Tuesday, November 13, 2018

ძირითადად გაზეთ „საქართველოში“ 1999-2004 წლებში გამოქვეყნებული წერილები

(ნაწილი V) 


V ნაწილის შინაარსი 

„ნატო-ს სტანდარტები“ – მითი და სინამდვილე
ისევ „ნატო-ს სტანდარტების“ შესახებ
საბრძოლო მოქმედებები ერაყში მეორე მსოფლიო ომის გერამანული ჯარების გამოცდილების ფონზე


„ნატო-ს სტანდარტები“ – მითი და სინამდვილე 

(წერილი გამოქვეყნებულ იქნა გაზეთ „საქართველოს“ 2003 წლის 25 თებერვალი – 11 მარტის ნომერში)

ჩვენი გაზეთის უკანასკნელი თვეების ნომრებში გამოქვეყნებულ წერილებში შევეცადეთ გვეჩვენებინა, რომ დასავლური (და საერთოდ მსოფლიოს ქვეყნების) სამხედრო მშენებლობის გამოცდილების გათვალისწინებით, საკუთარი თავდაცვის უზრუნველყოფისთვის რეალურად მზრუნველ 5-მილიონიან სახელმწიფოს მშვიდობიანობის დროს რეგულარულ შეიარაღებულ ძალებში მამრობითი სქესის სამხედროვალდებული ახალგაზრდობის გაწვევისა და მომზადების, აგრეთვე რეზერვისტების გადამზადების პროცესები ისე უნდა ჰქონდეს აწყობილი და დარეგულირებული, რომ კრიზისულ სიტუაციებში ან ომიანობის დროს ერთი კვირის განმავლობაში საველე და ტერიტორიული თავდაცვის ჯარებში შეეძლოს იარაღით ხელში 500–550 ათასი ადამიანის მობილიზაცია.

სახმელეთო ჯარების თითოეულ ბატალიონს (დივიზიონს), ბრიგადას, დივიზიას ან საარმიო კორპუსს, თავისი შემადგენლობის და მიხედვით, გააჩნია განლაგების, გაშლისა და საბრძოლო მოქმედებათა წარმოების გარკვეული ტერიტორიულ-სივრცული მაჩვენებლები (ნორმატივები) როგორც ფრონტზე, ასევე სიღრმეშიც. ასეთივე მაჩვენებლები (საბრძოლო შესაძლებლობები) გააჩნიათ საბრძოლო ავიაციის თითოეულ რგოლს, ესკადრილიას, პოლკს ან საავიაციო ფრთას, საავიაციო დივიზიას, აგრეთვე საზღვაო ძალების საბრძოლო ხომალდების (კატარღების) დივიზონს, ესკადრას, ფლოტილიას, სამხედრო-საზღვაო ბაზას. ასეთ პირობებში საქართველოს ტერიტორიისთვის დაახლოებით 500-ათასიანი შეიარაღებული ძალები, პლიუს სამოქალაქო თავდაცვის ძალები და საშუალებები, მეტად შთამბეჭდავი ძალა იქნებოდა ქვეყნის თავდაცვის უზრუნველსაყოფად და ნებისმიერ პოტენციურ აგრესორს დააფიქრებდა, ღირებული იქნებოდა თუ არა მისთვის საქართველოზე შეიარაღებული თავდასხმის განხორციელება.

როგორც ადრეც აღვნიშნავდით, ამასვე გვირჩევდნენ 1996 წლის აპრილის დასაწყისში თბილისში კრწანისის სამთავრობო რეზიდენციაში ჩატარებული ნატო-ს ბლოკის პირველი წარმომადგენლობითი ღია კონფერენციის მონაწილე ნატო-ელი ექსპერტები და ჩვენში მომუშავე ამავე ქვეყნების სამხედრო ატაშეები. მაგრამ ასეთი გეგმების განხორციელებას წინ ეღობებოდა ის გარემოება, რომ 500-ათასიან შეიარაღებულ ძალებს სჭირდება შესაბამისი რაოდენობისა და ხარისხის ჯავშანსატანკო ტექნიკა, საველე და სანაპირო არტილერია, საარმიო და ტაქტიკური ავიაცია, ტანკსაწინააღმდეგო და საზენიტო (საჰაერო თავდაცვის) შეიარაღება, საინჟინრო, სადაზვერვო, კავშირგაბმულობის, მიზანჩვენების, მართვისა და სატრანსპორტო საშუალებები, მცირე ხომალდები და კატარღები, ხომალდსაწინააღმდეგო და ნავსაწინააღმდეგო (წყალქვეშა ნავების საწინააღმდეგო) მართვადი სარაკეტო კომპლექსები და სხვა შეიარაღება.

მთელი ამ შეიარაღების შეძენისა და ექსპლუატაციისთვის ფინანსური სახსრებისა და დროის ფაქტორის გარდა, დამაბრკოლებელ გარემოებებს წარმოადგენს ისიც, რომ 1990 და 1992 წლებში მაშინდელი ევროთათბირის (ამჟამად ეუთო-ს) ეგიდით პარიზსა და ტაშკენტში დადებული საერთაშორისო ხელშეკრულებებით საქართველოსთვის დადგენილი ჯავშანსატანკო ტექნიკისა და საველე არტილერიის მაქსიმალური დასაშვები რაოდენობები (კვოტები) – 220 საბრძოლო ტანკი, 220 მოჯავშნული საბრძოლო მანქანა, 285 საველე სარტილერიო სისტემა – მიზერულადაც კი ვერ აკმაყოფილებს ჩვენი ქვეყნის თავდაცვითი აუცილებლობის მოთხოვნილებებს. შედარებისთვის, სტრატეგიული კვლევების ლონდონის საერთაშორისო ინსტიტუტის მონაცემებით, 2000 წელს 5,2-მილიონიანი ფინეთის სახმელეთო ჯარების შეიარაღებაში ნაჩვენები იყო 230 საბრძოლო ტანკი, საბრძოლო და საბრძოლო უზრუნველყოფის 1065-მდე მოჯავშნული მანქანა, 1940-მდე 100 მმ და მეტი ყალიბის საარტილერიო სისტემა, და სხვა შეიარაღება; 7,1-მილიონიანი შვეიცარიის არმიის შეიარაღებაში კი – 560-მდე საბრძოლო ტანკი, 1540-მდე მოჯავშნული მანქანა (საბრძოლო და საბრძოლო უზრუნველყოფისა), საველე არტილერიის 1090-ზე მეტი ქვემეხი და ნაღმსატყორცნი, და სხვა შეიარაღება. 

საქართველოს სამხედრო მშენებლობის ასეთი მიმართულებით განვითარების ნაცვლად, უკვე 1998 წლიდან, იმავე ამერიკელი და სხვა ნატო-ელი სპეციალისტებისა და ექსპერტების დაჟინებული რეკომენდაციებითა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებებით, ჩვენში დაიწყო სულ უფრო ინტენსიური ლაპარაკი მცირერიცხოვანი, მობილური, პროფესიული შეიარაღებული ძალების ჩამოყალიბებაზე, რაც ვითომდაც ნატო-ს ბლოკის სტანდარტებს შეესაბამება და ქვეყნის თავდაცვისთვისაც სავსებით საკმარისია. ვინაიდან ამ წლებში ქართულ საზოგადოებაში აღნიშნულ მოსაზრებას ბევრი ადამიანი ნდობით მოეკიდა, ამიტომ შევეცდებით ჩვენს მკითხველს ვაჩვენოთ, თუ როგორია სინამდვილეში ნატო-ს ბლოკის მონაწილე ქვეყნების მშვიდობიანობის დროის რეგულარული შეიარაღებული ძალებისა და ომის დროს გამოსაყვანი შეიარაღებული ძალების რიცხოვნება და რა ძირითადი ფაქტორებით არის ისინი გათვალისწინებული.

1-ლ ცხრილში ნაჩვენებია სწორედ იმავე ლონდონირი წყაროს მონაცემები ნატო-ს ბლოკის რიგი სახელმწიფოების მოსახლეობისა და შეიარაღებული ძალების შესახებ 1991 და 2000 წლებში. მთლიანობაში კი 90-იანი წლების დასაწყისში ნატო-ს მსხვილი ევროპული სახელმწიფოების – საფრანგეთის, გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, იტალიის, თურქეთისა და ესპანეთის – მოსახლეობა შეადგენდა დაახლოებით 344,6 მლნ ადამიანს, სამობილიზაციო რესურსი იყო 84,5 მლნ ადამიანი, ხოლო მათგან ომიანობის დროს ბლოკის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობა გეგმავდა სულ დაახლოებით 9,6 მლნ ადამიანის გამოყვანას. ამათ ემატებოდა აშშ და კანადიდან გადმოსროლილი გაძლიერების ჯარები, აგრეთვე ნატო-ს მცირე ევროპული სახელმწიფოების შეიარაღებული ძალები, და, შესაბამისად, მოსახლეობასთან შედარებით დაბალი პროცენტული მაჩვენებლის მიუხედავად (2,5–4 %), რიცხობრივად მაინც შთამბეჭდავად გამოიყურებოდა.

ცხრილი 1

ნატო-ს ბლოკის რიგ სახელმწიფოთა შეიარაღებული ძალების რიცხოვნება 

(ცხრილის უფრო კომპაქტურად ჩაწერისთვის გამოყენებული აღნიშვნები: A – მშვიდობიანობის დროის რეგულარული შეიარაღებული ძალები, ადამიანი /მოსახლეობის %/, B – ომიანობის დროის შეიარაღებული ძალები, ადამიანი /მოსახლეობის %/)

სახელმწიფო . . . მოსახლეობა, . . . . . . . . A . . . . . . . . . . . . . . . B . . . . . . 
. . . . . . . . . . . . . . . . ადამიანი . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

1991 წელს 

საფრანგეთი . . . . . .56 655 800 . . . 453 100 (0,79 %) . . . 2 186 600 (3,86 %)
გერმანია . . . . . . . . . 76 877 400 . . . 476 300 (0,62 %) . . . 1 485 700 (1,93 %)
თურქეთი . . . . . . . . 56 981 800 . . . 579 200 (1,02 %) . . . 1 686 200 (2,69 %)
საბერძნეთი . . . . . . 10 174 400 . . . .158 800 (1,56 %) . . . . 591 500 (5,81 %)
ნიდერლანდები . . 14 810 800 . . . 101 400 (0,69 %) . . . . 253 800 (1,72 %)
ბელგია . . . . . . . . . . . .9 860 800 . . . . 85 450 (0,88 %) . . . . 314 400 (3,24 %)
დანია . . . . . . . . . . . . . 5 081 800 . . . . 29 400 (0,58 %) . . . . .172 100 (3,39 %)
ნორვეგია . . . . . . . . . .4 207 800 . . . . 32 700 (0,78 %) . . . . 390 700 (9,28 %)

2000 წელს 

საფრანგეთი . . . . . 59 425 000 . . . 294 430 (0,49 %) . . .1 671 930 (2,81 %)
გერმანია . . . . . . . . 82 111 000 . . . .321 000 (0,39 %) . . . . 658 300 (0,83 %)
თურქეთი . . . . . . . 66 130 000 . . . 609 700 (0,92 %) . . . . 988 400 (1,49 %)
საბერძნეთი . . . . . .10 692 000 . . . .159 170 (1,49 %) . . . . 450 270 (4,21 %)
ნიდერლანდები . . 15 794 000 . . . . 51 940 (0,39 %) . . . . .84 140 (0,53 %)
ბელგია . . . . . . . . . . 10 126 000 . . . . 21 800 (0,42 %) . . . . 191 300 (1,89 %)
დანია . . . . . . . . . . . . .5 267 000 . . . . 39 250 (0,39 %) . . . . 145 400 (2,76 %)
ნორვეგია . . . . . . . . . 4 443 000 . . . . 26 700 (0,60 %) . . . . 287 400 (9,28 %)

ასეთ პირობებში, ცივი ომის მეორე ნახევარში, ნატო-ს ბლოკის ხელმძღვანელობის გეგმებით, სადავლეთ გერმანიის საზღვრისპირა რაიონებში აღმოსავლეთ გერმანიისა და ჩეხოსლოვაკიის მახლობლად, ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ განლაგებული იყვნენ ბრიტანული რაინის არმია, სამი დასავლეთგერმანული და ორი ამერიკული, თითო-თითო ნიდერლანდური და ბელგიური საარმიო კორპუსები, რომელთაც ევალებოდათ მუქარის პერიოდში საზღვრის მთელ გაყოლებაზე მათთვის დანიშნულ სამოქმედო ზონებში გაშლა და იქ ვარშავის ხელშეკრულების ორგანიზაციის ჯარების წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებების წარმოება. ამას ითვალისწინებდა „მეწინავე მიჯნებზე თავდაცვის“ ბლოკური კონცეფცია, რათა არ დაეშვათ ვარშავის პაქტის ჯარების არათუ დასავლეთით, საფრანგეთისა და ესპანეთის მიმართულებაზე გაჭრა, არამედ თავად გფრ-ის ტერიტორიის სიღრმეში გარღვევაც კი. ფედერაციული გერმანიის ტერიტორიის ძირითადი ნაწილი შედიოდა ცენტრალური ევროპის საომარ მოქმედებათა თეატრში (ომთ), რომელზედაც განლაგებული იყო ნატო-ს ბლოკის არმიების ორი კოალიციური ჯგუფი. არმიების ჩრდილოეთის ჯგუფში შედიოდნენ ბრიტანული რაინის არმია (საარმიო კორპუსის შემადგენლობისა), თითო-თითო დასავლეთგერმანული, ნიდერლანდური და ბელგიური საარმიო კორპუსები, ერთი ტაქტიკური საავიაციო სარდლობა და სხვა ჯარები. მის სამხრეთით განლაგებულ არმიების ცენტრალურ ჯგუფში – ორი დასავლეთგერმანული და ორი ამერიკული საარმიო კორპუსები, კანადური ჯავშანსატანკო ბრიგადა, კოალიციური ტაქტიკური საავიაციო სარდლობა და სხვა ჯარები.

შესაბამისად, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სარდლობის გეგმებით, ნიდერლანდებისა და ბელგიის სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობას ევალებოდა გფრ-ის ჩრდილო-აღმოსავლეთ რაიონში დისლოცირებული თითო-თითო საარმიო კორპუსის დაკომპლექტება, რაც შედარებით ნაკლები რიცხვის რეზერვისტების მობილიზაციას ითვალისწინებდა. ნიდერლანდური საარმიო კორპუსის საბრძოლო შემადგენლობაში 1980-იან წლებში შედიოდა სამი მექანიზებული ქვეითი დივიზია (თითოეულში ერთი ჯავშანსატანკო და ორი მექანიზებული ქვეითი ბრიგადით), აგრეთვე ერთი ცალკეული ქვეითი ბრიგადა; ბელგიური საარმიო კორპუსის შემადგენლობაში – ერთი ჯავშანსატანკო და სამი მექანიზებული ქვეითი ბრიგადა, ერთი საპარაშუტო („კომანდოსების“) პოლკი, აგრეთვე საბრძოლო და ზურგის უზრუნველყოფის ნაწილები და ქვედანაყოფები. თავად ამ ქვეყნების ტერიტორიაზე მსხვილმასშტაბიანი საბრძოლო მოქმედებების გაჩაღება მოსალოდნელი არ იყო, ხოლო მოწინააღმდეგის დესანტებთან და სადაზვერვო-დივერსიულ ჯგუფებთან ბრძოლის ამოცანების გადაწყვეტა ეკისრებოდა ადგილობრივი (ტერიტორიული) თავდაცვის ჯარებს. სწორედ ასეთი მოკრძალებული ამოცანით იყო განპირობებული თავად ამ ქვეყნების ომიანობის დროის შეიარაღებული ძალების მეტად მოკრძალებული რიცხოვნებაც – მოსახლეობის 1,7 – 3,3 %. 

ნიდერლანდებისა და ბელგიის ანალოგიურად დანიაც ვარშავის ხელშეკრულების ორგანიზაციის საზღვრებიდან ფედერაციული გერმანიის ტერიტორიით იყო დაშორებული და, შესაბამისად, მისი სარდლობის წინაშე საკუთარი ტერიტორიის თავდაცვის შედარებით მოკრძალებული ამოცანები იდგა, სადაც ასევე ნაკლებ სავარაუდო იყო მოწინააღმდეგის მსხვილი დაჯგუფებების შეჭრა. ამიტომ დანიის სახმელეთო ჯარების საბრძოლო შემადგენლობაში შედიოდა ერთი დივიზიის შტაბი, ხუთი მექანიზებული ქვეითი და სამი ქვეითი ბრიგადა, ორი ცალკეული სადაზვერვო ბატალიონი, ტერიტორიული თავდაცვის ჯარების ხუთი პოლკი და სხვა ერთეულები. ხოლო მთლიანად შეიარაღებულ ძალებში ომიანობის დროს დანიური სარდლობა გეგმავდა მოსახლეობის სულ 3,4 %-ის მობილიზაციას.

მათგან განსხვავებით ნორვეგია უშუალოდ ემეზობლებოდა საბჭოთა კავშირს, ანუ დღევანდელი ტერმინოლოგია რომ ვიხმაროთ, „ცხელ რაიონში“ მდებარეობდა. ამიტომ ამ ქვეყნის სარდლობა და ნატო-ს ბლოკის ხელმძღვანელობა გეგმავდნენ ომიანობის დროს ნორვეგიის თავდაცვის უზრუნველყოფისთვის მისი მოსახლეობის 9,3 %-ის მობილიზაციას, რასაც დაემატებოდა თავიდან ნატო-ს მობილური ძალების რამდენიმე გაძლიერებული ბატალიონი და საავიაციო ესკადრილია, ხოლო შემდეგ კი დამატებით გაძლიერების ძალები დიდი ბრიტანეთიდან და აშშ-დან.

ნორვეგიის ტერიტორიაზე თავდაცვითი მოქმედებების წარმოებაში ნატო-ს ბლოკის სარდლობას დიდად დაეხმარებოდნენ ნეიტრალური სკანდინავიური ქვეყნებიც – შვედეთი და ფინეთი, რომელთა სამხედრო-პოლიტიკური ხელმძვანელობაც საკუთარი ტერიტორიისა და სახელმწიფო სუვერენიტეტის დასაცავად ომიანობის დროს გეგმავდა შეიარაღებულ ძალებში მოსახლეობის 10–12 %-ის მობილიზაციას. ასეთ პირობებში საეჭვო იყო, რომ საბჭოთა მოტომსროლელ დივიზიებს ადვილად დაეძლიათ ფინური და შვედური არმიების წინააღმდეგობა და ხმელეთიდან მსხვილმასშტაბიანი შეჭრა განეხორციელებინათ ნორვეგიის ტერიტორიაზე. ამიტომ ნატო-ს სარდლობა ამ თეატრზე უფრი მეტად მოელოდა მოწინააღმდეგის მხრიდან საზღვაო და საჰაერო დესანტების გადმოსხმას და ძირითადად მათთან საბრძოლველად ამზადებდა ნორვეგიულ და კოალიციურ ჯარებს.

მაგრამ ამჯერად ჩვენთვის აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ნატო-ს ბლოკში ცივი ომის პერიოდში ჯარების რიცხოვნებასთან დაკავშირებით არანაირი „სტანდარტები“ არ არსებობდა, არამედ თითოეული სახელმწიფო, ბლოკის სარდლობასთან შეთანხმებით და ამ უკანასკნელის ხელმძღვანელობით, კონკრეტული ამოცანებიდან ამომდინარე, გეგმავდა ომიანობის დროის შეიარაღებული ძალების რიცხოვნებას და ატარებდა შესაბამის ღონისძიებებს. ნატო-ს ბლოკში მიღებული პრაქტიკით, ე. წ. „ცხელი რაიონებიდან“ დაშორებული მცირე სახელმწიფოების სარდლობები შეიარაღებულ ძალებში ითვალისწინებდნენ ქვეყნის მთელი მოსახლეობის 1,7–3,4 %-ის მობილიზაციას, ხოლო „ცხელი რაიონის“ სახელმწიფოები კი, ნეიტრალური ქვეყნების მსგავსად, მოსახლეობის დაახლოებით 10 %-ის ტოლი შეიარაღებული ძალების გამოყვანას.

ცივი ომის დასრულების, ვარშავის ხელშეკრულების ორგანიზაციისა და საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ნატო-ს ბლოკის უმეტეს სახელმწიფოებში მნიშვნელოვნად იქნა შემცირებული მშვიდობიანობის დროის რეგულარული შეიარაღებული ძალებისა და გასაწვევად განკუთვნილი მომზადებული რეზერვის რიცხოვნება, ძირითადი შეიარღება, შენაერთებისა და ნაწილების სამობილიზაციო და საბრძოლო მზადყოფნა. მაგრამ ამ პირობებშიც უცვლელი დარჩა მოსალოდნელ სამხედრო მუქარებზე ადექვატური რეაგირების ფუძემდებლური პრინციპი. ამ პრინციპის მიხედვით, თუკი 2000 წელს ნიდერლანდების, ბელგიისა და დანიის სარდლობები გეგმავდნენ კრიზისულ სიტუაციებში შეიარაღებულ ძალებში მოსახლეობის სულ 0,5–2,8 %-ის მობილიზაციას, ნორვეგიაში ეს მაჩვენებელი მაინც შეადგენს 5,6 %-ს. ამასთანავე, ასეთი დაბალი რიცხობრივი მაჩვენებლის გამომწვევი პირობების უფრო თვალსაჩინოდ წარმოჩენისთვის მე-2 ცხრილში მოვიყვანთ ევროპის ტერიტორიაზე ნატო-ს ბლოკის ძირითადი შეიარაღებისა და ვარშავის ხელშეკრულების ორგანიზაციის (რუსეთისა და მის მოკავშირეთა) ძირითადი შეიარაღების რაოდენობრივ მონაცემებს, როგორც 80-იანი წლების მიწურულს, ისე 2000 წელშიც.

ცხრილი 2 

ნატო-ს ბლოკისა და ვარშავის ხელშეკრულების ორგანიზაციის (რუსეთ-ბელორუს-სომხეთის კავშირის) ძირითადი შეიარაღება 1980-იანი წლების მიწურულსა და 2000 წელში 

1980-იანი წლების ბოლოს 

შეიარაღება . . . . . . . . . . . . . . . . . . ნატო-ს ბლოკში . . . ვარშავის პაქტში 

საბრძოლო ტანკები . . . . . . . . . . . . . . . 22 700 . . . . . . . . . . . . . 35 560
მოჯავშნული საბრძოლო
მანქანები . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 30 125 . . . . . . . . . . . . . 48 900
საველე საარტილერიო
სისტემები . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 18 580 . . . . . . . . . . . . . 29 300
დამრტყმელი ვერტმფრენები . . . . . . . . 1690 . . . . . . . . . . . . . . .1560
საბრძოლო თვითმფრინავები . . . . . . . . 5580 . . . . . . . . . . . . . . 8730

2000 წელს

შეიარაღება . . . . . . . . . . . . . . . . . . . ნატო-ს ბლოკში . . . რუსეთ-ბელორუს-
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . სომხეთის კავშირში

საბრძოლო ტანკები . . . . . . . . . . . . . . . 16 850 . . . . . . . . . . . . . . 7100
მოჯავშნული საბრძოლო
მანქანები . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 31 480 . . . . . . . . . . . . . 12 230
საველე საარტილერიო
სისტემები . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 17 530 . . . . . . . . . . . . . . .7850
დამრტყმელი ვერტმფრენები . . . . . . . . 1390 . . . . . . . . . . . . . . . 815
საბრძოლო თვითმფრინავები . . . . . . . .4280 . . . . . . . . . . . . . . .1855

აღნიშნული ცხრილი მიახლოებითია, მაგრამ მაინც კარგად გვიჩვენებს ძალების განაწილებას და ნატო-ს ბლოკისადმი არსებულ პოტენციურ სამხედრო მუქრებს ცივი ომის ბოლო წლებში და დღევანდელ ეტაპზე. მასში არ არის ნაჩვენები რუსეთის აზიურ ნაწილში და აშშ-ის კონტინენტზე განლაგებული შეიარაღება, არც დღევანდელი ირანის შეიარაღების რაოდენობა, რომელიც სავარაუდო კონფლიქტში შესაძლოა თურქეთის საწინააღმდეგოდ რუსეთის მხარეზე მოვიაზროთ, მაგრამ თავად ირანს ასეთ პირობებში სპარსეთის ყურის რაიონში შეექმნება სერიოზული სამხედრო მუქარა თუნდაც მხოლოდ აშშ-ის „სწრაფი გაშლის ძალებისგან“ და, ბუნებრივია, მას თავად დასჭირდება რუსეთისა და სხვა მოკავშირეების დახმარება. ომს ასეთი კანონები აქვს და ეს ბუნებრივია.

საგარეო სამხედრო მუქარის მნიშვნელოვნად შემცირების შედეგად, ნატო-ს ბლოკის უმეტეს სახელმწიფოთა წინაშე ალიანსის ხელმძღვანელობა სვამს უკვე ახალ ამოცანებს. მაგალითად, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ჟურნალის Зарубежное Военное Обозрение, რომელიც თავის წერილებს ამზადებს დასავლურ ღია სამხედრო გამოცემებში გამოქვეყნებული მასალების დაფუძველზე, 1996 წლის 10-ე ნომერში გამოქვეყნებულ წერილში «Сухопутные войска Бельгии» ვკითხულობთ: „ბელგიის სამხედრო-პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ ცივი ომის დასრულების შემდეგ გაატარა რეფორმები შეიარაღებულ ძალებში, რომელთა ძირითადი მიზანიც იყო მცირერიცხოვანი, მობილური, მაღალეფექტური შეიარაღებული ძალების შექმნა, რომელსაც შეეძლება (უზრუნველყოს) ქვეყნის აუცილებელი მონაწილეობა ლოკალური კონფლიქტების აცილებასა და დარეგულირებაში როგორც ნატო-ს პასუხისმგებლობის ზონაში, ისე მის გარეთაც“ (როგორც ვხედავთ, ქვეყნის თავდაცვაზე აქ არაფერია ნათქვამი, რადგან ასეთ ამოცანას უკვე ვეღარც ხედავენ და შესაბამის შეიარაღებულ ძალებსაც აშენებენ; ჩვენთან კი მდგომარეობა ასე არ არის).

ამის შესაბამისად, როგორც ზემოთ ვნახეთ, ომიანობის დროის ბელგიის შეიარაღებული ძალების რიცხოვნება შემცირებულ იქნა 191 300 ადამიანამდე, რაც ქვეყნის მოსახლეობის სულ 1,9 %-ს შეადგენს, ხოლო ამ შემცირებული ჯარების საბრძოლო შემადგენლობაში 2000 წელს ნაჩვენები იყო სახმელეთო ჯარების ერთი მექანიზებული ქვეითი დივიზია (სამი მექანიზებული ქვეითი ბრიგადით), საბრძოლო უზრუნველყოფის დივიზია, „კომანდოსების“ საპარაშუტო ბრიგადა და მსუბუქი საავიაციო ბრიგადა (ორი ტანკსაწინააღმდეგო და ერთი სადაზვერვო სავერტმფრენო ბატალიონებით), ტერიტორიული თავდაცვის ჯარების 11 მსუბუქი ქვეითი ბატალიონი; საჰაერო ძალების შვიდი საბრძოლო და ორი სასწავლო-საბრძოლო ესკადრილია, ორი სატრანსპორტო, ორი სასწავლო და ერთიც ბრძოლის ველზე მეთვალყურეობის საავიაციო ესკადრილიები; საზღვაო ძალების საბრძოლო და ზღვაში ნაღმსაწინააღმდეგო ბრძოლის ესკადრები. მათ შეიარაღებაშია 140 საბრძოლო ტანკი, 141 მოჯავშნული საბრძოლო მანქანა, 230 საბრძოლო უზრუნველყოფის მოჯავშნული მანქანა, 242 საველე საარტილერიო სისტემა და 100 ერთეული 81-მმ ნაღმსატყორცნი, 480-მდე ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსი, 50-ზე მეტი თვითმავალი საზენიტო დანადგარი და 180-მდე გადასატანი საზენიტო სარაკეტო კომპლექსი, 28 დამრტყმელი, 18 სადაზვერვო და 40-მდე სხვადასხვა დანიშნულების ვერტმფრენი; 165 საბრძოლო და სასწავლო-საბრძოლო, 80 სატრანსპორტო და სხვა დანიშნულების თვითმფრინავი; სამი მსხვილი წყალზედა საბრძოლო ხომალდი, 11 ტრალერი (საზღვაო ნაღმებთან ბრძოლის ხომალდი), 12 დამხმარე გემი და სხვა შეიარაღება.

ასეთია თუნდაც „მცირერიცხოვანი, მობილური და ეფექტური“ ბელგიური შეიარაღებული ძალები, რომლის მიზანიცაა ბელგიის ტერიტორიიდან მრავალი ასეული და ათასეული კილომეტრის დაშორებით „ლოკალური კონფლიქტების თავიდან აცილებასა და დარეგულირებაში მონაწილეობა“. მაგრამ თავად ბელგია რომ მდებარეობდეს ე. წ. „ცხელ რაიონში“, მას რომ ჰქონდეს ტერიტორიები დაკარგული და ჰყავდეს მოსახლეობა, საკუთარ ქვეყანაში დევნილად ქცეული, მაშინაც მისი სარდლობა მხოლოდ ასეთი მცირერიცხოვანი ჯარების შექმნით შემოიფარგლებოდა, თუ უფრო მეტ ღონისძიებებს მიმართავდა საკუთარი ინტერესებისა და უფლებების დასაცავად? და თუკი ნატო-ს ბლოკის სარდლობა მოსთხოვდა მას, შემოფარგლულიყო ისევ მხოლოდ მცირერიცხოვანი ჯარების მშენებლობით, და მეტი ზომებისთვის არ მიემართა, მაშინ თანამედროვე სამხედრო საქმეში კარგად გაცნობიერებული ბელგიური ხელმძღვანელობა როგორ გადაწყვეტილებას მიიღებდა?

მაგალითად, იმავე ჟურნალ Зарубежное Военное Обозрение-ს 1991 წლის მე-2 ნომერში გამოქვეყნებულ წერილში «Морская стратегия США» ვკითხულობთ, რომ ცივი ომის დასრულების შემდეგ აშშ საზღვაო ძალების ხელმძღვანელობა ფიქრობდა თავისი სამხედრო-საზღვაო ფლოტის გააქტიურებას თავად საბჭოთა კავშირის (რუსეთის) ჩრდილო-დასავლეთ საზღვრების მახლობელ წყლებში, მაგრამ „სკანდინავიური ქვეყნების უარყოფითმა პოზიციამ, რომლებიც ობიექტურად აფასებენ ნორვეგიისა და ბარენცის ზღვებში ამერიკული ფლოტის ღრმა წინსვლის მთელ საშიშროებას, აიძულა ამერიკელები, მოცემულ ეტაპზე უარი ეთქვათ კოლის ნახევარკუნძულის მიმართულებით შეტევითი მოქმედებების გეგმების შემუშავებაზე“.

სამწუხაროდ ჩვენთან „ნატო-ს სტანდარტებად“ ასაღებენ იმას, რაც არათუ ნატო-ს ბლოკში, არამედ სამხედრო საქმეში ჩახედული ხელისუფლების მქონე და საკუთარი თავის პატივისმცემელ არც ერთ ქვეყანაში სიზმრადაც კი არ მოეჩვენებათ. ამავე დროს საქართველოს ხელისუფლება, ე. წ. პოლიტიკური სპექტრის უდიდესი ნაწილი, მასობრივი ინფორმაციის საშუალებები და არასამთავრობო ორგანიზაციები თავიანთი ნორვეგიელი, შვედი და ფინელი კოლეგებივით "მფრთხალები და ლაჩრები" არ გამოდგნენ და უკანმოუხედავად დაუჭირეს მხარი კავკასია – ცენტრალური აზიის მიმართულებით „შეტევითი მოქმედებების“ განვითარებაში იმათ, ვინც კარგად იციან თუ რას რიშნავს თუნდაც „ნატო-ს სტანდარტების მცირერიცხოვანი, მობილური და ეფეტური“ შეიარაღებული ძალების ნამდვილი საბრძოლო შემადგენლობა და შეიარაღება (ახლა ეს ჩვენც ვიცით, თუნდაც ბელგიის მაგალითზე), ჩვენ კი თუნდაც ამ „ძალების“ მეათედით დაკმაყოფლებას გვირჩევენ, ანუ უბრალოდ გვატყუებენ.

ირაკლი ხართიშვილი 


ისევ „ნატო-ს სტანდარტების“ შესახებ 

(წერილი გამოქვეყნდა გაზეთ „საქართველოს“ 2003 წლის 8 – 21 აპრილის ნომერში)

წინა წერილში, „ნატო-ს სტანდარტები“ – მითი და სინამდვილე“, ძირითადად სტრატეგიული კვლევების ლონდონის საერთაშორისო ინსტიტუტის მონაცემებზე დაყრდნობით ვაჩვენეთ, რომ ნატო-ს ბლოკში ომიანობის დროის შეიარაღებული ძალების რიცხოვნების რაიმენაირი სტანდარტი არ არსებობს, და იქ თითოეული სახელმწიფო, მისი გეოგრაფიული მდებარეობიდან და შესაძლო სამხედრო მუქარებიდან გამომდინარე, ალიანსის სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით, თავად წყვეტს თუ საკუთარი მოსახლეობის რამდენი პროცენტი გამოიყვანოს შეიარაღებულ ძალებში კრიზისულ სიტუაციებში ან მსხვილმასშტაბიანი საბრძოლო მოქმედებების დაწყებისას. სახელდობრ, ნატო-ს ბლოკის მცირე ევროპული სახელმწიფოებიდან ვარშავის ხელშეკრულების ორგანიზაციის დასავლეთ საზღვარს ფედერაციული გერმანიის ტერიტორიით დაშორებული ნიდერლანდების, ბელგიისა და დანიის სარდლობები ომიანობის დროის შეიარაღებულ ძალებში გეგმავდნენ მოსახლეობის 1,7–4,0 %-ის მობილიზაციას (ამჟამად ეს მაჩვენებელი 0,5–2,8 %-ის ფარგლებშია), ხოლო საბჭოთა კავშირის (რუსეთის) უშუალო მეზობლობაში მყოფი ნორვეგიის სარდლობა – მოსახლობის 9,3 %-ისა (ამჟამად 5,6 %-ის).

2000 წლისთვის ნატო-ს ბლოკის შეიარაღებული ძალების მნიშვნელოვანი უპირატესობის ფონზე მისცეს თავს უფლება ნიდერლანდების, ბელგიისა და დანიის სარდლობებმა, რომ თავიანთი მშვიდობიანობის დროის შემცირებული რეგულარული ჯარების დაკომპლექტება დაეწყოთ კონტრაქტის საფუძველზე მომსახურე მოხალისე პროფესიონალებით, მაგრამ ე. წ. „ცხელ რაიონში“ მდებარე 4,4-მილიონიანი ნორვეგია უწინდებურად ინარჩუნებს რეგულარულ შეიარაღებულ ძალებში 26 700 ადამიანს, რომელთაგან 15 200, ანუ პირადი შემადგენლობის 55,9 %, ვადიან სამსახურშია გაწვეული (სამსახურის ვადა 12 თვეა, პლიუს 4–5 თვე გადამზადება-განახლების წვრთნების პერიოდი).

ამ მაგალითებიდან შეგვიძლია დავასკვნათ, რომ „მცირერიცხოვანი და პროფესიული“ შეიარაღებული ძალების მშენებლობა სულაც არ შეესაბამება ნატო-ს ბლოკის საყოველთაო სტანდარტებს და იგი დამახასიათებელია მხოლოდ ჩრდილო-დასავლეთ ევროპის მცირე სახელმწიფოების – ნიდერლანდების, ბელგიისა და დანიისთვის. მათ საპირისპიროდ, საბერძნეთისა და ნორვეგიის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობა უწინდებურად ინარჩუნებს ისეთ თავდაცვის სისტემას, როდესაც ქვეყანას შეეძლება მშვიდობიანობის დროს სამხედროვალდებული ახალგაზრდობის მნიშვნელოვანი რიცხვის რეგულარულ ჯარებსა და ძალებში გაწვევა, 12–18 თვის განმავლობაში, ნამდვილ სამხედრო სამსახურში ყოფნისას, მათგან მომზადებული ჯარისკაცებისა და სერჟანტების ჩამოყალიბება და შემდეგ რეზერვში გადაყვანა ისე, რომ კრიზისულ სიტუაციებში ან ომის დროს შესაძლებელი იყოს ერთი კვირის განმავლობაში შეიარაღებულ ძალებში ქვეყნის მთელი მოსახლეობის 5 %-ისა და მეტის გაწვევა.

თავად აშშ შეიარაღებულ ძალებს, მართალია, 1973 წლიდან აკომპლექტებენ ძირითადად კონტრაქტით მომსახურე მოხალისეებისგან, მაგრამ იქ საყოველთაო სამხედრო ვალდებულება არავის გაუუქმებია, არამედ ნამდვილ სამხედრო სამსახურში საყოველთაო გაწვევის მექანიზმი აშშ-ში მშვიდობიანობის დროს უბრალოდ დაკონსერვებულია. მაგრამ თუკი ამერიკა ჩაებმება ისეთი მასშტაბის ომში, როდესაც პროფესიონალ სამხედრო მოსამსახურეთაგან დაკომპლექტებული შედარებით მცირერიცხოვანი 2,55-მილიონიანი შეიარაღებული ძალები (1991 წელს იყო 3,75 მილიონი) ვერ შეძლებს მის წინაშე დასმული ამოცანების გადაწყვეტას, მაშინ ამოქმედდება სამხედროვალდებული რეზერვისტების შერჩევითი ან საყოველთაო გაწვევის მექანიზმები (როგორც ეს იყო პირველი და მეორე მსოფლიო ომების წლებში), ხოლო ამ ქვეყნის სამობილიზაციო რესურსი კი დაახლოებით 30–32 მლნ ადამიანია. 

მაგრამ სამხედრო საქმის არმცოდნე რეზერვისტების მომზადებას, სჭირდება ქვეყნის შიგნით მშვიდი მდგომარეობა და სათანადო ვადები, რისთვისაც აშშ-ს პირობებს უქმნის ევროპისა და აზიის კონტინენტებიდან მისი ორი ვრცელი ოკეანით იზოლირებულობა, რაც გამორიცხავს სავარაუდო მოწინააღმდეგის მხრიდან მასზე მსხვილი ძალებით მოულოდნელი თავდასხმის შესაძლებლობას. ასეთი პირობები არ გააჩნიათ ევროპულ სახელმწიფოებს და ამიტომ აქ უპირატესობას ანიჭებენ შეიარაღებული ძალების დაკომპლექტების შერეულ მექანიზმს, როდესაც კონტრაქტის საფუძველზე მსახურობენ რთულ ელექტრონულ და ტექნიკურ სისტემებთან მომუშავე სპეციალისტები და უმცროს მეთაურთა (სერჟანტებისა და უნტერ-ოფიცრების) შემადგენლობა, რომელთა პროფესიულ დაოსტატებასაც გაწვევის საფუძველზე ვადიან სამხედრო სამსახურთან შედარებით უფრო მეტი დრო სჭირდება, ხოლო დანარჩენი სამხედრო-სააღრიცხვო სპეციალობების პირად შემადგენლობას კი აკომპლექტებენ ნამდვილ სამხედრო სამსახურში 10–18 თვის ვადით გაწვეული ახალგაზრდებით.

სახელდობრ, შეიარაღებული ძალების შერეული პრინციპით დაკომპლექტების მექანიზმის მქონე ნატო-ს ბლოკის ევროპული სახელმწიფოებიდან, 2000 წლის მონაცემებით, საფრანგეთის მშვიდობიანობის დროის რეგულარული შეიარაღებული ძალები გაწვეულთაგან დაკომპლექტებულია დაახლოებით 20 %-ით, ესპანეთის – 31 %-ით, გერმანიის, იტალიისა და ჩეხეთის _ 40–45 %-ით, ნორვეგიის, უნგრეთისა და პოლონეთის _ 50–56 %-ით, საბერძნეთის – 61 და თურქეთისა – 86,6 %-ით.

ამრიგად, სტრატეგიული კვლევების ლონდონის საერთაშორისო ინსტიტუტის მონაცემებით, ნატო-ს სამხედრო-პოლიტიკური ბლოკის შეიარაღებული ძალების მშენებლობის „სტანდარტს“ სრულებით არ წარმოადგენს მცირერიცხოვანი და პროფესიული ჯარების ჩამოყალიბება. ასეთი პრაქტიკა ბლოკის მცირე სახელმწიფოებიდან დამახასიათებელია მხოლოდ ნიდერლანდების, ბელგიის, დანიისა და პორტუგალიისთვის, რომლებიც ევროპის კონტინენტის უკიდურეს ჩრდილო-დასავლეთ და დასავლეთ ნაწილში მდებარეობენ და ე. წ. „ცხელი რაიონიდან“ (ახლო აღმოსავლეთის ან რუსეთის) საკმაოდ დიდი ტერიტორიით არის იზოლირებულნი. 

ყოველივე ეს კარგად უწყიან ჩვენში მომუშავე ნატო-ელმა მრჩევლებმაც, მაგრამ მაინც დაბეჯითებით გვიმეორებენ, რომ თანამედროვე პირობებში, თურმე, საქართველოს თავდაცვის ამოცანების გადაწყვეტა შესაძლებელია „ნატო-ს სტანდარტების“ „მცირერიცხოვანი მსუბუქად აღჭურვილი და პროფესიული“ შეიარაღებული ძალებით. სწორედ ამაზეა ქართველი კაცის ნათქვამი – ფიცი მწამს, და ბოლო კი მაკვირვებსო. 

კიდევ უფრო გასაკვირი იქნება ნატო-ელი სპეციალისტებისა და მრჩევლების უტიფრობა, როდესაც უფრო დაწვრლებით გავეცნობით 90-იან წლებში აშშ-ისა და, ნაწილობრივ, გერმანიის სამხედრო-ტექნიკური დახმარებით თურქეთის შეიარაღებული ძალების გაძლიერების სურათს და შევადარებთ ამას ამავე პერიოდში თუნდაც საფრანგეთისა და გერმანიის ჯარებში გატარებულ ცვლილებებთან. 1-ლ ცხრილში მოყვანილია შესაბამისი მონაცემები 1991 და 2000 წლების მდგომარეობით. თანაც გერმანიის 1991 წლის შეიარაღებაში ძირითადად ნაჩვენებია მხოლოდ უწინდელი დასავლეთგერმანული ნიმუშების რაოდენობა (იმ საბჭოთა შემუშავების შეიარაღების გამოკლებით, რომელიც ყოფილი გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის ჯარებიდან ერგო გფრ-ს).

ცხრილი 1

საფრანგეთის, გერმანიისა და თურქეთის ძირითადი შეიარაღება 1991 და 2000 წლებში 

შეიარაღება . . . . . . . . . . . . . . . საფრანგეთი . . გერმანია . . თურქეთი 

1 9 9 1 წ ე ლ ს 

საბრძოლო ტანკები . . . . . . . . . . . . 1358 . . . . . . . 4726 . . . . . . . 3783
მოჯავშნული საბრძოლო
მანქანები . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .4125 . . . . . . . 5479 . . . . . . . 3560
საველე საარტილერიო
სისტემები . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .1330 . . . . . . . 2637 . . . . . . . 4187
დამრტყმელი ვერტმფრენები . . . . 429 . . . . . . . . 357 . . . . . . . . . – . .
საბრძოლო თვითმფრინავები . . . . 700 . . . . . . . . 845 . . . . . . . . .650
წყალქვეშა ნავები . . . . . . . . . . . . . . . . . 17 . . . . . . . . 24 . . . . . . . . . .15
მსხვილი წყალზედა
საბრძოლო ხომალდები . . . . . . . . . . . .41 . . . . . . . .14 . . . . . . . . . . 20

2 0 0 0 წ ე ლ ს 

საბრძოლო ტანკები . . . . . . . . . . . . . . .834 . . . . . 2815 . . . . . . . . 4205
მოჯავშნული საბრძოლო
მანქანები . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 4613 . . . . . 4959 . . . . . . . . 4293
საველე საარტილერიო
სისტემები . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 802 . . . . . 2115 . . . . . . . . 4964
დამრტყმელი ვერტმფრენები . . . . . . 429 . . . .. . .357 . . . . . . . . . . 37
საბრძოლო თვითმფრინავები . . . . . .517 . . . . . . .559 . . . . . . . . . 505
წყალქვეშა ნავები . . . . . . . . . . . . . . . . . .11 . . . . . . . 14 . . . . . . . . . . 14
მსხვილი წყალზედა
საბრძოლო ხომალდები . . . . . . . . . . . . 35 . . . . . . . 14 . . . . . . . . . . 21

აღნიშნული ცხრილიდან ნათლად ჩანს საფრანგეთსა და გერმანიაში ჩვეულებრივი შეტევითი შეიარაღების შემცირების ტენდენცია. თანაც, მაგალითად, გერმანიის სახმელეთო ჯარებში შემცირებულ იქნა არა მხოლოდ შედარებით მოძველებული „ლეოპარდ-1“ სერიის საბრძოლო ტანკების რაოდენობა (2054-დან 1033 ერთეულამდე), არამედ თანამედროვე „ლეოპარდ-2“-ებისაც (2024-დან 1782 ერთეულამდე).

თურქეთის შეიარაღებულ ძალებში, აშშ-ისა და გერმანიის (მისი ტრადიციული პარტნიორების) სამხედრო-ტექნიკური დახმარების წყალობით, 1990-იან წლებში არა მხოლოდ რაოდენობრივად იქნა გაზრდილი სახმელეთო ჯარების ჯავშანსატანკო ტექნიკა და საველე არტილერია, არამედ მოახდინეს მათი სერიოზული ხარისხობრივი გაუმჯობესებაც. სახელდობრ, შეიარაღებიდან მოხსნილი 523 გვარიანად მოძველებული M-47 ამერიკული საბრძოლო ტანკის ნაცვლად თურქულმა არმია მიიღო M-60 და „ლეოპარდ-1“ სერიების 1180-მდე ტანკი, 1100 მოძველებული ჯავშანტრანსპორტერის ნაცვლად – YPR-765 სერიის 1480 ქვეითთა საბრძოლო მანქანა და ჯავშანტრანსპორტერი, 340 თვითმავალი საარტილერიო დანადგარი (განსაკუთრებით 203,2-მმ ამერიკული თვითმავალი ჰაუბიცები M110A2), ექვსი ამერიკული ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა MLRS, რომელთაც შეუძლიათ ATACMS ტიპის ოპერატიულ-ტაქტიკური რაკეტების გაშვებაც, ფრენის მაქსიმალური სიშორით 190 კმ-მდე და მიზანში მოხვედრის მაღალი სიზუსტით, 40-მდე დამრტყმელი ვერტმფრენი AH-1W/P „ქინგ კობრა“. საჰაერო ძალებში მართალია საბრძოლო თვითმფრინავების რაოდენობა შეამცირეს, მაგრამ ეს განხორციელებულ იქნა უკვე გვარიანად მოძველებული და ნაკლებ საიმედო F-5 და F-104 სერიების მანქანების ხარჯზე, სამაგიეროდ თანამედროვე ამერიკული F-16C/D ავიაგამანადგურებლების რაოდენობა გაიზარდა 71-დან 240 მანქანამდე. საზღვაო ძალებში ჯერ კიდე მეორე მსოფლიო ომის წლებში და მის მახლობელ ხანაში გამოშვებული და დღეისთვის უკვე მოძველებული წყალქვეშა ნავებისა და საესკადრო ნაღმოსნების ნაცვლად შეიარაღებაში მიიღეს 209 ტიპის გერმანული წყალქვეშა ნავები და MEKO-200 ტიპის ფრეგატები (მსხვილი წყალზედა საბრძოლო ხომალდები), აგრეთვე ამერიკული „ნოქსისა“ და „ოლივერ ჰ. პერის“ ტიპების ფრეგატები. ეს სამივე ტიპის წყალზედა საბრძოლო ხომალდები აღჭურვილი არიან თანამედროვე ხომალდსაწინააღმდეგო და ნავსაწინააღმდეგო მართვადი სარაკეტო კომპლექსებითა და მართვადი საზენიტო შეიარაღებით.

თუ გავიხსენებთ, რომ დასავლეთის მმართველი წრეების მიერ თურქული სამხედრო მანქანის არსებული მუქარებისადმი ასე არაადექვატურად გაძლიერებას საფუძველი ჩაუყარეს ჯერ კიდევ 1990 წლიდან, ანუ როდესაც ლაპარაკიც კი არ იყო რუსეთ-ირანის სამხედრო თანამშრომლობის განვითარებაზე, ცხინვალის მიმართულებით შემტევი ქართული ფორმირებების უკან გამოწვევასა და შემდეგ აფხაზეთში რეალური, მაგრამ წარუმატებელი საბრძოლო მოქმედებების დაწყებაზე, მაშინ შეგვიძლია ვიფიქროთ, რომ კავკასიაში სისხლიანი კონფლიქტების განვითარებაში დასავლეთის მმართველ წრეებს სულაც არ ეკუთვნის მხოლოდ დამარეგულირებლის როლი, არამედ მათ გაჩაღებაშიც მნიშვნელოვანი წილი უნდა ედოთ, ანუ ამიერკავკასიის ე. წ. „ცხელ რაიონად“ გადაქცევაში. და ამ „ცხელ რაიონში“ მყოფ საქართველოს ახლა ამერიკელი და სხვა ნატო-ელი სამხედრო მრჩევლები სთავაზობენ შეიარაღებული ძალების მშენებლობის არა ნორვეგიულ ან ბერძნულ, არამედ ნიდერლანდურ-ბელგიურ-დანიურ მოდელს. მას „ნატო-ს სტანდარტებად“ გვასაღებენ და უტიფრად გვატყუებენ, თანაც უნდათ, რომ მათი მადლიერებიც ვიყოთ. ასეთია ჩვენი სამწუხარო რეალობა.

„ნატო-ს სტანდარტებთანაა“ დაკავშირებული შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნისა და ბრძოლისუნარიანობის გარკვეული მაღალი დონეც. თავისთავად ცხადია, რომ ევროატლანტიკური სივრცის სახელმწიფოთა სამოკავშირეო (გაერთიანებულ) შეიარაღებულ ძალებს მაღალი დონის საბრძოლო მზადყოფნა და ბრძოლისუნარიანობა უნდა გააჩნდეს. მაგრამ ჩვენს შეშფოთებას იწვევს ქართულ საზოგადოებაში გავრცელებული მცდარი და ეიფორიული შეხედულება ამ საკითხზე. განა ცივი ომის პერიოდში ვარშავის ხელშეკრულების ორგანიზაციის გაერთიანებულ შეიარაღებულ ძალებს კი ნაკლები ბრძოლისუნარიანობა გააჩნდა? მე-2 ცხრილში მოგყავს ორივე სამხედრო ბლოკის მოსახლეობისა და ტერიტორიის მიხედვით თანაზომადი შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობის, რეზერვებისა და ძირითადი შეიარაღების თაობაზე სტრატეგიული კვლევების ლონდონის საერთაშორისო ინსტიტუტის მონაცემები 1991 წლის მდგომარეობით, რაც ნათლად ადასტურებს, რომ ნატო-ს სახელმწიფოებს არც ჯარების ბრძოლისუნარიანობის მხრივ ჰქონიათ ვარშავის ხელშეკრულების სახელმწიფოებზე რაიმე სერიოზული უპირატესობა. ან იქნებ ავსტრიის, ფინეთის, შვედეთისა და შვეიცარიის შეიარაღებული ძალები ჩამოუვარდებიან საბრძოლო მზადყოფნისა და ბრძოლისუნარიანობის მიხედვით ნატო-ს მცირე ევროპულ სახელმწიფოებს? სრულებითაც არა.

ცხრილი 2

ნატო-ს ბლოკისა და ვარშავის ხელშეკრულების ტერიტორიითა და მოსახლეობით თანაზომადი სახელმწიფოების შეიარაღებული ძალები 

1991 წელს ნ ა ტ ო - ს | ბ ლ ო კ ი 

მოსახლეობა და . . . . . . . . . . . ბელგია . საბერძნე- . ნიდერლა- . ესპანეთი 
შეიარაღებული ძალები . . . . . . . . . . . . . . თი . . . . . . ნდები . . . . . . . . . . 

მოსახლეობა, ადამიანი . . . . .98 60 800 . 10 174 400 . 14 810 800 . .40 083 400
რეგულარული შეიარაღე-
ბული ძალები, ადამიანი . . . . . . 85 450 . . . 158 500 . . . . 101 400 . . . . 257 400
რეზერვები, ადამიანი . . . . . . . . 234 000 . . .406 000 . . . . 152 400 . . .2 400 000
საბრძოლო ტანკები . . . . . . . . . . . . . 359 . . . . . .1879 . . . . . . .913 . . . . . . . . 854
მოჯავშნული საბრძოლო
მანქანები . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .2068 . . . . . .2289 . . . . . . 3216 . . . . . . .1922
საველე საარტილერიო
სისტემები . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .376 . . . . . .1908 . . . . . . . 824 . . . . . . . 1385
დამრტყმელი ვერტმფრენები . . . . . – . . . . . . . . . – . . . . . . . . . –. . . . . . . . . . .29
საბრძოლო თვითმფრინავები . . . . .185 . . . . . . .448 . . . . . . . 204 . . . . . . . . 268

ვ ა რ შ ა ვ ი ს | ხ ე ლ შ ე კ რ უ ლ ე ბ ი ს | ო რ გ ა ნ ი ზ ა ც ი ა 

მოსახლეობა და . . . . . . . . . . . .ბულგარ- . უნგრეთი . ჩეხოსლო- . პოლონე- 
შეიარაღებული ძალები . . . . . . ეთი . . . . . . . . . . . . . . . . ვაკია . . . . . . თი 

მოსახლეობა, ადამიანი . . . . . . 9 080 000 . . 10 555 400 . . 15 740 400 . . 38 038 000 რეგულარული შეიარაღე-
ბული ძალები, ადამიანი . . . . . . 107 000 . . . . . 86 500 . . . .154 000 . . . . 305 000
რეზერვები, ადამიანი . . . . . . . . . 472 500 . . . . 210 000 . . . .495 000 . . . .507 000
საბრძოლო ტანკები . . . . . . . . . . . . . 2149 . . . . . . 1482 . . . . . . 3200 . . . . . .2850
მოჯავშნული საბრძოლო
მანქანები . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .2204 . . . . . . 1770 . . . . . . 3460 . . . . . .2349
საველე საარტილერიო
სისტემები . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .2233 . . . . . . 1087 . . . . . . 3446 . . . . . . 2300
დამრტყმელი ვერტმფრენები . . . . . . 44 . . . . . . . . 39 . . . . . . . . .56 . . . . . . . . 29
საბრძოლო თვითმფრინავები . . . . . 266 . . . . . . .145 . . . . . . . . 395 . . . . . . .559

ასეთ ფონზე ჩვენი ხელისუფლების რეალურად დაინტერესების შემთხვევაში საქართველოს თავადაც შეეძლო საკმარისად ძლიერი და ბრძოლისუნარიანი შეიარაღებული ძალების ჩამოყალიბება, მაგრამ ეს სამწუხაროდ არ მომხდარა. ახლა ჩვენ აღტაცებული ვართ ნატო-ს სტანდარტებით, ამერიკელებისა და თურქების მიერ საქართველოს შეიარაღებული ძალების, უფრო სწორად, მისი რამდენიმე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის მომზადებით, მაგრამ გვავიწყდება, რომ სულ რამდენიმე წლის წინ, სოხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტის დროს, სომხურ ჯარებს წვრთნიდნენ რუსი სპეციალისტები, აზერბაიჯანული ჯარების ერთ ნაწილს კი თურქები. თურქი ოფიცრების მიერ მომზადებულ საჯარისო ნაწილებს ხომ „თურქულ ბრიგადებს“ უწოდებდნენ. აზერბაიჯანული არმიის რიცხოვრივი და შეიარაღებაში უპირატესობის მიუხედავად, სომხებმა აზერბაიჯანული ჯარები, მათ შორის „ნატო-ს სტანდარტებით“ გაწვრთნილი „თურქული ბრიგადებიც“, სასტიკად დაამარცხეს და აზერბაიჯანის ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილიც დაინარჩუნეს.

ირაკლი ხართიშვილი 


საბრძოლო მოქმედებები ერაყში მეორე მსოფლიო ომის გერამანული ჯარების გამოცდილების ფონზე 

(წერილი გამოქვეყნებულ იქნა გაზეთ „საქართველოს“ 2003 წლის 22 აპრილი – 5 მაისის ნომერში. ამჟამად დავუმატეთ სამხედრო ხელოვნებიდან ტერმინების სახელწოდებანი რუსულ ენაზე)

უკანასკნელ პერიოდში ანგლო-ამერიკული საბრძოლო ავიაციის მხრიდან ერაყში ობიექტების დაბომბვათა ფონზე განვითარებული საბრძოლო მოქმედებების ყურებისას გაგვახსენდა ერთი წიგნი, რომელშიც მეორე მსოფლიო ომის მონაწილე გერმანელი ოფიცერი ომის გამოცდილების ანალიზის საფუძველზე შეეცადა გადმოეცა მომავალში სამხედრო ოპერაციებისა და საბრძოლო მოქმედებების განვითარების შესაძლო სურათი. წიგნის ავტორი, ბუნდესვერის სახმელეთო ძალების ვიცე-პოლკოვნიკი აიკე მიდელდორფი მეორე მსოფლიო ომის უკანასკნელ წლებში მსახურობდა გერმანული ვერმახტის (შეიარაღებული ძალების /Wehrmacht – თავდაცვითი ძალები/) მთავარი შტაბის ოფიცრად აღმოსავლეთის ფრონტზე და ასევე სახმელეთო ჯარების მთავარი შტაბის რეფერენტად ტაქტიკური გამოცდილების განზოგადების საკითხებში. მის ძირითად ფუნქციას შეადგენდა გერმანული და საბჭოთა ჯარების საბრძოლო მოქმედებათა ტაქტიკისა და ოპერატიული ხელოვნების შესწავლა, ანალიზის გაკეთება და განზოგადება.

1956 წელს გფრ-ში გამოცემული აიკე მიდელდორფის წიგნი „ტაქტიკა რუსეთის კამპანიაში“ (Eike Middeldorf, “Taktik im Russland Feldzug”) 1958-ში თარგმნეს რუსულად და იგი ინახება თბილისის ცენტრალური ბიბლიოთეკების ფონდებში და დაინტერესებული ქართველი მკითხველისთვისაც ხელმისაწვდომია. მის წინასიტყვაობაში, როგორც გერმანელი, ისე საბჭოთა სამხედრო სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ ნაშრომი წარმოადგენს სახმელეთო ჯარების გვარეობათა (ქვეითი და სატანკო ჯარები, არტილერია, დაზვერვა და ა. შ.) საბრძოლო წესდებებზე (დარიგებებზე /боевые уставы, наставления/) დამატებით სახელმძღვანელოს, ხოლო თავისი სტრუქტურით კი მოგვაგონებს თავად საბრძოლო წესდებას (დარიგებას), შევსებულს სათანადო დამატებებითა და განმარტებებით.

ჩვენ საგაზეთო წერილში, ცხადია, ვერ შევუდგებით ამ უაღრესად კვალიფიციური და სერიოზული ავტორის მიერ გადმოცემული ყველა თემის მიმოხილვას, არამედ მხოლოდ რამდენიმე მომენტს გვინდა გავუსვათ ხაზი ქვეითი ჯარის საბრძოლო გამოყენების პრაქტიკიდან. დასაწყისშივე აიკე მიდელდორფი აღნიშნავს, რომ მეორე მსოფლიო ომში ჯავშანსატანკო ჯარების ფართო გამოყენების მიუხედავად, ორი უმსხვილესი სახმელეთო სახელმწიფოს – რუსეთისა და გერმანიის საველე არმიები თვით 1945 წელშიც კი 80 %-ით შედგებოდა ქვეითი (მსროლელი) დივიზიებისგან, თანაც როგორც ომის დასაწყისში, ისე მის მიწურულსაც, გერმანიას გააჩნდა ყველაზე უფრო ბრძოლისუნარიანი ქვეითი ჯარი. მართალია, საბრძოლო მომზადებისა და შეიარაღების რიგ საკითხებში ომის დასაწყისში რუსული ქვეითი ჯარი აღემატებოდა გერმანულს (ღამით, ტყიან და ჭაობიან ადგილებში ბრძოლა, ზამთარში ბრძოლა, სნაიპერების მომზადება, პოზიციების საინჟინრო აღჭურვა, ქვეით ბატალიონში ავტომატებისა და ნაღმსატყორცნების მეტი რაოდენობა), მაგრამ სამაგიროდ გერმანელები აღემატებოდნენ რუსებს შეტევის ორგანიზაციასა და ჯართა გვარეობებს შორის ურთიერთმოქმედებაში, უმცროს მეთაურთა მომზადებასა და ქვეითი ჯარის ტყვიამფრქვევებით შეიარაღებაში. ომის მსვლელობისას მიწინააღმდეგენი სწავლობდნენ ერთმანეთისგან და შეძლეს გარკვეულწლად აღმოეფხვრათ არსებული ნაკლოვანებები.

რაც შეეხება ანგლო-ამერიკულ ჯარებს, ევროპაში მსხვილმასშტაბიანი საბრძოლო მოქმედებების წარმოება მათ დაიწყეს ომის დასკვნით პერიოდში, როდესაც გერმანული ჯარები ძლიერად იყვნენ შეფერთხილნი, ან კიდევ ბრძოლების მიღება უხდებოდათ ძალზედ გაჭიმულ ფრონტზე მოწინააღმდეგის დიდი მატერიალური უპირატესობის პირობებში. მაგალითად, 1944 წელს, ნორმანდიაში დასავლელ მოკავშირეთა ჯარების მთავარი დარტყმის მიმართულებაზე სენ-ლოს ჩრდილოეთით თავდაცვაში მყოფი ერთი გერმანული პოლკი იძულებული იყო თავისი ძლები გაეჭიმა 24 კმ ფრონტზე, რაც უკიდურესად ასუსტებდა მის საბრძოლო წყობას. ამიტომ აიკე მიდელდორფს მიაჩნია, რომ მომავალში ქვეითი ჯარის ტაქტიკის განსაზღვრისთვის ანგლო-ამერიკულ გამოცდილებაზე დაყრდნობამ შესაძლა სამხედრო მშებნებლობის პროცესი წაიყვანოს არასწორი მიმართულებით.

შეტევაში (В наступлении) ანგლო-ამერიკული ჯარების მოქმედებებისთვის დამახასიათებელი იყო შეტევის წინ ავიაციის, არტილერიის, ტანკების, ნაღმსატყორცნებისა და სხვა საშუალებათა ინტენსიური თავმოყრილი ცეცხლით მოწინააღმდეგის ჩახშობა (подавление) საკმაოდ ფართო ზოლში და მისი თავდაცვის მთელ სიღრმეში.

ქვეითი ჯარი ცეცხლის ტალღების კვალდაკვალ ფეხოსნების მცირე ნახტომებით (короткими бросками) მიიწევდა წინ მიჯნიდან მიჯნამდე და ადგილმდებარეობის დაპყრობილ უბნებს წმენდდა მოწინააღმდეგის თავდაცვაში მყოფი ქვედანაყოფების ნარჩენებისგან, ან სულაც ბრძოლის გარეშე აღწევდა შეტევის მიზნებს. ასეთ ტაქტიკას ეწოდება „პოლიციური მოქმედებები“ და, უეჭველია, შეტევის იდეალურ მეთოდს წარმოადგენს. მაგრამ აიკე მიდელდორფი თვლის, რომ ძლიერი, თავგანწირული და თავდაცვისთვის კარგად მომზადებული მოწინააღმდეგის წინააღმდეგ, თანაც საბრძოლო ავიაციისა და საველე არტილერიის მეტ-ნაკლები თანაბრობის პირობებში, პრაქტიკულად მიუღებელია.

ჩვენ ვხედავთ, რომ ერაყის წინააღმდეგ ომში ანგლო-ამერიკული ჯარები უწინდებურად იყენებენ „პოლიციური მოქმედებების“ ტაქტიკას, რის საშუალებასაც აძლევს მათ გადამწყვეტი უპირატესობა საბრძოლო ავიაციასა და შორსმსროლელ საცეცხლე საშუალებებში, მაგრამ ეს ტაქტიკა აბსოლუტურად გამოუსადეგარი იქნებოდა, ომის საწყის ეტაპზე მაინც, თუკი საბრძოლო მოქმედებები გაჩაღდებოდა თუმდაც იმავე ფრანგულ-გერმანულ კოალიციასთან ან რუსეთთან.

ამიტომ აიკე მიდელდორფი თავის წიგნში ქვეითი ჯარის შეტევაში უპირატესობას ანიჭებს მოქმედებათა ორ განსხვავებულ ხერხს – გაჟონვასა და გარღვევას.

გაჟონვას (просачивание) მიმართავენ მაშინ, როდესაც შეტევის ორგანიზებისთვის არ გააჩნიათ შესაბამისი არტილერია და მხარდაჭერის სხვა საშუალებები, აუცილებელია მოწინააღმდეგის შეცდომაში შეყვანა ან შემდგომი გარღვევისთვის საჭიროა საწყისი პოზიციების შექმნა. გაჟონვის არსი იმაში მდგომარეობს, რომ საერთო შეტევის დაწყებამდე რამდენიმე საათით ან დღეღამით ადრე შემტევის მცირე ჯგუფები, ერთეული მებრძოლები ან მსროლელთა წყვილები აღწევენ მოწინააღმდეგის თავდაცვის სიღრმეში, იქ გარკვეულ პოზიციებზე ფარულად იყრიან თავს და მაგრდებიან. ასეთ რაიონებში შესაძლოა მოწინააღმდეგის თავდაცვის სიღრმეში მისგან დაფარულად ბატალიონამდე შემადგენლობის ქვედანაყოფების ან უფრო მსხვილი ნაწილების შეყვანა და დაგროვება. შემდეგ ფრონტიდან შეტევის დაწყების კვალდაკვალ გაჟონილი ქვედანაყოფები (ნაწილები) თავადაც უტევენ თავდაცვაში მყოფი მოწინააღმდეგის საცეცხლე პოზიციებს, სამეთაურო პუნქტებს ან თავდაცვის მთელ უბნებსაც კი. 

მოწინააღმდეგის თავდაცვის პოზიციებში შემტევთა გაჟონვას ხელს უწყობს თავდაცვითი რიგების წყვეტილობა, ღამე, ნისლი, ძნელადმისადგომი ადგილები, თოვლი და სხვა. ამასთანავე მსგავსი მოქმედებების განხორციელება მოითხოვს შემტევთა დიდ შეუპოვრობას, მნიშვნელოვან დროსა და ჯარების კარგ გაწვრთნილობას. შეტევის ასეთი ხერხი კარგ შედეგებს იძლევა, მაგრამ ვინაიდან მოწინააღმდეგის თავდაცვის სიღრმეში შეუძლებელია მისგან დაფარულად მნიშვნელოვანი „გაჟონილი“ ძალების დაგროვება, ამიტომ მათ გააჩნიათ მხოლოდ ლოკალური მნიშვნელობა და მსხვილი ოპერაციების მასშტაბში გაჟონვას შესაძლოა განვიხილავდეთ მხოლოდ როგორც შეტევითი მოქმედებების დამხმარე ხერხს.

მოწინააღმდეგის მომზადებული თავდაცვის გარღვევას (прорыв) მეორე მსოფლიო ომში გერმანული ქვეითი ჯარი ხშირად ახორციელებდა შემდეგნაირად. ფეხოსნები შეტევისთვის საწყის მდგომარეობას იკავებდნენ წინა თავდაცვითი ბრძოლების მსვლელობისას გათხრილ სანგრებში, ან უშუალოდ მათ უკან, როგორც წესი, მოწინააღმდეგის წინა ხაზიდან რამდენიმე ასეულ მეტრამდე დაშორებაზე.

შეტევის წინ არტილერია ფარულად ახორციელებდა გამიზვნას (пристрелка) რამდენიმე დღეღამის განმავლობაში. უშუალოდ შეტევის დაწყების წინ, ჩვეულებრივ რიჟრაჟზე ატარებდნენ 15–30 წუთიან მოკლე საარტილერიო მომზადებას ხელთ არსებული მთელი არტილერიის მოკლე საცეცხლე თავდასხმის სახით. ცეცხლს უშენდნენ ძირითადად მოწინააღმდეგის პირველი რიგის სანგრებს, შედეგ კი ქვეითი ჯარი გადადიოდა შეტევაზე. მას დაესმებოდა მოწინააღმდეგის თავდაცვის გარღვევის ამოცანა მთელ სიღრმეში.

თანამედროვე ეტაპზე მნიშვნელოვანია ორი მომენტი. ჯერ ერთი, საარტილერიო მომზადება მოკლე საცეცხლე თავდასხმის სახით თავდამცავი ჯარების ამჟამინდელი შეიარაღებისა და ცეცხლის ეფექტურობის პირობებში, შესაძლოა, არასაკმარისი აღმოჩნდეს. შესაბამისად, საარტილერიო მომზადებაზე მოთხოვნილება საბრძოლო მასალებში გაიზარდოს ორჯერ და მეტად. მისი მთავარი ამოცანა იქნება ქვეითი ჯარის შემდგომი ახლო ბრძოლისთვის (ближний бой) ხელსაყრელი პირობების შექმნა. მაგრამ საარტილერიო მომზადებისგან არ შეიძლება ველოდეთ მოწინააღმდეგის სრულ განადგურებას, რაც უზრუნველყოფდა „პოლიციური მოქმედებების“ წარმოების შესაძლებლობას.

მეორეც, თანამედროვე ბრძოლის პირობებში მხოლოდ ძალზედ იშვიათ შემთხვევებში თუ მოხერხდება თავდაცვაში მყოფი ჯარების საცეცხლე ჩახშობა (огневое подавление) იმდენად, რომ შემტევ ქვეით ჯარს მოწინააღმდეგის დამიზნებული ცეცხლის ქვეშ (под прицельным огнём) მასთან შეტევის დისტანციამდე 100–200 მ-მდე მიახლოების შესაძლებლობა მიეცეს. აქედან გამომდინარე, ქვეითი ჯარისთვის გადამწყვეტ მნიშვნელობას იძენს შეტევა ღამით ან შეზღუდული ხილვადობის პირობებში. დღისით შეტევას კი აუცილებელია უზრუნველყოფდნენ კვამლის ფარდების დაყენებით (постановкой дымовых завес), რომლებიც რამდენიმე საათის განმავლობაში შეძლებდნენ საკმარისი სიგანისა და სიღრმის უბნებზე ღამესთან მიახლოებული ხილვადობის პირობების შექმნას.

მოწინააღმდეგის ღრმად დაეშელონებული თავდაცვის გარღვევისას ქვეით ჯარს თავს უნდა უყრიდნენ ვიწრო უბნებზე და მასაც აძლევდნენ ღრმად დაეშელონებულ საბრძოლო წყობას. ხშირად შესაძლოა წარმოიქმნებოდეს საბატალიონო მძიმე იარაღით (ძირითადად ნაღმსატყორცნები) მასირებული საცეცხლე მხარდაჭერის აუცილებლობა თავდაცვის გარღვევისას საბრძოლო ასეულების ერთი-მეორის მიყოლებით ბრძოლაში შეყვანის უზრუნველსაყოფად.

თავდაცვაში საჩქაროდ და სათანადო მოზადების გარეშე გადასულ მოწინააღმდეგეზე შეტევისთვის, შესაძლოა, იყენებდნენ წინასწარი მომზადების გარეშე სვლიდან (сходу) შეტევის ხერხსაც, განსაკუთრებით მოტორიზებული ქვეითი (მოტოქვეითი) ჯარების წარმატებული გარღვევის შემდეგ, ფლანგზე ან ზურგში დარტყმების მიყენებისას, აგრეთვე ალყაშემორტყმული მოწინააღმდეგის განადგურების დროს. სვლიდან შეტევა ყოველთვის წარმოადგენდა გერმანული ქვეითი ჯარის ძლიერ მხარეს. მასში განსაკუთრებით მკაფიოდ უნდა ვლინდებოდეს ჯარების მართვის ოპერატიულობა, საბრძოლო მომზადების მაღალი დონე და შეტევითი შემართება.

თავდაცვა (оборона) წარმოადგენს უმთავრესად მხარდამჭერი არტილერიისა და ქვეითი ჯარის მძიმე იარაღის საცეცხლე ბრძოლას. თავდამცავის ცეცხლმა უნდა აიძულოს, რომ მოწინააღმდეგის შემოტევა მოღრჩობილ იქნას წინა ხაზის წინ ან პირველი ეშელონის პოზიციის საყრდენ პუნქტებს (опорные пункты) შორის, ყოველ შემთხვევაში არაუღრმეს არტილერიის საცეცხლე პოზიციების დამფარავი საყრდენი პუნქტების ხაზისა. ამიტომ წინააღმდეგობის კვანძებში (узлы сопротивления) ან საყრდენ პუნქტებში თავდაცვაში მყოფი ქვეითი ჯარი ავტომატური იარაღიდან სროლას იწყებს მხოლოდ ნამდვილი ცეცხლის სიშორეზე (на дальности действительного огня).

საცეცხლე წერტილები (огневые точки) და სანგრებში მყოფი ცალკეული მსროლელები მხარს უნდა უჭერდნენ ერთმანეთს ცეცხლით ისეთი ანგარიშით, რომ ქმნიდნენ შემომტევი მოწინააღმდეგისთვის გადმოულახავი უწყვეტი ცეცხლის ზონას. კარგად ჩასანგრებულ და შენიღბულ მსროლელებს შეუძლიათ ცეცხლის წარმოება საფრებიდან და ჩასაფრებებიდან (из укрытий и засад), რათა აიძულონ მოწინააღმდეგე გაფანტოს თავისი ძალები და აწარმოოს რიგი ცალკეული ბრძოლებისა თითოეული საცეცხლე წერტილისთვის. ამ შემთხვევაში შემომტევი მოწინააღმდეგე ვარდება ფლანგებიდან და ზურგიდან წარმოებული ცეცხლის ქვეშ. ასეთ ბრძოლაში, როდესაც ქვეითი ჯარი ერთი–ერთზე ეჯახება მოწინააღმდეგის ქვეით ჯარს, წარმატება დამოკიდებული იქნება თითოეული მსროლელის სიმტკიცესა და შეუპოვრობაზე.

თითოეული თავდაცვითი ნაგებობა (оборонительное сооружение) აღჭურვილი უნდა იყოს წრიული თავდაცვის (круговая оборона) წარმოებისთვის, რათა ალყაში მოხვედრის შემთხვევაში შესაძლებელი იყოს ბრძოლა ნებისმიერი მიმართულებიდან შემომტევ მოწინააღმდეგესთან. თავდაცვაში შემოჭრილ მოწინააღმდეგეზე აუცილებელია დაუყოვნებლივ და გაბედულად კონტრშეტევა, თუნდაც სულ მცირე ქვედანაყოფებით, რათა ჯერ კიდევ მანამდე იქნას განადგურებული, სანამ მოასწრებდეს ადგილმდებარეობაზე ჩასანგრებასა და გამაგრებას (окапывание и закрепление). ბრძოლის დაწყებისთანავე ოცეულები და ასეულები უნდა გამოჰყოფდნენ ძალებსა და საშუალებებს დაუყოვნებლივი კონტრშეტევების ჩასატარებლად და ეს უკანასკნელნი ტანკებისა და არტილერიის მხარდაჭერით უნდა იგერიებდნენ შემოჭრილ მოწინააღმდეგეს და აღადგენდნენ მდგომარეობას. ხანგრძლივი მზადება და გაუბედაობა კონტრშეტევების ჩატარებისას იწვევს დროის სახიფათო კარგვას. ამ შემთხვევაში ძვირფასია თითოეული წუთი.

თუკი მოწინააღმდეგე უტევს ტანკებთან ერთობლივად, მაშინ თავდაცვაში მყოფი ქვეითი ჯარი ცეცხლს წარმართავს პირველ რიგში მოწინააღმდეგის ფეხოსანთა წინააღმდეგ. თუკი მოხერხდება ტანკებისგან მათი მოწყვეტა და ჩახშობა, მაშინ მთელი ძალისხმევა გადაიტანება ტანკებთან ბრძოლაზე. თითოეული თავდაცვითი ნაგებობა უზრუნველყოფილი უნდა იყოს ახლო ბრძოლის ტანკსაწინააღმდეგო საშუალებათა საკმარისი რაოდენობით. ტანკებთან ბრძოლის წარმოებისას უნდა ახსოვდეთ, რომ ბრძოლაში ტანკები ერთმანეთს იფარავენ (прикрывают). ამასთან აუცილებელია თავდამცავი ქვეითი ჯარი იყენებდეს ნებისმიერ საშუალებას ტანკების გვერდიდან ან უკნიდან დაზიანებისთვის. ამ მიზნით ყველაზე უფრო უკეთ შეიძლება იყენებდნენ სანგრების ხვეულებს, შეტყობინების გზებსა და ტანკსაწინააღმდეგო თხრილებს. იმ ტანკებს, რომელთაც შენარჩუნებული აქვთ მოძრაობის უნარი, უნდა ანადგურებდნენ თავმოყრილი ცეცხლით ყველა მიმართულებიდან.

თუკი ცალკეულ წინააღმდეგობის კვანძებში თავდაცვაში მყოფი ქვედანაყოფები მიიღებენ ბრძანებას უკანდახევის შესახებ მაშინ ამ კვანძებში შემავალი საყრდენი პუნქტებიდან წარმოებული უკანდახევის დამფარავ ცეცხლს უნდა მიმართავდნენ პირველ რიგში შემომტევი მოწინააღმდეგის ფლანგებისა და ზურგის წინააღმდეგ. ქვეითი ჯარის უკანდახევა საფრების (укрытия) გამოყენების გარეშე ნიშნავს განადგურებისთვის მის განწირვას.

ასეთია მეორე მსოფლიო ომის მონაწილე გერმანელი ოფიცრის ზოგიერთი შეხედულება თანამედროვე ქვეითი ჯარის მოქმედებათა ტაქტიკის შესახებ. შესაძლოა ამ საკითხზე სპეციალურ სამხედრო ჟურნალში უფრო მიზანშეწონილი ყოფილიყო შედარებით ვრცელი და ამომწურავი საუბარი. ასეთი ჟურნალი 1990-იანი წლების პირველ ნახევარში გამოდიოდა კიდეც საქართველოში, ვგულისხმობთ ჟურნალ „მხედარს“, მაგრამ შემდეგ დაუფინანსებლობის გამო მისი გამოსვლა შეჩერებულ იქნა. არადა დღევანდელ ეტაპზე მიმდინარე მოვლენები, ერაყის და, სავარაუდოდ, სხვა მომავალი ომები, ასეთი გამოცემის საჭიროებას თვალსაჩინოს ხდის.

ირაკლი ხართიშვილი 

(გაგრძელება იხ. ნაწილი VI)

No comments:

Post a Comment