(ნაწილი III)
ტერორიზმის ზოგიერთი სამხედრო ასპექტის შესახებ
(ნაშრომი მომზადებულ იქნა საქართველოს პარლამენტის წევრის ქ-ნ ადა მარშანიას შეკვეთით. პარლამენტის კვლევითი დეპარტამენტის ხელმძღვანელობამ ესეც ასევე არ გამოაქვეყნა დეპარტამენტის საიტზე)
დღევანდელ მსოფლიოში გაჩაღებული ანტიტერორისტული კამპანიის ფარგლებში ზოგიერთი რამ იწვევს ჩვენს სერიოზულ გაოცებასა და შეშფოთებას, რომლებიც გამოწვეულია ორი მნიშვნელოვანი ფაქტორით. ჯერ ერთი, მსოფლიოს წამყვან სახელმწიფოებს გააჩნიათ მკვეთრად გამოხატული სუბიექტური მიდგომა ამა თუ იმ ძალის ტერორისტულ ორგანიზაციად, პარტიზანულ მოძრაობად თუ დემოკრატიისა და თავისუფლებისთვის მებრძოლ ჯგუფებად შეფასებაში; და მეორეც, ეუთო-ს ეგიდით 1990 წელს პარიზში დადებული “ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების შესახებ ხელშეკრულებისა” და 1992 წელს მის საფუძველზე ტაშკენტში დადებული შეთანხმების თანახმად საქართველოსთვის დადგენილია ჯავშანსატანკო ტექნიკისა და საველე არტილერიის ისეთი მცირე რაოდენობრივი კვოტები, რომ მათი სრულად ათვისების შემთხვევაშიც კი, საქართველოს შეიარაღებულ ძალებს არ შეეძლება ტრადიციულ საბრძოლო მოქმედებებში ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დაცვა. ამის შედეგად ქართული ჯარები იძულებული გახდებიან გადავიდნენ პარტიზანული და იატაკქვეშა ბრძოლის წარმოებაზე, რაც იმავე ეუთო-ს წამყვანი სახელმწიფოების მმართველმა წრეებმა სულ ადვილად შეიძლება მონათლონ ტერორისტულ მოქმედებებად. ქვემოთ სწორედ ძირითადად ამ ორი საკითხის გარშემო გვექნება უფრო ვრცლად საუბარი.
ტერორიზმი და ტერორისტული მეთოდების გამოყენება საკუთარი მიზნების მისაღწევად წარმოადგენს ტერორის მწარმოებელი მხარისთვისაც თავისი ინტერესებისთვის ბრძოლის იძულებით ფორმას. კლასიკური სახელმწიფოებრივი დონის მაგალითი რომ განვიხილოთ, თუკი რომელიმე სახელმწიფოს გააჩნია ძალები და საშუალებები ტრადიციული საბრძოლო მოქმედებების წარმოებით საკუთარი ტერიტორიისა და სუვერენიტეტის დასაცავად, მაშინ გარედან აგრესიის შემთხვევაში იგი ამ ძალებსა და საშუალებებს გამოიყენებს პირდაპირი დანიშნულებით (გამონაკლისი გახლდათ, მაგალითად, ჩეხოსლოვაკია, როდესაც ამ ქვეყნის ხელისუფლებამ, 1936 წელს, ინგლის-საფრანგეთის ზეწოლით, უარი თქვა ჰიტლერული გერმანიის ჯარებისგან საკუთარი სუვერენიტეტის დაცვაზე).
როდესაც რომელიმე სახელმწიფოს ტრადიციული საბრძოლო მოქმედებებით არ შეეძლო საკუთარი ინტერესების დაცვა, მაშინ იგი იძულებული ხდებოდა დამპყრობელი ქვეყნისთვის პარტიზანული მოქმედებებით საკუთარ ტერიტორიაზე ან იატაკქვეშა ბრძოლით მის გარეთ შეექმნა სერიოზული პრობლემები და აეძულებინა იგი გარკვეულ დათმობებზე წასულიყო. პირველის ტიპიურ მაგალითს წარმოადგენს თუნდაც საქართველო, რომლის მეფეებიც ხშირად პარტიზანულ მოქმედებებს აწარმოებდნენ ქვეყნის ძირითად ციხესიმაგრეებში განლაგებული თურქული ან ყიზილბაშური გარნიზონებისა და მათ მიერ დაყენებული უცხო ან რენეგატი მმართველების წინააღმდეგ. ამისსავე მაგალითები ბევრია ევროპის ისტორიაშიც, თუნდაც თურქების წინააღმდეგ მებრძოლი ალბანელები, ბერძნები, ბულგარელები, სერბები და სხვა.
ამისგან განსხვავებით, რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, უნგრელი პატრიოტები ავსტრიელთა უღლისგან გასანთავისუფლებლად არც თავიანთი ქვეყნის გარეთ ერიდებოდნენ ინდივიდუალურ და ჯგუფურ მკვლელობებს – ტიპიურ ტერორისტულ აქტებს – ავსტრიის წინააღმდეგ დანარჩენი ევროპული სახელმწიფოების მხარდაჭერის მოსაპოვებლად.
ორივე შემთხვევაში აღნიშნული ქმედებები მიზნად ისახავდა საკუთარი ეროვნული ინტერესების დაცვას მას შემდეგ, რაც შემოჭრილ მოწინააღმდეგესთან ტრადიციულ საბრძოლო მოქმედებებში სხვადასხვა მიზეზის გამო მარცხდებოდნენ და იძულებული ხდებოდნენ საკუთარი ტერიტორია მისთვის დაეთმოთ. პარტიზანულ და იატაკქვეშა მოქმედებებს მეორე სოფლიო ომში, გერმანელი, იტალიელი და იაპონელი დამპყრობლების წინააღმდეგ, აწარმოებდნენ საბჭოთა კავშირის, საფრანგეთის, საბერძნეთის, იუგოსლავიის, პოლონეთის, ნიდერლანდების, ჩინეთის, წყნარი ოკეანის კუნძულების მცხოვრებნი, შეიარაღებული ძალები და სპეცსამსახურები, აგრეთვე გერმანელი და იტალიელი ანტიფაშისტები. ომის შემდეგ ძლიერი ანტისაბჭოთა პარტიზანული და იატაკქვეშა მოძრაობა იყო გაშლილი დასავლეთ უკრაინასა და ბალტიისპირეთში. რამდენადაც ჩვენთვისაა ცნობილი, მთელი ეს მოქმედებები დასავლეთის ქვეყნებში მოწონებული და მათი საზოგადოებების მიერ გამართლებულია.
ომისშემდგომი პერიოდი ხასიათდება ლოკალური ომებისა და კონფლიქტების მთელი სერიით: კორეის ომი, ინდოჩინეთი და განსაკუთრებით ვიეტნამი, ახლო აღმოსავლეთი, აფრიკა, ლათინური ამერიკა, ავღანეთი. ყველა ამ ომში გვხვდებოდა როგორც ტრადიციული საბრძოლო მოქმედებები, ისე პარტიზანული ომი და მკაფიოდ გამოხატული ტერორისტული აქტებიც. ამ მოქმედებების შეფასებაში უკვე გაჩნდა დასავლეთ და აღმოსავლეთ ბანაკების წამყვან სახელმწიფოთა მხრიდან აშკარად ტენდენციური და სუბიექტური მიდგომები.
სახელდობრ, ვიეტნამის ომში თუკი აღმოსავლური ბანაკისთვის სამხრეთვიეტნამელი პარტიზანები და ჩრდილოვიეტნამელი რეგულარული ჯარების მებრძოლები ეროვნულ-განმათავისუფლებელი ფრონტის ჯარისკაცები იყვნენ, ამერიკელთათვის იგივე ხალხი უბრალოდ ბანდიტები და ტერორიტები გახლდნენ. მეორეს მხრივ, ნიკარაგუელი “კონტრასები” და ავღანელი “მოჯაჰედები” დასავლეთისათვის დემოკრატიისა და თავისუფლებისთვის მებრძოლები იყვნენ, საბჭოთა კავშირისა და მის მოკავშირეთათვის – ბანდიტები და იმპერიალისტური ძალების მიერ დაქირავებული მკვლელები.
ამ ორი მაგალითიდანაც კარგად ჩანს, რომ დღევანდელი მსოფლიოს წამყვან სახელმწიფოთა მმართველი წრეები, თავიანთი პირადი ანგარიშებიდან ამომდინარე, უკიდურესად სუბიექტურად უდგებიან ეროვნულ-განმათავისუფლებელი, სოციალურ-პოლიტიკური და სხვა მოძრაობების, აგრეთვე პარტიზანული და იატაკქვეშა ბრძოლის კლასიფიკაციას, შეფასებებსა და ა. შ. სულ უკანასკნელ წლებში ასეთი სუბიექტივიზმის მკაფიო მაგალითად იქცა მეორე ომი ჩეჩნეთში, რომელშიც რუსეთის ცენტრალურმა ხელისუფლებამ თავიდანვე ჩეჩენ მეამბოხეებს ტერორისტები უწოდა, ხოლო მათი ლიკვიდაციის ოპერაციას – კონტრტერორისტული. ეს მეტად გასაკვირია მოსკოვის მხრიდან, რომლისთვისაც კარგად არის ცნობილი, რომ ჩეჩნები მოქმედებდნენ პარტიზანული ომის აღიარებული პრინციპების მიხედვით. ასევე მეტად გასაკვირია დასავლეთის თანხმობაც რუსულ შეფასებებზე, ვინაიდან დასავლეთშიც კარგად იციან პარტიზანული ომების ისტორია, მათი თეორიული და პრაქტიკული საფუძვლები. (გვიანდელი შენიშვნა: შემდგომ წლებში მე გავეცანი ნ. ა. ნაროჩნიცკაიას წერილებს, სადაც ავტორი დამაჯერებლად განმარტავს, რომ ჩეჩნური მოძრაობა მჭიდროდ იყო დაკავშირებული პაკისტანის სპეცსამსახურებთან, არაბული სამყაროს ტერორისტულ ორგანიზაციებთან და მასზე მათი მხრიდან უზარმაზარი თანხები იხარჯებოდა, და ისიც ცხადია, რომ ეს ძალები, აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს მითითებებით, მთელ ამ სამუშაოს ეწეოდნენ არა იმისთვის, რომ შემდეგ დამოუკიდებელ და ღარიბ-ღატაკ იჩქერიაში ჩეჩნებს ცხვრები ემწყემსად, არამედ რათა მოეხდინათ ჩრდილო-კავკასიის რუსეთისგან ჩამოშორებისკენ მიმართული პროცესების ინიცირება და განვითარება; ამიტომ რუსი სპეციალისტების მხრიდან ასეთ შეფასებას თავისი სერიოზული და დასაბუთებული საფუძვლები გააჩნია, ისევე როგორც მათ მეტი გულისხმიერებაც მოეთხოვებათ ჩეჩნების სამართლიანი და ჯანსაღი ეროვნული გრძნობების დაკმაყოფილებაში, რუსული სახელმწიფოს ფარგლებში, რაც, ჩვენი აზრით, სავსებით შესაძლებელია და აუცილებელი).
ასეთი მიდგომით შესაძლოა ცნობილი ფრანგული ფილმის “ძველი თოფის” მთავარი გმირიც განვიხილოთ ტერორისტად. მან ცოლ-შვილის გაუპატიურებისა და დახოცვის სამაგიეროდ მოძალადე გერმანელი ჯარისკაცები ერთიმეორის მიყოლებით სიცოცხლეს გამოასალმა. მაგრამ საინტერესოა, რა მოხდებოდა მაშინ, თუკი მსგავსი სიუჟეტი განვითარდებოდა ამერიკული ჯარების მერ დღესდღეობით დაკავებულ რომელიმე ქვეყანაში? რამდენიმე წლის წინ, როგორც გვახსოვს, იაპონიაში დიდი მღელვარება მოჰყვა ორი ამერიკელი საზღვაო ფეხოსნის მიერ პატარა გოგონას გაუპატიურებას, მაგრამ ვინაიდან ეს იაპონიაა, ამერიკულ მხარეს ამ ინციდენტმა ხმაურის გარეშე ვერ ჩაუარა.
ამავე დროს, “წვრთნისა და აღჭურვის” პროგრამის ფარგლებში, აშშ-ის სამხედრო მრჩევლების ჯგუფის საქართველოში ჩამოსვლის პირველ პერიოდში ქართულ პრესაში გამოჩნდა ესპანური გაზეთიდან გადმობეჭდილი წერილი იმის თაობაზე, რომ თანამედროვე სახელმწიფოებში განლაგებული ამერიკული სამხედრო ბაზების სიახლოვეში იზრდება ბავშვთა პროსტიტუციის პროცენტული მაჩვენებელი. ანუ, იმ ადგილებში მცხოვრები ბავშვები ამერიკული სამხედრო ბაზების დაარსებამდე ზოგადად არ გასხვავდებოდნენ ქვეყნის სხვა ბავშვებისგან; მაგრამ შემდეგ, როგორც ჩანს, ამერიკელმა სამხედრო მოსამსახურეებმა დაიწყეს მათი მიტყუება სხვადასხვანაირი ტკბილეულობითა და სათამაშოებით და ძალადობრივად გაუპატიურება. შემდეგ კი ეს ბავშვები ეჩვეოდნენ ასეთ მდგომარეობას. მეტად სამწუხაროა, რომ მათი მშობლებიცა და ადგილობრივი ხელისუფალნიც ვერ ახერხებდნენ ამერიკელ სამხედროთაგან პასუხის მოთხოვნასა და საკუთარი შვილების გარყვნილებისგან დაცვას. ვინაიდან ეს წერილი გამოქვეყნდა ესპანურ პრესაში, ამიტომ შესაძლოა მსგავსი ინციდენტები ძირითადად ხდებოდეს არა ევროპაში, სადაც შედარებით უფრო მაღალია დაცულობის ხარისხი, არამედ ლათინური ამერიკის ქვეყნებში. ასევე, როგორც ჩანს, ვაშიგტონის მარიონეტული ლათინოამერიკული ხელისუფლებანი ვერ ბედავენ და არც აინტერესებთ საკუთარი მოსახლეობის ღირსების, ჯანმრთელობის, ზნეობისა და სიცოცხლის დაცვა. ასეთ პირობებში კი მეტად ნოყიერი ნიადაგი ჩნდება იმისთვის, რომ გამწარებულმა ადამიანებმა თავად სცადონ იარაღით ხელში მართლმსაჯულების აღსრულება. ეს კი უკვე ადვილად შეიძლება “გადაიქცეს” ე. წ. ტერორიზმად, და არა მხოლოდ ლათინურ ამერიკაში.
მსგავსი ინციდენტები რომ საკმაოდ არის დამახასიათებელი ამერიკული და არა მხოლოდ ამერიკული ჯარებისთვის, ეს კარგად ჩანს თუნდაც ვიეტნამში ომის თემატიკაზე გადაღებული ამერიკული მხატვრული ფილმებიდან. მათში ჩვენ გვინახავს, რომ იმ ომში ჩვეულებრივი მოვლენა იყო აშშ ჯარების მიერ ვიეტნამური სოფლების დაუნდობლად გადაწვა და მოსახლეობის გაჟლეტვა, პატრულში გასული ამერიკული ქვედანაყოფების მიერ ვიეტნამური სოფლებიდან გოგონების გატაცება და გზადაგზა საკუთარი ჟინის მოსაკლავად მათზე ძალადობა. ეს მოვლენები ნაჩვენებია ჩვენი მაყურებლისთვის ცნობილ ისეთ ფილმებში, როგორებიცაა, მაგალითად “ოცეული” და “ომის უკუღმართობანი”. ეს ყველაფერი ისეთი ფაქტებია, რომლის შედეგადაც ზემოთ აღნიშნულ ფრანგულ ფილმში ფილიპ ნუარეს გმირმა, ფრანგმა სამხედრო ექიმმა, იარაღი აიღო ხელში და სასტიკად გაუსწორდა მოძალადე გერმანელ სამხედროებს. ამ ფილმის შემქმნელები და მაყურებლები სიმპატიითა და თანაგრძნობით არიან, ბუნებრივია, განმსჭვალული სწორედ ფრანგი შურისმაძიებლისადმი, და არა გერმანელი მოძალადეებისადმი. ხოლო ზემოაღნიშნულ ამერიკულ ფილმებში და რეალობაშიც, შეურაცხყოფილი ვიეტნამელი მამები, ძმები და ქმრები ასეთ ბედნიერებას მოკლებულნი იყვნენ, და ბუნებრივია, შურის საძიებლად, ცოცხლად გადარჩენის შემთხვევაში, მათი მნიშვნელოვანი ნაწილი პარტიზანებთან მიდიოდა და, ამერიკული ტერმინოლოგიით, “ტერორისტი” ხდებოდა.
შესაძლოა, მსგავსი მოვლენები ვითარდებოდა 80-იან წლებში საბჭოთა ჯარების მიერ დაკავებულ ავღანეთშიც. იქ, რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, ნახევრად ფეოდალურ ავღანურ საზოგადოებას ძალდატანებით ახვევდნენ თავზე საბჭოთა მოდელის სოციალისტურ-კომუნისტურ “სამართლიანობასა და ბედნიერებას”, უგულვებელყოფდნენ ტრადიციულ ავღანურ ურთიერთობებს და სხვა. საპასუხოდ იქაც გაძლიერდა “მოჯაჰედების” პარტიზანული მოძრაობა, რომელსაც სსრკ-ში ბანდიტურ მოძრაობას უწოდებდნენ.
ამ მაგალითებიდან ნათლად ჩანს, თუ რამდენად სუბიექტურად და საკუთარი ანგარიშებიდან ამომდინარე უდგებიან დასავლეთისა და რუსეთის მმართველი წრეები ტერორიზმის საკითხს და რამდენად ცდილობენ ისინი “ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის” ლოზუნგით, ხშირ შემთხვევებში, მათ მიერვე წარმოებული სახელმწიფო ტერორიზმის გადაფარვას. საბჭოთა კავშირის მიერ წარმოებული სახელმწიფო ტერორიზმის მაგალითები უხვადაა ცნობილი ქართული საზოგადოებისთვის, რუსეთის დღევანდელი ხელისუფლებაც რომ ვერ იქნება განთავისუფლებული მსგავსი მიდრეკილებებისგან, არც ეს წარმოადგენს საიდუმლოებას. მაგრამ სამწუხაროდ საქართველოს ხელისუფლებაცა და საზოგადოებაც ამჯობინებენ თვალის დახუჭვას ასეთსავე სახელმწიფო ტერორიზმზე, როდესაც მას ახორციელებენ დასავლეთის წამყვანი სახელმწიფოები. მაგალითისთვის საკმარისია გავიხსენოთ თუნდაც 90-იან წლებში ყოფილი იუგოსლავიის ტერიტორიაზე წარმოებული სისხლიანი კონფლიქტები და, განსაკუთრებით, 1999 წლის დასაწყისში ნატო-ს ბლოკის წამვანი სახელმწიფოების მიერ სერბეთის სისტემატიური დაბომბვევი კოსოვოში ალბანელი სეპარატისტების წინააღმდეგ ბელგრადის ცენტრალური ხელისუფლების მიერ გატარებული ღონისძიებების გამო. მაგრამ ვინაიდან ამ კონფლიქტს ჰქონდა სერბების მხრიდან “ალბანელთა ეთნიკური წმენდის აღკვეთის” სარჩული, ამიტომ აღნიშნული პრობლემის სიმწვავისა და ნატო-ს მხრიდან ასეთი დაბომბვებით გაცემული პასუხის მიზანშეწონილობის შესაფასებლად ამ კონკრეტულ შემხვევაში უფრო გულმოდგინე კვლევების ჩატარებაა საჭირო. მით უმეტეს, რომ სერბების წინააღმდეგ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის რეპრესიულ ზომებს ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავდა თავად დასავლეთის სამხედრო და სამოქალაქო სპეციალისტებს შორისაც. მათგან აღსანიშნავია მანამდე ბოსნია-ჰერცოგოვინაში განლაგებული საერთაშორისო ძალების მეთაური ბრიტანელი გენერალი კლარკი, რომლის კრიტიკული წერილიც გამოქვეყნდა ინტერნეტში, ხოლო შემდეგ მათი ქართული თარგმანი ვიხილეთ გაზეთში “დრონი”, იმავე 1999 წლის დასაწყისში.
ამჯერად უფრო დეტალურად შევეხებით 1983 წლის ბოლოს ამერიკული ჯარების შეჭრას კუნძულ გრენადაზე. ჩვენი წყარო ამ შემთხვევაში იქნება 1984 წლის იავარში სსრკ-ის თავდაცვის სამინისტროს ჟურნალ «Зарубежное Военное Обозрение»-ში გამოქვეყნებული წერილი “აშშ-ის თავხედური აგრესია გრენადის წინააღმდეგ”. აღნიშნულ წერილში, ერთის მხრივ, დასრულებული სახით არის გადმოცემული კონფლიქტის წარმოქმნის, მიმდინარეობისა და შედეგების გაშუქება, მაგრემ, მეორეს მხრივ, პრობლემის შეფასები უთუოდ ტენდენციურია და მასში აშკარად წაყრუებულია ამერიკული ჯარების შეჭრამდე კუნძულზე ხელისუფლების შეცვლისა და მასში კუბის ფარულად მონაწილეობის საკითხები. მაგრამ იგი მაინც საკმარისად დამაჯერებელ საფუძველს იძლევა აშშ-ის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის მიერ გატარებული ხშირად უსამართლოდ ძალადობრივი პოლიტიკისა და ამ უსამართლობის ლამაზი ფრაზეოლოგიით შებურვის დასანახად. ანუ, იგივე ორმაგი სტანდარტებისა, რასაც ჩვენში ხშირად სამართლიანად საყვედურობენ ხოლმე რუსეთს.
1983 წლის 25 ოქტომბერს კ. გრენადაზე ამერიკულ-აღმოსავლეთკარიბული ჯარების შეჭრას წინ უძღოდა იმავე თვის 19 რიცხვში კუნძულზე რევოლუციური სამხედრო საბჭოს მიერ ხელისუფლების ხელში აღება (უნდა ვივარაუდოთ, რომ ამაში მონაწილეობდა კუბაც, თუმცა კი საბჭოთა პრესაში ეს მხოლოდ გრენადის შიდა მოვლენებთან იყო დაკავშირებული). გრენადაში შეჭრიდან რამდენიმე საათის შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტი რ. რეიგანი და სახელმწიფო მდივანი ჯ. შულცი ამტკიცებდნენ, რომ ამერიკულმა ადმინისტრაციამ ინტერვენციაზე გადაწყვეტილება მიიღო მას შემდეგ, რაც 23 ოქტომბერს მიღებულ იქნა “აღმოსავლეთ კარიბის სახელმწიფოთა ორგანიზაციის* ხუთი სახელმწიფოს დაბეჯითებული ოფიციალური თხოვნა დავხმარებოდით კ. გრენადაზე კანონიერების, წესრიგისა და სამთავრობო ინსტიტუტების აღდგენაში”-ო (შენიშვნა: ამ ორგანიზაციაში შედიან შემდეგი ქვეყნები: ანტიგუა და ბარბუდა, დომინიკა, მონტსერატი, გრენადა, სენტ-ვინსენტი და გრენადინი, სენტ-ლუსია).
მაგრამ შეჭრის მეორე დღესვე, 26 ოქტომბერს, “აღმოსავლეთ კარიბის სახელმწიფოთა ორგანიზაციის” წევრი სახელმწიფოს ბარბადოსის პრეზიდენტმა ჯ. ადამსმა განაცხადა, რომ პირველი წინადადება გრენადაზე შეჭრის შესახებ “ოფიციალურმა ამერიკელმა წარმომადგენელმა გაუკეთა მას 12 დღის წინ” (ე. ი. ჯერ კიდევ 14 ოქტომბერს, ანუ გრენადაში რევოლუციური სამხედრო საბჭოს ხელისუფლებაში მოსვლამდე ხუთი დღით ადრე). ამავე დროს დასავლურ პრესაში გაჟონილი ინფორმაციით, გრენადაზე შეჭრის წინასწარი გადაწყვეტილება აშშ-ის ადმინისტრაციამ მიიღო ჯერ კიდევ 12 ოქტომბერს, საბოლოოდ კი 21-ში. 17 ოქტომბერს ამერიკული სამხედრო-საზღვაო ბაზა ნორფოლკიდან გამოვიდა ამფიბიურ-სადესანტო ჯგუფი (ხუთი სადესანტო ხმალდი ვერტმფრენმზიდ “გუამის” მეთაურობით, 1800 საზღვაო ფეხოსნით ბორტზე), ხოლო 19 ოქტომბერს კი – საავიამზიდო მრავალმიზნობრივი ჯგუფი, 11 ხომალდისა და დამხმარე გემის შემადგენლობით, ავიამზიდ “ინდეფენდენსის” მეთაურობით, რომლის ბორტზეც იმყოფებოდა 80-ზე მეტი საბრძოლო თვითმფრინავი. 21 ოქტომბერს ორივე ამ ჯგუფმა მიიღო ბრძანება, რომ სრული რადიომდუმარების რეჟიმით წასულიყვნენ კ. გრენადისკენ. 24-ში საავიაციო მრავალმიზნობრივმა ჯგუფმა თავი მოიყარა კუნძულის ჩრდილო-დასავლეთით 30 მილის მანძილზე, ხოლო სადესნტო-ამფიბიურმა ჯგუფმა – აღმოსავლეთით ხუთი მილის მანძილზე.
21 ოქტომბრიდან გრენადის თავზე და მის მახლობელ საჰაერო სივრცეში მკვეთრად გაიზარდა RC-135 ტიპის ამერიკული სადაზვერვო თვითმფრინავების ფრენების ინტენსივოდა, რომლებიც ახორციელებდნენ საჰაერო დაზვერვას კუნძულზე შეჭრის ოპერაციის უზრუნველყოფისთვის. ამრიგად, აშშ პრეზიდენტის რ. რეიგანის მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღების მომენტისთვის კ. გრენადის მახლობლად ძირითადი ძალების თავმოყრა და ყველა მოსამზადებელი ღონისძიება უკვე დასრულებული ჰქონდათ.
ამერიკული ჯარების გრენადაზე შეჭრის დეტალებით ნაშრომს აღარ დავტვირთავთ, მოკლედ ვიტყვით, რომ აღნიშნული აღნიშნულ ოპერაციაში პენტაგონმა მხოლოდ ცოცხალ ძალაში შექმნა “მოწინააღმდეგეზე” 15-ჯერადი უპირატესობა. მსუბუქი იარაღით შეიარაღებული 1200 გრენადელი პატრიოტის წინააღმდეგ სამოქმედოდ შეჭრისა და უზრუნველყოფის ამერიკულ ძალებში მოითვლებოდა 13 ათასზე მეტი ადამიანი (რომლებსაც მეორე დღესვე დაუმატეს აშშ-ის 82-ე საჰაერო-სადესანტო დივიზიის ორი ბრიგადა /5-7 ათასი სამხედრო მოსამსახურე/), ხომალდების არმადა, 85 საბრძოლო თვითმფრინავი, ასეულობით სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი და ვერტმფრენი.
კბილებამდე შეიარაღებულმა ინტერვენტებმა ოკუპირებულ ტერიტორიაზე ნამდვილი ნადირობა გააჩაღეს ადამიანებზე. ლონდონური გაზეთი “დეილი ტელეგრაფი” წერდა: “ამერიკული ჯარები უკიდურესად სასტიკად ექცევიან ყველას, ვინც სახალხოდ გამოხატავს უკმაყოფილებას კუნძულზე მათი ყოფნის გამო. მემარცხენეთადმი თანაგრძნობაში ეჭვმიტანილი ასეულობით გრენადელი დააპატიმრეს და დაკითხეს. ბევრი მათგანი მოათავსეს იმპროვიზებულ ციხეში, რომელიც აშშ-ის ჯარებმა მოაწყვეს ახალ აეროპორტ პოინტ-სელაიზნში. დაპატიმრებული გრენადელები ხშირად სამ-სამი დღით გამომწყვდეულნი ჰყავთ იქ სპეციალურად მოწყობილ ხის ყუთებში, რომლებიც ძაღლის სადგომებს (собачья конура) ჩამოჰგავს” (არ შეიძლება არ აღვნიშნოთ, რომ 1989 წლის 9 აპრილის შემდგომ დღეებში თბილისში გაცილებით უფრო მსუბუქი რეჟიმი იყო დაწესებული ცენტრალური საბჭოთა ხელისუფლების მხრიდან).
XX საუკუნეში ლათინური ამერიკის ქვეყნებში 26-ე შეჭრისა და იქ დატრიალებული ყაჩაღობის გასამართლებლად აშშ-ის ადმინიატრაცია აქტიურად იშველიებდა გამონაგონს გრენადაში “ამერიკელი მოქალაქეების დაცვის” შესახებ, თუმცა ცნობილი იყო, რომ მათ არავინ ემუქრებოდა. თეთრი სახლის წარმომადგენლები ასევე დაუღალავად მიუთითებდნენ აღმოსავლეთკარიბული ქვეყნების “კანონიერ თხოვნაზე დახმარების შესახებ”, და ეს იმ დროს, როდესაც თვითონ ამ “თხოვნის” “შემდგენლებიც” კი ამტკიცებდნენ, რომ იგი შეთითხნილ იქნა ვაშინგტონის მითითებითა და მისი ემისრების მონაწილეობით მას შედეგ, რაც პრეზიდენტმა რეიგანმა და მისმა უახლოესმა გარემოცვამ მიიღეს გადაწყვეტილება გრენადაში შეჭრის შესახებ. უფრო მეტიც, თავად ამერიკელი პოლიტიკოსების ერთი ნაწილი აღიარებდა, რომ გრენადა არასოდეს დამუქრებია აღმოსავლეთკარიბულ სახელმწიფოებს და ამიტომ მათი “თხოვნაც” დახმარების შესახებ არ შეიძლებოდა გამოყენებულ ყოფილიყო აგრესიის გამართლებისთვის.
როგორც გვახსოვს, ანალოგიური მოვლენა მოხდა 1921 წლის თებერვალში საქართველო – საბჭოთა რუსეთის ურთიერთობებშიც, როდესაც საქართველოში შემოჭრის გასამართლებლად ადგილობრივმა ბოლშევიკებმა, წითელი მოსკოვის მითითებით, ბორჩალოს მაზრაში მოახდინეს ამბოხების ინსცენირება და სასწრაფოდ ჩამოაყალიბეს რევოლუციური კომიტეტი (რევკომი) თავიანთი ხელმძღვანელების შემადგენლობით. სწორედ ამ რევკომის თხოვნა შეიქნა 11 თებერვალს 11-ე წითელი არმიის საქართველოში შემოჭრის საფუძვლად.
საპნის ბუშტივით გასკდა ამერიკული ადმინისტრაციის ბოროტგანზრახული გამონაგონი იმის თაობაზე, რომ სსრკ და კუბა გეგმავდნენ გრენადის გადაქცევას “სამხედრო ექსპანსიის ბასტიონად”. ოკუპანტების მიერ ხელში ჩაგდებულ “იარაღის საწყობებში”, ამერიკული პრესის შეტყობინებებით, აღმოჩენილ იქნა “ასი წლის წინ გამოშვებული შაშხანები” (ამერიკული წარმოებისა). ბრიტანულმა სამშენებლო ფირმამ “ფლექსი კომპანიმ”, რომელიც გრენადის დედაქალაქის მახლობობაში აეროპორტს აშენებდა, გააბათილა პრეზიდენტ რეიგანის მტკიცებები იმის თაობაზე, რომ ეს აეროდრომი ვითომდა განკუთვნილი იყო “სამხედრო თვითმფრინავებისა და მათ რიცხვში შორეული მოქმედების საბჭოთა ბომბდამშენების” მიღებისთვის.
რეიგანის ადმინისტრაციის წარმოადგენლები შემდგომში დუმილით უვლიდნენ გვერდს აშშ პრეზიდენტის მიერ შეჭრის კვალდაკვალ გაკეთებულ გულწრფელ აღიარებას იმის შესახებ, რომ ინტერვენციონისტულ აქციას მიმართეს “კ. გრენადაზე სამთავრობო ინსტიტუტების აღდგენისთვის” (უნდა წავიკითხოთ – თეთრი სახლისთვის მისაღები რეჟიმის თავზე მოსახვევად). როგორც ყოველკვირეულმა “ტაიმმა” აღიარა, “აშშ საბრძოლო მოქმედებებს აწარმოებდა იქ ხელისუფლებაში მყოფი მთავრობის წინააღმდეგ” (შეგვიძლია გავიხსენოთ 1990 წელს სსრკ-ის სახალხო დეპუტატების პირველ ყრილობაზე აზერბაიჯანის სსრ-ის დეპუტაციის მიერ გაკეთებული განცხადება იმავე წლის იანვრის თვეში ბაქოში საბჭოთა ჯარების მიერ მშვიდობიანი მანიფესტაციის დახვრეტის შესახებ თავდაცვის მინისტრის დ. იაზოვის მიერ გაკეთებული განცხადება, რომ “ბაქოში მე ჩამოვედი საბჭოთა ხელისუფლების დასამყარებლად”-ო. (გვიანდელი მინაწერი: მხოლოდ იმ ნიშვნელოვანი განსხვავებით, რომ აზერბაიჯანის სსრ, გრენადისგან განსხვავებით, წარმოადგენდა საბჭოთა კავშირის შემადგენელ ნაწილს, და არა საერთაშორისო სამართლით აღიარებულ სუვერენულ სახელმწიფოს).
იმავე დღეებში აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯ. შულცმა კარიბის ზღვის აუზში ვაშინგტონის მოქმედებები დაახასიათა როგორც “მობრუნების პუნქტი ისტორიაში”. “ახლა – განაცხადა მან – ჩვენ დავანახეთ მთელ მსოფლიოს, რომ განზრახული გვაქვს ნებისმიერ ფასად ვიცავდეთ საკუთარ ინტერესებს”. როგორც ამბობენ, კომენტარები ზედმეტია.
აშშ-ის სახელმწიფო ტერორიზმის სხვა გამოვლინებად შეგვიძლია მივიჩნიოთ თუნდაც მისი სამხედრო დოქტრინის განვითარება 1970-იანი წლების ბოლოსა და 80-იანების დასაწყისში (ეს პერიოდი მხოლოდ იმისთვის ავირჩიეთ, რომ სახელდახელოდ სწორედ ამ დროის მასალები გაგვაჩნია, თორემ საკითხის უფრო გულდასმით შესწავლისას შესაძლებელი იქნებოდა დროის სხვა მონაკვეთების არჩევაც). ამ დროს პრეზიდენტ რეიგანის ადმინისტრაციამ უფრო ღია პრეტენზიების წამოყენება დაიწყო “უფლებაზე” თავის წესებს ახვევდეს ნებისმიერ სახელმწიფოს, ნებისმიერი საშუალებებით და პირველ რიგში – სამხედროთი.
1981 წელს აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა უაინბერგერმა წამოაყენა “გლობალური სტრატეგიული მიდგომის” მოთხოვნა, რომელსაც უნდა უზრუნველეყო საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ “მსოფლიო მასშტაბებში” (მისივე სიტყვებით) ომის წარმოების შესაძლებლობა. უაინბერგერის შეფასებით, აშშ-ის ინტერესები “ატარებს მსოფლიო ხასიათს და ამიტომ ქვეყნის სამხედრო პოლიტიკას აუცილებელია განვიხილავდეთ გლობალურ კონტექსტში”. ანუ მისივე სიტყვებით: “აშშ მზად უნდა იყოს აწარმოოს ნებისმიერი ომები ნებისმიერ რეგიონში, რომელსაც ჩვენი ინტერესებისთვის გააჩნია სასიცოცხლო მნიშვნელობა”.
ამას შედეგად მოჰყვა რეიგანის ადმინისტრაციის სავსებით განსაზღვრული დასკვნა: შეერთებული შტატები უნდა გახდეს მსოფლიოს უძლიერესი სახელმწიფო და ეს უნდა გაკეთდეს ნებისმიერ ფასად. ამის დადასტურებას წარმოადგენდა თუნდაც ის, რომ 1982 წელს ქვეყნის სახელმწიფო ბიუჯეტის თითქმის მესამედს შეადგენდა სამხედრო ასიგნებები (ბიუჯეტი იყო 695,4 მლრდ დოლარი, ხოლო მისი სამხედრო კომპონენტის წილი 226 მლრდ.).
რეიგანისეული ახალი სტრატეგიის (მას ოფიციალურად “პირდაპირი დაპირისპირების” სტრატეგია ეწოდება) ფარგლებში აშშ-ის სავარაუდო მოწინააღმდეგის საზღვრებთან “მეწინავე ბაზირების” კონცეფციამ განახლებული მნიშვნელობა შეიძინა. მისი შინაარსის გაშლისას ამერიკელი პროფესორი ჯ. კიფერი წერდა: “ხვალინდელი ბრძოლის ველი – ეს მთელი მსოფლიოა. დღეს ამოცანა იმაში მდგომარეობს, რომ უზრუნველვყოთ ჩვენთვის დედამიწაზე რაც შეიძლება მეტი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პუნქტი და მოვამზადოთ ჩვენი ჯარები იმისთვის, რათა ისინი ინარჩუნებდნენ ამ ტერიტორიებს”.
იმავე წლებში მიღებული აშშ-ის ახალი საზღვაო სტრატეგიაც ემყარებოდა მოწინააღმდეგის “სტრატეგიული ბირთვული შეკავების”, “სწრაფი რეაგირებისა” და “მეწინავე ბაზირების” პრინციპებს. ხოლო “მეწინავე ბაზირების” დებულების განმარტებისას კი აცხადებდა, რომ შეიარაღებული კონფლიქტი საბჭოთა კავშირთან შესაძლოა მოხდეს არა პირდაპირი გზით, ცენტრალურ ევროპაში ან შორეულ აღმოსავლეთში, არამედ “მესამე მსოფლიოს” ქვეყნებში რეგიონული კონფლიქტების ესკალაციის შედეგად. ასეთ შემთხვევაში შეერთებული შტატების ინტერესების გასატარებლად განვითარებად ქვეყნებში უნდა გამოეყენებინათ ნებისმიერი საშუალებები – ტ ე რ ო რ ი ს ტ უ ლ ი | ა ქ ტ ე ბ ი დ ა ნ მსხვილმასშტაბიან შეიარაღებულ ჩარევამდე (ხაზი ჩვენია – ი. ხ.; როგორც ვხედავთ, ამ მიდგომაში ინდივიდუალური და ჯგუფური ტერორი თავისი ბუნებით, ომის წარმოებისას დაშვებული მოქმედებების ჭრილში, სრულებით არ განსხვავდება მსხვილმასშტაბიანი შეიარაღებული ჩარევისგან). ასეთი ოპერაციების განხორციელებისთვის აშშ-ის ცენტრალური დაზვერვის აგენტურისა და სპეციალური დივერსიული ჯგუფების გარდა, ვარაუდობდნენ საზღვაო ქვეითი ჯარისა და მაშინ ჩამოყალიბებადი “სწრაფი გაშლის ძალების” გამოყენებასაც.
მეტად საინტერესოა აშშ-ის “სწრაფი გაშლის ძალების” შექმნის ისტორიაც. მას საფუძვლად უდევს “შეიარაღებული ინტერვენციონალიზმის” ამერიკული პოლიტიკური კონცეფცია, რომელიც გულისხმობს ძირითადად “მესამე მსოფლიოს” ქვეყნებში იარაღის ძალით იმ პოზიციების მოპოვებასა და შენარჩუნებას, რომლებიც უზრუნველყოფენ ამერიკული ეკონომიკის ინტერესებში ნედლეულისა და სხვა მასალების აშშ-თვის უკიდურესად მომგებიან პირობებში გატანას. ამისთვის ჯერ კიდევ 1950-იანი წლების ბოლოს პენტაგონი შეუდგა სახმელეთო ჯარების მობილური აეროტრანსპორტაბელური შენაერთებისა და ნაწილების ჩამოყალიბებას, რომლებსაც “სახანძრო რაზმებს” უწოდებდნენ. ეს რაზმები განკუთვნილი იყვნენ ისეთ რეგიონებში სამოქმედოდ, სადაც “აშშ-ის ინტერესები მუქარის ქვეშ აღმოჩნდებოდა”. ასეთი პრაქტიკის საფუძველზე შეერთებული შტატების “ინტერესების დაცვის” საბაბით სხვა სახელმწიფოთა საქმეებში ჩარევა ამერიკული საგარეო პოლიტიკის მუდმივ შემადგენელ ნაწილად იქცა (უკანასკნელ ხანებში რუსეთის ფედერაციამაც მიიღო მსგავსი სამხედრო-პოლიტიკური კონცეფცია, მაგრამ საკითხისადმი ასეთ მიდგომაში პირველობა უეჭველად ამერიკელებს ეკუთვნით).
1978 წელს, ირანში შაჰის ხელისუფლების დამხობის შემდეგ, აშშ პრეზიდენტის ჯ. კარტერის ადმინისტრაციაში მტკიცედ იქნა დამკვიდრებული “მობილური ინტერვენციონისტული ძალების” კონცეფცია, რომელიც წარმოადგენდა ამერიკული სამხედრო ჩარევისთვის მზადების საფუძველს, ამჯერად განსაკუთრებით, ახლო აღმოსავლეთსა და სპარსეთის ყურეში. გამოსცეს დირექტივა # 18, რომელიც ითვალისწინებდა “მესამე მსოფლიოში ლოკალური ომებისთვის ჯარების სპეციალური კონტინგენტის” გამოყოფას. მასში კერძოდ ითვალისწინებდნენ საჭიროების და მიხედვით ჩაერთოთ სახმელეთო ჯარების ოთხი დივიზია (საჰაერო-სადესანტო, საჰაერო-საიერიშო, ქვეითი და მექანიზებული ქვეითი), აგრეთვე საბრძოლო და ზურგის უზრუნველყოფის ნაწილები და ქვედანაყოფები; სამხედრო-საჰაერო ძალებიდან – ხუთი ტაქტიკური გამანადგურებელი საავიაციო ფრთა, ორი ტაქტკური სატრანსპორტო საავიაციო ფრთა და სტრატეგიული ბომბდამშენი თვითმფრინავების ორო ავიაესკადრილია (28 თვითმფრინავი B-52H), სტრატეგიული სადაზვერვო თვითმფრინავები, საჰაერო საკომანდო პუნქტები, შორეული რადიოლოკაციური აღმოჩენისა და კონტროლის თვითმფრინავები E-3 (AWACS) და ა. შ. სამხედრო-საზღვაო ძალებიდან – ორი-ოთხი საავიამზიდო მრავალმიზნობრივი ჯგუფი, საზღვაო ქვეითი ჯარის ერთ საექსპედიციო დივიზიამდე და სხვა.
1980-იანი წლების დასაწყისში (რეიგანის პრეზიდენტობის პირველ ხანებში) შეიქმნა ამ ძალების ხელმძღვანელი ორგანო, გაერთიანებული ცენტრალური სარდლობა (CENTCOM, შტაბი ავიაბაზა მაკ-დილზე, ფლორიდის შტატი), ასევე დამკვიდრებულ იქნა სახელწოდება “სწრაფი გაშლის ძალები” (Rapid Deployment Joint Task Forces) და მისი რიცხოვნება გაზარდეს 200-დან 300 ათას ადამიანამდე.
“სწრაფი გაშლის ძალების” ჩამოყალიბების პროცესში, მისი სავარაუდო ამოცანების ახსნისას, პოლიტიკური კვლევების ვაშინგტონის ინსტიტუტის თანამშრომელი კლერი წერდა: “დამრტყმელი ძალები განკუთვნილია უცხო სახელმწიფოთა ფარგლებში შესაჭრელად ან მათი ოკუპაციისთვის იქ პოლიტიკური პოზიციის შეცვლის შემთხვევაში. მას შესაძლოა იყენებდნენ ძალის დემონსტრირებისთვისაც, მტრული სახელმწიფოების დაშინების მიზნით”. ამავე დროს სახმელეთო ჯარების შტაბის უფროსი გენერალი მეიერი აშშ კონგრესის წარმომადგენელთა პალატის შეიარაღებული ძალების კომისიაში გამოსვლისას პირდაპირ ადასტურებდა მსოფლიოს საკვანძო რაიონებში, და უწინარეს ყოვლისა ახლო აღმოსავლეთში, აშშ-ის სამხედრო ყოფნის აუცილებლობას. ეს, მისი სიტყვებით, “აუცილებელია, რათა ყველასთვის ნათელი გახდეს, თუ რა პოზიციას დავიკავებთ ჩვენ, და რომ მზად ვართ განვამტკიცებდეთ მას ძალის დახმარებით”.
ყოველივე ზემოთქმული ნათლად გვიდასტურებს აშშ-ის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის მიზნებსა და მუდმივ მზადყოფნას მშვიდობასა და სამართლიანობაზე ლამაზი ფრაზეოლოგიის ქვეშ და ხშირად საერთაშორისო ძალისხმევის შირმით (ვთქვათ, გაერო-ს ეგიდით) მუდმივად ლახავდეს სხვა სახელმწიფოთა ინტერესებსა და სუვერენიტეტს.
ამავე დროს მსოფლიოს მრავალი მცირე და საშუალო ქვეყნის თავდაცვით სამხედრო დოქტრინებში გათვალისწინებულია მოწინააღმდეგის მიერ მათი ტერიტორიის დროებით დაკავების შემთხვევაში იქ პარტიზანული მოქმედებების წარმოება. ამისთვის განკუთვნილია ამ სახელმწიფოთა ტერიტორიული თავდაცვის ჯარების ნაწილები და ქვედანაყოფები, რომლებსაც აყალიბებენ შესაბამისი რაიონების მაცხოვრებელი შედარებით უფროსი ასაკის რეზერვისტებისგან (35–40 წლის ზევით ასაკის რიგითი და სერჟანტთა შემადგენლობა). ასეთი პარტიზანული მოქმედებების წარმოების შესაძლებლობას ითვალისწინებენ ფინეთის, შვედეთის, შვეიცარიის, დანიის, ირანის, პაკისტანისა და სხვა სახელმწიფოთა შეიარაღებული ძალების სარდლობები.
მაგრამ ხშირად, როგორც ვთქვით, აშშ-ის ან რუსეთის ხელმძღვანელები, ხოლო მათი მიყოლებით სხვა ქვეყნებისაც, ტერორისტებს უწოდებენ ისეთ ადამიანებსა და ჯგუფებს, რომლებსაც სხვა შემთხვევაში მისცემდნენ ეროვნულ-განმათავისუფლებელთა, თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის მებრძოლთა და სხვა უფრო მისაღებ და სასახელო სახელებს (გააჩნია ვინ ინტერესებში იბრძოლებდნენ და იმოქმედებდნენ ისინი). ასეთი სუბუექტივიზმი უშლის ხელს წამყვან სახელმწიფოთა ხელმძღვანელებსა და სპეციალისტებს ტერორიზმის ცნების მკაფიოდ ჩამოყალიბებაში, თუმცა ასეთი ინტერესები მათ არც უნდა გააჩნდეთ, ვინაიდან მღვრიე წყალში უფრო ადვილია მათთვის თევზის ჭერა.
საქართველოსთან მიმართებაში დღევანდელი ამერიკული ანტიტერორისტული კამპანიის შესახებ შეგვიძლია ვთქვათ შემდეგი.
1990 წლის ნოემბერში მაშინდელი ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის თათბირის (ეუთთ, ევროთათბირის), ამჟამად ეუთო-ს ეგიდით პარიზში დადებულ იქნა “ხელშეკრულება ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების შესახებ” (Treaty on Conventional Armed Forces in Europe – CFE), რომლის ძალითაც მაშინდელ ვარშავის ხელშეკრულების ორგანიზაციასა და ნატო-ს ბლოკს ჩვეულებრივი შეტევითი შეიარაღების რაოდენობა შეუმცირეს და შედარებით უფრო დაბალ დონეზე გაუთანაბრეს. ამის შედეგად თითოეულ სამხედრო ბლოკს უფლება მისცეს, რომ ევროპული კონტინენტის მის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე რეგულარულ საჯარისო ნაწილებსა და სპეციალურ საწყობებში მშვიდობიანობის დროს მუდმივად განელაგებინა არაუმეტეს 20 000 საბრძოლო ტანკის, 30 000 მოჯავშნული საბრძოლო მანქანის, 20 000 საველე საარტილერიო სისტემის, 6800 საბრძოლო თვითმფრინავის და 2000 დამრტყმელი ვერტმფრენისა. ვინაიდან ეს მაქსიმალური დონეები (კვოტები) დადგენილ იქნა CFE-ხელშეკრულების IV მუხლის 1-ლი პუნქტის ტექსტში, ამიტომ ეუთო-ს დოკუმენტებში ეს რაიონი – ანუ თითოეული სამხედრო-პოლიტიკური ბლოკის მიერ კონტროლირებადი ნაწილი ევროპისა აღინიშნება ასე: რაიონი 4.1.
ამავე დროს ჯავშანსატანკო ტექნიკისა და საველე არტილერიის ეს საერთო კვოტები გაანაწილეს ევროპის ცალკეული რაიონებისა და ქვერაიონების მიხედვით. თავდაპირველად ევროპის მთელი ტერიტორია გაყვეს ცენტრალურ და საფლანგო რაიონებად. საფლანგო რაიონში შეიყვანეს ორივე სამხედრო ბლოკის ჩრდილოეთ და სამხრეთ ფლანგებზე არსებული სახელმწიფოები და შესაბამის სახელმწიფოთა ცალკეული ტერიტორიები. ნატო-ს მხრიდან საფლანგო რაიონში შევიდნენ ნორვეგია, ისლანდია, საბერძნეთი და თურქეთის უდიდესი ნაწილი, სამხრეთ-აღმოსავლეთ ანატოლიის გამოკლებით, რომელიც ევროთათბირის განსაზღვრებით აზიის ტერიტორიას შეადგენს; ვარშავის ხელშეკრულების ორგანიზაციის მხრიდან – ბულგარეთი და რუმინეთი, აგრეთვე საბჭოთა კავშირის ლენინგრადის, ოდესის, ჩრდილო-კავკასიისა და ამიერკავკასიის სამხედრო ოლქების ტერიტორიები. ვინაიდან საფლანგო რაიონში თითოეული ბლოკისთვის დადგენილი კვოტების განსაზღვრა მოხდა CFE-ხელშეკრულების V მუხლის 1-ლი პუნქტით, ამიტომ ამ რაიონს ეუთო-ს დოკუმენტებში აღნიშნავენ ასე: რაიონი 5.1.
ევროპის მთელი დანარჩენი ნაწილი ატლანტის ოკეანიდან ურალის მთებამდე შეიყვანეს ცენტრალურ რაიონში, მაგრამ აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ ამ რაიონის დიდი სივრცული განფენილობის გამო, ნატო-სა და ვარშავის პაქტის შეხების საზღვრიდან (გერმანია – პოლონეთი, ჩეხეთ-სლოვაკეთის სახელმწიფო საზღვრებიდან) ორივე მხარეს გამოყვეს სამი ქვერაიონი. მათ ფარგლებში თითოეული სამხედრო ბლოკის ჯავშანსატანკო ტექნიკისა და საველე არტილერიის კვოტების განაწილება დადგენილ იქნა ხელშეკრულების IV მუხლის მე-2, -3 და -4 პუნქტებით, რის გამოც მათ მიიღეს აღნიშვნები: რაიონები 4.2, 4.3 და 4.4. ამ რაიონების საზღვრები ნაჩვენებია ნახატზე, ხოლო 1-ლ ცხრილში კი მოცემულია მათში მუდმივად განლაგებისთვის დაშვებული საბრძოლო ტანკების, მოჯავშნული საბრძოლო მანქანებისა და საველე საარტილერიო სისტემების კვოტები. რაც შეეხება დამრტყმელი ვერტმფრენებისა და საბრძოლო თვითმფრინავების კვოტებს, მათ რაიონების მიხედვით განლაგების შეზღუდვები არ შეხებია და მათი განაწილება მინდობილ იქნა თითოეული ბლოკის ხელმძღვანელობაზე.
[ნახატი წარმოადგენს ევროპის რუკას მასზე CFE-ხელშეკრულებით განსაზღვრული ცალკეული რაიონების ჩვენებით. რაიონი 4.1 მოიცავს, როგორც ვთქვით, ევროპის იმ ტერიტორიებს, რომლებსაც აკონტროლებდა თითოეული სამხედრო ბლოკის ხელმძღვანელობა. რაიონი 5.1 წარმოადგენს საფლანგო რაიონს, რომელშიც ნატო-ს მხრიდან შევიდნენ ნორვეგია, ისლანდია, საბერძნეთი და თურქეთის უდიდესი ნაწილი, ვარშავის ხელშეკრულების მხრიდან კი ბულგარეთი, რუმინეთი და სსრკ-ის ლენინგრადის, ოდესის, ჩრდილო-კავკასიისა და ამიერკავკასიის სამხედრო ოლქების ტერიტორიები. რაიონი 4.2 წარმოადგენს თითოეული სამხედრო ბლოკის მთელ ცენტრალურ რაიონს, რომელშიც ნატო-ს მხრიდან შევიდნენ: გერმანია, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, იტალია, დანია, ნიდერლანდები, ბელგია, ლუქსემბურგი, ესპანეთი და პორტუგალია; ვარშავის ხელშეკრულების მხრიდან – პოლონეთი, ჩეხეთ-სლოვაკეთი, უნგრეთი და საბჭოთა კავშირის კარპატისპირეთის, კიევის, ბელორუსიის, ბალტიისპირეთის, მოსკოვისა და ვოლგისპირეთის სამხედრო ოლქების ტერიტორიები. რაიონი 4.3 მოიცავს ნატო-ს მხრიდან შემდეგ სახელმწიფოებს: გერმანია, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, იტალია, დანია, ნიდერლანდები, ბელგია, ლუქსემბურგი; ვარშავის ხელშეკრულების მხრიდან: პოლონეთი, ჩეხეთ-სლოვაკეთი, უნგრეთი, და სსრკ-ის კარპატისპირეთის, კიევის, ბელორუსიისა და ბალტიისპირეთის სამხედრო ოლქები. რაიონი 4.4 მოიცავს: ნატო-ს მხრიდან შემდეგ ქვეყნებს – გერმანია, დანია, ნიდერლანდები, ბელგია; ვარშავის ხელშეკრულების მხრიდან – პოლონეთი, ჩეხეთ-სლოვაკეთი, უნგრეთი. ამ რაიონებში დაშვებულ ჯავშანსატანკო ტექნიკისა და საველე არტილერიის კვოტებში იგულისხმება არა მხოლოდ ამ ევროპული ქვეყნების კვოტები, არამედ მათ ტერიტორიებზე განლაგებული მათი მოკავშირე უცხო ქვეყნებისაც; სახელდობრ, გერმანიის ტერიტორიაზე ამერიკული, ბრიტანული, ფრანგული, ბელგიური და ნიდერლანდური ჯარებისა, ხოლო პოლონეთის ჩეხეთ-სლოვაკეთისა და უნგრეთის ტერიტორიებზე, იქ განლაგებული საბჭოთა ჯარებისაც].
ცხრილი 1
CFE-ხელშეკრულებით დადგენილი ჩვეულებრივი შეტევითი შეიარაღების კვოტები და მათი განაწილება რაიონების მიხედვით
(ცხრილის უფრო კომპაქტურად ჩაწერისთვის გამოყენებული აღნიშვნები: A – საბრძოლო ტანკები; B – მოჯავშნული საბრძოლო მანქანები; C – საველე საარტილერიო სისტემები; D დამრტყმელი ვერტმფრენები; E – საბრძოლო თვითმფრინავები)
შეიარაღებათა განლა- . . . . . . . A . . . . . . B . . . . . . . C . . . . . . D . . . . E . .
გების პირობები
რაიონი 4.1
სულ არაუმეტეს . . . . . . . . . . 20 000 . . 30 000* . . 20 000 . . 2000 . . 6800
მათგან რეგულარულ
ნაწილებში არაუმეტეს . . . . .16 500 . . 27 300 . . . 17 000
რაიონი 4.2
სულ არაუმეტეს . . . . . . . . . . 15 300 . . 24 100 . . . 14 000
მათგან რეგულარულ
ნაწილებში არაუმეტეს . . . . .11 800 . . 21 400 . . . 11 000
რაიონი 4.3 **
რეგულარულ ნაწილებში
არაუმეტეს . . . . . . . . . . . . . . . 10 300 . . 19 260 . . . . .9100
რაიონი 4.4
რეგულარულ ნაწილებში
არაუმეტეს . . . . . . . . . . . . . . . . . 7500 . . 11 250 . . . . .5000
რაიონი 5.1 ***
რეგულარულ ნაწილებში
არაუმეტეს . . . . . . . . . . . . . . . . . 4700 . . . . 5900 . . . . 6000
შენიშვნები: * 30 000 მოჯავშნული საბრძოლო მანქანიდან არაუმეტეს 18 000-სა ქვეითთა საბრძოლო მანქანა და საბრძოლო მანქანა მძიმე შეიარაღებით; ხოლო მათგან არაუმეტეს 1500-სა – საბრძოლო მანქანა მძიმე შეიარაღებით.
** კიევის სამხედრო ოლქში რეგულარულ ნაწილებსა და სპეციალურ საწყობებში განლაგებული შეიარაღების ჯამური რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 2250 საბრძოლო ტანკს, 2500 მოჯავშნულ საბრძოლო მანქანასა და 1500 ერთეულ საველე საარტილერიო სისტემას.
*** შეიარაღებათა აღნიშნულ კვოტებზე დამატებით, საბჭოთა კავშირს უფლება მისცეს საფლანგო რაიონში ოდესის სამხედრო ოლქის ტერიტორიაზე და ლენინგრადის სამხედრო ოლქის სამხრეთ ნაწილში (ფსკოვის ადმინისტრაციულ ოლქში) სპეციალურ საწყობებში კიდევ დამატებით განელაგებინა არაუმეტეს 1000 საბრძოლო ტანკის, 800 მოჯავშნული საბრძოლო მანქანის და 900 საველე საარტილერიოს სისტემისა.
როგორც 1-ლი ცხრილიდან ჩანს, ცენტრალურ რაიონში ხელშეკრულებით გათვალისწინებულია ჯავშანსატანკო ტექნიკისა და საველე არტილერიის განლაგება როგორც რეგულარულ საჯარისო ნაწილებში, ისე სპეციალურად მოწყობილ და მონიშნულ საწყობებშიც, ხოლო საფლანგო რაიონში კი – მხოლოდ რეგულარულ ნაწილებში. ამაზე დამატებით, როგორც ვნახეთ, საბჭოთა კავშირს უფლება მისცეს მოეწყო ჯავშანსატანკო ტექნიკისა და საველე არტილერიის საწყობები საფლანგო რაიონშიც: ოდესის სამხედრო ოლქში და ლენინგრადის სამხედრო ოლქის სამხრეთ ნაწილში (ფსკოვის ადმინისტრაციულ ოლქში).
მუდმივად გასალაგებელი ჩვეულებრივი შეტევითი შეიარაღების კვოტების გარდა, თითოეული სამხედრო ბლოკის ხელმძღვანელობას ან ცალკეულ სახელმწიფოებს უფლება მისცეს საკუთარი საფლანგო სახელმწიფოების ტერიტორიაზე დროებით საფუძველზე განელაგებინა არაუმეტეს 459 საბრძოლო ტანკის, 723 მოჯავშნული საბრძოლო მანქანის და 420 საველე საარტილერიო სისტემისა. თანაც თითოეული საფლანგო სახელწფოს ტერიტორიაზე შესაძლებეია დროებით განლაგებულ იქნას აღნიშნული კვოტების არაუმეტეს ერთი-მესამედისა, ე. ი. არაუმეტეს 151 საბრძოლო ტანკის, 241 მოჯავშნული საბრძოლო მანქანისა და 140 საველე საარტილერიო სისტემის. სწორედ ამ დებულების საფუძველზე არის განლაგებული დღესდღეობით საქართველოში რუსული სამხედრო ბაზები და მათი შეიარაღება.
ზემოაღნიშნული პირობების გათვალისწინებით, ყოფილი საბჭოთა კავშირის ჩვეულებრივი შეიარაღების საერთო კვოტები და ამ კვოტებიდან საკუთრივ საფლანგო რაიონში გასალაგებელი შეიარაღების მაქსიმალური რაოდენობა ნაჩვენებია მე-2 ცხრილში.
ცხრილი 2
საბჭოთა კავშირის ჩვეულებრივი შეიარაღების კვოტები

შეიარაღებათა განლა- . . . . . . . . . .A . . . . . . B . . . . . . .C . . . . . D . . . . E . .
გების პირობები
მ თ ლ ი ა ნ ა დ ქვეყნის
ევროპულ ტერიტორიაზე
არაუმეტეს . . . . . . . . . . . . . . . . . . 13 150 . . 20 000 . . 13 175 . . 1500 . . 5150
მათგან რეგულარულ
ნაწილებში არაუმეტეს . . . . . . . .10 500 . . 17 920 . . 10 825
მათგან საფლანგო რაიონში
რეგულარულ საჯარისო
ნაწილებში არაუმეტეს . . . . . . . . . .1850 . . . .1800 . . . 2775
დამატებით საფლანგო
რაიონში სპეციალურ
საწყობებში არაუმეტეს . . . . . . . . . 1000 . . . . 800 . . . . .900
90-იანი წლების დასაწყისშივე, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, დაისვა ამ კვოტების გადანაწილების საკითხი სსრკ-ის ევროპულ ტერიტორიაზე წარმოქმნილ ახალ დამოუკიდებელ სახელმწიფოებს შორის. ბალტიის ქვეყნებმა ამაში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს, ყაზახეთის ტერიტორიის მცირე ნაწილი კი, მართალია, შემოდის ევროპის ფარგლებში, მაგრამ აქ მას ჯარები განლაგებული არა ჰყავს. ამიტომ საბჭოთა კავშირის კვოტები გადაანაწილეს რუსეთის ფედერაციას (მის ევროპულ ტერირორიაზე), ბელორუსს, უკრაინას, მოლდოვას, აზერბაჯანს, სომხეთსა და საქართველოს შორის. თანაც მოლდოვას, აზერბაიჯანს, სომხეთსა და საქართველოს, ასევე რუსეთის ფედერაციას ლენინგრადისა და ჩრდილო-კავკასიის სამხედრო ოლქებში ჯავშანსატანკო ტექნიკისა და საველე საარტილერიო შეიარაღების კვოტები დაუდგინეს ყოფილი სსრკ-ის საფლანგო რაიონის კვოტებიდან. ეს მოხდა 1992 წლის მაისში ტაშკენტში გამართულ მოლაპარაკებებზე, CFE-ხელშეკრულების ახალი პირობებისადმი შეგუების მიზნით.
ტაშკენტის შეთანხმების ძალით საქართველოს (ასევე სომხეთსა და აზერბაიჯანს) უფლება მისცეს თავის ტერიტორიაზე მშვიდობიანობის დროს რეგულარულ საჯარისო ნაწილებში მუდმივად განლაგებული ჰყავდეს არაუმეტეს 220 საბრძოლო ტანკის, 220 მოჯავშნული საბრძოლო მანქანის, 285 საველე სარტილერიო სისტემის, 50 დამრტყმელი ვერტმფრენის და 100 საბრძოლო თვითმფრინავისა. უნდა ითქვას, რომ ეს შეიარაღება მიზერულადაც კი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს (იგივე აზერბაიჯანისა და სომხეთის) თავდაცვის უზრუნველყოფის მოთხოვნებს. სახელდობრ, ერთ გერმანულ სატანკო ბატალიონში 54 საბრძოლო ტანკია, თურქულში _ 54–56, ამერიკულში – 58, ჰოლანდიურში – 49 და ა. შ. ამიტომ 220 საბრძოლო ტანკის კვოტა საკმარისი იქნება ე. წ. დასავლური ტიპის ოთხი სატანკო ბატალიონის დაკომპლექტებისთვის. რაც შეეხება მოჯავშნულ საბრძოლო მანქანებს, ისინი წარმოადგენენ თანამედროვე მოტომსროლელი (მოტოქვეითი, მექანიზებული ქვეითი) ქვედანაყოფების ძირითად სატრანსპორტო და საბრძოლო საშუალებას. მაგალითად, თანამედროვე გერმანულ და თურქულ მოტოქვეით ბატალიონში შტატით გათვალისწინებულია 60–70 ქვეითთა საბრძოლო მანქანა და ჯავშანტრანსპორტერი, ამერიკულში – 85 და ა. შ. გარდა ამისა, მსუბუქი ტანკების, საბრძოლო სადაზვერვო მანქანებისა და ჯავშანტრანსპორტერების გარკვეული რაოდენობა საჭირო არის სატანკო ბატალიონებში, საარტილერიო დივიზიონებში, სადაზვერვო, საინჟინრო-მესანგრეთა, კავშირგაბმულობის, სამედიცინო და სხვა ქვედანაყოფებში. ამიტომ 220 მოჯავშნული საბრძოლო მანქანის კვოტა კიდევ უფრო მიზერულია საქართველოს თანამედროვე სახმელეთო ჯარების რეალურ საჭიროებასთან შედარებით. იგივე ითქმის საველე არტილერიაზეც, რომლის 285 ერთეულის კვოტით დადგენილი რაოდენობა შეიძლება ეყოს მხოლოდ სამი-ხუთი თანამედროვე საბრძოლო ბრიგადის საშტატო შეიარაღებას (საარტილერიო რეზერვის გარეშე). ეს ძალები და საშუალებები სრულების არაა საკმარისი ხუთმილიონიანი სახელმწიფოს თავდაცვის უზრუნველყოფისთვის.
მაგალითისთვის მოვიყვანთ ტერიტორიითა და მოსახლეობით საქართველოს თანაზომად ევროპულ ნეიტრალურ სახელმწიფოებს, ფინეთსა და შვეიცარიას, რომელთაც მკაფიოდ გამოხატული თავდაცვითი სამხედრო დოქტრინა გააჩნიათ, თითოეულ მათგანს აქვს საქართველოსთვის განსაზღვრულ კვოტებზე გაცილებით უფრო მეტი შეიარაღება (მათ CFE-ხელშეკრულებით გათვალისწინებული შეზღუდვები არ შეხებია, ვინაიდან ისინი სამხედრო ბლოკებში არ შედიოდნენ). ეს ორი ქვეყანა ჩვენთვის იმითაცაა საინტერესო, რომ მათ სარდლობებს ერთმანეთისგან განსხვავებული მიდგომები გააჩნიათ სახმელეთო ჯარების მშენებლობის საკითხებისადმი. ფინური სამხედრო ხელმძღვანელობა აქცენტს აკეთებს ქვეითი და მსუბუქი მექანიზებული საჯარისო ნაწილების ჩამოყალიბებაზე. ომიანობის დროს იგი ვარაუდობს საველე ანუ საბრძოლო ჯარების 26 საბრძოლო ბრიგადისა (ორი ჯავშანსატანკო, ათი “ეგერთა”, იგივე მსუბუქი მექანიზებული /სატანკო ქვედანაყოფების გარეშე/ და 14 ქვეითი) და ტერიტორიული თავდაცვის ჯარების კიდევ დაახლოებით 200 ცალკეული ბატალიონისა და ასეულის გამოყვანას. სტრატეგიული კვლევების ლონდონის საერთაშორისო ინსტიტუტის მონაცემებით, 2000 წელს მათ შეიარაღებაში გააჩნდათ 230 საბრძოლო ტანკი, 1063 მოჯავშნული მანქანა (საბრძოლო და საბრძოლო უზრუნველყოფის), 1937 საველე და სანაპირო თავდაცვის საარტილერიო სისტემა, აგრეთვე 81-მმ ნაღმსატყორცნების, ტანკსაწინააღმდეგო და საზენიტო საშუალებების მნიშვნელოვანი რაოდენობა, სატრანსპორტო და უზრუნველყოფის სხვა დანიშნულების ვერტმფრენები და სხვა შეიარაღება. შვეიცარიის სარდლობა, ფინურისგან განსხვავებით, აქცენტს აკეთებს ჯავშანსატანკო და მექანიზებული ნაწილებისა და შენაერთების მშენებლობაზე. ამიტომ მის შეიარაღებაში იმავე 2000 წელს ნაჩვენები იყო 556 საბრძოლო ტანკი (მათგან 320 თანამედროვე გერმანული “ლეოპარდ-2”), 1538 მოჯავშნული მანქანა (საბრძოლო და საბრძოლო უზრუნველყოფისა), საველე არტილერიის 1092 ქვემეხი და ნაღმსატყორცნი (100 მმ და მეტი ყალიბისა), ასევე 81-მმ ნაღმსატყორცნები, ტანკსაწინააღემდეგო და საზენიტო საშუალებები, საბრძოლო უზრუნველყოფისა და სატრანსპორტო ვერტმფრენები და სხვა შეიარაღება.
ასეთ პირობებში აშკარაა, რომ ეუთო-ს ეგიდით 1990 და 1992 წლებში დადებული ხელშეკრულებების თანახმად, საქართველოსთვის (ასევე სომხეთისა და აზერბაიჯანისთვის) დადგენილი 220 საბრძოლო ტანკის, 220 მოჯავშნული საბრძოლო მანქანისა და 285 საველე საარტილერიო სისტემის კვოტები მიზერულადაც კი ვერ აკმაყოფილებს თითოეული ამ ქვეყნის თავდაცვითი აუცილებლობის მოთხოვნილებებს. ეს ნიშნავს, რომ მეზობელი ძლიერი სახელმწიფოსგან (თურქეთი ან რუსეთი) აგრესიის შემთხვევაში, ჩვენი ქვეყნის, ასე ვთქვათ, შეიარაღებული ძალები ვერ შეძლებს მასზე დაკისრებული ამოცანის შესრულებას, ანუ ქვეყნის ტერიტორიისა და სუვერენიტეტის დაცვას; ტრადიციულ საბრძოლო მოქმედებებში სასტიკად დამარცხდება, და თუკი მის სამხედრო მოსამსახურეებს ექნებათ საკუთარი სახელმწიფოს ინტერესებისთვის ბრძოლის გაგრძელების სურვილი, ავტომატურად იძულებული გახდებიან გადავიდნენ პარტიზანულ და იატაკქვეშა მოქმედებებზე, რომლებიც სულ ადვილად შესაძლოა იქნას შეფასებული ტ ე რ ო რ ი ზ მ ა დ, რაც ალბათ გამოიწვევს ჩვენს მიმართ შესაბამისი დამოკიდებულების გაჩენასა და გარკვეული სანქციების ამოქმედებას.
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ანალოგიური მოვლენები მოხდა XIX საუკუნის მეორე ნახევარში ბრიტანელთა ბატონობისგან ირლანდიის განთავისუფლებისთვის ბრძოლაში. მაშინ “ირლანდიის რესპუბლიკური არმია” (ირა) შეიქმნა სწორედ იმისთვის, რათა მას ტრადიციული საბრძოლო მოქმედებები ეწარმოებინა ბრიტანული ჯარების წინააღმდეგ და ირლანდიის დამოუკიდებლობის სამხედრო საკითხი გადაეწყვიტა. მაგრამ თავისი მწირი შეიარაღების, და განსაკუთრებით, არტილერიის სიმცირის გამო, ირლანდიელი პატრიოტები (გნებავთ, სეპარატისტები) ზედიზედ მარცხდებოდნენ ლონდონისადმი დაქვემდებარებულ ჯარებთან შეტაკებებში, რამაც თავისთავად უკარნახა ირა-ს ხელმძღვანელობას გადასულიყო პარტიზანულ და იატაკქვეშა (ტერორისტულ) მოქმედებებზე. ანუ “ირლანდიის რესპუბლიკური არმიის” ტერორისტულ შეიარაღებულ ძალად ჩამოყალიბება განაპირობა სწორედ მის შეიარაღებაში საველე არტილერიის უკიდურესად მცირე რაოდენობამ. ამის შესახებ გადაღებულია და ჩვენთანაც გადიოდა ძალზედ კარგი მხატვრული ფილმი (სახელწოდება სამწუხაროდ არ მახსოვს), რომლის მთავარი გმირიც გახლდათ ირა-ს პირველი სამხედრო ხელმძღვანელი, და მას ბრიტანეთში მკვლელს უწოდებდნენ, ხოლო ლონდონელი მოხელეები მასთან მოლაპარაკებების წარმოებას დიდი ხნის მანძილზე სასტიკად თაკილობდნენ, სანამ უკიდურესმა აუცილებლობამ არ აიძულა ისინი საამისოდ.
წმინდა სამხედრო შემადგენელი ნაწილის გარდა ბრიტანული ბატონობისგან ირლანდიის განთავისუფლების მოძრაობას, ცხადია, გააჩნდა პოლიტიკური მხარეც, რომელიც ამის შემდეგ სულ უფრო მეტად დაუკავშირდა ირა-ს მიერ წარმოებული ტერორისტული ბრძოლის შედეგების პოლიტიკურ გამოყენებას. აღნიშნულ საკითხში ჩვენ საკმარისი ცოდნა არ გაგვაჩნია და არც ჩვენი ნაშრომის მიზანს არ წარმოადგენს ტერორიზმის პოლიტიკური სარჩულების კვლევა. მაგრამ ჩვენთვის ცნობილი არიან ის ქართველი სპეციალისტები, ვინც საჭიროების შემთხვევაში შეძლებენ ასეთი სამუშაოს შესრულებას.
ამ შემთხვევაში კი ჩვენთვის მთავარი იყო გვეჩვენებინა, რომ ეუთო-ს ეგიდით 90-იანი წლების დასაწყისში დადებული საერთაშორისო ხელშეკრულებებით საქართველოსთვის დადგენილი ჩვეულებრივი შეტევითი შეიარაღების ძალზედ მცირე რაოდენობრივი კვოტები ჩვენს ქვეყანას აპრიორულად აყენებს ისეთ პირობებში, რომ სავარაუდოდ თურქეთთან ან რუსეთთან ტრადიციულ საბრძოლო მოქმედებებში იგი ვერ შეძლებს საკუთარი ტერიტორიული მთლიანობისა და სახელმწიფო სუვერენიტეტის დაცვას. თავისთავად ცხადია, რომ დამარცხებული და შეურაცხყოფილი ერის ერთი ნაწილი არ შეურიგდება ასეთ მდგომარეობას და შეეცდება შეიარაღებული ბრძოლის გაგრძელებას უკვე პარტიზანული (მთიან და ტყიან რაიონებში) და იატაკქვეშა ბრძოლის მეთოდებითა და ხერხებით. ანუ იმ გზით დაიცავს საკუთარი ქვეყნისა და ხალხის ინტერესებსა და ღირსებას, რომელიც სულ ადვილად შეიძლება შეფასდეს ან ეროვნულ-განმათავისუფლებელ და პატრიოტულ მოძრაობად, ან კიდევ ტერორიზმად, და ასეთ მდგომარეობაში ჩვენ გვაყენებს ეუთო-ს ეგიდით 90-იანი წლების დასაწყისში დადებული საერთაშორისო ხელშეკრულებები.
მაგრამ იმავე CFE-ხელშეკრულების (1990 წლის ნოემბერი) შესავალ ნაწილში ნათქვამია, რომ იგი მიზნად არ ისახავს მისი მონაწილე რომელიმე სახელმწიფოს ეროვნული უსაფრთხოებისთვის სამხედრო მუქარების შექმნას, არამედ ხელმომწერ ქვეყნებს სურთ რომ ერთ რომელიმე ქვეყანას, ან ქვეყნების ჯგუფს მოუსპონ სხვათა წინააღმდეგ მოულოდნელად მსხვილმასშტაბიანი თავდასხმის განხორციელების შესაძლებლობა. ამავე დროს ნათქვამია, რომ ევროპაში პოლიტიკური ვითარების განვითარების და მიხედვით, შესაძლებელია მასში შემდგომი კორექტივების შეტანა თვით ახალი მოლაპარაკებების დაწყების ჩათვლითაც კი. ეს ორი ფუძემდებლური დებულება საშუალებას აძლევს საქართველოს ხელისუფლებას, რომ ეუთო-ს ხელმძღვანელობის წინაშე დააყენოს მისთვის შეიარაღებათა კვოტების გაზრდის საკითხი, მაგრამ ჩვენი სახელმწიფო მოხელეები ბოლო წლების განმავლობაში ამის გაკეთებას დაჟინებით გაურბიან. და ეს ხდება არა საქართველოს ხელისუფალთა ინიციატივით.
ამის დასადასტურებლად შეგვიძლია მოვიყვანოთ ერთი მაგალითი. 1999 წლის მიწურულს საქართველოში ჩამოსული იყო ნატო-ს მაშინდელი გენერალური მდივნის ჰავიერ სოლანას თანაშემწე კრის დონელი, რომლის მონაწილეობითაც თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტში ჩატარებულ იქნა საჯარო სხდომა. ამ სხდომის დროს კრის დონელის მოხსენების შემდეგ ჩვენ მას დავუსვით ორი შეკითხვა: პირველი შეეხებოდა იმას, რომ 1990 წელს თურქეთს განუსაზღვრეს ჩვეულებრივი შეიარაღების კვოტები მაშინ მისდამი არსებული მუქარების გათვალისწინებით, ბულგარეთის, რუმინეთისა და სსრკ-ის შესაბამისი სამხედრო ოლქების ჯარების მხრიდან. დღესდღეობით ბულგარეთი და რუმინეთი ცდილობენ ნატო-ში შესვლას და არ არიან დაინტერესებულნი თურქეთთან ურთიერთობების გამწვავებით; ამიერკავკასიაში კი უწინდელი 11 საბჭოთა დივიზიისა და 12 სხვადასხვა ტიპის ბრიგადა/პოლკის ნაცვლად მხოლოდ ოთხი შედარებით სუსტი რუსული სამხედრო ბაზაღაა დარჩენილი (გუდაუთის 345-ე საპარაშუტო-სადესანტო პოლკის ჩათვლით).
დღევანდელ პირობებში თურქეთის კვოტები მნიშვნელოვნად აღემატება მისი თავდაცვითი აუციულებლობის დონეს და უკვე შეტევითი მოქმედებების წარმოების შესაძლებლობას აძლევს მის სარდლობას. მეორეს მხრივ, საქართველოს კვოტები აშკარად არაა საკმარისი ჩვენი ქვეყნის თავდაცვის უზრუნველყოფისთვის, რითაც ირღვევა 1990 წელს დადებული ხელშეკრულების შესავალ ნაწილში ჩამოყალიბებული ფუძემდებლური პრინციპები. ამის საპასუხოდ ბ-ნმა კრის დონელმა საჯაროდ განაცხადა, რომ წარმოთქმული მოსაზრებები საყურადღებოა, რომ თავად ხელშეკრულება სრულყოფილი არ არის და შესაძლებელია მასზე შემდგომი მუშაობაო. ეს ყველაფერი გონივრული და მისაღებია, მაგრამ სწორედ ამის შემდეგ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის ხელმძღვანერლობამ დაჟინებით დაიწყო ჩვენთვის სიტყვის არმოცემა, მიკროფონის გამორთვა, მოტყუება – შემდეგ გათქმევინებთო და ა. შ. ანუ შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ნატო-ს გენერალური მდივნის თანაშემწის მიერ საჯაროდ გამოთქმული მოსაზრებისგან განსხვავებით, იმავე ადამიანმა (კრის დონელმა) ცალკე მისცა თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის ხელმძღვანელობას მითითება, რომ საქართველოს თავდაცვისთვის ამ უაღრესად საჭირბოროტო საკითხებზე დისკუსია ჩანასახშივე ჩაეკლათ. ანუ დასავლეთი თავიდანვე ისეთ მდგომარეობაში გვაყენებს, რომ თავდაცვისუნარიან ქვეყნად საქართველო ვერ ჩამოყალიბდეს, ხოლო თუკი მაინც მოვინდომებთ საკუთარი ინტერესების დაცვას, სხვა არაფერი დაგვრჩენოდეს, გარდა ტერორისტული მეთოდებით ბრძოლისა.
აქედან კარგად ჩანს დასავლეთის მმართველი წრეების თვალთმაქცობა ვითომდა ტერორიზმიდან მომდინარე მუქარებისა და მის წინააღმდეგ ბრძოლის აუცილებლობის შესახებ. და ვინაიდან აშშ-ის მიერ 2001 წლის 11 სექტემბრის მოვლენების შემდეგ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ლოზუნგის გადმოგდებამდე ერთი წლით ადრე უკვე რუსეთის ხელისუფლებამ ააფრიალა ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის დროშა, შესაძლოა იმაზედაც მიგვანიშნებდეს, რომ მასშტაბურ პროცესში აშშ-ის ადმინისტრაცია და კრემლის დღევანდელი ხელისუფლება იმთავითვე შეთანხმებულად მოქმედებდნენ.
აქეთკენ მიმავალი კვალი აშკარად დაიმზირება იმაში, რომ ჯერ 1999 წლის მეორე ნახევარში ჩინეთში ვიზიტად მყოფი რუსეთის პრეზიდენტის ბორის ელცინის მიერ აშშ პრეზიდენტის კლინტონისადმი მუქარის სახით რუსეთის სტრატეგიული ბირთვული პოტენციალის შეხსენების კვალდაკვალ ბენ ლადენმა გაააქტიურა ფულადი დახმარება ავღანელი თალიბებისადმი, ხოლო ამ უკანასკნელებმა უფრო მეტი მონდომებით განაახლეს საბრძოლო მოქმედებები ყოფილი საბჭოთა კავშირის შუა აზიის ტერიტორიის მიმართულებით, ანუ იმ ტერიტორიისკენ, რომელიც გავლენის სფეროებად ჯერ არ არის გაყოფილი ანტიდასავლური კოალიციის ძირითად წევრებს – რუსეთს, ირანსა და ჩინეთს შორის. ამით ვაშინგტონი დაანახებდა თავის პოტენციურ მოწინააღმდეგეებს, რომ გააჩნია ბერკეტები მათ არცთუ მტკიცე კოალიციაში სერიოზული განხეთქილებების შესატანად. ამის პარალელურად, ცნობილი ბორის ბერეზოვსკის ინიციატივითა და ფინანსური მხარდაჭერით, ჯერ ჩეჩნეთ-დაღესტანში ააფრიალეს ვაჰაბიზმის დროშა და მის საფარველქვეშ გააჩაღეს სეპარატისტული შეიარაღებული ბრძოლა, ხოლო შემდეგ იმავე ბერეზოვსკის ფულებით წარმატებით აწარმოა “კონტრტერორისტული ოპერაციის” პირველი ეტაპი და რუსეთის ახალ პრეზიდენტად მოვიდა ვლადიმირ პუტინი, რომელმაც ელცინისეული კონფრონტაციის პოლიტიკის ნაცვლად დასავლეთთან დაახლოება არჩია.
მთელ ამ სცენარში ჯერ ბენ ლადენმა და თალიბებმა გაუწიეს სამსახური ამერიკულ ადმინისტრაციას რუსეთ-ირან-ჩინეთის კოალიციაში ბზარების შესატანად, შემდეგ რუსეთში დაიწყო ჩეჩენი და სხვა “ტერორისტების” წინააღმდეგ შეიარაღებული ბრძოლა და ახალი რუსული ადმინისტრაციის დასავლეთთან დაახლოება. ხოლო შემდეგ იმავე ბენ ლადენის მიერ, სავარაუდოდ ისევ აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დავალებით, 11 სექტემბრის მოვლენებში თანამონაწილეობაზე თანხმობა, რასაც შედეგად მოჰყვა მსოფლიოში გავრცელებული ტერორისტული ორგანიზაციების ქსელის წინააღმდეგ აშშ კონგრესის მიერ გრძელვადიანი გლობალური ომის გამოცხადება. ეს უკანასკნელი კი მსოფლიო ომია, რომელიც დაინტერესებულ წრეებს სულ ადვილად შეუძლიათ გადაზარდონ სრულმასშტაბიან თერმობირთვულ მსოფლიო ომში.
მომავალი ყველაფერს გვიჩვენებს, ის კი თვალნათელია, რომ ე. წ. ტერორიზმის პრობლემა დასავლეთის მმართველი წრეების მიერ ხელოვნურადაა ამ მასშტაბებამდე გაბერილი, ხოლო მისგან მომდინარე მუქარები სახელმწიფოებისთვის კი თითიდან გამოწოვილია და უფრო დიდ სამხედრო-პოლიტიკურ თამაშში სულ სხვა მიზნების მიღწევას ემსახურება.
ირაკლი ხართიშვილი
2002 წლის ნოემბერი
გამოყენებული ლიტერატურა
1. ხელშეკრულება ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების შესახებ (მოკლე მიმოხილვა) – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სამხედრო-პოლიტიკური დეპარტამენტი;
2. Тенденция в развитии военной доктрины США, Зарубежное Военное Обозрение, 1981, № 11;
3. «Силы быстрого развёртывания» США, Зарубежное Военное Обозрение, 1982, № 2;
4. Амфибийные силы ВМС США, Зарубежное Военное Обозрение, 1982, № 2;
5. Наглая агрессия США против Гренады, Зарубежное Военное Обозрение, 1984, № 1;
6. «Морская стратегия» США, Зарубежное Военное Обозрение, 1986, № 11;
7. «Морская стратегия» США, Зарубежное Военное Обозрение, 1991, № 1;
8. The Military Balance 1991-1992;
9. The Military Balance 2000-2001;
10. Treaty on Conventional Armed Forces in Europe, Paris, 19 November, 1990;
11. Agreement on the Principles and Procedures for the Implementation of the Treaty on Conventional Armed Forces in Europe, Tashkent, 15 May, 1992;
12. Final Document of the First Conference tu Review the Operation of the Conventional Armed Forces in Europe and the Concluding Act of the Negotiation on Personnel Strength, Viena, 15-31 May, 1996.
გვიანდელი მინაწერი: ამ წერილის დასასრულს გამოთქმულ მოსაზრებას ადასტურებს ქვემოთ მოყვანილი ამონარიდი არტურ ლეპიკის წერილიდან “ზბიგნევ ბჟეზინსკის ანტირუსეთული სტრატეგია. ახალი ცივი ომი” რომელიც გამოქვეყნებულ იქნა ფრანგულ ჟურნალში “Reseau Voltaire”, ხოლო იქიდან კი რუსული თარგმანი ინტერნეტში საიტზე ИноСМИ.რუ, 28.07.05. ამონარიდში ვკითხულობთ:
“როგორც კი კარტერმა დაიკვა თავისი პოსტი, მან თავის პრიორიტეტად გამოაცხადა ორი ბლოკის (აშშ – სსრკ) სამხედრო ბირთვული არსენალის შემცირება. მაგრამ კრიზისმა, რომელიც დაკავშირებული იყო ევროპაზე მომართულ საბჭოთა რაკეტებთან SS-20, აიძულა კარტერი რეაგირება მოეხდინა რაკეტების “პერშინგი” გაშლით, და მისი ძალისხმევა – გულწრფელი იყო ის თუ არა, დაიმსხვრა, ჩააყენა რა ორივე ბლოკი ურთიერთ ეჭვიანობის სიტუაციაში.
აღმოჩნდა, რომ იმ მომენტში საბჭოთა მხარეს ჰქონდა საკმარისი საფუძველი იმისთვის, რათა დაეჭვებულიყო თავის მოწინააღმდეგეზე ორმაგ თამაშში: სამხედრო დამარცხება ვიეტნამში ახალისებს აშშ-ს ფრთხილად ეჭიროს თავი სამხედრო და სტრატეგიულ პლანში, მაშინ როდესაც ბჟეზინსკი შეიმუშავებდა გეგმას ომისა სხვისი ხელებით, რათა აეძულებინა სსრკ ჩაფლულიყო პერიფერიულ კონფლიქტში.
კომუნისტური ავღანური რეჟიმის დესტაბილიზაცია და ჯიჰადისტების პირველი ანტი-კომუნისტური რაზმების შეიარაღება 1979 წელს იქცა, როგორც ვარაუდობდნენ კიდეც, წითელი არმიის ავღანეთში შეყვანის მიზეზად. მასში ბჟეზინსკი ემყარებოდა პაკისტანური დაზვერვის – ISI გავლენიან სამსახურებს. მხოლოდ 1998 წელს ფრანგული ჟურნალის “ნუველ ობსერვატერისთვის” მიცემულ ინტერვიუში ბჟეზინსკიმ აღიარა, რომ ბენ-ლადენის ანტი-საბჭოთა ჯარების შეიარაღება წინ უძღოდა რუსების შეჭრას და მიზნად ჰქონდა მოეხდინა მათი რეაქციის პროვოცირება:
“ნუველ ობსერვატერი”: ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ყოფილი დირექტორი რობერტ გეიტსი თავის მემუარებში ამტკიცებს, რომ ამერიკულმა სპეცსმსახურებმა ავღანელი მოჯაჰედებისთვის დახმრება დაიწყეს საბჭოთა ჩარევამდე ექვსი თვით ადრე. იმ დროს თქვენ იყვით პრეზიდენტ კარტერის მრჩეველი, ეს ნიშნავს, რომ თქვენ თამაშობდით საკვანძო როლს ამ საქმეში. თქვენ ადასტურებთ ამას?
ზბიგნევ ბჟეზინსკი: დიახ. ისტორიის ოფიციალური ვერსიის თანახმად ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს დახმარება მოჯაჰედებისთვის დაიწყო 1980 წლის განმავლობაში, ე. ი. მას შემდეგ, რაც საბჭოთა არმია შეიჭრა ავღანეთში 1979 წლის 24 დეკემბერს. მაგრამ რეალობა, რომელსაც დღევანდელ დღემდე საიდუმლოდ ვინახავდით, სხვანაირია: სინამდვილეში პერზიდენტმა კარტერმა ქაბულში პროსაბჭოთა რეჟიმის მოწინააღმდეგეთათვის საიდულმო დახმარების შესახებ პირველ დირექტივას ხელი მოაწერა 1979 წლის 3 ივლისს. და იმავე დღეს მე დავწერე მოხსენებითი ბარათი პრეზიდენტისთვის, რომელშიც მას ავუხსენი, რომ ჩემი აზრით ეს დახმარება გამოიწვევს საბჭოთა სამხედრო ჩარევას. (...) ჩვენ არ ვაიძულეთ რუსები ჩარეულიყვნენ, ჩვენ უბრალოდ შეგნებულად გავზარდეთ იმის შესაძლებლობა, რომ ისინი ამას გააკეთებდნენ.
ნ. ო.: როდესც საბჭოელები ამართლებდნენ თავიანთ შეჭრას იმით, რომ მათ განზრახული ჰქონდათ ებრძოლათ შეერთებული შტატების საიდუმლო ჩარევასთან, მათ არავინ არ დაუჯერა. თუმცა კი ეს მართალი იყო. დღეს თქვენ არაფრის გამო არ ნანობთ?
ზ. ბჟ.: ვინანო, რის გამო? ეს საიდუმლო ოპერცია ჩინებული იდეა იყო. მისი მიზანი იყო რუსების შეტყუება ავღანურ ხაფანგში, და თქვენ გინდათ, რომ მე ამის შესახებ ვნანობდე? იმ დღეს, როდესც საბჭოებმა ოფიციალურად გადალახეს საზღვარი, მე მოკლედ მივწერე პრეზიდენტ კარტერს: „ჩვენ ახლა გვაქვს შესაძლებლობა მივცეთ სსრკ-ს თავისი ვიეტნამის ომი“. (...)
ნ. ო.: თქვენ ასევე არ ნანობთ იმის გამო, რომ ხელს უწყობდით ისლამურ ფუნდამენტალიზმს, რომ თქვენ იარაღით ამარაგებდით და კონსულტაციებს უწევდით მომავალ ტერორისტებს?
ზ. ბჟ.: რა უფრო მნიშვნელოვანია მსოფლიოს ისტორიის თვალსაზრისით? თალიბანი თუ საბჭოთა იმპერიის დაცემა? რამდენიმე აფორიაქებული ისლამისტი თუ ცენტრალური ევროპის განთავისუფლება და ცივი ომი დასასრული?” (Le Nouvel Observateur # 1732, 15-21 იანვარი 1998, p. 76.)
როდესაც ლაპარაკობს “რამდენიმე აფორიაქებულ ისლმისტზე” ამ ინტერვიუში, ბჟეზინსკი სრულად ვერ აფასებს ალ-ქაიდას ძალას, არამედ ახასიათებს რეალობას, რომლისგანაც ნეოკონსერვატორებმა შექმნეს მითი, რათა გაამართლონ თავიანთი მსოფლიო ჯვაროსნული ლაშქრობა. რა თქმა უნდა, საგარეო ურთიერთობათა საკითხებში საბჭოს (Councel on Foreign Relations) წევრი დღეს თავს შეიკავებდა ასეთი კატეგორიული განცხადებებისგან”.
როგორც იტყვიან, კომენტრები ზედმეტია.
(დასასრული იხ. ნაწილი IV)

No comments:
Post a Comment