(ნაწილი IV)
IV ნაწილის შინაარსი
ნატო-ში გაწევრიანება საქართველოს რუსეთის აგრესიული გამოხტომებისგან დაიცავს?
თანამედროვე ქვეითი ჯარის შესახებ
თანამედროვე სამთოქვეითი ჯარების შესახებ
ამერიკულ-ქართული სიყალბე (ანუ რისთვის გვაჩუქა პენტაგონმა ათი ვერტმფრენი?)
ფსკოვო-პეჩორის მონასტერის ხატებიდან მირონდენა დიდ ომს მოასწავებს
„წვრთნისა და აღჭურვის“ პროგრამის ნამდვილი არსი და მნიშვნელობა

(წერილი გამოქვეყნდა გაზეთ „საქართველოს“ 2002 წლის სექტემბრის ნომერში /24 სექტემბერს/)
უკანასკნელ ხანს ჩვენი ხელისუფლება, როგორც აღმასრულებელი, ისე საკანონმდებლო, კვლავ გააქტიურდა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში (ნატო-ში) საქართველოს გაწევრიანებისთვის ზრუნვის დაწყების საკითხში. ამ პროცესის მომხრეები აცხადებენ, რომ საქართველოს არ შეუძლია იყოს ნეიტრალური სახელმწიფო, ვინაიდან ევროპის მცირე ნეიტრალურ სახელმწიფოებს – შვედეთს, შვეიცარიასა და ფინეთს – ძლიერი შეიარაღებული ძალები გააჩნიათ და ჩვენი ქვეყანა კი დღესდღეობით ამ საშუალებას მოკლებულია. გარდა ამისა, თუ ნატო-ში გავწევრიანდებით, მაშინ რუსეთი უკვე ვეღარ შეძლებს საქართველოს მიმართ აგრესიული პოლიტიკის წარმოებასო. ვნახოთ, რამდენად მართებულია ასეთი მოსაზრებები.
1. ევროპის მცირე ნეიტრალური სახელმწიფოები მართლაც დიდ ყურადღებას აქცევენ საკუთარი ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დასაცავად ძლიერი შეიარაღებული ძალების მშენებლობას. ცივი ომის პერიოდში ომიანობის დროისთვის მათი სარდლობები ვარუდობდნენ შეიარაღენულ ძალებში მოსახლეობის დაახლოებით 10 %-ის მობილიზებას, დღესდღეობით კი ეს მაჩვენებელი რამდენადმე შემცირებულია. ცხადია, რომ საამისოდ მათ სათანადო რიცხვის მომზადებული რეზერვისტები და შეიარაღება გააჩნიათ. ცხრილში ნაჩვენებია, სტრატეგიული კვლევების ლონდონის საერთაშორისო ინსტიტუტის მონაცემებით, შვედეთის, შვეიცარიისა და ფინეთის მოსახლეობის, შეიარაღებული ძალებისა და ძირითადი შეიარაღების მაჩვენებლები 2000 წლის მდგომარეობით.
ცხრილი
ევროპის მცირე ნეიტრალური სახელმწიფოების მოსახლეობა, შეიარაღებული ძალები და ძირითადი შეიარაღება 2000 წლის მდგომარეობით*
ქვეყნის მოსახლეობა და . . . . . . . . შვედეთი . . შვეიცარია . . ფინეთი
შეიარაღებული ძალები . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
მოსახლეობა, ადამიანი . . . . . . . . . 8 947 000 . . . . .7 090 000 . . . . 5 183 000
მშვიდობიანობის დროის
რეგულარული შეიარაღებული
ძალები, ადამიანი . . . . . . . . . . . . . . . . 52 700 . . . . . . . . * . . . . . . . . . 31 700
რეზერვები, ადამიანი . . . . . . . . . . . .570 000 . . . . . 351 000 . . . . . .485 000
ძირითადი შეიაღება:
საბრძოლო ტანკები . . . . . . . . . . . . . . . . 537 . . . . . . . .556 . . . . . . . . . 230
მოჯავშნული საბრძოლო
მანქანები . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 1856 . . . . . . 1538** . . . . . . .1063**
საველე საარტილერიო
სისტემები . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .1050 . . . . . . 1092 . . . . . . . . .1917
საბრძოლო თვითმფრინავები . . . . . . . . 250 . . . . . . . 154 . . . . . . . . . . 64
დამრტყმელი ვერტმფრენები . . . . . . . . . – . . . . . . . . . – . . . . . . . . . . . – . .
წყალქვეშა ნავები . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 9 . . . . . . . . . – . . . . . . . . . . . – . .
მსხვილი წყალზედა
საბრძოლო ხომლდები . . . . . . . . . . . . . . . . – . . . . . . . . . . – . . . . . . . . . . – . .
მცირე საბრძოლო ხომალდები
და კატარღები*** . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 45 . . . . . . . . . . – . . . . . . . . . .10
შენიშვნები: * – ეს ცხრილი რამდენადმე განსხვავებულია გაზეთში გამოქვეყნებულთან შედარებით და მასში დამატებით შეყვანილია შეიარაღებაში არსებული დამრტყმელი ვერტმფრენების, წყალქვეშა ნავების, მსხვილი საბრძოლო წყალზედა ხომალდების, აგრეთვე მცირე ხომალდებისა და კატარღების რაოდენობაც.
** – აქ მოჯავშნულ საბრძოლო მანქანებთან ერთად, თავად ბრიტანულ წყაროში, ნაჩვენებია მათ ბაზაზე შექმნილი არასაბრძოლო დანიშნულების მოჯავშნული მანქანებიც – სამეთაურო-საშტაბო, საინჟინრო, მეწინავე საარტილერიო დამკვირვებლებისა და სხვა.
*** – აქ უნდა დავუმატოთ ზღვაში სანაღმო ომის წარმოების მცირედ ხომალდებიც: შვედეთის სამხედრო-საზღვაო ძალებში 22 ხომალდი (ორი ნაღმგადამღობი და 20 გამნნაღმავი /ტრალერი/), ხოლო ფინეთის სამხედრო-საზღვაო ძალებში კი 23 (ათი ნაღმგადამღობი და 13 გამნნაღმავი /ტრალერი/).
ნეიტრალურ სახელმწიფოთა სამხედრო მშენებლობის პარამეტრებზე გასასვლელად საქართველოს ბევრი რამ უშლის ხელს. ჯერ ერთი, 1990 და 1992 წლებში ეუთო-ს ეგიდით დადებული ხელშეკრულებებით საქართველოს უფლება აქვს მუდმივად თავის ტერიტორიაზე იყოლიოს არაუმეტეს 220 საბრძოლო ტანკის, 220 მოჯავშნული საბრძოლო მანქანის, 285 საველე საარტილერიო სისტემი, 50 დამრტყმელი ვერტმფრენის და 100 საბრძოლო თვითმფრინავისა. როგორც ბევრჯერ გვითქვამს, ჯავშანსატანკო ტექნიკისა და საველე არტილერიის ზემოაღნიშნული კვოტები მიზერულადაც კი ვერ აკმაყოფილებს 5-მილიონიანი საქართველოს თავდაცვითი აუცილებლობის მოთხოვნებს. ჩვენ ამის შესახებ ღვთის წყალობით, უკვე 1999 წლის დასაწყისიდან ვიცოდით და იმ დროიდან მოყოლებული რამდენჯერმე დავაყენეთ ეს საკითხი როგორც საქართველოს ხელიუფლების წინაშე, ისე ჩვენში ჩამოსული ნატო-ს ბლოკის მაღალჩინოსანი მოხელეებისაც. ისინი ამას ვერ უარყოფდნენ, მაგრამ, სამწუხაროდ, არც ქმედითი დაინტერესება გამოუჩენიათ ვითარების გამოსასწორებლად. ამიტომ მეტად გვაფიქრებს, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ ნაკლები ყურადღების მიქცევა საკუთარი ქვეყნის გაძლიერებისადმი და უპირატესად საერთაშორისო ორგნიზაციების ინტერესების წინ წამოწევა, მათ მიმართ აპელირება, შესაძლოა, მომავალში მძიმე შედეგებით შემოგვიბრუნდეს.
ზუსტად ასეთსავე მდგომარეობას აღწერს ზურაბ ავალიშვილი თავის წიგნში „საქართველოს დამოუკიდებლობა...“, როდესაც ჟორდანიას მთავრობა, იმის ნაცვლად, რომ თავად ეძებნა მეზობელ სომხეთთან და აზერბაიჯანთან ტერიტორიული პრობლემების გადაწყვეტა, ძირითად იმედებს ამყარებდა საერთაშორისო „არბიტრაჟსა“ და დიდი ქვეყნების მომხრობაზე. ხოლო ამ გზაზე ცალკეულ წარმატებებსა და წარუმატებლობებს კი შედეგად მოჰყვა 1921 წლის თებერვალ-მარტში საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დაპყრობა. ამრიგად ნებისმიერი სახელმწიფოსთვის საკუთარ ფეხზე მყარად დადოგმა გაცილებით უფრო საშური და მნიშვნელოვანი უნდა იყოს, ვიდრე „დიდ ძიებზე“ იმედების დამყარება.
2. საკუთარ ფეხზე მყარად დადგომისთვის კი აუცილებელია, სახელმწიფოებრივი მშენებლობის ყველა სფეროში, მათ შორის თავდაცვაშიც, მცოდნე და კომპეტენტური სპეციალისტების დასაქმება. ჩვენთან რომ ამ მხრივ საქმე ძალზედ ცუდად მიდის, ამას დაადასტურებენ ამ წერილში ქვემოთ მოყვანილი პუნქტები. ჯერ ერთი, ნატო-ში საქართველოს გაწევრიანების მომხრე ერთერთი საპარლამენტო ფრაქციის ხელმძღვანელმა ტელევიზიით განაცხადა, რომ თურმე ნეიტრალურ შვეიცარიას შეუძლია ერთ დღეღამეში შეიარაღებულ ძალებში გაიწვიოს 1 მლნ რეზერვისტი. ეს არ შეესაბამება სინამდვილეს.
7,1-მილიონიან შვეიცარიაში სამობილიზაციო რესუსრი შეადგენს 1,9 მლნ ადამიანს, მათგან სამხედრო სამსახურისთვის ვარგისია 1,6 მლნ მაგრამ ომიანობის დროს შეიარაღებულ ძალებში ვარაუდობენ სულ 351 200 ადამიანის მობილიზაციას. ცივი ომის მიწურულს ეს მაჩვენებელი უფრო მაღალი იყო და 625 000 რეზერვისტს უტოლდებოდა, მაგრამ მათი სრული მობილიზაცია უნდა მოეხდინათ არა ერთ დღეღამეში, არამედ ერთი კვირის განმავლობაში.
თავიდან 2–3 დღეღამის მანძილზე გაიწვევდენ შედარებით ნაკლები ასაკის რეზერვისტებს (21–32 წლისა), რომლებიც შეადგედნენ ე. წ. „აუსცუგის“ ჯარებს (Auszug ქართულად ნიშნავს „აბა ჰეს“, ინგლისურად coll out – „დაძახების თანავე“). მათ ომის საწყის ეტაპზე უნდა ეწარმოებინათ თავდაცვითი და შემკავებელი მოქმედებები და საშუალება მიეცათ ქვეყნის ხელისუფლებისთვის სრულად ჩაეტარებინა მობილიზაცია. შემდეგ ეტაპზე 33–42 წლის რეზერვისტებით აკომპლექტებდნენ „ლანდვერის“ ჯარებს (Landwehr – „მამულის თავდაცვის ჯარები“), რომლებიც შეადგენდნენ ძირითად სახაზო ნაწილებს, ხოლო ამავდროულად 43–50 წლის რეზერვისტებით ხდებოდა ტერიტორიული (ადგილობრივი) თავდაცვის ჯარების „ლანდშტურმის“ (Landsturm) დაკომპლექტება, ასევე ქვეყნის ეკონომიკის სამხედრო რელსებზე გადაყვანა, სამოქალაქო თავდაცვის ძალებისა და საშუალებების მობილიზაცია, და მთელ ამ ღონისძიებებს დაახლოებით ერთი კვირა სჭირდებოდა. დღესდღეობით სავარაუდოდ, ეს მაჩვენებლებიც რამდენადმე შემსუბუქებული იქნება.
3. ჩვენში ხშირად ამბობენ, რომ ვითომდა ე. წ. „ნატო-ს სტანდარტებს“ შეესაბამება მცირერიცხოვანი პროფესიული და მობილური ჯარების მშენებლობა. ესეც ტყუილია და გაანგარიშებულია საქმის ნამდვილ არსში ჩაუხედავი ადამანების შეცდომაში შეყვანაზე. სტრატეგიული კვლევების ლონდონის საერთაშორისო ინსტუტუტის მონაცემებით, ცივი ომის მიწურულს (1991 წელს) ბელგიასა და ნიდერლანდებში, რომლებიც ვარშავის ხელშეკრულების ორგანიზაციის საზღვრებიდან დაშორებული იყვნენ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ტერიტორიით, ომიანობის დროს ვარაუდობდნენ შეიარაღებულ ძალებში მოსახლეობის სულ 1,0–2,4 %-ის მობილიზებას, დანიაში კი ეს მაჩვენებელი 2,8 %-მდე ადიოდა; მაგრამ ნორვეგიაში, რომელიც უშუალოდ ესაზღვრებოდა საბჭოთა კავშირს და ე. წ. „ცხელ რაიონში“ იმყოფებოდა, ომიანობის დროს შეიარაღებულ ძალებში უნდა გაეწვიათ ქვეყნის მთელი მოსახლეობის 8,5 %, ანუ ამ მაჩვენებლით იგი უახლოვდებოდა მცირე ნეიტრალური სახელმწიფოების „სტანდარტებს“.
საქართველო, როგორც ვიცით, დღესდღეობით ასეთსავე „ცხელ რაიონში“ იმყოფება და თუნდაც ნატო-ს ბლოკის გამოცდილების მართლა გათვალისწინებით, ჩვენი ხელისუფლება უნდა ზრუნავდეს ომიანობის დროს გამოსაყვანად 400–500 ათასიანი შეიარაღებული ძალების შექმნაზე. სინამდვილეში კი იმავე ნატო-ელი სპეციალისტების რჩევით, სრულიად საწინააღმდეგოს ვაკეთებთ და ეს მეტად შემაშფოთებელი უნდა იყოს.
4. ლაპარაკობენ იმაზეც, რომ ნატო-ში გაწევრიანების შემდეგ საქართველოს წინააღმდეგ რუსეთი ვეღარ განახორციელებს თავის აგრესიულ გამოხდომებს. მაგრამ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი თავის წევრ სახელმწიფოს სამხედრო ძალით იცავს მხოლოდ ბლოკის გარეთ მყოფი ქვეყნის ან ქვეყნების მხრიდან თავდასხმების შემთხვევაში. ხოლო როცა კონფლიქტი წარმოიქმნება თავად ბლოკის შიგნით მყოფ სახელმწიფოებს შორის, მაშინ კი მისი დარეგულირება ხდება შიდაბლოკური კონსულტაციებისა და მოლაპარაკებათა გზით.
ასეთი კონფლიქტი უკვე 30 წელია არსებობს საბერძნეთსა და თურქეთს შორის, კვიპროსის გამო, და დღემდე მისი დარეგულირება ვერ მოხერხდა. ამ პირობებში საკმარისია თავად რუსეთი გაწევრიანდეს ნატო-ში, ან მიაღწიოს ალიანსთან შესაბამისი ხელშეკრულების დადებას, ვთქვათ განსაკუთრებული პარტნიორობის შესახებ, რათა რუსეთის აგრესიული ქმედებები (უფრო სწორედ, გარკვეული პრეტენზიები) ალიანსის რომელიმე წევრის მიმართ აღიქმებოდეს არა გარეშე აგრესიად, არამედ ურთიერთ-კონსულტაციების საგნად, და მაშინ კვლავ მოწმენი გავხდებით სავსებით ნათელ საკითხებში გაჭიანურებული და არაფრისმომცემი მოლაპარაკებების, სამიტებისა და სხვა.
ამის დასადასტურებლად შეგვიძლია ისევ 1921 წელი და მისი მომდევნო მოვლენები გავიხსენოთ, როდესაც საქართველოს ხელისუფლება და საზოგადოება იმედოვნებდნენ „ერთა ლიგაში“ ჩვენი ქვეყნის გაწევრიანებით რუსეთისგან მოსალოდნელი საფრთხის თავიდან აცილებას. „ერთა ლიგაში“ კი გაგვაწევრიანეს, მაგრამ საქართველოს ოკუპცია-ანექსიის გამო საბჭოთა რუსეთისთვის სერიოზულად პასუხი არავის მოუთხოვია. პირიქით, 1924 წლის აგვისტო-სექტემბრის აჯანყების სისხლში ჩახშობის შემდეგ სწორედ ჟორდანიასა და მისი პარტიის უწინდელი „მეგობრები“, ევროპელი სოციალ-დემოკრატები, მხურვალედ უჭერდნენ მხარს საბჭოთა რუსეთს საქართველოს რუსულ-კომუნისტურად „ათვისებაში“. ვფიქრობთ, კომენტარები ზედმეტია.
ირაკლი ხართიშვილი
თანამედროვე ქვეითი ჯარის შესახებ
(წერილი გამოქვეყნებულ იქნა გაზეთ „საქართველოში“ 2002 წლის 5 ნოებერს სათაურით „ამერიკელების მიერ ქართველი სამხედროების მომზადება ძლიერი ჯარის შესაქმნელად არ კმარა“)
თანამედროვე სახმელეთო ჯარების საფუძველს შეადგენენ ჯავშანსატანკო (სატანკო) და მექანიზებული ქვეითი (მოტოქვეითი, მოტომსროლელი) ჯარები, მაგრამ მათი ყველაზე უფრო ეფექტურად გამოყენება შესაძლებელია გაშლილ დაბლობ ადგილას ან დაბალი დასერილობის (მთაგორიანობის) პირობებში. ასეთად წარმოგვიდგება საქართველოსა და მთლიანად ამიერკავკასიის უდიდესი ნაწილი, საკუთრივ კავკასიონის მთავარი ქედის კალთებზე არსებული მხარეების გამოკლებით. ასეთივეა ჩვენი მეზობელი თურქეთის ტერიტორიაც, სადაც თურქულ სარდლობას განლაგებული ჰყავს უპირატესად ჯავშანსატანკო და მექანიზებული ქვეითი შენაერთები და ნაწილები. ცივი ომის პერიოდში ამიერკავკასიის სამხედრო ოლქში საბჭოთა სარდლობას ასევე განლაგებული ჰყავდა უპირატესად მოტომსროლელი დივიზიები, რომელთა ერთი ნაწილის პირადი შემადგენლობა გადიოდა სამთო მომზადებასაც.
მაგრამ ჯავშანსატანკო ტექნიკის, თვითმავალი არტილერიისა და სხვა მოჯავშნული მანქანების შეძენა, შენახვა და ექსპლუატაცია, აგრეთვე მათთვის საწვავ-საცხები მასალების მარგების შექმნა, მნიშვნელოვან ფინანსურ ხარჯებთანაა დაკავშირებული. ამიტომ თუ კი ქვეყანას შესაბამისი ეკონომიკური პირობები არ გააჩნია, მაშინ იგი სახმელეთო ჯარების მშენებლობას უნდა ახორციელებდეს უპირატესად ქვეითი ჯარის მშენებლობის სფუძველზე, მინიმალურად აუცილებელი ჯავშანსატანკო ბირთვის შექმნის პირობებში. ამის მაგალითს წარმოადგენს ფინეთი, რომლის არმიაც ცივი ომის მიწურულს შედგებოდა ორი ჯავშანსატანკო ბრიგადის, ერთი მექანიზებული (ეგერთა ქვეითი) ბრიგადისა და 24 ქვეითი ბრიგადისგან, აგრეთვე სანაპირო არტილერიის, საჰაერო თავდაცვის ნაწილების, სხვადასხვა დანიშნულების 50 ცალკეული ბატალიონის (დივიზიონის) და ტერიტორიული თავდაცვის ჯარების დაახლოებით 200 ცალკეული ბატალიონისა და ასეულისგან. ასეთ პირობებში, სახმელეთო ჯარებზე დამატებით, საზღვაო ძალების საბრძოლო და საპატრულო კატარღებისა და საჰაერო ძალების 100-ზე მეტი საბრძოლო თვითმფრინავის გათვალისწინებით, 1990 წელს ფინეთის თავდაცვის ხარჯები შეადგენდა დაახლოებით 2 მლრდ ამერიკულ დოლლარს (გვიანდელი ჩამატება: შვეიცარიის თავდაცვის ხარჯები კი, რომელიც უფრო მეტ აქცენტს აკეთებს ჯავშანსატანკო და მექანიზებული ჯარების მშენებლობაზე, აღწევდა თითქმის 4 მლრდ დოლარამდე).
ყოველივე ზემოთქმულიდან ამომდინარე, რაოდენ შეუსაბამო და გულისამრევად სასაცილო უნდა იყოს საქართველოს ე. წ. თავდაცვის საჭიროებისთვის რამდენიმე მილიონი ლარის დამატებით ვითომდა ძლიერი ჯარის ჩამოყალიბების შესახებ ლაპარაკი. აგრეთვე იმაზე დაიმედება, რომ 64 მლნ დოლარის დახარჯვით, ამერიკელი სამხედრო მრჩევლები საქართველოს ვითომდა ძლიერ ჯარს შეუქმნიან და ქვეყნის თავდაცვის პრობლემას გადაუწყვეტენ. მაგრამ ეს სხვა საუბრის თემაა და მას შემდგომში მივუბრუნდებით. ამჟამად თანამედროვე ქვეითი ჯარების შესახებ გავაგრძელოთ საუბარი.
ქვეითი ჯარის გამოყენებას თანამედროვე სარდლობები ვარაუდობენ მაღალი მთაგორიანობის (დასერილობის) ადგილებში, ტყეებში (ჯუნგლებში), აგრეთვე მსხვილ დასახლებულ პუნქტებსა და ქალაქებში, სადაც ჯავშანსატანკო ტექნიკის მოქმედებები ნაკლებეფექტურია ან დიდ რისკთანაა დაკავშირებული. ცივი ომის მიწურულს აშშ არმიაში შედიოდა 28 საბრძოლო დივიზია, მათგან ექვსი ჯავშანსატანკო, რვა მექანიზებული ქვეითი, ექვსი ქვეითი, ხუთი მსუბუქი ქვეითი, თითო-თითო საჰაერო-სადესანტო, საჰაერო-საიერიშო და მოტორიზებული. თანაც ჯავშანსატანკო, მექანიზებული და მსუბუქი ქვეითი დივიზიების უმეტესობა შედიოდა რეგულარულ ჯარებში, ხოლო ქვეითი დივიზიების უმრავლესობა კი – არმიის ეროვნულ გვარდიაში, რომელიც სახმელეთო ჯარების ორგანიზებულ რეზერვს წარმოადგენს და რეგულარულ ჯარებთან შედარებით ნაკლები საბრძოლო მზადყოფნითა და ბრძოლისუნარიანობით ხასიათდება (გვიანდელი ჩამატება: ეროვნული გვარდიის პირადი შეადგენლობა, საწყისი საბრძოლო მომზადების ორთვიანი კურსის გავლის შემდეგ ცხოვრობს და მუშაობს სამოქალაქო სექტორში და მხოლოდ შაბათობით გადის ოთხსაათიან სამვრძოლო მომზადებას, პლიუს ორ- თუ სამკვირიანი საზაფხულო საბანაკო შეკრებები; რეგულარული არმიის პირადი შემადგენლობა კი საბრძოლო მომზადებას გადის კვირაში ხუთ დღეს, შაბათ-კვირის გარდა).
ესეც კიდევ ერთი მაგალითი უნდა იყოს საქართველოს სამხედრო მშენებლობით დაკავებული სტრუქტურებისთვის, რომლებიც აშენებენ უპირატესად ქვეით ჯარებს, მაგრამ მათი დაკომპლექტება რატომღაც კონტრაქტის საფუძველზე მომსახურე პროფესიონალი პირადი შემადგენლობით სურთ. ამ „პროფესიონალთა“ შედარებით მაღალი ანაზღაურება განსაზღვრავს მათ მცირე რიცხოვნებასაც, მაგრამ რატომღაც თვლიან, რომ პირადი შემადგენლობის პროფესიონალიზმი გააბათილებს ჯარების მცირე რიცხოვნებით გამოწვეულ ნაკლს და უზრუნველყოფს ქვეყნის თავდაცვას. და ამას რატომღაც ნატო-ს სტანდარტად მიიჩნევენ.
ამის საპირისპიროდ თურქეთის რეგულარულ შეიარაღებულ ძალებში, ავტორიტეტული დასავლური წყაროების მიერ, ნაჩვენები იყო 609 700 პირადი შემადგენლობა, მათგან კი 528 000 ვადიან სამხედრო სამსახურში გაწვეული (სამსახურის ვადა 18 თვეა) და სულ 82 000-მდე კადრის ოფიცერი, გენერალი, ადმირალი და კონტრაქტით მომსახურე სპეციალისტი. ეგრეთ წოდებულ „ნატო-ს სტანდარტებს“ ალბათ თურქეთის გენერალური შტაბი უფრო კარგად იცნობს, თანამედროვე დასავლური (და საერთოდ მსოფლიო) სამხედრო მშენებლობის საკითხებშიც კარგად იქნება გარკვეული და იგი რატომღაც არა თვლის, ფინური სარდლობის მსგავსად, რომ მცირერიცხოვან პროფესიონალებს შეუძლიათ ქვეყნის თავდაცვის ამოცანების გადაწყვეტა (გვიანდელი ჩამატება: საქართველოს სახმელეთო ჯარების მცირერიცხოვნება განპირობებულია არა მხოლოდ იმით, რომ კონტრაქტრით მომსახურე მოხალისენი მაღალი ანაზღაურებით უნდა დააინტერესო, არამედ უპირატესად იმით, რომ საქართველოსთვის დადგენილი ჯავშანსატანკო ტექნიკისა და საველე არტილერიის კვოტების სიმცირე თავისთავად განაპირობებს თავად ჯარების მცირერიცხოვნებასაც).
თანამედროვე სახმელეთო ჯარების ძირითადი ტაქტიკური ქვედანაყოფია საბრძოლო ბატალიონი. იგი შედის ბრიგადის ან დივიზიის შემადგენლობაში. 70-იან წლებში აშშ ქვეითი ბატალიონის საორგანიზაციო სტრუქტურა ნაჩვენებია ნახატზე. იგი ძირითადად ამ პერიოდის მოტოქვეითი ბატალიონის სტრუქტურის ანალოგიურია, მაგრამ ქვეითი ქვედანაყოფების ძირითად სატრანსპორტო საშუალებას წარმოადგენდა არა M113A1/A2 ტიპის ჯავშანტრანსპორტერი, არამედ საარმიო სატვირთო ავტომობილი.
[ნახატზე, რომელსაც ეწოდება „70-იანი წლების აშშ ქვეითი ბატალიონი“ სათავეში ნაჩვენებია ბატალიონის მეთაური და შტაბი. მათ ექვემდებარება ხუთი ასეული: საშტაბო, სამი ქვეითი და საცეცხლე მხარდაჭერის. საშტაბო ასეულში ნაჩვენებია ასეულის მართვა და ბატალიონის შტაბის მომსახურების სექცია, აგრეთვე ოთხი ოცეული: კავშირგაბმულობის, სარემონტო, სამედიცინო და უზრუნველყოფის. თითოეულ ქვეით ასეულში ნაჩვენებია ასეულის მართვა და ოთხი ოცეული: სამი ქვეითი და ერთიც ნაღმსატყორცნების; თითოეულ ქვეით ოცეულში არის ოცეულის მართვა და ოთხი ათეული: სამი ქვეითი და ერთიც იარაღის; ნაღმსატყორცნების ოცეულში ნაჩვენებია მართვა და ნაღმსატყორცნების სამი სექცია (თითოეულში თითო 81-მმ ნაღმსატყორცნი). საცეცხლე უზრუნველყოფის ასეულში ნაჩვენებია ასეულის მართვა, ორი სექცია (რადიოსალოკაციო და გადასატანი საზენიტო სარაკეტო კომპლექსებისა „რედ აი“) და სამი ოცეული (სადაზვერვო, ნაღმსატყორცნებისა /ოთხი 106,7-მმ ნაღმსატყორცნი/ და ტანკსაწინააღმდეგო)]
ბატალიონში მოითვლებოდა პირადი შემადგენლობის 820 ადამიანი, 680 საიერიშო შაშხანა M16A2, 42 7,62-მმ და 12,7-მმ ტყვიამფრქვევი, 86 40-მმ ტანკსაწინააღმდეგო თოფი, 18 90-მმ უუკუცემო ტანკსაწინააღმდეგო ქვემეხი, ექვსი თვითმავალი ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსი „თოუ“, 13 ნაღმსატყორცნი (მათგან ცხრა 81-მმ და ოთხიც 106,7-მმ; სამ-სამი 81-მმ ნაღმსატყორცნი თითოეულ ქვეით ასეულში და ოთხი 106,7-მმ ნაღმსატყორცნი ბატალიონის საერთო საარტილერიო მხარადჭერისთვის), ხუთი გადასატანი საზენიტო სარაკეტო კომპლექსი „რედ აი“ (თანამედროვე „სტინგერების“ წინამორბედი მოდელი), სხვადასხვა ტიპის ასზე მეტი რადიოსადგური და დაახლოებით ამდენივე ავტომობილი.
80-იან წლებში, მოტოქვეითი ბატალიონის მსგავსად, ქვეით ბატალიონსაც დაუმატეს მეოთხე ქვეითი ასეული, საჭიროების შემთხვევაში ბრძოლის ველზე ერთდროულად ორ ობიექტზე შეტევისთვის; საცეცხლე მხარდაჭერის ასეული გააუქმეს, მისი სადაზვერვო და ნაღმსატყოეცნების ოცეულები გადაიყვანეს საშტაბო ასეულში, ხოლო ტანკსაწინააღმდეგო ოცეულის ბაზაზე კი ჩამოაყალიბეს ტანკსაწინააღმდეგო ასეული (18 ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსი „თოუ“ უწინდელი ექვსის ნაცვლად), რითაც აამაღლეს ბატალიონის ტანკსაწინააღმდეგო შესაძლებლობები. საზენიტო ქვედანაყოფები გადაყვანილ იქნა ზემდგომი საჯარისო რგოლების, ბრიგადისა და დივიზიის შემადგენლობაში, საიდანაც ბატალიონებს სწავლებების პერიოდში ეძლეოდა ეს საშუალებები საჭირო რაოდენობით. გარდა ამისა, 12,7-მმ ტყვიამფრქვევები, 40-მმ ტანკსაწინააღმდეგო თოფები და 90-მმ ტანსაწინააღმდეგო უუკუცემო ქვემეხები ამოიღეს ბატალიონის შეიარაღებიდან და მათ ნაცვლად მიაწოდეს ბელგიური წარმოების 5,56-მმ ხელის ტყვიამფრქვევები, 40-მმ ლულისქვეშა ყუმბარსატყორცნები და „დრაკონის“ ტიპის მსუბუქი ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსები.
ბატალიონის ზემდგომი საჯარისო რგოლია ბრიგადა. ქვეით ბრიგადაში შეიძლება შედიოდნენ ერთ სატანკო ბატალიონამდე, სამი-ოთხი ქვეითი ბატალიონი, 105-მმ ბუქსირებადი ჰაუბიცების დივიზიონი (18 ქვემეხი), ბატალიონების ნაღმსატყორცნებზე დამატებით, 106,7-მმ და 120-მმ ნაღმსატყორცნების ქვედანაყოფები, საინჟინრო-მესანგრეთა, სადაზვერვო, საზენიტო, კავშირგაბმულობის, ტანკსაწინააღმდეგო, სარემონტო, სამედიცინო, მასობრივი იარაღისგან დაცვისა და სხვა ქვედანაყოფები.
სამი ბრიგადა შეადგენს ერთ დივიზიას, სადაც მათ ემატება საარტილერიო, საზენიტო, სადაზვერვო, რადიოელექტრონული ბრძოლის, საარმიო ავიაციისა და ზურგის უზრუნველყოფის, აგრეთვე სამხედრო პოლიციის ნაწილები და ქვედანაყოფები.
70-იანი წლების გფრ სახმელეთო ჯარებში სატანკო და მოტოქვეითი შენაერთების გვერდით იყო ქვეითი ბრიგადებიც, მაგრამ 90-იანი წლების დასაწყისში გატარებული რეორგანიზაციის შედეგად, დატოვებულ იქნა მხოლოდ სატანკო და მოტოქვეითო დივიზიები, აგრეთვე თითო-თითო სამთოქვეითი და საჰაერო-სადესანტო დივიზია, ასევე სხვა ჯარები. ქვეითი ნაწილები კი გადაიყვანეს ტერიტორიული თავდაცვის ჯარების შემადგენლობაში. მაგრამ თითოეულ სატანკო და მოტოქვეით დივიზიაში შეყვანილ იქნა ორ-ორი ქვეითი ბატალიონი, რომელთა გამოყენებასაც ბუნდესვერის სარდლობა ვარაუდობდა ძლიერად დასერილ ადგილას ან მსხვილ დასახლებულ პუნქტებში (ქალაქებში). ამ დროს დასავლეთგერმანული ქვეითი ბატალიონი მოითვლიდა პირადი შემადგენლობის 660 ადამიანს, ხუთ M113 ჯავშანტრანსპორტერს, ექვს 120-მმ თვითმავალ ნაღმსატყორცნს, „მილანის“ ტიპის ცხრა ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსს, „პანცერფაუსტ-1“ ტიპის 60 44-მმ ხელის ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარსატყორცნს, სხვადასხვა ტიპის 120 რადიოსადგურს, 160 ავტომობილს.
ჩვენი მეზობელი თურქეთის სახმელეთო ჯარების საფუძველს ცივი ომის პერიოდში შეადგენდნენ უპირატესად ქვეითი ჯარის ნაწილები და შენაერთები, მაგრამ 90-იან წლებში აშშ-ისა და გერმანიის სამხედრო-ტექნიკური დახმარების შედეგად ეს თანაფარდობა შეიცვალა ჯავშანსატანკო და მექანიზებული ქვეითი ჯარების სასარგებლოდ. 2000 წელს თურქულ არმიაში შედიოდნენ თითო-თითო მექანიზებული ქვეითი და ქვეითი დივიზიები (ამ უკანასკნელის შემადგენლობაშია სატანკო პოლკიც), 14 ჯავშანსატანკო, 17 მექანიზებული ქვეითი, ცხრა ქვეითი და ოთხიც სპეციალური დანიშნულების ჯარების „კომანდოსების“ ბრიგადა, აგრეთვე სხვა ნაწილები და ქვედანაყოფები. ეს შენაერთები და ნაწილები შეყვანილია ძირითადად ოთხი საველე არმიის შემადგენლობაში. 1-ლ (შტაბი ქ. სტამბულში) და მე-3 (ერზინჯანი) საველე არმიებში, სადაც დიდი რაოდენობითაა ჯავშანსატანკო და მექანიზებული ქვეითი ბრიგადები, ქვეითი საჯარისო ნაწილები ძირითადად სუსტი შემადგენლობისაა, ტრაპიზონში დისლოცირებული 48-ე ქვეითი ბრიგადის გამოკლებით. სამაგიეროდ მე-4 „ეგეოსის“ არმიაში შემავალ 11-ე (დენიზლი) და 19-ე (ედრემიტი) ქვეით ბრიგადებში საბრძოლო ტექნიკა და საველე არტილერია დიდი რაოდენობითაა წარმოდგენილი. ქვემოთ ცხრილში ნაჩვენებია ძლიერი შემადგენლობის სამი თურქული ქვეითი ბრიგადის პირადი შემადგენლობა და ძირითადი შეიარაღება 1998 წლის დასაწყისის ეუთო-ს ოფიციალური მონაცემებით.
ცხრილი
თურქული სახმელეთო ჯარების ქვეითი ბრიგადები
ოფიციალური ღია მონაცემები . . . . 48-ე ქვეითი . . 11-ე ქვეითი . . 19-ე ქვეითი
თურქული არმიის ქვეითი . . . . . . . . . ბრიგადა . . . . . . ბრიგადა . . . . . ბრიგადა
ბრიგადების შესახებ . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
ზემდგომი საჯარისო რგოლი . . . . . . მე-3 საველე . . . „ეგეოსის“ . . . . „ეგეოსის“
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . არმია . . . . . . . .არმია . . . . . . . . არმია . . დისილოკაციის ადგილი . . . . . . . . . . ტრაპიზონი . . . დენიზლი . . .ედრემიტი
პირადი შემადგენლობა, ადამიანი . . . . . . 6369 . . . . . . . . 4422 . . . . . . . . . 4908 . .
საბრძოლო ტანკები . . . . . . . . . . . . . . . . . . . . – . . . . . . . . . . . . 31 . . . . . . . . . . . 30 . .
მოჯავშნული საბრძოლო მანქანები . . . . . . – . . . . . . . . . . . . .6 . . . . . . . . . . . . .5 . .
საველე საარტილერიო სისტემები . . . . . . . . 78 . . . . . . . . . . 87 . . . . . . . . . . . 81 . .
შედარებისთვის ვიტყვით, რომ ტიპიური თურქული ჯავშანსატანკო (მექანიზებული ქვეითი) ბრიგადის შეიარაღებაში სათანადო რაოდენობის საბრძოლო ტანკებისა და მოჯავშნული საბრძოლო მანქანების გარდა, შედის 50–60 ერთეული საველე არტილერიის ქვემეხი და ნაღმსატყორცნი (100 მმ და მეტი ყალიბისა), ზემოთ მოყვანილ ქვეით ბრიგადებში კი _ 78–87 ერთეული. სახელდობრ, საქართველოს საზღვრებთან ქ. ტრაპიზონში დისლოცირებული 48-ე ქვეითი ბრიგადის საარტილერიო შეიარაღებაში ნაჩვენები 78 ერთეულიდან 24 იყო 105-მმ ბუქსირებადი ჰაუბიცა, 18 106,7-მმ ნაღმსატყორცნი და 36 120-მმ ნაღმსატყორცნი.
ამ მონაცემების ფონზე სავსებით ნათელია, რომ ამერიკელების მიერ მომზადებული მსუბუქად შეიარაღებული ქართული ჯარები შესაძლო კონფლიქტის შემთხვევაში ვერანაირ წინააღმდეგობას ვერ გაუწევენ თუნდაც ქვეითი თურქულ ბრიგადებს, რომ არაფერი ვთქვათ თურქულ მექანიზებულ ქვეით ან რუსულ მოტომსროლელ შენაერთებსა და ნაწილებზე. ამიტომ თუკი საქართველომ ვერ მიაღწია ეუთო-ს ეგიდით დადებული საერთაშორისო ხელშეკრულებებით მისთვის დადგენილი შეიარაღების კვოტების (მათ შორის 285 ერთეული საველე არტილერიის კვოტის) გადასინჯვას, იგი თავდაცვისუნარიან სახელმწიფოდ ვერ ჩამოყალიბდება.
ირაკლი ხართიშვილი
თანამედროვე სამთოქვეითი ჯარების შესახებ
(წერილი გამოქვეყნდა გაზეთ „საქართველოს“ 2002 წლის 19 ნოემბრის ნომერში)
საბრძოლო მოქმედებები მთებში მიეკუთვნება განსაკუთრებულ პირობებში საბრძოლო მოქმედებების კატეგორიას. მათ აწარმოებენ ზოგადსაჯარისო ბრძოლის საერთო პრინციპების შესაბამისად, მხოლოდ ითვალისწინებენ რიგ ფაქტორებს, რომლებიც არსებით გავლენას ახდენენ ჯარებზე შეტევის ან თავდაცვის ორგანიზებისას. მათ მიეკუთვნება ადგილის (ადგილმდებარეობის) ძლიერად დასერილი რელიეფი, გზათა მეჩხერი ქსელი და მათი დაბალი გამტარუნარიანობა, ძნელადსავალი ტყეების არსებობა, ჯარების მართვის გარკვეული სირთულე, ამინდისა და ატმოსფეული წნევის მკვეთრი ცვლილებები, მთებისა და ტყეების მაეკრანირებელი თვისებები და სხვა.
მეორეს მხრივ, მთის მასივები წარმოადგენს ბუნებრივ დაბრკოლებებს და მოწინააღმდეგეთ აძლევს როგორც სიღრმეში დაეშელონებული, ისე სიმაღლეშიც მრავალიარუსიანი თავდაცვის ორგანიზების შესაძლებლობას ხედვისა და დაშენის კარგი სექტორებით. ამიტომ თანამედროვე არმიების სარდლობათა შეხედულებებით, საბრძოლო მოქმედებებს მთებში უნდა აწარმოებდნენ სამთოქვეითი (მსუბუქი ქვეითი, ალპიური) ჯარები, აგრეთვე მოტოქვეითი (მოტომსროლელი, მექანიზებული ქვეითი) და საჰაერო-სადესანტო (აერომობილუირი) ერთეულები, რომელთა პირად შემადგენლობასაც ექნება შესაბამისი მომზადება და აღჭურვილობა. ამ უკანასკნელში იგულისხმება სამხედრო მოსამსახურეთა მსუბუქი შეიარაღება და აღკაზმულობა. ხელსაყრელი ადგილმდებარეობის პირობებში ქვეით ნაწილებსა და ქვედანაყოფებს შესაძლოა მხარს უჭერდნენ საბრძოლო ტანკებიც.
მთებში ჯარების მოქმედებებს ახასიათებს მართვის უფრო მეტი დეცენტრალიზაცია, ვინაიდან მებრძოლი ქვედანაყოფები შესაძლოა მოქმედებდნენ დამოუკიდებლად, განცალკევებულ და იზოლირებულ მიმართულებებზე, ზოგჯერ ზემდგომი უფროსისა და მეზობლების საშუალებებით საჭირო საცეცხლე მხარდაჭერის გარეშე და თვით მათთან არამდგრადი კავშირგაბმულობის პირობებშიც კი. ასეთ დროს თანამედროვე სამხედრო წესდებები და დარიგებანი პირადი შემადგენლობისგან მოითხოვენ მაღალ გაწვრთნილობას, სწრაფ, გაბედულ და ზუსტ მოქმედებებს, შტაბებისგან – ვითარების კონკრეტული პირობების გათვალისწინებით, ბრძოლის გულდასმით დაგეგმვას, მეთაურებისგან კი – მეტი ინიციატივის გამოჩენას.
სპეციალური სამთოქვეითი (მსუბუქი ქვეითი, ალპიური) შენაერთები და ნაწილები ჰყავთ აშშ-ის, გერმანიის, საფრანგეთის, იტალიის, ესპანეთის, შვეიცარიის, ინდოეთის სახმელეთო ჯარებს. მათგან განსხვავებით რუსეთის, საბერძნეთის, თურქეთის, ავსტრიის, ჩინეთის, იაპონიის, ჩრდილო და სამხრეთ კორეის, პაკისტანისა და მთიანი რეგიონების მქონე სხვა ქვეყნების არმიებში მთებში სამოქმედოდ იყენებენ ქვეით და მექანიზებულ ქვეით (მოტომსროლელ) ერთეულებს.
ცივი ომის პერიოდში საფრანგეთის სახმელეთო ჯარებში სხვა შენაერთებთან ერთად შედიოდა ერთი ალპიური დივიზიაც, ამჟამად კი მხოლოდ ერთი ცალკეული ალპიური ბრიგადაა; გფრ-ში ერთი სამთოქვეითი დივიზია, იტალიაში 1990-იან წლებში იყო ოთხი ცალკეული ალპიური ბრიგადა. აშშ არმიაში ცივი ომის მიწურულს შედიოდა ხუთი მსუბუქი ქვეითი დივიზია (დღესდღეობით სამი), შვეიცარიაში – სამთოქვეითი კორპუსი სამი სამთოქვეითი დივიზიით და ა. შ. სამთოქვეით (ალპიურ) დივიზიებსა და ცალკეულ ბრიგადებს სხვადასხვანაირი შემადგენლობა გააჩნიათ. მათ საფუძველს შეადგენენ სამთოქვეითი (ალპიური) ბატალიონები. ამ ბატალიონების საორგანიზაციო სტრუქტურა ძალზედ ჰგავს ჩვეულებრივი ქვეითი ბატალიონის სტრუქტურას, მაგრამ მათი შეიარაღება რამდენადმე შემსუბუქებულია. 1980-იანი წლების აშშ მსუბუქი ქვეითი დივიზიის ქვეითი ბატალიონის სტრუქტურა ნაჩვენებია ნახატ 1-ზე, ხოლო მისი შეიარაღების შედარება აშშ ქვეითი დივიზიის ქვეითი ბატალიონის ძირითად შეიარაღებასთან, 1-ლ ცხრილში.
[ნახატ 1-ზე, რომელსაც ეწოდება „აშშ მსუბუქი ქვეითი დივიზიის ქვეითი ბატალიონი“, სათავეში ნაჩვენებია ბატალიონის მეთაური და შტაბი. მათ ექვემდებარება ოთხი ასეული: საშტაბო და სამი ქვეითი. საშტაბო ასეულში ნაჩვენებია ორი სექცია (მართვის და საშტაბო) და ექვსი ოცეული (სადაზვერვო, ნაღმსატყორცნების, ტანკსაწინააღმდეგო, კავშირგაბმულობის, სამედიცინო და უზრუნველყოფის). ქვეითი ასეულებიდან თითოეულში ნაჩვენებია ასეულის მეთაურობა და ოთხი ოცეული: მართვისა და სამი ქვეითი; მართვის ოცეულშია ათი სექცია: მართვის, სამი ნაღმსატყორცნებისა და ექვსი ტანკსაწინააღმდეგო; თითოეული ქვეითი ოცეულის შემადგენლობაში ნაჩვენებია მართვის სექცია და სამი ქვეითი ათეული, ხოლო თითოეულ ქვეით ათეულში – ათეულის მეთაური და ორი საცეცხლე ჯგუფი]
ცხრილი 1
1980-იანი წლების აშშ მსუბუქი ქვეითი დივიზიის ქვეითი ბატალიონისა და ქვეითი დივიზიის ქვეითი ბატალიონის პირადი შემადგენლობა და შეიარაღება
პირადი შემადგენლობა და . . . .მსუბუქი ქვეითი . . . . ქვეითი დივიზიის
შეიარაღება . . . . . . . . . . . . . . . . . . დივიზიის ქვეითი . . ქვეითი ბატალიონი
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . ბატალიონი . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
პირადი შემადგენლობა,
ადამიანი . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 560 . . . . . . . . . . . . . . . . . 800
ნაღმსატყორცნები:
. . . 60 მმ ყალიბის . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .9 . . . . . . . . . . . . . . . . . . – . .
. . . 81 მმ ყალიბის . . . . . . . . . . . . . . . . . . . . – . . . . . . . . . . . . . . . . . . . .9 . .
. . . 106,7 მმ ყალიბის . . . . . . . . . . . . . . . . . . 4 . . . . . . . . . . . . . . . . . . . 4 . .
მსუბუქი ტანკსაწინააღმდეგო
სარაკეტო კომპლექსები „დრაკონი“ . . . .18 . . . . . . . . . . . . . . . . . . 27
მძიმე ტანკსაწინააღმდეგო
სარაკეტო კომპლექსები „თოუ“ . . . . . . . . 4 . . . . . . . . . . . . . . . . . . 18
სხვადასხვა ტიპის ავტომობილები . . . . 34 . . . . . . . . . . . . . . . . . . 80
როგორც ვხედავთ სამთოქვეითი (მსუბუქი ქვეითი, ალპიური ქვეითი) ბატალიონები ჩამოუვარდებიან ქვეით ბატალიონებს საარტილერიო ცეცხლის სიმძლავრისა და ტანკსაწინააღმდეგო შესაძლებლობების, აგრეთვე ტაქტიკური მობილურობის მიხედვით.
ბუნდესვერის სამთოქვეითო დივიზიის სამთოქვეით ბატალიონში იმავე 80-იანი წლების შტატით შედიოდა ბატალიონის მეთაურობა და შტაბი, ხუთი ასეული (საშტაბო და მომარაგების, სამი სამთოქვეითი და მხარდაჭერის), აგრეთვე ერთი ალპიური ოცეული. სულ ბატალიონში ნაჩვენები იყო პირადი შემადგენლობის დაახლოებით 700 ადამიანი, ექვსი 120-მმ თვითმავალი ნაღმსატყორცნი, ექვსი 20-მმ ავტომატური ზარბაზანი, 21 ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსი (ტსრკ) „მილანი“ და სხვა შეიარაღება. ტანკსაწინააღმდეგო საშუალებებიდან სამ–სამი ტსრკ „მილანი“ შედიოდა თითოეული სამთოქვეითი ასეულის შეიარაღებაში, ხოლო 12 კომპლექსი კი – მხარდაჭერის ასეულისა. აქვე იქნებოდა 120-მმ თვითმავალი ნაღმსატყორცნები და 20-მმ საზენიტო ზარბაზნები.
სამთოქვეითი (ალპიური ქვეითი) ბატალიონების საფუძველზე იქმნება შესაბამისი ბრიგადები და დივიზიები. ბუნდესვერის სამთოქვეითი დივიზიის ბრიგადის საორგანიზაციო სტრუქტურა ნაჩვენებია მე-2 ნახატზე. მასში 80-იანი წლების შტატით ნაჩვენები იყო პირადი შემადგენლობის 5000 ადამიანი, 18 105-მმ სამთო ჰაუბიცა, 24 120-მმ თვითმავალი ნაღმსატყორცნი, 84 ტსრკ “მილანი”, 17 90-მმ თვითმავალი ტანკსაწინააღმდეგო დანადგარი „იაგდპანცერი“, ოთხი სატანკო ხიდგამყვანი „ბიბერი“ და სხვა შეიარაღება.
[ნატახ 2-ზე, რომელსაც ეწოდება „გფრ სამთოქვეითი დივიზიის სამთოქვეითი ბრიგადა“, სათავეში ნაჩვენებია ბრიგადის მეთაური და შტაბი. მათ ექვემდებარება ექვსი ასეული (საშტაბო და მომარაგების, გამანადგურებელ-ტანკსაწინააღმდეგო, საინჟინრო, მასობრივი დაზიანების იარაღისგან დაცვის, მომარაგების და სამთო-საპალნე), ოთხი სამთოქვეითი ბატალიონი და საარტილერიო დივიზიონი. თითოეულ სამთოქვეით ბატალიონში ნაჩვენებია ხუთი ასეული: საშტაბო და მომარგების, სამი სამთოქვეითი და მხარდაჭერის. საარტილერიო დივიზიონში ნაჩვენებია ოთხი ბატარეა: საშტაბო და მომარაგების და სამი საცეცხლე]
იტალიის სახმელეთო ჯარებში 90-იან წლებში მე-4 ალპიური კორპუსის საბრძოლო შემადგენლობაში შედიოდნენ ოთხი ცალკეული ალპიური ბრიგადა: „ტრიდენტინა“, „ტურინეზე“, „იულია“ და „კადორე“, აგრეთვე საკორპუსო დაქვემდებარების ნაწილები და ქვედანაყოფები. იტალიურ ალპიურ ბრიგადაში შეიძლება შედიოდნენ ბრიგადის მეთაურობა და შტაბი, სამი-ხუთი ალპიური ბატალიონი, ორი საარტილერიო დივიზიონი (105-მმ და 155-მმ ჰაუბიცების), ზურგის უზრუნველყოფის ბატალიონი და სამი ასეული: მართვისა და კავშირგაბმულობის, ტანკსაწინააღმდეგო და საინჟინრო-მესანგრეთა. მასში საშუალოდ შეიძლება მოითვლებოდეს პირადი შემადგენლობის 5500 ადამიანი, 54 ჰაუბიცა, 18 120-მმ ნაღმსატყორცნი, 18 ტსრკ „მილანი“ და სხვა შეიარაღება.
გარდა ამისა, იტალის ალპიურ ჯარებს გააჩნიათ დიდი რაოდენობით სპეციალური ტექნიკა და აღჭურვილობა. BV-206 ტიპის მუხლუხიანი გამწევები, რომელთაც შეუძლიათ 35°-მდე დახრილობის მთის კალთებზე სიარული. MT-90 ტიპის გამწევები, რომელთაც შეცვალეს ტრადიციული საპალნე ჯორები, თოვლშიმავლები, რომლებიც თოვლის საფარზე სვლისას მნიშვნელოვნად ამაღლებენ ქვედანაყოფების მობილურობას. გარდა ამისა, მოჯავშნულ მიზნებთან საბრძოლველად, ტანკსაწინააღმდეგო კომპლექსების გარდა, იყენებენ ავტომობილებზე დამონტაჟებულ 57-მმ და 106-მმ უუკუცემო ქვემეხებსა და M-56 ტიპის სამთო ჰაუბიცებს, საჰაერო მიზნებთან ბრძოლისთვის კი ვარაუდობენ თითოეულ ბრიგადაში გადასატანი საზენიტო სარაკეტო კომპლექს (გზრკ) „სტინგერების“ თითო ბატარეის ჩამოყალიბებას.
ბრიგადების ზემდგომი რგოლებია დივიზია და საარმიო კორპუსი. დასავლეთგერმანულ სამთოქვეით დივიზიაში 1970-იან წლებში შედიოდნენ ორი სამთოქვეითი და ერთი მოტოქვეითი ბრიგადები, აგრეთვე სადივიზიო ნაწილები და ქვედანაყოფები. 80-იანი წლების დასაწყისში გატარებული რეორგანიზაციის შედეგად მასში შეიყვანეს თითო-თითო სატანკო, მოტოქვეითი და სამთოქვეითი ბრიგადები, საარტილერიო და საზენიტო საარტილერიო პოლკები, ცალკეული სატანკო ბატალიონი (54 ტანკი „ლეოპარდ-1“), სადაზვერვო, ორი ქვეითი, კავშირგაბმულობის, საინჟინრო, მედიკურ-სანიტარული, მომარაგების, სარემონტო-აღდგენითი და ხუთი სათადარიგო ცალკეული ბატალიონები (ბრძოლების შედეგად განცდილი დანაკარგების შევსებისთვის), საარმიო ავიაციის ესკადრილია და მასობრივი დაზიანების იარაღისგან დაცვის ასეული.
თავისთავად ცხადია, რომ ასეთი შემადგენლობის შენაერთი განკუთვნილია არა მხოლოდ მთის მასივებში, არამედ მთებთან მისადგომ რაიონებში (მთისწინებში) მოქმედებებისთვისაც. თანაც დივიზიის მეთაურისადმი უშუალოდ დაქვემდებარებულ საბრძოლო და ზურგის უზრუნველყოფის ნაწილებსა და ქვედანაყოფებს ევალებათ უპირატესად მთისწინებში მოქმედი სატანკო და მოტოქვეითი ბრიგადების მხარდაჭერა. ამიტომ, მაგალითად, დივიზიის საარტილერიო პოლკში ნაჩვენები იყო არა 105-მმ სამთო ჰაუბიცები, არამედ მნიშვნელოვნად უფრო მძიმე და მთებში ნაკლებად გამოსაყენებელი 155-მმ ბუქსირებადი ჰაუბიცები FH-70 და 110-მმ 40-ლულიანი ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები „ლარს-2“ (შესაბამისად 18 ქვემეხი და 16 რეაქტიული დანადგარი).
ანალოგიური მდგომარეობაა, მაგალითად, იტალიის ალპიურ შენაერთებსა და ნაწილებშიც. იქ მე-4 ალპიური კორპუსის შემადგენლობაში 90-იან წლებში ზემოხსენებული ოთხი ალპიური ბრიგადის გარდა შედიოდნენ სადაზვერვო, კავშირგაბმულობის, გადამღობი ალპიური, სასწავლო ალპიური და ორი საინჟინრო ცალკეული ბატალიონები, ორი საარტლერიო დივიზიონი, საარმიო ავიაციის ცალკეული პოლკი „ალტაირი“ (60 მრავალმიზნობრივი ვერტმფრენი AB-205, AB-206A და სხვა), ზურგის უზრუნველყოფის ქვედანაყოფები. 80-იან წლებში აღნიშნულ კორპუსში შედიოდა აგრეთვე ერთი ცალკეული სატანკო ბატალიონიც (49 საბრძოლო ტანკი).
აქვე გასათვალისწინებელია ისიც, რომ ბუნდესვერის სამთოქვეითი დივიზიის დისლოკაციის ადგილას ბავარიაში, სიმაღლე ზღვის დონიდან არის 500–1500 მ-ის ფარგლებში. იტალიის ალპებში კი იცვლება 500-დან (ყოფილი იუგოსლავიის საზღვართან) 3900 მ-მდე (შვეიცარიასთან საზღვრის რაიონში). საფრანგეთის აღმოსავლეთ ნაწილი ასევე მთაგორიანია – 500-დან 4800 მ-მდე (შვეიცარიის საზღვართან). ავსტრიასა და საბერძნეთში მთებს ტერიტორიის უფრო მეტი ნაწილი უჭირავთ, მაგრამ იქ სახმელეთო ჯარებში სპეციალური სამთოქვეითი ნაწილები და შენაერთები არა ჰყავთ, ხოლო მათ ფუნქციებს კი ასრულებენ სათანადოდ გაწვრთნილი და აღჭურვილი მექანიზებული ქვეითი და ქვეითი ჯარები.
ასეთივე მდგომარეობაა თურქეთის აღმოსავლეთ რაიონშიც, სადაც ჩრდილო-აღმოსავლეთ ანატოლიაში, ამიერკავკასიის მახლობლად, ადგილმდებარეობის სიმაღლე ზღვის დონიდან 1000–3900 მ-ის ფარგლებშია. ამ რაიონში თურქულ სარდლობასაც განლაგებული ჰყავს უპირატესად მექანიზებული ქვეითი და ქვეითი ქვედანაყოფები და ნაწილები. საკუთრივ საქართველოს საზღვრის მახლობლად ქ. ტრაპიზონში განლაგებულ 48-ე ქვეით ბრიგადაში შედიოდა პირადი შემადგენლობის 6370 ადამიანი, საველე არტილერიის 24 ქვემეხი, 18 106,7-მმ და 36 120-მმ ნაღმსატყორცნი (სულ 78 საველე საარტილერიო სისტემა). ამ მახასიათებლებით აღნიშნული თურქული ქვეითი ბრიგადა უახლოვდება იტალიის ალპიური ბრიგადების ზოგად მაჩვენებლებს (5500 პირადი შემადგენლობა, 72 საველე საარტილერიო სისტემა). არტაანში კი დისლოცირებულია თურქული არმიის 25-ე მექანიზებული ქვეითი ბრიგადა, რომლის პირადი შემადგენლობაც 1998 წლის დასაწყისში მოითვლიდა 7115 ადამიანს, შეიარაღებაში კი შედიოდა 56 საბრძოლო ტანკი M-48A5, 142 ჯავშანტრანსპორტერი M113, საველე არტილერიის 53 ქვემეხი და ნაღმსატყორცნი.
თუ დავხედავთ საქართველოს ფიზიკური გეოგრაფიის რუკას, ვნახავთ, რომ მისი ტერიტორიის უდიდესი ნაწილის სიმაღლე იცვლება ზღვის დონიდან 1500 მ სიმაღლემდე ფარგლებში. ამიტომ იგი იძლევა ხელსაყრელ პირობებს თანამედროვე ჯავშანსატანკო ტექნიკისა და 100 მმ-ზე მეტი ყალიბის ქვემეხების, ზალპური ცეცხლის რეაქტიული დანადგარებისა და ნაღმსატყორცნების მოქმედებებისთვის. ამასვე ადასტურებს გერმანიის, იტალიის, საფრანგეთის, ესპანეთის, შვეიცარიის, საბერძნეთის, თურქეთისა და მსოფლიოს სხვა ქვეყნების სამხედრო მშენებლობის გამოცდილებაც. მსუბუქად შეიარაღებული ქვეითი ჯარების გამოყენებაზე კი საქართველოს პირობებში ლაპარაკი უნდა იყოს ძირითადად კავკასიონის ქედის კალთებზე მთათუშეთის, ფშავის, ხევსურეთის, ხევის, ჯავის რაიონის, რაჭის, ლეჩხუმის, სვანეთისა და მთიანი აფხაზეთის რაიონებში, თუმცა კი იქაც იქნება შესაძლებლობა სამთო ჰაუბიცებისა და მსხვილყალიბიანი ნაღმსატყორცნების მნიშვნელოვანი რაოდენობით გამოყენებისთვის.
ამის საპირისპიროდ, ჩვენი ხელისუფლების სრული უმოქმედობის ფონზე, ამერიკული არმიის 10-ე მსუბუქი ქვეითი (სამთოქვეითი) დივიზიის სამხედრო მოსამსახურეები „წვრთნიან და აღჭურავენ“ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს რამდენიმე ბატალიონს და თან გვარწმუნებენ, რომ თანამედროვე სამხედრო საქმისა და სამხედრო ხელოვნების საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებისა და ცოდნის საპირისპიროდ, ამ მსუბუქ ქვეით ბატალიონებს „ქვეყნის თავდაცვისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეეძლებათ“. ეს მორიგი ამერიკულ-ქართული სიყალბე ცალკე საუბრის თემაა, ამჟამად კი წერილს დავასრულებთ აშშ სახმელეთო ჯარების სხვადასხვა ტიპის დივიზიების 1980-იან წლებში არსებული საშტატო რიცხოვნებისა და შეიარაღების ჩვენებით, რაც ნათლად წარმოგვიდგენს თითოეული ამ შენაერთის საბრძოლო შესაძლებლობებს.
ცხრილი 2
აშშ სახმელეთო ჯარების დივიზიები 1980-იანი წლების მეორე ნახევარში
(ცხრილის უფრო კომპაქტურად ჩაწერისთვის გამოყენებული აღნიშვნები: A – პირადი შემადგენლობა, ადამიანი, B – საბრძოლო ტანკები, C – არტილერია /მათ შორის ატომური ჭურვებით მსროლელი ქვემეხები/, D – ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსები, E – საზენიტო საშუალებები /საარტილერიო და სარაკეტო/, F – ვერტმფრენები /მათ შორის დამრტყმელი/)
დივიზიის ტიპი . . . . . . . . . . A . . . . . B . . . . . . C . . . . . .D . . . . . E . . . . F . .
ჯავშანსატანკო . . . . . . . . . . 17 000 . . 348 . . 147 (72) . . 288 . . 129 . . 127 (50)
მექანიზებული ქვეითი . . .17 000 . . 290 . . 147 (72) . . 336 . . .129 . . 127 (50)
ქვეითი . . . . . . . . . . . . . . . . . .18 000 . . .54 . . .209 (22) . . 405 . . 120 . . 218 (21)
მსუბუქი ქვეითი . . . . . . . . .10 300 . . . – . . . .179 (8) . . . 214 . . .90 . . . 99 (29)
საჰაერო-სადესანტო . . . . . .13 000 . . . – . . . .195 . . . . . .504 . . .117 . . .132 (18)
საჰაერო-საიერიშო . . . . . . . .17 000 . . . – . . . 159 (72) . . 657 . . 107 . . .438 (88)

(წერილი გამოქვეყნდა გაზეთ „საქართველოს“ 2002 წლის 3–17 დეკემბრის ნომერში)
საქართველოსთვის ამერიკული სამხედრო დახმარების ავკარგიანობაზე საუბარი გვინდა დავიწყოთ 1996 წლის აპრილის დასაწყისში თბილისში ნატო-ს ეგიდით ჩატარებული პირველი წარმომადგენლობითი ღია კონფერენციის გახსენებით. ამ ღონისძიების ორგანიზატორები იყვნენ „ნატო-ს ინფორმაციისა და პრესის ოფისი“, „ფრიდრიხ ებერტის ფონდი“ და „კავკასიური ინსტიტუტი“, ხოლო იგი ჩატარებულ იქნა კრწანისის სამთავრობო რეზიდენციაში. კონფერენციის ზოგადი თემა იყო „მცირე ქვეყნების (იგულისხმება საქართველოც) ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის განვითარება“. მალევე „კავკასიურმა ინსტიტუტმა“ ბროშურის სახით გამოსცა აღნიშნული კონფერენციის მასალები.
ღია კონფერენციის ზოგადი თემის ფარგლებში ერთ-ერთი სამუშაო ჯგუფის კერძო თემას შეადგენდა „არმიის მშენებლობა ეკონომიკურად სუსტ ქვეყანაში“, ხოლო ძირითადი მომხსენებელი კი გახლდათ ამერიკელი სამოქალაქო ექსპერტი სამხედრო საკითხებში ბატონი ქენეთ ბრაუერი. მისი სიტყვებით: „ნატო-ს ქვეყნებში თავდაცვას არ უყურებენ სერიოზულად, რადგან აქვთ გარანტია ამერიკული ბირთვული იარაღის სახით... ნატო-ს წევრ ქვეყნებში სამხედრო სამსახურში იყენებენ 18–38 წლის მამაკაცთა მხოლოდ 2–10 %-ს (იგულისხმება ომიანობის დროის შეიარაღებული ძალები – ი. ხ.). ეს იმიტომ, რომ ისინი დიდი ქვეყნებია. ფინეთი, შვედეთი, შვეიცარია, სინგაპური და ისრაელი საგანგებო ვითარებაში იყენებენ იმავე ასაკის მამაკაცების 100 %-ს. რას ნიშნავს ეს? თუ ქვეყანაში ხუთმილიონიანი მოსახლეობაა, ნატო-ს პრაქტიკის თანახმად, ომის შემთხვევაში მხოლოდ 60 ათასი ადამიანი უნდა გაიწვიონ, მაგრამ რეალურად 5 მილიონ ადამიანზე შეიძლება 550-ათასიანი არმიის მობილიზებაც“.
აქ ბატონ ბრაუერის ნათქვამში გარკვეული უზუსტობაა. სტრატეგიული კვლევების ლონდონის საერთაშორისო ინსტიტუტის მონაცემებით, ცივი ომის მიწურულს, 1991 წელს ნატო-ს ბლოკის იმ მცირე ევროპული ქვეყნების სარდლობები, რომლებიც ვარშავის პაქტის სახელმწიფოთა დასავლეთ საზღვრიდან დაშორებული იყვნენ გერმანიის ტერიტორიით (ანუ ნიდერლანდების, ბელგიის, დანიის), ომიანობის დროს გეგმავდნენ შეიარაღებულ ძალებში მართლაც საკმაოდ მცირე რიცხვის სამხედროვალდებულთა მობილიზებას – მოსახლეობის სულ 1,7 – 3,4 %-ისა, ხოლო ნორვეგიის სარდლობა კი რომელიც უშუალოდ ემეზობლებოდა საბჭოთა კავშირს, – ქვეყნის მოსახლეობის 8,5 %-ისა. ამ მაჩვენებლით იგი თითქმის უახლოვდებოდა ფინეთს, შვედეთს, შვეიცარიასა და ისრაელს, სადაც ომიანობის დროს შეიარაღებულ ძალებში უნდა გაეწვიათ ქვეყნის მოსახლეობის დაახლოებით 10 %. სახელდობრ, 5-მილიონიან ფინეთში ომიანობის დროს იარაღით ხელში უნდა გამოსულიყო 500 ათასი ადამიანი და კიდევ 200 ათასი ზურგისა და სხვა დამხმარე სამსახურებში (იარაღის გარეშე). 6,5-მილიონიან შვეიცარიას ჰყავდა 625 ათასი მომზადებული რეზერვისტი, ხოლო 4,8-მილიონიან ისრაელს კი ომის დროს გამოჰყავდა 504-ათასიანი შეიარაღებული ძალები. ამ ფონზე, 4,2-მილიონიანი ნორვეგიის სამხედრო ხელმძღვანელობას 358 ათასი მომზადებული რეზერვისტი ჰყავდა ომიანობის დროს გამოსაყვანად.
კონფერენციის მუშაობისას ერთერთმა ქართველმა მონაწილემ დასვა შეკითხვა: „როგორი უნდა იყოს (ჯარების) დაკომპლექტების წესი? ჯობია მცირე ნაწილები პროფესიულ პრინციპზე, თუ საყოველთაოდ გაწვეული 30–40 ათასიანი არმია?“
ამაზე ბატონმა ბრაუერმა უპასუხა: „მე არ მჯერა მუდმივი არმიის. პატარა ქვეყნებში არმია მოსამზადებელი სკოლაა. ნამდვილი ძალა რეზერვია. ყველა გაწვეული კარგად უნდა მომზადდეს. მაგრამ თითოეული ქვეყნის პრეზიდენტს სჭირდება სწრაფი რეაგირების ძალაც. ამისთვის საკმარისია 18-თვიანი გაწვევა. ამ ვადის პირველი მესამედის მანძილზე ჯარისკაცი გადის ინდივიდუალურ წვრთნას, მეორე მესამედი ეთმობა მომზადებას სამხედრო ნაწილში, ბოლო მესამედს კი ჯარისკაცი პრეზიდენტის ხელქვეით მსახურობს. შემდეგ ჯარისკაცი გადადის რეზერვში, მაგრამ მას ახალი შეცვლის... ამის შედეგად მოხდება შეკავშირებული შეკრული ნაწილების შექმნა, რომელთა წევრებიც ერთ სარეზერვო ნაწილში იმსახურებენ შემდგომი 20 წლის მანძილზე. ესაა უწყვეტი ჯაჭვი და ხუთ-ექვს წელიწადში იარსებებს მაღალკვალიფიციური არმია. იწყებთ პატარა ბირთვით და 20 წელიწადში გეყოლებათ 500 ათას კაციანი რეზერვი. იმედია ამ დროისთვის ფულიც გექნებათ“ (სათანადო შეიარაღების შესაძენად – ი. ხ.).
ბატონი ბრაუერის სიტყვების დასტურად მოვიყვანთ ისევ 1991 წლის ფინეთის მაგალითს. ამ 5-მილიონიანი ქვეყნის მშვიდობიანობის დროის რეგულარულ შეიარაღებულ ძალებში მოითვლებოდა პირადი შემადგენლობის დაახლოებით 31 800 ადამიანი (მათგან 24 000 გაწვეული), ხოლო სახმელეთო ჯარების საბრძოლო შემადგენლობაში კი ნაჩვენები იყო 11 სასწავლო და 16 სარეზერვო ბრიგადა. სასწავლო ბრიგადებიდან ერთი იყო ჯავშანსატანკო, ხოლო ათი ქვეითი, სარეზერვო ბრიგადებიდან კი თითო–თითო იყო ჯავშანსატანკო და მექანიზებული (ანუ ეგერთა ქვეითი), ხოლო 14 კი ქვეითი. გარდა ამისა, რეგულარული სახმელეთო ჯარების საბრძოლო შემადგენლობაში ნაჩვენები იყო ორი ცალკეული ბატალიონი, საარტილერიო პოლკი, სანაპირო არტილერიის ორი პოლკი და სამი ცალკეული დივიზიონი (დასავლური ტერმინოლოგიით ბატალიონი), საჰაერო თავდაცვის ოთხი პოლკი, აგრეთვე ორი საინჟინრო ბატალიონი; ხოლო რეზერვების შემადგენლობაში კი იმ 16 ბრიგადაზე დამატებით ნაშვენები იყო სხვადასხვა ტიპის 50 ცალკეული ბატალიონი და დივიზიონი, აგრეთვე ტერიტორიული თავდაცვის ჯარების დაახლოებით 200 ცალკეული ბატალიონი და ასეული. ასეთნაირად აწყობილი რეგულარული და სარეზერვო საჯარისო ნაწილებისა და ქვედანაყოფების სისტემა უზრუნველყოფდა საჭიროების შემთხვევაში ერთი კვირის განმავლობაში 700-ათასიანი შეიარაღებული ძლების მობილიზაციას.
სწორედ ასეთი შეიარაღებული ძალების ჩამოყალიბებას გვთავაზობდნენ 90-იანი წლების შუახანებში იგივე ნატო-ელი სპეციალისტები და ექსპერტები. იმ დროიდან ექვსწელიწადნახევაზე მეტი გავიდა და ჩვენს ხელისფლებას სერიოზულად რომ გადაედგა პრაქტიკული ნაბიჯები ამ მეტად ნათელი, კონკრეტული და განხორციელებადი ამოცანების გადასაჭრელად, დღესდღეობით უკვე 120–150 ათასი მომზადებული რეზერვისტიც უნდა გვყოლოდა. მათი სათანადოდ შეიარაღების შემთხვევაში საქართველო რეგიონში უკვე ანგარიშგასაწევი ძალის მქონე სახელმწიფო იქნებოდა, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხსაც გაცილებით უკეთესად მოაგვარებდა და ვერც რუსული საბრძოლო ავიაციის წვრილი თავდასხმების მსხვერპლად იქცეოდა. მაგრამ, სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლებამ პრაქტიკულად არაფერი გააკეთა ქვეყნის სამხედრო მშენებლობის რეალურად წარმართვის მიზნით, ხოლო ამ საქმით დაკავებულ სტრუქტურებში დასაქმებული, ძირითადად არაკომპეტენტური ადამიანები ნატო-ს ქვეყნებში მივლინებებით „გულაობას“ უფრო მეტ ძალასა და ენერგიას ახმარდნენ, ვიდრე თანამედროვე სამხედრო საქმის საფუძვლიანად შესწავლასა და ქვეყნის თავდაცვის სისტემის რეალურად ჩამოყალიბებას.
ამის კვალდაკვალ თანდათან იცვლებოდა ამერიკელი და სხვა ნატო-ელი სპეციალისტების რჩევებიც საქართველოს შეიარაღებული ძალების ჩამოყალიბების საქმეში. იმავე პენტაგონისა და ბუნდესვერის წარმომადგენლები, რომლებმაც ჩვენს მეზობელ თურქეთს სახმელეთო ჯარების შეიარაღების გასაახლებლად 90-იან წლებში მიაწოდეს 1180-მდე შედარებით თანამედროვე საბრძოლო ტანკი (M-60A1/A3 და „ლეოპარდ-1A1/A3“), 340 თვითმავალი ჰაუბიცა და სხვა საარტილერიო შეიარაღება (განსაკუთრებით 203,2-მმ თვითმავალი ჰაუბიცები M-110A2), ხოლო თავად თურქეთს მიცეს ლიცენზია და გამოაშვებინეს YPR-765 სერიის 1480 მოჯავშნული საბრძოლო მანქანა და სხვა, ჩვენ დაჟინებით გვიმეორებენ, რომ საქართველოს ჯავშანსატანკო ტექნიკა და საველე არტილერია მაინცა და მაინც არ სჭირდება და მსუბუქად შეიარაღებული ქვეითი ჯარებითაც შეძლებს საკუთარი თავდაცვის უზრუნველყოფასო.
ნატო-ელი სპეციალისტების რჩევებში გამოიკვეთა და ჩვენში დამკვიდრებულ იქნა მეორე სიყალბეც, რომ თურმე მრავალრიცხოვანი რეზერვების მომზადება საჭირო აღარ არის და ჩვენი ქვეყნის თავდაცვისთვის საკმარისი იქნება მცირერიცხოვანი პროფესიული და კარგად განსწავლული ჯარების აშენება, და ამას რატომღაც ნატო-ს ბლოკის სტანდარტებად გვასაღებენ. როგორც ზემოთ ვნახეთ, თავად ნატო-ს პრაქტიკიდან ამომდინარე, ე. წ. „ცხელ რაიონში“ განლაგებული ბლოკის წევრი სახელმწიფო უნდა ზრუნავდეს ომიანობის დროს ქვეყნის მოსახლეობის 10 %-ის ტოლი რიცხოვნების შეიარაღებული ძალების მობილიზებისთვის. ამის თვალსაჩინო მაგალითს ცივი ომის მიწურულს წარმოადგენდა ნორვეგია, რომელიც უშუალოდ ემეზობლებოდა საბჭოთა კავშირს. დღესდღეობით ეს მაჩვენებელი იმავე ნორვეგიაში (ნეიტრალური შვეიცარიის მსგავსად) მოსახლეობის 5 %-მდეა შემცირებული და 220 ათას რეზერვისტს ითვალისწინებს, მაგრამ არა 12 ათას პროფესიონალს, როგორც ამას ჩვენ ამერიკელი და სხვა ნატო-ელი სპეციალისტები „გვირჩევენ“.
მცირერიცხოვანი შეიარაღებული ძალების მშენებლობის პრაქტიკა მართლაც არის ნატო-ს ბლოკის ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა ნიდერლანდები, ბელგია და პორტუგალია, მაგრამ ნუთუ საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა, სამხედრო-პოლიტიკური გარემოცვა და რეგიონში სიტუაციის დაძაბულობა რამდენადმე მაინც უახლოვდება ამ სამი მცირე სახელმწიფოს მდგომარეობას? და მერე რატომ არის გასაღებული თუნდაც ნიდერლანდების, ბელგიისა და პორტუგალიის სამხედრო მშენებლობის პრაქტიკა „ნატო-ს სტანდარტად“, როდესაც სრულიად საწინააღმდეგოს მეტყველებს ნორვეგიის, ან კიდევ ბლოკის სამხრეთ ფლანგზე მდებარე საბერძნეთისა და თურქეთის გამოცდილება? (გვიანდელი შენიშვნა: მაგრამ ეუთო-ს ეგიდით საქართველოსთვის დადგენილი 220 საბრძოლო ტანკის, 220 მოჯავშნული საბრძოლო მანქანისა და 285 საველე საარტილერიო სისტემის კვოტებით შესაძლებელია მხოლოდ მცირერიცხოვანი სახმელეთო ჯარების /ორი ჯავშანსატანკო და ორი-სამი ქვეითი ბრიგადის/ დაკომპლექტება, და ამაშია სწორედ საქმეც).
რატომ შეიცვალა ასე რადიკალურად ნატო-ელი მრჩევლების დამოკიდებულება საქართველოს ჯარების მშენებლობისადმი? საქმე იმაშია, რომ 90-იანი წლების შუახანებში ნატო-ელი სპეციალისტები და ექსპერტები ახლად შემოდიოდნენ საქართველოში და ჯერ კიდევ არ ჰქონდათ შესწავლილი და ათვისებული ჩვენს ქვეყანაში ამ მხრივ არსებული სიტუაცია, არ ჰყავდათ ნაყიდი და გადაბირებული თავდაცვისა და ეროვნული უსაფრთხოების სფეროში საკვანძო თანამდებობებზე მყოფი ჩინოვნიკები, მასობრივი ინფორმაციის საშუალებები, ხოლო მათ მიერვე დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციები ჯერ მხოლოდ პირველ ნაბიჯებს დგამდნენ და დასავლეთისთვის სასურველი კლიმატის შექმნა ისე კარგად არ შეეძლოთ. ამიტომ ამ ფონზე ჩვენში ჩამოსულ ამერიკელ და სხვა ნატო-ელ მრჩევლებს, ჩვენივე ნდობისა და კეთილგანწყობის მოსაპოვებლად, მაშინ უფრო მეტი სიმართლის თქმა უხდებოდათ. სულ ეს არის და ეს.
საქართველოსთვის სამხედრო დახმარების საკითხში ამერიკულ-ქართული მორიგი სიყალბის საილუსტრაციოდ შეგვიძლია გამოვიყენოთ ამ ცოტა ხნის წინ პენტაგონის მიერ საქართველოსთვის UH-1D „იროქეზის“ ტიპის ათი ვერტმფრენის გადმოცემა. მართალია, ნაჩუქარ ცხენს კბილი არ გაესინჯება, მაგრამ როცა ამ საჩუქარს თან სიცრუე და ვერაგობაც მოჰყვება, მაშინ კი კარგად უნდა დავფიქრდეთ და გავარკვიოთ, თუ ასეთ სიცრუეს საით შეიძლება მივყავდეთ. (გვიანდელი შენიშვნა: აქ ერთერთი მთავარი სიცრუე მდგომარეობდა იმაში, რომ ჩვენში ხმამაღლა აცხადებდნენ, ამერიკელებმა ათი ს ა ბ რ ძ ო ლ ო /ხაზი ჩემია – ი. ხ./ ვერტმფრენი გადმოსცეს საქართველოსო, რაც სიმართლეს არ შეესაბამებოდა. ეს მაშინ წერილის ტექსტში მკაფიოდ ვერ გამოკვეთე, თუმცა კი მაშინ არც ამის საჭიროება იყო იმდენად, რადგანაც ამის თაობაზე ხშირად აცხადებდნენ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში).
საქმე იმაშია, რომ UH-1 „იროქეზის“ სერიის ვერტმფრენები აშშ არმიის შეიარაღებაში გამოჩნდა ჯერ კიდევ 1960-იან წლებში და ვიეტნამის ომში ამერიკელები გარკვეული ამოცანების გადასაწყვეტად მათ წარმატებითაც იყენებდნენ. UH-1 ვერტმფრენები წარმოადგენენ მრავალმიზნობრივ ანუ ზოგადი დანიშნულების ვერტმფრენებს, რომელთა ფუზელაჟის ზომები სიგრძეში, სიგანესა და სიმაღლეში არის 12,8 × 2,8 × 4,4 მ, საბრძოლო დატვირთვა დაახლოებით 1700 კგ-ია. თითოეულ ასეთ ვერტმფრენს შეუძლია 11–14 სრულად ეკიპირებული ჯარისკაცის ან ცხრა საკაციანი დაჭრილის გადაყვანა. თავის დროზე სცადეს მასზე უმართავი საავიაციო რაკეტების გასაშვები დანადგარების, საავიაციო ქვემეხებისა და ტყვიამფრქვევების ჩამოკიდება მოქმედი სახმელეთო (მიწისზედა) ქვედანაყოფებისთვის საცეცხლე მხარდაჭერის აღმოსაჩენად. მაგრამ ფუზელაჟის მსხვილი ზომების გამო ასეთი ამოცანების გადაწყვეტისას ისინი ადვილად მოწყვლადი ხდებოდნენ მოწინააღმდეგის საზენიტო საშუალებებისგან.
ამიტომ საცეცხლე მხარდაჭერის აღმოსაჩენად იმავე ვიეტნამის ომის მსვლელობისას ამერიკელებმა გამოუშვეს სულ ორადგილიანი კაბინის მქონე მცირე ზომის ვერტმფრენები AH-1 „კობრა“, რომლის ფუზელაჟის ზომებიცაა 13,6 × 1,0 × 4,1 მ. კაბინაში ერთმანეთის უკან სხედან მეთაური და დამმიზნებელი, რის ხარჯზეც ფუზელაჟის სიგანე 1,0 მ-მდეა შემცირებული, თანაც არც სადესანტო განყოფილებაა გათვალისწინებული და კაბინის სიგრძეც მნიშვნელოვნად შემცირებულია. ასეთ ვერტმფრენებზე თავიდან დაიწყეს უმართავი საავიაციო რაკეტების გასაშვები დანადგარების ჩამოკიდება მოწინააღმდეგის ცოცხალი ძალის დაზიანებისა და მსუბუქი საფორტიფიკაციო ნაგებობების დანგრევისთვის, მათ მისცეს აღნიშვნა AH-1G “ჰიუ კობრა” და უწოდებდნენ საცეცხლე მხარდაჭერის ვერმფრენებს.
უფრო მოგვიანებით მათ ფრთებზე, კაბინის ორივე მხარეს, დაიწყეს „თოუს“ ტიპის ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტების გასაშვები დანადგარების ჩამოკიდება (რვა–რვა რაკეტა „თოუთი“ თითოეული ფრთის ქვეშ) და, შესაბამისად, მისცეს აღნიშვნები AH-1Q და S „კობრა თოუ“ და მათ ეწოდა ტანკსაწინააღმდეგო ვერტმფრენები. 80-იან წლებში ამ ვერტმფრენების AH-1W და W/P მოდიფიკაციებზე დაიწყეს უფრო სრულყოფილი „ჰელფაირის“ ტიპის ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტების გასაშვები დანადგარების ჩამოკიდება და მათ მისცეს სახელწოდებები „სუპერ კობრა“ და „ქინგ კობრა“. ამასთანავე 80-იან წლებში გამოუშვეს უფრო თანამედროვე AH-64 „აპაჩის“ სერიის ვერტმფრენები, რომელთა გამოყენებაც, ისევე როგორც „კობრას“ სერიის მანქანებისა, შეიძლება როგორც საცეცხლე მხარდაჭერის ამოცანების შესრულებისთვის, ისე ტანკსაწინააღმდეგო ამოცანებისაც. AH-1 და AH-64 სერიის ვერტმფრენები უკვე საბრძოლო მანქანებია (UH-1 და UH-60 სერიის ზოგადი დანიშნულების ვერტმფრენებისგან განსხვავებით, რომლებიც წყვეტენ ძირითადად საბრძოლო უზრუნველყოფის ამოცანებს), და მათ უწოდებენ სპეციალიზებულ მოიერიშე ან დამრტყმელ ვერტმფრენებს.
გარდა ამისა, აშშ არმიის შეიარაღებაში არის მსუბუქი ორადგილიანი OH-58 „კაიოვას“ სერიის სადაზვერვო და ასევე CH-47D „ჩინუკის“ ტიპის მძიმე სატრანსპორტო (სატრანსპორტო-სადესანტო) ვერტმფრენები (ამ უკანასკნელს აქვს ორი მზიდი ხრახნი კაბინის თავსა და ბოლოში, მისი საბრძოლო დატვირთვაა 18 ტ, ხოლო კაბინაში კი შესაძლებელია 44 სრულად ეკიპირებული ჯარისკაცის გადაყვანა, ან გარეთა საკიდებზე, მაგალითად, 155-მმ ბუქსირებადი ჰაუბიცის გადატანა).
ასეთ პირობებში ზოგადი დანიშნულების UH-1 და უფრო თანამედროვე UH-60 „ბლექ ჰოქის“ სერიის ვერტმფრენები განკუთვნილია მცირე ტაქტიკური დესანტების გადასხმის, ტვირთების გადაზიდვის, დაჭრილებისა და ავადმყოფების ევაკუაციის, საძიებო-სამაშველო სამუშაოების ჩატარების, ადგილმდებარეობის დისტანციურად დანაღმვის ამოცანების შესრულებისთვის; აგრეთვე მათში შესაძლებელია რადიოელექტრონული ჩახშობის აპარატურის დაყენება და მაშინ EH-1 და EH-60 სერიების ასეთ ვერტმფრენებს იყენებენ რადიოელექტრონული ბრძოლის წარმოებისთვის (ესეც, ცხადია, საბრძოლო უზრუნველყოფის ამოცანებს განეკუთვნება).
UH-1 და UH-60 ზოგადი დანიშნულების ვერტმფრენებით ბრძოლის ველზე მოწინააღმდეგის ზურგში ტაქტიკური აერომობილური დესანტების გადასხმას წინ უნდა უძღოდეს ჯერ სადაზვერვო ვერტმფრენებით დესანტის ფრენის დაგეგმილ მარშრუტზე მოწინააღმდეგის მიწისზედა ჯარების საზენიტო საშუალებების გამოვლენა, შემდეგ კი მოიერიშე ავიაციის თვითმფრინავებითა და AH-1 და AH-64 დამრტყმელი ვერტმფრენებით აღნიშნული საშუალებების განადგურება ან ჩახშობა. მხოლოდ ამის შემდეგ გახდება შესაძლებელი UH-1 და UH-60 ვერტმფრენებით ტაქტიკური დესანტების გადასხმა. შემდეგში მოწინააღმდეგის ზურგში მოქმედ მედესანტეებს საავიაციო მხარდაჭერას უნდა აღმოუჩენდნენ მოიერიშე თვითმფრინავები და დამრტყმელი ვერტმფრენები. მხოლოდ ასეთ პირობებში იქნება შესაძლებელი წარმატებული აერომობილური მოქმედებების წარმოება.
ყოველივე ამის გათვალისწინებით, აშშ არმიის ყველა დივიზიაში არის საარმიო ავიაციის ბრიგადა, რომელიც აერთიანებს სხვადასხვა დანიშნულების ვერტმფრენებს. სახელდობრ, ჯავშანსატანკო (მექანიზებული ქვეითი) დივიზიის შემადგენლობაში შედის სულ 146 ვერტმფრენი, მათგან 50 დამრტყმელი, 30 ზოგადი დანიშნულების, 54 სადაზვერვო და 12 რადიოელექტრონული ბრძოლისა (ანუ 50 საბრძოლო და 96 საბრძოლო უზრუნველყოფის ვერტმფრენი). სწორედ ამ მანქანების ასეთი შეხამება იძლევა როგორც მოწინააღმდეგის ჯავშანსატანკო ტექნიკასთან ბრძოლის, ისე აერომობილური მოქმედებების ჩატარების შესაძლებლობებს. მხოლოდ ზოგადი დანიშნულების ვერტმფრენების გამოყენება კი მოწინააღმდეგის ჰაერიდან შემოვლის მიზნით ამ მანქანებისა და მათში მყოფი მედესანტეების უცილობელ დაღუპვასთან იქნება დაკავშირებული.
ამ ვერტმფრენებით უბრალოდ შესაძლებელი იქნება თავად ამერიკელთა საჭიროებისთვის სერბეთის პროვინცია კოსოვოში ან სხვა რომელიმე რაიონში „სამშვიდობო“ ოპერაციების წარმოებისას იქ ქართული ქვედანაყოფების გადასროლა. ანუ ამერიკელები კი არ გვეხმარებიან ჩვენი ჯარების ჩამოყალიბებაში, არამედ ისინი თავად გვიყენებენ თავიანთი მიზნებისთვის, და ასეთია სამწუხარო რეალობა.

(ინტერვიუ თავთა მოციქულთა პეტრესა და პავლეს სახელობის ეკლესიის მღვდელმსახურთან მამა თეოდორე გიგნაძესთან)
(წერილი დაბეჭდილ იქნა გაზეთ „საქართველოს“ 2002 წლის 3 და 17 დეკემბერს გამოქვეყნებულ ნომრებში /## 15 და 16/; ასევე ხელმეორედ გამოქვეყნებული ჟურნალ „ქვაკუთხედის“ 2008 წლის ## 8 და 9-ში)
– დაგვლოცეთ, მამაო.
– ღმერთმა დაგლოცოთ.
– მამაო, რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, რუსეთში, ფსკოვო-პეჩორის მონასტერში, წმინდა ხატებიდან დაიწყო დიდი რაოდენობით მირონისა და სურნელოვანი წყლის დენა. რას ნიშნავს ეს სასწაულებრივი მოვლენა?
– სახელითა მამისათა, და ძისათა, და წმიდისა სულისათა.
ეს სასწაულებრივი მირონდენა ხდება არა მონასტერში, არამედ დეკანოზ მამა ვასილის სახლში. იგი 90 წელს მიღწეული მოძღვარია. ერისკაცობაში მისი მოძღვარი იყო წმინდა სერაფიმე ვირიცელი, ახლადკანონიზებული წმინდანი, რომელიც 1949 წელს გარდაიცვალა. შემდგომში მამა ვსილის მოღძვარი იყო სვიმონ პეჩორელი (ჟელინი), რომლის კანონიზაციის საკითხიც ამჟამად დგას. ანუ, მამა ვასილი აღიზარდა დიდი სულიერების მქონე მოძღვრების ხელში და მასაც უდიდესი სულიერი გამოცდილება აქვს. მე მქონდა ბედნიერება, გარკვეული დროით მასთან მეცხოვრა, და როდესაც თბილისში დავბრუნდი, ტელეფონით დამიკავშირდნენ და შემატყობინეს მამა ვასილის სახლში წმინდა ხატებიდან დიდი რაოდენობით მირონდენის ამბავი.
პეჩორაში ჩავიდნენ ჩემი სულიერი შვილები, ნინო და თეონა, შემატყობინეს, მირონდენა იმდენად უხვია, რომ მათ შესანახი ჭურჭელის კი აღარ აქვთ, იატაკზე დაღვრილ მირონსა და სურნელოვან წყალში ფეხებით დადიანო. ორმოც ამოთხარეს, რომ ნაწილი სიწმინდეები ჩამარხონ და ამით ისინი უნებლიე უდიერი მოპყრობისგან დაიცვანო.
თავად თეონამ თავისი გულსაკიდი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი „შენ ხარ ვენახი“ მირონმდინარე ხატებთან და ჯვრებთან ერთად მაგიდაზე დადო და მალე მისგანაც დაიწყო მირონდენა. იგი ჯერ ღრმა თეფშში ჩაასვენეს და სურნელოვანმა მირონმა იგი სულ რამდენიმე წუთში აავსო, შემდეგ უფრო ღრმა ჭურჭელში, მერე ქვაბში და ასე შემდეგ. მთლიანობაში ამ 15 მილიმეტრის სიგრძის გულსაკიდი ხატიდან 33 ლიტრი მირონი და სურნელოვანი წყალი გადმოვიდა. მირონდენა არ ხდებოდა, როდესაც მას სხვები უყურებდნენ. საკმარისი იყო გვერდით ოთახში სატრაპეზოდ, სალოცავად ან სხვა საქმის საკეთებლად გასვლა, რომ ამ პატარა ხატიდან გადმოსული მირონითა და სურნელოვანი წყლით ჭურჭელი სულ რამდენიმე წუთში ივსებოდა.
ასევე უამრავი მირონი მოედინებოდა ჩემს მიერ მანამდე მამა ვასილისთან ჩატანილი ლამინირებული ხატებიდანაც, ისევე, როგორც ამ მოძღვრის სახლში დასვენებული ყველა წმიდა ხატიდან და ჯვრიდან. ერთხელ უფალმა ინება და დაანახა მამა ვასილისთან მყოფთ, თუ როგორ გადმოედინებოდა ასეთი დიდი რაოდენობით სიწმინდეები. მაშინ, როდესაც ერთად ტრაპეზობდნენ, გვერდით ოთახიდან მოესმათ დიდი ნაკადით მომავალი წყლის ჩხრიალი. შეიხედეს იმ ოთახში და ნახეს, რომ კედელზე დაკიდებული ხატიდან მოჩქეფდა სურნელოვანი წყალი. ზოგმა იფიქრა, ხატის უკან კედელში წყალგაყვანილობის მილი ხომ არ გასკდაო და იქაც შეიხედა, მაგრამ კედელი მშრალი იყო და ეს სურნელოვანი წყლის მჩქეფარე ნაკადი სწორედ ხატიდან მოედინებოდა.
როდესაც ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა გაიგო, განცვიფრდა, ყურადღებით მოგვისმინა და მამა ვასილი საქართველოში მოიწვია. თავად მამა ვასილისაც სურს ჩვენთან ჩამობრძანება, და თუ ღმერთი ინებებს, უსათუოდ ჩამოვა.
– მამაო, რას უნდა ნიშნავდეს წმინდა ხატებიდან და ჯვრებიდან ასეთი დიდი რაოდენობით მირონისა და სურნელოვანი წყლის გადმოდინება?
– ეს კითხვა მეც დავუსვი მას. სანამ ხატებიდან ეს მირონდენა დაიწყებოდა, მან მითხრა, რომ დიდი ომია მოსალოდნელიო. ამერიკა განადგურდება როგორც სახელმწიფო, იაპონიის მხრიდან მას ორი ატომური ბომბი მოხვდებაო. ეს ამ მოძღვრის პირადი აზრია, მაგრამ ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ იგი ტყუილუბრალოდ არაფერს ლაპარაკობს. თანაც ამ მადლმოსილი მამის მიერ სხვა უამრავი სასწაულებიც აღესრულება და მისი სიტყვები უსათუოდ ანგარიშგასაწევია.
აღსანიშნავია ისიც, რომ მამა ვასილის სახლში ჯერ ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატმა თვალებიდან ცრემლების სახით დაიწყო მირონდენა, შემდეგ კი მთელი ხატი დაიცვარა. იგივე ემართება მამა ვასილის ყველა ხატს და მის სახლში შეტანილ ყველა სხვა კანონიკურ ხატსა და ჯვარს. ეს ამბავი ამ მოძღვრის განსაკუთრებულ მადლმოსილებასა და სიწმინდეზე მეტყველებს. და სწორედ ასეთი მადლმოსილი მამა ამბობს, რომ დიდი ომი იქნება. ამ ამბავს იგი იმდენად რეალურად აღიქვამს, რომ მასთან მყოფი ადამიანები, მოსალოდნელი დიდი შემშილის მოლოდინში, კარტოფილისა და ვაშლის ნაფცქვენებსაც კი აღარ ჰყრიან, რეცხავენ, აშრობენ და სამომავლოდ ინახავენ. ასევე აშრობენ და ინახავენ პურის ნარჩენებს. მათ აიღეს მიწის დიდი ნაკვეთი და ამუშავებენ, რათა მომავალი გაჭირვების პერიოდისთვის მარაგი შეიქმნან. ამით ისინი უკვე რეალურად ემზადებიან ხვალინდელი დღისთვის, ანუ იმ დიდი ომისთვის, როდესაც თვით ამერიკაც ასეთ მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდება.
– მამა თეოდორე, მამა არჩილის (მინდიაშვილის) ამასწინანდელი ქადაგებიდან მოვისმინეთ, რომ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის „შენ ხარ ვენახის“ სიმბოლიკა გამოხატავს, ერთის მხრივ, საქართველოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვედრობას და, მეორეს მხრივ, წმინდა ნინოს ვაზის ჯვარს. თქვენ ხომ არ განგვიმარტავდით ამ ახლა უკვე მირონმდინარე ხატის მნიშვნელობას?
– როგორც მამა არჩილი ამბობს, ასეთი მისტიკური კავშირი მართლაც არსებობს, და მირონდენა, აგრეთვე სხვა სასწაულები, რომლებიც ამ ხატიდან აღესრულება, აღნიშნავს უფლის კურთხევას. მაგრამ მისივე სიტყვებით, ამ სიმბოლიკის, ამ კავშირის ჭეშმარიტი აზრი საცნაური გახდება მხოლოდ ბოლო ჟამის წინა პერიოდში, ამიტომ ამ საკითხის შესახებ სჯობს თავად მამა არჩილს მიმართოთ. ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის „შენ ხარ ვენახის“ დამწერი არის ირაკლი ცინცაძე, მაგრამ მისი სულიერი ავტორი გახლავთ არჩილ მინდიაშვილი, ამიტომ თავად ხატის სულიერ მნიშვნელობას, იგი ყველაზე კარგად ხედავს. ისე, პატრიარქის კურთხევით, მალე უნდა გამოვიდეს წიგნი ამ ხატის შესახებ და მისი „დაუჯდომელი“ ლოცვაც, რომლებშიც ღვთისმშობლის ხატის „შენ ხარ ვენახი“ ისტორიისა და მნიშვნელობის შესახებ ყველაფერი იქნება მოთხრობილი. ჩვენთან ტაძარში მოსული იყო ერთერთი ეკლესიის მოძღვარი, მამა გიორგი, რომელმაც ეს ხატი დედანში პირველად ნახა. პარაკლისი გადაიხადა და შემდეგ მითხრა, რომ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ეს ხატი ჭეშმარიტად ქართული ხატია და მასში ქართული სული იგრძნობაო.
– მამა თეოდორე, ჩვენი გაზეთის ფურცლებზე 1999-2001 წლებში გამოქვეყნდა წერილები იმის შესახებ, რომ დასავლეთის მმართველი წრეების ინიციატივით, 1990-იან წლებში ამიერკავკასიის გარშემო მოხდა შეიარაღებული დაპირისპირების ესკალაცია. დაპირისპირებულ მხარეებად გამოიკვეთნენ, ერთის მხრივ, თურქეთი და მისი ნატო-ელი მოკავშირეები, ხოლო მეორეს მხრივ – რუსეთ-ირან-ჩინეთის ალიანსი. ყოველივე ამას კი საფუძვლად უდევს 90-იან წლებში აშშ-ისა და გერმანიის მიერ თურქეთის შეიარაღებული ძალების არაადექვატური გაძლიერება. ასეთი დიდი სამხედრო-პოლიტიკური დაპირისპირების ფონზე და მართლმადიდებელ ეკლესიაში არსებული მამათა წინასწარმეტყველებების გათვალისწინებით, გამოიკვეთა ამ ორ კოალიციას შორის მესამე მსოფლიო ომის გაჩაღების რეალური კონტურებიც. როგორ შეიძლება შევაფასოთ ეს პროცესები სულიერი თვალსაზრისით?
– საერთოდ, ჩვენ პოლიტიკოსები არა ვართ და უფრო სულიერად ვცდილობთ მოვლენების დანახვას. მესამე მსოფლიო ომი რომ უნდა მოხდეს, ამის შესახებ არსებობს წინასწარმეტყველებები. ის ტრაგედია, რაც 2001 წლის 11 სექტემბერს ამერიკაში მოხდა და იმ პროცესების განვითარება, რაც ახლო აღმოსავლეთში, კერძოდ პალესტინაში ხდება, სწორედ იმის მომასწავებელია, რომ დიდი ომი უნდა იყოს. ჯერ კიდევ 11 სექტემბერს მომხდარ ტრაგედიამდე რამდენიმე თვით ადრე, ქართულ ენაზე ითარგმნა და გამოვიდა წიგნი „XX საუკუნის ფარული ორგანიზაციები“, რომლის პირველწყაროც 1993 წელს გერმანიაში გამოსცეს (იან ვან ჰელზინგის „საიდუმლო საზოგადოებები და მათი ძლიერება XX საუკუნეში“), ხოლო შემდეგ კი რუსულად ითარგმნა. ამ წიგნში მოთავსებულია ამერიკელი მასონის („კუ-კლუქს-კლანის“ დამაარსებლის) ალბერტ პაიკის, საერთოდ ბნელით მოცული პიროვნების, წერილი თავისი ევროპელი კოლეგის ჯუზეპე მაზინისადმი, რომელიც დაწერილი და გაგზავნილია 1871 წელს. მასში პაიკი მაზინის ეუბნება, რომ მასონურ-ილუმინატური ორგანიზაციების მსოფლიოში გაბატონებისთვის სამი მსოფლიო ომი არის საჭიროო. თანაც ისინი ამას კი არ წინასწარმეტყველებდნენ, არამედ ასეთ გეგმებს რეალურად სახავდნენ. აღნიშნულ წერილში ნათქვამია, რომ მესამე მსოფლიო ომის დაწყებამდე ამერიკაში მოხდება ტერაქტები, რამდენიმე ქალაქი დაიბომბება, მათ შორის ნიუ-ორკიც. რომ ეს უნდა დაბრალდეს აღმოსავლელ ექსტრემისტებს, და ეს ასე მოხდა კიდეც. თუ ამას კიდევ დავუმატებთ თქვენს გაზეთში გამოქვეყნებულ წერილებს 1990-იანი წლების განმავლობაში დასავლეთის მმართველი წრეების მიერ ამიერკავკასიის გარშემო ახალი შეიარაღებული დაპირისპირების დაწყების შესახებ, აქ შეიძლება ითქვას, რომ უკვე ხდება სიტუაციის მომწიფება.
მამა ვასილიც ამბობს, რომ რუსეთში დიდი განსაცდელი და გაჭირვება იქნება და ძალიან მწარედ დაისჯებიან ის ადამიანები, მამაკაცები და დედაკაცები, ვინც გარყვნილი ცხოვრებით ცხოვრობენ; ქალები, რომლებიც მეძაობენ, მამაკაცები, ვინც ფულის გულისთვის უამრავ უზნეობას სჩადიან. ამ ომის მიერ მრავალი ადამიანი მოწყდება, ხოლო ქრისტიანთაგან კი მრავალი სასწაულებრივ გადარჩება. ეს ომი გახლავთ ადამიანთა უზნეობისთვის განსაკუთრებულად დამსჯელი ომი. პოლიტიკოსები მოქმედებენ, გეგმებს აწყობენ, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ ღვთის დაშვების გარეშე არაფერი არ ხდება.
– თუ შეეხება ეს ომი საქართველოს?
– საქართველოს არა აქვს ის სამხედრო პოტენციალი, რომელიც მას გადაარჩენს. მაგრამ ვისაც ასეთი პოტენციალი აქვს, ისინიც ვერ გადაირჩენენ თავს. გამოსავალი მდგომარეობს უფლისადმი სასოებაში, უფლის რწმენაში. ერთი ღერი თმაც არ დავარდება უფლის ნების, მისი დაშვების გარეშე ადამიანის თავიდან. მით უმეტეს, რომ როდესაც მესამე მსოფლიო ომის ნანგრევებზე წარმოიქმნება ანტიქრისტეს ახალი მსოფლიო სახლი, რომელშიც თვითონ ანტიქრისტე უნდა გაბატონდეს, სწორედ ამ დროს უნდა მოხდეს ივერიის გაბრწყინება. თუ ომმა საქართველოს ტერიტორიაზე გაიარა და გამოიარა, ივერია განადგურდება, როგორც ასეთი და მაშინ რაღა გაბრწყინებაზეა ლაპარაკი?
– ე. ი. ღვთის მადლით, ივერია დაფარული იქნება?
– მადლობა ღმერთს, საქართველო გაბრწყინდება. ჩვენ ამაზე ვსასოებთ და ამის შესახებ წინასწარმეტყველებენ ბერძენი და რუსი მამები. მაგრამ ვინ იქნება ამ გაბრწყინების თანამონაწილე? ყველა ქართველი ან საქართველოში მცხოვრები ყველა ქრისტიანი იქნება ამის თანამონაწილე თუ ერთეულები? აგერ ისრაელი გაბრწყინდა 2000 წლის წინ. ღმერთი, სამყაროს შემოქმედი, ადამიანად მოვიდა. რამდენი გახდა ამის თანამონაწილე? ძალიან ცოტა. ხოლო ის, ვინც ამის თანამონაწილე არ გახდა, ისინი ყვიროდნენ – „სისხლი მაგისი ჩვენ ზედა და ჩვენ შვილთა ზედა“. ამით საკუთარი თავი დაიწყევლეს და უფლის მკვლელებად გადაიქცნენ. ჩვენც ასე არ დაგვემართოს. ივერია გაბრწყინდება და ეკლესიას სურს, რომ ამ გაბრწყინების, ამ ბედნიერების თანამონაწილე გახდეს მრავალი ადამიანი. ხოლო თუ მრავალი გახდება, ანუ თუ მრავალი ადამიანი მოემზადება ამასთან შესახვედრად, მერწმუნეთ, რომ ეს ომი ჩვენ გვერდზე ჩაგვივლის და არ შეგვეხება. ღმერთს შეუძლია ეს გააკეთოს, სასწაულები ყოველთვის ხდებოდა და დღესაც ხდება. ჩვენ უნდა ვსასოებდეთ უფლის წყალობაზე და ვიყოთ კარგი ქრისტიანები.
– მამაო, როდესაც 2001 წლის სექტემბერში ვაზისუბანში ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი გამოეცხადა ერთ ქალბატონს, ხატმა მას განუცხადა, რომ ამერიკაში მესამე დიდი მსოფლიო ომი იწყება და იგი საქართველოსაც შეეხება, რომ საქართველოზე გადაივლიან და გადმოივლიან. თუ არის შესაძლებელი, რომ ეს წინასწარმეტყველება რამდენადმე შერბილდეს ან შეიცვალოს? გვინდა გავიხსენოთ ქალაქ ნინევიის მცხოვრებთა მაგალითი, რომლებიც დიდ ცოდვაში იყვნენ ჩამდგარი და უფლმა მათ წინასწარმეტყველი მიუგზავნა, რათა შენანათ, თუ არა და გაანადგურებდა. ნინევიელებმა გულწრფელად და მხურვალედ შეინანეს და უფალმაც აპატია მათ უწინდელი შეცოდებანი. ასევე, როდესაც მრავალგზის შემცოდე ებრაელების გაჟლეტა გადაწყვიტა ღმერთმა, მოსე მის წინშე დადგა მხურვალე ლოცვით, რათა თუნდაც იგი წარეწყმიდა, ოღონდ ებრაელი ხალხისთვის ეპატიებია და განადგურებით არ დაესაჯა. ამ შემთხვევაშიც უფალმა შეისმინა მისი რჩეულის ვედრება.
– კიდევ ერთი მაგალითია მნიშვნელოვანი, როდესაც ძველ აღთქმაში ნაწინასწარმეტყველები იყო, რომ უფალს პირველი სასწაული იერუსალიმში უნდა მოეხდინა, იგი კი თავის პირველ სასწაულს ღვთისმშობლის თხოვნით, კანას გალილეაში ახდენს. ამიტომ იგი გარკვეული საყვედურის კილოთიც მიმართავს თავის წმინდა დედას – „ხომ იცი, ჩემი ჟამი ჯერ არ დამდგარაო“. მაგრამ ღმერთი თავისსავე წინასწარმეტყველებას მაინც ცვლის და ახდენს სასწაულს. თან ისეთ სასწაულს, როდესაც ვინმე კი არ იღუპებოდა, არამედ სიძეს ღვინო შემოაკლდა და ჯობდა კიდეც, ნაკლებად დათვრებოდნენ. მაგრამ რატომ მოახდინა უფალმა ეს სასწაული? რატომ შეცვალა თავისი წინასწარმეტყველება? იმიტომ, რომ მას სთხოვა მისმა ყოვლადწმინდა დედამ, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა. აქედან ჩანს, რომ უდიდესია ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მეოხება, რომ მას შეუძლია ღვთის წინასწარმეტყველებაც შეცვალოს ადამიანის განსაცდელის შესამსუბუქებლად.
ჩვენ ვართ ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა. ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის ვაზისუბანში მომხდარ გამოცხადებაში ნათქვამი იყო, რომ ამერიკაში დაიწყებოდა დიდი ომი და მეორე დღეს იქ სწორედ ის ტრაგედია განხორციელდა, რასაც მერე ომის დაწყება მოჰყვა. ეს გამოცხადება რომ ღვთისგან იყო, ამას ადასტურებს ისიც, რომ იქ ტაძარი შენდება და პატრიარქის კურთხევა არის ამაზე, ნიში უკვე გაკეთდა. ე. ი. ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი არ გვტოვებს. ისიც მნიშვნელოვანია, რომ ღვთისმშობლის, შეიძლება ასე ითქვას, ყველაზე უპირატეს ხატს, ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი ჰქვია. აღსანიშნავია, რომ რუსებს თავიანთი ქვეყნის ჩრდილოეთ, სამხრეთ, აღმოსავლეთ და დასავლეთ საზღვრები ჩაბარებული აქვთ ღვთისმშობლის სხვადასხვა ხატებისთვის, ხოლო საკუთრივ სამხრეთ საზღვარი – ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატისათვის. ამიტომ ეს ხატი ჩვენი ჩრდილოეთის საზღვრის მფარველიც არის.
როდესაც ერთ დროს ჩაღატარ ნოინის მკვლელობის გამო ალამუთის ალყად მდგომმა მონღოლებმა ეჭვი მათ ბანაკში მყოფ ქართველებზე მიიტანეს და მათი გაჟლეტა გადაწყვიტეს, ქართველებმა იარაღის ძალით არ სცადეს საკუთარი სიცოცხლის დაცვა, თუმცა შეეძლოთ ასეც მოქცეულიყვნენ და თავიანთი სიცოცხლის სანაცვლოდ საიქიოში უამრავი ურჯულოც გაესტუმრებინათ. მაგრამ მათ მუხლი მოუყარეს ყოვლადწმინდა ღვთისმშობელ დედას და მას შეჰღაღადეს. თითქოსდა გამოუვალი მდგომარეობა შეიქმნა, მაგრამ მოხდა გასაოცარი რამ – თვითონ მკვლელი გამოვიდა ლერწმებიდან და დაიძახა, ჩაღატარ ნოინი მე მოვკალიო. ასეთი რამ ხომ ნამდვილად არ ხდება. აი, ასე შეუძლია ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს გადაარჩინოს საქართველო. მხოლოდ ამისთვის საჭიროა, რომ ჩვენც იმ მხედრებივით ვიყოთ კიდეც ქრისტეს მხედრები, მუხლი მოვუდრიკოთ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს და ერთად შევღაღადოთ: „მოწყალებისა კარი განგვიღე კურთხეულო ღვთისმშობელო...“, რამეთუ ჩვენ მხოლოდ მას ვესავთ. აი, ასე უნდა იყოს.
– მამა თეოდორე, რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, უწინდელ დროში სვეტიცხოველში უფლის კვართიდან დიოდა მირონი და ეს მირონდენა შეწყდა XVII საუკუნეში, როდესაც ქართლისა და კახეთის მეფეებმა დაიწყეს მუსლიმანობის მიღება. უკანასკნელ ხანს, საქართველოს კათოლიკე სამოციქულო ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის საკონსტიტუციო შეთანხმების დადების წინა პერიოდში უფლის კვართიდან, როგორც ამბობენ, მირონდენა კვლავ განახლდა. რას უნდა ნიშნავდეს ეს?
– თვითონ ის ფაქტი, რომ იმ სვეტის გარშემო უკანასკნელ ხანს მრავალი კანდელი დაკიდეს და იქ მლოცველები იკრიბებიან, იმის დამადასტურებელია, რომ იქ სურნელოვანი მირონის გადმოსვლა მართლაც მოხდა. თვითონ მირონის დენა არავის უნახავს, მაგრამ სურნელება კი მრავალმა შეამჩნია. საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის ხელშეკრულება ბევრს მოსწონს, ბევრსაც არ მოსწონს. მაგრამ აქ აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ეს ხელშეკრულება სჭირდება თავად სახელმწიფოს. მე, როგორც მღვდელს, იგი არაფერში მჭირდება. როგორც აქამდე ვემსახურებოდი უფალს, ამის შემდეგაც ისე ვემსახურები. ეს ხელშეკრულება მე არც არაფერს მმატებს და არც არაფერს მაკლებს. იგი არის სახელმწიფოსგან გაკეთებული კეთილი ჟესტი, ისევ საკუთარი თავის მიმართ.
ამავე დროს მასში, როგორც ამბობენ, არის ბევრი ხარვეზი, მაგრამ ეს ხარვეზები დაწერილია ადამიანების მიერ და მომავალში შესაძლებელი იქნება მათი გამოსწორება. მაგრამ ფაქტი ის არის, რომ დღეს, როდესაც ასეთი გაუგონარი განდგომაა ეკლესიისგან, სახელმწიფო ცდილობს ეკლესიას დაუახლოვდეს, ეკლესიისკენ ნაბიჯი გადმოდგას, საკუთარი ქვეყნის, საკუთარი ხალხის საკეთილდღეოდ. ეს უკვე კარგის მომასწავებელია. შეიძლება დღეს ამ დოკუმენტში ყველაფერი საჭირო დონეზე არ იყოს გათვალისწინებული, მაგრამ როდესაც სახელმწიფო ეკლესიასთან დაახლოებით თავისთვის სიკეთეს დაინახავს, ხვალ შეიძლება უფრო მეტი ნაბიჯები გადმოდგას შემდგომი დაახლოებისა და ქვეყნის საქმეების უკეთ წარმართვის გზაზე.
დღეს იმის შესახებ, უნდა იყოს თუ არა მართლმადიდებლობა სახელმწიფო რელიგია, ეკლესიაშიც ორი აზრია. ზოგი ამბობს ჰოს, და ზოგიც არას. და ვინც ამაზე უარს ამბობს, ის საერთოდ მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების წინააღმდეგი არ არის, არამედ შიშობს, რომ ასეთ შემთხვევაში სახელმწიფომ არ მოახდინოს ეკლესიის უზურპაცია და არ დაიწყოს მის შიდა საქმეებში ჩარევა. ეს იმიტომ, რომ საქართველოს ჯერჯერობით არ ჰყავს მირონცხებული მეფე, რომელიც იქნებოდა ეკლესიის ხელშეუხებლობისა და მის საქმეებში ჩაურევლობის გარანტი. ასეთი მირონცხებული მეფე არის ეკლესიის სიმტკიცისა და სიწმინდის გარანტი და ხელს უწყობს თავის სამეფოში ქრისტიანული ეკლესიის აყვავებას.
დღესდღეობით მირონცხებული მეფის არარსებობის პირობებში არც კონსტიტუციაა მართლმადიდებლობის სიწმინდისა და ეკლესიის ხელშეუხებლობის გარანტი. ამიტომ დღევანდელი კანონმდებლობით, დღევანდელი ხელისუფლების მენტალიტეტით შეუძლებელია, რომ მართლმადიდებელი ქრისტიანობა იყოს სახელმწიფო რელიგია.
მეორეს მხრივ, ეკლესიისა და სახელმწიფოს გაყოფა სულაც არ არის კარგი. იგი მასონური ხელწერა და მასონური ზემოქმედებაა. ყოველთვის, როდესაც მასონები მოდიოდნენ ხელისუფლებაში, პირველ რიგში ცდილობდნენ, რომ ეკლესიისა და სახელმწიფოს გაყოფით ღვთის სიტყვა სახელმწიფოსგან მოეცილებინათ. ეს, თავისთავად ცხადია, ცუდია. მაგრამ დღევანდელი პირობებიდან გამომდინარე, ჩვენი სახელმწიფოსა და ეკლესიის დაახლოება უნდა მოხდეს ეტაპობრივად, გონივრულად, სახელმწიფო კანონმდებლობის სერიოზული ცვლილებით, და ყველასთვის სასურველი მირონცხებული მეფის აღდგენით.
– საეკლესიო სიწმინდეებიდან მირონის დენას, აგრეთვე უფლის სხვა სასწაულებს, ჩვენი საზოგადოება აღიქვამს როგორც მადლს; ჩვენს მოვალეობაზე კი ნაკლებად ვფიქრობთ. რას გვეტყოდით ამის შესახებ?
– სიწმინდე, უწინარეს ყოვლისა, არის პასუხისმგებლობა, და მერე მისგან სიკეთის მიღება. ნაკურთხი ჯვარი მკერდზე, ნაკურთხი ხატი სახლში, სახლის (ოჯახის) კურთხევა, მირონმდინარე ხატი, ჯვრისწერის საიდუმლოება და ცოლ-ქმრის თავზე გვირგვინის დადგმა, მონათვლა და ნათლიობა – ეს ყოველივე უწინარეს ყოვლისა არის პასუხისმგებლობა. ღმერთი ძალადობით არავისზე არ მოქმედებს. ღვთის მადლმა რომ შენზე იმოქმედოს, შენ მას გულის კარები უნდა გაუხსნა, თუ გულის კარებს არ გაუხსნი, მადლი როგორც მოვიდა, ისე წავა. ეს არ არის უპიროვნო ენერგია, ვთქვათ გრავიტაციის მსგავსი, რომელიც განურჩევლად ყველას და ყველაფერს იზიდავს. მას (უპიროვნო ენერგიას) არ შეუძლია უყვარდეს ან სძულდეს. ღმერთი ასე არ არის. იგი ცოცხალი ღმერთის ხელია. ნებისმიერ შემთხვევაში, როდესაც სიწმინდესთან გვაქვს საქმე, თუ მას გულის კარებს არ გავუღებთ, ეს ჩვენთვის იქნება დასასჯელი.
ამიტომ როდესაც მე ვხედავ მირონმდინარე ხატს, მას მივეახლები, მასთან ვილოცებ და ამის შემდეგ ჩემი მდგომარეობა ჩემთვის სასიკეთოდ არ შეიცვლება, ეს იმას ნიშნავს, რომ მე ღმერთს ვხედავ და მასზე უარს ვამბობ. ჩვენ ხშირად გავურბივართ ამ სასწაულებს. როდესაც ჩვენ ადამიანებს ვეუბნებით, რომ აქ სასწაული ხდება, აბა მოისმინე, აბა ნახე, ადამიანებს ეს არ უნდათ. იმიტომ, რომ მათ ქვეცნობიერი ეუბნებათ – „ეს რომ დაფიქსირდეს შენს ცხოვრებაში, შენ სხვანაირი უნდა გახდე. შეუძლებელია, რომ შენ ისეთივე დარჩე“. შეიძლება ითქვას, რომ შენ ღმერთს ხელით შეეხე, ღმერთი ბოლომდე შეგეხო და ისევ ისეთი რჩები? მაშინ სჯობდა არ შეხებოდი, არ გენახა. იმიტომ, რომ, ვისაც ბევრი მიეცა, ბევრიც მოეთხოვება.
ამიტომ ეს სიწმინდეები და ღვთის სასწაულის ეს გამოვლენა უწინარეს ყოვლისა არის ჩვენი პასუხისმგებლობა ღვთის წინაშე და მხოლოდ ამის შემდეგ – ღვთის მადლი. სახლს რომ ვაკურთხებთ, იქ წერია, რომ მღვდელი გამოითხოვს სიკეთეს, როგორც მატერიალურს, ისე სულიერს, ოჯახის წევრებზე. ოღონდ იმათზე, ვინც ქრისტეს მცნებებით იცხოვრებს, ხოლო ვინც ასე არ მოიქცევა, მათზე ეს სიკეთე და მადლი არ გადმოვა.
– დღეს საქართველოში ფართოდ შემოჭრილ სხვადასხვა სახის ეროტიულ და პორნოგრაფიულ პროდუქციას, ტელესერიალებს, უამრავ შოუს, რესტორნებს, კაზინოებს და ა. შ. საქართველოს მოსახლეობის ერთი ნაწილი გამოჰყავთ შინაგანი წონასწორობიდან და გადაჰყავთ ემოციების, ვნებების ტალღაზე. იმ უამრავი განსაცდელების გადატანა, რომლებიც იმ დიდმა ომმა შეიძლება მოიტანოს, ან რომლებიც ჩვენს ყოველდღიურ ყოფას მოაქვს, მათთვის უფრო ძნელი არ იქნება?
– რა თქმა უნდა, როდესაც ადამიანის მთელი სასოება მიწიერზეა, როდესაც ადამიანი დილის ლოცვებში მთელი სასოებით არ ამბობს – „მოველი აღდგომასა მკვდრეთით, და ცხოვრებასა მერმისა მის საუკუნისასა, ამინ“, ანუ როცა ჩვენი პერსპექტივა შემოფარგლულია მიწიერი არსებობით და არ გრძელდება უსასრულობაში, ყოველთვის აქაური განსაცდელი და აქაური კომფორტის დაკარგვა მძიმედ აღიქმება. მეორეც, ჩვენ გვეშინია მოსალოდნელი ომის, არ გვინდა ომი, მაგრამ ვართ კი იმის ღირსი, რომ ამ ომმა ჩვენ გვერდით ჩაგვიაროს? მოდით, დავიაროთ ქართული სოფლები და ვნახოთ, ვის სწამს ღმერთი. არა სიტყვით, არამედ საქმით. აღმოჩნდება, რომ ძალიან ცოტას. და როდესაც მათ მოვუწოდებთ, და ცოტათი ვაიძულებთ კიდეც, რომ საქმით იწამონ ღმერთი, შესაძლოა სახლიდანაც გამოგვაგდონ.
რაღა შორს წავიდეთ. ვნახოთ, როდესაც მოვა კალენდარული ახალი წელი, როდესაც მძიმე მარხვაა, როდესაც ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი მეცხრე თვეშია, კარდაკარ დადის და არც ერთ სახლში არ უშვებენ, რომ ღვთაებრივი ყრმა გააჩინოს, როგორ დღეშია საქართველო მაშინ? ანუ როდესაც ღვთისმშობლის ცხოვრებაში უმძიმესი პერიოდია, იგი კარდაკარ დადის, სახლის კარებს არავინ უღებს და ბოლოს ცხოველთა სადგომში იშვება ადამიანად მოსული ღმერთი, ამ დროს ქართველი კაცი, რელიგიური ფანატიკური აღტყინებითა და გულზე ხელის ბრახუნით – „ღმერთო, ხვალე ბედნიერი დღე გამითენეო“, გოჭის ხორცს ეძალება და უზომოდ თვრება, ჰგმობს ღმერთს.
და როცა ეს ხდება, მაშინ რაღატომ გვიკვირს, რომ ჩვენს თავზე განსაცდელი და უბედურება შეიძლება მოვიდეს? როდესაც შენ სხვა საშუალებას არ უტოვებ ღმერთს, თუ არა იმას, რომ შეგაჯანჯღაროს?
რაც შეეხება გადარჩენას, მუხლი უნდა მოვუდრიკოთ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს, ოღონდ საქმით, მისი ძის მცნებების აღსრულებით, და არავითარ შემთხვევაში მხოლოდ სიტყვით. თქვენს მიერ დასახელებულ ადამიანებს კი ძალიან გაუჭირდებათ. ხომ უჭირს დღეს საქართველოს? მაგრამ რესტორნები, და რაც ყველაზე უფრო ცუდია, კაზინოები არის სავსე. ადრეც გვითქვამს ტელევიზიით და რადიოთი, ახლაც ვაცხადებთ, რომ კაზინოში მოსიარულე ადამიანი არაფრით არ განსხვავდება ნარკომანისგან. მას შეუძლია გაყიდოს დედა, მამა, მთელი თავისი ოჯახი, ოღონდ კი ფული იშოვნოს და კვლავ ითამაშოს. ამასთანავე, ის ღარიბიცაა. ხოლო კაზინოთი გამდიდრებულები, ანუ კაზინოებისა და ტოტალიზატორების მეპატრონეები, თავიანთ თავზე და საკუთარი ოჯახის წევრებზე აგროვებენ ნაკვერჩხალს, მარადიულ ნაკვერჩხალს, რომელიც აღარასოდეს არ ჩაქრება, თუ ისინი სინანულით არ მოინანიებენ. და ეს განსაცდელი შეიძლება აქვე დაიწყოს.
კიდევ ერთიც, ომში შეიძლება ადამიანმა თავი გადაირჩინოს. ასი ათასი ქართველი ჯალალ-ედ-დინმა აწამა მაშინ, როდესაც ქართველობა, თავისი ცოდვების გამო ღმერთს უკვე დაშორებული იყო, და მან ფაქტიურად ეს ქართველები გადაარჩინა. ანუ ასი ათასი ქართველი მოწამე, რომლებმაც ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისა და მაცხოვრის ხატები არ შეურაცხჰყვეს, უფალმა გადაარჩინა სულიერად. ასე რომ, იმ ომმა ასი ათასი ქართველი გადაარჩინა და ასეთი თავგანწირვით მათ სული გადაირჩინეს. მართალია, ეს ტკივილი იყო, მაგრამ როდესაც ღმერთს სხვა გზას აღარ უტოვებ, მაშინ იგი იძულებულია, რომ ასეთი ტკივილის ფასად გადაგარჩინოს. ასე რომ, ჩვენს ერზეა დამოკიდებული ჩვენი გადარჩენის გზა.
– მამა თეოდორე, მართლმადიდებელ ეკლესიაში არსებული წინასწარმეტყველებებით, ბოლო ჟამის წინა პერიოდში ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი დატოვებს ათონის მთას და, დიდი ვარაუდით, საქართველოში გადმობრძანდება. მოსალოდნელია, რომ საქართველოში ჩამოვა ათონელი მამების მნიშვნელოვანი ნაწილიც, აგრეთვე ამას აპირებენ რუსი მამებიც, განსაკუთრებით მაღალი სულიერების მქონე ბერ-მონაზვნები და მოძღვრები. მრავლდება თავად ქართველი სასულიერო პირების რიცხვი, აგრეთვე გარკვეულწილად უმჯობესდება მათი განათლებისა და მსახურების პირობებიც. ყოველივე ამის გათვალისწინებით, როგორი შეიძლება იყოს საქართველოს სულიერი ცხოვრება „პორტაიტისად“ წოდებული ღვთისმშობლის ხატის საქართველოში ჩამობრძანების შემდეგ?
– ეგ არავინ იცის. ეს იქნება ივერიის გაბრწყინება, ხოლო როგორი იქნება ეს გაბრწყინება, არავინ იცის. მაგრამ არის ერთი საშიშროება, რომ ქართველი ხალხის ერთი ნაწილი ივერიის ამ ბედნიერების თანაზიარი ვერ იქნება, იმიტომ, რომ მათ ეს არ უნდათ. ეს იქნება დიდი ბედნიერება, ანუ სასუფევლის წინასწარ გემოისხილვა.
– ამ რამდენიმე თვის წინ თბილისში მომხდარი მიწისძვრა ხომ არ იყო წინაპირობა იმისთვის, რომ ქართველ ხალხსა და საქართველოს მოსახლეობაში ღვთის წინაშე საკუთარი არარაობის გაცნობიერება და ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის შესახვედრად გულის შემუსვრილობა დაებადა?
– დიახ, ნამდვილად. ყოველი განსაცდელი ადამიანს აჩვენებს, რომ ამქვეყნიური ყოფა არის წარმავალი. ამქვეყნიური ბურუსი ბინდივითაა გადაფარებული ჩვენს თვალებზე, და ეს განსაცდელი ამ ბინდს გაარღვევს, ნისლი გაიფანტება ხოლმე და ღვთაებრივი მზე – ქრისტე გამოანათებს. ასეთია განსაცდელების დანიშნულება. როდესაც შენ ვერ იხედები, ღმერთი გეხმარება, შემოგაძარცვავს ხოლმე ამ ბურუსს და ამას განსაცდელები ჰქვია. ამიტომ ამ მიწისძრამაც ბევრში რელიგიური გრძნობები გააჩინა, მაგრამ სჯობია ისე გავაკეთოთ, რომ ეკლესიის ხმას მოვუსმინოთ და ასეთი განსაცდელები აღარ დაგჭირდება.
– მამაო, შეჯამების სახით, რას გვეტყოდით – რას მოითხოვს ჩვენგან უფალი და როგორ მოვიქცეთ, რომ მივსდიოთ მას?
– ქრისტიანული ცხოვრება არის უფლის მოწაფეობა. თითოეულმა ადამიანმა გაიფიქროს – 2000 წლის წინ რომ ეცხოვრა გახდებოდა ქრისტეს მოწაფე, მისი მიმდევარი, დაინტერესდებოდა ქრისტეს ქადაგებებით? თუ იგი დაინტერესდებოდა, მაშინ მის ცხოვრებაში ეს არ უნდა ჩანდეს? უფალი ამბობს სასულიერო პირებზე – ვინც თქვენი ისმინა, ჩემი ისმინა. ჰოდა დაემოწაფეთ ჩვენს მოძღვრებს, გვყავდეს სულიერი მამები. უფალი ამბობდა, – ვისაც ეკლესია მიუტევებს, მიეტევება. ჰოდა, ვთქვათ აღსარებები. უფალი ამბობდა, – ვინც ეზიარება ჩემს სისხლსა და ხორცს, ის ჩემთან იქნება და მე მასთან, მე მას მარადიულ ცხოვრებას მივცემო. და ეს თქვენც ყოველთვის გააკეთეთ.
როცა უფალი ქადაგებდა ჩვენ მოვუსმენდით? მაშინ ვიკითხოთ სახარება, ჩვენ კი ხშირად არ ვკითხულობთ სახარებას. განა იქ ის არ წერია, რასაც უფალი ქადაგებდა? და ასევე, მოგვინდებოდა უფლის მოწაფეობა? მაშინ ვესაუბროთ მას. და თუ ეს გვინდა, რატომ არ ვლოცულობთ? ე. ი. ქრისტიანობა არის რეალისტურად შეყვარება ქრისტესი, სიყვარული უფლისა, მისი მოწაფეობა, მისი მიმდევრობა და მისი მცნებების ზედმიწევნით აღსრულება. მცნებების, რომლებიც ქართველმა კაცმა, სხვათა შორის, არ იცის.
ყოველთვის, როცა ვსაუბრობთ ქრისტეს მცნებებზე, იწყებენ ათი მცნების ჩამოთვლით, ეს კი ძველი აღთქმის მცნებებია. უფალი ამბობს – მე იმას ვუყვარვარ, ვინც ჩემს მცნებებს აღასრულებს, ხოლო ქართველმა კაცმა ხშირად ახალი აღთქმის არც ერთი მცნება არ იცის. ზოგიერთი ნაწილობრივ ჩამოთვლის ხოლმე ძველი აღთქმის მხოლოდ ზნეობრივ მცნებებს. მაგრამ ჩვენ ახალ აღთქმაში ვართ. ჩვენ ხშირად ისიც კი არ ვიცით, თუ ვინ არის ქრისტე, ხოლო თუ ვიცით, მაშინ არ ვიცით, რა თქვა მან. როგორ, ე. ი. ღმერთი, გალაქტიკების შემოქმედი, ადამიანად მოვიდა, შენთვის მოკვდა, რაღაც გითხრა, და არ იცი, რა გითხრა? და ამის მერე შენ ბედავ თქვა, რომ ქრისტიანი ხარ? გავიგოთ, რა გვითხრა ღმერთმა, გავიგოთ და გავავრჩებით.
– დიდება უფალს. გმადლობთ, მამაო.
– ღმერთმა დაგლოცოთ.
ესაუბრა ირაკლი ხართიშვილი
P. S. აუდიო ჩანაწერიდან საუბრის ქაღალდზე გადმოტანისას მოვიდა მოსაზრება, რომელიც მანამდე არა მქონია. სახელდობრ, მამა თეოდორემ აღნიშნა, რომ რუს სამღვდელებასა და ხალხს თავიანთი ქვეყნის ოთხივე მხარის საზღვრები შევედრებული და ჩაბარებული აქვთ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სხვადასხვა ხატებისთვის, ხოლო სამხრეთ საზღვარი კი – ღვთისმშობლის ივერიის ხატისთვის. მაგრამ, მეორეს მხრივ, დიდი ომის მომასწავებელი მირონდენა ხატებიდან მამა ვასილის სახლში იწყებოდა იმით, რომ სწორედ ივერიის ხატი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისა იწყებდა ტირილს მირონის ცრემლთა დენით, და ამის გააზრების შემდეგ ბუნებრივად წამოიჭრა კითხვა: ხომ არ ნიშნავს ეს იმას, რომ ის დიდი ომი რუსეთისთვის, რომელიც ამ ქვეყანას დიდი განსაცდელებითა და უბედურებებით შეიძლება შემოუბრუნდეს, არის საფრთხე, რომელიც დაიწყება სამხრეთიდან, ამიერკავკასიიდან, შესაძლოა საქართველოს მხრიდანაც. მოგვიანებით მე ამის შესახებ ვკითხე მამა თეოდორეს, მასაც თითქოს ენიშნა, ღმერთმა დაგლოცოსო მითხრა, მაგრამ იქვე დაუმატა, რომ მამა ვასილის საკუთრივ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზე არაფერი უთქვამსო. ჩემთვის კი ეს მოსაზრება, როგორც სამხედრო სფეროში მომუშავისთვის, მეტად მნიშვნელოვანი შეიქნა და ამანაც, სხვა ფაქტორებთან ერთად, უსერიოზულესად განსაზღვრა ჩემი დამოკიდებულება რუსეთისა და დასავლეთისადმი. შემდგომში ამას დაემატა, ინტერნეტის საშუალებით, ჟანა ბიჩევსკაიას, მატუშკა ლუდმილა კონონოვას, მღვდელმონაზონ რომანოზის (მატიუშინის), იგორ ტალკოვის, მაქსიმ ტროშინის, ევგენია სმოლიანინოვას, ანდრეი ბაიკალეცის, ოლეგ პოგუდინის, არქიდიაკონ რომანოზის (ტამბერგის), ირკუცკის სახალხო დრამის თეატრის მსახიობთა დასისა და სხვათა სიმღერების მოსმენა და გააზრება საიტიდან «Песни Русского Воскресения», სადაც რუსეთისთვის დასავლეთის მხრიდან მომავალ დიდ საშიშროებებზეა ლაპარაკი, და რომელთა მნიშვნელოვანი ნაწილის ტექსტები დადებული მაქვს ბლოგზეც, ასევე საიტზე «Православие.ru» ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატისა (ამჟამად დოქტორის) და რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს წევრის ნატალია ნაროჩნიცკაიას წერილების წაკითხვა (ეს ყველაფერი 2003 წლის პირველი ნახევრიდან), რომელთა მნიშვნელოვანი ნაწილიც შემდგომში ვთარგმნე და ასევე ბლოგზე მაქვს გამოქვეყნებული.
ბოლოს მინდა გავიხსენო მამა ვასილისთან (შვეცთან) მამა თეოდორე გიგნაძისა და სხვა ქართველი მოძღვრების დაკავშირების ამბავი, რომლის შესახებ მაშინ ბევრი საუბრები იყო საპატრიქრქოს რადიოსა და პრესაში. რამდენადაც მახსოვს, მამა თეოდორეს სულიერი შვილები, დედა-შვილი ნინო და თეონა, ქალიშვილის მძიმე ავადმყოფობის გამო, სამკურნალოდ იყვნენ გერმანიაში. მომდევნო წელს კი იმდენი თანხა უკვე ვეღარ შეაგროვეს და სამკურნალოდ მოსკოვში ჩავიდნენ. იქ ისინი შეხვდნენ ერთ მორწმუნე ადამიანს, რომელმაც დედა-შვილს ურჩია ფსკოვო-პეჩორას მონასტერთან მცხოვრებ მამა ვასილი შვეცთან ჩასულიყვნენ, რომლის ლოცვითაც ბევრი განკურნებულიყო. მორწმუნე დედა-შვილი დაჰყვა ამ რჩევას და ისინი მართლაც ჩავიდნენ ფსკოვო-პეჩორაში, და მამა ვასილის ლოცვებით თეონას გაცილებით უფრო კარგად უგრძვნია თავი, ვიდრე ტრადიციული მედიცინის კურსის გერმანიაში ჩატარების შემდეგ. ამის შესახებ მათ ჩამოუტანეს ამბავი თავიანთ მოძღვარს, მამა თეოდორეს, რის შემდეგ ეს უკანასკნელი თავად ჩავიდა მამა ვასილისთან, როგორც მაღალი სულიერების მქონე სასულიერო პირთან. მამა ვასილი მაშინ თვითონ არ გახლდათ მონაზონი, მაგრამ მეუღლე უკვე დიდი ხნის გარდაცვლილი ჰყავდა და მონასტრის გვერდით თავადაც მონაზვნური ცხოვრებით ცხოვრობდა. როდესაც გარკვეული დროის გავლის შემდეგ ნინო და თეონა ხელმეორედ ჩავიდნენ ფსკოვო-პეჩორაში, მკურნალობის ახალი კურსის გასავლელად, სწორედ მაშინ მოხდა ის დიდი მირონდენა მამა ვასილის სახლში დასვენებული ხატებიდან და ჯვრებიდან, რომელიც ზემოთ იყო აღწერილი. დანარჩენი კი თავად ინტერვიუშია მოთხრობილი.
ეს არის, რაც მახსოვს მაშინდელი ისტორიიდან, შესაძლოა რაღაც წვრილმანი უზუსტობა გამეპარა, რის გამოც შენდობას ვთხოვ მამა თეოდორესაც და ბლოგის მკითხველსაც.
* * *
სამთავროს მონასტერში მამა გაბრიელთან სტუმრად ბრძანდებოდა ფსკოვის მღვიმევის მონასტრის მოძღვარი, მამა ვასილი (შვეცი), სულიერი შვილი წმინდა სერაფიმე ვირიცელისა, თვითონაც დიდი სულიერი ბერი, დიდი სიყვარულითა და თავმდაბლობით გამორჩეული.
როდესაც მამა ვასილიმ გაბრიელ ბერთან გადაღებულ ქვემოთ მოყვანილ სურათს დახედა, ღიმილით თქვა: ”მაჯობე გაბრიელ. ამ სურათზე ისე ჩანს, თითქოს მე წმინდანი ვიყო და შენ ცოდვილიო”.
მადლობა უფალს და მადლობა იმ ადამიანებს, ვინც ეს გასაოცარი და თბილი მასალა განათავსეს "ფეისბუქზე". ღმერთმა შეუწირის მათ.

(გამოქვეყნებულ იქნა გაზეთ „საქართველოს“ 2003 წლის 28 იანვრის ნომერში)
„წვრთნისა და აღჭურვის“ პროგრამით საქართველოსთვის ამერიკული სამხედრო დახმარების ნამდვილი მნიშვნელობის გასარკვევად თავიდანვე უნდა აღინიშნოს, რომ უკვე 1990-იანი წლების მეორე ნახევრიდან ჩვენში სისტემატიურად ჩამოსული ამერიკელი და სხვა ნატო-ელი სპეციალისტები დაჟინებით გვიმეორებენ, რომ საქართველოს მწირი ფინანსური შესაძლებლობებიდან და მთაგორიანი რელიეფიდან გამომდინარე, სამხედრო მშენებლობის სფეროში უპირატესი აქცენტი გაგვეკეთებინა მსუბუქად შეიარაღებული ქვეითი ჯარების მშენებლობაზე. აი, რას ამბობდა ამის შესახებ 1996 წლის აპრილში თბილისში ჩატარებულ ნატო-ს ბლოკის პირველ წარმომადგენლობით კონფერენციაზე ამერიკელი ექსპერტი ქენეთ ბრაუერი:
„როდესაც არ კმარა ფული საჰაერო ძალებისა და საჰაერო თავდაცვისთვის, არაა ფული ჯავშანტექნიკისა და ფლოტისთვის, მაგრამ მაინც ცდილობთ ჯარის ამ სახეობათა შექმნას, გექნებათ მხოლოდ დაბალი ტექნოლოგიები (ანუ მოძველებული და უვარგისი საბრძოლო ტექნიკა – ი. ხ.). თქვენს ჯარებს სამიზნეებად აქცევთ. ყველაზე მნიშვნელოვანი სახმელეთო ძალაა. მას არ სჭირდება დიდი ფინანსები. მაგრამ ქვეითი ჯარი მაღალი დონისა უნდა იყოს... პატარა ქვეყანას შეუძლია იყიდოს შაშხანები, რადიოსადგურები, ნაღმსატყორცნები და ტანკსაწინააღმდეგო იარაღი. პატარა ქვეყნისთვის გამარჯვება ნიშნავს დამარცხების თავიდან აცილებას. საჭიროა მტერთან გადამწყვეტი ბრძოლისგან თავის არიდება და კომუნიკაციების შენარჩუნება“.
ამერიკელი ექსპერტის ამ სიტყვებში ბევრი რამ არის საგულისხმო და გასათვალისწინებელი, მაგრამ ასეთი რჩევა შესაძლებელია მისაღები იყოს მხოლოდ იმ პატარა ქვეყნისთვის, რომელსაც მართლა არაფერი გააჩნია და, ხელის ცეცებით, მხოლოდ ახლა იწყებს „ფეხის ადგმას“ სამხედრო სფეროში. ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარსატყორცნები და მართვადი ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსები მართლაც ეფექტური იარაღია ბრძოლის ველზე მოწინააღმდეგის მოჯავშნულ მიზნებთან საბრძოლველად, მაგრამ მხოლოდ მცირე და საშუალო მანძილებზე – რამდენიმე ასეული მეტრიდან რამდენიმე კილომეტრამდე.
მაგრამ როგორც კი შემომტევი სატანკო და მოტოქვეითი ქვედანაყოფები თავდაცვაში მყოფი ჯარების მხრიდან ორგანიზებულ ტანკსაწინააღმდეგო თავდაცვას წააწყდებიან, მაშინ ისინი დაუყოვნებლივ უკან დაიხევენ, განერიდებიან თავდამცავი ჯარების ტანკსაწინააღმდეგო საშუალებების ცეცხლს, გამოიძახებენ მხარდამჭერ არტილერიას, საბრძოლო ავიაციას, მოახდენენ მოწინააღმდეგის თავდაცვით პოზიციებზე მათი ცეცხლისა და დარტყმების მიზანჩვენებასა და კორექტირებას. ხოლო საავიაციო დაბომბვებისა და საარტილერიო ცეცხლის დაშენის შემდეგ, ან მათ კვალდაკვალ, გადარჩენილი ტანკსაწინააღმდეგო საშუალებებისა და საყრდენი პუნქტების განადგურების მიზნით, წინ გამოუშვებენ საბრძოლო მანქანებიდან ჩამოქვეითებულ ფეხოსნებს. ამავე დრის სატანკო და მოტოქვეითი ბატალიონების საბრძოლო ტანკები, ნაღმსატყორცნები, ქვეითთა საბრძოლო მანქანები და ჯავშანტრანსპორტერები ადგილიდან ცეცხლით კვლავ მხარს დაუჭერენ შემომტევ ქვეით ქვედანაყოფებს. შესაძლოა საბრძოლო ტექნიკის გამოყენებით მათ შექმნან მანევრული ჯგუფებიც, თავდამცავი ჯარების პოზიციების ფლანგებიდან და ზურგიდან შემოვლისა და შედარებით სუსტ ადგილებში დარტყმების მოყენებისთვის.
ასეთ პირობებში საკუთარ საველე არტილერიასა და ჯავშანსატანკო ტექნიკას მოკლებული მსუბუქი ქვეითი ჯარები უმწეონი აღმოჩნდებიან, იძულებული გახდებიან დიდი დანაკარგებით მიატოვონ თავდაცვითი პოზიციები, დაუთმონ ქვეყნის ტერიტორია, საკუთარი სახლები და ოჯახები მტრის გულმოწყალებას, თავად კი ქვეყნის ინტერესების დასაცავად პარტიზანული და იატაკქვეშა ბრძოლა განაგრძონ, რასაც დღესდღეობით ტერორიზმს უწოდებენ. ასეთია მსუბუქი ქვეითი ჯარების რეალური შესაძლებლობები ჯავშანსატანკო, მექანიზებულ ქვეით (იგივე მოტოქვეით, მოტომსროლელ) და ჩვეულებრივ ქვეით ნაწილებთან და შენაერთებთან ბრძოლაში. ამაში თვალნათლივ უნდა დავრწმუნებულიყავით თუნდაც 1998 წელს გალის რაიონში მოვლენებისა და ჩეჩნეთში მეორე ომის მაგალითზე, როდესაც ქართველი პარტიზანებისა და ჩეჩენი მებრძოლების ვაჟკაცობა, გმირობა და თავგანწირვა უძლური აღმოჩნდა აფხაზური და რუსული ჯავშანსატანკო ტექნიკისა და არტილერიის, საარმიო და ტაქტიკური ავიაციის დარტყმებისა და ცეცხლის წინააღმდეგ.
ყოველივე ზემოთქმული ახალი არ არის და ამიტომ საკუთარი თავდაცვისთვის რეალურად მზრუნველი ფინეთის, შვედეთის, შვეიცარიის, ნორვეგიის, საბერძნეთის, ბულგარეთის, ისრაელის სახმელეთო ჯარები გაჯერებული და დაბალანსებულია საბრძოლო ტექნიკითა და მძიმე შეიარაღებით. მაგალითად, 2000 წელს შვეიცარიის მოსახლეობა იყო 7,1 მლნ ადამიანი, ომიანობის დროის შეიარაღებული ძალების რიცხოვნება 350 ათას ადამიანზე მეტი (ისე ამ ქვეყნის სამობილიზაციო რესურსი 1,9 მლნ ადამიანია); მათ შეიარაღებაში შვეიცარიულ სარდლობას გააჩნია 556 საბრძოლო ტანკი (მათგან 370 თანამედროვე გერმანული „ლეოპარდ-2“), 1540-მდე მოჯავშნული მანქანა (M113 და „პირანა“), 1090-მდე საველე არტილერიის ქვემეხი და ნაღმსატყორცნი (100 მმ და მეტი ყალიბისა), პლიუს 1470-მდე 81-მმ საასეულო ნაღმსატყორცნი, 305-მდე მძიმე და 3010-ზე მეტი მსუბუქი ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსი, 13500-ზე მეტი ხელის ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარსატყორცნი, 154 საბრძოლო თვითმფრინავი, 85 ზოგადი დანიშნულების ვერტმფრენი, 60 თვითმავალი საზენიტო სარაკეტო კომპლექსი, დიდი რაოდენობით გადასატანი საზენიტო სარაკეტო კომპლექსები და 35-მმ საზენიტო ავტომატური ზარბაზნები, აგრეთვე სხვა შეიარაღება.
დიდი რაოდენობით ჯავშანსატანკო ტექნიკაა ასევე შვედეთისა და ისრაელის სახმელეთო ჯარებშიც. მათგან განსხვავებით, ფინური სარდლობა აქცენტს აკეთებს უფრო ქვეითი და მსუბუქი მექანიზებული (ეგერთა ქვეითი) ბრიგადების მშენებლობაზე (მათში სატანკო ბატალიონების გარეშე), სამაგიეროდ საველე არტილერიის შეიარაღებაში ნაჩვენებია 1920-მდე ქვემეხი და ნაღმსატყორცნი (1070-მდე 100 მმ და მეტი ყალიბის ბუქსირებადი და თვითმავალი ჰაუბიცა, 60 122-მმ ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა, 790-მდე 120-მმ ნაღმსატყორცნი), პლიუს 800 81-მმ ნაღმსატყორცნი, სანაპირო არტილერიის რამდენიმე ასეული 100-მმ და 135-მმ სტაციონარული ზარბაზანი.
5,2-მილიონიანი ფინეთის ომიანობის დროის შეიარაღებული ძალები მოითვლის 500 ათასამდე ადამიანს, ხოლო ამ ქვეყნის სამობილიზაციო რესურსი კი 1,3 მლნ ადამიანია. ცხადია, რომ ასეთი რიცხოვნებისა და შეიარაღების მქონე ჯარების წინაშე ფინური და შვეიცარული სარდლობები სულაც არ უნდა აყენებდნენ შემოჭრილ აგრესორთან „გადამწყვეტი ბრძოლისგან თავის არიდებისა და კომუნიკაციების შენარჩუნების“ ამოცანებს. პირიქით, მათ ევალებათ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სახელმწიფო სუვერენიტეტის დაცვა და მათ სახლებშიც მოძალადე მტერი ისე ადვილად ვერ შევა.
თავად შეერთებულ შტატებში მსუბუქი ქვეითი დივიზიები ჩამოაყალიბეს 1980-იანი წლების მეორე ნახევარში, მაშინ არსებული ან უკვე გაუქმებული რეგულარული ჯარების მე-6, მე-7, 25-ე ქვეითი, 10-ე სამთოქვეითი და ეროვნული გვარდიის 29-ე ქვეითი დივიზიების საფუძველზე. მათ შეუნარჩუნეს უწინდელი დივიზიების ნომრები. სახელდობრ, 10-ე სამთოქვეითი დივიზია, რომლის ოფიცრები და სერჟანტები მონაწილეობენ „წვრთნისა და აღჭურვის“ პროგრამაში, მეორე მსოფლიო ომში იბრძოდა იტალიაში, შემდეგ კი გაუქმებულ იქნა.
აღნიშნული რეორგანიზაციის შედეგად აშშ არმიაში 1980-იანი წლების ბოლოს მოითვლებოდა 28 საბრძოლო დივიზია, მათ შორის ექვსი ჯავშანსატანკო, რვა მექანიზებული ქვეითი, ექვსი ქვეითი, ხუთი მსუბუქი ქვეითი, თითო-თითო საჰაერი-სადესანტო, საჰაერო-საიერიშო და მოტორიზებული (ეს უკანასკნელი ექსპერიმენტული შემადგენლობისა გახლდათ, რომელიც რაღაც შუალედური უნდა ყოფილიყო მექანიზებულ ქვეით და ქვეით დივიზიას შორის, მაგრამ მან ვერ გაამართლა). ამ დივიზიების პირადი შემადგენლობისა და ძირითადი შეიარაღების მაჩვენებლები მოყვანილია ცხრილში. იგი რამდენადმე განსხვავდება წინა წერილებში გამოქვეყნებული მონაცემებისგან, რაც აიხსნება თავად წყაროებში არსებული მცირეოდენი განსხვავებებით, მაგრამ მაინც კარგი სიზუსტით გვიჩვენებს თითოეული ამ შენაერთის საბრძოლო შესაძლებლობებს.
ცხრილი
აშშ სახმელეთო ჯარების საბრძოლო დივიზიები 1980-იანი წლების მეორე ნახევარში

დივიზიის ტიპი . . . . . . . . . . A . . . . . . B . . . . . C . . . . . .D . . . . E . . . . F . .
ჯავშანსატანკო . . . . . . . . . .16 700 . . 348 . . 147 (72) . . 288 . . 129 . . 127 (50)
მექანიზებული ქვეითი . . 16 700 . . 290 . . 147 (72) . . 336 . . .129 . . 127 (50)
ქვეითი . . . . . . . . . . . . . . . . . 18 000 . . .54 . . .209 (22) . . 405 . . 120 . . 218 (21)
მსუბუქი ქვეითი . . . . . . . . 10 300 . . . – . . . 179 (8) . . . 206 . . 108 . . .99 (29)
საჰაერო-სადესანტო . . . . .16 300 . . . – . . . 195 . . . . . .384 . . .122 . . 228 (21)
საჰაერო-საიერიშო . . . . . . 18 000 . . . – . . . 192 (18) . . .492 . . .120 . . .402 (63)
აღნიშნული ცხრილიდან ჩანს, რომ მსუბუქი ქვეითი დივიზია ჩამოუვარდება ჯავშანსატანკო, მექანიზებულ ქვეით და ქვეით შენაერთებს დამრტყმელი და საცეცხლე ძლიერების, ტანკსაწინააღმდეგო და საზენიტო შესაძლებლობების მიხედვით. რომ არაფერი ვთქვათ ჯავშანსატანკო ტექნიკაზე, მაგალითად, მექანიზებული ქვეითი დივიზიის 147 საარტილერიო ერთეულიდან 67 155-მმ თვითმავალი ჰაუბიცაა, ცხრა 227-მმ ზალპური ცეცხლის რეაქტიული დანადგარი, 66 106,7-მმ თვითმავალი ნაღმსატყორცნი. მსუბუქი ქვეითი დივიზიის 195 საარტილერიო სისტემიდან კი რვა 155-მმ და 54 105-მმ ბუქსირებადი ჰაუბიცაა, 36 106,7-მმ და 54 60-მმ ნაღმსატყორცნი.
ასეთი მოკრძალებული საბრძოლო შესაძლებლობების მქონე შენაერთების ჩამოყალიბება, 1980-იანი წლების მეორე ნახევარში, განპირობებული იყო, ჯერ ერთი, იმით, რომ ახლო აღმოსავლეთში, ლათინურ ამერიკაში, აფრიკაში და წყნარი ოკეანის კუნძულებზე „მესამე მსოფლიოს“ ქვეყნების ასევე მსუბუქად შეიარაღებული და ნაკლებად აღჭურვილ-გაწვრთნილი ჯარების წინააღმდეგ, იქაურ რთულ გეოგრაფიულ პირობებში, სრულებით არ იყო აუცილებელი მძიმე (ჯავშანსატანკო, მექანიზებული) და საშუალო (ქვეითი, მოტორიზებული) შენაერთებისა და ნაწილების გადასროლა. თანაც მსუბუქი ქვეითი დივიზიები ხასიათდება მაღალი აეროტრანსპორტაბელურობით. თუკი ერთი ამერიკული ქვეითი დივიზიის ჰაერით გადასროლისთვის აუცილებელი იყო სტრატეგიული სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავების C-141B 1450 თვითმფრინავ-რეისი, რასაც ერთი კვირა სჭირდებოდა, მსუბუქი ქვეითი დივიზიის გადასროლისთვის საკმარისი იყო იმავე თვითმფრინავების 500 თვითმფრინავ-რეისი და სამი დღე-ღამის ვადა.
ასეთი მაღალი აეროტრანსპორტაბელურობა ანუ სტრატეგიული მობილურობა (შორ მანძილებზე გადასროლისა) მომხიბლავს ხდიდა მსუბუქი ქვეითი დივიზიების გამოყენებას აშშ „სწრაფი გაშლის ძალების“ შემადგენლობაში. ასევე ამერიკული არმიის სარდლობა გეგმავდა ევროპაში ომის გაჩაღების საწყის ეტაპზევე სამი-ოთხი მსუბუქი ქვეითი დივიზიის გადმოსროლას, სადაც ისინი უმოკლეს ვადებში გააძლიერებდნენ დასავლეთ გერმანიაში დისლოცირებულ ორ ჯავშანსატაკო და ორ მექანიზებულ ქვეით დივიზიას მანამდე, სანამ შვიდი-ათი დღეღამის განმავლობაში გადმოისროდნენ და გაშლიდნენ კიდევ ექვს მძიმე და საშუალო დივიზიასაც. ამის შემდეგ, ამერიკული სარდლობის გეგმებით, შესაძლო იყო მსუბუქი ქვეითი დივიზიების ცალკეული ბრიგადები მიეცათ მძიმე დივიზიებისთვის რთული რელიეფის პირობებში ან მსხვილ დასახლებულ პუნქტებსა და ქალაქებში საბრძოლო მოქმედებების უფრო ეფექტურად წარმოებისთვის, რაც მეტად აქტუალურია ცენტრალური ევროპის ტერიტორიის ურბანიზაციის მაღალი ხარისხის გათვალისწინებით.
შესაძლო იყო მსუბუქი ქვეითი დივიზიები გამოეყენებიათ მეორეხარისხოვან მიმართულებებზე, განსაკუთრებით ნატო-ს ბლოკის ჩრდილოეთ და სამხრეთ ფლანგებზე. ასეთ შემთხვევაში ითვალისწინებდნენ თითოეული მსუბუქი ქვეითი დივიზიის გაძლიერებას ჯავშანსატანკო, მექანიზებული ქვეითი, საარტილერიო და საარმიო ავიციის ნაწილებითა და ქვედანაყოფებით. ასეთი გაძლიერების გარეშე მსუბუქი ქვეითი დივიზიების გამოყენება საბჭოთა კავშირის სატანკო და მოტომსროლელი შენაერთების წინააღმდეგ ყოვლად გაუმართლებელი იქნებოდა.
აღნიშნული პირობების გათვალისწინებით, აშშ არმიის რეგულარული ჯარებისა და ორგანიზებული რეზერვის (ეროვნული გვარდიის) შემადგენლობაში 80-იანი წლების ბოლოს, როგორც აღვნიშნეთ, 28 დივიზიიდან 14 იყო მძიმე (ჯავშანსატანკო და მექანიზებული ქვეითი), შვიდი საშუალო (მოტორიზებული და ქვეითი) და ხუთიც მსუბუქი (მსუბუქი ქვეითი). ამას კიდევ ემატებოდა სპეციფიური დანიშნულების ორი დივიზიაც – საჰაერო-საიერიშო და საჰაერო-სადესანტო, რომლებიც შეადგენდნენ კიდეც ე. წ. „სწრაფი გაშლის ძალების“ სახმელეთო კომპონენტის საფუძველს.
ანალოგიური მდგომარეობაა მცირე ევროპულ სახელმწიფოებშიც. ვთქვათ, ფინეთის სახმელეთო ჯარების საბრძოლო შემადგენლობაში დღესდღეობით შედის 26 საბრძოლო ბრიგადა: ორი ჯავშანსატანკო, ათი ეგერთა ქვეითი (მსუბუქი მექანიზებული) და 14 ქვეითი. მათში შეგვიძლია კარგი სიზუსტით ვივარაუდოთ ასზე მეტი საბრძოლო ბატალიონი (ოთხი სატანკო, ოთხი მოტოქვეითი, 40 ეგერთა ქვეითი და 56 ქვეითი), 60–80 საარტილერიო დივიზიონი, 30-მდე საზენიტო დივიზონი და სხვა ქვედანაყოფები. შვეიცარიის, შვედეთის, და, მით უმეტეს, ისრაელის სახმელეთო ჯარებში, როგორც აქამდეც ბევრჯერ გვითქვამს, ჯავშანსატანკო ტექნიკა გაცილებით უფრო მეტია, ვიდრე ფინეთის არმიაში.
ასეთ პირობებში ამერიკელთა დახმარებით „წვრთნისა და აღჭურვის“ პროგრამის ფარგლებში სამი-ოთხი მსუბუქი ქვეითი ბატალიონის ჩამოყალიბება ჩვენი ქვეყნის თავდაცვის მოთხოვნილებებს მიზერულადაც კი ვერ დააკმაყოფილებს. ხოლო საქართველოს „დამოუკიდებლად“ არსებობის 10–12 წლისა და აშშ-თან სამხედრო თანამშრომლობის ხუთი-შვიდი წლის თავზე ასეთი „მიღწევები“ მხოლოდ იმის მიმანიშნებელი შეიძლება იყოს, რომ, როგორც სახელმწიფოებრივი, ისე სამხედრო მშენებლობის სფეროშიც, საქართველოს ხელისუფლება არასწორ გზას ადგას.
რაც შეეხება ამერიკელთა სავარუდო მიზნებს, მათ შესაძლოა აწყობდეთ ისეთი სიტუაცია საქართველოში, როდესაც მას არ ექნება იარაღის ძალით საკუთარი თავდაცვის შესაძლებლობა, სამაგიეროდ საქართველოს ხელისუფლების ხელში იქნება მცირერიცხოვანი გაწვრთნილი და მსუბუქად შეიარაღებული ძალა ქვეყნის შიგნით თავისი რეჟიმის უზრუნველყოფისთვის და უცხო მოძალადის მიერ შემოთავაზებული „ახალი მსოფლიო წესრიგის“ იარაღის ძალით მოსახლეობისთვის თავზე მოსახვევად.
ირაკლი ხართიშვილი
(გაგრძელება იხ. ნაწილი V)

No comments:
Post a Comment