(ნაწილი III)
III ნაწილის შინაარსი
საქართველოს გარშემო არსებული სამხედრო-სტრატეგიული ვითარების მოკლე ანალიზი
CFE ხელშეკრულება და საქართველო
საქართველოს აქლემებს შორის გამოჭყლეტილი კოზაკის ბედს უმზადებენ
საქართველოს შეიარაღებული ძალების სავარაუდო რიცხოვნების შესახებ
საქართველოს ჯავშანსატანკო ჯარების შესახებ
თანამედროვე მექანიზებული ქვეითი ჯარების შესახებ

(გამოქვეყნდა გაზეთ “საქართველოს” 2001 წლის 3 ივლისისა და 7 აგვისტოს ნომრებში, სათაურით “ვისთან საბრძოლველად ამზადებს თურქეთი ჯარებს?”)
საქართველოს გარშემო 90-იან წლებში ჩამოყალიბებული სამხედრო-სტრატეგიული ვითარება იმის მიმანიშნებელია, რომ ამიერკავკასიაში ახლო მომავალში უნდა მოველოდეთ მსხვილმასშტაბიანი საბრძოლო მოქმედებების გაჩაღებას, ერთის მხრივ, თურქეთსა და მის ნატო-ელ მოკავშირეებს, ხოლო მეორეს მხრივ კი – რუსეთ-ირან-ჩინეთის კოალიციას შორის, და ამ ომის ინიციატორები დასავლეთის მმართველი წრეები არიან.
საქმე იმაშია, რომ 90-იან წლებში, ცივი ომის დასრულების, ვარშავის ხელშეკრულების ორგანიზაციისა და საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ნატო-ს ბლოკის უმეტესმა სახელმწიფოებმა დაიწყეს თავიანთი სამხედრო ხარჯებისა და რეგულარული შეიარაღებული ძალების შემცირება. ამის საპირისპიროდ თურქეთმა თავისი სახედრო ხარჯები გაზარდა 1990 წლის 5,0 მლრდ ამერიკული დოლარიდან 8,9 მლრდ-მდე, ხოლო მშვიდობიანობის დროის რეგულარული შეიარაღებული ძალები კი 579 200 ადამიანიდან, 639 000-მდე.
გაზრდილი სამხედრო ხარჯები ძირითადად მოხმარდა თურქეთის სახმელეთო ჯარების, საჰაერო და საზღვაო ძალების გადაიარაღებას, რაშიც დიდი წვლილი შეიტანეს აშშ-მა და გერმანიამ. მათ თურქეთს მიაწოდეს M60A1/A3 და „ლეოპარდ-1A1/A3“ ტიპის საბრძოლო ტანკები, საველე არტილერიის ქვემეხები, AH-1W/P ტიპის დამრტყმელი ვერმფრენები, „ნოქსისა“ და „ოლივერ ჰეზარდ პერის“ ტიპის ფრეგატები მართვადი ხომალდსაწინააღმდეგო მართვადი სარაკეტო შეიარაღებით (მრი ფრეგატები), და სხვა შეიარაღება. გარდა ამისა, ამერიკული და გერმანული ლიცენზიებით, თავად თურქები აწარმოებენ YPR-765 ტიპის ქვეითთა საბრძოლო მანქანებსა და ჯავშანტრანსპორტერებს, F-16C/D ტიპის გამანადგურებელ თვითმფრინავებს, 209 ტიპის ტაქტიკურ წყალქვეშა ნავებს, MEKO 200 ტიპის მრი ფრეგატებს, აგრეთვე სხვა შეიარაღებას.
გატარებული ღონისძიებების შედეგად, თურქეთის სამხედრო მანქანის შესაძლებლობები, 90-იანი წლების მიწურულისთვის, სულ მცირე, 3–4-ჯერ უნდა ამაღლებულიყო. და ეს მოხდა იმ ფონზე, როდესაც ძველი მოწინააღმდეგენი – ბულგარეთი და რუმინეთი, შავი ზღვის სრუტების ზონაში თურქეთს უკვე აღარ ემუქრებიან, ამიერკავკასიიდან რუსეთის ჯარები ძირითადად გავიდნენ და ცივი ომის დროინდელი 11 საბჭოთა დივიზიისა და 12 ბრიგადა/პოლკის ნაცვლად, ბათუმში, ახალქალაქსა და გიუმრიში (სომხეთი) შედარებით სუსტი შემადგენლობის სამი რუსული სამხედრო ბაზაღაა დარჩენილი.
ასეთ პირობებში ამერიკისა და გერმანიის მიერ თურქეთის შეიარაღებული ძალების რამდენიმეჯერადი გაძლიერება მნიშვნელოვნად სცილდება ამ ქვეყნის თავდაცვითი აუცილებლობის ფარგლებს და აშკარად მიგვანიშნებს თურქულ-დასავლური ალიანსის ხელმძღვანელობის შეტევით მიზნებზე.
ამასვე ადასტურებს ის გარემოებაც, რომ 1991 წელთან შედარებით, თურქულმა სარდლობამ მნიშვნელოვნად შეამცირა რეზერვების რიცხოვნება და უწინდელი 1 107 000 ადამიანის ნაცვლად 2000 წელს 378 700-ზე ჩამოვიდა, თანაც რეზერვში ჩარიცხულ სამხედროვალდებულთა ასაკი 46-დან 41 წლამდე შეამცირა. საქმე იმაშია, რომ მსოფლიო პრაქტიკაში შეიარაღებული ძალები, განსაკუთრებით კი მისი სახმელეთო ჯარები, იყოფა საბრძოლო ანუ საველე ჯარებად და ტერიტორიული თავდაცვის ჯარებად. პირველს ევალება ძირითადი საბრძოლო მოქმედებების წარმოება, მეორეს კი – ადგილობრივი (ტერიტორიული) თავდაცვის ამოცანების შესრულება. ამიტომ პირველში იწვევენ შედარებით ახალგაზრდა ასაკის პირად შემადგენლობას – 35 ან 41 წლამდე (სხვადასხვა ქვეყნებში), მეორეში კი – შესაბამის რაიონებში მცხოვრებ უფრო ასაკოვან რეზერვისტებს – 35 ან 41 წელს ზევით. ის გარემოება, რომ თურქული სარდლობა 90-იანი წლების ბოლოს უკვე აღარ ვარაუდობს 41 წელზე უფროსი ასაკის რეზერვისტების მობილიზაციას, მხოლოდ იმაზე შეიძლება მიგვანიშნებდეს, რომ იგი ვეღარ ხედავს საკუთარ ტერიტორიაზე თავდაცვითი ომის წარმოების აუცილებლობას, ანუ მისი თანამედროვე შეიარაღებული ძალების ამოცანა უკვე აღარ არის ქვეყნის თავდაცვა.
ამავე დროს, 90-იანი წლების მეორე ნახევარში, ამერიკელებმა თურქეთს მისცეს KC-135R ტიპის შვიდი გამწყობი თვითმფრინავი, რომელთა ძირითადი დანიშნულებაცაა შორ მანძილებზე მიზნების დასაბომბად გაგზავნილი ტაქტიკური გამანადგურებლებისთვის ჰაერში ფრენის დროს საწვავის ჩასხმა.
ყოველივე ზემოთქმული ნათლად გვიჩვენებს, რომ 90-იან წლებში დასავლეთის მიერ რამდენჯერმე გაძლიერებული თურქული შეიარაღებული ძალების ამოცანას უნდა შეადგენდეს „ნატო-ს აღმოსავლეთისკენ გაფართოების“ ფარგლებში შეიარაღებული ძალის დემონსტრირება, მავანთა დასაშინებლად, ან კიდევ შეტევითი საბრძოლო მოქმედებების გაჩაღება, თუ დაშინებამ ვერ გაჭრა. ამასვე ადასტურებს თურქეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, შემდგომში პრეზიდენტის, აწ გარდაცვლილი თურგუთ ოზალის მიერ დასავლური პრესისთვის 80-იანი წლების შუა ხანებში მიცემული ინტერვიუ, სადაც იგი ამბობს, რომ თურქეთს დიდი პრეტენზიები არ გააჩნია, ვინაიდან იგი მხოლოდ რეგიონული სახელმწიფოა „ადრიატიკიდან ჩინეთის დიდ კედლამდეო“.
ჩინეთის დიდ კედლამდე თურქულ-დასავლური ალიანსის სამხედრო-პოლიტიკური გავლენის გავრცელების მოწინააღმდეგეებად გამოდიან და ერთმანეთთან ასევე სამხედრო-პოლიტიკური კავშირები დაამყარეს რუსეთმა, ირანმა და ჩინეთმა. უკანასკნელ პერიოდში რუსეთმა სამხედრო თანამშრომლობა აღადგინა ინდოეთთანაც. ეს ის ქვეყნებია, რომლებსაც უბრალოდ ძალის დემონსტრირებით ვერ დააშინებ, რომლებმაც ომის წარმოებაც კარგად იციან და შესაბამისი რესურსებიც გააჩნიათ. ასეთ პირობებში კი აშკარად იკვეთება თურქულ-დასავლურ ალიანსსა და რუსეთ-ირან-ჩინეთის კავშირს შორის ახლო მომავალში დიდი ომის გაჩაღების შესაძლებლობა. და ამ ომის ინიციატორებად გამოდიან დასავლეთის მმართველი წრეები.
მაგრამ თურქეთისა და რუსეთ-ირანის შეხების რაიონს წარმოადგენს ამიერკავკასია და მათი ძალების შეჯახებაც საწყის ეტაპზე სწორედ აქაა მოსალოდნელი. ამიტომ მეტად საინტერესოა ამიერკავკასიის მახლობლად თურქეთისა და რუსეთის საჯარისო შენაერთებისა და ნაწილების განლაგებისა და მზადყოფნის საკითხების განხილვა.
თურქეთის მხრიდან ამიერკავკასიას ესაზღვრება ჩრდილო-აღმოსავლეთ ანატოლია, სადაც თურქული სახმელეთო ჯარების სარდლობას განლაგებული ჰყავს მე-3 საველე არმიის მნიშვნელოვანი ნაწილი. 1998 წლის დასაწყისის თურქული ოფიციალური მონაცემებით, მასში ნაჩვენები იყო ერთი ქვეითი დივიზია (სატანკო, ორი ქვეითი და საარტილერიო პოლკებით), ერთი ჯავშანსატანკო, ორი ქვეითი და ექვსი მექანიზებული ბრიგადა, საარტილერიო პოლკი, საარმიო ავიაციის პოლკი, და სხვა ჯარები. მათი პირადი შემადგენლობა საერთო ჯამში მოითვლიდა 87 000-მდე ადამიანს, ხოლო შეიარაღებაში კი შედიოდა 540 საბრძოლო ტანკი, 630-მდე მოჯავშნული საბრძოლო მანქანა, 640-მდე საველე არტილერიის ქვემეხი და ნაღმსატყორცნი, 10 დამრტყმელი და 30-ზე მეტი საბრძოლო უზრუნველყოფის ვერტმფრენი, და სხვა შეიარაღება.
აღნიშნული საბრძოლო შენაერთებიდან და ნაწილებიდან მე-9 ქვეითი დივიზია განლაგებულია ქ. სარიყამიშში. 1998 წლის დასაწყისში მასში ნაჩვენები იყო პირადი შემადგენლობის 10 130-მდე ადამიანი, 112 საბრძოლო ტანკი, 64 ჯავშანტრანსპორტერი, 128 საველე არტილერიის ქვემეხი და ნაღმსატყორცნი. შეიძლება ითქვას, რომ იგი პირადი შემადგენლობითა და ძირითადი შეიარაღებით კარგად არის დაკომპლექტებული და მაღალ სამობილიზაცისო და საბრძოლო მზადყოფნაში უნდა იმყოფებოდეს მასზე დაკისრებადი ამოცანების გადაწყვეტისთვის.
მეორეს მხრივ, ქ. სარიყამიში დაახლოებით თანაბარი მანძილებით, 120–150 კმ-ით არის დაშორებული საქართველოსა და სომხეთის ტერიტორიებიდან. სარიყამიშიდან აღმოსავლეთით, სომხეთისკენ, თურქულ სარდლობას ქალაქებში ყარსსა და ქაღიზმანში განლაგებული ჰყავს 14-ე და მე-7 მექანიზებული ბრიგადები, რომლებშიც ჯავშანსატანკო ტექნიკის მნიშვნელოვანი ნაკლებობაა, მთლიანობაში დაახლოებით 30 საბრძოლო ტანკისა და 120–140 მოჯავშნული საბრძოლო მანქანის, და, შესაბამისად, ისინი გარკვეულ დროსა და სათანადო ღონისძიებების გატრებას საჭიროებენ სპეციალური საწყობებიდან საშტატო საბრძოლო ტექნიკის მიღებისა და სრულ საბრძოლო მზადყოფნაში მოსვლისთვის.
რაც შეეხება სარიყამიშიდან ჩრდილოეთით, საქართველოსკენ, აქ თურქულ სარდლობას ქ. არტაანში განლაგებული ჰყავს 25-ე მექანიზებული ბრიგადა, რომელშიც 1998 წლის დასაწყისში შედიოდა პირადი შემადგენლობის 7100-ზე მეტი ადამიანი, 56 საბრძოლო ტანკი, 142 ჯავშანტრანსპორტერი, 53 საველე არტილერიის ქვემეხი და ნაღმსატყორცნი. ანუ ეს ბრიგადა სრულად არის დაკომპლექტებული და მაღალ მზადყოფნაში იმყოფება მასზე დაკისრებადი ამოცანების გადასაწყვეტად.
ასევე სრულად არიან დაკომპლექტებული ტრაპიზონში დისლოცირებული 48-ე ქვეითი ბრიგადა (6370-მდე ადამიანი, საველე არტილერიის 78 ქვემეხი და ნაღმსატყორცნი) და აზერბაიჯანის ნახჭევნის ოლქის საპირისპიროდ ქ. დოღუბაიაზითში განლაგებული 1-ლი მექანიზებული ბრიგადა (პირადი შემადგენლობის 10 000-მდე ადამიანი, 58 საბრძოლო ტანკი, 130-მდე მოჯავშნული საბრძოლო მანქანა, 83 საველე არტილერიის ქვემეხი და ნაღმსატყორცნი).
როგორც სამხედრო საქმის სხვა ქართველ მკვლევარებთან საუბრებიდან გაგვირკვევია, მოსალოდნელი დიდი წინააღმდეგობის გამო, თურქული სარდლობა ვერ უნდა ხედავდეს სომხეთის მიმართულებით სწრაფი შეტევითი სამხედრო ოპერაციის (ელვისებური მოკლე ომის) ჩატარების შესაძლებლობას, და ამიტომ ამ მიმართულებაზე მას განლაგებული ჰყავს ნაკლულად დაკომპლექტებული საბრძოლო ბრიგადები. სამაგიეროდ ასეთ შესაძლებლობას იგი ხედავს, და ამისთვის ემზადება კიდეც, საქართველოსა და ნახჭევნის მიმართულებით, სადაც განლაგებულ ჰყავს კიდეც პირადი შემადგენლობითა და საშტატო შეიარაღებით პრაქტიკულად სრულად დაკომპლექტებული საბრძოლო ბრიგადები, რომლებსაც საბრძოლო მოქმედებებში ჩართვა ან მათი გაჩაღება შეეძლებათ უკვე ამაზე ბრძანების მიღებიდან მოკლე ვადებში.
რაც შეეხება რუსეთს, 90-იან წლებში ჩამოყალიბებული საერთაშორისო ვითარებისა და თავად მისი მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის გამო, მსხვილმასშტაბიანი შეტევითი საბრძოლო ოპერაციების გაჩაღება უკვე აღარ შეუძლია. დასავლური გაანგარიშებით, 1991 წელს საბჭოთა კავშირის სამხედრო ბიუჯეტი შეადგენდა დაახლოებით 238 მლრდ ამერიკულ დოლარს, 1999-ში კი – სულ 34 მლრდ-ს. ამავე დროს 1991 წელს ამიერკავკასიაში განლაგებული იყო 11 საბჭოთა საბრძოლო დივიზია და 12 საბრძოლო და საბრძოლო უზრუნველყოფის ბრიგადა/პოლკი, ერთი ტაქტიკური საჰაერო არმია. სადღეისოდ კი, ყველაფერ ამის ნაცვლად, ნაჩვენებია საკმაოდ სუსტი შემადგენლობის სამი სამხედრო ბაზა და გუდაუთაში დისლოცირებული საპარაშუტო-სადესანტო პოლკი.
მაგრამ ეს სამხედრო ბაზები განლაგებულია ბათუმში, ახალქალაქსა და გიუმრიში (ყოფილი ლენინაკანი) საბრძოლველად მზადმყოფი თურქული საჯარისო შენაერთებისა და ნაწილების საპირისპიროდ და საქართველოსა და სომხეთში მათი შემოჭრის შეკავების მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენენ. ერთი რამ ცხადია, რომ თავისთავად ამ სამხედრო ბაზებს საკმარისი ძალები და საშუალებები არ გააჩნიათ თურქული ჯარების შემოტევის დიდი ხნით შესაჩერებლად და ამიტომ მეტად მნიშვნელოვანი უნდა იყოს რუსეთის ევროპულ ტერიტორიაზე და საკუთრივ მისი სამხრეთი მიმართულებით განლაგებული ჯარების რაოდენობისა და მზადყოფნის ხარისხის განხილვა.
(გაგრძელება შემდეგ ნომერში)
P. S. მცირე დამატება: საგაზეთო წერილის მოცულობის შეზღუდულობის გამო, ყველა საყურადღებო დეტალის მასში ასახვა ვერ მოხერხდა და, ამიტომ, გაზეთის გვერდის გადაღებულ ქსეროსლზე, მის ქვედა ნაწილში, სადაც უკვე სხვა სტატია იწყებოდა, დავაკარი ახალი ფურცელი შემდეგი დამატებითი ინფორმაციით: დამატებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ დასავლური მონაცემებით, 2000 წელს თურქეთის მოსახლეობა შეადგენდა დაახლოებით 66,1 მლნ ადამიანს, ირანისა კი – 72,7 მლნ-ს. შეიარაღებით კი თურქეთი ირანს აღემატებოდა შემდეგი კატეგორიების მიხედვით: საბრძოლო ტანკები (შესაბამისად 4205 და 1875), მოჯავშნული საბრძოლო მანქანები, ანუ მსუბუქი ტანკები, სადაზვერვო მოჯავშნული მანქანები მძიმე შეიარაღებით, ქვეითთა საბრძოლო მანქანები, ჯავშანტრანსპორტერები (4293 და 1730), თვითმავალი ქვემეხები (868 და 300-ზე მეტი), საბრძოლო თვითმფრინავები (505 და 291), წყალქვეშა ნავები (14 და 5), მსხვილი წყალზედა საბრძოლო ხომალდები (22) და 3. თურქეთი ჩამორჩებოდა ირანს ოპერატიულ-ტაქტიკური რაკეტების გასაშვები დანადგარების (შესაბამისად 12-მდე და 35), ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების (60 და 664), ნაღმსატყორცნებისა (5813 და 6500) და დამრტყმელი ვერტმფრენების (37 და 100) რაოდენობის მიხედვით.
2000 წლისთვის ამერიკელებმა მისცეს თურქეთს MLRS ტიპის ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებიდან ATACMS ტიპის ოპერატიულ-ტაქტიკური რაკეტების გასაშვენი აღჭურვილობანი (სროლის სიშორე 190 კმ-მდე, მიზანში მოხვედრის მაღალი სიზუსტე).
2000 წელს 4205 თურქული საბრძოლო ტანკიდან 1300 მოძველებული M-48A5 ტიპისა ნაჩვენები იყო მარაგში. მათგან ნაწილი განკუთვნილი იქნებოდა ქვეყნის ტერიტორიაზე უკვე მშვიდობიანობის დროს განლაგებული საბრძოლო ბრიგადების მუქარის პერიოდში სრულად დაკომპლექტებისთვის, ნაწილი კი ახალი სატანკო ბატალიონების შესაქმნელად. 1998 წლის დასაწყისში თურქეთის ევროპულ ტერიტორიაზე განლაგებულ შენაერთებში, მიახლოებითი შეფასებით, დაიმზირებოდა საბრძოლო ტანკების სულ 100–150 ერთეულის ნაკლებობა, შტატით გათვალისწინებულთან მიმართებით. ანუ შეგვიძლია ვთქვათ, რომ საწყობებში განთავსებული 1300 საბრძოლო ტანკიდან 1100 გათვალისწინებული უნდა ყოფილიყო ახალი სატანკო ბატალიონების შესაქმნელად. ხოლო 1100 ტანკით კი შეიძლება 20 სატანკო ბატალიონის ჩამოყალიბება. ანუ, შეტევითი საბრძოლო მოქმედებების კანონების დაცვით, თურქული არმიის სარდლობას საბრძოლო ტანკების ორი მესამედი (2905 მანქანა) განლაგებული ჰყავს რეგულარულ ნაწილებში, ხოლო ერთი მესამედი კი – 1300 მანქანა, რეზერვში.
(წერილის ძირითადი ტექსტის გაგრძელება)
რუსეთის ევროპული ტერიტორიის ჩრდილოეთ რაიონებში – კალინინგრადის ოლქსა და ლენინგრადის სამხედრო ოლქში – ჯავშანსატანკო ტექნიკისა და საველე არტილერიის მნიშვნელოვანი რაოდენობაა განლაგებული (სულ დაახლოებით 1700 საბრძოლო ტანკი, 1360 მოჯავშნული საბრძოლო მანქანა, 1280 საველე არტილერიის ქვემეხი და ნაღმსატყორცნი, ასევე 67 სატანკო ხიდგამყვანი, 115 დამრტყმელი და 120 საბრძოლო უზრუნველყოფის ვერტმფრენი), პირადი შემადგენლობა კი ძალზე ცოტაა (სულ 63 100-მდე ადამიანი). შესაბამისად, საბრძოლო ტექნიკისა და საველე არტილერიის უმეტესი ნაწილი შეყვანილია საწყობებში ხოლო აქ განლაგებული შენაერთები და ნაწილები კი განიცდიან საშტატო პირადი შემადგენლობისა და ძირითადი შეიარაღების დიდ ნაკლებობას (სახელდობრ, მოტომსროლელ დივიზიებში შტატით გათვალისწინებული 10–12 ათასი ადამიანის ნაცვლად ნაჩვენები იყო 1850-დან 3420 ადამიანამდე). ანუ ამ მიმართულებაზე რუსული სარდლობა არ მოელის სავარაუდო მოწინააღმდეგის მხრიდან მსხვილი ძალებით შემოტევას და საბრძოლველად მზადმყოფი ჯარების განლაგებასაც არ საჭიროებს.
სამხრეთისკენ, მოსკოვის სამხედრო ოლქში განლაგებულია რუსეთის ფედერაციის სახმელეთო ჯარების ყველაზე უფრო მსხვილი დაჯგუფება ქვეყნის ევროპულ ნაწილში. 1998 წლის დასაწყისში აქ ნაჩვენები იყო პირადი შემადგენლობის 105 300-ზე მეტი ადამიანი, 2020-მდე საბრძოლო ტანკი, 2445 მოჯავშნული საბრძოლო მანქანა, 1890 საველე არტილერიის ქვემეხი და ნაღსატყორცნი, 315-ზე მეტი სატანკო ხიდგამყვანი, 222 დარტყმელი და 210-მდე საბრძოლო უზრუნველყოფის ვერტმფრენი.
ჩრდილო-კავკასიის სამხედრო ოლქში რუსულ სარდლობას განლაგებული ჰყავს სახმელეთო ჯარების სიძლიერით მეორე დაჯგუფება (მოსკოვის სამხედრო ოლქის შემდეგ). 1998 წლის დასაწყისში მასში, ამიერკავკასიაში განლაგებული სამხედრო ბაზების ჩათვლით, ნაჩვენები იყო პირადი შემადგენლობის 68 100 ადამიანზე მეტი, დაახლოებით 630 საბრძოლო ტანკი, 1795 მოჯავშნული საბრძოლო მანქანა, საველე არტილერიის 810 ქვემეხი და ნაღმსატყორცნი, 55 სატანკო ხიდგამყვანი, 81 დამრტყმელი ვერტმფრენი, 101 საბრძოლო უზრუნველყოფისა და 10 მძიმე სატრანსპორტო (შეუიარაღებელი) ვერტმფრენი. აქ, სხვა ჯარებთან ერთად, ქალაქებში ვლადიკავკაზსა და ვოლგოგრადში განლაგებულია კარგად დაკომპლექტებული და საბრძოლველად მზადმყოფი 19-ე და 20-ე მოტომსროლელი დივიზიები.
სწორედ 19-ე, 20- და 27-ე მოტომსროლელი და 10-ე სატანკო დივიზიების გამოყენებას უნდა გეგმავდეს რუსული სარდლობა, თურქულ-დასავლური ალიანსის მიერ ამიერკავკასიაში გაჩაღებული ომის საწყის ეტაპზე, აქ დისლოცირებული სამხედრო ბაზებისთვის დახმარების აღმოჩენისა და აგრესორთა მოგერიების მიზნით.
ამაზევე მიგვანიშნებს ჩრდილო-კავკასიის სამხედრო ოლქში რუსეთის ფედერაციის სახმელეთო ჯარების მართვის ოპერატიული რგოლის ორგანოების განლაგების რუკაც. აღნიშნულ სამხედრო ოლქში რუსულ სარდლობას განლაგებული ჰყავს ერთი საველე არმია (58-ე) და ორი ცალკეული საარმიო კორპუსი (67-ე და მე-8). არმიის შტაბი დისლოცირებულია ქ. ვლადიკავკაზში, ცალკეული კორპუსებისა კი – კრასნოდარსა და ვოლგოგრადში.
დღესდღეობით 58-ე საველე არმიაში შედიან ერთი მოტომსროლელი დივიზია (19-ე), ორი ცალკეული მოტომსროლელი ბრიგადა, აგრეთვე სხვა ჯარები. მაგრამ, როგორც სამხედრო საქმის ერთერთმა ქართველმა მკვლევარმა განგვიმარტა, 1942 წელს დამტკიცებული შტატებით, სრულად დაკომპლექტებულ რუსულ საველე არმიაში უნდა შედიოდეს ექვსი საბრძოლო დივიზია (მოტომსროლელი და /ან/ სატანკო), აგრეთვე საბრძოლო და ზურგის უზრუნველყოფის ნაწილები და ქვედენაყოფები.
ვინაიდან რუსეთის შეიარაღებული ძალების სარდლობა ჩრდილო-კვკასიის სამხედრო ოლქში ინარჩუნებს საველე არმიის შტაბს, ამიტომ, საჭიროების შემთხვევაში იგი ამ არმიის სრულად გაშლასაც უნდა ვარაუდობდეს, ხოლო რადგანაც არმიის შტაბი დისლოცირებულია ქ. ვლადიკავკაზში (რუსეთის ფედერაციის ევროპული ნაწილის თითქმის უკიდურეს სამხრეთ რაიონში), ამიტომ ამ დივიზიებისა და სხვა ჯარების გამოყენებას რუსული სარდლობა უნდა გეგმავდეს სწორედ ამიერკავკასიის ტერიტორიაზე.
ანუ დასავლეთის მიერ ინსპირირებული მომავალი სავარაუდო ომის აცილებას რუსეთი არ ცდილობს, იგი მას არ გაურბის, არამედ თვითონაც საქმიანად ემზადება ამ ომისთვის. ხოლო თავისი სახელმწიფო სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვას (ჩეჩნეთის მოვლენების გათვალისწინებით) უკვე ამიერკავკასიაში აპირებს.
ასეთია დასავლეთისა და რუსეთის სამხედრო დაპირისპირების დღევანდელი სურათი ჩვენს რეგიონში. ამავე ჭრილში უნდა განვიხილოთ აზერბაიჯანული და სომხური სარდლობების დამოკიდებულებაც საქართველოს მიმართ. უნდა ითქვას, რომ სამხედრო ხარჯების, შეიარაღებული ძალების რიცხოვნებისა და ძირითადი შეიარაღების მიხედვით, ამიერკავკასიის ეს ორივე სახელმწიფო აღემატება საქართველოს. მართალია, მათი ჯარები ძირითადად ერთმანეთის საპირისპიროდ დგანან, მაგრამ გარკვეული მონაცემები გვაფიქრებინებს, რომ ისინი არც საქართველოში შემოჭრაზე უნდა ამბობდნენ უარს. ამ მხრივ განსაკუთრებით აღსანიშნავია სომხეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ რაიონში ჯარების განლაგებისა და მათი შეიარაღების გაცნობა.
აქ, 1998 წლის დასაწყისის მონაცემებით,სომხურ სარდლობას განლაგებული ჰყავს მე-3 საარმიო კორპუსი (შტაბი ქ. ვანაძორში, ყოფილი კიროვაკანი), რომლის საბრძოლო ნაწილები, მოტომსროლელი ბრიგადა და ორი მოტომსროლელი პოლკი, განლაგებული არიან აზერბაიჯანთან მოსაზღვრე რაიონში, ქალაქებში – ნოემბერიანში, იჯევანსა და ბერდში. მათ ზურგში, ქ. დილიჟანში, დისლოცირებულია სატანკო ბატალიონი, ხოლო უფრო ღრმა ზურგში კი – მოტომსროლელი პოლკი. ერთი შეხედვით, ეს გახლავთ პოზიციური თავდაცვისთვის ჯარების განლაგების ტიპიური სქემა, როცა ქვეითი საჯარისო ნაწილები დგანან თიავდაცვითი ხაზის მთელ გაყოლებაზე, მათ ახლო ზურგის რაიონში განლაგებულია ჯავშანსატანკო ჯარების ბირთვი, თავდაცვაში შემოჭრილ მოწინააღმდეგეზე კონტრშეტევების განხორციელებისა და მისი უკუგდებისთვის, ხოლო ასევე, ზურგის რაიონში სარდლობას ჰყავს ქვეითი (მსროლელი, მოტომსროლელი) ჯარის გარკვეული რეზერვი, საჭირო მიმართულებაზე დამატებითი ძალების გაგზავნისა და თავდაცვის ხაზის გაძლიერებისთვის. მაგრამ ასეთ თავდაცვით „იდილიას“ არღვევს ის გარემოება, რომ სომხურ სამხედრო ხელმძღვანელობას ქ. ნოემბერიანში დისლოცირებული 543-ე მოტომსროლელი პოლკის შეიარაღებაში ნაჩვენები ჰყავს სატანკო ხიდგამყვანიც. ამ უკანასკნელს ჩვეულებრივ იყენებენ შეტევითი მოქმედებების დროს წყლის დაბროლებებისა და განიერი თხრილების სწრაფად გადალახვისა და შეტევის მაღალი ტემპების შენარჩუნების მიზნით.
მართალია, აზერბაიჯანის ჩრდილო-დასავლეთ ტერიტორიაზე მიედინება მდინარე მტკვარი, მაგრამ ამ რაიონში აზერბაიჯანული მოტომსროლელი ბრიგადები დისლოცირებულია ქალაქებში ყაზახსა და თოვუზში, რომლებიც მტკვრის კალაპოტიდან დასავლეთით, სომხეთისკენ მდებარეობენ და მათზე შეტევისთვის სომხურ ჯარებს ამ მდინარის გადალახვა უბრალოდ არ სჭირდებათ.
სულ სხვა ვითარებაა საქართველოს ტერიტორიაზე, სადაც თბილისის სამხრეთით მოედინება მდინარეები ალგეთი და ხრამი. სწორედ ეს ბუნებრივი დაბრკოლება გამოიყენეს ქართველმა გენერლებმა, მაზნიაშვილმა და კვინიტაძემ, 1918 წლის დეკემბერში საქართველოში შემოჭრილი სომხური ჯარების შეჩერებისა და შემდეგ კი ჩვენი ქვეყნის ტერიტორიიდან განდევნისთვის. მაგრამ მაშინ ისტორიული ლორეს ოლქი საქართველოს ეკუთვნოდა და, შესაბამისად, სომხეთის სახელმწიფო საზღვარი, დღევანდელთან შედარებით, უფრო სამხრეთით გადიოდა, თანაც ჯარების მექანიზაციის ხარისხი დაბალი იყო და მათ ქვეითად უხდებოდათ გადაადგილება. ამან კი საკმარისი დრო მისცა ქართულ სარდლობას, მდ. ხრამის ნაპირებზე შეძლებისდაგვარად მტკიცე თავდაცვის მოსაწყობად.
დღესდღეობით ეს უპირატესობანი უკვე აღარ არსებობს, და წაგებული ომის გამოცდილების გათვალისწინებით, სომხური სარდლობა საქართველოსთან მოსალოდნენ ომში უდიდეს მნიშვნელობას უნდა ანიჭებდეს მდ. ხრამის სწრაფად ფორსირებასა და შემდეგ თბილისზე შემოტევას. თანაც სომხების ასეთი გეგმა უნდა განვიხილოთ რუსული ჯარების მიერ საქართველოს დაკავებისა და აქ განლაგებული სამხედრო ბაზების სწრაფად გაძლიერების საერთო ჩანაფიქრის ფარგლებში.
აზერბაიჯანსაც გააჩნია თავისი ტერიტორიის ჩრდილო-დასავლეთ რაიონში განლაგებული საჯარისო ნაწილების შეიარაღებაში სატანკო ხიდგამყვანი, მაგრამ იგი განთავსებული ჰყავს ქ. განჯაში, რომელიც საქართველოს საზღვრიდან საკმაოდ მოშორებითაა. ამიტომ, სომხური სარდლობისგან განსხვავებით, საქართველოსთან შესაძლო კონფლიქტში ამ ქვეყნის სამხედრო ხელმძღვანელობა მოულოდნელ თავდასხმასა და სწრაფ შემოტევას ისეთ დიდ მნიშვნელობას არ უნდა ანიჭებდეს.
ასეთია მოკლედ, დღესდღეობით, საქართველოს გარშემო შექმნილი სამხედრო-პოლიტიკური ვითარების ანალიზი, რაც აშკარად მიგვანიშნებს იმაზე, რომ ე. წ. “ნატო-ს აღმოსავლეთისკენ გაფართოების”, “მსოფლიო უსაფრთხოების ახალი სისტემის ჩამოყალიბების” ან “ახალი მსოფლიო წესრიგის დამყარების” ლოზუნგებით დასავლეთის მმართველი წრეები ამზადებენ მსხვილმასშტაბიან ომს ამიერკავკასია – ცენტრალური აზიის მიმართულებით, რომელიც სულ ადვილად შეიძლება გადაიზარდოს მესამე მსოფლიო ომშიც, აქედან გამომდინარე ყველა შედეგით.
ირაკლი ხართიშვილი
P. S. მცირე დამატება: საგაზეთო წერილის მოცულობის შეზღუდულობის გამო, ყველა საყურადღებო დეტალის მასში ასახვა ვერ მოხერხდა და, ამიტომ, აქაც სტატიის ქვემოთ, გადაღებულ ქსეროასლზე, გავაკეთე შემდეგი დამატებითი განმარტებანი ხელნაწერი სახით მათთვის, ვინც ამ ქსეროასლებით დაინტერესდებოდა. აქ წერია: რუსეთის შესახებ შეგვიძლია დავუმატოთ, რომ ლენინგრადის სამხედრო ოლქის ტერიტორიაზე განლაგებულია ტაქტიკური საბრძოლო ავიაციის 76-ე საჰაერო არმია, რომელშიც 1998 წლის დასაწყისში შედიოდა ცალკეული სადაზვერვო საავიაციო პოლკი, გამანადგურებელი და მომბდამშენი საავიაციო დივიზიები, რომელთა შეიარაღებაშიც იყო სულ 46 სადაზვერვო, 78 საფრონტო (ტაქტიკური) ბომბდამშენი და 136 გამანადგურებელი თვითმფრინავი (სულ 260 საბრძოლო თვითმფრინავი).
მოსკოვის სამხედრო ოლქის ტერიტორიაზე განლაგებულია 16-ე საჰაერო არმია, რომელშიც 1998 წლის დასაწყისში შედიოდა ცალკეული სადაზვერვო საავიაციო პოლკი, გამანადგურებელი და ბომბდამშენი საავიაციო დივიზიები და ცალკეული მოიერიშე საავიაციო პოლკი. მათში სულ ნაჩვენები იყო 59 სადაზვერვო, 53 მოიერიშე, 130 საფრონტო ბომბდამშენი და 126 გამანადგურებელი თვითმფრინავი (ანუ მთლიანობაში 421 საბრძოლო თვითმფრინავი) .
ჩრდილო-კავკასიის სამხედრო ოლქის ტერიტორიაზე განლაგებულია მე-4 საჰაერო არმია, რომლის საბრძოლო შემადგენლობაშიც 1998 წლის დასაწყისში შედიოდა ცალკეულ სადაზვერვო საავიაციო პოლკი, გამანადგურებელი, ბომბდამშენი და მოიერიშე საავიაციო დივიზიები, რომელთა შეიარაღებაშიც სულ ნაჩვენები იყო 36 სადაზვერვო, 93 საფრონტო ბომბდამშენი, 101 მოიერიშე და 107 გამანადგურებელი თვითმფრინავი (მთლიანობაში 337 საბრძოლო თვითმფრინავი).
აღსანიშნავია, რომ, თუკი Су-24 ტიპის საფრონტო (ტაქტიკური) ბომბდამშენები განკუთვნილია მოწინააღმდეგის ტერიტორიის სიღრმეში მიზნების დასაბომბად, Су-25 ტიპის მოიერიშეები – ბრძოლის ველზე მოქმედი ჯარებისთვის უშუალო საავიაციო მხარდაჭერის აღმოსაჩენად.
ის გარემოება, რომ ლენინგრადის სამხედრო ოლქის ტერიტორიაზე რუსულ სარდლობას მოიერიშე თვითმფრინავები საერთოს არ ჰყავს განლაგებული, მოსკოვის სამხედრო ოლქში ჰყავს მოიერიშე საავიაციო პოლკი, ხოლო ჩრდილო-კავკასიის სამხედრო ოლქში კი – მოიერიშე საავიაციო დივიზია, მიგვანიშნებს იმაზე, რომ რუსეთის ფედერაციის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობა სწორედ სამხრეთის მიმართულებაზე უნდა მოელოდეს სავარაუდო მოწინააღმდეგის მხრიდან მსხვილმასშტაბიანი საბრძოლო მოქმედებების გაჩაღებას.
CFE ხელშეკრულება და საქართველო
(გამოქვეყნებულ იქნა გაზეთ „საქართველოს“ 2001 წლის 4 სექტემბრის ნომერში სათაურით „საქართველოს მხოლოდ სამი დამრტყმელი ვერტმფრენი ჰყავს?“)
CFE წარმოადგენს „ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების შესახებ ხელშეკრულების“ ინგლისური დასახელების (The Treaty on Conventional Armed Forces in Europe) შემოკლებულ აღნიშვნას და ჩვენც ქვემოთ სიმოკლისთვის მას გამოვიყენებთ.
აღნიშნული ხელშეკრულება დადებულ იქნა 1990 წლის ნოემბერში, პარიზში, „ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის თათბირის“ (ევროთათბირის /ეუთთ/ ამჟამად ეუთო-ს) ეგიდით, ნატო-სა და ვარშავის ხელშეკრულების ორგანიზაციის ქვეყნებს შორის, და მიზნად ისახავდა ამ ორი სამხედრო ბლოკის ჩვეულებრივი შეტევითი შეიარაღების რამდენადმე შემცირებასა და მათ შორის ძალთა ბალანსის უფრო დაბალ დონეზე დამყარებას.
ხელმომწერი სახელმწიფოების აზრით, ამას უნდა აეცილებინა ორხრივ და საერთაშორისო ურთიერთობებში სამხედრო ძალის ან ძალით მუქარის გამოყენება და უწინდელი კონფრონტაცია ევროპაში შეეცვალა მშვიდობიანი თანამშრომლობის საფუძველზე დამყარებული ახალი ხასიათის ურთიერთობებით, აგრეთვე მინიმუმამდე დაეყვანა რომელიმე მხარის მიერ მოულოდნელი თავდასხმის განხორციელებისა და კონტინენტზე მსხვილმასშტაბიანი შეტევითი მოქმედებების დაწყების პოტენციური შესაძლებლობები.
ამასთანავე ხელმომწერი ქვეყნები ადასტურებდნენ, რომ CFE ხელშეკრულება არ ისახავს მიზნად რომელიმე სახელმწიფოს ინტერესებზე უარყოფითი ზემოქმედების მოხდენას და ითვალისწინებს ევროპაში პოლიტიკური ვითარების შემდგომი განვიარების შედეგად სტაბილურობის მომავალი მოთხოვნების გათვალისწინებით ჩვეულებრივ შეიარაღებაზე კონტროლის პროცესის გაგრძელების აუცილებლობას, თვით ახალი მოლაპარაკებების ჩათვლითაც კი.
ასეთია მოკლედ CFE ხელშეკრულების მიზნები და ამოცანები, რომლებიც სიტყვით ძალზედ ლამაზად და დამაიმედებლად ჟღერს, საქმით კი 90-იან წლებში საპირისპიროდ შემოუბრუნდა საქართველოს. მაგრამ სანამ ამ საკიხებზე გადავიდოდეთ, ჯერ ორიოდე სიტყვით შევეხოთ ისევ აღნიშნულ ხელშეკრულებას.
ამ ხელშეკრულებით თითოეულ სამხედრო ბლოკს უფლება მისცეს მის მიერ კონტროლირებად ევროპულ ტერიტორიაზე რეგულარულ საჯარისო ნაწილებსა და სპეციალურად მოწყობილ და მონიშნულ საწყობებში მშვიდობიანობის დროს მუდმივად განელაგებია არაუმეტეს 20 000 საბრძოლო ტანკის, 30 000 მოჯავშნული საბრძოლო მანქანის, 20 000 საველე საარტილერიო სისტემის, 2000 დამრტყმელი ვერტმფრენის და 6800 საბრძოლო თვითმფრინავისა.
ამასთანავე ჯავშანსატანკო ტექნიკისა და საველე არტილერიის კვოტები გადაანაწილეს ევროპის ცალკეული რაიონების მიხედვით. პირველ რიგში გამოჰყვეს კონტინენტის ცენტრალური და საფლანგო რაიონები. საფლანგო რაიონში ნატო-ს ბლოკიდან შეიყვანეს ნორვეგია, ისლანდია, საბერძნეთი და თურქეთის უმეტესი ნაწილი, სამხრეთ-აღმოსავლეთ ანატოლიის გამოკლებით; ვარშავის ხელშეკრულების ორგანიზაციის მხრიდან კი – ბულგარეთი, რუმინეთი და სსრკ-ის ლენინგრადის, ოდესის, ჩრდილო-კავკასიისა და ამიერკავკასიის სამხედრო ოლქების ტერიტორიები. ხოლო ევროპის მთელი დანარჩენი ნაწილი კი შეყვანილ იქნა ცენტრალურ რაიონში. ეს რაიონიც, მისი დიდი სივრცული განფენილობის გამო, ატლანტის ოკეანიდან ურალის მთებამდე, დაყოფილ იქნა ცალკეულ ქვერაიონებად ორი სამხედრო ბლოკის შეხების ხაზიდან პერიფერიებისკენ (სულ სამი ასეთი ქვერაიონი). მაგრამ ამ წერილში ცენტრალურ რაიონს ჩვენ დეტალურად ვერ შევეხებით, რადგან საქართველო სწორედ საფლანგო რაიონში მდებარეობს, და ჩვენი წერილის თემაც ეს გახლავთ. ქვემოთ 1-ლ ცხრილში მოგვყავს CFE ხელშეკრულებით ჯავშანსატანკო ტექნიკისა და საველე არტილერიის კვოტების განაწილება ცენტრალურ და საფლანგო რაიონებში.
ცხრილი 1
ჯავშანსატანკო ტექნიკისა და საველე არტილერიის კვოტები და მათი განაწილება ცენტრალური და საფლანგო რაიონებისთვის
(ცხრილის უფრო კომპაქტურად ჩაწერისთვის გამოყენებული აღნიშვნები: A – მოჯავშნული საბრძოლო მანქანები; B – საველე საარტილერიო სისტემები)
განლაგების . . რეგულარულ ნაწილებსა . . საბრძოლო . . . A . . . . . . B . . .
რაიონები . . . და სპეციალურ საწყობებში . . ტანკები . . . . . . . . . . . . . . . . .
მთლიანად . . . სულ არაუმეტეს . . . . . . . . . . . . . 20 000 . . . . 30 000 . . . 20 000
თითოეულ . . . მათგან რეგულარულ
ბლოკში . . . . . .ნაწილებში არაუმეტეს . . . . . . . .16 500 . . . . 27 300 . . . 17 000
მათგან ცე- . . სულ არაუმეტეს . . . . . . . . . . . . . . .15 300 . . . . 24 100 . . . 14 000
ნტრალურ . . .მათგან რეგულარულ ნაწი-
რაიონში . . . .ლებში არაუმეტეს . . . . . . . . . . . . . 11 800 . . . . 21 400 . . . 11 000
საფლანგო . . რეგულარულ ნაწილებში
რაიონში . . . . არაუმეტეს . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .4700 . . . . . .5900 . . . . .6000
შენიშვნა: საგაზეთო წერილში ცხრილში მოყვანილი გვქონდა მთლიანად ჩვეულებრივი შეტევითი შეიარაღების კვოტები, სადაც ჯავშანსატანკო ტექნიკასა და საველე არტილერიაზე დამატებით, ნაჩვენები იყო არამეტეს 2000 დამრტყმელი ვერტმფრენისა და 6800 საბრძოლო თვითმფრინავის კვოტებიც თითოეული სამხედრო ბლოკისთვის. მაგრამ, ვინაიდან ჰორიზონტალურად ერთ სტრიქონში ამდენი მონაცემის განთავსება ჩვენი ფაილის ფორმატში სიძნელეს წარმოადგენს და, გარდა ამისა, ცალკეული რაიონებისა და ქვერაიონების მიხედვით საბრძოლო ავიაციის განლაგება არ იყო ლიმიტირებული და ეს საკითხი მთლიანად გახლდათ მინდობილი თითოეული სამხედრო-პოლიტიკური ბლოკის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებაზე, ამიტომ აქ უკვე ცხრილიც რამდენადმე გავამარტივეთ და ავიაციის მონაცემები ამოვიღეთ.
შემდეგ ეს კვოტები გადაუნაწილეს თითოეული სამხედრო ბლოკის შესაბამის რაიონებში განლაგებულ სახელმწიფოებს.
მალევე ჯერ ვარშავის ხელშეკრულების ორგანიზაცია დაიშალა, შემდეგ საბჭოთა კავშირიც და დღის წესრიგში დადგა სსრკ-ის კვოტების მის ევროპულ ნაწილში წარმოქმნილ ახალ დამოუკიდებელ სახელმწიფოებს შორის გადანაწილების საკითხიც. ეს პრაქტიკულად განახორციელეს 1992 წლის მაისში ტაშკენტში დადებული შეთანხმებით, რომლის თანახმადაც საქართველოს, ასევე სომხეთსა და აზერბაიჯანსაც, თითოეულს, საბჭოთა კავშირის საფლანგო კვოტებიდან არგუნეს არაუმეტეს 220 საბრძოლო ტანკის, 220 მოჯავშნული საბრძოლო მანქანის, 285 საველე საარტილერიო სისტემის, 50 დამრტყმელი ვერტმფრენის და 100 საბრძოლო თვითმფრინავისა.
უნდა ითქვას, რომ საქართველოს დღემდე არა აქვს ათვისებული თუნდაც ეს კვოტები მაინც, უფრო მეტიც, იგი უკანასკნელ ადგილზეა ამიერკავკასიის სახელმწიფოებს შორის თავისი სამხედრო ხარჟების, შეიარაღებული ძალების რიცხოვნების, შეიარაღებათა რაოდენობისა და ხარისხის მიხედვით. ქვემოთ, მე-2 ცხრილში, მოყვანილია სტრატეგიული კვლევების ლონდონის საერთაშორისო ინსტიტუტის ფინანსური და შეიარაღებული ძალების მონაცემები, შესაბამისად, 1999 და 2000 წლების მიხედვით.
ცხრილი 2
ამიერკავკასიის სახელმწიფოთა ფინანსური და შეიარაღებული ძალების მონაცემები
(ფინანსური მონაცემები ნაჩვენებია 1999 წლის მიხედვით, ხოლო შეიარაღებული ძალებისა კი – 2000 წლის)
ფინანსური და სამხედრო . . . . . . . აზერბაიჯანი . . . სომხეთი . . . საქართველო
მონაცემები
მთლიანი შიდა პროდუქტი
(მლრდ დოლარი) . . . . . . . . . . . . . . . . . . . 4,5 . . . . . . . . . . . 1,85 . . . . . . . . . . 2,5
თავდაცვის ხარჯები
(მლრდ დოლარი) . . . . . . . . . . . . . . . . . . . 0,20 . . . . . . . . . .0,16 . . . . . . . . . . .0,11
მშვიდობიანობის დროის
რეგულარული შეიარაღებული
ძალები (ადამიანი) . . . . . . . . . . . . . . . . . .72 100 . . . . . . . . 42 000 . . . . . . . . . 26 900
საბრძოლო ტანკები . . . . . . . . . . . . . . . . . . . .220 . . . . . . . . . . .102 . . . . . . . . . . . . 79
მოჯავშნული საბრძოლო
მანქანები . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .490 . . . . . . . . . . .204 . . . . . . . . . . . .185
საველე საარტილერიო
სისტემები . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .282 . . . . . . . . . . .229 . . . . . . . . . . . 109
დამრტყმელი ვერტმფრენები . . . . . . . . . . . .15 . . . . . . . . . . . .12 . . . . . . . . . . . . . 3
საბრძოლო თვითმფრინავები . . . . . . . . . . . .50 . . . . . . . . . . . . 6 . . . . . . . . . . . . . .7
ცხრილში ნაჩვენები 102 სომხური საბრძოლო ტანკიდან ყველა თანამედროვე Т-72 ტიპისაა, ხოლო 79 ქართული საბრძოლო ტანკიდან მხოლოდ 31 მანქანაა Т-72 ტიპის, ხოლო დანარჩენი 49 კი – მოძველებული Т-55 ტიპისაა. სომხეთის შეიარაღებაში არსებული 229 საველე საარტილერიო სისტემიდან 159 ჰაუბიცაა (ქვემეხი), მათგან 38 თვითმავალი. ქართულ ჯარებში კი სულ 76 ჰაუბიცაა და მათგან სულ სამია თვითმავალი. ბუქსირებადი ქვემეხებიდანაც სომხური არმიის შეიარაღებაში მნიშვნელოვანი რაოდენობითაა შედარებით მაღალი 152 მმ ყალიბის მქონე ჰაუბიცები – 90 ერთეული, მაშინ როდესაც ქართულ ჯარებში მხოლოდ 13 ასეთი ქვემეხია, უმეტესობა კი 122 მმ ყალიბისაა. აღარაფერს ვამბობთ აზერბაიჯანული სახმელეთო ჯარების შეიარაღების უპირატესობაზე, რაც ცხრილიდანაც თვალნათლივ ჩანს.
ამჯერად ამ საკითხში ჩაღრავებას არ ვაპირებთ. საქართველოს შეიარაღებული ძალების მშენებლობის საქმეს გაცილებით უფრო სერიოზული და მასშტაბური პრობლემები აქვს. საქმე იმაშია, რომ თუნდაც CFE-ხელშეკრულებითა და ტაშკენტის შეთანხმებით ჩვენთვის დადგენილი ჩვეულებრივი შეიარაღების კვოტების სრულად ათვისების შემთხვევაშიც კი საქართველო ვერ ჩამოყალიბდება თავდაცვისუნარიან სახელმწიფოდ. ამას ადასტურებს დასავლეთის წამყვან სახელმწიფოთა და ევროპის მცირე ნეიტრალური ქვეყნების სამხედრო მშენებლობის გამოცდილება და პრაქტიკა.
სახელდობრ, თანამედროვე ტიპიურ გერმანულ სატანკო ბატალიონში შედის 54 საბრძოლო ტანკი, თურქულში 56, ამერიკულში 58, ჰოლანდიურში 49 და ა. შ. რუსულ სატანკო ბატალიონში შედარებით ნაკლები საბრძოლო ტანკია 31–41, მაგრამ ტიპიურ რუსულ მოტომსროლელ დივიზიაში შტატით გავალისწინებულია სატანკო და სამი მოტომსროლელი პოლკი, ხოლო თითოეულ მოტომსროლელ პოლკში კი შედის თითო სატანკო ბატალიონიც. ამრიგად, რუსულ მოტომსროლელ დივიზიაში მოითვლება ექვსი სატანკო ბატალიონი, რაც საერთო ჯამში ქმნის მნიშვნელოვან სატანკო ბირთვს – 220 საბრძოლო ტანკამდე. სატანკო დივიზიაში კი საბრძოლო ტანკების რაოდენობა კიდევ უფრო იზრდება.
ასეთ პირობებში თუნდაც 220 საბრძოლო ტანკის კვოტის სრულად ათვისების შემთხვევაშიც ჩვენ შევძლებთ მხოლოდ ოთხი სრულფასოვანი სატანკო ბატალიონის ჩამოყალიბებას, რაც ჩვენი ქვეყნის თავდაცვის უზრუნველსაყოფად საკმარისი ვერ იქნება.
მოჯავშნული საბრძოლო მანქანები (მსუბუქი ტანკები, სადაზვერვო მანქანები მძიმე შეიარაღებით, საბრძოლო-სადაზვერვო მანქანები, ქვეითთა საბრძოლო მანქანები, დესანტის საბრძოლო მანქანები) წარმოადგენს მოტოქვეითი (მოტომსროლელი) ბატალიონების, აგრეთვე სადაზვერვო ასეულების ძირითად შეიარაღებას. გარდა ამისა, ჯავშანტრანსპორტერების გარკვეული რაოდენობა აუცილებელია სატანკო, საარტილერიო, საინჟინრო-მესაგრეთა და სხვა ნაწილებისა და ქვედანაყოფებში. შესაბამისად, 220 მოჯავშნული საბრძოლო მანქანის კვოტა კიდევ უფრო ცოტაა და ვერანაირად ვერ უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას.
CFE-ხელშეკრულებით საველე არტილერიაში იგულისხმება 100 მმ და მეტი ყალიბის ქვემეხები, ნაღმსატყორცნები და ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები (ჩვენში ცნობილი რუსული „გრადების“ ანალოგიური). მათი დანიშნულებაა მებრძოლი ქვედანაყოფებისა და ნაწილებისთვის საარტილერიო მხარდაჭერის აღმოჩენა. საველე არტილერია შედის როგორც ზოგადსაჯარისო (სატანკო, მოტოქვეითი, ქვეითი, სამთოქვეითი და სხვა) ბრიგადების, ისე დივიზიებისა და საარმიო კორპუსების შემადგენლობაში, აგრეთვე ომიანობის დროს მათ ბაზაზე შექმნილი საველე არმიების და არმიების ჯგუფებისა. არტილერიის გარკვეული რაოდენობა იმყოფება აგრეთვე უმაღლესი სარდლობის (მთავარსარდლობის) განკარგულებაში. ყოველ კონკრეტულ საბრძოლო ოპერაციაში მებრძოლ ქვედანაყოფებს განსხვავებული სიძლიერისა და სახეობის საარტილერიო მხადაჭერა ესაჭიროებათ, რისთვისაც იყენებენ როგორც საკუთარ საშტატო ქვემეხებსა და ნაღმსატყორცნებს, ისე დივიზიებისა და კორპუსების შემადგენლობიდან მიღებულ საშუალებებსაც.
80-იანი წლების ტიპიურ დასავლეთგერმანულ მოტოქვეით ბრიგადაში შედიოდა საველე არტილერიის 30 ქვემეხი და ნაღმსატყორცნი, სატანკო ბრიგადაში – 24. მოტოქვეითი (სატანკო) დივიზიის შემადგენლობაში, მასში შემავალი ბრიგადების არტილერიაზე დამატებით, შედიოდა საარტილერიო პოლკი, რომლის შემადგენლობაშიც მოითვლებოდა 40 ქვემეხი და ზალპური ცეცხლის რეაქტიული დანადგარი. სულ მოტოქვეით დივიზიაში შედიოდა 136 საველე საარტილერიო სისტემა (78 155-მმ და 203,2–მმ თვითმავალი და ბუქსირებადი ჰაუბიცა, 42 120-მმ ნაღმსატყორცნი, 16 110-მმ 36 მიმმართველიანი ზალპური ცელხლის რეაქტიული სისტემა). სატანკო დივიზიაში ნაღმსატყორცნები შედარებით ნაკლები იყო – 36 ერთეული.
დასავლურ არმიებში სატანკო და მოტოქვეითი ქვედანაყოფებისთვის საცეცხლე მხარდაჭერის აღმოჩენისთვის იყენებენ 155 და 203,2 მმ ყალიბის ჰაუბიცებს, ქვეითი და სათოქვეითი ქვედანაყოფებისთვის – 105 მმ ყალიბისა. სამაგიეროდ ხშირ შემთხვევებში ქვეით ჯარებს უფრო მეტი საარტილერიო სისტემები სჭირდებათ მხარდასაჭერად სატანკო და მოტოქვეით (მექანიზებულ ქვეით) ჯარებთან შედარებით. ამის თვალსაჩინო დადასტურებაა თუნდაც საქართველოს საზღვრების მახლობლობაში განლაგებული ორი თურქული ბრიგადის მაგალითი. სახელდობრ, ქ. არტაანში განლაგებული 25-ე თურქული მექანიზებული ქვეითი ბრიგადის შეიარაღებაში 1998 წლის დასაწყისში შედიოდა 56 საბრძოლო ტანკი, 142 ჯავშანტრანსპორტერი და 53 საველე სარტილერიო სისტემა (25 ჰაუბიცა და 28 106,7-მმ ნაღმსატყორცნი), ხოლო ქ. ტრაპიზონში დისლოცირებულ 48-ე ქვეით ბრიგადაში ჯავშანსატანკო ტექნიკა არა ჰყოლიათ, სამაგიეროდ იქ ნაჩვენები იყო 78 საველე საარტილერიო სისტემა (24 ჰაუბიცა, 18 106,7-მმ და 36 120-მმ ნაღმსატყორცნი).
ასეთ პირობებში საქართველოსთვის ნებადართული 285 საველე საარტილერიო სისტემის კვოტა მხოლოდ ოთხი-ხუთი თანამედროვე საბრძოლო ბრიგადის შეიარაღებისთვის თუ იქნება საკმარისი, რომ არაფერი ვთქვათ სარეზერვო არტილერიის აუცილებლობაზე.
ყოველივე ზემოთქმულიდან ამომდინარე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ეუთო-ს ეგიდით დადებული საერთაშორისო ხელშეკრულებებით საქართველოსთვის გამოყოფილი ჯავშანსატანკო ტექნიკისა და საველე არტილერიის კვოტების სრულად ათვისების შემთხვევაშიც კი, შესაძლებელი იქნება თანამედროვე ტიპის ორი ჯავშანსატანკო და ორი-სამი ქვეითი ბრიგადის ჩამოყალიბება, სარეზერვო არტილერიის გარეშე. ხოლო თუკი შევადარებთ ამას ევროპის მცირე ნეიტრალურ სახელმწიფოებს, მაშინ აღმოჩნდება, რომ ასეთი საბრძოლო შემადგენლობის სახმელეთო ჯარებით ვერანაირად ვერ შევძლებთ ქვეყნის თავდაცვის უზრუნველყოფას.
სახელდობრ, სტრატეგიული კვლევების ლონდონის საერთაშორისო ინსტიტუტის მონაცემებით, ომიანობის დროს ფინეთის სარდლობა გეგმავს 26 საბრძოლო ბრიგადის გამოყვანას – ორი ჯავშასატანკოსი, ათი „ეგერთა“ ქვეითის (მექანიზებულის) და 14 ქვეითისა, პლიუს სანაპირო თავდაცვის ერთი საარტილერიო ბრიგადისა. მათ შეიარაღებაში, 2000 წლის მონაცემებით, ნაჩვენებია 230 საბრძოლო ტანკი, 1060-ზე მეტი მოჯავშნული საბრძოლო და საბრძოლო უზრუნველყოფის მანქანა (მათ შორის 670 მსუბუქი ჯავშანტრანსპორტერი), 1920-მდე საველე და სანაპირო არტილერიის ქვემეხი და ნაღმსატყორცნი (მათ შორის 200-ზე მეტი სანაპირო არტილერიისა), პლიუს 800 ერთეული 81-მმ ნაღმსატყორცნი, და სხვა შეიარაღება (საზენიტო, ტანკსაწინააღმდეგო და სხვა).
შვეიცარიის სარდლობა ფინურისგან განსხვავებით აქცენტს აკეთებს ჯავშანსატანკო და მექანიზებული ქვეითი ჯარების მშენებლობასა და გამოყენებაზე და შესაბამისი შეიარაღებაც გააჩნია. სახელდობრ, იმავე ლონდონური წყაროს 2000 წლის მონაცემებით, აქ ნაჩვენებია 560-მდე საბრძოლო ტანკი (მათ შორის 370 გერმანული „ლეოპარდ-2“), 1540-მდე მოჯავშნული მანქანა (საბრძოლო და საბრძოლო უზრუნველყოფისა), 1090-ზე მეტი საველე არტილერიის ქვემეხი და ნაღმსატყორცნი (პლიუს 1470-მდე 81-მმ ნაღმსატყორცნი).
ზემოთ მოყვანილი მაგალითებიდან კარგად ჩანს, თუ როგორი და რა რაოდენობით შეიარაღებაა საჭირო მცირე ევროპული სახელმწიფოსთვის თანამედროვე ბრძოლისუნდარიანი სახმელეთო ჯარების შესაქმნელად. აქედან პირდაპირ გამომდინარეობს დასკვნა, რომ თუ საქართველოს ხელისფლებამ არ დაიწყო ზრუნვა ეუთო-ს ხელმძღვანელობისა და წევრი სახელმწიფოების წინაშე ამ ორგანიზაციის ეგიდით დადებული საერთაშორისო ხელშეკრულებების საფუძველზე ჩვენი ქვეყნისთვის დადგენილი ჯავშანსატანკო ტექნიკისა და საველე საარტილერიო შეიარაღების კვოტების გადასინჯვაზე საკითხის დასაყენებლად და დარჩა ამ კვოტებით დადგენილ ჩარჩოებში, მაშინ საქართველო თავდაცვისუნარიან სახელმწიფოდ ვერ ჩამოყალბდება.
საკითხის ასეთნაირად დაყენების შესაძლებლობა და წინაპირობები ჩადებულია თავად CFE-ხელშეკრულების ტექსტში, სადაც შესავალ ნაწილში აღნიშნულია, რომ ეს ხელშეკრულება არ არის მიმართული რომელიმე სხვა სახელმწიფოს უსაფრთხოების ინტერესების წინააღმდეგ და იგი მიზნად ისახავს ევროპის ქვეყნებს შორის ჩვეულებრივი შეტევითი შეიარაღების მნიშვნელოვანი რაოდენობრივი განსხვავებების მოსპობას და რომელიმე ქვეყნის მიერ მეზობლების წინააღმდეგ მსხვილმასშტაბიანი საბრძოლო მოქმედებების დასაწყებად პოტენციური შესაძლებლობების მინიმუმადე დაყვანას.
გარდა ამისა, ნათქვამია, რომ ევროპაში პოლიტიკური ვითარების განვითარების და მიხედვით, სტაბილურობის მომავალი მოთხოვნების გათვალისწინებით, აუცილებელია შეიარაღებებზე კონტროლის პროცესის გაგრძელება თვით ახალი მოლაპარაკებების ჩათვლითაც კი.
ასეთი შეხვედრები და მოლაპარაკებები სისტემატიურად მიმდინარეობს და ოფიციალურად მათ ეწოდება CFE-ხელშეკრულების ახალი პირობებისადმი ადაპტაციის პროცესი. საქართველოს წარმომადგენლებს თავისუფლად შეუძლიათ (თუკი ამის სურვილი ექნებათ) დააყენონ ჩვენთვის განკუთვნილი ჩვეულებრივი შეტევთი შეიარაღების კვოტების გაზრდის საკითხი, მით უმტეს, რომ ევროპის ორმა ნეიტრალურმა სახელმწიფომ – ავსტრიამ და ფინეთმა – 90-იან წლებში მნიშვნელოვნად გაზარდეს თავიანთი ჯავშანსატანკო ტექნიკის რაოდენობა და ხარისხი, ასევე შვეიცარიამაც გაზარდა მოჯავშნული საბრძოლო მანქანების რიცხვი და ეს არავის აღუქვამს ევროპაში ამ სახელმწიფოთა მიერ აგრესიულობის გამოხატვად.
ამასთანავე უნდა ითქვას, რომ 90-იანი წლების პირველ ნახევარში საქართველოსთვის (ასევე სომხეთისა და აზერბაიჯანისთვისაც) ჩვეულებრივი შეიარაღების კვოტების გაზრდის წინააღმდეგ შეიძლებოდა გამოსულიყო თურქეთი, ვინაიდან მაშინ, ვარდიკო ნადიბაიძის თავდაცვის მინისტრად ყოფნის დროს, საქართველოს სამხედრო მოწყობის სფეროში შედარებით დიდი იყო რუსეთის გავლენა, და თურქეთი რომ დათანხმებოდა ჩვენი ქვეყნისთვის (ასევე სომხეთისა და აზერბაიჯანისთვის) კვოტების გაზრდას, მას არ ექნებოდა გარანტია, რომ მომავალში ეს ძალა რუსეთის ერთიანი სარდლობის ქვეშ არ გამოვიდოდა თურქეთის წინააღმდეგ.
დღესდღეობით საქართველოს სამხედრო-პოლიტიკური კურსი, თუკი მას ასეთი შეიძლება ეწოდოს, რუსეთისგან მნიშვნელოვნადაა დაცილებული და უფრო დასავლეთისკენ იხრება. შესაბამისად, თურქეთის ხელმძღვანელობას აღარ უნდა ჰქონდეს არგუმენტები საქართველოსთვის ტაშკენტის შეთანხმებით გათვალისწინებული კვოტების გაზრდის საწინააღმდეგოდ. მაგრამ ამისთვის აუცილებელია, რომ ჯერ ამ კვოტების გაზრდაზე დასაბუთებული წინადადებები დააყენოს საქართველოს მხარემ.
სამწუხაროდ, სწორედ დასავლეთსა და თურქეთზე ორიენტირებული საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება ბოლო სამი წლის განმავლობაში დაჟინებით გაურბის არა თუ ამ საკითხის საერთაშორისო დონეზე დაყენებას, არამედ თვით ჩვენს საზოგადოებაში მის სადისკუსიოდ გამოტანასაც კი. ხოლო ის სახელმწიფო მოხელენი, რომლებიც ყველანაირად ჩქმალავენ საქართველოს თავდაცვისთვის ამ მეტად საჭირბოროტო თემის წინ წამოწევას, სამაგიეროდ გაზვიადებულად დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ ჩეხეთიდან Т-55 ტიპის გვარიანად მოძველებული ორი-სამი ათეული საბრძოლო ტანკის შეძენისა და თურქეთისგან სამხედრო ფორმის ტანსაცმლის მიღების საკითხებს, ხოლო საქართველოს სამხედრო მშენებლობის უდიდეს მანკიერებად კი მიიჩნევენ თავდაცვის ამჟამინდელი მინისტრის ძვირადღირებულ „ჯიპებს“.
ეს ყველაფერი გარკვეულ ფარგლებში მტკივნეული და აქტუალურია, მაგრამ წმინდა ილია მართალს (ილია ჭავჭავაძეს) რომ დავესესხოთ, თანამედროვე სამხედრო მშენებლობის საქმეში გაუთვითცნობიერებელი ქართული საზოგადოების შეცდომაში შესაყვანად, ბებერი დედაკაცის საპატარძლოდ გამოპრანჭვას უფრო მიაგავს. წმინდა ილია მართალი ასეთ დროს ხალხური ლექსით გვაფრთხილებს: „ბებერსა, სარძლოდ მორთულსა, უფრთხილდი, მოერიდეო“, და ჩვენც მეტი არაფერი გვეთქმის.

(გამოქვეყნებულ იქნა საზოგადოებრივ-პოლიტიკური გაზეთის „გაუხმაურებელი ფაქტების“ 2001 წლის ნოემბრის ნომერში /6 ნოემბერი – 3 დეკემბერი/)
საქართველოს ტერიტორიის „გეოპოლიტიკურობაზე“ გაუთავებელმა ლაპარაკმა თავიც კი შეგვაწყინა. გავიგეთ, რომ მსოფლიოს რუკაზე მცირე, მაგრამ ფრიად ხელსაყრელი ადგილი გვიჭირავს, მაგრამ ახლა საკითხავი ის არის, სწორედ ამიტომ ხომ არ ემუქრება საქართველოს ზესახელმწიფოთა შეჯახების პოლიგონად ქცევა? გვესაუბრება საქართველოს პარლამენტის კვლევითი დეპარტამენტის თანამშრომელი სამხედრო საკითხებში ბატონი ი რ ა კ ლ ი ხ ა რ თ ი შ ვ ი ლ ი.
– ამ პოლიგონის მზადება ცივი ომის დასრულებისთანავე დაიწყო. 90-იან წლებში ევროპას აღარ ემუქრებოდა დიდი ომის გაჩაღების საშიშროება. ამიტომ ნატო-ს წევრი სახელმწიფოების უმეტესობამ შეამცირა თავისი სამხედრო ხარჯები, თურქეთმა კი სამხედრო ხარჯები გააორმაგა არა თავდაცვითი, არამედ სხვა მიზნებით. თურგუთ ოზალმა თურქეთის პრემიერ-მინისტრობის დროს განაცხადა, რომ თურქული სახელმწიფო მას წარმოუდგენია ადრიატიკიდან ჩინეთის დიდ კედლამდე. ანუ ეს მოხელე თავისი სახელმწიფოს შემადგენლობაში მოიაზრებდა ყველა იმ ტერიტორიას, სადაც თურქეთს ისტორიულ-კულტურული, ეთნიკური ან რელიგიური ფესვები გააჩნია. ამ ქვეყნებს შორის კი საქართველოც იგულისხმება. განსაკუთრებით საგულისხმო ის არის, რომ დასავლეთმა ასეთი მადის მქონე თურქეთს შედარებით თანამედროვე შეიარაღება და სამხედრო ტექოლოგიები გადასცა.
– შესაძლოა, თურქეთისათვის საქართველო ანგარიშგასაწევ ძალას არც მაშინ წარმოადგენდა და არც – ახლა, მაგრამ ნუთუ თურქეთის უკან მდგომმა დასავლეთმა არ იცოდა, რომ ეს აუცილებლად გამოიწვევდა რუსეთის საპასუხო რეაქციას?
– ადვილი მისახვედრია: თუკი დასავლეთს მართლა სურდა დიდი ომის თავიდან აცილება, ის თურქეთის შეიარაღებას არ დაიწყებდა, მაგრამ დასავლეთმა მაინც გააკეთა ეს. საპასუხოდ, თურქეთისგან აღმოსავლეთით მდებარე რუსეთმა და ირანმა დაიწყეს სამხედრო თანამშრომლობა. მოგვიანებით მათ ჩინეთიც შეუერთდა და აღმოსავლური კოალიციაც ძლიერ გაერთიანებად იქცა. დასავლეთმა კი, საპასუხოდ, ამ კოალიციაში განხეთქილების შეტანაზე დაიწყო ზრუნვა. ჩემი აზრით, ბენ ლადენის საშუალებით ეს მოხერხდა კიდეც.
– ანუ, თქვენ ფიქრობთ, რომ ამერიკის გამოზრდილი ტერორისტი ბენ ლადენი ჯერ კიდევ არ გასულა ამერიკის ცენტრალური დაზვერვის „ორბიტიდან“?
– დიახ, თავის დროზე ბენ ლადენი სწორედ ამერიკის ცენტრალური დაზვერვის კაცი იყო. მისი გაურჩება რუსეთში ელცინის პრეზიდენტობის ბოლო პერიოდს ემთხვევა. როცა ელცინი კლინტონს ჩინეთიდან თავისი ატომური შეიარაღებით დაემუქრა. ცხადია, ასეთი განცხადება ჩინეთის ხელისუფლებასთან შეუთანხმებლად არ გაკეთდებოდა. სწორედ ამის საპასუხოდ მოხდა ბენ ლადენის „გამოსვლა“ ამერიკული დაქვემდებარებიდან, რაც იმაში გამოიხატა, რომ ისლამური ფასეულობების დაცვის ლოზუნგებით აღჭურვილმა და მდიდარმა ბენ ლადენმა თალიბებს მნიშვნელოვანი ფინანსური დახმარება გაუწია, რომლის შედეგადაც თალიბებმა გააქტიურეს თავიანთი მოქმედებები ცენტრალურ აზიაში. ეს რეგიონი კი ერთგვარი „განხეთქილების ვაშლია“ რუსეთ-ირან-ჩინეთისათვის, რადგან ამ რეგიონში ყველას თავისი ლუკმის „დათრევა“ უნდა. მოკლედ, თავისი მოქმედებებით დასავლეთმა, როგორც ჩანს, დაანახა რუსეთს, რომ ჩინეთთან მის კავშირში მნიშვნელოვანი განხეთქილების შეტანა შეეძლო. ამიტომ დღესაც მგონია, რომ ბენ ლადენის მიმართ ამერიკის წყრომა მოჩვენებითია.
– თუ ასე ვიმსჯელებთ, მაშინ ეჭვის საფუძველს ისიც იძლევა, რომ ამერიკამ 11 სექტემბრის მოვლენებამდე არ იფიქრა გაეყინა ბენ ლადენის ფინანსური ანგარიშები. ასე არ არის?
– დიახ ასეა, და რადგან ამერიკისადმი ბენ ლადენის გაურჩებას აღმოსავლურ კოალიციაში შემავალი სახელმწიფოების ურთიერთობაში მნიშვნელოვანი ბზარების გაჩენის საშიშროება მოჰყვა, ანუ ბენ ლადენი მაშინაც კი, როცა ამერიკას „განუდგა“, მის ინტერესებს ემსახურებოდა და „ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს“ დავალებას ასრულებდა.
– ბატონო ირაკლი, აღმოსავლურ კოალიციაში შემავალმა სახელმწიფოებმა – რუსეთმა და ჩინეთმა – ამერიკას მხარი დაუჭირეს და მისი სამხედრო მოქმედებები ავღანეთში გაამართლეს. ხომ არ გამოდის, რომ აღმოსავლურმა კოალიციამ დასავლურის უპირატესობა იგრძნო და შეშინდა, ან ხომ არ მოხდა ნაწინასწარმეტყველები მსოფლიო ომის თავიდან აცილება?
– აქ საქმე უფრო მარტივადაა: როცა მოწინააღმდეგეთაგან ერთერთი რაღაც ილეთს ამზადებს და მეორე მიუხვდება, მაშინ საჭირო ხდება ახალი ილეთის მომზადება, მიზანი კი ამით არ იცვლება. სწორედ ამიტომ, ომის საწყის ეტაპზე დაპირისპირებას „ტეროროზმის წინააღმდეგ ბრძოლა“ დაერქვა და მასში ის ქვეყნებიც კი ჩაერთნენ, რომლებიც დასავლური კოალიციის სავარაუდო მოწინააღნდეგეებად მოიაზრებოდნენ. ამერიკა კი ისევ ბენ ლადენზე ალაპარაკდა. ჩემი აზრით, ცათამბჯენების დანგრევა და პენტაგონის შენობაზე დარტყმა ამერიკის ცენტრალური დაზვერვის მორიგი ოპერაცია იყო, რის შემდეგაც კონგრესის მხარდაჭერის გარდა, თეთრი სახლის ადმინისტრაციამ ნატო-ელი პარტნიორების უპირობო თანხმობაც მოიპოვა. საწყის ეტაპზე რუსეთი და ჩინეთი „ანტიტერორისტული“ ოპერაციის მომხრეებად გამოვიდნენ და, თითქოს, ირანსაც კი დაუპირისპირდნენ. მაგრამ, მკითხველს ვთხოვ, გულუბრყვილოდ ნუ მიენდობა ამ სახელმწიფოთა ლიდერების ოფიციალურ განცხადებებს, რადგან შესაძლოა, გულში მათ სულ სხვა რამე ედოთ.
– სხვათა შორის, ისიც საინტერესოა, თუ როგორ გამორჩა ამერიკულ საჰაერო თავდაცვას ბოსტონიდან აფრენილი თვითმფრინავის კურსიდან გადახვევა და მისი ცათამბჯენების მიმართულებით ასეთ დაბალ სიმაღლეზე ფრენა?
– გეთანხმებით, რომ ამ ეჭვსაც აქვს საფუძველი, რადგან ცნობილია, რომ დიდ ქალაქებს საჰაერო თავდაცვის რამდენიმე რკალი აქვთ. როცა თვითმფრინავებმა კურსიდან გადაუხვიეს, ისინი შეჯახებამდე 15–20 წუთის განმავლობაში მიფრინავდნენ ნიუ-იორკის მიმართულებით. ამ დროს დისპეჩერი აუცილებლად ეკითხება პილოტს, თუ რატომ გადაიხარა იგი კურსიდან.
– კი, მაგრამ, ხომ ფაქტია, რომ ტეროროსტების მიერ შეპყრობილი ეკიპაჟი დისპეჩერთან საუბარს ვერ გააბამდა?
– მართალია, მაგრამ ყოველ თვითფრინავს აქვს ამოცნობის მოწყობილობა, რომელიც დისპეჩერს საშუალებას აძლევს აკონტროლოს ექსტრემალური სიტუაციების წარმოქმნის საშიშროება. ასეთ შემთხვევებში ყოველგვარი ეჭვის დროს, თუნდაც თვითმფრინავის მგზავრების სიცოცხლის ხარჯზე, მაგრამ დიდი ქალაქის მოსახლეობის გადარჩენის მიზნით, უნდა ამოქმედდეს გამანადგურებელი ავიაცია. სხვათა შორის, მოგვიანებით ასეც მოხდა ატომური რეაქტორისკენ მიმავალი თვითმფრინავის ჩამოგდებისას. ზემოხსენებულის გათვალისწინებით, უფრო ლოგიკური იქნება ვიფიქროთ, რომ ამერიკულ ადმინისტრაციას აწყობდა მოვლენათა ასეთი განვითარება. როგორც შემდეგ ვიხილეთ: ტრაგედიის შედეგად გამწარებულმა ამერიკელმა ხალხმა და კონგრესმა პრეზიდენტს ომში ჩართვის ნებართვა და შეუზღუდავი უფლებები მისცეს. რაც მთავარია, ამ „ტერაქტის“ შემდეგ ამერიკამ სავარუდო მოწინააღმდეგეების მხარდაჭერაც მოიპოვა იმიტომ, რომ „ტერორისტებზე“ თავდასხმისას ამერიკისთვის უარის თქმა ნიშნავდა, რომ თვითონ უარის მთქმელი ქვეყანა აღმოჩნდებოდა ეჭვის ქვეშ, თუ ის არ დაასაბუთებდა, რატომ იქცეოდა ასე.
– ბატონო ირაკლი, მოდით ისიც ვაღიაროთ, რომ რუსეთმა კარგად ისარგებლა შექმნილი სიტუაციით და ამ ტალღაზე მშვენივრად გადააწყო გეგმები საკუთარი პრობლემების მოსაგვარებლად. ასე არ არის?
– რუსეთს თავისი იმპერიული ამბიციების დასაკმაყოფილებლად შესანიშნავი საშუალება მიეცა. მან იცოდა, რომ მზადდებოდა დიდი ომი ამიერკავკასიაში და ამისათვის ემზადებოდა კიდეც. რუსი სამხედრო სპეციალისტები უკვე 90-იანი წლების დასაწყისიდანვე განსაზღვრავდნენ დასავლეთის მიერ კავკასიაში ომის გაჩაღების საშიშროებას. საბრძოლო დივიზიების გაშლასა და მოქმედებებს რუსული სარდლობა ამიერკავკასიის ტერიტორიაზე კარგა ხანია გეგმავდა. ამის შემდეგ მალევე ჩრდილო-კავკასიაში ვაჰაბიზმის დროშის ქვეშ მეორე ჩეჩნური ომი გაჩაღდა. როგორც ცნობილია, მებრძოლი ისლამის ეს მიმდინარეობა ფეხმოკიდებულია საუდის არაბეთსა და იორდანიაში, რომლებიც დასავლეთის მოკავშირეები არიან. იორდანიიდან ვაჰაბიზმისა და ვაჰაბიტი „ბოევიკების“ რუსეთის ტერიტორიაზე გადასვლა ასევე შეგვიძლია განვიხილოთ როგორც ამ ქვეყნის სამხრეთ ნაწილში დესტაბილიზაციის შექმნისა და მსხვილმასშტაბიანი ომის გაჩაღების მცდელობა. უფრო ადრე აფხაზეთის კონფლიქტში ჩვენი დამარცხება და ცხინვალში ფაქტობრივად შესული ქართული ჯარების უკან გამოყვანა სწორედ ამ დიდი ომის მზადების ჭრილში უნდა განვიხილოთ. მოკლედ, რუსეთიცა და დასავლეთიც თავიდანვე ცდილობდნენ ამ ომისათვის ხელსაყრელი საწყისი პოზიციების დაკავებას.
– გამოდის, რომ ყველამ თავისი გაიტანა, საქართველოს კი ნამდვილ პოლიგონად ქცევის საშიშროება ემუქრება?
– ამერიკაში განხორციელებული ტერაქტების შემდეგ რუსეთის სამხედრო პრესაში გამოჩნდა ინფორმაცია, რომ უკანასკნელ პეროდში დსთ-ის კოლექტიური თავდაცვის ძალებისა და რუსეთის შორეული ბომბდამშენი ავიაციის სწავლებები ანტინატოური და ანტიამერიკული სცენარების მიხედვით მიმდინარეობდა, რომლებშიც აგრესორებად მოიაზრებოდნენ აშშ და დასავლური კოალიცია. ამ სწავლებების შეწყვეტა 11 სექტემბრის ტერაქტების შემდეგ მოხდა ამერიკული ადმინისტრაციის თხოვნის საფუძველზე. უნდა ვიგულისხმოთ, რომ ამ თხოვნის სანაცვლოდ, კრემლი თავის პირობებს წაუყენებდა ბუშის ადმინისტრაციას. ასეთ შეთანხმებას შედეგად მოჰყვა გაურკვეველი მიზნითა და გაურკვეველი ძალებით ორჯერ უკვე წაგებული საბრძოლო მოქმედებების განახლება აფხაზეთში. ასეთი სიტუაცია გვაფიქრებინებს, რომ რუსულ-ამერიკული გარიგების შედეგად, საქართველოს ხელისუფლებაზე გავლენის ვექტორი კვლავ რუსეთში გადავიდა. ამავე დროს საქართველოში დასავლეთსაც აქვს საკუთარი დასაყრდენი, მაგრამ ორივე – რუსეთიცა და დასავლეთიც – ერთი ცენტრიდან იმართებიან.
– მაინც რა ცენტრია ასეთი?
– ამ ცენტრის შესახებ საუბრისას ხშირად მასონურ ლოჟებზე ლაპარაკობენ. უნდა ითქვას, რომ მასონები ამ ორგანიზაციის მხოლოდ ქვედა ფენას წარმოადგენენ, ხოლო მათ ლოჟებს პირამიდის უფრო ზედა ნაწილში მყოფი ილუმინატები ანუ „განათლებულები“ მართავენ. სწორედ „ილუმინატებს“ აქვთ პრეტენზია მსოფლიო პროცესების მართვაზე, რასაც რეალურად აკეთებენ კიდეც. ესენი არიან დასავლეთის პოლიტიკური და ფინანსური წრეები, რომელთა სათავეშიც როტშილდების დინასტია დგას. დანარჩენი „განდობილი ძმებისა“ და შესაბამისი ლოჟების საქმეში ჩახედულობის ხარისხი განისაზღვრება მასონურ-ილუმინატურ პირამიდაში მათი ადგილის და მიხედვით. – ამ პირამიდის მმართველი წრის თვალთახედვით, ჩვენ როგორ მოვიაზრებით? – უკანასკნელ წლებში ქართულ ენაზე გამოქვეყნდა ნიკოლაი დობროლიუბოვის წიგნის „XX საუკუნის ფარული ორგანიზაციები“ თარგმანი. აღნიშნული რუსული გამოცემის პირველწყაროს კი გერმანელი ავტორის იან ვან ჰელზინგის 1993 წელს გამოცემული წიგნი წარმოადგენს „საიდუმლო საზოგადოებები და მათი ძლიერება XX საუკუნეში“. ამ უკანასკნელი ნაშრომის თანახმად, მასონურ-ილუმინატურ პირამიდაში უმდაბლესი საფეხურია ჰუმანიზმის იდეებით, უფრო მაღლა კი – ჩვენთვის კარგად ცნობილი კომუნიზმის იდეებით გაშლილი მოძრაობანი. ამავე არეალში მოიაზრებიან სოციალ-დემოკრატიული, მწვანეთა და სხვა პოლიტიკური ორგანიზაციები, წითელი ჯვარი, მრავალგვარი დასავლური ჰუმანიტარული, რელიგიური და სხვა ორგანიზაციები. ხშირად ეს პოლიტიკური პარტიები ერთმანეთს სამკვდრო-სასიცოცხლოდაც კი უპირისპირდებიან და ბევრი მათი წევრი გულწრფელადაა ჩაბმული ამ ბრძოლაში. აღნიშნული ლოჟების მხოლოდ ზედა ფენებმა და მაღალი ხარისხის „განდობილმა ძმებმა“ იციან ზემდგომი ილუმინატების ნამდვილი მიზნები და სხვებისგან ფარულად მორჩილებით ასრულებენ მათ მოთხოვნებს. ზემოხსენებული რუსული გამოცემის ავტორის მტკიცებით, რუსეთის სამივე რევოლუცია და სამოქალაქო ომი, საბჭოთა კავშირის შექმნა და წითელი მოსკოვის მიერ რუსული იმპერიის აღდგენა სწორედ ამ ცენტრიდან იმართებოდა. იგივე ავტორი ამტკიცებს, რომ საბჭოთა კავშირში მასონურ წრეებს მნიშვნელოვანი ფიგურა ჰყავდათ საკავშირო კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის წევრისა და „გოსპლანის“ უფროსის ბაიბაკოვის სახით, რომელსაც ათწლეულების განმავლობაში დანგრევის გზით მიჰყავდა ქვეყნის მეურნეობა. 80-იანი წლების მეორე ნახევარში გორბაჩოვ-იაკოვლევ-შევარდნაძის მიერ წარმოებული „პერესტროიკის“ პოლიტიკაც სწორედ დასავლური ცენტრიდან იყო შეკვეთილი და სსრკ-ის ნგრევის ლოგიკურ დასასრულს წარმოადგენდა. რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, რუსეთის ამჟამინდელი პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის აღზევებას დიდად შეუწყეს ხელი ჩვენთვის კარგად ცნობილი ბოროის ბერეზოვსკის გავლენამ და ფულებმა. ეს ის ბერეზოვსკია, რომელმაც ასლან მასხადოვის მტკიცებით, შამილ ბასაევს ჩეჩნეთში მეორე ომის დასაწყებად მნიშვნელოვანი თანხა გადასცა. ეს ორი უკანასკნელი აქტი მოხდა მას შემდეგ, რაც რუსეთისა და ჩინეთის სამხედრო-პოლიტიკური ალიანსის გამოკვეთა დაიწყო. მართალია, ბერეზოვსკი და გუსინსკი შემდგომში კრემლის ადმინისტრაციამ რუსეთიდან განდევნა, მაგრამ როგორც ამბობენ, მათ მნიშვნელოვანი თანხების გატანის საშუალებაც მისცა. ზემოთქმული გვაფიქრებინებს, რომ რუსეთ-დასავლეთის ვითომდა დაპირისპირებული, სინამდვილეში კი ერთი ზემდგომი ცენტრიდან მართული თამაში კვლავაც გრძელდება და ამ თამაშში საქართველოს თავისი მოკრძალებული და მეტად სავალალო ადგილი აქვს მიჩენილი. მასონურ-ილუმინატური მოძრაობის ბუნებიდან და მიზნებიდან გამომდინარე, სხვანაირად არც შეიძლება იყოს. ამ ორგანიზაციების თვალსაჩინო წარმომადგენელმა ზბიგნევ ბჟეზინსკიმ ხომ მკაფიოდ განაცხადა, რომ სსრკ-ის დაშლის შემდეგ მათ პირველ მოწინააღმდეგედ მართლმადიდებელი ქრისტიანობა დარჩა. ცხადია, რომ ასეთი განცხადების შემდეგ მასონური წრეებისგან საქართველოსთვის მაინცა და მაინც სასიამოვნო პერსპექტივას არ უნდა მოველოდეთ.
– მაშ საქართველოს „მოჭიდავე აქლემების“ შუაში გამოჭყლეტილი კოზაკის ბედი მოელის?
– ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ ჩვენს ხელისუფლებაში უფლისადმი რწმენა კიდევ უფრო ნაკლებია, ვიდრე ხალხში. მიმდინარე პროცესებში კი, მიწიერი განზომილებებით თუ ვიმსჯელებთ, ძალიან დიდი ძალებია ჩართული. საჭიროა ერის ღვთისკენ შემობრუნება, რადგან სახარებისეული ჭეშმარიტებით თითოეული ადამიანი (გნებავთ სახელმწიფო) ორიენტირებული უნდა იყოს არა რომელიმე სხვა ადამიანის (ან ქვეყნის, ან კიდევ სამხედრო-პოლიტიკური ალიანსის) მფარველობაზე, არამედ ღვთის რწმენითა და მასზე სასოებით, უწინარეს ყოვლისა, თავად უნდა ზრუნავდეს საკუთარი გაძლიერებისა და თავისი შესაძლებლობების მაქსიმალურად რეალიზებისთვის. ამ დროს კი ჩვენ ერთი სახელმწიფოს მფარველობიდან მეორისკენ მივდივართ. საამისო მაგალითების მოყვანა შორს წაგვიყვანდა, რადგან ჩვენი მაღალი რანგის სახელმწიფო მოხელეების ყოველდღიური განცხადებები სწორედ ამის ნათელი დადასტურებაა.
– გამოდის, რომ ჩვენ ვერასოდეს ვეღირსებით დაკარგული მიწების დაბრუნებასა და სიმშვიდეს. სხვათა შორის, ახლა ეჭვობენ, რომ კოდორის ხეობასაც გალის ბედი მოელის და მას „ჩააბარებენ“. თქვენ რას ფიქრობთ?
– სამხედრო თეორიაში ცნობილია, რომ შემტევ მხარეს, სულ მცირე, სამჯერადი უპირატესობა მაინც უნდა გააჩნდეს. საქართველოს შეიარაღებულ ძალებს კი ასეთი უპირატესობა აფხაზებთან შედარებით მხოლოდ რეზერვისტების რიცხვში თუ გააჩნია. საბრძოლო ტექნიკისა და საველე არტილერიის მონაცემებით, თბილისის უპირატესობა უმნიშვნელოა. ამიტომ აფხაზებთან შესაძლო სრულმასშტაბიანი ომის მოგებას ჩვენ მხოლოდ ცოცხალი ძალის უფრო მეტი მსხვერპლისა და შედარებით უკეთესი ეკონომიკური მდგომარეობის ხარჯზე თუ შევძლებთ, თუკი აფხაზების მონათესავე ჩრდილოკავკასიელი ხალხები ამ ომში არ ჩაერევიან. და ბოლოს, ჩვენი გამარჯვება მეტად საეჭვო იქნება იმ შემთხვევაში, თუკი რუსეთი კვლავინდებურად ანტიქართულ პოზიციას დაიკავებს. უკანასკნელ დღეებში განვითრებული მოვლენების მიხედვით შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ დიდი ცენტრის კარნახით, საქართველოზე გავლენის ვექტორმა ისევ რუსეთში გადაინაცვლა, რასაც შედეგად მოჰყვა ბორის ბერეზოვსკის უახლოესი მეგობრის, ბადრი პატარკაციშვილის საქართველოში გააქტიურება. ამის საპასუხოდ, დასავლური ორიენტაციის ხალხი ალაპარაკდა, რომ ისინი ჩართული ყოფილან დიდი ძიების თამაშში, რაც ჩვენი ქვეყნისათვის მეტად საზიანო შეიძლება იყოს. სამწუხაროა, რომ მათ ასეთი განწყობა გაუჩნდათ მხოლოდ მას შემდეგ, რაც ქვეყნის მართვის სადავეები ადგილობრივ დონეზე პრორუსული ძალების ხელში გადავიდა.
– შევარდნაძის ამერიკაში წასვლამდე ჩვენი ძალოვანი უწყების ხელმძღვანელები რუსეთში ჩავიდნენ. ამ ყველაფერს კი აფხაზეთში ომის დაწყება მოჰყვა. თქვენი აზრით რა მოხდა?
– მოხდა ის, რომ დასავლეთმა რუსეთს ამიერკავკასიაში თავისი საქმეების მოსაგვარებლად ხელები გაუხსნა, მაგრამ ჩვენთვის მთავარი საშიშროება ის კი არ არის, რომ რუსეთს ან ამერიკას აქ თავისი ინტერესები გააჩნია. როგორც ახლახანს ბატონმა მამუკა არეშიძემ ტელეინტერვიუში განაცხადა, გაცილებით უფრო საშიშია ის, რომ საქართველოს სახელისუფლებო სტრუქტურებში უმეტესად არაკომპეტენტური და უვიცი ადამიანები მუშაობენ და მათ, უბრალოდ, არ შეუძლიათ აღმოსავლურ-დასავლური ინტერესების ჭიდილში საკუთრი ქვეყნის ინტერესების დაცვა. ამის ნათელი დადასტურებაა თუნდაც ის, რომ ეუთო-ს ეგიდით დადებული ხელშეკრულებებით საქართველოს უფლება აქვს ჰქონდეს მხოლოდ იმ რაოდენობის შეიარაღება, რომელიც საკმარისი იქნებოდა დასავლური ნიმუშის ოთხი-ხუთი საბრძოლო ბრიგადის დაკომპლექტებისთვის. ჩვენივე თანაზომად შვეიცარიას ომიანობის დროს გამოჰყავს სხვადასხვა ტიპის 39 საბრძოლო ბრიგადა და სხვა ჯარები, ფინეთს კი 26 საბრძოლო ბრიგადა და სხვა. უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში იმავე დასავლური ორიენტაციის ქართველი სახელმწიფო მოხელეები ყველანაირად ეწინააღმდეგებიან აღნიშნული კვოტების გაზრდაზე ეუთო-ს ხელმძღვანელობის წინაშე საკითხის დაყენებას.
– კი მაგრამ, ახლა ალბათ აღარც არსებობს მექანიზმი, რომელიც ჩვენი შეიარაღების კვოტას გაზრდიდა.
– 1990 წელს ხელმოწერილ საბაზო ხელშეკრულებაში ჩადებულია, ევროპაში განვითარებული პოლიტიკური პროცესების გათვალისწინებით, კვოტების გადახედვის მექანიზმიც – თვით ახალი მოლაპარაკებების ჩათვლითაც კი. ამის შესახებ კარგად იციან ჩვენმა სახელმწიფო მოხელეებმაც, მაგრამ ისინი არა თუ ამ საკითხის საერთაშორისო დონეზე დაყენებას, ქართულ საზოგადოებაში მის სადისკუსიოდ გამოყანასაც კი ყველანაირად ხელს უშლიან.
– ვისი დამსახურებაა ამ ინფორმაციისთვის გზის ჩაკეტვა?
– ამ საქმეში ჩართულნი არიან სახელისუფლებო სტრუქტურები. ამის დასადასტურებლად ერთი კონკრეტული მაგალითიც საკმარისი იქნებოდა: ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების შესახებ ხელშეკრულების პირობებით გათვალისწინებულია ყველა მონაწილე სახელმწიფოს შორის ინფორმაციის ყოველწლიური გაცვლა. შესაბამისად, საქართველოს საგარეო საქმეთა ან თავდაცვის სამინისტროში სისტემატიურად მოდის დეტალური ინფორმაციები ევროპის ყველა ქვეყნის შეიარაღებული ძალების შესახებ. 90-იანი წლების შუახანებში ეს სამინისტროები ამ ინფორმაციას დაუბრკოლებლად იძლეოდნენ. მოგვიანებით კი, აღმასრულებელი ხელისუფლების ინიციატივით, საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი, რომლის თანახმადაც ამ ინფორმაციას კონფიდენციალურობის გრიფი დაადო. მღვრიე წყალში თევზის ჭერის მოსურნე ქართველი მოხელეები სულ უფრო მეტად ამცირებენ საზოგადოების მხრიდან მათზე კონტროლის შესაძლებლობებს, ხოლო მათი საქმიანობის ნიმუშად კი ერთი სამწუხარო მაგალითი შეგვიძლია მოვიტანოთ: საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის აპარატის ერთერთმა წამყვანა თანამშრომელმა ამ ორიოდე წლის წინ კერძო საუბრისას დაახლოებით ასეთი ფრაზა მითხრა: ქვეყნის საზიანო საქმეების კეთებაში ამერიკის დაზვერვა კარგად გვიხდისო. უფრო მოგვიანებით კი, როდესაც პანკისის ხეობაში დაიწყო ადამანებისა და საქონლის მოტაცება, ქალების გაუპატიურება და სხვა უბედურებანი, იმავე ადამიანმა უგულოდ განმიცხადა, ეს იმ მოსახლეობის ხვედრია, ვინც იქ ცხოვრობსო. თავად ეს მოხელე იმ საქმეში ჩაუხედავი და არაკომპეტენტური ადამიანების ტიპიური წარმომადგენელია, რომლებიც სამხედრო სფეროში ფუსფუსებენ არა ამ სფეროს სიყვარულის, არამედ დასავლეთში „გულაობისა“ და რაც შეიძლება მეტის „თქვლეფის“ მიზნით. მათი საქმიანობის შედეგი კი ის რეალობაა, რომელიც დღეს სახეზეა. კონკრეტული გვარების დასახელებას დღეს მოვერიდები, რათა სახელმწიფო სამსახურში თანამდებობებზე მყოფ ასეთ ადამიანებს კიდევ მიეცეთ ქვეყნის სასიკეთოდ თავიანთი მდგომარეობის გამოყენების შესაძლებლობა.
– ოპოზიციას მაინც დაკავშირებოდით...
– ამის შესახებ ჯერ კიდევ წელიწდნახევრის წინ მათაც ვესაუბრე, მაგრამ რაიმე რეაქცია ან ქმედითი ღონისძიებანი მათი მხრიდან ჯერ არ დამინახავს. ეს კი სამწუხარო დასკვნის გაკეთების საბაბს იძლევა. საკვანძო თანამდებობებზე ყველგან ის ხალხია, ვინც რუსეთიდან ან დასავლეთიდან იმართება.
ელზა ჯმუხაძე

(გამოქვეყნებულ იქნა გაზეთ „საქართველოს“ 2001 წლის დეკემბრის ნომერში /5 დეკემბერს/)
სტრატეგიული კვლევების ლონდონის საერთაშორისო ინსტიტუტის 2000 წლის მონაცემებით, საქართველოს მოსახლეობა შეადგენს 5 472 ათას ადამიანს, მშვიდობიანობის დროის რეგულარული შეიარაღებული ძალების რიცხოვნებაა 26,9 ათასი ადამიანი (ანუ ქვეყნის მთლიანი მოსახლეობის 0,49 %), ომიანობის დროს გასაწვევად დაგეგმილი რეზერვისტებისა – 250 ათასზე მეტი (4,57 %).
მეორეს მხრივ, საქართველოს თავდაცვის სამნისტრო და გენერალური შტაბი, აგრეთვე სხვა სახელისუფლებო სტრუქტურები, ნატო-დან მოწვეული მრჩეველთა ჯგუფის რეკომენდაციებით, გეგმავენ უახლოეს წლებში რეგულარული ჯარების რიცხოვნების 12 ათას ადამიანამდე შემცირებას (მოსახლეობის 0,22 %) და აცხადებენ, რომ ეს ღონისძიებანი საქართველოს სამხედრო მშენებლობას დააახლოებს ნატო-ს სტანდარტებთან, რომ მცირერიცხოვან, მაგრამ კარგად გაწვრთნილ და პროფესიულ ქართულ არმიას შეეძლება ქვეყნის თავდაცვის ნებისმიერი ამოცანების გადაწყვეტა.
ვნახოთ, რამდენად შეესაბამება ეს სინამდვილეს. იმავე ლონდონური წყაროს მონაცემებით, 1991 წელს, ცივი ომის მიწურულს, ნატო-ს წევრი მცირე ევროპული სახელმწიფოების (ნიდერლანდები, დანია, ბელგია, ნორვეგია) მშვიდობიანობის დროის რეგულარული შეიარაღებული ძალების რიცხოვნება შეესაბამებოდა ქვეყნის მოსახლეობის 0,58-დან 0,88 %-მდე. ცივი ომის დასრულების შემდეგ ამ სახელმწიფოებმა თავიანთი რეგულარული შეიარაღებული ძალების რიცხოვნება შეამცირეს, მაგრამ დღესაც ეს მაჩვენებელი უტოლდება 0,33 – 0,60 %%-ს (ყველაზე ნაკლებია ნიდერლანდებში, მეტი ნორვეგიაში).
სამაგიეროდ ჩვენს მეზობელ თურქეთში ეს მაჩვენებელი შეადგენს 0,92 %-ს (ქვეყნის მოსახლეობაა 66 130 ათასი ადამიანი, რეგულარული შეიარაღებული ძალების რიცხოვნება კი 609,7 ათასი).
მაინც როგორი უნდა იყოს საქართველოს შეიარაღებული ძალების რიცხოვნება? ჩვენი აზრით, ქვეყნის თავდაცვისა და, შესაბამისად, სამხედრო მშენებლობის საქმეს საფუძვლად უნდა დავუდოთ სახარებისეული ჭეშმარიტება იმის შესახებ, რომ ნებისმიერი ადამიანი (იგულისხმება სახელმწიფოც) სხვა შეძლებულ ადამიანზე (სახელმწიფოზე, სახელმწიფოთა ჯგუფზე ან საერთაშორისო ორგანიზაციებზე) კი არ უნდა ამყარებდეს თავის იმედებს, არამედ ღვთის რწმენითა და მასზე სასოებით, მისი მცნებების მიყოლით, უწინარეს ყოვლისა, თავად უნდა ზრუნავდეს საკუთარი გაძლიერებისა და თავისი შესაძლებლობების მაქსიმალურად რეალიზებისთვის.
საკუთარ ძალებზე პრიორიტეტულად დაყრდნობის კონცეფციის გარდა, საქართველოს შეიარაღებული ძალების მშენებლობას საფუძვლად უნდა ჰქონდეს ყოველ მიმდინარე ეტაპზე მეზობელი სახელმწიფოებისა და მათი შესაძლო მოკავშირეების მხრიდან ჩვენი ქვეყნისადმი არსებული სავარაუდო სამხედრო მუქარების განეიტრალების უცილებლობა.
90-იან წლებში, ცივი ომის დასრულებისა და საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ნატო-ს ბლოკის უმეტესმა სახელმწიფოებმა თავიანთი სამხედრო ხარჯები, ძირითადი შეიარაღება და შეიარაღებული ძალები შეამცირეს. ამის საპირისპიროდ თურქეთმა თავისი სამხედრო ხარჯები გააორმაგა (1990 წლის 5,0 მლრდ ამერიკული დოლარიდან 1999 წლის 10,1 მლრდ დოლარამდე), ხოლო ამერიკამ და გერმანიამ კი გადასცეს შედარებით თანამედროვე შეიარაღება და სამხედრო ტექნოლოგიები. ამ ღონისძიებების შედეგად, 90-იან წლებში თურქეთის შეიარაღებული ძალები, სულ მცირე, 3–4-ჯერ უნდა გაძლიერებულიყო.
ამ გაძლიერებული ჯარების რიცხოვნებით მეორე სახმელეთო დაჯგუფება განლაგებულია ჩრდილო-აღმოსავლეთ ანატოლიაში, ამიერკავკასიის სახელმწიფოთა უშუალო მახლობლობაში. ეუთო-ს ოფიციალური მონაცემებით, 1998 წლის დასაწყისში, მასში მოითვლებოდა პირადი შემადგენლობის 87 ათასამდე ადამიანი, 540 საბრძოლო ტანკი, 625-ზე მეტი მოჯავშნული საბრძოლო მანქანა, 685-მდე საველე არტილერიის ქვემეხი და ნაღმსატყორცნი (100 მმ და მეტი ყალიბისა), 10 დამრტყმელი და 30-ზე მეტი საბრძოლო უზრუნველყოფის ვერტმფრენი, აგრეთვე სხვა შეიარაღება.
ამაზე საპასუხოდ რუსულ სარდლობას, იმავე 1998 წლის დასაწყისში, ჯერ კიდევ ჩეჩნეთში მეორე ომის დაწყებამდე, ჩრდილო-კავკასიის სამხედრო ოლქში, აგრეთვე მოსკოვისა და ვოლგისპირეთის სამხედრო ოლქების სამხრეთ რაიონებში, განლაგებული ჰყავდა საბრძოლველად მზადმყოფი 95 ათასამდე პირადი შემადგენლობა, 915 საბრძოლო ტანკი, 3175 მოჯავშნული საბრძოლო მანქანა, 1200 საველე საარტილერიო სისტემა, 80 დამრტყმელი, 100-ზე მეტი საბრძოლო უზრუნველყოფისა და 10 მძიმე სატრანსპორტო-სადესანტო ვერტმფრენი, აგრეთვე სხვა შეიარაღება.
თავისთავად ცხადია, რომ დაპირისპირებულ მხარეთა ასეთი მსხვილი ძალების ამიერკავკასიის საზღვრების მახლობლობაში თავმოყრა საქართველოსაც უნდა აიძულებდეს მაქსიმალური ადამიანური და მატერიალურუი რესურსების დაძაბვას საკუთარი ტერიტორიისა და სახელმწიფო სუვერენიტეტის დასაცავად. სწორედ ასეთი სამხედრო-სტრატეგიული კონცეფცია გააჩნდათ ცივი ომის პერიოდში ევროპის მცირე ნეიტრალურ სახელმწიფოებს – შვედეთს, შვეიცარიასა და ფინეთს. ამიტომ მათი სამხედრო მშენებლობის გამოცდილება ჩვენთვის მეტად საგულისხმო და სასარგებლო უნდა იყოს.
თანამედროვე სამხედრო თეორიითა და პრაქტიკით, მშვიდობიანობის დროის რეგულარული შეიარაღებული ძალები განკუთვნილია ქვეყნის სამხედროვალდებული ახალგაზრდობისთვის სამხედრო საქმის შესასწავლად, შემდგომ ეტაპებზე რეზერვისტთა გადამზადებისთვის, შედარებით მცირემასშტაბიან შეიარაღებულ კონფლიქტებში საკუთარი სახელმწიფო ინტერესების დასაცავად. ხოლო მსხვილმაშტაბიანი ომის გაჩაღების შემთხვევაში კი, მის საწყის ეტაპზე, რეგულარული ჯარები იყენებენ სახელდახელოდ მობილიზებულ რეზერვისტებსაც, რათა თავდაცვითი და შემკავებელი მოქმედებების წარმოებით მისცენ შესაძლებლობა ქვეყნის სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობას სრულმასშტაბიანი სამობილიზაციო ღონისძიებების გატარების, ომიანობის დროის შეიარაღებული ძალების სრულად გაშლისა და თავდაცვითი ომის წარმოებისთვის.
მსხვილმასშტაბიან ომს, როგორც აღვნიშნეთ, ქვეყანა აწარმოებს საომარი დროის (სრულად მობილიზებული) შეიარაღებული ძალებით, რომლის რიცხოვნებაც სახელმწიფოს მთელი მოსახლეობის დაახლოებით 10 %-სა და მეტსაც შეიძლება შეადგენდეს. 1991 წლის მონაცემებით შვედეთის, შვეიცარიისა და ფინეთის მოსახლეობისა და შეიარაღებული ძალების რიცხობრივი მაჩვენებლები მოყვანილია ცხრილში.
ევროპის მცირე ნეიტრალური სახელმწიფოების მოსახლეობა და შეიარაღებული ძალები 1991 წელს
მოსახლეობა და შეიარაღებული . . . . შვედეთი . . . შვეიცარია . . . ფინეთი
ძალები (შძ) . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
ქვეყნის მოსახლეობა, ადამიანი . . . . . 8 340 200 . . . . 6 503 800 . . . . 5 023 200 მშვიდობიანობის დროის
რეგულარული შძ, ადამიანი . . . . . . . . . . 63 000 . . . . . . . . – . . . . . . . . . .31 800
(ქვეყნის მოსახლეობის %) . . . . . . . . . . . (0,76) . . . . . . . . . (–) . . . . . . . . . (0,63)
შეიარაღებული ძალების
რეზერვები, ადამიანი . . . . . . . . . . . . . . . 709 000 . . . . . . .625 000 . . . . . . 700 000*
(ქვეყნის მოსახლეობის %) . . . . . . . . . . . . . (8,51) . . . . . . . . . (9,61) . . . . . . (13,93)
ომიანობის დროის სახმელეთო
ჯარები, ადამიანი . . . . . . . . . . . . . . . . . . . 550 000 . . . . . . .565 000 . . . . . . 460 000
(ქვეყნის მოსახლეობის %) . . . . . . . . . . . . . .(6,59) . . . . . . . . .(8,69) . . . . . . . (9,15)
ომიანობის დროის საჰაერო
ძალები, ადამიანი . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 57 000 . . . . . . . .60 000 . . . . . . . 30 000
(ქვეყნის მოსახლეობის %) . . . . . . . . . . . . . .(0,68) . . . . . . . . .(0,92) . . . . . . . (0,59)
ომიანობის დროის საზღვაო
ძალები, ადამიანი . . . . . . . . . . . . . . . . . . . 102 000 . . . . . . . . . . – . . . . . . . . . 12 000
(ქვეყნის მოსახლეობის %) . . . . . . . . . . . . . .(1,22) . . . . . . . . . . (–) . . . . . . . . (0,24)
* ამათგან 500 000 ადამიანი (ქვეყნის მოსახლეობის 9,95 %) იარაღით ხელში, ხოლო 200 000 (3,98 %) კი – იარაღის გარეშე.
ომიანობის დროის შეიარაღებული ძალები ოპერატიული დანიშნულების მიხედვით იყოფა საბრძოლო ანუ საველე ჯარებად (ძალებად) და ტერიტორიული (რაიონული, ადგილობრივი) თავდაცვის ჯარებად. პირველს ევალება ძირითადი საბრძოლო ოპერაციების წარმოება, მეორეს კი ცალკეული რაიონების თავდაცვის ამოცანების გადაწყვეტა. შესაბამისად, საბრძოლო (საველე) ჯარებში იწვევენ შედარებით ახალგაზრდა ასაკის რეზერვისტებს (სხვადასხვა ქვეყანაში დაახლოებით 35 ან 45 წლამდე), მათ აძლევენ ყველაზე უფრო თანამედროვე, ძვირადღირებულ და ძლიერ შეიარაღებას. ტერიტორიულ ჯარებს კი აკომპლექტებენ სათანადო რაიონების მაცხოვრებელი უფრო ხანდაზმული რეზერვისტებით (35 ან 45 წლის ზევით) და მათ უფრო მოძველებულ და იაფ შეიარაღებას აძლევენ. სამაგიეროდ საკუთარი რაიონების კარგი ცოდნა და მათ გეოგრაფიულ და კლიმატურ პირობებთან შეგუებულობა ტერიტორიული ჯარების მებრძოლებს დიდად ეხმარება მათზე დაკისრებადი ამოცანების გადაწყვეტაში.
საჰაერო ძალებში ტერიტორიული ჯარები შეადგენენ საზენიტო-საარტილერიო ნაწილებსა და ქვედანაყოფებს, საზღვაო ძალებში კი – სანაპირო თავდაცვის (სანაპირო არტილერიის) საჯარისო ერთეულებს.
რაც შეეხება რეზერვისტთა სამობილიზაციო მზადყოფნას, შვედეთსა და ფინეთში რეგულარული შეიარაღებული ძალებიდან დემობილიზებული ახალგაზრდა ერთი წლის განმავლობაში ირიცხება ექსტრენულ რეზერვში და მობილიზაციის გამოცხადებისთანავე ვალდებულია 24 საათის განმავლობაში გამოცხადდეს მისი მიწერის ნაწილში. ერთი წლის ვადის გავლის შემდეგ მისი სამობილიზაციო მზადყოფნის ხარისხი რამდენადმე მცირდება, მაგრამ მის ადგილს უკვე სხვა რეზერვისტი იკავებს. გარკვეული ასაკის მიღწევამდე რეზერვისტებს ევალებათ მობილიზაციის გამოცხადებიდან 72 საათის განმავლობაში გამოცხადდნენ თავიანთ ნაწილებში, უფრო ხანდაზმულებისთის კი ეს ვადა შესაძლოა ერთ კვირამდეც გაიზარდოს.
შვეიცარიაში მშვიდობიანობის დროს რეგულარული შეიარაღებული ძალები ფაქტიურად არ არსებობს. იქ ახალწვეულები 4,5 თვის განმავლობაში გადიან საწყის სამხედრო მომზადებას, შემდეგ კი გადადიან რეზერვში. ამიტომ შვეიცარიაში ჯარში წელიწადში ორ ნაკადს იწვევენ. სამაგიეროდ რეზერვისტთა საბანაკო შეკრებები ამ ქვეყანაში უფრო ხანგრძლივი და ინტენსიურია.
21–32 წლის ასაკის რეზერვისთა შემადგენლობას შვეიცარიაში ეწოდება „აუსცუგი“ (Auszug – ქართულად ნიშნავს „აბა ჰე“-ს, „დაძახებისთანავე“), რომელიც შედარებით მაღალ სამობილიზაციო და საბრძოლო მზადყოფნაში იმყოფება. 33–42 წლის რეზერვისტები შეადგენენ „ლანდვერს“ (Landwehr – „სამშობლოს თავდაცვის ჯარები“ /მილიცია/), რომელიც ძირითად სახაზო ჯარებს წარმოადგენს, ხოლო 43–50 წლის რეზერვისტები კი ქმნიან „ლანდშტურმს“ (Landsturm – „სამშობლოს სახალხო ლაშქარი“) – იგივე ტერიტორიული თავდაცვის ჯარებს.
კრიზისულ სიტუაციებში ან ომის დროს მათ მობილიზაციას უნდა ატარებდნენ ოპერატიულად და ეტაპობრივად, ძირითადად 24–72 საათის განმავლობაში, ისე რომ ერთი კვირის მანძილზე ქვეყნის შეიარაღებული ძალების სარდლობას შეეძლოს ჯარების სრულად გამოყვანა. 1991 წელს შვეიცარიის სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობას ამ ვადაში გამოჰყავდა 625 ათასი ადამიანი, ფინეთისას 700 ათასი (მათგან 500 ათასი იარაღით ხელში, საველე და ტერიტორიული თავდაცვის ჯარებში, ხოლო 200 ათასი კი იარაღის გარეშე, ზურგისა და სხვა სამსახურებში). ეს ჯარები, აღნიშნულ სახელმწიფოთა მცირე ტერიტორიების გათვალისწინებით, დიდ ძალას წარმოადგენენ და ნებისმიერი, რაგინდ ძლიერი, აგრესორისთვის მნიშვნელოვანი წინააღმდეგობის გაწევა შეუძლიათ.
საქართველოს შეიარაღებული ძალების მშენებლობა, ისე როგორც ეს დღეს მიმდინარეობს, როგორც ვხედავთ, სულაც არ მიჰყვება დასავლურ სტანდარტებს, დასავლეთის მცირე სახელმწიფოთა გამოცდილებას, და ვერანაირად ვერ შეიძლება უზრუნველყოფდეს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას. ყოველივე ეს კი, ჩვენს მოსახლეობას, სამწუხაროდ, მეტად მძიმე შედეგებით უბრუნდება ხოლმე.

(გამოქვეყნებულ იქნა გაზეთ „საქართველოს“ 2002 წლის თებერვლის ნომერში /6 თებერვალს/, სათაურით „ასეთია ამერიკის, გერმანიის, ისრაელის ჯარების სტრუქტურა. როგორია ქართული?“)
სამხედრო ლიტერატურაში გამოთქმული შეხედულებებით, საბრძოლო მოქმედებები თანამედროვე ომში გამოირჩევა გაბედულებით (გადამჭრელობით), დაძაბულობით და დაკავშირებულია დიდ დანაკარგებთან. მათთვის დამახასიათებელია ორმხრივი ინტენსიური საცეცხლე ზემოქმედების დროს მოწინააღმდეგესთან სწრაფად მიახლოება, დამსწრები დარტყმების მიყენება, სხვადასხვანაირი საბრძოლო სისტემების, პირველ რიგში, ავიაციისა და საზენიტო საშუალებების, ტანკებისა და ტანკსაწინააღმდეგო საშუალებების გააფთრებული დაპირისპირება. ასეთ მოქმედებებში წარმატების მისაღწევად აუცილებელია ჯართა სხვადასხვა გვარეობისგან შემდგარი შენაერთებისა და ნაწილების, აგრეთვე ქვედანაყოფების ეფექტური, მჭიდრო და უწყვეტი ურთიერთმოქმედება, განსხვავებული შეირაღების შესაძლებლობათა რაციონალური გამოყენება, მათი შეუფერხებელი მომარაგებისა და მომსახურების უზრუნველყოფა. აქედან გამომდინარე, უკვე დაბალი რგოლის ტაქტიკურ საჯარისო ერთეულებს აგებენ საბრძოლო, საბრძოლო უზრუნველყოფისა და ზურგის უზრუნველყოფის, მართვისა და მომსახურების წვრილი ქვედენაყოფების რაციონალურად დაბალანსების საფუძველზე. ამის ტიპიური მაგალითია თანამედროვე არმიების სატანკო, მოტოქვეითი (მოტომსროლელი), ქვეითი, სამთოქვეითი, აერომობილური, საპარაშუტო-სადესანტო და სხვა ბატალიონები.
სახმელეთო ჯარების ძირითად დამრტყმელ ძალას წარმოადგენს ჯავშანსატანკო (სატანკო) ჯარები. მის ნაწილებსა და ქვედანაყოფებს გააჩნიათ ბრძოლის ველზე მაღალი მობილურობა, ჯავშანდაცულობა და საცეცხლე ძლიერება, რაც მათ საშუალებას აძლევს აწარმოებდნენ აქტიურ შეტევით მოქმედებებს დღისითა და ღამით, სხვა ჯარებისგან მნიშვნელოვანი მოწყვეტით; საკუთარი ცეცხლით ანადგურებდნენ მოწინააღმდეგის ტანკებსა და სხვა მოჯავშნულ მიზნებს, ცოცხალ ძალას, ანგრევდნენ მის თავდაცვით ნაგებობებს, ებრძოდნენ დაბალ სიმაღლეზე მფრენ საჰაერო მიზნებს, სვლით გადალახავდნენ რადიოაქტიური დასნებოვნების ვრცელ ზონებსა და წყლის დაბრკოლებებს; საჭიროების შემთხვევაში კი სწრაფად ჰქმნიდნენ მტკიცე თავდაცვას და წინ აღუდგებოდნენ მოწინააღმდეგის ჭარბი ძალების შემოტევას.
70-იანი წლების აშშ არმიის სატანკო ბატალიონის სტრუქტურა ნაჩვენებია 1-ლ ნახატზე.
[1–ლ ნახატზე, რომელსაც ეწოდება “70–იანი წლების აშშ სატანკო ბატალიონი”, სათავეში ნაჩვენებია ბატალიონის მეთაური და მისი შტაბი. მათ ექვემდებარება ხუთი ასეული: საშტაბო, სამი სატანკო და საბრძოლო უზრუნველყოფის. საშტაბო ასეულში ნაჩვენებია ასეულის მართვა და ოთხი სექცია: სატანკო, ბატალიონის შტაბის მომსახურების, სარემონტო და მომარგების; სატანკო სექციაში – სამი საბრძოლო ტანკი. ამავე ასეულში ნაჩვენებია ოთხი ოცეული: კავშირგაბმულობის, სარემონტო, სამედიცინო და უზრუნველყოფის. თითოეულ სატანკო ასეულში ნაჩვენებია მართვა (ორი საბრძოლო ტანკი) და სამო სატანკო ოცეული (თითოეულში ოცეულის მართვა და ოთხი სატანკო ეკიპჟი, სულ ხუთი საბრძოლო ტანკი). საბრძოლო უზრუნველყოფის ასეულში ნაჩვენებია ასეულის მართვა, ორი ოცეული (სადაზვერვო და ნაღმსატყორცნების) და ოთხი სექცია: რადიოსალოკაციო, გადასატანი საზენიტო სარაკეტო კომპლექსების “რედ აი”, სარემონტო და სატანკო ხიდგამყვანების (ორი სატანკო ხიდგამყვანი)]
როგორც ვხედავთ, 70-იან წლებში აშშ სატანკო ბატალიონი შედგებოდა შტაბისა და ხუთი ასეულისგან: საშტაბო, სამი სატანკო და საბრძოლო უზრუნველყოფისა. თითოეული სატანკო ასეული შედგებოდა მართვისა (ორი ტანკი) და სამი სატანკო ოცეულისგან, ხოლო თითოეულ სატანკო ოცეულში კი იყო ხუთი სატანკო ეკიპაჟი (ოცეულის მეთაურის ტანკის ჩათვლით). ამრიგად, თითოეულ სატანკო ასეულში შედიოდა 17 საბრძოლო ტანკი (5 × 3 + 2 = 17), ხოლო სატანკო ბატალიონში კი, მთლიანად, – 54 (17 × 3 + 3 = 54). საშტაბო და საბრძოლო უზრუნველყოფის ასეულებში შედიოდა საბრძოლო უზრუნველყოფისა (კავშირგაბმულობის, სადაზვერვო, ნაღმსატყორცნების, საზენიტო, საინჟინრო-მესანგრეთა და სხვა) და ზურგის უზრუნველყოფის (სარემონტო, მომარაგების, სამედიცინო) ოცეულები და სექცუიები. სულ ბატალიონში შტატით მოითვლებოდა პირადი შემადგენლობის 570 ადამიანზე მეტი, 54 საბრძოლო ტანკი M60A1, 19 40-მმ ხელის ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარსატყორცნი, ხუთი გადასატანი საზენიტო სარაკეტო კომპლექსი “რედ აი” (თანამედროვე “სტინგერების” წინამორბედი მოდელი), ხუთი 12,7-მმ საზენიტო ტყვიამფრქვევი, სხვადასხვა ტიპის 100 ავტომობილი, ორი სატანკო ხიდგამყვანი და სხვა შეიარაღება.
80-იან წლებში აშშ არმიის სარდლობამ ჩაატარა სახმელეთო ჯარების რეორგანიზაცია, რომლის შედეგადაც სატანკო ბატალიონმა მიიღო შემდეგი სახე (იხ. ნახატი 2).
[მე–2 ნახატზე, რომელსაც ეწოდება “80–იანი წლების აშშ სატანკო ბატალიონი”, სათავეში ნაჩვენებია ბატალიონის მეთაური და მისი შტაბი. მათ ექვემდებარება ხუთი ასეული: საშტაბო და ოთხი სატანკო. საშტაბო ასეულში ნაჩვენებია ასეულის მართვა (ორი საბრძოლო ტანკი) და ექვსი ოცეული: სადაზვერვო, ნაღმსატყორცნების, კავშირგაბმულობის, სამედიცინო, უზრუნველყოფისა და სარემონტო. თითოეულ სატანკო ასეულში ნაჩვენებია ასეულის მართვა (ორი საბრძოლო ტანკი) და სამი სატანკო ოცეული; თითოეულ სატანკო ოცეულში – ოცულის მართვა და სამი სატანკო ეკიპაჟი (სულ ოთხი საბრძოლო ტანკი)]
როგორც ვხედავთ, რეორგანიზაციის შედეგად, აშშ სატანკო ბატალიონში ჩამოყალიბებულ იქნა საშტაბო და ოთხი სატანკო ასეული. თითოეულ სატანკო ასეულში ძველებურად დატოვეს სამ-სამი სატანკო ოცეული, მაგრამ ოცეულებში კი სატანკო ეკიპაჟების რაოდენობა შეამცირეს ოთხამდე (მეთაურის ტანკის ჩათვლით). შესაბამისად, სატანკო ასეულში შევიდა 14 საბრძოლო ტანკი (უწინდელი 17-ის ნაცვლად), ხოლო მთლიანად ბატალიონში კი – 58 (17 × 4 + 2 = 58). ერთი სატანკო ასეულის დამატებით ბატალიონს უკვე მიეცა იმის შესაძლებლობა, რომ ბრძოლის ველზე შეუტიოს ერთდროულად ორ ობიექტს.
აღნიშნული რეორგანიზაციის შედეგად საბრძოლო უზრუნველყოფის ასეული გაუქმებულ იქნა, მაგრამ მისი სადაზვერვო და ნაღმსატყორცნების ოცეულები შეიყვანეს საშტაბო ასეულის შემადგენლობაში. საზენიტო და სატანკო ხიდგაყვანების სექციები კი გადაიყვანეს ზემდგომი საჯარისო რგოლის – ჯავშანსატანკო (მექანიზებული ქვითი) ბრიგადის შემადგენლობაში, საიდანაც სწავლებების პერიოდში ან საბრძოლო მოქმედებების დროს სატანკო ბატალიონს ეძლევა შესაბამისი გაძლიერების საშუალებები საჭირო რაოდენობით.
შტატით კი 80-იანი წლების აშშ სატანკო ბატალიონში შედიოდა პირადი შემადგენლობის 560 ადამიანი, 58 საბრძოლო ტანკი, M1/M1A1 “აბრამსი”, ექვსი საბრძოლო-სადაზვერვო მანქანა M3 “ბრედლი”, 13 ჯავშანტრანსპორტერი M113A1/A2, ექვსი 106,7-მმ თვითმავალი ნაღმსატყორცნი M106A2, რვა სამეთაურო-საშტაბო მანქანა M577A1, დაახლოებით 80 ავტომობილი და სხვა შეიარაღება.
სწავლებების პერიოდში და საბრძოლო მოქმედებების დროს იარაღის უფრო ეფექტურად გამოყენების მიზნით, ჯავშანსატანკო და მექანიზებული ქვეითი ბრიგადების შემადგენლობაში სატანკო და მოტოქვეითი ბატალიონების ბაზაზე აყალიბებენ შერეული შემადგენლობის საბატალიონო ტაქტიკურ ჯგუფებს. სახელდობრ, სატანკო საბატალიონო ტაქტიკური ჯგუფის შემადგენლობაში შესაძლოა შეყვანილ იქნას ორი–სამი სატანკო და ერთი-ორი მოტოქვეითი ასეული, ერთი–ორი საარტილერიო ბატარეა (8–16 ქვემეხი), საინჟინრო, კავშირგაბმულობისა და სადაზვერვო ოცეულები, ქიმიური დაცვის ათეული, ზურგის უზრუნველყოფის ქვედანაყოფები. ასეთ შერეულ ტაქტიკურ ჯგუფებს, ამერიკული სარდლობის აზრით, უფრო ეფექტურად შეუძლიათ მათ წინაშე დასმული ამოცანების შესრულება.
ამ მხრივ მეტად საინტერესოა დასავლეთ გერმანული და ისრაული გამოცდილების გაცნობაც. 70-იან წლებში ბუნდესვერის სატანკო ბატალიონშიც, ამერიკულის მსგავსად, 54 საბრძოლო ტანკი შედიოდა. ზემდგომ საჯარისო რგოლში, სატანკო ბრიგადაში, შედიოდა ორი სატანკო და ერთი მოტოქვეითი ბატალიონები, 155-მმ თვითმავალი ჰაუბიცების საარტილერიო დივიზიონი, აგრეთვე საბრძოლო და ზურგის უზრუნველყოფის ქვედანაყოფები. ასეთი შემადგენლობის ბრიგადაში მოითვლებოდა 110 საბრძოლო ტანკი „ლეოპარდ-1“, 60-ზე მეტი ჯავშანტრანსპორტერი M113, 18 155-მმ თვითმავალი ჰაუბიცა M-109G, აგრეთვე სხვა შეიარაღება.
80-იან წლებში სატანკო ოცეულში საბრძოლო ტანკების რაოდენობა შეამცირეს ოთხამდე (ოცეულის მეთაურის ეკიპაჟის ჩათვლით), სატანკო ასეულში – 13-მდე, სატანკო ბატალიონში კი – 41 ტანკამდე. სამაგიეროდ სატანკო ბრიგადის შემადგენლობაში ორი სატანკო და ერთი მოტოქვეითი ბატალიონების გარდა, ჩამოყალიბებულ იქნა შერეული სატანკო ბატალიონიც, რომელშიც შედიოდა ოთხი ასეული: საშტაბო და მომარაგების, ორი სატანკო და ერთიც მოტოქვეითი. შერეულ სატანკო ბატალიონში მოითვლებოდა 28 საბრძოლო ტანკი „ლეოპარდ-2“, 11 ქვეითთა საბრძოლო მანქანა „მარდერი“, ექვსი თვითმავალი ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსი და სხვა შეიარაღება. მთლიანობაში კი სატანკო ბრიგადაში საბრძოლო ტანკების რაოდენობა უცვლელი დარჩა – 110 ტანკი „ლეოპარდ-2“.
თავისთავად ცხადია, რომ ამ რეორგანიზაციით ბუნდესვერის სარდლობამ სატანკო ბრიგადების მეთაურთა განკარგულებაში უკვე მზა სახით ჩამოაყალიბა ტაქტიკური სატანკო საბატალიონო ჯგუფის ძირითადი ბირთვი, რომელსაც კონკრეტული საბრძოლო ამოცანების გადასაწყვეტად მისცემდნენ შესაბამისი მხარდაჭერის ძალებს – საარტილერიო, საზენიტო, საინჟინრო-მესანგრეთა, კავშირგაბმულობის, მედიკურ-სანიტარულ, მომარაგებისა და სხვა ქვედანაყოფებს.
ისრაელის არმიის სატანკო ბრიგადის სატანკო ბატალიონის სტრუქტურა ნაჩვენებია ნახატ 3-ზე. ისიც, როგორც ვხედავთ, ძირითადში იმეორებს ბუნდესვერის 80-იანი წლების შერეული სატანკო ბატალიონის ორგანიზაციას და წარმოადგენს ტაქტიკური საბატალიონო ჯგუფის ბირთვს. მასში მოითვლება პირადი შემადგენლობის 515 ადამიანი, 36 საბრძოლო ტანკი (12 × 3 = 36), 23 ჯავშანტრანსპორტერი, ?? 81-მმ ნაღმსატყორცნი, სამი ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპელექსი, ექვსი გადასატანი საზენიტო სარაკეტო კომპლექსი, ცხრა ხელის ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარსატყორცნი, 23 ავტომობილი და სხვა შეიარაღება.
[მე–3 ნახატზე, რომელსაც ეწოდება “ისრაელის ჯავშანსატანკო ბრიგადის სატანკო ბატალიონი”, სათავეში ნაჩვენებია ბატალიონის მეთაური და მისი შტაბი, რომელთაც ექვემდებარება ხუთი ასეული: საშტაბო და მომსახურების, სამი სატანკო და მოტოქვეითი. საშტაბო და მომსახურების ასეულში ნაჩვენებია მართვა და ოთხი ოცეული: სადაზვერვო, კავშირგაბმულობის, ტექნიკური მომსახურების, სატრანსპორტო და მომარაგების. თითოეულ სატანკო ასეულში ნაჩვენებია ასეულის მართვა და სამი სატანკო ოცეული; თითოეულ სატანკო ოცეულში – ოცეულის მართვა და სამი სატანკო ეკიპაჟი (სულ ოთხი საბრძოლო ტანკი). მოტოქვეით ასეულში ნაჩვენებია ოთხი ოცეული: სამი მოტოქვეითი და მხარდაჭერის]
ჩვენი მეზობელი თურქეთის სატანკო ბატალიონები იმეორებენ დასავლურ სტრუქტურებს (ამერიკულსა და გერმანულს) და მათში გვხვდება 54-დან 58 საბრძოლო ტანკამდე. სახელდობრ, საქართველოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონის მახლობლად, თურქეთის ქალაქ არტაანში განლაგებულ 25-ე მექანიზებულ ქვეით ბრიგადაში (ერთი სატანკო და ორი მექანიზებული ქვეითი ბატალიონები, საარტილერიო დივიზიონი და სხვა ქვედანაყოფები) 1998 წლის დასაწყისში ნაჩვენები იყო 56 საბრძოლო ტანკი M48A5, 142 ჯავშანტრანსპორტერი M113, 53 საველე არტილერიის ქვემეხი და ნაღმსატყორცნი (25 ბუქსირებადი ჰაუბიცა და 28 106,7-მმ ნაღმსატყორცნი). მის სამხრეთით ქალაქ სარიყამიშში დისლოცირებულ მე-9 ქვეით დივიზიაში (სატანკო, ორი ქვეითი და საარტლერიო პოლკები, აგრეთვე უზრუნველყოფის ქვედანაყოფები) ნაჩვენები იყო 112 საბრძოლო ტანკი M48A5, 64 ჯავშანტრანსპორტერი M113, 128 საველე საარტილერიო სისტემა (34 105-მმ, 27 155-მმ და ოთხი 203,2-მმ ბუსირებადი ჰაუბიცა, 42 106,7-მმ და 21 120-მმ ნაღმსატყორცნი).
როგორც ვხედავთ, დასავლური არმიების სატანკო ბატალიონებში საბრძოლო ტანკების საშტატო რაოდენობაა 54 მანქანა (თითოეულ სატანკო ოცეულში ხუთი საბრძოლო ტანკი, ასეულში კი 17). ასეთი შეიარაღების მქონე ბატალიონს შეტევაში ჩვეულებრივ უნიშნავენ უბანს სიგანით (ფრონტში) 3 კმ-მდე და ზოგჯერ კი 5 კმ-მდეც. უახლოეს ამოცანას (ობიექტს) უნიშნავენ მოწინააღმდეგის განლაგების სიღმეში 5 კმ-მდე, ხოლო მომდევნო ამოცანას კი 10 კმ-მდე. თავდაცვაში ამერიკულ (გერმანულ, თურქულ) სატანკო ბატალიონს განესაზღვრება თავდაცვის რაიონი 3–5 კმ ფრონტსა და სიღრმეში.
რუსეთის ფედერაციის სატანკო პოლკის სატანკო ბატალიონში შედარებით ნაკლები როდენობის საბრძოლო ტანკებია – 31. მაგრამ ასეთ ბატალიონს შეტევაში უნიშნავენ 2 კმ-მდე ფრონტში, ხოლო გარღვევის უბანზე კი 1 კმ-მდე. თავდაცვაში მას განესაზღვრება რაიონი 3–5 კმ ფრონტში და 2,5 კმ-მდე სიღრმეში.
ყოველივე ამის გათვალისწინებით, საქართველომ თუნდაც სრულად რომ აითვისოს ეუთო-ს ეგიდით დადებული „ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების შესახებ ხელშეკრულებითა“ (1990 წლის 19 ნოემბერი) და ტაშკენტის შეთანხმებით (1992 წლის 15 მაისი) მისთვის განსაზღვრული 220 საბრძოლო ტანკის კვოტა, ამ შეიარაღებით ჩვენ შევძლებთ დასავლური ნიმუშის მხოლოდ ოთხი სატანკო ბატალიონისა და, შესაბამისად, მინიმალური შემადგენლობის ორი ჯავშანსატანკო ბრიგადის ჩამოყალობებას. ეს კი სრულებით ვერ იქნება საკმარისი 5,5-მილიონიანი სახელმწიფოს მიერ თავდაცვისუნარიანი სახმელეთო ჯარების ასაშენებლად. შემდგომ წერილებში ჩვენ ვნახვთ, რომ მოჯვშნული საბრძოლო მანქანებისა და საველე არტილერიის კვოტების მხრივ კიდევ უფრო სავალალო მდგომარეობაში ვიმყოფებით. ამიტომ თუ არ მოხდა საქართველოს სამხედრო მშენებლობის პროცესში ჩვენში არსებული კვალიფიციური მკვლევარების აქტიურად ჩართვა (რაც ჩვენმა ხელისუფლებამ უნდა განახორციელოს) და მათი მუშაობის შედეგად დასავლეთისა და რუსეთის მმართველი წრეების წინაშე საქართველოსთვის განსაზღვრული ჩვეულებრივი შეტევითი შეიარაღების კვოტების საკითხის დაყენება, მასზე თანხმობის მიღება და შესაბამისი ღონისძიებების გატარება, მაშინ ჩვენი ქვეყანა თავდაცვისუნარიან სახელმწიფოდ ვერ ჩამოყალიბდება.
ირაკლი ხართიშვილი
მცირე შენიშვნა: როგორც ადრე უკვე გვქონდა აღნიშნული, საქართველოს სამხედრო მშენებლობის აქტუალური და საჭირბოროტო საკითხების შესახებ წერილების გამოქვეყნება, მადლობა უფალს, დავიწყეთ ძირითადად საქართველოს სახალხო ფრონტის გაზეთ „საქართველოში“, 1999 წლის ივნისის თვიდან, წერილების ციკლის სახით, საერთო სათაურით „იცნობ მეზობელს?! ჩასწვდომიხარ ღირსებას მისას?!“, რაც მოულოდნელად და ჩვენგან დამოუკიდებლად იქნა შეწყვეტილი 2000 წლის აპრილის თვეში, ისე რომ წერილების ციკლი მაშინ ვერ იქნა დასრულებული. შემდეგ, კვლავ განახლებულ იქნა აღნიშნული გაზეთის გამოცემა და 2001 წლის ივლისიდან ისევ შევუდექით სტატიების გამოქვეყნებას. ზემოთ მოცემული წერილი „თანამედროვე ჯავშანსატანკო ჯარების შესახებ“ როგორც დასაწყისშივე იყო აღნიშნული, გამოქვეყნებულ იქნა 2002 წლის თებერვლის ნომერში, ხოლო მარტის ნომრისთვის კი მივიტანე სხვა წერილი „თანამედროვე მექანიზებული ქვეითი ჯარების შესახებ“, რომელიც თემატიკისა და შინაარსის მიხედვით, პირდაპირ აგრძელებდა ამ წერილში დაწყებულ თემას. მაგრამ, ისევ ჩემგან დამოუკიდებლად, ამ ახალი წერილის გამოქვეყნება კიდევ რამდენიმე თვით იქნა გაჩერებული. ამის მიზეზი გახლდათ ის, რომ მაშინ დაიწყო „წვრთნისა და აღჭურვის“ ამერიკული პროგრამა და ვინაიდან ჩემი სტატიები აშშ-ის მიმართ კრიტიკულად იყო განწყობილი, ამიტომ საქართველოს სახალხო ფრონტის თავმჯდომარემ, ბ-ნმა ნოდარ ნათაძემ, აღარ ისურვა თავის გაზეთში ასეთი მასალების გაშვება. მაგრამ იმავე წლის ზაფხულის მიწურულს ბ-ნი ნოდარი მოულოდნელად შემხვდა ქუჩაში, უკმაყოფილება და ეჭვები გამოთქვა ამერიკელთა მხრიდან ჩვენი შეიარაღებული ძალების მშენებლობაში დახმარების გულწრფელობაში, და მთხოვა, რათა განმეახლებინა მის გაზეთთან თანამშრომლობა. მე ვუპასუხე, რომ უკვე კარგა ხნის დატოვებული მქონდა გაზეთ „საქართველოს“ რედაქციაში წერილი, რომელიც თემატურად აგრძელებდა თანამედროვე სახმელეთო ჯარების სხვადასხვა გვარეობათა თანამიმდევრულად განხილვის თემას და კარგი იქნებოდა, თუკი იმას გამოაქვეყნებდნენ, ხოლო შემდეგ კი სხვა წერილებსაც მივიტანდი. მართლაც ასე მოხდა და 2002 წლის სექტემბრის ნომერში გამოქვეყნდა ადრე მიტანილი წერილი „თანამედროვე მექანიზებული ქვეითი ჯარების შესახებ“. ამის შემდეგ ჩემი თანამშრომლობა გაზეთ საქართველოსთან 2005 წლამდე პრაქტიკულად შეუფერხებლად მიდიოდა, რისთვისაც მადლობა მინდა გადავუხადო ბ-ნ ნოდარ ნათაძესა და გაზეთის იმჟამინდელ რედაქტორს, ქ-ნ მანანა ლობჯანიძეს.

(გამოქვეყნებულ იქნა გაზეთ „საქართველოს“ 2002 წლის სექტემბრის ნომერში /10 სექტემბერს/)
მექანიზებული ქვეითი (მოტოქვეითი, მოტომსროლელი) ჯარები შეიქმნა ქვეითი (მსროლელი) შენაერთებისა და ნაწილების საფუძველზე, ხოლო მისი მშენებლობისა და გამოყენების აუცილებლობა სახმელეთო ჯარების სპეციალისტებმა დაინახეს ჯერ კიდევ მეორე მსოფლიო ომში. აი რას წერს ამის შესახებ გერმანული ვერმახტის ოფიცერი, აიკე მიდელდორფი, 50-იან წლებში გამოცემულ წიგნში „ტაქტიკა რუსეთის კამპანიაში“: „მეორე მსოფლიო ომის მსვლელობისას დიდი მნიშვნელობა შეიძინეს სამხედრო-საჰაერო ძალებმა და კავალერიიდან ამოზრდილმა ჯავშანსატანკო ჯარებმა. ხოლო ტანკსაწინააღმდეგო და საჰაერო თავდაცვის საშუალებებით არასაკმარისად აღჭურვილი ქვეითი ჯარი კი, მისი საბარგულებითა და 3–4 კმ/სთ გადაადგილების სიჩქარით, ტექნიკური პროგრესის – ავიაციისა და ტანკების მსხვერპლი შეიქნა... წინა ხაზზე ფეხოსნის საშუალო სიცოცხლის ხანგრძლივობა შეადგენდა ორთვენახევარს. ძნელად თუ მოიძებნება თუნდაც ერთი სატანკო, საავიაციო ან საარტილერიო ქვედანაყოფი, ამასთან რამდენადმე მიახლოებული დანაკარგები რომ განეცადოს“.
შემდეგ ავტორი აღნიშნავს, რომ გერმანულ სატანკო დივიზიაში მოჯავშნული მანქანები შეადგენდნენ სულ უმნიშვნელო ნაწილს. სახელდობრ, 1940 წელს, 300 ტანკზე მოდიოდა დაახლოებით 3000 მოჯავნული თვლიანი მანქანა, რომლებსაც გზების გარეშე სიარული არ შეეძლოთ. ამიტომ ხშირად შეტევის მსვლელობისას მეწინავე სატანკო ნაწილები იძულებული ხდებოდნენ წინსვლა შეეჩერებინათ და ტალახში ჩაფლული მანქანებით მომავალ მეორე ეშელონებსა და ზურგის სამსახურებს დალოდებოდნენ. სიჩქარისა და ტაქტიკური შესაძლებლობების მიხედვით ისეთი განსხვავებული საშუალებების არსებობა, როგორებიცაა ტანკები და თვლიანი მანქანები, გამუდმებით იწვევდა დივიზიის რამდენიმე ნაწილად წყვეტას.
ამას ემატებოდა ისიც, რომ მეორე მსოფლიო ომის ბოლო წლებში საბჭოთა ჯარებმა იმდენად სრულჰყვეს ტანკსაწინააღმდეგო თავდაცვის სწრაფად ორგანიზების მეთოდები, რომ მისი გადალახვა მხოლოდ ტანკებისთვის, მოტოქვეით ჯარებთან ერთობლივი მოქმედებების გარეშე, შეუძლებელი შეიქნა. მაგრამ ბრძოლის ველზე ტანკების კვალდაკვალ მოტოქვეითი ქვედანაყოფების გადასაყვანად აუცილებელი ჯავშანტრანსპორტერები გერმანელებს საკმარისი რაოდენობით არ გააჩნდათ, რასაც ხელს უშლიდა ფოლადის უკმარისობა და გერმანიის სამხედრო მრეწველობის სხვა სუსტი მხარეები.
60–70-იანი წლებიდან, განსაკუთრებით კი არაბული სახელმწიფოებისა და ისრაელის ომების გამოცდილების გათვალისწინებით, დასავლეთის სახელმწიფოთა და საბჭოთა სარდლობები განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდნენ მოტოქვეითი (მექანიზებული ქვეითი, მოტომსროლელი) ჯარების განვითარებას. ისინი სულ უფრო მეტ აქცენტს აკეთებდნენ მოტოქვეითი ჯარების მობილურობაზე, ჯავშანდაცულობაზე, საცეცხლე ძლიერებასა და სატანკო ნაწილებთან მჭიდრო ურთიერთმოქმედებაზე.
ვინაიდან ჯავშანტრანსპორტერის ჯავშანი იფარავს პირად შემადგენლობას, აგრეთვე თავად მანქანის მნიშვნელოვან კვანძებსა და აგრეგატებს ტყვიებისა და ჭურვების ნამსხვრევებისგან, ამიტომ ასეთი მანქანები იქცნენ მოტოქვეითი ჯარების ძირითად სატრანსპორტო საშუალებად. ისინი უზრუნველყოფენ საბრძოლო ტანკების კვალდაკვალ მიყოლას, ფეხოსნების მოწინააღმდეგის პოზიციებთან რაც შეიძლება ახლოს მიყვანას, შეტევისთვის მათ ფარულ ჩამოქვეითებას, ხოლო ქვეითად მებრძოლ ქვედანაყოფებს კი თავიანთი მსხვილყალიბიანი ტყვიამფრქვევების ცეცხლით აღმოუჩენენ მხარდაჭერას. ამასთანავე, ისინი ებრძვიან დაბლამფრენ საჰაერო მიზნებს, ანადგურებენ გამოვლენილ ტანკსაწინააღმდეგო საშუალებებს. უმეტეს სახელმწიფოთა ჯავშანტრანსპორტერებს ბორტებსა და კიჩოში გაკეთებული აქვთ ამბრაზურები, საიდანაც ფეხოსნებს ჩამოქვეითებამდეც შეუძლიათ ავტომატური და ერთეული ცეცხლის წარმოება.
1-ლ ნახატზე მოცემულია 70-იანი წლების აშშ მოტოქვეითი ბატალიონის საორგანიზაციო სტრუქტურა. მასში ნაჩვენებია მეთაურობა და შტაბი, საშტაბო, სამი მოტოქვეითი და საცეცხლე მხარდაჭერის ასეულები. ამ ასეულებში კი შედიან საბრძოლო, საბრძოლო უზრუნველყოფისა და ზურგის უზრუნველყოფის ოცეულები, ათეულები და სექციები. საბრძოლო ამოცანებს წყვეტენ მოტოქვეითი ქვედანაყოფები, საბრძოლო უზრუნველყოფის ამოცანებს – სადაზვერვო, ნაღმსატყორცნების, ტანკსაწინააღმდეგო, კავშირგაბმულობის, საზენიტო ქვედანაყოფები; ზურგის უზრუნველყოფისა – სარემონტო, სამედიცინო და უზრუნველყოფის ერთეულები. თითოეულ მოტოქვეით ასეულს უშუალო საცეცხლე მხარდაჭერას აღმოუჩენდა სამი 81-მმ ნაღმსატყორცნი, ხოლო მთლიანად ბატალიონს კი – ოთხი 106,7-მმ ნაღმსატყორცნი. „რედ აის“ ტიპის გადასატანი საზენიტო სარაკეტო კომპლექსები თანამედროვე „სტინგერების“ წინამორბედი ნიმუშებია.
[1-ლ ნახატზე, რომელსაც ეწოდება „70–იანი წლების აშშ მოტოქვეითი ბატალიონი“, სათავეში ნაჩვენებია ბატალიონის მეთაური და შტაბი. მათ ექვემდებარება ხუთი ასეული: საშტაბო, სამი მოტოქვეითი და საცეცხლე მხარდაჭერის. საშტაბო ასეულში ნაჩვენებია ორი სექცია: მართვისა და ბატალიონის შტაბის მომსახურების, და ოთხი ოცეული: კავშირგაბმულობის, სარემონტო, სამედიცინო და უზრუნველყოფის. მოტოქვეითი ასეულებიდან თითოეულში ნაჩვენებია ოთხი ოცეული: სამი მოტოქვეითი და ნაღმსატყორცნების; თითოეულ მოტოქვეით ოცეულში მაჩვენებია ოთხი ათეული: სამი მოტოქვეითი (თითოეულში თითო ჯავშანტრანსპორტერი M113A1/A2) და იარაღის; ნაღმსატყორცნების ოცეულში კი – ნაღმსატყორცნების სამი ათეული (თითოეულში თითო თვითმავალი 81–მმ ნაღმსატყორცნი). საცეცხლე მხარდაჭერის ასეულში ნაჩვენებია სამი ოცეული: სადაზვერვო, ნაღმსატყორცნების და ტანკსაწინააღდებო; სადაზვერვო ოცეულში – ორი სადაზვერვო ათეული, ნაღმსატყორცნების ოცეულში – ნაღმსატყორცნების ოთხი ათეული (თითოეულში თითო თვითმავალი 106,7–მმ ნაღმსატყორცნი), ტანკსაწინააღმდეგო ოცეულში – ექვსი ტანკსაწინააღმდეგო ათეული (თითოეულში თითო თვითმავალი ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსი „თოუ“)]
სულ 70-იანი წლების აშშ მოტოქვეითი ბატალიონი მოითვლიდა 890-მდე ადამიანს, 730-მდე 5,56-მმ საიერიშო შაშხანას M16A1/A2, 75 7,62-მმ და 12,7-მმ ტყვიამფრქვევს, 94 40-მმ ყუმბარსატყორცნს, 18 90-მმ უუკუცემო ტანკსაწინააღმდეგო თოფს, 13 თვითმავალ ნაღმსატყორცნს (ცხრა 81-მმ და ოთხიც 106,7-მმ), ექვს (შემდგომში 12) ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსს „თოუ“, ხუთ გადასატან საზენიტო სარაკეტო კომპლექსს „რედ აი“, 50-მდე M113A1/A2 ტიპის ჯავშანტრანსპორტერს, 20-მდე სამეთაურო-საშტაბო მანქანასა და მოჯავშნულ სადაზვერვო მანქანას, სხვადასხვა ტიპის 80-ზე მეტ ავტომობილსა და სხვა შეიარაღებას.
იმავე 70-იანი წლებიდან დასავლეთგერმანული და საბჭოთა სახმელეთო ჯარების შეიარაღებაში, ჯავშანტრანსპორტერების გარდა, შედიოდა „მარდერისა“ და БМП-1 ტიპის ქვეითთა საბრძოლო მანქანებიც. ეს განპირობებული იყო ტანკსაწინააღმდეგო ბრძოლის საშუალებებისა და ხერხების განვითარებით, და, შესაბამისად, მოტოქვეითი ჯარების მიერ საბრძოლო ტანკებისთვის (სატანკო ნაწილებისა და ქვედანაყოფებისთვის) უფრო ქმედითი და ეფექტური მხარდაჭერის აღმოჩენის აუცილებლობით. ხოლო ჯავშანტრანსპორტერების შეზღუდული მობილურობა, შერადებით თხელი ჯავშანი და მსუბუქი შეიარაღება უკვე ვეღარ უზრუნველყოფდა მოტოქვეითი ქვედანაყოფების წინაშე დასმადი ამოცანების შესრულებას.
ამიტომ 70-იან წლებში აშშ-შიც დაიწყეს ახალი ქვეითთა საბრძოლო მანქანების შემუშავება და 1981 წლიდან ჯარებს მიაწოდეს M2 „ბრედლის“ ტიპის ასეთი მანქანები. M113 სერიის ჯავშანტრანსპორტერებისგან განსხვავებით, მათ გააჩნიათ უფრო მტკიცე ჯავშანი, რომლის შუბლის ნაწილსაც ვერ იღებს 25-მმ ჭურვი, ხოლო ბორტებსა და კიჩოს კი მსხვილყალიბიანი ტყვიები. მართალია, იგი ორჯერ უფრო მძიმეა M113 ჯავშანტრანსპორტერთან შედარებით (მისი წონაა 22,6 ტ), მაგრამ შეუძლია წყლის დაბრკოლებების ცურვით გადალახვა. M2 „ბრედლის“ ძრავის სიმძლავრეა 500 ცხ. ძ. და ამ მაჩვენებლით იგი 2,3-ჯერ აღემატება M113-ის ძრავას, რაც მნიშვნელოვნად ამაღლებს ქვეითთა საბრძოლო მანქანის მობილურობას, განსაკუთრების გზების გარეშე სვლის დროს.
M2 „ბრედლის“ შეიარაღებაში გააჩნია 25-მმ ავტომატური ზარბაზანი და მასთან შეწყვილებული 7,62-მმ ტყვიამფრქვევი, ხოლო კოშკის მარცხენა მხარეზე კი აქვს „თოუს“ ტიპის მართვადი ტანკსაწინააღმდეგო რაკატების გასაშვები შეწყვილებული დანადგარი (საბრძოლო მარაგია 25-მმ ზარბაზნის 150 გასროლა, 4540 7,62-მმ ვაზნა და შვიდი ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტა „თოუ“). მისი ეკიპაჟი შედგება სამი ადამიანისგან – მეთაურის, დამმიზნებლისა და მძღოლ-მექანიკოსისგან, სადესანტო განყოფილებაში კი თავსდება ქვეითი ათეული. საბრძოლო მანქანის ბორტებსა და კიჩოში არსებული ამბრაზურებიდან ფეხოსნები ცეცხლს აწარმოებენ 5,56-მმ ტყვიამფრქვევიდან და M16A2 საიერიშო შაშხანებიდან. კიჩოს ნაწილში არსებული კარი იძლევა სადესანტო განყოფილებაში მყოფი მებრძოლების ფარულად ჩამოქვეითებისა და ქვეით მწყობრში მოქმედებათა გაგრძელების შესაძლელობას.
გარდა ამისა, M2 ქვეითთა საბრძოლო მანქანის ბაზაზე, შემუშავებულ იქნა M3 ტიპის საბრძოლო-სადაზვერვო მანქანაც, რომლის სადესანტო განყოფილებაში ფეხოსანთა ათეულის ნაცვლად თავსდება ორი დამკვირვებელი, ათი ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტა „თოუ“, სადაზვერვო მოწყობილობა და მოტოციკლი. ამავე დროს ჯარებში გამოჩნდა უფრო ეფექტური ტანკსაწინააღმდეგო, საზენიტო და სადაზვერვო საშუალებები, ინფრაწითელი აპარატურა, ლაზერული აღჭურვილობა, რამაც კიდევ უფრო აამაღლა მოტოქვეითი ნაწილებისა და ქვედანაყოფების ბრძოლისუნარიანობა.
80-იან წლებში აშშ არმიის სარდლობამ მოახდინა სახმელეთო ჯარების სტრუქტურული რეორგანიზაცია, რომლის შედეგადაც მოტოქვეითი ბატალიონის სტრუქტურა რამდენადმე შეიცვალა. იგი ნაჩვენებია მე-2 ნახატზე.
[მე–2 ნახატზე, რომელსაც ეწოდება „80–იანი წლების აშშ მოტოქვეითი ბატალიონი“, სათავეში ნაჩვენებია ბატალიონის მეთაური და შტაბი. მათ ექვემდებარება ექვსი ასეული: საშტაბო, ოთხი მოტოქვეითი და ტანკსაწინააღმდეგო. საშტაბო ასეულში ნაჩვენებია ასეულის მართვა და ექვსი ოცეული: სადაზვერვო, ნაღმსატყორცნების, კავშირგაბმულობის, სარემონტო, სამედიცინო და უზრუნველყოფის. თითოეულ მოტოქვეით ასეულში ნაჩვენებია მართვა და სამი მოტოქვეითო ოცეული, ხოლო თითოეულ მოტოქვეით ოცეულში – ოცეულის მართვა და სამი მოტოქვეითი ათეული (თითოეულში თითო ქვეითთა საბრძოლო მანქანა M2 „ბრედლი“). ტანკსაწინააღმდეგო ასეულში ნაჩვენებია ასეულის მართვა და სამი ტანკსაწინააღმდეგო ოცეული; თითოეულ ტანკსაწინააღმდეგო ოცეულში – ოცეულის მართვა და ოთხი ტანკსაწინააღდეგო სექცია (თითოეულ ტანკსაწინააღმდეგო სექციაში – თითო თვითმავალი ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსი „თოუ“)]
ბატალიონში სამიდან ოთხამდე გაიზარდა მოტოქვეითი ასეულების რიცხვი. ამერიკული სარდლობის აზრით, ამას საშუალება უნდა მიეცა ბატალიონისთვის მოწინააღმდეგის ერთდროულად ორ ობიექტზე შესატევად. 81-მმ ნაღმსატყორცნები მოხსნეს მოტოქვეითი ასეულის შეიარაღებიდან. სამაგიეროდ ბატალიონის ნაღმსატყორცნების ოცეულში 106,7-მმ თვითმავალი ნაღმსატყორცნების რაოდენობა ექვსამდე გაზარდეს.
საცეცხლე მხარდაჭერის ასეული გააუქმეს და მისი სადაზვერვო და ნაღმსატყორცნების ოცეულები საშტაბო ასეულში შეიყვანეს; სამაგიეროდ გაძლიერებულ იქნა ბატალიონის ტანკსაწინააღმდეგო შესაძლებლობები და უწინდელი ტანკსაწინააღმდეგო ოცეულის ბაზაზე ჩამოაყალიბეს ტანკსაწინააღმდეგო ასეული 12 ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსით „თოუ“. საზენიტო საშუალებები მოტოქვეითი ბატალიონის შემადგენლობიდან გამოიყვანეს და გადასცეს ზემდგომი საჯარისო რგოლების, ბრიგდისა და დივიზიის, საჰაერო თავდაცვის ერთეულებში. აქედან ბატალიონი სწავლებების პერიოდში ან საბრძოლო მოქმედებების დროს ღებულობს საჭირო რაოდენობით საზენიტო შეიარაღებას.
80-იანი წლების აშშ მოტოქვეით ბატალიონში მოითვლებოდა პირადი შემადგენლობის 870 ადამიანი, 56 ქვეითთა საბრძოლო მანქანა M2 „ბრედლი“ (13–13 თითოეულ მოტოქვეით ასეულში), ექვსი საბრძოლო-სადაზვერვო მანქანა M3 „ბრედლი“, 23 ჯავშანტრანსპორტერი M113 (მათგან 19 საშტაბო ასეულისა და ოთხიც ტანკსაწინააღმდეგო ასეულის ქვედანაყოფებში), ანუ სულ 85 მოჯავშნული საბრძოლო მანქანა (56 + 6 + 23 = 85); რვა სამეთაურო-საშტაბო მანქანა M577A1, ექვსი 106,7-მმ თვითმავალი ნაღმსატყორცნი M106A1/A2, 12 თვითმავალი ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსი „თოუ“ M901, 36 ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტების გადასატანი გასაშვები დანადგარი „დრაკონი“, 70 7,62-მმ და 72 5,56-მმ ტყვიამფრქვევი, 500-ზე მეტი 5,56-მმ საიერიშო შაშხანა M16A2 და სხვა შეიარაღება.
როგორც ვხედავთ, 80-იან წლებში გატარებული სტრუქტურული რეორგანიზაციის შედეგად, აშშ არმიის სარდლობას მოტოქვეითი ბატალიონის საბრძოლო შემადგენლობა დიდად არ შეუცვლია. მასში კვლავინდებურად დარჩა საბრძოლო (მოტოქვეითი), საბრძოლო უზრუნველყოფისა (სადაზვერვო, ნაღმსატყორცნების, კავშირგაბმულობის, ტანკსაწიდააღმდეგო) და ზურგის უზრუნველყოფის (სარემონტო, სამედიცინო, უზრუნველყოფის) ქვედანაყოფები. აღნიშნული გარემოება ჩვენც უნდა მიგვანიშნებდეს იმაზე, რომ მხოლოდ სახელების დარქმევა არ არის საკმარისი ამა თუ იმ ტიპის საჯარისო ნაწილებისა და შენაერთების ჩამოყალიბებისთვის. თანამედროვე სამხედრო საქმითა და სამხედრო ხელოვნებით ძალზე მკაფიოდ და გარკვევით არის დადგენილი მექანიზებული ქვეითი (მოტოქვეითი, მოტომსროლელი) ბატალიონებისა და ბრიგადების ტიპიური სავარაუდო სტრუქტურა და შეიარაღება. შესაბამისად უსვამენ კიდეც მათ საბრძოლო ამოცანებს და განუსაზღვრავენ მოქმედებათა ოპერატიულ-ტაქტიკურ ნორმატივებს.
თანამედროვე სახმელეთო ჯარებში მოტოქვეითი ბატალიონები წარმოადგენენ ტაქტიკური თვალსაზრისით ყველაზე უფრო მოქნილ ქვედანაყოფებს, რომელთაც შეუძლიათ ტანკების კვალდაკვალ მიყოლა და მათთვის ეფექტური მხარდაჭერის აღმოჩენა, მანქანებსა და ქვეით მწყობრში ბრძოლის წარმოება, აერომობილურ ოპერაციებსა და საბრძოლო მოქმედებების ნებისმიერ სხვა სახეობებში მონაწილეობა, იმ შენაერთების ტანკსაწინააღმდეგო დაფარვის უზრუნველყოფა, რომელთა შემადგენლობაშიც ისინი შედიან.
როგორც ვნახეთ, ტიპიურ ამერიკულ მოტოქვეით ბატალიონში შედის 85 მოჯავშნული საბრძოლო მანქანა, გერმანულსა და თურქულში რამდენადმე ნაკლებია _ 65–70-ის ფრგლებში, ასევე სხვა ქვეყნების ჯარებშიც. ასეთ პირობებში ეუთო-ს ეგიდით 90-იანი წლების დასაწყისში დადებული საერთაშორისო ხელშეკრულებებით საქართველოსთვის განკუთვნილი არაუმეტეს 220 მოჯავშნული საბრძოლო მანქანის კვოტა მიზერულადაც კი ვერ აკმაყოფილებს ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანი მექანიზებული ქვეითი ჯარების მშენებლობის მოთხოვნებს. შედარებისთვის შეგვიძლია ვთქვათ, რომ სტრატეგიული კვლევების ლონდონის საერთაშორისო ინსტიტუტის მონაცემებით, 2000 წელს ტერიტორიითა და მოსახლეობით საქართველოს თანაზომადი ფინეთის არმიის შეიარაღებაში ნაჩვენები იყო 1063 მოჯავშნული საბრძოლო მანქანა და მათ ბაზაზე შექმნილი არასაბრძოლო დანიშნულების მოჯავშნული მანქანა (ეს უკანასკნელები კვოტებში არ აღირიცხება), ხოლო შვეიცარიის არმიის შეიარაღებაში კი – 1538 (მათგან 435 ქვეითთა საბრძოლო მანქანა 1103 ჯავშანტრანსპორტერი, არასაბრძოლო დანიშნულების მოჯავშნული მანქანების ჩათვლით).
ასეთია დასავლურ სახელმწიფოთა გამოცდილება თანამედროვე მექანიზებული ქვეითი (მოტოქვეითი, მოტომსროლელი) ჯარების მშენებლობაში, და მისი არა მარტო სიტყვით, არამედ საქმითაც გათვალისწინებისა და საქართველოსთვის დადგენილი ჩვეულებრივ შეიარაღებათა კვოტების გადასინჯვის გარეშე, თავდაცვისუნარიან შეიარაღებულ ძალებს ჩვენ ვერ ავაშენებთ.
ირაკლი ხართიშვილი
(გაგრძელება იხ. ნაწილი IV)

No comments:
Post a Comment