქტსა ამას შინა თხოვილი ჩემი ყოვლად უმოწყალესითა აღთქმითითა წერილითა ვითარმედ სახლსა შინა ჩემსა არა აღაყენოს მეფენი, გარნა ოდენ სამეფოს მემკვიდრითი მემკვიდრე ვითარცა წინაპარნი ჩემნი.

ისეთივე ითხოვეთ ყოვლად მოწყალისა ხელმწიფისაგან ყოვლად უმდაბლესად თქვენ მიერ მირთმეულითა წერილითა ყოვლისა რუსეთისა იმპერიასა შინა საშესაბამო აგარაკნი ჩემთვის და ძეთა ჩემთათვის საბოლოოდ და სამკვიდროდ, რომლისაცა ბოძება იქმნების ჩემთვის უმწვერვალესის შეკრულობის ნიშნად.

ესრეთვე ითხოვეთ ჯამაგირიცა ჩვენთვის, საშესაბამოსა სახითა. უკეთუ ჰაზრი ესე არ მიღებულ იქმნას, მაშინ ყოველი დამოკიდებულება ჩვენი იქმნების დახსნილი თვინიერ ურთიერთისადმი მეზობლურისა ქცევისა. მ ე ფ ე ს რ უ ლ ი ა დ ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო ჲ ს ა გ ი ო რ გ ი“ (1).

წერილისა ამის ძალითა, იმპერატორმან პავლე დაუნიშნაო მეფეთა და მეფის ძეთა სოფელნი და ყმანი და მამულნი რუსეთისა გუბერნიათა შინა. თვით დესპანსა გარსევან ჭავჭავაძესაც უბოძა მამულები. გარნა აკტი ესრეთი, ხელმოწერილი თვით იმპერატორისაგან არ აღსრულდა და არცა ბოძებამან ამან მოიღო ძალი აღსრულებისა, გარდაცვალებისა გამო თვით იმპერატორისა. ესე მიამბეს შვილმან გარსევანისა ღენერალ-ლეიტენანტმან ალექსანდრე ჭავჭავაძემან და მეფის ძეთა.

დიდად სწყალობდა ქართველთა იმპერატორი პავლე. აქ თფილისის არხივში მინახავს მისგან კნორრინგთან მთავარმართებელთან მოწერილი წერილი ნამდვილი, რომლითაცა უბრძანებს წარუვლინოს სია დიდთა ქართველთა გვამთა და ღირსთა, რათა უბოძოს მათ ღრაფობა, ბარონობა და რომელთამე ორდენიცა ანდრიისა. _ (თავი LXVII).

დესპანთა ამათ მეცადინებითა შესდგა და დამტკიცდა ტრაქტატი, მიღებული იმპერატორისა პავლესაგან.

აჰა თვით ჰაზრნი და მუხლნი ტრაქტატისა ამის, რომელიცა იპოება დაბეჭდილსა ფრანციზულად წიგნსა შინა როტიესსა (2):

„1799 წელსა, 23 ნოემბერსა, შედგა ახალი ტრაქტატი შორის პავლე იმპერატორისა და გიორგი მეფისა შემდეგი:

1.

მისი დიდებულება იმპერატორი ყოვლისა რუსეთისა მიიღებს ტიტულსა „მეფე საქართველოჲსა და შემდეგნი მისნი მემკვიდრენი“.

2.

ძე მეფისა გიორგისა დავით ტიტულსა „განმგე საქართველოჲსა“ და გარდავალს ესე შთამომავლობითა პირმშოდამ პირმშომდის.

3.

საქართველოჲსა ერი და მუნ მსახლობელნი 12 წლისა განგრძობასა, არ გაიღებენ არასა ხარჯსა, რათა დაეწყვნენ თვისსა მდგომარეობასა შემდეგ ესოდენთა ბრძოლათა. განმგე საქართველოჲსა მიიღებს რუსეთიდამ 12 წელსა მისთვის და სამეფოსა სახლისა წევრთათვის 20.000 თუმანს (200.000).

4.

მადანი ოქროჲსა და ვერცხლისა ახტალას და მისხანასა (მიშხანასა), შევა რუსთა განმგეობაში და იმითი აივსება ზემო თქმული ჯამი ფულისა.

5.

6.000 რუსისა ჯარი სრულისა კომპლექტითა იდგება საქართველოში. ქართველნი გამოვლენ ცხენოსნად ამა ქვეითისა ჯარისათვის.

6.

ქართველნივე მოაგროვებენ ჯარსა ესოდენსა, რაოდენიცა საჭირო იქმნების დასაცველად სამზღვრებისა.

7.

რუსნი წარმოგზავნიან ინჟენერთა თვისთა აღსაშენებელად და განსაახლებელად ციხეთა მათ ადგილთა ზედა, სადაცა დაინახება საჭიროდ.

8.

ფულსა, მოჭრილსა თფილისში, ექმნება ერთსა მხარეს ღერბი რუსეთისა და მეორეს საქართველოჲსა.

9.

საზრდო რუსეთისა ჯარისათვის მოიყიდება იმავე ფასითა, რომელიცა იქმნება დანიშნული ადგილობრივთა მცხოვრებთათვის.

10.

როდესაც მოხდება აღწერა ხალხისა, უნდა იქმნას კომლეურად და არა თვითო სულად (3).

(ხელმოწერილია):

რუსეთისა მხრით
რ ო ს ტ ო პ ჩ ი ნ ი ღ რ ა ფ ი.
საქართველოისა მხრით ა ვ ა ლ ო ვ ი.
ფ ა ლ ა ვ ა ნ დ ო ვ ი. _ (თავი LXVIII).

ტრაქტატსა ამას შეუდგნენ განმარტებანი ვრცლად, რომელთაცა ეწოდება დიპლომატიისა ევროპისა ენითა ნ ო ტ ა ნ ი და დაიწერა თვით დესპანთაგან, შემდგომად გარდაცვალებისა მეფისა გიორგისა. აჰა თვით ესე ნამდვილნი:

1.

პყრობილებისამებრ ჰაზრისა პირველისა მის პუნქტისა, რომელიცა მიცემულ იქმნა ჩვენგან ვიდრე სიკვდილამდე მისისა სიმაღლისა მეფისა საქართველოჲსა ხელმწიფისა ჩვენისა სახელითავე მისითა მაღლისა მინისტრისადმი, რომელიცა ბრძანებისამებრ მისისა (4) იმპერატორების დიდებულებისაგან წარგზავნილ იქმნა საქართველოსა შინა წერილებით... (ეს ტექსტი მთლიანად არის მოცემული წერილში „გიორგი მეფის გარდაცვალების შემდეგ“, აქ კი, მისი დიდი მოცულობის გამო (13 კომპიუტერული გვერდი) მხოლოდ დასაწყისი მოვიყვანეთ _ ი. ხ.)

1799 წელს თთვესა ნოემბერსა 26 შემოვიდა თფილისსა ჯარი რუსისა ე. ი. პოლკი ლაზარევისა. მეფის ძენი დავით და იოანე წინა უძღოდენ მას დარიალისა გზით. მეფის ძე ალმასხან ანუ ვახტანგ, უნებლიეთ მიეგება ანანურსა და თან ჰყვა 30 აზნაური კარისა თვისისა კაცნი და მოხელენი: გოშპარ, დიმიტრი და დურმიშხან კობიაშვილნი; გლახა ჭილაშვილი და გრიგორი ყარანგოზაშვილი პირველობდნენ მათ შორის (5). გონიერთა ქართველთა უხაროდათ რუსთა ჯარისა შემოსვლა, ვითარცა ერთ მორწმუნისა ერისაგან ელოდნენ ქვეყანისა დაცვასა. მეამბოხენი და მეფისა იდუმალ წინააღმდეგნი იტყოდენ სხვად: განმარტებდენ ბოროტად და ჰგონებდენ მეფობისა და სამეფოჲსა ღალატობასა; მეფემან, წინათ ცნობილმან, მოუმზადა 4000 კოდი პური, რომელიცა ეშიკაღაბაშმან თამაზ ორბელიანმან და სვიმონ ანდრონიკაშვილმან, მეფისა სიძემან, მოატანინეს ურმებითა. სადგურად ჯარსა დაუნიშნეს საბურთალო ახლოს მტკვრისა, 12 ხაბაზნი აცხობდნენ ჯარისათვის პურსა თფილისსა და გოდრებით ურმითა მიაქვნდათ. მესამესა დღესა სალდათთა თვით იწყეს ცხობა პურისა ფეჩში მომჟავოდ: ვერ იამათ ჩვენებურად მცხვარი პური. დიღმისა მოურავნი დღე-ყოველ უზიდავდენ შეშასა... მასვე დროსა მიეწერა ფიცხელი ბრძანება ნინია სუმბათიშვილსა ნათლუხისა მოურავსა, კომლზედ სამოურავოჲსა მისის შესწერდეს თითო ურემი შეშა რუსისა ჯარისათვის და მომზადდეს ესე დეკემბრისა თთვისათვის 1800 წლისა. მეფე განვიდა ცხენითა საბურთალოს, მიბრძანდა და ნახა; დაიკრა მუზიკა, გამოეჭიმა ჯარი; ღენერალმან მოართვა რაპორტი რუსულად და ქართულად დაწერილი. _ მიუახლოვდა მეფე და უბრძანა მაღლის ხმითა: „გამარჯვება ქრისტეს მოყვარესა მხედრობასა“, მაშინ შეჰკივლა ჯარმან სიმრთელე მეფისა, რუსთა ჩვეულებითა. „ვეცდები ღენერალო, არა დავაკლო არა რაჲ ჯარსა; რასაც მოითხოვთ აღგისრულდებათ!“ _ ესე იყო დილით. რავდენნიმე ასნი კაცნი დააყენეს თფილისსა, სადაცა შემოვიდა ჯარი მუზიკითა, და წინა უძღოდა 15000 კაცი მცხოვრებთაგანი და იყო ციხიდამ სროლა ზარბაზანთა და რეკა ზართა.

ამასვე დღესა საღამოზედ კვალად წაბრძანდა მეფე სანახავად მათისა ბანაკისა და ისიამოვნა დიდად ხილვა სალდათთა, თავისუფლად, კარგათ ჩაცმულთა და მომღერალთა, სიმღერანი მათნი ბოხისა ხმითა ყვირილითა, ცქვიტად წარმოთქმული, მოიყვანდა მეფესა განცვიფრებაში, _ „გმირული მღერაა, რუსთა სიმღერაო, სარდალო, _ უბრძანებდა იოანე ორბელიანსა, _ მხნენი უნდა იყვნენო. ახლა ვხედავ და მრწამს, რომ ადვილად შეგვიშინებს და მოერევიან ჩემთა მტერთაო. ამათ ვერ დაუდგება ვერცა ლეკი, ვერცა სპარსი და თურქიო. ჩემისა ქრისტეს ძალითა, განსვენებით ვიქმნებით ამიერიდგანაო. _ მაცხოვარო! შენ შეგვეწიე!“ _ წარმოსთქვა მეფემან ქუდ მოხდითა.

შემდგომად ათისა დღისა ინება მეფემან მოსმენა რუსულად წირვისა. მოვიდა ბატალიონისა მღვდელი და მგლობელნი სალდათნი სასახლისა წმინდისა გიორგისა ეკკლესიასა. ყოველი იყო რუსულად. დიდად მოეწონა მეფესა წირვისა წესი, მგალობელთა მოიყვანეს მეფე ლმობიერებასა და ბრძანა: „უცხოთ სცოდნიათ გალობა“. მოხსენებისა დროსა იმპერატორისა და სახლეულთა მისთა მღვდელმან მოიხსენა მხოლოდ მეფე და დედოფალი. მემკვიდრემან დავით იწყინა ესე და აყვედრა მღვდელთა რუსულისა ენისა მცოდნეთა ზაქარია სიდამონსა, იოსებ წინამძღვარიშვილსა და იოანე ქართველოვსა (6) დავიწყებისათვის მისისა, ოდეს მისცემდენ იგინი რუსისა მღვდელსა წირვისათვის დარიგებასა. _ შემდგომად წირვისა მეფემან მიიწვია ღენერალი და მღვდელი თვისთანა სადილად და მგალობელთა რუსთა სალდათთა თვით თვისის ჯიბიდამ მათთან ამოღებული უბოძა 4 მანეთი ფულად წვრილისა აბაზებისა. _ (თავი CXXII).

..... დანიშნეს დღე დაფიცებისა და წყალობითა გამოცხადებისა 1 დეკემბერი. სასახლიდამ ანჩის-ხატისა ეკკლესიადმდე იყო დადგენილი ჯარი ორპირად და შუა მათსა განვლეს მეფემან, დედოფლმან, და ყოველთა. ღენერალი ლაზარევი განაგებდა ჯარსა. კათოლიკოსი ანტონი, მთავარ ეპისკოპოსი იუსტინე, არსენი თფილელი, იოანე ბოდბელი, სტეფანე რუსთველი იყვნენ ერთსა დღესა ანჩის-ხატისა ეკკლესიასა შინა მწირველნი. აქა დაესწრენ ყოველნივე კარისკაცნი, სარდალნი და მოხელენი, თვით დედოფალი მარიამ, მეფის სახლისა ძენი, რძალნი და ასულნი, რომელნიცა გარდა დედოფლისა დარეჯანისა, იმყოფებოდნენ თფილისსა. თვით მეფე გიორგი და დედოფალი მარიამ თხოვითა კოვალენსკისა წარდგენ წინაშე საწიგნისა, წარიკითხეს ფიცითი აღთქმა რუსეთისა იმპერატორისა ერთგულებასა ზედა, მოაწერეს ხელი. მაშინ კათოლიკოსმან ანტონი დაადგა მეფესა გვირგვინი, გარდიკიდა თვით მეფემან ლენტი წმინდისა ანდრიასა, იპყრა ხელსა სკიპტრა, შემოირტყა ხმალი, გარემოიდვა პორფირი გორნოსტაისა და დასჯდა ტხტსა მორთულსა. თვით დედოფალმან დაიკიდა ორდენი პირველისა ხარისხისა ეკატერინასი და ვარსკვლავი ორდენისა ამის; ჩაიცვა კაბა ძვირფასი გორნოსტაითა გარემოდებული, დაიდგა თავსა ჯიღა გვირგვინისა ზვირფასი. მასვე დროსა მემკვიდრემან დავით მიიღო 1-ლი ხარისხი ანნას ორდენისა.

ოდეს არქიდიაკონმან დომენტი და მგალობელთა იწყეს ხელმწიფე იმპერატორისა და მეფისა გიორგისა მრავალჟამიერისა გალობა, მაშინ იქმნა ნარიყალადამ სროლა ზარბაზანთა. ესრეთ დამტკიცებული რუსთისაგან მეფედ საქართველოჲსა მეფე გიორგი, და მემკვიდრე დავით წარვიდენ სასახლესა ქვეითად; ეკკლესიიდამ სასახლედმდე ორპირად იდგა ჯარი რუსისა და იკვროდა მუზიკა. მცხოვრებნი თფილისისა უძღოდენ ზურნითა, დაფითა და საყვირითა. ყოველნივე ეხაროდენ მეფესა განმხიარულებულსა რუსთა ძალითა. მეფე ქრისტიანე ადიდებდა მეფესა ერთ მორწმუნესა, მართლმადიდებლობისა მისაყრდნობელსა. „აწ განისვენა გულმან ჩემმან, _ უბრძანა მეფემან ევთიმის მოძღვარსა თვისსა, _ მივის მცველად მეფობისა, იმპერატორი მართლმადიდებელიო“. მისრულთა სასახლესა, ულოცვიდენ სარდალნი და მოხელენი. ტრიფილმან მწიგნობარმან წარსთქვა იამბიკო ქებითი (7). ხელ-ჯოხიანმან თავადმან გიორგი ერისთოვმან მოახსენა სიტყვავე ქებითი (8). მეფემან გიორგი უბოძა თვითოს სალდათსა ორი აბაზი და მასვე დღესა თვითვე უბოძა სადილად, მარხვისა დღეთა გამო, ერთი ურემი დოში და ზურგიელი და ერთი ურემი ღვინო; ათი კოდი სისირი და მრავლად წნილი კომბოსტოსი.

მეორესა დღესა მინისტრმან რუსეთისა კოვალენსკიმ მოითხოვა, რათა ფიცითსა აღთქმასა ზედა მოაწერონ ხელი სარდალთა და კარისკაცთა, კათოლიკოსმან და მღვდელთმთავართა. ჰქმნეს ესე ყოველთა თანახმად მეფისა ბრძანებისა, ჯერეთ 26 ნოემბერსა ამავე წელსა. შესული თფილისს ჯარი რუსისა და ღენერალი ლაზარევი იყვნენ მცველად მეფისა და სატახტოჲსა ქალაქისა. ვჰგონებ ამავე დროსა იმპერატორმან პავლე უბოძა კათოლიკოსსა ანტონის თეთრი ბარტყულა ანუ კუნკულა შემკული ძვირფასად სერაბიმ-ქერუბინებითა. _ (დასასრული თავისა LXX).

მტერნი მიჩუმდნენ და იდუმალ დრტვინვიდენ: მაშინ გაიქცა ალექსანდრე მორედ სპარსეთსა და ეახლა ყარა-ბაღს ბაბა-ხანის შვილსა აბაზ მირზას და სარდარსა მისსა სულეიმანს. აქა იდგა ჯარი სპარსეთისა და ერევნის ხანისა მამად-ხანისა, დასაპყრობად საქართველოჲსა. მეფემ აცნობა ესე რუსეთსა და ესე იყო მიზეზი, რომელ მოვიდა თფილისს სხვა პოლკი რუსეთისა, რომელსაცა განაგებდა ღენერალი გულიაკოვი. ხოლო შემდგომად მეფისა განმხნევებულისა რუსთა ჯარისა მასთან ყოფნითა, ნაცვლად მოწოდებულისა რუსეთად კოვალენსკისა, იყო ღენერალი ლაზარევი.

სპარსთა, დროთა ამათ, აღრეულთა თვისსა ქვყნასა შინა, ვერ იგდეს დრო საქართველოდ შემოსვლისა, და რუსთა განდევნისა, ბაბა-ხანი განმზადებული ჯარებითა უკუ-იქცა ხოით და ნახჩევნით, რათა სძლიოს მეამბოხესა ძმასა თვისსა ჰუსეინსა, გაყაენებულსა ქვემო სპარსეთსა. ესრეთ უკუქცეულმან შეიპყრა ძმა თვისი, დასთხარა მას თვალნი და საქართველოსა მიეცა დრო განმტკიცებისა რუსთა ჯარისა მფარველობითა. _ (თავი LXXI).

ამასვე დროსა მოვიდა იბრაიმ ბეგი ახალციხის ფაშისაგან გამოგზავნილი თხოვითა, რათა მეფე შევიდეს ხონთქარის სელიმის მფარველობასა და აღუთქმიდა ახალციხისა და სრულიად სამცხისა შეერთებასა სამეფოჲსა თანა მეფისა, ვითარცა იყო ძველად. მეფემან იწყინა და უბრძანა სრულიადი უარი. რუსთათვის გზისა გასაკეთებლად დარიალიდამ იყვნენ გაგზავნილნი შანშე ერისთვისშვილი, გლახა ბაბანაშვილი და ნაცვალი ქალაქისა მიკირტუმა სურგუნაშვილი. მაშინ ჩერქეზიშვილმან დავით, კაცმან სიტყვამარჯვემან და ახალციხისა ფაშის მახლობელმან, მოახსენა მეფეს: ბატონო მეფევ და კარისკაცნო დარბაისელნო: რომ აღებთ კავკასიის კარსა, შეიძლებთა თვისსა დროსა დახშვასა მისსა? _ „დახშვა კარისა ამის, _ უბრძანა მეფემან, _ იქმნება დახშვა ქრიტიანობისა კარისა; ამისთვის ჯვარი ქრისტესი, რომელსაცა ვესავთ, იქმნება თვით მცველი კარისა, რომელსაცა თვით ჯვარცმული მასზედ დახშავს და განაღებს დასაცველად თვით მეფობისა და მეფეთა, ოდეს თვით ჯერ იჩენს საჭიროდ“. _ (თავი LXXII).

მეფესა გიორგის დიდად უყვარდა კოვალენსკი, რეზიდენტი და მინისტრი რუსეთისა თფილისში. იყო კაცი ტკბილი, სათნო და ნამდვილ ერთგული მეფისა, შეჩვეული ქართველთა წესთა პყრობისა, მანვე მოართვა მას სამეფო რეღალია ანუ ნიშანნი მეფობითნი პეტერბურღიდამ თფილისსა წარმოვლენილი პავლე იმპერატორისაგან: გვირგვინი, ხმალი, პორფირი, სკიპტრა, ტრონი, დროშა და I ხარისხი წმინდა ეკატერინასი დედოფალსა მარიამს. ამისთვის აჩუქა და მიუბოძა მას ბაღი ყაბახისა თავსა ჩრდილოეთით მდებარე, რომელიცა ძველად ეკუთვნოდა იასე მეფესა და რომელსაცა შინა თვით იასე, ვითარცა მაჰმადის სარწმუნოებისა მექონი, ჰმარხია. აწ ბაღს ამას ეწოდების ბაღი ინჟენერთა. ვითარ მოეღო მას ესე ციციანოვისა დროთა, რომელმანცა განაძია იგი საქართველოდამ, ვითარცა ბოროტმომხმარებელი თვისისა წოდებისა, _ არა ვუწყი. მხოლოდ მახსოვს ცოლი მისი, მოხუცი ქვრივი მოარული ხშირად მემკვიდრისა დავითის მეუღლესთანა ელენე მეფისა რძალთან 1831 და 1832 წელთა შინა ქ. ს. პ. ბ. _ (თავი CIV).

რუსეთისა ჯარსა მოუძღვა ღენერალ-მაიორი ლაზარევი სახელით ივან პეტროვიჩი, ოდეს იხილა მან მინისტრი რუსეთისა კოვალენსკი დაახლოვებულად მეფისა, შესწუხდა შურითა და არ აღასრულებდა არა რომელსამე მისსა ბრძანებასა და არცა თვით მეფისა სურვილსა. სულგრძელებითა სავსე მეფე მეცადინებდა ჰქმნას ყოველივე სათნოდ მისა: უგზავნიდა საჩუქართა მას და დედოფალიცა მარიამ ყმაწვილსა 20 წლისა ცოლსა მისსა ქსენია სტეპანოვნას და ორსულსა. მეფის ასულნი მივიდნენ სანახავად და დროჲსა გასტარებლად მისისა ცოლისა, და ესე გულგრილად მოექცეოდა მათ. 24 ნოემბერსა ეყოლა ცოლსა ქალი. მეფემან თვით ინება ექმნეს მას მიმქმელად. უბრძანა განუცხადონ სურვილი ესე მეფისა თვით ლაზარევსა და ცოლსა მისსა. გარნა ცოლი მისი 1 დეკემბერს გარდაიცვალა და ქალსა ახალშობილსა ექმნა მიმქმელად არა მეფე, არამედ დედოფლი მარიამ და უწოდეს სახელად ალექსანდრა, რომელიცა სუბედუროდ მამისა, ხასიათით დაუწყნარებელისა, მოკვდა 7 დეკემბრს.

მრავლად მეცადინებდა მეფე მისსა პატივისცემასა. ბრძანა დაასაფლავონ გვამი ცოლისა და ქალისა მისისა სიონისა ეკკლესიასა; აღასრულონ ყოველივე სათხოვარი მისი მსწრაფლ და დაუყოვნებლივ. რაოდენცა მეფე მეცდინებდა მისსა დაკმაებასა, ეგოდენ ღენერლი უჩვენებდა უსიამოვნებასა მეფესა და მხლებელთა მისთა. გამოიყვანა მოთმინებიდამ მხლებელნი მეფისა დარჩია მელიქი, სულხან თუმანიშვილი, ქალაქის მოურავი და თვით მინისტრი კოვალენსკი. ვერ ააჩქარა ვერავინ სულგრძელი მეფე გიორგი.

მეფესა უნებდა წარვლენა რუსისა ჯარიდამ 400 კაცისა გორსა, დასასუსტებლად მუნ მეფის ძის იულონის განძლიერებულისა. ურჩებამან ლაზარევისა ვერ მოიყვანა აღსრულებასა ესრეთი ჰაზრი მეფისა დასამშვიდებლად აღრეულობისა, უნებდა მეფეს ჩამორთმევა საუფლისწულოებისა, რომლითაცა იყო დაგლეჯილი სამეფო.

თვით სალდათნი ჯარისა სწუხდენ ღენერლისა თვისისა უგვანობასა და სიფიცხლესა და რადგანაც ექცეოდნენ სალდათნი, ამისთვის გამოსცა მეფემან ბრძანება ფიცხელი, ყოვლგან შეუკრან გზა გაქცეულთა სალდათთა.

მემარხულე მეფე ურმითა უგზავნიდა ჯარსა მართლმადიდებელსა დოშსა, ზურგიელსა და ღვინოსა; ლაზარევი ყოველსავე იწუნებდა. მხოლოდ მეფე ყოველსავე მოითმენდა და უბრძანებდა: „არა რაჲ აწყენინონ გულფიცხელსა, გარნა საჭიროსა ღენერალსა: არამც წყენითა მისითა, ვაწყენინოთ ლინიაზედ კნორრინგსა და ამისით თვით უმაღლესსა იმპერატორისა კარსა“. _ მომდურავსა ღენერალსა მიუჩინა შვილი თვისი მეფის ძე იოანე და ვერც ამან დაამშვიდა ამბოხი და მეშფოთე და მოუსვენებელი გული მისი.

ესოდენი აქვნდა სულგრძელება მეფესა, რომელ არ მიხედა ლაზარევისა აღშფოთებასა და თვით დაესწრო ცოლისა მისისა დასაფლავებაზედ, თვით სიონის ეკკლესიასა შინა და უბრძანა სასახლის კაცთაცა პატივსცენ და ნუგეშად მისსა მივიდნენ და დაესწრნენ მუნ. დღისა ამისთვისცა კვალად უბოძა სალდათთა მისისა ჯარისა თევზითა და პურითა ხორაგი მარხვისა დღეთა გამო დეკემბრისა თთვეში. _ მეფისა თხოვნითა თვით კათოლიკოსმან ანტონი აუგო ანდერძი გარდაცვალებულსა ცოლსა მისსა ქსენიასა. ვერცა ამით, ვერცა მრავალგვარითა ალერსითა, ვერ მოიგო მეფემან გული განფიცხებულისა ლაზარევისა.

ეს ლაზარევი მოიკლა არა დედოფლისაგან, რომელსაცა მიაწერეს ესე, და არც ჯიბრაილისაგან. დროსა მას, როდესაც ლაზარევმან კ. ციციანოვისა ბრძანებითა შემოარტყა ჯარი დედოფლისა სასახლესა და შევიდა თვით ლაზარევი გამოსაყვანად მისსა, იყო დილა და 8 საათი დილისა, დედოფალმან მოსთხოვა დრო და მოთმინება: „შვილებსა წვრილებსა სძინავთო“. ლაზარევმან ესე თხოვა არ მიიღო, გაბედა და სტაცა ხელსა და მრისხანედ უთხრა: „ეხლავ გამოდითო! ჯარი ვერ მოგიცდისთ დიდხანსაო“. მაშინ მუნ მყოფმან თავადმან ნიკოლოზ ხიმშიაშვილმან მსწრაფლ ამოიღო ხანჯალი და სცა ლაზარევს მუცელში. ლაზარევი წაიქცა, და თვით ხიმშიაშვილი მეორის ეზოს ბალკონით გავიდა ქალაქიდამ და გაიქცა ახალციხეს და მუნ მოკვდა 1807 წელსა.

შეესივნენ ჯარისა კაცნი და გამოიტანეს მოკლულისა ღენერლისა გვამი. თვით დედოფალი დასჭრა ხმლითა მკლავში სომეხმან ..... კაჭკაჭიშვილმან, პოლიციისა კვარტერლინმან. ჩასვეს ტახტრევანს იგი და შვილი მისი მეფის ძე ხუთის წლისა ირაკლი და წარიყვანეს რუსეთად, და დაასადგურეს ბელგოროდს.

მოკვლა ლაზარევისა ხიმშიაშვილისაგან ცნობილი სხვათაგანცა მრავალთა, თვით მიამბო დედოფალმან მარიამ. _ (თავი LXXIII).

მეფესა არ უყვარდა სიარული და შექცევა ბაღებში. _ მხოლოდ პატივიცემისათვის ძისა თვისისა დავითისა, სამეფოჲსა თვისისა მემკვიდრისა, _ ეწვია მას ბაღში, სადაცა ქართულითა და რუსთა წესითა ჰქმნა სადილი დიდი და მიიწვია რუსისა ღენერალნი, ჯარისა თფილისს მოსულისა აფიცერნი და ჩინებულნი ჯარისა და ქალაქისა. მუზიკა რუსული და ქართული და მომღერალნი ამხიარულებდენ შეკრებილთა. კათოლიკოსი და ეპისკოპოსნი და სამღვდელონიცა იყვნენ მუნ მიწვეულნი, _ ქალნი არა.

ბაღი ესე იყო ორთაჭალას, შემდგომად მეფის ძისა რუსეთისაკენ წასვლისა მიეცა იგი დოსითეოზს არქიეპისკოპოსსა გვარითა ფიცხელაურსა, და შემდგომად ამისცა შეისყიდა იგი სომხმან თფილისელმან, მოქალაქემან ტერშიმოვანმან; _ დღესაც მემკვიდრეთა მისთა უპყრიესთ იგი სავაჭროდ და არა სალხინოდ; ესრეთი ცვალებადი არს სოფელი ესე და ყოველივე სოფლისა. _ (თავი XLVII).

...თაფარავანით გადმოვლო მთა საციციანო და მოვიდა ქარელსა; აქედამ მიიწვია მროველმან ეპისკოპოსმან რუისისა; განვლო მტკვარი ტივით, დაჰყო მასთან სამი დღე. აქედამ ამილახვარმან ოთარ ისტუმრა ტივით ოთარაშენსა, მისგან დადგინებულსა სოფელსა და სასახლესა; მოსრული გორსა მანვე მოიწვია ამილახვარმან, ვითარცა გორის მოურავმან. აქედამ ღამისთევითა განატარა გორისჯვრის ეკკლესიაში მწუხრი, ცისკარი და წირვა. _ ამასვე დღესა დაწინდეს მისსა ქალსა ელენეზედ მეფის ძე თეიმურაზ, რომელსაცა არა სურდა იგი ცოლად მიზეზისათვის მის, რომელ იგი იყო პირველ დანიშნული მის ძმაზედ მემკვიდრეზედ დავით, რომელმანცა მამისა არა უთანხმოებით შეირთო ცოლად სომეხთა აბიმელიქის სვიმონისა ქალი. _ შემდეგ ორისა დღისა მთაზედ ყოფნისა, მეფე შეიქმნა ავად, და წარმოვიდა მუნით რა ცხენით, დასვეს ტივზედ და ესრეთ მოიყვანეს ქალაქს თფილისს... _ (ნაწყვეტი თავისა LVII).

ვითარცა მეფეთა ტომი და მეფის ძე და მეფე _ იყო მეფე გიორგი ღირსებითა აღსავსე; მრისხანე ბოროტთათვის, მძლავრი ამაყთათვის და მეშფოთეთა, მდევნელი მდევნელთა, მცემელი მცემელთა; მასვე დროსა ტკბილი კაცთადმი ტკბილთა, მშვიდი მშვიდობისა მოყვარეთადმი, აუჩქარებელი მყუდროთადმი, ნუგეშინისმცემლი მწუხარეთადმი, ობოლთა და ქვრივთა შემწყალებელი; მცირედთა თანა იყო მცირე, მდაბალთა თანა მდაბალი; მღვდელთა პატივისმცემელი, დიდთა კაცთა თანა ყოვლად დიდებული, მეტადრე მაშინ, როდესაცა როგორმე განარისხებდენ მას ანუ მომატებულითა და განუზომელად თქმულითა სიტყვითა ანუ უკადრისითა ლექსითა, ანუ უზდელობითა. მოკლედ და ძრიელად უბრძანებდა სიტყვასა მდაბალთა კაცთა მომჩივართა; ღიმილითა მოისმენდა მათთა თქმათა ოდესმე უჯეროთა და უგვანოდ მოხსენებულთა. რისხვასა მისსა ესე ვითართათვის შეამეცნებინებდა მათ დაფიქრებულისა და უპასუხოჲსა დუმილითა. იყო ვითარცა ლომი, რომელიც არაოდეს არ იცვლის პირისა სახესა, თვისსა საპატიოსა, მეფურსა და დიდებულსა. დიდთა საგანთა ზედა საღმრთოთა და საქვეყნოთა მოუბარი, ხშირად გარდავიდოდა შესაქცევთა, გარნა არა უშვერთა, საქმეთა ზედა და ოდეს სრულყოფდა თქმასა და მოთხრობასა, თვითვე ბრძანებდა ლექსად ძველადვე თქმულსა სიტყვასა: „აი ჩემო მანასეო, ხან ისე და ხან ასეო“. მეფის ძე მიხაილ, შვილი მისი, ხშირად მეტყოდა ამასვე და მიბრძანა ძალი მისი: თეიმურაზ მეფესა მეორესა ახლდა ბერი მანასე სახელით და მას სადმე უბრძანებდა ამასაო ლექსად, ვითარცა თვით მელექსე... _ (დასაწყისი თავისა LXXVII).

ოთახი საწოლისა მისისა იყო მაღალი და გრძელი და ვრცელი. აღმოსავლეთით დიდსა თახჩაში ესვენნენ ხატნი შემკობილნი ძველად მდიდრად, წმიდანი ნაწილნი, ხელი იოანე მოწყალისა და წინაშე მათსა სამნი ოქროჲსა შანდანნი. ამათგან ერთი მეცა მინახავს მეფის ძეს მიხაილთან ს. პ. ბ., რომელთანაც ვსადგურობდი 1843 და 1844 წელთა. ესე შანდანი ანუ სასანთლე იყო 48 მისხალისა წონისა; ზედა წარწერილი ძელისადმი ჭეშმარიტისა შეწირულობისა ესრეთ: „შენ, ძელო ჭეშმარიტო, შემოგწირე სასანთლე ესე: ეს ძელი ჭეშმარიტი გივმა ამილახვარმან მიართვა დედოფალსა თამარს და მისმა სიმაღლემ მეფემან ირაკლი მე ძესა თვისსა გიორგის მიბოძა წელსა 1778. მისხალი არის 48“. სამხრეთისა მხრით ეკიდნენ სახენი ანუ პორტრეტნი პეტრე დიდისა, იმპერატრიცა ეკტერინა II, პავლე ხელმწიფისა, თეიმურაზ მეფისა, თვისისა პაპისა, მამისა ირაკლისა პერღამენტზედ ნახატი. ესე მაჩუქა მე თვით მეფის ძემან მიხაილ და მე მივართვი კნიაზსა მ. ს. ვორონცოვსა. ბუხრისა თავსა აღმოსავლეთითვე იდგა ზარისა საათი, მორთმეული რუსეთით კოვალენსკისაგან.

ჩრდილოეთით იდგა საწოლისა მისისა ტახტი ვრცელი და გრძელი, მდიდრად მორთული და წითელის ხავერდით მოდებული; კედლის სიგრძეზედ იყო მიკრული ხავერდივე. წინარე ტახტისა საწოლისა იდგა გრძელი სტოლი ხავერდ-ფენილი და იდვნენ მას ზედა საწერელი და ქაღალდები და შუაზედ ყუთი, რომელშიაც იდვა ბეჭედი თვისი ოქმთა საბეჭდი, ფული სახარჯო, ლაქა და საიდუმლონი მიწერ-მოწერისა ქაღალდნი. გასაღები ამა ყუთისა ექმნებოდა თვით მას მარადის ჯიბეში. დასავლეთით იყო გრძელივე ტახტი ხალიჩა და ქეჩა ფენილი, მუთაქებით მოდებული, მშვენიერ ნაქსოვისა ფარჩებითა გადაკრულნი. იატაკი იყო დაფენილი ერთისა მრთელისა, თვით ოთახისა ზომისა, მშვენირისა ოხროჲთა.

სნეულებისა გამო აქა მიიღებდა მახლობელთა საქმისა და მომხსენებელთა. აქვე ულოცავდნენ ცისკარსა და მწუხრსა. მეორესა დიდსა ოთახში, რომელსაცა აქვნდა სიგრძე 6 საჟენი და იყო მდიდრათვე დაფენილი, მიირთმევდა სადილსა.

დედოფლისა სადგომნი უმეტეს იყვნენ მორთულნი მშვენივრად და ძვირფასად გარემო ოთახებისა, თახჩებისა, იდვნენ მრავალნი სხვათა და სხვათა ნაკვთთა ჩინურნი ჭურჭელნი და ვერცხლულნი მრავლად.

ზემოჲსა სახლისა ნაჭერნი სადგურნი იყვნენ 22 და ქვემოჲსა სახლის, სადგურად მსახურთა და მხლებელთა პირთა, 22-ვე. ქეშიქთა ანუ მეფის მცველთათვის ცალკედ ნაშენსა სახლში იყო დანიშნული ექვსი ოთახი. მეფისა ქეშიქნი ყოველ დღე იყოფოდენ 25, მეფის კარისა ხარჯითა და ულუფითა.

გარდა სასახლის მხლებელთა, გარე სასახლისა სასახლისავე ოჯახნი დღე-ყოველ მიიღებდენ ხორცა, პურსა და ღვინოსა, და მარხვისა დღეთა ნაცვლად ხორცისა, ლობიოსა, სისირსა და სხვათა სამარხოთა. _ სახლსა ჩემსა აქვნდა დანიშნული დღე-ყოველ ერთი ლიტრა ხორცი, ერთი თუნგი ღვინო, 4 ჯიგანა და 3 ლავაში. ესე იყო მიზეზი, რომელ შემდგომად მეფობისა პაპასა ჩემსა მღვდელსა ონისიმეს დაუნიშნა იმპერატორმან ალექსანდრე პირველმან ციციანოვის წარდგენითა 200 მანეთი და იღებდა მას დღედმდე გარდაცვალებისა 1817 წელსა (9). _ (თავი XXI).

აღსავსებად მოთხრობათა ამათ მეფისა გიორგისათვის, ვსთხოვე მოხუცსა ბარბარე ოთარ ქობულაშვილის მეუღლესა და ომან ხერხეულიძისა ქალსა. მაცნობოს წრილით, რაჲცა იცის დამსწრე დროთა მისთა, ქალი ომან ხერხეულიძისა მდივნისა, რომელმანცა აღსწერა ცხოვრება მეფისა ირაკლისა (ციციანოვისა თხოვნითა 1804 წელსა) და თვით განსწავლული ქართულად მრავალთა წიგნთა წარკითხვითა, მწერს შემდეგსა...

(1) „მეფე გიორგი და თამარ ბატონის შვილი მეფისა ირაკლისა შვილები იყვნენ, აბაშიძის ქალის ანნას ნაშობნი. გარდაიცვალა ქალბატონი რძლობაში და შემდგომ შეირთო დადიანის ქალი დარეჯან. ამისგან მრავალი შვილი მიეცა მეფესა, მაგრამ გიორგისთანა არც ერთი იყვნენ. სახით მშვენიერი და ტანადი, მაღალი და ბრგე სანახავი. ჭკუით და სახით საქებელი. კაცობით ცნობილი. ბევრგან სწერია იმის გამარჯვებაები ოსმალეთზედა. იყო დიდი მლოცავი და მარხვის შემნახავი და მემარხულე. ყოვლის ბიწიერებისა (მოშორებული). უყვარდა მდიდარი სადილი, თუმცა სძრახამდენ, რომ ვითამ ბევრს საჭმელს მიირთმევსო, მაგრამ ჩემი ქმარი ფიცით ანბობდა, რომელიც სადილად სულ იმა სახლშია (sic), რომ რაც ერთის კაცის სამყოფია, მეტს არ მიირთმევსო; მაგრამ გრძლად უყვარს რომ სადილი ეშალოსო და ღვინოს უფრო მომეტებულსაო? მაგრამ ისეთს ღვინოს მიირთმევდა, რომ ეხლა სადღა იშოება იმისთანა ღვინო. იმათი სასმელი ღვინოს ვენახი უნდა აბეჩხარი ყოფილიყო, ესე იგი დაუბარავი და პატივი დაუყრელი, ამისთვის რომ ძალიან ცოტა გამოვიდოდა და კარგი. უცხვებოდა ხუთი რიგი პური: მურასა, საგარეჯო, შოთი, პირგაჭრილი პური და კაკალა პური. ამ პურის ხორბალი იყო მოტანილი ბაიდრიდამ, სადაც უკეთესია ყველაზედ. შაქარა აზნაური შიშნიაშვილი იყო მეგოდრე და იმას ებარა ხორბალიცა და ხაბაზებიცა და გამომცხვარიცა პურიცა. ამ შაქარას ხიზანი ისხდნენ და თითით არჩევდნენ ხორბალსა; მერე დაღერღდენ და ქერქს გადააძრობდენ და ისე დაიფქოდა. მეც ბევრჯელ მიჭამია ეს პური, რომ ეხლაც მახსოვს იმისი სიკეთე. მე მყვანდა დედიდა, გლახა შალიკოვის ცოლი. ეს იყო ნაზირი მეფის გიორგისა. როდესაც ნაზირის თავდგომით სადილს მიირთმევდა მეფე, მერე ყოვლისა საჭმლიდამ და ყველა პურიდამ ნაზირის სახლში მოიტანდნენ. მაგრამ რა ქება ვთქვა იმ საჭმელებისა. მართალია, ბლამანჟეები არ იყო, მაგრამ ჩინებულათ მასალებით და გემრიელათ გაკეთებული იყო და არ შეიძლებოდა იმათი სადილი, რომ შემწვარი ხბო არ ყოფილიყო. ეს ხბოც განგებ გასუქებული უნდა ყოფილიყო. გააგრძელებდა სადილს, და, რომ არ გაციებულიყო, ყველას ლავაში ეფარა, მერე ლავაშქვეშ შეჰყოფდა ხელსა და ყველა საჭმლიდგან თითოს ან ორს ლუკმას აიღებდა და ვინც სუფრაზედ დარბაისელნი უსხდნენ თითო-თითოთ უბოძებდა, ვისაც უფრო სწყალობდა. და ეს იყო დიდი მოწყალება და იამებოდათ. მერე მოისვენებდა და როდესაც გაიღვიძებდა, სამეფო საქმეს განაგებდა და ვახშამს არ მიირთმევდა. ეს იყო დიდი ფაქიზაობის-მოყვარული, ასე რომ ზომაზედ მომეტებული. საფენს და სახლს აწვალებდა ბევრის ბერტყითა და გვითა. ყულუხჩებს დღეში ათჯერ ხელს დააბანინებდა, როდის ფული შემოვიდოდა სამეფოდამ, ვინ გაუბედავდა რომ გაურეცხელი მიერთმევინათ. ხაზინადარი მეფისა იყო ქაიხოსრო სუმბათოვი. ის სულ იმ საქმეში იყო, რომ ჯერ თეთრს მიწით გახეხდა და მერე საპნით და ისე მიართმევდა. ჩემმა ქმარმა მითხრა: ბატონმა მაინდომა აბანოში წასვლაო. ფარეშებმა ჩაალაგეს აბანოს იარაღიო და მე და იოსებ მლიქოვსაც გვიბრძანა წაყოლაო. და ეს დიდი წყალობა იყო. შევყევითო, მაგრამ როგორ მივეკარებოდითო. მეაბანოემ რამდენ რიგად აბანაო და ის ემსახურებოდაო. ბატონის გამოსვლის დროს იოსებ მელიქოვი ადრე გამოვიდაო, ეგონა რომ იმსახურებდაო. გაბძანდა ბატონი და თვითონ ჩაიცვა, სარტყელი უნდა შემოერტყაო, მივიდა ეს იოსებ და სარტყელი ხელში აიღო რომ მიართვასო. უბძანა: რომ შენი ტანისამოსი შენ ჩაიცვი ყველაო და ახლა ჩემი სარტყელი აიღე მაგ ხელებითაო. დაუძახა ფარეშსაო, წაიღე ეხლავ, ქვა მოაბი და მტკვარში გადააგდეო. თუ არ გადაგიგდია, უთუოდ თავს მოგჭრიო. ეს იყო მშვენიერი ნარგიზი თირმა შალი. თავსაც დავსწერე და ახლაცა ვწერ _ დიდი მლოცავი იყო და ამისთვის დიდად ეწუხებოდა, რომ დავით ბატონიშვილი არ იქცეოდა ისე, როგორც მამას იამებოდა. რადგანაც დავით მემკვიდრე რუსეთში იყო გაზდილი, მარხვას სჭამდა და სარწმუნოებაზედ სუსტად იყო. გაუგზავნა მეფემ მოციქულად ელიაზარ მდივანი ფალავანდოვი (და ელევთერი) (10) და შეუთვალა თუ ჩემი სიამოვნება გინდაო, მარხვის ჭამაზედ ხელი აიღეო, და ეკკლესიაშიც ხშირათ იარეო. იმან შემოუთვალა: რაც მე მწამს, ის შენ გაგიწყრესო და შენ რაცა გწამს მე გამიწყრესო. ამ სიტყვას ვერ უბედავდა ელიაზარ მეფესა, მაგრამ ძალით ათქმევინა. მაშინ ბრძანა ფსალმუნი ესე: „დადგა იგი ყოველსა გზასა არა კეთილსა და ბოროტი მას არა მოეწყინაო“; დაჩუმდა და აღარაფერი ბძანა. დილის რვა საათიდამ მოჰყვებოდა და ორს საათს ილოცამდა; რომელსაცა ხატს სამთხვეველდ ვერ შესწვდებოდა, ჯოხის თავს მიადებდა, იმას ემთხვეოდა. ათს საათზედ პირის ბანას მოჰყვებოდა. დაიბანდა ხელებს ათის კვერცხის გულით, მასუკან სურნელის საპნით. არშიყი იყო თავის ხელებისა, რადგანაც მშვენიერი ხელები ჰქონდა. თორმეტს საათზედ გაბრძანდებოდა და შემოეხვეოდნენ დარბაისელნი და აგრეთვე მოაზრენი და საქმობდა სამ საათამდინ. მეოთხეზედ სადილს მიირთმევდა. სამი საათი ბძანდებოდა სადილზედ და ვახშამს არ მიირთმევდა. ღვთის მშობლის მიცვალების დღეს წირვაზედ ბძანდებოდა მეტეხში და მეტეხის დეკანოზმან იასე სულხანოვმა სთხოვა სადილზედ იმის სახლში მიბძანება. მეფემაც აღუთქვა და ესეც უბძანა: დღეს შენი სადილის მოტანა ისე უნდა იყოსო, ბოლოდამ მოყეო საჭმელების მოტანაო. ისეც აღასრულეს: პირველდ მიიტნეს ყველი, მერე შემწვარი და ფლავით გაათავეს. _ როდესაც მეფე ირაკლი გარდაიცვალა, მაშინ უბძანა მეფემ გიორგიმ თავის საყვარელს ალექსანდრე ეშიკაღაბაშს მაყაშვილსა: სტოლი დადგი, ქაღალდი და საწერ-კალამი გვერთ მოუდგიო, და ყველამ ხელი მოაწეროსო ჩემ მეფობაზედაო, და მერმე მრისხანედ შეუძახა: ვინც არ მოაწეროსო კარგად დაისწავლე და ან არ დამალოო. ყველამ ხელი მოაწერა, არ ვიცი, შიშით თუ სიყვარულით. ბევრი შეშინდა, რომ არ იამათ ამისი მეფობა და ამისთვის მეფის ირაკლის ნაახლი მოხელენი თითონ აღარ იახლა და ზოგს ძმა, ზოგს შვილი გამოართო და ისინი ახლდნენ. ვისაც რა წყალობა ჰქონდა განწესებული ულუფა და ჯამაგრი არავისთვის არ მოუშლია და დიახ რიგიანად მეფობდა, თუ სნეული არ ყოფილიყო. ძმები მტრობდენ, რადგანაც რომ ერთის დედის შვილები არ იყვნენ. ამისთვის მირიან ბატონისშვილმან მოინდომა, რომ მეფე გიორგი მეფობიდამ გამოიყვანოს და თავისი ძმა იულონ დასვას მეფეთა; დარეჯან დედოფალს სთხოვა შვილმა მირიანმა, რომ კახეთში უნდა წამობრძანდეთო, იქ უნდა გავამეფოთ იულონ და გიორგი დავითხოვოთო. დედოფალი არ დაეთანხმა და არ წაყვა. ეს შეიტყო მეფემ და ბძანა: მე რომ ძმა ვარო და ასე მტრობენო, ჩემს შვილებს სულ დახოცვენო. დაწერა პავლე ხელმწიფესთან და მიართო ქართლი და კახეთი და როგორც ეწერა ეს ყველას ცნობილი აქვს. გაატანა ეს წიგნი გარსევან ჭავჭავაძეს, ელიაზარ ფალავანდოვს და გიორგი ავალოვს. მაინც სამეფო არავინ იყო და ჩემს ყმაწვილობაში გამიგონია დარბაისელთაგან, რომ მეფობა არავის არ შეუძლიან იოანე ბატონიშვილის მეტსაო; ამისთვის რომ კაი ვაჟკაცი იყო და ბუნებითი ჭკუაც დიდი ჰქონდაო, ისე რომ არც ძმებს და არც ბიძებს იმდენი სამეფო საქმე და ქვეყნის მოვლა არ შეეძლოთ.

პლატონ! ეს დავსწრე, ამის მეტი არა ვიცოდი რა და შენ გაასწორე, თორემ წინ და უკან არის დაწერილი. მამა ჩემი იყო ლაშქარნავისი მეფის ირაკლისა, მაგრამ რადგანაც კაი მწერალი იყო, წერაში იხმარებოდენ მფეები. როდესაც ყეენი მოვიდა და ქართლში გადავსახლდით, ჩვენს მამულში, იქ იულონ ბატონიშვილს ახლდა ერთი წელიწადი. იულონ საერისთოში იყო. მეფემ ერისთავიანთ წაართვა და შვილს მისცა. იულონ არაფერს სარჩოს გვაძლევდა და წამოვიდა მეფეს გიორგისთან. პირველს ნახვაშივე უბძანა: ომან მდივანო, შენ მოახსენე ჩემს ძმას იულონსაო, რომ ქართლის გორის ციხე დავიჭიროთო: ქართლი ჩვენი შეიქმნებაო. არა შენი ჭირიმე, მოახსენა, ეგ მტრის ენა გახლავსო: თორემ ქართლში ბევრი გორის ციხეზედ უკეთესი ციხებიაო. მაშ კარგი, და წერილით მომახსენე მამის ჩემისაგან რაც წყალობა გქონდაო. დაწერა და მიართო. ყველა უბოძა, ჯამაგირიც და ულუფაც. ექვსი ლიტრა ხორცის ბარათიცა ყასაბაბაშს რიზაულიაზედ.

მეფის სასახლის ღვინის ქება რო დავსწერე, ის ღვინო იყო ზემო ხოდაშნისა ზვრისა, რომელიც რუსებმა გაჰყიდეს და ერთმა გამყრელიძემ იყიდა. თუ გნებავს ესეც დაწერე, რომ მეფეს ერეკლეს პირველს ცოლთან გიორგი და თამარი ყვანდა ორივ მშვნიერები. მე გამიგონია თეკლა ბატონიშვილისაგან: ჩემს დას თამარს ისეთი მშვენიერი თვალები ჰქონდაო, რომ ადამის გარდა ღმერთს იმისთანა თვალები არავისათვის გამოუმეტნიაო და მიუციაო (11).

(მეორე ბარათი)

(2) „პლატონ! ჩემი ქმრისაც ეს უნდა დაწერო, რომ ქობულაანთ ჰქონიათ მამა-პაპით კახეთის მდივნობა. ჩემი მამამთილი დავით მდივანი იყო, მთელი კახეთის განმგე და საყვარელი მეფის ირაკლისა, და იქაც ხომ დავწერე, რომ მამის ნახლები აღარავინ იახლა მეფემა. ამისთვის ბძანა: დავით მდივანო! შენ შინ მოისვენეო და შენი შვილი მაახლე და ახლად დაგიმტკიცებ მდივნობასაო. იმანაც აახლა უნცროსი შვილი ჩემი ქმარი ოთარ. ისიც ნუ დაგავიწყდება, რომ კახეთის მდივნობა რა იყო. რუსებს სეკლატრობა ჰგონიათ (12), მაგრამ მარტო არა. კახეთიდამ რაც სამეფო შემოსავალი იყო, ათის თავი მდივნებისა იყო და სამეფო სოფლებიდამ თითო მსახური უნდა ხლებოდათ“.

კნეინა ბ ა რ ბ ა რ ე ქ ო ბ უ ლ ო ვ ი ს ა. _ (თავი XXXVIII).

1800 წელს ჩამოვიდა დაღესტნიდამ ნურ მაჰმად 2000 კაცითა; _ მარტყოფის მთის ხეობითა განვლო საგურამო, გავიდა არაგვსა და შევიდა ტირიფონის გზითა ქართლსა და დაეცა სოფელსა საქაშეთსა დილით წირვისა ჟამსა კვირა დღეს. მებატონენი სოფლისა ამის თავადნი დიასამიძენი და გლეხნი, მტრის მოულოდებელნი იყვნენ ეკკლესიაში. ესრეთითა დაცემითა წარიტაცეს ტყვენი 60 კაცნი და ქალნი და მათთან ცოლი დიმიტრისა, დაჲ დიასამიძისა თინათინ (შემდეგ იყო ესე ცოლი მუხრანის-ბატონისა ბაგრატისა) და დედა ქაიხოსროსი, გარდაცვალებულისა 1862 წელსა; _ ბარბარე ამილახვრის გიორგის ცოლი და მღვდელი ილარიონ. _ პურითა, ქერითა, ერბოთი და საგზლით აბარგებული ნურ მაჰმად წარვიდა და დადგა მტკვრისა პირსა დოღლაურისა ბოლოს. მდევარი ქართველი წინ დაუხვდა და შეაყენა. 300 კაცი, რუსთა ჯარისა ქვეითისა, სურამს მყოფი, გამოუდგა და მისცეს ცეცხლი, მრავალი დახოცეს, ტყვენი გამოიხსნეს და მრავლად იგდეს თოფი ხრმალი; თვით მღვდელი ილარიონ ლეკისა ცხენისა და თოფის მშოვნელი უკუ იქცა თვისსა ბინაზედ. „ლეკი, რომელსა ვუჯეგ მე ზურგით ცხენსა, _ იტყოდა ილარიონ, _ მოკლა შტიკითა სალდათმან მას დროსა, როდესაც შეაგდო ცხენი მტკვარსაო. ცხენი შედგა, ლეკი წყალმა წაიღო და თოფი წყლისა ნაპირას ჩავარდაო; სალდათმან შტიკით მოძებნა და ამოიღო თოფი ლეკისა და მომცა მეო. _ მივვარდი მხიარულმან ხელთა საკოცნელად, გარნა სალდათმან არ მიმიშვა და გამაგონა ლეკისა ცხენითა და თოფითა წასვლა შინა სახლად ჩემდა“. _ (თავი LXIV).

იტყოდა ილარიონ: დროთა ამათ მხნე იყო სალდათი რუსისაო, უშიშარი მტრისა: მცირედითა რიცხვითა ადვილ დამმარცხებელი მრავალთა. გუნდად და წესდებით მისრული მტერზედ, დასცემდა ზარსა თვით უმხნესთა და გულოვანთა გუნდთა. დიდად პატივცემდნენ სალდათნი და ოფიცერნი მათნი ქართველთა ვაჟკაცობისათვის. თუმცა მცირდნი იქმნებოდნენ ქართველნი მტერთა ოხრებისა გამო ქვეყანისა, გარნა გარნა გმირულად იბრძოდენ და უხაროდათ რუსთა ჯარსა, ოდეს გვერდით მარცხნივ და მარჯვნივ მიუძღოდენ მას. ესრეთი იყო დევნა მტერთაგან ქრისტეს სახელისა ქართველთა ქვეყანისა, რომელსაცა უწოდებდა მამა ჩემი ეგნატი ქ ა ლ ა ქ ა დ ღ ვ თ ი ს ა გ ა რ ე მ ო ზ ღ უ დ ვ ი ლ ა დ ქ რ ი ს ტ ე ს ი ს ა ს ა ხ ე ლ ი თ ა. დაფუძნებულსა კლდესა ზედა, ვითარ შეარყევდა მას მტერი? მცველნი ზღუდისა ამის იყვნენ მართლმადიდებელნი ქართველნი და ერთ სარწმუნოებისა მათისა რუსნი, მოსრულნი ჩრდილოეთით დასაცველად სამხრეთისა, სადაცა ჰყვაოდა ხე იგი მართლმადიდებლობისა, დანერგული ძველადვე. მონასტერნი ქართველთა, ვითარცა სასწავლებელნი, მოჰფენდენ სწავლისა ნათელსა, მისცემდენ სათნოებათა ნაყოფსა, სიმშვიდესა, სიწმინდესა, მტერთა სიყვარულსა; ყოვლად სამეფო ქართველთა, ვითარცა მბრძოლი სარწმუნოებისათვის და ქვეყანისათვის ქრისტეს მოსახელისა თვით უდაბნოთა შინა ჰპოებდა ვაჟკაცთა მწერლობითა, რჩევითა, გმირთა გონებითა და ხმლითა, გვარითა და ტომობითა; განვლეს საუკუნეთა და გამოიცადნეს მხნეობა მტერთა თანა მარადის ბრძოლითა. ვინ იყო მეუდაბნოეთაგანი დიდი ანუ მცირე, რომელსაცა არა ჰყოლოდა მოკლული სრწმუნოებისათვის მახლობელი? მოწამეობისა გვირგვინი განამშვენებდენ მამა-პაპის სახლთა მათთა; სისხლი დანთხული მათთა ძმათა, მამათა და დედათა, შვილთა და რძალთა, ვითარცა აიაზმა ესხურებოდა მინდორთა და მთათა მათთა. ესრეთ ძველთა ზედა წამებულთა, ვითარცა ეკკლესიათა ზედა სადგურობენ თვითოეულნი. ესე არის მიზეზი, რომელ ღმერთმან დაიცვა ქვეყანა დაღუპვისაგან, მოვლენითა დროთა ამათ უკანასკნელთა რუსთა ჯარისა ერთ მორწმუნისა და მეფისა გიორგისა ყოვლად მორწმუნისა, რომლისა ხელითა მისითა წმინდითა გადასცეს მოწამეთა სისხლითა განწმენდილი სამეფო და ერი თვისი შემდეგთა დროთათვის. _ აქა ვიტყვი თქმულსა სიტყვასა სომეხთა კათოლიკოსისა ნერსესისა. 1809 წელსა, მოვიდა იგი ვითარცა არქიეპისკოპოსი სომეხთა საქართველოსა შინა განთესილთა და ისტუმრა ელიზბარმან ერისთვისშვილმან ყულარაღასმან. შესჩივლა ამან მას მდგომარეობა თვისი ჩამორთმევისა გამო საერისთაოსი ქსნისა მეფისა ირაკლისაგან და შემდეგ რუსთა მთავრობისაგანცა. საქებელად სახლისა თვისისა მიუთხრა ნერსესსა გმირობა და მხნეობა მრავალთა და სამსახური მათი საქვეყნოდ და დანთხევა სისხლისა მეფეთათვის და მოუთხრა ამბავი ორთა ერისთავსა სახლისა მოწამეთა შალვასი და ელიზბარისა, რომელნიცა აღიარა ეკკლესიამან მოწამედ, დაუნიშნა დღე დღესასწაულად და მარხიან იკორთისა მონასტერსა. ნერსესმან, მცნობელმან ესრეთისა მოთხრობისა, უპასუხა ელიზბარსა: „ნუ გეშინის! წამებულთა გამო არ მოგეღებათ ქსანი და ქვეყანა თქვენი. ამიერიდგან იყვენით დარწმუნებულნი, რომელ თქვენია ბიძა მამა-პაპისა. იტყვის წინასწარმეტყველი: ღმერთმან გარდამოიხილა ზეცით და იხილა ძენი მოკლულთანი. _ და სხვასა ადგილსა იტყვის: არა ვიხილე მართალი დაგდებული, არცა შვილი მისი, მთხოველი პურისა“. _ (თავი LXV).

შემდგომად სამისა თთვისა, ნურ მაჰმად გამოვიდა ახალციხიდამ, გამოვლო მტკვარსა კასპისა სოფლისა პირდაპირ. მდევარი საკმაო ვერ შეჰკრიბეს ქართველთა; ამისთვის უშიშრად მთა-მთა მავალი მუხრანისა გვერდზედ, მივიდა საგურამოსა და აქედამ აპირებდა დაღესტანში მივლასა. აცნობეს კახთა და დევნა უყვეს ცხენოსანითა ჯარითა. 1200 ქართველი დაუხვდა ივრის პირსა და მეტად მამაცად მოექცნენ ქართველნი, დააყრევინეს ტყვეები, დაუხოცეს ცხენები და მოკლეს 64 ლეკი. თვით ნურ-მაჰმად გადარჩა და გაქცეული სირცხვილეული შევიდა დაღესტანსა და ამიერითგან ვეღარ ბედავდა გამოსვლასა და არცა ლეკები უჯერებდენ. მეფის ძე მირიან, ძმა გიორგი მეფისა იყო თავად და წინამძღვრად ქართველთა მდევარისა. მეტყოდა თვით მირიან: „ასამდინ თოფი ლეკისა ვაშოვნინე ქართვლთაო, 30 სპილენძისა ალთაფა მარტყოფელთა წაიღესო; დიდი დავლა გვქონდაო და დიდი მხიარულება გავწიეთ მარტყოფშიაო, ორი კაცი მოგვიკლეს და ექვსნი დაიჭრნენო მსუბუქად; მეტად ქალაჩუნათ იყვნენ ლეკნიო“.

ოდეს მოხსენდა მეფესა გამარჯვება ესე, მასვე დღესა მივიდა კაცი ქართლიდამ და მოახსენეს სხვაცა დამარცხება ლეკისა. 300 ლეკი, ახალციხიდამ მოსრული მთა-მთა, დაეცა ქარელში სოფლისა ნახირსა. მეფის ძემან იოანე, დროსა ამას მუნ მყოფმან, სდევნა, მოეწია საციციანოს ხეობაში ხვედურეთისა ახლოს, და მძინარეთა შემოერტყა. იპრიანა ღმერთმანო, _ და ასი ლეკი წაგვივიდაო: სხვანი დაიჟლიტენო, _ მიამბო ესე მეფის ასულის მარიამის შვილმან თავადმან ნიკოლოოზ ციციშვილმან, თვით სოფლისა ქარელისა მებატონემან, და აწ არღა ცოცხალმან. _ (თავი LXVI).

მახსოვს მე სალდათი ერთი სახელით თეოდორე, რომელიცა იყო დანიშნული მეფის კარზედ ყარაულად ანუ ორდინარეცად. ესე ესრეთ შეიყვარა მეფემან, რომ ინება ყოველთვის მისი თავისთან ყოფნა. კოვალენსკის სთხოვა, რათა გამოყვანილი პოლკიდამ, ახლდეს მეფესა. ესე ვერ იკისრა თვით მინისტრმან და სთხოვა ღენერალსა ლაზარევსა და რადგან ამანცა ვერ გაბედა დაუკითხავად ლინიაზედ თვისისა შეფისა (მაშინ იყო კნორრინგი), ამისთვის უარი მოახსენეს მეფესა. შემდეგ თვით მეფემან მისწერა წერილი და მან მისცა ბრძანება აახლონ ვითარცა სალდათი ორდინარეცი და არა ვითარცა კერძო პირი. სურდა მეფესა ებოძებინა მისთვის აზნაურობითი ღირსება, სახლისა ადგილი ქალაქსა და მიბარება საჭურჭლისა თვისისა. თეოდორე იყო ყმაწვილი კაცი 29 წლისა ტამბოველი და მალე შეისწავა ქართული ენა. იყო ცქვიტი და ფხიზელი. შემდგომად გარდაცვალებისა მეფისა 1824 წელსა ვხედავდი მას ხშირად ანჩისხატისა უბანში მცხოვრებად მოხუცად; შემოვიდოდა წმინდის გიორგის კარისა ეკკლესიასა და აღანთებდა სანთელსა ხატისა წინაშე, და მარადის დაუკლებლივ მოახსენებინებდა კვეთისა დროსა შესული სამკვეთლოსა, მეფესა გიორგის და დაადებინებდა მოხსენებითსა ნაკვეთსა ცრემლით და ვედრებით ღვთისადმი. ქართულიცა იცოდა მიქცევით რუსულის გამოთქმისა.

1831 წელიწდიდამ, დროთაგან წარსვლისა ჩემისა რუსეთად სასწავლებელში, ვეღარასადა ვნახე იგი და ვერცა გამოვიკითხე სადაობა მისი. წყალობასა არა მოაკლებდენ მას ძველნი კაცნი მეფობისა ნეშტნი დავით მინბაში, სოლომან მეითარი და დიმიტრი თარხნიშვილი, დავით და გიორგი თუმანიშვილნი, შანშე ერისთვისშვილი, მეფის ასული თეკლა, ზურაბ ყაფლანიშვილი, მუხრანის-ბატონი კონსტანტინე, თავადი იოანე აფხაზი (13) და სხვანი, მეფობისა ჟამსა მცნობნი მისნი. დიდად უყვარდა იოანე ეპისკოპოსსა ავალიანსა, რომელიცა მეფის დროსა იხილვიდა მას ხარებისა ეკკლესიასა, სადაცა მიჰყვებოდა მეფესა გიორგის წირვისა მოსასმენად, და სადაცა მამა ეპისკოპოსისა ამის იყო დროთა მათ მღვდელი ხარებისა ეკკლესიისა ფრანგთაგან მოღებულისა მეფის თეიმურაზ მეორისაგან (1755 წელსა). _ (თავი CV).

თფილისისა აოხრებისა დროსა გაუქმდა სტამბაცა სამეფოჲსა პალატისა. მეფემან გიორგი ბრძანა განახლება მისი: კვალად იწყეს სახლისა სასტამბოჲსა შენება, დაიბარეს ქაღალდი ოსმალოდამ ახალციხისა გზით და სპარსეთისა საზღვრიდამ, შეუდგნენ ასოთა ჩამოსხმასა, დაზგების კეთებასა, და მბეჭდავთა შეკრებასა. შფოთთა თფილისსა, ქართლსა და კახეთსა შინა აღდგენილთა ძმათაგან მეფისა, დაგვიანებამან ქაღალდისა, მოუცლელობამან თვით მეფისა სნეულებისა გამო, რომელიცა მოერია მას და განუძლიერდებოდა დღე ყოველ, დააბრკოლეს საქმე: სტამბა დაშთა უქმად და მბეჭდავნი უსაქმოდ. მეფემან ვერ იგდო დრო, რათა შესდგომოდა საქმესა ამას და სიკვდილმან მეფისა მოუღო ბოლო წიგნთა ბეჭდვისა ჰაზრსა მისსა. ამას სტამბაში დაიბეჭდა შემდეგ მხედრულისა ასოთი მოკლე საქართველოჲსა ისტორია, რომელსა ეწოდა „ნარკვევი“, ქმნილი ბატონიშვილისა დავითისაგან და მერეთ ღენერალისა კნორრინგისაგან მეფობისა გუქმებისა გამო განცხადება ქართველთადმი. _ (თავი CVI).

...მეფემან გიორგი რუსეთისა გზით განღებული კარი დარიალისა ჩააბარა მეფის ძეს ვახტანგსა და უბრძანა არა ვითარცა ძმამან, არამედ ვითარცა მეფემან და მბრძანებელმან, იყოს მზად და ფხიზლად. _ რათა არა აწყინონ რუსთა ჯართა გზაზედ და აძლიონ ყოვლივე შემწეობა ურმითა, და ცხენითა და კაცითა ყოველთავე მუნით მიმავალთა და მომავალთა, ესრეთი ბრძანება მეფის ძისადმი მსწრაფლ განითქვა, და თვით ვახტანგ ანუ ალმასხან, სუსტი სულითა, _ დამორჩილდა და მორჩილებითა თვისითა, _ დასდვა შიში და დუმილი მხლებელთა თვისთა ზედა. _ მეშფოთი არაგვი, დაუცხრომელი და გაუმაძღარი ომითა, ვითარცა დღესაცა ძვლთაგან, იმღერის არაგვსა კაცი, _ დაჩუმდა, და იყო მოლოდებასა მზაკვარსა იგდოს დრო მარჯვე და მიუდგნენ ერთგულობითა მეფის ძეს იულონსა, რომელიცა იდუმალ არა დასცხრებოდა წინააღმდეგობითა მეფისადმი, და ჰგონებდა გამეფებასა, ვითარცა უფროსი შვილი ირაკლისა მეორისა ცოლიდამ. მაშინ მეფემან მოიწადინა თვით წასვლა არაგვზედ და ქსანზედ ჰაზრით მით, რათა გამოდევნოს მუნით იულონ და ვახტანგიცა. სნეულებამან არა მისცა დრო თავისუფალი და ვერ შეასრულა ჰაზრი თვისი დასამშვიდებელად სამეფოჲსა. _ (დასასრული თავისა CVII).

ვახტანგ მეფის ძე, აღმასრულებელი მეფისა ბრძანებათა, უგზავნიდა შემოდგომასა და გაზაფხულს ხევის ბერთა ფშავიდამ, ხევსურეთიდამ, თრუსოსა ხეობიდამ, ხევიდამ და მთიულეთიდამ, და მეფე მადლობელი ძღვენთა მათგან მორთმეულთათვის, _ მოძღვრებდა იყვნენ ერთგულად მეფისა და არა დაივიწყონ მათ მოვალეობა მათი. მეფე მეცადინებდა რუსთა სიყვარულსა და აგონებდა მათ შეწევნასა, რომელსაცა მოელის მათითა მოყვანითა მტერთა ზედა საქრისტიანოთა. ესრეთისა ჰაზრისა განფენისათვის მთათა შინა, ავად რუსთათვის მოსაუბრეთა, _ ორგზის წარავლინა მთებთა შორის პაფნოტი არქიმანდრიტი. ესე პაფნოტი იყო თვით იგი, რომელიცა შემდგომად კნიაზმან ციციანოვმან შეგზავნა მთათა შინა დასამშვიდებელად, და კაიშაურსა აღშფოთებულთა მთიულთა სცეს 40 გზის თუმცა ნელიად ხანჯალი და უბრძანებდნენ მას რუსისა ერთგულსა და ქვეყნის ორგულსა შეერთდეს ვირსა მიგვრილსა მისდა, _ საკიცხველად. „ამ დროსა მივე მე მუნ კაიშაურსაო, _ მიბრძანა მეფის ძემან ფარნაოზ, _ დევნულმან რუსთაგან და ვიხსენ იგი განსაცდელისაგან და დავაბრუნე ანანურისკენა“. _ ესე პაფნოტი იქმნა შემდეგ არქიეპიკოპოსი და გარდაიცვალა მოსკოვს 1823 წელსა. _ (თავი CVIII).

ამავე დროსა მიეწერა მეფისა ბრძანება მეფის ძესა ვახტანგს, რათა დაწესებული 1 იანვარს 1774 წელსა, ირაკლისავე დროსა მორიგეთა კანონი აღსრულდებოდეს ეგრეთვე ფიცხელად, ვითარცა მამისა მისისა მეფობასა. ამავე ბრძანებითა დასდვა მას ვალად მეფემან შეჰყაროს, ვითარცა კარისა მისისა მოხელენი სახლთ-ხუცესი, ამილახვარი, ბოქაულთ-უხუცესი, ეგრეთვე მოურავნი, ხევის-ბერნი და სხვანი, და გამოუცხადოს მათ ესრეთი მოვალეობა მათი. ესრეთმან მეფისა ბრძანებამან დიდად შეაშინა მეფის ძეცა და თვით ჩვენცაო, _ იტყოდნენ მოხუცნი დუშეთში, _ ჩემთან დაახლოებულნი გოშპარ კობიაშვილი და იასე ყარანგოზაშვილი, რომელთაგან პირველი გარდაიცვალა 112 წლისა 1862 წელსა და მორე 87 წლისა 1864 წელსა. _ (თავი CIX).

1800 წელსა გაჩნდა ჭირი ქალაქსა: შემოიტანეს ესე ახალციხისა მხრითა. რუსთა ჯარისა შეფთა და თვით კოვალენსკიმ სთხოვეს მეფესა, მიიღოს ზომა და ღონე კარანტინებისა. მეფემან წერილითა უწყებულმან, წერილითავე აცნობა: ყარანთინსა უნდა ყარაულებიო და ძნლია შოვნა ესოდენითა ყარაულისა რიცხვთა, რომ ვერვინ შემოვიდეს მუნით აქეთ ჩემსა სამეფოშიო. ამისთვის კმარა ეს ზომაო: მე მივსწერ ახალციხისა ფაშასა გამოუცხადოს ვაჭართა ყოველგან აქეთ მომავალთა: თუ შემოვა ვინმე ჩემს სამძღვრებში, არავის მივიღებთო, სავაჭროსა წავართმევთო და თვით მასცა თოფსა ჰკრვენო. _ გაიცინეს შეფთა ესრეთსა პასუხზედ; გარნა მეფემან ჰქმნა ესე; აცნობა ფაშასა ბრძანება თვისი და ნამდვილ აღარვინ შემოვიდა და ექვსსა თვეზედ ჭირიცა გაჰქრა და შემდეგ ვაჭრობაცა კვალად გაიმართა. იტყვიან მომსწრენი დღეთა ამათ მწარეთა: მართლად ერთმანცა კაცმან ვერ გაბედა შემოსვლა სოფლებშიცაო; მიწერილი ბრძანება ესრეთ აღსრულდა მტკიცედ, რომელ არავინ უნახავთ არავისა მისრული სამძღვრებისა სოფლებში კაცი ოსმალთა ადგილებიდამ. გაგზავნილთა ამათ სოფლებში კაცთა აზნაურთა მოხელეთა აღსრულებისათვის ბრძანებისა, მოახსენეს მეფესა: „ვხედავდით მხოლოდ ლეკთა გუნდ-გუნდათ მიმავალთა შორის ტყისა და მთებისა გზებითა ანუ ახალციხეს, ანუ მუნით დაღესტანსა“.

ამასვე დროსა მოართვეს მეფესა და წარმოუდგინეს 4 სალდათი გაქცეული თფილისიდამ ახალციხისაკენ. ესენი დაეჭირათ წალკისა თავსა გადასავალსა მთაში. მიცემულნი სამსჯავროსა, რუსთა წესითა, იპატივა მეფემან და ინება არღა დასჯა მათი. მორჩილ ექმნა ღენერალი ლაზარევი და თვით მოახსენა მას მადლობა მათთვის. _ მეტად ფიცხელად ეკიდებიან, ეგ კურთხეულნი სალდათთაო. _ ბრძანა მეფემან და უპასუხა ესრეთისა სიტყვისათვის სიმამრმან მისმან სარდალმან გიორგი ციციშვილმან: „ამისთვის იმარჯვებენ რუსნი, რომ ესრეთ დიდსა მორჩილებაში ჰყვანან“.

სასნეულო ჭირიანთათვის გამართეს თვით რუსთა ვერაზედ ლურჯ მონასტრისა გვერდით. სახლად აუშენეს 4 წნელის დიდი სახლი, გარედამ და შიგნიდამ ლესული გაჯითა და ზევით ჭერი ფიცრითა დახურვილი. აპრილიდამ აგვისტომდინ იყო ესე. მზრუნველობა სნეულთა სანოვაგისა და საწოლისა, მიანდვეს ქალაქისა მელიქსა დარჩია ბებუთოვსა და ერთსა სომეხსა აღალო..., ოსმალოდამ მოსულსა, ჭირნახადსა. _ (თავი CX).

მომწონებელი რუსისა ჯართა წყობისა, ჰგონებდა წარევლინა შვილი თვისი უფროსი პირმშო მეორის ცოლიდამ მიხაილ, იმპერატორისა პავლესადმი. დროსა ამას იყო ესე, ვითარცა თვით მიამბო, 17 წლისა. დაიბარა კოვალენსკი, რეზიდენტი და უბრძანა მომზდება შესაბამისისა წერილისა. ნოემბრის თთვისა 8, დღესასწაულსა მთავარანგელოსისა მიხაილისასა, წარიგზავნა წერილი ესე; გარნა მასვე წელსა გარდაიცვალა მეფე გიორგი და ორის თთვისა შემდეგ თვით იმპერატორიცა პავლე. ამისთვის დაშთა ჰაზრი ესე და განზრახვა უქმად. მეფის ძე მიხაილ თვით ბრძანებითა დედოფლისა დედისა, წარვიდა რუსეთად და არღა მხილველი სამშობლოჲსა ქვეყანისა, გარდაიცვლა 82 წლისა ქალწულებითისა ცხოვრებითა 21 ნოემბერს 1861 წელსა და დასაფლავდა ოქროპირისა ეკკლესიასა ალექსანდრე ნევსკის მონასტერსა, სამარხოსა ძმათა და ნათესავთა თვისთა. _ (თავი CXXIII).

აპრილისა თთვისა დღეთა შინა მოუვიდა მეფეს წერილი ომარ-ხანისა ავარელისა, სადაცა იყო შეხიზნული მეფის ძე ალექსანდრე. ომარ-ხანი მცოდნე საქართველოსა შინა გზათა და კვალთა, ამაოხრებელი სურამისა, ჭალისა, _ აბაშიძეთა სოფლისა და ახტალისა, _ მელიქიანთ სადგურისა, _ სთხოვდა მეფესა, რათა მისცეს წილი სამეფოჲსა ძმასა თვისსა ალექსანდრეს; რათა კავშირისა გამო ჯერეთ მამისა დროსავე მისისა ირაკლისა, ეგზავნოს ყოველ წლოდ დანიშნული საჩუქარი ანუ ხარჯი მას ავარიისა ბატონსა და ოსოქოლისა (14) პატრონსა. _ დიდათ მიაჩნდათ სოფელი ესე ოსოქოლა, სადგური ხანთა, შეუვალი მტერთათვის, ექვსასისა კომლისა შეჭურვილისა ლეკისა ბოღაზი და ნაყოფიერებითა მდიდარი მთა ადგილთა შორის. თვით ომარ იყო მბრძანებელი და თავად მრთელისა დროთა ამათ დაღესტანისა.

მეფე ერიდებოდა ავარიისა ხანსა; იცოდა ძალი მისი და ხმა, რომელიცა აქვნდა დაღესტნელთა ზედა. ხანი ესე ადვილად შეჰყრიდა 20000 ლეკსა. 6000 ლეკი ცხენოსანი, გულხადარა მზად იყვნენ ბრძანებასა ქვეშე მისსა. გარდა ამისა აქვნდაცა დიდი ნათესაობითი კავშირი ერთობისა ყარაბაღისა ხანთან, იმ დროითგან, ოდეს გამაოხრებელმან ჭალისა, წარიყვანა ტყვედ ორნი დანი აბაშიძისა ქალნი და მათგან ერთი თვით ჰყვა ცოლად და მეორე მიართვა ძღვნად ყარაბაღისა ხანსა.

მეფემან მისწერა წერილი ერთი არაბულად თვით ომარ ხანსა და მეორე ძმასა თვისსა ალექსანდრეს. პირველისა წერილით აუწყა ომარ-ხანს, „რომელ კავშირი მასთან მას არ დავიწყებია; ელის დროსა უკეთესსა, რათა უფრო მტკიცედ დაამყაროს იგი მასთან. დაღისტანი სიმტკიცეა ჩემიო, _ სწერდა მეფე, _ უკეთუ ავარიისა ხანთა შეწევნითა და ძალითა დამშვიდდება ლეკი და არღა შემოვა თარაფ-თარაფად (გუნდ-გუნდად) ასაოხრებელად სოფელთა, მე ვარ პირმშო მამისა ჩემისა, მეფედ დამტკიცებული რუსთა, სპარსთა და თურქთაგან. ძმათა ჩემთა და თვით ალექსანდრემან, არა ინებეს ჩემი მეფობა, გამექცნენ და მით აშფოთებენ ქვეყანასა. ურჩიეთ თქვენცა მას, დამემორჩილოს მე და მივსცემ მას სოფლებთა და ადგილთა სარჩოდ, რაცა ვერ მისცა მას მამამან ჩვენმან. თუ დამშვიდდება ალექსანდრე, მე და ჩემი ქვეყანა გავმდიდრდებით და მაშინ კავშირი და ერთობა თქვენთანა უფრო მეტი იქმნება; _ დავახლოვდებით ძველთა ჩვეულებისამებრ და სარგებლობაცა ჩვენგან ყოველთვის ექმნება დაღესტნელთა, _ ეხლა მდგომარეობა ქვეყანისა ცუდად არის: აღრეულობისა გამო გაღარიბდა ერი ჩემი. რუსთა მფარველობისა არ უნდა ეშინოდეს არცა ძმასა ჩემსა, არცა დაღისტნელთა“.

მეორითა წერილითა ძმასთან, ამცნებდა მას ტკბილად ქრისტეს სიყვარულისათვის დასცხრეს, მოვიდეს მისდა და მიიღოს ყოველივე, რასაცა შეიძლებს მეფე მისდა მისანიჭებელად. მისცა აღთქმითი პირობა შეფიცებითა წინაშე ძელისა ჭეშმარიტისა, ჰყოს იგი კმაყოფილი. „მეფობისა დათმენა არ შეიძლება, ძმაო ალექსანდრე, _ სწერდა მას, დაეცემა მეფობა, უკეთუ განუყოფ მე სამეფოსა ძმათა ჩემთა. ვის უქმნია ესე და არ უნანია? ნუ ექმნები მტერი ოჯახსა და საქრისტიანოსა. დამიახლოვე ავარიისა ხანი: შენზედ უკეთესსა შუამდგომელსა მასთან კაცსა, მე ვერ ვიპოვნი. _ ნუ იქმნები ორგული ქვეყანისა: აჩვენე ერთგულება მეფობასა გაოხრებულსა და ამით ადიდე შენი სახელი. ამ ჩემ წერილთან მოგივა კათოლიკოსისაცა წერილი ვედრებითი. ამბორს გიყოფ შორიდამ და გელი მალე. მომეშველე და ვიყვნეთ სიყვარულით სიყვარულისათვის ქვეყანისა“ (15).

პასუხი წერილთა ამათ არა მოერთო მეფესა. ომარ-ხანსა მოუკვდა დროთა ამათ ცოლი აბაშიძეთა ასული და იგლოვდა. ალექსანდრე ჭარიდამ ნუხისა გზითა წარვიდა სპარსეთად და ელოდდა მალე ლეკთა ჯარითა კახეთში შემოსვლასა. _ (თავი CXXVIII).

ამასვე დროსა იგდეს ხელსა თადია ჩოლაყაშვილთან მოწერილი წერილი თვით მეფის ძის ალექსანდრესაგან და ესრეთივე იოანე ბოდბელთან, მაყაშვილთან, რომელმანცა მიმალა, თუმცა სცნო მეფემან. ერთი ესრეთი წერილი მიიღო იდუმალ ორგულმან მეფისა ჩოლაყაშვილმან და ბრძანა მეფემან შეიპყრან იგი და მისცეს სამსჯავროსა. პყრობილმან და შეშინებულმან გამოაცხადა წერილიცა მიწერილი ბოდბელთან და ორთა სხვათა თავადთადმი, და მეფემან ნაცვლად სასჯელისა (რადგანაც ჩოლაყაშვილი იყო სიძე მეფის ძის ალექსანდრესი), ბრძანა სინანულისათვის მათისა მისცენ ფიცითი წინაშე კარისა ეკკლესიისა ხატისა თელავს, სიტყვა წერილითი ერთგულობისათვის მეფისა გიორგისა და ეკმაოსცა მათ ესე. გულმტკივნეულმან მეფემან და გულჩვილმან უბრძანა იყვნენ დამნაშავენი სიფრთხილით, ებრალებოდესთ ცოლ-შვილნი თვისნი, ვითარცა ებრალვის თვით მეფესა იგინი, არა ღირსნი სიბრალულისა და შეწყალებისა.

იოანე ბოდბელსა მიეწერა საყვედურითი წერილი ესრეთისა სიტყვებითა, რომელ მოიყვანა ძრწოლასა და შიშსა ყოვლადი კახეთი. „ორგული მეფისა და გამტეხი ფიცისა, არღაა მწყემსი ეკკლესიისა _ მისწერა კათოლიკოსმან ანტონი, სიტყვა და თქმა მეფისა _ თვით განიკვეთ ესრეთითა მოქცევითა თავსა შენსა ხარისხიდგან შენისა. _ ნუ მიმიყვან იქამდინ, აღვასრულო იგივე სასჯელი, რომლითაცა დაისაჯა ორგული მეფისა როსტომისა კათოლიკოსი დიასამიძე“ _ შეკრთომილი ბოდბელი, თვით მოვიდა ქალაქსა, წარდგა მეფესთან და მოითხოვა ბოდიში და მიტევება ბრალისა; მიაწერა ბრალი თვით ძმასა მისსა მეფის ძეს ალექსანდრეს, რომელმანცა მოსწერა წერილი უქმად და ყურუგდებლად დარჩენილი. ამით დასხცრა კახეთი და შეშინდა ქართლი. სიმტკიცემან მეფისა მიაჩუმა ბორგვნა მრავალთა, იდუმალ მუშაკთა პირისპირ მეფისა. ესე ამბავი მიამბო მეფის ძემან თეიმურაზ ერთსა და იმავე დღეს, ოდეს მესაუბრებოდა ს. პ. ბ. ხატისა გამო კარის ეკკლესიისა, რომელიცა აქვნდა მას ს. პ. ბ. და რომელიცა შემდგომად გარდაცვალებისა მისისა აქვნდა კვალად მეუღლესა მისსა მეფის რძალს ელენეს; და აწ მეფის ძის იოანეს შვილიშვილს იოანესვე.

დიდად შინაურულად შეჩვეული მასთან მოვახსენებდი ხშირად სიტყვასა: „ბატონიშვილო! ხატი ეგე ტაძრისა, სწუხს ტყვეობასა თვისსა, ტაძრისაგან თვისისა დაშორებასა და უცხოობასა შინა მწირობასა“. „ამის მადლი, _ მეტყოდა, _ შემეწიოს მე, როგორ მოვიშორებ მას, მანამ ცოცხალი ვარ“. _ „ჩემი რჩევაა ბატონიშვილი, წარგზავნეთ თელავსა; არ დაუკარგოთ საუნჯე ქვეყანასა და თვისსა ალაგსა. ფასი ხატისა მაგისა, იცის ქვეყანამან, რომელსაცა იგი ეკუთვნის და რომელმანცა იგი ჰქმნა და შეამზადა“.

ზედა წარწერა ხატისა ამის არა მაქვს და მახსოვს ზეპირ ნამდვილ, რომელ იყო შემკული კახთა მეფისა ლევანისაგან. დედოფალიცა თინათინ მეუღლე მისი, იყო მუნ მოხსენებული (16). _ (თავი CXV).

მეფისა გიორგისა სიცოცხლისავე დროსა ძმა მეფის რძლისა ზურაბ სწერს ქ. ასტრახანითგან შემდეგსა წერილს მამასა ჩემსა:

„ჩემო ხელმწიფევ ეგნატი!
უფალო ნათლიავ!

ამას წინად ფოშტით კნიაზმა მაგათსა უგანათლებულესობასა არზა მოართვა და მცირე ხანს დაცლა სთხოვა იმ ნივთისა; ეს ნუ მომიკვდება და შენმა მზემა ყოვლის ცდით ვცდილობთ, რომ ამ შენობის ცოტა რამ გაკეთება დავანახოთ ქვეყანასა და მერე სახელმწიფო ხაზინიდამ თეთრი ავიღოთ პირველათ მაგათს უგანათლებულესობას ვაახლებთ. ამაზე ხათრიჯამი იყავით და ნუ სწუხართ (17).

ამ თთვის 23 მაგათ უგანათლებულესობას კნიაზისათვის ბაბახანის შვილის თავრიზსა მოსვლა ებრძანა; აქაც ბევრის ამბავს აჭორებენ ბაბა ხანისასა; ღმერთმან ქნას, რომ ამათი დიდებულებიდან სამხედრო წარმოევლინოს ჩვენს ხელმწიფეს. ღრაფ-კამერღერი მუსინ-პუშკინი მოვიდა პეტერბურხიდამ. ვოენი გუბერნატორთან კნორინღთან მიდის. ასე მოგახსენებენ, რომ ოსეთის გზა უნდა დაჩხრიკოს, ორი დღის მოსულ არის, ჯერ კნიაზს არ უნახავს; თუმცა უნდოდა, რომ მაშინვე ენახა, მაგრამ თავის შეუძლებლობის მიზეზით ვერ ნახა და ასეთს ყოფაში ბრძანდება, რომ შეგებრალებათ და დღისით შენობისა მიზეზით ადგება, გავა საღამომდინ ოსტატებს თავს ადგა; ძალიან ბეჯითად ვამუშავებთ იმ ზემორე აზრის მიზეზით (18).

ჩვენს ხელმწიფეს ბატონის რძლისათვის მეფისაგან სოფლის ბოძება ებძანა. ღმერთმან ბედნიერებაში მოახმაროს; ვიცი ესეც შენი გარიგებული იქნება (19)....

წელსა 1800,
ივნისს 25,
ვასტრახანს“. _ (თავი CXXVII).

შიში იყო სპარსთაგან და ომარ-ხანისა. შიშსა ამას დაერთო ძმათა ამბოხი. იულონ, ვახტანგ და ფარნაოზ აორგულებდენ ქართლსა და არაგვსა. ორჯერ მოუხდენ ქალაქსა 4000 კაცითა და უნებდათ დედისა თვისისა, დედოფლისა დარეჯანისა წაყვანა თფილისიდამ. მეფემან არ მისცა ნება დედინაცვალსა ქალაქიდამ გასვლისა. დაუყენა მცველად 800 კაცი თვისისა ჯარისა და რუსთა სალდათნი. განმგედ ყოვლისა მისა დანიშნა კოვალენსკი და მეფის ძე იოანე.

დაბარებული ჯარი რუსთა კვალად შემოვიდა. გულიაკოვი ღენერალი მას მოუძღვა 23 სეკდემბერს; მეფე თვით გაბრძანდა ტახტრევანდითა გარეთ ქალაქისა და მიეგება თუმცა სნეული, ჯარსა და ესრეთვე შემოუძღვა ქალაქსა. იყო მეფესთან დედოფალიცა მარიამ და სხვანიცა მრავალნი ქალნი. ზარბაზანთა სროლითა ციხიდამ და ზარებისა რეკითა დაუხვდენ ქრისტეს მოყვარულსა მხედრობასა. მხედრობა ესე დააბინავეს ავლაბარსა, კუკიასა და ვიეთმე როტანი ლილოსა და მარტყოფსა. შეშინდნენ მეფის ძენი და განმხნევდა მეფე.

მეფემან კვალად სულგრძელებითა მოინება დამშვიდება ძმათა. ამისთვის უბრძანა კოვაკლენსკის, კათოლიკოსსა და მეფის ძეს იოანეს, დააბოლოოს საქმე ესე მეფესთან მორიგებისა. ფარნაოზ უმეტეს სხვათა ძმათა დაშთა შეურიგებელად. ამას ალექსანდრეზედ აქვნდა დიდი იმედი, რომელიცა სწერდა სპარსეთით წერილთა დედოფალსა დარეჯანს, იმერთა მეფეს სოლომონს, ძმათა: იულონს, ვახტანგს, ფარნაოზს და მირიანს; ეგრეთვე ბოდბელსა იოანეს, თამაზ ყაფლანიშვილს და სხვათა. ჰგონებდენ ლეკთა ჯარისა და სპარსთა შემოსვლასა მალე საქართველოდ; გარნა რუსთა ჯარმან, _ საკმაოდ თფილისსა მყოფმან, შეაშინა ყოველნივე. დარჩათ მათ იმედათ სნეულება მეფისა სასიკვდინე, ჰგონებდენ შემდეგ მისსა იულონის გამეფებასა და რუსთა ჯარისა დათხოვნასა. ჯერეთ მეფისა სიცოცხლისა დროსა, მტერთა მისთა განთესეს ხმა გარდაცვალებისა და ეხაროდენ დროთა ცვლილებასა. ესე იყო მიზეზი, რომელ ვერცა კოვალენსკიმ, ვერცა შემდეგ მისსა ლაზარევმან, ვერცა მეფის ძემან იოანე, ვერ დაამშვიდეს მეფის ძენი იულონ და ფარნაოზ. უმეტეს ფარნაოზ იყო შფოთისა მიზეზი, ამისთვის რომელ მეფემან მისწერა ფიცხელი წერილი ოთარ ამილახვარსა, სდევნოს ფარნაოზ და უბრძანოს სოფლისა მოხელეთა არ მიუშვან იგი არსადა.

ბრძანებამან ამან ჰქმნა ესე, რომელ ფარნაოზ გაჭირვებული უსარჩოობითა მოდრკა და მოსწერა რუსისა ღენერალსა ლაზარევსა, შევიდეს მისსა მდგომარეობასა და ჰქმნას მან თვით სამართალი.

პასუხად მისისა წერილისა, იყო მოწოდება მისი თფილისად და დამორჩილება მეფისა.

ესრეთივ არეულობა იყო კახეთსა, რომელსაცა განაგებდა მეფის ძე ბაგრატ. ესე ითხოვდა, რათა მეფემან მიაშველოს მუნ დასამშვიდებელად აღრეულობისა მეფის ძე დავით.

თუმცა მეფე იყო დროთა ამათ დიდად სნეული, გარნა საქმობდა დიდად. იყო მიწერ-მოწერასა შინა ყოველგან და მხნედ და დაუღალავად ზრუნვიდა, რათა რუსთა ჯარსა აქვნდეს პური მზად თფილისსა, გორსა, თელავსა და სიღნაღსა. მახლობელნი მისნი დიდისა განკვირვებითა მიუთხრობდენ მისსა დროთა ამათ მეცადინებასა, რათა დაეწყო საქმე რიგიანად და მტკიცედ. მარადის საქმისა დაწყებისა წინათ და დაბოლოებისა დროსაცა ბრძანებდა სიტყვასა თვისსა და თქმასა ჩვეულებრივსა: „ქრისტეს ღვთისა მადლითა!“. _ (თავი CXXXIX).

ჩერქეზ ქირმანის ბატონმან უცმან, ალექსანდრე მეფის ძის სიმამრმან და მეფეთა თანა დაახლოვებულმან ადრითგან, მოართვა მეფესა გიორგის 6 ცხენი ყაბარდოული, ორი თეთრი და ოთხი სხვისა ფერისა, ტანოვანნი და ძლიერნი. დიდ სხეულოვნებისა გამო მეფისა, ვერ სადამე უძლებდნენ მას ცხენები და ამისთვის გამორჩევით, მცნობმან მოყვარემან მოართვა მას ძღვნად. _ იამა მეფესა და მიუძღვნა ნაცვალგებისა საჩუქარი მას და რიცხვით სახლეულისა მისისა ქალთა ოთხი ბეჭედი ალმასისა იაგუნდ მოდებულნი თანასწორისა ფასისა და ხელოვნებისა და გულსაკიდი მარგარიტისა ძეწკვი. თვით მას წარუვლინა დიდი საგზაო აზარფეშა ვეცხლისა შიგნით მოოქროვილი და თოფი, რომელიცა ადრევე აქვნდა ნაჩუქრად ინგლისისა ვაჭრისაგან, თფილისს მოსვლისა მეფისა ირაკლისავე დროსა.

კაცთა საჩუქრის მომტანთა უბოძა ტანსაცმელი მდიდარი და შესაბამი მათდა იარაღი და გაისტუმრა ლიახვისა ხეობითა, იმავე გზითა, რომლითაცა მოვიდნენ. _ ესენი ჩააბარა მშვიდობითისა მგზავრობისათვის იასე მაჩაბელსა, ლიახვისა ბატონსა და დავით ამირეჯიბსა, იმერეთისა მესამზღვრეთა და მოყვრობით იმერეთისა და მეგრელიისა თავადთა თანა დამოკიდებულთა. ამბავი ესე მიამბო მეფის ძემან მიხაილ დამსწრემან საქმისა ამის. ერთი ცხენთა ამათგანი იყო თვით იგი, რომელიცა შემდგომად ლეკთა ჯარისა და ალექსანდრე მეფის ძისა მათ თანა ყოფისა ომსა საგარეჯოსა ახლოს (ნიახურას) დამარცხებისა წარუვლინა თვისისა უნაგირითა ღენერალს რუსისა გულიაკოვსა ძღვნად, და მიაგება ავლაბრისა თავსა. ესრეთ, ვითარცა ძლევამოსილი შეჯდომით მეფისა ცხენზედ შემოვიდა ქალაქსა და პირდაპირ წარდგა იგი მეფესთან, სნეულებით საწოლსა ზედა მდებარესთან და მიულოცა ერთობ ქართველთა და რუსთა ჯარისაგან გამარჯვება პირველი, და ძლიერი, სახელოვანი და საიმედო შემდეგთა დროთათვის. ლეკთა ბაირაღები მოტაცებული მძლეველთაგან, მოაქვნდათ თვით ლეკთა ტყვედ შეპყრობილთა, ეგრეთვე ზურნა და დაფი ლეკებისა. მცხოვრებნი ქალაქისა ავლაბრიდამ სასახლედმდე მოჰყვებოდნენ ძლევა მოსილსა ღენერალსა ზურნითა, და დაფითა და საყვირითა; მეფის ძენი იოანე და ბაგრატ, რომელნიცა დაესწრნენ ბრძოლასა ამას დიდსა და სახელოვანსა, და რომელნიცა დააჯილდოვა იმპერატორმან პავლე ბოძებულთა მათდა 2 ხარისხისა იოანე იერუსალიმელის ორდენითა, _ იდგნენ მარჯვნივ და მარცხნივ; დიდი და ვრცელი დროთა ამათ მოედანი სასახლისა გაივსო მაყურებელთაგან. დედოფლი მარიამ, და მეფის ასულნი მუნ დამსწრენი შეხაროდენ მძლეველთა. განმხიარულებულმან მეფის ასულმან რიფსიმე, ადრევე მცნობმან ღენერლისა, წაიძრო თითიდამ, ვითარცა თვით მიამბო, ბეჭედი ფირუზისა და უბოძა მას საჩუქრად. მიხედვით მაგალითისა ამის დედოფალმან უბრძანა მოხელესა თვისსა მოართვან ბეჭედი და ერთიცა სამ-იაგუნდ სმული ოქროჲს ბეჭედი ხელითა თვისითა უბოძა ღენერალსა. თვით მეფემან, ოდეს ღენერალი მოვიდა და აკოცა მკერდსა, აკოცა თვით შუბლზედ და უბრძანა სიტყვანი ტკბილნი. „მივსწერე იმპერატორსა პავლესაო მხნეობა შენი: იმედი მაქვს დაგაჯილდოოსო დიდად“.

აქვე იყვნენ შეკრებილნი კათოლიკოსი ანტონი, არსენი თფილელი, იუსტინე მთავარეპისკოპოსი და სომეხთა ეპისკოპოსი ოჰანეზ თფილისისა.

ესრეთითავე დიდებითა და დღესასწაულობითა წარუძღვნენ მას სახლად თვისად, რომელიცა იყო ახლოს მეფის ძის დავითის სასახლისა მტკვრისა კიდესა ზედა. ესე იყო დილით 11 საათსა, დღე იყო, თუმცა ნოემბრისა თთვისა, მზიანი, მშვიდი და თფილიო, _ მიამბო მანვე მეფის ასულმან რიფსიმე.

აქავე დაუვიწყებლობისათვის ვიტყვი ამასაცა, რომელ მეფემან ირაკლი იხილა შვილი თვისი ალექსანდრე, არა კეთილად მქცევი და მოუძებნა ცოლად ქალი ქირმანის ბატონისა ყაბართოდამ, მოიყვანეს ქალი ესე 12 მოახლითა 14 წლისა თფილისს, წითელისა თალათინითა მშვენიერად წელ-რტყმულითა ზორტებითა, იშვიათისა მშვენიერებისა. შემდგომად ორის კვირისა ნათელ სცეს მას სასახლისა ეკკლესიასა, უწოდეს სახელად ნინა, მეფის ძე ალექსანდრე ცივად ექცოდა სასძლოსა თვისსა და ქალმან ჯერეთ ჯვარ-დაუწერავმან იგრძნო ობლობა თვისი და მწუხარებითა დუმილითა განატარა 6 თთვე, მოწყლული გულითა დაჭლექდა და გარდაიცვალა და დასაფლავდა თფილისს, მეტეხისა ეკკლესიასა შინა. _ (თავი CXXIX).

შემდგომად რუსთა და ქართლისა ნიახურას გამარჯვებისა, მეფემან გიორგი, სნეულად საწოლსა ზედა მდებარემან, მისწერა დესპანთა თვისთა შემდეგი წერილი:

„ჩვენ მაგიერად მის ბრწყინვალებასა ჭავჭავაძეს, უფალს ეშიკაღაბაშს, ყაზახის მთავარს და ამირას გარსევანს და კნიაზს ავალოვს, _ თანა განმზრახსა ჩვენსა გიორგის, და კნიაზს ფალავანდოვს (20), მდივანს ელიაზარს, მრავალი მშვიდობითი სუფევა და სიყვარული ეუწყოსთ: აქაურს ამბავს აქიდგანვე თქვენც კარგად შეიტყობდით. დაფარულად რაოდენს საქმეს ცდილობდნენ, მოწერა აღარ ვინებეთ, საქმით გამოცხადება შეუყენეს. ბაბა ხანის შვილი და მისი სარდარი როსსიისა მხედრობისა ამოსაწყვეტად და საქართველოსა დასაპყრობად რომ მოვიდნენ ერევანს, ალექსანდრე იმათთან მივიდა აქედგან გაქცეული. იმათ იქიდგან წიგნი და კაცი მოსდიოდათ; ჯარი შეიყარეს ამათ, მოვიდნენ, მაგრამ ღვთისმშობლისა მოწყალებამან განაქარვა მათი განზრახვა. მათისა დიდებულებისაგან როსსიის მხედრობის მოშველება რომ შეიტყვეს ყიზილბაშთ, წავიდნენ შეშინებულნი. იქიდგან უქმად დარჩომილი ალექსანდრე შუშის ხანთან მივიდა; ომარ-ხან დაბარებული ჰყვანდათ; ომარ-ხან რომ ჩამოვიდა, ალექსანდრე, იბრაიმ-ხანის შვილიც იმასთან ომარ-ხანთან მივიდნენ; დიდი ჯარი შეიყარეს; ჯარის მნახავნი კაცნი ასე ამბობდნენ: ოცდაათი ათასი არისო, რომელნიც გაღმიდგან გამოდიოდნენ, მაგარამ ათასი კაცი მეტი იყო. ომარ-ხან, ალექსანდრე და მათთან სხვანი წამოვიდნენ საგარეჯოს, მარტყოფს დამდგარიყვნენ; აქედგან ესენი მისულიყვნენ, ვისთანაც შეთქმულობა ჰქონდათ; იმათით როსსიის მხედრობა და ჩვენ ამოვეწყვიტენით; ომარ-ხანს და იმათ საქართველო დაეპყრათ, მაგრამ ეს კი არ იცოდნენ, ომარ-ხან და ჭარელნი საქართველოს იმათ აღარ დაანებებდნენ. ნიახურას რომ მოვიდა ომარ-ხან, უფალნი ღენერალნი (21) ქიზიყს მისულნი რაოდენისამე როსსიისა მხედრობით და ჩვენი შვილები იოანე და ბაგრატ კახეთისა მხედრობითა ნიახურას მოეწივნენ; ნოემბრის შვიდს სამი საათი დღისა დარჩომილი იყო, რომ მოწივნენ და მყის თანა შეებნენ; სადაცა ბინა ჰქონდათ და განზრახვა მისვლისა, იქ არ მიესწრათ, ქრისტეს ღვთისა და ღვთისმშობლის მოწყალებით შეებნენ და სძლიეს და ფრიად მრავალი მოსწყვიდეს. ჯონგათაის თავი აქ მოგვივიდა; ომარ-ხანის დიდად დაკოდვას ანბობენ იმათის ჯარით მოსრულნი (22). ჩვენ ახლა ამისთვის გწერთ ამ წიგნსა, ამათ ამისთანა მაგათის დიდებულების სამუხანათო საქმე და ჩვენი ამოსაწყვეტი განზრახვა არ მოიშალეს. ჩვენის თავისა რომ დავუთმოთ, მაგათის დიდებულების მხედრობის ამოწყვეტა როგორ დავითმინოთ? მაგათის დიდებულების საფარველი რომ მოაკლდეს საქართველოსა, საქართველოდგან ქრისტიანობის ნათელი აღდგება (ე. ი. განქარდება _ პ. ი.). კურთხეულის მეფის მამის ჩვენისა ანდერძიც ასე გვაქვს, თქვენც კარგად იცით. ამჟამად ღვთისმშობლის მოწყალებით მძიმე სნეულებისაგან განვთავისუფლდით; სრულიად სიმრთელეს რომ მივიღებ ქრისტეს ღვთის მოწყალებით, არაგვს ავალ, არაგვსა და საბატონიშვილოებს ჩამოვართმევ; ვიდრე ჟამადმდე დავდუმდები, მაგრამ ამათის მხრისაგან მეშინის მტერთა ჩვენთაგან შემწეობით, როსსიის მხედრობას (არა) შესცოდონ რა; ვინ იცის ამათგან მოხსენდეს რა მაგათის დიდებულების დიდებულსა კარსა. თქვენ იცოდეთ მიზეზი საქმისა ამის. ჭეშმარიტებაა, ვიდრე აქამდისინ მრავლისაგან მრავალი დამითმენია, მაგათის დიდებულებისა მხედრობისა მუხანათობა და მაგის უძლეველის მხედრობისა ვნება კი ჩვენგან არ მოითმინება. ჩემი სული უნდა დავსდვა მაგათის დიდებულებისა და მხედრობისათვის მათისა; ღვთის შემდგომად მაგათი დიდებულება არის ყოვლის მხრით ჩვენი შესავედრებელი. წელთა ჩყ (1800). ნოემბრის იბ (12). ქ ა რ თ ლ ი ს ა დ ა კ ა ხ ე თ ი ს ა დ ა ს ხ ვ ა თ ა მ ე ფ ე გ ი ო რ გ ი. უვარგობა კი არ იქმნება, ასე იცოდეთ, გ ი ო რ გ ი“ (23). _ (თავი CXXX).

ჯერეთ მეფისა ერეკლესავე დროსა 1767 წელსა მოახსენეს იმპერატრიცასა ეკატერინას სიმდიდრისათვის ოქროჲსა და ვეცხლისა და სხვათა მადნებისა საქართველოსა შინა. ღრაფმან აპოლონ მუსინ-პუშკინმან მოსთხოვა იმპერატორსა პავლეს 20 სეკდემბერს 1799 ბრძანება წასვლისა საქართველოდ. მოსვლადმდე მისსა თფილისსა მეფემან გიორგი სცნო მისვლა მისი ლინიასა, უბრძანა გარსევან ჭავჭავაძეს წარმოავლინოს მუსინ-პუშკინი მასთან. მოსრულმან ახტალას განიხილა ალავერდის მადანი და ჰპოვა, რომელ ერთსა წელიწადს მოსცა ბერძენთა 445 ლიტრა (ლიტრა 9 ფუთი), და ყოველ თთვე გამოჰქონდათ 30 ლიტრა ვეცხლი და 2000 ფუთი რუსული ტყვია. ამავე ვეცხლიდამ გამოარჩევდენ ლიტრიდამ 30-მდე მისხალსა ოქროსა. 800 კაცი მუშაობდა მუნ მეფისა ხარჯითა, მეფემან გიორგი გასცა ესე იჯარით და ბერძენნი თვითოსა ლიტრისათვის აძლევდენ მეფესა 160 ფუთსა.

18 სეკდემბერს 1800 წელსა გრაფმან მუსინ პუშკინმან აცნობა იმპერატორსა პავლეს. მაშინ იმპერატორმან უბრძანა გამოსთხოვოს მეფესა, რათა პირობაებითა გარდაეცეს მადანი ესე და სხვანიცა რუსთა მემადნეთა უფლებასა. მეფემან გიორგი ინება მოურიგდენ სომეხთა მოიჯარადრეთა, რომელნიცა აძლევდენ წელიწადში 12000 მანეთსა, რათა გარდაეცეს ესე თვით გრაფსა მუსინ-პუშკინსა. 8 ოკდომბერსა 1800 წელსა მოვიდაცა ბრძანება იმპერატორისა, რათა შეიკრას პირობაები მეფესთან.

ღრაფმან პუშკინმან მოსწერა წერილი ლინიით მეფესა 16 ნოემბერს 1800 წელსა განსწავლულისა მემადნისა ვიხვალდის ხელითა და პირობაებიცა:

1) გარდაეცეს რუსეთს მადნები საქართველოჲს სამეფოჲსა.
2) მიეცეს საუკუნოდ საჭირო მადნებისათვის ტყე, წყალი, და ესე ვითარნი სახმარნი.
3) მიეცეს უფლება ციხეთა და სიმაგრეთა აშენებისა და მიენიჭოსთ მუშაკთათვის მემადნეთა საკმაო სახნავი მიწა პურისა მოსაყვანათ და სათივეებიცა.
4) გადაეცესთ მადნებიცა ესრეთი, რომელთაცა იპოვნიან სადმე რუსნი.
5) ჩააყენონ მადნებში მუშაკნი იმერელნი, ქართლელნი, კახელნი, ოსნი, ყაზახელნი, ბორჩალოელნი და სხვანი და დაბინვებისათვის მუნ მათისა, მიეცესთ ცხოვრებისათვის შეწევნა.
6) ეძლეოდესთ პური ქართლიდამ, ყაზახ-ბორჩალოდამ ფასითა, როგორც ფასობდეს ადგილობრივ.
7) უკეთუ მებატონეთა მამულებში გამოსჩნდეს მადანი, ესეცა მათ მიეცესთ.

პირობაებათა ამათ მეფე იყო თანახმა და აღსასრულებელად დაუდვა თვით შემდეგნიცა პირობაები:

1) დაიცვას სამუდამოდ რუსეთმა სამეფო მისი მტერთა დაცემისაგან.
2) მიეცეს მეფესა ერთ-დროებით ფული ნაცვლადი.
3) მიეცეს მადანთა დასაცველად 3000 რუსთა ყარაული.

მაშინ მეფემან დაამტკიცა კონტრაქტი და დაუსვა მას ბეჭედი მეფისა და დედოფლისა. მოაწერეს მას ხელი ღენერალმან ლაზარევმან და მღვდელმან მადნისა იოსებ წინამძღვრისშვილმან.

ღრაფმან მუსინ-პუშკინმან 5 იანვარს 1801 წელსა წარადგინა ესე ხელმწიფესთან შემდგომად მეფისა გარდაცვალებისა და შეიცვლა ახლისა მთავრობისაგან ჰაზრიცა მეფისა და მდგომარეობაცა ქვეყანისა განმგეობითი (პოლიტიკური).

1801 წელსა მუსინ-პუშკინმან იწყო მუშაობა მადნებისა და 3 წელსა ვერა რაჲ ჰქმნეს. კნიაზმან ციციანოვმან 1803 წელსა იხილა ესე მძიმედ მმართებლობისათვის და უნებდა შეყენება მუშაობისა. მუსინ-პუშკინი მწუხარებით მოკვდა თფილისს და დასაფლავებულია ჯვარის-მამის ეკკლესიასა. მუშაობა შედგა ვითარცა დღეინდელად დღედმდე.

კნიაზმან მ. ს. ვორონცოვმან განიხილა ესე ადგილი და საქმეცა დაწყობილი ძველად. მეცა მიახლო თვისთან (მასთან მოგზაურობაცა ჩემი აღვსწერე და დავბეჭდე რუსულად თფილისს 1850 წელსა) და გამოძიებით გზათა ცუდთა მუნ მისასვლელად, არღა ინება დროდმდე განახლება მადანთა ამათ მუშაობისა. _ (თავი CXXXVI).


დღეთა ამათ მწუხარებისა, თხოვითა დედოფლისა მარიამისა, კათოლიკოს-პატრიარქმან ანტონი მისწერა ქართლისა და კახეთისა მღვდელმთავართა და მონასტრისა წინამძღვართა ილოცვიდენ მეფისა სნეულისა განკურნებისათვის, და ჰყოფდენ ვედრებასა წესისაებრ წმინდისა ეკკლესიისა. თვით თფილისსა დღე-ყოველ ეკკლესიათა შინა იყო ვედრება. დედოფალი მარიამ მხლებლებითა თვისითა ფერხშიშველი ვიდოდა ანჩისხატისა ეკკლესიასა, და წინაშე ხელთუქმნელისა ხატისა დაჩოქვითა, ცხარითა ცრემლთა დინებითა, წვრილთა შვილთა ილიასი, ოქროპირისა და თამარისა მუნ დასწრებითა ევედრებოდა ღმერთსა განაგრძოს დღე მეფისა, დროთა ამათ მწარეთა ამბოხთა დასამშვიდებელათ, საჭიროჲსა. იტყვიან მუნ დამსწრენი მოხუცნი: გრგვინავდა ხმა გოდებისა და ტირილისა გარემო დედოფლისა მწარედ მტირალისაო. ძნელი დღე იყო, დღე ესე ცრემლთა ვაებისაო. შემდგომად პარაკლისისა, რომელიცა გარდაიხადა იუსტინე მთავარ-ეპისკოპოსმან, განბანეს ხატი და ნაბანი ხატისა, თვით ხელითა თვისითა თეთრისა მინის ჭურჭლითა წარიღო დედოფალმან და მიართვა მეფესა. მეფემან, ჩვეულებისამებრ თვისისა, ცრემლითავე მიიღო, იხმია, ისხურა წყალი პირსა თვისსა და გულ-მკერდსა წარმომთქმელი მხურვალედ ლოცვისა და ვედრებისა თვით წმინდისა ხატისათვის თქმულისა ტროპარისა, რომელიცა იცოდა მტკიცედ ზეპირად მეფემან მორწმუნემან. _ (თავი CXL).

მეფემან, მდებარემან საწოლსა უიმედოსა განკურნებისა წყალმანკისა გამო განძლიერებულისა, _ ინება და სთხოვა კათოლიკოსსა ანტონის განხსნას საფლავი და ლუსკუმა წმინდისა იოანე მანგლელისა.

22 დეკემბერსა, მიბრძანდა სიონის ეკკლესიასა კათოლიკოსი ანტონი და თანა დასწრებითა იუსტინე მთავარ-ეპისკოპოსისა, იოანე ბოდბელისა მიტროპოლიტისა და სტეფანე რუსთველისა იწყეს პარაკლისისა გარდახდა. შეიკრიბენ დროსა ამას მუნ სიმრავლე ერისა, კაცთა და ქალთა. მუნ დაესწრნენ მარიამ და მეფის ძენი და მეფის ასულნი და მეფის რძალნი.

ქალაქისა მცხოვრებთა შორის განვიდა ხმა, რეცა დღესა ამას შეიყარნენ სიონსა, რათა შეჰფიცონ მეფის ძეს დავითს ვითარცა მეფესა. ღენერალი ლაზარევი, ცნობილი საქმისა ამის გამო, მსწრაფლ წარვიდა ეკკლესიად და იხილა მუნ სიმრავლე ერისა და მუშაკნი საფლავისა განხსნისათვის, სადაცა იყო ლუსკუმა წმინდისა გვამისა. პარაკლისი გალობითა გრძელდებოდა მთელსა საათსა. ლაზარევი დარწმუნდა, რომელ მიზეზი სიონისა ეკკლესიასა შინა შეკრებისა არის აღსრულება პარაკლისისა და არა შესახები მეფობისა, გამოვიდა და წარვიდა.

ამოიღეს ლუსკუმა და ესრეთ ზდილობითა და ლოცვითა წარიღეს იგი და შეიტანეს მეფისა საწოლსა, მეფე განმხნევდა, წარმოდგა და ცრემლითა უბრძანა: დააჩოქონ წინაშე ლუსკუმისა. დიდითა ვედრებითა და ცრელმთა დენითა და სარწმუნოებითა ემთხვია წმინდათა ნაწილთა. დედოფალი მარიამ და მხლებელნი სტიროდენ მწარედ და ატირებდენ სხვათაცა. ღენერალი ლაზარევი თვით დაესწრო მუნ დროსა ამას და ამასცა, მწუხარესა ცოლისა და შვილისა სიკვდილისა გამო მასვე დეკემბრისა თთვესა, განუახლეს ტკივილი გულისა და ატირეს მრავლად. მაშინ მივიდა მუნ დამსწრეთაგან დეკანოსთან იოსებ წინამძღვრის შვილთან, რომელმანცა იცოდა რუსულიცა და ჰრქვა: „ახლა ვხედავ რომელ მეფე გიორგი მაღლად სდგას ღმერთთანაო!“

შემდგომად ლოცვისა, წარასვენეს ლუსკუმა წმინდისა და დასდვეს თვისსა საფლავსა დიდითა კრძალვითა და თაყვანისცემითა.

მეფე შეიქმნა უკეთ და მასვე დღესა ლაზარევმან აცნობა ამბავი ესე ღენერალსა კნორრინგსა. _ (თავი CXLI).

22 დეკემბერს სნეულმან მეფემან თვით მოინება რათა აღასრულონ მას ზედა საიდუმლო ზეთის კურთხევისა, ამისთვის შეკრბენ სახლსა მისსა კათოლიკოსი ანტონი, მთავარ ეპისკოპოსი იუსტინე, მიტროპოლიტი იოანე ბოდბელი, არქიეპისკოპოსი რუსთველი სტეფანე, მიტროპოლიტი თფილელი არსენი, არქიმანდრიტი და მოძღვარი მეფისა ევთიმი და მღვდელი სასახლისა ონისიმე იოსელიანი. მოყვარე ქრისტესი მეფე გიორგი, მდებარე ცხედარსა ზედა, ილოცვიდა და ევედრებოდა ღმერთსა, რათა სცეს მას კურნება სულიერი და ხორცილი. ცრემლთა დენითა თვალთაგან, ცოდვათათვის მტირალთა, მოიყვანდა ლმობიერებასა თვით მვერდებელთა განკურნებისათვის სნეულისა. შემდგომად სრულყოფისა ზეთის კურთხევისა მოეცა შვება მეფესა მწუხარესა. განატარა ღამე მშვიდობით და დღესა მეორესა დილით, ოდეს შებრძანდა დედოფალი მარიამ, სანახავად მეფისა, იხილა მეფე თვალებ შერეული და რეცა მატრიალებელი თვალთა უჩვეულოჲსა მისთვის სახითა. შესწუხდა და მოახსენა გაბედვით ცრემლმორეულმან მეფესა:

„ბატონო, რას უბრძანებთ შვილებსა ამათ? ვის აბარებთ, თუ გვეწვია უბედურება რაჲმე? დავით უნდა იყოს ამათი პატრონი? ანუ თქვენი ძმები? ანუ დედოფალი (დ ა რ ე ჯ ა ნ, _ არღა ახსენა სახელით, ქართველთა ზრდილობისა გამო)? _ „ბატონო დედოფალო. გაიგონე რა გიამბო; მე აუჩენ ამათ პატრონსა დიდსა და ძლიერსა, _ უბრძანა პასუხად დედოფალსა ცოლსა თვისსა. _ ბარათაშვილო გიორგი! მომგვარე ღენერალი“, _ ბრძანა მეფემან. მსწრაფლ აცნობეს ღენერალსა და მოვიდა მეფესთან, მეფემან სთხოვა დაწეროს წერილი იმპერატორსა პავლესთან, აცნობოს უკანასკნელი დღე მისისა ცხოვრებისა, და ესეცა, რომელ: ჩამიბარებია ანდერძად ცოლ-შვილი ჩემი და საქართველო. _ ეხლავ დასწერეთ წერილი ჩემ მაგიერ მოკლე! _ დაუწერეს წერილი მოკლე, და მოაწერა ხელი და დაასვა ბეჭედი თვისი.

ესე ამბავი მიამბო ექიმმა ყარაევმან, მუნ დილით საღამომდინ მყოფმან და ყოვლისა ამისა ამბავისა მცოდნემან და თანადამსწრემან. _ მაშინვე იოანე ყარაევი დაუმატებდა მხიარულებით და ყელ-მოღერებით სიტყვათა: „სწორე მეფე იყო, უხვი, ძლიერი სიტყვით, მლოცველი, უტყველი, წმინდა ფიქრითა, ბევრით უკეთესი მამაზედ ქცევითა, თუმცა არა სიმხნითა“. _ (თავი CXLII).

შობისა დღესა 25 დეკემბერსა, დასდგეს კარავი ნაკურთხი პირისპირ ოთახისა მისისა, და იწყეს წირვა; თვით მეფე მწოლარე ცხედარსა, დიდისა მხურვალებითა ისმენდა ლიტურღიასა და თვით წარიკითხა დღისა ამის სამოციქულო რაოდენ შეეძლო ხმითა დიდითა და სამეფოჲსა კილოთი, მტკიცედ ლექსთა გამოთქმითა, ჰაზროვანად, ძლიერითა ბაგეთა ბგერითა, თანახმად მაღალთავე ჰაზრთა სიტყვათა თვით ზეცით გარდამომეტყველისა მოციქულისა.

ლიტურღია აღასრულა მოძღვარმან მისმან ევთიმი, იოანე ნათლისმცემლისა უდაბნოჲსა წინამძღვარმან; _ და მასვე დღესა ეზიარა ცრემლითა და დიდისა ვედრებითა ღვთისადმი ხორცსა და სისხლსა ღვთისა მაცხოვრისა ჩვენისა.

მასვე დღესა წირვისა შემდგომად, მოახსენეს მეფესა ახლად მოყვანილთა ინდოეთისა ქათამთათვის თფილისსა, უცხოდ სადამე სანახავისა. ინება რათა აჩვენონ მას. მსწრაფლ აცნობეს რუსისა სალდათსა, ქათამთა ამათ რუსეთით მომყვანსა და მოჰგვარეს მეფესა 2 მამალი და 4 დედალი. მუნ მხლებელთა კაცთა დაუსტვინეს და ქათამთა გაშალეს ფრთები, დაუშვეს ბოყვნი, იწყეს ხმაურობა თვისებრი. განცვიფრებით მსინჯველსა მათსა მეფეს, მოახსენეს ღირსება და გემოვნება ინდოეთისა ქათამთა ხორცისა. „ნუუმე სჭამენ ამათსა ხორცსა?“ _ იკითხა მეფემ. _ „დიახ, მეფევ! დიდსა ხმარებაშია რუსეთში ხორცი ინდოეთისა ქათმისა“. _ „ღმერთმან დამიფაროს მაგათის ჭამისაგან“, _ ბრძანა მეფემან და მაშინვე დაიწერა პირჯვარი ხელითა, რომლითაცა მარადის ჩვეულებისამებრ პირჯვარის გამოსახვისა დროსა, ხვდებოდა ცხვირსა მისსა. ესრეთ წარიყვანა ინდოეთისა ქათმები რუსისა სალდათმან და აქედამ განითესა საქართველოში ინდოეთისა ქათმისა სიმრავლე და ეწოდა მათ დღედმდე ი ნ დ ო უ რ ი. ესე მიამბო ეპისკოპოსმან ნიკიფორე ჯორჯაძემან, რომელიცა დღესა ამას იყო დამსწრე წირვისა, ვითარცა არქიდიაკონი მიტროპოლიტისა იოანე ბოდბელისა. და შემდგომად გარდაიცვალა ვიკარად ექსარხოსთა. _ (თავი CXLIII).

26 საღამოს იქმნა შეყრილობა 40-დმდე კაცთა თავადთა და აზნაურთა სარდლისა სახლში. სარდალმან იოანე ორბელიანმან სთქვა: „ბატონებო! ძნელსა მდგომარეობაში არის დღეს ქვეყანა ჩვენი. ბატონი მეფე უკურნებელითა სენითა მწოლარე, დღეს ანუ ხვალ მიგვეცვალების. მემკვიდრე მისი დავით გვექადის მეცა და მუხრანის ბატონსა შეურაცხებით განდევნასა ჩვენისა ღირსებისაგან. მე მყვანან ნამდვილნი სარდალნიო, არა ერთხელ ბრძანა დავითმან საეროდ და გასაგონად. _ იგივე დავით ექადის ცუდად დედინაცვალსა თვისსა, დედოფალსა მარიამს და იგიცა მწუხარე, დნება ვითარცა სანთელი და არ იცის რა ჰქმნას. _ მგონია დამშვიდებისათვის ქვეყანისა და ჩვენისა საკუთარისა პატივისა დასაცველად, ვისურვოთ, _ დაშთეს რუსეთისა მეფობა: ნურღა გვინდა მეფედ დავით“. _ დროსა ამას შევიდა მუნ მუხრანის-ბატონი, ჯერეთ ჭაბუკი კონსტანტინე, კაცი გვარ-შთამოებით სალთ-ხუცესი, გარნა გამოუცდელი, ვითარცა სარდალი. მიიღეს პატივითა დიდითა და დაითანხმა იგი სარდალმან იოანე ორბელიანმან, ვითარცა უფროსმან უმცროსი. მუხრანის-ბატონსა თანა ახლდენ დროსა ამას ზედგინიძე, ვითარცა ლალა ანუ მრჩეველი და ერთგული სახლისა მისისა, და რატიშვილი... მუხრანის-ბატონისავე აზნაურიშვილი. ესენი ადრევე ჩაგონებულნი მეფის ასულის ქეთევანისაგან, დედისა მუხრან-ბატონის კონსტანტინესსა _ იტყოდენ და წარმოსთქმიდენ სიტყვათა მკვახეთა დავითისათვის. მაშინ მუნ მყოფმან მღვდელმან თურქისტანიშვილმან იოსებ გაბედვით სტუქსა რატიშვილი და აყვედრა მას კადნიერებითა მის მეფის ძის დავითისათვის სიტყვა. _ ზრდილობითი საუბარიცა დაიკარგა დროთა ამათ შინაო, _ იტყოდა ეგნატი იოსელიანი. ვერვის გაბედნა ჭეშმარიტების თქმა. სოლომონ ლიონიძე, ვითარცა ლომი გარემოცული მტერთაგან, იბრძოდა ქვეყნისათვის, მეფობისა დაუკარგველობისათვის. ლექსი „მეფე“ დადუმდა აქა? ბატონებო, იყვენით ფხიზლად: ჯვარცმულისა მადლმა, იღუპება ქვეყანა უშველებელად. იქით სარდლები იწევენ, აქეთ მეფის ძენი; მელიქი და სომხობა გველურად იქცევიან. მოდით გონებასა. დაფიქრდით და შედით საქმისა ბჭობაში. დავითისა მემკვიდრისა მტერობისათვის, რათ უნდა შეექმნათ მტერი ქვეყანასა! ნამუსიანად უნდა ვიყვნეთ ქვეყანისათვის და მეფობისათვის. დასაწყობელად საქმეთა და შინა აღრეულობათა კმარან რუსნი და ტრაქტატი მეფისა გიორგისა. ღვთის გულისათვის მოითმინეთ და სულგრძელებით და დამშვიდებით მოვილაპარაკოთ და დავაწყოთ საქმე საქვეყნო თვით დავით მემკვიდრისა სახლში“.

სარდალმან არ უსმინა ლიონიძესა, კაცსა მას მხოლოსა, რომელსაცა ესმოდა ყოველივე და რომელიცა ხედავდა შორს. ხმა მისი იყო ნამდვილი ხმა ღაღადებისა უდაბნოსა. ვერა რაჲსა მოქმედი მივიდა ლიონიძე დავითთან; ესაუბრა მას და ვითარცა მეგობარსა ურჩია მრავალი რაჲმე. _ დავით, მერყევი ჰაზრითა და აღშფოთებული, არ ისმენდა სიტყვათა ბრძნისა თვისისა მეგობრისა. მან არა ინება მიეწოდა თვისთანა სარდალი და სხვანი პირნი საქვეყნონი; არცა აჩვენა ვითამც თავი თვისი სუსტად და მოკლებულად მეფობითისა ძალისა, ვითარცა ჯერეთ მემკვიდრე და მომლოდინე მეფობისა გვირგვინისა, ტრაქტატისა ძალითა რუსეთისა ხელმწიფესთან. „ამიერიდგან, _ იტყოდა დავით, _ ჩემი სახლი დახშულია სარდლისათვის და მისთა მეგობართათვის, ვითარცა ქვეყანისა მტერთათვის. მე გავხდი მას მელიქისა სარდლად და დავანახებ მას მალე, _ ვარ ანუ არა მეფე ნამდვილი?“ _ კათოლიკოსი ანტონი, დროსა ამას მიბრძანდა მეფის ძეს დავითთან და სთხოვა, რა სურს მას იმა დროისათვის, უკეთუ არღა იქმნება მამა მისი მეფე, უიმედო ცხოვრებისა? დავითმან პასუხ უგო მას: „თვით იცით ვინ ვარ და რა მეკუთვნის, მოვალეობა თქვენი გაქმნევინებსთ მას რაცა იქმნება საქმნელი. წინათ ვერა რას მოგახსენებ“. იოანემან ძმამან დავითისა მუნ დამსწრემან დაუმატა ესეცა: „როგორ უნდა წაერთვას მეფობა დავითსა, ჩემსა ძმასა, არ ვიცი? არ არის პირმშო მეფისა? როგორც მამა ჩემი გამეფდა, გამეფდება დავით შემდეგ მამისა თვისისა. _ საწყენი იქმნება ესე ანუ სასიამოვნო მრავალთათვის, საქმე ესე ესრეთ მოხდება. მეფისა გიორგისა შემდეგ არის დავით მეფე საქართველოჲსა“.

კათოლიკოსი იქცეოდა დროსაცა ამას და შემდეგცა ესრეთ, ვითარცა ეკიდებოდა მისსა ხარისხსა. ვერ სძლია ჰაზრი მისი ვერცა დედოფალმან დარეჯან, ე. ი. დედამან მისმან, ვერცა ძმათა და ვერცა სხვათა მეფისა გიორგისა წინააღმდეგთა. _ ესრეთ მტკიცედ და შეურყეველად იყო კათოლიკოსი, აღმასრულებელი მხოლოდ მოვალეობისა თვისისა კათოლიკოსობისა. _ (თავი CXLIV).

27 დეკემბერსა დილით მეფესა დაეკარგა მადა. არღა ინება არცა წვნიანი, არცა ჩაი პატრისაგან მომზადებული, არცაღა მიიღებდა წამალსა თათულა ექიმისაგან და იოსება აქიმბაშისაგან (ყარაევისა). წყალმანკი გაძლიერდა, მოაწვა გულსა და დააწყებინა ქშენა, დროთი-დროთ მოითხოვდა ალიბუხარის წყალსა. მაშინ მოუწოდა მოძღვარსა თვისსა წინამძღვარსა ევთიმის; სთხოვა უკითხოს ლოცვანი ანგელოზისა მფარველისა. ავედრებდა სულსა მოძღვარსა თვისსა, რომელსაცა ესავდა დიდად, ვითარცა კაცსა წმინდასა და ქვეყნიერად ანგელოზად ხმობილსა მეფისაგან და ესრეთვე ცნობილსა ყოველთაგან. დილითვე 8 საათსა უბრძანა წაუკითხოს დაუჯდომელი, _ ღვთისა დედისა ქებანი. 9 საათსა დილით დასდვს კარავი და სწირა თვით ევთიმემან და კვალად ეზიარა მეფე დიდითა ცრემლთა დენითა და ვედრებითა. შემდგომად მიღებისა საღმრთოთა საიდუმლოთა, ხმითა ძლიერითავე სთქვა: „ხორცი და სისხლი მაცხოვრისა შემიყვანს მე სასუფეველსა. ქვეყნიერსა მე ვერღარა ვიტყვი. თვით მაცხოვარი იზრუნებს სამეფოსათვის, არღა ჩემისა. რუსთა ხელმწიფესა ვუტევებ პატრონად ქრისტიანობისა. იგი განაგებს ყოველსავე. _ დედოფალო, ნუ სტირ ჩემთვის. იესო ჩემი ტკბილი, დაგატკბობს შენ და შვილთა ჩემთა. მოსავი ქრისტესი, არა სადმე დაეცემის. _ დიახ, დედოფალო, არა სადმე დაეცემის“.

საღამოსა მწუხრისა ლოცვისა წინათ შემძიმდა მეფე. მოვიდა კათოლიკოსი და იამა ნახვა მისი. მობრძანდა დედოფალი დარეჯან და იამა მისიცა ნახვა. მოსთხოვა მას ხელი და ამბორ უყო. აკოცა დედოფალმან შუბლზედ. „მომიტევე დანაშაული, დედაო ჩემო, _ სთხოვე ძმათაცა ჩემთა მომიტეონ ბრალი ჩემი მათთან!“ აღივსნენ თვალნი ცრემლითა გარე მოდგომილთა მეფისა საწოლისა. შეიქმნა მსახურთა და მხლებელთა ქალთა და კაცთა, გრგვინვა გულთა მწუხარეთა. „ნუ სტირიან, _ ბრძანა მეფემან, ილოცონ ჩემთვის, რათა კეთილად და სათნოდ წარვსდგე ღმერთთან!“ _ იწყეს მწუხრი და შეიქმნა მცირედ უკეთ და მოხედვით. წაბრძანდა დედოფალი დარეჯან, წარვიდა კათოლიკოსი. დაშთა მოძღვარი და აქიმნი თათულა, პატრი ნიკოლა და ოსეფა. ღამე ესე განვლო მეფემან დუმილითა, ვითარცა მისუსტებულმან და ხშირად, ნახევრად ფხიზელი იტყოდა: „კირიელეისონ, უფალო შემიწყალე“. მერეთ: „ღვთისა დედაო, მიიბარე სული ჩემი!“ _ (თავი CXLV).

28 დილით მეფესა, გონებისა არა დამკარგავსა, ულოცეს ცისკარი და მერეთ წირვაცა და 11 საათსა დილით შემდგომად ჩამოლოცვისა განუტევა სული. _ ვითარცა ცხოვრება მისი იყო ქრისტიანებრი, იტყოდენ ხშირად მუნ დამსწრენი, ეგრთვე აღსასრულიცა მისი იყო ქრისტიანეთა ვედრებისა გვარი: „ქრისტიანობითი აღსასრული ცხოვრებისა ჩვენისანი, უჭირველნი, ურცხვენელნი, მშვიდობითნი, _ უფლისა მიერ თხოვნილნი“ (24) _ ნამდვილ მიენიჭა მეფესა ქრისტეს მოყვარესა.

აცნობეს გარდაცვალება მეფისა ლაზარევსა და სასახლისა კაცთა: წარგზავნეს კაცნი საუწყებელად ქართლისა და კახეთისა; და კურიერი მასვე დილით გაიგზავნა ს. პ. ბ. საუწყებელად იმპერატორისა პავლესსა. ლაზარევმან აცნობა ესე წერილითავე თვისითა ქალაქისა მელიქსა დარჩია ბებუთაშვილისა და ყოველგანცა და მისწერა საცნობელად, რომელ ყოველივე განკარგულება და ბრძანებაები, _ დამტკიცებადმდე მემკვიდრისა დავითისა მეფედ იმპერტორისაგან _ იქმნება ბეჭედ სმულნი სამთა პირთაგან, ე. ი. მეფის ძის იოანესი, ეგნატე მდივნისა თუმანიშვილისა და ჩემისაო.

მასვე დღესა მოძღვარმან მისმან ევთიმი გამოუცხადა ანდერძი მეფისა დასაფლავებისა გამო მისისა, რომელიცა იყო დაცული ვეცხლისა კანდელსა შინა, კიდულსა წინაშე იოანე ნათლისმცემელისა ხატისა უდაბნოსა შინა იოანე ნათლისმცემელისა. წარავლინეს კაცნი და მოიტანეს ანდერძი თვით მეფისა ბეჭდითა დაბეჭდილი და მისგან დაწერილი და ხელმოწრილი. კანდელი ესე ვეცხლისა შეწირული მეფის ძის გიორგისაგან, არის დღესაცა მუნ კიდულად (25). ლაზარევმან აღრეულობისა გამო სამეფოჲსა, ვერ გაბედა რათა მიეცა ჯარი უდაბნოდმდე: მეფის ძე ალექსანდრე მიმალული თვით დავით გარესჯის მონასტერსა, შემდგომად ნიახურას დამარცხებისა, ჰგონებდა თფილისად ჯარითა მოსვლასა და უწოდდა ძმათაცა თვისთა: იულონს, ვახტანგს და ფარნაოზს ჯარებითავე. ამისთვის დაეკითხაცა კნორრინგსა. ესრეთ დაგვიანდა დასაფლავება მეფისა.

მაშინ დედოფალმან, მეუღლემან მისმან, თვით რუსეთისა ღენერალმან და კარისა კაცთა, _ არღა ინებეს აღსრულება ანდერძისა სურვილისამებრ თვით მეფისა და დასდვეს, რათა მეფეთა საძვალესა შინა იქმნას გვამი მისი დასაფლავებული. _ (თავი CXLVI).

30 დეკემბერსა გვამი მეფისა, მდიდრად კუბოსა შინა მორთული, მიასვენეს სიონისა სამღვდელმთავროსა ეკკლესიასა. მიცვალებულსა მიუძღოდა ჯარი რუსთა და ქართველთა, ზარბაზნები, დროშა სამეფო და ღერბი სამეფო და იკვროდა მუზიკა საგლოველი. გარემოადგნენ კუბოსა რუსთა სალდათნი და ქართველთა ქეშიკნი. ყოველ დღეს გარდაიხდებოდა პანაშვიდი; მდივანბეგთა ძველთა წესითა, დაჰყარნეს ეკკლესიისა იატაკსა, საწერელნი და ყალამნი, _ ნიშნად შეყენებულისა ბრძანებათა მწერლობისა; ხელ-ჯოხიანთა სასახლისა კვერთხნი, _ ნიშნად გაუქმებულისა მათისა ხელობისა; მზარეულთა _ ქვაბი, ფლავის საწურავი და ესე ვითარნი, _ ნიშნად უქმთაღა მათთვის ნივთთა; პირის მწდემან მეფისა ოქროსა და ვეცხლისა და სხვათა გვარისა სასმელისა ჭურჭელნი, _ ნიშნად არღა სახმართა მათგან; მილახვარმან ძვირფასნი აღვირნი ცხენთა. თვით ადგნენ თავსა, ნივთთა ამათ მიყრილთა გუნდ-გუნდად აქა იქა. ეკკლესია გალობდა პანაშვიდისა საგალობელთა. სასახლისა კარისკაცნი იგლოვდენ მეფესა; დედოფალი მარიამ და შვილნი სტიროდენ ობლობისა მწუხარებასა; რუსთა ჯარი დაიცვამდა ქალაქსა; ძმანი მეფისა, მტერნი მისნი, განბნეულნი სხვათა და სხვათა სამეფოჲსა კერძოთა, ეხაროდენ დროთა ცვლილებასა; დედოფალი დარეჯან მწუხარებდა არა ეგოდენ მეფისა გიორგისათვის, რაოდენ შვილთათვის თვისთა განბნეულთა და მისთვისცა უმეტეს, რომელ არა იცოდა რაჲ შეუდგებოდა ქვეყანასა რუსთაგან დაცულსა, მეფი ძისა დავითისაგან, რუსთა იმედითა, დაპყრობილსა. დავით მემკვიდრე მეფისა, გარე ქალაქისა თვისსა სასახლესა, განიზრახვიდა მეფობასა და ელოდა მეფისა დასაფლავებასა. სარდალნი და თავნი კაცნი მეფობისა, დამთვრალნი ურჩებითა დავითისადმი მემკვიდრისა, უკეთესისა მომლოდნენი, მეფეთა არღა მოსურნენი, იყვნენ დუმილსა შინა. _ მღვიძარენი დაუკარგველობისათვის მეფობისა მეფის ძენი იოანე, ბაგრატ, თეიმურაზ და მიხაილ, სარდალი იოანე ყაფლანიშვილი, ალექსანდრე მაყაშვილი, იოანე ანდრონიკაშვილი, ეგნატი იოსელიანი, მეითარი თარხნიშვილი და მათ შორის უბრძნესი და ნათლად მხედველი მყოობადისა და მომავალისა სოლომონ ლიონიძე, _ დიდი მტერი და მოძულე ლაზარევისა, სთხოვდნენ და ევედრებოდენ დავითსა წარვიდეს მცხეთას და დაგვირგვინდეს მეფედ. დავითმან ესე არა ინება, ელოდა სამეფოთა ნიშანთა რუსეთიდამ, და მიიღო მოსვლადმდე ბრძანებისა, მხოლოდ წოდება ნაცვლად მეფისა, რ ე ღ ე ნ ტ ო ბ ი ს ა ანუ სამფოჲსა გ ა ნ მ გ ი ს ა. შემდგომად სამისა დღისა მემკვიდრე დავით აშფოთდა იოანე სარდალზედ და მუხრანის-ბატონს კონსტანტინზედ, რომელთაცა უგვანად მოეხსენებინათ დავით საუბარსა შინა მეფობისათვის. მაშინ წარვიდა სოლომონ ლიონიძე და მოახსენა დავითს; „დასამშვიდებელად მეფობის და აღრეულობისა დასაცხრომელად, მიიღეთ ზომა მტკიცე. ჰქმენით რაცა არის საქმნელი. აჩვენეთ ძალა და ძლიერება თქვენი. გმართებსთ აწ გმირობა; დუმილი თქვენი და სისუსტე, რაცაღა აძლიერებს თქვენთა მეტოქეთა. დაეც ზარი და მეხი შიშისა მუხრანის-ბატონსა და სარდალსა, ეხლავ უბრძანე დაიფიცონ მორჩილებაზედ. ნუ ჰკარგავ მეფობასა და ნუ ღუპავ ქვეყანასა. ვინ არის მოცილე მეფობისა? რუსეთმან ადრევე აღგიარა მემკვიდრედ და პირმშოობითა გაქვს უფლება მიიღო კვერთხი მეფობისა“. _ ესრეთ მტერნი იდუმალ მოქმედებდენ; თვით ღენერალი ლაზარევი არა მეგობრად ხადილი, არ ურჩევდა რათა მიეღო წოდება მეფისა. ურჩება განდიდდებოდა; მოხელენი გაუქმდებოდნენ და თვით ზედა წარწერაცა ამილახვარისა ბეჭდისა: „მეფისა მტრისა ლახვარი, ვამტკიცებ ამილახვარი!“ _ შეიქმნა საცინელად. თვით მხლებელნი მისნი და მრჩეველნი სუსტდებოდნენ. ვითარცა მეხცემულნი, ვერასადა ჰპოობდენ კურნებასა. არცა ოქმთა ზედა და ბრძანებათა დავითისაგან ბეჭდილთა, არცა ეკკლესიასა შინა მოხსენების ადგილთა, არცა მოედანთა და არცა სახლსა შინა არღა ისმოდა ლექსი „მ ე ფ ე“. დაუშთა ესე წოდება გარდაცვალებულსა გიორგისა და ისტორიისა შემდეგთა დროთათვის საუწყებელად იგივე წოდება „მ ე ფ ი ს ა“ დამატებით „უ კ ა ნ ა ს კ ნ ე ლ ი ს ა“. . . . . . . . . . . . .

მტერნო, გიხაროდენ! იწყო გლოვისა ხმამან, ვაებამან მეფობისათვის. დაუშთა ღვთისა განგებასა, რათა კეთილად სცვალოს ბოროტი, ბნელი გარდააქციოს ნათლად, და წყლული ჰკურნოს!

რუსეთისა მეფეთა, მეფობისა მფარველთა ხვდა წილად, მოსცეს ღირსებითი მნიშვნელობა ქართველსა ერსა მორწმუნესა; და ესე იწყო დღიდგან გარდაცვალებისა „უ კ ა ნ ა ს კ ნ ე ლ ა დ“ წოდებულისა მეფისა გიორგი მეათცამეტისა და მომდინარეობს დიდებად, ერისა სიმრავლითა, სიმდიდრითა და სწავლითა, _ ვიდრე დღეინდელად დღედმდე. _ (თავი CXLVII).

დაყუდებულმან ბერთუბანისა კოშკსა ზედა იოანიკემან კახმან, მბაძავმან სვიმონ დიდისა მესვეტისა, სცნო გარდაცვალება მეფისა და მოსწერა დედოფალსა მარიამს შემდეგი წერილი:

„... სიკვდილი მეფისა ქრისტეს მოყვარისა, არის ვაება ქვეყანისა. საგლოველი ეკკლესიისაგან წმინდისა; გარნა ბატონო დედოფალო! მიიღე ნუგეშად და ირწმუნე ესე, რომელ დაახლოებული ღმერთთან, უმეტესად ექმნების მფარველად სამეფოსა თვისსა. ლოცვა მისი, ვითარცა კიბე იაკობისა, შთამოიყვანს ზეგარდამო კურთხევასა თქვენზედა და შვილთა თქვენთა ზედა, ქვეყანასა ზედა საქრისტიანოსა. შეუდეგით კვალსა მისსა ლოცვითსა; იყვენით პატრონად ობოლთა და ქვრივთა და ამით იხილავთ და იყოლიებთ ცოცხლად მეფესა გიორგის, არა ვითარცა არა მყოფსა, არამედ, ვითარცა გარდასრულსა ამიერ სოფლით, მას სოფელსა მზე დაუვალსა. ჩვენ ცოდვილნი ვერ დავივიწყებთ მას მოხსენებითა სახელისა მისისა და სულისა მისისა საღმრთოჲსა უსისხლოჲსა მსხვერპლისა შეწირვისა დროსა. მრავალი კეთილი გვახსოვან მისგან მამათა და ძმათა მეუდაბნოეთა. კურთხევა უფლისა იყოს თქვენთანა; მადლი და მშვიდობა უხვად ნუ მოგაკლოსთ თქვენ... მდაბალი და უნდოჲ სულითა გლახაკი ბერი იოანიკე“.

ბერი ესე იყო ჭოტორისა სოფლიდამ; სიყრმიდგან ახლდა ზაქარია მოძღვარსა გაბაშვილსა და მასთანა მოესმინა ფილოსოფია და ღვთისმეტყველება. განდევნილსა ზაქარიასა გადაჰყოლოდა იმერეთს და მუნით მღვდელ-მონოზნათ შემოსილი წარვიდა ცხოვრებად ბერთუბანსა დიდისა მოღვაწებითა. იტყვიან მისთვინ, ვითარცა კაცისათვის წმინდისა და ღირსისა, გულთა და ჰაზრთა გამომთარგმანებელისა. მამანი მონასტერთა ხადოდენ მას, ვითარცა ახალთა დროთა ქართველთა ეკკლესიისა მნათობსა. გარდა ლოცვათა ლოცვანთა შინა მოღებულთა თვით სადამე დღე და ღამე თხზვიდა და შეადგენდა ზეპირად გონებითა ლოცვათა და იტყოდა მათ. ესრეთ განატარა ცხოვრება თვისი და სარბიელი სოფლისა მწირობისა. 1802 წელსა ღრმად მოხუცებულმან ბოდბელმან იოანე, დროსა მას ნათლის-მცემელისა მონასტერსა ყოფილმან, დაასაფლავა მუნვე მისსავე სასვეტოსა. გაბრიილ მონოზონმან ნათლისმცემელისა, აღმწერელმან „ჯვარ-მოსილისა“, ცრემლით წარსთქვა ქებითი მისთვის სიტყვა, რომელიცა მინახავს იოანე რუსთავისა არქიეპისკოპოსთან. ვისა აქვს იგი დღეს, არა ვუწყი. _ (თავი CXLVIII).

გარდაცვალებულისა მეფისათვის სამწუხრონი ანუ სამძიმარისა წერილნი მრავლად სადმე მოერთვნენ დედოფალსა: გურიიდამ, მეგრელიიდამ და იმერეთიდამ. ხანთა ერევნისა, ყარაბაღისა იბრაიმმან, ჯავათ-ხანმან განჯისა, მუსტაფა-ხანმან შაქი-შირვანისა მოართვეს წერილინი და ძღვენნი, რომელთაცა უწოდებდენ ძველთავე ლექსითა „შესაწევარად“. დღესაცა არს ადგილ-ადგილ ჩვეულება ესე ძველივე. ამასვე დროსა მოუვიდა წერილი ომარ ხანისა, რომელსცა ყოველწლივ ეძლეოდა მეფისაგან 5000 მანეთი ჯამაგირისა სახითა.

ესრეთივე წერილი მოეწერათ ახალციხის ფაშასა, ძველთა ათაბაგთაგან გვარისა ჩამომავალთა, რომელთანაც იყო მეფე დაკავშირებული მეგობრობითითა მიწერ-მოწერითა.

მოსრულთა თფილისად მიუტირეს მეფე-დედოფალსა; იხილეს დავით განმგედ მეფობისა და ჯერეთ არა მეფედ. სამეფო ქართველთა ეჩვენებოდათ მათ უდაბნოდ, _ მოკლებულად მცხოვრებთა ხმაურობისა; მინდვრად თვალთათვის მიუწვდომელად და დასაღალველად; გვამად კაცისა, _ თავმოკვეთილისა; მზედ ზამთრისა, _ არ მათბობელისა; ტყედ მაღნარისა, _ ცულით დაკოდილისა და მკვიდრად არღა მფშვინავად. მწუხარებისა ამისა დღეებში მიიღო დედოფალმან დაწერილი იმპერატორისა პავლესი, მეფე გიორგისთან მოწერილი 23 ნოემბერსა 1800 წელსა, რომლითაცა უცხადებს მეფესა უსიამოვნებასა თვისსა სნეულებისა და უძლებობისა გამო თვით მეფისა. წერილი ესე წარუკითხეს დედოფალს 14 იანვარს.

ნეშტნი მეფობისა და კარისა სამეფოჲსა ფიქრმორეულნი, ვიდოდნენ ვითარცა აჩრდილნი მთვარისა ღამისა. საუბარი მათი იყო ვითარცა ბგერა ზარისა, ჰაერისა მხოლოდ შემარყეველისა; საქმე მათი და დაწყობანი საქვეყნოთ, იყვნენ ვითარცა ქსელნი ბაბაჭუჲსა სუსტთა ბუზთათვის გაბმულისა და ქსოვილისა. შეყრილება მათი მოსაზრველად უმჯობესისა, დაბადებდა შფოთსა და უთანხმოებასა.

საბატიონი კაცნი შეირყნენ და დაეცნენ, ვითარცა სვეტნი შენობათა ძვრისაგან შერყეულნი და დაცემულნი. მაშინ ვითარცა მიძინებულთა განიღვიძეს, იხილეს და იგრძნეს მრავალთა უბედურობა თვისი მაშინ, ოდეს მწუხარებამან, ვითარცა მახვილმან განვლო გულთა მათთა. ურჩებამან დაბადა სინანული ესე; ჭამეს კაწახი და მოსჭრნეს კბილნი, _ სიტყვისამებრ წინასწარმეტყველისა. _ (თავი CXLIX).

დღიდგან გარდაცვალებისა მეფისა არა დასცხრებოდა ღელვა აღრეულობისა ქ. თფილისს. არცა დავით მემკვიდრე, არცა შვილნი სხვანი მეფისა, და არცა რუსთა ჯარისა მბრძანებელი არა აბოლოებდენ მეფისა გვამისა დასაფლავებისა საქმესა. ლაზარევსა მომლოდინესა ბრძანებისა კნორრინგიდამ და შიშმან ძმათაგან მეფისა, რომელნიცა აგროვებდენ ჯართა დასაცემად თფილისზედ, ვერ გააბედვინა მიცემა ჯარისა, რათა წარეღოთ გვამი უდაბნოდ მოშორებულისა თფილისიდამ 60 ვერსტითა. ესე იყო მიზეზი რომელ 20 ფებერვლამდე 1801 წლისა ესვენა გვამი მეფისა სიონისა ეკკლესიასა და სხეულისა ხრწნილებასა იმაგრებდენ და ეშველებოდენ კუბოსა შინა ყინულთა შთადებითა. თავადნი და აზნაურნი ქართლისა და კახეთისა, მომავალნი თფილისს, მიმოვიდოდნენ კუბოდ მისსა, სტიროდენ, ემთხვეოდენ ხელთა მისთა და ესალმებოდენ საუკუნოდ. უკანასკნელ, გასულმან მოთმინებიდამ მეფის ძემან იოანე, დაუდევნელობისა გამო მეფის ძისა და მემკვდირისა დავითისა თვით იზრუნვა და დაასკვნეს უკანასკნელი ანდერძის აგება 20 ფებერვალს და მასვე დღესა წასვენება გვამისა მცხეთას. შემდგომად წირვისა და ანდერძისა გამოასვენეს ეკკლესიით კუბო მეფისა. კუბოსა ამას, რომელიცა ეპყრათ თავადთა ურჩეულესთა, უძღოდენ წინა ჯერეთ თავადნი და აზნაურნი, მათ შეუდგენ ეკკლესიისა მსახურნი ხატებითა და სანთლებითა; მერეთ ორდენნი: ალექსანდრე ნეველისა და წმინდისა ანდრია პირველწოდებულისა, ხმალი, სკიპტრა, გვირგვინი, ბაირაღი, მარჯვნივ იყო კათოლიკოსი ანტონი სამღვდელოთი და მარცხნივ იოსებ კათოლიკოსი სომეხთა თვისითა სამღვდელოთი. ბალდახინისა ქვეშე გარემო კუბოჲსა მიუძღოდენ მეფის ძე და მემკვიდრე დავით, იოანე და ბაგრატ. დიღმის კარითა გაასვენეს მიცვალებული და გარე ქალაქისა დასდვეს გვამი, სთქვეს პანაშვიდი და მაშინ დაცალეს 6 ბატალიონმან თოფები და 3 პოლკის ზარბაზანთა სამ-გზის ჰქმნეს სროლა. მასვე დღესა ციხის მეზარბზნეთა ისროლეს 31 სროლა. ქაშოეთის წინ გამოეთხოვა სამეფო ქალაქი თფილისი მეფესა თვისსა. დადუმდა ხმა საგლოველი ბარაბანთა და მუსიკისა და ხმა ზარბაზანთა. ჯარი უკუ იქცა ქალაქად და გვამი მეფისა წარიღეს მცხეთას. ესე იყო დღე ოთხშაბათი, მესამისა, დიდმარხვისა კვირისა. მეორესა დღესა, შემდგომად ლიტურღიისა, კათოლიკოსმან ანტონი და მღვდელმთავართა დაასაფლავეს მარცხნივ აღსავლისა კარისა. მუნ იყვნენ და დაესწრნენ მეფის ძენი იოანე, ბაგრატ, თეიმურაზ, მიხაილ და ილია, თავადნი და აზნაურნი და მოხელენი მრავლად. დედოფალი და ქალნი, ქართველთა წესითა, დაშთენ თფილისსა, ვითარცა მგლოვარენი და მხოლოდ საღამოსა დროსა წაბრძანდნენ.

მეფე გარდაიცვალა 56 წლისა შობიდგან. განმგმან საქართვლოჲსა მარკის პაულუჩჩი 1812 წელსა უქმნა ტაგრუცი და დაასდვა თითბრის ფიცარზედ რუსული ზედა-წარწერა:

«Здесь покоится царь Георгий, родившийся в 1750 году, который взошёл на престол Грузинской в 1798 году, и который из любви к благу своих подданных, желая навсегда обеспечить их благосостояние, 1799 году уступил Грузию Российской Империи и скончался 1800 году. Дабы предать потомству память о последнем Грузинском царе, именем Е г о И м п е р а т о р с к а г о В е л и ч е с т в а А л е к с а н д р а, главнокомандующий в Грузии Маркиз Паулуччи соорудил ему сей памятник в 1812 году» (26).

მოხსენებული აქა წელიწადი ცხოვრებისა (დაბადებისა) არის ყოვლად შეცდომითი. _ (თავი CLVI).

დედოფალმან მარიამ და მგლოვარეთა შვილთა მისთა გარდაიხადეს ორმოცი. კათოლიკოსმან და მღვდელმთავართა და ერთგულთა გარდაცვალებულისა მეფისა კვალად დაურთეს დედოფლისა ცრემლთა ცრემლნი თვისნი. მცხეთას მიბრძანდენ დედოფლი და შვილნი, გარდა მეფის ძის დავითისა. განმგედ ვალდებულებისა ამის, წესისამებრ ეკკლესიისა, იყო მეფის ძე იოანე. მარჯვე საქმეთა შინა, მხოლოდ ესე მეფის ძე, შეექმნა ქვეყანასა და სახლეულობასა თვისსა, მისაყრდნობელად. მორიდებაცა დიდი აქვნდათ ყოველთავე ამისი. სარდალი იოანე ორბელიანი ექმნა მორჩილი და იახლაცა თვისთანა მცხეთას სახლეულობით. ქალაქისა მცხოვრებნი ურმებითა, ცხენებითა და ქვეითითა მივიდნენ მრავლად მცხეთას და დაესწრნენ წირვისა და ორმოცისა გარდახდასა. მოიგლიჯნენ სოფლებიდამ ქალნი და კაცნი და სტიროდენ მეფესა და ობლობასა. ოთხი ათასი და მეტი ქალი და კაცი ისტუმრა ტრაპეზითა მეფის ძემან იოანე. მასპინძელნი სანოვაგითა უხვად იყვნენ თვით კათოლიკოსი ანტონი, მთავარ ეპისკოპოსი იუსტინე, სტეფანე რუსთველი ეპისკოპოსი და არსენი თფილელი. იყო 21 ფებერვლისა და დღე თფილი, უტალახო და მშვიდი. წინამძღვარმან ჯვარის მონასტრისა წირვისა შემდგომად სთქვა ქადაგებითი სიტყვა, რომელსა შინა გამოხატა ღირსება მეფისა გიორგისა, ვითარცა ნამდვილისა ქრისტიანისა, წმინდისა ჰაზრითა და გონებითა, წმინდისა ცხოვრებითა განკრძალულითა და წმინდისავე ქრისტიანებრითა აღსასრულითა.

ტრაპეზისა შემდგომად წარვიდენ თვისდა მცხოვრებნი და სამეფო სახლი და დედოფალი წარმობრძანდნენ თფილისად მეორესა დღესა, შემდგომად ლიტურღიისავე აღსრულებისა დილით ზედმობმით ცისკრისა. _ (თავი CLVII).

მოამზადა ირაკლი ხართიშვილმა

შ ე ნ ი შ ვ ნ ე ბ ი:

(1) თვით ნამდვილზედ არის მიწერილი მეფისავე ხელითა: თ ა ვ ა დ ს გ ა რ ს ე ვ ა ნ ჭ ა ვ ჭ ა ვ ა ძ ე ს.

დესპანნი ამა წერილის აღმასრულებელნი იყვნენ: თავადნი გარსევან ჭავჭავაძე, ელეაზარ ფალავანდიშვილი და გიორგი ავალოვი.

ელეაზარ ძე იესესი იყო სტატსკი სოვეტნიკი; მოკვდა 65 წლის უშვილოდ თფილისს 1821 წელსა და დასაფლავდა ქაშოეთის ეკკლესიასა. ღენერალი ერმოლოვი იტყოდა მისთვის: (რუსულად) „მისი პორტრეტი ოქროს ჩარჩოში უნდა ჩაისვას. იგი იშვიათი ღისრებების მქონე ადამიანი იყოო“.

(2) Intineraire de Tiflis a Constantinopole (Bruxelles, 1829) pag. 68.

(3) წიგნი დაბადებისა, პირველი ნეშტთა თავი 21, მეორე მეფეთა 24. ქართველთა მეფენი მოშიშნი ღვთისა ბრძანებისა ერიდებოდნენ ს უ ლ ო ბ ი თ მცხოვრებთა აღწერასა.

(4) აქა თვით ჭავჭავაძეს დაურთავს ლექსი: ს ა ნ ა ტ რ ე ლ ი ს ა:

(5) გოშპარ, დიმიტრი და დურმიშხან კობიაშვილნი და გრიგოლ ყარანგოზაშვილი 1803 წელსა იყვნენ აღშფოთებულისა არაგვის წინამძღომელნი. მერეთ შეიპყრეს რუსთა და დაბორკილნი დაატუსაღეს ანანურისა ციხეში. აღდგომისა დღესა ესენი გადმოცვივდენ მაღლისა კოშკიდამ და ივლტოდენ მთიულეთისა მთებში. ფეხმოტეხილი გოშპარ იბრძოდა პირისპირ რუსთა. უკანასკნელ შემოირიგეს და დამშვიდებულნი ცხოვრობდენ სახლთა შინა თვისთა.

(6) ამათ ესწავათ რუსული ასტრახანში. იოსებ წინამძღვრიშვილი იყო მოძღვრად, საქართველოსა განმგეჲსა კნიაზ ციციანოვისა და გარდაიცვალა მოხუცი 1827 წელსა. იოანე ქართველოვი იყო მასწავლებელად თფილისის საკეთილშობილოსა სასწავლებელსა, რომელიც გამართა კნიაზმან ციციანოვმან 1803 წელსა და გარდაიცვალა 1816 წელსა. ზაქარია სიდამონიშვილი კახელი გადაჰყვა მეფის ძეს მიხაილს და რადგან ორჯერ მიიღო საჩუქრად ჯვარი ოქროსი, ეწოდა მას „ორჯვარა დეკანოზი“. მოკვდა მოხუცი 1834 წელსა თელავს უკუმოქცეული რუსეთით.

(7) ტ რ ი ფ ი ლ ე, დიდი მწიგნობარი, გადამწერავი მრავალთა წიგნთა, მეგობარი გერასიმე ლოდბარისა, რომელიცა ნიშნავს „სრული მგალობელი“; მოკვდა 1808 წელსა და დაასაფლავა დომენტიმ ნათლისმცემელისა მონასტერსა.

თვით გ ე რ ა ს ი მ ე იყო გურული, გვარით ანთაძე. ამან და ძმამან მისმან გრიგორი შემოიტანეს იმერული ეკკლესიური გალობა საქართველოს; ესენი მეფემან ირაკლი მოიხმო თფილისად და კათოლიკოსმან ანტონი პირველმან უბოძა მათ მამული სოფელსა აღაიანში და ესრეთ დაასახლა იგინი აქა. გერასიმე გარდაიცვალა 1805 წელსა.

(8) ესე სიტყვა ქართულად ვერ დაიბეჭდა თვისსა დროსა და მე ვსთარგმნე რუსულად და დავბეჭდე 1846 წელსა («Закавказский вестник» за 1846 год, რომლისაცა რედაკტორად ვიყავ მე). ესევე დავბეჭდე მეორედ იკორთისა მონასტრისა აღწერაში, დაბეჭდილსა ცალკე წიგნად: «Описание Икортского в Карталинии монастыря», Тифлисъ, 1865 год, და ჟურნალში: ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო ჲ ს ა მ ა ხ ა რ ე ბ ე ლ ი, წელიწადი 18... თთვე ... (იგულისხმება ამ ჟურნალის 1865 წ. ნოემბრის წიგნი, იხ. „იკორთის მონასტერი ქართლში“).

(9) აჰა ნამდვილი მოწმობისა პირი:

„ჩვენ, ქვემოხელმომწერნი ხელისა თხოვისამებრ მოხუცებულისა საქართველოს სამეფო კარის ეკკლესიისა მღვდლის ონისიმესა, ვმოწმობთ, რომ ესე ხსენებული მღვდელი პირველად ხლებია განსვენებულსა მეფესა თეიმურაზ მეორესა და შემდგომად განსვენებულსა მეფესა ირაკლი მეორესა და უშემდგომესად განსვენებულსა მეფესა გიორგის, და ნიადაგ ჰქონდა ამას მეფეთაგან წელიწადში პური კოდი ორმოცი, და ფული ვეცხლისა თუმანი ოცი. რომელსაცა დანიშნული ესე რიცხვი პურისა და ფულისა მიეცემოდა მიუცილებლად: პური სოფლებზედ და ფული თვით მეფეთაგან ხელდახელ, გარდა სხვათა შესაწევნელთა ნივთთა. 2 იანვარს 1804.

კათოლიკოს-პატრიარქი ყოვლისა საქართველოჲსა ანტონი.
არქიმანდრიტი ლოდბარი გერასიმე.
არქიმანდრიტი და წევრი დიკასტერიისა ტრიფილე.
თავადი ორბელიანი იოანე.
თავადი ბარათოვი ზაალ.
თავადი იოანე ჩოლაყაევი.
თავადი ორბელიანი გიორგი.
თავადი ევსტათი ციციანოვი.
თავადი სულხან თუმანოვი.
მოწმობისა ამის ძალითა და კნიაზის ციციანოვის წარდგინებითა მიეცა მას ონისიმეს 20 თუმანი წელიწადში პენსია.

(10) ელევთერი გვარით ზუკაკიშვილი ანუ მერმე ზურაბაშვილად წოდებული, იყო მღვდელი ჟამსა მეფისა გიორგისსა. რომელმანცა გაააზნაურაცა. შვილი მისი მღვდელი არის მონათლული მეფის ძის მიხაილისაგან. იყო საყვარელი მეფისა ირაკლისაცა სიტყვა-ნიჭიერებისა გამო. მოკვდა 1825 წელსა.

(11) წერილის დასასრული დედანში:

პლატონ! ახლა შენ იცი, როგორც რიგზედ დასწერ. ძალიან წინა და უკან არის დაწერილი და შენ გაასწორე. რაც დასაწერი არ არის, მოშალე და თუ გინდა ეს ლექსიც დაწერე. მეფის გიორგის ბეჭედზედ ეს ეწერა:

სიმდაბლით გარდამოსრულსა
იესოს ვაქებ ღმერთ კაცსა სრულსა.

თუ სამძიმე არ იყოს თქვენთვის, დღესა მნახე.

(12) მდივანბგობა იყო ვითარცა რუსთა შორის სენატორობა. მდივანსა აქვნდა ძალი საქმის გარდაწყვეტისა და სოფლებთა მოვლისა. იქმოდა ყოველსავე და პასუხუგებდა მხოლოდ მეფესა. იყო ნამდვილ განმგე სამეფოთა საქმეთა, მცველი ქვეყნისა ჰაზრითა, რჩევითა და მოქმედებითა; თანამზრახველი მეფისა. იყო ძალითა და მნიშვნელობითა ესევე რუსთა შორის ნამდვილი Государственный советник (სახელმწიფო მრჩეველი) და არა Член государственного совета (სახელმწიფო საბჭოს წევრი).

(13) თავადსა იოანე აფხაზიშვილსა, კარდანახელსა, მეფისა გიორგისაგან მიჩნეულსა და პატივცემულსა, ხშირად წარმოათქმევინებდა ლექსთა ძველად გოჩასგან თქმულთა, ოდეს დაესწორობოდა თფილისს და ეახლებოდა მეფეს.

განთქმულა პირველ ბრძენთაგან, სიდარბაისლე მესხისა,
ომი და შებმა კახელთა, მოსანდომია არ სხვისა,
ჩუქება პირველ კარგობა, ქართველთა არ ეძრახვისა,
არიან ზრდილნი იმერნი, მტერთა მიმცემი რისხვისა.

მთიულნი ცხენსა მოგპარვენ, თუ თვალი დაგიხუჭია,
მიბრძანდი საციციანოს, მოგართვან ბატის კუჭია.
საამილახვრო ბიჭები, მკერდ-ზრქელნი, შიგნით ფუჭია;
დოიანთ ბარათიანთა, ხმალზედ აცვდებათ მუჭია.

მეფე ათქმევინებდა ამას გასამხნევებელად კახთა, ომისა და ბრძოლისათვის. „მიამება, როცა შენ წარმოსთქვამ ლექსთა ამათო, _ მიბრძანებდა მეფეო, _ მსუქნად იტყვი ხოლმეო და მადიანად“. _ ესე მოთხრობა თვით იოანე აფხაზისაგან მაქვს გაგონილი ჩემსა სიყრმეში. იყო მეგობარი და მწყალობელი მამისა ჩემისა და ხშირად ვხედავდი მას თფილისს, მოხუცებულად მავალსა და იყო 78 წლისა და გარდაიცვალა 1829 წლისა შემდეგ. დაესწრო აღამამად-ხანისა ომშიაც თფილისის აღებისა დროსა 1795 წელსა. ვითარცა კეთილმორწმუნემან კაცმან 1797 წლიდამ შესწირა ნათლისმცემელისა უდაბნოსა ყოველწლივ ზედაშედ და ნუგეშად ძმათა მოღვაწეთა თვითო ურემი ღვინო. შვილი მისი განაგრძობს შეწირულობასა ამას დღეინდელად დღედმდე.

(14) ოსოქოლო (ონსოქოლო, უნცუქულ) _ სოფელია დაღისტანში (ყოისუბუში შედის).

(15) ესე წერილი დაწერა მეფისა მდივანმან იოანე ბეგთაბეგოვმან, რომელიცა გარდაიცვალა 1838 წელსა, თვით მისგან ვიცი ესე.

მანვე მიამბო რომელ მეფე გიორგი ხშირად მათქმევინებდაო ძველად თქმულსა სიტყვასა მოლექსეთაგან:

როსტომ სთქვა, სიბერკაცითა სიტყვა სათქმელად გაჭირდაო,
ასსა ლიტრასა რკინასა კბილ-ქვეშ შევიდებ, კნატს ვუზამო,
ალაზანსა და იორსა დავეწაფები, ყლაპს ვუზამო,
იქით მთასა და აქეთსა ხელს მოვუჭირებ რახტს მე ვუზამო,
თავსა მოსულსა დიაცსა, მე იმას ვერას ვუზამო.

(16) ხატი ესე, შემდგომდ გარდაცვალებისა მეფის რძლისა ელენესა, მეუღლის მეფის ძის თეიმურაზისა, წარმოიგზავნა თფილისს დასასვენებლად თელავისა მეფეთა კარის ეკკლესიასა 1866 წელსა. იოანე ბატონიშვილის შვილიშვილმან იოანე გიორგის ძემან გამოითხოვა იგი და მიიღო თვისდა საკუთრებად, ვითარცა სახლისა მისისა საუნჯე, ძვირფასითა მინანქრის ხელოვნებითა არის ესე შემკული. რიგი იყო, ვითარცა ტაძრისა ხატი, ყოფილიყო დასვენებული თელავს, თვისსავე ტაძარსა შინა თაყვანის საცემლად ქრისტიანეთა, კახეთისა მხარისა, ქართველთა.

(17) ძმანი მეფის რძლისა ჰპირდებოდენ ფულისა გამოგზავნასა, ნაცვალ გებითსა წოდებისათვის თავადობისა, ოდეს მამა მათი სვიმონ აღა წარვიდა რუსეთად დიდისა საუნჯითა თვალთა და მარგარიტთა ნადირ-შაისაგან ნაქონთა. იმპერატრიცამან ეკატერინა ანუ იმპერატორმან პავლე შეისყიდეს ესე და უბოძეს მამული პოლშისა მხარეს. და თვით წოდებისა გამო მათისა მეფისა წერილსა შინა თავადად, დარჩენცა კნიაზად რუსეთისა.

(18) ეს კნიაზი უნდა იყოს ამ წერილის ავტორისა და, ასევე, მეფის რძლის ელენეს მამა სვიმონ აღა აბიმელიქი, რომელსაც გიორგი მეფემ თავადობა უბოძა _ (ი. ხ.).

(19) მეფემან გიორგი უბოძა პირის სანახავად თვისსა რძალსა გურჯაანი, სახასო კაცები, მარცანი სოფელი და ქარვასლა ქ. თფილისს.

(20) მოხსენებულნი აქა გვარნი ავალიშვილისა და ფალავანდიშვილისა არიან თქმულნი რუსულისა ენისა მიბაძვით „ავალოვად“ და „ფალავანდოვად“. ესე ნამდვილი, რომელიცა აქვს დღეს უგანათლებულესს ირაკლის ალექსანდრეს ძეს, არის დაწერილი კიკოლა დიაკვნისაგან.

(21) გულიაკოვი და ლაზარევი. ესე ომი აღარ აღვწერე, რადგან რუსთაცა აქვსთ აღწრილი და ქართულადაცა არის აღწერილი.

(22) ომარ-ხან დაჭრილობითა ამით მოკვდა ზაქათალას და მუნვე მეჩეთში დასაფლავდა.

(23) ესე მიმატებული ესრეთ თვით მეფესა მიეწერა. აქა იგულისხმებს მეფე, რომელ მოღება საუფლისწულოთა და არაგვისა ძმათაგან, უვარგისი ანუ უსარგბლო არ იქმნებაო; წერილსა ამას ნამდვილსა, რიცხვი არ უზის. მხოლოდ გარსევან ჭავჭავაძეს მეორეს გვერდზედ დაუნიშნავს რიცხვი მიღებისა: „28 დეკემბრსა 1800 წელსა მივიღე“. დღე ესე არის დღე მეფის გარდაცვალებისა.

(24) ლიტურღია იოანე ოქროპირისა ან ვასილისა. კ ვ ე რ ე ქ ს ი პ ი რ ვ ე ლ ი. (უფრო სწორია ეწეროს „... უფლისა მიმართ თხოვნილნი“ _ ი. ხ.)

(25) საფლავსა შინა დანიშნულსა მეფისათვის, დასაფლავდა თვით ევთიმი მოძღვარი მისი. ზედ-წარწერა თვით ვეცხლის კანდელისა მის ოქროდ დაფრილისა, დღედმდე კიდულისა წინაშე ნათლისმცმელისა ხატისა არის შემდეგი:

„ქ. წინამძღვრობასა ევთიმისასა. ჩვენ ყოვლად უღირსმან საქართველოსა მეფის ძემ გიორგიმ, შემოგწირე მცირე ესე შესაწირავი კანდელი ვეცხლისა შენ, სასოსა და მეოხსა ჩვენსა, ნათლისმცემელის მონასტერს, მრავალ-მთისასა, რათა მფარველ მექმნა მრჩობლსავე ცხოვრებასა შინა მეუღლით ჩემით, ძეებითა და ასულბითა. წელსა ჩღპბ (1782). მისხალი ო (70)“.

სხვანი იტყვიან, რომელ ვეცხლისა ხომლისა ბუშტში იყო ჩადებული ანდერძი მეფისაო- ხომლსა ამას აქვს ზედა-წერილი შემდეგი: „ქ. ვინადგან ყოვლნი მორწმუნენი ქრისტეს-მიერნი, ქრისტეს მიმართ აღსულად მოსწრფე არიან თვითოეულნი სიმკაცრისამებრ თვისისა, ამათ ხატისა მიმხედველმან, ყოვლისა საქართველოსა მეფისა ირაკლისა ძემან გიორგი, მეცა ვიგულსმოდგინე შეწირვად შენდა ზეცათა მეფისა წინამსრბოლო, ხომლი ვეცხლისა კეთილად ქმნილი სახსენებელად საუკუნოდ, სულისა ჩემისა და სხეულთაცა ჩემთა სიმრთელედ და ეგრეთვე მეფის რძლის, ქეთევანისა მეუღლისა ჩემისა სადღეგრძელოდ, და ძეთა და სულთა ჩემთათვის, _ შეიწირე ესე მცირედი წვლილი ქრისტეს წინამორბედო და შენ გვაგენ ნაცვალი ბევრ წილად მერმესა მას ცხოვრებასა და აქა სამარადისო საფარველი შენი; _ და რომელმან ამის დაშლად ხელ-ჰყოს ან წარიღოს იგიმცა შეიშლების რისხვითა ღვთისათა. ნოემბრის 29. ქრისტეს აქეთ 1776 მისხალი ტნა (351), გარესჯის ნათლისმცემელის უდაბნოსია ეს ხომლი“.

ესე მშვენიერი ხომლი აწ ორად გაუყვია ვიღაცას და ესრეთ ჰკიდიან მუნ ნათლისმცემელისა ეკკლესიაში.

(26) „აქ განისვენებს მეფე გიორგი, დაბადებული 1750 წელს, რომელიც საქართველოს ტახტზე ავიდა 1798 წელს, და რომელმაც თავის ქვეშევრდომთა სიკეთისადმი სიყვარულით, და სურვილით სამუდამოდ უზრუნველეყო მათი კეთილდღეობა, 1799 წელს დაუთმო საქართველო რუსეთის იმპრიას და გარდაიცვალა 1800 წელს. რათა მიეცეს შთამომავლობას ხსოვნა საქართველოს უკანასკნელი მეფის შესახებ, მ ი ს ი ი მ პ ე რ ა ტ ო რ ო ბ ი თ ი უ დ ი დ ე ბ უ ლ ე ს ო ბ ი ს ა ლ ე ქ ს ა ნ დ რ ე ს სახელით, მთავასარდალმა საქართველოში მარკიზმა პაულუჩჩიმ აუგო მას ეს ძეგლი 1812 წელს“.

ხელნაწერში პლატონ იოსელიანს მარკიზის გვარი ეწერა ქართულად „პავლუჩჩი“ და რუსულად კი «Павлуччи». (წიგნის რედაქტორის შენიშვნა).

No comments:

Post a Comment