Thursday, November 22, 2018

საქართველოს სამხედრო მშენებლობის შესახებ გაზეთ “ახალ 7 დღეში” 2004–2006 წლებში გამოქვეყნებული წერილები

(ნაწილი II) 


II ნაწილის შინაარსი 

რუსეთის თანამედროვე შეიარაღებული ძალები და საქართველო
რუსეთის შეიარაღებული ძალებისა და ძირითადი შეიარაღების განლაგება მის ევროპულ ტერიტორიაზე
თანამედროვე სახმელეთო ჯარები
ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების შესახებ ხელშეკრულება და საქართველო


რუსეთის თანამედროვე შეიარაღებული ძალები და საქართველო 

(წერილი გამოქვეყნდა გაზეთ “ახალი 7 დღის” 2005 წლის 10–16 ივნისის ნომერში)

ცივი ომის მიწურულს, 1990-იანი წლების დასაწყისში, სტრატეგიული კვლევების ლონდონის საერთაშორისო ინსტიტუტის მონაცემებით, საბჭოთა კავშირის მოსახლეობა შეადგენდა 290,5 მლნ ადამიანს, რეგულარული შეიარაღებული ძალების რიცხოვნება კი იყო დაახლოებით 3,4 მლნ ადამიანი, პირველი რიგის რეზერვისა 5,2 მლნ (ვინც მანამდე ხუთ წლამდე ადრე განთავისუფლდა შეიარაღებული ძალებიდან). შესაბამისად, ევროპაში ნატო-ს ბლოკთან სრულმასშტაბიანი ომის გაჩაღების შემთხვევაში, ომის საწყის ეტაპზე საბჭოთა კავშირის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობა გეგმავდა დაახლოებით 8,6-მილიონიანი შეიარაღებული ძალების მობილიზაციას. მთლიანობაში კი ქვეყნის სამობილიზაციო რესურსი აღწევდა დაახლოებით 55 მლნ სამხედროვალდებულ ადამიანამდე (მამაკაცები 50 წლის ასაკამდე), რაც შეადგენდა ქვეყნის მთელი მოსახლეობის 18,9 %-ს.

საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალები შედგებოდა შემდეგი სახეობებისგან: სტრატეგიული დანიშნულების სარაკეტო ჯარები (რეგულარული შემადგენლობის 164 ათასი ადამიანი, პლიუს პირველი რიგის რეზერვის 502 ათასი), სახმელეთო ჯარები (1 400 ათასი, პლიუს 2 750 ათასი), ქვეყნის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ჯარები (475 ათასი, პლიუს 750 ათასი), სამხედრო-საჰაერო ძალები (420 ათასი, პლიუს 725 ათასი), სამხედრო-საზღვაო ძალები (450 ათასი, პლიუს 512 ათასი). მათ შეიარაღებაში შედგებოდა სხვადასხვა ტიპის 1388 საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტა, 177 სტრატეგიული (ფრენის დიდი რადიუსის მქონე) და 419 შორეული ავიაციის (ფრენის საშუალო რადიუსის მქონე) მძიმე ბომბდამშენი თვითმფრინავი, 60 სტრატეგიული წყალქვეშა ნავი ბორტზე 912 ბალისტიკური ბირთვული რაკეტით, 54 400 საბრძოლო ტანკი, 28 000 ქვეითთა საბრძოლო მანქანა, 50 000-ზე მეტი ჯავშანტრანსპორტერი, 64 200 საველე საარტილერიო სისტემა (მათგან 42 000 ქვემეხი, 1200 კომბინირებული ქვემეხ-ნაღმსატყორცნი /საჰაერო-სადესანტო ჯარებში/, 8000 ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა და 13 000 ნაღმსატყორცნი), დიდი რაოდენობით ტანკსაწინააღმდეგო და საზენიტო საშუალებები (მათ რიცხვში სტრატეგიული თავდაცვითი დანიშნულების 8650 საზენიტო სარაკეტო კომპლექსი), 5030-ზე მეტი ვერტმფრენი (მათგან 1440 დამრტყმელი, 310-ზე მეტი წყალქვეშა ნავებთან ბრძოლისა /ნავსაწინააღმდეგო/), ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ჯარების ავიაციის, ტაქტიკური ავიაციისა და საზღვაო ავიაციის 8630 საბრძოლო თვითმფრინავი, 220-ზე მეტი ტაქტიკური წყალქვეშა ნავი (მათგან 110 ატომური), 218 მსხვილი წყალზედა საბრძოლო ხომალდი (დასავლური კლასიფიკაცით: ხუთი ავიამზიდი, 38 კრეისერი, 29 საესკადრო ნაღმოსანი, 146 ფრეგატი), 382 მცირე ხომალდი და კატარღა (მათ რიცხვში 76 კორვეტი, 82 სარაკეტო, 32 სატორპედო და 192 საპატრულო კატარღა), 290-მდე ტრალერი (გამნაღმავი ხომალდი), 78 მსხვილი სადესანტო ხომალდი, 120 სადესანტო კატარღა და სხვა შეიარაღება.

1990 წლის ნოებერში პარიზში ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის თათბირის (ევროთათბირის /ეუთთ/, ამჟამად ეუთო-ს) ეგიდით დადებულ იქნა “ხელშეკრულება ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების შესახებ” (Treaty on Conventional Armed Forces in Europe – CFE), რომლის ძალითაც ნატო-ს ბლოკსა და ვარშავის ხელშეკრულების ორგანიზაციას გაუთანაბრეს ჩვეულებრივი შეტევითი შეიარაღების კვოტები, ანუ თითოეული სამხედრო ბლოკის მიერ კონტროლირებად ევროპულ ტერიტორიაზე მშვიდობიანობის დროს რეგულარულ საჯარისო ნაწილებსა და სპეციალურად შექმნილ საწყობებში მუდმივად გასალაგებელი ჯავშანსატანკო ტექნიკის, საველე არტილერიის (100 მმ და მეტი ყალიბისა), ტაქტიკური საბრძოლო თვითმფრინავებისა და დამრტყმელი ვერტმფრენების მაქსიმალური რაოდენობები. ამიერიდან თითოეულ სამხედრო ბლოკს თავის ტერიტორიაზე ევროპაში შეეძლო მუდმივად განელაგებია არაუმეტეს 20 000 საბრძოლო ტანკის, 30 000 მოჯავშნული საბრძოლო მანქანის, 20 000 საველე საარტილერიო სისტემის, 6800 საბრძოლო თვითმფრინავის და 2000 დამრტყმელი ვერტმფრენისა.

ვარშავის ხელშეკრულების ორგანიზაციის ჩვეულებრივი შეტევითი შეიარაღების კვოტებიდან საბჭოთა კავშირს ერგო 13 150 საბრძოლო ტანკის, 20 000 მოჯავშნული საბრძოლო მანქანის, 13 175 საველე საარტილერიო სისტემის, 5150 საბრძოლო თვითმფრინავისა და 1500 დამრტყმელი ვერტმფრენის კვოტები. ეს შეიარაღება საბჭოთა სარდლობას შეეძლო განელაგებია როგორც თავის ევროპულ ტერიტორიაზე, ისე ვარშავის პაქტის აღმოსავლეთევროპულ ქვეყნებში დისლოცირებულ საბჭოთა ჯარებშიც. თუმცა კი ამ ორგანიზაციის დაშლის შემდეგ მას მოუხდა ამ ჯარების თავის ტერიტორიაზე დაბრუნება და ზემოაღნიშნული კვოტების საკუთრივ სსრკ-ის ფარგლებში გათვალისწინება. საბჭოთა კავშირის ევროპული ტერიტორია CFE-ხელშეკრულების მიხედვით იყოფოდა ცენტრალურ და საფლანგო რაიონებად. ზემოაღნიშნული კვოტებიდან უმეტესი ნაწილი მოდიოდა სწორედ ცენტრალურ რაიონზე, რომელშიც შედიოდნენ უკრაინის უმეტესი ნაწილი, ბელორუსია, ბალტიისპირეთის რესპუბლიკები, აგრეთვე რუსეთის ფედერაციის კალინინგრადის ოლქი, მოსკოვისა და ვოლგისპირეთის სამხედრო ოლქები; შედარებით მცირე ნაწილი კი მოდიოდა საფლანგო რაიონზე, სადაც შედიოდნენ უკრაინის სამხრეთ ნაწილი (ოდესის სამხედრო ოლქი), ლენინგრადის, ჩრდილო-კავკასიისა და ამიერკავკასიის სამხედრო ოლქები. ბულგარეთისა და რუმინეთისთვის საფლანგო კვოტებიდან მათი წილის მიცემის შემდეგ საკუთრივ სსრკ-ის საფლანგო რაიონში დარჩენილი იყო ორივე ფლანგზე რეგულარულ საჯარისო ნაწილებში არაუმეტეს 1850 საბრძოლო ტანკის, 1800 მოჯავშნული საბრძოლო მანქანისა და 2775 საველე საარტილერიო სისტემის მუდმივად განლაგების უფლება.

საბჭოთა კავშირის დაშლის კვალდაკვალ ევროთათბირის ხელმძღვანელობამ დააყენა საკითხი მისი კვოტების სსრკ-ის ტერიტორიის ევროპულ ნაწილში წარმოქმნილ ახალ დამოუკიდებელ სახელმწიფოებს შორის განაწილების შესახებ. ბალტიისპირეთის სამმა სახელმწიფომ ამაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა და აღნიშნული კვოტები გადანაწილებულ იქნა რუსეთის ფედერაციას, ბელორუსს, უკრაინას, მოლდოვას, სომხეთს, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის, ჯავშანსატანკო ტექნიკისა და საველე არტილერიის განლაგებაში ცენტრალური და საფლანგო რაიონებისთვის დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით. საბოლოო მოლაპარაკებები შედგა ტაშკენტში 1992 წლის მაისში, რომლის შედეგადაც საქართველოს (ასევე სომხეთსა და აზერბაიჯანს) უფლება მისცეს, რომ თავის ტერიტორიაზე რეგულარულ საჯარისო ნაწილებში შეუძლია მუდმივად განლაგებული ჰყავდეს არაუმეტეს 220 საბრძოლო ტანკის, 220 მოჯავშნული საბრძოლო მანქანის, 285 საველე არტილერიის ქვემეხისა და ნაღმსატყორცნის, 100 საბრძოლო თვითმფრინავის და 50 დამრტყმელი ვერტმფრენისა. უნდა ითქვას, რომ ჯავშანსატანკო ტქენიკისა და საველე არტილერიის ეს კვოტები ძალზედ ცოტაა და ვერ უზრუნველყოფს 5-მილიონიანი სახელმწიფოს თავდაცვითი აუცილებლობის მოხოვნილებებს. მაგრამ ამის შესახებ სხვა დროს გვექნება საუბარი, ახლა კი კვლავ რუსეთის ფედერაციას დავუბრუნდეთ.

ტაშკენტის შეთანხმების ძალით რუსეთის ფედერაციისთვის დადგენილი ჩვეულებრივი შეტევითი შეიარაღების კვოტები ნაჩვენებია 1-ლ ცხრილში.

ცხრილი 1

რუსეთის ფედერაციის ჩვეულებრივი შეტევითი შეიარაღების კვოტები
(დადგენილი ტაშკენტში 1992 წლის 15 მაისს)

(ცხრილის უფრო კომპაქტურად ჩაწერისთვის გამოყენებული აღნიშვნები: A – შეიარაღების განლაგების ტერიტორია, B – შეიარაღების განლაგების პირობები, C – საბრძოლო ტანკები, D – მოჯავშნული საბრძოლო მანქანები, E – საველე საარტილერიო სისტემები, F – საბრძოლო თვითმფრინავები, G – დამრტყმელი ვერტმფრენები)

. . . A . . . . . . . . . . . . . . . B . . . . . . . . . . C . . . . . D . . . . . .E . . . . . F . . . . G . . 

ქვეყნის . . . . . . . . მთლიანად
მთელი . . . . . . . . არაუმეტეს . . . . . 6400 . . 11 480 . . 6415 . . 3450 . . 890
ევროპული
ტერიტორია . . . მათ შორის
. . . . . . . . . . . . . . . რეგულარულ
. . . . . . . . . . . . . . . ნაწილებში
. . . . . . . . . . . . . . . არაუმეტეს . . . . . .4975 . . 10 525 . . 5105
ქვეყნის . . . . . . . .რეგულარულ
საფლანგო . . . . . ნაწილებში
რაიონი . . . . . . . .არაუმეტეს . . . . . .1300 . . . .1380 . . 1680
 . . . . . . . . . . . . . . . აგრეთვე
. . . . . . . . . . . . . . . ჩრდილოეთის
. . . . . . . . . . . . . . . ფლანგზე
. . . . . . . . . . . . . . . მარაგში
. . . . . . . . . . . . . . . არაუმეტეს . . . . . . .600 . . . . .800 . . . .400

ცხრილიდან ჩანს რომ რუსეთის ფედერაციის ევროპული ტერიტორიის ცენტრალურ რაიონში რომლის ფარგლებშიც დღესდღეობით შედიან მოსკოვისა და ვოლგისპირეთის სამხედრო ოლქები, 1992 წლის ტაშკენტის შეთანხმების მიხედვით მოდიოდა ჯავშანსატანკო ტექნიკისა და საველე არტილერიის კვოტების მნიშვნელვნად უფრო მეტი რაოდენობა, ვიდრე საფლანგო რაიონში, სადაც განლაგებულია ლენინგრადისა და ჩრდილო-კავკასიის სამხედრო ოლქები, და რომელიც ტერიტორიის ფართობის მიხედვით უტოლდება ცენტრალურ რაიონს. სახელდობრ, რუსეთის ცენტრალურ რაიონში რეგულარულ ნაწილებში ქვეყნის სარდლობას შეეძლო განელაგებია არაუმეტეს 3675 საბრძოლო ტანკის, ჩრდილოეთ და სამხრეთ ფლანგებზე კი არაუმეტეს 1300-სა; ასევე, ცენტრალურ რაიონში რეგულარულ ნაწილებში მასვე შეეძლო განელაგებია არაუმეტეს 9145 მოჯავშნული საბრძოლო მანქანის – მსუბუქი ტანკები, ქვეითთა საბრძოლო მანქანები, ჯავშანტრანსპორტერები, საბრძოლო-სადაზვერვო მანქანები და დესანტის საბრძოლო მანქანები, ფლანგებზე კი სულ არაუმეტეს 1380-ისა; ასევე, ცენტრალურ რაიონში რეგულარულ ნაწილებში შეეძლოთ განელაგებინათ არაუმეტეს 3425 საველე საარტილერიო სისტემის, ორივე ფლანგზე კი ჯამში არაუმეტეს 1680-სა. გარდა ამისა, გათვალისწნებული იყო სპეციალური საწყობების შექმნა ცენტრალურ რაიონში მოსკოვისა და ვოლგისპირეთის სამხედრო ოლქების ტერიტორიებზე, საფლანგო რაიონში კი მხოლოდ ჩრდილოეთ ფლანგზე, ლენინგრადის სამხედრო ოლქის სამხრეთ ნაწილში, ფსკოვის ადმინისტრაციულ ოლქში.

რუსეთის ფედერაციის სტრატეგიული შეტევითი შეიარაღების შემცირების პროცესი ასევე მიმდინარეობდა ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროიდან და ძირითადად განპირობებული იყო აშშ-თან დადებული ორი ხელშეკრულებით START I და START II, რომლებსაც რუსულ წყაროებში უწოდებენ СНВ-1 და СНВ-2 ხელშეკრულებებს (СНВ – сокращение наступательных вооружений).

გარდა ამისა, რუსულ სარდლობას თავისი შეიარაღების მნიშვნელოვანი ნაწილი განლაგებული აქვს საკუთარი ტერიტორიის აზიურ ნაწილში – ურალის ქედის აღმოსავლეთით, სადაც CFE-ხელშეკრულებით გათვალისწინებული შეზღუდვები არ ვრცელდება. აქ ისინი განლაგებულია როგორც რეგულარულ საჯარისო ნაწილებში, ისე საწყობებშიც. სანამ მათ საერთო რაოდენობას შევეხებოდეთ, დავუბრუნდეთ ისევ რუსეთის ევროპულ ტერიტორიას და 1990-იან წლებში აქ განლაგებული ჩვეულებრივი შეიარაღების კვოტებთან დაკავშირებულ საკითხებს.

1990-იან წლებში აშშ-ისა და გფრ-ის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის მიერ თურქეთის შეიარაღებული ძალების არსებული სამხედრო მუქარებისადმი არაადექვატურად გაძლიერების გამო, რის უკანაც აშკარად ჩანდა “ნატო-ს აღმოსავლეთისკენ გაფართოების ლოზუნგით” თურქულ-დასავლური გავლენის კავკასია – ცენტრალური აზიის მიმართულებაზე გავრცელების მიზანი, მათ შორის შეიარაღებული ძალების გამოყენებითაც, რუსეთის ხელმძღვანელობას, ბუნებრივია, გაუჩნდებოდა არა მხოლოდ ისტორიულად თავისი გავლენის სფეროების, არამედ საკუთარი ტერიტორიული მთლიანობისადმი სამხედრო მუქარების გაჩენის საპასუხოდ აქტიური ნაბიჯების გადადგმის სურვილი.

1990-იანი წლების პირველ ნახევარში რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობა, მაგალითად, საქართველოში კვალიფიციური სამხედრო სპეციალისტების, ბრძოლისუნარიანი შეიარაღებული ძალების ნაკლებობის ფონზე მოქმედებდა ჩვენი ქვეყნისთვის დადგენილ კვოტებში სანახევროდ შემოსვლის სურვილით და ნაწილობრივ ეს მოახერხა კიდეც. მაგრამ უკვე 90-იანი წლების მეორე ნახევარში საქართველოს ხელმძღვანელობამ დაბეჯითებით განაცხადა თავისი კვოტების მთლიანად საქართველოს შეიარაღებული ძალებისთვის გადმოცემს გადაწყვეტილების შესახებ და ასეთ პირობებში რუსებმა ამიერკავკასიაში თავიანთი სამხედრო ბაზების შენარჩუნების მიზნით აქცენტი მთლიანად გადაიტანეს CFE-ხელშეკრულების V მუხლის B და C პუნქტების თანახმად დროებით საფუძველზე დამატებითი ჯავშანსატანკო ტექნიკისა და საველე არტილერიის განლაგების უფლებაზე, რითაც უზრუნვლყვეს თავიანთი სამხედრო ბაზების ყოფნა ბათუმში, ახალქალაქსა და გიუმრიში (სომხეთი). ხოლო თავად რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე კი ცენტრალურ და საფლანგო რაიონებში კვოტების მნიშვნელოვანი განსხვავების შესამცირებლად და ცენტრალური რაიონიდან ფლანგებისკენ მათი გადანაწილებისთვის დაიწყეს აქტიური საქმიანობა თავად ეუთო-ს ცენტრალური ორგანოებთან.

1996 წელს მაისში ვენაში შედგა კონფერენცია, რომელიც ითვალისწინებდა “ევროპაში პოლიტიკური ვითარების განვითარების” შესაბამისად CFE-ხელშეკრულებისა და ტაშკენტის შეთანხმების ადაპტაციის პირობებს. ამ კონფერენციაზე რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლებმა აქტიურად დააყენეს რუსეთის ევროპული ტერიტორიის ცენტრალური რაიონის ხარჯზე საფლანგო რაიონში ჯავშანსატანკო ტექნიკისა და საველე არტლერიის კვოტების გაზრდის საკითხი, რასაც ამერიკული დელეგაციის ქმედითი მხარდაჭერის შედეგად მიაღწიეს კიდეც. 1996 წლის ვენის დოკუმენტის საფუძველზე რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობამ მიიღო უფლება, რომ თავისი ევროპული ტერიტორიის საფლანგო რაიონში მუდმივად განლაგებული ჰყავდეს არაუმეტეს 1800 საბრძოლო ტანკის, 3700 მოჯავშნული საბრძოლო მანქანისა და 2400 საველე საარტილერიო სისტემის.

რუსეთისთვის ასეთი გადაწყვეტილება სავსებით სამართლიანია. მაგრამ აქვე დგება საქართველოსა და ამიერკავკასიის დანარჩენი ორი სახელმწიფოს უსაფრთხოების საკითხიც. სახელდობრ, 1990-იანი წლენის განმავლობაში დასავლეთის მმართველი წრეების მიერ თავიდან თურქეთის შეიარაღებული ძალების რამდენჯერმე გაძლიერების, ხოლო შემდეგ კი რუსეთისთვის ჩრდილო-კავკასიის სამხედრო ოლქში მუდმივად გასალაგებელი ჯავშანსატანკო ტექნიკისა და საველე არტილერიის კვოტების გაზრდის ფონზე უპრიანი იქნებოდა საქართველოს (აგრეთვე სომხეთისა და აზერბაიჯანის) ხელმძღვანელობას მიემართა ეუთო-ს შესაბამისი სტრუქტურებისთვის, CFE-ხელშეკრულების ახალ პირობებში ადაპტაციის ფარგლებში გაეზარდათ ჩვენი ქვეყნისთვის დადგენილი 220 საბრძოლო ტანკის, 220 მოჯავშნული საბრძოლო მანქანისა და 285 საველე საარტილერიო სისტემის კვოტებიც, მაგრამ ასეთი რამ არ მომხდარა. თუმცა კი ეს იურიდულად სავსებით შესაძლებელია, მაგრამ როგორც ვხდავთ, ეუთო-ს ფარგლებში ამა ქვეყნის ძლიერთათვის იურიდიული უფლება და რეალური უუფლებობა ჩვეულებრივი მოვლენაა, ანუ აქაც კარგად მოქმედებს ცნობილი ფორმულირება – “გეგუთვნით, მაგრამ არ გეკუთვნით”. რატომ? “იმიტომ რომ იმიტომ”. ასეთია ჩვენი სამწუხარო რეალობა. ჩვენ კი ისევ რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულ ძალებს დავუბრუნდეთ.

CFE-ხელშეკრულების V მუხლის B და C პუნქტებში ნათქვამია, რომ საფლანგო რაიონისთვის V მუხლის A პუნქტით დადგენილი მუდმვი კვოტებისგან დამოუკიდებლად თითოეული სამხედრო ბლოკის სახელმწიფოს ან სახელმწიფოთა ჯგუფს უფლება ეძლევა თავისი ტერიტორიის საფლანგო რაიონში დროებით საფუძველზე რეგულარულ საჯარისო ნაწილებში განალაგოს არაუმეტეს 459 საბრძოლო ტანკის, 723 მოჯავშნული საბრძოლო მანქანის და 420 საველე საარტილერიო სისტემისა. თანაც ისე, რომ საფლანგო რაიონის თითოეული სახელმწიფოს ტერიტორიაზე განლაგებული იყოს ამ კვოტების არაუმეტეს ერთი მესამედისა, ანუ 153 საბრძოლო ტანკის, 241 მოჯავშნული საბრძოლო მანქანის და საველე არტილერიის 140 ქვემეხის და ნაღმსატყორცნისა. სწორედ ამ პუნქტების საფუძველზე არის განლაგებული რუსული სამხედრო ბაზები საქართველოსა და სომხეთში. თანაც ასეთი განლაგებისთვის აუცილებელია იმ სახელმწიფოთა თანხმობა, რომლის ტერიტორიაზეც უნდა იქნას განლაგებული დროებით საფუძველზე აღნიშნული შეიარაღება.

ქვემოთ მე-2 ცხრილში მოგვყავს რუსული სამხედრო ბაზების შეიარაღების მონაცემები საქათველოსა და სომხეთში 1988 წლის შუახანებისთვის. ისინი ამოღებულია სტრატეგიული კვლევების ლონდონის საერთაშორისო ინსტიტუტის ყოველწლიური გამოცემიდან Military Balance.

ცხრილი 2

რუსეთის ფედერაციის სამხედრო ბაზების შეიარაღება საქართველოსა და სომხეთში 1998 წელს 

განლაგების . . . საბრძოლო . . . მოჯავშნული . . . საველე სა- 
ქვეყანა . . . . . . . ტანკები . . . . . . საბრძოლო . . . . . არტილერიო 
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . მანქანები . . . . . . .სისტემები 

საქართველო . . . . . 140 . . . . . . . . . . . 500 . . . . . . . . . . . . . 173 . . .
სომხეთი . . . . . . . . . .74 . . . . . . . . . . . .165 . . . . . . . . . . . . . .84 . . .

ამის გარდა კიდევ აფხაზეთის ტერიტორიაზე რუსულ სამშვიდობო ძალებში ნაჩვენები იყო 118 მოჯავშნული საბრძოლო მანქანა და გარკვეული რაოდენობის საველე არტილერიაც. როგორც ვხედავთ, საქართველოს ტერიტორიაზე განლაგებულ რუსულ სამხედრო ბაზებში CFE-ხელშეკრულებით დაშვებულზე გაცილებით უფრო მეტი იყო მოჯავშნული საბრძოლო მანქანების რაოდენობა და რამდენადმე მეტი საველე საარტილერიო სისტემებისა. სომხეთში კი რუსული სამხედრო ბაზის ჯავშანსატანკო ტექნიკისა და საველე არტილერიის რაოდენობა მნიშვნელოვნად ჩამოუვარდებოდა ხელშეკრულებით დაშვებულ კვოტებს.

რამდენადაც გვახსოვს, 1999–2000 წლების მიჯნაზე, საქართვეოშიც და დასავლეთშიც საკმაო ხმაური იყო ატეხილი რუსული სამხედრო ბაზების შეიარაღების CFE-ხელშეკრულებასთან შესაბამისობაში მოყვანის თაობაზე და ეს სავსებით სწორი გახლდათ. მაშინ გაუქმებულ იქნა ვაზიანში დისლოცირებული 137-ე რუსული სამხედრო ბაზა (31 საბრძოლო ტანკი, 56 მოჯავშნული საბრძოლო მანქანა და 16 საველე საარტილერიო სისტემა), ხოლო ბათუმისა და ახალქალაქის სამხედრო ბაზებში კი ჯავშანსატანკო ტექნიკისა და საველე არტილერიის ჭარბი რაოდენობა საქართველოდან გაყვანილ იქნა. მაშინვე ლაპარაკობდნენ, რომ ჭარბი შეიარაღების ნაწილს რუსები სომხეთში განლაგებულ 102-ე რუსულ სამხედრო ბაზაში გადაიტანდნენ, მაგრამ საინტერესოა ერთი დეტალიც: Military Balance-ის მიხედვით, 1998 წელს საქართველოს შეიარაღებაში ნაჩვენები იყო 111 მოკავშნული საბრძოლო მანქანა, ხოლო 2000 წელს კი, ანუ საქართველოდან ჭარბი რუსული ჯავშანსატანკო ტექნიკის გაყვანის შემდეგ, უკვე 185, თანაც მატება მოხდა ძირითადად მსუბუქად მოჯავშნული მცირე გამწევების МТ-ЛБ ხარჯზე, რომლებსაც ზოგიერთ ქვეყანაში ჯავშანტრანსპორტერებადაც იყენებენ. და ეს შეიარაღება საქართველომ, როგორც ჩანს, რუსეთისგან მიიღო დამატებით.

რაც შეხება საქართველოსა და სომხეთში რუსული სამხედრო ბაზების შეიარაღებას, იმავე ლონდონური წყაროს მიხედვით, 2002 წელს მათში შედიოდა საქართველოში 65 საბრძოლო ტანკი Т-72, სხვადასხვა ტიპის 200 მოჯავშნული საბრძოლო მანქანა და 139 საველე არტილერიის ქვემეხი და ნაღმსატყორცნი, სომხეთში კი – 74 საბრძოლო ტანკი Т-72, 136 მოჯავშნული საბრძოლო ანქანა და 84 საველე საარტილერიო სისტემა. როგორც ვხედავთ, რუსულ სარდლობას 1999–2000 წლების მჯნაზე საქართველოდან გაყვანილი ჭარბი შეიარაღება სომხეთში არ გაუტანია და იქ თავისი სამხედრო ბაზა არ გაუძლიერებია, თუმცა კი CFE-ხელშეკრულება აძლევდა მას ამის შესაძლებლობას. 

ირაკლი ხართიშვილი 


რუსეთის შეიარაღებული ძალებისა და ძირითადი შეიარაღების განლაგება მის ევროპულ ტერიტორიაზე 

(წერილი გამოქვეყნდა გაზეთ “ახალი 7 დღის” 2005 წლის 1–7 ივლისის ნომერში)

წინა წერილებში ჩვენ აღვნიშნეთ, რომ 1990 წლს ნოემბერში პარიზში დადებული “ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების შესახებ ხელშეკრულების” (CFE-ხელშეკრულების) თანახმად მასში მონაწილე თითოეული სახელმწიფო ვალდებულია, ვენაში ეუთო-ს შტაბ-ბინას ყოველი წლის დასაწყისში აწვდიდეს ინფორმაციას ევროპაში განლაგებული თავისი ჩვეულებრივი შეტევითი შეიარაღების, აგრეთვე იმ საჯარისო ერთეულებისა და სპეციალური საწყობების შესახებ, სადაც ეს შეიარაღებაა დისლოცირებული. ვენაში მიღებულ ინფორმაციას სწავლობენ, ადგენენ ამ სახელმწიფოსთვის დადგენილ კვოტებთან მის შესაბამისობას, საეჭვო მონაცემებს ამოწმებენ ადგილებზე ინსპექტირების ან სხვა საშუალებებით. შემოწებულ და დადასტურებულ მონაცემებს კი ამრავლებენ და უგზავნიან CFE-ხელშეკრულების მონაწილე ყველა სახელმწიფოს საგარეო საქმეთა ან თავდაცვის სამინისტროებს. ისიც აღვნიშნეთ, რომ 1998 წლის ჩათვლით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მის ხელთ არსებულ ამ ინფორმაციას მეტ-ნაკლებად თავისუფლად იძლეოდა, მაგრამ შემდეგ საქართველოს ხელისუფლებამ მას “კონფიდენციალური ინფორმაციის” გრიფი დაადო და პრაქტიკულად გაასაიდუმლოვა იგი სამხედრო სფეროთი დაინტერესებული ჟურნალისტების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ფართო საზოგადოებისთვის. ამის შედეგად კიდევ უფრო გაძლიერდა ის ტენდენცია, რაც საქართველოში მანამდეც არსებობდა – იმ ინფორმაციას, რომელიც საჯაროა მთელ დასავლურ სამყაროში, ქართველი მოხელეები აცხადებენ საიდუმლო ინფორმაციად, ზღუდავენ საკუთარ მოქალაქეთა ხელმისაწვდომობას მასზე და თავიანთ შედარებით უფრო “მაღალ” საქმეში ჩახედულობასა და კომპეტენტურობას ასეთი უღირსი ხერხებით იმკვიდრებენ. დასავლეთის სახელმწიფოებში კი ასე საჯარო ინფორმაციას, ცხადია, არ მალავენ, ხოლო იქაური შესაბამისი მოხელეები, სამხედრო სპეციალისტები და ექსპერტები კი თავიანთ კომპეტენტურობასა და კვალიფიციურობას ადასტურებენ საზოგადოების დაინტერესებულ წრეებში არსებული საჯარო ცოდნის უფრო მეტად კვალიფიციურად ფლობით, აგრეთვე სამხედრო საქმის კონკრეტულ მიმართულებებში უფრო დეტალური და ამომწურავი ცოდნით, ხოლო ჩვენში კი ცდილობენ საჯარო ინფორმაციის გასაიდუმლოებას, საზოგადოების გაუთვითცნობიერებელ მდგომარეობაში ყოფნას, ხოლო შესაბამის სფეროში დაკავებული სახელმწიფო სტრუქტურებისა და მოხელეებისთვის, თუნდაც მათი მწირი ცოდნისა და კვალიფიკაციის პირობებში, საქმეში კარგად ჩახედული სპეციალისტების გარეგნული შესახედაობისა და სახელის შექმნას. 

შესაბამისად, ჩვენ გვიხდება რუსეთის ევროპულ ტერიტორიაზე განლაგებული შეიარაღებული ძალებისა და ჩვეულებრივი შეტევითი შეიარაღების რაოდენობისა და განლაგების ჩვენება სწორედ 1998 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, როდესაც ეს ინფორმაცია ჯერ კიდევ არ იყო ჩვენში დამალული. თუმცა კი ამას გააჩნია დადებითი მომენტიც. საქმე იმაშია, რომ იმ დროს ჩრდილო-კავკასიაში ჯერ კიდევ არ იყო დაწყებული ჩეჩნეთის მეორე ომი და ჯარების განლაგება შეესაბამებოდა მშვიდობიანობის დროის მდგომარეობას.

სტრატეგიული კვლევების ლონდონის საერთაშორისო ინსტიტუტის მონაცემებით, 1997 წელს რუსეთის ფედერაციის მთლიანი შიდა პროდუქტი შეადგენდა 1 100 მლრდ ამერიკული დოლარის ექვივალენტურ თანხას რუბლებში, ერთ სულ მოსახლეზე საშუალოდ წლიურად მოსული მთლიან შიდა პროდუქტის წილი – 6800 დოლარის, ხოლო თავდაცვის ხარჯები კი – სულ 64 მლრდ დოლარისა (ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 5,8 %). ქვეყნის მოსახლეობა უტოლდებოდა 146 600 ათას ადამიანს, რომელთა 80 %-ზე მეტს შეადგენდნენ რუსები. რეგულარული შეიარაღებული ძალების რიცხოვნება იყო 1 159 ათასი ადამიანი, პირველი რიგის რეზერვისა (ვინც მანამდე ხუთ წლამდე ვადაში განთავისუფლდა ნამდვილი სამხედრო სამსახურიდან) – 2 400 ათასი, ხოლო მთლიანობაში რეზერვისტების რიცხვი კი – 20 მლნ ადამიანი. სტრატეგიული ბირთვული ძალების რეგულარულ კომპონენტში ნაჩვენები იყო, სავარაუდოდ, 149 ათასი ადამიანი, 756 საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტა, 66 სტრატეგიული ბომბდამშენი თვითმფრინავი, 26 მოქმედი ატომური სარაკეტო წყალქვეშა ნავი ბორტზე 412 ბალისტიკური ბირთვული რაკეტით. სტრატეგიულ თავდაცვით ძალებში ნაჩვენები იყო ბალისტიკური რაკეტების საწინააღმდეგო 100 სარაკეტო კომპლექსი.

რეგულარულ სახმელეთო ჯარებში შედიოდა, სავარაუდოდ, 420 ათასი ადამიანი, შვიდი სამხედრო ოლქი, ხუთი საველე არმიის შტაბი, ექვსი ცალკეული საარმიო კორპუსის შტაბი, 37 დივიზია (ექვსი სატანკო, 19 მოტომსროლელი, ხუთი საჰაერო-სადესანტო, ოთხი სატყვიამფრქვევო-საარტილერიო /გამაგრებული რაიონებისა/ და სამიც საარტილერიო), 40 ცალკეული ბრიგადა (ერთი სატანკო, 11 მოტომსროლელი, სამი საჰაერო-სადესანტო, რვა სპეციალური დანიშნულების ჯარების, ოთხი საარტილერიო და 13 ოპერატიულ-ტაქტიკური რაკეტებისა), 56 ცალკეული ბრიგადა/პოლკი (ცხრა ტანკსაწინააღმდეგო, 21 საზენიტო სარაკეტო, 12 დამრტყმელი ვერტმფრენების, შვიდი საიერიშო-სატრანსპორტო თვითმფრინავების, შვიდი სასწავლო-სავერტმფრენო) და სხვა ჯარები: საინჟინრო-მესანგრეთა, საპონტონო-სახიდო, კავშირგაბმულობის, რადიოელექტრონული ბრძოლის, მომარაგებისა და სხვა.

შეიარაღებაში მათ გააჩნდათ: 15 500 საბრძოლო ტანკი (მათ შორის 5560-მდე ქვეყნის ევროპულ ტერიტორიაზე), 26 300 მოჯავშნული საბრძოლო მანქანა (9840-მდე, მათ შორის 6595 ქვეითთა საბრძოლო მანქანა და 3245 ჯავშანტრანსპორტერი), საველე არტილერიის 15 700 ქვემეხი და ნაღმსატყორცნი (6000-მდე), 315-ზე მეტი ოპერატიულ-ტაქტიკური რაკეტების გასაშვები დანადგარი (SS-21 “ტოჩკა” და “სკადი”), დიდი რაოდენობით ტანკსაწინააღმდეგო და საზენიტო შეიარაღება, დაახლოებით 2300 ვერტმფრენი, მათგან 1000-ზე მეტი დამრტყმელი Ми-24 და Ка-50 (801), დანარჩენი 1300 საშუალო და მძიმე სტრანსპორტო Ми-6, Ми-8 (ნაწილი შეიარაღებული) და Ми-26 (მძიმე).

რუსეთის საჰაერო ძალებში ამ დროისთვის შეყვანილი იყო საჰაერო თავდაცვის ჯარებიც, რომელიც ადრე საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ცალკე სახეობას წარმოადგენდა. მისი პირადი შემადგენლობა მოითვლიდა 210 ათას ადამიანს, ხოლო საბრძოლო შემადგენლობაში კი შედიოდა საშუალო რადიუსის ბომბდამშენების სამი დივიზია (125 Ту-22М-3), ხუთი ტაქტიკური საჰაერო არმია (725 მოიერიშე და საფრონტო ბომბდამშენი, 415 გამანადგურებელი და 200 სადაზვერვო თვითმფრინავი, პლიუს 180 სასწავლო-საბრძოლო თვითმფრინავი, რადიოელექტრონული ბრძოლის 60 ვერტმფრენი Ми-8), საჰაერო თავდაცვის სამი არმია და ოთხი ცალკეული კორპუსი, რომლებშიც შედიოდა 800 გამანადგურებელ-დამჭერი, 20 შორეული რადიოლოკაციური აღმოჩენისა და მართვის, 165 სასწავლო-საბრძოლო და 200 სასწავლო-საწვრთნელი თვითმფრინავი, პლიუს 300 განიარაღებული თვითმფრინავი მარაგში, აგრეთვე სტრატეგიული თავდაცვის საზენიტო მართვადი რაკეტების 2150 გასაშვები დანადგარი. სულ რუსეთის ფედერაციის საჰაერო ძალებში 1998 წელს ნაჩვენები იყო 2265 საბრძოლო, 420 სასწავლო-საბრძოლო თვითმფრინავი და კიდევ 1420-ზე მეტი განიარაღებული თვითმფრინავი მარაგში.

რუსეთის საზღვაო ძალების რეგულარულ კომპონენტში 1998 წელს შედიოდა პირადი შემადგენლობის 180 ათასი ადამიანი, 26 სტრატეგიული და 72 ტაქტიკური წყალქვეშა ნავი, 44 მსხვილი წყალზედა საბრძოლო ხომალდი (მათგან ერთი ავიამზიდი, 17 კრეისერი, 13 საესკადრო ნაღმოსანი, 13 ფრეგატი), საპატრულო და სანაპირო დაცვის 125-მდე მცირე ხომალდი და კატარღა (მათ შორის 42 კორვეტი და 55 სარაკეტო კატარღა), საზღვაო ავიაციის საბრძოლო თვითმფრინავები და შეიარაღებული ნავსაწინააღმდეგო ვერტმფრენები.

ქვემოთ უფრო დაწვრილებით განვიხილავთ რუსეთის სახმელეთო ჯარებისა და საჰაერო ძალების განლაგებას ქვეყნის ევროპულ ტერიტორიაზე. თავიდან აღვნიშნავთ იმას, რომ შეიარაღებული ძალების უკეთ მართვის მიზნით რუსეთის მთელი ტერიტორია დაყოფილია სამხედრო ოლქებად. 1990-იანი წლების შუახანებში მოითვლებოდა რვა სამხედრო ოლქი: ლენინგრადის, მოსკოვის, ჩრდილო-კავკასიის, ვოლგისპირეთის, ურალის, ციმბირის, იმიერბაიკალეთისა და შორეული აღმოსავლეთის, მაგრამ შემდეგ მალევე რუსულმა სარდლობამ მოახდინა ქვეყნის შიდა რაიონებში მყოფი სამხედრო ოლქების გამსხვილება, სახელდობრ გააერთიანეს ვოლგისპირეთისა და ურალის სამხედრო ოლქები, აგრეთვე ციმბირისა და იმიერბაიკალეთის, რითაც მოხდებოდა ფინანსური სახსრების ეკონომია. თავისთავად ცხადია, რომ თითოეული სამხედრო, ოლქის შემადგენლობაში შედიან ქვეყნის ის ადმინისტრაციული ოლქები, ავტონომიური რესპუბლიკები და სხვა წარმონაქმნები, რომლებიც შესაბამისი სამხედრო ოლქის ტერიტორიაზე მდებარეობენ. გარდა ამისა, რუსეთის ფედერაციის უკიდურეს დასავლეთ ნაწილს წარმოადგენს კალინინგრადის ადმინისტრაციული ოლქი, რომელიც რუსეთის ძირითადი ტერიტორიისგან გამოყოფილია ბალტიისპირეთის დამოუკიდებელი სახელმწიფოებით. თავისთავად ცხადია, რომ აღნიშნულ ადმინისტრაციულ ოლქშიც განლაგებულია რუსეთის შეიარაღებული ძალების შენაერთები და ნაწილები და მათი მართვა ხორციელდება შესაბამისი სამხედრო ადმინისტრაციის მიერ.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, რუსეთის ფედერაციის ევროპულ ნაწილში განლაგებულია მოსკოვის, ლენინგრადის, ჩრდილო-კავკასიისა და ვოლგისპირეთის სამხედრო ოლქები. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ 1998 წლის დასაწყისში ეუთო-ში წარდგენილი დოკუმენტის მიხედვით, იქ ნაჩვენები იყო რეგულარული ჯარებისა და ძალების პირადი შემადგენლობის დაახლოებით 748 780 ადამიანი, 5560 საბრძოლო ტანკი (მათგან 3180 Т-80, 2030 Т-72, 315 Т62/64 და სხვა), 3245 ჯავშანტრანსპორტერი (მათგან 1065 БТР-80, 920 БТР-70, 485 БТР-Д, 745 МТ-ЛБ და სხვა), 6595 ქვეითთა საბრძოლო მანქანა (მათ შორის 1515 БМП-1, 3230 БМП-2, 565 საბრძოლო-სადაზვერვო მანქანა БРМ-1К, 1258 დესანტის საბრძოლო მანქანა БМД-1/-2/-3), საველე არტილერიის 4860 ქვემეხი, 870 ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა და 270 ნაღმსატყორცნი, 2870 საბრძოლო თვითმფრინავი (Т-22, Ту-22М, Су-24, Су-25, Су-27, МиГ-23, МиГ-25, МиГ-27, МиГ-29, МиГ-31 და სხვა), 805 დამრტყმელი ვერტმფრენი Ми-24 და Ка-50. ამ შეიარაღების უმეტესი ნაწილი განლაგებული იყო რეგულარულ საჯარისო ნაწილებში, მცირე ნაწილი კი სპეციალურ საწყობებში.

რუსეთის ფედერაციის კალინინგრადის ადმინისტრაციული ოლქის ტერიტორიაზე, აგრეთვე აგრეთვე ლენინგრადის, მოსკოვის, ჩრდილოკავკასიისა და ვოლგისპირეთის სამხედრო ოლქებში (მოლდოვას დნესტრისპირეთსა და ამიერკავკასიაში რუსული სამხედრო ბაზების ჩათვლით) რუსეთის ფედერაციის სახმელეთო ჯარების მოტომსროლელი და სატანკო დივიზიებისა და ცალკეული ბრიგადების, აგრეთვე ტაქტიკური საჰაერო ძალების ბომბდამშენი და მოიერიშე საავიაციო პოლკების განლაგება ნაჩვენებია ნახატზე (რუკაზე), ხოლო აღნიშნულ სამხედრო-ადმინისტრაციულ ერთეულებში პირადი შემადგენლობის რიცხვი და შეიარაღების რაოდენობა კი – 1-ლ ცხრილში.

[ნ ა ხ ა ტ ი / რ უ კ ა]

ნახატი. რუსეთის ფედერაციის სახმელეთო ჯარების შენაერთებისა და ნაწილების განლაგება ქვეყნის ევროპულ ნაწლში, აგრეთვე ტაქტიკური საბრძოლო ავიაციის ბომბდამშენი და მოიერიშე პოლკებისა მოსკოვისა და ჩრდილო-კავკასიის სამხედრო ოლქების ტერიტორიაზე 

ცხრილი 1

რუსეთის ფედერაციის სახმელეთო ჯარების პირადი შემადგენლობისა და ძირითადი შეიარაღების განაწილება ქვეყნის ევროპულ ნაწილში 

(ცხრილის უფრო კომპაქტურად ჩაწერისთვის გამოყენებული აღნიშვნები: A – პირადი შემადგენლობა, B – საბრძოლო ტანკები, C – მოჯავშნული საბრძოლო მანქანები, D – საველე საარტილერიო სისტემები, E – დამრტყმელი ვერტმფრენები, F – საბრძოლო უზრუნველყოფის ვერტმფრენები)

სამხედრო-ადმინისტრაციული . . . . . . . . A . . . . . B . . . . C . . . . . D . . . . E . . . F . . ერთეულები 

კალინინგრადის ადმინისტრა-
ციული ოლქი . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .14 733 . . . 829 . . . 862 . . . 336 . . . 46 . . . 30
ლენინგრადის სამხედრო ოლქი . . . . . . .49 356 . . . 872 . . . 499 . . . 943 . . . 69 . . . 91
მოსკოვის სამხედრო ოლქი . . . . . . . . . . 105 341 . . 2019 . . 2445 . . 2368 . . 222 . . 208
(მათ შორის დნესტრისპირეთში) . . . . . . (2824) . . (119) . . (129) . .(129) . . (–) . . . (–)
ვოლგისპირეთის სამხედრო ოლქი . . . . 33 336 . . .848 . . .1127 . . . 801 . . .220 . . .289
ჩრდილო-კავკასიის სამხედრო ოლქი . . 68 118 . . . 627 . . 1796 . . . 809 . . . 81 . . . 101
(მათ შორის ამიერკავკასიაში) . . . . . . . . .(11871) .  (215) . .(517) . . (239) . . (5) . . . .(5)

როგორც ვხედავთ, კალინინგრადის ადმინისტრაციულ ოლქში, სადაც 1998 წლის დასაწყისში განლაგებული იყო ბალტიის ფლოტის სახმელეთო და სანაპირო ჯარების სამართველოსადმი დაქვემდებარებული შენაერთები და ნაწილები, მათ შორის 1-ლი და 18-ე მოტომსროლელი დივიზიები, მე-2 ცალკეული სატანკო ბრიგადა, ლულიანი და რეაქტიული არტილერიის ბრიგადები, სავერტმფრენო პოლკი და სხვა ჯარები, პირადი შემადგენლობა იყო ძალზედ ცოტა – სულ 14 730-ზე მეტი ადამიანი. შესაბაისად, აქ დისლოცირებული დივიზიები და ცალკეული ბრიგადები სუსტად იყო დაკომპლექტებული პირადი შემადგენლობით. სახელდობრ, 1-ლ მოტომსროლელ დივიზიაში შედიოდა სულ 2310 ადამიანამდე, შტატით გათვალისწინებული დაახლოებით 12 000 ადამიანის ნაცვლად, 18-ეში კი – 3412. ხოლო შეიარაღება კი საკმარისი რაოდენობით იყო.

ეს იმაზე მიგვანიშნებს, რომ ამ რაიონში რუსული სარდლობა არ მოელოდა უახლოეს ხანებში სავარაუდო მოწინააღმდეგის მხრიდან მსხვილმასშტაბიანი საბრძოლო მოქმედებების გაჩაღებას და აქ შენაერთები და ნაწილები განლაგებული ჰყავდა დაბალ სამობილიზაციო და საბრძოლო მზადყოფნაში, რაც განპირობებული იყო ქვეყნის საერთო ეკონომიკური და ფინანსური სიძნელეებითაც. ეს ძალები და საშუალებანი რუსეთის ფედერაციის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის აზრით საკმარისი იყო საკუთარი ტერიტორიული მთლიანობისა და სახელმწიფო სუვერენიტეტის დასაცავად მისი მზადყოფნის დემონსტრირებისთვის.

აქვე იყო დისლოცირებული ბალტიის ფლოტის ორი ტაქტიკური წყალქვეშა ნავი, ექვსი მსხვილი წყალზედა საბრძოლო ხომალდი, საზღვაო ავიაციის 92 საბრძოლო თვითმფრინავი და საზღვაო ქვეითი ჯარის ბრიგადა (პირადი შემადგენლობის 1633 ადამიანი, 26 საბრძოლო ტანკი, 141 ჯავშანტრანსპორტერი, 34 საველე საარტილერიო სისტემა და სხვა შეიარაღება).

ლენინგრადის სამხედრო ოლქში განლაგებული სახმელეთო ჯარების საბრძოლო შემადგენლობაში 1998 წლის დასაწყისში შედიოდნენ მე-6 საველე არმია (შტაბი პეტროზავოდსკში) და 30-ე ცალკეული საარმიო კორპუსი (ვიბორგი). ომიანობის დროის შტატებით სრულად დაკომპლექტებულ რუსულ საველე არმიაში უნდა შედიოდეს ექვსი საბრძოლო დივიზია (სატანკო და მოტომსროლელი), აგრეთვე საბრძოლო და ზურგის უზრუნველყოფის ნაწილები და ქვედანაყოფები, სულ დაახლოებით 150–200 ათასი ადამიანი. მე-6 საველე არმიის შემადგენლობაში 1998 წლის დასაწყისში ნაჩვენები იყო 54-ე მოტომსროლელი დივიზია, 200-ე ცალკეული სატანკო ბრიგადა, ცალკეული საარტილერიო ბრიგადა, რეაქტიული არტილერიისა და სავერტმფრენო პოლკები. მისი პირადი შემადგენლობა კი უტოლდებოდა 10 240-მდე ადამიანს, რაც დაახლოებით 15-ჯერ ნაკლები იყო სრული შემადგენლობის საველე არმიის რიცხოვნებასთან შედარებით. შესაბამისად, მისი 54-ე მოტომსროლელი დივიზიის პირადი შემადგენლობის რიცხოვნებაც შეადგენდა სულ 2855-მდე ადამიანს, შტატით გათვალისწინებული დაახლოებით 12 ათასის ნაცვლად.

მთლიანობაში შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ლენინგრადის სამხედრო ოლქის ტერიტორიაზეც, რუსული სახმელეთო ჯარების სარდლობას განლაგებული ჰყავდა პირადი შემადგენლობით მხოლოდ სუსტად დაკომპლექტებული შენაერთები და ნაწილები, რომლებიც იმყოფებოდნენ დაბალ სამობილიზაციო და საბრძოლო მზადყოფნაში მათზე დაკისრებადი ამოცანების შესასრულებლად. ანუ რუსეთის ხელმძღვანელობა არც ამ მიმართულებაზე მოელოდა სავარაუდო მოწინააღმდეგის მიერ მსხვილმასშტაბიანი საბრძოლო მოქმედებების გაჩაღებას. ამავე სამხედრო ოლქის ტერიტორიაზე განლაგებულია რუსეთის საჰაერო ძალების საშუალო რადიუსის მძიმე ბომბდამშენი თვითმფრინავების საავიაციო პოლკი (21 ბომბდამშენი Ту-22М) და 76-ე ტაქტიკური საჰაერო არმია (შტაბი სანკტ-პეტერბურგში), რომელშიც ნაჩვენები იყო პირადი შემადგენლობის 8930 ადამიანამდე და 260 საბრძოლო თვითმფრინავი (მათგან 46 სადაზვერვო Су-24 და МиГ-25, 136 გამანადგურებელი МиГ-29 და Су-27, 78 საფრონტო /ტაქტიკური/ ბომბდამშენი Су-24), აგრეთვე საჰაერო თავდაცვის ჯარების მე-6 ცალკეული არმია (შტაბი სანკტ-პეტერბურგში), რომლის შემადგენლობაშიც ნაჩვენები იყო შვიდი ცალკეული გამანადგურებელი საავიაციო პოლკი, და მათში კი 198 საბრძოლო თვითმფრინავი (ძირითადად Су-27 და МиГ-31), აგრეთვე 20-მდე საბრძოლო უზრუნველყოფისა და სამიც შეუიარაღებელი ვერტმფრენი.

ლენინგრადის სამხედრო ოლქის ტერიტორიაზე რუსეთის საჰაერო ძალების სარდლობას განლაგებული ჰყავდა სადაზვერვო, გამანადგურებელი და ბომბდამშენი საავიაციო პოლკები, მოიერიშე კი არა. ვინაიდან Су-25 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავები განკუთვნილია ბრძოლის ველის თავზე ტრიალისთვის და მოქმედი მიწისზედა ჯარებისთვის საავიაციო მხარაჭერის აღმოსაჩენად. ამიტომაც ამ რაიონში შესაბამისი საბრძოლო თვითმფრინავების არარსებობა კიდევ უფრო გვიდასტურებს იმ მოსაზრებას, რომ რუსული სარდლობა 90-იანი წლების მეორე ნახევარში იქ საბრძოლო მოქმედებათა წარმოების შესაძლებლობას.

უკანასკნელ წლებში, ჯერ პოლონეთის, ხოლო შემდეგ კი ბალტიისპირა სახელმწიფოთა ნატო-ში გაწევრიანებისა და აშშ ხელმძღვანელობის მიერ იქ თავისი სამხედრო ბაზების შესაძლო განლაგებაზე განცხადებათა გაკეთების შემდეგ, ბუნებრივია, რუსეთის ხელისუფლებაც შესაბამის ზომებს მიმართავდა თავისი ტერიტორიის ჩრდილოეთ და ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში თავდაცვითი ზომების გაძლიერებისთვის. თუმცა კი ეუთო-ს ახალი დოკუმენტები საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებით და, ალბათ, ნატო-ელი მრჩევლების რეკომენდაციებით, საზოგადოების ფართო წრეებისთვის დაიხურა და აღარ არის ხელმისაწვდომი, მაგრამ ელემენტარული ლოგიკა გვაფიქრებინებს, რომ ახლა, ალბათ, რუსეთის ფედერაციის კალინინგრადის ადმინისტრაციულ ოლქსა და ლენინგრადის სამხედრო ოლქში განლაგებული სახმელეთო და საჰაერო-სადესანტო ჯარების დივიზიები და ბრიგადები უფრო სრულად იქნება დაკომპლექტებული და უფრო მაღალ მზადყოფნაში მოყვანილი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სახელმწიფო სუვერენიტეტის დასაცავად.

უფრო სამხრეთით, მოსკოვის სამხედრო ოლქში დისლოცირებულია ორი საველე არმია და ერთი ცალკეული საარმიო კორპუსი მათ შემადგენლობაში შემავალი შენაერთებითა და ნაწილებით; ესენია: 1-ლი საველე არმია (შტაბი ქ. სმოლენსკში), 22-ე საველე არმია (ნიჟნი ნოვგოროდი) და 20-ე ცალკეული საარმიო კორპუსი (ვორონეჟი), აგრეთვე თავად სამხედრო ოლქის სარდლობისადმი უშუალოდ დაქვემდებარებული ჯარები. მე-2 ცხრილში მოგვყავს მოსკოვის სამხედრო ოლქში განლაგებული მოტომსროლელი, სატანკო, საარტილერიო და საჰაერო-სადესანტო დივიზიების პირადი შემადგენლობისა და ძირითადი შეიარაღების მონაცემები 1998 წლის 1 იანვრის მდგომარეობით.

ცხრილი 2

მოსკოვის სამხედრო ოლქში დისლოცირებული დივიზიები 

(ცხრილის უფრო კომპაქტურად ჩაწერისთვის გამოყენებული აღნიშვნები: A – განლაგების ქალაქები, B – პირადი შემადგენლობა, ადამიანი, C – საბრძოლო ტანკები, D – მოჯავშნული საბრძოლო მანქანები, E – საველე საარტილერიო სისტემები)

დივიზიების დასახელება . . . . . . . A . . . . . . . . . . B . . . . C . . . . D . . . . E . . 

34-ე საარტილერიო . . . . . . . . . მულინო . . . . . .1916 . . . . – . . . . – . . . 339
მე-2 მოტომსროლელი . . . . . კალინინეცი . . . . 8404 . . 193 . . 470 . . 148
მე-3 მოტომსროლელი . . . . . . . . ნოვი . . . . . . . . 9947 . . 256 . . 350 . . 150
144-ე მოტომსროლელი . . . . . . ელნია . . . . . . . . 3945 . . . 88 . . 211 . . .63
10-ე სატანკო . . . . . . . . . . . . . . . ბოგუჩარი . . . . . 4500 . . 263 . . 359 . . .119
მე-4 სატანკო . . . . . . . . . . . . . ნარო-ფომინსკი . . 8111 . . 315 . . 301 . . .118
98-ე საჰაერო-სადესანტო . . . . . ივანოვო . . . . . . 6520 . . . – . . .412 . . . . 53
106-ე საჰაერო-სადესანტო . . . . . ტულა . . . . . . . 7322 . . . – . . . 432 . . . .78

გარდა ამისა, მოსკოვის სამხედრო ოლქის ტერიტორიაზე განლაგებულია რუსეთის საჰაერო ძალების საშუალო რასიუსის მძიმე ბომბდამშენების პოლკი (28 თვითმფრინავი Ту-22М) და 16-ე ტაქტიკური საჰაერო არმია (შტაბი ქ. კუბინკაში), რომელშიც 1998 წლის დასაწყისში შედიოდა პირადი შემადგენლობის 13 075-ზე მეტი ადამიანი, 421 საბრძოლო თვითმფრინავი და 55 საბრძოლო უზრუნველყოფის ვერტმფრენი. საბრძოლო თვითმფრინავებიდან 59 იყო სადაზვერვო МиГ-25 და Су-24, 53 მოიერიშე Су-25, 126 გამანადგურებელი МиГ-29 და 130 საფრონტო ბომბდამშენი Су-24. ასევე საჰაერო თავდაცვის მოსკოვის ოლქში შედიოდა პირადი შემადგენლობის 29 615 ადამიანი, 850 სტრატეგიული დანიშნულების საზენიტო სარაკეტო კომპლექსი და 190 გამანადგურებელ-დამჭერი თვითმფრინავი МиГ-31 და Су-27.

მოსკოვის სამხედრო ოლქის ტერიტორიაზე განლაგებული ძალებისა და საშუალებების გაცნობის შემდეგ შეგვიძლია დავასკვნათ, რომ აქ გვხვდება უფრო მეტად პირადი შემადგენლობითა და ძირითადი შეიარაღებით კარგად დაკომპლექტებული საბრძოლო დივიზიები (მე-2 და -3 მოტომსროლელი, -4 და, ნაწილობრივ, 10-ე სატანკო), რომლებიც უკვე მაღალ სამობილიზაციო და საბრძოლო მზადყოფნაში უნდა იმყოფებოდნენ, თუკი მათში საბრძოლო მომზადების პროცესიც, შესაბამისად, მაღალ დონეზეა დაყენებული. გარდა ამისა, შეიძლება ითქვას, რომ მის სამხრეთ რაიონში დისლოცირებული სახმელეთო ჯარების 10-ე სატანკო დივიზია, აგრეთვე ტაქტიკური საჰაერო ძალების ერთი მოიერიშე და სამი ბომბდამშენი საავიაციო პოლკები განკუთვნილი უნდა იყოს სწორედ უპირატესად სამხრეთის მიმართულებაზე მოქმედებებისთვის, ვინაიდან ისინი მოსკოვის სამხედრო ოლქის სწორედ სამხრეთ რაიონში მდებარეობენ, საბრძოლო გამოყენების სავარაუდო რაიონთან რაც შეიძლება ახლოს. ამას ჩვენ ისევ დავუბრუნდებით ჩრდილო-კავკასიის სამხედრო ოლქისა და ვოლგისპირეთის სამხედრო ოლქის ტერიტორიებზე ჯარებისა და ძალების განლაგების გაცნობის შემდეგ.

ჩრდილო-კავკასიის სამხედრო ოლქის (შტაბი დონის-როსტოვში) ჯარების ოპერატიული მართვის ორგანოებს 1998 წლის დასაწყისში წარმოადგენდნენ 58-ე არმიის შტაბი (ვლადიკავკაზი), აგრეთვე 67-ე და მე-8 ცალკეული კორპუსების შტაბები (შესაბამისად, ქალაქებში – კრასნოდარსა და ვოლგოგრადში). კავკასიონის ქედის გაყოლებაზე დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ რუსულ სარდლობას ქალაქებში: მაიკოპში, ბუდიონოვსკსა და ბუინაკსკში, განლაგებული ჰყავს თითო-თითო ცალკეული მოტომსროლელი ბრიგადა რეგიონის მცირე რესპუბლიკებში მდგომარეობის კონტროლისთვის, სტავროპოლში დისლოცირებულია 21-ე ცალკეული საჰაერო-სადესანტო ბრიგადა, უფრო ჩრდილოეთით კი – სპეციალური დანიშნულების ჯარების 22-ე ბრიგადა. გარდა ამისა, 58-ე საველე არმიის შემადგენლობაში ქალაქ ვლდიკავკაზში განლაგებულია 19-ე მოტომსროლელი დივიზია, ხოლო უფრო ჩრდილოეთით, მე-8 ცალკეული საარმიო კორპუსის შემადგენლობაში, ქალაქ ვოლგოგრადში – 20-ე მოტომსროლელი დივიზია. ამ დივიზიების პირადი შემადგენლობა და ძირითადი შეიარაღება 1998 წლის დასაწყისში მოყვანილია მე-3 ცხრილში.

ცხრილი 3

19- და 20-ე მოტომსროლელი დივიზიების პირადი შემადგენლობა და ძირითადი შეიარაღება 1998 წლის 1 იანვრის მდგომარეობით 

პირადი შემადგენლობა და . . . . . . . . . . . . 19-ე მოტომსრო- . . 20-ე მოტომსრო- 
ძირითადი შეიარაღება . . . . . . . . . . . . . . . .ლელი დივიზია . . .ლელი დივიზია 

პირადი შემადგენლობა, ადამიანი . . . . . . . . . . . 11 888 . . . . . . . . . . . 10 017
საბრძოლო ტანკები . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .109 . . . . . . . . . . . . . .124
მოჯავშნული საბრძოლო მანქანები . . . . . . . . . . . . .426 . . . . . . . . . . . . . .232
უზრუნველყოფის მოჯავშნული
მანქანები . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 196 . . . . . . . . . . . . . .109
საველე საარტილერიო სისტემები . . . . . . . . . . . . . . 115 . . . . . . . . . . . . . .115
სატანკო ხიდგამყვანები . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 4 . . . . . . . . . . . . . . . .6

ცხრილიდან ჩანს, რომ ეს ორივე დივიზია პირადი შემადგენლობითა და ძირითადი შეიარაღებით კარგად იყო დაკომპლექტებული და მაღალ სამობილიზაციო და საბრძოლო მდგომარეობაში უნდა ყოფილიყო მათზე დაკისრებადი ამოცანების შესასრულებლად.

ეს ამოცანები კი რომ უპირატესად სამხრეთის მიმართულებით, ამიერკავკასიისკენ იქნებოდა დასმული, სავსებით ნათელი უნდა იყოს. მით უმეტეს, რომ 58-ე არმიის შტაბი, არმიის მართვის ორგანო, მისი ტვინი, განლაგებულია არა ჩრდილო-კავკასიის სამხედრო ოლქის ტერიტორიის სიღრმეში, არამედ საქართველოს საზღვართან უშუალო სიახლოვეს. და ეს გულისხმობს იმას, რომ ომიანობის დროს არმიის სრულად დაკომპლექტების შემდეგ იმ ექვსი დივიზიისა და უზრუნველყოფის ჯარების განლაგებასა და მოქმედებებს რუსეთის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობა ვარაუდობს სწორედ ამიერკავკასიის ტერიტორიაზე. ჯარებისა და შტაბების ასეთი განლაგება რუსეთის სარდლობის პასუხია ამერიკელებისა და გერმანელების მიერ 1990-იან წლებში თურქული სამხედრო მანქანის გაძლიერებაზე და ატარებს თავდაცვით ხასიათს, თუმცა კი რუსები თავიანთი სახელმწიფო სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვას აპირებენ არა საკუთარ ტერიტორიაზე, არამედ უკვე ამიერკავკასიაში.

ის გარემოება, რომ რუსეთის ჯარების ასეთი განლაგება ატარებს მართლაც თავდაცვით ხასიათს და არ არის გამიზნული მსხვილმასშტაბიანი შეტევითი მოქმედებებისთვის, დასტურდება, ჯერ ერთი, რუსეთის მძიმე ფინანსურ-ეკონომიკური მდგომარეობით, ხოლო შეტევითი წარმატებული ომის წარმოებისთვის კი აუცილებელია მნიშვნელოვანი ფინანსური დანახარჯები, და მეორეც, აქ მშვიდობიანობის დროს განლაგებული ჯარების მცირე რაოდენობით. შედარებისთვის, 1991 წელს, ცივი ომის მიწურულს, საბჭოთა სარდლობას ამიერკავკასიის სამხედრო ოლქში განლაგებული ჰყავდა 11 მოტომსროლელი და ერთი საჰაერო-სადესანტო დივიზია, 12 ბრიგადა/პოლკი (საარტილერიო, ოპერატიულ-ტაქტიკური რაკეტების, სპეციალური დანიშნულების ჯარების, სადესანტო-საიერიშო, სავერტმფრენო და სხვა), ჩრდილო-კავკსიის სამხედრო ოლქში კი – სამი მოტომსროლელი და ერთი საარტილერიო დივიზია, ოთხი საარტილერიო და ორიც ოპერატიულ-ტაქტიკრი რაკეტების ბრიგადა/პოლკი. და ეს ძალები მართლაც იყო განკუთვნილი მსხვილმასშტაბიანი შეტებითი მოქმედებების წარმოებისთვის. დღესდღეობით კი რუსეთის ფედერაციას ასეთი გეგმები და შესაძლებლობები უბრალოდ არ გააჩნია.

ვოლგისპირეთის სამხედრო ოლქის (შტაბი ქ. სამარაში) ტერიტორიაზე განლაგებულია მე-2 საველე არმია (ჩერნორეჩიე), მის შემადგენლობაში მყოფი საჯარისო ერთეულები, ჯავშანსატანკო ტექნიკის, საველე არტილერიისა და ვერტმფრენების საწყობები, მნიშვნელოვანი რაოდენობით სამხედრო-სასწავლო დაწესებულებები, ნაწილები და ქვედენაყოფები. საბრძოლო შენაერთებიდან კი უშუალოდ სამხედრო ოლქის სარდლობის დაქვემდებარებაში იმყოფება სამარასთან, ქალაქ ტოცკოეში დისლოცირებული 27-ე მოტომსროლელი დივიზია, რომელიც 1998 წლის დასაწყისში ასევე კარგად იყო დაკომპლექტებული პირადი შემადგენლობითა და ძირითადი შეიარაღებით – 9950-ზე მეტი სამხედრო მოსამსხურე, 165 საბრძოლო ტანკი, 390-ზე მეტი მოჯავშნული საბრძოლო მანქანა, 123 საველე არტილერიის ქვემეხი და ნაღმსატყორცნი, ექვსი სატანკო ხიდგამყვანი. გარდა ამისა, ქალაქ ულიანოვსკში განლაგებული იყო 104-ე საჰაერო-სადესანტო დივიზია, რომელიც მოითვლიდა პირადი შემადგენლობის 5840-მდე ადამიანს, 245 მოჯავშნულ საბრძოლო მანქანას, საველე არტილერიის 55 ქვემეხსა და ნაღმსატყორცნს და სხვა შეიარაღებას.

რუსეთის ფედერაციის ევროპულ ტერიტორიაზე სახმელეთო ჯარების საბრძოლო დივიზიებისა და ცალკეული ბრიგადების განლაგების რუკას რომ დავხედოთ, დავრწმუნდებით, რომ 27-ე მოტომსროლელი დივიზიაც, 19-ე და 20-ე მოტომსროლელი დივიზიების მსგავსად, რუსულ სარდლობას განკუთვნილი ჰყავდა სწორედ უპირატესად სამხრეთის მიმართულებაზე, ამიერკავკასიაში მოქმედებებისთვის. ჩვენ ზემოთ ვახსენეთ, რომ მოსკოვის სამხედრო ოლქის სამხრეთ რაიონში, ქალაქ ბოგუჩარში, ვორონეჟის მახლობლად, დისლოცირებული 10-ე სატანკო დივიზიაც, რომელიც პირადი შემადგენლობით მხოლოდ სანახევროდ იყო დაკომპლექტებული, ასევე სამხრეთის მიმართულებაზე სამოქმედოდ უნდა იყოს განკუთვნილი. მართლაც, თუ გავითვალისწინებთ, რომ თანამედროვე სახმელეთო (მიწისზედა) ოპერაციებში სატანკო (ჯავშანსატანკო) შენაერთებსა და ნაწილებს განალაგებენ ჩვეულებრივ მეორე ეშელონში (რეზერვში), მოტომსროლელი (მოტოქვეითი, მექანიზებული ქვეითი) ჯარების შემდეგ, მაშინ ნათლად გამოჩნდება, რომ 10-ე სატანკო დივიზიის გამოყენებასაც რუსული სამხედრო ხელმძღვანელობა უნდა გეგმავდეს არა იმდენად უკრაინის მხრიდან მოსალოდნელი საფრთხისგან მოსკოვის დასაცავად (მაშინ იგი პირადი შემადგენლობითაც სრულად იქნებოდა დაკომპლექტებული, რათა დაუყოვნებლვ ჩაბმულიყო საბრძოლო მოქმედებებში), არამედ სწორედ სამხრეთის მიმართულებაზე 19-ე, 20- და 27-ე მოტომსროლელი დივიზიების შემდეგ მეორე ეშელონში (რეზერვში) გამოყენებისთვის (და, შესაბამისად, გარკვეული დროც ექნებათ მისი სრულად დაკომპლექტებისთვის).

თანაც ჩრდილო-კავკასიის სამხედრო ოლქის ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაციის საჰაერო ძალების სარდლობას განლაგებული ჰყავს მე-4 ტაქტიკური საჰაერო არმია (შტაბი დონის-როსტოვში), რომლის შემადგენლობაშიც 1998 წლის დასაწყისში ნაჩვენები იყო პირადი შემადგენლობის 13 390 ადამიანი, 337 საბრძოლო თვითმფრინავი, 50-მდე საბრძოლო უზრუნველყოფის ვერტმფრენი და სხვა შეიარაღება. საბრძოლო თვითმფრონავებიდან 36 იყო სადაზვერვო Су-24, 107 გამანადგურებელი МиГ-29, 101 მოიერიშე Су-25 და 93 საფრონტო ბომბდამშენი Су-24. გარდა ამისა, საჰაერო თავდაცვის ჯარების 12-ე ცალკეული კორპუსის (შტაბი დონის-როსტოვში) შემადგენლობაში შედიოდა 10 005 სამხედრო მოსამსახურე, 125 სტრატეგიული თავდაცვითი დანიშნულების საზენიტო სარაკეტო კომპლექსი, 89 გამანაგურებელ-დამჭერი თვითმფრინავი МиГ-25, МиГ-31 და Су-27. ამასთანავე, არმავირის მფრინავთა უმაღლეს სამხედრო-საავიაციო სასწავლებელში ნაჩვენები იყო 187 სასწავლო-საბრძოლო თვითმფრინავი МиГ-23, რომელთა ნაწილის გამოყენებაც ასევე შესაძლებელი იქნებოდა საჰაერო თავდაცვის ძალების გაძლიერებისთვის.

ირაკლი ხართიშვილი 


თანამედროვე სახმელეთო ჯარები 

(წერილი გამოქვეყნდა გაზეთ “ახალი 7 დღის” 2005 წლის 23–29 სექტემბრის ნომერში; ამჯერად მას გთავაზობთ მცირე სარედაქციო დამატებებითა და დაზუსტებებით) 

სახმელეთო ჯარები ტრადიციულად წარმოადგენს სახელმწიფოთა შეიარაღებული ძალების ყველაზე უფრო მრავალრიცხოვან სახეობას. ინგლისურენოვან ქვეყნებში სახმელეთო ჯარებს უწოდებენ აგრეთვე არმიასაც და ამ შემთხვევაში, საველე არმიისგან განსხვავებით, მას წერენ დიდი ასოთი Army. სახმელეთო ჯარების ფორმირებებს მცირიდან დიდისკენ მიეკუთვნება სექციები, ათეულები, ოცეულები, ასეულები, ბატალიონები, პოლკები (ბრიგადები), დივიზიები, საარმიო კორპუსები, საველე არმიები, არმიების ჯგუფები (ფრონტები). საჯარისო დანაყოფებს სექციიდან ბრიგადის ჩათვლით ბრიტანულ და ამერიკულ ჯარებში უწოდებენ ერთეულებს (unit), ხოლო ბრიგადების ზევით კი – დიდ ერთეულებს (large unit). რუსული (ყოფილი საბჭოთა) სამხედრო ტერმინოლოგია კი უფრო დაყოფილი და დახვეწილია. აქ საჯარისო ერთეულებს ბატალიონის ჩათვლით უწოდებენ ქვედანაყოფებს, პოლკი და ბრიგადა საჯარისო ნაწილებია, დივიზია ტაქტიკური შენაერთი, საარმიო კორპუსი – ოპერატიულ-ტაქტიკური შენაერთი, საველე არმია – ოპერატიული გაერთიანება, ფრონტი კი სტრატეგიული დონის გაერთიანებაა. ჩვენშიც დამკვიდრებულია ტერმინები ქვედანაყოფი, ნაწილი, შენაერთი, მაგრამ, სამწუხაროდ, მათ ხშირად მეტად შეუსაბამოდ იყენებენ. განსაკუთრებით ტერმინ “შენაერთს” ხშირად ხმარობენ ოცეულის ან ასეულის რგოლის ქვედანაყოფებზე საუბრის დროსაც კი.

გარდა ამისა, დიდი ტერიტორიისა და მრავალრიცხოვანი მოსახლეობის მქონე სახელმწიფოთა სახმელეთო ჯარებში იყენებენ ტაქტიკური, ოპერატიული და სტრატეგიული დონის ქვედანაყოფების, ნაწილების, შენაერთებისა და გაერთიანებების აღნიშვნასაც. სახელდობრ, აშშ არმიაში ძირითადი ტაქტიკური ქვედანაყოფია ბატალიონი, რომელიც შედგება ასევე ტაქტიკური რგოლის უფრო მცირე ქვედანაყოფებისგან: ასეულების, ოცეულების, ათეულებისა და სექციებისგან. ბრიგადაც ასევე ტაქტიკური დონის ერთეულია, რომელიც ჩვეულებრივ შედგება სამი-ოთხი საბრძოლო ბატალიონის, ერთი-ორი საარტილერიო დივიზიონისა და საბრძოლო და ზურგის უზრუნველყოფის (ტანკსაწინააღმდეგო, სადაზვერვო, კავშიგაბმულობის, საინჟინრო-მესანგრეთა, საზენიტო, სარემონტო, მომარაგების, მედიკურ-სანიტარული და სხვა) ასეულებისა და ოცეულებისგან. აშშ სახმელეთო ჯარებში სამი ბრიგადისგან შედგება დივიზია, რომელშიც ბრიგადების გარდა არის უშუალოდ დივიზიის მეთაურობისადმი დაქვემდებარებული და დივიზიის საერთო ინტერესებში მოქმედი საბრძოლო, საბრძოლო უზრუნველყოფისა და ზურგის უზრუნველყოფის ნაწილები და ქვედანაყოფები (მაგალითად, ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების MLRS, საარმიო ავიაციის, დაზვერვისა და რადიოელექტრონული ბრძოლის /რებ/ და სხვა). დივიზია, როგორც ვთქვით, წარმოადგენს უმაღლეს ტაქტიკურ შენაერთს. დივიზიის ზევით იწყება უკვე ოპერატული დონე და ტაქტიკაც გადადის ოპერატიულ ხელოვნებაში.

საარმიო კორპუსი, ოპერატიულ-ტაქტიკური შენაერთი, შეიძლება შედგებოდეს სამი-ექვსი საბრძოლო დივიზიისა და უშუალოდ კორპუსის მეთაურისადმი დაქვემდებარებული საბრძოლო, საბრძოლო უზრუნველყოფისა და ზურგის უზრუნველყოფის ნაწილებისგან. დივიზიას მეთაურობს გენერალ-მაიორი, საარმიო კორპუსს კი გენერალ-ლეიტენანტი. საველე არმიები მშვიდობიანობის დროს აშშ-ში არ იქმნება, ხოლო მათი შტაბები კი მოქმედებენ შემცირებული შტატით. ისე კი, ომიანობის დროს, აშშ საველე არმიაში შეიძლება შედიოდეს სამიდან ექვს საარმიო კორპუსამდე, აგრეთვე უშუალოდ არმიის სარდლობისადმი დაქვემდებარებული შენაერთები და ნაწილები. მაგრამ, როგორც ვთქვით, დღესდღეობით აშშ ტერიტორიაზე საარმიო კორპუსები უფრო მსხვილ ერთეულებად არ არის გაერთიანებული. დასავლეთ გერმანიის ტერიტორიაზე კი V და VII ამერკული საარმიო კორპუსები ორ დასავლეთგერმანულ კორპუსთან და კანადურ ჯავშანსატანკო ბრიგადასთან ერთად, შეყვანილი იყვნენ ცენტრალურ-ევროპული საომარ მოქმედებათა თეატრის (ომთ) არმიების ცენტრალური ჯგუფის შემადგენლობაში. მის ჩრდილოეთით კი იმავე ომთ-ზე განლაგებული იყვნენ არმიების ჩრდილოეთის ჯგუფის ჯარები, რომლებშიც შედიოდნენ: ბრიტანული რაინის არმია, თითო-თითო დასავლეთგერმანული, ჰოლანდიური და ბელგიური საარმიო კორპუსები. არმიების ჯგუფები, და მით უმეტეს, საომარ მოქმედებათა თეატრი და მის ზევით – ევროპული ომის თეატრი, რომელიც, ცენტრალურ-ევროპული ომთ-ის გარდა მოიცავს ჩრდილო-ევროპულ და სამხრეთ-ევროპულ ომთ-ებსაც, უკვე სტრატეგიული დონის სამხედრო ორგანიზაციებია.

მცირე სახელმწიფოებში ჩვეულებრივ გამორიცხულია ოპერატიული დონის შენაერთები და, შესაბამისად, ოპერატიული ხელოვნებაც. აქ ლაპარაკია უპირატესად ჯარების მოქმედებათა ტაქტიკასა და ქვეყნის თავდაცვის სტრატეგიაზე.

როგორც უკვე ითქვა, თანამედროვე სახმელეთო ჯარებში საბრძოლო ბატალიონი წარმოადგენს ძირითად ტაქტიკურ ქვედანაყოფს. ცნობილია სატანკო, მოტოქვეითი (მოტომსროლელი), ქვეითი ბატალიონები. თანაც ქვეითი ბატალიონები შედიან როგორც ქვეით ბრიგადებსა და დივიზიებში, ასევე სამთოქვეით (მსუბუქ ქვეით), საჰაერო-სადესანტო და საჰაერო-საიერიშო (აერომობილურ) ნაწილებსა და შენაერთებშიც. მხოლოდ თითოეულ მათგანში გააჩნიათ თავიანთი სპეციფიური ამოცანები, შეიარაღება, ეკიპირება და საბრძოლო მომზადება. სახელდობრ, ქვეითი ბრიგადებისა და დივიზიების ქვეით ბატალიონებში შედის უფრო მეტი მძიმე შეიარაღება: 106,7- და (ან) 120-მმ ნაღმსატყორცნები, მსხვილყალიბიანი ტყვიამფრქვევები, მძიმე ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსები (ტსრკ) და ტანკსაწინააღმდეგო უუკუცემო ქვემეხები; სამთოქვეითი (ალპიური, მსუბუქი ქვეითი) ბრიგადებისა და დივიზიების ქვეით ბატალიონებში კი უფრო მეტად სჭარბობს მსუბუქი შეიარაღება, მათ შორის 60-მმ ნაღმსატყორცნები, მსუბუქი ტსრკ-ები, ხელის ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარსატყორცნები, თანაც გასათვალისწინებელია, რომ მთებში და ძლიერად დასერილ ადგილას, ან კიდევ მსხვილ დასახლებულ პუნქტებში, სადაც ასეთი შენაერთებისა და ნაწილების გამოყენებაა ნავარაუდევი, ტანკებისა და მოჯავშნული საბრძოლო მანქანების გამოყენება ნაკლებად შესაძლებელია და ნაკლებად ეფექტურიც. რაც შეეხება საჰაერო-სადესანტო და აერომობილურ შენაერთებსა და ნაწილებს, იქ აუცილებელი ხდება საპარაშუტო მომზადებაც, ხოლო აღჭურვილობაში კი შემოდის პარაშუტები, თანაც ტაქტიკური სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავებითა და ვერტმფრენებით მოჯავშნული საბრძოლო მანქანებისა და თვითმავალი საარტილერიო დანადგარების დესანტირება ძალზედ გაძნელებულია, რის გამოც ასეთ ჯარებსაც უფრო მეტ წილად შედარებით მსუბუქი შეიარაღება და სპეციფიური საბრძოლო მომზადება გააჩნიათ.

სხვადასხვა ტიპის ბატალიონები შედგება საბრძოლო, საბრძოლო უზრუნველყოფისა და ზურგის უზრუნველყოფის ასეულების, ოცეულების, ათეულებისა და სექციებისგან. საბრძოლო ქვედანაყოფებს წარმოადგენენ სატანკო, მოტოქვეითი (მოტომსროლელი), ქვეითი, ტანკსაწინააღმდეგო, ნაღმსატყორცნების, საზენიტო ასეულები, ოცეულები, ათეულები და სექციები; საბრძოლო უზრუნველყოფისა – სადაზვერვო, საინჟინრო-მესანგრეთა, კავშირგაბმულობის, მასობრივი დაზიანების იარაღისგან დაცვის; ზურგის უზრუნველყოფისა კი – მომარაგების, მომსახურების, სარემონტო, სამედიცინო (მედიკურ-სანიტარული) ქვედანაყოფები.

სატანკო ბატალიონში შეიძლება იყოს სამი-ოთხი სატანკო ასეული (81-მმ თვითმავალი ნაღმსატყორცნების სექციით ან მის გარეშე), სადაზვერვო, კავშირგაბმულობის, საინჟინრო-მესანგრეთა, 120-მმ თვითმავალი ნაღმსატყოცნების ოცეულები, გადასატანი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსების (გზრკ) სექცია და ზურგის უზრუნველყოფის ქვედანაყოფები. მოტოქვეით (მოტომსროლელ) ბატალიონში (საბჭოთა არმიაში ქვეით ჯარებს ერქვა მსროლელი ჯარები – стрелковые войска, და, შესაბამისად, შემდგომში, სატანკო ქვედანაყოფებთან უფრო მჭიდრო ურთიერთმოქმედების უზრუნველყოფის მიზნით, ამ ჯარების ნაწილის ჯავშანტრანსპორტერებზე გადაყვანის შემდეგ, მათ ეწოდათ უკვე მოტომსროლელი ჯარები) შესაძლოა შედიოდეს მოტოქვეითი (მოტომსროლელი) ასეული (81-მმ ნაღმსატყორცნების სექციით ან მათ გარეშე), ტანკსაწინააღმდეგო ასეული ან ოცეული, სადაზვერვო, კავშირგაბმულობის, საინჟინრო-მესანგრეთა, 120-მმ ნაღმსატყორცნების ოცეულები, გზრკ-ების სექცია, აგრეთვე ზურგის უზრუნველყოფის ქვედანაყოფები (როგორც ვხედავთ, სატანკო ბატალიონში არ არის სპეციალური ტანკსაწინააღმდეგო ქვედანაყოფი, ვინაიდან თავად საბრძოლო ტანკები ამავე დროს წარმოადგენენ ეფექტურ ტანკსაწინააღმდეგო საშუალებასაც).

ქვეითი დივიზიის ქვეითი ბატალიონის საბრძოლო შემადგენლობა მოტოქვეითი ბატალიონის საბრძოლო შემადგენლობის მსგავსია, მხოლოდ აქ ქვეით ქვედანაყოფებში ძირითად სატრანსპორტო საშუალებას წარმოადგენს არა ქვეითთა საბრძოლო მანქანა (ქსმ) ან ჯავშანტრანსპორტერი (ჯტრ), არამედ მაღალი გამავლობის სატვირთო ავტომობილი, და, გარდა ამისა, 81- და 120-მმ ნაღმსატყორცნებიც უკვე აღარ არის მუხლუხიან შასიზე, არამედ ხელით გადასატანია ან საარმიო ავტომობილებით ბუქსირებადი. სამთოქვეითი (მსუბუქი ქვეითი, ალპიური), საჰაერო-სადესანტო და საჰაერო-საიერიშო (აერომობილური) დივიზიებისა და ბრიგადების ქვეითი ბატალიონების საორგანიზაციო-საშტატო სტრუქტურა უფრო მარტივია, ქვეითი ასეულების შეიარაღებაში კი 81-მმ ნაღმსატყორცნების ნაცვლად შემოდის 60-მმ ნაღმსატყორცნები, 7,62- და 12,6-მმ ტყვიამფრქვევების ნაცვლად – 5,56-მმ ტყვიამფრქვევები, ხელის ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარსატყორცნების ნაცვლად – 40-მმ ლულისქვეშა ყუმბარსატყორცნები და სხვა.

1970-იან წლებში ამერიკულ და დასავლეგერმანულ სატანკო ბატალიონებს თითქმის ერთნაირი საოგანიზაციო-საშტატო სტრუქტურა და ძირითადი შეიარაღება გააჩნდათ, რომელთაგან თითოეული შედგებოდა სამი სატანკო ასეულის, აგრეთვე საბრძოლო და ზურგის უზრუნველყოფის ქვედანაყოფებისგან. თითოეული სატანკო ასეული შედგებოდა სამი სატანკო ოცეულისგან, რომელთაგან თითოეულში იყო ხუთი სატანკო ეკპაჟი (საბრძოლო ტანკი), ოცეულის მეთაურის ეკიპაჟის ჩათვლით. შესაბამისად, სატანკო ასეულში მოითვლებოდა სამი სატანკო ოცეულის 15 და ასეულის მართვის ორი საბრძოლო (საშუალო) ტანკი – სულ 17 საბრძოლო ტანკი; სატანკო ბატალიონში კი: სამი სატანკო ასეულის 51 და ბატალიონის მართვის სამი საბრძოლო ტანკი – სულ 54 საშუალო (საბრძოლო) ტანკი (M-60A1/A3 ამერიკულში და “ლეოპარდ-1A1/A3” დასავლეთგერმანულში). გარდა ამისა, ამერიკულ სატანკო ბატალიონში, დასავლეთგერმანულისგან განსხვავებით, შედიოდა სადაზვერვო ოცეული M-113 ჯტრ-ის ბაზაზე შექმნილი საბრძოლო-სადაზვერვო მანქანებით, ოთხი თვითმავალი 106,7-მმ ნაღმსატყორცნი M-106A1/A2, ხუთი გზრკ “რედ აი” (თანამედროვე “სტინგერების” წინამორბედი) და ორი სატანკო ხიდგამყვანი – M-48 ან M-60 საბრძოლო ტანკის სავალ ნაწილზე კოშკის ნაცვლად დამონტაჟებული გასაშლელი ხიდით ბატალიონის მიერ წყლის დაბრკოლების ან განიერი და ღრმა თხრილების სწრაფად გადალახვისთვის.

1980-იან წლებში გატარებული რეორგანიზაციის შედეგად, სატანკო ოცეულში საბრძოლო ტანკების რაოდენობა შემცირებულ იქნა ხუთიდან ოთხამდე, სატანკო ასეულში კი, შესაბამისად – 17-დან 14-მდე. სამაგიეროდ, ბატალიონში სატანკო ასეულების რაოდენობა გაზარდეს ოთხამდე, რათა ბატალიონს შესაძლებლობა ჰქონოდა, რომ ბრძოლის ველზე ერთდროულად ორი ობიექტისთვის შეეტია. შესაბამისად, სატანკო ბატალიონში უკვე შედიოდა სატანკო ასეულების 56 და ბატალიონის მართვის ორი საბრძოლო ტანკი – სულ 58 საბრძოლო ტანკი. სატანკო ბატალიონიდან გამოყვანილ იქნა გზრკ-ებისა და სატანკო ხიდგამყვანების სექციები, რომლებიც გადაეცა ზემდგომი საჯარისო ინსტანციის, ბრიგადის შემადგენლობაში, საიდანაც ბატალიონები თავიანთთვის განკუთვნილ ამ საშუალებებს ღებულობდნენ საჯარისო სწავლებების პერიოდში გაძლიერების საშუალებათა სახით.

აშშ მოტოქვეითი ბატალიონის საბრძოლო შემადგენლობაში 1970-იან წლებში შედიოდა ბატალიონის მეთაურობა და შტაბი, საშტაბო ასეული, სამი მოტოქვეითი ასეული და საცეცხლე მხარდაჭერის ასეული. საშტაბო ასეულში შედიოდა ბატალიონის მართვის სექცია, კავშირგაბმულობის, სარემონტო, სამედიცინო და უზრუნველყოფის ოცეულები. თითოეულ მოტოქვეით ასეულში – ასეულის მართვის სექცია და ოთხი ოცეული: სამი მოტოქვეითი და ერთიც ნაღმსატყორცნების (სამი 81-მ თვითმავალი ნაღმსატყორცნი, M-113 ჯტრ-ის კორპუსში დამონტაჟებული); თითოეულ მოტოქვეით ოცეულში შედიოდა ოთხი ათეული: სამი მოტოქვეითი და ერთიც იარაღისა. მოტოქვეითი ათეულის ძირითად სატრანსპორტო საშუალებას წარმოადგენდა M-113A1/A2 ტიპის მუხლუხიანი მცურავი ჯავშანტრანსპორტერი. საცეცხლე მხარდაჭერის ასეულში შედიოდა ასეულის მართვის სექცია, სადაზვერვო, საინჟინრო-მესანგრეთა, ნაღმსატყორცნებისა და ტანკსაწინააღმდეგო ოცეულები, აგრეთვე რადიოსალოკაციო და გადასატანი საზენიტო სარაკეტო კომპლექსების “რედ აის” სექცია. სულ 1970-იანი წლების აშშ მოტოქვეითი ბატალიონის პირადი შემადგენლობა მოითვლიდა 880-მდე ადამიანს, ხოლო მის შეიარაღებაში კი შედიოდა 13 თვითმავალი ნაღმსატყორცნი (ცხრა 81-მმ და ოთხიც 106,7-მმ), ექვსი თვითმავალი ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსი “თოუ” M-901A1, ხუთი გზრკ “რედ აი”, 50-მდე ჯტრ M-113A1/A2, 20-მდე სამეთაურო-საშტაბო მანქანა და სადაზვერვო მოჯავშნული მანქანა. მაშინ ამერიკული არმიის შეიარაღებაში ქვეითთა საბრძოლო მანქანები არ ჰყავდათ, მაგრამ 80-იან წლებში გამოჩნდა M-2 “ბრედლის” ტიპის ქსმ-ები და მათ ბაზაზე შექმნილი M-3 “ბრედლის” ტიპის საბრძოლო-სადაზვერვო მანქანები (ბდმ), რომელთა სადესანტო განყოფილებაშიც ქვეითი ათეულის ნაცვლად განთავსებულია სპეციალური სადაზვერვო აღჭურვილობა, რომელსაც ემსახურება სათანადოდ მომზადებული ორი-სამი ჯარისკაცი. M-2 “ბრედლის” ტიპის ქვეითთა საბრძოლო მანქანები თავიანთი საბრძოლო შესაძლებლობებით აღემატებიან M-113 სერიის ჯავშანტრანსპორტერებს, ამიტომ 1980-იანი წლების მეორე ნახევრიდან მათ მყარად დაიმკვიდრეს ადგილი აშშ არმიის მოტოქვეით ქვედანაყოფებში, ხოლო M-3 “ბრედლის” ტიპის საბრძოლო-სადაზვერვო მანქანებმა კი – სადაზვერვო ქვედანაყოფებში.

1980-იან წლებში ამერიკული სახმელეთო ჯარების სარდლობამ მოტოქვეით ბატალიონში გააუქმა საცეცხლე მხარდაჭერის ასეული და მისი სადაზვერვო და ნაღმსატყორცნების ოცეულები გადაიტანა საშტაბო ასეულში, ხოლო ტანკსაწინააღმდეგო ოცეულის ბაზაზე კი ჩამოაყალიბა ტანკსაწინააღმდეგიო ასეული, ანუ აამაღლა ბატალიონის ტანკსაწინააღმდეგო შესაძლებლობები. გარდა ამისა, სამი მოტოქვეითი ასეულის ნაცვლად ბატალიონში ჩამოაყალიბა მეოთხე ასეულიც, ისევ ბრძოლის ველზე ერთდროულად ორი ობიექტისთვის შეტევის უზრუნველსაყოფად.

სულ 1980-იანი წლების აშშ მოტოქვეით ბატალიონში მოითვლებოდა პირადი შემადგენლობის დაახლოებით 870 ადამიანი, 56 ქსმ M-2 “ბრედლი”, ექვსი ბდმ M-3 “ბრედლი”, 23 ჯტრ M-113A1/A2 (ანუ სულ 85 მოჯავშნული საბრძოლო მანქანა /მბმ/), ექვსი 106,7-მმ თვითმავალი ნაღმსატყორცნი M-106A1/A2 (რომლებიც შემდეგ შეცვალეს ისრაული წარმოების 120-მმ თვითმავალი ნაღმსატყორცნებით), 12–18 თვითმავალი ტსრკ “თოუ” M-901, 36 მსუბუქი ტსრკ “დრაკონი”, 142 ტყვიამფრქვევი (5,56 მმ და 7,62 მმ ყალიბისა), 5,56-მმ საიერიშო შაშხანები M-16A2 და სხვა შეიარაღება.

ქვეითი ბატალიონი იმეორებს მოტოქვეითი ბატალიონის ორგანიზაციას, მაგრამ შეიარაღებაში მას არ გააჩნია M-2 და M-3 “ბრედლის” ტიპის მოჯავშნული საბრძოლო მანქანები, ხოლო M-113 ჯტრ-ები კი მნიშვნელოვნად უფრო ცოტაა; 120-მმ ნაღმსატყორცნები არა თვითმავალია – M-113 ჯტრ-ის სავალ ნაწილზე დამონტაჟებული, არამედ მაღალი გამავლობის ავტომობილებით ბუქსირებადი, ასევე ბუქსირებადია მძიმე ტსრკ-ები “თოუ”. როგორც ვთქვით, და ასევე ვხედავთ კიდეც, თავისი მძიმე შეიარაღებით, ქვეითი ბატალიონი აღემატება მქუბუქ ქვეით, საპარაშუტო-სადესანტო და საჰაერო-საიერიშო ბატალიონებს. ამავე დროს იგი ჩამოუვარდება მოტოქვეით ბატალიონს ცეცხლის ძალით, ჯავშანდაცულობითა და ბრძოლის ველზე მობილურობით, რასაც უზრუნველყოფენ მოჯავშნული საბრძოლო მანქანები (მბმ) თავიანთი კორპუსის ჯავშნით, ქვემეხებით, მსხვილყალიბიანი ტყვიამფრქვევებითა და მუხლუხიანი სავალი ნაწილით.

სატანკო, მოტოქვეითი და ქვეითი ბატალიონები ჩვეულებრივ იბრძვიან საბრძოლო ბრიგადების შემადგენლობაში, ხოლო ბრიგადები კი შეიძლება შედიოდნენ საბრძოლო დივიზიების შემადგენლობაში, ან იყვნენ ცალკეული (ამერიკული ტერმინოლოგიით, დამოუკიდებელი) საჯარისო ნაწილების სახით. ცალკეული ბრიგადის შემადგენლობაში ჩვეულებრივ მოითვლება სამი-ოთხი საბრძოლო ბატალიონი, ერთი-ორი საარტილერიო დივიზიონი (შესაძლოა ერთი დივიზიონი იყოს 105- ან 155-მმ ჰაუბიცებისა /18–24 ქვემეხი/, ხოლო მეორე კი 106,7- ან 120-მმ ნაღმსატყორცნების), სადაზვერვო, კავშირგაბმულობის, საინჟინრო-მესანგრეთა და ტანკსაწინააღმდეგო ასეულები, ზურგის უზრუნველყოფის ბატალიონი (სარემონტო, სამედიცინო, მომარაგების, მომსახურებისა და სატრანსპორტო ქვედანაყოფებით). საბრძოლო ბატალიონებიდან მინიმალური შემადგენლობის ჯავშანსატანკო (სატანკო) ბრიგადაში შედიან ორი სატანკო და ერთი მოტოქვეითი ბატალიონები, ხოლო მექანიზებულ ქვეით (მოტოქვეით) ბრიგადაში კი ორი მოტოქვეითი და ერთი სატანკო ბატალიონები, თუმცა კი შესაძლებელია ასეთი ტიპის ბრიგადებში ორ-ორი სატანკო და მოტოქვეითი ბატალიონების შეყვანაც. ცალკეული ქვეითი ბრიგადა ჩვეულებრივ შედგება ოთხი ქვეითი ბატალიონის ან ერთი სატანკო და სამი ქვეითი ბატალიონებისგან, მხოლოდ აქ საარტილერიო დივიზიონებში შედიან უკვე არა 155-მმ, არამედ 105-მმ ბუქსირებადი ჰაუბუცები, და ასევე 106,7- ან (და) 120-მმ ასევე ბუქსირებადი ნაღმსატყორცნები.

სატანკო ბრიგადაში შესაძლოა შედიოდეს პირადი შემადგენლობის 4–4,5 ათასი ადამიანი, 110 საბრძოლო ტანკი, 70-მდე მოჯავშნული საბრძოლო მანქანა, 18–24 155-მმ ჰაუბიცა, 12-მდე 203,2-მმ ჰაუბიცა ან 120-მმ ნაღმსატყორცნები, აგრეთვე სხვა შეიარაღება. მექანიზებულ ქვეით (მოტოქვეით) ბრიგადაში – პირადი შემადგენლობის 5–6 ათასი ადამიანი, 50–60 საბრძოლო ტანკი, 130–140 მბმ, დანარჩენი ჯავშანსატანკო ბრიგადის ანალოგიურად. ცალკეულ ბრიგადაში ორი საარტილერიო დივიზიონის არსებობა გამოწვეულია იმით, რომ ერთი დივიზიონის საცეცხლე ბატარეები (6–8 ქვემეხი) უშუალო საარტილერიო მხარდაჭერას აღმოუჩენენ მოქმედ საბრძოლო ბატალიონებს, ხოლო მეორე დივიზიონი კი საერთო საარტილერიო მხარდაჭერას აღმოუჩენს მათ მთლიანად ბრიგადის ინტერესებში. ქვეითი ბრიგადის არტილერიაში, როგორც ვთქვით, სჭარბობს 105-მმ ბუქსირებადი ჰაუბიცები (18 ქვემეხი დივიზიონში), თუმცა კი შესაძლებელია 155- და 203,2-მმ ჰაუბიცების ორი-სამი საცეცხლე ბატერეის ყოლაც საერთო საარტილერიო მხარდაჭერის აღმოჩენისთვის, აგრეთვე 106,7- და 120-მმ ნაღმსატყორცნებისა.

როცა საბრძოლო ბრიგადები შედიან დივიზიის შემადგენლობაში, მაშინ თითოეულ ბრიგადას ჩვეულებრივ ჰყავს (გფრ) ან დივიზიის შემადგენლობიდან ეძლევა (აშშ) თითო საარტილერიო დივიზიონი (ჯავშანსატანკო და მექანიზებულ ქვეით დივიზიაში 155-მმ თვითმავალი ჰაუბუცების დივიზიონი /18 ან 24 ქვემეხი/, ქვეით დივიზიაში კი 105-მმ ბუქსირებადი ჰაუბუიცებისა /18 ქვემეხი/) და, ამავე დროს, დივიზიის მეთაურის უშულო დაქვემდებარების ქვეშ კიდევ რჩება 105-, 155- ან 203,2-მმ ჰაუბიცების დივიზიონი ან ბატარეები, და ასევე მრავალლულიანი ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების (ზცრს) ქვედანაყოფი დივიზიის ინტერესებში საერთო საარტილერიო მხარდაჭერის აღმოჩენისთვის. შესაძლოა კონკრეტული საბრძოლო ამოცანის გადაწყვეტისას დივიზიის საშტატო არტილერია საკმარისი არ იყოს მასზე დაკისრებული საცეცხლე ამოცანების გადაწყვეტისთვის და მაშინ მას საარმიო კორპუსის შემადგენლობიდან გაძლიერებისთვის ეძლევა დამატებით საარტილერიო ქვედანაყოფები.

1970-იან წლებსა და 80-იანების დასაწყისში აშშ არმიის მექანიზებულ ქვეით (ჯავშანსატანკო) დივიზიაში მოითვლებოდა პირადი შემადგენლობის 18 ათასზე მეტი ადამიანი, 252 (360) საბრძოლო ტანკი M-60A1/A3, 702 (678) ჯტრ M-113A1/A2, 122 (128 ?) საველე არტილერიის ქვემეხი და ნაღმსატყორცნი (ძირითადად 155-მმ M-109A2/A4 და 203,2-მმ M-110A2 თვითმავალი ჰაუბიცები), აგრეთვე 106,7-მმ თვითმავალი ნაღმსატყორცნები M-106A1/A2 და მრავალლულიანი ზცრს-ები MLRS და მისი წინამორბედი), 270 (225) ტსრკ “თოუ” და “დრაკონი”, 115 (120) საზენიტო საშუალება, 146 ვერტმფრენი (მათგან 45-მდე დამრტყმელი AH-1S “კობრა თოუ”) და სხვა შეიარაღება. დასავლეთგერმანულ მოტოქვეით (სატანკო) დივიზიაში შედიოდა პირადი შემადგენლობის 21 ათასზე მეტი ადამიანი (ამერიკული დივიზიებისგან განსხვავებით პირადი შემადგენლობის ასეთი დიდი რიცხვი განპირობებული იყო დასავლეთგერმანულ დივიზიაში რამდენიმე სათადარიგო ბატალიონის არსებობით, რომელთაც ევალებოდათ ბრძოლებში დივიზიის მიერ განცდილი დანაკარგების დაუყოვნებლივ შევსება), 252 (308) საბრძოლო ტანკი “ლეოპარდ-1A1/A3”, 433 (382) მოჯავშნული საბრძოლო მანქანა (ძირითადად ქსმ-ები “მარდერი” და ჯტრ-ები M-113A1/A2), 130 (130) საველე საარტილერიო სისტემა (ძირითადად 155-მმ თვითმავალი ჰაუბიცები M-109G უშუალო საარტილერიო მხარდაჭერისთვის და 155-მმ ბუქსირებადი ჰაუბიცები FH-70 საერთო საარტილერიო მხარდაჭერისთვის), 160-მდე ტსრკ (“მილანი”, “დრაკონი”), 120-ზე მეტი საზენიტო საშუალება, ათი მსუბუქი ვერტმფრენი და სხვა შეიარაღება.

ასეთ პირობებში ევროპულ ომის თეატრზე ბრძოლის ველზე მოტოქვეითი (სატანკო) ბატალიონი განლაგდებოდა ჩვეულებრივ ორ ეშელონად (ორი ასეული პირველ ეშელონში და ერთიც მეორეში), რისთვისაც იგი იკავებდა სივრცეს 3–5 კმ ფრონტსა და 5 კმ-მდე სიღრმეში. შეტევაში მას ამოცანებს უსვამდნენ 5 კმ-მდე მოწინააღმდეგის განლაგების სიღრმეში, ვინაიდან მის შეიარაღებაში არსებული საბრძოლო ტანკები, მოჯავშნული საბრძოლო მანქანები, 81-მმ და 106,7-მმ (ან 120-მმ) ნაღმსატყორცნები იძლეოდა ამ სიღრმეზე მოწინააღმდეგის ეფექტურად დაზიანების შესაძლებლობას. ამავე დროს, როგორც ითქვა, მას უშუალო საარტილერიო მხარდაჭერას აღმოუჩენდა 155-მ თვითმავალი ჰაუბიცების ერთი ან ორი ბატარეა 6–12 ქვემეხი და, შექმნილი ვითარებისდა მიხედვით, 155- და 203,2-მმ ჰაუბიცების საცეცხლე ბატარეებიც, საერთო საარტილერიო მხარაჭერის აღმოსაჩენად.

მექანიზებული ქვეითი (ჯავშანსატანკო) ბრიგადაც თავის საბრძოლო ბატალიონებს განალაგებდა ორ ეშელონად: პოზიციური თავდაცვის ორგანიზებისას, ორი ბატალიონი პირველ ეშელონში და ერთიც მეორეში, თანაც მოტოქვეითი ბატალიონების განლაგება რეკომენდირებული იყო პირველ ეშელონში, ხოლო სატანკოსი კი – მეორეში, თავდაცვაში შემოჭრილ მოწინააღმდეგეზე საბრძოლო ტანკებით კონტრდარტყმის მიყენებისა და თავდაპირველი პოზიციის აღდგენისთვის. მობილურ (მოძრავ) თავდაცვაში კი იქმნებოდა ზურგში ძლიერი რეზერვი მოწინააღმდეგის წინასწარ მომზადებულ რაიონში შეტყუებისა და იქ ძლიერი საარტილერიო ცეცხლითა და სატანკო ქვედანაყოფების დარტყმებით მისი განადგურებისთვის. შეტევაში კი პირველ ეშელონში მოქმედი მოტოქვეითი ქვედანაყოფების მოქმედებებისა და მხარდამჭერი არტილერიის ცეცხლის შედეგად მოწინააღმდეგის თავდაცვითი პოზიციების გარღვევის შემდეგ იქ გარღვევის უბანზე შედიოდნენ სატანკო ბატალიონის ძალები წარმატების განვითარებისა და უკანდახეული მოწინააღმდეგის დევნის ამოცანების გადაწყვეტისთვის.

ასეთ პირობებში ბრიგადის მეთაური თავის ჯარებს განალაგებდა 10–15 კმ ფრონტსა და 15 კმ-მდე სიღრმეში; საველე არტილერიის პოზიციები თავდაცვის წინა ხაზიდან განლაგებული უნდა ყოფილიყო 4–6 კმ სიღრმეში. შეტევაში კი მექანიზებულ ქვეით (ჯავშანსატანკო) ბრიგადას საბრძოლო ამოცანა დაესმებოდა 15 კმ-მდე მოწინააღმდეგის ჯარების განლაგების სიღრმეში, სადაც ბრიგადის შემადგენლობაში არსებული ლულიანი არტილერია იძლეოდა მოწინააღმდეგის ეფექტურად დაზიანების შესაძლებლობას.

სამი ბრიგადისგან შემდგარი დივიზია შესაძლებელია განლაგებული ყოფილიყო ორ ეშელონად (ორი ბრიგადა პირველ ეშელონში და ერთიც მეორეში), ან კიდევ ერთ ეშელონად, აუცილებელი რეზერვის გამოყოფით. ერთ ეშელონად განლაგება რეკომენდირებული იყო მეორეხარისხოვან მიმართულებებზე ან სუსტი მოწინააღმდეგის წინააღმდეგ, უფრო მეტი სიგანის ფრონტის დაკავების მიზნით. ორეშელონიანი მოწყობის შემთხვევაში დივიზია იკავებდა 20–25 კმ ფრონტში და 70 კმ-მდე სიღრმეში. მისი პირველი ეშელონის ბრიგადებს შეტევაში უახლოეს ამოცანას უსვამდნენ 4–6 კმ-ზე მოწინააღდეგის ჯარების განლაგების სიღრმეში, შემდგომ ამოცანას კი – 15 კმ-მდე სიღრმეშიც, ხოლო მთლიანად დივიზიას უახლოეს ამოცანას უსვამდნენ 15 კმ-მდე მოწინააღმდეგის განლაგების სიღრმეში, ხოლო შემდგომ ამოცანას კი _ 60–70 კმ-მდე. 

ასეთია ცივი ომის პერიოდის ყველაზე უფრო დაძაბულ 1970–80-იან წლებში ევროპულ ომის თეატრზე სახმელეთი ჯარების ქვედანაყოფების, ნაწილებისა და ტაქტიკური შენაერთების ტიპიური საშტატო ორგანიზაცია, პირადი შემადგენლობის რიცხოვნება, ძირითადი შეიარაღება და საბრძოლო მოქმედებათა ტაქტიკური ნორმატივები, საიდანაც ბევრი რამ შეიძლება ისწავლოს სამხედრო საქმით დაინტერესებულმა ადამიანმა და ბევრი სასარგებლო დასკვნაც გააკეთოს.

ჯერ ერთი, 1990 და 1992 წლებში მაშინდელი ევროთათბირის (ამჟამად ეუთო-ს) ეგიდით დადებული საერთაშორისო ხელშეკრულებების თანახმად, საქართველოსთვის დადგენილი ჯავშანსატანკო ტექნიკისა და საველე არტილერიის კვოტები (220 საბრძოლო ტანკი, 220 მოჯავშნული საბრძოლო მანქანა და 285 საველე საარტილერიო სისტემა), თუნდაც მათი სრულად ათვისების შემთხვევაშიც კი, საკმარისია მხოლოდ ორი ჯავშანსატანკო და ორი ქვეითი ბრიგადის ჩამოსაყალიბებლად, რაც 5-მილიონიანი ქვეყნისთვის ძალზედ ცოტაა და ვერანაირად ვერ უზრუნველყოფს მის თავდაცვას. სტრატეგიული კვლევების ლონდონის საერთაშორისო ინსტიტუტის მონაცემებით, 2002 წელს ფინეთის რეგულარულ სახმელეთო ჯარებში ნაჩვენები იყო პირადი შემადგენლობის 24 550 ადამიანი, რომლებიც ომანობის დროს მობილიზაციის შედეგად უნდა შევსებულიყო 315 ათასამდე. საბრძოლო შემადგენლობაში მოითვლებიდა 22 საბრძოლო ბრიგადა (ორი ჯავშანსატანკო, ცხრა “ეგერთა” ქვეითი /მსუბუქი მექანიზებული, სატანკო ქვედანაყოფების გარეშე/ და 11 ქვეითი), სამი საზენიტო საარტილერიო პოლკი და 16 ცალკეული საინჟინრო ბატალიონი, აგრეთვე ტერიტორიული თავდაცვის ჯარების 230 ცალკეული ბატალიონი და ასეული. მათ შეიარაღებაში შედიოდა 270-მდე საბრძოლო ტანკი, 1375 მოჯავშნული მანქანა (საბრძოლო და უზრუნველყოფისა), საველე და სანაპირო არტილერიის 2085 ქვემეხი, ზცრს და ნაღმსატყორცნი, დიდი რაოდენობით ტანკსაწინააღმდეგო და საზენიტო საშუალებები.

შვეიცარიის სარდლობა იმავე 2002 წელს მობილიზაციის შემდეგ გეგმავდა სახმელეთო ჯარებში 324 ათასი ადამიანის მობილიზაციას; მის საბრძოლო შემადგენლობაში ნაჩვენები იყო საველე და ტერიტორიული თავდაცვის ჯარების 13 დივიზია (40-მდე ბრიგადა/პოლკი): ექვსი საველე (მექანიზებული ქვეითი, საბრძოლო ტანკების გარეშე), სამი სამთოქვეითი და ოთხიც ტერიტორიული თავდაცვისა, ხუთი ცალკეული ჯავშანსატანკო ბრიგადა და სხვა ჯარები. მათ შეიარაღებაში შედიოდა 556 საბრძოლო ტანკი (მათ შორის 370 თანამედროვე გერმანული “ლეოპარდ-2”), 1690-ზე მეტი მოჯავშნული მანქანა (საბრძოლო და უზრუნველყოფისა), 1225-მდე საველე საარტილერიო სისტემა (100 მმ და მეტი ყალიბისა; პლიუს ასევე 1225-მდე 81-მმ საასეულო ნაღმსატყორცნი), 3060-ზე მეტი ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსი, დიდი რაოდენობით საზენიტო საშუალებები და სხვა შეიარაღება. თანაც ორივე ამ ნეიტრალურ სახელმწიფოს გააჩნია მკაფიოდ გამოხატული თავდაცვითი სამხედრო დოქტრინა და მთელი ეს ძალები და საშუალებები სჭირდება მხოლოდ საკუთარი ტერიტორიული მთლიანობისა და სახელმწფო სუვერენიტეტის დასაცავად. მათგან განსხვავებით, ისრაელის სახელმწიფო თავის შეიარაღებულ ძალებს აშენებს და ანვითარებს ქვეყანაში ოფიციალურად მიღებული შეტევითი სამხედრო დოქტრინის საფუძველზე და საყოველთაო მობილიზაციის შემდეგ გეგმავს 520-ათასიანი სახმელეთო ჯარების გამოყვანას. ამ ჯარების საბრძოლო შემადგენლობაში იმავე 2002 წელს ნაჩვენები იყო რვა ჯავშანსატანკო დივიზია 25 ჯავშანსატანკო და ოთხი ქვეითი ბრიგადითა და შვიდი საარტილერიო პოლკით, ხოლო შეიარაღებაში კი ნაჩვენები იყო 3750 საბრძოლო ტანკი, 10 ათასი ჯავშანტრანსპორტერი (მათგან 6100 M-113A1/A2), 2425-მდე საველე საარტილერიო სისტემა (პლიუს 5700 მცირე ყალიბის ნაღმსატყორცნი /60- და 81-მმ/), ოპერატიულ ტაქტიკური რაკეტების 20-ზე მეტი გასაშვები დანადგარი, დიდი რაოდენობით ტანკსაწინააღმდეგო საშუალებები, 1300-მდე საზენიტო სარაკეტო კომპლექსი, 135 შეიარაღებული ვერტმფრენი (მათ შორის 100-მდე დამრტყმელი AH-1 “კობრა” და AH-64 “აპაჩი”).

საქართველოში, ამის საპირისპიროდ, ლაპარაკია მცირერიცხოვანი პროფესიული ნატო-ს სტანდარტებით გაწვრთნილი, ძირითადად მსუბუქი ქვეითი ქვედანაყოფებით დაკომპლექტებული სამი თუ ოთხი საბრძოლო ბრიგადის ჩამოყალიბებაზე, რომელთაც თურმე ქვეყნის თავდაცვის ამოცანების შესრულება შეეძლებათ. ამის საწინააღმდეგოდ აქამდეც ბევრი დაგვიწერია და გვითქვამს, რომ სათანადო რიცხოვნების გარეშე, რასაც აუცილებლად თან უნდა ახლდეს საჭირო რაოდენობისა და ხარისხის ჯავშანსატანკო ტექნიკითა და საველე არტილერით, საარმიო ავიაცით, ტანკსაწინააღმდეგო და საზენიტო საშუალებებით, დაზვერვის, კავშირგაბმულობის, საინჟინრო-მესანგრეთა, მასობრვი იარაღისგან დაცვის, იარაღისა და ტექნკის სარემონტო-აღსადგენი, სატრანსპორტო, სამედიცინო და სხვა საშუალებებით თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად დაბალანსებული ქვედანაყოფების, ნაწილებისა და შენაერთების მოქმედებები, ჩვენი ქვეყანა თავდაცვისუნარიანი ვერ იქნება. ამის მკაფიო მაგალითია თუნდაც ისრაელი, სადაც უკვე მშვიდობიანობის დროს რეგულარულ შეიარაღებულ ძალებში გაწვეულთა სავალდებულო სახედრო სამსახურის ვადა სამი წელია და პირადი შემადგენლობა ამ დროში კარგ პროფესიონალებად ყალიბდება, მაგრამ ამასთანავე, იმავე 2002 წელს, როგორც ზემოთ ნაწილობრივ უკვე ითქვა, 6,4-მილიონიანი ისრაელის რეგულარული სახმელეთო ჯარების რიცხოვნება შეადგენდა 120 ათას ადამიანს, არმიის რეზერვისა კი – 400 ათასს (სულ ომიანობის დროის სახმელეთო ჯარების რიცხოვნება ისრაელში უნდა შეადგენდეს 520 ათას ადამიანს, და არა “ნატო-ს სტანდარტების მცირერიცხოვან...” და ასე შემდეგ).

მეორე მაგალითი შეგვიძლია მოვიყვანოთ 1974 წლის ზაფხულში კუნძულ კვიპროსის გამო საბერძნეთსა და თურქეთს შორის მომხდარი კონფლიქტიდან. ამ დროისთვის კუნძულის შეიარაღებულ ძალებს წარმოადგენდა 11-ათასიანი ეროვნული გვარდია, რომელშიც მსახურობდნენ ძირითადად კვიპროსელი ბერძნები, ხოლო მათ კი წვრთნიდნენ და ხელმძღვანელობდნენ საკუთრივ ბერძენი ოფიცრები (650 ოფიცერი, რა თქმა უნდა ამას ისინი აკეთებდნენ “ნატო-ს სტანდარტებით”). გარდა ამისა, კუნძულზე დისლოცირებული იყო ბერძნული არმიის ქვეითი პოლკიც 950 ჯარისკაცისა და ოფიცრის შემადგენლობით. მათ მოინდომეს ქვეყანაში საპრეზიდენტო ხელისუფლების იარაღის ძალით დამხობა, ძალაუფლების ხელში აღება და კვიპროსის პირდაპირ საბერძნეთთან შეერთება. ამის საპირისპიროდ თურქებმა 20 ივლისს დაახლოებით 30 სადესანტო გემითა და კატარღით გადასხეს 6-ათასიანი პირველი ტალღა დესანტისა, და თანაც უფრო მრავალრიცხოვანი ბერძნების შიშის გამო მათი სადესანტო საშუალებები მთელ დღეს ნაპირის სიახლოვეს იყვნენ ზღვაში გაჩერებულნი, რათა ბერძნების შემოტევისა და დესანტის ზღვაში ჩაყრის შემთხვევაში იგი ისევ ბორტზე მიეღოთ.

მაგრამ, თავის მხრივ, ვერც კვიპროსის ეროვნულმა გვარდიამ და ბერძნულმა პოლკმა გაბედეს მხოლოდ საკუთარი ძალებით თურქებზე შეტევა და ისინიც საბერძნეთიდან დახმარების ჩამოსვლას დაელოდნენ. და ეს მათი მძიმე შეცდომა გახლდათ, ვინაიდან შემდეგ დღეებში თურქებმა თავიათი ჯარების რიცხოვნება კუნძულზე 40 ათას ადამიანამდე აიყვანეს, ხოლო საბერძნეთიდან მომავალი დამხმარე ძალების სადესანტო გემებსა მათ ბადრაგს თურქული საბრძოლო ხომალდები და გამანადგურებელი თვითმფრინავები კუნძულის სამხრეთ პორტების ლიმასოსისა და პითოსის რაიონში დახვდნენ, დაამარცხეს და მძიმე დანაკარგებით უკანვე გააბრუნეს.

ამავე დროს, თავიანთი სახმელეთო კონტნგენტის რიცხობრივ და შეიარაღებაში უპირატესობაზე (ჯავშანსატანკო და მექანიზებული ქვეითი ნაწილებისა და ქვედანაყოფების გამოყენება), აგრეთვე საბრძოლო ავიაციის აქტიურ მხარდაჭერაზე დაყრდნობით, თურქებმა დაიწყეს ენერგიული საბერძოლო მოქმედებები კუნძულის ჩრდილოეთ ნაწილის ხელში ჩასაგდებად. ბერძნებიც დიდი ვაჟკაცობითა და თავდადებით იბრძოდნენ. აი, რას ვკითხულობთ ამის თაობაზე ჟურნალ Зарубежное Военное Обозрение-ს 1974 წლის დეკემბრის ნომერში (# 12): “როგორც უცხოური სააგენტოები იტყობინებოდნენ, კირინეის რაიონში და კირინეა-ნიქოზიის გზაზე ორ დღეღამეზე მეტ ხანს ხდებოდა სისხლისმღრელი ბრძოლები, რომელთა დროსაც თურქული ჯარების შემოტევებს ენაცვლებოდა ეროვნული გვარდიის კონტრშეტევები. ბრძოლებში მონაწილეობდნენ სატანკო, საარტილერიო და საავიაციო (მათ შორის სავერტმფრენო) ქვედანაყოფები და ნაწილები. თურქული ავიაცია, მოქმედებდა რა ადანას, ინჯირლიყისა და ანტალიის აეროდრომებიდან, 2–4 თვითმფრინავისგან შემდგარი ჯგუფებით, დარტყმებს აყენებდა მოწინააღმდეგის ჯარებსა და ობიექტებს ნიქოზიაში, კირინეასა და ფამაგუსტაში, რისთვისაც ფართოდ იყენებდა საავიაციო ბომბებსა (მათ შორის ნაპალმით აღკაზმულებს) და უმართავ რაკეტებს.

კვიპროსის ჩრდილოეთ ნაწილში აქტიური ბრძოლების მსვლელობისას თურქულმა ჯარებმა დაიპყრეს კირინეა, კონტროლი დააწესეს კირინეა-ნიქოზიის გზაზე, ხოლო შემდეგ კი დაიპყრეს ნიქოზის აეროპორტი და დაიწყეს საბრძოლო მოქმედებები კვიპროსის დედაქალაქის ჩრდილოეთ გარეუბნებში”.

ამის შემდეგ კონფლიქტში ჩაერივნენ აშშ და დიდი ბრიტანეთი, შემდეგ კი, დიპლომატიური გზებით – საბჭოთა კავშირი და სხვა სახელმწიფოებიც; მაგრამ აი უკვე 31 წლის შემდეგაც კონფლიქტი თავად ნატო-ს ბლოკის წევრ ორ სახელმწიფოს – საბერძნეთსა და თურქეთს – შორის მოგვარებული არ არის. თურქებმა იმავე წლის 14 აგვისტოს კვლავ განაახლეს საბრძოლო მოქმედებები. კუნძულის ჩრდილოეთ ნაწილში ჟლიტეს, ძარცვეს და აუპატიურეს ბერძენი მოსახლეობა, რის შედეგადაც 200 ათასი კვიპროსელი ბერძენი საკუთარ სამშობლოში დევნილად იქცა და კუნძულის სამხრეთ რაიონებს მიაშურა (აფხაზეთის ქართველი მოსახლეობის მსგავსად). თურქულმა ჯარებმა მთლიანად დაიკავეს კუნძულის ტერიტორიის 40 % და იქ დღემდე დაჟინებით მოითხოვენ თურქული ფედერაციული სუბიექტის აღიარებასა და ქვეყნის ფედერალიზაციას (როგორ გაჭრილი ვაშლივით ჰგავს ერთმანეთს დღევანდელი საქართველოსა და კვიპროსის მდგომარეობა?). აშშ-ისა და ნატო-ს ხელმძღვანელი წრეებით უკმაყოფილო საბერძნეთმა 1974 წლის ბოლოსკენ განაცხადა ნატო-ს სამხედრო ორგანიზაციიდან გასვლის შესახებ, მაგრამ შემდეგ ნახევარზომებით შემოიფარგლა და საქმე ბოლომდე ვეღარ მიიყვანა. 2002 წლის მონაცემებით, კვიპროსის ჩრდილოეთ ნაწილში დგას 36-ათასიანი თურქული კორპუსი, რომლის შემადგენლობაშიც ნაჩვენებია ორი ქვეითი დივიზია და სხვა ჯარები, შეიარაღებაში კი 441 საბრძოლო ტანკი M-48A5, 587 ჯავშანტრანსპოტერი (M-113 და YPR-765), საველე არტილერიის 192 ქვემეხი, ექვსი 122-მმ მრავალლულიანი ზალპური ცეცხლის რეაქტიული დანადგარი, 470 ერთეული სხვადასხვა ყალიბის ნაღმსატყორცნი, 70-ზე მეტი საზენიტო ავტომატური ზარბაზანი და სხვა შეიარაღება. როგორც ვხედავთ, კვიპროსის ჩრდილოეთ ნაწილში განლაგებული თურქული დივიზიების შეიარაღება გაცილებით აღემატება საქართველოსთვის (ასევე სომხეთისა და აზერბაიჯანისთვის) დადგენილ კვოტებს, მაგრამ თურქული სარდლობა თვლის, რომ ასეთი რიცხოვნებისა და შეიარაღების მქონე შენაერთები მას სჭირდება 286-ათასიანი (?) მოსახლეობის მყოლ კვიპროსში 215 ათასი (?) კვიპროსელი თურქის ინტერსების დასაცავად. აღსანიშნავია ერთი საგულისხმო დეტალიც – კვიპროსელი თურქები რიცხობრივად შეადგენენ კუნძულის მოსახლეობის 23 %-ს, ხოლო თურქულ ჯარებს კი ძალადობით დაკავებული აქვთ მისი ტერიტორიის 40 % და ეს ამბავი უკვე 30 წელიწადზე მეტია რაც გრძელდება, ნატო-ს ბლოკის მონაწილე ორ მეზობელ სახელმწიფოს შორის. ეს მაგალითი წარმოშობს ბუნებრივ კითხვას: რისი იმედი უნდა ჰქონდეს საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების შემდეგ? სულ სხვა საქმეა, თუ რისი იმედი აქვთ ახლანდელ ქართველ ლიბერალ-მედასავლეთე-კოსმოპოლიტ სერგო ორჯონიკიძეებსა და აბელ ენუქიძეებს, მაგრამ ქართველმა ერმა, ჩვენი აზრით, უნდა გააცნობიეროს, რომ მათი მიზნები და ინტერესები არ ეთანხმება ჩვენი ერის მიზნებსა და ინტერესებს.

ირაკლი ხართიშვილი 


ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების შესახებ ხელშეკრულება და საქართველო 

(წერილი გამოქვეყნდა გაზეთ “ახალი 7 დღის” 2005 წლის 4–10 ნოებრის ნომერში; ამჟამად მას გთავაზობთ გარკვეული სარედაქციო დაზუსტებებით)

წინა წერილში “თანამედროვე სახმელეთო ჯარები” ჩვენ შევეხეთ თანამედროვე დასავლური არმიების საბრძოლო ბატალიონების, ბრიგადებისა და დივიზიების ტიპიურ საბრძოლო შემადგენლობას, რიცხოვნებასა და ძირითად შეიარაღებას, აგრეთვე საბრძოლო გამოყენების ზოგად პრინციპებსა და ევროპული ომის თეატრისთვის საბრძოლო წყობაში გაშლილი ამ საჯარისო ერთეულების მიერ დაკავებული ტერიტორიების ზომებსა (ფრონტსა და სიღრმეში) და საბრძოლო მოქმედებების მსვლელობისას მათი საქმიანობის ფარგლებს (ტაქტიკურ ნორმატივებს). მსჯელობის ძირითად დასკვნას შეადგენდა ის, რომ 1990 და 1992 წლებში პარიზსა და ტაშკენტში მაშინდელი ევროთათბირის (ეუთთ), ამჟამად კი ეუთო-ს ეგიდით დადებული ხელშეკრულებები ევროპის ტერიტორიაზე განლაგებული ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების შესახებ, რომელთა მიხედვითაც დადგენილ იქნა ჩვეულებრივი შეტევითი შეიარაღების კვოტები ევროპის მთელ ტერიტორიაზე (მათ შორის საბჭოთა კავშირისაც ურალის ქედიდან დასავლეთით), ხოლო შემდეგ კი, სსრკ-ის დაშლის კვალდაკვალ, მისი ტერიტორიის ევროპულ ნაწილში წარმოქმნილი ახალი, ფორმალურად დამოუკიდებელი სახელმწიფოებისთვის – რუსეთის ფედერაცია, უკრაინა, ბელორუსი, მოლდოვა, აზერბაიჯანი, სომხეთი, საქართველო.

უნდა ითქვას, რომ ტაშკენტის შეთანხმებით საქართველოსთვის (ასევე აზერბაიჯანისა და სომხეთისთვის) დადგენილი ჩვეულებრივი შეიარაღების კვოტები – 220 საბრძოლო ტანკი, 220 მოჯავშნული საბრძოლო მანქანა, 285 საველე საარტილერიო სისტემა, 100 საბრძოლო თვითმფრინავი და 50 დამრტყმელი ვერტმფრენი, – ჯავშანსატანკო ტექნიკისა და საველე არტილერიის ნაწილში ძალზედ მცირეა და 5-მილიონიანი სახელმწიფოს თავდაცვითი აუცილებლობის მინიმალურ მოთხოვნილებებსაც კი ვერ აკმაყოფილებს, რომ არაფერი ვთქვათ თავდაცვით საკმარისობაზე. შედარებისთვის ასევე წინა წერილში აღვნიშნეთ, რომ მკაფიოდ გამოხატული თავდაცვითი სამხედრო დოქტრინის მქონე 5,2-მილიონიანი ფინეთის სახმელეთო ჯარების შეიარაღებაში, სტრატეგიული კვლევების ლონდონის საერთაშორისო ინსტიტიუტის მონაცემებით, 2002 წელს შედიოდა 270-ზე მეტი საბრძოლო ტანკი, 1375 მოჯავშნული მანქანა (მათგან 1000-მდე საბრძოლო), 2085 საველე და სანაპირო საარტილერიო სისტემა (მათ შორის 100 მმ-ზე მეტი ყალიბის 1125 ქვემეხი, 60 ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა და 900 ნაღმსატყორცნი), პლიუს 1415-ზე მეტი 81-მმ საასეულო ნაღმსატყორცნი, აგრეთვე ტანკსაწინააღმდეგო, საზენიტო და სხვა შეიარაღება; 7,5-მილიონიანი შვეიცარიის სახმელეთო ჯარების შეიარაღებაში კი ნაჩვენები იყო 556 საბრძოლო ტანკი (მათგან 370 თანამედროვე გერმანული “ლეოპარდ-2”), 1690-ზე მეტი მოჯავშნული მანქანა (მათგან სავარაუდოდ 1200-ზე მეტი საბრძოლო), 1090-ზე მეტი საველე საარტილერიო სისტემა (მათგან 558 155-მმ თვითმავალი ჰაუბიცა და 534 120-მმ ნაღმსატყორცნი), პლიუს 1225-მდე 81-მმ საასეულო ნაღმსატყორცნი, დიდი რაოდენობით ტანკსაწინააღმდეგო, საზენიტო და სხვა შეიარაღება.

ფინეთისა და შვეიცარიისგან განსხვავებით, 6,4-მილიონიან ისრაელს, რომელსაც ოფიციალურად აქვს მიღებული შეტევითი სამხედრო დოქტრინა და ამის საფუძველზე აშენებს თავის შეიარაღებულ ძალებს, იმავე 2002 წელს სახმელეთ ჯარების შეიარაღებაში გააჩნდა 3750 საბრძოლო ტანკი, 10 400 ჯავშანტრანსპორტერი (მაგან 6900 თანამედროვე ტიპების, ხოლო 3500 კი მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ნახევრად მუხლუხიანი ამერიკული M-2/-3 ტიპისა, მარაგში), 2425-მდე საველე საარტილერიო სისტემა (მათგან 1455 ქვემეხი, 200-მდე ზალპური ცეცხლის რეაქტიული დანადგარი და 770 ნაღმსატყორცნი), პლიუს 5700 60-მმ და 81-მმ ნაღმსატყორცნი, ტანკსაწინააღმდეგო, საზენიტო და სხვა შეიარაღება.

აღნიშნული მცირე დასავლური სახელმწიფოების ფონზე ეუთო-ს ეგიდით საქართველოსთვის (ასევე სომხეთის, აზერბაიჯანისა და მოლდოვასთვის) დადგენილი ჯავშანსატანკო ტექნიკისა და საველე არტილერიის (100 მმ და მეტი ყალიბისა) კვოტები, როგორც ვხედავთ, ძალზედ დაბალია და შეუძლებელია აკმაყოფილებდეს ამ ქვეყნის თავდაცვითი აუცილებლობის მოთხოვნილებებს (რომ არაფერი ვთქვა თავდაცვით საკმარისობაზე). ახლა კი ვნახოთ, თუ რას წარმოადგენს ეს ხელშეკრულებები, რატომ ერგო საქართველოს ასეთი დაბალი კვოტები და როგორ შეიძლება ჩვენი მდგომარეობის გამოსწორება.

როგორც ვიცით, 1940-იანი წლების ბოლოდან 90-იანების დასაწყისამდე ევროპაში არსებობდა ორი მსხვილი სამხედრო-პოლიტიკური ალიანსი – ნატო და ვარშავის ხელშეკრულების ორგანიზაცია. პირველი შეიქმნა 1949 წლის აპრილში და ცივი ომის პერიოდში აერთიანებდა აშშ-ს, კანადასა და დასავლეთ ევროპის სახელმწიფოებს (1990-იან წლებამდე სულ 16 სახელმწიფოს). მეორე ბლოკი კი ნატო-ს საპასუხოდ იქნა ჩამოყალიბებული 1955 წელს. მასში შევიდნენ საბჭოთა კავშირი და მისი მოკავშირე აღმოსავლეთევროპული სახელმწიფოები, მათ შორის ალბანეთიც, რომელიც შემდგომში გავიდა ორგანიზაციიდან.

1960-იანი წლების მეორე ნახევარსა და 70-იანების დასაწყისში სსრკ-ისა და ვარშავის ხელშეკრულების ხელმძღვანელობა ინტენსიურად აყენებდა ორ ბლოკს შორის ცივი ომის კონფრონტაციული პოლიტიკიდან მშვიდობიანი თანაარსებობის პოლიტიკაზე გადასვლის, ევროპაში ურთიერთნდობისა და ურთიერთგაგების გაძლიერების, აგრეთვე ბირთვულ და ჩვეულებრივ შეიარაღებათა შეზღუდვისა და შემცირების მიზნით მოლაპარაკებათა დაწყების აუცილებლობის საკითხებს. ასეთი პროცესები მართლაც დაიწყო: ერთის მხრივ აშშ-სა და საბჭოთა კავშირს შორის სტრატეგიულ შეტევით შეიარაღებათა შეზღუდვის შესახებ ხელშეკრულებათა დადებით (ОСВ-1 და ОСВ-2; Ограничение Стратегических Вооружений), ხოლო მეორეს მხრივ კი, ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის თათბირის (ეუთთ, ევროთათბირი) მოწვევით, ურთიერთგაგებისა და ურთიერთნდობის გაძლიერებისკენ მიმართული ხელშეკრულებების გაფორმებითა და 1973 წელს ჰელსინკის დასკვნით დოკუმენტზე ხელის მოწერით.

ეს პროცესები შემდგომშიც მეტ-ნაკლები წინააღმდეგობებით იქნა გაგრძელებული და 1980-90 იანი წლების მიჯნაზე აშშ-სა და საბჭოთა კავშირს (შემდეგ რუსეთის ფედერაციას) შორის დაიდო ორი ხელშეკრულება სტრატეგიულ შეტევით შეიარაღებათა შემცირების შესახებ START I და START II (Strategic Arms Reduqtion Talks), რუსული აღნიშვნით СНВ-1 და СНВ-2 (Сокращение Наступательных Вооружений). გარდა ამისა, 1990 წლის ნოემბრის ბოლოს პარიზში ევროთათბირის ეგიდით დადებულ იქნა ხეშეკრულება ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების შესახებ (Treaty on Conventional Armed Forces in Europe – CFE; რუსული აღნიშვნით ДОВСЕ – Договор об Обычных Вооружённых Силах в Европе), რომელიც მიზნად ისახავდა ევროპაში ორი სამხედრო-პოლიტიკური ბლოკის პირობებში, მშვიდობიანი თანაარსებობის პრინციპიდან გამომდინარე, კონტინეტზე სტაბილურობის შენარჩუნებას, თითოეული სახედრო ბლოკისთვის მშვიდობიანობის დროს მის მიერ კონტროლირებად ევროპულ ტერიტორიაზე მუდმივად განლაგების მიზნით ჩვეულებრივ შეტევით შეიარაღებათა: საბრძოლო ტანკების, მოჯავშნული საბრძოლო მანქანების (ჯავშანტრანსპორტერები, ქვეითთა საბრძოლო მანქანები, საბრძოლო-სადაზვერვო მანქანები, დესანტის საბრძოლო მანქანები, საბრძოლო მანქანები მძიმე შეიარაღებით, მათ შორის მსუბუქი ტანკებიც), საველე საარტილერიო სისტემების (100 მმ და მეტი ყალიბისა), საბრძოლო თვითმფრინავებისა (მათ შორის სადაზვერვოსი) და დამრტყმელი ვერტმფრენების მაქსიმალურად დასაშვები რაოდენობის შემცირებასა და გათანაბრებას.

CFE-ხელშეკრულების ძალით თითოეულ ბლოკს უფლება ეძლეოდა, რომ მის მიერ კონტროლირებად ევროპულ ტერიტორიაზე მშვიდობიანობის დროს რეგულარულ საჯარისო ნაწილებსა და სპეციალურ საწყობებში მუდმივად განელაგებია არაუმეტეს 20 000 საბრძოლო ტანკის, 30 000 მოჯავშნული საბრძოლო მანქანის, 20 000 საველე საარტილერიო სისტემის, 6800 საბრძოლო თვითმფრინავის და 2000 დამრტყმელი ვერტფრენისა. ამაზე დამატებით, თურქეთისა და ნორვეგიის დაჟინებული მოთხოვნების საფუძველზე დადგენილ იქნა ორივე ბლოკის საფლანგო რაიონებში (ჩრდილოეთ და სამხრეთ ფლანგებზე) ჯავშანსატანკო ტექნიკისა და საველე არტილერიის კვოტების (მაქსიმალურ რაოდენობათა) გათანაბრება და მათი განლაგება მხოლოდ რეგულარულ საჯარისო ნაწილებში. ამავე დროს, საბჭოთა კავშირს მიეცა უფლება, რომ შეიარაღებათა ამ კატეგორიებისთვის მოეწყო სპეციალური საწყობებიც ჩრდილოეთ ფლანგზე ლენინგრადის სამხედრო ოლქის სამხრეთ ნაწილში (ფსკოვის ადმინისტრაციულ ოლქში) და სამხრეთ ფლანგზე კი ოდესის სამხედრო ოლქში, რომლებშიც შეყვანილი იქნებოდა საბრძოლო ტანკების, მოჯავშნული საბრძოლო მანქანებისა და საველე საარტილერიო სისტემების გარკვეული რაოდენობა.

ნატო-ს მხრიდან საფლანგო რაიონში შევიდნენ ნორვეგია, ისლანდია, საბერძნეთი და თურქეთის ტერირორიის ევროპული ნაწილი (სამხრეთ-აღმოსავლეთ ანატოლიის გამოკლებით); ვარშავის ხელშეკრულების მხრიდან კი – ბულგარეთი, რუმინეთი და საბჭოთა კავშირის ლენინგრადის, ოდესის, ჩრდილო-კავკასიისა და ამიერკავკასიის სამხედრო ოლქების ტერიტორიები.

CFE-ხელშეკრულების IV მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტებისა და V მუხლის 1-ლი პუნქტის ძალით მთლიანად ევროპის ტერიტორიაზე, აგრეთვე მის ცენტრალურ და საფლანგო რაიონებში გასალაგებელი ჯავშანსატანკო ტექნიკისა და საველე არტილერიის კვოტები ნაჩვენებია 1-ლ ცხრილში.

ცხრილი 1

თითოეული ბლოკის ჯავშანსატანკო ტექნიკისა და საველე არტილერიის კვოტები მთლიანად ევროპულ ტერიტორიაზე, აგრეთვე მის ცენტრალურ და საფლანგო რაიონებში 

განლაგების რაიონი . . . . . . . . . . . . . . . . . საბრძოლო . . მოჯავშნული . . საველე საარ- 
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .ტანკები . . . . საბრძოლო . . . ტილერიო სი- 
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . მანქანები . . . . . სტემები . . . 

მთლიანად ევროპულ ტერიტორიაზე
არაუმეტეს . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 20 000 . . . . . . . . 30 000 . . . . . . . . . 20 000 . . .
მათ შორის რეგულარულ ნაწილებში
არაუმეტეს . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 16 500 . . . . . . . . 27 300 . . . . . . . . . 17 000 . . . 
ევროპული ტერიტორიის ცენტრალურ
რაიონში არაუმეტეს . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 15 800 . . . . . . . . 24 100 . . . . . . . . . 14 000 . . .
მათ შორის რეგულარულ ნაწილებში
არაუმეტეს . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .11 800 . . . . . . . . 21 400 . . . . . . . . . 11 000 . . . 
ევროპული ტერიტორიის საფლანგო
რაიონში რეგულარულ ნაწილებში
არაუმეტეს . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 4700 . . . . . . . . . 5900 . . . . . . . . . . . 6000 . . . 

ევროპული ტერიტორიის ცენტრალური ნაწილის ატლანტის ოკეანიდან ურალის მთებამდე დიდი განფენილობის გამო, დადგენილ იქნა მისი დაყოფა ცალკეულ რაიონებად (ფაქტიურად ქვერაიონებად) და მათ ფარგლებში გასალაგებელი ჯავშანსატანკო ტექნიკისა და საველე არტილერიის კვოტების განსაზღვრაც. საწყის ხაზად აღებულ იქნა ორ სამხედრო-პოლიტიკურ ბლოკს შორის შეხების საზღვარი, რომელიც წარმოადგენდა იმ დროისთვის უკვე გაერთიანებული გერმანიის აღმოსავლეთ სახელმწიფო საზღვარს პოლონეთისა და ჩეხეთ-სლოვაკეთის დასავლეთ საზღვრებთან. CFE-ხელშეკრულების IV მუხლის მე-2, -3 დ -4 პუნქტების ძალით მოხდა თითოეული ბლოკის ცენტრალური რაიონის ცალკეული ქვერაიონების (დოკუმენტში – რაიონების) ტერტორიებისა და მათზე მუდმივად გასალაგებელ შეიარაღებათა კვოტების განსაზღვრა. ხელშეკრულების IV მუხლის მე-2 პუნქტი განსაზღვრავდა კვოტებს თითოეულ ბლოკის მთელი ცენტრალური რაიონისთვის (დოკუმენტში – 4.2 რაიონი); IV მუხლის მე-3 პუნქტი ნატო-ს ბლოკში მოიცავდა გერმანიის, დანიის, ბელგიის, ნიდერლანდების, ლუქსემბურგის, საფრანგეთის, იტალიისა და დიდი ბრიტანეთის ტერიტორიებს, აგრეთვე იქ გასალაგებელი ჯავშანსატანკო ტექნიკისა და საველე არტილერიის კვოტებს (ანუ ნატო-ს ბლოკის მთელ ცენტრალურ რაიონს ესპანეთისა და პორტუგალიის გარდა); ვარშავის ხელშეკრულების ორგანიზაციიდან კი – პოლონეთს, ჩეხეთ-სლოვაკეთს, უნგრეთს, საბჭოთა კავშირის ბალტიისპირეთის, ბელორუსიის, კარპატისპირეთისა და კიევის სამხედრო ოლქების ტერიტორიებსა და იქ გასალაგებელ შეიარაღებათა კვოტებს (ანუ ვარშავის ხელშეკრულების მთელ ცენტრალურ რიონს სსრკ-ის მოსკოვისა და ბოლგისპირეთის სამხედრო ოლქების გარდა; დოკუმენტში – 4.3 რაიონი); IV მუხლის მე-4 პუნქტით კი განსაზღვრული გახლდათ ქვერაიონი, რომელშიც ჩრდილოატლანტიკური კავშირის მხრიდან შედიოდა გერმანიის, ბელგიის, ნიდერლანდებისა და ლუქსემბურგის ტერიტორიები, ხოლო ვარშავის პაქტის მხრიდან კი – პოლონეთის, ჩეხეთ-სლოვაკეთის და უნგრეთისა (დოკუმენტის მიხედვით – 4.4 რაიონი; იხილეთ ნახატი). თითოეულ ამ რაიონში გასალაგებელი ჯავშანსატანკო ტექნიკისა და საველე არტილერიის კვოტები ნაჩვენებია მე-2 ცხრილში.

ცხრილი 2

CFE-ხელშეკრუკლებით განსაზღვრული ჯავშანსატანკო ტექნიკისა და საველე არტილერიის კვოტები ცენტრალური რაიონის ცალკეულ ქვერაიონებში 

. . . განლაგების ტერიტორია . . . . . . . . . საბრძოლო . . მოჯავშნული . . საველე საარ- 
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .ტანკები . . . . საბრძოლო . . . ტილერიო სი- 
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . მანქანები . . . . . . სტემები . . 

თითოეული სამხედრო ბლოკის
მიერ კონტროლირებადი ევროპული
ტერიტორიის ცენტრალურ რაიონში
(4.2 რაიონი) არაუმეტეს . . . . . . . . . . . . . . . . 15 300 . . . . . . 24 100 . . . . . . . . 14 000 . . .
მათ შორის რეგულარულ
ნაწილებში არაუმეტეს . . . . . . . . . . . . . . . . . .11 800 . . . . . . 21 400 . . . . . . . . 11 000 . . .

ორი სამხედრო ბლოკის შეხების
ხაზთან შედარებით ახლოს მყოფ
რაიონში (4.3 რაიონი) რეგულარულ
ნაწილებში არაუმეტეს . . . . . . . . . . . . . . . . . .10 300 . . . . . . 19 260 . . . . . . . . . 9100 . . .

ორი სამხედრო ბლოკის შეხების
ხაზთან უშუალოდ მახლობელ
რაიონში (4.4 რაიონი) რეგულარულ
ნაწილებში არაუმეტეს . . . . . . . . . . . . . . . . . . . 7500 . . . . . . 11 250 . . . . . . . . . 5000 . . .

როგორც ვხედავთ, ევროპის ცენტრალურ რაიონში გასალაგებელი 15 300 საბრძოლო ტანკიდან, თითოეული ბლოკის ხელმძღვანელობას მოწინააღდეგესთან შეხების ხაზის მახლობელ რაიონში (4.4 რაიონი) შეეძლო განელაგებია არაუმეტეს 7500 ერთეულისა, ანუ მთელი რაოდენობის თითქმის ნახევრისა, ხოლო რეგულარულ საჯარისო ნაწილებში გასალაგებელი მაქსიმალური რაოდენობის (11 800 ერთეული) კი – 63,6 %-ისა; დაახლოებით ასეთივე მდგომარეობა გახლდათ მოჯავშნული საბრძოლო მანქანებისა და საველე არტილერიის განლაგების მხრივაც, რაც იმაზე მეტყველებს, რომ შეიარაღებული დაპირისპირების ინტენსივობა ამ ქვერაიონში იყო მნიშვნელოვნად უფრო მაღალი, რაც სავსებით ბუნებრივი და გასაგებია. გარდა ამისა, ცივი ომის პერიოდში ნიდერლანდების, ბელგიისა და დასავლეთ გერმანიის ტერიტორიებზე ამერიკულ სარდლობას მოწყობილი ჰქონდა საბრძოლო ტექნიკისა და მძიმე შეიარაღების საწყობები გაძლიერების ჯარების ექვსი საბრძოლო დივიზიისთვის, რომელთა პირადი შემადგენლობაც, პირადი და მსუბუქი კოლექტიური იარაღით, ომის დაწყების შემდეგ უმოკლეს ვადებში საჰაერო გზით უნდა გადმოესროლათ დასავლეთ ევროპაში, სადაც ისინი ამ საწყობებიდან მიიღებდნენ მათთვის განკუთვნილ ტექნიკასა და მძიმე შეიარაღებას და უკვე მანამდე დასავლეთ გერმანიაში დისლოცირებული ოთხი “მძიმე” დივიზიის დასახმარებლად ჩაერთვებოდნენ საბრძოლო მოქმედებათა წარმოებაში. CFE-ხელშეკრულებით კი ასეთი საწყობების შექმნა უკვე გათვალისწინებულია მხოლოდ 4.2 რაიონში, ანუ ნატო-ს ბლოკის მხრიდან ესპანეთში ან პორტუგალიაში, ხოლო ვარშავის ხელშეკრულების ორგანიზაციის მხრიდან კი სსრკ-ის მოსკოვის ან ვოლგისპირეთის სამხედრო ოლქებში, რაც ასევე ამცირებს დაძაბულობას თავად ევროპის კონტინენტზე და, განსაკუთრებით კი – ცენტრალურ ევროპაში.

ასეთ ზომებსა და ღონისძიებებს უნდა გამოერიცხათ რომელიმე სამხედრო-პოლიტიკური ბლოკის მხრიდან მეორის წინააღმდეგ მოულოდნელი მსხვილი შეტევითი მოქმედებების დაწყებისა და ევროპაში დესტაბილიზაციის შექმნის შესაძლებლობა. ევროპის ტერიტორიის რაიონებად და ქვერაიონებად დაყოფის შემდეგ თითოეული ბლოკის სარდლობას ამ რაიონებსა და ქვერაიონებში მისთვის განკუთვნილი კვოტები უნდა გაენაწილებინა იქ არსებულ სახელმწიფოებს, აგრეთვე იმ ტერიტორიაზე მყოფ ამერიკულ და საბჭოთა ჯარებს შორის, რომლებიც ამ უკანასკნელ სახელმწიფოთა კვოტებში აღინიშნებოდა. საბრძოლო თვითმფრინავებისა და დამრტყმელი ვერტმფრენების კვოტები კი თითოეული ბლოკის სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობას შეეძლო თავად გაენაწილებინა თავის მონაწილე სახელმწიფოებს შორის ტერიტორიული რაიონებისა და ქვერაიონების მიხედვით ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე.

CFE-ხელშეკრულების ძალით საბჭოთა კავშირს ერგო კვოტები არა მხოლოდ თავის საკუთარ ტერიტორიაზე განლაგებული შეიარაღების, არამედ აღმოსავლეთ ევროპაში მის მოკავშირე სახელმწიფოთა ტერიტორიებზე განლაგებულ ჯარებში არსებული შეიარაღების გათვალისწინებით. ხოლო შემდეგ კი, ამ ჯარების სამშობლოში დაბრუნების კვალდაკვალ, ეს კვოტები მთლიანად სსრკ-ის ევროპულ ტერიტორიაზე გადმოვიდა. თავად ხელშეკრულებაც ითვალისწინებდა იმას, რომ თითოეული ბლოკის საერთო კვოტებიდან მისი მონაწილე რომელიმე სახელმწიფოს წილად შეიძლება მოსულიყო არაუმეტეს 13 150 საბრძოლ ტანკის, 20 000 მოჯავშნული საბრძოლო მანქანის, 13 175 საველე საარტილერიო სისტემის, 5150 საბრძოლო თვითმფრინავის და 1500 დამრტყმელი ვერტმფრენისა. ცხადია, რომ ასეთ სახელმწიფოდ იგულისხმებოდა საბჭოთა კავშირი და ხელშეკრულების შესაბამისი მუხლიც სწორედ მისი კვოტების მაქსიმალურ რაოდენობებს განსაზღვარვდა, ხოლო დანარჩენი 6850 საბრძოლო ტანკის, 10 000 მოჯავშნული საბრძოლო მანქანის, 6825 საველე საარტილერიო სისტემის, 1650 საბრძოლო თვითმფრონავისა და 500 დამრტყმელი ვერტმფრენის კვოტები კი უნდა მოსულიყო ვარშავის ხელშეკრულების დანარჩენი სახელმწიფოების: პოლონეთის, ჩეხეთ-სლოვაკეთის, უნგრეთის, ბულგარეთისა და რუმინეთის წილად.

1991 წლის დეკემბერში საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ თავისთავად წარმოიშვა აუცილებლობა, რომ ჩვეულებრივ შეტევით შეიარაღებათა მისი კვოტები გადანაწილებულიყო მის ევროპულ ტერიტორიაზე წარმოქმნილ ახალ დამოუკიდებელ სახელმწიფოებს შორის. ბალტიისპირეთის ქვენებმა ამაში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს და, შესაბამისად, 1992 წლის მაისში ტაშკენტში გამართულ მოლაპარაკებებზე ყოფილი სსრკ-ის კვოტები გადანაწილებულ იქნა რუსეთის ფედერაციას, ბელორუსს, უკრაინას, მოლდოვას, აზერბაიჯანს, სოხეთსა და საქართველოს შორის. რუსეთის ფედერაციის ლენინგრადისა და ჩრდილო-კავკასიის სამხედრო, ოლქების ტერიტორიებზე, უკრანის ოდესის სამხედრო ოლქში, მოლდოვასა და ამიერკავკასიის სამ სახელმწიფოში ჯავშანსატანკო ტექნიკისა და საველე არტილერიის კვოტების დადგენისას გათვალისწინებულ იქნა CFE-ხელშეკრულების საფლანგო შეზღუდვებიც. ამის შედეგად საქართველოს (ასევე სომხეთსა და აზერბაიჯანს) უფლება მისცეს, რომ თავის ტერირორიაზე მშვიდობიანობის დროს რეგულარულ საჯარისო ნაწილებში მუდმივად განელაგებია არაუმეტეს 220 საბრძოლო ტანკის, 220 მოჯავშნული საბრძოლო მანქანის და 285 საველე საარტილერიო სისტემისა, ხოლო სპეციალური საწყობების მოწყობა კი ჩვენს ტერიტორიაზე საერთოდ არ ყოფილა გათვალისწინებული. ტაშკენტის შეთანხმებით რუსეთის ფედერაციას უფლება მისცეს თავისი ტერიტორიის საფლანგო რაიონში რეგულარულ საჯარისო ნაწილებში მშვიდობიანობის დროს მუდმივად განლაგებული ჰყოლოდა (ჰქონოდა) არაუმეტეს 1300 საბრძოლო ტანკის, 1380 მოჯავშნული საბრძოლო მანქანის და 1680 საველე საარტილერიო სისტემისა. მეორეს მხრივ, რუსეთის ფედერაციის საფლანგო რაიონში შედიან ლენინგრადისა და ჩრდილო-კავკასიის სამხედრო ოლქები, ხოლო ცენტრალურ რაიონში კი მოსკოვისა და ვოლგისპირეთის სამხედრო ოლქები. ანუ საფლანგო რაიონი შეადგენს ქვეყნის მთელი ევროპული ტერიტორიის დაახლოებით ნახევარს, ხოლო მის ფარგლებში გასალეგებელი ჯავშანსატანკო ტექნიკისა და საველე არტილერიის კვოტები კი მნიშვნელოვნად ჩამოუვარდებოდა ქვეყნის მთელ ევროპულ ტერიტორიაზე გასალაგებელი ამავე კატეგორიების შეიარაღებათა კვოტებს (სულ არაუმეტეს 6400 საბრძოლო ტანკის, 11 480 მოჯავშნული საბრძოლო მანქანის და 6415 საველე საარტილერიო სისტემისა).

ამის გამო, თანაც 90-იანი წლების განმვლობაში აშშ-ისა და გერმანიის სამხედრო-ტექნიკური დახმარებით თურქეთის შეიარაღებული ძალების არსებული მუქარებისადმი არაადექვატურად გაძლიერების ფონზე, რაც იძლეოდა რეგიონში სერიოზული დესტაბილიზაციისა და ამირკავკასია – ცენტრალური აზიის მიმართულებაზე (ანუ რუსეთის ფედერაციის სამხრეთ საზღვრების გაყოლებით) მსხვილმასშტაბიანი კონფლიქტის გაჩაღების შესაძლებლობას, რუსეთის ხელმძღვანელობამ ეუთო-ს მმართველი წრეების წინაშე დააყენა საკითხი მის საფლანგო რაონში ცენტრალური რაიონის ხარჯზე ჯავშანსატანკო ტექნიკისა და საველე არტლერიის კვოტების გაზრდის შესახებ, ანუ მისივე კვოტების თავად ქვეყნის ევროპული ტერიტორიის შიგნით გადანაწილების თაობაზე. 1996 წლის მაისში CFE-ხელშეკრულების ახალ პირობებში ადაპტაციის საკითხებთან დაკავშირებით ვენაში, ეუთო-ს შტაბ-ბინაში, ჩატარებულ კონფერენციაზე, ამერიკული დელეგაციის აქტიური მხარდაჭერით, რუსეთს გაუზარდეს საფლანგო რაიონში გასალაგებელი შეიარაღების კვოტები არაუმეტეს 1800 საბრძოლო ტანკის, 3700 მოჯავშნული საბრძოლო მანქანისა და 2400 საველე საარტილერიო სისტემის დონემდე. აღნიშნული კვოტებიდან 1998 წლის დასაწყისში რუსულ სარდლობას ჩრდილოეთ ფლანგზე რეგულარულ ნაწილებში განლაგებული ჰყავდა დაახლოებით 330 საბრძოლო ტანკი, 90 მოჯავშნული საბრძოლო მანქანა და 540 საველე არტილერიის ქვემეხი და ნაღმსატყორცნი, ხოლო სამხრეთ ფლანგზე კი, ჩრდილო-კავკასიის სამხედრო ოლქში, ამიერკავკასიაში განლაგებული რუსული სამხედრო ბაზების ჩათვლით, ნაჩვენები იყო 630-მდე საბრძოლო ტანკი, 1795-ზე მეტი მოჯავშნული საბრძოლო მანქანა და 810-მდე საველე საარტილერიო სისტემა. გარდა ამისა, ჩრდილოეთ ფლანგზე, ლენინგრადის სამხედრო ოლქის სამხრეთ რაიონში, ფსკოვის ადმინისტრაციულ ოლქში არსებულ საწყობებში რუსულ სარდლობას შეყვანილი ჰყავდა დაახლებით 540 საბრძოლო ტანკი, 410 მოჯავშნული საბრძოლო მანქანა და 400 საველე საარტილერიო სისტემა, მაგრამ მკითხველი ალბათ დაგვეთანხმება, რომ რუსეთის ფედერაციის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობა მოსალოდნელი სამხედრო მუქარების გათვალისწინებით, მნიშვნელოვნად უფრო მეტ ყურადღებას ამახვილებდა სწორედ თავის სამხრეთ ფლანგზე, სადაც 1990-იანი წლების გამავლობაში ხდებოდა თურქეთის სამხედრო მანქანის გაძლიერება, ხოლო თავად ამ ქვეყნის ხელისუფლება კი ამ მიზნით ათეულობით მილიარდი დოლარის შესაბამის თანხებს ხარჯავდა.

რაც შეეხება საქართველოს, მას არ მიუბაძავს დღემდე რუსეთის მაგალითისთვის და ეუთო-ს ხელმძღვანელობის წინაშე არ დაუყენებია მისთვის შეიარაღებათა კვოტების გაზრდის საკითხი, თუმცა კი თავად ხელშეკრულების ტექსტი იძლევა ამის შესაძლებლობას. იქ შესავალში ნათქვამია, რომ CFE-ხელშეკრულება არ არის მიმართული რომელიმე სახელმწიფოს უსაფრთხოების წინააღმდეგ, არამედ მიზნად ისახავს ევროპის ტერიტორიაზე მსხვილმასშტაბიანი ომების თავიდან აცილებასა და სტაბილური მდგომარეობის შექმნას. ასევე ნათქვამია, რომ მომავალში ევროპაში პოლიტიკური მდგომარეობის განვითარებისდა მიხედვით, შესაძლებელი იქნება ხელშეკრულების გადასინჯვა, თვით ახალი მოლაპარაკებების ჩათვლითაც კი. დღესდღეობით მიმდინარეობს CFE-ხელშეკრულების ახალ პირობებში ადაპტაციის პროცესი, რომლის პირველი კონფერენციაც ჩატარებულ იქნა 1996 წლის მაისში ეუთო-ს შტაბ-ბინაში ვენაში, რომელზედაც საქართველოს დელეგაცია დააყენა საკითხი იმაზე, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული მისი კვოტები მთლიანად მას შეევსო და რუსეთის ფედერაციას მასში მონაწილება არ ჰქონოდა, რასაც მიაღწია კიდეც, ხოლო რუსულმა დელეგაციამ კი, როგორც ზემოთაც ვისაუბრეთ, მიაღწია იმას, რომ მისთვის დადგენილი ჯავშანსატანკო ტექნიკისა და საველე არტილერიის საერთო კვოტების უცვლელობის ფარგლებში, ცენტრალურ რაიონში მათი წილის შემცირების ხარჯზე, გაეზარდათ ისინი საფლანგო რაიონში, მათ შორის, ცხადია, სამხრეთ ფლანგზეც.

პირადად ჩვენ ჯერ კიდევ 1999 წლის გაზაფხულზე, ღვთის წყალობით, უკვე ვიცოდით, რომ 1990-იანი წლების განმავლობაში, როდესაც ცივი ომის დასრულების, ვარშავის ხელშეკრულების ორგანიზაციისა და საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ნატო-ს ბლოკის თითქმის ყველა სახელმწიფომ თავისი სამხედრო ხარჯები, ძირითადი შეიარაღება, შეიარაღებული ძალების რიცხოვნება და საბრძოლო მზადყოფნა შეამცირა, ამის საპირისპიროდ თურქებმა თავიანთი სამხედრო ხარჯების ზრდა განაგრძეს და 1990 წლის 5 მლრდ ამერიკული დოლარიდან იგი 1998 წელში 8,1 მლრდ დოლარამდე აიყვანეს, ხოლო ამის სანაცვლოდ კი, ამერიკელებმა და გერმანელებმა შედარებით თანამედროვე და უკეთესი მახასიათებლების მქონე M-60 და “ლეოპარდ-1” სერიების საბრძოლო ტანკები, YPR-765 სერიის ქვეითთა საბრძოლო მანქანები და ჯავშანტრანსპორტერები, M-110A2 ტიპის თვითმავალი ჰაუბიცები, MLRS ტიპის ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები, AH-1W/P ტიპის დამრტყმელი ვერტმფრენები, F-16C/D ტიპის ტაქტიკური გამანადგურებელი თვითმფრინავები, 209 ტიპის წყალქვეშა ნავები, “ნოქსის”, “პერისა” და MEKO-200 ტიპების მრი ფრეგატები (მართვადი სარაკეტო შეიარაღებით აღჭურვილი ფრეგატები) მიჰყიდეს ან მათი წარმოების თავად თურქეთში აწყობისთვის დახმარება აღმოუჩინეს. ამ ღონისძიებების შედეგად თურქული სამხედრო მანქანა სადღაც სამ-ოთხჯერ უნდა გაძლიერებულიყო, და ეს ხდებოდა იმ ფონზე, როდესაც თავად თურქეთს მკვეთრად შეუმცირდა სამხედრო მუქარები როგორც შავი ზღვის სრუტეების ზონაში (ბულგარეთისა და რუმინეთის მხრიდან), ისე ჩრდილო-აღმოსავლეთ ანატოლიაშიც (ყოფილი სსრკ-ის მხრიდან). სახელდობრ, ამ უკანასკნელ მიმართულებაზე, სტრატეგიული კვლევების ლონდონის საერთაშორისო ინსტიტიტის მონაცემებით, 1991 წელს საბჭოთა კავშირის ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის ტერიტორიაზე განლაგებული იყო სახმელეთო ჯარების ორი საველე არმია და ერთი ცალკეული საარმიო კორპუსი, საჰაერო ძალების ერთი არმია და საჰაერო თავდაცვის არმია, რომელთა შემადგენლობაშიც მოივლებოდა 11 საბრძოლო დივიზია, 12 ცალკეული საბრძოლო ბრიგადა/პოლკი, თითო-თითო ბომბდამშენი და გამანადგურებელი საავიაციო დივიზიები, მოიერიშე საავიაციო პოლკი, საჰაერო თავდაცვის ჯარებს რამდენიმე გამანადგურებელი საავიაციო პოლკი, შესაბამისი რაოდენობისა და ხარისხის საბრძოლო ტექნიკითა და შეიარაღებით.

1990-იანი წლების მიწურულისთვის მათ ნაცვლად რუსეთის ფედერაციას ამიერკავკასიაში გააჩნდა შედარებით მოკრძალებული სიძლიერისა და შესაძლებლობის ოთხი სამხედრო ბაზა – ვაზიანში, ბათუმში, ახალქალაქსა და გიუმრიში (სომხეთი), და სწორედ ამიერკავკასიაში რუსული ჯარებისა და ძალების მკვეთრად შემცირების ფონზე ასევე მკვეთრად გაუზარდეს დასავლეთის წამყვანმა სახელმწიფოებმა თურქეთს ჩველებრივი შეტევითი შეიარაღების ხარისხობრივი მაჩვენებლები, რაც, ბუნებრივია, აისახებოდა თურქეთის შეიარაღებული ძალების სამობილიზაციო და საბრძოლო მზადყოფნაში, ასევე მის ბრძოლისუნარიანობაშიც.

იმავე ლონდონური წყაროს 1998 წლის მონაცემებით, თურქეთის მოსახლეობა საქართველოსას აღემატებოდა დაახლოებით 12-ჯერ, ხოლო მის შეიარაღებაში არსებული საბრძოლო ტანკების რეალური რაოდენობა (4205 ერთეული) კი საქართველოსთვის დადგენილ კვოტას (220 ერთეული) აღემატებოდა 19-ჯერ. 2000 წლისთვის თურქეთის სახმელეთო ჯარების შეიარაღებაში გამოჩნდა ATACMS ტიპის (Army Tactical Missile System) ოპერატიულ-ტაქტიკური ბალისტიკური რაკეტები, რომელთა გაშვებაც ხდება სპეციალური აღჭურვილობის მქონე MLRS დანადგარებიდან. ამ რაკეტების ფრენის სიშორეა 190 კმ-მდე, და ისინი ხასიათდება მიზანში მოხვედრის მაღალი სიზუსტით. 

ცხადია, რომ ასეთი რაოდენობისა და ხარისხის საბრძოლო ტექნიკა და შეიარაღება არ უნდა იყოს განკუთვნილი მხოლოდ თურქეთის თავდაცვის ამოცანების გადასაჭრელად, ან კიდევ შეტევითი მოქმედებებისთვის საქართველოს წინააღმდეგ; მაგრამ შესაძლოა განკუთვნილი იყოს საქართველოსა და, საერთოდ, ამიერკავკასიის ტერიტორიაზე წარმატებული მოქმედებებისთვის რუსეთის წინააღმდეგ. მოვლენათა ასეთი განვითარების არდასაშვებად საქართველოს ხელისუფლება თავად უნდა ცდილობდეს ისეთი თავაცვითი სისტემის ჩამოყალიბებას, რომელიც ფინეთის, შვედეთის ან შვეიცარიის მსგავსად, ომიანობის დროს ან მუქარის პერიოდში მისცემდა მას მოკლე ვადებში 500–550 ათასიანი შეიარაღებული ძალების მოვილიზაციის შესაძლებლობას, 400–450 საბრძოლო ტანკით, 1000-ზე მეტი მოჯავშნული საბრძოლო მანქანით (ქვეითთა საბრძოლო მანქანაბი, საბრძოლო-სადაზვერვო მანქანები, ჯავშანტრანსპორტერები), 1000-ზე მეტი საველე არტილერიიის ქვემეხითა და ნაღმსატყორცნით, აგრეთვე სხვა შეიარაღებით. ასეთი შეიარაღების ქონის იურიდიული უფლება კი ეუთო-ს დოკუმენტების მიხედვით საქართველოს არ ააჩნია. ანუ ამ საერთაშორისო ორგანიზაციის წამყვან სახელმწიფოთა ხელმძღვანელების, მათი სამხედრო სპეციალისტების, დიპლომატიური სამსახურების, სპეცსამსახურებისა და სხვათა და სხვათა გაანგარიშებით, საქართველო განწირულია იმისთვის, რომ გადაიქცეს დაბალ ღობედ ყველასთვის, ვისაც არ დაეზარება ჩვენს ქვეყანაში თავისი ინტერესების გატარება, აქ ფეხის ჩადგმა და სხვა მსურველებთან ჩვენს ტერიტორიაზე სისხლსმღვრელი ომების გაჩაღება. ასეთია, სამწუხაროდ, ამერიკელებთან ჩვენი “მეგობრობის” ნამდვილი არსი და ამ “მეგობრობას” მოყოლილი უამრავი პრობლემა და უბედურება, შესაძლოა, დღეს ჩვენი საზოგადოების ერთი ნაწილისთვის, ხვალ და ზეგ კი – ყველასთვის.

ამიტომ სჯობს საქართველოს ხელისუფლება, საზოგადოების პოლიტიკურად აქტიური ნაწილი და მთლად ჩვენი საზოგადოებაც უფრო მეტად ზრუნავდნენ საკუთარი ქვეყნის ინტერესების სამსახურისთვის და არა ამ ინტერესების საზიანოდ თავიანთი პირადი სარგებლობისთვის. კონტრეტულად, საქართველოსთვის დადგენილი ჩვეულებრივ შეტევით შეიარაღებათა კვოტების გაზრდის შესახებ საკითხის დაყენება ეუთო-ს ხელმძღვანელობისა და წამყვანი მონაწილე სახელმწიფოების მთავრობათა წინაშე, შესაძლებელია თავად CFE-ხელშეკრულების შესავალ ნაწილში გამოთქმული ყველასთვის თანაბარი უსაფრთხოებისა და თავად ამ ხელშეკრულების ახალ პოლიტიკურ პირობებთან ადაპტაციის პრინციპების გათვალისწინებით. მაგრამ ის, თუ რა რაოდენობის ჩვეულებრივი შეტევითი შეიარაღება სჭირდება, ამ პრინციპებიდან გამომდინარე, ჩვენს ქვეყანას, მსოფლიო საზოგადოებრობის წინაშე თავად უნდა განვაცხადოთ და საკითხიც პრინციპულად დავაყენოთ, რა თქმა უნდა, შესაბამისი კვალიფიციური ცოდნისა და გააზრებული პოლიტიკის საფუძველზე, და არა პოლიტიკანობის ან პოლიტიკური მეძავობისა, რასაც ჩვენს რეალობაში, სამწუხაროდ, ხშირად ვხვდებით ხოლმე.

ირაკლი ხართიშვილი 

(დასასრული იხ. ნაწილი III)

No comments:

Post a Comment