Friday, November 16, 2018

პარლამენტის კვლევით დეპარტამენტში 2000-2003 წლებში მომზადებული ნაშრომები

(ნაწილი I) 


შინაარსი 

საქართველოს გარშემო არსებული სამხედრო-სტრატეგიული ვითარების ზოგიერთი ასპექტის მოკლე ანალიზი
კანონპროექტისთვის საქართველოს შეიარაღებული ძალების რიცხოვნების შესახებ
საქართველოს შესაძლო ნეიტრალიტეტის სამხედრო ასპექტები დასავლეთევროპული გამოცდილების მიხედვით
ტერორიზმის ზოგიერთი სამხედრო ასპექტის შესახებ
ზოგიერთი რამ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის საკონსტიტუციო შეთანხმების შესახებ


საქართველოს გარშემო არსებული სამხედრო-სტრატეგიული ვითარების ზოგიერთი ასპექტის მოკლე ანალიზი  

საქართველოს გარშემო დღესდღეობით არსებული სამხედრო-სტრატეგიული ვითარების რამდენადმე ამომწურავი ანალიზის გასაკეთებლად სხვადასხვა დარგის სპეციალისტების მიზანმიმართული და შეთანხმებული მუშაობაა საჭირო. ჩვენ ამ წერილში შევეხებით ძირითადად მხოლოდ ჩვენი მეზობელი სახელმწიფოების შეიარაღებული ძალების საბრძოლო შესაძლებლობების, მზადყოფნისა და განლაგების საკითხებს, რომელთა საფუძველზედაც შევეცდებით მათი ხელმძღვანელობის სავარაუდო მიზნებისა და ამოცანების განსაზღვრას.

90-იან წლებში ცივი ომის დასრულების, ვარშავის ხელშეკრულების ორგანიზაციისა და საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რუსეთსა და დასავლეთს შორის სამხედრო-პოლიტიკური დაპირისპირების მკვეთრად შემცირებისა და რუსეთის ფინანსურ-ეკონომიკური დასუსტების ფონზე ნატო-ს ბლოკის სახელმწიფოთა უმრავლესობამ თავისი სამხედრო ხარჯები შეამცირა. ამის საპირისპიროდ თურქეთმა იგივე ხარჯები გაზარდა 1990 წლის 5,0 მლრდ. ამერიკული დოლარიდან 1999 წლის 10,1 მლრდ. დოლარამდე. ქვემოთ ცხრილში უფრო მეტი თვალსაჩინოებისთვის მოყვანილია ნატო-ს ზოგიერთი სახელმწიფოს სამხედრო ხარჯები 90-იანი წლების დასაწყისსა და მიწურულში.

ცხრილი 1

ნატო-ს ბლოკის ზოგიერთი სახელმწიფოს სამხედრო ხარჯები 1990 და 1999 წლებში (მლრდ დოლარი)

სახელმწიფო . . . . . . . . . . . . . ს ა მ ხ ე დ რ ო ხ ა რ ჯ ე ბ ი 
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 1990 წელს . . . 1999 წელს 

აშშ . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 304,1 . . . . . . . . 275,5
გფრ . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 35,61 . . . . . . . . 31,1
დიდი ბრიტანეთი . . . . . . . . . . . . 39,26 . . . . . . . . 36,9
საფრანგეთი . . . . . . . . . . . . . . . . . .42,78 . . . . . . . . 37,1
ნიდერლანდები . . . . . . . . . . . . . . . 7,42 . . . . . . . . . 6,9
ბელგია . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .4,72 . . . . . . . . . 3,4
ნორვეგია . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 3,58 . . . . . . . . .3,3
საბერძნეთი . . . . . . . . . . . . . . . . . . . 3,77 . . . . . . . . .5,3
თურქეთი . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 5,0 . . . . . . . . .10,1

ეს გაზრდილი სამხედრო ხარჯები მოხმარდა თურქეთის შეიარაღებული ძალების რამდენჯერმე გაძლიერების საქმეს, რაშიც დიდი წვლილი შეიტანეს აშშ-მა და გერმანიამ. სახელდობრ, ამ სახელწიფოებმა თურქეთს გადასცეს შეიარაღების ზოგიერთი კატეგორიის შედარებით თანამედროვე სისტემები, ხოლო დანარჩენის შესაქმნელად სამხედრო ტექნოლოგიები. კერძოდ, სტრატეგიული კვლევების ლონდონის საერთაშორისო ინსტიტუტის მონაცემებით, ამერიკული წარმოების 523 მოძველებული M-47 საბრძოლო ტანკის ნაცვლად ამ ქვეყნებმა მას მიაწოდეს გაცილებით უფრო თანამედროვე და ძლიერი ამერიკული M-60A1/A3 და გერმანული “ლეოპარდ-1A1/A3” ტიპების 1179 საბრძოლო ტანკი, ასევე თვითმავალი საარტილერიო დანადგარების რაოდენობა გაუზარდეს 528-დან 868 ერთეულამდე; გარდა ამისა, მიაწოდეს 37 დამრტყმელი (ტანკსაწინააღმდეგო) ვერტმფრენი AH-1W/P, რომელსაც ცივი ომის ყველაზე უფრო მძიმე წლებშიც კი არ აძლევდნენ ამერიკელები თურქებს. გარდა ამისა, ამერიკული ლიცენზიით თურქები აწარმოებენ YPღ-765 ტიპის მოჯავშნულ საბრძოლო მანქანებს, F-16C/D ტიპის გამანადგურებელ თვითმფრინავებს, გერმანული ლიცენზიით – 209 ტიპის დიზელურ წყალქვეშა ნავებსა და MEKO 200 ტიპის მრი ფრეგატებს. ასევე “ოლივერ ჰ. პერისა” და “ნოქსის” ტიპის თანამედროვე მრი ფრეგატები მიიღეს თურქებმა ამერიკელებისგან, რითაც თითქმის მთლიანად განაახლეს სახომალდო შემადგენლობა (შენიშვნა: მრი აღნიშნავს მართვადი ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტების გასაშვებ დანადგარს, რომლებითაც აღჭურვილია მსხვილი წყალზედა საბრძოლო ხომალდები – კრეისერები, საეკადრო ნაღმოსნები, ფრეგატები; რუსული აღნიშვნაა корабли УРО). ამავე დროს მეტად საყურადღებოა ის ფაქტიც, რომ 90-იანი წლების მეორე ნახევარში ამერიკელებმა თურქებს მიაწოდეს KC-135R ტიპის ჰაერში საწვავით გამწყობი 7 თვითმფრინავი, რომელთა ძირითადი დანიშნულებაა შორ მანძილებზე, მაგალითად ცენტრალურ აზიაში, მიზნების დასაბომბად გაგზავნილი თურქული ტაქტიკური გამანადგურებლებისთვის გზაში ფრენის დროს საწვავის ჩასხმა.

მეორე მხრივ, თურქეთი უკანასკნელ ადგილზე დგას ნატო-ში ერთ სულ მოსახლეზე საშუალო წლიური შემოსავლის მიხედვით. 1999 წელს ეს თანხა უტოლდებოდა 6000 ამერიკულ დოლლარს, მის წინა ადგილზე (ბოლოდან მეორეზე) მყოფ პოლონეთში – 7400, უნგრეთში – 8000, ჩეხეთში – 13 200, საბერძნეთში – 13 700, პორტუგალიაში – 15 500 დოლარს, სხვა ქვეყნებში კიდევ უფრო მეტს. შედარებისთვის, იმავე 1997 წელს საქართველოში ეს თანხა ნაჩვენები იყო 4800 ამერიკული დოლარის ოდენობით.

და იმის ნაცვლად, რომ თურქეთის ხელმძღვანელობას ესარგებლა ცივი ომის დასრულებით, რუსეთისგან, აგრეთვე უწინ მოსკოვის მიერ მართული სხვა ქვეყნებისა და ძალებისგან (ბულგარეთი, რუმინეთი, სირია, ერაყი, ქურთისტანის მუშათა პარტია) მომავალი მუქარების მიზერულ დონემდე შემცირებით და თავადაც შეემცირებინა თავისი სამხედრო ხარჯები, ხოლო გამოთავისუფლებული თანხები კი სოციალურ ან სხვა პროგრამებზე მიემართა, მან პირიქით ამ ხარჯების ზრდა განაგრძო, რასაც ახალ ეტაპზე უცილობლად რუსეთთან დაპირისპირება უნდა გამოეწვია.

აღმოსავლეთის მიმართულებით თურქეთისა და მის მოკავშირეთა ასეთი პრეტენზიები ლახავს ისეთი მსხვილი სახელმწიფოების ტერიტორიულ მთლიანობასა და ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებს, როგორებიცაა რუსეთი, ირანი, ჩინეთი და უკრაინა. ამის საპასუხოდ რუსეთ-ირანი სამხედრო თანამშრომლობა 90-იანი წლების პირველ ნახევარშივე განვითარდა, ხოლო 1999 წელს ამ კოალიციას შეუერთდა ჩინეთიც, რაც თუნდაც იმაში გამოიხატა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ბ. ელცინი პეკინში ვიზიტის დროს იქიდან დაემუქრა ამერიკის ხელმძღვანელობას და რუსეთის შეტევითი ბირთვული პოტენციალი შეახსენა. ცხადია, რომ იგი ასეთ განცხადებას ჩინეთიდან ამ ქვეყნის მეთაურებთან შეთანხმების გარეშე არ გააკეთებდა. მაგრამ ამ საკითხს აღარ ჩავუღრმავდებით და ისევ საკუთრივ სამხედრო საკითხებზე გადავალთ.

თურქეთს თავისი სახმელეთო ჯარების ყველაზე უფრო მსხვილი დაჯგუფება განლაგებული ჰყავს ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთ რაიონში (აღმოსავლეთ თრაკიასა და ჩრდილო-დასავლეთ ანატოლიაში), საბერძნეთისა და ბულგარეთის საპირისპიროდ. აქ დისლოცირებულია 1-ლი საველე არმია (შტაბი ქ. სტამბულში), რომლის შემადგენლობაშიც, 1998 წლის დასაწყისში, თურქეთის ეროვნული თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური მონაცემებით, შედიოდა პირადი შემადგენლობის 150 400-ზე მეტი ადამიანი, 1558 საბრძოლო ტანკი, 1427 მოჯავშნული საბრძოლო მანქანა, 1086 საველე არტილერიის ქვემეხი და ნაღმსატყორცნი* და სხვა შეიარაღება (*საარტილერიო შეიარაღებაში ჩვეულებრივ იგულისხმება ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებიც /ზცრს/, მაგრამ ტექსტის გადატვირთვის თავიდან ასაცილებლად ხშირად მათ არ იხსენიებენ).

თურქული არმიის სიძლიერით მეორე დაჯგუფება განლაგებულია ჩრდილო-აღმოსავლეთ ანატოლიაში (ამიერკავკასიის მეზობელ რაიონში). აქ მე-3 საველე არმიის (შტაბი ქ. ერზინჯანში) შემადგენლობაში 1998 წლის დასაწყისში ნაჩვენები იყო 86 800-ზე მეტი ადამიანი, 540 საბრძოლო ტანკი, 626 მოჯავშნული საბრძოლო მანქანა, 638 საველე საარტილერიო სისტემა, 10 დამრტყმელი ვერტმფრენი და სხვა შეიარაღება.

ამავე დროს სამხრეთ-აღმოსავლეთ ანატოლიაში, რომელიც ეუთო-ს განსაზღვრებით აზიის კონტინენტს მიეკუთვნება და, შესაბამისად, მასზე არ ვრცელდება ჩვეულებრივი შეტევითი შეიარაღების შეზღუდვის პირობები (კვოტები), თურქულ სარდლობას სპეციალურ საწყობებში უნდა ჰქონდეს განთავსებული ჯავშანსატანკო და საარტილერიო შეიარაღების მნიშვნელოვანი რაოდენობა. ამის დასადასტურებლად ქვემოთ მოგვყავს ცხრილი თურქეთის ევროპულ და აზიურ ტერიტორიებზე განლაგებული სახმელეთო ჯარების პირადი შემადგენლობისა და ძირითადი შეიარაღების ჩვენებით.

ცხრილი 2

თურქეთის სახმელეთო ჯარების პირადი შემადგენლობისა და ძირითადი შეიარაღების განაწილება ქვეყნის ევროპულ და აზიურ ნაწილებში 

(ფრჩხილებში მოყვანილია მოცემულ ტერიტორიაზე პირადი შემადგენლობის რიცხოვნებისა და შეიარაღების რაოდენობის პროცენტული წილი მთელი ტერიტორიის შესაბამის მაჩვენებლებთან)

პირადი შემადგენლობა . . . . . . . . . . მთელ . . . . . . ევროპულ . . . აზიურ 
და ძირითადი შეიარაღება . . . ტერიტორიაზე . . . ნაწილში . . . ნაწილში 

პირადი შემადგენლობა,
ადამიანი . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 525 000 . . . . . . 444 390 . . . . . .80 610
(%-ული წილი) . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . (84,7) . . . . . . .(15,3)
საბრძოლო ტანკები . . . . . . . . . . . . . . . .4205 . . . . . . . . .2542 . . . . . . . 1663
(%-ული წილი) . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . (63,8) . . . . . . .(36,2)
მოჯავშნული საბრძოლო
მანქანები . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .3698 . . . . . . . . 2529 . . . . . . . 1369
(%-ული წილი) . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .(66,4) . . . . . . .(33,6)
საველე საარტილერიო
სისტემები . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .4277 . . . . . . . 2839 . . . . . . . .1438
(%-ული წილი) . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . (66,3) . . . . . . .(33,7)
დამრტყმელი ვერტმფრენები . . . . . . . . . . 37 . . . . . . . . .26 . . . . . . . . . .11
(%-ული წილი) . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . (70,3) . . . . . . . (29,7)

აღნიშნული ცხრილიდან კარგად ჩანს, რომ სამხრეთ-აღმოსავლეთ ანატოლიაში განთავსებული შეიარაღების პროცენტული რაოდენობა მნიშვნელოვნად აღემატება პირადი შემადგენლობის ანალოგიურ მაჩვენებელს, რაც მხოლოდ იმაზე შეიძლება მიგვანიშნებდეს, რომ ეუთო-ს ეგიდით 1990 წელს დადებული “ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების შესახებ ხელშეკრულებით” თურქეთის ევროპულ ტერიტორიაზე ჯავშანსატანკო ტექნიკის, საარტილერიო და საავიაციო შეიარაღების შეზღუდვის გამო, ამ ქვეყნის სარდლობას აზიურ ნაწილში საბრძოლო ტანკების, მოჯავშნული საბრძოლო მანქანებისა და 100 მმ-ზე მეტი ყალიბის საარტილერიო შეიარაღების მნიშვნელოვანი რაოდენობა შეყვანილი უნდა ჰყავდეს სპეციალურ საწყობებში. და ისიც ბუნებრივია ვივარაუდოთ, რომ იგი უნდა გეგმავდეს საჭიროების შემთხვევაში ქვეყნის ჩრდილოეთ რაიონებში მათ გადმოყვანასა და გამოყენებას.

რაც შეეხება მე-3 საველე არმიის შენაერთების განლაგებასა და მზადყოფნის ხარისხს, აქ ყველაზე უფრო მსხვილი საჯარისო შენაერთია მე-9 ქვეითი დივიზია, რომლის შემადგენლობაშიც შედიან სატანკო, ორი ქვეითი და საარტილერიო პოლკები, აგრეთვე საბრძოლო და ზურგის უზრუნველყოფის სხვა ნაწილები და ქვედანაყოფები. დივიზია დისლოცირებულია ქ. სარიყამიშში, ხოლო მის შემადგენლობაში 1998 წლის დასაწყისში ნაჩვენები იყო 10 130-მდე ადამიანი, 112 საბრძოლო ტანკი, 64 ჯავშანტრანსპორტერი, 128 საველე არტილერიის ქვემეხი და ნაღმსატყორცნი.

შეიძლება ითქვას, რომ ეს დეივიზია პირადი შემადგენლობითა და ძირითადი შეიარაღებით კარგად არის დაკომპლექტებული და მაღალ სამობილიზაციო და საბრძოლო მზადყოფნაში უნდა იმყოფებოდეს მასზე დაკისრებადი ამოცანების გადასაწყვეტად.

ამავე დროს ქ. სარიყამიში თანაბარი მანძილებით, დაახლოებით 120–150 კმ-ით არის დაშორებული საქართველოსა და სომხეთის საზღვრებიდან. მისგან აღმოსავლეთით, სომხეთის მიმართულებით, ქალაქებში ყარსსა და ქაღიზმანში თურქული არმიის სარდლობას განლაგებული ჰყავს 14-ე და მე-7 მექანიზებული ქვეითი ბრიგადები, რომლებიც საშტატო შეიარაღებით მხოლოდ ნაწილობრივ არიან დაკომპლექტებული. კერძოდ, მე-7 მექანიზებულ ბრიგადაში (ქაღიზმანი) 1998 წლის დასაწყისში ნაჩვენები იყო სულ 26 ტანკი (56-ის ნაცვლად), 72 ჯავშანტრანსპორტერი (120–140-ის ნაცვლად) და საველე არტილერიის 48 ქვემეხი და ნაღმსატყორცნი; 14-ე მექანიზებულ ბრიგადაში (ყარსი) შედიოდა 58 საბრძოლო ტანკი, 64 ჯავშანტრანსპორტერი და 54 საველე საარტილერიო სისტემა (როგორც ვხედავთ, აქ საბრძოლო ტანკები და საველე არტილერია სრულად არის სახეზე, ჯავშანტრანსპორტერებში კი სერიოზული დანაკლისი აღინიშნება).

ეს კი იმას ნიშნავს, რომ ამ საბრძოლო ბრიგადების სრულ მზადყოფნაში მოსაყვანად საჭირო იქნება ჯავშანსატანკო ტექნიკისა და ნაწილობრივ შესაძლოა საველე არტილერიის შევსება, რასაც გარკვეული დრო დასჭირდება. ამიტომ თურქული სარდლობა ამ მიმართულებაზე არ უნდა გეგმავდეს მოულოდნელად საბრძოლო მოქმედებების დაწყებას და ელვისებური ომის წარმებას.

სულ სხვა მდგომარეობაა სარიყამიშიდან ჩრდილოეთით საქართველოს მიმართულებით. აქ ქ. არტაანში განლაგებულ 25-ე მექნიზებულ ქვეით ბრიგადაში 1998 წლის დასაწყისში ნაჩვენები იყო პირადი შემადგენლობის 7100-ზე მეტი ადამიანი, 56 საბრძოლო ტანკი, 142 ჯავშანტრანსპორტერი, საველე არტილერიის 53 ქვემეხი და ნაღმსატყორცნი. გარდა ამისა, საქართველოს სამხრეთ-დასავლეთ რაიონის მახლობლად ქ. ტრაპიზონში დისლოცირებულია 48-ე ქვეითი ბრიგადა, რომელსაც, მართალია ჯავშანსატანკო ტექნიკა არ გააჩნია, მაგრამ მის შეიარაღებაში ნაჩვენები იყო საველე არტილერიის 78 ქვემეხი და ნაღმსატყორცნი. აქედან შეგვძლია დავასკვნათ, რომ ეს ორივე საბრძოლო ბრიგადა მაღალ სამობილიზაციო და საბრძოლო მზადყოფნაში უნდა იმყოფებოდეს მათზე დაკისრებადი ამოცანების შესრულებისთვის.

ასევე მაღალ მზადყოფნაში უნდა იმყოფებოდეს ნახჭევნის საპირისპიროდ ქ. დოღუბაიაზითში განლაგებული 1-ლი მექნიზებული ქვეითი ბრიგადა, რომელშიც 1998 წლის დასაწყისში ნაჩვენები იყო პირადი შემადგენლობის 10 000-მდე ადამიანი, 58 საბრძოლო ტანკი, 129 მოჯავშნული საბრძოლო მანქანა, 83 საველე არტილერიის ქვემეხი და ნაღმსატყორცნი.

აქედან შეგვიძლია დავასკვნათ, რომ თურქული სარდლობა სწორედ საქართველოსა და ნახჭევნის მიმართულებით უნდა გეგმავდეს მოულოდნელად საბრძოლო მოქმედებების გაჩაღებას, რისთვისაც მათი საზღვრების მახლობლად განლაგებული ჰყავს საბრძოლველად მზადმყოფი საჯარისო შენაერთები – მე-9 ქვეითი დივიზია, 48-ე ქვეითი ბრიგადა, 1-ლი და 25-ე მექანიზებული ქვეითი ბრიგადები. ორი უკანასკნელი ბრიგადიდან შედარებით უფრო ძლიერია ნახჭევნის საპირისპიროდ დისლოცირებული 1-ლი მექანიზებული ქვეითი ბრიგადა, რომლის შეიარაღებაშიც ნაჩვენებია M-60 სერიის საბრძოლო ტანკები და თვითმავალი საარტილერიო დანადგარები.

ამ ჯარების გარდა მე-3 საველერ არმიის შემადგენლობაში ანატოლის ჩრდილო-აღმოსავლეთ რაიონში 1998 წლის დასაწყისში განლაგებული იყო მე-4 ჯავშანსატანკო ბრიგადა (აშქალე), 12-ე (აგრი) და 29-ე (ფალანდოქენი) მექანიზებული ქვეითი, ასევე 51-ე ქვეითი (არზრუმი, დუმლუ) ბრიგადები, საარმიო ავიაციის მე-3 პოლკი (ერზინჯანი), 109-ე საარტილერიო პოლკი (არზრუმი) და სხვა ნაწილები. ისინი, როგორც წესი, მხოლოდ ნაწილობრივ არიან დაკომპლექტებული პირადი შემადგენლობითა და ძირითადი შეიარაღებით და, შესაბამისად, საზღვრისპირა პუნქტებში განლაგებული მეწინავე შენაერთებისთვის უახლოეს რეზერვს წარმოადგენენ.

როგორც ვთქვით, ეს ანალიზი გაკეთებულია 1998 წლის დასაწყისის მდგომარეობის მიხედვით, უფრო ახალი დეტალური მონაცემები არ გაგვაჩნია, მაგრამ ხელთ გვაქვს უკანასკნელი წლების თურქეთის სახმელეთო ჯარების პირადი შემადგენლობისა და შეიარაღების საერთო მაჩვენებლები. სტრატეგიული კვლევების ლონდონის საერთაშორისო ინსტიტუტის მონაცემებით, 2000 წელს თურქეთის მოსახლეობა შეადგენს 66 130 000 ადამიანს, მშვიდობიანობის დროის რეგულარული შეიარაღებული ძალების რიცხოვნებაა 609 700 ადამიანი, ხოლო შეიარაღებაში მათ გააჩნიათ 4205 საბრძოლო ტანკი, 4293 მოჯავშნული საბრძოლო მანქანა, 4962 საველე საარტილერიო სისტემა (მათ შორის ოპერატიულ-ტაქტიკური რაკეტების გასაშვები ამერიკული დანადგარებიც MLRS/ATACMS), 37 დამრტყმელი ვერტმფრენი, 505 საბრძოლო თვითმფრინავი, 14 ტაქტიკური წყალქვეშა ნავი, 22 მსხვილი წყალზედა საბრძოლო ხომალდი და სხვა შეიარაღება.

შედარებისთვის აქვე შეგვიძლია მოვიყვანოთ იმავე ლონდონური წყაროს მონაცემები თურქეთის ისტორიული მეზობლისა და მეტოქის ირანის შესახებ. ამ უკანასკნელის მოსახლეობა 2000 წლის მდგომარეობით შეადგენს 72 664 000 ადამიანს, მშვიდობიანობის დროის რეგულარული შეიარაღებული ძალებისა და “ისლამური რევოლუციის დარაჯთა კორპუსის” პირადი შემადგენლობის რიცხოვნება 638 000 ადამიანია. მათ შეიარაღებაში ნაჩვენებია 1605 საბრძოლო ტანკი, 1650 მოჯავშნული საბრძოლო მანქანა, 3300-ზე მეტი საველე არტილერიის ქვემეხი და ნაღმსატყორცნი, ოპერატიულ-ტაქტიკური რაკეტების დაახლოებით 25 გასაშვები დანადგარი (დაახლოებით 450 მართვადი ბალისტიკური რაკეტით), 100 დამრტყმელი ვერტმფრენი, 256 საბრძოლო თვითმფრინავი, ხუთი ტაქტიკური წყალქვეშა ნავი, სამი მსხვილი წყალზედა საბრძოლო ხომალდი და სხვა შეიარაღება.

როგორც ვხედავთ, თურქეთი ძირითადი შეიარაღების მიხედვით მნიშვნელოვნად აღემატება ირანს.

რაც შეეხება რუსეთს, 1991 წლის საბჭოთა კავშირთან შედარებით, მისი შეიარაღება დაახლოებით 3–4-ჯერაა შემცირებული რაოდენობრივად. ამავე დროს თუ გავითვალისწინებთ დღევანდელი რუსეთის საფინანსო-ეკონომიკურ მდგომარეობას, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მსხვილმასშტაბიანი შეტევითი ომის გაჩაღება მას უკვე აღარ უნდა შეეძლოს, მაგრამ სხვა საქმეა თავდაცვითი ომის წარმოება, ვინაიდან ამ დროს თავისი მოსახლეობის სრული მხარდაჭერა და ომში გამარჯვების მოსაპოვებლად ქვეყნის მთელი რესურსების ამოქმედება დიდი სისრულით უნდა იყოს გარანტირებული.

რაც შეეხება ამიერკავკასიას, სტრატეგიული კვლევების ლონდონის საერთაშორისო ინსტიტუტის მონაცემებით, 1991 წელს აქ ნაჩვენები იყო ორი საბჭოთა საველე არმიისა და ერთი ცალკეული საარმიო კორპუსის შტაბები, 10 მოტომსროლელი და ერთი საჰაერო-სადესანტო დივიზია, 4 საარტილერიო ბრიგადა/პოლკა, ოპერატიულ-ტაქტიკური რაკეტების 4 ბრიგადა, საჰაერო-სადესანტო ბრიგადა, სპეციალური დანიშნულების 2 ბრიგადა, დამრტყმელი ვერტმფრენების პოლკი და სხვა საჯარისო ერთეულები. 

“ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების შესახებ ხელშეკრულების” (1990 წლის ნოემბერი) ძალით ნატო-სა და ვარშავის ხელშეკრულების ორგანიზაციას თითოეულს საფლანგო რაიონში (რომელიც ორივე ჩრდილოეთ და სამხრეთ ფლანგს მოიცავს) მთლიანობაში რეგულარულ საჯარისო ნაწილებში შეეძლო განელაგებინა არაუმეტეს 4700 საბრძოლო ტანკის, 5900 მოჯავშნული საბრძოლო მანქანის და 6000 საველე საარტილერიო სისტემისა. ნატო-ს მხრიდან საფლანგო რაიონში შევიდნენ ნორვეგია, ისლანდია, საბერძნეთი და თურქეთის ევროპული ტერიტორია (ქვეყნის უდიდესი ნაწილი სამხრეთ-აღმოსავლეთ ანატოლიის გამოკლებით); ვარშავის ხელშეკრულების მხრიდან – ბულგარეთი, რუმინეთი და საბჭოთა კავშირის ლენინგრადის, ოდესის, ჩრდილო-კავკასიისა და ამიერკავკასიის სამხედრო ოლქების ტერიტორიები. ამ რაიონში საკუთარ ტერიტორიაზე სსრკ-ის სარდლობას შეეძლო მშვიდობიანობის დროს რეგულარულ საჯარისო ნაწილებში მუდმივად განელაგებინა არაუმეტეს 1850 საბრძოლო ტანკის, 1800 მოჯავშნული საბრძოლო მანქანის და 2775 საველე არტილერიის ქვემეხის და ნაღმსატყორცნისა (დანარჩენი საფლანგო კვოტები ერგოთ ბულგარეთსა და რუმინეთს). გარდა ამისა, საბჭოთა სარდლობას შეეძლო ოდესისა და ლენინგრადის სამხედრო ოლქებში სპეციალურ საწყობებში ჰყოლოდა დამატებით არაუმეტეს 1000 საბრძოლო ტანკის, 800 მოჯავშნული საბრძოლო მანქანის და 900 საველე საარტილერიო სისტემისა.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ 1992 წლის მაისში ტაშკენტში დადეს შეთანხმება, რომლის ძალითაც ამ ქვეყნის ევროპულ ტერიტორიაზე გასალაგებელი ჩვეულებრივი შეიარაღების კვოტები გადაანაწილეს აღნიშნულ ტერიტორიაზე წარმოქმნილ ახალ დამოუკიდებელ სახელმწიფოებს – რუსეთს, ბელორუსს, უკრაინას, მოლდოვას, აზერბაიჯანს, საქართველოსა და სომხეთს შორის (რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, ბალტიის ქვეყნებმა ყოფილი სსრკ-ის სამართალმემკვიდრეობასა და, შესაბამისად, ამ კვოტებზეც უარი თქვეს).

ამ გადანაწილების შედეგად რუსეთს ლენინგრადისა და ჩრდილო-კავკასიის სამხედრო ოლქების ტერიტორიებზე შეეძლო რეგულარულ ნაწილებში განელაგებინა არაუმეტეს 1300 საბრძოლო ტანკის, 1380 მოჯავშნული საბრძოლო მანქანის და 1680 საველე სარტილერიო სისტემისა. გარდა ამისა, ლენინგრადის სამხედრო ოლქში რუსულ სარდლობს უფლება მისცეს სპეციალურ საწყობებში შეეყვანა არაუმეტეს 600 საბრძოლო ტანკის, 800 მოჯავშნული საბრძოლო მანქანის და 400 საველე სარტილერიო სისტემისა. 

შემდგომ წლებში რუსეთმა მიაღწია დასავლეთის მმართველი წრეებისგან თანხმობას სრული კვოტების შენარჩუნების პირობებში ცენტრალურ რაიონში (მოსკოვისა და ვოლგისპირეთის სამხედრო ოლქების ტერიტორიაზე) გასალაგებელი შეიარაღების შემცირების ხარჯზე საფლანგო რაიონში გაეზარდა ჯავშანსატანკო ტექნიკისა და საველე არტილერიის კვოტები. სახელდობრ, 1998 წლის დასაწყისში საფლანგო რაიონში რეგულარულ საჯარისო ნაწილებში რუსული არმიის სარდლობას განლაგებული ჰყავდა 1254 საბრძოლო ტანკი, 3524 მოჯავშნული საბრძოლო მანქანა (უწინდელ კვოტაზე 2,5-ჯერ მეტი), 1743 საველე არტილერიის ქვემეხი და ნაღმსატყორცნი; გარდა ამისა, ლენინგრადის სამხედრო ოლქში სპეციალურ საწყობებში ნაჩვენები იყო 540 საბრძოლო ტანკი, 411 მოჯავშნული საბრძოლო მანქანა და 400 საველე საარტილერიო სისტემა.

ამ შეიარაღებიდან საკუთრივ ჩრდილო-კავკასიის სამხედრო ოლქის ტერიტორიაზე (ამიერკავკასიაში განლაგებული სამხედრო ბაზების ჩათვლით) 1998 წლის დასაწყისში რუსულ სარდლობას რეგულარულ საჯარისო ნაწილებში ჰავდა 627 საბრძოლო ტანკი, 1796 მოჯავშნული საბრძოლო მანქანა, საველე არტილერიის 809 ქვემეხი და ნაღმსატყორცნი; გარდა ამისა აქვე ნაჩვენები იყო 55 სატანკო ხიდგამყვანი, 81 დამრტყმელი ვერტმფრენი და სხვა შეიარაღება. ხოლო ლენინგრადის სამხედრო ოლქის რეგულარულ საჯარისო ნაწილებში რუსულ სარდლობას განლაგებული ჰყავდა სულ 332 საბრძოლო ტანკი, 88 მოჯავშნული საბრძოლო მანქანა, 543 საველე სარტილერიო სისტემა, 40 სატანკო ხიდგამყვანი, 69 დამრტყმელი ვერტმფრენი და სხვა შეიარაღება.

ამ შედარებიდან ჩანს რამდენად დიდ მნიშვნელობას ანიჭებს რუსეთის სახმელეთო ჯარების სარდლობა სწორედ თავისი სამხრეთ ფლანგის გაძლიერებას და აქ განლაგებული ტაქტიკური შენაერთებისა და ნაწილების საბრძოლო მზადყოფნისა და ბრძოლისუნარიანობის მაღალ დონეზე შენარჩუნებას. მაგრამ ამის უფრო სრულად წარმოდგენისთვის უპრიანია განვიხილოთ რუსეთის ევროპულ ნაწილში განლაგებული საჯარისო შენაერთების პირადი შემადგენლობითა და ძირითადი შეიარაღებით დაკომპლექტებულობის სურათი, რაც უფრო ნათელ წარმოდგენას მოგვცემს ჯარების სამობილიზაციო და საბრძოლო მზადყოფნაზე.

სახელდობრ, კალინინგრადის ადმინისტრაციულ ოლქში 1998 წლის დასაწყისში რუსულ სარდლობას დისლოცირებული ჰყავდა 829 საბრძოლო ტანკი, 862 მოჯავშნული საბრძოლო მანქანა, საველე არტილერიის 336 ქვემეხი და ნაღმსატყორცნი, 27 სატანკო ხიდგამყვანი, 46 დამრტყმელი ვერტმფრენი, და პირადი შემადგენლობის სულ 14 700 ადამიანი. შესაბამისად აქ განლაგებული შენაერთები პირადი შემადგენლობით სუსტად არიან დაკომპლექტებული (1-ლ მოტომსროლელ დივიზიაში ნაჩვენები იყო 2308 ადამიანი 10–12 ათასის ნაცვლად, 18-ე მოტომსროლელ დივიზიაში კი – 3412 ადამიანი) და დაბალ მზადყოფნაში იმყოფებიან მათზე დაკისრებადი ამოცანების გადასაწყვეტად. ანუ სხვა სიტყვებით, რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობას ამ რაიონში თუმცა კი მნიშვნელოვანი შეიარაღება აქვს განლაგებული, მაგრამ უახლოეს ხანებში ამ მიმართულებით სავარაუდო მოწინააღმდეგის მხრიდან მსხვილმასშტაბიან შემოტევას არ მოელის.

ასეთივე მდგომარეობაა ლენინგრადის სამხედრო ოლქშიც, სადაც, როგორც ვთქვით, 540 საბრძოლო ტანკი, 411 მოჯავშნული საბრძოლო მანქანა და 400 საველე საარტილერიო სისტემა სპეციალურ საწყობებშია განთავსებული, ხოლო რეგულარულ საჯარისო ნაწილებში პირადი შემადგენლობისა და ძირითადი შეიარაღების მნიშვნელოვანი ნაკლულებაა. ეს გამოწვეული უნდა იყოს როგორც რუსეთის ფინანსური სიძნელეებით, ისე მთლიანად საფლანგო რაიონში დაწესებული შეზღუდვების გამო ძირითადი ყურადღების ჩრდილო-კავკასიის სამხედრო ოლქზე გადმოტანით.

მოსკოვის სამხედრო ოლქში სუსტად დაკომპლექტებული დივიზიების გვერდით განლაგებულია კარგად დაკომპლექტებული და საბრძოლველად მზადმყოფი დივიზიებიც. სახელდობრ, მე-2 მოტომსროლელ დივიზიაში (ქ. კალინინეცი) 1998 წლის დასაწყისში ნაჩვენები იყო პირადი შემადგენლობის 8408 ადამიანი, 193 საბრძოლო ტანკი, 470 მოჯავშნული საბრძოლო მანქანა, 148 საველე საარტილერიო სისტემა, 4 სატანკო ხიდგამყვანი; მე-3 მოტომსროლელ დივიზიაში (ქ. ნოვიი) – 9947 ადამიანი, 256 საბრძოლო ტანკი, 350 მოჯავშნული საბრძოლო მანქანა, საველე არტილერიის 150 ქვემეხი და ნაღმსატყორცნი, 4 სატანკო ხიდგამყვანი; მე-4 სატანკო დივიზიაში (ქ. ნარო-ფომინსკი) იმავე 1998 წლის დასაწყისში შედიოდა პირადი შემადგენლობის 8111 ადამიანი, 315 საბრძოლო ტანკი, 301 მოჯავშნული საბრძოლო მანქანა, 118 საველე საარტილერიო სისტემა, 8 სატანკო ხიდგამყვანი, და სხვა შეიარაღება.

გარდა ამისა, მეტად საყურადღებოა მოსკოვის სამხედრო ოლქის სამხრეთ ნაწილში ვორონეჟთან ახლოს ქ. ბოგუჩარში დისლოცირებული 10-ე სატანკო დივიზიის დაკომპლექტებულობის მაჩვენებელი. 1998 წლის 1-ლი იანვრისთვის მასში შედიოდა პირადი შემადგენლობის 4500 ადამიანი, 263 საბრძოლო ტანკი, 359 მოჯავშნული საბრძოლო მანქანა, საველე არტილერიის 119 ქვემეხი და ნაღმსატყორცნი, 7 სატანკო ხიდგამყვანი და სხვა შეიარაღება. როგორც ვხედავთ, ძირითადი შეიარაღებით ეს დივიზია კარგად არის დაკომპლექტებული, პირადი შემადგენლობით კი სანახევროდ. და თუ იგი მოსკოვის მიმართულებას უნდა იფარავდეს უკრაინის ჯარების სამხრეთის მხრიდან შესაძლო შემოტევისგან, მაშინ მისი პირადი შემადგენლობით მხოლოდ სანახევროდ დაკომპლექტება რუსული სარდლობის მხრიდან დიდი შეცდომა იქნებოდა. მაგრამ სულ სხვანაირადაა ვითარება, თუკი დავუშვებთ, რომ ეს დივიზია განკუთვნილია სამხრეთის მიმართულებით სამოქმედოდ. საქმე იმაშია, რომ ამ მიმართულებაზე რუსულ სარდლობას ჩრდილო-კავკასიისა და ვოლგისპირეთის სამხედრო ოლქებში განლაგებული ჰყავს სამი კარგად დაკომპლექტებული მოტომსროლელი დივიზია: 19-ე (ვლადიკავკაზი), 20-ე (ვოლგოგრადი) და 27-ე (ტოცკოე), თითოეული 10–12 ათასი ადამიანის პირადი შემადგენლობით, 110–165 საბრძოლო ტანკით, 230–425 მოჯავშნული საბრძოლო მანქანით, 115–123 საველე საარტილერიო სისტემითა და სხვა შეიარაღებით. 

ვინაიდან თანამედროვე ზოგადსაჯარისო საბრძოლო მოქმედებებში პირველ ეშელონში, როგორც წესი, მოქმედებენ მოტომსროლელი (მოტოქვეითი, მექანიზებული ქვეითი) ნაწილები და შენაერთები, ხოლო ჯავშანსატანკო (სატანკო) ჯარები კი მეორე ეშელონს (რეზერვს) შეადგენენ, ამიტომ თავისთავად იკვეთება რუსული სარდლობის ჩანაფიქრიც: როგორც ჩანს, 19-ე, 20- და 27-ე დივიზიები განკუთვნილი უნდა იყოს ამიერკავკასიაში თურქულ-დასავლური ალიანსის მიერ გაჩაღებული სავარუდო ომის საწყის ეტაპზე პირველ ოპერატიულ ეშელონში მოქმედებებისთვის, ხოლო 10-ე სატანკო დივიზია იქნება მეორე ეშელონში (რეზერვში), თავაცვაში შემოჭრილი მოწინააღმდეგის მოსაგერიებლად ან კიდევ შეტევაში წარმატების განვითარებისთვის. აქედან გამომდინარე, კრიზისულ პერიოდში ან საბრძოლო მოქმედებების დაწყების შემდეგ 10-ე სატანკო დივიზიის მეთაურობას საკმარისი დრო ექნება პირადი შემადგენლობისა და საბრძოლო ტექნიკის სრულად დაკომპლექტებისა და საბრძოლველად მომზადებისთვის. გარდა ამისა, ჩრდილო-კავკასიის, მოსკოვისა და ვოლგისპირეთის სამხედრო ოლქების ტერიტორიაზე დისლოცირებულია ოთხი საჰაერო-სადესანტო დივიზია: მე-7 (ნოვოროსიისკი), 98-ე (ივანოვო), 106 (ტულა) და 104 (ულიანოვსკი), რომლებიც მუდმივად მაღალ სამობილიზაციო და საბრძოლო მზადყოფნაში იმყოფებიან, და მათგან ორი–სამი დივიზიის გამოყვანა ამიერკავკასიის მიმართულებით ომის საწყის ეტაპზე სამოქმედოდ რუსული სამხედრო ხელმძღვანელობისთვის რაიმე სიძნელეს არ უნდა წარმოადგენდეს. 

რაც შეეხება საბრძოლო მოქმედებების სავარაუდო რაიონს, ამაზე მიგვანიშნებს ჩრდილო-კავკასიის სამხედრო ოლქის ჯარების ოპერატიული მართვის ორგანოების განლაგება. სახელდობრ, აღნიშნულ სამხედრო ოლქში დისლოცირებულია ერთი საველე არმია (58-ე) და ორი ცალკეული საარმიო კორპუსი (მე-8 და 67-ე), რომლებიც აღნიშნული არმიის შემადგენლობაში არ შედიან. 58-ე არმიის შტაბი განლაგებულია ქ. ვლადიკავკაზში, 67-ე და მე-8 ცალკეული საარმიო კორპუსებისა, შესაბამისად, კრასნოდარსა და ვოლგოგრადში. 1998 წლის დასაწყისში 58-ე არმიის საბრძოლო შემადგენლობაში შედიოდა ერთი მოტომსროლელი დივიზია (19-ე, ვლადიკავკაზი) და ორი ცალკეული მოტომსროლელი ბრიგადა (ქალაქებში ბუდიონოვსკსა და ბუინაკსკში), აგრეთვე საბრძოლო და ზურგის უზრუნველყოფის სხვა ნაწილები. მაგრამ ომიანობის დროის შტატებით ტიპიურ რუსულ საველე არმიაში უნდა შედიოდეს ექვსი საბრძოლო დივიზია (მოტომსროლელი და სატანკო), აგრეთვე უზრუნველყოფის ჯარები და სამსახურები. 

ვინაიდან რუსული სარდლობა ინარჩუნებს 58-ე არმიის შტაბს, ამიტომ იგი საჭიროების შემთხვევაში მის სრულად გაშლას უნდა ვარაუდობდეს, ხოლო ვინაიდან ეს შტაბი დისლოცირებულია ქ. ვლადიკავკაზში, ანუ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის მახლობლად, ამიტომ სრულად გაშლილი არმიის ძირითადი ძალების განლაგებასა და მოქმედებებს იგი უნდა გეგმავდეს სწორედ ამიერკავკასიის ტერიტორიაზე. შესაძლოა ამ მომავალი დივიზიების ბირთვებად რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობა ითვალისწინებდეს ბათუმში, ახალქალაქსა და გიუმრიში განლაგებულ თავის სამხედრო ბაზებს. მით უმეტეს, რომ ეს ბაზები დგანან თურქული სახმელეთო ჯარების სისხლსავსე და საბრძოლველად მზადმყოფი შენაერთების – მე-9 ქვეითი დივიზიის, 48-ე ქვეითი ბრიგადისა და 25-ე მექანიზებული ქვეითი ბრიგადის – საპირისპიროდ. და თუმცა კი ამ რუსულ სამხედრო ბაზებში პირადი შემადგენლობა ცოტაა, მათი შეიარაღება იძლევა დამხმარე ძალების მოსვლამდე თავდაცვითი და შემკავებელი მოქმედებების წარმოების შესაძლებლობას.

თუკი ამ ბაზებს საქართველოდან გაიყვანენ, მაშინ თურქულ-დასავლურ ჯარებს საშუალება მიეცემათ აქ დაუბრკოლებლად შემოვიდნენ და აითვისონ საქართველოსა და აზერბაიჯანის ტერიტორია. მაგრამ შემდეგ ცენტრალურ აზიაში სამხედრო ოპერაციების გადატანისთანავე, სავარაუდოა, რომ ამ ომში სერიოზულად ჩაებმება ჩინეთიც, თუნდაც კორეის ომის მსგავსად რამდენიმე მილიონი კარგად გაწვრთნილი და შეიარაღებული მოხალისის გაგზავნით, რომლებიც სავარაუდოა, რომ რუსულ, ირანულ და ადგილობრივ ჯარებთან ერთობლივად საკმაოდ დიდი მასშტაბის ომს გაუმართავენ დასავლურ სახელმწიფოებს. ომი მიიღებს გაჭიანურებულ ხასიათს, ხოლო ამიერკავკასია და, შესაბამისად, საქართველოც გადაიქცევა საბრძოლო მოქმედებების ზურგის რაიონად და იქცევა რუსულ-ირანული მოიერიშე და ბომბდამშენი ავიაციის ინტენსიური თავდასხმების ობიექტად.

ამ მხრივ მეტად საყურადღებოა რუსეთის ევროპულ ნაწილში ტაქტიკური საბრძოლო ავიაციის განლაგების რუკის განხილვაც. ლენინგრადის სამხედრო ოლქში დისლოცირებულია 76-ე ტაქტიკური საჰაერო არმია (შტაბი სანკტ-პეტერბურგში), რომლის საბრძოლო შემადგენლობაშიც 1998 წლის დასაწყისში ნაჩვენები იყო სადაზვერვო საავიაციო პოლკი, გამანადგურებელი და ბომბდამშენი საავიაციო დივიზიები. მასში სულ მოითვლებოდა 260 საბრძოლო თვითმფრინავი, მათგან 46 სადაზვერვო, 136 გამანადგურებელი და 78 საფრონტო (ტაქტიკური) ბომბდამშენი. 

მოსკოვის სამხედრო ოლქის ტერიტორიაზე განლაგებულია 16-ე ტაქტიკური საჰაერო არმია (კუბინკა), რომლის საბრძოლო შემადგენლობაშიც შედიან სადაზვერვო და მოიერიშე საავიაციო პოლკები, გამანადგურებელი და ბომბდამშენი საავიაციო დივიზიები. მის შეიარაღებაში იმავე 1998 წლის დასაწყისში ნაჩვენები იყო 421 საბრძოლო თვითმფრინავი, მათგან 59 სადაზვერვო, 53 მოიერიშე, 130 საფრონტო ბომბდამშენი და 126 გამანადგურებელი.

ჩრდილო-კავკასიის სამხედრო ოლქის ტერიტორიაზე დისლოცირებულია მე-4 ტაქტიკური საჰაერო არმია (დონის როსტოვი), რომლის საბრძოლო შემადგენლობაშიც შედიან სადაზვერვო საავიაციო პოლკი, მოიერიშე, ბომბდამშენი და გამანადგურებელი საავიაციო დივიზიები. მის შეიარაღებაში 1998 წლის დასაწყისში ნაჩვენები იყო 337 საბრძოლო თვითმფრინავი, მათ შორის 36 სადაზვერვო, 101 მოიერიშე, 93 საფრონტო ბომბდამშენი და 107 გამანადგურებელი.

გარდა ამისა, თითოეული სამხედრო ოლქის ტერიტორიაზე დისლოცირებულია საჰაერო თავდაცვის ჯარების შენაერთები და ნაწილები, რომელთაც შეიარაღებაში გააჩნიათ გამანადგურებელ-დამჭერი თვითმფრინავები, სტაციონარული და მობილური საზენიტო სარაკეტო კომპლექსები.

რუსეთის ფედერაციის ტაქტიკური საბრძოლო ავიაციის ასეთ განლაგებაში ჩვენთვის საყურადღებო უნდა იყოს ორი ძირითადი გარემოება. ჯერ ერთი, ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ საჰაერო არმიების შემადგენლობაში იზრდება მოიერიშე ავიაციის ხვედრითი წილი; და ვინაიდან მოიერიშე ავიაციას (Су-25 ტიპის თვითმფრინავები) ეკისრება უმთავრესად ბრძოლის ველზე და უახლოეს ტაქტიკურ სიღრმეში მიწისზედა ჯარების საბრძოლო მოქმედებებისთვის საავიაციო მხარდაჭერის აღმოჩენა, ამიტომ ჩრდილო-კავკასიის სამხედრო ოლქის ტერიტორიაზე მოიერიშე ავიადივიზიის გამოჩენა სწორედ იმაზე შეიძლება მიგვანიშნებდეს, რომ რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობა ამ რაიონში მოელის სავარაუდო მოწინააღმდეგის მხრიდან მსხვილმასშტაბიანი საბრძოლო მოქმედებების გაჩაღებას. თავად მას, როგორც ვთქვით, საამისოდ არც პოლიტიკური საფუძველი და არც სათანადო ფინანსები არ გააჩნია.

მეორეც, მოსკოვის სამხედრო ოლქში განლაგებული საჰაერო არმიის შემადგენლობაში მყოფი მოიერიშე ავიაპოლკი და ბომბდამშენი საავიაციო დივიზიის ოთხი პოლკიდან სამი განლაგებულია აღნიშნული სამხედრო ოლქის სამხრეთ რაიონში, ძირითადად ვორონეჟის ადმინისტრაციული ოლქის ტერიტორიაზე. მთლიანობაში მოსკოვის სამხედრო ოლქის სამხრეთ რაიონში 1998 წლის დასაწყისში ნაჩვენები იყო 53 მოიერიშე თვითმფრინავი (Су-25) და 100 საფრონტო ბომდამშენი (Су-24). ვინაიდან ამ საავიაციო პოლკების გასალაგებლად რუსეთის სამხედრო-საჰაერო ძალების სარდლობამ აირჩია სწორედ ჩრდილო-კავკასიის სამხედრო ოლქის მახლობელი რაიონი, ეს მხოლოდ იმაზე შეიძლება მიგვანიშნებდეს, რომ მათ გამოყენებას იგი უნდა ვარაუდობდეს სამხრეთის მიმართულებაზე. ასეთ შემთხვევაში, ვინაიდან მოიერიშე და ბომბდამშენი პოლკების საბაზო აეროდრომები საბრძოლო მოქმედებების სავარაუდო რაიონის მახლობლად იქნება განლაგებული, ამიტომ რუსული საბრძოლო ავიაციის პილოტებს ნაკლები დრო და საწვავი დაეხარჯებათ გზაში და მეტი საშუალება ექნებათ ბრძოლის ველის თავზე და ტაქტიკურ სიღრმეში მოწინააღმდეგის მიზნების უფრო მაღალი ეფექტურობითა და სიზუსტით დაბომბვებისთვის.

ამრიგად, საქართველოდან რუსეთის სამხედრო ბაზების გაყვანა, ჩვენი აზრით, ნიშნავს აქ თურქულ-დასავლური ალიანსის ჯარების შემოსვლისა და ამიერკავკასია–ცენტრალური აზიის მიმართულებაზე მსხვილმასშტაბიანი ომის გაჩაღებისთვის წინაპირობების შექმნას. გადაიქცევა ჩვენი ქვეყანა საბრძოლო მოქმედებების რაიონად თუ დასავლური ალიანსის ჯარების ზურგის რაიონად, ორივე შემთხვევაში ნგრევა, მსხვერპლი და ასეთი ომის თანამდევი სხვა უბედურებანი არ აგვცდება. და რაც მეტად მნიშვნელოვანია, ამ ომის ინიციატორი არის არა რუსეთი, არამედ დასავლეთი. რუსეთი ჩუმად და საქმიანად ემზადება ომისთვის, რომელიც მისთვის იქნება თავდაცვითი და სამართლიანი, შესაბამისად ექნება რუსული საზოგადოლების პრაქტიკულად სრული მხარდაჭერა, და, შესაძლოა, ამ ქვეყნის მმართველი წრეები ამ ომით იმის დაბრუნებასაც კი ფიქრობდნენ, რაც 90-იან წლებში პოლიტიკურად და ეკონომიკურად დაკარგეს.

ამავე დროს, როგორც სამხედრო საქმეში ჩახედულმა ერთერთმა ქართველმა მკვლევარმა (მირიან მირიანაშვილმა) მიაქცია ყურადღება, სამხედრო დანიშნულებით გამოყენებადი ინფრასტრუქტურა, განსაკუთრებით რკინიგზები, გაცილებით უკეთესადაა განვითარებული ამიერკავკასიაში, ვიდრე ჩრდილო-აღმოსავლეთ თურქეთში. სახელდობრ, ამ რაიონში თურქეთის ტერიტორიაზე ამიერკავკასიისკენ მოდის მხოლოდ ერთი რკინიგზა ერზინჯანი – არზრუმი – ყარსი – ყარაქიოსე – გიუმრის (სომხეთი) გავლით; ამიერკავკასიაში კი თურქეთისკენ მიემართება ოთხი რკინიგზა: თბილისი – ბათუმის, თბილისი – ახალციხის, თბილისი – ალავერდი (სომხეთი) – გიუმრისა და თბილისი – რუსთავი – ერევანი (სომხეთი) – ეჩმიაძინის (სომხეთი) მიმართულებით. გარდა ამისა, სარკინიგზო მაგისტრალი მიუყვება სომხეთის, აზერბაიჯანისა და ირანის დასავლეთ სასაზღვრო რაიონებს ქ. გიუმრიდან სახრეთისკენ ირანის ქალაქების გავლით. თავად ამიერკავკასიაში რკინიგზები შემოდის რუსეთიდან დასავლეთის მხრიდან დონის როსტოვი – კრასნოდარი – ტუაფსე – სოჭის გამოვლით, ხოლო აღმოსავლეთის მხრიდან მახაჩკალა – ბაქოს მიმართულებით. და ვინაიდან რკინიგზებს დიდი მნიშვნელობა ენიჭება საბრძოლო მოქმედებების წარმოებისას მოქმედი ჯარების გადაყვანის, საბრძოლო ტექნიკით, შეიარაღებითა და საბრძოლო მასალებით მომარაგების საქმეში, ამიტომ თანაბარი ძალის მქონე ჯარებისთვის ამიერკავკასიის მხრიდან თურქეთის მიმართულებით ომის წარმოება უფრო ადვილი უნდა იყოს, ვიდრე პირიქით.

ჩვენი აზრით, სწორედ ეს უნდა ედოს საფუძვლად უკანასკნელ წლებში დასავლეთის სახელმწიფოთა (აშშ, დიდი ბრიტანეთი) მმართველი წრეების გააქტიურებას საქართველოდან რუსული სამხედრო ბაზების გაყვანის საკითხში. და პირიქით, ამაშივე უნდა ვეძებოთ რუსეთის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის ქმედითი დაინტერესება ბათუმისა და ახალქალაქის სამხედრო ბაზების შენარჩუნებისთვის. თუკი რუსეთი არ გაიყვანს ამ სამხედრო ბაზებს, მაშინ უნდა მოველოდეთ დასავლეთის მიერ ამიერკავკასია – ცენტრალური აზიის მიმართულებით მსხვილმასშტაბიანი ომის გაჩაღების გეგმების უარყოფას ან გარკვეულ კორექტირებას, ან კიდევ უწინდელი ძირითადი გეგმის მიხედვით მის გაჩაღებას, სადაც რუსეთს მნიშვნელოვანი უპირატესობა უნდა ჰქონდეს საბჭოთა პერიოდში უფრო უკეთესად განვითარებული სამხედრო ინფრასტრუქტურის წყალობით.

რაც შეეხება სომხეთსა და აზერბაიჯანს, ეს ორივე სახელმწიფო საქართველოს თანაზომადია ტერიტორიისა და მოსახლეობის მიხედვით, მაგრამ შეიარაღებული ძალებისა და ძირითადი შეიარაღების რაოდენობითა და ხარისხით ორივე აღემატება ჩვენს ქვეყანას. ამასთანავე, შეიარაღების მიხედვით აზრბაიჯანი სომხეთსაც აღემატება, მაგრამ, ამისდა მიუხედავად, სომხეთმა რამდენიმეწლიან ომში უდაო სამხედრო გამარჯვება მოიპოვა აზერბაიჯანზე. დღესდღეობითაც მათი საჯარისო ერთეულები ძირითადად ერთი-მეორის საპირისპიროდ დგანან სომხეთ-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრისა და მთიანი ყარაბაღის ყოფილი ავტონომიური ოლქის ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ.

რაც შეეხება საქართველოს მიმართ მათ სავარაუდო მიზნებს, აქ ჩვენი აზრით, მეტად საყურადღებო უნდა იყოს სომხეთის სახმელეთო ჯარების მე-3 საარმიო კორპუსის შენაერთებისა და ნაწილების განლაგების რუკის გულდასმით განხილვა. ეს კორპუსი აკონტროლებს სომხეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ რაიონს, რომელიც უშუალოდ ესაზღვრება აზერბაიჯანის ჩრდილო-დასავლეთ ტერიტორიასა და საქართველოს ქვემო ქართლის პროვინციას. მისი შტაბი დისლოცირებულია ქ. ვანაძორში (ყოფილი კიროვაკანი). მე-3 საარმიო კორპუსის საჯარისო ერთეულების განლაგება შემდეგნაირია: აზერბაიჯანის საზღვრის მახლობელ რაიონში სომხეთის ტერიტორიაზე ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ განლაგებულია 542-ე მოტომსროლელი პოლკი (ნოემბერიანი), 535-ე მოტომსროლელი ბრიგადა (ბერდი) და 246-ე მოტომსროლელი პოლკი (იჯევანი); მათ ზურგში ქ. დილიჟანში განლაგებულია სატანკო ბატალიონი, ხოლო უფრო ღრმა ზურგში ქ. ვანაძორში – მე-3 მოტომსროლელი პოლკი. ერთი შეხედვით, ეს გახლავთ პოზიციური თავდაცვისთვის ჯარების განლაგების კლასიკური ნიმუში – წინა ხაზზე მოტომსროლელი (ქვეითი) ნაწილები, მათ მახლობელ ზურგში კორპუსის სატანკო ბირთვი თავდაცვაში შემოჭრილი მოწინააღმდეგის განადგურებისა და უკუგდებისთვის, ხოლო უფრო ღრმა ზურგში – მცირე მოტომსროლელი (ქვეითი) რეზერვი საჭირო მიმართულებაზე დასახმარებლად, ან კიდევ ტანკებთან ერთობლივად კონტრშეტევის განხორციელებისთვის. აზერბაიჯანულ სარდლობას შესაბამის რაიონში ქალაქებში ყაზახსა და თოვუზში განლაგებული ჰყავს თითო–თითო მოტომსროლელი (ფაქტიურად ქვეითი) ბრიგადა, ხოლო უფრო ღრმა ზურგში ქ. განჯაში – მნიშვნელოვანი საჯარისო რეზერვი რამოდენიმე მოტომსროლელი (ქვეითი) ბრიგადისა და სხვა საჯარისო ერთეულების სახით.

მაგრამ ასეთი თავდაცვის სქემას, საქართველოსთან მიმართებით, არღვევს ერთი გარემოება. საქმე იმაშია, რომ სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური მონაცემებით, ქ. ნოემბერიანში დისლოცირებული 543-ე მოტომსროლელი პოლკის შეიარაღებაში 1998 წლის დასაწყისში ნაჩვენები იყო МТУ-20 ტიპის სატანკო ხიდგამყვანი. ეს არის საშუალო ტანკის კორპუსზე კოშკის ნაცვლად დამონტაჟებული გასაშლელი ხიდი, რომლითაც შესაძლებელია საბრძოლო ტანკებისა და მოჯავშნული საბრძოლო მანქანების მიერ წყლის დაბრკოლებებისა და განიერი თხრილების უმოკლეს ვადებში გადალახვა.

მართალია, აზერბაიჯანის ტერიტორიაზე სომხეთის საზღვრის პარალელურად მიედინება მდ. მტკვარი, მაგრამ ქალაქები ყაზახი და თოვუზი, მათში განლაგებული აზერბაიჯანული ჯარებით, მდებარეობს მტკვრის კალაპოტისგან დასავლეთით, და ამიტომ სომხურ ჯარებს მათზე შეტევისთვის მდინარის გადალახვა, უბრალოდ, არ სჭირდებათ. სულ სხვა ვითარება იქმნება, თუკი დავუშვებთ, რომ ეს სატანკო ხიდგამყვანი განკუთვნილი უნდა იყოს საქართველოს მიმართულებით შემომტევი ჯარების საბრძოლო მოქმედებების უზრუნველყოფისთვის. აქ საქართველო-სომხეთის საზღვრის მახლობლობაში მიედინება მდ. ხრამი, რომლის ნაპირებზეც 1918 წლის დეკემბერში გამაგრდნენ ქართული ჯარები, ამ ბუნებრივი დაბრკოლების უნარიანად გამოყენებით გააჩერეს თბილისზე სომხური ჯარების შემოტევა და შემდეგ უკუაგდეს კიდეც მოწინააღმდეგე.

ამჯერადაც, როგორც ჩანს, სომხური სარდლობა უნდა გეგმავდეს საქართველოში შემოჭრას და, ამავე დროს, წარუმატებელი წარსული ომის გამოცდილების გათვალისწინებით, დიდ მნიშვნელობას უნდა ანიჭებდეს სწორედ მდ. ხრამის სწრაფად გადმოლახვას და შემდეგ თბილისისკენ შემოტევის განვითარებას. ასეთ შემთხვევაში სომხურთან შედარებით საკმაოდ სუსტ ქართულ ჯარებს, ძირითადად კოდაში დისლოცირებულ 11-ე მოტომსროლელ (ქვეით) ბრიგადას, აგრეთვე თბილისში განლაგებულ 1-ლ გვარდიულ და საარტილერიო ბრიგადებს მეტად გაუჭირდებათ მოწინააღმდეგის გაჩერება და თბილისის თავდაცვა. ამას გვაფიქრებინებს როგორც სომხური ჯარების უკეთესი ორგანიზაცია და შეიარაღება, ისე აზერბაიჯანთან ომში მათ მიერ მოწინააღმდეგის ჭარბ ძალებზე მოპოვებული გამარჯვება და შეძენილი მდიდარი საბრძოლო გამოცდილება, დისციპლინა და შემართება.

ამავე დროს, ამიერკავკასიაში დიდი ომის მზადების სურათის გათვალისწინებით, მოსალოდნელია მასში სომხური ჯარების რუსულ შენაერთებთან ერთობლივად მჭიდრო ურთიერთმოქმედება.

რაც შეეხება აზერბაიჯანს, მის სარდლობასაც ჰყავს შეიარაღებაში ამ რაიონში სატანკო ხიდგამყვანი, მაგრამ იგი 1998 წლის დასაწყისში ნაჩვენები იყო ქ. განჯაში დისლოცირებული საინჟინრო ნაწილის შეიარაღებაში, და ამიტომ აზერბაიჯანული სამხედრო ხელმძღვანელობა მის გამოყენებას ისე მოულოდნელად და სწრაფად არ უნდა ვარაუდობდეს. სომხურ სარდლობას კი, პირიქით, სატანკო ხიდგამყვანი ჰყავს საქართველოს ტერიტორიის უშუალო მახლობობაში დისლოცირებული საბრძოლო პოლკის შემადგენლობაში და, როგორც ჩანს, მთავარ აქცენტს სწორედ მოულოდნელობასა და სისწრაფეზე უნდა აკეთებდეს.

ასეთია 1998 წლის 1 იანვრის მდგომარეობით საქართველოს გარშემო არსებული სამხედრო-სტრატეგიული ვითარების სურათი, რაც ამიერკავკასიის ტერიტორიაზე დასავლეთის მმართველი წრეების მიერ დიდი ომის მზადებაზე მიგვანიშნებს. ყველაფრიდან ჩანს, რომ ამ ომისთვის ემზადება რუსეთიც, ემზადება დიდი ხმაურისა და დასავლეთის მიერ თურქული სამხედრო მანქანის შექმნილი ვითარებისადმი არაადექვატურად გაძლიერებაზე ოფიციალური პროტესტების გარეშე, თანაც ჯერ ირანთან, ხოლო შემდეგ ჩინეთთანაც სამხედრო-პოლიტიკური კავშირების დამყარებით, აგრეთვე ყოფილი საბჭოთა კავშირის მოკავშირე ჩრდილოეთ-კორეასთან და ინდოეთთან ტრადიციული ურთიერთობების განახლებისკენ გადადგმული ნაბიჯებით.

როგორც ვთქვით, რუსეთისთვის ეს იქნება თავდაცვითი და სამართლიანი ომი, რომელშიც მის ხელმძღვანელობას ექნება საკუთარი საზოგადოების უპირობო მხარდაჭერის იმედი, რაც მეტად მნიშვნელოვანია ამ ქვეყნის მძიმე ფინანსურ-ეკონომიკურ მდგომარეობასთან დაკავშირებით. ამ ომში რუსეთს მოუწევს როგორც ამიერკავკასიასა და ცენტრალურ აზიაში თავისი იმპერიული ამბიციების დაცვა, ისე საკუთარი ტერიტორიული მთლიანობისაც. ამის წინაპირობები უკვე გამოჩნდა დასავლეთის სახელმწიფოთა მოკავშირე იორდანიიდან უკასნასკნელ წლებში დაღესტანსა და ჩეჩნეთში მებრძოლი ისლამური მიმდინარეობის “ვაჰაბიზმის” გავრცელებასა და “ბოევიკების” გადმოსვლის გამო, რასაც შედეგად მოჰყვა 90-იანი წლების ბოლოს ჩეჩნეთში მეორე ომის დაწყება.

აქვე აღსანიშნავია ერთი გარემოებაც, რომ დასავლეთის სახელმწიფოთა მიერ თურქეთის სამხედრო მანქანის გაძლიერების ნამდვილი მიზეზების ასეთი გაანალიზების შესაძლებლობა ქართულ საზოგადოებაში ამ ათიოდე წლის წინ პრაქტიკულად არ არსებობდა სათანადო სპეციალისტებისა და ცოდნის არარსებობის გამო. დღესდღეობით, ღვთის წყალობით, უკვე ჩვენშიც შესაძლებელია სამხედრო-სტრატეგიულ საკითხებში ამ დონით გარკვევა და შესაბამისი დასკვნების გაკეთება. მაგრამ რუსეთს ამ სფეროში კვალიფიციური სპეციალისტები იმთავითვე ჰყავდა და დასავლეთის მიერ თურქეთის სამხედრო მანქანის გაძლიერების ტენდენციები მათთვის 90-იანი წლების დასაწყისიდანვე არ დარჩებოდა შეუმჩნეველი. ჯერ ერთი, 1990 წლის ნოემბერში პარიზში დადებული “ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების შესახებ ხელშეკრულებით” თურქეთს უფლება მისცეს მისი ტერიტორიის ევროპულ ნაწილში მშვიდობიანობის დროს მუდმივად განელაგებია არაუმეტეს 103 დამრტყმელი (მოიერიშე) ვერტმფრენისა, რომლებიც მანამდე ამ ქვეყანას შეიარაღებაში საერთოდ არ ჰყოლია. თანამედროვე ზოგადსაჯარისო ბრძოლაში ეს მეტად ეფექტური და ძლიერი იარაღია ბრძოლის ველზე მოწინააღმდეგის მოჯავშნული ობიექტების, საფორტიფიკაციო ნაგებობებისა და ცოცხალი ძალის დასაზიანებლად (გასანადგურებლად).

უნდა ითქვას, რომ 103 დამრტყმელი ვერტმფრენი 66-მილიონიანი თურქეთისთვის ბევრი არ არის, მაგრამ ეს შეიარაღება ამერიკელებს ჰქონდათ ჯერ კიდევ 60-იანი წლებიდან და დღემდე თურქებისთვის მის მიცემას საჭიროდ არ თვლიდნენ. 1990 წელს კი, რატომღაც ჩათვალეს, რომ თურქეთისთვის ასე რადიკალურად უნდა გაეზარდათ მისი რაოდენობა. ამავე დროს ამ შეიარაღების კვოტები თავად ამერიკელებმაც გაიზარდეს თავიანთთვის ევროპაში, თანაც ერთბაშად 150-ზე მეტი ერთეულით (279-დან 431 საბრძოლო მანქანამდე).

ამას ემატება ის გარემოებაც, რომ იმავე ლონდონური წყაროს მონაცემებით, ამერიკისა და გერმანიის სამხედრო-ტექნიკური დახმარების შედეგად, თურქეთის შეიარაღებულმა ძალებმა უკვე 1991–1993 წლევში მიიღო M-60 და “ლეოპარდ-1” სერიების 1000-ზე მეტი საბრძოლო ტანკი, YPR-765 სერიის 200-მდე მოჯავშნული საბრძოლო მანქანა, 230-მდე საველე არტილერიის ქვემეხი (მათგან 170-მდე თვითმავალი ჰაუბიცა), AH-1W/P ტიპის 21 დამრტყმელი ვერტმფრენი, F-4 და F-16C/D ტიპების 105 გამანადგურებელი თვითმფრინავი. ყოველივე ზემოთქმულიდან რუსი და ირანელი სამხედრო სპეციალისტები, მზვერავები და პოლიტიკოსები იმთავითვე შეძლებდნენ კავკასია-ცენტრალური აზიის მიმართულებით დასავლურ-თურქული ალიანსის სავარაუდო მიზნების შესახებ სათანადო დასკვნების გაკეთებას და შესაბამის ზომებსაც მიმართავდნენ მომავალ სავარაუდო ომში წარმატების მოსაპოვებლად.

ჩვენი აზრით, სწორედ ამ დიდი ომის მზადების კონტექსტში უნდა ვიხილავდეთ 1992 წელს ჯერ ცხინვალის მისადგომებიდან ქართული საჯარისო ფორმირებების უკან გამოწვევას და სამაჩაბლოში კონფლიქტის გაურკვეველი დროითა და სტატუსით დაკონსერვებას, ხოლო შემდეგ ასეთივე კონფლიქტის აფხაზეთში გაჩაღებასა და მასში საქართველოს ცენტრალური ხელისუფლებისადმი დაქვემდებარებული ძალების დამარცხებას. და მეტად სამწუხაროა, რომ დღესდღეობით საქართველოს ხელისუფლებას ამ კონფლიქტის მოგვარების ინიციატივა გადაცემული აქვს დასავლეთისთვის, რომლის მმართველი წრეებიც არიან ამიერკავკასიაში შეიარაღებული დაპირისპირების მოსალოდნელი ესკალაციისა და მოსალოდნელი მსხვილმასშტაბიანი ომის გაჩაღების ინიციატორები, ხოლო მათი სპეცსამსახურები – ზემოაღნიშნული კონფლიქტების ნამდვილი ინსპირატორები, რუსეთს კი ამ შემტხვევაში გაცილებით უფრო მოკრძალებული, თუმცა კი ქმედითი ადგილი უჭირავს.

ბოლოს უნდა აღინიშნოს ორი გარემოებაც. ჯერ ერთი, აქ მოყვანილი მონაცემები ძირითადად ასახავს 1998 წლის მდგომარეობას. ამიტომ ბუნებრივია დაისვას საკითხი, ხომ არ მომხდარა უკანასკნელ წლებში რაიმე სერიოზული ცვლილებები ჩვენი მეზობელი სახელმწიფოების შეიარაღებულ ძალებში, რასაც შეეძლო საერთო დაძაბულობის განმუხტვისკენ ვითარების სერიოზულად შეცვლა. ამის მიმანიშნებელი ცვლილებები, სამწუხაროდ, არ გაუტარებიათ. პირიქით, 1998 წლის შემდეგ თურქეთის სახმელეთო ჯარებში რამდენადმე გაზარდეს მოჯავშნული საბრძოლო მანქანებისა და ლულიანი არტილერიის რაოდენობა, სამხედრო-საზღვაო ძალებში კი გვარიანად მოძველებული მსხვილი საბრძოლო ხომალდები შეცვალეს უფრო თანამედროვე ამერიკული და გერმანული ნიმუშებით (109 ტიპის წყალქვეშა ნავები, ‘ნოქსის”, “უილიამ ჰ. პერისა” და MEKO-200 ტიპების ფრეგატები, რომლებიც აღჭურვილი არიან ხომალდსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტებით). მართალია, თურქულმა სარდლობამ 2000 წელს 639 000-დან 609 000-მდე შეამცირა მშვიდობიანობის დროის რეგულარული შეიარაღებული ძალების რიცხოვნება, ძირითადად სახმელეთო ჯარებისა, მაგრამ გაზრდილი რაოდენობის ჯავშანსატანკო ტექნიკისა და საველე საარტილერიო შეიარაღების პირობებში არა გვგონია, რომ ამას სერიოზული მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს.

მეორეს მხრივ, რუსეთში ბოლო წლებში კვლავ განახლდა ომი ჩეჩნეთის ტერიტორიაზე, რომელშიც უწინდელი ომისგან განსხვავებით, რუსეთის ფედერალური ხელისუფლებისადმი დაქვემდებარებულმა ჯარებმა მნიშვნელოვანი წარატება მოიპოვეს. იმ პერიოდში მოსკოვს ჩეჩნეთისა და დაღესტნის ტერიტორიაზე მნიშვნელოვანი ძალები ჰყავდა დმატებით შეყვანილი და, ალბათ, ჩვენთვის უკვე ნაცნობი 19-ე და 20-ე მოტომსროლელი დივიზიებიც მიიღებდნენ საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობას. დღესდღეობით მოსკოვმა განაცხადა, რომ ჩეჩნეთში ომის დამთავრების გამო იგი ჭარბ ძალებს გაიყვანს ამ რესპუბლიკიდან და მასში დატოვებს ძირითადად 42-ე მოტომსროლელ დივიზიას. ვინაიდან, 1998 წელს ასეთი დივიზია არა თუ ჩრდილო-კავკასიის სამხედრო ოლქის, არამედ მთლიანად რუსეთის ევროპულ ტერიტორიაზე საერთოდ არ ყოფილა დისლოცირებული, ამიტომ ბუნებრივია ვივარაუდოთ, რომ იგი ან ციმბირიდან გადმოიყვანეს, ან კიდევ რომელიმე ცალკეული მოტომსროლელი ბრიგადის საფუძველზე სრულ დივიზიამდე დააკომპლექტეს. მაშინ თავისთავად გამოდის დასკვნა, რომ რუსეთის სახმელეთო ჯარების 19-ე და 20-ე მოტომსროლელი დივიზიები კვლავინდებურად უნდა იყოს განლაგებული ვლადიკავკაზსა და ვოლგოგრადში, მათ საბრძოლო ამოცანები სავარუდოდ ისევ ძველებური უნდა ჰქონდეთ და თანაც, უწინდებურად, მაღალ სამობილიზაციო და საბრძოლო მზადყოფნაში უნდა იმყოფებოდნენ აღნიშნული ამოცანების შესასრულებლად.

რაც შეეხება ჩვენი მეზობელი სახელმწიფოების ევროპულ ტერიტორიაზე საჯარისო შენაერთებისა და ძირითადი შეიარაღების განლაგების მონაცემებს, აქ, რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, უკანასკნელ წლებში საქართველოს ხელისუფლებამ გარკვეული ბარიერები შექმნა მათი მოპოვებისა და გავრცელების საქმეში. სახელდობრ, “ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების შესახებ ხელშეკრულების” მოთხოვნით, მისი მონაწილე თითოეული სახელმწიფო ყოველი წლის დასაწყისში ვენაში ეუთო-ს შესაბამის სტრუქტურებში აწვდის აღნიშნულ ინფორმაციას თავისი შეიარაღებული ძალების შესახებ, ხოლო შემდეგ ვენიდან ყოველ მონაწილე სახელმწიფოს ეგზავნება იქ მიწოდებული და, საჭიროების შემთხვევაში, გადამოწმებული დოკუმენტის თითო ეგზემპლიარი (ჩვენც სწორედ ასეთი დოკუმენტით ვსარგებლობდით 1998 წლის დასაწყისის მდგომარეობის აღნიშვნით).

90-იანი წლების შუახანებში, თუნდაც იმავე 1998 წელს, საქართველოს საგარეო საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების შესაბამისი ორგანოები ამ ინფორმაციას დაუბრკოლებლად იძლეოდნენ. მაგრამ უკანასკნლ წლებში, რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, მას დაადეს კონფიდენციალურობის გრიფი და მხოლოდ გარკვეული კატეგორიის პირებისთვის დასაშვებად დატოვეს. ჩვენი აზრით, პარლამენტის მიერ ამ ინფორმაციისგან “კონფიდენციალურობის” გრიფის მოხსნა და დაინტერესებულ პირთათვის მასზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა თავდაცვისა და ეროვნული უსაფრთხოების სფეროში მომუშავე ჟურნალისტების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მთლიანად საზოგადოების გაცნობიერების ეფექტური საშუალება იქნებოდა.

მეორეც, არის მოსაზრება, რომ ბაქო-ჯეიჰანის ნავთობსადენი წარმოადგენს ამიერკავკასიაში სტაბილურობის გარანტს. მართლაც არის ამაში გარკვეული ლოგიკა – თუკი დასავლეთის კომპანიები ჩადებენ მასში მნიშვნელოვან სახსრებს შემდგომში ნავთობის გასატანად და მოგების მისაღებად, მაშინ ისინი დაინტერესებულნიც უნდა იყვნენ აქ მშვიდობასა და სტაბილურობაში. ასეთი სქემის მომხრეები, ჩვეულებრივ, არასტაბილურობის წყაროდ წარმოიდგენენ ხოლმე რუსეთს. ეს, როგორც ვთქვით, საკმაოდ მწყობრი და ლოგიკური სქემაა, რომელიც ემყარება საუკუნოვანი რუსული დიდმპყრობელური პოლიტიკისადმი ქართული საზოგადოების ტრადიციულ წინააღმდეგობასა და, შესაბამისად, დასავლეთისადმი არსებულ სიმპათიებს, რაც განსაკუთრებით გაძლიერდა საბჭოთა პერიოდის უკანასკნელ ათწლეულებში.

მაგრამ ამ სქემაში არანაირად არ ჯდება 90-იან წლებში დასავლეთის სახელმწიფოების მიერ თურქეთის ასე არაადექვატურად გაძლიერება და მისთვის შეტევითი სამხედრო ოპერაციების წარმოების უნარის კიდევ უფრო ამაღლება, არც საქართველოს ხელმძღვანელობისთვის სამხედრო მშენებლობაში ისეთი რეკომენდაციების მიცემა, რომლებიც ეწინააღმდეგება თავად დასავლეთის სახელმწიფოთა გამოცდილებას და პირდაპირ მიმართულია საქართველოს, როგორც არათავდაცვისუნარიანი ქვეყნის ჩამოყალიბებისკენ. სახელდობრ, ისინი უკანასკნელ წლებში დაჟინებით გვიმეორებენ, რომ საქართველოს, როგორც მთაგორიან და მწირი ფინანსური შესაძლებლობების მქონე ქვეყანას არ სჭირდება ჯავშანსატანკო ტექნიკა და საკუთარი თავდაცვის უზრუნველყოფას იგი შეძლებს მსუბუქად შეიარაღებული ქვეითი ჯარების მეშვეობით. ამის საპირისპიროდ, იმავე აშშ-მა და გერმანიამ სწორედ ჯავშანსატანკო ტექნიკისა და თვითმავალი არტილერიის რაოდენობა და ხარისხი გაუზარდეს თურქეთს, იმავე გზით წავიდნენ ევროპის მცირე ნეიტრალური სახელმწიფოებიც – ფინეთი, შვეიცარია, შვედეთი, რომლებიც არ არიან შეზღუდული “ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების შესახებ ხელშეკრულებით” გათვალისწინებული შეზღუდვებით, როგორც სამხედრო ბლოკებში არშემავალი ქვეყნები, და ა. შ. ჯავშანსატანკო ტექნიკასა და თვითმავალ არტილერიაზე დაყრდნობის კლასიკური მაგალითია ისრაელიც, რომელიც ამ შეიარაღების ეფექტურობას ამოწმებდა არა მხოლოდ საჯარისო სწავლებებზე, არამედ არაბულ სახელმწიფოებთან დაძაბულ და ხშირად უთანასწორო საბრძოლო მოქმედებებშიც.

ყოველივე ეს საფუძველს გვაძლევს სერიოზული ეჭვი შევიტანოთ დასავლეთის მმართველი წრეების შვიდობისმოსურნეობაში და მათ მიერ თურქეთის გაძლიერებაში სწორედ ომის მზადების ვერსიას უნდა მივენდოთ. მაშინ როგორ უნდა აიხსნას ბაქო-ჯეიჰანის ნავთობსადენისა და მასში დაბანდებული დასავლური კაპიტალების როლი? აქ საქმე საკმაოდ მარტივადაა. ამერიკის სამხედრო კანონმდებლობით ომის გამოცხადების უფლება აქვს არა ქვეყნის პრეზიდენტს, არამედ კონგრესს. ამ უკანასკნელის თანხმობის გარეშე პრეზიდენტს თავისი შეხედულებით მხოლოდ 60 დღეღამის განმავლობაში შეუძლია შეყვანილი ჰყავდეს ამერიკული ჯარები სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე. თუკი ამ ხნის განმავლობაში იგი კონგრესისგან შესაბამის სანქციას ვერ მიიღებს, მაშინ უნდა დაიწყოს იმ ქვეყნიდან ჯარების გამოყვანა, რაზედაც მას ეძლევა კიდევ 30 დღეღამე. 90 დღეღამის შემდეგ იქ აღარ უნდა დარჩეს არც ერთი ამერიკელი ჯარისკაცი.

გერმანელი ავტორის იან ვან ჰელზინგის მიერ 1993 წელს გამოქვეყნებულ წიგნში “საიდუმლო საზოგადოებები და მათი ძლიერება XX საუკუნეში”, რომლის რუსული თარგმანი ჩვენშიც შემოვიდა, ავტორი წერს, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა ფრანკლინ დ. რუზველტმა, რომელიც თავიდანვე ჩართული იყო მეორე მსოფლიო ომის მომზადებაში და სურდა თავისი ქვეყანაც მასში რაც შეიძლებოდა მალე ჩაერთო, საკუთარი წყნაროკეანური ფლოტის ერთი ნაწილი დააბომბვინა იაპონელებს 1941 წლის დეკემბერში სამხედრო-საზღვაო ბაზა პერლ-ჰარბორში, რათა ამით გამწარებული ამომრჩევლებისგან და, შესაბამისად, ქვეყნის კონგრესისგან თანხმობა მიეღო მსოფლიო ომში ამერიკის ჩართვაზე. ამჯერად კი, შესაძლოა, სწორედ ბაქო-ჯეიჰანის ნავთობსადენი და მასში ჩადებული დასავლური დაბანდებები (უფრო სწორად მათდამი წამოჭრილი “მუქარები”) გახდეს ამერიკული კონგრესისგან მსხვილმასშტაბიან (შესაძლოა ახალ მსოფლიო) ომში აშშ-ის ჩართვაზე თანხმობის მიღების საფუძველი (მაგრამ ეს მხოლოდ ჩვენი მოკრძალებული მოსაზრებაა, რომლის შესამოწმებლად და შესაფასებლად ეკონომისტების, იურისტებისა და სხვა სპეციალისტების შეთანხმებული მუშაობაა საჭირო. მასონური მოძრაობის ქართველი მართლმადიდებელი მკვლევარებისგან ჩვენ გაგვიგონია, რომ შესაძლოა ამიერკავკასიაში ომის გადმოტანა მოხდეს ახლო აღმოსავლეთიდან, სადაც ისრაელსა და არაბებს შორის, ისრაელის ხელისუფალთა ინიციატივით, ხდება დაძაბულობის ესკალაცია).

ასეთია, ღვთის წყალობით, ჩვენს ხელთ არსებული ცოდნა და ინფორმაცია დღესდღეობით საქართველოს გარშემო შექმნილი სამხედრო-სტრატეგიული ვითარების შესახებ, რაც ჩვენს ტერიტორიაზე დასავლეთის მმართველი წრეების მხრიდან დიდი ომის მზადებაზე უნდა მიგვანიშნებდეს. ხოლო დასავლურ-თურქულ ალიანსსა და რუსეთ-ირან-ჩინეთის კოალიციას შორის დაძაბულობის გეოგრაფიის გაფართოება, მასში უკანასკნელ ხანს ინდოეთის, პაკისტანისა და ჩრდილო-კორეის ჩართვით, შეიძლება იმავე წრეების მიერ მესამე მსფლიო ომის მზადების გამოხატულებაც კი იყოს, აქედან გამომდინარე ყველა სავარაუდო შედეგით.

ირაკლი ხართიშვილი 
2001 წლის მაის-ივნისი

გამოყენებული ლიტერატურა 

1. The Military Balance 1991-1992;
2. The Military Balance 1993-1994;
3. The Military Balance 1998-1999;
4. The Military Balance 2000-2001;
5. თურქეთის, რუსეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროების მიერ 1998 წლის დასაწყისში ვენაში ეუთო-ს შტაბ-ბინაში წარდგენილი დოკუმენტები მათი შეიარაღებული ძალების მდგომარეობის ჩვენებით;
6. Зарубежное Военное Обозрение, 2000 № 1;
7. Зарубежное Военное Обозрение, 2001 № 1.

გვიანდელი ჩანართი (2007 წლამდე): ამ ნაშრომის მომზადების შემდეგ მალევე, 2001 წლის 11 სექტემბერს აშშ-ში განხორციელებულ იქნა ე. წ. ტერაქტები. პრეზიდენტ ჯ. ბუშის ადმინისტრაციამ შეძლო თავიდან აეცილებინა ნიუ-იორკისა და ვაშინგტონის საჰაერო სივრცეში აშშ-ის საჰაერო თავდაცვის სისტემის ცხვირწინ ორი-სამი სამგზავრო თვითმფრინავის მიერ რამდენიმე ათეული წუთის განმავლობაში სრულიად უკანონო ფრენისა და მრავალსართულიანი შენობების დანგრევის შედეგად საკუთარი მოქალაქეების დაზიანებისა და დაღუპვის გამო პასუხისმგებლობა; ხოლო განრისხებული და შეურაცხყოფილი მოსახლეობის რისხვა ბენ ლადენის მომხრეთა წინააღმდეგ მიემართა. კონგრესმენებისა და ექსპერტ-სპეციალისტების გულისწყრომაც ძირითადად სწორედ ბენ ლადენისა და თალიბებისკენ იყო მიმართული. და ძალზედ ცოტას თუ ახსენდებოდა, რომ აშშ-ის მოქალაქეთა უსაფრთხოებაზე ამ შემთხვევაში ძირითადი პასუხისმგებლები უნდა ყოფილიყვნენ ქვეყნის თავდაცვის მინისტრი და პრეზიდენტი. აშშ-ის საჰაერო თავდაცვის რადიოსალოკაციო სადგურებისა და გამანადგურებელი ავიაციის უმოქმედობა ქვეყნის წინააღმდეგ დანაშაულის აშკარა გამოხატულებას წარმოადგენდა.

მაგრამ როგორც აშშ-დან წარმოებული სატელევიზიო გადაცემებიდან ჩანდა, ამერიკულ საზოგადოებაში რამდენადმე სერიოზული დანტერესებაც კი არ გამოუჩენიათ საკუთარი ხელისუფლების გულგრილობის, უუნარობის ან სულაც წინასწარგანზრახული დანაშაულის გამო, და მთელ თავიანთ რისხვას მიმართავდნენ “ამერიკის მტერი საერთაშორისო ტერორისტული ორგანიზაციების” წინააღმდეგ. მათ შორის განსაკუთრებულ ადგილს აკუთვნებდნენ ტერორისტულ ორგანიზაცია “ალ-ქაიდასა” და ბენ ლადენს.

ზემოთ ძირითად ტექსტში ჩვენ გამოვთქვით ვარაუდი, რომ მანმადე სულ ცოტა ხნით ადრე ბენ ლადენმა და თალიბებმა მნიშვნელოვანი სამსახური გაუწიეს აშშ-ის მმართველ წრეებს, როდესაც ცენტრალურ აზიაში საბრძოლო მოქმედებების გააქტიურებით რუსეთის, ირანისა და ჩინეთის ხელმძღვანელობას დაანახვეს ამ სახელმწიფოთა სამხედრო-პოლიტიკური ალიანსის მოუმწიფებლობა და დაბალი სიმტკიცე (ცენტრალურ აზიაში მათ შორის გავლენის სფეროების გადაუნაწილებლობის გამო). აქედან გამომდინარე, რუსეთის პრეზიდენტად მოსულმა ვლადიმერ პუტინმა თავისი წინამორბედის დასავლეთისადმი კონფრონტაციული კურსი მოლაპარაკებებისა და თანამშრომლობის კურსით შეცვალა. ამ შემთხვევაში უსამა ბენ ლადენი, თავისი ანტიამერიკული განცხადებების მიუხედავად, მისივე საქმიანობიდან გამომდინარე, აშშ-ის ცენტრალური დაზვერვის მითითებებით მოქმედ ადამიანად წარმოგვიდგა.

ასეთ პირობებში 11 სექტემბრის “ტერაქტებმა”, ჩვენი აზრით, ისეთივე როლი ითამაშეს, როგორიც 1941 წლის დეკემბერში იაპონელების მიერ ჰავაის კუნძულებზე ამერიკული სამხედრო-საზღვაო ბაზის პერლ-ჰარბორის დაბომბვამ. ორივე შემთხვევაში აშშ-ის კონგრესმა გამოაცხადა გრძელვადიანი ომი და ქვეყნის პრეზიდენტს მისცა ფართო უფლებამოსილებანი მსოფლიოს მთელ ტერიტორიაზე ომის წარმოებისთვის. პირველ შემთხვევაში ეს ნიშნავდა შეერთებული შტატების ჩაბმას უკვე გაჩაღებულ II მსოფლიო ომში. ხომ არ ნიშნავს კონგრესის მიერ უკანასკნელი ომის გამოცხადება III მსოფლიო ომის დაწყებას, ან ახლო აღმოსავლეთში უკვე დაწყებული ომისთვის მსოფლიო ომის მასშტაბების მიცემას?

ეს რომ მართლაც ასე უნდა ყოფილიყო, ამაზე აშკარად მიუთითებს ჯერ რუსულ სამხედრო პერიოდიკაში გამოჩენილი განმარტება – “მსოფლიო ომი ტერორიზმის წინააღმდეგ”, ხოლო შემდეგ კი თავად ამერიკული ადმინისტრაციის მოხელეთა მიერ გაჟღერებული ტერმინი – “გლობალური ომი ტერორიზმის წინააღმდეგ”. მაგრამ, თუკი გავითვალისწინებთ, რომ 2001 წლის 11 სექტემბრის მოვლენებამდე ათი–თორმეტი წლით ადრე (უკვე 1990 წლის მიწურულიდან) აშშ-ის თეთრი სახლის ადმინისტრაციამ რეალური ნაბიჯების გადადგმა დაიწყო ნატო-ს ბლოკის სამხრეთ ფლანგზე თურქეთის სამხედრო მანქანის არაადექვატურად გაძლიერებისთვის, რასაც შედეგად სავსებით კანონზომიერად მოჰყვა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს კონტრზომები თავისი სამხრეთის მიმართულების გაძლიერებისთვის. ეს გამოიხატა 1996 წლის მაისში ეუთო-ს ხელმძღვანელობის მიერ რუსეთის ფედერაციისთვის ჩრდილო-კავკასიის სამხედრო ოლქში მშვიდობიანობის დროს მუდმივად გასალაგებელი ჯავშანსატანკო ტექნიკისა და საველე არტილერიის კვოტების მნიშვნელოვნად გაზრდაში, რასაც შედეგად მოჰყვებოდა რუსული სარდლობის მიერ ვლადიკავკაზსა და ვოლგოგრადში კარგად დაკომპლექტებული და საბრძოლველად მზადმყოფი ორი მოტომსროლელი დივიზიის (19-ე და 20-ე) განლაგება.

ყოველივე ეს სერიოზულად გვაფიქრებინებს, რომ ამერიკულ ადმინისტრაციასა და საერთოდ დასავლეთის მმართველ წრეებს მესამე მსოფლიო ომის გაჩაღების რეალური გეგმები უნდა ჰქონდეთ, რომლებშიც კავკასია – ცენტრალური აზიის მიმართულებასაც საკვანძო ადგილი ექნება დათმობილი. ამაზე დამატებით მიგვითითებს თუნდაც ის ფაქტი, რომ 2000 წლისთვის პენტაგონმა თურქეთის სახმელეთო ჯარებს მიაწოდა MLRS ტიპის ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებიდან ATACMS (Army Tactical Missile Systeme) ტიპის ოპერატიულ-ტაქტიკური რაკეტების გასაშვები აღჭურვილობა. ამჟამად თურქეთის შეიარაღებაში არსებული MLRS დანადგარების ერთ ნაწილს შეუძლია სროლა როგორც უმართავი რეაქტიული ჭურვებით, ისე ATACMS ტიპის მართვადი რაკეტებითაც (ამ უკანასკნელთა სროლის სიშორეა 190 კმ-მდე, ხოლო ATACMS mod. A1 ტიპისა – 300 კმ-მდე). ეს მართვადი რაკეტები ხასიათდება ასევე მიზანში მოხვედრის მაღალი სიზუსტით.

ყურადღებას იქცევს კიდევ ორი გარემოება. პირველი, 1998 წლის დასაწყისის მონაცემებით, თურქეთის შეიარაღებაში არსებული 12 MLRS დანადგარიდან ექვსი და 37 AH-1W/P დამრტყმელი ვერტმფრენიდან 16 შეყვანილი იყო სასწავლო ცენტრებში, სადაც თურქი სამხედრო მოსამსახურეები გადიოდნენ მათზე სწავლებას. ამიტომ უნდა მოველოდეთ, რომ თურქულ სარდლობას ეყოლება იმაზე გაცილებით უფრო მეტი სარაკეტო არტილერიის საბრძოლო გათვლები და დამრტყმელი ვერტმფრენების ეკიპაჟები, ვიდრე მას დღესდღეობით შეიარაღების ეს ნიმუშები გააჩნია. ასე რომ, პენტაგონიდან მოკლე ვადებში MLRS დანადგარებისა და AH-1W/P დამრტყმელი ვერტმფრენების დამატებით მიღების შემდეგ თურქეთის სამხედრო ხელმძღვანელობას დიდი დრო აღარ უნდა დასჭირდეს მომზადებული პირადი და საფრენოსნო შემადგენლობით მათი დაკომპლექტებისა და საბრძოლო მოქმედებებში ჩაბმისთვის. 

მეორეც, სტრატეგიული კვლევების ლონდონის საერთაშორისო ინსტიტუტის მონაცემებით, 2000 წლის შუახანებში თურქული არმიის სარდლობას 4205 საბრძოლო ტანკიდან M-48A5 ტიპის 1300 მოძვლებული მანქანა შეყვანილი ჰყავდა მარაგში, სპეციალურ საწყობებში. ამავე დროს ჩვენს ხელთ არსებული ეუთო-ს ოფიციალური მასალებით, 1998 წლის დასაწყისში თურქეთის ევროპულ ტერიტორიაზე განლაგებულ საბრძოლო დივიზიებსა და ბრიგადებში ტანკების დანაკლისი, საშტატო რაოდენობასთან შედარებით, მეტად მცირე იყო – სულ აკლდა 100–150 მანქანა. ქვეყნის აზიურ ნაწილში, სადაც “ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების შესახებ ხელშეკრულება” არ ვრცელდება, საბრძოლო ბრიგადებში ტანკების დანაკლისი კიდევ უფრო ნაკლები უნდა ყოფილიყო. ამიტომ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ თურქული სარდლობა საწყობებში განთავსებული 1300 საბრძოლო ტანკიდან 1100 ერთეულს უნდა ითვალისწინებდეს საჭიროების შემთხვევაში ახალი სატანკო ბატალიონების ჩამოყალიბებისთვის. ეს კი საკმაოდ მნიშვნელოვანი რეზერვია. მოჯავშნული საბრძოლო მანქანებისა და საველე საარტილერიო სისტემების სათანადო რაოდენობის გავალისწინებით, მათგან შესაძლებელი იქნება კიდევ დამატებით 20-ზე მეტი ჯავშანსატანკო, მექანიზებული ქვეითი და ქვეითი ბრიგადის ჩამოყალიბება. მომზადებული რეზერვისტები კი ამისთვის თურქეთს საკმარისად ჰყავს.

ყოველივე ეს ამიერკავკასიაში საბრძოლო მოქმედებების გაჩაღების შემთხვევაში დიდი ომის, ნგრევისა და სისხლისღვრის მომასწავებელი შეიძლება იყოს.


კანონპროექტისთვის საქართველოს შეიარაღებული ძალების რიცხოვნების შესახებ 

შესავალი 

საქართველოს შეიარაღებული ძალები, კონსტიტუციის მიხედით, შექმნილია ქვეყნის თავდაცვის უზრუნველსაყოფად, და სხვა შესაძლო ამოცანების გადასაწყვეტად. თავისთავად ცხადია, რომ ამ ამოცანების შესასრულებლად მას უნდა გააჩნდეს შესაბამისი რიცხოვნება და შეიარაღება. ეს ორივე მაჩვენებელი მჭიდროდაა ერთმანეთთან დაკავშირებული. თანამედროვე სამხედრო სპეციალისტებისა და ექსპერტების შეხედულებეით, ნებისმიერი მცირე სახელწიფოს მშვიდობიანობის დროის რეგულარული შეიარაღებული ძალები წარმოადგენს სკოლას რეზერვის მოსამზადებლად, სადაც რიგითი და სერჟანტთა შემადგენლობა ეუფლება თავიანთ სამხედრო-სააღრიცხვო სპეციალობებს, იძენს აუცილებელ პრაქტიკულ გამოცდილებას, მოქმედების უნარ-ჩვევებს და ა. შ. მისი რიცხოვნება უტოლდება ქვეყნის მთლიანი მოსახლეობის 0,6–1,0 %. ანუ, 5 მილიონი ადამიანის მოსახლეობის პირობებში ქვეყნის მშვიდობიანობის დროის რეგულარული შეიარაღებული ძალების რიცხოვნება ჩვეულებრივ შესაძლოა შეადგენდეს 30–50 ათას ადამიანს.

ომიანობის დროს ქვეყნის თავდაცვის ამოცანების შესასრულელად აუცილებელი ხდება სამობილიზაციო ღონისძიებების გატარება და რეზერვისტების ნამდვილ სამხედრო სამსახურში გაწვევის ხარჯზე შეიარაღებული ძალების რიცხოვნების მკვეთრად გაზრდა. არსებული მუქარისდა მიხედვით, ქვეყნის სამხედრო-პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ შესაძლოა შეიარაღებულ ძალებში გაიწვიოს მოსახლეობის 10–15 %-იც. ანუ, 5-მილიონიან სახელმწიფოს ომიანობის დროს შეიარაებულ ძალებში შესალოა გამოჰყავდეს 500–750-ათასი ადამიანი ზურგისა და სხვა დამხმარე სამსახურების ჩათვლით. თავისთავად ცხადია, რომ ასეთი რიცხოვნების თანამედროვე შეიარაღებულ ძალებს სჭირდება სათანადო რაოდენობის, კატეგორიებისა და ხარისხის ჯავშანსატანკო, საარტილერიო, საინჟინრო, ტანკსაწინაამდეგო, საავიაციო, საზენიტო, საზღვაო და სხვა შეიარაღება, დაზვერვის, კავშირგაბმულობის, რადიოელექტრონული ბრძოლის, სარანსპორტო და სხვა საშუალებები. საჭირო შეიარაღების გარეშე ჯარები ბრძოლისუნარიანი ვერ იქნება. 

ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის თათბირის (ევროთათბირის, ამჟამად ეუთო-ს) ეგიდით 1990 და 1992 წლებში პარიზსა და ტაშკენტში დადებული საერთაშორისო ხელშეკრულებების თანახმად საქათველოსთვის დადგენილი ჩვეულებრივი შეტევითი შეიარაღების კვოტები, განაკუთებით ჯავშანსატანკო და საველე საარტილერიო შეიარაღებათა ნაწილში, ვერანაირად ვერ აკმაყოფილებს 5-მილიონიანი ქვეყნის თავდაცვითი აუცილებლობის მოთხოვნებს.

ქვემოთ სწორედ ამის შესახებ გვექნება უფრო დაწვრილებით საუბარი.

I. საქართველოს შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობა 1998 წლის დასაწყისის მდგომარეობით 

1990 წელს პარიზში ხელმოწერილი “ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების შესახებ ხელშეკრულების” მოთხოვნების თანახმად, ინფორმაციის ყოველწლიური გაცვლის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ 1997 წლის მიწურულს ეუთო-ს შტაბბინაში ვენაში წარდგენილ სანოტიფიკაციო დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ 1998 წლის 1 იანვრისთვის საქართველოს შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობის რიცხოვნებაა 30 000 ადამიანი, მათგან 12 570 სახმელეთო ჯარებში, 1652 სამხედრო-საჰაერო ძალებში, 1405 საჰაერო თავდაცვის ძალებში, 644 ცენტრალურ შტაბებსა და სამეთაურო-საშტაბო ქვედანაყოფებში, 15 020 ცენტრალური დაქვემდებარების ფორმირებებსა და სხვა ორგანიზაციებში, 541 სახმელეთო ბაზირების სამხედრო-საზღვაო ძალებში (გასულ 1999 წელს საქართველოს რეგულაული შეიარაღებული ძალების რიცხოვნება იყო დაახლოებით 27 ათასი ადამიანი, მაგრამ მისი დეტალური განაწილების მონაცემები არ აგვაჩნია).

როგორც ვხედავთ, ამ დოკუმენტში საკმაოდ მკაფიოდაა ნაჩვენები საქართველოს მშვიდობიანობის დროის რეულაული შეიარაღებული ძალების მაშინდელი რიცხოვნება და პირადი შემადგენლობის განაწილება. მაგრამ ერთი გარემოება ჩვენს სერიოზულ გაოცებასაც იწვევს. საქმე იმაშია, რომ ნებისმიერი სახელმწიფოს შეიარაღებულ ძალებში ყველაზე უფრო მრავალრიცხოვანი სახეობაა სახმელეთო ჯარები. მის წილად მოდის მთლიანი შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობის 65–80 %.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ზემოაღნიშნულ დოკუმენტში კი სახმელეთო ჯარებში ნაჩვენებია სულ 12 570 ადამიანი (ანუ პირადი შემადგენლობის სულ 42 %), ხოლო ცენტრალური დაქვემდებარების ფორმირებებსა და ორგანიზაციებში – 15 020. მაგრამ ამ შეუსაბამობას ნათელს ჰფენს იმავე დოკუმენტში გაშიფრული ამ “ცენტრალური დაქვემდებარების ფორმირებების” საბრძოლო შემადგენლობა. მათში მოხსენიებულია 1-ლი გვარდიული ბრიგადა, საარტილერიო ბრიგადა და გორის სასწავლო ცენტრი (1998 წლის დასაწყისის მდგომარეობით სულ 5200-მდე ადამიანი), რომლებიც ნებისმიერ ქვეყანაში სახმელეთო ჯარების შემადგენლობაში იქნებოდნენ შეყვანილი (მაშინ სახმელეთო ჯარების რიცხოვნება გამოდის 17 770 ადამიანი, რაც მთლიანი პირადი შემაგენლობის დაახლოებით 60 %).

ამ შემთხვევაში დარღვეულია საყოველთაოდ აღიარებული ერთი ხელმძღვანელობისადმი დაქვემდებარების (ერთიანი უფროსობის) პრინციპი და სახმელეთო ჯარების ცალკეული სტრუქტურები შეყვანილია არა სახმელეთო ჯარების სარდლობის, არამედ პირდაპირ თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში. თავისთავად ცხადია, რომ ასეთი არაჯანსაღი მდგომარეობა სახმელეთო ჯარების საბრძოლო შემადგენლობაში, განპირობებული უნდა იყოს ცალკეული პიროვნებებისა და ჯგუფების პირადი ინტერესებით, და ცხადია, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობისთვის სიკეთის მომტანი ვერ იქნება. მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ არის საქართველოს სამხედრო მშენებლობის მთავარი სატკივარი.

გაცილებით უფრო მძიმედაა საქმე მშვიდობიანობის მდგომარეობიდან კრიზისულ ან ომიანობის მდგომარეობაში ჯარების გადაყვანისა და ქვეყნის თავდაცვის უზრუნველსაყოფად მათი რეალური საბრძოლო გამოყენების საკითხებში. ამას ადასტურებს ევროპის წამყვან და მცირე სახელმწიფოთა შეიარაღებული ძალების რიცხოვნების, საბრძოლო შემადგენლობისა და ძირითადი შეიარაღების მაჩვენებლები, რომლებსაც ქვემოთ მოვიყვანთ სტრატეგიული კვლევების ლონდონის საერთაშორისო ინსტიტუტის ყოველწლიური გამოცემის Military Balance-ის მონაცემების მიხედვით.

პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ მშვიდობიანობის დროის საქართველოს შეიარაღებული ძალების საერთო რიცხოვნება 27 (ან 30) ათასი ადამიანი შეადგენს ჩვენი ქვეყნის მთელი მოსახლეობის დაახლოებით 0,50–0,55 პროცენტს და ამ მაჩვენებლით იგი რამდენადმე ჩამოუვარდება ცივი ომის მიწურულის პერიოდის ნატო-ს ბლოკის წევრ და ნეიტრალურ მცირე ევროპულ სახელმწიფოებს. სახელდობრ, მათი მონაცემები შემდეგია: დანია – 0,57 %; ბელგია – 0,61; ნიდერლანდები – 0,69; ნორვეგია – 0,78; ავსტრია – 0,59; ფინეთი – 0,63; შვედეთი – 0,76 %. ამასთანავე მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება თურქეთისა და საბერძნეთის მაჩვენებლებს (შესაბამისად 1,02 და 1,56 პროცენტი). თურქეთი ამ მხრივ იმითაც არის საინტერესო, რომ საქართველოს უშუალო მეზობელია, ხოლო ცივი ომის მიწურულის (სახელდობრ 1991 წლის) სტატისტიკური მაჩვენებლები ავიღეთ იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოს გარშემო 90-იან წლებში ჩამოყალიბებული სამხედრო-პოლიტიკური მდგომარეობა ძალზედ ჰგავს ცივი ომის პერიოდის ევროპაში არსებულ მდგომარეობას. ამის შესახებ უფრო დეტალურად იხილეთ ჩვენს ნაშრომში “საქართველოს გარშემო არსებული სამხედრო-სტრატეგიული ვითარების მოკლე ანალიზი”. ახლა კი მოკლედ ვიტყვით, რომ ცივი ომის დასრულების შემდეგ, ნატო-ს ბლოკში დაწყებული შეიარაღებული ძალებისა და შეიარაღებათა შემცირების ფონზე ამერიკამ და, ნაწილობრივ, გერმანიამ 90-იან წლებში რამდენჯერმე გააძლიერეს თურქეთის შეარაღებული ძალები, რომლის ამჟამინდელი შესაძლებლობებიც მნიშვნელოვნად აღემატება ქვეყნის თავდაცვითი საკმარისობის მოთხოვნებს. ამის საპასუხოდ რუსეთმა, თუმცა კი 3–4-ჯერ შეამცირა თავისი ჯარები კავკასიაში, მაგრამ ქვეყნის ევროპულ ტერიტორიაზე რუსულ სარდლობას ყველაზე უფრო სრულად დაკომპლექტებული და, შესაბამისად, საბრძოლოველად მზადმყოფი დივიზიები განლაგებული ჰყავს სწორედ სამხრეთის მიმართულებით. აქედან გასაგები უნდა იყოს, თუ რატომ ვადარებთ საქართველოს გარშემო დღესდღეობით არსებულ მდგომარეობას ცივი ომის მიწურულის ევროპის მდგომარეობასთან, და რატომ ვითვალისწინებთ მცირე ევროპულ სახელმწიფოთა შეიარაღებული ძალების 1991 წლის მონაცემებს.

ახლა კი ისევ საქართველოს შეიარაღებულ ძალებს დავუბრუნდეთ. მისი რიცხოვნება მჭიდროდ უკავშირდება შეიარაღების, ორივე ერთად კი ქვეყნის თავდაცვის უზრუნველყოფის საკითხებს. ეს უკანასკნელი, თავის მხრივ, წარმოადგენს ეროვნული უსაფრთხოების სისტემის უმნიშვნელოვანეს შემადგენელ ნაწილს და ფაქტობრივად განსაზღვრავს მისი დანარჩენი კომპონენტების – საგარეო ურთიერთობათა, სპეცსამსახურების, სამხედრო და ზოგადი ეკონომიკის, მეცნიერებისა და ტექნიკის, სამოქალაქო თავდაცვისა და სხვა საქმიანობის მიმართულებებს.

ნებისმიერი სახელმწიფოსა და, მათ შორის, საქართველოს თავდაცვის სისტემის მშენებლობას, ჩვენი აზრით, საფუძვლად უნდა დაედოს სახარებისეული პრინციპი იმის თაობაზე, რომ ყოველი ადამიანი (სახელმწიფო) სხვა რომელიმე შეძლებულ და გავლენიან ადამიანზე (სახელმწიფოზე, საერთაშორისო ორგანიზაციებზე) კი არ უნდა იყოს მინდობილი და დაიმედებული, არამედ, უწინარეს ყოვლისა, ღვთის რწმენითა და მასზე სასოებით, თვითონ უნდა ზრუნავდეს საკუთარი გაძლიერებისა და თავისი შესაძლებლობების მაქსიმალურად რეალიზებისთვის.

ხოლო თუ რას გულისხმობს საკუთარი გაძლიერებისთვის ზრუნვა, და როგორ უნდა წარვმართოთ სწორად საქართველოს შეიარაღებული ძალების მშენებლობის საქმე, ამის გარკვევაში მეტად დაგვეხმარება დიდი და მდიდარი სამხედრო ტრადიციების მქონე დასავლურ სახელმწიფოთა, განსაკუთრებით ევროპის მცირე სახელმწიფოების, აგრეთვე ისრაელის თეორიული ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება ქვეყნის თავდაცვის ზოგადი სისტემის ჩამოყალიბების, შეიარაღებული ძალების მშენებლობისა და საბრძოლო გამოყენების სფეროში.

II. ევროპის სახელმწიფოთა გამოცდილება შეიარაღებული ძალების მშენებლობის საკითხებში და ამ მხრივ საქართველოში არსებული მდგომარეობა 

1. საზღვარგარეთის სახელმწიფოთა შეიარაღებული ძალების შემადგენლობა ოპერატიული დანიშნულების (გადასაწყვეტი ამოცანების) მიხედვით 

საზღვარგარეთის სახელმწიფოებში ქვეყნის თავდაცვის ძირითადი პასუხისმგებლობა ეკისრება შეიარაღებულ ძალებს, რომელიც შედგება სახმელეთო ჯარების, სამხედრო-საჰაერო ძალებისა და სამხედრო-საზღვაო ძალებისგან (თუ კი ქვეყანას საზღვაო აკვატორია გააჩნია). მათგან ძირითადი და ყველაზე უფრო მრავალრიცხოვანია სახმელეთო ჯარები.

ამასთანავე ოპერატიული დანიშნულების მიხედვით შეიარაღებული ძალები (ძირითადად მისი სახმელეთო ჯარები) იყოფა საბრძოლო ანუ საველე ჯარებად (ძალებად) და ტერიტორიული (ადგილობრივი) თავდაცვის ჯარებად. პირველს ევალება ძირითადი საბრძოლო მოქმედებების წარმოება, მეორეს ადგილობრივი (რაიონული) თავდაცვის უზრუნველყოფა, ხოლო გარკვეული ტერიტორიების დროებით დაკარგვის შემთხვევაში იქ პარტიზანული ბრძოლების წარმოება; საკუთარი ზურგის რაიონებში ინფრასტუქურისა და კომუნიკაციების დაცვა, მოწინააღმდეგის დესანტებთან და სადაზვერვო-დივერსიულ ჯგუფებთან ბრძოლა და სხვა ამოცანების შესრულება. 

აქედან გამომდინარე, საბრძოლო (საველე) ჯარებს (ძალებს) აკომპლექტებენ შედარებით ახალგაზრდა ასაკის (35–40 წლის ასაკამდე) სამხედროვალდებული რეზერვისტებით, შეიარაღებაში აძლევენ უფრო თანამედროვე და სრულყოფილ საბრძოლო ტექნიკასა და შეიარაღებას, ხოლო მის საბრძოლო შემადგენლობაში შეიძლება შედიოდნენ ჯავშანსატანკო (სატანკო), მექანიზებული ქვეითი (მოტოქვეითი), ქვეითი, სამთოქვეითი, საჰაერო-სადესანტო, აერომობილური, სარაკეტო-საარტილერიო, საზენიტო, საარმიო და ტაქტიკური ავიაციის, აგრეთვე სხვა შენაერთები და ნაწილები. ხოლო ადგილობრივი (ტერიტორიული) თავდაცვის ჯარებს აკომპლექტებენ შესაბამისი რაიონების მაცხოვრებელი შედარებით უფროსი ასაკის რეზერვისტებით (35–40 წლის ზევით) და შეიარაღებაში აძლევენ შედარებით მოძველებულ ნიმუშებს. ამ ჯარების საბრძოლო შემადგენლობაში სჭარბობს უფრო ქვეითი, ასევე გვხვდება მექანიზებული ქვეითი და საარტილერიო ნაწილები და ქვედანაყოფები. ბრძოლისუნარიანობით ისინი ჩამოუვარდებიან საველე ჯარებს, სამაგიეროდ სამობილიზაციო მზადყოფნის შედარებით მაღალი ხარისხი, საკუთარი რაიონების უკეთესი ცოდნა და მათ კლიმატურ პირობებთან შეგუება მნიშვნელოვნად ამაღლებს ლოკალური ამოცანების შესასრულებლად ადგილობრივი თავდაცვის ჯარების გამოყენების ეფექტურობას. საბრძოლო (საველე) ჯარებთან ერთობლივი მოქმედებების შემთხვევაში ადგილობრივი (ტერიტორიული) თავდაცვის ნაწილებს გადასცემენ საბრძოლო ჯარების შემადგენლობაში.

გერმანიაში ტერიტორიული ჯარების ყველაზე უფრო ბრძოლისუნარიან კომპონენტს ეწოდება “ჰაიმათშუთცი” (“სამშობლოს დაცვის“ ჯარები), შვეიცარიაში “ლანდშტურმი”, სკანდინავიის რიგ ქვეყნებში “ჰემვერნი”, ფინეთში “ადგილობრივი თავდაცვის ჯარები”, ისრაელში “ცოჰალი” და ა.შ.

2. ომიანობის დროის შეიარაღებული ძალების რიცხოვნება და ამ მხრივ საქართველოში არსებული მდგომარეობა 

ძირითადი საბრძოლო და ადგილობრივი თავდაცვის კომპონენტების გათვალისწინებით ჩვენთვის მეტად საინტერესო უნდა იყოს ევროპის მცირე სახელმწიფოთა სამხედრო-პოლიტიური ხელმძღვანელობის შეხედულებები (გეგმები) საყოველთაო მობილიზაციის ღონისძიებათა გატარების შემდეგ შეიარაღებული ძალების რიცხოვნებასთან დაკავშირებით. სახელმძღვანელოდ მოვიყვანთ ცივი ომის მიწურულის მონაცემებს, როდესაც გლობალური სამხედრო დაპირისპირების ფონზე ევროპულ სახელმწიფოებს მეტი ყურადღების მიქცევა უხდებოდათ თავდაცვის საკითხებისთვის.

სტრატეგიული კვლევების ლონდონის საერთაშორისო ინსტიტუტის მონაცემებით, ნატო-ს წევრი სახელმწიფოს დანიის მოსახლეობა 1991 წელს შეადგენდა 5,1 მლნ ადამიანს, ხოლო ამ ქვეყნის სარდლობა მობილიზაციის შემდეგ გეგმავდა 142 700 პირადი შემაგენლობის გამოყვანას (მათგან 72 700 საბრძოლო ჯარებში და 70 000 ტერიტორიული თავდაცვის ჯარებში); ნორვეგიის მოსახლეობა იმავე 1991 წელს იყო 4,2 მლნ ადამიანი, მობილიზაციის შემდეგ კი მისი სარდლობა აპირებდა 430 000 მებრძოლის გამოყვანას (მათგან 285 000 საბრძოლო ჯარებში 145 000 ტერიტორიულში). ამ მხრივ კიდევ უფრო მაღალი მაჩვენებლები ჰქონდათ ევროპის ნეიტრალურ სახელმწიფოებს – შვეიცარიასა და ფინეთს. პირველი მათგანის მოსახლეობა იყო 6,5 მლნ ადამიანი, მობილიზებული შეიარაღებული ძალების რიცხოვნება კი შეადგენდა 565 000-ს; ფინეთის მოსახლეობა მოითლიდა 5,0 მლნ ადამიანს, ამ ქვეყნის სარდლობა კი ომიანობის შემთხვევაში გეგმავდა შეიარაღებულ ძალებში 700 000 ადამიანის მობილიზებას (მათგან 300 000 საბრძოლო ჯარებში, 200 000 ადგილობრივი თავდაცვის ჯარებში და კიდევ 200 000 მხარდაჭერის /ზურგის უზრუნველყოფისა და სხვა/ ჯარებსა და სამსახურებში).

ცივი ომის დასრულების შემდეგ ეს მაჩვენებლები დანიასა და ნორვეგიაში რამდენადმე შეამცირეს, ასევე შვეიცარიასა და ფინეთშიც. როგორც ვხედავთ, დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის გლობალური სამხედრო დაპირისპირების მკვეთრად შემცირების მიუხედავად ევროპის მცირე სახელმწიფოთა ხელმძღვანელები კვლავინდებურად სათანადო ყურადღებას უთმობენ შეიარაღებული ძალების, როგორც ქვეყნის სუვერენიტეტის ძირითადი გარანტის, შემდგომ განვითარებას.

იმავე ლონდონური წყაროს მონაცემებით, 1998 წელს საქართველოს მოსახლეობა ნაჩვენები იყო 5,43 მლნ ადამიანი, ხოლო შეიარაღებული ძალების რეზერვების სავარაუდო რიცხვი შეადგენდა 250 000-ზე მეტ ადამიანს. როგორც ვხედავთ, იმავე ნორვეგიის, შვეიცარიისა და ფინეთის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით ეს მეტად მოკრძალებული რიცხვია. ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ საქართველოს თავდაცვის მესვეურნი მაინცდამაინც კარგად ვერ უნდა ერკვეოდნენ თავდაცვის ზოგადი სისტემის ორგანიზებისა და სამობილიზაციო რეზერვების აღრიცხვა-გამოყენების დაგეგმვის საკითხებში ევროპული სახელმწიფოების პრაქტიკაში* (*როგორც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სპეციალისტებმა განგვიმარტეს, პირადი შემადენლობის ასეთი დაბალი დაგეგმილი მაჩვენებელი, ნაწილობრივ, განპირობებული უნდა იყოს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის ფაქტობრივი დარღვევითა და მის ცალკეულ რეგიონებში არსებული კუთხური და სეპარატისტული ტენდენციებით, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს რეალურ სარეზერვო ფონდს).

3. ზოგადი მონაცემები საზღვარგარეთის სახელმწიფოთა ტიპიური საჯარისო ერთეულების საბრძოლო შემადგენლობისა და ძირითადი შეიარაღების შესახებ 

მაგრამ ვითარება, სამწუხაოდ, კიდევ უფრო მძიმეა, ვიდრე ეს ზემოთ მოყვანილი შედარებიდან შეგვიძლია დავასკვნათ. საქმე შეეხება თუნდაც იმ 250 000 რეზერვისტის შეიარაღების საკითხს. კერძოდ ეუთო-ს ეგიდით 1990 წელს პარიზში ხელმოწერილი “ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების შესახებ ხელშეკრულებისა” და მის საფუძველზე 1992 წელს ტაშკენტში დადებული შეთანხმების თანახმად საქართველოს ტერიტორიაზე მშვიდობიანობის დროს მუდმივად შეიძლება განლაგებული იყოს არაუმეტეს 220 საბრძოლო ტანკის, 220 მოჯავშნული საბრძოლო მანქანის, 100 მმ და მეტი ყალიბის 285 საველე საარტილერიო სისტემის, 100 საბრძოლო თვითმფრინავის და 50 დამრტყმელი (მოიერიშე) ვერტმფრენისა.

მეორეს მხრივ, ტიპიურ ამერიკულ სატანკო ბატალიონში შტატით მოითვლება 58 საბრძოლო ტანკი, თურქულში – 56, გერმანულში – 54, ჰოლანდიურში – 49. რუსულ სატანკო ბატალიონში 30–40 საბრძოლო ტანკია, მაგრამ იქ ტიპიურ მოტომსროლელ დივიზიაში შედის სატანკო პოლკი ან ცალკეული სატანკო ბატალიონი და სამი მოტომსროლელი პოლკი, რომელთაგან თითოეულში თითო სატანკო ბატალიონია. ასე რომ, რუსულ მოტომსროლელ დივიზიაში შეიძლება შედიოდეს 4–6 სატანკო ბატალიონი და, შესაბამისად, დაახლოებით 140–200 საბრძოლო ტანკი.

ზემოთქმულის გათვალისწინებით, თუნდაც საქართველოსთვის გამოყოფილი 220 საბრძოლო ტანკის კვოტის სრულად შევსების შემთხვევაშიც კი ჩვენ შევძლებთ ამ ბოლო დროს ასე აფიშირებული “დასავლური ტიპის” (ანუ სხვა სიტყვებით ნ ო რ მ ა ლ უ რ ი | ა ნ | ტ ი პ ი უ რ ი) მხოლოდ 3–4 სატანკო ბატალიონის ჩამოყალიბებას (შედარებისთვის, ჩვენს მეზობელ თურქეთს 1998 წლის მონაცემებით ჰყავს 4205 საბრძოლო ტანკი, რომლებითაც შეუძლია 75 სატანკო ბატალიონის შექმნა).

რაც შეეხება მოჯავშნულ საბრძოლო მანქანებს – ჯავშანტრანსპორტერებს, ქვეითთა საბრძოლო მანქანებსა და საბრძოლო სადაზვერვო მანქანებს – აქ მდგომარეობა კიდევ უფრო მძიმეა. საქმე იმაშია, რომ ეს მანქანები აუცილებელია არა მხოლოდ მოტოქვეითი (გნებავთ მოტომსროლელი ან მექანიზებული ქვეითი) ბატალიონების, არამედ სატანკო ბატალიონების, საარტილერიო დივიზიონების, სადაზვერვო, საინჟინრო-მესანგრეთა, კავშირგაბმულობის, სამედიცინო სანიტარული, რადიაციული/ბიოლოგიური/ქიმიური დაზვერვისა და სხვა ქვედანაყოფების დასაკომპლექტებლად. ასეთ პირობებში იმავე 220 მოჯავშნული საბრძოლო მანქანის კვოტის სრულად ათვისების შემთხვევაშიც კი ჩვენ შევძლებთ მხოლოდ ორი სრულფასოვანი მოტომსროლელი ბატალიონის ჩამოყალიბებას.

ზემოთ ნათქვამიდან ნათლად ჩანს, რომ საერთაშორისო ხელშეკრულებებით საქართველოსთვის გამოყოფილი ჯავშანსატანკო შეიარაღებით შესაძლებელია მხოლოდ ერთი მექანიზებული ქვეითი (ან ჯავშანსატანკო) ბრიგადის ჩამოყალიბება, რომლის საბრძოლო შემადგენლობაშიც იქნება ერთი-ორი სატანკო, ორი მოტოქვეითი ბატალიონი, საარტილერიო დივიზიონი, აგრეთვე საბრძოლო და ზურგის უზრუნველყოფის ქვედანაყოფები. ზემოაღნიშნული საერთაშორისო ხელშეკრულებების მოთხოვნათა გათვალისწინებით ამით უნდა შემოიფარგლოს საქართველოს მთელი მექანიზებული (ჯავშანსატანკო) ჯარების რაოდენობა (შედარებისთვის იმავე თურქეთის სახმელეთო ჯარების საბრძოლო შემადგენლობაში 1998 წელს ნაჩვენები იყო 15 ჯავშანსატანკო და 18 მექანიზებული ქვეითი ბრიგადა).

თუ კი შევეგუებით ჩვენს სახმელეთო ჯარებში ჯავშანსატანკო ტექნიკის არყოლას და აქცენტს გავაკეთებთ ქვეითი ჯარების ჩამოყალიბებაზე, აქაც გადაულახავ წინააღმდეგობას წავაწყდებით. საქმე იმაშია, რომ ქვეით ბატალიონებს სატანკო და მოტოქვეით ბატალიონებთან შედარებით კიდევ უფრო მეტად სჭირდებათ არტილერიის ცეცხლით მხარდაჭერა. კერძოდ 80-იან წლებში შტატის მიხედვით ტიპიური ამერიკული ჯავშანსატანკო (მექანიზებული ქვეითი) დივიზიის შეიარაღებაში შედიოდა 147 საველე საარტილერიო სისტემა, ქვეითი დივიზიისა – 209. თუ გავითვალისწინებთ, რომ დივიზია შედგება სამი ბრიგადისგან, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ რამდენი საბრძოლო ბრიგადის შესაიარაღებლად იქნება საკმარისი საქართველოსთვის გამოყოფილი 285 საარტილერიო ერთეულის კვოტა. მაგრამ თუ საზღვარგარეთის არმიების საბრძოლო შემადგენლობას გადავხედავთ, ვნახავთ, რომ საბრძოლო შენაერთებში (დივიზიებში, ბრიგადებში) არსებული საშტატო საარტილერიო შეიარაღება ხშირ შემთხვევაში საკმარისი არ არის მათ წინაშე დასმული ამოცანების გადასაწყვეტად. ამიტომ ზემდგომ რგოლებში – საარმიო კორპუსებში, საველე არმიებში, არმიათა ჯგუფებსა და/ან ცენტრალური სარდლობის დაქვემდებარებაში ქმნიან საველე არტილერიის სარეზერვო დივიზიებს, ბრიგადებს, პოლკებს, ცალკეულ დივიზიონებსა და ბატარეებს.

სახელდობრ, აშშ-ის არმიაში 1997 წელს ნაჩვენები იყო 22 საველე საარტილერიო ბრიგადა, ხოლო რუსეთის სახმელეთო ჯარებში, 1996 წელს – 4 საარტილერიო დივიზია და დაახლოებით 50 საარტილერიო ბრიგადა/პოლკი, აგრეთვე 20-მდე ტანკსაწინააღმდეგო საარტილერიო პოლკი; ასევე სხვა ქვეყნებში.

4. საქართველოს შეიარაღებული ძალების მდგომარეობა და სავარაუდო პერსპექტივები საერთაშორისო ხელშეკრულებებით მისთვის გათვალისწინებული ძირითადი შეიარაღების მიხედვით 

ყოველივე ზემოთქმული გათვალისწინებით საერთაშორისო ხელშეკრულებებით საქართველოსთვის გამოყოფილი 285 საველე საარტილერიო სისტემის კვოტა საკმარისი უნდა იყოს მხოლოდ ერთი ჯავშანსატანკო (მექანიზებული ქვეითი) და ორი-სამი ქვეითი ბრიგადის დასაკომპლექტებლად. ამ ჯარების პირად შემადგენლობაში, აგრეთვე საბრძოლო და ზურგის უზრუნველყოფის ნაწილებსა და ქვედანაყოფებში შეგვიძლია ვივარაუდოთ დაახლოებით 30–40 ათასი ადამიანი. მაშინ ოფიციალურად გაცხადებული კიდევ 200 ათასზე მეტი რეზერვისტის დანიშნულება ჩვენთვის უბრალოდ გაუგებარია, ვინაიდან მათი ავტომატური სასროლი იარაღითა და ყუმბარსატყორცნებით შეიარაღების შემთხვევაში, ჯავშანსატანკო ტექნიკითა და საველე არტილერიით დაბალანსებული თურქული ან რუსული შენაერთების წინააღმდეგ ისინი მხოლოდ ს ა ზ ა რ ბ ა ზ ნ ე | ხ ო რ ც ი იქნებიან, რომელთაც ქვეყნის თავდაცვის არანაირი შესაძლებლობა არ ექნებათ. სამწუხაროდ, ასეთია ეუთო-ს ეგიდით ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების შესახებ 1990 წლის ნოემბერში პარიზში დადებული ხელშეკრულებისა და მის საფუძველზე 1992 წლის მაისში ტაშკენტში ხელმოწერილი შეთანხმების ძალით საქართველოს თავდაცვის სისტემისთვის განკუთვნილი ხვედრი, თუ კი მის შეცვლასა და ვითარების გამოსწორებას არ შევეცდებით. მით უმეტეს, რომ საჯაროდ საკითხის ასეთნაირად დაყენებისას ჩვენში ჩამოსული ნატოელი მაღალჩინოსნები არ უარყოფენ აღნიშნული დოკუმენტების არასრულყოფილებასა და მისი ცალკეული პუნქტების ახალ რეალიებთან შესაბამისობაში მოყვანის აუცილებლობას. მაგრამ, სამწუხაროდ, სულ სხვაა ამ საკითხისადმი საქართველოს თავდაცვის მესვეურთა დამოკიდებულება, რომლებიც, როგორც ჩანს, იმავე დასავლელი ექსპერტებისა და მოხელეების უკვე არასაჯარო რეკომენდაციებით უნდა მოქმედებდნენ.

ამის ნათელი დადასტურებაა ამერიკელი და სხვა ნატოელი მრჩევლების რეკომენდაციებით ჩვენი სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის მიერ აღებული კურსი “მსუბუქად შეიარაღებული მობილური პროფესიული” ჯარების მშენებლობის მიმართულებით, რომელსაც თურმე მძიმე შეიარაღების გარეშე შეეძლება ქვეყნის თავდაცვის უზრუნველყოფა. ამ საკითხის შესახებ ამ ნაშრომში ვრცელ თეორიულ მსჯელობას მოვერიდებით (იგი უფრო უპრიანი იქნებოდა საკუთრივ საქართველოს თავდაცვის სისტემაში არსებული მანკიერებების შესახებ მსჯელობისას), მხოლოდ რამდენიმე მაგალითს მოვიყვანთ ზემოთ აღნიშნული დებულების გასაქარწყლებლად. 

პირველი – 1939 წლის სექტემბერში პოლონეთის არმიის მსუბუქად შეიარაღებულ, მობილურ და კარგად გაწვრთნილ საკავალერიო შენაერთებს თავიანთი ტყვიამფრქვევებით, შაშხანებით, ხმლებითა და შუბებით ამაოდ მიჰქონდათ იერიშები გერმანულ ჯავშანსატანკო ჯარებზე, რომელთა შეიარაღებაში არსებულ ტანკებს სულ 15–30 მმ სისქის ჯავშანი და 20 ან 50 მმ ყალიბის ქვემეხები ჰქონდათ. ამას, როგორც ვიცით, შედეგად მოჰყვა ჯერ გერმანული ოკუპაციის მძიმე წლები და შემდეგ – საბჭოთა “განთავისუფლების” სიამეები.

მეორე – 40-იანი წლების მეორე ნახევარში საბჭოთა კავშირმა მის მფარველობაში მყოფ ჩრდილოეთ კორეის სახმელეთო ჯარებს შეიარაღებაში გადასცა საშუალო ტანკები, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა კი, სამხრეთ კორეის არმიას, დიდი რაოდენობით ხელის ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარსატყორცნები ე. წ. “ბაზუკები”. 1950 წელს საბრძოლო მოქმედებების დაწყების მესამე დღეს ჩრდილოელებმა აიღეს სამხრეთ კორეის დედაქალაქი სეული და შემდეგ თითქმის მთელი ნახევარკუნძულიც დაიკავეს. მხოლოდ აშშ-ის კონტინენტური ნაწილიდან გადასროლილი გაძლიერების ჯარებით შეძლო გენერალმა დუგლას მაკარტურმა ჩრდილო კორეის ჯარების მოგერიება და საბრძოლო მოქმედებების მათ ტერიტორიაზე გაადატანა.

მესამე – 1973 წლის არაბებისა და ისრაელის ომმა საბოლოოდ უჩვენა ჯავშანტრანსპორტერებით შეიარაღებული მექანიზებული ქვეითი ჯარების უდაო უპირატესობა ქვეით ჯარებთან შედარებით.

მეოთხე მაგალითს სულ ახლახანს ვადევნებდით თვალყურს, როდესაც მსუბუქად შეიარაღებულმა ჩეჩენმა მებრძოლებმა ვერაფერი გააწყვეს ჯავშანსატანკო ტექნიკით, არტილერიითა და საარმიო ავიაციით დაბალნსებული და ტაქტიკური ავიაციის მხარდაჭერით მოქმედი რუსული ჯარების შემოტევების წინააღმდეგ და, თავიანთი მაღალი შემართებისა და რუსებთან წინა ომში მიღებული გამოცდილების მიუხედავად, ვერ შეძლეს სამხედრო საქმისა და სამხედრო ხელოვნების თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად დაბალანსებულ რუსულ საჯარისო შენაერთებთან გამკლავება.

5. ევროპის მცირე სახელმწიფოთა და ისრაელის ძირითადი ჩვეულებრივი შეიარაღება 

ქვემოთ შევეხებით თავად მცირე სახელმწიფოთა შეიარაღებას. სტრატეგიული კვლევების ლონდონის საერთაშორისო ინსტიტუტის მონაცემებით, იმავე 1991 წელს ჩვენსავით მთაგორიანი რელიეფისა და 6,5 მლნ. მოსახლეობის მქონე შვეიცარიის სახმელეთო ჯარების შეიარაღებაში ნაჩვენები იყო 870 საბრძოლო ტანკი (მათგან 180 თანამედროვე გერმანული “ლეოპარდ-2”), 1350 მოჯავშნული საბრძოლო მანქანა, 1480-ზე მეტი საველე საარტილერიო სისტემა (მათგან 470-ზე მეტი თვითმავალი ჰაუბიცა), პლიუს დაახლოებით 3000 81-მმ ნაღმსატყორცნი და ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა (ჩვენში ცნობილი “გრადების” ანალოგიური).

შვეიცარიისგან განსხვავებით ფინური სარდლობა აქცენტს აკეთებს ძირითადად ქვეითი ჯარების მშენებლობასა და გამოყენებაზე. იმავე ლონდონური წყაროს მონაცემებით 1991 წელს ამ 5 მილიონიანი ქვეყნის არმიის შეიარაღებაში შედიოდა სულ 120 ტანკი, 200-მდე მოჯავშნული საბრძოლო მანქანა და კიდევ 370-მდე მსუბუქად მოჯავშნული მანქანა, რომლებსაც ჯავშანტრანსპოეტერებად იყენებენ. სამაგიეროდ საარტილერიო შეიარაღებაში ნაჩვენები იყო საველე არტილერიის 1300-მდე ქვემეხი და ნაღმსაყტორცნი, 400-ზე მეტი სანაპირო არტილერიის ქვემეხი და 900-ზე მეტი 81-მმ ნაღმსატყორცნი. 

90-იან წლებში ცივი ომის დასრულების მიუხედავად ფინეთის სარდლობამ თითქმის 200 ერთეულამდე გაზარდა საბრძოლო ტანკების რაოდენობა, ასევე რამდენიმე ასეული ერთეულით გაზარდა მსუბუქად მოჯავშნული სატრანსპორტო-საბრძოლო მანქანების ფარეხი და საველე საარტილერიო შეიარაღება, ხოლო მობილიზაციის შემდეგ შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობის რიცხოვნება უცვლელად დატოვა – 700 000 ადამიანი. შვეიცარიის სარდლობამ კი იმავე 90-იან წლებში 235 000 ადამიანით შეამცირა მობილიზაციის შემდეგ გამოსაყვანი პირადი შემადგენლობის სავარაუდო რაოდენობა, რაც შეეხება შეიარაღებას, ჯავშანსატანკო ტექნიკა პრაქტიკულად უცვლელად დატოვა, ხოლო საველე არტილერიაში ბუქსირებადი ჰაუბიცების თითქმის 700 ერთეულით შემცირების სანაცვლოდ გაზარდა თვითმავალი ლულიანი არტილერიისა და ნაღმსატყორცნების რაოდენობა. და ვინაიდან ბუქსირებად არტილერიას იყენებენ ძირითადად ქვეითი ჯარების ცეცხლით მხარდასაჭერად, ამიტომ შეგვიძლია დავასკვნათ, რომ შვეიცარიის სახმელეთო ჯარების შემცირება განახორციელეს ძირითადად ქვეითი ჯარების შემცირების ხარჯზე, ხოლო ჯავშანსატანკო და მექანიზებული ჯარები უწინდელ დონეზე შეინარჩუნეს (იმის საპირისპიროდ, რასაც ჩვენ ამერიკელი და სხვა ნატოელი მრჩევლები გვთავაზობენ). 

ფინეთისა და შვეიცარიისგან განსხვავებით ისრაელის სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობას კურსი აღებული აქვს შეტევითი სამხედრო ოპერაციების წარმოებაზე. ამიტომ მისი შეიარაღება მნიშვნელოვნად აღემატება მცირე ევროპული სახელმწიფოების ანალოგიურ მაჩვენებლებს. მაგალითად, 1996 წლის მონაცემებით, მობილიზაციის შემდეგ მისი შეიარაღებული ძალების სავარაუდო პირადი შემადგენლობა ნაჩვენები იყო 605 000 ადამიანი, ხოლო შეიარაღებაში მათ გააჩნდათ 4300 საბრძოლო ტანკი, 5900 მოჯავშნული საბრძოლო მანქანა, 2800 საველე საარტილერიო სისტემა, ოპერატიულ-ტაქტიკური რაკეტების 20-ზე მეტი გასაშვები დანადგარი, 450-მდე საბრძოლო თვითმფრინავი და 116 დამრტყმელი ვერტმფრენი, აგრეთვე სხვა შეიარაღება.

ზემოაღნიშნულ მცირე ევროპულ სახელმწიფოთა გამოცდილებას ადასტურებს თავად შეერთებული შტატების პრაქტიკაც. 80-იანი წლების მიწურულს ამ ქვეყნის სახმელეთო ჯარებში ნაჩვენები იყო 15 “მძიმე” (ჯავშანსატანკო და მექანიზებული) და 11 “მსუბუქი” (ქვეითი და მსუბუქი ქვეითი) დივიზია. ხოლო 1997 წელს უკვე 11 მძიმე და 5 მსუბუქი დივიზია. როგორც ვხედავთ, პენტაგონის ხელმძღვანელობამ ცივი ომის დასრულების შემდეგ თავის სახმელეთო ჯარებში ჯავშანსატანკო და მექანიზებული შენაერთები სულ ოთხი ერთეულით შეამცირა, ხოლო ქვეითი და მსუბუქი ქვეითი კი – ექვსი ერთეულით. და, როგორც ვხედავთ, მის თანამედროვე საბრძოლო შემადგენლობაში ჯავშანსატანკო და მექანიზებული დივიზიების რაოდენობა 2,2-ჯერ აღემატება ქვეითი და მსუბუქი ქვეითი დივიზიების რაოდენობას.

6. საქართველოს შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობის სავარაუდო რიცხოვნება და სახმელეთო ჯარების ძირითადი შეიარაღება ევროპის მცირე ნეიტრალურ სახელმწიფოთა გამოცდილების გათვალისწინებით 

ამრიგად, ის კურსი, რომელიც აღებული აქვს საქართველოს ხელმძღვანელობას, პირდაპირ ეწინააღმდეგება ევროპის და არა მხოლოდ მის სახელმწიფოთა სახმელეთო ჯარების მშენებლობის გამოცდილებას და ვერანაირად ვერ უზრუნველყოფს ქვეყნის თავდაცვას. ხოლო თუ როგორი რიცხოვნების პირადი შემადგენლობისა და რა რაოდენობის შეიარაღებაა საჭირო დასვლური ტიპის ბრძოლისუნარიანი სახმელეთო ჯარების შესაქმნელად, ადვილად შეგვიძლია მიახლოებით დავითვალოთ იმავე ფინეთისა და შვეიცარიის მაგალითზე. თანაც ჩვენს გაანგარიშებებში სახმელეთო ჯარების პირადი შემადგენლობის სავარაუდო რიცხოვნების განსაზღვრისას დავეყრდნობით ფინეთის გამოცდილებას, ვინაიდან ამ ქვეყანას, საქართველოს მსგავსად, საზღვაო აკვატორია და, შესაბამისად, სამხედრო-საზღვაო ძალებიც გააჩნია (შვეიცარიას სამხედრო-საზღვაო ძალები არა ჰყავს). რაც შეეხება სახმელეთო ჯარების სავარაუდო შეიარაღებას, აქ უკვე ვიხელმძღვანელებთ ჯავშანსატანკო და მექანიზებული ჯარების მშენებლობის შვეიცარული გამოცდილებით, ვინაიდან ეს სახელწიფო ახორციელებს ჯავშანსატანკო ტექნიკით გაჯერებული და დაბალანსებული ჯარების მშენებლობას. 

ლონდონური წყაროს მონაცემებით ფინეთის მოსახლეობა 1991 წელს იყო 5 023 200 ადამიანი. საყოველთაო მობილიზაციის შემდეგ ამ ქვეყნის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობა გეგმავდა შეიარაღებულ ძალებში 700 000 ადამიანის გამოყვანას (მოსახლეობის 13,9 %). მათგან 300 000-სა საბრძოლო (საველე) ჯარებში (5,9 %), 200 000-სა ადგილობრივი თავდაცვის ჯარებში (3,9 %) და კიდევ 200 000-სა მხარდაჭერის (ზურგის უზრუნველყოფის და სხვა) ჯარებსა და სამსახურებში (3,9 %). საველე და ტერიტორიული თავდაცვის ჯარების 500 000-იანი კონტინგენტიდან (მოსახლეობის 9,9 %) სახმელეთო ჯარების წილად მოდიოდა 460 000 ადამიანი (9,2 %), სამხედრო-საზღვაო ძალებისა – 12 000 (0,24 %), სამხედრო-საჰაერო ძალების – 30 000 (0,6 %).

იმავე წყაროს მონაცემებით საქართველოს მოსახლეობა 1998 წელს იყო 5 430 000 ადამიანი. თუ კი ომიანობის დროის ფინეთის შეიარაღებული ძალების რიცხოვნების პროცენტული მაჩვენებლებით ვიხელმძღვანელებთ, მაშინ საყოველთაო მობილიზაციის გატარების შემდეგ საქართველოს ხელმძღვანელობას უნდა შეეძლოს შეიარაღებული ძალების ყველა სახეობასა და სამსახურში დაახლოებით 750 000 ადამიანის გამოყვანა, მათგან 537 600 ადამიანისა საველე და ტერიტორიული თავდაცვის ჯარებში. ამ კონტინგენტიდან სახმელეთო ჯარების წილად შეგვიძლია ვივარაუდოთ დაახლოებით 499 600 პირადი შემადგენლობა, სამხედრო-საზღვაო ძალებისა – 12 300, სამხედრო-საჰაერო ძალების – 31 600 ადამიანი.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, სახმელეთო ჯარების შეიარაღებაში აუცილებელი მძიმე შეიარაღებისა და საბრძოლო ტექნიკის დათვლას მოვახდენთ უკვე შვეიცარიის მაგალითზე. 1991 წელს შვეიცარიის საომარი დროის სახმელეთო ჯარებში ნაჩვენები იყო პირადი შემადგენლობის 565 000 ადამიანი. შეიარაღებაში კი მათ გააჩნდათ 870 საბრძოლო ტანკი (ანუ პირადი შემადგენლობის 0,15 %), 1350 მოჯავშნული საბრძოლო მანქანა (0,24 %), 100 მმ-ზე მეტი ყალიბის 1483 ქვემეხი და ნაღმსატყორცნი (0,26 %).

თუ კი ამოვალთ საქართველოს სახმელეთო ჯარების ზემოთ დაანგარიშებული სავარაუდო რიცხოვნებიდან – 499 600 ადამიანი, მაშინ შვეიცარული არმიის შეიარაღების პროცენტული მაჩვენებლების მიხედვით მათ შეიარაღებაში შეგვიძლია გავითვალისწინოთ 750-მდე საბრძოლო ტანკი, 1200-მდე მოჯავშნული საბრძოლო მანქანა, დაახლ. 1300 საველე საარტილერიო სისტემა და სხვა შეიარაღება.

აი ასეთია რეალურად დასავლური, კერძოდ ევროპული, ტიპის სახმელეთო ჯარებისა და საერთოდ შეიარაღებული ძალების ზოგადი მაჩვენებლები და მათ საფუძველზე საქართველოსთვის დაანგარიშებული პირადი შემადგენლობისა და ძირითადი შეიარაღების სავარაუდო პარამეტრები. ამასვე ადასტურებს აშშ-ისა და გერმანიის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის მიერ თურქეთის შეიარაღებული ძალებისთვის 90-იან წლებში გაწეული სამხედრო-ტექნიკური დახმარების გამოცდილებაც.

დასასრულს უნდა აღვნიშნოთ, რომ ასეთი რიცხოვნებისა და შეიარაღების მქონე შეიარაღებული ძალების მშენებლობასა და შენახვას სათანადო საფინანსო უზრუნველყოფა სჭირდება. ასევე საყურადღებოა ისიც, რომ ფინეთის თავდაცვის ხარჯები ნაკლებია შვეიცარიის თავდაცვის ხარჯებთან შედარებით, ანუ ქვეითი ჯარების შენახვა ჯავშანსატანკო და მექანიზებული ჯარების შენახვაზე უფრო იაფი ჯდება. ამიტომ საწყის ეტაპზე ჩვენც შესაძლოა კურსი ავიღოთ ძირითადად ქვეითი ბრიგადების ჩამოყალიბებაზე (ცხადია ამავდროულად ჯავშანსატანკო შენაერთების, როგორც სახმელეთო ჯარების მთავარი დამრტყმელი ძალის მინიმალურად აუცილებელი ბირთვის შექმნით). მაგრამ ეს არ ხსნის ძირითად პრობლემას – საერთაშორისო ხელშეკრულებებით საქართველოსთვის განკუთვნილი ჩვეულებრივი შეიარაღების კვოტები არანაირად არ არის საკმარისი თუნდაც სათანადო რაოდენობის ტიპიური ჯავშანსატანკო და ქვეითი ბრიგადების დასაკომპლექტებლად. და მეორეც, დასავლეთის მმართველი წრეებისა და მათ მიერ დაფუძნებული საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და მრჩევლები, განსაკუთრებით ამერიკის შეერთებული შატებიდან (ისინი უბრალოდ უფრო ხშირად ჩამოდიან) სისტემატიურად გვაძლევენ ისეთ რეკომენდაციებს, რომლებიც თავად მათ პრაქტიკასა და გამოცდილებას ეწინააღმდეგება და არანაირად არ შეიძლება გამოდგეს საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გასამტკიცებლად. ამის შესახებ ასევე უფრო ვრცელი ნაშრომი გვაქვს მომზადებული, რომელსაც საინფორმაციოსთან ერთად სადისკუსიო დანიშნულებაც ექნება.

ირაკლი ხართიშვილი 
2001 ან 2002 წელი

დანართი 1 

მსოფლიოს მცირე სახელმწიფოთა მოსახლეობა და შიარაღებული ძალები 

(ფრჩხილებში ნაჩვენებია შეიარაღებული ძალების პროცენტული წილი მთელ მოსახლეობაში; ისრაელის მონაცემები მოყვანილია 1991 და 1996 წლების მიხედვით) 

სახელმწიფო . . . . . . . . მოსახლეობა, . . . რეგულარული . . . ომიანობის დროის 
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . ადამიანი . . . . . .შეიარაღებული . . . . შეიარაღებული 
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .ძალები, ადამიანი . . ძალები, ადამიანი 

1 9 9 1 წ ე ლ ი 

დანია . . . . . . . . . . . . . . . . .5 081 800 . . . . . . .29 400 (0,56) . . . . . . . .172 000 (3,4)
ნორვეგია . . . . . . . . . . . . . .4 207 800 . . . . . . .32 700 (0,69) . . . . . . . .390 700 (9,3)
ფინეთი . . . . . . . . . . . . . . . 5 023 200 . . . . . . .31 800 (0,63) . . . . . . . .730 000 (14,5)
შვედეთი . . . . . . . . . . . . . . 8 340 200 . . . . . . .63 000 (0,76) . . . . . . . .772 000 (9,3)
შვეიცარია . . . . . . . . . . . . . 6 503 800 . . . . . . . . . . [*] . . . . . . . . . . . . . 625 000 (9,6)
ისრაელი . . . . . . . . . . . . . . 4 822 000 . . . . . . .141 000 (2,9) . . . . . . . .645 000 (13,4)

1 9 9 7 წ ე ლ ი 

დანია . . . . . . . . . . . . . . . . . 5 235 000 . . . . . . .32 400 (0,63) . . . . . . . 177 650 (3,4)
ნორვეგია . . . . . . . . . . . . . .4 392 000 . . . . . . .33 600 (0,77) . . . . . . . .384 000 (8,7)
ფინეთი . . . . . . . . . . . . . . . 5 136 000 . . . . . . .31 000 (0,60) . . . . . . . .730 000 (14,2)
შვედეთი . . . . . . . . . . . . . . 8 850 000 . . . . . . .53 350 (0,60) . . . . . . . .623 000 (7,1)
შვეიცარია . . . . . . . . . . . . . 7 080 000 . . . . . . . . . [*] . . . . . . . . . . . . . . 393 000 (5,6)
ისრაელი . . . . . . . . . . . . . . 5 723 200 . . . . . . 175 000 (3,1) . . . . . . . . 605 000 (10,6)

დანართი 2

მსოფლიოს მცირე სახელმწიფოთა ძირითადი შეიარაღება 

(ისრაელის მონაცემები მოყვანილია 1991 და 1996 წლების მიხედვით)

(ცხრილის უფრო კომპაქტურად ჩაწერისთვის გამოყენებული აღნიშვნები: საბრძოლო ტანკები – A, მოჯავშნული საბრძოლო მანქანები – B, საველე საარტილერიო სისტემები – C, დამრტყმელი ვერტმფრენები – D, საბრძოლო თვითმფრინავები – E, წყალქვეშა ნავები – F, მსხვილი წყალზედა საბრძოლო ხომალდები – G, სარაკეტო და სადარაჯო კატარღები – H)

სახელმწიფო . . . . . A . . . . . . B . . . . . C . . . . D . . . . E . . . . F . . . G . . . H . . 

1 9 9 1 წ ე ლ ი 

დანია . . . . . . . . . . . 499 . . . . 595 . . . . 553 . . . – . . . .106 . . . . 4 . . . 3 . . . 37
ნორვეგია . . . . . . . .211 . . . . 203 . . . . .527 . . . – . . . . .85 . . . 11 . . .5 . . . .35
ფინეთი . . . . . . . . . 120 . . . . 558 . . . .1250 . . . – . . . .118 . . . .– . . . – . . . .22
შვედეთი . . . . . . . . 785 . . . . 600 . . . .1520 . . . 20 . . .470 . . . 12 . . .– . . . 42
შვეიცარია . . . . . . . 870 . . . 1350 . . . 1483 . . . .– . . . .285 . . . .– . . . – . . . . –
 ისრაელი . . . . . . . 4488 . . . 5900 . . . 2000+ . . .94 . . .693 . . . .– . . . – . . . .65

1 9 9 7 წ ე ლ ი 

დანია . . . . . . . . . . . 358 . . . . 644 . . . . 503 . . . 12 . . . 66 . . . . 5 . . .3 . . . 65
ნორვეგია . . . . . . . .170 . . . . 269 . . . . .252 . . . – . . . .79 . . . 12 . . .4 . . . .24
ფინეთი . . . . . . . . . 196 . . . 1028 . . . .1947 . . . – . . . .98 . . . – . . . .– . . . .14
შვედეთი . . . . . . . .539 . . . .1131 . . . .1561 . . . 21 . . 387 . . .10 . . .– . . . .13
შვეიცარია . . . . . . .796 . . . .1411 . . . . 796 . . . .– . . . 161 . . . – . . . – . . . . –
 ისრაელი . . . . . . .4300 . . . .5900 . . . .2790 . . .116 . .699 . . . 2 . . . – . . . .55

გამოყენებული წყაროები 

1. The Military Balance 1991-1992
2. The Military Balance 1996-1997
3. The Military Balance 1997-1998
4. The Military Balance 1998-1999
5. რუსულ (საბჭოთა) სამხედრო პერიოდიკაში 70–90-იანი წლების განმავლობაში გამოქვეყნებული წერილები.

P.S. ეს ნაშრომი უკვე დასრულებლი გვქონდა, როდესაც მივიღეთ უკანასკნელი ინფორმაცია საქართველოს შეიარაღებული ძალების 2000 წელში ნავარაუდევი რიცხოვნების შესახებ. ამ პროექტით ეს მაჩვენებელი განსაზღვრულია დაახლ. 20 000 ადამიანით. ეს უკვე ევროპული სახელმწიფოების სტანდარტებშიც აღარ ჯდება, ვინადან თუნდაც იმავე 1998 წლის მონაცემების მიხედვით საქართველოს მოსახლეობა ნაჩვენები იყო დაახლ. 5 430 000 ადამიანი. მაშინ მშვიდობიანობის დროის რეულარული შეიარაღებული ძალების 20 000 პირადი შემადგენლობა იქნება ქვეყნის მთლიანი მოსახლეობის დაახლ. 0,37 %, რაც მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება ევროპის მცირე სახელმწიფოთა ანალოგიურ მაჩვენებელს.

ამჯერად არ შევუდგებით ამის შესახებ საუბარს, მხოლოდ ვიტყვით, რომ ფაქტები და ტენდენციები საქართველოს შეიარაღებული ძალებისა და მთლიანად თავდაცვის სატკივარზე თავად ყველაზე კარგად მეტყველებენ.

უფრო მეტიც, საქართველოში მყოფი ნატო-ს ბლოკის სამხედრო მრჩეველთა ჯგუფის ხელმძღვანელის, ბრიტანელი გენერლის, სერ ჰარი ჯონსონის განცხადებით, საქართველოს ე. წ. შეიარაღებული ძალების რიცხოვნება უნდა შეამცირონ 12 000 ადამიანამდე, რაც უკვე არანაირ ლოგიკაში აღარ ჯდება. მაგრამ საქართველოს ხელისუფლებას სურს იყოს მოტყუებულის როლში, და აქ ჩვენ ვერაფერს გავხდებით. სამაგიეროდ იმავე ხელისუფლებას მოუწევს თავის დროზე პასუხისგება ღვთისა და ერის წინაშე მათ მიერ არასწორად წარმართული ქვეყნის სამხედრო მშენებლობის გამო, ხოლო თუკი საქართველო აღმოჩნდება რომელიმე მეზობლისგან ან სამხედრო კოალიციისგან აგრესიის მსხვერპლი, მაშინ სწორედ ამ ადამიანებს მოუწევთ ყველაზე უფრო მძიმედ, საკუთარი და თავიანთი ახლობლების სიცოცხლით, ჯანმრთელობითა და ნამუსით პასუხისგება იმ განსაცდელების გამო, რომლებშიც თავიანთი სამშობლო და ხალხი ჩააგდეს.

No comments:

Post a Comment